შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

#21 [თავი I ]


2-04-2021, 13:43
ავტორი Catherine Di Perso
ნანახია 1 821

პროლოგი

ავტობუსის გაჩერება.
მეტრო.
უჰაერობა.
ჟანგბადი ელვის სისწრაფით ედება ფილტვის ალვეოლებს და თაყვანს სცემს მათ. ეფერება, როგორც შვილმკვდარი დედა ბავშვის გვამს, მაგრამ ორგანიზმი ვერ აღიქვამს. ორგანიზმი, თითქოს, თავადაა გვამი. ჩვილი, დაუცველი, გაყინული გვამი, რომელიც აქ და ახლა არ უნდა იყოს.
რატომ მე, რატომ აქ, რატომ ?!
შიში დაძრწის არტერიებში ჟანგბადის ნაცვლად და ხითხითებს.
ხი-ხი-ხი.
რა შემზარავია მისი თითოეული ამოფურთხებული ბგერა. ისინი სხეულის კედლებს პლევრასავით ეკრობიან და სხეული თავად ხდება შიშის ხითხითი.
აქ არა, ოღონდ აქ არა.
ტრემორი.
ცახცახს აუტანია მთელი ჩემი რაობა და ხელების კანკალს ჩავჩერებივარ სასოწარკვეთილი.
დრო შენელდა.
თითების მოძრაობა კი ცეკვას მაგონებს. ცეკვას მელოდიის გარეშე. ცეკვას ყოველგვარი გრძნობის გარეშე… ცეკვას შიშის ზეგავლენით, რომელმაც ხითხითი შეწყვიტა და ამპარტავნებით გაჟღენთილი მზერით აკონტროლებს ჩემი ფიტულის მოძრაობას.
მობილურს ვეძებ და განბლოკვას დიდ ძალისხმევას ვატან.
ყურადღება უნდა გადავიტანო. ჰო, გადავიტან და უკან დაიხევს. ის უკან დაიხევს და მისი ამაზრზენი ბრჭყალები საძილე არტერიას ვერ მიაგნებენ. მე ძლიერი ვარ, მე მას გავუმკლავდები!
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
ჩანთა, სად არის ჩემი ჩანთა, ჩემი საფულე, საფულეში აბია. უნდა იყოს!
მის გარეშე ვერ გავუმკლავდები?
რა უსუსური ხარ. ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული კახპა, რომელსაც საკუთარი თავის კონტროლი არ შეუძლია...
რისი გეშინია ასე ძლიერ? საიდან მოდის ეს გულისგამაწვრილებელი შფოთვა? რატომ გიკანკალებს კიდურები იმდენად, რომ მუხლები გეკვეთება?

ჰაერი, ჟანგბადი, სუნთქვა, გულისცემა…

რატომ, დედა? მამა?
რა დაგიშავეთ? დავიმსახურე ეს ყოფა? დავიმსახურე ეს შიში?
უპასუხისმგებლო ნაბი'ჭვრები ხართ! მშობლობისთვის მზაობა არ გქონდათ და არ გაქვთ. მეტსაც გეტყვით, არ გექნებათ!
ჩემი ფსიქიკა, ჩემი საცოდავი ფსიქიკა. ქვიშად იქცა, აცახცახებულ თითებს შორის მეპარება. ნუ გამექცევი, არაფერს დაგიშავებ, ვფიცავ. დაგიცავ!
ტყუი!
საკუთარი თავი გეცოდება? საკუთარი ფსიქიკა გეცოდება? სხვას აბრალებ?

არა, არა, არა!

თვალთ მიბნელდება და ლიბრი არ მაძლევს საშუალებას დავინახო. მხოლოდ ჩემ შიგნით რა ხდება, ამას ვხედავ.
ვხედავ ბედნიერებას, რომელიც დაბერებულა, სახეზე უთვალავი ნაოჭი გასჩენია. მისი ტუჩის კუთხეები კი - იატაკისკენ იმზირებიან.
გამიღიმე, გთხოვ, ერთხელ მაინც, როგორც მაშინ. გამიღიმე. შემახე სახეზე შენი დაკოჟრილი ხელები და ჩამიხუტე გულში, რომელიც შეკუმშვებს საუკუნოვანი ინტერვალებით ითვლის.
რამდენი დარტყმა დამრჩა?
საგულედან ამოძვრება გაშმაგებული გულისცემისგან გაგიჟებული ორგანო და დამტოვებს.
ხელებს ვეღარ ვგრძნობ.
მცივა.
ვხვდები, ყველაფერს ვხვდები. მესმის, ყველაფერი მესმის. ვხედავ შეშფოთებულ სახეებს, რომელთაც სინანული აღბეჭდვიათ ზედ, ვხედავ აფორიაქებულ ხალხს, რომელიც ზედ დამფოფინებს და ცდილობს ხელიდან გამომგლიჯოს ტელეფონი, რომელშიც ნომრების სია ცარიელია.
ხელებს უმისამართოდ ვიქნევ. თითქოს, მხოლოდ მაყურებელი ვარ. სხეული დამიბუჟდა და კონტროლი სრულიად დავკარგე.
- გამეცალეთ! - ვკივი, მაგრამ… ეს ილუზიაა. მე მხოლოდ მგონია, რომ ვკივი. სინამდვილეში ყრუ ხრიალი ამოდის დაძაბული ყელიდან და როდესაც მათ ყურს უნდა მისწვდეს, უბრალოდ - ქრება.
სახეები იცრიცება, მათ ადგილს შავი ღრმულები იკავებენ და მათი მოხაზულობა ღიმილს მაგონებს.
ნუთუ, მომეჩვენა?
ობობის ქსელის წებოვანი სტრუქტურა ჩემს სახეზე იდებს ბუდეს და უზარმაზარი ექვსფეხა ურჩხული თვალს მისწორებს.
რა უწყინარი ხარ, როცა კარგად ვარ. როგორ მომიმწყვდიე კუთხეში, როცა შენზე ბევრად დიდი ვარ?
რა სასაცილოა. ვიაზრებ - ჰალუცინაციები მაქვს. ვხარხარებ და ახლაღა ვხვდები, რომ ხალხს ვაფრთხობ.
ხელი ჩავიქნიე.
ჩრდილოეთის ციალი ჩვენს ცაზე შეუძლებელია, მაგრამ მე მას ვხედავ!
ვხედავ იმას, რაც არ არის, მაგრამ მხოლოდ საკუთარ არსებობას ვგრძნობ, რომელიც ე.წ. ჩემს სხეულშია გამოკეტილი და გამწარებული ეხეთქება ნაპირებს, რათა გამოძვრეს.
იქნებ, უფრო მარტივი იქნება, თუ გავათავისუფლებ და კოსმიურ მტვერს შევერევი?
თუ გავხდები სამყაროს ნაწილი და ვიქნები ყველგან, იქნებ, ჟანგბადი ფილტვებს კი არ მოეფეროს, არამედ მასთან სიყვარულით დაკავდეს?!
ცრემლებს ვგრძნობ. სახეზე გაყინული ცრემლები ტანგოს ცეკვავენ და ეკლები მაყრის ხერხემალზე. მკაწრავენ, მათაც სტკივათ ჩემი შიში, ისინიც კვდებიან, როდესაც მე მათ ვთელავ. ჩემი სიყვარულით გაჟღენთილი ეკლები, რომელთაც უჟანგბადო სისხლი ზედ აცხიათ...
ნეტავ, ძვირფასო. ნეტავ, სამარე მქონდეს, სადაც ჩემი ნებით ჩავწვები. სადაც მზის ერთადერთი სხივიც კი ვერ შემოაღწევს. რომლის თავზეც გავარვარებული ბურთი თავის მცხუნვარებას, გულდამდუღრული ჭირისუფალივით, მიაფენს და სულში იმედის ბოლო ნაპერწკალი ჩაუქრება.
ის ვერასოდეს გაანათებს მთვარეს, რომელიც ვერცხლისფერ ნათებას მჩუქნიდა ყოველღამ და მეკეკლუცებოდა. ეფარებოდა ღრუბლებს და დამალობანას ვთამაშობდით.
ახლა კი?
ყოველი შეტევა პატარა სიკვდილია. ყოველი სიკვდილი ახალი დაბადება.
მხოლოდ შიშია უცვლელი.
აბი ვიპოვე და უწყლოდ გადავყლაპე.
სულ ცოტაც და ყველაფერი შეიცვლება, სულ ცოტაც…
ველოდები, ველოდები შვებას, რომელიც სარკის წინ ტრიალებს და ვერ გადაუწყვეტია - რომელი სამოსი მოირგოს.
მეწვიე, თუნდაც დედიშობილა მეწვიე. მე და შენ მაინც ერთად ვიცეკვებთ ვალსს.
ჩემი ჩურჩული ტაძარს აყრუებს, რომელშიც ფეხს არასოდეს შევდგამ და ჩემი ვედრება ფრესკებს კაწრავს.
და ის მოდის. ციალისფერი დიდებული კაბით და უზარმაზარი ბუმბულითდამშვენებული მარაოთი, რომლის ერთი მოქნევაც ჩემს სისხლისმწოველ ფიქრებს კედლებს ახეთქებს.
გონს მოვედი-მეთქი, ვერ გეტყვი. არ ვიცი და ვერ მეცოდინება.
აზროვნებას ვეღარ ვახერხებ. მხოლოდ ქრონიკული ნიკოტინის "ლომკას" ვგრძნობ.
ღერს ღერზე ვეწევი.
არასდროს გამომდიოდა კვამლისგან რგოლების გაკეთება. ბევრჯერ ვცადე, თუმც ამაოდ.
ჟანგბადს აღარ ვსაჭიროებ, როდესაც სიგარეტის კვამლი ეხუტება ჩემს არსებობას ჩემ შიგნით.
ვდუნდები...
ის უკვე მარტო არაა, თითქოს, არც ეშინია. მაგრამ ეს დროებითია.
არც საკუთარი თავი გეცოდება, არც არავის ადანაშაულებ. მშვიდად ხარ, მაგრამ ეს ხელოვნური სიმშვიდე გულს გირევს.
წრე გასარღვევია, საკითხავი ისაა, როგორ?
...

ადამიანები ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. მხოლოდ ერთმანეთით შეგვიძლია ვიადამიანოთ.
...

I
უკვე ერთი კვირა იყო, რაც ლეონი ცდილობდა დავეყოლიებინე ექსპერიმენტზე, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივი ჩანდა. მეტისმეტად მარტივი, მაგრამ სულ ოდნავ თუ ჩაუღრმავდებოდით - ყველაფერი ამდენად იოლი აღარ მოგეჩვენებოდათ. ვიზუალი მხოლოდ შირმაა, რომლის იქითაც დანახვა ყველას არ ძალუძს. თუმცა მე არ მივეკუთვნებოდი იმ ადამიანთა რიცხვს, რომელსაც სირთულეები, განსაკუთრებით, თითქოს მარტივები - აშინებდა. ამიტომაც ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი და ერთი კვირის ხვეწნა-მუდარის შემდეგ, რომელსაც თან მოჩვენებითი გულის წასვლები დაჰყვებოდა - დავთანხმდი.

ვინმე კორნელ ფლინი, რომელიც მულტიმილიონერი აღმოჩნდა, როგორც ლეონმა მითხრა - ატარებდა ცდას და სურდა, რომ ადამიანი სრულ იზოლაციაში ყოფილიყო სამი თვის განმავლობაში, გარესამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, სამი თვის განმავლობაში საექსპერიმენტო ვირთხის როლი უნდა მოგერგო, ბოლოს კი, ღმერთმა უწყის, რა შედეგით დასრულდებოდა პროცესი.
- მეგან, გეფიცები, ძალიან მარტივი ათი მილიონი იქნება შენს ცხოვრებაში! - ისეთი აჟიტირებული იყო, რომ თვალების ატრიალება მომინდა მობეზრებისგან.
- თუ ამდენად მარტივი ფულია, შენ რატომ არ დათანხმდები ექსპერიმენტს?
- იმიტომ, რომ ჩემი ნებისყოფა შენსაზე საგრძნობლად მცირეა და შერყეულ ფსიქიკასთან ერთად, უფულოდაც რომ დავრჩე - გავგიჟდები! - წარმოთქვა საკუთარ თავში დარწმუნებულმა ლეონმა და დაწნული სკამის საზურგეს სწრაფად მიეყრდნო.
მეგობარი, ნათესავი, ახლო ადამიანი - ვერავინ გაგიცნობს ბოლომდე და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც არაა. თუმცა არის მომენტები, როდესაც მწარედ მეცინება, რაოდენ მცირე ინფორმაციას ფლობდა ჩემზე ადამიანი, რომელსაც ხუთი წელიწადია, რაც ვიცნობდი.
სამსახურის შემდეგ ყოველთვის ერთსა და იმავე რესტორანს ვსტუმრობდით ხოლმე მე და ლეონი. უფრო სწორად, ის მუშაობდა, მე კი მთელი დღეები სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი, მისი აზრით. კომპიუტერული პროგრამირება ჩემს შემთხვევაში არ საჭიროებდა ოფისში 24/7 ყოფნას, ამიტომაც თავს ვაძლევდი უფლებას, რომ ჩემს ფუმფულა საწოლში, ჩემს კომფორტულ სახლში მენებივრა და იქვე მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმე.
- ანუ, შენ გგონია, რომ მე ფულიანი შერყეული ვიქნები ამ ექსპერიმენტის შემდეგ ? - გამეცინა.
- აბსოლუტურად ვარ მაგაში დარწმუნებული!
- რატომ, ძვირფასო? - კითხვა გავწელე.
- ახლავე არგუმენტირებულად დაგისაბუთებ. პირველი - სულ სახლში ზიხარ და არაფერს აკეთებ. მეორე - იქაც სულ სახლში იქნები და არაფერს გააკეთებ. მესამე… - აქ უკვე ენა დაება და თითები აეხლართა.
- და მესამე…
- სულ სახლში ზიხარ და არაფერს აკეთებ! - შემომიბღვირა და ღვინო მოსვა.
- ჯერ ერთი - მე სახლში ვმუშაობ. მერე მეორე - ეგ ჩემი სახლი არ იქნება. მერე მესამე - რა ჯანდაბად უნდა ვინმეს ადამიანის გამოკეტვა სამი თვით თვითიზოლაციაში? - მეცინებოდა რომ ველაპარაკებოდი.
- ის ამას ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს ეძახის, აინტერესებს თუ შეძლებენ საერთოდ. - თვალები ამითამაშა. იცოდა როგორი აზარტულიც ვიყავი.
- ფსიქიკა ერთხელ თუ გაიბზარა, მას უკვე ვეღარ აღადგენ, ძვირფასო ლეონ! - ხმამაღლა შევძახე. მან კი ისეთივე ტონით მიპასუხა.
- ჩვენს დროში უკვე ყველაფერი იყიდება, მეგან! ათი მილიონი მალამოსავით მოგედება მთელ გაბზარულ ფსიქიკაზე და როცა უკვე მთელ სამყაროს მოივლი ამ ფულით, მიხვდები, რომ მთელი ცხოვრება უდარდელად ყოფნა - ღირდა სამ თვე იზოლაციად! - თაფლისფერი თვალები დახუჭა და ნეტარების იმიტაცია გააკეთა.
- მატერიალისტი კახპა ხარ, ლეონ. - კვლავ გამეცინა და ატმის წვენი მოვწრუპე. ერთადერთი წვენი იყო, რომელსაც საოცარი სიამოვნებით ვსვამდი, სხვებისკენ გული არ მიმიწევდა.
ფინანსების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი, რაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, თუმცა უნდა ვაღიარო - შემოთავაზებული წინადადება მეტისმეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა. განა, ვინ იტყოდა უარს, ასეთ "მარტივ" ფულზე?! თითქოს, არაფერი ისეთი. თითქოს, არსად იყო ძაღლის თავი ჩამარხული. სამი თვე ფლინის დაქირავებულ ბინაში იცხოვრებდი, სადაც ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველანაირ პირობას შექმნიდნენ. მართალია - არ გექნებოდა კონტაქტი არავისთან, არც ცოცხლად, არც ვირტუალურად, თუმცა არც საჭმელი მოგაკლდებოდა, არც სასმელი…
მაგრამ… ოხ, ეს წყეული მაგრამ!
ეჭვის ჭია მღრღნიდა და მოსვენებას არ მაძლევდა. ათი მილიონი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა ნებაყოფლობით კარცერში სამი თვე დაჰყოს? იანვრის თვე იწურებოდა, ანუ მაისში უკვე თავისუფალი ვიქნებოდი, ახლა რომ დამეწყო ექსპერიმენტი. მაგრამ - რა ჯანდაბა ამოძრავებდა კორნელ ფლინს? ათი მილიონი? მეტისმეტად დიდ თანხაზე ჰომ არ იყო საუბარი სამი თვისთვის? ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი? ყველასთვის ნათელია, რომ ეს ცდა ადამიანზე ნეგატიურად აისახებოდა.

არასდროს მესმოდა უაზროდ მდიდარი ადამიანების. ყოველგვარ სისულელეში ხარჯავდნენ ფულს.

- მის, დარწმუნებული ბრძანდებით, რომ გსურთ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება ? - მაღალი იყო. თეთრ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი. ჰალსტუხიც კი თეთრი ჰქონდა, შლიაპასთან ერთად. მხოლოდ სათვალე და ფეხსაცმელი იყო შავი შეფერილობის. თვალებს მალავდა… ის თვალებს მალავდა, მე კი არ მომწონდა ხალხი, რომელნიც ყველაზე მეტყველ ნაწილს მალავდნენ. ჰო, ეს ორი ბურთი, რომელიც ერთ ადგილს არიან მილუსრმულნი, მაგრამ არასდროს ჩერდებიან - იმაზე ბევრად მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვებად აწყობილი უშინაარსო ბგერები.
- დარწმუნებული ვარ. - მივუგე და სახის იმ ნაწილზე, რომელსაც ვხედავდი, ვცადე ემოციის ამოკითხვა, მაგრამ ვერ შევძელი.
- იცით, რა ბედი ეწიათ სხვა მონაწილეებს? - დარწმუნება ბანზე ამიგდო და აგრძელებდა საუბარს ვითომც არაფერიო. თითქოს, პასუხი საერთოდ არ დამებრუნებინოს.
- მისტერ ფლინ…
- კორნელ.
- კორნელ. - ჩავახველე. - რადგან ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ ე.ი. ასეც არის.
- ამ კითხვაზე პასუხი უკვე მივიღე, მის მეგან.
- უბრალოდ, მეგან.
- მეგან, იცით რა ბედი ეწია სხვა მონაწილეებს?
- საიდან უნდა ვიცოდე. - მხრები ავიჩეჩე.
- არც გაინტერესებთ?
- რადგან ასე დაჟინებით გსურთ ეს ინფორმაცია მომაწოდოთ - გისმენთ. - ვერ ვხვდებოდი რატომ, მაგრამ ამ კაცს როცა ველაპარაკებოდი, ირონია ნაბადივით მეხვეოდა სხეულზე.
- 25% მთაში გაიხიზნა, 35% ფსიქიატრიულში მოხვდა, 35% გარდაიცვალა და მხოლოდ 5% აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. თუ შეიძლება ამას ჩვეული რიტმი ვუწოდოთ. - გაყინული ხმა, არანაირი ემოცია.
- მეტისმეტად მომრგვალო პროცენტებია, რამდენი მონაწილე ჰყავდა ექსპერიმენტს? - თვალები ავაფახულე გაოცებისგან.
- ოცი.
- მეტი მეგონა. - ჩავფიქრდი. ხუთი ადამიანი მთაში გაიხიზნა და მათი ასავალ-დასავალი არავინ იცის, შვიდი ფსიქიატრიულშია, შვიდიც გარდაიცვალა. გარდაიცვალა?!
- რატომ?
- მეტისმეტად დიდ თანხაზეა საუბარი იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ 20 მსურველი ჰქოლოდა.
- თქვენ თვლით, რომ დიდძალ თანხას ყველაფერი შეუძლია?
- მე? არ ვიცი. აი, ლეონი კი დარწმუნებულია ამაში. - მხრები ავიჩეჩე და გამეცინა ლეონის გახსენებისას.
- მსურველი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ, მეგან. - მის ხმაში შეპარული სუსხი მკლავებზე მომედო და ხორკლად იქცა.
- თუმცა? - ნერწყვი გადავყლაპე და ვკითხე.
- თუმცა მაქსიმუმ თხუთმეტი დღის შემდეგ, კარების მტვრევას იწყებენ და მემუდარებიან, რომ გარეთ გავუშვა.
- და თქვენც უშვებთ. - დავასრულე მისი წინადადება.
- რა თქმა უნდა. ეს ჰომ ექსპერიმენტია. ვინც ბოლომდე გაუძლო, შედეგები კი მოგახსენეთ. იმედი მაქვს, თქვენ ოცდამეერთე იქნებით. - უცნაურად გამიღიმა.
- ლეონის ყბიდან ვერ ამოვალ, ორ კვირაში რომ გამოვიქცე. - ვთქვი და გამეღიმა.
- ბოდიშს ვიხდი არაკორექტული კითხვისთვის, მაგრამ… თქვენ და ლეონი…
- არა, არა! - ხელები გავასავსავე. - მე და ლეონი ტრუსიკის ძმაკაცები ვართ, ჩვენ შორის კი ეს დაუშვებელია. - უხერხულად გავიკრიჭე. რა მისი საქმე იყო მე და ლეონი ვიწექით ერთად თუ არა ?
- გასაგებია. დღეს 27 იანვარია, ექსპერიმენტი გრძელდება სამი თვის განმავლობაში, როდის დაიწყებთ მას? - ღრმად ამოიხვნეშა და ამოსუნთქვას სწრაფად მოაყოლა სიტყვებიც.
- თებერვლის პირველ რიცხვში გაწყობთ?
- თუ თქვენ თავს კომფორტულად იგრძნობთ, რა თქმა უნდა, მაწყობს. დოკუმენტს ხელი აი, აქ მოაწერეთ. - მითხრა და თეთრი კალამი მომაწოდა. მინიშნებულ ადგილს ხელი სწრაფად მოვაწერე, რომ არ გადამეფიქრებინა და ტვინში მომკივანი ხმა, რომელიც მეუბნებოდა შვიდმა მათგანმა ფეხები გაფშიკაო - დამეიგნორებინა.
- აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, პირველი თებერვლიდან ექსპერიმენტი ძალაში შევა დღის თორმეტი საათიდან. პირველ თებერვლამდე თუ გადაიფიქრებთ, შეგიძლიათ ეს დოკუმენტი უბრალოდ დახიოთ და ჩემს ზარს ზედაც არ შეხედოთ, მეგან. - ტუჩები იმდენად დააჭირა წამით ერთმანეთს, რომ გაუთეთრდა კიდეც. - ეს რამდენიმე დღე კიდევ დაფიქრდით. - ვერ ვხვდებოდი სურდა მას თუ არა, რომ ვინმეს ეს ექსპერიმენტი ბოლომდე გაევლო. მის ხმაში თავის დანებების თხოვნაც იყო და იმედიც, რომელიც მოუთმენლად ელოდა, რომ ვინმე ოდესმე შეძლებდა თავის გართმევას ამ საქმისთვის.

27 იანვრის დღის 4 საათი იყო, როდესაც კორნელ ფლინმა დატოვა რესტორანი, თავის მსახურებთან და შავ, დაბურულმინებიან მანქანაში გაუჩინარდა.
მე ცოტათი აფორიაქებული ვიყავი და გადავწყვიტე ამ ადამიანზე ინფორმაცია მომეძიებინა. არ შეიძლებოდა, რომ მულტიმილიონერზე რაიმე ხელმოსაჭიდი არ ყოფილიყო დედა-ინტერტენტში.
ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ის გავიგე, რომ ფლინი სამშენებლო ბიზნესით "ირჩენდა თავს". ბავშვობიდან ყოფილა ეს მისი ოცნება და სახლ-კარის გარეშე დარჩენილ ადამიანებზე ზრუნავდა, ბინესის წარმატების წყალობით.
ღრმად ამოვიხვნეშე და მიმტანს ვთხოვე, რომ ფინჯანი ყავა მოეტანა ჩემთვის განუზომლად ბევრი შაქრით.
თამაშობდა გოლფს და გატაცებული იყო ხელოვნებით. საქსოფონისადმიც არ იყო გულგრილი. სრულყოფილების განსახიერება!
ჯანდაბა, რა სისულელეა! ხალხი ასე მარტივად ვერ აღწევს წარმატებას და მითუმეტეს, არ სურს სხვების იზოლაციაში გამოკეტვა საექსპერიმენტოდ! მეტისმეტად საეჭვოდ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი და ვიგრძენი როგორ შემიტოკდა მთელ სხეულზე თითოეული ძარღვი, სისხლი კი მოუთმენლობისგან ამიდუღდა. სხეულს შიგნით ჩაფიქრებული მეგანი დადიოდა, რომელიც თავს იტეხდა იმაზე ფიქრით, რა ჯანდაბად სჭირდებოდა მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება ამ დროსა და სივრცეში დაკარგულ ადამიანს. არ ვიცი - რატომ იყო იგი ჩემთვის დაკარგული, მაგრამ მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ დახმარება სჭირდებოდა.
დრო იყო ჩემი პროფესიისთვის გასაქანი მიმეცა და დარქნეტზე გადავინაცვლე. ეს ის სივრცე იყო ინტერნეტში, სადაც უბრალოდ ვერ შეაღწევდით. ვფრთხილობდი, IP მისამართი შევცვალე VPN-ით და ათასი თავის დასაცავი პროგრამა ჩავრთე. რესტორანის კუთხისკენ გადავინაცვლე და დავიწყე.
ცოტათი ვიწვალე. გატყუებთ, კარგა გვარიანად მომიწია წვალება, თუმცა დარქნეტის კუნჭულში მაინც ვიპოვე ის, რაც მსურდა.
და აი, ისიც!
კორნელ ფლინი - ნასამართლევი იყო ორჯერ. ორივე ჯერზე მკვლელობაში ედებოდა ბრალი და იჯდა კიდეც. პირველი შემთხვევისას არაფხიზელ მდგომარეობაში პოლიციელი შემოაკვდა, მეორედ კი…
კორნელმა თავისი ღვიძლი დედა მოკლა.
არაადამიანურად გამაკანკალა. ცივმა ოფლმა დამასხა და ნესტოები დამებერა. სულ ცოტა ხნის წინ მისი დახმარება მინდოდა, ახლა კი - გასაქცევი გეგმის მოფიქრებას ვუნდებოდი დროის ხარჯვას.
როგორ შეძლო ამ ადამიანმა ასეთი ფაქტის საზოგადოებისგან დამალვა? ან დავიჯერო იცოდნენ და მაინც ენდობოდნენ? ეკლესიური იყო? მოინანია?
ახლა არაადეკვატურად გამეცინა. ყავას არ დავლოდებივარ, ისე გამოვიქეცი რესტორნიდან. შეგრძნება მქონდა, თითქოს, მომდევდნენ ან მითვალთვალებდნენ. სინამდვილეში კი ყველას ყველა ცალ ფეხზე ეკიდა. რაოდენ ბუმბერაზი ეგო აქვთ ადამიანებს, ყოველთვის ჰგონიათ, რომ ყურადღება მათკენ არის მიმართული.
მაგრამ კორნელ ფლინში იყო რაღაც იდუმალი. რაღაც? ეს ადამიანი თავად იყო იდუმალება. აი, რატომ მალავდა იგი თავის თვალებს.
ჩემი ტვინის უჯრედებს მოვარდნილი ფიქრი, რომ უნდა გავცლოდი ფლინს და ზედაც აღარ შემეხედა მისთვის, მომენტალურად უკუვაგდე და იმდენად ავჟიტირდი, რომ ლამის დღესვე მომინდა ექსპერიმენტის დაწყება.

ლეონის ოფისში შევვარდი და გაოცებულ გოგოს, რომელიც მიმღებად მუშაობდა უკვე წლებია, ყურადღება არ მივაქციე. მთავარი იყო, რომ მიცნო და თავის უფროსთან ამიშვა.
ოფისი ორსართულიანი ჰქონდა, კოხტად და გემოვნებიანად შერჩეული დიზაინით. არავითარი ზედმეტი ნივთი, მხოლოდ საქმისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.
უფროსის კაბინეტი მეორეზე იყო, ამიტომ კიბე კისრისტეხით ავირბინე.
- ლეონ, რა იცი ფლინის შესახებ? - სამსახურში მივუვარდი, მისი კაბინეტის კარი, ლამის, გამოვგლიჯე და გამარჯობის ნაცვლად, პირდაპირ კითხვა მივახალე. ლეონი წამით გაკვირვებული მიყურებდა. არ იყო შეჩვეული ჩემგან მსგავს გამოხტომებს, ყავა მოსვა და მანიშნა, რომ სკამზე დავმჯდარიყავი. - რა დროს სკამია, ლეონ! - ვთქვი და გორგოლაჭებიანი სკამი მოვიქნიე. კედელს შეენარცხა და უსიამოვნო ხმა გამოსცა.
- ეშმაკმა დალახვროს, რა ჯანდაბა გეტაკა, მეგან?! - თვალები გაუფართოვდა და თვითონაც წამოდგა.
- კორნელ ფლინზე რა ინფორმაციას ფლობ?
- ის ვიცი, რაც ყველამ. არ ვარ მე მისი მეგობარი ან მტერი, რომ მეტი ვიცოდე. - წარბი შეკრა. - რამე გაიგე?
- მკვლელი რომ არის, იცოდი? - ხმას დავუწიე, თუმცა ირონია არ დავაკელი.
- რას ბოდავ?! - ყოველთვის, როცა რაიმე საოცარს გაიგებდა ჩემგან, ასეთი რეაქცია ჰქონდა. ადამიანებს როდესაც ეუბნები წარმოუდგენელს, არ უნდა გქონდეს იმედი, რომ ეგრევე დაგიჯერებენ. თავდაპირველი უარყოფა ბუნებრივი რეაქციაა.
- ეს სიმართლეა, ლეონ. ეს ადამიანი ცივსისხლიანი მკვლელია, მან საკუთარი დედა ჩადო მიწაში. - ლეონი უღონოდ მიესვენა სავარძელზე და თითები საფეთქელზე მიიბჯინა.
- საიდან გაიგე?
- საიდანაც იგებენ ხოლმე ბნელ ამბებს.
- მეგან, რა ჯანდაბას აკეთებ, თავს საფრთხეში იგდებ, რომ ვიღაც ნაბი'ჭვარზე ინფორმაცია შეაგროვო?
- სანამ ინფორმაციის მოძიებას დავიწყებდი, არ ვიცოდი, რომ ნაბი'ჭვარი იყო, ლეონ.
- რა მნიშვნელობა აქვს, მეგან?!
- აქვს.
- არ მითხრა, რომ ამის გაგების შემდეგ ისევ აპირებ… - შემომხედა და ჩემი კმაყოფილი სახე რომ დააფიქსირა, მის ნაკვთებზე მრისხანება აღიბეჭდა. - მეგან, სულ გააფრინე?! - წამოფრინდა სკამიდან და მხრებში მწვდა. - კაცი მკვლელია. სამი თვე სახლიდან არ გაგიშვებს, ღმერთმა იცის ამ სამი თვის განმავლობაში რას შემოგტენის!
- შვიდმა საცდელმა ვირთხამ ფეხები გაფშიკა. - თვალებში შევციცინებდი.
- ექსპერიმენტის მონაწილეებს გულისხმობ?!
- დიახ. - თავი დავუქნიე.
- მითუმეტეს, მეგან! ახლავე იტყვი უარს ამ ექსპერიმენტზე და ასეთ კმაყოფილ ფიზიონომიას სიფათიდან ჩამოირეცხავ!
- ჩემი დიდი ძამიკო გაიჩითე, ლეონ? - გამეცინა და მოვშორდი. - როდის იყო მიმითითებდი, რა გამეკეთებინა? - მაგიდაზე წამოვსკუპდი და ფეხი ფეხზე გადავიდე.
- შეშლილი რომ ხარ - ვიცი. მაგრამ ვიღაც ფლინს არ მივცემ იმის საშუალებას, რომ მოგკლას ან ფსიქიატრიულში გაგიშვას. - ცოფებს ყრიდა, რადგან იცოდა - ჩემთან ვერაფერს გახდებოდა.
- ერთი სული მაქვს, პირველი თებერვალი როდის გათენდება! - თვალები მიბრწყინავდა და ლეონი მიხვდა, რომ საუბრის გაგრძელებასაც არ ჰქონდა აზრი.
- აქ რატომ მოხვედი?
- რა?
- აქ რატომ მოხვედი. მაინც ისე გააკეთებ, როგორც გინდა. რა საჭირო იყო ამ ინფორმაციით მე გაგეგიჟებინე? - ზედაც არ მიყურებდა.
- შენ ჰომ ლეონი ხარ. მინდოდა გცოდნოდა. - მხრები ავიჩეჩე, მაგრამ სინდისის ქენჯნა ვიგრძენი.
- პირველი თებერვალი? - წარბს ქვემოდან ამომხედა.
- ჰო.
- ოთხი დღე… ამ ოთხი დღის განმავლობაში ისე უნდა დავიმხოთ თავზე ქალაქი, რომ შემდეგი სამი თვე გეყოს.
- როგორც იქნა, შენი თხილისოდენა ტვინიდან ერთი გენიალური აზრი მაინც მოვისმინე მთელი ათი წლის განმავლობაში! - ვთქვი და ავხითხითდი, რის გამოც კარგა გვარიანი მუჯლუგუნი მივიღე.

შემდეგი ოთხი დღე… არ მახსოვს. წარმოდგენაც არ მაქვს რა ჩავიდინეთ მე და ლეონმა, მაგრამ პოლიციისგან თავი ძლივს დავაღწიეთ. ალკოჰოლის მოყვარული არასოდეს ვიყავი, მაგრამ ყველა ბარი, რომელიც ქალაქში იყო ტაშისკვრით გვემშვიდობებოდა. თითქოს, მთელი ფული, რომელსაც მანქანის საყიდლად ვაგროვებდი - იქ დავტოვე. ალბათ, სტრიპტიზიც ვიცეკვე, გავიხადე და უკონტროლო სექსუალური კავშირები დავამყარე, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ლეონთან არა.
...
1.02
- აბა შენ იცი, ყოვლად ძლიერო და დამოუკიდებელო ქალო, როგორ გაართმევ თავს ამ ექსპერიმენტს! - ჩამძახა ყურმილში ლეონმა.
- ჰო, ჰო, აბა, რა. - მეცინებოდა.
- თუ ექსპერიმენტის გავლას მოახერხებ ვირთხას დაგიძახებ! - ვიცოდი, რომ ახლა დაჭყანული სახე ჰქონდა.
- ჯერ ერთი, ეგ ენა პირში შეიტენე და მერე მეორე, ვირთხა შენ არ აღმოჩნდე და კატამ არ გადაგსანსლოს, იდიოტო!
- ოჰ, ჩემო ვირთხუნია, როგორი პრეტენზიული ყოფილხარ! - დრამატული ხმით თქვა და გადაიხარხარა.
- ლაყე კვერცხის ამბავი გახსოვს? - სარკაზმი გავურიე ხმაში.
- არ გაბედო იცოდე!
- მშვიდად იძინე, კვერცხო და როცა დავბრუნდები წიწილები გამოჩეკილი დამახვედრე! - გადავიკისკისე და გავთიშე.
ერთ-ერთ წვეულებაზე ლეონს ჩაეძინა და უმი კვერცხი გადავაყლაპე. მას შემდეგ აღარ ჭამს არც ქათამს არც კვერცხს, სულ შენი ბრალიაო მეძახის!

გავუთიშე თუ არა მომენტალურად გაისმა კაკუნი ჩემი ბინის რკინის კარზე.
არ ვიცი სარკეში რატომ ჩავიხედე და მერე გავიქეცი გასაღებად, მაგრამ ჯანდაბას.

- მის მეგან! - როგორც ყოველთვის, თეთრი, თეთრი და კიდევ ერთხელ თეთრი. შავი სათვალე და ფეხსაცმელი. ეს ტიპი მაღიზიანებდა, იმდენად მაღიზიანებდა, რომ მზად ვიყავი სათვალე ჩამომეგლიჯა მისთვის და თვალებში საათობით მივშტერებოდი.
დედა მოკლა, მეგან! მიწიოდა გონება, მაგრამ ჩემთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. საქმე აქ უკვე მწვანე ბანკნოტებს კი არა, თავად ექსპერიმენტის არსს ეხებოდა. ამ არსების სულში მინდოდა ჩავმძვრალიყავი. ზედმეტი ემპათია ჩემი ცხოვრებისეული ჰობი იყო.
- მისტერ ფლინ!
- კორნელ.
- ჰო, კორნელ.
- გადაიფიქრეთ?
- რადგან აქ ვდგავარ და კარი გაგიღეთ, ეს იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ უკან დახევას არ ვაპირებ. - ამაყად ვუთხარი. გაეღიმა.
- როგორც გენებოთ. მომცრო ბინა ქალქგარეთაა, იქ არც ინტერნეტია, არც სხვა რამ, რაც მოგცემთ საშუალებას გარესამყაროსთან ოდნავი კონტაქტი მაინც დაამყაროთ.
- ეგ გავიგე. ხელშეკრულება გადავიკითხე.
- დღეში ორჯერ კარზე კაკუნის ხმას გაიგებთ. კარში არსებული ჭრილით მიიღებთ საკვებს, სასმელ წყალს. საპირფარეშო განლაგებული იქნება თქვენი ოთახის გვერდით. გამოსაცვლელი ტანისამოსი კვირაში ერთხელ მოგეწოდებათ. - რობოტივით საუბრობდა, დაზეპირებული ჰქონდა ტექსტი.
- კვირაში ერთხელ? - წარბი ავწიე და ავათვალიერე. ეს პუნქტი არ მახსოვდა.
- დიახ. პრეტენზიები გაქვთ, მეგან? - ოოჰ, როგორ ელოდა, რომ პრეტენზიათა კასკადს მივაყრიდი, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვდუმდი. - კარგი. მწეველი ბრძანდებით?
- აქტიური. - არც კი გამხსენებია, რომ სიგარეტზე გიჟივით ვიყავი დამოკიდებული და ერთი დღეც არ შემეძლო ნიკოტინის გარეშე გაძლება.
- ვწუხვარ. არ გექნებათ საშუალება, რომ მოწიოთ. იმედი მაქვს, ამ ოთხი დღის განმავლობაში საკმარისზე მეტი მოწიეთ და სამი თვით გეყოფათ. - გულგრილად მითხრა და მე უკვე ავღელდი. - რამის დამატება ჰომ არ გსურთ?
- ციხის პირობებია? - სასხვათაშორისოდ ვკითხე.
- არა. ციხეში ყველაფერი სხვანაირადაა. დააშავებ, ჩაგსვამენ. კიდევ მეტს დააშავებ - კარცერია. იქ სიტუაცია განსხვავდება, მეგან. თქვენ კი არაფერი დაგიშავებიათ, საკუთარი ნებით იკეტებით. - ცალყბად გაიღიმა.
- თქვენ ნამდვილად იმაზე უკეთ იცით ეს ყველაფერი, ვიდრე სხვა დანარჩენმა. - შევხედე და ვერც ახლა ამოვიკითხე მის სახეზე რაიმე.
- როგორც ვხედავ, საკმარისზე მეტ ინფორმაციას ფლობთ, მაგრამ მაინც მიდიხართ იმ რისკზე, რომ კორნელ ფლინის ექსპერიმენტს თანხმდებით? - ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა.
ჩემი ბინა იმაზე პატარა იყო, ვიდრე წარმომედგინა. მომენტალურად ავეკარი ოდნავ დახორკლილ კედელს და სუნთქვა გამიხშირდა.
- ასე რატომ ღელავ, მეგან? ჩემი სიახლოვე შიშს გგვრის? - ზედ სახეზე მომეხვია მისი ამოსუნთქული სიტყვები და გამაჟრჟოლა. კედელს ფრჩხილებით ჩავაფრინდი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე. - იქნებ, სულაც არ მქვია კორნელ ფლინი და სხვის სახელსა და გვარს ვიყენებ? - ცინიზმის უზარმაზარი გვირგვინი ედგა თავზე.
- შენი სიახლოვე ზიზღზე მეტს ვერაფერს მომგვრის, კორნელ ფლინ. - სახელს და გვარს მკვეთრი ხაზი გავუსვი. - საკუთარი დედა ჩადე მიწაში და უდანაშაულო პოლიციელი, რომელიც უბრალოდ, გზაზე გადაგეღობა. - ჩემი ამოფურთხებული ბგერები მისი გულისცემის აჩქარების მიზეზი გახდა, რომელსაც მისი პიჯაკის მიუხედავად, ნათლად ვხედავდი. მისი სახის ნაკვთები, რომელსაც არ ფარავდა სათვალე, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა. მაგრამ იმას, რასაც მალავდა ჭაობისფერ სიღრმეში მაგნიტსაც კი ვერ შევადარებ. ეს იმაზე ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ინტერესი.
- როგორც ჩანს, შენ პროფესიას იმდენად სრულყოფილად ვერ ფლობ, რომ მეტი გაგეგო. ეს კი - შენი ბრალია. - სიტყვა ბანზე ამიგდო, არც ჩვეული ცინიზმი დამაკლო და მომშორდა. - თერთმეტი საათია, ერთი საათი მაინც დაგვჭირდება ადგილზე მისასვლელად. იმედი მაქვს თორმეტი ხელი ტანსაცმელი უკვე მოიმარაგე. - მითხრა და გავიდა.
შეშინებული ვიყავი და სარკეს, რომელიც ზუსტად ჩემ პირდაპირ იყო - თვალი ავარიდე. იგი, თითქოს, მიახლოვდებოდა და შეგრძნება მრჩებოდა, რომ ჩემივე ანარეკლი მომიღებდა ბოლოს.


P.S. პირველ რიგში, ჰაი გაიზ, ვიცი, რომ არ ხართ ჩემგან შეჩვეული თავებით ისტორიის დადებას, მაგრამ მოცულობა მაძლევს საშუალებას, რომ ასე მოვიქცე.
რომ არ გაგიკვირდეთ, პროლოგი არის ჩემი წინა ნაწარმოები. ( ეს ინფორმაციისთვის)
თითო თავს დავდებ ყოველ მესამე დღეს. ნაწარმოები ძალიან მძიმე იქნება და სუსტი გულის მქონენი მოემზადეთ.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

შენი შწმოქმედება ისედაც ღრმა და მძიმეა. ძალიან მომეწონა. მოგყვები ბოლომდდეე დაგელი მოუთმენლად. ჩემი საყცარელი ჟანრიააა. არაჩვეულებრივად წერ

 


№2  offline მოდერი Catherine Di Perso

Qeti qimucadze
შენი შწმოქმედება ისედაც ღრმა და მძიმეა. ძალიან მომეწონა. მოგყვები ბოლომდდეე დაგელი მოუთმენლად. ჩემი საყცარელი ჟანრიააა. არაჩვეულებრივად წერ

უღრმესი მადლობა, ქეთი. ეს ისტორია ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და. ყველა ადამიანისთვის, რომელიც ოდესმე ყოფილა ტრავმირებული მშობლისგან. მინდა, რომ ბოლომდე წამომყვე. ძალიან მინდა.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Catherine Di Perso
Qeti qimucadze
შენი შწმოქმედება ისედაც ღრმა და მძიმეა. ძალიან მომეწონა. მოგყვები ბოლომდდეე დაგელი მოუთმენლად. ჩემი საყცარელი ჟანრიააა. არაჩვეულებრივად წერ

უღრმესი მადლობა, ქეთი. ეს ისტორია ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და. ყველა ადამიანისთვის, რომელიც ოდესმე ყოფილა ტრავმირებული მშობლისგან. მინდა, რომ ბოლომდე წამომყვე. ძალიან მინდა.

წამოგყვები. საერტოდ არ მიყვარს ისტორიის მიტოვება და მაღიზიანებს ავტორი რომ შუაგზაზე მოატოვებს.

 


№4  offline მოდერი guroo

პროლოგის შესახებ იმას ვიტყვი, რომ მოსალოდნელზე მეტად მეტკინა. პირველ პირშია დაწერილი და წაკითხვისას ისე აღიქმება, თითქოს მე მე ამოვაფრქვიე ეს შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელი, დაუფარავი სიწრფელე, რომელიც დაზვავებული თოვლივით ცივად და მრისხანედ მოემართება სადღაც შიგნიდან და გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა ბარიერი გაანადგუროს, არ შეჩერდეს, ბოლომდე ამოწუროს კინეტიკური და პოტენციური ენერგიები, ინერციაც... და მაშინ ჩაწყნარდეს, როცა სახე ბოლომდე, სრულყოფილად ამეხევა. ისე რეალურია და ხელშესახები, მართლა საკუთარი მგონია. ისტერია, შფოთვა, მოუსვენრობა... პირამდე სავსეა პროლოგი, რომ კანით შეიგრძნო წაკითხული.
შენთან ეს მომწონს. კარგად გამოგდის ემოციებსა და განცდებზე თამაში. გულის ცემას ითვლი, თითქოს. ოღონდ იმიტომ, რომ სულ მიკონტროლებდე და არასდროს მაძლევდე მოდუნების, დამშვიდების საშუალებას.
მომწონხარ, მანიპულატორო.
"#21". ირონიულად ჩამეცინება, მოგვიანებით თუ აღმოვაჩენ, რომ ნაწარმოებს ასეთი სათაური მხოლოდ მეგანის ოცამეერთეობის გამო არ შეურჩიე და კიდევ იმალება რაღაცები ამ სიმარტივის მიღმა. თავიდანვე მომხიბლმა ასეთმა დასათაურებამ და ბუნებრივია, ფიქრებით მის გარშემო ვბრუნავდი უპირატესად. იქნებ მეშლება? თუ - დიახ, მაშინ უღმერთოდ უნდა დავცინო საკუთარ თავს. ჰაააჰაააჰააააა!
ამბავი საინტერესოა, ჩამთრევი და იდუმალი. თუმცა, ნაწარმოების მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, ავტორის მახვილი ენაა, რომელიც გამალებით მიილტვის მაქსიმალური სიზუსტით დაარქვას თავისი სახელი ყველა გრძნობას, ემოციას, მოვლენას, მოქმედებასა და სხვა უამრავ რამეს და ამას არ აკეთებს საიმისოდ, რომ მკითხველს უჩვენოს რაოდენ განსაცვიფრებელია მისი ლექსიკური მარაგი. თითქოს მისი გონება ქარია- ჩამოწოლილი ნისლის გამფანტველი- და მიზანმიმართულად ატრიალებს გრიგალს, რათა სიტყვათა ჯაჭვში ძვირფას თვლებად ჩაჭედებული აზრები, შინაარსი გახადოს უფრო მკაფიო. თითქოს გამოწვევა აქვს, რომ წანადადებები, რომელთა დაწერას გაბედავს, აუვილებლად იყოს ღრმა, სრულყოფილი და ტიტანური გააზრება იმისა, რის შესახებაც საუბრობს. სწორედ ამიტომ ხდება მისი ენა უფრა და უფრო მდიდარი. ის ჰომ დაუღალავად ცდილობს სიტყვათა რამდენიმე ვარიანტს შორის უზუსტესი, ყველაზე დახვეწილი ამოარჩიოს?!
საინტერესო მწერალი ხარ, კარგი დამკვირვებელი.

ვერ შეგპირდები, რომ ატვირთვისთანავე წავიკითხავ ხოლმე ახალ თავებს. როგორღაც გომოგყვები...
❤️

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

guroo
პროლოგის შესახებ იმას ვიტყვი, რომ მოსალოდნელზე მეტად მეტკინა. პირველ პირშია დაწერილი და წაკითხვისას ისე აღიქმება, თითქოს მე მე ამოვაფრქვიე ეს შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელი, დაუფარავი სიწრფელე, რომელიც დაზვავებული თოვლივით ცივად და მრისხანედ მოემართება სადღაც შიგნიდან და გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველა ბარიერი გაანადგუროს, არ შეჩერდეს, ბოლომდე ამოწუროს კინეტიკური და პოტენციური ენერგიები, ინერციაც... და მაშინ ჩაწყნარდეს, როცა სახე ბოლომდე, სრულყოფილად ამეხევა. ისე რეალურია და ხელშესახები, მართლა საკუთარი მგონია. ისტერია, შფოთვა, მოუსვენრობა... პირამდე სავსეა პროლოგი, რომ კანით შეიგრძნო წაკითხული.
შენთან ეს მომწონს. კარგად გამოგდის ემოციებსა და განცდებზე თამაში. გულის ცემას ითვლი, თითქოს. ოღონდ იმიტომ, რომ სულ მიკონტროლებდე და არასდროს მაძლევდე მოდუნების, დამშვიდების საშუალებას.
მომწონხარ, მანიპულატორო.
"#21". ირონიულად ჩამეცინება, მოგვიანებით თუ აღმოვაჩენ, რომ ნაწარმოებს ასეთი სათაური მხოლოდ მეგანის ოცამეერთეობის გამო არ შეურჩიე და კიდევ იმალება რაღაცები ამ სიმარტივის მიღმა. თავიდანვე მომხიბლმა ასეთმა დასათაურებამ და ბუნებრივია, ფიქრებით მის გარშემო ვბრუნავდი უპირატესად. იქნებ მეშლება? თუ - დიახ, მაშინ უღმერთოდ უნდა დავცინო საკუთარ თავს. ჰაააჰაააჰააააა!
ამბავი საინტერესოა, ჩამთრევი და იდუმალი. თუმცა, ნაწარმოების მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, ავტორის მახვილი ენაა, რომელიც გამალებით მიილტვის მაქსიმალური სიზუსტით დაარქვას თავისი სახელი ყველა გრძნობას, ემოციას, მოვლენას, მოქმედებასა და სხვა უამრავ რამეს და ამას არ აკეთებს საიმისოდ, რომ მკითხველს უჩვენოს რაოდენ განსაცვიფრებელია მისი ლექსიკური მარაგი. თითქოს მისი გონება ქარია- ჩამოწოლილი ნისლის გამფანტველი- და მიზანმიმართულად ატრიალებს გრიგალს, რათა სიტყვათა ჯაჭვში ძვირფას თვლებად ჩაჭედებული აზრები, შინაარსი გახადოს უფრო მკაფიო. თითქოს გამოწვევა აქვს, რომ წანადადებები, რომელთა დაწერას გაბედავს, აუვილებლად იყოს ღრმა, სრულყოფილი და ტიტანური გააზრება იმისა, რის შესახებაც საუბრობს. სწორედ ამიტომ ხდება მისი ენა უფრა და უფრო მდიდარი. ის ჰომ დაუღალავად ცდილობს სიტყვათა რამდენიმე ვარიანტს შორის უზუსტესი, ყველაზე დახვეწილი ამოარჩიოს?!
საინტერესო მწერალი ხარ, კარგი დამკვირვებელი.

ვერ შეგპირდები, რომ ატვირთვისთანავე წავიკითხავ ხოლმე ახალ თავებს. როგორღაც გომოგყვები...
❤️

შენი კომენტარები ძალიან საინტერესოა. შენეული აღქმა იმის, რასაც ავტორი წერს. #21-ზე არაფერს გეტყვი, წამიკითხავ და მიხვდები ყველაფერს. ემოციათა ამოფრქვევა სრული სიზუსტით სიტყვებში - ჩემი სტიქიაა, ჩემი ყველა'ფერია და მიხარია, რომ ამას აფასებ.
დამკვირვებელი? მანიპულატორი? შესაძლოა. ტექსტში მძივებივით ვაბნევ საკვანძო სიტყვებს, რომელზეც მკითხველის ყურადღება უნდა გამახვილდეს და ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება.
მთავარია წაიკითხო, როდის ? მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი რომ გითხრა - მოგატყუებ. წაიკითხე, წამიკითხე.

 


№6 სტუმარი Ana-maria

ძალიან ღრმა და მძიმე დასაწყისია. ვფიქრობ უფრო მეტი სიმძაფრე გველოდება. ძალიან დამაინტერესა #21 როგორ გაუძლებს სამ თვეს.

 


№7  offline მოდერი Catherine Di Perso

Ana-maria
ძალიან ღრმა და მძიმე დასაწყისია. ვფიქრობ უფრო მეტი სიმძაფრე გველოდება. ძალიან დამაინტერესა #21 როგორ გაუძლებს სამ თვეს.

ეს მხოლოდ დასაწყისია და კი, პირდაპირ ვამბობ, რომ მძიმე საკითხავი იქნება. გმადლობ, რომ წაიკითხე და გაინტერესებს #21-ის ბედი.

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთა

განსაკუთრებული ხარ, წერის სტილი გამორჩეული. როგორ მიხარია რომ დაიწყე ისტორია. თანაც თავებად წაკითხვას დიდი მუღამი აქვს და სიუჟეტიც რაღაცნაირად მაფორიაქებს და მაშინებს.

 


№9  offline მოდერი Catherine Di Perso

სტუმარი ქეთა
განსაკუთრებული ხარ, წერის სტილი გამორჩეული. როგორ მიხარია რომ დაიწყე ისტორია. თანაც თავებად წაკითხვას დიდი მუღამი აქვს და სიუჟეტიც რაღაცნაირად მაფორიაქებს და მაშინებს.

მიხარია, რომ ჩემს წერის სტილს იცნობ. ჰო, ისტორიას ასე ვთქვათ პირველად გთავაზობთ თავებად და ეს არამარტო თქვენ, მეც მაფორიაქებს. თენქს ❤️

 


№10  offline წევრი ელიზაბეტი უ.

ჯერ კიდევ დასაწყისი იყო რაღაც გენიალურობა, მერედა რა კარგად წერ!გაგრძელება იმდენად მომეწონა, რომ მიხარია ახლა სხვა თავებიც რომ გიდევს. პირველ რიგში, ინტერესი მკლავს, სინამდვილეში რა შეიძლება მოხდეს და რისთვის უნდა ვიყო მზად. მოკლედ, ამ ნაშრომმა ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა და მართლაც საინტერესოა, წარმატებები!

 


№11  offline მოდერი Catherine Di Perso

ელიზაბეტი უ.
ჯერ კიდევ დასაწყისი იყო რაღაც გენიალურობა, მერედა რა კარგად წერ!გაგრძელება იმდენად მომეწონა, რომ მიხარია ახლა სხვა თავებიც რომ გიდევს. პირველ რიგში, ინტერესი მკლავს, სინამდვილეში რა შეიძლება მოხდეს და რისთვის უნდა ვიყო მზად. მოკლედ, ამ ნაშრომმა ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა და მართლაც საინტერესოა, წარმატებები!

ღმერთმანი, რა დროზე გცემ პასუხს : დდდ ბოდიში, ახლა ჩამოვყევი და ახლა ვიპოვე ეს კომენტარი. უღრმესი მადლობა, იმედია კითხვა არ შეგიწყვეტია ამ ხნის განმავლობაში ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent