შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხოელი (სრულად)


19-04-2021, 09:52
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 26 756

დავიწყებ იქიდან, რომ შეძლებულ ოჯახში დავიბადე და ჩემს უფროს ძმასთან, კახისთან, ერთად უზრუნველად ვიზრდებოდი. ბუნებამაც უხვად დამაჯილდოვა ფიზიკური სილამაზით: დედა უკრაინელი, მამა ქართველი და ამ ორი ეროვნების შერწყმა, როგორც მეგობრები მეუბნებიან, მართლაც რომ ქალი ვარ დაცემა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან უტვინო, შტერი და დებილი ვარ, მიამიტი და ადვილად მიმნდობი. ისეთი რაღაცეების მჯერა, ექვსი წლის ბავშვსაც რომ ვერ მოატყუებ უკვე. ათას სისულელეში გავყავი ჩემი ცალტვინობის გამო თავი, მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამანადგურა და თითქმის ორწლიანი დეპრესია დამმართა, პაატას სიყვარული და თვალდახუჭული ნდობა იყო.
პაატა უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი, ჩემი კურსელის და ახლო მეგობრის ბიძაშვი იყო. (ახლო მეგობარი მაშინ მეგონა, თორემ...)
მოკლეთ, ლენასთან ერთად მშვენივრად ვატარებდი სტუდენტობის წლებს. უერთმანეთოდ სუნთქვაც კი არ შეგვეძლო. ჩემს ყველა საიდუმლოს ვანდობდი.საკუთარ თავს არ ვენდობოდი ისე, როგორც მას. თავიდან ლენა ქირით ცხოვრობდა, მერე კი ჩემს ბინაში გადმოვიყვანე და ერთად ვგიჟობდით. ბავშვობიდან ჩემი ოცნება აზიის ქვეყნებში მოგზაურობა იყო და ამისთვის ადრეული ასაკიდანვე დავიწყე ფულის დაგროვება. მინდოდა, სწავლას დავამთავრებდი თუ არა, მომენახულებინა მალაიზია, შრი-ლანკა, კამბოჯა, მალდივა, ინდონეზია, ბაჰრეინი... მოკლეთ, ისეთი ქვეყნები, სადაც მზე, ზღვა, ოკეანე და სანაპიროებია...
ერთხელ, ლენას რაიონიდან ბიძაშვილმა ჩამოაკითხა. ლენა მაშინ ჩემთან ცხოვრობდა უკვე და რაღა თქმა უნდა, ჩემთან მოაკითხა ბიძაშვილმაც. საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი და ძალზედ სიმპატიური ბიჭი დანახვისთანავე ჩამივარდა გულში. ჩემს მიმართ არც თვითონ დარჩენილა გულგრილი და უმალ გაიბა ჩვენს შორის სიყვარულის ძაფები. ვაღიარებ, რომ მასთან უზომოდ ბედნიერი ვიყავი. სამომავლოდ დაქორწინებასაც კი ვგეგმავდით, მაგრამ... ორსულად რომ დავრჩი, მაშინ კი იჩინა ჩვენს შორის პირველმა პრობლემამ თავი. გაგიჟდა, მამობისთვის ჯერ მზად არ ვარო. იმდენი მეჩიჩინა, უდიდესი ცოდვა ჩამადენინა და საკუთარი, ჯერ არდაბადებული შვილი, ჩემი ნებით მომაკვლევინა... პაატა მიყვარდა და მის გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. სიყვარული ხომ ათას სისულელეს ჩაგადენინებს ადამიანს?_ უბრალოდ, ამ ლოგიკით მინდოდა თავი გამემართლებინა და იმ სინდისის ხმა ჩამეჩუმებინა, ყოველ ღამით ჩვილი ბავშვის ტირილად რომ მესმოდა და კოშმარები მტანჯავდა...
ბავშვის მოშორება ჯერ გამოგლოვილი არ მქონდა, რომ პაატამ მიმატოვა. თანაც, ჩემივე ნაყიდი ვერცხლისფერი სუბარუთი წავიდა. თუმცა, ეს იმასთან არაფერი იყო, რაც შემდეგში გავიგე: ჩემი ანგარიშიდანაც მოხსნა მთლიანი თანხა და ბინიდან ძვირფასეულობაც წაიღო. თან, როგორც აღმოჩნდა, ლენა და პაატა ბიძაშვილები კი არა, თაღლითი შეყვარებულები აღმოჩნდნენ... არ ვიცი, ფულის გამო როგორ უნდა დაუთმო შენი კაცი სხვას?.. დღე და ღამ ლენასთან პაატაზე ვსაუბრობდი, ლამის ჩვენს ინტიმურ დეტალებსაც კი ვუყვებოდი და ის კი, მშვიდად მისმენდა. თითქმის ყოველ საღამო მისი შეყვარებული ჩემს საწოლში ნებივრობდა და დავიჯერო, ამაზე არანაირი გართულება არ ქონდა? ჩემი ორსულობის ამბავიც ძალიან მშვიდად მიიღო. ალბათ, მათი მზაკვრული გეგმის ნაწილი რომ ვიყავი, თავიდანვე იყვნენ ყველაფერზე შეთანხმებულები.
გული თუ არ გამისკდებოდა, მართლა არ მეგონა. გიჟს ვგავდი უკვე. სწავლას თავი დავანებე, ჩემს ბინაში გამოვიკეტე და აღარავის ნახვის სურვილი არ მქონდა. რამდენჯერაც ც ვცადე, იმდენჯერვე ჩემმა ძმამ გადამარჩინა. პოლიციამ ბევრი ეძება თაღლითები, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო. მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ, ვერ გავიგეთ. შერჩათ პაატას და ლენას ჩემი ძვირადღირებული მანქანა, რვა ათასის ღირებულების ძვირფასეულობა და ჩემი ანგარიშიდან ორმოცი ათასი.
ჯერ ნერვიულობისგან გავხდი და ჩამოვხმი, ასი წლის მოხუცს დავემსგავსე. საკუთარ თავს აღარ ვაქცევდი ყურადღებას. სარკეში ჩემი ორეულის დანახვა რომ მაშინებდა, ყველა ჩამოვხსენი და გადავყარე. მერე და მერე ჭამა შემიყვარდა და ოცი-ოცდახუთი კილო მაინც მოვიმატე. მშობლები, ახლობლები თუ ნათესავები წუხდნენ ჩემს გამო, მაგრამ არავის ვუსმენდი. ჩემი ბინიდან ყველას კისრისტეხით ვიფრენდი ისტერიული კივილით. ნამდვილი მეგობარი, რომელიც თავიდან მართლა არ დავაფასე და ლენას გამო ზურგი ვაქციე, რუსუდანი აღმოჩნდა, რომელსაც მეგობრები და ახლობლები მოფერებით რუსკას ეძახდენენ. რუსკა სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოსული ნიჭიერი გოგონა იყო. გაჭირვებული ოჯახის შვილი ისე იყო მოწადინებული და მონდომებული სწავლისთვის, დილით, სანამ ლექციები დაგვეწყებოდა, მეეზოვედ მუშაობდა და თბილისის ქუჩებს სირცხვილის გარეშე გვიდა. ამის გამო ყველასგან დიდი დამცირების ატანა უხდებოდა. მართალია, მე არ დავცინოდი, მაგრამ არც მის დასაცავად ვაკეთებდი რამეს. რამდენჯერმე თვითონ მირჩია ლენასგან თავი შორს დამეჭირა, რადგან ჩემს მოტყუებას და მახეში გაბმას ცდილობდა, მაგრამ ისე ვენდობოდი ლენას, მასზე ცუდის მოსმენა არ მინდოდა. თანაც, ის რომ ვიცოდი, როგორ უჭირდა რუსკას, ლენამ აქეთ დამარწმუნა, რომ ფულის გამო მეტენებოდა და იმ საცოდავ გოგოს საერთოდ ჩამოვშორდი. გარკვეული პერიოდის მერე კი აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო, თურმე ლენა მეტენებოდა ფულის გამო და თავისი შეყვარებული ბიძაშვილადაც კი გამაცნო და ლამის ნახევარი წელი ერთად ვიყავით.
პაატას ამბის შემდეგ ისტერიკიდან დაწყებილი ჩემი დეპრესიის პერიოდით დამთავრებული რუსკა ჩემს დახმარებას ცდილობდა. მართალია მე ლენას და პაატას მერე ხალხის ნდობა დავკარგე და მასაც ძალიან აგრესიულად ვეპყრობოდი და ჩემი ბინიდან კუდამოძუებულს ვუშვებდი ყოველთვის, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა და ყოველ დღე მაკითხავდა.
დრო ყველაფრის მკურნალიაო, მართალი ყოფილა. ნელ-ნელა ისე მწარედ აღარ განვიცდიდი იმ აფიორას, რაც თავს გადამხდა. თან, რუსკამაც რომ არ დამტოვა და მუდამ ჩემს გვერდით იყო, სულ ცოტათი მაინც რომ გამომიყვანა მდგომარეობიდან, ეგეც რაღაცა იყო. რუსკა ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისზეც თამამად შემიძლია ახლა ვთქვა, რომ "ნამდვილი მეგობარია." ნამდვილი მეგობარი ხომ ის ადამიანია, ვინც გარწმუნებს შენს ძალებში და შესაძლებლობებში? მე რომ ხელი მქონდა ცხოვრებაზე ჩაქნეული, მან მომაბრუნა ამ ცხოვრებისკენ. მართალია, ძალიან გაუჭირდა, ლამის ორი წელი მაინც მეჩიჩინა, მაგრამ კუს ნაბიჯებით რომ შემატყო წინ და წინ ბობღვა, ხელი აღარ გამიშვა და დღემდე ერთად მოვდივართ. მაშინ კი იმდენი ქნა, ზაფხულში თავისთან რომ დამპატიჟა დასასვენებლად, ჯერ კი უარი ვუთხარი, მაგრამ მერე, მართალია უწადინოდ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ორი-სამი დღით მასთან დარჩენა და ჰაერის გამოცვლა მართლაც არ მაწყენდა, მითუმეტეს რომ საკურორტო დაბა ბაკურიანში მეპატიჟებოდა.
პირველად ჩემს ძმას გავენდე, რომ რუსკასთან ვაპირებდი დასასვენებლად წასვლას. ჯერ თითქოს არ ეჯერა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა და ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, სიხარულით დამითმო თავისი თეთრი ბეემვე. (თვითონ მაინც ახლის ყიდვას აპირებდა).
ორწლიანი პაუზის შემდეგ ცოტა გამიჭირდა მანქანის მართვაც, შორ მანძილზე წასვლაც და საზოგადოებაში გამოჩენაც, მითუმეტეს, რომ გვარიანად მომატებული მქონდა წონაში. იმ დღეს, ჩემი დეპრესიის პერიოდში, პირველად რომ ჩავიხედე სარკეში, გული გამისკდა: აბურძგნილი თმა, მოუვლელი სახის კანი, ღაბაბი, ცელულიტი, მოუვლელი ფრჩხილები, მოკლეთ საშინელებათა ფილმიდან გადმომხტარ ურჩხულს ვგავდი. და ასეთსას მიყურებდა რუსკა, არც გული ერეოდა ჩემზე და არც იმედს კარგავდა, რომ ისევ ისეთი ძველი ხალისიანი და მხიარული ნაია დავბრუნდებოდი.
რუსკასთან წასვლამდე ერთი დღით ადრე გავბედე და სალონში წავედი. თმა ცოტა შევისწორე, შევითხელე და დავისწორე. მოვიწადინე და წარბების კორექცია და შილაკიც კი გავიკეთე. ცოტა წავიშოპინგე კიდეც და უნდა ვთქვა, რომ შოპინგი მართლაც რომ ერთ-ერთი შეუცვლელი თერაპიაა და მართლაც შეველის დეპრესიას.
საჭესთან დაძაბული ვიჯექი და ისე ვმართავდი ჩემი ძმის "გიჟ და ფიცხ" მანქანას. ახალდაბაში გზისპირა სწრაფი კვების ობიექტთან შევჩერდით ნახევარი საათით და ცოტა წავიხემსეთ. რუსკამ თავის ხარჯებით იკისრა იმერული ხაჭაპურები და ცივი კოკაკოლა. მე არაფრის დიდებით არ გადამახდევინა ფული.
_რას ლაპარაკობ, ამ მხარეში ჩემი სტუმარი ხარ და მე გიმასპინძლდები._ისე კატეგორიულად და მკაცრად მითხრა, ფულის გადახდის სურვილი სულ გამიქრა._როცა შენს მხარეში ვიქნები, შენ მაშინ გამიმასპინძლდი.
_ეს სადაური კანონია?_გამიკვირდა.
_ჩემი ოჯახის._ისეთი სიამაყით მითხრა, ერთხანს ასე ვთქვათ, გამოშტერებულიც კი შევყურებდი შავგვრემან, სიფრიფანა გოგოს, რომელსაც ურჩი შავი კულულები მალ-მალე ეშლებოდა შუბლზე და შავ, ბრიალა თვალებზე ეფხატებოდა._ბებია მასწავლიდა სტუმარ-მასპინძლობის ადათ-წესებს, იმასაც, რომ სადაც მიხვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროვო და ნუ შემეწინააღმდეგები. ჩემთან ჩემებურად მოიქცევი.
_აჰა, საშენოში მოვედით და გამოაჩინე კლანჭები?_უკმაყოფილომ წავიბუტბუტე და საპირფარეშოში ხელების დასაბანად გავედი.
სარკეში ჩემს ორეულს კარგა ხანს ვაკვირდებოდი. ისე ძალიან ვიყავი შეცვლილი, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. როგორ გამანადგურა პაატას ამბავმა. ერთადერთი სურვილი მქონდა მენახა, თვალებში ჩამეხედა და მეკითხა, სადამდე ეყოფოდა ჩემგან წაღებული ფული? როცა იქნებოდა ხომ გამოელეოდა და მერე? ისევ მომძებნიდა, ბოდიშს მომიხდიდა, სავარაუდოდ ლენას დააბრალებდა ყველაფერს და შემირიგდებოდა? შევრიგდებოდი ვითომ? თუმცა, რა გასაკვირი იყო, მე ხომ შტერი და დებილი ვიყავი? ხო და ამის გაფიქრება-გააზრებამ საშინლად გამაცოფა. ჩემს ორეულს სარკეში წყალიც კი შევასხი გაგულისებულმა და გავწუწე.
_რა გჭირს, რა თავპირი ჩამოგტირის?_საპირფარეშოდან გამოსულს წინ გადამეღობა რუსკა._არ მითხრა ახლა რომ ისევ იმ უნამუსოებზე ფიქრობ.
პასუხის დაუბრუნებლად ავუქციე გვერდი და მანქანისკენ წავედი.
რუსკაც უკან მომყვა.
_დუმილი თანხმობის ნიშანიაო და გამოდის, იმ აფერისტებს მაინც ვერ იგდებ თავიდან და არ უშვებ შენი ცხოვრებიდან არა?
მანქანის გამოღებული კარი ისევ მივხურე გაგულისებულმა და თვალებში ჩავაშტერდი.
_შენ დაივიწყებდი ასეთ ამბავს?
_სიმართლე გითხრა?_ინტერესით მომაშტერდა._მე მაგ აფიორაში არც გავებმებოდი. მითუმეტეს, რომ ვინმეს გავეფრთხილებინე, დავუჯერებდი.
მისი ეს სიტყვები გულზე მომხვდა ძალიან. სიბრაზისგან მგონი გავმწვანდი კიდეც. არა, რუსკაზე არ ვბრაზობდი, მე ჩემ თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ შტერი ვიყავი და ადვილად ვენდობოდი ხალხს.
_გასაბრაზებლად არ მითქვია. სიმართლე გაინტერესებდა და გითხარი... მე, მაგალითად, მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს.
_შენზე არ ვბრაზობ, ჩემს თავზე მეშლება ნერვები... კარგი ხო, დაივიწყე, წავიდეთ._ საჭეს მივუჯექი და გზა განვაგრძეთ.
უსიტყვოდ ვიმგზავრეთ.
ალბათ, რუსკა ხვდებოდა, რომ დუმილი ყველაფერს მერჩია და თვითონაც დუმდა. სავარძელზე ნებიერად მიწოლილი თვალებმინაბული დიდი სიამოვნებით უსმენდა "სიყვარულის ბალადას". ჩაწეული მინიდან მონაბერი ქარი ურჩად უწეწავდა შავად მბზინავ კულულებს, მაგრამ აინუნშიც კი არ აგდებდა. თეთრი შურით მშურდა მისი ეს სიმშვიდე. ნუთუ, არასდროს არაფერი პრობლემა არ ქონდა, რომ არც წუწუნებდა ჩემთან და არც ეტყობოდა? ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და რაც მთავარია, ცხოვრებით კმაყოფილი იყო. ყოველთვის იშველიებდა ვიღაც ოშოს ფრაზებს. დღეს კი ნამდვილად არაფერი უთქვია მის შესახებ და ცოტა არ იყოს მიკვირდა.
ბორჯომიდან ბაკურიანისკენ რომ გადავუხვიეთ, მის მიხვეულ-მოხვეულ გზაზე გაახილა თვალები.
_უხ, მოვსულვართ უკვე?_გაუკვირდა._სავარძელში შესწორდა და ახლა ფანჯარაში დაიწყო ყურება.
_იცი, ოშო რაჯნიშმა რა თქვა?_მოულოდნელად მომიბრუნდა.
წუთის წინ იმაზე ვფიქრობდი, დღეს ოშო არ უხსენებია-მეთქი და გულიანად გამეცინა.
_რა გაცინებს?_გაუკვირდა და თან ეწყინა.
_არაფერი, არაფერი._სიცილით დავამშვიდე._მაინც რა თქვა მაგ შენმა ოშომ?
_"გინდა ბედნიერი ადამიანი იყო? მაშინ დაანებე თავი საკუთარ მეხსიერებაში ქექვას!"
_ეგ შენმა ოშომ თქვა?_გაღიმებულმა შევხედე.
_ჯერ ერთი, გზას უყურე და მეორე, ოშო ჩემი არ არის, ის ინდოელი ფილოსოფოსია._აშკარად ეწყინა ჩემი ასე ვთქვათ, დამცინავი ღიმილი.
_იმაზე ვფიქრობდი, რომ დღეს ოშო არ უხსენებია-მეთქი და ზუსტად მაშინ ახსენე. მაგაზე გამეღიმა, გეფიცები.
ეჭვით შემომხედა, მაგრამ ალბათ სახეზე მეწერა, რომ გულწრფელი ვიყავი და მალევე მოლბა.
_აქვე, ხელმარჯვნივ "მთის ბროლია", იქ გადაუხვევ, გზაჯვარედინზე ისევ მარჯვნივ და ბოლოში გახვალ._დამაკვალიანა და თვითონ ისევ საზურგეზე მიესვენა თვალებმინაბული. თუმცა, არ დასცალდა, ტელეფონმა დაურეკა და უკმაყოფილომ დახედა ნომერს, მაგრამ მალევე შეეცვალა სახე._ხო, ლუკა, მოხდა რამე?_ცოტა შეშფოთება რომ შევატყე ხმაში, მუსიკას დავუწიე და სიჩქარესაც ვუკელი._ეხლახანს შემოვედით ბაკურიანში, რა ხდება?.. ბუსუნა მანდ გყავს?.. უი, ეგ მართლა სუნსულა ეგა... კაი, ამოვალ და წამოვიყვან._ტელეფონი რომ გათიშა და ჯიბეში ჩაიდო, მანიშნა რომ პირდაპირ გააგრძელე გზაო._ბუსუნა ჩემს ძმას გაჰყოლია სამსახურში და იქ დიდი ძაღლები არ უსვენებენო. ერთ ერთ ნომერში ყოლია გამოკეტილი. წამოვიყვანოთ თორემ მაკომ თუ აღმოაჩინა, გაგიჟდება ქალი.
პოლიციის შენობას რომ გავცდით და ცენტრში ავუხვიეთ, ოთხსართულიან ვარდისფერ შენობასთან შემაჩერებინა რუსკამ მანქანა. მერე ტელეფონი დააძრო ისევ ჯიბიდან და სავარაუდოდ ლუკას დაურეკა.
_აქ ვარ უკვე და რას იზავ, გამოხვალ თუ შემოვიდე?.. კარგი, ახლავე._მანქანიდან მკვირცხლად გადახტა._წამო, გოგოები ყავაზე გვეპატიჟებიან.
უკმაყოფილო სახით ავხედე.
_წამო, წამო._კარი გამომიღო და მკლავზე დამეჯაჯგურა._მაკო აქ არ ყოფილა და გრიალებენ გოგოები.
წარმოდგენა არ მქონდა მაკო ვინ იყო, ან ვინ გოგოები გრიალებდნენ ამხელა შენობაში. არც მქონდა სურვილი რამე გამეგო, მაგრამ რუსკამ აღარ მომისვენა. ლამის ძალით გადამათრია მანქანიდან და სასტუმროს დაბურული მინის კარი ამაყად შეაღო. მეც უკან მივყევი დასჯილი ბავშვივით საცოდავად მობუზული.
მშვენიერი სასტუმრო იყო, მომეწონა, ვრცელი ჰოლით და ლამაზი დეკორაციებით. შესასვლელშივე ბართან დაბალი ქერა გოგონა დაგვხვდა გულწრფელი ღიმილით.
_ვაა, ნატო? შენ ისევ დაბრუნდი?_გაკვირვებული გადაეხვია რუსკა._ეს ჩემი მეგობარია ნაია თბილისიდან._მერე ჩემზე მიუთითა.
ნატომ ზრდილობიანად ჩამომართვა ხელი, სასიამოვნოაო და სამზარეულოსკენ წაგვიძღვა.
_როდიდან იხსნებით?_ისეთი ინტერესით კითხა რუსკამ, თითქოს ამაზე მეტი სადარდებელი არ ქონოდა.
_მაკოს ამბავი არ იცი? ხვალვე უნდოდა, მაგრამ ბიჭები ჯერ არ მორჩენილან ზედა სართულს და რავიცი რა გითხრა. შენმა ძმამ, ორი დღე მაინც მინდა კიდეო. არა და გიჟდება, უცხოელ დამსვენებლებს ელოდება ქალი... შენ რას იზავ, ამ ზაფხულსაც იმუშავებ?
რუსკამ მე გადმომხედა.
_არა. ამ ზაფხულს სტუმარი მყავს და არ მცალია.
"მთელი ზაფხული აქ უნდა მაყურყუტოს ამ გიჟმა?"_უსიამოდ გამკრა გულში. ალბათ, სახეზეც აღმებეჭდა უკმაყოფილება, რადგან რუსკას ამის დანახვაზე ოდნავშესამჩნევლად ჩაეღიმა.
სამზარეულოში შესულებს იქ კიდევ ორი გოგო დაგვხვდა. ჩემსავით სრული გოგო დალი იყო. მეორე, რუსკას ტანის კი თიკო.
ყავა დალიმ მოგვიდუღა. ეტყობა, ყავის მოდუღების დიდოსტატი იყო. ან, დაღლილი რომ ვიყავი, მესიამოვნა და მიტომ მომეწონა ასე ძალიან.
მოულოდნელად კარში მაღალი, სიმპატიური ბიჭი შემოვიდა და თან ხელში აყვანილი შავი, ყურებპარტყუნა ტაქსა შემოიყვანა.
_ბათო? შენც აქ ხარ?_გაუკვირდა რუსკას, მაშინვე წამოხტა და მაღალ ბიჭს სიხარულით ჩამოეკონწიალა კისერზე, თან ხმაურით აკოცა ლოყაზე._რამდენი ხანია აღარ მინახიხარ, როგორ გამაღლებულხარ ბიჭო, წყალს გისხამენ?
_არა, სასუქს მიყრიან._გაეღიმა ბიჭს, ძაღლი ძირს დასვა და მალულად მე გამომხედა. ალბათ, უცხო რომ ვიყავი, თვალში მოვხვდი.
ტაქსამ თავისუფლება იგრძნო თუ არა, ჯერ რუსკას შეაბობღდა, მან რომ ყურადღება არ მიაქცია, მერე გოგოებთან მივიდა სათითაოდ და ჩემი ჯერი რომ დადგა, ერთხანს შორიდან მიმზერდა.
_რაო, ცუგა?_გამეღიმა თუ არა, მაშინვე ჩემთან გაჩნდა და სუნსულით შემომაბობღდა.
_ახლა თუ შოკოლადს არ აჭმევ, იცოდე შეგიძულებს._გაეცინა რუსკას._იქნებ გიკმინოს კიდეც.
მისი თქმა არც მინდოდა, ისედაც ვაპირებდი მისთვის ტკბილეულის ჭმევას, რადგან პირთან მიტანილი შოკოლადის ფილა რომ შემნიშნა, მსუნაგი თვალებით შემომხედა და მივხვდი, რომ ტკბილეული უყვარდა.
_ლუკა სადღაა, არ მოდის? მისთვისაც გავაკეთე ყავა._დალიმ მორიდებით კითხა ბათოდ წოდებულ ბიჭს, რომელიც ისევ მე მათვალიერებდა მუშტრის თვალით.
_მეორე სართულის აივანზე იყო. რაღაც ვერ გაუკეთებიათ წინა მუშებს კარგად და ახლა აღმოაჩინა. არ იცი რა არის?_ გაეღიმა ბათოს._მაკო ურეკავს და ურეკავს, როდის მორჩებიო და დროის დაკარგვა არ უნდა. თქვენ მიირთვით გემრიელადო._თან ჩემთვის არ მოუშორებია თვალი.
_ნუ შეჭამე ეს გოგო თვალებით._უსაყვედურა რუსკამ და თვალებში მსუბუქი სლაპანი გაადინა._ეს ჩემი მეგობარი ნაიაა. შენ შინაური და გარეული იცოდე, ზედმეტი არაფერი მოგივიდეს.
ამ მოულოდნელობისგან ისე სასაცილოდ ააფახულა დაბნეულმა ბიჭმა თვალები, გულიანად გამეცინა.
_ეს კი, ჩემი მამიდაშვილია._ბათოზე მიმითითა რუსკამ._ რაჭველია იცოდე და გვიან გვიან ახსენდება თუ რამე აწყენინე. ამიტომ ვუბედავ ამდენს._თითებით ლოყებზე მოუჭირა, ტუჩები სასაცილოდ გააბუშტინა, თავი დაახრევინა და შუბლზე აკოცა._ცოტა დონჟუანი ბიჭი კია, მაგრამ იცის ვის უნდა აეკიდოს და ვისარა. არა მამიდაშვილო?_ისე შეხედა, აშკარად თანხმობას ელოდა მისგან.
_მთლად მექალთანეც ნუ გახადე ეს ანგელოზივით ბიჭი._ნატომ ბათოს მხარე დაიჭირა._თვალები იმისთვის აქვს, ვინმეს უნდა შეხედოს, მაშ როგორ გინდა?
_შემეშვით რა._დაიმორცხვა ბიჭმა, რუსკას ხელი გააშვებინა და მაგიდას მიუჯდა ყავის დასალევად.
ერთხელ კიდევ შევავლე ბიჭს თვალი: ხორბლისფერი კანი, გადაშლილი წარბები, ცისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები ქონდა. მთლიანობაში მართლაც ეფექტური ბიჭი იყო. აი ისეთი, თვალში რომ მოგხვდებოდა ადამიანს.
ბუსუნას რახან შოკოლადები ვაჭამე, თავს აღარ მანებებდა და კალთაზე შემობობღებული ისეთი თვალებით მიმზერდა, მეც მალ-მალე ვუხსნიდი კანფეტებს და ვაჭმევდი.
ყავის სმას რომ მოვრჩით, გოგოებს მადლობა გადავუხადეთ, დავემშვიდობეთ და სასტუმროდან გამოვედით. ბუსუნა, რაღა თქმა უნდა მე მომყვა. ასე ვთქვათ, დავძმაკაცდით. ის იყო. მანქანასთან მივედი და კარი გამოვაღე, რომ მაღლიდან მოზრდილი დაგორგლილი ქაღალდი მოხვდა რუსკას.
_ოხ, შე დამპალო._რუსკა მაშინვე ქაღალდს დასწვდა და ისევ ზემოთ ისროლა.
მეც ავიხედე და მეორე სართულის აივანზე გადმოყუდებულ წვერმოშვებულ და გრძელთმიან ბიჭს მოვკარი თვალი, რომელიც რუსკას უღიმოდა. ტანსაცმელი სხვადასხვა ფერის საღებავებით ქონდა დასვრილი. თმა რუსკასავით ზამბარებივით ქონდა დახვეული და მხრებზე ეფინა. ერთი შეხედვით მაწანწალა ბომჟს გავდა. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, თავის დაქნევით მომესალმა ღიმილით.
ზრდილობისგულისთვის მეც გავუღიმე არასასიამოვნო შესახედაობის ბიჭს და მეც თავის დაქნევით მივესალმე. ბათოსავით დაჟინებით ყურება არ დაუწყია, რუსკას მიუბრუნდა ისევ და მე კი მანქანაში ჩავჯექი. სანამ მე ჩავჯდებოდი, კარი ღია რომ დაინახა, ბუსუნამ ერთი ხმამაღლა შეყეფა და ისე ოსტატურად შეხტა მანქანაში, გამეღიმა. რუსკას დიდხანს არ ვულოდინებივარ, მალევე დაემშვიდობა ძმას და ისიც გვერდით მომიჯდა.
მართალია ღარიბული კარ-მიდამო ქონდა რუსკას, მაგრამ ძალიან სუფთა და მოვლილი. ჭიშკარი ფართოდ გამიღო და მანქანა შიგნით შემაყვანინა. ეზოში, ფიცრული ღობის გასწვრივ ნაირ-ნაირი ყვავილები და სხვადასხვაფრად მოყვავილე ვარდები იყო ჩამწკრივებული და სასიამოვნო სურნელიც იდგა. შუა ეზოში ცაცხვის ხე იდგა და მასზე ჰამაკი იყო ჩამობმული. ეზოში სხვა არაფერი იდგა. ბოლოში კი ეტყობა ბაღჩაში გამავალი კარი იყო ჩამობმული. პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ეზო იყო, მომეწონა.
_ესეც ასე, ესეც ჩემი სასახლე._რუსკამ გამიღიმა და სამალავიდან გასაღები ამოიღო და სახლის კარი გააღო. შესასვლელი ვრცელი მისაღები აღმოჩნდა, რომელსაც აქეთ-იქიდან ოთახები ქონდა. მარცხნივ სამზარეულო და ვრცელი სასადილო ოთახი ქონდა. მარჯვნივ კი სამი საძინებელი. მართალია სიღარიბე იგრძნობოდა, მაგრამ მართლაც მყუდრო გარემო იყო. თანაც, რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, სისუფთავე იყო.
ბარგი სულ ბოლო ოთახში შემატანინა.
_ჩემი ოთახი ეს არის და ჩემთან ერთად მოგათავსებ, პრობლემა ხომ არ იქნება შენთვის?
_ბაყაყი ვინ მიგდია გუბე დაიწუნოს?_გამეღიმა._მასპინძელი შენ ხარ და საღორეშიც რომ მიმიჩინო ადგილი, რა პრეტენზიები უნდა მქონდეს?
ისე მადიანად გადაიკისკისა, მეც გამაცინა.
_კარგი, შეგიძლია საწოლი შენ აირჩიო რომელზე დაწვე, მე კი წავალ და რამეს მოვამზადებ, თორემ საღამოს დამშეული კაცები რომ მოვლენ, შეიძლება ჩვენც კი შეგვჭამონ._ვითომ და ძალიან შეეშინდა._ აბაზანა თუ გინდა, სამზარეულოს ბოლოშია.
_არა, იყოს, ჯობია მართლა წამოვწვე და დავისვენო, თორემ ამხელა მანძილზე კარგა ხანია არ ვყოფილვარ და გვარიანად დავიღალე.
_თეთრეულს გადაიკრავ თუ მე გადაგიკრა?
მის მიამიტურ კითხვაზე რომ გამეღიმა, კარადა გამოაღო და ლოგინის თეთრეული გადმომიწყო.
_მოისვენე და საღამოსთვის ენერგია აღიდგინე. აქ ღამის ცხოვრებით ვცხოვრობთ ხალხი._გვარიანად გამიღიმა, საძინებლიდან გავიდა და კარი ფრთხილად გაიხურა.
ფანჯრის მხარეს შევარჩიე საწოლი. თეთრეული მაშინვე გადავაკარი საწოლზე და ტანსაცმლიანივე მივწექი. ერთი პირობა ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში შევიჭყიტე, მაგრამ ისე მალე მომერია ძილი, ტელეფონიც კი ზედ დამეცა და ვერაფერი გავიგე.
კარგა ხანს მეძინა. თვალები რომ გავაჭყიტე და ფანჯრიდან გავიხედე, უკვე ბნელოდა. სასწრაფოდ წამოვხტი, შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი და მისაღებში გავედი. იქ არავინ დამხვდა და სამზარეულოში შევიჭყიტე. არც იქ იყო არავინ. ცოტა არ იყოს შევშფოთდი, მაგრამ რომ მივაყურადე, ეზოდან ისმოდა რუსკას კისკისი და გარეთ დავაპირე გასვლა. კარის სახელურს წავეტანე თუ არა, გაიღო და ლუკას შევეფეთე. ისევ ის დასვრილი ტანსაცმელი ეცვა, ალბათ ახალი მოსული იყო სამსახურიდან. შარვლის ტოტები წვივებამდე ქონდა დაკაპიწებული, ფეხშიშველი იყო. პერანგის ღილები შეკრული არ ქონდა და ბოლოებით ქონდა გამოკრული. გრძელი თმა უკან გადაეწია და ისე შეეკრა. მოულოდნელობისგან შევკრთი. მან კი ისე გულთბილად გამიღიმა, დავიბენი. ლუკას რუსკაც მოყვა უკან და მე რომ დამინახა, გაუხარდა.
_როგორ გეძინა ძვირფასო, ჩვენ ხომ არ გაგაღვიძეთ?
_იმხელა ხმაზე კისკისებდი, მაშ რა იქნებოდა?_ეზოდანვე შეეხმიანა ბათო, რომელიც მაყალზე შამფურებს ატრიალებდა.
_ისეთ სასაცილო ანეგდოტებს მიყვებოდი, თავს ვერ ვიკავებდი და რა მექნა?_დამნაშავის იერით შემომხედა. მერე ძმას გახედა, რომელიც ისევ მე მომჩერებოდა თავისი დიდრონი თაფლისფერი თვალებით._შენ კიდევ აქ ხარ? დროზე, მწყერი იწვება უკვე და თან მშია.
ლუკამ ერთი კი შეხედა დას, მერე გვერდი ამიქცია და აბაზანას მიაშურა, მე კი გარეთ გავედი ბათოსთან და მაყალზე დალაგებულ შამფურებს ინტერესით დავხედე, რომელზეც მცირე ზომის ფრინველები იყო წამოცმული. რუსკაც მალევე მომყვა წყლის ბოთლით ხელში და აალებულ ნაკვერჩხალს დააწკაპწკაპა.
_გადავწყვიტე გარეთ ვიქეიფოთ. შენ რას იტყვი?_ინტერესით შემომხედა.
_რა საჭირო იყო ეხლა ეს?_დაბრაწულ ფრინველებზე ვანიშნე უკმაყოფილომ._რატო იხარჯები ასე?
_შინაური მწყერია, ჩვენ გვყავს, სულაც არ ვიხარჯები._მხიარულად დამამშვიდა რუსკამ._შენ ის მითხარი, რას დალევ?
_რომელი ლოთი მე მნახე?_ვითომ ვითაკილე.
_ერთი ჭიქა მაინც უნდა დავლიოთ და სასმლის არჩევა შენზე იყოს._მოშორებით მდგარ მაგიდასთან მივიდა და სუფრას გადახედა, რამე ხომ არ აკლიაო._ჰა, არაყი, ღვინო თუ ლუდი?_ისევ მე გამომხედა რუსკამ.
_რომელსაც მოიტან სუფრაზე, იმას დავლევთ._გაეცინა ბათოს.
_შენ გეკითხები?_გაუწყრა რუსკა._ჰა, ამოღერღე._ისევ მე ჩამომაცივდა.
_ბათო მართალია, რომელსაც მოიტან, იმას დავლევთ.
_კაი მაშინ და არაყი იყოს, თუ დათრობაა, დათრობა იყოს._მკვირცხლად შევარდა სახლში და მაცივრში ჩაციებული არაყი და ჭიქები გამოიტანა._თუ შეიწვა, დავსხდეთ უკვე, თორემ ბუსუნასავით ენაგადმოგდებული შევყურებ უკვე სუფრას... ლუკაც მალე გამოვა.
ბათომ შემწვარი ფრინველები ოსტატურად წააცალა შამფურებიდან და მოზრდილ თეფშებზე დააწყო, ზემოდან კი ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი მოაყარა. მერე ხელები ხელსახოცზე გაიწმინდა და სუფრას მოუჯდა, სადაც მე და რუსკას უკვე ერთმანეთის პირისპირ გვქონდა ადგილები დაკავებული.
_ცივა არა?_რუსკამ ღიმილით მკითხა და მაშინვე წამოხტა. მალევე დაბრუნდა თბილი შალით ხელში და მხრებზე მომახურა._სანამ არაყს დალევ შეგცივა. მერე კი ისე დაგცხება, პლიაჟზე გეგონება თავი.
ბათომ ზრდილობიანად მომაწოდა შემწვარი მწყერი. უარი ნამდვილად არმითქვია. ჯერ ერთი, მშიოდა და მეორეც, ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, რუსკასი არ იყოს, ბუსუნასავით ენაგადმოგდებული შევყურებდი უკვე. რუსკამ ჭიქები შეავსო და თამადობაც თვითონ იკისრა. პირველი ჭიქა უფლის სადიდებელი ვთქვით. მეორე ოჯახის. მესამე ჩემი მისვლის და შევატყე კიდეც, რომ ძარღვებში მართლაც გამითბა სისხლი. ალკოჰოლმაც კარგად გამაბრუა და ხალისზე მომიყვანა. ვატყობდი ჩემს თავს, რომ უმიზეზოდ მეცინებოდა ყველაფერზე. ლუკა სულ გადაგვავიწყდა და გამიკვირდა, როცა მოვიდა და ჩემს სიახლოვეს ცარიელ სკამზე ჩამოჯდა. თმა კეფაზე ქონდა დახვეული და ისე შეკრული. სუფთა ტანსაცმელი ეცვა, ბომჟს აღარ გავდა, მაგრამ წვერი ისევ გასაპარსი ქონდა და თითქოს არ უხდებოდა.
_აბა, ჩაიმატე._მაშინვე ჭიქა შეუვსო უკვე შეზარხოშებულმა რუსკამ.
_არ მინდა, დილით ადრე უნდა წავიდე. იქნებ მოვრჩე ამ ორ დღეში რემონტს, თორემ მაკო გიჟს გავს უკვე, სეზონი არ ჩამივარდესო.
_ოო, ერთი ჭიქა არაფერს გიზავს._გააპროტესტა რუსკამ და ფეხზე წამოდგა._მეც კარგად მომედო უკვე ჯაგივით და მეტის დალევა აღარ მინდა. მოდი, ამჭიქით ცაში ღმერთს, მთაში სალოცავებს, ბარში ჩვენ და მიწაში კიდე ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს._მთელი გრძნობით თქვა და ბოლომდე გამოცალა ჭიქა.
მისი გამოთქმული სადღეგრძელო მარტო მე კი არა, ბათოს და ლუკასაც მოეწონათ და მათაც ბოლომდე გამოცალეს ჭიქები.
მართალია აღარ ვსვავდით, "მალალიტრაშკები"აღმოვჩნდით მე და რუსკა, მაგრამ ისევ სუფრასთან ვისხედით. ბათო სასაცილო ანეგდოტებს გვიყვებოდა და გულიანად გვაცინებდა. ლუკა კი ჩაფიქრებული იჯდა მაგიდასთან და აშკარად ჩვენთან არ იყო.
_ვაა, თია ბიცოლაც მოვიდა._ბათოს შეძახილზე მეც მისი მზერის მიმართულებით გავიხედე და შავებში ჩაცმული ქალი დავინახე, რომელსაც აშკარად ეტყობოდა სახეზე დაღლა, მაგრამ მაინც ღიმილით გვიახლოვდებოდა.
_ჩემი საყვარელი დედიკო._მაშინვე წამოხტა რუსკა და ქალს ჩაეხუტა._როგორ მომენატრე დე._თან ხმამაღლა კოცნიდა.
_სახლი არ გაქვს, ეს გოგო რა ეზოში დაგისვია?_უსაყვედურა შვილს და ჩემს გაწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება.
_სუფთა ჰაერზე უკეთესია._მეგობრის მხარე დავიცვი ღიმილით.
_დაჯე, ახლავე გამოგიტან თეფშს._დაფაცურდა რუსკა.
_არ მშია, იყოს, ისე ჩამოვჯდები._თქვა ქალმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა._როგორ მოგეწონა შვილო ჩვენი მხარე?_ღიმილით მკითხა.
სანამ მე რამეს ვეტყოდი, რუსკამ დამაბიზღა.
_მოვედით თუ არა, აკლიმატიზაციამ მასზე ცუდად იმოქმედა და ეძინა. ხვალ გავასეირნებ და დავათვალიერებინებ ყველაფერს.
_შენებურად ყველაფერს ერთბაშად ნუ აჩვენებ, არ დაღალო._ღიმილით დაარიგა ლუკამ და ფეხზე წამოდგა._ბოდიშით, მე დაგტოვებთ, დავიღალე. თან, დილით ადრე უნდა ავდგე._მოგვიბოდიშა მორიდებით და სახლისკენ წავიდა.
რატომღაც ყველამ მას გავაყოლეთ თვალი მოხდენილი მსუბუქი ნაბიჯებით რომ მიდიოდა. შევიდა თუ არა და თვალს მიეფარა, რუსკა მაშინვე ბათოს მიუბრუნდა.
_დღეს რა სჭირს?
_აბა მე რა ვიცი?_გაუკვირდა ბათოს და ისიც წამოდგა.
_მოიცა._მკლავში სწვდა და ისევ სკამზე ჩამოსვა._რაღაც არ მჯერა, რომ შენ არაფერი იცი. ძალიან მოწყენილი იყო. საჭმელიც არ უჭამია. რა დაეტაკა?
ბათოს ხმა არ ამოუღია.
_რამე ხომ არ აწუხებს, ცუდად ხომ არ არის? _შეწუხდა რუსკას დედაც.
_მგონი ნათიასთან იჩხუბა._ჩურჩულით თქვა ბათომ.
_ოხ, დიდი ხანია._აღშფოთდა რუსკა._როგორ ვერ ვიტან მაგ გოგოს. კატა-თაგობანას ეთამაშება სულ.
_გაჩუმდი, არ გაგიგოს._გაუწყრა დედა._შენ ძმას ის უყვარს და შენ მოგწონს თუ არა, არავინ გკითხავს.
_ხო და ჩერჩეტია თუ უყვარს! გოგოები დალეულა ამქვეყნად? რას აფასებინებს იმ უტვინო თავს ნეტა?
_გაჩუმდი, შენ არავინ გკითხავს._ისევ გაუწყრა დედა._შენ ვინც მოგწონს, აბა, რატო მას არ ეკითხები, მოსწონს?
დედის არგუმენტმა წამით გააჩუმა, მერე კი მაინც ბუტბუტით წამოდგა და სუფრის ალაგება დაიწყო. მეც მაშინვე წამოვდექი. ბევრი კი მეწინააღმდეგა, არ მინდა შენი მოხმარებაო, მაგრამ მაინც ერთად ავალაგეთ სუფრა. ჭურჭელიც სინქრონში დავრეცხეთ და უკვე მიჩუმებულ ოთახებს ჩუმი კისკისით ჩავუარეთ, რომ ბიჭები და რუსკას დედა არ შეგვეწუხებინა ჩვენი როგორც ბებია მეტყოდა "ჭიხვინით". ოთახში შესულებმა მაინც ვერ მოვითმინეთ და ერთმანეთს ბალიშებით დავცხეთ. კარგა ხანს გაგრძელდა ჩვენი ორთაბრძოლა. ჩვენს ხმაურზე ხალათმოცმულმა თიამ რომ შემოყო მოღიავებულ კარში თავი, ერთხანს გაკვირვებულმა გვიყურა.
_რა დაგეტაკათ?_ბოლოს მკაცრად რომ გვკითხა, მე შემრცხვა და მაშინვე "ჩავეგდე" საწოლში._ბიჭებს სძინავთ და უნდა გააღვიძოთ?
პასუხი რომ არ დავუბრუნეთ, სინანულით გაიხურა კარი.
რუსკამ ისევ სცადა ჩემი აყოლიება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამახსენდა, ლუკამ რომ თქვა, დავიღალე და ხვალ ადრე უნდა ავდგეო, შემეცოდა და ყველანაირ ძალ-ღონეს მოვუხმე, რომ რუსკას პროვოკაციაზე არ წამოვგებულიყავი. ოთახში შუქი ჩავაქრე და დაძინებას შევეცადე. თუმცა, დღისით რომ მეძინა, ვეღარ მოვხუჭე თვალი. თან, გარემო რომ შევიცვალე, იმის ბრალიც იყო ალბათ. არყის სიმთვრალეც ბალიშებით ორთაბრძოლის დროს გამოსულიყო. კარგა ხანს ვიწრიალე უცხო საწოლში. ხან სოციალური ქსელი დავლაშქრე, ხან მუსიკებს ვუსმინე ყურსასმენებით. მოკლეთ, დიდხანს ვიტანჯე. რუსკას შედარებით მალე და ადვილად ჩაეძინა. მე რომ ვეღარა და ვეღარ მოვისვენე, ფრთხილად ავდექი, შალი მოვიხურე მხრებზე და ეზოში ფეხაკრებით გავედი. ბუსუნამ მალევე გაიგო ჩემი გასვლა, წინ გადამეღობა ჩუმი ღრენით, თუმცა, მალევე მიცნო და კუდის ქიცინით მომყვა უკან.
ჰამაკს მივაშურე.
იქ რომ ჩავწექი, ბუსუნაც ამომაბობღდა და ისიც ჩავიწვინე. სასიამოვნო მოსაფერებელი ბეწვი ქონდა. ალბათ, სპეციალურ შამპუნში აბანავებდნენ. მესიამოვნა ღამის სიგრილე და მთის მაღალი ჰაერი. ნებიერად ვირწეოდით მე და ტაქსა ჰამაკში და ჩემდა გასაკვირად რუსკას საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი: "ამ მთოვლიან მთებში ვსვამ და ვერა ვთვრები..." ასეთ კარგ განწყობაზე არასდროს ვყოფილვარ. გარემოც კარგი იყო და ოჯახიც, უბრალო და სასიამოვნო. წუთით მაინც რომ დამავიწყა პაატა და ლენა, ეს მართლაც რაღაცას ნიშნავდა. არა და ყოველთვის მწარედ მახსენებდა ჩემი ამბავი თავს და რუსკა რომ არა, ალბათ ქვების სროლას დავიწყებდი და ბედიანაშიც გამომკეტავდნენ.
კარგა ხანს დავყავი იქ. მერე კი, ცოტა სიცივემ რომ შემაწუხა და წამოდგომა დავაპირე, ზუსტად მაშინ გაიღო კარი და სახლიდან ვიღაც გამოვიდა. ერთ ადგილზე გავშეშდი და გავისუსე. იმ ვიღაცამ სიგარეტს გაუკიდა და გააბოლა. ასანთის შუქზე დავინახე, რომ ლუკა იყო.
მომერიდა. არ მინდოდა ჰგონებოდა, რომ მარტო იყო, მაგრამ ვერც ადგომა მომეხერხებინა. ბუსუნამ კი, პატრონი დაინახა თუ არა, იმდენი იწვალა, გადამიხტა და მასთან გაიქცა. ხმაურზე ჩემსკენ რომ გამოიხედა ლუკამ, მთვარის შუქით განათებულ ეზოში მივხვდი, რომ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. თუმცა, რომ მომიახლოვდა, მომიბოდიშა.
_უი, რუსკა მეგონე._მორიდებით მითხრა.
_არაუშავს._წამოვდექი და შალი საგულდაგულოდ მოვიხვიე მხრებზე._თქვენთან საგრძნობლად ცივა... თუმცა ვაღიარებ, რომ კარგია...
_კარგია, მაგრამ ვერ ისვენებ და არ გეძინება არა?_გაეცინა.
_დღისით მეძინა. თან, გარემო რომ შევიცვალე... ასე ვიცი ხოლმე ყოველთვის, მიჭირს პირველი ღამე უცხოდ._თავი ვიმართლე.
_ერთნაირები ვყოფილვართ._ისევ გაეცინა ლუკას._იმიტომ არ მიყვარს სადმე წასვლა.
_ახლა ხომ სახლში ხარ მაინც ვერ იძინებ?_ახლა მე გამეცინა.
ლუკას აღარაფერი უთქვია, უბრალოდ ძლიერი ნაფაზი დაარტყა და გვერდით გააბოლა.
_წავალ, დავწვები. შევეცდები დავიძინო. ღამემშვიდობისა._გვერდი ავუქციე და სახლში შევედი.
გამახსენდა, ბათომ რომ თქვა, ნათიას ეჩხუბაო, ალბათ იმიტომაც ვერ იძინებდა. ისე კი, შეყვარებულების კინკლაობა, მგონი სერიოზულად არც კი უნდა მიიღოს ადამიანმა. ვინც გიყვარს, ყოველთვის იმას უშლი სიყვარულით ნერვებს, მასზე ღელავ და ეჭვიანობ კიდეც, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. აბა, გადამეტებული ეჭვიანობა და ნერვების შლა ავადმყოფობაა უკვე და მეტი არაფერი... როგორ თქვა რუსკამ, დიდი ხანია არ უჩხუბიათო? ხშირად ჩხუბობენ ვითომ თუ უბრალოდ რუსკა აზვიადებს?.. სანამ საძინებელში შევიდოდი, ერთი კიდევ გავხედე ფანჯრიდან ჩაფიქრებულ ბიჭს, რომელიც ნერვიულად აბოლებდა სიგარეტს და ვუთანაგრძნე. ბოლოსდაბოლოს, რაც არ უნდა სიყვარულით იყოს გამოწვეული შეყვარებულების კინკლაობა, მაინც სანერვიულოა...
ალბათ ჰაერზე ყოფნამ მიშველა, დავწექი თუ არა საწოლში ტკბილად დამეძინა და ისე ვიწექი, ფეხი არ გამიქნევია. დილით რუსკას კისკისმა რომ გამაღვიძა, ისევ იმ პოზაში ვიყავი, როგორშიც ჩამეძინა. ერთხანს მის ლაღ და მშვენიერ სიცილს ვუსმინე, ეზოდან რომ აღწევდა. კარგა ხანი იყო ასე გულიანად მე არ მეცინა და გულს სასიამოვნოდ ეფინებოდა ახლა მისი წკრიალა ხმა. მერე წამოვხტი, თავი მოვიწესრიგე და მეც ეზოში გავედი.
რუსკა ბუსუნას ეთამაშებოდა.
როგორც გაირკვა, მარტოები ვიყავით სახლში. რუსკას დედა რომელიღაც სასტუმროში მზარეულად მუშაობდა და დილით ადრევე წასულა. ბათო და ლუკაც წასულები იყვნენ და ჩვენი იყო ბურთიც და მოედანიც. არ გვისადილია, უზმოზე ყავა დავლიეთ და ტყეში წავედით სასეირნოდ. ფოტოების გადაღება, რაც წონაში მოვიმატე, აღარ მიყვარდა, მაგრამ იმდენი ქნა რუსკამ, მაინც უამრავი ფოტო გადავიღეთ.
მშვენიერი ბუნება, სუფთა ჰაერი_ვატყობდი, რომ ძალიან კარგად მოქმედებდა ჩემზე. უდარდელი, ლაღი და მშვიდი ვიყავი რუსკასავით. ალბათ, ამ გარემოს დამსახურება იყო, რომ ეს გოგო ყოველთვის პოზიტივით იყო სავსე. ცოტა კი დავიღალე, მაგრამ რას დავეძებდი? გახდომა და ძველ ფორმაში ჩადგომა არ მაწყენდა ნამდვილად და გადავწყვიტე, ცოტა დიეტებით და ცოტა ვარჯიშით მიმეხედა საკუთარი თავისთვის. როცა იქნებოდა, ხომ შევხვდებოდი პაატას და ლენას და ასე განადგურებული და შეცვლილი რომ ვენახე,ხომ გაუხარდებოდათ და დამცინებდნენ?
_მადლობა ღმერთს, მაგ ჭკუაზე რომ დადეგი._ჩემზე მეტად მგონი რუსკას გაუხარდა ჩემი ცხოვრებისკენ მობრუნება._ეგ საქმე მე მომანდე და გპირდები, მოდუნების და დაზარების საშუალებას არ მოგცემ._გადამეხვია და მადიანად გადამკოცნა._მიხარია, ძველი ნაია რომ უბრუნდება ამ სამყაროს ნელ-ნელა. იმათ კი, მინდა გითხრა, რომ ღმერთი დასჯით სამართლიანად. ეს ჩვენ გვეჩქარება, თორემ ღმერთი სამართლიანია და მას თავისი დროები და პერიოდები აქვს. არავის არაფერი შერჩენია დაუმსახურებლად და არც ისინი იქნებიან გამონაკლისები.
********************
იმ დღიდან მართლაც დავიწყე დიეტა. კვების რაციონიდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული, შემწვარი და ცხიმიანი საჭმელები. დილით უზმოზე რუსკა ვაშლის ძმრით გაზავებულ ერთ ჭიქა წყალს მაძალებდა ყოველთვის. დილაადრიან სირბილიც დავიწყეთ. ყველაზე მეტად მუცლის პრესის ვარჯიშები გამიჭირდა, მაგრამ რუსკა მართალი აღმოჩნდა, მოდუნების და დაზარების საშუალებას არ მაძლევდა, ისეთი მკაცრი ინსტრუქტორი იყო, მეტი რომ არ შეიძლებოდა. სამი-ოთხი დღით ვაპირებდი მასთან დარჩენას, მაგრამ ისე გამიტკბა, თანახმა ვიყავი მთელი ზაფხული აქ გამეტარებინა.
ლუკას მართლაც ორი დღე დასჭირდა სასტუმროს რემონტის დასრულებისთვის. ძალიან მოინდომა, თორემ სხვა ალბათ ოთხ-ხუთ დღესაც გაუწელავდა მაკოს. დილით უთენია მიდიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა დაღლილ-დაქანცული. რემონტის დასრულებიდან ორი დღეც დალაგება-დასუფთავებას მოანდომეს ნატომ, დალიმ და თიკომ. რამდენჯერმე ჩვენც ვესტუმრეთ და ნახევარსაათიანი წუთშესვენება გავაკეთებინეთ გოგოებს ყავის სმის ხარჯზე.
ლუკა, როგორც აღმოჩნდა, მაკოს სასტუმროში ყველაფერზე მუშაობდა. სადაც რა დასჭირდებოდა მაკოს, იქით ამწესებდა. ბათო დასასვენებლად იყო ჩამოსული და ისვენებდა კიდეც. ჩემთან მოსასვლელი გზები ყველანაირად რომ გადაუკეტა რუსკამ, უცხოელ დამსვენებლებს დასდევდა და ასე ვთქვათ, ეჩალიჩებოდა. მართლაც დონჟუანი აღმოჩნდა ეს სიმპატიური და ეშხიანი ბიჭი. ლუკა კი, როგორც რუსკა ამბობდა, წუთას ურიგდებოდა შეყვარებულს და მეორე წუთას ისევ ჩხუბობდნენ. რა ქონდათ ამდენი გასაყოფი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ნერვიულობისგან ღამეებს თეთრად რომ ათენებდა ეზოში სიგარეტის წევით, ხშირად ვხედავდი ფანჯრიდან. ჩემთან შედარებით ალბათ ნაკლები პრობლემები ქონდა ნათიასთან, მაგრამ მაინც რომ ნერვიულობდა, მესმოდა მისი.
ერთ კვირაში ბევრი ვერა, მაგრამ რუსკას დახმარებით და ჩემი მოწადინებით სამი კილო მოვიკელი. ისეთ სიმსუბუქეს და ხალისს ვგრძნობდი, თითქოს ახლიდან ვიყავი დაბადებული. რუსკა მართლაც რომ შეუცვლელი და ერთადერთი საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა ჩემთვის. ეს რომ არ მყოლოდა გვერდით, რა მეშველებოდა არ ვიცი... მე თვითონვე ვატყობდი საკუთარ თავს, რომ ძველი ნაია ვბრუნდებოდი.
ერთ საღამოს, ბათო რომ დაბრუნდა სახლში, რუსკამ ახალი ამბები გამოჰკითხა.
_მაკოს ისეთი მშვენიერი უცხოელი დამსვენებელი ყავს, ქალები ბუზებივით ესევიან. თან, მდიდარიც არის, მაგრამ ეგ არის, გეია ის ოხერი... არა და, ორი თვალი მომცა და მაყურებინაო, იტყვი. ლამის მეც შევიცვალო იმის გამო ორიენტაცია.
_ნუ სულელობ რაღაცას ერთი._გაუწყრა იმ წუთას შემოსწრებული ლუკა._ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ არ გავაჭაჭანებდი ჩვენს ტერიტორიაზე.
_შენ რას გიშავებს?_გაეცინა ბათოს._არის თავისთვის კაცი და ცხოვრობს როგორც ეცხოვრება.
_ფუ, მაგის..._დაბალი ხმით შეიკურთხა უცხოელი გეის მისამართით._ჩვენს მეზობელ სასტუმროში კიდევ, ქართველი გეია დაბინავებული. ისიც მდიდარია და როგორ ეჩალიჩებიან ერთმანეთს უნდა ნახოთ. გულისამრევია ყველაფერი... პირველ რიგში მაკოს აქვს კისერი დასაჭრელი, რომ დიდ პატივში ყავს ის პიდარასტი.
_ესე იგი, შენ მოგეწონა?_ძმის ნათქვამი აინუნშიც არ ჩაუგდია რუსკას და ისევ ბათოს მიუბრუნდა ინტერესით._შენი გემოვნების ამბავი რომ ვიცი, ალბათ მართლაც მაგარი ტიპია... აუ, როგორ დამაინტრიგე, მისი ნახვა მომინდა...
_ქალები არ მოსწონსო ვერ გაიგე შენ?_ისევ იგრძნობოდა ლუკას ხმაში სიბრაზე.
_არ მოსწონს და ნუ მოსწონს, მერე რა? განა უნდა გავეპრანჭო? უბრალოდოდ, დიდი სურვილი მაქვს გავიცნო...
_შენი სურვილის ჭირიმე რაა... რა გასაცნობიც ის არის?
_შენ რატო ბრაზობ მასე ძალიან, შემთხვევით შენ ხომ არ დაგადგა თვალი?_გადაიკისკისა რუსკამ.
მეც ვაპირებდი გაცინებას, მაგრამ გაბრაზებულ ლუკას რომ შევხედე, სახეზევე შემეყინა ღიმილი.
რუსკამ ძმის გასაპარსი ლოყები ხელისგულებში მოიმწყვდია და ცხვირზე აკოცა.
_ნუ იგრუზები, ბუნებაც ცდება ხანდახან. ისიც ადამიანია, მასეთად დაიბადა და რაქნას? მასაც აქვს ამ სამყაროში სიცოცხლის უფლება._ახლა თმა მოუჩეჩა გაბრაზებულ ძმას._მხოლოდ ერთი ნახე და მასეთი რეაქცია გაქვს. იცი, რამდენი გეია მსოფლიოში? გეი აღლუმზე რომ მოხვდე, ნეტა რას იზავ?
_ღმერთმა დამიფაროს._აშკარად გაბრაზებული იყო ლუკა. ჩვენთან აღარ გაჩერებულა. თავის ოთახში შეიკეტა და აღარც გამოსულა.
_ამას ისევ თავის ქალბატონი გააბრაზებდა და ქვეყნიერებაზე უნდა რომ ჯავრი იყაროს._უკმაყოფილოდ წაიბუტბუტა რუსკამ და ისევ ბათოს მიუბრუნდა._რა თქვი, სადაურიაო?
_ესპანელია, პაბლო ქვია... მართლა მაგარი ტიპია. არა და, შეხედავ, ვერ შეატყობ ვერაფერს. ზოგს რომ აშკარად ეტყობა გადახრები... ქალები მართლაც ბუზებივით ესევიან, მაგრამ ზედ არ უყურებთ. ვიღაც ბესოა მაგ სასტუმროს გადასწვრივ სასტუმროს მეპატრონის შვილი მგონი და იმას ეჩალიჩება. მაგრამ, არაფერი გამოუვა...
_რა იცი?_გაუკვირდა რუსკას.
_ის თავის გეი პარტნიორთან ერთად არის...
_უყურე შენ._ინტერესით მოწკურა რუსკამ თვალები._მაგათი ეჭვიანობის სცენები მაჩვენა ერთი, მეტი არაფერი მინდა...
_იმ პაბლოს თარჯიმანი ყავს, ნიჩევო ქალია, მაგრამ ისეთია, არავის აწაწანებს მის სიახლოვეს. მოკლეთ, თუ გაინტერესებთ, თვითონ უნდა ნახოთ, ასე გადმოცემით ვერაფერს გაიგებთ._ბათოც ადგა და ოთახში შევიდა.
_მოდი, ხვალ მაკოს სასტუმროს წინ გავიტასაოთ, ძალიან დამაინტერესა ესპანელმა ცისფერმა კაცმა.
_მოგცლია ერთი. რა სანახავიც ის არის?.._აშკარად არ მომეწონა მისი იდეა.
_ეს რომ აქებს, მაგარი ტიპიაო, მართალია თუ არა გავიგოთ.
_რომ მოგეწონოს, მერე?_ეშმაკურად მოვწკურე თვალები._შეაცვლევინებ ვითომ ორიენტაციას?_გამეცინა და რუსკაც ავაკისკისე მაღალ ხმაზე.
მეორე დღეს მართლაც "გავატასავეთ" მაკოს სასტუმროსთან. თუმცა, სულ ტყუილად ვიყურყუტეთ, გეი პაბლო ვერ ვნახეთ ვერსად. მე სულ არ მედარდებოდა ვნახავდი თუ არა, რუსკას აინტერესებდა რატომღაც და მეც მას დავყვებოდი უწადინოთ წინ და უკან, იქნებ სადმე გადავყროდით. რამდენჯერმე ლუკამ დაგვინახა საეჭვოდ რომ ვწრიალებდით შორიახლოს და გაბრაზებულმა გამოგვხედა სასტუმროდან.
_მაინც არ მოისვენე და წამოხვედი ხომ?_ჩუმად უსაყვედურა დას._ესეც რომ აიყოლიე._ისე ანიშნა ჩემზე, მისი შემრცხვა.
_რა გინდა ვერ ვხვდები, მისი დანახვა დანაშაულია? რას გიჟდები?_შეუბღვირა.
_იმას ვგიჟდები, რომ ამ ქალებს თავში ტვინი არ გაქვთ...
_შენ ეხლა ნათიაზე გულმოსული ყველას ერთ ქვაბში ნუ ყრი... მოიცა, შემთხვევით, ნათიასაც ხომ არ მოსწონს ეს ჩვენი გეი პაბლო?_მოულოდნელად ხმამაღლა გადაიკისკისა რუსკამ და გარშემომყოფების ყურადღებაც მიიქცია.
_რა გელაპარაკო?_გაგულისებით ჩაიქნია ლუკამ ხელი და ისევ სასტუმროში დაბრუნდა.
ინსტიქტურად გავაყოლე თვალი. გრძელი თმა ცხენის კუდივით ქონდა შეკრული და ამაზე გამეღიმა. ორიენტაციაშეცვლილი ხალხი არ მოსწონდა, მაგრამ თვითონ რატომ ქონდა ქალივით გრძელი თმა, ამას ვერ ვხვდებოდი.
_წამო, პარკში გავისეირნოთ, თორემ ის კომუნისტი აქ რომ გვხედავს, გასკდება გულზე._ხელკავი გამომდო რუსკამ და სასტუმროს უკან გაშენებულ პარკისკენ ნელი ნაბიჯებით გავეშურეთ.
_იცი რა მაინტერისებს? ვაჟკაცობაზე დებს შენი ძმა თავს და რატო აქვს გრძელი თმა?
ჩემს შეკითხვაზე რუსკას გაეცინა.
_ისეთი თმა აქვს, ვერანაირ მოკლე ვარცხნილობას ვერ იყენებს. მაშინ ძალიან მოკლედ უნდა შეიჭრას. არა და, ძალიან უშნო ყურები აქვს და არ უხდება. ცალკე მაგაზეა გაგიჟებული, ან ყურები მქონდეს ნორმალური, ან თმაო.
ყურები მართლაც არ შემიმჩნევია როგორი ქონდა, თმა კი, უნდა ვაღიარო, რომ უმრავლესობა გოგოებისა უარს არ იტყოდა მასეთ ზამბარებივით დახვეულ თმაზე.
პარკი გადაჭედილი იყო დამსვენებლებით. ვერც ერთი ცარიელი სკამი ვერ მოვიძიეთ და ისევ ტყისკენ გავუყევით ლაპარაკ-ლაპარაკში ბილიკს. აღმართს რომ შევუყევით, გული ამოვარდნაზე მქონდა, ისე მიჭირდა ასვლა. ცოტა ხანს ისევ ვიარეთ და მერე გვირილებით გადაპენტილ მდელოოზე გადავუხვიეთ და იქ ჩავსხედით. მშვენიერ ფონზე გვარიანად ვისელფავეთ. რანაირი ფოტოები აღარ გადავიღეთ. ვიგორავეთ კიდეც გიჟებივით და გვარიანად გავერთეთ. იქიდან ისევ პარკში ჩამოვიარეთ. კვლავ გადაჭედილი იყო იქაურობა და ახლა მეორე მხრიდან მოვუარეთ სასტუმროს, რომ ლუკას არ შევემჩნიეთ. რუსკას გეი პაბლოს ნახვის სურვილი მაინც არ უქრებოდა. ეგ კი არა, მეც უკვე ნელ-ნელა მიმძაფრებდა მაგ სურვილს და აგენტებივით დავძრწოდით სასტუმროს შორიახლოს. იქვე ნატოსაც გადავაწყდით. ორივე მხარეს ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. გულწრფელი მიკითხვ-მოკითხვების შემდეგ მისგან გავიგეთ, რომ დამლაგებლის ვაკანსია ქონდათ სასტუმროში და ვერავის შოულობდნენ. მე რომ არ ვყოლოდი სტუმრად, რუსკასთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა, ფულსაც იშოვიდა და პაბლოსაც ახლოს გაიცნობდა. რატო აიკვიატა ეს პაბლო ასე ძალიან, არ ვიცი, მაგრამ ცხადი იყო, რომ დიდი სურვილი ქონდა ენახა.
დიდხანს არ გაჩერებულა ნატო ჩვენთან საჭორაოდ და ჩვენც მოკლეზე დავადექით რუსკას სახლისკენ მიმავალ გზას. სადგურთან ბევრი ხალხი ირეოდა. ეგრედ წოდებული "კუკუშკა" გასასვლელად ემზადებოდა და მგზავრებს ვერ იტევდა ბაქანი. იმდენი უცხოელი ლაპარაკობდა ირგვლივ, ქართული ერთი სიტყვაც კი აღარ ისმოდა. "კუკუშკა" რომ წავიდოდა, ჩვენც გავყვებოდით ლიანდაგს და სამას მეტრში უკვე რუსკას სახლთან ვიყავით. ცოტა ხნით ბაქანზე მოგვიწია გაჩერება და ჩვენც დიდი ინტერესით ვათვალიერებდით უცხოელ დამსვენებლებს. მოულოდნელად დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ინსტიქტურად მეც იქით გავიხედე. მატარებლის ვაგონში ფანჯარასთან მჯდარი მამაკაცი დავინახე, რომელიც მიმზერდა, მაგრამ შევხედე თუ არა, თვალი მომარიდა. ბლანჟე ქონდა და გრძელი თმა კეფაზე შეკრული. წამიერად შევხედე თვალებში და აშკარად მეცნო მისი შავი თვალები. მღელვარებისგან გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ბლანჟეიან მამაკაცს თვალს არ ვაშორებდი, რომელიც მე აღარ მიყურებდა. რუსკას არ გამოჰპარვია ჩემი მღელვარება და მკლავზე შეშფოთებული ჩამაფრინდა.
_რა გჭირს, ცუდად ხარ?
_პაატა?_ძლივს ამოვილუღლუღე და ხელი მატარებლის ვაგონისკენ გავიშვირე, რომელიც ის-ის იყო დაიძრა ადგილიდან.
_პაატა? სად?_ჩემზე მეტად რუსკა აფორიაქდა და აღელდა.
_იმ მატარებელში._ეს ვთქვი და ვაგონს სირბილით გავეკიდე._პაატა!!! პაატა!!!_თან განწირული ხმით ვყვიროდი.
რუსკაც უკან მომყვებოდა სირბილით.
_დარწმუნებული ხარ, პაატაა?
_შეცვლილია, მაგრამ დარწმუნები ვარ, ის არის._პლატფორმის ბოლომდე ვდიე ვაგონს, მაგრამ სულ ტყუილად. გამწარებული იქვე ჩავიცუცქე და თავი ხელებში ჩავრგე.
_ძლივს ვიპოვე და ისევ გამექცა._ისე მწარედ ამოვიგმინე, ლამის გულიც თან ამოვაყოლე.
_დარწმუნებული ხარ, რომ პაატა იყო?_ისევ ეჭვით მკითხა რუსკამ.
_ბლანჟე აქვს მოშვებული და თმა გაზრდილი, მაგრამ ის არის, დარწმუნებული ვარ... თუმცა, ისევ დავკარგე.
ერთხანს უხმოდ მომჩერებოდა რუსკა, მერე თითქოს გონება გაუნათდაო.
_სულაც არ დაგიკარგავს, წამოდი, თუ მართლა ის არის, გამოვიჭერთ._წამომაყენა და კისრისტეხით გამაქცია ლიანდაგებზე._სანამ ბორჯომში ჩავა კუკუშკა, შვიდ სადგურზე უნდა გაჩერდეს. წამოდი, მანქანით წავიდეთ და სადმე გამოვიჭერთ.
გვიან გავიაზრე რაც მითხრა, მაგრამ როცა მივხვდი, მაშინ კი ისეთი მოვკურცხლე სახლში მანქანისკენ, რომ რუსკა გვარიანად ჩამოვიტოვე უკან. "შპალებზე" რამდენჯერმე ფეხი გადამიბრუნდა კიდეც და ლამის მოვიტეხე, მაგრამ არაფრად ვაგდებდი. ბუსუნასავით ქაქანით მივვარდი მანქანასთან, ეზოდან გიჟივით გამოვიყვანე, რუსკა ჩავისვი და მის შედგენილ მარშრუტს დავადექი.
ასე სწრაფად მგონი ცხოვრებაში არ მივლია. არ მინდოდა პირველ სადგურზე მატარებელს მიესწრო ჩემთვის და პაატა სადმე გამქრალიყო.
_დაწყნარდი. მატარებელი ნელა დადის და რაც არ უნდა ნელა იარო, მაინც ჩვენ მივუსწრებთ._მამშვიდებდა რუსკა, მაგრამ მე მისი არც ერთი სიტყვა არ მესმოდა.
პატარა ცემის სადგურში "კუკუშკას" მართლაც გაცილებით ადრე მივუსწარით და იქ მომიწია მტანჯველი ლოდინი. ასე საშინლად დრო არასდროს გამწელვია ცხოვრებაში. სანამ მატარებელი შემოვიდოდა სადგურში, ლამის იქვე გავთავდი.
_ბოლო ვაგონის მეორე ფანჯარასთან იჯდა. ბლანჟე აქვს და გრძელი თმა კეფაზე აქვს შეკრული. თეთრი, გრძელსახელოიანი პერანგი აცვია და შავი პაჟები მოუჩანდა. მატარებელი გაჩერდება თუ არა, მე ვაგონში ავალ. შენ კი აქ ათვალიერე._განკარგულება გავეცი თუ არა, მატარებლის ხმაც შემოგვესმა და უარესად ავღელდი.
_დაწყნარდი და ღრმად ისუნთქე._ჩემს დამშვიდებას ცდობდა ჩემზე მეტად აღელვებული რუსკა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. შეპყრობილივით ვიყავი უკვე და ერთი სული მქონდა მატარებელი გაჩერებულიყო და ბოლო ვაგონში ავსულიყავი.
მატარებელი ნელი სვლით შემოვიდა სადგურში და ბოლოს როგორც იქნა შეჩერდა. ერთი კიდევ შევხედე რუსკას და ვანიშნე, შენ აქ ათვალიერე-მეთქი, მერე ღრმად ჩავისუნთქე და სუნთქვაშეკრული ავედი ბოლო ვაგონში. მეორე ფანჯარამდე მუხლების კანკალით მივდიოდი და ზურგით მჯდარ ნაცნობ მამაკაცს თვალს არ ვაშორებდი, რომელიც გაუნძრევლად იჯდა. მის წინ ქალი იჯდა. ის კი ფანჯრიდან იყურებოდა. ერთხანს შევჩერდი, მხნეობა მოვიკრიბე და იმ ქალის გვერდით დავჯექი, მის წინ რომ იჯდა და გამომწვევად მივაშტერდი თვალებში. ერთი კი შემომხედა. თითქოს შეკრთა კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მოუქცევია ჩემთვის.
_რაო, იმიჯი შეიცვალე და გგონია ვერ გიცანი?_გაბრაზებულმა მკაცრი ხმით ვკითხე.
_რა ხდება, გოგონი?_ჩემს გვერდით მჯდარმა ქალმა ინტერესით გადმომხედა._ვინმეში გეშლებათ?
_ვინმეში მეშლება?_ხმამაღლა გადავიხარხარე._ერთი წელი ჩემს საწოლში ნებივრობდა და როგორ გგონია მეშლება?_ისე დავუბრუნე კითხვა, ჩუმად მყოფი მამაკაცისთვის არ მომიშორებია თვალი, რომელიც გაოცებით მომჩერებოდა.
_აშკარად ვიღაცაში გეშლებათ._თითქოს ნიშნისმოგებით შემომღიმა ქალმა.
_არაფერიც არ მეშლება!_გაბრაზებულმა დავუბრიალე კაცს თვალები._, კიდევ გაქვს ჩემი ფულები, თუ გამოგელია? თუ სხვა გააბით შენ და ლენამ მახეში?
_გოგონი, დამშვიდით. მას ქართული არ ესმის.
_ქუე ესტა პასანდო?_ამის მსგავსი რაღაც კითხა მამაკაცმა ქალს და ისევ მე მომაშტერდა ინტერესით.
ქალმაც უთარგმნა მაშინვე რაც ხდებოდა. მამაკაცს გაეღიმა.
ღიმილიც რომ პაატასი ქონდა, უფრო გავგიჟდი.
_ვის აბოლებ შე ნაძირალა?_მაშინვე წამოვხტი._ეს ბლანჟე მიწებებული გაქვს თუ ხელოვნურია?_წვერში ჩავაფრინდი.
_გოგონი, ზედმეტები მოგდით._მაშინვე წამოხტა ქალი და გამაკავა._გითხარით, ვიღაცაში გეშლებათ. ესპანელი დამსვენებელია პაბლო ესკობარი... თანაც, მინდა გითხრა, რომ გეია, ასე რომ ვერანაირად ვერ ინებივრებდა შენს საწოლში._ბოლო წინადადება ისე დაცინვით მითხრა, უარესად გავცოფდი.
_შენც ამ საქმეში ხარ გარეული არა?_ქალს გავუძალიანდი და შევძელი მისი ხელიდან დასხლტომა.
_გოგონი, ჭკუას მოუხმე იცოდე, თორემ პოლიციას გამოვუძახებ.
_მიდი, გამოუძახე, მეც ეს მინდა, დააკავონ ერთი ეს ნაძირალა.
ქალმა ისევ გამაკავა, ამჯერად უკვე ძლიერად და ვაგონიდან ჩასვლა დამიპირა. აქ კი მართლა გადამეკეტა უკვე და ისტერიული კივილი ავტეხე. დაცვის ორი თანამშრომელიც მალე მოვიდა. არ ვიცი, ვინმემ გამოიძახა თუ თვითონ გაიგონეს ხმაური.
_რა ხდება ქალბატონო?_ვითარების გარკვევას შეეცადნენ.
_უცხოელ სტუმარს აწუხებს. აშკარად ვიღაცაში ეშლება...
_არაფერიც არ მეშლება, პაატაა გიგაშვილი, რომელმაც ჩემი მანქანა, ძვირფასეულობა და ჩემი პირადი ანგარიშიდან თანხა მოხსნა და გაიტაცა. პოლიციას გამოუძახეთ ახლავე და დააკავეთ ეს თვითმარქვია.
_მე კიდევ გარწმუნებთ, რომ ესპანელი სტუმარია პაბლო ესკობარი, საბუთები შეუმოწმეთ თუ გნებავთ._მერე მამაკაცს მიუბრუნდა, რაღაც უთხრა სავარაუდოდ ესპანურად და იმანაც საბუთები გაუწოდა დაცვის თანამშრომელს.
_ბოდიშს მოგიხდით გაუგებრობისთვის და ამ აყალმაყალისთვის._ზორბა მამაკაცმა ისევ დაუბრუნა საბუთები. მე ოსტატურად გამაკავა და მატარებლიდან ციმ-ციმ ჩამომსვა.
_მისმინე გოგონი, ვინ რა გაწყენინა და დაგიშავა არ ვიცი, მაგრამ არც ეგ პაბლოა ის ადამიანი დარწმუნებული ვარ... შეეცადე, დამშვიდდე და დაწყნარდე. ცრუ ბრალდებისთვის და შეურაცხყოფისთვის აქეთ შენ გიჩივლებს და პრობლემებს შეგიქმნის. გინდა?
ერთხელ კიდევ შევიხედე ვაგონში უმწეოდ და სიმწრის ცრემლები ძლივს შევიკავე.
_ის ნაგავია, მე ნუ მასწავლით...
_რა ხდება?_გაკვირვებული რუსკაც მოვიდა ჩვენთან.
_უცხოელად ასაღებს თავს, არა და ის ა, გეფიცები!
_გოგონი, საბუთები შევუმოწმე და ესპანეთის მოქალაქეა. შარს ეძებ? გირჩევნია ის შენი პაატა მოძებნო და დამსვენებლებს ნუ აწუხებ იცოდე.
ისე გავჭედე და ისეთი ისტერიკა ავტეხე ჩემს სიმართლეს რომ არ იჯერებდნენ, ძალის გამოყენება დასჭირდათ. ორმა ზორბა მამაკაცმა ჰაერში ატატებული გამომიყვანა სადგურიდან.
_გეფიცები ის არის._უმწეოდ ჩავიცუცქე მანქანის გვერდით და მწარედ ავქვითინდი.
რუსკამაც ჩემს გვერდით ჩაიცუცქა და მხრებზე მომხვია ხელი.
_მართალია, შეცვლილია, მაგრამ მაინც ვიცანი, იგივე თვალები, იგივე ღიმილი. ის არის, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული...
_რომ დამშვიდდე და მშვიდი გონებით იაზროვნო, არ გინდა?_თავზე გადამისვა რუსკამ ხელი. მერე კი წამოდგა და ჩემს წამოყენებასაც შეეცადა.
_გიჟი გგონივარ არა?_ცრემლიანი თვალებით ავხედე.
_სულაც არა. ადე, ცოტა დამშვიდდი და მოვიფიქროთ რა ვქნათ.
ერთხანს ისევ ჩაცუცქული ვიყავი და გულამოსკვნით ვტიროდი. პაატას დანახვამ ძველი ჭრილობა გამიხსნა და უფრო მეტადაც კი მტკიოდა, ვიდრე მაშინ, როცა მიმატოვა. მართალია, უცხოელად ასაღებდა თავს, მაგრამ ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ ის იყო...
_უცხელი ტურისტი ბოლო ვაგონში რატომ იჯდა ნეტა?_ეჭვით შემომხედა რუსკამ და ნერვიულად მოიქექა თავი.
_მიზეზი უეჭველი ექნებოდა. ეგ უმიზეზოდ ნაბიჯს არ გადადგამს რომ იცოდე.
_დამაეჭვა, წინა ვაგონში მეტი კომფორტია და უკან რა ჯანდაბა უნდოდა?.. გინდა, ჩავიდეთ და ბორჯომში დავხვდეთ?_ეშმაკური გამოხედვით მკითხა და თან გამიღიმა.
_არ ღირს, შენ არ თქვი, ბორჯომამდე შვიდი სადგური უნდა გაიაროსო, იქნებ სადმე ჩამოვიდეს?
_ამხელა ბაკურიანში მაშ სად მოვძებნოთ? ასობით სასტუმროა, სად იქნება გაჩერებული?
უცბად გონება გამინათდა და წამოვხტი. მაშინვე საჭეს მივუჯექი.
_თარჯიმანმა ასე თქვა, ესპანელი პაბლო ესკობარიაო, და თან რაც მთავარია, გეიაო._ეშმაკური ღიმილით ახლა მე შევხედე რუსკას.
_რაა? ეს ის პაბლოა, ვისი ნახვის მოლოდინშიც გადამაწყდა დღეს ფეხები?_გაიკვირვა._მაკოს სასტუმროშია?
_დიახ, ქალბატონო._ძრავა ავამუშავე და რუსკაც ჩაჯდა თუ არა მანქანაში, გიჟივით მოვწყვიტე ადგილს.
_ნელა რომ იარო, ხომ შეგიძლია?_შეშინებული რუსკა კარის სახელურს ებღაუჭებოდა და გაფართოებული თვალებით იყურებოდა წინ._ის საღამომდე აღარ დაბრუნდება მაინც სასტუმროში და რა მიგეჩქარება ასე, არაფერი მოვიწიოთ._თან საყვედურნარევი ტონით მაფრთხილებდა, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა, გიჟივით მივაქროლებდი მანქანას.
მალე მივედით მაკოს სასტუმროსთან და მის წინ მკვეთრად დავამუხრუჭე. ხალხის გაოცება და აღშფოთება ერთნაირად დავიმსახურე. სასტუმროდან ლუკაც კი გამოვიდა შეშფოთებული სახით.
_შენს ძმას არაფერი უთხრა ოღონდ, გთხოვ._მუდარით გამოვუწიე ყელი.
_არც ისე ვაპირებდი თქმას... იცი, რაღაც გეგმა მაქვს და მოდი ამაზე სახლში ვილაპარაკოთ. ვიცით რომ პაატა აქ არის და არსად გაგვექცევა. ჯობია თვალში აღარ მოხვდე.
_რა გჭირთ, ნასვამები ხართ?_რუსკას მხრიდან მინაჩაწეულ ფანჯარაში თავი შემოყო ლუკამ._როგორ იქცევით?
ეს "იქცევით" ისე თქვა მრავლობითში, თორემ მე მგულისხმობდა, რადგან მე მიყურებდა პირდაპირ თავისი დიდრონი თაფლისფერი თვალებით.
რაც მართალია მართალია, ლამაზი თვალები ქონდა ძალიან.
_ბოდიში._დამაბნია მისმა დაჟინებულმა მზერამ და უხერხულად ავიწურე მხრები._არ მინდოდა...
_ნატო სასტუმროშია?_მოულოდნელად გამოცოცხლება დაეტყო რუსკას. მივხვდი, რაღაც ქონდა ჩაფიქრებული.
_ხო... ნატოსგან რა გინდა?_კუშტად შეხედა საეჭვოდ ამხიარულებულ გოგოს.
_საქმე მაქვს, შენთან არ ითქმის._ხელით მიწია, კარი გააღო და მანქანიდან მკვირცხლად გადახტა. სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯით გაეშურა და სანამ მე რამეს მოვიმოქმედებდი, კარს მიღმა გაუჩინარდა.
უხერხულობის დასაფარავად მეც გადმოვედი მანქანიდან და ზურგით მივეყუდე.
_რაღაც საშინელებას გეგმავს ხომ?_თავით რუსკაზე მანიშნა.
_წარმოდგენა არ მაქვს რა ჩაიფიქრა._ალალად ვთქვი, რადგან მართლა არ ვიცოდი რა გეგმა მწიფდებოდა მის ხუჭუჭათმიან თავში.
_აუცილებელი არ არის, რასაც გეტყვის ყველაფერი დაუჯერო._დამრიგებლური ტონი რომ ვიგრძენი მის ხმაში გამეღიმა.
ჩემს ღიმილზე კი მასაც გაეღიმა.
პირველ ჯერზე რომ არ მომეწონა და უსიამო შესახედაობის ბომჟი მეგონა, ახლა რატომღაც თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა. რუსკასავით ლამაზად ჩაწიკწიკებული კბილები ქონდა. გამახსენდა, რუსკამ რომ თქვა, უშნო ყურები აქვსო და მისი ყურებისკენ გავაპარე მზერა. თუმცა, ისე ქონდა დამალული გრძელ თმაში, არ უჩანდა. გვიან გავაცნობიერე, რომ დაჟინებით მივჩერებოდი და შემრცხვა. მაშინვე მოვარიდე მზერა და გვერდით გავიხედე უაზროდ. კიდევ კარგი რუსკა მალე გამოვიდა სასტუმროდან და ღიმილით გამოეშურა ჩვენსკენ.
_კარგი აბა, დროებით._ძმას განიერ მხარ-ბეჭზე მოუტყაპუნა ხელი და მაშინვე მანქანაში ჩახტა._სახლში შევხვდებით.
ინტერესი მკლავდა, რა გეგმებს ხლართავდა ეს გოგო, მაგრამ ლუკას თანდასწრებით ხომ ვერ ვკითხავდი? ღიმილით დავემშვიდობე მეც ცოტა ეჭვით მომზირალ ვაჟს და მანქანა ნელი სვლით გავიყვანე ტრასაზე.
_ესეც ასე, საქმე მოგვარებულია._მაშინვე ალაპარაკდა რუსკა._ხვალიდან მაკოს სასტუმროში დამლაგებლად ვიწყებ მუშაობას. მართალია, შენ მოიწყენ სახლში უჩემოდ, მაგრამ იქ ვერ გამოჩნდები. პაატას შესახებ ინფორმაციას მე შევაგროვებ და მოგაწვდი.
_რაა?_გამიკვირდა და მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე.
_გაიგე, ბათომ რა თქვა? მდიდარ ქართველ გეის ეჩალიჩებაო. ამხელა აფიორაზე მარტო რომ არ იქნება წამსვლელი, ეს ხომ კარგად იცი? დაგინახავენ თუ არა, ან გეგმას ჩაშლიან, ან ღმერთმა ნუ ქნას და გაგაქრობენ... დამამტკიცებელი საბუთები რომ მოვაგროვო, მერე პოლიციას გადავცემთ და შენს თანხასაც მოათხრევინებენ მიწიდან.
გაბმული სიგნალით მანქანა რომ წამომადგა უკნიდან, მაშინ ვინებე და დავიძარი ადგილიდან. მაგრამ, ეტყობა, ჩემი ნამოქმედარით ისე აღვაშფოთე მძღოლი, რომ გვერდით ამომიდგა თუ არა, ისევ მომისიგნალა, თან მინაჩაწეული ფანჯრიდან ლამის გადმომიხტა ყვირილით:
_რა გაიბიდნე გოგო, გაიარე!_ მგონი დამიკურთხა კიდეც.
პაატაზე გაცოფებულმა და ნერვებმოშლილმა, ეგრე არ გინდა დაჭრილი დათვივით ღრიალი-მეთქი, და საჭე მკვეთრად გადავუკარი. გზის სავალი ნაწილიდან შეშფოთებული რომ გადავიდა, ფანჯრიდან ხელიც კი გავუყავი და შუა თითი დავანახე. მერე, სიჩქარის სატერფულს ფეხი ლამის ბოლომდე მივადგი და სწრაფად გავიჭერი წინ. ქვემოთ რომ დავუხვიე, საპატრულოს წინაც კი არ შემინელებია სვლა.
_გაგიჟდი გოგო? სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ. გამიჩერე!_რუსკა რომ ამიკივლდა, მაშინ შევანელე სვლა._ეს რა გადარეული ყოფილხარ... პაატაზე ნუ ნერვიულობ, გითხარი, გამოვიჭერთ. ამხელა აფიორაში ოთხი-ხუთი კაცი მაინც იქნება ჩარეული... შენ რა გგონია, მარტო ლენა და ეგ მოქმედებდნენ შენთანაც? ვიღაც მაგარი კრიშა ეყოლებათ, თორემ როგორ ვერ მიაგნეს ვერც ერთს? ნემსი ხომ არ არის თივის ზვინში დაიკარგოს? შენ ნუ გამოჩნდები და გეგმებს ნუ ჩაუშლი. მე შევძლებ ფარულად შევაგროვო მასზე ინფორმაცია..
რუსკას გეგმა დიდად არ მომწონდა. ყველაზე მეტად რაც მაწუხებდა, დროის ფაქტორი იყო, ლოდინი არ მინდოდა. დღესვე მინდოდა გამომეჭირა, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი არ მქონდა. რუსკა ამ შემთხვევაში მართალი იყო, ვიღაც ეხმარებოდა, თორემ ყალბ პასპორტს მარტო თვითონ ვერ გააკეთებდა, თანაც ესპანეთის მოქალაქისას. ის მათხოჯი თარჯიმანიც იქნებოდა ალბათ წილში... ნეტა, ლენა სად იყო ან რა როლი ეკისრა ამ აფიორაში?
_ცოტა დაწყნარდი?_რუსკას ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, რომელიც თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმოდა ყურში.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მთის ბროლისკენ გადავუხვიე.
_ასე წყნარად არ სჯობია?_მომიწონა მეგობარმა._წეღან რა იყო ის, რომ გაგიჟდი და მეც გამაგიჟე შიშისგან? იმპულსების მართვა უნდა ისწავლო, თორემ არაფერი გამოგივა. მაგ შენი სიბრაზით მშვენიერი გეგმა არ ჩამაშლევინო იცოდე. პაატას მე ერთხელ ვყავარ ნანახი, იქნებ ვერც გამიხსენოს. გინდაც გამიხსენოს, მე ვერ გავიხსენებ ვერაფრით. დამლაგებლებს ხშირად უწევთ დამსვენებლების ნომრებში შესვლა და იქ რომ შევაღწევ, დარწმუნებული ვარ რამეს გამოვუძებნით ისეთსას, რაც ნიღაბს ჩამოახსნევინებს. არ იცი, მეგობარი ახლოს გყავდეს, მაგრამ მტერი უფრო ახლოსო?.. მთავარია შენ არ წამოემჭვიტო იქ და კიდე არ ატეხო სკანდალები... ძალიან გთხოვ, დამაცადო მუშაობა.
უსიტყვოდ შევიყვანე მანქანა ეზოში.
_თარჯიმანი ლენა იყო?
_არა, სხვა იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთად მოქმედებენ.
_კარგი, შენ მაგაზე არ ინერვიულო, მაგ საქმეს მე მივხედავ. ახლა ის მითხარი, ყავას დალევ თუ არა?
_ხო. ოღონდ თუ არ შეწუხდები და ჰამაკში გამომიტან, კარგი გოგო იქნები._შევღიმე.
_ისე არ ვარ კარგი გოგო?_"ითაკილა" ჩემი ნათქვამი.
_კარგი ხარ, მაგრამ უკეთესი იქნები._ლოყაზე ვაკოცე და ჰამაკში გავიშხლართე. თვითონ კი ყავის მოსადუღებლად წავიდა.
სღამოს ლუკა რომ დაბრუნდა გვიან ღამით, ოთახის კარზე მოგვიკაკუნა.
ვიწექით კი უკვე, მაგრამ ჯერ არ გვეძინა.
_რუსკა, სალაპარაკო მაქვს შენთან._სიბრაზის ნოტები მაშინვე დავიჭირე მის ხმაში.
_რა ხდება?_შეშფოთებით შევხედე რუსკას, რომელიც ხალათს იცმევდა უკვე.
_ისეთი არაფერი, დამშვიდდი.
რუსკა გავიდა თუ არა და კარი გაიხურა, მაშინვე წამოვხტი საწოლიდან, სიბნელეში ადვილად მივედი კართან, ყური მივადე და მივაყურადე.
_გაგიჟდი? სტუმარი სახლში უნდა გამოკეტო და შენ კიდევ იმუშაო?_ცოტა ხმამაღლა და სიბრაზით ლაპარაკობდა ლუკა,_ამ გოგოსი სირცხვილი არ არის?
_დაწყნარდი რა._ისეთი მშვიდი ხმა ქონდა რუსკას, თეთრი შურით შემშურდა მისი._თვითონ დამაძალა, ჩემს გამო სამსახურზე უარს ნუ იტყვიო და მეც მაგიტომ დავთანხმდი.
_და ის გეი ესპანელი არაფერშუაშია ვითომ?
_ის რა შუაში უნდა იყოს?_გაუკვირდა რუსკას._შარშან ან შარშანწინ პაბლო იყო, რომ ორივე სეზონზე ვიმუშავე?..
_მაშინ ნაია არ გყოლია სტუმრად.
სახელით რომ მომიხსენია, რაღაც სითბოს მსგავში ჩამეღვარა რატომღაც გულში. ამ ხნის მანძილზე, რაც აქ ვიყავი, პირველად ახსენა ჩემი სახელი. თითქოს, შეგნებულად არიდებდა ყოველთვის თავს და ახლა რომ მახსენა, მესიამოვნა.
_მინდა გითხრა, რომ არც ერთი და არც მეორე არაფერ შუაში არ არიან. ნაიას რა ენაღვლება, მდიდარი მშობლები ყავს და ფული უხვად აქვს, ჩვენ ვიდარდოთ, რომ დღე და ღამ უნდა ვიმუშაოთ და კაპიკებზე გამოვიდეთ. მადლობა ღმერთს, შეგნებული გოგოა და ესმის რომ ახლაა ჩვენთან სეზონი და ახლა კეთდება ფული...
_არ ვიცი, შენს მაგივრად მე მრცხვენია და მეუხერხულება...
_შენ დამშვიდდი, სასირცხვილო და სანერვიულო არაფერია._ხმაურით აკოცა ძმას და ოთახში დაბრუნდა.
იქვე ატუზული რომ დამინახა, მოულოდნელობისგან შეკრთა, თან სიცილი ძლივს შეიკავა. კარი მალევე მიხურა ლუკას რომ არ დავენახე და სიბნელეში ხელების ცეცებით მივიდა თავის საწოლთან.
_ესეც ასე. მეშინოდა, ძალიან არ გაბრაზდეს-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად._კმაყოფილი შეწვა საწოლში._დანარჩენს კი, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.
მეც ძლივს მივაგენი ჩემს საწოლს სიბნელეში და შევწექი.
_ძილი ნებისა ძვირფასო. ტკბილი ძილი და მოსვენება._კეთილი სურვილებით გადაბრუნდა რუსკა კედლისკენ და მალევე მიჩუმდა.
მე კი, ვერაფრის დიდებით ვერ დავიძინე. იმდენი ვიწრიალე საწოლში, რომ წოლით დავიღალე. ერთი, პირველ ღამეს გამიჭირდა დაძინება და მეორე ახლა. ხალათი ხელების ცეცებით მოვიძიე, საგულდაგულოდ გავეხვიე შიგ და ეზოში ჰამაკში გავედი.
დღეს პაატას დანახვამ ძველი დრო გამახსენა... ისევ მიყვარდა ვითომ?!?_ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და მოსვენებას არ მაძლევდა ქვეცნობიერად. ნეტა, ბოდიში რომ მოეხადა, მუხლებში ჩამვარდნოდა და პატიება ეთხოვა, ვაპატიებდი? ამ აზრმა ხომ საერთოდ დამაკარგინა მოსვენება და ამაწრიალა. რა გასაკვირი იყო, მე ხომ ისევ ისეთი შტერი, დებილი და უჭკუო ვიყავი?!? როგორი სიმპატიური იყო?!? უკეთესიც კი, ახალი იმიჯი ძალიან უხდებოდა... წამიერად რომ შემომანათა თავისი შავი თვალები, თითქოს ისევ ის განცდა დამეუფლა, როცა პირველად გამაცნო ლენამ... თვალწინ მასთან გატარებული ყოველი წუთი ამომიტივტივდა... ახალი იმიჯი როგორ უხდებოდა?!? ბათო არ აჭარბებდა როცა მასზე საუბრობდა, ორი თვალი მომცა და მაყურებინაო. თუმცა, გარეგნული სილამაზე დიდი არაფერი ყოფილა. ზოგადად, ლამაზი ხალხი ან ბოროტია, ან შტერი და დებილი, როგორც მე და უიღბლო...
სახლის კარი რომ გაიღო და ვიღაც გამოვიდა, ფიქრის ძაფი შუაზე გამაწყვეტინა.
ლუკა იყო.
ისევ გაუკიდა სიგარეტს და ალბათ ფანჯრიდანვე მომკრა თვალი ჰამაკში რომ ვირწეოდი, რადგან პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.
_ისევ ვერ ისვენებ და ვერ იძინებ?_თანაგრძნობით მკითხა, ოდნავ მოშორებით დადგა და იქ გააბოლა, რომ კვამლს არ შევეწუხებინე._აშკარად რაღაც გაწუხებს და არ გაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას.
ჩამეცინა, იმიტომ რომ თვითონაც იგივე სიტუაციაში იყო.
_ბავშვობაში, როცა ვერ ვიძინებდი, ბებია მეუბნებოდა ხოლმე, ცხვრები დაითვალე და დაგეძინებაო._ჩაეცინა ლუკას._თავიდან თითქოს ჭრიდა, მაგრამ ახლა იმაზე ნერვიულობა არ მაძინებს, ამდენი ცხვარი სად წავიყვანო._ისე დანანებით თქვა, თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა გადავიკისკისე.
ღამის სიჩუმეში მკვეთრად გაისმა ჩემი უდარდელი სიცილის ხმა. მალევე მივჩუმდი, რომ ხალხი არ გამეღვიძებინა.
_გამოდის, ბავშვობიდანვე გაწუხებდა უძილობა?_მალევე დავსერიოზულდი.
_ბაღში, შუადღისით ყველას რომ აძინებდნენ, მე ვიჯექი და ვთამაშობდი, ჩემი იყო ბურთი და მოედანი._ჩაეცინა ლუკასაც.
_მე კი, ოღონდაც თავი დამედო ბალიშზე, მაშინვე მეძინებოდა._ვაღიარე._ მანქანით თუ სადმე მივდიოდით, მთელი გზაც მეძინა. სანამ კარგად არ წამოვიზარდე, გზები ვერ ვისწავლე ვერსად.
სად იყო სად არა, ბუსუნა მომვარდა და ნაჩვევზე ჰამაკში ამომახტა და მუცელზე მომიკალათდა.
_იშვიათად უმეგობრდება ვინმეს... ეტყობა, რომ ძალიან მოეწონე.
_ამისი რა ვთქვა, მე კი ძალიან მომეწონა, საყვარელია._მოვეფერე თუ არა, მანაც ამილოკა სახე.
მერე, წუთიერი დუმილი ჩამოწვა. სალაპარაკო თემა თითქოს გამოგვლეოდა. სიგარეტი რომ მოწია, ნამწვი შორიახლოს ურნაში მოისროლა.
_მე სასტუმროში უნდა წავიდე, ჩვენებს უთხარი, რაღაც წყლის გამათბობელთან დაკავშირებით პრობლემები ქონიათ და დამირეკეს...
_გინდა, მანქანით გაგიყვანო?_წამოვიწიე.
_მადლობა, არ მინდა... ბოლო დროს ვარჯიშს ვეღარ ვახერხებ და გავირბენ მაინც. დროებით._ეს მითხრა და წავიდა.
ვარჯიშობდა? იმიტომაც ქონდა მშვენიერი აღნაგობის ტანი, რომ ვარჯიშობდა. მე რაღა მკლავდა ნეტა? დღეიდან მეც დავიწყებ სირბილს. ტყის შემოგარენში, რუსკამ ბევრი ადგილი მასწავლა და იქ ვირბენ... ან, სულაც, ბაკურიანის ტრასას დავადგები და ჯერ თავქვეზე დავეშვები, მერე აღმართს შემოვუყვები. მგონი, როგორ დამცინა პაატამ გუნებაში, მის გამო განადგურებული და დეპრესიისგან გასუქებული რომ მნახა. ძველ წონას თუ ვერ დავიბრუნებ, უნდა მოვიწადინო ძალიან და შესამჩნევად მაინც დავიკლო. რუსკას არ ეცლება, სამსახურში ივლის. მე კი, დრო რომ გავიყვანო, რაღაცით ხომ უნდა დავკავდე. უსაქმოდ მყოფს გული არ მომითმენს და მაინც წავემჭვიტები სასტუმროში იმ ვაჟბატონს და რუსკას გეგმასაც საფრთხის ქვეშ ჩავაგდებ. ამიტომ, ჯობია, გაორმაგებული ძალებით ჩემს თავზე ვიზრუნო.
********************
ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და რაც მთავარია, ახალი მიზნით იმ დღიდან დავიწყე ჩემი ცხოვრების შეცვლა. მთლად ახალი მიზანიც არ ყოფილა პაატას გამოჭერა, მაგრამ იმ გაგებით იყო ახალი, რომ რუსკას რჩევას ვითვალისწინებდი და მარტო ჩემს თავზე არ ვფიქრობდი. ვხვდებოდი, რომ მართლაც თაღლითურ დაჯგუფებასთან გვქონდა საქმე და ჩემი ხუშტურებით და დაუფიქრებელი შურისძიებით არაფერი გამოვიდოდა. იმ დილიდანვე დავიწყე ვარჯიში. დილაუთენია მართლაც დავადექი ბაკურიანის ტრასას თავქვეზე და რომელიღაც სოფლამდეც ჩავედი. აქედან კი ადვილად დავეშვი, მაგრამ იქიდან გამიჭირდა ძალიან, თუმცა ფარ-ხმალი არ დამიყრია. ბათო რაჭაში რომ დაბრუნდა, სახლში მარტო დარჩენილმა ცოტა კი მოვიწყინე მისი მხიარული ანეგდოტების გარეშე, მაგრამ ამასაც შევეგუე, სულ ცეკვა-ცეკვით ვრეცხავდი ჭურჭელს, სახლს ვალაგებდი და დროც უფრო მალე და ადვილად გადიოდა საღამომდე. საღამოს კი რუსკა მოდიოდა და პაატას ანუ პაბლოს შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მიყვებოდა. ჯერ-ჯერობით წინ ვერ მივიწევდით მის შესახებ რამე დამამტკიცებელი საბუთების ძებნაში, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდით.
ერთ კვირაში შევძელი და ხუთი კილო კიდევ დავიკელი. გარდერობის გასაახლებლად ბორჯომში ჩავედი და ტრენდული მაღაზიები დავიარე, ჩემი საყვარელი ტოპი და მოკლე შორტები რომ ისევ გავბედე და ჩავიცვი, ეს ცალკე მიხარებდა გულს. თუმცა, პაატასთან დაკავშირებით წინ რომ ვერ მივიწევდით, ეს მაშფოთებდა ცოტას.
ერთ საღამოს, რუსკას მოლოდინში ჰამაკში რომ ვიწექი, გაცილებით შეაგვიანდა და ავნერვიულდი. ის იყო, ტელეფონზე უნდა დამერეკა, რომ ჭიშკართან მანქანა შეჩერდა და რუსკა და ლუკა ვიღაცამ მოიყვანა. რუსკა როგორც ყოველთვის მხიარულად იყო და გულღიად კისკისებდა. მანქანა დაიძრა თუ არა ადგილიდან და წავიდა, ლუკას გაბრაზებული ხმაც მოსწვდა ჩემს ყურს.
_შენ მთლად გაგიჟდი და გაუბერე, თუ რა არის?
_რა მოხდა, მანქანით რომ გამოგვიყვანა, გაგიტყდა? მოგაფრინდა და ეგ იყო, თუ რა?
_მეორედ მასეთი სისულელე აღარ ჩაიდინო იცოდე._ისეთი გაბრაზებული ხმა ქონდა ლუკას, გამაკანკალა კიდეც._და საერთოდ, ჯობია სახლში დარჩე და აღარ იმუშაო. სირცხვილია ნაიასი. გოგო თბილისიდან აქ არის ჩამოსული შენთან დასასვენებლად და შენ კიდევ მთელ დღეს მარტოს ტოვებ?..
_მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ, ნაიას არაფერი პრობლემა არ აქვს, პირიქით, თვითონ იყო უხერხულში, ჩემს გამო უმუშევრად რომ რჩებიო... ეს შენ არ გეხება და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.
_როგორ არ მეხება? ჩემი და ხარ და მრცხვენია შენს გამო.
_ჩემი საყვარელი ძამიკო._კოცნის ხმა გავიგონე._ნუ ბრაზობ და ნუ ნერვიულობ, მალე დამიბერდები, სახეც დაგინაოჭდება და გოგოებს აღარ მოეწონები._ისევ გავიგონე კოცნის ხმა და გამეღიმა.
ჭიშკარი ხმაურით გაიღო და რუსკაც შემოვიდა.
_ვაა, ნაია? არ გძინავს?_მოვიდა და ჰამაკში ჩამიწვა.
ლუკამ ერთი კი გამოგვხედა და პირდაპირ სახლში შევიდა.
_მოკლეთ, ახალი ამბები გაიჩითა._მაშინვე აჩურჩულდა რუსკა, ძმა სახლში შეიცილა თუ არა._არასწორ კვალზე ვიყავით ვიღაც ბესოს გამო. დღეს მაკოს ძმა ჩამოვიდა ესპანეთიდან და აბა გამოიცანი ვინ არის?
ყველანაირად დავძაბე ტვინი, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი რას გულისხმობდა რუსკა.
_სასტუმროს კანონიერი მფლობელი ის არის და თანაც გეია. ბესოს გამო კი არა, რატის გამოა მაგ სასტუმროში დაბინავებული ის ვაჟბატონი. ლამის ორი კვირით ადრე დაბინავდა, რომ ეჭვი არავის არაფერზე აეღო. რატის ქონებას უმიზნებს თურმე. უბრალო ბიჭი კია ეს ჩვენი რატი, თავში არ აქვს ავარდნილი თავისი სიმდიდრე. რა ქნას თუ ბუნებით სხვანაირი ორიენტაციით დაიბადა? ეტყობა ლუკა მოეწონა, ისეთი თვალებით უყურებდა._ხმამაღლა გადაიკისკისა რუსკამ._ეს კიდე, არ იცი რა არის? მანქანით წამოყვანა შემოგვთავაზა, დაღლილებმა ფეხით რატო უნდა იაროთო და გაიბრდღვნა ყველაფერი. არ უჯდებოდა, გეგონება მანქანაშივე მიაფრინდებოდა ზედ... არა, რაც მართალია, მართალია, კარგი ბიჭია. ცოტა ქალაჩუნა მიხვრა-მოხვრა აქვს, თორემ არც შეხედულობით დაიწუნება და არც ხასიათით.
_ გამოდის, სასტუმროს მეპატრონის გაძარცვა უნდა პაატას?_ჩაფიქრებულმა ჩავიჩურჩულე.
_დარწმუნებული ვარ. მართალია, დღეს თავისი ლუქსიდან არ გამოსულა რატი რომ მოვიდა და დიდი პატივით მიიღეს, იმ ალქაჯმა თქვა, თავს შეუძლოდ გრძნობსო, მაგრამ ასეა იცოდე. წინდაწინ დაგეგმილი და შემუშავებული ინსტრუქციებით მოქმედებენ. უნდა ვიყოჩაღოთ და ისე ოსტატურად უნდა გავაბათ ყველანი ორივე ფეხით მახეში, რომ აზრზეც ვერ მოვიდნენ. ჩხუბითა და აყალმაყალით ვერაფერს გავხდებით. დრო კიდევ გვაქვს. ერთი კვირა კიდევ უნდა იყოს პაბლო სასტუმროში, ასე აქვს დაჯავშნილი. ხო და ამ ერთ კვირაში გამოვიჭერთ.
ამ ახალმა ამბავმა დიდად არაფერი შედეგი მომცა მე, პაატა რატის გაძარცვავდა თუ ვიღაც ბესოს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. ისე კი, საქმეს გაუადვილებდა რუსკას, სასტუმროს შიგნით იტრიალებდა და აქეთ-იქით წანწალი აღარ დასჭირდებოდა.
რატომღაც ვერც ის ღამე მოვისვენე საწოლში და ჰამაკში გადმოვინაცვლე. ეტყობოდა, რომ ვერც ლუკა ისვენებდა და მთელი ღამე ჩემს გვერდით იჯდა კუნძზე და ვლაპარაკობდით. სხვათაშორის კარგი მოლაპარაკე აღმოჩნდა. ათას წვრილმანზე და მნიშვნელოვან თემებზე საუბარში დაგვათენდა. მერე კი ღიმილით დამემშვიდობა და სამსახურში წავიდა. მე სარბენად გავცუნცულდი. იქიდან მობრუნებულს კი ყინწი მომწყდა და შუადღემდე გემოზე გამოვიძინე. ნეტა, ლუკა როგორ უძლებდა ამდენ უძილობას? გავიღვიძე თუ არა, სამზარეულოს მივაშურე ყავის მოსადუღებლად. მშვენიერ გუნება-განწყობაზე ვიყავი. რუსკას ბლუთუზ დინამიკში მაღალ ხმაზე ჩართულ ენერგიულ მუსიკაზე გაზქურის წინაც კი ვცეკვავდი, სანამ ყავა მოდუღდებოდა. ასე ხალისიანი კარგა ხანი იყო გასული რაც აღარ ვყოფილვარ. ყავა დავისხი და ცეკვა-ცეკვით შემოვბრუნდი თუ არა ლუკას მოვკარი თვალი, კარის ზღურბლთან რომ იდგა, თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა და კმაყოფილი ღიმილით მომჩერებოდა. დავინახე თუ არა, ერთ ადგილზე გავშეშდი. შემრცხვა. გვარიანადაც გავწითლდი. მიხვდა ალბათ რომ დავიმორცხვე და ჯექსონის ილეთებით წამოვიდა ჩემსკენ. წინ ღიმილით რომ დამიდგა, ჯერ დამორცხვებული შევყურებდი, მერე კი გულიანად გადავიკისკისე. ჩემს თავზე მეცინებოდა, უჩვეულო ფორმაში რომ დავხვდი. მერე მასზე გამეცინა, ჩემი უხერხული სიტუაციიდან გამოყვანა რომ სცადა და უნდა ვაღიარო, რომ გამოუვიდა კიდეც.
კარგა ხანს ვიცინეთ ორივემ. ლამაზი კბილები ქონდა და უხდებოდა სიცილი. მერიდებოდა კი, მაგრამ მის გულღია სიცილს თვალს ვერ ვწყვეტდი.
_დიდი სიამოვნებით დავლევდი ცეკვა-ცეკვით შენთან ერთად ყავას, მაგრამ მეჩქარება, ჩემი ინსტრუმენტების წასაღებად მოვედი._ღიმილით მომიბოდიშა.
_არაუშავს, სხვა დროს იყოს._სიცილით დავაიმედე და ჩემს მოდუღებულ ყავას მივუჯექი მაგიდასთან.
ერთხანს კიდევ მიყურა ღიმილით, მერე თავის ინსტრუმენტების ყუთს დასწვდა იქვე კუთხეში რომ ედო და წავიდა. სამზარეულოს ფანჯრიდან გავაყოლე თვალი ჭიშკრამდე ჩქარი ნაბიჯებით რომ მიდიოდა. ჭიშკართან კი მანქანა ელოდა, ჩაჯდა და წავიდა. ამის მერე ალბათ რამდენჯერაც დავინახავდი, იმდენჯერ ეს ამბავი გამახსენდებოდა და გამეღიმებოდა. ხალისიანი კურიოზი იყო, რომელიც რაც უფრო მეტი დრო გავიდოდა, უფრო ღიმილით გამახსენდებოდა.
ყავის სმა დასრულებული არ მქონდა, რომ ჩემმა ძმამ დამირეკა. ხალისით გავეპასუხე, მაგრამ ვიღაც ქალი დამელაპარაკა.
_ტელეფონში თქვენი ნომერი დაიკოთი უწერია და ალბათ და ხართ ხომ?
_კი._დავიბენი და ავღელდი._ჩემი ძმა სად არის?_პასუხის მოლოდინში უარესად ავღელდი და დავიძაბე.
_დიდი სიჩქარით მიდიოდა, სავარაუდოდ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და...
_ვაიმე!!! არ არსებობს!!! კახი!!! ახლა როგორ არის? არ მითხრათ რომ დაიღუპა..._განწირული ხმით ავკივლდი.
_არა, დამშვიდდით, ცოცხალია და სტაბილურადაა. უბრალოდ, მისი ახლობლებისთვის გვინდოდა რომ შეგვეტყობინებინა.
_ხომ არ მატყუებთ, მართლა კარგადაა?
_კი, დამშვიდდით. ტვინის შერყევა აქვს, მარცხენა მკლავის მოტეხილობა და მრავლობითი დაბეჟილობები... მცხეთის სამედიცინო ცენტრის პოლიკლინიკაში წევს ტრავმატოლოგიის განყოფილებაში. შეგიძლიათ მოაკითხოთ და თქვენ თვითონ ნახავთ, რომ კარგადაა.
_მცხეთაში?_გამიკვირდა, იქ რა უნდოდა ნეტა?
_მისამართი ჩაიწერეთ: მცხეთა, სამხედროს ქუჩა ნომერი ოცი.
ჩაწერა არ მჭირდებოდა. არც ისეთი შტერი ვიყავი სამხედრო და ოცი ვერ დამემეხსოვრებინა. ყავა დიდი ყლუპებით მოვსვი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და მცხეთისკენ გავეშურე. ოღონდ ჯერ რუსკას გავუარე სასტუმროში. გაუკვირდა იქ რომ მივაკითხე. მერე კი შეშფოთდა ჩემი ძმის გამო, ხომ კარგადააო.
_დამაიმედეს კარგად არისო და არ ვიცი, სანახავად მივდივარ. ალბათ ეს ორი დღე იქ მომიწევს დარჩენა. შენ იცი, პაატას არ მოაშორო თვალი.
_შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ. ნორმალურად იარე, რომ ახლა შენ არ შეგემთხვეს არაფერი.
_გპირდები, ასს არ გადავაჭარბებ._გადავეხვიე, გადავკოცნე და მანქანაში ჩავჯექი.
შემთხვევით სასტუმროს კარებში მდგარ ლუკას მოვკარი თვალი ინტერესით რომ გვიმზერდა. მართალია ჩემი ძმის გამო ვნერვიულობდი, მაგრამ მის დანახვაზე წეღანდელი ინციდენტი გამახსენდა და გამეღიმა. მანქანა ფრთხილად დავძარი ადგილიდან, რუსკას დასამშვიდობებლად მივუსიგნალე და ტრასაზეც ფრთხილად გავედი.
რუსკასთვის არ მომიტყუებია, მართლაც ფრთხილად ვიარე, სიჩქარის ისარი ასის იქით არ გადამიცილებია. აქ მოსვლა რომ გამიჭირდა, ახლა უფრო თავისუფლად და დაძაბულობის გარეშე ვმართავდი საჭეს. მცხეთაში საღამოს ჩავედი, ადვილად მივაგენი პოლიკლინიკასაც და შენობაში აღელვებული შევედი. ჩემი ძმა რომ მოვიკითხე, პალატა მიმასწავლეს და ლამის სირბილით გავეშურე მის სანახავად.
პალატას რომ მივუახლოვდი, ცოტა ხნით შევჩერდი, აფორიაქებული გული შეძლებისდაგვარად ჩავიწყნარე და კარი ფრთხილად შევაღე.
პალატაში ორნი იწვნენ. ფანჯრის მხარეს კახი რომ აღმოვაჩინე და ცოცხალი დავინახე, ცრემლები თავისთავად წამომცვივდა, უმალ მასთან გავჩნდი, საწოლის კიდეზე ჩამოვუჯექი და ჩავეხუტე.
_ცოტა ფრთხილად გადარეულო, მტკივა ყველაფერი._გაღიმებას ცდილობდა ჩემი ძმა, მაგრამ ეტყობა რომ მართლაც სტკიოდა ყველაფერი, ტკივილისგან ხმაც კი უკანკალებდა.
_რა დაგემართა?.. როგორ მოგიხდა?.._ერთბაშად დავაყარე კითხვები.
_ახალი იყო, არ დამიჯერა და დამიფრთხა._თავის იუმორს მაინც არ ღალატობდა კახი.
_დედამ და მამამ გაიგეს?
_არ გავაგებინე, ტყუილად ინერვიულებენ. არაფერი მჭირს ისეთი, ხვალ გამწერენ და მაშინ გაიგებენ... შენ რა გჭირს? არ გაჭმევენ იმ ბაკურიანში და გაშიმშილებენ?_მართალია კმაყოფილი მზერა შემავლო საგრძნობლად გამხდარს, მაგრამ მაინც წამიბოლა.
_გახდომა გადავწყვიტე და ვვარჯიშობ, თან დიეტაზე ვარ.
_ყოჩაღ შენ._მომიწონა._მადლობა რუსკას, რომ გამოგასწორა.
_ხომ არ გშია, საჭმელი რამე მოგიტანო?
_არა, მადლობა, არაფერი მინდა. ცოტა წავიჭორაოთ და მერე სახლში თუ მიხვალ, არაფერი თქვა._მუდარა გაურია ხმაში.
_ჩემს ბინაში მივალ, არც კი გამოვჩნდები ჩვენებთან. კითხვებს დამაყრიან და ხომ იცი, შეიძლება რამე წამოვაყრანტალო._გამეცინა._მანქანა ძალიან დაიმტვრა?
_უჰ, ნუ მკითხავ..._სინანულით ჩაიქნია მარჯვენა ხელი.
_ახლა გტკივა რამე, გაწუხებს?
_გამაყუჩებლები გამიკეთეს, არ მტკივა, ცოტა ღებინების შეგრძნება მაქვს.
_ეგ ტვინის შერყევის ბრალია._აქამდე ჩუმად მწოლიარე მამაკაცმა ამოიღო ხმა და თავი შეგვახსენა. აღარც კი მახსოვდა, რომ იქ იყო.
ინტერესით შევხედე და შევათვალიერე. თაბაშირი არც ერთ კიდურზე არ ედო, ეტყობოდა მოტეხილობები არ ქონდა, მაგრამ ისეთი სახით იწვა, ალბათ სტკიოდა რამე.
_ცუდად ხართ, ექიმს ხომ არ დავუძახო?_ თანაგრძნობით ვკითხე შუახანს გადაცილებულ ჭაღარა მამაკაცს.
_მადლობა, არ მინდა... ნეკნები მაქვს ჩამტვრეული და მოძრაობა მიჭირს. ეგ კი არა, სუნთქვასაც კი მიშლის ხანდახან.
გამოდის, მაინც დამტვრეული ყოფილა ეს კაცი. გულწრფელად შემეცოდა. ოდნავ მოძრაობაზეც კი ჭირის ოფლი ასხავდა შუბლზე.
ნახევარი საათით კიდევ დავრჩი კახისთან. ცოტა კიდევ წავიჭორავეთ და ჩემს ბინაში წავედი ღამის გასათევად. რუსკამ დამირეკა შეშფოთებულმა, ჩემი ძმა მოიკითხა. დავამშვიდე, კარგად არის-მეთქი და დაწყნარდა. ახალი ამბებიც მახარა: პაატას გაუცვნია რატი და ფიტნეს კლუბში ერთად ყოფილან, ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ თურმე. თარჯიმანიც ტყეში წასულა სასეირნოდ, აბა რატისთან აღარ სჭირდებოდა თარგმნა, მანაც კარგად იცოდა ესპანური და რუსკა მათ ლუქსში შეპარულა. ყველაფერი გადაუქოთებია და შეუმოწმებია, მაგრამ ვერანაირი კვალი იმისა, რომ პაბლო პაატაა, ვერ აღმოუჩენია.
_შენსავით მეც დარწმუნებული ვარ, რომ ერთი და იგივე პიროვნებაა, მაგრამ რომ ვერ ვამტკიცებთ?.. როდის ჩამოხვალ?
_არ ვიცი, ხვალ უნდა გამოწერონ საავადმყოფოდან და ალბათ ზეგ ჩამოვალ.
_კარგი. შენი ძმა მომიკითხე. გავიქეცი ახლა, საქმეები მაქვს. გაკოცე._ხმამაღლა ჩამიწრუპუნა ყურმილში და გამითიშა.
დღისით რომ მეძინა. თან, ახლა ჩემი ძმის გამო რომ ვინერვიულე, ძილი აღარ მომეკარა. ერთხანს სოციალურ ქსელში ვიბოდიალე. ხან ტელევიზორს ვუყურე, მაგრამ გული ვერ დავუდე. მოკლეთ, დღე და ღამე მქონდა უკვე არეული ალბათ და იმიტომაც ვერ ვისვენებდი. სანამ ცხელი შხაპი არ მივიღე და სხეული არ მოვადუნე, მანამ არ მომერია ძილი. მართალია, საწოლში დაწოლისთანავე მაინც ვერ დავიძინე მაშინვე, რადგან ლუკა გამახსენდა რატომღაც. თვალწინ დამიდგა მისი ჯექსონის ცეკვა, მისი მშვენიერი ღიმილი და სასიამოვნო ფიქრებში ისე ჩამეძინა, ვერაფერი გავიგე. იყო ამ ბიჭში რაღაც, რაც მომწონდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პირველ ჯერზე მართლა არ მომწონებია, პირიქით, უსიამო შესახედაობისაც კი მეჩვენა. თვალები ქონდა რაღაცნაირად თბილი და ლამაზი. ღიმილიც საოცრად ლამაზი ქონდა და მატყვევებდა რომ იტყვიან. მისი უშნო ყურები კი არასდროს შემინიშნავს, ძალიან ოსტატურად მალავდა გრძელ თმაში... დილით, გავახილე თუ არა თვალი და ტვინმაც გაიღვიძა, უნებურად ისევ მასზე დავიწყე ფიქრი. ნეტა, წუხელ როგორ ეძინა? თუ, როგორც ყოველთვის ეზოში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა?
მაისურის ამარა გავტუნტულდი ცეკვა-ცეკვით სამზარეულოში ყავის დასალევათ. ლუკას ილეთებიც კი გავიმეორე ღიმილით. გაუცნობიერებლად მასზე რომ ვფიქრობდი ამ ბოლო დროს, ყოველთვის მეღიმებოდა. მართლა კარგი ბიჭი იყო. თავს იმაში გამოვუტყდი, რომ მეფიქრებოდა და მაღელვებდა. თუმცა, მას რომ შეყვარებული ყავდა ნათია?.. მართალია, მალ-მალე ჩხუბობდნენ, მაგრამ სერიოზულად ხომ არა? მომავალში დაქორწინებასაც აპირებდნენ და მე ხომ არ ჩავდგებოდი მათ შუაში? სერიოზულადაც არ ვფიქრობდი მასზე, უბრალოდ მომწონდა, კარგი პიროვნება იყო...
ყავა ნებიერად დავლიე. მერე გავემზადე და მცხეთაში წავედი ჩემი ძმის სანახავად. უნდა ვთქვა, რომ წუხანდელთან შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა, მომეწონა. ექიმებმა ერთხელ კიდევ გასინჯეს, დანიშნულება მისცეს და შუადღისთვის სახლშიც წამოვიყვანე. წინდაწინ მისკდებოდა გული დედაჩემის შეცხადებაზე და საყვედურებზე, რომ რატო გუშინვე არ გამაგებინეთო და არც თუ ისე უსაფუძლოდ. მკლავმოტეხილი და გვარიანად ჩალურჯებულ-ჩაშავებული რომ დაინახა, გული შეუწუხდა და კარის ზღურბლზევე ჩაიკეცა. მაშინვე გადამავიწყდა კახი და მას მივვარდი. ძლივს მოვასულიერე. სიტუაციაში რომ გაერკვა, ახლა ისე მოთქმით დაიწყო ტირილი, თითქოს მკვდარი ედო წინ.
_კარგი შე ქალო, ბავშვი ხომ ცოცხალია, რა გაღრიალებს პატარა ბავშვივით?_გაუწყრა მამაჩემი.
_რაზემც რამე მოუვიდოდა?_არ ჩუმდებოდა ისტერიკააშლილი დედაჩემი._მერე რა გვეშველებოდა?
_კარგი ქალო, ცოცხალია და ღმერთს მადლობას უნდა სწირავდე და კი არ უნდა მოსთქვამდე ახლა.
როდის-როდის თავისით დაწყნარდა დედაჩემი. მაგრამ ახლა ის რომ გაიგო, რომ მე გუშინვე ვიცოდი ეს ამბავი და სპეციალურად მის სანახავად ჩამოვედი, მე გამიწყრა და გვარიანადაც მეჩხუბა, რატო ტუჩის ორთქლად მაინც არ დაგცდა არაფერიო. მოკლეთ, კარგი ფრონტი გადავიტანე. მადლობა ღმერთს ჩემი ძმა მართლა კარგად იყო და საშიში არაფერი სჭირდა. ერთ თვეში ისევ ისეთი ძველი კახი იქნებოდა.
საღამოს, ჩემს ბინაში წასვლის წინ მანიშნა, რომ ცოტა ხანს დარჩი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. ხო და მეც დავრჩი.
_იცი, რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა რეაქცია გექნება._შორიდან მოუარა და სათქმელს თითქოს აჭიანურებდა.
_თქვი, ნუ გეშინია, იმაზე უარესი რაღა უნდა იყოს, რაც ორი წლის წინ გადამხდა?_გამიკვირდა.
_ზუსტად რომ მაგ ამბავთან დაკავშირებით უნდა გითხრა რაღაც.
ამის გაგონებაზე ნაძალადევი სიმშვიდით შევხედე. თუმცა გული გახეთქვაზე მქონდა. რა უნდა ეთქვა ჩემს ძმას იმ ამბავთან დაკავშირებით?
_იცი, ერთი გოგო შევნიშნე შუქნიშანთან, რომელიც ძალიან გავდა ლენას.
ლენას ხსენებაზე ყურები ვცქვიტე და აშკარად ავღელდი.
_ მერე?_მოუთმენლად ავწრიალდი.
_უკან მივყევი და ქალაქიდან რომ გავიდა, ასე ვფიქრობ რომ შემნიშნა. იმდენი ქნა, მანქანების ნაკადში შეერია. კარგა ხანს ვდიე და მცხეთაში მომიხდა ავარია. სად მიდიოდა, ნამდვილად არ ვიცი. სიმართლე გითხრა, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ლენა იყო.
_როგორ გამოიყურებოდა?_დავინტერესდი მისი იმიჯით.
_მხრებამდე ქონდა სწორედ შეჭრილი თმა და ქერად შეღებილი. მხედველობის სათვალეც ეკეთა... მოკლეთ, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ...
_არ არის გამორიცხული. მასე მე პაატა ვნახე, მაგრამ უცხოელად ასაღებს თავს. გრძელი თმა აქვს და ბლანჟე. დარწმუნებული ვარ ის არის, მაგრამ ვერ ვამტკიცებ. მისი თარჯიმანი მიმტკიცებს, ქართული ერთი სიტყვაც არ ესმისო, მაგრამ მე რომ დამინახა, შეცბა.
_უხ, მაგისი..._მადიანად შეუკურთხა ჩემმა ძმამ._მერე?
_რა მერე? დამამტკიცებელი საბუთი არაფერი მაქვს და ვერ ვამტკიცებ ვერაფერს. დიდი სკანდალი მოვუწყე სადგურზე, მაგრამ რა?
_კერძო დეტექტივი რომ დავიქირაოთ არ გინდა?
ჭკუაში კი დამიჯდა კახის აზრი, მაგრამ მე და რუსკას აგენტობა და გამომძიებლობა უფრო მხიბლავდა რატომღაც და უარი ვუთხარი.
_შენ რა, ხელი ჩაიქნიე მათზე?_ეჭვით შემომხედა._თუ, შენი ძალებით აპირებ მათთან დაპირისპირებას?
პასუხი რომ არ დავუბრუნე, აღელდა.
_შენით გინდა გამოიჭირო? იცოდე ვერაფერს გახდები და კიდევ ორი წლით დაგეკარგებიან. გაქნილი თაღლითები არიან, პოლიციამაც კი ვერ დაიჭირა და შენ შეძლებ ვითომ?.. იცოდე, შენით არაფერი მოიმოქმედო.
_ჩემით არა, რუსკაც მეხმარება..._ვაღიარე.
_გაგიჟდით? ფულის გულისთვის ეგენი ყველაფერზე არიან წამსვლელები. თან, თავი რომ გადაირჩინონ, ღმერთმა ნუ ქნას, რამე დაგიშაოთ. ზაზას ვეტყვი ყველაფერს და ის დაგეხმარებათ. დამპირდი, რომ დაუფიქრებლად არაფერს გააკეთებ.
_რაც ბევრ ხალხს ეცოდინება, მით უფრო ცუდია. დარწმუნებული ვარ პოლიციაშიც ყავთ მფარველი...
_ზაზა კერძო დეტექტივია, ვერავინ ვერაფერს გაიგებს... მაგას მე მაშინ მივხვდი კრიშა რომ ყავთ, როცა ვერ იპოვეს ვითომ. გთხოვ, მითხარი სად არის, სად ნახე და ზაზას ჩავრთავ მაგ საქმეში.
უწადინოდ დავუწერე სასტუმროს სახელი და მისი ადგილმდებარეობა ფურცელზე, პაატას ახალი სახელი და გვარიც მივუწერე იქვე და ჩემს ბინაში წავედი.
მართლა არ მინდოდა ვინმეს ჩართვა ამ საქმეში, მინდოდა ჩემი ძალებით გავმკლავებოდი იმ ნაძირალას, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ რომც გამოგვეჭირა ფაქტზე პაატა, ორი სულელი გოგო მაინც ვერ დავუმტკიცებდით ვერაფერს და იქნებ ჯობდა კიდეც ზაზას გარევა... ღამით შედარებით კარგად მეძინა, დილით ისევ მოვინახულე ჩემი ძმა, რომელიც გუშინდელთან შედარებით კიდევ უკეთესად გამოიყურებოდა და ბაკურიანისკენ დავადექი გზას. მშვენივრად ვიმგზავრე და შუადღის მერე უკვე რუსკას ველოდი სასტუმროს წინ. დაბურული მინის კარი რომ გაიღო და რუსკა აღტაცებული კივილით გამოქანდა ჩემსკენ, ყველამ ჩვენ მოგვაქცია ყურადღება.
_ასე მგონია ორი კვირა გავიდა ორი დღის მაგივრად._ისეთი ინერციით დამეტაკა და ჩამეხუტა, წამაბარბაცა._შენი ძმა ხომ კარგადაა?
_ხო, ხელი აქვს მარტო მეტეხილი და ტვინი შერყეული. ადვილად გადარჩა. აქ რა ხდება, ახალი არაფერია?_დავინტერესდი პაატას ამბებით.
_როგორც ვხვდები, ამ ამბავს აქ არ ექნება გაგრძელება. რატი თბილისში ცხოვრობს. ჩვენი ძალათ ესპანელიც იქ გადაინაცვლებს დარწმუნებული ვარ.
_მართალი ხარ, სასტუმროში მას ისეთი არაფერი ექნება, რომ იმ ვაჟბატონმა ხელს გააყოლოს. კაპიკების გულისთვის თავს არ შეიწუხებდა და ამხელა მასკარადს არ მოაწყობდა. რატის მისამართი რომ გამიგო არ შეგიძლია?
_ვიცი უკვე._ისეთი კმაყოფილი იერით მითხრა, გახარებული გადავეხვიე და მადიანად ჩავპროშნე.
_ოქრო ხარ რა... ოქრო კი არა, აუწონავი ბაჯაღლო. უშენოდ რა მეშველებოდა არ ვიცი.
_კაი, ხო, პაატამ არ შეგვამჩნიოს, რომ ერთად ვართ. წადი სახლში და დამელოდე, საღამოს მოვალ და კარგად ვილაპარაკოთ._ერთხელ კიდევ მაკოცა და ისევ სასტუმროს დაბურული კარის მიღმა გაუჩინარდა.
სახლში მისვლა არ მინდოდა რატომღაც და გასეირნება გადავწყვიტე. მანქანა სასტუმროს შორიახლოს დავაყენე და ფეხით გავისეირნე ხალხმრავალ ქუჩებში. გაუცნობიერებლად სასტუმროს შორიახლოს ვტრიალებდი. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ლუკას ნახვა მინდოდა. უბრალოდ, შორიდან დანახვაც კი დამაკმაყოფილებდა. რომ ვუკვირდებოდი ახლა და შედარებას ვაკეთებდი პაატასთან ჩემს ურთიერთობას და ლუკასთან, რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. პაატა მომწონდა, მასთან სიახლოვე მინდოდა, ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმალურად ვყოფილიყავით ერთად. ახლა ვხვდები, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვნება იყო და სხვა არაფერი, უბრალო ლტოლვა მის მიმართ. არ ვუარყოფ, ბედნიერი ვიყავი მასთან, მაგრამ ლუკა? ლუკას შორიდან დანახვაც კი მაბედნიერებდა. ერთი სული მქონდა მის თაფლისფერ თვალებში ჩამეხედა და მისი ჯადოსნური ღიმილი დამენახა. მისი ხმის გაგონებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მთელ დღეს აღფრთოვანებული ვყოფილიყავი. ჩემს ფიქრებშიც კი არასდროს წარმომედგინა ეროტიკულ სცენებში. გონებაშიც კი მორიდებით და მოწიწებით ვფიქრობდი მასზე... ალბათ იმიტომ, თვითონვე არ იყო უზრდელი და არასდროს მიმზერდა ურცხვად. თვითონვე მორიდებული იყო ჩემთან და ჩვენს შორის დისტანციას იცავდა. მოკლეთ, ვხვდებოდი, რომ ეს ბიჭი უბრალო გატაცება არ იყო ჩემთვის, მაგრამ... არ მინდოდა მისთვის ცხოვრება დამენგრია. მას ყავდა შეყვარებული, რომელთანაც სამომავლო გეგმები ქონდა. ხო და, ჯობდა თავი შორს დამეჭირა, თუმცა ვერც თვალებს ვიმორჩილებდი, ყველგან მას რომ დაეძებდნენ და ვერც გულს, მის დანახვაზე სასიამოვნოდ რომ მიძგერდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიწანწალე წინ და უკან სასტუმროს წინ. მერე მაღაზიაში შევედი და ცივი უშაქრო ყავა ვიყიდე. ცოტა ტკბილეულიც სახლში წასაღებად და მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი, ვიღაც გოგო შემასკდა გამეტებით, რომელიც ფეთიანივით შემოვარდა. ბოდიში არც კი მოუხდია. უტიფრად ამომხედა და სასმელების სექციაში გაუჩინარდა. ერთი თვალის შევლებით კი შევათვალიერე: საშუალო სიმაღლის შავგვრემანი გოგო იყო, რომელსაც ბიჭურად ქონდა თმა შეჭრილი, ცხვირზე პირსინგი ეკეთა. ეტყობოდა რომ ახალი გაკეთებული ქონდა, რადგან ცხვირის ნესტო შეწითლებული და ოდნავ შესიებულიც კი ქონდა. ერთი კიდევ გავხედე სინანულით ამ თავხედ გოგოს და მაღაზიიდან გამოვედი. ყავა ქუჩაშივე დავლიე, ქილა კალათბურთელის ოსტატობით შორიდანვე ჩავაგდე ურნაში და სახლში წასვლა გადავწყვიტე. არ მინდოდა ლუკას ლოდინში პაატას გადავყროდი სადმე. ძრავა ავამუშავე თუ არა და მანქანა დავძარი ადგილიდან, ისევ ის უტიფარი გოგო დამეჩითა. გიჟივით გადამირბინა წინ. შეჩერება კი მოვასწარი, მაგრამ მუშტი რომ დამირტყა კაპოტზე, მაშინ კი გავცეცხლდი. მანქანიდან ელვის სისწრაფით გადავხტი და გამოვეკიდე. მკლავზე მოვკიდე ხელი და ჩემსკენ ძალით შემოვატრიალე. ჯერ გაოცდა, მერე კი ისევ ისეთი უტიფარი მზერა მომაპყრო, მაღაზიაში შემოსვლის დროს რომ ქონდა.
_დაგიშავე რამე?_მკაცრად ვკითხე.
_რამდენს ბედავ? ხელი გამიშვი გოგო!_მანაც სიმკაცრე გაურია ხმაში.
_რა დაგიშავა ჩემმა მანქანამ მუშტი რომ ჩაარტყი?_უფრო ავუწიე ხმას და მკლავზეც უფრო ძლიერად მოვუჭირე თითები.
_ლამის დამეტაკე და კიდევ მე ვარ დამნაშავე?
_რაო? მე დაგეტაკე?_უარესად მომერია ბრაზი._შენ არ გადამირბინე გიჟივით წინ? მე ვარ დამნაშავე?
_ხელი გამიშვი, მეტკინა, ცხოველო._მაღალ ხმაზე აკივლდა და გარშემომყოფების ყურადღება მიიქცია.
იძულებული გავხდი ხელი გამეშვა.
_მეორედ ვერ გადამირჩები იცოდე._მკაცრად ვუთხარი და მანქანისკენ გამოვბრუნდი.
_ჩამოეთრევიან თბილისელი ტოოები და ბლატაობენ აქ._ჩაიდუდუნა და ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა ტროტუარს.
ამდენ დამსვენებლებს შორის რა იცოდა რომ მე თბილისიდან ვიყავი? ესე იგი შორიდან მიცნობდა, მაგრამ მე წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. ან რა დავუშავე, რაზე იყო ჩემზე აკრეფილი არც ეგ ვიცოდი. გაოგნებული მივუჯექი საჭეს და რუსკას სახლში წავედი. მანქანა ეზოში არ შემიყვანია რატომღაც. გასაღების სამალავი ვიცოდი და კარი გავაღე. ტკბილეული და ცოტაოდენი სურსათი, რაც თბილისიდან წამოვიღე, სამზარეულოში შევზიდე. სამზარეულოს დანახვაზე ლუკას ცეკვა გამახსენდა და გამეღიმა. ერთხანს გაღიმებული ვიდექი და გონებაში მაშინდელი ამბის თითოეულ წვრილმანს ზედმიწევნით ვიხსენებდი. აშკარად მსიამოვნებდა ამ ბიჭზე ფიქრი... მერე, ჩემი ტანსაცმელიც შევიტანე ჩემი და რუსკას ოთახში. ბუსუნა მხიარული ყეფით დამყვებოდა კუდში. გვიან მივხვდი, რომ ტკბილეული უნდოდა და ისევ სამზარეულოში გავედი. კანფეტები რომ ვაჭამე, ცოტა დაწყნარდა. უაზროდ ვიბოდიალე ოთახებში. რა მეკეთებინა მეც არ ვიცოდი. ბათოც მალე გაიქცა რაჭაში, თორემ ის კარგად მართობდა თავისი იუმორით. საშინლად გაიწელა საღამომდე დრო. მერე ტყეში გასეირნება გადავწყვიტე. მანქანა ისევ სასტუმროს შორიახლოს დავაყენე და ფეხით დავადექი ტყისკენ მიმავალ ბილიკს. თუმცა, გადავიფიქრე და იქვე პარკში დავჯექი. ჩემს ზურგს უკან გამომწვევი კისკისი რომ შემომესმა, ინსტიქტურად შევბრუნდი და ისევ ის უტიფარი გოგო და მისი მეგობარი შემრჩა ხელთ. მანაც შემამჩნია, თუმცა სიცილი არ შეუწყვეტია, უბრალოდ აგრესიულ მზერას არ მარიდებდა. არც მე მოვირიდე და მეც ჯიქურ დავუწყე ყურება. თვალდაუხამხამებლად შევყურებდი ვიღაც ბიჭს რომ ეკეკლუცებოდა. მერე თვითონ მომარიდა მზერა. სურვილი გამიჩნდა გამეგო ვინ იყო ეს თავხედი და რის გამო იყო ჩემზე გაბოროტებული. ტელეფონი მოვიმარჯვე და უჩუმრად ახლო ხედით ფოტო გადავუღე. აშკარად ადგილობრივი იყო და რუსკასთვის მინდოდა მეჩვენებინა, იცნობდა თუ არა. მათ წინ მჯდარი ბიჭი რომ ადგა და წავიდა, ისინიც მალევე მიყვნენ უკან. წასვლისას ერთი კიდევ შემომხედა, "ძროხა"_ჩემი მისამართით ჩაილაპარაკა და წავიდა.
თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წამოვმხტარიყავი და იმ რგოლზე, ცხვირში რომ ქონდა გარჭმული, ხელი არ მეტაცა და არ მეთრია. აყალ-მაყალის მოწყობა ნამდვილად არ მაწყობდა, მითუმეტეს იმ სასტუმროს შორიახლოს, სადაც პაატა იყო დაბინავებული... და უფრო ალბათ ლუკას გამოც. მათი სტუმარი ვიყავი და მომერიდა. ჩემს გამო შერცხვებოდა დარწმუნებული ვიყავი.
გვიანობამდე დავრჩი პარკში და ინტერესით ვათვალიერებდი დამსვენებლებს. გვარიანად რომ შებინდდა და ხედვაც გაჭირდა, სახლში დავბრუნდი და ჰამაკში ჩაწოლილი დაველოდე რუსკას. და-ძმა მაშინდელივით ალბათ რატიმ მოიყვანათ მანქანით. სანამ ეზოში შემოვიდოდნენ, ისევ ბრაზობდა ლუკა რუსკაზე, მაგრამ ეზოში შემოვიდნენ თუ არა და მე მომკრა თვალი, მაშინვე გაჩუმდა. აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა. ზრდილობიანად მომიკითხა, ჩემი ძმაც მოიკითხა და მერე კი მე და რუსკა მარტოები დაგვტოვა ჰამაკში.
_რას ბრაზობს შენი ძმა?_დამაინტერესა და ჩურჩულით ვკითხე.
_თავისი ქალბატონი აბრაზებს და ჯავრს ჩემზე ყრილობს... თან, შემამჩნია პაატას რომ ვუთვალთვალებდი და იმაზეც ბრაზობს.
_და ნათია რატო აბრაზებს?
_რა ვიცი მე, თხა და მგლებივით არიან, ჭამენ ერთმანეთს... ეგ კი არა და, პაბლოს ყველა საბუთი წესრიგში აქვს, ვერ ვამტკიცებთ რომ თვითმარქვია პაატაა. რამე ნიშნეული არაფერი გახსოვს ან ხალი, ან ნაიარევი, რამე ისეთი, რაც მის ამოცნობაში უკეთესად დაგვეხმარებოდა?
_რა ვიცი, ისეთი არაფერი._გონება კი დავძაბე, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი გავიხსენე, რადგან ლუკაზე და ნათიაზე ვფიქრობდი._ეგენი სულ მასე ჩხუბობენ?_არ მინდოდა კითხვა, მაგრამ უნებურად მაინც წამომცდა.
_ლუკა და ნათია?_შევატყე როგორ გაუკვირდა მათი ამბით რომ დავინტერესდი, მაგრამ არაფერი შეიმჩნია._ხო, ტატუ გაუკეთებია იმ ქალბატონს ინტიმურ ადგილზე როგორც ვიცი და მაგაზე იჩხუბეს. შენს გარდა ვერავინ ნახავს რა იყოვო და ვინც დაახატა, ის ხომ უფათურებდა ხელებს, ეგ ვითომ არაფერი?
_ტატუ?.. ინტიმურ ადგილზე?..._უცებ გონება გამინათდა და რუსკა მადიანად ჩავპროშნე._პაატას მარჯვენა დუნდულაზე მეფის გვირგვინი ახატია წარწერით "king".
_მართლა? რა იცი?_ჯერ კი გაუკვირდა, მაგრამ მერე საკუთარ მიამიტურ კითხვაზე თვითონვე გადაიკისკისა ხმამაღლა._რას გეკითხები თვითონაც არ ვიცი. შენ რომ არ იცოდე, სხვას ვის ეცოდინება?_ მადიანად ჩამპროშნა._რაც არ უნდა შეინიღბოს, იმ ტატუს ხომ ვერ წაიშლიდა? შეიძლება გადაკეთებული ქონდეს, მაგრამ წაშლით ნაღდად ვერ წაიშლიდა.
_ეს ყველაფერი კაი, მარა, შიშველი სად და როგორ მოვიხელთოთ?_ახლა ამაზე ჩავფიქრდი.
_აბაზანაში შევუვარდეთ, რა პრობლემაა?_ეშმაკურად აკისკისდა რუსკა._რაც რატის დაუახლოვდა, თარჯიმანი იმდენად აღარ სჭირდება და მეტწილად მარტოა ნომერში. ის ქალბატონი კი ტყეში სეირნობს ხოლმე. ხვალ ჩავუსატკავდები, გავიგებ რა დროს შევა აბაზანაში, დაგირეკავ, ამოდი და ერთად ვნახოთ პაატას დუნდულები.
მოსალოდნელი გამარჯვებით გახარებულებმა კარგა ხანს ვიკისკისეთ საეჭვოდ. ხო და ლუკამაც გამოგვხედა.
_დაძინებას არ აპირებთ?_სიგარეტს გაუკიდა და ჩვენს შორიახლოს კუნძზე ჩამოჯდა.
მისი გამოსვლის შემდეგ გავჩუმდით რატომღაც, მაგრამ ერთმანეთს გადავხედავდით თუ არა, ჩუმად ვფხუკუნებდით.
_ესე იგი, მეფეო არა?_ყურში წამჩურჩულა რუსკამ და ფეხზე წამოდგა,_წავედი, დავწექი თორემ ხვალ დიდი დღე მაქვს.
მეც მინდოდა ადგომა და სახლში შესვლა, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ლუკა იქვე, ლამის ორ ნაბიჯში იჯდა და მისი დატოვება რატომღაც არ მინდოდა. მაგრამ ეტყობოდა რომ აშკარად გაბრაზებული იყო ნათიაზე, რადგან ხმას არ იღებდა. უსიტყვოდ აბოლებდა სიგარეტს. უხერხული დუმილიც ძალიან აუტანელი მეჩვენა და მეც წამოვდექი.
_ძილი ნებისა._ეს ვუთხარი და მეც სახლში შევედი.
_ძილი ნებისა._მოგვიანებით დამეწია გზაში მისი სიტყვები.
ნეტა, ძალიან უყვარდა ნათია და მის გამო იყო ასე?_ეს კითხვა ამეკვიატა და მოსვენებაც დამაკარგვინა. ცალკე, იმაზე ფიქრმა, რომ ხვალ ბაატა-პაბლოს საიდუმლოს ავხდიდით მე და რუსკა ფარდას, თვალი ვერ მომახუჭინა. თუმცა, ჰამაკთანაც ვერ გავედი, რადგან ლუკა იჯდა იქ და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. აშკარად ნერვიულობდა. ნეტა ვინ იყო ამისთანა ის ნათია, ღირდა კი ნერვიულობად? დავიჯერო, მართლა ტატუს ამბავი არ მოსწონდა ლუკას? მასე, ტატუ მეც კი მქონდა, ლავიწზე წარწერა. გამოდის, არც მე მოვეწონებოდი არანაირად, რადგან არ ვჯდებოდი მის გემოვნებაში... მოკლეთ, მთელი ღამე ფიქრსა და ნერვიულობაში გავატარე. გამთენიისას ჩამეძინა ცოტა და რუსკა რომ ადგა სამსახურში წასასელად, მეც გამეღვიძა.
_იცოდე, მზად იყავი, დაგირეკავ თუ არა, იქ გაჩნდი. ერთი სული მაქვს დავამტკიცოთ, რომ პაბლო პაატაა. მერე კი იმის დამტკიცებასაც შევძლებთ, რომ თაღლითია და რატის გაძარცვა უნდა.
რუსკა რომ წავიდა, დრო საშინლად გაიწელა. ყავაც დავლიე, ვირბინე კიდეც, შხაპიც მივიღე, მაგრამ რუსკა არა და არ რეკავდა. მერე, მანქანით გავედი და სასტუმროს შორიახლოს შევჩერდი, რომ იქ მისასვლელად სახლიდან ბევრი დრო არ დამეკარგა. კარგა ხანს ვიჯექი მანქანაში და თვალებად ვიყავი ქცეული, თარჯიმანი არ გამომრჩენოდა როდის გამოვიდოდა სასტუმროდან. ისე ნელა გადიოდა დრო, მეგონა საერთოდ გაჩერებულიც კი იყო. მანქანაში ჯდომითაც რომ დავიღალე, გადავედი და ახლა ქუჩაში მოვყევი ნერვიულად ბოლთის ცემას. გზის მოპირდაპირე მხარეს გუშინდელი უტიფარი გოგო რომ დავინახე, არ მესიამოვნა ისეთი თვალებით მიმზერდა. ერთხანს მეც ვუყურე დაჟინებით, გადასვლა და გამოლაპარაკებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ ამ დროს დამირეკა რუსკამაც და გადავიფიქრე.
_ქალბატონი ტყეში სასეირნოდ ემზადება. ალბათ მარტო რომ დარჩება პაატა, აბაზანაშიც შევა._ჩურჩულით მაუწყა რუსკამ._გინდაც არ შევიდეს აბაზანაში, ნომერში დავადგეთ. ვაიძულოთ რომ ჩაიხადოს და თავისი უკანალი გვაჩვენოს... უი, გოგო, რა გავიგე იცი? რატი მაჯის საათების კოლექციონერი ყოფილა. თურმე ისეთი საათები ქონია, მილიონები ღირს. სწორ კვალზე ვართ რომ იცოდე.
_მართლა?_ ამ აღმოჩენით გახარებულმა ცოტა ხმამაღლა შევყვირე._ჯიგარი ხარ!!! არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. აქვე ვდგევარ სასტუმროს შორიახლოს და თარჯიმანი გამოვა თუ არა, მე მაშინვე შემოვალ.
_კაი, ოღონდ ფრთხილად, არ შეგნიშნოს.
დავასრულე თუ არა რუსკასთან ლაპარაკი, მანქანაში ჩავჯექი და იქიდან დავუწყე სასტუმროს კარს თვალთვალი. ალბათ ნახევარი საათი ვიჯექი ასე და თარჯიმანიც გამოვიდა. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. სავარძელში ოდნავ ჩავიმალე კიდეც ინსტიქტურად და ისე გავაყოლე თვალი ნელი ნაბიჯებით მიმავალ ქალს. ტყის გზას დაადგა თუ არა და თვალს მიეფარა, მაშინვე გადავხტი მანქანიდან და სასტუმროსკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი. კარს რომ მივუახლოვდი, რუსკამაც გამომხედა.
_აქ ხარ?_გაუხარდა,_მოდი, მოდი.
ნახევრად მოღიავებულ კარში ოსტატურად შევძვერი და პირდაპირ კიბეებისკენ გავეშურეთ, რომ არავის დავენახეთ. სულ სირბილით გავიარეთ დერეფანი და ხის მოჩუქურთმებული კიბეები ხმაურით ავირბინეთ. მესამე სართულის ბაქანზე ცოტა შევისვენეთ და დერეფანშიც შევედით. დერეფნის ბოლოს ლუქსისკენ ფეხაკრებით გავირბინეთ და წინდაწინ მომარჯვებული გასაღები საკეტში რომ მოარგო რუსკამ და ფრთხილად გადაატრიალა, გულიც გადამიტრიალდა თითქოს. ნომერში ქურდებივით შევიპარეთ. ტელევიზორი მაღალ ხმაზე ქონდა ჩართული. მისაღებში არავინ იყო და საძინებლებში შევიჭყიტეთ. იქაც რომ არავინ დაგვხვდა, აბაზანას მივაყურადეთ. აშკარად იქ იყო, რადგან წყლის ჭავლის ხმა გამოდიოდა. კარი ფრთხილად შევამოწმე და დაკეტილი იყო. მეტი გზა არ გვქონდა, უნდა დავლოდებოდით სანამ იბანავებდა და გამოვიდოდა. ის იყო ფუმფულა სავარძლებში ჩავსხეფით, რომ კარი შემოიღო და აღშფოთებული ლუკა შემოვიდა.
_აქ რას აკეთებთ?_ისეთი მკაცრი გამომეტყველებით გვიმზერდა ხან ერთს და ხან მეორეს, რომ სისხლი გამეყინა ძარღვებში. ჩქარა ეხლა გარეთ, სანამ ორივენი ძალით წამითრევიხართ.
_საქმე გვაქვს._გააპროტესტა რუსკამ, მაგრამ თვალები ისე დაუბრიალა ლუკამ, ვეღარ შევეწინააღმდეგეთ და კუდამოძუებული წუნკალი ძაღლებივით გამოვედით ნომრიდან.
დერეფნის ბოლოში კიბის ბაქანთან დივანზე ჩამოგვსხა ორივე.
_აბა, ქალბატონებო, ახსნა განმარტებას ველი, რა ჯანდაბა გინდოდათ იმ პიდარასტის ნომერში?_მკაცრად გვკითხა.
დავიბენით. ასე უცბად ვერანაირ ტყუილს ვერ მოვიფიქრებდით, რომელიც სიმართლესთან იქნებოდა ახლოს.
_საქმე გვქონდა._რუსკას აშკარად ენა დაება.
_რა საქმე გოგო, არ გადამრიო!_ისეთი ხმით კითხა, გამაკანკალა.
_მე მეხმარებოდა._გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა მისთვის.
_რაში, შიშველი გეის ყურებაში?
_გეი არ არის და არც ესპანელია... მართალია, იმიჯი შეცილი აქვს და ვითომ ქართული ერთი სიტყვაც არ ესმის, მაგრამ ქართველია და მე ამის დამტკიცება მინდა.
ერთხანს გაოგნებული მომჩერებოდა. სახეზე ეწერა, რომ ჩემი არც ერთი სიტყვის არ სჯეროდა.
რუსკა წამოდგა.
_საით?_ხელი მოკიდა და ისევ დასვა._სანამ გულახდილად არ მეტყვით ყველაფერს რა ხდება, აქედან ვერ მოიცვლით ფეხს... მისი გაქურდვა გინდოდათ?_რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა.
ამ კითხვაზე კი თავი ვერ შევიკავე და გულიანად გამეცინა.
_გითხარი თუ არა, რომ ჩემი ძმა შერლოკ ჰოლმსია-მეთქი?... მიდი და გამოაპარე რამე._რუსკასაც გაეღიმა ლუკას მოწოდებულ იდეაზე._კარგი ხო, გამოგვიჭირე._ახლა ძმას მიუბრუნდა._ახლა რას იზავ, გააგებინებ ყველას და ქურდობის მცდელობის ფაქტზე რომ წაგვასწარი, პოლიციას გადასცემ ჩვენს თავს?_თან მე დამიბრიალა თვალები, რომ არაფერი წამოგცდეს ზედმეტიო.
_მართლა გასაქურდად იყავით?_დაეჭვდა ლუკა და ხან მე მიმზერდა და ხან რუსკას.
_აბა, იმ პიდარასტთან სხვა რა საქმე უნდა გვქონოდა?.. მოიცადე და, შენ რა გინდოდა იქ?_საქმის მოხერხებულად შეტრიალება სცადა რუსკამ და ეჭვით გახედა ძმას._შთხვევით, შენც ცისფერი ხომ არ ხარ?
_შენ ხომ არ უბერავ გოგო?_ისევ აღშფოთდა ლუკა._კიბეებზე რომ მიიპარებოდით შეგნიშნეთ და თქვენ გამოგყევით... წამოდი ახლა და მაკოს უთხარი, რომ ხვალიდან აღარ გამოდიხარ სამსახურში._მკლავში მოკიდა ხელი და ფეხზე წამოაგდო.
_რას ლაპარაკობ?_გაუძალიანდა რუსკა._სანამ სეზონი არ დასრულდება, ვიმუშავებ...
_ვერსადაც ვერ იმუშავებ!
_ვითომ რატომ?
_ეს დღეს დაგინახე, რომ სტუმრების ნომრებში დაძვრები. მანამდე ვინ იცის რეებს აკეთებდი?!
_შეეშვი, მართლა მე მეხმარებოდა._მკლავზე მოვკიდე ლუკას ხელი._ეს არაფერ შუაშია, ჩემს მითითებებს ასრულებდა.
ლუკამ ისევ ეჭვით შემომხედა.
_გრძელი ამბავია. გპირდები, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, ოღონდ რუსკას ნუ გაუბრაზდები, მისი ბრალი არაფერია. ახლა გაუშვი, რომ გააგრძელოს სამსახური.
_კარგი._მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გაუშვა დას ხელი და ახლა მე მომკიდა მკლავში._წამოდი, გარეთ გავიდეთ, მე და შენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
წინააღმდეგობის გარეშე ჩავყევი კიბეზე. ერთი კი ავხედე რუსკას, უკმაყოფილო გამომეტყველებით რომ მიმზერდა, მაგრამ ლუკასთვის სიმართლის თქმა გადაწყვეტილი მქონდა უკვე და აზრს აღარ შევიცვლიდი.
სასტუმროდანაც ისე გავედით, ხელი არ გაუშვია ჩემთვის. შორიახლოს მდგარ ჩემს მანქანასთან დამიპირა მიყვანა, მაგრამ გზაში გადაიფიქრა. უკან გამოვბრუნდით და სასტუმროს უკან პარკში გავედით. ისევ დავლანდე ის უტიფარი გოგონა, მე და ლუკას რომ გვიმზერდა გაბრაზებული, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ჩქარი ნაბიჯებით მივყვებოდი გაბრაზებულ ბიჭს. განაპირა ცარიელ სკამზე ჩამომსვა, თვითონ წინ ამესვეტა და ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს. ღრმა ნაფაზის შემდეგ, ისე რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის, მკაცრად მკითხა.
_რა პრობლემები გაქვს მაგ ესპანელთან?
_ესპანელი არ არის და არც გეია. ჩემი ყოფილია...
ყოფილის გაგონებაზე ეტყობა კვამლი გადაუცდა სასულეში და მსუბუქად ჩაახველა.
_ყოფილი?_გაკვირვებული მომიჯდა გვერდით.
_ხო... თაღლითია. ნახევარი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, თავი შემაყვარა, ჩემი ნდობა დაიმსახურა და მერე კი გამძარცვა. ძვირფასეულობა, ჩემი მანქანა და ჩემი პირადი ანგარიშიდან თანხა მოიპარა და გაქრა, პოლიციამაც კი ვერ იპოვა ვერსად.
ჩემმა ნათქვამმა შევატყე, რომ გააოგნა. ერთხანს თავისი თაფლისფერი თვალებით დაჟინებით მომჩერებოდა. ვერ ვიტყვი რომ ჩემი თითოეული სიტყვის ეჯერა, მაგრამ არც უნდობელი მზერა ქონდა.
_ახლა ფიქრობ, რომ ახალი მსხვერპლი ყავს შერჩეული?_კარგა ხნის დუმილის მერე მკითხა.
_რატი კოლექციონერია, ძვირადღირებული მაჯის საათების კოლექცია აქვს. მათი ღირებულება მილიონებს აჭარბებს. მის გასაცნობად დაბინავდა ამ სასტუმროში. თან, წინასწარ იცოდა ესპანეთში რომ იყო და სავარაუდოდ იმიტომაც ასაღებს ესპანელად თავს... გაცნობას ამ სასტუმროდან ჩაუყარა საფუძველი... მე ნახევარი წელი მხვდებოდა, მოცდა შეუძლია. შეიძლება მასთანაც ამდენივე დრო დასჭირდეს, შეიძლება უფრო მეტიც.
_დარწმუნებული ხარ, რომ შენი ყოფილია?
_კი, პაატაა. უბრალოდ იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ სინამდვილეში პაატა ქვია. შეიძლება ჩემთანაც გამოგონილი სახელით და გვარით მოქმედებდა, რომ ვეღარ მიმეგნო მისთვის. დაქალმა გამაცნო ბიძაშვილად. აღმოჩნდა, რომ საყვარლები იყვნენ და ერთად მოქმედებდნენ. ამიტომ მგონია ახლა, რომ თარჯიმანიც ამ საქმეშია.
სიგარეტის მოწევას რომ მორჩა, წამოდგა, ურნაში ჩააგდო და ისევ ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
_რით მიხვდი, რომ პაატაა?
_თვალებით... ღიმილით... მოკლეთ, ერთმანეთს ვხვდებოდით და ვიცი, ის არის.
_მის ნომერში რა გინდოდათ?
დავიბენი. როგორ მეთქვა, რომ მე და შენს დას მისი შიშველი სხეულის ნახვა გვინდოდა-მეთქი? მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ენის ბორძიკით მაინც გავბედე თქმა.
_პაატას ტატუ ქონდა დუნდულაზე მეფის გვირგვინი და მისი ნახვა გვინდოდა, რომ დავრწმუნებულიყავი...
_გამოდის, მაინც ეჭვი გეპარება?_ინტერესით მკითხა.
_არა, მაგრამ დაზუსტება მინდა.
_რომ გამოიჭირო, მერე რას აპირებ?
_როგორ თუ რას? პასუხს ვაგებინებ დანაშაულზე. ორმოცი ათასი მცირე თანხა არ არის. ძვირფასეულობაც და მანქანაც. თან... მაიძულა ბავშვი მომეშორებინა._ბოლო წინადადებაზე გული ამომიჯდა, თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი.
მოულოდნელად ფრთხილად შემეხო მხარზე. თანაგრძნობით რომ გადამხვია ხელი, მაშინ კი ლამის გამიჩერდა გული. მერე გამალებით დამიწყო ფეთქვა. დაუფიქრებლად ჩავეხუტე და უარესად ავქვითინდი. მის მკერდზე თავმიდებულმა გულში დაგროვილი ბოღმა და დარდი ერთიანად ამოვანთხიე. თან, სიმართლე რომ ვთქვა, მსიამოვნებდა მისი ჩახუტება. არ ვიცი, რაღაც ამოუხსნელი განცდა მეუფლებოდა და მთლიანად იპყრობდა ჩემს სხეულს და გონებას. მისით შეპყრობილი ვხდებოდი უკვე.
კარგა ხანს ვიყავი მასთან ჩახუტებული. თითქოს რაღაც დამამშვიდებელი ეფექტი ქონდა მისთვის დამახასიათებელ სურნელს, სასიამოვნოდ რომ მიღიტინებდა ცხვირში და მისი გულის ძლიერ ფეთქვას, რიტმულად რომ ცემდა მის მკერდში...
_იცი, ამ ამბავმა ისე გამანადგურა, რამდენჯერმე თვითმკვლელობაც ვცადე. ორი წელი სიცოცხლის ხალისი და ინტერესი აღარ მქონდა. რუსკა დამეხმარა ყველაფერში. არ ვიცი, ეს რომ არ მყოლოდა გვერდით, რა მეშველებოდა. ბოდიში, შენი და ზედმეტად რომ გავრიე ამ ამბავში. გპირდები, ეს აღარ განმეორდება._ეს ვუთხარი და ხელები შევუშვი, წამოდგომა ვცადე, მაგრამ თვითონ არ გამიშვა.
გაოცებულმა შევხედე თვალებში.
_ისევ გიყვარს?_ რაღაც სინანულის მაგვარი ვიგრძენი მის ხმაში.
ამ მოულოდნელმა კითხვამ დამაბნია. ვითომ ისევ მიყვარდა? ან, საერთოდ მიყვარდა კი? ყოყმანი რომ შემატყო, ხელი გამიშვა.
_დაგეხმარები მის გამოაშკარავებაში. ოღონდ დამპირდი, რომ შენ და რუსკა აღარ გაერევით ამ ამბავში.
_მარტო შეძლებ?_გამიკვირდა.
_შევძლებ, შენ მაგაზე ნუ იდარდებ._დარწმუნებით მითხრა და წამოდგა._შენ და რუსკა განზე გადექით ოღონდ.
მეც წამოვდექი. თუმცა, არ დავპირებივარ, რომ განზე გავდგებოდი. რუსკას მართლა აღარ გავრევდი ამ ამბავში, მაგრამ მე არ ვაპირებდი განზე გადგომას.
უსიტყვოდ დავბრუნდით ჩემს მანქანასთან.
_სახლში წადი, სისულელე აღარ ჩაიდინო. მაგ თაღლითს მე მივხედავ. კარგი?_ისეთი თვალებით შემომხედა, უარი ვეღარ ვუთხარი.
_კარგი._უწადინოდ დავთანხმდი, მანქანაში ჩავჯექი და სანამ არ დავძარი ადგილიდან, ერთ ადგილზე იდგა და მიყურებდა.
იმ დღეს მართლა აღარ გავსულვარ სახლიდან. საღამომდე დროის გასაყვანად რა აღარ ვცადე, მაგრამ ეს დროც ჩემს ჯინაზე ზლაზვნით მიიწევდა წინ... როგორც იქნა დაღამდა და რუსკას და ლუკას როგორც ყოველთვის ჰამაკში მომლოდინე დავხვდი.
_ახალი ხომ არაფერია?_მოსვლისთანავე ორივეს ვკითხე.
_ახალი ის არის ჩემო ნაია, რომ ჩვენს კოლექციონერს ახლახან შეუძენია საათი, რომელიც შავი ბრილიანტებითაა გაწყობილი და აბა გამოიცანი მისი ფასი.
_ნახევარი მილიონი?
_ცდები, ზუსტად ერთი მილიონი დოლარი ღირს.
_რაა?_გაოცებისგან პირი ღია დამრჩა.
_დარწმუნებული ვარ მაკოც არის გარეული ამ ამბავში._ლუკამ თავისი ვერსია გამოთქვა.
_რა იცი?_ერთდროულად ვკითხეთ მე და რუსკამ გაოცებულებმა.
_ციხე შიგნიდან ტყდებაო არ იცით? თან, სიმართლე რომ გითხრათ, მის ვითომ ცისფერობაზე დიდი ხანია ეჭვი მაქვს. მაკოსთან ერთად ისეთ სიტუაციაში წავისწარი, მგონი საყვარლები არიან.
_მართლა?_უარესად გაოცდა რუსკა.
_არ არის გასაკვირი, თუ კი ლენამ თავის ბიძაშვილად გამაცნო საყვარელი, ეგ რა გასაკვირი იქნება? გამოდის, მაკოსაც უნდა ვუფრთხილდეთ.
_ვუფრთხილდეთ არა, მე უნდა ვუფრთხილდე._მკაცრად თქვა ლუკამ._თქვენ ამ საქმეს ჩამოშორებულები ხართ!
_მარტო ვერ შეძლებ, დამიჯერე. რუსკა არა, მაგრამ მე არ გავდივარ ამ საქმიდან. ისეთი გაქნილი და გაიძვერაა, მარტო მართლა ვერაფერს გახდები. მითუმეტეს, რომ არ ვიცით რამდენი თანამზრახველი ყავს და ვინ.
_რას ლაპარაკობთ!?_გაბრაზდა რუსკა._ნახევარი საქმე მე გავხსენი და ეხლა გინდათ გზიდან ჩამომიშოროთ? ვერ მოგართვით. მოგწონთ თუ არ მოგწონთ მე ამ საქმიდან ცოცხალი თავით არ გავდივარ იცოდეთ!_ისეთი მტკიცე და შეუვალი ხმა ქონდა, აზრი არ ქონდა მის გადაფიქრებაზე ჩალიჩს, მაინც ვერ გადავაფიქრებინებდით.
ერთხანს უხმოდ ვისხედით მე და რუსკა ჰამაკში და ლუკა კი კუნძზე და სიგარეტს აბოლებდა.
_იცით, ვიფიქრე რომ სამართალდამცავის დახმარება დაგვჭირდება, ისეთის ვისაც ვენდობით, კანონის ძალით რომ დააკაოს. ჩვენ უკანონოდ ვმოქმედებთ და არაფერი გამოგვივა იცოდეთ._კარგა ხნის დუმილის შემდეგ თქვა რუსკამ._შენი ნაცნობი რომ იყო ჯუმბერა თუ ჯამბულა იმას რომ ვუთხრათ?_ძმას მიუბრუნდა.
_არ ვიცი სად არის. არც ნომერი მაქვს რომ დავურეკო...
_მოიცა, არავინ არ გინდათ, ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარია ზაზა, იმას უთხრა უკვე ჩემმა ძმამ. დავრეკავ აბა, გავიგებ. _მაშინვე მოვიმარჯვე ტელეფონი და კახის დავურეკე.
დიდხანს ვრეკე. ალბათ ეძინა და ის იყო იმედიც გადამეწურა არ მიპასუხებს-მეთქი, რომ მისი ნამძინარევი ხმაც შემომესმა.
_რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს?
_კი, კი, დამშვიდდი. უბრალოდ მაინტერესებდა ზაზას უთხარი ყველაფერი? როდიდან ჩაერთვება ამ საქმეში.
_ზაზა უკვე მანდ არის და უნდა გითხრა, რომ ბევრი რამის გარკვევაც მოახერხა...
_აქ არის? მართლა? ვაა, არ შემინიშნავს არსად.
_დაწყნარდი, ზაზა მიხედავს მაგ საქმეს, შენ და რუსკა აღარ ჩაერიოთ. ძალიან ბევრი ხალხია მაგ ამბავში გარეული და ხელს ნუ შეუშლით იცოდე.
_კაი... ბოდიში რომ გაგაღვიძე.
_შენ რა არ გაძინებს ერთი ვიცოდე? დაწე და დაიძინე, მანდ არ მომიყვანო იცოდე.
გამეცინა მის მუქარაზე. ღიმილით დავემშვიდობე და გავუთიშე ტელეფონი.
_რაო?_მაშინვე ეს მკითხა რუსკამ.
_აქ ყოფილა უკვე და ბევრი რამის გარკვევაც მოუხერხებია...
_ზაზა?.. მოიცა, კაციაშვილი? ახალი დამსვენებელი გვყავს ხო. ის არის?
_მგონი კაციაშვილია ხო. მაღალი, შავგვრემანი ბიჭია, სახეზე პიგმენტური ლაქები აქვს.
_ხო, ეგ არის._გაუხარდა რუსკას._გუშინ საღამოს მოვიდა... და რას წარმოადგენს ეგ თქვენი ზაზა?
_კერძო დეტექტივია...
_დეტექტივია და თვითონ მიხედავს მაგ საქმეს, თქვენ შორს დაიჭირეთ თავი იცოდეთ._მკაცრად გაგვაფრთხილა ლუკამ._ ახლა კი წავედით, დავწვეთ.
არ შევწინააღმდეგებივართ. პირუჩუმრა წამოვდექით ჰამაკიდან და მართლაც დასაწოლად გავეშურეთ.
დილით რუსკა და ლუკა წავიდნენ თუ არა სამსახურში, მეც გამოვეწყე სპორტულ ფორმაში და სარბენად წავედი. ჩვეულებისამებრ თავდაღმართზე დავადექი ბაკურიანის ტრასას. თან, ყურსასმენები მქონდა მორგებული და ენერგიულ მუსიკას ვუსმენდი. მის ფონზე თითქოს უფრო ხალისით დავრბოდი. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ რაღაც ხმაური შემომესმა ზურგიდან და შევბრუნდი თუ არა, ვიღაც შემასკდა კიდეც. წავბარბაცდი, თავი ვეღარ შევიმაგრე და ტრასაზე ზურგით გავცურდი. ის ვიღაცაც ზედ დამეცა. სიმწრისგან ერთი კი ამოვიგმინე, მაგრამ ის უტიფარი გოგო რომ ვიცანი მაღაზიიდან, რომელიც როლიკებზე იდგა, გავბრაზდი, ტკივილი სულ გადამავიწყდა. მთელი ძალღონე მოვიკრიფე და ხელის აკვრით მოვიშორე ზედ დაცემული გოგო.
_რას გადამეკიდე, რა გინდა?_ვუკივლე და მადიანი მუჯლუგუნიც ვუთავაზე._ჩემს გარდა საქმე არ გაქვს, რას დამყვები კუდში?
_ანგელოზად ნუ მოგაქვს თავი რა?_აგრესიულად მომაძახა, წამოდგა და ისევ თავქვეზე დაეშვა.
ძალიანაც რომ მდომოდა, ვერ დავეწეოდი. თან, ახლა მთლიანი ზურგი აყვლეფილი მქონდა მგონი. საშინლად მეწვოდა და თან მტკიოდა. რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი. სირბილს მაინც ვეღარ გავაგრძელებდი და ამიტომ უკან დავბრუნდი. რის ვაი-ვაგლახით მივაღწიე მანქანამდე, ჩავჯექი და სახლში დავბრუნდი. თბილი შხაპის მიღება არ მაწყენდა, რადგან მტვრიანი და სისხლიანი ვიყავი.
ეზოში შევედი თუ არა, ლუკა იქ დამიხვდა და შევკრთი. ყველაზე მეტად მისი ნახვა მინდოდა ახლა.
_რა გჭირს?_დამინახა თუ არა, შეშფოთებულმა მკითხა. თან მომიახლოვდა და ზურგი გულდასმით შემიმოწმა.
_არაფერია, წავიქეცი._უწადინოდ ვუპასუხე და აბაზანისკენ გავწიე.
_ეს რანაირად წაიქეცი? მატყუებ რაღაცას...
_ვიღაც გოგო დამეხმარა._გაღიმება ვცადე._როლიკებით იყო და შემასკდა.
_როლიკებით?_ეჭვით შემომხედა.
_ხო. დაღმართზე თავი ვეღარ შეიკავა და დამეჯახა... არაფერია, გამივლის.
_გვარიანად ხარ გადაყვლეფილი. არ გტკივა?_ფრთხილად შემახო თითები შიშველ მხარზე._ექიმთან მისულიყავი, მალამოს დაგინიშნავდა რამეს...
მისი თბილი თითების ფრთხილი შეხება ისე მესიამოვნა, წამით გავირინდე კიდეც. მისი სუნთქვა კი, კისერთან რომ ვგრძნობდი, თითქოს თავბრუს მახვევდა.
_იყოს, არ მინდა._მხარი მოვარიდე და კვლავ შევღიმე, თან აბაზანისკენ გადავდგი ნაბიჯი.
_ნუ ჯიუტობ, გვარიანად ხარ გადატყავებული. მიდი, დაგელოდები, წყალი გადაივლე და ნაცნობ ექიმთან მიგიყვან._ისეთი მზერა ქონდა, თითქოს სულში ატანდა.
_იყოს, სამსახურში პრობლემები არ შეგექმნას, თვითონ წავალ._ისევ შევეწინააღმდეგე.
_ვიცი შენი წასვლა. გელოდები იცოდე.
მეტი გზა აღარ მქონდა, მასთან ერთად უნდა წავსულიყავი ექიმთან და ამიტომ უსიტყვოდ შევედი აბაზანაში, თუმცა თბილ შხაპზე და საპონზე ისე საშინლად ამეწვა კანი, თითქოს მარილი დააყარესო. ისევ გრილი წყლით ჩამოვირეცხე მტვერი და წვრილი ხვინჭა. გამშრალებაც გამიჭირდა, მართლა საშინლად მტკიოდა.
აბაზანიდან გამოსულს ლუკა სამზარეულოში დამიხვდა.
_მზად ხარ, წავიდეთ?
ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ ასე ადვილად აღარ მომეშვებოდა და უწადინოდ გავყევი. ბორჯომში ჩავედით. სანამ ჩავიდოდით გზის პირას იმ უტიფარ გოგონას ვათვალიერებდი ყველგან, მაგრამ ვერსად ვნახე. ალბათ რომ შემხვედროდა სადმე, ისე ვიყავი გამწარებული, იმ თავისი რგოლი პირსინგით ვითრევდი სულ.
ექიმი მართლაც ლუკას ნაცნობი გამოდგა. გულიანად მოიკითხა და მერე მე გამსინჯა გულდასმით. რაღაც ანტიბაქტერიული და ჭრილობის მოსაშუშებელი მალამოები დამინიშნა. კონსულტაციის საფასური არ გადამახდევინეს. აფთიაქშიც თვითონ გადავიდა ლუკა და თავისი ხარჯებით მიყიდა წამლები. მომერიდა, მითუმეტეს რომ ქვითარზე ოთხმოცდაათი ლარი ეწერა. თვიდან თვემდე ხუთას ლარზე მუშაობდა და ჩემს გამო ამდენი ფული რომ დახარჯა უხერხულად ვიგრძენი თავი. უფრო იმიტომ, რომ მე ასე ვთქვათ, ოხრად მქონდა ეს ფული და თვითონ კი მუხლჩაუხრელად მუშაობდა კაპიკებზე. მის სასტუმროსთან მიყვანას ვაპირებდი, მაგრამ სახლში მიმიყვანეო მითხრა და მეც პირდაპირ სახლისკენ გადავუხვიე.
_მარტო ვერ წაისმევ ზურგზე ამ მალამოს და მოდი, მოგეხმარები._ჩემს პასუხს არც დალოდებია. მალამო გამომართვა და გახსნა._მაისურს არ აიწევ?_ეს რომ მკითხა, შემრცხვა.
მორიდებით გავიხადე და წინიდან გადმოვიფარე. თან, მისი შეხების მოლოდინში გავიტრუნე. პაატასთან მორცხვი არასდროს ვყოფილვარ და ახლა, ლუკას წინაშე ნახევრად შიშველი დგომა რად მრცხვენოდა ან მერიდებოდა, ნამდვილად არ ვიცი. ისე ფრთხილად მისმევდა თითებით რაღაც სურნელოვან მალამოს, სიამოვნებისგან ლამის კატასავითაც კი ვკრუტუნებდი. გულიც საამოდ მიძგერდა. საერთოდ ვერ ვგრძნობდი ტკივილს. ეტყობა, მთლიანი ზურგი მქონდა დაზიანებული, რადგან ადგილი არ დარჩენია, სადაც არ შემხებია თავისი თითებით.
_ესეც ასე. ცოტა დაიცადე, კანი შეიწოვს და მერე ჩაიცვი._ღიმილით მითხრა და ეზოში გავიდა.
კმაყოფილი და გაღიმებული დავრჩი შუა ოთახში გაშეშებული. ეს ბიჭი მართლაც რომ მაღელვებდა, გულსაც მიფორიაქებდა და თავგზასაც მირევდა. თითქოს, არც თვითონ იყო ჩემს მიმართ გულგრილი, მაგრამ... ნახევრად შიშველი ვიდექი მის წინ და სიტუაციით არ უსარგებლია. უბრალოდ, მალამო წამისვა და თვალებში მიყურებდა... არა, მართლა რომ არაჩვეულებრივი ბიჭი იყო!
მაისური რომ გადავიცვი და ეზოში გავედი, კუძზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
_ცოტა მაინც გაგიყუჩა?_მზრუნველად მკითხა.
_ცოტა კი არა კარგად, მადლობა._მის დაჟინებულ მზერას თვალი ვერ გავუსწორე.
_კარგი, მე ისევ სამსახურში უნდა წავიდე. დროებით.
_გაგიყვან, ფეხით რომ არ იარო...
_არ არის საჭირო, ფეხით მირჩევნია, მადლობა._მომაჯადოებლად შემომღიმა და წავიდა.
არ ვიცი ვინ იყო ის გოგო, ან რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ ახლა მადლობის მეტი არაფერი მეთქმოდა. თვალი გავაყოლე ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ ლუკას და კმაყოფილს სიამოვნებისგან გამეღიმა...
საღამოს ჰამაკში ვეღარ ჩავწექი, რადგან ზურგი მტკიოდა და კუნძზე ჩამომჯდარი დაველოდე რუსკას. რუსკა რომ მოვიდა, ეტყობა რომ ლუკასგან იცოდა ყველაფერი და ეზოში შემოვიდა თუ არა, შეშფოთებული მომვარდა.
_როგორ ხარ გოგო? რა მოგივიდა? ვინ იყო ის ქაჯი ვინც დაგეტაკა? დამაჭერინა ერთი...
_ძალათი ხომ არ უნდოდა? შემთხვევით მოხდა._რატომღაც იმ უტიფარის დაცვა გადავწყვიტე._შენ ის თქვი, ახალი ხომ არაფერია?
_თუ არ ჩავთვლით იმას, რომ უფრო დაახლოვდნენ რატი და პაბლო, არაფერია.
_ეგ მასეც უნდა ყოფილიყო, მაშ რისთვის წვალობს ამდენს?_გამიკვირდა.
_ზურგი გტკივა?_ისევ ჩემს ტრამვებს დაუბრუნდა რუსკა.
_არც ისე, გამიარა. დარწმუნებული ვარ, ხვალ აღარაფერი მექნება.
ვითომ არ მტკიოდა, მაგრამ საწოლში ზურგზე მაინც ვერ დავწექი. მთელი ღამე პირქვე ვიწექი და ტკივილისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. თუმცა, რომ ვიხსენებდი როგორ ფრთხილად და ნაზად მისმევდა დღეს ლუკა მალამოს, გული სიამით მიძგერდა.
მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. დილით რუსკამ წამისვა მალამო, თან სინანულით აქნევდა თავს.
_რა საშინლად გაქვს იცი?.. დავიჯერო, არ გტკივა?.. ნეტა ვინ იყო ის დებილი, თვალებიდან არ იყურებოდა?.. თუ არ იცოდა როლიკებზე დგომა, რაღას დგებოდა?.._ათასი სალანძღავი სიტყვა გამოიყენა მისი მისამართით.
წასვლის წინ ლუკამაც მომინახულა.
_როგორ ხარ?_გულთბილი ღიმილით მომიკითხა.
_შენი წყალობით კარგად._მეც გამეღიმა._შენ რომ არ დაგეძალებინა ექიმთან წაყვანა, უარესად მექნებოდა. მადლობა.
და-ძმა გავიცილე თუ არა, ისეთი მაისური ჩავიცვი, გადაყვლეფილი ზურგი არ გამომჩენოდა და მეც წავედი სარბენად. თუმცა, ვერ ვირბინე, რადგან წელი მტკიოდა და სასტუმროს უკან პარკში გავისეირნე. ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და ტელეფონი მოვიმარჯვე სოციალური ქსელის დასალაშქრად. ბევრი ახალი ამბავიც გავიგე და კარგადაც გავერთე. მერე სახლში წასვლა გადავწყვიტე და სადგურისკენ გადავუხვიე, მოკლეზე მინდოდა ჩარბენა. ოცი-ოცდაათი მეტრი გავიარე კიდეც, მაგრამ მაღაზიაში მომინდა შევლა და ამოვბრუნდი ისევ. სასტუმროს წინ ისევ იმ მაღაზიაში შევედი, ის გოგო რომ შემეფეთა პირველად. ჩვეულებისამებრ უშაქრო ყავა, ტკბილეული და გაზიანი სასმელები ავიღე და სალაროს რომ მივუახლოვდი ის უტიფარი გოგო იქ არ დამხვდა მოლარის ფორმაში? გულზე მიკრულ ფირფიტაზე სახელი ნათია რომ ამოვიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ლუკას გამო ეჭვიანობდა და მიტომაც მყავდა ასე სასტიკად გადაკიდებული. ოცი ლარის ნავაჭრი ორმოც ლარში მიანგარიშა აუღელვებლად.
არაფერი მითქვია, უბრალოდ დაჟინებით მივჩერებოდი.
_ვერ გაიგე? ორმოცი ლარი...
_შენ ხარ დებილი თუ მე მადებილებ? ანგარიში არ იცი?
_ოჰ, სცოდნია ქალს ანგარიში._ირონიულად გაიღიმა._ეგ, აქ მაცხოვრებლებისთვის არის ფასები, თორემ ტურისტებზე და ჩამოსულებზე ორმაგია._უტიფრად გამომიცხადა.
_მისმინე ნათია, არ ვიცი რა გინდა ჩემგან და რას გადამეკიდე, მაგრამ გირჩევ, რომ თავი შორს დაიჭირო ჩემგან! იანგარიშე ნორმალურად სანამ უფროსობისთვის დამიძახია.
_უფროსობაც იმას გეტყვის, რომ ტურისტებზე სხვა ფასებია.
_სხვა ფასებია, მაგრამ ორმაგი?_გაბრაზებულმა მუშტი დავურტყი დახლზე._ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ნუ გამომცდი იცოდე!_ხმას ავუწიე.
ჩვენს ხმამაღალ საუბარზე მეორე სალაროდან სხვა მოლარე მოვიდა.
_რა გჭირს ნათია?_ჩურჩულით კითხა._ცოტა წესიერად თორემ ჯონიმ თუ გაგიგო, ხომ იცი საყვედურს გეტყვის._იმ გოგომ თავიდან დაიანგარიშა ჩემი ნავაჭრი როგორც საჭირო იყო, ფული გადავიხადე და მაღაზიიდან გამარჯვებულის იერით გამოვედი.
ესეიგი, ეს იყო ლუკას ნათია? რუსკას ასი პროცენტით ვეთანხმებოდი, მართლაც ძალიან აუტანელი გოგო იყო. რას ეჭმევინებოდა ნეტა ლუკა? არა, შეხედულებით ნამდვილად არ დაიწუნებოდა, ეშხიანი და ეფექტური გოგო იყო, მაგრამ მარტო შეხედულება რაა? გამოდის, ჩემზე ეჭვიანობდა? პრინციპში, რატო არ უნდა ეეჭვიანა ვითომ, მე ხომ მშვენიერი და ყველასთვის სასურველი ქალი ვიყავი? თან, მაშინ ხომ დაგვინახა, სასტუმროდან ხელჩაკიდებული რომ გამომიყვანა ლუკამ? იქნებ, პარკშიც დაგვინახა ჩახუტებული რომ ვყავდი?.. კმაყოფილს გამეღიმა. ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. გამოდის, რამეს გრძნობს ან ატყობს ლუკას... დავიჯერო, ჩემს გამო ჩხუბობენ ასე მალ-მალე? შეძახილმა ხე გაახმოვო, იქნებ ამდენი ეჭვიანობით და ჩხუბით მართლაც დააინტერესოს ლუკა ჩემით და უფრო დაკარგოს ამ უტვინომ... ხო და, მთლად უკეთესიც ჩემთვის. ოდნავ მაინც თუ შევატყობ ლუკას ჩემს მიმართ ინტერესს, მართლაც არ დავუთმობ არავის. მეყო რაც პაატას გამო ვიტანჯე და ვიდარდე. მგონი მეც მაქვს უფლება ბედნიერი ვიყო და ამ ბედნიერებისთვის წესების დაცვის გარეშეც რომ მომიწიოს ბრძოლა, ვიბრძოლებ კიდეც... თვითონ ხომ ლუკას გამო დამეტაკა და გადამატყავა? მე ასე სასტიკად ნამდვილად არ გავუსწორდები, მაგრამ... არც ეგაა გამორიცხული. თუ არ შემეშვება, იქნებ გავიფინო კიდეც წიხლქვეშ...
კმაყოფილი იერით მივიხედე უკან და გამეღიმა. ქალბატონი უტიფარი გოგონა ვიტრინასთან მომდგარიყო და მამის მკვლელი თვალებით მიმზერდა. დავრწმუნდი, რომ უმიზეზოდ არ დაიწყებდა ეჭვიანობას. ხო და მეც ბედნიერზე ბედნიერი დავბრუნდი სახლში.
საღამოს ზაზამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. იმ ინტერნეტ კაფეს, სადაც შეხვედრა დამითქვა, ადვილად მივაგენი. თვითონ ზაზაც მალევე აღმოვაჩინე კუთხეში მიმჯდარი. ტრადიციული მიკითხვ-მოკითხვების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
_მის ნომერში მინდა შეღწევა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ეტყობა რამეს ეჭვობენ და ხან ერთია ნომერში და ხან მეორე. მინდა რომ დილით გამოხვიდე და სკანდალი მოაწყო. ისეთი სკანდალი, რომ ყველა თქვენს გარშემო მოქუჩდეს, მაკოც კი... ხუთი წუთი სულ მეყოფა.
_რას აპირებ?_დავინტერესდი.
_მოსასმენი აპარატი უნდა დავამონტაჟო და მათი თითის ანაბეჭდები ავიღო, მონაცემთა ბაზაში მინდა გადავამოწმო... შეძლებ?
_სკანდალს?_გამეღიმა._თუ გინდა ისეთ სკანდალს მოვაწყობ, მარტო სასტუმრო კი არა, მთელი ბაკურიანი შევაქუჩო ჩვენს გარშემო.
_კარგი. დილით ყავას ყოველთვის სამზარეულოში უკვეთავს ის ვაჟბატონი. ხო და ნომრიდან რომ გამოვა, შეგეხმიანები. შენი იმედი მაქვს იცოდე... ჯერ მე გავალ, შენ ცოტა ხანს ისევ დარჩი და მერე პირდაპირ სახლში წადი, ზედმეტად არ მოხვდე არავის თვალში.
მასეც მოვიქეცი. საღამოს რუსკამ კი მითხრა, რომ ზაზას სათადარიგო გასაღები მივეცი, პაატას ნომერში უნდა შეპარვაო, მაგრამ მე არც მისთვის და მითუმეტეს არც ლუკასთვის არ მითქვია ზაზასთან შეხვედრის ამბავი. დილით და-ძმა გავიცილე თუ არა, მეც გავწიე სასტუმროსკენ. ზაზამ ესემესი რომ მომწერა, ნომრიდან გამოვიდაო, ნათიასთან შევედი მაღაზიაში, ერთი ბოთლი არაყი ვიყიდე, იქვე გავხსენი და რამოდენიმე ყლუპი გადავკარი მხნეობისთვის. მაღაზიიდან გამოსულმა ვითომ შემთხვევით, ნახევარი ზედ გადავისხი ტანსაცმელზე, რომ მთვრალს უფრო დავმსგავსებოდი და სასტუმროში შევედი. კარში მდგარმა ბიჭმა ჩემი შეშვება არ ინება, მაგრამ რომ იტყვიან ძალით შევეჭერი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. პაატაც იქ დამიხვდა და გამიხარდა. ერთი ყლუპი კიდევ მოვსვი ბოთლიდან და გაგულისებული მივეჭერი.
_რაო, თვითმარქვია ნაძირალა, ვერ გაიხსენე ქართული?
პაატა-პაბლომ გაოცებით შემომხედა და ესპანურად რაღაც მკითხა.
_ენას ნუ იღლი, ვიცი რომ ქართულად მშვენივრად ლაპარაკობ... თუ არა და, სად გყავს თარჯიმანი? არ გინდა გითარგმნოს რა ნაგავიც ხარ?_პერანგის საყელოში ვწვდი და მოვქაჩე.
კიდევ რაღაც მითხრა ესპანურად და ხელის გაშვებინებას შეეცადა. მე უფრო გაშმაგებით ჩავაფრინდი და შევაჯანჯღარე კიდეც.
_იცი, შენმა მზერამ გაგყიდა. იქ, სადგურში, ჩემთვის რომ არ დაგეწყო მატარებლიდან ყურებას, მე არც კი მოგაქცევდი ყურადღებას. რაც არ უნდა შეინიღბო, მე ვერ გამასულელებ, ჩემი ხუთი თითივით გიცნობ!
სად იყო სად არა მისი თარჯიმანიც გამოჩნდა.
_ისევ შენ!?_აღშფოთდა._შეეშვი, ესპანეთის მოქალაქეა, გეშლება გოგონი!
_ნუთუ? შენ შეგეშლება მამაკაცი, ვისაც ხვდები?_ინტერესით მივაშტერდი.
სეირის საყურებლად შეგროვილი ხალხი მაკომ ძლივსძლიობით გამოარღვია და აღშფოთებული სახით დამიდგა წინ.
_რა გინდა გოგონი?
_ეს ვაჟბატონი თვითმარქვია თაღლითია და მისი გამოაშკარავება მინდა.
_შენ მთლად გაუბერე თუ რაშია შენი საქმე?_მკლავზე მომკიდა ხელი და სასტუმროდან გაგდება დამიპირა, მაგრამ ვიმარჯვე, ხელი გავაშვებინე და ისევ პაატას მივეჭერი.
_შენი ცისფერობა რას მივაწერო, ვინმე მდიდარი ცისფერი გამოიჭირე და მისი გაქურდვა გინდა?.. თუმცა, რაღა შორს წავიდე, რატი აქ არ გყავს, მილიონერი კოლექციონერი?.. ჩემი ათასები გამოგელია და მადა გაგიმძაფრდა არა?.. შენი ძალათ ბიძაშვილი ლენა სად გდია? თუ ისიც შენსავით ვინმე მდიდარ ბიჭს ეჩალიჩება? ან ლესბოსელს არა?
_გოგონი, გაეთრიეთ ჩემი სასტუმროდან._მაკო დაცვის ბიჭების თანამშრომლებით მომიახლოვდა._სადაც დაგილევია იქვე მოინელე.
_შენ წარმოიდგინე აქ დავლიე და აქვე მოვინელებ!_გამომწვევად შევხედე. მერე ისევ პაატას გავეკიდე, კიბისკენ რომ მიიწევდა._რაო, გეგონა შენს გეგმებს ვერავინ ამოხსნიდა?
კიბიდან ჩამომავალ ლუკას გაოცებულ თვალებს რომ წავაწყდი, წამიერად შევკრთი და დავიბენი.
_სანამ პოლიციას გამოვუძახე გაეთრიე ჩემი სასტუმროდან!_ბოლო ხმაზე მიკივლა მაკომ.
_შენი სასტუმროდან?_გულიანად გადავიხარხარე._ხომ არ გავიწყდება რომ ამ სასტუმროს კანონიერი მფლობელი შენი ძმაა?
_ნაია, რა გჭირს?_ლუკამ მკლავზე ფრთხილად მომკიდა ხელი და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. აშკარად შეწუხებული იყო ჩემი საქციით.
_შენ ნუ ერევი ამ ამბავში!_ხელი გავაშვებინე.
_ეს დამთხვეული ისევ ამ პატიოსან კაცს ესხმის თავს?_ახლა რუსკამ მომკიდა მკლავზე ხელი და სასტუმროდან ჩემს გაყვანას შეეცადა._ყოფილმა უღალატა ამ საცოდავს და ყველა კაცი თავისი ყოფილი გონია._თან ჩემი გამართლება სცადა._ამდენი სმისგან ბელაიაგარიაჩკა დაეწყო უკვე.
რუსკას ხელი გავაშვებინე და ისევ პაატას მივვარდი, რომელიც უკვე კიბეზე ადიოდა თავის თარჯიმანთან ერთად. სპორტულ შორტებზე ვწვდი და საცვალთან ერთად ჩავაძრე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა არანაირი ტატუს კვალი არ ეტყობოდა დუნდულაზე.
_გაგიჟდი გოგო?_ხელით მიბიძგა თარჯიმანმა.
მე ისევ გაოგნებული შევყურებდი პაატად მონათლულ უცხოელ გეის, რომელიც კიბეზე ჩქარი ნაბიჯებით არბოდა და თარჯიმანიც უკან მისდევდა. ლუკამ მკლავი რომ მომხვია და სასტუმროდან გამომიყვანა, არ გავძალიანებულვარ. თვალი მოვკარი ზაზას, რომელიც კიბიდან მშვიდად და აუღელვებლად ჩამოდიოდა და მაგით მაინც დავიმშვიდე გული.
სასტუმროდან გარეთ რომ გამიყვანა, გაბრაზებულმა დამსვა ძირს.
_რა იყო ახლა ის, რაც შენ მოაწყე?
_ზაზას სკანდალი უნდოდა და სკანდალი მოვაწყე, მაგრამ..._ჩურჩულით ძლივს ამოვთქვი ენის ბორძიკით._ტატუ? ტატუ რომ არ ქონდა? დავიჯერო, მართლაც მეშლება?_უაზროდ ვისრესდი ხელის გულით სახეს._არ არსებობს, არ მეშლება... დარწმუნებული ვარ ის არამზადა თაღლითია... მაგრამ..._გაგიჟებას ვიყავი უკვე._იგივე თვალები, იგივე ღიმილი, იგივე კბილები, იგივე სიმაღლე... შანსი არ არის, არ მეშლება...
_დაწყნარდები თუ არა?_სიმკაცრე გაურია ხმაში.
_დავიჯერო, მართლა მეშლება?_უმწეობისგან ცრემლმა დამინამა თვალები და ისე შევხედე ლუკას, რომელიც თითქოს სინანულით მიმზერდა._დავინახე თუ არა, დარწმუნებული ვიყავი რომ ის იყო... ახლა? ახლა აღარც კი ვიცი რა ვიფიქრო... დავიჯერო, მართლა ყველა კაცი პაატა მგონია?_იქვე ჩავიცუცქე ტროტუარზე, თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი.
ერთხანს მაცადა. მერე კი, რომ აღარა და აღარ დავწყნარდი და პირიქით, ისტერიკაში მეზრდებოდა უკვე ჩემი ღრიალი, მკლავზე ძლიერად მომკიდა ხელი, წამომაყენა და ჩემს მანქანაში ჩამსვა. საჭეს თვითონ მიუჯდა და სახლში წამომიყვანა. მთელი გზა თავი ხელებში მქონდა ჩარგული და ისევ ვქვითინებდი. რა მატირებდა ვერ ვხვდებოდი: ის, რომ მწარედ შევცდი, თუ პაატას რომ ვერ დავიჭერდი ვერასდროს და პასუხს ვერ ვაგებინებდი თავის დანაშაულზე?..
_დაწყნარდი... გთხოვ._ჭიშკართან შეაჩერა თუ არა მანქანა, მხარზე შემეხო ფრთხილად._მე სამსახურში უნდა დავბრუნდე და მინდა, რომ მანქანა მათხოვო.
მივხვდი, რომ სპეციალურად უნდოდა მანქანის წაყვანა, რათა გაგიჟებულს რამე სისულელე არ ჩამედინა. კი მესიანოვნა, ჩემზე რომ ზრუნავდა, და დავაფასე კიდეც მისი ეს მონდომება, მაგრამ ისე ვიყავი გაგიჟებული, მართლაც ვაპირებდი გიჟურ რბოლას გავიცილებდი თუ არა ლუკას. უარის თქმაც დავაპირე, მაგრამ მალევე მიმიხვდა და არაფრის თქმის საშუალება აღარ მომცა.
_სულ რაღაც ერთი საათით მჭირდება, საქმეზე ვარ წასასვლელი... გპირდები უვნებელს დაგიბრუნებ._თან ისე მომაჯადოებლად შემომღიმა, უარის თქმის სურვილი საერთოდ დამიკარგა.
უსიტყვოდ გადავედი მანქანიდან და ეზოში უკან მოუხედავად შევედი. ზურგს მიწვავდა მისი დაჟინებული მზერა. ოთახში შესული საწოლზე პირქვე დავემხე და მწარედ ავქვითინდი. თითქოს ასე ახლოს ვიყავი მიზანთან და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო ყველაფერი. პაატა სინამდვილეში ესპანელი პაბლო აღმოჩნდა... თან, მისი შეურაცხყოფისთვის და საჯაროდ მისი შიშველი დუნდულების გამოჩენის გამო უეჭველი ჯარიმას დამაკისრებდნენ. ეს კი ყველაზე ნაკლებად მადარდებდა, მაგრამ ხალხში გამოჩენის მრცხვენოდა. სირცხვილით როგორღა გამეყო გარეთ თავი?
გულიანად რომ მოვიტირე და მოვიოხე გული, სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან ერთი ბოთლი ჩაციებული არაყი გამოვიღე, მაგიდას მივუჯექი და მაგარი ლოთი კაცივით დალევა დავიწყე, რათა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა დროებით მაინც დამევიწყებინა. ასე საგულდაგულოდ ნაწვალები ჩემი დეპრესიის განკურნება ვხვდებოდი, რომ წყალში იყრებოდა ფუჭად. სამი ჭიქის მერე ვიგრძენი მცირეოდენი სიმთვრალე. მშიერ კუჭზე სვენებ-სვენებით ვწრუპავდი ცხარე არაყს. გვარიანად გამოვთვერი. მახსოვს, მაგიდაზე ჩამოვდე თავი და იქვე დავიძინე.
უგონოდ მეძინა.
თვალები რომ გავახილე ჩემს საწოლზე ვიწექი და პლედი მქონდა მოფარებული. იქვე ტაშტი მედგა, ალბათ ჩანჩქეროს ვმღეროდი წუხელ. რუსკას გადავხედე. მასაც ტანსაცმლიანს ეძინა. არ მახსოვს ჩემი ფეხით გამოვედი საწოლემდე, თუ ვინმე დამეხმარა? იქნებ, ლუკამ ხელში აყვანილიც კი გამომიყვანა? საშინლად შემრცხვა. გამეტებით შემოვირტყი გაშლილი ხელის გული შუბლზე. გვარიანად რომ გაველახე ვინმეს ღირსი ვიყავი. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და ეზოში უჩუმრად გავიპარე. ისევ ტრიალებდა ყველაფერი. აშკარად მთვრალი ვიყავი. გაუცნობიერებლად გავაღე ჭიშკარი და უაზროდ გავუყევი ლიანდაგებს. სად მივდიოდი მეც არ ვიცოდი, მაგრამ მივდიოდი. ღამის გრილი სიო სახეზე რომ მელამუნებოდა მსიამოვნებდა. სანამ გვარიანად არ დამისველა ცრემლმა ღაწვები, ვერ მივხვდი რომ ვტიროდი.
დიდხანს ვიარე შპალებზე ჩქარი, მაგრამ პატარ-პატარა ნაბიჯებით. დასახლებას რომ გავცდი და ტყეში შევედი, მაშინ კი ჩამოვჯექი რელსზე, თავი ხელებში ჩავრგე და პატარა ბავშვივით ხმამაღლა ავღრიალდი. გული გახეთქვაზე მქონდა. ხელახლა განვიცადე ის ტკივილი, რაც პაატას თაღლითობამ და მზაკვრულმა გეგმამ განმაცდევინა წლების წინ. თითქოს, მდგომარეობიდან გამოსული ისევ იმ საშინელ დეპრესიას ვუბრუნდებოდი. ამას, ჩემი სიმთვრალეც ემატებოდა, ლუკას თვალში არარაობად რომ ვიქეცი. მგონი, ყველაზე მეტად ეს უფრო მადარდებდა და მატირებდა. რა ჯანდაბამ დამაცეცხლა იმდენი არაყი, რომ გონი დავკარგე და ვინ იცის რას აღარ ვაკეთებდი და ვამბობდი? ჯობდა, სანამ გაიღვიძებდნენ, გუდა-ნაბადი ამეკრა და დავბრუნებულიყავი ჩემს თბილისში. ტყუილად მებღაუჭებოდა რუსკა, არაფერი ადამიანი მე არ ვიყავი...
მოულოდნელად ჩემს გვერდით რაღაც ფაჩუნი რომ შემომესმა, სანამ გავჩუმდებოდი, რომ მიმეყურადებინა და ამეხედა, მხარზე მსუბუქი ხელის დადება ვიგრძენი და ვიღაც მომიჯდა კიდეც გვერდით. შევკრთი, უფრო იმიტომ, რომ სურნელით ვიცანი ვინც იყო. თავი უფრო ღრმად ჩავრგე სირაქლემასავით ხელებში.
_ნუ ტირი. დამიჯერე, ის ნაძირალა შენი ცრემლების ღირსი არ არის._ მჭიდროდ მომხვია მხრებზე ხელი და მიმიხუტა._შუაღამეზე ტყეში მარტო სეირნობა კი სახიფათოა. მითუმეტეს შენისთანა ლამაზი გოგოსთვის...
ლამაზი მიწოდა? გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. მისმა სურნელმა უარესად დამახვია თავბრუ. ღამის სიგრილისგან შეციებულს მისი სხეულის სითბოც მსიამოვნებდა სასწაულად. თუმცა, ოდნავადაც არ განვძრეულვარ. თავი სიზმარში მეგონა და არ მინდოდა გამომღვიძებოდა.
_იცი, მთელ დღეს რაზე ვფიქრობდი? იქნებ ის ტატუ დროებითი ქონდა შენთან შესახვედრად და თვალის ასახვევად, რომ კვალი აერია და ვერ მიგეგნო მისთვის?... ან, იქნებ, რომ იცანი, მიხვდა რომ მის გამოაშკარავებაზე იზრუნებდი და სასწრაფოდ დაიფარა რითიმე? თავს ასე სასტიკად ნუ განსჯი იმის გამო, რომ შეცდი. მე მჯერა შენი, რომ პაბლო პაატაა.
მისი ეს ნდობა ჩემთვის მართლაც ყველაფერს ნიშნავდა. მაშინვე შევწყვიტე ტირილი, თავი ავწიე და მთვარის შუქით განათებულ მის თვალებს დაჟინებით მივაშტერდი. თითქოს იქ მინდოდა ამოკითხვა, მართალს ამბობდა, თუ უბრალოდ ჩემი დამშვიდება უნდოდა. ღამის სიბნელის მიუხედავად ჩემდა გასახარად მივხვდი, რომ გულწრფელი იყო. სახეზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადამიწია, ცრემლებიც თითებით შემიმშრალა და მოულოდნელად გულში ჩამიხუტა.
_ნუ ტირი. მე დაგპირდი, რომ დაგეხმარებოდი და ეს ასეც იქნება. არ მივცემ ვიღაც ვიგინდარას იმის უფლებას, რომ შენისთანა მშვენიერ გოგოს ცხოვრება დაუნგრიოს და მწარედ ატიროს._ეს მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
არანაირი სიამოვნება არ შეედრებოდა მის ამ უბრალო კოცნას. მივხვდი, რომ სულერთი არ ვიყავი მისთვის... მივხვდი, რომ ჩემს გამო ღელავდა და ყველაზე მეტად რაც მიხარებდა გულს, ჩემზე ზრუნავდა. ასე დაცულად და იმედიანად არავისთან მიგრძვნია თავი. მისი ათრთოლებული და თბილი ტუშების ნაზმა შეხებამ ჩემს შუბლზე, გული გამიჩერა. სუნთქვაშეკრული ველოდი გაგრძელებას. თუმცა, წამოდგა, მეც წამომაყენა და ხელგადახვეული წამომიყვანა სახლში. ის ერთი კოცნაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მივმხვდარიყავი, მასაც ვუყვარდი და ვუფორიაქებდი გულს. მივხვდი, რომ მარტო ფიზიკური კონტაქტი და სიახლოვე არ ნიშნავდა სიყვარულს. იმასაც მივხვდი, რომ მართლა მიყვარდა მთელი თავისი არსებით, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მისი ფიზიკური და სულიერი სილამაზის გამოც...
ჩუმად შევიპარე ოთახში რუსკა რომ არ გამეღვიძებინა და ბედნიერების განცდით გადავიშხლართე საწოლზე. მუცელში რაღაც სასიამოვნო ფარფატს ვგრძნობდი. აი ისეთს, მინდორში ასობით პეპელა რომ აიშლება ხოლმე ერთდროულად.
დილით ზაზას ზარმა გამაღვიძა.
_როგორ ხარ?_ისე მკითხა, მივხვდი, ჩემი გუშინდელი მდგომარეობა ზედმიწევნით იცოდა._პახმელია ხომ არ გაწუხებს?_გაეცინა.
_რა ვიცი, თავი საშინლად მტკივა, პახმელიისა თუ ნერვიულობის ბრალია, შენ კი გაიგე.
გაეცინა.
ერთხანს მის ხმამაღალ სუნთქვას ვისმენდი. ალბათ დარბოდა.
_ახალი ამბის მოსასმენად მზად ხარ?_რაღაც ძალიან დამაინტრიგებლად მკითხა.
დაძაბულობისაგან მთელი სხეული ზამბარასავით დამეძაბა და ერთი სული მქონდა რა ახალ ამბავს მეტყოდა ზაზა.
_რა ახალი ამბავი?_პაუზა ძალიან დიდი მეჩვენა და საწოლში წამომჯდარმა ხმამაღლა ვკითხე.
ჩემს რეაქციაზე რუსკაც წამოჯდა.
_თითის ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში გადავამოწმე და თაღლითობისთვის ძებნილ ვინმე ბაადურ მინასოვს ეკუთვნის...
_ბაადურ მინასოვს? _თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ისე გამაკანკალა.
_იგივე ვალიკო ანუ ვალო ჭეშურაშვილს და ბოლოს, მოემზადე... პაატა გიგაშვილს.
_რაა!!!_იმხელა ხმაზე ვიკივლე ცალკე გაოცებულმა და ცალკე გახარებულმა, რომ შეშფოთებულმა რუსკას დედამ უმალ შემოყო თმააბურძგნილი თავი.
_ესე იგი, ბაადურ მინასოვი? ჩემთანაც გამოგონილი სახელი და გვარით მოქმედებდა?.. ჯიგარი ხარ, აქ რომ მყავდე ჩაგპროშნიდი... ახლა რას აპირებ?
_რატის გავაცანი საქმის დეტალები. დამეხმარება, ყველა თუ ვერა, რამოდენიმე თანამზრახველთან ერთად მაინც დავაკავებთ პაბლო ესკობარს._გაეცინა._მადლობა შენ, რომ გამოიჭირე. კახიმ ლენაც შენიშნა. ისიც აქ ახლო-მახლო ტრიალებს ალბათ შენიღბული. ჩვენც გავაგრძელებთ თამაშს... როგორც მათი საუბარიდან ირკვევა, მაკოც ამ საქმეშია გარეული, ძმის გაქურდვა უნდა... ასე რომ დაწყნარდი, შენს გამოც აგებენ პასუხს და ნაქურდალსაც დააბრუნებინებენ უკან...
_კი, მაგრამ ტატუ?...
_ტატუს ისტორიაც გავარკვიე. მასეთი ტატუ საქართველოში სამ პიროვნებას აქვს გაკეთებული და ერთ-ერთი ვალო ჭეშურაშვილია, რომელიც მდიდარ, შუახანს გადაცილებულ ქალს ხვდებოდა, რომელსაც ძალიან უყვარდა ტატუები. ხო და მის საამებლად გაუკეთებია.
რომ იტყვიან დავმუნჯდი. გაოგნებულიც და გახარებულიც ერთ სივრცეს მივშტერებოდი და გუნებაში ვაანალიზებდი ზაზას ნათქვამს.
_ჰა, აღარ იტყვი რა მოხდა?_შეშფოთებული რუსკა რომ მომიახლოვდა და გვარიანად შემაჯანჯღარა, მაშინ გამოვერკვიე ფიქრებიდან და მასთან დავბრუნდი.
_ზაზამ გაარკვია ყველაფერი და პაბლო პაატაა, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა სახელი ქვია, ბაადურიო მგონი.
_რა მაგარია!!!._აკივლებული რუსკა მაშინვე გადამეხვია._ვიცოდი, რომ მართალი იყავი და არ ცდებოდი! ყოჩაღ შენ, როგორ იცანი მაინც ასე შეცვლილი? შეიძლება მასე შენიღბული საკუთარ დედას ვერ ეცნო და შენ რა მაგარი ხარ!!!
გაოცებულმა ლუკამ მორიდებით მოგვიკაკუნა კარზე და რუსკამ შემოსვლის უფლება რომ დართა, მაშინვე ყველაფერი ახარა.
დღემდე მახსოვს მისი კმაყოფილი და ღიმილიანი შემოხედვა. ამ ამბავმა მართლაც ძალიან გაგვახარა ყველა. წლების მანძილზე ცხოვრებაში ასე აღარაფერი გამხარებია და შოკში ვიყავი ისევ. სამსახურში წავიდნენ თუ არა, მეც მაშინვე გადავიცვი სპორტული ტანსაცმელი და მოზღვავებული ენერგიის წყალობით შორ მანძილზე წავედი სარბენად. არა, აშკარად ბედი მწყალობდა. სარბენი ტრასიდან სასტუმროს წინ დავასრულე ფინიში. ბედნიერი და ამაყი ნაბიჯებით შევედი ნათიას მაღაზიაში.
დამინახა თუ არა, აფხუკუნდა.
_მობრძანდა გეების შიშველი დუნდულების დამთვალიერებელი.
წავუყრუე. საუკეთესო ხასიათზე ვიყავი და არ მინდოდა უტიფარ ნათიას გესლიან ენას ავყოლოდი.
_რაო, მაინც რას დაეძებდი იმ ცისფერის საცვლებში? რამეს არჩევდი?
_შენ წარმოიდგინე კი. შენთვის ვარჩევდი ზუსტად, იქნებ მის დუნდულებს მაინც დაემშვიდებინე, თორემ აშკარად გატყობ, რომ ნერვები გღალატობს. რატო? რატო შვილო, რატო? შენ თუ არ მოუფრთხილდი შენს ნერვებს მე სულ ცალ ფეხზე არ ?_გამომწვევად შევღიმე.
ავაზა რომ უსაფთრდება ხოლმე მსხვერპლს, ზუსტად იმ პოზაში დარჩა ნათია, რადგან ვიღაც შუახნის მელოტი კაცი შემოვიდა მაღაზიაში და მანაც ნაძალადევი ღიმილი აიფარა სახეზე. მივხვდი, ამ მაღაზიის მეპატრონე იყო და ქალბატონი ადგილს უფრთხილდებოდა. ხალისით დავიარე რამოდენიმე სექცია, სადაც საქმე მქონდა და მერე ნავაჭრი რომ გამოვიტანე, მაინც და მაინც ნათიას სალაროსთან მივედი. ნამუსიანად დაიანგარიშა ყველაფერი, ფული გადავუხადე და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე მაღაზია. წუხანდელი ლუკას კოცნა გამახსენდა, შუბლზე რომ მეამბორა ნაზად და სიამოვნებით და ბედნიერების განცდით ამავსო. ერთხელ კიდევ შევხედე აშკარად გაავებულ ქალბატონს და სადგურისკენ მოკლეზე დავუყევი გზას.
მეორე დილით კი მანქანით გავედი სასტუმრომდე. რუსკა და ლუკა, მათი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მე გავიყვანე იქამდე.
_მე სარბენად უნდა წავიდე მაინც და გასაღები შენ გქონდეს, იქნებ დაგჭირდეს._მანქანის გასაღები ლუკას მივაჩეჩე ხელში და მე კი თავდაღმართზე დავეშვი.
ყურსასმენებმორგებულს, სადაც ენერგიულ მუსიკებს მაღალ ხმაზე ვუსმენდი, როდის ამედევნა მანქანა არ გამიგია. მახსოვს, ტომარა ჩამომაცვეს თავზე. გავიბრძოლე კი, მაგრამ კეფაში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და გავითიშე. გონზე რომ მოვედი ხელ-ფეხ შეკრული და პირზე წებოვან ლენტ აკრული ვეგდე შმორისა და ნესტით გაჟღენთილ ძველისძველ ოთახში იატაკზე. ყველანაირად შევეცადე, მაგრამ ხელები მაინც ვერ გავინთავისუფლე. იმდენი მაინც ვიწვალე, რომ ჯერ წამოვჯექი რის ვაი-ვაგლახით და მერე ავდექი კიდეც. სკუპ-სკუპით მივედი ფანჯარასთან, მაგრამ გახედვა ვერ შევძელი, ჟალუზები ქონდა გარედან. ყურსასმენები აღარ მეკეთა. არც ტელეფონი მედო ჯიბეში. აშკარად, პაატას ოინები იყო, რადგან ხელს ვუშლიდი და ჩემი გზიდან ჩამოშორება კარგი ვარიანტი იქნებოდა მისთვის. მისთვის კი არა, მათთვის, ვინც ამ საქმეში იყო უშუალოდ გარეული. შიში ნამდვილად არ მიგრძვნია. დარწმუნებული ვიყავი, არ მომკლავდნენ. უბრალოდ, ჩემი გაჩუმება უნდოდათ. იქნებ, ჩვენებისთვის გამოსასყიდიც კი მოეთხოვათ.
გულდასმით მოვათვალიერე ოთახი. ისეთი ვერაფერი ვიპოვე, რაც ხელების გახსნაში დამეხმარებოდა. ისევ იატაკზე დავჯექი და იმდენი ვიწვალე, რომ ზურგს უკან შეკრული ხელები წინ გადმოვიტანე. წებოვანი ლენტი პირიდან ავიცალე და კბილებით შევეცადე ხელების გახსნას. ისე მჭიდროდ მქონდა შეკრული, კარგა ხანი ვეწვალე სანამ გავიხსნიდი. ღრძილებიც კი დავიზიანე თოკზე ხახუნით და პირში მოტკბო-მომლაშო გემოს ვგრძნობდი სისხლისას. გაბუჟებულ კიდურებში სისხლის მოძრაობა რომ აღდგა, ცოტა უსიამო შეგრძნება მქონდა, მაგრამ სახელდახელო მასაჟებმა მიშველა. ახლა ფეხების გახსნას შევუდექი. რის ვაი-ვაგლახით ისინიც გავინთავისუფლე. მერე კი, კი არ წამოვდექი, წამოვფრინდი. თავბრუ დამეხვა ალბათ მკვეთრ მოძრაობაზე და წამიერად თვალთაც დამიბნელდა. ცოტა რომ გადამიარა, ოთახის დათვალიერება-შესწავლას შევუდექი. რატომღაც შიმშილის გრძნობა მაწუხებდა ძალიან. აი ისე, თითქოს ერთი კვირის მშიერი ვყოფილიყავი. აღრენულ მუცელს ყურადღება არ მივაქციე და დათვალიერება განვაგრძე. კარი გარედან მქონდა ჩარაზული. ფანჯრებზეც ჟალუზები იყო ჩამოწეული. ოთახს მზის სხივებით პატარა ფანჯარა ავსებდა, რომელიც ლამის ჭერში იყო ჩაშენებული. იქამდე აღწევა და იქიდან გახედვა მომინდა. სად ვიყავი იქნებ ტერიტორია მაინც მეცნო. ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე გულდასმით. ძველისძველი მატრასების და ბალიშების მეტი არაფერი ეყარა. სასტუმროდან წამოღებული გამოუყენებელი, მაგრამ გადასაყრელად დანანებული ხარახურა იყო. გამიხარდა და საიმედო ბარიკადის აღმართვას შევუდექი. ძლივსძლიობით მივათრიე მატრასები ფანჯრის ქვემოთ და ზედიზედ დავაწყე. სადამდეც მატრასების დაწყობა შევძელი, ვაწყე და მერე ბალიშებზე მიდგა ჯერი. გვარიანად ვიშრომე, კარგადაც დავიღალე, მაგრამ არ ვისვენებდი. როგორც იქნა სასურველ სიმაღლეს მივაღწიე და ფრთხილად ავძვერი ზედ. ფანჯრიდან კი გავიჭყიტე, მაგრამ ტერიტორია არ მეცნო, წარმოდგენა არ მქონდა სად ვიყავი. ვერც ფანჯრიდან გავეტეოდი ვერანაირად. იმედგაცრუებული ჩამოვბობღდი ისევ.
ნეტა, მალე შეამჩნევდნენ ჩემს გაქრობას და დამიწყებდნენ ძებნას, თუ საღამომდე არ მომიკითხავდნენ?_ეს აზრი ამეკვიატა და მოსვენება დამიკარგა. კიდევ კარგი მანქანა ლუკას ჩავაბარე. იქნებ მანქანას რომ არ მივაკითხავ, რაიმე ეჭვი გაუჩნდეს და ძებნა დამიწყოს? მაგრამ სად უნდა მომძებნოს ნეტა? ისევ ავძვერი ჩემს აღმართულ ბარიკადზე და ისევ გავიჭყიტე. აშკარად ტყისპირა ხის კოტეჯში ვიყავი, მაგრამ გზას ვერ ვხედავდი. ნაძვნარიანი გორები, როცა დავრბოდი და სახლში ვბრუნდებოდი, ჩემს ხელმარცხნივ ვხედავდი. აშკარად ბაკურიანის ტერიტორიაზე ვიყავი. ისევ დაბლა ჩამოვბობღდი. მაკოს სასტუმროს ინიციალები ერთ-ერთ ბალიშზე რომ აღმოვაჩინე, გამიხარდა, ნელ-ნელა ჩემს გატაცებას ფარდა ეხდებოდა. მაკო პაატასთან ერთად მოქმედებდა და მათთვის ხელი რომ არ შემეშალა, მიტომაც გამომკეტეს აქ. ნეტა, როდემდე ვეყოლებოდი აქ გამოკეტილი, სანამ შიმშილით სული არ ამომძვრებოდა, თუ მომაკითხავდა ვინმე? სახეზე არავინ დამინახავს, მაგრამ აშკარად კაცები იყვნენ, რადგან ძლიერად გამაკავეს, როცა ტომარას მაცმევდნენ თავზე. თავი რომ გამიტეხეს ისიც გამახსენდა და ფრთხილად მოვისვი ხელი, მაგრამ ისეთი არაფერი მქონდა. არა და შკარად მახსოვს, რომ რაღაც ჩამარტყეს. საათიც არ მქონდა და დრო არ ვიცოდი რა დრო იყო. თუმცა, მზე რომ კარგად ბრდღვიალებდა, იმით მივხვდი, რომ შუადღე იქნებოდა.
უაზრო ბოლთისცემას მოვყევი ერთი კედლიდან მეორისკენ. ტვინს ვაიძულებდი სრული დატვირთვით ემუშავა, რომ რა მექნა და როგორ დამეღწია თავი, მაგრამ არ მემორჩილებოდა. იმაზე ვიყავი გადართული: ერთი კედლიდან მეორისკენ რომ მივდიოდი რვა ნაბიჯი იყო, იქიდან გამობრუნებული კი მხოლოდ შვიდ ნაბიჯს ვითვლიდი. თითქოს ამაზე მეტი სადარდებელი აღარ მქონოდეს. რამდენჯერმე სახეშიც კი შემოვილაწუნე მადიანი აზრზე მოსასვლელად, მაგრამ აქედან გაღწევის ნაცვლად ნაბიჯების დათვლით ვიყავი გართული. როდის-როდის აღმოვაჩინე, რომ ოთახის ერთ მხარეს იატაკს საეჭვო დრეკადობა ქონდა. ფარდაგი გადავწიე და სარდაფში ჩამავალი კარი აღმოვაჩინე. აღტაცებულმა ტაში შემოვკარი და მის გაღებას შევუდექი. ძლივს გავაღე და იქიდან ამოსულმა შმორის და ნესტის სუნმა წამიერად დამაბორიალა. სული რომ მოვითქვი, გაბედულად ჩავედი და მის შესწავლა-დათვალიერებას შევუდექი. აქ უფრო ბნელოდა. სანამ თვალს მივაჩვევდი სიბნელეს, გამიჭირდა რამის დანახვა. მერე კი გულდასმით მოვათვალიერე. აქაც ხარახურა დამტვრეული სკამები თუ პატარა ტუმბოები ეყარა. ამხელა ტუმბოებს და სკამებს ზემოდან ვერ ჩამოზიდავდნენ. მივხვდი, რომ გარეთ გამავალი კარი სადმე იქნებოდა და ხელის ცეცებით დავიარე ყოველი კუთხე-კუნჭული. არც შევმცდარვარ, ხის მორყეულ კარსაც მივაგენი. მგონი არქიმედეს არ გახარებია ასე მისი კანონის აღმოჩენა, როგორც მე ამ კარის ხილვა გამიხარდა და ხმამაღლა შევძახე "ევრიკა". კარი გარედან ჩახერგილი აღმოჩნდა რაღაც ხარახურით, მაგრამ იმედი არ დამიკარგავს. ბევრი წვალების და ოფლის ღვრის შემდეგ ზოგი რამ გადავწიე, ზოგი გადავყარე, გამოშვერილ ლურსმნებსა თუ მავრთულებზე გვარიანად დავიკაწრე კიდეც, მაგრამ სამშვიდობოს მაინც გავაღწიე. ნახევრად მიწაში პატარა ბაქანზე გავედი და დამპალ და ჩამტვრეულ კიბეზე ფრთხილად ავედი, მაგრამ ბოლო საფეხური ჩამიტყდა და ისევ უკან გადმოვვარდი. ძლივს ამოვისუნთქე, მეგონა მოვკვდი და ეგ იყო. რამდენ ხანს ვეგდე ზურგზე არ ვიცი, მაგრამ ადგომა შევძელი. მარჯვენა ფეხის წვივზე ღრმა ჭრილობა მქონდა, მაგრამ ტკივილს ვერც კი ვგრძნობდი. ჩემი ტურტლიანი მაისური გავიხადე, ბოლოდან სიგრძეზე კბილებით მოვახიე და იმით მჭიდროდ გადავიხვიე ჭრილობა, რომ სისხლი შემეწყვიტა. ნაგლეჯი კი, რაც დამრჩა მაისურიდან, ისევ ზედ გადავიცვი. კიბეზე დიდი სიფრთხილით ავედი და ტყის მხარეს ეზოში ამოვყავი თავი. მართლაც ტყისპირა ხის კოტეჯში ვიყავი გამოკეტილი. გამახსენდა, ბორჯომიდან ამოსვლის დროს ხელმარჯვნივ, სანამ დასახლებაში შემოვიდოდით, ძველი კოტეჯები რომ იდგა. აღვიდგინე ტერიტორიულად სადაც ვიყავი. თუმცა, გზაზე გასვლა ნამდვილად არ მაწყობდა. იქნებ, შემთხვევით გამტაცებლებს გადავყროდი სადმე. მე ხომ სახეზე ვერ ვცნობდი ვერავის? ხო და ისევ ტყეში გავედი კოჭლობით და ჩემი ვარაუდით სწორ გზას დავადექი.
ძალიან ბევრი ვიარე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხარი შემთხვევით ვიცვალე და ბაკურიანში ასასვლელი, მის საწინააღმდეგო მხარეს წავსულვარ. უკვე რომ მივხვდი გზა ამებნა, ტყიდან გამოსვლა ვცადე, მაგრამ ვეღარ მივხვდი საით უნდა წავსულიყავი. შედარებით შიშველი ტერიტორია შევარჩიე და იქიდან დავზვერე მიდამო. ბინდდებოდა უკვე და შიშმა ამიტანა. ცოტაც და ისტერიკა დამეწყებოდა ალბათ, მაგრამ კოხტა გორად წოდებული გორა რომ ვიცანი, გამიხარდა, ეს გორა, მაკოს სასტუმროდან ნახევარ კილომეტრში იყო. ხო და მეც ამ გორისკენ ავიღე გეზი. ტყეში აღარ შევდიოდი, რომ კიდევ არ შემშლოდა გზა. ალექსანდრიის შუქურასავით შევყურებდი იმ გორას და ისე მივიწევდი წინ. ერთ ადგილზე ფეხი დამიცდა და დაბლა ჩავცურდი, მაგრამ უფრო გამიხარდა, რადგან კუკუშკას რელსები აღმოვაჩინე და მაშინ კი მართლაც გახარებული გავუყევი ლიანდაგებს. დასახლებაში რომ შევედი, უკვე შებინდებული იყო. ცოტაც კიდევ გავიარე და რუსკას სახლიც გამოჩნდა. სულ ცოტაც და ეზოში ლუკა დავინახე სიგარეტს რომ ეწეოდა. სიხარულისგან ცრემლებიც კი წამომცვივდა.
_ლუკა!_ხმამაღლა მინდოდა დაძახება, მაგრამ პირიდან ხავილის მეტი არაფერი ამომივიდა.
თუმცა ლუკას ყურს მაინც მისწვდა ჩემი ხმა. შემობრუნდა თუ არა და მიცნო, დავინახე როგორ მოისროლა სიგარეტის ნამწვი, რომელიც ციცინათელასავით განათებული გადავარდა. ჭიშკრიდან გამოსვლა არც უცდია, მოკლეზე გადმოევლო ხის ფიცრულ ღობეს მოხერხებულად და უმალ ჩემთან გაჩნდა. კიდევ კარგი თორემ ცალკე დაღლამ, ცალკე შიმშილმა, რომელიც საშინლად მტანჯავდა და სიხარულის ემოციამ, რომ ლუკა დავინახე და სამშვიდობოს ვიყავი, ერთიანად გამომაცალა ძალ-ღონე და მახსოვს რომ ჩავიკეცე. გონება არ დამიკარგავს, უბრალოდ ონსილა გამომლეოდა, ხუმრობა ხომ არ იყო რამდენი კილომეტრი ვიარე ფეხით?
ლუკამ სულზე მომისწრო და დაცემის საშუალება არ მომცა. თავისი ძლიერი მკლავები შემაშველა და გულში ჩამიკრა.
_ცოცხალი ხარ?.. გამოჩნდი?.. როგორ ხარ?... სად იყავი?_მერე მკლავებზე გადამიწვინა და ისე გამაქცია სახლში._რუსკა!.. რუსკა!... ნაია გამოჩნდა!..
ეზოში არ ვიყავით შესულები, რომ რუსკაც გამოვარდა გარეთ.
_რა სჭირს?... როგორ არის?..._შეშფოთებას ვგრძნობდი მის ხმაში.
_არ ვიცი, ლიანდაგებზე მოდიოდა. კახის დაურეკე და უთხარი რომ ვიპოვეთ, საავადმყოფოში წავიყვან. თუ შორს არ არიან წასულები, იქ მივიდნენ და დამელოდნენ.
_კახიმაც გაიგო?_გამიკვირდა და ძლივს ამოვილუღლუღე._რატო გააგებინეთ?
_ზუსტად ექვსი დღეა გეძებთ და შენი აზრით არ უნდა გვეთქვა?_ჩემი გაკვირვება გაუკვირდა რუსკას.
_ექვსი დღე?_მე უარესად გამიკვირდა. არა და მეგონა დილით რომ გამიტაცეს, შუადღეს გამოვიქეცი.
ლუკამ ფრთხილად დამაწვინა ჩემი მანქანის უკანა სავარძელზე, თვითონ საჭეს მიუჯდა და რუსკა წესიერად ჩამჯდარი არ იყო, რომ გიჟივით გაიჭრა წინ. თურმე რატომ მქონდა შიმშილის გრძნობა ასე გამძაფრებული და თავიც მორჩენილი, რაღაც რომ ჩამარტყეს. არა და მართლა არ მახსოვდა არაფერი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ერთი დღე იყო გასული. რატო არ მახსოვდა არაფერი ნეტა? დავიჯერო, ისეთი ძალით ჩამარტყეს თავში, რომ მეხსიერება წამეშალა? მაგრამ რუსკას სახლი ხომ მახსოვდა? ლუკა მახსოვდა, მისი კოცნაც მახსოვდა... პაატა და მისი ოინებიც მახსოვდა... მახსოვდა, იმდენი დამსვენებლის წინაშე რომ გავაშიშვლე. აფსოლიტურად ყველაფერი მახსოვდა, იმის გარდა, რაც გამიტაცეს და ექვსი დღე გამოკეტილი ვიყავი.
საავადმყოფომდე გზაც ბუნდოვნად მახსოვს. უფრო იმიტომ, რომ რამდენჯერმე რუსკამ კივილი ატეხა, ცოტა ფრთხილად იარე, არსად გადავცვივდეთო. კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი და გაღვიძებას ვლამობდი.
საავადმყოფოს შესასვლელში გააჩერა ლუკამ მანქანა, სადაც უკვე გველოდებოდნენ ექთნები და ექიმები. შორიახლოს მამაჩემს და ჩემს ძმასაც მოვკარი თვალი. მახსოვს საკაცეზე რომ დამაწვინეს. ერთ ერთმა მათგანმა ქუთუთოები ჩამომიწია და თვალები შემიმოწმა.
_გუგები შევიწროებული აქვს, მაჯის ცემაც და სუნთქვაც შენელებული, სხეულის ტემპერატურა დაცემული. აშკარად ჰეროინის ზემოქმედების ქვეშაა._ეს თქვა, ჟანგბადის ბალიში მომარგო და სადღაც გამაქანეს.
ჰეროინი? რა სისულელეა?_ თქმა მინდოდა, მაგრამ ვერ ვთქვი, ენა ვერ დავძარი პირში. გუნებაში კი გავიცინე კიდეც, რომელ ჰეროინზე იყო ლაპარაკი, ცუდად რომ ვხდებოდი ნემსის გაკეთებაც კი არ მინდოდა არასდროს.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს ყველაფერი, თითქოს ჩავარდნები მქონდა მეხსიერებაში. მთლად უუნარო და უინტერესო ვიყავი. ფეხზე ნაკერებს რომ მადებდნენ, ტკივილს ვერ ვგრძნობდი. ვერც კი აღვიქვამდი იმას, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. მაგრამ განძრევის ან ლაპარაკის თავი არ მქონდა. მერე კი, დამეძინა კიდეც. თვალი რომ გავახილე, დღე იყო უკვე. პალატის თეთრმა კედლებმა თვალი მომჭრა და თითქოს საპნით ამწვარი მქონდა, ძლიერად მოვხუჭე, რომ ცრემლი შემეკავებინა.
_გაიღვიძე ჩემო ძვირფასო?_დედაჩემის ხმა უმალ ვიცანი და მისი თბილი ხელიც შემეხო სახეზე._როგორ ხარ?
_მწყურია._ძლივს ამოვილუღლუღე.
_ეხლავე._მკვირცხლად წამოდგა, თავქვეშ ხელი ამომიდო, ფრთხილად წამომიწია და ჭიქით წყალი ტუჩებთან მომიტანა.
მთლიანი ჭიქა სულმოუთქმელად ჩამოვცალე. ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს და ისევ ბალიშს დავუბრუნდი.
_რა ხდება, შენ აქ საიდან?
_როგორ თუ საიდან?_თავისი ცისფერი თვალები აღშფოთებისგან გაუფართოვდა._თურმე ერთი კვირაა გეძებენ და მე კი დღეს გამაგებინეს მხოლოდ. ეს რა ჩვევა გაქვთ, რომ ყველაზე ბოლოს მე მაგებინებთ ჩემი შვილების უბედურებას?
_რომ არ ინერვიულო იმიტომ. დაწყნარდი, საშიში არაფერია._შევძელი და მის თბილ ხელს შევეხე, ჩემს საწოლზე რომ ედო.
_ჩემო საყვარელო._ დაიხარა და ჩამეხუტა._ყველა საშინელება და უბედურება შენ რატო უნდა გემართებოდეს?_მივხვდი, რომ ატირდა.
_ხო კარგი, ნუ ტირი... ამბობენ, ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგივლენს, რისი ატანა და გადატანაც არ შეგიძლიაო. გამოდის, ძლიერი ვარ ამეებსს რომ მივლენს._გამეცინა._აუ, დეე, რომ იცოდე როგორ მშია.
_ახლავე, ჩემო ანგელოზო._მაშინვე წამოდგა, ცრემლები ხელსახოცით შეიმშრალა და პალატიდან გავიდა.
მომეჩვენა, რომ დააგვიანდა. ან, საშინლად რომ მშიოდა და ერთი სული მქონდა მეჭამა, იმიტომ მეგონა რომ დააგვიანა. როცა დაბრუნდა კი ხაჭო, მაწონი, ორცხობილა და ასეთი რაღაც-რუღაცეები ქონდა.
_ამეებით გინდა რომ ერთი კვირის მშიერი გამაჩუმო?_წყენით შევხედე.
_რა ვქნა ძვირფასო, ექიმმა რაც მითხრა რომ გეჭმევა, მეც ის მოგიტანე... ამდენი ხნის მშიერმა ცოტა მსუბუქად უნდა ჭამო...
_კაი, რას დავეძებ, საჭმელი ხო ქვია?
ბალიში ამიწია, წამოვჯექი და მის მოტანილ საჭმელს მუსრი გავავლე. კუჭი რომ ამოვივსე, კახი და მამაჩემი მაშინ მოვიკითხე.
_მამაშენი წეღან წავიდა სახლში, დაისვენებს, მთელი ღამე ფეხზე გაატარა. კახი და ის გრძელთმიანი ბიჭი კი ზაზას სანახავად არიან წასულები.
_ლუკა._წავიჩურჩულე.
_რა?_გაუკვირდა დედაჩემს.
_ლუკა ქვია იმ გრძელთმიან ბიჭს.
_ხოო._მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და ჩემი ნასუფრალის ალაგებას შეუდგა._კარგი ბიჭია, მომეწონა.
_რუსკა? ისიც წავიდა სახლში?
_რუსკა ბორჯომში დარჩენილა...
_აბა ახლა სად ვართ?_გამიკვირდა.
_ისე ცუდად იყავი წუხელ, თბილისში გადმოგიყვანეს.
_რაა? ახლა თბილისში ვართ?_უარესად გავიოცე, რადგან წუხანდელი ამბები საერთოდ აღარ მახსოვდა.
შუადღის მერე კი გამომძიებელმა რომ მომაკითხა. ისეთი ვერაფერი გავიხსენე, რაც ნათელს მოფენდა ჩემს გატაცებას.
_ზურგიდან დამესხნენ თავს. მახსოვს, თავზე ტომარა რომ ჩამომაცვეს, წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ თავში რაღაც ჩამარტყეს და გავითიშე. გონზე რომ მოვედი, გამოვიპარე კიდეც. მეგონა, დილით რომ გამიტაცეს, საღამოს დავბრუნდი სახლში, მაგრამ თურმე ექვსი დღე ვყოფილვარ დაკარგული.
_საერთოდ არაფერი გახსოვს? ან ხმა არ გაგიგია არავისი? რამე საეჭვო არაფერი შეგინიშნავს?_ეჭვით მკითხა ახალგაზრდა გამომძიებელმა._ რამდენნი იყვნენ არც ეგ იცი?
_მართლა არაფერი დამინახავს და არც მახსოვს არაფერი იმის გარდა, რაც მოგიყევით...
_დიდი დოზით ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იყო, რაც ძილიანობას და მეხსიერების დაბინდვას იწვევს. არ არის გამორიცხული, რომ არაფერი ახსოვდეს._მკაცრად უთხრა ჩემმა მკურნალმა ექიმმა გამომძიებელს, რომელიც ეჭვით მიმზერდა რატომღაც.
_შესაძლოა გაიხსენოს რამე?_ახლა ამით დაინტერესდა ნახევრად მელოტი ბიჭი.
_ნაცნობი სურათის ნახვისას, ხმის გაგონებისას ან სურნელის შეყნოსვისას შეიძლება, მაგრამ ეს იშვიათობაა. შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს რამის გასახსენებლად. არც ის არის გამორიცხული, ახლავე გაიხსენოს ყველაფერი, მაგრამ ეგ უკვე ადამიანის ტოლერანტობაზეა დამოკიდებული.
_კარგი, თუ რამეს გაიხსენებ, ამ ნომერზე შემეხმიანე._სავიზიტო ბარათი გამომიწოდა გამომძიებელმა და გამიღიმა.
ბარათს რომ ვართმევდი, მის ჩაჩეჩქვილ ცერა თითს მოვკარი თვალი. ჩურჯებული კი არა, ჩაშავებული ქონდა და გამაკანკალა. მაშინვე მოვარიდე თვალი.
უცნაური სახელის მქონე გამომძიებელი (სახელი ვერ დავიმახსოვრე), ღიმილით დაგვემშვიდობა და პალატიდან გავიდა.
_მე როდის უნდა გამწეროთ ექიმო?_დავინტერესდი.
_რაო, კარგად გრძნობ უკვე თავს?_გაეღიმა.
_რა შედარებაა, რიღასთვის უნდა ვიწვე? თან, ჯეროვნად რომ ვიკვებებოდე, უკეთესად ვიქნებოდი.
ახალგაზრდა სიმპატიურმა ექიმმა სკამი ჩემს საწოლთან მოაჩოჩა ახლოს და იქ ჩამოჯდა.
_შენს მდგომარეობაზე მოგვიანებით მინდოდა საუბარი, მაგრამ რახან თვითონ წამოიწყე, გეტყვი. გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ერთი და ორი მოხმარებით ადამიანი დამოკიდებული ხდება ჰეროინზე, მაგრამ ეს ნარკოტიკი სხვებთან შედარებით ძლიერი დამოკიდებულების პოტენციალის მქონე ნარკოტიკული საშუალებაა. ზუსტად არ ვიცით რამდენი გაგიკეთეს და რა დოზით. ამიტომ რამოდენიმე დღე ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები, რომ ეგრედწოდებული "ლომკა" თუ დაგეწყო, ჩვენ მოგიხსნათ. მინდა გითხრა, რომ ადვილი არ იქნება. შენს თავში შენ თვითონ უნდა გამონახო ის ძალა, რომ ყველაფერს გაუმკლავდე. წამლის მიღების სურვილი უნდა დაძლიო...
_მაგით რა გინდათ თქვათ, რომ ჩემი შვილი ჩამოყიბებული ნარკომანია?_შიშისგან გაუფართოვდა დედაჩემს თვალები.
_არა ქალბატონი, ჩამოყალიბებული ნარკომანი არ არის._მისი დამშვიდება სცადა ექიმმა.
_აბა?
_უბრალოდ, ცოტა გაუჭირდება მაგ წამალზე უარის თქმა და ჩვენ უნდა დავეხმაროთ.
სიმართლე ვთქვა, ექიმის სიტყვებისთვის დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. არ მეგონა, თუ სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს. მაგრამ თურმე სულ ტყუილად. შუადღის მერე, საღამოს საათებში მოუსვენრობა დამეწყო. ვშფოთავდი, ყველაფერი მაღიზიანებდა. მერე, ოფლმა დამასხა. შემაცია კიდეც. მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლიდა. სურდოიანივით მქონდა ცხვირიდან ჩამონადენი. თვალებიც სულ წყლიანი მქონდა. მერე და მერე მუცლის არეში საშინელი სპაზმებიც დამეწყო. მხრები და ფეხები ამტკივდა. ამ ყველაფერს ღებინებაც დაერთო. ყველასთვის ცხადი იყო, რომ "ლომკა" მქონდა. საშინლად ძლიერ ლტოლვას განვიცდიდი ჰეროინისადმი. არ ვიცი როგორ გავუძელი ამ ყველაფერს. ალბათ, ლუკაზე ფიქრი მეხმარებოდა, რომ წამალს არ გავკარებოდი.
ოთხი დღე, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთში გავატარე. მართლაც საშინელება იყო ის, რაც გამოვიარე და გადავიტანე. მაგრამ ყველაფერს რომ ვაჟკაცურად გავუძელი, მარტო მე კი არა, ყველას უკვირდა. ის ოთხი დღე კრიზისი მქონდა, მერე კი ნელ-ნელა გამიქრა ჰეროინისადმი ლტოლვა და მასზე დამოკიდებულობის სიმპტომებიც. მეხუთე დღეს კი პალატის კარი რომ შემოიღო და რუსკა და მის უკან მდგარი ლუკა დავინახე, სულ გადამავიწყდა ყველაფერი. რუსკა მაშინვე გამოქანდა და საწოლზე წამომჯდარს დამეტაკა, ისე ძლიერად ჩამიკრა გულში, განძრევის თავიც აღარ მქონდა.
_როგორ მიხარია კარგად რომ ხარ. ყოჩაღი გოგო ხარ, ყველაფერს რომ გაუმკლავდი... ჩემი ძლიერი და ჭკვიანი გოგო._თან მეფერებოდა და თან მკოცნიდა.
ლუკამ მოგვიანებით ჩამომართვა ხელი და მომიკითხა.
მესიამოვნა მისი თბილი ხელის შეხება. ტანში სასიამოვნოდ გამცრა. მისი თვალებიდან უდიდესი სითბო და სიყვარული ასხივებდა და ეს უფრო მაბედნიერებდა.
_ვერაფერი გაიხსენე ისეთი, რაც შენს გამტაცებლების კვალზე გაიყვანდა პოლიციას?_იქვე საწოლზე ჩამომიჯდა რუსკა.
უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე.
_ეგ კი არა, შიშით პაატას ამბავსაც ვერ ვკითხულობ, რა ბედი ეწია, დაბრუნდა ესპანეთში?
_ესპანეთშიო?_გულიანად გადაიკისკისა რუსკამ._მართალია ზაზას ფაქტზე უნდოდა მისი და მისი თანამზრახველების დაკავება, მაგრამ შენმა გატაცებამ გეგმები შეუცვალა და თარჯიმანთან ერთად წარსულში ჩადენილი რამოდენიმე დანაშაულისთვის დააკავეს.
_მართლა?_გახარებულმა ლუკას გავხედე, თითქოს რუსკას არ ვენდობოდი და მისგან მინდოდა დადასტურება.
_შენ რომ სარბენად წახვედი, დაგაგვიანდა და მანქანას აღარ მოაკითხე, ავღელდი. რამდენჯერმე დარეკვა ვცადე, მაგრამ გათიშული გქონდა. მერე ლუკას ვუთხარი, იქნებ კიდევ წაიქცა, ან რა შეემთხვა გზაზე-მეთქი და ესეც მაშინვე შენს საძებნელად გამოვიდა. გზაზე რომ ვერსად გიპოვა, სახლშიც კი მისულა, იქნებ სასტუმრომდე ამოსვლა დაეზარაო... მოკლეთ, მთელ დღეს გეძებდით. საღამოთი კი ამან პაატა სცემა, თვალები ამიცვივდა შუბლზე. მეგონა, ტარზანი გადმოხტა ჯუნგლებიდან._გულიანად გადაიკისკისა რუსკამ.
_პაატა ცემე?_ისევ გავხედე ლუკას.
_ხო. მივხვდი, რომ მაგის ხელი ერია შენს გაქრობაში და მინდოდა გამომეტეხა.
_მერე, გამოტეხე?
_არა, კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ლუკა რომ დააკავეს, ისიც მთელ ღამეს განყოფილებაში აყურყუტეს, ჩვენებას ართმევდნენ. ხო და იქ იყოჩაღა ზაზამ._შევატყე ზაზას ხსენებაზე როგორ გაუბრწყინდა თვალები._ყალბი საბუთები აღმოუჩინეს, მისი ვინაობა თითის ანაბეჭდებით დააზუსტეს და საკანში უკრეს თავი.
_ვაა, რა მაგარია...
_იფიცება, რომ შენს გატაცებასთან არანაირი კავშირი არ მაქვსო.
_ვითომ?_ეჭვით მოვწკურე თვალები.
_პირადად ეგ მართლა ვერ გაგიტაცებდა, იმიტომ რომ რატისთან ერთად ერთობოდა, მაგრამ მაგ ამბის გამო რომ გაგიტაცეს, ეგ ხომ ცხადზე ცხადია?
_მერე, შენ როგორ გაგანთავისუფლეს?_ინტერესით მივხედე ლუკას, რომელიც ჩუმად იყო ფანჯარასთან ზურგით მიყუდებული და მე მიმზერდა.
_ჩემი ძველი ნაცნობი დამეხმარა ჯუმბერა, გირაოს სანაცვლოდ გამანთავისუფლეს.
_ჯუმბერა?_გუნებაში ამომიტივტივდა ჩემი გამომძიებლის სახელი._ჩემს გატაცებას ის იძიებს?_დავინტერესდი.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
ესეც ასე, პაატა-პაბლო დაკავებული იყო, პასუხს მოსთხოვდნენ ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ უკმარისობის განცდა მქონდა მაინც რატომღაც. ალბათ იმიტომ, რომ იმ მომენტში იქ არ ვიყავი და ჩემი თვალით არ ვნახე ყველაფერი. ლუკამ პაატა ცემაო?_კმაყოფილს გამეღიმა და ჩუმად მდგარ ბიჭს შევხედე, რომელიც ასევე კმაყოფილი ღიმილით მომჩერებოდა. წარმოვიდგინე როგორ ურტყავდა თავის ძლიერ მუშტებს პირდაპირ ცხვირ-პირში იმ არამზადას და სიცილი ვერ შევიკავე.
_მაკოს რა ბედი ეწია?_მოგვიანებით მისითაც დავინტერესდი.
_ჯერჯერობით თავისუფალია. საზღვრის გადაკვეთის უფლება არ აქვს, სანამ გამოძიება არ დასრულდება. რატიმ კი მადლიერების ნიშნად ძვირადღირებული საკოლექციო საათი აჩუქა ლუკას.
_ვაა, რა კარგია._მაშინვე მაჯაზე შევხედე, მაგრამ არ ეკეთა.
_არ მიყვარს საათები._ღიმილით აღიარა.
თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა.
არა, მართლა მაგიჟებდა და თავბრუს მახვევდა ეს ბიჭი. მის გარდა სხვა აღარავინ აღარ მინდოდა. მასაც ვატყობდი, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო და გრძნობებს გასაქანს ვაძლევდი ჩემს გულში. ნათია??? ნათია კიდე, სულელი ყრიდა, ჭკვიანი კრეფავდაო. სულელი რომ არ ყოფილიყო თავისი ეჭვიანობითა და ფხუკიანობით მოაბეზრებდა ასეთ მშვენიერ ბიჭს თავს?
********************
ჩემმა ნარკოტიკებთან ბრძოლის რეაბილიტაციამ მშვენივრად ჩაიარა. ერთ თვეში სრულად გამოჯანმრთელებული დავბრუნდი სახლში. ამ ხნის მანძილზე სამჯერ ჩამომაკითხეს რუსკამ და ლუკამ სანახავად და მათი ხილვა უფრო და უფრო უკეთესად მხდიდა.
ჩემი გატაცება ისევ და ისევ ბურუსით იყო მოცული. არა და არ დაადგა გამოძიებას საშველი. ის კოტეჯიც კი აღმოაჩინეს სადაც მე ვყავდი გამტაცებლებს გამოკეტილი, გულდასმითაც შეამოწმეს და შეისწავლეს, მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, გარკვეული პერიოდი იყო გასული, რაც იქ არავინ შესულა. არა და ჩემი აღმართული ბარიკადი უნდა ყოფილიყო, ფარდაგი გადაწეული და სარდაფის კარი ღია, კიბის საფეხური ჩამტყდარი. მოკლეთ ვერაფერი აღმოაჩინეს. ცხადი იყო, ან ვინვემ იზრუნა და დაასუფთავა იქაურობა, ან სამართალდამცავები იყვნენ მართლა გარეულები და გამოძიება არ მიყავდათ იქით, საითაც სიმართლე იყო. საქმე იქით მიდიოდა, რომ ნარკომანი ვიყავი, (მთვრალი ხომ მნახეს სასტუმროში, სკანდალი რომ მოვაწყე?) ხო და ნარკოტიკებით გაბრუებულს ჰალუცინაციები მქონდა და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო გატაცების ამბავიც. სიმართლე ვთქვა, მეც მეპარებოდა უკვე ეჭვი. იქნებ, მართლაც ჩემი ნებით გავსინჯე ნარკოტიკები? არაყი ხომ ჩემი სურვილით დავლიე მაშინ და გემოზე გამოვთვერი კიდეც? მაგრამ გაკოჭილი რომ ვიყავი? ჩემი თავი ვითომ მე თვითონ გავკოჭე? თან რომ არანაირი კვალი არ იყო იმ კოტეჯში? მოკლეთ, უკვე აღარ ვიცოდი რა მეფიქრა.
ჯუმბერა კი ხშირად მაკითხავდა და მგულშემატკივრობდა ვიხსენებდი თუ არა რაიმე უმნიშვნელო დეტალსაც კი, რაც გამოძიებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე ვერანაირი ფრაგმენტი ჩემი ტყვეობისა. ნახევრად მელოტი, სიმპატიური გამომძიებელი ჩვეულებრივზე მეტ დროს რომ მითმობდა, გვიან აღმოვაჩინე. ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ჩემი გული უკვე დაკავებული იყო და მისი ადგილი იქ აღარ იყო. ის პერიოდი, რაც რუსკასთან გავატარე, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი ძმა შემყვარებოდა თავდავიწყებით.
ლუკა არავის გავდა ვისაც კი ვიცნობდი. ღარიბი იყო, მაგრამ სულიერი ფასეულობები ქონდა მდიდარი. ფულის გამო არასდროს გაწირავდა არავის და არც შეეტენებოდა ვინმეს. თავისი სინდისიერი შრომით, ოფლით და ჯაფით ნაშოვნ ლუკმა-პურს მშვიდად ირგებდა. მოკლეთ, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. სიმართლე ვთქვა, ჩვენი ურთიერთობა ტელეფონით მოკითხვის იქით ჯერ შორს არ იყო წასული, მაგრამ შემოდგომით ისევ ვგეგმავდი მათთან ჩასვლას და დასვენებას. შემოდგომით თუ ვერა, ზამთარში აუცილებლად ჩავიდოდი და ახალ წელს მათთან შევხვდებოდი.
რაც შეეხება პაატას, რამოდენიმე თაღლითობა დაუმტკიცეს, მათ შორის ჩემი გაძარცვაც და ქურდობით ნაშოვნი ათასებიდან ჩემი კუთვნილი თანხა ისევ დავიბრუნე. სასამართლოზე რომ შევხვდით ერთმანეთს, შემეცოდა. ან მართლა დებილი და შტერი ვიყავი, რომ ამდენი დანაშაულებების შემდეგ ისევ მეცოდებოდა, ან ნამეტანი ჰუმანური, გულჩვილი და მიამიტი. ან, ყველა ერთად აღებული. ადამიანმა რაც დაიმსახურა ის უნდა მიეზღოს, მაგრამ რატომღაც მაინც მეცოდებოდა...
ჩემი კუთვნილი თანხა კი დავიბრუნე, მაგრამ ჩემი ოცნება: ეგზოტიკური ქვეყნების მონახულება და ქვიშიან სანაპიროებზე ნებიერად წოლა რატომღაც აღარ მიზიდავდა. ლუკასთან შეხვედრამდე ფულს მართლაც მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვხარჯავდი, მაგრამ ლუკას გაცნობის მერე მართლაც სხვა თვალით დავუწყე ამ ცხოვრებას ყურება. მახსოვს, ჩვენ მეზობლად ლეიკემიით დაავადებული ბავშვი რომ ცხოვრობდა. პირველად რომ შევეფეთე სადარბაზოს წინ, გული მომიკვდა. ქიმიის შემდგომ თმა, წარბი, წამწამი_სულ გაცვენილი ქონდა. ის ღამე ვერ დავიძინე. თვალებს მოვხუჭავდი თუ არა ის გოგონა მელანდებოდა. მეორე დღეს, გათენდა თუ არა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე და მათთან მივედი სტუმრად. დედამისმა კი გაიოცა, არასდროს რომ არ ვმეზობლობდი მათთან, ახლა რა მინდოდა, მაგრამ მაინც გულთბილად მიმიღო. ბევრი ვილაპარაკეთ. აღმოჩნდა, რომ ანას მკურნალობა თურქეთში სჭირდებოდა, რაც გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. ას ორმოცდაათი ათასი!_ხუმრობა ხომ არ იყო? ამდენად ფასობს ნუთუ არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე, რომელსაც ყველაზე მეტად სწყურია და უნდა, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს? სახლიდან გაეტანათ ყველაფერი, რაც კი რამ შეიძლებოდა რომ გაეყიდათ. ფულს აქუჩებდნენ, რომ შვილი გადაერჩინათ. არც კი დავფიქრებულვარ და არც კი დამნანებია ის ორმოცი ათასი, რომლითაც მე გართობას და განცხრომას ვაპირებდი. მართალია, ზღვაში წვეთივით იყო ის თანხა, რაც მე მათ გადავეცი, მაგრამ დღემდე არ დამავიწყდება ანას სიხარულით სავსე და იმედის სხივით გაბრწყინებული თვალების ხილვა. ისეთი კმაყოფილი გამოვტრიალდი მათი ბინიდან, მეგონა ხელახლა დავიბადე. უზომო ბედნიერების შეგრძნებით ვიყავი სავსე და ეს ბედნიერება სიცოცხლის ბოლომდე გამყვებოდა დარწმუნებული ვიყავი.
ამ ამბის გახმაურება ნამდვილად არ მინდოდა, სხვის დასანახად მართლა არ გამიკეთებია არაფერი, მაგრამ მაინც მოედო ქვეყანას. პრესა აჭრელებული იყო ჩემი ფოტოებით: თაღლითური დაჯგუფების მსხვერპლი, რომელმაც დაიბრუნა თავისი კუთვნილი თანხა, ლეიკემიით დაავადებულ გოგონას აფინანსებს. ისეთი აღიარებული გავხდი, ქუჩაში ყველა მცნობდა. ცოტა დამთრგუნველი კი იყო, ყველა რომ მომჩერებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ყველას მოეწონა ჩემი საქციელი. ბევრმა შტერიც კი მიწოდა, რადგან არ ვიცოდი ფულის გამოყენება. პირადად მე, კი დარწმუნებული ვარ რომ ვიცი! ამხელა სამყაროში ერთ ადამიანს მაინც რომ დავეხმარე მცირედიდ სიცოცხლის შენარჩუნებაში, სწორი გადაწყვეტილებაა.
სექტემბრის დასაწყისში რუსკასაც ვესტუმრე. ისე წავედი, არ გამიფრთხილებია. ვიცოდი, რომ მაკოს სასტუმროში აღარ მუშაობდნენ. ლუკა პაატას ცემის მერე სანამ მაკო გამოუშვებდა, თვითონვე წამოსულა და მის მოპირდაპირედ ახალი სასტუმროს მშენებლობაზე დაუწყია მუშაობა. რუსკა კი დედასთან ერთად მუშაობდა სულ სხვა სასტუმროში. სახლში არ მივსულვარ, პირდაპირ სასტუმროში ავაკითხე ლუკას. მანქანა ნათიას მაღაზიის წინ შევაჩერე ზუსტად, რადგან იქით გასაჩერებელი ვერსად ვნახე. ლუკა შენობის გარეთ იყო და ფასადს ღებავდა. დავინახე თუ არა, გულმა საამოდ დამიწყო ძგერა. მოგვიანებით თვითონაც მომხედა, რადგან იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა. ფუნჯი საღებავიან ვედროში ჩადო და ჩემსკენ ღიმილით გამოეშურა, აშკარად გაუხარდა ჩემი ხილვა.
_რა სიურპრიზია, მართლა არ გელოდით._ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად მაგრამ არ ჩამოვართვი, კისერზე მოვხვიე ხელები და გადაღეღ მკერდზე მჭიდროდ მივეკარი.
ვიგრძენი, წამიერად როგორ დაიბნა, მერე კი, მანაც მომხვია ძლიერად მკლავები წელზე და უფრო მჭიდროდ მიმიხუტა.
_მომენატრე._მისმა ამ ჩურჩულით ნათქვამმა ერთმა სიტყვამ სუნთქვა გამიჩერა. ჩემსავით მასაც გამალებით უძგერდა გული.
_მეც ძალიან მომენატრე..._ეს ამოვილუღლუღე მხოლოდ, რადგან სიხარულის ცრემლმა, რომელიც ყელში მომაწვა, ბურთივით გამეჩხირა და ლაპარაკის საშუალება აღარ მომცა.
_ტირი? რა გატირებს?_გაუკვირდა. ჩემი სახე ხელისგულებში მოიმწყვდია და ისე ჩამხედა თვალებში.
რომ იტყვიან, მთლიანად დავდუნდი. სულ წამერთვა ხელ-ფეხი, ფეხზე დგომის თავი აღარ მქონდა. გული გამალებით მიცემდა. არ ვიცი რას ფიქრობდა იმ წუთში ლუკა, მაგრამ მე რომ მისი კოცნა მწყუროდა უდაბნოში მოხეტიალე ბედუინივით და სხვა არაფერზე ვფიქრობდი, ალბათ სახეზეც მეწერა ყველაფერი, რადგან ღიმილით დაიხარა და ისე ნაზად და სიამოვნებით მაკოცა, ლამის გული გამისკდა მოზღვავებული სიხარულის და ბედნიერების გამო. მისი წვერიც კი სასიამოვნოდ მეღიტინებოდა სახეზე და მაგრძნობინებდა, რომ რეალურ სამყაროში ვიყავი და არა ჯადოსნურ ზღაპარში.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე შუა ქუჩაში. ვიღაცამ შეგნებულად რომ ჩაახველა ჩვენს გვერდით, შევკრთი. ლუკას მაშინვე არ შეუშვია ჩემთვის ხელი, ამიტომ გავუძალიანდი, რადგან გავიაზრე, რომ ქუჩაში ვიდექით და შემრცხვა.
ჯუმბერა იყო.
_შემთხვევით დაგინახე. აქვე ვიყავი მაღაზიაში. როგორ ხარ?_ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა._რამე ხომ არ გაგხსენებია?_ინტერესით ჩამაშტერდა თვალებში.
_არა... მართლა ვერაფერს ვიხსენებ._შეწუხებული სახით შევხედე._ძალიან მინდა, მაგრამ არაფერი გამომდის... თითქოს, რაც უფრო ვაიძულებ თავს იმ დღეების გახსენებას, მით უფრო არაფერი მახსენდება.
_არაუშავს, დროთა განმავლობაში გაგახსენდება..._მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი._აქ უნდა იყო?
_კი, ალბათ ერთი კვირით მაინც დავრჩები.
_ძალიან კარგი. შეიძლება, იმ კოტეჯის სანახავად წაგიყვანო. იქნებ, ნაცნობი სურათი რომ დაინახო, გაგახსენდეს რამე... დროებით აბა._შემომღიმა და წავიდა.
ის იყო, ისევ ლუკას უნდა ჩავხუტებოდი, რომ რუსკაც დამეტაკა კივილით.
_რატო არ გამაფრთხილე გოგო თუ კი მოდიოდი?_საყვედური მთხლიშა და გემრიელად ჩამკოცნა კიდეც._სიურპრიზები რომ არ მიყვარს, არ იცი? მაგრამ, როგორ გამახარე შე სულელო...
ძლივს მოვისურვილეთ ერთმანეთი. მერე მომიბოდიშა და ისევ სამსახურში აბრუნდა. თუმცა, დამპირდა, რომ დღეს ცოტა ადრე დაბრუნდებოდა სახლში. ლუკასაც ღიმილით დავემშვიდობე და სახლში წასვლა დავაპირე. ის იყო, ჩემს მანქანას მივუახლოვდი, რომ ნათია დამეტაკა.
_ისევ მოეთრიე?_ხელით ძლიერად მიბიძგა და წამაბარბაცა.
_რა გინდა?_მეც მივკარი ხელი ძლიერად._რატო თავს არ დამანებებ, რას გადამეკიდე?
_ვერ ხვდები?.. სხვის კაცებზე მონადირე !
მადიანი სილა გავულაწუნე სახეში.
_ბოზები შენსკენ მოიკითხე, გაიგე?
_სანამ შენ მოეთრეოდი ყველაფერი კარგად იყო, რაც შენ გამოჩნდი, მას შემდეგ აირია ყველაფერი შე უნამუსო.
ეტყობა ლუკა შორიდან გვითვალთვალებდა. ჩემსკენ რომ გამოიწია ნათიამ, მაშინ გაჩნდა ჩვენთან და გაავებული და ეჭვიანობით დაბრმავებული გოგო გააკავა.
_გამიშვი! არ შევარჩენ ამ ჩურჩუტ ბოზს შენი თავი რომ წამართვა!_ბოლო ხმაზე კიოდა ნათია.
_დამშვიდდი ნუ კივიხარ და ცირკებს ნუ აწყობ!_მკაცრად უთხრა ლუკამ._ჩემი თავი არავის წაურთმევია შენთვის, შენ დამკარგე შენი ფხუკიანობით და სიჯიუტით... არასდროს მიჯერებდი არაფერს. რასაც გეტყოდი, ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს აკეთებდი. ყოველთვის მე ვთმობდი ყველაფერს. შენ არასდროს არაფერი დაგითმია ჩემთვის. ამას სიყვარული არ ქვია... შენ ხარ მესაკუთრე და სხვა არაფერი...
_ეს ჩერჩეტი და სულელი მჯობია მე?_ირონიული ღიმილით გადმომხედა._კაცები მხოლოდ ფულის გამო ეტორღიალებიან...
_ნათია!_მკაცრად შეყვირა ლუკამ._დამშვიდდი, თორემ მოთმინება მეწურება.
_რაა, სახელი გაიკეთა შენს თვალში და ქულები დაიწერა ავადმყოფი ბავშვი რომ დააფინანსა? უტვინოა და შტერი, მეტი არაფერი!.. გინდა დამაჯერო, რომ შენ და რუსკა ფულის გამო არ ეტენებით?
_აღარ გაჩუმდები ეხლა?_ისეთი მკაცრი და გამყინავი ხმა ქონდა ლუკას, შემეშინდა._ხელი მოკიდა და წაათრია აფართხალებული გოგო.
_რატო არ წაეთრიე იმ შენს კამბოჯაში, ფული ხომ დაიბრუნე? ჩამხრჩვალიყავი ერთი იმ ოკეანეში რა იქნებოდა?_არ ჩუმდებოდა ნათია.
რუსკამ მხრებზე მომხვია ხელი და მანქანაში ჩამსვა.
_ნუ მიაქცევ ყურადღებას, გიჟია._სახლში წადი, გასაღები ხომ იცი სადაც არის? ხო და დაისვენე. მეც მალე მოვალ... ამ გიჟზე კი ნუ ინერვიულებ, კარგი?
ნუ ინერვიულებ კარგია, როგორი სიძულვილით მომაძახა, ჩამხრჩვალიყავი ოკეანეშიო. საშინლად ვძულდი... მეც მძულდა პაატა, ლენა... მაგრამ მათ სიკვდილზე არასდროს ვოცნებობდი და არც არასდროს ვიოცნებებდი. ნეტა, საყვარელი კაცის გამო მეც ასე დავიწყებდი ისტერიკების მოწყობას? თუმცა, ფულის გამო მოვუწყე პაატას ისტერიკა და მისი დუნდულები სასტუმროს თითქმის ყველა პერსონალს და დამსვენებელს ვაჩვენე... არც მე ვიყავი ნათიაზე ნაკლები...
სახლში მისულს ბუსუნა მხიარული ყეფით და კუდის ქიცინით შემომეგება. მიცნო, შოკოლადებს და ტკბილეულს რომ ვაჭმევდი თვეების წინ და შემომაბობღდა. ერთხანს ჰამაკში ვინებივრე. მერე სამზარეულოში შევედი და ყავა მოვიდუღე. საღამომდე დრო ძლივს გადავაგორე. რუსკა და ლუკა ერთდროულად დაბრუნდნენ სახლში. ძალიანაც ვერიდებოდი ნათიასთან დღევანდელი ჩხუბის გახსენებას, მაგრამ მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც ეგ იყო ჩვენი სალაპარაკო თემა.
_რაო, რა თქვა, სად წასულიყავიო?_გაახსენდა რუსკას._კამბოჯაშიო?
_ხო, მაგ ფულს ეგზოტიკური ქვეყნების სანახავად ვაგროვებდი. მინდოდა მომენახულებინა მალაიზია, შრი-ლანკა, კამბოჯა, ბაჰრეინი, მალდივა, ინდონეზია...
_სადაც მზე, სანაპიროები, ოკეანე და ზღვებია?_გაეღიმა ლუკას.
_ხო, მაგრამ... ამის შესახებ არავისთვის მითქვია ერთის გარდა და ნათიამ რა იცოდა?_ჩავფიქრდი._ერთადერთი, მხოლოდ ლენამ იცოდა, რისთვისაც ვაგროვებდი იმ ფულს...
_ლენამ?_რუსკაც დაეჭვდა._დავიჯერო, ლენა და ეგ ერთად არიან?_თუ არა, მაშ საიდან იცის მართლა კამბოჯას შესახებ?_ნერვიულად მოისრისა შუბლი._ისე, ამბობენ კი, რომ მდგმური ყავს სახლში. თუმცა არავის დაუნახია... ყველას კი უკვირს, რანაირი დამსვენებელია, სახლიდან გარეთ არ გამოდისო... დავიჯერო, ლენა ნათიასთანაა?
_არ არის გამორიცხული, რომ თავიდანვე მასთან იყო და ჩემს წინააღმდეგ ამხედრებდა. ყველგან წინ მეღობებოდა... მაგან წამაქცია, ზურგი რომ მქონდა გადაყვლეფილი.
_მართლა? ნათია იყო?_აღშფოთდა რუსკა._ვითომ რას გემართლებოდა?
_ლენას დავალებით მოქმედებდა ალბათ, ჩემი გზიდან ჩამოშორება უნდოდა...
_კარგი, მოვრჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს._ლუკამ გაგვაჩუმა ორივე._მერე და რატომ თქვი შენს ოცნებაზე უარი, რატომ აღარ წახვედი მალდივაზე ან კამბოჯაზე?_სერიოზული გამომეტყველებით მკითხა.
_ჩემი აზრით, უკეთესი საქმე გავაკეთე იმ ფულით. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მგონია. არასდროს დამავიწყდება ანას სიხარულით სავსე თვალები, გადარჩენის იმედის ნაპერწკალი რომ ჩაესახა გულში... რაც შეეხება მალაიზიას, შრი-ლანკას და კამბოჯას, იმდენი ფოტოები და ვიდეოები მაქვს ნანახი, ეგეც მაკმაყოფილებს._გამეღიმა.
_ჩემი გულუხვი და კეთილი ნაია._თავზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა რუსკამ.
ლამის მთელი ღამე ლაპარაკში გავატარეთ. ქალბატონი თიაც რომ დაბრუნდა სამსახურიდან, იმანაც დიდი სიყვარულით მიმიღო. არ ვიცი, ასეთი უბრალო და ამავდროულად ძალიან ძვირფასი ხალხი, ღვთის საჩუქარი იყო ჩემთვის. ასეთი ადამიანები სანთლით საძებარია და თუ იპოვი, უნდა მოუფრთხილდე კიდეც.
დილით, ყველანი რომ გავიცილე სამსახურში, მეც გავედი სახლიდან. ვითომ ვსეიენობდი, მაგრამ ნათიას სახლის მისმართის დადგენა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, მასთან აფარებდა ის თაღლითი თავს, ხო და მისი გამოააშკარავება მინდოდა. მინდოდა მასაც მიეზღო საკადრისი სასჯელი ჩემი გაქურდვისა და ორწლიანი დეპრესიის გამო. მაღაზიის წინ ბევრი ვიტრიალე. იქ კითხვას აზრი არ ქონდა, გუშინდელი ჩხუბის მერე ყველა მცნობდა და დარწმუნებული ვიყავი მის მისამართს არაფრის დიდებით არ მომცემდნენ. ჯუმბერა გამახსენდა, იქნებ მას მაინც ეთქვა მისამართი და დავურეკე კიდეც.
_რაო, რამე გაგახსენდა?_მაშინვე ეს მკითხა.
_არა, არაფერი. უბრალოდ მეგობარს ვეძებ და მისი მისამართი რომ მითხრა სად ცხოვრობს, ხომ შეგიძლია?
_ეგ რანაირი მეგობარია თუ კი არ იცი სად ცხოვრობს?_გაეცინა._ვინ არის, აბა მითხარი.
_გვარი არ ვიცი, ნათია ქვია, ნიკორაში მუშაობს...
_ნათია?_თითქოს ძალიან გაუკვირდა._ნათიას მისამართი რად გინდა?
_ისე... გუშინ შელაპარაკება მოგვიხდა და ბოდიშის მოხდა მინდოდა.
_აჰა, შელაპარაკება მოგიხდათ ლუკას გამო?_გაეცინა.
დამალვას რა აზრი ქონდა? მაინც ქვეყანა დაგვინახავდა გუშინ შუა ქუჩაში რომ ვკოცნიდით ერთმანეთს. ხო და მეც დავუდასტურე.
_ყოჩაღ ლუკას, რა გოგოები ჭამენ ერთმანეთს მისი გულისთვის?!_ისევ გაეცინა. მერე მისამართი მითხრა და მეც იქით გავეშურე.
შორიდანვე შევნიშნე ნათია, ქუჩის კარებთან რომ იდგა. თითქოს ვიღაცას ელოდა. მანქანა არ შემიჩერებია, პირდაპირ განვაგრძე გზა, მაგრამ შემნიშნა და ისეთი მზერა გამომაყოლა, ლამის წინ მიმავალ ოპელს შევასკდი მის ყურებაში. პირდაპირ განვაგრძე გზა. კარგა მანძილი გავიარე და ისევ მოვბრუნდი. ნათია ქუჩაში აღარ იდგა, მაგრამ აივანზე შევნიშნე. თითქოს იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი, ან, ვინმეს ელოდა და მიტომ იყო მოლოდინის რეჟიმში. ისევ შემნიშნა და საეჭვოდ რომ არ მოსჩვენებოდა, აღარ დავბრუნებულვარ უკან. ტყეში გავისეირნე, პარკშიც შევისვენე და საღამოხნისკენ ისევ ნათიას სახლისკენ გავეშურე.
კარგა ხანს ვიწრიალე მისი სახლის წინ ხან მანქანით და ხანაც ფეხით. რისი იმედი მქონდა, მეც არ ვიცოდი, მაგრამ მაინც დავძრწოდი მშიერი მგელივით წინ და უკან და ვუთვალთვალებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ დღიდან, როცა კახიმ დაინახა და ავარიაშიც მოყვა, ნათიასთან აფარებდა თავს. ნათიაც მან გააბოროტა. ათასი სისულელე უთხრა მგონი ჩემზე... მოკლეთ, დარწმუნებული ვიყავი აქ იყო და მისი გამოჭერა მინდოდა. იმას ვერ ვხვდებოდი მარტო, პაატა და მისი ეგრედწოდებული თარჯიმანი რომ დააკავეს, ეს რატო აღარ წავიდა და თავს არ უშველა? ნუთუ, ამას სხვა მისია ეკისრა და საქმე ჯერ დასრულებული არ ქონდა? ვხვდებოდი, რომ შარში გავყოფდი თავს, მაგრამ მაინც დიდი სურვილი მქონდა ამ თვითმარქვიას გამოჭერისა და ვერავინ გადამაფიქრებინებდა.
კარგად რომ ჩამობნელდა და გვარიანადაც შემცივდა, ისევ მანქანაში ჩავჯექი, რომელიც ნათიას შორიახლოს მყავდა შეჩერებული და ახლა იქიდან დავუწყე მის სახლს თვალთვალი. კარგა ხანს ვიყურყუტე. მოულოდნელად მძღოლის საპირისპირო მხარეს კარები რომ გაიღო და ვიღაც ჩამიჯდა, შევკრთი.
ჯუმბერა იყო.
_რანაირი მოთვალთვალე ხარ, მანქანაში ვიღაც ჩაგიჯდა და შენ კი ვერც შეამჩნიე._გაბადრული სახით მითხრა._ნათიას რატო უთვალთვალებ?_უცბად დასერიოზულდა._რამე გაგახსენდა ისეთი, რასაც გამოძიებას უმალავ?
_ნათიას ჩემს გატაცებასთან რა კავშირი უნდა ქონდეს ვერ ვხვდები?_გამიკვირდა._უბრალოდ, მასთან მე ჩემი ანგარიში მაქვს...
_მაინც რა, ჩემთან არ ითქმის?_ისევ შემომღიმა და ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად არ მესიამოვნა. რატომღაც უნდობლობის გრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ.
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს აფარებდა დამნაშავეებს ხელს და გამოძიება არასწორი კუთხით მიყავდა, მაგრამ მაინც ენას დავაჭირე კბილი. არა და ლენას შესახებ ვაპირებდი მისთვის მოყოლას, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე, სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, ჯობდა რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინებოდა ჩემი ეჭვების შესახებ, მით უფრო უკეთესი იქნებოდა.
_მაინც არ იტყვი, რას აკეთებ ნათიას სახლის წინ, რისთვის უთვალთვალებ?
_ქალური ანგარიშები მაქვს მასთან, დაგაკმაყოფილა ამ პასუხმა?
_შენ წარმოიდგინე არა. ვგრძნობ, რაღაცას მიმალავ და გამოძიების ხელის შეშლისთვის იცოდე პრობლემები შეგექმნება.
_გამოძიებას არაფერს ვუმალავ, უბრალოდ, ლუკას გამო...
_ლუკას გამოც ნუ დაჭამთ ერთმანეთს ეს შტერი გოგოები. თვალები გაახილეთ, მასზე უკეთესი ბიჭებიც არსებობენ._გამომწვევად გადაიხარხარა და მანქანიდან გადავიდა. სანამ კარებს მომიხურავდა ისევ შემოყო თავი._წადი ახლა სახლში, საეჭვოდ ნუ ტრიალებ მისი სახლის წინ. იცოდე, გაფრთხილება მოგეცი და თუ არ დამიჯერებ, სხვანაირად მოგხედავ.
ჯუმბერა წავიდა თუ არა, მეც წამოვედი სახლში. რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ბიჭი რაღაცას მალავდა. არ ვიცი რატო ამეკვიატა ეს აზრი, მაგრამ ვეჭვობდი, რომ ლენას შესახებ ყველაფერი იცოდა. იცოდა რომ ნათიასთან აფარებდა თავს. უფრო მეტიც, ჯუმბერაც უწყობდა ხელს და მფარველობდა იმ თაღლითს.
ახალი მისული ვიყავი სახლში, რომ რუსკაც მოვიდა. მხიარულად ვივახშმეთ. ლენას შესახებ მასთანაც არაფერი მითქვია. არც ის, რომ ჯუმბერაზე მქონდა ეჭვი. ლუკამ რომ დააგვიანა, ავნერვიულდი რატომღაც. მის მოლოდინში ეზოში ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი. როდის შემოხსნა ჭიშკარი და როგორ შემოვიდა, ვერ გავიგე. წელზე რომ მომხვია ხელები ზურგიდან და მისი ტუჩები ყელზე შემეხო, კი შევკრთი, მაგრამ გავირინდე.
_რატო დაიგვიანე?_შევბრუნდი და ეჭვიანი ცოლივით გამჭოლი მზერა ვესროლე.
გაეცინა და ცხვირზე მაკოცა.
_რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი. სამი დღე თავისუფალი ვარ და ხვალ სადღაც მინდა წაგიყვანო.
_სად?_გამიკვირდა.
_მენდე...
_რამდენჯერაც ვინმეს ვენდე, სანანებელი გამიხდა.
_გპირდები, არ ინანებ._დაიხარა და გულის წასვლამდე მიმიყვანა მისმა სასიამოვნო კოცნამ.
_ამათ უყურე ერთი!_რუსკას გაოცებული ხმა რომ მოსწვდა ჩემს ყურს, შევკრთი._ჩემს ზურგს უკან ხვდებიან. მე კიდევ მგონია ეს ქალბატონი ჩემს სანახავადაა-მეთქი მოსული.
ვერ მივხვდი აღშფოთებული იყო თუ გახარებული. თუ უფრო გაოცებული. დამნაშავედ ვიგრძენი მის წინაშე თავი. ლუკას წელზე მოხვეული ხელები მაინც არ გაუშვია ჩემთვის. გავიბრძოლე კი, მაგრამ არ გამიშვა, უფრო მჭიდროდ მომხვია.
_იმდენი მეჩიჩინე, სანამ მართლა არ მომაწონე ეს გოგო და ახლა გიკვირს?_გაეცინა ლუკას.
_ჩემზე გეჩიჩინებოდა?_ახლა მე "აღვშფოთდი"._მაინც რას გეჩიჩინებოდა ამისთანას?
_ისეთსას არაფერს. შენ ის მითხარი, ხვალ წამოხვალ თუ არა ჩემთან ერთად?
_შორს მიდიხართ?_დაინტერესდა რუსკა.
_ასე, დაახლოებით ოთხი საათის სავალზე... გპირდები, არ ინანებ._ისევ მე მომიბრუნდა ლუკა._დილით ადრევე წავიდეთ... ჰა, რას იტყვი? პასუხს ველი._ყოყმანი რომ შემატყო ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადამიწია ორი თით და რუსკას თანდასწრებით შუბლზე მაკოცა.
_ჩემი ძამიკო ცუდს რომ არაფერს დაგეგმავდა, დარწმუნებული ვარ._რუსკა ზურგიდან ჩაეხუტა ძმას._მე რომ შენი, უარს არ ვიტყოდი._თან მე შემაგულიანა.
_დიდი ხნით მივდივართ?
_სრული ორი დღე გამოგვივა.
_კარგი. თანახმა ვარ.
გახარებული ლუკა ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, რუსკასიც კი არ მოირიდა.
_წამო, ჩაბარგებას შეუდექი. დილით უთენია დაგადგება თავზე და ვეღარ მოასწრებ._კისკისით წამიყვანა რუსკამ ჩვენს ოთახში.
საიდუმლო მგზავრობისთვის დიდი მზადება არ დამიწყია. ორ დღეში რა უნდა დამჭირვებოდა ისეთი, რომ იქვე არ მეყიდა. ღამით კი ისეთ განცდებში ვიყავი, თვალი ვეღარ მოვხუჭე. ლენაზე და ჯუმბერაზეც კი მეფიქრებოდა, მაგრამ უფრო ლუკას საიდუმლო მგზავრობა და მისი სიყვარული მაფორიაქებდა.
დილით, სანამ მზე ამოიწვერებოდა ცის კაბადონზე, ჩემი მანქანით დავადექით გზას. მძღოლი რაღა თქმა უნდა, ლუკა იყო. დასავლეთისკენ რომ აიღო გეზი, ცოტა გამიკვირდა კი, მაგრამ არაფერი მითქვია. მთელი ღამის უძილოს სასიამოვნო მელოდიების ფონზე ტკბილად ჩამეძინა. რატომღაც დაცულად და იმედიანად ვგრძნობდი მის გვერდით თავს. დარწმუნებული ვიყავი, უსაფრთხოდ ივლიდა და ცუდი არაფერი შეგვემთხვეოდა. მის დაგეგმილ მარშრუტსაც მოვიწონებდი ალბათ.
მთელი გზა სასიამოვნო განცდებით ვიმგზავრე. თვალები რომ გავახილე, მწვანეში ჩაფლული ორსართულიანი სახლის წინ ვიყავით შეჩერებულები.
_სად ვართ?_გამიკვირდა, რადგან არანაირად არ მეცნო იქაურობა.
_აჭარაში._შემომღიმა ლუკამ._ციხის ძირში. უფრო კონკრეტულად კი ბიძაჩემთან. მართალია, მთლად შენი კამბოჯოსნაირი სანაპიროები არ არის აქ, მაგრამ შავი ზღვის სანაპირო ყველაზე წმინდა და კამკამა აქ არის.
_ზღვაზე მომიყვანე?_აღტაცებულმა და გაოცებულმა შევხედე.
_შენი ოცნების მცირე დოზით ასრულებაში მინდა რომ მონაწილეობა მივიღო._გადმოიწია და მისმა კოცნამ სუნთქვა შემიგუბა.
არა, მართლა არაჩვეულებრივი იყო ეს ბიჭი და მართლა თავდავიწყებით მიყვარდა. მის გარეშე უკვე ვეღარც კი წარმომედგინა ცხოვრება... თავის დროზე რომ არ ჩამოვშორებოდი რუსკას და მასთან ურთიერთობა არ გამეწყვიტა, ხომ ადრევე გავიცნობდი ამ ბიჭს და ის საშინელება, რაც პაატამ დამატეხა თავს, აღარ გადამხდებოდა? თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო...
ლუკას ბიცოლამ, ქალბატონმა ეთერიმ გულთბილად და დიდი სიყვარულით მიგვიღო. საბა, მისი ბიძაშვილიც მალე მოვიდა და არც იმან მოგვაკლო ყურადღება. ნამგზავრებმა ცოტა შევისვენეთ და მერე საბას მეგზურობით ზღვის სანაპიროზეც გავედით. ვერ აღვწერ იმ სიამოვნებას რაც მე იქ განვიცადე: გამწვანებული სანაპირო და ზღვის საოცარი ხედი რომ გადაიშალა ჩემს თვალწინ, მოჯადოებულივით ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და სიამაყის გრძნობით შევყურებდი ყველაფერს. სიამაყით იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლო იყო და მე კი არ ვიცნობდი და სხვა ქვეყნებში ვაპირებდი მოგზაურობას.
_მოგწონს?_ლუკამ ღიმილით რომ მკითხა, მაშინვე ჩამოვეკიდე კისერზე და მოურიდებლად ვაკოცე.
_არაჩვეულებრივია და მადლობა შენ ამისთვის. იმდენი ფულის დახარჯვას ვაპირებდი და რისთვის? თურმე აქაც შეიძლება ასეთი სილამაზეების ნახვა._აღტაცებული გავყურებდი ლაჟვარდოვანი ცისა და კამკამა ზღვის შერწყმას ჰორიზონტზე._მშვენიერია.
ლუკამ ერთ ხანს ხან მე მიყურა თვალებში და ხან ცას გაჰყურებდა. მერე კი დარწმუნებით მითხრა.
_ზუსტად შენი თვალების ფერია ეს ცა._მერე მოულოდნელად ზურგზე მომიგდო და აკივლებული წამიყვანა ზღვისკენ. დგაფუნით რომ შევიდა წელამდე, მერე ჩამაყურყუმელავა და თვითონაც თან მომყვა.
არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ არაჩვეულებრივ სანაპიროზე. საღამოს მზის ჩასვლასაც ერთად ვუყურეთ და გვიან დავბრუნდით სახლში. საბას და ნატალიც მოსულიყო სახლში და გაუხარდა ჩემი გაცნობა. კმაყოფილი მზერით შემათვალიერა და რაღაც უჩურჩულა ლუკას ყურში, რომელსაც გულიანად გაეღიმა.
გვიანობამდე ვისხედით ახალგაზრდები აივანზე და ვლაპარაკობდით ათას წვრილმანზე. მერე კი, შუაღამე უკვე გადასული იყო, რომ დავწექით. ვერ მოვისვენე. მითუმეტეს იმიტომ, რომ მეზობელ ოთახში იწვა ლუკა და გულიც, სულიც და სხეულიც მისკენ მიზიდავდა. დიდხანს ვებრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ ვერ გავუმკლავდი. ფრთხილად ავდექი, რომ ნატალი არ გამეღვიძებინა და ლუკას ოთახში ქურდივით შევიპარე. ლუკა ღია ფანჯარაში იყო გადაყუდებული წელს ზევით შიშველი და სიგარეტს ეწეოდა. ჩემი შესვლა არ გამოჰპარვია.
_მოხდა რამე?_გაკვირვებულმა შემომხედა.
_ხო._აფორიაქებულმა მივუგე, მივედი და ჩავეხუტე._მგონი მიყვარხარ._ძლივს ამოვიჩურჩულე.
ვიგრძენი როგორ აუფრთხიალდა საგულეში დაჭრილი ჩიტივით გული. მერე ნიკაპზე ამომდო ორი თითი და მთვარით განათებულ ჩემს თვალებს კარგა ხანს უსიტყვოდ უყურა.
_მეც..._ეს მითხრა მხოლოდ ჩურჩულით და ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს დაეწაფა.
ის ღამე მის საწოლში გავატარე...
მისი ალერსი, მისი კოცნა და მისი ჩურჩული თავბრუს მახვევდა. რაღაც ძალიან დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ეფექტი ქონდა მასთან ფიზიკურ კონტაქტს. ეს ბიჭი მართლა მაგიჟებდა. ტყუილად არ ბრაზობდა ნათია ჩემზე, რომ ამ არაჩვეულებრივ ბიჭს ვართმევდი. არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი იყო. აქამდე როგორ ვცხოვრობდი მის გარეშე არ ვიცი, მაგრამ დღეიდან რომ ერთ წუთსაც ვერ გავძლებდი მის გარეშე, ეს კი დანამდვილებით ვიცოდი...
დილით კი, სანამ ვინმე შემნიშნავდა, ისევ ჩემთვის განკუთვნილ საწოლს მივაშურე. ბალიშზე დავდე თუ არა თავი, მშვიდად და ტკბილად ჩამეძინა. რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი, დილით მზემ რომ შემომიჭყიტა ფანჯრიდან და შევიშმუშნე, შუბლზე ტუჩების ფრთხილი შეხებაც ვიგრძენი. "ანგელოზების კოცნა,"_გამიელვა გონაბაში და კმაყოფილმა ნელ-ნელა გავახილე თვალები. სადღაც მქონდა ამოკითხული, თუ ადამიანი შუბლზე გკოცნის, მას განსაკუთრებით უყვარხარო. თვალების გახელისთანავე მის თაფლისფერ თვალებს რომ წავაწყდი, გული საამოდ ამიძგერდა. ვაცადე, სანამ წითელი ვარდის კოკორს თმაში შემიბნევდა ღიმილით. მერე კი კისერზე მოვხვიე ხელები, ავიწიე და მის ოდნავგაპობილ ბაგეებს მწყურვალივით დავეწაფე, უსაზღვრო სიამოვნების მორევში რომ გამახვია წუხელ.
_ახალი სანაპირო მიმასწავლა ნატალიმ და შენთან ერთად მინდა წასვლა.
_ახლავე._მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და მოურიდებლად დავიწყე მის წინ ჩაცმა. ლუკა კი კმაყოფილი მიმზერდა.
ერთი ფინჯანი ყავა ხალისით დავაგემოვნეთ, მერე კი სანაპიროსკენ გავწიეთ. მართლაც რომ ზღაპრული ადგილი იყო, უნიკალური ხედებით და სუბტროპიკული ზონით. ლუკას გვერდით ფიცრულ ხიდს ფრთხილად მივუყვებოდი, რომელიც მწვანით შემოსილ ფერდობს გარშემო მიუყვებოდა. სანაპირო კი მართლაც ზღაპრული იყო. მოჯადოებულივით შევყურებდი კამკამა ზღვის ტალღებს, რომლებიც გამეტებით ეხეთქებოდნენ ქვიან კლდეებს. კარგა ხანს დავყავით იქ. სკალებზე უამრავი ფოტოებიც კი გადავიღეთ. ერთ-ერთი სკალიდან, რომელიც შედარებით დაბალი იყო, ლუკასთან ერთად ხელჩაკიდებულმა წყალში ჩახტომაც გავბედე. მის გვერდით მართლაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს. არაჩვეულებრივი და ზღაპრული დრო გავატარეთ. დრო ისე მალე გაგვეპარა თვალსა და ხელს შუა, ვერც კი გავიგეთ. საღამოსაც დავტკბით მზის ჩასვლის ყურებით და მერე სახლში დავბრუნდით. ის ღამეც მის ძლიერ მკლავებში გავატარე და მის თბილ მკერდზე მედო თავი.
იმ ორმა დღემ, რაც იქ დავყავით, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემს მეხსიერებაში. რაც არ უნდა მომხდარიყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასოდეს დავივიწყებდი იმ დღეებს სიყვარულით, ვნებით და სიამოვნებით აღსავსეს. მესამე დღეს კი ისევ დავბრუნდით ბაკურიანში. მთელი გზა იმას ვფიქრობდი, რა იქნებოდა ახლა, რა სახეს მივცემდით ჩვენს ურთიერთობას? ლუკას კი, ჩემი ხელი ეჭირა თავის მუჭში მომწყვდეული და ხშირად მკოცნიდა.
შუადღე გადასული იყო სახლში რომ დავბრუნდით. მანქანიდან რომ გადავიბარგეთ და კარი მივაჯახუნე, ლუკას მოვაყოლე თითი.
_ვაიმე!_ერთი კი შევკივლე, მაგრამ ლუკამ მაშინვე ჩემი დამშვიდება სცადა.
_არაფერია, დამშვიდდი, სულ არ მტკენია.
მე კი ლამის ისტერიკა დამემართა. უფრო იმიტომ, რომ მეხსიერებაში თითქოს რაღაცამ გამიელვა წამიერად. გამახსენდა, თითქოს ვიღაცას შეგნებულად მოვაყოლე თითი, თან ისე ძლიერ, რომ იმ ვიღაცას სისხლიც კი დასდიოდა. ჩემი მანქანის კარი არ იყო, რადგან შავი ფერი მახსოვდა. თუმცა, ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე ვინ იყო ის ვიღაც და ან რას ვემართლებოდი.
_დამშვიდი, არ მტკენია. რა გჭირს?_მკლავებში მომიმწყვდია და ისე სცადა ჩემი დამშვიდება._ცუდად ხარ? ფერი სულ დაკარგე.
_ძალიან შემეშინდა..._ძლივს ამოვილუღლუღე.
_არაფერია, აი ნახე._ღიმილით დამანახა თავისი თითი.
რა იყო ახლა ის წამიერი გაელვება ჩემს მეხსიერებაში? ნუთუ, ნაცნობი სურათის დანახვისას შესაძლებელი იყო მართლაც გამხსენებოდა ყველაფერი? ლუკასთვის დავაპირე ამის შესახებ თქმა, პირიც დავაღე კიდეც, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე რატომღაც. იქნებ სულაც სიზმარში ნანახი მახსენდებოდა და ჩემს გატაცებასთან არანაირი კავშირი არ ქონდა ამ წამიერ ფრაგმენტს?
ლუკამ აშკარად შემატყო რაღაცის თქმას რომ ვაპირებდი და გაკვირვებულმა ინტერესით შემომხედა.
_დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი დღეებისთვის._ეს ვუთხარი მხოლოდ და ვაკოცე.
საღამოს მე და რუსკა გვიანობამდე ვისხედით ჰამაკში და ზღვის ამბებს დაწვრილებით ვუყვებოდი. ჩემს ჯინაზე გვიან დაიძინა. მაგრამ დაიძინა თუ არა, მაშინვე ლუკას საძინებელს მივაშურე. თავი მოიმძინარა და რომ მივუახლოვდი, მოულოდნელად მომხვია მკლავები და საწოლში შემათრია. ბედნიერი კისკისი ძლივს შევიკავე, რომ არავის გაეგო.
გამთენიისას კი ისევ უჩუმრად გამოვიპარე და ჩემს საწოლში კმაყოფილი და უზომოდ ბედნიერი დავწექი. დილით, სამსახურში რომ გავიცილე ყველა, ერთხანს უაზროდ ვიბოდიალე ცარიელ სახლში. მერე კი მანქანაში ჩავჯექი და მაღაზიაში წავედი. მაინც და მაინც იმ მაღაზიაში შევედი, სადაც ნათია მუშაობდა. ბედად მოლარე ოპერატორად ის დამიხვდა. შევედი თუ არა, ამრეზით შემომხედა. ჩვეულებრივ დავიარე სექციები, რაც კი რამ მინდოდა, ყველაფერი მოვხვეტე და მასთან მივიტანე ირონიული ღიმილით.
_ვაა, შენ ისევ აქ ხარ?_მაღაზიის კარი შემოხსნა თუ არა, მაშინვე მკითხა ჯუმბერამ._ეს დღეები არ ჩანდი და ვიფიქრე თბილისში დაბრუნდი.
_არა, ზღვაზე ვიყავით._თ-ს განსაკუთრებულად მკვეთრად გავუსვი ხაზი.
_ბარხატის სეზონი დაიყენეთ შენ და ლუკამ?_ღიმილით რომ ჩამეკითხა ჯუმბერა, მეც ღიმილით დავუქნიე თანხმობის ნიშნად თავი და თან ნათიასთვის არ მომიშორებია მზერა, რომელიც აშკარად გულზე სკდებოდა._მეხსიერებასთან დაკავშირებით ხომ არაფერია?_ისევ ჩამეკითხა ჯუმბერა.
_სამწუხაროდ არაფერი._ჩემი ნავაჭრი პარკში ჩავიწყე, ფული გადავიხადე და ამაყად გამოვედი მაღაზიიდან.
ის იყო მანქანაში ჩავაწყე ყველაფერი, რომ ჯუმბერაც გამოვიდა, იქვე მდგარ შავი ფერის მერსედესის მარკის ჯიპში ჩაჯდა და წავიდა. უაზროდ რომ გავაყოლე თვალი, გამიღიმა და მომისიგნალა. სიგნალის ხმაზე ფიქრებიდან გამოვერკვიე. მერე საჭეს მივუჯექი და სახლში წავედი. თუმცა დიდხანს არ გავჩერებულვარ იქ. ნერვიულად ვიწრიალე, ვიწრიალე და ისევ გავედი მანქანით. ამჯერად ბორჯომისკენ დავეშვი, თუმცა გზისპირა კოტეჯებთან, სადაც ერთ ერთში ვიყავი გამომწყვდეული, შორიახლოს შევაჩერე მანქანა, რომ არავის შეემჩნია და ტყის მხრიდან შევედი მათ დასაზვერად. იმ კოტეჯს, სადაც მე ვიყავი გამომწყვდეული, ადვილად მივაგენი, ჩამტვრეული კიბის საფეხური ისევ ისე იყო. ფრთხილად ჩავედი და ჩახერგილი ხარახურა გადაწეული რომ დამხვდა ისევ, მოხერხებულად შევძვერი. ტელეფონზე ფარანი ჩავირთე და გულდასმით მოვათვალიერე იქაურობა. მერე მაღლა ავედი. აშკარად მილაგებული იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც იმჩნეოდა ჩემი კვალი. მაშ, ჯუმბერამ რატო მითხრა, რომ არანაირი კვალი არ იყო იქო? დავიჯერო, დებილები მუშაობენ პოლიციაში და არაფერი იციან? მატრასის კიდეზე ჩამოვჯექი და ტვინი დავძაბე, თუმცა იმის გარდა, რაც გონზე მოვედი და აქედან გავიპარე, ვერაფერი გავიხსენე. იქნებ, აქ არც კი ვიყავი გამომწყვდეული და მერე მომიყვანეს? ეს აზრი უფრო სავარაუდო მეჩვენა და ისევ სარდაფში ჩავედი. იქიდან კი ეზოში ავედი და მანქანისკენ გავწიე. არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ჯუმბერაც იყო ამ ამბავში გარეული... გამახსენდა, დაკითხვაზე რომ მოვიდა ჩემთან, ცერა თითზე ფრჩხილი რომ ქონდა ჩაჩეჩქვილი. უეჭველი მაგას მოვაყოლე მანქანის კარებში ხელი და თან თავისივე მანქანაში, მასაც ხომ შავი ფერის მანქანა ყავდა? მაგრამ რა მინდოდა მის მანქანაში და როგორ მოვხვდი იქ, ამას ვერ ვიხსენებდი ვერანაირად.
კოტეჯებიდან დაბრუნებულმა ისევ ნათიას სახლის წინ დავიწყე წრიალი. დარწმუნებული ვიყავი რომ ნათია, ლენა და ჯუმბერა ერთად იყვნენ, მაგრამ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ მქონდა და მისი მოპოვება იყო საჭირო. თუმცა, ჯუმბერასაც უნდა მოვრიდებოდი, რომ არაფერს მიმხვდარიყო, თორემ ეჭვები უჩნდებოდა უკვე აშკარად. ისევ ჩავჯექი მანქანაში და სახლში დავბრუნდი. ჰამაკში ბუსუნასთან ერთად კარგა ხანს ვინებივრე. გონება დავძაბე და იმ დღეს, სირბილის დროს რა მუსიკებსაც ვუსმენდი, ისევ ისინი ჩავრთე, თვალები დავხუჭე, სულ გამოვეთიშე ამ სამყაროს და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიხსენე ყველაფერი. დავიწყე იქიდან, რომ ლუკას დავუტოვე გასაღები და მე ყურსასმენებმორგებული დავეშვი ტრასაზე. საპატრულოს შენობას რომ ჩავურბინე, ნაცნობმა მორიგემ ხელი ამიწია ღიმილით მახსოვს. მეც ხელის აწევით მივესალმე და გზა განვაგრძე. ცოტა ქვემოთ, ბანკომატთან ბევრი ხალხი ირწოდა. ალბათ ხელფასის დღე იყო და იმიტომ. გალფის ბენზინგასამართ სადგურთანაც რიგი იყო. ერთ-ერთი მანქანის ჩაწეული მინიდან დალმატიანელ ძაღლს ქონდა თავი გადმოყოფილი და შემყეფა კიდეც. მერე, დასახლებას რომ გავცდი, შევნიშნე, რომ ბოტასზე თასმა მქონდა შეხსნილი და მის შესაკვრელად გავჩერდი. რომ დავიხარე, მახსოვს უკან გავიხედე და შავი ფერის მერსედესის ჯიპი დავინახე, მძღოლი არ მახსოვს, არც ის, რამდენი ისხდნენ. თასმა შევიკარი და ისევ განვაგრძე გზა. სულ მალე კი დამიჭირეს კიდეც და გამთიშეს.
_შავი მერსედესის ჯიპი!_აღტაცებულმა იმხელა ხმაზე შევყვირე, ბუსუნა შევახტუნე._ეგ არის, ჯუმბერა იქნებოდა. მაგას მოვაყოლე უეჭველი თითი თავისივე მანქანის კარებში. ალბათ, მანქანიდან რომ გადავყავდი, გონზე მოვედი და გავუძალიანდი. მერე კი, რახან სახეზე დავინახე, ჰეროინით გამაბრუეს, რომ არაფერი მხსომებოდა. იმიტომაც არის დაინტერესებული ასე ძალიან ჩემი მეხსიერების აღდგენით. ჰეროინის შოვნა არ გაუჭირდებოდა. მისი გვერდითი მოვლენებიც უეჭველი ეცოდინებოდა. მკვლელობა ვერ გაბედეს. შეიძლება ჩემმა გაპარვამ შეუშალათ ხელი, თორემ დაგეგმილი სულ სხვანაირად ექნებოდათ: სადმე ნარკომანების წრეში მოვიდოდი გონს და ჩემს ნარკომანობას და ჩემს ფანტაზიას დააბრალებდნენ ყველაფერი.
ესეც ასე, ბურუსით მოცულ ჩემს გატაცებას მცირედიდ მაინც რომ მოვფინე ნათელი, ესეც კარგი იყო. ისე გამიხარდა,საწყალი ბუსუნა მადიანად ჩავპროშნე და ავაწკმუტუნე. ახლა ის მქონდა გასარკვევი, ლენას მორიგი მსხვერპლი ვინ იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმის გამო დარჩა, თორემ მისი თანამზრახველები რომ დააკავეს, აიკრავდა გუდა-ნაბადს და წავიდოდა. როგორც ეტყობა, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რადგან საფრთხის მიუხედავად მაინც აქ დარჩა. თან, ჯუმბერა ეხმარებოდათ. ნეტა, მაკომ რამე იცოდა ჩემი გატაცების შესახებ? თუ უბრალოდ ამათ მიმაგდეს იმ კოტეჯში?
მაშინვე ზაზას დავურეკე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
_გაგიჟდი გოგო?_გამიბრაზდა._მარტომ როგორ გაბედე იმ კოტეჯში მისვლა? ვინმეს რომ დაენახე და თავზე დაგდგომოდა, მერე? მეორედ აღარ ჩაიდინო ეგეთი სისულელე... და საერთოდ, შეეშვი მაგ შენს შერლოკ ჰოლმსობანას, შარს გადაეყრები იცოდე. მე მივხედავ მაგ საქმეს. ჯუმბერასაც უფრთხილდი. არაფერი შეგამჩნიოს, თორემ თავის გადასარჩენად უკვე ყველაფერზეა წამსვლელი... ჯობია, თბილისში დაბრუნდე.
_ჯერ ვერ დავბრუნდები._გავაპროტესტე.
_რასაც გელაპარაკები არ გესმის შენ?
_გპირდები, მაგ საქმეში აღარ ჩავერევი, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ დავბრუნდები...
_ყოველი შემთხვევისთვის შენს ტელეფონში ჯიპიეს აპლიკაცია გადმოიწერე და გააქტიურე, გასაგებია?
_ნუ მაშინებ._გამეცინა.
_არ გაშინებ. მინდა რომ თავი დაიზღვიო. მაგ აპლიკაციის მეშვეობით ადვილადაა შენი ადგილ-მდებარეობის დადგენა შესაძლებელი. თან, მაგ აპლიკაციას საგანგაშო ღილაკიც აქვს, რომელზე დაკლიკებისას დაცვის კომპანიას წამებში მიეწოდება შენი კოორდინატები. გამითიშავ თუ არა ტელეფონს, მაშინვე მიხედე მაგ საქმეს. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რამხელა აფიორასთან გაქვს საქმე და რა შეუძლია თითოეულ მადგანს. ფულის გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები.
მოვამთავრე თუ არა მასთან ლაპარაკი, მართლაც გადმოვიწერე ის აპლიკაცია, რომელიც მითხრა და გავააქტიურე კიდეც. მართალია, თუ ისევ გამიტაცებდნენ, ტელეფონსაც გადამიგდებდნენ, მაგრამ მაინც... რუსკასა და ლუკას კიდევ არ ვუთხარი დღევანდელი დღის შესახებაც არაფერი. არ მინდოდა ამენერვიულებინა და თან დამიშლიდნენ და უფრო იმიტომ.
დილით, ყველა გავიცილე თუ არა სამსახურში, ისევ სადარაჯოზე წავედი. ოღონდ ამჯერად ნათიასი კი არა, მისი მეზობლებისა. მეზობლის სახლიდან ვაპირებდი ნათიას სახლში შეღწევას. ხელმარჯვნივ მეზობელს ბევრი დამსვენებელი ყავდა და სულ ირეოდნენ. ზოგი შედიოდა და ზოგიც გამოდიოდა. მარცხენა მეზობლის კარიდან კი არავინ გამოდიოდა და არც არავინ შედიოდა. უკვე კარგად რომ დავიღალე ლოდინით და გამობრუნება გადავწყვიტე, ზუსტად მაშინ გაიღო ქუჩის კარი და ჯოხზე დაყრდნობილი ხნიერი ქალი გამოვიდა. ძლივს გადაჭრა ქუჩა, იქვე პატარა სასურსათო მაღაზიაში შევიდა, ცოტაოდენი სურსათი იყიდა და გამობრუნდა. შუა ტრასაზე ცელოფნის პარკი გაეხა და ნავაჭრი მიმოეფანტა. მაშინვე გადავხტი მანქანიდან, წამოვუკრიფე ყველაფერი და სახლამდე მიტანაში მივეხმარე.
_ღმერთმა გაგახაროს შვილო._ბებრული ჩიპჩიპით დამლოცა._ვისი ხარ, ვერ გიცანი.
_აქაური არ ვარ, სტუმარი ვარ._გამეღიმა.
_ჩაიზე და გირჩის მურაბაზე დაგპატიჟებ თუ მიკადრებ და არსად გეჩქარება.
არსად მეჩქარებოდა და მეც ეგ მინდოდა, მაგრამ მაინც თავი შორს დავიჭირე.
_მადლობა ბებო მეჩქარება, სხვა დროს იყოს. გირჩის მურაბა არასდროს მიჭამია და სიამოვნებით დავაგემოვნებ თქვენთან ერთად.
გამოვბრუნდი თუ არა, ჯუმბერას შევეფეთე. აშკარად კუდი ეწვოდა და იმიტომაც წრიალებდა ასე გამწარებული ჩემს შორიახლოს.
ნაძალადევი ღიმილით მომესალმა.
_ბორჯომში ვაპირებდი ჩასვლას._ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ავუხსენი ეჭვით მომზირალ დეტექტივს._გზაზე საცოდავს პარკი დაეხა და მივეხმარე.
_ხო, დაგინახე. ყოჩაღ._ცალყბად შემაქო._მეც ბორჯომში მივდივარ, ხომ არ დამემგზავრებოდი?
უარი რომ მეთქვა, მიხვდებოდა რომ თავს ვარიდებდი. არც თანხმობა გამოდიოდა კარგი, იქნებ სადმე გადავეგდე და სამუდამოდ გავეჩუმებინე? მაგრამ, ამდენი ხალის თანდასწრებით რომ ჩავუჯდებოდი მანქანაში, გაბედავდა ვითომ რამეს? წამები დამჭირდა ყველაფრის მოსაფიქრებლად. მერე ღიმილით დავთანხმდი.
_კაი, მანქანას ლუკას დავუტოვებ, იქნებ რამეში დასჭირდეს და წავიდეთ.
შევატყე, აშკარად არ მოეწონა ჩემი ნათქვამი, მაგრამ არაფერი უთქვია. მანქანა მართლაც ლუკას მივუყვანე, ჯუმბერა უკან მომყვა. მერე მის მანქანაში იმედიანად გადავჯექი, რადგან ლუკამ იცოდა ვის მივყავდი და წავედით ბორჯომში.
მთელი გზა ჯუმბერას ენა არ გაუჩერებია, თავის პროფესიონალიზმზე მიყვებოდა და სწუხდა იმის გამო, რომ ჩემი გატაცების ამბავი ასე ბურუსით იყო მოცული. მეც ვწუხდი იმის გამო, რომ ვერაფერს ვიხსენებდი. ამ ლაპარაკ ლაპარაკში ჩავედით კიდეც ბორჯომში.
_შენ საით?_ეს რომ მკითხა, მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ მოფიქრებული არ მქონდა სად მოვდიოდი.
ბედად საქართველოს ბანკი დავინახე და იმაზე მივუთითე.
_ამის გულისთვის ჩამოხვედი?_გაუკვირდა და ეჭვით შემომხედა._ბანკომატი ხომ ბაკურიანშიც გვაქვს?
_გაქვთ მაგრამ, ბარათი დამებლოკა და კოდი მინდა მოვხსნა._ისე ვიცრუე, მეც კი დამეჯერა ჩემი სიცრუის.
_კარგი, მე აქეთ მაქვს საქმე, ნახევარ საათში გამოგივლი.
_მაგ დროში მეც ჩავეტევი._შევღიმე და მანქანიდან გადავედი.
კარებს რომ ვკეტავდი, ისევ ის მომენტი გამახსენდა, თითი რომ მოვაყოლე ვიღაცას და ამჯერად რომ დამიკურთხა მადიანად ისიც გამახსენდა.
"უეჭველი ეს არის"_გავიფიქრე გუნებაში და ისევ შევღიმე ჯუმბერას. მერე კი ამაყი ნაბიჯებით შევედი ბანკში. მის დასანახად ავიღე ნომერი და ჩემს რიგს მოთმინებით დაველოდე.
ჯუმბერა რომ წავიდა, შვებით ამოვისუნთქე. ნამდვილად ეჭვობდა რაღაცას. ხვდებოდა რომ ნელ-ნელა მეხსიერება მიბრუნდებოდა და კუდი ამიტომაც ეწვოდა.
ჩემი ჯერი მალევე მოვიდა. ოპერატორს ჩემი ბარათის კოდი შევაცვლევინე და მალევე გამოვბრუნდი. ჯუმბერამაც მალე მომაკითხა. ალბათ, შორიახლოს იყო გაჩერებული და ვიტრინიდან მაკვირდებოდა. მანქანაში რომ ჩავუჯექი, დაინტერესდა, მოვაგვარე თუ არა ჩემი საქმეები.
_მე კი, შენ?_კეკლუცად შევღიმე.
_მეც._მხოლოდ ეს მითხრა და ისევ ბაკურიანში დავბრუნდით.
გზაში, ცოტა არ იყოს შიშმა ამიტანა, მითუმეტეს ისეთ მიყრუებულ ადგილებში, სადაც კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. თავ-ბედსაც ვიწყევლიდი გუნებაში, რომ ამ არამზადას ჩავუჯექი მანქანაში, მაგრამ ლუკას იმედი მქონდა და იმ ჯიპიეს აპლიკაციისა, რომელიც ზაზამ გადმომაწერინა. რამოდენიმე ადგილას ცოტა რომ შეანელა, ლამის გული გამისკდა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ან სამომავლოდ იკეთებდა საქმეს, რომ სხვა დროს კიდევ ჩავჯდომოდი მანქანაში, ან ვერ ბედავდა ჩემს გატაცებას. ასე იყო თუ ისე, დიდი შიშისა და გულის-ფეთების მიუხედავად მაინც მშვიდობიანად დამაბრუნა იქ, საიდანაც წამიყვანა.
საღამოს კი ლუკამ მსუბუქი საყვედური მითხრა, რატო გაყევი მაგასო. მის ხმაში ეჭვიანობის ნოტები რომ დავიჭირე, გამეღიმა. რახან ეჭვიანობდა, ესე იგი ვუყვარდი. კოცნით დავაიმედე, რომ ცხოვრებაში მარტო აღარ ჩავუჯდებოდი მანქანაში და მის მკლავებში გავირინდე. მართლაც აღარ ვაპირებდი მის მანქანაში ჩაჯდომას. დავრწმუნდი, რომ მან გამიტაცა. ოღონდ რა მოტივით, მაგის დაზუსტება მინდოდა. ვითომ, პაატა რომ გამოვააშკარავე იმიტომ, თუ ლენა რომ არ მემხილებინა მომავალში?
ის ღამეც თავდავიწყების მორევში და ვნების ქარ-ცეცხლში გავატარე მასთან. დილით კი ისე ჩაგვეძინა ორივეს, ჩემს ოთახში გადასვლა ვერ მოვახერხე. რუსკა ფეთიანივით რომ შემოვარდა ლუკას ოთახში, ნაიას ვერ ვპოულობ სად არისო, მაშინ გავაჭყიტე თვალები. მისი ძმის საწოლში შიშველი რომ დამინახა, ჯერ თვალები ჭყიტა, თითქოს არ უჯერებდაო, მერე კი დარცხვენილი გაბრუნდა და გაიხურა კარი.
ფეთიანივით წამოვხტი და საჩქაროდ შევუდექი ტანსაცმლის ჩაცმას. საწოლის სიახლოვეს რომ ვტრიალებდი, ლუკამ ძლიერად მომხვია წელზე ხელი და ოსტატურად შემათრია ისევ საწოლში. გავუძალიანდი, მაგრამ გამაკავა და რაღაცის სათქმელად დაღებული პირი კოცნით მომაკუმინა.
_სირცხვილია, გამიშვი._კიდევ გავუძალიანდი. თუმცა ეს ჩემი გაძალიანება გულწრფელი არ იყო, რადგან ეს ბიჭი ანდამატივით მიზიდავდა._როგორ უნდა შევხედო შენს დას ან დედაშენს თვალებში?_ეს კი მართლა მაწუხებდა.
_მისმინე. მე მიყვარხარ, შენც გიყვარვარ და სასირცხვილო რა არის ამაში?_ისევ დაიხარა საკოცნელად, მაგრამ ხელიდან დავუსხლტი და ადგომაც შევძელი.
_არ მომეკარო იცოდე._ჩურჩულით გავაფრთხილე და თითიც დავუქნიე, მაგრამ ღიმილით მაინც მომიახლოვდა და თითზე მიკმინა. ერთი კი შევკივლე და ისევ ტუჩებში მეძგერა.
_რას აკეთებთ ამისთანას, აბჯარს ისხავთ?_ისევ შემოყო რუსკამ თავი._ოჰ, ესენი თურმე ესიყვარულებიან აქ ერთმანეთს და რუსკა, შენ კიდე ელოდე._უკმაყოფილო ბურდღუნით გაიხურა ისევ კარი.
_ცოტა დაწყნარდი?_ღიმილით მკითხა ლუკამ, როცა შემატყო რომ მართლაც დამამშვიდა მისმა კოცნამ და აღარ ვუძალიანდებოდი.
_დავწყნარდი?... რა დამაწყნარებს? მრცხვენია რუსკასი...
_დამელოდე, ჩავიცმევ და ერთად გავიდეთ. ერთად შეგვრცხვეს, კარგი?_ღიმილით მკითხა და ისევ მაკოცა მოულოდნელად.
მერე სასწრაფო წესით ამოიცვა შარვალი, მაისურიც გადაიცვა და ფეხშიშველმა ხელგადახვეული გამიყვანა მისაღებში, სადაც დაკოხილი რუსკა გველოდებოდა. ერთხანს ასე გვიყურა ხან ერთს და ხან მეორეს. მე კი საცოდავად აბუზული ვიდექი და თვალს ვერ ვუსწორებდი. მერე მოულოდნელად წამოხტა და ჩემსკენ გამოექანა.
აი ახლა კი დამერხა._მხოლოდ ამის გაფიქრება მოვასწარი და შლეგივით გადამეხვია.
_ასე ცხოვრებაში მგონი არაფერი გამხარებია... უბრალოდ ის მწყინს, მე რომ დამიმალეთ._გაეცინა.
მართალია ჩემი და ლუკას ამბავი გასკდა, მაგრამ რუსკას თანდასწრებით და, მითუმეტეს ქალბატონი თიასი, მაინც ვერიდებოდი ზედმეტად შეხებას. მრცხვენოდა და მერიდებოდა. ლუკა კი მამშვიდებდა, სიყვარული სასირცხვილო არ არისო, მაგრამ მე ჩემი ასე ვთქვათ პრინციპები მქონდა. ღამე დავაძინებდი თუ არა რუსკას, მაშინ გავრბოდი ლუკასთან. დილით კი ვცდილობდი სანამ გაიღვიძებდა, ჩემს საწოლს დავბრუნებოდი. ერთ მშვენიერ დილითაც, გაქცევას რომ ვაპირებდი ჩემს საწოლში, ლუკამ არ გამიშვა.
_როდემდე უნდა ირბინო ასე? არ გინდა ცოლად გამომყვე და ოფიციალური სახე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას?
_რა?_გამიკვირდა.
_ჩემი ცოლი რომ გახდე, არ გინდა?
_შენ გინდა ჩემი ცოლად შერთვა?_გამიკვირდა._მერე ნათია? შეძლებ მის დავიწყებას?
_თვითონ დამეხმარა მის დავიწყებაში... იქნებ არც მიყვარდა..._ჩაფიქრდა.
_და მე გიყვარვარ?_ეჭვით ვკითხე.
_ყველაზე მეტად._ისე მტკიცედ მითხრა, გამეღიმა.
_იქნებ, უბრალოდ გატაცება ვარ შენთვის და მეტი არაფერი?.. მაინც რას გრძნობ და განიცდი ჩემს მიმართ?_პირქვე დავწექი, მის მკერდზე ჩამოვდე ნიკაპი და თვალებში შევხედე.
_იცი, როცა რაღაც მტკივა და შენზე ფიქრს ვიწყებ, მაშინვე მიყუჩდება... როცა მცივა, შენი სახელის გაფიქრებაც კი მათბობს... როცა დაღლილი ვარ, შენზე ფიქრი მასვენებს... როცა ვჯავრობ, მაშინაც კი შენზე ფიქრი მამშვიდებს... არ ვიცი როგორ ვცხოვრობდი დღემდე უშენოდ. დღეიდან კი ერთ წამსაც კი ვეღარ გავძლებ შენს გარეშე, შენი ალერსისა და ჩახუტების გარეშე, შენი ხმა რომ არ მესმოდეს და შენი სიცილი არ მესმოდეს, ალბათ მოვკვდები. შენს უძირო თვალებში რომ არ ჩავიხედო, ალბათ გავგიჟდები. შენს გარეშე ცხოვრება არ მინდა. დაუფიქრებლად შემიძლია ჩემი სიცოცხლის დათმობა შენი სიცოცხლის სანაცვლოდ... მძულს უშენოდ გატარებული თითოეული წუთი. ძალიან მინდა რომ ჩემი ცოლი გერქვას და ჩემი შვილების დედა იყო.
აღფრთოვანებული შევყურებდი როგორ გრძნობით ამბობდა თითოეულ სიტყვას. გულწრფელი იყო და მისი ეს გულწრფელობა ტანში ჟრუანტელს მგვრიდა. მეც მიყვარდა და იგივეს თქმა შემეძლო მასზე, მაგრამ... ცოლობა? შევძლებდი ვითომ მის ცოლობას? შევძლებდი სამაგალითო ცოლობა გამეწია მისთვის? შევძლებდი ჩემი კომფორტისა და ფუფუნების გარეშე ცხოვრებას? რომ ვერ შემეძლო, მერე?
_მეც მიყვარხარ... მიხარია რომ ჩემს უფერულ და უღიმღამო ცხოვრებაში გამოჩნდი... შენთან თავს ძალიან მშვიდად და დაცულად ვგრძნობ, მაგრამ... არ ვიცი, შევძლებ კი კარგი ცოლი ვიყო? ხომ არ გეწყინება, რომ დავფიქრდე?
_უკვე მეწყინა, მაგრამ გადავიტან როგორმე._გამიღიმა და თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა._ერთ კვირას გაძლევ მოსაფიქრებლად, გეყოფა?
თავი რომ დავუქნიე, მკლავებში მომიმწყვდია და სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ.
ჯუმბერაზე, ლენაზე და ჩემს გატაცებაზე ფიქრმა მეორე პლანზე გადაიწია რატომღაც. ლუკას შემოთავაზება მაფიქრებდა. მეც მიყვარდა, სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მეშინოდა, რომ ვერ აგვეწყო ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ისევ ხომ არ დავშორდებოდით? თამაში ხომ არ იყო, როცა გვინდოდა მაშინ შეგვეწყვიტა? ძალიან კარგი ადამიანი იყო, ვუყვარდი და ზრუნავდა ჩემზე, მაგრამ მის წარსულში ნათიას არსებობაც მაფიქრებდა. თუ უყვარდა, ასე ერთი ხელის მოსმით შეძლებდა ვითომ მის დავიწყებას? იქნებ, უმნიშვნელო პრობლემას რომ ეჩინა თავი ჩვენს შორის, მასთან გაქცეულიყო, მერე? იქნებ, მე ვერ გამეძლო ასეთი ცხოვრებისთვის? იქნებ არ ვყოფილიყავი კარგი ცოლი? იქნებ, სიღარიბეში ცხოვრება გამჭირვებოდა? მოკლეთ, კარგი საფიქრალი გამიჩინა ლუკამ. ოჯახის შექმნა ისეთი საპასუხისმგებლო საქმე იყო, ჯეროვნად დაფიქრება მმართებდა. ბებიამ ყოველთვის იცოდა ამის თქმა: სიყვარული მხოლოდ ერთი ღამისააო. გაჭირვება კარებიდან რომ შემოვა, სიყვარული ფანჯრიდან გაიპარებაო. მთლად გაჭირვებაში არ ვიქნებოდი, ჩემი მშობლები არ დამტოვებდნენ ისე, მაგრამ სოფლის ცხოვრებას შევეგუებოდი ვითომ? მე კი მქონდა თბილისში სამ ოთახიანი ბინა, მაგრამ ლუკა შეელეოდა თავის მშობლიურ სოფელს და წამოვიდოდა ქალაქში საცხოვრებლად?
ისედაც უძილობა მჭირდა ბოლო დროს და ლუკას შეთავაზებამ ხომ მთლად ჭოტად მაქცია. მთელი ღამე მის მკერდზე თავმიდებული მის გულის ფეთქვას ვუსმენდი და დროის გასაყვანად ვითვლიდი კიდეც. უძილობამ თავისი ქნა და საკუთარ თავს ვატყობდი უკვე, რომ ნერვიული გავხდი და ყველაფერი მაღიზიანებდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი პასუხის გაცემის დროს, უფრო და უფრო გაღიზიანებული და აუტანელი ვიყავი. გვიანობამდე ვსეირნობდი ტყეში და პარკში დაღამებამდე ვიჯექი. საკუთარ თავზე ვცოფდებოდი, რომ ამდენი ფიქრი მჭირდებოდა და ლუკას ცალკე ვანერვიულებდი.
ერთხელაც, მორიგი სეირნობისას, რატომღაც მარშრუტი შევიცვალე და სულ სხვა მიმართულებით წავედი. როგორც შემდეგში გავიგე ალპურ ბოტანიკურ ბაღში შევსულვარ. ასეთი სილამაზე უნახავი არ უნდა დარჩეს ადამიანს. რაღაც სასწაულად ლამაზი იყო მწვანე, წითელი და ყვითელი ხეების შერწყმა ამ ტყეში. სიამოვნებით დავდიოდი ალპურ მცენარეთა კოლექციაში და ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი. ამდენი ხანი აქ ვიყავი და ამ ხნის მანძილზე ერთხელაც კი არვყოფილვარ აქ. გვიანობამდე ვისეირნე. უამრავი ფოტოც კი გადავიღე და კმაყოფილზე კმაყოფილი ვბრუნდებოდი სახლში, რომ უჩვეულო კისკისმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, უფრო იმიტომ რომ ეს კისკისი მეცნო თითქოს. ხმა მოცხარის ბუჩქებს იქიდან მოდიოდა. ფრთხილად მივუახლოვდი და გადავიხედე. ყვითელთმიანი გოგონა, რომელსაც მხრებამდე ქონდა შეჭრილი თმა, მიწაზე იჯდა, მის წინ მამაკაცი იწვა, რომელსაც მის კალთაში ედო თავი და ისე ეალერსებოდა. უჩვეულო არაფერი იყო, შეყვარებული წყვილი ბუნებაში განმარტოვებით ერთობოდა, მაგრამ იმ გოგონაში ლენა რომ ამოვიცანი ავღელდი და ავფორიაქდი. აშკარად შეცვლილი იყო, ახალი იმიჯი ქონდა, მაგრამ მაინც ვიცანი. რამდენს ვუთვალთვალებდი და შემთხვევით არ გადავეყარე? მაშინვე გამოვტრიალდი რომ არ შევემჩნიე და შორიახლოს ჩავუსაფრდი. ქურთუკის კაპიუშონი გადმოვიფარე და საგულდაგულოდ დავიფარე შეძლებისდაგვარად სახე.
კარგა ხანს ველოდე, სანამ მოესიყვარულებოდნენ ერთმანეთს, მერე კი რომ ადგნენ და წავიდნენ, მეც შორიახლოს მივყევი, ისე ვითომ ვსეირნობდი და ფოტოების გადაღებით ვიყავი გართული. ყურადღება ნამდვილად არ მოუქცევიათ ჩემთვის. კაცი შუახნის იქნებოდა. საკმაოდ ელეგანტურად და სოლიდურად გამოიყურებოდა. აშკარად ფულიანი იყო და ლენა მის ფულებს უმიზნებდა. პირველ რიგში იმის დადგენა მინდოდა, ვინ იყო ეს კაცი. ბაღიდან რომ გამოვიდნენ, იქვე შორიახლოს თეთრ ჯიპში ჩასხდნენ და წავიდნენ. რაც მთავარია ნომრები ჩავინიშნე და სახლში წავედი. ზაზასთან დარეკვას აზრი არ ქონდა, მაშინვე იმას მეტყოდა შეეშვი მაგ საქმესო და მე თვითონ გადავწყვიტე ჩემი ძალებით გამერკვია მისი ვინაობა. მანქანაში ჩავჯექი და ბაკურიანის ყოველი კუთხე-კუნჭული დავიარე იმ იმედით, სადმე მაინც გადავაწყდებოდი იმ მანქანას. ნათიას სახლის წინ ლოდინს აზრი არ ქონდა. ჯერ ერთი, ჯუმბერა დაბარებულივით იქ გაჩნდებოდა მაშინვე და ეჭვით დამიწყებდა ყურებას და მეორე, პირდაპირ ქუჩაში არ ჩამოსვამდა, რომ ქვეყანას დაენახა. თან, აშკარად ცოლ-შვილიანი იყო ის კაცი და ახალგაზრდა საყვარელს საგულდაგულოდ დამალავდა.
ბევრი ვიარე თუ ცოტა, იმ მანქანასაც მივაგენი ბაკურიანში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს წინ დიდველის ტერიტორიაზე. კარგა ხანს ვიყავი შორიახლოს შეჩერებული და მოუთმენლად ველოდი იმ მამაკაცის გამოჩენას, თუმცა სულ ტყუილად. ან ლენასთან ერთად ისვენებდა ამ სასტუმროში, ან თვითონ იყო ამ სასტუმროს მეპატრონე, (რაც უფრო სავარაუდოდ მეჩვენებოდა) და ასე ვთქვათ, სახლში იყო. შებინდებისას გაწვიმდა და სახლში წამოვედი კიდეც. გადავწყვიტე, ხვალ ვსტუმრებოდი ისევ და გამერკვია ვინ იყო ლენას ახალი მსხვერპლი.
სახლში რომ მივედი და ლუკა იქ დამხვდა, გამიკვირდა. უფრო შევკრთი, რადგან ეჭვით და წყენით შემათვალიერა.
_დღეს ადრე მორჩენილხარ სამსახურს._ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი და ჩავეხუტე.
მანაც კი მომხვია მკლავები, მაგრამ ვიგრძენი, რომ გაბრაზებული იყო.
_სად იყავი?_მის ხმაში სუსხი ვიგრძენი.
_ალპურ ბოტანიკურ ბაღში. არაჩვეულებრივი სანახავი იყო და გვიანობამდე შემოვრჩი. მერე ბანკომატთან ვიყავი ჩასული. შენ რა, ეჭვიანობ?_გამეცინა.
_ეჭვიანობა თავისთავად, მაგრამ შენზე ვღელავ. არ მინდა რამე შარს გადაეყარო. რატო არ მითხარი, რომ იმ კოტეჯის სანახავად მარტო იყავი წასული?
_ოხ, ზაზა, რა ვერ გაგიჩერებია ეგ ენა პირში._წავიბურდღუნე გაბრაზებულმა.
_მესმის, რომ ჯუმბერას არ ენდობი. სიმართლე რომ გითხრა, არც მე ვენდობი. მართალია ერთ დროს ძმაკაცები ვიყავით, მაგრამ რაც მაღლა და მაღლა ავიდა, ზემოდან დაუწყო ყველას ყურება. თან, საეჭვოდ მალე გამდიდრდა. არ ვენდობი რა... მაგრამ მე შენი მწყინს, მე რატო მიმალავ? თუ რამე გახსენდება, ან რამის გახსენება გინდა, მითხარი და მეც დაგეხმარები. არ მინდა, რომ ცუდი შეგემთხვეს რამე.
_არაფერი არ შემემთხვევა, დაწყნარდი._ახლა კისერზე მოვხვიე ხელები და მჭიდროდ მივეხუტე.
_მიყვარხარ და შენი დაკარგვა არ მინდა, რატო არ გესმის? შენ რომ კიდევ რამე შეგემთხვეს, მართლა ვერ გადავიტან._ხელები გამაშვებინა და ზურგი მაქცია._თამაში ნუ გგონია ეს ყველაფერი. დაგავიწყდა, რა გადაიტანე?
ზურგიდან მივეხუტე და ტკიპასავით მივეკარი.
_სად იყავი, სიმართლე მითხარი. ის მაინც ვიცოდე, საიდან დავიწყო შენი ძებნა თუ ისევ გაგიტაცებენ.
_გეფიცები, ალპურ ბოტანიკურ ბაღში... მაგრამ იქ ლენას გადავაწყდი ვიღაც კაცთან ერთად და მათ გავყევი უკან._ვუთხარი და ტელეფონში ჩაწერილი მანქანის ნომრებიც ვაჩვენე.
_ჯუმბერას ბიძის მანქანაა ეგ, მამის ძმისა.
_მართლა?_გამიკვირდა, მე კიდევ მეგონა, რომ მისი გაქურდვა უნდოდათ ლენასა და ჯუმბერას.
_არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ წლებია დავა აქვთ ქონებაზე და არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.
ეს კვანძიც გახსნილი იყო, გავიგე რა აკავშირებდათ ლენასა და ჯუმბერას ერთმანეთთან. იმასაც მივხვდი რომ პაატას გამო კი არა, ზუსტად ლენას გამო გამიტაცეს. იმიტომ რომ სადმე რომ შემხვედროდა და პაატასავით გამომეაშკარავებინა, არ აწყობდათ. ხო და პაატას დაბრალდა ჩემი გატაცება. უბრალოდოდ, იმას ვერ ვხსნიდი, ნათია რა შუაში იყო ამ ყველაფერთან? თუმცა, ლუკას გამო რომ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, ჯუმბერამ ხომ იცოდა და თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მაშინ, როლიკებით რომ დამეჯახა, ალბათ ჩემი დამტვრევა უნდოდა, რომ საავადმყოფოში მოვმხვდარიყავი და გზიდან ჩამოვშორებოდი. იმაშიც კი დავრწმუნდი, რომ გატაცებული სულ სხვაგან ვყავდი და ბოლოს მიმიყვანეს მაკოს ძველ კოტეჯში. ლუკაც და ზაზაც მართლები იყვნენ, ბევრ რამეზე იყვნენ ჯუმბერა და ლენა წამსვლელები ფულის გამო. სულელ და ეჭვიანობით დაბრმავებულ ნათიას კი იყენებდნენ როგორც უნდოდათ.
_დამპირდი, რომ შეეშვები ამ ამბავს._ფიქრებიდან ლუკას მკაცრმა ხმამ გამომარკვია._ ზაზა და ზაზასნაირი პატიოსანი გამომძიებლები მიხედავენ მაგ საქმეს... ხომ შეიძლება, რომ ჩემზეც იფიქრო? დამიჯერე, მართლა ვერ გადავიტან შენ რომ რამე შეგემთხვეს კიდე!
_გპირდები, არაფერი შემემთხვევა.
_არა, ეგ კი არა, იმას დამპირდი, რომ შეეშვები მაგ საქმეს და დაივიწყებ.
_დავიწყებით მართლა ვერ დავივიწყებ... მაგრამ გპირდები, რომ მარტო აღარ ვიმოქმედებ...
_რატო არ გინდა, რომ დაივიწყო? რატო არ გინდა წარსულს ჩააბარო ყველაფერი და ახალი ცხოვრებით დატკბე ჩემთან ერთად? მე დაუფიქრებლად შემიძლია თქმა, რომ სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიცხოვრებ და მუდამ შენს გვერდში ვიქნები ჭირშიც და ლხინშიც. შენი ფიქრი ამ თემაზე გულს მიკლავს. მაინც და მაინც პაატასნაირი გარეწარი უნდა იყოს ადამიანი, რომ მის გვერდით გინდოდეს ცხოვრება?
პაატას ხსენებამ ისე გამაცოფა, მადიანი სილა გავულაწუნე სინანულით მომზირალ ლუკას.
_აღარ მიხსენო მისი სახელი გესმის? შენ არ იცი რამდენი ტკივილი და ტანჯვა გამოვიარე მის გამო... არ იცი, რამდენჯერ ვცადე ! მე რომ არ მეცნო და არ გამომეჭირა ახლა, კიდევ რამდენ ადამიანს ჩააგდებდა ჩემს დღეში! იცი, საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, ერთ დროს რომ ვენდობოდი და ვხვდებოდი...
_დაწყნარდი._ლუკამ ძლიერად მომხვია მკლავები და გულში ჩამიხუტა._ვიცი, მესმის შენი ტკივილი, მაგრამ მინდა რომ შენც გამიგო, შენ რომ რამე დაგმართონ იმ არამზადებმა, ვერ გადავიტან! იცი, რა დღეები გამოვიარე შენ რომ გატაცებული იყავი და შენს შესახებ არაფერი მესმოდა?... იცი რა ცუდად ვიყავი, შენ რომ წამლის გამო იყავი ცუდად? იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ვერ დაგეღწია იქიდან თავი, ან ზედმეტი დოზით რამე მოგსვლოდა..._ისე გამალებით უძგერდა გული, თითქოს უროს ურტყავდნენ შიგნიდან._არ ვიცი, გჯერა თუ არა ერთი ნახვის შეყვარების, მაგრამ მე მჯერა. დაგინახე თუ არა, მივხვდი, რომ ჩემთვის იყავი გაჩენილი... მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდი და დაგინახე თუ არა, გიცანი. მოდი, დავივიწყოთ წარსული და ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. მე მზად ვარ შენი გულისთვის დავთმო ყველაფერი. მე მართლა არ მჭირდება შენი ფულები, ფულის გამო არ მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ შენი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. მე შენი სიცილი მიყვარს, შენი თვალები, შენი გაბუტება და შენი გაბრაზებაც კი მიყვარს. შენი დამორცხვებაც მიყვარს, ჭარხალივით რომ წითლდები ხოლმე... ლენას და ჯუმბერას სხვები მიხედავენ და ჩვენ ნუღარ დავკარგავთ ნურც ერთ წამს, ვიყოთ ერთად და დავტკბეთ ბედნიერებით..._ნიკაპზე ამომდო თითები და თავი ამაწევინა._დავიჯერო, იმდენად ძლიერია შენი ლენასადმი სიძულვილი, რომ მის გამო შენს სიყვარულზე და ბედნიერებაზე იტყვი უარს?_თვალებში რომ დაჟინებით ჩამაშტერდა, ვერ გავუძელი მის მზერას._ესე იგი, არ გიყვარვარ, უბრალოდ მორიგი გატაცება ვარ შენთვის?_სინანულით ჩაილაპარაკა და ხელი გამიშვა.
როგორ არა, მიყვარდა, თანაც სიგიჟემდე, მაგრამ არ მინდოდა ლენა დაუსჯელი დარჩენილიყო. მის გამო სრული ორი წელი საშინლად ვიტანჯებოდი. მის გამო არარაობად ვგრძნობდი თავს...
_მეც მიყვარხარ._მივედი და ისევ ზურგიდან ჩავეხუტე ფანჯარასთან მდგარს, რომელიც უაზროდ გაჰყურებდა ღამის სიბნელეს._მიყვარხარ, მაგრამ...
_მაგრამ არ გინდა ჩემს გამო რაღაც რაღაცეებზე უარის თქმა? დამიჯერე, ეგ სიყვარული არ არის... მონურ მორჩილებას არც მე გთხოვ, უბრალოდ მაგ გამომძიებლობანას შეეშვი, მეტს არაფერს გთხოვ. სამართალიც და ძალაუფლებაც ჯუმბერას მხარესაა და შენ მარტო ვერ დაამარცხებ მაგას. ზაზას მიაწოდე ინფორმაცია ლენას შესახებ და განზე გადექი, გთხოვ.
_კარგი, გპირდები, აღარ ჩავერევი მაგ საქმეში._ეს რომ ვუთხარი, შემობრუნდა და გულში ჩამიკრა._და იმასაც გეტყვი, რომ მინდა.
გაოცებულმა რომ ჩამხედა თვალებში, გამეღიმა.
_მინდა რომ შენი ცოლი გავხდე და ოფიციალური სახე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას.
ეს რომ ვუთხარი, მაშინვე ამიტაცა გახარებულმა ხელში და რამდენჯერმე დამატრიალა ჰაერში.
_ოღონდ არ ვიცი, როგორი ცოლი ვიქნები. ბევრი რამის მოთმენა მოგიწევს, ალბათ, სანამ შევეგუებით ერთმანეთს. გაფრთხილებ, რომ ძალიან საშინელი ხასიათი მაქვს. არც სამზარეულოში ტრიალი მეხერხება... ერთადერთი რაც შემიძლია, ყავის მოდუღება და კვერცხის შეწვაა და სხვის ნერვებზე თამაში. ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად გამომდის რომ იცოდე.
გაეცინა და რომ გავეჩუმებინე მაკოცა.
_არც მე ვარ ანგელოზი. შენც მოგიწევს ჩემგან ბევრი რამის ატანა, მაგრამ სიყვარულიც ხომ ეს არის, მიიღო ადამიანი ისეთად, როგორიც არის? მე არ გთხოვ, რომ შეიცვალო ჩემს გამო. ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. უბრალოდ, არ მინდა შარში გაყო თავი და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენო.
_გპირდები, შევეშვები ჩემს გამომძიებლობანას._ფეხის წვერებზე ავიწიე და ვაკოცე._მიყვარხარ და ჩემი უაზრო ახირების გამო არ ვაპირებ, რომ დაგკარგო... ცოლად გამოგყვები, რადგან მეც ძალიან მინდა შენი ცოლი მერქვას. მადლობა ღმერთს, რომ ერთმანეთს შეგვახვედრა... თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პირველი დანახვისას მართლა არ მომეწონე._გამეცინა._უსახლკარო ბომჟს გავდი. კარებში რომ შემეჩეხე, შევკრთი და გამაკანკალა კიდეც.
გულიანად გაეცინა.
მეც ძალიან მიყვარდა მისი სიცილი.
*********************
დედაჩემს რომ დავურეკე და ვაუწყე გავთხოვდი-მეთქი, კარგა ხანს დამუნჯებული იყო და ხმის ამოღება ვერ გაებედა. მის ხმამაღალ სუნთქვას მეც უხმოდ ვუსმენდი.
_მორიგი გატაცებაა, რომელიც ისევ ორწლიანი დეპრესიით დასრულდება?_ეჭვით მკითხა ბოლოს როგორც იქნა.
_არა, მართლა მიყვარს და რაც მთავარია, მასაც ვუყვარვარ... იცნობ შენც ლუკას...
_ვის?_თითქოს ნათლადაც კი დავინახე მისი გაფართოებული ცისფერი თვალები და გამეღიმა._ის გრძელთმიანი ბიჭი, შენ რომ მოგეწონა.
ისევ დუმილით მიპასუხა.
_არაფერს მეტყვი!_ცოტა მეწყინა მისი სიჩუმე.
_გისურვებ სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ ბედნიერები და მუდამ შეყვარებულები... რას აპირებთ ახლა?
_ჯერ არ ვიცი. ჯერ მარტო პირველი ნაბიჯი გადავდგით და ვნახოთ.
აღარაფერი აღარ უთქვია. არც გაემტყუნებოდა, პაატას ამბების მერე თვითონაც შეშფოთებული იყო, მაგრამ ლუკა რომ პაატასნაირი არ იყო მან მგონი ჩემზე უკეთ იცოდა.
რუსკას ძალიან გაუხარდა ჩვენი ამბავი. ქალბატონი თია კი დედაჩემივით გაოგნებული დარჩა. მანაც ერთგვარი შოკი მიიღო ჩვენი გადაწყვეტილებით. ახლა უკვე დამალვა აღარ იყო საჭირო, მაგრამ მაინც მორიდებით გადავიბარგე ლუკას საძინებელში, რომელიც უკვე ჩემიც იყო. მართლაც რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მიყვარდა, ვუყვარდი და ლენასა და ჯუმბერას გამო რატომ უნდა მეთქვა ამ სიყვარულზე უარი? ცხოვრებით კიდევ, თუ ვერ შევეგუებოდი სოფელში ცხოვრებას, თბილისში წავიდოდით და იქ ვიცხოვრებდით. ლუკა ისეთი ყოჩაღი და მშრომელი ბიჭი იყო, სამსახურის შოვნა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ჯერ-ჯერობით კი ბაკურიანში დავრჩით და იქ მოვსინჯეთ ჩვენი ცხოვრების საძირკველი.
იმ ამბიდან ორი დღის მერე კი თბილისში ჩასვლა და ჩემი პირადი ნივთების წამოღება გადავწყვიტე. ლუკას ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად წამოსვლა, მაგრამ ვერანაირად ვერ მოახერხა და მარტო წავედი. შუა ქუჩაში თავისი სამსახურის წინ ვნებიანი კოცნით რომ გამაცილა, კარგა ხანს გამყვა მისი კოცნის სიამოვნებით გამოწვეული ღიმილი. მთის კურორტებიდან რომ ჩავედი და ხიდზე გადავედი, საწინააღმდეგოდ მომავალი ჯუმბერას ბიძის მანქანა ვიცანი და რაღა თქმა უნდა ლენაც შიგ იჯდა. თავი ვაიძულე, რომ გზა გამეგრძელებინა, რადგან ლუკას დავპირდი, ამ საქმეში ცხვირს აღარ ჩავყოფდი. გავედი კიდეც ბორჯომის ტრასაზე, მაგრამ ეშმაკი რომ შეუჩნდება ადამიანს და წერა აიტანს, გიჟივით მოვაბრუნე მანქანა და ისევ ბაკურიანისკენ დავადექი გზას. ჯუმბერას ბიძის მანქანას მალევე დავეწიე და შეუმჩნევლად შორიახლოს მივყევი. წაღვერში რომ გადაუხვია, მეც მივყევი. ერთ ერთი კოტეჯის წინ შეჩერდა. მე კი გვერდით ჩავუარე და გავცდი. თუმცა, უკანა ხედვის სარკიდან დავინახე მარტო ლენა რომ ჩამოვიდა მანქანიდან, კაცს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თვითონ კოტეჯში შევიდა. თვალს მივეფარე თუ არა, მაშინვე მოვაბრუნე მანქანა და ნელა წამოვედი. კაცი წასული იყო უკვე. შორიახლოს შევჩერდი, ისე, რომ იმ კოტეჯის ფანჯრებიდან ლენას არ შევემჩნიე საეჭვოდ მდგარი, მანქანიდან გადავედი და კოტეჯის დაზვერვა დავიწყე. სავარაუდოდ მარტო იქნებოდა, რადგან ფულიანი საყვარელი სხვებთან ერთად არ აცხოვრებდა ახალგაზრდა საყვარელს ამ რომანტიკულ და მყუდრო კოტეჯში. კარგა ხანს ვუთვალთვალე, არანაირი მოძრაობა არ შეინიშნებოდა იქ. მოგვიანებით კი ჯუმბერაც მოვიდა და დავინახე პარმაღზევე რომ შეეგება ლენა და კისერზე ჩამოეკიდა ბიჭს. აჰა, გამოდის საყვარლები იყვნენ და ერთად გეგმავდნენ იმ შტერი ბებრუხანას გაძარცვას,რომელსაც ეგონა, რომ ეს მშვენიერი გოგო სიყვარულის გამო ხვდებოდა.
ამ თაღლითების ბუნაგს რომ მივაგენი, გამიხარდა. ბედნიერი ჩავჯექი მანქანაში და თბილისისკენ დავადექი გზას.
მთელი გზა იმას ვფიქრობდი, თბილისში ჩავიდოდი თუ არა, მაშინვე ზაზას მივაკითხავდი, ვნახავდი და მოვუყვებოდი ყველაფერს. დიალოგის გეგმა და ტექსტიც კი შერჩეული მქონდა უკვე, მაგრამ თბილისში რომ ჩავედი, გადავიფიქრე რატომღაც. პირდაპირ ჩვენებთან მივედი.
კახის არ გაჰკვირვებია ჩემი და ლუკას ურთიერთობა.
_შენ რომ დაკარგული იყავი, ისეთი გამწარებული გეძებდა, მაშინ მივხვდი რომ უყვარდი, თანაც უანგაროდ. კარგი ბიჭია, მე მართლა მომწონს და ბედნიერებას გისურვებთ.
არც მამაჩემს გაუგიჟებია თავი. შევატყე, მასაც მოსწონდა ლუკა. დედაჩემი იყო მხოლოდ ნაწყენი თუ ნაღვლიანი, ვერ მივხვდი. დედები რატომღაც ყოველთვის უფრო მტკივნეულად განიცდიან გოგოს გათხოვებას და ალბათ იმიტომ. ან, მართლა ეშინოდა პაატას ამბების მერე ჩემი ვინმეს ნდობა და სიყვარული.
საღამოს კახი მოვიხელთე.
_რა ქენი, ახალ მანქანას მიეჩვიე?_ინტერესით ვკითხე.
_ისე რა, რა იყო?_ინტერესით მომხედა.
_არ გინდა შენი ბეემვე დაიბრუნო და ეგ ტოიოტა მე მომცა. თუნდაც ცოტა ხნით?
_რატო?_გაუკვირდა.
_ფიცხია ძალიან და ხანდახან მიჭირს დამორჩილება._ვიცრუე. სინამდვილეში იმიტომ მინდოდა შეცვლა, ჯუმბერას რომ ადვილად აღარ გამოვეჭირე მოთვალთვალე.
_კარგი, მასე იყოს._ცოტა ხნის მერე უწადინოდ დამთანხმდა._თუ მოგეწონება, თუ გინდა შენ დაიტოვე, მე ამ ძველს გავყიდი და სხვას ვიყიდი. მოსულა?
_მოსულა._ხელი ენერგიულად ჩავურტყი.
მართლაც გავცვალეთ მანქანები. ჩემი ნივთები ჩავაბარგე და დილაუთენია გავუდექი გზას. მშვენივრად ვმართავდი ვერცხლისფერ ტოიოტა პრიუსს. მართლაც ჭკუაში დამიჯდა ჩემთვის დატოვება. მომეწონა, კარგი და დამჯერი მანქანა იყო.
ბაკურიანის გზას რომ დავადექი, სულმა მაინც წამძლია და წაღვერისკენ გადავუხვიე. რომ ვთქვა დავიმალე მეთქი, მოვიტყუები. ჯუმბერა მაინც ვერ იცნობდა მანქანას, მაგრამ არც ძალიან გამოსაჩენ ადგილზე გავჩერებულვარ. შორიახლოდან ვუთვალთვალებდი იმ კოტეჯს, სადაც არამზადებს ბუნაგი ქონდათ მოწყობილი. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ლენა გამოვიდა, მზის სათვალე მოირგო, თუმცა ამის საჭიროება არ იყო, მობუდული დღე იყო, და სადღაც გაემართა. სანამ თვალთახედვის არეში მყავდა, ვუთვალთვალე, მერე კი, მიეფარა თუ არა თვალს, მანქანა დავძარი და იმ მიმართულებით წავედი, სადაც ის ქალბატონი წავიდა. აღმოჩნდა, რომ სადგურზე მიდიოდა. მატარებელში ჩაჯდა და ბორჯომისკენ წავიდა. მაშინვე გამოვბრუნდი იქიდან და დაბისა და სადრეგის სადგურებზე სათითაოდ დავხვდი სანამ ბორჯომამდე ჩავიდოდა. არც ერთგან არ ჩამოსულა და მაშინ კი ბორჯომის სადგურისკენ გავწიე. იქ რომ ჩამოვიდა, შორიახლოს მივყევი. მერე ტაქსი დაიჭირა და სადღაც წავიდა. სანამ მე ჩემს მანქანაში ჩავჯექი და უკან მივყევი, მანქანების ნაკადში დავკარგე. გაწბილებული გავეშურე ბაკურიანისკენ. სახლში არავინ დამხვდა. მეც ეგ მინდოდა. ჩემი ბარგი მანქანიდან გადმოვიტანე და და ისე, რომ ჯუმბერას არ მოვხვედროდი თვალში, ჩემი ახალი მანქანით, ისევ წაღვერისკენ დავეშვი. ისეთი ადგილი შევარჩიე ლენას კოტეჯის სიახლოვეს, რომ მე ადვილად არავის შევემჩნიე, მე კი თავისუფლად ვხედავდი ყველაფერს. კარგა ხანს ვილოდე, მერე კიჯუმბერას მანქანაც გამოჩნდა. ლენა ჩამოსვა და თვითონ მალევე წავიდა. თხუთმეტი წუთის წასული არ იქნებოდა, რომ ყრანჩი საყვარელიც მოუვიდა ლენას. ამასაც პარმაღზე შეეგება ლენა და კისერზე ჩამოეკიდა. ლამის გული ამერია, როგორ შეეძლო ამდენი აფერისტობა, რომ ფულის გამო ლამის პაპის ტოლა კაცს ხვდებოდა?
კაცმა კარგა ხანს დაყო ლენასთან. მერე გამოვიდნენ და სადღაც წავიდნენ. მე კი დრო ვიხელთე და კოტეჯის დასაზვერად გადავედი. კარ-ფანჯარა საგულდაგულოდ შევამოწმე, იქნებ რომელიმე ღია ყოფილიყო და შიგნით შემეღწია, მაგრამ სულ ტყუილად, ყველაფერი ჩარაზული დამხვდა. წვიმას აპირებდა უკვე, რომ გამოვბრუნდი. ის იყო მანქანაში ჩავჯექი, ტაქსიც გაჩერდა, საიდანაც ჯუმბერა გადმოვიდა, ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა კოტეჯისკენ, კარი გასაღებით გააღო და შიგნით შევიდა. გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. მივხვდი, რომ ბედს ვეთამაშებოდი. ამ ჯერზე კი გამიმართლა, მაგრამ სხვა დროს ასე აღარ გამიმართლებდა და ცოტა სიფრთხილე იყო საჭირო. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ლუკამ დამირეკა. ტელეფონის ზარმა ისე შემახტუნა, ლამის გული გამისკდა.
_ხო, საყვარელო._რაც შემეძლო მშვიდად და ნაზად გავეპასუხე.
_მომენატრე. რას შვრები, წამოხვედი უკვე? ვეღარ ვძლებ უშენოდ.
_კი, წაღვერს გამოვცდი უკვე, მოვდივარ. მეც მომენატრე.
_საღამოს შედარებით ადრე მოვალ და ერთად ვივახშმოთ, კარგი?
_კარგი. დაგელოდები.
ტელეფონი რომ გავუთიშე, მაშინვე ავამუშავე ძრავა და სახლში დავბრუნდი. კარგა ხანს ვკანკალებდი შიშით და ნერვიულად გავდი-გამოვდიოდი სამზარეულოში. თავს პირობა მივეცი, რომ ასე დაუფიქრებლად და უაზროდ აღარ მოვიქცეოდი არასდროს. მერე კი, ცოტა რომ დავწყნარდი, ვახშმის მომზადება გადავწყვიტე. ინტერნეტში რა აღარ მოვიძიე და წავიკითხე, ვიდეოებსაც კი ვუყურე, მაგრამ მივხვდი რომ ჩემგან მზარეული არ დადგებოდა და ისევ მაღაზიაში გავეშურე მზა პროდუქტის საყიდლად. ცენტრში ასვლა არ მინდოდა, ნათიასთან შეხვედრას მოვერიდე, მაგრამ არსად ისეთი არაფერი არ იყო, რომ მეყიდა და ძალაუნებურად ისევ ნიკორაში ავედი. ნოქარი ისევ ნათია იყო. ისეთი თვალებით მიმზერდა, ალბათ უფლება რომ მიეცათ, მომვარდებოდა და ადგილზევე მიმახრჩობდა. საჩქაროდ დავხვეტე, რაც კი რამ მინდოდა. მეორე მოლარე დაკავებული იყო და ისევ ნათიასთან მომიწია მისვლა. სანამ დაიანგარიშებდა, სანამ ფულს გადავუხდიდი და სანამ ხურდას დამიბრუნებდა, განმგმირავი მზერით მიმზერდა. ისე კი, არც ვამტყუნებდი. ამ ზაფხულს გამოვჩნდი მისი და ლუკას ცხოვრებაში და შემოდგომის დასაწყისისთვის უკვე შეყვარებული წავართვი. მიკვირდა კიდეც, ასე რატომ მიმზერს-მეთქი? მასეთ სიტუაციაში ვითომ მე ნაკლებად დავუწყებდი ყურებას და ნაკლებს დავუშავებდი, რაც მაგან დამიშავა? იქნებ თმებითაც კი მეთრია. ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებდი, ლუკას წართმევა ვინმეს რომ დაეპირებინა, ალბათ არ ვაცოცხლებდი... ხო და ნათიასიც მესმოდა და არც ვამტყუნებდი.
შებინდდა თუ არა, ლუკაც მოვიდა. ლამის ერთი საათი ჩახუტებული ვყავდი და მკოცნიდა.
_როგორ მომენატრე შენ ხომ წარმოდგენა არა გაქვს? წუხანდელი ღამე საშინელება იყო ჩემთვის. ამის შემდეგ მარტო აღარსად გაგიშვებ.
მისი წვერი თან მიღიტინებდა, თან მჩხვლეტდა და თან მსიამოვნებდა. წუხანდელი ღამე მეც მართლა გამიჭირდა მის გარეშე დაძინების. მისი სუნთქვა რომ არ მესმოდა, მის გულის ცემას რომ არ ვუსმენდი, მისი სურნელი რომ არ მიღიტინებდა ცხვირში, საშინელება იყო. ლუკას ვეთანხმებოდი, უერთმანეთოდ არსად აღარ უნდა დავრჩენილიყავით.
მერე შხაპი მიიღო. მანამდე კი, მე სუფრა გავაწყვე და შემდგომ გემრიელად ვივახშმეთ. ასე გემრიალად მგონი ჩემს ცხოვრებაში არ მივახშმია.
_ორ დღესღა ვიმუშავებ და მერე თავისუფალი ვარ ორი კვირით. გინდა, რაჭაში წავიდეთ?
_რაჭაში? არასდროს ვყოფილვარ. სიმართლე გითხრა, საქართველოს კუთხე-კუნჭულს არც კი ვიცნობ. სხვა ქვეყნების ქალაქების სანახავად უფრო დავდიოდი ვიდრე საქართველოსი... თანახმა ვარ, წავიდეთ._მომეწონა მისი შემოთავაზებული მარშრუტი და სიხარულით დავთანხმდი.
რუსკა და დედამისი რომ მოვიდნენ ღუმელთან დივანზე ვიჯექი, ლუკა კი წამოწოლილი იყო, თავი ჩემს კალთაში ედო და მშვიდად თვლემდა. ჩემს დედამთილთან ასე დახვედრა მომერიდა, მაგრამ ლუკას გაღვიძებაც დამენანა და ასე შემოვრჩი.
_დაბრუნდი ქალბატონო?_შემომღიმა რუსკამ და ლოყაზე მაკოცა._რა გაუკეთე ამისთანა ჩემს ძმას, რომ წუხელ მთელი ღამე გადი-გამოდიოდა? არც თვითონ დაიძინა და არც მე დამაძინა... ახლა კი გდია გაშოტილი და მშვენივრად ფშვინავს?_დაბალ ხმაზე გადაიკისკისა, მაგრამ ლუკამ მაინც გაახილა თვალები.
_მაგას ეხლა შური ხომ არ გალაპარაკებს?_გაეცინა და უფრო მოხერხებულად დადო ჩემს კალთაზე თავი.
_რახან შენ იტყვი._ენა გამოუყო ძმას და თავის საძინებელს მიაშურა. შემდეგ ისევ გამოყო თავი._ხო, ლამის დამავიწყდა, როდის იქნები სახლში, რომ ერთ ვიღაცას შენი ნახვა უნდა.
_ჩემი ნახვა უნდა?_ეჭვით გაიმეორა რუსკას სიტყვები._რასთან დაკავშირებით?
_გნახავს და გეტყვის._უკვე საძინებელში შესულმა გამოსძახა.
_ხვალ და ზეგ კიდევ ვმუშაობ და მერე ვისვენებ ორი კვირით, ოღონდ მალევე მოვიდეს ის ვიღაც, რომ მე და ნაია რაჭაში ვაპირებთ დასვენებას.
_რაჭაში?_ისევ გამოყო რუსკამ თავი._ბათომ დაგპატიჟათ დაბადების დღეზე?
_დაბადების დღეზეც და დასასვენებლადაც. ერთი კვირით დავრჩებით.
_კარგი. მაშინ ვეტყვი და სანამ წახვალთ მოგინახულებს.
_საეჭვოდ უციმციმებს თვალები, არა?_ახლა მე ამომხედა ლუკამ._შენ როგორ ფიქრობ, შეყვარებულის ამბები უნდა იყოს, არა?
გამეღიმა.
დავიჯერო, ზაზაა? მის ხსენებაზე ყოველთვის რომ უბრწყინავდა თვალები, ამას ვამჩნევდი და ნუთუ მასზე ლაპარაკობდა ახლაც?
_ჩემზე ჭორაობთ?_ოთახიდან გამოსული რუსკა დოინჯით დაგვადგა თავზე.
_არა, ერთ შეყვარებულ გოგოზე, რომელსაც საეჭვოდ უციმციმებს თვალები.
_მოიცა, მასე ძალიან მეტყობა, რომ შეყვარებული ვარ?
მის ამ ბავშვურ და მიამიტურ კითხვაზე სიცილი რომ აგვიტყდა, ეწყინა და გაბუტული შევარდა თავის საძინებელში. აშკარად შეყვარებული იყო და მგონი ზაზა უყვარდა. მაგრამ ზაზა აქ იყო? ნეტა, რისთვის ჩამოვიდა, მართლა დასალაპარაკებლად, თუ საქმის გამოსაძიებლად და ბარემ ლუკასაც ნახავდა.
ორი დღის მერე მართლაც გვესტუმრა ზაზა. ისეთი აღელვებული, აფორიაქებული და დაძაბული იყო, აშკარად ემჩნეოდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. რუსკაც აწითლებული და აფორიაქებული იყო. თავიდან ჯერ ტრადიციული მიკითხვ-მოკითხვების მერე, ჩემი გატაცების გამოძიებაზეც ჩამოაგდო ლაპარაკი. მერე კი, დიდი მორიდებით და მოწიწებით აუწყა ლუკას, რომ რუსკა მოსწონდა და სამომავლოდ მასზე დაქორწინებასაც გეგმავდა და ახლა თუ წინააღმდეგი არ იქნებოდა, მასთან შეხვედრა უნდოდა. რუსკასი რა ვთქვა, მაგრამ მეც კი ამაღელვა ამ ბიჭის ზრდილობიანმა და მორიდებულმა საუბარმა. წარმოვიდგინე, ლუკა როგორ სთხოვდა ჩემს ძმას ჩემთან შეხვედრის უფლებას და გამეღიმა.
ლუკამ ერთ ხანს ხან ზაზას უყურა, ხან აწითლებულ რუსკას და მცირე ყოყმანის შემდეგ თანხმობა განუცხადა.
_ოღონდ დაიმახსოვრე,_თან მკაცრად დაამატა._ჩემი დის თვალებზე თუ შენს გამო ცრემლი შევნიშნე, იცოდე ჩემთან გექნება საქმე.
თითქოს ზაზა შეაკრთო ლუკას მკაცრმა ტონმა.
_ჩემს გამო მართლა არ იტირებს. ყველანაირად ვიზრუნებ, რომ შენი და ბედნიერი იყოს._პირობა დადო მთასავით ზორბა ბიჭმა, რომელიც თითქოს მასზე გაცილებით პატარა ტანის ბიჭს შეეშინებინა. არა, შეეშინებინა ის შესატყვისი სიტყვა არ არის, უფრო მორიდება და მოწიწება იგრძნობოდა მისი მხრიდან შეყვარებილის ოჯახის წევრებთან.
ესეც ასე, რუსკამაც იპოვა თავისი წილი სიყვარული და ბედნიერება ზაზასთან. მე და ლუკა ხომ ბედნიერზე ბედნიერები ვიყავით. ზაზას სტუმრობიდან მეორე დღეს კი რაჭაშიც წავედით. უნდა ვაღიარო, რომ რატომღაც დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის ეს გზა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მალ-მალე გვიწევდა გაჩერება, რადგან ცუდად ვხდებოდი. თუმცა, როგორც იქნა მაინც მშვიდობიანად და ხალისით ჩავაღწიეთ სოფელ ნიკორწმინდაში. გზიდანვე შევნიშნე ფერდობზე გაშენებული სახლები და თვალს ვეღარ ვწყვეტდი შემოდგომის ფერებით გაფერადებულ ბუნებაში ჩაძირულ სოფელს. ასეთი სილამაზე ალბათ საკუთარი თვალით უნდა ნახო, რომ აღიქვა. სტუმარ-მასპინძლობა ხომ გადასარევი იყო. ეზოშივე გამოგვეგება ლუკას მამიდა ქალბატონი დარო და დიდი სიყვარულით და პატივით მიგვიღო. ბათო სახლში არ იყო და მოგვიანებით მოვიდა. გულწრფელად გაუხარდა ჩვენი მისვლა. ბათოს მოხუცი ბებია ახალგაზრდული სიმარდით რომ დატრიალდა და სახელდახელო სუფრა გაგვიწყო ნამგზავრ ხალხს, მოშიებულები იქნებითო, ძალიან მესიამოვნა. ყველაზე მეტად მაინც შქმერული მომეწონა. ზოგადად ნივრიანი საჭმელები არ მიყვარს, მაგრამ რომ იტყვიან გასკდომამდე ვჭამე. ან გზის ბრალი იყო რომ დამღალა და მომაშია, ან ბებია მართალი იყო, რაჭის კლიმატმა იმოქმედა და მადიანად დავნაყრდი. ქოთნის ლობიოც კი გემრიელად მივირთვი. პატარძალს დიდი სიყვარულით და პატივისცემით მეპყრობოდნენ. ჩვენთვის წინასწარ მომზადებულ ოთახში მომასვენეს და მეც ცალკე ნამგზავრი, ცალკე გემრიელად ნაკვები, მივწექი და მივიძინე. საღამოს ლუკამ კოცნით რომ გამაღვიძა უნდა ვივახშმოთო, არც მშიოდა და არც ადგომის სურვილი მქონდა, მაგრამ მასპინძლები ჩემს საამებლად შლიდნენ სუფრას და როგორ არ ავმდგარიყავი? ვითომ არ მშიოდა და სუფრასთან რომ დავჯექი რაჭულ ლორზე და ლობიანებზე უარი მაინც ვერ ვთქვი. წითელი ხვანჭკარაც კი დავაგემოვნე და ცოტა ბახუსიც მომერია.
გვიანობამდე ვისხედით და ვლაპარაკობდით. ბათოს და, იაც გადმოვიდა თავისი ქმარ-შვილით მეზობელი სოფლიდან და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ბათომ მშვენიერი მარშრუტიც შეგვიდგინა, რა უნდა დაგვეთვალიერებინა რაჭაში და დილაადრიანადვე დავადექით გზას. პირველ რიგში ქალაქ ამბროლაურში სიყვარულის ჩანჩქერი მოვინახულეთ. დახავსებულ კლდეზე საოცრად ლამაზი სანახავი იყო გადმოდინებული წყალი, უფრო იმიტომ, რომ გულის ფორმის შესასვლელი ქონდა ქვაბულში. სიმართლე ვთქვა, თავიდან ხელოვნურად შექმნილი მეგონა, მაგრამ ეს ასე არ არის. ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი ამ ჩანჩქერით, იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. მტირალა კლდეც ზღაპრული სანახავი იყო. ფეხით ავუყევით კალაპოტს ზემოთ და დავტკბით მისი მომაჯადოებელი ზღაპრული სილამაზით...
მოკლეთ, ის ერთი კვირა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. სოფელ თლუღის ციხის ნანგრევები და მღვიმე ვნახეთ. ვნახეთ აგრეთვე ხოტევის ციხე, სოფელი ველევი და მისი კლდოვანი არაჩვეულებრივი სანახები, სოფელი ცახის მღვიმე, გოგოლათში რაჭული ოდები... ბუნებრივი გამოქვაბული საყინულეც ვნახეთ. ცოტა კი გაგვიჭირდა ჩასვლა, მაგრამ ღირდა. ვერ ვმალავდი აღფრთოვანებას. უზარმაზარი საუკუნოვანი ყინულის სვეტები გასაოცარი სანახავი იყო. კლდიდან გამონაჟონი წყლის წვეთები მიწაზე დაცემისთანავე ყინულად იქცეოდნენ, რადგან იქ წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა თურმე ყოველთვის ნული გრადუსია... შემდეგ ნიკორწმინდა, ჭელიშის უდაბნოს მონასტერი... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც იქაურმა ხალხმა მიიპყრო ჩემი ყურადღება: დინჯები, გულისხმიერები და ნამდვილი ლიტერატურული ქართულით მოსაუბრე ადამიანები...
მოკლეთ, ძალიან, ძალიან კარგი დასვენება, ექსკურსია და თაფლობის ერთი კვირა გამოგვივიდა. თურმე რამდენი შესანიშნავი რამ ყოფილა ჩემს სამშობლოშიც სანახავი და მე კი სხვა ქვეყნებში ვიწევდი. განა ცუდია, სხვა ქვეყნებიც დაათვალიერო და მათ კულტურასა გაეცნო, მაგრამ ჯერ შენი უნდა იცოდე, შენი უნდა გქონდეს ნანახი და დათვალიერებული და მერე ისე წახვიდე სხვაგან.
უზომოდ კმაყოფილი, აღფრთოვანებული და შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი დავბრუნდით სახლში. ლუკამ ისევ დაიწყო მუშაობა და მთელ დღეს ისევ მარტო მიწევდა ყოფნა. ერთი კვირა გამყვა რაჭიდან წამოღებული აღფრთოვანება. მთელ დღეს სახლში ვიჯექი, ვსაქმობდი შეძლებისდაგვარად ან ღუმელთან ვიჯექი და ველოდი ჩემი ქმრის დაბრუნებას, რომელსაც ყოველთვის კოცნით და ალერსით ვხვდებოდი. მერე და მერე ნელ-ნელა მოვიწყინე და ბუნებაში სეირნობას მოვუხშირე. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ალპურ ბოტანიკურ ბაღში გვიანობამდე დავბოდიალობდი იმ იმედით, იქნებ ისევ გადავყროდი ლენას. ვერ ვიშლიდი ჩემს გამომძიებლობანას.
ერთხელაც, ბორჯომში მომიწია რაღაც საქმეზე ჩასვლა და იქიდან უკანა გზაზე მომავალმა წაღვერში გადავუხვიე. ლენას კოტეჯის სიახლოვეს შევჩერდი ისევ და თვალთვალი დავუწყე. აშკარად იქ იყო, რადგან საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. რისთვის ვიდექი და რისთვის ვდარაჯობდი მეც არ ვიცი, მაგრამ ჯიუტად მაინც ვიდექი და ვუთვალთვალებდი. საღამოხნისკენ ჯუმბერამაც მიაკითხა და მე რომ ლუკამ დამირეკა და მომიკითხა, სახლში დავბრუნდი.
ჯუმბერა და ლენა საყვარლები იყვნენ, ეგ უდაო იყო. საწყალ ჯუმბერას ბიძას კი წველიდნენ და ის ჩერჩეტი ვერ ხვდებოდა ამას. ის კაცი რომ მენახა და ყველაფერი მეთქვა მისთვის ლენას შესახებ, დამიჯერებდა ვითომ? მე ვუჯერებდი რუსკას მის შესახებ რომ მაფრთხილებდა? ხო და, არც ის კაცი დამიჯერებდა... თუმცა, ხომ შეიძლებოდა ფოტოები გადამეღო მათთვის და თვალებზე ამეფარებინა მისთვის? ყველაზე კარგი იქნებოდა ზაზასთვის მეთქვა ყველაფერი, მაგრამ... მე ხომ შტერი, დებილი და ჩერჩეტი ვიყავი და ჩემი ძალებით მინდოდა ლენასთვის საზღაურის მიზღვევა.
მეორე დღეს მართლაც შევიარაღდი სამოყვარულო ფოტოაფარატით, პომპონებიანი ქუდი ლამის თვალებამდე ჩამოვიფხატე, კაშნეც ცხვირამდე შემოვიხვიე და ჯუმბერას და ლენას ღალატის ამსახველი ფოტოების გადასღებად წავედი. კარგა ხანს მომიწია ყურყუტი მისი კოტეჯის წინ. მაგრამ ლოდინად ღირდა. ჯუმბერამ რომ მიაკითხა და გოგო კისერზე ჩამოეკიდა, უმალ ჩავაჩხლაკუნე ჩემი ფოტოაპარატი. მერე ერთად წავიდნენ სადღაც და მეც უკან მივყევი. ბორჯომში ყველაზე მიყრუებულ კაფეში რომ შევიდნენ, მეც შევედი და ისეთი ადგილი შევარჩიე, ადვილად არ შეემჩნიათ ჩემი თავი. იქაც რამოდენიმე ფოტო გადავიღე, აშკარად რომ ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს. მერე კი ფოტოატელიეში მივედი და ფოტოები დავაბეჭდინე. კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი მათი ღალატის ამსახველ ფოტოებს. მერე კონვერტში ჩავდე და ლეიბის ქვეშ ამოვდე, რომ ლუკას არ ენახა და როცა შევძლებდი იმ კაცისთვის გამეგზავნა.
მეორე დღეს, გავიცილე თუ არა ყველა სამსახურში, ჯუმბერას ბიძის სასტუმროში წავედი. თავის კაბინეტში რომ მიმიღო, უმალ ვიცანი ელეგანტური და ასაკთან შედარებით მაინც საკმაოდ სიმპატიური კაცი. დამსვენებელი ვეგონე, ვისაც მისი სასტუმროს ნომრები უნდოდა და მის კომფორტზე დამიწყო საუბარი. რომ ვუთხარი, არ მაინტერისებდა, გაოცებით შემომხედა.
_მე თქვენს ახალგაზრდა საყვარელზე მინდა გესაუბროთ._ეს რომ ვუთხარი, წამიერად დაიბნა, მერე აღელდა და ბოლოს აღშფოთდა.
_როგორ მიბედავთ? რომელი საყვარელი?_თითზე წამოცმული ოქროს რგოლი დამანახა._მე ცოლშვილიანი კაცი ვარ, შვილიშვილებიც კი მყავს. თქვენი შანტაჟი ამაზრზენია. ჩემგან ფულს ვერ მიიღებთ!_მკაცრად გამომიცხადა.
_მე შანტაჟს არ ვაპირებ და არც ფულის გამომძალველი ვარ. ფულის გამომძალველი ზუსტად თქვენი საყვარელია. არ ვარ დარწმუნებული, რომ ლენა ქვია თქვენთან შეხვედრების დროსაც, მაგრამ როცა მე გამქურდეს მაგან და მაგის საყვარელმა თაღლითურად, მაშინ კი ლენა ერქვა.
_ვერ გავიგე რის თქმას ცდილობთ და რა გინდათ ჩემგან._ეჭვით მოწკურა თვალები და მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა თითები.
_თქვენი საყვარელი თაღლითობისთვის იძებნება და ძალიან კარგი იქნება, თუ პოლიციას ჩააბარებთ, ოღონდ თქვენს ძმიშვილს არა, რადგან ისინი ერთად მოქმედებენ და თქვენი გაქურდვა უნდათ.
_ვინა, ჯუმბერა?_ირონიულად გაეღიმა,_ გინდა დამარწმუნო, რომ ნაია და ჯუმბერა ერთმანეთს ხვდებიან?
_ჩემი სახელი მიუთვისებია ნაძირალას!_ავღშფოთდი.
კაცმა კი ინანა, ზედმეტი რომ წამოაყრანტალა, მაგრამ ფოტოები რომ დავუწყე წინ და კარაბადინივით გადავუშალე, რასაც ქვია დამუნჯდა.
_ერთ დროს მეც მაფრთხილებდა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ამ თაღლითის შესახებ, მაგრამ არ ვუჯერებდი და სულ ტყუილად, რადგან ორმოცი ათასი ლარი, ძვირფასეულობა და ჩემი მანქანა გაიტაცა. ასე, რომ უფრთხილდით.
ჩემი სათქმელი რომ ვუთხარი და ვამხილე ის უსინდისოები, გულზე მომეშვა. ახლა მისი გადასაწყვეტი იყო დაიჯერებდა თუ არა ჩემს ნათქვამს. არ დაიჯერებდა ჩემსავით, როგორც ერთ დროს მე არ დავუჯერე რუსკას და ღირსიც იქნებოდა თუ გაქურდავდა და მშრალზე დატოვებდა. ისე წამოვდექი და ისე გამოვედი მისი კაბინეტიდან, არაფერი უთქვია, თავი ხელებზე ქონდა დაყრდნობილი და სურათებს უაზროდ დასჩერებოდა.
მე ჩემი ვალი მოვიხადე და გავედი კიდეც ამ საქმიდან. მართლა განზე გავდექი და შევეშვი ყველაფერს. თუ ეს კაცი დააჭერინებდა პოლიციაში, ხო კარგი, თუ არა და მომავალში ვინმე ჩემზე მაგარი გამოჩნდებოდა და მოუგრეხავდა კისერს. მაღაზიაში გამოვიარე, სურსათი ვიყიდე და სახლში მისულმა შემეძლო თუ არ შემეძლო, ვახშმის მზადებას შევუდექი. სასიამოვნო მელოდიებზე თან ვცეკვავდი და თან ცხვრის ჯიგარს ვჭრიდი, რომ ყაურმა მომეხარშა. მართალია ვიცოდვილე და ვიწვალე, ზოგი ძალიან პატარა ნაჭრეებად დავჭერი, ზოგიც დიდად, მაგრამ პირველ ჯერზე მაინც კმაყოფილი დავრჩი. ხალისით და სულ ცეკვა-ცეკვით ვაკეთებდი ყველაფერს. დაღლა არც კი მიგრძვნია. მართლაც მომეშვა გულზე ფოტოები რომ ავაფარე იმ ბებრუხანა მაჩოს თვალებზე. ოდნავი სურვილიც კი არ მქონდა, რომ გამეგო რას მოიმოქმედებდა ამის მერე.
საღამოხნისკენ ლუკას დავურეკე, მალე მოხვალ-მეთქი და რომ მითხრა ნახევარ საათშიო, გამოპრანჭვას შევუდექი. მინდოდა ლამაზი დავხვედროდი და ჩემი მომზადებული ვახშმით თავი მომეწონებინა, რომელიც მართლა არაჩვეულებრივი გამომივიდა.
ნახევარ საათს რომ გადასცდა, მოუთმენლად შევყურებდი საათს და ტელეფონს უაზროდ ვაწვალებდი ხელში.
_ალბათ, დრო ვერ გათვალა კარგად._ვიიმედებდი თავს.
ნახევარი საათიც რომ გავიდა, კიდევ დავურეკე, მაგრამ გათიშული ქონდა ტელეფონი.
_სადაცაა მოვა... სადაცაა მოვა..._ვიმეორებდი გუნებაში და თან გულისყური ჭიშკრისკენ მქონდა.
რუსკამ რომ დამირეკა, მოულოდნელმა ზარმა შემაკრთო, მაგრამ მაინც ხალისით გავეპასუხე მულს.
_ნაია..._ეს თქვა მხოლოდ და თითქოს ასლუკუნდა.
_რუსკა, რა გჭირს?_შეშფოთებულმა აფორიაქებულ გულზე ვივიჭირე ხელი.
_ლუკა...
_რაა ლუკა?!_იმხელა ხმაზე ვიკივლე, ბუსუნამ წკმუტუნი დაიწყო.
_ლუკა ხარაჩოდან ჩამოვარდა...
_რაა?! მერე?!_ისევ ვიკივლე.
_არ ვიცი, ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალში მიყავთ, მეც მას მივყვები...
_ცოცხალია?_შიშით ძლივს ვიკითხე.
_ჯერჯერობით კი. უგონოდაა._ეს თქვა და ატირდა.
_ახლავე გამოვდივარ სახლიდან._ეს ვთქვი და საკიდიდან ჩემი ქურთუკი ჩამოვხსენი, რომელშიც ავიხლართე და ვერ ჩავიცვი.
_შენებურად გიჟივით არ იარო გთხოვ. ახლა შენ არ დაიმართო რამე.
არ ვიცი როგორ ჩავიცვი ბატინკები, ქურთუკის ჩაცმა მაინც ვერ მოვახერხე და მანქანაში ისე მივაგდე.
წვიმას იწყებდა.
აღელვებულმა და აფორიაქებულმა გავიტანე ეზოდან მანქანა და ბორჯომისკენ გიჟივით დავეშვი. მონამულ ტრასაზე საბურავები საგრძნობლად სრიალებდა, მაგრამ რაც შემეძლო მაინც სწრაფად მივქროდი. საერთოდ ვერ ვგრძნობდი საფრთხეს. ჩემი საფიქრალი მხოლოდ და მხოლოდუკა იყო. ცრემლიანი თვალებით გზასაც ძლივს ვხედავდი და რამდენჯერმე გვარიანად გადავრჩი ჯებირზე შესკდომას, მაგრამ მაინც გიჟივიდ მივქროდი.
_ღმერთო, ოღონდ ლუკა გადარჩეს და მე მომკალი, ოღონდ ლუკა გადარჩეს, გთხოვ._მხოლოდ ამას ვიმეორებდი გუნებაში.
ჰოსპიტალის ეზოში რომ შევქანდი, მანქანის გასაჩერებელ ადგილზე არც კი მიფიქრია, დაუდევრად გავხიდე შესასვლელშივე, გიჟივით გადავხტი მანქანიდან. არც მის დაკეტვაზე მიზრუნია. კიბის ხუთი საფეხური კი არ ავიარე, სულმოუთქმელად ავირბინე და მიმღებში ფეთიანივით შევვარდი. რუსკა იქ იყო, ცისფერ სკამზე ჩამომჯდარიყო, თავი ხელებში ჩაერგო და ქვითინებდა.
მასთან მივიჭერი, ჩავიმუხლე და მუდარიდ შევხედე.
_არ მითხრა, რომ..._და ვეღარ დავაბოლოვე სათქმელი, რადგან ყელში რაღაზ უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და აღარ მომცა ლაპარაკის საშუალება.
_მეც არ ვიცი როგორ არის. ეხლახან შეიყვანეს და ჯერ ექიმი არ გამოსულა. აქ მოიცადეთო და მეც ვიცდი._ცრემლიანი თვალებით შემომხედა და სლუკუნ-სლუკუნით ძლივს მითხრა.
_სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა რა თქვეს? რა სჭირსო?
_არაფერი იციან, ან არ უნდათ თქმა._უკვე პატარა ბავშვივით აღრიალდა რუსკა და მის ტირილზე მეც ავღრიალდი ხმამაღლა._უგონოდ იყო, არ ვიცი არაფერი._გადამეხვია და მჭიდროდ მომხვია ხელები._ღმერთო, ოღონდაც ჩემს ძმას არაფერი დაუშავო და მე მომკალი._ჩემი სიტყვებით ტიროდა რუსკაც.
ჩემმა დედამთილმა რომ დარეკა, ერთმანეთს შევყურებდით, ვინ შეძლებდა უფრო მშვიდად დალაპარაკებას, რომ საცოდავ ქალს არ გაეგო არაფერი.
ბოლოს ისევ რუსკამ ითავა ეს მეტად რთული საქმე და შეძლებისდაგვარად მშვიდად გაეპასუხა დედას.
_ხო, დედიკო... ბორჯომში ვართ... ხო, ნაიაც აქ არის... ეხლა შენებურად არ ინერვიულო, ლუკას სამსახურში რაღაც შეემთხვა... არა, არა, ფეხი აქვს მოტეხილი, კარგადაა... შენი ჩამოსვლა რა საჭიროა, მე და ნაია აქ არ ვართ?.. კარგი, არ ინერვიულო, კარგადაა-მეთქი... რენტგენზე ყავთ შეყვანილი და ვერ დაგალაპარაკებ... ხო, დამშვიდდი, გეფიცები, საშიში არაფერია, არ ინერვიულო. ჩვენც მალე მოვალთ... დაწექი და დაიძინე, რა საჭიროა შენი დალოდინება?.. მოვალთ და დანარჩენი მანდ ვილაპარაკოთ._დედას გაუთიშა თუ არა ტელეფონი, ისევ აღრიალდა.
ზუსტად სამი საათი გავატარეთ მტანჯველი და საშინელი საავადმყოფოს მოსაცდელში. ეს სამი საათი სამუ საუკუნედ გაიწელა. არავინ გამოდიოდა და არავინ გვაგებინებდა ლუკას ამბავს. წარმოდგენა არ გვქონდა როგორ იყო. როგორც იქნა ექიმი გამოვიდა და მაშინვე სახეზე დავაკვირდი, იქნებ მისი გამომეტყველებით მაინც გამეგო ლუკას მდგომარეობა. დაღლილი და აშკარად შეწუხებული სახე ქონდა. მუხლები მომეკვეთა და რომ არ წავქცეულიყავი რუსკას დავეყუდე, თუმცა არც ის იყო უკეთეს დღეში.
_ჩემი ძმა როგორ არის ექიმო?_ისევ რუსკამ გაბედა კითხვა.
_არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ სერიოზული მდგომარეობა აქვს.
_ვაიმე._ეს ვთქვი მხოლოდ და იქვე ჩავიკეცე ღონემიხდილი.
ექიმმა და რუსკამ ორივემ ერთდროულად შემაშველეს ხელი და ძირს დაცემის საშუალება არ მომცეს. სკამზე რომ ჩამომსვეს რუსკამ საიდანღაც წყალი მომირბენინა და სახე მომბანა.
_არაფერი დამიმალოთ ექიმო, როგორაა ჩემი ქმარი?_მუდარით ავხედე ექიმს.
_ იდაყვის ღია მოტეხილობა ქონდა და ამიტომ ოპერაცია დასჭირდა სპეციალური მეტალის ფიქსატორებით. ასეთი ფიქსაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ მალევე დაიწყოს პაციენტმა მოძრაობა და თავიდან აიცილოს კუნთების ატროფია. ყველანაირად ვეცდებით რომ თავიდან ავიცილოთ თრომბოემბოლია...
_გასაგებ ენაზე რომ გვითხრათ ექიმო, არ შეიძლება?_მუდარით სავსე თვალებით ხელებში ჩააფრინდა რუსკა.
_როდესაც მოტეხილობა ღიაა, ადვილად შესაძლებელია ჭრილობის ინფიცირება და დაჩირქება... ამასთან მინდა გითხრათ, რომ ქალა-ტვინის ტრამვა აქვს პაციენტს და აღენიშნება ღია ჭრილობა...
მეც და რუსკაც სუნთქვაშეკრულები ვუსმენდით ექიმს, რომელიც თითქოს ჩვენს ჯინაზე აჭიანურებდა სათქმელს.
_მერე?_ახლა მე ჩავაფრინდი ექიმს._საშიშია?_თან პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
_თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქალა-ტვინის ტრავმების შემდეგ რჩება ფსიქიკური ფუნქციების დარღვევები, კი.
_მაინც რა ფსიქიკური დარღვევები?_ძლივს ამოვღერღე სათქმელი.
_მეხსიერების, ყურადღების და მეტყველების მოშლა... გონებაგაფანტულობა, ყურადღების კონცენტრაციის სიძნელე, სწრაფი დაღლა, გულმავიწყობა... თუმცა ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ახალგაზრდაა, ძლიერი ორგანიზმი და იმუნური სისტემა აქვს და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
_ახლა როგორ არის ექიმო?_საცოდავად ამოვიკნავლე.
_სტაბილურად.
_შეიძლება ვნახო?
ერთხანს უხმოდ მიყურა. მერე კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და რეანიმაციის განყოფილებაში გამიყოლა.
_პირბადისა და ხალათის გარეშე არ შეხვიდეთ ოღონდ. და თან ჯერ ერთმა მოინახულეთ და შემდეგ მეორემ.
ხალათი რომ ჩამოვხსენი საკიდიდან მაშინვე რუსკას გადავაცვი, რომელმაც მადლიერი თვალებით მომხედა და მაშინვე რეანიმაციაში შევიდა. კარგა ხანს დაჰყო იქ და უარესად ნამტირალევი რომ გამოვიდა ახლა მე შევედი. მუხლების კანკალით ძლივს მივუახლოვდი მის საწოლს. თავი და მკლავი დაბინტული ქონდა. ისეთი მშვიდი სახით იწვა, თითქოს ეძინა და ტკბილ სიზმარს ნახულობდა. მის გრილ სხეულს ფრთხილად მოვეფერე. ამას რომ რამე მოსვლოდა, მართლა ვერ გადავიტანდი. მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე, საწოლთან ჩავიმუხლე და ავქვითინდი.
_მარტო არ დამტოვო, გესმის? უშენოდ ვერ შევძლებ სიცოცხლის გაგრძელებას. ძალიან გთხოვ, გადარჩი და დამიბრუნდი... შენ დამპირდი, რომ საუკუნოდ ერთად ვიქნებოდით.. დამპირდი, რომ მუდამ ჩემს გვერდში იქნებოდი. ნუ მიმატოვებ..._წამოვიწიე და მის ბაგეებს დავეწაფე.
არ ვიცი, თითქოს მომეჩვენა, რომ თვითონაც კოცნით მიპასუხა და შევკრთი. წამოვიწიე და გაოცებულმა დავხედე. წამწამები რომ შეარხია და თვალები გაახილა, ლამის გული გამიჩერდა.
_ცოცხალი ხარ?_გაუაზრებლად ვიმეორებდი მხოლოდ ამ სიტყვებს.
_სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ. შენთან ერთად ცეკვა-ცეკვით ყავა არ დამილევია ჯერ._ეს მითხრა და გაღიმება სცადა.
_გახსოვს?_მეც გამეღიმა მაშინდელი მისი ჯექსონის ცეკვა რომ გამახსენდა.
_მახსოვს და არც არასდროს დამავიწყდება._ჯანმრთელი ხელი აწია და ლოყაზე მომეფერა._ეგ არის თავი მტკივა საშინლად და იდაყვი, სხვა კარგად ვარ, ნუ ღელავ.
_ექიმს დავუძახებ, გამაყუჩებელი მოგცეს რამე.
_ჩემი გამაყუჩებელი შენ ხარ._ეს მითხრა და ისევ დახუჭა თვალები._თუმცა, სინათლე თვალს მჭრის რატომღაც.
ცოცხალი იყო და თანაც სრულ აზრზე, სხვა რაღას დავეძებდი? ფრთხილად გადავეხვიე და ჩავეხუტე.
_შენ რომ რამე მოგსვლოდა, ვერ გადავიტანდი._სლუკუნ-სლუკუნით ძლივს ვუთხარი.
მარჯვენა ხელი, რომელიც ნატკენი არ ქონდა, მანაც მომხვია და მჭიდროდ ჩამიხუტა.
_მეც მასე ვარ რომ იცოდე. ვერც მე გადავიტან უშენობას... ნუღარ ტირი და ნუ ნერვიულობ, მე კარგად ვარ. ცრემლი აღარ დამანახო შენს თვალზე. კარგი?
ექთანი ისე შემოვიდა, ვერ გავიგე, მაგრამ რომ მისაყვედურა, ავადმყოფს ნუ აწუხებთო, შევკრთი. მაშინვე ექიმს დაუძახა და მე კი გარეთ გამომისტუმრეს.
_რა მოხდა?_შეშფოთებული მომვარდა რუსკა და ხელებში ჩამაფრინდა._ცუდადაა?
_პირიქით, კარგადაა, გონზე მოვიდა და გასინჯავენ...
_გონზე მოვიდა?_თითქოს უფრო შეშფოთდა.
_კი, ნუ ნერვიულობ._მხრებზე მოვხვიე ხელი და ჩავიხუტე აცახცახებული გოგო._მეხსიერებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს, ყველაფერი კარგად ახსოვს. ცოტა თავი მტკივაო და ნაოპერაციებელი ხელი.
_მართლა?_თითქოს არ დამიჯერა.
_კი, დაწყნარდი. საშიში არაფერია. ახლა ექიმები გასინჯავენ და უფრო კარგად გვეტყვიან ყველაფერს.
ზუსტად ნახევარი საათი დაჰყვეს ლუკასთან ექიმებმა. იქიდან გამოსულმა მკურნალმა ექიმმა კი ღიმილით გვაუწყა.
_როგორც ვშიშობდით ისე არ მოხდა. ძლიერი ბიჭია და ადვილად გაუმკლავდა ყველაფერს. ხელს მალე აამოძრავებს. ჯერჯერობით კი წოლითი რეჟიმი ექნება ტვინის შერყევის გამო. ალბათ ერთ კვირაში გავწერთ სახლში თუ ჭრილობა არ გაუღიზიანდა. ძვალი რომ შეუხორცდება, მერე კი ფიქსატორების ამოღება დასჭირდება და ისევ გავუკეთებთ ოპერაციას. ახლა კი ნუღარ შეაწუხებთ, დამამშვიდებლები და გამაყუჩებელი მივეცით და ჯობია დაიძინოს. თქვენი აქ ყოფნა საჭირო აღარაა და შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ.
_თავზე მდგომი არ უნდა ექიმო?_გაუკვირდა რუსკას.
_არ არის საჭირო. რეანიმაციაშია და იქ ექიმებისა და ექთნების მეთვალყურეობის ქვეშაა. პალატაში რომ გადმოვიყვანთ, მერე შეგიძლიათ დარჩეთ მასთან.
შედარებით დამშვიდებულები და ლუკას კარგად ყოფნით გახარებულები დავბრუნდით სახლში. ჩუმად ვაპირებდით შეპარვას, რომ ჩემს დედამთილს არ გაეგო არაფერი, მაგრამ სავარძელში მჯდარი დაგვიხვდა. მართალია თვლემდა, მაგრამ ჩვენი შესვლა არ გამოჰპარვია.
_რა მოხდა?.. ლუკა როგორ არის?..._მაშინვე წამოიწია შეშფოთებული.
_კარგად არის, დამშვიდდი._დაამშვიდა რუსკამ, მაგრამ ქალი მაინც ეჭვით გვიმზერდა ხან მე და ხანაც რუსკას.
_მართლა კარგად არის, არ ინერვიულოთ. ხელი ქონდა მოტეხილი და ოპერაცია გაუკეთეს._შევეცადე მეც დამემშვიდებინა.
_აკი ფეხიო?_ეჭვით გადახედა რუსკას.
_ფეხი გითხარი? ალბათ რომ ვღელავდი შემეშალა... ან შენ ვერ გაიგე კარგად._მივიდა და დედას თავზე გადაუსვა ხელი, თან შუბლზე აკოცა._დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა. დილაზე წაგიყვანთ სანახავად და შენი თვალით ნახე.
მალევე დავწექით კი, მაგრამ მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. იმის გაფიქრება, რომ შეიძლებოდა რამე უარესი დამართოდა ლუკას, მაგიჟებდა. ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ცოცხალი გადარჩა და არც მეხსიერება დაუკარგავს როგორც ექიმი ვარაუდობდა და არც მეტყველების უნარი. ოთხი საათი იყო, რომ გული გადამეფერასავით და შიმშილმა შემაწუხა. ვიკავე თავი, ვიკავე, მაგრამ მაინც ქურდივით შევიპარე სამზარეულოში და ის ყაურმა, რომელსაც დიდი მონდომებით მოვამზადე ლუკასთვის, გემრიელად მივირთვი. ის იყო დავნაყრდი და სამზარეულოდან გამოვდიოდი კიდეც, რომ ჩემი დედამთილი შემეჩეხა კარში.
_შენ ხარ?.. მეგონა ბუსუნა დაგვრჩა შიგნით და ის არახუნებდა... ვერც შენ იძინებ?
_დღეს საჭმელი არ მიჭამია და შიმშილმა შემაწუხა._დავიმორცხვე და დამნაშავის იერით ავიტუზე.
_არაუშავს, მერე რა? როცა გშია უნდა ჭამო._ლოყაზე მომითათუნა ხელი._შეგიძლია დილით სამსახურში გამიყვანო, დავეთხოვო ჩემს უფროსს და იქიდან ლუკასთან ჩავიდეთ?
_კი, როგორ არა.
_წამო, გვირილის ჩაი დალიე არ გინდა, რომ ცოტა დაგამშვიდოს და დაგაძინოს? ამ ბოლო დროს გატყობ, რომ ვერ იძინებ და უძილობა კიდევ ნერვიულ სისტემაზე მოქმედებს._წელზე მომხვია ხელი და სამზარეულოში შემიყვანა.
ძალიან არომატული ჩაი მომიმზადა და დიდი სიამოვნებით დავლიე. თვითონაც ჩემს გვერდით იჯდა და უსიტყვოდ მომჩერებოდა. თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა და ვერ მიბედავდა. ალბათ, ლუკაზე უნდოდა რამის კითხვა. მე კი ერთი სული მქონდა დამელია და ჩემს ოთახში შევსულიყავი.
რომ მოვრჩი, ფინჯანი გავრეცხე, დედამთილს მადლობა ვუთხარი და დავაპირე კიდეც გასვლა, მაგრამ შემაჩერა.
_რამდენი ხანია რაღაცის კითხვა მინდა, მაგრამ მერიდება...
გული შემიქანდა ეს რომ მითხრა. თუმცა, მაინც გავჩერდი და გაოცებით შევხედე.
_ორსულად ხარ?_პირდაპირ მკითხა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
_ორსულად?_მისი კითხვა გავიმეორე გაოცებულმა._ორსულად ვარ?
_ხო, რატო გიკვირს._გაეღიმა._ხვალ მიდი და შენც გაესინჯე ექიმს. ანალიზები აიღე. ძალიან ფერმკრთალი გახდი და რამე არ გაგვეპაროს._"გაგვეპაროს" რაღაც თბილად და სიყვარულით მითხრა და ისევ მომითათუნა ლოყაზე ხელი._შენ მაინც იყავი კარგად.
ახლა ხომ უფრო ვეღარ დავიძინე. არ მეჯერა, რომ ორსულად ვიყავი. პირველი აბორტი ხშირად უშვილობის მიზეზი ხდებაო და არც კი მქონდა იმედი, რომ შვილი მეყოლებოდა. გათენებამდე ხელი მედო მუცელზე და ვეფერებოდი.
დილით მართლაც გავიყვანე რუსკა და ჩემი დედამთილი სამსახურში. რუსკა იქ დარჩა, დედამისი კი საავადმყოფოში წავიყვანე ლუკას სანახავად. ლუკა უკეთესად რომ დამხვდა, გამიხარდა. კარგა ხანს ვილაპარაკეთ. მერე კი დედასთან ერთად დავტოვე და მე სისხლის ასაღებად ჩავედი ლაბორატორიაში. პასუხები ოთხი საათის მერე იქნებაო და ისევ ლუკასთან ავედი. უჩვეულო სანახავები იყვნენ მოსიყვარულე დედა-შვილი. კარგა ხანს უხმოდ შევყურებდი და ცრემლიც კი ვერ შევიკავე. ლუკამ მოგვიანებით შემნიშნა და თავისთან მიმიხმო. ჩამიხუტა და კარგა ხანს ვყავდი ასე ჩახუტებული. მერე კი ჩემი დედამთილი ავიყვანე სამსახურში. ლუკას საკვები ვუყიდე, რაც ეჭმეოდა და ისევ ბორჯომში ჩავედი. სანამ ჰოსპიტალში მივიდოდი, კაფეში შევიარე. ძლიერი ყავა შევუკვეთე შოკოლადის ასორტთან ერთად და განაპირა მაგიდას მივუჯექი. თან, ჩემს თავზე ვბრაზობდი, რა ჯანდაბამ მომიღორა მუცელი, რომ ასე ძალიან მინდოდა ეს ყავა.
სანამ ყავას მომიტანდნენ, ზაზამ დამირეკა.
_ლუკას ამბავი გავიგე. როგორ არის?_შეშფოთებული და შეწუხებული ხმა ქონდა.
_უკეთესადაა, არაუშავს. როგორც შიშობდნენ ექიმები, ისე არ მოხდა.
_ძალიან კარგია._ გაუხარდა._მეც მინდა გაგახარო. შენს გატაცებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ზუსტად იმ დაფარვის ზონაში, საიდანაც შენ გაგიტაცეს, ჯუმბერას ტელეფონის სიგნალი დააფიქსირეს. შემდეგ წაღვერის ტერიტორიაზე დაფიქსირდა შენი ტელეფონის და მისი ტელეფონის სიგნალები...
_მართლა? წაღვერში ლენა იმალება ერთ-ერთ კოტეჯში და დავიჯერო იქ ვყავდი? ჯუმბერაც ხშირად აკითხავს...
_შენ რა იცი, ისევ უთვალთვალებ?_გაბრაზდა._რა გითხარი მე შენ?
_შემთხვევით გადავეყარე ჯუმბერას ბიძას და ლენას და უკან მივყევი. იმ საცოდავის გაქურდვა აქვთ მაგას და ჯუმბერას გადაწყვეტილი.
_ეგ შენი გამოძიებით დაადგინე._გაეცინა._მოკლეთ, რა ტალანტი იკარგება. არ გინდა იურიდიულზე ჩააბარო?
_დამცინი არა?_მეწყინა.
_სულაც არა. ამ ბურუსით მოცულ ამბებში გაეკვეული წილი შენ მიგიძღვის, რომ ნათელი მოფინე, მაგარი ხარ. თუმცა მინდა გითხრა რომ სახიფათოა.
_მართლა შევეშვი მაგ ამბავს. ჯანდაბამდე გზა ქონია ყველას, თუ კი ჩემი ახლობლები არ იქნებიან კარგად. მისამართს მოგწერ სადაც იმალებიან და თუ ისევ იქ არიან, თქვენ მიხედეთ.
_კარგი გოგო ხარ. მიხედე შენს თავს, შენს ქმარს და დატკბი სიყვარულით. დროებით, შეგეხმიანები ისევ.
გავუთიშე თუ არა, მისამართი მივწერე და რატომღაც ის ესემესი წავშალე, რადგან მეხსიერება უკვე გადატვირთული ქონდა ჩემს ტელეფონს და მარტო ის კი არა, რამოდენიმე შეტყობინებაც მივაყოლე. ყავა სიამოვნებით დავლიე, შოკოლადებიც გემრიელად მივირთვი, ფული გადავიხადე და მანქანას მივაშურე. ჩავჯექი თუ არა, სანამ ადგილიდან დავძრავდი, მეორე მხრიდან ჯუმბერა ჩამიჯდა.
გაოცებულმა შევხედე. ცოტა შემეშინდა კიდეც.
_შენი ქმრის ამბავი გავიგე, ვწუხვარ._ირონიული ღიმილით მითხრა და ღვედი შეიკრა.
_ბაკურიანში არ მივდივარ._მკაცრად ვუთხარი და ვაგრძნობინე, რომ მანქანიდან ჩასულიყო.
_ არც მე._მითხრა და საქამრედან რევოლვერი დააძრო.
_გაგიჟდი?_შიშისგან გამიფართოვდა თვალები.
_მე კი არა, შენ გაგიჟდი, როცა ბიძაჩემს ჩაუკაკლე ყველაფერი._ავად დამიბრიალა თვალები.
_და ახლა რას მიპირებ?_ეჭვით ვკითხე.
_რაც წინა ჯერზე არ გავაკეთე: ზედმეტი დოზით გარდაიცვლები ნარკომანი სულელი გოგო. ახლა კი პირდაპირ იარე.
შევკრთი. ისე ავნერვიულდი, საჭე ვეღარ დავიმორჩილე და საპირისპირო მხარეს გამექცა.
_წესიერად გოგო, ყურადღებას ნუ იპყრობ._ფერდზე მომადო რევოლვერი._ფრთხილად და მშვიდად განაგრძე გზა და იმ ასახვევთან შეაჩერე.
მართლაც მასე მოვიქეცი. გავაჩერე თუ არა, ლენაც ჩამიჯდა.
_ახლა კი, ძალიან კარგად იცი ის კოტეჯი და იქ წადი. ზედმეტი შენი მოძრაობა და ტვინს გაგასხმევინებ იცოდე._ისე დამემუქრა, მივხვდი გამკეთებელი იყო.
_ათ წუთში ლუკასთან თუ არ ვიქნები და საჭმელს არ მივუტან, ძებნას დამიწყებს._მართალია ლუკამ არ იცოდა რომ უნდა მივსულიყავი და არც ტელეფონი ქონდა, რომ მოვეკითხე, მაგრამ მაინც ვიცრუე._თან, ჩემი ძმა მომყვება უკან. ასე რომ, გინდა თუ არ გინდა, ჰოსპიტალში მივდივარ._ირონიული ღიმილით გავხედე.
_კახი?_გაუკვირდა ლენას._აბა?_თან უკან შებრუნდა, რომ დაენახა.
_გაგიჟდი გოგო?_დაუყვირა ჯუმბერამ._არ შეგნიშნოს, მობრუნდი... რისთვის მოგყვება?_ახლა მე მომიბრუნდა.
_ლუკა სად წევს არ იცის და იმიტომ. სადაც წავალ, იქით გამომყვება._ჩემი მოხერხებული ტყუილი მე თვითონვე მომეწონა და დამაჩერებლადაც კი ვიცრუე.
_დაურეკე ახლავე, ისე რომ არაფერი შეგატყოს, მისამართი უთხარი და უთხარი, რომ რაღაც საქმე გამოგიჩნდა და შენ მოგვიანებით მიხვალ. გასაგებია?_ისევ იარაღი მომადო ფერდზე.
_კარგი._მაშინვე ზაზას ნომერი ავკრიფე და მას დავურეკე.
_არაფერი შეიმჩნიო იცოდე._ისევ იარაღით დამემუქრა ჯუმბერა.
_ხო ნაია._ცოტა გაკვირვებული გამეპასუხა ზაზა, რადგან წუთის წინ ველაპარაკე.
_კახი, ძვირფასო, მე რაღაც საქმე გამომიჩნდა და გზიდან უნდა გადავუხვიო, მოგვიანებით მოვალ.
_ნომერი შეგეშალა, კახი არ ვარ._გაეცინა ზაზას.
_ვიცი... ამ დილით მისამართი რომ მოგწერე, ნახე? იმ მისამართზე მიდი. კარგი?
_შარში ხარ?_ჩურჩულით მკითხა ზაზამ.
_ხო, ხო, ადვილად მიაგნებ, ნუ გეშინია. კარგი აბა.
_ოპერატიულ ჯგუფს გამოვგზავნი, ნუ ღელავ._ეს მითხრა და გამითიშა.
_ესეც ასე, კახი მოვიშორეთ. ლუკასაც ის ეტყვის, რომ არ გცალია._კმაყოფილი იერით გადმომხედა ჯუმბერამ._ახლა კი შენთვის ნაცნობ კოტეჯში წავიდეთ.
რაც შემეძლო ნელა მიმყავდა მანქანა, რომ ზაზას მოესწრო რამე. მისი იმედი მქონდა და მხნედ ვიყავი, მაგრამ მაინც შეშინებულის როლს ვთამაშობდი, რომ არაფერი ეეჭვათ.
წაღვერში რომ გადავუხვიეთ და იმ კოტეჯთან მივედით, იარაღის მუქარით გადამიყვანეს მანქანიდან. ოთახში შესვლისთანავრ თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და თვალთ დამიბნელდა კიდეც. როცა გონზე მოვედი, პირი რაღაც საზიზღარი ჩვარით მქონდა აკრული და ხელ-ფეხიც შეკრული.
_შენ კიდევ დამარწმუნე, უტვინო და შტერიაო. კი გამოააშკარავა ჯერ პაბლო და მერე ჩვენ. კაი შტერია._ბობოქრობდა ჯუმბერა.
_შტერი რომ არყოფილიყო, მარტო იმოქმედებდა? განა თავის მაუგლის არ ეტყოდა ყველაფერს?
_რა იცი, იქნებ იცის კიდეც...
_რაღაც არ მგონია. ბიძაშენის მენეჯერმა თქვა, მარტო იყოვო. ლუკა ისეთი კაცი არაა, ქალი გაუშვას მაგეთ საქმეზე. თან, შენ რომ გენახა პაბლო როგორ სცემა, შენც მასე მიგამჟავებდა.
_მერე და, მომერეოდა?_რატომღაც ითაკილა ჯუმბერამ.
_მოგერეოდა თუ არა, კი ცდიდა და...
ჩვარის საზიზღარმა სუნმა წამომაზიდა და ხველება ამიტყდა. რომ შემატყეს გონზე მოვედი, ახლა მე მომიბრუნდნენ.
_მიდი, გაუხსენი პირი, თორემ მეც ვარწყიე ახლა._ჯუმბერამაც ჩაახველა ჩემმა შემხედვარემ.
_რაო, სიკვდილის წინ რამე ხომ არ გინდა გვითხრა?_გაეცინა ლენას და მართლაც მომაძრო ჩვარი._ლმობიერებას გამოვიჩენთ და ერთ სურვილს შეგისრულებთ, თუ ჩვენ ძალებს არ აღემატება.
_გადაშენდით აქედან...
_გადაშენებას მართლაც ვაპირებთ, მაგის თხოვნა საჭირო არაა. ისეთ ადგილზე წავალთ გივიკოს ფულებით, სადაც ვერავინ მოგვაგნებს, არა ჯუმბერიკო?_ისევ გაეცინა ლენას._უბრალოდ, გული არ მომითმენს შენ რომ ცოცხალი დაგტოვო... წლების მერე ხომ შეიძლება დავბრუნდე და კიდევ მიცნო? კიდევ ჩამიშალო გეგმები? მაგაზე ნუ იჯავრებ, რომ უფულოდ მივდივართ, არა ძვირფასო, იმდენი ავცინცლეთ გივიკოს, რომ რამოდენიმე წელი უზრუნველად ვიცხოვრებთ. შტერი ბებრუხანა, ისე მენდობოდა, რომ შენი მიტანილი ფოტოების დაჯერებაც კი არ უნდოდა.
_გავალ მე, მაგის მანქანას სადმე გავიყვან, რომ თვალში არავის მოხვდეს. შენ კი ყურადღება მიაქციე, რომ არ გაიპაროს._გააფრთხილა ჯუმბერამ და ქურთუკი მოიცვა._მალე დავბრუნდები.
_კარგი ძვირფასო._ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ლენამ და გადაიკისკისა.
ჯუმბერა რომ გავიდა, ლენამ პატარა ჩემოდანი გამოაძვრინა საწოლის ქვეშიდან და იქიდან ძვირფასეულობისა და ფულის ჩატენვა დაიწყო ზურგჩანთაში.
_ამ ჯუმბერას გონია, მართლა მიყვარს და მასთან ვაპირებ ცხოვრებას. რატო უნდა გავუნაწილო ის ფული, რაც მე მოვიპოვე იმ ბებრუხანას ხვევნა-ალერსში?_თან ფულს ტენიდა და თან თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა._მე ვიტანდი იმის დორბლიან კოცნას ეგ კი არა... შენ, ზედმეტ დოზას გაგიკეთებ და გამოგასალმებ სიცოცხლეს, მოწმე რაში მჭირდება? აქედან გავალ თუ არა, პოლიციაში დავრეკავ და ის ვაჟბატონი რომ დაბრუნდება, ფაქტზე დააკავებენ. მე კი, გენაცვალე, შენს ოცნებებს ავიხდენ და მზეზე გავირუჯები ქვიშიან სანაპიროზე. აი ასე._კმაყოფილმა შეკრა ზურგჩანთა და მე მომიბრუნდა._იცი, ჯუმბერა მართალია, ჯეროვნად ვერ შევაფასე შენი შესაძლებლობები... თუმცა, არაუშავს, ახლა გამოვასწორებ მაგ შეცდომას.
მოულოდნელად უჩვეულო ფაჩუნი შემომესმა წინა ოთახიდან და ლენამაც ცქვიტა ყურები. აშკარად ვიღაც იყო იქ. თუ ზაზამ მოასწრო და ჯგუფი გამოგზავნა დასაკავებლად, ხომ კარგი, მაგრამ ჯუმბერაც რომ ყოფილიყო ისიც მაწყობდა, რადგან ერთმანეთში დაირეოდნენ ფულის გამო. ხო და, რომ არ დაეჭვებულიყო მე დავაბრახუნე ფეხები, ვითომ წეღანაც მე ვიყავი.
_ფეხები გამიბუჟდა და არ შეგიძლია ცოტა მაინც გამიხსნა?_მუდარით შევხედე._მტკივა ძალიან.
_მალე ტკივილს საერთოდ ვეღარ იგრძნობ ლამაზო._დამამშვიდა._ნეტა სად წაიღო იმ შტერმა ის ჰეროინი?_კარადის უჯრები ხმაურით გამოაღო სათითაოდ და იმ ავად სახსენებელ ჰეროინს დაუწყო ძებნა.
დანარჩენი კი რაც მოხდა, ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ზურგით მდგარ ლენას ნიღბიანი სპეცრაზმელი დაესხა თავს და გააკავა. მეორემ უფლებები წაუკითხა და ხელბორკილები დაადო. მესამე კი ჩემთან მოვიდა და ხელ-ფეხი შემიხსნა.
_კარგად ხართ ქალბატონო, რამე ხომ არ დაგიშავეს?
_არაფერი, მადლობა._დაბუჟებული ხელები მოვისრისე._ჯუმბერა?
_ის გამოვიდა თუ არა, ავიყვანეთ._ღიმილით მითხრა ზაზამ, რომელიც ის ის იყო შემოვიდა ოთახში.
_შენ აქ ხარ?_გამიკვირდა.
_დამირეკე თუ არა, ვერტმფრენით გამოვფრინდით. ყოჩაღ, მოხერხებული გოგო ხარ._შემაქო._შეგიძლია განყოფილებაში წამოხვიდე ჩვენების მისაცემად?
_ჯერ რომ ლუკასთან ჩავიდე და საჭმელი ჩავუტანო?_მუდარით შევხედე.
_კარგი, მასე იყოს. მომიკითხე.
_მადლობა, რომ დროულად მომაკითხეთ._ლოყაზე ვაკოცე და მაშინვე ჩემი მანქანისკენ გავიქეცი.
ჯერ ისევ აღელვებული და აფორიაქებული ვიყავი, მაგრამ ამავე დროს გახარებული.
ჯეო ჰოსპიტალში რომ მივედი, ბინდი იყო უკვე. ლაბორატორია დაკეტილი დამხვდა და ჩემი ანალიზები ვერ ავიღე. ლუკას ეძინა, თუმცა მის სანახავად შევედი თუ არა, თითქოს იგრძნო ჩემი მისვლა და თვალები გაახილა. გამიღიმა. მეც მივედი და ჩავეხუტე.
_არ გშია? საჭმელი მოგიტანე.
_ლამაზმა ექთანმა მაჭამა უკვე შენ რომ დაიგვიანე._ეშმაკურად შემომღიმა.
_დღეიდან დღე და ღამე აქ ვიქნები და ვნახავ როგორ გაჭმევს ის შენი ლამაზი ექთანი._"დავემუქრე".
ლუკას გულღიად გაეცინა და თვალი მომჭრა მისმა ამ მომაჯადოებელმა ღიმილმა. მერე ისევ ძლიერად მომხვია მკლავი, მიმიზიდა და სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ.
_შენი აქ დარჩენა საჭირო მართლა არ არის, წადი სახლში და დაისვენე. ჩემს გამო შენც ბევრი ინერვიულე. სახეზე ფერი აღარ გადევს, გამოუძინებელი და გადაღლილი ხარ. ძალები აღიდგინე და შემოინახე, რომ გამომწერენ სახლში მომხედო. აქ მართლა კარგად მივლიან. ნუღარ დააღამებ ძალიან, წადი, რომ შენზე არ ვინერვიულო.
_ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და წავალ. ჩემს ტელეფონს დაგიტოვებ, შენი ჩამოვარდნისას დამტვრეულა. რომ ავალ, რუსკას ტელეფონით დაგირეკავ. ხვალ კი მაღაზიაში გამოვივლი და ახალს გიყიდი.
_მიყიდი?... შენ რატო უნდა მიყიდო?_გააპროტესტა._ხელფასი ასაღები მაქვს.
_ხო და, რომ აიღებ მერე დამიბრუნე...
_ჩემი მკურნალობის ხარჯები?
_როგორც ვიცი, ნაწილს შენი სამსახური ფარავს დაზღვევის სახით. ნაწილს კიდე რამეს მოვახერხებთ, შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ... მთავარია შენ იყო კარგად...
_არ მინდა, რომ შენ ხარჯავდე ფულს...
_მე ჩემ ფულს კი არა, ჩვენ ფულს ვხარჯავ... შენ რომ მუშაობ და ფულს იღებ, მარტო შენია?
უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
_ხო და არც ის ფულია მარტო ჩემი, ჩვენია._ჩავეხუტე და ასე ჩახუტებული ვიყავი კარგა ხანს.
გულს მითბობდა მისი სუნთქვა და მისი ძლიერი გულისცემა. და ისიც, რომ შესაძლებელი იყო ჩემს სხეულში მისი სიცოცხლის გაგრძელება იზრდებოდა და დღითი დღე ყალიბდებოდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ ავღწერ. თაღლითებიც დაკავებულები იყვნენ და უდარდელად და ბედნიერად ცხოვრების მეტი რაღა დაგვრჩენოდა?
ჯერ ისევ საავადმყოფოში ვიყავი, რომ ჩვენები: დედაჩემი, მამაჩემი და კახი მოვიდნენ. გაეგოთ ლუკას ამბავი და სანახავად ჩამოვიდნენ. დედაჩემმა თავისი ჩვეული ქოთქოთით შეიცხადა სიძის ცუდად ყოფნა, თუმცა ლუკამ ღიმილით დაამშვიდა, რომ უკვე კარგად იყო და საშიში აღარაფერი იყო. კიდევ კარგა ხანს დავრჩით მასთან და მერე ჩვენთან წავედით. ჩემი ტელეფონი ლუკას დავუტოვე. სახლში მისულს კი რუსკა გაგიჟებული დამხვდა. ალბათ ზაზამ უთხრა რაც შემემთხვა და სანამ ვანიშნებდი ჩვენებთან არაფერი წამოგცდეს-მეთქი, მაინც მეტაკა და გადამეხვია.
_მოკლეთ, ხიფათი და შარი არ გელევა რაა... რამე რომ დაეშავებინათ იმ დამპლებს, მერე?
_რა მოხდა?_გაოცდა კახი, რომელიც ზუსტად იმ მომენტში შემოვიდა ოთახში.
_ისევ გაიტაცეს ეს ქალბატონი, მაგრამ ამჯერად იმარჯვა, ზაზასთან დარეკვა. ამათ კიდე სპეცოპერაცია მოაწყეს და ორივე თაღლითი ადგილზევე დააკავეს.
_მართლა? რატო არაფერი თქვი?_მისაყვედურა.
_ლუკასთან აღარ გითხარით არაფერი, რომ არ ენერვიულა. დედასაც ნუ ეტყვი ნურაფერს რა._მუდარით შევხედე ძმას.
_ხვალ ჩვენების მისაცემად მეც გამოგყვები. უჩემოდ არ წახვიდე იცოდე._მკაცრად გამაფრთხილა რუსკამ.
_ჩვენება ჯერ არ მიგიცია?_გაუკვირდა კახის.
_ეხლახან მოხდა და იქიდან პირდაპირ ლუკასთან წავედი...
დედაჩემი რომ შემოვიდა ოთახში, მაშინვე გავჩუმდით და სხვა თემაზე გადავიტანეთ საუბარი. რუსკა კი ციბრუტივით დაბზრიალდა და სახელდახელო სუფრის გაშლას დაიწყო. მეც გემოზე მომშიებოდა და ცალკე ლუკას კარგად ყოფნის და ცალკე თაღლითების დაჭერის სიხარულით, მხიარული ნადიმი გავმართეთ.
დილით რუსკასთან ერთად კახიც გამომყვა განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი, რაც კი გადამხდა, მერე ჩემი ჩვენება გულდასმით გადავიკითხე, ხელი მოვაწერე და საავადმყოფოსკენ გავწიეთ. რუსკა და კახი ლუკასთან რომ შევიდნენ, მე ექიმს ვნახავ-მეთქი მოვიმიზეზე, ჩამოვრჩი და ლაბორატორიაში ჩავირბინე. გულის ფანცქალით ავიღე ანალიზის პასუხები და ასევე გულის ფანცქალით გადავავლე თვალი. ორსულობაზე დადებითი პასუხი რომ იყო, კარგა ხანს გაოგნებული და გახარებული დავყურებდი. თითქოს თვალებს არ ვუჯერებდი. პაატას ამბებიდან გამომდინარე ჩემს ორსულობაზე აღარც კი ვფიქრობდი და ახლა ამ ამბავმა მართლაც რომ უზომოდ გამახარა. პაატასნაირი რეაქცია რომ არ ექნებოდა ლუკას, ამაში დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ ჯერ მაინც არ ვაპირებდი ამის თქმას. მინდოდა სახლში რომ გამოწერდნენ, მერე მეთქვა მყუდრო და რომანტიკულ გარემოში.
ერთ კვირაში უკეთესობა დაეტყო ლუკას, ჭრილობაც არ გაღიზიანებია როგორც ექიმები შიშობდნენ და გამოწერეს კიდეც საავადმყოფოდან. ოღონდ, მაინც წოლითი რეჟიმი ქონდა, რადგან სულ მცირე ერთი თვე მაინც სჭირდებოდა მის რეაბილიტაციას. ნაოპერაციებელ ხელს ამოძრავებდა უკვე, მხოლოდ ძალის დატანებას ერიდებოდა. ჩემი ორსულობის ამბავის თქმა კი მაინც ისე დაუგეგმავად მოხდა, რომ არც კი ვფიქრობდი.
იმ დღეს საავადმყოფოდან მე გამოვიყვანე. ბაკურიანის აღმართზე და მიხვეულ-მოხვეულ გზაზე ცუდად გავხდი და რამდენჯერმე მომიწია გაჩერება, რადგან მაღებინა. ლუკა შეშფოთებული სახით გადმოვიდა მანქანიდან და შუბლი დამიჭირა.
_რა გჭირს? რამემ მოგწამლა? დაჯექი ახლავე და ჩავიდეთ ექიმთან...
_საჭირო არ არის, ვიცი რაც მჭირს._პირი მოვიბანე და ღიმილით შევხედე.
გაოცებული მიყურებდა.
_რა გჭირს?_როგორც იქნა მკითხა.
_ჩემს სხეულში შენი ნაწილი იზრდება და ის არ მასვენებს._ღიმილი არ მომიშორებია სახიდან.
წამები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რაც ვუთხარი. მერე კი ხან მუცელზე მიყურა და ხან თვალებში. მერე კი მოულოდნელად გადამეხვია და გულში ჩამიხუტა.
_მართლა? მშობლები გავხდებით? რა ბედნიერებაა.
პაატას რეაქცია გამახსენდა მაშინ ჩემს ორსულობაზე და სინანულით გამეღიმა... რა შედარება იყო ლუკასა და მის შორის? ლუკა მილიონი იყო, ის კი ერთიც არა...
ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ აეწყო: ლენას ათი წელი მიუსაჯეს თაღლითობებისთვის, ჯუმბერას კი თორმეტი თაღლითობის მცდელობისთვის და ჩემი გატაცებისთვის. ვერც მაკო გაექცა სამართალს და გირაო გადაახდევინეს თაღლითების ხელის შეწყობისთვის. ლუკას მომდევნო ოპერაციამაც მშვიდობით ჩაიარა. ზაზამ ოფიციალურად ითხოვა რუსკა და მცირე წრეში დეკემბრის დასაწყისში ქორწილიც კი გადაიხადეს. მაისის დასაწყისში კი შუაღამეზე მუცელი რომ ამტკივდა, ფეთიანივით წამოხტა ლუკა და სამშობიაროში გამაქანა. მთელი გზა ლამის ხმამაღლა ვღრიალებდი საშინელი ტკივილების გამო და საცოდავი ლუკა შიშისგან გაფართოებული თვალებით მიმზერდა. ალბათ შიშობდა მანქანაში არ გამეჩინა ბავშვი.
გათენებამდე ვუძლებდი ტკივილებს და ბოლოს, ზუსტად შვიდ საათზე თეთრი, ლოყებფუმფულა ბიჭი შეგვეძინა.
_დედიკოს გავს._ეს თქვა ბებიაქალმა და ბავშვი მკერდზე დამაწვინა.
მართალია საშინელი ტკივილები გამომატარა, მაგრამ დანახვისთანავე შემიყვარდა ეს ციცქნა არსება და მაშინვე ვაპატიე ყველაფერი. მართლა მე მგავდა, ქერა, თეთრი და ღია ფერის თვალები ქონდა. ლუკა რომ შემოვიდა ჩვენს სანახავად, ჯერ მე მომინახულა. რა თქმა უნდა მომაჯადოვებლად მაკოცა ახალბედა მამიკომ და მერე თავისი ვაჟკაცი და გვარის გამგრძელებელი ნახა. ხელში რომ აიყვანა და კარგად დააკვირდა, გაეღიმე.
_ზუსტად შენი ასლია, როგორ გგავს._და ისე ფრთხილად აკოცა, რომ წვერს არ დაესუსხა._სახელი არ შევურჩიოთ?
_იყოს მამაშენის სახელი, წინააღმდეგი არ ვარ._გამეღიმა._დემეტრეს შემოკლებული ფორმა დემე დავარქვათ.
მივხვდი, რომ ეამა. დაიხარა და ისევ შემიგუბა მისმა კოცნამ გული.
სამშობიაროდან რომ გამწერეს, რუსკა და ზაზაც იქ იყვნენ. დემე რუსკამ გაიყვანა, მე კი ლუკამ ამიტაცა ხელში და ისე მიმიყვანა მანქანამდე.
_რას შვრები, სირცხვილია... თან შენი ხელი._მაგრამ ლუკას არაფრის გაგონება არ უნდოდა.
დემე ძალიან მშვიდი და ადვილი გასაზრდელი ბავშვი გამოდგა. მარტო მაძღარი ყოფილიყო და მშრალი. ისე ვზრდიდი, ვერც კი ვგრძნობდი. აგვისტოს ბოლოს კი რუსკასაც ეყოლა გოგო....
ალბათ, მე რომ მენატრა, მეც კი ვერ ვინატრებდი ასეთ მშვიდ, მშვენიერ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას. ჩემი დედამთილი მართალია მუშაობდა, მაგრამ მაინც ახერხებდა ჩემს პატივისცემას. ყოველთვის მანებივრებდა დღესასწაულებზე საჩუქრებით, რომელსაც დიდი სიყვარულით მჩუქნიდა. ლუკაც დაუბრუნდა სამსახურს. ჩემი თბილისის ბინა გავაქირავე და ყოველთვიური შემოსავალი მეც მქონდა. მართალია ფუფუნებაში არ ვცხოვრობდი, მაგრამ ყველაფერი მქონდა, რაც მჭირდებოდა. ფუფუნების საგნების დანიშნულება კი მივხვდი, რომ დიდად მნიშვნელოვანი არ იყო ბედნიერი ცხოვრებისთვის. ბედნიერი ცხოვრება ჯანმრთელი ახლობლები და მოსიყვარულე მეორე ნახევარია. და ამ მეორე ნახევარში უნდა ვთქვა რომ ძალიან, ძალიან გამიმართლა. არა და პირველად რომ დავინახე, მართლა არ მომეწონა, ახლა კი მის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია.
დემე სამი წლის გვყავდა, რომ თეაკოც მეყოლა. ეს კი ისეთი ჭირვეული და ურჩი იყო, დედაჩემი მეუბნებოდა, ღმერთი სამაგიეროს გიხდის ჩემი ტანჯვისთვისო. თურმე პატარაობისას მეც ასეთი საშინელი გასაზრდელი ვყოფილვარ. რაც დემემ მშვიდად მამყოფა, დედაილა ქაჯმა გამაგიჟა. სულ ჭუჭყუნებდა, სულ ხელში ჭერა უნდოდა, სულ შიოდა და სწყუროდა. დაძინებული არ მყავდა, რომ თვალებს ახელდა და ჩხაოდა. ხან ისეთ ჭკუაზე მაყენებდა, ლამის სადმე გადამეგდო. (ეს ისე ხუმრობით, თორემ მართლაც რომ მაგიჟებდა.)
ცოტა რომ წამოიზარდა, ისეთი თავის ნათქვამა ჯიქი იყო, თუ თავისი სურვილი არ იყო, თითს ვერ გავატოკინებდი. თუმცა მერე და მერე შეიცვალა. კიდევ კარგი, თორემ მის გამო მართლაც საგიჟეში მოვხვდებოდი. აბა, მთლად ბედნიერი რომ ვყოფილიყავი, ხომ ვერ დავაფასებდი ჩემს ამ უსაზღვრო ბედნიერებას? ????
(დასასრული)



№1 სტუმარი სტუმარი ნანიკო

ძალიან კარგად წერთ, სიამოვნებით იკითხება თქვენი ნაწარმოებები❤️❤️❤️❤️არ გაჩერდეთ, თქვენ წინ წახვალთ და უფრო დაიხვეწებით. ასეთი წინსვლა და საკუთარ თავზე მუშაობა იშვიათია. გელით უახლოეს ხანებში ახალი ისტორიით❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნანიკო
ძალიან კარგად წერთ, სიამოვნებით იკითხება თქვენი ნაწარმოებები❤️❤️❤️❤️არ გაჩერდეთ, თქვენ წინ წახვალთ და უფრო დაიხვეწებით. ასეთი წინსვლა და საკუთარ თავზე მუშაობა იშვიათია. გელით უახლოეს ხანებში ახალი ისტორიით❤️❤️❤️

დიდი მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი Ana-maria

როგორც ყოველთვის, ძალიან მომეწონა ეს ისტორია. გამიხარდა მალევე რომ გამოჩნდით. წერის თქვენეული სტილი ძალიან მომწონს. ველი ახალ ისტორიას მოუთმენლად

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

Ana-maria
როგორც ყოველთვის, ძალიან მომეწონა ეს ისტორია. გამიხარდა მალევე რომ გამოჩნდით. წერის თქვენეული სტილი ძალიან მომწონს. ველი ახალ ისტორიას მოუთმენლად

მადლობა. ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

აღფრთოვანებული ვარ ძალიან მომეწონა სადა და დახვეწილი სიუჟეტი საინტერესო განვითარებით და კიდევ უფრო საინტერესო ფინალით

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი მაკო
აღფრთოვანებული ვარ ძალიან მომეწონა სადა და დახვეწილი სიუჟეტი საინტერესო განვითარებით და კიდევ უფრო საინტერესო ფინალით

გაიხარეთ, დიდი მადლობა.
--------------------
მშვილდოსანი

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან თბილი საოცარი საინტერესო წასაკითხია ნაწარმოებია ვიმხიარულე ძალიან მომეწონა კარგი წყვილი გახდნენ ლუკა და ნაია მიხარია სიყვარულმა რომ იმარჯვა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ნესტანი
ძალიან თბილი საოცარი საინტერესო წასაკითხია ნაწარმოებია ვიმხიარულე ძალიან მომეწონა კარგი წყვილი გახდნენ ლუკა და ნაია მიხარია სიყვარულმა რომ იმარჯვა ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

გაიხარეთ, დიდი მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№9  offline წევრი ირო

ძალიან კარგი იყო,მომწონს როგორც წერ,კარგი თავგადასავალი ,მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარი გამოვიდოდა,მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის.

 


№10  offline წევრი ელიზაბეტი უ.

ძალიან საინტერესო იყო. ამ გოგონას ცხოვრება მართლაც რთულად დაიწყო, მაგრამ ,როგორც ძლიერ ადამიანს შეჰფერის, ყველაფერი მაინც გადაიტანა. რუსკა ძალიან მომეწონა, ნამდვილი მეგობარიც სწორედ ეგ ყოფილა! პაატაზე და ლენას საქციელზე კიდევ პირი დავაღე, რა უნამუსობაა, ღმერთო, რაც არ უნდა არაადამიანი იყო, ასეთი საშინელი საქციელი როგორ უნდა ჩაიდინო.თან ბავშვიც რომ მოაშორებინა...არ ვიცი, მთავარი პერსონაჟი მართლაც ძალიან მეამიტი ყოფილა და ჭკუა კარგია რომ ისწავლა. წარმატებები, მომეწონა ისტორია ძალიან.

 


№11  offline წევრი ელეო ნორა

ირო
ძალიან კარგი იყო,მომწონს როგორც წერ,კარგი თავგადასავალი ,მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარი გამოვიდოდა,მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის.

მადლობა თქვენ შეფასებისთვის.

ელიზაბეტი უ.
ძალიან საინტერესო იყო. ამ გოგონას ცხოვრება მართლაც რთულად დაიწყო, მაგრამ ,როგორც ძლიერ ადამიანს შეჰფერის, ყველაფერი მაინც გადაიტანა. რუსკა ძალიან მომეწონა, ნამდვილი მეგობარიც სწორედ ეგ ყოფილა! პაატაზე და ლენას საქციელზე კიდევ პირი დავაღე, რა უნამუსობაა, ღმერთო, რაც არ უნდა არაადამიანი იყო, ასეთი საშინელი საქციელი როგორ უნდა ჩაიდინო.თან ბავშვიც რომ მოაშორებინა...არ ვიცი, მთავარი პერსონაჟი მართლაც ძალიან მეამიტი ყოფილა და ჭკუა კარგია რომ ისწავლა. წარმატებები, მომეწონა ისტორია ძალიან.

გაიხარეთ, დიდი მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№12 სტუმარი ლილი

მადლობა ასეთი შესანიშნავი ნაწარმოებისვის????

 


№13  offline წევრი ელეო ნორა

ლილი
მადლობა ასეთი შესანიშნავი ნაწარმოებისვის????

მადლობა თქვენ შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№14 სტუმარი ლელა ხინიკაძე

კარგი იყო????????

 


№15  offline წევრი ელეო ნორა

ლელა ხინიკაძე
კარგი იყო????????

მადლობა
--------------------
მშვილდოსანი

 


№16  offline წევრი katerinaeka

მე ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ,,ისტორიებს". blush

 


№17  offline წევრი ელეო ნორა

katerinaeka
მე ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი, ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ,,ისტორიებს". blush

❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№18 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი იყო,ბრავო????

 


№19  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ანა
ძალიან კარგი იყო,ბრავო????

დიდი მადლობა, გაიხარეთ
--------------------
მშვილდოსანი

 


№20 სტუმარი სტუმარი რუსკა

მომეწონა ძალიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent