შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფშაური კაფია [თავი 11]


24-03-2021, 01:14
ავტორი ხვარამზე
ნანახია 1 625

მთელი თვეა ბრაზისგან კედლებს აწყდებოდა ვახტანგ ხოსიაური, მოსვენება დაეკარგა. გულს უცნაურად უღრღნიდა მისი გავლენის არეალში, ფშავის შემოგარენში ახალი „მოთამაშის“, თადიაურის ვაჟის გამოჩენა - აძრწუნებდა ძალაუფლების შერყევა და პოზიციების შესუსტება. წლებია თავს მაღაროსკარისა და ზოგადად, ფშავ-ხევსურეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ მკვიდრად მიიჩნევდა; უმისოდ არ და ვერ გვარდებოდა არც ერთი ხელისუფლების, არცერთი დეპუტატისა თუ გუბერნატორის არჩევა-გადარჩევის საქმე - მისი ფარული, ძლიერი ხელი ყველასა და ყველაფერს სწვდებოდა: ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს სასამართლოსა, თუ პოლიციას.
გასაბჭოების წლებიდან მოყოლებული ხოსიაურების ოჯახმა მეგობრები, მეკავშირეები შეიძინა თითქმის ყველა სოციალურ ფენაში - ჯერ მამამისი, ხოლო შემდეგ თავად ვახტანგი ე.წ. „წითელი ინტელიგენციის“ რიგებში გაერია; 70-იანი წლების მიწურულს კი, მას შემდეგ, რაც საბჭოთა უკვე ძირგამომპალი იმპერიის ტახტი მძლავრად შეარყია 1978 წლის აპრილის საპროტესტო ტალღამ, სუკის მაღალ ეშელონებში დაწინაურებულმა დათა ხოსიაურმა, უფროსი ვაჟი დისიდენტური მოძრაობის მარაქაფაში ჩართო. სწორედ აქ გადაიკვეთა პირველად ხოსიაურისა და თადიაურის გზები - 80-იანი წლების თბილისში, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კედლებში, ადრე მაისის ერთ თბილ საღამოს, მაშინ როცა, ცის კაბადონზე ჩამავალი, წითლად აბრდღვიალებული მზის ულმობელი მცხუნვარება ნება-ნება ინავლებოდა. სიახლის ჟამი, სხვაგვარი დარი მალი-მალ, ახალი სიძლიერით იკრებდა ძალებს, ბინდდებოდა, ბნელდებოდა საქართველოში. ახლოვდებოდა მწუხრი, იდუმალი და დაფარული, თუმცა ღამის წყვდიადს გზა ახალი, მტრედისფერი რიჟრაჟისთვის უნდა გაეკაფა.
უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტმა, ვახტანგ ხოსიაურმა გაუბედავად, ფრთხილი, ჩუმი მოძრაობით შეაღო აუდიტორიის მძიმე კარი და მაშინვე იგრძნო ოთახში გამეფებული მსუბუქი, თუმცა ამაღელვებელი განწყობა. უნივერსიტეტის პრეს-კლუბი გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ დანართის „სტუდენტური ფურცლის“ ახალი ნომრის თაობაზე მსჯელობდა. კერძოდ, განხილვა ვინმე ნანა ჯაფარიძის წერილის ირგვლივ მიმდინარეობდა, და დავით-გარეჯის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების პოლიგონის გასვლის საკითხს ეხებოდა. სტატია ერთგვარ საპროტეტო მანიფესტს წარმოადგენდა და ჰყავდა როგორც მომხრენი, ისე მოწინააღმდეგენი - დაპირისპირებულთა მხარეს სტუდენტური მოძრაობის ე.წ. ფრთხილი ფრთა იყო, თუმცა ავტორს, მაღალსა და შველივით დიდთვალება გოგოს მხარდამჭერნიც ბლომად ჰყავდა. ამ ხმაურიანი და მწვავე წერილის დამცველთა რიგში იდგნენ ხოსიაურივით არაგვის ხეობის მკვიდრნი, გაბრიელ თადიაური, ზურა უძილაური და თამარ ზურაბაული.
ვახტანგმა მონადირის მტაცებლური მზერა მოავლო აუდიტორიაში შეკრებილებს - სუკის მიერ შეკერილი საქაღალდეებიდან ზედმიწევნით კარგად ცნობდა უძილაურსა და მის განუყრელ მეგობრებს, გამორჩეულ, მგზნებარე ხასიათის ახალგაზრდა ბიჭებს; რომელთაგან ერთ-ერთი, გაბრიელი თვალებანთებული შესცქეროდა მერხთან აწურულ, თვალებბრიალა, ფერმკრთალსა და მამაც გოგოს, ნანას, ამ მეტად სკანდალური წერილის ავტორს. ხოსიაურმა თვალი მიადევნა მის ათრთოლებულ თითებს, მოცახცახე მხრებს - ქალი ჩუმად, თუმც უშიშრად საუბრობდა რეჟიმის მიერ აკრძალული თემების ირგვლივ - ვახტანგი გაოცებას ვეღარ მალავდა, სმენადქცეული, გაფაციცებით უგდებდა ყურს თბილ, ხავერდოვან ხმას.
ამოიოხრა ხოსიაურმა, დავბერდიო - გაიფიქრა. ბოლო ხანებში მეტისმეტად მიეძალა წარსულის მოგონებებს, ის ჟამი დაუდგა ადამიანი ნელ-ნელა რომ იწყებს გადაფასებას - როგორ უცხოვრია, რა უკეთებია. სამოც წელიწადს გადააბიჯა, ცხოვრების ნახევარი განვლო, გრძნობდა სისუსტე, უღონობა შეპარვოდა ხმელ, ჭარმაგ სხეულს. სიძაბუნემ ერთიანად მაშინ დარია ხელი, როცა ერთადერთი ქალიშვილი სასწავლებლად სტრასბურგის უნივერსიტეტში გაუშვა და დაქვრივებული სრულიად მარტო დარჩა. მით უფრო, რომ მაინცდამაინც ვერ ძმას, კახას ეწყობოდა - ვერ აპატია უმცროსს იმ ქარაფუტა მაგდაზე დაქორწინება. თვალში არც ძმისშვილი მოსდიოდა, ენანებოდა უგერგილო დათას ამარა დარჩენილი ხოსიაურთა გვარი. ღმერთო, რომელი ცოდვისთვის, რისთვის დამსაჯე ასე სასტიკად. რა იქნებოდა ჩემთვისაც გეჩუქებინა ერთი მემკვიდრეო- ჩაიჩურჩულა გულდაწყვეტილმა და საათს დახედა. შეხვედრისათვის დათქმული დრო მოსრულებულიყო, კახას ელოდებოდა, ორივენი ერთად კი თადიაურს უნდა შეხვედროდნენ.
ის იყო ოფიციანტს შეკვეთა მისცა ძმის შევერცხლილი თავი დაინახა კაფე „ლეილას“ შემოსასვლელში. კახაც აღელვებული ჩანდა, შუბლზე ოფლი მოსწოლოდა, სახე გასწითლებოდა.
-სადა ხარ ბიჭო ამდენი ხანი? - ჰკითხა უფროსმა
-რა ვიცი, ძვლივს დავეხსენი სამსახურის საქმეებს. იმ სამადაშვილმაც მაგრად გამიხურა რა, მთელი თვეა მაგისი ღლაპის ჩასვრილ საქმეებს დავსდევ. დამღალა ბიჭო მუდამდღე სხვისი ნეხვის წმენდამ, აღარ შემიძლია
-რას იზამ, განა არ იცი, რომ ყველა დროს, ყველა ხელმწიფეს თავისი პირისფარეში სჭირდება?! საპასუხისმგებლო, თუმცა სარფიანი საქმიანობაა - ჩაიცინა ვახტანგმა - თადიაურზე რა ისმის, მოვა?
- ძვლივს გამოვიჭირე, ლამის ერთი თვეა დავდევ, უძილაურიც კრუხივით ზედ ეფოფრება. მოვა, მოვა, მე თვითონ, პირადად ველაპარაკე. სადაცაა უნდა მოვიდეს - საათს დახედა კახამ
-იმედია - ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა, სიგარეტს მოუკიდა თუ არა ელდასავით ეცა ნაცნობი მზერა. მაშინვე იცნო - ის იყო, თადიაური, ნანას შვილი.
ლექსო მხრებგაშლილი, თავაწეული, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა ხოსიაურების მაგიდას. ჯერ კახას გაუწოდა მარჯვენა, მიესალმა, შემდეგ კი ვახტანგს მიუბრუნდა.
-გავიგე შეხვედრა გნდომებიათ, თუმცაკი თქვენს ძმას ვერაფრით დავაცდინე მიზეზი
- რატომ ჩქარობ, ახალგაზრდავ. მოდი, დაჯექი, ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ - წამოიწია უფროსი ხოსიაური
-გიცნობთ, ბატონო, გიცნობთ. მართალია შორიდან, მაგრამ გიცნობთ - ჩაიღიმა ლექსომ -განსაკუთრებით ახლოს უმცროსი ხოსიაურის გაცნობამ მომიწია, შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.
-ახალგაზრდავ, როგორც ჩანს ვიღაცაში გეშლები, დათას ხუშტურებთან ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო, სერიოზული საქმე გვაქვს შენთან - მოიქუფრა ვახტანგი
- გისმენთ; საწყენად არაფერი მითქვამს, უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე, არც თქვენი პიროვნების დაკნინება მიფიქრია.
-ჰოდა, გირჩევ არც იფიქრო. ახალი ჩამოსული ხარ, ჯერ აქაურობის არაფერი გაგეგება. ყველაფერი ისე მარტივად არ გეგონოს, როგორც უკრაინაში; არც შენი და ბიძაშენის კიევური გავლენები ჭრის აქ.
-მოდი, გავლენებზე ნუ ვისაუბრებთ კარგი?! არც მუქარა და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები გვინდა. ალბათ უკვე იცით, არც მე ვარ ამ საქმეში ხამი. სიმართლე გითხრათ არც მინდა, არ მინდა რომ ერთმანეთის ძალების ზომვა დაგვჭირდეს.
-ეგ არც ჩვენ გვინდა ბიჭო, მშვიდობისა და შეთანხმებისათვის ვართ აქ. ალბათ უკვე იცი, ჩვენა ვართ ფშავის თვალი და ყური. უჩვენოდ ამ მხარეში კაციც ვერ გაჭაჭანდება, ბიზნესის კეთებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უცებ კი რას ვხედავ, ვიღაც ჩნდება, რაღაცას ფაფხურობს თანაც ისე რომ სათვალავშიაც არ მაგდებს. სიმართლე გითხრა ეგ ფაქტი მაინც და მაინც სასიამოვნო არ ყოფილა.
-არ ვიცოდი რომ საქმის კეთებისათვის ვინმეს ნებართვა მჭირდებოდა. რა საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო აღარ არის? აკი ბიზნესის კეთების თავისუფლებაო, ინვესტიციებს ხელშეწყობაო, მაგას არ ამბობდით? თქვენ, ხელისუფლების ხალხს გგულისხმობთ, ნიადაგ მაგას არ გაიძახით?! - ჩაიღიმა ლექსომ
-ჰმ... აი სწორედ მაგაზე ვამბობ, შვილო. შენ მგონი მართლა ვერ ხვდები რომელ წყალში შემოტოპე
- ჰოდა, გამაგებინეთ, ამიხსენით. მაგისთვის არ დამიბარეთ აქ? - დაიძაბა თადიაური
- ოოო, შენ მამაშენივით აუღებელი ციხე-სიმაგრე ხარ როგორც გეტყობა - შუბლი შეკრა ვახტანგმა
-ჰო, მამაჩემს ნამდვილად მამსგავსებენ, მაგრამ თქვენ საიდან უნდა იცოდეთ? არ მეგონა ჩემებს თუ იცნობდით
- რა, არ მოუყოლია უძილაურს?! კახამ მითხრა ახლოს ხარ თურმე ზურასთან.
- არაფერი უთქვამს. მე და ზურა მომავალზე უფრო ხშირად ვსაუბრობთ ვიდრე წარსულზე
-მე, დედაშენი, გაბრიელი, თამარი და ზურაც ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ერთად ვიყავით დისიდენტურ მოძრაობაში.
-უცნაურია, არაფერი ვიცოდი ამაზე - ჩაფიქრდა ლექსო - და თქვენ დისიდენტური მოძრაობიდან შსს-ში? რა უცნაური ტრამპლინია...
- შსს-შიც შეიძლება კარგი საქმის კეთება, ბიჭო - აღარ დააცადა ვახტანგმა - სამშობლოს ყველაგან და ყოველთვის შეიძლება ემსახურო კაცმა
-ჰო ეგ მართალია, იმასაც ვხედავ როგორადაც ემსახურებით - ჩაილაპარაკა წარბშეკრულმა ლექსომ - წარსული წარსულში დავტოვოთ და მოდი აწმყოს მივხედოთ. ჩემგან რა გინდათ?
- რა უნდა გვინდოდეს ფული... კარგი საქმისათვის... ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ახლოვდება. არჩევნებს ფული სჭირდება, ავტორიტეტის მქონე ხალხი. შენ კი ჩვენდა გასაკვირად საკმაო პატივისცემა მოიპოვე ადგილობრივებში, ბევრი გაქებს, თანაც ისე, რომ ხმები ჩვენს დეპუტატსაც მიუვიდა, დეპუტატიდან კიდევ გუბერნატორს. გვერდით დაგვიდექი და ჩვენც ჩვენის მხრიდან დაგეხმარებით, მხარს დაგიჭერთ, ყველანაირად წინ წაგწევთ. მოდი მხარდამხარ, ერთად ვემსახუროთ შვილო ამ ქვეყანას.
-და თქვენი გვერდში დგომა რამდენი დამიჯდება?
- ბევრი არა, ასე 50 000. და რა თქმა უნდა ღია მხარდაჭერაც დაგვჭირდება.
- ალბათ ჯერჯერობით ხომ?! - ჩაიღიმა თადიუარმა - პოლიტიკაში მე ვერ ჩავერევი, არა ვარ ის კაცი საარჩევნო შტაბებში, დროშებით ხელში რომ ვირბინო ენაწამოვარდნილმა. რაც შეეხება ფულს მაგდენი არ მაქვს, ამხელა ინვესტიცია ჩავდე, წინ კიდევ უამრავი საქმეა, ჯერ არც კი ავმუშავებულვართ. იქნებ ჯერ სულის მოთქმა მაინც გეცლიათ..
-ეე, აბა რა ქალიშვილივით წუწუნებ, ბიჭო- ამოიზუზუნა კახამ
- შენ გაჩუმდი - შეაწყვეტინა ძმამ - მართალია ეს კაცი, ახალი გადმოსულია აქეთ. ახალი ბიზნესი, ახალი სახლი, ცოლის შერთვისათვისაც ემზადებაო გავიგე. მესმის, ბევრი ხარჯი გაქვს, შვილო. მე შემიძლია გასესხო
-რა?
-ხო, გასესხებ. შენს ნაცვლად მე დავდებ მაგ ფულს, ოღონდ სანაცვლოდ გარანტიები მინდა.
-რა გარანტიები?
-წილი, წილი შენს ქარხანაში. მხოლოდ 15 პროცენტი მინდა. იმედია მეთანხმები რომ არც ისე ბევრია. შენთვისაც სარფიანი წინადადებაა; სანამ პირში სული მიდგას ხელშეუხებელი იქნები, ვერავინ შეგეხება.
-აჰა, ესეიგი წილში ჩაჯდომა გინდა?
- ან 50 ათასი. არჩევანი შენზეა.
ბრაზისგან გაწითლდა ლექსო, თვალები აუგიზგიზდა, თუმცა თავის მოთოკვა შეძლო. მწარედ გაიღიმა.
- გასაგებია თქვენი პირობები. დავფიქრდები და შეგატყობინებთ. ახლა კი თქვენის ნებართვით-წასასვლელად წამოდგა
-დიდხანსაც ნუ გაწელავ - სიტყვა წააწია კახა ხოსიაურმა განრისხებულ თადიაურს.
ლექსომ მთელი ძალით შელეწა გასასვლელი კარი, ვიღაცას შეასკდა. აფორიაქებულმა ნაჩქარევად მოუბოდიშა საშუალო სიმაღლის, წითურთმიან, ლამაზსახა გოგოს, ყურადღებაც კი არ მიუქცევია მისი აღფრთოვანებული, სურვილიანი მზერისათვის. არც ის შეუმჩნივია როგორც ჩაეკრა ქალი ჯერ კახას, მერე ვახტანგს გადაეხვია და ხოსიაურების მაგიდას მიუჯდა.
გააფთრებული იყო, მთელი ძალით უჭერდა ძლიერ თითებს მანქანის საჭეს, ლამის შემოატყდა. ხვდებოდა საქმე ყველაზე ცუდი, არასასურველი სცენარით ვითარდებოდა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. იცოდა უკრაინაში ასეთი საქმეები როგორც გვარდებოდა, არც გავლენები და ლობი აკლდათ ჯერ ზაზას, მერე კი თავად ლექსოს. ისიც იცოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ბიზნესი როგორ მუშაობდა, მაგრამ აქ, სამშობლოში, ამ გაღლეტილ, დაფხავებულ კუთხეში, ყველასაგან მივიწყებულ ფშავში, ენთუზიაზმის ამარა წამოწყებულ საქმესაც თუ მტაცებლები შეესეოდნენ, აღარ ეგონა.
ტელეფონს დახედა, ნინოს მესიჯი დახვდა, წერდა - მამამ მითხრა დაბადების დღის შესახებ და გელოდებიო. გაახსენდა, ელენე ნინოსთან ერთად მას და ხელაშვილსაც ეპატიჟებოდა რესტორანში. თხუთმეტ წუთში ავიდა შავთელის ქუჩიდან ჭონქაძეზე, მანქანა ერთ-ერთი ძველი თბილისური სახლის ჭიშკართან გააჩერა და გულაძგერებული დაელოდა ქალის გამოჩენას.
სადარბაზოდან გამომკრთალ გოგოსაც სიმორცხვით, სიხარულით აელანძა ღაწვები, როცა კართან მოუსვენრად მომლოდინე ბიჭს შეავლო თვალი. დიდი ხანი იყო რაც არ ენახა. იგრძნო მონატრების მწველმა ტალღამ სხეული უცხრომელი ვნებით აუვსო, სულწასულივით გაიწია და მთელი ძალით ჩაეხვია, ჩაეკრა გულში.
- ღმერთო, როგორ მომენატრე ლექსო, ნეტა იცოდე - ამოიოხრა მუხლმოკვეთილმა, ბიჭის ჩახუტებამ ძვლები აატკია.
-ჩემო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო - ღიმილით დაიჩურჩულა თადიაურმა, ცხელი კოცნით მოიარა ქალის ავარვარებული ლოყები, შუბლი, აწითლებულ ტუჩებზე დასწვდა. ვერაფრით, ვერასდიდებით მოერია თავს მანამ, სანამ თავად ნინო არ დაუსხლტა ხელიდან.
- გთხოვ ლექსო, მინდია სახლშია, მამაც.. უხერხულია.
- ჰო, ჰო, მაპატიე - დინჯად გაეპასუხა ბიჭი, გოგო მანქანაში ჩასვა და თავადაც საჭეს მიუჯდა. ოფისისაკენ, ხელაშვილის წამოსაყვანად აიღო გეზი.
- მინდია რას შვება, ისევ გაბრაზებს?
-ისე აღარ, თანდათან გული ულღვება - გაიღიმა ნინომ - დღეს მამაც ელაპარაკა.
- არ ინერვიულო რა, ოღონდ შენ არ ინერვიულო. აი ნახავ ყველაფერი გამოსწორდება, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს დავძლევთ. მთავარია ერთად ვიყოთ და ჩემი გჯეროდეს, მენდობოდე.
-გენდობი ლექსო, ხომ იცი. უბრალოდ საშინლად მედარდები, ახლა მით უფრო, როცა ისე ხშირად ვეღარ გხედავ. ვიცი, რომ მიფრთხილდები, მიფრთხილდები და ამიტომაა რომ ბევრს არაფერს ამბობ. დღეს გავიგონე მამა მინდიას ეუბნებოდა ხოსიაურები გადაეკიდნენო, კახა ეძებსო. მართალია? რა ხდება, ჩემს გამო მოგეკიდნენ მტრად? არ მომატყუო, გეხვეწები.
- არასდროს მოგატყუებ! მართალია, კახა დამიკავშირდა და დღეს შევხვდი მასაც და ვახტანგსაც. შენ არაფერ შუაში ხარ დამიჯერე, საქმე ბიზნესს ეხება. მეტს ნურაფერს მკითხავ. იმიტომ არა, რომ გიმალავ, უბრალოდ ჯერ არ გჭირდება რაიმეს ცოდნა.
-მითხარი, რომ არაფერი გემუქრება
-უსაფრთხოდ ვარ, დამიჯერე. ვიცი, ხშირად ვერ, თუ არ გირეკავდი და ალბათ გგონია განზრახ არ გიყვებოდი, ან არ გიყვები არაფერს. ასე არაა დამიჯერე. უბრალოდ, ვხვდებოდი ვეღარ გავუძლებდი შენს მონატრებას, ჩამოგაკითხავდი და მერე, მერე მინდიაც ვერ დამაკავებდა.
-გამიგე, არ მინდოდა ჩემს გამო ძმასთან გეჩხუბა, ანერვიულებულიყავი. ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად, მშვიდად.
- ვიცი - გაუღიმა ქალმა - იმიტომ რომ ჩემთვისაც ასეა, ჩემთვისაც შენი ბედნიერება, კარგად ყოფნაა მთავარი. ამიტომ ყველაფერს ვხვდები და არაფერს გსაყვედურობ.
- ღმერთო, ნინო, ნუ ხარ ყოველთვის ასეთი მართალი, მუდამ სწორი და სრულყოფილი. ნეტა იცოდე როგორ შემაყვარე თავი, მგონია რომ ამ გრძნობას იქეთ აღარაფერია ჩემთვის; თანაც მეშინია, ისე მეშინია, რომ ვერ შევწვდები შენს სიმაღლეს, რომ ისევ შემეშლება, ისევ გაწყენინებ.
- არავინაა უზადო ლექსო, წრფელ გრძნობას სრულყოფილება არაფერში სჭირდება. უნაკლოს, უძრახველისა და სრულქმნილის სიყვარული ადვილია და მასთან აზიზი, უძალო და უილაჯო. ერთი სულის შებერვა და ნისლივით ქრება, ისე ვითომც სულ არ ყოფილა, არც უარსებია. ჭეშმარიტი სიყვარული ჭანჭრობში ამოსულ ცვრიანას გავს, ლამაზია, მომაკვდინებლად ლამაზი და სახიფათო. შეყვარებული გული კი, ფათერაკს არ უფრთხის, არც დარდსა და ვარამს, ტკივილსა თუ შხამიან გულთქმას; მისთვის არაა იოლი გზები, პირიქით, სულ ჯაგნარსა და ეკალ-ბარდში იკაფავს სავალს.
- და, ალბათ, ჩვენ, მთის ქალებს ყველაზე კარგად გვესმის სიყვარულის სიტკბო-სიმწარის; მთაში ხომ სიყვარული არასდროს ყოფილა იოლი, მით უფროჩვენთვის, ქალებისთვის - ნინომ თავი ჩაკიდა და სირცხვილმა აუწვა ღაწვები.
- რატომ მე? რატომ მე და არა ხოსიაური? ნუთუ მის სიყვარულსაც ასე უთანაგრძნობ ნინო? დათას სიყვარულის სიტკბო-სიმწარისაც ასე გესმის?
-არ ვიცი რატომ.. ალბათ არც არავინ იცის... უბრალოდ გულმა გიცნო.. იქ, ჩარგალში, მამასთან ერთად ჩემკენ მომავალი დაგინახე, დაგინახე და გულისგულიდან, ყველაზე მიუვალი სიღრმეებიდან რაღაც დაიძრა... დაიძრა ისე, რომ ერთიანად წამლეკა, წაიღო, აღარაფერი დამიტოვა უწინდელი, ერთიანად წარხოცა ძველი. მაშინვე მიხვდი, თუმცა ვერაფრით გამოვუტყდი თავს - შენს იქეთ სხვა გზა აღარ მქონდა... - ქალმა ახედა თადიაურს, თამამად გაუსწორა ბიჭის მოგიზგიზე თვალებს აღელვებული მზერა.
- ხოსიაური? ხოსიაურის მესმის, შეიძლება ცოტათი მებრალება კიდეც, თუმცა არ მჯერა მისი სიყვარულის. არც არასოდეს მჯეროდა... დედა და მამა ბავშვობიდან იმას მასმენდნენ, რომ ადამიანის საზომი მისი ღირსება და ადამიანობაა. დათასნაირი უღირსი, პატარა კაცის სიყვარულისა კი არაფერი მწამს.
- თურმე რამხელა ბედნიერება და მასთან, რამხელა პასუხისმგებლობა ყოფილა შენი სიყვარული, ნინო - გაიღიმა ლექსომ - გპირდები, გპირდები რომ ჩემს სიყვარულს არასოდეს ინანებ...
-არა, იმას ვერ დაგპირდები რომ არასოდეს შემეშლება, შეძლება გატკინო, იქნებ აგატირო კიდეც, თუმცა ყოველთვის მეყვარები. მეყვარები ისე როგორც ახლა, ისე როგორც პირველად, პირველივე ნახვისას... დაუცხრომელი ვნებით, ჟინითა და გახელებით...
- მეც, მეც გპირდები... - დაიჩურჩულა ქალმა და უმალვე წელზე მოხვეული, ცხელი მარჯვენა იგრძნო.
მერე გადაიწია და ბიჭის მუხლებზე მოიკალათა; თადიაურის აზვირთებულ მკერდს მიაყრდნო აფორიაქებული შუბლი, მის მკლავებს შეეფარა.გაყუჩდა...



№1  offline წევრი Nobodyelse

სიუჟეტი და სტილი ძალიან კარგია უდავოდ, უბრალოდ ისეთი ინტერვალებით იდებდა სჯობს დასრულებას დაველოდო და მერე წავიკითხო. რამდენი ისტორიაც დავიწყე, შეწყდა შუა გზაში confused

 


№2 სტუმარი wero

ვაიმეეე ბოლო მომენტმაა
გული ამომიგდო საგულედან. როგორი სიყვარული და როგორ ერთდუგლენა იგრძნობა მათშორის. მადლობა შენ ასეთი გემრიელი თავისთვის. წარმატებები ჩემო ნიჭერო.

 


ხოსიაურები სუფთა ყვარყვარერბი არიან რა.
ამათი სიყვარული მიყვარს❤❤❤

 


№4 სტუმარი ნია

განსხვავებულია ეს ისტორია .. ემოციებით დატვირთული მაგრამ ძალიან დიდ პაუზას აკეთებ თავებს შორის და ცოდოები ვართ ასე რომ გელოდებით ... წარმატებები და იქნებ ცოტა დიდი თავები დადო. ისეთი შეგრძნება მაქვს მათ ერთდღეს ერთი კვირა ველოდებით ( იმედია არ მიწყენ)

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

სად დაგვეკარგე ჩემო საუკეთესო მწერალო, მოვკვდი დარდით ცოდოები ვართ

 


№6 სტუმარი ნია

აღარ აგრძელებ?
ხო მშვიდობა გაქვს? რო აღარ გამოჩნდი?
აქ მაინც გაგვაგებინე ...

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

სად ხართ რატომ არ აგრძელებთ გელით♡♡♡♡

 


№8  offline წევრი goddess

აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent