შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაე (თავი 7)


23-03-2021, 17:57
ავტორი MoonDaughter
ნანახია 987

***
მარიამს, იისფერი აბრეშუმის ხალათი შემოეცვა და თავის ოთახში ბოლთას სცემდა. ნერვულად ისრესდა საფეთქლებს და თითების ბალიშებით, თმის ძირებში იჭრებოდა. თავის უსაშველო ტკივილს ვერაფერს უხერხებდა და ვერც იმ ეჭვებს, რაც მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ოთახში განლაგებულ ნივთებს, ბუნდოვნად აღიქვამდა. ყოველი მათგანი, წყლისგან გადღაბნილ წარწერებს ჰგავდა და ეს დაუსრულებელი, გაურკვეველი კადრები, ისევე როგორც გარემოებები, გულს ურევდა მარიამს. თავიც უფრო და უფრო სტკივდებოდა და სისინით ისრესდა ქალას. კარს იქით, დერეფანში , ქალური და მამაკაცური ხმების ჩუმი ბუტბუტი, პირდაპირ ყელში აწვებოდა და გრძნობდა, რომ საცაა გული აერეოდა. მამაკაცის ხმა, ქალის მკვირცხლად მიყრილ წინადადებებში ისე იკარგებოდა, რომ ბოლოსდაბოლოს, ძლივს ამოღერღილი სიტყვები, დახრჩობის პირას მყოფი კაცის დახარბებულ გმინვას ჰგავდა, ძლივს რომ ამოჰყოფს თავს წყლიდან და ჟანგბადს ჩაისუნთქავს. ხმები თანდათან უფრო იზრდებოდა, ბოლოს კი შეწყდა და მარიამის კარზე, ორჯერ, ფრთხილად დააკაკუნეს. გოგონა, წელში გასწორდა და ღრმად ჩაისუნთქა. იისფერი ხალათი, სხეულზე კარგად შემოიკრა, თმა გაისწორა და კარი გააღო.
ოთახში, ქვეყნის პრეზიდენტი და პირველი ლედი, უჩვეულოდ ხელოვნური ღიმილით შევიდნენ. მარიამმაც, არაკლები ოსტატობით გადაფარა თავისი აღელვება და თავის ტკივილი.
-დილამშვიდობისა.
-სასაუზმოდ, რატომ არ ჩამოხვედი? -აივნისკენ დაიძრა ნინო და კარი გამოაღო. -შემოვიდეს სუფთა ჰაერი, როგორი ჩახუთულობაა. -თან ხელით დაინიავა სახე და ნერვიულად გაჰხედა ქალიშვილსა და ქმარს, რომლებიც უნდობლად შეშტერებოდნენ ერთმანეთს.
-იცი, ქვეყანაში რა ხდება? -წარბებშეკვრით შეეკითხა პრეზიდენტი.
-იცი, ვინ აკეთებს ამას? -გულუბრყვილოდ იკითხა მარიამმა.
-კი, ხალხი. -სარდონიკულად თქვა მიხეილმა. -ცენტრალური მოედანი ხალხითაა სავსე. ყოველ საათში, მათი რიცხვი იზრდება.
-მაგას არ გეკითხები, მამა. შენც იცი, ეს ყველაფერი საიდან დაიწყო. -უხერხულად შეიშმუშნა გოგონა.
-მოდი, ამას საჭირო ადამიანები მიხედავენ. -ყოველ ახალ ბგერაზე, ხმის ტონს მაღლა სწევდა მამაკაცი. -ახლა, მე და დედაშენს შენთან სხვა საქმე გვაქვს.
-ჩვენთვის, ყველაზე მთავარი შენ ხარ. -დაუყვავა ნინომ და მარიამს მიუახლოვდა. ეს უკანასკნელი კი, ელოდა კიდეც ამას და ცალყბად ჩაეცინა.
-სასწრაფოდ, პარიზში უნდა გადამმალოთ, არა?
-სანამ არ გავარკვევთ, ვინ დგას ამ ყველაფრის მიღმა და სიტუაცია არ დალაგდება, მანამდე აქ შენი დარჩენა სარისკოა. -მიხეილის არაბუნებრივმა თავდაჭერილობამ, გროტესკულ დონეს მიაღწია.
-იმ კლუბის მეპატრონეს ელაპარაკეთ? ვინ არის, იცით? -სუნთქვა გაუხშირდა მარიამს. -როგორ შეიძლება, მას რამე ინფორმაცია არ ჰქონდეს?
-და შენ რა იცი, აქვს თუ არ აქვს? -წარბები შეკრა მიხეილმა და თვალები გადმოჰქაჩა. -საერთოდ, რაზე მელაპარაკები?
-ღმერთმანი, შენ მე ისევ პატარა გგონივარ. -ოთახში გაიარა მარიამმა.
ცოლ-ქმარმა, ერთმანეთს გადახედეს წამიერად და ორივე ისევ მარიამს მიუბრუნდა.
-მე მგონია, რომ სწორედ იქიდან უნდა დაიწყოთ, მამა. შენ რომ უბრალოდ, ჩვეულებრივი მოქალაქე ყოფილიყავი - გასაგებია. -ქვედა ტუჩი დახარა მარიამმა და ხელები განზე გაშალა. -მაგრამ, შენ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ. კლუბის მეპატრონემ, რომლისთვისაც შენ, საპატიო სტუმარი უნდა ყოფილიყავი, ცხადია ყურადღების ყველაზე მაღალ საფეხურზე მოგაქცევდა. შეუძლებელია, შენთვის ვინმეს ასე ახლოდან გადაეღო სურათი და მას ამაზე ინფორმაცია არ ჰქონოდა. უბრალოდ, წარმოუდგენელია, რადგან ის იქ ყველაფერს აკონტროლებს. ვერსად დაიმალები, ყველა კუნჭულში მოგაგნებს. აი, ის ადგილი, სადაც ის ქალები ექსჰიბიციონისტურ შოუს დგამენ, ზუსტად იმ VIP სავარძელსა და იმ კლუბის მფლობელის, უშუქო მაგიდის შუაში მდებარეობს. -მარიამი იმდენად იყო გატაცებული თავისი დედუქციით, რომ სახეზე ოდნავ წამოწითლებულიყო კიდეც. თავის ტკივილსაც, მთლიანად გადაევლო. -იმ დღეს, როცა ქვეყნის პირველი პირი მის კლუბში მივიდა და VIP მაგიდასთან მოთავსდა, ის ტიპი აუცილებლად თავის ადგილას იჯდებოდა და დაგაკვირდებოდა. შეიძლება საერთოდაც, მან უბრძანა ფოტო გადაეღოთ შენთვის.
-ჰო და, ვიღაც პატარა კლუბის მფლობელმა მოაწყო ეს აქცია, არა? რაებს როშავ, მარიამ. -გაკვირვებული სარკაზმით იკითხა ნინომ. თან, ვერც კი გაეგო, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა მარიამის მონოლოგზე.
მიხეილმა მოღრუბლული მზერა, ამჯერად ნინოსკენ მიაშვირა.
-ეს უკვე მეტისმეტია. -მარჯვენა ფეხი ხმაურიანად დაახეთქა იატაკზე მიხეილმა. -შენ, როგორ გაბედე იმ კლუბში მისვლა და ეს სულელური, არაფრისმომცემი გამოძიება? ვინ მოგცა ამის უფლება? გარეთ, სიტუაცია დავალაგო, თუ სახლში თქვენ მოგხედოთ? -დაიღრიალა პრეზიდენტმა და ნინოს თვალები დაუქაჩა. -ხვალ დილითვე გაემგზავრება მარიამი აქედან! -უთხრა მკრაცრად ცოლს და პიჯაკის გულის ჯიბიდან ამოღებული პარიზის ბილეთი საწოლზე დადო. თავად კი, ხმაურიანი ნაბიჯებით დატოვა ქალიშვილის ოთახი.
-მე შენ გაგაფრთხილე. -თავი დაუქნია მარიამს ნინომ. -ხომ ნახე, როგორ გაბრაზდა?! -საჩვენებელი თითი, კარისკენ გაიშვირა ქალმა. - ვეღარ დარჩები, უნდა წახვიდე.
მარიამი აივანზე გასასვლელ კართან იდგა, დედისგან ზურგშექცევით. მარცხენა ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და ტუჩებს იკვნეტდა.
-მოიცა, იმ კლუბში მართლა წახვედი? -მოესმა ზურგს უკან, შეშფოთებული ხმა.
-კარგი რა, დედა. -იყვირა გოგონამ და მკვირცხლად შემოტრიალდა უკან. -ნუ მექცევით, პატარა ბავშვივით.
-არ მჯერა, არ მჯერა. -თავზე იტაცა ხელი ქალმა. -ეს შენ იქცევი პატარა ბავშვივით. მორჩა, გადაწყვეტილია - დილითვე მიფრინავ. -ხელი ასწია ქალმა და სწრაფად დატოვა ოთახი.
მარიამმა აშკარად იგრძნო ისევ ტკივილი, რომელიც თვალებში ჩამოაწვა. სახე ნერვიულად მოისრისა და ტუჩების კვნეტით, ოთახში გაიარ-გამოარა. მერე, ტელეფონს დასტაცა ხელი და დარეკა.
-თორნიკე, შენი დახმარება მჭირდება. -ხმა თითქმის ისტერიული ჰქონდა.

***
-სულ გაგიჟდი? მამაშენისთვის რამ გათქმევინა, რომ იქ იყავი? სხვა რეაქციას ელოდი? -გულწრფელად გაოცდა თორნიკე. მერე კი, მაგიდასთან მოახლოვებულ მიმტანს აჰხედა. -მე ჟოლოს ჩაი მომიტანეთ, გოგონა ყავას დალევს.
მარიამი დაელოდა, სანამ მიმტანი მოშორდებოდა მათ მაგიდას. შემდეგ კი, იდაყვებით ზედაპირს დაეყრდნო და თორნიკეს სახეში შეაჩერდა.
-ზუსტად ვიცი, რომ აი ის ტიპი რაღაცას მალავს.
-შენ პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევი, მარიამ. -მკრთალი ცინიზმი გადაეკრო ტუჩებზე მამაკაცს. -აგათა კრისტის და ედგარ პოს კითხვა კარგი თავშესაქცევია, შერლოკიც ყველას გვიყვარს, მაგრამ...
-დამცინი? -ხმა გაუმკაცრდა გოგონას.
-არა. ვცდილობ გაჩვენო, რომ ზოგჯერ რეალობა, არც ისეთი საინტერესოა, როგორადაც შენ აღიქვამ. მაგ ტიპზე, ყველაფერი ეცოდინებათ უკვე. რაც საეჭვოა და რაც არ არის საეჭვო, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როცა გამოძიება მიმდინარეობს. მითუმეტეს, როცა ასეთი ქეისია, პირველ რიგში მაგას დაკითხავდნენ. მოეშვი, რა.
-და წავიდე? -გაეღიმა მარიამს.
-ახლა, ასე აჯობებს. ისედაც, სხვა გზა არ გაქვს, აუცილებლად გაგიშვებენ. -მხრები აიჩეჩა თორნიკემ და მაგიდასთან მოახლოვებულ მიმტანს, ზრდილობიანად დაუკრა თავი. გოგონამ, ახალგაზრდების წინ, შეკვეთები დაალაგა და ისევ მოშორდა მათ.
-ძალიან ცბიერია, გესმის? -თითქმის ჩურჩულით უთხრა მარიამმა. -რამოდენიმეჯერ „დამიჭირა“, რომ მოცეკვავეებს ვუყურებდი და ჩემი ცდუნება სცადა.
-რას გულისხმობ? -თორნიკეს სახე შეეცვალა და ბრაზი აენთო.
-რაღაც სულელური ისტორიები მომიყვა მათ შესახებ. თითქოს, სურდა მათ რიცხვს შევმატებოდი.
-სტრიპტიზ კლუბის მფლობელია, მარიამ. მისგან სხვას რას ელოდი? შექსპირის პიესებს ხომ არ წაგიკითხავდა, ან პლატონურ გრძნობებზე? -გაბრაზდა თორნიკე.
-მეც მაგას ვამბობ. გარყვნილი სული აქვს.
-მორალი მონასტერში ეძიე. ჩვენ აქ, კანონს ვიცავთ.
-ქალაქგარეთ, შენს სახლში, ცხოვრობს ვინმე?
თორნიკეს ჩაი გულზე გაეცა და ძლივს ამოისუნქა. აცრემლიანებული და აწითლებული თვალებით, ძლივს აღიდგინა მზერა და მარიამს შეაშტერდა ბრიყვულად.
-კარგად ხარ? -მარიამი მის თავთან იდგა და ზურგზე უსვამდა ხელს.
-კი, კარგად ვარ. სითხე გადამცდა, -უპასუხა თორნიკემ და წელზე ფრთხილად მოჰხვია ხელი. მარიამი ისევ თავის ადგილზე მოკალათდა.
ბიჭს იმედი ჰქონდა, რომ გოგონა არ გააგრძელებდა, მაგრამ სულ ტყუილად.
-ჩემები იფიქრებენ, რომ წავედი. მე კი, იმ სახლში დავრჩები.
-ვერა. კამერებია ყველგან და ჩემებიც ადიან ხოლმე. -დაუფიქრებლად მიაყარა თორნიკემ. -მარიამ, წადი პარიზში. მალე ყველაფერი დალაგდება და ჩამოხვალ. დამიჯერე, გთხოვ. -როგორც ადიდებულ მდინარეში ჩავარდნილი ეჭიდება უიმედოდ ხავსს, ისეთ ვედრებას ჰგავდა თორნიკეს ტონი.
მარიამი დუმდა. სახეზე ნისლი ჩამოსწოლოდა, ფერმკრთალი და ფარხმალდაყრილი გამომეტყველება ჰქონდა. უაზროდ მისჩერებოდა ფანჯრის მინას და მიღმა არც იყურებოდა.
-მარიამ. -გვერდით მიუჯდა თორნიკე და სახე ახლოს მიუტანა. -ჩემი ხომ გჯერა?
გოგონა რაღაცაზე ფიქრებს მოეცვა, მერე ფრთხილად შეატრიალა ბიჭისკენ თავი და თვალებში შეაშტერდა. თორნიკემ თვალები დახარა მარიამის ტუჩებისკენ და მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში. მერე, ხელი ასწია და ყბის ძვალს, საჩვენებელი თითით გაუსვა ხელი ნიკაპამდე. სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა და თვალები დახუჭა. მარიამის სახის სიმხურვალე იგრძნო, რომელიც წამში გაცივდა.
-არ წავიდეთ? -მოესმა თორნიკეს და თვალები გაახილა. მარიამი განზე გაწეულიყო და ირიბად დაჰყურებდა მას, ოდნავ ცივი გამომეტყველებით.
-ჰო...კი. -ძლივს ამოღერღა თორნიკემ და თვალები დაახამხამა, ახალგაღვიძებულზე მზის სხვი რომ მოგანათებს, ზუსტად ისე.
მთელი გზა, ხმა არცერთს ამოუღია. პრეზიდენტის სახლთან გაჩერებული მანქანიდან გადამავალ მარიამს, ფრთხილად გააყოლა თვალი თორნიკემ.
-რომელზე მიფრინავ?
-9 საათზე. -ცივად უპასუხა მარიამმა, მისკენ არც კი გამოუხედავს და კარი ხმაურიანად მიაჯახუნა.

***

თორნიკემ სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილს. ისე აჭერდა გაზს ფეხს, აშკარა იყო რომ სადღაც ძალიან ეჩქარებოდა. ტრადიციულად, საქმიანად ეცვა. ლურჯ ჰალსტუხს, ნერვიულად იქაჩავდა დაბლა. ბიჭმა, სავაჭრო ცენტრისკენ აიღო გეზი. შლაგბაუმს გადასცდა და მანქანა სადგომზე დააყენა. მანქანიდან გადმოსულმა, უჩუმრად მიიხედ-მოიხედა, მზის სათვალე მოირგო და ვიწრო ჩიხისკენ გასწია. უზარმაზარ, მწვანე კართან შეჩერდა თორნიკე. ისევ მიიხედ-მოიხედა, მერე კი პატარა ჩარჩოსთან მივიდა და ზარი დარეკა. ჩარჩოს პატარა, კვადრატის ფორმის კარი გაიღო და მხოლოდ ქალის ცხვირი და თვალები დაინახა მამაკაცმა. თვალებში ღიმილი ამოიკითხებოდა, ისეთი როგორიც კარგი ნაცნობის დანახვაზე აქვთ ხოლმე ადამიანებს და დიდი კარიც გაიღო.
-მობრძანდით. -ახლა უკვე მთელი სახით გაუღიმა მამაკაცს ქალმა. -გაბრიელი უკვე აქ არის.
-ჰო, ცოტა დამაგვიანდა. -უხერხულად დაუკრა თავი თორნიკემ და მელოტ, უსწორმასწორო ბილიკს დაადგა.
გაბესგან განსხვავებით, თორნიკე მხოლოდ შენობას მისჩერებოდა, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა მას. არ აინტერესებდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ, როგორი უცნაური ადამიანებითაც არ უნდა ყოფილიყო გარშემორტმული. თითქოს, ვერანაირი ადამიანი ვერ გააკვირვებდა და ვერც დააინტერესებდა, ამიტომ გულგრილად მიიწევდა წინ და ცხვირს ისე იბზუებდა, იფიქრებდით სუნთქვას იკავებსო.
შენობაში შესვლისთანავე, თვალი მოჰკრა ლეილას, რომელიც თორნიკესგან ზურგით მდგომი გაბეს მიღმა იდგა და რაღაცას უხსნიდა. მერე კი, თორნიკესაც მოჰკრა თვალი და გაკვირვებისგან და სიხარულისგან, სახე გაუნათდა.
-ნუთუ, ეს შენ ხარ? -ხელები გაშალა ქალმა.
თორნიკეს მხოლოდ გაღიმება სურდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და გემრიელად გაიცინა. ლეილას გადაეხვია და გაბესკენაც გააპარა თვალი, რომელიც მობრუნებულიყო და ზევიდან, უცნაური თავდაჯერებით, ან რაღაც მასთან მიახლოვებული გრძნობით შეჰყურებდა. მერე კი, მოუახლოვდა და ბეჭზე დაჰკრა ხელი.
-ძალიან გაუხარდება შენი დანახვა. -შესცინა სახეში წითელთმიანმა.
-უკეთაა? -მშვიდად იკითხა თორნიკემ.
-ახლა, ზუსტად მაგას ვუყვებოდი გაბრიელს. 4-5 საათი გადაბმულად თამაშობს ხოლმე, გოგონები ერთმანეთს ენაცვლებიან. კიდევ კარგი, რომ ჭადრაკის თამაში ბევრმა ვიცით. უბრალოდ, სხვა რამე არ აინტერესებს. თუ კარგად არის, თამაშობს. თუ ცუდად არის და შეტევა აქვს, იძულებული ვართ წამალი გავუკეთოთ და დავაძინოთ. სხვაგვარად, არ შეიძლება, რადგან თუ არ გავთიშეთ, თავს იზიანებს. აი, გაბრიელიც შეესწრო ამას წინათ.
თორნიკემ გაბეს გახედა წამით.
-ახლა, სად არის?
-აი, უკან ეზოში. თამაშობს. -გაიღიმა ქალმა და შებრუნდა.
გაბრიელი და თორნიკე უკან გაჰყვნენ. გაბე ოდნავ უფრო ახლოს მივიდა თორნიკესთან.
-არის, რაიმე სიახლე? -უჩურჩულა მან.
-ჯერ, არავინ დაუჭერიათ.
-საინტერესოა, ამდენ ხანს რას ფიქრობენ?!
-რაც მეტად გაწელავენ, მათთვის უარესია. ხალხი უფრო და უფრო გროვდება.
-უცნაურია, რატომ დუმან?! -თავი გააქნია გაბემ. -კიდევ, არის რამე?
-მარიამ ერისთავი, დილით პარიზში მიემგზავრება.
გაბრიელმა უნდობლად შეკრა წარბები და შეჩერდა. თორნიკეც შეჩერდა.
-ასე მარტივად დაითანხმე?
-მე არა. მამამისი უშვებს. წასვლა არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. მთელი ესკორტით გააცილებენ დილით. -თორნიკემ გზა განაგრძო და უკანა ეზოში გასასვლელი კარის ზღურბლი გადალახა.
გაბრიელი რამოდენიმე წამით შეჩერდა და თვალები უნდობლად დახუჭა. მერე, თავი გადააქნია და გზა განაგრძო. სამ-ოთხ ნაბიჯში, თორნიკესაც დაეწია და გამელოტებული ჭადრის ხის ქვეშ, მწვანე მაგიდაზე გაშლილ ჭადრაკის დაფისკენ გაიშვირა თვალები. რაელი მათგან ზურგით იჯდა, მის წინ კი, ისევ ის შავთმიანი იჯდა და ისევ იგივე, შეშინებული მზერით ჩაჰკირკიტებოდა ფიგურებს. ლეილა ბიჭს მიუახლოვდა.
-რაელ, ნახე, ვინ მოვიდა შენთან.
შავთმიანმა მაშინვე აიხედა და სახე გაუბრწყინდა. ვერა, თორნიკე ვერ იცნო, მაგრამ იმას კი მიხვდა რომ ვიღაც ჩაენაცვლებოდა. რაელმა, თავი მოატრიალა ფრთხილად და ჯერ გაბეს შეხედა, მერე კი თორნიკეს. თავი ჩახარა და ქვევიდან, ქურდულად გამოხედა ორივეს. ოქროსფერი ჩოლკები თვალებში ჩამოჰყროდა. თვალები, იმდენად ფერმკრთალი ჰქონდა, რომ ვერც იმას იტყოდით დანამდვილებით თაფლისფერი იყო, თუ მწვანე. თორნიკე მისკენ წავიდა და რაელის ფეხებთან ჩაიმუხლა. ცოტა ხანი, სახეში უყურა. მერე კი, რბილ თმაზე ჩამოუსვა ხელი და გაუღიმა.
-მიცანი, რაელ?
ბიჭმა არაფერი უპასუხა. ჩუმად, გაბესკენ გააპარა მზერა და ვედრებით შეაჩერდა. მერე კი, ისევ თორნიკესკენ დახარა თვალები. ცოტათი, დაბნეული ჩანდა.
-ჭადრაკის თამაში იცი? -ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ჰკითხა რაელმა.
თორნიკე აჭარხლდა, ნერწყვის გადაყლაპვა უნდოდა, მაგრამ პირში მსგავსი არაფერი ჰქონდა. სულ მთლად გაუშრა პირი და ტუჩებიც გაუთეთრდა.
-არ ვიცი. აი, გაბე გეთამაშება. -თავით გაბესკენ ანიშნა თორნიკემ.
შავთმიანი, მაშინვე წამოხტა. თავი დაუკრა ყველას და შენობისკენ წავიდა. წითელთმიანიც მოშორდა მათ და ტრადიციულად, იქვე შორიახლოს მოკალათდა. გაბრიელი კი, მეტოქის სკამზე დაჯდა და ფიგურების დალაგებას შეუდგა. თორნიკე, რაელს მიუჯდა გვერდით და დაფას დააცქერდა.
თამაში მშვენივრად მიმდინარეობდა. არცერთის მხარეს არ იყო უპირატესობა, თითქოს. ფიგურები ოთხკუთხედს ქმნიდნენ დაფაზე და არეულობა არ შეიმჩნეოდა. რაელის გამომეტყველება თამაშის დროს, ერთ რამედ ღირდა. მისი მზერა, ემოციები თავგადასავლებით იყო სავსე. ჭადრაკის დაფაზე იყო მისი ცხოვრება, რომელსაც თავად მართავდა. ძალიან მოსწონდა, რომ ყველაფრის მბრძანებლობა და კონტროლი შეეძლო. დაცვა, შეტევა, მახეში შეტყუება... თამაშის პროცესი მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. გაბე კი, თითქოს მექანიკურად თამაშობდა. მხოლოდ დაცვაზე იყო გადასული და სერიოზულ სვლაზე ფიქრობდა. თითქოს, რაღაც სტრატეგიას ეძებდა, რაც უტყუარი იქნებოდა და ავთვისებიანი სიმსივნესავით გახრწნიდა მოწინააღმდეგის მეფეს. თითქმის საათი გავიდა და, ჯერაც არ იყო გამოკვეთილი, ვინ მოიგებდა. გაბრიელმა ერთი კუ, ოთხი პაიკი, ერთი ეტლი და ლაზიერი დაკარგა. რაელმა კი, ერთი ეტლი, სამი პაიკი და ორი კუ. თამაში მაინც, მონოტონურად მიმდინარეობდა.
-სხვათაშორის, სულ მაინტერესებდა. -თქვა თორნიკემ და რაეილს მიაშტერდა. -არსებობს ჭადრაკში ისეთი სვლა, რომელიც სულ მოგაგებინებს?
რაელი შეჩერდა. დაფას დააშტერდა და ჯერ გაბეს შეხედა, მერე თორნიკეს.
-არსებობს ძლიერი და მშვიდი სვლები. ძლიერი არის, როდესაც ძლიერ ფიგურას მოუკლავ მეტოქეს. ამ შემთხვევაში, აშკარა უპირატესობა გაქვს.
-ისევე, როგორც შენ მოუკალი გაბეს ძლიერი ფიგურები, ხომ? -აღტაცებული ჩანდა თორნიკე.
-მშვიდი სვლით კი, შეგიძლია ძირი გამოუთხარო მეტოქეს. აი, მე გაბეს წავართვი მთავარი ფიგურები და ლაზიერი მათ შორის. -რაელი ფეხზე წამოდგა და ხელები დაეგრიხა. ასე ემართებოდა, ზედმეტი ემოციებისგან. -ის კი, მშვიდი სვლებით მპასუხობს. ნელ-ნელა, ნელ-ნელა და ყაიმისკენ წაიყვანს თამაშს. ხვდები? მიხვდი? -ტუჩის კუთხეებთან ნერწყვი მოადგა რაელს და ნიკაპზე ჩამოეწვეთა.
-მივხვდი, რაელ. -მშვიდად უპასუხა თორნიკემ. -რამდენიმე მომგებიანი სვლა, არ ნიშნავს უპირატესობას. მეტოქე შეიძლება მახეს გიგებდეს. ასეა?
რაელმა პირი გააღო და სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.
თორნიკემ გაბეს შეხედა. ამ უკანასკნელს კი ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ეს წამია, რაღაც მნიშვნელოვანს წააწყდა. თორნიკესაც თითქმის იგივე გამომეტყველება ჰქონდა.
-ქიში. -უთხრა გაბემ რაელს.
რაელმა მეფე გვერდით გასწია.
-ქიში. -გაიმეორა კვლავ გაბემ.
კიდევ იმდენჯერ გაიმერეს იგივე, სანამ თორნიკემ არ თქვა:
-ყაიმია.

***
საავადმყოფოს ეზოდან გასასვლელი კარისკენ დამდგარ ბილიკზე, აჩქარებით მოიწევდა ორი ახალგაზრდა. სამყაროს საგრძნობლად ჩამოსწოლოდა სიბნელე, ხეები შრიალებდნენ და ცივი ქარი ზუზუნებდა.
-რაღაცას ამზადებენ. -გადააფურთხა გაბემ.
-დამშვიდდი. ყველაფრისთვის მოვემზადეთ, გართულებებისთვისაც მზად ვართ. შენებთან რა ხდება?
-არის ერთი, ძალიან ემოციურია და თან, ბუბა დავლაძის ტყუპისცალია.
თორნიკე გაჩერდა.
-ეგ არ იცოდი, სანამ შენთან მიიღებდი?
-არა. შეცდომა გამეპარა, მაგრამ ახლოს მყავს. თან, ვუყვარვარ და ეს პრობლემაცაა და კარგიც ამასთანავე.
თორნიკემ ღრმად ჩაისუნთქა და გზა განაგრძო.
-მაგის გარდა, ვინმე ხომ არ ქმნის პრობლემას?
-არა. -თავდაჯერებით თქვა გაბემ. -დიდად, რევოლუციის არსზე წარმოდგენა არ აქვთ, მაგრამ ჩემი სჯერათ. ისინი პაიკები არიან ამ თამაშში.
ეზოდან გადავიდნენ. გაბრიელი მარცხენა მხარეს ჩაუყვა გზას, მოტოციკლს მიუახლოვდა, ჩაფხუტი მოირგო და სიბნელეში გაუჩინარდა. თორნიკემ კი, ფეხით გადაკვეთა სავაჭრო ცენტრის შლაგბაუმი, თავის მანქანას მიუახლოვდა და ჩაჯდა. გვერდით სავარძელზე დაგდებული ჰალსხუტი ისევ ყელზე მოირგო, კარგად შეისწორა და მანქანა დაძრა.

***

თორნიკეს მანქანიდან, ორი მანქანის შემდგომ მარიამის მანქანა იდგა. თავად კი, სავაჭრო ცენტრის შუშის კარიდან უჩუმრად შესჩერებოდა თორნიკეს: როგორ გამოვიდა ფსიქიატრიული საავადმყოფოსკენ მიმავალი ჩიხიდან, როგორ ჩაჯდა მანქანაში, როგორ შეიკრა ჰალსტუხი და როგორ დაადგა მთავარ გზას.



№1  offline წევრი თ. ა.

ჰომ... სათანადოდ ვერ აფასებენ მარიამს, რას იზამ ცხოვრებაა ასეთი. როცა გგონია ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, აი სწორედ მაშინ იწყება დიდი არეულობა. ბევრი ფაქტი გამოიკვეთ ამ თავში. მარიამის დაჟინება და საქმის დამოუკიდებლად გამოძიება ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თორინეკე უნდა მიმხვდარიყო, რომ მარიამი ასე ადვილად არ დანებდებოდა.
ერთადერთი რაც მაშფოთებს გაბეს დამოკიდებულებაა ევას მიმართ. არ მინდა უბრალოდ გამოყენებული პაიკი აღმოჩნდეს ბოლოს. ისე კი ისტორია უფრო და უფრო ჩახლართული და საინტერესო ხდება.

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

თ. ა.
ჰომ... სათანადოდ ვერ აფასებენ მარიამს, რას იზამ ცხოვრებაა ასეთი. როცა გგონია ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, აი სწორედ მაშინ იწყება დიდი არეულობა. ბევრი ფაქტი გამოიკვეთ ამ თავში. მარიამის დაჟინება და საქმის დამოუკიდებლად გამოძიება ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თორინეკე უნდა მიმხვდარიყო, რომ მარიამი ასე ადვილად არ დანებდებოდა.
ერთადერთი რაც მაშფოთებს გაბეს დამოკიდებულებაა ევას მიმართ. არ მინდა უბრალოდ გამოყენებული პაიკი აღმოჩნდეს ბოლოს. ისე კი ისტორია უფრო და უფრო ჩახლართული და საინტერესო ხდება.

ნამდვილად, აწი იწყება მთელი არეულობა )) ❤️ მადლობა, რომ მომყვები ჩემო ძვირფასო ❤️❤️

 


№3  offline წევრი Nobodyelse

დიდი ხანია საიტზე არ შემოვსულვარ და რაეს გაგრძელება რომ დავინახე, ისე გამიხარდა!
გავიხსენებ ძველ თავებსაც და "წამოგეწევი" smile

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

Nobodyelse
დიდი ხანია საიტზე არ შემოვსულვარ და რაეს გაგრძელება რომ დავინახე, ისე გამიხარდა!
გავიხსენებ ძველ თავებსაც და "წამოგეწევი" smile

ოჰოოო heart_eyes აბა, გელოდები satisfied relieved heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent