#21 [ თავი V ]
V … "გამარჯობა, ნილ! ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, რომ მოგსალმებოდი და გადავწყვიტე, რომ - ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება! ნეტავ, კალმის და ფურცლის შესაძლებლობა მქონდეს, რომ მოგწერო. მერე, რა, რომ ვერ წაიკითხავ, მე მაინც მოგწერდი. გეტყოდი - რას განვიცდი ამ კარცერში უკვე რამდენი ხანია. ვცდილობდი პოზიტიური ვყოფილიყავი, ყველაფერში დადებითი დამენახა, მაგრამ შენც ხვდები, რომ ეს უნარი კარგა ხნის წინ დავკარგე, თუ ოდესმე მქონია. რა დონემდე მივედი, იცი? ამ საზიზღარ, სისხლის სუნით აყროლებულ ადგილას, რომელშიც ღმერთმა იცის, კიდევ რამდენი ხანი უნდა გავატარო - დროის ათვლა შევწყვიტე. ჰო, აი, ასე მარტივად. შევწყვიტე. თითქოს, მივეჩვიე იმას, რაც ჩემს თავს ხდება. მკვდარი თევზივით მივყვები მდორე დინებას ან აფრებიანი გემივით, რომელიც იქით მიიწევს, საითაც ძლიერი ქარი დაუბერავს. თავისი, საკუთარი, ინდივიდუალური აზრი, თითქოს, არც გააჩნია. სამწუხაროა, არა? იყო ბრბოს ნაწილი და ბრმად მიყვებოდე მწყემსის დაძახილს, სხვა ცხვრებივით. სულელი ცხვარი ვარ, ნილ. ყოველთვის ასეთი უსუსური ვიყავი, გახსოვს? შენ იყავი ჩემი უდრეკი საყრდენი. პატარა, მაგრამ საოცრად დიდი ბიჭი. უმცროსი ჩემზე, მაგრამ, ამავდროულად, ჩემზე მტკიცე, შეუვალი და შეუპოვარი. მეგონა ასე, ნილ. მაპატიე, მაპატიე ჩემი ზედაპირულობა, მაპატიე შეფარული ეგოიზმი. მაპატიე, რომ ვერ დაგინახე, რომ შენს წმინდა თვალებში ვერ ამოვიკითხე ის, რაც უნდა ამომეკითხა, ძმაო, მაპატიე... როგორ იტევდი, ნეტავ, ამ პაწაწინა სხეულში ამდენ სითბოსა და განუსაზღვრელ სიყვარულს. სიყვარულს, რომლისთვისთვისაც ეს სიტყვა იმდენად მცირეა, რომ ვერ გადმოსცემს შენს სიდიადეს. შენი გრძნობები განსაკუთრებული იყო. ალალი, სუფთა და გულწრფელი… ხანდახან მეგონა, რომ თუ არ დაგიცავდი, სამყარო ჩაგყლაპავდა, რადგან მეტისმეტად მიამიტი იყავი ამ სიბინძურისთვის, რაც დედამიწაზე ხდება. ეს პლანეტა მდინარეში გადაგდებული პლასტმასის ბოთლს ჰგავს, ნაგავია და მეტი არაფერი. ნაგავი კი იმიტომაა, რომ ადამიანები არსებობენ ზედ. რწყილებივით ვართ მიწაზე და არასდიდებით ვუთმობთ, თუმცა, ახლა ამაზე არა... გახსოვს, ძლიერი წვიმისა, ჭექა-ქუხილის როგორ გეშინოდა? მაშინ დედის მაგიერ, ჩემთან მოდიოდი. პირველად რომ მოხვედი, შემეშინდა. რა დაემართა-მეთქი… დედის ოთახიდან ფეხის წვერებზე დამდგარი გამოდიოდი და საბნის ქვეშ მიძვრებოდი. როგორი გაყინული იყავი ხოლმე მაშინ. ფეხებს გითბობდი და ყოველთვის მიკვირდა, ეს პაწაწინა ფეხები ამ ჭრაჭუნა იატაკზე, ხმას როგორ არ გამოსცემს-მეთქი? თითქოს, ხვდებოდი, თუ გაიგონებდნენ, დაგიჭერდნენ და უკან დაგაბრუნებდნენ. ოოჰ, როგორ ბრაზდებოდა დედა, როდესაც დილით ვერ გპოულობდა შენს ხის, ძლივს ფეხზე მდგარ, მორყეულ საწოლში… ბოღმით გაჟღენთილი მზერით მბურღავდა, როცა ჩემთან გიპოვიდა და გამომტაცებდა შენ თავს ხელებიდან. არ ჰქონდა მნიშვნელობა გეძინა, ტიროდი თუ იცინოდი. როგორც კი ხელში აგიყვანდა, ცდილობდი დასხლტომოდი ხელიდან და ვაი და, გამცინებოდა ამ დროს… კიდევ კარგი სამ წლამდე იქნებოდი, ასე რომ ხდებოდა. ოთხი წლისამ კი გამაოცე. გახსოვს ის მენაყინე? ჯილდა. მაშინ მივხვდი, რომ ნაადრევად გაიზარდე, პატარავ. მაშინ მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც ჩვენს ოჯახში რაც კი რამ ხდებოდა, ყველაფერს რომ ხედავდი და ხვდებოდი. უნდა დამემალე. ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით უნდა დამემალე, სადღაც, სადაც ვერ მოგვაგნებდნენ. სადაც ჩვენთვის ყოველთვის შემოდგომა იქნებოდა, რომელიც ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა. გახსოვს, ის სუსხი, რომელიც კანქვეშ გვიძვრებოდა ორივეს? ბევრჯერ გითქვამს - ნოემბრის ქარი მაქვს ძარღვებში სისხლის ნაცვლადო. პოეტურად ჟღერდა, მე კი შენი მუდამ ღიმილიანი სახით ვტკბებოდი. ათის იყავი, როცა წამოვედით, მაგრამ მაინც დამიგვიანდა, ძამიკო. ძალიან, ძალიან დამიგვიანდა და დაგვიანებასაც კი გვიან მივხვდი. ახლა მეზიზღება ნოემბერი, მეზიზღება სუსხი, მეზიზღება ხალხი, რომელიც ირგვლივ იმდენად ბევრნი არიან, რომ ეს ზიზღი გორგალად იხვევა ყელში და სიტყვებს შუა გზაში მიწყვეტს. რა პარადოქსულია, არა? ახლა მარტო ვარ, უკვე დიდი ხანია. ზოგჯერ მგონია - საუკუნე გავიდა-მეთქი, მაგრამ ზიზღი არსად ქრება. ყველაზე მეტად კი მაშინ მძაფრდება, როდესაც სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკრავ თვალს. შეცბუნება და რამდენიმე გრამი ადრენალინი მსწრაფლ იწყებენ ჩემ ირგვლივ ასკინკილას. ცრემლი კი არა და არ მოდის. ბოიკოტი გამომიცხადეს, მარაგი ამოვწურეთო და გაიფიცნენ. ჯანდაბა, ნილ! მომელანდე, რა. ერთხელ მაინც, გთხოვ. ერთხელ მაინც… დამელაპარაკე, როგორც ადრე. მაგრძნობინე შენი სიახლოვე მილიარდი გალაქტიკის იქითაც. ერთი სიტყვა მაინც მითხარი, ნილ. გთხოვ…" … - ერთი კათხა ლუდი, ბენ. - შავგვრემანი იყო, შავში გარდამავალი ფერის თვალებით. - სრულწლოვანი ხარ? - ჰკითხა ბარმენმა, რომელიც ჭიქების გაპრიალებით იყო დაკავებული. დღეში ერთსა და იმავე ჭურჭელს ათჯერ გაწმენდდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შესაძლოა იმ დღეს საერთოდ არ გამოეყენებინა. - კარგი, რა. როდის მოეშვები ამ სულელურ კითხვებს? - გაეცინა, მაგრამ სევდის ძლივს შესამჩნევი ნოტები ხმაში გამოერია. - ხვდები მაინც, რომ ამის გამო შეუძლიათ, რომ დამაჯარიმონ ან ჩამსვან კიდეც? - გაწიწმატდა კაცი. - ერთი კათხა ლუდისთვის, არავინ ჩაგაჯენს და არ დაგაჯარიმებს, ბენიტო. - ერთი კათხა, შემდეგ მეორე, მესამე და ასე ასი კათხა. ასი! - იძახდა და მაინც ავსებდა ლუდით ჭურჭელს. ბიჭის წინ დადგა და თეძოს ქნევით მიუბრუნდა წინანდელ საქმიანობას. - ბურდღუნი გიხდება, სექსუალურს გხდის. - ჩაიხითხითა ბიჭმა. - არ წამოვეგები შენს პროვოკაციაზე! შენ გეი არ ხარ! - რა იყო გეი-რადარი გაქვთ თუ რა უბედურებაა? - მერამდენედ ეკითხებოდა, ვინ მოსთვლის. - დიახ! ადამიანისგან ეგრევე მოდის ვაიბები, ენერგეტიკა, აურა, რომ ჩვენიანია! - გატაცებით დაიწყო საუბარი. - რომ თემის წევრია და... - აუ, ჩაირთო… - ჩაიბურტყუნა ბიჭმა და ლუდი მოსვა. - ჰომოფობი ხარ! - აიფოფრა კაცი. - ჰომოფობი რომ ვიყო, მაგ სიფათს კარგა გვარიანად გაგილამაზებდი. - იღიმოდა. ძალიან უხდებოდა ღიმილი. - შენ ჰომოფობიის გამოვლინება - მხოლოდ მუშტების ქნევა გგონია? - გაწიწმატდა ბენი. ის-ის იყო უნდა ეპასუხა, რომ დამთრგუნველი აურა იგრძნო. ხერხემლის გასწვრივ ეკლებმა დააყარა. - ჰომოფობია ვრცელი თემაა, რომლის განხილვაც არ ღირს. - ბარის მაგიდას მიუჯდა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი კაცი. ოცდაათ წლამდე იქნებოდა. - რატომ არ ღირს? - უცნაური შეგრძნების მიუხედავად, მაინც შეეპასუხა ბიჭი. - ნილ, გაჩუმდი. - უჩურჩულა ბენმა და სახელოზე მოქაჩა. ნილმა წარბი შეჭმუხნა და მის გვერდით მჯდომის სკანირება დაიწყო. - რატომ აჩუმებ? - გულგრილი ტონი ჰქონდა. - თუ საუბარი სურს - გააგრძელოს. - უბრალოდ, ბატონო კორნელ… - ენა დაება ბენს. - უბრალოდ, აქ ყველას ჩემი ეშინია, ეს ბიჭი კი შენი მეგობარია, ან კარგი ნაცნობი და არ გინდა, რომ ჩავითრიო? - ცინიზმის გვირგვინმა დაუმშვენა თავი. - მე… - ბენ, მოკეტე. - წარბი ასწია ნილმა. - ვინ ხარ? - მიუბრუნდა თეთრებში გამოწყობილ კაცს. საღამო იყო, მაგრამ სათვალე მაინც ეკეთა. უცნაურად გამოიყურებოდა. - სანამ სხვას დაუსვამ მაგ კითხვას, ჯერ თავად უნდა თქვა შენი სახელი. - ვისკი მოსვა, რომელიც ღმერთმა იცის იქ როგორ გაჩნდა რამდენიმე წამში. - ნილ ჰემფრი. - სწრაფად უპასუხა და მოუთმენლად ელოდა - როდის დაასახელებდა თავის ვინაობას მამაკაცი. ოდნავ მისკენ გადაიწია კიდეც. - კორნელ ფლინი. - მშვიდი, აუღელვებელი ტემბრი ჰქონდა. ვისკი მოსვა და ნილს შეხედა. - ანუ, გინდა თქვა, რომ აქ ყველას შენი ეშინია? - ინტერესით გაჟღენთილი ხმა ჰქონდა ნილს. - სავარაუდოდ, უნდა დაგეფიქსირებინა ბარმენის რეაქცია, როდესაც გვერდით მოგიჯექი. ახლა კი მიმოიხედე ირგვლივ და დასკვნების გამოტანას შენ მოგანდობ. - ნილი დაემორჩილა და ბარს გადახედა. შახმატისებურად განლაგებული, უბრალო მაგიდები და დაწნული სკამები, ფაქტობრივად, დაცარიელებული დახვდა. ამ მდგომარეობამ ცოტა არ იყოს დაძაბა. - ხვდები? - ჰკითხა ფლინმა. - ვხვდები, მაგრამ აქაურობის დატოვებას არ ვაპირებ. - შიშის ნოტებშეპარული სიმტკიცით უპასუხა. - ვინმე გაძალებს? - რა? - ვინმე გაძალებს აქაურობის დატოვებას-მეთქი? - ა-არა. - მაშინ "აჩოტებს" რატომ მაბარებ? - გაეცინა ფლინს. - უბრალოდ… - თქვა და ლუდის ნახევრადჩაცლილ კათხას ჩააჩერდა. - უბრალოდ. - გაიმეორა კაცმა. - რაოდენ ზედაპირული და ღრმა სიტყვაა ერთდროულად. პარადოქსული… გიყვარს პარადოქსები, ნილ ჰემფრი? - სიყვარული და სიძულვილი პირობითია, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრებაა გაჟღენთილი პარადოქსებით. - ოჰოო, აი, ასე, უბრალოდ, უკვე გადავიკვეთეთ რაღაც პლანში. - ცალყბად გაიცინა და მეორე ჭიქა მოითხოვა. საცოდავი ბენი პირში წყალჩაგუბებული ასრულებდა მის დავალებებს. - შესაძლოა. - მხარი აუბა ნილმა. - მაგრამ შენგან განსხვავებით, ჩემი არ ეშინიათ. - დარწმუნებული ხარ მაგაში? - სათვალის ოდნავ ზემოდან შეხედა ბიჭს ნილმა. - არაფერი ჩამიდენია ისეთი, რატომაც უნდა ეშინოდეთ ჩემი. - მტკიცედ უპასუხა, უკან არასდიდებით დაიხევდა. - მე არც ბენისთვის და არც სხვა დანარჩენი, აქ მყოფი, ხალხისთვის გამიკეთებია ბოროტება, მაგრამ ჩემი დანახვისას მუხლები უკანკალებთ. - მხრები აიჩეჩა. - ასეა ბენიტო? - მიმართა გაფითრებულ ბარმენს, რომელიც გამწარებით აპრიალებდა ჭურჭელს. - დ-დიახ, მ-მართალი ბრძანდებით. - ხმაგამტყდარ პასუხზე ნილი ოდნავ დაიძაბა. - რატომ ? - ჰა? - გვერდულად გადმოხედა ფლინმა ჰემფრის. - რატომ ეშინიათ შენი, კორნელ? - გაბედა. - ოჰო, უკვე სახელითაც მომმართავ? ძალიან მამაცი უნდა იყო, ან ძალიან სულელი ამისთვის, ნილ. - გადაიხარხარა ფლინმა. ნილი ჯიუტად დუმდა. პასუხს ჩვილის პირველი ჩასუნთქვასავით ელოდა. - გაარკვიე, რის გარკვევასაც მოახერხებ. და რომ გაარკვევ, გაბედე და მოდი. ნუ იქნები სულელი. სულელები ისრისებიან. - ხმადაბლა თქვა და მეორე ჭიქაც ჩაცალა. ადგა, თეთრი ტანისამოსი გაისწორა და ბარიდან აუჩქარებლად გავიდა. მისი გასვლისთანავე ბენთან ერთად, თითქოს, დათრგუნულმა კედლებმაც კი ამოისუნთქეს. - არც კი გაბედო, ნილ! - ჩასჩურჩულა ბენმა და მკლავზე ხელი მოუჭირა. - არც კი გაბედო სათოფეზე ახლოს მასთან მიახლოება! - ვედრება ისმოდა მის ხმაში, ნილმა კი აინუნშიაც არ ჩააგდო ისე უთხრა: - ახლა კი, ბენიტო, ჩემო ძმაო, დამიჯექი და ყველაფერი დაფქვი, რაც ამ ტიპზე იცი. - მხარზე ხელი შემოხვია და ბარის მაგიდას ცალი იდაყვით დაეყრდნო. - მე, არ შემიძლია… - ხელები გაასავსავა კაცმა. - ჰო? რატომ? - ვმუშაობ. აი, ხედავ, ჭიქებზე ლაქებს, სულ უნდა გავწმინდო! - ისტერიკის პირას იყო მისული. - ეგ ჭიქა დღეს მეშვიდეჯერ გაწმინდე, მიუხედავად იმისა, რომ არავის დაულევია მანდედან. - ამოიხვნეშა ნილმა. - რატომ არ გინდა, რომ მომიყვე? - მობეზრება გაკრთა მის ხმაში. - ნილ, რომ ჩაგითრიოს… რომ ჩაგითრიოს, ვეღარ ამოძვრები. - ღრმად სუნთქვა დაიწყო ბარმენმა და თვალები შიშისგან გაუფართოვდა. - სად უნდა ჩამითრიოს? - თავის ქსელში. იცი, რამდენი ფული აქვს? მაგრამ არავინ იცის, რას საქმიანობს. არავინ! - და რაღატომ ეშინიათ, კრიმინალია? - ჩაეძია ბიჭი. - რა თქმა უნდა! - წამოიყვირა ბენმა. - ნარკობარონი? - გაეცინა ნილს. - არავინ იცის! ვინც იცის, ჩუმადაა. - ანუ ვიღაც კორნელ ფლინი, რომელსაც ღმერთმა უწყის რამდენი ფული აქვს, ყველას შიშის ზარს სცემს მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ იცის საიდან აქვს ამხელა თანხა?! - დასკვნა დადო ნილმა. სასაცილოდ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. - არა, არა. არასწორად გამიგე. - ფრუტუნებდა ბარმენი. - ლაკონურად და მეტი კონკრეტიკა, ბენ! მოთმინების ფიალას ნუ მივსებ! - ბარის მაგიდას მუშტი დაარტყა ნილმა. - მან დედამისი მოკლა! გაატყავა და ვირთხებს აჭამა! … დარეტიანებული მიჰყვებოდა ნაწვიმარ ქუჩებს და ხარბად ისრუტავდა პეტრიქორს. მისი არითმია ცოტაც და გულის გაჩერებას იწინასწარმეტყველებდა მორზეს ანბანით. რამდენჯერ უფიქრია? რამდენჯერ აალებულა ეს არაადამიანური ფიქრი მის წმინდა გონებაში? რამდენჯერ ჩავარდნილა უკონტროლო აფექტში და არასწორ გზას დასდგომია? ამაოდ. ის მაინც ადამიანი იყო, მას მაინც ესმოდა. მას სურდა, რომ დაეჯერებინა, მაგრამ არ შეეძლო. რეალობა სიკვდილის ცელივით აწვენდა მიწაზე ყველა მის ამაყად მდგარ ილუზიის ღეროებს და მყარი რეალობის მიწას ანარცხებდა. თეთრი შურით შურდა თავისი დის, რომელსაც უანგარო სიყვარული შეეძლო. რომელიც ამდენს ითმენდა თავისი ძმისთვის და ბევრჯერ მიუღია მისი დანაშაული საკუთარ თავზე, რათა ნილისთვის განკუთვნილი წკეპლა ან მათრახი აერიდებინა მისთვის. ასე ხედავდა თავის დას ბიჭი. მედგარ, ძლიერ ქალად, მაგრამ მაინც სუსტ დაუცველ ბავშვად, რომელსაც საყრდენი სჭირდებოდა. მეგანი იდეალური იყო, რომ არა ერთი ნაკლი - რეალობას ვერასდროს უსწორებდა თვალს. ამის მიზეზი კი ნილი იყო. როდესაც ნილი გვერდით ჰყავდა, არ არსებობდა საჭიროება რეალობა აღექვათ. მათ თავიანთი პატარა სამყარო ჰქონდათ, რომელიც არასდროს დაინგრეოდა. არ ჩამოიშლებოდა მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი იყო და ეს ნილმა იცოდა. დიდხანს უვლიდა გვერდს ქუჩის ერთ-ერთ კორპუსს. გადაწყვეტდა ასვლას და ფეხები უკან რჩებოდა. ასე გავიდა ზუსტად ერთი კვირა. მივიდოდა სადარბაზომდე, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა. ეშინოდა. ეშინოდა საკუთარი თავის, საკუთარი შიშების ეშინოდა. აშინებდა ის, რომ ბოლომდე არ იცნობდა საკუთარ თავს, მაგრამ მაინც… ვალდებულად თვლიდა, რომ მისულიყო. ეზიზღებოდა ვალდებულებები, მაგრამ ეს ის ერთადერთი იყო, რომელშიც თავისი სურვილი ერწყმოდა სიტყვას "უნდა" - ამიტომაც გაბედა. - აბა, რა ბაგაჟით მოხვედი? - ჰკითხა ფლინმა, როდესაც ნილი მასთან ბინაში მივიდა. ეს არ იყო მიწისქვეშა ჯურღმული, არც ს ბუღით გაჟღენთილი ჰაერი… უბრალოდ, ჩვეულებრივი ოროთახიანი ბინა. - არანაირი. - თქვა ნილმა და ზღურბლი გადაკვეთა. მართლაც არაფერი მოიძია, ბენის ნათქვამი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მისამართი ეპოვნა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კორნელს გახედა. მუნჯი კითხვა "შეიძლება ჩამოვჯდე" იკითხებოდა მის მზერაში. ფლინმაც მუნჯურად თავი დაუქნია. - ანუ, სულელად ყოფნა არჩიე. - მის წინ დაჯდა და სიგარა მოქაჩა. - მე… - გააგრძელე. - პაუზა არასდროს მოსწონდა დიალოგში. - ნანობ? - თავჩაღუნული იჯდა და თავის ხელებს უყურებდა. - ერთი წამითაც არა. - რატომ? - წარბს ქვემოდან ახედა. - რატომ მოვკალი თუ რატომ არ ვნანობ? - კორნელისთვის ეს თამაში იყო. გამოიჭირა სულელი და აპირებდა მის გასრესას. - უბრალოდ, რატომ… - თქვა და თვალები აემღვრა. არაფრის დიდებით არავისთან არასდროს, მაგრამ კორნელთან მაინც… - იმიტომ, რომ მტკივა. - არც კორნელი აღიარებდა ვინმესთან, თუმცა ყველაფერი ხდება პირველად. - აქ… - გულის მხარეს მაისური მუშტით მოჭმუჭნა. - აქ… - დალიე, მოგეშვება. - ვისკის ნახევრად სავსე ჭიქა მიაწოდა, ნილმა კი დაუფიქრებლად გადაჰკრა. - სრულწლოვანი არ ვარ. - ამოისუნთქა სიტყვები. - სულელი, გულუბრყვილო ბავშვი ხარ, ნილ. - სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. - აღარ შემიძლია. - ამოთქვა და ცრემლმა საცრემლე ღარი გაუპო. - გიღირს? - რა? - მისი მოკვლა. - არა. - რატომ? - ჩემი და. - მეგანი? - საიდან… გასაგებია. - თავი გააქნია ნილმა. - შენ სულელი არ ხარ. - შენ კი ხარ. - ინფორმაცია პირველწყაროსგან ბევრად სანდოა, ვიდრე გაფუჭებული ტელეფონის თამაში, კორნელ. - სულელური გამბედაობა. - გაეღიმა. - მაგრამ, იქნებ, არც. - დამეხმარე. - ამოთქვა და ჟანგბადი ღრმად ფილტვებში ჩაიგუბა. მოლეკულები, თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, არა მე პირველმა უნდა დავტოვო ეს საპყრობილეო. რამდენიმე წამი გავიდა, სანამ კორნელი უპასუხებდა. სპეციალურად გაწელა დრო, მოლოდინი ყველაზე გამაღიზიანებელი მომენტია. არ იცი - რას ელოდო, მაგრამ ელოდები. - არა. - მტკიცე პასუხი გასცა და თავადაც გადაჰკრა ვისკი. - რატომ? - ხელები უღონოდ ჩამოუშვა ბიჭმა. - სანამ არ მიხვდები, რომ დამხმარე არ გყავს. სანამ არ მიხვდები, რომ სამყარო შენს ირგვლივ შენ მიერ შექმნილი ილუზია და ცნებებია - არ დაგეხმარები. - უდარდელი ტონი ჰქონდა. - გინდა თქვა, რომ ყველა მარტოსულია და ბოლოს მაინც მარტო ვკვდებით? - გაეცინა. ისტერიკული სიცილი ჰქონდა. - დაახლოებით ჩაწვდი. - სანამ არ მიხვდები, რომ არიან უანგარო ადამიანები, სანამ არ მიხვდები, რომ მარტოსულობა განკურნებადი სენია - ყველას აუკანკალდება მუხლი შენი დანახვისას. - ხურდა დაუბრუნა ბიჭმა. ამოაფურთხა სიტყვები და წამოდგა. წასვლას აპირებდა. - შენ? - კორნელის კითხვამ მოაბრუნა. - რა მე? - შენ მიხვდი, რომ ის უანგაროა თუ სიტყვებს ჰაერზე ისვრი? - რას გულისხმობ? - ჩემი დახმარება გჭირდება, როცა იცი, რომ გვერდით გყავს ის, ვინც უანგაროდ დაგეხმარება… თავს ავალდებულებ, რომ მას არ დააწვე ე.წ. ტვირთად. სრული იდიოტიზმია. - ცალყბად გაეღიმა. - საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. - პარადოქსია, არა? - დიახ. - პარადოქსებით ერთმანეთს ვგავართ, ფლინ. - რამდენი წლის ხარ? - თემა გადაიტანა, თუმცა ესიამოვნა, რომ ენამოსწრებული იყო ეს პატარა ბიჭი. - რატომ მეკითხები იმას, რაც უკვე იცი? - პირველწყაროს ინფორმაციას უფრო ვენდობი. - გაეცინა. - მეთამაშები. - თავი გააქნია ნილმა. - რა თქმა უნდა, ცხოვრება თამაშია. მე და შენ პერსონაჟები ვართ. გამოსვლის ღილაკი ყველას აქვს, უბრალოდ, ყველა ვერ ბედავს დააჭიროს მას. - მე… ავად ვარ, კორნელ. - ამის გაგონებისას ფლინს წარბი შეეჭმუხნა. არ ელოდა დიალოგის ასე წარმართვას. - არ ელოდი, არა? ეს მხოლოდ მე ვიცი და შენ. - რა ჰქვია შენს დაავადებას? - მეგანი. - თქვა და სახე გაებადრა. - ინცესტი? - არა. მე მეგანით ვარ ავად, მეგანი კი ჩემით. ეს სამყარო ვერ დაიტევს ასეთ კავშირს. - შენ გინდა თქვა, რომ განსაკუთრებული ხარ? - ეცინებოდა კაცს. ჯერ ბოლომდე ვერ ჩასწვდა ნათქვამის არსს. - შენ თვითონაც იცი, რომ რამდენადაც ერთმანეთისგან განვსხვავდებით, იმდენად ერთნაირები ვართ. - ფილოსოფიაში გაიჭრა ნილი. - თხუთმეტი წლის ღლაპისთვის მეტისმეტად ბრძნულ გამონათქვამებს ისვრი. - ჩაფიქრდა ფლინი. - ცუდია? - ცუდი და კარგიც პირობითია, ის, რაც შენ გჭირს - სამწუხაროა. - არ ვაპირებ ტკივილებისგან კრუნჩხვებში ჩავარდნას და მეგანის ხელებში სიკვდილს. - მუშტები შეკრა ბიჭმა. - შენ უკვე აკეთებ ამას. შენი და კი შენზე სულელი ყოფილა - შენს მდგომარეობას თუ ვერ ამჩნევს. - კბილებს შორის გამოსცრა. ბრაზი შეიმჩნეოდა მის ყოველ მოქმედებაში. - ჩემ გარეშე უკეთესია. - თვალი თვალში გაუყარა კაცს. - სიტყვა გარანტიის მნიშვნელობა იცი? - ბანზე აუგდო სიტყვის სიმტკიცე. - გარანტია არასდროს გვექნება, ფლინ. ჩვენ ცხოვრებას ვარაუდებზე დაყრდნობით ვაწყობთ. - ხმა აიმაღლა ჰემფრიმ. - ჰო, მართლაც სამწუხაროა, რომ დროზე ადრე დაბერდი. - ნაფაზისგან რგოლები გააკეთა და ოთახში გაუშვა. - შენ, ფლინ? - რა? - შენ რამდენი წლის ხარ? - წელი ვთქვა თუ საუკუნე ? - უკბილოდ იხუმრა და სევდიანად გაიღიმა. - გთხოვ… - ბოლოჯერ ამოთქვა ეს სიტყვა და კაცს ჩააჩერდა თვალებში. მიხვდა - რატომ მალავდა იგი თვალებს მზის სათვალის მიღმა. ამან კი შეძრა. - ცდა ბედის მონახევრეა, მოდი ვივარაუდოთ. - თქვა და შემოსასვლელი კარი გადაკეტა. დიდხანს ისაუბრეს. იმ დღეს მეგანმა ინერვიულა - ნილი აგვიანებსო. კორნელმა მარტოსულობა დაამარცხა. ნილი კი შვების თეთრი მსუბუქი ფანტელებით აივსო. ამინდს შემოდგომის ქარი არ დაენანა, რომელიც ნილის ძარღვებში მოძრაობდა სისხლის ატომების ნაცვლად. პ.ს. არ ვჩერდებით ერთ ადგილზე, ხან წარსულში ვინაცვლებთ, ხან აწმყოს გამოვკრავთ ხელს და იწერება სიუჟეტიც, იქარგება სიტყვები და მუზა გრძნობით გაჟღენთილი კვლავ დ კვლავ მაძლევს საშუალებას ეს გრძნობები თქვენამდე მოვიტანო. გელოდებით, წაიკითხეთ, დააკომენტარეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.