ჯუნა (სრულად)
ნათქვამია, ადამიანი ბედით ცხოვრობსო. თუ ბედი გაქვს, ყველაფერი კარგად ეწყობა შენს ცხოვრებაში, თუ არა და, რაც არ უნდა იწვალო და იშრომო, მაინც არაფერი გამოგდის. აი, მაგალითად მე, გაჭირვებულ ოჯახში დავიბადე, სადაც ჩემს გარდა, კიდევ ორი შვილი ყავდა ჩემს მშობლებს სარჩენი. სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გაგრძელებაზე ოცნება ოცნებად დამრჩა, არა და ძალიან კარგად ვსწავლობდი. მაშინვე სამსახურის შოვნას შევუდექი. ლუკმა-პური მართლაც გვენატრებოდა. ბევრჯერ, მშიერს დამიძინია, იმის გამო, რომ ჩემს უმცროს დებს საჭმელი ყოფნოდათ. დღიურ მუშად დავდიოდი დილიდან დაღამებამდე. დაღლილ-დაქანცულს ჭამის თავიც აღარ მქონდა. ბალიშზე თავის დადება და ძილი ერთი იყო. მერე, ახლობლის დახმარებით, რაიონიდან თბილისში ჩამოვედი. ერთ-ერთ ლიმონათის მცირე საწარმოში ბოთლების მრეცხავად დავიწყე მუშაობა. გრაფიკი გადატვირთული მქონდა, დილის რვა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ფეხზე ვიდექი. შესვენებაც მცირე მქონდა. ერთ ბოთლზე ხუთ თეთრს მიხდიდნენ და ხშირად ოც ლარზე მეტს ვერ ვშოულობდი, მაგრამ ფულს დღის ბოლოს ხელზე მაძლევდნენ და ასე თუ ისე გამქონდა თავი. ახლობელთან ერთად ნაქირავებ ერთოთახიანში ვცხოვრონდი და ქირას შუაზე ვიყოფდით. ლალი კი ძიძად მუშაობდა რომელიღაც შეძლებულ ოჯახში და ის უფრო გვიან ბრუნდებოდა სახლში. ხელფასი იმას ჩემზე მეტი ქონდა, თუმცა რომ ვუყურებდი როგორი დაღლილი და ემოციურად გამოფიტული ბრუნდებოდა სახლში, სულაც არ მქონდა ძიძობის სურვილი. არა და ბევრს მეხვეწებოდა, რეკომენდაციას გაგიწევ და შენც ძიძად იმუშავეო. მართალია, ჩემი ხელფასის გამო ნახევრად მშიერი დავდიოდი, რომ ჩვენებისთვის ცოტაოდენი ფული გამეგზავნა, მაგრამ ძიძობა ნამდვილად არ მხიბლავდა. ხშირად ბრუნდებოდა სახლში ლალი იმ ბავშვის მოხრჩობის სურვილით. _ისეთი უზრდელი და ვირია, არაფერს მიჯერებს. სულ ჯიბრით აკეთებს ყველაფერს. არა და ვერც ვუბრაზდები, თითქმის ყველა ოთახში კამერეაა დამონტაჟებული და მისი სვეცკი დედა იქიდან მაკვირდება ყოველთვის._მეუბნებოდა ლამის ჭკუიდან გადასული გოგო და იმუქრებოდა, რომ იქ აღარ წავიდოდა. თუმცა, ინათებდა თუ არა, ავიწყდებოდა წინა დღის ნერვიულობა და ისევ ხალისით გარბოდა სამსახურში. ერთ საღამოს ძალიან გვიან მოვიდა. მე უკვე ვიწექი და მეძინა. ოთახში რომ შემოვიდა და შუქი აანთო, გამეღვიძა. _რამე მოხდა?_ მის დაღვრემილ სახეს რომ შევხედე, შეშფოთებული წამოვჯექი და თვალები მოვისრისე. _გუგა ავარიაში მოყვა._ისეთი ხმით მითხრა, გული გადამიქანდა._არ იციან გადარჩება თუ არა. წუთიერი დუმილი მორიდებით დავარღვიე: _ეგ გუგა ვინ არის? _სადაც ვმუშაობ, იმათი მეზობელია... იცი რა კარგი ბიჭია?_ცრემლიანი თვალებით შემომხედა._ცოლი არ უვარგა, ძალიან სწერვაა, თორემ გუგა უმაღლესი ბიჭია. ცოდოა სიკვდილისთვის._ფეხსაცმელები დაუდევრად გაიძრო და საწოლზე ტანსაცმლიანივე მიწვა._პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი სჭირდებოდა, ვერ შოულობდნენ და მე გადავუსხი. ისეა დამტვრეული, გული მოგიკვდება... არა და რა მხიარული და ძვირფასი ბიჭია... ლალის უგუნებობა მეც გადამომედო. ისე განვიცადე გუგას ამბავი, თითქოს ჩემი ახლობელი ყოფილიყოს, არა და არც კი ვიცნობდი ვინ იყო. მთელი ღამე ვეღარ მოვხუჭე თვალი. გამთენიისას მაშინვე წამოვხტი მორყეული ტახტიდან, რომელიც საწოლის მაგივრობას მიწევდა. გადანახული დანაზოგი გადავითვალე. ასი ლარი ცალკე გადავდე სახლში გასაგზავნად და ორმოცი კი მე დავიტოვე არსებობისთვის. მერე სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიდუღე. გემრიელად მივირთვი მაცოცხლებელი სითხე, ლალიც გავაღვიძე, სამსახუეში არ დაგაგვიანდეს-მეთქი და ჩემი სამსახურისკენ გავწიე. არც ისე ძალიან შორს იყო და ამიტომ ტრანსპორტის ხარჯების ეკონომიის გამო ფეხით დავდიოდი ყოველთვის. ახლაც, ნაცნობ ქუჩას ცოტა დაღვრემილი გავუყევი. წუხანდელმა ამბავმა იმოქმედა ძალიან. რამდენი სიფრთხილე მართებს თურმე ადამიანს. ჯერ ისედაც რას ვცოცხლობთ და ამ წლებს ჩვენი ან სხვისი დაუდევრობით კიდევაც ვიმოკლებთ. _ჯუნა?!?_მოულოდნელად ჩემი სახელი შემომესმა. გაოცებულმა მიმოვიხედე და ჩემი კლასელი გიგა დავინახე შორიახლოს შეჩერებული მანქანის საჭესთან, რომელიც ცოტა გაკვირვებული და ამავე დროს გახარებული მომჩერებოდა. დავიბენი... უფრო ზუსტად, ავღელდი. გიგა პირველი კლასიდანვე მომწონდა და მიფორიაქებდა გულს. ყველანაირად ვცდილობდი ამ გრძნობის ჩემში ჩაკვლას და დამალვას, რადგან გიგა სიმდიდრეზე იყო კონცენტრირებული და ჩემისთანა ღარიბ-ღატაკს არასდროს შეხედავდა სერიოზულად. სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ მენახა. ისე კი ვიცოდი, რომ მშობლებმა უნივერსიტეტში მოწყობისთანავე მანქანა უყიდეს... _მოდი, ჩაჯექი!_დამიძახა, თან გადმოსწვდა და წინა კარი გამიღო._დროზე, დიდხანს გაჩერება არ შეიძლება აქ. მცირე ყოყმანის შემდეგ გავბედე და გადავდგი მისკენ გაუბედავი ნაბიჯები. ჩავჯექი თუ არა მანქანაში, გიგამ მაშინვე დაძრა ადგილიდან. _როგორ ხარ?_შემომღიმა მისთვის დამახასიეთებელი ეშმაკური ღიმილით, რომელიც ასე მიბნევდა თავგზას. _რა ვიცი._უხერხულად ავიჩეჩე მხრები და მის გამოწვდილ მარჯვენას ჩემი შევაგებე. მისი თბილი ხელის შეხებაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. _რას შვრები, სწავლობ?_ისე შემეკითხა, თავისი მომაჯადოებელი ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. _არა, ვმუშაობ._დარცხვენილმა ვუპასუხე და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისგან დახაოიანებულ-დაშაშრული ხელი ლამის ძალით გამოვგლიჯე და კალთაში უხერხულად ჩავიდე. _ძლივს გიცანი, როგორ შეცვლილხარ... მე ხმას არ ვიღებდი. საცოდავად მობუზული ვიჯექი ტყავის სავარძელში და თვალს ვერ ვუსწორებდი მომღიმარ ბიჭს. _სკოლის დამთავრებიდან ერთი წლის თავი გვინდა ავღნიშნოთ კლასელებმა მაისის ბოლოს რესტორანში და იმედია შენც იქნები. _არ ვიცი, ვნახოთ._ისე ვთქვი მისთვის არ შემიხედია._აქ გამიჩერე, არ გამაცდინო, ჩამოვალ. ისედაც დამაგვიანდა. გიგამ ზუსტად ჩემი სამსახურის კართან შემიჩერა მანქანა. _კიდევ გნახავ?_რაღაც დამაინტრიგებლად მკითხა და თავისი ზღვისფერი თვალებით დაჟინებით მომაშტერდა. უარესად დავიბენი. რა მეპასუხა არ ვიცოდი. უსიტყვოდ გადავედი მანქანიდან. _ნომერს არ მომცემ დაგირეკო? _ტელეფონი არ მაქვს._ვიცრუე და ფრთხილად მივუხურე მანქანის კარი._მადლობა რომ მომიყვანე._გავტრიალდი და უკანმოუხედავად განვაგრძე გზა. თან ჯიბეში ჩემი ძველისძველი ტელეფონი მოვიძიე. ვნატრობდი, რომ არავის გავხსენებოდი. არ ვიცი, გიგა ისევ იდგა და მიყურებდა, თუ წავიდა. სურვილი კი მქონდა რომ მიმეხედა, მაგრამ თავი ვაიძულე და უკანმოუხედავად შევედი ჩემს სამსახურში. ******************** იმ დღიდან მოყოლებული, დიდი მონდომებით ვათვალიერებდი გიგას ჩემი სამსახურის გზაზე, მაგრამ ამაოდ. ვნანობდი, რომ ტელეფონის ნომერი არ მივეცი. მისი ხელმეორედ ნახვის სურვილი სულს მიღრღნიდა. ღამეები აღარ მეძინა. თვალებს დავხუჭავდი თუ არა, გიგა მელანდებოდა თავისი მომაჯადოებელი ღიმილითა და ლამაზი თვალებით, ჩემს მეხსიერებაში ბობოქარი ოკეანის მოგონებებს რომ იწვევდნენ. სკოლის დამთავრების მერე უფრო სიმპატიური მეჩვენა. უხდებოდა საჭესთან ჯდომაც. ერთ საღამოს სამსახურში შემაგვიანდა. უკვე კარგად შებინდებული იყო შენობიდან რომ გამოვედი და ნაცნობ გზას დავადექი. ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი და არავის ვაქცევდი ყურადღებას. მოულოდნელად ისევ ის ნაცნობი ხმა შემომესმა. _ჯუნა! ჩემი გული დაჭრილი ჩიტივით შეფართხალდა საგულეში. შევჩერდი და მიმოვიხედე. გიგა შორიახლოს იდგა თავისი ვერცხლისფერი აუდით. ხელი დამიქნია. წინანდელზე გაბედულად მივუახლოვდი და მანქანაში ჩავუჯექი. _როგორ ხარ?_ისევ ისეთი ღიმილით მკითხა. _არამიშავს. შენ?_გავბედე და შევხედე თვალებში. _მეც მასე._გამიღიმა და სისწრაფეს უმატა. ცოტა ხანს უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. სათქმელი კი ბევრი მქონდა მე პირადად, მაგრამ დამუნჯებული მალულად შევყურებდი ჩემი ოცნების ბიჭს. _მე მალე უნდა ჩავიდე, აქვე ვცხოვრობ._ძლივს მოვაბი სათქმელს თავი. _ვიცი._ისევ ეშმაკურად შემომღიმა._ვიფიქრე გავისეირნებდით. _არა, მადლობა, ლალი მელოდება სახლში. გამიჩერე._სიმკაცრე გავურიე ბოლო სიტყვას. _რა გაეწყობა?_წყენით ჩაილაპატაკა გიგამ და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა._დასვენება არ გაქვს, შევხვდეთ და გავისეირნოთ სადმე. _კვირაობით თავისუფალი ვარ._უნებურად წამომცდა და ვინანე. _კარგი მაშინ და კვირამდე._გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. ელდანაკრავივით გადმოვედი მანქანიდან და სადარბაზოში უკანმოუხედავად შევედი. მთლიანი სახე მეწვოდა. ვგრძნობდი, რომ ჭარხალივით ვიყავი გაწითლებული. ლალი მართლაც სახლში დამხვდა. (გამოდის, ტყუილი არ მითქვია გიგასთვის და სინდისი დავიმშვიდე). ისე შევედი ოთახში, ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის. მაშინდელივით დაღვრემილი იყო. შეიძლება უარესადაც. _რამე მოხდა?_ზრდილობის გულისთვის ვკითხე, თორემ ისევ გიგას კოცნაზე ვფიქრობდი. _გუგას ხერხემლის ოპერაციას უკეთებენ. იმედს არ იძლევიან ფეხზე დადგება თუ არა... ასეთი შესანიშნავი პიროვნება საწოლს უნდა მიეჯაჭვოს?_ცრემლები წამოსცვივდა თან ცრემლები. ვერ ვხვდებოდი რა აწუხებდა ამ გოგოს, გუგა ხომ მისთვის არაფერი იყო? მეც კი მეცოდებოდა ახალგაზრდა ბიჭი ინვალიდად თუ დარჩებოდა, მაგრამ არც ისე, როგორც ლალი გამოხატავდა. _რამდენი დღეა საავადმყოფოში წევს საწყალი ბიჭი და მის დამპალ ცოლს კი არ სცალია თურმე, ცოტახნით მაინც რომ მივიდეს მის სანახავად... ლალიზე გავბრაზდი. გუნებაში გამოვლანძღე კიდეც, ამისი რა საქმე იყო, ცოლი მიაკითხავდა თუ არა? იქნებ, მართლა არ ეცალა? თუმცა, ხმამაღლა ვერ გავუბედე ვერაფრის თქმა. არც მქონდა გიგას გარდა სხვა რამეზე ფიქრის თავი. ლოყა მეწვოდა მისი კოცნის გამო. აშკარად აღელვებული და აფორიაქებული ვიყავი, მაგრამ ლალის ჩემთვის არ ეცალა, რომ რამე შეემჩნია, გუგაზე დარდობდა, თორემ შერლოკ ჰოლმსობანა მისი ჰობი იყო და არაფერი დარჩებოდა დაუნახავ-გაუგებარი. აბაზანაში გავედი, თავი მოვიწესრიგე და დასაწოლად მოვემზადე. ლალიმ დამინახა თუ არა, ისევ განაგრძო: _ძალიან კარგად ხატავს, ნიჭიერი ბიჭია და ცოდო არ არის?.._ცრემლიანი თვალებით დაჟინებით მომაშტერდა._მაგის ცოლი უნდა დამტვრეულიყო და ჩალოგინებულიყო... _ღმერთს ნუ სცოდავ!_გავუბრაზდი და ლოგინში შევწექი._შენ ასე რატომ დარდობ იმ ბიჭზე, გიყვარს?_შევაპარე გაუბედავად. ლალიმ პასუხი არ დამიბრუნა და სიმართლე ვთქვა, გამიკვირდა. წამოვჯექი და დაჟინებით მივაშტერდი. _ცოლიანი კაცი გიყვარს? __არა, რა სისულელეა. უბრალოდ ძმასავით ვუყურებ._რაღაც არადამაჯერებლად მითხრა და წამოდგა._შუქი ჩაგიქრო? მე აბაზანაში უნდა შევიდე. _ხო, ჩააქრე._ვუთხარი და კედლისკენ გადავბრუნდი. თითქოს ისევ ნათლად ვგრძნობდი ლოყაზე გიგას მხურვალე კოცნას და გული გამალებით მიცემდა. ასე თუ შეეძლო გულს ფეთქვა, არ ვიცოდი. რა შეიცვალა ნეტა მის ცხოვრებაში ასეთი, რომ დაინტერესდა ჩემით? სკოლაში ყურადღებას არ მაქცევდა, არც კარგად მელაპარაკებოდა და არც ავად. სულ ისეთ გოგოებს დასდევდა, ვისაც მდიდარი მშობლები ყავდა. არასდროს შევუმჩნევივარ როგორც გოგო და უფრო მეტიც, როგორც ადამიანი. მე მისთვის საერთოდ არ ვვარსებობდი და ახლა რა მოხდა ვითომ? ცოტა კი შევიცვალე იმიჯი, რაც თბილისში ჩამოვედი: მუქი თმა ოდნავ გავიღიავე, წარბების კორექციაც გავიკეთე, მაგრამ დიდად მართლა არ შევცვლილვარ, ისევ ისეთი შავტუხა, ან როგორც დედა მეძახდა, მურწა ვიყავი. ასე მოულოდნელად რატო დაინტერესდა ჩემით, ვერ ვხვდებოდი. ისე ჩამეძინა გიგაზე ფიქრში, ლალის გამოსვლა ვერც კი გავიგე. დილით ძლივს გამეღვიძა და ამიტომ ფეთიანივით წამოვხტი. საჩქარო წესით მოვემზადე და სამსახურში მაინც ღიღინით წავედი. გიგაზე ფიქრი თავიდან არ მშორდებოდა. მისი კოცნის ყოველ გახსენებაზე გული საამოდ მიძგერდებოდა. რამდენჯერმე ბოთლი ხელიდან გამივარდა. მართალია არ გამტეხია, მაგრამ უფროსისგან მაინც მივიღე შენიშვნა: _ყურადღებით მახარაძე, დღეს რა მოგდის? რაღაც არ მომწონხარ._მკაცრად გადმომხედა დიდრონი სათვალეების მიღმიდან. მარტო დღეს კი არა, მისვლის დღიდან არ მომწონდა ჩვენი უფროსი, მაგრამ ასე ხმამაღლა ვეუბნებოდი? ზურგი შემაქცია თუ არა, ენა გამოვუყავი პატარა ბავშვივით. ამასობაში კი გაბზარული ბოთლი ვერ შევნიშნე და სარეცხ მოწყობილობაში რომ ჩავდე, გატყდა და ხელი კარგა ღრმად გამეჭრა. მაშინვე იფეთქა სისხლმა შადრევანივით. ტკივილი არ მიგვრძვნია. სისხლი რომ დავინახე, მაშინ მივხვდი, რომ ვერ იყო ჩემი საქმე კარგად. _ყურადღებით-მეთქი რომ გითხარი, რატომ არ მისმენ?_ახლა უკვე წყენით შემომხედა უფროსმა. პირსაწმენდი მომცა._გადაიხვიე და წამოდი ექიმთან წაგიყვან. _იყოს, არ მინდა._ვიუარე, თუმცა ჭრილობას რომ დავხედე, შემეშინდა. _წამოდი, წამოდი._მაშინვე მანქანის გასაღები აიღო და ლამის ძალათი წამათრია ექიმთან. შვიდი ნაკერის დადება დამჭირდა. კარგად გავმწარდი. ჯერ იყო და მინის ნამსხვრევები ამომაცალეს. მერე ნაკერები დამადეს. თუ გული არ წამივიდოდა არ მეგონა. საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში მიმიყვანა უფროსმა. _ეს დღეები მაინც ვეღარ შეძლებ მუშაობას და დროებით შენს ადგილზე შემცვლელს ავიყვან. თავს მოუფრთხილდი._მზრუნველად მითხრა და შემრცხვა მის მიმართ ანტიპათიით რომ ვიყავი განმსჭვალული. არა და ექიმის ხარჯებიც მან დამიფარა. საღამოხნისკენ ტკივილმა უფრო შემაწუხა. გამაყუჩებელი დავლიე, თორემ უკვე ტირილს ვიწყებდი. ლალიმ რომ დამინახა, გაოცებისგან თუ შიშისგან სასაცილოდ გაუფართოვდა თვალები. _რა დაგემართა? _ბოთლი გამიტყდა ხელში და შვიდი ნაკერის დადება დამჭირდა._ისე მშვიდად ვუთხარი, გაუკვირდა. _მერე? _რა მერე? _არ გეტკინა? _იმ წუთში არა, ახლა მტკივა, თანაც საშინლად. მინით გაჭრილი საშინელება ყოფილა. _ვაა, რა ხიფათა ხარ._ჩემი შეხვეული ხელი ინტერესით შეათვალიერა და საწოლზე ჩამოჯდა._შენი სამსახურის საქმე როგორ იქნება ახლა? _დროებით შემცვლელს ავიყვანო ნუგზარამ. მომირჩება ხელი და გავალ ისევ. მანამდე კი გამოვიკეტები სახლში._უხალისოდ ვთქვი და ჩემს საწოლზე წამოვწექი._გუგას ამბები როგორაა?_რატომღაც დავინტერესდი მისით. უკვე ისე ვიყავი მიჩვეული ყოველდღე მისი ამბების მოსმენას, რომ აღარაფერი თქვა თვითონ, მე ვიკითხე. _ეეჰ._ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა._ოპერაცია კი გაუკეთდა, თანაც წარმატებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ ექიმები. სულ მცირე ერთი თვე მაინც უნდა რეაბილიტაცია თუ საერთოდ დადგა ფეხზე. უბრალოდ ხელი გავიჭერი, სამსახურიდან დამითხოვეს დროებით და არასაჭიროდ ვიგრძენი თავი. წარმოვიდგინე, საწოლში უმოძრაოდ მწოლიარე გუგა და მივხვდი, რა საშინელება იქნებოდა მისთვის. არ დავმალავ და ვაღიარებ, რომ იმ ღამეს მასზე ვილოცე, ფეხზე დამდგარიყო. ******************* ჭრილობის დასამუშავებლად ყოველ მეორე დღეს ჩემს უფროსს დავყავდი ექიმთან. ისე ზრუნავდა ჩემზე, ენა რომ გამოვუყავი მაშინ, ახლა სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი. გუნებაში ათასჯერ მაინც მოვუხადე ბოდიში. მეთორმეტე დღეს ნაკერებიც ამხსნეს. ისე მეშინოდა, ჩემს გვერდით მჯდარ ნუგზარს გამეტებით ვუჭერდი ხელს ხელზე. თუმცა, არც კი გამიგია არაფერი. _ესეც ასე, ცოტა ხანს კიდევ შეიკავე თავი და სამსახურში მერე დაბრუნდი._მამა-შვილურად მითხრა ჩემმა უფროსმა და ჩემს საცხოვრებელთან შეაჩერა მანქანა._ყოჩაღი გოგო ხარ და თავს მოუფრთხილდი. _მადლობა ბატონო ნუგზარ._დარცხვენილი დავემშვიდობე და გადმოვედი მანქანიდან. ის იყო სადარბაზოში უნდა შევსულიყავი, რომ გიგამ დამიძახა. როგორც ყოველთვის ახლაც ავღელდი. _რა მოგივიდა?_ მანქანიდან გადმოსვლისთანავე მკითხა გაოცებულმა. _არაფერია, სამსახურში პატარა ინციდენტი შემემთხვა._უღერღილოდ გავუღიმე და თვალები ძირს დავხარე მორცხვად. _რამდენი დღეა შენთან შეხვედრას ვცდილობ და ვერსად გნახე. გულმა ისე გამეტებით დამიწყო ბაგა-ბუგი, შემეშინდა, მასაც არ გაეგო. _წამოდი სადმე, სულაც კაფეში დავსხდეთ, არ გინდა? ეს დღეები ოთხ კედელში გამომწყვდეული ვიყავი და მარტოობით გადაღლილი, ამიტომ მაშინვე დავთანხმდი უყოყმანოდ. გზად იები მიყიდა. ისე გამიხარდა ეს პაწაწინა იის კონა, რომ ალბათ დედამიწის ზურგზე არსებული ყველა ყვავილის ჩუქება არ გამიხარდებოდა ასე. რომელიღაც კაფეში შევედით. გიგამ ყავა და შოკოლადის ასორტი შეუკვეთა. სანამ შეკვეთა მოვიდოდა, მორცხვად ვიჯექი და გიგას ვერ ვუსწორებდი თვალს, რომელიც რაღაც ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდა. _მაისის ბოლოს ვერ ახერხებენ კლასელები ქეიფს და ისევ ივნისისთვის გადავდეთ. უკეთესიცაა, მანამდე შენც მოგირჩება ხელი._შეხვეულ ხელზე ნაზად შემახო თავისი მოვლილი და ქათქათა ხელი. მესიამოვნა. ყავაც დიდი სიამოვნებით დავლიე. ალბათ, გიგას გვერდით რომ ვიყავი იმიტომაც მეჩვენებოდა ყველაფერი ასე კარგად. დრო არაჩვეულებრივად გავატარეთ. გავიხსენეთ სკოლის ამბები. ასეთი ლაღი და ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში მგონი არც არასდროს ვყოფილვარ. გიგას ერთი შემოხედვაც კი მავიწყებდა ქვეყნად ყველაფერს. იმაზეც კი აღარ ვფიქრობდი, რასთან დაკავშირებით მითმობდა ახლა თავის ძვირფას დროს. მე ხომ ღარიბ-ღატაკი და უქონელი ვიყავი? სახლში დაბრუნებულს ლალი ისევ სამსახურიდან მოსული დამხვდა. ერთი შეხედვითვე მიხვდა, რომ ბედნიერების მეცხრე ცაზე ვიყავი. იის კონაც რომ დამინახა ხელში, რომელიც წყლიან ჭიქაში ჩავდე და ფრთხილად მივუჩინე სამზარეულოს მაგიდაზე ადგილი, ღიმილით მკითხა: _ადგილობრივია თუ ჩამოსული? _რაა?_ვითომ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. _აქაურია შენი პრინცი თუ საიდანმეა ჩამოსული?_დამიკონკრეტა და დაჟინებით მომაშტერდა. _რაღაცას ნუ იგონებ._ ვითომ გავუბრაზდი._პრინცი არა ისა კიდე. უბრალოდ კლასელი შემხვდა შემთხვევით... _უბრალოდ კლასელები ყვავილებს გჩუქნიან ყოველთვის და შენც ასე გიციმციმებს მათთან შეხვედრის შემდეგ თვალები?_ეჭვით შემათვალიერა._ხომ იცი, რომ ვერაფერს გამომაპარებ და არ ჯობია შენი ნებით მოყვე ყველაფერი? _რა მოვყვე? _რა და ვინ არის ის ბედნიერი, ვის გამოც ასე გახარებული ხარ. _უბრალოდ კლესელია, ხომ გითხარი? _გიგაა? მისი სახელის ხსენებაზე დავიბენი. არასდროს არაფერი მითქვია მის შესახებ და საიდან რა იცოდა ნეტა? _ვინ გიგა? _ვინ და შენი კლასელი. _კარგი და, თუნდაც ეგ იყოს, მერე შენ რაა? _მე არაფერი. შენ კი, რაც არ უნდა მალო და ფარო, აშკარაა რომ ყურებამდე ხარ შეყვარებული. მასთან შესახვედრად როცა წახვალ, გამოიპრანჭე მაინც, ცოტა ქალს დაემსგავსე, თორემ თოთხმეტი წლის ბავშვს გავხარ. ენა გამოვუყავი და აბაზარაში გავედი. ეტყობა, გუგას ამბები კარგად მიმდინარეობდა, რადგან ჩემით დაინტერესდა უკვე ლალი და მასზე აღარაფერი უთქვია. კარგა ხანს ვუყურე ჩემს ორეულს სარკეში ღიმილმორეულმა. ლამაზი მართლა არ მეთქმოდა, მაგრამ ეშხიანი ნამდვილად ვიყავი, როგორც სხვები აღნიშნავდნენ. ყავისფერი თვალ-წარბი, გრძელი და ხშირი წამწამები, პაჭუა ცხვირი, ოდნავგაბუტული ტუჩები, ნიკაპზე და ლოყაზე საშუალო ზომის ხალი, მუქი ფერის კანი, ზუსტად ისეთი, სოლარიუმში რომ იწვებიან გოგოები სპეციალურად. მთლიანობაში არც ისე ურიგო ვიყავი. ლალისი არ იყოს, რომ გამოვიპრანჭო და თავს მოვუარო, მართლაც მშვენიერი ქალი დავდგები. ******************** გიგამ ჩემთან შეხვედრებს მოუხშირა. ისე მივეჩვიე ყოველდღე მის გამოჩენას რომ, უკვე ზუსტად დათქმულ დროს ფარდასამოფარებული ვიდექი ფანჯარასთან და გულისფანცქალით ვუმზერდი, როგორ გადმოდიოდა მანქანიდან და ყვავილებით ხელში მოხდენილი ნაბიჯებით შემოდიოდა სადარბაზოში. _ყვავილებით გადაჭედე ბინა, მალე ჩემი ადგილიც კი აღარ იქნება აქ._ვითომ ბრაზობდა ლალი და გიგას მორთმეულ ყვავილებს ფაქიზად აწყობდა მინის ქილაში, რომელიც ლარნაკის მაგივრობას გვიწევდა. გიგასთვის ზედმეტი არაფერი შემიმჩნევია... ან, უბრალოდ, არ მინდოდა რომ შემემჩნია და მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ბედნიერი ვიყავი მასთან შეხვედრებით, მისი საუბრით, ღიმილით, ქალაქში სეირნობით და რაიმეს შეცვლას მართლაც არ ვაპირებდი ჩემს ცხოვრებაში. ლალიმაც კარგად იმუშავა ჩემზე: თმის ვარცხნილობები, მაკიაჟი, მანიკური-ყველაფერს თვითონ მიკეთებდა მონდომებითა და თავისი ფანტაზიით. უფალს მადლობას ვწირავდი, რომ ჩემთვისად დამდგარიყო გამოდარების დრო... ხელი რომ მომირჩა და სამსახურში დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ იყო. ჩემს მაგივრად შუახნის ქალი მუშაობდა, რომელიც ჩემზე მეტად გაჭირვებული აღმოჩნდა. _შვილიშვილებისთვის ლუკმა-პურს ნუ დამაკარგვინებ შვილო.__ისეთი მუდარით მთხოვა და ცრემლიანი თვალებით შემომხედა, სისხლი გამეყინა ძარღვებში._ახალგაზრდა და ლამაზი გოგო ხარ, შენ ადვილად იშოვი სამსახურს, არ გაგიჭირდება. მართალია ჩემთვის რთულია აქ მუშაობა, მაგრამ რას დავეძებ? ჩემისთანა ბებრებს აღარსად იღებენ, აქაც შენი გაჭრილი ხელის წყალობით მოვხვდი. რასაც მე შენ გლოცავ... გთხოვ, უარი თქვი აქ დაბრუნებაზე, შეიცოდე ჩემი ობლები. დამუნჯებული კარგა ხანს შევყურებდი ჭაღარამორეულ და გვარიანად მოტეხილ ქალს. ჩემი დები კი მეცოდებოდნენ, მაგრამ ამ ქალის ობოლი შვილიშვილები უფრო ცოდონი იყვნენ. ეს ქალი მართალი იყო, მე მასთან შედარებით ადვილად ვიშოვიდი სამსახურს. ამიტომ ჩემი ნებით ვთქვი ამ სამსახურზე უარი. _მადლობა შვილო._გადამეხვია თინა დეიდა და გადამკოცნა._ალალ ადამიანს უფალი არ გაგწირავს. არც მე დაგივიწყებ ამ სიკეთეს. შენზე ყოველთვის კარგს მელაპარაკებოდნენ ქალები, მაგრამ სინამდვილეში უკეთესი ყოფილხარ. ჩემი ობლების ულუკმაპუროდ არდატოვებისთვის უფალი ათმაგად გადაგიხდის, აი ნახავ. დაღვრემილი და დადარდიანებული გამოვბრუნდი ჩემი ყოფილი სამსახურიდან. შემაძრწუნა იმის გააზრებამ, რომ ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობდნენ თურმე ამ ქვეყნად. გზად ჟურნალ-გაზეთების ჯიხურთან შევჩერდი, სიტყვა და საქმე ვიყიდე და სახლში ისე დავბრუნდი. დასაქმების ფორუმს გადავავლე მონდომებით თვალი. დამლაგებლის და მიმტანის ვაკანსიები მოვნიშნე. ყავა მოვიდუღე და მის ფონზე უფრო გაბედულად დავურეკე სათითაოდ. ყველგან გამოცდილებას და სტაჟს ითხოვდნენ, თითქოს რომელიმე კომპანიის დირექტორობა მსურდა. იმედგაცრუებულმა დაუდევრად მივაგდე ჟურნალი და უკვე იმ აზრთან შეგუებას ვიწყებდი, რომ ლალისთვის მეთხოვა საქმე ჩაეწყო და ძიძად მემუშავა ვინმესთან. საათს დავხედე, ჯერ ისევ ადრე იყო მის მოსვლამდე, სადღაც ექვსი-შვიდი საათი მომიწევდა ლოდინი. საცოდავად მიგდებულ ჟურნალს დავწვდი ისევ. შემთხვევით ერთ განცხადებას მოვკარი თვალი, რომელიღაც სწრაფი კვების ობიექტში, რომელსაც მცირე სასადილო ქონდა, სადაც მომხმარებლებს იქვე შეეძლოთ ყველაფრის დაგემოვნება, ახალგაზრდა და ენერგიული გოგონა ესაჭიროებოდათ მიმტანად. გამიხარდა. მითითებულ ნომერზე დავრეკე და გასაუბრებაზე ჩავეწერე. მისამართი ჩავინიშნე და სიხარულით გავქანდი. მეტროთი მომიწია გასვლა და იქიდან ცოტა კიდევ ფეხით. გასაუბრებამ მშვენივრად ჩაიარა. ხელფასი მშვენიერი იყო, 30 ლარს დღის ბოლოს ხელში ულაპარაკოდ მომცემდნენ, კლიენტებთან ღიმილიანი სახით მომსახურება მევალებოდა. მაშინვე დავთანხმდი. ის დღე გამოსაცდელად დამტოვეს, რათა დამკვირვებოდნენ როგორ ვიმუშავებდი. დამღლელი კი იყო, მაგრამ მაინც ადვილად გავართვი თავი. დღის ბოლოს ხელფასის აღების იმედი არ მქონდა, მაგრამ ჩემდა გასახარად, ნახევარი მაინც გადამიხადეს. _დილით რვა საათისთვის აქ იყავი_ღიმილით მითხრა ახალგაზრდა თანამეპატრონემ._დაგვიანებას არავის ვპატიობთ და არც შენ იქნები გამონაკლისი. სიხარულით დავემშვიდობე სიმპატიურ ვაჟს და სახლში ფრთებშესხმული დავბრუნდი. თინა დეიდას სიტყვები თავიდან არ ამომდიოდა, ალალ ადამიანს უფალი არასდროს გასწირავსო. უფალს მადლობას ვწირავდი, ასე მალე და ადვილად რომ დამაწყებინა მუშაობა. ჩემი ახალი სამსახურის დაწყება ლალის არ გახარებია. _რა გეჩქარებოდა?_წყენით გამიბრაზდა._ათასი გიჟი და სულელი უნდა გადაგეყაროს და გიშალოს ნერვები... _აბა მაშ რა მექნა, როდემდე უნდა ვმჯდარიყავი შენს კისერზე? _ოჰ, კაი ერთი, მე რომ დავკარგო სამსახური, შენ არ შემინახავ ცოტახნით? _როგორ არა, მაგრამ მე უკვე მომბეზრდა სახლში ჯდომა. გამიხარდა ადვილად რომ ვიშოვე. _ცუდი მართლაც არ არის, მაგრამ გუგას მომვლელს ეძებენ და ვიფიქრე შენ ჩაგიწყობდი საქმეს, 1000 ლარი ურიგო არ არის. მითუმეტეს, რომ დიდი ჯაფა შენ არ გექნებოდა. _ხო, მაგრამ ავადმყოფის მოვლა როგორიღაა? მე ჩემი მიმტანობა მირჩევნია. მართალია დავიღლები, მაგრამ მაინც ეს ჯობია. _შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ჩემი სურვილი იყო გუგას მომვლელად გემუშავა. მდიდრულ სახლში იცხოვრებდი, კარგს შეჭამდი, კარგს დალევდი, უცხო და გადარეული ბიჭები არ შეგაწუხებდნენ... _უცხო ბიჭები არც იქ შემაწუხებენ._ცოტა არ იყოს, მეწყინა რაღაც უდიერად რომ მოიხსენია ლალიმ ჩემი ახალი სამსახური._ავადმყოფის პრეტენზიების მოსმენას და მისი ხუშტურების შესრულებას ისევ მიმტანობა მირჩევნია._შევუბღვირე და აბაზანაში გავედი თავის მოსაწესრიგებლად. ******************** მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი, ალბათ ახალი სამსახურის პირველი დღისა მეშინოდა. ვღელავდი, არაფერი არ ამერ-დამერია ჩემებურად. გამთენიისას უძილო წამოვხტი. ძლიერი ყავა მოვიდუღე ცოტა გამოსაფხიზლებლად და ენერგიის მოსამატებლად. ცხელივე მოვხვრიპე, თავი მოვიწესრიგე და დიდი იმედებით და სიხარულით გავწიე ახალი სამსახურისკენ. მხოლოდ დამლაგებელი დამხვდა იქ, რომელსაც მაგიდაზე სკამები შემოეწყო და იქაურობას გვიდა. მაშინვე ტილო ამოვრეცხე და მე კიდევ იატაკის მოწმენდა დავიწყე. _მადლობა, მაგრამ ეს შენ არ გევალება._მადლიერი თვალებით შემომხედა ოცდაათიოდე წლის ქერა ქალმა. _მერე რა? ჯერ ჩემი სამუშაო მაინც არ არის და ისე ხომ არ დავჯდები._გულწრფელად გავუღიმე და ჩემი საქმე განვაგრძე. _ჯუნა ხომ?_ჩამეკითხა ქალი. _დიახ... თქვენ? _ნინო._ხელი გამომიწოდა და ენერგიულად ჩამომართვა._ძალიანაც ნუ მიაჩვევ უფროსობას, თორემ რაც მეტს გააკეთებ, უფრო მეტის გაკეთებას მოგთხოვენ. არაფერი მითქვია, უბრალოდ მარტო გავუღიმე. იატაკის მოწმენდას რომ მოვრჩი, სკამები ჩამოვაწყე და მაგიდებიდან მტვერი გადავწმინდე. ხალისით და ენერგიულად ვმუშაობდი. მერე ჩვენი მზარეულები, მოვიდნენ. როგორც მოგვიანებით გავიგე, დედა-შვილი ყოფილან. არა და ვერც კი წარმოვიდგენდი. მერე ჭურჭლის მრეცხავიც მოვიდა. _ყავა დავლიოთ და შევუდგეთ საქმეს._მზარეულის შვილმა ყავის მოდუღება დაიწყო. ერთი შეხედვით კარგი კოლექტივი ჩანდა, ყველა მომეწონა. ყავის სმის დროს ერთმანეთი უკეთ გავიცანით. ისიც გავიგე, თანამეპატრონე ლიზიკო დიდი ხანი არ არის რაც გათხოვდა თავისზე რვა წლით პატარა ბიჭზეო. _გამოიჭირა რაა._ყავა ხმაურით მოსვა მაიკომ, მზარეულის შვილმა._ფულიანია და ის უტვინო ბიჭიც ადვილად გაება მის მახეში. ამბობენ, მშვენიერი ბიჭიაო. მაგრამ მაგისთანა ბიჭებს მე პატივს არ ვცემ._ცარიელი ფინჯანი მიაბრუნ-მოაბრუნა და ლამბაქზე დააპირქვავა._ ფულის გულისთვის როგორ უნდა მიუწვე ბებერ ქალს? _რვა წელი სხვაობა არც ისე დიდია._ვცადე საწყალი ბიჭის გამართლება._იქნებ, მართლა უყვარს და ფული არაფერშუაშია? _კაი რაა,_ჩემი ცარიელი ფინჯანი აიღო და იგივე პროცედურა გაიმეორა რაც თავისზე._მკითხაობის გჯერა? ნინომ კარგი ჩახედვა იცის და ვამკითხინოთ._თან მეგობრულად ჩამიკრა თვალი. _რა ვიცი,_მხრები უაზროდ ავიჩეჩე._არასდროს მიმკითხავია და რა გითხრა. _ხო და შანსი გეძლევა მკითხავი ნინო გამოსცადო. გამეცინა. მაიკოსაც გაეცინა. _ყავა თუ დალიე, მაიმუნობას მორჩი და ხახვი დამიჭერი. წვრილად ოღონდ, შენებურად ალყა-ალყა კი არა._ცოტა მკაცრად უთხრა დედამისმა. _კარგი ეკატერინე რაა._საყვარლად გაბუშტა მაიკომ ტუჩები._გვაცადე ახლა ცოტა წავიმკითხაოდ და მოვალ._მერე ნინოს მიაწოდა ჩემი ფინჯანი._მიდი ერთი უწინასწარმეტყველე რამე. ნინომაც მაშინვე ჩამოართვა ფინჯანი და დიდი მონდომებით ჩაიხედა. კარგა ხანს გაღიმებული იყურებოდა შიგ. _ასეთი კარგი ფინჯანი იშვიათობაა._გულწრფელი ღიმილით გადმომხედა._მართალია, ბევრი იმედგაცრუება გელის წინ, მაგრამ მომავალში უდიდესი ბედნიერება გელოდება. ვიღაც პიროვნება ჩანს შენს ცხოვრებაში. ან უკვე გამოჩნდა, ან ახლო მომავალში გამოჩნდება. უდიდესი სიყვარული გელოდება მასთან._ცოტა ხანს გაჩუმდა და ისე მონდომებით იყურებოდა, სურვილი გამიჩნდა მეც ჩამეხედა._მგონი "გ" ასოდან იწყება მისი სახელი. ან "ვ" ან უფრო "გ", კარგად არ ჩანს. გიგა?_გამიელვა გუნებაში და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. _არის კიდევ მეორე პიროვნება, რომელიც შავი გულითაა. ცუდი ზრახვები ამოძრავებს შენს მიმართ. ამ პიროვნებას უნდა ერიდო. ძალიან მალე დიდ იმედგაცრუებასაც გამოცდი. თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდება. გვერდით მოსიყვარულე მამაკაცი გეყოლება... მოდი აბა ჩაიფიქრე რამე და გული გახსენი. მასეც მოვიქეცი, გიგასთან მიმართებაში ჩავიფიქრე სურვილი, ვიქნებოდით თუ არა ერთად. _სამწუხაროდ ის სურვილი, რომელიც ჩაიფიქრე, არ აგისრულდება... თუმცა, ისეთი დიდი ბედნიერება გელოდება, ეს ჩანაფიქრი მასთან არაფერია. _ვერ მოამთავრეთ თქვენი სპირიტიზმი?_ცოტა წყენით გადმოგვხედა ეკამ._ სადაცაა კლიენტები მოვლენ და არფერი გვაქვს მომზადებული. შეფმზარეულის შენიშვნა ყველამ უკლებლივ მივიღეთ და დავფაცურდით. ერთ საათში მართლაც გვესტუმრნენ პირველი კლიენტები. შავი პატარა ბლოკნოტი და კალამი მოვიმარჯვე და ახალგაზრდებს მივუახლოვდი ღიმილით. _რას ინებებთ? _შენ ახალი ხარ?_ ერთ-ერთმა ბიჭმა ინტერესით შემათვალიერა. _კი._დავეთანხმე ღიმილით. _შეიძლება სახელი გვითხრა?_ახლა მეორე ბიჭმა შემათვალიერა. _ჯუნა. _ჯუნა?_ღიმილი მოერია სახეზე._რა განსხვავებული სახელია... თუ მეკაიფები?_ახლა ეჭვით მოწკურა თვალები და ისე ამათვალიერ-ჩამათვალიერა. _რას ინებებთ?_ცოტა სიცივე გავურიე ხმაში. _ორი მოზრდილი შაურმა ბლომად ხახვით და წიწაკით და ორიც კოკაკოლა. _აქ მიირთმევთ?_ისე ვკითხე, ბლოკნოტიდან თავი არ ამიწევია. _რა თქმა უნდა. შეკვეთა ეკას შევუტანე მაშინვე სამზარეულოში და მანაც სახელდახელოდ გამიმზადა მადისაღმძვრელი შაურმები. მიუჩვეველმა ცოტა უხერხულად მივუტანე კლიენტებს შეკვეთა. მათ მაგიდას რომ გამოვცდი, კიდევ ორი კლიენტი გვესტუმრა. მათ კი თან წაღება უნდოდათ ოთხი იმერული ხაჭაპურის და ოთხიც ლობიანის. ქაღალდის პაკეტებში ჩავუწყე ცხელ-ცხელი და ღიმილით მივართვი. ჩემდა გასაოცრად, კლიენტი უხვად გვყავდა. წუთითაც კი ვერ ვიცლიდით დასაჯდომად. მართალია, უმრავლესობას თან მიქონდა, მაგრამ ისინიც უხვად იყვნენ, ვინც იქვე აგემოვნებდნენ ეკას და მისი შვილის გემრიელობებს. თანამეწილე ლაშა რომ მოვიდა, უკვე ისე ვიყავი დაღლილი, სახეზეც მეტყობოდა ალბათ. _რაო, ახალბედავ, რთულია?შემეკითხა ღიმილით. _არც ისე, ვუძლებ._მეც გავუღიმე, ოღონდ ნაძალადევად და ახალშემოსულ კლიენტს მივაშურე ასევე ღიმილით. მოკლეთ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი დაღლილ-დაქანცული დავბრუნდი სახლში, იმის თავიც კი აღარ მქონდა, ლალისთვის გამეზიარებინა შთაბეჭდილებები. პირველი სამი დღე მართლა გამიჭირდა. ხანდახან ნინოც მეხმარებოდა, თორემ ვერ ავუდიოდი საქმეს. მერე და მერე კი ისე შევეჩვიე ყველაფერს, რომ ყავის სმასაც კი ვახერხებდი გარბენით. დაღლასაც იმდენად აღარ ვგრძნობდი. ადვილად შევეჩვიე ჩემს სამსახურს და კოლექტივს. მაიკოსგან ისიც გავიგე, რომ ჩვენი სიძე-პატარძალი წაღვერში ისვენებდა ერთი კვირით. ახალგაზრდა სიძეს თურმე ლამაზი საყვარელი გაუჩენია და ცოლუკას ფულებით აგულავებდა. ხო და ჩვენს ლიზიკოს ეჭვები გასჩენია და ურთიერთობის დასალაგებლად ქალაქს გარიდებიან. მიკვირდა, ამ თითის ტოლა გოგომ საიდან იცოდა ამდენი ჭორ-მართალი. დილიდან საღამომდე სამსახურში იყო ჩვენთან ერთად და სადღა ახერხებდა ცხელცხელი ამბების გაგებას? ისე კი, კარგად გვართობდა, ქვეყნის ამბებს გვიყვებოდა. არც ლაპარაკით იღლებოდა და არც საქმით. რაც ახალი სამსახური დავიწყე, გიგას ვეღარ ვხვდებოდი და ეს მადარდებდა მხოლოდ. სამსახურში მასზე საფიქრად არ მეცალა, არც საქმე მაძლევდა ამის საშუალებას და არც მაიკო თავისი ახალ ახალი ამბებით. სახლში მისული კი, სანამ დავიძინებდი, ლალი მიყვებოდა გუგას ამბებს, რომელსაც არანაირი შედეგი არ ქონდა ოპერაციის შემდეგ და ორმეტრიანი კაცი საწოლს იყო მიჯაჭვული. თურმე ც კი უცდია, ასეთი სიცოცხლე რაღად მინდაო და ვენები გადაუჭრია, მაგრამ დედამისს სულზე მიუსწვრია. ისევ სისხლი დასჭირებია და ისევ ლალის გადაუსხია. _მის ძარღვებში უკვე იმდენი სისხლი ჩქებს ჩემი, რომ ძმა არის მაშ რა არის?_ღიმილით მითხრა. _ხო და ვალდებული ვარ, მასზე ვიზრუნო ყველანაირად._მერე მოულოდნელად დასერიოზულდა და რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა._ მის დამპალ ცოლს ვუთვალთვალებ, საყვარელი გაიჩინა ჩათლახმა. ქმარი სიკვდილს ძლივს გადაურჩა და მაგან კიდევ სახელდახელოდ გამონახა შემცვლელი. _მერე შენ რა? ნუ ჩაერევი მაგ ამბავში, შეეშვი. _იმ დამპალს მივცე უფლება, რომ ჩემს ძმობილს რქები დაადგას? ქმრისა მარტო ფულები უნდა. აუჩუჩუნდება ერთი ადგილი და გარბის დასაკმაყოფილებლად. გაოცებულმა შევხედე. _მასეთი ბრალდება სერიოზულია და თუ ვერ დაამტკიცებ, უნდა გაჩუმდე. _დამტკიცებით კი დავამტკიცებ, მაგრამ გუგა მეცოდება, არ ყოფნის პრობლემები, რომ ახლა ცოლის ჩათლახობა გავაგებინო? _ხო და იმიტომ გეუბნები, შეეშვი მაგ საქმეს._მეგობრული რჩევა მივეცი და კედლისკენ გადავბრუნდი._მოვრჩეთ ახლა, უნდა დავიძინო. ძილინებისა. _ძილინებისა._უწადინოდ ჩაილაპარაკა და ისიც დაწვა. ******************** ერთ მშვენიერ დილას, სამსახურში თავპირისმტვრევით რომ გავრბოდი, გიგამ შემიჩერა მანქანა. კი გამიხარდა მისი დანახვა, მაგრამ უწინდებურად გული არ ამთრთოლებია. სამსახურში მაგვიანდებოდა და სიყვარულობანას დრო არ მქონდა ალბათ. _ბოდიში, რაღაც პრობლემები მქონდა და ვეღარ გინახულე._გამიღიმა და საკოცნელად გადმოიხარა. შევატყე, ტუჩებისკენ მოიწევდა გაბედულად და სახე მოვარიდე. ლოყაზე მაკოცა ძველებურად. გამებრაზა, როდიდან გახდა ასეთი თავდაჯერებული, რომ ტუჩებში კოცნის უფლებას მივცემდი? _მეჩქარება, ბოდიში._მივაძახე და ხალხის ბრბოს შევერიე სირბილით. უკან არ გამომკიდებია. არც მინდოდა რომ გამომკიდებოდა. ძალიან შეცვლილი და თამამი მეჩვენა. ხელის გადახვევის და ლოყაზე კოცნის საშუალებას კი ვაძლევდი ყოველთვის, მაგრამ ტუჩებში კოცნაზე, თანაც სახალხოდ, არასდროს მიფიქრია. სამსახურში მისულს უჩვეულო ფუსფუსი დამხვდა. _რა ხდება?_გავიოცე. _ქალბატონი პატარძალი გვეწვევა დღეს სავარაუდოდ თავის პატარა ქმართან ერთად და ხომ არ შევრცხვებით?_სასაცილოდ გაიოცა მაიკომ. გიგას გამო აფორიაქება არ მეყოფოდა დღეს, ახლა ეს რევიზია? მაშინვე წინსაფარი ავიფარე და მეც საქმეს შევუდექი. შუადღის მერე, როცა ცოტა გადაგრილდა, ზედმეტად გაპრანჭულ-განაზებული ქალი გვესტუმრა მაღალი ქუსლების კაკუნითა და თეძოების გამომწვევი რხევით. _ქალბატონო ლიზიკო?_ვითომ ძალიან გაიოცა მაიკომ და აფერისტული ღიმილი მოეფინა სახეზე._როგორ ხართ, როგორ დაისვენეთ? _შესანიშნავად. თქვენ ის მითხარით, როგორ მიდის აქ საქმეები?_ზედმეტად სერიოზული იყო ქალი. _აქაც ყველაფერი შესანიშნავადაა._გაუღიმა ლაშამ. თუმცა, აშკარად ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო. დიდი ინტერესით შევათვალიერე ჩვენი უფროსი. ფაშფაშა და აშკარად არასასიამოვნო ქალი იყო. ძალიან ვიწრო კაბაში, სხეულის ყველა ნაკვთი და ნაკეცი თვალსაჩინოდ მოუჩანდა. ღრმად ამოღებული დეკოლტედან ათქვირული ძუძუები ვულგარულად გადმოეყარა. ჩემს თვალში კახპას უფრო გავდა, ვიდრე ამ სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონეს. ჩემი მზერა იგრძნო და ავად შემომხედა. _შენ რას მომჩერებიხარ, საქმე არ გაქვს? ცოტა არ იყოს დავიბენი. მეწყინა კიდეც. თუმცა ხმა არ გამიცია. _შენი სახელი?_ახლა ჩემი სახელით დაინტერესდა ქალბატონი. _ჯუნა. _ჯუნა?_ირონიული ღიმილი გაუკრთა სახეზე._ჯუნა რა სახელა? _ლიზიკოს მაინც ჯობია_წავიბუტბუტე ჩემთვის და ახლადშემოსული კლიენტისკენ გავეშურე. _მართალი ხარ, ჯუნა მილიონჯერ ჯობია ლიზიკოს._მხარზე მეგობრულად გამკრა თავისი მხარი გაღიმებულმა ნინომ._ნუ მიაქცევ ყურადღებას, ეს ყველას ასე ზემოდან დაყურებს. აქაოდა ბევრი ფულის პატრონი ვარ და თქვენ ჩემი ხელქვეითები ხართო. _გვენაცვალოს ყველას._გაბრაზებით ჩავიბუტბუტე და კლიენტებს ღიმილით მივესალმე. საღამოს, მე როცა საპირფარეშოში ვიყავი შესული, ზუსტად მაშინ მოუკითხებია ქმარს ლიზიკოსთვის და წაუბრძანებია. _რა სანახაობა გამოტოვე._სინანულით მითხრა მაიკომ._ქმარუკამ მოაკითხა ჩვენს პატარძალს და წააბრძანა. _მართლა რა პატარა ბიჭი ყოფილა და ეს ვის გადაეკიდა?_ნინომ პირველად გამოხატა სინანული._მაიკოს რომ ვუსმენდი, გაზვიადებული და გადაჭარბებული მეგონა ყველაფერი. ღმერთო, სად აქვთ ამ ახალგაზრდებს ტვინი? _ბიჭი რომ ვიყო ფულის გამო კი არა, დედამიწის ზურგზე მარტო ლიზიკო რომ იყოს ქალი, მასთან არ დავწვებოდი და ამ უტვინო მის ქმარს სად აქვს ტვინი ვერ ვხვდები._მაიკო გაოცებას ვერ მალავდა._არა და შეხედავ, მშვენიერი ბიჭია, როგორ უნდა იყო სიმდიდრეზე გადარეული, რომ ბოზანდარა ბებერს მიუწვე გვერდით? _ძალიან მშვენიერი ტვინი აქვს, რას ერჩით? მდიდარი ცოლი და ლამაზი საყვარელი._მეც გამოვთქვი ჩემი აზრი. _მართალი ხარ ხომ იცი._დამეთანხმა ნინო და სახლში წასასვლელად მოემზადა. ყველამ მას მივბაძეთ, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ ჩვენი გზებით წავედით. მეტროში ჩასულს ვიღაც წამომეწია ზურგიდან და ფერდში შემიღუტუნა. მოულოდნელობისგან შევყვირე და გაბრაზებული მივუტრიალდი. ჩემი კლასელი ნათია შემრჩა ხელთ. _როგორ შეცვლილხარ ძვირფასო, ერთი საათია მოგდევ და ვფიქრობ, ჯუნაა ჯუნა არ არი._გადამეხვია და გადამკოცნა ბავშვობის მეგობარმა. მეც ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ჩახუტებულები ჩამოვსხედით მოსაცდელ სკამზე და ერთმანეთის მიკითხვ-მოკითხვის მერე სოფლის და კლასელების ახალი ამბებიც გამაგებინა. _ახლო მომავალში ბანკეტს ვგეგმავთ კლასელები, ყველა ვიქნებით უეჭველი. როგორც ყოველთვის თავი არ დაიძვრინო იცოდე. _ვნახოთ, არ ვიცი, ვმუშაობ და..._თავის მართლებას შევეცადე. _ზოგი ვსწავლობთ, ზოგიც ვმუშაობთ და მაშ ჩვენ როგორ მოვახერხებთ?_ცოტა დამტუქსა._თუ ფულზე იხევ უკან, გასესხებ, არ არის პრობლემა და როცა გექნება მაშინ ჩამასესხე. _არა, ფული პრობლემა არ არის, ვმუშაობ და მაქვს... _აბა, არ გინდა რომ პატარძალი გაიცნო? _ვინ პატარძალი?_გამიკვირდა. _ვინ და გიგას ცოლი. _ვინ გიგასი?_სისხლი გამეყინა ძარღვებში. _ჩვენი კლასელი გიგა ტატურაშვილის, რა გჭირს, რაც თბილისში ჩამოხვედი ვეღარავის სცნობ? _დიდი ხანია დაინიშნა?_ყელში რაღაც ბურთი გამეჩხირა თითქოს და ძლივს ამოვღერღე. _ალბათ ორი-სამი თვე იქნება. არ იცოდი? _არა, აბა საიდან?_შევეცადე მღელვარება დამეფარა. _კარგი, წავედი, მეჩქარება. _ჩანთიდან ფურცელი ამოიღო, ნომერი მიაწერა და მომცა._დამირეკე, ნუ დამივიწყე. ნათია რომ დამემშვიდობა, ცრემლები წამსკდა თავისით. თითქოს, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. სამყარო თავზე დამექცა... დანიშნულია ვაჟბატონი და მაინც ჩემთან აპირებს რომანის გაბმას? აცრემლებული ამოვედი მეტროდან. წვიმდა. წვიმაში ცრემლებს ადვილად დავმალავდი და ამიტომ პირდაპირ სახლისკენ ავიღე გეზი. კარგა გვარიანად დასველებული შევედი სადარბაზოში. კიბეზე ავედი და მოულოდნელობისგან გავშრი. გიგა ყვავილებით ხელში ჩემს კარზე აკაკუნებდა. ხმაურზე მოიხედა და გამიღიმა. სველი ტანსაცმელი სხეულზე მეწებებოდა. შემრცხვა, გასწორება ვცადე. შემაშინა მისმა დაჟინებულმა მზერამ. _ყვავილებისთვის მადლობა, არ იყო საჭირო._ძლივს წავილუღლუღე და ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა. როგორც იქნა ვიპოვე. აღელვებული ხელებით რის ვაი-ვაგლახით მოვარგე საკეტს და კარიც გავაღე. _ღამე მშვიდობისა._დავემშვიდობე და შესვლა დავაპირე. _არ შემიპატიჟებ?_რაღაც იდუმალი ხმით წამჩურჩულა _რისთვის?_გაბრაზებულმა შევხედე. _ყავაზე დამპატიჟო... _ ბოდიში, გვიანია. მოულოდნელად გადმოიხარა და ტუჩებში მაკოცა. მაშინვე ხელი ვკარი, მოვიშორე. უფრო გახელებით დამეტაკა, წელზეც კი მომხვია ხელები. _რას შვრები?_შევყვირე და დაუგეგმავად გავაწანი მადიანი სილა. ყვავილებიც ზედ მივაყარე._შენ ცოლს მიართვი ეს ყვავილები._ბინაში შევვარდი და ცხვირწინ მივუჯახუნე კარები. სიბრაზის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი იმ მომენტში. ცოლი ყავს და მაინც ჩემს მოხიბვლას ცდილობს, რომ საწოლში შემიტყუოს? მაგას ვინ ვგონივარ? ოთახში გაავებული შევედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. სარკეში ჩემს ორეულს რომ მოვკარი თვალი, უარესად გავცოფდი: სველი ტანსაცმელი ლამის გამჭვირველე გამხდარიყო და ტანზე მთლიანად მეკვროდა. სხეულის ყველა ნაწილი თვალსაჩინოდ მიჩანდა. ფაქტიურად, შიშველს ვგავდი. გიჟური ტირილი ამივარდა. თან ვტიროდი და თან ტანსაცმელს ვიხდიდი. იმის გააზრებამ, რომ გიგას მხოლოდ გასართობად ვუნდოდი, სულიერად გამანადგურა. ბალიში დავიმხე ზედ და ხმამაღლა ავღრიალდი. იმ საღამოდან სამი დღის გასვლის შემდეგ ისევ გამომეცხადა ყვავილებით ხელში. დარცხვენილმა მომიხადა ბოდიში. _მაპატიე, არ ვიცი რა დამემართა... შენი წყენინება არ მინდოდა. _შენი ბოდიში არაფერს ცვლის. ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე. ტყუილად ნუღარ კარგავ დროს და ხარჯავ ფულებს, თავი დამანებე. როგორც კლასელს ისე გიყურებდი და შენ თურმე რა ზრახვები გქონია._ყვავილები არ გამოვართვი და გზა განვაგრძე. _ბოდიში რაა._წინ გადამეღობა და წასვლის საშუალება აღარ მომცა. _გაიწიე სირცხვილია, ქვეყანა ჩვენ გვიყურებს. _გვიყურონ, მერე რა?_ხელი მომკიდა მაჯაზე. _სამსახურში მაგვიანდება, გამიშვი. _მე წაგიყვან, დაჯექი._მანქანისკენ მიბიძგა. მანქანაში ჩაჯდომის შემეშინდა და გავიბრძოლე. _ვიყვირებ იცოდე, გამიშვი!_მკაცრად ვუთხარი და შევეცადე ხელი გამენთავისუფლებინა. _სად მუშაობ მითხარი და მე მიგიყვან._არ ნებდებოდა გიგა. _მანქანით გზა არ ვიცი, მეტროთი დავდივარ. რომც ვიცოდე, არ მინდა შენი წაყვანა, ცოლს მიხედე._როგორც იქნა გავინთავისუფლე ხელი და გავიქეცი. მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი. საქმეს ვერ ვუდებდი გულს. რამდენჯერმე შეკვეთა ავურიე და საყვედურიც დავიმსახურე. ლიზიკოს იქ ყოფნა და მისი მკაცრი გამოხედვა უარესად მაბნევდა. _რა ჯანდაბა უნდა ნეტა ამ ქალს, რა ხშირად გვსტუმრობს?_წყენით წაიბუტბუტა მაიკომ._ისეთი გამოხედვა აქვს, ვიბნევი და ყველაფერი ხელიდან მივარდება. _მეც._საცოდავად წავჩურჩულე. _ვაი ჩვენი ბრალი._თეატრალურად შემოირტყა თავში ხელი და თავისი საქმე განაგრძო. _ეს თქვენი ახალი თანამშრომელი რაღაც არ მომწონს._ჩემს გასაგონად უთხრა ლიზიკომ ლაშას._დაბნეულია, ღრუბლებში დაფრინავს. _კარგი გოგოა, ყოჩაღი._ჩემი დაცვა სცადა ბიჭმა._დღეს ალბათ ვერ არის კარგად, აშკარაა პრობლემები აქვს. _უთხარი, რომ თავისი პრობლემები სახლში დატოვოს და აქ ნორმალურად იმუშაოს, თორემ დავითხოვ. გავცეცხლდი. გულზე მომხვდა მისი გაწელილ-გატყლარწული სიტყვები. გიგას ამბავს ამ ქალბატონის ამრეზით ყურებაც დაემატა. _არ არის საჭირო თქვენი დათხოვნა, მე თვითონ მივდივარ._გაუაზრებლად ვთქვი და გადაწყვეტილებაც იმ მომენტში მივიღე. _რატო?_გაკვირვებული გადამიდგა წინ ლაშა._რთულია და გიჭირს? _თუ წასვლა უნდა წავიდეს, ნუ იჭერ._მკაცრად უთხრა ლიზიკომ. _მართლაც ვერ ხარ დღეს კარგად, რა ხდება?_ცოტა ხმას დაუწია ლაშამ._ნუ სულელობ, დარჩი. _გითხარი გაუშვი, წავიდეს._უფრო მკაცრი სახე მიიღო ლიზიკომ. _მერე და ასე უცბად სად ვიშოვოთ ახალი თანამშრომელი? სანამ სხვას ვიშოვით იყოს. ლიზიკომ აღარაფერი თქვა. დუმილი თანხმობის ნიშნად ჩათვალა ლაშამ. _მოწყალება გაიღო ქალბატონმა და დამტოვა დროებით._მაიკოს შეშფოთებულ მზერას რომ წავაწყდი, დავამშვიდე. _არ წახვიდე რა, ნეტა მაგას რას უსმენ? ეჭვიანობის პიკზეა ქალი. ახალგაზრდა და ლამაზი თანამშრომლები არ აწყობს. ვაი თუ მისმა ქმარუკამ დაადგას თვალი? _ზუსტად მაგიტომაც უნდა წავიდე, სად მაქვს მაგათი ნერვი? _დღეს შენ სხვა რამ გაქვს გაბრაზების მიზეზი, თორემ ეს სულ ასეთი არ არის? რა ხდება შენს თავს?_ხელი მომკიდა და სკამზე ჩამოვსხედით ორივენი. _შეყვარებულს დავშორდი._ნაძალადევი სიმშვიდით ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა. _მიზეზი? _დაინიშნა... _და შენი დაქალი მოიყვანა ცოლად?_გაკვირვებულმა მომანათა ცისფერი თვალები. _არა. წარმოდგენა არ მაქვს ვინ მოიყვანა... არ ვიცოდი და ვხვდებოდი. მართალია, სერიოზული არაფერი ყოფილა ჩვენ შორის, მაგრამ... რატო მატყუებდა არ ვიცი. _ოოო, მართლა ცუდი ამბავია..._წუთით გაჩუმდა. მერე მხარზე მომხვია ხელი და ჩამიხუტა._დაიკიდე. არ იყო შენი ბედი და არ ღირს მის გამო ცრემლების ღვრა. უკეთესი გამოჩნდება, დამიჯერე. _არ მითხრა, რომ დანიშნული იყო. შემთხვევით რომ არ გამეგო, არც აპირებდა თქმას. მისი ცოლი მეცოდება, სხვა ქალებს რომ დასდევს მაგის ქმარი... კიდევ კარგი სერიოზული არაფერი მომხდარა ერთი კოცნის გარდა. _კარგია, ადრევე რომ გაიგე. წეღანაც გითხარი, დაიკიდე. მაგეთი კაცი ცრემლების ღვრად არ ღირს._მეგობრულად მაკოცა. მერე კი ადგა და საქმეს მიუბრუნდა. ********************** მაიკო მართალი იყო, არ ღირდა გიგა ჩემი ცრემლების ღვრად. თუ მე მოვწონდი და ვუნდოდი, მე მიმიყვანდა ცოლად და არა სხვას. ყველაზე მეტად ის მაცოფებდა, დაოჯახების ამბავს რომ მიმალავდა და ჩემთან ურთიერთობაში ნელ-ნელა თამამდებოდა. მადლობელი ვიყავი ნათიასი, შემთხვევით რომ გამაგებინა ეს ამბავი და გამოუსწორებელი შეცდომა არ ჩამადენინა. დღისით ვახერხებდი, თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა მოღალატე გიგაზე, ღამე კი... ღამე ბალიშს ვასველებდი ცრემლებით. მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ჩემი გამოყენება უნდოდა ჩემი ბავშვობის სიყვარულს. სიმართლე ვთქვა, სიყვარულის გარდა ყველაფერს ვგრძნობდი უკვე მის მიმართ. სიბრაზეს ისე ვყავდი შეპყრობილ-დამონებული, სხვა არც არაფერზე მეფიქრებოდა. სამსახურშიც გამომისწორდა თითქოს მდგომარეობა. თუმცა, იქ დარჩენას დიდხანს მაინც აღარ ვაპიტებდი, რადგან გაპრანჭული და ზედმეტად ამაყი ლიზიკოს ატანა არ მქონდა, რომელიც ხშირად ვეღარ გვსტუმრობდა რატომღაც. კვირის ბოლოს კლასელებმა როგორც იქნა მოაბეს თავი და რესტორანში ბანკეტის გადახდა გადაწყვიტეს. ფული უპრობლემოდ დავდე. ჩემი სამსახურის წყალობით კარგად მქონდა დანაზოგი მოქუჩებული. ცოტა ჩაცმაზე მედარდებოდა, რა ჩამეცვა არ ვიცოდი. სურვილი მქონდა, ძალიან ლამაზად ჩამეცვა, რათა გიგას ცოლზე უკეთესი თუ არა, ნაკლები მაინც არ ვყოფილიყავი. _მგონი ჩემი ბანკეტის კაბა, რომელიც კარგა ხანია გარდირობში მიკიდია, კარგად გექნება._სიხარულით მითხრა მაიკომ._ერთხელ მეცვა მარტო, მაშინაც ცოტა ვიწრო მქონდა, ახლა კი გავსუქდი და აღარ მეტევა. ხვალ წამოგიღებ, თუ მოგერგო, შენი იყოს, მაინც ისე მიკიდია. გამიხარდა. თუ კარგად მექნებოდა, ზედმეტად აღარ დავიხარჯებოდი. ძლივს გადავაგორე ის დღე და მეორე დილით მოუთმენლად ველოდებოდი მაიკოს. თან ვნატრობდი არ დავიწყებოდა და კარგადაც მქონოდა. თუ არა და, გადაწყვეტილი მქონდა ერთი დღით მექირავებინა. მაიკო რომ მოვიდა და კაბა მომიტანა, გავვოგნდი ისეთი ლამაზი იყო. აღელვებულმა მოვიზომე და სიხარულით გადავეხვიე აღფრთოვანებულ გოგოს. _შენი ყოფილა და მე კიდე ეს დრო ტყუილად მეკიდა გარდირობში. _როგორ გიხდება, მშვიდობაში._ნინოც გადამეხვია და გადამკოცნა._მართლა დაგხატა. _კაბის საქმე მოგვარებულია. ფეხსაცმელებზე რას შვრები? უეჭველი მაღალქუსლიანი უნდა ხომ იცი? შენ პატარა ფეხი გაქვს, თორემ ფეხსაცმელსაც მოგცემდი. _მოვახერხებ რამეს, ამაზეც დიდი მადლობა._გულში ჩავიხუტე და კარგა ხანს მყავდა ასე._ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე. საღამოს სახლში მისულს ლალიმ ძალიან მომიწონა კაბა. _მშვენიერია. ზუსტად ასეთი 150 ლარად ვნახე, ისიც ფასდაკლებით ლილოში. _მართლა? იმ სულელმა კიდე მაჩუქა. მოეყიდა მაინც._ მაიკოსი იმდენად არ მომერიდა, როგორც დედამისის. _გაძლევენ გამოართვი, გართმევენ და გაიქეციო._შემომღიმა ლალიმ._ემეტებოდა და გაჩუქა. კარგი გოგო ყოფილა. _არაჩვეულებრივი გოგოა. ისე კი, რომ მცოდნოდა ასეთი ძვირიანი იყო, არ გამოვართმევდი._სინანულით ვთქვი. _კაი ერთი რა, შენ ის თქვი, ფეხსაცმელებზე რას შვრები? _მეორადებში ისეთი კარგი ფეხსაცმელები ვნახე წეღან, ხელზე აღარ დამრჩა ფული, თორემ ვიყიდიდი. _მეორადებში უნდა იყიდო?_გაუკვირდა. _ხომ იცი მაღალ ქუსლებზე არ მაცვია, ერთხელ უნდა მეცვას მაინც და რა მოხდა? _რა ვიცი, შენი ნებაა. თუ მარტო ერთი ჩაცმისთვის გინდა... _ზედ ხომ არ აწერია, რომ მეორადია? _ისე, შენც მართალი ხარ... როდის გაქვთ ბანკეტი?_დაინტერესდა. _ზეგ. ხვალაც ვიმუშავებ და მერე დავეთხოვები. შენ რას შვრები? ან გუგას ამბები როგორაა?_ისე ვკითხე, სარკეში ჩემი ორეულისთვის არ მომიშორებია თვალი. _რა ვიცი, რა გითხრა._გულიანად ამოიოხრა._პროფესორმა რომ ნახა, იმედი მისცა, ფეხზე დადგებიო, მაგრამ რამდენი დრო გავიდა და არანაირი წინსვლა არ აქვს. დეპრესიაშია ბიჭი... როგორია, მთელი დღე წევს უმოძრაოდ წელს ქვემოთ დამბლადაცემული და ვერფერს აკეთებს... ცოლი დილიდან დაღამებამდე სახლში არ შედის... მოკლეთ, ნახევრად მკვდარია რა. _რახან პროფესორმა უთხრა ფეხზე დადგებიო, ალბათ დადგება. დრო სჭირდება ყველაფერს. _ეეჰ._უიმედოდ ჩაიქნია ლალიმ ხელი და სამზარეულოში გავიდა. მე კიდევ კარგა ხანს ვიტრიალე სარკის წინ. მერე გავიხადე ჩემი ლამაზი ჯაბა, ფრთხილად დავკეცე და შევინახე. ******************** ერთი დღით სამსახურიდან დათხოვნა პრობლემა თუ გამიხდებოდა, არ მეგონა. ლაშამ კი დამითხოვა, მაგრამ ლიზიკო გაჯიუტდა. სად მიდიხარ, რაში გჭირდება ის ერთი დღეო. მეც ვაქირი გავწიე და არ ვუთხარი სადაც მივდიოდი. _ვერ დაგითხოვ. შენი გულისთვის ობიექტს ვერ დავხურავ!_ გამომიცხადა ამაყად. _დახურვა არ მოგიწევთ, ჩვენ ყველანი გავიჭირვებთ და ჯუნას მაგივრადაც ვიმუშავებთ._უთხრა მაიკომ გაცეცხლებულ ლიზიკოს. _შენ გაჩუმდი მანდ!_ახლა მაიკოს უყვირა ქალმა._მე რასაც ვიტყვი იმას გააკეთებთ. არ დაგითხოვ ხვალ!_ისევ მე მომიბრუნდა._ არც ხვალ და არც არასდროს, გასაგებია? წინსაფარი მოვიხსენი, იქვე დავუდე მაგიდაზე და გამოვტრიალდი. _სად მიდიხარ?_უარესად გაცოფდა ჩვენი უფროსი. _სახლში._ძალიან მშვიდად მივუგე. _რეებს ბედავ შენ?_ფეხსაცმელების კაკუნით წამომეწია და წინ დამიდგა გაავებული. _აქ აღარ ვმუშაობ. ხო და, უფლება მაქვს როცა მინდა მოვალ, როცა მინდა წავალ. სიბრაზისგან ისე იყო გამწვანებული, ლამის სიცილი ამიტყდა. თავი ძლივს შევიკავე, რომ ხმამაღლა არ მეხარხარა და ამაყი ნაბიჯებით გამოვეშურე სახლისკენ. ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგებს ჯერ ვერ ვაანალიზებდი. სულაც არ მედარდებოდა სამსახური კიდევ ერთხელ რომ დავკარგე. სხვა სამსახურის შოვნის იმედი მქონდა და გულდამშვიდებული ვსეირნობდი ქალაქის ქუჩებში. შებინდებისას მივედი სახლში. ლალის ზარ-ზეიმით ვაუწყე სამსახურიდან წამოსვლა. გაუკვირდა. _მაინც არ მოგწონდა და..._ისე ვუთხარი, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ჩემი სამსახურის დაკარგვა. ლალი აშკარად უგუნებოდ იყო, დიდად არ მიუქცევია ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება. აღარც მე ჩავძიებივარ. მისი მოწყენის მიზეზი ყოველთვის გუგა იყო და იმ წუთში ნამდვილად არ მქონდა გუგაზე საუბრის თავი. ხვალინდელი დღის გეგმებს ვსახავდი. დილიდანვე შევუდექი ჩემი გალამაზების საქმეს. როგორც იქნა ფული ჩემთვისაც გავიმეტე და ცხოვრებაში პირველად წავედი სალონში. თმა ნაცრისფრად შევიღებე და კერატინით დავისწორე. წარბების კორექციაც იქვე გავიკეთე. მერე მანიკური და მაკიაჟიც და უკვე საღამო იყო, სახლში რომ მივედი. მაიკოს ნაჩუქარი შოკოლადისფერი კაბაც მოვირგე. მეორადებში ნაყიდი მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელებიც. ლალის ძვირადღირებული სუნამოც ვიპკურე და ტაქსი გამოვიძახე რესტორანში წასასვლელად. როგორც ლალიმ დამარიგა, ყველაზე გვიან მე უნდა მივსულიყავი, რომ უფრო ეფექტური ყოფილიყო ჩემი გამოჩენა. ასეც მოვიქეცი. ლამის ერთი საათის დაგვიანებით მივედი. ტაქსიდან, როგორც ლალიმ მასწავლა, ჯერ ორივე ფეხი გადმოვდგი და მერე გადმოვედი. იქ მყოფების ყურადღება მართლაც რომ მივიქციე. მართალია, მეწყვილის გარეშე ვიყავი, მაგრამ თავი მაინც ამაყად მეჭირა. კიბის საფეხურები ფრთხილად ავიარე და დარბაზში მოხდენილად შევედი. ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება გიგას სახე, როდესაც მე დამინახა. სიმართლე ვთქვა, მეც დამაბნია მის გვერდით ლიზიკოს დანახვამ, მაგრამ წამიერად. არ შევიმჩნიე არაფერი და თავისუფალი ადგილისკენ ღიმილით გავეშურე. ლალი მართალი იყო, ყველას ყურადღება მივიქციე. გოგლა მაშინვე წამოხტა ადგილიდან და სკამი ზრდილობიანად გამომიდგა მაგიდიდან. _მადლობა._თბილად გავუღიმე შავგვრემან აყლაყუდა ბიჭს და ნარნარით დავეშვი სკამზე. გიგას გაოცებულ და ლიზიკოს ბოროტ მზერას ვგრძნობდი და ეს უფრო კარგ გუნებაზე მაყენებდა. გამიხარდა, რომ გიგას ცოლს ასი თავით ვჯობდი. მარტო გიგას ცოლს კი არა, ლამის ჩემს კლასელებს ყველას ვჯობდი. _რა ლამაზად გამოიყურები ძვირფასო._ნათიამ ღიმილით გადმომძახა, რომელიც გიგას წინ იჯდა. _მადლობა._მორცხვად გავუღიმე და მალულად გიგასაც გავხედე. ლამის დორბლი ჩამოსდიოდა ისე მომჩერებოდა პირღია. _რა მშვენიერი ხარ._გოგლამაც აღნიშნა ჩურჩულით და გამიღიმა. _ჯუნა ნახე, როგორ მოხდენია სკოლის დამთავრება._ზურამ მის გვერდით მჯდარ ნუკრის გადაულაპარაკა ყველას გასაგონად. მესიამოვნა კომპლიმენტები და იმის აღიარება, რომ ლამაზი ვიყავი. _დაგვიანებულმა უნდა ჩაიმატო._ღიმილით შემივსო რამზომ ჭიქა. თავპატიჟი არ დამიწყია, მწყურვალივით დავეწაფე ღვინოს და ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. მაშინვე ვიგრძენი ძარღვებში სისხლის ჩუხჩუხი და სხეულში სასიამოვნო სიმსუბუქე. გავხალისდი. მშვენიერი დრო გავატარე. ბიჭები აშკარად თავს მევლებოდნენ. ჩემთვის თავის მოწონებას ცდილობდნენ და ერთმანეთს აღარ აცდიდნენ ჩემთან ცეკვას. გოგოები ცოტა შურითაც კი მიმზერდნენ. ლიზიკოს აშკარად ჩემი მოკვლის სურვილი ქონდა. მისი ქმარი კი სევდიანი გამომეტყველებით მიმზერდა თავისი ზღვისფერი თვალებით. მეც მეტი არ მინდოდა, არავის ვეუბნებოდი ცეკვაზე უარს და გამომწვევად ვკისკისებდი. ეს ჩემი სილაღე და სიხალისე ნაწილობრივ ალკოჰოლის დამსახურებაც იყო. არც იმას უვარყოფ, რომ გიგას ჯინაზე ვხალისობდი. ბაიყუშივით იჯდა ფაშფაშა ცოლის გვერდით და მოწყენილი მიყურებდა. ლალიმ რომ დამირეკა ამბის გასაგებად, დარბაზში ხმაური იყო და ეზოში გავედი. იქვე ხის სკამზე ჩამოვჯექი. ყველაფერი დაწვრილებით ვერა, მაგრამ ძირითადი ამბები მაინც მოვუყევი სიცილით. ჭორაობას რომ მოვრჩი და დარბაზში შესვლა დავაპირე, გიგა გადამიდგა წინ. _ცოლს გამოეპარე?_გამეცინა. _ყველა ბიჭს რომ არ ეცეკვო, არ შეიძლება?_ისეთი ტონით მითხრა, თითქოს ლიზიკოსი კი არა ჩემი ქმარი ყოფილიყოს. _რაო?_ ვითომ ვერ გავიგე. _ხომ ვიცი ჩემს გასამწარებლად იქცევი ასე. მორჩი ამ სისულელეებს. _და რატო უნდა ვიქცეოდე ვითომ შენს გასამწარებლად?_ირონიული ღიმილით შევხედე._შენს თავზე რატომღაც ზედმეტად გადამეტებული წარმოდგენა ხომ არ გაქვს შემთხვევით? _მორჩი ღვინის სმას და ბიჭებთან ხურხურს._მკაცრად გამოსცრა კბილებში. _შენ მე ვინ გგონივარ?_მოულოდნელად ისეთი სილა გავაწანი, ხელის გული კარგა გვარიანად ამეწვა._მინდა ღვინოს დავლევ, მინდა ბიჭებთან ვიცეკვებ და არა ვიხურხურებ. შენ ვინ ხარ ვითომ დამიშალო? ვისთვისაც დასაშლელი გაქვს წადი და იმას დაუშალე. მაინც მეტის ღირსი არ ხარ._ზურგი ვაქციე და ეზოს სიღრმისკენ გავიწიე. მოულოდნელად ხელი მომკიდა. ამან საშინლად გამაცოფა. _შემეშვი._ხელი ვკარი და დარბაზში დავბრუნდი. _გინდა რომ მაეჭვიანო? გამოგივიდა._მომაძახა ზურგიდან. გამეღიმა. მიზანი მიღწეული იყო. დარბაზში შესულს ლიზიკო გადამიდგა ახლა წინ. _რა ვერ გაგიყვიათ?_თავის ქმარზე მანიშნა. _ძველი ამბებია, საკონტროლო არ გადავაწერინე და დღემდე იმას მედავება._აგდებულად მივუგდე. _შენ რა, სულელი გგონივარ?_ავად გააკვესა ბაყაყივით გადმოკარკლული თვალები. გულიანად გადავიკისკისე, გვერდი ავუქციე და მოცეკვავეებს შევუერთდი. ზურგს მიწვავდა მისი ბოროტული მზერა, თუმცა მაინც კარგად ვხალისობდი. ჩემდა გასაკვირად ცოლ-ქმარი ადრე წავიდა სახლში. ლიზიკოს აშკარად არ უნდოდა წასვლა, მაგრამ გიგამ იმდენი ქნა, მაინც წაიყვანა. გოგლა გვერდიდან არ მშორდებოდა. აშკარად გადამეტებულად ზრუნავდა ჩემზე. სიმართლე ვთქვა, მსიამოვნებდა. თუმცა, გიგას წასვლის შემდეგ აღარ მქონდა ბიჭებთან ცეკვის სურვილი. გიგა მართალი იყო, მის გასამწარებლად ვიქცეოდი ასე. მისი წასვლის შემდეგ კი ხალისი დამეკარგა თითქოს. თუმცა, მაინც კარგი დრო გავატარეთ. ჩვენი სახელებით მორთული ტორტი დიდი ზარ-ზეიმით გავჭერით. პირდაპირ გიგას სახელი გადავჭერი შუაზე და თითქოს გულზე მომეშვა. მერე ფეიერვერკებიც გავუშვით. უამრავი ფოტოც გადავიღეთ. ძალიან არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. გამთენიისას დავიშალენით. სახლში გოგლამ მიმაცილა. შევატყე, რომ ძალიან მოვეწონე. ზრდილობიანად დამემშვიდობა, ნომრები გავცვალეთ და სადარბაზოში ღიღინით შევედი. ლალის ჯერ ისევ ეძინა. ფრთხილად შევიპარე, რომ არ გამეღვიძებინა და მეც დავწექი. მთელი დღის შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი და თავიც საშინლად მიბრუოდა ალკოჰოლისგან. თვალებდახუჭულს გიგას გაოცებული სახე არ მშორდებოდა. გულს მიხარებდა მისი გამწარება. მიხაროდა, ლიზიკოს გვერდით ულამაზესი რომ ვჩანდი. მეტის ღირსი მაინც არ იყო... ლალიმ რომ გაიღვიძა და ადგა, ახალი ჩაძინებული ვიყავი. ბნედა დამცა. _ადე, სამსახურის დაწყება ხომ გინდა? რეკომენდაცია გაგიწიე და დღეს გასაუბრებაზე წამოხვალ ჩემთან ერთად. ისეთი დაღლილი და უძილო ვიყავი, არც სამსახური მინდოდა და არც გასაუბრება. _რაღა დღეს? შემეშვი რა._გადავბრუნდი და ძილის შებრუნებას შევეცადე. მოულოდნელად ლალიმ წყალი დამაქივლა გრაფინით. _ადექი ახლავე! ნახევარი საათი გაქვს დრო! არ გამაბრაზო. სველ საწოლში ძილის გაგრძელებას მაინც აზრი არ ქონდა და ავდექი, თუმცა ლალის გაყოლვას მართლა არ ვაპირებდი. მთელი ღამის უძილო, თანაც ნასვამი რა გასაუბრებას გავივლიდი? _შანსი გეძლევა და ხელიდან ნუ გაუშვებ. წამოდი, გაგესაუბრებიან და ეგ არის. უხერხულში ნუ ჩამაგდებ, რეკომენდაცია გაგიწიე. _აუ, რა საზიზღარი ხარ რა!_უკმაყოფილომ დავიწყე გამზადება._ რაღა დღეს მოგინდა? _მე რა ვიცოდი, თუ მთელი ღამე გაათენებდით? ორმაგ ყავას გაგიკეთებ და გამოგაფხიზლებს. სანამ მე ვემზადებოდი, ლალიმ მართლაც მოადუღა ყავა. ცოტა კი მიშველა, მაგრამ არც ისე, რომ სახლში დარჩენის სურვილი ჩაეკლა. _ის მაინც მითხარი, სად მიგყავარ._ვეხვეწებოდი ლალის და ფეხები უკან მრჩებოდა. _მივალთ და გაიგებ. მოგეწონება, აი ნახავ. _თუ გადარეული ბავშვის ძიძობა მიწევს, აქედანვე მითხარი რომ შემამზადო. _გუგას მომვლელი იქნები._როგორც იქნა თქვა და კარზეც დარეკა ზარი. _რაა?_ლამის იქვე გამოვახრჩე გაღიმებული გოგო._ავადმყოფს უნდა მოვუარო? ვინც ყავდა ის სად წავიდა? _მორჩი ახლა ისტერიკებს._მუჯლუგუნი წამკრა და შეეცადა გავეჩუმებინე. კარი ორმოცდაათიოდე წლის ლამაზმა ქალმა გაგვიღო. _გამარჯობა დარინა დეიდა. აი, რომ გითხარით, მოგიყვანეთ._თან ჩემზე ანიშნა. დარინამ გაოცებით შემათვალიერა. _ეს არის? მე ხნიერი ქალი მეგონა._თქვა და ოთახში შეგვიძღვა. ასეთი მდიდრული, დახვეწილი და გემოვნებიანი სახლი პირველად ვნახე. გაოცებულმა სწრაფად მოვავლე თვალი იქაურობას. თან, ვცდილობდი მასპინძელს არ შეემჩნია ჩემი გაოცება. _დასხედით._ფუმფულა დივანზე გვანიშნა._სოფის ვეტყვი რომ მოხვედით. _შენ ხომ არ გაგიჟდი, ეს სად მომიყვანე?_გავიდა თუ არა ქალი, ლალის მივუბრუნდი გაბრაზებული._აქ რა უნდა ვაკეთო? _გამოვა სოფი და გეტყვის რაც უნდა აკეთო._არხეინად დამამშვიდა. _არ მინდა რაა._საცოდავად ავწუწუნდი._მე რა ვიცი ავადმყოფის მოვლისა? თანაც დეპრესიულისა? ლალი კმაყოფილი სახით მიმზერდა უსიტყვოდ. მალევე დაბრუნდა დარინა. _მოკლეთ._მე მომიბრუნდა ქალი._ცოტა რთული მდგომარეობა აქვს ჩემს ბიჭს._შევატყე, რომ ცრემლი მოერია თვალზე._გეცოდინება ალბათ, რომ პარალიზებულია ორივე ფეხით._ცოტა ხანს გაჩუმდა. მოწოლილ ცრემლებს იკავებდა. შემდეგ ისევ განაგრძო._შენ გევალება მისი წამლების დროული მიღება, კვება, ჭრილობების ქაფურით და იოდით დამუშავება. არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ ცოტა რთული ხასიათი აქვს. ყველაფერზე უარს ამბობს. მინდა რომ თავი არ დაზოგო. იქნებ რამე გამოგვივიდეს. თუ არ მოგეწონება, არ დაგიჭერ შვილო. წინა მომვლელიც წავიდა, ვერ გაუძლო ჩემი შვილის ხუშტურებს. ცოტა არ იყოს შემეცოდა ეს ქალი, მაგრამ ჩემი თავი უფრო მეცოდებოდა და ლალის მამისმკვლელი თვალებით ვუყურებდი ამ სიტუაციაში რომ ამომაყოფინა თავი. _ხელფასი 1000 ლარია თვეში. გინდ აქ დარჩი ღამით, გინდ საღამოს წადი და დილით მოდი. მე ვერ ვრჩები აქ, სამსახური და ოჯახი მაქვს. თორემ რად გვინდა მომვლელი?_ახლა კი მართლა წამოსცვივდა ქალს ცრემლები და ცოტა ხანს ჩუმად იყო._ არც გუგას ცოლია სახლში, ისიც მუშაობს. თუ არ მოგეწონება და ვერ გაუძლებ, არ გაგამტყუნებ. დედა ვარ და ხან მეც მიჭირს მისი გაძლება. _გამარჯობათ._ოთახში მოკლე ატლასის ხალათში გამოწყობილი მშვენიერი ქალი შემოვიდა. ინტერესით შემათვალიერა._ ეს არის ჯუნა?_ ლალის კითხა. _კი. გაეღიმა. _ჯუნა რა სახელია? მეწყინა. საშინლად გავცოფდი ჩემი სახელის აგდებულად მოხსენიებისთვის. ალბათ შემატყო და თავი იმართლა. _პირველად მესმის. უცხო სახელია. სიმართლე ვთქვა, დიდი ქალი მეგონა უფრო. _კარგი შვილო, მე წავალ._წამოდგა დარინა._ყველაფერი ავუხსენი უკვე და დანარჩენს შენ მიხედე. რძალმა ამრეზით გახედა დედამთილს და მზერით გააცილა ქალი. _მეც წავალ, მაგვიანდება._ლალიც წამოდგა და დარინას გაყვა. _წამოდი, გაგაცნო ჩემი მეუღლე._სოფიც წამოდგა და ოთახიდან გამიძღვა. მშვენიერ საძინებელში შემიყვანა, სადაც ყველაფერი ძვირადღირებული ეწყო. ორსაწოლიანის ცალ მხარეს წვერმოშვებული და თმაგაბურძგნილი მამაკაცი თვალებდახუჭული იწვა. წვერი ერთი თვის გაუპარსავი მაინც ექნებოდა. _გუგა, ახალი მომვლელი მოგიყვანე, გაიცანი ეს ჯუნაა. გუგას თვალები არ გაუხელია. არა და აშკარა იყო ეღვიძა. წარბებს შუა სიბრაზის ღარი ემჩნეოდა. ყვრიმალის ძვლებსაც ნერვიულად ათამაშებდა. შემეშინდა, მივხვდი, რომ საცაა იფეთქებდა. _შენ გელაპარაკები, არ გესმის?_ცოტა ხმას აუწია სოფიმ._ ვიცი რომ გღვიძავს, გამოიხედე. _არ მჭირდება მომვლელი. უთხარი წავიდეს._ისე თქვა გუგამ, თვალები არ გაუხელია. _ვერ წავა, იმიტომ რომ გჭირდება მომვლელი. დედაშენს არ სცალია, მე არ მცალია და მარტო ვერ იქნები სახლში._უფრო აუწია ხმას სოფიმ. _არ მჭირდება! გაიგეთ!_იღრიალა გუგამ. თუმცა თვალები მაინც არ გაუხელია. შეშფოთებული შევყურებდი გაავებულ მამაკაცს და ლალიზე ვბრაზობდი, აქ რომ მომიყვანა. _ავადმყოფთან მუშაობის გამოცდილება გაქვს?_ ახლა მე მომიბრუნდა სოფი. _ასეთ ავადმყოფთან არა._ვაღიარე გულწრფელად. ჩემი ხმის გაგონებისთანავე გუგამ გაახილა თვალები და ინტერესით შემომხედა ცოტა გაოცებულმა. რომ დამინახა მეც ვუყურებდი, მალევე დახუჭა ისევ თვალები. _უთხარი წავიდეს._გაბრაზებულმა უბრძანა ცოლს._არავინ მჭირდება, მითუმეტეს ასეთი პატარა ბავშვი. _არსადაც არ წავა._არ დაუთმო სოფიმ._მე სამსახურში მაგვიანდება და ჯუნა მოგხედავს. _შეეშვი მაგ სამსახურს, დაეტიე სახლში და არავის მოვლაც აღარ დამჭირდება._ისეთ ხმაზე იღრიალა მამაკაცმა, შევკრთი. _რისთვის დავრჩე, შენ გიყურო?_აკივლდა სოფიც._ჩემმა მტერმა გიყუროს შენ. _ამ ბავშვის თანდასწრებით სცენებს ნუ მიმართავ._ისევ გაახილა გუგამ თვალები. _ხო და გაჩუმდი. წავედი მე, მეჩქარება._გარდირობიდან საკიდზე ფაქიზად გაკიდული ტანსაცმელი გამოიღო და საძინებლიდან გავიდა. გუგამ ერთხანს უხმოდ მიყურა თავისი თაფლისფერი თვალებით. მეც დაძაბული და დაბნეული შევყურებდი. მეშინოდა და ალბათ სახეზეც მეწერა ეს შიში. მერე ისევ დახუჭა თვალები და მკაცრად მითხრა. _გადი აქედან! წამიერად შევყოვნდი, ვერ გადამეწყვიტა დავმორჩილებოდი თუ არა მის ბრძანებას. _ვერ გაიგე? გადი აქედან!_დამიღრიალა. ნაწყენი და გაბრაზებული გამოვედი ოთახიდან. მისაღებში შევედი. სოფის გამოჩენას დაველოდე, რომ მეთქვა, აქ ვერ ვიმუშავებ-მეთქი. დიდხანს მომიწია ლოდინი. როდის-როდის გამოჩნდა ბოლო მოდაზე გამოპრანჭული სოფიც. ერთ ხანს უსიტყვოდ შევყურებდი გაოგნებული. მშვენიერი აღნაგობის ქალს ძალიან უხდებოდა მოკლე ქვედაბოლო და ზედმეტად გულამოღებული ზედა. ძვირფასი სუნამოს სურნელს აფრქვევდა. ბრილიანტის თვლიანი საყურეები თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა. სანამ მე რამის თქმა მოვახერხე, გუგამ დაუძახა და საძინებელში შევიდა. _სამსახურში ამ ფორმით მიდიხარ?_გუგას მკაცრ ხმაში მიმალული სასოწარკვეთა ვიგრძენი. _ქვეყანა ასე დადის და რა მოხდა მეც ასე ვიარო?_არ დაუთმო სოფიმ. _ქვეყანა რომ ხევში გადავარდეს, შენც უნდა გადაყვე? _ხევში გადასაგდებს რას ვაკეთებ ერთი ვიცოდე?_აწივლდა ქალი. _დაეტიე სახლში. მგონი ისე არ გვიჭირს, რომ შენს ხელფასზე ვიყოთ დამოკიდებულები. _მომბეზრდა სახლში ჯდომა და შენი ყურება._უკვე ტირილზე გადავიდა სოფი._რა უფლებით მაკავებ სახლში? დავიღალე შენი ყურებით, რატო არ გესმის?_გამობრუნდა ოთახიდან. _ეგ გოგოც წაიყვანე, არავინ მჭირდება._მოაძახა საძინებლიდან. _მოკლეთ, ჩემი დედამთილი აგიხსნიდა ყველაფერს რაც გევალება, დანიშნულება და წამლები საძინებელში კომოდის თავზეა. ნახე რომელი წამლები უწევს და დაალევინე. საჭმლის ჩამონათვალიც იქვეა, რაც ეჭმევა. პროდუქტი სამზარეულოშია. ყურადღება მიაქციე, გიჟია და შეიძლება სცადოს. შეშფოთებულმა შევხედე. _ნუ გეშინია, შენ არაფერს დაგიშავებს. ჭამით რაც გინდა და როცა გინდა ჭამე, ყველაფერი სამზარეულოშია. მე წავედი, მეჩქარება. ჩემი დედამთილი ხუთი საათისთვის მოვა. მე ცოტა მოგვიანებით. აბა შენ იცი, გამძლეობას გისურვებ._მითხრა და წავიდა. დავრჩი მარტო ამხელა სახლში და ნახევრად ფსიქიკაშერყეულ მამაკაცთან, რომელსაც არც მომვლელი სჭირდებოდა, არც ჭამა, არც წამლების დალევა და თუ საშუალება მიეცემოდა, ს სცდიდა. შემეშინდა, თანაც ისე, ბავშვობაში რომ მეშინოდა საწოლის ქვეშ დამალული მონსტრისა, რომელიც ნებისმიერ დროს გამომიხტებოდა და ცოცხლად შემჭამდა. თავი საშინელებათა ფილმში წარმოვიდგინე და ავტირდი. გული რომ მოვიოხე და ცოტა დავწყნარდი, გუგასთან შევედი. ისევ თვალებდახუჭული იწვა. ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი კომოდს და დანიშნულებას გადავხედე. ზოგი წამალი ჭამის წინ ქონდა დასალევი, ზოგიც ჭამის შემდეგ. გადავარჩიე, სამზარეულოდან ჭიქით წყალი გამოვიტანე და გულისფანცქალით მივუახლოვდი გუგას. _წამლის დალევის დრო გაქვთ. გუგამ ხმა არ გამცა, არც კი გაუხელია თვალები. _ძალიან გთხოვთ ეს წამლები დალიოთ._მუდარაზე გადავედი უკვე. _არ მინდა, გადი აქედან. საერთოდ წადი._გაბრაზებულმა მიყვირა. ცრემლები მომერია. _საღამომდე დავრჩები. დედათქვენი მოვა და მართლა წავალ... მანამდე კი ეს წამლები დალიეთ, გთხოვთ._ისეთი სასოწარკვეთილი ხმა მქონდა, მე თვითონვე შემეცოდა საკუთარი თავი. გუგამ თვალები გაახილა და შემომხედა. იმდენი ტკივილი, სევდა და უიმედობა იყო ჩაბუდებული მის ლამაზ თაფლისფერ თვალებში, შემეცოდა. ერთ ხანს უხმოდ მიყურა. თითქოს ჩემი ფიქრების წაკითხვას ცდილობდა. _რისთვის ხარ აქ, ფულის გამო? უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. _აბა? არ იცოდი სად მოდიოდი? ისევ გავუქნიე თავი. _რომ გცოდნოდა, არ მოხვიდოდი არა?_მწარედ გაეღიმა. _ძალიან გთხოვთ, მარტო დღეს, სანამ მე ვიქნები, დალიეთ ეს წამლები. ერთხანს ისევ უხმოდ მიყურა. მერე ჭიქა გამომართვა და ჩემი მიტანილი წამლები რიგრიგობით დალია. ჭიქას რომ ვართმევდი, მაჯა დამიჭირა, ჩემს ჭრილობას შეხედა ხელისგულზე. _ეს საიდან გაქვს, რა მოგივიდა? _სამსახურში გავიჭერი. _სად მუშაობ? _ლიმონათის ქარხანაში ბოთლების მრეცხავად ვმუშაობდი. _ახლა რატო აღარ მუშაობ? _სანამ ხელი მომირჩებოდა, ჩემს ადგილზე დროებით სხვა აიყვანეს. _და იმან წაგართვა ადგილი? _არა, მე თვითონ დავუთმე. გაოცებულმა შემომხედა. _გაჭირვებული ქალი იყო, ობოლ შვილიშვილებს ზრდიდა... _და შეგეცოდა? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჭიქა გამოვართვი და სამზარეულოში გავედი. მალევე გამოვბრუნდი. _დანარჩენი წამლები ჭამის მერე გაქვთ დანიშნული და რას შეჭამთ, რა გავაკეთო? _არ მშია. _წამლები გაქვთ დასალევი და ცოტა მაინც უნდა ჭამოთ. ისევ უხმოდ მიყურა კარგა ხანს. ასეთი სევდიანი თვალები ცხოვრებაში არ მენახა. _ბევრი არაფერი მეჭმევა და რაც გინდა ის გააკეთე, ჩამონათვალი მანდვეა. გახარებული იმით, რომ როგორღაც დავიყოლიე ჭამაზე, მაშინვე სამზარეულოში გავვარდი. გადავხედე რაციონს, სურსათს და ბრინჯის ფლავის გაკეთება გადავწყვიტე სოკოთო. ზოგადად, ფაფა-ფუფები არ უყვართ კაცებს, მაგრამ სოკოს შილაფლავი ესე თუ ისე მაინც მოსწონს ყველას. დიდი მონდომებით გავაკეთე და ძალიან გემრიელიც გამოვიდა. პატარა ტაშტში მუცელზე დავადგი და ხელები დავაბანინე. წყალს რომ ვუსხავდი მისი გაოცებული მზერა დავიჭირე. _არავის მოსვლია აზრად ჩემთვის ხელები დაებანა. ასეთი ჭუჭყიანი მქონდა?_მწარედ ჩაეცინა და პირსაწმენდი გამომართვა. _მე ასე მასწავლეს, რომ ყოველი ჭამის წინ ხელები უნდა დავიბანოთ._ტაშტი აბაზანაში გავიტანე და საჭმელი გამოვუტანე. _იმ პირობით შევჭამ, თუ შენც შევჭამ._გამომიცხადა მოულოდნელად. _კაი, მეც შევჭამ._დავთანხმდი. _აქ გამოიტანე, რომ დაგინახო ჭამ. ცოტა მომერიდა მასთან ერთად ჭამის, მაგრამ მაინც გავედი სამზარეულოში, ჩემთვისაც დავისხი ერთი ულუფა და ისევ გამოვედი. შორიახლოს პატარა სავარძელში ჩავჯექი. გუგამ ჯერ ცოტა უხალისოდ დაიწყო ჭამა. მერე კი, შევატყე რომ მოეწონა და მისთვის განკუთვნილი ულუფა ბოლომდე შეჭამა. _კიდევ ხომ არ მიირთმევთ? _არა, მადლობა, ასე გემრიელად რამდენი ხანია აღარ მიჭამია._კმაყოფილმა შემომხედა. მერე წამლები მივუტანე და ისინიც უსიტყვოდ დალია. ჭურჭელი სამზარეულოში გავზიდე, დავრეცხე, სამზარეულოც მივალაგე და ისევ გუგასთან შევედი. ჩემი შესვლა არ გაუგია. ყურსასმენები მოერგო და თვალდახუჭული იმხელა ხმაზე უსმენდა, მეც მესმოდა მუსიკების ხმა. ერთხანს ვუყურე თმააბურძგნილ და წვერმოშვებულ მამაკაცს, რომელიც დილანდელთან შედარებით თითქოს ცოტა მშვიდი ჩანდა. თუმცა სახეზე უამრავი ტანჯვა და იმედგაცრუება ეწერა. შემეცოდა, უმოძრაოდ მწოლიარე მამაკაცი, რომელიც ერთ დროს სიცოცხლით და ენერგიით სავსე იყო და ახლა უჭირდა ასეთ რეალობასთან შეგუება. არ ვამტყუნებდი. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, უარესს გავაკეთებდი ალბათ. როგორია შეეგუო უმოძრაო ცხოვრებას? ცოლიც ზედმეტად გამოპრანჭული და გამომწვევად ჩაცმული დილიდან საღამომდე რომ არ შემოუვა სახლში, გაგიჟდება მაშ რა იქნება? მოულოდნელად თვალები გაახილა და შემომხედა. დავიბენი. ისღა მოვახერხე, კომოდთან მივედი და დანიშნულებას გადავავლე თვალი. მალევე გამოვბრუნდი აფორიაქებული. ისეთი მზერა ქონდა, თითქოს სულში ატანდა. მისაღებში დავჯექი და ტელევიზორი დაბალ ხმაზე ჩავრთე. _დღევანდელ დღეს გადავაგორებ როგორმე და ხვალ აღარ მოვალ აქ._დავიმშვიდე თავი. რამდენჯერმე წამთვლიმა ტელევიზორის წინ. ისევ ავდექი და ყავის მოდუღება გადავწყვიტე გამოსაფხიზლებლად. გუგასთან შევედი, იქნებ მასაც დაელია. ამ ჯერზე მაშინვე გაიგო ჩემი შესვლა. სევდიანი თვალებით შემომხედა. _ყავას ხომ არ დალევდით? უარის ნიშნად თავი გამიქნია და ისევ დახუჭა თვალები. გამოვედი და მარტო ჩემთვის მოვიდუღე ძვირადღირებული ყავა. სამზარეულოშივე დავლიე. ენერგიისა და ხალისის მომატების მაგიერ უარესად მოვიწყინე. ჟურნალგაზეთების მაგიდაზე დადებულ "ჯინსების თაობას" დავწვდი და გადავფურცლე. ისე ჩამითრია კითხვამ, ქალბატონი დარინა როდის მოვიდა ვერც კი გავიგე. სამზარეულოდან მანიშნა უხმოდ, აქ გამოდიო. _რა ხდება აბა, ხომ მშვიდობაა?_ჩურჩულით მკითხა აღელვებულმა. _კი._ მეც ჩურჩულით ვუპასუხე._წამლები დავალევინე. საჭმელიც ვაჭამე და ახლა მგონი სძინავს. გაოგნებული ქალი უსიტყვოდ მომჩერებოდა კარგა ხანს. _წამლები დალია?... საჭმელიც ჭამა?_ ვატყობდი არ ეჯერა ჩემი ნათქვამი. _დიახ ქალბატონო დარინა. _შენ გენაცვალე._მოულოდნელად გადამეხვია აცრემლებული ქალი. დავიბენი. _რამდენი ხანია საჭმელი არ უჭამია, წამლების დალევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მადლობა უნდა ვუთხრა ლალის, რომ შენი თავი გვაპოვნინა. _კი, მაგრამ მარტო დღეს ვარ. ხვალიდან აღარ გამოვალ. _რატომ?_შეშფოთდა ქალი. _ასე შევთანხმდით, იმ პირობით დამიჯერებდა დღეს, თუ ხვალ აღარ მოვიდოდი. ცოტახანს უხმოდ მიყურა ქალმა. _ხვალაც მოდი, ძალიან გთხოვ. იქნებ გამოსწორდეს ცოტათი მაინც... იცი, რამდენი ხანია არც ჭამს, არც ლაპარაკობს. შენ დაგლაპარაკებია მაინც და პირობა მოუცია. _ხვალ ისევ რომ დამინახავს, გაბრაზდება... _არაუშავს, ასეთი ცვლილება მოახდინე ერთ დღეში და ხომ შეიძლება, არ გაბრაზდეს? _დარწმუნებული ვარ გაბრაზდება. _ნუ გამამტყუნებ შვილო, დედა ვარ და მასზე ვდარდობ. ზრუნვის საშუალებას იმ ავბედითი დღის მერე აღარ მაძლევს. დავიტანჯე მაგის ყურებით. ხვალაც მოდი და თუ არ მიგიღო, გპირდები აღარაფერს დაგაძალებ, შენ შენს გზაზე წადი. დღევანდელ დღეზეც დიდი მადლობელი ვარ. გულდამძიმებული წამოვედი იქიდან. ვერ გადამეწყვიტა ხვალ ისევ წავსულიყავი თუ არა. ძალიან შემეცოდა დარინა. გუგა ხომ შესაცოდი იყო ამ სიტუაციაში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დედა იყო ცოდო. უყურებდა შვილს ამ მდგომარეობაში და ვერაფერს შველოდა. ქუჩაში ჩაფიქრებულს გოგლა წამომეწია მოულოდნელად. _ჯუნა? როგორ ხარ?_ისეთი ბედნიერი სახით მომჩერებოდა, დავიბენი. _საიდან მოდიხარ?_უხერხული დუმილის დარღვევას შეეცადა ბიჭი. _სამსახურიდან. _რას ლაპარაკობ? წუხანდელი ღამენათევი, თანაც ცოტა ნასვამი, გინდა დამაჯერო რომ დღეს სამსახურში იყავი?_გაუკვირდა. _დაუჯერებელი რა არის?_მე საჩემოდ გამიკვირდა. _მე ისეთი პახმელია ვიყავი, თავი ვერ ავწიე, ყოჩაღ შენ._ღიმილით შემაქო._გცალია, გავისეირნოთ? _ბოდიში, სხვა დროს იყოს, დღეს მართლა დავიღალე._ალალად შევღიმე. _რა პრობლემაა, დამირეკე როცა მოიცლი და შევხვდეთ. ღიმილით დავშორდით ერთმანეთს. გიგას ამბის შემდეგ ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი გოგლას გარდა. ბავშვობიდან ალალი და სუფთა გულის პატრონი იყო. ძალიან მიყვარდა და დიდ პატივსაც ვცემდი, ოღონდ როგორც მეგობარს და როგორც ძმას. სახლში მისული მაშინვე დავწექი. მინდოდა გამომეძინა და ძალა და ენერგია აღმედგინა, მაგრამ ტყუილად ვიწრიალე ჩემს მორყეულ ტახტზე, თვალს დავხუჭავდი თუ არა, დარინა მედგა ცრემლმორეული და მუდარით სავსე თვალებით. გუგაც მეცოდებოდა, მაგრამ მასზე მეტად დედამისი მეცოდებოდა, რომელიც თავის შვილს ასეთ მდგომარეობაში უყურებდა და ვერაფერს შველოდა. მის უღიმღამო ცხოვრებაში ერთადერთი მკრთალი წერტილი ვიყავი და წყალწაღებული ხავსს მეჭიდებოდა. კოღომ ცალკე შემაწუხა თავისი გულისგამაწვრილებელი ბზუილით. ვერ მოვკალი და გამწარებული ავდექი ისევ. ლალი რომ მოვიდა, ავი დედინაცვალივით დავეტაკე. _ის სად წამიყვანე? _რა მოხდა?_შეშფოთებული ერთ ადგილს მიეყინა. _სულ ცხარე ცრემლით მატირა შენმა ძმობილმა. არ უნდა ამ კაცს ეს მომვლელი და ძალია? მაგას უფრო ფსიქოლოგი სჭირდება, დეპრესიისკენ არის მიდრეკილი. ან ვინმე გამოცდილი მომვლელი უნდა, მე რა შემიძლია?_ოთახში გამწარებული ბოლთას ვცემდი._მე რომ მის ადგილზე ვიყო, არც მე მენდომებოდა ასეთი სიცოცხლე... ერთ დროს სიცოცხლით და ენერგიით სავსე კაცი ახლა ზურგზე წევს უმოძრაოდ და ჭერს შეჰყურებს. მშვენიერი ცოლი უწევს გვერდით და არაფერი შეუძლია... დაფიქრებულხართ ამაზე? ლალი ხმისამოუღებლად მომჩერებოდა შეშფოთებული და იმედგაცრუებული. ჩემი კეთილი გულის იმედი ქონდა ალბათ და არ ეგონა, ასე ადვილად თუ ვიტყოდი სხვის დახმარებაზე უარს. სადღაც, გულის სიღრმეში, საკუთარი სინდისის ხმა არც მე მასვენებდა. ხმამაღლა კი ვყვიროდი, რომ არ ღირდა გუგასთან დაბრუნება, მაგრამ დარინას სევდიან თვალებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს, რომელიც თვალწინ მედგა და სულს მიფორიაქებდა. მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი, მითუმეტეს, რომ წინა ღამის უძილო და ნამთვრალევი ვიყავი. გამთენიისას ჩამეძინა მარტო, ისიც ერთი საათით და ლალი რომ ადგა სამსახურში წასასვლელად, მეც ავდექი. _უი, მართლა, წუხელ სულ გადამავიწყდა._ორმოცდაათლარიანი გამომიწოდა ლალიმ._ეს დარინამ გამომატანა შენთან, გუშინდელი ნამუშევრია. შენით დიდად კმაყოფილია, ერთი დღით მაინც შეძლო და გამოახედა ამ ცხოვრებისკენ ჩემი შვილიო. _არ მინდა, ფულის გამო არ გამიკეთებია. უკან წაუღე. აბაზანაში შევედი და შხაპი მივიღე. კარგა ხანს დავყავი იქ. რომ გამოვედი ლალი წასული დამხვდა უკვე. ორმოცდაათლარიანი კი ჩემს საწოლზე იდო. ლალიზე გავბრაზდი, რატო არ წაუღო? ჩემს თავზეც გავბრაზდი, ასე ადვილად რომ დავყარე ფარხმალი. საკუთარ თავთან ჭიდილი დიდხანს არ გამიგრძელებია. სასწრაფოდ გადავიცვი ტანსაცმელი რაც კი მომხვდა ხელში და სახლიდან გავედი. ნაცნობი გზა მღელვარედ გავირბინე და სადარბაზოში უკვე დაღლილი შევედი. ცოტახნით შევჩერდი, დავიწყნარე აქოშინებული გული და კარზე მორიდებით დავაკაკუნე. კარი ქალბატონმა დარინამ გამიღო. დანაღვლიანებულს სიხარული აღებეჭდა მაშინვე სახეზე. _გამარჯობათ, ლალისთვის გამოგიტანებიათ ფული. მადლობა, მაგრამ არ მინდა, ფულის გამო არ დავრჩენილვარ გუშინ._ვუთხარი და ტკიცინა ორმოცდაათლარიანი გავუწოდე. _გქონდეს, დაიმსახურე._არ გამომართვა._დღესაც დარჩი, ძალიან გთხოვ, მარტო დღეს და თუ კიდევ არ მოისურვა შენი აქ ყოფნა, გპირდები აღარაფერს დაგაძალებ._სევდიანი თაფლისფერი თვალებით შემომხედა დადარდიანებულმა ქალმა. მცირე ყოყმანის შემდეგ შევყევი ბინაში. სანამ ქალბატონი დარინა სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, გუგასთან შევედი ოთახში, ცივი წყლით სავსე ჭიქაც შევიყოლე. იგივე სიტუაცია დამხვდა, რაც გუშინ: ორმეტრიანი კაცი გაუნძრევლად იწვა საწოლში თვალებდახუჭილი. თმა და წვერი ისევ ისე ქონდა აბურძგნული. მის დანახვაზე გული მომიკვდა. უღირს კი ამ კაცს ასეთი სიცოცხლე? ფრთხილად მივუახლოვდი კომოდს და წამლებს გადავავლე თვალი. _შენ ხომ დღეს აღარ უნდა მოსულიყავი?_მკაცრად მითხრა და რაღაც სევდიანად გადმომხედა. დავიბენი. ხელში უაზროდ შევათამაშე წამლები. _შენ ხომ დამპირდი, რომ დღეს აღარ მოხვიდოდი? _კი._ძლივს ამოვილუღლუღე. _მერე, შენს პირობებს ასე ასრულებ ყოველთვის? _არა, მაგრამ დედათქვენმა მთხოვა._წამლებით და წყლის ჭიქით ხელში მივუახლოვდი. _დედაჩემს რა ენაღვლება, ის ხომ არ წევს ასე გაუნძრევლად?_ხმას აუწია._რატო არ ფიქრობთ, რომ მე ასეთი სიცოცხლე არაფრად მიღირს?_უმოძრაო ფეხებზე გამეტებით დაირტყა მუშტები. _თუ არ მოინდომებთ, არაფერი შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში._წამლები მორიდებით გავუწოდე. _შენი აზრით, არ მინდა რომ რამე შეიცვალოს ამ ჩემს დამპლურ ცხოვრებაში? შენი აზრით, ასეთი ცხოვრება მომწონს?_წყლის ჭიქა გამომართვა და გამეტებით შეანარცხა კედელს, რომელიც ნამსხვრევებად იქცა მაშინვე. შემეშინდა. ცრემლების შეკავებაც ძლივს შევძელი. მართალი იყო ეს კაცი, როგორ გამემტყუნებინა? ხმაურზე ქალბატონი დარინა შემოვარდა შეშფოთებული. _რას აშინებ ამ ბავშვს, სხვის ჯავრს მასზე რატო იყრი?_დატუქსა გაავებული შვილი? ჭიქის ნამსხვრევების მოსაკრეფად დავიხარე. მოუხერხებლად წამოვავლე ერთ-ერთ მოზრდილ ნამსხვრევს და ცერა თითის გასწვრივ ხელის გულზე კარგა ღრმად გავიჭერი. მაშინვე იფეთქა სისხლმა. ქალბატონმა დარინამ შემამჩნია და შეშფოთებული მოვარდა. _მაჩვენე, ღრმად გაგეჭრა?_ნამსხვრევები ისევ დამაყრევინა და ჭრილობა შემიმოწმა._უი, რატო არ მოვკვდები, ექიმი უნდა, ნაკერების დადება დაგჭირდება. _არ მინდა, გადავიხვევ, ეგ არაფერია._წავილუღლუღე და გუგასკენ გავაპარე მზერა, რომელიც შეშფოთებული მომჩერებოდა თავისი ლამაზი თაფლისფერი თვალებით. _ჩემი ბრალია შვილო, მაპატიე, რომ არ დამეძალებინა, არც არაფერი მოხდებოდა._ნანობდა ქალბატონი დარინა. მერე ვიღაცას დაურეკა, ცოტა ხნით გუგასთან დარჩი, სანამ მე მოვალო. ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, რომელიც ასე 15-16 წლის იქნებოდა, მალევე მოვიდა. _ამ გოგონას საავადმყოფოში წავიყვან, მივხედავ და როგორცვე შევძლებ, მაშინვე მოვალ._შენ კიდე._ახლა გუგას მიუბრუნდა მკაცრად._ჭკვიანად იყავი. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, დარინამ იმ საავადმყოფოში მიმიყვანა, სადაც თვითონ მუშაობდა ტრავმატოლოგიის განყოფილების უფროსად. ამჯერად სამი ნაკერი დამადეს. იგივე სიმწარე გამოვიარე, რაც თვენახევრის წინ. საავადმყოფოდან გამოსულები მანქანაში რომ ჩავსხედით და ჩემს სახლში უნდა წავეყვანე ქალბატონ დარინას, ტელეფონმა დაურეკა და ვიღაცას ცოტახნით ელაპარაკა. მერე გაოცებულმა მე შემომხედა. _გუგა იყო, სახლში არ გაუშვა, თუ წამოვა, აქ წამოიყვანეო. რას იზავ, გამომყვები?_ისეთი მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, შემეცოდა და დავთანხმდი. გოგონა, რომელიც როგორც შემდეგში გავიგე, გუგას ძმიშვილი დეა იყო. დაგვინახა თუ არა, გაუხარდა ჩვენი მისვლა. ზრდილობიანად მომიკითხა. ჩვენ მისაღებში ვლაპარაკობდით, რომ ქალბატონი დარინა გუგასთან შევიდა. _შენს გამო სამი ნაკერი დაადეს. ცოდო არ არის ეს ბავშვი?_დატუქსა შვილი. გუგას ხმა არ გამიგია. შემეცოდა, მას რომ ადანაშაულებდა დედამისი. მისი რა ბრალი იყო, მე ვიყავი მოუხერხებელი. _ძალიან შეიცვალა ბიძაჩემი, ადრე ასეთი არ იყო._დაბალი ხმით მითხრა დეამ._ხანდახან ისე მეშინია მასთან მარტო დარჩენის, ლამის გული გამისკდეს. წუხელ, ბიცოლა არ მოვიდა სახლში და იმაზეა უფრო გაბრაზებული. მისი საცოდაობით უფრო დამეწვა გული. გამახსენდა ლალის ნათქვამი, საყვარელი გაიჩინაო. თუ კი არ უნდა ინვალიდი ქმარი, გაეყაროს, რაღას ანერვიულებს ნეტა? ეს ხომ ორმაგად განიცდის ახლა ყველაფერს? ქმარი ინვალიდი ყავს, მოუნდა და გაიჩინა საყვარელი, ეგ კი არ მიკვირს, უბრალოდ მის გვერდით რომ რჩება და გასაცოდავებულ კაცს რქებს ადგამს, აი ეგ არის დასაძრახისი. _გუგას უნდა შენი ნახვა. შედი და მერე სახლში წაგიყვან._მითხრა ქალბატონმა დარინამ და თვითონ აბაზანაში შევიდა. მორიდებით შევედი გუგას ოთახში და შორიახლოს გავჩერდი. _ახლოს მოდი. დავემორჩილე მის სურვილს და გაუბედავად მივუახლოვდი. _ძალიან გტკივა?_შეხვეულ ხელზე მანიშნა. უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. _არ მინდოდა ასე მომხდარიყო, ბოდიში._მომიბოდიშა. _თქვენ რა შუაში ხართ, მე ვარ დაუდევარი და მოუხერხებელი._ვუთხარი და მის დაჟინებულ მზერას თვალი მოვარიდე. _სანამ ხელი არ მოგირჩება წადი, მერე კი, არ ვიქნები წინააღმდეგი ისევ თუ მოხვალ. მისმა მოულოდნელმა ნათქვამმა დამაბნია. შევხედე. ისევ დაჟინებით მომჩერებოდა. არ ვიცი, მართლა უნდოდა ჩემი დაბრუნება, თუ უბრალოდ ახლა მიშორებდა თავიდან. კარგით-მეთქი, დავემშვიდობე და აფორიაქებული გამოვედი ოთახიდან. ქალბატონმა დარინამ სახლში გამიყვანა თავისი მანქანით. დიდი ბოდიშები მიხადა თვალცრემლიანმა ქალმა, ძალიან რთული ხასიათი გაუხდა, ასეთი არ იყოვო. სანამ არ დამითანხმა, რომ ორ დღეში ერთხელ ჭრილობის დასამუშავებლად მატარებდა ექიმთან, მანამ არ დამემშვიდობა. გულდამძიმებული ავედი სახლში. ნამდვილად მესმოდა გუგასი. ოდნავადაც არ ვადანაშაულებდი და ვკიცხავდი. მასეთ სიტუაციაში არავინ იცის ვინ როგორ მოიქცეოდა. ადვილია სხვისი განსჯა, როცა მისი გზა არ გამოგივლია და არ ხარ იმ სიტუაციაში, რაშიც ის. ძნელია დაადანაშაულო ადამიანი იმაში, რაშიც ბრალი არ მიუძღვის. რა გუგას ბრალია, თუ ინვალიდის ცხოვრება არ უნდა და ხელი აქვს ყველაფერზე ჩაქნეული? რა მისი ბრალია, თუ ცოლის ღალატს განიცდის ასე მტკივნეულად? ისე, სიმართლე ვთქვა, ვერც მის ცოლს ვადანაშაულებდი. მართალია, არც ვამართლებდი, მაგრამ ფაქტია, რომ არ ვამტყუნებდი. ******************** ის დღეები, სანამ ხელი არ მომირჩა, დარინას არ დაუნებებია ჩემთვის თავი. რეგულარულად მაკითხავდა და შეხვევებზე დავყავდი. მერიდებოდა კი, სხვა უამრავი სადარდებელი და პრობლემები თავზე საყრელად ქონდა და ახლა მეც დავემატე. მაგრამ თავს არ მანებებდა. ერთხელ, სანამ ნაკერებს ამხსნიდნენ წინა დღეს, საავადმყოფოდან ჩემი სახლის ნაცვლად თავისთან მიმიყვანა დიდი ბოდიშებით. _ვერავინ ვნახე გუგასთან დასატოვებლად, მე დღეს მორიგე ვარ და ვერ დავრჩები მასთან. საღამომდე დარჩი, მერე სოფიც მოვა. _კარგით, დავრჩები, არ ინერვიულოთ._დავამშვიდე აღელვებული ქალი. გუგასთან იგივე სიტუაცია დამხვდა, ოდნავადაც არ შეცვლილა არაფერი. მე რომ დამინახა, მომეჩვენა რომ გაუხარდა, თუმცა მკაცრად მკითხა: _აქ რას აკეთებ? მოგირჩა ხელი? _თითქმის მომირჩა._შევეცადე გამეღიმა. _დღესაც იძულებით მოგიყვანეს რაღა თქმა უნდა..._თავისთვის ჩაილაპარაკა._არანაირი წამალი და საჭმელი არ გამაგონო._მკაცრად მითხრა, ყურსასმენები მოირგო და ისევ ისე დახუჭა თვალები. ერთხანს ხმისამოუღებლად ვიდექი და სინანულით შევყურებდი ცხოვრებისგან განადგურებულ მამაკაცს, რომელსაც არანაირი იმედი აღარ ქონდა მომავლისა და ყველაფერზე ხელი ქონდა ჩაქნეული. საკუთარი თავი წარმოვიდგინე მის ადგილზე და ცრემლი მომერია. მართლაც რომ რთულ მდგომარეობაში იყო... მისაღებში გამოვედი. რბილ სავარძელში ფრთხილად ჩავესვენე. რა აზრი ქონდა ჩემს აქ ყოფნას ვერ ვხვდებოდი. უცხო სახლში უსაქმოდ ყოფნა მეც მთრგუნავდა. რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ცოტა ხანში კი გუგამაც დამიძახა. მაშინვე წამოვხტი სავარძლიდან და მასთან შევედი. _თავი მტკივა, კომოდის უჯრაში წამლებია და შეგიძლია მიდაზოლამი მინახო და მომიტანო?_თვალები არ გაუხელია ისე მითხრა ჩურჩულით. ასეთი დასახელების წამალი არ გამეგო აქამდე, მაგრამ არ შევიმჩნიე. ცოტა გამიჭირდა მოძებნა, მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე მთლიანი ფირფიტა და წყალთან ერთად მივუტანე. ერთი აბი დალია. _დიდი ბოდიში, მაგრამ თუ არ შეწუხდები ბალიში გამისწორე და ოდნავ წამომაჯინე. გამიხარდა, რაღაც რომ მოისურვა. ბალიში გავუსწორე, კისერზე მოვახვევინე ხელები და ძლივსძლიობით ოდნავ მაინც წამოვსვი. _მადლობა._რაღაც უჩვეულოდ გამიღიმა._მართალია ხელი გტკივა, მაგრამ იქნებ სამზარეულოში გახვიდე და რამე მომიმზადო, ცოტა არ იყოს მომშივდა. _ახლავე._გამიხარდა მისი ასე რადიკალურად შეცვლა და ახლა სამზარეულოში გავქანდი. პროდუქტებს გადავხედე. კარტოფილი დავფცქვენი და შევწვი. რამდენ ხანს დავყავი სამზარეულოში არ ვიცი, ალბათ ნახევარ საათზე მეტი. კარგად რომ დავბრაწე, თეფშზე გადმოვუღე, ლანგარზე დავდე პურთან და საწებელთან ერთად და ხალისით შევუტანე. რაღაც უცნაურად იწვა. თვალები დახუჭული ქონდა. შევეხმიანე. პასუხი არ გამცა. ლანგარი კომოდზე დავდე და მივუახლოვდი. შიშით შევეხე. არ განძრეულა. ცოტა კიდევ შევაჯანჯღარე. მივხვდი რომ გონზე არ იყო. იქვე წამლის ფირფიტას მოვკარი თვალი, რომელიც მე დავალევინე და ალბათ ბალიშის გასწორების დროს ამომაცალა ჯიბიდან. არც ერთი აბი აღარ იყო შიგ. ელდა მეცა. შეშინებულმა მაშინვე სასწრაფოში დავრეკე. ზუსტად თხუთმეტ წუთში მოვიდა სასწრაფო. ტირილით ავუხსენი მდგომარეობა და წამლის ფირფიტაც ვაჩვენე. _ძლიერი საძილე პრეპარატია, სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა. _რამე მოუვა?_შეშინებულმა ძლივს ვიკითხე. _თუ დროულად არ მივიღებთ ზომებს, კი. ექიმის პასუხმა ლამის გული გამიხეთქა. მეც თან გავყევი. გუგას გვერდით დავჯექი, რომელიც ისევ უგონო მდგომარეობაში იწვა საკაცეზე და ცრემლიანი თვალებით შევყურებდი, თან ღმერთს ვევედრებოდი, რომ არაფერი მოსვლოდა. თავს ვიდანაშაულებდი. უჩვეულოდ გაღიმებულმა სამზარეულოში რომ გამომისტუმრა, უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ქონდა ჩაფიქრებული. ან როგორ ამომაცალა წამალი ჯიბიდან, რომ ვერ გავიგე? ინგოროყვას კლინიკაში მიგვიყვანეს. ტელეფონი სიჩქარეში სად ამომივარდა არ მახსოვს. არც ვისიმე ნომერი ვიცოდი ზეპირად, რომ დამერეკა. თვალცრემლიანი ვიჯექი ფოიეში და ველოდებოდი როდის გამოჩნდებოდა ექიმი, რომ გუგას ამბავი გამეგო. ისე მეშინოდა და ისე განვიცდიდი ამ ამბავს, პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი. დავიტანჯე, მეგონა საუკუნეები იყო გასული, ექიმი რომ გამოჩნდა. მაშინვე მასთან მივირბინე და მუდარით შევხედე. სანამ რამეს მეტყოდა, ჩემი დამემართა. _კუჭი ამოვურეცხეთ. ოთხი აბი გაუხსნელი იყო, სულ რამდენი დალია ხომ არ იცით. _მთლიანი ფირფიტა იყო, საშიშია ექიმო._ცრემლიანი თვალებით შევხედე. _არ მოგატყუებ და საქმე სერიოზულადაა. ახლა გადასხმა უდგა. ჯერჯერობით ისევ უგონოდაა._მითხრა შუახნის ექიმმა. _შეიძლება ვნახო? ერთხანს უხმოდ მიყურა. მერე, ცოტა ხნით შეგიძლიაო მითხრა და ექთანს გამაყოლა. მუხლების კანკალით მივყვებოდი ახალგაზრდა თეთრხალათიან გოგონას, რომელმაც ზღურბლიდან შეხედვის საშუალება მომცა მხოლოდ. ცრემლებმა ღაწვები დამისველა. ისეთი მშვიდი სახით იწვა, თითქოს არანაირი სადარდებელი არ ქონოდა. მარჯვენა ხელზე გადასხმის სისტემა ედგა, რომელიც ძალიან, ძალიან ნელა წვეთავდა. ჟანგბადის მილი ცხვირში ქონდა გაკეთებული. შუბლზე წაბლისფერი თმა ჩამოშლოდა. ძალიან შემეცოდა ასეთ მდგომარეობაში რომ დავინახე. კარგა ხანს ვუყურებდი. თავს ვიდანაშაულებდი მისი ამ მდგომარეობაში ჩაგდებით. ექთანმა კარი რომ მომიხურა, დერეფანში სკამზე ჩამოვჯექი. განყოფილებაში უჩვეულო ფუსფუსი შეინიშნებოდა. უამრავი პაციენტი მოყავდათ, ზოგიც ეწერებოდა. ხალხმრავლობა იყო. თუმცა ყურადღება არავისთვის მიმიქცევია. გუგაზე ვლოცულობდი, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო. საღამოს, ექიმები რომ წავიდნენ, ექთანს შევეცოდე და პალატაში დარჩენის საშუალება მომცა. სკამი გუგას საწოლთან მივაჩოჩე ცოტა შიმშილმაც შემაწუხა. თუმცა, ძილი უფრო მომერია და საწოლზე თავჩამოდებულს ჩამეძინა. ეტყობა კარგა ხანს მეძინა. ჩურჩულმა რომ გამაღვიძა, სანამ აზრზე მოვიდოდი, ვერ მივხვდი სად ვიყავი. მალევე ვიცანი ქალბატონი დარინას ხმა და მეხსიერებაში მაშინვე ყველაფერი ამომიტივტივდა. _რატო შეაშინე ეს საცოდავი გოგო?.. ექიმებმა თქვეს, თავი არ დაუნებებიაო. მთელი ღამე ასე მჯდარა. არ გეცოდება?.. ან არ გრცხვენია? თავი ნელ-ნელა ავწიე და გუგას ავხედე. წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. შემაკრთო მისმა სევდიანმა და სულშიჩამწვდომმა მზერამ. ლამაზი, თაფლისფერი თვალები ჩაწითლებოდა. მორიდებით წამოვდექი. _ბოდიშით, ჩამძინებია._წავილუღლუღე მორცხვად. _მადლობა შვილო, რომ თავი არ დაანებე. მგონი, შენი პრობლემებიც გყოფნის და ახლა ჩვენც დაგემატეთ._მომიბოდიშა ქალბატონმა დარინამ._ აღარ დაგაძალებ დარჩენას, შეგიძლია წახვიდე. დღეს ნაკერების ასახსნელად წაგიყვან და მართლა თავისუფალი იქნები ჩვენგან. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, ასე უცბად რომ დამითხოვეს სამსახურიდან. სამსახურის გამო კი არა, უფრო გუგას გამო დამწყდა გული. საწყალს, დახმარება სჭირდება და ვერავინ შველოდა. არავის ესმოდა მისი. თითქოს შევძელი მისი გაგება როგორც იქნა და გამომიშვეს კიდეც. მერე ექთანი შემოვიდა ნემსის გასაკეთებლად და მაშინვე გამოვედი დერეფანში. იქვე შორიახლოს ბოლთის ცემას მოვყევი. ზურგს უკან მაღალი ქუსლების კაკუნი შემომესმა.რატომღაც გავიფიქრე, რომ სოფი იქნებოდა და არც შევმცდარვარ, რომ შემოვბრუნდი, გუგას ლამაზ ცოლს შევეფეთე _როგორ არის?_შეშფოთებული ჩანდა. _ახლა უკეთესად. თითქოს ჩემი პასუხი არც კი გაუგია, გვერდი ამიქცია და პალატაში შევიდა. არ მინდოდა ოჯახური ჩხუბის მომსწრე გავმხდარიყავი ისევ, ამიტომ დერეფნის ბოლოში გავედი. ამ ეტაპზე ყველა შესაცოდი იყო: გუგაც, დარინაც და სოფიც. მართლა ძალიან რთული მდგომარეობა ქონდათ სამივეს... დაახლოებით ნახევარ საათში დარინა გამოვიდა შვილის პალატიდან და ექიმთან წამიყვანა ნაკერების ასახსნელად. იქიდან კი პირდაპირ სახლში. ****************" ერთი კვირა სახლში ვიჯექი, ძალიან გამიჭირდა. პირველად გუგას მომვლელად რომ მიმიყვანა ლალიმ, მისი მოხრჩობის სურვილი მქონდა. ახლა კი მწყინდა, რომ დამითხოვეს სამსახურიდან. საცოდავ კაცს ცხოვრებაზე ხელი ქონდა ჩაქნეული და შველა სჭირდებოდა. მართალია რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მისი ამ ცხოვრებისკენ მობრუნება. ფსიქოლოგთან გასაუბრება რომ დაეძალებინათ, უეჭველი ეშველებოდა. ვერ ვისვენებდი, თავს ვიდანაშაულებდი, მე გავუადვილე თვითმკვლელობის მცდელობა, დაუდევრად და უყურადღებოდ რომ არ დამეტოვა ის წამალი, ხომ ვერ დალევდა? გუგას სევდიანი თვალებიც მოსვენებას არ მაძლევდნენ. თვალწინ მედგა მისი თაფლისფერი ტკივილით სავსე თვალები... ერთი კვირა როგორღაც გადავაგორე და მერე სანახავად წავედი. მისი დახმარების სურვილი მკლავდა. კარი დეამ გამიღო. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, სიხარულით ცას ეწია. ცოტა ხანს მისაღებში ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ გუგა კიდევ არ სვამდა წამლებს და საჭმელზეც უარს ამბობდა. მის ოთახში რომ შევედი, ნაცნობი სიტუაცია დამხვდა. ცოტა ხანში თვალები გაახილა, გაოცებულმა შემომხედა. ოდნავშესამჩნევად გაეღიმა და ისევ დახუჭა. აშკარად დასუსტებული იყო უჭმელობით. უარესად მომეწურა გული მის შემხედვარეს. _როგორ ხართ? ჩემი ხმის გაგონებისთანავე ისევ გაახილა გაოცებულმა თვალები. _ვიფიქრე ხილი გესიამოვნებოდათ._პარკით ბაზარში ნაყიდი ბანანი, ვაშლი და ფორთოხალი დავანახე. მწარედ ჩაეცინა. _როგორც გავიგე, საჭმელს კიდევ არ ჭამთ და რატომ? არც წამლებს სვავთ თურმე. გამოჯანმრთელება არ გინდათ? ხმა არ გაუცია. თუმცა, თვალებიც არ დაუხუჭია და თავისი სევდიანი თვალებით მომჩერებოდა. _ასე არ შეიძლება. თქვენ ხომ იტანჯავთ თავს და თქვენიანებს უარესად სტანჯავთ. მათ ასეთი უყვარხართ, როგორიც ხართ და რატომ სტკენთ გულს? ყოველთვის არსებობს გამოსავალი სიკვდილის გარდა. სიკვდილს ვერ შველის ვერაფერი, თორემ სხვა ყველაფერს ეშველება. იმედი არ უნდა დაკარგოთ, რომ მომავალში ფეხზე დადგებით. იმედი და რწმენა ბევრ რამეს შველის. ცოცხალ ადამიანს ყოველთვის უნდა ქონდეს მომავლის იმედი. ჯერ ისედაც რას ვცოცხლობთ ადამიანები და ამ მცირე წლებსაც ჩვენი დაუდევრობით კიდევ უფრო ვიმოკლებთ... დეამ შემოგვხედა და გავჩუმდი. _ყავას ხომ დალევ?_მკითხა ღიმილით. _თუ ბიძაშენიც დალევს ან შეჭამს რამეს კი, დიდი სიამოვნებით. დეამ გუგას შეხედა, რას იზავო. გუგამ კარგა ხანს უხმოდ მიყურა. მერე ჩემდა გასაოცრად, ყავას დავლევო თქვა და დეა მაშინვე სიხარულით გაიქცა სამზარეულოში. მეც გავყევი, თეფში და დანა გამოვიტანე და ისევ გუგასთან დავბრუნდი. მის საწოლთან ახლოს მდგარ პატარა სავარძელში ჩავჯექი და ჩემი მიტანილი ხილის დაფცქვნა და დაჭრა დავიწყე. ლამაზად დავუწყე თეფშზე და მივუტანე. _ძალიან მეწყინება თუ არ მიირთმევთ, ჩავთვლი რომ უკადრისი ხართ. უსიტყვოდ აიღო ვაშლის ერთი ნაჭერი და უხალისოდ შეჭამა. _უჭმელობისგან ისე ხართ დასუსტებული, განძრევის თავიც არ გაქვთ. უნდა იკვებებოდეთ, რომ ენერგია გქონდეთ. ყველაფერს დრო სჭირდება. მასაჟები, ვარჯიშები და სასურველ შედეგსაც მიაღწევთ. ბევრი არაფერი მესმის მედიცინაში, მაგრამ იმდენი კი ვიცი, რომ თქვენი კუნთები ახლა ატროფირებულია და უეჭველი მასაჟი და ვარჯიშები უნდა. თქვენს სიცოცხლეს თქვენვე უნდა ჩაებღაუჭოთ. დამიჯერეთ, ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მაინც მშვენიერია. არ ვიცი, რამდენად მეთანხმებოდა გუგა, მაგრამ გულდასმით კი მისმენდა. ძალიან მინდოდა, დაეჯერებინა ჩემთვის ყველაფერი და ებრძოლა სიცოცხლისთვის... ებრძოლა გამოჯანმრთელებისთვის... დეამ ყავა რომ შემოგვიტანა ლანგრით, გუგას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც წამოვაჯინე და მეორე ბალიში ამოვუდე ზურგიდან. _ძალიან გთხოვთ მიირთვათ... თუ არა და არც მე დავლევ._გამოვუცხადე კატეგორიულად. ჩემმა სიტყვებმა ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც გაჭრა და ყავის ფინჯანი უწადინოდ გამომართვა. მართალია, ბოლომდე არ დაულევია, ნახევარი სითხე ისევ ფინჯანში დატოვა, მაგრამ ცოტა მაინც დალია. _ესეც უდიდესი მიღწევაა._სიხარულით წამჩურჩულა დეამ. გამიხარდა, რომ რაღაც მაინც შევძელი და მცირედიდ მაინც შევცვალე მის ცხოვრებაში რაღაც. _ადრე ლალიმ თქვა, რომ თურმე თქვენ ძალიან კარგად ხატავთ._ჩაფიქრებულ გუგას არ ვაძლევდი ფიქრის საშუალებას._ არ გინდათ ახლაც დახატოთ რამე? ჩემს დას სკოლაში წელიწადის დროების დახატვა დაავალეს. იმდენი ვიჯახირე, მაინც ვერ შევძელი ვერაფრის მიდღაბვნა. იქნებ დაგეხატათ? ერთ კარგ საქმეს გააკეთებდით პატარა გოგონასთვის. გუგა ხმისამოუღებლად დაჰყურებდა თავის ხელებს. არ ვიცი რას ფიქრობდა, ან რა აზრები უტრიალებდა თავში. მაგრამ აშკარა იყო, რომ რაღაცას ნამდვილად ფიქრობდა. დეამ, ცოტა ხნით გავალ, საქმე მაქვს და მალე დავბრუნდები, იქნებ დარჩე ბიძიასთან სანამ მე მოვალო. ღიმილით და ამავე დროს სიამოვნებით დავთანხმდი. გავიდა თუ არა, გუგამ მორიდებით წამოიწყო: _საშუალება არ მომეცა, რომ მადლობა გადამეხადა იმ დღეს ჩემზე ზრუნვისთვის. თუმცა, ნამდვილად არ ღირდა ჩემი გადარჩენა. _ვითომ რატომ?_ჯიქურ მივაშტერდი სევდამორეულ თვალებში. _ეეჰ, ადვილია არა სხვისი თვალით დანახული ჩემი ცხოვრება?_ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლა. ამაღელვა მისმა ნათქვამმა. ვერაფერი ვუთხარი. მართლაც რომ ასე იყო. _იცი, როცა მეკითხებიან როგორ ვარ, ნერვები მეშლება, თანაც ძალიან. ვითომ, როგორ ვიქნები საწოლს მიჯაჭვული? ჩემთვის ოდნავ წამოჯდომაც კი დიდი ფუფუნებაა. მთელი დღე უმოძრაოდ ვგდივარ. მითხარი აბა, მიღირს ასეთი სიცოცხლე რამედ? _სანამ ფეხზე დადგებით, და ეს აუცილებლად მოხდება თუ კი თქვენ გულით მოინდომებთ, შეგიძლიათ ხატოთ, ან სულაც წიგნი იკითხოთ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ხელებით, რასაც ფეხები სულაც არ სჭირდება. მასე უსაქმოდ წოლით შავბნელი ფიქრები გიტრიალებთ თავში... არ გამტყუნებთ, ძნელია თქვენს მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ თუ კი საჭმელს არ შეჭამთ, წამლებს არ დალევთ, მასაჟებს არ გაიკეთებთ და თქვენ თვითონ არ გექნებათ ფეხზე დადგომის სურვილი, არაფერი გამოგივათ. ერთხელ გვეძლევა სიცოცხლე და ამასაც თუ არ დავაფასებთ და არ მოვუფრთხილდებით, რა გამოვა? გუგა ისევ გაჩუმდა. მერე მთხოვა, ბალიში გამომეცალა და დამეწვინა თუ შევძლებდი ამას. შევატყე რომ დასუსტებულს ჯდომა უჭირდა და თხოვნა შევუსრულე. დაწოლის დროს ფრჩხილი გამომკრა შემთხვევით და მკლავი ჩამომფხაჭნა. _დიდი ბოდიში._შეწუხდა და ჭრილობა გულდასმით დამითვალიერა._უჯრაში ქაფურია, მიდი მომიტანე დაგიმუშავებ. _არ მინდა, გამივლის._სული შევუბერე ნაკაწრს._ეს იმის ბრალია, ფრჩხილებს რომ არ იჭრით._ცოტა წყენა გავურიე ხმაში._ხელების მოვლას ფეხები სულაც არ სჭირდება. დანაშაულის გრძნობით შემომხედა და თავის გრძელ ფრჩხილებს დახედა მერე. მე აბაზანაში გავედი, პატარა ტაშტში თბილი წყალი ჩავაყენე და მხარზე პირსაწმენდგადაკიდებული დავბრუნდი გუგასთან. _ახლა თუ წინააღმდეგობას გამიწევთ, პატარა ბავშვივით გაგლახავთ იცოდეთ. თბილ წყალში ხელები ჩავაყოფინე. ფრჩხილები რომ დაულბა, მერე ძირში დავაჭერი. თავიდან ცოტა შემეწინააღმდეგა, მე თვითონო, მაგრამ არ დავანებე. _თქვენ თვითონ რომ გდომებოდათ აქამდე დაიჭრიდით და ყანწებით არ იქნებოდით._მკაცრი გამომეტყველებით შევხედე და დამორცხვებული დაჰყვა ჩემს ნებას._ წვერიც რომ მოიპარსოთ და თმაც შეიჭრად, არ იქნებოდა ურიგო, ამ სიცხეში არ გაწუხებთ მაინც? მერე ქლიბიც ვნახე და სათითაოდ შემოვუქლიბე ყველა ფრჩხილი. ის იყო საქმეს ვამთავრებდი, რომ დეაც მოვიდა. _ნახე ბიძია ვინ მოგიყვანე?_მხიარული სიცილით შემოვიდა ოთახში დეა და ვიღაცას შემოუძღვა._შემთხვევით შემხვდა ქუჩაში და წამოგიყვანე. სტუმრისთვის არ შემიხედია, საქმიანობას მოვრჩი, ავიღე პირსაწმენდი, ტაშტი და ოთახიდან რომ გავდიოდი კარის ზღურბლთან მდგარ გაოცებულ გიგას შევეფეთე. წამიერად დავიბენი. _ეს ბიძიას მომვლელია._დეამ სიხარულით გააცნო ჩემი თავი გიგას._ეს კი ბიძიას ახლო მეგობარია._ახლა მე გამაცნო ჩემი კლასელი. დაბნეული და აღელვებული გამოვედი ოთახიდან. ვიგრძენი როგორ გამომაყოლა გიგამ მზერა. რა პატარაა ეს სამყარო. რაღა მაინც და მაინც გიგაა გუგას ახლო მეგობარი? თუმცა, რად მიკვირს? სადაც სიმდიდრეა გიგაც ხომ იქ არის ყოველთვის?.. რესტორნის მერე აღარ მყავდა ნანახი და ახლა ასე მოულოდნელმა შეხვედრამ ისევ ამაფორიაქა. გუგას კარებიდანვე დავემშვიდობე, ჩემი წასვლის დროა-მეთქი და სასწრაფოდ დავტოვე მათი ბინა. ვერ ვიტყვი რომ გიგა ისევ მიყვარდა, თუმცა არც მძულდა. ადვილი ხომ არ იყო თორმეტი წლის გრძნობის ასე ადვილად და იოლად დავიწყება და ყველაფრის ქარისთვის გატანება? ქუჩებში უმისამართოდ ვიხეტიალე. თავს ვაიძულებდი, რომ არ მეფიქრა მოღალატე გიგაზე და მის ზღვისფერ თვალებზე. სიმართლე ვთქვა, გამომდიოდა კიდეც. იქნებ, არც კი მიყვარდა გიგა და უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო? ან, იქნებ, ისე ძალიან მატკინა მისმა ტყუილმა და ღალატმა გული, რომ უდიდესი გრძნობა მაშინვე გამიქრა მის მიმართ? ესე იყო თუ ისე, ამ ფიქრებით თავდამძიმებულმა უაზროდ კარგა ხანს ვიხეტიალე ქუჩებში. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ნათიას გადავაწყდი ისევ. ბევრი ხვევნა კოცნისა და მოკითხვების მერე გამოვუტყდი, რომ სამსახური აღარ მქონდა. გაუხარდა, დეიდაჩემს კვირაში ერთხელ სახლის დამლაგებელი სჭირდება და შენზე უკეთესს ვის ნახავსო. მაშინვე გადაურეკა დეიდას და საქმეები ჩამიწყო. კვირაში ერთი დღე სამოცდაათი ლარი არ იყო ურიგო. შევთანხმდით, რომ დილით ნათიას შევხვდებოდი და დეიდის სახლში წამიყვანდა. დიდი მადლობები ვუხადე ჩემს მეგობარს და სახლში გახარებული დავბრუნდი. ****************** მდიდრული ავეჯით გაწყობილი სამი ოთახის დალაგება არ გამჭირვებია. საგულდაგულ დავალაგე და დავასუფთავე ყოველი კუთხე კუნჭული. კმაყოფილმა ნათიას დეიდამ საღამოს ვახშმის გარეშე არ გამომიშვა, ფულიც სიხარულით გადამიხადა და შევთანხმდით, რომ ყოველ ოთხშაბათს მივიდოდი სახლის დასალაგებლად. ბოლოს დავემშვიდობე მეც უზომოდ კმაყოფილი და ახალი შებინდებული იყო სახლში რომ მივედი. ნათიას დეიდამ რეკომენდაცია გამიწია კიდევ ორ სხვა ოჯახთან და კვირაში სამი დღე ვმუშაობდი. კვირაში ორას ათი ლარი სავსებით მაკმაყოფილებდა და სხვა სამსახურის ძებნა აღარც კი მიცდია. ერთ მშვენიერ და თავისუფალ დღეს კი, გადავწყვიტე გუგას მონახულება. მაღაზიაში გავიარე, ტკბილეული შევიძინე და ხალისით გავწიე. კარი ქალბატონმა დარინამ გამიღო. გაუხარდა ჩემი დანახვა. საკუთარი შვილივით გადამეხვია. _ისეთი მადლობელი ვარ შენი, რომ რა ვიცი. მერე გუგასთან შემიყვანა. თმაგაბურძგნილი და წვერმოშვებული მამაკაცის მაგივრად სუფთად გაპარსული და მოკლეთ თმაშეჭრილი სიმპატიური მამაკაცი დამხვდა საწოლში. დავიბენი. გაოგნებული შევყურებდი კარგა ხანს. ისე იყო შეცვლილი, ქუჩაში რომ შემხვედროდა, ალბათ ვერც ვიცნობდი. _ასე არ ჯობია?_ღიმილით მივუახლოვდი ბოლოს და ხელი ჩამოვართვი. ჩემს დანახვაზე მასაც გაეღიმა და თავისი თაფლისფერი თვალები შემომანათა. ღიმილიც ძალიან ლამაზი ქონდა. ხელი რომ ჩამომართვა, მკლავზე ნაკაწრი შემიმოწმა. _ხომ გითხარი, არაფერია, მალე გამივლის მეთქი?_ჩემი ხელი დარცხვენილმა დავიბრუნე და ტკბილეულით სავსე პარკი საწოლზე დავუდე._არ ვიცოდი რომელს მიირთმევდით და ცოტ-ცოტა ყველაფერი წამოგიღეთ. ანცი ბავშვივით ინტერესით გახსნა პარკი და ჩაიჭყიდა. _ვაა, შოკოლადები? დიდი მადლობა, ძალიან მიყვარს._მერე დედამისს გასძახა სამზარეულოში._დეე, ყავა მოგვიდუღე რა. _ის რატო უნდა აწვალო? წავალ და მე თვითონ მოვადუღებ. _არა, იყავი._მოულოდნელად მაჯაზე მწვდა და დამიჭირა, მეორე ხელი კი საწოლზე ააფათურა._მეც მაქვს შენთვის საჩუქარი. ახლაღა შევნიშნე მის გვერდით რუხი ფერის საქაღალდე და პასტელის ფერადი ფანქრები. როგორც იქნა მისწვდა საქაღალდეს და გამომიწოდა. _აჰა, შენს დას წაუღე. ფრთხილად გავხსენი საქაღალდე და გაოცებისგან მართლა პირი დამრჩა ღია. ყვავილებით მოჩითულ მწვანე მდელოზე წითელ კაბაში გამოწყობილი ფეხშიშველი გოგონა გარბოდა, რომელსაც ერთ ხელში პეპლის საჭერი ბადე ეკავა და იქვე შორიახლოს აფარფატებულ პეპლებს მისდევდა. გოგონა ზურგით იყო. გრძელი, ნაცრისფერი თმა წითელი ბაფთით შეეკრა. კარგა ხანს დავყურებდი ნახატს გაოგნებული. ისე დამატყვევა მისმა ფერწერულმა სილამაზემ, ხმას ვერ ვიღებდი. _იმედია მოეწონება შენს დას._ისე გამიღიმა, ქათქათა კბილები გამოუჩნდა. გამახსენდა, მაშინ რომ მოვატყუე, ჩემს დას არავითარი ნახატი არ სჭირდებოდა, მაგრამ გამიხარდა, რომ ხატვით დაინტერესდა და ცოტა ხნით მაინც გაირთო თავი. საყვარელი საქმიანობის წყალობით, წუთით მაინც დაივიწყა თავისი მდგომარეობა და ბედნიერი იყო. მე, კი, მის გამო ვიყავი ბედნიერი ცხოვრების ხალისი რომ დაუბრუნდა. მოულოდნელად დავიხარე და მადლობის ნიშნად ლოყაზე ნაზად ვაკოცე. შეკრთა. მე კი მისმა შეკრთომამ შემაკრთო. უხერხული სიტუაციიდან ქალბატონმა დარინამ გვიხსნა, ყავა შემოგვიტანა მხიარული სახით. თან ისეთი მადლიერი თვალებით მიყურებდა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ალბათ, ეს გრძნობა უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე რას ნიშნავს მადლიერება. თვეებია მისი შვილი თავის ნაჭუჭში გამოკეტილი ყველაფერზე უარს აცხადებდა და ამ ერთ კვირაში ასე საგრძნობლად შეიცვალა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ნაწილობრივ ჩემი დამსახურება იყო ეს და უხაროდა ჩემი იქ ყოფნა. ჩემთვის განკუთვნილი ფინჯანი გამოვართვი და იქვე პატარა სავარძელში მოვკალათდი. გუგამაც სიამოვნებით ჩამოართვა დედამისს ფინჯანი და ცხელივე მოხვრიპა სიამოვნებით. _დღეს შეგიძლია დარჩე საღამომდე?_ისე მოწიწებით მკითხა ქალბატონმა დარინამ, მომერიდა უარის თქმა და დავთანხმდი._კარგი მაშინ და დეაკოს ვეტყვი, რომ აღარ გამოვიდეს. დაიღალა ის ბავშვიც, თან იმასაც საქმეები აქვს. სანამ ქალბატონი დარინა სამსახურში წავიდოდა, სამზარეულოში ერთმანეთს გადავაწყდით ყავის ფინჯნები დასარეცხად რომ გავიტანე. _ახლა ვატყობ, რომ წინააღმდეგი არ იქნება და ისევ რომ დაბრუნდე და ჩვენთან იმუშაო? _არ შემიძლია, კვირაში სამი დღე დაკავებული ვარ, ვმუშაობ უკვე. ქალს აშკარად შეეცვალა სახე. დამწუხრებულმა შემომხედა. შემეცოდა. ძლივს შვილი გამოუბრუნდა და ჩემი დაკარგვა არ უნდოდა. _თავისუფალ დროს შემოვივლი და მოვინახულებ. დამიჯერეთ, ასე უკეთესიც იქნება. _დილიდან საღამომდე რამდენი გადაგიხადო, აქედანვე შევთანხმდეთ. _უბრალოდ მეგობრულად შემოვუვლი, ფული არ მინდა. მეც მიხარია, რომ სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა. ქალბატონმა დარინამ ერთხანს უხმოდ მიყურა. არ ვიცი რას ფიქრობდა იმ წუთში, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო და ბედნიერი გამომეტყველებით მომჩერებოდა თაფლისფერი თვალებით. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ გუგას დედის თვალები ქონდა. _საჭმელი გაზზეა. თუ არ შეწუხდები, რომ გაცივდება, მაცივარში შედგი. გუგასაც აჭამე და არც შენ დარჩე მშიერი._ლოყაზე მომისვა ფაქიზი და მოვლილი ხელი და სამსახურში წავიდა. გუგასთან დავბრუნდი. _არ გშიათ? სანამ ცხელია საჭმელი, გესადილათ. _არ მშია, მადლობა. ნახე, ეს რა გემრიელია _ჩემი მიტანილი შოკოლადებიდან ერთ-ერთი ამოარჩია და მესროლა. დაჭერა ვერ შევძელი. ცხვირში მომხვდა და ძირს ხმაურით დავარდა. გამეცინა. გუგასაც გაეცინა გულწრფელად და ალალად. თვალი ვერ მოვწყვიტე მის ბედნიერ სახეს. ალბათ ასეთი ლაღი და მხიარული იმ ავბედითი შემთხვევიდან აღარ ყოფილა. კარგა ხანს ვიცინეთ. მერე ძირს დაგდებულ კანფეტს დავწვდი და ავიღე. _არაქისით და კარამელით არის. მე მიყვარს ასეთი. შენც გასინჯე, მოგეწონება. _მეც ძალიან მიყვარს ეს კანფეტი._მორცხვად ვაღიარე. _ხო და ვჭამოთ ორივემ._შემომღიმა და მის გვერდით საწოლზე მანიშნა, რომ ჩამოვმჯდარიყავი. მცირე ყოყმანის შემდეგ მორიდებით ჩამოვუჯექი და მუსრი გავავლეთ შოკოლადებს. მერე კარტიც ვითამაშეთ გამურვაზე, ოღონდ მურის მაგივრად სოფის ძვირადღირებული პომადა გამოვიყენეთ. არ ვიცი, მართლა აგებდა გუგა თუ შეგნებულად, კარგად კი ავაწითლე. მეც კი მხვდა წილად ოთხი თუ ხუთი პომადის კვალი, მაგრამ გუგა ისე იყო აწითლებული, ადგილი აღარ ქონდა სახეზე და მაისურიდან სადამდეც კი მოუჩანდა ყელი, ყველგან ვუსმევდი. კარგად ვიხალისეთ. ქალბატონი დარინა რომ მოვიდა, გაკვირვებულმა გვიყურა კარგა ხანს ორივეს. მერე კი შევატყე რომ ბედნიერების ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. _ჩემი წასვლის დროც მოსულა._საათს რომ დავხედე, ავფუსფუსდი. _მერე მასე მიხვალ?_გაკვირვებულმა გუგამ სახეზე მანიშნა. _უი, დამავიწყდა._გამეცინა და აბაზანაში სახის მოსაბანად შევედი. ძლივს მოვიშორე წითელი პომადა, ცოტა მაინც დამრჩა კვალი. დედა-შვილს ღიმილით დავემშვიდობე და სახლში წავედი. გზაში გოგლას გადავაწყდი. კარგა ხანს ვისეირნეთ ფეხით და ვისაუბრეთ ათას წვრილმანზე. კაფეშიც დავსხედით. სხვა ბიჭებს არ გავდა გოგლა. მორიდებული და უაღრესად ზრდილობიანი იყო ბავშვობიდანვე. ახლა სიმორცხვეც დამატებოდა და ხანდახან ისე წითლდებოდა ჩემს დაჟინებულ მზერაზე, მეცოდებოდა კიდეც. ბედნიერი ღიღინით დავბრუნდი სახლში. ლალიმ ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. თქმით კი არაფერი უთქვია. საქაღალდე, რომელშიც გუგას ნახატები ეწყო, ჟურნალგაზეთების მაგიდაზე დავდე და სადილაო ტანსაცმლის შერჩევას შევუდექი. კარგა ხანს ვარჩიე, დიდხანს ვიტრიალე სარკის წინ. მერე მაღვიძარა დავაყენე, რომ სამსახურში არ დამგვიანებოდა და დავწექი. *********************** აეწყო ჩემი ცხოვრება. სამსახურით უკმაყოფილო არ ვიყავი. ხელფასიც საკმარისი მქონდა. მეც მყოფნიდა და ჩვენებსაც ვუგზავნიდი. სამ დღეს რომ ვმუშაობდი კვირაში, ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც ვახერხებდი და გუგას მოსანახულებლად მივდიოდი, მთელ დღეს მასთან ვატარებდი. ჩემი მისვლა უხაროდა გუგას. მეც მიხაროდა ასეთ ლაღს და სიცოცხლის ხალისიანს რომ ვხედავდი. როცა იქ ვიყავი, ხან კარტს ვთამაშობდით გამურვაზე, ხან ნარდს, რომელიც არ ვიცოდი და გუგამ მასწავლა. ხან ვლაპარაკობდით ათას სისულელეზე. ვიხსენებდით ჩვენ ჩვენი ბავშვობის კურიოზებს და გულიანად ვიცინოდით. შევეჩვიე მასთან ყოფნას და ვატყობდი, რომ გუგაც მოუთმენლად ელოდა ყოველ ჩემს გამოჩენას. როცა მასთან არ ვიყავი, ხატავდა. მისი ნახატებით სავსე იყო საქაღალდეები. მაჩვენებდა თავის ნამუშევრებს და ჩემგან შეფასებებსა და კრიტიკას გულდასმით ისმენდა. მართლაც არაჩვეულებრივი მხატვარი იყო და კრიტიკას ნაკლებად იმსახურებდა ჩემგან. _გინდა რომ გული არ მატკინო და იმიტომ არაფერს მეუბნები?_ხანდახან ეჭვით მიყურებდა, როცა აღფრთოვანებული ვუფასებდი ნამუშევარს. ერთ საქაღალდეს საგულდაგულოდ ინახავდა. იქ ჩახედვის უფლება მე კი არა, ოჯახის წევრებსაც კი არ ქონდათ. არავინ იცოდა რას იცავდა ასე მონდომებით. მე, სიმართლე ვთქვა, არც კი დავინტერესებულვარ. კაცი იყო და იქნებ რას ხატავდა? ხომ ქონდა უფლება საიდუმლოდ შეენახა რამე? დეას და ქალბატონ დარინას უფრო და უფრო უხაროდათ ჩემი მისვლა. აი, სოფიზე კი ამას ვერ ვიტყოდი ნამდვილად. აქამდე თუ უხაროდა ჩემი მისვლა, ბოლო დროს დაქრუშული მიმზერდა. იმ დღეს, როცა მე მათთან ვიყავი, სამსახურში გვიან მიდიოდა და იქიდანაც მალე ბრუნდებოდა. გუგას ჩემი თანდასწრებით ეფერებოდა და ხშირად კოცნიდა კიდეც ტუჩებში. ლალი კი ამტკიცებდა, რომ საყვარელი ყავდა, მაგრამ მე ვერ ვატყობდი. მაშინ ოსკაროსანი მსახიობი უნდა ყოფილიყო, რომ ასე კარგად ეთამაშა ქმრის სიყვარული. რა სჭირდა ვერ ვხვდებოდი და არც არაფერს მეუბნებოდა, სანამ ერთხელ ცოტა ნასვამი არ დაბრუნდა სამსახურიდან. _მე წავალ._წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე. სოფიმ კარებამდე მიმაცილა. ალკოჰოლის სუნად ყარდა. _შეგიძლია აღარ მოხვიდე. გაოცებულმა შევხედე. _ხო, რას მიფახულებ მიამიტი ბავშვივით თვალებს? განა ვერ ვხვდები რა განზრახვაც გამოძრავებს? გაოგნებული ვიდექი კარების ზღურბლთან და ხმას ვერ ვიღებდი. _განა ვერ ვხედავ როგორ უჟუჟუნებ ჩემ ქმარს შენს ბოზურ თვალებს? _როგორ გეკადრებათ?_გავბრაზდი_უბრალოდ, მეგობრულად მოვდივარ. თუ თქვენ სხვანაირად გესმით და არ მოგწონთ, აღარ მოვალ, რა პრობლემაა?_ვუთხარი და კიბეზე უკანმოუხედავად ჩავირბინე. ცრემლები მახრჩობდა. არ მინდოდა სოფის შეემჩნია და რაც შეიძლება სწრაფად მინდოდა გავცლოდი იქაურობას. სანამ დეპრესიაში იყო კაცი, საერთოდ არ ანაღვლებდა, არ კითხულობდა როგორ იყო, რას გრძნობდა, რას განიცდიდა, ჭამდა თუ არა საჭმელს, ან წამლებს თუ სვავდა. ახლა, ცოტა სიცოცხლის ხალისი შეატყო და ეჭვებით აივსო. როგორ არ უნდა უხაროდეს ქმრის ცხოვრებისკენ მობრუნება? სადარბაზოდან გამოსულს ცრემლები უკვე თავისით წამსკდა. ხმამაღალი ტირილი მინდოდა, მაგრამ ხალხის მრცხვენოდა. მეწყინა, ძალიან მეწყინა, ჩემზე მასე რომ იფიქრა სოფიმ. საერთოდ, ადამიანი თვითონ რაც არის, სხვაც ის გონია. ასლუკუნებულმა კარგა მანძილი ვიარე ფეხით. მერე სკვერში შევედი, განაპირა სკამზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და თავისუფლად მივეცი ცრემლებს გასაქანი. ხმამაღლა ვტიროდი. უკვე აღარ მადარდებდა, რას იფიქრებდა ჩემზე გამვლელ-გამომვლელი. გული ძალიან მქონდა ნატკენი სოფის ნათქვამზე. რა შემატყო ნეტავ ბისა? გუგაზე ზედმეტად არასდროს არაფერი მიფიქრია. მართალია, ვაღიარებ რომ მომწონდა მისი თაფლისფერი თვალები, ხანდახან მაბნევდა კიდეც მისი სევდიანი მზერა, მაგრამ ფიქრშიც კი არასდროს გადავსულვარ დაუკრეფავში. ცოლიან კაცს როგორ დავუწყებდი არშიყს? გული მოვიოხე ღრიალით. თითქოს ცოტა მომეშვა კიდეც გულზე. მაგრამ მაინც კარგა ხანს ვიჯექი სკამზე და უაზროდ გავყურებდი სივრცეს. ასე გულმოკლული არასდროს ვყოფილვარ. სიმართლე ვთქვა, მე თვითონ ვერ ვხვდებოდი, ასე ძალიან რა მწყინდა: სოფის სიტყვები თუ ის, რომ გუგას ვეღარ ვნახავდი... ******************** იმ დღის მერე მთელი ერთი თვე აღარ გამოვჩენილვარ გუგას ცხოვრებაში. მიმძიმდა ძალიან, მაგრამ სოფის სიტყვებმა ისე მომიკლა გული, მათთან მისვლას როგორღა გავბედავდი. გუგას ამბებს ლალის ვეკითხებოდი, რომელიც გაოცებული იყო იმით, რომ მათთან აღარ მივდიოდი. მიზეზი ვერ გაიგო ჩემგან და წესიერად არც კი მიყვებოდა არაფერს. ერთ საღამოს კი ისეთი აღშფოთებული მოვიდა, პირდაპირ ცოფებს ყრიდა. გული გადამიქანდა. _რა მოხდა, გუგას შეემთხვა რამე?_მხრებში მოვკიდე ხელი და შევაჯანჯღარე. _ის ქალბატონი ორსულადაა._ისე თქვა, ვერ მივხვდი ვის გულისხმობდა. _ვინ ქალბატონი? _ვინ და სოფი. კარგა დრო დამჭირდა სანამ ლალის ნათქვამს გავიაზრებდი. _დღეს საავადმყოფოში ვიყავი და იქ ვნახე შემთხვევით. ანალიზის პასუხები აიღო. ექიმმა მიულოცა, ორსულად ხარო. მე რომ დამინახა შეცბა, მაგრამ ვითომ ვერ მიცნო. _მერე._ძლივს ამოვღერღე და ტახტზე ჩამოვჯექი. _რა მერე? დარწმუნებული ვარ აბორტს გაიკეთებს. _ვითომ რატომ? გუგას არ გაუხარდება მისი ამბავი? _რას ლაპარაკობ შენ თუ იცი?_შემომიბღვირა._სხვა კაცისგან რომ არის ორსულად, ის გაუხარდება? _რა იცი რომ სხვა კაცისგან არის?_გამიკვირდა. _მთელი დღე ჯანმრთელ კაცებს დასდევს კუდში და ღამე საწოლში ინვალიდ ქმართან იჯახირებს რამეს? ნუ ხარ სულელი რა. _იქნებ და მართლა გუგასია?_შეშფოთებულმა შევხედე ლალის._ნუ იცი შენ ყველაფრის გაზვიადება. _შენ კიდევ ნუ ხარ მიამიტი. ქალი ღამითაც კი აღარ შედის სახლში, თავის უფროსს ზაპასკასავით მანქანაში უგდია და ინვალიდი ქმრისგან დაორსულდა? ცოტა ტვინი გაანძრიე რა. ეგ ყველაფერი იქით იყოს, რატო დარინას საავადმყოფოში არ მივიდა? იმიტომ რომ მალავს._თვითონვე გამცა პასუხი._რატო მალავს? იმიტომ რომ გუგასი არ არის. აი, ნახე, აბორტი თუ არ გაიკეთა. _გუგა როგორ არის, დღეს ნახე?_მორიდებით ვკითხე ჩემს შერლოკ ჰოლმს მეგობარს. _შენ რატო აღარ მიდიხარ სანახავად?_ეჭვით შემომხედა. _არ მცალია, ხომ იცი ვმუშაობ. _კარგი ერთი, მიზეზ მიზეზ დოს მარილი აკლიაო, ადრეც მუშაობდი, მაგრამ მაინც ახერხებდი მისვლას. განა ვერ ვხვდები რომ რაღაც მოხდა? გუგა ყოველ დღე გელოდება. რომ იცოდე ნელ-ნელა კარგავს ხალისს და ძველ მდგომარეობას უბრუნდება. დარინა წუხს, რა ვაწყენინეთ იმ გოგოსო. მაგათი რა გითხრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სოფიმ გაწყენინა რაღაც._მითხრა და დაჟინებით მომაშტერდა. კარგა ხანს უსიტყვოდ შევყურებდით ერთმანეთს. _ის ჩათლახი გეტყოდა რამე მწარეს დარწმუნებული ვარ. ნუ მიაქცევ ყურადღებას და ხვალ წადი ისევ გუგას სანახავად, თორემ მართლა გეუბნები, ნელ-ნელა ადრინდელ მდგომარეობას უბრუნდება. _რა ვქნა, არ შემიძლია მისვლა, სოფიმ დამითხოვა._საცოდავი სახით შევხედე ლალის. _სოფის რა ყურს უგდებ ნეტა? სანამ ისევ ძველი გუგა გახდება, მოინახულე, თორემ დარწმუნებული ვარ, მერე ვეღარაფერი ვეღარ უშველის... და სოფიმ რაო, რატო აღარ მოხვიდეო? _ეჭვიანობს._წავილუღლუღე. საცოდავად. _რაო?_მოულოდნელად იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, შევკრთი. _პირდაპირ გითხრა, ვეჭვიანობ და აღარ მოხვიდეო?_სული რომ მოითქვა, სიცილისგან აცრემლებული თვალებით მომხედა. _ჩემს ქმარს ბოზურ თვალებს უჟუჟუნებო._ამ ხნის მანძილზე როგორც იქნა ვაღიარე. _მერე და მართლა უჟუჟუნებ?_მოულოდნელად დასერიოზულდა. _არა, რა სისულელეა._დავიბენი და მის გამჭოლ მზერას თვალი მოვარიდე. მივხვდი რომ გავწითლდი. ლალიმ ეჭვით მიყურა კარგა ხანს. _ისე, სიმართლე გითხრა, გუგას მოსწონხარ. შენს გამო გადაწყვიტა შეცვლა. შენ ხარ მისი სტიმული და თუ აღარ მიხვალ მასთან, უარესი მოუვა. დაიკიდე სოფი, მას სულ არ ადარდებს ქმარი. თუ ოდნავ მაინც რამეს წარმოადგენს გუგა შენთვის, მიდი და მოინახულე. _ეგ საიდანღა მოიტანე?_აღელვებულმა ძლივს გადავყლაპე ნერწყვი. _რა საიდან მოვიტანე? _აი ის, რომ გუგას მოვწონვარ?_ენა დამება და უარესად გსვწითლდი. _დავიჯერო ისეთი სულელი ხარ ვერ ხვდები? ჯერ ერთი, რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში, მას შემდეგ შეიცვალა. მეორეც._გუგას ნახატი ამიფრიალა თვალწინ, რომელსაც საქაღალდეში ვინახავდი საგულდაგულოდ._შენ გხატავს და რატო არ ფიქრობ რისთვის? _რა სისულელეს ამბობ, ზურგით დგას გოგო და რას ატყობ რომ მე ვარ? ლალის ჩაეღიმა. _მართლა ასეთი მიამიტი ხარ თუ თავს ისულელებ? პირველად რომ მათთან მიგიყვანე, ასეთი წითელი კაბა გეცვა და ყველა გოგოს აქვს ნაცრისფრად შეღებილი თმა? დავიბენი. ლალი ხმამაღლა მეუბნებოდა იმას, რასაც დიდი ხანია ვხვდებოდი და გულში ვმალავდი. ეჭვები მაშინ გამიმძაფრდა, როცა მოულოდნელად ვაკოცე გუგას ლოყაზე მადლიერების ნიშნად და შევატყე როგორ შეკრთა. სიმართლე ვთქვა, მეც ამითრთოლა ამ კოცნამ გული. სოფი უსაფუძვლოდ არ ეჭვიანობდა. მართალია, პირველი დანახვისას არ მომეწონა, რაღაც შიშს უფრო ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ მერე და მერე ნელ-ნელა მომწონდა და გულში მივარდებოდა. სოფის ნათქვამი მართალია მეწყინა, მაგრამ დამაფიქრა მწარე რეალობაზე. შემაშფოთა ჩემმა მომავალმა და სერიოზულში რომ არ გადაზრდილიყო ჩემი ოდნავაბჟუტებული გრძნობა, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი და რომელზეც საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი, იმიტომ უფრო ავკრძალე გუგასთან ვიზიტები. _როგორც უფროს ძმას მასე ვუყურებ, ზედმეტად არაფერს ვფიქრობ, მაგრამ სოფის არ ესმის. არ მინდა მათი ოჯახის დანგრევის ან აყალ-მაყალის მიზეზი ვიყო. ამიტომაც აღარ მივდივარ მასთან._წავილუღლუღე საცოდავად. _მაგათი ოჯახი ისედაც დანგრეულია._ისეთი დარწმუნებით მითხრა ლალიმ, თითქოს ეგ ყოფილიყოს მათი ადვოკატი._დღეს მიდი, გთხოვ, რა მოგივა? _სხვისი უბედურების მიზეზი არ მინდა რომ გავხდე. _ხო და გუგა უბედურია. დაუშვებ რომ შენს გამო უბედური იყოს? დღეს რომ ვნახე, გული მომიკვდა. ტყუილად კი არ გეუბნები, ძველ მდგომარეობას უბრუნდება და მერე უკვე ვეღარავინ და ვეღარაფერი ვეღარ უშველის. დანარჩენი კი ახლა შენ გადაწყვიტე. მთელი ღამე ვერ მოვისვენე. ლალის სიტყვებმა გულის სიღრმემდე ჩააღწია. სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი იყო ახლა ჩემთვის გუგასთან მისვლა-არმისვლის საკითხი. ცალკე თავმოყვარეობა და ცალკე იმის შიში, რომ სხვისი ინვალიდი ქმარი არ შემყვარებოდა, მაბრკოლებდა. დილით გამოუძინებელი ავდექი. ლალის ხმა აღარ გაუცია ჩემთვის. სამსახურში რომ წავიდა, მე ისევ პერანგის ამარა დავბოდიალობდი ოთახში. ვერ გადამეწყვიტა რა მექნა. დღევანდელი დღე თავისუფალი მქონდა და რაღაცის დაგეგმვას ვცდილობდი, რომ სულს არ წაეძლია და გუგასთან არ გავქცეულიყავი. აბაზანაში კარგა ხანს დავყავი. დაახლოებით ერთი საათი მაინც. იქიდან გამოსულს ჩემი ძველისძველი ტელეფონი აწკრიალებული დამხვდა. ვეღარ მივუსწარი მეპასუხა. უცხო ნომერი იყო, ვერ ვიცანი. ვიღაცას ხუთჯერ დაერეკა. ტელეფონი ისევ ხელში მეჭირა, რომ ისევ დარეკა. გიგა მეგონა და არ ვპასუხობდი. ბოლოს მაინც ვუპასუხე. _გისმენთ. _ჯუნა... დავიბენი. გუგას სევდიანი და გულში ჩამწვდომი ხმა მაშინვე ვიცანი. გული ისე ამიფორიაქდა, ვეღარ ვიოკებდი. ხმა ვეღარ ამოვიღე. _ჯუნა, როგორ ხარ? _მადლობა კარგად, მაგრამ ვერ გიცანით._ვიცრუე. მწარედ ჩაეცინა. გული ისე მომეწურა, ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე. _ლალის გამოვართვი შენი ნომერი... ჩემთან რატომ აღარ გამოდიხარ, რამე გაწყენინე? _არაფერი, უბრალოდ არ მცალია._ისევ ვიცრუე. _იცი, რა მომწონს შენში? ალალი ხარ და ტყუილი არ გამოგდის... დღემდე ვიდანაშაულებდი თავს, მეგონა რამე გაწყენინე... _თქვენ არაფერი გიწყენინებიათ. _ვიცი ვინც გაწყენინა. საკადრისი პასუხიც მიიღო. _რას ლაპარაკობთ? ლალის ტყუილებს რატომ უსმენთ? არავისაც არ უწყენინებია არაფერი, უბრალოდ არ მცალია. _და შენ რა იცი, ლალიმ რა მითხრა? დავიბენი. ხმა ვეღარ ამოვიღე. _შენ მე მომავლის რწმენა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე. იმ დღეს, საავადმყოფოში რომ გამეღვიძა და საწოლზე თავჩამოდებული დაგინახე, მაშინ მივხვდი და გავაცნობიერე, რომ ვიღაც წუხს ჩემზე და ზრუნავს. ვიღაცას მართლა ვადარდებ. _თქვენი ოჯახის წევრებიც დარდობენ თქვენზე და ზრუნავენ... მაშინ შემაშინეთ. თავს ვიდანაშაულებდი, რომ მე გაგიადვილეთ თვითმკვლელობის მცდელობა. _გინდა მითხრა, რომ შიშის გამო ზრუნავდი მაშინ ჩემზე? გავჩუმდი. ხმა ვეღარ ამოვიღე. შიში ერთ-ერთი ფაქტორი იყო ჩემი მაშინდელი ზრუნვისა, მაგრამ რაღაცაც მაიძულებდა მის გადასარჩენად ბრძოლისთვის. _ბოდიშით. ახლა არ მცალია და მერე ვილაპარაკოთ._ძლივს ამოვღერღე. _კარგი. იმედია როცა დაგირეკავ უპასუხოდ არ დატოვებ ჩემს ზარს. ახლა აღარ შეგაწყენ თავს, დროებით. _დროებით._ ვუთხარი და გავუთიშე. ისედაც აღელვებული და აფორიაქებული უარესად გავხდი. კარგა ხანს ვიარე წინ და უკან პატარა ოთახში. არ ვიცოდი რა მექნა. ერთის მხრივ გუგას ნახვის სურვილი მკლავდა, მეორეს მხრივ სოფის სიტყვებზე ვფიქრობდი. მოულოდნელად გონება გამინათდა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და სოფელში ჩვენებთან წასასვლელად დავიწყე მზადება. დიდი დრო არ დამჭირვებია. ლალის შეტყობინება გავუგზავნე, გასაღები ჩვენს სამალავში დავუტოვე და სადგურისკენ უკანმოუხედავად გავეშურე. არ მინდოდა წუთით მაინც შევყოვნებულიყავი და გადამეფიქრებინა. ჩემ ბედზე სამარშრუტო ტაქსს წუთი-წუთზე მივუსწარი და მშობლიური სოფლისკენ მღელვარედ გავეშურე. გზა ისე გაიწელა, მეგონა ვეღარასდროს მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე. მართალია გავრბოდი, მაგრამ ფიქრებით ისევ გუგასთა ვიყავი. ვგრძნობდი რომ გაქცევა გამოსავალი არ იყო. რაც მეტად ვშორდებოდი თბილისს, მით მეტად მტკიოდა გუგას გამო გული. თავს ვაიძულებდი მასზე არ მეფიქრა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სოფის რომ არ ეეჭვიანა და არაფერი ეთქვა, მანამდე არც კი ვაცნობიერებდი გუგას მიმართ ჩემს გრძნობებს. სოფიმ რომ ხმამაღლა განმიცხადა თავისი ეჭვები, იმან დამანახა ჩემი რეალური სახე. სოფიზე ხომ ვბრაზობდი, მაგრამ ჩემს თავზე უარესად, როგორ დავუშვი ის, რომ სხვისი ქმარი შემყვარებოდა, თანაც ინვალიდი? თუმცა, სიყვარულს რას გაუგებ? თუ გიყვარს ადამიანი არც მის ფიზიკურ ნაკლზე ფიქრობ და არც მის მდგომარეობაზე. მძღოლს მაღალ ხმაზე ქონდა მუსიკები ჩართული. ფიქრისგან დამძიმებული თავი უარესად ამტკივდა. ვერც გავუბედე მეთქვა, რომ ცოტა ჩაეწია ხმისთვის. ასეთ წამებაში როგორც იქნა მივუახლოვდით ჩემთვის ნაცნობ გაჩერებას და შორიახლოს გავაჩერებინე. ისევ ის მერჩივნა ორასი-სამასი მეტრი ფეხით გამევლო, ვიდრე ისევ მანქანაში ვმჯდარიყავი. მანქანიდან ჩამოვედი, ჩემი ბარგი ჩამოვიტანე და ის იყო სახლისკენ გავეშურე, რომ გოგლამ შემიჩერა ღიმილით მამამისის ჟიგული. _დაჯექი, მიგიყვან. რა შორს ჩამოუსვიხარ მძღოლს. _მე თვითონ გავაჩერებინე აქ, იმხელა ხმაზე აღრიალებდა მაგნიტოფონს, თავი გამისკდა. გოგლას გაეცინა და მანქანიდან გადმოვიდა.ბარგის ჩალაგებაში მომეხმარა. მანქანაში რომ ჩავსხედით, სასიამოვნო მელოდია ჰქონდა ჩართული და გამორთა._მეც არ გადამიხტე მანქანიდანო. გამეცინა. მხიარულად მიმიყვანა სახლამდე. _დიდი ხნით ჩამოხვედი?_წასვლისას მკითხა. _ორი-სამი დღით. _კარგია, გნახავ. დროებით. თქვენები მომიკითხე. მღელვარე ნაბიჯებით შევედი მშობლიურ ეზოში. რამდენი თვეა აქ აღარ ვყოფილვარ და მომნატრებია. ჩემი უმცროსი და თავზე ხილაბანდწაკრული სათონისკენ მირბოდა. _ალბათ დედა პურს აცხობს._გავიფიქრე და გული სიყვარულით ამევსო. თეკლამ ვერ შემნიშნა. ოთახში ჩემი ბარგი შევიტანე და მეც სათონისკენ გავეშურე. შორიდანვე ვიგრძენი ცხელი პურის სუნი. არ შევმცდარვარ: ჩემი შუათანა და ლანა გუნდებს აბრტყელებდა და დედა კი თონეში აკრავდა. თეკლაც იქვე იდგა და პატარა ცომის ნაგლეჯით ერთობოდა.სანამ შემნიშნავდნენ სიყვარულით შევცქეროდი სამივეს. პირველად თეკლამ შემნიშნა. _ჯუნა მოსულა._შეჰყვირა, ცომი ორომზე დადო და ჩემსკენ სიხარულით გამოქანდა. ჩავიმუხლე და ჩემზე ათი წლით უმცროსი და გულში ჩავიკარი. _როგორ მომენატრე._თან მკოცნიდა და თან ცომიანი ხელებით მეფერებოდა. _როგორ მოულოდნელად დაგვადექი თავზე, რატომ არ თქვი რომ მოდიოდი?_ლანაც გადამეხვია და გადამკოცნა. დედაჩემმა კი სანამ ცომიანი ხელები არ გაისუფთავა, მანამდე არ მომეხვია. _როგორ ხარ შვილო?_მკითხა და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. _მე კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ?_მეც ვიგრძენი რომ ცრემლმა დამისველა თვალები. _კარგად ვართ, რა გვიჭირს. შენი წყალობით ცოტა ამოვისუნთქეთ. _იცი, გოჭი ვიყიდეთ._თეკლამ ხელი წამავლო და ბოსლისკენ გამაქცია._ნახე რა საყვარელია. დედამ თქვა, ახალწლისთვის დავკლათო. რა კარგია, როგორ მიყვარს მწვადები. შენც ხომ გიყვარს?_თან მეტიკტიკებოდა, თან ბოსლის კარებს აღებდა, რომ ახალი შენაძენი ეჩვენებინა. ყურებპარტყუნა თეთრი გოჭი ჯერ დამფრთხალი გვიყურებდა ორივეს, მერე ღრუტუნით მოუახლოვდა ჩემს დას. მან კი მუცელზე მოფხანა ხელი და ისიც მაშინვე გაითხლიშა, თან სიამოვნებისგან აღრუტუნდა. გამეცინა. _რა საყვარელია არა? _ხო._მეც მივუახლოვდი და სასაცილო გოჭს მოვეფერე. _იცი, ინდაურმაც რომ გვიჩეკა ჭუკები?_ახლა საქათმისკენ გამაქცია ჩემმა მოუსვენარმა დამ._ერთი თეთრი ჭუკი გვყავს, იცი რა ლამაზია? მოკლეთ, მთელი ეზოს კუთხე კუნჭული დამათვალიერებინა თეკლამ. რაც კი რამ ქონდათ ახალი შენაძენი, ყველაფერი მაჩვენა. მეც სიხარულით დავყვებოდი და ბედნიერი ვიყავი, რომ ნელ-ნელა ჩვენთვისაც დგებოდა ნაგუბარში წყალი. სთონეში რომ დავბრუნდით, დედა და ლანა მორჩენილები იყვნენ პურის ცხობას და ოთახში ეზიდებოდნენ უკვე გამომცხვარ პურს. დედაჩემის წინააღმდეგობის მიუხედავად დაისვრებიო, მაინც წავახმარე მეც ხელი. _მამა რას შვრება, როგორ არის?_გვიან მოვიკითხე მამაჩემი. _არაუშავს, კარგად არის. ბერიკაშვილების ვენახების მოსარწყავად დადის._მითხრა დედაჩემმა და დაღლილი სკამზე ჩამოჯდა._ცოტა ფულს ბარაქა მოვკიდეთ. შენი გამოგზავნილი ფულიც კარგად გვეხმარება. ამ თვის ბოლოს სავაჭროდ წავიყვან ალბათ გოგოებს სასკოლედ რომ ვუყიდო ცოტა რაღაც მაინც. _იცი, დედა შემპირდა ვარდისფერ ჩანთას გიყიდიო. ბევრი ფერადი ფანქრებიც უნდა მიყიდოს, ისეთები ჩემს კლასელებს რომ აქვთ. ფერადი ფანქრების ხსენებაზე გუგა გამახსენდა. ავღელდი და გული სასიამოვნოდ მომეწურა. მღელვარების დასაფარავად ჩემს ჩანთას დავწვდი და ტკბილეული ამოვიღე. _რა კარგია._ ბედნიერი გადამეხვია თეკლა._გუშინ ლელა ჭამდა შოკოლადებს და არ მაჭამა._ისე თქვა, გული მომიკვდა._ბევრი არ ჰქონდა ალბათ. აქ რომ გამოვა მე ვაჭმევ, ჩვენ ხომ ბევრი გვაქვს? ცრემლი მომერია და თეკლა გულში ჩავიკარი. _არ გშია? კიტრი და პამიდორი გვაქვს._დაფაცურდა დედაჩემი. _არა, არ მშია. დაჯექი, დაისვენე, მოგვიანებით ვჭამოთ. ჩანთიდან კიდევ ამოვალაგე საჩუქრები და მერე ჩემს ოთახს მივაშურე ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ნესტისა და სიღარიბის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ სიამოვნებით შევისუნთქე ნაცნობი სურნელი. ლანას ეყოჩაღა და სუფთად დაელაგებინა ოთახი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლზე გულაღმა გადავწექი. სხვის მდიდრულ სახლს ჩემი ღარიბული ქოხი მერჩივნა. მგზავრობით დაღლილს და წუხანდელ უძილოს ცოტახნით ჩამთვლიმა. ლანა რომ შემოვიდა ფეხაკრებით, გავიგე და მაშინვე გავახილე თვალები. _ნათიაა მოსული. გაუგია აქ რომ ხარ. კომშის ქვეშ ჩრდილში გელოდება. მაშინვე წამოვხტი. აბუებული თმა გადავივარცხნე და ეზოში გავედი. _რა ქარმა გადმოგაგდო ნეტავი?_შორიდანვე მომაძახა._ვინ არ წასულა ქალაქში, მაგრამ სოფელი არ დაუვიწყებია. შენ კი აღარ კადრულობ სოფელს გეტყობა. გავიქეცი და სიხარულით გადავეხვიე ბავშვობის მეგობარს. ორი თვე მაინც იქნებოდა რაც აღარ მენახა. _შენ დიდი ხანია სოფელში ხარ?_ხვევნა კოცნას რომ მოვრჩით შევეკითხე და გვერდით მივუჯექი გრძელ სკამზე. _არც ისე, ალბათ ერთი კვირა იქნება. ჩემი მამიდაშვილები არიან ჩამოსულები და მათ გამო ვარ აქ. ხომ იცნობ ვაკოს და ნინის? _კი, ოღონდ დიდი ხანია აღარ მინახიან და იქნებ წინ რომ შემხვდნენ ვეღარც კი ვიცნო. _შენ კი არა და მე ვეღარ ვიცანი._გაიცინა ნათიამ._რა გასაკვირია შენ ვერ იცნო._ამ საღამოს პიკნიკს ვაწყობთ. ქვევით ადგილში სიმინდი გვიდგას, ისეთია, ნედლად იჭმევა უკვე. წამოხვალ მოვამტვრიოთ და შევწვათ? ქალაქელებს კლასი ვაჩვენოთ. გამიხარდა გულის გადასაყოლებელი რომ გამომიჩნდა და სიხარულით დავთანხმდი. ცოტა ხანს კიდევ დარჩა ნათია, წავიჭორავეთ, ყავაც დავლიეთ და რომ წავიდა ოთახში დავბრუნდი. ლანას ჩემი ტელეფონი ეჭირა ხელში და თამაშობდა. რომ დამინახა შეკრთა. მორიდებით დადო ისევ თავის ადგილზე. _არ გინდა მაჩუქო?_ბოლოს გამიბედა კითხვა. _მერე მე? სამსახურიდან მირეკავენ ხოლმე... _შენ ახალი იყიდე._ეშმაკურად შემომღიმა._ახალგაზრდა გოგოს, თანაც ქალაქში გასულს ეს ტელეფონი უკვე აღარ შეგშვენის. მე კი მეყოფოდა. გამეცინა. თმა მოვუჩეჩე სიყვარულით. _დავფიქრდები. _დასაფიქრებელი რა არის? მეც ტუზი დამეცემოდა. ჩემს კლასელებს ყველას აქვს ტელეფონი ჩემს გარდა. _კარგი, ხვალ წავიდეთ რაიონში და თუ განვადება გავაკეთე, შენთვისაც გამოვიტან რაიმეს და ჩემთვისაც. _მართლა?_სიხარულისგან გაუფართოვდა ლანას თვალები. მომვარდა და გადამეხვია._ჩემი საყვარელი დაიკო. _კარგი ახლა, კი ნუ მომახრჩობ._ღიმილით ვცდილობდი მის მოგერიებას, რომელიც მკოცნიდა და მკოცნიდა. ******************** საღამოს ნათიამ გამომიარა თავის მამიდაშვილებთან ერთად. ვაკო და ნინი მართლაც ისე შეცვლილიყვნენ, ძლივს ვიცანი. ნინი დაქალებულიყო და გალამაზებულიყო. ვაკოც გამაღლებული და დავაჟკაცებული მეჩვენა. ფეხით გავუყევით სიმინდის ყანისკენ გზას. დაღლა სულაც არ გვიგვრძვნია. გზადაგზა მწიფე მაყვლით ვიტკბარუნებდით პირს. ადგილზე მისულებს მწიფე ატამიც დაგვხვდა და ახლა იმით ჩავიტკბარუნეთ პირი. მერე ყანას შევესიენით ოთხივენი და მოზრდილი ტაროები მოვამტვრიეთ. კარგა ბლომად მოვაქუჩეთ. მერე გზის პირზე კოცონი დავანთეთ და სიმინდის შეწვას შევუდექით. _იფ, იფ, რა გემრიელი სუნია._ხელებს იფშვნეტდა ვაკო და სიამოვნებით იყნოსავდა შემწვარი სიმინდის სასიამოვნო სურნელს. _სიმინდი კი კარგია, მაგრამ კოღოები მკბენენ._წუწუნებდა შეწუხებული ნინი. _მოიცა._ნათიამ ზურგჩანთა გახსნა და არყის ბოთლი დააძრო._მოდი წაგისმევ შიშველ ადგილებზე და სუნზე აღარ მოგეკარებიან. _არყით ავყროლდე?_უარესად აწუწუნდა ნინი. _თუ არ გინდა რომ კოღოებმა დაგკბინონ, უნდა აყროლდე, მეტი გზა არ არის._სიცილით უთხრა ვაკომ. ნინისაც მეტი გზა აღარ ქონდა და კარგად აბანავა ნათიამ არაყში. _არა და დასალევად წამოვიღე._თან არაყს უსმევდა და თან იცინოდა ნათია. _იმდენი დარჩება, გვეყოფა._სიცილით დავამშვიდე მეგობარი. სად იყო, სად არა, გოგლამაც გამოიარა თავისი ჟიგულით. რომ დაგვინახა გაჩერდა და გადმოვიდა. შარვალი მუხლამდე ქონდა აწეული და ფეხშიშველი კარგა გვარიანად ტალახიანი იყო. _საით ყოფილხარ კლასელო?_შეჰღიმა ნათიამ. _სანამ სწავლა დამეწყება აქეთ ვარ და მამაჩემს ვეხმარები ვენახის მორწყვაში. თქვენ?_მე შემომხედა ღიმილით. _ჩვენც აქეთ ვართ დროებით და პიკნიკს ვაწყობთ, დაგვეწვიე შემწვარ სიმინდზე._ნათიამ დარცხვენით გაუღიმა. გოგლას დიდი პატიჟი არ დასჭირვებია. კოცონის შორიახლოს მოზრდილი ქვა მოაგორა და ჩამოჯდა. _ცოტა ტალახიანი კი ვარ._დაიმორცხვა ვაჟმა. _არაუშავს, კი არ უნდა დაგნიშნოთ._გადაიკისკისა ნათიამ, ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში არაყი ჩამოუსხა და მიაწოდა. _არ მინდა, მადლობა, საჭესთან ვარ._დაიმორცხვა გოგლამ._შემწვარ სიმინდს კი სიამოვნებით გეახლებით. _გამომართვი, ფოტოები გადავიღოთ ფეისბუქისთვის და მერე თუ გინდა ნუ დალევ._ძალათი მიაჩეჩა ხელში ჭიქა. მერე მე დამისხა, თავისთვისაც დაისხა და კოცონის ფონზე არყის ჭიქებით ხელში უამრავი ფოტო გადააღებინა ნინის. _მოდი, ამ ჭიქით ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს. ჩვენ გაგვიმარჯოს._თქვა ნათიამ და ერთი ამოსუნთქვით გადაჰკრა არაყი. _ეხლა შენც გოგლასავით არ დაიწყო ვერ დავლევ და ასეთი რაღაცეები._ახლა მე მომიბრუნდა ნათია._ბოლომდე უნდა დაცალო. _არც ვაპირებ უარის თქმას._გავიცინე, ჩვენი შეხვედრის სადღეგრძელო ვთქვი და მეც ბოლომდე გამოვცალე ჭიქა. ვაკომა და ნინიმაც გაუსინჯეს ჭაჭის არაყს გემო. ერთ ჭიქას მეორე მოყცა, მეორეს მესამე და კარგა გვარიანად შევთვერით. მერე ნათიამ გოგლას მანქანაში მაღალ ხმაზე ჩაართვევინა მაგნიტოფონი და უკვე ღამის სიბნელეში ცეკვა დავიწყეთ. ეს ჩვენ ვეძახდით ცეკვას, თორემ შემთვრალები პირველყოფილებივით ვროკავდით კოცონის გარშემო. კარგი დრო გავატარეთ. შემწვარი სიმინდის ჭამით გამურული ტუჩების დანახვაზე ერთმანეთს დავცინოდით. იმხელა ხმაზე ვხარხარებდით, ჩვენი ხმა მგონი სოფლის ბოლომდე აღწევდა. წამოსვლისას ნათიამ გოგლას ღიმილით ჰკითხა: _ხვალ გცალია, ალაზანზე წაგვიყვანო საბანაოდ? მცირეოდენი ფიქრის შემდეგ გოგლა დასთანხმდა, არ არის პრობლემაო. _გენაცვალე ჯიგარში._ უთხრა ნათიამ და გადაეხვია და გადაკოცნა დარცხვენილი ბიჭი. შემთვრალები გოგლამ წამოგვიყვანა თავისი მანქანით და დაგვარიგა სახლებში. ბოლოს მე შემოვრჩი მარტო მის მანქანაში. ჩვენი სახლის ჭიშკართან რომ შეაჩერა, გადასვლა გამიჭირდა. გადმოვიდა და მომეხმარა. _არ მინდა შენი მოხმარება, განა ასეთი მთვრალიც ვარ?_გავაპროტესტე სიცილით და ხელი გავაშვებინე. მთვარის შუქზე ვხედავდი როგორ დარცხვენით მომჩერებოდა გოგლა და მიღიმოდა. ქალური ინტუიციით დიდი ხანია ვხვდებოდი მისი ამ მზერის მიზეზს, თუმცა მე მის მიმართ მეგობრული სიყვარულის გარდა არაფერს ვგრძნობდი და არ ვუთანაგრძნობდი. მალევე დავემშვიდობე, ისეთი არაფერი მითხრას, რასაც შემდგომში ინანებს მეთქი და მაშინვე ეზოში შევედი. ეზოს სიბნელიდან ვხედავდი, რომ კარგა ხანს იდგა უსიტყვოდ, მერე კი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მთელი დღე არ მეცალა გუგაზე საფიქრად, მაგრამ ბალიშზე დავდე თუ არა თავი და თვალები დავხუჭე, მისი სევდიანი თვალები ამომიტივტივდა. არყით ნამთვრალევი თავს ვეღარ ვერეოდი და მის ყოველ მიმიკას, ღიმილს თუ შემოხედვას ნათლად ვხედავდი თვალებდახუჭული. უკვე ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ჩემზე გაცილებით დიდი, თანაც სხვისი ინვალიდი ქმარი წრფელი გულით მიყვარდა. ბალიში დავიმხე სახეზე და ისე ავქვითინდი, რომ ლანას არ გაეგო. ჩემნაირი ცოდვილი არავინ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. საკუთარი თავი მძულდა ჩემი წრფელი სიყვარულის გამო, რომლის უფლებაც არ მქონდა. გონების თვალი გადავავლე მასთან გატარებულ ყოველ წუთს თუ წამს, იმის გახსენება მინდოდა, პირველად როდის შემიყვარდა. კონკრეტული მომენტი ვერ გავიხსენე. პირველი დანახვისთანავე არ მომეწონა, აგრესიული იყო და მაშინებდა, მაგრამ მისი თვალები? მისი სევდიანი თაფლისფერი თვალები თავიდანვე ჩამწვდა გულში. მახსოვს, პირველად რომ გაახილა და გაოცებულმა შემომხედა, როგორ დამაბნია მისმა გამოხედვამ... მერე, საავადმყოფოში მის საწოლზე თავჩამოდებულს რომ მეძინა და ახალგაღვიძებულმა შევხედე, ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში რაღაც ჟრუანტელისმაგვარმა ტალღამ... აი, ლოყაზე რომ ვაკოცე, მაშინ ხომ ლამის გამიჩერდა გული... მისი ღიმილიც თავგზას მაკარგვინებდა. სოფის საყვედურმა გამოიტანა ჩემი გულის სააშკარაოზე ეს სიყვარული, თორემ მანამდე საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი. დავიჯერო, ლალი მართალია და მასაც ვაღელვებ? ნაცრისფერთმიანი გოგონა რომ დავინახე ნახატზე, მაშინვე ამოვიცანი ჩემი თავი, მაგრამ არ მინდოდა ჩემს გულთან ამის აღიარება... მაგრამ ამ სიყვარულის უფლება გვაქვს ან ერთს და ან მეორეს? უარესად ავზლუქუნდი და უფრო ძლიერად დავიჭირე ბალიში სახეზე... დილით რომ ავდექი, თავი მტკიოდა. ან პახმელია ვიყავი, ან მთელი ღამის უძილო და ნამტირალევი რომ ვიყავი იმის ბრალი იყო. თუმცა, ჩემი დანაპირები არ დამვიწყნია, მე და ლანა რაიონში წავედით ტელეფონების განვადებით გამოსატანად. კარგა ხანს გვაყურყუტეს ბანკის წარმომადგენლებმა, იმდენი პროცედურა თუ იყო ჩასატარებელი, არ მეგონა. თუმცა ლოდინად ღირდა, სახლში ახალი ტელეფონებით ხელდამშვენებულები დავბრუნდით. ლანა ისეთი ბედნიერი იყო, სულ მეხვეოდა და მკოცნიდა. მე კი მისი ბედნიერებით ვიყავი ბედნიერი. ის იყო სახლში მოვედით და ვისადილეთ, რომ ნათია და ნინი დამადგნენ თავზე. _კუპალნიკები საჭირო არ არის, შორტები და იმის ჯანი._გამაფრთხილა ნათიამ._ცოტა ჩქარა ჩაიცვი, გოგლა გველოდება. _ლანაც რომ წამოვიდეს?_ისე ვკითხე, აშკარა იყო უეჭველი უნდა წამოსულიყო. _ჩავიჭყუნებით და ჩავეტევით როგორღაც._დამამშვიდა ნათიამ. მერე ლანას მიუბრუნდა._ჩქარა, შენც გამოიცვალე ტანსაცმელი, ნუ ვალოდინებთ ბიჭებს. _ბიჭებს?_გამიკვირდა. _ვაკოს და გოგლას, რა გჭირს? _ააა, მეც არ ვთქვი ვინ ბიჭები... ათი წუთი არ დაგვჭირვებია გამზადებაში. ასე რომ ბიჭებს საყვედური არ უთქვიათ. ვაკოს ლანას დანახვა აშკარად გაუხარდა. თუმცა, ლანას არ შეუმჩნევია არაფერი. ძლივსძლიობით ჩავიჭყუნეთ ოთხნი უკანა სალონში და სიცილ-კისკისით დავიძარით ადგილიდან. გოგლას მზერას რამდენჯერმე წავაწყდი უკანა ხედვის სარკეში. ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარა იყო რომ თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. მისი ეს გამოხედვა მთრგუნავდა. ვცდილობდი ლანას ამოვფარებოდი, რომელიც ნახევრად კალთაში მეჯდა. კიდევ კარგი მალე მივედით და დიდხანს მგზავრობა არ დაგვჭირვებია, თორემ ცალკე გოგლას მზერა მაწუხებდა და ცალკე დაბუჟებული სხეული. ნათიას მითითებით მართლაც მშვენიერ ადგილზე მივედით: წყალი ღრმა იყო, დინება არ იყო ჩქარი და რაც ყველაზე სასიხარულო იყო, კაციშვილი არ ჭაჭანებდა ჩვენს გარდა. ბიჭებმა მაშინვე დაიხადეს ტანსაცმელი და დგაფუნით შეცვივდნენ წყალში. ნათიაც მათ მიჰყვათ სიცილ-კისკისით. მე, ლანა და ნინი კი ვერ ვბედავდით შესვლას. ნინისი არ ვიცი, მაგრამ მე და ლანამ კი ცურვა არ ვიცოდით. _რისთვის წამოხვედით თუ წყალში არ შემოხვალთ?_ნათიამ გამოგვძახა წყლის შუაგულიდან. _ჭუჭყიანი წყალია._იუკადრისა ნინიმ. ნათიას გაეცინა. _ამაზე სუფთაა ზღვაზე რომ დადიხარ? ლანამ გაბედა და წელამდე შევიდა წყალში. მე, კი, შემაღლებულ ადგილზე დავჯექი და მხოლოდ ფეხები ჩავყავი ყინულივით ცივ წყალში. ვაკო აშკარად თავს აწონებდა ჩემს უმცროს დას, რომელიც რატომღაც ყურადღებას სულაც არ აქცევდა. გოგლა ჩემს შორიახლოს დაცურავდა. ბოლოს გაბედა ჩემთან ახლოს მოსვლა და იქიდანვე ამოვიდა წყლიდან. მისი თითქმის შიშველი სხეულის დანახვაზე შემრცხვა. წამოვდექი და გაცლა დავაპირე. _შენ რატომ არ ჩამოდიხარ წყალში?_მკითხა და დაჟინებით მომაშტერდა. _იმიტომ რომ ცურვა არ ვიცი._ისე ვუთხარი, არც შემიხედია და გამოვტრიალდი. მოულოდნელად ნათია დამეტაკა და ბოლო ხმაზე აკივლებული წყალში გადამაგდო. სანამ წყალში ჩავვარდებოდი გოგლას შეშფოთებული ხმა შემომესმა. _რას შვრები, ცურვა არ იცის! ჩავვარდი თუ არა, წამებში ვიღაც მომყვა უკან. წყალში ჩაყურყუმელავებამდე შევძელი სუნთქვის შეკავება. თუმცა, სანამ ისევ ზედაპირზე ამოვტივტივდებოდი, მაინც ვყლაპე ალაზნის წყალი. საცოდავად აფართხალებულს სულზე მომისწრო გოგლამ, ცალი ხელი წელზე მომხვია და მეორე ენერგიულად გამოუსვა წყლის ზედაპირზე. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მაინც გამომიყვანა სამშვიდობოს. _კარგად ხარ?_მაშინვე მომვარდა შეშინებული ლანა. _კი, დაწყნარდი. _არ ვიცოდი თუ ცურვა არ იცოდი, ბოდიში რა._ახლა ნათია მომვარდა შეშფოთებული. _არაუშავს, მაგრამ სხვა დროს ასე აღარ მოექცე არავის. მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კინოკადრებივით ჩამირბინა თვალწინ._გაღიმებას შევეცადე, რომ თავისი ნამოქმედარით შეშინებული ნათია დამემშვიდებინა. _მართლა ბოდიში რა._მეხვეოდა და მკოცნიდა სერიოზულად გულგახეთქილი გოგო. არც გოგლა ჩანდა ნათიაზე ნაკლებად შეშინებული. ისეთი თვალებით მიმზერდა, ვერ ვუსწორებდი თვალს. ცალკე მისი სიშიშვლე მერიდებოდა. სველი ტანსაცმელი შეძლებისდაგვარად შემოვიწურე, მაგრამ მაინც მეკვროდა სხეულზე და ეს ცალკე მერიდებოდა. მრცხვენოდა ბიჭების. მართალია, ვაკო არაფრად აგდებდა, მაგრამ გოგლა მჭამდა თვალებით. საცოდავად მობუზული ჩამოვჯექი ქვაზე მზის გულზე და გაშრობას დაველოდე. _ხომ კარგად ხარ?_შეშფოთება ვიგრძენი გოგლას ხმაში, რომელიც თავს არ მანებებდა რაც წყლიდან ამომიყვანა. _კი, არაფერია. მადლობა, ჩემს გამო საფრთხეში რომ ჩაიგდე თავი._წამიერად შევხედე თვალებში და ისევ მოვარიდე მზერა. _შემეშინდა... მეგონა დაგკარგე..._წაილუღლუღა ისე, რომ მარტო მე გამეგო. გაოცებულმა შევხედე. ჩემს მზერაზე ჭარხალივით გაწითლდა. უხერხულობის დასაფარავად თავის შარვალს დასწვდა და ამოიცვა. ცოტა რომ შევშრი, წამოვდექი. _სახლში წავიდეთ რა._ვთქვი და პირდაპირ მანქანისკენ გავეშურე. ნინი და ლანა მაშინვე მომყვნენ უკან. ვაკომაც ჩაიცვა ტანსაცმელი და ისიც წამოვიდა. ნათია გოგლას დაელოდა და ერთად წამოვიდნენ. არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ნათია აშკარად შეწუხებული ჩანდა. სახლში მისვლისთანავე გავაფრთხილე ლანა, რომ დღევანდელ შემთხვევაზე დედ-მამასთან არაფერი წამოსცდენოდა. მართალია მაშინვე არა, მაგრამ მაინც დამთანხმდა. მადლიერების ნიშნად ფეისბუქ გვერდი გავუხსენი და ძალიან გაუხარდა. მეც მოვიცალე ჩემი ფეისბუქისთვის და ახალი ტელეფონით ახალი ფოტოებიც ავტვირთე. კარგა ხანს ვიბოდიალე ინტერნეტში. მერე, სულმა წამძლია და გუგას პროფილი პირველად დავათვალიერე. ახალი არაფერი ქონდა დამატებული. ძველ ფოტოებს გადავავლე თვალი. სად აღარ ქონდათ გადაღებული. სოფის გვერდით უზომოდ ბედნიერი ჩანდა. ფოტოების უმრავლესობაში ერთმანეთს ეხვეოდნენ და გულწრფელად იღიმოდნენ. კოცნის სელფებიც უხვად ქონდათ გადაღებული. გული დამიმძიმდა. თვალცრემლიანმა დიდხანს ვუყურე გუგას ბედნიერ სახეს. აშკარად ჩანდა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მე მართლაც რომ მურმანის ეკალი გამოვდიოდი. ამიტომ, ბევრი ტირილის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყვეტილება მივიღე, თუ გოგლა გაბედავდა და სიყვარულში გამომიტყდებოდა, დავთანხმდებოდი. მას გავყვებოდი ცოლად, გავუჩენდი შვილებს და გუგას სამუდამოდ დავივიწყებდი. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა გუგას ნომერი შავ სიაში შევიყვანე, რომ აღარასდროს დაერეკა და მისი ხმის გაგონებისთანავე არ ამშლოდა მასზე ფიქრები. მერე ეზოში გავედი და გუგაზე ფიქრისთვის თავი რომ დამეღწია, დედაჩემი კიტრის მარინადს აკეთებდა და იმას წავახმარე ხელი. მინის ქილები ღიღინით დავრეცხე და მზეზე დავაპირქვავე გასაშრობად. მერე საჭირო ინგრედიენტებიც გადავარჩიე და საგულდაგულოდ გავრეცხე. _დანარჩენს მე მივხედავ. კარგი გოგო ხარ._მადლიერმა დედაჩემმა შუბლზე მაკოცა. გამიხარდა დედის შექება. რაც თბილისში წავედი და იქ დავიწყე ცხოვრება, მას შემდეგ ამჟღავნებსდა ჩემს მიმართ ასეთ სიყვარულს. განა არ ვუყვარდით შვილები, მაგრამ მას თავისი პრინციპები და აღზრდის მეთოდი ქონდაა. ღიად არასდროს აღიარებდა, რომ ვუყვარდით. ყოველთვის მკაცრად გვექცეოდა. ღამღამობით შემოდიოდა ჩვენს ოთახში და მხოლოდ მძინარეებს გვკოცნიდა, გვეფერებოდა და გვლოცავდა... საღამოს ნათია მესტუმრა. ისეთი მოწყენილი ჩანდა, არ მომეწონა. _მოხდა რამე?_შეშფოთებულმა შევეკითხე და ძალით ჩამოვსვი კომშის ქვეშ გრძელ სკამზე. ხმა არ გამცა. ვატყობდი ცრემლებს ძლივს იკავებდა. შემეშინდა. _ბოლოსდაბოლოს, არ იტყვი რა მოხდა?_ცოტა სიმკაცრე გავურიე ხმაში და შევაჯანჯღარე. _მე ვინც მიყვარს, იმას სხვა უყვარს._როგორც იქნა ამოღერღა და ცრემლებიც წამოსცვივდა. _რაა?_გავიოცე._არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა. მართლაც და, წლებია ვმეგობრობდით და არასდროს უხსენებია თავისი შეყვარებული. _რა იცი რომ სხვა უყვარს? იქნებ შენ გეჩვენება?_შევეცადე დამემშვიდებინა ატირებული გოგო. _ვიცი... ისეთი თვალებით უყურებს მას, ჩემთვის არასდროს შემოუხედია მასე. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. გონების თვალი გადავავლე მის ახლო-მახლო მყოფ ბიჭებს და ვერავისზე მივიტანე ეჭვი, ვისზეც სავარაუდოდ შეყვარებული იქნებოდა ჩვენი ნათია. _კარგი, დამშვიდდი. ყველაფერს მუქ ფერებში ნუ უყურებ. იქნებ გეჩვენება? ხშირად ბიჭებს სრცხვენიათ თავისი გრძნობების გამჟღავნების და ამიტომ მალავენ. არ მჯერა, რომ ვინმეს არ უყვარხარ. _იმას ნამდვილად არა ვინც მე მიყვარს._უფრო უმატა ტირილს ნათიამ. _კარგი დაწყნარდი. წამოდი ბაღჩაში გავიდეთ, თორემ დედაჩემი დაგინახავს. ნათია უსიტყვოდ დაყვა ჩემს ნებას. სახლს რომ ცოტა მოვშორდით, მოულოდნელად შემომიბრუნდა და პირდაპირ მკითხა. _შენც გიყვარს? დავიბენი. ვერ მივხვდი რას ან ვის გულისხმობდა. ან რაში აინტერისებდა ახლა ჩემი სიყვარულის ისტორია... _გულახდილად მითხარი, შენს დებს გაფიცებ, გოგლა გიყვარს?_ისეთი თვალებით მომაშტერდა, ვერ გავუძელი მის მზერას. _თუ გიყვარს, გაგიგებ... მაგრამ გამიჭირდება. _გეფიცები, მართლა არ მიყვარს მეგობრული სიყვარულის გარდა. ძმასავით ვუყურებ._გულწრფელად ვაღიარე. ჯერ ეჭვით მიყურა აცრემლებულმა. მერე ალბათ მიხვდა, რომ სიმართლეს ვეუბნებოდი და სიხარულით გადამეხვია. გაოგნებული ვიდექი და ხმას ვეღარ ვიღებდი. ბედი რომ არ გექნება კაცს, რა გინდა გააკეთო? იქით გუგას სიყვარულში რომ არ შევცილებოდი სოფის, გოგლაზე დავიწყე ფიქრი და აღმოჩნდა, რომ ჩემს ბავშვობის მეგობარს ვეცილებოდი აქეთ სიყვარულში. კიდევ კარგი ნათიამ თავის დროზე გამიმხილა ყველაფერი და ჩემი გადაწყვეტილება სისრულეში არ მოვიყვანე. გვიან რომ გამეგო და გოგლას ცოლად გავყოლოდი, მერე? მადლობა ღმერთო, გამოუსწორებელი შეცდომა რომ არ დამაშვებინე. _კარგი, დამშვიდდი. არც მე მიყვარს და არ მგონია მასაც ვუყვარდე. რამეს მაინც ხომ მეტყოდა? _შენ წეღან ტყუილად არ თქვი, ბიჭებს ხანდახან სრცხვენით თავიაანთი გრძნობის გამჟღავნებისო. ვერ გიბედავს. დავიჯერო შენ ვერაფერს ამჩნევ? _რაღაც ეჭვები კი გამიჩნდა ამ ბოლო დროს, მაგრამ გეფიცები, მე არ მიყვარს. _ეჭვები დიდი ხანია მაქვს, რომ შენ უყვარხარ, მაგრამ დღეს დავრწმუნდი ალაზანზე... მართლა არ მატყუებ და არ გიყვარს?_ისევ მომაშტერდა დაჟინებით. _გეფიცები, არ მიყვარს. როგორ დაგაჯერო? _მაპატიე, ეჭვი რომ შემეპარა შენში._ისევ გადამეხვია ნათია. _კარგი, გეყო, დედაჩემი დაგვინახავს და რამეს იეჭვებს. წამოდი სახლში, ყავა დავლიოთ. _არ მინდა, მადლობა. ჯობია წავიდე. ხვალ გნახავ. _დილაზე შვიდი საათისთვის მივდივარ თბილისში, რომ სამსახურშიც მოვასწრო მისვლა. _უი, ცუდია... მაგრამ არაუშავს, კიდევ შევხვდებით სადმე._გადამკოცნა და გაიქცა. უარესად გულდამძიმებული შევედი სახლში. გიგამ ცოლი მოიყვანა, გუგა ცოლიანია, გოგლა სხვას უყვარს... ასეთი უიღბლო რატომ ვარ ნეტა სიყვარულის ამბავში? საჩემოდ თავისუფალი კაცის პოვნა რატო გამიჭირდა?.. ******************** დილით მაღვიძარას დავასწარი გაღვიძება. ტელეფონი რომ შევამოწმე, გუგას ნარეკები იყო. უფრო ზუსტად, რეკვის მცდელობა და გული ამიჩქარდა. იქვე შეტყობინებაც იყო. კარგა ხანს ვერ გავბედე მისი გახსნა და წაკითხვა. წაუკითხავად ვაპირებდი წაშლას, მაგრამ... "გირეკავ და ვერ გიკავშირდები. მივხვდი, შავ სიაში გყავარ. ალბათ გაქვს მიზეზი, რის გამოც მექცევი ასე. არაფერს გსაყვედურობ. ახლა ამ შეტყობინებას გწერ და არ ვიცი მოაღწევს თუ არა შენამდე. ძალიან მენატრები. ვერ წარმოიდგენ როგორ მჭირდები." გული მომეწურა. უთვალავჯერ გადავიკითხე თვალცრემლიანმა. მეც მენატრებოდა ტკივილამდე და მეც მჭირდებოდა უსაშველოდ, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მქონდა. მართალია, სიგიჟემდე მიყვარდა და ამ სიყვარულს ვერ ვუმკლავდებოდი ვერანაირად, მაგრამ ცოლიან კაცს არასოდეს ავეკიდებოდი... ჩვენებს თვალცრემლიანი დავემშვიდობე. გაჩერებამდე ლანამ გამაცილა. დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი. მთელი გზა ყურსასმენები მქონდა მორგებული და სევდიან სიმღერებს ვუსმენდი. ისე ჩავედი თბილისში, არ გამიგია. სახლში ჩემი ბარგი შევიტანე და იქიდან პირდაპირ სამსახურში წავედი. ასე არასდროს გამჭირვებია სახლის დალაგება. თუმცა მაინც ვაიძულე თავი ყველაფერი ძირისძირობამდე დამელაგებინ-დამესუფთავებინა. საღამოს სახლში მიმავალს დეა გადამეყარა. გაუხარდა ჩემი დანახვა. გადამეხვია და გადამკოცნა. მეც გულწრფელად გამიხარდა მისი ნახვა. _ჩვენთან რატომ აღარ მოდიხარ?_ხელკავი გამომდო და ისე განვაგრძეთ გზა. _რა ვიცი, ვეღარ ვიცლი._უსინდისოდ ვიცრუე და თვალი მოვარიდე._ბიძაშენი როგორაა?_ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავისუსე. _ერთი პერიოდი კარგად იყო. ახლა ისევ ისეა: აღარც ჭამს, აღარც წამლებს სვამს... ეგ კი არა და პროფესორმა მეორე ოპერაცია სჭირდებაო და ეს კიდევ სასტიკ უარზეა, მაინც აზრი არა აქვსო._ცრემლიანი თვალებით შემომხედა._შენ მაინც გიჯერებდა. იქნებ ამოხვიდე და დაელაპარაკო? _სოფი?_წავილუღლუღე ჩემთვის. _ბიცოლაჩემი წავიდა. არ ვიცი რაზე იჩხუბეს. მაგრამ ეტყობა სერიოზული ჩხუბი ქონდათ, თორემ ეგენი სულ ჩხუბობდნენ. ეს ორი დღეა რაც აიკრა გუდა ნაბადი და გაიქცა. თითქოს სისხლი გამეყინა ძარღვებში. _ამას ცალკე განიცდის. განადგურებულია... მოკლეთ, ვერაფერს ვშველით. იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს? ახლა კი ტკბილეულზე გამომაგზავნა და საყიდლად ჩამოვედი, მაგრამ მაინც ამოდი გთხოვ. _სახლში ვინმე არის?_ვკითხე შეშფოთებულმა. _არა, ბებია ჯერ არ მოსულა. _ვაიმე!_ერთი ეს შევყვირე და გავიქეცი. დეაც უკან მომყვა სირბილით. _რა მოხდა? _მაშინაც ასე გამომისტუმრა წამლები რომ დალია... _სამართებელი გამომართვა, ფანქარს წვერი უნდა გავუთალოვო._იკივლა დეამ და გადამასწრო. სულ სირბილით ავიარეთ კიბის საფეხურები. ბინაში გიჟებივით შევცვივდით. ოთახის კარებთან წამით შევყოვნდი, მეშინოდა შიგნით შესვლის. როგორც იქნა შევხსენი კარები და იქვე ჩავიკეცე. თეთრი ზეწარი მუქ ალუბლისფრად იყო შეღებილი. გუგას უსიცოცხლო თვალები ჭერისთვის მიეპყრო და ერთ ადგილს მისჩერებოდა. ისევ ისეთი თმააბურძგნილი და წვერგაუპარსავი იყო. თავს მოვერიე და გული გავიმაგრე. დეამ ერთი შეჰკივლა ამ სურათის დანახვაზე და გული წაუვიდა. პირველ რიგში 112-ზე დავრეკე. მერე დეა მოვაბრუნე. გუგას მივუახლოვდი, საძილე არტერია შევუმოწმე, სუსტად ფეთქავდა. _ჯერ ისევ ცოცხალია, ნუ გეშინია._მივუბრუნდი შიშისგან გაფითრებულ დეას._ რამე მომიტანე რომ ჭრილობა გადავუხვიო და სისხლი შევუჩერო. გოგონა მაშინვე დაფაცურდა, ბინტი მალევე იპოვა და მომირბენინა. ჭრილობის ქვემოთ მჭიდროდ გადავახვიე სტერილური ბინტი, ღრმა ჭრილობაზე, საიდანაც სისხლი მდორედ და თანაბარ ნაკადად მოედინებოდა, შედარებით მსუბუქად, ჭრილობას გავცდი თუ არა ისევ მჭიდროდ გადავუხვიე. სასწრაფოს ბრიგადაც მალე მოვიდა. მე ისევ გუგას გავყევი სასწრაფოს მანქანით. დეა სახლში დარჩა, ბებიას დაელოდა. მოულოდნელად ლალი გამახსენდა, სისხლის მარაგის შესავსებათ უეჭველი დაგვჭირდებოდა და მაშინვე დავურეკე. _გუგამ ისევ ვენები გადაიჭრა, ბევრი სისხლი დაკარგა და შეგიძლია მოხვიდე?_ტირილით ძლივს მოვაბი სათქმელს თავი. _რას ამბობ, მართლა?_შევატყე ლალიც ატირდა._ახლავე მოვალ, მისამართი მითხარი. მისამართი ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე ტელეფონი. გუგა ისევ უგონო მდგომარეობაში იყო. ექიმებმა საკაცით რომ გადაიყვანეს მანქანიდან და შენობაში შეიყვანეს მახსოვს. მერე ყველაფერს ბინდი გადაეკრა. შორიდან მესმოდა ჩემს გარშემო ხმაური. ვიგრძენი როგორ მომეკვეთა მუხლი და ძირს მოწყვეტით დავეცი. მერე აღარ მახსოვს არაფერი... გონზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, თეთრხალათიანი ექიმები დამტრიალებდნენ თავს. სასთუმალთან დეა მეჯდა თვალცრემლიანი და ჩემი ხელი ეჭირა. _გუგა როგორ არის?_შეშფოთებულმა ვიკითხე და წამოჯდომა დავაპირე. _იყავით, არ ადგეთ._მკაცრად გამაფრთხილა ექიმმა. _საოპერაციოში შეიყვანეს, ჭრილობას უკერავენ. ლალიც აქ არის და სისხლს უღებენ. ბებიაც მოვიდა... სულზე მივუსწარით, კარგად იქნებაო._შემომღიმა თვალცრემლიანმა დეამ. _მართლა?_თითქოს არ დამეჯერა მისი ნათქვამი. _კი, კარგად იქნება. უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა და ძალიან სუსტადაა. გამოვა მდგომარეობიდან, ნუ გეშინიათ._დამამშვიდა ექიმმაც. ექიმებმა ნება რომ დამრთეს და პალატიდან გამოვედი, მაშინვე საოპერაციოს მივაშურე. ქალბატონი დარინა და ლალი გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთს ამშვიდებდნენ. მაშინვე მათთან მივედი და ჩავიმუხლე. _კარგად იქნებაო ექიმმა. ნუ ტირით._ცრემლები ხელსახოცით შევუმშრალე გულმოკლულ დედას. _მარტო თავის თავზე ფიქრობს და ჩემზე საერთოდ არა... როგორ უნდა ვიცხოვრო უმაგისოდ, მაგაზე თუ ფიქრობს ოდესმე?.. ერთი შვილი უკვე დავკარგე და მეორის დაკარგვას ვეღარ გადავიტან._ტირილისგან დასიებული თვალებით შემომხედა საცოდავმა ქალმა. _ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავთ, არ მოგიწევთ მის გარეშე ცხოვრება._შევეცადე დამემშვიდებინა, თუმცა მეც ეჭვი მეპარებოდა ჩემს სიტყვებში. ექიმი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, სამივენი ერთდროულად წამოვდექით. _პირველადი დახმარება დროულად და ზუსტად აქვს ჩატარებული. ვინც ნახვევი დაადო, იცოდა თავისი საქმე._გამოსვლისთანავე გვითხრა ექიმმა. _ნახვევი ამან დაადო._დეამ მაშინვე ჩემზე ანიშნა მამაკაცს. _ყოჩაღ._შემაქო ექიმმა._ხშირ შემთხვევაში არასწორი ნახვევის დადების შედეგად კიდურის ამპუტაცია ხდება ხოლმე საჭირო... ვენა ბოლომდე გადაჭრილი არ იყო და მისი ძებნა არ დაგვჭირვებია. ნაკერები დავადეთ. სისხლსაც ვუსხავთ. მალე გონზეც მოვა. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. ექიმის სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა. თუმცა, მაინც აღელვებული ვიყავი და მთლიანად მიკანკალებდა ხელ-ფეხი. ნახვის უფლება რიგრიგობით მოგვცეს. პირველი დარინა შევიდა. კარგა ხანს დაჰყო რეანიმაციაში და იქიდან უფრო ნამტირალევი გამოვიდა. მერე დეა შევუშვი და სულ ბოლოს მე. მუხლების კანკალით გადავაბიჯე ზღურბლს. წელს ზემოთ შიშველი იწვა. ერთ დროს ნავარჯიშებელი სხეული უმოძრაოდ ედო. ფრთხილად მივუახლოვდი ცრემლმორეული. შუბლზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადავუწიე. ისეთი ცივი და გაყინული იყო შევკრთი. წვერმოშვებულ სახეზე თითებით მოვეფერე. _არ მოკვდე, გთხოვ..._ძლივს ამოვილუღლუღე. ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი და ერთი ცრემლი გუგას დაეწვეთა შუბლზე. დავინახე როგორ შეეჭმუხნა შუბლი. მერე თავისი გრძელი, ხშირი წამწამები შეარხია და ნელ-ნელა გაახილა თვალები. თაფლისფერი სევდიანი თვალების შემონათებაზე ლამის გული გამიჩერდა. _სამოთხეში ვარ?_ჩურჩულით მკითხა. გამიხარდა გონზე რომ მოვიდა, გაუცნობიერებლად დავიხარე და წვერმოშვებულ ლოყაზე ვაკოცე. მერე მის ლოყას მივეხუტე ჩემი ლოყით და კარგა ხანს ვიყავი ასე. _ნაღდად სამოთხეში ვარ._გაღიმება სცადა. _მადლობა ღმერთს, გადარჩი._ამის თქმა მოვახერხე და სიხარულისგან ავტირდი. _ეს უკვე მეორედ, საიქიოდან დაბრუნებული ვახელ თუ არა თვალს, შენ გხედავ... ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ ნამდვილად._მითხრა და თავზე გადამისვა ხელი. კარგა ხანს ვიყავით ასე ჩახუტებულები. ექთანი რომ შემოვიდა, შემრცხვა და ავდექი. ექთანს ექიმებიც შემოყვნენ და მე გარეთ მომიწია გამოსვლა. _რა მოხდა?_დეა მაშინვე მომვარდა ექიმების დანახვაზე შეშფოთებული. ქალბატონი დარინა კი შიშით მიმზერდა ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. _გონზე მოვიდა, ყველაფერი კარგადაა._ვთქვი და სიხარულით გადავეხვიე დეას. _მადლობა ღმერთს._პირჯვარი გადაიწერა ქალბატონმა დარინამ და ლოცვა წამოიწყო ჩურჩულით. ******************** გუგასთან საავადმყოფოში დარინა დარჩა. მე, დეა და ლალი კი, უკვე რიჟრაჟი იყო, ტაქსით რომ წამოვედით სახლში. ჯერ დეა ჩამოვსვით და მერე მე და ლალი. _დღეს დარინამ რომ თქვა ერთი შვილი უკვე დავკარგეო, რამე იცი ამის შესახებ?_ოთახში შესვლისთანავე ვკითხე ლალის. _არ იცოდი?_გაუკვირდა ლალის,_დეას მამაც ავარიაში მოყვა და ისე დაიღუპა. _უი, საწყალი ქალი, რამდენი ტანჯვა გადახდენია თავს... მართლა არ ვიცოდი. გუგას მამა? რამდენი ხანია მაგ ოჯახს ვიცნობ და არასდროს მინახია. _ის ისრაელშია წასული. მუშაობს. ამბობენ, ვითომ სხვა ცოლ-შვილი ყავს იქ. _დეას დედა? არც ის მინახია არასდროს. _გაბრიელი გუგას გამო მოხდა ავარიაში და არ ელაპარაკება, დღემდე ქმრის სიკვდილში ადანაშაულებს. _დეა რომ მოდის ბიძასთან?_გამიკვირდა. _მერე რა? თვითონ მარიკა არ ელაპარაკება გუგას. _როგორი მძიმე ოჯახური მდგომარეობა ჰქონიათ. ყოჩაღ ქალბატონ დარინას, მაინც ადვილად უმკლავდება ყველაფერს. _გაბრიელისგან შვილიშვილი მაინც ყავს. გუგა რომ მოკვდეს, თან გაყვება საწყალი. მართლა ვერ გადაიტანს. _მართლაც რომ ვერ გადაიტანს._თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე და საწოლზე მოვიკეცე. მთელი ღამის უძილოს მინდოდა ცოტა მაინც გამომეძინა, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. გუგაზე ვფიქრობდი. მადლობა ღმერთს რომ გადარჩა, თორემ არც მე ვიქნებოდი დარინაზე ნაკლებ დღეში. ვერ ვიტყვი, მასზე მეტად მეტკინებოდა მისი დაკარგვა, მაგრამ მე ჩემებურად ვიდარდებდი. ჩემგან განსხვავებით ლალიმ მოახერხა დაძინება. მე ისევ ავდექი და სამზარეულოში გავედი. დაძინებას ისევ გამოფხიზლება ვარჩიე, სამსახურში რომ არ მომწყვეტოდა კისერი და ძლიერი ყავა გავიკეთე. სანამ ყავას ვსვავდი ნებიერად, თან ფეისბუქში შევძვერი და სიახლეებს გადავავლე თვალი. ლანას ალაზანზე გადაღებული ფოტოები აეტვირთა. _ეს გოგო გადამრევს._გავბრაზდი და ჩემთვის ავბუტბუტდი._ეს რა საქვეყნოდ გამოსაჭენებელი ფოტოებია... მოკლეთ რაა... ნათიასაც დაედო სიმინდის ყანაში გადაღებული ფოტოები. ჩვენი კოცონის გარშემო როკვა და არყის სმაც. _რამ გადარია ეს ხალხი, ყველაფერი ფეისბუქზე რომ არ ატვირთონ არ შეიძლება?_ახლა ნათიაზე გავბრაზდი. თუმცა, იმდენი მოწონება და კომენტარი ქონდა, ძალიანაც რომ მეჩხუბა, მაინც არ წაშლიდა. ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ მეც ვყავდი მონიშნული. ბოლოს, ისე გავერთე სოციალურ ქსელში, რომ სამსახურში წასვლის დრო ისე მომეპარა, ვერც კი გავიგე. ლალი გავაღვიძე, სამსახურში არ დაგვიანებოდა და მე ჩემს სამსახურს მივაშურე. საღამომდე ძლივს მოვახერხე სახლის დალაგება. იქიდან პირდაპირ საავადმყოფოში გავიქეცი. არ ვიცი, მე უფრო გამიხარდა გუგას დანახვა თუ მას ჩემი. ცოტა ფერი დაბრუნებოდა სახეზე და უკეთესად გამოიყურებოდა. _როგორ ხართ?_ვკითხე და მორიდებით მივუახლოვდი. _უკვე კარგად._გაიცინა და თეთრი ქათქათა კბილები გამოაჩინა._შენ როგორ ხარ? რაღაც დაღლილი მეჩვენები. _ხო, დავიღალე._გულწრფელად ვაღიარე და მეც გამეცინა. _მოდი, ჩამოჯექი._თავის საწოლზე მანიშნა. მორიდებით მივუახლოვდი და გვერდით ჩამოვუჯექი. _მადლობა, ჩემზე რომ ზრუნავ._ჩემი ხელი თავის ხელში მოიმწყვდია და თვალებში ჩამხედა. ვიგრძენი, როგორ თანდათანობით ამიჩუხჩუხდა ძარღვებში სისხლი. გულმაც გამალებით დაიწყო ძგერა. მისი დაჟინებული მზერა ჟრუანტელს მგვრიდა და მუცელშიც სასიამოვნოდ ფარფატებდა რაღაც. ჩვენი იდილია პალატაში შემოსულმა შავებში ჩაცმულმა ლამაზმა ქალმა დაარღვია. საწოლიდან დარცხვენილი წამოვდექი, იქვე შორიახლოს დავდექი და ინტერესით შევხედე უცნობ ქალს. _მაპატიე..._ძლივს ამოილუღლუღა ქალმა და გუგას საწოლს მღელვარედ მიუახლოვდა._გაბროს სიკვდილში რომ გადანაშაულებდი._შენც კარგად დაიტანჯე..._საწოლზე ჩამოუჯდა და გუგას გადაეხვია ტირილით._მე თუ ქმარი დავკარგე, შენ ხომ ძმა დაკარგე? არც შენ იტანჯებოდი ნაკლებად... _საპატიებელი არაფერი გჭირს._გუგამ თავისუფალი ხელი ზურგზე დაადო ატირებულ ქალს._მე შენზე სულაც არ ვბრაზობ. რას მებოდიშები? _მაპატიე._კიდევ ერთხელ თქვა ქალმა და ატირდა. _გინდა რომ მეც ამატირო?_თითქოს გაუწყრა გუგა._მორჩი ტირილს. _ეგოიზმმა დამაბრმავა. ვგიჟდებოდი შენ რომ გადარჩი და გაბრო მოკვდა. მართლა მაპატიე... _ასეთ გადარჩენას კი ჯობდა მეც მოვმკვდარიყავი. გული ამიჩუყდა და ცრემლი მომერია. _სისულელეს ნუ ამბობ._გაუწყრა ქალი._ცოცხალი ხარ, გესმის და ხედავ. ფეხზე დადგომასაც შეძლებ. იმედი არ უნდა გადაიწურო._ქალი წამოიმართა, წელში გასწორდა და მხოლოდ ახლა შემამჩნია. გუგამ მისი გაოცებული მზერა რომ დაიჭირა, ჩემი თავი წარუდგინა: _ეს ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარია, ჯუნა. ეს კი,_ახლა მე მომიბრუნდა._ ჩემი ძმის ცოლია მარიკა, დეას დედა. _სასიამოვნოა._გავუღიმე ცოტა ეჭვით მომზირალ ქალს. კარგა ხანს შევყურებდით ერთმანეთს უსიტყვოდ. უხერხულობისგან დაძაბული უაზროდ ვიწვალებდი თმის ბოლოებს. ეს უხერხულობა დაძლეული არ მქონდა, რომ ახლა სოფი შემოიჭრა პალატაში და ქმარს მივარდა სასოწარკვეთილი. _როგორ ხარ ძვირფასო?_მის სასთუმალთან ჩაიმუხლა და ქმარს ტირილით ჩაეხუტა. თან კოცნიდა და ეფერებოდა. გუგას სოფის დანახვაზე აშკარად შეეცვალა სახე. არ მინდოდა ოჯახური სცენების მომსწრე გავმხდარიყავი და ამიტომ მაშინვე გამოვედი დერეფანში. მადლობა ღმერთს სოფიმ ვერც კი შემნიშნა. არც მინდოდა რომ შევენიშნე. ძალიანაც არ მინდოდა გუგასთან დაუმშვიდობებლად წასვლა, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა? შენობიდან რომ გავდიოდი, გიგას შევეჩეხე კარში. აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა. ერთი კი შევხედე და ჩემი გზა განვაგრძე. სწრაფად ჩავირბინე ხუთი თუ ექვსი საფეხური, ავტომანქანების სადგური გადავჭერი და მეტროსკენ დაუყევი თავდაღმართს. _რას გარბიხარ, ძლივს დაგეწიე._გიგა გადამეღობა წინ._შენ გამარჯობის თქმა არ გასწავლეს? _გამატარე._გაავებულმა გვერდი ვუქციე და გზის გაგრძელება დავაპირე. მკლავში მომკიდა ხელი და შემაჩერა. _ვერ ვხვდები რა დაგიშავე, რატომ მარიდებ თავს? ირონიული ღიმილით შევხედე ზღვისფერ თვალებში, ერთ დროს მართლაც რომ მიბნევდნენ თავ-გზას. _მართლა ვერ ხვდები რა დამიშავე? ცოლიანი კაცი ჩემთან შეხვედრებს რომ განაგრძობდი, ვითომ ეს დანაშაული არაა?_ხელის გაშვებინება მინდოდა, მაგრამ ისე ძლიერ ქონდა ჩაჭიდებული ვერ გავაშვებინე._გამიშვებ თუ ვიყვირო? _იყვირე რა._ირონიულად გაიღიმა._იმედი გაქვს, ვინმე საშველად გამოიქცევა? _გამიშვი, მეტკინა._გაბრაზებულმა ისევ გავიბრძოლე. _ნუ ფართხალებ. ვერ ხვდები რომ მიყვარხარ._დაიხარა და ისე ახლოს მომიტანა სახე, მის გახშირებულ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. _გამიშვი._სასოწარკვეთა ვიგრძენი ჩემს ხმაში და გავბრაზდი. არ მინდოდა გიგასთვის ჩემი სისუსტე დამენახვებინა. _ნუ სარგებლობ იმით, რომ მიყვარხარ. _გიყვარვარ?_გამეცინა._თუ გიყვარვარ, ლიზიკო რატოა შენი ცოლი და არა მე? _აი, თურმე რაში ყოფილა საქმე, ქალს ჩემი ცოლობა გდომებია და მიტომ მიბრაზდები? გავბრაზდი. ხელზე დავწვდი, ვუკბინე და გავაშვებინე. _შენი ცოლობა ერთ დროს შეიძლება მართლაც მინდოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა, თვალები მალე ამიხილე!_მივახალე და გზა განვაგრძე. გიგა ისევ გადამიდგა წინ. _სერიოზულად?_ისეთი თვალებით მიყურებდა, შემეშინდა. _მეჩქარება, შენთვის არ მცალია._ისევ გავიწიე. მოულოდნელად გიგამ მკლავებში მომიქცია და შუა ქუჩაში, ამდენი ხალხის თანდასწრებით გახელებული მეძგერა და მაკოცა. ერთ დროს ღამეებს ვათენებდი მისი კოცნის ნატვრაში, მაგრამ ახლა? სიბრაზის მეტი არაფერი მიგვრძვნია მისი ცხელი ტუჩების შეხებისას. უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე, გავიბრძოლე, თავი გავინთავისუფლე და მადიანი სილა გავაწანი. _საზიზღარო, ვერ გიტან!_მივაძახე, ხელით მისი ნაკოცნი ტუჩები მოვიწმინდე და ლამის სირბილით წავედი მეტროს შესასვლელისკენ. სანამ შენობაში შევიდოდი, ვიტრინაში მის ანარეკლს მოვკარი თვალი, ერთ ადგილზე რომ იყო გაშეშებული და მე მომჩერებოდა. ექსკალატორზე შევდექი თუ არა, ჩანთიდან სველი ხელსახოცი ამოვიღე და ტუჩები გამწარებულმა მოვიწმინდე. სიბრაზისგან და ზიზღისგან ცრემლი მომერია. რა დღე გამითენდა ამისთანა? იქ სოფის გამოვერიდე და აქ კი უარესს გადავაწყდი. ტირილი მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. მატარებლის ვაგონში ისე შევედი და ჩამოვჯექი სკამზე, გვერდით მჯდომისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. _ჯუნა? ვიღაცის აღტაცებული ხმა რომ გავიგე, მხოლოდ მაშინ შევხედე. მაიკო იყო, რომელიც მაშინვე გადამეხვია. _როგორ მომენატრე გოგო. სად დაიკარგე, ეგრე უნდა? რატო ერთხელ მაინც აღარ გამოგვიარე? მეც გულწრფელად გამიხარდა მაიკოს ნახვა. ისე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, მთელი ვაგონი ჩვენ გვიყურებდა. ხვევნა კოცნით გული რომ ვიჯერეთ, ლაპარაკზე გადავედით. _საით ხარ? რას საქმიანობ?_მკითხა მაიკომ. _რა ვიცი, ხან სად ხან სად. შენ როგორ ხარ, რას შვრები? _მე და დედაჩემი წამოვედით ლიზიკოსგან... როგორც გავიგე ნინოც გამოექცა. _უი, რატო? _გამიკვირდა. _კარგი ქალი როა იმიტომ._გამიცინა._გაცილებით უკეთესად ვართ რესტორანში. დედაჩემი მზარეულია, მე მისი დამხმარე. _მართლა? რა კარგია. _ხო... როცა გეცლება, შემოგვიარე._კიდევ ერთხელ მაკოცა და ადგა._ჩემი გაჩერებაა. გამიხარდა შენი ნახვა. _მეც._მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და სანამ კარი დაიხურებოდა ხვლიკივით გაძვრა გარეთ. მართლა გამიხარდა მისი ნახვა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ არასდროს გამხსენებია, მითუმეტეს რომ ნომერი მქონდა და შემეძლო ნებისმიერ დროს დამერეკა. საღამოს, ლალი რომ მოვიდა სახლში, თავი მოვიმძინარე. მთელი დღის შთაბეჭდილებებით დაღლილს არავისთან საუბრის თავი არ მქონდა და მითუმეტეს ჩემი შერლოკ ჰოლმსისა. კედლისკენ გადაბრუნებული გასუსული ვიწექი და ყურს ვუგდებდი, როგორ ფრთხილად დადიოდა ოთახში, რომ მე არ გავეღვიძებინე. შუქი რომ ჩააქრო და დაწვა, მაშინ ვინებე და გავახილე თვალები. ისევ გიგაზე ვფიქრობდი. როგორ გამიბედა კოცნა? ასეთი საზიზღარი და სულმდაბალი რომ იყო, რატო თავიდანვე ვერ ვამჩნევდი?.. ეტყობა, გუგას სანახავად იყო საავადმყოფოში მისული. მე რომ დამინახა, გამომყვა. ეგ მე თავს ასე ადვილად არ დამანებებდა და როგორ მოვქცეულიყავი, იმაზე დავიწყე ფიქრი. მართლაც რომ საზიზღარი იყო, კიდევ ერთხელ მოვიწმინდე გამწარებულმა ტუჩები. არა და, მართლაც რამდენს ვოცნებობდი მის კოცნაზე?!. ღამეებსაც კი ვათენებდი მის უბრალო შემოხედვაზე. არაფრად მაგდებდა. ახლა რა შეიცვალა ვითომ? არც ისეთი ლამაზი ვიყავი, რომ გადარეული და დაფეთებული ყოფილიყო. ჩემზე ლამაზი გოგოები სხვები არსებობდნენ. რაღაც ამოჩემებული ვყავდი უკვე... **************************** მეორე დღეს თავისუფალი ვიყავი, მაგრამ საავადმყოფოში მაინც არ წავსულვარ. იმ დღეს სახლში წერდნენ და დარწმუნებული ვიყავი, სოფიც იქ იქნებოდა. იქნებ, შერიგდნენ კიდეც და მე ხომ არ დავანგრევდი მათ ქორწინებას? არა და მთელი დღე ნერვიულად ვცემდი ოთახში ბოლთას. თვალწინ მედგა ქმრის სასთუმალთან ჩამუხლული შეშფოთებული ქალი, რომელიც სიყვარულით ეფერებოდა და კოცნიდა ქმარს და სიმართლე ვთქვა, ვეჭვიანობდი. ვეჭვიანობდი ქალზე, რომელიც ჩემი საყვარელი მამაკაცის ცოლი იყო... საღამოს, ლალი რომ მოვიდა სახლში, ახალი ამბები მომიტანა. ჩემდა სამწუხაროდ, სოფი დაბრუნებია გუგას. ყელში მოწოლილი ბოღმა მახრჩობდა. არ მინდოდა ლალის შეემჩნია და მოძალებულ ცრემლებს დიდი ძალისხმევით ვიკავებდი. ბედად, ნათიამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. გამიხარდა, გარეთ გასვლის საშუალება რომ მომეცა. მაშინვე ავიღე ტელეფონი და დანიშნულ ადგილს სულ სირბილით მივაშურე. გზაში გემრიელად გამოვიტირე ყველა ჩემი დარდი და ბოღმა. ნათიამ მაშინვე შემატყო ნამტირალევი რომ ვიყავი და მისვლისთანევე შეშფოთებულმა მკითხა. _რა მოხდა გოგო? ხომ მშვიდობაა?_თან მხრებში ჩამაფრინდა ქორივით. _არაფერია, დაწყნარდი, რაღაც უბრალო წვრილმანია. _უბრალო წვრილმანზე შენ რომ არ იცი ტირილი?_ეჭვით შემომხედა. _ყველაფერი კარგადაა, არაფერი მჭირს. შენ ის მითხარი რისთვის დამიბარე?_ცოტა უხეშად ვკითხე და სკვერის განაპირა სკამზე ჩამოვჯექი. თვითონაც გვერდით მომიჯდა. ერთხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. ეტყობოდა უჭირდა იმის თქმა, რასაც აპირებდა. ბოლოს, როგორც იქნა გაბედა და წამოიწყო. _იცი, ბევრი ვიფიქრე... მაშინ, ცუდად გამომივიდა. გოგლას შენ უყვარხარ, ისეთი თვალებით მე არასდროს შემომხედავს, როგორი თვალებითაც შენ გიყურებს. იქნებ, შენც გიყვარს, ან მოგწონს. არ მინდა ჩემს გამო ბედნიერებაზე თქვა უარი. არ მოგატყუებ, გამიჭირდება. თუმცა თქვენს უბედურებაზე ჩემი ბედნიერების აგება არ მინდა... _რა სისულელეა?_შევაწყვეტინე._მე ხომ გითხარი, რომ არ მიყვარს? ძმასავით ვუყურებ. ვერც კი წარმომიდგენია მისი ცოლი ვიყო. შენ თუ მართლა გიყვარს, იბრძოლე შენი ბედნიერებისთვის. ჯერ ერთი, არაფერი უთქვია გოგლას ჩემთვის და გინდაც მითხრას, მე არ მიყვარს. არ ვაპირებ იმას გავყვე ცოლად, ვინც არ მიყვარს... ნათია გულმოდგინედ მისმენდა. რა აზრები უტრიალებდა თავში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვატყობდი, რომ უნდობლად მიმზერდა. _თუ მარტო ამაზე სალაპარაკოდ გამომიყვანე, მე ჩემი უკვე გითხარი. რა დაგიფიცო რომ დამიჯერო? მართლა არ მჭირდება შენი გოგლა. იმდენს ნუ იზავ მაგ შენი ეჭვიანობითა და უნდობლობით, ჩვენი თორმეტწლიანი მეგობრობა ერთი ხელის მოსმით დაანგრიო._ვუთხარი და წამოვდექი. _მაპატიე._მაშინვე ხელში მწვდა და ისევ დამსვა._ნუ გამიბრაზდები, თავგზა ისე მაქვს აბნეული, კი ვეღარ ვტვინავ, რეებს ვბოდავ._მხარზე მომხვია ხელი და ჩამეხუტა._მარტო ჩემს პრობლემებს გახვევ თავს. არა და, აშკარაა რაღაც გაწუხებს. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? შეგიძლია მენდო. გულიდან ამოიღე და მოგეშვება. მოულოდნელად ცრემლები წამსკდა და ავქვითინდი. ნათია უფრო მჭიდროდ მომეხუტა. _დაწყნარდი, ნუ ტირი. ყველაფერს ეშველება. გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. მგონი ეს შენი სიტყვებია და რატო თვითონ არ ითვალისწინებ? რა ხდება შენს თავს არ მეტყვი? _ერთმა პიროვნებამ, რომელიც ასე ვთქვათ სულერთი არ არის ჩემთვის, სცადა._სლუკუნით ვუთხარი და ისევ გავჩუმდი. _მერე?_შეშფოთებულმა ნათიამ თვალებში ჩამხედა._გადარჩა? _კი._დავუქნიე თავი. _მერე რა გატირებს? _მგონი ცოლს შეურიგდა... ნათიამ გაოცებით შემომხედა. თქმით კი არაფერი უთქვია. _და კიდევ, ინვალიდია, მგონი ვერც ვერასდროს გაივლის ფეხზე._ვთქვი და თავი ხელებში ჩავრგე. უარესად ავტირდი. _მოიცა, გუგაზე ლაპარაკობ? ტირილი მაშინვე შევწყვიტე და გაოცებულმა შევხედე. _ვაკოს ნათლიაა გუგა, ავარიაში მოყვა და ხერხემალი დაუზიანდა. მისი ძმა დაიღუპა. დედა ტრავმატოლოგიის განყოფილების უფროსია. ცოლი ყავს სოფი. მაგას დაშორებული იყო? არ გამიგია. ვინანე, რომ ნათიას გული გადავუშალე. _გუგა გიყვარს?_გაოცებული მომაშტერდა._აბა შენ ყოფილხარ ჩემზე უარეს დღეში._თანაგრძნობით მომხვია მხარზე ხელი და თავი თავზე მომადო. _მე წავალ, თუ სხვა საქმე აღარ გაქვს. დასვენება მჭირდება, ხვალ სამსახურში მივდივარ._ხელი გავაშვებინე და წამოვდექი. _კარგი, არ დაგაკავებ. დავემშვიდობე ნათიას და უკანმოუხედავად გადავჭერი ქუჩა. მართლაც რომ პატარაა ეს სამყარო. გუგა ვაკოს ნათლიაა? გაოგნებული მივაბიჯებდი უკვე ლამპიონებით განათებულ ქუჩას. სახლში მისვლა არ მინდოდა და უმისამართოდ დავხეტიალობდი ხალხით გადაჭედილ ქუჩებში. აშკარა იყო, გუგა მიყვარდა. თუმცა ამ სიყვარულს მომავალი არ ქონდა. ჯერ ერთი, ინვალიდი იყო და მეორე, რაც ყველაზე მტკივნეული იყო ჩემთვის: სხვისი ქმარი იყო... ერთი კვირა რის ვაი ვაგლახით გადავაგორე. გუგასთან სანახავად არ წავსულვარ. მის ზარებსაც არ ვპასუხობდი. ლალისაც ვერიდებოდი, რომ გუგას ამბები არ გამეგო. მოკლეთ, ჩემს ნაჭუჭში ჩავიკეტე და გარშემო რა ხდებოდა არ მინდოდა გამეგო. ერთ მშვენიერ საღამოს, სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი სახლში, ქალბატონმა დარინამ შემიჩერა მანქანა. _ჯუნა!_ჩაწეული მინიდან გამომძახა,_მოდი ჩაჯექი. დედის ტოლა ქალს მეორედ ხომ არ დავაძახნინებდი და გვერდით მივუჯექი. თუმცა სულ არ მქონდა მასთან შეხვედრის სურვილი. ზრდილობიანი მოკითხვების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქალი. _ერთი ოპერაცია კიდევ სჭირდება გუგას. სასტიკ უარზეა, არ გავიკეთებო. დარწმუნებული ვარ დადგება ფეხზე. რატომ ამბობს უარს არ ვიცი. ხმისამოუღებლად მივჩერებოდი ქალს, რომელიც ნაძალადევი სიმშვიდით მიყვებოდა ამ ყველაფერს. _შენ გენდობა. შენთან თითქმის ყველა თემაზე საუბრობს. მინდა რომ ერთი ამოსვლა ამოხვიდე და დაელაპარაკო, იქნებ გამირკვიო რატომ არის ამ ოპერაციის წინააღმდეგი? ხმისამოუღებლად შევყურებდი ქალს, რომელიც შვილის გადასარჩენად ყველაფერზე იყო წამსვლელი. _იცით, რატომღაც ზედმეტად გადამეტებულად აფასებთ ჩემს შესაძლებლობებს._მორიდებით შევხედე თაფლისფერ თვალებში._არც მასეთი ყოვლისშემძლე ვარ, როგორც გგონიათ. _მე კი ერთს გეტყვი, რომ შენ ჯეროვნად არ აფასებ შენს შესაძლებლობებს._უკანა სავარძელს გადასწვდა და იქიდან რუხი ფერის საქაღალდე გადმომაწოდა._აი, ნახე და მერე მიხვდები, რატომაც ვამყარებ შენზე იმედებს. კარგა ხანს ვუყურებდი გუგას საიდუმლო საქაღალდეს. ერთი ხმა მეუბნებოდა გამომერთმია და ჩამეხედა შიგ, მეორე კი მეწინააღმდეგებოდა. გუგას ქონდა უფლება საიდუმლოდ შეენახა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. _გამომართვი, შენთვის წამოვიღე. _არ მინდა. ეს თქვენი შვილის საიდუმლოა და არ ღირს მის სულში ხელების ფათური. _უმრავლესობა დახია და გადაყარა. არ ვიცი შემდეგში რა იქნება. ვფიქრობ, სანამ დროა მივიღოთ ზომები. გთხოვ, ერთი ამოსვლა ამოდი და დაელაპარაკე. _სოფი? ის ვერ დაელაპარაკება?_მორიდებით ვკითხე._ის ხომ მისი მეუღლეა? _ეეჰ, შვილო... სოფი ჩემი დიდი შეცდომაა._ამოიოხრა._თუ გინდა რომ შვილები ბედნიერები გყავდნენ, არასდროს ჩაერიო მათ ცხოვრებაში... ოცდაათ წელს რომ გადასცდა ჩემი შვილი და ისევ დასანიშნი დადიოდა, მე გავაცანი სოფი, ჩემი თანამშრომლის გოგოა. მე შევუწყე ხელი, რომ დაქორწინებულიყვნენ. ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. სიყვარული რომ ქონოდათ ერთმანეთის, ამ პრობლემას უმტკივნეულოდ გადაიტანდნენ. ვერც სოფის ვამტყუნებ. ისე შეიცვალა ჩემი შვილი, მე თვითონ ვეღარ ვცნობ. სოფი კიდევ, ახალგაზრდა და ლამაზი გოგოა. ბუნებრივი მოთხოვნილებები თავისას შვრება... სამი თვის შეუღლებულები არიან. უბრალოდ, იმაში ვამტყუნებ, თუ არ უნდა, გაშორდეს ქმარს, არავინ აიძულებს ისევ მის გვერდით ყოფნას. ასე ხომ ერთმანეთს სტანჯავენ? ხმა არ ამომიღია. მორიდებით გამოვართვი საქაღალდე, რომელიც ისევ ჩემსკენ ქონდა გამოწვდილი და ვატყობდი, როგორ უკანკალებდა მღელვარებისგან ხელი. კარგა ხანს უხმოდ ვისხედით. ვერ ვბედავდი საქაღალდის გახსნას. მერე მოულოდნელად დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი. დარინასაც აღარ უთქვია არაფერი. ნელა დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა. გუგას საიდუმლო საქაღალდე ხელს მიწვავდა. გუმანით ვხვდებოდი შიგ რა დამხვდებოდა და ალბათ ამის გამო არ მინდოდა მისი გახსნა. სახლში რომ ავედი, ლალის უკვე ეძინა. შუქი არ ამინთია. ფრთხილად შევიპარე საპირფარეშოში, უნიტაზზე ჩამოვჯექი, საქაღალდე მუხლებზე დავიდე და აჩქარებული გულით დავყურებდი. ვერ ვბედავდი მის გახსნას და ნახვას. ბოლოს, ხელების კანკალით შევხსენი ბაფთა და ნელ-ნელა გადავშალე. ჩემი მოლოდინი გამართლდა. შავ-თეთრში შესრულებულმა ჩემმა პორტრეტმა შემომცინა. გული უარესად ამიჩქარდა. იმან გამაოცა, რომ ასე სიზუსტით და ლამაზად იყო ჩემი პორტრეტი ნამუშევარი. მერე იმან ამაღელვა, რომ რადგან მხატავდა, ჰქონდა ამის მიზეზი და ეს მიზეზი სიყვარული თუ არა, უბრალო მოწონება მაინც იყო. ახლა მეორე ნახატი ვნახე. იქაც მე ვიყავი, ოღონდ მოწყენილი სახით... მოკლეთ, ყველა ჩემი მიმიკა ქონდა აღბეჭდილი: სიხარული, ბედნიერება, შიში, გაოცება... ის მომენტიც კი აღებეჭდა, საწოლზე თავჩამოდებულს რომ მეძინა. ეტყობა მართლა ანადგურებდა ამ ნახატებს, ფურცლები დაჭმუჭნილი იყო. "მეც რა უკუდო ვირზე შევჯექი, რატომ აღარ მივედი სანახავად? მე ხომ ვიტანჯავ და ვიტანჯავ თავს და მას უარესად ვსტანჯავ. სოფის გამო ვიხევ უკან, თუმცა როგორც აღმოჩნდა ისე არ ყოფილა საქმე, როგორც მეგონა. მაგრამ... კიდევაც დავიხევ უკან, ჯერ ხომ ისევ მისი ცოლია და რა უფლებით მოვინახულო სხვისი ქმარი? რა მიზეზით მივიდე სანახავად?" _რას შვრები მაგისთანას?_კარზე მომიკაკუნა ლალიმ._ერთი საათია მანდ ზიხარ, ცუდად ხარ? _არა, გამოვდივარ._დავამშვიდე შეშფოთებული მეგობარი, ცრემლები მოვიწმინდე და გავედი საპირფარეშოდან. ლალიმ ეჭვით შემათვალიერა. საქაღალდე რომ შემნიშნა, ხელიდან გამომგლიჯა. _ეს რაღაა? სანამ რამეს ვეტყოდი, შუქი აანთო, საწოლზე მოკალათდა ფეხმორთხმით და გადაშალა. ერთ ხანს უხმოდ ათვალიერა აღტაცებულმა. _ეს საიდან გაქვს?_ისე მკითხა ნახატებისთვის თვალი არ მოუშორებია. _ქალბატონმა დარინამ მომცა. მთხოვა, ამოდი და დაელაპარაკე, ოპერაციაზე დაითანხმეო. იმედი აქვს, ეს ოპერაცია ფეხზე დააყენებს. _ხო და შენც რას ჯიუტობ, წადი და დაელაპარაკე, იქნებ დაგიჯეროს? არ გინდა ბიჭმა ფეხზე გაიაროს? _როგორ არა, ყველაზე მეტად ეგ მინდა, მაგრამ... _მაგრამ აღარ უნდა მაგას. დილით მე რომ წავალ სამსახურში, შენც გამომყვები. ადამიანს სიცოცხლისკენ რომ შემოაბრუნებ და თვითმკვლელობაზე აღარ იფიქრებს, მაგაზე მეტი მადლი რა არის? ცხოვრება ასეთია, ერთი საქმის გამოსასწორებლად მეორე შეცდომა უნდა დაუშვა. შენ სოფის რას უყურებ? მას სულაც არ ადარდებს თავისი ქმარი. რატომ გგონია, რომ ცოდვად ჩაგეთვლება სხვისი ქმრის გადარჩენა? ლალის სიტყვებმა დამაფიქრა. მომეჩვენა, რომ გოგო მართალი იყო. ან, უბრალოდ მინდოდა რომ მართალი ყოფილიყო და გადავწყვიტე, გათენდებოდა თუ არა წავსულიყავი გუგას სანახავად. ******************** ყოველთვის ასე ვარ: როცა ვღელავ და ვდარდობ, ან როცა რაღაც მიხარია და უზომოდ ბედნიერი ვარ, როცა მომავალ დღეს იმედით შევყურებ, ყოველთვის მიკრთება ძილი. იმაზე ფიქრში, თუ როგორ შემხვდებოდა გუგა და როგორ მიიღებდა სოფი ჩემს გამოჩენას, მოსვენება დამიკარგა და წუთითაც ვერ მოვხუჭე თვალი. საწოლში დასვენების მაგიერ უფრო დავიღალე. ერთი სული მქონდა გათენებულიყო და ავმდგარიყავი. ხო და, ირიჟრაჟა თუ არა, წამოვხტი და პერანგისამარა მივაშურე სამზარეულოს. ძლიერი ყავა მოვიდუღე, მაგიდას მივუჯექი და ნება-ნება დავლიე. ლალი რომ ადგა, გაუკვირდა. _შენ რა, წუხელ არ გეძინა? უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. _განა შენ აღარ გჭირდება ექიმი? სად ჩაგდის ამდენი უძილობა? გუგას ამბები მოამთავრე და ერთი მისვლა მიდი ნერვაპათალოგთან. _გეშინია ქვების სროლა არ დავიწყო მომავალში?_გამეცინა. _შენ ხუმრობ, მაგრამ ნერვიულ სისტემაზე ძალიან მოქმედებს უძილობა. ღამე იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაიძინო და დაასვენო სხეულიც , ტვინიც და გონებაც. _შენ ამდენი განათლება საიდან?_ღიმილით წამოვდექი და ისედაც აჩეჩილი თმა უარესად მოვუჩეჩე ფილოსოფად გცეულ შერლოკ ჰოლმსს. აბაზანაში შევედი. სიმხნევისთვის გრილი შხაპი მივიღე და გუგასთან შესახვედრად დავიწყე მზადება. ლალიც გაემზადა და ორივემ დავტოვეთ ბინა. გუგას სანახავად ლალიც შემომყვა. ქალბატონ დარინას გაუხარდა ჩვენი დანახვა. გუგას ეძინა. _წუხელ ვერ დაიძინა და გამთენიისას ჩაეძინა._თითქოს მოგვიბოდიშა._სანამ სძინავს ჩვენ ყავა მივირთვათ._მისაღებში შეგვიძღვა და თვითონ სამზარეულოში გავიდა. მე დაძაბული ველოდებოდი სოფის გამოჩენას. მინდოდა მზად ვყოფილიყავი თავდაცვისთვის, მაგრამ სოფი არსად ჩანდა. ქალბატონი დარინა ლანგრით ხელში დაბრუნდა, რომელზეც სურნელოვანი ყავით სავსე ფინჯნები და ტკბილეულით სავსე ვაზა ედგა. ლანგარი მინის მაგიდაზე ფრთხილად დადო და თვითონაც დივანზე ჩამოჯდა ჩვენს გვერდით. _ამ ბოლო დროს ისევ აურია: აღარც ჭამს, აღარც წამლებს სვამს... მშვენივრად ხატავდა და ისიც აღარ აინტერესებს. არ ვიცი, ბოლო დროს ძალიან აგრესიული გახდა. სოფისთანაც პრობლემები აქვს. არც ის უთმობს არაფერს და ჭამენ ერთმანეთს. ოპერაციაზე მაინც რომ დავითანხმოთ, კარგი იქნება. არა და სასტიკ უარზეა. _ოპერაცია უშველის?_მორიდებით ვკითხე. _უბრალო ოპერაციაზე არ მაქვს საუბარი. საქართველოში არც კეთდება. მართალია ძვირი ჯდება, მაგრამ რას დავეძებ? ყველაფრის გაყიდვა რომ მომიწიოს, გავყიდი._ცრემლი მოერია დარინას თვალზე._რა ჯანდაბად მინდა ქონება, თუ კი ჩემი შვილი ჯანმრთელი არ მეყოლება? _რა თქვით რა ოპერაციააო?_დაინტერესდა ლალი. ყავის ფინჯანს გადასწვდა თან და აიღო. _ამას ხერხემლის სერიოზული დაზიანება აქვს. ტვინიდან გაგზავნილი სიგნალები კუნთებამდე ვეღარ აღწევს და ამიტომ პარალიზებურია. არსებობს ასეთი მოწყობილობა, ნეირონული იმპლანტი, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩადებული. ეს მოწყობილობა კი ზურგის ტვინში იმპლანტირდება და დაზიანებულ ნერვებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ოპერაციის შედეგად დადგება ფეხზე და გაივლის. არ ვიცი, რატო არ უნდა. _შეიძლება იმედგაცრუების ეშინია._ჩემი აზრი გამოვთქვი და მეც გადავწვდი ჩემს ფინჯანს. _გარანტია ასი პროცენტი არსებობს, რომ გაივლის. _დაველაპარაკოთ, იქნებ დავითანხმოთ. არ უნდა ფეხზე დადგომა?_ლალიმ გაკვირვებით შეხედა დარინას. _ალბათ ხარჯებს ერიდება._ისევ მორიდებით გამოვთქვი ჩემი აზრი._საქართველოში არ კეთდება ეგ ოპერაციაო, საზღვარზე გადასვლა, პლიუს ასეთი სერიოზული ოპერაცია, დარწმუნებული ვარ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. _თანხას არ დავეძებ. ყველაფერს გავყიდი, ქუჩაშიც რომ დავრჩე ჩემს შვილს მაინც დავაყენებ ფეხზე. მთავარია თვითონ გამოთქვას სურვილი და დამთანხმდეს ოპერაციის გაკეთებაზე. წუთიერი დუმილი ჩამოვარდა, რომელსაც კედლის საათის მონოტორიული ხმა არღვევდა. იმის გააზრებამ, რომ გუგა შეიძლება ფეხზე დამდგარიყო, სიხარულით ამავსო. _თუ შევძელით და დავითანხმეთ, ოპერაციას როდისთვის დაგეგმავთ?_ვიკითხე მღელვარედ და პასუხის მოლოდინში მივაშტერდი დადარდიანებულ ქალს. _მთავარია თანხმობა განაცხადოს და ერთ კვირაში მოვაგვარებ ყველაფერს... მოულოდნელად ქალბატონ დარინას სამსახურიდან დაურეკეს და გამოიძახეს განსაკუთრებული შემთხვევის გამო. ლაპარაკს რომ მორჩა და ტელეფონი გათიშა, საწყალობელი მზერით შემომხედა. მივხვდი, გუგასთან დარჩენას მთხოვდა საღამომდე და მეც სიხარულით დავთანხმდი. სასწრაფო წესით გამოიცვალა და სამსახურში წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ლალიც გავიდა თავის აღსაზრდელთან და მე ისევ მარტო დავრჩი ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ მამაკაცთან ერთად. მისაღებიდან მის ოთახში გადავინაცვლე. იგივე სურათი დამხვდა, როგორიც პირველ დღეს: წვერმოშვებული და თმააბურძგნილი გუგა მშვიდად იწვა თვალდახუჭული და ყურსასმენებში მუსიკებს მაღალ ხმაზე უსმენდა. ვერ მივხვდი ეძინა თუ უბრალოდ მაჩვენებდა თავს. მის სასთუმალთან დაყუდებული გულისფანცქალით შევყურებდი. ისეთი მშვიდი და უწყინარი ჩანდა, სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი, შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამეწია და მეკოცნა... თუმცა, მაცდურ სურვილს ვაჟკაცურად მოვერიე, იქვე ახლოს მდგარ სავარძელში თათარივით მოვიკეცე და ახლა იქიდან დავუწყე ყურება. ოპერაციაზე რომ დავიყოლიო და ფეხზე მართლა გაიაროს, რა ბედნიერება იქნება... თვალნათლივ წარმოვიდგინე კიდეც ფეხზე დამდგარი და გული სიამით ამევსო... კარგა ხანს შევყურებდი სიყვარულით. მერე, მთელი ღამის უძილოს, ძილი ქურდივით მომეპარა და სავარძელში ემბრიონის პოზაში მოკეცილს გემოზე მიმეძინა. დაახლოებით ერთი საათი მაინც მეძინა. სხეული მთლიანად რომ დამიბუჟდა, იმან შემაწუხა და გამომეღვიძა. თვალი გავახილე თუ არა, გუგას თაფლისფერ თვალებს წავაწყდი, რომელიც მშვიდი გამომეტყველებით მომჩერებოდა. გული ამიჩქარდა. შემრცხვა. მუხლს ზემოთ აწეული კაბა ჩამოვიწიე, დაბუჟებული ფეხები ძირს ჩამოვდგი და ძლივს წამოვდექი. _როგორ ხართ?_ღიმილით ვკითხე. თან ფეხშიშველი მივუახლოვდი. _როგორც მხედავ._ისეთი ხმით მითხრა, მივხვდი გაბრაზებული იყო. შევცბი. თუმცა მაინც მივუახლოვდი და საწოლზე ჩამოვუჯექი. _აქ რას აკეთებ?_ისე მკითხა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. _სანახავად შემოგიარეთ. _სიბრალულის გამო ნუ მოხვალ... არავისი სიბრალული არ მჭირდება, მითუმეტეს შენი. _გეფიცებით, სიბრალულის გამო მართლა არ მოვსულვარ. _აბა, დარინამ გაიძულა? უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე, თან თვალი არ მომიშორებია მისთვის. _გინდა დამაჯერო, რომ მეგობრული ვიზიტებით მოდიხარ?_ირონიულად გაეღიმა. _დაუჯერებელი რა არის ამაში?_მეწყინა მისი უნდობლობა._რატომ იფიქრეთ, რომ სიბრალულის გამო მოვედი აქ? _როცა უკიდურეს ზღვარზე ვარ, ან როცა სიკვდილს ვებრძვი, მხოლოდ მაშინ მოდიხარ და ეს საკმარისი არ არის?_წყენით შემომხედა._სხვა დროს ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობ და ახლა აქ მიზიხარ. სხვა რა უნდა ვიფიქრო? _მაპატიეთ, თქვენ ზარებს რომ არ ვპასუხობდი. მიზეზი მქონდა._ყელში მოწოლილი ბურთი უკან ჩავაბრუნე. _დღეს რა მიზეზი გაქვს აქ რომ ხარ?_მითხრა და დაჟინებით მომაშტერდა თავისი გამჭოლი მზერით. _უბრალოდ... მომენატრეთ._დარცხვენილმა ძლივს გავუსწორე თვალი თვალში. ისევ ირონიულად გაიღიმა. _არ გშიათ?_ვუთხარი და საწოლიდან ავდექი._მე ძალიან მომშივდა, წავალ რამეს ვნახავ სამზარეულოში. _მე არ მშია. შენ ჭამე რაც გინდა, აქ არ შემომიტანო არაფერი._მკაცრად გამომიცხადა. ორი ნაბიჯი არ მგონდა გადადგმული, რომ ფეხი რაღაცას დავადგი და საშინლად მეტკინა. _ვაი!_ ერთი კი შევყვირე და ისევ გუგას საწოლზე ჩამოვჯექი. ფეხი შევიმოწმე, მინის ნამტვტევი მქონდა შერჭმული. _რა მოგივიდა?_შეშფოთებულმა წამოჯდომა სცადა. იდაყვებს დაეყრდნო და ცოტათი წამოიწია. _მინა შემერჭო._ვთქვი და ამოღებას შევეცადე. _ხელი არ ახლო. კომოდთან მიდი როგორმე და სპირტი ან ქაფური ნახე. იოდი და ბამბაც მომიტანე. იქვე ბინტიც იქნება. დაგიმუშავებ. მომერიდა, მაგრამ ისეთი თვალებით მიმზერდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. ასკინკილათი მივედი კომოდთან. ყველაფერი ვნახე რაც მითხრა და ისევ გუგას საწოლზე დავბრუნდი. ცოტა მოშორებით ჩამოვუჯექი და მორიდებით გავუწოდე ფეხი. მისი ხელის შეხებაზე სასიამოვნოდ გამცრა ტანში. გულიც გამალებით ამიძგერდა. ისე ამომაძრო მინა, ტკივილი არ მიგვრძვნია. სპირტი რომ დამასხა, მაშინ კი დამეწვა, ერთი ვაი დავიძახე და ინსტიქტურად გამოვწიე ფეხი უკან, მაგრამ ძლიერად დამიჭირა და სული შემიბერა. ისე ახლოს მიიტანა ჩემი ფეხი სახესთან, ლამის მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი. სიამოვნებისგან ტაომ დამაყარა და მთელ სხეულზე ბუსუსები ამიშალა. ჩემს დაჟინებულ მზერაზე თვითონაც გამომხედა. წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. ლამის გული გამიჩერდა. დავიბენი, დარცხვენილმა თვალი ვეღარ გავუსწორე და ფანჯარაში გავიხედე, უაზროდ დავიწყე იქით ყურება. გუგამ მონდომებით დამიმუშავა ჭრილობა. ბოლოს ბინტით გადამიხვია და ხელი გამიშვა. წამოვდექი, სისხლიანი და იოდიანი ბამბები წამოვკრიფე, კოჭლობით გავედი სამზარეულოში, ნაგვის ურნას ადვილად მივაგენი და ჩავყარე. იქიდან აბაზანაში გამოვკანკალდი, ტაშტი და წყალი გამოვიტანე და გუგას ჩემი სისხლით მოსვრილი ხელები დავაბანინე. ტაშტი რომ გავიტანე, მერე ისევ გუგასთან დავბრუნდი და სავარძელში ჩავჯექი. _შიმშილმა გადაგიარა?_ისე მკითხა, გამჭოლი მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. _არა._თავი გავუქნიე. _მერე, რატომ არ ჭამ?_გაუკვირდა. _მესაფლავე კი არ ვარ მარტომ ვჭამო. თქვენ არ გინდათ და იძულებული ვარ მეც მოვითმინო. ერთ ხანს უხმოდ მიყურა თავისი სევდიანი თაფლისფერი თვალებით. _ვინუჟდენში მაგდებ, რომ მეც მაჭამო?_ცოტა წყენა იგრძნობოდა მის ხმაში. _სულაც არა. უბრალოდ მართლა არ შემიძლია მარტო ჭამა, თანაც უცხო სახლში. _კარგი, პამიდორი იქნება და ის მომიტანე._მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დამთანხმდა._ შენც აქ ჭამე ოღონდ რომ დაგინახო არ მატყუებ. _ისედაც მასე ვაპირებდი._გავუღიმე და სამზარეულოში კოჭლობით გავედი. პომიდორი მართლაც იყო მაცივარში. ფაიფურის ღრმა ჯამში სალათა დავჭერი ბევრი რეჰანით, ზეთიც მოვასხი და გუგასთან დავბრუნდი. მუცელზე ჩაის ტილო გადავუფარე და სუფრაც გავუწყვე. მე სავარძელში მოვკალათდი და იქ შევექეცი გემრიელად პომიდვრის სალათას. თან გუგასკენ გამირბოდა მზერა, რომელიც ცოტა უნდილად, მაგრამ მაინც ჭამდა. ქალბატონი დარინა წუხდა, რომ საჭმელი კარგა ხანია არ უჭამიაო და მიხაროდა. ნადიმს რომ მოვრჩით, სამზარეულოში გავზიდე ჭურჭელი, დავრეცხე ბარემ და ისევ გუგასთან დავბრუნდი. _ხომ არ ჩამერთა?_მისი საწოლის მოპირდაპირე კედელზე ჩამოკიდებულ პლაზმურ ტელევიზორზე ვანიშნე. მხრები აიჩეჩა. მისი ეს ჟესტი თანხმობად ჩავთვალე და მაშინვე ჩავრთე. სავარძელი ისე მივაბრუნე, რომ ტელევიზორისთვის მეყურებინა და მოხერხებულად მოვკალათდი. არხები ვარჩიე, ვარჩიე და ბოლოს რომელიღაც არხზე მხატვრული ფილმი "ცდუნება" იწყებოდა ანჯელინა ჯოლისა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით. მიყვარს ეს მსახიობები. მივხვდი, რომ კარგი ფილმი იქნებოდა და იმ არხზე დავტოვე. ფილმის სიუჟეტი მართლაც რომ მშვენიერი და ასე ვთქვათ ჩახლართული იყო. სიამოვნებით ვუყურებდი. სხვათაშორის გუგაც ინტერესით მისჩერებოდა. ცოლ-ქმრის ვნებიანი კოცნის სცენაზე შემრცხვა. მივხვდი რომ გავწითლდი. გუგასკენ არ გამიხედია, წამოვდექი და სამზარეულოში გავედი, ვითომ წყალი მწყუროდა. სვენებ-სვენებით დავლიე ცივი წყალი. ცოტა ვიდროვე, როცა ვიფიქრე რომ მორჩებოდა, ისევ უკან დავბრუნდი, მაგრამ უარესად გავწითლდი, ისეთი თამამი ეროტიული სცენა იყო, დავიბენი, რა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი. გუგა ტელევიზორს არც კი უყურებდა, მე მომჩერებოდა გაკვირვებული. ისევ სამზარეულოში გავტრიალდი. კარგა ხანს დავყავი იქ და უკვე ისეთ დროს დავბრუნდი, დედიშობილა მსახიობები ჩაცმულები დამხვდნენ. გამიხარდა, თუმცა უხერხულად მაინც ვგრძნობდი თავს. რა ჯანდაბად მომინდა ტელევიზორის ჩართვა? ახლა გამორთვა უფრო უხერხულად მეჩვენა და ისევ გავაგრძელე ყურება. საინტერესო ფილმი იყო და ისევ მალევე ჩამითრია. ქმარს გაგიჟებით უყვარდა ცოლი, თუმცა ცოლი ატყუებდა და თან ღალატობდა. ღალატის სცენაც ძალიან თამამი იყო. უფრო პორნოგრაფიას გავდა. ისევ წამოვხტი და წყლის დასალევად გავედი. ამჯერად უფრო დიდხანს დავყავი იქ და რომ დავბრუნდი, ყველაფერი მომთავრებული ქონდათ. _რას დარბიხარ წინ და უკან?_გაუკვირდა გუგას. _წყალი მწყუროდა._ჩავიბუტბუტე მორცხვად და სავარძელში ისე ჩავჯექი, გუგასთვის არ შემიხედია. _პულტი მანდ გიდევს და ამდენი წყლის დალევას არ გირჩევნია გადართა სადმე? _მეგონა თქვენ უყურებდით._უხერხულად წავილუღლუღე. _ნანახი მაქვს, თუ შენ არ უყურებ, ჯობია საერთოდ გამორთა. ასეც მოვიქეცი. _შეგიძლია მაღაზიაში ჩახვიდე? _მოულოდნელად მკითხა. გაოცებულმა და შეშინებულმა შევხედე. _ნუ გეშინია, არაფერს ვაპირებ. ერთი ბოთლი ლუდი ამომიტანე "შავი არგო". _ლუდის დალევა შეიძლება?_გამიკვირდა. _კი. _არ მატყუებთ? _რამდენი წლის ხარ?_მოულოდნელად ჩემი წლოვანებით დაინტერესდა. _ცხრამეტის... _ცამეტი წლით შენზე უფროსი ვარ და ჩემხელას სიზმარსაც უნდა უჯერებდე. ჩადი, ლუდი ამომიტანე, შენთვის რაც გინდა ის იყიდე. ქუჩის გადასწვრივ "ორი ნაბიჯია", იქ იხდიან ტერმინალით. ერთხანს უსიტყვოდ ვუმზერდი. არ ვიცოდი შეიძლებოდა თუ არა მისთვის ლუდი. ისიც მაფიქრებდა, ვაი თუ იმიტომ მიცილებდა თავიდან, რომ რაღაც ქონდა ჩაფიქრებული. ეტყობა ჩემი აზრები წაიკითხა. გაეცინა. _იმ იგავისა არ იყოს, მგელი მგელიო, მწყემსებს რომ ატყუებდა და მერე მართლა რომ დაეცა მგელი, აღარ დაუჯერეს. ს არ ვაპირებ, ნუ გეშინია. არც ერთი ჭიქა ლუდია საზიანო. დედაჩემს დაურეკე თუ გინდა._თავის ტელეფონს დასწვდა და გამომიწოდა. _იყოს, გენდობით._არ გამოვართვი უშველებელი ტელეფონი, რომელსაც სიმართლე ვთქვა, ვერ გავუგებდი ვერაფერს._ძალიან მეწყინება, თუ ბოროტად ისარგებლებთ ჩემი ნდიბით._დაბინტული ფეხი ძლივს ჩავტიე ფეხსაცმელში და გარეთ გასასვლელად მოვემზადე. _მოიცა, ბარათი წაიღე._შემაჩერა. _იყოს, მაქვს ფული._ვიუარე. _რა სისულელეს ამბობ ხვდები მაინც? მე გაგზავნი და შენი ფულით უნდა იყიდო? არ გამაბრაზო, ბარათი წაიღე. ბარათი ავიღე და გარეთ გავედი. გასვლისთანავე ლალის დავურეკე და ქალბატონი დარინას ტელეფონი გამოვართვი. _ჯუნა ვარ ქალბატონო დარინა... _რა ხდება, ხომ კარგად ხართ? _შეშფოთდა ქალი. _კი, ყველაფერი რიგზეა. იმის საკითხად გირეკავთ, გუგასთვის ერთი ჭიქა ლუდი შეიძლება? მთხოვა, ამომიტანეო და არ ვიცი როგორ მოვიქცე. _ლუდი უნდა?_გაუკვირდა ქალს._უშუალოდ ალკოჰოლი არ შეიძლება, მაგრამ რახან სურვილი გამოთქვა, ამოუტანე, ერთი ჭიქა არაფერს უზავს. ქალბატონი დარინასგან თანხმობა მივიღე თუ არა, შეძლებისდაგვარად სწრაფად გადავჭერი ქუჩა, მაღაზიაშიც სირბილით შევედი. ბედად, ბევრი ხალხი არ იყო. ორ ლიტრანახევრიანი ლუდი ავიღე, მარილიანი მიწის თხილი და ოთხი ნაყინი, სალაროსთან გუგას ბარათით გადავიხადე და ისევ მალევე გამოვიქეცი სახლში. შიშით შევაღე ბინის კარი, ფრთხილი ნაბიჯებით მივუახლოვდი გუგას საძინებელს და გულისფანცქალით შევიჭყიტე. გუგა სანახევროდ წამომჯდარიყო და მე მელოდებოდა. ცოცხალი რომ დავინახე, შვებით ამოვისუნთქე. _ცივია?_ლუდზე მანიშნა. _კი, მაცივრიდან ავიღე. _კაი მაშინ და კარადაში ლუდის ბაკლებია, წამომიღე... თუ შენც გიყვარს, შენთვისაც გამოაყოლე. _ნაყინი არ გინდათ? _ჯერ არა. სამზარეულოში გავედი, ნაყინის პარკი საყინულეში შევდე. კარადიდან მოზრდილი კათხები გამოვიღე და ისევ გუგასთან დავბრუნდი. ორი კათხით ხელში რომ დამინახა, შევატყე კმაყოფილს გაეღიმა. ჯერ მე დამისხა, მერე თავისთვის ჩამოისხა. _პატრიარქმა აკურთხაო, ხო და ჩვენ გაგვიმარჯოს._ხმაურით მომიჭახუნა ჭიქა და მწყურვალივით დაეწაფა. მეც გემრიელად დავლიე ცივი სასმელი. არასდროს დამელია ლუდი და ძალიან მომეწონა. ერთ კათხას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და სულ დავცალეთ ბოთლი. სიმთვრალე მომერია. თუმცა არ ვიმჩნევდი. სპეციალურად დავლიე მასთან ერთად, რომ სულ მას არ დაელია და არ დამთვრალიყო. გუგას სიმთვრალისა არაფერი ეტყობოდა. თუმცა, ქალებისგან განსხვავებით კაცები ხომ უფრო მეტ სასმელს იტანენ არა? _ტელევიზორი რომ ჩავრთა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?_მორიდებით მკითხა. დარცხვენილმა შევხედე. თვალწინ ის თამამი ეროტიული სცენა დამიდგა და, ცოტა არ იყოს შემრცხვა. პულტი მივაწოდე, ცარიელი ბოთლი და კათხები წამოვკრიფე და სამზარეულოში გავედი. აშკარად ვატყობდი ჩემს თავს, რომ მთვრალი ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა გუგას შეემჩნია. მერე, აბაზანაში გავედი. ცივი წყლით რამდენჯერმე მოვიბანე პირი. ცოტა კი მიშველა, მაგრამ არც ისე. სიმთვრალის გამო სითამამე ორმაგად მომმატებოდა და არ მინდოდა რამე შემშლოდა. მერე ისევ გუგას საძინებელში დავბრუნდი. მუსიკები ქონდა ჩართული. თვალდახუჭული იწვა და სევდიან სიმღერებს სიამოვნებით უსმენდა. სავარძელში მოვკაკათდი, თამამი სცენებით გაჯერებულ კლიპებს მორცხვად შევყურებდი. რამდენჯერმე გუგას გავხედე, რომელიც თვალდახუჭული იწვა და კმაყოფილი სახით ისმენდა სასიამოვნო მელოდიებს. სავარძელში მოუხერხებლად ვიგრძენი თავი. ფხიზელი ალბათ ამას არ გავაკეთებდი, ავდექი და ფრთხილად მივუწექი გუგას გვერდით. მივხვდი, გაიგო ჩემი დაწოლა, თუმცა თვალი არ გაუხელია, ალბათ უხერხულში რომ არ ჩავეგდე და არ შემრცხვენოდა ჩემი სიმთვრალის გამო. ცოტა ხანს ტელევიზორს შევყურებდი. სასიამოვნო მელოდია იავნანასავით ჩამესმოდა ყურში. მერე, მალევე მომწყდა მთვრალს ყინწი და ტკბილად ჩამეძინა. კმაყოფილების შეგრძნებით გამეღვიძა. თუმცა, მალევე არ გამიხელია თვალი. გვერდულად ვიწექი. შუბლზე თანაბრად მონაბერ თბილ სიოს ვგრძნობდი და მსიამოვნებდა. გონება თავისუფლად მიმუშავებდა. აქედან დასკვნა გამოვიტანე, რომ მთვრალი აღარ ვიყავი. მარცხენა მკლავი, რომელზეც ზედ ვიწექი, ცოტა გამბუჟებოდა, მაგრამ არც ისე, რომ გვერდი მეცვალა. მარჯვენა ხელი ოდნავ წინ წავწიე ანაზდად და რაღაც თბილს და ოდნავ ნოტიოს შევეხე თითებით. ვერ მივხვდი რა იყო, თუმცა ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა. ერთხანს ისევ ასე ვიწექი, ძილის შებრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მოულოდნელად გამახსენდა, რომ გუგას მივუწექი გვერდით მთვრალი და ელდა მეცა. შიშით გავახილე თვალები. ისე ახლოს ვიწექი გუგასთან, გული გამიჩერდა. თითებით მის ბაგეებს ვეხებოდი, შუბლზე კი მის სუნთქვას ვგრძნობდი. შემრცხვა. ისევ მალევე დავხუჭე თვალები და ვინატრე, სიზმარი ყოფილიყო ყოველივე. იმის გასაცნობიერებლად წამები დამჭირდა, რომ ყველაფერი ეს ტკბილი რეალობა იყო და ისევ გავახილე თვალები. გუგა მშვიდი სახით მომჩერებოდა თავისი თაფლისფერი თვალებით. დარცხვენილი წამოვიწიე საწოლიდან. _ბოდიშით._ძლივს ამოვილუღლუღე და საძინებლიდან ისე გავედი, გუგასთვის აღარ შემიხედია. აბაზანაში შევედი და ცივი წყლით მოვიბანე სახე. საათს დავხედე, ათი ხდებოდა უკვე. აბაზანიდან გამოსულმა სამზარეულოს მივაშურე ცივი წყლის დასალევად. ისე მრცხვენოდა ჩემი საქციელის, გუგასთან შესვლა აღარ მინდოდა. სამზარეულოში ქალბატონი დარინა დამხვდა. უარესად შემრცხვა. გამოდის, მანაც მნახა გუგას გვერდით ჩაძინებული. მიწა გამხეთქოდა ფეხქვეშ და თან ჩავეტანე, ის მერჩივნა. _დილით ჭიქა გამიტყდა, ნამსხვრევები კი წამოვკრიფე, მაგრამ ეტყობა დამრჩა._ფეხზე მანიშნა ქალმა._ღრმა ჭრილობაა? მაჩვენე, დაგიმუშავებ. _იყოს, არ მინდა, აღარ მტკივა. _ინფექცია არ შეგეჭრას, მაჩვენე. _გუგამ დამიმუშავა უკვე სპირტით და იოდით. _გუგამ?_ქალმა გაოცებით შემომხედა. _დიახ._მორიდებით დავუქნიე თავი და ფანჯარაში გავიხედე._გვიანია უკვე და წავალ. _მოიცა, მე გაგიყვან._წამოდგა დარინა. _არა, იყავით, გუგას ნუ დატოვებთ მარტო._შევშფოთდი. ქალმა ყურადღება არ მომაქცია, მაშინვე გუგასთან შევიდა. _მე ჯუნას გავიყვან სახლში და ახლავე დავბრუნდები. რამე ხომ არ გინდა გამოგიყოლო მაღაზიიდან? _არა._მშვიდად უთხრა გუგამ და მე გამომხედა დედამისის უკან საცოდავად აბუზული რომ ვიდექი. _დროებით._დარცხვენილმა ამოვილუღლუღე და გუგას მზერას თვალი მოვარიდე. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. მარტო მაშინ, მანქანიდან რომ ჩავდიოდი, მადლიერი თვალებით შემომხედა ქალბატონმა დარინამ და ბედნიერი ღიმილით მომიხადა მადლობა. ლალი მოსული დამხვდა. შეხვეული ფეხით რომ დამინახა, შეშფოთდა. _რა მოგივიდა? _ისეთი არაფერი, გატეხილ ჭიქას დავადგი შემთხვევით და გამეჭრა. _მოკლეთ, შენ და შენი გაჭრები რაა... ძალიან გაქვს? ნაკერების დადება ხომ არ დაგჭირდა? _არა, საშიში არაფერია... თუ არ გეწყინება დავწვები, დავისვენებ რომ დილით სამსახურში უნდა წავიდე. _მაგ ფეხით შეძლებ მერე? დაურეკე და უთხარი... _ვნახოთ, ჯერ გათენდეს._ტანსაცმლიანივე მივწექი ლოგინზე და კედლისკენ გადავბრუნდი. ლალიმ მალევე ჩამიქრო შუქი. დღეს უკვე ორჯერ მეძინა და ძილით ნამდვილად ვეღარ დავიძინე. თითები, რომლითაც გუგას ტუჩებს ვეხებოდი, ჩემს ტუჩებზე მედო და სიამოვნებით ვიხსენებდი დღევანდელი დღის ყოველ წუთს და წამს, ყოველ წვრილმანს. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. გუგას სიყვარული მაბედნიერებდა. ვგრძნობდი, რომ ვჭირდებოდი და რაღაც სასწაული განცდით ვივსებოდი... ალბათ, ის ავბედითი ამბავი რომ არ შემთხვეოდა, ვერასდროს ვნახავდი გუგას. ვერ შევხვდებოდი ვერსად და ვერ შემიყვარდებოდა წრფელი, უპირობო სიყვარულით. ისეთი სიყვარულით, რომელი სიყვარულითაც ცხოვრებაში ერთხელ უყვარდებათ. ისეთი სიყვარულით, რომელი სიყვარულიც აბედნიერებს და აკეთილშობილებს ადამიანს... ******************** იმ დღის მერე, გუგასთან შეხვედრებს მოვუხშირე. თავიდან კი მერიდებოდა და მრცხვენოდა, მაგრამ მერე და მერე ისე მივეჩვიე, თუ მოხდებოდა ისე, რომ ვერ მოვახერხებდი მასთან მისვლას, სულიერად განადგურებული ვიყავი და ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. მომწონდა მასთან ყოფნა. ვატყობდი, გუგაც ბედნიერი იყო ჩემს გვერდით. მთელ დღეს მხიარულად და ხალისით ვატარებდით. ათას სისულელეს ჩავდიოდით... სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა, წვერმოშვებული და თმააბურძგნილი გუგას ნაცვლად სიმპატიური მამაკაცი მხვდებოდა ყოველთვის საწოლში. რაც შეეხება სოფის, მან თვითონ განაცხადა გუგასთან დაშორება და წინააღმდეგი არც დარინა წასულა და მითუმეტეს არც გუგა. ადვოკატმა განქორწინების საბუთები რომ მოუტანა, დაუფიქრებლად მოუწერა ხელი. შვებით ამოვისუნთქე. გუგასკენ გზა ხსნილი მქონდა. სინდისი აღარ მაწუხებდა, რომ სხვისი ქმარი მიყვარდა და მასთან თავს მშვენივრად ვგრძნობდი. მარიკა და დეაც ხშირად აკითხავდნენ გუგას. რძალი ყოველთვის მომავალი ოპერაციის გაკეთებაზე ელაპარაკებოდა, მაგრამ გუგა უარზე იყო. _რატო არ გინდა ამ ოპერაციის გაკეთება, გეშინია? _შიში არაფერშუაშია... _აბა?_არ ცხრებოდა მარიკა._არ გინდა ფეხზე დადგე და გაიარო? _ყველაზე მეტად, მაგრამ... დიდ თანხებთან არის დაკავშირებული._სევდიანად ჩაილაპარაკა გუგამ. _ბათუმის სახლი და წყნეთის აგარაკი შეგიძლიათ გაყიდოთ. _რას ლაპარაკობ?_მოულოდნელად გაცხარდა გუგა._ეგ აზრი თავიდან ამოიგდე! _გაბროს ენდომებოდა, რომ ფეხზე დამდგარიყავი._უკან არ დაუხევია მარიკას._მისი მანქანაც ტყუილად აყენია ფარეხში. _არა მეთქი, გაიგეთ._ხმას აუწია გუგამ. _გაბროს ჩემზე კარგად შენ იცნობდი. შენი გულისთვის ყველაფერს გაიღებდა._ცრემლი მოერია მარიკას. ხმაურზე ქალბატონი დარინა შემოვიდა შეშფოთებული. _ჩემი გულისთვის, რომ ან დავდგები ფეხზე და ან არა, ყველაფერს არ გაგაყიდინებთ!!!_არ ცხრებოდა გუგა. _ბათუმის სახლში მაინც ვერ მივდივართ. წყნეთის აგარაკზეც კარგა ხანია არ ავსულვართ. გაბროს მანქანა ხომ საერთოდ, მისკენ გახედვაც კი არ მინდა. _მეც გავყიდი ჩემს მანქანას. მამაშენიც გზავნის გარკვეულ თანხას. კრედიტსაც მაძლევენ. უბრალოდ შენი თანხმობაა საჭირო. ოპეტაცია წარმატებით ჩაივლის, მერწმუნე. ისევ ისეთი გუგა იქნები. ქონებას რა თავში ვიხლი, თუ კი სასიკეთო საქმისთვის ვერ გამოვიყენებ?_დარინასაც აუწყლიანდა თვალები. _იმაზე თუ გიფიქრიათ, წარუმატებლად რომ ჩაიაროს ოპერაციამ, მერე? ქონებას ქონებად დაკარგავთ და მეც ისევ ინვალიდი შეგრჩებით ხელში. _იცით, ისეთ სიღარიბეში გავიზარდე, ლუკმა პური გვენატრებოდა._მეც გავბედე ხმის ამოღება._ხშირად მშიერს დამიძინია, მაგრამ მომავლის რწმენა და იმედი არასდროს დამიკარგავს. მთავარი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, სხვა დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი. გუგამ სევდიანი მზერა მომაპყრო. თქმით კი არაფერი უთქვია. მარიკამ სიტუაციით ისარგებლა და საწოლზე ჩამოუჯდა მაზლს. _ნუ ჯიუტობ. გადაწყვიტე მაგ ოპერაციის გაკეთება. ქონებას კიდევაც შევიძენთ, მაგაზე თუ დარდობ. დედაშენი კარგ სამსახურშია, მშვენიერი ხელფასი აქვს. არც მე მაქვს საწუწუნო არაფერი. მთავარია ფეხზე დადგე და არც შენ გაგიჭირდება სამსახურის შოვნა. _ამ თემაზე ნუღარ დამელაპარაკებით._მკაცრად განაცხადა გუგამ._ჩემი გადასაწყვეტია და მე გადავწყვეტ გავიკეთებ თუ არა ოპერაციას. _ბიძია, რატო ჯიუტობ?_ახლა დეა ჩამოუჯდა მეორე მხრიდან გუგას._იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მოგწონს მთელ დღეს მასე უქმად წოლა, თანაც რომ გემსახურებიან... გუგას გაეღიმა ძმიშვილის ნათქვამზე. _ოღონდ მამაჩემს შველებოდა რამე და სახლსაც კი დიდი სიამოვნებით გავყიდიდით და ღია ცის ქვეშ ვიცხოვრებდით ერთად..._ისე სევდიანად თქვა, გუგას ღიმილი შეეყინა სახეზე. აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა. ხმის ამოღება აღარავის უცდია. დეას ნათქვამზე ცრემლი მომერია და ძლივს შევძელი თავის შეკავება. მას შემდეგ ოპერაციაზე აღარავის აღარაფერი უთქვია. აზრი არ ქონდა მაინც, გუგა წინააღმდეგი იყო და მისი სურვილის გარეშე ვერავინ გაუკეთებდა. ერთხელ, როცა მარტოები ვიყავით მე და გუგა, გიგა მოვიდა ვითომ გუგას სანახავად, მაგრამ აშკარა იყო, ჩემთან მოდიოდა ყოველთვის. გუგას ოთახის კარამდე სანამ მივიდოდით, შემაჩერა. _როდემდე უნდა იყო ჩემთან ასე უმძრახად, აღარ შევრიგდეთ? გაბრაზებულმა შევხედე. _არ მითხრა ახლა, მაშინდელი ჩემი კოცნა არ მოგეწონა._ღიმილით მომიახლოვა სახე სახესთან. სიბრაზისგან გავცოფდი. ისეთი ძლიერი სილა გავაწანი, ხელისგული კარგა ხანს მიჟუოდა. _აღარ გაბედო მოკარება საზიზღარო._კბილებში გამოვცერი და გუგას ოთახის კარი შევაღე. გუგამ ეჭვით შეათვალიერა ლოყააწითლებული ბიჭი. მე კი მაშინვე გამოვბრუნდი უკან და სამზარეულოში გავედი. სიბრაზისგან ცოფებს ვყრიდი. სურვილი მქონდა, დიდი კეტით გემოზე მეცემა ამპარტავანი ჩემი კლასელი. ჩემდა გასაკვირად, დიდხანს არ დარჩენილა, მალევე გამოვიდა გუგას ოთახიდან და რომ ვაცილებდი, დერეფანში კარადის კუთხესთან მიმიმწყვდია ირონიული ღიმილით. _არ მომეკარო ნაგავო!_ცოტა ხმამაღლა შევყვირე და ისევ სილის გაწვნა დავუპირე, მაგრამ მოქნეული ხელი ჰაერში დამიჭირა. _ბოლოს მაინც ჩემი გახდები ნებით თუ უნებლიეთ._ეს მითხრა და ბინიდან გავიდა. საგულდაგულოდ გადავრაზე კარი და აფორიაქებული შევედი გუგასთან. _მოხდა რამე?_ეჭვით შემომხედა. _არა, არაფერი. _შენსა და გიგას შორის რამე ხდება?_ეჭვით მოჭუტა თვალები. დავიბენი. რა მეპასუხა არ ვიცოდი. _ძველი ნაცნობები ხართ ხომ? _კი, ჩემი კლასელია._ვაღიარე._ არ ველაპარაკებით ერთმანეთს. _ეგ, შეიძლება შენ არ ელაპარაკები, თორემ თვითონ ისეთი თვალებით გიყურებს, უბრალო კლასელობა რომ არ აკმაყოფილებს, აშკარაა. სავარძელში ხმისამოუღებლად ჩავჯექი. _დიდი ხანია გაწუხებს? გუგას შევხედე, ისეთი გამჭოლი მზერით მიყურებდა, ტყუილის თქმას აზრი არ ქონდა. _არც ისე. _გიყვარს? ამ კითხვას მართლა არ მოველოდი და უარესად დავიბენი. _სულერთი არ არის შენთვის ხომ?_სევდიანი გამომეტყველებით მომაშტერდა. _მძულს, მეზიზღება... _მაგას ახლა სიბრაზე გალაპარაკებს? _არა, მართლა მძულს._გავბედე და შევხედე თვალებში. შევძელი მისი მზერისთვი თვალის გასწორება._არ ვუარყოფ, ერთ დროს მომწონდა, მაგრამ ახლა აღარ. _ცოლი რომ მოიყვანა ეგ გეწყინა? _არა, ცოლიანი რომ იყო ის დამიმალა და ჩემთან შეხვედრებს აგრძელებდა._არ დამიმალია, გულახდილად ვუთხარი. გუგას აღარაფერი უკითხია. შევატყე, არ ესიამოვნა ჩემს ცხოვრებაში გიგას არსებობა. აშკარად მოიწყინა. მეც წამიხდა გიგას გამოჩენის შემდეგ გუნება. ტელევიზორი ჩავრთე და უაზროდ დავუწყე საინფორმაციო გადაცემას ყურება. თავი ისე მეჭირა, ვითომ ძალიან მაინტერესებდა. არა და ერთი სიტყვაც არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ. მეორე დღეს ახლა ქუჩაში გადამეყარა გიგა. _რატო თავს არ დამანებებ?_მკაცრად შევხედე და გვერდის აქცევას შევეცადე. მკლავზე ძლიერად მომკიდა ხელი და შემაჩერა. _სად გარბიხარ? _სამსახურში მაგვიანდება, გამიშვი!_შევყვირე. _შენს ხეიბართან?_ირონიული ღიმილი გაუკრთა სახეზე. გულზე მომხვდა გუგას ხეიბრად მოხსენიება და თავისუფალი ხელით სილა გავაწანი. _არ გრცხვენია? შენი ძმაკაცი მაინც არ იყოს. _ბოლო დროს ძალიან ბევრს ხომ არ მირტყავ?_მეორე მკლავშიც ჩამაფრინდა და შემაჯანჯღარა._ცოტა აზრზე მოდი გოგო. ცოტა კი შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. შორიახლოს პატრულს მოვკარი თვალი და გული მომეცა. _თუ არ გამიშვებ, ვიყვირებ. პატრული გიგამაც შენიშნა და ცივად გამიშვა ხელები. თავისუფლება ვიგრძენი თუ არა, ჩქარი ნაბიჯებით გავერიდე. _წადი, წადი, პამპერსები უცვალე იმ შენს ლეშს._მომაძახა და თვითონაც გატრიალდა და წავიდა. ცრემლები მომაწვა. გულში მწარედ მომხვდა გიგას სიტყვები: ხეიბარი და ლეში... მართალია, გუგა ხეიბარი იყო, მაგრამ გიგას მილიონჯერ სჯობდა. ცხოვრებაში რომც არ დამდგარიყო ფეხზე, თანახმა ვიყავი მის გვერდით მეცხოვრა სიკვდილის ბოლომდე. მსიამოვნებდა მასზე ზრუნვა. გულს მიჩქარებდა მისი შემოხედვა, შეხება, ღიმილი, მოკლეთ მე მისი ყველაფერი მომწონდა და ისეთი მიყვარდა, როგორიც იყო... სახლების დალაგებას რომ მოვრჩი, უკვე გვიანი იყო, გუგასთან სანახავად აღარ წავსულვარ, მაღაზიაში გავიარე, პროდუქტები ვიყიდე და სახლში ავედი. ცოტა დავისვენე და ვახშმის მზადებას შევუდექი. ის იყო, ვახშამი მოვამზადე, რომ ქალბატონმა დარინამ მომაკითხა სახლში. მის დანახვაზე გული შემიქანდა. _გუგა კარგადაა?_შეშფოთებულმა ვკითხე. _კი, არაფერი სჭირს. ამაღამ მორიგე ვარ, მასთან დამტოვებელი ვერავინ ვნახე, მარიკა და დეა ქალაქში არ არიან და შენ არ შეგიძლია დილამდე დარჩე მასთან? _კი, არ არის პრობლემა. გამოვიცვლი და ახლავე წამოვალ. ლალის შეტყობინება მივწერე, რომ ამაღამ გუგასთან ვრჩებოდი და ქალბატონ დარინას გავყევი. სანამ ლალი სახლში წავიდოდა სამსახურიდან, გუგასთან შემოიარა. ცოტა წავიჭორავეთ, ვახშამზე არ დაგვეწვია და მალევე წავიდა სახლში. გუგამ სარდაფის გასაღები მომცა. _დედაჩემის გაკეთებული აჯიკა მომენატრა._ჩაირბინე და ამოიტანე თუ არ გეზარება. მაშინვე ჩავედი. ადვილად მივაგენი სარდაფს და ერთი ბოთლი ამოვიტანე. კიბეებზე რომ უნდა ამოვსულიყავი, სადარბაზოსთან თითქოს გიგას მოვკარი თვალი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. აქოშინებული შევედი ბინაში, მტვრიანი ბოთლი სამზარეულოში გადავრეცხე და გუგასთან შევედი. თან გახსნას შევეცადე. არ ვიცი, გაფუჭებული იყო თუ ამდენი რომ ვაჯანჭყარე, გავხსენი თუ არა, იბუთქა და წითლად შემღება. გამეცინა. _სახეში ხომ არ შეგესხა, თვალები არ დაგეწვას._შეშფოთებით წამოიწია გუგამ. _არა, არაფერია._ვუთხარი და ხელსახოცით ტანსაცმლის გაწმენდას შევეცადე. _გარეცხვის მეტი არაფერი უშველის._შემომღიმა._ გარდირობში ნახე, იქნებ რამე მოგერგოს. სარეცხის მანქანა ხომ იცი სადაცაა და გაირეცხე. ისეთი დასვრილი ვიყავი, შხაპი მეც მჭირდებოდა. მორიდებით გამოვხსენი გარდირობის კარი. იმედი მქონდა სოფის ტანსაცმელი დამხვდებოდა, მაგრამ გუგას პერანგების და მაისურების მეტი არაფერი ეკიდა. გუგა მიმიხვდა და სევდიანად ჩაილაპარაკა. _სოფიმ ყველაფერი თან წაიღო... დიდი არჩევანი არ მქონია, ერთ ერთი პერანგი შევარჩიე და აბაზანაში შევედი. პირველ რიგში ჩემი ტანსაცმელი შევყარე სარეცხის მანქანაში და მერე სიამოვნებით შევედი დუშკაბინაში. აჯიკის სუნი ძლივს მოვიშორე. შიშველ სხეულზე გუგას პერანგი მოვიცვი და თავზე პირსაწმენდშემოხვეული გამოვედი აბაზანიდან. გუგასთან ამ ფორმაში შესვლის მომერიდა და სამზარეულოში გავედი. ლალისთან დარეკილი მქონდა, ტანსაცმელი გამომიტანე მეთქი და იქ ველოდებოდი. ჩემდა გასაკვირად მალევე გაისმა კარზე კაკუნი და მაშინვე შემოსასვლელში გავქანდი. სათვალთვალოში არც გამიხედია, დაუფიქრებლად გავაღე კარი. ზღურბლთან ნასვამი გიგა იდგა. ჩემს დანახვაზე გაოცდა. მეც ღიმილი შემეყინა სახეზე. კარის დაკეტვას შევეცადე, მაგრამ ფეხი დაუყოლა და ძალით შემოიჭრა. _მაგ ხეიბარს იმდენი შეუძლია, რომ გჟიმავს?_ანთებული თვალებით შემომხედა და ჩემს დაჭერას შეეცადა. _არ მომეკარო!_ვიკივლე და ხელიდან დავუსხლტი. სამზარეულოში შევვარდი დანის ასაღებად. დამეწია და სანამ დანას მოვძებნიდი, დამიჭირა. საზარდულში გამეტებით ამოვკარი მუხლი. გამწარებული იქვე ჩაიკეცა, გადავაბიჯე და გუგას საძინებელს მივაშურე. ხმაურზე შეშფოთებული გუგა საწოლზე სანახევროდ წამომჯდარიყო და შეშფოთებული მომჩერებოდა. _რა მოხდა? _მიშველე!_ტირილით მივაძახე, საწოლში გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე. _რა ხდება?_მღელვარებისგან შევატყე როგორ აცახცახდა. სანამ რამეს ვეტყოდი, გიგაც შემოვიდა ოთახში. _აქ მოიწყე სიყვარულის ბუნაგი?_ირონიულად გაიცინა და მომიახლოვდა. გუგამ ძლიერად მომხვია მკლავები და გიგას დაჰყვირა. _გაეთრიე აქედან! _თორემ რა?_ფეხში მომკიდა ხელი და გათრევას შეეცადა._ამ ხეიბართან ჯახირობ? მოდი, გაჩვენო რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი. გუგას ძლიერად ჩავებღაუჭე და ავკივლდი. _რას აკეთებ შე სირო!_ბოლო ხმაზე იღრიალა გუგამ. ისეთი უმწეო და გაავებული ხმა ქონდა, შემეშინდა._გაეთრიე აქედან სანამ ცოცხალი ხარ. მოგკლავ იცოდე. _უი, როგორ შემაშინე!_გადაიხარხარა გიგამ. მოვახერხე და ცხვირ-პირში წიხლი ვუთავაზე. წამიერად შემიშვა ხელი. მეც გავუშვი გუგას ხელი, მის გვერდით ტუმბოზე დადებულ ბროლის ვაზას დავწვდი და თავში გამეტებით ჩავარტყი. მაშინვე ჩაიკეცა და უგონოდ გაიშხლართა იატაკზე. _მოკვდა?_სასოწარკვეთილმა შევკივლე და გუგას საწოლში ჩავეხუტე, თან ხმამაღლა ავსლუკუნდი. _დაწყნარდი._თავზე გადამისვა ხელი და მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე._ნუ გეშინია. არაფერი მოუვა... დაწყნარდი და ვაზა მომაწოდე. გაოცებულმა შევხედე. _მიდი, რასაც გეუბნები ის გააკეთე. უსიტყვოდ დავემორჩილე. საწოლიდან ავდექი და გუგას ვაზა მივაწოდე. საგულდაგულოდ გაწმინდა ზეწრით, მერე ოდნავ წამოიწია და გიგას მიმართულებით ისროლა. ვაზა ხმაურით დაეცა ძირს და გატყდა. _112-ზე დარეკე და პატრული გამოიძახე. ასე ვთქვათ, რომ შენზე ძალაობდა ეს არაკაცი და მე ვესროლე. გასაგებია? _თქვენ რატო უნდა დაიბრალოთ, როცა მე ჩავარტყი თავში?_არ მომეწონა მისი აზრი და გავაპროტესტე. _რასაც გელაპარაკები, ის გააკეთე. მაგას თუ რამე მოუვიდა, გინდა რომ ციხეში ამოყო თავი? _მერე თქვენ? _როგორ ფიქრობ, ინვალიდს ციხეში ჩამსვავენ? ერთხანს უხმოდ დავყურებდი ხელში გაშეშებულ ტელეფონს და ვერ გადამეწყვიტა დამერეკა თუ არა. მოულოდნელად გიგამ დაიკვნესა. _ცოცხალია._გამიხარდა და სამზარეულოში გავვარდი, მოზრდილ დანას წამოვავლე ხელი და ისევ ოთახში დავბრუნდი. გუგას საწოლზე ჩამოვჯექი. გიგა ძლივს წამოჯდა და გატეხილ თავზე ხელი მოისვა. ტკივილისგან შუბლი შეეჭმუხნა, სისხლიან ხელს შიშით დახედა და მე და გუგას სიბრაზით გამოგვხედა. _შე არაკაცო, რამდენს ბედავ?_უღრიალა გუგამ._აქ მოსული აღარ დაგინახო. გიგა ძლივს წამოდგა ფეხზე. _არ მომეკარო!_გაბრაზებულმა დანა მოვუღერე. _იცოდე კამერის ჩანაწერებს პოლიციაში გავგზავნი!_სერიოზულად დაემუქრა გუგა. გიგა ბარბაცით გავიდა ოთახიდან. მე კი შორიახლოს მივყევი დანის მუქარით. _აღარ დაგინახო ჩემს სიახლოვეს, თორემ გეფიცები არ დაგინდობ. _დავიჯერო, მასეთ სიამოვნებას განიჭებს ეგ ხეიბარი, რომ სხვა კაცისკენ გახედვაც არ გინდა?_ირონიული ღიმილით შემომხედა. _გაეთრიე საზიზღარო!_ვუკივლე და სახეში შევაფურთხე, თან დანა ავუთამაშე თვალწინ. გიგას აღარაფერი უთქვია. გატრიალდა და გავიდა. ზღურბლზე ლალის შეეფეთა. ლალიმ გაოცებით გააყოლა თავგატეხილ ბიჭს თვალი. მერე მე შემომხედა. _რა მოხდა? _ჩემი გაუპატიურება სცადა. _რაა?_გაოცებისგან ლამის თვალები გადმოუცვივდა ბუდიდან. _შემოდი, კიდევ არ მობრუნდეს._შეშინებულმა ძალით შემოვათრიე გოგო და კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე. _ჯუნა!_საძინებლიდან გუგამ გამომძახა. _მოვდივარ!_გავძახე და მე და ლალი ერთად შევედით მასთან. ნაფრონტალ ოთახს შიშით მოავლო ლალიმ თვალი. _რა მოხდა? _იმ არაკაცს ჩემი ხელით გამოვახრჩობდი..._გაბრაზებული გუგა ცოფებს ყრიდა._როგორ გაბედა მაგ უნამუსომ? _რამე დაგიშავა?_შეშფოთებულმა ჩურჩულით მკითხა ლალიმ. _არა._თავი გავიქნიე. _კარი რატო გაუღე?_გაუკვირდა. _მეგონა შენ იყავი და ტანსაცმელი მომიტანე, საჭვრეტში არც გამიხედია._საცოდავად წავილუღლუღე და პერანგზე შეწყვეტილი ღილი მხოლოდ მაშინღა შევნიშნე. დარცხვენილმა დავიფარე სანახევროდ მოშიშვლებული მკერდი და ლალის ჩემი ტანსაცმლის ჩანთა გამოვართვი. აბაზანაში შევედი ტანსაცმლის ჩასაცმელად. დიდ სარკეში ჩემი ორეული რომ დავინახე, შევცბი. გამჭვირვალე პერანგში ნათლად მიჩანდა შიშველი სხეული. აი, თურმე რამ გაახელა ის არაკაცი... ჩემს მადისაღმძვრელ ფორმებს ერთხანს უხმოდ ვუყურე. გიგა თურმე გუგაზე ეჭვიანობდა და კმაყოფილს გამეღიმა. სიმართლე ვთქვა, მესიამოვნა კიდეც მისი ეჭვიანობა. მერე, ისიც გამახსენდა, რომ გუგას ასეთ ფორმაში ვეხუტებოდი და შემრცხვა... თუმცა, იმ მომენტში გადარჩენის გარდა არაფერზე ვფიქრობდი. ტანსაცმელი ჩავიცვი და საძინებელში დავბრუნდი. ლალი და გუგა ისევ გიგაზე ბრაზობდნენ. მე კი ბრძოლის ველად ქცეული ოთახის დალაგებას შევუდექი. რამდენჯერმე გუგას ფარული მზერა დავიჭირე. გამახსენდა, როგორ ვეხუტებოდი შეშველ მკერდზე მეც ნახევრად შიშველი და ტანში სიამოვნებისგან გამცრა. შემრცხვა, ასე მეგონა გუგაც ჩემს აზრებს კითხულობდა და სახეზე ალმურმა ამკრა. მივხვდი რომ გვარიანად გავწითლდი. გუგას ვეღარ ვუსწორებდი მზერას. ლალი ცოტახანს კიდევ დარჩა ჩვენთან და მერე სახლში წავიდა. კარებში რომ ვაცილებდი, ჩურჩულით შემომცინა. _ისე სექსუალურად გამოიყურებოდი წეღან, ქალი ვარ და მე მომინდი, გიგას რა გაემტყუნება? _რა სისულელეს ამბობ?_გავუბრაზდი. _გუგაც თვალებით გჭამდა... ცოდოა კაცი, მასეთ ფორმაში ნუღარ დაენახვები._შუბლზე მაკოცა და წავიდა. კარგა ხანი გუგას საძინებელში ვეღარ ვბედავდი შესვლას. ბოლოს, გამბედაობა მოვიკრიბე და შევედი. გუგასთვის არ შემიხედია, მორცხვად ჩავჯექი სავარძელში. _როგორ ხარ?_მზრუნველობა ვიგრძენი მის ხმაში. _არამიშავს... _არ გშია? _არა. თქვენ? _არც მე. მაშინ შუქი ჩააქრე და დავიძინოთ. უსიტყვოდ წამოვდექი, შუქი ჩავაქრე და ისევ სავარძელში ჩავჯექი. _მანდ ცოდო ხარ. აქ დაწექი, დიდი საწოლია და დავეტევით. გული შემიქანდა. _იყოს, აქ ვიქნები. თუ შევწუხდები მაშინ დავწვები._ძლივს ამოვღერღე. _კარგი, როგორც შენ გინდა. ძილი ნებისა._ლამის ჩურჩულით მითხრა და გაჩუმდა. ორი თუ სამი საათი გაუნძრევლად ვიჯექი სავარძელში მოკუნტული. გატოკებასაც ვერ ვბედავდი, რომ გუგა არ გამეღვიძებინა. მართლაც რომ შევწუხდი, მაგრამ მის გვერდით დაწოლას მაინც ვერ ვბედავდი. მრცხვენოდა. თან უფრო ლალის სიტყვები მახსენდებოდა და არ მინდოდა არასრულფასოვნად ეგრძნო გუგას ჩემს გვერდით თავი. რამდენჯერმე წამთვლიმა კიდეც, მაგრამ მალევე გამეღვიძა შეშინებულს. ბოლოს უკვე, ძალიან რომ შევწუხდი, ფრთხილად ავდექი და ასევე ფრთხილად მივუწექი საწოლის კიდეზე. მეგონა ეძინა, თუმცა შევცდი. მაშინვე გაიგო ჩემი დაწოლა, ფრთხილად გამოაცურა თავისი ძლიერი მკლავი, თავქვეშ ამომიდო და თავისკენ მიმიზიდა. გული ისე გამალებით მიცემდა, მეგონა გუგასაც ესმოდა მისი ხმა. ჩემს გულს ასე ძლიერად ფეთქვა თუ შეეძლო არ ვიცოდი. ყურებშიც რაღაც შუილი მესმოდა. ალბათ, სისხლის მიმოქცევის ხმა იყო ეს. გავისუსე, ხმა არ ამომიღია. _ტკბილი ძილი და მოსვენება._ისევ ჩურჩულით მითხრა გუგამ და შუბლზე მაკოცა. წამიერად მართლაც გამიჩერდა გული სიამოვნებისგან. მერე ისევ გამალებით დაიწყო ფეთქვა. მარჯვენა ხელის გული გუგას შიშველ მკერდზე დავადე. მასაც ძლიერად და გამალებით უცემდა, შევკრთი. უფრო ახლოს მივიწიე, ჩავეხუტე და მისი გულისცემის მიყურადებაში ტკბილად ჩამეძინა. დილით თვალები რომ გავახილე, მას უკვე ეღვიძა და სიყვარულით მიმზერდა. _გუშინდელმა ამბავმა ჩემი უმწეობა ნათლად დამანახა. შველას მთხოვდი და ვერ გშველოდი... შენს გამო გადავწყვიტე შევიცვალო, გავიკეთებ ოპერაციას... _რაა?_ყურებს არ დავუჯერე და გაოცებული წამოვიწიე. დაჟინებით ჩავაშტერდი თაფლისფერ თვალებში, ასე რომ მიფორიაქებდნენ გულს. _გავიკეთებ ოპერაციას შენს გამო. დავიხარე და გახარებულმა სუფთადგაპარსულ ლოყაზე ვაკოცე. ******************** გუგას ამერიკაში გასამგზავრებლად საბუთებისა და თანხის შესაგროვებლად ქალბატონ დარინას ორი კვირა დასჭირდა. ყველაფრის გაყიდვა არ დასჭირვებიათ, თანხა იმაზე მეტი შეგროვდა, ვიდრე საჭირო იყო. გამგზავრებამდე ყოველდღე ვაკითხავდი გუგას და ხანდახან მასთანაც კი ვრჩებოდი ღამით. ბედნიერი იყო თავისი გადაწყვეტილებით და მომავლის იმედი ქონდა. ერთხელაც კი არ შეჰპარვია ეჭვი, რომ ვაი თუ ოპერაცია წარუმატებელი ყოფილიყო. მასთან არაფერს ვიმჩნევდი, მაგრამ გულში ძალიან მეშინოდა. ასეთი პესიმისტი არასდროს ვყოფილვარ და ახლა რა ჯანდაბა მჭირდა თვითონვე არ ვიცოდი. ოქტომბრის ცივ და წვიმიან საღამოს სპეცრეისით გადააფრინეს გუგა ამერიკაში. აეროპორტში არ გავყოლილვარ. არც იყო საშუალება და თან ვერასდროს ვიტანდი გულისამაჩუყებელ გამომშვიდობებებს. ის ორი კვირა, სანამ გუგა წასული იყო, ძალიან ცუდად ვიყავი. დღეებს თითებზე ვითვლიდი, წუთებს კი გულის ფეთქვით. საათობრივი სხვაობის გამო ხელი მაინც არ შემშლია და ყოველ ღამე სკაიპში ველაპარაკებოდით ერთმანეთს. მომავლის იმედი მაძლებინებდა, რომ ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს. ოპერაციის მიმართ რატომღაც უნდობლად ვიყავი განმსჭვალული. არ მქონდა იმის იმედი, რომ გუგა ფეხზე დადგებოდა. რატომ მიტრიალებდა თავში ასეთი აზრები, არ ვიცი. ცალკე ჩემი აზროვნება მაწუხებდა და რის ვაივაგლახით გადავაგორე გუგას გარეშე გატარებული ის მტანჯველი ორი კვირა. და ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი დღეც, გამთენიისას დაბრუნდნენ ქალბატონი დარინა და გუგა სამშობლოში. მე, დეა, მარიკა და ლალი გულისფანცქალით ველოდით როდის შემოვიდოდნენ სახლში. გუგა ისევ საკაცით შემოიყვანეს სასწრაფო ბრიგადის მუშაკებმა და საწოლზე ფრთხილად გადაიყვანეს. ახალნაოპერაციებელს ტკივილისგან სახე დაემანჭა ზურგზე რომ დააწვინეს და შეეცადა ოდნავ გვერდულად დაწოლილიყო. დეა მაშინვე მივარდა ბიძას და გულში ჩაეკრა. _როგორ ხარ?_თან ეფერებოდა და თან კოცნიდა ცალკე მგზავრობით დაღლილს და ცალკე ტკივილებით შეწუხებულ მამაკაცს. მე შორიახლოს ვიდექი და სიხარულის ცრემლებით თვალდანამული შევყურებდი ორივეს. მარიკა მეორე მხრიდან ჩაეხუტა მაზლს და გამოჯანმრთელება მიულოცა. _ერთ თვეში ფეხზე დადგება._სიხარულით გვაუწყა დარინამ._ჯერჯერობით მკვეთრი მოძრაობები და ფეხზე მყარად დგომა ეკრძალება. _ფეხებს გრძნობ ბიძია?_აღტაცებას ვერ მალავდა დეა._ამოძრავებ?_მოულოდნელად ფეხის გულზე დასწვდა და შეუღუტუნა, თან ბიძის რეაქციას დაელოდა. _ნუ მიღიტინებ._ნაძალადევი სიმკაცრით უთხრა გუგამ და გაეცინა, თან ოდნავ გაიქნია ფეხი. _მართლა გეღიტინება?_არ ეჯერა დეას და ისევ და ისევ უღუტუნებდა უკვე ახარხარებულ ბიძას. _მორჩი ახლა, მტკივა._საწყალობლად შეჰყვირა ბოლოს. _შეეშვი, ოპერაცია ახალი გაკეთებული აქვს და სტკივა._ ხელი ჩაავლო და აქეთ გამოიყვანა დარინამ შვილიშვილი. _ესე იგი, მართლა დადგები ფეხზე?_ ხელიდან დაუსხლტა ბებიას და ისევ გუგასთან მიირბინა დეამ, თან საწოლზე ჩამოუჯდა._ჩვეულებრივ შეგიძლია ფეხების მოძრაობა? აბა აწიე... _მტკივა შე ქაჯო, რატო თავს არ დამანებებ?_მოულოდნელად ხელი სტაცა გუგამ და მკლავებში მოიმწყვდია აკისკისებული გოგო. _დაასვენე ახლა, ნამგზავრია._შვილს გაუწყრა მარიკაც._გამოერიდე, მერე ელაპარაკე. ნებით თუ უნებლიეთ, ყველა გაიკრიფა საძინებლიდან და მარტო მე და გუგა დავრჩით პირისპირ. ღიმილით მიმზერდა. გავბედე მიახლოება და საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი. სიფრთხილით წამოიწია და გადამეხვია. _მადლობა... შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში, ისევ ისე ვეგდებოდი ახლა საწოლში. ან ერთხელაც გამიმართლებდა, შევძლებდი და მოვიკლავდი თავს... ხელები მეც შემოვხვიე წელზე და უფრო მჭიდროდ მივეკარი. მიხაროდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა... მოულოდნელად ნაბიჯების ხმა გავიგონე, ვიღაც შემოვიდა ოთახში და შემრცხვა. გუგას მკლავებიდან თავის დაღწევას შევეცადე, მაგრამ არ გამიშვა, უფრო ძლიერად ჩამიხუტა გულში. ის ვიღაც მალევე გავიდა ოთახიდან. _ვინ იყო?_დარცხვენილმა ვკითხე. _დედაჩემი. უარესად შემრცხვა. _გამიშვით, სირცხვილია._ცოტა შევეწინააღმდეგე. _ისე მაგრად მინდა ჩაგიხუტო, რომ შენი ჟინი მოვიკლა..._ისეთი გრძნობით წამჩურჩულა, მთლიანად მომიდუნდა სხეული._გაგეცინება და დედამიწის მეორე ნახევარზეც კი ვგრძნობდი შენს სურნელს. თვალებს ვხუჭავდი და ნათლად გგრძნობდი... უფრო ძლიერად მომხვია მკლავები და დიდხანს ვყავდი ასე ჩახუტებული. მრცხვენოდა ოჯახისწევრების, მაგრამ მაინც გატრუნული სიამოვნებით ვუსმენდი მისი ძლიერი გულის ფეთქვას. მისი ჩახუტება ნეტარებით მავსებდა. _ყავას დალევთ?_ ახლა დეა შემოვიდა სირბილით. ჩახუტებულები რომ დაგვინახა, მივხვდი არ გაჰკვირვებია._მე ნუ მომაქცევთ ყურადღებას, ვითომ აქ არ ვარ._გადაიკისკისა და ისევ გავიდა ოთახიდან. _ხომ გითხარი არ შესულიყავი?_დარინას მკაცრი ხმა შემომესმა, რომელიც ჩურჩულით ტუქსავდა შვილიშვილს. გამეღიმა. გუგა მაინც არ მიშვებდა ხელს. _ისე, ყავას სიამოვნებით დავლევდი, თანაც დედათქვენის მოდუღებულს._წავჩურჩულე მორცხვად. გუგას გაეცინა. _ამ ხრიკით გინდა ჩემგან თავის დაღწევა?_ოდნავ შემიშვა ხელი და თვალებში ჩამხედა. გამეღიმა და უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. თვალებზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადამიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. _კარგი, წადი. მე არ მინდა ყავა. დავიღალე და დასვენება მინდა. თუ შევძელი, ცოტას წავუძინებ._ნელ-ნელა გადაიწია საწოლზე და მოხერხებულად გადაწვა. ოთახიდან გასვლისას შუქი ჩავუქრე. დარცხვენილი შევედი სამზარეულოში, სადაც ყველანი იქ იყვნენ და ჩურჩულებდნენ. ქალბატონი დარინა ყავას ადუღებდა. თვალი ვერ გავუსწორე მის ღიმილიან მზერას. დეა მაშინვე გამოქანდა ჩემსკენ ღიმილით, დადამეხვია და მადიანად მაკოცა. უარესად შემრცხვა და დავიბენი. _ყავას ხომ დალევ? შენთვისაც ვადუღებ. _თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სკამზე ჩამოვჯექი. _ბიძიაც დალევს? _არ მინდაო, დაძინებას აპირებდა._ვუთხარი და ღიმილით მომზირალ დეას თვალი ავარიდე. ქალბატონმა დარინამ ყავა ფინჯნებში ჩამოასხა და თვითონაც მაგიდას მოუჯდა ჩვენთან ერთად. _ესე იგი, ოპერაციამ მოლოდინს გადააჭარბა?_კმაყოფილი ლალი ფინჯანს გადასწვდა და ცხელივე მოხვრიპა. _კი, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა._ქალბატონმა დარინამ პირჯვარი გადაიწერა და უფალს მადლობა შესწირა._ახლა დრო სჭირდება. ერთი თვე ფეხზე დადგომა და ხერხემალზე ძალის დატანება ეკრძალება. მკვეთრი მოძრაობებიც არ შეიძლება. წამოჯდომა, ფეხების მოძრაობა და ძირს გადმოდგმაც კი შეუძლია. მთავარია არ გაჯიუტდეს ახლა და ზუსტად შეასრულოს მითითებები. _დაგვიჯერებს, ბავშვი ხომ არ არის?_თქვა დეამ და ეშმაკური ღიმილით გადმომხედა. _ხვალ ინვალიდის ეტლს მოვუტან, რომ ჩაჯდეს და ოთახიდან ოთახში იგორაოს თავისთვის სანამ ფეხზე დადგომას შეძლებს... _ვაუ, რა კარგია. ფეხზე დადგება თუ არა, სანაძლეო რომ აქვს წაგებული, იმას ჩამაბარებს._სიხარულით ტაში შემოჰკრა დეამ. ხმისამოუღებლად ვიჯექი დარცხვენილი. ყავა დავლიე თუ არა, ბოდიში მოვიხადე, სამსახურში ვარ წასასვლელი-მეთქი და წამოვდექი, სახლში წასასვლელად მოვემზადე. ლალიც წამოდგა: _მეც მოვდივარ, დამელოდე. დეას, მარიკას და დარინას დავემშვიდობეთ და წამოვედით. ქალბატონმა დარინამ მანქანით წაყვანა შემოგვთავაზა, მაგრამ ვიუარეთ და ისევ ფეხით წამოვედით. _რა მადლიერია დარინა ჩემით შენ ხომ ვერ წარმოიდგენ?_კმაყოფილმა მითხრა ლალიმ, როგორც კი გამოვედით სადარბაზოდან. _შენით?_გაოცებულმა შევხედე. _ხო, რატო გიკვირს? მე რომ არა, შენ ვერ გაგიცნობდნენ... _მე რა შუაში ვარ?_მივხვდი რომ გავწითლდი. _მართლა ასეთი მიამიტი ხარ თუ მე მასულელებ? გუგას სიგიჟემდე უყვარხარ, შენს გამო გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. დარინასაც მოსწონხარ სარძლოდ და ბედნიერია, რომ მისი შვილის არჩევანი ხარ... _ნუ ბოდიალობ რაღაცეებს რა._მოჩვენებითი სიბრაზით დავტუქსე მეგობარი._როგორც ყოველთვის, აზვიადებ ყველაფერს. _შენც რომ ყურებამდე ხარ შეყვარებული, მაგასაც უარყოფ?_ეშმაკური ღიმილით მოწკურა თვალები. _მოიცა, მასე აშკარად მეტყობა?_შევჩერდი და ლალიც შევაჩერე. _გუგას ყოველ შემოხედვაზე იბნევი და ჭარხალივით წითლდები. ხანდახან შენც უმზერ მალულად და თანაც ისეთი თვალებით, აშკარაა ყველაფერი. მოკლეთ, ერთმანეთისთვის ხართ შექმნილნი._ლალიმ მეგობრულად გადამხვია ხელი და ასე განვაგრძეთ გზა. ********************* ზუსტად ერთი თვე გუგა დამჯერი ბავშვივით ზედმიწევნით ასრულებდა დედის მითითებებს. ძალიან მიხაროდა მისი ესოდენ დიდი მონდომება და ყველანაირად ვუწყობდი ხელს, რომ მომავალში უპრობლემოდ დამდგარიყო ფეხზე. მთელ დღეს მასთან ვატარებდი, მაგრამ ღამე უკვე მერიდებოდა მასთან მარტო დარჩენის. ამ ერთი თვის მანძილზე ერთხელაც არ დავრჩენილვარ იქ. ეტლში მოხერხებულად გრძნობდა თავს და ისე დააქროლებდა, შეგშურდებოდა. ყურადღების მიქცევა მართლა აღარ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც არ ვტოვებდი მარტოს და როცა არ ვმუშაობდი, დილიდან დაღამებამდე მასთან ვიყავი. როცა ვმუშაობდი კი საღამოს ორი-სამი საათით მაინ მიწევდა შერბენა პირდაპირ სამსახურიდან. ისე გავიდა ის ერთი თვე, ვერც კი გავიგე ვერაფერი. იმ დღეს, დილიდანვე მასთან ვიყავი. მარტოები ვიყავით სახლში. გარეთ ნოემბრის ცივი, წვიმანარევი ქარიანი დღე იყო. დარინა შემპირდა მალე მოვალო და მის მოლოდინში მისაღებში სავარძელში მოხერხებულად მოკალათებული ტელევიზორს შევყურებდი. გუგა თავისთვის დააქროლებდა ეტლს ოთახიდან ოთახში და სიმართლე ვთქვა, აღარც კი ვაქცევდი ყურადღებას. ერთხანს საეჭვოდ მიჩუმდა თავის საძინებელში. თავიდან მომერიდა მის საძინებელში შესვლა, რომ მენახა რას აკეთებდა, მაგრამ ეს სიჩუმე დიდხანს რომ გაგრძელდა, შეშფოთებული წამოვხტი სავარძლიდან და საძინებელში შევიჭყიტე. ელდა მეცა. გუგა თავის საწოლთან ახლოს ფეხზე იდგა და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა. თუ წაიქცეოდა, საწოლზე გადავარდებოდა. რომ დამინახა გამიღიმა და წაბარბაცდა. მაშინვე მასთან გავჩნდი და ხელი შევაშველე. თუმცა, ამხელა კაცს მე რას დავიჭერდი და მასთან ერთად მეც გადავვარდი საწოლზე. ვარდნისას მანაც მომხვია მჭიდროდ მკლავები. საწოლზე გულაღმა გადავარდა და მეც ზედ დავეცი. შემეშინდა ხერხემალი არ დაეზიანებინა. წამოვიწიე და შეშინებულმა დავხედე. _რამე ხომ არ იტკინეთ? ღიმილით გამიქნია თავი. წამოდგომისას მის მკერდზე დავაბჯინე ხელი და შევკრთი, ისე ძლიერად და გამალებით უცემდა გული. მოულოდნელად გადამაკოტრიალა, საწოლზე ზურგით გადამაწვინა და ახლა ის დამყურებდა ზემოდან ღიმილით. ისეთი თვალებით მომჩერებოდა, დამაბნია. ერთხანს ასე მიყურა, მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენს შორის მანძილი ნელნელა მოკლდებოდა და გალიაში აფართხალებული ჩიტივით ამიფრთხიალდა გული. თაფლისფერი მწველი თვალებიდან მზერა მის ოდნავგაპობილ ბაგეებზე გადავიტანე. რაღაც ამოუცნობ ნეტარების მოლოდინში თვალები თავისთავად დამეხუჭა. წამიც და მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი. იმ წამს მართლა გამიჩერდა გული და სუნთქვა შემიგუბდა. ისეთი თბილი, რბილი და სასიამოვნო ტუჩები ქონდა, დამავიწყდა ყველაფერი. გარესამყაროს მოვწყდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ღრუბლებში დავფრინავდი. მხოლოდ მისი გულის ფეთქვას, მის სურნელს და მისი ტუჩების შეხებას ვგრძნობდი. ნეტარების წამები საათებად გაგრძელდა მეგონა... თითქოს შორიდან ჩამესმა შემოსასვლელი კარის ხმა, რომელიც ვიღაცამ მიაჯახუნა. მივხვდი, დარინა იქნებოდა და მაშინვე ხელიდან დავუსხლტი გუგას. საწოლიდან წამოვხტი და საძინებლის კარამდე ისე მივედი, უკან არ მიმიხედია. გასვლისას კი, გულმა არ მომითმინა, ცდუნებამ წამძლია და მივხედე. ისევ იმ პოზაში იყო, რომელშიც დავტოვე. ისეთი ბედნიერი სახით მომჩერებოდა, კიდევ ერთხელ გამიჩერდა გული. დარცხვენილს მეც გამეღიმა ბედნიერებისგან და საძინებლიდან კი არ გამოვედი, გამოვვარდი. მისაღებში ქალბატონ დარინას შევეჩეხე. სახეზე ალმურმოდებული ცოტა ეჭვით შემათვალიერა. _რახან თქვენ მოხვედით, მე წავალ, მეჩქარება._საცოდავად წავილუღლუღე. მის პასუხს აღარ დავლოდებივარ, შემოსასვლელში საკიდზე ჩამოკიდებულ ჩემს ქურთუკს დავწვდი და ბინიდან უკანმოუხედავად გავვარდი. კიბეებზე თავპირისმტვრევით ჩავირბინე. რამდენჯერმე ფეხი დამიცდა და ლამის თავპირი დავიმტვრიე. სადარბაზოდან რომ გავედი, თოვდა. გაუაზრებლად გადავჭერი ქუჩა და ბედნიერების განცდით გავუყევი ხალხით გადაჭედილ ტროტუარს. ცოტა არ იყოს, მაოცებდა ხალხის რაღაცნაირად გაკვირვებული და ღიმილიანი მზერა. დავიჯერო, ასე მეტყობოდა, რომ პირველად მაკოცა საყვარელმა მამაკაცმა და მის გამო ვიყავი ასე ბედნიერი და აფორიაქებული? მეტროს შენობაში რომ შევედი და ექსკალატორზე შევდექი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ქურთუკი ისევ იღლიაში მქონდა ამოჩრილი და თხელი სვიტერით დავტანტალებდი. თუმცა, საერთოდაც ვერ ვგრძნობდი სიცივეს. ისე ხმამაღლა გამეცინა საკუთარ თავზე, გარშემომყოფების ყურადღება მივიქციე, ზოგიერთმა მგონი გიჟადაც კი მომნათლა. ბედნიერმა გადავიცვი ქურთუკი. თითქოს, ისევ ნათლად ვგრძნობდი გუგას მხურვალე ტუჩების შეხებას და ძარღვებში სისხლის ჩუხჩუხს ვუგდებდი ყურს. როგორ მივედი სახლში, არ მახსოვს. ლალი რომ არ დამიხვდა ძალიან გამიხარდა. გულაღმა გადავვარდი საწოლზე. ჩემს გონებაში ყოველი წუთისა თუ წამის აღდგენითაც კი უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ბოლო დროს ხშირად ვფიქრობდი გუგას კოცნაზე, ლამის რეალურადაც კი ვგრძნობდი მისი ტუჩების შეხებას, მაგრამ თუ ასეთი ჯადოსნური და სასწაულად სასიამოვნო იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... იმ დღის მერე ყველანაირად გავურბოდი მასთან შეხვედრას. მრცხვენოდა ჩემი სურვილების გამჟღავნებისა, რომელიც ნათლად მეწერა სახეზე. ვხვდებოდი, რომ უკვე სრულფასოვანი მამაკაცი იყო და მასთან მარტო დარჩენა ძალიან გამიჭირდებოდა. როცა დარინა მირეკავდა, მოუცლელობას ვიმიზეზებდი. გუგას ზარებს ხომ საერთოდ ვერ ვპასუხობდი აღელვებული და აფორიაქებული. მის სასიყვარულო შეტყობინებებს კი საგულდაგულოდ ვინახავდი და იმდენჯერ მქონდა გადაკითხული, უკვე ზეპირადაც კი ვიცოდი ყოველი სიტყვა. მესამე დღეს დეა შემხვდა ქუჩაში. თავის არიდება არანაირად აღარ გამოდიოდა, ვერც ვეღარაფერი მოვიმიზეზე და აღელვებული ავყევი გუგასთან. გუგა მისაღებში იდგა ხელჯოხზე დაყრდნობილი. დამინახა თუ არა, ღიმილი მოეფინა სახეზე. დეა მაშინვე სამზარეულოში გავარდა. _ზურგის ქარმა დაუბერა?_მკითხა და ფრთხილად, მაგრამ გამართულად გადმოადგა ჩემსკენ ნაბიჯები._რატო დაიკარგე? მის გამოწვდილ მარჯვენას ჩემი შევაგებე და ერთხანს თავის მუჭში ჰქონდა მომწყვდეული. თან ღიმილით მომჩერებოდა ისე, თითქოს ჩემს თვალებში აპირებდა ამოეკითხა იმ კოცნის გამო ნაწყენი ვიყავი თუ არა. სამზარეულოდან დეა და ქალბატონი დარინაც გამოვიდნენ. _როგორ მოგვანატრე თავი._სიხარულით გადამეხვია ქალბატონი დარინა._პიცა გამოვაცხვე, დაგვეწვიე. სანამ მე პირს გავაღებდი და ზრდილობიან უარს ვეტყოდი, დეამ მხრებზე მომხვია ხელი და სამზარეულოში გამაქანა. _ისეთი გემრიელი პიცა გამოაცხო ბებიამ, თითებს ჩაიკვნეტ. თუ არ გასინჯავ, ძალიან მეწყინება._ქურთუკი ძალით გამხადა და გაშლილ მაგიდასთან დამსვა. გუგაც მალევე შემოვიდა და ჩემს პირისპირ ჩამოჯდა. დეამ ჩემი ქურთუკი შემოსასვლელში გაარბენინა, საკიდზე ჩამოკიდა და მერე გვერდით მომიჯდა. _რამდენი ხანია ბებიას ასეთი გემრიელობები აღარ გაუკეთებია._ პიცის მოზრდილ ნაჭერს გადასწვდა და პირდაპირ პირში გააქანა._იფ, იფ, რა გემრიელია._სიამოვნებით თვალებმინაბულმა მადიანად აამუშავა ყბები. გუგამ კოკაკოლა გახსნა და პირველი მე შემივსო ჭიქა. _გასინჯე შვილო._დარინამ პიცის ნაჭერი გადმომიღო. მეუხერხულა ასეთი ყურადღება, დარცხვენილმა გავბედე და მადისაღმძვრელ პიცას გემო გავუსინჯე. დეა არ აჭარბებდა, მართლაც გემრიელი იყო. ცივი კოკაკოლაც დავაყოლე. სანამ ჭიქა მქონდა მოყუდებული, ფარულად გავხედე გუგას. უფრო სწორად, მის ტუჩებს ვაკვირდებოდი, ნეტარების ბურუსში რომ გამახვია. მოულოდნელად გაეღიმა. მივხვდი, რომ ჩემი მზერა დაიჭირა და შემრცხვა. ერთიანად გავწითლდი. თუმცა მის ღიმილზე მეც გამეღიმა. _ხვალ თუ კარგი ამინდი იყო, მე და ბიძია ფუნიკულიორზე მივდივართ... _ფუნიკულიორზე რა გინდათ?_გაუკვირდა ქალბატონ დარინას. _ ბიძიას სანაძლეო აქვს წაგებული ჩემთან და დროა თავნი ჩამაბაროს._სიამაყით განაცხადა დეამ._შენც ხომ წამოხვალ._მოულოდნელად მე მომიბრუნდა. _მეე?_დავიბენი._მე იქ რა მინდა? _რაც მეტი დამსწრე გვეყოლება, მით უკეთესი. _არ ვიცი, არ მგონია მოვახერხო. ხვალ სოფელში მივდივარ. _დიდი ხნით?_გუგას ხმაში შეშფოთება ვიგრძენი. _ორი-სამი დღით._მორცხვად დავაიმედე. _ხვალ რომ არ წახვიდე და ზეგ წახვიდე?_შემეხვეწა დეა. _დღეს ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ხვალ ჩემს დას დაბადების დღე აქვს და ეწყინება რომ არ ჩავიდე. დეამ მეორე ნაჭერი დაითრია პიცისა და ისიც მაშინვე პირისკენ გააქანა. _რა გაეწყობა, მე და ბიძია წავალთ. მერე მოგიყვები ყველაფერს დაწვრილებით._ბოლო წინადადება ყურში მიჩურჩულა. _ხვალ მანქანას მათხოვებ?_დედამისს შეეკითხა გუგა. _მანქანას?_გაუკვირდა დარინას._მართვას შეძლებ? _კი._დარწმუნებით უპასუხა გუგამ. _ბიძია, მამას მანქანა ხომ იცი რომ ისევ ფარეხში აყენია?_უცბად დასერიოზულდა დეა._ მართვა არც დედამ იცის და არც მე. სანამ ვისწავლი, შეგიძლია წამოიყვანო. მანამდე კი შენსასაც იყიდი. წუთით უხერხული დუმილი ჩამოწვა. _რატო არ გინდა მის მანქანაზე დაჯდომა ვერ ვხვდები? ცოტახანი გქონდეს, ხომ არ გეუბნები სულ შენი იყოს-მეთქი? მართვის მოწმობას რომ ავიღებ, მერე მე თვითონ ჩამოგართმევ._გაუცინა დეამ._ ამდენი ხანია გაჩერებულია, იქნებ დაჟანგდა კიდეც... გუგას არაფერი უთქვია. უხმოდ წამოდგა სუფრიდან და ოთახიდან გავიდა. ეტყობოდა, რომ ძალიან უჭირდა ძმის ხსენება. მე ცოტა ხანს კიდევ დავყავი მათთან, პიცაც გემრიელად მივირთვი, კარგადაც ვიჭორავეთ და წასასვლელად რომ მოვემზადე, მაშინ გამოვიდა გუგა თავისი საძინებლიდან. დეა აპირებდა ჩემს გაცილებას, მაგრამ მან გამოთქვა სურვილი და აღარ შეწინააღმდეგებია. ბინიდან უხმოდ გამოვედით. სხვა დროს ფეხით დავეშვებოდი კიბეზე, მაგრამ ახლა გუგა მახლდა და ლიფტში შევედით. _თავს რატო მარიდებ?_ლიფტის კარები დაიკეტა თუ არა, კუთხეში მიმიმწყვდია და თვალებში ჩამხედა. მის გამჭოლ მზერას ვერ გავუძელი და თვალები ძირს დავხარე. ნიკაპზე ორი თითი ამომდო და თავი ამაწევინა. გავბედე და შევხედე თვალებში. _აქამდე სულ ჩემთან იყავი, გვერდიდან არ მშორდებოდი. შენი წყალობით ვდგავარ ფეხზე. ახლა რა ხდება? რას მელაპარაკებოდა, ნახევარზე მეტი არ მესმოდა. ისე ახლოს იყო ჩემთან, თავბრუს მახვევდა მისი სიახლოვე. მონუსხულივით შევყურებდი ტუჩებზე. ძალიანაც ვაიძულებდი თავს, მაგრამ თვალს ვერ ვაშორებდი. მისი ხელმეორე კოცნის სურვილი მკლავდა. გუგაც მალევე მიმიხვდა ზრახვებს, მოულოდნელად დაიხარა და ისევ შეერთდნენ ჩვენი ტუჩები გრძნობით. ისევ შემიგუბდა სუნთქვა და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა, რაც მაშინ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თვალები არ დამიხუჭია. ვიგრძენი, როგორ გაჩერდა ლიფტი და დავინახე როგორ გაიღო კარი. ღია კარში ვიღაცის სილუეტებიც დავლანდე, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სულაც არ შემრცხვენია. წინანდელთან შედარებით გაქცევაც კი აღარ მიცდია. აძგერებული გულით ვიდექი და ამ წამის მარადიულობას ვნატრობდი. ლიფტის კარი ისევ რომ დაიხურა, გუგა ჩემს ტუჩებს მოსწყდა და ახლა მთლიანი სახე დამიკოცნა ჩურჩულით. _ჩემო სიცოცხლევ, ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ და როგორ მჭირდები. ეს რომ იცოდე, ჩემგან გაქცევას აღარ შეეცდებოდი... როგორ შემაყვარე თავი, უშენოდ ერთ წამსაც კი აღარ მინდა სიცოცხლე... ხელმეორედ რომ გაიღო ლიფტის კარი და ცნობისმოყვარე ადამიანები დავინახე, მაშინ კი მართლა შემრცხვა. _მეჩქარება, ნახვამდის._ ხელიდან დავუსხლტი და გარეთ გამოვედი. ერთი კი შევხედე გუგას, ნაცნობები გამოჯანმრთელებას რომ ულოცავდნენ და რომელიც ისევ მე მომჩერებოდა ღიმილით, და სადარბაზოდან გავედი. ისე მივიჩქაროდი სახლისკენ, ასე მეგონა მიწაზე ფეხს საერთოდ არ ვაკარებდი. ბედნიერების განცდით კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. ვერ ვხვდებოდი ეს სიყვარული იყო თუ ვნება, თუ ორივე ერთად. უდიდეს ნეტარებას და სიამოვნებას კი განვიცდიდი. გული ხომ ითხოვდა მასთან ყოფნას და სიახლოვეს, სხეულსაც უნდოდა მის შეხება, ჩახუტება და მხურვალე კოცნა. ასეთი დიდებული რამ ყოფილა სიყვარული... ******************** დილაადრიანად გავეშურე სოფელში. ძალიანაც კი არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ლანას ვერ დავაღალატებდი. ისეთ დროს მივედი, მცირე წრეში სუფრის სამზადისში იყვნენ დედაჩემი და ჩემი დები. ლანა ტუჩაბზუებული შემეგება. _გუშინ რატომ არ ჩამოხვედი? როგორ გელოდებოდი. _ვერ მოვახერხე, ბოდიში._შუბლზე ვაკოცე და მისთვის განკუთვნილი საჩუქარი გავუწოდე._გილოცავ დაბადების დღეს. ვითომ არ აპირებდა შერიგებას და საჩუქარსაც არ მართმევდა, მაგრამ ბოლოს ინტერესმა თუ სურვილმა წასძლია და სიხარულით ჩამომართვა გაწვდილ ხელში შერჩენილი პარკი. ჩემს თვალწინ გახსნა და ბლუთუზ დინამიკის დანახვაზე აღტაცებით შეჰყვირა. _ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი._მადიანად ჩამპროშნა და მაშინვე მის ჩართვას შეუდგა. ბოლო ხმაზე ჩართა. თან ცეკვავდა, თან სუფრას აწყობდა და თან მღეროდა: "იცი, დღემდე გეძებ მე შენ თვალებით, სიყვარულს ხომ ვერსად დაემალები? გეტყვი, გეტყვი, მე შენ მიყვარხარ, გეტყვი, გეტყვი ჩემთვის ვინა ხარ."_ისეთი გრძნობით და მონდომებით მღეროდა, დამაეჭვა, მივხვდი რომ ვიღაც ყავდა გულში და გამეღიმა. მოულოდნელად ვტაცე ხელი. _აბა, ახლა დაფქვი ყველაფერი. _რა დავფქვა?_ვითომ გაიკვირვა და გაწითლებულმა თვალი მომარიდა. _ოხ, შე ეშმაკუნა, დამალვა რომ არ გამოგდის, იცი? უსიტყვოდ გამიღიმა და ისევ თავის საქმეს დაუბრუნდა. _რა ადრიანად აწყობ წვეულებას, მეგონა საღამოთი გექნებოდა. _საღამოს კი მინდოდა, მაგრამ ვაკო თბილისში მიდის და მის გამო გადავწყვიტე ადრე. შევატყე, ვაკოს ხსენებაზე როგორ აუციმციმდა თვალები და გამეღიმა. _ეგ ვაკო ვინღაა?_ისე შევეკითხე, ვითომ არ ვიცოდი და მის რეაქციას დაველოდე. _ვითომ არ იცი? ნათიას მამიდაშვილია, ალაზანზე რომ ვიყავით ერთად. ეშმაკური ღიმილი რომ შემნიშნა, შეკრთა. _რა გაცინებს? _არაფერი. _როგორ თუ არაფერი?_ცოტა გამიბრაზდა._რაღაც საეჭვოდ მიყურებ და იცინი. _ისე..._შუბლზე ჩამოშლილი თმა დადავუწიე და ლოყაზე ვუჩქმინტე._კარგი ბიჭია, მომწონს. ლანა უარესად გაწითლდა. _მაცდენ რაა!_ხელიდან დამისხლტა და საქმეს მიუბრუნდა. თურმე, როგორ ეტყობა ადამიანს, როცა შეყვარებულია... მგონი მეც ასე მეტყობა... ალბათ, იმიტომაც მიმზერს გუგა ყოველთვის ასე ღიმილით და სიხარულით. ჩექმები გავიძრე, ჩემს ძველ ჩუსტებში წავყავი ფეხები და ლანას მივეხმარე სუფრის გაწყობაში. სამი საათისთვის მოვიდნენ სტუმრებიც: ლანას რამოდენიმე კლასელი და ბოლოს ვაკოც, რომელსაც ხელში უზარმაზარი ფუმფულა დათუნია ეჭირა. ყველაზე მეტად ლანას რომ მისი დანახვა გაუხარდა, ამას აღარ უნდა თქმა. კარგი დრო გაატარეს. ბევრი იცეკვეს და იმღერეს. უამრავი ფოტოც გადაიღეს. მე სუფრასთან არც დავმჯდარვარ, მომარაგების დარგში ვიყავი. ახალი შებინდებული იყო, ლანა და ვაკო რომ ვეღარ დავინახე ვერსად და ცოტა შევშფოთდი. ისე, რომ დედაჩემს არ გაეგო, ჩუმად დავიწყე მათი მოძებნა. მალევე მივაგენი სახლის უკან გვერდიგვერდ იყვნენ სკამზე ჩამომსხდრები და რაღაცას ლაპარაკობდნენ. დამაინტერესა და ნელ-ნელა მივუახლოვდი. _მართლა გიჟია.._ეუბნებოდა ვაკო._ ჯერ ახლა დადგა ფეხზე და უკვე დაიწყო თავისი სიგიჟეები. შენ ადრე უნდა გენახა რეებს აკეთებდა. ექსტრემალურ სიტუაციებში პირდაპირი ჩართვები ქონდა, ნუღარ იტყვი. _მოიცა, მოიცა, მომასმენინე რა._ლანამ მხარზე ჩამოაყრდნო თავი და გაისუსა. _მაშ ასე, ვიწყებთ ჩვენს ჩართვას მთაწმინდის პარკიდან._დეას მხიარული ხმა ვიცანი და გამიკვირდა. კიდევ უფრო მივუახლოვდი ლანასა და ვაკოს, რომ კარგად გამეგო._დღეს ის არაჩვეულებრივი დღეა, როცა ჩემი სანაძლეო უნდა ჩავიბარო. ეს ბიძაჩემია. ბიძია, მოიხედე და გაიღიმე._გადაიკისკისა დეამ. გუგას სიცილის ხმაც გავიგონე და გული ამიჩქარდა._ამ ვაჟბატონმა თვეების წინ წააგო სანაძლეო, დღეს ჩემთან ერთად მთაწმინდის პარკში ყველაზე საშიში ატრაქციონები უნდა გამოვცადოთ. ხომ არ გეშინია ბიძია?_ისევ გადაიკისკისა დეამ._ახლა ვიმყოფებით ეშმაკის ბორბალზე და ზემოდან გადმოვიხედებით._ისევ გადაიკისკისა დეამ._ნახე, ბიძია, რამდენი დაინტერესებული მაყურებელი გვყავს. რა სანაძლეოა ამისთანაო, მწერენ. მოდი და შენ მოყევი ყველაფერი, უფრო ეფექტური იქნება. _ჯობია შენ მოყვე, უფრო გალამაზებულად მოყვები._გაეცინა გუგას. _კარგი, მასე იყოს. ვინც არ იცის, გეტყვით რომ ბიძაჩემი ავარიაში მოყვა და თვეები საწოლს იყო მიჯაჭვული. იმედი არ ქონდა, რომ ფეხზე კიდევ დადგებოდა და გაივლიდა. ხო და, მე დავუდე სანაძლეო, რომ კიდევაც დადგებოდა ფეხზე და კიდევაც გაივლიდა. მაგრამ არ მიჯერებდა. ფაქტი სახეზეა, ჩემთან ერთად დღევანდელ დღეს ატრაქციონებით ვერთობით. და რაც ყველაზე მთავარია, ეშმაკის ბორბალი უმაღლეს წერტილს რომ მიაღწევს, იქიდან დაიძახებს, რომ დეა მაგარი ძმიშვილია... შემთხვევით ლანამ მოიხედა და რომ დამინახა, მაშინვე წამოხტა სკამიდან. მის რეაქციაზე ვაკომაც მომხედა. _ამ სიცივეში რას აკეთებთ აქ?_ცოტა გავიმკაცრე ხმა. _ისეთსას არაფერს._აღელდა ლანა._ვაკო ვიდეოს მაყურებინებდა, ოთახში ხმაურია და აქ გამოვედით. გამეღიმა მათი დაბნეული და შეშფოთებული სახეების დანახვისას. გუგას ხმის გაგონება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი და ლმობიერად მოვქცეოდი შეყვარებულებს. _მალე შემოდით, არ შეგცივდეთ._ღიმილით ვუთხარი და ისევ მარტოები დავტოვე. ლანა მართლაც მალევე შემოვიდა. _ვაკო?_გამიკვირდა. _თბილისში წაიყვანა მამამისმა._მოულოდნელად ჩამეხუტა._აუ, დედას არ უთხრა რა? _რა არ ვუთხრა?_გაოცებულმა მოვიშორე ტკიპასავით მოკრული გოგო და თვალებში ჩავხედე. _ვაკო რომ ჩემი შეყვარებულია._მიჩურჩულა._ხომ იცი როგორია, მეჩხუბება რატო დაპატიჟეო. გამეღიმა მის მიამიტობაზე. _გპირდები არაფერს ვეტყვი, ოღონდ შენც დამპირდი, რომ სერიოზული არაფერი იქნება თქვენს შორის ქორწილამდე. უარესად გაწითლდა, ლოყაზე მაკოცა და სტუმრებს შეუერთდა ცეკვა-ცეკვით. საღამოს გვიან აიშალნენ ცოტა შეზარხოშებულები. ლანამ დავიღალეო, მოიმიზეზა და ოთახში გამოიკეტა. მე და დედაჩემმა ავალაგეთ სუფრა. სანამ მე ჭურჭელს ვრეცხავდი, დედამ ოთახი მიალაგა, გამოგავა და გამოწმინდა. ბოლოს ერთმანეთს ძილი ნებისა ვუსურვეთ და ჩვენ ჩვენ ოთახებს მივაშურეთ. ქურდივით შევიპარე ლანა რომ არ გამეღვიძებინა, სიბნელეში ხელების ცეცებით მივაგენი ჩემს საწოლს და ის იყო ჩავწექი, რომ ლანამ წამოყო თავი. _გუგა ვინ არის? მოულოდნელობისგან სისხლი გსმეყინა ძარღვებში. _ტელეფონი გახეთქა რეკვით და ვუპასუხე, უპატრონოდ რომ გქონდა მიგდებული. _სატენზე დავტოვე._თავი ვიმართლე. _რა სასიამოვნო ხმა ქონდა... თავიდან შენ ვეგონე... _მერე?_ვეებერთელა ნერწყვის გადაყლაპვა ძლივს მოვახერხე. _მომენატრეო... მერე ხმაზე მიცნო ალბათ და დაიბნა. დაგიბარა, დამირეკოსო. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. შეგნებულად გავისუსე, არაფრის თქმა არ მინდოდა და ლანას მძინარედ მოვაჩვენე თავი. _რა სასიამოვნო ხმა ქონდა. იმედია შეხედულებითაც დაცემა იქნება... ვინ არის, არ მეტყვი?_წამოდგა და მომიახლოვდა._ვიცი რომ გღვიძავს, დამაწვინე._ეს მითხრა და ძალით შემომიწვა ლოგინში._ნაცნობი ხმა კი ქონდა... ვინ არის ჰაა? _მასთან ვმუშაობ._ვიცოდი, რომ ლანა თავს აღარ დამანებებდა და სასწრაფო წესით რაღაცის მოფიქრება გადავწყვიტე. _უბრალოდ მუშაობ?_დაეჭვდა. _ხო, რა იყო? _შენი უფროსი სიხარულოს თუ გეძახდა, არ ვიცოდი. წეღან თუ გამაცია, ახლა შემახურა. _თქვენ შორის რამე ხდება?_მომეხუტა და მხარზე ჩამომადო თავი._ჭკუას მე მარიგებ, ქორწილამდე არაფერიო და შენ? ორი წლით დიდი ხარ, მეტით ხომ არა? შენც გჭირდება ხანდახან დარიგება. _არაფერი არ ხდება... _ბოდიში, მაგრამ შენი მესიჯები წავიკითხე და მე მასე არ ვფიქრობ. _რა ქენი?_ცოტა არ იყოს გავბრაზდი. _მისი მოწერილი შეტყობინებები წავიკითხე ასე საგულდაგულოდ რომ ინახავ. მწერალია? პასუხი რომ არ დავუბრუნე, ერთხანს თვითონაც გაჩუმდა. მერე კი ოდნავ წამოიწია: _თქვენ შორის რამე მოხდა?_შეშფოთებულმა მკითხა. _არა, უბრალოდ მაკოცა._ძლივს წავილუღლუღე. _ყველაზე მეტად რომელი მესიჯი მომეწონა იცი?_ჩემს ტელეფონს გადასწვდა და კითხვა დაიწყო._"ცარიელ ოთახშიც კი შენს სურნელს ვგრძნობ დღემდე... მენატრები. მალე დაბრუნდი." გული ამიჩქარდა. ზეპირად ვიცოდი მისი ყოველი სიტყვა, მაგრამ მაინც. _"ვერ წარმოიდგენ ამხელა კაცს როგორ გამიჭირდა შენი კოცნა. ბოდიში, თუ შეგაშინე, მაგრამ ისე ახლოს იყავი ჩემთან, თავის შეკავება შეუძლებელი იყო." _"შენს ტუჩებს მწიფე ატმის გემო ქონდა..." _მორჩი რა, გთხოვ._ტელეფონი წავართვი და ბალიშის ქვეშ ამოვდე. _შენც გიყვარს ხომ?_თანაგრძნობით მკითხა._ვინ არის? _ვერ იცნობ. _ძალიან ნაცნობი ხმა ქონდა._ისევ დაეჭვდა ლანა._არ არსებობს, ერთხელ მაინც არ მყავდეს სადმე ნანახი. _რომ გითხრა ვინც არის, თავს დამანებებ და აღარაფერს მკითხავ? _გპირდები. _არც დედას ეტყვი. _შენ თუ არ ეტყვი ჩემი და ვაკოს ამბავს, არც მე ვეტყვი შენი და გუგას ამბავს. გამეცინა, შანტაჟს რომ მიწყობდა. _კარგი... დღეს ვაკო რაღაც ვიდეოს გაყურებინებდა გახსოვს? _მოიცა, არ მითხრა ახლა რომ ის სიმპატიური კაცია... _წამიერად დაიბნა. მერე კარგად წამოიზიდა საწოლიდან და ზემოდან დამაშტერდა სიბნელეში._მეც არ ვთქვი ხმა საიდან მეცნობოდა??? აუ, რა მაგარი ტიპია... ესე იგი, გაკოცა? როგორი იყო?_კითხვები ავტომატივით დამაყარა._ჰა, თქვი როგორი იყო, მოგეწონა? _ჯადოსნური._სიამოვნებით წავიჩურჩულე._სიტყვებით ვერ გადმოგცემ. ალბათ უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე. ლანას ეტყობა შესცივდა და ისევ ჩამეხუტა, თან საბანი ამოიგო კარგად. დილამდე ასე ვიწექით და ვსაუბრობდით მე გუგაზე, ლანა კი მის ნათლულ ვაკოზე... ისე დაგვათენდა თავზე, ლაპარაკში გართულებმა ვერაფერი გავიგეთ. დილით დედამ რომ შემოხსნა კარები და ერთად დაგვინახა, გაუკვირდა. _რა ხდება? _არაფერი, უბრალოდ მოგვენატრა ერთმანეთი. _მთელი ღამე თქვენი ჩურჩულის ხმა მესმოდა, არ გეძინათ? ან რა გქონდათ ამდენი საჩურჩულო?_გაეცინა და ისევ გაიხურა კარი. _არ დაურეკავ?_ლანამ ჩემი ტელეფონი ბალიშის ქვეშიდან გამოაძრო და ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა. _ჯერ დილაა, იქნებ სძინავს კიდეც. _გააღვიძე, მერე რა? უფრო გაუხარდება._არ მეშვებოდა ლანა. _შემეშვი, უხერხულია... _რა არის უხერხული, საყვარელმა ქალმა რომ მოიკითხოს? დღეს შენ გამოიჩინე ინიციატივა, რა მოხდა? ერთხანს უხმოდ ვუყურებდი ტელეფონს, ვერ გადამეწყვიტა დამერეკა თუ არა გუგასთვის. ამ გაურკვევლობაში ვიყავი, რომ მოულოდნელად შეტყობინება მომივიდა. შევკრთი. მივხვდი ვინც იქნებოდა. _ჰა, რას უყურებ, არ წაიკითხავ?_სანამ მე რამეს მოვახერხებდი, ლანამ უცბად ნახა და ხმამაღლა წამიკითხა გუგას მესიჯი. _"დილამშვიდობის. როგორ ხარ?" მესიამოვნა მისი მოკითხვა, თუმცა პასუხის დაბრუნებას არ ვაპირებდი. _იცი, ერთხელაც იქნება და მოსწყინდება მაგ შენს რომეოს შენი დევნა. მესიჯებზე პასუხს არ უბრუნებ, არც ზარებზე პასუხობ. შენი აზრით დიდგანს გაუძლებს შენს უყურადღებობას? ერთხელ მაინც უპასუხე. მღელვარედ ჩამოვართვი ტელეფონი და ათრთოლებული თითებით დავუბრუნე პასუხი. _დილამშვიდობისა. იქიდან პასუხმაც არ დააგვიანა. _როგორ გეძინა? ჯუნას შევხედე, რომელიც ინტერესით ადევნებდა ჩვენს მიმოწერას თვალყურს. _მიწერე, რომ არ გეძინა და მასზე ფიქრობდი. _მაგას ვერ მივწერ, უხერხულია._გავწითლდი. _რაღაც მაინც მიწერე, ცოდოა გელოდება. _არამიშავს. შენ?_ამის მიწერა ძლივს მოვახერხე. _მე ვერ დავიძინე._იყო პასუხი. _რატო?_გამიკვირდა. _შენზე ვფიქრობდი. მომენატრე. აქ კი, მართლა გავიჭედე, ვეღარაფერი მივწერე. ლანა კი მაგულიანებდა, მიწერე, რომ არც შენ გეძინა და გენატრებოდაო, მაგრამ... აღარც გუგას მოუწერია რამე. ვივარაუდე, რომ ისევ ჩემი და ვეგონე და გამეღიმა, მე ხომ არასდროს ვპასუხობდი? ის დღეც სოფელში დავრჩი, მოვისიყვარულე ჩვენები და მეორე დღეს დილით ადრე გავეშურე თბილისისკენ. წვიმიანი დღე იყო. თან ძალიან ციოდა. ბარგი ბინაში მივიტანე და სამსახურში გავიქეცი. ახალი წლის დღეები ახლოვდებოდა და უკვე უცხოებიც კი მირეკავდნენ. რომ იტყვიან, გადარბენაზე ვიყავი. წუთით არ მქონდა მოცლა. მთელი ერთი კვირა ისე გადავაბი, გუგასთან არ ავსულვარ სანახავად. ლალისგან ვგებულობდი მის ამბებს, რომ უკვე გამართულად დადიოდა. ძმაბიჭებმაც მოუხშირეს მასთან სტუმრობას. არა და, სანამ იწვა, ერთეულებს თუ ახსოვდათ, ისიც ხანდახან. ახლა ყველა ნათესავი, ნაცნობი თუ უცნობი, მაგის ბინიდან გამოდისო. ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ თვითონაც ვეღარ მირეკავდა ხშირად... ვშიშობდი, ლანას წინასწარმეტყველება არ ასრულებულიყო და არ მოვბეზრებულიყავი. თუმცა, ინიციატივის გამოჩენისაც მერიდებოდა. იმ დღეს დილიდან ცრიდა. ახალ მისამართზე წავედი. როგორც ვიცოდი, შუახანს გადაცილებული ქალი მარტო ცხოვრობდა ოროთახიან ბინაში. მიხაროდა, მალე დავალაგებდი და მეღირსებოდა ჯეროვნად დასვენება. მეოთხე სართულზე ფეხით ავედი. ლიფტი დაკავებული იყო და დამეზარა მისი ლოდინი. კარი კარგა გვარიანად ფაშფაშა ქალმა გამიღო. _მე ჯუნა ვარ, რომ დამირეკეთ._გავაცანი თავი. _კარგი, შემოდი._ბინაში თეძოების გამომწვევი რხევით შემიძღვა._ოთახებს ხომ დაალაგებ და ფარდებსა და ფანჯრებსაც მიხედე. _კი, არ არის პრობლემა._ქურთუკი გავიხადე და მაშინვე საქმეს შევუდექი. შუადღე გადასული იყო, რომ მოვრჩი ყველაფერს. კმაყოფილმა ქალმა ფული გადამიხადა და სახლში წამოსვლას ვაპირებდი უკვე, სიძე რომ ესტუმრა. ჰოი საოცრებავ და ეს სიძე გიგა აღმოჩნდა. დერეფანში შევეჩეხეთ ერთმანეთს. შეშინებული და აფორიაქებული ისე გამოვედი ბინიდან, ქურთუკი იქ დამრჩა. მესამე სართულზე ჩასულს გამახსენდა, თუმცა ცოცხალი თავით იქ ამსვლელი აღარ ვიყავი და რაც შეიძლებოდა სწრაფად განვაგრძე გზა. მეშინოდა გიგა არ გამომკიდებოდა. სადარბაზოდან რომ გავედი, ისევ ცრიდა. გაჩერებაზე არ გავჩერებულვარ, ადვილად რომ არ დავენახე თუ დამედევნებოდა. მას შემდეგ, რაც ჩემი გაუპატიურება სცადა, აღარ მყავდა ნანახი და დღეს შემთხვევით რომ გადავეყარე, სერიოზულად შემეშინდა. ორი გაჩერება გავიარე ფეხით. კიდევ კარგი ჩანთა და ტელეფონიც იქ არ დამრჩა... მართალია ცრიდა, მაგრამ მაინც დამასველა, იძულებული გავხდი გაჩერების ჯიხურისთვის შემეფარებინა თავი. კარგა ხანს მომიწია ლოდინი, სანამ ჩემი ავტობუსი გამოივლიდა. მოულოდნელად ჩემს წინ წითელი მანქანა შეჩერდა. ცოტა გამცდა და ისევ უკან დასწია. ისე შემეშინდა, ერთ ადგილზე გავქვავდი. _ჯუნა?_გუგას გაოცებული ხმა რომ ვიცანი, გამიხარდა._წამოდი, რას სველდები?_თვითონაც ნახევრად გადმოსული წვიმაში ხელს მიქნევდა. მაშინვე გავიქეცი და ჩავჯექი. გაოცებით შემათვალიერა. _როგორ დასველებულხარ, მოხდა რამე? _არაფერი ისეთი. ქურთუკი იმ ბინაში დამრჩა, სადაც ვალაგებდი. მიბრუნება აღარ ღირდა და... ერთხანს ეჭვით მიყურა. მერე კი უსიტყვოდ დაძრა მანქანა ადგილიდან. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. მხოლოდ მაშინ, ნაცნობ სადარბაზოსთან რომ შეაჩერა, ღიმილით მომხედა. _მისამართი არ გითქვია, მე კი არ ვიცი სად ცხოვრობ და ამიტომ აქ მოგიყვანე. ისე მციოდა, წინააღმდეგი არ წავსულვარ. მანქანიდან გადმოვედი და გუგას შევყევი სადარბაზოში. _მთლად გათოშილხარ._ლიფტში შესვლისთანავე ჩამიხუტა გულში. მესამე სართულზე მალე ავედით და ბინაში შევედით თუ არა, გათბობა ჩართა. _ცხელი შხაპი არ გაწყენდა. მიდი, არ გაცივდე. მანამდე კი მე დარინას რეცეპტით ჩაის მოგიდუღებ. შხაპმა მართლაც გამათბო და მიშველა. კარგა ხანს დავყავი იქ. გვიან აღმოვაჩინე, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მქონდა. აბანოს დიდი ტილო შემოვიხვიე და ჩემი სველი ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შევყარე ნახევარსაათიან რეჟიმზე, თან ჩემს თავზე ვბრაზობდი, რომ სანამ საშხაპეში შევიდოდი, რატო მაშინ არ ვიფიქრე ამაზე? მოგვიანებით გუგამ მომიკაკუნა კარზე. _ჯუნა, კარგად ხარ?_შეშფოთებული ჩანდა. _კი, კარგად ვარ. _არ გამოდიხარ? ჩაი მზადაა. _ჯერ ვერა. მოგვიანებით ისევ მომიკაკუნა. _სულ დამავიწყდა, კარი გააღე. საკეტი გადავატრიალე და მოშორებით დავდექი. გუგამ ოდნავ მოღიავებულ კარში მარტო ხელი შემოყო და თავისი ფუმფულა ხალათი შემომაწოდა. საგულდაგულოდ გავეხვიე და მორიდებით გავედი. გუგა მისაღებში მელოდა. რომ შევედი, შემომღიმა. _ხელმეორედ მომიწია მოდუღება._მოზრდილი ფინჯანი გამომიწოდა. დარცხვენილმა მოვუხადე მადლობა, ცხელი ფინჯანი ფრთხილად ჩამოვართვი და სავარძლისკენ გადავდგი ნაბიჯი. მოულოდნელად გრძელი ხალათის კალთა მაგიდის კიდეს წამოვდე და შემომეხსნა. _ფრთხილად._შეშფოთებულმა უმალ შემაშველა ხელი. ჩემი შიშველი სხეულისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თვალებში მიყურებდა. დარცხვენილმა ფინჯანი მაგიდაზე დავდგი, ნახევრად მოშიშვლებული სხეული ისევ საგულდაგულოდ დავიფარე და სახეზე ალმურმოდებული ჩავჯექი სავარძელში. გუგასკენ გახედვას ვერ ვბედავდი. თავჩაქინდრულმა დავლიე არომატული ჩაი. ის იყო დალევას მოვრჩი და კარზე კაკუნის ხმაც გაისმა. _ეტყობა შეკვეთა მოიტანეს._სავარძლიდან მარდად წამოდგა. არც შემცდარა, მართლა კურიერი იყო. თანხა გადაუხადა და რომ შემობრუნდა, გამომძახა: _სამზარეულოში გამოდი. რესტორნიდან ვახშამი შეეკვეთა და მაგიდას აწყობდა რომ შევედი. _შენი არ ვიცი, მე კი მგელივით მშია._შემომღიმა. მეც საშინლად მშიოდა. დიდი ხვეწნა არ დამჭირვებია და მორიდებით მივუჯექი სუფრას. ბარიდან ვისკის ბოთლი და ჭიქები გადმოიღო. _გერმანული ვისკია, ერთ ჭიქას ხომ არ დალევდი? სიმხნევისთვის ერთი ჭიქა მისწრება იქნებოდა და უარი არ მითქვია. გემრიელად ვივახშმეთ. იმ ერთმა ჭიქამ სიმხნევე მართლაც შემმატა. გუგას დაჟინებულ ღიმილიან მზერას თავისუფლად ვუსწორებდი თვალს. დესერტიც მივირთვით და რომ დავასრულეთ ნადიმი, სუფრა ორივემ ერთად ავალაგეთ. მაცივრის წინ ერთმანეთს შემთხვევით შევეჯახეთ. ისეთი თვალებით მიყურებდა, აშკარა იყო ვუნდოდი. მისი ჩახუტების ჟინი მეც მკლავდა, თუმცა ამის გამჟღავნების მრცხვენოდა. გუგა რომ დაიხარა და მაკოცა, ხელ-ფეხი წამერთვა. კოცნას მეც კოცნით ვუპასუხე. თუმცა, მალევე დავუსხლტი შეშფოთებული ხელიდან და აბაზანაში შევედი აფორიაქებული. სარკეში ჩემი ორეული რომ დავინახე, გამეცინა, ისეთი აწითლებული და თვალებანთებული ვიყავი. ჩემი ტანსაცმელი საშრობზე დავფინე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი. გუგაც იქ დამხვდა. დამინახა თუ არა, მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა. _რატო გამირბიხარ, ჩემი გეშინია? პასუხი არ გამიცია. კოცნა რომ დამიპირა, ისევ დავუსხლტი ხელიდან და მოშორებით დავდექი. გაოცებულმა შემომხედა. ერთ ხანს ასე მიყურა. _კარგი, თუ არ გინდა, არ დაგაძალებ. სახლში ვერ გაგიყვან, დალეული ვარ. შენ საძინებელში დაწექი, მე დივანზე დავიძინებ._მითხრა და მისაღებში გავიდა. მალევე მივყევი უკან. გავბედე და ზურგიდან ჩავეხუტე. შემობრუნდა, ნიკაპზე თითები ამომდო და თავი ამაწევინა. _შენთვის პირველი ვარ?_გაოცებულმა ჩამხედა თვალებში მორცხვად რომ დავუქნიე თავი, ბედნიერი ღიმილი გაუკრთა სახეზე და მჭიდროდ მიმიკრა გულზე. ერთხანს ასე ვიდექით, მერე ხელში ამიყვანა და საძინებელში შემიყვანა. საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. ხალათი რომ გამხადა და მის წინ დედიშობილა აღმოვჩნდი, ცოტა შემრცხვა. მთელი სხეული კოცნით დამიფარა. შიში, მორიდება და სირცხვილი სადღაც გაქრა. სვიტერის შიგნიდან შევუცურე მეც ხელები და გავხადე. მისი შიშველი სხეულის შეხებამ ნეტარება მომგვარა. ყოველთვის მეშინოდა ქალწულობის დაკარგვის, მაგრამ ახლა არა, ტკივილი არ მიგვრძვნია სიამოვნების ბურუსში გახვეულს... ******************** ღამე ტკბილად მეძინა მის მკერდზე. დილით ბედნიერს და კმაყოფილს რომ გამეღვიძა, გუგას უკვე ეღვიძა და სიყვარულით მიმზერდა. _დილამშვიდობის._დაიხარა და მაკოცა._როგორ გეძინა ჩემო ფერია? _კარგად. შენ? _არაჩვეულებრივად. _ყავას დალევ?_წამოვიწიე. _იყავი, მე მოვიტან._წამოდგა, შარვალი ამოიცვა და წელსზემოთ შიშველი გავიდა სამზარეულოში. თვალი გავაყოლე ხერხემლის თითქმის მთლიან სიგრძეზე ნაიარევს და გული შემეკუმშა. ტელეფონს გადავწვდი. წუხელ ლალის რომ მივწერე ამაღამ გუგასთან ვრჩები-მეთქი, მაშინვე გამოვრთე და ახლა გადაჭედილი იყო მისი შეტყობინებებით. "ცუდად არის, რა ხდება?" "შენი ნებით რჩები?" "მარტო ამაღამ თუ სულ მანდ რჩები?" "ტელეფონს რომ ჩართავ, დამირეკე." გამეღიმა და მართლაც გადავურეკე. _რა გამიხეთქე გოგო გული, რა ხდება? _ისეთი არაფერი._ჩურჩულით ვუთხარი. _წუხელ ერთად იყავით?_თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა. პასუხი რომ არ დავუბრუნე, აქოთქოთდა: _მე აქ ნერვიულობით გავსკდი და შენ კიდევ მანდ გუგას მკლავებში ნებივრობ თურმე. გამეცინა. _კარგი, უნდა გავთიშო, მერე დაგირეკავ. ის-ის იყო ტელეფონი ისევ ტუმბოზე დავდე რომ, გუგაც შემოვიდა. ყავის ფინჯნები და შოკოლადები ტუმბოზე დააწყო და საწოლზე ჩამოჯდა. დაიხარა და მაკოცა. _პირველად როდის მივხვდი რომ მიყვარდი, იცი? გაოცებით შევხედე. _საავადმყოფოში ჩემს საწოლზე თავჩამოდებულს რომ გეძინა. _კარგად კი მანერვიულე. გამიხეთქე გული, საზიზღარო._მსუბუქი მუჯლუგუნი წავარტყი. _ჩემს ცხოვრებაში შენ რომ არ გამოჩენილიყავი, არ ვიცი რა მეშველებოდა. შენ დამანახე ეს სამყარო სხვა თვალით. გახსოვს, ფრჩხილები რომ დამაჭერი? სირცხვილისგან ვიწვოდი, მაგრამ გაგლახავო რომ მითხარი, ისე შემეშინდა მართლა არ გაგელახე, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. იმის გაცნობიერება, რომ ვიღაც ზრუნავს შენზე, ვიღაცას სჯერა შენი, უდიდესი სტიმულია ცხოვრების შესაცვლელად._დაიხარა და კიდევ ერთხელ მაკოცა. მეც მოვხვიე კისერზე ხელები და კოცნას კოცნითვე ვუპასუხე. _გატყობდი, არც შენ იყავი ჩემს მიმართ გულგრილი და ვერ წარმოიდგენ როგორ მთრგუნავდა ეს. დარწმუნებული ვიყავი, ვერასდროს დავდგებოდი ფეხზე და არ მინდოდა ტვირთად დაგწოლოდი. ლუდით მთვრალი გვერდით რომ მომიწექი და ტკბილად დაგეძინა, გული გამიჩერდა, ისე ახლოს იყავი ჩემთან. ვგრძნობდი შენს სურნელს, შენს სუნთქვას ვისმენდი და ხელის შეხებას ვერ ვბედავდი... იმ საშინელ ღამეს კი, ის არაკაცი რომ იწევდა შენზე, ნათლად დავინახე ჩემი უმწეობა. მეგონა გული გამისკდებოდა ვერაფერს რომ ვერ გშველოდი... მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა საჩუქრად ამდენი ტანჯვის მერე. მართლა არ ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ. ხმისამოუღებლად შევყურებდი და მის მიმართ უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა სიყვარულის გრძნობა. მისი რა ვთქვა, მაგრამ მე კი მართლა არ ვიცოდი, რომ მის გარეშე რა მეშველებოდა? _შენ??? არაფერს მეტყვი?_შუბლზე ჩამოშლილი თმა მზრუნველად გადამიწია._პირველად რომ დაგინახე, ისეთი შეშინებული იყავი, შემეცოდე. _მართლაც რომ მეშინოდა._გამეცინა._მაწანწალას გავდი თმააბურძგნილი და წვერმოშვებული. ბავშვობაში გუდიანი კაცით რომ მაშინებდნენ, იმასთან გაგაიგივე. გიჟივით ყვიროდი. თავბედს ვიწყევლიდი აქ მოსვლისთვის. ლალიმ წამომიყვანა ისე, რომ არაფერი უთქვია, თორემ სახლიდანვე თუ მეცოდინებოდა არ გამოვყვებოდი. _მაშინ მადლობა ლალის, რომ არ გითხრა._დაიხარა და ისევ მაკოცა._ჩემი ყველა მომვლელი შუახნის ქალი იყო, შენი ბავშვური ხმა რომ ჩამესმა თვალდახუჭულს, გამიკვირდა. ისეთი შეშინებული მიყურებდი, გულწრფელად შემეცოდე. ამიტომ დაგთანხმდი ადვილად ჭამაზეც და წამლების დალევაზეც. _საზიზღარო, რამდენი მატირე იცი?_ისევ წავარტყი მუჯლუგუნი. _ვიცი, შეგატყე და უფრო შემეცოდე._კოცნით დამიფარა სახე. ნელ-ნელა წამოვიწიე და ყავის ფინჯანს გადავწვდი. კარზე კაკუნი გაისმა. გუგამ გაოცებით დახედა საათს. _დილაადრიანად ვის გავახსენდი?_სვიტერი გადაიცვა და საძინებლიდან ფეხშიშველი გავიდა. ყავა სიამოვნებით დავლიე, შოკოლადიც მივაყოლე და მეც ავდექი. ისევ გუგას ხალათში გავეხვიე დედიშობილა.თუმცა საძინებლიდან გასვლა ვერ გავბედე. არ ვიცოდი ვინ იყო და იქნებ ჩემი გამოჩენა არ უნდოდა გუგას. ცოტა ხანში აფორიაქებული გუგაც შემოვიდა. მისი სახის დანახვაზე შევკრთი. _მოხდა რამე?_შიშით ვკითხე. _ორი დღის წინ სოფი ავარიაში მოყოლილა და ფეხის ამპუტაცია დასჭირვებია. ახლა ჩემს ნახვას ითხოვს თურმე. _მერე?_თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. _არ ვიცი._საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო._ მართალია ჩვენი ცხოვრება ვერ აეწყო, მაგრამ... შემეცოდა. მე რა უფლება მქონდა გუგასთვის რამე ამეკრძალა ან დამეძალებინა? მისი გადასაწყვეტი იყო წავიდოდა თუ არა ყოფილი ცოლის სანახავად... ისე კი, რა არის ეს ცხოვრება? თავის დროზე ინვალიდ ქმარს ყურადღებას არ აქცევდა. სულ ცალ ფეხზე ეკიდა გუგა. ახლა თვითონ არის იგივე სიტუაციაში და მოუნდა ყურადღება? _ცხოვრება თურმე ყველას უხდის სამაგიეროს, თანაც უფრო მწარედ, ვიდრე ეს ჩვენ გვინდოდა. სოფიმ პირველი დღიდანვე დადაიწურა ჩემი ფეხზე დადგომის იმედი და მეც ჩამაქნევინა ცხოვრებაზე ხელი. აშკარად მაგრძნობინებდა, რომ მის ტვირთად ვიქეცი. სახლში შემოსვლა აღარ უნდოდა, იმიტომ რომ აქ ინვალიდი ქმარი ელოდებოდა. მისგან თანაგრძნობას და თანადგომას ველოდი, მაგრამ რომ იტყვიან, წაქცეულს წიხლით შემდგა. სულ მცირედი იმედიც კი დადამიწურა, რომ კიდევ დავდგებოდი ფეხზე. ყველაფერში მე მადანაშაულებდა. არ ვიცი, ალბათ ჩემი ბრალიც იყო... გაბრიელიც ჩემს გამო მოკვდა._წუთით გაჩუმდა. შევატყე, ძმაზე საუბარი ძალიან უჭირდა._ მე რომ არ გავლეშილიყავი წყნეთში და შუაღამეს არ დამეძალებინა წამოსვლა, არც არაფერი მოხდებოდა..._დავინახე როგორ აუწყლიანდა თვალები._მიჭირს ამ ტვირთით ცხოვრება._ხელი მომხვია და ჩამიხუტა._შენ მაძლევ ძალას, რომ ცხოვრება განვაგრძო. არ მინდა შენი დათმობა და დაკარგვა. მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად. მჭიდროდ მივეკარი მკერდზე. მეც ძალიან მიყვარდა და არც მე მინდოდა მისი დათმობა. სოფის რისთვის უნდოდა გუგას ნახვა არ ვიცოდი, მაგრამ მომავალ საფრთხეს ვგრძნობდი ჩვენს ურთიერთობაში და ეს მაშინებდა. _მე უნდა წავიდე. დღეს ვმუშაობ და არ მინდა დამაგვიანდეს._მორიდებით ვუთხარი და წამოვდექი. არაფერი უთქვია, უსიტყვოდ მომჩერებოდა თავისი სევდიანი თაფლისფერი თვალებით. ჩექმები რომ ჩავიცვი, ჩანთა და ტელეფონი ავიღე და გასვლა დავაპირე, წამოდგა, კართან წამომეწია და შემაჩერა. _სად მიდიხარ? გაოცებულმა შევხედე. _ქურთუკი არ გაქვს და ამ სიცივეში სად მიდიხარ? მოიცა, გაგიყვან. მალევე ჩაიცვა ფეხსაცმელები, გასაღები აიღო და ერთად გავედით. მხოლოდ მისამართი ვუთხარი და ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. სადარბაზოს წინ რომ შემიჩერა, გამიღიმა. _აი, თურმე სად ცხოვრობ. აბა რომელია შენი ბინის ფანჯრები? _აგერ ის, ვარდისფერი ფარდები რომ ჩანს. გუგამ ღიმილით ახედა ფანჯრებს, გადმოიხარა და მაკოცა. _უკვე ვიცი სადაც ცხოვრობ და ვეღარ დამემალები იცოდე. გამეცინა. _რა გაცინებს? თუ შეტყობინებაზე არ მიპასუხებ, ან ზარზე, დარწმუნებული იყავი, აქ მოგაკითხავ._ისევ მაკოცა. _კარგი, მეზობლები დაგვინახავენ._ვითომ შემრცხვა, თავი ძლივს დავაღწიე მის ტუჩებს და მანქანიდან გადავედი. _საღამოს ხომ მოხვალ?_მანქანიდან გადასულს დამაწია კითხვა. გამიხარდა ეს რომ მკითხა, თუმცა ვითომ ვერ მივუხვდი ნათქვამს და გავუღიმე. _კი, აბა სამსახურში ხომ არ დავრჩები? _ჩემთან ხომ მოხვალ?_ისეთი თვალებით გამომხედა, ლამის გული გამიჩერდა. _არ ვიცი, ვნახოთ._სხვათაშორის ვუთხარი და სადარბაზოს უკანმოუხედავად მივაშურე. სადარბაზოში არ ვიყავი ჯერ შესული, რომ დამეწია, დამიჭირა და მისმა კოცნამ კიდევ ერთხელ შემიგუბა სუნთქვა. _მოგაკითხავ._მითხრა და წავიდა. ბედნიერი ავედი ბინაში. ლალი გაავებული კრუხივით მეძგერა. _სად ხარ გოგო? რატო გამითიშე ტელეფონი? ათასი სისულელე ვიფიქრე და თურმე შენ გუგას მკლავებში ნებივრობ. ყურადღება არ მიმიქცევია, ღიმილით შევხედე მარტო და ამან უფრო გააცოფა. _შენ გელაპარაკები, არ გესმის?_მადიანად შემაჯანჯღარა. ისევ გამეცინა. _ეს ისევ ბედნიერების ბურუსშია._უკმაყოფილომ წაიბუტბუტა._მერე მოულოდნელად მომითრია, საწოლზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა._აბა, ახლა ყველაფერი მომიყევი. _რა მოგიყვე?_გაოცებულმა შევხედე. _თქვენი ინტიმური დეტალები არ მაინტერესებს, შენ ის თქვი, როგორი იყო, მოგეწონა? თუმცა რას გეკითხები, სახეზე გაწერია ყველაფერი. წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. _ისადილებ?_იქიდან გამომძახა. _არ მშია. თუ ყავას დაადგავ, მოვალ. _როგორც მიბრძანებ ქალბატონო. სანამ ლალი ყავას ადუღებდა, ჩემი ძველი ქურთუკი, რომელსაც გადაგდებას ვუპირებდი და რატომღაც დამენანა, კარადიდან გამოვიღე. _ჩაიცმევა, არაუშავს._თავი დავიიმედე და ლალისთან გავედი სამზარეულოში ყავის დასაგემოვნებლად. შუა ყავის წრუპვაში ვიყავით, რომ კარზე მოგვიკაკუნეს. ჯეირანი ვითამაშეთ როგორც ყოველთვის და ლალიმ წააგო, კარების გასაღებადაც ის გავიდა ზლაზვნით. _შენ აქ რა გინდა?_ვიღაცას მკაცრად ჰკითხა. _ჩემს სიდედრთან დარჩა და წამოვუღე._გიგას ხმის გაგონებაზე ტანში გამცრა. _საჭირო არ იყო, გუგამ ახალი უყიდა. _სახლშია? დალაპარაკება მინდა. _წუხელ გუგასთან დარჩა და ჯერ არ მოსულა. საერთოდ შეეშვი, შენისთანა ცხოველის ადგილი მის ცხოვრებაში არ არის. _ბოდიში მინდა მოვუხადო... რაღაც მომაწევინეს ბიჭებმა და ჭკუაზე არ ვიყავი. _არც მოწევის გარეშე ხარ შენ სრულ ჭკუაზე. წადი აქედან. შეიძლება ახლა მოვიდნენ და გუგამ აქ რომ გნახოს, ხომ იცი წერას აგიგებს. და-ძმურ რჩევას მოგცემ, ცოლს მიხედე და სხვა ქალების დევნას შეეშვი. კარის მიჯახუნება გავიგონე, ალბათ ცხვირწინ მიუხურა. მალევე შემოვიდა აფორიაქებული. _რა უნამუსოა, როგორ გაბედა მოსვლა?_რომ იტყვიან ცოფებს ყრიდა. ალბათ, სახეზე მეწერა შიში. დამინახა თუ არა, მომიახლოვდა და მხრებზე მომხვია ხელი. _კარგი, დაწყნარდი, წავიდა უკვე. _იქნებ სადმეა ჩასაფრებული და ჩემს გასვლას ელოდება?_შეშფოთებულმა წავილუღლუღე. _არ მგონია, მაგრამ მოდი დღეს ნუ წახვალ სამუშაოდ. დაურეკე და უთხარი, რომ ცუდად ხარ. ასეც მოვიქეცი, იმ დღეს სახლიდან გარეთ აღარ გავსულვარ. არც გუგა შემხმიანებია. არ ვიცოდი იყო თუ არა სოფის სანახავად და ეს გაურკვევლობა უფრო მტანჯავდა. მთელი დღე საათს შევყურებდი, რომელიც ჩემს ჯიბრზე ნელა მიიწევდა წინ. საღამომდე დრო ძლივს გადავაგორე. მერე კი გავბედე და გუგას შეტყობინება მივწერე. "_დღემ როგორ ჩაიარა?" პასუხი არ დაუბრუნებია და გული საშინლად მეტკინა. ცრემლებიც კი ჩამომცვივდა... ჯერ ჩვენი ურთიერთობა ძალაში არ იყო შესული და უკვე თავზე მენგრეოდა ყველაფერი. გული ამომიჯდა და მადიანად ავღრიალდი. ტირილმა თითქოს შვება მომცა, მაგრამ არც ისე, რომ გულის მხარეს რაღაც უჩვეულო ტკივილი არ მეგრძნო. აბაზანაში შევედი და ტირილისგან დასიებული თავ-პირი ცივი წყლით მოვიბანე. იქიდან გამოსულს კი ეზოდან ხმაური შემომესმა, ვიღაც მეძახდა. შიშით გადავიხედე ფანჯრიდან. ლამის მთელი სამეზობლო გამოშლილიყო. მოშორებით გუგას მოვკარი თვალი დიდი წითელი ვარდების თაიგულით ხელში. დამინახა თუ არა, გაუხარდა, ჩამოდიო ხელი დამიქნია. თავპირისმტვრევით დავეშვი კიბეზე. მისი დანახვა ისე გამიხარდა, არაფრად ჩავაგდე ცნობისმოყვარე მეზობლები, სადარბაზოდან გავვარდი თუ არა, კისერზე ჩამოვეკონწიალე. მანაც მომხვია წელზე ხელები, ამიყვანა და რამდენჯერმე შემომატრიალა ჰაერში. _გამიჭირდა მთელი დღე უშენოდ._ცრემლების ყლაპვით ძლივს ვუთხარი. _გატყობ, ბევრიც გიტირია... რა გატირებდა შე სულელო? _შენი დაკარგვა არ მინდა. გაეცინა: _ძალითაც რომ გამაგდო, შენი ცხოვრებიდან, არ წავალ. ძლივს გიპოვე და როგორ ფიქრობ, ასე ადვილად დაგთმობ?.. _შემეშინდა... _ვიცი, ლალიმ მითხრა. ამიტომ გადავწყვიტე ამაღამ ჩემთან წაგიყვანო... და არა მარტო ამაღამ, სულ ჩემთან იყავი დღეც და ღამეც. ჩემს გვერდით დაცული იქნები. _რა?_ყურებს არ დავუჯერე და გაოცებულმა შევხედე. გული ამოვარდნაზე მქონდა. _იმ ასაკში არ ვარ, რამეს დიდხანს ველოდო. ეს თვეებიც საკმარისი აღმოჩნდა შენს სიყვარულში დავრწმუნებულიყავი. ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები და ზურგს არ შემაქცევ._ჩაიმუხლა და ისე ამომხედა._ცოლად გამომყვები? დავიბენი. ამას ნამდვილად არ ველოდი. გაოცებული შევყურებდი ჩემს წინ დაჩოქილ საყვარელ მამაკაცს და პასუხს ვერ ვუბრუნებდი. წამიერად გარშემომყოფ მეზობლებს მოვავლე თვალი, ღიმილით რომ მომჩერებოდნენ. უარესად დავიბენი. ჩემმა ყოყმანმა შევატყე გუგა შეაშფოთა. ისეთი შიში ჩაბუდებოდა თვალებში, შემეცოდა. გამეცინა, მეც ჩავიმუხლე და მის ტუჩებს დავაკვდი. გულშემატკივრებმა მხურვალე ტაშით დაგვაჯილდოვეს. გვიან გავაცნობიერე, რომ მარტოები არ ვიყავით და ამდენი მოწმის თანდასწრებით ვკოცნიდი, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი, სირცხვილისთვის არ მეცალა... ******************* დარინას უბრალოდ მოერიდა მოულოდნელად რომ დაგვადგა დილით საწოლში, თორემ არ გაჰკვირვებია. გუგამ ჩემი ცოლად შერთვა რომ ახარა, გულწრფელად გაუხარდა. არ ვიცი, დედამთილებზე ცუდს რომ ლაპარაკობენ, მართლა მასეთი ცუდები არიან, თუ არ უნდათ მათი კარგი მხარეების დანახვა. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დედამთილი არაჩვეულებრივი ქალია! ახალ წლამდე ოფიციალურად გავაფორმეთ ჩვენი ქორწინება და ახალ წელს უკვე მისი ცოლის სტატუსით მეგობრების წრეში წარმადგინა. რაც შეეხება სოფის, მის სანახავად მეც წამიყვანა გუგამ. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მარტოს უმძიმდა მისვლა და გავყევი. ისეთი სახით იწვა საწოლში, გული მომეწურა. მე რომ დამინახა, შევატყე არ ესიამოვნა. _ტყუილად არ მეშინოდა, რომ ქმარს წამართმევდი._ისეთი ხმით მითხრა, ტანში გამცრა. _შენთვის ქმარი არავის წაურთმევია._უთხრა გუგამ, მხარზე მომხვია ხელი და ჩამიხუტა._თვითონ მიმატოვე, დაგავიწყდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა შენი გვერდში დგომა? სოფის ხმა არ ამოუღია. უბრალოდ ავის მომასწავებლად მიყურებდა და ბოროტულად უელავდა თვალები. _ჩვენს ურთიერთობას შეცდომასაც ვერ დავარქმევ, რაღაც მაინც იყო კარგი, თუმცა ისეთიც არა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვყოფილიყავით ერთად... _მაპატიე, ახლა ვხვდები რა დღეშიც იყავი._როგორც იქნა ამოისლუკუნა._მაგრამ მეც გამიგე, ისეთი აუტანელი გახდი ბოლო დროს... _შენ გამხადე ისეთი აუტანელი. რაც გაიგე, რომ ხერხემალი დამიზიანდა და საეჭვო იყო ჩემი ფეხზე დადგომა, საავადმყოფოშიც კი არ მაკითხავდი. შენგან უბრალო ნუგეშსა და თანადგომას ველოდი, ყოველ დღეს და ყოველ წუთს გელოდებოდი, მაგრამ შენ არ მოდიოდი... სახლში გამოყვანის დღიდან კი დილიდან დაღამებამდე რჩებოდი სამსახურში. ჩემს მიმართ არანაირ ვალდებულებას არ გრძნობდი. ცხოვრებაზე ხელი ჩამაქნევინე და ტვირთად რომ არავის დავწოლოდი, რამდენჯერმე ვცადე... ამ პატარა გოგომ კი შეძლო და მომაბრუნა ცხოვრებისკენ._მხრებზე უფრო ძლიერად მომხვია ხელი და უფრო მჭიდროდ მიმიხუტა._საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა. ისიც კი მასწავლა, რომ ბევრი კეთილი საქმის კეთება შეიძლება ხელებით, რასაც ფეხები სულაც არ სჭირდება. როგორც ვიცი, ქარგვა და ბისერებზე მუშაობა კარგად გამოგდის. სცადე, გულს გადააყოლებ. ნურავისზე დაიბოღმები საკუთარი თავის გარდა. სოფის ცრემლები წამოსცვივდა და მომეჩვენა, რომ გულწრფელად ტიროდა. გულდამძიმებული გამოვედი საავადმყოფოდან. _რა გჭირს?_გაუკვირდა გუგას. _შემეცოდა. გულწრფელად ნანობდა. _შენ არ იცნობ სოფის და მიტომ ლაპარაკობ მასე. ის არასდროს არაფერს არ ნანობს გულწრფელად. უბრალოდ, უნდა, რომ სინდისის გრძნობით დამტანჯოს. შენ როგორ ფიქრობ, მე დამნაშავე ვარ მასთან მიმართებაში? _არა. მან მიგატოვა ინვალიდი და თავისი ცხოვრება თვითონ აირჩია. _ხო და სოფიზე ნუ დარდობ. მართალია მეცოდება, მაგრამ მე მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ მაკისრია._დაიხარა და მაკოცა. ******************** ჩემი პირველი უგუნებობის მიზეზი დარინას არ გამოჰპარვია. მე ვერც კი მივხვდი ვერაფერს. დეას 16 წლის იუბილეს რესტორანში ავღნიშნავდით და ერთი ჭიქა შამპანურით დავლოცე მაზლიშვილი. რომ დავლიე, მივხვდი არ მესიამოვნა. მას მერე მთელი საღამო ღებინების შეგრძნება მქონდა. თავს ვიკავებდი, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შევძელი. მე და დეა ვცეკვავდით, რომ მოულოდნელად საპირფარეშოში გავიქეცი, ძლივს მივაღწიე იქამდე და მაღებინა კიდეც. ჩემი დედამთილიც უკან მომყვა. შუბლი დამიჭირა და ჩემს გვერდით იყო, სანამ არ ვანთხიე ყველაფერი, რაც კი ვჭამე. შემრცხვა. _ეტყობა რაღაცამ მაწყინა._მოვუბოდიშე და პირი მოვიბანე. გამიკვირდა ღიმილით რომ მომჩერებოდა. რა აცინებდა ვერ ვხვდებოდი. საპირფარეშოდან გამოსულებს დეა შეგვეფეთა. შეშფოთებული ჩანდა. _რა მოუვიდა ბებია? _ცუდი არაფერი. _აბა? _ორსულად არის._ღიმილით უთხრა. სანამ გავიაზრებდი მის ნათქვამს, დეამ ერთი შეჰკივლა სიხარულით და გადამეხვია. დეას რეაქციით გაკვირვებული გუგა მალევე მოვიდა ჩვენთან. _რა ხდება? დეამ ხელი შემიშვა და ახლა მას ჩამოეკიდა კისერზე მხიარული სიცილით. _არ მეტყვით რა ხდება?_უკვე მღელვარება დაეტყო ხმაში. _თვითონ შენი ცოლი გეტყვის._დარინამ შვილიშვილს ხელი მოკიდა და ძალით გაიყვანა. _რამეს მიმალავთ?_ეჭვით მოწკურა თვალები. _არაფერს, მეც ახლახან გავიგე... _რა? _მგონი მშობლები გავხდებით._ვუთხარი და გავუღიმე. ერთხანს ხმისამოუღებლად მიყურა, მერე მოულოდნელად ხელში ამიტაცა და დამატრიალა. _რას შვრები, ისედაც თავბრუ მეხვევა, დამსვი. გუგას არაფერი აღარ ესმოდა, ბედნიერი მატრიალებდა სტუმრების თვალწინ, რომლებიც გაოცებულები გვიყურებდნენ და ზოგიერთი ტელეფონმომარჯვებული ფოტოებსაც კი გვიღებდა. _დამსვი, თორემ მართლა გული მერევა უკვე._ყურში ვუჩურჩულე აღტაცებულ მომავალ მამიკოს. მაშინვე დამსვა და ისევ საპირფარეშოში გავვარდი. პირველი სამი თვე ასე ვიყავი, საერთოდ ვერაფერს ვჭამდი, ისევ უკან ამომდიოდა ყველაფერი. მერე კი, გადამიარა ტოქსიკოზმა. გუგა ცივ ნიავს არ მაკარებდა მომავალი შვილის დედას. ხშირად ჩემს მუცელს ესაუბრებოდა და ხანდახან ტუქსავდა კიდეც, დედა არ გააბრაზოვო. მეცინებოდა მის ასეთ ბავშვურ საქციელებზე. არც ჩემი დედამთილი მაკლებდა მზრუნველობასა და ყურადღებას. ნოემბრის ბოლოს კი ჯანმრთელი ბიჭი შეგვეძინა. სახელი მე შევურჩიე, გაბრიელი. ჩემს დედამთილს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. დეა ხომ ლამის გადაირია, სულ ჩვენთან იყო და პატარა გაბრიელის მოვლაში მეხმარებოდა. გაბრიელი ორი წლის გვყავდა, რომ მეორე ბიჭიც შეგვეძინა. მას კი გუგამ შეურჩია სახელი, ანდრია. გაბრიელის და ანდრიას შემდეგ შვილის ყოლაზე აღარ გვისაუბრია, ვზრდიდით ჩვენს ორ ბიჭს და უზომოდ ბედნიერები ვიყავით. თუმცა, წლების გასვლის შემდეგ გუგამ დაიჟინა, გოგოც ვიყოლიოთო. ექოსკოპიაზე მისულს რომ მითხრეს ესეც ბიჭიაო, არ მწყენია და არც მომიშორებია. მკვლელი დედა ვერ გავხდებოდი. მას კი უკვე დეამ დაარქვა სახელი დაჩი. ვზრდით ახლა ჩვენს ბიჭებს და უზომოდ ბედნიერები ვართ. მერე რა რომ გოგო არ მყავს? სამაგიეროდ სამი ვაჟკაცის დედა ვარ, რომლებიც მომავალში მომიყვანენ რძლებს და იმათ მივიღებ შვილებად. კიდევ, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ცივ ნიავს არ მაკარებს და რომელიც დღემდე ისე მიყვარს, როგორც 19 წლის ჯუნას უყვარდა. ტყუილია როცა ამბობენ, წლები გრძნობებს აუფერულებს და კლავსო. ის, ალბათ ნამდვილი სიყვარული რომ არ არის, იმას აუფერულებს დრო. მე დღემდე მიფორიაქებს გულს ჩემი ქმრის შეხება. დღემდე პატარა გოგოსავით მაბნევს მისი გამოხედვა და სუნთქვას მიგუბებს მისი კოცნა. (დასასრული). |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.