შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდანაშაულო დამნაშავე (სრულად)


14-04-2021, 20:00
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 34 347

მეგონა, ცხოვრებაში ყველა გაჭირვება და უბედურება ნანახი და გამოვლილი მქონდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ძალიან მკაცრი მშობლები მყავდნენ და ერთ ნაბიჯსაც კი არ მადგმევინებდნენ ზედმეტად მათ დაუკითხავად. სკოლაში კლასელები შატალოზე, ექსკურსიაზე ან საქეიფოდ რომ მიდიოდნენ, მე სახლში ვიჯექი და ჩემს უბედობას და უიღბლობას მწარედ ვტიროდი. ცხონებული ბებიაჩემი მაიმედებდა, გათხოვდები და შეიცვლება შენი ცხოვრებაო... მართლაც რომ შეიცვალა, მაგრამ უარესობისკენ. სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად არ გამიშვეს. (როგორ შეიძლებოდა მარტოს მევლო ქალაქის ქუჩებში?) პირველივე მთხოვნელი, ვინც კი მომადგა კარზე, სიხარულით დავთანხმდი და გავთხოვდი კიდეც, რადგან ჩემი დედამთილი სწავლის გაგრძელებას დამპირდა. მაგრამ "ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო". მამაჩემზე მკაცრი და ეჭვიანიც კი გამოდგა ჩემი ქმარი. მოკლე კაბა არ უნდა მცმოდა, არც ზედმეტად ამოღებული, შარვალი ან შორტები ხომ საერთოდ არ შეიძლებოდა. დედამთილი კი ავყია და აფერისტი იყო. აი, ზუსტად ისეთი: "მე ქორწილში წავეთრევი შენ ვენახში წაბრძანდიო". მთელი დღე რომ თავდაყირა ვეკიდე ოჯახის საქმეებით, მაინც არაფერი ჩანდა, "მთელი დღე სახლში ზიხარ და აბა რა გაგიკეთებიაო". სამეზობლოდ მე არ მიშვებდნენ გარეთ, (ოჯახის ქალს როგორ შეიძლებოდა გარე-გარე მევლო?) სწავლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ჩემი დედამთილი კი იხარე, მეზობლიდან მეზობლებში დადიოდა. არც კი ამბობდა სად მიდიოდა. რომ მეგონა სახლში იყო, აღმოჩნდებოდა რომ თურმე სოფლის თავში იჯდა და ჭორაობით ირთობდა თავს. ჩაცმაზე მას შეზღუდვები არ ქონდა, ორმოცდაათი წლის ქალი შარვლითაც დადიოდა, ზედმეტად მოღიავებული გულისპირით და მოკლე კაბებითაც კი. ცოტა მამამთილი იყო ცოდო-მადლიანი, მაგრამ მასაც ჩემი ავი დედამთილი აშინებდა. მოკლეთ, ბავშვობის წლები სანატრელი გამიხდა. ჩემი გათამამებულ-გატუტუცებული ქმარი კი ხშირად სვამდა და ეჭვიანობის სცენებსაც მიწყობდა. იმას ცერზე რატო გახედე, ამას რისთვის გაუღიმე, იმას რატო გამოელაპარაკე და ასე შემდეგ. ერთი-ორჯერ ხელითაც კი შემეხო. ამის გამო ოჯახის დანგრევა და უკან დაბრუნება განვიზრახე, მაგრამ მშობლებმა, განათხოვარ ქალს სახლში როგორ შემოგიშვებთო? ერთხელ, თვითმკვლელობაც კი ვცადე, მაგრამ სიკვდილით რომ სიმშვიდე არ მეწერა, არც გამიმართლა. მერე კი, გავაცნობიერე, რომ თვითმკვლელობა ყველაზე მძიმე ცოდვა იყო და მოვინანიე. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა. ჩემს აფერისტ და ავყია დედამთილს ეს დიდად არ მოუხვედრებია გულზე. თავიდან კი მიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მისი ვაჟიკოს ბრალი იყო ყველაფერი და მიტომაც იყო ასე მშვიდად. გადავწყვიტე შევგუებოდი ბედს, ჩემზე უარეს დღეში ხომ სხვებიც იყვნენ და მაშ ისინი როგორ ეგუებოდნენ ამ ყველაფერს?
ერთი წლის ცოლ-ქმარნი არ ვიყავით, რომ ჩემმა ქმარმა არასრულწლოვანი გოგო შეაცდინა და ციხეში უკრეს თავი. მე ისედაც სახლიდან გარეთ არ გავდიოდი და ამ ამბის შემდეგ ხომ საერთოდ სირცხვილით ვეღარ ვყოფდი თავს. ჩემი დედამთილი კი, იცოცხლე, არც წანწალს იკლებდა, არც ქეიფსა და დროსტარებას. ვინც კი ვაჟიკოზე, ანუ ჩემს ქმარზე, ცუდს ეტყოდა, მაშინვე მწარედ ჩამოწყევლიდა დიდიან-პატარიანად. დარწმუნებული იყო, რომ თავისი შვილი მოძალადე არ იყო. თხუთმეტი წლის ბავშვი იყო დამნაშავე, რომელმაც თავგზა აურია მის ნალოლიავებელ შვილს, შეაცდინა ამხელა კაცი და მერე კი, მშობლების რომ შეეშინდა, ამას გადმოაბრალა ყველაფერი. მოკლეთ, ქალბატონ ნელის ყველა აქებდა პირში და ერიდებოდა. ისეთი ავი და ცოფიანი იყო, მტრისას. ჩემი მულიც ძმას ამართლებდა ყოველთვის და იმას ნერვიულობდა, რომ ცხრა წელი უსამართლოდ მიუსაჯეს თურმე.
ადვოკატებთან სირბილს დიდი თანხა სჭირდებოდა, ამიტომ ნელ-ნელა ჯერ საქონელი გაყიდეს, მერე ცარიელი ადგილები. ბოლოს ვენახებიც და გაგვიჭირდა კიდეც. ჩემი მამამთილი დღიურ მუშად დადიოდა, არანაირ საქმეს არ თაკილობდა, მაგრამ ოჯახს მაინც არ გვყოფნიდა ჭამა-სმაში და კომუნალურებში. ჩემმა დედამთილმა თავის ნათლულს მიაკითხა, რომელსაც ჰექტრობით ვენახები ქონდა გაშენებული და მუშას ამუშავებდა. მიხამ ძალიან კარგად იცოდა ქალბატონი ნელის სიზარმაცის ამბები, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა, მითუმეტეს რომ ვაჟიკო ციხეში იყო და კარგადაც გვიჭირდა. ამიტომ დასთანხმდა და ბრიგადაში ჩასვა ჩემი დედამთილი.
ძალიან კი გამიკვირდა, სახლში არაფერს აკეთებდა და გარეთ რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ... დილით რომ წავიდოდა ვენახში სამუშაოდ, იქიდან "ცოცხალ-მკვდარი" მოდიოდა. გაიშოტებოდა კრუსუნით და მთელი ღამე მის სასთუმალთან მიწევდა ღამის გათენება. რამდენჯერმე შევთავაზე, მე ვივლი შენ ასე ცუდად რომ ხარ-მეთქი და მოჩვენებითი სიბრაზით გაიგიჟა თავი, სანამ მე ცოცხალი ვარ შენ გარეთ გაგიშვებ სამუშაოთო? თუმცა, ცოცხალი კიდევ დიდხანს იყო, მაგრამ სადღაც ერთ კვირაში კი შემომაპარა, ცუდად ვარ და ეს ერთი დღე ჩემს მაგივრად შენ წადიო. იმ ერთ დღეს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ბოლოს მის მაგივრად მე დავიწყე ბრიგადაში მუშაობა. შუა ზაფხულში ხუთ საათზე გავდიოდი სახლიდან და პირველ საათზე დაღლილ-დაქანცული ვბრუნდებოდი. ნახევარი საათით ვისვენებდი მხოლოდ და ახლა ოჯახის საქმეს ვეჭიდებოდი ახალი შემართებით და ენერგიით. ჭურჭელსაც კი არ რეცხავდა ქალბატონი, ცუდად ვარო. არც სადილ-ვახშამზე ზრუნავდა. მოკლეთ, კონკიას ზღაპარში მეგონა თავი.
ადამიანი ყველაფერს ეგუებაო და მეც შევეგუე ჩემს უღიმღამო ყოველდღიურ რუტინას. ბრიგადაში ქალები თავიდან ამრეზით მიყურებდნენ. ვაჟიკოს ცოლი და ნელის რძალი ვიყავი და არც ვამტყუნებდი არავის. ჩემს გვერდით დადგომა არავის უნდოდა თავიდან, მაგრამ მერე და მერე, როცა ახლოს გამიცნეს და მიხვდნენ, რომ არც ჭორიკანა ვიყავი, არც ზარმაცი, არც ბოროტი და რაც ყველაზე მთავარია, სხვებს ვეხმარებოდი, ცოტა პატივისცემაც კი დავიმსახურე მათი მხრიდან. ყველაზე მეტად კი შოკა დამიახლოვდა, მიხას უფროსი შვილის ნათლია. ისე მივეჩვიეთ ერთმანეთს, უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებდით.
თავიდან მეც მიჭირდა ბრიგადის ქალებთან ურთიერთობა. მახსოვს, კეთროვანივით მერიდებოდა ყველა. შესვენებაზე წასახემსებლად რომ სხდებოდნენ, არც კი ფიქრობდნენ იმას, რომ მეც მათთან ერთად უნდა დავმჯდარიყავი. გარიყული ბავშვივით მიწევდა მოშორებით ჯდომა. ყველა ყველას ყველაფერს რომ სთავაზობდა, მე ვითომ იქ არც კი ვიყავი. ჩემი სიღარიბის სუფრა: მოხარშული კარტოფილი და კვერცხი მე სავსებით მაკმაყოფილებდა, მაგრამ სხვების დასაცინი იყო ყოველთვის, ამდენს შრომობს და თავისთვის საჭმლის ყიდვა ენანებაო. მართლაც რომ ასე იყო. რასაც ვშრომობდი და ვშოულობდი, ჩემი დედამთილის ექიმის, გამოკვლევების და წამლების ფული იყო. სიცოცხლე კიდევ დიდხანს მინდაო. ჩემთვის ვერაფრის ყიდვას ვერ ვახერხებდი. რისთვის ვიკლავდი თავს? სახლიდან გამოვდიოდი, როგორც ციხესიმაგრიდან და გულს ვაყოლებდი შრომას. მართალია, თითქმის ერთი თვე გამიჭირდა ქალებთან ურთიერთობა რომ ამეწყო, მაგრამ სახლში ჯდომას მაინც ეს მერჩივნა. შემოდგომით კი, ჩემმა დედამთილმა მოისურვა უკვე რთველში სიარული. ყურძნის კრეფა შედარებით ადვილი საქმე იყო და მე ისევ სახლში გამოვიკეტე. ერთი კვირის მერე კი, მიხამ მეც გამიყვანა. მუშახელი არ ყოფნოდა. (მითუმეტეს, ჩემი საქმის ხარისხი იცოდა და ჩემი ხელიდან გაშვება არ უნდოდა.) ჩემს დედამთილს კი არ ესიამოვნა მეც რომ გავედი ისევ, მაგრამ მეტი გზა არ ქონდა, ან ორივეს უნდა გვევლო, ან მარტო მე, იმიტომ რომ ჩემს ნახევარ საქმესაც კი ვერ აკეთებდა. მგონი, გასართობად უფრო დადიოდა.
მიხას მაცივრები ქონდა და ყურძენს სამაცივრედ ვკრეფდით, ვარჩევდით და ყუთებში ვაწყობდით. თავის ქებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მე ვმუშაობდი.
იმ დღეს კი, როცა პირველად გავედი რთველში, დილიდან მოღრუბლული ამინდი იყო და გრილოდა. მაინც ხალისით შევუდექით ყურძნის კრეფას ქალები. ჩემი დედამთილი ჯერ თავისნაირ ავყია და ჭორიკანა დოდოსთან დადგა. ყველაზე ბოლოში ეგენი რომ დარჩნენ მერე ჭკუა იხმარეს, დოდო შოკასთან დადგა, ჩემი დედამთილი კი ჩემთან. მოკლეთ, ასე "შეხმატკბილებულად" ვშრომობდით.
ჩემი დედამთილი მალ-მალე ვიღაც ორსგანს კითხულობდა. როგორც შემდეგში გავიგე, ეს ორსგანი სვანი იყო, მიხას ახალი მეგობარი, რომელსაც მარანი ქონდა, მიხასგან ყურძენს ყიდულობდა და ღვინოს ასხავდა "რქაწითელს" და "ალადასტურს". ხო და ამ კაცს "ჩაბრატებია" ჩემი დედამთილი ამ რთვლობის პერიოდში და მიტომაც კითხულობდა ასე ძალიან.
შესვენებაზე მიხა მაღაზიაში გავიდა, ცივ წვენებს და ნაყინს მოგიტანთო. (მუშის პატივისცემა ყოველთვის იცოდა ჩვენმა უფროსმა). მაგიდა და სკამებიც ქონდა კაკლის ჩრდილში მოწყობილი და კომფორტულად და სიამოვნებით შემოვუსხედით მაგიდას. შოკას პატარა ქურა ქონდა წამოღებული და რომ წავიხემსეთ, ყავის მოდუღება მე მხვდა წილად. პროტესტის გრძნობის გარეშე მოვადუღე ყავა და ის იყო მაგიდას მივუჯექი, რომ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ინსტიქტურად შევხედე, წვერმოშვებული შავგვრემანი მამაკაცი იყო, ასე დაახლოებით ოცდათხუთმეტ წლამდე. ისეთი შავი თვალები და გოროზი გამოხედვა ქონდა, ცოტა არ იყოს დავიბენი.
_უი, ჩემი ბიჭიც მოსულა._აღტაცებით წამოიყვირა ჩემმა დედამთილმა.
შავგვრემანმა უცნობმა ახლა ჩემს დედამთილს მიხედა და ნაძალადევად გაუღიმა. მივხვდი, ეს ქალბატონი არ უსვენებდა და ისიც იძულებული იყო პატივისცემით და ზრდილობით მოპყრობოდა.
_კატო, ჯიგარო, ჩვენთვის არ იქნება ყავა?_მიხამ ღიმილით, მაგრამ მაინც მორიდებით მკითხა.
_კი, ახლავე._წამოვდექი კიდეც, მაგრამ უცნობმა შემაჩერა.
_იყოს, ჯერ თქვენ მიირთვით და მერე მოგვიდუღე.
_არ გინდა, იყოს, მერე მოგვიდუღე._მიხამაც შემაჩერა.
_არაუშავს, მე მაინც გაციებას ველოდები, ცხელ ყავას ვერ ვსვამ._ვუთხარი მიხას და მისთვის და მისი მეგობრისთვის ყავის მოდუღებას შევუდექი.
_დღეს რატო გვიღალატე ოქრი, რატო დაიგვიანე?_ჩემმა დედამთილმა თავის გვერდით დაუთმო ადგილი ორსგანს.
_საქმეები მქონდა. ახლა ხომ აქ ვარ? სამაგიეროდ ორმაგად ვიმუშავებ._შევატყე, რომ ისევ ნაძალადევად გაუღიმა მამაკაცმა.
სანამ ყავას ვადუღებდი, კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა. ულაზათო ნამდვილად არ მეთქმოდა, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ყოველთვის ვგრძნობდი მათ კმაყოფილ მზერას, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. რატომღაც ძალიან მაბნევდა მისი დაჟინებული ორბისებური მზერა.
მე რომ ყავა მოვადუღე, შოკამ ფინჯნები მოამზადა. დავასხი და კიდევ კარგი მან მიუტანა მიხას და მის ძმაკაც სვანს, თორემ დარწმუნებული ვიყავი, დავაქცევდი.
_რა გემრიელი ყავაა. მალადეც კატო, ოქროს ხელები გქონია._ღიმილით შემაქო მიხამ და უარესად დამაბნია.
ოჯახის წევრები არასდროს მაქებდნენ რაც არ უნდა გამეკეთებინა და უჩვეულო იყო ჩემთვის ეს შექება. ორსგანმაც მოსვა თუ არა, კმაყოფილმა შემომხედა. თქმით არაფერი უთქვია, მაგრამ შევატყე, რომ მოეწონა.
_ბიჯო, მიხა, შენს ვენახში რამდენი თრიები არიან იცი?_თაზომ, ერთ-ერთმა მუშამ უთხრა მიხას._წეღან შენი ნათლია შეაშინეს. ქალს გული გაეპარა ლამის.
_მართლა ნათლი?_ღიმილით მიუბრუნდა მიხა ჩემს დედამთილს.
_თრია და ჭირი მაგას, გული ნასკებში წამივიდა. ვაზზე ქონია მოწნული ბუდე, შვილებიც იქ ყოლია და თავს არ ანებებდა. ასეთი რამ ამ ხნის ქალი ვარ და არ მინახია...
_საოცარი სანახავი კი იყო._გავბედე და ხმა ამოვიღე._ციყვივით ფუმფულა კუდი ქონდა. რა საყვარელი იყო.
_ციყვისებრთა ოჯახიდან არის, მართლაც ლამაზია._სვანმა ისევ გადმომხედა ორბისებური მზერით.
_ბუდე გავუქექე და ჩავიჭყიტე, ოთხი შვილი ყავდა. წრუწუნებს გვანდნენ და მათსავით წრიპინებდნენ._გაეცინა შოკას.
_ვენახს არ გაგიფუჭებენ?_ დაინტერესდა დოდო.
_მღრღნელია და მაშ რა იზავს?_ისე გაუკვირდა ჩემს დედამთილს, თითქოს მართლა დიდი მცოდნე ყოფილიყოს.
_ყურძენს არ შეჭამენ და კაკალი და თხილი კიდე ჭამონ რამდენიც უნდათ._მიხას გულღიად გაეცინა.
ორსგანის ჯიბეში ტელეფონი რომ აწკრიალდა, ყველა გაისუსა. მან კი, დახედა თუ არა ნომერს, წამოდგა და დაგვტოვა. ცოტა მოშორებით რომ გავიდა, მერე გაეპასუხა. გაუცნობიერებლად გავაყოლე თვალი. საშუალოზე ოდნავ მაღალი, განიერი მხარ-ბეჭის პატრონი იყო. შავი თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი. წვერი ქონდა მოშვებული, ალბათ ვინმეს გლოვობდა, თორემ ასე მოდაზე ნამდვილად არ ექნებოდა.
_ბიჯო, მიხა, სახლში ალადასტურის ხეივანი მაქვს ჩამოსაკრეფი, ასე შვიდას-რვაასი კილო გამოვა და შენს ძმაკაცს არ უნდა? იქნებ გამაყიდინო._თაზომ მორიდებით შეაპარა უფროსს.
_ვეტყვი ძმაო და თუ ენდომება, აიღებს._თითქოს დააიმედა მიხამ.
_ქაჯანას ელოდებით ქალებო?_ენაკვიმატმა ბრიგადირმა შემოგვცინა სუფრასთან მსხდარ ქალებს._შესვენების დრო რომ ამოიწურა არ იცით?
_უი, ქაა, ეს შესვენება რა თვალსა და ხელს შუა გაგვეპარება ხოლმე?_შეიცხადა ჩემმა დედამთილმა._აბა, საქმეზე რომ ვდგავართ, მაშინ გაიქცეს ასე მალე.
_თუ დაიღალე ქალბატონო ნელი, შეგიძლია ერთი-ორი დღით დაისვენო._მთელი სერიოზულობით უთხრა ვახომ, ანუ ჩვენმა ბრიგადირმა.
_ხო, მაშ, მეტი საქმე არ მაქვს, ეგ გალაპარაკო, ბებერია და აღარ შეუძლიაო._აწიწმატდა ჩემი დედამთილი._ზოგიერთებს მაინც ვჯობივარ.
_მე საწყენად არ მითქვია ქალო._ეწყინა ვახოს ჩემი დედამთილის რეპლიკა._მარტო შენ კი არა, ყველას გასაგონად ვიძახი, ვისაც უნდა ერთი დღით დაისვენოს, კონტრაქტზე კი არ გაქვთ ხელი მოწერილი? ოღონდ, ისე კი არ ქნათ, ყველას ერთ დღისით მოგინდეთ დასვენება...
_ჯერ არ დავღლილვართ შვილო და როცა დავიღლებით, მაშინ კი მართლა დავისვენებთ._ბრიგადაში ყველაზე ხნიერმა ქალმა ლალიმ ღიმილით უთხრა ვახოს.
მივხვდი, რომ ჩემი დედამთილი უეჭველი იფეთქებდა და ამიტომ სიტუაციის განსამუხტავად წამოვდექი და სუფრის ალაგებას შევუდექი. შოკამაც მე მომბაძა. მას სხვა ქალებიც აჰყვნენ და სახელდახელოდ ავალაგეთ სუფრა. ჩემი დედამთილი ადგილიდან არ დატოკებულა, რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ვახოს ოჯახს დიდიან-პატარიანად გემოზე წყევლიდა. ჩალის ქუდები რომ მოვირგეთ და ვედროებით ვენახს მივაშურეთ, ქალბატონი ნელი ისევ დაბრტყელებული იჯდა. ახლა რომ რამე მეთქვა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, ამიტომ პირუჩუმრად ავუარე გვერდი და ყურძნის საკრეფად შევედი. მე და შოკა ისევ ერთად მოვხვდით. ორი სარის გული გვქონდა გამოკრეფილი, რომ ამრეზილი ჩემი დედამთილიც შემოგვემატა. სულ მალე კი ორსგანიც მოვიდა და სავსე ვედროები გაიტანა.
_ნეტა, რა თავს იკლავს ეს ბიჭი, ასე რომ მუშაობს? იმდენი შემოსავალი ქონია იმ მარნიდან, რომ უნდა იჯდეს და ფეხი-ფეხზე გადადებული მარაოს ინიავებდეს._ორსგანი წავიდა თუ არა, მოშორებით მდგარმა დოდომ წაჭორა.
_ძმაკაცს ეხმარება დოდო. თან, გლეხი კაცის შრომას ეცნობა და მის მკლავ-მარჯვენას აფასებს. აბა, ზოგიერთები არიან, არაფრად რომ არ აგდებენ მუშებს?_თქვა თაზომ, სავსე ვედროებს მანაც წამოავლო ხელი და ღიღინით წაიღო.
_ისე ღიღინებ, გეგონება შენი ცხვარი მოუდიოდეთ მთიდან._გაეცინა ვახოს.
_შენ წარმოიდგინე და მართლაც მყავს მთაში ათი სული ცხვარი მიბარებული.
_უყურე შენ?_მართლა გაუკვირდა ვახოს._არა და, რომ შეხედოს კაცმა, იტყვის, ნაცარში ტილს ვერ გამოარჩევსო...
გამეღიმა ბრიგადირის ოხუნჯობაზე. მოულოდნელად ისევ ვიგრძენი დაჟინებული მზერა და ისევ ორსგანი იყო, ცარიელი ვედროებით ბრუნდებოდა უკან. რომ მოგვიახლოვდა, ფრთხილად დააწყო და იკითხა:
_შოკა და კატო რომლები ხართ, მიხამ ყურძენი ჩააწყონ ყუთებშიო.
_მარტო ესენიო შვილო, სხვა არავინ სჭირდება?_თავი წამოყო ჩემმა დედამთილმა.
_არ ვიცი დეიდა, რაც დამაბარა ის გადმოგეცით._ნაძალადევი ღიმილი გაუკრთა ორსგანს ისევ სახეზე.
_მოდი, ბარემ ეს ვედროც გავაყოლოთ._ცალ მხარეს შოკამ და მეორე მხარეს მე წავავლე ვედროს ხელი და ყურძნის ჩასაწყობად გავედით.
_არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად თქვენ ალაგებთ._მოგვიბოდიშასავით მიხამ._ეკლესიას მინდა შევწირო ათი ყუთი და არ მინდა რომ შევრცხვე.
_არ შეგარცხვენთ უფროსო._შოკამ დააიმედა.
_რომ ვიცი არ შემარცხვენთ, იმიტომაც დაგიბარეთ თქვენ._მიხამ მანქანიდან პლასტმასის ყუთები გადმოგვიწყო და ქაღალდები ჩაგვიფინა.
მაშინვე მოვკალათდით მე და შოკა კაკლის ჩრდილში და ყურძნის რჩევა-ჩაწყობა დავიწყეთ.
არ ვიცი, რატო მიმზერდა ეს ბიჭი ასე დაჟინებით, მაგრამ რამდენჯერაც გამოვიდა და სავსე ვედროები გამოიტანა, იმდენჯერ დამაბნია მისმა ორბისებურმა მზერამ. ლამაზი თვალები კი ქონდა, შავი და მომნუსხველი.
_დაისვენე ძმაო. მუშები სამყოფები არიან და გამოზიდავენ. ნახე, კაკლის ჩრდილში რა ნიავი მოდის? აქ, ერთი ჰამაკიც უნდა ჩამოვკიდო და ვინებივრო შიგ._გაღიმებულმა მიხამ ლამის ძალით ჩამოსვა მეგობარი სკამზე და თვითონაც გვერდით მიუჯდა._ამ საღამოს რას აკეთებ? გადმოიარე, დავლიოთ.
_დილით ნაკიფარში მივდივარ და არ მინდა პახმელია ვიყო.
_სვანეთში აპირებ წასვლას? მერე, როდის დაბრუნდები?
_არ ვიცი. შევეცდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. დალევაც მერე იყოს._გულწრფელად და გულღიად გაუღიმა ორსგანმა.
შავი წვერ-ულვაშის ფონზე ისე თეთრად გაიელვეს მისმა კბილებმა, თვალი მომჭრა. ზედმეტად თეთრიც კი მეჩვენა მისი ჩაწიკწიკწბული ლამაზი კბილები. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, შემრცხვა და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი.
_თაზოს ალადასტური ქონია ხეივანზე ჩამოსაკრეფი, ნახევარ ტონაზე მეტი გამოვაო და გაყიდვა უნდა...
_რომ დავბრუნდები, ვნახავ და თუ მომეწონა, ავიღებ. ორ-სამ დღეში უფრო ჩატკბება კიდეც. მაგრამ... თუ ეჩქარება, გაყიდოს, მე ნუ დამელოდება.
_ვეტყვი და რას გადაწყვეტს, გაგაგებინებ... ასე მოულოდნელად რატო გადაწყვიტე წასვლა, ხომ მშვიდობაა?
_ხო, ჩემი დიშვილის დაბადების დღეა, თექვსმეტი წლის ხდება. უნდა, რომ მის გვერდით ვიყო.
_ეტყობა, რომ ბიძა ძალიან უყვარს...
_მეც ძალიან მიყვარს. მის გამო ქვეყანას შევძრავ._თითქოს რაღაც ნაღველი ვიგრძენი მის ხმაში.
არც შევმცდარვარ. მალულად რომ ავხედე, თითქოს ტკივილით გაჰყურებდა სივრცეს. ერთხანს დაჟინებით შევყურებდი. ბოლოს, რომ იგრძნო, რაღაცნაირი ტკივილიანი და სევდანარევი მზერით გადმომხედა. აშკარად რაღაც აწუხებდა. ალბათ, რამე სჭირდა მის დიშვილს.
თაზომ სავსე ვედროები რომ გამოიტანა და მე და შოკას გადასარჩევად დაგვიდგა, ორსგანს მიუბრუნდა.
_დედობილი გკითხულობს, რა მოუვიდაო.
ორსგანი ხმისამოუღებლად წამოდგა, ცარიელი ვედროები აიღო და მომეჩვენა, რომ ვენახში არეული ნაბიჯებით შევიდა. შორიდანვე გავიგონე ჩემი დედამთილის მხიარული კისკისი. (ასეთი მხიარული ნეტა სახლში იყოს, ან ამის ნახევარი). იქ სულ თავპირი ჩამოსტირის და დაცხვირული დადის. გარეთ კი, იცოცხლე, ისეთი მხიარული და ლაღია, შეგშურდება კაცს.
სამუშაო საათების დასრულებამდე მშვენივრად ვიმუშავეთ. მერე კი თვითონ მიხამ დაგვარიგა სახლებში. ჩემი დედამთილი მაშინვე დაწვა, ცუდად ვარ და ცოტას წავუძინებ, იქნებ გამოვიდე მდგომარეობიდანო. მე, როგორც ყოველთვის ერთი ფინჯანი ყავა მოვიდუღე, სავარძელში მოვიკეცე. თან ფეისბუქში შევძვერი. გემრიელად მივირთმევდი სურნელოვან და მაცოცხლებელ სითხეს და თან ცხელ-ცხელ ამბებს ვგებულობდი.
ნახევარი საათი სულ მეყო დასასვენებლად. მერე, ყურსასმენები მოვირგე და ენერგიული სიმღერების ფონზე საქმეს შევუდექი. პირველ რიგში სამზარეულოს მივაშურე: ვახშამი მოვამზადე და ჭურჭელი დავრეცხე. მერე ოთახები დავალაგე. საღამოს კრუხ-წიწილა და საქონელი დავაბინავე. ჩემი მამამთილი ნახირიდან რომ დაბრუნდა, იმას მივხედე. დაღლილ-დაქანცულ კაცს წყალი შევუთბე ფეხების დასაბანად. ზურგჩანთა ამოვულაგე.
_ხვალაც ხომ არ მიხვალ, საგზალი გაგიმზადო?_მოწიწებით ვკითხე.
_არა შვილო, ხვალ და ზეგ დავისვენებ და მერე ისევ ერთი კვირა მიწევს სიარული. ნელი სად არის?
_დაწვა უკვე, ცუდად ვარო._ვუთხარი და ფეხების ნაბანი წყალი ეზოში გავიტანე გადასაღვრელად.
მერე სახვალიოდ ჩვენთვის გავამზადე საგზალი. რაც ქალბატონმა დაიწყო სიარული, ჩემი კვების რაციონიც შეიცვალა: ყველი, კიტრი-პამიდორი, ძეხვი, შემწვარი ვარია ან ვიჩინა მაღაზიაში ნაყიდი და არაჟანი. (ქალი ამდენს შრომობს და აღარც ჭამოს? ენერგია მაშ რითი უნდა აინაზღაუროს?)
ის იყო დავწექი, რომ გაწვიმდა კიდეც. ბრიგადირმა დამირეკა, წვიმა თუ გადაიღებს ცოტა მოგვიანებით გავალთ სამუშაოდ და იცოდეთო. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. ვერა და ვერ დავიძინე და ისევ ავდექი. ღია ფანჯარას გადავეყუდე პერანგისამარა და წვიმის სასიამოვნო შხაპუნს ვუგდებდი ყურს. რატომღაც იმ ბიჭზე დავიწყე ფიქრი, ორსგანს რომ ეძახდნენ.
ვინ იყო, რას წარმოადგენდა, ცოლშვილიანი იყო თუ არა, არაფერი ვიცოდი, უბრალოდ მომწონდა მისი გოროზი და ორბისებური გამოხედვა და მეფიქრებოდა. აშკარა იყო, რომ რაღაც აწუხებდა. დიშვილის ხსენებაზე სახე შეეცვალა და დანაღვლიანდა. რატომღაც, სურვილი გამიჩნდა მის შესახებ ყველაფერი გამეგო...
ქმრიანი ქალი სხვა მამაკაცზე რომ ვფიქრობდი, მართალია "ლაითად," მაგრამ მაინც ხომ ვცოდავდი? ვერანაირად ვერ ვიგდებდი თავიდან მის შავ თვალებს. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიანაც არ შევწინააღმდეგებივარ ჩემს მეორე მეს, რომელსაც რაღაც სხვანაირად უჩქროლდებოდა გული მის გახსენებაზე.
ფეისბუქის საძიებო გრაფაში ორსგანი ჩავწერე და დიდად გავვოცდი, გვარი რომ აღმოჩნდა. მე სვანური სახელი მეგონა. "ნეტა რა ქვია?"_ახლა ამაზე დავიწყე ფიქრი და მთელი ღამე მართლა თეთრად გავათენე. დილით რომ აღარ წვიმდა, გამიხარდა. თუმცა მოღრუბლული და გრილი ამინდი იყო. ორსგანი მართლა წასულიყო სვანეთში და მთელი დღე რატომღაც მოწყენილი ვიყავი. არ მინდოდა თავს გამოვტყდომოდი, მაგრამ გათხოვილი ქალი სხვა კაცზე დიდი სიამოვნებით ვფიქრობდი. არა მარტო ვფიქრობდი, მომწონდა კიდეც მისი გამოხედვა და დაჟინებული მზერა. მთელი დღე მის გარეშე მოწყენილი ვიყავი.
ჩემმა დედამთილმაც მოიკითხა, ჩემი ბიჭი სად არისო. თაზომ რომ უთხრა, სამშობლოში წავიდა და სამი-ოთხი დღე არ იქნებაო, მოიწყინა. მეორე დღეს აღარც წამოსულა, ცუდად ვარო მოიმიზეზა. მართალია, მუშები ბევრს ოხუნჯობდნენ და გულიანად ვიცინოდით, მაგრამ რატომღაც უკმარისობის გრძნობა მქონდა. მიხა რომ მოვიდა, თაზოს უთხრა, რომ ხვალ გეგე ჩამოვა და ზეგ უკვე შენს ყურძენს აიღებსო.
_ვინ ჩამოვა?_გეგეს ხსენებაზე გაიოცა თაზომ.
_რა ჭაჭანაჭამი ჭუკივით იყურები ბიჯო, გეგე ჩამოვაო, ვერ გაიგე?_ვახომ მუჯლუგუნით გამოაფხიზლა მეგობარი.
_გავიგე კი, მაგრამ ეგ გეგე ვინღაა?_უარესად გაოცდა თაზო.
_ვინ და ჩვენი სვანი._გაეცინა მიხას.
_აკი ორსგანიო?
_ორსგანი გვარია, ჩემო თაზო, თითქმის გამქრალი სვანური გვარი და ამიტომ ყველა გვარით მოიხსენიებს.
"გამოდის, ორსგანს გეგე ქვია?"_სიამოვნებით გამიელვა თავში._"რა კარგი სახელი რქმევია".
_თითქმის გამქრალი რას ქვია?_ახლა ეს გაიკვირვა თაზომ და მიამიტურად ააფახულა თვალები.
_სვანებმა სისხლის აღება იციან და ერთმანეთს საგვარეულოს უხოცავენ. ამის გამო ძალიან ბევრი გვარი გაქრა სვანეთში.
_უი, დედა... ეხლა, ამ ორსგანს რამე რომ ვაწყენინო, მთლიან საგვარეულოს ამომიხოცავს?_შიშისგან სასაცილოდ გაუფართოვდა თაზოს თვალები.
_არ იცოდი?_ვახოს ბიჭმა, იმედამ, მთელი სერიოზულობით ჰკითხა._ცოტა უფრთხილდი ძმაო, ზედმეტად არაფერი აწყენინო, თორემ სისხლს აიღებს და საგვარეულოს კი არა, სამეზობლოსაც კი ამოგიხოცავს...
_ისე ხომ არ აქვს თავი ობიანი პურივით გადათეთრებული და ახლა ამის ნერვიულობაღა უნდოდა?._მიხამ მადიანად გადაიხარხარა._გატყუებს თაზო, ორსგანი მასეთი სვანი არ არის, ჩვენი გეგე ძალიან კარგი ბიჭია...
_აბა, სისხლის აღებაო?..
_დაწყნარდი თაზო, დაწყნარდი... მაგრამ იფრთხილე მაინც ძმაო, რა იცი რა ხდება? ეშმაკს არ სძინავს ხომ იცი არა?_იმედამ მაინც შიშის ნაპერწკალი გაუღვივა ისედაც შეშინებულ თაზოს.
იმის გაგებამ, რომ ხვალ გეგე ჩამოვაო, გამახარა და გამახალისა. კიდევ კარგი ადამიანის ფიქრები დაფარულია და არავინ იცის ვის რა ზრახვები აქვს გულში, თორემ სირცხვილით სად უნდა გამომეყო თავი, სხვა კაცზე რომ ვფიქრობდი? ასეთი სასიამოვნო განცდები ჩემი ქმრის მიმართ არასდროს მქონია. უსიყვარულოდ გავთხოვდი თვრამეტი წლის ასაკში. მეგონა, გათხოვება გამოსავალი იყო ჩემი უღიმღამო და დატანჯული ბავშვობისგან, მაგრამ მწარედ შევცდი. ასეა, რაც გვაქვს იმას ვწუნობთ და უარესს კი გადავეყრებით ხოლმე...
მეორე დღეს, შუადღის მერე, სანამ სამუშაო საათები დაგვისრულდებოდა, მე და შოკა კაკლის ქვეშ ვისხედით და ყურძენს ვაწყობდით, რომ გეგე თავისი ვერცხლისფერი ჯიპით მოგვადგა. დავინახე თუ არა, გული საამოდ ამიფრთხიალდა საგულეში. საპირისპირო სქესის წარმომადგენლის დანახვა ასე თუ გამახარებდა, მესიამოვნებოდა და ამიფრთხიალებდა გულს, ვერც კი წარმოვიდგენდი. სანამ მანქანას შეაჩერებდა და გადმოვიდოდა, იქიდანვე ვიგრძენი მისი დაჟინებული მზერა. ასე მიშტერებით მზერას დიდი მნიშვნელობა ქონია თურმე. პირველი დღიდანვე მისმა ამ მზერამ მიიპყრო ჩემი ყურადღება და ამაფორიაქა. იმას კი არ ვამბობ, რომ სულ მისი ბრალი იყო ჩემი ეს მისადმი რაღაც ამოუცნობი გრძნობა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასე რომ არ მომშტერებოდა თავიდანვე, არც მე მივაქცევდი ყურადღებას...
მანქანიდან რომ გადმოვიდა, ყუთით რაღაც გადმოიტანა და მაგიდაზე ფრთხილად დადო.
_ყავის შესვენებას თუ გააკეთებთ, ეს ჩემგან. ჩემმა დამ გამომატანა.
შოკამ მაშინვე ანება საქმეს თავი და ინტერესით ჩაიჭყიტა ყუთში.
_ფახლავა?! იფ, იფ, რა გემრიელად გამოიყურება... შენი დის გამომცხვარია?
_კი.
შოკამ პატარა ქიმი ჩამოატეხა და დააგემოვნა.
_ყოჩაღ შენს დას, რა კარგი ხელი ქონია._მადიანად გაილოკა თითები._კატო, ხელები გადაიბანე და ყავა დაადგი რა, მე ამას მივხედავ. შენც ხომ დალევ?_ახლა გეგეს მიუბრუნდა.
_დიდი სიამოვნებით თუ არის ამის საშუალება.
საშუალებაო? მე არ დავლევდი და ამ მშვენიერ ვაჟკაცს დავალევინებდი. მაშინვე წამოვდექი უსიტყვოდ და ხელები გადავიბანე.
თაზომ ვედროები რომ გამოიტანა, შოკამ დააბარა, გოგოებს უთხარი ყავის დასალევად გამოვიდნენო. იმათაც ეგ არ უნდოდათ? ხალისით და სიცილ კისკისით გამოიშალნენ ვენახიდან. ყავა ყველასთვის მოვადუღე და ვახოს თქმისა არ იყოს, გემოზე "ჩავაყავეთ". მართლაც არაჩვეულებრივი იყო გეგეს დის გამომცხვარი ფახლავა. ყველას ძალიან მოეწონა. კარგადაც ვისიამოვნეთ. მის დაჟინებულ მზერაზე მართალია ვიბნეოდი, მაგრამ მსიამოვნებდა, თანაც ძალიან. თავიდან რომ ვიმორცხვებდი და მერიდებოდა, ნელ-ნელა მეც ვთამამდებოდი და კეკლუცად ვუღიმოდი. მოკლედ რომ ვთქვა ვეპრანჭებოდი. თუმცა, ზომიერების ფარგლებში, რომ ხალხისთვის საჭორაო არ მიმეცა.
ერთხელ, მიხას სთხოვა, ხუთი ქალი დამახმარე, მეზობელ სოფელში მანავის მწვანე უნდა დავკრიფო და ვცადო მისი ჩამოსხმა რა გამოვაო. მიხამ უპრობლემოდ დაუთმო მუშები და მათ შორის მეც მოვხვდი. სახლში საერთოდ არ მითქვია, თორემ ჩემი დედამთილი თავს გაიგიჟებდა, სად უნდა წახვიდე და ვის უნდა გაყვეო. თვითონ კი უარს არ იტყოდა, წინ გამოეჭიმებოდა სოვდაგარის ცოლივით. მთლად უთქმელობაც არ ივარგებდა, როცა იქნებოდა გაიგებდა და მაგაზე უარესად გაიგიჟებდა თავს. ამიტომ, იქიდან რომ დავბრუნდებოდით, მერე ვეტყოდი, მიხამ წაგვიყვანა-მეთქი.
ასე არასდროს მინერვიულია რა ჩამეცვა სამსახურში, როგორც იმ დილით, გეგეს რომ უნდა წავეყვანეთ მე, შოკა, ლალი, ნანა და ფიქრია. რამოდენიმე მოზომებისა და სარკის წინ ტრიალის შემდეგ, როგორც იქნა აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად ლურჯი ქვედაბოლო და შავი მაისური მიხდებოდა, თმა საგულდაგულოდ შევიკარი, ჩემი ჩალის ქუდი "ჭრიჭინასავით" მოვიკიდე როგორც ვახო მეძახდა და გულის ფანცქალით გავეშურე ჩვენი შეკრების ადგილისკენ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე ვეკლდი და მოთმინებით მელოდნენ. იქ მისულმა ახლა ის აღმოვაჩინე, რომ ყველა უკან იჯდა და ჩემთვის წინ შეენახათ ადგილი. ძალიანაც არ მინდოდა მის გვერდით გამოჭიმვა, მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. მორიდებით დავჯექი და ყველას ღიმილით მივესალმე. ღვედის შეკვრაზე რატომღაც გავწვალდი. გეგე რომ გადმოიხარა მოსახმარებლად და ოდნავ შემეხო, სუნთქვა შემეკრა. გულმა ისე გამალებით და ხმამაღლა დამიწყო ფეთქვა, შემეშინდა მასაც არ გაეგო. ისე ახლოს იყო, მისი სუნთქვა მომელამუნა სახეზე. ერთი კი შემომხედა თავისი მწველი თვალებით და რომ შემატყო შევკრთი, მალევე მიუბრუნდა საჭეს.
ძალიან სწრაფად მიაქროლებდა მანქანებით გადაჭედილ ტრასაზე მანქანას. მეგონა, გული გამისკდებოდა შიშისგან. არ კი ვიმჩნევდი და გასუსული ვიჯექი, მაგრამ დაძაბული ვეჭიდებოდი კარის სახელურს. სახიფათო მოსახვევში ისე გადაუსწრო ზედიზედ ორ მანქანას, ვიფიქრე რამეს შევასკდებოდით და ადგილზევე დავლევდი სულს. ერთი შეკივლებაც კი მოვასწარი, მაგრამ თვითონ ისეთი მშვიდი და სერიოზული გამომეტყველებით გაჰყურებდა ტრასას, ვითომც აქ არაფერიო.
ადგილზე რომ მივედით, შვებით ამოვისუნთქე. თუმცა, მანქანიდან გადმოსულს, მუხლები საშინლად მიკანკალებდა და ძლივს დავდიოდი.
ხალისიანად ვიმუშავეთ. გოგოები ვკრეფავდით და გეგე და კიდევ ერთი ბიჭი, სავარაუდოდ ვენახის პატრონი, ეზიდებოდნენ ვედროებს. ირაკლი საკმაოდ ენაკვიმატი და ხუმარა ბიჭი აღმოჩნდა. იმდენი ანეგდოტები მოგვიყვა და ისე გვაცინა, მუცელი ხელით მეჭირა უკვე. მუშაობის დასასრულს კი მწვადები ააშიშხინეს და სანამ თითო ჭიქით არ დაგვალოცინეს წლის მოსავალი, მანამ არ გამოგვიშვეს.
ერთმა ჭიქა მანავის მწვანემ კარგად შემათრო. ისე ხომ არ ვკისკისებდი და არ ვიპყრობდი ბიჭების ყურადღებას და ახლა ღვინომ უარესად მომალხენინა. ვცდილობდი კი, რომ ზედმეტობებში არ გადავსულიყავი და როგორც მივხვდი გამომდიოდა კიდეც, მაგრამ ზედმეტად მხიარულ გუნებაზე ვიყავი. გეგეს დაჟინებულ მზერაზე იმდენად აღარ ვიბნეოდი და ვიმორცხვებდი. შედარებით თამამად ვუსწორებდი თვალს და ვუღიმოდი კიდეც. ქალსა და კაცს თუ ერთმანეთი მოსწონთ და იზიდავენ ერთმანეთს, რაც არ უნდა მალონ და ფარონ, შეიძლება უცხო თვალს კი დაუმალონ, მაგრამ ერთმანეთს ვერაფერს გამოაპარებენ. მე, მაგალითად, აშკარად ვგრძნობდი, რომ გეგე ორსგანს მოვწონდი და ვიზიდავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ თვითონაც გრძნობდა ჩემს სიმპატიებს. ზოგისთვის სხვისი ცოლი ხელშეუხებელია, ზოგისთვის კი პირიქით, მითუმეტეს რომ მისი ქმარი ან წასულია, ან სულაც ციხეშია, ადვილად მოსაპივებელია და ცდილობს მასთან გააბას მცირეხნიანი რომანი. გეგე რა ტიპის მამაკაცებს მიეკუთვნებოდა არ ვიცოდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ მოვწონდი და შანსს არ უშვებდა ხელიდან ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო.
საღამოს ისევ მის გვერდით მომიწია მანქანაში ჯდომა და უნდა ვაღიარო, რომ ამ ჯერზე ძალიან მომეწონა. სასიამოვნო მელოდიები ქონდა ჩართული და მის ფონზე ვბრუნდებოდით უკან. რაღა თქმა უნდა, ისევ სწრაფად მოძრაობდა. რთვლობის პერიოდი რომ იყო, ძალიან ბევრი მანქანა იყო ტრასაზე გამოშლილი და საშიში იყო. თუმცა გეგე აუღელვებლად და ოსტატურად მართავდა თავის ჯიპს. ისე ხვლიკივით აძვრენდა მცირე დისტანციებში, ხანდახან თვალებსაც კი ვხუჭავდი შეშინებული.
ჩვენს უბანს რომ მივუახლოვდით, შოკას სახლთან ჩამოვედი. არ მინდოდა სახლამდე მივეყვანე და ჩემს დედამთილს მის გვერდით გამოჭიმული დავენახე. მისი ამბავი ვიცოდი, უბნის მოცლილ და ჭორიკანა ქალებთან იჯდებოდა და მათ თვალში მოხვედრას მოვერიდე.
_აქეთ რატო ჩამოხვედი, განა არ მიგიყვანდა სახლამდე?_გაუკვირდა შოკას.
მივხვდი, რომ გეგემაც გაიგო ჩემი შორს ჩამოსვლის ამბავი, მაგრამ მეგობარს ხელკავი რომ გამოვდე და მასთან შევედი ეზოში, მანქანა უკანა სვლით გაიყვანა უბნიდან. სერიოზულად მაფორიაქებდა უკვე ეს ბიჭი. ასე ერთბაშად გრიგალივით თავსდამტყდარ გრძნობებს ვეღარ ვერეოდი და ვიმორჩილებდი. არ მინდოდა ვინმეს გაეგო რა ცეცხლი ტრიალებდა ჩემს გულში, მითუმეტეს ქალბატონ ნელის, თორემ ცოცხლად დამმარხავდა ალბათ. მუშა მანქანაში რომ ვეჯექი, მაგისი რა ვთქვა, მაგრამ სხვა კაცზე რომ ვფიქრობდი და ვოცნებობდი მაგაზე კი მართლაც ვიყავი დამარხვის ღირსი. მრუშობა და ღალატი ხომ დიდი ცოდვაა, მაგრამ არც ოცნება და ფიქრია ნაკლები ცოდვა. ამას კი ვაცნობიერებდი, მაგრამ გულს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. ან, იქნებ არც მინდოდა რომ რამე მომეხერხებინა? მომწონდა მასზე ფიქრი, მასზე ოცნება მსიამოვნებდა ალბათ უკაცობას ასე ვივსებდი.
შოკასთან შებრუნების მიზეზად ქოთნის ყვავილები მოვიფიქრე და ყველას, რასაც კი ქონდა მოსატეხი ტოტი და ამოსაღები ბოლქვი, ყველა გამოვართვი, ცოტა წავიჭორავეთ კიდეც და მერე კი სახლისკენ დავადექი გზას. ჩვენი მეზობელი ლიკა, რომელიც თბილისიდან მოდიოდა შვილიშვილებთან ერთად, დამემგზავრა და ლაპარაკ-ლაპარაკში მალევე მივუახლოვდით ჩვენს სახლს. როგორც ვივარაუდე, ჩემი ფაშფაშა დედამთილი უბანში ბირჟას ამაგრებდა.
_ფეხით რატო მოდიხარ შვილო?_ამ "შვილოს" ხალხის გასაგონად მეძახდა.
_შოკასთან მქონდა საქმე და იქ ჩამოვედი._ვუთხარი, მისნაირ ჭორიკანა ლამარას და დალის მივესალმე და ეზოში შევედი.
ყვავილები წყალში ჩავაწყე დასაფესვიანებლად. ყავა მოვიდუღე ჩვეულებისამებრ და სავარძელში მოვკალათდი. თან ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში შევძვერი. რომ ამბობენ, ინტერნეტზე დამოკიდებულება იცისო, მიკვირს, მინდა დიდხანს ვიქნები ინტერნეტში, მინდა ცოტახნით და მინდა საერთოდაც არ დავიჭერ ხელში ტელეფონს. ჩვენი სურვილები ასე ვთქვად, თვითონვე შეგვიძლია რომ ვმართოთ. აი, თუნდაც მე, მინდა და ვფიქრობ გეგეზე. თავს ვიტყუებ, ვითომ ვერ ვახერხებ და მასზე ფიქრს ვერ ვიგდებ თავიდან. ტყუილია. მსიამოვნებს მასზე ფიქრი და იმიტომ ვფიქრობ. დრო ღამით თავზესაყრელად მაქვს და ყოველ წვრილმანს, რაც მას შეეხება, კინოკადრებივით ვატრიალებ ჩემს მეხსიერებაში. მომწონს მისი დაჟინებული მზერა და ვეკეკლუცები და ვეპრანჭები კიდეც უკვე. სულელი უნდა იყოს ვერ მიხვდეს ჩემგან გაგზავნილ სიგნალებს, რომ მომწონს. მომწონს კი არა, მაგიჟებს. რომ არ მინდოდეს, ყველგან მას დავუწყებდი თვალებით ძებნას? რომ არ მიყვარდეს, საათობით ვიდგმებოდი სარკის წინ და ჩემს სილამაზეზე ვიზრუნებდი მასთან შეხვედრის წინ? მარტო ის მაკვირვებს, რომ ასე ერთი ნახვითვე დაიპყრო ჩემი გული. სულიერ სიმშვენიერეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჯერ პირველად მისი ვიზუალური მხარე გხვდება ადამიანს თვალში და მერე მისი სულის შესწავლას იწყებ. ხშირად გამიგია ადამიანებისგან: არ მიყვარს მაგრამ მომწონსო, ან პირიქით, არ მომწონს მაგრამ მიყვარსო. მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გეგე მომწონს კიდეც და მიყვარს კიდეც რაც არ უნდა უცნაურად ან სასაცილოდ ჟღერდეს...
ყავის დალევას ლამის ერთი საათი მოვანდომე. კარგადაც დავისვენე და ფეისბუქიდან უამრავი ახალი ამბავიც გავიგე. (მართლაც ჭორიკანა ქალია.) ჩემს ინკოგნიტო პროფილზე არც ფოტო მიდევს და არც სახელი და გვარი მიწერია. ასე მირჩევნია. ჩემი დედამთილი თინეიჯერივით სულ ფეისბუქზეა დღე და ღამე. მეც მაკონტროლებს რაღა თქმა უნდა და ჩემს ნამდვილ პროფილზე, სადაც მხოლოდ ვაჟიკოსთან ერთად გადაღებული ერთადერთი ფოტო მიდევს და მხოლოდ ოცი მეგობარი თუ მყავს მხოლოდ და მხოლოდ ქმრის ნათესაობიდან, იშვიათად თუ შევდივარ. რაც უფრო აკონტროლებ ადამიანს და ცდილობ ვიწრო ჩარჩოებში მოაქციო, უფრო წინააღმდეგობის გრძნობა უჩნდება და უფრო და უფრო იმაზე ფიქრობს, რასაც უკრძალავენ. ჯერ იყო და ჩემი ქმარი მაქცევდა ჩარჩოებში, ყველაფერს მიშლიდა და ახლა დედამისი. ხო და მიტომაც შევქმენი ეს საიდუმლო პროფილი, სადაც უამრავი მეგობარი მყავს და მათთან პოპულარულიც კი ვარ ჩემი პოეზიით... ხო, იმის თქმა დამავიწყდა თავიდანვე, რომ როცა მუზა მეწვევა გიჟპოეტობას ვიწყებ... ეს ისე, ხუმრობით , თორემ ჩემი ლექსები მართლაც რომ აღიარებულია სოციალურ ქსელში. ბოლო დროს კი გეგე ორსგანი გახდა ჩემი მუზა...
ყავის სმას რომ მოვრჩი, მერე ოჯახის საქმეს მივხედე. ყურსასმენებმორგებულმა ენერგიულად და ხალისით დავალაგე ოთახები. ჭურჭელიც ღიღინით დავრეცხე და ლამის ცეკვა-ცეკვით გავამზადე ვახშამი. სიყვარული მართლაც რომ ცვლის ადამიანს. მუდმივად ბედნიერების შეგრძნება გაქვს. გემღერება. უმიზეზოდ გეღიმება. ეს სხვას გონია უმიზეზოდ, თორემ ყოველ მის გახსენებაზე გული რომ გიჩქარდება მიტომაც გეღიმება თავისთავად. სიმსუბუქეს რომ გრძნობ და თითქოს კი არ დადიხარ, დაფრინავ ღრუბლებში და თავი ყოვლისშემძლე გგონია, ესეც ნორმალურია, ესეც სიყვარულის მანიშნებელია. საღამოს კი მასზე ფიქრებში რომ ვეღარ იძინებ და ღამეს თეთრად ათენებ, ესეც დიდებული სიყვარულის ნიშანია. მოკლეთ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქმრიანი ქალი თავდავიწყებით ვარ შეყვარებული სხვა კაცზე, რომლის შესახებაც მწირი ინფორმაცია მაქვს: სვანია, კახეთში ჩამოვიდა მეღვინეობას ეწევა და აქ შრომობს... დიშვილი ყავს, რომლის ხსენებაც ტკივილს გვრის რატომღაც... მისი და შესანიშნავი კულინარია და ძალიან გემრიელ ფახლავას აცხობს... მეტი არაფერი ვიცი მის შესახებ, თუმცა ეს ხელს სულაც არ მიშლის იმაში, რომ არ მიყვარდეს და ყოველ ღამე მასზე არ ვფიქრობდე. ფარულად, მაგრამ მაინც არ ვეკეკლუცებოდე და არ ვეპრანჭებოდე... ნეტა, ჩემთან ურთიერთობა რომ მოინდომოს, უარს ვიტყვი ვითომ?..
თითქმის მთელი ღამე თეთრად გავათენე ისევ. დილით ისევ სარკის წინ ვიტრიალე დიდხანს. გავბედე და ვაჟიკოს დაპატარავებული ჯინსის შარვალი ჩავიცვი. ჩემმა დედამთილმა ისეთი თვალებით შემომხედა, სიცილი ძლივს შევიკავე.
_ვაჟიკოს რომ არ უყვარს შარვლები?
_რა ვქნა, კაბა კიდევ მიფრიალებს და ყოველ გადახრაზე მაღლა მეწევა... თან, შენ გაცვია და რა მოხდა მე ჩავიცვა?
ბოღმისგან თუ სიბრაზისგან ისე შეეცვალა სახე, აშკარად შევატყე, მაგრამ ვეღარაფერი მითხრა. მაგის ვაჟიკოს თუ არ უყვარდა ქალზე შარვალი, თვითონ ფაშფაშა ქალს რაღატო ეცვა ვითომ? მე მიხდებოდა მაინც და მაგას? თუმცა, ზუსტადაც ხომ მაგის გამო მიშლიდა, რომ მიხდებოდა? პირველად გავიტანე ჩემი და ჯინსის შარვლით წავედი სამუშაოდ.
_ვაა, კატო?!? როგორ გიხდება._აღტაცება ვერ დამალა შოკამ._რატო აქამდე არ იცმევდი?
სიმართლის თქმა, რომ ქმარი და დედამთილი მიშლიდნენ, მომერიდა და არაკომფორტულად ვგრძნობ-მეთქი თავს, ვიცრუე.
_რას ლაპარაკობ, შარვალი რომ კომფორტულია ამ საქმეში, როგორ დამარწმუნებ მაგაში?
_გამოვცდი და დღის ბოლოს გეტყვი ჯობია თუ არა კაბას._შევღიმე მეგობარს.
_იქნებ ისე მოგეწონოს, აღარც კი იხდიდე... მართლა გიხდება. ისეთი ტანი გაქვს, უბრალო ტომარაც რომ ჩამოიცვა, ისიც კი მოგიხდება.
მესიამოვნა კომპლიმენტი და გავიბადრე.
მარტო შოკამ კი არა, ბრიგადის სხვა ქალებმაც კი მომიწონეს. და არა მარტო ქალებმა, თაზომაც აღნიშნა, რომ მიხდებოდა.
_მართალია შარვალი კაცებისაა და ქალებმა წაგვართვით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ვაღიარებ, რომ ქალსაც უხდება.
_უხდება კი არა და, მე ვეღარ ვიცანი. ვიფიქრე, ახალი მუშა დაგვემატა._გაეღიმა ვახოსაც.
კაცების კომენტარებმა ცოტა დამამორცხვა და ამაღელვა კიდეც. უხერხულადაც კი ვუღიმოდი უსიტყვოდ. თუმცა ვისთვისაც ვწვალობდი, რომ მშვენივრად და უზადოდ გამოვიყურებოდე-მეთქი, ის არ მოვიდა ზუსტად იმ დღისით და მოწყენილი ვმუშაობდი. წამდაუწუმ იმ გზას გავყურებდი, საიდანაც მანქანა უნდა შემოსულიყო და დამებრიცა თვალები. კითხვით ვერავის ვეკითხებოდი დღეს რატო არ არის-მეთქი, მაინც არავის ეცოდინებოდა. რომ სცოდნოდათ კი რა მიზეზით მეკითხა უფროსის მეგობარი? სამუშაო საათები რომ დასრულდა და მიხამ სახლში წამოგვიყვანა, გზად გეგეს გადავეყარეთ. ნაპირზე მიაჩერა მანქანა, გადმოვიდა და მიხას ანიშნა გადმოდი, საქმე მაქვსო. მისმა ხილვამ ისე გამაბედნიერა, ლამის ცეკვა დავიწყე მარშუტკაში.
მეგობრები რაღაცას სერიოზულად ლაპარაკობდნენ. მე კი მალულად შევყურებდი მის ყოველ მოძრაობასა თუ მიმიკას. ჩემი მზერა რომ იგრძნო და მოულოდნელად ამომხედა, შევკრთი, ხელ-ფეხი წამერთვა და გული ლამის საგულწდან ამომიხტა. დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ავწრიალდი ერთ ადგილზე და უაზროდ დავუწყე რაღაცას ძებნა. ოღონდ რას ვეძებდი თვითონაც არ ვიცოდი. მალევე დაბრუნდა მიხა თავის მანქანაში, გეგემ კი თავის ჯიპს მიაშურა.
_ჩვენმა ორსგანმა, ხვალ ორი ყოჩაღი გოგო მჭირდება და მათხოვეო._გამოგვიცხადა მიხამ._კახური ეზოს მოწყობა გადაწყვიტა სახლში და დასალაგებელი სამუშაოები გექნებათ. აბა, სურვილი ვის გაქვთ, ვინ წახვალთ?
ალბათ, ჩემზე მეტად მასთან წასვლის სურვილი არავის ქონდა ჩვენს ათკაციან ბრიგადაში, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი? როგორ გამოვამჟღავნებდი იმას, რომ სურვილი ძალიან დიდი მქონდა? ხმა რომ არავინ ამოიღო, ალბათ საქმის სირთულის შეეშინდათ, ისევ მიხამ დაგვანაწილა.
_შოკა და კატო წავლენ მაშინ..._ისე გადმოგვხედა, თითქოს გამოგვიცხადა, გადაწყვეტილი საქმეაო.
ჩემი სურვილები თავისთავად რომ ხდებოდა და მე არ ვჩალიჩობდი რამეს, ძალიან მიხაროდა. დავიჯერო, თვითონ გეგემ მოისურვილა ასე? თუ, მიხამ გაგვანაწილა? ასე იყო თუ ისე, "კატას ფილტვი ესროლეს და მეც ეგ მინდოდაო". სახლში რომ მივედი, მოსალოდნელი ხვალინდელი დღით კმაყოფილი და ბედნიერი ღიღინით ვსაქმობდი. სადამდე გაგრძელდებოდა ჩემი ეს ფარული ტრფობა, არ ვიცოდი, მაგრამ კმაყოფილი კი ვიყავი და არაფრის შეცვლას არ ვაპირებდი. ვგრძნობდი ჩემს მისადმი დამოკიდებულებას და ეს ცალკე მახარებდა და მაბედნიერებდა. რაღაც უხილავი ჯაჭვები იყო ჩვენს შორის გაბმული და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვიხლართებოდი ამაში.
დილით შოკასთან გავედი და იქ მოგვაკითხა გეგემ. არ ვიცი, ასეთი შეყვარებული და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დავინახე თუ არა, გული გამალებით ამიძგერდა და ღიმილის შეკავება ძლივს შევძელი. მისმა დაჟინებულმა მზერამ ხომ საერთოდ ამაფორიაქა და თავგზა ამირია. თუ რამეს არ ფიქრობდა ჩემზე, ასე დამიწყებდა ვითომ ყურებას? თვალები ხომ ყოველთვის გასცემს ადამიანს? მანქანაშიც რომ ჩავსხედით, უკანა ხედვის სარკიდან მიმზერდა. მაბნევდა კი, მაგრამ მიხაროდა, რომ მისი ინტერესის ობიექტი ვიყავი.
მთელი გზა უხმოდ და დაძაბულად ვიმგზავრეთ. ისევ ისე სწრაფად და გიჟურად მართავდა საჭეს. დავრწმუნდი, რომ სისწრაფე ძალიან უყვარდა. მიგვიყვანა თუ არა თავისთან, აგვიხსნა რა უნდა გაგვეკეთებინა და თვითონ სადღაც წავიდა. მარტოები დაგვტოვა უშველებელ კარ-მიდამოში. რემონტის შემდგომი დალაგებებიო მიხამ, ალბათ ქალების შესაშინებლად თქვა, თორემ ამის მსგავსი არაფერი ყოფილა. საქმე, მართალია იყო, მაგრამ არც იმდენი, რომ აუცილებლად ყოჩაღი და სწრაფი გოგოები დასჭირებოდა. ნამდვილად გაჩალიჩებული საქმე იყო, რომ მე ვყოფილიყავი აქ. (ნუ, ახლა, ეს ჩემი ვარაუდი იყო რა თქმა უნდა). პირველ რიგში ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლები მოვხვეტეთ და ტომრებში ჩავყარეთ. მერე, საქეიფო ოთახი, სადაც ბუხარი და პატარა მარანი ქონდა, საგულდაგულოდ დავაწკრიალეთ. მყუდრო და მშვენიერი გარემო იყო. ყველაფერი დახვეწილად და გემოვნებით იყო შერჩეული. საბილიარდე, სადაც ტენისის მაგიდაც იდგა, ისიც დავასუფთავეთ. როგორც მე და შოკა მივხვდით, სტუმრებს ელოდა ალბათ და უბრალოდ დალაგება უნდოდა. მეორე სართულზე მისაღები და ხუთი საძინებელი ქონდა და იქაც მტვერსასრუტით დავირბინეთ სულ სიცილ-კისკისით. ერთ-ერთ მყუდრო საძინებელში კი გეგეს კვალი იმჩნეოდა: მისი მაისური და შარვალი ფაქიზად იყო გადაფენილი სკამზე. მისი ტანსაცმლის დანახვამ ისე ამაფორიაქა, თითქოს პირადად ის დამენახოს. შოკა სხვა ოთახში რომ გავიდა, ეშმაკი შემიჩნდა და მაისურს ხარბად დავყნოსე. მისი სასიამოვნო სურნელი სდიოდა. დავრწმუნდი, რომ მის შეხებაზე, კოცნაზე და სექსზეც კი, უარს არ ვიტყოდი. ამის გააზრებამ გამაკანკალა და აზრზე მოსასვლელად მადიანი სილა ვუთავაზე ჩემს თავს. მისი საძინებელი კი ელდანაკრავივით დავტოვე.
შოკაც მორჩენილიყო დალაგებას და მისაღებში შევეფეთეთ ერთმანეთს.
_რა მაგარი სახლია არა?_გაოცება და აღტაცება ვერ დაფარა._სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ სახლში. თვითონ ბიჭიც რომ მაგარია!?..
ბოლო სიტყვებზე ყურადღება გავამახვილე. სახე ამელანძა და შოკას რომ არაფერი შეეტყო, ეზოში ჩავედი. სახლის უკან უზარმაზარი აუზიც ქონდა, სადაც კამკამა წყალი ედგა. მის შორიახლოს კი ორი შეზლონგი, ქოლგა და პატარა მაგიდა იდგა. მართლაც რომ არაჩვეულებრივი გარემო იყო.
_გასათხოვარი რომ ვიყო, დავეჩალიჩებოდი ამ ორსგანს. მაგარი ვიღაცაა. რას იტყვი, ცუდი ბიჭია?
ამ კითხვამ დამაბნია. სახლი დიდებული იყო, მაგრამ სანამ ამ სახლს ვნახავდი, გეგე არ ვნახე? ერთი ნახვითვე რომ დამატყვევა და დამამონა მისმა დაჟინებულმა მზერამ. შოკას კითხვა ვითომ ვერ გავიგე, გავატარე და ეზოს წინა ნაწილში გავედი ისევ. კაკლის ქვეშ მოწყობილ მოსასვენებელ სკამზე ჩამოვჯექი და უაზროდ გავუსწორე სივრცეს თვალი. ნახევარი საათი ვიჯექი ალბათ ასე. შოკა აღტაცებული დარბოდა აქეთ-იქით და ფოტოებს უღებდა ყველაფერს. მერე, ისიც მოვიდა და გვერდით მომიჯდა. საქმეს მორჩენილები ვიყავით და გეგეს ველოდით, რომ სახლში წავეყვანეთ. რამოდენიმე ხანში კი ისიც მოვიდა ტკბილეულით დატვირთული. ჩვენს წინ მაგიდაზე გაოცებულმა დააწყო ნუგბარი.
_თქვენ რა, უკვე მორჩით?_თან მე შემომხედა თავისი მწველი თვალებით.
_აქ მოურჩენელი რა იყო?_უხერხულად შევიშმუშნე და მღელვარების დასაფარავად გავუღიმე.
_წინა ჯერზე სამი ქალი მყავდა და მთელი დღე მოანდომეს._მასაც გაეღიმა._მიხა არ აჭარბებდა, მარტო კატო და შოკა ეყოფიანო რომ მითხრა, მართლაც ყოჩაღი გოგოები ყოფილხართ._მართალია ორივეს გველაპარაკებოდა, მაგრამ მე მიყურებდა რატომღაც და მისი ეს დაჟინებული მზერა მაბნევდა._სამზარეულო გეცოდინებათ ალბათ უკვე სადაც არის და ყავას თუ ჩემთვისაც გააკეთებთ, კარგი იქნება._რომ გაიღიმა, მისმა ღიმილმა უარესად დამატყვევა.
_ყავას მართლა დიდი სიამოვნებით დავლევდი._შოკამ მოურიდებლად ჩაიჭყიტა გეგეს მოტანილ პარკებში._იფ, რა გემრიელობებია თან... წამო, ძვირფასო, შენი ოქროს ხელებით ყავა დაადგი, მე კი ამ ნამცხვარს და ტკბილეულს მივხედავ._ხელკავი გამომდო და სამზარეულოსკენ წამაცუნცულა.
თავს არ ვიქებ, მაგრამ მართლაც რომ არაჩვეულებრივი ყავა გამომდის, ყველა ამას აღნიშნავს (ჩემი დედამთილის გარდა). ადვილად მივაგენი ყავის პრიპასებს და სამი ფინჯანი ყავა დავადგი.
_სიამოვნებით ვიქნებოდი ამის ცოლი... ცოლი თუ არა, საყვარელი მაინც. შეხედე ერთი რა მაგარი ტიპია._ფანჯრიდან იჭყიტებოდა შოკა და გეგეს უთვალთვალებდა.
მე ამის შეკეთებაღა მინდოდა, რომ არაჩვეულებრივი და მაგარი ბიჭიაო? თავი ვაიძულე, რომ მასავით ფანჯრიდან არ გამეჭყიტა მეც.
_შენს სიტუაციაში რომ ვიყო, შანსს არ გავუშვებდი ხელიდან. ძალიან არ გაეგო ახლა ჩემს ქმარს, ვინმესთან დავწვებოდი თუ არა.
თითქოს ჩემს ზრახვებს კითხულობდა შოკა და ამან უარესად ამაფორიაქა. მეც ეგ აზრები მიტრიალებდა თავში და მოსვენებას არ მაძლევდა. არ ვიცი, ალბათ შოკამ ხმამაღლა რომ წარმოთქვა ჩემი საიდუმლო, ამან მიმახვედრა, რომ დიდ ცოდვას ჩავდიოდი, გეგეზე რომ ვფიქრობდი.
_ისე, არ გაგჩენია ვინმესთან ყოფნის სურვილი?_მოულოდნელად შემომიბრუნდა შოკა და მთელი სერიოზულობით მკითხა._ჯერ ერთი წელია რაც შენი ქმარი სხვა ქალთან წოლის გამო იხდის სასჯელს და კიდევ რვა წელი უნდა ელოდო?
ისე დამაფრთხო და ამაღელვა ამ კითხვამ, ფინჯანი გამივარდა ხელიდან და ნიჟარაში ხმაურით ჩაგორდა.
_რა სისულელეებს ამბობ არ იცი?_გავბრაზდი.
_მასეთი ქმარი ერთგულების ღირსი რომ არ არის, დავიჯერო ვერ ხვდები?.. ნეტა რას ეჭმევინები მის აფთარ დედას? შვილი მაინც არ გყავთ... მშვენიერი გოგო ხარ, გათხოვება არ გაგიჭირდება და სანამ დროა თავს უშველო რატო არ გინდა?
გავბრაზდი. უფრო იმიტომ, რომ ჩემი შინაგანი ხმა ხმამაღლა მესაუბრებოდა. მეც ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი ერთგულების ღირსი არ იყო. თხუთმეტი წლის გოგოსთან მიღალატა და ციხეში იმიტომაც აღმოჩნდა. ეს რაც გავიგე, და რაც ვერ გავიგე? მაგრამ... მაინც მის აფთარ დედას ვეჭმევინებოდი იმიტომ, რომ წასასვლელი არსად მქონდა... იმიტომ, რომ მამაჩემი განათხოვარ ქალს არ დამისმევდა სახლში... იმიტომ რომ ხალხი რას იტყოდა... იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება მე არ მეკუთვნოდა და სხვები წყვეტდნენ ჩემს მაგივრად ყველაფერს. მაგრამ ახლა გეგესთან დაკავშირებით არავის მივცემდი უფლებას ჩარეულიყო. მერე რა, რომ გათხოვილი ქალი ვიყავი? მართლა მიყვარდა გეგე და მის გამო ყველაფერზე ვიყავი მგონი წამსვლელი.
ყავა მოვადუღე და ეზოში გავიტანე კაკლის ქვეშ, სადაც გეგე იჯდა და ტელეფონში რღაცას ჩაჰკირკიტებდა. ჩემი გამოჩენა არ გამორჩენია მხედველობიდან და ისე შემომხედა, ლამის ყავა დავაქციე მღელვარებისგან.
შოკაც უკან მომყვა.
_ძალიან ლამაზი სახლი გაქვს. ასეთი იყიდე, თუ გადააკეთე?_დაინტერესდა შოკა.
_ბევრი რამ გადავაკეთე და მივამატე. თუმცა, არც მანამდე იყო ურიგო.
_სვანი კაცი რატომ დაინტერესდი კახეთით და კახელების ცხოვრებით?
ეს რომ კითხა, მომეჩვენა, რომ გეგე ცოტა შეკრთა და დაიბნა. ერთხანს უხმოდ უყურა ცნობისმოყვარე შოკას. მერე ყავის ფინჯანს გადასწვდა და ერთი ყლუპი მოსვა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუღიმა ნაძალადევად და ისე უპასუხა:
_მომწონს კახეთი, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. მომწონს თქვენი ტრადიციები... მომწონს თქვენი გემრიელი სამზარეულო... უბრალოდ, ძალიან მომწონს აქ.
_კახელ ცოლსაც ხომ არ მოიყვანდი?_კეკლუცად რომ ჰკითხა, დავიძაბე.
გეგემ კი რატომღაც მე გადმომხედა. სახე გვარიანად ამელანძა მის შემოხედვაზე. ერთ ადგილზე ავწრიალდი. დავიჯერო, მართლა მოვწონდი? მაგრამ... მე რომ გათხოვილი ვიყავი?
_ძალიან კარგი გოგოები ვიცი..._კეკლუცად შეჰღიმა შოკამ.
_მაჭანკლობა გინდა?_გულწრფელად გაეღიმა გეგეს და დამატყვევა მისმა ალალმა და მშვენიერმა ღიმილმა.
ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, შემომხედა. წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. სუნთქვა შემეკრა და გულმა ბაგა-ბუგს უმატა. სახე უარესად ამელანძა. მღელვარების დასაფარავად მეც გადავწვდი ფინჯანს და მცირე ყლუპი მეც მოვსვი.
_თუ არ გეწყინება, მაგ შემოთავაზებაზე უარს გეტყვი._ღიმილი არ მოუშორებია გეგეს სახიდან.
_ისე ლაპარაკობ, შერჩეული გეყოლება უკვე, არა?_ეშმაკურად გადაიკისკისა შოკამ._ერთ კითხვას კიდევ დაგისვამ, შეიძლება?
გეგემ თანხმობის ნიშნად ღიმილით დაუქნია თავი.
_წვერი მოდაზე გაქვს მოშვებული, თუ ვინმეს გლოვობ?
ამ კითხვაზე აშკარად შეეცვალა სახე. აშკარად მტკივნეულ თემას შეეხო შოკა. თვითონაც მიხვდა და მოუბოდიშა.
_უტაქტო შეკითხვა იყო არა? ბოდიში, არ მინდოდა...
_საბოდიშო არაფერია._ეს კი თქვა, მაგრამ შევატყე როგორ რადიკალურად შეიცვალა. ტკივილი აღებეჭდა სახეზე.
შოკაზე გავბრაზდი, ასეთი ცნობისმოყვარე რომ იყო. განა მე არ მაინტერესებდა მის შესახებ არაფერი, მაგრამ ასე მართლა ვერ ჩამოვუჯდებოდი და ვერ ვკითხავდი ვერაფერს.
ყავის სმა უსიტყვოდ განვაგრძეთ. დაუჯერებელი იყო, მაგრამ თვით ცნობისმოყვარე შოკაც კი დადუმდა. აშკარად, ვიღაცას გლოვობდა და დღემდე სტკიოდა ის ვიღაც გეგეს.
ყავა რომ დავლიეთ და ტკბილეულითაც ვისიამოვნეთ, ორივეს ტკიცინა ორმოცდაათ ლარები გადაგვიხადა და სახლში წამოგვიყვანა. მე ისევ შოკასთან გადავწყვიტე ჩამოსვლა, რომ ჩემს დედამთილს არ გაეგო სად ვიყავი. მაგრამ კაცს რომ ბედი არ გექნება. შევუხვიეთ თუ არა უბანში, იქ არ დამხვდა?
_აგე, შენი დედამთილი._ვითომ დაბალი ხმით მითხრა შოკამ, მაგრამ შევატყე, რომ გეგემაც გაიგო.
_დედამთილი?_ისე გაუკვირდა, მე მისი გაკვირვება გამიკვირდა._შენ ვაჟიკოს ცოლი ხარ?_მანქანა რომ შეაჩერა, გაოცებული შემომიბრუნდა.
ისე დავიბენი, ვერაფერი ვუპასუხე. ჩემს მაგივრად შოკამ გასცა პასუხი და დაუდასტურა ვინც ვიყავი. რატო გაუკვირდა ასე ძალიან გათხოვილი რომ ვიყავი, არ ვიცი, მაგრამ აშკარად კი შეეცვალა სახე. დავიჯერო, გასათხოვარი ვეგონე? (თუმცა, რად მიკვირდა, ოცი წლის ასაკში ყველა გოგო გათხოვილია ვითომ?) მანქანიდან ისე გადმოვედით, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. ჩემმა დედამთილმა გეგე რომ დაინახა, დიდის ამბით მოიკითხა, ჩამოუდგა და გაუბა ბაასი. ნაძალადევად კისკისებდა. მივხვდი, სახლში რომ მივიდოდით, დამეტაკებოდა და გემოზე გამომლანძღავდა.
კარგა ხანს კი ჩამოუდგა და ექაქანა. ბოლოს, ასე ვთქვათ, ლაპარაკით რომ გაოფლიანდა და დაიღალა, დაემშვიდობა და გეგეც წავიდა. ისე წავიდა, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის.
_ როგორ გაუკვირდა შენი ამბავი დაინახე?_მუჯლუგუნი წამკრა შოკამ.
მართლაც, რომ ძალიან გაუკვირდა. სერიოზულად ფიქრობდა ვითომ ჩემზე რამეს?
_მაგან რატო მოგიყვანათ?_დაინტერესდა ქალბატონი ნელი.
_მიხას ეჩქარებოდა და აქეთ ვეღარ წამოვიდა._შოკამ ჩემს მაგივრად გასცა პასუხი და გამომიყვანა მდგომარეობიდან. გადამარჩინა ტყუილის თქმისგან, მაგრამ თვითონ მაინც ხომ მოიტყუა?
_გათხოვილი ქალები უცხო კაცს რომ უსხდებით მანქანაში, ხალხს სალაპარაკო უნდა მისცეთ?_მაინც ამოთქვა გულისნადები წყრომით.
_გასათხოვრები რომ ვიყოთ, მაშინ აღარ ილაპარაპკებს ეს ხალხი?_შოკას აშკარად ეწყინა ჩემი დედამთილის შენიშვნა და შეუბუხუნა.
არც ჩემს დედამთილს მოსწონებია შოკას "ტლიკინი" და სახეზე აშკარად აილეწა, თუმცა თქმით აღარაფერი უთქვია. მიხვდა, რომ არც შოკა დაუთმობდა და ჩემს თვალში წაგება არ უნდოდა.
შოკას რომ დავემშვიდობე და სახლში წავედით, გზაში მუზმუზი დამიწყო:
_ხალხს სალაპარაკო გინდა რომ მისცე? ვის უჯდები მანქანაში? დასანიშნი ბიჭია, რომ წაგიყვანოთ სადმე და იძალადოს, გაუმკლავდებით ვითომ? თან ხალხმა იცის, თვეებია ქმარი გვერდით არ გყავს და მონატრებული ხარ, დაუმტკიცებ იმას, რომ შენი ნებით არ მოხდა ყველაფერი?
ერთი კი შევხედე უსიტყვოდ. ბევრი რამის თქმა მინდოდა, პირში მიმეხალა მწარისა, რასაც იმსახურებდა, მაგრამ გაჩუმება ვამჯობინე. ხალხის მომერიდა, ქუჩაში ხომ არ დავუწყებდი ჩხუბს? ფეხს ავუჩქარე და ცოტა წინ წავედი. ვგრძნობდი, რომ როგორც აქამდე ვუთმენდი და ვიტანდი ყველაფერს, ისე ვეღარ გავჩუმდებოდი და როცა იქნებოდა მეც ვიფეთქებდი. მარტო მაგას ქონდა ვითომ ჩემს მიმართ პრეტენზიები და მე არა?
ეზოში შევდგი თუ არა ფეხი, ნელის ძმიშვილი შემომეგება მამიდის აფერისტული ღიმილით და ვითომ და დიდი სიყვარულით.
_როგორ ხარ რძალო?_ხელი ჩამომართვა და გადამეხვია. როგორც ყოველთვის, თამბაქოს სუნი მეცა ცხვირში._ დღითი-დღე იცვლები და უფრო და უფრო მშვენდები. რა გაუმართლა ჩემს მამიდაშვილს, ასეთი ულამაზესი ცოლი რომ შეხვდა?..
ნელიც უკან მომყვა და მისი უკმაყოფილო ზმუკუნი მომხვდა ყურში. მარინემ კი მხრებზე მომხვია ხელი და ისე წამიძღვა სახლისკენ, თითქოს ეს ყოფილიყოს მასპინძელი და მე კიდევ სტუმარი.
ამ გოგოს ცოტა უქროდა თავში, ხან სად რას ამოჰკრავდა და ხან რას. თუ ნელის დავუჯერებდით, ბავშვობაში ძალიან ცუდად იყო, თავში გადასხმებს უკეთებდნენ და მაშინ დაუზიანეს ტვინი...
_მამიდამ თქვა, სამუშაო ბევრიაო და გადავწყვიტე მეც თქვენ ბრიგადაში ჩავეწერო. ხომ მიმიღებ?
_ მე რა შუაში ვარ, მე არავისი მიღება არ შემიძლია, აგერ მიხა და ვახო...
_მამიდა უკვე ელაპარაკა მიხას და ხოოვო.
"აჰა, ესე იგი, ქალბატონი აღარ ივლის ვენახებში და ამას დამიყენებს ზედამხედველად ვის დაველაპარაკები, ვის გავუცინებ, ვის ცერზე შევხედავ... მოკლეთ, კარგი სათვალთვალო კამერაა, მამიდას მსგავსი. ყველაფერს კი, საღამოთი მოახსენებს. ვაი დედა... ეგ კი არა და, რატო გაუკვირდა ნეტა გეგეს გათხოვილი რომ ვიყავი? გასათხოვარი ვეგონე ვითომ და სერიოზულად ფიქრობდა ჩემზე?.."
მარინეს ლაქლაქის თავი არ მქონდა. არც დასასვენებლად დავმჯდარვარ და მაშინვე საქმეს მივუტრიალდი. მარინემ ერთხანს კი მდია და ათასი ჭორ-მართალიც მომახსენა, მაგრამ მალე დაიღალა და თან რომ შემატყო არ ვუსმენდი, ძალიან ეწყინა და ისევ მამიდის ოთახს მიაშურა. საღამოს ხმისამოუღებლად გავშალე სუფრა, ვივახშმეთ და თითო ჭიქა არაყი დავლიეთ. ხომ უნდა მედღეგრძელებინა მარინეს სტუმრობა? მერე საძინებელი ოთახი მოვუწყე მამიდის გვერდით, შხაპი მივიღე და დავწექი. დიდხანს ვიწრიალე საწოლში, ძილი არა და არ მომეკარა. გეგეს გაოცებული მზერა მედგა თვალწინ. სერიოზულად ფიქრობდა ვითომ ჩემზე და გათხოვილი რომ აღმოვჩნდი, ეს ეწყინა?...
დილით, სანამ მე ავდგებოდი, მარინე დაროხროხობდა ეზოში. ისეთი ბოხი ხმა ქონდა, აშკარად ემჩნეოდა, რომ სიგარეტს ეწეოდა. ჩემთან კი არასდროს მოუწევია, მაგრამ სუნს ყოველთვის ვგრძნობდი, როცა ახლოს ვიყავით. ცოტა ხნით ფეისში შევიჭყიტე, მერე კი მეც ავდექი და სამუშაოზე წასასვლელად მოვემზადე.
მარინემ ყველას გააცნო თავი თავისი სითამამით და გამომწვევი როხროხით. გეგე მოგვიანებით მოვიდა. დაინახა თუ არა, აშკარად შეეტყო რომ მოეწონა და ყველანაირად ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. არ ვიცი, მე მაქვს ასეთი დამპლური თვალი, რომ იმას ვხედავ რაც არ უნდა დავინახო, თუ ასე აშკარა იყო მარინეს ინტერესი გეგეს მიმართ. ან, შეიძლება ეჭვიანობის მომენტი მქონდა, ძალიან, ძალიან მომაბეზრებლად ცდილობდა ყოველთვის მის სიახლოვეს ყოფნას, ყოველთვის ცდილობდა, რომ მას გამოლაპარაკებოდა და ყველაფერზე გამომწვევად ეკისკისა. ისიც მომეჩვენა, თითქოს გეგე ისე აღარ მიმზერდა, როგორც წინა დღეებში. ამ ამბავმა კი ძალიან გამაცოფა. ახლა, მარინეს ასავალ-დასავალის გაგებამ, რომ ნელის ძმიშვილი იყო, თანაც გასათხოვარი, გეგეს სახეზე წამიერად კმაყოფილების ღიმილიც კიოჰგვარა და მე ეს შევნიშნე. რა იყო ახლა ეს, ვერ გავიგე და ვერც მივხვდი, მაგრამ მარინეზე ძალიან დავიბოღმე. ჩემი მოწონებული ბიჭი მასაც მოსწონდა და თანაც მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მისი გამოჩენის მერე კი, გეგე რომ აღარ მაქცევდა ყურადღებას, ამას აშკარად ვგრძნობდი. ნუ, ეხლა, არც მთლად მასე იყო, ჩემი გათხოვილობის ამბავი უფრო იყო შუაში, მაგრამ მე მაინც მარინეზე ვიბოღმებოდი ძალიან.
წამიერად გეგეს მზერას მაინც ვგრძნობდი, მაგრამ ისე აღარ, როგორც სხვა დროს მიმზერდა. ჩვენს შორის ფარული მიზიდულობა კი მაინც იყო, ამას მართლა ვგრძნობდი და არ მეჩვენებოდა. უბრალოდ, ისე აღარ მიმზერდა და აღარ ცდილობდა ჩემს სიახლოვეს ყოფნას. სამაგიეროდ, მარინე ცდილობდა ყველგან და ყოველთვის გეგეს სიახლოვეს ყოფნას და მისი ყურადღების მიქცევას ყველანაირად.
სახლში რომ დავბრუნდით და მამიდასთან თქვა, კარგი ბიჭი გავიცანიო, ჩემმა დედამთილმა სიხარულისგან ტაშიც კი შემოჰკრა, ფულიანი ბიჭია და ხელიდან არ გაუშვაო. ისე გავბრაზდი ორივეზე, აღარც კი მივახშმია, თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ჩემს ოთახში გამოვიკეტე.
პრეტენზიები რატომ მქონდა ვერ ვხვდებოდი. ქმრიან ქალს ვითომ რატო დამიწყებდა უკან დევნას დასანიშნი ბიჭი? მარინეზე კი ვბრაზობდი, მაგრამ ხომ ჰქონდა სრული უფლება მშვენიერი და მდიდარი პრინცი გამოეჭირა და უზრუნველად ეცხოვრა მომავალში? მე რა მაწუხებდა და რა მაფორიაქებდა ნეტა?
მთელი ღამე ვერ მოვისვენე და ვერ მოვხუჭე თვალი. თვალს დავხუჭავდი თუ არა, გეგე მელანდებოდა თავისი მომნუსხველი მზერით. არ მქონდა მასზე ფიქრის უფლება და მაინც მეფიქრებოდა. არ მქონდა მისი სიყვარულის უფლება და მაინც მიყვარდა. სიყვარული იყო აბა მაშ რა იყო, როცა დღედაღამ მასზე ოცნებასა და ფიქრში ვატარებდი დროს?
დილით რომ წავედით ვენახში სამუშაოდ, შევნიშნე, რომ მარინეს ძალიან გამომწვევად ეცვა, თითქმის მთლიანი მკერდი ქონდა მოშიშვლებული. ზედმეტად მოტკეცილი შარვალიც ეცვა და ყოველი ნაკვთი აშკარად ემჩნეოდა. მამიდამ კმაყოფილმა შეათვალიერა, შუბლზე აკოცა და ისე დაემშვიდობა. მე მქონდა ყველა აკრძალვა, თორემ მისი ძმიშვილისთვის შიშველი სიარულიც კი დასაშვები იყო. თუმცა, მე რას ვედრებოდი ამ მსუბუქი ყოფაქცევის მამიდა-ძმიშვილს? თვითონ რომ ასეთი იყო, ეშინოდა მეც არ ამეშვა თავი და იმიტომაც მაქცევდა ვიწრო ჩარჩოებში ალბათ.
გეგე ვენახში დაგვხვდა უკვე ჩვენ რომ მივედით. მარინე ასე ვთქვად, კისერზე ეკიდებოდა მას და თავს არ ანებებდა. გეგეც დაინტერესდა მისით და ყოველთვის მის სიახლოვეს ტრიალებდა. მე ზედაც აღარ მიყურებდა და ეს ძალიან მწყინდა. მწყინდა კი არა, მაცოფებდა. შორიდან ვუმზერდი და სიბრაზისგან ტუჩებს ისე ვიკვნეტდი, ლამის სისხლი დამდენოდა. ტკივილს მართლა ვერ ვგრძნობდი. ბრიგადის წევრები ხუმრობით მათ სიყვარულზე და სამომავლო ქორწინებაზეც კი საუბრობდნენ. მართალია, მე არანაირი უფლება არ მქონდა მეეჭვიანა და სკანდალი ამეტეხა, მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი. მაცოფებდა ის ფაქტი, რომ იმ მზერით, რა მზერითაც რამოდენიმე ხნის წინ მე მიფორიაქებდა გულს, ახლა მარინეს უმზერდა. შესვენებაზეც გვერდიგვერდ დასხდნენ და ისე ზრდილობიანად და სიყვარულით სთავაზობდა გეგე ყველაფერს, ტირილი მინდოდა და თავს ძლივს ვიკავებდი...
სუფრიდან მალე ავდექი, რადგან მათი ყურება აღარ შემეძლო უკვე. ბედზე, დედაჩემმა დამირეკა და მიზეზი ეგ გამიჩნდა მოშორებით წასასვლელად.
თურმე, ქალბატონს მოუხსენებია, რომ გეგეს მანქანაში ვეჯექი და დედაჩემმა საყვედური მითხრა, გათხოვილი ქალი უცხოებს რატო უჯდებიო...
_მიხას ეჩქარებოდა და ჩვენამდე აღარ ჩამოვიდა, მე და შოკა თავის ძმაკაცს და საქმეში მეწილეს გამოგვაყოლა. დაშავდა ვითომ რამე?_გავბრაზდი.
_ გაბრაზებული იყო, უცხოს ჩაუჯდა მანქანაშიო და..._ცოტა დაცხრა დედაჩემი.
_რას ქვია უცხოს? ვენახში მთელი დღე ერთად ვართ, ერთად ვმუშაობთ და არ შეიძლებოდა მის მანქანაში ჩაჯდომა? გადამრევს ეგ ქალი რა. მაგან თავის აცვენილ ძმიშვილს მიხედოს მაგ უცხო ბიჭს რომ კისერზე ეკიდება და ლამის კალთაშიც ჩაუჯდეს...
_შენ სხვას რას უყურებ? შენ შენი თავი დაიჭირე და ხალხი არ აალაპარაკო...
_კარგი რაა, დე, სანამ ვჟიკოს ცოლი მქვია მე არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რომ მომავალში შემრცხვეს. როცა გავშორდები მაშინ კი, მაშინ ვილაპარაკოთ.
_რაო?... დაშორებას აპირებ?_ისევ აენთო დედაჩემი.
_ჯერჯერობით არა, მაგრამ...
_მაგრამ ეგ აზრები კი გიტრიალებს თავში არა? მეორედ შენი პირიდან ეგ აღარ გავიგო. გათხოვდი? კეთილი ინებე და უერთგულე შენს ქმარს და შენს ოჯახს, რაც არ უნდა უვარგისი იყოს.
_არ ვაპირებ-მეთქი არაფერს, გაიგე?_მეც გავბრაზდი._კარგი, არ მცალია ახლა, უნდა ვიმუშაო. სახლში რომ მივალ მერე დაგირეკავ._საჩქაროდ გავუთიშე ტელეფონი, რომ კიდე არაფერი ეთქვა და უაზროდ მოვყევი ბოლთის ცემას.
ამასობაში მწიფე მაყვალსაც მივაგენი და გემრიელად გამოვკენკე. მერე, ჭიამაიას მოვკარი თვალი, ხელისგულზე დავისვი და ფოტოები გადავუღე. კარგად გავერთე. ბოლოს ჭიამაია გასაფრენად მოემზადა, ფრთები გაშალა და თავზეც გადამევლო. უკან რომ გადავდგი ნაბიჯი, მოულოდნელად ვიღაცას დავეჯახე და წავბარბაცდი. იმ ვიღაცამ მკლავები რომ შემაშველა, შევკრთი. მესიამოვნა მისი თითქმის ჩახუტება, მაგრამ მაინც გაკვირვებული შევბრუნდი.
გეგე იყო.
უარესად დავიბენი და ავღელდი.
_ბოდიში._ძლივს წავილუღლუღე დარცხვენილმა.
_საბოდიშო არაფერია._ოდნავშესამჩნევლად გამიღიმა.
ისე მომაჯადოვა და დამატყვევა მისმა ამ წამიერამა ღიმილმა და თბილმა გამოხედვამ, დაშტერებული შევყურებდი პირღია. ძლივს მოვახერხე ხელები გამეშვებინებინა.
_გეტყობა, ფოტოგრაფია გიზიდავს... მეც მიყვარს სხვათაშორის._ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად მოვწონდი და ვაღელვებდი.
მაგრამ... თუ კი, მე მოვწონდი, მარინეს რატომღა უყადრიდა თავს, ამას ვერ ვიგებდი. არა და, ვატყობდი, რომ მართლა ვაღელვებდი.
_ფეისბუქზე პირადი გვერდი მაქვს, სადაც ჩემი გადაღებული ფოტოები სრულად მაქვს ატვირთული. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია მომძებნო და დაათვალიერო.
მართალია თანხმობა არ მიმიცია, მაგრამ არც უარი მითქვია. ისევ მის მოულოდნელ შეჯახებაზე და თითქმის ჩახუტებაზე ვფიქრობდი. სერიოზულად მირევდა ეს ბიჭი თავგზას. იქნებ, ხვდებოდა ჩემს ზრახვებს და მიტომაც "მეჩალიჩებოდა"ასე?
_გეგე!!! გეგე!!!_შორიდან მარინეს ხმა რომ შემომესმა, ახლა ამაზე შევკრთი.
არ მინდოდა ამ ამბიტანიას დავენახე გეგესთან განმარტოებული და მამიდასთვის მიეტანა ამბავი. ეტყობა, არც გეგეს უნდოდა, რომ ერთად დავენახეთ და ამიტომ მეორე ვენახში გადავიდა, ვითომ ვერ გაიგო მარინეს ძახილი.
მზერა გავაყოლე. მოხდენილად და ლამაზად მიდიოდა. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ თუ ჩემთან სექსი მოუნდებოდა, უარს ვერ ვეტყოდი, იმიტომ რომ მე თვითონაც ძალიან მინდოდა. უბრალოდ, მარინესავით არ ვამჟღავნებდი, თორემ მეც ძალიან მინდოდა მის სიახლოვეს ყოფნა.
იმის საპირისპირო მიმართულებით წავედი, საითაც გეგე წავიდა. მართლა არ მინდოდა, რომ მარინეს ერთად ვენახეთ. თვითონ გასათხოვარი იყო და მისთვის ყველაფერი შეიძლებოდა. მე? არც ახლა და არც გასათხოვრობისას არავის არ უნდა დავლაპარაკებოდი. ყოველთვის მქონდა ზღვარი. ზღვარი კი არა და ვიწროზე ვიწრო ჩარჩოები.
_გეგე არ გინახია?_ისე ჩუმად მომიახლოვდა მარინე, შევკრთი.
_არა._ვიცრუე და ისე, რომ ზედაც არ შემიხედია მისთვის, ისევ მუშებთან დავბრუნდი.
შორიდანვე მესმოდა ვახოს მხიარული ლაპარაკი.
_...ერთხელ გადაურეკა, იმან გაუთიშა. მეორედ გადაურეკა, კიდე გაუთიშა. რომ შეღონდა, შენი კარგიცო შეუკურთხა და მიაგდო ტელეფონი. გავიხედოთ და, ცოტახანში ახლა ფატიამ არ გადმოურეკა? აქეთ საყვედური უთხრა, "რა იყო ბიჭო, ვერ უნდა მიხვდე, აბანოში რომ ვარო?"_გულიანად გადაიხარხარა ვახომ._გეგონება გულთმისანი იყო და გაიგებდა ფატი აბანოში იყო თუ არა.
იმხელა ხმაზე ხარხარებდნენ მუშები ვახოს მონაყოლზე, მგონი სოფლის ბოლოზე ესმოდა ხალხს მათი ჟრიამული. გივი კი, ვის ამბავსაც ყვებოდა ვახო, უშნოდ იღრიჭებოდა და დარცხვენილი ვერაფერს ვეღარ ამბობდა.
_რაო კატია, ხომ ყველაფერი კარგადაა? _მე რომ დამინახა ალბათ ცოტა მოქრუშული, მაშინვე დასერიოზულდა ჩვენი ბრიგადირი.
_ისეთი არაფერი. დედაჩემს ველაპარაკე...
_ცუდია რამე?_არ მომეშვა ვახო.
_არა._გაღიმება ვცადე.
_ჭამას მორჩი? დაჯე, ჯერ კიდევ გვაქვს დრო...
შოკას გვერდით ჩამოვჯექი ისევ და შოკოლადს გადავწვდი.
_ყავას არ დალევ?_შოკამ ფინჯანი მომიმარჯვა,_ახლახანს მოვადუღე.
ძალიანაც კი არ მინდოდა, მაგრამ უარი არ მითქვია.
_ყავის სმას რომ მორჩებით, ვისაც მკითხაობა გინდათ, დაატრიალეთ ფინჯნები, უნდა გიმკითხაოთ._თაზომ ყველას გამოგვიცხადა.
_მკითხაობაც დაიწყე თაზოჯან?_იმედამ ბეჭებში წამოარტყა ხელი.
_ზედმეტი შემოსავალი მაწყენს ვითომ? ჩემს ცოლ-შვილს შენახვა ხომ უნდა?
მუშებმა სინქრონში გადაიხარხარეს ისევ მადიანად.
_რა გინდა ახლა შენ, სოფიკო მკითხავს კოვზი უნდა ჩაუგდო ნაცარში და იმის ქმარ-შვილს გამოაცალო ლუკმა პირიდან?_არ ეშვებოდა იმედა.
_არა ძმაო, რათა?_გაიოცა თაზომ.
_მაგით ჭამს და აჭმევს თავის ოჯახს ის ქალი. მოუნდა ახლა ამას მკითხაობის დაწყება...
მარინემ ეტყობა, რომ გეგე ვერ იპოვა და ამიტომ უკმაყოფილო სახით დაბრუნდა ჩვენთან. რატომღაც მესიამოვნა მისი მოღუშული და უკმაყოფილო სახის დანახვა. თან, უფრო ის გამიხარდა, რომ ვერ იპოვა. მართლა ძალიან მაღელვებდა ეს ბიჭი და მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი...
ყავის დალევა მარინემაც მოისურვილა. მის გამო ცოტა გადავამეტეთ შესვენების დროს და ისე გავედით ვენახში. გეგე კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. გულისყური მისკენ მქონდა. ხმამაღლა არ ვყვიროდი, თორემ მის ყოველ ნაბიჯს მივტიროდი.
_ხვალ დასვენება გვაქვს. ჩვენი უფროსი ჭედილას კლავს და ყველას გვეპატიჟება. ჩვეულებრივ გამოცხადდებით, როგორც სამუშაოდ. ეგ არის, სამუშაო საათები არ დაგეწერებათ და ვიქეიფებთ გემოზე.
_გეგეც ხომ იქ იქნება?_მარინემ დაუფარავად იკითხა და ვახოს სიცილიც დაიმსახურა.
_იქნება, აბა მაშ როგორ?
მე საჩემოდ გამიხარდა. მარინე უეჭველი იქნებოდა და მეც მეღირსებოდა წასვლა. ჩემს დედამთილს ძალიანაც რომ მიებჯინა ფეხები, მარინე ჩემს გარეშე არ წავიდოდა. სხვა ბევრი უარყოფითი თვისებები კი ქონდა, მაგრამ ამ მხრივ არ იყო ცუდი, იცოდა რომ მეც მინდოდა სულ ცოტა გართობა მაინც.
_მაშ ხვალ თხის ჩახალული გვიჭამია და გვისიამოვნია?_გაუხარდა თაზოს.
_როცა გასაყიდ ყურძენს რჩება და სახლის რთველს იწყებს, ყოველთვის კლავს და მუშებს და ნათესაობას აქეიფებს._დაუზუსტა ვახომ._ასე ვთქვათ, ტრადიცია აქვს ასეთი. თანაც ქალები ოჯახში, კაცები კი ვენახში ვქეიფობთ.
ეს კი არ მომეწონა. გეგეს მაინც ვერ ვნახავდი და რა აზრი ქონდა ჩემს საქეიფოდ წამოსვლას?
_უარი არავისგან გავიგო. იცოდეთ, რომ დილით ჩვეულებრივ ცხრა საათზე გამოცხადდით პოსტზე. უფროსი არ გააბრაზოთ. თანაც კარდინალის ღვინო აქვს საცდელად დაწურული და ის უნდა გავსინჯოთ, დეგუსტაცია ჩვენ უნდა ჩავუტაროთ.
_ესე იგი, ხვალ ვქეიფობთ? უი, რა კარგია._გაუხარდა მარინეს.
_ხვალ კი, დღეს ვმუშაობთ და აბა ჰე, ყველა ვენახში.
ცარიელ ვედროებს წამოვავლე ხელი და ყურძნის საკრეფად წავედი, როგორც რომ მოწინავე მუშა. შოკაც უკან მომყვა. მარინეს აშკარად ეტყობოდა, რომ გეგეს ელოდებოდა და ფეხს ითრევდა. ბოლოს, რომ აღარა და აღარ გამოჩნდა, კეთილი ინება და მე და შოკას მოგვიდგა გვერდით. სად იყო და სად არა, გეგეც გამოჩნდა ცივი ლიმონათის ქილებით დატვირთული. პირველ ჯერზე ჩვენთან მოვიდა.
_ვის რომელი გესიამოვნებათ აბა, "სპრაიტი", "კოკაკოლა" თუ "ფანტა"?
მარინემ მაშინვე "ფანტას" დაავლო ხელი. შოკამაც მას მიბაძა. მე "სპრაიტი"ვარჩიე. გეგეს მადლობა მოვუხადე, ჩრდილში ჩავიცუცქე ვაზის ძირში და სიამოვნებით დავლიე. ათ წუთიანი შესვენება ახლა ამისი გამოგვივიდა.
_ნუ მიგვაჩვევ ორსგან, თორემ მერე ხომ იცი, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ, დაუჩვეველს ნუ დააჩვევო._იმედამ კეთილი რჩევა მისცა გეგეს, თუმცა "კოკაკოლა" დიდი სიამოვნებით დალია.
ცივი წვენებით, რომ ვისიამოვნეთ, ისევ საქმეს მივუბრუნდით. ხალისით და სიცილ-კისკისით დავკრიფეთ დალოცვილი რქაწითელი. საღამოს კი მე, შოკა და მარინე გეგემ ჩაგვიყვანა სახლში. მარინე წინ გამოეჭიმა გეგეს გამომწვევი სიცილ-კისკისით. ამჯერად ჩემს დედამთილს აღარ უჩხუბია, პირიქით, გაუხარდა კიდეც რომ მარინე გეგეს გამოჭერაზე ჩალიჩობდა. მართალია გეგე იმდენად აღარ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ უკანა ხედვის სარკიდან ორჯერ დავიჭირე მისი მზერა და ისე გამიხარდა, ვერ აღვწერ.
_იცი, მამიდო, ხვალ არ ვმუშაობთ და მიხასთან ვქეიფობთ?_მაშინვე აუწყა მარინემ.
არც ეს გაუპროტესტებია ჩემს დედამთილს. იმიტომ რომ გეგეს ხელში ჩაგდება მათი პრიორიტეტი იყო უკვე. საღამოს კი, დასაწოლად რომ შევედი ჩემს ოთახში, კარი შიგნიდან ჩავიკეტე და ლამის მთელი გარდირობი გადმოვყარე. ყველა ტანსაცმელი სათითაოდ მოვირგე და მოვიზომე. რა ჩამეცვა არ ვიცოდი, ვერაფერი მოვირგე რატომღაც. ვერ მოვიხდინე. შეიძლება ხვალ ვერც კი მენახა გეგე, მაგრამ მაინც ვიპრანჭებოდი. გამომწვევი ტანსაცმელი ნამდვილად არ მქონდა და არც ვაპირებდი რამე ისეთის ჩაცმას. ჩემის აზრით, თუ გინდა რომ კაცს თავი მოაწონო, უფრო მოკრძალებულად უნდა ჩაიცვა. რა საჭიროა ვულგარულად და ქუჩის კახპასავით ჩაცმა, თუ მის მოხიბვლას ცდილობ და არა დაშტერებას?
ბევრი ქექვისა და მოზომების მერე, ძლივს ძველისძველი სარაფანი აღმოვაჩინე. ყველაზე მეტად ის მიყვარდა ერთ დროს და კომფორტულადაც კი ვგრძნობდი მასში თავს. მერე რატომღაც მივივიწყე. ახლა კი ძალიან გამიხარდა, რომ აღმოვაჩინე. ღამე ტკბილად მეძინა. მიზეზი რა იყო არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მშვიდად არასდროს მძინებია.
დილით როგორც ყოველთვის ზედმეტად გამომწვევად ეცვა მარინეს. მამიდამისს მართლა არ დაუშლია ეს რა გაცვიაო. ჩემი სარაფანი კი არ მოეწონა, მაგრამ მისი ძმიშვილის ფონზე ოდნავ მოშიშვლებული მხრები მაპატია.
შოკასთან რომ გავედით, გეგემ მოგვაკითხა. მისი კმაყოფილი მზერა წამიერად დავიჭირე და უზომოდ მესიამოვნა. მარინე მაშინვე წინ ჩაუხტა გამომწვევი კისკისით. შეიძლება მეჩვენებოდა კიდეც, მაგრამ შევნიშნე, რომ მარინეს სულ სხვა თვალით უყურებდა. ალბათ მის საწოლში ჩაწოლასაც არ მოერიდებოდა. ისე უყურებდა, როგორც ქალს, რომელიც მისი ვნების დასაკმაყოფილებლად იყო, მაგრამ მე? მე სულ სხვა თვალით მიყურებდა. არ არის გამორიცხული, რომ მეჩვენებოდა, მაგრამ რაღაც სინაზეს და დიდ პატივისცემას ვგრძნობდი მისგან. სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა, თუმცა წამიერად მაინც ვგრძნობდი მისგან წამოსულ ძლიერ იმპულსებს ჩემს მიმართ.
მიხას სახლისკენ რომ არ ავიღეთ გეზი და გეგეს სახლისკენ გადავუხვიეთ, გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ მასთან ვქეიფობდით. მიხას მან დაუთმო საქეიფო ადგილი. ქალიან-კაციანად ერთად ვიყავით. ბუხრის ვრცელ ოთახში ოცდაათ კაცზე მაინც ქონდათ სუფრა გაშლილი. მიხას ცოლი თამთა და თამთას და, ასევე მიხას დები მხიარულად ცქრიალებდნენ.
ყოველთვის მე ვარ ხოლმე მასპინძელი და ცოტა უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი სტუმრის სტატუსით რომ ვიჯექი.
_თურმე რისთვის დაგვალაგებინა გეგემ სახლი, ხედავ?_შოკამ მუჯლუგუნი წამკრა და ისე, რომ მარინეს არ გაეგო, მიჩურჩულა.
მე და შოკა გვერდიგვერდ დავსხედით სუფრასთან. მარინემ კი, იმდენი იძვრინა, რომ გეგეს მიუჯდა გვერდით. მე და გეგე კი პირისპირ აღმოვჩნდით. მე ნამდვილად არ მიზრუნია ამაზე. გეგესი კი რა ვთქვა, არ ვიცი.
მარინე ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. გემრიელადაც გამოთვრა. ისე ხომ არ იყო თამამი და უარესად გათამამდა. არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას გეგეს გარდა. შევამჩნიე, რომ მას ერთი ჭიქაც კი არ დაულევია სასმელი. მე და შოკამაც დავლიეთ სამი თუ ოთხი ჭიქა კარდინალი. ჯიგრულ ხასიათზე დამაყენა. იმდენი ჭკუა კი მქონდა, რომ არავის არ ჩამოვკიდებოდი კისერზე. (არავის რაა, გეგეს ვგულისხმობ.) მაგრამ ჭკუა სხვა რამე იყო და სურვილები სხვა. სურვილი დიდი მქონდა ჩემი ოცნების მამაკაცს გვერდით მივჯდომოდი, როგორც მარინე ეჯდა, მის მხარზე მიმედო თავი და ჩავხუტებოდი. არც მის მოფერებაზე ვიტყოდი უარს და დარწმუნებული ვიყავი, მისი კოცნა გულს გამიჩერებდა. მალულად შევყურებდი, როგორ ესაუბრებოდა ღიმილით მარინეს და როგორ ზრდილობიანად და თავდაჭერით იგერიებდა მიძალებულ მთვრალ ქალს.
_კატო, ჯიგარო, არ გინდა მეცეკვო?_მოულოდნელად თაზომ გამაწყვეტინა ფიქრის ძაფი.
დაბნეულმა ავხედე. ერთხანს უაზროდ ვუყურებდი. მერე კი უარით გავისტუმრე, ხასიათზე არ ვარ-მეთქი. ცეკვით დიდი სიამოვნებით გეგეს ვეცეკვებოდი, მაგრამ ის მარინეზე იყო კონცენტრირებული.
_სვანებზე რომ ანეგდოტებს ყვებიან, ყველაფერი სიმართლეაო და მართლა?_ხმამაღლა კისკისებდა მარინე და გეგეს ცხვირზე მსუბუქად ურტყავდა წკიპურტებს.
_კახელებზე რომ ყვებიან ანეგდოტებს, ეგ სიმართლეა?_გეგეც იღიმოდა, თუმცა მეჩვენებოდა, რომ ნაძალადევად.
_გაზვიადებულია, გაზვიადებული._კისკისებდა მარინე.
_ხო და, სვანებზეც გაზვიადებულია._ცოტა სერიოზულადაც თქვა გეგემ და სუფრიდან წამოდგა.
_გეწყინა?... მართლა სვანი ხარ რა._მარინეც წამოდგა და ბარბაცით მიყვა უკან.
მარინეზე მომეშალა ნერვები, იქნებ ბიჭი საპირფარეშოში მიდიოდა და რას მიყვებოდა უკან? თვალს რომ მიეფარნენ ორივენი, ავღელდი და ავფორიაქდი. რატომღაც ტელეფონზე დროს დავხედე და დავინიშნე. ოცი წუთი არ ჩანდნენ ზუსტად. სტუმრები გვარიანად იყვნენ შემთვრალები და არავინ არავის არ აქცევდა ყურადღებას. ჩემს გარდა რათქმა უნდა. მეც მხოლოდ გეგე მაინტერესებდა და მას ვუთვალთვალებდი.
ვითომც არაფერი, ისე დავიარე ეზოს ყოველი კუთხე-კუნჭული. ვერსად ვნახე ვერც მარინე და ვერც გეგე. ბოლოს, სახლის უკან აუზთან გადავწყვიტე მისვლა. შორიდანვე დავლანდე. სიბნელეში გავისუსე და იქიდან დავუწყე თვალთვალი. დავინახე, რომ მარინემ მოხვია კისერზე ხელები, ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებში აკოცა. გავბრაზდი და რა გავბრაზდი, მითუმეტეს რომ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მოხვია გეგემაც მარინეს წელზე ხელები და უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე. თვალთ დამიბნელდა. სურვილი გამიჩნდა დიდი კეტისთვის წამომევლო ხელი და ორივე მადიანად მიმეტყიპა...
თვალცრემლიანი გამოვბრუნდი უკან. მარინე და გეგეც მალე დაუბრუნდნენ თავიაანთ ადგილებს სუფრასთან. მათი მოსვლის მერე მე ავდექი. ერთი კი შემომხედა გეგემ და ისევ მარინეს მიუბრუნდა, რომელიც ისეთი მთვრალი იყო, თავს ვეღარ აკონტროლებდა. სახლის უკან გავედი აუზთან. გაუცნობიერებლად ჩამოვჯექი მის კიდეზე და შიშველი ფეხები წყალში ჩავყავი. წყალი ისეთი ცივი იყო, თავიდან შევკრთი, მაგრამ მაინც წყალში ფეხებჩაკიდებული კარგა ხანს ვიჯექი. გვიან მივხვდი, რომ ვტიროდი. რა მატირებდა? ჩემი დაგვიანებული შეხვედრა გეგესთან. სჯობდა, საერთოდ არ შევხვედროდი. რა აზრი ქონდა ახლა ვითომ ჩვენს შეხვედრას? უბრალოდ ამიფორიაქა გული და მთელი ცხოვრება უკვე ტანჯვაში და ტირილში უნდა გამეტარებინა. ჩვენი ერთად ყოფნის შანსი ნოლი იყო და ეს მატირებდა. ორი წლის წინ მაინც შევხვედროდით ერთმანეთს. ახლა რა ჯანდაბად გადაიკვეთა ჩვენი გზები ნეტავი?
_შენ აქ რას აკეთებ?_გეგეს ხმა რომ ვიცანი, შევკრთი და ავღელდი, მაგრამ ვითომ ვერ გავიგე და მისკენ არც კი მოვბრუნებულვარ. არ მინდოდა ცრემლი შეემჩნია ჩემს თვალზე.
ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა. თვითონაც ჩემს გვერდით დაჯდა, ფეხზე დაიხადა და მე მომბაძა.
_როგორი ცივი წყალი ყოფილა, არ გცივა?_გაუკვირდა.
ერთი კი შევხედე უსიტყვოდ და ფეხზე წამოდგომა დავაპირე.
ხელი მომკიდა და არ გამიშვა.
_გაწუხებს რამე?_თითქოს ჩურჩულით მკითხა.
_არაფერი. რას მატყობ?_ჯიქურ შევხედე. გამაბრაზა მისმა თითქოს და მზრუნველობამ. ფეხები აუზიდან ამოვყავი და მაინც წამოვდექი.
_მოწყენილი და რაღაცნაირად სევდიანი ჩანხარ..._თვითონაც წამოდგა და ჩემს წინ აისვეტა. ოდნავ მაღალი იყო ჩემზე.
_ყველას სევდის მიზეზს კითხულობ?_ირონიული ღიმილით შევხედე._ყველას დარდი და ბოღმა გაინტერესებს ვითომ?_ნაწყენი ვიყავი მარინეს რომ კოცნიდა და ენას ვეღარ ვიმორჩილებდი._მარინემ არ დაგინახოს მე რომ მელაპარაკები, თორემ პრობლემები შეგექმნება.
პასუხი აღარ დაუბრუნებია. ლამპიონის შუქზე ნათლად ჩანდა, რომ რაღაცნაირი თბილი და საყვარელი ღიმილით მომჩერებოდა. თავგზას მირევდა ეს ბიჭი, მაგრამ ისე ვიყავი გაბრაზებული, სიბრაზის გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი. როგორ გაბედა და როგორ აკოცა იმ ატეხილ და აცვენილ მარინეს? ახლა კი ბედავს და მე მელაპარაკება? მართალია, დავინახე, მარინემ თვითონ მოხვია კისერზე ხელები და რომ იტყვიან ძალათი აკოცა, მაგრამ ისიც დავინახე, რომ ამანაც მოხვია წელზე ხელები და მჭიდროდ მიიკრა მკერდზე. გვიან შევნიშნე, რომ პერანგის ორი ღილი შეხსნილი ქონდა და გადაღეღილი მკერდი მოუჩანდა. წამიერად შევავლე თვალი მის ნახევრად მოშიშვლებულ უზადო სხეულს თვალი და გამაკანკალა. მარინესავით მეც რომ არ ჩამოვკიდებულიყავი კისერზე, მაშინვე შემოვბრუნდი და მოქეიფეებისკენ ავიღე გეზი. მისგან შორს გაქცევა მინდოდა, რომ სისულელე არ ჩამედინა.
ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ჩემს წინ ვეებერთელა შავი ლაბრადორი აისვეტა. შევკრთი. ინსტიქტურად შევტრიალდი და გეგეს შევეჯახე, რომელიც უკან მომყვებოდა თურმე. ცალკე ამხელა ძაღლის დანახვის შიშმა, ცალკე გეგეს მკერდში ჩახუტებამ ისე ამაფორიაქა, წამიერად დამაბნია და მეც მოვხვიე წელზე ხელები. დანარჩენი კი თავისთავად მოხდა. გეგემ ნიკაპზე ამომდო თითები, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. არ ვიცი იქ რა ამოიკითხა, მაგრამ თავდაჯერებულად და თამამად რომ დაიხარა და ჩვენი ტუჩები შეერთდა, თითქოს სამყარო გაჩერდაო. მუხლებში ისეთ სისუსტე ვიგრძენი, დარწმუნებული ვიყავი, ჩახუტებული რომ არ ვყოლოდი, წავიქცეოდი. მისი შავი წვერი სასიამოვნოდ მეღიტინებოდა სახეზე. მისი ტუჩების შეხება სუნთქვას მიგუბებდა და სასიამოვნო ბურანში მახვევდა. მის ძლიერ გულის ფეთქვას ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემი გული ფეთქავდა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ერთ რიტმში გვიცემდა ორივეს. რომ იტყვიან, თავგზა ამირიაო, ზუსტად ასე დამემართა. მარტო თავგზა კი არ ამერია, დამავიწყდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი, რას წარმოვადგენდი. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, გეგეს ათრთოლებული ტუჩები იყო და გულის გამალებული ფეთქვა. ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მართლაც რომ დავფრინავდი ბედნიერების მეცხრე ცაზე...
რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი ეს ეიფორიის შეგრძნება არ ვიცი. მოულოდნელად გამახსენდა, რომ ამ ტუჩებით მარინეს კოცნიდა და სიბრაზისგან სისხლმა ამასხა თავში. გავუძალიანდი, თავი დავაღწიე მის ტუჩებს და მის ძლიერ მკლავებს და ისეთი მადიანი სილა ვუთავაზე, წამიერად შემეცოდა კიდეც.
_შენ მე ვინ გგონივარ?! რამდენს ბედავ?!_არაადამიანური ხმით ვიბღავლე._ახლოს აღარ მომეკარო, თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ. წადი და მარინეს მიხედე...
რომ შევხედე იღიმოდა და შევკრთი. მაშინვე გავაცნობიერე, რომ მარინეს ხსენებით თავი გავეცი. მიყვარდა და მარინეზე ვეჭვიანობდი ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო? ისევ მომიმწყვდია მკლავებში და ისევ მაკოცა. სანამ გავუძალიანდებოდი, თვითონ შემიშვა მალევე ხელი და ერთ ადგილზე გაშეშებული კმაყოფილი ღიმილით დამტოვა. ეზოს წინა ნაწილში უკანმოუხედავად გავიდა.
უარესად გავბრაზდი. უფრო საკუთარ თავზე, რომ სისუსტემ დამძლია და ეჭვიანობის სცენა დავუდგი. როგორ გაუხარდა კი მარინეზე რომ ვიეჭვიანე. თვითონ წვეთი არ დაულევია სიმთვრალეს რომ დავაბრალო მისი ეს სითამამე და გამბედაობა. არა და, უდავო იყო, რომ მოვწონდი და ვუნდოდი, მაგრამ მარინეს გამოჩენის მერე შეიცვალა ჩემდამი დამოკიდებულება. უფრო გამიუცხოვდა თითქოს და გულგრილი გახდა, მაგრამ წეღან?... ისე მოვწონვარ და ვუყვარვარ, თავი ვერ შეიკავა ვითომ? რატო მირევდა თავგზას და რატო მიფორიაქებდა გულს ნეტა, ჩემგან რა უნდოდა, რის მიღწევას ცდილობდა?
წვიმის წვეთებმა გამომაფხიზლა. ცას ავხედე უაზროდ. მერე აუზთან დარჩენილ ჩემს ბასანოჭკებს მივუბრუნდი. გეგეს ფეხსაცმელებიც რომ იქვე ეწყო, მისი კოცნა გამახსენდა ისევ. ტანში საამოდ გამცრა და გული ისევ ამიფორიაქდა. წამიერად გავირინდე. მერე ფეხზე ჩავიცვი და ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე ბუხრის ოთახისკენ, სადაც ისეთი ყაყანი და მხიარული შეძახილებით ამხნევებდნენ თაზოს, რომელიც შალახოს ცეკვავდა და ძირს დადგმული ჭიქის პირით აღებას ცდილობდა, რომ ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია. ერთი თვალის შევლებით შევნიშნე რომ გეგე და მარინე იქ არ იყვნენ და უარესად დავიგრუზე. თუ მე მოვწონდი და ჩემი კოცნა უნდოდა, მარინეს რაღას დასდევდა? ეს მაცოფებდა და მაგიჟებდა ყველაზე მეტად. მართალია, მარინე თვითონ ეკიდებოდა კისერზე, მაგრამ ეს ხომ უყადრიდა თავს? ჩემს ადგილს გაბარაზებული და გაცეცხლებული ისე დავუბრუნდი, არავის უკითხავს სად იყავი ან რატომ ხარ ასე გაბრაზებულიო. კიდევ კარგი, თორემ რა უნდა მეთქვა, გეგეზე და მარინეზე ვეჭვიანობ-მეთქი?
სად იყო სად არა, მარინეც შემოვიდა ოთახში. ცოტა სველი იყო. პირდაპირ ჩემსკენ გამოეშურა.
_სახლში არ წავიდეთ?_კი გამიკვირდა ეს რომ მკითხა, მაგრამ გამიხარდა კიდეც. მეც აღარ მინდოდა უკვე აქ დარჩენა.
_წავიდეთ კი, მაგრამ ამ წვიმაში?_გარეთ რომ გავიხედე კარგად წვიმდა უკვე.
_მიხას უთხარი და წაგვიყვანოს რაა. ბევრი მომივიდა დალევა და რაღაც ვერ ვარ კარგად.
_მიხამ მგონი დალია და თამთას ვეტყვი, მასაც აქვს მართვის მოწმობა.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ შოკაც მოვიდა.
_გოგოებო არ წავიდეთ, გვიანია უკვე...
_წავიდეთ კი, მაგრამ ვინ უნდა წაგვიყვანოს?
_წეღან გეგეს ვუთხარი და მანქანაში გველოდება.
გეგეს ხსენებაზე გული შემიქანდა. შევატყე, არც მარინეს ესიამოვნა, მაგრამ რახან მანქანაში გველოდებოდა უკვე, მეტი გზა არ გვქონდა და გავედით. მარინე დილანდელივით წინ აღარ ჩაჯდომია გეგეს და გამიკვირდა. რაღაც მოხდა ამათ შორის და ამიტომ ერიდებოდა ალბათ უკვე. მაგრამ ასე უცებ რა უნდა მომხდარიყო ვითომ? უხმოდ ვიმგზავრეთ. მარინეს მინა ქონდა ჩაწეული და გრილ სიოს უშვერდა შუბლს. მართლა ცუდად იყო ეტყობოდა. ადგილზე რომ მივედით და მანქანიდან გადმოვედით, უკანმოუხედავად მივუგდე გეგეს მოყვანისთვის მადლობა, მარინეს ხელი გადავხვიე და ეზოში შევარბენინე. ეზოში შესვლისთანავე აღებინა და ცოტას გადავრჩი, რომ არ დამსვარა.
_ნეტა გეგემ ხომ არ დამინახა?_პატარა ბავშვივით ასლუკუნდა._რა ჯანდაბამ დამალევინა ამდენი? ვაი სირცხვილო... როგორღა შევხედო თვალებში?
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ქალს სირცხვილის გრძნობა ქონია და მე კიდევ ვიფიქრე, რომ რამე მოხდა მათ შორის... ჭიქით წყალი გამოვუტანე გახარებულმა, პირი მოვაბანინე მულს და ხელისხელით მივაცილე თავის ოთახამდე. ჩემს დედამთილს არაფერი გაუგია. თუმცა, რომც გაეგო მე ხომ არ ვიყავი მთვრალი რომ ეჩხუბა? დასაძინებლად რომ დავწექი, ვერა და ვერ დავიძინე. კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. ისევ და ისევ მის კოცნაზე ვფიქრობდი. ღმერთო, რა სასიამოვნო და რა სასწაული რამ ყოფილა გრძნობით სავსე კოცნა... შევცოდე კი, მაგრამ ეს ცოდვა მართლაც რომ სასწაულად სასიამოვნო იყო.
რომ ვერ დავიძინე, ფეისბუქში შევძვერი ჩემი საიდუმლო პროფილით და მისი პირადი გვერდი მოვიძიე. გეგე ორსგანის ძიება დიდად არ გამჭირვებია, ერთადერთი იყო და მზის ჩასვლის ფოტო ედო მთავარზე წარწერით "ამბობენ, სიკვდილი მზის ჩასვლას გავსო. თუმცა, მზის ჩასვლაც შეიძლება ისეთი დიდებული სანახავი იყოს, მის სანახავად ხალხი გაჩერდეს." ერთხანს გაოგნებული ვათვალიერებდი მის მშვენიერ პეიზაჟებს. არაჩვეულებრივი ფოტოები ქონდა გადაღებული. თავისი არც ერთი არ ედო. მეგობრობა გავუგზავნე და ჩემდა გასაოცრად მალევე დამეთანხმა. დავიჯერო მიხვდა, რომ მე ვიყავი, თუ უბრალოდ ყველას იმატებდა?
ფოტოები შევუფასე და კომენტარიც დავუწერე, "არაჩვეულებრივი ფოტოებია, რაც ფოტოგრაფის ნიჭიერებაზე მეტყველებს." მაშინვე მომწერა პასუხი "მადლობა ლამაზო". გამეცინა, საკუთარი ფოტო არ მედო და რა იცოდა როგორი ვიყავი? აღარაფერი მიმიწერია. უბრალოდ, მის გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებდი და ვუწონებდი. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი ბრძანდებოდა ჩვენი გეგე. აღიარებულიც ყოფილა, ათასობით მეგობარი და გამომწერი ყავდა. ფოტოებიც ჩემნაირად ბევრს ქონდა მოწონებული. მისი ფოტო რომ ვერსად ვნახე, ცოტა კი მეწყინა, მაგრამ ისეთი აღფრთოვანებული ვათვალიერებდი მის პროფილს, ლამის თავზე დამათენდა.
მთელი ღამე წვიმდა და დილით სამუშაოდ ვეღარ წავედით. მარინე ისეთი ნაბახუსევი იყო, თავს ვერ ეწეოდა საწოლიდან. მაგისთანა დალევას რა აზრი ქონდა ნეტა? გეგეს რომ აკოცა, იქნებ აღარც კი ახსოვდა და რისთვის შეირცხვინა თავი?
_რა გესიამოვნება ძვირფასო, რა მოგიტანო?_თავს დასთათანებდა შეწუხებული მამიდა.
_არაფერი არ მინდა, თავი დამანებე რა, გთხოვ. გამოვიძინებ და მიშველის.
_კიტრის მჟავე არ გესიამოვნება, არ გინდა?_მაინც არ ისვენებდა ჩემი დედამთილი.
_კარგი რა, მამიდა, თავი დამანებე, გთხოვ. დაძინება მაცალე რაა.
მე მხოლოდ ერთხელ მოვინახულე ნაბახუსევი მული და მალევე დავტოვე. ეს დღეები სახლში რომ აღარ ვიყავი, დიდძალი საქმე მქონდა დაქუჩებული. ხო და წვიმის მიუხედავად მაინც ვცქრიალებდი. ყურებში ყურსასმენები მქონდა მორგებული, რომ ნელის ან მისი ნაბახუსევი ძმიშვილის უაზრო ლაპარაკი არ გამეგო და ენერგიულად და ხალისითაც კი ვსაქმობდი. სიმართლე რომ ვთქვა, წუხანდელ გეგეს კოცნაზე ვფიქრობდი თან. უფრო იმიტომაც ვიყავი კარგ ხასიათზე. ზოგადად, წვიმა და ცუდი ამინდი არ მიყვარს, გუნება-განწყობას მიფუჭებს ხოლმე, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევა იყო. თითქოს ისევ ნათლად ვგრძნობდი მისი მთრთოლვარე ტუჩების შეხებას და გული გამალებით მიცემდა. ვითომ, ჩემი მადიანი გაწნული სილის მერე კიდევ გამიბედავდა ოდესმე კოცნას? თუმცა ამას რაღად უნდოდა კითხვა? გავარტყი და მეორედ მაშინვე მაკოცა და დრო რომ გავიდოდა, მაშინ რაღას იზავდა?
შუადღის მერე წვიმამ გადაიღო და მზემაც გამოაჭყიტა. მართალია ცოტახნით, მაგრამ მაინც რომ გამოიდარა, ეგეც კარგი იყო. საღამოს ბრიგადირმა დამირეკა.
_კატო, ძვირფასო, ამაღამ თუ აღარაფერი მოვიდა, იცოდე დილაზე ვმუშაობთ. ხომ წამოხვალთ შენ და მარინე?
_მე კი, მაგრამ მარინესი რა გითხრა არ ვიცი. დღეს ისე ცუდადაა, ბალიშიდან თავი არ აუწევია._გამეცინა.
_თუ დალევის შნო არ ქონდა, რაღას ვარდებოდა ბურნასავით?_ვახომაც გადაიხარხარა თავისებურად._იქნებ უწამლო რამე ჯიგარო, მუშახელი გვჭირდება ხვალ, საფერავი უნდა დავკრიფოთ, თხუთმეტი ტონა მაინც გამოვა და დაკრეფა ხომ უნდა არა? იქნებ შენი პლორწია დედამთილიც წამოვიდეს.
_არვიცი. პირს ვუკითხავ და ამაღამ მოგწერ.
_კაი, ჯიგრი. დროებით აბა._ დამემშვიდობა ვახო და ტელეფონი გამითიშა.
_ ვინ იყო?_ეჭვით მკითხა ჩემმა დედამთილმა, რომელიც ისე უხმოდ მომპარვოდა ზურგიდან, ვერაფერი გავიგე და შევკრთი.
_ვახო იყო, ხვალ საფერავს დავკრეფავთ, თუ წვიმა აღარ მოვიდა და შენზე მითხრა, იქნებ ეგეც წამოვიდესო.
_ფული კი მართლა ძალიან მჭირდება, მაგრამ არ ვიცი შევძლებ?_უცბად მოისაწყლა თავი.
ცხრა უცხოს რომ მოესმინა, მომაკვდავი ეგონებოდა. არა და ჩემზე მეტი ჯანიც ქონდა და ენერგიაც, ოღონდ იცოდა სად და როდის დაეხარჯა.
ღამით აღარ უწვიმია. გამიხარდა, რომ ხვალ ისევ ვნახავდი გეგეს, თუმცა როგორ შევხვდებოდი ან თვითონ როგორ შემხვდებოდა არ ვიცოდი. ღამით კი ისევ ჩემი საიდუმლო პროფილით ვათვალიერე. ახალი ფოტოები ქონდა დამატებული ნაწვიმარი ბუნებისა. ისეთი კუთხით და რაკურსით იღებდა, არაჩვეულებრივი გამოდიოდა უბრალო პეიზაჟებიც კი. სულმა წამძლია და პირადში მივწერე: _"ასეთი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფის პირადად გაცნობის დიდი სურვილი მაქვს და იქნებ საკუთარი ფოტო დაგედოთ?"
მალევე მომწერა ზრდილობიანი უარი.
_"ამ ახლო მომავალში ჩემს გეგმებში რომანის გაბმა არ მაქვს დაგეგმილი."
მეწყინა. თანაც როგორ.
_"არც მე. უბრალოდ, დიდებული ფოტოგრაფის ნახვის სურვილი მქონდა. დიდი ბოდიშით."_გაბრაზებულმა მივწერე.
_"საბოდიშო არაფერია. დრო მოვა ყველას გავაცნობ თავს."
ვინანე, რომ ინიციატივა გამოვიჩინე და რაღაც სისულელეები მივწერე. მექალთანე აშკარად არ იყო. მართალია ჩემი ფოტო არ მედო და არ იცოდა ვინ ვიყავი და როგორი ვიყავი, არც გავუგზავნიდი, რომც ეთხოვა, მაგრამ ცივი უარი რომ მტკიცა გაცნობაზე, ძალიან მეწყინა. მასე მე უნდა მოვქცეოდი, მაგრამ რომ დამასწრო, გამებრაზა. მეგობრობიდან არ ამომიშლია, მაგრამ გადავწყვიტე, ყურადღება აღარ მიმექცია მისთვის. უბრალოდ თვალყური მედევნებინა მისი ფოტოებისთვის და აღარც კი მომეწონებინა.
დილით რთველში მარტო მე წავედი. მარინე ისევ "პახმელია"იყო ასე რომ ვთქვათ, ნელი კი ცუდად და არ შეეძლო მუშაობა. ჩემთვის უკეთესიც კი იყო. დილით ადრე წავედით, ჯერ მზე არ იყო ამოსული. მუშები ცოტანი ვიყავით და რომ მოგვესწრო დაკრეფა მიტომ წამოვედით ასე ადრე. გეგეც მალევე მოვიდა. ყველას მოგვესალმა, მაგრამ მხოლოდ მე მიყურებდა რატომღაც ისევ ისეთი მზერით, თავდაპირველად რომ მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი კი შევხედე "გაბრაზებულმა" და შოკასთან ერთად დავდექი ყურძნის საკრეფად. გეგე, როგორც ვივარაუდე, ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. ნეტა, მარინე რომ აქ ყოფილიყო, მაშინაც ასე დამიწყებდა დაჟინებით ყურებას და ჩემს სიახლოვეს იტრიალებდა?
რვა საათი რომ დაიწყო და მზე ამოიწვერა გორებიდან, ისეთი დიდებული სანახავი იყო, ტელეფონი მოვიმარჯვე და ნაფლეთ-ნაფლეთებად ქცეული ღრუბლებიდან ამომავალ მზეს და მის ალისფერ სხივებს რამოდენიმე ფოტო გადავუღე. ერთ-ერთი მაინც გამოვიდოდა ლამაზი. არც კი დამითვალიერებია, მაშინვე ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და საქმე განვაგრძე.
მუშები ცოტანი ვიყავით და გვიანობამდე მოგვიწია ყურძნის კრეფა. დაგვიღამდა და ტელეფონის ფარნის შუქებზე ვკრიფედ. მიხამ ათი ლარები წაგვიმატა ყველას გვიანობამდე მუშაობისთვის. მე და შოკა კი გეგემ წამოგვიყვანა სახლში. შოკასთან ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ცალკე შოკამ და ცალკე გეგემ არ გადამიშვეს მანქანიდან.
_გაგიჟდი გოგო, ამ სიბნელეში მარტომ უნდა იარო ფეხით? გეგე მიგიყვანს სახლამდე.
_მიხა რომ გაიგებს, ჩემი მუშა შუა გზაში მიატოვეო, მეჩხუბება._გაეცინა._იყავი, მაინც იქით უნდა გავიარო და მიგიყვან.
ლამარას ძაღლებისა შემეშინდა ორღობეში რომ დაძრწოდნენ ხოლმე, თორემ მართლა არ ვაპირებდი მის მანქანაში მარტო დარჩენას. ჩვენს ჭიშკართან რომ მიმიყვანა, შემომიბრუნდა.
_გაბრაზებული ხარ ჩემზე, არც გამტყუნებ. ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა.
არაფერი მითქვია. უხმოდ გადავედი მანქანიდან და გაგულისებულმა ცოტა ძლიერად მივუჯახუნე კარი. გავიგე რომ ჩაეცინა და უფრო გავბრაზდი. ახლა ქუჩის კარები მივუჯახუნე გამწარებულმა. სანამ შუა ეზომდე არ მივედი, მანამ არ დაძრა მანქანა ადგილიდან. დღეს ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად ვგრძნობდი, რომ მოვწონდი და ვაღელვებდი. მეც კი მაღელვებდა, მაგრამ რომ მახსენდებოდა მარინეს როგორ კოცნიდა, გიჟს ვგავდი უკვე.
ჩემი დედამთილი კარებშივე შემეგება.
_სად იყავი აქამდე?_ეჭვით მკითხა.
_მორჩენაზე ვიყავით და ფარნების შუქზე ვკრიფეთ. ძალიან დავიღალე, მე პური არ მშია, წავალ დავიძინებ, რომ დილით ისევ ადრე ვარ ასადგომი.
შევატყე არ ესიამოვნა, თან ეჭვიც უფრო გაუმძაფრდა, მაგრამ თქმით მართლა არ უთქვია არაფერი. პირად ჰიგიენას მივხედე და მართალია მაშინვე არ დამიძინია, მაგრამ მაინც დავწექი. პირველ რიგში ამ დილით გადაღებული ჩემი ფოტოები დავათვალიერე. ერთ-ერთი, რომელიც მართლაც ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი იყო, ჩემს საიდუმლო პროფილზე ავტვირთე. "თვალი გაქვს ადამიანს შეჩვეული, თორემ მზის ამოსვლა ხომ დიდებული სასწაულია?"_თან ეს მივაწერე. ცოტა ხანში გეგემ მოიწონა ჩემი ფოტო. მერე პირადშიც მომწერა:
_"საღამომშვიდობის. ეს ფოტო თქვენი გადაღებულია?"
_"კი."_მოკლე პასუხი დავუბრუნე.
"_მართლა?"
_"რატო გიკვირთ? არ შეიძლება მეც ვიცოდე მშვენიერი ფოტოების გადაღება?"
_"რატომაც არა? მაგრამ ხომ შეიძლება ვისიმე ფოტო გქონდეთ ინტერნეტიდან აღებული? მე ძალიან ვაფასებ ფოტოხელოვნებას. მართლაც არაჩვეულებრივი ფოტოა. თუ მართლა თქვენი გადაღებულია, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, თქვენგან დიდი ფოტოგრაფი დადგება."
მესიამოვნა მისი კომპლიმენტი. თანაც, ის გამიხარდა, რომ გამომელაპარაკა. წუხელ ძალიან ცივად მომიშორა და ახლა თვითონ ცდილობდა ჩემთან დიალოგის გაბმას.
_"პირადად დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით."
_"დიდი ბოდიშით, მაგრამ ჩემს სამომავლო გეგმებში არავის გაცნობის სურვილი არ მაქვს."_ახლა მე მოვიშორე თავიდან.
გაცინებული სმაილები მომწერა. მეც კი გამეცინა, მაგრამ არაფერი აღარ მიმიწერია.
_"თქვენს შესახებ ერთი-ორი სიტყვით რომ მომიყვეთ რამე არ გინდათ?"
_"არა."_ ახლა მე მივწერე ცივი და კატეგორიული უარი.
ისევ გაცინებული სმაილები მომწერა.
_"გეტყობა გუშინდელისთვის მიხდით სამაგიეროს?"
_"ვითომ რატომ უნდა გიხდიდე სამაგიეროს?"_"გავიკვირვე."
_"რავიცი, გუშინ მე არ მოვისურვე თქვენი გაცნობა და..."
_"და იფიქრე, რომ მეწყინა?"_ახლა მე მივწერე გაცინებული სმაილები.
_"სიმართლე გითხრათ, კი"
_"იმედები უნდა გაგიცრუო, არანაირი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია შენი უარისთვის."
_"მე კი, წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ მართლა გავიცნობთ პირისპირ ერთმანეთს."
_"ტყუილად ნუ გექნება მაგის იმედი."
ერთხანს აღარაფერი მოუწერია. შეიძლება ვინმემ დაურეკა და წერისთვის აღარ ეცალა. ის იყო, უნდა გამოვსულიყავი კიდეც ჩემი საიტიდან, რომ ისევ მომწერა.
_"გინდა შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი შეგიდგინო?"_შენობით მომართვაზე გადმოვიდა მოულოდნელად.
_"?????"
_გასათხოვარი ხარ... ან, გათხოვილი, მაგრამ ქმარი არ გყავს გვერდით. არც შვილები გყავს..."
_"მასე რატომ ფიქრობ ვითომ?"_გამიკვირდა.
_"ამ დროს ქმრის გვერდით რომ იწვე, ინტერნეტისთვის გეცლება ვითომ?. აქედან დასკვნა, რომ ქმარი გვერდით არ გყავს. შვილები რომ გყავდეს, არც შვილები დაგაცდიდნენ რამეს."
_"ცდები, ქმარიც გვერდით მყავს და შვილებიც!"_გაგულისებულმა მივწერე და მაშინვე გავთიშე ტელეფონი, რომ აღარაფერი მიმეწერა მისთვის და დაძინებას შევეცადე, თუმცა ვერ დავიძინე. ჩემს ტელეფონს შორიდან შევყურებდი ციცასავით. თავს ვაიძულებდი, რომ სულს არ წაეძლია და ისევ ხელში არ ამეღო. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც შეცდომას დავუშვებდი და თავს გავთქვამდი. ან, იქნებ უკვე შემეშალა რამე და იცოდა კიდეც ვინ ვიყავი? ამის გაფიქრებაზე გამაჟრიალა. არამც და არამც არ უნდა გაეგო გეგეს, რომ "უცნობი ქალის"უკან მე ვიმალებოდი.
დილით გამოუძინებელი წავედი სამუშაოდ. მარინეც რომ დამემგზავრა, არ გამხარებია. თითქოს ჩემად ვთვლიდი უკვე გეგეს და ჩვენს შორის მესამე პირის არსებობა საშინლად მაღიზიანებდა და მაეჭვიანებდა. მთელი გზა, სანამ ადგილამდე მივიდოდით, გაცოფებული ვიყავი, თუმცა სულ ტყუილად. გეგე არ მოვიდა დღეს და ძალიან გამიხარდა.ისეთ ხასიათზე ვიყავი, გინდ თაზოს და გინდ ვახოს უკბილო ხუმრობებზეც კი გულიანად ვიცინოდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ მარინე ვეღარ ეკეკლუცებოდა ჩემად დაგულებულ გეგეს.
შესვენებაზე პურის საჭმელად რომ დავსხედით და შუა ნადიმში ვიყავით, დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ინსტიქტურად რომ ავიხედე, მის თვალებს წავაწყდი. გული დამფრთხალი ჩიტივით ამიფრთხიალდა საგულეში. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, გამიღიმა. უარესად ამიფრთხიალდა გული. ძლივს შევძელი საპასუხო ღიმილისგან თავის შეკავება. სახეზე ალმური მომედო. პირველი შეხვედრიდან რა თვალებითაც მიმზერდა, ახლაც ზუსტად იგივე მზერა ქონდა, ასე რომ მაბნევდა და მაფორიაქებდა. ნეტავ რა შეიცვალა ან მაშინ, ასე რომ გაუცხოვდა და საშინლად მაეჭვიანებდა და ან ეხლა?
ჩემს მერე მიხამ შენიშნა.
_ვაა, ადამიანო, მოხვედი?
მარინე ზურგით იჯდა და მიხას სიტყვებზე მაშინვე მიბრუნდა. აშკარად გაუხარდა გეგეს გამოჩენა. შეიძლება ჩემზე მეტადაც კი. ალბათ, ის სირცხვილი, სიმთვრალით რომ იყო გამოწვეული, უკვე გამქრალიყო და ძველებური მარინე იჯდა ჩემს წინ უკვე.
_რაო, რა ქენი აბა?_მახო ფეხზე წამოდგა, ცოტა მიიწ-მოიწიეს მუშებმა და ახალი შემოსწრებულიც ჩასვეს მიხას გვერდით.
_პირველ რიგში გამარჯობა მშრომელებო._ოდნავშესამჩნევი ღიმილით მოგვესალმა._ვნახე. მომეწონა, გაფუჭებული არ არის, მაგრამ დაშურება უნდა. ხვალისთვის მოვურიგდი.
_არ არის პრობლემა. მე ხვალ არაფერს ვკრეფ და შეგიძლია ჩემი მუშები წაიყვანო.
წაიყვანოვო? ისევ გეგემ უნდა წაგვიყვანოს?
_ყველა დამჭირდება, ხუთი ტონა მაინც მინდა რომ ვიყიდო და თუ გცალიათ, შეგიძლიათ ჩემთან წამოხვიდეთ?
ყველას კი კითხა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი წასვლა-არ წასვლა ადარდებდა ყველაზე მეტად. ხო და მეც ჯიბრზე არაფერი ვუთხარი. ყველა სიხარულით დასთანხმდა ჩემს გარდა. შევატყე როგორ დაიძაბა. თითქოს შემეცოდა კიდეც, მაგრამ მაინც არ გავეცი პასუხი.
_შენ არ წამოხვალ?_შოკამ მუჯლუგუნი წამკრა.
რატომღაც გეგეს შევხედე, რომელიც ისევ მე მომჩერებოდა ინტერესით.
_არ ვიცი, არ მგონია._ისე ვთქვი, თვალი არ მომიშორებია გეგესთვის, რომელსაც აშკარად შეეცვალა სახე.
_რა საქმე გაქვს ამისთანა, რომ ვერ წამოხვალ? ერთი კვირ და დასრულდება კიდეც რთვლები. მერე დაჯექი და ინატრე, როდის დაგვეწყება სამუშაოები, რომ ერთი დღით მაინც გავიდე სადმეო.
საქმე კი არაფერი მქონდა, წასვლაც ძალიან მინდოდა, მაგრამ გეგეს დასჯა მინდოდა გათხოვილ ქალს კოცნა რომ გამიბედა. უნდა ვაღიარო, რომ გამომივიდა კიდეც...
_კატო, მხარი არ მოგვტეხო იცოდე._ვახომ ცალკე ამოიღო ხმა.
_ეს ერთი ადამიანი გიწყვეტავთ საქმეს?_ვითომ გავიოცე.
_ერთი ხარ და სამს უდრი, არ იცი შენ?_თაზომ ცალკე შემაგულიანა.
ყველა რომ მე მომაჩერდა, ცოტა დავიბენი.
_თუ შენ არ წახვალ, არც მე წავალ._მარინემ ვითომ მიჩურჩულა, მაგრამ ისეთი სიჩუმე იყო, ყველამ გაიგო.
_ჰა, კატოჯან, პასუხს ველით და რაღა თქმა უნდა დადებითი უნდა იყოს._ვახომ ჭიქა ცივი ლიმონათით შემივსო და გადმომაწოდა.
თავის დაფასებაც აღარ გამოდიოდა. ცოტა ყოყმანის შემდეგ ჭიქაც გამოვართვი და თანხმობაც განვაცხადე, კარგი, წამოვალ-მეთქი. დავინახე როგორ შვებით ამოისუნთქა გეგემ და კმაყოფილს ოდნავ გაეღიმა კიდეც.
შესვენებიდან რომ ავიშალენით და ისევ საქმეს დავუბრუნდით, მარინემ თავისებური "ხურხური" დაუწყო გეგეს. გეგე კი ზრდილობიანად იშორებდა მიძალებულ ქალს და მე ეს ძალიან მიხარებდა გულს. მაგრამ მარინე რის მარინე იყო ასე ადვილად დაეყარა ფარ-ხმალი? თუმცა, გეგეც კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და წინანდელივით აღარ უყადრიდა თავს.
ნეტა რა შეიცვალა? მისი გაცნობის დღიდან მე აღარ მაქცევდა ყურადღებას და სულ მარინეზე იყო გადართული. სანამ ეჭვიანობით არ გამხეთქა შუაზე, მანამ არ მოისვენა და ახლა რა მოხდა ვითომ? დავიჯერო, ჩემი კოცნა მოეწონა? მაგრამ, მე ხომ გათხოვილი ვარ? მერე რა, თუ ქმარი გვერდით არ მყავს, როცა იქნება ხომ გამოვა და ისევ ერთად ვიქნებით? ღირს კი უბრალო კოცნისა და სექსის გამო ოჯახის დანგრევა და ხალხის ალაპარაკება?.. მერე რა, ხელი რომ არ გვაქვს მოწერილი და არც ჯვარდაწერილები ვართ, ხომ ჩემ ქმრად ითვლება მოღალატე ვაჟიკო?.. მაგრამ უბრალო კოცნა რომ არ ყოფილა? მისი ტუჩების შეხების გახსენებაზე ისევ გამიჩერდა გული. ნათლადაც კი ვიგრძენი თითქოს და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა... ღირდა კი მოღალატე ვაჟიკოს წლობით ლოდინი და მისი ერთგულება? ჩემს თავში ორი პიროვნება სახლობდა უკვე და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა. ერთს ვაჟიკოს ერთგულება ეწადა, მეორეს კი გეგესთან უნდოდა და სულ არ ადარდებდა ციხის საკანში გამომწყვდეული მოღალატე ქმარი.
*********************
მეორე დღეს ვითომ არ მინდოდა წასვლა, მაგრამ დიდი შინაგანი მღელვარებითა და სიხარულით წავედი გეგეს ყურძნის დასაკრეფად მეზობელ სოფელში. ისევ მანავის მწვანეს ვკრეფდით. გეგე იმდენად არ შემოდიოდა ვენახში, ყურძენს ყუთებში რომ ყრიდნენ, იქ აკონტროლებდა მის ხარისხს და წონას. ერთი კი გაგვაფრთხილა, ძალიან გაფუჭებული და დამპალი ყურძენი არ დამიკრიფოთო და იმედიანად დაგვტოვა. უფროსის ძმაკაცს როგორ ვუღალატებდით და ჩვენც ჩხიმლებს და დამპალ ყურძენს არ ვუკრეფდით.
შესვენებაზე ვენახის მეპატრონემ მწვადები ააშიშხინა და გემრიელად გვაქეიფა. თავისი დაყენებული მანავის მწვანე ქალებსაც კი გაგვასინჯა თითო ჭიქით. მართლაც არომატული დასალევი იყო. მარინემ მაშინდელივით გაუბერა და ოთხი თუ ხუთი ჭიქა მაინც დალია. ჩემი ჩურჩულით ნათქვამი შენიშვნა არაფრად ჩააგდო და ღვინო რომ მოეკიდა, უარესად აეტორღიალა გეგეს. გეგე სუფრასთან ნაძალადევი ღიმილით იგერიებდა. მერე კი საერთოდ ადგა და გაერიდა მარინეს. მარინემ ერთხანს იწრიალა და ბოლოს ისიც ადგა. იმ მიმართულებით გაეშურა, სადაც გეგე წავიდა. მომეშალა კი ნერვები და გავბრაზდი კიდეც მულზე, მაგრამ რას ვიზავდი? თუმცა, მალევე დაბრუნდა გეგე სუფრასთან. მისი დაჟინებული მზერა კი ვიგრძენი, მაგრამ არ შემიხედია. არა და ერთი სული მწონდა მის თვალებში ჩამეხედა და იქ ამომეკითხა ყველაფერი, რას ფიქრობდა ან მარინეზე და ან ჩემზე.
გვიანობამდე არ მოგვიწია მუშაობა, ექვსი ტონა ყურძენი დროზე ადრე დავუკრიფეთ და სანამ გეგე მიიწონიდა, ჩვენ მიხამ წამოგვიყვა სახლებში. მარინე გზაში ცუდად გაგვიხდა და ცოტა ხნით შეჩერება მოგვიწია. ისევ აღებინა. შოკაც ჩემთან ერთად ჩამოვიდა მანქანიდან და მეხმარებოდა მარინეს გამობრუნებაში.
_რა თავს იხრჩობ ამ სასმელში ნეტა?_თან ავი დედამთილივით ქოთქოთებდა._თუ დალევის არ გაქვს, რას ეძალები? არ გრცხვენია ახლა ყველა რომ შენ გიყურებს?
_ბოდიშით, მეტს მართლა აღარ ვიზავ. ესეც მაპატიეთ რაა._პატარა ბავშვივით სლუკუნებდა მარინე.
მომეჩვენა, რომ გულწრფელი იყო. შემეცოდა კიდეც. უფრო იმიტომ, რომ სახლში მისულებმა მამიდას კალთაში ჩარგო თავი და გულიანად ასლუკუნდა.
_ასე მითხრა, სხვა მყავსო... არავის და არაფრის გამო არ მინდა მისი დაკარგვა, რადგან საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი მიყვარსო... რატომ ვარ ასეთი უბედური მამიდა?.. რა უიღბლო ვარსკვლავზე ვყოფილვარ გაჩენილი?.. ასეთი უშნო ვარ, რომ ჩემი მოწონებული ბიჭი ჩემზე უარს ამბობს?..._ისე მოთქვამდა მარინე, თითქოს მიცვალებული ესვენა წინ.
"სხვა მყავსო?"_მწარედ გამიელვა მეც თავში. თუ სხვა ყავდა, მე რაღას მირევდა თავ-გზას თავისი დაჟინებული მზერითა და სასიამოვნო კოცნით? სიცოცხლეზე მეტადაც კი მიყვარსო? ვინ არის ნეტა ის ბედნიერი? არავის და არაფრის გამო არ მინდა მისი დაკარგვაო? აი, რას ქვია ნამდვილი სიყვარული. ცოლი იქნება. ალბათ ახალი დაოჯახებულია. რატო მიკვირს ვითომ? ასეთი მშვენიერი, ზრდილობიანი, წესიერი და მშრომელი ბიჭი თავისუფალი რატო იქნებოდა ვითომ? რისი იმედი მქონდა ნეტა? მეც ხომ დაკავებული ქალი ვიყავი და არ მქონდა მასზე ფიქრის უფლება?
ღამე ისე დავწექი და დავიძინე, რომ, ჩემს ფარულ საიტზე აღარ შევსულვარ. მივხვდი, რომ ზედმეტები მომდიოდა უკვე და სანამ სერიოზულ შეცდომას დავუშვებდი, უნდა მეკონტროლებინა თავი.
მხოლოდ ორი საათი მეძინა. მერე კი რომ გამეღვიძა ვეღარა და ვეღარ დავიძინე. ჩემს სურვილებს და ჩემს თავში ჩაბუდებულ მეორე მეს მტკიცედ ვებრძოდი, მაგრამ ბოლოს მაინც დავმარცხდი. "უცნობი ქალის"პროფილზე შევედი თუ არა, გეგეს მოწერილიც დამხვდა.
_"საღამომშვიდობისა. როგორ ხარ? დღემ როგორ ჩაიარა? ქმარ-შვილი ხომ არ გაბრაზებდა?"
_"სულაც არა. ვითომ რატომ უნდა მაბრაზებდნენ?"
_"ისე ვიკითხე. შენი გადაღებული ფოტოები აღარ აგიტვირთია და ვიფიქრე აღარ მოგასვენეს."
_"არასწორად გიფიქრია. უბროდ მუზამ მიმატოვა."
_"ხოო, მუზა ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელოვანი ადამიანისთვის. ???? ახლა, ჩემი ფანჯრიდან მშვენიერი სავსე მთვარე ჩანს. დიდებულია. შენთან რა ხდება?"
ფანჯრიდან რომ გავიხედე, მართლაც მშვენიერი სავსე მთვარე ჩანდა. ფოტო გადავიღე, ცოტა ფოტოშოპითაც დავამუშავე და გადავუგზავნე.
_"???? მშვენიერია._მომიწონა._ტყუილად არ მომიქცევია შენთვის ყურადღება. დიდებული ფოტოგრაფი ხარ. თუმცა, ცოტა შესწავლა არ გაწყენდა და საქართველოს მართლაც მშვენიერი ფოტოხელოვანი ეყოლება შენი სახით ახლო მომავალში."
მესიამოვნა მისი შექება. ტელეფონში ჩემი გადაღებული ძველი ფოტოებიც ამოვქექე და ისინიც გავუგზავნე. ერთ-ერთი ფოტო ლაჟვარდოვან ცაზე გულის ფორმის ღრუბელისთვის მქონდა გადაღებული. ყველაზე მეტად ის მოეწონა.
_"გეტყობა, რომანტიკოსიც ხარ... რამდენი შვილი გყავს?"
ეს კითხვა ისეთი მოულოდნელი იყო, დავიბენი. ერთხანს ვერაფერი მივწერე. მერე კი, ჩემი ოცნება რაც მქონდა ის მივწერე.
_"სამი. ორი ბიჭი და ერთიც გოგო."
_"მშვენიერია. უნდა ითქვას მრავალშვილიანი გმირი დედა ხარ. ღმერთმა ჯანმრთელები გიმყოფოს."
_"მადლობა... შენ?"
_"მე? მე უცოლშვილო ვარ."
_ "რამდენი წლის ხარ?"_დავინტერესდი.
_"27."
_"დავიჯერო, ამ ოცდაშვიდი წლის მანძილზე არავინ შეგხვედრია, ვინც გულს აგიფორიაქებდა?"
_"სიმართლე რომ გითხრა კი, იყო მასეთი შემთხვევა, მაგრამ..."
_"რა მაგრამ?"
_"სამწუხაროდ, დავაგვიანე ☹️"
_"უი, ცუდია."
_"თანაც როგორი ცუდი, შენ ხომ ვერ წარმოიდგენ?"
აკი სხვა მყავს და მისი დაკარგვა არ მინდაო?_გამიელვა თავში. დავიჯერო მატყუებს? თუ მარინეს მოატყუა, რომ თავი დაენებებინა? ან, ვის შეხვდა დაგვიანებულზე ნეტა?
ბევრი რამ მაინტერესებდა მის შესახებ, მაგრამ აღარაფერი მიმიწერია. აღარც მან მომწერა. ალბათ, მე მელოდებოდა, თუ რამეს მივწერდი, თვითონაც მომწერდა. ცუდი ბიჭი მართლა არ იყო. არც მექალთანეობისა ეტყობოდა რამე. თავისუფალი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან, მაგრამ... მისი არ იყოს, დაგვიანებულზე შევხვდით ერთმანეთს...
მთელი ღამე მასზე ფიქრსა და ოცნებაში გავატარე. მისი კოცნის სიამოვნებას ცხადად ვგრძნობდი ისევ და გული საამოდ მიცემდა. ეს ფარული ურთიერთობაც მაკმაყოფილებდა ამ ეტაპზე. მის შესახებ ნელ-ნელა ბევრ რამეს ვგებულობდი. დღისით, როგორც კატო, უკარებას ვთამაშობდი მასთან. საღამოობით კი "უცნობი ქალის" პროფილით ვეკონტაქტებოდი და საათობით ვწერდით ერთმანეთს. კარგი იყო, რომ არ იცოდა ვინ ვიყავი. ამდენს ხომ ვერ გავუბედავდი? ყველაზე მეტად ის მომწონდა მასში და ცოტა მაოცებდა კიდეც, რომ არასდროს უცდია ჩემთან ვიდეოზარით დარეკვა. არც ფოტო მოუთხოვია ჩემი, გადმომიგზავნეო. მოგვწონდა ასეთი ურთიერთობა და ერთმანეთს სულიერად კარგად ვეცნობოდით.
ერთხელ, ვენახში მუშაობისას, ლერწს წამოვედე და წავბარბაცდი. გეგე ჩემს სიახლოვეს იყო და ისე ოსტატურად შემაშველა მკლავები, წაქცევისგან მიხსნა. იმდენი მუშის თანდასწრებით შემრცხვა, მაგრამ ისე ამიფორიაქა გული, სიამოვნებით გავისუსე მის ძლიერ მკლავებში.
_"სიყვარული ვენახში"ფილმს იღებთ თქვენ თუ რაშია თქვენი საქმე?_თაზომ დაგვინახა თუ არა, მაშინვე წაგვიბოლა.
_ხო თაზო და შენ რეჟისორი იყავი არ გინდა?_ვახომ თავისებურად გულიანად გადაიხარხარა.
_ბოდიში._დარცხვენილმა და სახეაწითლებულმა გავინთავისუფლე თავი მისი მკლავებიდან.
ისეთი თვალებით მიმზერდა, თანაც ოდნავშესამჩნევი ღიმილით, რომ უარესად მაფორიაქებდა. შესვენებამდე ძალიან რომ ჩამოცხა, მიხამ წვენებზე გაგზავნა. ცივი ლიმონათები რომ მოიტანა, ყველას ჩამოურიგა, თან ეკითხებოდათ რომელს მიირთმევდნენ. მე რომ უკითხავად გამომიწოდა "სპრაიტი" გული ამიჩქარდა. წინა ჯერზე რომ დაგვირიგა, დაიმახსოვრა მე რას ვსვამდი. ალბათ, მართლაც რამეს ვნიშნავდი მისთვის, თორემ რატო სხვისი არ დაიმახსოვრა? თან, ქილას რომ მაწვდიდა, შემთხვევით მისი თითებიც დავიჭირე და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. შევნიშნე კმაყოფილს როგორ ჩაეღიმა და სახე ამეწვა კიდეც. მგონი ჭარხალივით გავწითლდი.
_ბჯო, შენ რაღა კოლექტივის თხასავით გახიახდი. ან იქით მიდექ, ან აქეთ, ხომ ხედავ რომ ვერ ვეტევი. ახლა ვედრა უნდა წამოგკრა და ისედაც ერთი გაბანებაღა ხარ დარჩენილი, ეგღა გინდა?._იმედამ თაზოს უსაყვედურა, რომელიც მართლაც შუაში იდგა და ვედროებით დატვირთულ ბიჭს არ ატარებდა.
_რა ყველგან მე გეჩხირები თვალებში, ჰაა?_გვერდით მიიწია თაზომ და გზა დაუთმო იმედას. თან ყურძენს კუფხალი შეაცალა და მადიანად დაუწყო კენკვა.
_მტრის ოჯახში ხარ, რამდენ ყურძენს ჭამ? მიხას წონაში არ აკლდება?_არ ჩუმდებოდა იმედა.
_კიდევ კარგი შენსას არა ვჭამ, თორემ ცეცხლის ლუკმას მაჭმევდი._ნახევრად გამოკენკილი კუფხალი ვედროში ჩააგდო თაზომ.
ამაზე იმხელა ხმაზე ახარხარდა ვახო, მის სიცილზე გაეცინა ყველას. მეც მადიანად გადავიკისკისე. გეგეს რომ შევხედე, ისეთი აღფრთოვანებული თვალებით მიმზერდა, დავიბენი.
არა, მართლა მოვწონდი და ვაღელვებდი. ჩემზე მომწერა ალბათ, რომ დამაგვიანდა მასთან შეხვედრაო. მეც მაგ აზრისა ვიყავი, რომ დაგვაგვიანდა ერთმანეთთან შეხვედრა. რა იქნებოდა, სანამ ვაჟიკოს გადავეყრებოდი, მანამდე შევხვედროდით ერთმანეთს? ისე, კი, სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც არ იყო დაგვიანებული. ქმარი მაინც არ მყავდა გვერდით, არც ხელი გვქონდა მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი. და რაც ყველაზე მეტად მწყვეტდა გულს, შვილი არ გვყავდა, ისიც ვაჟიკოს მიზეზით. ოცი წელი არც ისეთი ასაკი არ იყო, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება არ შემძლებოდა. არავის წინაშე არ ვიყავი ვალდებული. ან რისთვის ვიჯექი დედამთილ-მამამთილის სახლში? ალბათ, წასასვლელი რომ არ მქონდა არსად, იმიტომ...
საღამოს ისევ ვიმესიჯეთ.
ისე მივეჩვიე უკვე ყოველ საღამოს მის შეტყობინებებს, თუ რამე მოხდებოდა და არაფერს მომწერდა, გიჟს ვგავდი უკვე. ერთხელ, აღიარა, რომ შეყვარებული იყო.
_"თქმას ვერ ვუბედავ."
_"რატო, მასეთი მშიშარა ხარ?"_გავიოცე.
_"შიში არაფერ შუაშია... უბრალოდ, ასე ვთქვათ, არ მაქვს მისი სიყვარულის უფლება."
_"უი, რატო? გათხოვილია?"_ეს რომ მივწერე პასუხის მოლოდინში ავწრიალდი. მეგონა, სანამ რამეს მომწერდა, წლები გავიდა.
_"მთლად მასეც არაა საქმე."
_"აბა, არ უყვარხარ?"
_"არ ვიცი... ვერ ვიტყვი, რომ არ ვაღელვებ. როცა ვაკოცე, მივხვდი, რომ მასაც ისევე ვუფორიაქებ გულს, როგორც ის მე."
_"გამოდის, ახლო ურთიერთობა გქონიათ."
_"არც მთლად მასეა საქმე." ☹️
_"აბა? საიდუმლოა?"
_"რაღა დაგიმალო და, მართლაც გათხოვილია. მისი ქმარი ციხეშია. შვილი არ ყავთ."
ასი პროცენტით დავრწმუნდი უკვე იმაში, რომ ჩემზე იყო საუბარი და ავღელდი.
_"იცი რა საყვარელი გოგოა? რომ ვუყურებ, მისი ჩახუტება მინდა. არც მის კოცნაზე ვიტყოდი უარს."
_"გათხოვილი ქალის სიყვარული მართლაც ცუდია. რა გითხრა მეც არ ვიცი. შოკში ვარ. შენს გამო მართლაც ვწუხვარ."
_"არა და, თითქმის ყოველ დღე მიწევს მასთან შეხვედრა. მისი მული მეპრანჭებოდა. ვიფიქრე, მის დასავიწყებლად გამომეყენებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა."
აი თურმე რაში ყოფილა საქმე, მარინეს რისთვის უყადრიდა თავს. მე კიდევ გავსკდი ეჭვიანობით... რაო, მასაც ვაღელვებ და ვაფორიაქებო? ასე ძალიან მეტყობა ვითომ? რაღა ვითომ, დარწმუნებულია, რომ მეც მიყვარს.
_"მერე, რას აპირებ მომავალში?"
_"არ ვიცი... მგონი, თავი მოგაბეზრე ჩემი პრობლემებით, ბოდიში."
_" სულაც არა, რა სისულელეა. უბრალოდ, მეწყინა შენი ამბავი. კარგი ბიჭი ჩანხარ და იმსახურებ ბედნიერებას."
_"კარგი ბიჭი გგონივარ? ????"
მისმა ამ შეკითხვამ სერიოზულად ამაღელვა და ამაფორიაქა. მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი რომ კარგზე კარგი ბიჭი იყო.
_"რა ვიცი, რა გითხრა? ჩემთან დიალოგში არ ჩაჭრილხარ. ცუდი ნამდვილად არ ხარ."
_"???????????? შენ მაინც გამიკეთე გული. ისე, სულ ჩემზე რომ გიყვები, შენც მომიყევი შენზე რამე. რამდენი წლის ხარ?"
_"ოცის."
_"მართლა? მე უფრო პატარა მეგონე."
_"რაზე, კალიგრაფიაზე? ????????????????"_გამეცინა.
აღარაფერი მოუწერია. ცოტა ხანი ვადროვე და საერთოდ გამოვედი პროფილიდან. ვუყვარვარ? ამის გაგებამ და გააზრებამ ბედნიერება მომგვარა. ყოველ ღამე ჩემსავით იმ კოცნაზე ფიქრობდა, გული რომ ამიჩქარა? მარინეს ჩემს დასავიწყებლად უყადრიდა თავს? ნეტა, მე რომ ვაღიარო მისი სიყვარული, რას იზავს? დავიჯერო, ქმარს რომ გავშორდე, ცოლად მიმიყვანს? მთის ხალხი უფრო მეტად არის ტრადიციების მიმდევარი და განათხოვარ ქალს მიმიღებს ვითომ მისი ნათესაობა? როგორ თქვა, საყვარელია და მისი ჩახუტება მინდაო? არც მის კოცნაზე ვიტყვი უარსო? ვაი, დედა, ამის გაგონებაღა მინდოდა? ისე ხომ არ ვიყავი თავგზაარეული?
დილით, ვითომც არაფერი, ისე შევხვდი. თვითონ კი ღიმილით მომესალმა. მთელ დღესაც არ მაშორებდა დაჟინებულ მზერას. მართლა თავგზას მირევდა უკვე. დიდი ხნით ვერ გავქაჩავდი ყინულის დედოფლის იმიჯის მორგებას. მითუმეტეს, რომ მთელი დღე მის გვერდით ვიყავი და ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. ღამე კი, მის აღიარებას ვგებულობდი, როგორ ვუყვარდი. მეც მიყვარდა და ჩემი მოღალატე ქმრის გამო რატომ უნდა მეთქვა ჩემს ბედნიერების მომნიჭებელ სიყვარულზე უარი?
იმ დღეს კი არ ვმუშაობდით და რაიონში წავედი ოქროს ლომბარდის პროცენტის შესატანად. წამოსვლას რომ ვაპირებდი, გაწვიმდა. გაჩერებაზე დიდხანს მომიწია დგომა. გვარიანად დავსველდი. სიცივისგან ლამის პატარა ბავშვივით ავღრიალდი. ის იყო, ტაქსით წამოსვლა გადავწყვიტე, რომ გეგემ შემიჩერა მანქანა. ვითომ ვერ ვიცანი, ყურადღება არ მიმიქცევია.
_კატო!_მანქანიდან რომ გადმოვიდა და დამიძახა, "მაშინღა" მივხედე.
_წამოდი, სოფელში მივდივარ და წაგიყვან._თან წინა კარი გამიღო.
იცით რა სიტუაციაში ვიყავი? თან მინდოდა მის გვერდით ყოფნა და თან არა. მინდოდა იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. არ მინდოდა იმიტომ, რომ მის გვერდით თავს ვერ ვაკონტროლებდი და შეიძლებოდა ისეთი შეცდომა დამეშვა, მთელი ცხოვრება ვეღარ მომენელებინა.
ყოყმანი რომ შემატყო, მომიახლოვდა და გაოცებულმა ჩამხედა თვალებში.
_აქ ხომ სველდები? წამოდი წაგიყვან. უკან მარნის დეკორაციები მიწყვია და ამიტომ წინ მოგიწევს დაჯდომა. თუ ვინმეს ერიდები, მოშორებით გაგიჩერებ, არაა პრობლემა._ხელი მომკიდა და მანქანაში თვითონ ჩამსვა.
მისი მართლა არ მეშინოდა. მე საკუთარი თავი მაშინებდა, რომ მის სიახლოვეს თავის შეკავება გამიჭირდებოდა.
მანქანაში რომ ჩავჯექი, ცოტა დამთბა. სალონი რომ დავუსველე, მომერიდა.
_ბოდიში, მანქანა დაგისველე და თან დაგისვარე.
ღიმილით შემომხედა. თითქოს მითხრა, "შენზე კარგს ვის ჩავისმევ მანქანაშიო?"
_რაღაც მალე აგვიცივდა... მიხასაც დარჩა დასაკრეფი ყურძენი. მალე მაინც გამოვიდეს ამინდები._უხერხული დუმილის დარღვევა ისევ გეგემ სცადა.
_ერთი ზაფხული კიდევ გამოვა. ჩვენთან ასე მალე არ ზამთრდება._ხელსახოცით თმის შემშრალებას შევეცადე, რომ წვეთები სახეზე ჩამომდიოდა უკვე.
ღიმილით შემომხედა.
გამახსენდა რომ მომწერა, ისეთი საყვარელია, მის გვერდით რომ ვარ ჩახუტება მინდაო და მეც გამეღიმა. ვერ შევძელი ღიმილისგან თავის შეკავება და რა მექნა?
ერთხანს ხმისამოუღებლად ვუმზერდით ერთმანეთს თვალებში. მისი არ ვიცი, მაგრამ მე კი მართლაც მინდოდა მისი ჩახუტება და მისი ვნებით და გრძნობით სავსე ჯადოსნური კოცნა. ჩემს თვალებში მგონი ამოიკითხა კიდეც ჩემი ეს ფარული სურვილები და შემრცხვა. მღელვარების დასაფარავად ფანჯრიდან დავიწყე ყურება. ისე სწრაფად და გიჟურად აღარ დადიოდა, მაგრამ მაინც მეშინოდა მისი მოძრაობის მანერები. მანქანებს რომ უსწრებდა და წინ შემხვედრი მოდიოდა, გული მისკდებოდა ლამის.
_დიდი ბოდიში, ამ სოფელში უნდა ავიდე, პატარა საქმე მაქვს რაღაც, თუ რა თქმა უნდა ძალიან არ გეჩქარება...
მეჩქარებოდა თუ არ მეჩქარებოდა, მარშუტკით ამაზე სწრაფად მაინც ვერ ჩავიდოდი სახლში და არ არის პრობლემა-მეთქი, გავუღიმე.
ჩემი თანხმობა რომ მიიღო, არც კი დაფიქრებულა, მაშინვე გადაუხვია მეზობელ სოფელში. კარგა ხანს ვიარეთ. მერე ერთ-ერთი ჭიშკარის წინ გაჩერდა და ტელეფონით დაურეკა, აქ ვარ და გამომხედეო. მასპინძელმა მაშინვე გამოხედა. გეგეც გადავიდა მანქანიდან და რაღაცას საუბრობდნენ. მართლაც მალე გამობრუნდა და წამოვედით. მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. ჩვენს უბანში რომ შეუხვია, შოკას სახლთან გავაჩერებინე.
_ამ წვიმაში აქედან ფეხით გახვალ?_გაუკვირდა.
_შოკასთან მაქვს საქმე, მანამდე კი გამოიდარებს კიდეც. დიდი მადლობა._შევღიმე და ღვედის შეხსნას შევეცადე, რომელიც რატომღაც გამიძალიანდა და ვერ გავხსენი.
_არაფერს, რის მადლობა? მაინც ხომ მოვდიოდი?_შემომღიმა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით და ღვედის გახსნაში მომეხმარა.
მისი თბილი თითები ხელზე რომ შემეხო, სუნთქვა შემიგუბდა. ელდანაკრავივით გადმოვედი მანქანიდან. სანამ შოკამ არ გამომხედა და მასთან აე შევედი, მანამ მელოდებოდა მანქანით. მერე კი ფრთხილად დაძრა ადგილიდან და წავიდა. შოკას არაფერი უკითხია, მიხვდა რაშიც იყო საქმე. ჩემი დედამთილი რომ გაიგებდა მარტო ვეჯექი გეგეს მანქანაში, გაიბრდღვნიდა ყველაფერს. სიხარულით მიმიპატიჟა სახლში და ცხელი ყავაც დამალევინა. ცოტა რომ გადაიღო, ლამის ლით გავქანდი სახლში. სველი ტანსაცმელი მაშინვე გავიხადე, მაგრამ უკვე სიცივეს ვყავდი აყვანილი. ძვლებში მამტვრევდა. ვატყობდი, რომ სიცხე მქონდა და ნელ-ნელა მიწევდა. ღამე მართლაც ორმოცამდე ამივიდა სიცხე. ვშფოთავდი და ვბორგავდი. მთელი ღამე ოფლში ვცურავდი. არც დღისით დამტყობია უკეთესობა. არც მარინეს და არც ჩემს დედამთილს არ მოუქცევიათ ჩემთვის ყურადღება. ჩემი თავის ექიმი მე თვითონ ვიყავი. წამლები არ დამილევია. ხალხური მედიცინით ძმრიანი ნასკები ამოვიცვი და ასკილის ჩაი გავიკეთე ლიმნით.
_კატო, შვილო, ცუდადა ხარ?_ერთადერთი, როგორც ყოველთვის, ჩემი მამამთილი დაინტერესდა ჩემით.
_ცოტა ხო._ვაღიარე, რადგან ისევ მაღალი სიცხე მქონდა და მართლა ვერ ვიყავი კარგად.
ისევ ჩემს ოთახს მივაშურე და დავწექი. მციოდა და სადაც კი რამე მქონდა, ყველაფერი ზედ დავიყარე. ცოტა ხანში ნელიმ შემომხედა ვითომ ძალიან შეწუხებულმა. ეტყობა გოგიამ უთხრა რამე.
_რა გჭირს?_უნდობლად მკითხა და ეჭვით შემათვალიერა.
_სიცხე მაქვს. გუშინ რომ დავსველდი, გავცივდი ალბათ.
მომიახლოვდა და შუბლზე აზიზად დამადო ხელის ზურგი.
_არაფერია, გაგივლის... ნეტა მეც სიცხე მქონდეს და ჩემი სატკივარი არ მჭამდეს._ნეტარება დამაყარა და ისე გავიდა ოთახიდან, არ უკითხია, წამლები დავლიე თუ არა, ან იქნებ მშიოდა და საჭმელი მინდოდა რომ შემოეტანა.
ოთახიდან გავიდა თუ არა, ეტყობა ჩემმა მამამთილმა უთხრა რამე და მაშინვე აწივლდა.
_მე რა, ფიფია ექიმი ვარ, მე რა უნდა ვუშველო? ან არა და რა აქვს საშველი? უბრალოც ცოტა სიცხე აქვს და გადაუვლის.
რასაც დასთეს იმას მოიმკიო. წესით მასეც უნდა იყოს, მაგრამ რასაც მე ჩემს დედამთილთან ვთესავ, ჯერ იმის მცირედი მოსავალიც კი არ მომიმკია. არ ვიცი, ასეთი დაუნახავი და გულღრძო ადამიანი რატომ არის. არასდროს აქვს ჩემი ცოდო-მადლი. მარტო ჩემგან უნდა და ითხოვს პატივისცემას და ყურადღებას. თვითონ რომ ქონოდა ახლა სიცხე, მე მის სასთუმალთან უნდა ვმჯდარიყავი და მისი ხელი უნდა მჭეროდა ხელში. ეეეჰ, ტყუილი ყოფილა ყველაფერი.
შუადღემდე წვიმამ გადაიღო და მზემაც გამოაჭყიტა. ძმრიანმა ნასკებმა და ცხელმა ჩაიმ ნამდვილად არ მიშველა. სიცხე კი აღარ გამიზომია, მაგრამ ვგრძნობდი რომ ვიწვოდი და ოფლში ვცურავდი. თავიც საშინლად მტკიოდა და ისეთი დამძიმებული მქონდა, ბალიშიდან აწევის შნოც კი არ მქონდა. კიდევ კარგი ჩამეძინა მაინც ცოტა და უპატრონობა იმდენად აღარ განმიცდია დიდად. საღამოხნისკენ ბრიგადირის ზარმა გამაღვიძა. რომ გავეპასუხე, ალბათ ხმაზე შემატყო, რომ ნამძინარევი ვიყავი.
_უი, კატო, გაგაღვიძე?_აშკარად შეწუხდა.
_არაუშავს. მაინც უნდა გამეღვიძა უკვე.
_რა ხმაზე ლაპარაკობ, ცუდად ხარ?
_ცოტა სიცხე მაქვს, მაგრამ ეგ არაფერია, მალე გამივლის.
_შენი ავადმყოფობა როგორ შეიძლება? თავს მოუფრთხილდი, იწამლე რაღაც, რომ მალე გამომჯობინდე. წამლებს ხომ სვამ?
_კი._ვიცრუე.
_შენ დედამთილს უთხარი, ყურადღება მოგაქციოს და მალე წამოგაყენოს ფეხზე, თორემ შენს გარეშე ჩვენი ბრიგადა იქნება?
გამეცინა.
_ხო, ხო, რა გაცინებს? ხელების მომტვრევის ტოლფასია შენი არყოფნა ჩვენთვის. იცოდე, ზეგისთვის კარგად უნდა იყო, რომ ისევ დაგვიბრუნდე. დილაზე შენი მული წამოვა?
_მართლა არ ვიცი. ავდგები და ვკითხავ. ცოტახანში გადმოგირეკავ.
_იყოს კატია, ნომერი მომწერე და მე თვითონ დავურეკავ. შენ იწექი, რომ კიდევ არ გაცივდე.
ტელეფონი გამითიშა თუ არა, მაშინვე მივწერე ნომერი. ცოტა ხანს კიდევ ვიწრიალე საწოლში. მერე შიმშილმაც შემაწუხა ძალიან და ავდექი. სამზარეულოში არავინ დამიხვდა. ვახშამი არაფერი იყო მომზადებული. ერთი ქილა მაწონი ვიპოვე მაცივარში და ის მივირთვი გემრიელად. მამიდა-ძმიშვილის ხმა არ ისმოდა არსაიდან. ისე, დიდადაც არ დამიწყია მათი ძებნა. ლამარასთან იქნებოდნენ ალბათ გადასულები. აი ასეთი ანტიკვარი მული და დედამთილი მყავს. როცა მე მჭირდებიან, ვერსად ვერ ვიპოვი. მათ რომ დავჭირდე კი, მკვდარიც რომ ვიყო, უნდა გავცოცხლდე. ვაი ჩემი ბრალი. და ამათ უნდა ვეჭმევინო მთელი ცხოვრება? ახლა ვაჟიკო გამოვა და ისიც ზედ დაემატებათ.
საპირფარეშოში შევიარე. მერე ისევ მოვიდუღე ჩაი და ფინჯნით ხელში ჩემს ოთახს მივაშურე. ტელეფონი კარგა ხანს ვატრიალე ხელში. ვერ გადამეწყვიტა მენახა თუ არა გეგეს მოწერილი შეტყობინებები. ვითომ და რატომ არ უნდა მქონოდა მასთან უბრალო მიმოწერა მაინც? ცოტა კი ვიორჭოფე, მაგრამ მერე სიხარულით და გულისფანცქალით შევედი ჩემს საიდუმლო პროფილზე. ჩემი შესვლა გაუგებელი არ დარჩენია და მაშინვე მომწერა.
_"საღამომშვიდობის. როგორ ხარ?"
პირველად გამიჩნდა ცხოვრებაში იმის სურვილი, რომ გულწრფელი ვყოფილიყავი ვინმესთან და გული გადამეშალა. ჩემი დარდი და ბოღმა გამეზიარებინა მისთვის.
_"საღამომშვიდობის. მადლობა, რომ მკითხულობ. არამიშავს. შენ?"
_"მეც მასე, რა მიშავს? რა არის შენთან ახალი?"
_"ისეთი არაფერი, გავცივდი და ცოტა სიცხე მაქვს."
_"მართლა? მერე, ექიმთან იყავი?"
_"საკუთარი თავის ექიმი მე თვითონ ვარ. ????"
_"ქმარი არ გყავს სახლში, არ ზრუნავს შენზე? ან ვინმე სხვა ოჯახის წევრი?"
_"სახლში არავინაა, მარტო ვარ."
_"არც შვილები?"
_"არა."
_"რომ შემეძლოს, მოვიდოდი ახლა და ვიზრუნებდი შენზე."
გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. უჩვეულო იყო ჩემთვის ჩემზე ზრუნვა და ჩემზე წუხილი. ადამიანზე ზრუნვას დიდი მნიშვნელობა ქონია. მართალია, ცარიელ სიტყვებს მწერდა გეგე, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ რომ სცოდნოდა ვინც ვიყავი და მართლაც შესძლებოდა ჩემთან მოსვლა, მოვიდოდა და იზრუნებდა ჩემზე. მას ხომ ვუყვარდი და საყვარელ ადამიანებს კი უყურადღებოდ და ზრუნვის გარეშე არ ტოვებენ. გეგე ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, ვისაც ვგრძნობდი, რომ მართლა ვადარდებდი და ესე თუ ისე ზრუნავდა ჩემზე. წარმოვიდგინე, მისი ცოლი რომ ვყოფილიყავი, როგორ იზრუნებდა ახლა ჩემზე. მის მყუდრო საძინებელში ვიწვებოდი და დარწმუნებული ვიყავი, სასთუმალთან მეჯდებოდა. სიცხეს შუბლზე ტუჩების შეხებით შემიმოწმებდა. ეს რომ წარმოვიდგინე, ცრემლი მომერია თვალზე...
_"აქ ხარ? გინდა, მომწერე შენი მისამართი და ქვეყნის დასალიერშიც რომ იყო, მოგაკითხავ."
_"მადლობა, არ არის საჭირო."
_"მარტო რატომ ხარ, ქმარი მუშაობს?"
_"ჩემი ქმარი ჩემგან შორს არის."
_"საზღვარგარეთ მუშაობს?"
ტყუილის მიწერას, სულ არ მიწერა ვამჯობინე. აღარ მინდოდა ტყუილებზე ამეშენებინა ჩვენი ურთიერთობა. თუმცა, არც თავის გამჟღავნება მინდოდა.
_"იცი, გუშინ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ვნახე წვიმაში. შემეცოდა. დარწმუნებული ვარ შენსავით ისიც ცუდადაა. ძალიან მინდა ახლა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ არ შემიძლია. რას არ მივცემდი, რომ ახლა მის გვერდით ვიყო და მასზე ვზრუნავდე."
_"და რა გიშლის ხელს მასთან მისასვლელად?"
_"ძალიან ბევრი რამ."
_"ერთ-ერთი მიზეზი მაინც რომ მითხრა?"
_"ვერ ვიტყვი, რომ მასაც ისე ვუყვარვარ, როგორც მე. მე კი სიცოცხლეს მირჩევნია და არ მინდა ჩემი გამოჩენით პრობლემები შევუქმნა. რომ ვიცოდე ყველაფერს მიატოვებდა და მე გამომყვებოდა, დაუფიქრებლად მოვკიდებდი ხელს და ჩემთან წამოვიყვანდი."
_"ჯობია დაივიწყო. ქმრიანი ქალი ბევრ პრობლემებს მოგიტანს."
_"მაგაზე არ ვდარდობ. პრობლემების მართლა არ მეშინია."
_"მან იცის რომ გიყვარს?"
_"არასდროს მითქვია. თუმცა, ალბათ ხვდება."
_"ქმრიან ქალს რატო დაადგი თვალი?"
_"არ ვიცოდი გათხოვილი თუ იყო. თუმცა, რომც მცოდნოდა, მაინც შემიყვარდებოდა. ძალიან, ძალიან საყვარელია."
_"რა გირჩიო მეც არ ვიცი. ალბათ, ჯობია დაივიწყო."
_"ხანდახან მეც მაგ აზრის ვარ, მაგრამ ვერ ვივიწყებ. შეიძლება არც მინდა რომ დავივიწყო. მისი უტვინო ქმარი მართლაც არ იმსახურებს მას. უსამართლოა ეს ცხოვრება, ვის უნდა ყავდეს კარგი ცოლი და ვის ყავს. თავს არ ვიქებ, მაგრამ, ჩემს გვერდით მართლაც დედოფალივით იცხოვრებდა. ნეტა შეიძლებოდეს წარსულში დაბრუნება, ორი წლით უკან დავბრუნდებოდი და ყველანაირად შევეცდებოდი მის მოპოვებას."
_"მისი ფოტო გაქვს?"
_"არა. არც მინდა, ყოველდღე ვხედავ, ფოტო რა საჭიროა?"
იმის გაგებამ, რომ გეგეს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი, გული ამიფორიაქა. მეც ძალიან დამწყდა გული, რომ ორი წლით ადრე არ შევხვდით ერთმანეთს. თუმცა, ალბათ უფალმა უკეთ იცის ვის და რა დროს უნდა შეგვახვედროს ჩვენს ცხოვრებაში.
_"კარგია შენთან ჭორაობა, მაგრამ უნდა გავიდე. მადლობა, რომ წუხხარ ჩემზე. დროებით."_ცრემლმორეულმა ძლივს მივწერე.
_"თუ რამით შემიძლია შენი დახმარება, არ მოგერიდოს."
_"არა, მადლობა."
_"თავს მოუფრთხილდი, კარგი?"
_"შევეცდები."_მივწერე თუ არა, გამოვედი კიდეც. საკმარისზე მეტიც კი გავიგე მისგან. გული ამიჩუყდა და გვარიანად ვისლუკუნე. დღემდე არასდროს მიგრძვნია თავი ასე უბედურად და უსუსურად. სიყვარული დიდებული რამ არისო. შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ უდიდესი ტანჯვის და ტკივილის მომტანიც არის, ეს უდავოა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე. დილით მარინე და ნელი რომ გავიდნენ ქუჩაში, მივხვდი სამუშაოდ მიდიოდნენ. ერთი არ შემოუხედიათ ჩემს ოთახში და არ უკითხიათ როგირ ვიყავი. ცოტახანში ჩემმა მამამთილმა მომიკაკუნა მორიდებით.
_კატო, შვილო, გღვიძავს.
საბანი შევისწორე და ისე გავეპასუხე.
_კი, მღვიძავს, შემოდით.
ჯაფისგან ოდნავ წელში მოხრილი მთლად გადათეთრებული გოგია მორიდებით შემოვიდა ჩემს ოთახში.
_როგორ ხარ შვილო? სიცხე კიდევ გაქვს?
_ცოტა, მაგრამ უკეთესად ვარ.
_წამლები დამიწერე თუ რამე გინდა, აფთიაქში უნდა წავიდე და გიყიდი.
_იყოს, არაფერი მინდა. თავისით გამივლის.
_ნუ ხარ მასეთი ჯიუტი. შენ თავს რატომ არ აქცევ ყურადღებას? ნატოს ვეტყვი მაშინ და ის მომცემს რამეს. პური ჭამე? არ გშია?_აშკარად გულწრფელად წუხდა ჩემი მამამთილი.
_ცოტა ხანში ავდგები და შევჭამ.
_კიდე არ გაიციო თავი და არ შეიბრუნო, უარესად არ გახდე ცუდად.
გული ამიჩუყდა და ძლივს შევძელი ტირილისგან თავის შეკავება. ჩემი მამამთილი რომ გავიდა, მაშინ კი წამომცვივდა კურცხალი ცრემლები. ცოტა ხანს ისევ ვინებივრე საწოლში და მერე ავდექი, ჩემს ძველისძველ გაცრეცილ, მაგრამ ღუნღულა ხალათში გავეხვიე და სამზარეულოს მივაშურე. სუპი გაეკეთებინათ ქალბატონებს. რაღაც უგემურად მივირთვი. ან მე მქონდა უგემური პირი, ან უხეირო კულინარები იყვნენ მამიდაც და ძმიშვილიც. ჩაი აღარ მომიდუღებია, ძლიერი ყავა დავადგი და ისევ საწოლს მივაშურე. ძალიან სუსტად ვიყავი და დაწოლა ვამჯობინე.
ჩემმა მამამთილმა მართლაც მომიტანა ნატოს გამოტანებული ანტიბიოტიკი და სიცხის დამწევი. შუადღის მერე მართლაც უკეთესად ვიგრძენი თავი და ავდექი კიდეც. სამზარეულოს მილაგება და ჭურჭლის დარეცხვაც კი შევძელი. საღამოს დაღლილი მუშები რომ მოვიდნენ, მაშინვე გაითხლიშნენ. არც კი უკითხიათ, როგორ ვიყავი. დამინახეს, რომ ფეხზე ვიყავი და რაღა კითხვა უნდოდათ? ოთახის კარები მოღიავებული ქონდათ და მესმოდა მათი ჩურჩული.
_შენ მე დამიჯერე რასაც გეტყვი და ნახე თუ შენი არ გახდეს ცოტახანში._არწმუნებდა ჩემი დედამთილი.
_სხვა მიყვარსო მითხრა...
_ჩემს ქმარსაც უყვარდა სხვა, მაგრამ ვერ ვარ მისი ცოლი? როგორც გეტყვი ისე მოიქეცი და ნახე თუ ფეხქვეშ არ გაგეგოს... სიყვარული რა არის? ერთი ღამისაა და სხვა არაფერი. მასეთი ფულიანი ბიჭი ხელიდან გასაშვები არ არის...
_ნეტა ვინ უყვარს?
_რაში გაინტერისებს? ვინც გინდა ის უყვარდეს. შენ მე დამიჯერე და ყველაფერი კარგად იქნება.
_რომ ვიცოდე ვინ უყვარს, როგორი გოგოა, რას იცვამს, როგორი ვარცხნილობა აქვს, ან რა ფერის თმა, მეც ისე ჩავიცმევდი, იმფრად შევიღებავდი თმას და უფრო გამიადვილდებოდა მისი შეცდენა...
ეშმაკის შეცდენაც კი არ გაუჭირდებოდა ამ ქაჯს. ასე როგორ გავდა თავის მამიდას? თურმე რა აზრები უტრიალებდა თავში. საწყალი გეგე მის ხელში. კიდევ კარგი არ იცოდნენ, რომ მისი შეყვარებული მე ვიყავი, თორემ მტრისას, ცოცხლად დამმარხავდნენ მამიდაც და ძმიშვილიც. ღმერთმა ნუ ქნას, რომ გაიგონ...
იმისიც შემეშინდა, არ გაეგოთ, რომ ვუსმენდი და ეზოში გავედი. გეგე თუ არ იყოჩაღებდა, ცუდად იყო მისი საქმე ამ კუდიანების ხელში...
ღამით, დავწექი თუ არა, "უცნობი ქალის" პროფილზე შევედი, მაშინვე მომწერა გეგემ:
_"როგორ ხარ? ცოტა ვერ გამოკეთდი?"
_"მადლობა, კარგად. ხვალ მგონი სამსახურშიც გავალ."
_"მართლა? უი, რა კარგია."
_"მეც მიხარია. მომბეზრდა უკვე სახლში ჯდომა. შენ როგორ ხარ? შენი პირადი საქმეები როგორ მიდის?"
_"ეეჰ, ნუღარ მკითხავ. ☹️"
_"რატო, რა მოხდა?"
_"ისეთი არაფერი, რომ ვერ გავუმკლავდე. ????"
_"მაშინ, არ გქონია არაფერი სანერვიულო."
_"შენი ქმარი ჩამოსვლას როდის აპირებს?"
_"არ ვიცი, ალბათ 5-6 წელში."
_"გიყვარს?"
ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს კითხვა, დავიბენი. არასდროს არავინ დაინტერესებულა იმით, მიყვარდა თუ არა ჩემი ქმარი, თვით ვაჟიკოც კი, და ამას რაში აინტერისებდა ნეტა? პასუხის დაბრუნება რომ შემაგვიანდა, ისევ თვითონ მომწერა.
_"შენთვის მტკივნეულ თემას შევეხე ხომ? ბოდიში, არ მინდოდა შენი უხერხულში ჩაგდება. თუმცა, ვხვდები, რომ არ გიყვარს. ხომ მართალი ვარ?"
აღარაფერი მიმიწერია. ტყუილი არ მინდოდა რომ მეთქვა და სიმართლეს კი თვითონაც ხვდებოდა. კარგა ხნის მერე, მე რომ არაფერი მივწერე, თვითონ მომწერა ისევ.
_"???? მოდი შევრიგდეთ, მასეთ სულელურ კითხვებს აღარ დაგისვამ. ????"
მაინც არაფერი მივწერე. საიტიდან გამოვედი და დაძინებას შევეცადე, რომ შოკამ დამირეკა:
_როგორ ხარ გოგონი?
_არამიშავს, დღეს უკეთესად ვარ. მგონი შემიძლია ხვალ უკვე სამსახურში გამოსვლა.
_მართლა?!? რა მაგარია!!!_იმხელა ხმაზე შეჰყვირა, ლამის ყურის ბარაბნები დამისკდა._უშენოდ მოწყენილობაა.
_მარინე რომ არ მოგაწყენდათ, ვიცი. ნუ ისაწ....ბ ახლა თავს.
_ეგ გეგეზეა მარტო ჩაციკლული. საწყალ ბიჭს მოსვენებას აღარ აძლევს. საითაც მიდის იქით მიყვება. მარინეს შიშით მოსაფსმელადაც ვერ გასულა უკვე. არა და, აშკარად რომ აწერია სახეზე: არ მომწონხარ და დაიკარგე აქედანო.
_რომ არ მოსწონდეს, თავს გაუყადრიდა?_ეჭვით ვკითხე.
_რას ლაპარაკობ, არ იცი შენ? მორიდებული და ზრდილობიანი ბიჭია და იმიტომ არ იშორებს უხეშად... რანაირი სვანია, ჩემამდე ვერ დადის. დაუდედის..... და ნახავს თუ ვერ მოიშორებს. იცი, დღეს კისერზე ჩამოეკიდა. თრიებმა შეაშინეს ვითომ და წიოკით ჩამოეკიდა კისერზე, თითქოს ის თრია მასე აღარ მიახტებოდა თუ უნდოდა. საცოდავი ბიჭი ისე დაიბნა, ვერაფერი ვეღარ უთხრა.
ნაძალადევად გადავიკისკისე. თუმცა, ეჭვიანობისგან ისე ვიყავი გაცოფებული, მარინეს მივახრჩობდი საკუთარი ხელებით.
_შენ იცინე, იცინე და მული რომ გაგითხოვდება ამ ახლო მომავალში, ზოგი მერე იცინე.
_გათხოვდეს რა, მე რა?_ისე ვიკითხე, ლამის ტუჩები მოვიჭამე სიმწრისგან.
_შენ კი მართლა არაფერი, მაგრამ ის ბიჭი მეცოდება.
_თვითონ მიხედავს თავის თავს, შენ რა განერვიულებს?
_რა ვიცი, მენერვიულება. მაგ აფრახებული ქალისთვის მენანება წესიერი და აღზრდილი ბიჭი. შენი მული კია, მაგრამ არ გეწყინოს.
_რას იზავ, ალხანას ჩალხანა არ დაელევაო.
_მომკალი და არ მინდა რომ მარინემ გამოიჭიროს. ვერ წარმომიდგენია გეგეს ცოლად ვერანაირად.
_ისე ლაპარაკობ, ვიღაც გეყოლება მისთვის შერჩეული._ისევ ნაძალადევად გამეცინა.
_არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ ჩემთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა._მანაც გადაიკისკისა გულიანად._მაგრამ მე უკვე მყავს ქმარი, თანაც არაჩვეულებრივი. შვილებიც მყავს. აი, შენ კი..._წუთიერი პაუზა გააკეთა.
დავიბენი.
_ქმარი შენ არ გყავს და შვილი.
_რა სისულელეს ამბობ?_ვითომ ძალიან შევიცხადე.
_შენ გეჩვენება სისულელედ, თორემ აბა დაფიქრდი: ვაჟიკო უშვილოა და შვილი არასდროს ეყოლება. არ დამიწყო ახლა, არაო. შენ რომ ყოფილიყავი უშვილო, ნელი აქამდე გაგაპანღურებდა სახლიდან... ქმარმა გიღალატა თხუთმეტი წლის ბავშვთან და ამის გამო სასჯელს იხდის. ეს რაც გახმაურდა და გაიგე, რაც საიდუმლოდ დაძვრებოდა და ვერ იგებდი? ღირს მაგისთანა ქმრის ლოდინი და ერთგულება? შენ და გეგე იდეალური წყვილი რომ იქნებით, ვერ გრძნობ ვითომ? ორივენი ერთნაირები ხართ და ერთმანეთისთვის გაჩენილები...
_სისულელეებს ნუ ბოდიალობ, ღმერთი გიშველის რა...
_როგორი თვალებით გიყურებს, არასდროს შეგინიშნავს?
შოკამ რომ შენიშნა, როცა იქნება მარინეც ხომ შენიშნავს, რომ გეგეს მე ვუყვარვარ?_ამის გაფიქრებაზე გამაკანკალა. შეშფოთებულმა ძლივს გადავყლაპე ვეებერთელა ნერწყვი მღელვარებისგან გამშრალ პირში.
_თუ გინდა რომ მეგობრები ვიყოთ, მეორედ მასეთი სისულელეები აღარ მითხრა._საცოდავი ხმით წავილუღლუღე.
_არ გინდა და ნუ გინდა, შენი ნებაა, მაგრამ დამიჯერე, გეგე გულგრილი არ არის შენს მიმართ. შეიძლება გეწყინოს, მაგრამ შენც აშკარად შეყვარებული ხარ მასზე. ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი და გადაიკარგეთ აქედან. შენი ბედნიერებისთვის შენ თვითონვე თუ არ იბრძოლებ, არავინ მოგართმევს ლანგრით.
შოკა ის შინაგანი ხმა იყო ხმამაღლა მოლაპარაკე, რომელსაც ჩემში ლაპარაკის უფლებას არ ვაძლევდი. განა მე არ ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ყოველთვის ვაჩუმებდი. ხალხი რას იტყვის? ხალხს რაც უნდა იმას იტყვის მაინც. ყველასთვის მოსაწონი და სამაგალითო ვერ იქნები. რაც არ უნდა ანგელოზი იყო, მაინც გამოხტება ვიღაც და რაღაც არ მოეწონება შენში... მეც ვიცოდი, რომ ჩემი მოღალატე ქმარი არ იყო ჩემი ერთგულების ღირსი, მაგრამ შოკა რომ ხმამაღლა მეუბნებოდა იმას, რაზეც თითქმის ყოველ ღამით ვფიქრობდი ძილის წინ, მაბრაზებდა და მაცოფებდა ეს ამბავი. შოკამ გეგესაც შეატყო, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო და თურმე ჩემთვისაც შეუტყვია ის, რომ შეყვარებული თვალებით ვუმზერ...
_რას გაჩუმდი, ტყუილს გეუბნები?_ფიქრის ძაფი ისევ შოკამ გამაწყვეტინა თავისებური ქოთქოთით._ვინც შენ დაგძრახოს, რომ შენი ბედნიერებისთვის ბრძოლა დაიწყო, ზუსტად შენი გზა გამოევლოს. მე, მაგალითად აქეთ შეგიწყობ ხელს. და ჩემნაირიც ბევრი გამოჩნდება დარწმუნებული ვარ. ნელის და ნელისნაირებს კიდევ იმდენი ელაპარაკოთ, ენები დასცვეთოდეთ. დამიჯერე, არ ინანებ თუ გეგესთან გააბავ რომანს. დავიჯერო, შედარებას ვერ აკეთებ, რომ შენს რეტიან ქმარს მილიონჯერ ჯობია?
_მორჩი ახლა მაგ თემაზე საუბარს!_სასოწარკვეთილმა ვუკივლე._აღარ დამელაპარაკო გეგეზე არაფერი. ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის, ჩემია და როგორც მინდა ისე უნდა ვიცხოვრო. შენ არ გაქვს უფლება უხეშად ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში.
_შეაყარე კედელს ცერცვიო... ინანებ იცოდე. დღეს ისე შეაწუხა მარინემ, ხვალ თბილისში მიდის, საქმე გამოიჩინა, რომ მას გაექცეს.
_მათი ცხოვრება მე არ მეხება. რაც უნდათ ის უქნიათ._ეს კი ვთქვი, მაგრამ გული ძალიან დამწყდა ხვალინდელ დღეზე, რომ გეგეს ვერ ვნახავდი.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი, შოკას ნათქვამი თითოეული სიტყვა მოსვენებას არ მაძლევდა. მაგაზე მეც ხშირად ვფიქრობდი, მაგრამ... ზუსტად ეს "მაგრამ" მაფერხებდა...
დილით გამოუძინებელი წავედი სამუშაოდ. არც მარინე წამოსულა და არც ჩემი დედამთილი. როგორც მივხვდი, გეგეს არყოფნის გამო დარჩნენ ორივენი სახლში. სიმართლე ვთქვა, არც მე მიმწევდა გული, მაგრამ მაინც წავედი. ვენახში რომ მივედით და მანქანიდან ჩავდიოდი, მოულოდნელად ფეხი დამიცდა და ძირს გადავვარდი. სანამ ძირს დავენარცხებოდი და გავსკდებოდი ლაყე კვერცხივით, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ჩამირბინა კინოკადრებივით. ძირს დაცემისგან კი ვახომ მიხსნა და ჰაერშივე დამიჭირა პატარა ბავშვივით.
_კატო, ჯიგარო, არ იცი რომ სამსახურში დალევა არ შეიძლება?_თავისებურად გულიანად გადაიხარხარა და ძირს ფრთხილად დამსვა._რა მსუბუქი ყოფილხარ, მამალი ინდაურის წონისა.
ამ შედარებაზე მეც გულიანად გამეცინა. თან, ჩემს მოუხერხებლობაზეც ვიცინოდი. შემთხვევით გვერდით გავიხედე და ჩვენსკენ მომავალი გეგე შევნიშნე. კიდევ კარგი მანამდეც ვიცინოდი, თორემ მისი გამოჩენით გამოწვეულ სიხარულს მართლაც ვერ დავმალავდი. თვითონაც იღიმოდა და ისე მიმზერდა.
_ვაა, ორსგან?! აკი დღეს თბილისში მიდიოდი გადაუდებელ საქმეზე?_გაუკვირდა ვახოს.
_გადავიფიქრე წასვლა. მიხას გვერდში დგომა მირჩევნია.
_აკი არაო?_მუჯლუგუნი წამკრა შორენამ და მიჩურჩულა._წუხელ მიხას რომ დავურეკე, ხვალ კატოც მოდის-მეთქი, მაგასთან იყო და გაიგო. შენს გამო გადაიფიქრა წასვლა დარწმუნებული ვარ.
გაბრაზებულმა შევხედე დაქალს.
_კარგი, ხო. ოღონდაც მაგ მამისმკვლელი თვალებით ნუ მიყურებ და მოვრჩი მაგაზე საუბარს._ვითომ "ზმეიკით"შეიკრა შოკამ ტუჩები.
გეგე ყველას მოგვესალმა ღიმილით. შოკას ჯიბრზე, ერთხელაც არ შემიხედია გეგესთვის, რომლის დაჟინებულ მზერასაც ვგრძნობდი და უარესად მაბნევდა. კიდევ კარგი, რომ ვმუშაობდი, ჩემს სიახლოვეს არ ტრიალებდა და უარესად არ მიფორიაქებდა გულს. შესვენებაზეც მისგან შორს დავჯექი და თანაც ისე, რომ სხვა მუშები მეფარებოდნენ. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობდი თითქოს თავს. ჭამას მალევე მოვრჩი და სანამ სხვებიც დაასრულებდნენ, ტელეფონი მოვიმარჯვე და ჩემს საიდუმლო პროფილს გადავავლე თვალი. გამიხარდა გეგეც რომ საიტზე იყო. ასე უფრო თამამი და თითქოს გახსნილი ვიყავი.
_"რა ქენი, გამოჯანმრთელდი და წახვედი სამსახურში?"_მაშინვე მომწერა.
_"კი."_გამეღიმა
_"გამოდის, კარგად ხარ უკვე."
_"კი. შენ რას შვრები, როგორ ხარ?"
_"მის ბედნიერ ღიმილს შევყურებ ახლა და და მეც ბედნიერი ვარ."
შევკრთი. მივხვდი, რომ მართლა ვიღიმოდი. მისკენ გახედვა ვერ გავბედე, მაშინვე გავყიდიდი თავს. არც ღიმილის მოშორება ივარგებდა, ესეც საეჭვო იქნებოდა. ხო და, სახეზე ღიმილით ჩემი გადაღებული შემოდგომის ფოტოები გადავუგზავნე. მომიწონა, არაჩვეულებრივიაო.
_"დროებით, უნდა გავიდე."
_"დროებით. იმედია საღამოს მომიყვები როგორ ჩაიარა შენმა დღემ?"
ისევ გამეღიმა და შევპირდი, რომ აუცილებლად მოვუყვებოდი.
_კატო, ძვირფასო, თუ შეგიძლია, იქნებ ყავა მოგვიდუღო შენი ოქროს ხელებით?_შოკამ მუდარა გაურია ხმაში._არავინ მეგულება შენზე უკეთ ადუღებდეს ამ დალოცვილს.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მაშინვე ხალისით წამოვხტი. მუშებიდან ნახევარზე მეტმა გამოთქვა ყავის დალევის სურვილი. გეგესაც რომ შევხედე და სანამ რამეს ვეტყოდი, ღიმილით დამიქნია თავი. ათ წუთში ყავა უკვე მზად მქონდა და მე და შოკამ მსურველებს ჩამოვურიგეთ. საზიზღარმა შოკამ გეგესთან არ მიიტანადა და მე მიმატანინა, გამიჩალიჩა. გეგემ კი ღიმილით ჩამომართვა ფინჯანი და ჩემი თითებიც დაიჭირა. თვალებში რომ ჩავხედე, მივხვდი, რომ მართლა ვუყვარდი. სხვებისგან განსხვავებით დიდი მადლობა გადამიხადა ყავისთვის. თავის შეკავება ვერ შეძელი და მეც გავუღიმე კმაყოფილმა. ოხ, ეს გამყიდველი ღიმილი! რომ გამოვბრუნდი, ჩემი ადგილი დაკავებული დამხვდა, შოკა დამჯდარიყო და მე ისე მომიწია დაჯდომა, რომ გეგე თავისუფლად მხედავდა.
_ჩემო ძვირფასო მუშებო,_სიტყვით გამოსვლა დაიწყო მიხამ._ასეთი ბრიგადა არასდროს მყოლია, შეხმატკბილებული და ჯიგრიანი მუშაობა იცით, შეხლა-შემოხლა როგორც სხვა ბრიგადებში იციან, თქვენ არ იცით. მუშაობის ხარისხი ხომ საუკეთესო გაქვთ. ვაფასებ თქვენს მონდომებას. ამიტომ, გადავწყვიტე, რთვლები რომ ჩამთავრდება, მე და ჩემმა ძმაკაცმა სვანმა,_თან გეგეს მეგობრულად დაარტყა ბეჭებზე ხელი,_ჩვენი მანქანებით წაგიყვანოთ პატარა ექსკურსიაზე. მარშრუტი თქვენ შეადგინეთ და ამ ორ-სამ დღეში მომახსენეთ.
_მართლა მიხა?_გაუხარდა თაზოს.
_მაშ ტყუილად? მუშებით ასეთი კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ. წინა წელს ისეთი ბრიგადა მყავდა, თავ-ბედი მაწყევლინეს. წელს მართლაც რომ კმაყოფილი ვარ.
_ეგ ჩვენი ბრიგადირის დამსახურებაცაა. თვითონ რომ შრომისმოყვარე და მუშების მიმართ დიდი პატივისცემით არის განმსჭვალული, ჩვენც იმიტომ ვართ კარგები._ფიქრია მორიდებით გამოვიდა სიტყვით და თან შევატყე, რომ გაწითლდა. მივხვდი, გულგრილი არ იყო ჩვენი ქვრივი ბრიგადირის მიმართ.
მგონი, მეც ასე აშკარად მეტყობა გეგე რომ მაღელვებს. თუ კი შოკამ შემამჩნია, სხვა ვერ შემამჩნევს ვითომ? ყველაზე მეტად მარინეს და ნელის არ მინდოდათ რომ გაეგოთ. დღეს კი, აქ არ იყო არც ერთი და თავისუფლად შემეძლო მისთვის ღიმილნარევი მზერით ყურება.
_მოდი უფროსო და, მარშრუტის შერჩევა ქალებს მივანდოთ._ვახოს აშკარად ესიამოვნა ფიქრიას შექება და მასაც გაეღიმა.
_კარგი, წინააღმდეგი არ ვარ. ისეთი ადგილი შეარჩიონ ოღონდ, რომ მერე მამაპაპური სუფრაც გავშალოთ და მოვულხინოთ. გზის ხარჯები დაიმახსოვრეთ, რომ ჩემია. თითოეულმა კი თავის საგზალზე იზრუნოს. ჰა, რას იტყვით.
_გაოგნებული და გახარებული ვარ._შოკამ მართლაც ვერ დაფარა აღფრთოვანება._მთელი ზაფხული ვმუშაობთ და მართლაც არ გვაწყენდა განტვირთვა... ჰა, კატო, რას იტყვი, სად წავიდეთ?
ყველამ რომ მე შემომხედა ინტერესით გეგეს ჩათვლით, დავიბენი.
_მე რა შუაში ვარ?_გავიკვიევე.
_ბრიგადაში ყველაზე პატარა შენ ხარ და შენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვირფასო._შემომღიმა._დიდ ხალხს თითქმის ყველაფერი ნანახი აქვთ, ხო და შენ რისი ნახვის და დათვალიერების სურვიც გექნება, იქ წავიდეთ.
_შოკა მართალია კატო, მარშრუტის შედგენა იცოდე შენთვის მოგვინდვია. ჩამოყალიბდით და სამ დღეში პასუხი ვუთხრათ ჩვენს უფროსს სანამ კარგ ხასიათზეა და არ გადაუფიქრებია. ახლა კი, ავდგეთ და საქმეს მივხედოთ.
ბრიგადირის სიტყვები ყველასთვის გასაგები აღმოჩნდა და ყველამ ერთდროულად დავიწყეთ აბარგება. მისია მაგარი დამაკისრეს, სად უნდა წავსულიყავით ვითომ? მე, მართლაც რომ არსად არ ვიყავი ნამყოფი და ნანახი არაფერი მქონდა. ჩემთვის მართლაც სულერთი იყო, სად წავიდოდით, მაგრამ სად? ალბათ გეგეც ჩემნაირად იყო, კახეთი არ ექნებოდა სვან კაცს ნანახი. ინსტიქტურად რომ შევხედე, ღიმილით მიმზერდა. საპასუხოდ რომ მეც შევღიმე, გვიან გავაცნობიერე. თუმცა თავს მაინც ვერ შევიკავებდი, შეუძლებელი იყო სიხარულის და ბედნიერების დამალვა.
საღამოს მე და შოკა მან რომ წაგვიყვანა სახლში, უნდა ვაღიარო, ესეც გამიხარდა. შოკა ისე ჩახტა თავის სახლთან მანქანიდან, ვერც კი გავიაზრე და მე პირდაპირ სახლში მიმიყვანა გეგემ. უკანა ხედვის სარკეში მის თვალებს ვხედავდი, ღიმილით რომ მიმზერდა. ჩემში უკარება კატო თითქოს სადღაც გამქრალიყო და მისი ჩახუტების და კოცნის სურვილი მქონდა რატომღაც. დიდი სურვილი მქონდა განმეცადა ისევ ის უდიდესი სიამოვნება, რაც მისმა მთრთოლვარე ტუჩების შეხებამ განმაცდევინა რამოდენიმე დღის წინ. თან, მე თვითონვე მრცხვენოდა ჩემი ფიქრების. სირცხვილისგან დავიწვებოდი გეგეს რომ სცოდნოდა რა აზრებიც მიტრიალებდა თავში. ჩემი სახლის ჭიშკართან რომ შეაჩერა და მანქანიდან გადავედი, ღიმილით დამემშვიდობა. საპასუხოდ მეც გავუღიმე და ისე ჩავედი მანქანიდან. ქუჩის კარებში მარინე რომ შემეფეთა, ღიმილი შემეყინა სახეზე. ისეთი ბოროტი მზერა ქონდა, ლამის სისხლი გამეყინა ძარღვებში.
_გეგემ მოგიყვანა?_ისე მკითხა მიმავალი მანქანისთვის არ მოუშორებია თვალი.
_ხო._ვუთხარი და ეზოში შესვლა დავაპირე.
წინ გადამეღობა რატომღაც.
_აკი დღეს არ უნდა ყოფილიყო ვენახში?
გაოცებულმა შევხედე.
_მე რა ვიცი?
ეჭვით ამათვალიერ-ჩამათვალიერა. შემეშინდა. მგონი მიხვდა, რომ ჩვენს შორის ფარული გრძნობა იყო და გამაკანკალა.
_მაგან რატო მოგიყვანა სახლში?_ისეთი გამყინავი ხმა ქონდა, უარესად შევკრთი და გულმა ბაგი-ბუგს უმატა.
_მიხა აქეთ აღარ წამოვიდა და მე და შოკა მაგან წამოგვიყვანა. რა იყო?
_არაფერი._ეჭვით მითხრა და გზა დამითმო.
გულისფანცქალით შევედი ეზოში. აშკარა იყო, რომ მარინეს ეჭვი გაუჩნდა უკვე და დიდი სიფრთხილე მმართებდა. ყოველ ნაბიჯს გამიკონტროლებდა ამის მერე და თუ დარწმუნდებოდა, რომ გეგეს შეყვარებული მე ვიყავი, კარგი დღე არ დამადგებოდა ნამდვილად.
ცოტა შევისვენე, ყავა დავლიე და მერე ვახშმის მზადებას შევუდექი ღიღინით. მე ხომ არც დედამთილი მყავდა სახლში და არც მული, რომ რამე გაკეთებული დაეხვედრებინათ ჩემთვის? საღამოს კი, ისევ ვიმესიჯეთ მე და გეგემ. ისე მივეჩვიე მასთან "ჭორაობას", უიმისოდ ვერ ვძლებდი უკვე. გულს მითბობდა და მიხარებდა იმის აღიარება, რომ ვიღაც უყვარდა და ის ვიღაც მე ვიყავი.
დილით მარინეც წამოცუნცულდა სამუშაოდ. მე ძალიან ვფრთხილობდი და შორს მეჭირა გეგესგან თავი, არ მინდოდა იმ ქაჯს შეემჩნია რამე. თითქოს გეგეც გრძნობდა ჩემს შეშფოთებასა და შიშს და თვითონაც მერიდებოდა: ჩემს სიახლოვეს ისე ხშირად არ ტრიალებდა, დაჟინებით და ღიმილით არ მიმზერდა, როცა მარინე ჩემს გვერდით იყო. არაფერს მელაპარაკებოდა, უცხოებივით ვიყავით. მარინე მაინც ეჭვით გვიმზერდა. ერთი რახან შეეპარა ეჭვი, ვეღარ იგდებდა თავიდან. რამდენჯერმე ვითომ შემთხვევით ვედრო წამომკრა გამეტებით და გამამწარა. ჩემს სიახლოვეს კრეფდა ყურძენს და თითებიც დამიჭრა ორჯელ. მოკლეთ, შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ რამე არ დაეშავებინა ჩემთვის. ახლა ის რომ გაიგო, ექსკურსიას ვგეგმავდით და მარშრუტის დაგეგმვა ჩემი ვალდებულება იყო, მაგაზე ხომ საერთოდ აილეწა და გაცოფდა. ერთ-ერთ ვაზთან რომ მივედი და კრეფა დავიწყე, ვერ დავინახე რომ კრაზანებს ბუდე ქონოდათ. იმას კი შევასწარი თვალი, რომ მარინემ ჯოხით რაღაცას მოუჩიჩხინა შორიდანვე და თვითონ კი გაიქცა. მაშინვე ამოიშალნენ გამწარებული კრაზანები. ერთი ვაი კი დავიძახე და ექვსმა თუ შვიდმა კრაზანამ გვარიანად დამკბინა სახეზეც და ხელებზეც. მტკივნეული კი იყო, მაგრამ ტირილის შეკავება შევძელი. იმაზე გავბრაზდი, რომ მარინე მოშორებით იდგა და გულიანად ხარხარებდა. დამისივდა და გამიკავდა თითქოს კიდურები. შოკამ ჩემზე მეტად ატეხა წიოკი:
_ვაიმე! გვიშველეთ!_თუმცა მისთვის არც ერთ კრაზანას არ უკბენია.
_რა იყო, რა მოხდა შოკა?_შეშფოთებული ვახო ჩვენსკენ გამოიქცა.
_კატო კრაზანებმა დაკბინეს!
ვახოს გეგეც და თაზოც მოყვნენ უკან.
_ალერგიული ხომ არ ხარ?_შეშფოთებით მკითხა გეგემ.
ალერგიული კი ვიყავი, მაგრამ სანამ მე ვიტყოდი რამეს, შოკამ დამასწრო და დაუდასტურა.სახეზე ნაკბენები ისე დამისივდა, თვალს ძლივსღა ვახელდი. გეგე მაშინვე გაბრუნდა უკან და თავისი მანქანიდან "დექსამეტაზონი" მოარბენინა შპრიცში ამოღებული. ვაზის ძირას ჩრდილში ჩაცუცქულს, უკვე ალერგიის შეტევა რომ მეწყებოდა და სუნთქვა მიჭირდა, მორიდებით ამიწია კაბა მუხლს ზემოთ და ბარკალში უმტკივნეულოდ დამარჭო. ცოტა ხანს შეშფოთებულები შემომყურებდნენ ყველანი. მარინესაც კი შევატყე შიში. მაგრამ მერე, მთლიან ტანზე ჭინჭრის ციებამ რომ დამაყარა, მაშინ კი დამავლო გეგემ ხელი და პატარა ბავშვივით ხელში ატატებული ლამის სირბილით ჩამიყვანა თავის მანქანამდე. წინა სავარძელზე რომ დამსვა ფრთხილად და ღვედი შემიკრა, დავინახე მარინეც რომ მორბოდა, თუმცა გეგეს მისთვის არ დაუცდია, სასწრაფოდ მიუჯდა საჭეს და გიჟივით მოსწყვიტა ადგილს. ტრასაზე რომ გავედით, თეთრ ზოლზე დადგა და ისე სწრაფად მიაქროლებდა მანქანას, ოცი წუთის ნაცვლად, ათ წუთში ვიყავით უკვე რაიონში. ბუნდოვნად მახსოვს, მანქანიდანაც ხელში ატატებული რომ გადმომიყვანა და მიმღებში შემარბენინა. მის მკლავებში თვალებმინაბული ძლივს ვსუნთქავდი. მთლად ალერგიის შეტევის ბრალიც არ ყოფილა, მისი სიახლოვე და შეხება მიფორიაქებდა გულს. მის შეშფოთებულ სახეს რომ შევყურებდი, მუცელში თითქოს პეპლები აიშალნენო, ისეთი შეგრძნება მქონდა. ჩემზე ასე არ უზრუნია არავის, არავინ შეშფოთებულა ჩემი მდგომარეობით ასე, როგორც გეგე წუხდა და გული ამიჩუყდა რატომღაც. თვალები დავხუჭე, რომ ცრემლი არ შეემჩნია ჩემთვის.
გადასხმებმა, ნემსებმა და წამლებმა მალევე მიშველა, თუმცა ის ღამე მაინც საავადმყოფოში დამტოვეს. გვიან ღამით ექთანმა ხილი რომ შემომიტანა პარკით, თქვენმა მეუღლემ გამომატანაო, მითხრა. გამეღიმა. მივხვდი, გეგე იქნებოდა და ექთანს კი ჩემი ქმარი ეგონა.
არც მარინე და არც ჩემი დედამთილი არ ამოსულან ჩემს სანახავად. მიჩვეული კი ვიყავი მათ უყურადღებობას და გულგრილობას, მაგრამ მაინც მეწყინა და დამწყდა გული. მთლად უცხო ადამიანი ზრუნავდა ჩემზე და მათ კი ფეხებზე ვეკიდე.
ალერგიის წამლებმა თავისი ქნა და ისე ტკბილად მეძინა, როგორ გათენდა არ გამიგია. დილით კი საავადმყოფოდან რომ გამომწერეს და ჰოლში გუშინდელ ტანსაცმელში გამოწყობილ გეგეს მოვკარი თვალი, რომელიც სკამზე იჯდა თავჩაქინდრული, მივხვდი, რომ მთელი ღამე აქ გაატარა. ისე ხომ არ მიყვარდა ეს ბიჭი და ამის გააზრება-გაცნობიერებამ უარესად შემაყვარა. კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული და შევყურებდი ჩემს მომლოდინე გეგეს.
ალბათ, იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა, რომ ამომხედა და დამინახა, მაშინვე წამოდგა ფეხზე.
_მთელი ღამე აქ იყავი?_გამიკვირდა.
_აბა, მარტოს ხომ არ დაგტოვებდი?_მას უარესად გაუკვირდა.
_ცოდო არ იყავი აქ?
უსიტყვოდ შემომღიმა.
შოკა მართალი იყო, ბედნიერებისთვის მეორე შანსი მეძლეოდა და ღირდა ჩაბღაუჭება. ვუყვარდი და მეც მიყვარდა, ჩემზე ზრუნავდა.უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო, მატერიალურადაც არ უჭირდა და ღირდა ამ ბიჭის ხელიდან გაშვება?
_წავიდეთ?_ისე მკითხა, ვითომ არ იცოდა, რომ გამოწერილი ვიყავი. არა და, როგორც მითხრეს, მკურნალობის ხარჯები მას დაეფარა უკვე.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ზრდილობიანად დამითმო გზა და პირველი მე გამატარა კარში. მანქანის კარიც მან გამიღო, რაღა თქმა უნდა წინა და დამელოდა სანამ ჩავჯდებოდი და თვითონვე მომიხურა. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. ხშირად ვგრძნობდი მის მზერას და ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებდა რატომღაც. გულიც საამოდ მიძგერდა...
ჩვენს ჭიშკართან რომ შეაჩერა მანქანა, სიმართლე ვთქვა, ჩასვლა აღარ მინდოდა.
_დიდი მადლობა, რომ იზრუნე ჩემზე.
_არაფერს, რა მადლობა? სამადლობელი არაფერია._შემომღიმა. მის თვალებში აშკარად ამოვიკითხე: "შენზე რომ არ ვიზრუნო, სხვა ვისზე უნდა ვიზრუნოვო."
ღიმილით დავემშვიდობე და ისე გადმოვედი მანქანიდან. სანამ ეზოში არ შევედი, ადგილიდან არ დაძრულა. ღიმილით შევედი ეზოში, მაგრამ ჩემი დედამთილი და მარინე იქვე მელოდებოდნენ ჩასაფრებულები. მათი სახეების დანახვისთანავე ღიმილი შემეყინა სახეზე.
_შე ჩათლახო, რას დაეთრევი, სად ეგდე წუხელ?_მარინე მაშინვე თმაში მწვდა მოულოდნელად და ისე ძლიერად მომქაჩა, ლამის სკალპი ამაძრო.
_საავადმყოფოში ვიწექი, ცუდად ვიყავი.
_ხელში რათ ააყვანინე თავი შე , გათხოვილი ქალი რას ინაბები სხვის მკლავებში?_ახლა ჩემი დედამთილი მომვარდა და მადიანი სილა მითავაზა სახეში. თვალებიდან მართლაც დამცვივდა ნაპერწკლები.
ორივენი დათვებივით დამეჯაჯგურნენ, წამაქციეს და მარინე ზემოდან გადამაჯდა, თან თმებში მყავდა ძლიერად ჩაფრენილი და თავს მიწაზე გამეტებით მარტყმევინებდა.
_შე ნაბოზარო, წუხელ სასიამოვნო ღამე გაატარეთ ერთად?.. შე კახპავ, ქმრის ლოდინი მოგბეზრდა?
გამწარებული მეც ვწვდი მარინეს თმაში და ძლიერად მოვქაჩე.
_შე დამპალო, გეგონა ვერ გავიგებდი რომ მისი საყვარელი ხარ?.. რა გეგონა, დაიმალებოდა?... შე უნამუსო, ამ სახლში ცხოვრებას რომ ბედავ კიდე!.. გაეთრიე აქედან და აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! ჯერ გაიგოს ჩემმა მამიდაშვილმა, მერე ნახე რა დღე დაგადგება!!!
ხმაურზე მეზობლებიც შემოცვივდნენ და გაშველება დაგვიპირეს, მაგრამ ჩემი დედამთილი გააფთრდა ახლა.
_რომელიც მიეხმარებით, ამ დიდი კეტით გაგიხეთქავთ თავს._ხელში მართლაც უზარმაზარი ჯოხი ეჭირა და მეზობლებს იგერიებდა.
_რამ გაგაგიჟა ქალო, მაშ უნდა მოკლას?_ერთადერთი ლამარა არ შეუშინდა დაქალს და ჯოხის წართმევას შეეცადა.
მას დოდოც მიეშველა. მე და მარინე კი ესმამ დაგვაშველა.
_გამიშვი ჩემი ხელით უნდა მოვკლა ეგ უნამუსო!_მაინც ცოფიანი ძაღლივით იწევდა მარინე ჩემსკენ.
ესმამ შეძლო და ცოტა მოშორებით გაათრია, მაგრამ მოულოდნელად მაინც დაუსხლტა ხელიდან, მოზრდილ ქვას დასწვდა და გამეტებით მესროლა. საფეთქელს ცოტას ასცდა, თუმცა შუბლის მიდამოში მაინც მომხვდა. ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა, წამიერად გავითიშე კიდეც, მაგრამ არ წავქცეულვარ, თავის შეკავება მაინც შევძელი. შუბლზე ხელი რომ ავიფარე, სისველე ვიგრძენი, მივხვდი სისხლი დამდიოდა. სად იყო სად არა, შოკაც მოვარდა ქაქანით. ერთი კი შემომხედა და მაშინვე კელასავით ეცა მარინეს. მადიანი მუშტი უთავაზა ცხვირ-პირში.
_შე გიჟო და გადარეულო ქალო, რას ემართლები ამ საცოდავ გოგოს?
_წუხელ სახლში არ მობრძანებულა და ახლახანს მოაცილა საყვარელმა! ა და იმას ვემართლები, არ დავინახო დღეიდან ამ სახლში შემოდგას ფეხი.
_ფუი, შენი, შე მართლა !_სახეში შეაფურთხა შოკამ._რა ც შენ ხარ ყველას ისეთი თვალით უყურებ? საწყალი გოგო შენი წყალობით კრაზანებმა დაკმინეს და გეგეს რომ არ ემარჯვა, ცოცხალი აღარ იქნებოდა!..
_არ ჯობდა, რომ მომკვდარიყო მერე?!_ნელი ასისინდა ახლა.
_თქვე ტყიურებო თქვენა, რა უნდა გელაპარაკოთ ადამიანი?! გოგო საავადმყოფოში იწვა და ბას სწამებთ... ეს არის თვითონ უტვინო, რომ თქვენ გეჭმევინებათ და მართლა არ გაიჩინა საყვარელი და არ წავიდა თქვენგან._მხრებზე მომხვია ხელი და ჩემი ოთახისკენ წამიძღვა შოკა.
_სად მიგყავს ეგ ჩათლახი?_ისევ გამოიწია მარინემ.
_გამერიდე ეხლა აქედან, თორემ ისე გცემ, უნდა იძახდე, აქ არ მომხვედრია და ნეტა რად მტკივაო._ხელი გამიშვა და მოზრდილ ქვებს დასწვდა შოკაც._შენ რა უფლებით ბატონობ ამ სახლში? ამისი აღარაფერი ყოფილა აქ რა! გამერიდე იქით, თორემ თუ გაგიგდე წიხლქვეშ, ვერავინ გიშველის. შე დამპალო და შურიანო შენა!_შოკამ ისევ მომხვია მხრებზე ხელი და ჩემს ოთახში ამიყვანა.
_ეს დამპალი ესა, დავინახე როგორ ამოშალა კრაზანები, რომ შენთვის ეკმინათ და ახლა აქვს გრძელი ენა? დაიბოღმა გეგემ რომ მოგაქცია ყურადღება და გიჟდება ახლა? ქალთა უმსგავსი ეგა!_თან ყვიროდა და თან ჩემ გატეხილ შუბლს ათვალიერებდა შოკა._აპტეჩკა სად გაქვს, გვარიანად გაუტეხია მაგ ხელებგასახმობს.
ხელით ვანიშნე სადაც ვინახავდი წამლებს და საწოლზე ჩამოვჯექი.
_მეტის ღირსი ხარ შენ, ამ უმადურ ღორებს რომ ეჭმევინები. აიკარი გუდა-ნაბადი და წადი. შვილებიც რომ გყავდეს, წაიყვანდი და წახვიდოდი, განა ძველი დროა, ხალხი რას იტყვისო იძახო? შვილი თქვენ არ გყავთ, ხელი თქვენ არ გაქვთ მოწერილი და რას ზიხარ აქ?_თან მეჩხუბებოდა და თან თავზე ჭრილობას მიმუშავებდა._ღირსი არ არის გავუვარდე ახლა და ხელები დავამტვრიო იმ ქალთაუმსგავსს? ეგ ველური ეგა!!! ეგ ტყიური!!! ადექი და უჩივლე!
_რა სისულელეს ამბობ?_შევუბღვირე.
_მაშინ, შენ თვითონვე დაუდე კუნძზე თავი, რო დაგაჭრას. ვერ ხედავ რა გაგიჟებულია გეგე რომ არ აქცევს ყურადღებას? წადი რა აქედან, გაერიდე ამ გიჟებს?
_სად წავიდე? იქ მამაჩემი იქნება უარეს დღეში და არ შემიშვებს სახლში _გული ამომიჯდა და ავსლუკუნდი.
_რას ქვია სად უნდა წახვიდე?_ბინტი ლეიკოთი მომაკრა შუბლზე და წამლების ყუთი ისევ თავის ადგილზე დააბრუნა._მამაშენის სახლში წილი შენც გეკუთვნის, რა უფლებით არ უნდა შეგიშვას სახლში ჯერ ერთი და, მეორეც, წადი თბილისში, ბინა იქირავე და იმუშავე, თავის გატანა გაგიჭირდება ვითომ? ნუ ხარ მშიშარა. ვინც არ რისკავს ის არ სვამს შამპანურსო არ იცი შენ? რაც უფრო არ შეუშინდები ამ ცხოვრებას და რქებით მიაწვები, მით უფრო არ შეგაქცევს იღბალი ზურგს._თვითონაც გვერდით მომიჯდა და მხრებზე მომხვია ხელი._ან არა და სად უნდა წახვიდე? დაურეკე გეგეს და დიდი სიხარულით წაგიყვანს...
_გეგეს ჩარევა არ გაბედო ამ ამბავში._მკაცრად ვუთხარი და თან თვალები დავუბრიალე._არაფერს ეტყვი, გასაგებია?
_ნეტა შენ კიდე მასეთი ჯიუტი არ იყო და არ იცოდე უკუდო ვირზე შეჯდომა. ბიჭს გაგიჟებით უყვარხარ, უკან იხევს იმის გამო, რომ შენ ვითომ ოჯახი გაქვს...
_არ ეტყვი-მეთქი არაფერს, ვერ გაიგე?_ისევ გავუმეორე მკაცრად.
_მე კი არაფერს ვეტყვი, მაგრამ სოფელი გაჩუმდება? გეუბნები, სანამ დროა თავს უშველე.
_მასეც მოვიქცევი,_მტკიცე გადაწყვწტილებაც მივიღე და ფეხზე წამოვდექი._ თბილისში წავალ და იქ ვიქირავებ ბინას, შენ მართალი ხარ._ჩემოდანი მოვიძიე და ჩემი პირადი ნივთებისა და რამოდენიმე ხელი ტანსაცმლის ჩალაგებას შევუდექი._აქ არამც და არამც აღარ დავრჩები.
შოკამ დამიჭირა, ლოყაზე მადიანად მაკოცა და მანაც დაიწყო ჩემი ნივთების ჩალაგება.
_ძლივს საღად აზროვნებ და სანამ გონება დაგბინდვია ისევ, მოგეხმარები წასვლაში. ცოტაოდენი დანაზოგი მაქვს, მოგცემ და როცა ცხოვრებას აიწყობ, მაშინ დამიბრუნე...
ცოტა კი მაფრთხობდა და მაშინებდა ჩემი გადაწყვეტილება და ახალი ცხოვრებისკენ გადადგმული ჩემი ნაბიჯები, მაგრამ გარისკვა მართლა ღირდა შოკასი არ იყოს. ჩემოდანი გავავსე ჩემი ნივთებით. ხელჩანთაშიც ჩავიყარე ჩემი ძვირფასეულობა რაც ჩემი ნათესაობის მხრიდან მქონდა ნაჩუქარი, გავყიდიდი და ხელს მოვინაცვლებდი. დანაზოგი ფულიც ოთხას ლარამდე მქონდა.
_მეც მაქვს ხუთასი ლარი. წავალ და გამოგიტან._დაფაცურდა შოკა._გარეთ არ გამოხვიდე ამ ოთახიდან, კარებიც ჩაიკეტე შიგნიდან. თუ ვინცობაა და შემოგივარდა, სთხლიშე რამე იმ უტვინო თავში, არ დაინდო. შენ ამათ ვერანაირ სიკეთეს მაინც ვერ დაანახვებ და რასაც იმსახურებენ, ის გააკეთე.
შოკა რომ გავიდა ოთახიდან, ეზოში ისევ ჩოჩქოლი ატყდა. მარინე განწირული ხმით აწივლდა.
_შე ჩათლახო, შენ უწყობ ყველაფერში ხელს არა?
_მარტო გაბედე და თითი დამაკარე, შენ კატო ხომ არ გგონივარ, რომ არ მიგბეგვო გემოზე? შე ქალთა უმსგავსო...
_მოვკლავ მაგ ჩათლახს და ციხეში წავალ!_არ ჩუმდებოდა მარინე.
_დაწყნარდი ძვირფასო, არ ღირს იმ ს გამო ციხეში წასვლა. გავაგდოთ სახლიდან და სადაც უნდა იქ წასულა._ჩემმა დედამთილმა ძმიშვილის დაწყნარება დაიწყო.
ფანჯრიდან რომ გავიჭყიტე, მთელი მეზობლები იქ იყვნენ. სახლის უკანა მხრიდან ფანჯრიდან გადავიპარე და ბაღჩაზე დავეშვი. ვერავინ შემნიშნა. ბაღჩის ბოლოდან ღობეზე რის ვაი-ვაგლახით გადავძვერი და ჩემოდანიც ძლივს გადავიტანე. კარგა ხანს ვიარე და ბოლოს გაჩერებაზე დავდექი. არავის დავუნახივარ. მალევე გამოიარა თბილისის მარშუტკამ და ხელი გავუქნიე. მძღოლმა კი შეანელა სვლა, მაგრამ ხელით მანიშნა, ადგილი არ მაქვსო. დიდხანს მომიწია გაჩერებაზე დგომა. რთვლობის პერიოდში კახეთიდან სავსე მარშუტკები მიდიოდა თბილისისკენ. შოკამ რომ დამირეკა, არ ვაპირებდი გაპასუხებას, მაგრამ მესამე ჯერზე ვუპასუხე. ისიც ხომ ნერვიულობდა და განიცდიდა ჩემს ამბავს?
_სად ხარ გოგო?
_გაჩერებაზე ვარ. თბილისში მივდივარ.
_საით დგახარ? დღეს ვერაფერს გაყვები მაინც, ამაღამ ჩემთან დარჩი და დილით მე გაგაცილებ.
_გავყვები, ნუ გეშინია._დავამშვიდე.
_ნუ ბავშვობ. მითხარი სად დგახარ?
_აი, მოვიდა კიდეც მარშუტკა, უნდა გაგითიშო. რომ ჩავალ დაგირეკავ._ვიცრუე და ტელეფონი მართლა გავუთიშე.
დარწმუნებული ვიყავი, შოკა ჩემს მოსაძებნად გამოვიდოდა და ისევ ფეხით წასვლა ვამჯობინე მეზობელი სოფლის გაჩერებამდე. თავი საშინლად მტკიოდა. ჩემოდანიც ნელ-ნელა მძიმდებოდა და ძლივს მივათრევდი, მაგრამ მაინც მტკიცედ მივიწევდი წინ. რახან გადავწყვიტე წასვლა, ცხელ გულზე მივდიოდი. ვიცოდი ჩემი საცოდავი ხასიათი, სიბრაზე რომ გადამივლიდა, გადავიფიქრებდი და ამიტომ სანამ დრო იყო, იმიტომაც მივდიოდი.
ბევრი ვიარე ფეხით. ნაცნობი სახეები რომ მხვდებოდნენ, თავს ვხრიდი, რომ არავის ვეცნე ვითომ, მაგრამ რას ვერ მიცნობდნენ? გაოცებული მზერით მაცილებდნენ. მეზობელი სოფლის მეორე გაჩერებამდე როგორც იქნა მივაღწიე და სკამზე ჩამოვჯექი. მგზავრობა მართლაც ჭირდა. კარგა ხანს ვიჯექი და თვალცრემლიანი შევყურებდი მგზავრებით გადაჭედილ მარშუტკებს. მოულოდნელად გამახსენდა, რომ ამ სოფელში ჩემი კლასელი და სკოლის მეგობარი იყო გამოთხოვილი. ნახევარ კილომეტრზე მეტი კი მქონდა მის სახლამდე სასიარულო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ერთი ღამით მას მივდგომოდი და მასთან გამეთია. ავდექი კიდეც და ტრასაზე რომ გადავდიოდი, ერთმა მანქანამ გიჟივით ჩამიქროლა. მოშორებით ხმამაღალი ჭყრიალით გაჩერდა. მერე უკან დასწია და გეგეს მანქანაც ვიცანი. შემრცხვა. ყველაზე მეტად მასთან შეხვედრა არ მინდოდა ახლა. მანქანიდან შეშფოთებული რომ გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა, მიწა გამხეთქოდა და შიგ ჩავეტანე, ის მერჩივნა.
_კატო?! რა გჭირს?_დაბინტულ შუბლზე რომ შემომხედა, აშკარად შეწუხდა._სადმე მიხვალ.
უხმოდ შევყურებდი და ცრემლებს ძლივს ვყლაპავდი. ვიცოდი, პირს თუ გავაღებდი, პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი. ჩემი ჩემოდანი ხელიდან წამგლიჯა და საბარგულში ჩადო.
_სად მიდიხარ, მე წაგიყვან. ჩაჯექი მანქანაში.
დავიჯერო, შოკამ უთხრა ჩემი ამბავი? არ მინდოდა ესეც გამერივნა ამ აყალმაყალში.
_რა ხდება, არ მეტყვი?_ხელი მომკიდა და მანქანაში ისე ჩამსვა, წინააღმდეგობა არ გამიწევია._თავზე რა გჭირს? გინდა ექიმთან მიგიყვანო?
_არ მინდა, მადლობა. აქ ჩემი ახლობელი ცხოვრობს და მასთან მიმიყვანე._ ისე ვუთხარი, მისთვის არ შემიხედია. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი უკვე.
_რა მოხდა?_ნიკაპზე ამომდო თავისი თბილი თითები და თავი ამაწევინა. ისეთი თვალებით მიმზერდა, აშკარად შეწუხებული ჩანდა ჩემს გამო._ჩემი დახმარება თუ გინდა, არ მოგერიდოს.
აქ კი მართლა ვეღარ შევიკავე თავი და ავსლუკუნდი. მადროვა, სანამ არ ამოვიტირე. მერე ძრავა აამუშავა, მანქანა შემოატრიალა და ისევ ჩვენი სოფლისკენ აიღო გეზი.
_სახლში არ მიმიყვანო. იქიდან წამოვედი._მუდარა გავურიე ხმაში.
არაფერი უთქვია. მივხვდი რომ თავისთან მივყავდი. არც შევმცდარვარ. ეზოში რომ შეაყენა მანქანა, კარგა ხანს ისევ უხმოდ ვისხედით. მე მიჭირდა ლაპარაკის დაწყება, თვითონ კი აღარაფერს მეკითხებოდა. ტელეფონმა რომ დაურეკა, გადავიდა და ისე გაეპასუხა.
_გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ვეღარ მოვდივარ... არაუშავს, სხვა დროს იყოს... არ არის პრობლემა.
ჩემს გამო გეგმები რომ შეეცვალა, შევწუხდი. მანქანიდან მეც გადავედი და მივუახლოვდი.
_ჩემს გამო გეგმებს ნუ შეიცვლი. მე ახლობელთან მიმიყვანე და წადი შენს საქმეზე.
_ისეთი არაფერია, რომ არ მოიცადოს. დღეს ჩემი სტუმარი იქნები._გამიღიმა. თან სახლისკენ გამიძღვა.
მისაღებში რომ შევედით, დივანზე ჩამოვჯექი და თვითონაც გვერდით მომიჯდა. ორი თითით ფრთხილად გადამიწია შუბლზე ჩამოშლილი თმა.
_რა მოხდა, რა მოგივიდა?
_კიბეზე დავგორდი და თავი გავიტეხე._ვიცრუე და თვალი მოვარიდე._ერთი დღით ახლობელთან მივდივარ. ჩემი დახმარება სჭირდება და..
ისევ დაურეკა ვიღაცამ და ნომერს რომ დახედა, ბოდიშის მოხდით გავიდა ოთახიდან.
ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან და ჩემი შუბლი შევათვალიერე. ბინტზე ცოტათი გამოეჟონა სისხლს. სახეზე ჩალურჯებებიც მქონდა. თმაც საშინლად მქონდა აწეწილი. მართლაც რომ ქუჩის კახპას ვგავდი. შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი, თითებით გადავივარცხნე თმა. გეგე მალევე დაბრუნდა ოთახში.
_რატო არ მითხარი, რომ ჩემს გამო გეჩხუბეს?_ისეთი აღშფოთებული იყო, სიბრაზისგან ავად აკვესებდა შავ თვალებს._როგორ გაბედეს შენთვის ხელის დაკარება?
_შოკამ გაზვიადება იცის ყველაფრისა...
_შოკამ? მას არაფერი უთქვია. მიხამ დამირეკა, მთელი სოფელი მაგაზე ლაპარაკობს თურმე. სახლიდან გამოგაგდეს? სად უნდა წახვიდე, თქვენებთან?
_არა. მამაჩემი არ დამაბრუნებს... თბილისში წავალ და იქ მოვძებნი რაიმე სამსახურს.
_თბილისში? ვინმე გყავს იქ?
უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე.
_მაინც რაზე აპირებ მუშაობის დაწყებას?
_მეეზოვეც რომ ვიყო, ჩემი ალალი ლუკმა მირჩევნია._ისევ წამომცვივდა ცრემლები.
მხრებზე მომხვია ხელი და მიმიხუტა.
_ნუ ტირი, დაწყნარდი. რამეს მოვაგვარებთ... დღეს აქ დარჩი, ღამის გასათევიც არ გქონია. მერე რამეს მოვიფიქრებ.
ქმრის ოჯახიდან წამოსული ვიყავი და რა აზრი ქონდა ამის მერე სად დავრჩებოდი და გავათევდი ღამეს? თუმცა, მასთან დარჩენა იმიტომ არ მინდოდა, რომ ჩემს პრობლემებში ვხვევდი.
_არ მინდა შეგაწუხო...
_მაგაზე ნუ დარდობ, შენ მე არასდროს შემაწუხებ._ისე შემომღიმა, გული გამიჩერდა.
მერე გარეთ გავიდა, მანქანიდან ჩემი ჩემოდანი გადმოიღო და ჩემთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ოთახი მაჩვენა.
_ამაღამ აქ მოეწყე. თეთრეული და პირსაწმენდები კარადაში ნახე. მე ცოტა ხნით უნდა გავიდე, მაგრამ მალე დავბრუნდები. გაპარვა არ გაბედო იცოდე._ისევ გამიღიმა._აქ გათენების საფასური კი გემრიელი ვახშმის მზადება იქნება. გინდა არ გინდა, სამზარეულოში მოგიწევს ფუსფუსი. შევთანხმდით?
მის გულთბილ ღიმილზე მეც გამეღიმა. ორი თითით ისევ გადამიწია თვალებზე ჩამოშლილი თმა.
_მალე დავბრუნდები იცოდე. ძაღლის ნუ შეგეშინდება, გავაფრთხილებ, რომ ზედმეტად არ გაგცეს ხმა._გამიცინა და ოთახიდან ისე გავიდა, მზერა არ მოუშორებია ჩემთვის.
დავრჩი მარტო უზარმაზარ სახლში. რა უნდა მეკეთებინა, მართლა არ ვიცოდი. ერთი პირობა გაპარვაც კი დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. ჩემზე ასე ზრუნავდა, სწუხდა და ერთი გემრიელი ვახშმის მომზადება რა იყო ვითომ, რომ ვერ მომემზადებინა? წინა ჯერზე მე და შოკამ რომ დავალაგეთ ეს სახლი მეტ-ნაკლებად ვიცოდი სად რა იყო. აბაზანაში შევედი და სასწრაფო წესით მივიღე შხაპი. თავზე ბინტიც შევიცვალე. არც ისე საგანგაშოდ მქონდა გატეხილი. ჩემი დასვრილი ტანსაცმელი, მარინემ რომ ძირს მაგორავა, სარეცხის მანქანაში შევყარე სანამ გეგე მოვიდოდა და სამზარეულოს მივაშურე. ზოგადად კულინარია და სამზარეულოში ფუსფუსი ჩემი ჰობი იყო და ახლა ასეთ ძვირფას და ყველაფრით უზრუნველყოფილ სამზარეულოში ხომ თავი დედოფლად ვიგრძენი. ღიღინით შევუდექი ვახშმის მზადებას. პროდუქტები, გიყვარდეს, უხვად ქონდა ვეებერთელა მაცივარში. გამიკვირდა, მარტოხელა კაცს რად უნდოდა ამდენი რამ, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მიხა თავისი ცოლ-შვილით თითქმის ყოველ საღამო იყო აქ. ხან გეგე მიდიოდა მათთან. ვახშამი რომ მოვამზადე, გეგეც მოვიდა. მე ისევ სამზარეულოში ვტრიალებდი. ისე შემოვიდა, არ გამიგია. მოულოდნელად რომ შემოვბრუნდი და მის ღიმილნარევ მზერას წავაწყდი, შემრცხვა. ისე ვიქცეოდი წეღან, თითქოს ამ სახლის სრულუფლებიანი დიასახლისი ვყოფილიყავი.
_გემრიელი სურნელი ტრიალებს. გატყობ, გიყოჩაღია. ვერანდაზე ხომ არ გვევახშმა?
ვერანდაზე ვახშმობა კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ქვეყანა დამინახავდა და უარი ვუთხარი.
_აქ რომ იყოს?_სამზარეულოს კვადრატულ მინის მაგიდაზე მივუთითე.
_როგორც შენ იტყვი._გულთბილად გამიღიმა._მიხას მივეხმარე და ცოტა დასვრილი ვარ, შხაპს მივიღებ და ახლავე მოვალ.
სანამ გეგე აბაზანაში იყო, მე მაგიდას ვაწყობდი. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. მალევე შემოვიდა სამზარეულოში და ლავანდის საპნის სასიამოვნო სურნელი შემოიტანა. თუმცა მალევე გაბრუნდა, ახლავე მოვალო. მართლაც მალევე მოვიდა, ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა. "გეგეს მარანი" ამოვიკითხე ეტიკეტზე. მივხვდი, მისი ჩამოსხმული ალადასტური იყო. ბოთლი მაგიდაზე დადგა და კარადიდან ბროლის ჭიქებიც გამოიღო. მერე ღიმილით მიუჯდა მაგიდას. ფარულად და მორიდებით ვუმზერდი, როგორ გემრიელად მიირთმევდა ჩემს მომზადებულ ვახშამს. მერე ღვინის ბოთლი გახსნა და რაკრაკით ჩამოასხა ჭიქებში.
_ჩვენ გაგვიმარჯოს, სულ კარგად ვიყოთ და მაგრად._ღიმილით მომიჭახუნა და სულმოუთქმელად დაცალა._დალიე, ნახე რა გემრიელი დასალევია.
თავპატიჟი არ დამიწყია, სიმხნევისთვის მართლაც მჭირდებოდა ერთი ჭიქა ალკოჰოლი და მეც ბოლომდე დავცალე ჭიქა. გეგე არ აჭარბებდა, მართლა კარგი დასალევი იყო, რბილი და არომატული.
მაინტერისებდა, იცოდა თუ არა ვინმემ, რომ მე მასთან ვიყავი, მაგრამ კითხვას ვერ ვუბედავდი. არც თვითონ ამბობდა არაფერს. მეორე ჭიქის შევსება რომ დამიპირა, ვიუარე და არ დაუძალებია. აღარც თვითონ დაულევია. სიმართლე ვთქვა, გამიხარდა. არ ვიცოდი როგორი სიმთვრალე ქონდა და ცოტა ვშიშობდი. იქნებ, იქ რომ ვაის გამოვექეცი, აქ ვუის შევეყარე? თუმცა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაინც არ ვინანებდი. მოძალადე აშკარად არ ჩანდა. როცა ადამიანი გიყვარს, მასზე რომც გინდოდეს, ვერ იძალადებ...
_ხვალ რას აპირებ?_ისე მკითხა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
_თბილისში ჩავალ და პირველ რიგში ბინას ვიქირავებ. მერე სამსახურის ძებნას შევუდგები. იმხელა ქალაქში ვინმეს მაინც ენდომება ან დამლაგებელი და ან ჭურჭლის მრეცხავი._ნაძალადევად შევღიმე.
_შუადღის მერე მე მივდივარ თბილისში და წაგიყვან...
_არა, იყოს, არ მინდა, მე თვითონ წავალ, რატო უნდა შეწუხდე?
_მე მაინც მივდივარ და მარტო მგზავრობას, გვერდით დამლაპარაკებელი რომ მეყოლება, ის მირჩევნია._გამიღიმა._სულაც არ მაწუხებ რომ იცოდე.
დამაბნია მისმა ამ დაჟინებულმა მზერამ და ჩანგალს უაზროდ დავუწყე წვალება.
ერთხანს უხმოდ მიმზერდა. უარესად მაბნევდა მისი ღიმილიანი მზერა. მერე ადგა.
_მადლობა, გემრიელი ვახშამი იყო._მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
მაგიდა ავალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და მისაღებში გავედი. გეგე იქ იყო, ტელევიზორი ქონდა ჩართული და ბუნების შემეცნებით გადაცემას უყურებდა. ჩემი შესვლა არ გამოჰპარვია.
_მე წავალ, დავწვები. დღეს ძალიან რთული დღე მქონდა და დავისვენებ._მორიდებით ვუთხარი._მადლობა რომ ღამის გასათევი მომეცი.
_არაფერს, რა მადლობა.
მაშინვე გამოვტრიალდი და ჩემთვის განკუთვნილ საძინებელში შევედი. კარი რომ მივხურე, საკეტით ჩაკეტვა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. ბიჭმა თავისი სახლი დამითმო ღამის გასათევად და მე კიდე არ ვენდობოდი? მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ჩემზე არ იძალადებდა... თუმცა რაც არ უნდა მომხდარიყო, დარწმუნებული ვიყავი, არ ვინანებდი. მაგნიტივით მიზიდავდა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით. ერთი სული მქონდა მის მკერდში ჩამერგო თავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ თავს ვიკავებდი. მართლა კახპა ხომ არ ვიყავი, რომ პირველ შემხვედრსვე ჩავწოლოდი საწოლში. ჩემოდნიდან ჩემი პერანგი ამოვიღე, ტანსაცმელი სასწრაფო წესით გავიხადე და ლოგინში ფრთხილად შევწექი.
დაძინებით ვერ დავიძინე. ყოველ გაფაჩუნებაზე გული გამალებით მიცემდა. მეგონა, გეგე შემოვიდოდა ჩემს ოთახში, მაგრამ შევცდი, თავდაჭერილი და ზრდილობიანი აღმოჩნდა.
მთელი ღამე ვიწრიალე, ხუთი წუთითაც კი ვერ მოვხუჭე თვალი. თავიც საშინლად მტკიოდა. ფიქრისთვის დრო ძალიან ბევრი მქონდა და ათასი სავარაუდო გეგმაც კი შევიმუშავე ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყებად... რომ ირიჟრაჟა, დაღლილი ავდექი საწოლიდან. ტანსაცმელი ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და ფრთხილად გამოვიპარე ჩემი ოთახიდან. გეგე როგორც დავტოვე წუხელ დივანზე, ისევ ისე იჯდა და ეძინა. შემეცოდა. საძინებლიდან პლედი გამოვიტანე და ფრთხილად მივაფარე. საპირფარეშოში ქურდივით შევიპარე. იქიდან კი სამზარეულოს მივაშურე და ყავა მოვადუღე. ის იყო, ფინჯანში ჩამოვისხი, რომ გეგეც შემოვიდა.
_შეგიძლია მეც მომიდუღო?_ მკითხა.
_ორი ფინჯანი მაქვს მოდუღებული._მორიდებით ვუთხარი და მისთვისაც დავასხი.
გაეღიმა.
შავ-წითელ ფერებში გაწყობილ სამზარეულოს მაგიდას მივუსხედით.
_მიხასთან უნდა წავიდე, მცირეოდენი დახმარება სჭირდება ჩემი. შუადღისთვის მოვალ და წავიდეთ თბილისში. უჩემოდ არ წახვიდე, გთხოვ, იცოდე ძალიან მეწყინება.
რომ არაფერი ვუთხარი, მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს თავისი თბილი ხელი დააფარა.
_შემპირდი, რომ არ გაიპარები._ისეთი მუდარით სავსე თვალები ქონდა, გაპარვა მართლაც გადავიფიქრე.
_გპირდები, უშენოდ არ წავალ. დაგელოდები და ერთად წავიდეთ.
გაუხარდა ჩემი დაპირება. ყავა ცხელივე დალია და ფეხზე წამოდგა.
_მშიერი არ იყო, ჭამე იცოდე. მეც მალე მოვალ._ღიმილით მითხრა და წავიდა.
სვენებ-სვენებით და დიდი სიამოვნებით დავლიე ყავა. მერე მისაღებში გავედი და ტელევიზორს მივუჯექი. იმდენი არხი ქონდა, დავიღალე თვალიერებით. ცოტა ხანში ისევ გამოვრთე და ვერანდაზე გავედი. მოშორებით კი იყო და ყველასგან მოფარებული მისი სახლი, მაგრამ მაინც შემეშინდა, რომ შემთხვევით არ დავენახე ვინმეს. სარწეველა სკამი მოფარებით დავდგი და მოხერხებულად მოვკალათდი. ჩემი გათიშული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ჩავრთე. შოკას ზუსტად ჩვიდმეტჯერ დაერეკა. დედაჩემსაც სამჯერ ქონდა ნარეკი. ალბათ ამცნო ჩემმა დედამთილმა ჩემი ბის ამბავი და მიტომაც მირეკავდა. დედაჩემისთვის არ დამირეკია. შოკას დავურეკე ისევ.
_გოგო, სად ხარ? როგორ მანერვიულე.
_კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ. მანდ რა ხდება? შეყარეს მთელი სოფელი, რომ გავბოზდი?
_მოგცლია ერთი შენ, ამათ ნათქვანი თუ გადარდებს. ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, ვინ რა არის. რაც არ უნდა იყვირონ, მთელმა სოფელმა იცის ვინ არის და ვინ არა, შენ მაგაზე ნუ იდარდებ. სად ხარ, თბილისში?
_არა, დღეს მივდივარ, გუშინ ვერაფერს გავყევი.
_თქვენებთან ხარ?
_არა...
_მოიცა, არ მითხრა, გამოვიცნობ._რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა შოკა._მეც არ ვთქვი შენს გაუჩინარებას რატომ არ განიცდიდა ეს ვაჟბატონი?_თავისებურად გადაიკისკისა._შენ დაურეკე?
_არა, გზაში მნახა და რომ ვერაფერს გავყევი, თავისთან მომიყვანა. დღეს მიდის თბილისში და წამიყვანს.
_დარჩენა არ შემოქთავაზა თავისთან?_ისევ ჩურჩულით მკითხა.
_სისულელეებს ნუ ამბობ. ვიცი, ერთი სული გაქვს მკითხო, რა მოხდა ჩვენს შორის. იმედები უნდა გაგიცრუო, არაფერი მომხდარა. ქუჩაში მყოფს დახმარების ხელი გამომიეწოდა და ღამის გასათევი მომცა. დღეს თბილისში წავყვები. ბინას ვიქირავებ და სამუშაოს მოვძებნი. შენ მართალი ხარ, არ გამიჭირდება. არანაირი სამუშაო არ მეთაკილება. მეეზოვედაც რომ ვიმუშაო, ჩემი ალალი ლუკმა ყველაფერს მირჩევნია...
_რა ბედნიერი ეხმარება მიხას ახლა რომ უყურებდე, დარწმუნდებოდი იმაში, რომ მართლა უყვარხარ ამ ბიჭს...
_ტელეფონი დამჯდარი მაქვს და მალე გამეთიშება. არ ინერვიულო...
_ისეთი კაცის ხელში ხარ, სულაც არ ვნერვიულობ.
_არავის უთხრა, რაა...
_გაგიჟდი, ვის უნდა ვუთხრა? მართლა მიხარია შენი ამბავი. გკოცნი, დროებით._ყურმილში ჩამიწრუპუნა და ისე გამითიშა ტელეფონი.
ჩემს საიდუმლო პროფილზე შევედი. ეს ორი დღე გეგეს ქონდა მესიჯები მოწერილი. თვალი გადავავლე. მკითხულობდა და ღელავდა როგორ ვიყავი. არაფერი მიმიწერია. ისევ გავთიშე ტელეფონი, რომ არავის შევეწუხებინე. გარეთ ჯდომა რომ მომბეზრდა, მისაღებში შევედი, ტელევიზორი ჩავრთე და დივანზე წამოვწექი. გეგეს მოლოდინში კარგა ხანს ვუყურე რაღაც ფილმს. ისე უცბად მომეპარა ძილი, ვერც კი მივხვდი და ტკბილად ჩამეძინა. ეტყობა კარგა ხანს მეძინა. თვალები რომ გავახილე, პლედი მქონდა მოფარებული. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი. გვიან გამინათდა გონება. გეგე მოსული იქნებოდა, თორემ პლედს ვინ მომაფარებდა? მაშინვე წამოვხტი ფეთიანივით. ფანჯრიდან რომ გავიხედე, ბინდდებოდა უკვე. მის ძებნას შევუდექი. ვერსად ვიპოვე. მანქანა კი ეზოში ედგა. კისრისტეხით ჩავირბინე კიბის საფეხურები და ეზოში გავედი. მარნიდან შემომესმა მისი ხმა და იქ შევიჭყიტე. ტელეფონზე საუბრობდა. დამინახა თუ არა, უსიტყვოდ გამიღიმა. მალევე დაემშვიდობა ვიღაცას და გაუთიშა ტელეფონი.
_როგორ გეძინა?_ღიმილით მკითხა.
_რატო არ გამაღვიძე? აკი თბილისში უნდა წავსულიყავით?_ვუსაყვედურე.
_ისე ტკბილად გეძინა, შემეცოდე გასაღვიძებლად._დამნაშავის იერით შემომხედა.
_მერე, შენი საქმე? ჩემს გამო კიდევ შეგეშალა ხელი?_ავღელდი.
_ისეთი არაფერია, რომ ხვალამდე არ მოიცადოს.
_აუ, გაგეღვიძებინე ნეტა რა._შეწუხებული და ნაწყენი გამოვბრუნდი მარნის ზღურბლიდან და ისევ სახლში ავედი, რომ ეზოში შემთხვევით არ დავენახე ცნობისმოყვარე მეზობლებს.
მსუბუქი ნაბიჯების ხმა რომ მომყვა უკან, მივხვდი გეგეც მომყვებოდა. სამზარეულოში შევედი და მაცივრიდან ცივი წყალი ჩამოვისხი. ზურგს უკან გეგეს არსებობას ვგრძნობდი და უარესად ვღელავდი.
_ჩემს გამო მართლა ნუ ნერვიულობ, ისეთი საჩქარო არაფერი საქმე არ ყოფილა. ხვალ წავალ, რა პრობლემაა? მგონი არც შენ გიფუჭდება იმ თბილისში საქმე. შენი სტუმრობითაც არ ვწუხდები რომ იცოდე. პირიქით, ვახშამს მახვედრებ. სიმართლე რომ გითხრა, მე ტუზი მაქვს დაცემული. იცი, ისიც კი ვიფიქრე, მზარეულად ხომ არ იმუშავებდი ჩემთან?
_მზარეულად?.. შენთან?..._გავიკვირვე.
_ხო, რა მოხდა? შენ სამსახურს და თავშესაფარს ეძებ, მე მზარეული მჭირდება. იქნებ გეფიქრა ამაზე?
მისმა მოულოდნელმა შემოთავაზებამ დამაბნია. უაზროდ შევყურებდი თვალებში და მისი ზრახვების ამოკითხვას ვცდილობდი.
_არ ვხუმრობ, სერიოზულად გეუბნები. მართლაც ვფიქრობდი მზარეულის აყვნაზე. შენმა მომზადებულმა ვახშამმა კი შენი კანდიდატურა მომაწონა. თბილისში რომ ჩახვიდე, მაშინვე იშოვი სამსახურს? ცოტა ხანს დარჩი აქ, შეხედე, თუ არ მოგეწონება, წადი, არ დაგიჭერ... თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არ მინდა შენი გაშვება._ბოლო სიტყვები ისეთი გრძნობით თქვა, გული ამიჩქარდა._იფიქრე ამაზე და ხვალ პასუხი მითხარი. არაჩვეულებრივი მზარეული ხარ და მინდა რომ ჩემთან იმუშაო. ხელფასს როგორც მეტყვი ისე გადაგიხდი, გინდ ყოველდღიურად და გინდ თვის ბოლოს... თუ გინდა ხელზე მოგცემ, თუ გინდა კიდევ ბარათზე დაგირიცხავ...
_სად დავრჩე, შენთან?_მწარედ ჩამეცინა._ისედაც ჭორაობენ...
_რას ჭორაობენ?_დჟინებით ჩამაშტერდა თვალებში.
სახე ამეწვა. მივხვდი, რომ გავწითლდი და მზერა მოვარიდე.
_სულ არ მაინტერესებს რას ჭორაობენ და რას ლაპარაკობენ. შენ ჩემთან სამუშაოდ დარჩები. არავისი საქმე არ არის მე ვის ვამუშავებ ჩემს სახლში.
_არა, ვერ დავრჩები. ხვალ თუ წამიყვან თბილისში, ხომ კარგი და თუ არა და არც ეგაა პრობლემა, თვითონ წავალ.
_მოსაფიქრებლად დროს გაძლევ.
_მოფიქრება არ მჭირდება._მტკიცედ ვუთხარი და გაბედულად შევხედე თვალებში, ასე რომ მიფორიაქებდნენ გულს და მირევდნენ თავგზას.
ჩემი გადაწყვეტილება ძალიან ეწყინა. არც მე მინდოდა აქედან წასვლა, დიდი სიამოვნებითაც კი დავრჩებოდი, მაგრამ... ხალხი რას იტყოდა? ჩემი ქაჯი მული ან გიჟი დედამთილი მოგვისვენებდნენ ვითომ? გულს კი აქ უნდოდა დარჩენა, მაგრამ ცივი გონებით ჯობდა მოქმედება. ამიტომ არც კი ვფიქრობდი ამაზე, რომ ამ ჭიდილში გულს არ გაემარჯვა. არ მინდოდა ჩემს გამო გეგეს პრობლემები ქონოდა.
ერთხანს უხმოდ მიყურა. ისეთ მუდარას ვკითხულობდი მის თვალებში, მეცოდებოდა, მაგრამ მაინც მტკიცე იყო ჩემი უარი.
_კარგი, რა გაეწყობა, დილითვე წაგიყვან თბილისში, რომ ბინის ქირაობა მაინც შეძლო. მაგ დალურჯებული სახით და გატეხილი შუბლით არ მგონია ვინმემ სიხარულით დაგაწყებინოს მუშაობა. იქნებ, ბინაც არ მოგაქირაონ... მაგრამ რახან არ იშლი, წაგიყვან._ეს მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
გავიგე, რომ მანქანა გარეთ გაიყვანა და გიჟივით მოაფხოჭნინა ხრეშიან ორღობეში. აშკარად ეწყინა და გაბრაზდა კიდეც ჩემს სასტიკ უარზე. მაგრამ მე ასე მიღირდა ჩემი გადაწყვეტილება და აზრის შეცვლას მართლა არ ვაპირებდი. ერთი ჭიქა წყალი კიდევ დავლიე და ჩემს ოთახში შევედი. დიდხანს ვიკავე თავი, მაგრამ ბოლოს მაინც ავღრიალდი. რატომ არ შეიძლებოდა ვითომ რომ დავრჩენილიყავი მასთან უბრალო მზარეულადაც კი? ჩემი უაზრო პრინციპების გამო მერამდენედ უნდა დამეშვა ნეტა გამოუსწორებელი შეცდომა და დამემახინჯებინა ცხოვრება?.. ოფიციალურად არც ვაჟიკოს ცოლი ვყოფილვარ და მაინც ვცხოვრობდი მის გვერდით. ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ და ახლა მქონდა შანსი, მაგრამ არ ვიყენებდი. თურმე, ვინც ძალიან გიყვარს, ცდილობ რომ შენს პრობლემებში არ გახვიო... ნელი და მარინე არ მოგვისვენებდნენ, ვიცოდი, როცა გაიგებდნენ რომ მასთან ვიყავი. იმაშიც ვიყავი დარწმუნებული, რომ მისი ნათესაობის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდებოდა. არც თვალი ეკლდა და არც ხელი, მშვენიერი ბიჭი იყო, აღზრდაც უმაღლესი ქონდა, შრომისმოყვარე იყო და შეძლებულიც. რატომ უნდა მიეყვანა ვითომ სხვისი ნაცოლარი, თანაც უშვილო?
კარებზე კაკუნი რომ შემომესმა, მივაყურადე.
_კატო, აქ ხარ?_კიდევ მომიკაკუნა გეგემ.
სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები და კარი გავუღე. სახეში არ შემიხედია მისთვის.
_მაღაზიაში ვიყავი. ცოტაოდენი რაღაცეები მოვიტანე, გვევახშმა.
_არ მშია, მადლობა. დაძინებას ვაპირებ._ვიცრუე უნამუსოდ. არც მეძინებოდა და შიმშილითაც ძალიან მშიოდა, მთელი დღე არაფერი მეჭამა. მაგრამ მის სიახლოვეს არ მინდოდა რომ ვყოფილიყავი.
_თუ არ შეწუხდები, მე რომ დამეხმარო რაიმეს მომზადებაში?
რომ შევხედე, ოდნავშესამჩნევად მიღიმოდა. აშკარად შემატყო, რომ ნამტირალევი ვიყავი, მაგრამ არაფერი უკითხავს. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გავყევი სამზარეულოში. მზა კოტლეტი ქონდა ნაყიდი და იმის შეწვა უნდოდა.
_როგორც თხა აფთიაქში, ისე ვარ მე ამ სამზარეულოში, შენ კი უარზე ხარ რომ დარჩე._საწყალობლად შემომღიმა._მასწავლე მაინც რა როგორ კეთდება?
_აქამდე როგორ აკეთებდი?_გამიკვირდა.
_ვჯახირობდი._საცოდავად მითხრა.
_ახლაც იჯახირე, ვინ გიშლის ხელს?_გამეცინა.
ჩემს სიცილზე მასაც გაეცინა. მერე ტელეფონმა დაურეკა და ბოდიშის მოხდით გავიდა გარეთ. მე კოტლეტის შეწვა დავიწყე. რომ მოვრჩი, ყველიც დავჭერი. კიტრი და პომიდორიც გავრეცხე და სუფრის გაშლას შევუდექი. შემწვარი ვარიაც ქონდა ნაყიდი. ჯერ ისევ ცხელი იყო და ისიც დავჭერი. გაუაზრებლად ორი თეფში და ჩანგალი დავდე მაგიდაზე. გვიან მივხვდი, რომ მე ვითომ არ მშიოდა, მაგრამ გეგემ შემომისწრო და ვეღარ მოვასწარი ერთი თეფშის აღება.
_კარგია მარტოს რომ არ მავახშმებ._გამიღიმა და სუფრას მიუჯდა.
მეც მორიდებით დავჯექი. საჭმლის სუნზე უარესად შემაწუხა შიმშილმა და მეც გემრიელად გეახელით.
_ოხ, ყოველთვის მავიწყდება ღვინის ამოტანა._ხელები ხელსახოცზე წეიწმინდა და წამოდგა.
_არ გინდა, იყოს, არ მინდა დალევა._ხელზე წავატანე ხელი და ისევ ჩამოვსვი სკამზე.
ჩემს შეხებაზე თითქოს შეკრთა, მაგრამ არ გამძალიანებია.
_წვენები ხომ არის და ეს დავლიოთ._გამახსენდა, რომ მაცივარში "სპრაიტი" და წითელი "ფანტა" ქონდა. მაშინვე წამოვხტი, რომ ჩემი მღელვარებაც არ შეემჩნია და მაცივრიდან ბოთლები და კარადიდან ლიმონათის ჭიქები გამოვიღე. ბოთლები გეგემ გამომართვა და ჭიქებში მან ჩამოასხა.
_იცი, სულ მაინტერისებს, დედმამიშვილები არ გყავს?_ჭიქა რომ შემივსო, თან მკითხა.
_ძმა მყავს...
_მერე, შენი პრობლემების შესახებ არაფერს ეუბნები?_გაუკვირდა.
_გულის პრობლემები აქვს. არ მინდა ჩემს გამო რამე მოუვიდეს. ერთი ოპერაცია უკვე გაკეთებული აქვს და ძლივს გადაიტანა. თან, საქართველოში არც არის, მოსკოვშია, იქაური ქალი შეირთო ცოლად და წლებია იქ ცხოვრობს. სიმართლე რომ გითხრა, არც გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა.
_მიტომაც გიბედავენ გინდ ნელი და გინდ მარინე მაგდენს არა?
ნელისა და მარინეს ხსენებაზე ალბათ სახე რომ მომეღუშა, შემატყო და სხვა რაღაცაზე გადაიტანა საუბარი.
_დღეს ანდრიას დაბადების დღეა.
_მიხას ბიჭისა? ჩემს გამო ვერ წახვედი არა?
_დღეს მარხვაა და ხომ იცი მიხას ამბები? ხვალ აპირებს სუფრის გაშლას. დღეს ბავშვებს აქეიფებენ.
_ოთხის გახდა არა?_გამეღიმა._რა საყვარელია.
_დღეს გამებუტა, ვენახში ყავდა და ვაწვალე. ასე მითხრა, ცუდი ბიჭი ხარ შენ გეგე და აღარ გელაპარაკებიო. თუმცა, საჭესთან რომ დავსვი, მალევე შემრიგდა.
_ეგ ქრთამისტი, ეგა._ გამეცინა.
_ეგ კი არა, სახლშიც კი მომყვებოდა ბილიარდის სათამაშოდ. თამთამ სულ ღრიალით გადაიყვანა მანქანიდან.
_უი, საწყალი._შემეცოდა.
_მეც მასე ვიფიქრე, მაგრამ თამთამ, საწყალი შენ იქნები თუ წაიყვანო. არაფერს დაგიჯერებს და იმ ბილიარდის ბურთებს სულ თავში დაგიშენსო._გაეცინა.
_უყურე შენ ანდრიას, ვითომ როგორი უწყინარია და რა ყოფილა.
_ხო, მამას გავს, ერთი თუ მოიღუშა და საავდრო ღრუბელივით შეჰყარა წარბები, მტრისას.
გულიანად გამეცინა.
ჩემს სიცილზე გეგეც ამყვა, ბევრი ოინებიც გავიხსენეთ მიხასი და ანდრიასი და გულიანად ვიცინეთ. ვახშამს რომ მოვრჩით და მაგიდა ავალაგე, ჭურჭლის დარეცხვა ღარ დამაცადა და საბილიარდეში ჩამიყვანა, ვითამაშოდო.
_რომ არ ვიცი? მაგიდის ტენისი მირჩევნია._გავინაზე.
_არ არის პრობლემა._ოღონდაც მის გვერდით ვყოფილიყავი და სიხარულით დამთანხმდა.
პირველი ხელი მე მოვიგე. მეორე ფრე დავამთავრეთ.
_ეს ხელი სანაძლეოზე ვითამაშოთ არ გინდა?_ღიმილით მკითხა.
_ვითამაშოთ._ყოყმანის გარეშე დავთანხმდი._რაზე?
_თუ მე მოვიგე, ხვალაც ჩემთან რჩები.
ღიმილი რომ შემეყინა სახეზე, გაეღიმა.
_რაო, წაგების შეგეშინდა?
_წაგებისა არა...
_აბა?
მინდოდა მეთქვა შენთან დარჩენის-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე. ისეთი თვალებით მიმზერდა, თითქოს კითხულობდა ჩემს ფიქრებს. შემრცხვა. თან შემეშინდა მართლაც არ ამოეკითხა ჩემს თვალებში ჩემი ფიქრები და სურვილები. მე ხომ მისი ჩახუტების და კოცნის დიდი სურვილი მქონდა? ჩოგანი მაგიდაზე დავდე და ოთახიდან უკანმოუხედავად გავედი. ეზოში რომ გამოვედი, წვიმას იწყებდა. კარგად ბნელოდა უკვე. გავარვარებული სახე წვიმის გრილ წვეთებს შევუშვირე და თვალები დავხუჭე. თავს ძლივს ვერეოდი, რომ უკან არ მივბრუნებულიყავი და მის მკლავებში არ ამომეყო თავი. უკან მიბრუნება არც დამჭირვებია. წელზე მისი ხელების შემოხვევა რომ ვიგრძენი, თითქოს ვიცოდი კიდეც, რომ ასე იქნებოდა. ერთხანს ზურგიდან ვყავდი ჩახუტებული. მერე თავი მხარზე ჩამომადო და ლოყაზე მაკოცა.
სითბოზე კარაქი რომ დნება, ზუსტად ისე დამემართა. არ გავძალიანებულვარ. უფრო მეტიც, შევბრუნდი და მჭიდროდ ჩავეხუტე გულში. თავი რომ ამაწევინა და ჩემს ტუჩებს გრძნობით შეეხო, გული გამიჩერდა. მის გახშირებულ გულის ფეთქვას ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ვუნდოდი. მეც მინდოდა. ვნებას და გრძნობას ისე დაებინდა ჩემი გონება, ვეღარ ვაზროვნებდი. ერთადერთი, რაც მიტრიალებდა თავში, მასთან ყოფნა იყო. ალბათ დავნებდებოდი კიდეც, მის ჯიბეში ტელეფონი რომ არ ამღერებულიყო. შევკრთი, რეალობას დავუბრუნდი, ეს რას ვაკეთებ-მეთქი და ხელიდან დავუსხლტი. კებეებზე უკანმოუხედავად ავირბინე. ჩემს ოთახში რომ შევედი, კარი მივიხურე, ზურგით მივეყრდენი და საკუთარ გულისცემას ვუსმენდი. მთლიანი სახე მეწვოდა. ვგრძნობდი, აწითლებული ვიყავი. გვიან გავაცნობიერე, რომ ტუჩებზე თითები მქონდა მიდებული და კმაყოფილს სიამოვნებისგან მეღიმებოდა. კარებზე ფრთხილად რომ მომიკაკუნა, ისე შევკრთი, ლამის გული გამისკდა.
_კატო, აქ ხარ? ცოტახნით მიხასთან უნდა გადავიდე...
კარები გავაღე და გავიხედე. ჩემზე არანაკლებ აღელვებული და აფორიაქებული ჩანდა.
_ცუდი ხომ არაფერია?_ძლივს ამოვღერღე.
_არა, მისი სიდედრი უნდა გადავიყვანო სახლში, მე ნასვამი ვარო. მალე მოვალ.
_კარგი._გავბედე და მის დაჟინებულ მზერას თვალი გავუსწორე.
გეგე რომ წავიდა, მისაღებში გავედი და ტელევიზირი ჩავრთე. მართალია არ ვუყურებდი, მაგრამ მაინც იქ ვიჯექი. თავს არ ვუტყდებოდი, რომ გეგეს დაბრუნებას ველოდი. ზუსტად ორმოც წუთში მოვიდა. კიბეზე მისი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, გული ისევ ამიფორიაქდა. ოთახში მორიდებით შემოვიდა და გვერდით მომიჯდა. შემრცხვა, აშკარად მიხვდებოდა რომ მას ველოდი. გვერდით რომ მომიჯდა, მაშინვე ავდექი, ჩემს ოთახში დავაპირე შესვლა, მაგრამ ფეხებზე თითქოს მძიმე გირები მეკიდა და გადადგმა მიჭირდა. ხელზე რომ მომკიდა ხელი შესაჩერებლად, თითქოს შვებით ამოვისუნთქე, არ მინდოდა გაეგო, წასვლა რომ მიჭირდა. მისი თბილი ხელის შეხებაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ტელევიზორით განათებულ მკრთალ შუქზე მისი თვალები სასწაულად ელავდა. ფეხზე რომ წამოდგა და ჩემს წინ აისვეტა, გული გამიჩერდა. ერთხანს დაჟინებით მომჩერებოდა. მერე კი ნელ-ნელა გადმოიხარა ჩემსკენ. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ტუჩებზე. შემდეგ კი თავისთავად მიმელულა თვალები და ჩვენი ტუჩები გრძნობით შეერთდა. გონება გამეთიშა. გულის მოძახილს ვუსმენდი მარტო და ამ გულს კი გეგესთან ყოფნა უნდოდა. ინსტიქტურად მეც მოვხვიე წელზე ხელები და კოცნას კოცნითვე ვუპასუხე. თითქოს ჯადოსნურ ზღაპარში მეგონა თავი ხელში აყვანილი თავის საძინებელში რომ შემიყვანა. სადაც გამქრალიყო სირცხვილიც და მორიდებაც. ისეთი თამამი, ალერსიანი და ვნებიანი ვიყავი, თვითონვე მიკვირდა საკუთარი თავის.
********************
დილით თვალები რომ გავახილე და ჩემს გვერდით აღარ იწვა, მეგონა, წუხანდელი ვნებით სავსე ღამე დამესიზმრა. ცოტა არ იყოს, გული დამწყდა კიდეც, მაგრამ საძინებელს რომ შევავლე თვალი და მეუცხოვა, დავრწმუნდი მის რეალობაში. საწოლიდან თავი მორიდებით წამოვყავი, იატაკზე უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილი ჩემი ტანსაცმლის დანახვაზე მორცხვად გამეღიმა. ჩემი შავი ბიკინი ახლოშივე ეგდო კიდევ კარგი, გადავწვდი და სასწრაფოდ ამოვიცვი. ის იყო, ადგომა დავაპირე და საბანიც გადავიხადე, რომ კარები გაიღო და გეგე შემოვიდა. ისევ გადავიფარე და დარცხვენილმა თვალი ვერ გავუსწორე.
_გაიღვიძე?_ღიმილით მომიახლოვდა და საწოლის კიდეზე ჩამომიჯდა. ფრთხილად გადამიწია სახეზე ჩამოშლილი თმა და შუბლზე ნაზად მაკოცა._როგორ გეძინა?
მინდოდა მეთქვა არაჩვეულებრივათ-მეთქი, მაგრამ შემრცხვა.
_არ დგები, ვისაუზმოთ?
შემთხვევით ჩემი მზერა დაიჭირა უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ ტანსაცმელს რომ ვუმზერდი საწყალობლად და გაეღიმა. წამოდგა, სათითაოდ მოკრიფა და მომიტანა. კიდევ რაღაცას დაუწყო ძებნა. მივხვდი რასაც ეძებდა და უარესად შემრცხვა.
_მგონი, რაღაც ვერ ვიპოვე._მორიდებით შემომღიმა.
მერე, მოულოდნელად საბნის ქვეშ შემოაცურა ხელი შესამოწმებლად, მეცვა თუ არა და სახეზე ალმურმა ამკრა. გაღიმებული დაიხარა და ჩემს ბაგეებს ნაზად დაეწაფა.
_კარგი, გელოდები._წამოდგა და ოთახიდან ღიმილით გავიდა.
მივაყურადე, სანამ არ მიწყდა მისი ფეხის ხმა და სასწრაფოდ წამოვხტი. უსწრაფესად გადავიცვი ჩემი ტანსაცმელი, თავი მოვიწესრიგე და მორიდებით შევედი სამზარეულოში, სადაც გეგე ფუსფუსებდა. ჩემი შესვლა არ გამოჰპარვია. ისეთი ღიმილით შემომხედა, გული გამიჩერდა. ორივემ შეხმატკბილებულად გავაწყვეთ სუფრა და ერთმანეთის პირისპირ შემოვუსხედით მაგიდას. ხმისამოუღებლად ვისადილეთ. მისი მზერისთვის თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. არა და წუხელ სიამოვნებით ვეკვროდი მის შიშველ სხეულს ჩემი შიშველი სხეულით.
_თბილისში დილითვე მივდივართ?_როგორც იქნა გავბედე და ვკითხე და ძლივს შევძელი მისთვის თვალის გასწორება.
ჩემს ამ მოულოდნელ შეკითხვაზე ლიმონათის ჭიქა შეეყინა პირთან.
_თბილისში მაინც გინდა წასვლა?_გაუკვირდა._მეგონა, წუხანდელი ღამის მერე გადაიფიქრებდი...
წუხანდელი ღამის ხსენებაზე სახეზე ალმური მომედო და მზერა მოვარიდე.
_ვითომ რატომ უნდა გადამეფიქრებინა?_"გავიოცე."
_მე მართლა არ მინდა რომ წახვიდე... არ მეთმობი... მინდა რომ ჩემთან დარჩე. ვგრძნობ, არც შენ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი. გთხოვ, დაფიქრდი...
_დაფიქრება სულაც არ მჭირდება. თუ წამიყვან, წამიყვანე, თუ არა და მე თვითონაც კარგად წავალ, სულაც არ მჭირდება შენი წაყვანა._მტკიცედ ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
გეგეც მაშინვე წამოდგა, მომიახლოვდა და მხრებზე მომხვია ხელები.
_თვალებში შემომხედე და ისე მითხარი, რომ არაფერს ვნიშნავ შენთვის.
მზერა რომ ვერ გავუსწორე, უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები.
_მე არ მინდა რომ წახვიდე. არ გაგიშვებ!_ისე მტკიცედ მითხრა, შევკრთი.
გულში ჩამიხუტა. გავუძალიანდი, მაგრამ ხელი არ გამიშვა. თავი ამაწევინა და ჩემს ბაგეებს გახელებით დაეწაფა. თავიდან კი შევეწინააღმდეგე, მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელი. ეს ბიჭი მაგიჟებდა, თავგზას მირევდა და გულს მიფორიაქებდა.
_გთხოვ, ნუ წახვალ, დარჩი ჩემთან._მუდარა გაურია ხმაში.
_რისთვის?
_როგორ თუ რისთვის? ერთმანეთი ხომ ძალიან მოგვწონს?
მართლაც რომ ძალიან მოგვწონდა ერთმანეთი და გვინდოდა კიდეც ერთად ყოფნა, მაგრამ აქ დარჩენა არ ივარგებდა. ნელის და მარინეს ხომ მეტიც არ უნდოდათ? ისედაც მის საყვარლობას მაბრალებდნენ. თან, ხალხი რას იტყოდა? ან, გეგეს ნათესაობა როგორ შეხვდებოდა ჩვენს ამბავს?
_ვგრძნობ, რომ გინდივარ, მეც მინდა შენთან ყოფნა. რატო ამბობ უარს?
თავი გავინთავისუფლე მისი ძლიერი მკლავებიდან. ისე, არც გამძალიანებია, თორემ რას შევძლებდი? თვალებში რომ შევხედე, მივხვდი, გულწრფელი იყო. მეც გულით მინდოდა მასთან დარჩენა, თუნდაც უბრალო მზარეულადაც კი, მაგრამ... ეს მაგრამ არ მაძლევდა მასთან ყოფნის საშუალებას.
_დღეს აუცილებლად წავალ აქედან. არ აქვს მნიშვნელობა წამიყვან თუ არა, მე მაინც წავალ._მტკიცედ ვთქვი და მაგიდის ალაგებას შევუდექი.
ჭურჭელიც დავრეცხე, სამზარეულო მივალაგე და თბილისში წასასვლელად მოვემზადე.
_კარგი, რახან არ იშლი, მე წაგიყვან._როგორც იქნა წაყვანაზე დამთანხმდა გეგე.
ჩემი ჩემოდანი საძინებლიდან გამოიტანა და საბარგულში ჩადო. გამიხარდა კი, რომ წასვლის საშუალება მომცა, მაგრამ თან გული დამწყდა. უხმოდ ჩავსხედით მანქანაში და თბილისისკენ დავადექით გზას. ახალი ცხოვრების დასაწყებად ნაბიჯი უკვე გადადგმული მქონდა და უკან დახევას აღარ ვაპირებდი. სხვა დროს, რომ სწრაფად დაყავდა მანქანა, ახლა მომეჩვენა, რომ ძალიან ნელა მივდიოდით. თითქმის ყველა მანქანა ჩვენ გვასწრებდა. საყვედური ნამდვილად არ მითქვია. თბილისში მაინც მივყავდი და ერთ საათში ჩავიდოდი თუ ორ საათში, რა აზრი ქონდა?
უხმოდ ვმგზავრობდით, მაგრამ ხშირად ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას, რომელიც ასე მიფორიაქებდა სულს და გონებას მირევდა, მაგრამ უკან დაბრუნებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. რამდენჯერმე მეც გავაპარე მზერა მისი ტუჩებისკენ, სასწაულ სიამოვნებას და ნეტარებას რომ მანიჭებდნენ. მართლა მინდოდა მის გვერდით ყოფნა, მაგრამ არ ვაპირებდი მისთვის ცხოვრების არევას. თვალწინ წუხანდელი ვნებიანი ღამეც კი დამიდგა ცხადლივ, გამახსენდა მისი შიშველი სხეულის ჩახუტებამ რა სიამოვნებაც მომანიჭა. ერთი პირობა დავაპირე მეთქვა, გადავიფიქრე და შენთან ვრჩები-მეთქი, მაგრამ ენა ვერ მოვატრიალე პირში.
როგორც იქნა თბილისშიც ჩავედით და უკან დახევა მართლა აღარ ღირდა. ისნის ჩასახვევთან რომ მივედით, მოულოდნელად წრე დაარტყა, სიჩქარეს უმატა და ისევ კახეთისკენ აიღო გეზი.
_რას შვრები?_შევშფოთდი.
_უკან ვბრუნდებით._ძალიან მშვიდად მითხრა.
_გაგიჟდი? აქამდე ჩამოსული ისევ უკან ვბრუნდებით?
_გაჩვენე, რომ პრობლემას არ წარმოადგენდა ჩემთვის შენი აქ ჩამოყვანა. სამაგიეროდ შენთან განშორებაა ჩემთვის დიდი პრობლემა. არ ვაპირებ შენს დათმობას. ეგ უკვე შენ გადაწყვიტე, ჩემთან სამსახურის გამო დარჩები თუ სიყვარულის გამო.
გაოცებულმა შევხედე. მართლა გულწრფელი იყო, არ დამთმობდა არაფრისდიდებით. გულში კი მეამა საქმის ასე შემობრუნება, მაგრამ გონებამ მაინც ისტერიკა მოაწყო.
_გამიჩერე, არ მინდა სოფელში დაბრუნება!!! რამდენს ბედავ? შენი სათამაშო თოჯინა გგონივარ, როგორც გინდა ისე რომ მათამაშო?_ღვედი შევიხსენი და მინადენი მანქანის კარები გავაღე.
უმალ დაამუხრუჭა და ლამის თავით შევასკდი საქარე მინას. გაბრაზებულმა შევხედე. ისეთი შეშფოთებული იყო, შემეშინდა.
_გაგიჟდი?_გადმომწვდა და ღვედი ისევ შემიკრა.
გზაზე მოძრაობა რომ შეფერხდა, მძღოლები გაბმით გვისიგნალებდნენ, თუმცა გეგეს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, მე მიმზერდა შეშფოთებული.
_ჩემთან ყოფნას სიკვდილი გირჩევნია დავიჯერო? წუხელ რომ სულ სხვა რამ ამოვიკითხე შენს თვალებში?.. მივხვდი, რომ ასე კარგად არავისთან გიგრძვნია თავი... ტყუილებს შეეშვი, არ გამოგდის, ვიცი რომ შენც გიყვარვარ როგორც მე. ვიცი რომ ჩემთან ყოფნა შენც ისევე გინდა როგორც მე, წუხანდელმა ღამემ დამარწმუნა ამაში...
მძღოლების აღშფოთებამ უკვე პიკს რომ მიაღწია, ისევ გიჟივით მოწყვიტა მანქანა ადგილს და ლამის მთელი სისწრაფით გააქროლა. თბილისში ჩასვლას წეღან ორი საათი თუ მოანდომა, ახლა იმის მესამედში დამაბრუნა კახეთში. გასუსული და შეშინებული ვიჯექი და დაძაბული გავყურებდი გზას. მართალია ოსტატურად მართავდა საჭეს, მაგრამ მე მაინც გული მისკდებოდა. ისეთ სახიფათო მანევრირებებს აკეთებდა, ზოგჯერ თვალებსაც კი ვხუჭავდი. ეზოში რომ შევედით, პატარა ბავშვივით გავჯიუტდი და აღარ ჩავედი მანქანიდან.
_ასე ადვილი არ არის ჩემგან თავის დაღწევა. არ გამაბრაზო იცოდე. არ დაგავიწყდეს, რომ სვანი ვარ. ისეთი გაჭედვა ვიცი, მტრისას!_მკაცრი გამომეტყველებით მითხრა და მანქანიდან გადავიდა.
მე კი კარგა ხანს დავრჩი იქ. მაცოფებდა იმის გააზრება, რომ მომატყუა. თუმცა, მსიამოვნებდა კიდეც, რომ არ გამიშვა და ისევ თავისთან დამაბრუნა. ჭრელო პეპელასავით ვიყავი, "ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდებიო". თან მინდოდა გეგესთან დარჩენა და თან არა. როდის-როდის ვინებე და გადავედი მანქანიდან. კიბის საფეხურზე იჯდა და მელოდა. ზედ რომ წავადექი, ფეხზე წამოდგა და გზა დამითმო, მაღლა რომ ავსულიყავი. თვითონ კი ისევ მანქანას მიაშურა ჩემი ჩემოდანის ამოსატანად. მე ისევ ჩემს ძველ საძინებელში შევედი. მალევე მომყვა უკან. ჩემოდანი რომ დადო, წინ ამესვეტა.
_არ მომეკარო, არ გაბედო თითის დაკარება იცოდე!_მას კი ვუყვირე ბოლო ხმაზე, მაგრამ უფრო ჩემს თავზე ვბრაზობდი. წუხელ რომ არ გამომეჩინა სისუსტე და სიამოვნებით არ დავნებებულიყავი, ეს ამდენს ვერ გაბედავდა. ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. მიხვდა, რომ მეც მიყვარდა და მასთან კარგად ვგრძნობდი თავს. მაგრამ მარტო სიყვარული ხომ არ იყო მთავარი?
წამიერად გაშეშდა. მერე ჩემს ჯიბრზე მკლავებში მომიმწყვდია და ვნებიანად მაკოცა. იცოდა, რომ მიჭირდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჩემი სუსტი წერტილით სარგებლობდა. წამიერად მეც დავკარგე თავი. ისევ ამიჩქარა გული მისი ტუჩების შეხებამ და შემიგუბა სუნთქვა. მერე კი ხელიდან დავუსხლტი და მადიანი სილაც გავაწანი.
_მე შენ ქუჩის კახპა ხომ არ გგონივარ?! არ გაბედო თითის დაკარება! მე მაინც წავალ შენგან, აქ არ დავრჩები!
_მაგასაც ვნახავთ!_ირონიულად შემომღიმა, მტკივან ლოყაზე ხელი მოისვა და ოთახიდან გავიდა.
გავიგე, მანქანა რომ გაიტანა გარეთ. ცოტა ვიდროვე და მერე მეც გამოვედი საძინებლიდან. კიბეზე რომ ჩავედი და ეზოში გადავდგი ფეხი, შავი ლაბრადორი გადამიდგა წინ ჩუმი ღრენით. თავიდან არ შევეპუე, ჭიშკრისკენ ავიღე გეზი, მაგრამ მაინც შემაშინა და ისევ სახლში დავბრუნდი. ყველაზე მეტად სიბრაზე მახრჩობდა, რომ მოტყუებული დამტოვა და თბილისში ჩასული უკან დამაბრუნა. ახლა ის, რომ დარწმუნებული იყო, ვერ წავიდოდი მისგან. მეორედ ვცადე ეზოში გასვლა. ქუჩის კარებამდე მივაღწიე კიდეც, მაგრამ ისევ ძაღლმა შემაშინა. იძულებული გავხდი სახლში დავბრუნებულიყავი. ეს დამპალი ძაღლიც ისე ყავდა დაგეშილი, ეზოდან გარეთ არ მიშვებდა. სიმართლე რომ ვაღიარო, მსიამოვნებდა კიდეც რომ არ მიშვებდა და გამოკეტილი ვყავდი თავის მდიდრულ და უზარმაზარ სახლში, მაგრამ მე ხომ ჩემი უნდა გამეტანა და მეჩვენებინა, რომ ვითომ არ მინდოდა მასთან დარჩენა. ერთის მხრივ კი მართლაც არ მინდოდა. მაშფოთებდა ხალხის აზრი... მარინესი და ნელის რეაქცია წინასწარ ვიცოდი და ვშიშობდი.
საღამომდე ვიწვალეთ მე და გეგეს შავმა ლაბრადორმა, ქუჩის კარებამდე მისვლის უფლებას რომ არ მაძლევდა. საღამოს კი გეგეც მოვიდა. სად იყო არ მიკითხია. ისე კი, ინტერესი მკლავდა. თან, ეჭვიანობა მიბინდავდა გონებას. რომ წარმოვიდგენდი მარინესავით როგორ ეტორღიალებოდნენ სხვა გოგოები, ვგიჟდებოდი. რა მინდოდა თვითონვე ვერ ვხვდებოდი. ვითომ მისგან წასვლა მინდოდა, მაგრამ არ მინდოდა რომ სხვას უბრალოდ მაინც დალაპარაკებოდა. გაგიჟების ზღვარზე ვიყავი. მივხვდი, მის მკლავებში მინდოდა ისეთ თავის ამოყოფა და უფრო ამიტომ ვგიჟდებოდი. აღიარება არ მინდოდა და საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი ამაში. მანქანიდან რომ გადმოვიდა და კიბეზე ამოვიდა, აივანზე დავხვდი.
_ცოტა ვერ დაწყნარდი?_ისეთი ღიმილით მკითხა, უარესად გავბრაზდი.
_როდემდე უნდა გყავდე გამოკეტილი?
_სანამ წასვლის სურვილი არ გაგიქრება._ლოყაზე მომითათუნა თავისი თბილი თითები და გული ამიჩქარა.
სამზარეულოში რომ შევიდა, "გაგულისებული" მივყევი უკან.
_ჭამე რამე, თუ მშიერი დადიხარ?_მაცივრის კარები გამოაღო და შიგ შეიჭყიტა.
_არ მშია. მე თბილისში წასვლა მინდა.
_რა პრობლემაა? წაგიყვან._ისევ მიხურა მაცივრის კარი.
_მართლა?_გამიხარდა.
_კი, ოღონდ ჩემთან ერთად იქნები!
_შენთან არ მინდა, გაიგე!_ისევ გავჯიუტდი.
_ვივახშმოთ და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
_არ მშია!_მტკიცედ ვუთხარი და სამზარეულოდან გასვლა დავაპირე.
მაშინვე წინ ამესვეტა.
_მე მშია.
_მერე მე რა?_გავიოცე.
_შენც ჭამე და მეც მაჭამე.
_ვითომ რატომ? მავალდებულებ რამეში?_ისევ ისტერიკა ავიშალე.
_დღეიდან ოფიციალურად ჩემი მზარეული ხარ და დიახაც, ვალდებული ხარ.
_როგორმე მიხედე შენს თავს, მე შენი მზარეული არ ვარ!_ვუთხარი გაგულისებულმა და სამზარეულოდან გამოვედი.
ჩემს საძინებელში რომ შევედი, კარი შიგნიდან ჩავკეტე. თუმცა უკან არ გამომყოლია და კარებზე ბრახუნი არ აუტეხია. ასე რომ მოქცეულიყო, დარწმუნებული ვიყავი, უარესად გავგიჟდებოდი. მაგრამ რომ არ გამომეკიდა უკან, მაგანაც გამაცოფა. საწოლზე ტანსაცმლიანი მივწექი და კარგა ხანს არსებულ სიტუაციაზე ვფიქრობდი. მართლაც და დავრჩენილიყავი მზარეულად, მოხდებოდა ვითომ რამე? თბილისში რომ ჩავსულიყავი ვითომ, ასე ადვილად ვიშოვნიდი გინდ ბინას და გინდ სამსახურს? იქნებ, ისეთ უვარგის ხალხს გადავყროდი, თავბედიც კი მეწყევლა და ნელი და მარინე სანატრელები გამხდომოდნენ? ხომ მითხრა, გინდ მზარეულად დარჩი, გინდ სიყვარულის გამოვო. მეც ავდგები და სიყვარულის გამო დავრჩები, ოღონდ მზარეულობას მოვიმიზეზებ. ცხოვრება შანსს მაძლევდა და ვითომ რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს შანსი? მარინე ან ნელი ჩემს გამო რამეს დათმობდნენ ვითომ? ხო და მე რაღატო უნდა დამეთმო ჩემი წილი ბედნიერება? ამდენ ხანს ერთმანეთს აცდენილებმა ვიარეთ, როგორც იქნა ცხოვრებამ შეგვახვედრა და გადაკვეთა ჩვენი გზები. რატომ არ უნდა დავმგზავრებოდი ვითომ მას?
ამ ფიქრებთან ჭიდილში ტკბილად ჩამეძინა. ალბათ, გულში ჩამყვა რამე და სიზმარშიც კი გეგე მელანდებოდა თავისი მომაჯადოებელი ღიმილით და მომნუსხველი მზერით. რიჟრაჟზე რომ გამეღვიძა, პლედი მქონდა მოფარებული. გამიკვირდა, კარები შიგნიდან მქონდა ჩაკეტილი და როგორ შემოვიდა ნეტა? თუმცა, რად მიკვირდა ნეტა? ეს ხომ მისი სახლი იყო და ყველაფერი შესაძლებელი იყო?
რომ ავდექი და ვნახე, კარი ღია იყო. საწოლიდან სიცივე ამყვა და საცოდავად მობუზული გავედი მისაღებში, იქიდან კი სამზარეულოში. შიმშილის გრძნობა ერთი ვეებერთელა ფინჯანი წყლით დავიკმაყოფილე. ქურდივით გავძვერი კარში და ვერანდაზე გავედი. გაქცევას მართლა არ ვგეგმავდი, უბრალოდ ვეღარ ვისვენებდი და სარწეველა სკამზე მოვკალათდი. სად იყო სად არა შავი ლაბრადორიც მომიცუცქდა. თავი ჩემს კალთაში ჩადო და ისეთი აზრიანი თვალებით ამომხედა, გული შემიფრთხიალა. გაუბედავად გადავუსვი თავზე ხელი და მივეფერე.
_მე და შენ დავძმაკაცდით?_ისე ვკითხე, თითქოს ადამიანი ყოფილიყო.
ჩემი ნათქვამი სიტყვები ნამდვილად გაიგო, რადგან კუდი ენერგიულად ააქიცინა და თავი უფრო ღრმად შემომიცურა კალთაში.
გამეცინა.
უფრო გაბედულად გადავუსვი თავზე ხელი. როგორ ყავდა ეს ძაღლიც დაგეშილი და გაწრთვნილი, თუ დარიგებული, რომ ქუჩის კარებამდე არ მიშვებდა და ახლა კი მელაქუცებოდა. სურვილი გამიჩნდა, შუბლზე მეკოცნა მისთვის. ასეც მოვიქეცი, გაუბედავად დავიხარე და ფრთხილად ვაკოცე. ჯერ გაინაბა და გაიტრუნა, მერე წამოხტა, ერთი შეჰყეფა და კიბეზე დაეშვა. დამაინტერესა რას გააკეთებდა და სკამიდან წამოვდექი. მოაჯირს რომ მივუახლოვდი და გადავიხედე, გეგეს მოვკარი თვალი, ეზოში რომ იდგა. ძაღლი კი ზედ აბობღდებოდა და მხიარული ყეფით თითქოს რაღაცას ეუბნებოდა. გეგე მის წინ ჩაიმუხლა და ისე მოეფერა აყეფებულ და აწკმუტუნებულ შავად მბზინავ ძაღლს. ისეთი საყვარელი სანახავები იყვნენ, ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან.
ერთხანს დიდი სიყვარულით ეფერებოდა გეგე თავის ოთხფეხა მეგობარს. მერე ფეხზე წამოდგა და მარნისკენ გაეშურა. ძაღლი ჯერ მას გაჰყვა, მერე ალბათ მე რომ შემნიშნა მოაჯირზე გადაყუდებული, ისევ ჩემთან გამოიქცა და ახლა მე შემომაბობღდა. კარგა ხანს ახლა მე ვეფერებოდი. გეგე როდის ამოვიდა მაღლა არ გამიგია.
_რა დღეში ხარ დობი?_ძაღლს რომ უსაყვედურა, შევკრთი._გატყობ საერთო ენა გამოგინახიათ._ისე შემომღიმა, ლამის გული გამიჩერდა.
მაშინვე მოვიშორე ღიმილი სახიდან და გაბრაზებული დავეკოხე. რომ მომიახლოვდა და წინ ღიმილით ამესვეტა, ჭაჭის სუნი ვიგრძენი. ალბათ, მარანში ახლადდაწურულ ღვინოებს ურევდა.
_საჭმელი კიდევ არ გშია, თუ ჰაერით იკვებები?
ძალიანაც კი მშიოდა, მაგრამ უარესად დავეკოხე.
_შენი არაფერი მინდა.
_მართლა?_გაიკვირვა. მერე მოულოდნელად მკლაებში მომიმწყვდია და სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ. წამიერად კი დავკარგე თავი და გავირინდე კიდეც მის ძლიერ მკლავებში, მაგრამ მერე გონს მოვეგე, ხელიდან დავუსხლტი და ისე ძლიერად არა, მაგრამ მაინც გავაწანი სილა.
გაეღიმა.
_მე გკოცნი, შენ მირტყავ. მაგარია._ეს მითხრა ღიმილით და აბაზანას მიაშურა.
სანამ ის გამოვიდოდა, მზის ამოსვლით ვტკბებოდი. ალისფრად შეფერილი გორები რაღაც დიდებული და მომაჯადოებელი სანახავი იყო. ბოლომდე რომ ამოიწვერა მზე და თვალსაც ვეღარ ვუსწორებდი მის ბრდღვიალა სხივებს, ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევბრუნდი. ჩემი ტელეფონი გამახსენდა და ჩავრთე. მართლაც დამჯდარი იყო უკვე, მაგრამ არც ისე, რომ გამთიშვოდა. დედაჩემის ნარეკი იყო ოთხჯერ. შოკასგან ხომ უამრავი შეტყობინებები მქონდა მოსული. ღიმილით გადავავლე თვალი. სწუხდა, ჩემს შესახებ რომ არაფერი იცოდა. ჩემი დედამთილი და მული, თურმე გაგულისებულები მეძებდნენ სად ვიყავი. ჩემი მშობლებიც კი ყოფილან ჩამოსულები და გვარიანად უჩხუბიათ კიდეც. დედაჩემი თურმე გიჟს გავდა ჩემი გაუჩინარებით. შოკა იმას ვარაუდობდა, რომ ისევ გეგესთან ვიყავი, რადგან ეს "ვაჟბატონი" სულაც არ განიცდიდა ჩემს გაუჩინარებას.
_"ხო და დარჩი სადაც ხარ, გეგე მოგხედავს. თბილისში არამც და არამც არ გაადგა ფეხი, რა იცი რა შარს გადაეყარო!"_ბოლო შეტყობინება ეს ქონდა მოწერილი.
დარჩი კარგი იყო. რომ გაიგებდნენ მასთან ვიმალებოდი ამ ხნის მანძილზე, კარგ დღეს დააყრიდნენ ვითომ? მერე ჩემს საიდუმლო პროფილზეც შევიჭყიტე. არც აქ დამხვდა ნაკლები შეტყობინებები გეგესგან. ამასაც ღიმილით გადავავლე თვალი. ჩემზე სწუხდა, რომ აღარ ვჩანდი და აინტერისებდა სად ვიყავი და როგორ ვიყავი. თვითონ კი თურმე ბედნიერი ყოფილა, საყვარელი ქალი გვერდით ყავდა. ფოტოც კი ჰქონდა გამოგზავნილი ჩემთვის მძინარეს გადაღებული.
_"ვიცი, ადვილი არ იქნება ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდები. ვიცი, სიყვარული გაიმარჯვებს და ორივენი ბედნიერები ვიქნებით. ხალხის აზრს ყურადღებას სულაც არ ვაქცევ. არ მაინტერისებს ვინ რას იტყვის. მე ჩემთვის მინდა ვიყო ბედნიერი და არა ხალხის დასანახად. ერთხელ გვეძლევა ამ ქვეყნად არსებობის უფლება და არ ვაპირებ სიყვარულის გარეშე ცხოვრებას."
დამაფიქრა მისმა სიტყვებმა. მართალი იყო, რატომ უნდა გაგველია ეს ცხოვრება უსიყვარულოდ, როცა ამის შანსი გვქონდა? მერე ჩემი ფოტო შევათვალიერე გულდასმით. ამ დილით გადაეღო. ალბათ, ქურდივით რომ შემოიპარა და პლედი მომაფარა, ვერ გაუძლო ცდუნებას და ფოტოც მაშინ გადამიღო. თავს არ ვიქებ, მაგრამ საყვარელი ვიყავი. ვერ გადამეწყვიტა მიმეწერა თუ არა რამე. სანამ რამეს მოვიფიქრებდი, მისი პროფილიც აციმციმდა და გამომიჭირა.
_"როგორც იქნა გამოჩნდი. სად დაიკარგე?"_მაშინვე მომწერა.
მართლა არ ვიცოდი რა მიმეწერა. მაგრამ პასუხის არ დაბრუნებაც არ გამოდიოდა, ის ხომ სწუხდა ჩემზე?
_"რაღაც პრობლემები მქონდა და ვეღარ მოვიცალე."
_"კარგად ხარ?"
_"კი, მადლობა. შენ?"
_"მე არაჩვეულებრივად. ნახე ჩემი ძვირფასი ქალი? როგორ მოგეწონა?"
გამეღიმა.
_"მთავარია შენ მოგწონს, მე გინდ მომეწონოს და გინდ არა."
_"მომწონს მსუბუქი ნათქვამია. ვგიჟდები მასზე. ახლა ქმრის ოჯახიდან წამოსულია და ჩემთან არის."
_"შენს გამო მიატოვა ოჯახი?"_გავიკვირვე.
_"არც მთლად მასეა საქმე. პრობლემები ქონდა და წამოვიდა. შემთხვევით გადავაწყდი და ჩემთან წამოვიყვანე. ძალიან მინდა ჩემთან დარჩეს, მაგრამ ჯიუტობს."
_"რატო, არ უყვარხარ?"
_"ალბათ ხალხის გაკიცხვის ეშინია. მე თუ მკითხავ, დიდ შეცდომას უშვებს."
_"მაინც რას სთავაზობ რომ უარზეა?"
_"სულსა და გულს, მაგრამ სულელია, ხალხის აზრი აშინებს."
სულელიაო?_გავბრაზდი. გამოდის, რომ სულელადაც მთვლის? უმალ წამოვხტი საწოლიდან და მისაღებში გავედი. გეგე იქ იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. მე რომ დამინახა, დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით შეცბა, მაგრამ მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და ღიმილით ამომხედა.
_არ ვისადილოთ?_წამოდგა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა.
საშინლად მშიოდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე. ავად შევხედე, ვითომ ვაგრძნობინე, რომ შენს გვერდით პურს არ შევჭამ-მეთქი. ჯერ კიდევ ვბრაზობდი იმაზე, რომ სულელი მიწოდა. თან, სიმართლე რომ ვთქვა, კატა-თაგობანას თამაში მომწონდა მასთან. არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ ერთი სული მქონდა ისევ ეკოცნა და მის მკლავებში ამომეყო თავი. ალბათ ჩემი სიბრაზის გამო სასაცილო შესახედი ვიყავი. ღიმილის შეკავება ძლივს შეძლო. მოვიდა და წინ ამესვეტა.
_შენი ნებით წამოხვალ ახლა და ჩემთან ერთად ისადილებ._კატეგორიულად გამომიცხადა.
_რომ არ წამოვიდე?_ისევ გაბრაზებულმა ავხედე.
აშკარად ეტყობოდა, რომ ღიმილს ძლივს იკავებდა.
მოულოდნელად დამწვდა, მხარზე ტომარასავით გადამიკიდა და აკივლებული გამიყვანა სამზარეულოში. თან ვფართხალებდი და თან მეშინოდა, რომ ხელიდან არ გავშვებოდი. სამზარეულოში შევედით თუ არა, მაცივრის წინ ჩამომსვა.
_ნუ მაიძულებ, რომ ძალა ვიხმარო. ნებითა შენითა იცოდე._თითი დამიქნია._ნახე, იქნება მანდ შენი მოსაწონი საჭმელი.
_არ მშია!_ისევ გავჯიუტდი.
_კარგი. შენ ნუ შეჭამ, მე მაჭამე.
_ვითომ რატომ?_გამიკვირდა.
_ჩათვალე, რომ ჩემი საყვარელი ქალი ხარ და ზრუნავ ჩემზე.
_რაა?!
გაოცება და გაკვირვება დასრულებული არ მქონდა, რომ მკლავებში მომიმწყვდია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. წინააღმდეგობა კი გავუწიე, მაგრამ ბოლომდე ვერა. ეს ბიჭი მაგიჟებდა და ძალი იყო?
_ცოტა დაწყნარდი?_კოცნას რომ მორჩა, ჩურჩულით მკითხა.
ისევ ავენთე. საჩხუბრად მოვემზადე კიდეც, მაგრამ ისევ დაიხარა და მისმა კოცნამ გაღებული პირი დამამუწინა. გულიც სასიამოვნოდ ამიჩქროლა. მერე, კი კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული და ხელს აღარ მიშვებდა. რომც გაეშვა, ალბათ არც გავექცეოდი.
_გუშინდელს აქეთ არაფერი გიჭამია, გთხოვ, ჩემს გვერდით იყავი და ვისადილოთ. ვიცი რომ გშია, რატო ჯიუტობ?.. ბოდიში, თუ მოტყუებული დაგტოვე და თბილისში არ გაგიშვი. არ მინდა შენი გაშვება. შეიძლება არ გჯერა, მაგრამ მიყვარხარ...
მისმა აღიარებამ გული ამიჩუყა. მივხვდი, გულწრფელი იყო. მეც მიყვარდა. თანაც მთელი არსებით, მაგრამ... ჩვენი ერთად ყოფნა არანაირად არ გამოვიდოდა. ხალხი რას იტყოდა?
_გთხოვ, ვცადოთ მაინც რა გამოგვივა._თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
მის მზერას თვალი გაბედულად გავუსწორე. ისეთი მუდარა იგრძნობოდა მის თვალებში, შემეცოდა. გულის სიღრმემდე ჩამწვდა მისი ეს გამოხედვა. გაუცნობიერებლად ავიწიე ფეხის წვერებზე და მის ტუჩებს ნაზად შევეხე.
_კარგი, ვცადოთ რა გამოგვივა. ოღონდ აქედანვე გაფრთხილებ, რომ ადვილი არ იქნება...
_რაც კარგია, ყველაფერი რთული მისაღწევი და ძნელად მოსაპოვებელია._გამიღიმა._მეც ვიცი რომ ადვილი არ იქნება. ორივე ერთნაირად შევეჭიდოთ ამ სირთულეებს და ნახავ, თუ არ გამოგვივა.
ღიმილით გავინთავისუფლე თავი მისი მკლავებიდან და წინსაფარი მოვირგე სადილის მოსამზადებლად.
_მზად რომ გექნება, შემეხმიანე, ჩემს კაბინეტში ვიქნები.
გაოცებულმა შევხედე, მისი კაბინეტი სად იყო მართლა არ ვიცოდი.
მიმიხვდა.
_ქვემოთ, საბილიარდოს გვერდით... ახალ ეტიკეტზე ვმუშაობ._ნაზად მაკოცა ლოყაზე და სამზარეულოდან ღიმილით გავიდა.
მე კი ღიღინით შევუდექი სადილის მზადებას. რატომ არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის ახალი შანსი? არ ვიმსახურებდი სიყვარულით ცხოვრებას ვითომ?
სადილი რომ მოვამზადე და მაგიდაც გავაწყე, მერე დაბლა ჩავედი გეგესთან, რომ დამეძახა. საბილიარდოს გვერდით მართლაც იყო ხის მასიური კარი. ფრთხილად მივუკაკუნე. მალევე გამიღო ღიმილით. ერთი თვალის შევლებით ბიბკიოთეკას უფრო მივამსგავსე ეს ოთახი, ვიდრე სამუშაო კაბინეტს. შიგნით არ შევუყვანივარ, კარები გამოიხურა და მაღლა გამომყვა. გემრიელად ვისადილეთ. მერე გეგე ისევ თავის კაბინეტს დაუბრუნდა, მე კი მაგიდა ავალაგე და ჭურჭელი დავრეცხე. სამზარეულოც მივალაგე, თუმცა დიდი დალაგება არც კი სჭირდებოდა. საქმეს რომ მოვრჩი და ვერანდაზე გავედი, გეგე უკვე კიბეზე ამოდიოდა.
_იცი, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ამ საღამოს სტუმრად წავიდეთ სადმე.
ეს იდეა მართლა არ მომეწონა. ვისთან უნდა მივსულიყავით, ან რა სტატუსით უნდა წარწდგინა ჩემი თავი? ჩემი უკმაყოფილო სახის დანახვაზე გაეღიმა.
_მაშინ, გავისეირნოთ სადმე... რესტორანში ვივახშმოთ, არ გინდა?
არც ეს იდეა მომეწონა. ხალხში მასთან ერთად გამოჩენის მრცხვენოდა და მერიდებოდა.
_ნამეტანი ბევრი მოვინდომე ერთბაშად არა?_გაეღიმა._კარგი, დავრჩეთ სახლში. ცოტა ხნით კი გასასვლელი ვარ, მარტო დაგტოვებ თუ არ გეწყინება.
მეწყინებოდა თუ არ მეწყინებოდა, მეტი რა გზა იყო? მას თავისი ცხოვრება ქონდა და თავისი საქმე. ჩემი გულისთვის ყველაფერზე უარს ხომ ვერ იტყოდა? არც დავავალდებულებდი, რომ მთელ დღეს სახლში ჩემს გვერდით მჯარიყო. რა უფლებით უნდა დამეჭირა? ოფიციალური ცოლიც რომ ვყოფილიყავი, როგორ უნდა დამეჭირა? მართალია, დათმობებზე ორივენი უნდა წავსულიყავით, მაგრამ ყველაფერსაც ხომ ვერ დავთმობდით? მე კი დავთმე ქმრის ოჯახი, მაგრამ ჩემი სიტუაცია სულ სხვა იყო. თან, ქალს უფრო მეტი რამის დათმობა უწევს ვიდრე კაცს.
_თუ არ გინდა, არ წავალ._გულში ჩამიკრა და ჩამეხუტა.
_არა, რა სისულელეა?..
_მოიცა, იმიტომ ხომ არ მიშორებ თავიდან, რომ გამექცე?_თავი ამაწევინა და ეჭვით ჩამხედა თვალებში.
მეწყინა მისი უნდობლობა, მაგრამ ხომ ვიმსახურებდი?
_უმაღლესი ერთი საათით უნდა გავიდე. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები ისევ აქ დამხვდები.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი. ღიმილით რომ დაიხარა, მისმა კოცნამ ისევ შემიგუბა სუნთქვა. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა და წავიდა. გული კი დამწყდა, მაგრამ რას ვიზავდი? სანამ გეგე გასული იყო, მის კაბინეტში ჩასვლა და წიგნის კითხვა გადავწყვიტე, მაგრამ კარი დაკეტილი დამხვდა და ისევ ეზოში მოვყევი ბოდიალს. დობი ღრენით არა, მაგრამ მაინც კუდში დამყვებოდა და ინტერესით მადევნებდა თვალყურს.
ეზოში სეირნობაც რომ მომწყინდა, გეგეს საძინებელს მივაშურე. მის საწოლზე ჩამოვჯექი და ოთახი გულდასმით მოვათვალიერე. მისი საძინებელი ძალიან მომწონდა, მყუდრო და კომფორტული იყო. მერე საწოლზე გადავწექი. გამახსენდა, ვნებიანი ღამე რომ გავატარეთ ამ საწოლში და ბედნიერს გამეღიმა. სიამოვნებისგან გავიზმორე. ერთხანს კიდევ ვინებივრე. მერე ტუმბოზე ტელეფონის დამტენი შევნიშნე. შევამოწმე, ჩემს ტელეფონსაც გამოადგებოდა და გამიხარდა. გეგეს საძინებლიდან რომ გამოვედი, მისაღებში მოვკალათდი ახლა და ჩემი ტელეფონი დასატვირთად შევაერთე.
ზუსტად საათნახევარში მოვიდა გეგეც.
_ხომ არ მოიწყინე?_ოთახში შემოსვლისთანავე მკითხა და გვერდით მომიჯდა._ხომ არ გადაგიფიქრებია გასეირნებასთან დაკავშირებით?
_სიმართლე რომ გითხრა, სოფელში გამოჩენის მერიდება._ვაღიარე როგორც იქნა.
_რა პრობლემაა, თბილისში წავიდეთ, იქ გიცნობს ვინმე?
_არ მინდა შემთხვევით ვინმეს გადავეყარო.
_იცი, ახალ ეტიკეტზე ვმუშაობ და ფოტოების გადასაღებად მინდა მეზობელ სოფელში გასვლა. სოფელში რაა, ციხეზე მინდა ავიდე. წამოდი შენც. დამეხმარე რა კუთხით გადავიღო ფოტოები. შენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ.
მომეწონა მისი შეთავაზება. თუმცა, ცოტა ხანს მაინც ვიყოყმანე და ბოლოს მაინც ღიმილით დავთანხმდი წაყოლაზე. ჩემზე მეტად მას გაუხარდა ჩემი თანხმობა.
შუადღე ახალი გადასული იყო სახლიდან რომ გავედით. ოც წუთში მივედით სოფელში და ციხისკენ გადავუხვიეთ. მივხვდი, მანავის მწვანის ეტიკეტზე მუშაობდა და ამიტომ უნდოდა მანავის ციხის გადაღება. შემოდგომის ფერები ძალიან უხდებოდა ბუნებას. ზოგგან წითელი, ზოგგან ყვითელი და ზოგგან ჯერ ისევ მწვანე ფოთლების ერთმანეთში შერწყმა ლამაზ ფერწერულ ტილოს მაგონებდა. დრონის დახმარებით ციხეს ზედა ხედით უამრავი ფოტო გადაუღო. არც მე დამტოვა ისე, იმდენი ფოტო გადამიღო, დამალვა მინდოდა უკვე. ჩემთან ერთად უამრავი სელფიც გადაიღო. შებინდებამდე დავრჩით იქ. ციხის უმაღლესი მწვერვალიდან მზის ჩასვლის ყურებითაც კი დავტკბით. კიდევ კარგი წამოვყევი, შესანიშნავი დრო გავატარეთ. კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდი სახლში. ვერანდაზე ვივახშმეთ. მერე კი, სანამ მე მაგიდა ავალაგე და ჭურჭელი დავრეცხე, თვითონ თავის კაბინეტში ჩავიდა ფოტოების კომპიუტერში გადასატანად.
საქმე რომ მოვიმთავრე, მეც ჩავედი, მაგრამ გეგე უკვე მორჩენილიყო თავის საქმეს და კაბინეტიდანაც გამოვიდა უკვე. ძალიან კი მაინტერისებდა ფოტოები, მაგრამ დათვალიერების საშუალება არ მომცა, ზურგზე მომიგდო დილანდელივით და კიბეებზე შეუსვენებლივ ამარბენინა. თავისი საძინებლისკენ რომ აიღო გეზი, გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. კარი ფეხის წაკვრით შეაღო და საწოლზე ბოლო ხმაზე აკისკისებული დამაგდო და თვითონაც ზედ მომყვა. გავუძალიანდი ვითომ, მაგრამ მოხერხებულად გამაკავა და ჩემს ტუჩებს ვნებამორეული დაეწაფა. გონება ამირია მისმა კოცნამ და ალერსმა. გვიან მივხვდი, რომ თან მეალერსებოდა და თან ნელ-ნელა მხდიდა ტანსაცმელს. როცა მივხვდი, ლამის დედიშობილა ვიწექი უკვე მის წინ და უზომოდ კმაყოფილი ღრმად ვსუნთქავდი.
მართლაც და რატომ ვამბობდი მასთან ყოფნაზე უარს, არ ვიცი. არა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი და ძალიან, ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა. ღირდა კი ხალხის ჭორების გულისთვის ამ ბედნიერებაზე უარის თქმა? ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი ხომ ვაჟიკოსთან არასდროს ვყოფილვარ? შოკა მართალი იყო, უნდა მებრძოლა ჩემი წილი ბედნიერებისთვის. გეგეც მართალი იყო, ყველაფერი კარგი ხომ რთული მისაღწევი და ძნელად მოსაპოვებელი იყო? ღირდა მის გვერდით ყოფნისთვის მთელი რიგი სირთულეების გადალახვა. მართალია, ცოლობა არ უთხოვია, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება ხომ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩვენი მომავალი ცხოვრებისა?
დილით რომ გამეღვიძა, მის მკერდზე მედო თავი, თვითონ კი ჩემს თმაში ქონდა თავისი თითები ახლართული და ისე მეალერსებოდა.
_დღეს მიხასთან წავიდეთ, ვახშამზე გვეპატიჟებიან...
_გვეპატიჟებიან?_წამოვიწიე, მის მკერდს იდაყვებით დავეყრდენი და გაოცებულმა ჩავხედე თვალებში._იციან რომ შენთან ვარ?
გაეღიმა. ეს ღიმილი თანხმობას ნიშნავდა და ავფორიაქდი.
_დამშვიდდი, მარტო მათ იციან._თავი წამოწია და ჩემს ტუჩებს ძლივს მოსწვდა.
გავუძალიანდი და მოვიშორე.
_შენ უთხარი?..
თავი დამიქნია, კიო.
_რატო უთხარი?_გავბრაზდი.
_დამალვას არ ვაპირებ, საყვარელი მეგობარი გოგო რომ მყავს და მის გვერდით ბედნიერი ვარ.
_მერე, ნელი და მარინე რომ გაიგებენ?
_გაიგონ რა?_გაუკვირდა._სამუდამოდ ხომ არ დავიმალებით? როცა იქნება ხომ მაინც გაიგებენ?_მკლავები მჭიდროდ მომხვია და ისევ მის მკერდზე დამაბრუნა._მათი გეშინია?
შიშით რომ ვთქვა, დიდად არ მეშინოდა, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა რომ გაეგოთ. ვიცოდი, გეგეს პრობლემებს შეუქმნიდნენ. ესე თუ ისე, ნელი მიხას ნათლია იყო და როცა იქნებოდა მათ ოჯახში მაინც შევეჩეხებოდით ერთმანეთს.
_ჩემს გვერდით ნურაფრის გეშინია. დაიმახსოვრე, შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ შენ გაწყენინოს ან რამე დაგიშავოს. გთხოვ, ამ საღამოს გამომყევი. მე არ მრცხვენია შენს გვერდით გამოჩენის. შენ?
პასუხი რომ არ დავუბრუნე, შეკრთა. თავი ამაწევინა და ინტერესით მომაჩერდა.
_შენ რა, ჩემს გვერდით გამოჩენის გრცხვენია?
_არა... უბრალოდ ხალხის მერიდება, რას იტყვიან?
_რაც უნდათ ის თქვან. მე არავის ვუგდებ ყურს._ისევ მაკოცა._დამპირდი, რომ გამომყვები. მარტო ჩვენ ვიქნებით.
_ვნახოთ... სიმართლე გითხრა, არ მინდა წამოსვლა.
_მაინც იციან, რომ ერთად ვართ. რა აზრი აქვს სირაქლემასავით ლამში თავის ჩაყოფას?
_საღამომდე დიდი დროა. დავფიქრდები._წამოვდექი, შიშველ სხეულზე მისი პერანგი მოვიცვი და სამზარეულოში ფეხშიშველი გავტუნტულდი ყავის მოსადუღებლად.
მოვადუღე და ისევ საძინებელში დავბრუნდი. ფინჯნები ტუმბოზე დავაწყე და გაყინული შევუწექი თბილ საწოლში.
_უჰ, როგორ გაყინულხარ._გაუკვირდა და მჭიდროდ ჩამიხუტა გასათბობად._ ცივა უკვე არა? მგონი დროა რომ გათბობა ჩავრთა სახლში.
_დილა-საღამოს მართლაც ცივა, მაგრამ არც ისე, გათბობის ჩართვა იყოს საჭირო. ოქტომბრის ბოლომდე არ მგონია ყინვები დაიჭიროს. თქვენთან კი ნუ გგონია თავი._გამეცინა, წამოვიწიე და თან ყავის ფინჯანს გადავწვდი.
_წესით მე უნდა მომედუღებინა და მომერთმია შენთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ყავა გამომდის, შენი დაფრთხობა არ მინდოდა._გაეღიმა.
_არაუშავს, შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ამის მერე გასწავლი და მომართვი-ხოლმე._მთელი სერიოზობით განვუცხადე.
გაეცინა და თვითონაც გადასწვდა ფინჯანს. ყავის სმა დასრულებული არ ქონდა, რომ ვიღაცამ დაურეკა.
მისი დიშვილი იყო.
დიდი სიყვარულით ელაპარაკნენ ერთმანეთს. შეახსენა, ერთ კვირაში დედიკოს დაბადების დღე აქვს და ხომ ჩამოხვალო.
_რა თქმა უნდა._გაეღიმა გეგეს.
_კატოსაც ჩამოიყვან?_გარკვევით გავიგონე რომ კითხა.
ავღელდი. გამოდის, მისმა ნათესაობამაც იცოდა ჩემს შესახებ.
_სტუმრად სიარული არ უყვარს და თუ დავიყოლიე, კი... ოღონდ ჯერ არავის უთხრა, კარგი?_რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა გეგე და მომაჯადოებლად გაეღიმა.
კარგა ხანს ისაუბრეს. ეტყობოდათ, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და პატივს სცემდნენ ერთმანეთს. ხელი რომ არ შემეშალა მათი საუბრისთვის, მორიდებით ავდექი და ტანსაცმელი გადავიცვი. გეგესთვის არ შემიხედია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მიმზერდა და ყოველ ჩემს მოძრაობას თვალყურს ადევნებდა. სარკის წინ თმაც დავივარცხნე და საძინებლიდან გავედი.
კიდევ დიდხანს მესმოდა გეგეს საუბარი. მერე კი ისიც ადგა და სამზარეულოში მომაკითხა. ზურგიდან ისე მომეპარა, ვერ გავიგე. წელზე მომხვია ხელები და მომეხუტა. თან ლოყაზე ნაზად მაკოცა.
_მადლობა ყავაზე, გემრიელი იყო... და არა მარტო ყავაზე._შემომაბრუნა და ახლა ტუჩებში მაკოცა._არაჩვეულებრივი იყავი წუხელ.
შემრცხვა. მივხვდი, რომ გავწითლდი. იმ მომენტში, როცა ერთად ვიყავით, მსიამოვნებდა მასთან ყოფნა, არანაირი სირცხვილი და მორიდება არ მაკომპლექსებდა. მერე კი, ყველაფერი რომ ჩაივლიდა და ვნებაც ცხრებოდა, თვალს ვეღარ ვუსწორებდი. საჩემო უცნაურობები მეც მჭირდა. გავუძალიანდი. მის მკლავებს თავი ძლივს დავაღწიე და გაზქურას მივუბრუნდი, სადაც კარტოფილს ვბრაწავდი.
_ამ საღამოს მართლაც ძალიან მინდა, რომ მიხასთან გადავიდეთ._ისევ მომხვია წელზე ხელები და ნიკაპი მხარზე ჩამომადო._ჩვენი ამბავი მათ იციან უკვე. აზრი არ აქვს შენს დამალვას. როდემდე უნდა დაიმალო? მთელი ცხოვრება შეძლებ ვითომ დამალვას?
_მთელი ცხოვრება?_გამიკვირდა._მთელი ცხოვრება აპირებ ჩემს ატანას?
_რატომაც არა?
შემოვბრუნდი და ინტერესით შევხედე თვალებში. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ხუმრობისა არაფერი ეტყობოდა.
_მართლა გინდა ჩემს გვერდით მთელი შენი ცზოვრების გატარება?_ისევ ჩავეკითხე.
_დაუჯერებლად ვლაპარაკობ ვითომ?_გაეცინა._მართლა მინდა. არ გჯერა?
_რთული იქნება?
_მე სირთულეების არ მეშინია. კახელებმა მასწავლეს, რომ ვისაც თევზი უყვარს, სველი უნდა ქონდესო. ხო და მზად ვარ მთელი რიგი სირთულეებისთვის.
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ტელეფონის ზარმა აღარ დააცადა. ნომერს რომ დახედა, ბოდიშისმოხდით გავიდა გარეთ და ეზოში ელაპარაკებოდა კარგა ხანს ვიღაცას. ფანჯრიდან ვხედავდი, რომ რაღაცაზე კამათობდნენ. ცალკეული წინადადებები აღწევდა ჩემამდე.
_"კარგი რა, გთხოვ, ნუ დაიწყებ შენებურად ახლა... ეს რა შუაშია?... მოგწონს თუ არ მოგწონს, მე ასე გადავწყვიტე... მანდ რომ ჩამოვალ, მერე ვილაპარაკოთ... მაშ როგორ?.. მაშინ აღარ მოვალ... დავრჩები, რა პრობლემაა?.. ვიცი, მესმის შენი, მაგრამ მეც გამიგე... არ მაინტერისებს!"_ბოლო წინადადებაზე ხმას რომ აუწია, შევკრთი.
რა პრობლემა ქონდა ამიათანა? ან, ვის ელაპარაკებოდა ნეტა? აშკარად კი გაბრაზდა. თუმცა, სამზარეულოში რომ ამოვიდა ისევ, მიღიმოდა.
ხმისამოუღებლად ვისადილეთ. მერე ისევ თავის კაბინეტს მიაშურა. მე კი სასწრაფო წესით მივალაგე სამზარეულო და მასთან ჩავედი. კომპიუტერთან იჯდა და ფოტოებს ათვალიერებდა. ჩემი შესვლა არ გაუგია და კალთაში რომ ჩავუჯექი ფოტოების დასათვალიერებლად, ცოტა შეკრთა მოულოდნელობისგან. მის მუხლზე მშვენივრად მოვეწყე და მეც გადავავლე თვალი მის გადაღებულ ფოტოებს. მანავის ციხეზე გადაღებული ფოტოები თითქმის ყველა კარგი იყო. მერე და მერე შედარებით ძველ ფოტოებსაც მივადექით. არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი ბრძანდებოდა ჩვენი სვანი გეგე ბიჭი. მოულოდნელად ერთ ერთმა ფოტომ მიიქცია ჩემი ყურადღება. მართალია გეგემ მალევე გადაიტანა სხვაზე, მაგრამ მე დავაბრუნებინე ისევ. ჩვეულებრივი ფოტო იყო აისისა. მზე დიდებულად ამოდიოდა თავისი ალისფერი სხივებით, მაგრამ იქ კუთხეში მეც ვჩანდი ტელეფონმომარჯვებული და მზის ამოსვლას ვაფიქსირებდი, რომელი ფოტოც შემდეგში გეგეს გადავუგზავნე "უცნობი ქალის"სახელით. გაოგნებული ხან მონიტორს შევყურებდი და ხანაც გეგეს.
_გამოდის, იცოდი?_ძლივს ამოვღერღე.
ღიმილით რომ დამიქნია თავი და დამიდასტურა, წამოვხტი. გავბრაზდი, ასე სულელურად რომ გამაბა მახეში. თუმცა, ამისი რა ბრალი იყო, მე არ დავუწყე თავიდანვე ჩალიჩი? მერე კი, როცა მიხვდა ვინც ვიყავი, შანსი არ გაუშვა ხელიდან და გამოიყენა.
ცალკე სიბრაზემ და ცალკე სირცხვილმა ერთნაირად დამრია ხელი. თავიდანვე იცოდა ვინც ვიყავი და ოსტატურად გამომიტყდა სიყვარულში. ისე კი, რა მისი ბრალი იყო? პირველი ნაბიჯი ხომ მე გადავდგი მისკენ და დავანახე, რომ მომწონდა? იმედი ხომ მე თვითონ ჩავუსახე, როცა მოვძებნე და გამოველაპარაკე?
კაბინეტიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ წამომეწია და შემაჩერა. ისე მჭიდროდ მიმიხუტა მკერდზე, ლამის სუნთქვა შემეკრა. გავუძალიანდი, მაგრამ ვერ გავეშვი და უმწეობისგან ცრემლები წამომცვივდა.
_მე ძალიან მადლობელი ვარ, რომ ასე მოხდა. ალბათ, გათხოვილ ქალთან ვერასდროს შევძლებდი გამოლაპარაკებას. მე ხომ არ ვიცოდი შენი მდგომარეობა?_თავი ამაწევინა და ცრემლიანი თვალები კოცნით ამომიშრო._ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, შენი გადაღებული ფოტო რომ გადმომიგზავნე და ვიცანი. ჩემზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე იმ მომენტში არავინ მეგულებოდა._დაიხარა და ჩემს ტუჩებს გრძნობით დაეწაფა. ახლა კი მართლა შემიგუბდა სუნთქვა.
იქნებ, ჯობდა კიდეც რომ ასე მოხდა და მალევე გამშიფრა? უმიზეზოდ ამ ქვეყნად ხომ არაფერი ხდება? ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ამ სამყაროში. უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ არსებობს, რომ მნიშვნელოვანი მიზეზი არ ქონდეს...
კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული და არ მიშვებდა. დამშვიდება მართლაც შევძელი. თითქოს, რაღაც მაგიური ძალა ჰქონდა მის ჩახუტებას და ალერსს, მის ჯადოსნურ კოცნას. როცა შემატყო, რომ დავმშვიდდი, მხოლოდ მაშინ შემიშვა ხელი. კაბინეტიდან რომ გამოვედით, წელზე მომხვია ხელი და ისე ავედით მაღლა.
_მართალია, გემრიელი ყავა არ გამომდის, მაგრამ ყველანაირად ვეცდები და ახლა მე მოგიდუღებ. შენ აქ დამელოდე._ მისაღებში სავარძელში ციმციმ ჩამსვა და თვითონ სამზარეულოში გავიდა.
მისთვის თვალის გასწორების მრცხვენოდა. მრცხვენოდა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი.
ყავა რომ მოადუღა და შემოიტანა, ცოტა არ იყოს, შიშით დავაგემოვნე, მაგრამ არაჩვეულებრივი გამოდგა. არ ვიცი, თავს ისაწ....ბდა ჩემთან, იმ მომენტში მეგემრიელა თუ მთელი სულით და გულით მოინდომა, ცხადი კი იყო, რომ გემრიელად დავლიე. ყავის სმას ახალი მორჩენილები ვიყავით, მიხა და თამთა რომ გვესტუმრნენ შვილებით. ანდრიამ გეგე დაინახა თუ არა, მანქანიდან გადმოხტა და კისერზე ჩამოეკიდა. მათი სტუმრობა როგორც მე, გეგესაც გაუკვირდა.
_ანდრიას და ნიას დამტოვებელი ვერ ვნახე ვერავინ და თუ არ შეწუხდებით, რომ დაიტოვოთ?_თამთამ მორიდებით მკითხა.
_რა პრობლემაა, თუ კი გაჩერდებიან? მე მაინც მცალია.
თამთამ ისეთმა მადლიერმა შემომხედა, გამეღიმა. გეგეს გვერდით ჩემი ყოფნა მაინც იცოდნენ და იმდენად აღარ განმიცდია აქ რომ მნახეს.
_კონსულტაციაზე მივდივარ და ბავშვების წაყვანა არ მინდა. დარეჯანს ამათთვის არ სცალია, სამზადისის ფაციფუცშია. დღეს ბავშვის სქესს ვიგებთ და იმას ავღნიშნავთ. თქვენც ხომ უეჭველი იქნებით?
_კი._სანამ მე ვიტყოდი რამეს, გეგემ მომხვია მხრებზე ხელი, მიმიხუტა და ლოყაზე მაკოცა.
შემრცხვა.
_თუ რამე არ დაგიჯერათ ანდრიამ, შეგიძლიათ მიტყიპოთ._მიხამ უფლება მოგვცა. მერე ცოლს მხრებზე მოხვია ხელი და წავიდნენ.
თავიდან ანდრია ჩემს დანახვაზე ისე მორცხვობდა, ახლოს არ მეკარებოდა, და სულ გეგეს ზურგს უკან იმალებოდა, მაგრამ მერე და მერე ისე შემეჩვია და გამითამამდა, გვერდიდან აღარ მშორდებოდა. ბაღის ამბებიც დაწვრილებით მომიყვა. რომელი მასწავლებელი მოსწონდა და რომელი არა, რომელი ძალიან აბრაზებდა, მოკლეთ ყველა უნახავად გამაცნო. ნია კი, ჯერ ორი წლისაც არ იყო და სულ ხელში ჭერა და თამაში უნდოდა. ქანცი გასძვრა გეგესაც. ანდრია მოსვენებას არ აძლევდა, ხან კისერზე ეჯდა, ხან ბურთს ეთამაშებოდა. ბილიარდიც ითამაშეს. ბოლოს, თამთას წინასწარმეტყველებაც ახდა და ბილიარდის ბურთებმა სულ აქეთ-იქით დაიწყეს ფრენა. წარმოვიდგინე, რომ ჩემი და გეგეს შვილები იყვნენ და შიშისგან გამაკანკალა. ალბათ, გეგემაც იგივე გაიფიქრა იმ მომენტში, რადგან ისეთი საცოდავი ღიმილით გამომხედა, მართლა შემეცოდა. საღამოს, თამთა და მიხა რომ მოვიდნენ, უკვე კარგად ვიყავით დაღლილ-დაქანცულები.
_რაო, გაგაგიჟეს?_მე და გეგეს დაღლილ სიფათებს რომ შეხედა თამთამ, გულიანად გადაიკისკისა._არაუშავს, რეპეტიცია საჭირო იყო, მომავალში ხომ თქვენც გახდებით მშობლები?
ამის გაგონებაზე სახეზე ალმურმა ამკრა. ფარულად რომ შევხედე გეგეს, ისეთი ბედნიერი ღიმილით შემომხედა, სამომავლოდ ალბათ მართლაც გეგმავდა ჩემგან შვილებს.
_წავალთ ახლა და წავიყვანთ ჩვენს ჯუნგლებს, ცოტა დაისვენეთ, აზრზე მოდით და გადმოდით იცოდეთ._მიხამ რატომღაც ბრძანების ტონი გაურია ბოლო სიტყვებს.
_ყავა მაინც დაგველია._ღიმილით კი შევთავაზე თამთას, მაგრამ მართლა არ მინდოდა რომ დარჩენილიყვნენ, ისეთი დაღლილი ვიყავი უკვე.
გმირი დედა იყო თამთა, მეოთხე შვილს ელოდებოდა უკვე.
_არა, მადლობა, ყავის სმას ვერიდები. თან წავიდე სახლში, მგონი სოფიმ გააგიჟა ჩემი დედამთილი. თუ მივედი და ქვების სროლა ქონდა დაწყებული, არ გამიკვირდება._ნია ხელში აიყვანა და მანქანისკენ გაეშურა.
_იცოდე, არ მალოდინოთ, შებინდდება თუ არა, გადმოდით._მიხამ ჩემს გასაგონად თქვა ისევ და მანაც ანდრიასთან ერთად მიაშურა მანქანას.
გეგემ მხრებზე მომხვია ხელი და ისე გავაცილეთ თამთა და მიხა. მანქანა, რომ ორღობიდან გაუჩინარდა, შვებით ამოვისუნთქე. ასე მეგონა, ისევ შემობრუნდებოდნენ და ნიას და ანდრიას ისევ ჩვენ დაგვიტოვებდნენ.
_რა ცელქები ყოფილან._ღიმილით შევხედე გეგეს._თურმე თამთა არ აჭარბებდა.
_ბავშვი ცელქი უნდა იყოს, მაშ როგორ გინდა?_გაიკვირვა._მუდო და ზარმაცი ბავშვი მე ბავშვად არ მიმაჩნია. წამოდი, ცოტა მართლაც გვჭირდება დასვენება და განტვირთვა, სანამ წასვლის დრო მოგვივა.
_როგორც ეტყობა დიდ წვეულებას აწყობენ, ბევრი სტუმარი ეყოლებათ და მე რომ არ წამოვიდე და მარტო წახვიდე, რამე დაშავდება?_ფრთხილად შევაპარე.
_ჯერ ერთი, ბევრი არავინ ეყოლება და მეორე, ვინც გინდა იყოს, მერე რა?
_რომ იცოდე როგორ არ მინდა ხალხში გამოჩენა ჯერჯერობით მაინც._ავწუწუნდი.
_რატო, ხალხში გამოსაჩენი არ ხარ?_მხრებზე უფრო ძლიერად მომხვია ხელი და მაღლა ამიყვანა._გინდა რჩევა მოგცე? რაც მოერიდები ხალხთან გამოჩენას, მერე და მერე უფრო გაგიჭირდება. სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია. შენ გარყვნილ ქმარს და დესპოტ დედამთილს და მულს რომ გამოერიდე, ეს სირცხვილი სულაც არ არის. დამიჯერე, ისეთ სასწაულ რაღაცეებს სჩადიან და ხალხში ისე გამოდიან, ვითომც არაფერიო. დამიჯერე, არავინ გაგკიცხავს მიხასთან და არა მარტო მიხასთან. ამ სოფელში ყველამ იცის ვინ ვინ არის. ასე რომ, დაისვენე, მოწესრიგდი და გთხოვ, ამ საღამოს გამომყევი და გვერდი დამიმშვენე.
მართლა მიჭირდა ხალხში გამოჩენის. არც გეგესთვის მინდოდა, რომ მეწყენინებინა. ვერ გადამეწყვიტა როგორ მოვქცეულიყავი, ორ წყალს შუა ვიდექი. გეგე მართალი იყო, რაც მეტ ხანს დავიმალებოდი ხალხის თვალისგან, მერე უფრო გამიჭირდებოდა გამოჩენა. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ჩემი ჩემოდანი ამოვალაგე და ტანსაცმლის შერჩევას შევუდექი. რომ ვთქვა, ძვირადღირებული ტანსაცმელი მქონდა, ან რამე განსაკუთრებული, მოვიტყუები. თუმცა აქამდე ყოველთვის მაკმაყოფილებდა ჩემი გარდერობი და ჩაცმულობა, მაგრამ ახლა ვერ შევარჩიე ვერაფერი. თმაც შესასწორებელი მქონდა. მოკლეთ, კარგი სადარდებელი გამიჩინა საღამოს ვახშამზე წასვლამ. სერიოზულად ვდარდობდი რა მექნა, რომ გეგემ, თბილისში წავიდეთ, მინდა რომ ჩემი ქალი ამ საღამოს ყველაზე ლამაზი იყოსო. მესიამოვნა მისი ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება და ბედნიერი გავყევი. პირველ რიგში ტანსაცმლის საყიდლად დავიარეთ მაღაზიები. მოკლე, ვიწრო, ამოღებული, შეხსნილი და შარვლები რომ არასდროს მცმია, ახლა მისი შერჩევით ყველაფერი ასეთი მიყიდა. მერე სალონში გამოვიარეთ. ოდნავ შევიმოკლე თმა და დავისწორე. მაკიაჟის გაკეთება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ გატეხილი შუბლის გამო და აქა-იქ სახეზე მკრთალი ჩალურჯებების დასაფარავად ტონალური რომ წავისვი, მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე.
ახალი შებინდებული იყო, სახლში რომ დავბრუნდით და მალე მიხასთანაც გადავედით. ვეჭვობდი, რომ დიდი წვეულება ექნებოდათ და ბევრი სტუმარი ეყოლებოდათ, მაგრამ რა სიტუაციაც იქ დამხვდა, მოლოდინს გადააჭარბა. ასე, ოცდაათი კაცი მაინც ყავდათ მიწვეული. თამთას და და მისი ქმარ-შვილი. მიხას დები, თავიაანთი ქმარ-შვილით. მიხას დასაოჯახებელი მამიდაშვილები. ბავშვების ნათლიები. არა და სამივეს სამ-სამი ნათლია ყავდათ. კარის მეზობლებიც და ბოლო ჯამში კარგი ხალხმრავლობა ქონდათ. უმეტესს მართალია ვერ ვცნობდი და სულაც არ იცოდნენ ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. თან, ისეთი პატივით მექცეოდა თამთა და თამთას დედამთილი, მალე გამიარა უხერხულობამაც და მორიდებამაც. ვახო და მისი ბიჭი მოგვიანებით მოვიდნენ. მათ მერე კი თაზოც მოვიდა. თაზო თუ ნიაკოს ერთ ერთი ნათლია იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. ეტყობოდა მალევე უნდოდა სუფრიდან ადგომა და ცდილობდა, რომ ნაპირში დამჯდარიყო და ადვილად გაპარულიყო. ვახოს გადაეკიდა, ეგ ადგილი დამითმე და ხუთ ლარს გადაგიხდიო. იმედამ რომ გაიგო ეს სიტუაცია, ყველას გასაგონად შესთავაზა.
_მოდი თაზო, ათ ლარს მოგცემ და კალთაში ჩამიჯექი, არ გინდა?
სუფრის ყველა წევრი ბოლო ხმაზე რომ ახარხარდა, საწყალი თაზო მადიანად გაწითლდა, მაგრამ იხტიბარი აღარ გაიტეხა და მანაც გაიცინა ნაძადევად. ნიამ მე რომ მიცნო, ისევ ჩემთან გამოიწია და ლამის მთელი საღამო კალთაში მეჯდა და ყველაფერს მადიანად ჭამდა. ჩემთვის რომ მწარე იყო აჯიკა, ეს ნამცეცა ბავშვი ისე გემრიელად მიირთმევდა, შეგშურდებოდა. გეგე გვერდით მეჯდა და ღიმილით მიმზერდა ნიაკოს რომ ვაქცევდი ყურადღებას საკუთარი შვილივით. სიმართლე ვაღიარო, მსიამოვნებდა მისი ეს სიყვარულით სავსე მზერა.
ვახშმობის ბოლომდე თითქმის გასაიდუმლოებული ქონდა თამთას მომავალი შვილის სქესი. თუ მიხას რეაქციას დავუჯერებთ, არც მან იცოდა და როდესაც გაიგო, რომ მეოთხე შვილი ბიჭი ეყოლებოდა, სიხარულით ცას ეწია. იმხელა ყანწები შემოატარა ყველასთან, ლამის ნახევარი ლიტრი ჩადიოდა. თან, ყველას აძალებდა. გეგეც კი სვამდა, მაგრამ სხვებს რომ ადვილად ეტყობოდათ სიმთვრალე, მას თითქოს არ ემჩნეოდა.
თაზოს ჯერი რომ დადგა ყანწის მოყუდებისა, საწყალობლად აწუწუნდა.
_დედაკაცს ხომ კლავ საბუდარზე და ახლა მე ამ ყანწით მომიღე ბოლო. რა გინდა, ბრიგადაში აღარ გჭირდები? დამინდე და პირამდე მაინც არ გამივსო.
_გაუძელ წრუწუნ, გაუძელ, თორემ ჩაგასხი უკვე._არ ეშვებოდა კარგად შეზარხოშებული მიხა.
_კარგი რა, ეს ერთი ყანწი რომ მაპატიო, ვითომ რა მოხდება?
_შენ რომ გაპატიო, ახლა გეგეს მოუნდება. მასაც ვაპატიო, გიასა და თემოს მოუნდებათ... მოკლეთ, დიდ პრობლემებს გამოიწვევს შენი პატიობა, ამიტომ ჯობია რომ არ გაპატიო._ფეხზე წამოდგა მიხა და თაზოსთან მივიდა, ალბათ მართლა ჩაასხავდა, რომ არ დაელია იმ საცოდავს.
უზარმაზარი ყანწის დალევა და თაზოს ყინწის მოწყვეტა ერთი იყო, მაგიდაზე თავი ჩამოდო და იქვე ამოუშვა ფშვინვა.
_ეს ოხერი, რით ვერ დაიმახსოვრა, რომ ჯონჯოლის თეფშზეა ძილი ტკბილი. თეფში მაინც გამოუცვალეთ._როხროხებდა ვახო.
იმედამ ფოტოები რომ გადაუღო ტკბილად მიძინებულ თაზოს, შემეცოდა. მთელი წელი ექნებოდათ ახლა სალაპარაკო, სანამ ამაზე უარესი არ მოხდებოდა, რომ იმაზე გადართულიყვნენ.
ანდრიამ მძინარე თაზო რომ დაინახა, თითქოს შეკრთა და შორიდან დაუწყო ყურება.
_ნუ გეში შვილო, ეგეც ადამიანია._მიხამ სიცილით დაამშვიდა შვილი, ხელი ჩაავლო და თაზოს სანახავად ახლოს მიიყვანა.
არაჩვეულებრივი და მხიარული დრო გავატარეთ. კიდევ კარგი გადავწყვიტე წამოსვლა. ჩემს დანახვაზე არავის აუბზუებია ცხვირი და ჩემი გადადგმული ნაბიჯის გამო არავის გავუკიცხივარ. ისე მიმიღეს, როგორც მიხას სვანი ძმაკაცის მეუღლე. ცოტა კი მეხამუშებოდა ეს სტატუსი, მაგრამ გულს მიხარებდა.
ნიას ჩემს ხელში ტკბილად რომ მიეძინა, საძინებელში მე შევიყვანე და თავის საწოლში ფრთხილად ჩავაწვინე.
_ისე, როგორ გიხდება ბავშვი._თამთამ ეშმაკურად შემომხედა._ ქვეყანა იმას ლაპარაკობს, რომ ვაჟიკო იყო უშვილო... გეგეს ბავშვები ძალიან უყვარს და წარმომიდგენია როგორი მოსიყვარულე მამა იქნება. კარგი ქენი იმ გიჟებს რომ დააღწიე თავი. შენი ყოფილი დედამთილი კი გაგანებს, მაგრამ ქვეყანამ იცის რა ალქაჯიცაა. მიხას ნათლია კია, მაგრამ... მარინესი ხომ ატანა არა მაქვს. ან როგორ გაუძელი ამდენი ხანი, მიკვირს._შვილს საბანი მიაფარა და ისევ სუფრასთან დავბრუნდით._ყავას ხომ არ დალევ?
_მადლობა, არ მინდა, ამაღამ აღარ დამეძინება.
_რაო, ყავაო? ვიღაცამ ყავა ახსენა?_ყურები ცქვიტა ვახომ._თამთუშ, ჯიგრი, კარგი გოგო იქნები, თუ მოადუღებ. სვანსაც მოუდუღე, ხომ იცი მასაც ძალიან უყვარს როცა ნასვამია?
თამთას მეორედ თქმა აღარ დასჭირვებია, მაშინვე წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა.
_ისე, ეს სვანები მართალია თავისებური ხალხი ხართ, მაგრამ მართლა ჯიგრები ხართ._მიხას უმცროსი დის ქმარი გია გამოვიდა სიტყვით._ხომ არ გეწყინება, სვანებზე ანეგდოტი რომ მოვყვე?
მიხამ თვალები რომ დაუბრიალა სიძეს და ეს უკანასკნელი მაშინვე გაჩუმდა.
_რა პრობლემაა?_გაეცინა გეგეს._მე თვითონ მოგიყვებით ნამდვილ ამბავს. ბოლო დროს, ჩვენებთან რომ ვიყავი, ერთი ჩემი შუახანს გადაცილებული მეზობელი მომადგა, მობილურზე დამარეკინეო. იმ მომენტში მართლა ცოტა მქონდა დეპოზიტზე და ვუთხარი კიდეც, მაგრამ ასე მითხრა, მეზობელ სოფელში უნდა დავრეკო შორს კი არაო.
იმდენი ვიცინეთ, მუცელი მტკიოდა უკვე.
_ეგ რად გინდა, ჯარის მეგობარი მყავდა სვანი._ისევ ალაპარაკდა გია._პირველად რომ შემოვიდა ბლუთუზიანი ტელეფონი ის პერიოდი იყო. ხო და ამ ბიჭმა, ჯარი რომ მოიარა, გადაწყვიტა ტელეფონის ყიდვა. ყველამ ვურჩიეთ, ბლუთუზიანი ტელეფონი იყიდეო. ხო და მე გამიყოლა საყიდლად. გამყიდველს შეუჭამა ტვინი, ბლუთუზიანი ტელეფონი მინდა, ბლუთუზიანიო. რომ დაუდასტურეს ბლუთუზიანია ეს ტელეფონიო, სასაცილოდ იკითხა, ეგ ბლუთუზი რაღააო.
ისევ ავტეხეთ სიცილი. გეგესი რა ვთქვა, მაგრამ მიხას აშკარად არ სიამოვნებდა სვანების აბუჩად აგდება.
_შენ ის მოყევი, გავაზელებმა კულტურის სახლი რომ ააშენეთ და ტრაქტორი შენობაში დაგრჩათ. მერე კი ტრაქტორი რომ დაშალეთ და ნაწილ-ნაწილ გამოიტანეთ. ეგეც ხომ ნამდვილი ამბავია?_გულმა მაინც არ მოუთმინა მიხას და წაკმინა გავაზელ სიძეს.
იმხელა ხმაზე ახარხარდნენ ვახო და თავისი ბიჭი, ჩვენ მათ სიცილზე გვეცინებოდა უფრო. ლამის ჭერი დავიმხეთ თავზე.
_მინდორში რომ კურდღლები დაიჭირეთ და უკარებო ბოსელში შერეკეთ და ურმის თვლები ააფარეთ ეგეც ხომ მართალია?_იმედამაც მისცა მიხას მხარი და ისევ ახარხარდნენ.
მართლაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. შუაღამე გადასული იყო რომ ავიშალენით. გეგე საჭეს არ მიუჯდა. მანქანა მიხასთან დავტოვეთ და ფეხით მოკლეებზე ავჭერით. ღამის სიგრილეში რომ მოვიბუზე, გეგემ მხრებზე მომხვია ხელი და გასათბობად მიმიხუტა. მეც წელზე მოვხვიე ხელი და ისე ავედით სახლში. მართალია ყველაზე ნაკლებად გეგეს ეტყობოდა სიმთვრალე, მაგრამ ესეც კარგად იყო შებუჟბუჟებული ვახოს ლექსიკონი რომ მოვიშველიოთ. საძინებელში რომ შევედით, ფეხზე კი შეძლო და დაიხადა, მერე ბოდიში მომიხადა, ძალიან დავთვერიო და ტანსაცმლიანსვე მიეძინა. პლედი მივაფარე და ლამის მთელი ღამე მას ვყარაულობდი, რომ ცუდად არ გამხდარიყო. გათენების ხანს ჩამეძინა და კარგა გვიანობამდეც მეძინა. მზე უკვე კარგად იყო ამოწვერილი, გეგეს კოცნამ რომ გამაღვიძა.
_ძილისგუდავ, რამდენ ხანს უნდა გეძინოს ნეტავ? ყავა დალიე, არ გინდა.
ტუმბოზე ყავის ფინჯანს მოვკარი თვალი ოხშივარი რომ ასდიოდა.
_წუხანდელზე ბოდიში, გვარიანად გამოვთვერი არა? რამე ხომ არ გაწყენინე?_მორიდებით მკითხა.
_რაც მთავარია იქამდე არ მისულხარ: "ნასკი გამხადე ქალო!"_გამეცინა.
_ღმერთმა ნუ ქნას, რომ მანდამდე მივიდე._აშკარად შეკრთა. დაიხარა და შეშფოთებულმა მაკოცა._თუ ვინცობაა მივედი, მძინარეს დამაფარე ბალიში და გამგუდე.
მის ამ გულწრფელად და მთელი სერიოზულობით ნათქვამ სიტყვებზე გულიანად გადავიკისკისე. ისეთი საცოდავი თვალებით მიყურებდა, თავს ვეღარ ვიკავებდი.
_კახელები ძალიან მაგარი ხალხი ხართ, მაგრამ ერთი მინუსი გაქვთ, ღვინის დაძალება იცით და სანამ ბოლომდე არ გამოათრობთ სტუმარს, მანამ არ უსვენებთ. მაგიდაზე ჩამოძინებაც მოსულა.
საწყალი თაზო რომ გამახსენდა მაგიდაზე თავმიდებული, უარესად ავკისკისდი.
_არაუშავს, შენი სიმთვრალეც ხომ უნდა მენახა, სანამ დრო იყო, რომ მერე თავს მეშველა?_გაბედულად გადავწვდი და ვაკოცე. ისეთი ღვინის სუნი ამოსდიოდა პირიდან, ცოტა კი შევიზიზღე, მაგრამ მაინც მივეხუტე._ჩემს თვალში ხუთიანი დაიმსახურე. არ ხარ ჯიჯღინა, შარიანი და ეჭვიანი ქმარი.
ქმარი გაუცნობიერებლად ვახსენე. მის ხსენებაზე გეგეს რომ კმაყოფილს გაეღიმა, მაშინ გავიაზრე და გვარიანად გავწითლდი. ყავას გადავწვდი ტუმბოზე უხერხულობის და მღელვარების დასაფარავად და მადიანად და სიამოვნებით მოვწრუპე. თვითონაც საწოლის კიდეზე ჩემომიჯდა და მანაც ყავის სმა დაიწყო. რასაც ვუყურებდი ამ ხნის მანძილზე, მართლაც არაჩვეულებრივი და მოსიყვარულე ქმარი იქნებოდა. თუ შემდეგში არ გამოამჟღავნებდა თავის სვანურ "გაჭედვებს", როგორც თვითონ შემაშინა. თუმცა, სიმთვრალეში ადამიანი თავის ნამდვილ სახეს რომ ამჟღავნებს, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი? წუხელ გეგემ კი მორიდებით მომიხადა ბოდიში თავისი სიმთვრალის გამო და პირუჩუმრა დაიძინა. მართლაც რომ არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და უნდა ითქვას, რომ მეორე ჯერზე ნამდვილად გამიმართლა.
ყავა რომ დავლიეთ, კიდევ ერთხელ ვაკოცე და ხალისით წამოვდექი, მაგრამ დამიჭირა და კისკისით შემაბრუნა საწოლში. არ გავძალიანებულვარ. ან, რატომ უნდა გავძალიანებოდი ვითომ? მიყვარდა, მის გვერდით დედოფლად ვგრძნობდი თავს და მეტი რაღა მინდოდა? კოცნით რომ დამიფარა მთელი სხეული, ვნებააშლილი დიდი სიამოვნებით დავნებდი. ღირდა მის გვერდით ცხოვრება და მთელი რიგი ჭორებისა და გაკიცხვების მოსმენა-ატანა.
სიყვარული პირველ რიგში ორი გულის ერთი ფეთქვაა, ურთიერთგაგება და უდიდესი პატივისცემა. შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს ორივეში, მაგრამ დათმობა და იმ აზრამდე მისვლა და შეთანხმება, რომ ორივე კმაყოფილი ყოფილიყო, ზუსტად ეს იყო დიდი სიყვარული.
ახლა კი მართლა წამოვდექი კმაყოფილი. შედარებით თამამად და მოურიდებლად ჩავიცვი გეგეს წინ ჩემი ტანსაცმელი, რომელიც თვალმოუშორებლად მიმზერდა, მადიანად ვაკოცე მომღიმარ ტუჩებში და სამზარეულოში გავედი.
*************************
დღეები დღეებს მისდევდა. დღითიდღე ვრწმუნდებოდი, რომ შეცდომა არ დამიშვია გეგესთან დაკავშირებით. ხალხის აზრიც ნელ-ნელა დიდად აღარ მაშფოთებდა. იმ დღის შემდეგ, ანდრია და ნია რომ დაგვიტოვეს მიხამ და თამთამ, ორჯერ კიდევ ჩამაბარეს ნია. შედარებით ადვილად გავუმკლავდი უკვე დაკისრებულ მისიას და იმდენადაც აღარ დავღლილვარ. ეს ნამცეცა და საყვარელი გოგო ისე შემიყვარდა, ალბათ საკუთარ შვილებში ვერ გამოვარჩევდი უკვე.
გეგეს საქმიანობაც ნაყოფიერი გამოდგა. ახალი ღვინის პარტია გააგზავნა საფრანგეთში. ახალი ეტიკეტიც საბოლოოდ დახვეწა და დაამუშავა. მართლაც არაჩვეულებრივი გამოუვიდა. მთელი დღე სახლიდან უწევდა გასვლა და საღამოს კი დაღლილ-დაქანცული რომ მოდიოდა, მეცოდებოდა და ცხელი ვახშმითა და დიდი სიყვარულით ვხვდებოდი. მართლაც რომ შევეგუე ჩემს ახალ ცხოვრებას თანაც დიდი სიხარულით. ბოლოს დადგა ის დღეც, სვანეთში რომ უნდა გავმგზავრებულიყავით გეგეს დის იუბილეზე. იქ წასასვლელად ცოტა გული მეთანაღრებოდა, რადგან მის ნათესაობასთან მაინც მერიდებოდა წარდგენა. გეგე მამშვიდებდა და მამხნევებდა. თუმცა, ერთი-ორჯერ მის სატელეფონო საუბარს შევესწარი შემთხვევით და მივხვდი რომ ჩემზე იყო საუბარი. ვიღაც აშკარად არ უწონებდა ჩემს არჩევანს. ერთი პირობა, მასთან ერთად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ლამის სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა და მეტი რა გზა მქონდა, გავყევი. მთელი გზა კი ვმხიარულობდით და ხალისიანად ვმგზავრობდით, მაგრამ უკვე სვანეთში ასულებს გული ისე ამიჩქარდა, სუნთქვა მიჭირდა და მუხლების კანკალით გადავედი მანქანიდან. ცნობისმოყვარე ნათესავების კმაყოფილი მზერა რომ დავიჭირე, ცოტა დავმშვიდდი კიდეც, მაგრამ მისი და რომ დავინახე, მართლა დამეცა მეხი. სასამართლოდან მახსოვდა ეს გატანჯული დედა, თხუთმეტი წლის მაცაცოს პროცესს შავებში ჩაცმული და მუდამ მტირალი რომ ესწრებოდა. თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა. გამოდის, გეგე იმ გოგონას ბიძა იყო, რომელიც ჩემმა ველურმა ქმარმა გააუპატიურა. მივხვდი, გეგემ შურისძიებისთვის გამომიყენა. თითქოს სამყარო ჩამომექცა თავზე. ის ბედნიერება, რასაც ამ ორ-სამ კვირაში მივაღწიე, თვალსა და ხელს შუა მიქრებოდა ტკბილი სიზმარივით.
თვალთ დამიბნელდა, მუხლებშიც სისუსტე ვიგრძენი. ყველანაირად შევეცადე თავის შემაგრება, მაგრამ არ გამომივიდა, ნელ-ნელა ჩავიკეცე შუა ეზოში და სანამ გონს დავკარგავდი, ვიგრძენი რომ ვიღაცამ არ მომცა ძირს დაცემის საშუალება. მერე კი აღარ მახსოვს არაფერი. თვალი რომ გავახილე, ოთახში საწოლზე ვიწექი, შეშფოთებული გეგე კი თავს დამტრიალებდა. მოშორებით გეგეს და იდგა და ისეთი თვალებით მიმზერდა, შემეშინდა. ჩემს წინ კი მისი შვილი, მაცაცო იჯდა და ჩემი ხელი ეჭირა ხელში. სახე და გულისპირი სველი მქონდა. ლოყაც მტკიოდა, ალბათ მადიანად შემომილაწუნეს აზრზე მოსასვლელად. მაცაცოს რომ შევხედე, ისიც შეშფოთებული მიმზერდა. უკეთესად რომ ვიგრძენი თავი, წამოვხტი. ციებიანივით გამოვგლიჯე საცოდავ გოგოს ხელი და გეგეს ვეტაკე.
_საზიზღარო, შენი შურისძიებისთვის გამომიყენე?_თან მუშტები დავუშინე მკერდში, რომელზეც სიამოვნებით მედო წუხელ თავი და ტკბილად მეძინა.
არ გამძალიანებია, არც შევუჩერებივარ. ვაჟკაცურად იტანდა ჩემს ისტერიკას. მერე კი მკლავები მომხვია და გამაკავა.
_შურისძიებისთვის მართლა არ გამომიყენებიხარ, დაწყნარდი. დამიჯერე, მართლა მიყვარხარ და მე შენს გვერდით მინდა ცხოვრება.
_თუ შურისძიება არ გქონდა გუნებაში, რატო ერთხელ მაინც არ მითხარი ვინც იყავი?
_მაგაში ვტყუივარ, მაგრამ ვიცოდი რომ არ დამიჯერებდი და არ მოინდომებდი ჩემთან დარჩენას.
_ოდესმე ხომ მაინც გავიგებდი?_ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი და ავქვითინდი.
გეგემ უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე და ჩემს დამშვიდებას შეეცადა, რაც შეუძლებლად მეჩვენებოდა იმ მომენტში. თავზარდაცემული ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ვაჟიკოს შურისძიებისთვის მიყენებდა. არაფრის გაგონება აღარ მინდოდა. ერთი სული მქონდა მათგან დამეღწია თავი. ისეთი ისტერიკა დამემართა, ვეღარავის და ვეღარაფერს ვეღარ ვხედავდი. გეგეს ისევ მუშტებს ვურტყავდი და ვიგერიებდი, ჩემს დამშვიდებას და დაწყნარებას რომ ცდილობდა. თითქოს მიწა მქონდა ფეხქვეშ გამოცლილი და მყარად ვერ ვიდექი. ბოლოს, ასთმური შეტევა რომ დამეწყო და ვეღარ ვსუნთქავდი, შეშინებულმა მაცაცომ ჭიქით წყალი მომირბენინა. წამიერად შევხედე. ბიძის მსგავსი თვალები ქონდა შავი და ბრიალა. ჭიქაზე ხელის აკვრა და გადაგდება მინდოდა, მაგრამ მივხვდი რომ ეს გოგო არაფერშუაში იყო, ჩემსავით ესეც მსხვერპლი იყო. ოღონდ ეს ჩემი ქმრისა, მე კი ჩემი ქმრისაც და მისი ბიძისაც.
_გთხოვ, დაწყნარდი._გეგემ მაცაცოს გამოართვა ჭიქა და პირთან ძალით მომიტანა._ნუ გგონია, რომ შურისძიებისთვის გამოგიყენე. რატომ არ გჯერა, რომ მართლა მიყვარხარ. მე ხომ არც კი ვიცოდი ვინ იყავი, როცა პირველად გაგიცანი. ერთი ნახვითვე დამატყვევე და ჩამივარდი გულში. როცა გავიგე, როგორ გგონია, ჩემთვის იოლი იყო ამის გაგება?_ისეთი გულწრფელი იყო, უარესად ამიჩუყდა გული. ამ გულწრფელობის თამაშს როგორ ახერხებდა არ ვიცოდი._ნათესაობის მხრიდანაც კი დიდი პრობლემები შემხვდა, თებე დღემდე სიბრაზით მიყურებს. რატომ არ გვაქვს ერთმანეთის სიყვარულის უფლება ვითომ?
სიმართლე ვთქვა, მისი სიყვარულის ნაკლებად მჯეროდა. თებე, მისი და, მართლაც სიბრაზით შემოგვყურებდა ორივეს. ერთადერთი მაცაცო წუხდა მარტო და ღელავდა ჩემს ნერვიულ შეტევაზე. ისე, მეტნი არც კი ვყოფილვართ ოთახში. ერთხანს, უსიტყვოდ და სიბრაზით მოგვჩერებოდა თებე ორივეს. მერე კი გარეთ გავიდა და ისეთი სიძლიერით გაიჯახუნა გაგულისებულმა კარი, ლამის ანჯამებიდან ჩამოაგდო. სულაც არ ვამტყუნებდი მას. რა გულით უნდა ყოფილიყო ჩემთან, როცა ყოველი ჩემი დანახვა ჩემი ყოფილი ველური ქმრის დანაშაულს გაახსენებდა და თავისი შვილის დამახინჯებულ ცხოვრებას? მართალია, ამ დანაშაულში მე უდანაშაულო ვიყავი და ბრალი არაფერში მიმიძღვოდა, მაგრამ მაინც დამნაშაცედ ვგრძნობდი თავს. თან, პატივმოყვარეობაშელახულად, რომ შურისძიების იარაღად გამომიყანა ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა. არ მეჯერა მისი გულწრფელი სიყვარულის. თუ მართლა ვუყვარდი, თავიდანვე გამომიტყდებოდა ყველაფერში და თავისი დის პირისპირ დამცირებულს და შეურაცხყოფილს არ დამაყენებდა.
მაცაცო ბიძის მსგავსი შავი თვალებით მიმზერდა შეშფოთებული. ამ ბავშვს კი მართლა ეტყობოდა, რომ გულწრფელად წუხდა.
გეგემ რომ ანიშნა, ცოტა ხნით დაგვტოვეო, ისიც მაშინვე გავიდა. მაცაცომ გაიხურა თუ არა კარი, გეგემ უფრო მჭიდროდ ჩამიკრა გულში და ტირილისგან აცახცახებულ ჩემს ტუჩებს დაეწაფა. გავუძალიანდი, მაგრამ ისე ძლიერად ვყავდი გულში ჩაკრული, ვერ გავეშვი. სხვა დროს თუ მამშვიდებდა და გულს სიამოვნებით მივსებდა და მითბობდა მისი კოცნა, ახლა სიბრაზეს მგვრიდა და რაც მეტს მკოცნიდა, უფრო ვბრაზდებოდი და ვხელდებოდი. ოდნავი თავისუფლება ვიგრძენი თუ არა, მაშინვე დავუსხლტი ხელიდან და მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე გრაფინას წამოვუვლე ხელი.
_არ მომეკარო, თორემ გეფიცები თავში გთხლიშავ.
იმის საჩვენებლად, რომ მართლა ვუყვარდი, თუ ჩემმა ზღვარგადასულმა სიგიჟემ თავისი ქნა, აღარ მომკარებია.
_გთხოვ, კატო, დაწყნარდი და მომისმინე. მაცაცოს თავს ვფიცავარ, მართლა მიყვარხარ. არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, თორემ თავიდანვე გეტყოდი ყველაფერს. კახეთში მართლაც შურისძიების მიზნით ჩამოვედი, ოღონდ შენთვის არა. მე ნელის დავუახლოვდი შეგნებულად, რადგან ვიცოდი რომ ეგ ალქაჯი აფარებდა თავის შვილს ხელს. ვიცოდი, რომ გასათხოვარი ძმიშვილი ყავდა და შურისძიებაც მისი გამოყენებით მინდოდა. შენთან შეხვედრას და სიყვარულს მართლაც არ ვგეგმავდი. თავისთავად მოხდა ყველაფერი. შენ მართლა არ ყოფილხარ ჩემი სამიზნე. ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ...
მართლაც რომ ძნელი დასაჯერებელი იყო პირადად ჩემთვის. ჩემს ადგილზე თვითონ დაიჯერებდა ვითომ? თებეს კი ჩავუშალეთ დაბადების დღე, მაგრამ მან ხომ ისედაც იცოდა მის ძმას ვინ მიყავდა სტუმრად. უცხო ხალხის თანდასწრებით სცენების მოწყობაც მართლა არ ღირდა. თებე მართალია დაქრუშული და უკმაყოფილი მიმზერდა, მაგრამ მაცაცო? ყველაზე მეტად დაზარალებული ის იყო ჩემი ველური ქმრის მხრიდან. მომავალი ქონდა დანგრეული. თუმცა, ზოგიერთი ქალი საროსკიპოდან გამოყავთ და უმაღლეს ბედში ვარდებიან. მაცაცო ხომ თვითონ არ შემცდარა? ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ყოფილიყო გარჩევა? არსებობენ ადამიანები, ვინც გარემოების მსხვერპლნი არიან. არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალით აცდენენ და არსებობენ ადამიანები, ვინც შეგნებულად ცდებიან იმ იმედით, რომ უფალი მოწყალეა და ჩადენილ დანაშაული ეპატიებათ.
შევძელი თავის ხელში აყვანა. არ მინდოდა უცხო ხალხთან სცენების მოწყობა. მაცაცოსი მიკვირდა, რომ ჩემი ყოფილი ველური ქმრის დანაშაულის მიუხედავად მაინც გულთბილად მიმიღო დედამისისგან განსხვავებით. (თუმცა, არც თებეს ვამტყუნებდი). ეტყობოდა რომ ბიძა ძალიან უყვარდა და ბიძის არჩევანს პატივს სცემდა.
სვანები გულთბილი მასპინძლები აღმოჩნდნენ. თებემაც შეძლო ბოლოში თავი აეყვანა ხელში და მეც. მაცაცო კი თავიდანვე გულთბილად შემხვდა და ბოლომდეც ასე გააგრძელა. მართალია, ცოტა დავწყნარდი და სუფრაზეც კი დავჯექი გეგეს გვერდით, როგორც მისი მეუღლე, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა, რომ მისი მხრიდან დამცირებული ვიყავი. რატომ არის ადამიანი ყოველთვის უმადური და უკმაყოფილო თავისი ცხოვრებით, ვერ ვხვდები. არ მეჯერა და ვერ ვიჯერებდი იმას, რომ შურისძიების მსხვერპლი არ ვიყავი.
სვანურმა ტრადიციებმა და სვანურმა სამზარეულომ დროებით დამავიწყა ყოფითი პრობლემები. დიდად რომ ვთქვა ჭამა-სმის მოყვარული ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ სვანური კუბდარი, ჭვიშტარი და ლეცვმარი ძალიან მომეწონა. სვანური ჭაჭა, იგივე ღეჰის არაყიც კი დავაგემოვნე და ცოტა სხვა თვალითაც კი დავუწყე ამ ცხოვრებას ყურება. კახელებზე ამბობენ, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხიაო. არც სვანები მოიკოჭლებენ ამ საქმეში. ცოტა, ასე ვთქვათ, გადავერთე და წუთიერად მაინც გადავივიწყე ჩემი ცხოვრება და პრობლემები, რატომღაც იმ მომენტში მუქ შავ ფერებში რომ მეჩვენებოდა. მაცაცო გვერდიდან არ მშორდებოდა რატომღაც და დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მეპყრობოდა. არ ვიცი, თებეს რა ქონდა გულში და რა აზრები უტრიალებდა თავში, მაგრამ ხალხის დასანახად ძმის ცოლს პატივისცემით მეპყრობოდა. აქამდე თუ გეგეს საყვარელ მეგობარ გოგონად ვთვლიდი თავს, სვანეთში სვანებმა მის ცოლად მიმიღეს დიდი პატივით.
სუფრიდან გვიან ღამით ავიშალენით. მე და გეგეს ერთ ოთახში ერთ საწოლზე რომ გაგვიშალეს სარეცელი, ისევ გავჯიუტდი, მის გვერდით დაწოლა არ მინდოდა. ახლა რომ ვიხსენებ იმ ამბავს, ვრწმუნდები რომ მართლა ვუყვარდი გეგეს და დიდი მონდომებით მითმენდა ყველაფერს. კიდევ კარგი, თორემ ახლანდელი ბედნიერება სიზმრადაც კი არ დამესიზმრებოდა დარწმუნებული ვარ. კახურად რომ ვთქვა, ვირივით რომ ვყარე ტლინკები, გეგეს არ დაუძალებია ჩემთვის არაფერი და მეორე ოთახში დივანზე დაწვა დასაძინებლად. უტვინო რომ იქნება ადამიანი, ამით მაინც ხომ უნდა მივმხვდარიყავი მის წრფელ და უდიდეს სიყვარულს? მე, უტვინო კი, მთელი ღამე გაქცევის გეგმას ვამუშავებდი. რატომღაც ისე ვიყავი დაბრმავებული, რომ გეგეს გულწრფელობას ვერ ვხედავდი და შუაღამეზე, ყველას ღრმად და ტკბილად რომ მიეძინა, დიდი სიფრთხილით გამოვიპარე ჩემი ოთახიდან, ეზოში შიშით გავედი და გულის ხმამაღალი ბაგი-ბუგით გავუყევი დამახსოვრებულ გზას ფეხით. ყოველი ფაჩუნი და უჩვეულო ხმაური გულს მიხეთქავდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ სიტუაციაში მსხვერპლი მე ვიყავი და მათგან თავის დაღწევა მინდოდა. გათენებამდე კარგა მანძილი გავიარე. ალიონზე რომელიღაც ავტოსადგომსაც მივაღწიე. თბილისისკენ ავიღე ბილეთი და მარშუტკაში მოხერხებულად მოვკალათდი. მთელი გზა ძილ-ღვიძილში გავატარე. ისე ჩავედი დედაქალაქში, ბევრი არაფერი გამიგია. არავისთვის მომიყოლია ამის შესახებ, მაგრამ დიდ და ხმაურიან ქალაქში, სადაც წესიერად არც გზები ვიცოდი და არც საცხოვრებელი კი არა და , უბრალოდ ღამის გასათევიც კი არ მქონდა, შიშისგან და უმწეობისგან გვარიანად ვიღრიალე. ოქროს საყურეები კაპიკებში გადავყარე და საღამომდე ავლაბრის ტერიტორიაზე იტალიურ ეზოში ერთი სარდაფისმაგვარი ოთახი ვიქირავე. ტელეფონის ნომერიც შევცვალე, რომ გეგეს არ "შევეწუხებინე". არც საჭმელი მქონდა, არც ტანსაცმელი. ოთახშიც ერთი ძველისძველი მორყეული ხის საწოლი იდგა და საცოდავად მობუზულმა მთელი ღამე ტირილში გავატარე. ვტიროდი ჩემს ბედნიერებას, რომელიც ჩემი თავმოყვარეობის და სისულელის გამო დავთმე. ვტიროდი ჩემს უიღბლობას და უბედობას და ყველაზე მეტად გეგეს გარეშე გატარებულ პირველ ღამეს ვღრიალებდი.
ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის რომ არასწორია, დავრწმუნდი ამაში. იმაშიც დავრწმუნდი, რომ სულელი და უტვინო ვიყავი და ჩემი სისულელით ყოველთვის არასწორად ვიქცეოდი. როგორ მინდოდა, რომ დილით გამეღვიძა და ისევ გეგეს გვერდით ვყოფილიყავი, ეს ყველაფერი კი კოშმარული სიზმარი ყოფილიყო. ჯერ ერთი დღეც არ იყო გასული და უკვე ვნანობდი ჩემს კახურ სიჯიუტეს, მომავალში რაღა იქნებოდა? პირისპირ რომ შევეჭიდებოდი მარტო რთულ ცხოვრებას, მაშინ რაღას ვიზავდი? ჩემი უკუდო ამპარტავნობა და უნდობლობა მატეხინებდა კისერს. მართალია, ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, მაგრამ მომავალში ხომ მის გამოსწორებას ცდილობს? მე? მე შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი და ამ შეცდომების გამოსწორება კი უკვე შეუძლებელი იყო. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი უკან, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა გეგე იქნებოდა თავმოყვარეობაშელახული გვიან ღამით რომ გამოვექეცი სახლიდან. მე თუ ჩემი კახური სიჯიუტე და სივირე მქონდა სისხლში გამჯდარი, ის სვანი იყო და სვანურად გამიჭედავდა. დავარწმუნებდი კი იმაში, რომ მთელი ღამე ისე ვიწანწალე ფეხით მარტომ, რომ ბუზი არ ამფრენია წინ? ან, თბილისში ისე ჩამოვედი და ბინაც ჩემს ბედზე ისე ადვილად ვიშოვე, რომ არავის უკადრებია ჩემთვის ზედმეტი? მის ადგილას მე დავუჯერებდი ვითომ? ხო და არც გაემტყუნებოდა თუ არ დამიჯერებდა.
მთელი ღამე თოთო ბავშვივით ღნავილში გავატარე. დილით ტირილისგან დასიებულ თვალებს ძლივს ვახელდი. თავი ხომ მტკიოდა და მტკიოდა ნერვიულობისგან, არც მუცელი იყო უკეთეს დღეში. შიმშილი მაწუხებდა. ცოტა რომ დავიწყნარე ტირილისგან შეშლილი სახე, საშოვარზე გადავწყვიტე გასვლა. გზას გაფაციცებით ვათვალიერებდი და ვიმახსოვრებდი, რომ არ დავკარგულიყავი. ზღაპრისა არ იყოს, ხახვის ფოჩები ნამდვილად არ მაწყენდა გზაზე დასაყრელად.
მაღაზიაში ცოტაოდენი მზა პროდუქტი ვიყიდე და ისევ ჩემს სარდაფში დავბრუნდი. ცოტა დავიმშვიდე აღრენილი კუჭი. ბინის ქირა წინასწარ რომ გადავიხადე, სახარჯო ფული ცოტა შემომელია. სანამ რაიმე სამსახურს ვიშოვიდი, დედაჩემის ნაჩუქარ ოქროს ყელსაბამზე დამიდგა ჯერი. სხვა არაფერში მარგოდნენ ჩემი მშობლები და იქნებ ამით მაინც მომეთბო ხელი. ეგ კი არა და ამინდიც აცრიატებული იყო და გვარიანად ციოდა. თბილი ტანსაცმელიც საჭირო იყო და პლედიც, რომ ღამით ჩემს სარდაფში გვარიანად ვიყინებოდი.
ყელსაბამის გასაყიდად გავეშურე ოქროს ბირჟაზე. კიდევ კარგი ცოტა ჭკუა ვიხმარე და ესეც ბეჭდის მსგავსად კაპიკებში არ გადავაგდე. სამას სამოცი ლარი დიდი თანხა არ იყო, მაგრამ ცოტა ხნით მაინც გავიდოდი იოლას. იქიდან ბაზარში გამოვიარე. ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი ვიყიდე. საცხობს რომ ჩავუარე გვერდით, სულმა წამძლია და ხაჭაპური ვიყიდე. შემთხვევით გამოკრულ განცხადებას მოვკარი თვალი, რომ ესაჭიროებოდათ დისტრიბუტორი. დავინტერესდი და ვიკითხე. თურმე, დისტრიბუტორებს, იქვე ბაზარში ტარება ევალებოდათ. თანხა გამომუშავებით იყო, რამდენ ხაჭაპურს, ქაბაბს, პონჩიკებს თუ ღვეზელებს გაყიდიდნენ, პროცენტულად ეძლეოდათ. ჭკუაში დამიჯდა. გასაუბრება გავიარე. საცხობის მეპატრონემ კმაყოფილმა შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე და დამთანხმდა. ან, უჭირდათ მუშა-ხელი, ან ჩემმა გარეგნობამ ითამაშა გარკვეული როლი. ასე თუ ისე, იმ დღესვე ამიყვანეს სამსახურში. წითელი წინსაფარი მომარგეს, დიდ სინზე დამილაგეს ცალ-ცალკე ხაჭაპურები, ლობიანები და ღვეზელები და ბაზარში წავედი გასაყიდად. ან დამშეული იყო ხალხი, ან ახალი თანამშრომელი რომ ვიყავი, მიტომაც მივიქციე ყურადღება და რაც კი წაღებული მქონდა, ყველაფერი გავყიდე. მალევე რომ დავბრუნდი უკან, მეპატრონეს გაუკვირდა. მეორე ჯერზეც წავედი, ოღონდ ამჯერად სხვა სექციაში. მოკლეთ, ხუთსაათიანი მუშაობის მერე ოცდაათი ლარი მერგო წილად და ჩემს ნაქირავებ ოთახში მართალია დაღლილი, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავბრუნდი.
ღამით ისევ მოვიტირე ჩემი უტვინობით აწეწილ-დაწეწილი ცხოვრება. გეგე სიგიჟემდე მენატრებოდა. ისიც კი დამესიზმრა, ვითომ მის გვერდით თბილად ვიწექი საწოლში და თავი მის მკერდზე მედო. გაღვიძებულს ისევ წამომცვივდა სიმწრის მონატრებისგან კურცხალი ცრემლები. თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და ალალბედზე ნაშოვნ სამსახურს მივაშურე.
დაუზარელი და შრომისმოყვარე რომ ვიყავი, ჩვენს უფროსს არ გამოჰპარვია და ძალიანაც მოვეწონე. მცხობელიც კმაყოფილი იყო ჩემით, რეალიზაცია სწრაფად და უხვად ხდებოდა მისი გამომცხვარი გემრიელობებისა და ამიტომ მასაც მეტი ეძლეოდა ხელფასი. მე და თამუნამ ადვილად გამოვნახეთ საერთო ენა. ბაზარშიც ბევრი გამყიდველი გავიცანი და დავმეგობრდით. მოკლეთ, ავაწყე ცხოვრება. მართალია დღისით ვერთობოდი და გულს ვაყოლებდი, მაგრამ საღამოობით მაინც ბალიშს ვასველებდი გეგეზე ფიქრით. არ ვიცოდი საით იყო, როგორ იყო, როგორ შეეგუა ჩემს გაუჩინარებას და ვნერვიულობდი. დღითი დღე ვაცნობიერებდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა და ტკივილამდე მენატრებოდა. თუმცა, ჩემი უტვინობით გადმოდგმული ეს დაუფიქრებელი ნაბიჯი უკან დაბრუნების საშუალებას აღარ მაძლევდა. დარწმუნებული ვიყავი, გაბრაზებული იყო გეგე ჩემზე. ნათესაობის თვალწინ და არა მარტო ნათესაობისა, თავს ლაფი დავასხი. მის ცოლად მიმიღეს დიდი პატივით და მაინც გავიგიჟე თავი და გამოვიქეცი.
ვერ ვიტყვი, რომ ვემდუროდი ბედს. მშვენივრად ვცხოვრობდი, ვმუშაობდი, ვიღებდი ფულს და აზრიანად ვანაწილებდი ხარჯებს. მართალია ბევრის მოქუჩებას ვერ ვახერხებდი, მაგრამ მაინც კარგად ვცხოვრობდი. ნელი და მარინეც რომ არ მაწუხებდნენ, მშვენიერი იყო. ისე კი, აქამდეც რომ გამოვქცეულიყავი მათგან, გეგეს ხომ ვეღარ შევხვდებოდი? სულ სხვანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ ალბათ კარგიც კი იყო, რომ ჩემი და გეგეს გზები გადაიკვეთა. გამოვცადე ნამდვილი სიყვარულიც და უზომო ბედნიერებაც. იმ ბედნიერი წუთებისთვის მაინც ღირდა ჩემი ამდენი ტანჯვა და მოთმინება.
********************
ერთ თვეში გვარიანად აცივდა. ნოემბრის ბოლოს მცირეოდენი თოვლიც კი მოგვივიდა ქალაქში. სამსახურში იმდენად კი არა, მაგრამ ჩემს ნაქირავებში გვარიანად ციოდა. გათბობა არ მქონდა. ელექტროღუმელი კი მქონდა, მაგრამ ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარდა და კომუნალურების გადასახადების გამო ხშირად არ ვხმარობდი. მერჩია ისევ სიცივეში ვყოფილიყავი. სურდოს გამო ორი დღე რომ გავაცდინე სამსახური, თამუნამ მომაკითხა და მომინახულა. ჩემი ნახევრად სარდაფი ოთახის დანახვაზე მართლა გაგიჟდა.
_ეს რა ჯურღმულში ცხოვრობ გოგო, გაგიჟდი? სამზარეულო შენ არა, აბაზანა შენ არა, გათბობა შენ არა, აბა რაღაში იხდი ფულს?
_უკმაყოფილო არ ვარ, რასაც ვიხდი კი ღირს და..._გამეღიმა.
_ამ პირობებში რანაირად ცხოვრობ? იმიტომაც გაცივდი არა?
ისევ გამეღიმა მის ქოთქოთზე.
_წამოდი ჩემთან, კორპუსის ბინაში კომფოეტულად მაინც იცხოვრებ. ქირა შუაზე გავიყოთ და იაფში გამოვალთ.
მისი ეს შეთავაზება ჭკუაში დამიჯდა და სულ მალე მართლაც გადავიბარგე. რა შედარება იყო? აბაზანა, სამზარეულო და გათბობა კომფორტი იყო ჩემთვის. თან, ერთად მივდიოდით სამსახურში და იქიდანაც ერთად ვბრუნდებოდით. კარგად ავაწყე ცხოვრება. საღამოობით ბალიშზე თავდადებული მაინც კი ვტიროდი ჩუმად გეგეს მონატრების გამო, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო და მეც ნელ-ნელა ვეჩვეოდი ყველაფერს. ისე მტკივნეულად აღარ განვიცდიდი მასთან დაშორებას. ძალიან მინდოდა შოკასთან დამერეკა და გამეგო მისი ამბები, მაგრამ თავს ვიკავებდი. ჩემს ახალ ნომერს ალბათ გეგესაც ეტყოდა და ამ უკანასკნელს იქნებ მოვეძებნე კიდეც. არც დედაჩემთან დამირეკია. ვიცი, ვტყუოდი, ყველას ცხოვრებიდან ისე უკვალოდ გავქრი, არავისთვის არაფერი მითქვია, მაგრამ ასე ვამჯობინებდი. ძალიან კი მაინტერისებდა რა ხდებოდა უჩემოდ, მაგრამ ასე ვამჯობინებდი მაინც ცხოვრებას.
ჩვენი ბინა მეშვიდე სართულზე იყო და ყოველთვის ფეხით ჩავრბოდით და დილის ვარჯიშიც გამოგვდიოდა მე და თამუნას. საღამოს კი დაღლილ-დაქანცულები ლიფტით ავდიოდით. თამუნა ძალიან კარგი გოგო გამოდგა. უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა. გეგესთან მიმართებაშიც კი გამიმართლა, მაგრამ შევირგე და დავაფასე ეს ბედნიერება? ამიტომ, გადავწყვიტე, თამუნას მაინც გავფრთხილებოდი და მეგობარი მაინც არ დამეკარგა.
თამუნაც ჩემსავით სოფლიდან იყო. ოცდაცხრა წლის გოგო იმდენს შრომობდა და შოულობდა, რომ ობლადგაზრდილ დას, რომელიც სკოლაში სწავლობდა ჯერ ისევ, სოფელში ინახავდა და პირდებოდა, რომ უნივერსიტეტში ჩააბარებინებდა. შაბათ-კვირა რამდენჯერმე ქეთამაც ჩამოგვაკითხა. მართალია ძალიან ვიწროდ ვიყავით, მაგრამ დიდი სიყვარულით ვათენებდით ორ ერთმანეთზე მიტყუპებულ საწოლებზე. მათი შუათანა ძმა კი ხელიდან იყო წასული და ორივენი სწუხდნენ ამაზე. რაც კი რამ ქონდათ სახლში მშობლებისგან ღირებული დანატოვარი, თურმე ყველაფერი გაუყიდია. უკვე მოხუცებულ ბებია-ბაბუას არაფრად აგდებდა. არც სახლში მუშაობდა და არც კარში. თურმე, მშობლების სიკვდილის მერე შეიცვალა ასე დათო, თორემ მანამდე კარგი ბიჭი ყოფილა. კარგადაც სწავლობდა და დამჯერი და შრომისმოყვარეც იყო. ავადსახსენებელი ავტოკატასტროფის შემდეგ კი, რასაც მათი მშობლების სიცოცხლე შეეწირა, სულ წავიდა ხელიდან. სვავდა კიდეც, ეწეოდა კიდეც, ქალებშიც დადიოდა და ვინ იცის რას აღარ აკეთებდა. მათსავით მეც განვიცდიდი ძმის ხელიდან წასვლას და მის უვარგისობას.
ჩვენს კორპუსში ექიმი დედა და მისი მშვენიერი შვილიც ცხოვრობდნენ თურმე და ეს შვილი ძალიან მოსწონდათ დებს სარძლოდ, მაგრამ უვარგისი ძმის ხელში ჩასაგდებად მართლა ეცოდებოდათ. მე კი არასდროს მყავდა ნანახი ეს დედა-შვილი, მაგრამ ისე კარგად აღწერდნენ დები, რომ უნახავად მეც მომწონდნენ. დედა რომელიღაც კლინიკაში გინეკოლოგი იყო. შვილი ჯერ ისევ სკოლაში სწავლობდა და თურმე ძალიან კარგადაც. ისინიც რომელიღაც სოფლიდან ყოფილან ჩამოსულები. ქალს ქმარი არ ყავდა და მარტო ზრდიდა ქალიშვილს. ყოველთვის, როცა კი ფეხით ჩავრბოდით მე და თამუნა კიბეებზე, მეოთხე სართულზე მოწიწებით ჩავდიოდით, რომ დედა-შვილისთვის მყუდროება არ დაგვერღვია.
ერთხელ, დილიდანვე შეუძლოდ ვგრძნობდი თავს და სამსახურში არ წავედი. გვიანობამდე ვინებივრე საწოლში. გარეთ წვიმდა და საშინელი ამინდი იყო. ალბათ, ამიტომ უფრო დამეზარა წასვლა. ყავა რომ მოვიდუღე, ისევ საწოლში ჩავწექი და იქ ვწრუპე ნებიერად. თამუნამ რამდენჯერმე დამირეკა და ჩემი მდგომარეობა იკითხა. მესიამოვნა მეგობრის ყურადღება. ბოლოს, საწოლში გორაობაც რომ მომწყინდა, ავდექი. წვიმას ცოტა გადაეღო. რახან სახლში ვიყავი დარჩენილი, დალაგება გადავწყვიტე, მაგრამ დამეზარა. ტელევიზორი ჩავრთე და უაზროდ ვუყურე ახალ ამბებს. ასე მართლა არასდროს ვყოფილვარ, ყველაფერი მეზარებოდა და არანაირი ხალისი არ მქონდა არაფრისა.
რატომღაც ფორთოხალი მომინდა ისე, როგორც მწყურვალს წყალი მოსწყურდეს. ერთხანს წავუყრუე ჩემს უცნაურ სურვილს, მაგრამ რომ ვერ დავიმორჩილე, ქურთუკი მოვიცვი და როგორც ყოველთვის კიბეზე ფეხით დავეშვი. ძველებურად გიჟივით არ ჩამირბენია. არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა დაღლილი ვიყავი. მაინც ღიღინით ჩავიარე შვიდი სართული და სადარბაზოდან რომ გავედი, ერთხანს შევჩერდი ამოსაქაქანებლად. ჩვენს გადასწვრივ მაღაზიაში შევედი. აქ, როგორც ყოველთვის დიდი რიგი იყო. ვეებერთელა ფორთოხლები ჩავიყარე პარკში. კონსულტანტმა რომ ამიწონა, ოთხ კილომდე იყო. რას დავეძებდი? კარგა ხანს პირზე ნერწყვმომდგარი ველოდი სალაროში ჩემს რიგს. მერე ვეღარ მოვითმინე და ერთი ფორთოხი კანიანად გავკბიჩე. სალაროს რომ მივუახლოვდი, მთლიანად მქონდა უკვე შესანსლული. ასეთი სიამოვნებით მგონი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია.
მაღაზიიდან გამოსული ქუჩაშიც გავჩერდი ცოტა ხნით. მსიამოვნებდა წვიმის შემდგომი სიგრილე. თხუთმეტი-ოცი წუთი ახლა იქ ვიდექი. არაფერზე ვფიქრობდი. ისე უბრალოდ უაზროდ გავყურებდი სივრცეს. მერე, სადარბაზოში რომ შევედი, არც მაშინ შევსულვარ ლიფტში, ფეხით ავუყევი კიბის საფეხურებს. მართალია, ყოველ ბაქანზე ვისვენებდი, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა ფეხით ასვლა. ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ თავბრუ მეხვეოდა. მეოთხე თუ მეხუთე სართულამდე შევძელი კი ასვლა, მაგრამ თავი ისევ შეუძლოდ ვიგრძენი და ლიფტით ასვლა გადავწყვიტე. ის იყო ღილაკისთვის უნდა მიმეჭირა თითი, რომ ვიღაცამ დამასწრო და დაბლა გამოიზახა. ფეხით გაგრძელების თავი აღარ მქონდა და მოთმინებით დაველოდე როდის მოიცლიდა ჩემთვის. არ ვიცი რა დამემართა, უარესად ვიგრძენი თავი. რომ არ წავქცეულიყავი, ლიფტის კარებთან კედლის კუთხეს მივეყუდე. თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა და ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ თვალთ მიბნელდებოდა. ის იყო ლიფტი გაჩერდა და კარი გაიღო, რომ იქვე ჩავიკეცე. თვალებზე ბინდი მქონდა გადაკრული თორემ გონება არ დამიკარგავს. ვიგრძენი, რომ ვიღაცამ შემაშველა ხელი. მივხვდი, ქალი იყო, რადგან ჟასმინის სასიამოვნო სურნელმა შემიღიტინა ცხვირში. ძირს დავარდნის საშუალება არ მომცა, თუმცა გაუჭირდა ჩემი დაჭერა.
_რა გჭირთ, ცუდად ხართ?_თითქოს ნაცნობი ხმა ქონდა, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე ვინ იყო.
მხარში რომ ამომიდგა და ცოტათი მაინც წამომაყენა ფეხზე, იქვე კარზე მიაკაკუნა გამეტებით.
_კატო?_კარები გაიღო თუ არა, მაცაცოს ხმა ვიცანი._რა მოუვიდა დე?_შეშფოთებული თვითონაც მეორე მხრიდან ამომიდგა და ბინაში კი არ შემიყვანეს, შემათრიეს.
ბედის ირონია ზუსტად ეს იყო, მათ გამოვექეცი სვანეთიდან და თბილისში გადავეყარე. დივანზე მოხერხებულად მიმაწვინეს და თებემ ჩემი ყურის ბიბილოების დაზელა დაიწყო. თან შვილს მიუბრუნდა.
_წამლებში ნიშადური ნახე და მომიტანე.
მაცაცო მაშინვე ბრაგი-ბრუგით გავარდა ოთახიდან და მალევე დაბრუნდა. ნიშადურის სპეციფიკური სუნი ცხვირში მეცა თუ არა, მაშინვე გამომაფხიზლა. წამოჯდომას შევეცადე, მაგრამ თებემ ადგომის საშუალება არ მომცა.
_იწექი._მიბრძანა და ხელითაც მიბიძგა, რომ ისევ დავწოლილიყავი.
თვალებიდან ბინდი რომ გადამივიდა, დავინახე როგორი შეშფოთებული თვალებით მიმზერდა მაცაცო. არც თებე იყო ნაკლებ დღეში, მაგრამ მას უფრო მშვიდად ეჭირა თავი.
_გეტყობა ცუდად იკვებები, თან გადაიღალე და მაგის შედეგიც სახეზეა._ნიშნისმოგებით მითხრა და მერე შვილს მიუბრუნდა._მიდი, ერთი ჭიქა ცივი წყალი მოუტანე.
მაცაცოც მაშინვე დაფაცურდა და ერთი ჭიქა ცივი წყალი მომირბენინა, რომელიც ხელების კანკალით ჩამოვართვი და სვენებ-სვენებით დავლიე.
_სად ნახე, სად იყო?_დედას მიუბრუნდა, რომელიც მე მიმზერდა თვალმოუშორებლად.
_ლიფტიდან რომ გამოვდიოდი აქ შემხვდა.
_ჩვენთან მოდიოდი?_თითქოს ღიმილი გაუკრთა მაცაცოს სახეზე.
_არა, ზემოთ ვცხოვრობ. ლიფტს არ დაველოდე და ფეხით ავდიოდი, მაგრამ ვერ შევძელი და ლიფტის გამოძახება მინდოდა._ალალად ვთქვი და მაინც წამოვჯექი._არაფერია, გადამიარა უკვე._ნაძალადევად გავიღიმე._მადლობა ყურადღებისთვის.
_დიდი ხანია აქ ცხოვრობ?_გაუკვირდა მაცაცოს,_რატო ერთხელ მაინც არ შევხვედრივართ?
_ალბათ ორი კვირაა._ეს ვთქვი და წამოვდექი.
თებეს აღარ შევუჩერებივარ. ალალბედზე გამოვედი მისაღებიდან და დერეფანში შემოსასვლელ კარსაც მივადექი. მაცაცო უკან მომყვა.
_გამიხარდა შენი ნახვა._რატომღაც გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა.
_ბიძაშენს ნუ ეტყვი რომ მნახე..._ძლივს ამოვიჩურჩულე.
_რატომ?_გაუკვირდა._ის ხომ ძალიან განიცდის და ნერვიულობს შენს გაუჩინარებას?
_ძალიან გთხოვ._მუდარით შევხედე.
მაცაცოს აღარაფერი უთქვია. არც დამპირებია, რომ არ ეტყოდა და არც ის უთქვია, რომ აუცილებლად ეტყოდა. თუმცა, მივხვდი, რომ გამომიცილებდა თუ არა, დედის უჩუმრად შეატყობინებდა. ლიფტი გამოვიძახე და ჩემს სართულზე ავედი. აღმოჩნდა რომ თებე და მაცაცო ის დედა-შვილი იყვნენ, თამუნას და ქეთის რომ მოსწონდათ ძალიან. ერთი პირობა ბარგის ჩაბარგება და აქედან გადასვლა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე, უფალს მივანდე მოვლენების მისეულად მოგვარება. ერთი ფორთოხალიც გავფცქვენი და გემრიელად დავახურდავე. იმედი მქონდა გეგე სულ მალე მომაკითხავდა, მაგრამ შევცდი. მივხვდი, რომ თებე არ მისცემდა შვილს გეგესთან დარეკვის უფლებას და ჩემი ადგილსამყოფელის მისთვის გამჟღავნებას. არ მოვწონდი სარძლოდ ამ ქალს და ძალი იყო? თან, ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ნაწყენები იქნებოდნენ, რომ მათი სახლიდან ქურდივით გამოვიპარე.
ნეტა მეკითხა მაინც გეგე როგორ იყო? ან სად იყო? თუმცა რა კითხვა მინდოდა? ალბათ, ისევ კახეთში იყო და მეღვინეობას ეწეოდა. მანავის მწვანეს ჩამოასხავდა ალბათ ბოთლებში და მის პარტიასაც გაიტანდა რომელიმე ქვეყანაში.
თამუნა რომ დაბრუნდა სამსახურიდან, მისთვის ამის შესახებ არაფერი მითქვია. არც მივახშმია, მალევე დავწექი დასაძინებლად, თუმცა მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. არ მინდოდა თამუნას გაეგო და ბალიშზე დამხობილი ვსლუკუნებდი. ჩემი სვანი გეგე ისე მენატრებოდა, გიჟს ვგავდი უკვე.
ვერც მეორე დილით წავედი სამსახურში. ალბათ ბევრმა ფორთოხალმა მაწყინა და საჭმელიც კი ვერ ვჭამე. ღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა მქონდა. წნევა გავიზომე და დაბალი მქონდა. აფთიაქში წავედი წამლების საყიდლად. ჩვეულებისამებრ ფეხით არ ჩავსულვარ, ლიფტი გამოვიძახე და იმით ჩავბრძანდი. მის კაბინაში უარესად გავხდი ცუდად, კლაუსტროფობია დამემართა. ლიფტი გაჩერდა თუ არა, კარები წესიერად გაღებული არც კი იყო, რომ გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით გამოვვარდი გარეთ. აფთიაქი ცოტა მოშორებით იყო და ფეხით მომიწია გავლა. "კოფეინი"ვიყიდე, იქიდან მაღაზიაში გამოვიარე ერთი ბოთლი წყლისთვის, წამალი იქვე დავლიე და საბავშვო მოედანზე თავისუფალ საკმზე ჩამოვჯექი. ნახევარი საათი მაინც ვიჯექი. ცოტა რომ გამოვკეთდი, პირდაპირ ჩვენი კორპუსისკენ ავიღე გეზი.
_ისევ ცუდად ხარ?_მოულოდნელად თებეს ხმა ვიცანი ზურგიდან და შევკრთი.
მკლავზე მომკიდა ხელი და შემაჩერა. თვალებში ინტერესით ჩამხედა.
_ისეთი ფერი გაქვს, ალბათ ჰემოგლობინი დაგეცა. დილით ჩამომიარე, კლინიკაში მიგყვები და ანალიზები ჩააბარე._ისეთი მზრუნველობა ვიგრძენი მის ხმაში, გული ამიჩუყდა და ლამის ავტირდი.
_მადლობა, არ მინდა, გამივლის. გუშინ ბევრი ფორთოხალი ვჭამე და იმან მაწყინა. ზოგადად ციტრუსებს არ ვეტანები ხოლმე, მაგრამ გუშინ მოვიღორე მუცელი._დამნაშავესავით შევღიმე._ბინას ვეძებ, დღეს თუ ხვალ გადავალ და აღარ მოგიწევთ ჩემთან ასე ხშირად შეხვედრა._რატომღაც ვიცრუე, ფეხს ავუჩქარე და სადარბაზოში უკანმოუხედავად შევედი. ჩემს ბედზე ლიფტი თავისუფალი იყო და ელდანაკრავივით შევვარდი მის კაბინაში.
ქალი ჩემზე წუხდა, გამოკვლევები გაიკეთეო და მე, უმადური, კიდევ გამოვექეცი. ვერ ვსწავლობ ჭკუას და რა ვქნა? ალბათ, იმაზე ვიყავი ნაწყენი, რომ გეგეს არ შეატყობინეს ჩემი ადგილსამყოფელი. ბინაში ასული მაშინვე საწოლზე დავემხე პირქვე და ხმამაღლა ავღრიალდი. რა მინდოდა მე თვითონ ვერ გამეგო ჩემი თავისა. იმას ისე მწარედ და მტკივნეულად აღარ განვიცდიდი, რომ შურისძიების მსხვერპლი ვიყავი. ის მწყინდა, რომ თებეს არ ვუნდოდი რძლად და არც კი აგებინებდა თავის ძმას ჩემს ადგილსამყოფელს... იქნებ, გააგებინეს კიდეც, მაგრამ თვითონ გეგე აღარ ცდილობდა ჩემთან შეხვედრას?
თამუნა რომ მოვიდა და ტირილისგან დასიებული სახით მნახა, შეშფოთდა.
_რა მოხდა, რა მოგივიდა?_მაშინვე აქოთქოთდა.
_ისეთი არაფერი, რაღაც გამახსენდა და იმაზე ვიტირე ცოტა.
_კაი ცოტაა, გეტყობა._ბაზარში გამოევლო და ცოტაოდენი პროდუქტი სამზარეულოს მაგიდაზე შემოაწყო პარკებით._რაღაც არ მომწონხარ, მიტკალივით გადაფითრებული ხარ, ექიმთან რომ მისულიყავი არ გინდა?_დაღლილ-დაქანცული თამუნა სკამზე ჩამოჯდა და ინტერესით შემავლო თვალი.
_არ მოვკვდები, არაფერი მჭირს, ღორმუცელობის ბრალია, გამივლის._დავამშვიდე მეგობარი და მეც მივუჯექი მაგიდას. მისი მოტანილი პარკებიდან ნედლი ლობიო დავიდგი წინ და მის დამტვრევას შევუდექი.
_ხვალ რას იზავ, წამოსვლას შეძლებ სამსახურში?_ჩემსკენ მოიჩოჩა და მანაც დაიწყო ლობიოს დამტვრევა.
_მემგონი.
_ხოო თორე იცოდე სხვას აიყვანენ, განცხადება გამოაკრეს უკვე.
_მართლა?_სერიოზულად გამიკვირდა.
_ბოლო დროს რაღაც ვეღარ მუშაობს კარგადო, ახლა ეს გაცდენებიც დაემთხვა და ვითომ სმენას გიძებნის, რიგრიგობით იმუშავებენო.
სიმართლე რომ ვთქვა, მეწყინა, მაგრამ უფროსს ასე სურდა და მე ვინ ვიყავი ვითომ რომ შევწინააღმდეგებოდი. სულაც, რომ დაეთხოვნა ჩემი თავი, რას გავაწყობდი?
_დილაზე რომც ვკვდებოდე, წამოვალ, თორემ სულ ისე არ დამტოვოს.
მართლა შემაშფოთა თამუნას ახალმა ამბავმა. ლობიო რომ დავამტვრიეთ, დავდგი, მერე ცოტახანს ტელევიზორს შემოვუსხედით. ვახშამი რომ მომზადდა, შედარებით გემრიელად ვივახშმე და მალევე დავწექი, რომ გამომეძინა და დილით სამსახურში მხნედ წავსულიყავი. რამოდენიმე ღამის უძილოს მაინც ვერ მეძინა კარგად, ძილღვიძილში ვიყავი. დასვენების მაგიერ უფრო დაღლილი ავდექი დილით საწოლიდან. ერთი ფინჯანი ყავა დავლიე მარტო, თავი მოვიწესრიგე და მე და თამუნა ერთად წავედით სამსახურში.
მგზავრობაში ისე ცუდად გავხდი, ავტობუსიდან ჩასვლაც კი მომიწია. თამუნაც უკან მომყვა შეშფოთებული. გაზონზე ბარბაცით გავიარე, ჭადრის ხესთან ძლივს მივაღწიე და მის ძირში ვაღებინე.
_რა გჭირს გოგო?_თამუნამ ხელი მომხვია წელზე და დამიჭირა._რას ჯიუტობ, მიდი ექიმთან, იქნებ მოწამლული ხარ და სისხლიც უნდა მოგეწამლოს?_ჩანთიდან ბოთლით წყალი ამოიღო და ხელ-პირი დამაბანინა.
ღებინების შემდეგ ცოტა მომეშვა. სახეზე წყლის შესხმამაც მიშველა და გაღიმებაც კი შევძელი.
_კარგად ვარ, დაწყნარდი, წამოდი სამსახურში წავიდეთ დღეს და გპირდები, ხვალ აუცილებლად მივალ ექიმთან.
ცოტა ფეხით გავიარეთ გაჩერებამდე და ისევ ავტობუსით განვაგრძეთ გზა. ისევ წამომაზიდა, მაგრამ თავის შეკავება ვაჟკაცურად შევძელი. თამუნამ შემატყო ალბათ სახეზე, რომ ისევ ვერ ვიყავი კარგად.
_იცოდე, თუ კიდევ აგერია გული, მე შენთან არ ვარ, გასაგებია?
მის შეშფოთებულ სახეს რომ შევხედე, გამეცინა.
_დაწყნარდი, კარგად ვარ._ვუჩურჩულე და მეტი დამაჯერებლობისთვის ღიმილით ვაკოცე ლოყაზე.
მართალია, მას ვამხნევებდი და მეც ვცდილობდი მხნედ ვყოფილიყავი, მაგრამ ვატყობდი, რომ ისევ ვერ ვიყავი კარგად. ცოტაც და მივაღწიეთ კიდეც ჩვენს სამსახურამდე.
ჩვენი უფროსი მართალი იყო, ძველებურად ვეღარ დავრბოდი. მკვეთრ მოძრაობებზე თავბრუ მეხვეოდა. თავს იმაშიც კი ვიჭერდი, რომ სიზარმაცის სინდრომიც მჭირდა. მე თვითონვე არ მომწონდა ჩემი თავი ასეთი და ვისთვის მომეწონებინა თავი? ეგ კი არა და, ღვეზელების სუნზე უარესად გავხდი.
_წადი კატო დღესაც სახლში, დაისვენე და ხვალ გამოდი. ეტყობა რომ გადაიღალე._ჩვენმა უფროსმა ნება რომ დამრთა სახლში წამოსასვლელად, სიხარულით ცას ვეწიე.
ცოტა კი ვიუარე, იყოს არაფერია-მეთქი, მაგრამ მეორე ჯერზეც რომ გამიმეორა წადიო, მაშინვე მოვიძრე წინსაფარი და მართლა გავქუსლე სახლისკენ. ავტობუსით წასვლას, მეტროთი და ცოტა ფეხით გავლა ვამჯობინე. შედარებით უკეთესად ვიმგზავრე, ღებინებას აღარ შევუწუხებივარ. ჩვენს კორპუსს რომ მივუახლოვდი, ისევ საბავშვო მოედანზე შევისვენე. კარგა ხანს ვიჯექი ცივ სკამზე და უაზროდ გავყურებდი სივრცეს. ფაქტი იყო, რომ ვერ ვიყავი კარგად. თამუნამ შემაშინა კიდეც, სისხლი არ მოგეწამლოსო და მართლა გადავწყვიტე ანალიზების ჩაბარება, ოღონდ ხვალისთვის. დღეს დამეზარა ფაციფუცით მომზადება და ისე წასვლა. თან, წარმოდგენა არ მქონდა რომელ კლინიკაში მივსულიყავი. გადავწყვიტე, დილით თებესთვის მიმეკითხებინა და ის დამაკვალიანებდა.
ის იყო სადარბაზოში შევედი, რომ მაცაცოს გადავეყარე. გულწრფელად გაუხარდა ჩემი დანახვა. თუმცა, ალბათ სახეზე მართლა არ მქონდა ფერი, რომ ცოტა შიშჩამდგარი თვალებით შემათვალიერა.
_ისევ ცუდად ხარ? რა გჭირს?_წელზე მომხვია ხელი და ჩემთან ერთად შემოვიდა სადარბაზოში.
_კახურად რომ გითხრა, ამიღორდა მუცელი და ბევრი ფორთოხალი ვცეცხლე. კუჭი და ნაღველა გამიღიზიანდა ალბათ._დავამშვიდე.
_ცოტა ხნით ჩემთან რომ შემოხვიდე არ შეგიძლია?_მორიდებით მკითხა.
_თუ არ გეწყინება, დასვენება მინდა, სხვა დროს იყოს. თან, უნდა მოვემზადო, ხვალ ექიმთან მინდა წასვლა, იქნებ რამე დამინიშნოს და გამოვკეთდე, თორემ ასეთი ჩემი თავი მე თვითონ მეჯავრება._გავუღიმე.
_დედას ვეტყვი და დილით გაგყვება...
_არა, იყოს, ნუ შევაწუხებთ._მომერიდა რატომღაც.
_რა შეწუხებაა, მაინც იქით აქვს გზა. მიმყოლი რომ გეყოლება კიდევ, უკეთესად გაგსინჯავენ._ლიფტში ჩემთან ერთად შემოვიდა და დამელოდა, მე რომელ სართულზე ავიდოდი.
ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ ბინაშიც შემომყვა მორიდებით და გაიგო სად ვცხოვრობდი. ყავა შევთავაზე, მაგრამ იუარა, არ ვსვამო. მეჩვენებოდა, რომ გეგეზე უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ მე ჩემი უაზრო პრინციპების და სულელური თავმოყვარეობის გამო არაფერს ვეკითხებოდი. არა და ერთი სული მქონდა მის შესახებ გამეგო რამე. მე რომ არაფერი ვკითხე, არც მას უთქვია რამე. თავისი სკოლის ამბები მომიყვა. თურმე, ერთი წელი გაუცდა, (არ თქვა მაგრამ მივხვდი ჩემი ველური ქმრის გამო) და ახლა მეათე კლასში სწავლობდადა, თან ძალიან კარგადაც. მომავალში დედის მსგავსად, სამედიცინოზე აპირებდა ჩაბარებას. მოკლეთ, ძალიან გულთბილი და საყვარელი გოგო ჩანდა. ჩემს ყოფილ ქმარზე კი საშინლად მომეშალა ნერვები, რომ ამ ანგელოზივით ბავშვს დაუნგრია ცხოვრება. თუმცა მაცაცო სულიერად ძლიერი აღმოჩნდა და ცხოვრების გაგრძელება შეძლო. მე, ალბათ, ვერ შევძლებდი ამდენს.
თითქმის ერთი საათი გაჩერდა ჩემთან. მერე გულთბილად დამემშვიდობა და წავიდა. გასვლისას დამიბარა, რომ დილით მათთან ჩამევლო და დედამისი წამიყვანდა ექიმთან. გავაცილე თუ არა, ისევ საწოლზე დავემხე პირქვე და ავღრიალდი. გეგეს ამბები მაინტერისებდა და არაფერს კი არ ვკითხულობდი მის შესახებ. საკუთარი თავის ცემა მინდოდა გემოზე, იქნებ ჭკუა მესწავლა როგორმე.
ტირილით რომ დავიღალე, ტანსაცმლიანსვე მიმეძინა და კარგა ხანსაც მეძინა. შუაღამეზე რომ გამეღვიძა, პლედი მქონდა მოფარებული. თამუნას კი ტკბილად ეძინა. არ მინდოდა გამეღვიძებინა და ამიტომ სიბნელეში ვიბოდიალე ჩემი გამოსაცვლელი ტანსაცმლისთვის და აბაზანაში შევედი. მესიამოვნა ცხელი შხაპი და კარგა ხანს დავყავი იქ. მერე, სამზარეოში გავედი და ღამის სამი საათი იყო უკვე, გემრიელად რომ მოვულხინე საჭმელს. ცოტა ხანს ტელევიზორი ჩავრთე დაბალ ხმაზე და რომელიღაც მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურე. მერე, მივხვდი რომ ისევ მეძინებოდა და ჩემს საწოლს მივაშურე.
დილით კი წვიმდა. სამსახურში არ წავსულვარ, მაგრამ ექიმთან წასვლაც დამეზარა და გადავიფიქრე. უკეთესად ვგრძნობდი თავს და აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რომ წავსულიყავი. თამუნა რომ გავაცილე, მალევე მომიკაკუნეს კარებზე. გამიკვირდა, თუ თამუნა იქნებოდა, საკუთარი გასაღები ქონდა და გააღებდა. სტუმრებსაც იშვიათად ვღებულობდით. ცოტა აღელვებული მივუახლოვდი კარს და საჭვრეტში გავიჭყიტე. თებე იყო. გაოგნებული და გაკვირვებული თვალებს არ ვუჯერებდი. მეორედ რომ მომიკაკუნა, მხოლოდ მაშინ გავუღე კარი.
_დილამშვიდობისა._მომესალმა და ჩემდა გასაოცრად, ოდნავ გამიღიმა კიდეც._რას შვრები აბა, არ წამოხვალ ექიმთან?
დავიბენი. ქალმა იწვალა და ჩემამდე ამოვიდა, წუხდა ჩემზე, მაგრამ მე მაინც ვიუარე.
_იყოს, კარგად ვარ უკვე და გადავიფიქრე. მადლობა.
ერთხანს უხმოდ მიყურა. მერე კი ისეთი ოფიციალური და მკაცრი ტონით მითხრა, გამაკანკალა.
_შენი ზღვარგადასული სიჯიუტე უკვე ნერვებს მიშლის. შენი თავისთვის არ ხარ და სხვას მიაქცევ ვითომ ყურადღებას?_ისეთი მზერა ქონდა, აშკარად გეგეს გულისხმობდა, რომ მითხრა, სხვას მიაქცევ ყურადღებასო._ჩემის აზრით, დაბალი ჰემოგლობინი გაქვს, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. მე მიგიყვან ჩემს ნაცნობ ექიმთან. ნუ ბავშვობ. მართლა არ მინდა რომ ცუდი შეგემთხვეს რამე.
მართლაც და რას ვბავშვობდი და ვჯიუტობდი? მთავაზობდა და წავყოლოდი, რა მინდოდა? ყოყმანი რომ შემატყო, დაუპატიჟებლად შემოვიდა ბინაში.
_მიდი გამოიცვალე, დაგელოდები._მკაცრად და კატეგორიულად გამომიცხადა და დივანზე ჩამოჯდა.
რატომღაც ისევ წამომაზიდა და ისევ შეუძლოდ ვიგრძენი თავი, მაგრამ თებესთვის არ გამიგებინებია. აბაზანაში ცივი წყლით მოვიბანე პირი და მართლაც დავიწყე მზადება, რომ გავყოლოდი ექიმთან. დიდი გამზადება არ დამიწყია, უბრალოდ ტანსაცმელი გამოვიცვალე და თმა შევიკარი.
დაბლა ლიფტით ჩავედით. სანამ ჩავიდოდით, ისევ კლაუსტროფობიის ნიშნები დამეწყო. სადარბაზოს წინ შეჩერებულ ლურჯ გოლფში ჩავსხედით. მძღოლი თებე იყო და ექიმთან წავედით. ლაბორატორიაში სისხლის ასაღებათ გულისფანცქალით შევედი. თებემ შემატყო, რომ მეშინოდა და თვითონაც შემომყვა. პატარა ბავშვივით შიშისგან ცრემლებიც კი წამომცვივდა. ვენიდან კატასტროფულად მეშინოდა სისხლის აღების.
_თქვენი დიდი ხათრი მაქვს თებე ექიმო, მაგრამ ორ საათამდე პასუხები არ იქნება._მოწიწებით უთხრა ლაბორანტმა.
თებეს ოდნავ გაეღიმა.
_არაუშავს ნაირა, დაველოდებით.
ლაბორატორიიდან რომ გამოვედით, თებემ მოსაცდელად თავის კაბინეტში შემიყვანა. სამედიცინო დაწესებულებებში რომ მისთვის დამახასიათებელი იოდის და სპირტის სუნი იდგა, მაგას საშინლად ვერ ვიტანდი ბავშვობიდანვე და ახლაც ვწრიალებდი სკამზე, თითქოს ეკლებზე ვიჯექი. თებე პაციენტთა ისტორიებს ათვალიერებდა. თან, ცალი თვალით მე მიმზერდა. შემატყო რომ მოუსვენრად ვიყავი. ბოლოს, როგორც იქნა მითხრა.
_თუ გინდა და თუ წახვალ წადი. პასუხს მე თვითონ ავიღებ და ექიმსაც მე ვაჩვენებ.
ამაზე მეტად იმ მომენტში არაფერი გამიხარდებოდა. სკამიდან წამოვხტი, მადლობა გადავუხადე და სასწრაფო წესით დავტოვე დაწესებულება.
ისევ წვიმდა და ასე ვთქვათ, უღიმღამო დღე იყო. სამსახურში წასვლა დამეზარა და სახლისკენ ავიღე გეზი. ისევ მეტროთი ვამჯობინე წასვლა. ექსკალატორიდან რომ ჩავედი, ბეწვზე მივუსწარი მატარებელსაც. ის იყო დაიკეტა კიდეც კარი, რომ ნელის მოვკარი თვალი. აშკარად თვითონაც შემნიშნა და ისეთი გაუხდა სახე, ტანში გამცრა. სამას არაგველებზე ნათესავი ვიცოდი რომ არავინ ყავდა და აქ რას აკეთებდა ნეტა? დავიჯერო, თვითონაც არამიანცის საავადმყოფოში იყო? როგორ ავცდით ერთმანეთს, რომ იქ არ გადავეყარეთ სადმე. უზომოდ გამიხარდა, რომ კარები დაიხურა და მან ვერ შეძლო მატარებელში შემოსვლა.
მართლაც რომ პატარაა ეს სამყარო. ჯერ იყო და თებეს და მაცაცოს გადავეყარე. ახლა ჩემს ყოფილ ალქაჯ დედამთილს. ერთადერთი ვისი ნახვაც ყველაზე მეტად მინდოდა, მას ვერ ვხედავდი ვერსად. ეტყობოდა, რომ თვითონაც არ ცდილობდა ჩემს ნახვას, თორემ აქამდე დავიჯერო დასთან და დიშვილთან სტუმრად ერთხელ მაინც არ იყო მოსული? მთელი გზა კი ვიკავე გულაჩვილებულმა ცრემლები და ბინაში შევდგი თუ არა ფეხი, მაშინვე ავღრიალდი. გეგეს არ ვუყვარდი ალბათ, თორემ მაცაცო ხომ ეტყოდა სადაც ვცხოვრობდი და მომაკითხავდა? მართლა შურისძიებისთვის გამომიყენა და მიმაგდო, სხვა რა უნდა ყოფილიყო ვითომ? ან, მეც რომ ჯიუტი ვარ და გაქირი გავწიე და საერთოდ არაფერი ვიკითხე მის შესახებ? დებილი არა ვარ, მაშ რა ჯანდაბა ვარ?
გვარიანად ვიღრიალე. სლუკუნით ლამის გული რომ ამოვიგდებინე, ცოტა დავწყნარდი. ცივი წყლით პირის მობანამაც მიშველა. თუმცა სარკეში ჩემს ორეულს რომ ვუმზერდი, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. მართლაც მიტკალივით ვიყავი გადაფითრებული. თვალის უპეები ამოღამებულ-ამოშავებული მქონდა. მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ნამეტანი ვიყავი გამხდარი. ამ რამოდენიმედღიანმა ავადმყოფობამ ხომ მთლად მომიღო ბოლო.
ბოლო დროს ისიც შევნიშნე, რომ თმა მცვიოდა უკვე. ეს კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ სტრესის ბრალი იყო. გეგესთან განშორება ჩემთვის მართლაც დიდი სტრესი იყო. ნერვიულობა რომ ადამიანის ორგანიზმს ანგრევს და ჯანმრთელობას ურყევს, ამას რად უნდა ბევრი ფიქრი ან ლაპარაკი? აბა, გამოჩენილიყო ჩემი სვანი, მის გვერდით ვყოფილიყავი და კიდევ ვიქნებოდი ვითომ ცუდად? ისე კი, რა სულელი, უტვინო, ჯიუტი და შტერი ვარ, თანაც ძალიან, რომ არაფერს ვკითხულობ მის შესახებ. ვითომ, თებეს და მაცაცოს ვაჩვენებ, რომ ძალიან ნაწყენი ვარ მასზე და არ მაინტერისებს? თვითონაც რომ არაფერს მიყვებიან მის შესახებ? დავიჯერო, ისეა გეგე ჩემზე ნაწყენი, რომ ჩემი დანახვაც კი არ უნდა? როდემდე უნდა ვიყო ნეტა ასეთი კუდაბზიკა? ნეტა, თავის დროზე გამომეჩინა ეს ჩემი სიჯიუტე და ვაჟიკოსთან არ დავრჩენილიყავი ტყუილუბრალოდ და მის ალქაჯ დედას არ დავმონებოდი... ყველაზე მეტად გეგე მიყვარდა და ზუსტად მას ვაწამწბდი და ჩემს თავსაც ვიწამებდი... ნეტავ, ნელის რა უნდოდა სამას არაგველებზე?_ფიქრის მიმართულება ახლა იქით გამექცა._ცუდად რომ ყოფილიყო ქალბატონი, ფეხით არ იკადრებდა წანწალს, სხვა თუ არაფერი, ტაქსს დაიჭერდა და იმით მოსვენდებოდა აქამდე. ჩემს დანახვაზე როგორი გახდა?_ისევ გამცრა ტანში._ალბათ, რომ შესძლებოდა, თმებში მწვდებოდა და გვარიანადაც მითრევდა ძირს...
აბაზანიდან გამოსულმა სამზარეულოში შევიარე. მაცივარი დავზვერე. ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვნახე და ისევ ყავა მოვიდუღე.
გარეთ ისევ წვიმდა. მობუდული დღე იყო. ყავის ფინჯნით მისაღებში გავედი და ტელევიზორის წინ მოვკალათდი. უაზროდ შევყურებდი ფერად ეკრანს. ისევ და ისევ ჩემი საფიქრალი გეგე იყო. აშკარად ნაწყენი იყო, ჩემზე, თორემ ერთხელ მაინც რატომ არ მნახა? თებე კი დამიახლოვდა ამ ბოლო დროს თითქოს, მართალია თავისებური სიმკაცრით, მაგრამ მაინც ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ. მაცაცო? მაცაცომ ხომ თავიდანვე თბილად და მეგობრულად მიმიღო? მაგრამ... ვარ რამის ღირსი? თუმცა, იმ მომენტში ისე დამცირებულად, მოტყუებულად და განადგურებულად ვგრძნობდი თავს, ამდენი სისულელეც იმიტომ ჩავიდინე...
ფიქრის ძაფი კარზე კაკუნმა გამაწყვეტინა.
თებე იყო.
ალბათ ანალიზის პასუხები აიღო და ჩემთან ამოიტანა. კარი რომ გავუღე, მოპატიჟებას არ დალოდებია, პირდაპირ შემოვიდა და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა. ინტერესით შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე და თითქოს მისმა ამ მზერამ ერთ ადგილზე მიმაყინა. შევშფოთდი, ალბათ რამე მჭირდა, თორემ ასე სერიოზული გამომეტყველებით არ დამიწყებდა ყურებას.
_ყავას დალევ?_გაუბედავად ვკითხე სიტუაციის განსამუხტავად.
_არ მინდა, დაჯექი, შენთან მაქვს სალაპარაკო.
ვიგრძენი კიდურები როგორ მომეყინა, მერე თითქოს ძალაც გამომელია და მოწყვეტილივით ჩავეცი მის მოპირდაპირედ სავარძელში. ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე ჩანთა გახსნა და იქიდან მართლაც ამოიღო რაღაც ქაღალდები, სავარაუდოდ ჩემი ანალიზის პასუხები.
უარესად ავღელდი.
_როგორც ვვარაუდობდი, ანემიაა. განახევრებული გაქვს ჰემოგლობინი, ან როგორ დგახარ ფეხზე, მიკვირს. სხვა ისეთი არაფერია სისხლში ცვლილება._თითქოს დამამშვიდა._ წამლები დაგინიშნე. მაგრამ მარტო მედიკამენტების მიღება შედეგს ვერ მოგვცემს, თუ საკვებითაც არ შეუწყე ხელი. აქ ჩამონათვალია, რა შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას. აუცილებლად უნდა იკვებო და წამლებიც მიიღო.
"წამლები დაგინიშნეო?"_გვიან გავიაზრე. გაოცებულმა შევხედე. რაღაც სხვანაირი მზერა ქონდა, თითქოს რაღაცნაირად თბილი და გულში ჩამწვდომი. მოულოდნელად წამოდგა და მომიახლოვდა. ჩემს წინ რომ ჩაიცუცქა, დავიბენი.
_ჩემი ძმა მართლა გიყვარს?_ისე დაჟინებით მომაშტერდა, შევკრთი.
ამ მოულოდნელმა კითხვამაც დამაბნია და ამაფორიაქა. ფეხზე წამოვდექი და უაზროდ დავუწყე თმის ბოლოებს წვალება. თებე გამომცდელ მზერას არ მაშორებდა და ეს უფრო მაბნევდა და მაღელვებდა.
_გულახდილად მითხარი, ჩემი ძმა გიყვარს?
მეორედ რომ გამიმეორა, გული ამომიჯდა და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ავღრიალდი. რას ქვია არ მიყვარდა?
თებე წამოდგა, მომიახლოვდა და ხელი მომხვია.
_დაწყნარდი, ნუ ტირი. უბრალო რაღაცეებზე ნუღარ აიშლი ისტერიკას, თავს მოუფრთხილდი და იმასაც, ვისაც ახლა მუცლით ატარებ...
ტირილი შევწყვიტე და გაოგნებულმა შევხედე თებეს.
_რაა?_ყურებს არ დავუჯერე.
_ორსულად ხარ._მშვიდად გამიმეორა, დივანზე ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
_ორსულად ვარ?_რატომღაც დაუჯერებლად მეჩვენა ეს ამბავი.
_ხო, რატო გიკვირს?_ცოტა არ იყოს ეწყინა თებეს ჩემი დაუჯერებლობა.
_თითქმის ორი წელი ვიყავი გათხოვილი და შვილი არ მყავდა... უშვილო ვიყავი...
_გამოდის, შენ არ ყოფილხარ უშვილო...
_მართლა?_ინსტიქტურად გადავეხვიე და ავტირდი.
მაცადა, სანამ ემოციებისგან დავიცლებოდი. თან თავზე მისმევდა ხელს და მეფერებოდა. ცოტა რომ დავწყნარდი, თვალებზე ჩამოშლილი თმა მზრუნველად გადამიწია და ცრემლები ხელსახოცით შემიმშრალა.
_შენი საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს... უბრალოდ, ძნელი იყო თავიდან ჩემთვის იმ ამბავთან შეგუება, ვინც იყავი... თითქოს თავიდან განვიცადე მაცაცოს უბედურება. ჩემს ძმას მართლა უყვარხარ, თორემ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად შენ არ აგირჩევდა. დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვი გინდა. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ჩემი ძმისაა. გატყობ, რომ შენც გიყვარს ჩემი ძმა. მე არ ჩავდგები თქვენს შუაში და არ დაგინგრევთ ცხოვრებას. გერმანიაშია წასული ღვინის ფესტივალზე და ხვალ საღამოს ჩამოდის. იმედი მაქვს მოაგვარებთ თქვენს ურთიერთობას... მართალია, ძალიან ნაწყენია შენი გაუჩინარებით, მაგრამ... მომავალი შვილის არსებობა მოუბრუნებს ალბათ გულს.
_ჩვენი შვილი?!?_რაჭველივით გვიან გავიაზრე და ფრთხილად მოვისვი მუცელზე ხელი._ჩემი და გეგეს შვილი?!?ღმერთო, რა ბედნიერებაა!_კივილით გადავეხვიე ისევ თებეს და ისევ ავტრდი სიხარულის ცრემლებით.
_ხვალ წავიდეთ ჩემთან ექოსკოპიის გასაკეთებლად. მინდა დავრწმუნდე რომ შენც და ჩემი ძმიშვილიც კარგად ხართ. გეგემ უკვე იცის რომ შენ გიპოვეთ, მაცაცომ ახარა. მომავალი შვილის არსებობა კი შენი უფლებაა და თავად ეტყვი როცა ჩამოვა. თავს მოუფრთხილდი იცოდე._ფეხზე წამოდგა და წასასვლელად გაემზადა._ექიმის გარეშე ნურაფერს დალევ._ჩანთიდან პარკით წამლებიც ამოიღო._ესენი მიიღე, რომ ბავშვიც კარგად იყოს და შენც.
არ ვიცი რა დამემართა, თავი სიზმარში მეგონა. ჯერ ის, რომ შვილი ღვთის საჩუქარია და ახლა, საყვარელი მამაკაცისგან? ბედნიერებისგან კი არ დავდიოდი, დავფრინავდი. თებე რომ გავაცილე და შემოვბრუნდი, სიხარულისგან ცეკვაც კი დავიწყე. გეგეს ამბავიც გავიგე, საქართველოში არ ყოფილა. აქ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფრის მიუხედავად მაინც მნახავდა აუცილებლად... ხვალ ჩამოდისო. ხვალ თუ ვერა, ზეგ ხომ მაინც ვნახავ? არა, მორჩა, სისულელეებს აღარ ჩავიდენ და ჩემს ბედნიერებას ყველანაირად ჩავებღაუჭები! არანაირი სამსახური, ჩემს შვილსაც მოვუფრთხილდები!
რეცეპტს თვალი გადავავლე, დღეში სამჯერ მქონდა წამლები დასალევი. შუადღის წამლები ცოტა დაგვიანებული კი იყო, მაგრამ მაინც დავლიე. მინდოდა გეგეს ჩამოსვლამდე კარგად ვყოფილიყავი.
ცოტა ხანში კარზე ისევ მომიკაკუნეს.
ახლა მაცაცო იყო.
კარი გავუღე თუ არა, გიჟივით შემოვარდა და მაშინვე დამეტაკა სიცილით.
_მართალია?.. პატარა სვანი დაიბადება სულ მალე?_მეხვეოდა და თან მკოცნიდა._როგორ მიხარია კატო რომ იცოდე! რა ბედნიერებაა!
გვიან შევნიშნე თამუნა, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებულიყო და მოღიავებულ კარში გაკვირვებული და გაოცებული გვიყურებდა ორივეს. არ იცოდა რა ხდებოდა და საიდან ვიცნობდი მაცაცოს. ან საიდან უნდა სცოდნოდა, მე ხომ არაფერი მითქვია მისთვის?
გვადროვა, სანამ ცოტა დავწყნარდებოდით და მერე ბინაში რომ შემოვიდა და მისაღებში შევედით, ისეთი თვალებით დამიწყო ყურება, მაგრძნობინა, ჩქარა მომიყევი დაწვრილებით ყველაფერიო.
_კატო ბიძაჩემისგან პატარა ორსგანს ელოდება._არ მაცადა მაცაცომ ხმის ამოღება._ბიძაჩემი ხვალ ჩამოდის და რომ გაიგებს ამ ამბავს, გაგიჟდება ალბათ. მე არ მითქვია, თუმცა ერთი სული მაქვს დავურეკო და ვახარო._ისევ გადამეხვია მაცაცო.
თამუნა მაინც გაოცებული გვიმზერდა ორივეს. ჩემს შესახებ არასდროს მომიყოლია მასთან არაფერი. წარმოდგენა არ ქონდა ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. ასე, ერთბაშად გაგებულმა ამ ამბავმა მართლაც დაამუნჯა.
_ხვალ საღამოს ბიძიას დასახვედრად შენც ხომ წამოხვალ?_მოულოდნელად მკითხა.
_დასახვედრად?_დავიბენი.
_ხო, შენი ამბავი იცის. მართალია გამაფრთხილე არ უთხრაო, მაგრამ მე მაინც ვუთხარი, რომ ჩვენს მეზობლად გადმოხვედი საცხოვრებლად. იცი როგორ გაუხარდა შენი გამოჩენა? მეკითხებოდა, როგორ არისო.
_გაბრაზებული არ არის ჩემზე?_საცოდავად ამოვილუღლუღე.
_კაცი გიჟს გავდა შენ რომ გაეპარე. იცი, რამდენს გეძებდა? ისე განიცდიდა შენს გაუჩინარებას, ასე მგონია ცხოვრებაში არაფერი განუცდია ასე ძალიან. წამოდი რა, შენც აეროპორტში, გთხოვ. რა რეაქცია ექნება შენს დანახვაზე, წარმომიდგენია უკვე.
წასვლა მართლაც მინდოდა, მაგრამ მისი რეაქციის მეშინოდა რატომღაც. მეგონა რომ ნაწყენი იქნებოდა ჩემზე და არ მიმიღებდა.
_გეხვეწები._მუდარით ყელიც კი გამომიწია მაცაცომ.
_არ ვიცი, ვნახოთ, თუ ცუდად არ ვიყავი._გზების დაპრანჭვა დავიწყე._მგზავრობას ვერ ვიტან...
_მე და დედა უნდა დავხვდეთ, ჩვენი მანქანით მივდივართ. არ არის პრობლემა, მალ-მალე გაგიჩერებთ._ისე მემუდარებოდა, უნამუსო უნდა ვყოფილიყავი, რომ უარი მეთქვა.
_კარგი, წამოვალ._რატომღაც ჩურჩულით დავთანხმდი.
ერთი კიდევ გადამეხვია მაცაცო სიხარულით და სახლში წავიდა.
_არ მეტყვი რა ხდება?_ახლა თამუნამ გადმოინაცვლა ჩემსკენ.
რატომღაც ლაპარაკის ხასიათზე დავდექი და ყველაფერი, რაც კი გადამხდა ვაჟიკოს ცოლობიდან დღემდე, დაწვრილებით მოვუყევი. გაოგნებული თამუნა სიტყვებს ვერ პოულობდა ჩემს გასალანძღად სვანეთიდან გამოპარვის ამბავი რომ გაიგო.
_რა შტერი და სულელი ხარ რა! ღირსი არა ხარ ახლა რომ უარი თქვას შენზეც და შენს შვილზეც, რავიცი ჩემიაო?
_რა?_ამის გაგონებაზე შევკრთი.
_ხო, რა იყო? არსებობენ მასეთი კაცებიც. მაცაცო მართალია, წადი და აეროპორტში დახვდი. სამშობლოში დაბრუნება ხომ გაუხარდება და ახლა შენი იქ ნახვა. სისულელეს ნუღარ ჩაიდენ და ხელიდან ნუღარ გაუშვებ მაგისთანა კარგ ბიჭს. ხალხი რას აღარ კადრულობს, რომ გამოიჭირონ და ხელში ჩაიგდონ და შენ ხელიდან უშვებ, სულელი არ ხარ?
_სულელი მსუბუქად ნათქვამია, შტერიც ვარ და დებილიც._ვაღიარე.
_ხო და ცოტა ჭკუას მოუხმე. ადექი და წადი აეროპორტში მის დასახვედრად, გაუხარდება. მაგრამ თუ არ წახვალ, იცოდე რომ მაგრად გცემ.
მის მუქარაზე გულწრფელად გამეცინა. უფრო იმიტომ, რომ მართლა იყო ამის გამკეთებელი.
თებეს ჩამონათვალი საკვებიდან რამოდენიმე თამუნამ ამომიტანა მაღაზიიდან და გემრიელად ვივახშმე. წამლებიც სათითაოდ დავლიე და დავწექი. სხვათაშორის ძალიან ტკბილად მეძინა. დილით კი მართლაც ამომაკითხა თებემ და თვითონ წამიყვანა კლინიკაში. მართალია, ძალიან მერიდებოდა მისი, მაგრამ როგორც ჩემმა გინეკოლოგმა, ისე მიმიღო თავის კაბინეტში. ათასი კითხვაც დამისვა ჩემს მდგომარეობასთან დაკავშირებით.
_ბოლო მენსტრუაცია როდის გქონდა?_სათვალე მოირგო და ჩემი ისტორიის შევსებას შეუდგა.
_სადღაც, ერთი კვირის წინ.
_აა, იმიტომაც ვერ მიხვდი შენი ორსულობის ამბავს?_გაეღიმა და სათვალის ზემოდან გადმომხედა._ხდება ხოლმე ასეც, გასაკვირი და საშიში არაფერია. არაუშავს, ექოსკოპია დაადგენს შენს სავარაუდო ორსულობის პერიოდს.
ისტორიაში დაწვრილებით შეიტანა ჩემს შესახებ ყველაფერი. მერე კი ღიმილით წამოდგა.
_წამოდი, ვნახოთ ახლა შენი პატარა.
ამის გაგონებაზე გული ისე ამიჩქარდა, სუნთქვა გამიჭირდა. თებე მიმიხვდა მღელვარების მიზეზს, პირველი და უჩვეულო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ხელკავი გამომდო და ისე წამიყვანა ექოსკოპიის კაბინეტისკენ.
_გამარჯობა ნონა, როგორ ხარ?_შევედით თუ არა ღიმილით მოიკითხა ახალგაზრდა ექიმი.
_მადლობა, კარგად ვარ. შენ? მაცაცო როგორ არის?_ღიმილით გადაებადრა მასაც სახე.
_კარგად რა უჭირს. ხანდახან მაბრაზებს.
_ოო, ეგ ყველა შვილის მოვალეობაა ალბათ, რომ მშობლები გააბრაზონ._გაეცინა ნონას და მე შემომხედა ინტერესით.
_ეს გოგონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის და...
_გასაგებია._აღარ დაასრულებინა ნონამ თებეს სათქმელი._ყველაფერს უმაღლესად გავაკეთებთ._თან მე მანიშნა, რომ დავწოლილიყავი და მუცელზე ამეწია.
გულისფანცქალით დავწექი და მუცელიც მოვიშიშვლე. ცივი სითხე რომ დამასხა, ცოტა შევკრთი.
_აბა, დავიწყოთ._ღიმილით მითხრა ნონამ და ჩემი მუცლის ღრუს დათვალიერებას შეუდგა.
ბევრი ილაპარაკა ჩანასახზე და ემბრიონზე, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ერთადერთი რაც გავიგე ის იყო, რომ შვიდი კვირის ორსული ვიყავი და ჩემი ნაყოფი ცამეტ მილიმეტრს აღწევდა უკვე. მშობიარობის სავარაუდო პერიოდი კი ივლისის ოცდახუთი იყო.
_ყველაფერი კარგია და ნორმის ფარგლებში._მომიწონა ნონამ._ახლა გულის ფეთქვასაც მოვუსმინოთ...
_გული უკვე აქვს და ფეთქავს?_გამიკვირდა.
_კი, აბა? ორსულობის მეხუთე კვირის ბოლოდან იწყებს ჩანასახის გულის ფეთქვა და წუთში ასოციდან ასსამოც დარტყმას ახორციელებს._ღიმილით მითხრა ნონამ.
ჩემი მომავალი შვილის გულის ფეთქვას რომ მოვუსმინე, მართლა დავმუნჯდი. ჩემს სხეულში უკვე ახალი სიცოცხლე ჩქეფდა, რომელიც ყალიბდებოდა და დღითი დღე იზრდებოდა.
_კარგი გოგო ხარ._ნონამ ქაღალდი მოხია და გამომიწოდა მუცლის მოსაწმენდად._მაინც ერიდე მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას, დიდხანს ფეხზე დგომას და ნერვიულობას. დედის ნებისმიერი ემოცია გადადის მუცლადმყოფ შვილზე. ამიტომ ყოველთვის სასიამოვნო ემოციებით დაიტვირთე თავი.
_მადლობა ნონაჩკა._თებემ ღიმილით გადაუხადა ექიმს მადლობა და მისი კაბინეტიდან გამოვედით.
_მე საღამომდე არ მცალია, ბევრი პაციენტი მყავს. წეღან ტაქსი გამოვიძახე, გარეთ გელოდება. ორი საათისთვის მაცაცოც მოვა სახლში და მასთან ჩადი, მარტო არ იყო, კარგი?_გულთბილად გამიღიმა თებემ და ტაქსამდე მიმაცილა, მისამართიც მან უთხრა და ფულიც მან გადაიხადა.
ადგილამდე მშვიდობიანად მივედი. სადარბაზოსთან ქეთის შევხვდი. თითქოს ნამტირალევი ჩანდა.
_რა მოხდა?_შეშფოთებულმა მოვხვიე მხრებზე ხელი.
_ჩემი ძმა დაიჭირეს?_ეს თქვა და ასლუკუნდა.
_დაწყნარდი, გაუგებრობა იქნება ალბათ. ყველაფერი გაირკვევა და გამოუშვებენ._მის დამშვიდებას შევეცადე.
_არაფერი გაუგებრობაც არ არის, ქურდობისთვის დაიჭირეს.
_უი, რა ცუდია._შევიცხადე
_ძალიანაც კარგია, იქნებ ისწავლოს ჭკუა._გაგულისებული მელაპარაკებოდა, მაგრამ ვატყობდი, რომ მაინც ნერვიულობდა და განიცდიდა.
ჩვენ რომ ბინაში ავედით, თამუნაც მალევე მოვიდა.
_თამილას ველაპარაკე და ის აიღებს მის საქმეს. მთლად ისე ვერ გამოუშვებენ, ცოტას მაინც მიუსჯიან, მაგრამ ეგეც რაღაცაა.
_საზიზღარი, ნერვებს მიშლის უკვე._ისევ ასლუკუნდა ქეთი._ბებია და ბაბუაც ვეღარ არიან ისედაც კარგად და ახლა ამის ნერვიულობა უნდოდათ?
_მე დღეს სოფელში უნდა წავიდე და ორი დღე არ ვიქნები აქ. რამე პრობლემა ხომ არ იქნება შენთვის?_თამუნამ მორიდებით მკითხა.
_არანაირი, რა პრობლემა უნდა იყოს?_გავიკვირვე._შენ მაგაზე არ ინერვიულო.
სანამ ქეთი და თამუნა ემზადებოდნენ, მე სამზარეულოს მივაშურე და სახელდახელო სუფრაც გავაწყე.
_ჭამეთ და ისე წადით, მშივრები ხომ არ იქნებით?_ძალით დავსვი დები და ცოტა წაიკირკნეს.
მათი წასვლის შემდეგ ძალიანაც მეზარებოდა, მაგრამ ჭურჭელი დავრეცხე და საათს ვდარაჯობდი, მაცაცო რომ მოვიდოდა სკოლიდან, მასთან ჩავსულიყავი. საღამოს გადავწყვიტე, მეც გავყოლოდი აეროპორტში და ამ ამბის შესატყობინებლად მინდოდა ჩასვლა. თან, სიმართლე ვთქვა, მარტოს აღარ მიჩერდებოდა გული. დროც ჩემს ჯინაზე გაიწელა და საშინლად ნელა მიიწევდა წინ. როგორც იქნა გახდა ორი საათი და ჩავედი კიდეც მასთან.
ვხვდებოდი, რომ კარგად იქნებოდნენ მოწყობილები, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ძვირფასი ავეჯით გადატვირთული ხუთოთახიანი ბინა მაცაცომ სიხარულით დამათვალიერებინა.
_ეს ბიძიას ოთახია, როცა ჩვენთან რჩება ხოლმე. ახლა კი შეგიძლია შენც ისარგებლო ამ ოთახით. ჩვენთან რომ გადმოსულიყავი, უკეთესი იქნებოდა. ქირით როდემდე უნდა იცხოვრო?
მის გულთბილ შემოთავაზებაზე გამეღიმა, გულში ჩავიხუტე და ვაკოცე.
_რა ძალიან საყვარელი ხარ რომ იცოდე._ჩურჩულით ვუთხარი.
გაეღიმა. თვითონაც მომეკრა და მაკოცა.
_იცი, ბიძიამ რომ გამოგვიცხადა ვინც უყვარდა და ვისი ცოლად მოყვანაც უნდოდა, მეწყინა და გავბრაზდი. შენი ფოტო რომ გადმომიგზავნა და შენს ამბებს მიყვებოდა, ნელ-ნელა მივხვდი რომ ძალიან კარგი გოგო იყავი და ჩემს ამბავთან შენ ბრალი არ მიგიძღვოდა. თან, სიმართლე რომ გითხრა, ეს უფრო მაგარი შურისძიება იქნებოდა, ცოლს რომ წაართმევდა... ბიძიას მართლა უყვარხარ. შეიძლება თავიდან მართლაც შურისძიების მიზნით დასახლდა კახეთში, მაგრამ შენ შეგხვდა და ყველაფერი შეიცვალა. კიდევ კარგი, თორემ თვითონაც ხომ მოძალადე იქნებოდა? მე ვფიქრობ, სამაგიოროს გადახდა უფალს უნდა მივანდოთ. მან უკეთესად იცის ვინ რას იმსახურებს. ასე რომ მოხდა, უკეთესია... ვნატრობ, ოდესმე მეც მეწვიოს ასეთი დიდი სიყვარული, რა სიყვარულითაც ბიძიას უყვარხარ. არ გამტყუნებ რომ გაიქეცი და დაიმალე. ნებისმიერს ექნებოდა ასეთი რეაქცია. მართლა რთული დასაჯერებელია, რომ შურისძიების მსხვერპლი არ ხარ... შენი გამოჩენა რომ ვახარე, სიხარულისგან გაგიჟდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, იმ დღესვე გამოფრინდებოდა.
მსიამოვნებდა მაცაცოს აღიარება და გეგეზე საუბარი გულს მითბობდა. აღარ ჩავიდენდი აღარანაირ სისულელეს. თამუნა მართალი იყო, სხვები ათასი ხრიკებით ეცდებოდნენ მის ხელში ჩაგდებას და მე, სულელი კიდე, ხელს ვკრავდი კარს მომდგარ ბედნიერებას...
_აეროპორტში ბიძიას დასახვედრად ხომ წამოხვალ?_ისეთი მუდარით სავსე თვალებით შემომხედა, უარზე რომც ვყოფილიყავი, დავთანხმდებოდი. მაგრამ აღარაფერზე ვაპირებდი უარის თქმას.
ვთქვათ და შურისძიება ამოძრავებდა, მაინც ხომ ვუყვარდი და მეც მიყვარდა გაგიჟებით? ერთად ხომ კარგად ვგრძნობდით თავს? მაცაცოსი არ იყოს, ჩემი ცოლად შერთვა და შვილების ყოლა ხომ უკეთესი შურისძიება იქნებოდა? ხო და, მივენდობოდი ბედს. ასე კარგად ხომ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ არასდროს?
საღამოს ათი საათი იყო, მე, მაცაცო და თებე რომ დავადექით აეროპორტის გზას.
თოვდა.
ორჯერ მოგვიწია ჩემი ღებინების გამო გაჩერება, მაგრამ მაინც ადრე მივედით ადგილამდე და მოთმინებით დავუწყეთ ლოდინი გეგეს რეისის ჩამოსვლას თბილისის აეროპირტში. მღელვარებისგან ადგილს ვერ ვპოულობდი და ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი მოსაცდელში. ლოდინი რომ საშინელი რამაა, მაშინ დავრწმუნდი. წარამარა დავყურებდი საათს, რომელიც ჩემს ჯიბრზე ნელა მიიწევდა წინ. ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, საათი ხომ არ გაჩერდა-მეთქი. ფეხზე დგომით რომ დავიღალე, სკამზე ჩამოვჯექი. არც მაცაცო ღელავდა ნაკლებად. თებეს ყოველთვის მშვიდად ეჭირა თავი, მაგრამ შინაგანად მასაც ეტყობოდა მღელვარება.
რეისმა ოცი წუთით დააგვიანა.
იქ მომლოდინე ხალხსაც დაეტყო მღელვარება. საშიში არაფერია, ამინდის გამო მოხდა ცოტა შეფერხებაო. დაწყნარდი და მოითმინე კარგია. ჯერ ერთი, ერთთვიანი განშორების მერე პირველად უნდა შევხვედროდი გეგეს და ის მაღელვებდა. ახლა რეისის შეფერხება. მოკლეთ, ლამის გიჟს ვგავდი უკვე. თებე მართალია მამშვიდებდა, მაგრამ გამოცდილი თვალი მაინც შეამჩნევდა, რომ ისიც ღელავდა.
როგორც იქნა ჩამოფრინდა გეგეს თვითმფრინავიც.
უარესად ავღელდი და ავწრიალდი. ხალხიც უფრო ახმაურდა. წამები ისე გაიწელა, მეგონა ვერც ვერასდრო დადგებოდა ის დრო, გეგეს რომ ვნახავდი. სკამზე ჯდომაც რომ ვეღარ შევძელი, ისევ ავდექი და ისევ ბოლთის ცემას მოვყევი. იმ ექსკალატორს თვალს არ ვაშორებდი, საიდანაც გეგე უნდა ჩამოსულიყო. იმდენი ხალხი ირეოდა, მეშინოდა ბრბოში არ დავკარგულიყავი და მაცაცოს ტკიპასავით ვეკვროდი.
როგორც იქნა გამოჩნდა გეგეც. მის დანახვაზე გულმა უარესად დამიწყო ფეთქვა.
_ბიძია!!!_მაცაცომ მისი ყურადღების მისაქცევად ხელის ქნევა დაიწყო.
ხმაურში და ხალხმრავლობაში გვიან შეგვნიშნა გეგემ. ჩვენი თვალები ერთმანეთს რომ შეხვდა, შევატყე წამიერად როგორ დაიბნა. მეგონა მაცაცო მატყუებდა და ნათქვამი ქონდა, რომ მეც დავხვდებოდი, მაგრამ აშკარად არ მოელოდა ჩემს იქ ნახვას. ჩემს ჯიბრზე ექსკალატორმაც ძლივს ჩამოაღწია. გეგეს ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ექსკალატორიდან ჩამოსულმა ხალხის ბრბო გამოარღვია და ჩემს წინ რომ აისვეტა, უარესად ავღელდი.
_კატო?!_ხალხის ჩოჩქოლში და ხმაურში მაინც გავიგონე მისი ჩურჩულით დაძახილი.
_მაპატიე._ეს ვთქვი მხოლოდ, წელზე მოვხვიე ხელები და მთელი ძალით მივეკარი მკერდზე.
მხოლოდ წამით შეყოვნდა. მერე კი მანაც მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა. თითქოს სამყარო გაჩერდა. ვეღარავის და ვეღარაფერს ვხედავდი მის გარდა. მისი გულის ფეთქვის გარდა აღარაფერი მესმოდა.
_როგორ მომენატრე._ძლივს ამოვისლუკუნე და ცრემლებიც წამომცვივდა.
მაცაცომაც მომხვია მკლავები და ორივეს ჩაგვეხუტა.
_შენს ნახვას მართლა არ ველოდი აქ... როგორ ხარ?_გეგემ თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა._როგორ მომენატრე მეც._ეს მითხრა და შუბლზე მაკოცა.
_სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ არ ჯობია?_მაცაცომ შემოგვთავაზა, თუმცა ხელი არ გაუშვია ჩვენთვის.
_მართლა ჯობია. ამ ხმაურში თავი ამტკივდა._ფეხისწვერებზე აიწია თებემ და ძმას სიყვარულით აკოცა ლოყაზე._როგორ ჩაიარა შენმა მგზავრობამ?
_ძალიან კარგად. ასიდან მეათე ადგილზე გავიდა ჩემი "მანავის მწვანე", ბევრი შემოთავაზებაც მივიღე. ასე რომ ახლო მომავალში ახალ პარტიას გავგზავნი.
_უი, რა კარგია, გილოცავ._ისევ აიწია და ისევ აკოცა თებემ.
გეგემ ბარგი რომ აიღო, შენობიდან გამოვედით და თებეს მანქანისკენ გავეშურეთ.
მადიანად და სასიამოვნოდ ბარდნიდა. გადაეთეთრებინა კიდეც არე-მარე. ციოდა კი, მაგრამ მე გეგეს ჩახუტება მათბობდა და მაბედნიერებდა. გზაში ორჯერ მოგვიწია ისევ შეჩერება ჩემი ღებინების გამო. პირველ ჯერზე არაფერი, მაგრამ მეორედ გეგეც გადმოგვყვა.
_რა სჭირს?_თებეს შეეკითხა შეშფოთებული, რომელიც წყალს მისხავდა ხელებზე ბოთლით, რათა პირი მომებანა.
_ჯერ არაფერი გითქვია?_გაუკვირდა მაცაცოს.
_რა უნდა ეთქვა?_ახლა მაცაცოს მიუბრუნდა გაოცებული გეგე. იმან რომ არაფერი უთხრა და მარტო გაუღიმა, მერე მე მომიბრუნდა._რამეს მიმალავთ?_გაოცებულმა კი მკითხა, მაგრამ თვალებზე შევატყე, რომ რაღაცას ხვდებოდა და დადასტურებას ელოდებოდა. ტუჩის კუთხეებშიც ეშმაკური ღიმილი უკრთოდა.
თებეს და მაცაცოს თანდასწრებით შემრცხვა იმის თქმა, რომ მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს დავატარებდი. მაცაცომ ყოყმანი რომ შემატყო, შემაგულიანა:
_ჰა, უთხარი, ნუ დატანჯე.
_რა უნდა მითხრა?_დავინახე ოდნავშესამჩნევად უფრო რომ გაეღიმა გეგეს.
ცხადი იყო, მიხვდა ყველაფერს, ჩემსავით შტერი კი არ იყო და რაღა აზრი ქონდა ჩემს დადასტურებას? მის ღიმილზე მხოლოდ გავუღიმე და მორცხვად დავხარე თვალები.
_ჰა, კატო, უთხარი, რომ მომავალი პატარა სვანი გზაშია და ასე გაწვალებს._მაინც მაცაცომ ახარა ბიძას ჩემი ორსულობის შესახებ.
_რაა?.. მართლა?_გეგემ თავი ამაწევინა და თვალებში დაჟინებით ჩამხედა.
გამახსენდა თამუნას ნათქვამი სიტყვები, იქნებ არც დაიჯეროს რომ თავისიაო და შევკრთი. შიშჩაბუდებული თვალებით შევხედე. მეშინოდა იმის, რომ უარს იტყოდა თავის შვილზე. თუმცა, თებეს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მისი ძმისგან ველოდებოდი შვილს. ეს რას იზავდა? იქნებ, სვანურად გაეჭედა, როგორც ერთ დროს თვითონ გამაფრთხილა?
თანხმობის ნიშნად შეშინებულმა დავუქნიე თავი და მის რეაქციას დავაკვირდი. წამებიც კი არ დასჭირვებია იმისთვის, რომ ბედნიერს ჩავეკარი გულში. აეროპორტში დის და დიშვილის თანდასწრებით თუ მოერიდა ჩემი კოცნა, ახლა გული გამიჩერა და სუნთქვა შემიგუბა მისმა მთრთოლვარე ტუჩების შეხებამ. მისი წვერი სასიამოვნოდ მეღიტინებოდა სახეზე. თებესი და მაცაცოსი კი მრცხვენოდა და მერიდებოდა, მაგრამ იმ წამს აღარავისზე და არაფერზე არ ვფიქრობდი ჩვენ ორის გარდა და ჩემს სხეულში არსებული ახალი სიცოცხლის დასაწყისისა...
ჩვენს კორპუსთან ისე მივედით, აღარ შევჩერებულვართ. უბრალოდ, ლიფტში გავხდი ისევ ცოტა შეუძლოდ, მაგრამ გამოვედი თუ არა, მალევე გადამიარა.
_ასე როდემდე უნდა იყოს?_დას გადაუჩურჩულა გეგემ.
_ერთი-ორი თვე და გადაუვლის, ნუ გეშინია._თუ შვილი გინდა, უნდა აიტანო მისი უხასიათობაც და ცუდად ყოფნობაც._გაეცინა თებეს და ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო კარის გასაღებად.
_მე ჩემთან რომ ავიდე, ხომ არ გეწყინებათ? დავიღალე და დავისვენებ..._ჩემებური სისულელე რომ წამოვაყრანტალე იმით მივხვდი, რომ სამივემ ერთდროულად და ერთნაირი გაოცებით შემომხედა.
_ხუმრობ ხომ?_გეგემ წელზე მომხვია ხელი და ისე შემიყვანა ბინაში. დღეს მაცაცომ მის ოთახად რომ გამაცნო, იმ ოთახში შემიყვანა და საწოლზე ჩამომსვა._დასვენება თუ გინდა, აქ დაისვენე._მკაცრი გამომეტყველებით მითხრა. ჩექმაზე ელვა შესაკრავები გამიხსნა და ფრთხილად დამხადა. ქურთუკიც მოხერხებულად გამხადა და ისე დამაწვინა. თან საბანი გადმომაფარა._ჯერ ის ვერ მომინელებია, რომ სვანეთიდან სვან კაცს შუაღამეზე შეყვარებული გამომეპარე და როგორ გგონია, ახლა გაგიშვებ სადმე ჩემს შვილთან ერთად?
ასეთი მკაცრი და სერიოზული არასდროს ყოფილა. საბანი მზრუნველად შემისწორა და მაკოცა.
_მე და შენ სალაპარაკო ბევრი გვაქვს, მაგრამ ახლა დაისვენე, ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი? იცოდე, თუ კიდევ შეეცდები ჩემგან გაპარვას...
_არ ვაპირებ გაპარვას._დავამშვიდე._უბრალოდ, ძალიან დავიღალე და მშვიდად მინდოდა ძილი.
გაეღიმა. კიდევ მაკოცა და ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა. კარი კი ოდნავ მოღიავებული დატოვა.
მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. მათი ჩურჩულით ლაპარაკი ბურანში მესმოდა. ძალიან, ძალიან კარგები იყვნენ. უბრალოდ მე ვიყავი დებილი, შტერი და უტვინო, კარს მომდგარ უსაზღვრო ბედნიერებას რომ არ ვაფასებდი და ხელს ვკრავდი. თამუნას სიტყვები რომ გამართლებულიყო და უარი ეთქვა გეგეს ჩემს შვილზე და არ დაეჯერებინა, რომ მისი იყო, მერე? მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, დავიჯერებდი? ის არ დავუჯერე, რომ მართლა ვუყვარდი და შურისძიება არაფერ შუაში იყო, იმას დავიჯერებდი, რომ უცხო სოფლიდან შუაღამეზე გამოპარული მარტოდ-მარტო დავწანწალებდი და დიდ ქალაქშიც უპატრონოდ ვცოვრობდი ისე, რომ არავის უკადრებია ჩემთვის ზედმეტი?.. მასაც ხომ შეელახა თავმოყვარეობა, როცა მისგან გამოვიპარე და მაინც მაპატია? ხომ შეიძლებოდა, სვანურად გაეჭედა, როგორც ერთ დროს მაფრთხილებდა? მაგრამ სვანები რომ გულთბილები, გულუბრყვილოები და საყვარლები იყვნენ, გეგეს და მისი დის მაგალითიდ მივხვდი. რაც არ უნდა მომხდარიყო ამის მერე, არაფრის დიდებით აღარ მივატოვებდი გეგეს და მასთან სიკვდილის ბოლომდე დავრჩებოდი.
ძილ-ღვიძილში მახსოვდა გეგე რომ მომიწვა გვერდით. მაშინვე მის მკერდზე დავდე თავი და ტკბილად გავაგრძელე ძილი.
დილით ისევ ბარაქიანად ბარდნიდა. ოთახში მარტო ვიყავი. შემწვარმა ხორცის სუნმა ცხვირში რომ მომიღიტინა, მუცელმა შემახსენა, რომ მშიოდა. ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში მორიდებით გავედი. გეგე მარტო დამხვდა. გაზქურაზე ტაფით ხორცი სასიამოვნოდ შიშხინებდა. ჩემი შესვლა მალევე გაიგო. ღიმილით შეიწმინდა ხელები ტილოზე, იქვე მიაგდო და ჩამეხუტა.
_ისე ტკბილად გეძინა, ვერ გაგაღვიძე. როგორ ხარ?
_მშია._ვთქვი და ტაფას მსუნაგი თვალებით შევხედე.
_როგორ იგრძნობა ჩემი შვილის ზემოქმედება._გაეცინა._შენ ხომ საერთოდ არ გშია ხოლმე?_სიცილით მიკბინა ცხვირზე.
მართლაც და რა მემართებოდა მე თვითონვე ვერ ვხვდებოდი. ისე საშინლად მშიოდა, ცხოვრებაში შიმშილს რომ არ შევუწუხებივარ. მოუთმენლად ველოდი, როდის შეწვავდა გეგე საქონლის ხორცს. მერე კი ისე მადიანად ვჭამე, ცოტა შემრცხვა კიდეც ღიმილით მომზირალი გეგესი. მეგონა მაღებინებდა, მაგრამ სულ ტყუილად ვშიშობდი, რაც კი ვჭამე, კარგად შევირგე. მერე ჩემთან დავაპირე ასვლა წამლებისთვის, მაგრამ გეგემ მარტო არ გამიშვა, თვითონაც გამომყვა. მარტო წამლები კი არა, ჩემი ბარგი-ბარხანაც მომახვეტინა და ჩამოიტანა.
_შუადღის მერე კახეთში მივდივარ. დიდი სურვილი მაქვს რომ გამომყვე. მაგრამ თუ არ გინდა წამოსვლა, არ დაგაძალებ, ოღონდ ჩემს დასთან დარჩები. გასაგებია?_მკაცრად გამაფრთხილა.
_გამოგყვები. სოფელში მირჩევნია.
_ძალიან კარგი. ცოტა ხნით ქალაქში უნდა გავიდე, საქმე მაქვს. სანამ მე მოვალ, ალბათ მაცაცოც მოვა და არ მოგაწყენს. ჭკუით იყავი იცოდე._თითი დამიქნია და ისე გავიდა ბინიდან.
ეშინოდა ისევ არ გავპარულიყავი, მაგრამ მე არსად წასვლას აღარ ვაპირებდი. რომც გავეგდე, მისი მიმტოვებელი აღარ ვიყავი. კიდევ კარგი დროზე მოვეგე გონს და ჩემს სისულელეებს შევეშვი. ღვთითბოძებული საჩუქარი იყო გეგე ჩემთვის და მართლა უტვინო უნდა ვყოფილიყავი, რომ გავქცეულიყავი კიდევ.
********************
სოფელში ჩვენი ამბავი მალევე გახმაურდა. ვერ ვიტყვი ყველამ მოიწონა ჩვენი ამბავი-მეთქი, მაგრამ სულაც არ ვდარდობდი. ვინც მე მიყვარდა და ვისთანაც ვმეგობრობდი, პირიქით, უხაროდათ კიდეც ჩვენი ამბავი. შოკა გადაირია ჩემი ორსულობის ამბავი რომ გაიგო.
_ხომ გეუბნებოდი, ვაჟიკოა უშვილო-მეთქი. ნელის სახე უნდა გენახა როცა გაიგო, შენი ნარძლევი სვანისგან ბავშვს ელოდებაო, გაგიჟდა, მის შესახებ არაფერი მაინტერისებს და არავინ არაფერი მითხრასო._გულიანად იცინოდა შოკა._იცი, მარინე ორსულად რომ ყოფილა თავისი მეზობლისგან და გეგეს იმიტომ ეტენებოდა, იმ ბიჭს უარი უთქვია მის ცოლობაზე. ხო და, აბორტი გაიკეთა, დიდი იყო უკვე და ლამის თან გაჰყვა.
აი, თურმე რა უნდოდა ნელის თბილისში, მე რომ შემხვდა შემთხვევით.
მაცაცო მართალი იყო, სამაგიეროს გადახდა უფალს უნდა მივანდოთო. შეუცდინეს თუ არა ძმისშვილი? მართლა არ გამხარებია ეს ამბავი, მაგრამ თვითონ ხომ გამოსცადა რა იყო ტკივილი და უსამართლობა? დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ორსულობაც ძალიან გააცოფებდა. უშვილობას ხომ მე მაბრალებდა მის შვილთან? ფაქტის წინაშე რომ დადგა და თავის გასასამართლებელი საბუთი აღარ ქონდა, გაგიჟდებოდა, მაშ რა იქნებოდა?
ახალი წელი და ზამთრის არდადეგები მაცაცომ ჩვენთან გაატარა სოფელში. თავიდანვე გამომიცხადა, ბიცოლას ვერ დაგიძახებო და არც მწყენია, ოთხი წლით ვიყავი მასზე უფროსი და მის ბიცოლად მართლა ვერ აღვიქვამდი თავს. ალბათ, ბიცოლა რომ დაეძახა, ეს უფრო მეწყინებოდა.
კახური სტუმარ-მასპინძლობა არ მოგვშლია. ხან ჩვენ ვიყავით მიხას სტუმრები და ხან მიხას ოჯახი იყო ჩვენი სტუმარი. შოკასთანაც გავბედე მისვლა მისი შვილის დაბადების დღეზე. თებე მართალი იყო, თვენახევარში სულ გამიარა ღებინებამაც და უცნაურმა სიზარმაცის სინდრომმა. ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს ჩემი ხელმეორედ გათხოვების ამბავი, შემომითვალეს, დაგვივიწყე და არ ახსენო ჩვენი სახელიო. გარკვეული დროის მერე რაღაც საქმის წამოწყება გადაწყვიტა მამაჩემმა და ადგილების ფული ჩადო, მაგრამ მეწილე თაღლითი გამოდგა და გადააგდო, სულ მშრალზე დატოვა. ფინანსურად რომ გაუჭირდა, იკადრა და ჩემს ფულიან ქმარს მოადგა. თებერვლის ბოლო დღეები იყო. გაზაფხულის მსგავსი თბილი ამინდები იყო. შუადღისით ვერანდაზე ვიჯექი სარწეველა სკამზე მარტო, გეგე გასული იყო და მის მოლოდინში დობისთან ერთად მზეს ვეფიცხებოდი, ჭიშკარი რომ შემოიღო და ვიღაცამ დაიძახა.
_კატო!
ხმა თითქოს მეცნო, მაგრამ ყურებს არ დავუჯერე. ფრთხილად წამოვდექი სკამიდან და ინტერესით გადავიხედე ეზოში. დედაჩემი დასჯილი ბავშვივით იდგა და ისე მომჩერებოდა. მის უკან კი მამაჩემი იდგა და ინტერესით ათვალიერებდა დიდებულ კარ-მიდამოს. ერთ ადგილზე მილურსმულივით შევყურებდი ჩემს მშობლებს, ზურგი რომ მაქციეს თავის დროზე და შვილად აღარ მთვლიდნენ. გამიჭირდა მათთან სიხარულით ჩარბენა და ჩახუტება. ჩემს მშობლებს როგორც უცხოებს ისე ვუმზერდი. ბედზე გეგეც მოვიდა და ეზოში უცხოები რომ დაინახა, მე კი აივნიდან მომზირალი, გაუკვირდა.
_სტუმრები გვყოლია? მობრძანდით._სახლისკენ გამოუძღვა ჩემს მშობლებს.
_ალბათ ეს არის ჩვენი სიძე._დედაჩემმა ვითომ დაბალი ხმით უჩურჩულა მამაჩემს, მაგრამ მე აივანზე გავიგე და გეგე მათ გვერდით ვერ გაიგებდა?_რა კარგი ბიჭი ყოფილა._მივხვდი, რომ აფერისტულად წაულაქუცა.
გეგე დაიბნა და უარესად გაოცებულმა შეათვალიერა ორივე და მერე მე ამომხედა. გავბრაზდი-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუები. გეგესი შემრცხვა ძალიან, აქამდე რომ არაფრად მაგდებდნენ მშობლები და ახლა მომაკითხეს როცა გაუჭირდათ. გეგემ ზრდილობიანად ამოიყვანა ორივე კიბეზე. დედაჩემმა ჩემს ოდნავ წამოზრდილ მუცელს რომ შეავლო თვალი, თითქოს დაიბნა. ერთხანს მართლაც გაშეშდა ერთ ადგილზე. მერე, მოულოდნელად ჩემს წინ ჩაიცუცქა და მუცელზე მომეხუტა.
_შენ გენაცვალე შვილო, ნელი კიდევ მიმტკიცებდა, რომ უშვილოა შენი შვილიო.
რომ შევხედე, ცრემლი უბრწყინავდა თვალზე. ვერ მივხვდი აფერისტობდა, თუ გულწრფელი იყო. ერთხანს ვადროვე და მერე წამოვაყენე. მამაჩემმაც ჩამიკრა გულში.
_ჩემი საყვარელი კატია, ძვირფასო, როგორ შეცვლილხარ.
ურეაქციოდ შევყურებდი ორივეს. ვერ ვხვდებოდი რა თამაშს თამაშობდნენ. სიძესთან აპირებდნენ ქულების დაწერას თუ ჩემი გულის მოგებას. გულგრილად შევუძეხი მისაღებში და სავარძელში რომ ჩავჯექი, დაჟინებით მივაშტერდი ორივეს.
_წავალ, რამეს ვიყიდი, სტუმრებს გავუმასპინძლდეთ._გეგემ სიყვარულით მაკოცა ლოყაზე და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_საჭირო არ არის, დიდხანს არ რჩებიან. ყავა და ტკბილეული კიდე გვაქვს და იმით გავუმასპინძლდები._ისეთი ტონით ვთქვი, აშკარად მივახვედრე ჩემი მკაცრი მშობლები, რომ ჩემს ოჯახში იყვნენ, სიტყვა მე მეთქმოდა და დიდად მოხარული არ ვიყავი მათი ხილვით.
_ხო, არაფერი გინდა შვილო, ნუ შეწუხდები, ჩვენ მალე უნდა წავიდეთ._დედაჩემიც დაეთანხმა ჩემს ნათქვამს.
_რას ქვია, მალე უნდა წახვიდეთ? ძლივს სიმამრ-სიდედრი მესტუმრა..._ეწყინა გეგეს.
_კატოს სანახავად შემოვიარეთ და სიძის გასაცნობათ._მორიდებით თქვა მამაჩემმა და ჩემს დაჟინებულ მზერას თვალი ვეღარ გაუსწორა.
_ხო და, სუფრასთან უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს. ამაღამ დარჩით და ხვალ გაგაცილებთ._გეგემ მაინც არ დაიშალა და ოთახიდან გავიდა.
კიბეზე მიწყდა თუ არა მისი ფეხის ხმა, ავად გადავხედე ორივეს.
_აქამდე თქვენი შვილი არ ვიყავი, უნდა დამევიწყებინა თქვენი თავი და ახლა რა მოხდა ვითომ?_სუსხი გავურიე ხმაში.
_ვიცი, ვტყუივართ შვილო, მაგრამ ჩვენც გაგვიგე, ნელი ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობდა._თავის მართლება სცადა დედაჩემმა.
_ნელი სად იყო, ბავშვობიდანვე რომ მკაცრად მეპყრობოდით. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი, რომ აყვანილი ვიყავი... თუ არა და, ნელის რაც უნდა ის ეთქვა, თქვენ თქვენი შვილის მხარეს არ უნდა ყოფილიყავით? ჩემს შვილს არავის ნათქვამზე არ მივაგდებ და მივატოვებ. არ დამაინტერესებს ხალხი რას იტყვის, რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ჩემმა შვილმა, მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები, იმიტომ რომ ჯერ არ დაბადებული უკვე უზომოდ მიყვარს და სიყვარულის გამო კი ადამიანს უდიდეს შეცდომასაც კი პატიობენ. გეგეს თუ მოატყუებთ, მე ვერაფერს გამომაპარებთ. შვილის მონატრება აქ არაფერ შუაშია. დაგჭირდით და მიტომაც მოხვედით. თავს უარესად ნუ იმცირებთ ჩემთან. მითხარით, რამდენი გინდათ, გადაგიხდით და მართლა დამივიწყეთ. მადლობელი ვარ რომ ამქვეყანას მომავლინეთ და სიცოცხლე მაჩუქეთ, მაგრამ თქვენნაირი მშობლები დედ-მამის დაძახების ღირსად მართლა არ მიმაჩნიხართ.
_გითხარი, არ გვაპატიებს და არ მიგვიღებს-მეთქი._სინანულით წამოდგა მამაჩემი და კარისკენ გაეშურა._ადექი ნინო, წავიდეთ, ისე ვატკინეთ ჩვენი უტვინობით ჩვენს შვილს გული, რომ ცხოვრებაში ალბათ არც არასდროს გვაპატიებს.
_მართალი ხარ, ალბათ არც ვართ საპატიებლები._დედაჩემიც წამოდგა ფეხზე._მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ გვაპატიებდა._მის თვალზე ცრწმლი რომ შევნიშნე, თითქოს ცოტა მომილბა გული, მაგრამ მაინც არ შემიჩერებია არცერთი.
დედაჩემმა ისევ ჩაიმუხლა ჩემს წინ.
_მე ვერ ვიყავი კარგი მშობელი, ყოველთვის ხალხის აზრს უფრო ვაქცევდი ყურადღებას, ვიდრე შენს სურვილებს. მე ნუ მომბაძავ. შენი შვილის გულისთვის ქვეყანასთან რომ დაგჭირდეს დაპირისპირება და შებრძოლება, უკან არასდროს დაიხიო. შენი ქმარი კარგი ბიჭი ჩანს. შენი დარდი აღარ მექნება. ამისთვის მადლობა უფალს._წამოიწია, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
მათი ფეხის ხმა რომ მიწყდა კიბეზე, თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში. ასეთი გულცივობაც არ შეიძლებოდა ჩემი მხრიდან, მაგრამ... მე ხომ ისევ ისეთი კატო ვიყავი ამაყი, ჯიუტი და თავმოყვარე? წამოდგომა და უკან გაკიდება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი, ან არ შევძელი. უაზროდ მივჩერებოდი ერთ წერტილს და გვიან მივხვდი, რომ ცრემლი მისველებდა თვალებს. უკვე ვნანობდი ჩემს სიამაყეს. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი მშობლები იყვნენ და პატივისცემით მოპყრობა მმართებდა.
გეგე რომ დაბრუნდა, ჩემი მშობლებიც მოიყვანა ისევ, გზიდან მოებრუნებინა. გამიხარდა კი, მაგრამ მათთვის მაინც არ მიგრძნობინებია. სერიოზული გამომეტყველებით შევუდექი სამზადისს. დედაჩემიც შემომყვა სამზარეულოში, წინსაფარი აიფარა და ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მან იფუსფუსა სამზარეულოში. თან ჩემი ბავშვობის ოინებს იხსენებდა მხიარულად და ჩემს გამხიარულებასაც ცდილობდა. გეგე სიმამრს ათვალიერებინებდა თავის მინი მარანს, რომლის გაფართოებაზეც ფიქრობდა უკვე, რადგან ახალ-ახალ პარტიებს ითხოვდნენ უკვე. მის ჩამოსხმულ ღვინოზე დიდი მოთხოვნა იყო.
სუფრა რომ გავაწყვეთ მე და დედაჩემმა და შემოვუსხედით, თამადობა გეგემ ითავა. ბოდიში კი მოიხადა, სვანი კაცი ვარ და თუ რამე შემეშლება, შემისწორეთ, არ მეწყინებაო.
უნდა ვაღიარო, რომ მამაჩემმა და გეგემ ერთმანეთს კარგად გაუგეს. ერთმანეთს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ და უბატონოდ ხმას არ სცემდნენ. დედაჩემიც დიდი სიყვარულით ელაპარაკებოდა სიძეს, მაგრამ რატომღაც მე ეჭვი მეპარებოდა მათ გულწრფელობაში. ცოტა კი მეც გამამხიარულა ერთმა ჭიქა "მანავის მწვანემ", მაგრამ მაინც უნდობლად ვუმზერდი ორივეს.
რამოდენიმე ჭიქის მერე მამაჩემმა აღიარა, რომ დედაჩემთან ერთად თურქეთში აპირებდა წასვლას, იქ ცხოვრებას და მუშაობას. სახლი იპოთეკით დაეტვირთა და ორ კვირაში მიემგზავრებოდნენ. ხო და სანამ წავიდოდნენ სიძის გაცნობა გადაწყვიტეს. თან, შემთხვევით ისარგებლებდნენ და შვილსაც მოუხდიდნენ ბოდიშს წარსული შეცდომების გამო. ბოდიში კი მომიხადეს, მაგრამ რამდენად ვაპატიე, ეგ იყო საკითხავი. არსებობენ თურმე ისეთი ადამიანები, ვინც სიციცხლის ბოლომდე ვერ ხვდებიან დანაშაულს და თავი ყოველთვის ყველასთან მართალი გონიათ. არსებობენ ისეთებიც, ვინც გვიან, მაგრამ მაინც ხვდებიან თავის დანაშაულს და ნანობენ კიდეც. ზოგი კი ხვდება თავის დანაშაულს, მაგრამ ცოცხალი თავით ამას არ აღიარებს. ზოგს კი უნდა, რომ გეგონოს თითქოს ნანობს, რადგან მას ასე აწყობს. ჩემი მშობლები რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ მართლა ვერ ვხვდებოდი. თუმცა, ნელ-ნელა კი მილბებოდა მათ მიმართ უკვე გაყინული გული.
იმ საღამოს ჩვენთან დარჩნენ. მთელი ღამე ვფხიზლობდი. რატომღაც მეშინოდა, რომ ღამით არ გაპარულიყვნენ და ხელს არ გაეყოლებინათ რამე ძვირფასეულობა. მშობლებზე ისე ვფიქრობდი, როგორც ქურდებზე. გეგეს ვერ ვუმხელდი ჩემი შიშის მიზეზს. არა და მატყობდა, რომ დაძაბული ვიყავი. ზურგის მასაჟიც კი გამიკეთა მოსადუნებლად, მაგრამ არ მიშველა. გამთენიისას ჩამეძინა და როცა გავიღვიძე, ფეთიანივით წამოვხტი. გეგეს ისევ ეძინა. ხალათი გადავიცვი და ქურდივით გამოვიპარე ოთახიდან. ჩემი მშობლების ოთახი ცარიელი დამხვდა. საწოლი გადასწორებული იყო. იქნებ წუხელ არც დაწოლილან?_მწარედ გამკრა გუნებაში. სიბრაზემ დამრია ხელი და სირცხვილმაც, გეგე რომ გაიგებდა ამ ამბავს. სამზარეულოს რომ ჩავუარე, რაღაც ხმაური შემომესმა და შევიჭყიტე. წუხელ გვიან რომ ავიშალენით, ჭურჭლის რეცხვა დამეზარა და ახლა დედაჩემი რეცხავდა. მამაჩემი კი მაგიდას მიჯდომოდა და ყავას წრუპავდა. წეღანდელი ჩემი ფიქრების შემრცხვა. კარგა ხანს უხმოდ ვუყურებდი ორივეს. დედაჩემმა შემთხვევით რომ გამოიხედა და შემნიშნა, დამნაშავესავით გამიღიმა.
_ადრე ადგომას რომ ვართ მიჩვეული, ვეღარ მოვისვენე საწოლში და ვიფიქრე, ჭურჭელს მაინც დაგირეცხავდი.
_მადლობა, მაგრამ რატო წუხდები, მეც კარგად დავრეცხავდი._წყენით წავიბუტბუტე და მეც მამაჩემის წინ ჩამოვჯექი მაგიდასთან._რატო მგონია, რომ ფულის სათხოვნელად ხართ მოსულები? დავიჯერო, მართლა ნანობთ თქვენს სიმკაცრეს? თუ, სიძესთან გინდათ რომ გამოჩნდეთ კარგები.
_ძალიან მწყინს შენი სიტყვები, მაგრამ ალბათ ვიმსახურებ._გულიანად ამოიოხრა მამაჩემმა._გაგვიჭირდა კი, მაგრამ მართლა არ მინდა შენი არაფერი, ღმერთმა რაც გაქვს სულ სიკეთეში მოგახმაროს. მართლა კარგი ბიჭია შენი ქმარი, მომეწონა, მშრომელი და მიზანდასახულია. არაფერი გაუჭირდება და არც შენ გაგიჭირვებს რამეს. მე და დედაშენმა რაც ვერ მოგხედეთ და მოგაქციეთ ყურადღება იმას ვნანობ. რომ შეიძლებოდეს ცხოვრების უკან დაბრუნება, ისე აღარ მოვიქცეოდი. ბედი გქონია. ბედმა მაინც რომ დაგინდო და ჩვენსავით არ გაგწირა, მართლა მიხარია. ვიცი, პატიებას არ ვიმსახურებთ არც ერთი, მაგრამ მაინც გთხოვ პატიებას.
ალბათ ქვა უნდა ვყოფილიყავი, რომ მის სიტყვებზე ოდნავ მაინც არ მომლბობოდა გული. სინანულს ვგრძნობდი მის ხმაში, მაგრამ ვერ ვხვდებოდი გულწრფელი იყო თუ არა მისი ეს სინანული.
_ნელის და მის ნაირებს ვუსმენდი ყოველთვის. მათი აზრი უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ვიდრე ჩემი ან ჩემი შვილებისა._დედაჩემმაც წამოიწყო სინანულით._ნელი ყოველთვის სხვაზე ლაპარაკობდა და სხვის ცხოვრებას არჩევდა, თვითონ კი უარესი დაემართა. მარინე ლამის თან გაყვა იმ ბავშვის მოცილებას. ისიც გამიხარდა, რომ გავიგე გეგე ვინც არის. ვაჟიკოსთვის ამაზე მეტი დამცირება და ტკივილი რა უნდა ყოფილიყო, თან ახლა რომ გაიგო შვილსაც ელოდებით. ნელი კი იმუქრება თავის ვაჟიკოთი, ქურდად ზის და ციხიდან რომ გამოვა, არც ერთს არ აცოცხლებსო...
_ნუ ნერვიულობ სიდედრო, ვერაფერსაც ვერ დაგვიშავებს._გეგემ, რომელიც ისე შემოვიდა სამზარეულოში, რომ ვერ შევნიშნე, დაამშვიდა დედაჩემი. მერე მე მომიახლოვდა, მუცელზე მომეფერა და მაკოცა._რის გამოც ზის ციხეში, ყველამ ძალიან კარგად იცის. მასეთი ხალხი იქ ნამდვილად არ უყვართ. არავინ მოგატყუოთ, რომ ქურდად დასვამდნენ იქ. ქალები ხართ, თორემ გეტყოდით იქ როგორც ექცევიან მაგისთანა მოძალადეებს.
_მე კი მეშინია შვილო და..._მაინც არ ისვენებდა დედაჩემი.
_მე მართლა არ მეშინია და გირჩევთ, თქვენც ნუ იქნებით შიშში. ციხიდან ვერაფერს დაგვიშავებს და ციხიდანაც რომ გამოვა, ვერც მაშინ დაგვიშავებს რამეს. მოვრჩეთ ახლა მაგაზე ლაპარაკს. ყავას თუ დამალევინებ._ისევ მაკოცა ლოყაზე._კარგი იქნება.
ხო-მეთქი, შევღიმე და წამოვდექი კიდეც, მაგრამ დედაჩემმა არ დამანება, სიძეს თავად მოუდუღა ყავა. ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ, სადილზე არ დარჩნენ და წავიდნენ. გეგემ გაიყვანათ გაჩერებამდე და გააცილათ. სახლში მოსვლა რომ შეაგვიანდა, ავნერვიულდი. დავურეკე და დამამშვიდა, მალე მოვალო. როგორც აღმოჩნდა, წუხელ თამთას ნაადრევი მშობიარობა დასწყებია და წაუყვანიათ. მიხა ქუჩაში შეხვედრია გეგეს და უსაუბრიათ. ახლა დედაც და პატარა ვაჟკაციც კარგად გრძნობდნენ თავს და მათ სანახავად საავადმყოფოშიც წავედით. მართალია პატარა დავითი ინკუბატორში იწვა, მაგრამ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. უბრალოდ ვერ გაძლო მოუთმენელმა ბიჭმა დედის მუცელში და ნაადრევად მოევლინა ამ სამყაროს. თამთაც მშვენივრად გრძნობდა თავს. უკვე ოთხი შვილის დედა მართლა გმირი დედა იყო.
საღამოს მიხამ ვაჟკაცის დაბადება აღნიშნა და ჩვენც იქ ვიყავით რაღა თქმა უნდა. კახელები რომ პურ-მარილიანი, სტუმართმოყვარე და მხიარული ხალხი ვართ, ეს არაერთხელ მითქვამს. ხო და გვარიანად მოვილხინეთ. პატარა დავითის მომავალი ნათლია, ჩვენი სოფლის მამაო მამა დავითიც იქ ბრძანდებოდა თავისი ოჯახით. მოსვლისთანავე სუფრა აკურთხა და ყველა იქ მყოფი დაგვლოცა, განსაკუთრებით მე, მომავალი დედა. თაზომ, როგორც ყოველთვის ისეთი ადგილი შეარჩია, რომ შეუმჩნევლად გაპარულიყო, მაგრამ ვახოს და იმედას გამოეპარებოდათ რამე? იმედამ იმდენი იძვრინა და იმდენი ადგილი გამოიცვალა, მაინც მის პირდაპირ დაჯდა და აძალა და აძალა განსხვავებული სასმისები.
_შეეშვი, ცოდოა._მისი მხარე დაიჭირა მამა დავითის მამამ, ბატონმა ზურაბმა.
_ცოდო რა, კი არ ვწველი._გაეცინა იმედას._თუ კი ჩვენ ვსვამთ, ეს რაღაა არ დალიოს?
_ბუმბულისთვის ნიავიც კი ქარიაო. ამას მაგდენი ხომ იცი რომ არ შეუძლია?
თაზომ თითქოს ითაკილა ბატონი ზურაბის სიტყვები, რა არ შემიძლიაო და ვეებერთელა ყანწი მოიყუდა. რომ გამოსცალა, ხელახლა შეავსო და ახლა ზურაბს გადააწოდა. თან, თვალმოუშორებლად შეჰყურებდა მამის ტოლა კაცს და უხაროდა, რომ ცოტა გაუჭირდა დალევა, ჩემზე სუსტებიც არსებობენო.
ზურაბმა ყანწი რომ მოიშორა ტუჩებიდან, დააპირქვავა იმის საჩვენებლად, რომ ბოლომდე დავლიეო და ასე მტერი დაგეცალოთ, დააყოლა.
_აბა, როგორ ხარ ზურაბ?_ნიშნისმოგებით კითხა თაზომ.
_აბა, როგორ ვიქნები, საკუთარ შვილს მამაოს რომ დავუძახებ?_მადიანად ამოიოხრა და გაეცინა.
ამაზე თაზო გადაბჟირდა სიცილით და ჩვენც გულიანად გვაცინა.
_ნეტა რა გაცინებს ჯო, ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე._იმედამ ბეჭებში შემოარტყა ხელი._აგერ მიხა, ვაჟკაცობს და ოთხი შვილიც გააკეთა უკვე, შენ კი ჯერ ქალიც ვერ შეგირჩევია. როდემდე უნდა იარო მასე, აღარ მოვიდა შენი დანიშვნის დრო?
_ჯერ რა მეჩქარება?_გაიკვირვა._რა ძალიან დიდიც მე ვარ, ოცდაათი წელი დიდია ვითომ?
_ვირს რქები არ ამოსდიოდა და თავი ჩოკინა ეგონაო?_გადაიხარხარა ბატონმა ზურაბმა.
მის მოსწრებულ ანდაზაზე გულიანად გადავიკისკისე.
_სულ მე რომ ვარ გეგმაში, ერთხელ ორსგანზეც თქვით რამე, არ შეიძლება?_ეშმაკურად მოჭუტა თაზომ თვალები.
_ჯერ ერთი, არაფერს აშავებს ისეთსას, რომ რამე ვილაპარაკო მაგაზე და მეორე,_ახლა ჩურჩულზე გადავიდა ვახო,_მე მაგისი მეშინია, სვანია და სვანურად გაგვიჭედავს.
თაზოს ღიმილი შეეყინა სახეზე.
_მართლა?
გეგე ძლივს იკავებდა ღიმილს. ბოლო დროს თაზოს ძალიან აშინებდნენ მისით და მეც მეღიმებოდა.
_მაგას რაღატო არ აძალებთ ღვინოს როგორც მე?_ისევ დაინტერესდა თაზო და ცოტა ეჭვითაც კი შეხედა ჩემს ქმარს.
_ვერ გაიგე? სვანია და რომ დათვრეს, გაჭედავს. ყველას დაგვერევა და გვეჩხუბება.
ვახომ იმდენი ქნა, მაინც დააშინა თაზო. ვგრძნობდი, როგორ შიშჩამდგარი თვალებით უმზერდა მალულად და ყველანაირად ერიდებოდა მის სიახლოვეს ყოფნას. ღირდა მათთან პურის ჭამა, ძალიან მხიარულები და საყვარლები იყვნენ. გვიანობამდე შემოვრჩით. ყველა რომ წავიდ წამოვიდა, მე დარეჯანს მივეხმარე სუფრის ალაგებაში. ძალიანაც კი მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მეცოდებოდა საწყალი ქალი. ჯერ სამი ბავშვის მიხედვა და ახლა ამხელა პურ-მარილის გაძღოლა.
გეგეს ბევრი არ დაულევია, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ცდილობდა ფხიზელი გონება ქონოდა, რა იცი რა ხდებაო. მოკლეზე გადავაჭერით და ისე ავედით სახლში. შორიდანვე შევნიშნე ოთახში შუქი და გამიკვირდა.
_ალბათ დაგვრჩა._დამამშვიდა, თუმცა შევატყე, რომ თვითონაც აღელდა.
დარჩენით მართლა არ დამრჩენია, ეგ კარგად მახსოვდა, მაგრამ თუ უცხო შევიდოდა, დობი არ შეუშვებდა. გამოდის, ვინმე იყო ნაცნობი. ფრთხილად შევხსენით ჭიშკარი და პირველი გეგე შევიდა. დაწინაურდა და კიბეზეც ფეხაკრებით აიპარა. კარს არასდროს კეტავდა, ვინ გაბედავს და ჩემს სახლში ვინ შეიპარებაო. მისაღებში დივანზე მძინარე მაცაცო რომ დავინახეთ, შვებით ამოვისუნთქე. ეტყობოდა ჩვენს ლოდინში ჩასძინებოდა.
_რატომ არ გაგვაფრთხილა, რომ მოდიოდა ნეტავ?_გამიკვირდა და პლედი ფრთხილად მივაფარე.
_არ იცი ეს და ამის სიურპრიზები? ეტყობა, საგაზაფხულო არდადეგები დაეწყო და დასასვენებლად ჩამოვიდა. რა იცის, რომ არ მოვასვენებ და გვარიანად ვამუშავებ ვენახში?_გაეცინა გეგეს._ეგ კი არა და, შენი მშობლები რომ მიდიან თურქეთში სამუშაოდ, რომ ვუთხრა ჩემთან ვერ დარჩებიან და ვერ იმუშავებენ?_მოულოდნელად მკითხა.
_მაინც რაზე უნდა იმუშაონ?_არ მომეწონა რატომღაც მისი იდეა.
_რა ვიცი, გუშინ კარგი რჩევები მომცა ღვინოსთან და ვენახთან დაკავშირებით._მხრებზე მომხვია ხელი და საძინებელში შემიყვანა._მარნის გაფართოებაზე ვფიქრობ. ახალშენიც უნდა გავაშენო. მოკლეთ, მშრომელი და მცოდნე კაცი მჭირდება...
_მერე, მამაჩემი?_დავიბენი.
_ხო, რა იყო? უცხო ქვეყანაში წასულებმა რა უნდა გააკეთონ იქ, ცოდონი არ არიან?... გუშინ ისეთი სასარგებლო რჩევები მომცა, მომეწონა. არ მოგენატრებიან რომ წავლენ? ვინ იცის როდისღა დაბრუნდებიან. თურქების მონები რომ არ იყვნენ, არ ჯობია აქ აკეთონ სასარგებლო საქმე?
ორჭოფობა რომ შემატყო, მაკოცა.
_ვფიქრობ, ნანობენ თავიაანთ დანაშაულს. მეორე შანსს ყველა იმსახურებს, არ მეთანხმები?
_სიმართლე გითხრა, შენი მრცხვენია თუ რაღაც ვერ წავა ისე საქმე და ვერ დაგიდგება გვერდში...
_მაგაზე ნუ იდარდებ. მე რატომღაც მგონია, რომ ალალია. ბევრი რამეც იცის და მინდა რომ ჩემს გვერდით მყავდეს. მარტო მაინც ვეღარ ავუდივარ ამ საქმიანობას, ვიღაც მინდა რომ დამხმარე მყავდეს. ცხრა უცხოს მოყვანას, მამაშენი არ ჯობია?
იმაში მართალი იყო გეგე, რომ ყველა ადამიანი იმსახურებდა მეორე შანსს. მეც ხომ მომეცა მეორე შანსი? რატო არ უნდა მიმეცა ვითომ ჩემი მშობლებისთვისაც? მაგრამ...
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. გეგეს ნათქვამზე ვფიქრობდი. ვითომ, გაართმევდა მამაჩემი გეგეს დაკისრებულ მოვალეობას თავს და გაუმართლებდა იმედებს? სიმართლე რომ ვთქვა, რაც არ უნდა დაეშავებინათ ჩემს მშობლებს ჩემთვის, მაინც ჩემი მშობლები იყვნენ და მათი პატიება მართლა შემეძლო, ვალდებულიც კი ვიყავი. მაგრამ მაინც ვშიშობდი, რომ არ გაემართლებინათ იმედები, ჩემი მშობლების გამო როგორღა შემეხედა სირცხვილით მისთვის თვალებში?
წინააღმდეგი მართლა არ წავსულვარ მეორე დღეს მათთან მოსალაპარაკებლად რომ წავიდა. გაყოლვით არ გავყოლილვარ, მაცაცოსთან დავრჩი და მოლოდინის რეჟიმში ვიყავი. არ ვიცოდი რა ხდებოდა მათთან და რა ამბით დაბრუნდებოდა სახლში. მაცაცოსთან ერთად დროის გასაყვანად რა აღარ ვაკეთე. საღამოხნისკენ უბანში ვისეირნეთ კიდეც. კარგად იყო შებინდებული გეგე რომ დაბრუნდა. მის სახეზე მინდოდა ამომეკითხა საქმის ვითარება, მაგრამ ვერ შევძელი. ჩვეული გამომეტყველებით შემოვიდა ოთახში და როგორც ყოველთვის მაცაცოს წვალებას მოჰყვა. რატომღაც სიამოვნებდა დიშვილს რომ აბრაზებდა. მე კი ერთი სული მქონდა გამეგო, რა ამბით დაბრუნდა შინ. ჩემს ნერვებზეც თამაშობდა უკვე. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
_რა საქმეზეც იყავი წასული, რაო?
_როგორც ვვარაუდობდი ისე ადვილად ვერა, მაგრამ მაინც დავითანხმე, ყველაფერი რიგზეა._დამამშვიდა და ისევ მაცაცოს წვალებას შეუდგა.
_დამაცადე, გაჩნდეს შენი შვილი, როგორ უნდა ვაწვალო!_დაექადნა მაცაცო და თავის ოთახში შესვლა და იქ ჩაკეტვა მოახერხა.
_არ გეცოდება, რატო აწვალებ?_შემეცოდა მულიშვილი და სოლიდარობა გავუწიე.
_არ შეგიმჩნევია, რა საყვარლად აბრიალებს გაბრაზებული თავის შავ თვალებს? ეგ მომწონს და იმიტომ.
_შენსავით, არა?_გამეცინა._ლამაზი თვალებით რომ გგავს შენ თუ შეგიმჩნევია ეგ?
კმაყოფილს გაეღიმა.
_ლამაზი თვალები მაქვს?_ეშმაკურად მოწკურა.
მივედი და კალთაში ჩავუჯექი. თან თვალები დავუკოცნე.
_ამ შენი შავი თვალებით მამიდარიელე ქალი._გამეცინა.
_მე რა მომეწონა იცი შენში, პირველად რომ გნახე?
ინტერესით შევხედე.
_ვენახში ყავა რომ მოადუღე და ცოტა დაგექცა, საყვარლად იკბინე ტუჩზე და ცხვირიც საყვარლად შეიჭმუხნე. ისეთი საყვარელი იყავი, თვალს ვეღარ გაშორებდ
გამეცინა.
_რა გაცინებს? არ გჯერა, რომ საყვარლად იჭმუხნი ცხვირს? ტუჩზეც საყვარლად იცი კბენა...
_სხვა არაფერი მოგეწონა?_ხელი ვკარი, საწოლზე გადავაწვინე და მეც ზედ დავაწექი ეშმაკური სიცილით.
_კახურად გინდა გითხრა?_გაეცინა. გადამაბრუნა და ახლა თვითონ მომექცა ზემოდან.
_არ არის საჭირო, მივხვდი._უარესად ავკისკისდი.
სვიტერის შიგნიდან ხელი რომ შემიცურა და შიშველ სხეულზე მომეფერა, მესიამოვნა. გავირინდე. ნელ-ნელა ზემოთ რომ აუყვა და მკერდს მიატანა, ხელი დავუჭირე და გავუძალიანდი.
_სტუმარი გვყავს, ნუ გავიწყდება. შემთხვევით არ შემოვიდეს._წამოვხტი და საძინებელი აღელვებულმა და აფორიაქებულმა დავტოვე.
მაცაცო მართლაც გამოსულიყო თავისი ოთახიდან და ჩვენთან მოდიოდა საკითხავად, არ ვივახშმოთო?
ვახშმისას გეგეს მზერას ვგრძნობდი და ტანში სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა. ვხვდებოდი, რომ ვუნდოდი. მეც მინდოდა, მაგრამ მასთან კატა-თაგობანას თამაში უფრო მომწონდა და ვაწამებდი. ვახელებდი და მერე კი სიამოვნებით ვნებდებოდი.
********************
მართალია არ მეჯერა, მაგრამ მამაჩემმა გეგეს იმედები გაუმართლა. თურქეთში აღარ წასულან. გეგემ დაასაქმა და მართლაც გულდასმით და პირნათლად მუშაობდა. დედაჩემიც ხშირად მსტუმრობდა და მეხმარებოდა საოჯახო საქმიანობაში. ბოლო თვეში ხომ საერთოდ დავმძიმდი, ოცი კილო მოვიმატე და ძლივს დავგორავდი. მდგომარეობა კი კარგი მქონდა, მაგრამ ჩემი წონის გამო საშინლად ვწუხდი. გეგე კი მამშვიდებდა, მე ასეთი პუტკუნა უფრო მომწონხარო, მაგრამ არ მეჯერა, ჩემს დასამშვიდებლად იტყუები-მეთქი. ცალკე მშობიარობის შიში ამყვა და თითქმის ყოველ ღამე ვტიროდი და ბალიშს ცრემლებით ვასველებდი. გეგეს ბოლო დროს უამრავი საქმე ქონდა და დაღლილ-დაქანცულს ისე ტკბილად ეძინა, მეცოდებოდა გასაღვიძებლად. რამდენჯერმე მაინც გაეღვიძა ჩემს სლუკუნზე და დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ ასე ვთქვათ, მე ერეკლეს ჭკუაზე ვიყავი და აღარაფერი მესმოდა. მაცაცოს იქ ყოფნაც კი არ მაწყნარებდა, რომელიც მთელი დღე კუდში დამყვებოდა და თვალებში შემომციცინებდა რა მესიამოვნებოდა და რა არა. საქმეზე ხომ თითს არ მაკარებინებდა. თებე დღეში სამჯერ მაინც მირეკავდა და ჩემს მდგომარეობას კითხულობდა. ქალი დღე-დღეზე ვიყავი მისული და ყველა დაზაფრული და მზადყოფნაში იყო. დედაჩემიც კი გადმოიყვანა გეგემ, იქნებ ცოტა დაწყნარდეო. რატომღაც იმის შიში მქონდა აკვიატებული, რომ მშობიარობას თან გავყვებოდი. ნერვები ზამბარასავით მქონდა დაჭიმული და მტრისას, თუ რამე მიზეზი გამომიჩნდებოდა ისტერიკის მოსაწყობათ.
იმ საღამოს სეირნობიდან ვბრუნდებოდით მე და მაცაცო, რომ ჩვენს ორღობეში ნელის გადავეყარეთ. მაცაცო ამ ავი ქალის დანახვაზე შეკრთა. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში.
_ორი შეხვდა ერთმანეთს და კარგად გაუგო?_ჩვენს გასაგონად ჩაილაპარაკა ჩემმა ნადედამთილარმა და მოგვაწყევლა._თქვენ ამოწყდით ორივენი ერთ დღისით, არ გეღირსოთ სიცოცხლე...
_ორსულ ქალს წყევლი შე ალქაჯო?_ეზოდან გამოუვარდა დედაჩემი._შე ავყია გველო, გაეთრიე აქედან, ჩემი შვილის სიახლოვეს არ დაგინახო, თორემ საკუთარი ხელით გამოგახრჩობ! მეყო რაც აქამდე შენს ჭკუაზე და ენაზე ვიარე!
_მარტო გაბედე და თითი დამაკარე და ვნახოთ რაც მოგივა!_აწივლდა ნელი._ბოზები და ჩათლახები რომ ხართ ქვეყანამ იცის. ნეტა რა პირით გამოდიხართ გარეთ, არ გრცხვენიათ?! თუმცა, თქვენისთანა უნამუსოებს სირცხვილი სად აქვთ?
_ბოზები და ჩათლახები შენს საგვარეულოში, ჯიშში და ჯილაგში მოიკითხე შე მართლა ქუჩის ქალო შენა!
_ნაბიჭვარს აჩენ და არც კი გრცხვენია?!_რატომღაც ჩემსკენ გამოიწია ნელიმ.
მაცაცო დაუფიქრებლად გადამიდგა წინ.
_გაბედე და თითი დააკარე მარტო!_ბოლო ხმაზე უკივლა და ქვას წამოუვლო ხელი._ამ ქვით თუ არ გაგიჩეჩქვო თავი, მე ქალი არ ვიყო!
ამასობაში დედაჩემიც მივარდა და მადიანი სილა გააწნა.
_ენა დაიწმინდავე, თორემ საერთოდ ამოგაძრობ იცოდე! პატარებთან გაქვს დიდი გული? მე გამიმკლავდი თუ ქალი ხარ?
წივილ-კივილზე ცნობისმოყვარე ხალხი მოქუჩდა ჩვენს გარშემო და დედაჩემის და ნელის გაშველება საცადეს.
_მაგ გველს უთხარით, რომ თუ აქეთ ამოვლილი დავინახე, ჩემი წერა გახდება!_არ ცხრებოდა დედაჩემი.
მაცაცომ ხელი მომხვია მხრებზე და ეზოში შემიყვანა.
_როგორ ხარ, ცუდად ხომ არ ხარ?
_არა, კარგად ვარ._ვიუარე, თუმცა მართლა ცუდად ვიყავი, შიშისგან და ნერვიულობისგან მთლიანად ვცახცახებდი.
მაღლა რომ ამიყვანა და ჩემს ოთახში დამაწვინა, კიდევ დიდხანს მესმოდა დედაჩემის ბობოქრობა, ნელიზე რომ ბრაზობდა. მეზობლები მის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ, ვერაფრით აწყნარებდნენ გაგიჟებულ ქალს. ასეთი არასდროს მახსოვდა დედაჩემი. მითუმეტეს ჩემი დაცვის ამპლუაში. გულს სასიამოვნოდ მოეფინა მისი გამოქომაგება.
გეგე რომ მოვიდა, თითქმის ჩაწყნარებულები ვიყავით და მის მოყოლაში, ისევ როლებში შეიჭრა მაცაცოც და დედაჩემიც. მოკლეთ, ერთი ფრონტი გამოვიარეთ უკვე მისგან და სამომავლოდ სავარაუდოთ კიდევაც გამოვივლიდით.
ღამით ვერ მოვისვენე. წელი მტკიოდა ყრუდ და საწოლში ვწრიალებდი. გეგეს ისე ტკბილად ეძინა, მისი გაღვიძება არ მინდოდა და ავდექი, აივანზე მოვყევი უაზრო ბოლთის ცემას. მშობიარობამდე ორი კვირა მეკლდა და აზრადაც არ მომსვლია, რომ სამშობიარო ტკივილები მეწყებოდა.
ალბათ ჩემს სიარულზე გაეღვიძა დედაჩემსაც და გამომხედა.
_ცუდად ხარ შვილო?_შეშფოთებულმა მკითხა.
_დღევანდელ ნელის ამბავს განვიცდი და ვნერვიულობ, ვერ ვიძინებ. არ მინდა გეგე გავაღვიძო, დაღლილია და ტკბილად სძინავს, იმიტომ გამოვედი.
ცოტა ხანში წელის ტკივილმა რომ მიმატა, მაინც არ მივაქციე ყურადღება. ნელ-ნელა მუცლის ტკივილიც დამეწყო პერიოდულად. მაშინ კი შევშინდი. დედაჩემმა მაშინვე გადაიცვა ტანსაცმელი და გეგე გააღვიძა. მე სარწეველა სკამზე ვიჯექი მოკუნტული და მათ ფაციფუცს ვადევნებდი თვალყურს. მაცაცომ მაშინვე დედამისს დაურეკა და თბილისისკენ დავადექით გზას. ისე ხომ არ უყვარდა ჩემს ქმარს სწრაფი სიარული და ახლა ამ სიტუაციაში, თან შუაღამეზე ტრასა რომ ცარიელი იყო, კი არ მივდიოდით, მივფრინავდით. ისე კი, კიდევ კარგი, თორემ მანქანაში მომიწევდა მშობიარობა. საავადმყოფოს ეზოში შესვლის წუთიდან, ზუსტად ნახევარ საათში ვიმშობიარე. გოგო რომ იყო თავიდანვე არ ვიცოდით, რადგან თებემ საიდუმლოდ შეინახა. მე მაგალითად, ძალიან გამიხარდა გოგო რომ იყო. შვილი კი შვილია, მაგრამ დედისთვის გოგო მართლაც რომ ღვთის საჩუქარია. გვერდით რომ მომიწვინეს და დავხედე, ისეთ შავ თვალებს აბრიალებდა, გამეღიმა. აშკარად იგრძნობოდა მამის გენეტიკა.
სამ დღეში სახლში გამწერეს, მაგრამ ერთი კვირა თებემ დამიტოვა თავისთან. მაცაცო ისე იყო აღფრთოვანებული ბიძაშვილით, ხელიდან აღარ უშვებდა და სულ ის აქცევდა ყურადღებას. ვერ ვიტყვი, რომ გეგეს არ გაუხარდა პატარა ლიზის დაბადება, ჭკუა ეკეტებოდა მასზე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ქართული მენტალიტეტი, პირველი გვარის გამგრძელებელი უნდა ყოფილიყო, თითქოს აწუხებდა. კახეთში დაბრუნებულებმა დიდი წვეულება გავმართეთ. შეზარხოშებულმა მიხამ კახურად დაამშვიდა სვანი ძმაკაცი:_მთავარია ნაზი არსება შექმნა, თორემ ვირებს ყველა აკეთებსო. თანაც, ეს ხომ იმის მანიშნებელია, ერთზე არ გაჩერდებითო?
_მიდი, მიდი, ჭკუაზე დაარიგე, იქნებ შენსავით საბუდარზე მოკლას დედაკაცი._თაზოს ნათქვამზე ისე მადიანად ვიცინე, ლამის გადავბჟირდი.
გვარიანად გამოთვრნენ. მხოლოდ მამაჩემს არ დაულევია წვეთი, რა იცი რა ხდება და ფხიზელი კაცი საჭიროა ოჯახშიო. თაზომ, როგორც ყოველთვის მაგიდაზე თავმიდებულმა გამოიფხიზლა. გეგეც გვარიანად გამოთვრა. აშკარად ერეოდა ფეხი და ენაც ებმოდა. თუმცა ის არ დავიწყნია, რომ სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდით მეც და ჩვენი ლიზიც და ორივეს გვეფერებოდა და გვესიყვარულებოდა. ლიზის დაძინება არ მიჭირდა ისე, როგორც მისი დაძინება გამიჭირდა. ჭირვეულობდა, სიყვარულს მეფიცებოდა და ბოდიშს მიხდიდა სიმთვრალის გამო. მართალია, იმ მომენტში მაბრაზებდა და ნერვებს მიშლიდა თავისი ჭირვეულობით, მაგრამ იყო ამ ბიჭში რაღაც, რაც მაგიჟებდა და თავდავიწყებით მაყვარებდა თავს.
უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა მასთან შეხვედრით. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ მთავარია ამ შეცდომებზე ვსწავლობთ და ხელმეორედ აღარ ვიმეორებთ. კიდევ კარგი ჩემი კახური სიჯიუტე და მისგან გამოქცევა სვანმა კაცმა თავისი სვანური ხასიათის მიუხედავად მაინც მაპატია და თავისთან დამაბრუნა. რა მეშველებოდა ნეტა? პატარ-პატარა შეკინკლავებები ხშირად გვქონდა, ისიც ჩემი ზღვარგადასული სიჯიუტის გამო, მაგრამ მალევე ვრიგდებოდით. ჩვენ ხომ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეგვეძლო?
ლიზი ათი თვის გვყავდა, როცა მივხვდი რომ მეორეზე ვიყავი ორსულად. ღებინება, თავბრუსხვევა და სიზარმაცე ნამდვილად აღარ მქონია, მაგრამ მაინც მივხვდი. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბიჭი იქნებოდა. გეგეს საიდუმლოდ ვუნახავდი ამ ამბავს. სამი თვის ორსულმა თებეს ჩავაკითხე და ექოსკოპია რომ გავიკეთე, ტყუპზე ვიყავი ორსულად. ერთი მართლაც ბიჭი იყო, მეორის დანახვა კი ვერ მოხერხდა. იმ საღამოს, სახლში რომ დავბრუნდით მე და ლიზი, ვენახის საზაფხულო საქმიანობით დაღლილ გეგეს სავარძელში ტკბილად ეძინა ჩვენს მოლოდინში. ლიზის ჭყიპინზე მალევე გაიღვიძა.
_რატომ არ დამირეკე, დაგხვდებოდი._მსუბუქად მისაყვედურა.
_ტაქსით მოვედი, შენი შეწუხება აღარ მინდოდა.
_როგორ არიან თებე და მაცაცო?
_კარგად, გადარეულები არიან._ეშმაკურად გამეცინა.
_რამ გადარიათ?_გაუკვირდა.
ჩანთიდან ექოსკოპიის დასკვნა რომ ამოვუღე და ღიმილით გავუწოდე, დაიბნა. თავიდან ვერ მიხვდა ვერაფერს. კარგა ხანს ატრიალა ხელში და ბოლოს, რაჭველივით გვიან მიხვდა. არასდროს დამავიწყდება მისი სიხარულით და ბედნიერებით სავსე თვალები. გულში რომ ჩამიკრა, კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული. ერთი რომ დანამდვილებით ბიჭი იყო და გვარის გამგრძელებელი ყავდა, ესეც საკმარისი იყო მისთვის.
მთელი ორსულობის პერიოდში არაფერი შეცვლილა ჩემს მდგომარეობაში, არანაირი ტოქსიკოზი, არანაირი გართულება, არანაირი ღებინება და სიზარმაცე. ერთადერთი რასაც განვიცდიდი, წონის მატება იყო და მუცლის ზრდა. ბოლო თვეში ხომ მართლა ვეღარ დავდიოდი. ახალ წელს მაცაცო იყო ჩვენთან და როგორც ყოველთვის ის მეხმარებოდა ყველაფერში. მეხმარებოდა კი არა, ყველაფერს ის აკეთებდა. ბოლო დროს რომ ხშირად გვსტუმრობდა, გეგე ეხუმრებოდა, კახელ ბიჭს ხომ არ დაადგი თვალიო. ამაზე ჯერ წითლდებოდა და მერე კი ბრაზდებოდა ჩვენი უწყინარი მაცაცო. მერე კი, მართლაც აღმოჩნდა, რომ თაზოს და მაგას მოსწონდათ ერთმანეთი და დაინიშნენ კიდეც. მათ შორის თოთხმეტი წელი სხვაობა დიდად არავის შეუცხადებია. თაზო ამდენ ხანს ელოდა თავის საოცნებო ქალს და კიდევაც უცდიდა მაცაცოს სკოლის დამთავრებას და სრულწლოვანებას...
დავუბრუნდეთ ისევ ჩემს ორსულობას. ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულზე ორი ვაჟკაცის დედა გავხდი. ახლა კი მართლა გადაირია ჩემი ქმარი და სიხარულისგან სვანურად გაჭედა. თითქმის გადაშენების პირას მყოფი გვარის ორი გამგრძელებლის დაბადება ჰაერში თოფის სროლით ამცნო მთელ სოფელს.
სვანეთში მამა-პაპეული კარ-მიდამო არ მიგვიტოვებია, ზამთარ-ზაფხულს ყოველთვის ავდიოდით და ვისვენებდით, მაგრამ კახეთში დავიდეთ ბინა. მოსწონდა მევენახეობა და მეღვინეობა და დიდ სიყვარულს დებდა ყველაფერში. სვანი კაცის გაკახელებაზე ბევრს ხუმრობდნენ ვახო და იმედა, მაგრამ გეგეს სულაც არ სწყინდა. არ ადარდებდა ეს ამბავი. ბედნიერი იყო რომ კახეთში ცხოვრობდა და მისი სიტყვებით რომ ვთქვა: "არაჩვეულებრივი ცოლ-შვილი ყავდა".
(დასასრული)



№1  offline ადმინი შამანი

რაღაც-რაღაც დეტალები არ მომეწონა, მაგრამ მთლიანობაში კარგი ისტორია გამოვიდა <3 რედაქტირებისთბის თვალი უნდა შემევლო, მაგრამ სანამ ბოლომდე არ წავიკითხე ვერ გამოვაქვეყნე :დ ვისიამოვნე კითხვის დროს...<3 წარმატებები <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

შამანი
რაღაც-რაღაც დეტალები არ მომეწონა, მაგრამ მთლიანობაში კარგი ისტორია გამოვიდა <3 რედაქტირებისთბის თვალი უნდა შემევლო, მაგრამ სანამ ბოლომდე არ წავიკითხე ვერ გამოვაქვეყნე :დ ვისიამოვნე კითხვის დროს...<3 წარმატებები <3

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3  offline წევრი gaomao

ღირს თქვენი მოთხრობების კითხვისთვის რამის გათენება :)

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

gaomao
ღირს თქვენი მოთხრობების კითხვისთვის რამის გათენება :)

მადლობა შეფასებისთვის
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი Ana-maria

დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ისტორიებს.ძალიან მომწონს. ყოველთვის ველოდები ახᲚს. მომწონს თქვენი გმირები მიზანდასახული,შრომისმოყვარე არიან და უსასრულო სიყვარული შეუძლიათ.ეს ისტორიაც შედგა, როგორც სხვები და მე ახალ საინტერესო ისტორიას ველოდები.

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

Ana-maria
დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ისტორიებს.ძალიან მომწონს. ყოველთვის ველოდები ახᲚს. მომწონს თქვენი გმირები მიზანდასახული,შრომისმოყვარე არიან და უსასრულო სიყვარული შეუძლიათ.ეს ისტორიაც შედგა, როგორც სხვები და მე ახალ საინტერესო ისტორიას ველოდები.

მადლობა ????????
--------------------
მშვილდოსანი

 


№7 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ძალიან კარგად წერთ, სად იყავით ღმერთო აქამდე?ყველა სხვა მოთხრობაც წაკითხული მაქვს, ვანჩოს ქვრივი მომეწონა განსაკუთრებით, ესეც არაჩვეულებრივია. ძალიან კარგად და გამართულად წერთ, იხვეწებით და ყოველი ნაწერი უკეთესია წინაზე. ხაირად მოგვაწოდეთ თქვენი შემოქმედება, ამ საიტზე, ჩვენ, მკითხველებმა ვიცით თქვენნაირების ფასი და ღირს ჩვენთვის დაწერა.

ძალიან მაინტერესებს, არ გიცდიათ დაგეწერათ ქალისა და მასზე ასაკით უმცროსი ვაჟის სიყვარულზე, რატომ მგონია, რომ ეს თქვენი სტილია? და თუ არ გიფიქრიათ, იქნებ ახლა იფიქროთ, მენდეთ გამოგივათ და ძაანაც რომ გამოგივათ. წარმატებები❤️❤️❤️❤️

არაჩვეულებრივია❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ანასტასია
ძალიან კარგად წერთ, სად იყავით ღმერთო აქამდე?ყველა სხვა მოთხრობაც წაკითხული მაქვს, ვანჩოს ქვრივი მომეწონა განსაკუთრებით, ესეც არაჩვეულებრივია. ძალიან კარგად და გამართულად წერთ, იხვეწებით და ყოველი ნაწერი უკეთესია წინაზე. ხაირად მოგვაწოდეთ თქვენი შემოქმედება, ამ საიტზე, ჩვენ, მკითხველებმა ვიცით თქვენნაირების ფასი და ღირს ჩვენთვის დაწერა.

ძალიან მაინტერესებს, არ გიცდიათ დაგეწერათ ქალისა და მასზე ასაკით უმცროსი ვაჟის სიყვარულზე, რატომ მგონია, რომ ეს თქვენი სტილია? და თუ არ გიფიქრიათ, იქნებ ახლა იფიქროთ, მენდეთ გამოგივათ და ძაანაც რომ გამოგივათ. წარმატებები❤️❤️❤️❤️

არაჩვეულებრივია❤️❤️❤️

დიდი მადლობა შეფასებისთვის და გულთბილი სიტყვებისთვის. ამჟამად ორ ნოველას ვწერ ერთდროულად. ყველა თემაზე და საჭირბოროტო საკითხებზე მინდა მოვსინჯო ძალები. მაგაზეც დავწერ, კარგი აზრი მომაწოდეთ. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№9  offline წევრი ირო

აუ ძალიან კარგი იყო მართლა,კატო იმსახურწბდა ბედნიერებას ნამდვილ კარგ მეორენახევარს,რამდენი ოჯახია ჩვენს გარშემო ასე რომ აბულინგებენ ოჯახის წევრები და საკუთარი თავის ფასს უქვეითებენ,უუნაროს ხდიან თითქოს,მიხარია ბედნიერებისთვის ბოლომდე რომ იბრძოლა გებემ და დაანახა კატოს ნამდვილი სიყვარული.ხოლო ყველა იმას იმკის რასაც იმსახურებენ,.

 


№10  offline წევრი ნანა73

საინტერესო ამბავი მოგვიყევი და მინდა გითხრა ბევრი, ძალიან ბევრი იყო აქ ნამდვილი,
საკმაოდ "კახურიც". bowtie
წარმატებებს გისურვებ!

❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ანასტასია

იცით რა? პირველ როგში ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ გვიწერთ და უკვე მახარებს მოლოდინი ახლის წაკითხვის. ერთი სული მაქვს მეც და ჩემისთანა აქ ბევრია, მეორე, გამორჩეულია თქვენი შემოქმედება, როგორ გვკლებია შრომისმოყვარე, ერთგული, კეთილი ადამიანები აქაც და ცხოვრებაშიც თურმე, უბოროტო ხართ თქვენც და თქვენი პერსონაჟებიც ჰგვანან ავტორს სიკეთითა და კეთილშობილებით და მესამე, იფიქრეთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ სიუჟეტზე, როდესაც დაამთავრებთ ახლის წერას, მაინტერესებს, როგორ გაუმკლავდებით ამ გამოწვევას. მე მგონია, რომ ღირსეულად, როგორც თქვენ შეგეფერებათ. გელოდებით, მე მჯერა თქვენი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

მე ძალიან ვისიამოვნე კატოს და გეგეს სიყვარულით და ლამაზი ოჯახით. მადლობა ამ ისტორიისთვის❤️❤️

 


№13 სტუმარი kati

Zalian kargi iyo.siamovnebit wavikitxavdi am istoriis meorexarisxovani personajebis shesaxeb istoriebsac.

 


№14 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან მომეწონა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე უმაგრესია ველი ახალს წარმატებები და მრავალი ესეთი საინტერესო ნაწარმოები შეგექმნათ ლამაზო♥️♥️♥️

 


№15  offline წევრი katerinaeka

ძალიან კარგი ისტორიაა, კარგად და სასიამოვნოდ იკითხება.

 


№16  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მაკა
ძალიან მომეწონა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე უმაგრესია ველი ახალს წარმატებები და მრავალი ესეთი საინტერესო ნაწარმოები შეგექმნათ ლამაზო♥️♥️♥️

მადლობა, გაიხარეთ
--------------------
მშვილდოსანი

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიანნ მომეწონა ისტორიაა❣❣❣❣ წარმატებებიიი????????

 


№18  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნინი
ძალიანნ მომეწონა ისტორიაა❣❣❣❣ წარმატებებიიი????????

დიდი მადლო
სტუმარი ნინი
ძალიანნ მომეწონა ისტორიაა❣❣❣❣ წარმატებებიიი????????

დიდი მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№19 სტუმარი სტუმარი ნონა

კარგი იყო ძალიან მადლობა

 


№20  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნონა
კარგი იყო ძალიან მადლობა

მადლობა თქვენ შეფასებისთვის
--------------------
მშვილდოსანი

 


№21  offline წევრი utsnobi

საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, მიხარია რომ კარგად დასრულდა

 


№22  offline წევრი ელეო ნორა

utsnobi
საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია, მიხარია რომ კარგად დასრულდა

გაიხარეთ
--------------------
მშვილდოსანი

 


№23 სტუმარი ეკა

ძალიან,ძალიან კარგი იყო❤❤❤

 


№24  offline წევრი ელეო ნორა

ეკა
ძალიან,ძალიან კარგი იყო❤❤❤

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№25 სტუმარი ნანი

საზიზღარი წასაკითხი იყო, როგორი ქმარიც არ უნდა გყავდეს მოდი გაშორდი და რაც გინდა აკეთე. სახლიდან წამოდი და გინდა გაბ ოზ დი და გინდა გათხოვდი. მთელი ისტორია მეგონა რომ 60 წლის ქალის დაწერილ ნოველას ვკითხულობდი, 90ან წლებში. ეს გოგო როგორი ამაზრზენი რა აზრები მოსდიოდა ტვინში, როგორ ეკურკურებოდა, მერე ვითომ თავს იფასებდა, გაურბოდა, თან უნდოდა ეხვეწნა ამ ბიჭს მოკლედ რა ერთი თავგასული გოგოს ამბავია რომელსაც სექსი მოუნდა კაცთან ოღონდ თან უნდოდა ეს კაცი გაეწამებინა. ბოლომდე არ ვიცი რამ წამაკითხა ჩემთვის ეს მოთხრობა ყველაზე დდიდი იმედგაცრუებაა რაც კი აქ წამიკითხავს, ეგაა სოფლელი ქალები რომ აცუნდრუკდებიან და აუხურდებათ ზუსტად ეგ შთაბეჭდილება დამრჩა.
გაშორდი ადამიანო ქმარს და გინდა ცოლს და რაც გინდა აკეთე, სხვის სახლში ცხოვრობ სხვისი ცოლი გქვია და რეებს ფიქრობ და აკეთებ

 


№26  offline წევრი ელეო ნორა

ნანი
საზიზღარი წასაკითხი იყო, როგორი ქმარიც არ უნდა გყავდეს მოდი გაშორდი და რაც გინდა აკეთე. სახლიდან წამოდი და გინდა გაბ ოზ დი და გინდა გათხოვდი. მთელი ისტორია მეგონა რომ 60 წლის ქალის დაწერილ ნოველას ვკითხულობდი, 90ან წლებში. ეს გოგო როგორი ამაზრზენი რა აზრები მოსდიოდა ტვინში, როგორ ეკურკურებოდა, მერე ვითომ თავს იფასებდა, გაურბოდა, თან უნდოდა ეხვეწნა ამ ბიჭს მოკლედ რა ერთი თავგასული გოგოს ამბავია რომელსაც სექსი მოუნდა კაცთან ოღონდ თან უნდოდა ეს კაცი გაეწამებინა. ბოლომდე არ ვიცი რამ წამაკითხა ჩემთვის ეს მოთხრობა ყველაზე დდიდი იმედგაცრუებაა რაც კი აქ წამიკითხავს, ეგაა სოფლელი ქალები რომ აცუნდრუკდებიან და აუხურდებათ ზუსტად ეგ შთაბეჭდილება დამრჩა.
გაშორდი ადამიანო ქმარს და გინდა ცოლს და რაც გინდა აკეთე, სხვის სახლში ცხოვრობ სხვისი ცოლი გქვია და რეებს ფიქრობ და აკეთებ

ყველას თავისი აზრი და ფიქრები გააჩნია. კიდევ კარგი დაფარულია ტვინი და სხვისი ზრახვები არ ვიცით, ზოგი ამაზე უარესსაც ფიქრობს. მაგაში ნამდვილად არ დაგეთანხმებით, რომ სოფლელები უფრო მეტს სცოდავენ, ვიდრე ქალაქელები.

ნანი
საზიზღარი წასაკითხი იყო, როგორი ქმარიც არ უნდა გყავდეს მოდი გაშორდი და რაც გინდა აკეთე. სახლიდან წამოდი და გინდა გაბ ოზ დი და გინდა გათხოვდი. მთელი ისტორია მეგონა რომ 60 წლის ქალის დაწერილ ნოველას ვკითხულობდი, 90ან წლებში. ეს გოგო როგორი ამაზრზენი რა აზრები მოსდიოდა ტვინში, როგორ ეკურკურებოდა, მერე ვითომ თავს იფასებდა, გაურბოდა, თან უნდოდა ეხვეწნა ამ ბიჭს მოკლედ რა ერთი თავგასული გოგოს ამბავია რომელსაც სექსი მოუნდა კაცთან ოღონდ თან უნდოდა ეს კაცი გაეწამებინა. ბოლომდე არ ვიცი რამ წამაკითხა ჩემთვის ეს მოთხრობა ყველაზე დდიდი იმედგაცრუებაა რაც კი აქ წამიკითხავს, ეგაა სოფლელი ქალები რომ აცუნდრუკდებიან და აუხურდებათ ზუსტად ეგ შთაბეჭდილება დამრჩა.
გაშორდი ადამიანო ქმარს და გინდა ცოლს და რაც გინდა აკეთე, სხვის სახლში ცხოვრობ სხვისი ცოლი გქვია და რეებს ფიქრობ და აკეთებ

შეფასებისთვის მადლობა.
--------------------
მშვილდოსანი

 


№27  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ანასტასია
იცით რა? პირველ როგში ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ გვიწერთ და უკვე მახარებს მოლოდინი ახლის წაკითხვის. ერთი სული მაქვს მეც და ჩემისთანა აქ ბევრია, მეორე, გამორჩეულია თქვენი შემოქმედება, როგორ გვკლებია შრომისმოყვარე, ერთგული, კეთილი ადამიანები აქაც და ცხოვრებაშიც თურმე, უბოროტო ხართ თქვენც და თქვენი პერსონაჟებიც ჰგვანან ავტორს სიკეთითა და კეთილშობილებით და მესამე, იფიქრეთ ჩემს მიერ შემოთავაზებულ სიუჟეტზე, როდესაც დაამთავრებთ ახლის წერას, მაინტერესებს, როგორ გაუმკლავდებით ამ გამოწვევას. მე მგონია, რომ ღირსეულად, როგორც თქვენ შეგეფერებათ. გელოდებით, მე მჯერა თქვენი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ჩემს პროფილზეც ვწერ, ოღონდ იქ თავებად, რადგან სრულ ვერსიას იქ ვერ ვდებ. იქ რომ ვასრულებ, მერე აქ ვდებ. ამჟამად სხვა თემაზე ვწერ და სანამ იმას არ დავასრულებ ვერ შევძლებ სხვაც ვწერო პარალელურად. ამ თვისბოლომდე ალბათ ვერ შევძლებ.

სტუმარი მარიამი
მე ძალიან ვისიამოვნე კატოს და გეგეს სიყვარულით და ლამაზი ოჯახით. მადლობა ამ ისტორიისთვის❤️❤️

გაიხარეთ

სტუმარი მაკა
ძალიან მომეწონა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე უმაგრესია ველი ახალს წარმატებები და მრავალი ესეთი საინტერესო ნაწარმოები შეგექმნათ ლამაზო♥️♥️♥️

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№28 სტუმარი Tamriko.

Ra kargi dasasruli qonda gaoxaret.

 


№29  offline წევრი ელეო ნორა

Tamriko.
Ra kargi dasasruli qonda gaoxaret.

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№30 სტუმარი სტუმარი კირა

დასაწყისში ტვინში ამასხა. რატომ უნდა გაქციოს ვინმემ "მარიონეტად". არააქვს მნიშვნელობა მშობლები იქნება, ქმარი, დედამთილი თუ ვინმე სხვა... შენი ცხოვრებაა შენივე წესებით, ერთხელ ვცხოვრობთ და ერთხელ შევიგრძნობთ.
რაც შეეხება ისტორია ძალიან მომეწონა☺.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent