ფშაური კაფია [თავი 6]
გვიან გაიღვიძა, ძვლივს წამოსწია თავი, სხეული საშინლად დამძიმებოდა. სახლში ხმაური ისმოდა, დილიდანვე ფაციფუცი ამტყდარიყო - მიხვდა, სტუმრად წასასვლელად ემზადებოდნენ. ის იყო კარადასთან მილასლასდა, რომ კარი მინდიამ შემოუღო, ამცნო გოგოები მოვიდნენო - ყველა ნინოს ელოდებოდა. ხელ-ფეხი ერთიანად გაეყინა, სხეული აუზრიალდა, ძვლივს ჩალასლასდა ქვევით. გაფერმკრთალებულიყო. -ნინო, რა მოგივიდა, ფერი აღარ გადევს, ცუდად ხომ არ ხარ შვილო, ძილმა ხომ არ დაგცადა? - გაცივდა ალბათ - ჩაიდუდღუნა მინდიამ - მთელი ღამე აივანზე გაუთენებია. ლექსოს რომ არ შეემჩნია, შეიძლება თქვენც იქ დაგხვედროდათ. - აბა რას ამბობ შვილო, აივანზე რა გინდოდა, ღმერთო, ახლა გაციება იქნებოდა -შეწუხდა თამარი - ჩამეძინა დედი, მგონი გავცივდი, სხეული მტეხს და თავიც საშინლად მტკივა. იქნებ სახლში დავრჩენილიყავი? - ფრთხილად იკითხა ნინომ -აბა რას ამბობ შვილო, როგორ შეიძლება. ადამიანი თვეები არ გივნახავს, თან საგანგებოდ დაგვპატიჟა. სირცხვილია, უპატივცემულობაა. - მართალი ხარ, მამა, წამალს დავლევ. იმედია, არ გამირთულდება - ამოილაპარაკა ნირწამხდარმა ქალმა და საკუთარ სიმხდალეს გულში მწარედ დასცინა. გოგოებს გვერდით ამოუდგა და მშობლებს უკან მორჩილად მიჰყვა. რესტორანში მისულებს მაგიდა გაშლილი დახვდათ, ჰაერში მხლოვანების თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებდა. სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. ნინომ შორიდან იცნო თადიაურის განიერი მხარ-ბეჭი - ზურგით იდგა, გიორგის ესაუბრებოდა. ხელაშვილმა უმალვე შეამჩნია ახლადშემოერთებული უძილაურები, ლექსოს ხელი ჩაჭიდა და შესაგებებლად უბიძგა. შემობრუნდა თადიაური და ნინოს თვალს ბინდი გადაეფარა - ბუნდოვნადღა ხედავდა მოახლოვებულს. ლექსო ჯერ ზურას გადაეხვა, მერე თამარს მიესალმა და ბოლოს გოგოს მიუახლოვდა. ქალმა ისევ იგრძნო მისი უზარმაზარი, თბილი მტევანი - ფრთხილად შეეხო ბიჭი, შეეხო და ერთიანად გაყინული პაპანაქებაში გამოახვია... თადიაურმა ნაზი მზერით მოიარა ნატიფი ნაკვთები და ნაღვლიანად გაუღიმა. ლამის მუხლები მოეკვეთა ნინოს - არცერთი სიტყვა, მისალმებაც კი არ დასცდენია კაცის ბაგეებს, ეჭვმა გული მტკივნეულად მოუწურა. ვეღარ გაუძლო უთქმელობის სიმწარეს, გულადუღებული გაერიდა და გოგონებთან ერთად მაგიდის ბოლოსკენ მიიწურა. ცეცხლი ეკიდა, ყელი აუტანლად ეწვოდა. მგონი პირველად იყო ძმის ომახიან მოძახილს თავისი წკრიალა ხმა რომ ვერ აგება.სასოწარკვეთილი ითვლიდა წამებს, წუთებს, საათებს - ღმერთო, ოღონდ აქაურობას მალე გასცლოდა. მოსაღამოვდა. გერმანელი სტუმრებიცა და ბიჭებიც გვარიანად იყვნენ შეზარხოშებულები, როცა გვერდითა სუფრას ხუთიოდე, უკვე შემთვრალი ბიჭი შემოუერთდა. გოგოს ელდა ეცა - მაგიდას დათა ხოსიაური მისჯდომოდა და შემკრთალ გოგოს უტიფარ მზერას არ აშორებდა. ნინო აწრიალდა, მინდიას გახედა - ბიჭი სიბრაზისგან დაძაგრულიყო, მუშტები საჩხუბრად შეეკრა. აფორიაქებულ თამარს მზერით სთხოვა ნებართვა და თანხმობაც მიიღო - გოგოებს უჩურჩულა - წასვლის დროაო და წამოიწია. იცოდა ხოსიაური ყველაფერზე იყო წამსვლელი; ზურა და მინდია კი სუფრას არაფრით აშლიდნენ, არ გაექცეოდნენ. ამიტომ სჯობდა თავად გასცლოდა - ძია ნიკოსთან დარეკა, მისვლა სთხოვა. ის იყო საუბარს მორჩა, რომ დერეფანში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა. საშინელმა წინათგრძნობამ გაუყინა სხეული, მიბრუნდა და ხოსიაურის მთვრალ მზერას წააწყდა, დაფრთხა. ბიჭს დამცინავი ღიმილი აეკრა სახეზე, ადგილზე ირწეოდა. ქალმა გასხლტომა სცადა, თუმცა ამაოდ. კაცმა მაჯაში ჩაავლო ხელი და მტკივნეულად მოუჭირა: - აბა, აბა, საით გაირბიხარ გოგო?. გგონია ისევ ის შენი ძმა ამოგეფარება? მგონი არც კი შევუმჩნევივარ, ისეა გადაყოლილი თადიაურსა და მის გერმანელ სტუმარებთან ლაქუცს. - გამიშვი, ახლავე გამიშვი, დათა - გითხარი ერთხელაც მოგიხელთებ-მეთქი, და როგორც იქნა, ჩემი დროც დადგა. ვეღარავინ გიხსნის ჩემი ხელიდან, შენთვისვე ჯობია უხმოდ გამომყვე, სისხლი დაიღვრება იცოდე - ხოსიაური ქალის მკლავებს ჩააფრინდა. ნინო აფართხალდა, ის იყო უნდა ეკივლა, დათას ზურგს უკან ლექსოს ბრგე სხეული დალანდა. მორბოდა თადიაური, სახე რისხვისგან შეშლოდა. -ხელი გაუშვი, შე ახვარო, გაუშვი, სანამ ადგილზე გაგათავე. - შენ ვინღა ჩემი .... ხარ, ბიჭო, შენ ვინ გეკითხება?! მე ეს გოგო მთელი სიცოცხლეა მიყვარს - აღრიალდა ხოსიაური - რას მელაპარაკები? - ჩაიცინა ლექსომ, თვალები აუელვარდა - სიკვდილი მოგენატრა? ერთხელ გეტყვი და აღარ გავიმეორებ. გირჩევნია დაეხსნა თორემ.. - თორემ რა? თორემ რა მეთქი! შენ თვითონ რა ხელი გაქვს ამ ქალთან? ორი დღის ჩამოთრეული ვინ მიგდიხარ გოგოს რომ მახევ? - ჩემია ეს ქალი - მშვიდად უპასუხა თადიაურმა და ნინოს გახედა. გოგო გაშრა, გაოგნდა. დათა ბრაზისგან გაწითლდა, თვალებში სისხლი ჩაუდგა. მტრული მზერა სტყორცნა მეტოქეს, გამწარებული გაექანა და ბიჭს თავი მკერდში ძლიერად ატაკა; ლექსო შეტორტმანდა. ისარგებლა მომენტით ხოსიაურმა, ქალს ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გათრევა სცადა. -აი, ეს კი აღარ უნდა გექნა, შე ახვარო - ავად დაიღრინა თადიაურმა რისხვად გადაიქცა. მხრებში ჩაავლო დათას ხელი, ქალს მოაცილა, პირისპირ მოიქცია და გამეტებით დასცხო მუშტები. ურტყამდა, ურტყამდა გაცოფებული, ხელები სულ გადაეყვლიფა, ხოსიაურს წითლად შეეღება სახე... ცრემლად დაიღვარა ნინო, შიშმა ერთიანად ააცახცახა, მერე გაბედა და გავეშებული თადიაურის მკლავს წაეტანა. - გთხოვ, არ გინდა, შეეშვი ლექსო, გემუდარები - ამოიკვნესა ქალმა. ქალის აკანკალებულმა ხმამ ძვლივს დააოკა ბიჭი, მიბრუნდა, ხელი შეაშველა გაფითრებულს, მკერდზე მიიწვინა. ალმური ასდიოდა გოგოს... -ღმერთო, ნინო, იწვი. არა, სიცხე გაქვს ნამდვილად. წუხელ გაცივდი, ალბათ იმ აივანზე სულ გაიყინე.. - ბუტბუტებდა შეშფოთებული ბიჭი -სახლში, სახლში მინდა, მინდიამ რომ გაიგოს... - ლექსოს მკლავებში გახვეულმა ქალმა გონწასულ ხოსიაურს დახედა - მინდიამ რომ გაიგოს ნამდვილად უბედურება დატრიალდება. - ამ, ამ... ამ კაცთან მე მოვაგვარებ, ნუ გეშინია. ასე სად უნდა წახვიდე, არ გამაგიჟო, არა, ვერსად გაგიშვებ, დეიდა თამარს ვეტყვი, ჩემთან აგიყვან. - არა, არა, სახლში მინდა, გთხოვ ლექსო - ბოლოჯერ გაიბრძოლა ქალმა, თუმცა სიცხისაგან გათანგული მალევე მინებდა. ბიჭმა გოგო აიტაცა, სასტუმროს კიბეები აირბინა, თავის საწოლში ჩააწვინა ლამის გულწასული და დაბლა ჩავიდა. თადიაურმა უმალვე შეამჩნია მინდიას შფოთიანი მზერა - ჩანდა უძილაურს უკვე შეენიშნა ხოსიაურისა და ნინოს ერთდროული გაუჩინარება და ეკლებზე იჯდა. დროულად შეამაგრა ასადგომად წამოწეული და უჩურჩულა - ნინოს სიცხე აქვს, შეუძლოდაა, იძულებული გავხდი ჩემთან დამეწვინა ოთახში, დეიდა თამარს ავიყვან, არ ინერვიულოო. თავი მძიმედ დააქნია მინდიამ და დედას გახედა. ქალიც მიუხვდა შეშფოთებულ მზერას, წამოდგა და ლექსოს ნაჩქარევად გაყვა. მთელი ღამე ბორგავდა ნინო, ნანერვიულებს სიცხე გაჯიუტებოდა. არ უძინია თადიაურსაც. დიდი ძალისხმევა შეალია შემთვრალი ზურასა და მინდიას გადარწმუნებას, მაგრამ არაფრით გაატანა ქალი. გამთენიისას, როგორც იქნა, ნინოს სიცხემ დაუწია და თავადაც დამშვიდდა. თამარი დასასვენებლად გაუშვა, თვითონ კი მოპირდაპირედ, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა... ხარბად ათვალიერებდა გოგოს ლამაზად მორკალულ წარბებს, აწითლებულ ღაწვებსა და სავსე ტუჩებს; მზერა გრძელი, მოციალე ყელისა და აზვირთებული, მაღალი მკერდისკენ ჩააცოცა. თეთრად ელავდა ქალის ნაზი მკლავები, გრძელი, ნატიფი თითები. სისხლი აუდუღდა თადიაურს, შეაჟრჟოლა, მზერა აარიდა. სიცოცხლეს დათმობდა ერთი კოცნისთვის, მბზინვარე თმები ალერსს ითხოვდა... არა, მოკვდებოდა, მოკვდებოდა და არ შეეხებოდა. თვალები დახუჭა... გულსაკლავ სიჩუმეში გაიარა ოციოდ წუთმა, ბიჭი ქალის სუნთქვას აყურადებდა... ზეწრის შრიალი იგრძნო... გაღვიძებოდა ნინოს, ლექსოს ინტერესით ათვალიერებდა. -უკეთ ხარ? - ჰკითხა და თვალებით მიეალერსა გოგომ თავი დააქნია და ჩამოცურებულ საბანს დასწვდა. -ძალიან ცუდად იყავი ნინო. ძალიან შეგვაშინე. ექიმი გამოვიძახეთ და სიცხე აქვს გაჯიუტებულიო, შეიძლება ნერვიულობის ბრალიც იყოსო. ხოსიაურმა შეგაშინა? თუ ჩემს გამო? ჩემთან შეხვედრის განცდებმა დაგღალა? ქალმა ვერაფერი უპასუხა, თავი დახარა. -ვიცი, ვიცი, გული გატკინე, გაწყენინე. წარმოდგენაც არ მინდა რას ფიქრობ ჩემზე. ოდესმე მაპატიებ ნინო? - ყველაზე მეტად არ მინდა იფიქრო, რომ მხოლოდ ვნებამ გამაკეთებინა ის რაც ჩავიდინე. ასე არ არის, მართლა არ არის ასე. თუმცა არაფერს ვნანობ, ანდა როგორ შეიძლება ვინანო... მხოლოდ იმას ვნაღვლობ რომ გაწყენინე, გატირე, ეგ ვერ მომინელებია - ნინომ ლექსოს ხმაში გულწრფელობა იგრძნო და თვალი გაუსწორა. ბიჭმა ერთხანს კიდევ უყურა სუნთქვაშეკრულმა, მერე კი ღიმილით კითხა: - მითხარი, მაშინ იქ წყაროზე რას მერჩოდი, რატომ გამიტეხე თავი? - სულ არ მომაქციე ყურადღება, მეტიც ახალი კაბა თავხედურად დამისვარე - ამოიჩურჩულა ლოყებაწითლებულმა გოგომ და თვალები აუბრჭყვილდა. -მერე რაღატომ შეაწრიალე ქვეყანა ტირილით? - გაიცინა თადიაურმა - შემეშინდა, მეგონა რამე დაგემართებოდა, მეგონა მოკვდებოდი -დედაჩემი გახსოვს? გახსოვს რამდენი გვეფერა, და გვიმღერა - ქალმა თავი დაუქნია და მკრთალად გაუღიმა -იცი, დედაჩემის სუნი გაქვს ჩემთვის - ამოიოხრა ბიჭმა - მაგ ამბიდან სულ ორიოდე კვირაში ავარიაში დაიღუპნენ, აქ, არაგვის ხეობაში, ფშავისკენ მოდიოდნენ. ამიტომ, ჩემთვის ბოლო, ყველაზე ნათელი და ძვირფასი მოგონება, რაც დედას უკავშირდება, შენია ნინო. მერე და მერე, უკრაინაში, მარტო დარჩენილი თითქმის ყოველ ღამით ვუბრუნდებოდი მაგ დღეს, დედის ღიღინს, მის თბილს მკლავებს.. და მოგონებებს არასოდეს ჩაუვლიათ პატარა გოგოს შავი თვალების გარეშე. სულ მახსოვდი... ხან ვბრაზობდი, ხან მენატრებოდი, ვნატრობდი იმ დროს... მერე აქ რომ ამოვედი, ამოვედი და შენი თვალები შემომეფეთა... თავი დავკარგე. - ყველაფერი ხარ ჩემთვის ნინო, არავინ და არაფერი მინდა უშენოდ, მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ ხარ ჩემი... ერთადერთი... თადიაურმა ახედა, ნაღვლიანი თვალები მოატარა გოგოს ნაკვთებს. ტიროდა ქალი, ვეღარ მოითმინა ბიჭმა, ხელი გაიწოდა და სველი ღაწვები შეუმშრალა. -გთხოვ, ნუ ტირი, ნუ ტირი, მიყვარხარ... ცრემლიანად გაიღიმა ქალმა, ლექსოს მზერით გაეპასუხა. მიუხვდა თადიაურიც, ბედნიერს ჩაეცინა და მკლავებში მოიმწყვდია, გოგო გაიტრუნა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.