ცხოვრება მაინც მშვენიერია
მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა. არც დილით იყო უკეთესი ამინდი. ამის გამო საწოლიდან ადგომა მეზარებოდა და ძილის შებრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მაღვიძარამ, რომელიც ყოველ ხუთ წუთში მახსენებდა თავს, ამის საშუალება არ მომცა. არ მეთმობოდა თბილი საწოლი, მითუმეტეს რომ გათბობაც არ გვქონდა ჩართული. კომუნალურების გადახდას ვეღარ ავუდიოდით მე და ბებია და იძულებულები გავხდით დაგვეზოგა ელექტრო ენერგიაც და ბუნებრივი აირიც. ბებიას პენსია მის წამლებში და საჭმელში ძლივს გვყოფნიდა. მას სანამ შეეძლო ბაზარში იდგა და ვაჭრობდა სურსათით. ასე თუ ისე რაღაც კაპიკებს შოულობდა და გაგვქონდა თავი. ახლა კი, რომ აცივდა და ვირუსებისა და გრიპების სეზონი დაიწყო, თითქმის ძალით დავანებებინე თავი. მეც ხან სად შევძვერი სამუშაოდ და ხან სად, მაგრამ ვერსად ვერ დავიდე ბინა ჩემი ფიცხი ხასიათის გამო. ხან უფროსი არ მომწონდა, ხან წაყენებული პირობები. გადატვირთულ გრაფიკს როგორმე კიდევ ავიტანდი, ამრეზით და აგდებულად მოპყრობას კი ნამდვილად ვერა. თანამშრომლებთან კამათისას კი, რომლებიც სხვებს ჩაგრავდნენ და უსამართლოდ ექცეოდნენ, ყოველთვის მე ვჩანდი და მაშინვე მითხოვდნენ სამსახურიდანაც. ...სამედიცინო ინსტიტუტი სრულად ვერ დავამთავრე, რადგან ჩემი მშობლები უბედური შემთხვევის წყალობით დაიღუპნენ ავტოავარიაში და მართლაც ძალიან გაგვიჭირდა მე და ბებიას. თავიდან კი გვაქცევდა დედაჩემის ძმა ყურადღებას და ფინანსურადაც კარგად გვეხმარებოდა, მაგრამ მერე, ორმოცი წკის ასაკში რომ დაინიშნა, ისეთი ცოლი მოიყვანა, არ სიამოვნებდა მისი ქმარი დიშვილს რომ ინახავდა და მანაც ნელ-ნელა მოგვაკლო ყურადღება. მერე კი საერთოდ დაგვივიწყა. ათაში ერთხელ ტელეფონით თუ დამირეკავდა და ორი წუთის განმავლობაში ახერხებდა ჩემს მოკითხვას და იმის თქმას, რომ თვითონაც გაუჭირდათ და ვეღარ გვეხმარებოდნენ.... ...პარასკევს გასაუბრება გავიარე და დღეს უკვე ჯეო ჰოსპიტალში ტრავმატოლოგიის განყოფილებაში სანიტრად ვიწყებდი მუშაობას. სამ დღეში ერთხელ ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მიწევდა მუშაობა. ვერ ვიტყვი, რომ ღამის ტეხვა მსიამოვნებდა ძალიან, მაგრამ უმუშევრად ყოფნას კი ჯობდა. დარწმუნებული ვიყავი, აქედანაც ერთ თვეში გამომაპანღურებდნენ როგორც სხვა სამსახურების შემთხვევაში და ამიტომ უფრო მეზარებოდა ამ წვიმაში წასვლა. მაგრამ რომ წარმოვიდგინე როგორ ამომხდებოდა შიმშილით სული, უკმაყოფილო სახით წამოვიზლაზნე საწოლიდან. გათბობა ჩავრთე, ჩაი მოვიდუღე და ორცხობილებთან ერთად გემრიელად მივირთვი. მერე, თავი მოვიწესრიგე შეძლებისდაგვარად, ბებიას შუბლზე კოცნით დავემშვიდობე და კიბეზე ფეხით დავეშვი. სანამ სადარბაზოდან გავიდოდი, ჯიბეში საწყალი ხუთლარიანი შევიმოწმე, სახლში ხომ არ მრჩება-მეთქი. გული რომ დავიმშვიდე, ქურთუკის კაპიუშონი წამოვიფარე და სირბილით გავედი წვიმაში. დაახლოებით სამასი მეტრი ვირბინე ფეხით, სანამ მეტრომდე მივაღწევდი. გვარიანად სველი ვიყავი მატარებელში რომ შევედი და კუთხეში მივიყუჟე. ის იყო, კარები უნდა დაკეტილიყო, რომ დაძონძილი და თმააბურძგნილი გოგონა შემოვიდა. ნაჭრის ჩუსტები ეცვა, საიდანაც თითები მოუჩანდა და სულ მთლად სველი ქონდა ფეხები. გული მომეწურა. მეც კი მიჭირდა ფინანსურად და თვიდან-თვემდე ძლივს გაგვქონდა თავი, მაგრამ თურმე ჩემზე გაჭირვებულებიც ყოფილან და თანაც ძალიან. ჯიბეები მოვიქექე, წეღან მეტრომანში რომ ჩავირიცხე და ხურდა დამიბრუნეს, ორლარიანი ამოვიღე და გაყინულ მუჭში ჩავუდე. ისეთი მადლიერი და ცრემლიანი თვალებით შემომხედა, უარესად მომეწურა გული. _მადლობა დეიდა, უფალმა დაგლოცოთ._ხმის კანკალით მითხრა და გზა განაგრძო. დავინახე, ჩემი შემხედვარე ახალგაზრდა ბიჭმა ქაღალდის ფული რომ ჩაუდო გაწვდილ მუჭში და გამიხარდა. მართალია, ყველას თავისი თავი გასჭირვებია დღესდღეობით, მაგრამ მაინც რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც მშიერ და უსახლკარო ბავშვებს მცირეოდენით მაინც ეხმარებიან, ესეც კარგია. ერთმა ფაშფაშა ქალმა კი აგდებით მოიშორა. _შენზე ძალიან მე მიჭირს და აბა შენ დამეხმარე._ხელიც გაუწოდა მათხოვარივით. გოგონამ ბოდიში მოუხადა და მატარებელი გაჩერდა თუ არა, მეორე ვაგონში გადავიდა. დავინახე, როგორ გაუმართა ორმა ახალგაზრდა ბიჭმა და ერთმაც ხნიერმა ქალმა ხელი. მთლად წამხდრები არ ვყოფილვართ ქართველები, მაინც არაუშავს. სხვისი გაჭირვება რომ გვესმის და გულთან მიგვაქვს, ეს ჩვენს გულკეთილობაზე მეტყველებს. ვაჟა-ფშაველაზე რომ ამოვედი, აქაც ფეხით მომიწია კარგა მანძილის გარბენა. ჰოსპიტალის წინ პარკინგზე ირიბად გადავჭერი, რათა გზა შემემოკლებინა, რადგან დავგვიანდი უკვე და საყვედური არ ამცდებოდა პირველ სამუშაო დღესვე. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც მე მივრბოდი, მანქანას შევეჯახე, რომელმაც გაბმული სიგნალი მომცა. კაპიუშონი თვალებიდან გადავიწიე და გაბრაზებულმა შევხედე თეთრი ფერის ჯიპს, საიდანაც სანახევროდ მინა ჩაწეული ფანჯრიდან საკმაოდ სიმპატიური ბიჭი ასევე გაბრაზებით მომჩერებოდა. _იდიოტო!_ერთი ეს მივაძახე და გზა ისევ სირბილით განვაგრძე. პანდუსზე ქაქანით ავირბინე, მინის კარს რომ მივუახლოვდი, თავისით გაიღო და მიმღებშიც აღმოვჩნდი, სადაც პაციენტთა სიმრავლე შეინიშნებოდა. გამიხარდა იმ გაგებით, რომ ამდენ ხალხში და ორომტრიალში ჩემი დაგვიანება შეუმჩნეველი დარჩებოდათ. ქურდულად შევიპარე დერეფანში და ის იყო ჩემი ექიმის კაბინეტისკენ უნდა მომექუსლა, რომ მზიას გამყინავმა ხმამ ერთ ადგილზე გამაშეშა. _ინება ქალბატონმა მობრძანება?_ზურგიდან მომიარა და წინ ამესვეტა მკაცრი გამომეტყველებით._სამუშაოს პირველ დღესვე დაგვიანება შენი ჩვევაა? _ბოდიშით ქალბატონო, გზაში გაუთვალისწინებელი რამ შემემთხვა და მიტომ შემაგვიანდა._თავის მართლებას შევეცადე. _იცოდე, სხვა დროს აღარ გაპატიებ. ბედი შენი, რომ თედო ექიმი ჯერ არ მოსულა. წინა სანიტარი უპასუხისმგებლობის გამო გაანთავისუფლა სამსახურიდან. ახლავე ჩაიცვი შენი უნიფორმა და შეუდექი საქმეს. მეორედ თქმა არ დამჭირვებია, ჩემს ხასხასა მწვანე უნიფორმაში გამოვეწყე, ცოცხითა და აქანდაზით შევიარაღდი და თედო ექიმის კაბინეტის დალაგება-დასუფთავებას შევუდექი ღიღინით. მერე სველი ტილოც გამოვიტანე საპირფარეშოდან და მოვაწკრიალე იქაურობა. მაგიდაზე უწესრიგოდ მიყრილი ავადმყოფების ისტორიებიც მწყობრისად დავალაგე და მტვერიც გადავწმინდე. ჩვენი ბატონი თედო ექიმი ისევ არ ჩანდა. სანიტარს თურმე არ ეპატიება დაგვიანება და ექიმმა რომ დააგვიანოს, დიდი ამბავი. დერეფანში რომ გამოვედი, შეწუხებული პაციენტების რიგი დამხვდა. _ტრავმატოლოგი მალე მოვა?.. _თედო ექიმი ძალიან დაიგვიანებს?.. _ბატონი თედო ჯერაც არ მოსულა? _ხომ ვერ მეტყვით რატო იგვიანებს._აქეთ-იქიდან დამაყარეს კითხვები. როგორია, მე თვითონაც არ ვიცოდი რატო იგვიანებდა ის კაცი, ან როდის მოვიდოდა და შეწუხებული პაციენტები როგორ დამემშვიდებინა? _დაელოდეთ, მალე მოვა._მხოლოდ ეს ვუთხარი და ისევ კაბინეტში დავბრუნდი. რამოდენიმე უკმაყოფილო პაციენტმა კარიც კი შემომიღო და ისე იკითხა ექიმი. უკვე ყელშიც კი ამომივიდა მათი უკმაყოფილო ტონი და ვინც კი შემრჩებოდა ხელთ, ვუღრიალებდი ალბათ, რომ მეც არ ვიცოდი სად ჯანდაბაში იყო ბატონი თედო ექიმი და მათთვის რა მეთქვა? ფანჯარასთან დავდექი და გვიანი შემოდგომის თქეშს დავუწყე ყურება. რომელიც ცალკე მოქმედებდა ჩემს ნერვებზე. ის იყო კიდევ შემოაღეს კარი, რომ გაგულისებული შევტრიალდი. _არ ვიცი სად ბრძანდება თქვენი თედო ექიმი!._სხაპასხუპით მივაყარე. გვიან ვიცანი ის ახალგაზრდა სიმპატიური ბიჭი, წეღან პარკინგზე მის მანქანას რომ შევასკდი და გაბმით მომისიგნალა. მე კი იდიოტი ვუწოდე. იდგა ეს იდიოტი ბიჭი ღია კარში და გაოცებული მომჩერებოდა. ალბათ, არ იცოდა, თედო ექიმის სანიტარი რომ ვიყავი და უკვირდა. _ვერ გაიგე რა გითხარი?_გაგულისებულმა ვკითხე. პასუხის დაბრუნება ვერ მოასწრო, რადგან დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა. მზიას ხმა ვიცანი მე რომ მეძახდა და ამ ბიჭს ისეთი შევასკდი, კარში რომ იყო ატუზული, ლამის გადავაქციე. _არც მომერიდო ერთი, უზრდელო._დილანდელი ჯავრი ვიყარე და დერეფანში ფეთიანივით გავვარდი. _ნუკი, ჩქარა, საკაცე გამოაგორე, კიბეზე ხნიერი ქალი წაიქცა, მგონი ფეხი აქვს მოტეხილი. მაშინვე გავიქეცი უკანმოუხედავად და საკაცე გარეთ გავაგორე. უცნობი ახალგაზრდა იდიოტიც უკან მომყვა თურმე და მე რომ წაქცეულ ქალთან შევჩერდი, მან მის წინ ჩაიმუხლა. _რა გჭირთ ქალბატონო? აბა სად გტკივათ?_ისე მზრუნველად კითხა, მისი ახლობელი მეგონა. _მოდი, მომეხმარე საკაცეზე დავაწვინოთ, მაგას ექიმი მიხედავს._გაცეცხლებულმა დავყვირე._მომინდომა ექიმობანა... ტოჟე მნე ჰაუსი... ბიჭმა ერთი კი ამომხედა, მაგრამ უხმოდ წამოდგა. ჩია მოხუცი მსუბუქად წამოაყენა და საკაცეზე ფრთხილად დააწვინა. _რენტგენის კაბინეტში წაიყვანე._ისე მიბრძანა, მეწყინა. _კიდევ კარგი მითხარი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა._გაბრაზებულმა მივაძახე და შენობაში შევაგორე აკვნესებული ქალი. მართალია რენტგენის კაბინეტის წინ დიდი რიგი იყო, მაგრამ ნუნუ ბებია, როგორც შემდგომში გავიგე მისი სახელი, ურიგოდ შევიყვანე. მენჯ-ბარძაყის ძვალი ქონდა გატეხილი და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. _საოპერაციოში აიყვანე. თედოც მალე ამოვა და ოპერაციას გაუკეთებს._მითხრა რადიოლოგმა, რომლის ბეიჯზეც თამუნა ამოვიკითხე. უსიტყვოდ დავუქნიე თავი, საკაცე დერეფნის ბოლოს სატვირთო ლიფტში შევაგორე და მეოთხე სართულზე ავედი. საოპერაციო ღია დამხვდა, ეტყობოდა რომ მელოდებოდნენ და პირდაპირ შევაგორე. ყურადღება არ მიმიქცევია იქ მყოფი ექიმებისთვის, საოპერაციო მაგიდაზე მე და სამმა სხვა სანიტარმა გადავაწვინეთ პაციენტი და ტანსაცმლის გახდა დავუწყე. ისე გულსაკლავად კვნესოდა , თითქოს მეც კი ვგრძნობდი მის ტკივილს. ტანსაცმელი ფრთხილად გავხადე და ანესთეზიოლოგმა რომ დააძინა, შვებით ამოვისუნთქე. მხოლოდ მერე შევათვალიერე ექიმები და ერთ-ერთ ექიმში ჩემს მიერ იდიოტად და ჰაუსად მონათლული ბიჭი რომ დავინახე, შევკრთი. ერთი კი შემომხედა უკმაყოფილო მზერით, მერე პირბადე მოირგო და საქმეს შეუდგა. ოპერაციაზე მეც დავრჩი. მექანიკურად ვასრულებდი ჰაუსის მითითებებს, რომელიც თედო ექიმი აღმოჩნდა. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება, ანუ ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით შეცვლა მოხდა. ანესთეზიოლოგმა ჩვენი ნუნუ ბებია რომ გამოაღვიძა, მთვრალი კაცივით იყო. ექთნები ათას სისულელეს ეკითხებოდნენ და ისიც გულახდილად პასუხობდათ ყველაფერზე. გოგოები კი სიცილით ბჟირდებოდნენ. არ მომეწონა მათი ასეთი მიდგომა და გაბრაზებულმა მალევე გავიყვანე საოპერაციოდან რეანიმაციის განყოფილებაში. _რა ჰაიჰარად გააქციე გულახდილი ბებია, ცოტა კიდევ გავერთობოდით._მისაყვედურა ბიჭურად თმაშეჭრილმა ექთანმა ქეთიმ. _მაგაზე მეტი გასართობი ვერაფერი ნახეთ?_შევუბღვირე. გაოცებულმა შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე. _რა ძალიან უჟმური ვინმე ყოფილხარ._წყენით მითხრა, მაგრამ მე მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. მართლაც და რა საჭირო იყო მოხუცი ქალის ახალგაზრდობის ინტიმური დეტალების გამოკითხვა? ნუნუ ბებიას შვილიშვილი რომ მოვიდა ავადმყოფის სანახავად, მივასწავლე სადაც იწვა და მე კი თედო ექიმის კაბინეტში ჩავედი, რომელიც თავის მაგიდასთან იჯდა და რაღაც ქაღალდებში იქექებოდა. შესვლისას ერთი კი ამომხედა თავისი მუქი მწვანე თვალებით, მაგრამ ისევ მალევე დაუბრუნდა ქაღალდებს. _შენს რეზიუმეს ვეცნობოდი და მინდა გითხრა, რომ სახარბიელო ვერაფერი წავიკითხე._რაღაცნაირად იმედგაცრუებულმა მითხრა._წინა სამსახურებიდან რატო დაგითხოვეს? _თვითონ წამოვედი, არ დავუთხოვივარ._ისე ამაყად ვთქვი, თითქოს რამე გმირობა ჩამედინოს და ქვეყნის გმირი ვყოფილიყავი. მაშინვე მომანათა თავისი თვალები. თან, ყურშა ძაღლივით გაოცებულმა გვერდით გადახარა თავი. _თვითონ რატო წამოხვედი? _ოჯახური მდგომარეობის გამო... უარესად გაოცდა. თუმცა პასუხი რომ აღარ დავუბრუნე, აღარაფერი უკითხია. ერთხანს ისევ გაოცებით მიყურა. მერე კი მოულოდნელად ჯიბეში ჩაიყო ხელი. _წადი, ყავის აპარატიდან უშაქრო ყავა ჩამომისხი სანამ პაციენტების შემოსევა დამეწყება._მაგიდაზე რკინის ფულები ხმაურით დამილაგა._შენთვისაც ჩამოისხი. დაიწყო უკვე ჩემი შიკრიკობანა და მიტან-მოტანის სერვისი._სინანულით გამკრა გულში. უხმოდ წამოვკრიფე მაგიდიდან ფული და კარში გავდიოდი უკვე, რომ მისი ხავერდოვანი ხმა ისევ მომწვდა. _სწავლის გაგრძელებაც ოჯახური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძელი? შევკრთი. ეს თემა ყოველთვის ტაბუდადებული იყო ჩემთვის და არასდროს არავისთან არ ვლაპარაკობდი. აშკარად დამეტყო სახეზე, რომ მტკივნეულ თემას შეეხო და ახლა კი მართლაც სინანული და თანაგრძნობა ამოვიკითხე მის სიმპატიურ სახეზე. მიხვდა, რომ პასუხის დაბრუნებას არ ვაპირებდი და ისევ ქაღალდებში ჩარგო თავი. ფეთიანივით გავვარდი კაბინეტიდან და უმიზნოდ გავიარე პაციენტებით გადაჭედილი დერეფანი. დედას და მამას ის ავბედითი დღე რომ არ გასთენებოდათ, მე და ბებიას მართლაც არაფერი გაგვიჭირდებოდა. ის საშინელი სურათი დამიდგა თვალწინ, დასახიჩრებულები რომ ამოვიცანი პროზექტურაში. სიმწრის ცრემლი მომერია და რომ არ ავღრიალებულიყავი, ძლიერად მოვხუჭე თვალები. თუმცა მაინც ვერ შევძელი ერთი კურცხალის შეკავება. არ მინდოდა ვინმეს დავენახე და გარეთ გავედი. ისევ წვიმდა. უაზროდ გავხედე შავად მოქუფრულ ცას. გამოდარებას არ აპირებდა. იქნებ ამ წვიმებს თოვლიც კი მოეტანა და რა გვეშველებოდა ამ ცივ ზამთარში მე და ბებიას გათბობის გარეშე? რა მუხთალია ეს ცხოვრება. ზუსტად იქ არის ჩასაფრებული ხიფათი, სადაც არასდროს ელი. მთელი ცხოვრება იმ გზაზე დადიოდნენ ჩემი მშობლები და ზუსტად მაშინ ჩამოვარდა ის უშველებელი ბანერი, რომელმაც სამი მანქანის შეჯახება გამოიწვია და მარტო ჩემი მშობლები დაიღუპნენ... იმდენ ხანს ვიდექი გარეთ, სულ დამავიწყდა რისთვის გამომგზავნა თედო ექიმმა. ხელში ხურდა რომ შევათამაშე, მაშინ გამახსენდა. ისიც ვიგრძენი, რომ თვალები ცრემლით მქონდა სავსე. სასწრაფოდ შევიმშრალე და ელდანაკრავივით შევედი მოსაცდელში. ორი ჭიქა უშაქრო ყავა ჩამოვასხი და უკვე სირბილით გავიარე დერეფანი. კაბინეტში შესულს კი წყრომით ამომხედა ჩემმა უფროსმა. _ყავის აპარატს ვერ მიაგენი აშკარად, ან უკან დასაბრუნებელი გზა აგებნა არა?_ეს კი მკითხა, მაგრამ სახეზე რომ შემხედა, მალევე გაჩუმდა. ალბათ, ნამტირალევი თვალები შემნიშნა. უხმოდ ჩამომართვა ჭიქა და ცხელივე მოხვრიპა ჩუმი ხმაურით. მეც იქვე ჩამოვჯექი ქეთის მაგიდასთან და მეც ცხელივე დავლიე სურნელოვანი სითხე. ის იყო ყავის სმას მოვრჩით და ქაღალდის ჭიქები ურნაში ჩავყარე, რომ შუახანს მიტანებული კაცი შემოვიდა სისხლიანი ბინტით მუჭშეხვეული. _ქეთის დავუძახო?_ინტერესით შევხედე თედო ექიმს. (ქეთი მისი ექთანი იყი). _არ არის საჭირო, მე თვითონ მივხედავ._კაცი საპროცედუროში გაიყვანა პატარა თაღიანი კარით და პაციენტებისთვის განკუთვნილ ტახტზე ჩამოსვა._სამედიცინო ხელსაწყოების მაგიდა მომიგორე._ისე მითხრა, ჩემთვის არც კი შემოუხედია. უცბადვე მივუგორე ინსტრუმენტების ჩხრიალით პატარა მაგიდა და წინ შევუჩერე. მერე მანიშნა, რომ ბინტი შეხსენიო. _აბა, ძია კაცო, ეს რა დაგმართნიათ?_ გულთბილი ღიმილით მიუბრუნდა პაციენტს. ერთჯერადი ხელთათმანები მოვირგე და სისხლით დასვრილი ბინტის შეხსნას შევუდექი. სუსტი გული არასდროს მქონია, მაგრამ ისე ქონდა ამ კაცს ცერა თითი და მისი მიმდებარე ტერიტორია დასერილი, ძვლები უჩანდა. _დურგალი ვარ და დაზგაზე გავიჭერი..._საცოდავი ხმით თქვა კაცმა. თედო ექიმმა გულდასმით შეუმოწმა ჭრილობა და თითქოს სინანულით გადააგდო თავი. _გავიჭერი მსუბუქი ნათქვამია, ლამის მოგიჭრიათ... კარგი ის არის, რომ ძვლები დაზიანებული არ არის და მის აღდგენა-გაკერვას შევძლებთ. ცოტა დეფორმაციას შეიცვლის თქვენი თითი. _არაუშავს კაცო, სილამაზის კონკურსში კი არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, მთავარია თითი შემრჩეს და მუშაობა შევძლო._გაღიმება სცადა პაციენტმა. _ისევ დაზგასთან?_თედო ექიმსაც გაეღიმა და შევნიშნე, რომ არაჩვეულებრივი ღიმილი ქონდა. მოჯადოებულივით რომ შევყურებდი, ალბათ იგრძნო ჩემი დაჟინებული მზერა და ეშმაკური ღიმილით გამომხედა. წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და უმალ ვიგრძენი პულსის აჩქარება. მერე კი თავისი საქმის დიდი სიყვარულით გაუკეთა კაცს ადგილობრივი ანესთეზია. სანამ ანესთეტიკი იმოქმედებდა და ტკივილს დაბლოკავდა, ჭრილობა გულდასმით გაუსუფთავა და რამოდენიმე წუთში ნაკერების დადებასაც შეუდგა. დიდი მონდომებით და სიფრთხილით ეპყობოდა პაციენტის დასახიჩრებულ თითს. სიზუსტით ადებდა ნაკერებს. თან, რაც ყველაზე მთავარი იყო, გულთბილად ეპყრობოდა და ღიმილით ესაუბრებოდა. აი, ეს არის ნამდვილი ექიმი, მისი სიტყვაც რომ კურნავს ადამიანს. დიდი პატივისცემით და სიმპატიით აღვივსე მის მიმართ. ალბათ, ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა. მერე, თავის მაგიდასთან დაბრუნდა და რეცეპტის გამოწერას შეუდგა. მე კი სისხლით და იოდით დასვრილი ბინტები, ტამპონები და გამოყენებული შპრიცები წამოვკრიფე, ერთ პარკში მოვათავსე და ურნაში გავიტანე. ინსტრუმენტები კი იქვე ონკანთან გადავრეცხე და სტერილიზაციის აპარატში შევაწყე. კმაყოფილი მზერა მომაპყრო. ალბათ შექებასაც დავიმსახურებდი, მაგრამ კაცი რომ გავიდა მას მაშინვე შემოჰყვა ახალგაზრდა ქალი ათიოდე წლის ბიჭით. ბიჭს კისერზე ბინტით ქონდა მარჯვენა ხელი ჩამოკიდული. _ისევ თქვენ_გაუკვირდა თედო ექიმს და ბიჭს ღიმილით შეხედა._ამჯერად რა დაგვემართა? _ჩემი არაფერი ბრალია, დიმომ დამიდო ფეხი და კიბეზე დამაგორა. თედო ექიმმა მკლავი ჩამოუხსნა და ფრთხილად შეუმოწმა თითებით სათითაო ძვალი თუ კუნთი. _ოო, ამჯერად მოტეხილობასთან გვაქვს საქმე... რენტგენის კაბინეტში გაიყვანე და თამუნას უთხარი ურიგოდ შეუშვას,_მე მომიბრუნდა._ ცოდოა ბავშვი რიგში ჩასადგომად. მერე მოდი და თაბაშირს დაგადებ._ისევ ბიჭს მიხედა და ქოჩორიც მოუჩეჩა. დედას და ბიჭს მაშინვე რენტგენის კაბინეტში გავუძეხი. როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი იყო და როგორც თედო ექიმმა მითხრა, ურიგოდ შევიყვანე. მომლოდინე პაციენტთა უკმაყოფილო ბუზღუნი რომ შემომესმა, ჩემებური სიმკაცრე გავუშვი. _გადაუდებელი შემთხვევაა, თან ბავშვია, ტკივილი აწუხებს, რიგში რომ ჩავაყენო თქვენ უნდა უთმობდეთ._რომ იტყვიან ნამუსზე ავაგდე იქ მომლოდინეები და ისე შევიყვანე ბიჭი რენტგენზე. _ჩვენი ძველი ნაცნობი მოსულა._გულთბილად შეღიმა თამუნამაც. _ხოო, ამჯერად მოტეხილობააო._გაეღიმა ონავარ ბიჭს. _ეს რა ძალიან ხიფათიანი და ფათერაკიანი ბიჭი ყოფილხარ._გულთბილად გადაუსვა თავზე ხელი. _რა ჩემი ბრალია, დიმომ წამაქცია._თითქოს თავის მართლებას შეეცადა. თამუნამ სპეციალურ დაფაზე დაადებინა ხელი, დაუფიქსირა და რენტგენის სურათებიც გადაუღო. სანამ სურათებს გამოგვიტანდა, ცოტა ხანს ლოდინი მოგვიწია. _ძვლები ერთმანეთს დაცდენილი არ არის, კარგია. ყოჩაღი ბიჭი ხარ და მალე გამოჯანმრთელდები. ისევ თედო ექიმთან დავბრუნდით, რომელსაც პაციენტი ეჯდა წინ და დანიშნულებას უწერდა. საპროცედუროდან ხმაური შემომესმა და ინსტიქტურად შევიხედე. ქეთი იყო. მე რომ დამინახა, თვითონ თავი ანება და მოასუფთავეო მე მანიშნა. პაციენტისთვის სოკოვანი ფრჩხილი წაეძროთ. უცბად წამოვკრიფე ნაგავი და ურნაში ვუძახე. გამოყენებული ინსტრუმენტები კი ისევ დავრეცხე და სტერილიზაციისთვის მოვამზადე. საპროცედურო რომ მივალაგე, ახლა ბიჭი შემოიყვანეს და თაბაშირის დადება დაიწყეს. დანარჩენი ყველაფერი ქეთიმ მოამზადა და მხოლოდ თაბაშირი დაადო თედო ექიმმა. კიდევ მოვასუფთავე საპროცედურო და ქეთის ბრძანებაც შემომესმა. _უშაქრო ყავა გამიკეთე და მომიტანე, თორემ ამაღამ ყინწი მომწყდება ალბათ. დღეს რომ მუშაობა გვაქვს, ნუღარ იტყვი... სად დაქუჩდა ნეტა ამდენი ავადმყოფი ერთად? მართალია, მე ეგ მევალა, ექიმისა და ექთნის შიკრიკობაც შედიოდა ჩემს მოვალეობაში, მაგრამ ისეთი ტონით მითხრა ქეთიმ და ისეთი თვალებით გადმომხედა, გულზე მომხვდა. ალბათ უარსაც ვეტყოდი, მაგრამ თედო ექიმმა განმუხტა სიტუაცია. ჯიბეები მოიქექა და ფული გამომიწოდა. _მართლაც რომ დაგვჭირდება ამაღამ ფხიზლად ყოფნა. მე გეპატიჟებით ორივეს. ჩემთვისაც წამოიღე უშაქრო ყავა და ტკბილეულიც გამოაყოლე რამე. _ვაიმე თედო, ეს რა კარგი ბიჭი ხარ._ამაზრზენად გაიტყლარჭა ქეთი._შენი გულუხვობა და პატივისცემა ნეტა როდის უნდა გადაგიხადო? უსიტყვოდ გამოვართვი თედო ექიმს ფული და ცოტა გაბრაზებული გავედი კაბინეტიდან. _ვაიმე თედო, ეს რა კარგი ბიჭი ხარ._ქეთის ინტონაციით გავიმეორე და მასავით გავიტყლარჭე. შემთხვევით კედელს ზურგით აყუდებულ ბიჭს შევხედე, რომელიც მე მიმზერდა და აშკარად ჩემს მიმიკებზე იცინოდა. შემრცხვა. თავჩაღუნულმა განვაგრძე გზა. დაწესებულების ბუფეტში შევედი. ნუშის ორცხობილები ვიყიდე. იქიდან აპარატთან მივედი და სამი უშაქრო ყავა ჩამოვასხი. სამივე ჭიქას მოხერხებულად მოვხვიე თითები და ასე ციმ-ციმ გავარბენინე. კაბინეტში რომ შევედი, ისევ ყავდათ პაციენტი. მას რა პრობლემა ქონდა ნამდვილად არ ვიცი, რადგან მალევე გაუშვეს. _ოჰო, ეს რა გემრიელობები მოგიტანია?!_ნუშის ორცხობილებს რომ მოჰკრა თედო ექიმმა თვალი, მომიწონა. _სამარხვო არაფერი იყო?_უკმაყოფილოდ აიბზუა ქეთიმ ტუჩი. _არ ვიცოდი თუ მარხვაზე იყავი._ვითომ დიდად მეწყინა, მაგრამ სინამდვილეში გამიხარდა. კმაყოფილმა შევათვალიერე მისი უკმაყოფილო სახე. ყავაც გემრიელად დავლიე და ორცხობილებიც კმაყოფილმა მივირთვი თედო ექიმთან ერთად. გამოდის, ერთი გემოვნება გვქონია, მეც ძალიან მიყვარდა ეს ნამცხვარი... შუა დღის შესვენებაზე ისევ ბევრი პაციენტი ყავდა თედო ექიმს. ამიტომ ფული მომცა და ბუფეტში გამაგზავნა, ფენოვანი ხაჭაპური და ერთი ბოთლი კოკა კოლა მიყიდე და შენთვისაც გამოაყოლე რამეო. შემრცხვა, მის ხარჯზე ხომ არ ვიქნებოდი დღეს მთელი დღე და ვიუარე. _უარს არ მივიღებ იცოდე._ისეთი მკაცრი ტონით მითხრა, შევკრთი. _მადლობა, მართლა არაფერი მინდა._ვიცრუე, თუმცა შიმშილით კუჭი მეწვოდა უკვე._მიმღებში გოგოებთან შევჭამ რამეს. _არ არის პრობლემა, სადაც გინდა იქ ჭამე, ოღონდ მე გეპატიჟები._გამიღიმა და თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა._ამდენს რომ დაგარბენინებ აქეთ-იქით, მინდა რომ დანაშაული გამოვისყიდო. _ეს ჩემს მოვალეობაში შედის._"დავამშვიდე". _მაინც მე გპატიჟებ. _დიდი მადლობა._მეც გამეღიმა. შევატყე როგორ დაჟინებით მომაჩერდა. ყველა იმას მეუბნებოდა, რომ საყვარელი ღიმილი მქონდა და ალბათ მასაც მოვეწონე, ან ჩემი ღიმილი მოეწონა. ღიმილითვე გამოვედი მისი კაბინეტიდან და ბუფეტში გავიქეცი. როგორც დამაბარა, ფენოვანი ხაჭაპური და ერთი ბოთლი კოკა კოლა ვიყიდე. ჩემთვის მხოლოდ კარტოფილიანი ღვეზელები, რომ ძვირში არ გადამეგდო. მიმღებში, რეგისტრატურის გოგოებთან დავტოვე ჩემი წასახემსებელი და თედო ექიმს თავისი შეკვეთა მივუტანე. ხურდა რომ დავუბრუნე, გაუკვირდა. _შენთვის არაფერი იყიდე? _როგორ არა, რეგისტრატურის გოგოებთან შევჭამ თუ არ გეწყინებათ. _კარგი, არ მეწყინება. _გემრიელად მიირთვით._ღიმილით ვუთხარი და მიმღებისკენ გავეშურე. გვანცას, ერთ ერთ რეგისტრატორს გაეშალა უკვე "სუფრა" და მე მელოდებოდნენ. _შენი პირველი სამუშაო დღე სასმლით არ ავღნიშნოთ?_ეშმაკურად შემომღიმა ნათიამ. _რას ლაპარაკობ?_გამიკვირდა._სამსახურში დალევა როგორ შეიძლება? _ერთი ჭიქა არაფერს გვიზამს. წადი, ყავის აპარატიდან ჭიქები წამოიღე, ვითომ ყავას ვსვამთ. ყავის ლიქიორი მაქვს._ნახევარ ლიტრიანი ბოთლი დამანახა ჩანთიდან. _არა, როგორ შეიძლება. რა იცი რა ხდება, მერე სიმთვრალეს უნდა დააბრალონ. მე არ მინდა. _არც მე._გვანცამაც გაასავსავა ხელები. _ლიკუ, შენ?_სტაჟიორს კითხა ნათიამ. მანაც უარი თქვა და მორცხვად გაიღიმა. _აბა, მარტო მე დავლიო? ლოთი კი არ ვარ. _არ არის საჭირო. წვენებით მივულოცოთ სამსახურის დაწყება._გაეღიმა გვანცას და ლობიანი მადიანად ჩაკბიჩა._უჰ, როგორ მომშიებია. დილით ისე გამოვდივარ სახლიდან, არ მშია და აქ კი ერთი სული მაქვს ვცეცხლო. _ვერც მე ვახერხებ ჭამას, ერთი ფინჯანი ყავა და იმის ჯანი. აქ კი ღორივით ვჭამ ყველაფერს._გადაიკისკისა ნათიამ. _როგორ მოგწონს ახალი სამსახური ან პერსონალი?_გამომცდელად შემომხედა გვანცამ. _რა ვიცი, მომწონს, კარგია. _შენ თუ ქეთის კაპრიზებს და ხუშტურებს გაუძლებ, მართლა მაგარი გოგო ყოფილხარ._ისევ გადაიკისკისა ნათიამ._ახლა სად ბრძანდება ნეტა ქალბატონი? _არ ვიცი, კაბინეტში რომ შევედი წეღან, იქ არ დამიხვდა. ალბათ, საჭმელად წავიდა სადმე... _მიკვირს, შენისთანა ლამაზ გოგოს რომ შეატოვა თედო... _გაჩუმდი-მეთქი, მუდამ მაგას გეუბნები და შენ არ გესმის. როცა იქნება მაგ გრძელი ენის გამო შარს გადაიკიდებ. არ გაგიგოს იმ აფთარმა, თორემ მტრისას._დატუქსა გვანცამ. _რაა, ტყუილია ვითომ, მთელმა განყოფილებამ იცის, რომ იმ ბიჭს ეპრანჭება. იქნებ იმდენი ქნას, თავის შვილიანად დაუჯდეს სახლში. _თედოც ისეთი ჩიტი ნახე, განათხოვარი ქალი დაისვას სახლში._აქამდე ჩუმად მყოფმა ლიკამაც ამოიღო ხმა._შეიძლება გაერთოს, მაგრამ ცოლად რომ არ წაიყვანს, დარწმუნებული ვარ. რაღაცის თქმას აპირებდა ნათია, მაგრამ მზია წამოგვადგა მოულოდნელად თავს და ყველანი გავისუსენით. _დაგვეწვიე მზია._მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ღიმილით შესთავაზა გვანცამ. _მადლობა გოგოებო, თქვენ მიირთვით გემრიელად. რომ მორჩებით, ჩემთან შემოდი._მე მითხრა და მაღალი ქუსლების კაკუნით მოხდენილად წავიდა. _ყოჩაღ ამ ქალს მთელი დღე უშველებელ ქუსლებზე რომ დგა, მე სად შემიძლია მაგდენი?_დერეფანში შევიდა თუ არა მზია, ნათიამ ესეც წაჭორა. _შენ, გენაცვალე, ქალი არ ხარ და იმიტომ. შეცდომით ხარ ქალად დაბადებული._გაეცინა ლიკას. ლიკას ხუმრობაზე კი ყველას გაგვეცინა. მხიარულად ვინადიმეთ. განყოფილებაში მომუშავე თითქმის ყველა პერსონალი დაუსწრებლად გამაცნო ნათიამ. რაღა თქმა უნდა, ყველას საიდუმლო და გულის ზრახვები იცოდა. გვანცა კი აჩუმებდა, შენ ბევრი ლაპარაკი გიყვარს და აზვიადებო, მაგრამ მაინც ღიმილით უსმენდა მეგობარს. ჭამას რომ მოვრჩით და ჩვენი ნასუფრალი ავალაგეთ, მზიას მივაკითხე. _შემოდი, შემოდი._ისეთმა გახარებულმა მითხრა, თითქოს არც კი ელოდა რომ მივაკითხავდი. რაღაც ფურცლები დააქუჩა ერთად, საქაღალდეში ჩადო და გამომიწოდა._რენტგენის კაბინეტს რომ გასცდები, ხელმარჯვნივ გაუხვევ და კიბეზე ჩახვალ, მიწისქვეშა დერეფანია იქ და სამშობიარო განყოფილებაში გახვალ. მეოთხე სართულზე ლილი იკითხე და იმას გადაეცი პირადად, გასაგებია? თანხმობის ნიშნად თავი უხმოდ დავუქნიე და საქაღალდე გამოვართვი. გზა ადვილად გავიგენი მიწისქვეშა დერეფანში. ეგ იყო, ნახევრად ჩაბნელებული იყო იქაურობა და ცოტა შიშმა ამიტანა რაღაც სპეციპიკური სუნის გამო. საშინელებათა ფილმში მეგონა თავი. თითქმის სულ სირბილით გავიარე დერეფანი, ჩემი ფეხის ხმა ექოდ მესმოდა და უფრო მეშინოდა. შეუსვენებლივ ავირბინე მეოთხე სართულზე. ხნიერი ლილი ექიმი მალე ვნახე. _მზიამ გამომატანა თქვენთან._ქაქანით ვუთხარი. _მადლობა, ყოჩაღი გოგოხარ. შენ ხარ ის ახალი სანიტარი?_გულთბილად გამიღიმა. _კი. _კარგი გოგო ხარ._ლოყაზე მომითათუნა ხელი და ბებრული ფრატი-ფრუტით წავიდა. იმ დერეფნიდან დაბრუნება გადავიფიქრე. მართალია წვიმდა ისევ, მაგრამ ისევ ეზოდან მოვუარე და შენობის ძირ-ძირ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჩვენი განყოფილებისკენ. პანდუსზე რომ ავირბინე და კარში უნდა შევსულიყავი, შემთხვევით ვიღაცას შევასკდი. ხალათზე ვიცანი, რომ თედო ექიმი იყო და შემრცხვა. გაუბედავად შევხედე. ხელში სიგარეტი ეჭირა და მოსაწევად გამოდიოდა ალბათ. _ბოდიშით, არ მინდოდა. არაფერი უთქვია, მიმღებში რომ შევედი, დერეფნის შემინული კარის ანარეკლში დავინახე, რომ მობრუნდა და თვალი გამომაყოლა. უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. სასწრაფოდ შევედი დერეფანში და მის კაბინეტს მივაშურე. ძალიან ლამაზი თვალები ქონდა. ღიმილი ხომ რაღაც სასწაული და მომაჯადოებელი, ერთი ნახვითვე რომ დაატყვევებდა ქალს. მართლაც რომ ერთი ნახვით დამატყვევა. მისი შემოხედვა მაფორიაქებდა. სიმპატიური ექიმი იყო. მგონი განყოფილების ყველა ქალი დიდიან პატარიანად მასზე გიჟდებოდა. მართლაც რომ სასურველი სასიძო იყო... _რას ჩაფიქრებულა ჩვენი ახალბედა სანიტარი?_ქეთის ხმამ მოულოდნელად შემაკრთო._შეგაშინე?_ხმამაღლა გადაიკისკისა თან და წელზე მომხვია ხელი._უი, სველი რატო ხარ?_გაუკვირდა. _გარეთ ვიყავი საქმეზე... _ამ წვიმაში ძაღლს არ გააგდებენ გარეთ და ეს მზია რა ცივსისხლიანია. გარეთ შეიძლებოდა ახლა გაშვება?_ვითომ ძალიან შეწუხდა. _ჩემს საქმეზე ვიყავი._რომ იტყვიან ცივი წყალი გადავასხი მზიას ლანძღვის ხასიათზე დამდგარ ქეთის და ისიც მალევე გაჩუმდა. შუა დღის მერე პაციენტები უკვე კანტი-კუნტად მოდიოდნენ. საღამოთი ხომ საერთოდ აღარავინ შემოსულა არანაირი ჩივილით. ამიტომ მეც მიმღებში გამოვედი სხვა სანიტრებთან და ექთნის თანაშემწეებთან ერთად და უსაქმოდ რომ არ დაგვძინებოდა, ვლაპარაკობდით. დაცვის ბიჭი მამუკა სასაცილო ანეგდოტებს გვიყვებოდა და გულიანად გვაცინებდა ყველას. რამდენჯერმე თედო ექიმმა რომ გაგვიარა და გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, გოგოები აშკარად ეპრანჭებოდნენ და ეკეკლუცებოდნენ. მეც კი გავაყოლე კმაყოფილმა ფარული მზერა ახოვან და სპორტული აღნაგობის სიმპატიურ ბიჭს. ღამის სამი საათი იქნებოდა, უკვე სიცილიც მობეზრებული გვქონდა და ყველას ძილი გვინდოდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანეს. მოტოციკლიდან იყო გადმოვარდნილი. ეტყობოდა, რომ რბოლისას ჩაფხუტი არ ეფარა, რადგან მთლიანად ქონდა სახე დასისხლიანებული. მიმღების კარებთანვე შეაჩერეს მანქანა და იქიდანვე დაიწყეს ყვირილი, გვიშველეთო. მაშინვე გავაგორე საკაცე. თვითონ მეგობრებმავე დააწვინეს ზედ და თედო ექიმის საპროცედურო კაბინეტისკენ სულ სირბილით გავაგორე. მის კაპინეტს რომ ჩავუარე და საპროცედუროსკენ წავედი, ღია კარიდან დავინახე, რომ მაგიდაზე მკლავები დაეწყო, ზედ თავი ჩამოედო და ტკბილად ეძინა. ძალიან კი შემეცოდა გასაღვიძებლად, მაგრამ ხმაურზე თვითონვე გაიღვიძა. მე რომ დერეფნის მხრიდან შევედი, თვითონ თავისი კაბინეტიდან გამომავალი კარით გამოვიდა ნამძინარევი სახით. უნდა ვთქვა, რომ ნამძინარევიც კი ძალიან სიმპატიური იყო. _რა მოხდა?_მაშინვე ეს მკითხა. _მოტოციკლიდან გადმოვარდა. კაშკაშა ნათურა ჩართა და ბიჭს სახეზე დააკვირდა. ჯერ სახე შეუმოწმა, მერე კი ყველა კიდური. _ქეთი სად არის?_ისე მკითხა ჩემთვის არც კი შემოუხედია, მაშინვე ხელების დაბანას შეუდგა საპნით. _ალბათ საორდინატოროში... _წადი, გააღვიძე, შველა დამჭირდება... იქნებ ვინმეც გამოიყოლო, რომ საოპერაციო მაგიდაზე გადავიყვანოთ. _ახლავე._ეს ვთქვი და სულ თავ-პირის მტვრევით გავვარდი დერეფანში. ქეთის მართლაც უდარდელად და ტკბილად ეძინა. აშკარად არ ესიამოვნა რომ გავაღვიძე, მაგრამ რომ ვუთხარი, თედო ექიმი გეძახის-მეთქი, ცოტა დატკბა. მერე სხვა სანიტრებიც მოვნახე და თან გავიყოლე. თედო ექიმს ინსტრუმენტები დაეწყო უკვე მაგიდაზე და პაციენტს ელაპარაკებოდა. _ჩაფხუტის დანიშნულება ალბათ არ იცი ხომ?_ცოტა მკაცრად კითხა._ რისთვის გამოიგონეს წარმოდგენა არ გაქვს არა? იცი, ჩაფხუტი რომ გფარებოდა ამ მშვენიერ სახეს ასე არ დაისერავდი. ნაკერების დადება მოგვიწევს. _არუშავს... ჩაფხუტს ვერ ვიტან და რა ვქნა? ასე მგონია ვედრო მაფარია თავზე._გაეცინა სახედასერილ ბიჭს. ქეთის დახმარებით სახეზე რამოდენიმე ჭრილობა გაუკერა თედო ექიმმა. მერე, წვივის ძვალი დაუფიქსირა და თაბაშირიც დაადო. ისევ გორგოლაჭებიან საკაცეზე დავაწვინეთ და რეანიმაციაში გავიყვანე. მისი ძმაკაცები ინტერესით შემომეხვივნენ. _როგორ არის?... _რა სჭირს?... _როდის შევძლებთ მის ნახვას? _მისი მკურნალი ექიმი დერეფნის ბოლოს ხელმარჯვნივ კაბინეტში ზის და იმას კითხეთ. მე უბრალო სანიტარი ვარ და არაფერი ვიცი._ასე მოვიშორე დაჟინებით მომზირალი ურცხვი ბიჭები, რომლებიც აშკარად ჩემს გაცნობას და ჩემთვის თავის მოწონებას ცდილობდნენ. ამ შემთხვევის მერე სულ გამიკრთა ძილი და ვეღარ დავიძინე. აღარ წვიმდა. რამდენჯერმე გარეთაც გავედი სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ალბათ, ამან უფრო გამომაფხიზლა. გამთენიისას კი მოყინა კიდეც და ძალიან შემცივდა. თუმცა, მე მაინც თედო ექიმის კაბინეტის წინ ვიდექი გარედან და ფანჯარაში მალულად ვიჭყიტებოდი. საკუთარი თავის გარდა ვერავის ვუმხელდი, იმას რომ ეს ბიჭი ერთი დანახვითვე მომეწონა და ჩამივარდა გულში. ჩემსავით ისიც ვერ იძინებდა. თავის მაგიდასთან თავჩაქინდრული იჯდა და რაღაც ქაღალდებში იქექებოდა. რამდენჯერმე კალმით მოიქექა კეფა და ძალიან საყვარელი იყო იმ მომენტში. მწვანე თვალებიც გამეტებით მოიფშვნიტა და ხელი ოდნავ წვერმოშვებულ სახეზე ძლიერად ჩამოისვა. ერთი ორჯერ თავის პაციენტებს ახედა რეანიმაციის განყოფილებაში: ნუნუ ბებიას და იმ ბაიკერ ბიჭს, რომელსაც ძალიან უცნაური სახელი შეთი ერქვა. შეთის ძმაკაცები მისაღებში ისხდნენ და სახლში წასვლას სულაც არ ფიქრობდნენ. სოფიო და ნია, რეანიმაციის სანიტრები, კარგად ერთობოდნენ მათთან ერთად. ზედმეტად გამომწვევადაც კი კისკისებდნენ. მე კი გამოჩენა არ მინდოდა მათ სიახლოვეს, რადგან ისეთი მზერით მიმზერდნენ, თითქოს თვალებით მჭამდნენ და მაშიშვლებდნენ. პატარაობიდან ლამაზი ბავშვი ვიყავი. ყველას მოვწონდი ქერა თმით და დიდრონი ცისფერი თვალებით. მართალია, რომ გავიზარდე, სახის ნაკვთები ძალიან შემეცვალა, მაგრამ თუ ახლობლებს დავუჯერებ, უფრო გავლამაზდი. თვალები კი ისევ ისეთი დამრჩა, დიდრონი და ბავშვური. საპირისპირო სქესის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი მათ კმაყოფილ და დაჟინებულ მზერას. ვაღიარებ, რომ ძალიან მსიამოვნებდა. თან, თავდაჯერებულობასაც მმატებდა. ისე კი, რომელ ქალს არ ხიბლავს და არ სიამოვნებს ასეთი ყურადღება? თედოს მხრიდან კი ვერ ვიგრძენი ვერანაირი ჩემდამი დაინტერესება სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულების გარდა. ცოტა არ იყოს, ძალიან მწყინდა ეს ამბავი. მის თვალში ალბათ ერთი, ჩვეულებრივი სანიტარი ვიყავი მწვანე უნიფორმაში გამოწყობილი, რომელიც ექიმის და ექთნის მითითებებს უნდა დამორჩილებოდა უსიტყვოდ. დილით, ჩემი ცვლა რომ მოვიდა, დავემშვიდობე გოგოებს. თედო ექიმსაც შევხედე კაბინეტში, რომელიც აშკარად გადაღლილი იყო. _მე მივდივარ უკვე და ჩემგან რამე ხომ არ გინდოდათ თედო ექიმო?_ამ "თედო ექიმს" განსაკუთრებული ხაზი გავუსვი. დაღლილი სახით შემომხედა. ცოტა ხანს დაფიქრდა. ვიფიქრე, რამეს დამავალებდა ისეთსას, რაც ნერვებს მომიშლიდა, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა. _არა, არაფერი._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. _მაშინ, დროებით._ღიმილით დავემშვიდობე და მისი კაბინეტიდან გამოვედი. სახლში მისვლამდე ბაზარში გავიარე. სათიკასთან ნისიად უნდა ამეღო ცოტაოდენი სურსათი, რომ მე და ბებია მშივრები არ დავხოცილიყავით. თუმცა, ჩემს ბედზე სათიკა არ იყო. ერთი კვირა მაინც იქნება აღარ გამოსულაო. დავღონდი. მალე ვალსაც მომთხოვდა და თვის ბოლომდე რა უნდა მიმეცა არ ვიცოდი. მის გარდა ნისიადაც არავინ მაძლევდა არაფერს. საწყალი ორლარიანი მეგდო ჯიბეში, ისიც თედო ექიმის დამსახურებით, რომ გუშინ მთელი დღე მის კისერზე ვიჯექი. ცოტაოდენ მაკარონს და კარტოფილს მაინც ვიყიდდი, რომ სუპი მაინც გამეკეთებინა და ის გვეჭამა. ის იყო ბაზრიდან გამოსვლას ვაპირებდი, რომ მეორე დახლებიდან ვიღაცამ დამიძახა. _ნუკი, შვილო..._ბებიას ნაცნობი ხმა იყო, დედაჩემის დედისა. გაოცებულმა გავხედე. დახლებთან იდგა და ღიმილით მომჩერებოდა. _ვენერა ბებო?_ჯერ კი გამიკვირდა, მაგრამ მერე დახლებს შემოვუარე და უმალ მასთან გავჩნდი. გულაჩუყებული გადავეხვიე თმაჭაღარა ქალს. რამდენი ხნის უნახავი მყავდა აღარც კი მახსოვდა. ცუდი ქალი არ იყო. უბრალოდ, ბიძაჩემის ცოლი უკრძალავდა ჩემთან ურთიერთობას. მითუმეტეს, დახმარების ხელის გამოწვდას. ჩვენც გვიჭირს და ახლა ის წამოვიკიდოთ ზურგზეო... _როგორ ხარ, ბებო გენაცვალოს?_ხმის კანკალით ძლივს მკითხა._რას შვრებით შენ და ანიკო? ხომ არ მობერდა? მუშაობს კიდე სადმე? _არა, სახლში დავსვი. მე ვმუშაობ ჰოსპიტალში სანიტრად. ვართ, არაგვიშავს. თქვენ როგორ ხართ სახლში? _მე, როგორც მხედავ, დავბერდი._ნაძალადევად გამიღიმა. ტარიელა ხომ მობერდა და მოტყდა, ნანის სიკვდილმა გაგვანადგურა ორივე._შავი თავსაფრის ბოლოებით მოწოლილი ცრემლები შეიმშრალა. ერთხანს დუმილი ჩამოწვა. დედაჩემის გახსენება ყოველთვის თვალებს მისველებდა მეც და ლაპარაკის უნარს მაკარგვინებდა. _საღამოს, თუ ადრე მოვრჩებოდი ვაჭრობას, თქვენთან ვაპირებდი შემოვლას. რახან შენ შეგხვდი და გნახე, ნუღარ მაწვალებ ბებერს, ისედაც ძლივს დავდივარ. ეს შენ წამოგიღე, დაბადების დღე ტკბილად აიღნიშნე შვილო._დახლს ქვეშიდან ხელი შეყო და მოზრდილი კალათა გამოდგა. _რატო წუხდები ვენერა ბებო, ხომ იცი რომ მე და ანიკოს არაფერი გვიჭირს და გვაკლია..._ტყუილის თქმა გამიჭირდა და თვალი ვერ გავუსწორე. _სოფლის ძღვენი მაინც სულ სხვაა. ტარიელას ძალიან ეწყინება თუ უარს იტყვი, ისე მონდომებით მეხმარებოდა ჩალაგებაში. ჩემს მაგივრად აკოცე ჩვენს გოგოსო._ისევ გადამეხვია და გულიანად ჩამკოცნა. _სახლში მალე უნდა წახვიდე? _არ ვიცი შვილო, როგორ გავყიდი ამეებს._ხელი დახლზე გაშლილ კაკალზე და თხილზე მანიშნა. _საღამოს რომ შემოგვიარო და ჩვენთან დარჩე?.. ანიკოსაც ძალიან გაუხარდებოდა შენი ნახვა. _ვერ შევძლებ შვილო. შორენა ცუდადაა. _ბიცოლას რაღა მოუვიდა?_გამიკვირდა. _ორსულად არის და წოლითი რეჟიმი აქვს. პირველი ბავშვი არ შერჩა, სამი თვისას მოეშალა მუცელი. არაფერს ვაკეთებინებ, რომ იგივე არ გაუმეორდეს._ამოიოხრასავით. _ბიძია ხომ კარგადაა? _რა უჭირს. შრომობს და არი ისიც... წადი გენაცვალოს ბებომ, ცივა და არ გაცივდე. მე ნუ მიყურებ, გამოჯეკილი ვარ, არაფერი მომივა._გამიღიმა. მივხვდი, ჩემი გაშვება იმიტომ უნდოდა, ვინმე ნაცნობს არ დავენახეთ, რომ სოფლიდან ძღვენი ჩამომიტანა და ბიცოლასთვის არ მიეტანათ ამბავი. ერთხელ კიდევ ჩავკოცნე ჩემი საყვარელი ბებო, უღრმესი მადლობა გადავუხადე და მოზრდილი კალათით ხელში სახლისკენ გავეშურე. გზა და გზა ისე დამიმძიმდა ტვირთი, რამოდენიმეგან შევჩერდი და შევისვენე. სადარბაზოში შესულმა ლიფტის წინ ჯიბეები მოვიქექე, მაგრამ ხურდა არ მქონდა და ისევ ფეხით დავადექი მეოთხე სართულამდე კიბეს. მართლაც საშინლად დამძიმდა ჩემი კალათა. ძლივს ავქაქანდი. ბინაში რომ შევედი, ციოდა. კალათა სამზარეულოს მაგიდაზე შემოვდე და ლოჯიაში გავედი. ბებია შალშემოხვეული იჯდა გამათბობელთან. _გათბობა აქნობამდე ჩართული არ გქონდა არა?_ვუსაყვედურე._ხომ დავიწყე მუშაობა და გადავიხდი კომუნალურებს. ამ სიცივეში რატო ზიხარ? ახლა უნდა გაცივდე და ცუდად გახდე? _არაფერი მომივა, ნუ გეშინია._დამამშვიდა ნაძალადევი ღიმილით._შენ ის მოყევი, სამსახური როგორ მოგეწონა. _ძალიან კარგია. პირობებიც მომეწონა და მედ-პერსონალიც. კარგი კოლექტივი გვაქვს. ბებიამ შავი თავსაფარი შეისწორა და ღიმილით შემომხედა, თუმცა აშკარად იგრძნობოდა მის თვალებში სევდა. _იცი, ბაზარში გამოვიარე და ვენერა ბებო შემხვდა, შენთან მოკითხვა და უშველებელი კალათა გამომატანა... _კალათა?_გაუკვირდა. _ხო, სოფლის ნობათიაო. დავინახე როგორ აუციმციმდა თვალები. _ვნახოთ ერთი, რა ვათრიე ასეთი მძიმე._დავიხარე, ცივ შუბლზე ვაკოცე და აბაზანაში გავედი ხელების დასაბანად. იქიდან კი პირდაპირ კალათას მივაშურე. ზემოდან დაშაქრული ჩურჩხელები ედო პარკით. წითელი ტყლაპი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. მინდვრის ხმელი ლობიო, კარგი ჩაყვითლებული დედალი, ერთი მოზრდილი თავი ძროხის ყველი, პლასტმასის სამლიტრიანი ბოთლით რძე, გარჩეული ნიგოზი, კონტეინერით ათი კვერცხი და ერთი ლიტრიანი ბოთლით არაყი. გაოგნებული შევყურებდი მაგიდაზე პარკებით დახვავებულ სურსათს. ერთი თვის მარაგი მაინც იყო მე და ბებიასთვის. სანამ მე ხელფასს ავიღებდი, ბებია აიღებდა პენსიას და ამ თვეში მართლაც კარგად გავსწორდებოდით წელში. სიხარულის ცრემლიც კი მომაწვა თვალებზე. ალბათ ზუსტად ისეთი მადლიერი სახე მქონდა, როგორც იმ გოგოს, გუშინ დილით მეტროში რომ შემხვდა და ფული ვაჩუქე. მე მჯერა, რომ დედამიწაზეც არსებობენ ანგელოზები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანის სახით გვევლინებიან და სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა და ხელის ჩაქნევას აპირებ, დახმარების ძლიერ ხელს გიწვდიან... სიხარულით მოვადუღე რძე და დიდი სიამოვნებით დავლიეთ მე და ბებიამ გამათბობელის გვერდით მოკალათებულებმა. მერე, ვენერა ბებიას გამოგზავნილი ძღვენი დვახარისხე. დედალი სეკატორით დავჭერი საშუალო ზომის ნაჭრეებად, ორ ულუფად გადავანაწილე ცელოფნის პარკებში და საყინულეში შევინახე. ინტერნეტში მოვიძიე მარილიანი წათხის რეცეპტი, მაშინვე გავაკეთე და ნოყიერი ყველი შიგ ჩავდე. როგორც ბებიასგან ვიცოდი, ასე უფრო დიდხანს ინახებოდა. ლობიოს პარკში კი ერთჯერად ცელოფანში გამოკრული ორასი ლარი იდო. ჯერ გაოგნებული დავყურებდი ფულს, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ამას ტარიელა ბაბუა ჩადებდა თავის პენსიას სრულად. ისევ წამომცვივდა მადლიერების და სიხარულის ცრემლები. მართლაც რომ სულზე მოგვისწრო ამ ყველაფერმა და ზამთრის სიცივესაც გადაგვარჩინა და შიმშილსაც. ზოგისთვის ეს ყველაფერი შეიძლება მცირედი იყოს, მაგრამ ჩემთვის აურაცხელი სიმდიდრე იყო. ღმერთს მადლობა შევწირე და ბებია-ბაბუას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე შევთხოვე. მერე, ტაფამწვარი შევწვი, მშვენივრად ვისადილეთ მე და ბებიამ. ჭურჭლის დარეცხვა კი არ დამანება, ღამე ნათევი ხარ და დაისვენე, მე მივხედავო. გავუძალიანდი, მაგრამ გამიბრაზდა. _ჯერ ახალგაზრდა ხარ, ჯან-ღონით სავსე და ყველაფერს უძლებ, მერე და მერე წლები რომ მოგემატება, ახლანდელი ღამის ტეხვები შეგახსენებს იცოდე თავს. ნუ მეურჩები, თორემ გაგლახავ. გამეცინა. ბავშვობაში რამეს რომ ვაშავებდი მაშინ არ მცემდა ზედმეტად ხმას, პირიქით, ჩემი ქომაგი იყო და ჩემს მშობლებს არ აძლევდა ჩემი ცემის თუ ჩხუბის საშუალებას და ახლა გამლახავდა ვითომ? დავიხარე, შუბლზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი დასასვენებლად და დასაძინებლად. წამოვწექი კი და თვალებიც დავხუჭე, მაგრამ დაძინების მაგივრად თედო ექიმის მუქი მწვანე თვალები ამომიტივტივდა მეხსიერებაში. მაშინვე სასიამოვნო განცდა დამეუფლა. რა უჩვეულო სიტუაციაში გავიცანით ერთმანეთი. რამდენს დავყვიროდი და თურმე ჩემი უფროსი კი აღმოჩნდა. კიდევ კარგი არაფერი მითხრა და გაბრაზებულმა სამსახურის დაწყებამდე არ გამანთავისუფლა. ნეტა, რამდენი წლის იქნება? ალბათ, ასე, ოცდაათ წლამდე მაინც, რადგან წარმატებული ექიმი ვერ გახდებოდა თუ სრულად არ ისწავლიდა... არა და, სულაც არ ეტყობოდა ასაკი. ექიმობასთან ერთად სპორტითაც რომ იყო დაკავებული, მშვენიერი სპორტული აღნაგობა მეტყველებდა ამაზე. ნებისმიერი გოგოს გულის ამფორიაქებელი იყო ნამდვილად. მასზე ფიქრსა თუ ოცნებებში უამრავი გოგო გაათევდა ღამეს და უამრავი გატეხილი გულის პატრონი იქნებოდა. ქეთისაც ხომ აშკარად ეტყობოდა რომ მოსწონდა და იმიტომაც ძვრებოდა ტყავში, რომ როგორმე მოეწონებინა მისთვის თავი? კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში. დაძინება ვერ შევძელი და დასვენების მაგივრადაც უფრო დავიღალე. ისევ ავდექი. გამახსენდა, სახელფასო პლასტიკური ბარათის ანგარიშის ნომერი რომ უნდა ამეღო და ჰოსპიტალში წარმედგინა. სანამ ისევ გადამავიწყდებოდა, ჩემი ძველი ქურთუკი მოვიცვი, ბებიას დავუბარე ბანკში მივდივარ-მეთქი და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. სადარბაზოში რეზიკოს გადავაწყდი. რეზიკო ჩვენს ზემოთ ცხოვრობდა. დედა ავი ქალი ყავდა და ყველა მეზობელთან ნამდურავი იყო. თვითონ რეზიკო კი ძალიან კარგი ბიჭი იყო. დამინახა თუ არა, გაეღიმა. _გამარჯობა ნუკი. ასე სად მიგეჩქარება? _ბანკის დასაყაჩაღებლად. წამომყვები?_ღიმილის შეკავება შევძელი და მთელი სერიოზულობით ვკითხე. _აბა რაა, მარტოს ხომ არ გაგიშვებ._ისევ შემომღიმა, მკლავი მომიშვირა, რომ ხელკავი გამომედო და სადარბაზოდან ისე გავედით._როგორ აგვიცივდა უკვე არა? ალბათ, თოვლი მოგვივა მალე. _ზამთარს თოვლი უხდება..._კმაყოფილმა ვთქვი. _ხო, მაგრამ მე არ მიყვარს სიცივე. მირჩევნია მცხელოდეს ვიდრე ვიყინებოდე. _მე მაგაზე ჩამოყიბებული არ ვარ რა მირჩევნია, სიცივე თუ სიცხე... თუმცა, მიყვარს თოვლი. _ბებიაჩემთან სოფელში იცის დიდი თოვლი... ოდესმე ალბათ მოხერხდება და მესტუმრები იქ ზამთარში._ისევ შემომღიმა. _ბებიაშენი სად ცხოვრობს?_დავინტერესდი. _ჭობისხევში. _ეგ სადღაა?_უარესად გავვოცდი, რადგან ასეთი სახელწოდების სოფელი არასდროს გამეგო. _სამცხე-ჯავახეთში... ბორჯომში რა. _ბორჯომი მართლაც კარგია._მოვუწონე._ხშირად ჩადიხარ ხოლმე იქ? _არც ისე. ვერ ვახერხებ..._დამნაშავესავით შემომხედა. _ხო, ცუდია... მეც მყავს სოფელში ბებია, მაგრამ კარგა ხანია იქ არ ვყოფილვარ._სინანულით ამოვთქვი. უსიტყვოდ განვაგრძეთ გზა. მე ბებიასთან რომ ჩავდიოდი დასასვენებლად, ის დრო გამახსენდა და სიყვარულით მაგრამ ამავე დროს სევდით ამავსო. რეზიკო რაზე დუმდა არ ვიცი. იქნებ, ხელს არ მიშლიდა ტკბილ-მწარე მოგონებებში. ლიბერთი ბანკის ფილიალში მალე მივედით. რიგის ნომერი ავიღე და მოთმინებით დაველოდე ჩემს რიგს. მანამდე კი სალაროში მივედი და ბაბუას გამოგზავნილი ერთ-ერთი ას ლარიანი წვრილ კუპიურებად დავშალე. სამსახურში დამჭირდებოდა და ასე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ჩემთვის. მოლარე ოპერატორთანაც მალე მომიწია რიგი. მოვამთავრე თუ არა ჩემი საქმე და შენობიდან გამოვედი, რეზიკოც იქვე დამხვდა ატუზული. _რა ქენი აბა, დააყაჩაღე ბანკი?_შემომღიმა. ჯიბეში ჩაჭყუნული კუპიურები მალულად დავანახე და შევღიმე. _მაშ რა გეგონა? _წამოდი დროზე, კამერებმა არ დაგაფიქსირონ._ვითომ შეშფოთებით მომხვია მხრებზე ხელი და ათიოდე საფეხური სულ სირბილით ჩამომიყვანა. ხალისით დავბრუნდით სახლში. _სადმე კაფეში ხომ არ დავმსხდარიყავით._ისე მოწიწებით და მორიდებით მკითხა, გამეღიმა. _დიდი მადლობა, ჩათვალე რომ გამასეირნე... წუხელ მძიმე დღე მქონდა, არც მეძინა და დასვენება მინდა თუ არ გეწყინება. _რა გაეწყობა?_ცოტა წყენით მითხრა, თუმცა მაინც ღიმილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს და სადარბაზოში უკანმოუხედავად ავედი. რეზიკოს ბავშვობიდანვე მოვწონდი. ვატყობდი კიდეც ამას და რამდენჯერმე გამომიტყდა ნასვამი. მეც მომწონდა, არ ვუარყობ, მაგრამ როგორც ჩემი უფროსი ძმა. იმის იქით არც არასდროს წავსულვარ ფიქრშიც კი. უბრალოდ, ვერ წარმომედგინა სხვანაირად მყვარებოდა ან მომწონებოდა. ერთ ეზოში დავიზარდენით. ხშირად გვიცელქია და გვიოინბაზია სხვა ბავშვებთან ერთად. ხშირად ვუცემივართ ქალბატონ დალის, რეზიკოს დედას, მაგრამ მაინც ლაღი და უდარდელი ბავშვობა გვქონდა. მახსოვს, ერთხელ, მშენებარე კორპუსში შევიპარეთ ბავშვები. რეზიკოს ქიმიის კაბინეტიდან კარბიტი ქონდა წამოღებული. ანუ, ასე ვთქვად ხელს ქონდა გამოყოლილი. ქიმია ძალიან უყვარდა და ბავშვებს ცდებს გვიტარებდა ხშირად. იმ დღესაც ფეთქებადი ბუშტები უნდა ეჩვენებინა და სანახაობისთვის მოვემზადეთ ყველანი. სანახაობა მართლაც რომ დაუვიწყარი გვაჩვენა. კარბიტი მთლიანად აუფეთქდა და სულ გადაეწვა თავ-პირი. დედამისმა რომ დაინახა უთმო და უწარბ-უწამწამო შვილი, გული შეუწუხდა, მეზობლის ქალებმა ძლივს მოასულიერეს. პირველი ხარისხის დამწვრობა ქონდა კიდევ კარგი და სახეზე არავითარი ლაქები ან ნაიარევი არ დარჩენია. ლამის ერთი თვე კი იარა ონკოლოგიური ავადმყოფივით ტოპალამ. ყველაზე მეტად სასაცილოს კი ის ხდიდა, რომ თავისი გაჯაგული და ერთმანეთთან შეყრილი წარბები არ ქონდა და საცოდავი გამომეტყველება ქონდა... საღამოს შედარებით ადრე დავწექი დასაძინებლად და ადვილად დამეძინა კიდეც. თუმცა, მთელი ღამე სიზმრების სამყაროში ვიმოგზაურე და ხან პაციენტებს დავაქროლებდი გორგოლაჭებიანი საკაცით ჩაბნელებულ დერეფნებში და ხან თედო ექიმს ვუსხამდი აპარატიდან უშაქრო ყავას. ისეთი დაღლილს გამეღვიძა დილით, თითქოს მართლაც მერბინოს აქეთ-იქით. ის დღეც როგორღაც გადავაგორე და მეორე დილით კი სიხარულით გავწიე სამსახურში. არასდროს მიტრიალია სარკის წინ იმდენ ხანს, რაც მაშინ სამსახურში წასვლამდე. მინდოდა, რომ რაც შეიძლებოდა ლამაზი და თვალშისაცემი ვყოფილიყავი. თუმცა, ჩემი ძველმოდური და ძველისძველი ტანსაცმლით ვისზე უნდა მომეხდინა შთაბეჭდილება? მაგრამ... ადამიანს თუ უყვარხარ, სულ არ აინტერისებს რომელი ბრენდის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი გაცვია. არც იმას აქცევს ყურადღებას ძვირადღირებული სუნამო გასხია თუ არა. მთავარია დაგიმახსოვროს შენი სურნელით და შემოტრიალების გარეშეც გიცნოს, რომ ეს შენ ხარ მის ზურგს უკან. იგივე მარშრუტი გავიარე, რაც ორი დღის წინ სამსახურის დაწყებამდე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აღარ წვიმდა და არც ის გოგონა შემხვედრია ნაჭრის ჩუსტებით და სველი ფეხებით. ჰოსპიტალში მისულმა აღმოვაჩინე მხოლოდ, რომ ადრე მივსულვარ. _გეტყობა შენ ძალიან მოგეწონა ეს სამსახური ასე ადრიანად რომ მოხვედი._გულთბილად შემომღიმა რეგისტრატურიდან გვანცამ. _როგორ ეტყობა ახალი ცოცხი რომაა._გულიანად გადაიკისკისა ნათიამაც._ცოტა ვადროვოთ და იქნებ ისეთი გარბოდეს აქედან, უკან აღარც კი იყურებოდეს. თუ თედო ექიმი იქნებოდა აქ, შანსი არ იყო, რომ მე ჩემით წავსულიყავი აქედან. ნებისმიერ ზეწოლას და დატვირთვას გავუძლებდი მის სიახლოვეს. მე ვინც უნდა შემეცვალა ოცდათხუთმეტ წლამდე წითური ეკა იყო. დამინახა თუ არა სიხარულით ტაში შემოჰკრა. _ჩემს გულში იჯექი? დღეს ადრე მინდოდა წასვლა. აგაშენა ღმერთმა. ახლა თავისუფლად წავალ. მართლაც მალევე წავიდა. მე კი გამოვეწყე ჩემს უნიფორმაში და ჩემს საქმეს დიდი სიამოვნებით და ხალისიანი ღიღინითაც კი შევუდექი. მერე, რეგისტრატურაში გავედი გოგოებთან. ოღონდ, ისე დავდექი შემოსასვლელისკენ, რომ ღია კარში თედო ექიმი რომ შემოვიდოდა, არ გამომპარვოდა. ასე, ერთი ნახვით და უცაბედად ჩამივარდა ეს სიმპატიური ბიჭი გულში. ვგრძნობდი, რომ მისი სახელის ხსენებაც კი მიჩქარებდა პულსაციას. თავი რომ არ გამეყიდა და გოგოებს არაფერი შეემჩნიათ ჩემთვის, ანეგდოტების მოყოლა დავიწყე და უაზროდ ვკისკისებდი მე თვითონვე. ბოლოს, ისიც გამოჩნდა, ამაყი და მედიდური ნაბიჯებით მომავალი. დავინახე და სიტყვა გამიწყდა პირში. სულ დამავიწყდა რა უნდა მეთქვა. ჩემს ტვინში ნეიროჰორმონების გამომუშავება ნათლად ვიგრძენი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი მისი უბრალოდ ხილვითაც კი. შემოვიდა და რომ იტყვიან მთელი არე-მარე შემოიტანა. თავის დაკვრით და მომაჯადოებელი ღიმილით მოგვესალმა რეგისტრატურაში პირღიად დარჩენილ გოგოებს. ხელის ძლიერი ბიძგით შეაღო შემინული კარი და დერეფანში უკანმოუხედავად გავიდა. შემთხვევით გოგოებს მოვავლე თვალი გაყინულ ქანდაკებებს რომ გავდნენ და კიდევ დიდხანს მისჩერებოდნენ იმ კარს, რომლის მიღმაც ჩვენი სიმპატიური ექიმი გაუჩინარდა. გამოდის, მარტო მე არ მიფორიაქებდა ეს ბიჭი გულს და ღამეს მასზე ფიქრში მარტო მე არ მათენებინებდა თეთრად. თუმცა, რად მიკვირდა? ისეთი კარგი, სიმპატიური, მოხდენილი და საყვარელი იყო, ნებისმიერი ასაკის ქალს გააგიჟებდა და თავგზას აურევდა. მაგრამ თვითონ როგორი ქალები იზიდავდა და მოსწონდა ნეტა? ტყლარჭია ქეთი მისთვის სასურველი ქალი იყო ვითომ?.. ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭიო. ვახსენე და გამოჩნდა კიდეც. თეძოების გამომწვევი რხევით შემოვიდა შენობაში. გოგოებს ცალყბად მოგვესალმა, მასზე დაბალ საფეხურზე ვიდექით და სხვანაირად ხომ არც შეიძლებოდა? დერეფანში უნდა გასულიყო, რომ მე მომიბრუნდა. _თედო მოვიდა, ხომ არ იცი? თავი რომ დავუქნიე, გზა განაგრძო. ყველაზე მეტად ამ მეტიჩარასი ის მწყინდა, რომ ყველა თედო ექიმს ვეძახდით და ეს კიდევ უტიფრად ეძახდა მარტო სახელს. პარკინგზე მის მანქანას დაინახავდა არ არსებობდა და მე რაღატო მკითხა, არ ვიცოდი. რის დამტკიცებას და ჩვენებას აპირებდა ვითომ ჩემთვის? რეგისტრატურაში კიდევ კარგა ხანს დავრჩი და გოგოებთან ლაპარაკს შევყევი. ჯერ ისევ მათთან ვიყავი, რომ სასწრაფომ ახალგაზრდა ბიჭი შემოიყვანა. მაღალი სიმაღლიდან იყო ჩამოვარდნილი. საცოდავად კვნესოდა. როგორც სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა თქვეს, ნეკნები ქონდა დამტვრეული და შესაძლოა ძვლის ფრაგმენტს კაპილარებიც კი დაეზიანებინა. მაშინვე დავფაცურდი, დაზარალებული რენტგენის კაბინეტში გავაქანე. თამუნამ დაადასტურა ის, რომ ნეკნის ძვლის ფრაგმენტებს მართლაც ქონდა რბილი ქსოვილები და კაპილარები დაზიანებული. სურათები გამოვართვი და იქიდან პირდაპირ ლიფტში შევაგორე, რათა საოპერაციოში ამეყვანა. ბიჭს სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. სანამ მაგიდაზე გადავიყვანდით მე და კიდევ სხვა რამოდენიმე სანიტარი, თედო ექიმიც ამოვიდა და მის რენტგენის სურათებს გულდასმით გადაავლო თვალი. მერე კი ოპერაციაც დაიწყეს. მალულად ვუმზერდი როგორ სერიოზულად და დიდი სიფრთხილით აკეთებდა ყველაფერს. თითქოს, ამ სამყაროს იყო გათიშული, პაციენტის გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ფიქრობდა, ვერც ვერავის ხედავდა. ჩემს დაჟინებულ მზერასაც კი ვერ გრძნობდა. არა და, ერთი სული მქონდა ისევ გამოეხედა ჩემსკენ და შემოენათებინა თავისი ლამაზი, მწვანე თვალები. რას არ მივცემდი ახლა, რომ მასთან მივსულიყავი და ის ლამაზი თვალები დამეკოცნა, ასე რომ მირევდნენ თავ-გზას და მოსვენებას მიკარგავდნენ. ოპერაციის დასრულების შემდეგ უკვე გონზე მყოფი ალიკა რეანიმაციის განყოფილებაში გამოვიყვანე. ოპერაცია თედო ექიმის წყალობით კარგად ჩატარდა და პაციენტს კარგი მდგომარეობა ქონდა. მისმა ახლობლებმა ლამაზ ექიმს დიდი მადლობები უხადეს, ბიჭი რომ გადაგვირჩინეთო. თუმცა, თავმდაბალი ექიმი ყველას იმას ეუბნებოდა, რომ ეს ჩემი მოვალეობააო. შუადღემდე მოცლა ნამდვილად აღარ გვქონდა. ქეთის თქმისა არ იყოს, სად დაქუჩდა ამდენი ავადმყოფი ერთად ნეტა? ზოგს რა პრობლემა ქონდა და ზოგს რა. თედო ექიმიც გულდასმით სინჯავდა ყველას და ან თაბაშირს ადებდა, ან ნაკერებს და ან უბრალოდ დანიშნულებას უწერდა. რეგისტრატურაშიც უამრავი ხალხი ირეოდა და ვერა და ვერ მოვიცალეთ გოგოებმა წასახემსებლად. ეს კი არა, ყავის დალევაც ვერ მოვახერხეთ. ოთხი საათის მერე კი საგრძნობლად იკლეს პაციენტებმა. თედო ექიმმა სიგარეტის მოსაწევადაც მოიცალა და ყავაც თვითონ ჩამოისხა აპარატიდან. ღამით ისევ შემოიყვანეს სასწრაფო ბრიგადის წევრებმა რამოდენიმე კაცი. რესტორანში, დაბადების დღის სუფრაზე გვარიანად მიეჟეჟათ ერთმანეთი. ერთს ცერა თითი ქონდა მოტეხილი, ერთი მუცლის არეში მსუბუქად იყო ცივი იარაღით დაჭრილი. ერთს ტუჩი ქონდა გახეთქილი და თქრიალით სდიოდა სისხლი. მოკლეთ ლამის მთელი ღამე ფეხზე გავატარე აქეთ-იქით სირბილში. არც თედო ექიმს მოუსვენია. ყველას სათითაოდ ჩაუტარა საჭირო პროცედურები და პალატებშიც მალ-მალე აკითხავდათ. მისი პაციენტი რომ ვყოფილიყავი მეც ხომ ასე მომხედავდა და იზრუნებდა ჩემზე? როგორ ამეტეხა საკუთარი თავისთვის რამე, რომ მას ეზრუნა ჩემზე? (უკვე ასეთი სულელური აზრებიც კი მიტრიალებდა თავში.) რესტორანში ჩხუბის გამო პოლიციაც მალევე გვესტუმრა და დამნაშავე თუ დაზარალებული ბიჭები ყველა სათითაოდ დაჰკითხა. ერთ ერთ სამართალდამცავში ჩემი კლასელი ზურა რომ ამოვიცანი ჯერ გამიკვირდა, რადგან ბავშვობაში ჩხუბის თავი და ყოველთვის აყალ-მაყალის მომწყობი ეგ იყო. როგორ შეეგუებოდა სამართალდამცავის ცხოვრებას გასაკვირი იყო. მერე კი გამიხარდა. თვითონაც მიცნო და პალატიდან გამოსულმა სკოლის დროინდელი ზედმეტსახელით ყველას გასაგონად მომმართა. _ვაა, წკიპა?! შენ აქ საიდან?_გადამეხვია და მადიანად გადამკოცნა. თედოსკენ გამექცა თვალი რატომღაც და დიდი ინტერესით რომ მოგვჩერებოდა ორივეს, ამაღელვა მისმა ამ გამჭოლმა მზერამ. ყველაზე მეტად ამ ზედმეტსახელს ვერ ვიტანდი. არა და სხვა სახელებიც მერქვა: "სამართალა", რადგან უსამართლოდ თუ ვინმეს ეპყრობოდნენ, ყველას ვეჩხუბებოდი, "ქომაგა", რადგან ყველა დაჩაგრულის ქომაგი ვიყავი და ეს "წკიპა", რადგან კლასში ყველაზე პატარა ვიყავი. მერე და მერე კი ცოტა გავიზარდე, მაგრამ ეს სახელი მაინც შემრჩა. ესეც ზურას მხრიდან, ამის შერქმეული იყო ისედაც. _წკიპა?_ქეთის რაღაცნაირად მხიარული ხმა რომ შემომესმა, გამებრაზა. _რას შვრები, როგორ ხარ?_ჩემს ხვევნა-კოცნას რომ მორჩა ზურა, ჩემი ყოფითაც დაინტერესდა. _არამიშავს, ვმუშაობ და ვარ... შენ? _მეც ვმუშაობ._გაეცინა და თავის სპეცრაზმელის ფორმაზე სიამაყით ჩამოისვა ხელი. _ეგ კი მივხვდი, მაგრამ, შენ რომ ყოველთვის სამართალთან გქონდა პრობლემები, აი ეგ მიკვირს._გამეცინა. ზურასაც გაეცინა. მერე ისევ მხრებზე მომხვია ხელი და დერეფნის ბოლოსკენ ასე წამიყვანა. _შენი მშობლების დაღუპვა ძალიან მეწყინა. მაგ დროს, სანამ სამსახურს დავიწყებდი, კონტრაქტზე ვიყავი და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა... _არაუშავს. მადლობა რომ ჩემი ტკივილის მოზიარე ხარ... _კლასელებს ფული აუქუჩებიათ. მე ვერ დავდე. ახლა რომ მოგცე ხომ არ გეწყინება?_მორიდებით მკითხა. დავიბენი. კლასელებმა მართლაც გარკვეული თანხა მომცეს მაშინ. როგორც გავიგე, ორმოცდაათი ლარები დაუდიათ. ახლა ზურა აპირებდა ფულის მოცემას... წყენით რატო უნდა მწყენოდა, მაგრამ მომერიდა, რა საჭირო იყო, იმ ამბავმა მაშინ ჩაიარა და ახლა, წლების მერე რაღა საჭირო იყო? ჩემი დუმილი რად ჩათვალა არ ვიცი, მაგრამ ჯიბიდან საფულე რომ ამოიღო და ორმოცდაათ ლარიანი ამოაძვრინა ცალკე განყოფილებიდან, უარესად დავიბენი. _იცი, წლებია ეს ფული თან დამაქ, შენი მშობლების სახელზე მაქვს. ვერა და ვეღარ მოგაწოდე. ბევრჯერ გამჭირვებია და არასდროს დამიხარჯია. როგორც გინდა ისე გამიგე, უკან არ ავიღებ._ლამის ძალით ჩამიდო ჯიბეში._სული დამძიმებულივით მქონდა საფულით რომ დავატარებდი. ახლა მოვისვენებ._დაიხარა, შუბლზე მაკოცა და შენობიდან გავიდა. თითქმის დავიწყებული მქონდა ის გრძნობები და განცდები, რაც ჩემი მშობლების დაღუპვისას განვიცადე და ახლა ისევ განმიახლდა ეს ყველაფერი. თვალები სწრაფად ავაფახულე, რომ ურჩი ცრემლები შემეკავებინა. მერე, მეც გავედი გარეთ, ცოტა მოფარებული ადგილი შევარჩიე, რომ შემთხვევით ვინმეს არ დავენახე და ღამის სიგრილეში კარგა ხანს დავყავი. ცა მოწმენდილი იყო და ვარსკვლავები ლამაზად კიაფობდნენ. ყინავდა. საშინლად შემცივდა. თუმცა შენობაში შესვლა არ მინდოდა. წარსულის მოგონებები ირეოდნენ ჩემს მეხსიერებაში და მარტო ყოფნა მინდოდა. ბოლოს, ფეხები რომ დამაძრა და ხელის თითებიც მომეყინა, ვინებე შესვლა. ჯიბეები მოვიქექე და გაყინული თითებით ძლივს ამოვიღე ხურდა, რომ ცხელი ყავა დამელია და ცოტა გავმთბარიყავი მაინც, მაგრამ ფული ვერ ჩავაგდე აპარატში, თითები არ მემორჩილებოდნენ. ხელიდან გამეშვა და ძირს ხმაურით გაგორდა. ერთი კი გავხედე, მაგრამ შორს წავიდა და აღარ გამოვკიდებულვარ. კიდევ მოვიძიე ხურდა, მაგრამ ისიც გამეშვა. გაწბილებული გამოვტრიალდი და თედო ექიმს შევეჩეხე. _ეს შენ დაგივარდა._ხურდა ფული გამომიწოდა._ხომ არ დაგეხმარო?_პასუხს არ დალოდებია და ერთი უშაქრო ყავა ჩამომისხა. თვითონვე აიღო და გამომიწოდა. ჭიქის გამორთმევისას მისი თითები შემეხო. ისეთი თბილი თითები ქონდა, გული ლამის საგულედან ამომიხტა. _რა გაყინული ხარ. გცივა?_გაოცებულმა მკითხა._საორდინატოროში წადი და მოისვენე. მგონი აღარავინ შეგვაწუხებს... თუ არა და, ჩვენც გავართმევთ თავს. _გარეთ ვიყავი და იმიტომ შემცივდა, არაფერია._ჭიქა გამოვართვი და იქვე მიმღებში ჩამოვჯექი ყავის დასალევად. თედო ექიმმაც ჩამოისხა თავისთვის ყავა და თვითონაც გვერდით მომიჯდა მოულოდნელად. _ცუდი ხომ არაფერია?_ინტერესით მომაჩერდა._იმ ბიჭმა ცუდი ამბავი ხომ არ გითხრა რამე? თვალებში შევხედე. ნეონის ნათურების შუქზე მის თვალებს ფერი შეეცვალათ, მაგრამ მაინც ჯადოსნური მზერა ქონდა. გული უარესად ამიფორიაქა მისმა სიახლოვემ და ჩემით დაინტერისებამ. შემეშინდა, მასაც არ გაეგო ჩემი გულის ბაგი-ბუგის ხმა. ჩემს ხელში უაზროდ ათამაშებულ ჭიქას დავხედე და თითქმის ჩურჩულით ვითხარი. _ჩემი მშობლები რომ დაიღუპნენ, ის აქ არ ყოფილა და ახლა მომისამძიმრა... _და წარსულის მძიმე ჭრილობები გაგეხსნა?_თანაგრძნობით მკითხა. მერე მოულოდნელად ზურგზე ფრთხილად დამადო თავისი გაშლილი ხელისგული._რას იზავ, ცხოვრება ზოგჯერ ძალიან სასტიკია, მაგრამ ფეხზე დგომა მაინც უნდა შეძლო. სიკვდილისთვის ყველა ცოდოა, მაგრამ ჯობია მშობლები წავიდნენ, ვიდრე შვილები. მოგატყუებ თუ გეტყვი, რომ მესმის შენი ტკივილი-მეთქი, რადგან ჩემი მშობლები ცოცხლები არიან და გვერდში მყვანან... თუმცა, ბევრი შვილი მინახავს აქ, ვისაც მშობელი დაღუპვია და ვხვდები რა საშინელი ტკივილიცაა. გამაგრდი. ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მაინც მშვენიერია._ბეჭებზე მომითათუნა თავისი თბილი ხელი, მერე წამოდგა და გარეთ გავიდა. ალბათ სიგარეტის მოსაწევად. თვალი გაუცნობიერებლად გავაყოლე. მართლაც რომ არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. როგორ დამამშვიდა?.. იყო ამ ექიმში ისეთი რამ, რაც წამლის გარეშეც კურნავდა სულის იარებს. გამეღიმა. უფრო იმიტომ, რომ შემნიშნა მოწყენილობა და მიხვდა რომ რაღაც მაწუხებდა. გამოდის, ვაინტერისებდი.. მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი და რომ ავიხედე, ქეთის ჭროღა თვალებს წავაწყდი. დაგვინახა ალბათ მე და თედო ექიმი გვერდიგვერდ რომ ვისხედით და ვსაუბრობდით. მისი ეს მზერა ეჭვიანობის მზერა რომ იყო, მივხვდი. ძალიან მშვიდად და აუღელვებლად მოვჭმუჭნე ხელში შერჩენილი ყავის ჭიქა, ურნაში ჩავაგდე და მიმღების გოგონებთან გავედი სალაპარაკოდ. ქეთი კი, მინის ანარეკლიდან დავინახე, რომ გარეთ გავიდა. ალბათ თედო ექიმთან. დილამდე აღარავინ შემოუყვანიათ ჰოსპიტალში და შედარებით მშვიდად და მხიარულადაც კი ვიყავით. მხოლოდ, ჩემი წამოსვლის დროს შემოიყვანეს ორსული ქალი მკლავის მოტეხილობით. ერთი კი შევხედე, წინ რომ ჩამიგორეს სავარძელში მოკალათებული საცოვავად აკვნესებული, მაგრამ ისევ განვაგრძე გზა, მაგრამ ამ ქალმა თვითონ დამიძახა, თანაც სახელით. _ნუკი?! გაოცებული შევჩერდი და შევხედე. ძლივს ვიცანი ბიძაჩემის ცოლი შორენა. დავიბენი. კარგი ურთიერთობა არასდროს ქონია ჩემთან. როგორც უმრავლესობა რძლისა, მულის შვილს ყოველთვის ამრეზით მიმზერდა და არასდროს სიამოვნებდა ბებია ან ბიძია რამით თუ მეხმარებოდნენ. _ნუკი არ ხარ?_გაოცებულმა ამომხედა. _კი, მე ვარ... ბიცოლ._ეს "ბიცოლ" ძლივს ამოვთქვი._მარტო ხარ?_მომყოლი რომ ვერავინ დავინახე, გამიკვირდა._რა დაგემართა?_მეც უკან მივყევი რენტგენის კაბინეტში რომ მიყავდათ. _ხო მარტო ვარ, ბიძაშენს არ ეცალა და მარტოს მომიწია ექიმთან ვიზიტზე მოსვლა. ავტობუსიდან რომ ჩამოვდიოდი, ფეხი დამიცდა და რომ არ წავქცეულიყავი, სახელურს დავეკიდე... შენ აქ რას აკეთებ, ბებიაშენი ცუდად ხომ არ არის? _არა, აქ ვმუშაობ სანიტრად. _უი, მართლა? რა კარგია, პატრონი რომ მეყოლება უკეთესად მომხედავენ... მეწყინა. რას ქვია პატრონი რომ ეყოლება? _აქ ისედაც კარგად ეპყრობიან ყველას._მტკიცედ და ამაყად ვუთხარი._ ძალიან კარგი მედიკოსები მუშაობენ. ჩემი ცვლა კი დასრულდა, მაგრამ მაინც დავრჩები, მოგხედავ. _რა კარგი გოგო ხარ._სავარძელზე დადებულ ჩემს ხელს დასწვდა და გულში ჩაიხუტა. მივხვდი, ხალხის დასანახად იქცეოდა ასე, თორემ არასდროს ვეპიტნავებოდი. იდაყვის ძვალი ქონდა გაბზარული. კობა ექიმმა თაბაშირი დაადო და სახლში გაუშვა, აქ დარჩენის საჭიროებას ვერ ვხედავო. _ხელმოტეხილი მარტო როგორ წავიდე სახლში?_შენობიდან გამოვედით თუ არა, აწუწუნდა. _ბიძიას დაურეკე და ჩამოგაკითხავს... _დავურეკე, მაგრამ დღეს არ სცალია._უფრო ძალიან შეიწუხა გული. _ამაღამ ჩვენთან დარჩი და ხვალ ბიძია წაგიყვანს._შევთავაზე. _შენ რომ გამომყვე და ტაქსით წავიდეთ? გაოცებულმა შევხედე. მართლა უნდოდა ვითომ ჩემი გაყოლა? _ერთ საათში ჩავალთ და იქიდან ისევ იმ ტაქსს გამოყევი, უკან ხომ უნდა დაბრუნდეს? აჰა, არც კი უნდოდა, რომ სახლში შევსულიყავი. მწარედ ჩამეღიმა გუნებაში. თუმცა, მაინც გავყევი. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. ან რა გვქონდა ერთმანეთთან სალაპარაკო? მთელი გზა ფანჯრისთვის არ მომიშორებია თვალი. ყანდაურის გზას რომ დავადექით, მაშინ კი ამიფრთხიალდა გული. რამდენი ტკბილ-მწარე მოგონება მაკავშირებდა ამ სოფელთან... ტაქსისტს ხუთი წუთით დალოდინება ვთხოვე და ბებია და ბაბუა მოვინახულე. ისე გაუხარდათ ჩემი ნახვა, რძლისთვის არც კი მიუქცევიათ ყურადღება თაბაშირში რომ ქონდა ხელი. ბიცოლას აშკარად არ ესიამოვნა ეს ამბავი და უმალ აიბზუა ცხვირი. აქამდე თუ მისი მაშველი რგოლი ვიყავი, ახლა ისევ მულის შვილი გავხდი, რომელზეც საშინლად ეჭვიანობდა. რამოდენიმე დღის წინ ძღვენი რომ მომიტანა ბებიამ, ვხვდებოდი, რომ რძლის უჩუმრად ქონდა, ამიტომ ბაბუას რომ გადავეხვიე, ყურში ვუჩურჩულე, რომ ძალიან გამიხარდა მისი გამოგზავნილი საჩუქრები. პატარა ბავშვივით გაუხარდა კაცს და შევატყე თვალებიც რომ აუცრემლიანდა. მერე ომახიანად უთხრა ცოლს. _ვენერა, ქალო, ბავშვთან ვეღარ მივდივართ და ახლა ხომ თავისი ფეხით არის მოსული, მიდი დაფაცურდი, ხილი მაინც გაატანე, მალე დაბადების დღე აქვს და მეგობრებთან მოიწონებს დედულეთის ნობათით თავს. ბებიას მეორედ თქმა აღარ დასჭირვებია. ახალგაზრდული სიმარდით დაფაცურდა და ორი მოზრდილი ჩანთა გამიმზადა. _არ არის საჭირო, რატო წუხდებით._გავასავსავე ხელები, მაგრამ შვილიშვილს მონატრებულ მოხუცებს არაფრის გაგონებაც არ უნდოდათ. ბიცოლა კი იჯდა ნახევრად მიწოლილი სავარძელში და მომეჩვენა რომ ავად უელავდა თვალები. _დიდი კი არაფერია შვილო, ვაშლია, ბროწეული და თხილი... კარალიოკიც ხომ გიყვარს? გაისველებ და ჩაიტკბარუნებ პირს. _როგორ უხერხულში მაყენებთ... დიდი მადლობა._ორივეს გულთბილად გადავეხვიე და გადავკოცნე. _სულ მაგან რომ არ ეზიდოს თავის დიშვილებთან ჩემი ოფლით მოპოვებული ერთხელ მეც ვცე ჩენი ნანის გოგოს პატივი._ჩურჩულით მითხრა ბებიამ და შევატყე რომ ხმა აუკანკალდა. _გოგრას არ ატან ქალო?_ისე შეიცხადა ბაბუამ, გამეღიმა. _უი, ჩემი სიკვდილი, არ და როგორ უყვარს._ისევ შებრუნდა მარანში და ვეებერთელა გოგრა გამომიტანა. _ბიცოლას არ ეწყინება ამდენ რამეს რომ მატანთ?_ჩურჩულით ვკითხე. _არაუშავს, ცივი წყალი დალიოს... შენ ჩემი ცხონებული შვილის შვილი ხარ და როგორ ფიქრობ, არ მინდა, რომ ობოლს გცე პატივი? სხვა ვერაფრით გეხმარებით და ხეზე მოკრეფილი ხილის მოწვდა უნდა დამიშალოს? ტაქსის მძღოლმა რომ მომისიგნალა, სასწრაფოდ დავემშვიდობე ყველას და მალევე დავბრუნდი სახლში. ბებიას გაუკვირდა ისევ სანოვაგით ხელში რომ დამინახა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბებია-ბაბუას მოკითხვაც გადავეცი. _ამეებს შენ მიხედავ მე რომ დავისვენო?_შეფარვით ვკითხე. _როგორ არა შვილო, დაისვენე, მე ამოვალაგებ._მაშინვე დაფაცურდა. მე კი ჩემს ოთახში შევიკეტე და საწოლში თბილად ჩავწექი. მალევე დამეძინა. კარგა ხანს მეძინა. თვალები რომ გავაჭყიტე და ფანჯარაში გავიხედე, გვარიანად ბნელოდა. ლოჯიიდან დაბალ ხმაზე ჩართული ტელევიზორის ხმა მოდიოდა. ბებიას არ ეძინა ალბათ. საწოლიდან პირდაპირ საპირფარეშოში გავიძურწე, იქიდან კი ლოჯიაში. ბებიას მართლაც ეღვიძა და თოქ-შოუ "პროფილს" უყურებდა. ძალიან უყვარდა მისი წამყვანი და არც ერთ გადაცემას არ ტოვებდა უნახავს. მივედი, შუბლზე ვაკოცე და მის გვერდით მოხერხებულად მოვკალათდი ძველისძველ მორყეულ დივანზე. _როგორ გეძინა?_მზრუნველად მკითხა და მხრებზე მოხვეული პლედი მეც შემომაფარა მხრებზე._არ გშია? მე უკვე ვივახშმე. მეგონა დილამდე გადააბამდი ძილს._ცოტა შეწუხდა კიდეც. _ხო, მეც მასე მეგონა, მაგრამ გამეღვიძა._უფრო მჭიდროდ მივეკარი ბებიას და თავი მის მხარზე ჩამოვდე._იქნებ, ამაღამ ვეღარც კი დავიძინო._ამოვიოხრე. სიბერისგან დამჭკნარი ხელი თავზე გადამისვა და ნაზად მაკოცა. _ნუ იფიქრებ ნურაფერზე და დაგეძინება. კარგა ხანს უხმოდ შევყურებდით ორივენი ტელევიზორს. მერე, რეკლამა რომ დაიწყო, წამოვდექი და სამზარეულოში სავახშმოდ გავედი. ბებიას ქოთანში მოემზადებინა ლობიო და გემრიელად მივირთვი. მართალია, შუაღამეზე ასეთი მძიმე და ძნელად მოსანელებელი საჭმელი მიზანშეწონილი არ იყო კუჭისთვის, მაგრამ მაინც გავბედე და ვჭამე. რომ მეგონა აღარ დამეძინებოდა მთელი ღამე, ვცდებოდი. პირველი საათი იყო რომ დავწექი და თედო ექიმზე ფიქრებში ისევ ტკბილად დამეძინა. დილით კი სულიერად და ფიზიკურად დასვენებულს ხალისით გამეღვიძა. მთელი დღე სახლში ვიყავი და ვსაქმობდი. ბებია კი ალაგებდა და ასუფთავებდა ყველაფერს, მაგრამ მაინც. ყოველი კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ დავალაგე და დავასუფთავე. საღამოს კი ეზოში ჩავედი მეგობრებთან. _ოჰო, ჩვენი ნუკიც გამოჩნდა._გაუხარდა ირმას._რაც სამსახური დაიწყე, რატომღაც ძალიან გადაგვივიწყე._წამოდგა და გადამეხვია._ვის სამსახური არ დაუწყია, ასე კი არ გადაკარგულა. მას სხვებმაც მიბაძეს და ყველამ სათითაოდ ჩამპროშნა მონატრებული მეგობარი თუ მეზობელი. _ამ საღამოს რას აკეთებ? გოგოები ბასიანში მივდივართ ელექტრონული მუსიკის მოსასმენად და დილამდე უნდა ვიცეკვოთ._შემომთავაზა ხათომ. _წამოდი რა._მხარი აუბა ლელამაც. _დილაზე ჩემი ცვლაა, ამაღამ თუ კარგად არ გამოვიძინე, იქაც ღამის ტეხვა მიწევს და ვერ შევძლებ._თავი მოვისაწ..... _ცუდია..._უკმაყოფილოდ მოჭმუხნა ცხვირი ხათომ_წამო, სულაც კაფეში დავსხდეთ. ცოტა ხნით მაინც წავიჭორაოთ, რამდენი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახია. მერე და მერე უფრო ვეღარ შევძლებთ ერთმანეთთან შეხვედრებს რაც დრო გავა... არა და რამდენი რამ დამიქუჩდა თქვენთვის მოსაყოლი. _ამბების მოყოლას კაფეში წასვლა სულაც არ სჭირდება ჩემო ხათო._მეგობრულად მოვუთათუნე ჩემზე გაცილებით დაბალ გოგოს მხრებზე ხელი._შენ მოიწადინე და მესტუმრე. კაფეშე რომ ყავას აკეთებენ, იმაზე უკეთესს მე გაგიკეთებ და დაგალევინებ. რა გული გაგიტეხია? ამბებს კი, თუ კი მოყოლა გინდა, ყველგან სიამოვნებით მოყვები. ზეგ, შუადღის მერე, გამომიარე და წავიჭორაოთ. დღეს მართლა დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება სახვალიოდ... _აი, ასე ვიკარგებით ნელ-ნელა გენაცვალე. ხვალ შენ არ გცალია და მე მცალია, ზეგ პირიქით... მოკლეთ, გავიზარდენით და ვეღარ ვიცლით ერთმანეთისთვის. არა და, გახსოვს, ბავშვობაში, მთელ დღეებს რომ ვატარებდით ერთად და ღამეც კი არ გვინდოდა სახლში ასვლა?_სინანული გაურია ხმაში ხათომ.._წავალ, ისევ ბიჭებს ვნახავ, თქვენგან განსხვავებით მათ ყოველთვის სცალიათ... _მასე გეგონოს._ნიშნის მოგებით უთხრა ირმამ._რეზიკომ სამსახური იშოვა და დღე და ღამ მანქანების სამრეცხაოშია გაყინულ-გალუმპული. ლაშა სოკარზე ათენებს და აღამებს. სოსოსი რა გითხრა არ ვიცი, მაგრამ ისიც დილიდან დაღამებამდე სახლში არაა. _აი, ნახავთ მე და ლელა თუ არ გავიჩითებით ბასიანში და არ დავჩექინდებით. თქვენ კიდე დორბლი ყარეთ._თითქოს გაბრაზებული წამოდგა ხათო, ლელას ხელკავი გამოსდო და წავიდა. _რა ბზიკმა უკბინა?_გამიკვირდა. იქ მყოფმა ყველა გოგომ უაზროდ აიჩეჩა მხრები. ხათოსთან რომ დიდი მეგობრობა არ გვაკავშირებდა არავის, ეს ვიცოდი, მაგრამ ბოლო დროს რომ ლელას დაუახლოვდა ძალიან, ეგ კი მიკვირდა უკვე. სავარაუდოდ, მის ძმას დაადგა თვალი და მიტომაც... ბავშვობიდან ლიდერობის მოყვარული ხათო ვერავისთან ნახულობდა საერთო ენას. ხშირად ვჩხუბობდით და ვკინკლაობდით თითქმის ყველაფერზე, მაგრამ ბავშვები რომ მაინც ბავშვები არიან გულით ალალები და უბოროტოები, ისევ მალევე ვრიგდებოდით ყოველთვის... გოგოებთან დიდხანს აღარ დავრჩენილვარ, ხათოს და ლელას წასვლის შემდეგ მეც წამოვდექი, მეგობრებს დავემშვიდობე და სახლში ავედი. _ხვალ დედაშენის და მამაშენის საფლავზე მინდა გასვლა. ოთხი წელი უხდებათ საწ....ბს._ბებიამ მოწოლილი ცრემლი შეიკავა და ისე შემომხედა._შენ არ გცალია არა? _არა, ბებია, ხვალ ცვლაში ვარ. არ მინდა ეგ სამსახურიც დავკარგო ჩემი გაცდენით, ჯერ ხომ ერთი კვირაა რაც დავიწყე მუშაობა? სხვა დროს გავალ... _კარგი შვილო. ჯერ კი ეკლასიაში უნდა შევიარო... ზურამ რომ ორმოცდაათი ლარი მომცა, ის გამახსენდა. მაშინვე გამოვუტანე ბებიას და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. _ჩემი მშობლების სახელზე ქონია გადანახული და ახლა რომ მნახა, მომცა. შენ გქონდეს. შენ უკეთ იცი რაში უნდა დახარჯო. ხელის კანკალით ჩამომართვა გაწვდილი გაცრეცილი ფული. უფრო აუწყლიანდა თვალები. აღარაფერი მითქვია, რადგან ვიცოდი, რომ რამის თქმა ახლა უარესად აუჩვილებდა გულს და ატირდებოდა. მხოლოდ შუბლზე ვაკოცე და აბაზანაში შევედი შხაპის მისაღებათ. დილით, სამსახურში მივედი თუ არა, უკან მომყვა სასწრაფო დახმარების მანქანა. მოხუცი ქალი მოიყვანეს თავის ქალის დაზიანებით. სანამ მე ჩემს უნიფორმას ჩავიცმევდი და მოვწესრიგდებოდი, ეკამ მიხედა და მერე კი მე გადმომაბარა. თედო ექიმიც მალევე მოვიდა და კობა ექიმს ხელი აღარც კი წაუვლია პაციენტისთვის. ქალს მსუბუქი დაზიანება ქონდა, მაგრამ რეანიმაციაში გადავიყვენე მაინც. ის იყო ქალი იქ მოვათავსე და გამოსვლას ვაპირებდი, რომ ფანჯრის მხარეს საწოლზე ერთ-ერთ პაციენტს გავხედე. აშკარად ნაცემი იყო, სახეზე მრავლობითი სისხლჩაქცევები და სილურჯეები ქონდა. ელდა მეცა, რეზიკო იყო, რომელიც ძლივს ვიცანი. უფრო ახლოს მივედი და დავაკვირდი. უგონოდ იწვა. _ეს წუხელ მოიყვანეს? რა მოუვიდა?_ერთ-ერთ სანიტარს შეშფოთებულმა ვკითხე. _ხო, წუხელ მოიყვანეს, სასტიკად ნაცემი... _ვინმე მოყვა? _ქერათმიანი, მოკლედ შეჭრილი თმით... _დაბალი? ახლო ახლო მიჯრილი თვალებით?_დავინტერესდი. _ხო, რა იცი?_გაუკვირდა ნატოს. _ჩემი მეზობლები არიან. რა მოხდა ხომ არ იცი? _ამ ბიჭს იცნობ?_უარესად გაუკვირდა ნატოს._იმ გოგომ, შემთხვევით ვიპოვე ძირს დაგდებული და უგონო მდგომარეობაში მყოფიო. მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან არანაირი საბუთი და პირადობის დამადასტურებელი ცნობა არ ქონია... დარწმუნებული ხარ, რომ იცნობ? _მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. ვიცი, არ მეშლება. რა მოუხდა? _მგონი, ღამის კლუბში იყო და იქ უცემიათ ეს საცოდავი... ასეთ ახალგაზრდას ტვინის დაზიანება და ხერხემლის მალები აქვს დამტვრეული. ან გაივლის და ან არა... _რაო?_გამაცია და მთლიანად მომეყინა ხელ-ფეხი._ხერხემალი აქვს დაზიანებული?_რეზიკოსთან უფრო ახლოს მივედი და სინანულით დავხედე._მისმა ახლობლებმა იციან? _პიროვნების დადგენა ვერ მოხერხდა და არავინ არაფერი იცის. _ის გოგო, ვინც მოიყვანა?_გამიკვირდა. _ცოტახანს იყო და წავიდა, ვერ ვცნობ ვინ არისო. _მართლა?_გავვოგნდი. თუ ხათო იყო მისი მომყოლი, რატო აირიდა თავიდან? ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე, გალერეაში ფოტოები კარგა ხანს ვათვალიერე. მერე, ერთ-ერთი შევარჩიე, სადაც ხათოსთან ერთად ვიყავი გადაღებული და ნატოს ვაჩვენე._მართალია ძველი ფოტოა, მაგრამ აბა კარგად დააკვირდი, ეს იყო? ნატომ ტელეფონი გამომართვა და დიდხანს უყურა. ხან გაადიდა ფოტო და მოაახლოვა, ხან ისევ შორიდან უცქირა. ბოლოს გამომიწოდა. _დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ეს იყო... თან, სიმართლე რომ გითხრა, მისთვის ყურადღება დიდად არც კი მიმიქცევია, პაციენტს დავტრიალებდით. ერთადერთი, რაც თვალში მომხვდა, იმ გოგოს თვალები იყო, ძალიან ახლო-ახლოს ქონდა მიჯრილი და ცბიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტუჩებიც პატარა და მოპრუწული ქონდა... თუ დარწმუნებული ხარ ეს ბიჭი ვინც არის, პოლიციაში უნდა განვაცხადოთ. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე დავადასტურე რეზიკოს ვინაობა და მის მშობლებთანაც დარეკეს. სიტყვით ვერ გადმოვცემ იმას, რაც ქალბატონი დალის მოსვლამ გამოიწვია მთელ ჰოსპიტალში. განწირული კივილით შემოვარდა ქალი და თავისი შვილის სასთუმალთან ჩაიკეცა. _ვაიმე, შვილო!!! ეს რა დღე გამითენდა!!! ვინ გაგიმეტა ასე სასტიკად და ვინ დამივსო ორთავ თვალი?!! ჩემო ერთადერთო, ნუ დამტოვებ დეე!!! უშენოდ ცხოვრებას რაღა აზრი აქვს ჩემთვის?!! იმდენი იტირა, ხმა წაერთვა. ყველას ძალიან შეგვეცოდა გულდათუთქული დედა. გავბედე და მივედი, მხრებზე მოვხვიე ხელი და რეანიმაციის განყოფილებიდან გამოყვანა ვცადე. გამიძალიანდა. _მე ჩემს რეზიკოსთან მინდა, ნუ გამიყვანთ აქედან, გთხოვთ. _არ შეიძლება დალი დეიდა, ექიმებს და ექთნებს მივცეთ მუშაობის საშუალება. რეზიკო ყოჩაღი ბიჭია, მჯერა რომ მალე გამოჯანმრთელდება... ჯერ გაოცებით შემომხედა, მერე რომ მიცნო, ჩამეხუტა. _შენ ხომ იცნობ ჩემს რეზიკოს ნუკი? ხომ იცი, რომ ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს? ვის რა დაუშავა ასე სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს?_უარესად აქვითინდა ქალი. _დაწყნარდით დალი დეიდა, თავი გაიმაგრეთ, რეზიკოს ჯერ თქვენი მიხედვა და ყურადღების მიქცევა დასჭირდება. მაგარი უნდა იყოთ... _ხომ იცი რომ მე მაგარი ვარ, მაგრამ ჩემი შვილი... ჩემი შვილის ცუდად ყოფნობა მანადგურებს..._ეს სიტყვები ამოთქვა და ჩაიკეცა კიდეც. ძლივს მოაბრუნეს ექიმებმა და უარესი ისტერიკა დაემართა. დამამშვიდებლების მიღება გახდა საჭირო. გულდამძიმებული ჩამოვედი მიმღებში. ხათოს საიდუმლოებებით მოცული ქმედებები მაეჭვებდა და მოსვენებას მაკარგვინებდა. რატომ თქვა, რომ არ იცნობდა? ალბათ, მის გამო მოუხდა რეზიკოს ღამის ბარში ჩხუბი, მისი მიზეზით მოხდა ასეთი რამ და თავის გამჟღავნება არ უნდოდა. გუშინ საღამოს "ბასიანში" მეც მეპატიჟებოდნენ ეგ და ლელა. ალბათ რეზიკო დაიყოლიეს წასვლაზე. ნეტა, რა მოხდა ამისთანა, რისთვის გაიმეტეს ეს ბიჭი ასე სასტიკად? _ნუკი, არ გესმის?_ქეთის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, რომელიც სანამ მხარზე არ შემეხო, მანამ ვერ მივხვდი, რომ მე მომმართავდა. გაოცებულმა შევხედე. _საორდინატოროში სჭირდები თედოს. თედო ექიმის ხსენებამაც კი ვერ გამომიკეთა რეზიკოს უბედურებით დადარდიანებული და შეწუხებული გუნება-განწყობა. უსიტყვოდ გავეშურე მისი კაბინეტისკენ. თედო ექიმი მართლაც საორდინატოროში იყო და ხნიერ კაცს ჭრილობას უხვევდა ფეხზე. არც კი ამოუხედია ჩემთვის ისე მითხრა, რომ პაციენტი პალატაში ამეყვანა ეტლით და მორჩა თუ არა ნახვევის დადებას, მეც მაშინვე გავაქანე მეორე სართულზე. მთელი დღე მოცლა არ მქონდა. პაციენტთა სიმრავლე სხვა დღეებთან შედარებით დღეს უფრო მეტი იყო. წინ და უკან დავრბოდი და პაციენტების გადაადგილება-გადმოაადგილებაზე ვზრუნავდი. ორჯერ თედო ექიმს ყავა ჩამოვუსხი და მოწიწებით მივართვი, რომელმაც მადლიერი თვალებით შემომხედა და მომაჯადოებელი ღიმილით დამაჯილდოვა. რეზიკოც რამდენჯერმე მოვინახულე. უკეთესობა არ ეტყობოდა. გულს მიკლავდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ვერ გადარჩენილიყო, ან თუ გადარჩებოდა, ინვალიდად დარჩებოდა. ღამის თორმეტის მერე კი წნევა დაეცა და ყველა ექიმი თუ ექთანი მის თავს იყო. მე და თედო ექიმიც კი ავედით. გული რომ გაუჩერდა და ელექტროშოკით რამდენჯერმე დამუხტეს, მეგონა რომ მოკვდა, მაგრამ უფლის წყალობით და ექიმების თავდაუზოგავი შრომით გადარჩა. თედო ექიმმა შემატყო, რომ ამ ბიჭზე განსაკუთრებულად ვღელავდი. _იცნობ?_მოულოდნელად წამომადგა მის სასთუმალთან რომ ვიდექი და შევკრთი. _კი._თავი დავუქნიე._ჩემი მეზობელია. _უბრალო მეზობელზე ასე ღელავ?_ეჭვით მკითხა იმ წუთას შემოსულმა ქეთიმ. ინსტიქტურად ჯერ თედო ექიმს შევხედე, რომელიც დაუფარავი ინტერესით მომჩერებოდა და მერე ისე შევხედე ქეთის. _ერთ ეზოში გავიზარდეთ, ფაქტიურად ძმასავით არის... _ცოდო კია, თითქმის ორმეტრიანი ვაჟკაცი დევს გაუნძრევლად და არავინ იცის დადგება თუ არა ფეხზე... მართალია, სახეზე ჩალურჯებები აქვს, მაგრამ ეტყობა რომ ძალიან სიმპატიური ბიჭია. აფსუს, რა ცოდოა..._გამომცდელად შემომხედა. _შეხედულებას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანია._ეს ვთქვი და პალატიდან გამოვედი. მივხვდი, ვიღაც გამომყვა, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. ვიფიქრე, ქეთი იყო და მაგასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. სწრაფად გავიარე დერეფანი და კიბეზე დავეშვი. ბაქანზე რომ ჩავედი, თავბრუსხვევა ვიგრძენი და მოაჯირს ჩავეჭიდე. წამიერად თვალთაც დამიბნელდა. ალბათ, გადაღლის და ამავე დროს მოულოდნელი ელდის ბრალი იყო. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები ძლიერად მოვხუჭე, რომ წელზე ვიღაცის ძლიერი მკლავის შემოხვევა ვიგრძენი. მოულოდნელობისგან შეშფოთებულმა გავახილე თვალები და შევხედე. არანაკლებ შეშფოთებული მიმზერდა თავისი მწვანე თვალებით. _რა გჭირს, ცუდად ხარ?_თითქოს მალამოსავით დამეფინა მისი ხავერდოვანი ხმა და უარესად ავღელდი. _ხო... არ ვიცი... მგონი გადავიღალე. ხელი არ გაუშვია ისე ჩამიყვანა კიბეზე. მისი სიახლოვით გამოწვეული მღელვარება უარესად მხდიდა ცუდად და გულს მიჩქარებდა. საორდინატოროში შემიყვანა. _დაისვენე, მართლაც გადაღლილი იქნები. ქეთი გაართმევს თავს, თუ ვინმე შემოიყვანეს._გულთბილად გამიღიმა და სანამ ტახტზე არ ჩამომსვა, მანამ არ გავიდა გარეთ. ის ადგილი, სადაც მკლავი ქონდა მოხვეული, დაშანთულივით მიხურდა. ყველა თანამშრომელს ასე გულისყურით ეპყრობოდა ნეტა, თუ მე ვიყავი მისთვის გამონაკლისი? ძლივს დავიმშვიდე აჩქარებული გულის ცემა და ტახტზე წამოვწექი, თან ჩემი ქურთუკი მოვიფარე, რომ თუ ჩამეძინებოდა, ძილში არ შემცივნოდა. ერთი საათით წამთვლიმა. მართლაც დავისვენე და ახალი ენერგიით აღსავსე ავდექი ტახტიდან. თედო ექიმის კაბინეტში რომ შევიჭყიტე, იქ არავინ დამხვდა. მერე მიმღებში გავედი გოგოებთან. _ვინმე ხომ არ შემოუყვანიათ კიდევ ამ ერთ საათში?_ვიკითხე. _არა, მშვიდადაა საქმე ამასაც თუ მშვიდობა ქვია._შეწუხებული ხმით მითხრა ლიკამ. _რა მოხდა?_ჩემი ფიქრი მაშინვე რეზიკოსკენ გამექცა და მტკივნეულად გამკრა გულში, ნუთუ დაიღუპა? _იმ ბიჭის დედა, რეანიმაციაში რომ წევს, ცუდად გახდა და ძლივს მოასულიერეს. მიკრო ინფარქტი გადაიტანა ქალმა... რა სისასტიკეა, ასე როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი რომ სიკვდილის პირას მიიყვანო ცემით? ეტყობა რომ მძიმე საგნებს ურტყამდნენ და თან ბევრნი იყვნენ, თორემ ისეთი ვაჟკაცი ბიჭი ჩანს, ორი ადამიანი ადვილად ვერ მოერეოდა. _მართალი ხარ... _ის გოგოც იყო მოსული, ვინც მოიყვანა, მაგრამ არ აუშვეს მაღლა, ნახვის საათები არ არისო... შემეცოდა. _ხათო აქ იყო?_გამიკვირდა. _ხათო კუპატაძე, ხო._ფურცელზე მიწერილი სახელი და გვარი მალევე იპოვა ლიკამ და ამოიკითხა. _ამ შუაღამეზე რატო იყო მოსული? _ვმუშაობ და დღისით ვერ მოვიცალეო. უფრო გამიღრმავდა ის ეჭვი, რომ რეზიკოს ამბავში ხათოს ბრალი მიუძღოდა და სინდისი ვერ აძინებდა. თან, არ უნდოდა ვინმეს დაენახა. არ იცოდა რომ მე აქ ვმუშაობდი, თორემ ხომ ახლოს არ გაეკარებოდა ამ ჰოსპიტალს? რა დროს დავიძინე მეც, რომ ის ცბიერი ვერი ვნახე?! _თავს როგორ გრძნობ, უკეთესად?_თედო ექიმის ხმა რომ ვიცანი ჩემს სიახლოვეს, ისევ ამიფრთხიალდა გული გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით. თვალებში შეხედვა ვერ გავუბედე, რადგან უარესად ავღელდებოდი და იქნებ თავიც გამეყიდა. _კი, მადლობა, უკეთესად ვარ._გაღიმება ძლივს შევძელი. _შეგიძლია რეანიმაციაში გამომყვე? თავი დავუქნიე და უსიტყვოდ გავყევი. რეზიკოს სჭირდებოდა კათეტერზე შარდმიმღების გამოცვლა და ჭრილობიდან გამოსული სითხის დაცლა. დიდი სიფრთხილით შევასრულე ჩემი საქმე. თედო ექიმი კი დიდი ინტერესით მომჩერებოდა რას და როგორ ვაკეთებდი. ჯერ ერთი, მე ჩემი საქმის მოყვარული ვიყავი და ახლა, რეზიკოს რომ არ მოვაკლებდი ყურადღებას, ამას რად უნდა ბევრი ლაპარაკი. საქმეს რომ მოვრჩი, ზეწარი გავუსწორე და შუბლზე ჩამოშლილი თმა ფრთხილად გადავუწიე. მისმა სიცივემ შემაკრთო. რომ გამოვტრიალდი, თედო ექიმის თვალებს წავაწყდი. სულ გადამავიწყდა, რომ ესეც აქ იყო. _რას იტყვით, მდგომარეობიდან გამოვა თედო ექიმო?_ინტერესით ვკითხე. _ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, იმედია._ეს "იმედია" თითქოს უიმედოდ ჩაილაპარაკა. _ფეხზე გაივლის?_შიშით ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიზაფრე. _ასეთი ოპერაციები რამოდენიმე გამიკეთებია და უნდა ვთქვა, რომ წარმატებითაც. იმედი მაქვს, რომ გაივლის. _ეს ხომ თქვენ არ გაგიკეთებიათ?_ეჭვით შევხედე. _არა, მაგრამ კობა ჩემზე უკეთესი ექიმია. თან, ის ხომ ვერტებროლოგია და ჩემზე უკეთესადაც გააკეთებდა ოპერაციას._ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. _კომაში რატომ არის, ტვინიც დაზიანებული აქვს? _კი, მაგრამ ხელოვნურ კომაშია, რომ ტკივილებმა არ შეაწუხოს და უფრო მალე მოხდეს მისი რეაბილიტაცია. ჩემი ცნობისმოყვარეობა თითქმის ოთხმოცდაათი პროცენტით იყო დაკმაყოფილებული. ერთხანს ისევ რეზიკოს მივხედე. მერე კი, თედო ექიმს რომ გამოვხედე, ისევ მიმზერდა თავისი მუქი მწვანე თვალებით. _კარგი, შენ აქ საჭირო აღარ ხარ, შეგიძლია მიმღებში დაბრუნდე, თუ რა თქმა უნდა თვითონ არ გსურს მასთან დარჩენა. მივხვდი საითაც უმიზნებდა ამ კითხვით, აინტერისებდა ეს ბიჭი უბრალო მეზობელზე მეტი ხომ არ იყო ჩემთვის. ან, მე მომეჩვენა ასე. კიდევ ერთხელ გადავუსვი რეზიკოს გაყინულ შუბლზე ხელი და პალატიდან გამოვედი. დილამდე აღარავინ შემოუყვანიათ და ჰოსპიტლის შენობაშიც სიმშვიდე სუფევდა. სახლში წასვლამდე კიდევ ერთხელ მოვინახულე რეზიკო და შედარებით მშვიდად დავტოვე შენობა. მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი ხათო როგორ გამომეტეხა და როგორ გამეგო რა მოხდა სინამდვილეში. სახლში მისულმა რეზიკოს ამბავი დამახვედრა ბებიამ. _ვიცი, ჩევენს ჰოსპიტალში წევს. თედო ექიმი იმედს იძლევა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო._დავამშვიდე აცრემლებული მოხუცი. _ღმერთმა ქნას... არა და რა კარგი ბიჭია._სინანულით ამოიოხრა ბებიამ._მარტო სამეზობლოში კი არა, მთელ ქალაქში მაგაზე კარგი ბიჭი არ მეგულება. _გეთანხმები, კარგი ბიჭია რეზიკო და კარგადაც იქნება, მე მჯერა თედო ექიმისა... წავალ დავწვები და დავისვენებ, მერე ხათოსთან უნდა გავიდე ყავაზე, დაპატიჟებული ვარ. ბებიას ჩემს მოსვენებაზე უარი არ უთქვია. სამი თუ ოთხი საათი მართლაც შევძელი დასვენება და მერე კი, მართლაც წავედი ხათოსთან სტუმრად. გზად მაღაზიაში გავიარე და ყავის მარცვლები და ტკბილეული გავუყოლე. კარის ზღურბლთან მე რომ დამინახა ნაძალადევად გაუხარდა. _აი, ყავა მოგიტანე, მოვფქვათ და ქვეყნის ჭორები მოვყვეთ, გავიხსენოთ ძველი დრო._მეც ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი. თუმცა, ერთი სული მქონდა თმებში ვწდომოდი და სულ იატაკზე მერტყმევინებინა ის ცბიერი სიფათი. ცოტა ნირწამხდარმა შემიპატიჟა. ყავის მარცვლები საფქვავში ჩაყარა და ხელით მოფქვა. უმალ დატრიალდა მთელს სამზარეულოში ახალი ყავის სურნელი. მერე ყავაც მოხარშა და მისაღებში ერთმანეთის პირისპირ დავსხედით. _იცი, როგორ ვინანე ღამის კლუბში რომ არ გამოგყევით შენ და ლელას მაშინ? მთელი ღამე მაინც ვეღარ დავიძინე და ჭოტივით ვაბრიალებდი თვალებს. გავერთობოდი მაინც._"სინანულით" ვთქვი და თან გამომცდელად შევხედე. ღამის კლუბის ხსენებაზე აშკარად შეკრთა და შეეცვალა სახე. შევატყე როგორ ნერვიულად მოხვრიპა ყავა და სასულეში გადასცდა. იმდენი ახველა, ლამის დაიხრჩო. "შეშფოთებული"წამოვხტი და ბეჭებზე დავარტყი რამდენჯერმე გაშლილი ხელის გული. _ალალი გულით მოგიტანე, არ დამიყვედრებია._"შევწუხდი". _სასულეში გადამცდა და..._თითქოს თავის მართლებას მოჰყვა. ხველას რომ მორჩა და დამშვიდდა, ისევ ღამის კლუბის თემა წამოვიწყე. _ერთ-ერთი ჩვენი ექთანი ამბობდა, ბასიანში ყველაზე მაღალი ხარისხის ხმის სისტემა აქვთო. როგორ ვნანობ რომ არ გამოგყევით... კარგი დრო გაატარეთ? _არც ისე, მალე წამოვედით. _რატო?_გამიკვირდა, თან დაჟინებით მივაშტერდი ახლო-ახლო მიჯრილ ცბიერ თვალებში. _რა ვიცი, ლელა გახდა ცუდად და წამოსვლა მოგვიწია. _გამოდის, ვერც თქვენ გაერთეთ?.. თუმცა, კიდევ კარგი წამოხვედით თორემ, ჩხუბი მოხდაო. დიდი ამბები ყოფილა._თან ყავა მოვწრუპე და თან უფრო გამომცდელად მივაშტერდი ხათოს. _ჩხუბი მოხდაო?_ვითომ ძალიან გაიოცა, თუმცა აშკარად შევატყე, რომ უარესად აღელდა._მაინც რაზე მოხდა ჩხუბიო არ იცის იმ ექთანმა? _ვიღაც გოგოების გამოვო. _გოგოების გამოვო?_ისევ გადასცდა ყავა სასულეში და ისევ კარგა ხანს ახველა._ის ექთანიც იქ ყოფილა ბოლომდე? გოგოები დაუნახია? მაინც რა მოხდაო ისეთი, რის გამო უცემიათ ისე სასტიკად ის ბიჭი? _ბიჭი? ერთი ცემეს?_მეც გავიოცე._არ უთქვია, თქვა რომ ჩხუბი მოხდაო და რამდენი ცემეს არ ვიცი. მიხვდა, რომ ზედმეტი წამოაყრანტალა და უარესად აწრიალდა. მერე მოულოდნელად მომიბოდიშა: _დამავიწყდა კოსმეტოლოგთან რომ ვარ ჩაწერილი. ბოდიში რა._ფეხზე წამოდგა და მიმახვედრა, რომ წადი ჩემი სახლიდანო. _არაუშავს, სხვა დროს შემოგივლი კიდევ. ან, შენ შემომიარე. წავალ ახლა ზურას მოვინახულებ, კარგა ხანია არ მინახია. მერე რეზიკოსაც გამოვუვლი... რეზიკოს ხსენებაზე მთლად მიტკლის ფერი დაედო. დავრწმუნდი, რომ ამის ბრალი იყო რეზიკოს ამჟამინდელი მდგომარეობა. მაშ რატო დამალავდა ასე საგულდაგულოდ იმ კლუბში ყოფნას? რეზიკოს მოყვანისასაც ასე თქვა, კლუბის სიახლოვეს გავიარე და იქვე კარებში ეგდოვო. ნეტა კამერებმა არ დააფიქსირა არაფერი? გაფითრებულ ხათოს ნაძალადევი ღიმილით დავემშვიდობე და მისი ბინიდან სასწრაფოდ გამოვედი. ქუჩაში გამოსულმა ზურას დავურეკე. გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება, ყოველი შემთხვევისთვის ასე მითხრა. მოკითხვების მერე რეზიკოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების მსვლელობითაც დავინტერესდი. _ჩვენთან მოიყვანეს ის საცოდავი ბიჭი. ან გადარჩება და ან არაო. რა მოხდა ნეტა, ასე სასტიკად ვინ გაიმეტა და რისთვის? _ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე არ მომხდარა ეგ ამბავი და ბევრი არაფერი ვიცი._მომიბოდიშა. _რაც იცი ის რომ მითხრა?_შევეხვეწე. _გოგოების გამო უცემიათ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მთვრალი გოგოების წაყვანა უნდოდა თურმე სახლში და იმ ბიჭებს კი ეს არ მოსწონებიათ, რადგან ეს გოგოები თურმე ნახევრად შიშვლები ცეკვავდნენ სცენაზე. _მართლა? რამდენი გოგო ყოფილა არ იცი, ან ვინ იყვნენ? _ორი გოგო იყო. არ ვიცი ვინ გოგოები არიან. გამომძიებელს კი ეცოდინება ალბათ, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე არაფერს იტყვის. ესეც ასე, ის მაინც გავიგე ვის გამო და რის გამო ცემეს ასე სასტიკად რეზიკო. თავი ძლივს შევიკავე, რომ ისევ ხათოსთან არ ავსულიყავი და თმით არ მეთრია იატაკზე ის გველაძუა. კარგა ხანს ვიცახცახე ნერვიულობისგან. ძლივს დავწყნარდი. მერე ისევ მაღაზიაში შევიარე, ტკბილეული ვიყიდე და ახლა ლელას მივაკითხე. ხათოზე მეტად შეშინებული და დაზაფრული ეს მეჩვენა. _გეტყობა, ღამის კლუბის შთაბეჭდილებებმა ძალიან იმოქმედა შენზე და დღემდე შოკში ხარ._ნაძალადევად შევღიმე. _ღამის კლუბის ამბებმა?_შიშისგან გაუფართოვდა თვალები._რომელი ღამის კლუბის ამბები?_ვითომ ძალიან გაიკვირვა. _ბასიანისა, რა გჭირს? შენ და ხათო ხომ იქ მიდიოდით და მეც მეპატიჟებოდით? როგორი დრო გაატარეთ? _რავი, ჩვეულებრივი. დიდი არაფერი მუსიკა არ ქონდათ. კარგია რომ არ წამოხვედი, იმედები გაგიცრუვდებოდა._ვითომ დამამშვიდა. _მართლა? არა და ჩვენი ექთანი მაგ კლუბის ხშირი სტუმარია, ყველაზე ხარისხიანი ხმის სისტემა და გემოვნებიანი მუსიკა მანდ აქვთო. _მართლა? ვინ ექთანია? _ქეთი._ალალბედზე წამოვაყრანტალე. თან, წარმოვიდგინე ჩვენი ტყლაჭია ქალბატონი როგორ დაიწყებდა ცეკვას და გულწრფელად გამეღიმა. _გემოვნებაზე არ დაობენ ხომ იცი?_ლელაც შეეცადა გაღიმებას, თუმცა არ გამოუვიდა და სასაცილოდ დაიმანჭა. _გამოდის, მალე წამოხვედით?_დავინტერესდი. _არც ისე... _იმ ჩხუბს შეესწარით?_გამომცდელად მივაშტერდი. _რომელ ჩხუბს?_აშკარად აღელდა და აწრიალდა. _ნახევრად შიშველი მოცეკვავე გოგოების გამო სასტიკად რომ სცემეს ახალგაზრდა ბიჭი. ამბობენ, ან გადარჩება და ან არაო... ნეტა, ის გოგოები, ვის გამოც ასეთ დღეში მოხვდა ის საცოდავი ბიჭი, როგორ იძინებენ მშვიდად საწოლში. სინდისი არ აწუხებთ? _რაო, ვერ გადარჩებაო?_ისედაც გაფართოებული თვალები უარესად გაუფართოვდა შიშისგან. _თუ მოხდა სასწაული და ცოცხალი გადარჩა, ინვალიდი იქნება და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ეტლში გაატარებს..._სინანულით ამოვიოხრე._ იმ გოგოების ტვინში ჩამახედა ნეტა, მეტი არაფერი მინდა. რას ფიქრობენ? ამად უღირდათ იმ სტრიპტიზის მოწყობა ვითომ? ჩემი ნება რომ იყოს, იმ ძუკნებს ტყავს გავაძრობდი და ზედ მარილს მოვაყრიდი... _ძუკნები?_შევატყე როგორ ეწყინა და როგორ ითაკილა ასეთი ტიტულით რომ მოვიხსენიე._ვითომ ბოზები იყვნენ? _აბა, პატიოსანი გოგო ნახევრად შიშველი იცეკვებდა ყველას თანდასწრებით?_მკაცრად ვკითხე, ზედმეტად მკაცრადაც კი. _იქნებ ნასვამები იყვნენ... ან, იქნებ ექსტაზი ქონდათ მიღებული და ვერ აცნობიერებდნენ რას აკეთებდნენ? _ექსტაზი?_თითქოს გამიხარდა ამ ამბის გაგება._თვითონ რატო ვერ მივხვდი ამას? _რას ვერ მიხვდი?_ლელას გაოცებული ხმა რომ ჩამესმა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ხმამაღლა ვფიქრობდი. _საიდან ექნებოდათ ვითომ იმ გოგოებს ექსტაზი?_"დავეჭვდი". _ღამის კლუბებში თუ ნაცნობი გყავს, პრობლემა არ უნდა იყოს მასეთი აბების შოვნა... ენჯი ფლინიც კი ვერ დაიკვეხნიდა ჩემსავით ასე უცბად გახსნილ საქმეს. ყველაფერი ნათელი იყო. ამ კახპებმა ნარკოტიკული აბები მიიღეს, მერე აიშვეს და ნახევრად შიშვლებმა დაიწყეს სცენაზე ცეკვა. რეზიკოს კი შერცხვა მათ გამო და გოგოების სახლში წამოყვანა განიზრახა, მაგრამ სანახაობით გართულ ვნებააშლილ კაცებს არ მოეწონათ ეს ამბავი, შელაპარაკება მოუხდათ და ყველამ ერთად ცემა კიდეც. მოძალებულ სურვილს ვებრძოდი, რომ შავად შეღებილ თმაში არ ვწდომოდი და კედელზე არ მერტყმევინებინა ის უტვინო თავი. ბედად ბებიამ დამირეკა, რაღაც ვერ ვარ კარგადო და თავქუდ-მოგლეჯილი გამოვვარდი იქიდან. ბებია მართლაც შეუძლოდ იყო. რეზიკოზე ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაევლო და წნევა ქონდა მაღალი. მაშინვე ნიფედიპინი მივეცი ენის ქვეშ დასადებად და კისერზე მსუბუქი მასაჟები გავუკეთე. თხუთმეტ წუთშივე იგრძნო შვება. თუმცა ტირილი არ შეუწყვეტია. _მარეხი იყო ამოსული... რეზიკოს ამბავი მომიყვა, თურმე, იმედი გადაუწურიათ ექიმებს, ვერ გადარჩებაო. ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი მიწაში უნდა ჩააწვინონ? დალი თურმე სრულ ჭკუაზე აღარ არის. _ტყუილია, რეზიკო გადარჩება. თედო ექიმმა ასე თქვა და მე მჯერა მისი. _ეგ თედო ექიმი ვინ არის?_იმედით შემომანათა ბებიამ თავისი ცრემლიანი თვალები. _მთელს ქალაქში საუკეთესო ტრავმატოლოგია... მინდა, რომ შენც გჯეროდეს მისი. აი, ნახავ, რეზიკო ცოცხალი გადარჩება და თანაც საკუთარი ფეხით გამოვა საავადმყოფოდან. _ეს თედო ექიმმა გითხრა შვილო?_იმედის სხივი გაუკრთა ბებიას თვალებში. _ხო, და მინდა, რომ შენც გჯეროდეს და ენდობოდე მას._ კი არ ვთხოვე, ვუბრძანე. ბებიამაც დამიჯერა თითქოს და მას შემდეგ ყოველთვის იმედით ახსენებდა ჩვენს ონავარ რეზიკოს. ჩემი მომდევნო ცვლის დროს კი თოვლიც მოვიდა. დილით ჩვეულებისამებრ რომ ავდექი და სამსახურში წასასვლელად მზადებას შევუდექი, ოთახში უჩვეულო სითეთრე სუფევდა. ფანჯრიდან გულისფანცქალით გავიჭყიტე და პატარა ბავშვივით შევყვირე, გამიხარდა თოვლის მოსვლა. კიდევაც ბარდნიდა. თვალი ძლივს მოვწყვიტე სასწაულ სილამაზეს და სამზარეულოში გავცუნცულდი. ბებია იქ დამხვდა ეშმაკური ღიმილით. _დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ფერია. ეს გუშინ შევუკვეთე და მეშინოდა, არ გაგეგო._მაგიდაზე პატარა, ძალიან ლამაზი და ხასხასა ფერებით მორთული ტორტი იდო, რომელზეც ოცდა ხუთი სანთელი იყო ანთებული. გაოცებული შევყურებდი ხან ტორტს და ხანაც ბებიას, სანთლის ალი რომ ლიცლიცებდა მის სათნო სახეზე. _ბებია, როგორ გამახარე._თვალებაცრემლებული გადავეხვიე და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვკოცნე. ტორტი როგორი ლამაზიც იყო, გემოც ისეთივე არაჩვეულებრივი ქონდა. ჩავიტკბარუნე ბებიასთან ერთად პირი და სამსახურში უსაზღვრო სიხარულითა და ბედნიერებით გავქუსლე. გვარიანად დამათოვა გზაში, სანამ ჰოსპიტლის შენობაში შევიდოდი. კარი რომ ავტომატურად გაიღო და მიმღებში შევედი, თედო ექიმი იქ დამიხვდა. _უი, რა ლამაზი ფიფქია მოსულა._გვანცამ გულღიად რომ შემომღიმა, ყველამ ერთდროულად მომხედა._თუმცა, ჯობდა გარეთვე დაგეფერთხა, სითბოზე დაგადნება და დაგასველებს. თედო ექიმის რაღაცნაირად კმაყოფილი მზერა რომ დავიჭირე, სახე ისე ამეწვა, თითქოს შუადღის გავარვარებულ მზეს ვიყავი მიფიცხებული. სავარაუდოდ გავწითლდი კიდეც. ძლივს მოვახერხე მივსალმებოდი იქ მყოფებს და ქუდი და კაშნე მოვიძრე. _რა ლამაზად ბარდნის არა?_ნათია გვერდით ამომიდგა და გარეთ გაიხედა._ყველაფერს რომ თავისი სილამაზე აქვს... მე მიყვარს ზამთარი, ოღონდ თოვლით. დიდი სიამოვნებით ვიციგავებდი და გავიხსენებდი ბავშვობას. _ამან ასე თუ გააგრძელა ბარდნა, გვარიანად დადებს და ამ ღამით, ვინც კი ცვლაში ვიქნებით, ყველა გავდივართ გარეთ და აგერ იმ აღმართიდან ვეშვებით._გვანცამ მოშერებულ აღმართზე თითით მიგვანიშნა._არ გავიგო არავის უარი!_მკაცრი გამომეტყველებით შეგვათვალიერა სათითაოდ ყველა. მის ნათქვამზე თედო ექიმს გაეღიმა და უსიტყვოდ შევიდა დერეფანში. _ამხელა ექიმი კაცი თოვლში სრიალს რომ არ დაიწყებს, თანაც ჩვენთან ერთად, მგონი ყველაზე კარგად შენ უნდა გესმოდეს ეს._ლიკამ მხარზე მოუთათუნა ხელი._აქედანვე შეეგუე იმ აზრს, რომ უარს განაცხადებს და არც უნდა გეწყინოს... ნეტა მართლა გვარიანად დადოს და თედო ექიმის მაგივრადაც მე ვისრიალებ._ჩურჩულით და თან საყვარელი ღიმილით დაამატა ბოლოს. გვანცა მართალი აღმოჩნდა, სითბოზე თოვლი დამადნა და ცოტა დამასველა კიდეც. თუმცა ისე მიხაროდა თოვლის მოსვლა, რას დავეძებდი? _რეზიკოსი ხომ არაფერია?_გვანცას ვკითხე, რომელიც დერეფანში შედიოდა და მეც უკან ავედევნე. _როგორც ვიცი, დღეს აპირებენ ცოტა ხნით გამოღვიძებას, რომ ცნობიერება და მგრძნობელობა შეუმოწმონ. _რაა? მის ცნობიერებას ეჭქვეშ აყენებენ?_გამიკვირდა. _უბრალოდ, თავის დაზღვევის მიზნით შეამოწმებენ._დამამშვიდა. მერე კი გამომცდელად მომაშტერდა._და ასე ძალიან რატომ დარდობ იმ ბიჭზე? _ერთ ეზოში გავიზარდეთ. მრავალი ბავშვური მოგონება მაკავშირებს მასთან და მიტომაც ვღელავ. _ვიფიქრე, შეყვარებული ხომ არ იყო... შეყვარებული? იქნებ თედო ექიმსაც ასე ეგონა?_მწარედ გამკრა გულში._იქნებ, ფიქრობს, რომ ჩემი გული დაკავებულია და შორს უჭირავს თავი?_ამაზე ფიქრმა იმ მომენტში წამიხდინა გუნება. თუმცა, მალევე გავხალისდი. საორდინატოროდან გამოვედი თუ არა, თედო ექიმი დერეფანში გადამეყარა. _შენ გეძებდი ზუსტად. გული შემიქანდა. _ამ შენობის პირისპირ რომ აფთიაქია, შეგინიშნავს ალბათ._ისე მითხრა, თავისი მწვანე თვალები არ მოუშორებია ჩემთვის. _ფარმადეპო? კი._აღელვებულმა ვუპასუხე. _ახლა დამირეკეს, თორემ მოსვლისას ხომ მეც შევიდოდი და შენ აღარ შეგაწუხებდი... _რა შეწუხებაა. მითხარით. _თეკლას ნახავ და რაღაცას გამოგატანს ჩემთვის. _კარგით, ახლავე... _ოღონდ, მაგეებით ნუ წახვალ._ფეხებზე მანიშნა, დაწესებულების ჩუსტები რომ მეცვა._თოვლზე საშინლად სრიალებს და არაფერი მოიწიო._გამაფრთხილა. გული ამიფორიაქა მისმა ჩემდამი ზრუნვამ. ნუთუ, ვაღელვებდი? თუ, არ უნდოდა, რომ მის საქმეზე შემმთხვევოდა რამე უბრალო სანიტარს? კარგით-მეთქი დავამშვიდე, ჩემი თბილი ბატინკები ამოვიცვი, ქურთუკიც მოვიცვი უნიფორმაზე და აფთიაქში გავიქეცი. ისევ ლამაზად ბარდნიდა. სასწაული ბედნიერების შეგრძნება დამეუფლა გარეთ გამოსულს. ღრმად ჩავისუნთქე დეკემბრის ცივი ჰაერი და როგორც ყოველთვის პანდუსზე დავეშვი. ღიმილით გადავჭერი ჰოსპიტლის ეზო ირიბად და ქუჩაში გავედი. ტრასაზე სიფრთხილით მოძრაობდნენ მანქანები, რადგან მოყინული იყო. მეც დიდი სიფრთხილით გადავირბინე, რადგან ფეხი ციგასავით მისრიალებდა და აფთიაქის თბილ შენობაში შევედი. სამი ოპერატორი იყო, მაგრამ მაინც ვერ აუდიოდნენ კლიენტებს. გრიპისა და გაციების სეზონი იყო, ყველა ანტიბიოტიკებს და სიცხის დამწევს ყიდულობდა. შორიდანვე ამოვიკითხე ერთ-ერთი გოგონას ბეიჯზე თეკლა და იმ მხარეს ჩავდექი რიგში. შესვლისთანავე შემამჩნია, ალბათ ჰოსპიტლის უნიფორმა რომ მეცვა მიხვდა, რომ თედო ექიმის გამოგზავნილი ვიქნებოდი და მალ-მალე შემომანათებდა ხოლმე თავის დიდრონ შავ თვალებს. ათი წუთი მაინც მომიწია რიგში დგომა და როგორც იქნა მივედი კიდეც შემინულ ტიხარამდე. _შენ ალბათ თედომ გამოგაგზავნა არა?_გულთბილად გაეღიმა გოგონას და ურჩი შავი კულულები, თვალებზე რომ ჩამოფხატოდა, მოხდენილად გადაიყარა უკან, თითქოს ჩემი უკეთ შეთვალიერება უნდოდა. _კი._თავი დავუქნიე და მეც შევღიმე. _ერთი წუთით დამელოდე._მითხრა და მეორე განყოფილებაში გავიდა, საიდანაც მალევე დაბრუნდა მუყაოს მოზრდილი ყუთით ხელში._პარკში ვერ ჩავტიე და ასე მოგიწევს წაღება. ცოტა მოუხერხებელი კია._მომიბოდიშა. _არაუშავს, წავიღებ როგორმე._ისევ შევღიმე, ყუთი გამოვართვი და აფთიაქი უკან მოუხედავად დავტოვე. რამდენჯერმე ფეხი ამისრიალდა და ლამის ჩემი ყუთიანად გავიშხლართე. შემეშინდა. წაქცევის და რამის ტკენის კი არა, თედო ექიმისთვის გამოგზავნილი ყუთის დაზიანებისა. წარმოდგენა არ მქონდა რა იდო შიგ და საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი ვუფრთხილდებოდი. სულ ციმ-ციმ გადავიარე ტრასა, ეზოც სიფრთხილით გავიარე და მიმღებში რომ შევედი, ქეთიც ამედევნა უკან. არ შევჩერებულვარ, ჩქარი ნაბიჯებით გავიარე დერეფანი და თედო ექიმის კაბინეტში შევედი. _მოხვედი უკვე?_თითქოს გაუკვირდა. მაგიდიდან წამოდგა და ყუთი მორიდებით ჩამომართვა._მადლობა... და ბოდიში რომ შეგაწუხე. _რა შეწუხებაა? თქვენს სამსახურში მიგულეთ. შევღიმე და მაშინვე გამოვტრიალდი. მე რომ კარში გავდიოდი, ზუსტად მაგ დროს შემოვიდა ქეთი და ერთმანეთს შევეჩეხეთ. ზრდილობის საკითხი იყო და ამიტომ ჩემზე უფროსს დავუთმე გზა. _ოჰ, როგორც ყოველთვის, უმცროსი დის საჩუქარი საყვარელ ძამიკოს მადლიერების დღის აღსანიშნავად?_გატყლარჭვით გადაიკისკისა ქეთიმ. ყურები ვცქვიტე, თეკლა თუ თედოს და იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. საერთოდ არ გვანდნენ ერთმანეთს. ალბათ, ერთადაც არ ცხოვრობდნენ, თორემ ხომ სახლში გადასცემდა საჩუქარს? და-ძმის ეს ურთიერთობა ძალიან გამიხარდა, ისე ძალიან, რომ ვერც კი აღვწერ. კაბინეტიდან რომ გამოვედი, ქურთუკი და ბატინკები საორდინატოროში დავტოვე და ჩემს საქმიანობას ხალისით შევუდექი. შუა დღის მერე კი, კობა ექიმიც მოვიდა და მართლაც გააღვიძეს რეზიკო. მეც გამოვთქვი სურვილი რომ დავესწრებოდი ამ პროცესს. კუთხეში დასჯილი ბავშვივით ავიტუზე და სუნთქვაშეკრული ვადევნებდი თვალყურს ყველაფერს. არ ვიცოდი რა მოხდებოდა როცა რეზიკო გაიღვიძებდა და მედარდებოდა. გაახილა თუ არა თვალები, გაოცებულმა მიმოიხედა ირგვლივ, უნდა ეკითხა სად ვარო ალბათ, მაგრამ მალევე აღიდგინა მეხსიერებაში ცემის ფაქტი და მიხვდა რომ საავადმყოფოში იყო. _აბა, თავს როგორ გრძნობ, ტკივილი ხომ არ გაწუხებს?_თედო ექიმი ახლოს მივიდა მის სასთუმალთან და ისე კითხა. _არც ისე, ვუძლებ._ძლივს გავიგონე რეზიკოს მისუსტებული ხმა. მაშინ თედო ექიმმა ფეხებზე გადახადა ზეწარი და ფეხის გულებზე სპეციალური ფუნჯით მოუღუტუნა. _გრძნობ რამეს?_თან ინტერესით ჩაეკითხა. _კი, მეღიტინება._რეზიკოს რომ გაეცინა, მეც გამეღიმა. _შეგიძლია ფეხები ან ფეხის თითები აამოძრაო? რომ შეძლო და ოდნავ აამოძრავა, მაშინ კი ამოვისუნთქე შვებით. _მტკივა, ცოტა მიჭირს._ამოიკვნესა რეზიკომ. _კარგია, რომ გტკივა და გრძნობელობა გაქვს. ბოლოდან მესამე და მეოთხე მალა გქონდა დაზიანებული და ხელოვნურით შეგიცვალეთ. ტვინზეც პატარა ჰემატომა გქონდა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა... იმ დღის ამბები გახსოვს, სანამ აქ მოგიყვანდნენ?_დაინტერესდა კობა ექიმი. _იმ დღის ამბები?_კარგა ხანს ჩაფიქრდა რეზიკო და ბოლოს უარყოფის ნიშნად თავი გააქნია._არა, არაფერი მახსოვს... _კარგი, ეს მოსალოდნელიც იყო. არაუშავს, მეხსიერება ნელ-ნელა დაგიბრუნდება. ახლა დაისვენე. ცოტა ხანში პოლიციას უნდა შევატყობინოთ, რომ გონზე მოგიყვანეთ და შენს დასაკითხად მოვლენ. მანამდე გაიხსენებ ალბათ რამეს._კობა ექიმმა ეს რომ უთხრა, პალატიდან გავიდა. რატომღაც ეჭვი შემეპარა მის მეხსიერებასთან დაკავშირებით. ჩემი ხუთი თითივით ვიცნობდი ამ ბიჭს და როდის იტყუებოდა და როდის სიმართლეს ამბობდა, ვხვდებოდი. ახლაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფერი კარგად ახსოვდა, მაგრამ ტყუოდა. ხათოს და ლელას აფარებდა ვითომ ხელს? მოგვიანებით მეც შემნიშნა. _ნუკი?!_გაოცებული წამოწევას შეეცადა. _იწექი, არ ადგე._მკაცრად გააფრთხილა თედო ექიმმა. _ნუკი, შენ ხარ?_ისევ მე მომხედა რეზიკომ. _ხო, მე ვარ._სასთუმალთან მივუახლოვდი და თედო ექიმის გვერდით მორიდებით დავდექი._მე აქ ვმუშაობ. _სასწაული თუ გინდა._გაეღიმა._ზუსტად იქ მოვხვდი, სადაც შენ ხარ... როგორ ხარ?_შემომღიმა. _მე რა საკითხავი ვარ, შენ როგორ ხარ? _ უკვე უკეთესად..._გულთბილად შემომღიმა. _კარგი, მე დაგტოვებთ._თქვა თედო ექიმმა._თუ რამე დაგჭირდება, ექთანს უთხარი. ცოტა ხანში კიდევ ამოგხედავ._მერე მე შემომხედა რაღაცნაირი უცნაური მზერით და პალატიდან გავიდა. მე სკამი მივაჩოჩე მის საწოლთან და გვერდით ჩამოვუჯექი. _რატო მოატყუე ექიმი, რომ არაფერი გახსოვდა?_ჩურჩულით ვკითხე და თან გამომცდელად მივაშტერდი. გაოცებულმა შემომხედა. _ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და კარგად გიცნობ. ვიცი როდის იტყუები და როდის არა... _არ ვიტყუები. არაფერი მახსოვს._იუარა კი, მაგრამ თვალი ვერ გამისწორა. _რატო აფარებ ან ხათოს ან ლელას ხელს? _ეგენი რა შუაში არიან?_ვითომ ძალიან გაიოცა. _ვიცი რომ მათთან ერთად იყავი ბასიანში... მეც მეპატიჟნენ, მაგრამ დილით სამსახურში ვიყავი წამოსასვლელი და უარი ვუთხარი. მერე შენთან წამოვიდნენ. თვალი ვერ გამისწორა და ისევ მომარიდა მზერა. _ისიც ვიცი, იმ ქაჯებმა რაღაც აბები რომ მიიღეს, აიშვეს და ნახევრად შიშვლებმა სცენაზე გამართეს სტრიპტიზი. შენ მათი სახლში წამოყვანა განიზრახე და მიტომაც გცემეს ასე. თანაც სასტიკად... იცი, იმ ცბიერმა შენი ნაცნობობაც კი დამალა აქ რომ მოგიყვანა, ქუჩაში შემთხვევით ვნახეო... რის გამო ინდობ იმ უნამუსოებს და არაფერს ყვები? _მართლა არაფერი მახსოვს._ისევ ეს მითხრა და ისევ ვერ გამისწორა თვალი დაჟინებით რომ მივჩერებოდი. _იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ხათომ რაღაცით შეგაშინა და დაგიმორჩილა. არ მჯერა რომ არაფერი გახსოვს. იცოდე, გამოძიების ხელის შეშლაც დანაშაულია... კიდევ ბევრი რამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ გვანცამ დამირეკა, დაბლა გვჭირდებიო. _უნდა წავიდე, საქმე მაქვს, მაგრამ ამაღამ მორიგე ვარ და კიდევ ბევრჯერ შემოგივლი. მიხარია, რომ კარგად ხარ და მალე გამოჯანმრთელდები._ჩალურჯებულ-ჩაშავებულ ლოყაზე ფრთხილად ვაკოცე და პალატიდან გამოვედი. დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც სახელმწიფო უფინანსებდა ხნიერ კაცს თვის ბოლოს, გარკვეული მიზეზების გამო სასწრაფოთი შემოიყვანეს. შეიძლება სულაც ვინმე ნაცნობი ყავდა და ოპერაცია დააჩქარებინათ, მაგრამ რა ჩემი საქმე იყო. მე რაც მევალებოდა ყველაფერი პირნათლად და დაუზარელად შევასრულე. საღამოს საათებში კი, ცოტა რომ მოვიცალე, ისევ რეზიკოს ავხედე. შეწუხებული სახით იწვა. _რა იყო, მოხდა რამე?_შეშფოთებულმა ვკითხე. _ამაზე მეტი რა უნდა ხდებოდეს, ცალკე ტკივილები მაწუხებს და ცალკე ზურგზე წოლა. დავიღალე, არც გადაბრუნება შეიძლება ჯერო და არც წამოჯდომა... შენ რა დაღლილი სახით შემომყურებ, ნუთუ დაიღალე?_მოულოდნელად თემა შეცვალა და გაეღიმა._ჩვენი დაუზარელი და დაუღალავი წკიპა დაიღალა ვითომ? _წკიპას ნუ მეძახი._გავბრაზდი._მითუმეტეს აქ. _აქ რამე განსაკუთრებული ხდება?_ეჭვით გადმომხედა. _აქ ჩემი სამსახურია და არ არის ლამაზი ექიმებისა და ექთნების თანდასწრებით მომმართო მასე. ერთხანს უხმოდ მიყურა გაბრაზებულს. მერე გამიღიმა და თავისთან მიმიხმო. _კარგი, რახან ეგ სახელი გწყინს, ჩემს ანგელოზს დაგიძახებ... _გაგიჟდი._უარესად გავბრაზდი._აქ ჩემი სამსახურია-მეთქი და არანაირი ზედმეტსახელები არ გავიგო შენგან. მოულოდნელად მის სიახლოვეს მყოფს ხელზე მომწვდა, თავის მუჭში მოიმწყვდია და ტუჩებთან რომ მიიტანა, ფრთხილად მაკოცა. შევკრთი. მისგან ამ საქციელს ნამდვილად არ მოველოდი. თან შემრცხვა. შემეშინდა კიდეც, არ მინდოდა თედო ექიმს გაღრმავებოდა ის ეჭვი, რომ რეზიკო უბრალო მეზობელი არ იყო ჩემთვის. ჩვენში რომ ვთქვათ, ჩემთვის კი იყო მარტო მეზობელი, მაგრამ მისთვის არ ვიყავი... _ასეთი რაღაცეები მე არ მომწონს მინდა იცოდე და მეორედ აღარ გამიბედო!_მკაცრად გავაფრთხილე._ახლა უნდა წავიდე, მე დაბლა მაქვს საქმე._მოვიმიზეზე, რომ თავი დამეღწია მისგან._ რამე ხომ არ გინდა, სანამ აქ ვარ? _არა, მადლობა... თან, შენ არ შეგაწუხებ. _არაფერსაც არ შემაწუხებ, მითხარი რამე თუ გჭირდება. _არა, მართლა არაფერი მინდა... და ბოდიში, თუ გაწყენინე. არ მეგონა ასე თუ გამიბრაზდებოდი._საცოდავი სახით შემომხედა. _არაუშავს, დავივიწყე უკვე._დავამშვიდე._მე წავალ და ისევ ამოგხედავ როცა მოვიცლი, კარგი?_შემრიგებლური ტონით რომ ვკითხე, გაეღიმა. _კარგი. გვიანობამდე ვეღარ მოვიცალე რეზიკოს სანახავად ასვლა. როცა ავედი კი, ისე ტკბილად ეძინა, არ გამიღვიძებია. შუაღამეზე კი მართლაც მოვიგიჟიანეთ თავი და თოვლში სასრიალოდ გავედით გოგოები. თედო ექიმი სასრიალოდ არ წამოგვყოლია. იქვე, შენობის წინ ხალისიანად გვეგუნდავა და გვარიანად გვახალისა. ჩვენი სიცილ-კისკისით არემარეს ვიკლებდით. მერე, თვითონ შენობაში დაბრუნდა, ჩვენ კი სასრიალოდ წავედით. სქელ ცელოფნებს ვიფენდით, ზედ ვსხდებოდით და ისე ვსრიალებდით. კარგად გავერთეთ. ამდენი მგონი ბავშვობაში არ მისრიალია. იმხელა ხმაზე ვკისკისებდით, ჰოსპიტლის პალატების გაჩახჩახებული ფანჯრებიდან პაციენტები დიდი ინტერესით გვიმზერდნენ ღამის სიბნელეში. იმდენი ვისრიალე, ერთი ადგილი სულ დამებეჟა. _არ გვეყო? პაციენტებსაც ძილი დავუფრთხეთ, სირცხვილია._ხელკავი გამოვდე გვანცას და ჰოსპიტლის შენობაში დაბრუნება განვიზრახე. არ ვიცი რაზე დავადგი ფეხი, ალბათ პატარა ქვას, გადაბრუნდა და მეც გადამიბრუნდა ფეხი. იმ მომენტში უმნიშვნელო ტკაცუნის ხმა ნათლად ვიგრძენი. მწვავე ტკივილმა ლამის პატარა ბავშვივით ამაღრიალა. ფეხის ყოველი მოძრაობის დროს ეს ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. _რა გჭირს?_შეშფოთებული ხმით მკითხა გვანცამ. _აქილევსის მყესი დამეჭიმა მგონი. _ფეხი მოიტეხე?_ლამის ისტერიკა დაემართა. _არა მგონია, მაგრამ საშინლად მტკივა._ნაბიჯის გადადგმას შევეცადე, მაგრამ საშინელმა ტკივილმა ამის საშუალება არ მომცა. ასკინკილათი ვერ წავიდოდი, რადგან თოვლზე კიდევაც გამიცურდებოდა ფეხი და იქნებ ახლა მეორეც დამეშავებინა. გვანცას ჩავებღაუჭე ძალიან და ისე შევეცადე. თუმცა, მაინც ვერ შევძელი. _გვიშველეთ, ნუკიმ ფეხი მოიტეხა._განწირული ხმით აკივლდა გვანცა. მაშინვე შენობის წინ მდგარ სილუეტისკენ გამექცა მზერა. გავვოგნდი. დავინახე სიგარეტის ნამწვმა როგორ გაიელვა ჰაერში ციცინათელასავით და ურნაში ჩავარდა, თვითონ კი სწრაფად გამოიქცა ჩვენსკენ. _რა მოგივიდა?_მოსვლისთანავე შეშფოთებულმა მკითხა. _ფეხი გადამიბრუნდა და საშინლად მტკივა._ძლივს ამოვღერღე. არც კი დაფიქრებულა, დამწვდა, მკლავებზე გადამიწვინა და მაშინვე ჰოსპიტლის შენობისკენ გამაქანა მძიმე და ჩქარი ნაბიჯებით. _დამსვით, მე თვითონ._დარცხვენილი ავფართხალდი მის მკლავებში. გულს ისე გაუდიოდა ბაგი-ბუგი, მეშინოდა მასაც არ გაეგო. _შენ თვითონ ვერ წამოხვად და ნუ ფართხალებ, რომ არ დამივარდე._მკაცრი ტონით გამაფრთხილა და მეც მაშინვე გავისუსე მის ძლიერ და ღონიერ მკლავებში. თვითონ რას გრძნობდა მე რომ ვეკავე ხელში არ ვიცი, მე კი ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი. ესეც ჩემი დაბადების დღის საჩუქარი. ამაზე ძვირფასი საჩუქარი რაღა უნდა ყოფილიყო ჩემთვის? ზღაპარში მეგონა თავი. მხოლოდ, გვანცა რომ მოგვყვებოდა ვიშვიშით, მისი ხმა თუ მაკავშირებდა ამ რეალურ სამყაროსთან. დერეფანს რომ გაუყვა თავისი კაბინეტისკენ, ქეთიც აგვედევნა. _უიმე, თედო, დაგეძახა და სავარძელს გამოვაგორებდი. თედო ექიმმა ხმა არ გასცა. თავისი კაბინეტის კარი მხარის შეჯახებით შეაღო და პირდაპირ საპროცედუროში გამიყვანა. ტახტზე ფრთხილად დამაწვინა. გვანცა და ქეთიც უკან მოგვყვნენ და იქვე აიტუზნენ. მაშინვე წამოჯდომას შევეცადე, მაგრამ თედო ექიმმა ამის საშუალება არ მომცა და ისევ დამაწვინა. _სანამ არ გაგსინჯავ არ ადგე. არ მგონია მოტეხილი გქონდეს, მაგრამ თავი დავიზღვიოთ... გულმა უფრო უმატა ძლიერად ფეთქვას, როცა ბატინკები დამხადა და მტკივან ფეხზე ბებიას მოქსოვილი თბილი წინდა დიდი სიფრთხილით გამაძრო. მისი თბილი თითების შეხებამ ნათლად ვიგრძენი, რომ სისხლი ამიდუღდა ძარღვებში. დიდი მონდომებით გამისინჯა ტერფი, მერე კოჭი და ცოტა ზემოთაც აუყვა წვივისკენ. ყინულზე მოციგურავესავით დაასრიალებდა თავის თბილ ხელებს ჩემს გაყინულ ფეხზე. ტკივილს თითქმის ვეღარ ვგრძნობდი, მისი ხელის შეხება წამალი აღმოჩნდა ჩემთვის. _მოტეხილობა არ არის, ტერფის სახსრის ამოვარდნილობა გაქვს._ვითომ დამამშვიდა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე ჩასმისას იგივე ტკივილი უნდა განმეცადა, რაც ამოვარდნისას, გამაკანკალა. _ისე ჩაგისვამ, ვერც კი გაიგებ._თითქოს მიმიხვდა შიშით კანკალის მიზეზს და ღიმილით დამამშვიდა. შევნიშნე, რომ ხელთათმანები არ ეკეთა. ყველა პაციენტს ხელთათმნის გარეშე არ კიდებდა ხელს და ჩემი ფეხი ისე გულდასმით გასინჯა შიშველი ხელებით, გულში საჩემო აზრები დამებადა, რომ მოვწონდი. თან, რომ მსინჯავდა, ისე მომეჩვენა, კი არ მსინჯავდა, მეფერებოდა. (ნუ, ეხლა, ეს ჩემი აზრია, მაგრამ მაინც...) კიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებით გამიყუჩა. მერე, მართლაც ისე უცბად და მოხერხებულად ჩამისვა ამოვარდნილი სახსარი თავის ადგილზე, დიდად არ მტკენია. შემდეგ, კოჭ-სახსარი მჭიდროდ დამიფიქსირა სახვევით. ამ ყველაფერს ქეთი და გვანცა შორიდან ადევნებდნენ უსიტყვოდ თვალს. თითქოს ქეთი შურითაც კი მიმზერდა. _სამი დღის განმავლობაში უნდა გქონდეს ასე დაფიქსირებული იცოდე და შენით არ მოიხსნა. ეცადე, ფეხზე დიდხანს არ იდგე და ძალა არ დაატანო... _სამი დღე?_გამიკვირდა,_მერე, სამსახური?_არ მინდოდა ცვლა ამრეოდა და შევშფოთდი. _ერთ დღეს გავძლებთ როგორმე უშენოდ, შემდეგ ცვლაში კი თავისუფლად შეძლებ გამოსვლას._გულთბილად გამიღიმა._ეცადე რომ უფრო ხშირად იწვე და დაზიანებული ფეხი ცოტა მაღალზე გედოს._მერე ქეთის მიუბრუნდა._სავარძელს მოაგორებ? _კი, ახლავე._მაშინვე დაფაცურდა ქეთიც. გვანცაც უკან გაჰყვა სირბილით. თედო ექიმმა კი სახვევით დაფიქსირებულ ფეხზე დიდი სიფრთხილით გადამაცვა წინდა. _დიდი მადლობა თედო ექიმო._მორიდებით ვთქვი და ფრთხილად წამოვჯექი. _მე რომ რამე შემემთხვეს, შენ არ დამეხმარები?_ღიმილით მკითხა. _კი, როგორ არა,_დავიბენი._ თუ ჩემს ძალებს არ აღემატება რა თქმა უნდა. _ჩათვალე, რომ არც ჩემს ძალებს აღემატებოდა ეს და ამიტომაც დაგეხმარე._ისევ გამიღიმა მომაჯადოებლად და თვალი ვეღარ მოვწყვიტე მის მწვანე დამატყვევებელ თვალებს. თვითონაც თვალებში მიმზერდა და იქ უდიდეს სინაზეს და სითბოს ვხედავდი. ასე მომეჩვენა, რომ ჩემი კოცნა უნდოდა. მეც დიდი სურვილი გამიჩნდა გაღიმებულ და ოდნავგაპობილ ბაგეებს გრძნობით დავკონოდი, მაგრამ ვინ დამაცადა? ქეთი ქაქანით შემოვარდა თავისი სავარძლითურთ. _ესეც ასე._პატარა ბავშვივით მსუბუქად ამიტაცა ხელში და გულაჩქარებული ფრთხილად ჩამსვა სავარძელში. მერე გვანცას მიუბრუნდა._შენ გაბარებ, იცოდე მოისვენოს და ფეხი არ გადატვირთოს. _არის უფროსო._ჩესტი აუღო მხიარულად გვანცამ, მერე ეტლით ფრთხილად გამომიყვანა მისი კაბინეტიდან და დერეფანში აღმოვჩნდით თუ არა, ფორმულა ერთის სისწრაფით გამაქროლა მისაღებისკენ გოგოებთან. _ფრთხილად შე გადარეულო!_ავკივლდი განწირული ხმით._იქნებ გადმომაგდო და მართლა დამამტვრიო! _ნუ გეშინია, ტრავმატოლოგი აქვე გვყავს, თანაც საუკეთესო და ის მოგხედავს._სიცილით დამამშვიდა. მართლაც კარგი დამშვიდება იყო. თანახმა ვიყავი ისევ მტკენოდა რამე, თუ თედო ექიმი ისევ ამიყვანდა ხელში და ისევ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმკურნალებდა. _ისე, ხომ არ გინდა საპროცედუროში გაგიყვანო და ცოტა ხნით წამოწვე ფეხის მოსასვენებლად?_მოულოდნელად მკვეთრად შემაჩერა გვანცამ და ლამის მართლაც გადმოვვარდი სავარძლიდან. _გაგიჟდი გოგო?_უარესად ავკივლდი და ავკისკისდი._მართლა რამეს დამმართებს ეს გადარეული._ჭერში აღვაპყრე თვალები შეშინებულმა._მიმღებში მშვიდობით გამიყვანე, მეტი არაფერი მინდა. _კარგი, კარგი, ახლავე._ადგილზე კისკისით შემომატრიალა და მართლაც მიმღებში გამიყვანა გოგონებთან. შემოტრიალებისას დავინახე, რომ თედო ექიმი გამოსულიყო თავისი კაბინეტიდან და გაოცებული და ამავე დროს გაღიმებული გვიმზერდა ორივეს. მიმღებში გოგოებს ერთი ამბავი ქონდათ. მე რომ დამინახეს სავარძელში მჯდარი, თითქოს დამუნჯდნენო, ყველა ერთბაშად გაჩუმდა. მოტეხილობაა?_ლიკამ თანაგრძნობით მკითხა. _არა, ამოვარდნა იყო და თედო ექიმმა ჩასვა, თუმცა სამი დღე ასე უნდა ვიყო... _არაუშავს, ჩვენ მოგხედავთ... ყავას დალევ, ჩამოგისხა აპარატიდან? _კარგი იქნება._მომეწონა მისი აზრი და მადლიერი თვალებით შევხედე. ყავაც მივირთვი და გემრიელადაც გავერთე გოგოებთან ლაპარაკში. დაზარალებული აღარავინ შემოუყვანიათ და შედარებით თავისუფლად ვიყავით. მერე, ნათიამ ჰოროსკოპის კითხვა დაიწყო და თითქმის ყველა იქ მყოფს ცაგარელივით უწინასწარმეტყველა ვის რას უმზადებდნენ ვარსკვლავები. ბოლოს მეც მომიბრუნდა. _შენ რა ხარ ზოდიაქოთი? _წარმოდგენა არ მაქვს._მხრები ავიჩეჩე. _რაა? _ისე გაუკვირდა, ვინ იცის რა არ ვიცოდი და რაზე არ მქონდა წარმოდგენა._როდის გაქვს დაბადების დღე? უხერხულად შევიშმუშნე. ეგონა ვერ გავიგე და მეორედ გამიმეორა კითხვა._დაბადების დღე როდის გაქვს ლამაზო მითხარი და გეტყვი ვინ ხარ და რას გიმზადებს მომავალი. _დეკემბერში... სამ დეკემბერს. ინსტიქტურად საათს დახედა._რას ლაპარაკობ, გუშინ გქონდა დაბადების დღე და ასე ჩუმად ჩაატარე?_"აღშფოთდა"._რომ გვცოდნოდა გოგოები ხომ რამე სიურპრიზს გაგიკეთებდით? _კარგი ხო, შენ ის მითხარი რა ვარ ზოდიაქოთი და რას მპირდებიან ვარსკვლავები._უმალ გავაჩუმე. _კარგი, ფეხი მოგირჩება და მაინც ავღნიშნავთ მოგვიანებით შენს დაბადების დღეს იცოდე._"დამემუქრა" და კომპიუტერში რაღაცას დაუწყო ძებნა._ესეც ასე, მშვილდოსანი... ქალი მშვილდოსანის ზოგადი დახასიათება: მათ არ უყვართ საკუთარ ცხოვრებაზე ლაპარაკი. რამის დამალვას კი არ ცდილობენ, უბრალოდ არ თვლიან საჭიროდ საკუთარ ცხოვრებაზე საუბარს. ის ვერ გაჩერდება მატყუარა ადამიანის გვერდით, რადგან თვითონ არასდროს იტყუება და სხვებისგანაც ასე მოითხოვს. მას მხიარულება უყვარს, უყვარს ცხოვრებით ტკბობა. მშვილდოსნებისთვის თავისი მიზნები ყველაფერია. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს არ ეშინიათ თავს რთულად მისაღწევი მიზნები დაუსახონ და ოცნებები რეალობად აქციონ. მშვილდოსანი ქალები პირდაპირობით გამოირჩევიან. გულწრფელები არიან და პირდაპირ გეტყვიან სათქმელს. დამალვას ყოველთვის მწარე სიმართლის თქმას ამჯობინებენ... _ოჰო, ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა ჩვენი ნუკის შემთხვევაში._გაეცინა გვანცას. _მშვილდოსნები არც ისე სუსტები არიან, რომ წყენა მოითმინონ, არც ისე ძლიერები, რომ აპატიონ და არც ისე ბოროტები, რომ შური იძიონ. ისინი უბრალოდ ზურგს შეაქცევენ სამუდამოდ... _აჰა, უყურე შენ ნუკის._ისევ გაიკრიჭა გვანცა. _ნუკი რა შუაშია?_გავიოცე._ეგ რაღაც ჰოროსკოპია თუ ჯანდაბა, ის აღწერს მასე, თორემ მე სულაც არ ვარ მასეთი._მეწყინა. უფრო შემრცხვა, რადგან შემთხვევით თედო ექიმს მოვკარი თვალი, რომელიც როდის გამოვიდა და როდიდან გვისმენდა, ვერ გავიგე. _ჯანდაბა სულაც არ არის._სათავისოდ ეწყინა ნათიას._ზუსტი სიმართლეა. იცი? მშვილდოსნების საუკეთესო პარტნიორები ვერძები, ლომები და მერწყულები არიან. თუ გინდა რომ ქორწინებაში გაგიმართლოს, ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან აირჩიე ერთ ერთი, თორემ ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს იშვიათად უგებენ სხვა ზოდიაქოს ნიშნები... _კარგი რა..._გავწითლდი. _ხო, ხო._მხარი აუბა ლიკამაც._ამ ზოდიაქოთი დაბადებული ადამიანები თავისუფლების მოყვარულები არიან, უყვართ ცხოვრებით ტკბობა. სიმართლის მოყვარულები არიან და ვერ იტანენ მატყუარა ადამიანებს. ენერგია ხომ უშრეტი აქვთ. თედო ექიმმა რომ გვერდით ჩაგვიარა ღიმილით და გარეთ გავიდა მოსაწევად, ეშმაკური და იდუმალი ღიმილით შემომხედა გვანცამ. მერე ნათიას მიუბრუნდა: _აბა, ჩვენი თედო ექიმი თუ იქნება ნუკისთვის იდეალური პარტნიორი? _მისი დაბადების დღე შემახსენე._აჩურჩულდა ნათიაც. _ცხრა აგვისტო თუ არ ვცდები. _ვაა, ჩვენი თედო ექიმი ლომია? ოჰო, მართლა არ ვიცოდი... ჩვენი მეფე ლიდერი მინდა გითხრათ, რომ იდეალური პარტნიორია ჩვენი მშვილდოსანი ნუკისთვის. სახეზე ალმურმა ამკრა. მალულად თედო ექიმისკენ გამექცა მზერა ჩვენსკენ ზურგით რომ იდგა და სიგარეტს ეწეოდა. _ორივე მათგანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია და მათი სიყვარული ფეიერვეკს გავს. ორივე მათგანი ძლიერი ხასიათისაა. ორივეს უყვარს თავგადასავლები და მოგზაურობა. მათ ურთიერთობას ზეიმის, სიამოვნების, ნათელი ცხოვრების და ამავე დროს დაძაბული ერთობლივი შემოქმედების ხასიათი აქვს. ეს ორი ნიშანი შეუძლებელს შეძლებს ერთად..._ეშმაკურად შემომღიმა ნათიამ და მანაც თედო ექიმს გახედა ფანჯრიდან. _ნუ სულელობთ ერთი რაღაცეებს._ვითომ გავბრაზდი, მაგრამ გულში ისეთი სასიამოვნო განცდა დამეუფლა, თითქოს თვითონ თედო ექიმს დაედასტურებინოს ეს ყველაფერი და თანაც ხელი ეთხოვოს ჩემთვის. _რაო, ვითომ, რას უწუნებ ჩვენს თედო ექიმს?_გაუკვირდა ნათიას._ამ დაწესებულების ყველა მდედრობითი წარმომადგენელი მის ერთ კოცნაზეც კი თანახმაა დიდი სიამოვნებით და შენ რა არ მოგწონს ნეტავი? ყველაფერიც მომწონდა. უბრალოდ მომწონდა კი არა, ვგიჟდებოდი მასზე, მაგრამ ასე ხმამაღლა აღიარება არ მინდოდა რატომღაც... ესე იგი ზოდიაქოთი ერთმანეთს ეწყობითო ნათიამ?_კმაყოფილს მალულად ჩამეღიმა გულში. თედო ექიმი სიგარეტის მოწევას რომ მორჩა და შიგნით შემოვიდა, გულთბილად მომიკითხა. _როგორ ხარ, ფეხი ხომ არ გტკივა? _არა... მადლობა..._დავიბენი და აშკარად გავწითლდი. ღიმილით რომ გააგრძელა გზა და დერეფანში შევიდა ამაყი და გამართული ნაბიჯებით, თვალი გავაყოლე მის განიერ მხარ-ბეჭს. მარტო მომწონდა კი არა, მგონი მიყვარდა კიდეც გაგიჟებით და თავდავიწყებით. არ ვიცი რამდენ ხანს მივჩერებოდი შემინულ კარს, რომლის იქითაც გაუჩინარდა, მაგრამ როცა გავიაზრე და გავაცნობიერე ყველაფერი, ლიკა, ნათია და გვანცა სამივენი მე მომჩერებოდნენ. _აჰა, გაგაბით ჩიტო მახეში?_ზარ-ზეიმით განაცხადა ნათიამ._ამ ჩუმჩუმელას უყურე, თვალი დაუდგია ჩვენი საუკეთესო ექიმისთვის და მალავს. როგორი თვალებით უმზერდა?! _ამისი რა გითხრა, მაგრამ თვითონ ის რა თვალებით უმზერდა ნახეთ?_აჩურჩულდა ლიკა._ ბიჭი შეყვარებულია აშკარად... _ესეც რომ თავს იფასებს?!_გვანცამ დამიბრიალა თვალები._ბიჭი თვალებით ჭამს და ეს ქალბატონი კი იფასებს თავს... გაგიმართლა გოგონი, შენზე უკეთესი გოგოები ეკიდებიან კისერზე და არავის აქცევს ყურადღებას. იმდენს ნუ იზავ, დააფრთხო. დავიბენი, ავღელდი, ავწითლდი. მოკლეთ, ყველაფერი ერთდროულად დამეტაკა. მღელვარება რომ დამეფარა, ლიფტი გამოვიძახე, შიგ რის ვაი-ვაგლახით შევგორდი ჩემი სავარძლით და რეზიკოს სანახავად ავედი. კიდევ კარგი ეძინა. გოგოებთან დარჩენა არ მინდოდა, რადგან მაბნევდნენ და მაფორიაქებდნენ. იმათ გამოვერიდე უფრო, თორემ დიდი სურვილი არც მქონია რეზიკოს ნახვისა. ერთ ხანს ზემოთ დავრჩი. აღელვებული და აფორიაქებული გულის დაწყნარებას შევეცადე. ნუთუ, მართლა მოვწონდი და ვაინტერისებდი თედო ექიმს? ნათიას კი არაფერი გამოეპარებოდა არასდროს და რაღა ამაზე შეცდებოდა, მაგრამ... ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა ექიმ კაცს უბრალო სანიტარი დავაინტერესებდი... თუმცა, როგორ გულდასმით გამისინჯა ფეხი, თითქოს კი არ მსინჯავდა მეფერებოდა. მართლა საოცარი სითბოთი და სინაზით სავსე თვალებით მიმზერს ყოველთვის. უდიდესი სიყვარულის გრძნობა თუ არა, სულ მცირე მოწონება მაინც ექნება გულში ჩემს მიმართ, არ არსებობს... _რას ჩაფიქრებულა ჩვენი მშვენიერი სანიტარი?_ერთ-ერთი დაცვის ბიჭის, აზერბაიჯანელი ბაბახანის ხმამ შემაკრთო. გაოცებულმა ავხედე ღიმილით რომ მიმზერდა. ქართულად ისე კარგად ლაპარაკობდა, ოდნავი აქცენტიც კი არ ქონდა. პირველად ვერც კი მივხვდი, რომ სხვა ეროვნების და სხვა მრწამსის და რელიგიის იყო. არ იყო ცუდი ბიჭი. გოგოებს ზრდილობით გვეპყრობოდა, ბიჭებს მეგობრულად. მომწონდა კიდეც, ოღონდ როგორც ძმა და მეგობარი. მიამიტი ბიჭი კი იყო. ადვილად ენდობოდა ყველას და სჯეროდა მათი, რადგან თვითონ ვერ წარმოედგინა მოეტყუებინა ვინმე. _რა ვიცი ბაბახან._უცბად დავსერიოზულდი._დაბლა ჩასვლა მინდა და ვერ ჩავსულვარ, კიბეზე როგორ დავგორდე არ ვიცი... _გინდა მოგეხმარო?_მაშინვე სვარძლის სახელურებს მოკიდა ხელი და კიბისკენ წამიყვანა. ჯერ კი ჩუმად ვიყავი და გულში მეღიმებოდა, მაგრამ მერე რომ მართლაც მიმიყვანა კიბის ბაქანთან და მართლაც დამიპირა ჩაყვანა, გულღიად ავკისკისდი. _გეხუმრე ბიჭო, თუ მინდა ლიფტით ჩავალ... რა საყვარელი ხარ. ჩემი ეს სულელური გახუმრება არ სწყენია. მანაც გულიანად დაიწყო სიცილი. თედო ექიმი რომ წამოგვადგა თავზე, ცოტა შევკრთი. რეზიკოს სანახავად ყოფილა. _კიბით აპირებ ჩასვლას?_გაუკვირდა. _არა თედო ექიმო. როგორც ყოველთვის გამეხუმრა და შემაცდინა._ისევ გაეცინა ბაბახანს. _ეს ვის არ შეაცდენს._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა თედო ექიმმა, მაგრამ მე მაინც გავიგე. თავი მსხვერპლად წარმოაჩინა ვითომ? ცოტა სიბრაზემ მომიარა კიდეც. მაცდური ვარ? _დილით რომელ საათზე აპირებ სახლში წასვლას?_მოულოდნელად დაინტერესდა და თავისი მწვანე თვალებით დაჟინებით მომაშტერდა. _ცხრიდან ათამდე, როცა ეკა მოვა._ცოტა გაოცებულმა ვუთხარი. რაში აინტერისებდა ჩემი წასვლის დრო ნეტა? დამაინტრიგა პირდაპირ. _კარგი, როცა წასვლას დააპირებ მნახე. აი, უარესი ინტრიგა თუ გინდა. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ეკა, რომ თედო ექიმის კაბინეტში შევსულიყავი და ღიმილით მეუწყებინა, რომ მივდიოდი სახლში და ბოლომდე გაეხსნა კარტები ჩემგან რა უნდოდა. ასე საშინლად არასდროს გამწელვია დრო. კედელზე დაკიდულ ვეებერთელა საათს მოუთმენლად შევყურებდი და წუთებს კი არა, წამებს ვითვლიდი. ბოლოს, როგორც იქნა მოვიდა ის დროც, რომ სახლში წასასვლელად მოვმზადებულიყავი. უნიფორმა ძლივსძლიობით გამოვიცვალე და ჩემი ეტლითვე გავგორდი თედო ექიმის კაბინეტისკენ. გულისფანცქალით შევაღე კარი, მაგრამ იქ არ დამიხვდა. გაწბილებული გამოვტრიალდი და შუა დერეფანში შემომხვდა. _რას შვრები აბა, მიდიხარ? _კი. რა გინდოდათ? _რით მიდიხარ?_ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და თვითონ შემეკითხა. ცოტა დავიბენი. მართლა არ ვიცოდი ამ ჩემი ნატკენი ფეხით რით და როგორ წავიდოდი. შევყოყმანდი კი, მაგრამ მერე მაინც ვუპასუხე, რომ ტაქსით ვაპირებდი წასვლას. _ხუთი წუთი დამელოდე და მე წაგიყვან._ისე გულთბილად მითხრა, უარესად დავიბენი. _არ არის საჭირო, მადლობა... _როგორ თუ არ არის საჭირო? მე გაგიყვან და წინააღმდეგობის გაწევას იცოდე, რომ აზრი არ აქვს. მართლაც და რატო უნდა გამეწია წინააღმდეგობა ვითომ? მე ხომ მასთან ახლოს ყოფნა ყველაფერს მერჩია? პატივს მცემდა და ეს პატივისცემა რატო უნდა მეუკადრისა ვითომ? თან, ტაქსის ფული ჯიბეზე რომ არ მქონდა, მძღოლი დამელოდებოდა ვითომ სანამ ავლახლახდებოდი და ჩამოვლახლახდებოდი, რომ ფული ჩამომეტანა? _კარგით, მიმღებში დაგელოდებით._მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ რომ ვუთხარი, შევატყე ოდნავშესამჩნევი ღიმილი რომ გაუკრთა ბაგეზე კმაყოფილს. მიმღებშიც იცვლებოდნენ უკვე გოგოები და ერთი ორომტრიალი იყო. ჩემთვის არავის ეცალა, რადგან სასწრაფოს პაციენტი შემოეყვანა და ცალკე იმას პატრონობდნენ. ისე მალე გავიდა ის ხუთი წუთი, ვერც კი გავიაზრე. თავის შავ მანტოში გამოწყობილი თედო ექიმი რომ გამოვიდა, ინსტიქტურად გავხედე ვეებერთელა საათს მისი თავის უკან და გამიკვირდა. _წავიდეთ?_შემომღიმა. _წავიდეთ._ეს ვუთხარი და ფრთხილად წამოვდექი სავარძლიდან, რომელიც მიმღებში დავუტოვე გოგოებს და კოჭლობით გავედი გარეთ. ისევ თოვდა. კიბეზე ნამდვილად ვერ ჩავიდოდი ჩემი მტკივანი ფეხით და ამიტომ პანდუსზე დავეშვი ფრთხილად. თუმცა ფეხი მიცურდა და ვწვალობდი. მაშინ თედო ექიმი მომიდგა გვერდით, წელზე ძლიერად მომხვია ხელი და ისე ჩამიყვანა აფორიაქებულ-აღელვებული. მანქანამდეც ასე მიმიყვანა და წინა კარი გამომიღო. მანქანაში ასვლაშიც თვითონ მომეხმარა. მერე მარდად შემოუარა და საჭეს მიუჯდა. _აბა, სად მივდივართ?_ინტერესით შემომხედა. _სამგორში, ნავთლუხის ბაზართან... _მასე შორიდან დადიხარ?_გაუკვირდა. მერე ძრავა აამუშავა და წავედით. უხმოდ ვიმგზავრეთ. ხანდახან კი გადმომხედავდა ხოლმე და გულს უარესად მიფორიაქებდა მისი ეს ღიმილიანი გადმოხედვა. მართალია, მანძილი ჩემს სახლამდე დიდი იყო, მაგრამ ისე მოკლე მომეჩვენა და ისე მალე მივედით, რომ გულიც კი დამწყდა. ჩემს კორპუსთან რომ შევაჩერებინე მანქანა, მარდად გადავიდა, ჩემს მხარეს მოუარა და გადასვლაში მომეხმარა. _რომელ სართულზე ცხოვრობ?_დაინტერესდა. _მეოთხეზე._ალალად ვუპასუხე. მაშინ ისევ წელზე მომხვია ხელი და ისე შემიყვანა სადარბაზოში. ლიფტიც თვითონ გამოიძახა და ჩემს ბინამდე ასე მიმიყვანა. უხერხული იყო ყავაზე არ დამეპატიჟა. ბოლომდე არც კი მქონდა ნათქვამი, ყავაზე ხომ არ დამეწვეოდით-მეთქი, რომ სიხარულით დამთანხმდა. _ამ დილით არ დამილევია და სიამოვნებით დავლევდი. კარი ბებიამ გაგვიღო. ჯერ ის გაუკვირდა, სიმპატიურ ბიჭთან ერთად რომ დავადექი დილაადრიან თავზე. მერე ის, კოჭლობით რომ შევედი და შეიცხადა. _რა გჭირს შვილო? _არაფერი ბებია, ტერფის სახსარი ამომივარდა, მაგრამ თედო ექიმმა ჩამისვა... _თედო ექიმი ეს არის?_ისე მკითხა, აშკარად მიხვდა თედო ექიმი რომ ბებიასთან მასზე ბევრს ვლაპარაკობდი. შემრცხვა და ერთიანად გავწითლდი. _ეს ის თედო ექიმია, შენ რომ მელაპარაკებოდი?_რომ არაფერი ვუთხარი პირველ ჯერზე, მეორედ გამიმეორა და თან უფრო გაუმყარა თედო ექიმს ის ეჭვი, რომ ბებიას მართლაც ველაპარაკებოდი მასზე. უარესად გავწითლდი. _ხო, ბებია, ჩემი უფროსია._ლამის ჩურჩულით ვუთხარი და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო, მაგრამ ისე იყო აღფრთოვანებული ამ ლამაზთვალება სიმპატიური ვაჟით, რომ ჩემთვის ყურადღება არც კი მოუქცევია. თედო ექიმმა მე რომ მისაღებში შემიყვანა და დივანზე ისე დამსვა, ფეხები მაღლა დამეწყო, თვითონ ჩემს პირისპირ სავარძელში მოკალთდა. _იმაზე კარგიც კი ყოფილა ეს შენი თედო ექიმი, ვიდრე შენ მიყვებოდი._აღფრთოვანებას ვერ მალავდა ბებია. _ბებია!_საყვედურნარევი ტონით დავუძახე, იქნებ როგორმე გამეჩუმებინა. ამის გაგონებაზე კი თედო ექიმი ეშმაკური ღიმილით მიუბრუნდა ბებიას და ისე ჰკითხა. _მაინც რას გიყვებათ ნუკი ჩემზე? ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა ის მერჩია. უარესად ავღელდი და ავფორიაქდი. სანამ ბებია პირს დააღებდა და რამეს იტყოდა, ერთი სიკვდილი გავათავე. _იმას, რომ ძალიან კარგი ექიმიაო... თედო ექიმმა ღიმილით გამომხედა. აშკარად გაუხარდა ის აზრი, რომ მე მასზე კარგს ვლაპარაკობდი ბებიასთან. _მართლაც ძალიან კარგი ხარ შვილო... _ბებია, შეგიძლია თედო ექიმს უშაქრო ყავა გაუკეთო?_იმ იმედით ვუთხარი, რომ ბევრი აღარაფერი ეთქვა. _როგორ არა შვილო, ახლავე._ახალგაზრდული სიმარდით დაფაცურდა და სამზარეულოში გავიდა. სანამ ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა, მე და თედო ექიმი უხმოდ ვისხედით. მისთვის თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი, არა და ვგრძნობდი, რომ თვითონ ღიმილით მომჩერებოდა. როგორ დამაბიზღა ბებიამ, რომ სახლში მასზე ვლაპარაკობდი?.. სირცხვილისგან ვიწვოდი. ბოლოს, როგორც იქნა ბებიამ მოადუღა ყავა და დიდი სიფრთხილით გამოიტანა. მერე ტკბილეულიც დაალაგა და ჩემი გუშინდელი ტორტის მონარჩენი გამოიტანა ხალისით. _გუშინ ნუკის დაბადების დღე ქონდა და ოცდა ხუთი წლის გახდა._ლაპარაკის ხალისზე დამდგარი ბებია ენას ვეღარ აჩერებდა უკვე. _მართლა?_გაუკვირდა თედო ექიმს._მოგვიანებით გილოცავ... რომ გეთქვა, იმ სიცივეში ხომ აღარ გაგაგზავნიდი აფთიაქში? დამნაშავედ ვგრძნობ თავს._მომიბოდიშა. ხმა არ გამიცია. ბებიამ კი ამით ისარგებლა, მის გვერდით სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და ლაპარაკი გაუბა. გამოჰკითხა რა გვარის იყო, დედმამიშვილები თუ ყავდა. დედა ან მამა ხომ არ ყავდა წასული. მოკლეთ მისი წარმომავლობით დაინტერესდა. თედო ექიმი კი ღიმილით და დაუზარებლად პასუხობდა მის ყოველ კითხვას, აკმაყოფილებდა მოხუცის ცნობისმოყვარეობას და სხვათაშორის ჩემსასაც. დედა თურმე ლატვიელი ყოლია. მიტომაც იყო, რომ თვითონაც უცხოელს გავდა. დედის გენები ჭარბობდა ალბათ. ორი და ყავდა და ორივე გათხოვილი. თეკლას ვიცნობდი უკვე, თათული კი ბათუმში ცხოვრობდა. მოკლეთ, ბევრი რამ გავიგე მეც მის შესახებ. იმაშიც დავრწმუნდი, რომ ეს სიმპატიური ექიმი დაინტერესებული იყო ჩემით. ბებია ჩემს შესახებ თუ რამეს უყვებოდა, ვატყობდი როგორი აღფრთოვანებული უსმენდა გულისყურით. კარგა ხანს დარჩა ჩვენთან. ბოლოს გამაფრთხილა, შენით არ მოიხსნა სახვევიო, გულთბილად დაგვემშვიდობა და წავიდა. _მართლაც რა კარგი ბიჭი ყოფილა ეგ შენი თედო ექიმი. ძალიან მომეწონა, წესიერი, ზრდილი, ნასწავლი, კარგი ოჯახის შვილი და თანაც როგორი მშვენიერი... მომერიდა, ვერ ვკითხე, ცოლ-შვილი ყავს ნეტა?_გამჭოლი მზერით მომაშტერდა. _არა ბებია, ცოლ-შვილი არ ყავს._დავამშვიდე. კიდევ კარგი არ კითხა, თორემ უარესად შემარცხვენდა. ჩემს ოთახში აღარ გავსულვარ დასაწოლად. იქვე მოვატანინე პლედი და დაძინებას შევეცადე. მართალია, ბებია არ ხმაურობდა, ისე ფეხაკრებით დადიოდა ოთახში, ვერც კი ვიგებდი, მაგრამ მე ვერ დავიძინე მაინც. თედო ექიმს ხელში აყვანილი რომ მივყავდი საპროცედუროში, ის კადრები მედგა თვალწინ და ისიც, როგორ ნაზად და ფრთხილად მისინჯავდა ფეხს. ის მომენტიც გამახსენდა, მისი კოცნა რომ მომინდა ძალიან. ბებია არ აზვიადებდა, მართლაც არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ვგრძნობდი კიდეც, რომ მასაც მოვწონდი, მაგრამ თითქოს დაჯერება მიჭირდა. საღამომდე ასე ვიწრიალე. მერე ფრთხილად ავდექი და კოჭლობით გავედი ბებიასთან ლოჯიაში. _არ გეძინა ხომ? მესმოდა შენი წრიალი. ფეხი გტკიოდა?_დაეჭვდა. _არა, უბრალოდ ვერ დავიძინე. ვივახშმოთ და მერე შევეცდები დავიძინო. _შენ იჯექი, მე გავშლი სუფრას. თედო ექიმმა მე ჩამაბარა შენი თავი, ფეხზე დიდხანს არ იდგესო. საპირფარეშოში გასვლა-გამოსვლაც გეყოფა... აღარ შევწინააღმდეგებივარ, იმიტომ, რომ მალე მინდოდა გამოჯანმრთელება და სამსახურში თედო ექიმთან დაბრუნება. _თედო ექიმს რომ ახსენებდი, მე შუახნის კაცი მეგონა. რა ძალიან კარგი ბიჭია... მის გვერდით როგორ დაიხატებოდი. _ბებია?!_წყენანარევი ინტონაციით შევძახე, მაგრამ სიმართლე რომ ვაღიარო, გამიხარდა ეს რომ თქვა. _რაა ბებია?_აქეთ შემომიტია._ისეთი თვალებით გიმზერდა ის ბიჭი, აშკარაა რომ მოსწონხარ. შენც, რაც არ უნდა უარყო და იყვირო, გეტყობა რომ არც შენ ხარ მის მიმართ გულგრილი. თუ კი ორივეს მოგწონთ ერთმანეთი, რაღატო უნდა თქვათ ერთად ყოფნაზე უარი, არ მესმის... მინდა, ჩემი დატანჯული ობოლი შვილიშვილიც იყოს ბედნიერი ამ ცხოვრებაში. თუ ხელის წაკვრა და ბიძგი დასჭირდება, მე აქ ვარ... _კარგი რაა, ბებია. მაგხელა ექიმი კაცია, როგორც შენ თქვი კარგი ოჯახის შვილი და უბრალო სანიტარს მომაქცევს ყურადღებას? შენ უბრალოდ შენი შვილიშვილი გიყვარს და ის გეჩვენება ლამაზად, თორემ უნდა ნახო ჩვენს ჰოსპიტალში რამდენი ლამაზი ექიმი და ექთანი მუშაობს, რომელიც მის ხელში ჩაგდებას ცდილობს... _ხო და შენც უნდა იყოჩაღო, თორემ იმ მშვენიერ უფლისწულს ცხვირწინ აგაცლიან. გამეცინა. _რა გაცინებს?_ეწყინა._ გითხარი, რომ მოსწონხარ იმ ბიჭს და მეტი რაღა გინდა? _ეე, ბებია._გულიანად ამოვიოხრე. _ეე ბებია არ უნდა. შენ ისეთი კარგი მყავხარ, ვის არ მოეწონები? _მარტო მოწონება ხომ არ არის ბებია? შეიძლება ქუჩაში უამრავი გამვლელი მოგეწონოს, მაგრამ... _შენებურ ფილოსოფოსობას ნუ დაიწყებ. არ არის საჭირო. მოგეწონა ბიჭი? მასაც მოეწონე? ხო და სანამ მურმანის ეკალი აღმოცენებულა თქვენს შორის, უნდა იმოქმედო... მაგრამ მურმანის ეკალი ქეთი და მის ნაირი გოგოები რომ უკვე იყვნენ აღმოცენებულები ჩვენს შორის, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდოდა. გავუწევდი ვითომ ყველას წინააღმდეგობას? ბებია მართალი იყო, უნდა მებრძოლა მის მოსაპოვებლად, თორემ უბრძოლველად მართლაც რომ ცხვირწინ ამაცლიდნენ ამ მშვენიერ ვაჟკაცს... ვივახშმეთ და დავწექი. მასზე ტკბილ ფიქრებსა თუ ოცნებებში ადვილად დამეძინა. დილით შედარებით კარგად მქონდა ფეხი, ოდნავი ტკივილიც კი აღარ მაწუხებდა. თუმცა, ფეხზე დგომას ბებიაც მიშლიდა და მეც ვცილობდი თედო ექიმის მითითებები დამეცვა, რომ მალე მღირსებოდა გამოჯანმრთელება და სამსახურში მასთან დაბრუნება. ის დღეც წოლით რეჟიმში გავატარე და თბილი სვიტერის ქსოვას მივუძღვენი. მეორე დღეს კი დილით ჯერ ისევ ვიწექი, რომ ვიღაც გვესტუმრა. გავიგე, ბებიამ გულთბილად რომ შემოიპატიჟა და მოიკითხა. სტუმრის ხმა რომ გავიგე, ყურებს არ დავუჯერე. ისევ მივაყურადე და ჰოი საოცრებავ, მართლაც თედო ექიმის ხმა იყო, რომელმაც თავისი პაციენტი მოიკითხა. _კარგად არის შვილო. შენი მითითებები ყველა გულდასმით შეასრულა და შევასრულებინე. _სამსახურში წასვლამდე შემოვუარე, რადგან სახვევის მოხსნის დროა. თუ ღვიძავს, მოვხსნი და წავალ, რომ არ დავაგვიანო. _ახლავე, ვნახავ._ბებია მაშინვე ჩემთან შემოვიდა. _უთხარი, რომ მძინავს და ვერ გამაღვიძე._საწოლში აწრიალებულმა ვუჩურჩულე._სანამ ავდგები და მოვწესრიგდები, დააგვიანდება. _რა მოწესრიგება გინდა, მოგხსნის სახვევს და წავა._ხმამაღლა მითხრა ბებიამ და მის ზურგს უკან თედო ექიმიც გამოჩნდა. ძალიანაც არ მინდოდა საწოლში მწოლიარე, თმააბუებული და საყვარელი დათუნიებით მოჩითული ჩემი პიჟამებით ვენახე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ღიმილით მომესალმა და ოთახში მოურიდებლად შემოვიდა. ჩემს საწოლთან სკამი მოაჩოჩა და ჩამოჯდა. _მე წავალ, ყავას მოგიდუღებთ._დაფაცურდა ბებია და განმარტოების საშუალება მოგვცა. _ბებიაზე ნუ ბრაზობ, მე შემოვიჭერი ძალით. მინდა სამსახურში წასვლამდე მოგხსნა სახვევი და ჩემი თანდასწრებით დაადგა გამართულად ფეხი. _კი, მაგრამ ასე, საწოლში?_გავიოცე. _შენი აზრით, პირველად ვხედავ საწოლში მწოლიარე პაციენტს?_უარესად გაიოცა._მაჩვენე ფეხი._კი არ მითხრა, მიბრძანა. მეც მეტი რა გზა მქონდა, საბნიდან გამოვაძვრინე დაზიანებული ფეხი მორიდებით და სუნთქვაშეკრული დაველოდე რას მოიმოქმედებდა. საბანი მომეტებულად აღარ გადაუხდია. პატივი სცა ჩემს სურვილს და მხოლოდ იქიდან გამოყოფილ ფეხზე წამავლო ცივი ხელები. ისეთი ცივი ქონდა, რომ აშკარად შევკრთი. _უი, ბოდიში._მაშინვე შემიშვა ხელი, დაიორთქლა, მერე ერთმანეთზე ძლიერად გაუსვ-გამოუსვა და გაითბო._კიდე ცივი ხომ არ მაქვს?_დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე. მაშინ კი ღიმილით შეუდგა თავის საქმეს. ფრთხილად მომხსნა სახვევი და ფეხი თითების ნაზი მოძრაობით შემიმოწმა. საჭირო იყო ნეტა, თუ უბრალოდ შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ შემხებოდა და მომფერებოდა? ვაღიარებ, მსიამოვნებდა და კატასავით გავიტრუნე კიდეც. _კარგია._მომიწონა ჩემი ფეხის მდგომარეობა._აბა ადექი და ფრთხილად დადგი ტერფი. პიჟამისამარა მომერიდა ადგომა, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა, ჩემი მორიდებულობის შემრცხვა. მართლაც და პირველი პაციენტი ვიყავი, ვისაც ასე იხილავდა? რამდენ შიშველ ქალს ხედავდა საოპერაციო მაგიდაზე და მე რატო ვთაკილობდი მის წინ პიჟამებით დადგომას ვითომ? თუმცა მაინც მორიდებით გადავიხადე საბანი, ჯერ წამოვჯექი საწოლზე და მერე ავდექი კიდეც. თედო ექიმმა ხელი შემაშველა რომ არ წავქცეულიყავი და უარესად ამაფორიაქა. ვგრძნობდი, რომ თვითონაც არ იყო ჩემს მიმართ გულგრილი და ეს უფრო მიჩქარებდა გულს. ისე ახლოს იყო ჩემთან, მის ძლიერ გულის ფეთქვასაც კი ვგრძნობდი. მისი სასიამოვნო ოდეკოლონის სუნი ცხვირში მიღიტინებდა, მისი თბილი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა. ისევ საოცრად მომინდა მისი კოცნა და თვალებში რომ შევხედე, ასე მომეჩვენა თვითონაც ჩემი კოცნის სურვილს ებრძოდა. უარესად ავღელდი. კიდევ კარგი ბებია შემოვიდა და გვაუწყა, რომ ყავა მზად იყო, თორემ გული გამისკდებოდა მღელვარებით ალბათ. _კარგი, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ, მაინც მოერიდე სირბილს და მთელი დღე ფეხზე დგომას. მე გავალ, ბებიას მომზადებულ ყავას სიამოვნებით დავლევ._გულთბილად გამიღიმა და მართლაც გავიდა. ჩაცმას რაღა აზრი ქონდა, მაინც მნახა ჩემი პიჟამებით და ხალათი გადავიცვი მარტო, თმა გადავივარცხნე და მეც მისაღებში გავედი დიდი სიფრთხილით. ბებია ჩემი ბავშვობის ოინებს უყვებოდა და ისიც გულდასმით უსმენდა ღიმილით. ოთახში შესული რომ დამინახა, ღიმილით ამომხედა და ამ ღიმილით მაგრძნობინა, რომ ჩემზე ღელავდა, ფიქრობდა, ვუყვარდი და ვუნდოდი კიდეც. ზუსტად ჩემი სურვილები ეწერა სახეზე. მეც ზუსტად ამასვე ვგრძნობდი მის მიმართ და მინდოდა. თუმცა ამის აღიარების და გამჟღავნების მრცხვენოდა. ცოტა ხანს კიდევ დარჩა თედო ექიმი ჩვენთან და მალე წავიდა. _მომდევნო ცვლაში თავისუფლად შეძლებ გამოსვლას და მუშაობას. დღეს კი გავძლებთ როგორმე უშენოდ._წასვლისას ისევ შემომღიმა და ბებიამ რომ გააცილა, სიყვარულით გავაყოლე თვალი. გაგიჟებით მიყვარდა ეს ბიჭი და ბებია მართალი იყო, რატო უნდა მეთქვა ჩემს სიყვარულზე და ბედნიერებაზე უარი, მითუმეტეს რომ მასაც მოვწონდი. მივხვდი, რომ თეკლასთანაც სპეციალურად მიმაგზავნა, რომ მას ვენახე, თორემ რა საჩქარო იყო მადლიერების დღის საჩუქარი ვითომ? ბებია რომ შემობრუნდა, ისევ ღიმილი დამთამაშებდა სახეზე. ერთხანს ეშმაკურად მოწკურული თვალებით მიმზერდა. მერე გვერდით მომიჯდა და გულში ჩამიხუტა. _ჩემო სიხარულო, შენც მოგწონს არა? შევკრთი. უმალ გამოვერკვიე ტკბილი ფიქრებიდან. _შენ კიდევ არ გჯერა, რომ ამ ბიჭს მოსწონხარ არა? შენი გულისთვის მოვიდა, რომ ენახე და შენი ჯანმრთელობა გადაემოწმებინა. რა კარგი ბიჭია. შენი ფიცხი ხასიათის და უაზრო ჯინიანობის გამო თუ დაკარგავ, იცოდე, რომ ჩემთან გექნება საქმე... ჩემი ბებრული გუმანით თუ ინტუიციით ვხვდები, რომ ამ ბიჭის გვერდით უზომოდ ბედნიერი იქნები და დედოფალივით გაცხოვრებს. აქამდე, სიმართლე გითხრა, რეზიკო მომწონდა, მაგრამ თედო ექიმს რომ თვალებით უყურებ, მისთვის არასდროს შეგიხედია მასე. ცალმხრივი სიყვარულით ცხოვრება კი საშინელებაა მინდა გითხრა. ჯობია, ორივეს გიყვარდეთ ერთმანეთი და მასზე უკეთესზე ვისზე უნდა შეაჩერო არჩევანი? ასაკიც ისეთი გაქვს უკვე, უნდა იფიქრო გათხოვებაზე... _რა ისეთი ასაკიც მე მაქვს?_გავიოცე. _ქალი ოცდასამ წელს რომ გადასცდება, შინაბერად ითვლება უკვე. _მართლა?_გულიანად გადავიკისკისე._გამოდის, ორი წელია უკვე რაც შინაბერა ვარ? _ჩემზეც ხომ უნდა იფიქრო შვილო?_მოულოდნელად დასერიოზულდა._ხვალე-ხვალზევით რომ გავფშიკო ფეხი და წავიდე მარილზე, ვინ გეყოლება გვერდში? მართალია, მე ბევრი არაფერი აღარ შემიძლია, მაგრამ ჟანგიან კლიტეს ხომ მაინც ვჯობივარ? სამსახურიდან დაბრუნებული ოთხ კედელში მარტოდ მარტო რომ გამოიკეტები, ხმის გამცემი ხომ გინდა რომ გყავდეს სხვა თუ არაფერი? ქომაგი ხომ გინდა რომ გყავდეს გვერდით? მარტოხელა ქალს ყოველთვის სხვა თვალით უმზერენ კაცები და მოსვენებას არ აძლევენ, მის ხელში ჩასაგდებად ათას ბინძურ ხრიკებს მიმართავენ. მცირეოდენი იმედი მაინც ვარ შენთვის და რომ აღარ ვიქნები, მერე? მინდა, სანამ ცოცხალი ვარ კარგ პატრონს ჩაგაბარო და თუ გინდა იმ დღისითვე მოვკვდე, არაფერს აღარ ვდარდობ... ბიძაშენი ვერ მოგხედავს და ვერც გაამტყუნებ, იმას თავისი ოჯახი ყავს მისახედი და თავისი ჯაფა ადგას მხრებზე._გულთბილად მაკოცა და წამოდგა. დასარეცხი ფინჯნები წამოკრიფა. _იყოს ბებია, მე გავიტან. შემიძლია უკვე სიარული._ფინჯნები ჩამოვართვი, ახლა მე ვაკოცე დანაოჭებულ შუბლზე და სამზარეულოში გავედი. ფეხი მართლაც აღარ მტკიოდა. შემეძლო დღეს სამსახურში წასვლა, მაგრამ თედო ექიმმა ასე მოისურვა, რომ მე დღესაც დამესვენა. რა გაიყვანდა მომდევნო ცვლამდე დროს? ჯერ საოჯახო საქმიანობას მივყავი ხელი, მერე კი ისევ ქსოვას ჩავუჯექი. ასე უფრო ვიწყნარებდი თითქოს ნერვებს და დროც შეუმჩნევლად გადიოდა. ჩემს ნაქსოვს რომ რიგები ემატებოდა და ემსგავსებოდა უკვე მართლაც ლამაზ სვიტერს, დროს აკლდებოდა და თედო ექიმთან შეხვედრის დროც ნელ-ნელა ახლოვდებოდა. მეორე დღეს დიდი იმედით ველოდი, რომ ცვლას დაასრულებდა და ისევ ჩემს სანახავად გამოეშურებოდა, მაგრამ შევცდი. სამაგიეროდ ლიკამ, ნათიამ და გვანცამ მომინახულეს. მათი ნახვაც ძალიან გამიხარდა. მგონი ბებიას უფრო გაუხარდა და სანამ მე ყავას ვამზადებდი, მესმოდა რომ რაღაცას ჩურჩულებდნენ. გავიდოდი თუ არა მისაღებში, მაშინვე ჩუმდებოდნენ. დამაინტერესა რაზე საუბრობდა ბებია მათთან ერთად და ისე მივიპარე, არავის დავუნახივარ. _მართალი ხარ ანიკო ბებია, თედო ექიმი მართლაც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა თქვენს ნუკის, არ მოგჩვენებიათ._დაამშვიდა ნათიამ. _ამ მორიგეობაზე შემეცოდა ისეთი მოწყენილი იყო მის გარეშე. რაც არ უნდა უარყონ ან ერთმა ან მეორემ, ერთმანეთს მაგნიტებივით იზიდავენ._გაეცინა გვანცასაც. _მართლა ძალიან კარგი ბიჭია, ვაჟკაცური და იცის ქალის პატივისცემა._ლიკამაც მხარი აუბათ._ეს ქალბატონი ცოტა თუ არ გამოვაფხიზლეთ, ქეთი ასე ადვილად არ დაუთმობს იმ პრინცს და ცხვირწინ ააცლის. _არა და, რა საყვარლები არიან ერთად... მათ ყურის გდებაში ყავა ამიდუღდა და გადმომივიდა კიდეც. ხმა რომ შემომესმა, გავიქეცი, მაგრამ ვერ მივუსწარი. _ჯანდაბა, აბა აქ ვმდგარიყავი თუ ასე უცბად ადუღდებოდი._გავბრაზდი და ფინჯნებში ჩამოვასხი. მერე კი სინზე დავაწყე და მისაღებში მოჩურჩულე გოგოებთან და ბებიასთან გავედი. როგორც ყოველთვის, ახლაც გაჩუმდნენ. ეჭვით რომ შევათვალიერე სათითაოდ, რეზიკოზე გადაიტანეს საუბარი. _უკეთესადაა, ფეხების მოძრაობა შეუძლია, ცოტა მეხსიერებასთან დაკავშირებით აქვს უმნიშვნელო პრობლემა, იმ დღის ამბებს ვერ იხსენებს რა მოუხდა და რის გამო სცემეს ასე. ისე, სხვა რაღაცეები კარგად ახსოვს. იცი, მოგიკითხა._მე მომიბრუნდა ახლა ნათია._რატო აღარ ამომაკითხაო. რომ ვუთხარი, ფეხი იღრძო-მეთქი, მგონი თავისი მდგომარეობა არ შეუცხადებია ისე, როგორც შენი ფეხის ამბავი._გადაიკისკისა გულიანად. _მეზობლები ვართ და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ!_ხმა გავიმკაცრე, რადგან მაღიზიანებდა უკვე გოგოების ღლაბუცი ამ თემაზე. _კარგი ხო, გეხუმრე, დაწყნარდი რა მოგივიდა? ეგ კი არა და, ლიკამ და მაგან კარგად გაუგეს ერთმანეთს. ლიკას რომ შევხედე, ჭარხალივით გაწითლდა და შემეცოდა. ასეთი უხერხული სიტუაციები გამოცდილი მქონდა და ვიცოდი რა ცუდიც იყო. _მართლა, რა გავიგე გოგოებო იცით?_დამაინტრიგებლად მოჭუტა გვანცამ თვალები._ თურმე, ქეთის უკეთესი შემოთავაზება აქვს და ცოცხალი თავით ამ სამსახურს არ თმობს. _რას დათმობს, თედო ექიმი აქ ეგულება და სადმე წავა ვითომ? _შენ რომ კუდი არ გამოაბა ისე გული ხომ ვერ მოგისვენებს._ვუსაყვედურე. _შენ რომ ურწმუნო თომა ხარ, ვერ ხვდები? მაინც და მაინც შენს თვალწინ უნდა პროშნაობდნენ რომ დაიჯერო?_აქეთ შემომიტია ნათიამ. _ფუ, ნუ დამაკარგვინე იმ მშვენიერ ბიჭზე წარმოდგენა რა._სასაცილოდ დაიჯღანა ლიკა._მომკალი და მეც არ მჯერა, რომ თედო ექიმი იმ ტყლარჭიას უყადრის თავს. _არც მე მჯერა ეგ, მაგრამ გასაქანს რომ აღარ მისცემს ის ქაჯი, კაცია ბოლოს და ბოლოს..._დაეთანხმა ნათიაც. _აქ ეხლა ჩემს სანახავად ხართ მოსულები თუ თედო ექიმის და ქეთის ცხოვრების დეტალების გასარჩევად?_კიდევ უფრო გავიმკაცრე ხმა. _კარგი, ხო, ნუკი მართალია, მოვრჩეთ ამაზე საუბარს._მხარი დამიჭირა გვანცამ._ზეგ ჩვეულებრივ გამოხვალ არა?_ინტერესით მკითხა. _ხო. გუშინაც კი შემეძლო უკვე, მაგრამ თედო ექიმმა არაო._ავბუზღუნდი. _რატო გწყინს? მასზე კარგად იცის ვინმემ, როდის შეგეძლება სამსახურში დაბრუნება?_მისაყვედურა ნათიამ._ნეტა, ჩემზეც იზრუნოს ვინმემ მასე და თუ ხმა ამოვიღო და დავიწუწუნო, აქ არა ხართ? _არც მე ვიტყოდი უარს ასეთ მზრუნველზე._ლიკამაც შემომღიმა მორცხვად. _შენ ხომ უკვე გამოგიჩნდა? აბა, რეზიკო ვინ არის? მართალია ჯერ წევს და ვერ დადის, მაგრამ როცა ადგება, მაშინ ნახე როგორ იზრუნებს შენზე._გაეცინა გვანცას. რეზიკოს ხსენებაზე კი ლიკა ისევ გაწითლდა. როგორც გოგოებიდან გავიგე, რეზიკოს მართლაც მოსწონებია ლიკა, რომელიც გუშინ დაზღვევის საბუთებით მისდგომია, რომ ხელი მოეწერა იმ ვაჟბატონს. _მეც გავყევი და დაინახა თუ არა, თვალები აუციმციმდა._გაეცინა ნათიას._უნდა გენახათ, ისე უმზერდნენ ერთმანეთს, სულ გადაავიწყდა ამ ქალბატონს რისთვის იყო იქ და ისევ ცარიელი ბრუნდებოდა უკან. ლიკას ფერის ხშირ ცვლილებაზე აშკარად შევატყე, რომ ამჯერად სულაც არ აზვიადებდა ნათია. კიდევ კარგა ხანს დარჩნენ გოგოები ჩემთან და გვარიანადაც გავერთეთ. ქვეყნის ამბები მომიყვა ნათიამ. მერე, გულთბილად დამემშვიდობნენ და წავიდნენ. ბებიას ძალიან მოეწონა ჩემი სადაქალოს წრე, კარგზე კარგი გოგოები არიანო. ჩემი ცვლის დაწყებამდე კი ხან ვდიასახლისობდი სახლში, ხან ვქსოვდი და ხანაც ბებიას დაქალებს ვმასპინძლობდი. იმ დილით კი, როცა ცვლა მიწევდა, გულისფანცქალით გავეშურე სამსახურში. მეტროში ისევ შემხვდა ის გოგონა, სამსახურის პირველ დღეს რომ მეტროში ვნახე. ამჯერად მე რომ შევდიოდი მატარებელში, ის გამოდიოდა და ერთმანეთს შევეჯახენით. გამიხარდა მისი ხილვა, რადგან ჩემი თილისმა იყო თითქოს. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და რაც კი რამ მქონდა ხურდა, მას ჩავუჩხრიალე ხელში. _მადლობა დეიდა._ისევ ისეთი მადლიერი თვალებით შემომხედა. დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. ალბათ არ მოელოდა და გულაჩუყებულს სიხარულის ცრემლებმა დაუსველა თვალები... და მასთან ერთად მეც. სამსახურში მისულს ყველა ღიმილით შემხვდა და ჩემი ნაღრძობი ფეხის ამბავი მკითხა. თედო ექიმი ჯერ არ იყო მოსული და მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას. ჩემს ჯიბრზე ძალიან დაიგვიანა და გავიბუსხე. უფრო იმიტომ, რომ ტყლარჭია ქეთი წარა-მარა მეკითხებოდა: _თედო კიდევ არ მოსულა?.. უარყოფის ნიშნად თავს რომ ვუქნევდი, ისევ აგრძელებდა: _ვაა, რას იგვიანებს ეს ბიჭი? თანაც დღეს, როცა ძალიან მჭირდება?!? რისთვის სჭირდებოდა დღეს, წარმოდგენა არ მქონდა და ეს ცალკე მაღიზიანებდა. თუმცა, ნათიასგან მალევე გავიგე ახალი ამბავი, რომ ქეთის შვილს მყესი ქონდა დაჭიმული და თედო ექიმი იმიტომაც სჭირდებოდა ასე ძალიან. უკმაყოფილო პაციენტების ბუზღუნიც პიკს აღწევდა უკვე, რომ ისიც გამოჩნდა. კაბინეტის წინ ვიდექი და პაციენტებს ვამშვიდებდი, რომ დერეფანში შემოვიდა. ფეხის ხმაზე ვიცანი და რომ ავიხედე, მართლაც ის იყო. დავინახე თუ არა, გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა. შევატყე ჩემს დანახვაზე მასაც რომ გაებადრა სახე. მოვიდა თუ არა გულთბილად მომესალმა, მომიკითხა კიდეც და ისე შევიდა თავის კაბინეტში. პაციენტებს მაშინვე მოუნდათ მასთან შესვლა და კარისკენ გაიწიეს კიდეც, მაგრამ ასე ვთქვათ, ყველა დავიფრინე ჩემი ბრაზიანი კილოთი. _აღარ აცადოთ ერთი ამოსუნთქვა! მოწესრიგდება და თვითონ დაგიძახებთ. რა გჭირთ ხალხნო? ჩემს ნათქვამზე პაციენტები ისე გაისუსნენ და დაშოშმინდნენ, მე თვითონვე გამიკვირდა. ცოტა ხანში კი მართლაც გამოყო კაბინეტიდან თავი თედო ექიმმა და შემოვიდეს ვისი რიგიცააო, გამოაცხადა. თან, ისეთი თვალებით შემომხედა, გულმა უფრო უმატა ძლიერად ფეთქვას. _მოხვედი თედო?_ქეთიც წამოგვადგა თავზე. რა უაზრო კითხვა იყო. ხედავდა მის წინ იდგა და მაინც ამას ეკითხებოდა, მოხვედიო? მადიანი სილის გაწვნა მომინდა მისთვის იმ წითლად შეღებილ და დაბერილ ტუჩებში. მერე მე მომიბრუნდა. _მიდი, საორდინატოროში მოსეა და ეტლით წამოიყვანე, გასინჯოს თედომ, დილიდან ველოდებით და ცოდოა ბავშვი. მომლოდინე პაციენტებს რომ შევავლე თვალი, ყველას აშკარად შეეცვალა სახის გამომეტყველება, თუმცა ხმამაღლა კი არაფერი უთქვიათ როგორც მე. ქალბატონი თედო ექიმთან შევიდა კაბინეტში და მისი შვილის მოსაყვანად მე წავედი. საორდინატოროში მართლაც იყო ხუთიოდე წლის ლამაზი ბავშვი, რომელიც დედის ტელეფონში რაღაცას თამაშობდა. ალბათ, მამას გავდა ქერა და ცისფერთვალება. _მოსე შენ ხარ?_გულთბილი ღიმილით ვკითხე. _კი._ინტერესით შემომხედა._ შენ ვინ ხარ? _მე ნუკი ვარ და შენს ტრანსპორტირებაზე უნდა ვიზრუნო. დედაშენმა გამომაგზავნა, ჩემთან მოიყვანეო. _რითი უნდა წამიყვანო?_შევატყე როგორ გაუხარდა ეტლი რომ გამოვაგორე._ამით? _ზუსტად გამოიცანი._ღიმილით შევაქე. მერე ხელები მოვხვიე, შიგ ფრთხილად ჩავსვი და დერეფანშიც გამოვედით. _ამ ბორბლებიან სკამს ამაზე მეტი სიჩქარე არა აქვს? _როგორ არ აქვს, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში დაგვყავს სწრაფად, ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ... შენ ის მითხარი, ფეხი როგორ დაიზიანე? _სნოუბორდით ვსრიალებდი და დავეცი. ძალიან კი მეტკინა, მაგრამ არ მიტირია. ტირილით ხომ მარტო გოგოები ტირიან? გამეღიმა და ქერა კულულები მოვუჩეჩე სიყვარულით. _შენ რა ძალიან მაგარი ბიჭი ხარ._გულწრფელად შევაქე. თედო ექიმის კაბინეტში რომ შევაგორე ეტლი, ქეთი და თედო ექიმი საპროცედუროში იყვნენ და ჩვენც იქით გავედით. ქეთის ეტყობოდა, რომ ნამტირალევი თვალები ქონდა და თედო ექიმს რაღაცას უყვებოდა, თუმცა ჩემი შესვლისთანავე გაჩუმდა. ეტლი რომ შევაჩერე და მოსეს ასაყვანად დავიხარე, ზუსტად მაგ დროს დაიხარა თედო ექიმიც და ერთმანეთს შუბლებით შევასკდით მსუბუქად. _უი, ბოდიში._მომაჯადოებლად შემომღიმა. ჩვენს შორის მანძილი ერთი მტკაველი თუ იქნებოდა. მის თბილ სუნთქვას ჩემს სახეზე ვგრძნობდი. ისეთი თვალებით მიმზერდა, გულს მიფორიაქებდა. მღელვარების დასაფარავად ისევ მოსეს ოქროსფერ კულულებს დავწვდი და სიყვარულით მოვუჩეჩე. მერე კი თედო ექიმი დასწვდა, მსუბუქად ამოიყვანა სავარძლიდან და ტახტზე დასვა. თბილი ბატინკები და შარვალი მე გავხადე. მუხლზე არაპროფესიონალურად ედო სახვევი, არ მომეწონა. თედო ექიმმაც უსაყვედურა ქეთის. _ეს არ გეკადრება, ასე ხომ სისხლი აღარ მოძრაობს კიდურში. როგორ დაუშვი ასეთი შეცდომა? _არ მიჩერებდა ფეხს რომ სტკიოდა და როგორც მოვახერხე ისე დავადე._თავი იმართლა აშკარად ნირწამხდარმა ქეთიმ. თედო ექიმმა სახვევი ფრთხილად მოხსნა ბავშვს და ფეხი გულდასმით შეუმოწმა. _კინეზიოლოგიური მეთოდით დასჭირდება მკურნალობა._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. _კინეზიოლოგიური?_გაუკვირდა ქეთის. _დაზიანებულ უბანზე დაწებებული ფირფიტა ხომ კანს ჭიმავს? ამის გამო კი ტრავმირებულ ადგილას მდებარე კუნთები დუნდება. ამით სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც თავის მხრივ ხელს უშლის შეშუპებას და ჰემატომების წარმოქმნას. ტკივილი მალევე ქრება..._ჩემის მხრივ გამოვავლინე ჩემი ცოდნა. თედო ექიმს რომ შევხედე, გაოცებული და ამავე დროს ძალიან გახარებულიც კი შემომყურებდა კმაყოფილი ღიმილით. უბრალოდ, ხელი აღარ შემეწყო სწავლაში, თორემ რაც ვისწავლე, საშვილიშვილოდ ვისწავლე და დამამახსოვრდა კიდეც. ზოგიერთებივით ფულით ნაყიდი კი არ მქონდა დიპლომი. სიამაყის გრძნობაც კი დამეუფლა, რომ დიპლომიან ექთანზე მეტი უბრალო სანიტარმა ვიცოდი. თედო ექიმის თვალშიც რომ უფრო ავმაღლდი, ეს ცალკე მახარებდა. ჩემს გაოცებით ყურებას რომ მორჩა თედო ექიმი, მერე მოსეს წებოვანი ფირფიტა დაადო და გადაუხვია. _ესეც ასე, თუ ტკივილი აღარ გაწუხებს, შეგიძლია უკვე შენი ფეხით წახვიდე სახლში. ბავშვმა თავისუფლად მოხარა ფეხი, მაგრამ მერე ბორბლებიან სავარძელს რომ გადახედა, თითქოს ეტკინა და სასაცილოდ შეიჭმუხნა შუბლი. მივხვდი, რომ ისევ ამით უნდოდა გასვლა და გამეღიმა. _თავისი ფეხით რომც შეეძლოს სიარული, მაინც ეტლით უნდა გავიყვანო გარეთ, ასეთია წესი._ბავშვს გავუღიმე და თან თვალი ჩავუკარი._აბა, ვაჟკაც, ჩამოსკუპდი._ხელი წავაშველე და ფრთხილად ჩამოვსვი._დაუბრუნდი შენს ტრანსპორტს. _მე წავალ თედო, ბავშვს წავიყვან. დღეს მოგვიანებით მოვალ... მგონი უჩემოდ გაართმევთ თავს. _კი, არ ინერვიულო. ბავშვს მიხედე._თან მე გადმომხედა იმის მანიშნებლად, რომ მე და შენ ხომ გავუმკლავდებით პაციენტთა სიმრავლესო. მე და მოსე დერეფანში რომ გამოვედით, ქეთიც მალევე მომყვა მაღალი ქუსლების კაკუნით. ეტლითვე გავიყვანე გარეთ და პანდუსზე დიდი სიფრთხილით ჩავაგორე. ქეთის მანქანასთან რომ მივედით, შევჩერდით, რომ მის მოსვლას დავლოდებოდით. _შენთან კარგი იყო დღეს, მომეწონა._ბავშვი ეტლიდან რომ წამოხტა, ხელით მომქაჩა და რომ დავიხარე, ლოყაზე მაკოცა._სხვა დროსაც რომ მოვიდე აქ, ხომ მასეირნებ ამით._ეტლზე მიმითითა. _აბა რა. მთავარია კიდევ არაფერი დაიშავო, ისედაც გასეირნებ._მეც მოვუჩეჩე ოქროს ქოჩორი და ფუმფულა ლოყაზე ვაკოცე. მანქანაში რომ ჩაჯდა იქიდანაც დამიქნია ხელი და ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. სანამ ქეთის მანქანა თვალს არ მიეფარა, მანამ ვიდექი და გავყურებდი. მერე, მოხერხებულად მოვაბრუნე ეტლი და შენობაში ჩქარი ნაბიჯებით შევედი. კაბინეტში შესულს თედო ექიმმა ღიმილით ამომხედა. _საპროცედურო მოამზადე, პაციენტს ნაკერები უნდა ავხსნა. _ახლავე._დავფაცურდი და უცბადვე მოვასუფთავე სანამ თედო ექიმი ხელებს საპნით დაიბანდა. მერე ხელთათმანების ჩაცმაში მივეხმარე და პაციენტი, რომელიც მისი მაგიდის წინ იჯდა და გველოდებოდა, მანიშნა რომ შემომეყვანა. ის ძია-კაცი იყო, ჩემი მუშაობის პირველ დღეს რომ დაზგაზე გაჭრილი თითით მოვიდა. მალევე ახსნა და ჭრილობის დამუშავება და შეხვევა კი მე მომანდო. გულდასმით შევუდექი დაკისრებულ საქმეს და უნდა ვთქვა, რომ თავი არ შემირცხვენია. სანამ მეორე პაციენტი შემოვიდოდა, მზიამ გამომიძახა. _თუ მალე გამოუშვებ წაიყვანე. ქეთი არ არის აქ და მისი მოხმარება მჭირდება._თედო ექიმს არ მოეწონა ის ამბავი, რომ შიკრიკივით სამშობიარო განყოფილებაში უნდა ვეფრინე განყოფილების გამგეს. _მივა და მოვა რა._სათავისოდ მზიასაც არ მოეწონა თედო ექიმის უარი. რაღაც საბუთები მაინც გადმომცა მკაცრი გამომეტყველებით._ლილის მიუტანე და პირადად მას გადაეცი. _ახლავე დავბრუნდები._დავამშვიდე თედო ექიმი და რენტგენის კაბინეტის გვერდით ჩაბნელებული დერეფნისკენ გავქუსლე. მართალია, ეს დერეფანი მაფრთხობდა და მაშინებდა ყოველთვის, მაგრამ ამჯერად შიშის დაძლევა მომიწევდა, რადგან აქედან უფრო მოკლე მანძილი იყო და რაც შეიძლებოდა მალე მინდოდა რომ დავბრუნებულიყავი. სულ სირბილით გავიარე რაღაც იდუმალებით მოცული ეს მიწისქვეშა დერეფანი. საკუთარი ფეხის ხმა რომ მესმოდა, მეგონა ვიღაც მომყვებოდა უკან. რატო მქონდა ასეთი შიში არ ვიცი, მაგრამ ამ ჯერად თედო ექიმისადმი პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული, ეს გრძნობა ჩემს შიშზე უფრო ძლიერი იყო და დიდად არც კი შემშინებია. ქაქანით ავირბინე მეოთხე სართულამდე, ლილი ექიმი მალევე ვნახე, მზიას გამოტანებული საბუთები გადავეცი და იგივე გზით დავბრუნდი ასევე სულ სირბილით. მისაღებში გავედი, ორი ჭიქა უშაქრო ყავა ჩამოვასხი და თედო ექიმისკენ გავწიე. გაუკვირდა. _იქაც იყავი და ყავის ჩამოსხმაც მოასწარი._გულთბილად შემომღიმა._რა ყოჩაღი გოგო ხარ._შემაქო და ჭიქას რომ მართმევდა, მგონი შეგნებულად მოიმწყვდია ჩემი თითები თავის თბილ ხელისგულებში. თვალებში რომ შევხედე, დაჟინებით მომჩერებოდა, ალბათ აინტერესებდა მისმა ამ მოქმედებამ გამაბრაზა თუ გამახარა. არ ვიცი, რა ამოიკითხა ჩემს თვალებში, მაგრამ მე რომ უდიდესი ნეტარება მომგვარა მისმა შეხებამ, ეს კი ვიცი. მორიდებით გავინთავისუფლე ჩემი თითები და კუთხეში სკამზე ჩამოვჯექი ყავის დასალევად. თვითონ ჯერ დამჯდარი არ იყო, რომ ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა ხელისგულის ღრმა ჭრილობით. _თქვენ ყავა მიირთვით, მანამდე კი მე დავუმუშავებ ჭრილობას და ინექციასაც გავუკეთებ._შევთავაზე._მე მაინც ყავის გაციებას ველოდები._ვიცრუე. _კარგი._მალევე დამთანხმდა. ეჭვიც კი არ შეჰპარვია, რომ რამეს უხარისხოდ ან არასწორად გავაკეთებდი. იმედიანად მიუჯდა თავის საწერ მაგიდას ყავის ჭიქით ხელში. ბიჭი საპროცედუროში გავიყვანე და საოპერაციო მაგიდასთან დავსვი. მერე ხელები საგულდაგულოდ დავიბანე საპნით და ხელთათმანები ჩავიცვი. ბიჭს გადახვეული ხელი შევუხსენი. ჭრილობა ახალი იყო, სისხლი ისევ თქრიალით სდიოდა. ჭრილობის სიახლოვეს რამოდენიმე ინექცია გავუკეთე ჭრილობის გასაყუჩებლად და ჭრილობაში ტამპონები ჩავუდე, რათა სისხლი შემეჩერებინა. მერე მოვბანე და სპირტით დავუმუშავე. თედო ექიმიც მალევე მოვიდა და მაშინვე ნაკერების დადებას შეუდგა კმაყოფილი ღიმილით. _შემთხვევით, ნაკერების დადებაც ხომ არ იცი?_ინტერესით მკითხა, როცა პაციენტი გავიცილეთ. _არასდროს დამიდია, მაგრამ შევძლებ._დარწმუნებით რომ ვუთხარი, გაეღიმა. _რაც არ უნდა კარგად იცოდე რამე, თუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ და ეჭვი გეპარება, ვერაფერს შეძლებ. მომწონს შენი შემართება. კარგია, ასე ბევრს მიაღწევ ცხოვრებაში... მისმა ამ შექებამ უარესად შემასხა ფრთები. საღამომდე მუხლჩაუხრელად ვიშრომე მასთან ერთად. მისი ღიმილიანი შემოხედვა და "შემთხვევითი" შეხება გულს მიფორიაქებდა, მაგრამ ეს უფრო კარგი სტიმული იყო ჩემთვის. ქეთიმ რომ დაურეკა, ამაღამ ვერ მოვალ და გაართმევ უჩემოდ თავსო, მომეჩვენა რომ თედო ექიმს გაუხარდა კიდეც ქეთის არმოსვლა. საღამოს კი, როცა ცოტა ამოვისუნთქეთ და თავისუფალი დროც გამომიჩნდა, ლიკას გამოვდე ხელკავი და რეზიკოს სანახავად ავედით. აშკარად გაუხარდა ჩვენი დანახვა. ლიკა კი, როგორც ყოველთვის რეზიკოს ხსენება თუ ნახვაზე, ისევ გაწითლდა ჭარხალივით. _როგორ ხარ?_შესვლისთანავე ვკითხე და მის სასთუმალთან ჩამოვჯექი. _რა მიჭირს. სახლში წასვლა მინდა და შინაური კერძების ჭამა... დედაჩემის მოდუღებული ყავაც მომენატრა. თუმცა, რაც აქ ვარ ყავა არ დამილევია და თანახმა ვარ ირმას მოდუღებული ოდნავშეფერილი ყავაც დიდი სიამოვნებით დავაგემოვნო._გაეცინა. _უი, რომ მცოდნოდა გამოგიყოლებდი._შევწუხდი. _ახლავე ამოგიტან._დაფაცურდა ლიკა._შაქრიანი თუ უშაქრო? _შენ შეგაწუხებ ახლა?_შეწუხდა რეზიკო, მაგრამ ყავის დალევის დიდი სურვილი რომ ქონდა სახეზე აშკარად ეტყობოდა _იყოს, მე ამოვუტან, ვიცი როგორიც უყვარს, შენ კი აქ დამელოდე._ლიკას ვუთხარი და პალატიდან ღიმილით გამოვედი. განმარტოების საშუალება რომ მივეცი, იმაზე მეღიმებოდა. კიბეზე დავეშვი, ლიფტით არ ჩავსულვარ, რომ მალე არ დავდგომოდი თავს. იქაც ხან გვანცას გამოველაპარაკე და ხან ნათიას, მერე ტკბილი ყავა ჩამოვუსხი და მაშინ კი ლიფტით ავედი, რომ არ გამციებოდა. რეზიკო რაღაცას უყვებოდა ლიკას და ლიკაც თავისი წკრიალა ხმით კისკისებდა გულიანად. _ოო, აგაშენა ღმერთმა._მადლიერი თვალებით გამომხედა და ისე ჩამომართვა ყავის ჭიქა. _ბუფეტში კარგი ლობიანები და კუბდარი ცხვება და ხვალ, სანამ შევიცვლები, შემოვაპარებ თუ გინდა._ჩურჩულით ვუთხარი. _მაგ სიკეთეს იზავ?_გაუხარდა. _მე თუ ვერა, ლიკა მაინც მოახერხებს._უცბადვე დავსაქმე მორცხვი და მორიდებული გოგო. კარგა ხანს დავრჩით მასთან. რეზიკოც კარგად გავართეთ და ლიკაც გავახარე რეზიკოს ხილვით. რეზიკოც რომ აღფრთოვანებული თვალებით უმზერდა ამ მშვენიერ გოგოს, ეს ცალკე მახარებდა, რადგან მე არ ვიყავი ის პიროვნება, ვინც მას გაუწევდა ცხოვრების მეგზურობას და არ მინდოდა, რომ ჩემს გამო დატანჯულიყო. ჩვენ მეგობრები ვიყავით და იქნებ მხოლოდ მეგობრული სიყვარულით ვუყვარდი და ეს გრძნობა ერეოდა სხვა გრძნობაში? ლიკას გამოჩენა მის ცხოვრებაში კი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებდა. _კარგი, ჩვენ წავალთ, თორემ საკავშირო ძებნას გამოაცხადებენ უკვე._გამეცინა._შემდეგში ტკბილეულსაც გამოგიყოლებთ._წამოვდექი. _მართლა ძალიან გამახარეთ თქვენი მოსვლით... დილით იცოდეთ, გელოდებით კუბდართან ერთად. _შევთანხმდით._მის მუშტს ჩემი მუშტი მივარტყი და პალატიდან ისევ ხელკავით გამოვედით მე და ლიკა. _სპეციალურად დაგვტოვე მარტო, არა?_ ლიფტში შევედით თუ არა ჩურჩულით მისაყვედურა ლიკამ. _რა სისულელეა?_"შევიცხადე"._უბრალოდ, შენ არ იცოდი როგორ ყავას სვამს რეზიკო და იმიტომ წამოვედი მე. შევატყე, რომ არ დამიჯერა და არც იყო დასაჯერებელი, რადგან სრულ სიმართლეს ამბობდა, შეგნებულად დავტოვე ერთად მარტოები. მიმღებში ჩასულებმა წესიერად ვერც კი მოვასწარით გოგოებთან დალაპარაკება, რომ თედო ექიმი გამოვიდა. _სამშობიარო განყოფილებაში გამომიძახეს. ერთ-ერთი ორსული წაქცეულა და უნდა ვნახო მოტეხილობა ხომ არ აქვს. შეგიძლია გამომყვე? _კი._დაუფიქრებლად დავთანხმდი და გოგოებს რომ შევხედე, შევკრთი, ისეთი ეშმაკური ღიმილით მომჩერებოდნენ სამივენი. _კარგი, აქედან მივდივართ ოღონდ._გარეთ მიმანიშნა. დავიჯერო, მასაც ჩემსავით ეშინოდა მიწისქვეშა გვირაბის? თუმცა ხმამაღლა არაფერი მითქვია და გარეთ უხმოდ გამოვედით. ფანჯრიდან დავინახე, რომ გოგოები ისევ ღიმილით მოგვჩერებოდნენ და მეც გამეღიმა. _აქედან წამოსვლა იმიტომ ვარჩიე, გზაში სიგარეტს მოვწევ და დროს დავზოგავ, უკანა გზაზე კი დერეფნით დავბრუნდეთ, რომ არ შეგცივდეს._თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა და დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარეობა. სიგარეტის მოწევა მართლაც მოასწრო სანამ სამშობიაროს მიმღებში მივიდოდით. მერე ლიფტში შევედით და ისე ავედით მაღლა. კლაუსტროფობია არასდროს მჭირდა, მაგრამ ახლა მის გვერდით ლიფტის ვიწრო კაბინაში გამომწყვდეულს ჰაერი არ მყოფნიდა თითქოს. ვგრძნობდი, რომ დაჟინებით მიმზერდა, მე კი ვერ ვბედავდი მისთვის სახეში შეხედვას. თავჩაქინდრული ვიდექი და ჩემი ჩუსტების ჭვინტებს უაზროდ ვათამაშებდი. ლიფტიდან რომ გავედით, ლილი ექიმი შეშფოთებული გამოგვეგება. _ძალიან პრეტენზიული პაციენტია, შეგვჭამა ლამის. სამი დღეა ჩვენთან წევს, წოლითი რეჟიმი აქვს. ახლა კი საპირფარეშოში წაქცეულა და ფეხს იტკიებს. ოღონდაც მოტეხილი ნუ ექნება და რა ვიცი._ჩურჩულით გვაუწყა და პაციენტის პალატისკენ გაგვიძღვა. ქალი მარტო იწვა პალატაში და კვნესოდა. მაშინვე ვიცანი. _ბიცოლ?_გაოცებული მივუახლოვდი._რა გჭირს? _უი, ნუკი, შენ ხარ?_აშკარად გაუხარდა ჩემი დანახვა._შენ აქ საიდან? _ტრავმატოლოგიურში ვმუშაობ და ექიმს მოვყევი. თედო ექიმმა მაშინვე გადაიცვა ხელთათმანები და ბიცოლას ფეხის გასინჯვას შეუდგა, რომელიც ენას არ აჩერებდა და დაწვრილებით ყვებოდა როგორ აუსრიალდა საპირფარეშოში სველ მეტლახზე ფეხი, როგორ ეცემოდა და როგორ იყოჩაღა, როგორ შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო და ბავშვს არ მოსვლოდა არაფერი. _მოტეხილობა არ გაქვთ... _აბა, ასე საშინლად რა მტკივა._გაიოცა ბიცოლამ და უნდობლად შეხედა თედო ექიმს. _მიალგია, კუნთის დაჭიმულობაა. _უბრალოდ კუნთი მტკივა ვითომ?დავეცი და ფეხი არ მომტეხია?_უფრო უნდობლად იკითხა ბიცოლამ. გავბრაზდი. უამრავი ხალხი თედო ექიმის მზეს ფიცულობდა და ეს ასე უნდობლად რატო უმზერდა ვერ ვხვდებოდი. _ერთი უხერხული მოძრაობაც კი საკმარისია, რომ კუნთი დაიჭიმოს და ზომიერი ინტენსივობის ტკივილმა რამოდენიმე დღე გასტანოს... ფეხს ჩვეულებრივ ამოძრავებ, თითებსაც და რატო გეპარება ეჭვი, რომ მოტეხილი არ გაქვს?_გაბრაზებულმა მკაცრი ტონით რომ ვუთხარი, ეწყინა. _რენტგენი არ გადაუღია და რა იცის, რომ მოტეხილი არ მაქვს?.. _რომ არ იცოდეს არ გეტყოდა._უფრო მტკიცედ ვუთხარი და შემთხვევით თედო ექიმს რომ შევხედე, დავიბენი, ისეთი კმაყოფილი ღიმილიანი მზერით მომჩერებოდა, ლამის გული ამომვარდა ბუდიდან. _მერე და რა მეშველება?_საცოდავად აკრუსუნდა. _სითბო და მაქსიმალურად დასვენება სჭირდება, სხვა ისეთი არაფერი. მაგრამ თუ გაცივდები, უფრო მომეტებულად აგტკივდება._დავამშვიდე._აქ რისთვის წევხარ, რა გჭირს? _სუსტი წელი მაქვს და რომ არ მომეშალოს მაგის გამო ვწევარ._ვითომ ჩურჩულით მითხრა, მაგრამ თედო ექიმი აუცილებლად გაიგებდა მივხვდი, რადგან შევატყე, რომ მოერიდა, მოგვიბოდიშა და გარეთ გავიდა. _სხვა ხომ ყველაფერი კარგადაა?.. ან ბებია და ბაბუა როგორ არიან? _ნეტა, როგორც ისინი არიან, მე ვიყო კარგად. ხნიერ ხალხს რომ ნეტარებას აყრიდა, ახლა მაგაზე მომეშალა ნერვები. _შენც კარგად იქნები, აი ნახავ._დავამშვიდე._როდის ელოდები? _აპრილში... _მგონი როგორ მოძრაობს უკვე არა?_მუცელზე ფრთხილად დავადე ხელი, რათა ბავშვის მოძრაობა შემეგრძნო. მანაც თითქოს იგრძნო ჩემი ხელის შეხება, ისე ძლიერად ამოძრავდა, მკაფიოდ შევიგრძენი. რაღაც სასწაული განცდა დამეუფლა. _ბიჭია? როგორ ძლიერად მოძრაობს. _კი... ბიძაშენს უნდა ტატო დაარქვას... _და შენ არ მოგწონს ეგ სახელი? მხრები აიჩეჩა. _მთავარია ჯანმრთელი იყოს და სახელს რა მნიშვნელობა აქვს?.._დავამშვიდე._ კარგი, მე უნდა წავიდე. ხვალ, სანამ სახლში წავალ, მოგინახულებ. კარგია, რომ ფეხი მოტეხილი არ გაქვს._დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე._ძილი ნებისა. _კარგი... მადლობა რომ ზრუნავ ჩემზე._ძლივს ამოღერღა._კარგი გოგო ხარ... ხო, მართლა, ოცდარვაში ბიძაშენი ღორის დაკვლას აპირებს და გეპატიჟები._კარში გასულს მომაწია ხმა._ჩამოხვალ? _არ ვიცი, მგონი ვმუშაობ. მადლობა._არც კი გავჩერებულვარ ისე ვუთხარი და თედო ექიმის მოსაძებნად გავედი დერეფანში. ჩვენს სიახლოვეს არავინ ყოფილა, რომ მეფიქრა, იმის დასანახად დამპატიჟა-მეთქი. ნუთუ, გამოსწორების გზაზე იყო ბიცოლაჩემი? თედო ექიმს მალევე მივაგენი ლილი ექიმის კაბინეტში. _წავიდეთ?_დამინახა თუ არა, ფეხზე წამოდგა. _თუ აღარაფერი საქმე არ გაქვთ, კი. მე მოვრჩი უკვე. თედო ექიმი ზრდილობიანად დაემშვიდობა იქ მყოფ მედიცინის მუშაკებს და ჩვენს განყოფილებაში დასაბრუნებლად ამჯერად კიბით დავეშვით. მე წინ მივდიოდი, თვითონ უკან მომყვებოდა. ვგრძნობდი, რომ ღიმილით მიმზერდა, მაგრამ მიბრუნებას და მისთვის სახეში შეხედვას ვერ ვბედავდი. ჩაბნელებულ დერეფანს კი უკვე გვერდიგვერდ გავუყევით. ისევ უხმოდ მივდიოდით. მე ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. თედო ექიმს კი ალბათ ერიდებოდა ჩემთვის სიმყუდროვის დარღვევა. _იცი, თანდათან მაოცებ შენი ნიჭიერებით და ცოდნით._ნახევარი დერეფანი გვქონდა გავლილი, რომ უხერხული დუმილი თავისი იდუმალი ხმით დაარღვია._და მადლობა. _რისთვის?_გაოცებული შევჩერდი და ისე შევხედე. თვითონაც შეჩერდა და წინ ჩამომიდგა. _ბიცოლაშენთან რომ დამიცავი._გაეღიმა. ერთხანს მოჯადოებულივით შევყურებდი. და ყველაზე მთავარი რაც იყო, მისი კოცნის სურვილს ვებრძოდი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. ბოლოს, ისევ მე მოვეგე გონს და გზა განვაგრძე. რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი, საიდანღაც თაგვმა გადამირბინა წინ. მოულოდნელობამ შემაკრთო, ინსტიქტურად შევკივლე და უკან შემოვბრუნდი გასაქცევად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თედო ექიმიც უკან მომყვებოდა და გამეტებით შევასკდი. ინსტიქტურად მანაც მომხვია მკლავები და გულში მჭიდროდ ჩამიხუტა. არ ვიცი რა დამემართა, თავბრუ დამეხვა, მთელს სხეულში საოცარი სითბო და სიმსუბუქე ვიგრძენი. მისი კოცნის სურვილი კი არ გამიორმაგდა, არამედ გამიათმაგდა. ერთი სული მქონდა ფეხის წვერებზე ავწეულიყავი და მისთვის მეკოცნა. _დიდი ხანია თავს ვებრძვი._ჩურჩულით მითხრა._შენი კოცნა მინდა რაღაც სასწაულად. ჩემმა გულმა ვერც კი მოასწრო უარესად აფორიაქება, რომ მისი თბილი ტუჩების შეხებამ სუნთქვა შემიგუბა, რომელსაც მენთოლის გემო ქონდა. ისეთი სასიამოვნო და გასაოცარი იყო, ნებიერად თვალებიც კი დავხუჭე და მის კოცნას მეც კოცნით ვუპასუხე... _იმაზე უკეთესიც კი იყო, ვიდრე წარმომედგინა._ჩემს ყურთან ჩურჩულით და სიამოვნებით ნათქვამმა მისმა ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა და დამაბრუნა რეალურ სამყაროში._ბოდიში, დიდი ხანია თავს ვიკავებ და მაინც ვერ შევძელი... მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე და გზა ძალიან აღელვებულმა განვაგრძე. თედო ექიმივით მეც დიდი ხანი ვებრძოდი მისი კოცნის სურვილს და მეც ვაღიარებ, რომ იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე წარმომედგინა. ისე გავედი დერეფნიდან, უკან არ მიმიხედია. ვიცოდი, თუ გავჩერდებოდი, თავს ვერ გავაკონტროლებდი. პირდაპირ მიმღებში გავედი გოგოებთან. _რა სახე გაქვს?_როგორც ყოველთვის ჩემი მღელვარება ნათიას შეუმჩნეველი არ დარჩენია და გაოცებულმა მკითხა. იმას ხომ არ ვეტყოდი, თედო ექიმმა მაკოცა და ჯერ ისევ გაოგნებული და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ-მეთქი? ის მოვიმიზეზე, რომ ორსული ქალი, რომლის გასასინჯადაც ავედით, პრეტენზიული ბიცოლაჩემი აღმოჩნდა. _იმიტომ გაქვს მასეთი სახე? მე კი მგონია თითქოს მოჩვენება დაგენახოს?_გაეცინა გვანცას. _მე კი სხვა ამბავი მგონია და._ღიმილით მოჭუტა ნათიამ თვალები. _რა ამბავი?_ვითომ ძალიან შევიცხადე და ვითაკილე კიდეც. _იმ ჩაბნელებულ ვიწრო დერეფანში რამე ხომ არ მოხდა ისეთი, რამაც მასე აგიციმციმა თვალები? _რა უნდა მომხდარიყო, შენ ხომ არ გაგიჟდი?_გავბრაზდი უფრო იმაზე, რომ ამ გოგოს დაუნახავი, გაუგებელი და მიუხვედრებელი რომ არაფერი რჩებოდა. _როგორ თუ რა? განმარტოებულ შეყვარებულ წყვილს შორის, თანაც სიბნელეში, რა ხდება ხოლმე? ამის გაგონებაზე გული შემიქანდა. წამიერად ისევ განვიცადე ის სიამოვნება, თედო ექიმის თბილი ტუჩების შეხებამ რომ მაგრძნობინა და განმაცდევინა, მერე კი, ისტერიკა დამემართა ასე ადვილად ამოსაცნობი და პროგნოზირებადი რომ ვიყავი მისთვის. _შენ თუ უფიქრდები რეებს ლაპარაკობ? მეორედ აღარ გავიგო ეგ თქვა! თქვა კი არა, გაიფიქრო! ერთხანს გაოგნებულმა მიყურა. მერე მოვიდა და თანაგრძნობით მომხვია ხელები. _რა გჭირს? უბრალოდ ვიფიქრე... _ხო და ნუ ფიქრობ! _კარგი, აღარაფერს ვიტყვი._ტუჩებზე თითები ისე გადაისვა, თითქოს ელვა შესაკრავი შეიკრაო._აღარც გავიფიქრებ არაფერს. მაპატიე, თუ გაწყენინე. არ მეგონა თუ ასე გაგაბრაზებდა ჩემი გრძელი ენით ნათქვამი ხუმრობა._ლოყაზე მაკოცა და ამან უფრო ამაფორიაქა და ამაღელვა. მართალი იყო ეს გოგო და ზუსტად ეს სიმართლე მაგიჟებდა ასე. რომ მეგონა, საგულდაგულოდ ვმალავდი ჩემს გრძნობებს, თურმე ყველასთვის ცხადი ყოფილა და იმის პროგნოზიც კი გაუკეთებიათ, რომ შეიძლებოდა გვეკოცნა ერთმანეთისთვის. ალბათ, ქეთიც მიხვდებოდა ყველაფერს აქ რომ ყოფილიყო... თუმცა, აქ რომ ყოფილიყო ხომ მე არ გამიყოლებდა თედო ექიმი, ქეთი გაყვებოდა და შეიძლება მისთვისაც ეკოცნა. ამ აზრმა უარესად მომიშხამა გუნება. წარმოვიდგინე კიდეც როგორ ტკიპასავით მიეკვრებოდა ის ტყლარჭია ქეთი თედო ექიმს ვაჟკაცურ მკერდზე, როგორ გაისუსებოდა მის ძლიერ მკლავებში და როგორ სიამოვნებით შეიძრძნობდა მის აჩქარებულ ძლიერ გულის ფეთქვას. მისი თბილი და მენთოლიანი ტუჩების შეხებაზეც როგორ სიამოვნებით გაიტყლარჭებოდა. ამის წარმოდგენა-გაფიქრებაზე კი ციებიანივით გამაკანკალა. გაოცებულ გოგოებს შეშფოთებულმა მოვავლე თვალი და გარეთ ელდანაკრავივით გავვარდი. პანდუსზე რომ ჩავრბოდი, ფეხი ამისრიალდა და თავი ძლივს შევიმაგრე, რომ არ წავქცეულიყავი. სად მივდიოდი და რისთვის, მეც არ ვიცოდი, მაგრამ ქუჩაც რომ გიჟივით გადავჭერი და სადღეღამისო აფთიაქის უშველებელ შემინულ კარს მივადექი, მაშინ მოვეგე გონს, მაგრამ უკან გაბრუნებას აზრი აღარ ქონდა, თეკლამ, თედო ექიმის დამ, მაშინვე შემნიშნა და მეც მეტი გზა აღარ მქონდა, თბილ შენობაში ფრთხილად შევედი. იქ რა მიმარბენინებდა, დღემდე არ ვიცი. იმ მომენტში კი მხოლოდ ის მომაფიქრდა სასწრაფოდ, რომ ბებიასთვის წნევის წამალი მეყიდა, მაგრამ არც ერთი დასახელების წამალი აღარ მახსოვდა რატომღაც. თითქოს, თავიდან ამომფრენოდა ყველაფერი. საცოდავი გამომეტყველებით მოვავლე დახლზე შემოწყობილ პრეპარატებს თვალი, იქნებ რამე მომგონებოდა. ბედად ერიუსი დავინახე და ის მოვითხოვე. _ცუდად ხარ? ალერგიული შეტევა გაქვს?_შეშფოთდა თეკლა ალეწილ და აღელვებულ სახეზე რომ შემხედა და მეც მეტი რა მინდოდა? თავი დავუქნიე. დახლიდან წამალი ჩამოიღო, ერთი აბი ამოაძვრინა და წყლის ბოთლით ხელში მაშინვე ჩემთან გაჩნდა. უარი არ მითქვია, რას მიზავდა ვითომ ის ერთი აბი ალერგიის წამალი? ბევრი ბევრი ძილიანობა გამოეწვია. აბი სასწრაფოდ გამოვართვი და სულმოუთქმელად გადავყლაპე. _ცოტა ხანს ჩამოჯექი._დახლს იქიდან შემიყვანა და თავის სკამზე ჩამომსვა._ალერგიული ხარ? _ზოგადად არა, მაგრამ... _ახლა რაზე დაგემართა?_აშკარად შეშფოთებული იყო თეკლა და თავისი დიდრონი შავი თვალებით დაჟინებით მომჩერებოდა. _ალბათ სიგარეტის კვამლმა, არ ვიცი... _სიგარეტის კვამლმა?_ჩემი ნათქვამი გაოცებულმა გაიმეორა. რომ შევხედე, უარესად ავღელდი, მგონი უფრო მივახვედრე, რომ მის ძმასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. უარესად მომეშალა ჩემს თავზე ნერვები. _მაგრამ, მე ვფიქრობ, ნერვიული შეტევა უფროა._მორიდებით შემომაპარა._გინდა, წნევა გაგიზომო? _არა, მადლობა._მაშინვე წამოვხტი და ისევ გარეთ გავვარდი. თეკლა მართალი იყო, ნერვიული შეტევა მქონდა. იმის გაფიქრება, რომ ქეთი თედო ექიმს დიდი სიამოვნებით ჩამოეკიდებოდა კისერზე და მასთან დაწოლაზეც კი არ იტყოდა უარს, (იქნებ, იყვნენ კიდეც ერთად,) გამაცოფა. სანამ ტრასაზე გადავიდოდი, ინსტიქტურად მივიხედე უკან და თეკლა დავინახე, კარში რომ იდგა და ტელეფონი მიედო ყურზე. მომეჩვენა, თითქოს შეშფოთებული ელაპარაკებოდა ვიღაცას. ტრასა სირბილით გადავჭერი და ჰოსპიტლის ეზოში რომ შევედი და მანქანების სადგომს მივუახლოვდი, თედო ექიმიც ამესვეტა წინ. _ცუდად ხარ? რა გჭირს?_შეშფოთებულმა მკითხა და მკლავზე წამატანა ხელი._როგორ გაყინულხარ, არ გცივა? ინტერესით შევხედე თვალებში ლამპიონის შუქზე სასწაულად რომ ელავდა. დავიჯერო, ქეთისაც ასე მზრუნველად ექცეოდა ყოველთვის? თვითონაც ინტერესით და ამავე დროს აღელვებულ-აფორიაქებული მომჩერებოდა. მისი თვალებიდან მზერა მის ტუჩებზე რომ გადავიტანე, ოდნავშესამჩნევლად ჩაეღიმა. მიხვდა, რომ კვლავ მისი კოცნის სურვილით ვიწვოდი და ამან კიდევ უარესად გამაბრაზა და გამაცოფა. ხელი გავაშვებინე, ჩემს მკლავზე რომ ქონდა ისევ მოკიდებული და გზა განვაგრძე. მანქანების შუაში მოხერხებულად გავძვერი და შენობის ძირ-ძირ სიბნელეში განვაგრძე გზა. მოულოდნელად ვიღაც წამომეწია. ისევ მომკიდა მკლავზე ხელი, შემაჩერა, თავისკენ სწრაფად შემომაბრუნა და ჩემს ტუჩებს მწყურვალივით დაეწაფა. ნაცნობი მენთოლის გემო და სურნელი რომ ვიგრძენი, არ გავძალიანებულვარ. პირიქით, გავიტრუნე. უფრო მეტიც, სინაზის და ნდობის ჰორმონის_ ოქსიტოცინის გამომუშავებაც კი ვიგრძენი. ისევ დავმსუბუქდი, თითქოს ისევ დავფრინავდი ჰაერში და თავი ისევ ყოვლისშემძლე მეგონა. ჩემი აფორიაქებული და აწეწილი ნერვებიც დაწყნარდა და საოცარი სიმშვიდის გრძნობაც დამეუფლა. _ლოდინად ღირდა ეს წამები._კმაყოფილი ჩურჩულით რომ მითხრა, უფრო ამიფორიაქდა და ამიჩქარდა გული. წამები წუთებად და საათებად მომეჩვენა. ასეთი ბედნიერი და ნერვებდამშვიდებული მგონი არც არასდროს ვყოფილვარ. მის ფართო მკერდს ვიყავი ტკიპასავით მიწებებული და მისი გულისცემის რიტმს ვუგდებდი ყურს. არც ჩემი გული ფეთქავდა ნაკლებად. _არ გცივა?_ისევ ჩურჩულით მკითხა._გაყინული ხარ მთლიანად. უარყოფის ნიშნად თავი გავუქნიე, ხელები წელზე სუროსავით შემოვხვიე და უფრო მივეკარი მჭიდროდ. ეს გულის გადაწყვეტილება იყო, გონებას მისი ხმით ვაჩუმებდი. ამ ბედნიერი წამებისთვის მართლაც ღირდა ცხოვრება. _მთელი ცხოვრება ასე რომ მყავდე გულში ჩაკრული, არ მომწყინდება, მაგრამ ჯობია, რომ შეხვიდე. საშინლად ყინავს. არ მინდა გამიცივდე._ერთხელ კიდევ შემიგუბა მისმა მენთოლიანმა კოცნამ სუნთქვა და ხელები ფრთხილად გამიშვა._მე ცოტა ხანში შემოვალ, სიგარეტს მოვწევ... მართლაც სიგარეტს გაუკიდა, მაგრამ იმ აზრმა, რომ ჰოსპიტალში მომუშავე მედპერსონალს უმალავდა ჩემთან ურთიერთობას, ისევ მომიშხამა გუნება. აღარაფერი მითქვია. მეც გავუშვი ცივად ხელები და შენობაში უკანმოუხედავად შევედი. გოგოებმა ინტერესით შემომხედეს, მაგრამ ხმა არც ერთს არ ამოუღია. პირდაპირ ყავის აპარატთან მივედი, ჩამოვისხი და საორდინატოროში შევედი, რათა მარტო ვყოფილიყავი და არავის შევეწუხებინე გინდ უაზრო ხუმრობით და გინდ სერიოზული ლაპარაკით. გოგოები უკან არ გამომყოლიან. აი, რას ნიშნავს მეგობრობა, მხოლოდ ერთი შეხედვითვე უსიტყვოდ რომ გრძნობ რა სჭირს და რა უნდა შენს მეგობარს. განმარტოება მეწერა სახეზე და მათაც მომცეს ამის საშუალება. ყავის ბოლომდე დალევა ვერ შევძელი. ჯერ ერთი, ისევ თედო ექიმის კოცნაზე ვფიქრობდი და ხელში უაზროდ ვაწვალებდი ჭიქას. მეორე ის, რომ მისმა კოცნამ მართლაც საოცრად დამამშვიდა და ახლა ის, რომ ალერგიის წამალი მქონდა დალეული და ძილმა წამართვა თავი. ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა მეძინებოდა და ამ ძილს არც შევწინააღმდეგებივარ. ყავის ჭიქა გვერდით მივაჩოჩე და მაგიდაზე დაწყობილ ჩემს ხელებზე თავჩამოდებულმა გემრიელად გამოვიძინე. არც არავის გავუღვიძებივარ. პირიქით, ჩემს სიმშვიდეზეც კი უზრუნიათ: გამთენიისას რომ გავიღვიძე, მხრებზე პლედი მქონდა მოფარებული. გამოძინებული დამშვიდებული სახით ავდექი. ერთხანს ფანჯრიდან ვუმზერდი აღმოსავლეთის ალისფრად შეფერილ ცას. საცაა მზეც ამოიწვერებოდა და დიდებული სანახავის მომსწრე გავხდებოდი, მაგრამ არ დამცალდა, სასწრაფო ბრიგადის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ქალი შემოიყვანეს. ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარს დაუჭრია და თვითონ კი გაქცეულა. საცოდავ ქალს შინაგანი ორგანოები ქონდა დაზიანებული და ძალიან მძიმედ იყო. სულ გადამავიწყდა თედო ექიმის სასწაულზე სასწაული კოცნა, მაშინვე მიმღებში გავიქეცი და ჩემთვის დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას შევუდექი. თედო ექიმმაც იმარჯვა და პაციენტს ტყვია ამოუღო ფერდიდან, თუმცა შინაგანი ორგანოების დაზიანების გამო ვაჟა ექიმის გამოძახებაც დასჭირდათ და რამოდენიმე საათიანი ოპერაციის მერე ქალის გადარჩენა მოხერხდა. პოლიციაც იყო მოსული, თუმცა ქალი უგონოდ იყო და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ მისმა დამ მოყვა ყველაფერი. თურმე, მის სიძეს დაბადების დღე ქონია, ძმაკაცები მიუყვანია სახლში საქეიფოდ. რომ შეზარხოშებულან, ეჭვიანობის სცენა გაუმართია ცოლისთვის და იარაღით დაუჭრია კიდეც. _ნეტავ რას ეჭმევინება იმ მანიაკს?_ტიროდა დაზარალებულის და._სულ ეს ამბავი აქვთ. არ შორდება, ოჯახს ვერ დავანგრევ, ბავშვებს მამაც უნდათო... ახლა თუ რამე მოუვიდა ამ საცოდავს, დედა აღარ უნდათ ბავშვებს? _მაგისთანა ეჭვიანი კაცები ჯოჯოხეთის ალში უნდა ამობუგო ერთიანად._პოლიცია რომ წავიდა, თავის იდეებს მისცა გასაქანი ნათიამ._მდუღარე კუპრი უნდა გადაასხა და თან ცეცხლი მიუკიდო. რას ქვია ეჭვიანობ და იმის გამო სასიკვდილოდ იმეტებ ადამიანს? არ გინდა? გაუშვი, გაშორდი. მოკვლა რა ჯალათობაა? ჩემი ნება რომ იყოს, ლინჩის წესით გავასამართლებდი და სულ ლოდებით ჩავქოლავდი... _მერე, შენ გგონია, მასზე ნაკლები გამოდიხარ?_შეედავა ლიკა._ის ეჭვიანობდა და მის გამო დაჭრა ცოლი, შენ მისი ეჭვიანობის და ქმედების გამო ხარ გაცოფებული და თვალის დაუხამხამებლად ჩაქოლავ ან დაწვავ. რა განსხვავებაა? _ის განსხვსვებაა ჩემო ლიკა, რომ მეორე და მესამე ვეღარ გაბედავდა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის ცემას და მითუმეტეს მოკვლას. შეიძლება მეც მართლა მისნაირი ჯალათი გამოვდივარ, მაგრამ მკაცრი კანონი ხომ უნდა არსებობდეს მოძალადე ქმრების დასასჯელად? ჩემი მეზობელია, ცოლს ხშირად სცემს იმის გამო, თუ მეზობელთან გავიდა და ცოტა ხნით შეაგვიანდა. ან მაღაზიაში რიგი იყო და თავის დროზე არ მივიდა. მეზობლის კაცმა გამარჯობა თუ უთხრა, რატო გაუღიმეო... მოკლეთ, ეჭვიანობის საბაბი არ ელევა და ის საცოდავიც უთმენს, რადგან არც მას უნდა ოჯახის დანგრევა. მგონი, წასასვლელიც არ აქვს არსად და უფრო იმიტომაც არ მიდის. _წუთას სცემო და მეორე წუთას გვერდით მიუწვე და მოეფერო? ფუ, რა საზიზღრობაა._დაიჯღანა გვანცაც._მეტი არაა ჩემი მტერი, ზედმეტად შემეხოს და მერე სექსი მომთხოვოს. თუ კასტრაცია არ ჩავუტარო იმ წუთასვე, მე ქალი არ ვიყო..._კიდევ რაღაცის სათქმელად დააღო პირი, მაგრამ მოულოდნელად თედო ექიმს მოჰკრა თვალი, რომელიც ლიფტიდან გამოდიოდა და მაშინვე გაჩუმდა. თვალი უხმოდ გავაყოლეთ შეჭმუხნული შუბლით რომ ჩაგვიარა და გარეთ გავიდა. აშკარად მასზეც იმოქმედა ამ ამბავმა. ნეტა, თვითონ როგორი იყო, იყო თუ არა ეჭვიანი? მე კი, იცოცხლე, ისეთი ეჭვიანი ვიყავი, თავზე დავამხობდი ყველაფერს, მაგრამ სასიკვდილოდ მართლაც ვერ გავიმეტებდი ვერავის. სიცივის მიუხედავად კარგა ხანს დაჰყო გარეთ. შემინული კარიდან ვხედავდი როგორ ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. მერე, ნამწვი ურნაში რომ მოისროლა და შემობრუნდა, ჩემს თვალებს წააწყდა. შიგნით ისე შემოვიდა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. _ჩემს კაბინეტში ვიქნები და სანამ სახლში წახვალ, მნახე._ კი არ მითხრა, თითქოს მიბრძანა. რომ დავთანხმდი, მაშინვე გავიდა დერეფანში და თავის კაბინეტს მიაშურა. სანამ სახლში წავიდოდი და სანამ თედო ექიმსაც მივაკითხავდი, რეზიკო მოვინახულე. ლიკასაც შევთავაზე, ავიდეთ და სასუსნავი ავუტანოთ-მეთქი, მაგრამ არ გამომყვა, არ მცალიაო. მართლა არ ეცალა, თუ მოერიდა რეზიკოსთან ამოსვლა, არ ვიცი. ბუფეტში გავიარე, ცხელი კუბდარი ვუყიდე და სულ სირბილით ავიარე კიბის საფეხურები. პალატის კარი ღია იყო და მაშინვე მომკრა თვალი. კუბდარი კი ძალიან გაუხარდა და გემრიელადაც მიირთვა, მაგრამ ლიკა რომ არ მივუყვანე, ცოტა წაუხდა გუნება. მერე, დღევანდელ შემოყვანილ პაციენტზე ჩამოაგდო ლაპარაკი. _რა საშინელებაა... ცოტაც რომ დაეგვიანათ, მოკვდებოდა საწყალი ქალიო. მაგისთანა კაცს ტყვია არ უნდა შუბლში?_აშკარად აღშფოთებული იყო რეზიკო ამ ამბით. _თუ დაიჭერენ და პასუხს აგებინებენ დანაშაულზე, კარგი იქნება._ამოვიოხრე. _რას ქვია "თუ"?_გაიოცა_დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! _არ უნდა დარჩეს, მაგრამ..._ამოვიოხრე._ ხშირ შემთხვევაში ასე ხდება. მაგალითად, შენ ვინც ჩაგაგდო ამ დღეში, დაიჭირეს? აგებინეს ვითომ პასუხი? _ეს სულ სხვა შემთხვევაა. არაფერი მახსოვს. _ცრუობ! არ მჯერა, რომ არ გახსოვს არაფერი. რაღაცის ან ვიღაცის გამო აფარებ იმ სტრიპტიზიორებს ხელს... ძალიანაც არ გინდა დაისაჯონ, მაგრამ ისინი ყველაფრის ღირსები არიან. რომელიმემ ერთხელ მაინც მოგინახულა რაც აქ წევხარ? მოგიყვანეს, დაგაგდეს და ღვთისინაბარა მიგატოვეს. გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა ფეხზე ვერ გაგევლო? ან, საერთოდ ცოცხალი ვერ გადარჩენილიყავი და რის გამო? ლელა და ხათო რომ არ ჩაუშვა ნარკოტიკული საშუალებით რომ გაბრუვდნენ და ვნებამორეული კაცების თვალწინ ნახევრად შიშვლები როკავდნენ? ეს ყველაფერი კარგად ვიცი, ხო და ზურასაც ვეტყვი და საბოლოოდ გამოიძიებენ კიდეც ამ შენს საქმეს. _იქნებ არ მინდა, რომ გამოიძიონ?_ჩურჩულით მკითხა. _რაა?_ავღშფოთდი._რა არ გინდა რომ გამოიძიონ? _ის, რომ ლელამ და ხათომ ექსტაზი მიიღეს. _რატო? _ის ექსტაზი ჩემი ბიძაშვილისგან იყიდეს და იმიტომ._ჩურჩულით მითხრა._პირობითად არის ციხიდან გამოსული. ამ ამბის გახმაურებით კი ისევ პრობლემები ექნება კანონთან... _სერიოზულად ამბობ ამას?_უარესად ავღშფოთდი._შენ ჯანმრთელობასთან შეგექმნა მის გამო პრობლემები და ამის გამო სულაც არ დარდობს. რამდენჯერ მოგაკითხა და რამდენჯერ მოგინახულა? რამდენჯერ დაინტერესდა შენი ჯანმრთელობით? ან, თუ წაგახმარა ხელი და სამედიცინო ხარჯები ნახევრის ნახევარი თუ მაინც დაგიფარა? უხმოდ შემომყურებდა. ხმის ამოღებას როგორც ვატყობდი, არც აპირებდა და ისევ მე გავაგრძელე. _მოდი გამოვიცნობ: არცერთხელ და არც კაპიკი არ გადაუხდია. მაგისთანა ბიძაშვილს შენ ბიძაშვილს უწოდებ? მაგისთანა ბიძაშვილობა მე არ მწამს, მარტო ერთმა მხარემ რომ უნდა დათმოს ყველაფერი და მეორის კეთილდღეობაზე იზრუნოს. _ხომ ცოცხალი ვარ და ფეხზეც გავივლი? რაღა აზრი აქვს იმათ დასჯას?_გააპროტესტა ჩემი ნათქვამი. _რომ მომკვდარიყავი, მაშინ ექნებოდა აზრი?.. ან, სამუდამოდ ინვალიდის ეტლში რომ ჩამჯდარიყავი? დამნაშავეები უნდა დაისაჯონ იმიტომ, რომ მეორედ ვეღარ გაბედონ მასეთი რამ და სხვასაც არ გაუმწარონ ცხოვრება. ჯერ დადექი ფეხზე და ეგ არის? იცი რამდენი ვარჯიში და მასაჟი დაგჭირდება, რომ სრულფასოვნად შეძლო მოძრაობა და სამომავლოდ კი შრომა? ყველაფრის პატიება არ შეიძლება. _რა ვქნა, არ მინდა ლაშას ჩაშვება. გამიგე, მას ისედაც პრობლემები აქვს... _შენ თვითონვე ამბობ, რომ ისედაც პრობლემები აქვსო. კარგი რაა... _თუ მცირეოდენ პატივს მაინც მცემ, გთხოვ, დაივიწყე ეს ამბავი და ნურავის ეტყვი. რაც იყო იყო, წარსულს ჩაბარდა. _დიდ პატივს გცემ, როგორც ჩემი საკუთარი ძმა ისე მიყვარხარ და ისე ვღელავ შენზე. ამ ამბავში მარტო შენ არ ხარ დაზარალებული. დედაშენი დაგავიწყდა? ქალმა ინფარქტი გადაიტანა. ღმერთს მადლობა, რომ შენც გადარჩი და ისიც. ნუ იქნები სულელი... ალბათ, კიდევ ბევრს ვილაპარაკებდით და დავაძალებდი სიმართლის თქმას, მაგრამ მედდა შემოვიდა და პალატიდან მომიწია გამოსვლა. მომავალ ცვლამდე დავემშვიდობე და ტრავმატოლოგიურ განყოფილებას მივაშურე. მალე ჩემი ცვლაც მოვიდოდა, სახლში წასვლამდე კი თედო ექიმი მყავდა სანახავი. მისი კაბინეტის წინ წამიერად შევჩერდი, თავი მოვიწესრიგე, აფორიაქებული გულის დამშვიდებაც შევძელი და მორიდებით შევაღე მისი კაბინეტის კარი. თავის საწერ მაგიდასთან იჯდა და ავადმყოფების ისტორიებს გულდასმით კითხულობდა. რომ დამინახა, აშკარად გაუხარდა. _ჩემი ნახვა რომ გინდოდათ._მღელვარე ხმით ამოვღერღე და მის მზერას თვალი ძლივს გავუსწორე. _ხო, შენთან მინდოდა განმარტოებით საუბარი, ოღონდ აქ არა... საღამოს თუ გცალია გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ. _საღამოს?_საქმიანი ქალივით ჩავფიქრდი და შუბლი მოვისრისე. როგორ არ მეცალა, მაგრამ ქალს ხომ ყოველთვის თავის დაფასება მართებდა, ოღონდ ზომიერი. ერთი მაკოცა და თავისად მთვლიდა უკვე? ამიტომ უარი ვუთხარი._ამ საღამოს არ მცალია... არც ხვალ._უმალ მოვუსპე ხვალინდელი დღის გეგმებიც. არ მინდოდა გონებოდა, რომ ადვილად მისაღწევი და მოსაპოვებელი ვიყავი. გაეღიმა. ალბათ მიმიხვდა ეშმაკობას. _შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ სერიოზული ურთიერთობა მსურს შენთან._ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა. მივხვდი, ისევ მაკოცებდა და მეც ეს მინდოდა სულით და გულით, მაგრამ ისევ თავის დაფასება ვარჩიე. _სხვა თუ არაფერი აღარ გაქვთ სათქმელი, წავალ, რადგან მეჩქარება. _კარგი, წადი._ისევ შემომღიმა._მომდევნო ცვლის გადაბმა მოგვიწევს იცოდე და აქედანვე შეემზადე. _რატო? რა ხდება?_გამიკვირდა, თუმცა არ გამიპროტესტებია. _მზიამ გასცა მასეთი ბრძანება, მე არაფერ შუაში არ ვარ. შევძლებთ ალბათ ორი დღე-ღამე ზედიზედ მუშაობას. _ალბათ._მეც შევღიმე._კარგით, დროებით._გამოვტრიალდი და წამოვედი. უკან არ გამომკიდებია. არც მინდოდა. ასე უფრო გააუფერულებდა იმ გრძნობას, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და განვიცდიდი. წუნკალი ძაღლივით კუდაქიცინებული ჩემი დევნა მართლაც არ მოუხდებოდა ამხელა ექიმ კაცს. თან, თავდაჭერილი და ზრდილობიანი რომ იყო, ამით დამიმტკიცა. სანამ სახლში წავიდოდი, ჩაბნელებული დერეფნით სამშობიარო განყოფილებაში გავედი და ბიცოლა მოვინახულე. გაუხარდა ჩემი ნახვა. ფეხი იმდენად აღარ სტკიოდა. _სითბომ მართლაც მიშველა. ანალიზებიც კარგი მაქვს და ხვალ მწერენ უკვე. ალბათ ვეღარ გნახავ. ძალიან გამიხარდება ოცდარვაში თუ ჩამოხვალ. _არ მგონია. ახლახან გავიგე, რომ ცვლა დამემატა და მაგ დროს მუშაობა მიწევს. მადლობა. ბიძია მომიკითხე. ბებია და ბაბუაც... _ოცდარვაში თუ მუშაობ, ოცდაცხრაში ჩამოდი. მოხუცებს გაუხარდებათ შენი ნახვა. რამ შეცვალა ეს ქალი, მიკვირდა. ან, რა მიზეზი ქონდა მის შეცვლას, ვერ ვხვდებოდი. აფერისტულად მელაქუცებოდა ვითომ? რაში აწყობდა ჩემი სოფელში ჩასვლა ნეტა? რამე სარგებელს ელოდა ვითომ? დიდხანს არ დავრჩენილვარ. მალევე დავემშვიდობე. ვერ დავპირდი, ჩავიდოდი თუ არა მწვადებზე და იქიდანვე წავედი სახლში. ბებია ისევ შეუძლოდ დამხვდა. როგორც ყოველთვის, არტერიული წნევა ქონდა მაღალი. შევშფოთდი, მაგრამ დამამშვიდა, არაფერია, სერიალს ვუყურე და იმაზე ვინერვიულე, პატარა ბავშვივით ვიღრიალეო. ასეთი რაღაცეები მართლაც სჭირდა და ადვილად დამაჯერა. გემრიელად ვისადილე. მერე ჩემს ოთახში გავედი და დაძინებას შევეცადე. თუმცა, თედო ექიმის კოცნას ვერ ვიგდებდი თავიდან. თითქოს, ისევ ნათლად ვგრძნობდი მისი თბილი ტუჩების შეხებას და გრილი მენთოლის გემოსაც. ის იყო, დაძინებას ვაპირებდი უკვე და წამთვლიმა კიდეც, რომ ბებიას სადაქალო ესტუმრა. მათ ლაპარაკზე და ჩუმ სიცილ-კისკისზე მთლად გამიკრთა ძილი. მართალია ყურსასმენები მოვირგე და ისევ შევეცადე დაძინებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ერთხანს კიდევ ვიწრიალე საწოლში და მერე კი ავდექი. ბებიას მხიარული დაქალები მოვინახულე სამზარეულიში და გულთბილად მოვიკითხე. _უი, ნუკი, სახლში ხარ? ჩვენ ხომ არ გაგაღვიძეთ?_აშკარად შეწუხდა ეთერა ბებია. _მაგას რაღა კითხვა უნდა, არ ეტყობა, რომ ნამძინარევი სახე აქვს?_ჩემს მაგივრად დაადასტურა ცისმარამ და მომიბოდიშა._ბიდიში შვილო, არ გვეგონა თუ სახლში იყავი და ძილს არ გაცდიდით. _არაუშავს, მოვასწრებ ძილსაც._გავიღიმე და ჩემთვის ყავის მოდუღებას შევუდექი, რადგან თვითონ მიირთმევდნენ უკვე. _რამდენი წლის ხარ შვილო._მოულოდნელად დაინტერესდა ცისმარა ბებია. _ოცდახუთის ამ თვეში გახდა._ბებიამ დამასწრო პასუხის გაცემა. _მერე, გათხოვებაზე ჯერ არ ფიქრობს? თუ ჯერ შეყვარებული არ გყავს?_ეშმაკურად შემომღიმა._არ გინდა კარგი ბიჭი გაგაცნო? ჩემი მულის შვილიშვილი, კარგი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილიცაა... _ეხლანდელ გოგოებს და ბიჭებს სულ არ უნდათ ვინმეს გაცნობა და გარიგება, ისედაც ყავთ შერჩეული ვინც უნდათ._გაეცინა ეთერას._შენ რაც არ უნდა ბევრი ეცადო, შენი მოწონებული ვის რად უნდა? თავისი გემოვნებით უნდა შეარჩიონ. ჩემი ვასია მასე არ დარჩა?_ამოიიხრა._ორმოცდაათ წელს მიუკაკუნა და ჯერაც არ ჩქარობს დაოჯახებას. მაგის ასაკისებს შვილიშვილები ყავთ უკვე, ეგ? მაგის დარდმა და ჯავრმა მომტეხა და გამანადგურა ქალი. მე ვინც მოვუწონე, მაგას არ მოსწონს. _ვინც მაგას მოსწონს, შენ არ მოგწონს არა?_თანაგრძნობით კითხა ბებიამ. _აქამდე კი მართლა მქონდა გართულება, მაგრამ ახლა სულ არ ვფიქრობ მაგაზე. მთავარია მოიყვანოს და ოჯახი ქონდეს და გინდა გუბის ბაყაყი იყოს... _ეეე, ჩემო ეთერ, ახლა მარტო გართობაზე ფიქრობენ, დაოჯახება სულ აღარავის აღარ უნდა. ჩემი მეორე მულიშვილიც ორმოც წლამდეა და დაოჯახებას ნუ მიხსენებთო, გამოუცხადა ოჯახის წევრებს... _ვითომ რატომაო?_შეიცხადა ბებიამ._ქართველ ხალხს გამრავლება არ გვინდაო? _გამრავლების პროცესი როგორ არ უნდათ, მაგრამ ვის რად უნდა შვილი? აგერ, მეზობელ უბანში უპოვიათ გუშინ ურნაში ჩაგდებული ჩვილი. საცოდავი გაყინულა და ვერ შეძლეს გადარჩენა. მაგისთანა დედას, რომ შვილი გააჩინოს და გადააგდოს, არ უნდა დააჭრა თავი? ვის უნდა და უშვილოა და ვის არა და აჩენს და ყრის. წახდა, წახდა ეს ცხოვრება. ამდენი ცოდო ტრიალებს დედამიწაზე და მერე კიდე სწყინთ, ღმერთმა დაგვივიწყა და მიგვატოვაო._ამოიოხრა ცისმარა ბებიამ._აგერ, ჩემი გოგო, თვრამეტი წელია შვილი არ ყავს, მისი მული კი სუროგატი დედაა, სხვებს უჩენს შვილებს და ყიდის. _შენს გოგოსაც გაუჩინოს, რა მოხდება ვითომ?_გაიკვირვა ეთერამ. _როგორ აბა? ათასობით უხდიან. თან, ძმის თესლით ხომ არ გაანაყოფიერებს თავის კვერცხუჯრედს? ყავა სასწრაფო წესით მოვიდუღე, ცხელცხელივე მოვხვრიპე, გულმუცელიც ჩავიწვი და სამზარეულოდან გამოვედი, სანამ კიდევ უარესებს იტყოდნენ. ან, მართლა არ გამირიგებდნენ ვინმეს და არ დამაოჯახებდნენ ბებერი დაქალები. ******************** იმ დღეს საღამომდე ვეღარ მოვახერხე დაწოლა და დაძინება. სტუმრიანობა უხვად გვყავდა, ხან ბებიას აკითხავდნენ და ხანაც მე ჩემი მეგობრები. საღამოს კი ბალიშზე რომ დავდე თავი, მკვდარივით მიმეძინა. დილითაც ვერ ავწიე თავი. გამეღვიძა კი, მაგრამ ისევ შევიბრუნე ძილი და შუადღემდე კარგად მეძინა. გვარიანად დავისვენე და კარგადაც გამოვიძინე. საღამოხნისკენ კი ცისმარამ დაურეკა ბებიას, შეუძლოდ ვარ და ნუკი ჩამოვიდეს, წნევა გამიზომოსო. აპარატს დავავლე ხელი და სულ სირბილით ჩავირბინე ორ-ორი საფეხური მეორე სართულზე. კარი ღია დამხვდა და პირდაპირ შევედი. ცისმარა ბებია მისაღებში დამხვდა დივანზე წამოწოლილი და შეწუხებული სახით. წნევა არ ქონია. პულსიც შევუმოწმე და ნორმაში ქონდა. მგონი, მე უფრო აჩქარებული და აფორიაქებული მქონდა გული შიშზე. _რას მეტყვი აბა, შვილო, მოვკვდები?_ეშმაკურად შემომღიმა. _არა, ცისმარა ბებია, რას ლაპარაკობთ, თქვენთან რა უნდა სიკვდილს?_შევიცხადე. _ესე იგი, წნევა ნორმაში მაქვს?_დასაზუსტებლად მკითხა და მეც რომ დავუდასტურე, ღიმილით გააგრძელა._წადი ეხლა მაშინ სამზარეულოში და ყავა გააკეთე სამ კაცზე. ტკბილეულსაც კარადაში ნახავ. ვიფიქრე, ალბათ ბებიას დაუძახებდა და მესამე იმიტომაც უნდოდა. დიდად ხვეწნა და თავპატიჟი ნამდვილად არ დამიწყია, მაშინვე გავქანდი სამზარეულოში და ჩემებურად ავახმიანე იქაურობა. ლოჯიიდან როდის გამოვიდა ვიღაც უცხო ასე, ოცდათხუთმეტ წლამდე ვაჟი არ ვიცი. ინტერესით რომ მიმზერდა გვიან შევნიშნე და შიშისგან შევყვირე კიდეც. მას ჩემს შეკივლებაზე შეეშინდა და გვარიანადაც შეკრთა. ვიფიქრე ქურდი იყო შემოპარული და იქვე გაზქურაზე ტაფას წამოვავლე ხელი. კარგა ხანს უხმოდ ვუმზერდით ერთმანეთს და მის თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი, რომ თუ რამე იქნებოდა, მაშინვე თავ-პირში მედრუზა ბარაქიანი თუჯის ტაფა. ცისმარა ბებია რომ გამოვიდა ხმაურზე და ამ პოზაში დამინახა, გულიანი სიცილი წასკდა. _ვინაა?.. მე ქურდი მეგონა._დავიმორცხვე. მაგრამ ტაფისთვის ხელი მაინც არ გამიშვია, უფრო მჭიდროდ მოვუჭირე თითები. _უჩაა, ჩემი მულის შვილიშვილი. ამ დილით მესტუმრა._დამამშვიდა ცბიერმა ბებერმა ალქაჯმა. თურმე რისთვის გამომიძახა და ვითომ ცუდად იყო. ამასობაში ყავაც შიშინით გადმომივიდა და გაზქურაც გვარიანად მოვსვარე. უჩა კმაყოფილ მზერას არ მაშორებდა. აშკარად მოვეწონე. არც ჩემგან დაიწუნებოდა ეს სიმპატიური შავგვრემანი ვაჟი, მაგრამ ჩემს გულში თედო ექიმს ისე ქონდა ფესვები გადგმული მეტასტაზებივით, მის გარდა არავინ აღარ მაინტერისებდა. _უი, მაინც გადმოვიდა..._შევწუხდი. _არაუშავს შვილო, თქვენ მყავდით კარგად და ჯანდაბას ყავაც და გაზქურაც. "თქვენ მყავდით კარგადო"?_ვინ ჩვენ? დაგვაწყვილა უკვე ვითომ მე და უჩა ამ ეშმაკუნა ქალმა? ხან უჩას შევყურებდი გაკვირვებული და ხან ცისმარა ბებიას. მერე ტილო ავიღე და გაზი სუფთად მოვაპრიალე. ყავა რომ ჩამოვასხი ფინჯნებში და სინით მისაღებში გავიტანე, ცისმარა ბებიამ ტკბილეული გამოიტანა ვაზით. უჩაც უკან მოგვყვა. ჩემს პირდაპირ ჩაჯდა სავარძელში და ღიმილიან კმაყოფილ მზერას აღარ მაშორებდა. მე კი დაბნეული, გაბრაზებული და ამავე დროს დარცხვენილი უაზროდ ვათამაშებდი ხელში ცხელი ყავით სავსე ფინჯანს. ისიც მოულოდნელად გამეშვა ხელიდან და ცხელი სითხე ზედ გადავისხი. მაშინვე წამოვხტი და უარესად შემრცხვა, პატარა ბავშვივით ჩაფსმულივით ვიდექი გვარიანად გამხიარულებულ უჩასა და აშკარად შეწუხებულ ცისმარას წინ. _ვაიმე, ხომ არ დაიწვი შვილო?_მაშინვე მომიახლოვდა და ვითომ ჩემს გაწმენდას შეეცადა. _არა... იყოს, ნუ წუხდებით... მე წავალ, კარგი?_ხელი კარისკენ გავიშვირე. _წადი შვილო, წადი. ბოდიში რომ შეგაწუხე. ჩემს გამო დაიწვი კიდეც. _მე ვარ დაბდური, თქვენ რა შუაში ხართ?_დარცხვენილმა ერთხელ კიდევ შევავლე უჩას თვალი და მაშინვე გარეთ გამოვვარდი. ბედად არავინ დამხვედრია იქ და უარესად არ შევრცხვენილვარ. ბებიას გაუკვირდა მალევე რომ დავბრუნდი სახლში, მაგრამ სველი რომ დამინახა, უარესად გაოცდა. _ყავა დამესხა... _მგონი როგორ შერცხვი იმ უცხო ბიჭთან არა?_ალალად წამოსცდა და მაშინვე გაჩუმდა. _შენც იცოდი არა?_ცოტა გავუბრაზდი კიდეც._მასე მოგაბეზრე თავი უკვე, რომ ჩემი მოშორება გინდა? _არა, შვილო, რა სისულელეა. მთხოვა, შევახვედროთო და რა მოხდა? არ მომეწონა-თქო უთხარი, განა პირში შემოგკრავს ვინმე? არა და კარგი ბიჭია, საკუთარ ბიზნესს ეწევაო... თუმცა, შენს თედო ექიმს მაინც ვერ ჯობია. თედო ექიმის ხსენებაზე გული ამიჩქარდა. ბებიას რომ არაფერი შეემჩნია ჩემთვის, ტანსაცმლის გამოსაცვლელად გავედი. გამოცვლის შუა პროცესში ვიყავი, რომ ვიღაც გვესტუმრა. ალბათ, ცისმარა იყო, დადარდიანდებოდა ქალი, ერთ ადგილს თუ გამოვიბუგავდი როგორღა გავუჩენდი მულის შვილთაშვილებს? გამეცინა, ტანსაცმელი გამოვიცვალე და მათთან გავედი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა მისაღებში ცისმარას ნაცვლად თედო ექიმი დამხვდა. დავიბენი, თანაც ისე, რომ გამარჯობაც ვერ ვუთხარი და კარის ზღურბლთან გავშეშდი ღიმილიანი მზერით რომ შემომანათა თავისი ლამაზი მწვანე თვალები. _თქვენ?... რა ხდება? რისთვის მოხვედით?... _რას ლაპარაკობ შვილო, სტუმარს მაგას როდის ეკითხებიან?_დამტუქსა ბებიამ._სტუმარი ღვთისაა და შენ კი გამარჯობაც არ გითქვია._რასაც ქვია, ბოლომდე შემარცხვინა. _გამარჯობა... თ._ძლივს ამოვღერღე ეს "თ". თედო ექიმს ჩემს დაბნეულობაზე გულღიად გაეღიმა. _ვიფიქრე, იქნებ მოიცლიდი და... სადმე გავსულიყავით, გველაპარაკა. _მოსაცლელი რა აქვს ვითომ?_გაუკვირდა ბებიას._წამოვა, როგორ არ წამოვა. ჩემს მაგივრად მან რომ გადაწყვიტა და გასცა პასუხი, გავბრაზდი. _არ მცალია._მკაცრი გამომეტყველებით ვუთხარი. _კარგი, რა გაეწყობა? სხვა დროს იყოს. ასე ადვილად რომ დამთმო ახლა მაგაზე გავბრაზდი და ეგეც მეწყინა. ასე ადვილად დასათმობი ვიყავი ვითომ? _ერთ ფინჯან ყავას თუ შემომთავაზებ, დავლევ და წავალ, აღარ შეგაწყენთ თავს._ისევ შემომღიმა. _რას ქვია "თუ?"_აღშფოთდა ბებია._მოდი, ჩამოჯექი, ყავას მე გავაკეთებ._ახალგაზრდული სიმარდით წამოხტა ბებია. მორიდებით შევედი ოთახში და თედო ექიმის პირისპირ ჩამოვჯექი. გამბედაობა მოვიკრიფე და თვალებში შევხედე. _იქ, დერეფანში რაც მოხდა, მინდა გითხრათ, რომ იმას სულაც არ ნიშნავს... რომ... _ენა დამება და სათქმელს ვეღარ მოვუყარე თავი. _ვიცი._უცბადვე დასერიოზულდა._ არც მე ვარ ქალების ამყოლი და არც მე ვაპირებ ზედმეტად არაფერს. გითხარი, შენთან სერიოზული ურთიერთობა მინდა. სხვა შემთხვევაში სახლში ხომ არც მოგაკითხავდი? შემრცხვა. მართლაც და ჩემთან უბრალო გართობა რომ სდომებოდა, ბებიას გააგებინებდა ვითომ რამეს? _ახლა კი სხვა თემაზე სალაპარაკოდ მოვედი._ეს რომ მითხრა, გაოცებულმა შევხედე. _არ მინდა შენნაირი ნიჭიერი ექიმები დაიკარგნენ მომავალში. კარგი იქნება, სწავლის გაგრძელებაზე თუ იფიქრებ... ხელს ყველანაირად შეგიწყობთ. სემინარებს, როცა გეცლება მაშინ ჩააბარებ. არც მუშაობაში შეგეშლება ხელი და არც სწავლაში. _არ მგონია რამე გამოვიდეს... გამიჭირდება. _შენს შესაძლებლობებს ჯეროვნად ვერ აფასებ. რამდენი სტუდენტია თან სწავლობს და თან დასაქმებულია? შენ შენს სფეროშივე იმუშავებ და პრაქტიკაც გავლილი გექნება უკვე და მუშაობის სტაჟიც გექნება... სერიოზულად მაოცებ შენი ნიჭიერებით. ფულით ნაყიდ დიპლომიან ექიმებს ახლავე ჯობიხარ... _ეგ მართლა შესაძლებელია შვილო?_გაუხარდა ბებიას, რომელიც ის-ის იყო შემოვიდა ოთახში და თედო ექიმს გვერდით მიუჯდა._ჩემი ნუკი მართლა შეძლებს მუშაობასაც და სწავლასაც? _კი, ანიკო ბებია._ღიმილით დაეთანხმა თედო ექიმი._ სტუდენტების უმრავლესობა ასეა, თან სწავლობენ, თან მუშაობენ. ნუკისგან კი, დარწმუნებული ვარ, კარგი ექიმი დადგება._მერე ისევ მე შემომხედა._სურვილი არასდროს გქონია, რომ სწავლა გაგეგრძელებინა? _როგორ არა._ალალად ვუპასუხე,_მაგრამ... ვერ შევძლებ. _რატო ვერ შეძლებ ვითომ?_გამიბრაზდა ბებია._ამხელა ექიმი კაცი გეუბნება, რომ შეძლებ და შენ ეჭვი გეპარება მის ნათქვამში? შენ არ იყავი, რეზიკოს ამბავში რომ მარწმუნებდი, თედო ექიმმა თქვა გაივლისო და ეჭვი არ გეპარებოდა? შენ არ იყავი, რომ ამბობდი, მე თედო ექიმისა მჯერაო? ისევ ზედმეტი რომ წამოროშა ბებიამ, შემრცხვა. თედო ექიმს კი რომ შევხედე, აშკარად კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ოდესმე მეც კი ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას და მომავალში ექიმის თეთრი ხალათის ჩაცმას, მაგრამ ასე უცბად და მოულოდნელად ნამდვილად არა. მომზადებაც ხომ მინდოდა, რომ გამოცდები ჩამებარებინა? შევძლებდი ვითომ? თედო ექიმს კი სჯეროდა ჩემი და ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ იქნებ გადამეტებულად მაფასებდა? _რას გაჩუმებულხარ? არ გინდა სწავლის გაგრძელება?_ბებიას ხომ მეტიც არ უნდოდა და საკმაოდ გაიმკაცრა ხმა._სიცოცხლის დღეები მაკლდება კი არ მემატება._ამოიოხრა._ სიცოცხლეშივე მინდა დაგინახო, რომ გზაზე დადექი... არც იმაზე ვიტყოდი უარს, კარგ პატრონს თუ ჩაბარდებოდი._თან თედო ექიმს გადახედა ცერზე და უარესად გამაწითლა._ შენს დაოჯახებას შემასწრო ნეტა და მეტი აღარაფერი მინდა. ერთხანს სიჩუმე ჩამოწვა, მტანჯველი და აუტანელი. ბებია ისევ მე მომჩერებოდა და თედო ექიმიც. _წავალ, ყავას მოვიტან._უხერხული დუმილი ისევ მე დავარღვიე და მღელვარების დასაფარავად წამოვდექი. _უი, რატო არ მოვკვდები, არ გამოვიტანე?_შეიცხადა ბებიამ და ისიც წამოდგა._ნუკის სწავლაო ყური მოვკარი და ისე გამიხარდა, დასხმული ფინჯნები იქ დამრჩა. იყავი, მე მოვიტან._აღარ დამაცადა სამზარეულოში გასვლა და ისევ თვითონ გავიდა მკვირცხლად. _ბებიას ხომ მეტიც არ უნდოდა? აღარ მომასვენებს ახლა._ნაწყენმა შევხედე თედო ექიმს. _ხო და ძალიანაც კარგი. ვიღაცამ მაინც ხომ უნდა წამოგარტყას ქეჩოში გამოსაფხიზლებლად? _რეპეტიტორებთან დამჭირდება სიარული, გამოცდებს ისე ვერ ჩავაბარებ. ამისი კი არც დრო მაქვს და არც..._ფული-მეთქი, ვეღარ მოვიწუწუნე. _პრობლემა მხოლოდ ეგ არის?_გაუკვირდა._ჩვენს ცვლაში მე გამეცადინებ, მთელი ღამე მაინც ისე ვსხედვართ ხანდახან და აღარ დაგვეძინება მაინც. თან, არ მგონია, რომ ვინმეს დახმარება გჭირდებოდეს შენ. _ზედმეტად დარწმუნებული ხართ ჩემს შესაძლებლობებში._მხოლოდ ეს ვუთხარი, რადგან ბებია შემოვიდა მაგ დროს ყავის ფინჯნებით ხელში და გავჩუმდი. არ მინდოდა ახლა მას დაეწყო ჩემი დამოძღვრა. თედო ექიმმა ზუსტად ნახევარი საათი მოანდომა ერთი ფინჯანი ყავის დალევას. რიგორც თავიდანვე თქვა, ყავა დალია და წავიდა. ბებიას არ გაუცილებია და ამიტომ კარამდე მე მივაცილე. საკიდიდან ქურთუკი რომ ჩამოხსნა და ჩაიცვა, ღიმილით დამემშვიდობა. _დროებით, ხვალ შევხვდებით სამსახურში. მეგონა, მოულოდნელად გადმოიხრებოდა და მაკოცებდა, მაგრამ სულ ტყუილად. არა და, ჩემსავით, მასაც ეწერა სახეზე აშკარად, რომ ჩემი კოცნის სურვილს ებრძოდა და ეწინააღმდეგებოდა. მინდოდა კი, რომ ეკოცნა ჩემთვის, მაგრამ მართლაც რომ ეკოცნა, გავბრაზდებოდი. მექალთანეობაში ჩავუთვლიდი და უნებისყოფობაში. არ მაკოცა და ამის გამო ჩემს თვალში უფრო ვაჟკაცური და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი აღმოჩნდა. ღამით კარგა ხანს ვიწრიალე საწოლში, თვალებს ვხუჭავდი თუ არა მისი ღიმილი და დამატყვევებელი თვალები მელანდებოდა. მისი ხმაც გარკვევით ჩამესმოდა თითქოს. მოკლეთ, ძლივს დავიძინე და მაშინაც სიზმრების სამყაროში დავქროდი. დილით კი უთენია გამეღვიძა და ერთი სული მქონდა სამსახურში ჩემი წასვლის დრო როდის მოვიდოდა. ჰოსპიტალში მისულს კი ერთი მშვენიერი ამბავი დამხვდა, რეგისტრატურაში უშველებელ ნაძვის ხეს გვიდგამდნენ. პატარა ბავშვივით გამიხარდა. ჯერ ისევ იმ ასაკში ვიყავი, რომ მიყვარდა და მსიამოვნებდა ნაძვის ხის მორთვა. _თოვლის ბაბუ საჩუქრებსაც თუ დაგვახვედრებს ხის ძირში, მაგაზე კარგი რა იქნება?_ნათიამ ზურგიდან შემომხვია წელზე ხელები და ნიკაპი მხარზე ჩამომადო._რას იტყვი, კარგად იქცეოდი წელს, გეკუთვნის საჩუქარი?_თან, გამომცდელად მკითხა. _მე კი მგონია რომ კარგად ვიქცევი-მეთქი, მაგრამ ვერც ერთ წელიწადს ვერ მოვაწონე თოვლის ბაბუს ჩემი საქციელი._გამეცინა._ის ლექსი გახსოვს? "თოვლის ბაბუ მოვიდა თეთრი წვერებგრძელია. ყველა დაასაჩუქრა, გამოტოვა მელია. ასე უთხრა: მელაო, შენთან დიდი ბოდიში, მაშინ დაგასაჩუქრებ, როცა ტყუილს მოიშლი." ნათიას გაეცინა. _მერე და შენ ტყუილები იცი? _არა, მაგრამ... ეტყობა თოვლის ბაბუს მოსაწონ ჩარჩოებში ვერ ვჯდები ვერანაირად. _ამ ჰოსპიტალში განსაკუთრებული თოვლის ბაბუ გვყავს იცი? რაც არ უნდა ცუდი ბავშვი იყოს, მაინც აძლევს საჩუქრებს. მართალია მცირედს, მაგრამ გულით მიძღვნილს. აი, ნახავ თუ შენც არ გაჩუქოს... უი, ეგ კი არა, ალბათ შენ ჩვენი ტრადიციის შესახებ არაფერი იცი არა? _არა, რა უნდა ვიცოდე?_გამიკვირდა. _პალატები უნდა შემოვიაროთ ალილოზე. _პაციენტებს უნდა დავცინცლოთ სასუსნავები?_უარესად გამიკვირდა. _დავცინცლოდ რა სიტყვაა?_ითაკილა._შობის საღამოს ასე ხდება, პირველად გესმის? ჩვენი მაცხოვრის, ქრისტეს შობას ვაუწყებთ ხალხს. რა მნიშვნელობაა პაციენტი იქნება ეს, პატიმარი თუ პარლამენტარი, ყველას უნდა ეხაროს მისი შობა. რახან სამედიცინო დაწესებულებაში ვართ, ნაძვის ხე არ დაგვიდგეს? ახალი წელი ხომ ყველგან მოდის, რად გიკვირს? არ მიკვირდა, უბრალოდ გაოცებული ვიყავი. მართლა ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ალილო, შობა და ახალი წელი სრულფასოვნად იყო შესაძლებელი ავადმყოფი პაციენტებით სავსე ჰოსპიტალში. მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი: ხან მზიას ბრძანებებს ვასრულებდი და ხანაც ქეთის ჭირვეულ ხუშტურებს. თედო ექიმთან განმარტოების საშუალება არა და არ მომეცა. მხოლოდ შორიდან ვუმზერდით ერთმანეთს დიდი სიყვარულით და სინაზით. ერთხელ ჩამომასხმევინა მხოლოდ ყავა და ისიც ქეთიმ შეუტანა კაბინეტში, შენ მზია გეძახისო. ის დღე მართლაც საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვეჭვიანობდი ქეთის გამომწვევ სიცილზე, თვალშისაცემ დეკოლტეზე და ზედმეტად მოკლე კაბაზე. ვეჭვიანობდი თეძოების გამომწვევ რხევაზე. თედო ექიმის სიახლოვეს პაციენტების მკურნალობაზე. მოკლეთ, ეჭვიანობის პიკზე ვიყავი. საღამოს მართლაც ჩამოვიარეთ მე და გოგოებმა ალილოზე და პაციენტები მოვინახულეთ. შოკოლადები და ტკბილეული კარგად მოვაქუჩეთ. სულ ბოლოს კი რეზიკოსთან შევიარეთ. მიმღებიდან ყავაც გავუყოლეთ და პაციენტების ნაჩუქარი ტკბილეულით ყავის მშვენიერი ფართი მოვაწყეთ. რეზიკოს ხომ გაუხარდა ჩვენი ნახვა, მაგრამ ლიკას უფრო აუციმციმდა მის დანახვაზე თვალები. მეც კარგად გავერთე და ცოტა ხნით მაინც დავივიწყე ქეთი და მისი გამომწვევი მანერები, თედო ექიმის მოსახიბლად რომ ცდილობდა ყველაფერს. რეზიკოს ბავშვობის ოინები უხვად გავიხსენე და გულიანად ვაცინე გოგოები. შობას ხალისით და მხიარული სიცილ-კისკისით შევხვდით. სამი საათი იქნებოდა სასწრაფომ ნასვამი მამაკაცი რომ შემოიყვანა, ფეხში უშველებელი არმატურის ნაჭერი ქონდა გაყრილი. კაცს არ ახსოვდა რა დაემართა და საიდან მოხვდა ეს ნაჭერი მის ფეხში. ქეთის ეძინა და თედო ექიმმა არ მოისურვა მისი გაღვიძება. _არ არის საჭირო. შენ ხომ შეძლებ ჩემს დახმარებას?_იდუმალი ხმით რომ მკითხა, დერეფანში გასული ქეთის გასაღვიძებლად მიმავალი მაშინვე შევჩერდი. მივხვდი, რომ ქეთი არ უნდოდა. მიხმარებაც იმდენად არაფერი უნდოდა, როგორც ჩემს გვერდით მუშაობა. მეც ეს მინდოდა ყველაზე მეტად და ამიტომ აღარ წავედი ქეთის გასაღვიძებლად. კაცს ოპერაცია ჩაუტარდა, ბარკლის მიდამოდან ჩემი დახმარებით ამოუღო თედო ექიმმა ჟანგიანი რკინის ნაგლეჯი, ჭრილობა კარგად დავუმუშავე და ნაკერებიც დაადო. რეანიმაციაში რომ ავიყვანე და პალატაში დავაწვინე, თედო ექიმიც გამომყვა. იქიდან კი ლიფტით დავბრუნდით მიმღებში. გოგოებმა ეჭვით შეგვათვალიერეს ლიფტიდან გამოსულები, მაგრამ ჩემი გაბრაზებული მზერა, რომ დაინახეს, მაშინვე საქმე გამოიჩინეს: გვანცა კომპიუტერს მიუბრუნდა და კლავიატურაზე აათამაშა ლამაზად თითები. ლიკამ რაღაც ქაღალდები მოაქუჩა და მწყობრისად დაუწყო დალაგება. ნათიამ კი მორთულ ნაძვის ხეს ბრჭყვიალა სათამაშოები შეუსწორა. თედო ექიმი გარეთ რომ გავიდა, გოგოებმა ისევ მე შემომხედეს ეშმაკური ღიმილით, რამაც ისევ გამაცოფა. _მასეთი მზერით ნუ შემომყურებთ. არაფერი ხდება ჩვენს შორის. _მერე და ვინ გეუბნება, რომ რამე ხდებაო?_გაიკვირვა გვანცამ._შემოხედვასაც გვიშლი? _ჩვენთან უაზრო კინკლაობას, დრო რომ ნაყოფიერად გამოიყენო არ გინდა?_ნათიამ მოულოდნელად ხელი მომკიდა და გარეთ რომ იტყვიან კუდამოძუებული ძაღლივით გამაგდო._სანამ ქეთი გაიღვიძებს გადი და დაელაპარაკე. ისეთი ინერციით გავვარდი, თედო ექიმს შევეჯახე. _ბოდიშით, ვერ დაგინახეთ._თავი კი ვიმართლე მაგრამ მივხვდი, რომ არ დამიჯერა. გვერდი ავუქციე და პანდუსზე ჩქარი ნაბიჯით დავეშვი. თედო ექიმიც უკან მომყვა. სიბნელეში რომ გავედით და ხალხის თვალს მოვშორდით, ფეხი შევანელე. ჩანაფიქრს რომ მიმიხვდა, გაბედულად გადამხვია ხელი და მიმიხუტა. _არ გცივა? რატო არ იცი თბილად ჩაცმა, როცა გარეთ გამოდიხარ?_მისაყვედურა._ ახალგაზრდა ხარ, სისხლი გიდუღს, სიცივეს ვერ გრძნობ, მაგრამ ისე გაცივდები, ვერც კი გაიგებ. ჩემზე რომ ზრუნავდა, ამან ძალიან გამახარა. გავბედე და მეც მივეკარი მკერდზე, მჭიდროდ ჩავეხუტე გულში. _უბრალოდ ჩახუტება მინდა, მეტი არაფერი._ მორიდებით წავჩურჩულე. _მეც._ვიგრძენი რომ გაეღიმა და პულსაცია აუჩქარდა._იცი, ჩახუტება რატოა ასე კარგი?_მოულოდნელად თავი ამაწევინა და ღამის სიბნელის მიუხედავად მაინც მომაშტერდა სახეში._იმიტომ, რომ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს._ისევ თვითონ გამცა პასუხი._აგრეთვე, კურნავს სულისა და სხეულის იარებს. ხსნის დაღლილობის ეფექტს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, ის სიყვარულის გამოხატულებაა... _რაა?_გამეღიმა._გინდა თქვა, რომ გიყვარვარ?_მეც ამიჩქარდა გული. _დაუჯერებელია ვითომ?_ისევ გაეღიმა._გახსოვს, პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? პარკინგზე ჩემი მანქანის ადგილზე შემაფერხე და ისევ მე მიწოდე იდიოტი? მართლაც თვალწინ დამიდგა ის მომენტი და შემრცხვა. _ჩემი კაბინეტიდან რომ გამომაგდე ის თუ გახსოვს?_გაეცინა._კიდევ კარგი საოპერაციოდანაც არ დამიფრინე._შუბლზე ფრთხილად მომადო თბილი ტუჩები და ნაზად მაკოცა._იმ წუთიდან მოყოლებული დამაკარგვინე მოსვენება. მეგონა პაციენტი იყავი და კარგა ხანს გეძებე ხან მიმღებში, ხან რეგისტრატურაში. რეანიმაციაშიც კი ავედი და როგორ გამიხარდა შენ ხომ ვერ წარმოიდგენ ჩემს კაბინეტში რომ დამხვდი სანიტრის ფორმაში. გამოგიტყდები და ყოველღამ ვოცნებობდი შენს ჩახუტებასა და კოცნაზე..._ისევ ჩაეღიმა._ მადლობა იმ ჩაბნელებული დერეფნის მობინადრე თაგვს, რომ ამის საშუალება მომცა. _მასეთი მორიდებული და მორცხვი ხარ ვითომ?_ გამეცინა. _არა._მტკიცედ მითხრა. მერე მოულოდნელად დაიხარა და გაბედულად მაკოცა. უარესად ამიფრთხიალა გული საგულეში და სუნთქვაც შემიგუბა მისმა სასწაულმა კოცნამ. _არ მინდოდა შენთვის მეწყენინებინა, ან ჩემი სითამამით დამეფრთხე. უბრალო გასართობი მართლა არ ხარ ჩემთვის. _მართლა სერიოზულად ფიქრობ ჩემზე?_მღელვარედ ვკითხე. _ეჭვი გეპარება ჩემს ნათქვამში? _არა, მაგრამ... მერე ქეთი?_ენას მაინც ვერ დავაჭირე კბილი და რაც მტკიოდა და მაწუხებდა ის წამოვაყრანტალე დაუგეგმავად. ვიგრძენი როგორ გაეღიმა. ალბათ ესიამოვნა კიდეც რომ ვეჭვიანობდი. _მე რომ ქეთი მაინტერესებდეს, ახლა ქეთისთან ვიქნებოდი და არა აქ შენთან... _მერე, ექიმის ნორმები და ეთიკა?_ისევ ვერ ვაჩერებდი პირში ენას. იმის მაგივრად რომ გავჩერებულიყავი და დავმტკბარიყავი მის გვერდით. _გეთანხმები, ექიმი პატიოსანი უნდა იყოს პაციენტებთანაც და მედ-პერსონალთანაც. პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს მათ. ექიმს ეკრძალება ახლო ურთიერთობა პაციენტთან, მაგრამ სანიტარზე არაფერია ამის შესახებ ნათქვამი. ასე, რომ სინდისი სუფთა მაქვს და არც არავისთან დამალვა არ მოგვიწევს ჩვენი ურთიერთობის გამო... გარეთ ყოფნას ვერ მორჩი? ცივა._შემომაბრუნა და მიმღებისკენ წამიყვანა. მივხვდი, ასე ხელგადახვეულს შემიყვანდა შენობაში ყველას დასანახად და მომერიდა. უფრო, ის არ მინდოდა, რომ ნათიას, გვანცას და ლიკას გაეგოთ ეს ამბავი. ისედაც ეჭვით და ალმაცერად გვიმზერდნენ და მათი მოზეიმე სახეების დანახვა გამაცოფებდა. მაგრამ ისე მჭიდროდ ვყავდი თედო ექიმს ჩახუტებული და ისე მივყავდი, რომ ხელს ვერ გავაშვებინებდი. შორიდანვე შევნიშნე ნაძვის ხესთან დაყუდებული ქეთიც და უარესად ავღელდი. _მე არავისთან არაფერი მაქვს დასამალი. პირიქით, მინდა ქვეყანამ გაიგოს, რომ შენ ჩემი გულის ბაგი-ბუგი ხარ და იქ გარკვეული ადგილი გიკავია._თავი მოაბრუნა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. შესასვლელში კარებთან მისულები ვიყავით უკვე, რომ კარი ავტომატურად გაიღო და იქ მყოფმა ყველა თანამშრომელმა დაგვინახა. შემრცხვა. აშკარად გავწითლდი კიდეც. მაგრამ ქეთის ავად მომზირალ თვალებს რომ შევხედე, ციებიანივით გამაკანკალა. მივხვდი, რომ სხვებისგან განსხვავებით მას ჩვენი ერთად ყოფნა არ გახარებია. იმასაც მივხვდი, რომ არც მოგვასვენებდა და ყველანაირად ეცდებოდა ჩვენს შორის ჩადგომას და დაშორებას. ნათია, გვანცა და ლიკა კი მართლაც მოზეიმე სახეებით შემოგვყურებდნენ და სამივეს აშკარად ეწერა სახეზე: "აი, ხომ ვიძახდითო". ის ფაქტი, რომ ყველასგან მალულად და დაფარულად შევხვედროდით ერთმანეთს, მართლა არ მხიბლავდა და არც მინდოდა. მაგრამ ასე ერთბაშად გამჟღავნებულიც მაბნევდა და მაღელვებდა. ხმამაღლა არავის არაფერი უთქვია შენობაში რომ შევედით, მაგრამ ქეთის გარდა, ყველა რომ კმაყოფილი და გახარებული იყო ჩვენი ურთიერთობით, სახეზე ეწერათ. _შენ გეძებდი თედო._შესვლისთანავე მოგვიახლოვდა ქეთი. თედოსთვის არ მოუშორებია თვალი, თითქოს მე იქ არც კი ვიყავი და ვარსებობდი._მძინარეს კისერი გამიკავდა, მიშველე რამე. თედო ექიმს ხელი მაშინვე გავუშვი, რომ საშუალება მიმეცა კაბინეტში გაყოლოდა და ქეთის გაშეშებული კისერი ენახა. ღიმილით გადმომხედა, შუბლზე გაბედულად და ყველას თანდასწრებით მაკოცა და თავისი კაბინეტისკენ წაუძღვა ქეთის. _ფუ, ეგ კუდიანი!_დერეფანში გავიდნენ თუ არა, კბილებში გამოსცრა ნათიამ._ვითომ კისერი გაუკავდა. უნდა, რომ ეჭვიანობით გაგხეთქოს. _კისერი კი არა, ტვინი უნდა გაუკავდეს, ტვინი._აქოთქოთდა გვანცაც. არ ვიცი, მართლა შეაგვიანდათ გამოსვლა, თუ მე მომეჩვენა ასე, ლამის გავსკდი შურით, ბოღმით და ეჭვით. ჯერ უაზრო ბოლთის ცემას მოვყევი მიმღებში. მერე ყავა ჩამოვისხი და გამწარებულმა ცხელ-ცხელითვე ჩავიწვი გულ-მუცელი. მერე, ნაძვის ხეს გადავუადგილე სათამაშოები. ესეც რომ მოვიწყინე, სკამზე ჩამოვჯექი და ფრჩხილების კვნეტას მოვყევი ნერვიულად. როგორც იქნა გამოჩნდა თედო ექიმიც. რას აკეთებდნენ ნეტა ამდენ ხანს? ღიმილით მომიჯდა გვერდით, ხელი გადამხვია და პირიდან ჩემი საცოდავი თითები გამომაღებინა. _ყველაზე მავნე ჩვევა ესაა რომ იცოდე. ნახე, რას გავს შენი ფრჩხილები._მისაყვედურა. _ვერც კი ვაცნობიერებ როცა ვიკვნეტ ფრჩხილებს. ნერვიულობის დროს მემართება ასე._თავის მართლებას მოვყევი. _რა ქვია ამას თუ იცი სამედიცინო ენაზე. _კი._თავი დავუქნიე,_ონიქოფაგია. _და რას ნიშნავს ეს?_გადაკიდებული ლექტორივით ჩამჭრელი შეკითხვების დასმა დამიწყო. _იმპულსური კონტროლის მოშლა._თავჩაქინდრულმა ვუპასუხე. _რა ზიანის მოტანა შეუძლია შენი ჯანმრთელობისთვის თუ იცი? _კი._თავი დავუქნიე. _დიდი ხანია გაკვირდები და შევნიშნე, რომ მართალია მუდმივად არა, მაგრამ მაინც იცი ფრჩხილების კვნეტა. ამაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს იცოდე... _მე და შენ?_გაოცებულმა შევხედე. _დიახ, მე და შენ. არ მინდა, რომ ჩემს გოგოს მავნე ჩვევები ქონდეს._ცხვირზე მსუბუქად ჩამომკრა თითი. ალბათ კიდევ დიდხანს ვისხდებოდით ერთმანეთის პირისპირ და ვიჭუკჭუკებდით ტკბილად, ტელეფონს რომ არ დაერეკა ჩემთვის. ბებია იყო. გამიკვირდა, ასეთ დროს არასდროს რეკავდა და შეშინებული გავეპასუხე. ცისმარა ბებია იყო. _ნუკი, შვილო, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ბებია ცოტა შეუძლოდაა. სასწრაფოს გამოვუძახეთ ახლა და საცაა მოვა ალბათ. არ უნდოდა რომ შენთვის გამეგებინებინა, მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა იცოდე. _რა მოუვიდა? გონზეა? დამალაპარაკე._შეშფოთებულმა ჩავძახე ტელეფონს და ინსტიქტურად ავდექი ფეხზე. თედო ექიმიც გაოცებული და გაკვირვებული წამოდგა. _ბებია დამალაპარაკე!_ისევ ჩავძახე სასოწარკვეთილმა. _არ დაგელაპარაკება, არ იცი ამის ხასიათი? ნუ ღელავ, საშიში არაფერია. _სასწრაფო რომ მოვა, რომელ საავადმყოფოში წაიყვანენ იკითხე და გამაგებინე. ახლავე მოვდივარ. ტელეფონი გავუთიშე თუ არა, გარეთ გავვარდი. თედო ექიმიც უკან მომყვა. _სად მიხვალ? რა მოხდა?_მკლავზე წამატანა ხელი და შემაჩერა. _ბებიაა ცუდად._ძლივს ამოვღერღე _რა მოუვიდა. _არ ვიცი, მეზობელმა დამირეკა. სასწრაფოსთვის დაურეკიათ. სად მიიყვანენ ვინ იცის. _სადაც გინდა მიიყვანონ, ნუ დარდობ, ყველაფერი კარგად იქნება. ანიკო ბებია ყოჩაღი ქალია. აი, ნახავ თუ მალე არ გამოჯანმრთელდება._დამამშვიდა._გინდა წავიდეთ? კარგი კი იქნებოდა, მაგრამ მასე ხომ ვერ შევაწუხებდი? იქნებ, მაგ დროს პაციენტი შემოეყვანათ და ექიმი აქ არ ყოფილიყო, ხომ პრობლემები შეექმნებოდა? _მადლობა, იყოს, დაველოდები ცისმარა ბებიას, გავიგებ რომელ საავადმყოფიში დააწვენენ და მერე წავალ. _კარგი, მე წაგიყვან._ისე მტკიცედ და დარწმუნებით მითხრა, რომ ვერ გადავათქმევინებდი. არა და არ მინდოდა, რომ ჩემს გამო პრობლემები შექმნოდა. _გაგაგებინებთ._დავაიმედე და ნაცნობ პანდუსზე დავეშვი. ახლა ჩემს საყვარელ ბებიას რომ რამე მოსვლოდა, რა მეშველებოდა? როგორ გავაგრძელებდი მის გარეშე ცხოვრებას? დედ-მამის გარეშე ცხოვრება მან შემაძლებინა და ახლა მასაც უნდა მივეტოვებინე? ცრემლებმა რომ დამისველა თვალები, ჩუმად ავქვითინდი კიდეც. _ოღონდ ბებია არა, გთხოვ ღმერთო. ესეც ნუ მიმატოვებს..._მაღლა ცას ავხედე და ხმამაღლა ავტირდი. _რა მოხდა?_მოულოდნელად გვანცამ მომხვია მკლავები და ჩამიხუტა. _არ ვიცი, მეზობელმა დამირეკა, ბებიაა ცუდად და სასწრაფოსთვის გამოუძახიათ. ველოდები. _გინდა წაგიყვანო?_ეს რომ მკითხა, არც კი დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი. თედო ექიმის წაყვანას, ისევ გვანცას წაყვანა მერჩია. მეც და მასაც იმდენი პრობლემები არ შეგვექმნებოდა, როგორც თედო ექიმს ცვლის დროს ჰოსპიტლის დატოვება, ხო და დიდი სიამოვნებით დავთანხმდი წაყვანაზე. _ლიკას და ნათიას ვეტყვი და ახლავე გამოვალ. აი, გასაღები, წადი ჩაჯექი და მეც მოვალ. მანქანის გასაღები რომ გამოვართვი, მართლაც გავიქეცი და მის ნისანში ჩავჯექი. თვითონაც მალე მოვიდა. საჭეს მიუჯდა და გიჟივით გამაქროლა. სხლამდე ნახევარი გზა არ გვქონდა გავლილი, რომ ცისმარა ბებიამ ისევ დამირეკა, ინგოროყვას კლინიკაში მიყავთო და ჩვენც მაშინვე იქით ავიღეთ გეზი. მთელი გზა მხოლოდ იმას ვლოცულობდი, ბებია ცოცხალი გადარჩენილიყო და მასაც ისე არ მივეტოვებინე, როგორც დედას და მამას. კლინიკაში რომ მივედით, სანამ გვანცამ მანქანის გასაჩერებელი ადგილი მონახა, მე გადმოვხტი და მიმღებისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი. სანამ მინის კარი დატრიალდა და შიგნით შევედი, ჩემი დამემართა. ბებიაჩემის დაქალები ეთერა და ცისმარაც იქ დამცვდნენ. _მოხვედი უკვე?_გაუკვირდათ მე რომ დამინახეს. _ბებია როგორ არის?_შეშფოთებულმა ვიკითხე. _ექიმებმა შეიყვანეს. ველოდებით. _რა დიაგნოზი დაუსვა სასწრაფოს ექიმმა. _არ ვიცი შვილო, მედიცინის ენაზე ლაპარაკობდა. გამოვა ექიმი და გვეტყვის. გვანცაც მალევე შემოვიდა. როგორც აღმოჩნდა, ნაცნობი ყავდა ამ კლინიკაში, უცბადვე დაფაცურდა და გამიგო, რომ ბებიას გულის შუნტირებას უკეთებდნენ. _შუნტირებას?_გამიკვირდა._გულის პრობლემები არასდროს ქონია. ახლა რა მოუვიდა? _ათეროსკლეროზიაო როგორც მითხრეს. ოთხი საათი გაგრძელდება ოპერაცია და ასე რომ დაველოდოთ._მოსაცდელში სკამზე ჩამომსვა გვანცამ და თვითონაც გვერდით მომიჯდა._ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი მეორე ადამიანი იკეთებს გულის შუნტირებას, ასე რომ დაწყნარდი. სათქმელად ადვილი იყო, რა დამაწყნარებდა? მართალია თედო ექიმი მიშლიდა, მაგრამ ნერვიულად მაინც მოვყევი ფრჩხილების კვნეტას და თანაც ისე ძირში დავიკვნიტრე, ლამის თითებიც ზედ მივაყოლე. გვერდით რომ მყოლოდა, დარწმუნებული ვარ, მადიან სილას გამაწნავდა ტუჩებში და ღირსიც ვიქნებოდი. ადგილს ვერ ვპოულობდი სად დავმჯდარიყავი ან დავმდგარიყავი, რომ დროს შეუმჩნევლად გაევლო. ნათიამ და ლიკამ რამდენჯერმე დაურეკეს გვანცას და ბებიას ამბავი იკითხეს. თედო ექიმმაც დარეკა და ჩემთან დალაპარა ისურვა, მაგრამ მე არ დაველაპარაკე. მარტო მასთან კი არა, არავისთან არ მქონდა ლაპარაკის თავი. მითუმეტეს, რომ საყვედურს მეტყოდა, რატო არ გამაგებინეო. ტანჯვა-წამებაში გაიარა იმ ოთხმა საათმა, სანამ ბებიას ოპერაციას უკეთებდნენ. უკვე კარგად გათენებული იყო, რომ საოპერაციოდან გამოიყვანეს და ექიმიც დამელაპარაკა. მხოლოდ ის გავიგე, რომ პაციენტი სტაბილურადაა და ნახვა შეგიძლიათო. მაშინვე მის სანახავად გავიქეცი. დაცვის ბიჭმა პირადობა რომ მომთხოვა, ძლივს მივაგენი ჯიბეში და გაწვდის დროს დამივარდა კიდეც. _ნუ ჩქარობ და ნუ ნერვიულობ. დაწყნარდი რა._გვანცა ჩემს დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ რა დამამშვიდებდა? ბიჭმა პირადობა რომ დამიბრუნა, კისრისტეხით ავირბინე უშნოდ აწოწილი რამოდენიმე საფეხური და ლიფტის კაბინაში კი არ შევედი, შევვარდი. გვანცაც უკან მომყვა. ახლა ის, რომ ყოველ სართულზე ჩერდებოდა და მგზავრებს ხან იმატებდა და ხან იკლებდა, ნერვებს მიშლიდა და უკვე ზღვარზე ვიყავი, საცაა კივილს დავიწყებდი. როგორც იქნა ავედით მეათე თუ მეთერთმეტე სართულზე და ბებიას ძებნა დავიწყე. მალევე მივაგენი. მშვიდი სახით იწვა მთლად გადაფითრებული. მე რომ დამინახა, გაუხარდა. _კარგად ვარ შვილო, არ ინერვიულო._მე კი დამამშვიდა მაგრამ თვითონ მაინც ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი. _როგორ ხარ ბებია, ტკივილები ხომ არ გაწუხებს?_მივედი და მის სასთუმალთან ჩავიმუხლე. _არა შვილო, კარგად ვარ. არ მინდოდა შენთვის ეთქვათ, მაგრამ ეს ცისმარა არ გააჩერებდა იმ თავის გრძელ ენას ალბათ... _მასზე ნუ ბრაზობ. კარგია რომ მითხრა. ნათიამ და ლიკამ მოგიკითხეს. გვანცაც აქ არის._შუბლზე ფრთხილად და დიდი სიყვარულით გადავუსვი ხელი._მართლა შეგვაშინე... _ნუ გეშინია, არაფერი მომივა ჯერჯერობით. ჯერ შენს გათხოვებას უნდა მოვესწრო და შვილთაშვილსაც, ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან._გაიცინა._თედო ექიმი როგორ არის? როცა ნახავ, მომიკითხე. _აუცილებლად გადავცემ შენგან მოკითხვას._დავიხარე და ნამიან ლოყაზე ვაკოცე. მოგვიანებით გვანცაც შემოვიდა. როგორც გაარკვია, საპენსიო დაზღვევა ქონდა და სახელმწიფო აფინანსებდა. მართალია სრულად ვერა, მაგრამ ასე ვთქვათ კაპიკების გადახდა მიწევდა მხოლოდ. შვიდი დღე გააჩერებდნენ აქ. ჭამა ამათი იყო და თავზე დგომაც საჭირო არ იყო. ნახვის საათები კი ოთხის მერე იყო. დიდხანს ვეღარ გავჩერდი ბებიასთან. მისმა დაქალებმაც მოინახულეს და ამდენი მნახველით არ გადაღალოთო ექთანმა. ბებიას დავემშვიდობე. შევპირდი, რომ ისევ მოვინახულებდი. მერე მე და გვანცამ ცისმარა და ეთერა სახლში გავიყვანეთ და იქიდან კი სამსახურში გავწიეთ. _დღესაც ჩვენი ცვლაა ხომ იცი?_გვანცამ შეწუხებული ხმით მკითხა._რა წამოუვლის ხოლმე ხანდახან ამ ჩვენს მზიას, ვერ ვხვდები. მიხაროდა, ამ წელს მაინც სახლში შევხვდები-მეთქი ახალ წელს და შენც არ მომიკვდე, ხელათში შეგვიცვალა ამ ქალმა გრაფიკი. ჩემი ნება რომ იყოს, მივახრჩობდი. თავის ნებაზე როგორც უნდა ისე გვათამაშებს. არ გინდა ხვალამდე დღევანდელი დღის გადაგორება? _ოღონდ ბებია იყოს კარგად და თუ გინდა ერთი კვირა ვიმორიგევებ... _უყურე შენ, რა ყოჩაღია._ირონიული ღიმილით გადმომხედა გვანცამ._მზიას არ გააგებინო ეგ, თორემ სიამოვნებით გამუშავებს ათ დღეს. გვანცა მართალი იყო. მართლაც სჭირდა ასეთი რაღაცეები ჩვენს მზიას. თუ დათანხმდებოდი იმაზე ნაკლებს რასაც იმსახურებდი. მიიღებდი იმაზე ნაკლებს რასაც დათანხმდებოდი. მოკლეთ ასეთი პრინციპის ქალი იყო. სამსახურში დაბრუნებულებს მზიამ გვარიანად დაგვცოფა უპასუხისმგებლობისთვის. მაგრამ ყველაზე მეტად თედო ექიმის საყვედური მეწყინა. _ხომ გითხარი მე წაგიყვანდი, რატო არ მითხარი და რატო გაიპარე? _ჩემს გამო არ მინდოდა პრობლემები შეგქმნოდათ... _რას ქვია, შენს გამო?_გაუკვირდა_მე რომ რამე მიჭირდეს, გამოდის შენ არ უნდა მოგმართო? _ეგ რა შუაშია?_სასაცილოდ ავაფახულე თვალები. _აბა, შენ არ მივალიანებ იმის გამო, რომ ვალში არ იყო ჩემთან... კარგი, მოვრჩეთ ახლა ამაზე ლაპარაკს._მოვიდა და გულში ჩამიხუტა._ანიკო ბებია როგორ არის? _შუნტირება გაუკეთეს. ახლა უკეთესადაა. მოკითქვაც კი დამაბარა თქვენთან. _ცვლას მოვრჩები და მოვინახულებ. შენთან ერთად მოვდივარ იცოდე და კიდევ არ გამექცე და არ გამეპარო._თავი ამაწევინა და შუბლზე მაკოცა. _კარგი._დავთანხმდი._ცვლას რომ მოვრჩებით, წავიდეთ. ჩემს ჯიბრზე ის დღე გადატვირთული გვქონდა. პაციენტთა ნაკადი არ წყდებოდა, რომელთა უმრავლესობა არასრულწლოვან ბავშვებს წარმოადგენდა. გაუმართავი საპილოტე სისტემით იყვნენ დაზიანებულები. ხუთი წლის ბავშვს ცერა თითის ამპუტაციაც კი დასჭირდა ისე ქონდა დაზიანებული. ყველას თავისი თავი გასჭირვებიაო ნათქვამია და მე ჩემი დარდი მქონდა. მედარდებოდა ბებია როგორ იყო. ორჯერ დავურეკე და დამამშვიდა, კარგად ვარო, მაგრამ მან ყოველთვის ასე იცოდა და ეჭვი მეპარებოდა მის ნათქვამში. "სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო" და ვერ ვუჯერებდი, რომ არაფერი აწუხებდა. ღამით შედარებით სიმშვიდე გვქონდა. რიგრიგობით გამოვიძინეთ კიდეც ყველამ და როგორც იქნა ჩვენი ცვლაც დასრულდა. თედო ექიმი როგორც დამპირდა, ბებიას სანახავად გამომყვა. გამომყვა კი არა და უფრო მან წამიყვანა. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. ბებიას გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობდი იმ წუთას. ცალკე ის მაშფოთებდა, რომ ნახვის საათები არ იყო, თუმცა თედო ექიმის დამსახურებით უპრობლემოდ შევედით მის პალატაში. პატარა ბავშვივით გაუხარდა ორივეს ერთად ხილვა. თვალებიც კი აუწყლიანდა. _რა გატირებს?_შევშფოთდი და მის წინ სასთუმალთან ჩავიცუცქე. _სიხარულის ცრემლებია ეს, ნუ ღელავ._მერე ჩურჩულით დააყოლა._მის გვერდით რომ გხედავ ბედნიერზე ბედნიერი ვარ. მინდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყოთ. მასზე უკეთესს ვერავის ვერ ინატრებ ჩემო ლამაზო... _კარგი ბებია, ახლა ამაზე სალაპარკოდ არ მოვსულვართ. სირცხვილია._მეც ჩურჩულით გავაჩუმე. ჩურჩულს რომ მოვრჩით, მერე თედო ექიმიც მოუახლოვდა ბებიას. _აბა როგორ ხართ ქალბატონო ანიკო?_თან თავისი საფირმო ღიმილით შეჰღიმა. _ძალიან კარგად შვილო, ძალიან კარგად. ექიმებიდან მოყოლებული სანიტრებით დამთავრებული, ყველა კარგად მექცევა. ეგ არის მხოლოდ, უმარილო საჭმელები აქვთ და გემო ვერაფერს ჩავატანე._გაეცინა. _არაუშავს, აქ ასეთი დიეტური საჭმელები აქვთ. სახლში რომ გამოგიყვანთ, იქ მოვულხინოთ მერე._ღიმილით დაამშვიდა თედო ექიმმა. კარგა ხანს დავრჩით ბებიასთან. ცოტა ხნით თედო ექიმმა დაგვტოვა და რომ დაბრუნდა, მალევე წამოვედით. _ღამეგატეხილები ხართ შვილო, ჯობია წახვიდეთ და დაისვენოთ, მე რას შემომყურებთ ცბიერ მოხუცს? როცა მინდა დავიძინებ და როცა მინდა გავიღვიძებ. თედო ექიმს გულიანად გაეცინა ბებიას ნათქვამზე. მართლაც, დავემშვიდობეთ და წამოვედით. _ნუ ღელავ, ექიმს ველაპარაკე და კარგი მდგომარეობა აქვს. თვითონვე გაკვირვებულია, ამ ხნის ქალი ასეთი ყოჩაღი და დამჯერიაო. აქედან რომ გამოვა, მეორე დღეს დაჯდომა შეეძლება, მეამე დღეს კი ადგება. მეექვსე დღიდან კი კიბეზე ასვლაც შეეძლება. თვენახევარში სრულად გამოჯანმრთელდება და ჩიტივით იქნება. აი, ნახავ, ყოჩაღი ბებია გყავს და დროზე ადრეც კი გამოჯანმრთელდება. _მესმის, რომ ცას ვერ შეაბერდება სამოცდაჩვიტმეტი წლის ქალი, დღეს იქნება თუ ხვალ, მაინც დამტოვებს, მაგრამ მე არ მინდა. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, გამიჭირდება... _დამშვიდდი, ჯერჯერობით არ აპირებს შენს მიტოვებას და ნუ ნერვიულობ... ცვლის დაწყებამდე გამოგივლი, ბებია მოვინახულოთ და ერთად წავიდეთ სამსახურში. კარგი?_გადმოიხარა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. შემრცხვა. არ მინდოდა მეზობლებს დავენახე და საწრაფოდ გადავედი მანქანიდან. თედო ექიმიც გადმომყვა. _არ მპირდები, რომ დამელოდები და ერთად წავალთ?_წინ გადამეღობა. _გპირდები... _აბა, რა გჭირს? _არაფერი, უბრალოდ დავიღალე და დასვენება მინდა. _კარგი._კიდევ რომ გადმოიხარა საკოცნელად, გავექეცი. მეზობლებს ხომ მეტიც არ უნდოდათ ასალაპარაკებლად? სულ ქაქანით ავირბინე კიბეებზე და ბინაში რომ შევვარდი, სამზარეულოს ფანარას მივაშურე, იქიდან გადავიხედე მალულად. მაინტერესებდა, თედო ექიმი ისევ იქ იყო თუ არა, მაგრამ მისი მანქანა მოსახვევში გადიოდა უკვე. მაშ რა მეგონა, უკან გამომეკიდებოდა თუ, კორპუსის წინ დღე და ღამე დამელოდებოდა?.. მეზობლების მომერიდა, თორემ მის კოცნაზე ხომ არც მე ვიტყოდი უარს? ამ ჩემი ქცევებით დავაფრთხობდი ვითომ და მობეზრდებოდა ჩემი დევნა? თუმცა, თუ მართლა ვუყვარდი, ხომ უნდა გაეგო ჩემიც? ათასი არგუმენტით დავიმშვიდე ვითომ თავი, რომ თუ ვუყვარდი, ასეთი მორიდებული და კდემამოსილიც ვეყვარებოდი, მაგრამ მაინც ვღელავდი. იქნებ, ჩემი სიცივე და ზედმეტად თავის დაფასება ყელშიც ამოსვლოდა და ვინც სითბოს და სიყვარულს აჩვენებდა, (მაგალითად ქეთი), იმას გაკიდებოდა? ქეთის გაკიდება კი სულაც არ უნდოდა, აქეთ ეკიდებოდა კისერზე... იქნებ, ასეთი გოგოებიც არ ხიბლავდა, ინიციატივას რომ იჩენდნენ და თამამ და თავისუფალ ურთიერთობას რომ სთავაზობდნენ? მოკლეთ, აღარ ვიცოდი რა მექნა და როგორ მოვქცეულიყავი. ერთი მე თუ სითამამეს მიჩიჩინებდა, მეორე თავის დაფასებას მთხოვდა. გოგოს ყოველთვის ხომ თავის დაფასება მართებდა? მოკლეთ, ამ გაწამაწიაში წინა საახალწლო დალაგებ-დასუფთავება დავიწყე და ფიქრებთან ჭიდილში ისე დავაღამე საქმეში, დაღლა ვერც კი გავიგე. საღამოს კი ბებიას დავურეკე. კარგად ვარო დამამშვიდა. ხმაც მხიარული ქონდა და გული მეც დავიმშვიდე. თუმცა, ღამით მარტოს გამიჭირდა სახლში ყოფნა. ბებიას მშვიდი ფშვინვის ხმა რომ არ მესმოდა, რაღაც მაკლდა და მოსვენებას მიკარგავდა. ბოლოს, მის ოთახში შევედი და მის საწოლში დავიძინე. გამაგიჟა იმის გაფიქრებამ, რამე რომ მოსვლოდა, მარტოს რა უნდა მექნა? საშინლად გამიჭირდებოდა ცხოვრება. ალბათ, ვერც შევძლებდი. დილიდან ისევ საქმეს მივყავი ხელი. ასეთი ჩვევა ბებიამ ჩამომიყალიბა, რომ ახალი წლისთვის ყველაფერი დალაგებულ-დასუფთავებულ-დარეცხილი უნდა მქონოდა. ჩემი სამსახურის გამო კი წინ და წინ დავიწინაურე საქმე. საღამოს კი დავიტვირთე ხილით და ბებიას ვესტუმრე. შედარებით კარგი ფერი ქონდა და სახეზეც მხიარული ეშმაკუნები დასთამაშებდნენ. მას კი უყვარდა თავის მოჩვენება, რომ მე არასდროს მენერვიულა, მაგრამ აშკარად კარგად იყო. ექიმმაც დამიდასტურა, რომ უკეთესი მდგომარეობა აქვსო. კლინიკიდან გამოსულს ზურა შემხვდა, ჩემი სამართალდამცავი კლასელი. _ვა, წკიპა?!_ისევ ამ მეტსახელით რომ მომმართა, გავბრაზდი._აქ რას აკეთებ?_გაუკვირდა. _ბებია წევს, გულის ოპერაცია გაიკეთა და სანახავად ვიყავი. _რას ამბობ, ანიკო ცუდადაა?_გაუკვირდა._მისი ავადმყოფობა ვის გაუგია? ხმალამოღებული და ძლიერი ქალია. სიამოვნებით ვნახავ. კლინიკაში შემაბრუნა და ბებია მოინახულა. ბებიასაც გაუხარდა მისი ხილვა. კარგა ხანს იჭუკჭუკეს ძმაკაცებივით. იქიდან რომ წამოვედით კი, უკვე კარგად ბნელოდა. _ახლა მარტო ხარ სახლში?_რაღაც ისე მკითხა, არ მომეწონა მისი ეს შეკითხვა. _სახლში არ ვარ, ჩემს მეგობართან ვრჩები. ბებიას გარეშე სახლი გამოცარიელებულია და მიჭირს. ხან კი, თვითონ გვანცა მოდის და ის რჩება ჩემთან._ისე მოხერხებულად ვიცრუე, ოსკარს უეჭველი დავიმსახურებდი. _კარგია მასეთი მეგობრები რომ გყავს._მომიწონა. იქვე დამემშვიდობა და მარტო წამოვედი სახლში. რასთან დაკავშირებით მკითხა, ვერ მივხვდი. ზურა მართლა არ იყო ისეთი ბიჭი, ვინმეს სისუსტით ესარგებლა და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, მაგრამ მაინც დამაფრთხო და მიტომ ვიცრუე. იქნებ, შეიცვალა კიდეც რაც სკოლა დავამთავრეთ? თუ არა და, საკუთარ თავს არ ვენდობოდი ზოგჯერ და ზურას ნდობა შეიძლებოდა ვითომ? ისე შემაფიქრიანა ამ აზრმა, რომ გოგოებს სათითაოდ დავურეკე და ბოლოს ნათია დამთანხმდა ჩემთან ღამის გათევაზე. მეტროსთანვე დაველოდე. სხვათაშორის მალევე მოვიდა და ერთად წავედით ჩემს ბინაში. გვარიანად ვიხალისეთ და ვიგიჟეთ. კიდევ კარგი მოვიფიქრე ეს ხრიკი, თორემ ზურა მართლაც მომადგა ტკბილეულით ხელში. _გოგოები ჩემთან რჩებიან ხოლმეო და ვიფიქრე შენს დაქალებს გამაცნობდი._კარი რომ გავუღე, შამპანურის ბოთლი და მოზრდილი ბამბანერკა დამანახა. დავიბენი. არ ვიცოდი რა მექნა, შემომეპატიჟებინა თუ არა ეს ვითომ უწყინარი ბიჭი. მართლა უბრალოდ ჩემი დაქალების გასაცნობად იყო მოსული თუ გადამამოწმა მარტო ვიყავი თუ არა? _სხვა დროს იყოს, ახლა უკვე დაძინებას ვაპირებდით._მოვიმიზეზე. _ასე ადრე?_გაკვირვებულმა დაიხედა საათზე._ცხრა ახლა შესრულდა მხოლოდ. _დილიდან ცვლაში ვართ და გამოძინება არ გვაწყენდა._მკაცრად ვუთხარი. _კარგი მაშინ და რა გაეწყობა, ესენი მაინც გამომართვი._საჩუქრები გამომიწოდა. ბედად ნათიამაც გამომხედა. ალბათ დააინტერესა ვინ იყო ამდენ ხანს რომ ველაპარაკებოდი კარში. _აა, ამ გოგოს ხომ ვიცნობ._გაეცინა ზურას._შენ ის არ ხარ, ჰოსპიტალში მიმღებში რომ მუშაობს? _მერე და რა რომ ვმუშაობ?_გაიმკაცრა ნათიამაც ხმა._დანაშაულია ეგ ფაქტი ვითომ და უნდა დამაპატიმრო? _არა, რა სისულელეა,_ითაკილა ზურამ,_ნუკის დაქალების გასაცნობად მოვედი აქ და შენ დამხვდი... _მერე და არ შეიძლება რომ მე ნუკის დაქალი ვიყო?_ისე სასაცილოდ და მიამიტურად ააფახულა ნათიამ თვალები, ღიმილი ძლივს შევიკავე. _როგორ არა._აშკარად დაიბნა ზურა._სხვა რამ უნდა მეთქვა და სულ სხვა რამ გამომივიდა. _ეს ჩვენს გასაცნობად მოიტანე?_ხელში შერჩენილ შამპანურზე და ტკბილეულზე ანიშნა. _კი._გაეღიმა ზურას. _კაი, დიდი მადლობა._ოსტატურად ჩამოართვა._შენს სადღეგრძელოს აუცილებლად დავლევთ. დიდი მადლობა. რა სამწუხაროა გვიანი რომ არის და სახლში ვერ შეგიპატიჟებთ. არაუშავს. სხვა დროს უფრო ადრე მოდი, ან კაფეში დაგვპატიჟე და უარს არ გეტყვით._ცხვირწინ მიუხურა კარები და სამზარეულოში გავიდა თავისი ნადავლით ხელში. ერთხანს გაოგნებული ვიდექი და ისევ მიხურულ კარს მივჩერებოდი. ასე უხეშად და ოსტატურად მე მართლაც ვერ მოვიშორებდი ამ ბიჭს აქედან. ცოტა შემრცხვა კიდეც და შემეცოდა ზურა. ნათიამ რომ ხმაურით გახსნა შამპანური, მაშინ გამოვერკვიე და მეც სამზარეულოში შევედი. _ტყუილი არ მითქვია. მართლაც დავლევთ იმ ბიჭის სადღეგრძელოს. გაუმარჯოს._შუშხუნა შამპანურით ნახევრამდე სავსე ფუჟერი გამომიწოდა, მერე თვითონაც ხმაურით მომიჭახუნა და სიამოვნებით გადაყლურწა._ეტყობა, კარგად ერკვევა შამპანურებში, ან ყველაზე ძვირიანი იმიტომ წამოიღო, რომ თავი მოეწონებინა შენთვის... არ მიყვარს მასეთი ბიჭები, ქალის სისუსტით რომ სარგებლობენ. გაიგო მარტო იყავი და მოგაკითხა, იქნებ რამე გამომივიდესო? _არ ვიცი, ზურა მასეთი არ არის. მეც მიკვირს. იქნებ, მართლაც ჩემი დაქალების გაცნობა ქონდა გეგმაში და სხვა არაფერი?_მისი დაცვა ვცადე. _ვერ გაიგებ. ბავშვობაში სულ სხვანაირები არიან ბიჭები. მერე კი რომ იზრდებიან და ჰორმონები ეძალებათ, სულ სხვანაირები ხდებიან. ვერავის დაუფიცებ. ერთი ფუჟერი რომ ჩამოცალა, მეორედაც შეივსო. _ამით კი ჩვენ გააგვიმარჯოს. სულ კარგად ვიყოთ და მაგრად. ერთმანეთის ატანა და გატანა გვქონოდეს ყოველთვის... ბამბანერკაც რომ ძვირადღირებული შეურჩევია._გაიცინა და ისიც გემრიელად მიაყოლა._კიდევ კარგი აქ გყავდი და კუდამოძუებული გავაქციე აქედან, თორემ ვინ იცის რას მოიმოქმედებდა. მართლა ვერ დამეჯერებინა ის ფაქტი, რომ ზურა მექალთანე იყო და ჩემთან იმიტომაც იყო მოსული. _ნუ ხარ მასეთი მიამიტი რა._დამტუქსა ნათიამ._ვიცნობ მაგისთანა ბიჭების მოდგმას. ისე ოსტატურად შეგაბავენ, თუ მიუხვდი და საყვედური უთხარი, აქეთ გსაყვედურობენ, მე ცუდი არაფერი მიდევს გულში და შენ რა აზრები გაწუხებსო... კარგი ქენი რომ დამირეკე და მეც მოვედი. არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ზოგს იმის გამბედაობა არ ყოფნის ქალს ვაჟკაცურად მიუდგეს და ისე შეაბას. ასეთი კაცებიც არსებობებ, რომ სიტუაციებით სარგებლობენ. _რა ვქნა, მიჭირს ზურაზე მასეთი რამის დაჯერება. რამე რომ სდომოდა, კლინიკის ეზოში შემხვდა და იქიდანვე არ გამიშვებდა. გინდაც ახლა, ცივად გატრიალდა და წავიდა. მოძალადე რომ ყოფილიყო, ორ გაჩხიკნულ გოგოს ვერ გაგვიმკლავდებოდა ვითომ? _ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები არ იცი შენ? ხო და შენი ზურაც მასეთია. ყველაფერში გვერდში დაგიდგება, ვითომ შენი გასაჭირი გულთან მიაქვს ძალიან. ნდობას მოიპივებს და მერე ისე გიღალატებს, შენ რომ ვერც გაიაზრებ. მთელი ღამე იმაზე ფიქრით დავიტანჯე, მართლაც მასეთი უნამუსო იყო თუ არა ზურა. ვითომ, ნათია მართალი იყო მის შეფასებაში? ზოგადად, ყველაფერს გაზვიადებულად აღიქვამდა, მაგრამ არასდროს რომ არ ცდებოდა ადამიანებში, ეს კი უდავო იყო. დილაადრიან კი თედო ექიმმა რომ მომაკითხა, ჯერ ისევ ვიწექი. ნათიამ გაუღო კარი და შემოიპატიჟა. _ყოველთვის ეს დაცემა ბიჭები რატო გესევიან როგორც თაფლს ფუტკარი?_საძინებელში რომ შემოიჭყიტა ჩურჩულით შემომღიმა._ადე დროზე, პრინცმა მოგაკითხა. გვიან გამახსენდა თედო ექიმი რომ უნდა მოსულიყო და საწოლიდან შეშფოთებული წამოვფრინდი. _გადი, დაელაპარაკე სანამ ჩავიცმევ, სირცხვილია, ბებიას სანახავად უნდა წავიდეთ. ნათია მაშინვე გატრიალდა და სანამ მე ჩიხტიკოპი დავიდგი, მან ყავის მოდუღებაც კი მოასწრო და წუხანდელ ზურას მოტანილ ტკბილეულთან ერთად გემრიელად მიირთმევდნენ მათთან როცა შევედი. _შენთვისაც მოვადუღე, მაგრამ იმდენი ხანი იპრანჭებოდი, მგონი გაცივდა კიდეც._ეჭვით შემომღიმა ნათიამ. თედო ექიმს რომ ჩაეღიმა, შემრცხვა. რა იყო ახლა ეს? რომ არ დავებეზღებინე იპრანჭებოდიო, გული გაუსკდებოდა ვითომ. მივედი, დივანზე ჩამოვჯექი და ჩემს ყავის ფინჯანს გადავწვდი. _ბოდიში, ადრე მომივიდა მოსვლა._დამნაშავის იერით შემომღიმა._მაგრამ ბებიას სანახავად დრო დაგვეკარგება და სამსახურში რომ არ დაგვაგვიანდეს ამიტომაც მოვედი. _არაუშავს თედო ექიმო, ჩვენც მასე ვგეგმავდით, უბრალოდ ცოტა დაგვასწარით._თავისებური ეშმაკური ღიმილით დაამშვიდა ნათიამ. ბებიასთან მართლაც დაგვეკარგა დრო. თედო ექიმმა კარგად გათვალა. ნათიას ხილვა ხომ გაუხარდა ბებიას, მაგრამ თედო ექიმისა უფრო. დიდხანს შემოვრჩით და ბევრი ვილაპარაკეთ. მერე კი სამსახურშიც წავედით. კიდევ კარგი არ დაგვიგვიანია, თორემ მზიას რაღა გაუძლებდა. თედო ექიმსაც მოგვაყოლებდა მე და ნათიას. შედარებით მშვიდი დღე გვქონდა. სამაგიეროდ ქეთი არ მისვენებდა. ხან სად მაგზავნიდა და ხან სად შიკრიკად. სხვებს თუ შეღავათიანი დღე ქონდათ, მე მაინც გადარბენაზე ვიყავი და ქანციც გამძვრა. თედო ექიმსაც არ ეცალა. ხან თათბირზე იყო, ხან გამოძახებაზე და ერთმანეთს ფაქტიურად დილის მერე არც კი შევხვედრივართ. საღამოს კი დერეფანში გადავაწყდით ერთმანეთს. _როგორ მომენატრე._ჩურჩულით მითხრა და მკლავები მჭიდროდ მომხვია, გულში რომ ჩამიხუტა, მუხლებში თითქოს სისუსტე ვიგრძენი და თვალებმინაბული გავინაბე. რას შევადარო მისი ჩახუტება არ ვიცი. ვერ აღვწერ ისეთი სიმშვიდე და საოცარი ნეტარება მომგვარა მისი თბილი სხეულის შეხებამ. მართლაც მჭირდებოდა ამ ბიჭის სიახლოვეს ყოფნა, თორემ გავგიჟდებოდი ალბათ და ჭკუიდან შევიშლებოდი. _არ გშია?_ინტერესით მკითხა._ მე საშინლად მომშივდა. ვერ ვივახშმე. წამოდი, ჩემმა დამ რაღაც სასუსნავი გამომიგზავნა, ერთად ვჭამოთ._ხელი მომხვია და თავის კაბინეტში ისე შემიყვანა, ჩემს პასუხს არც კი დალოდებია. ისე, უარს რომ არ ვეტყოდი, ალბათ სახეზე მეწერა, რადგან მეც საშინლად მშიოდა. მაგიდაზე მართლაც ედო მოზრდილი ყუთი და როგორც მივხვდი, პიცა იყო. არც შევმცდარვარ. პიცაც გემრიელად მივირთვით და კოკა-კოლაც დავაყოლეთ. _ასეთ გემრიელობებს თეკლა აცხობს?_თითები მადიანად გავილოკე და მეორე ნაჭერსაც გადავწვდი._მომეწონა. _ეს რომ გვშია იმიტომ გვეჩვენება გემრიელად._გაეცინა._ან, ძალიან მოინდომა ჩემმა დამ. სამზარეულოში იშვიათად ტრიალებს. მზა საკვებს უკვეთავს ყოველთვის. შეიძლება, ესეც შეკვეთილია... ეგ კი არა, შენთვის საჩუქარი მაქვს, ვახშამს რომ მოვრჩებით, შემახსენე, შეიძლება დამავიწყდეს, ბოლო დროს სკლეროზი დამჩემდა რატომღაც._ გაეცინა. _თქვენთან სკლეროზს რა უნდა?_შევიცხადე. _უნდა თუ არ უნდა, კი მავიწყდება რაღაც-რაღაცეები უკვე. მაგალითად, ამ დილით მაცივარში ტელეფონი შევდე რატომღაც... კვერცხს ვწვავდი და გაზქურაზე ტაფის დადგმა დამავიწყდა და პირდაპირ გაზქურას დავახალე კვერცხი._გულიანად გაიცინა._ბევრი რამე მავიწყდება. _ეგ უფრო გაფანტულობის ბრალია. _გაფანტულობის ბრალი?_დაეჭვდა._მე კი სიყვარულის მგონია. _სიყვარულის?_გული შემიქანდა. _ხო, რაც შენ გაგიცანი, მას მერე დამჩემდა ეს უცნაურობები. დავიბენი. ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი. ასე მოხერხებულად და ორიგინალურად მიხსნიდა სიყვარულს და რაღა მქონდა სათქმელი? გამოდის, მართლა ვუყვარდი და ბედნიერი ღიმილით შევყურებდი მის ყოველ მიმიკას. ბებია მართალი იყო, თედო ექიმი არაჩვეულებრივი ქმარი იქნებოდა და მის გვერდით მართლაც დედოფალივით ვიცხოვრებდი. პირველ რიგში, ზრდილობიანი იყო. იცოდა ქალის პატივისცემა. ვუყვარდი და ჩემს ხელში ჩაგდებას ბინძური ხრიკებით არ აპირებდა და რაც ყველაზე მთავარი იყო, მეც სიგიჟემდე მიყვარდა... პიცის ჭამას რომ მოვრჩით, ქეთიმ დაგვირღვია მყუდროება. _უი, თედო, რომანტიკული ვახშამი გქონდათ? ბოდიში, ხელის შეშლა არ მინდოდა._რაღაც ძალიან ცინიკურად თქვა თითქოს._მომწყინდა საორდინატოროში ყოფნა და შენთან სალაპარაკოდ შემოვედი. არც აღარავინ შემოყავთ, რომ ცოტა გული გადავაყოლო, თორემ ლამისაა ჩამომეძინოს. _დაიძინე თუ გეძინება, მართლაც შედარებით მშვიდი მორიგეობა გვაქვს და რიგრიგობით გამოვიძინოთ._უფლება მისცა თედო ექიმმა. _არა, იყოს, არ მეძინება._სკამზე გამომწვევად ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო._ნუკი, შეგიძლია გახვიდე და ყავა შემომიტანო?_ახლა მე მომიბრუნდა და ისეთი თვალებით შემომხედა, მისი მოხრჩობა მინდოდა. იცოდა, რომ ჩემსა და თედო ექიმს შორის უხილავი ძაფები იყო გაბმული და ერთმანეთისკენ სიხარულით მივილტვოდით და მაინც ჩვენი მყუდროების დარღვევას შეგნებულად ცდილობდა. უკმაყოფილო სახით წამოვდექი და ყავის მოსატანად წავედი. _თქვენც დალევთ თედო ექიმო?_გასული ისევ შემოვბრუნდი. _ექიმო?_გულიანად გადაიკისკისა ქეთიმ._ლამის ერთად წევხართ უკვე და მაინც თედო ექიმია? კარგი რა ნუკი, ნუ ხარ ძველმოდური. _ძველმოდური სულაც არ ვარ. უბრალოდ, მე პატივს ვცემ... _ნუ მაცინებ რა._საზიზღრად გადაიკისკისა._მთელმა განყოფილებამ იცის თქვენი სიყვარულის ამბავი და სირცხვილია. ისე გამოვტრიალდი და ყავის მოსატანად ისე წავედი, რომ თედო ექიმის პასუხი არც გამიგია. ქეთის გამოვერიდე, თორემ ალბათ მართლაც მივახრჩობდი ამ გველაძუას. ყავა ჩემთვისაც ჩამოვისხი და სამი ჭიქით ხელში კაბინეტში რომ შევედი, ქეთი რაღაც ყვებოდა და საეჭვოდ კისკისებდა. მე რომ შევედი, მაშინვე გაჩუმდა. თავი ძლივს ავიყვანე ხელში და ნერვები ძლივს მოვთოკე, თორემ თავზე დავაქცევდი ამ ქოფაკს ქაფქაფა ყავას. _რას გიგავს ფრჩხილები, იკვნიტავ?_ვითომ ძალიან შეიცხადა._არაესთეტიური და ამაზრზენი სანახავია. პატარა ბავშვი ხარ ეს მავნე ჩვევა რომ გახასიათებს?_ჩემს დამცირებას მოყვა თედო ექიმის თვალში. _რას იზავ, ყველას გვაქვს ესა თუ ის მავნე ჩვევა._სერიოზული გამომეტყველებით უთხრა თედო ექიმმა._მე, მაგალითად სიგარეტს მივეჩვიე და ვერ ვიშლი. ექიმი ვარ, სხვას ვუშლი და მე თვითონ კი ვეწევი. არა და, რაც აქ დავიწყე მუშაობა და ღამის ტეხვა მიწევს, მას მერე დავეჩვიე. _სიგარეტს ყოველი მეორე ადამიანი ეწევა. ქალებიც კი ეწევიან და დიდი ამბავი, თუ შენც მოწიე. _ფრჩხილებსაც ყოველი მეორე ადამიანი იკვნეტს. არაუშავს, გადაეჩვევა, დავეხმარები. შენც გქონდა მავნე ჩვევა, აბა გაიხსენე? რისთვის დაიმოკლე თმა? იმიტომ ხომ არა, რომ თმის ბოლოებს იღეჭდი?_თედო ექიმმა აშკარად გაბრაზებულმა თქვა თითოეული სიტყვა და ქეთის ნამდვილად არ მოეწონა ეს ამბავი. ჯერ ერთი, ვის მოსწონს მავნე ჩვევებზე რომ მიუთითებენ და ახლა იმ ადამიანის თანდასწრებით, ვისზე მაღლაც უჭირავს თავი? ესე იგი, ჩვენი ქეთი ძროხასავით იცოხნიდა თავის თმას?_ამის გაფიქრებაზე გამეცინა და აშკარად მიხვდა რომ მას დავცინოდი. ჩვენს შორის ისედაც იყო ფარული ქიშპობა და ახლა მტრობაც რომ დაემატა, ცხადი იყო. დიდხანს აღარ დარჩენილა ქეთი ჩვენთან. ყავა სვენენ-სვენებით და კრუსუნით დალია და ისევ მარტო დაგვტოვა. _არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ მაიძულა._თავის მართლებას მოყვა თედო ექიმი._ხო, მართლა, შენთვის საჩუქარი რომ უნდა მომეცა._საწერი მაგიდის უჯრა გამოაღო და უფერული ლაქი ამოიღო იქიდან. _ფრჩხილების ლაქი?_გამიკვირდა და ჩემს უშნო ფრჩხილებზე დავიხედე. _ეს უბრალო ლაქი არ არის._ღიმილით დამაწყობინა მაგიდაზე ხელები და სათითაო ფრჩხილზე ფაქიზად და აკურატულად წამისვა._რომ გაშრება მერე კიდევ სცადე შენი ფრჩხილების კვნეტა._ნიშნისმოგებით მითხრა და ლაქის ბოთლი ჯიბეში ჩამიდო._გამოგადგება. ფრჩხილები მართლაც რომ შეშრა და პირში ჩავიდე, საშინელი მწარე და არასასიამოვნო გემო ქონდა. _რაო, არ მოგეწონა?_გაეცინა._ყოველ ჯერზე მასეთი გემო ექნება და იმედია, შეძლებ გადაჩვევას. _საჭმელი როგორ უნდა ვჭამო?_გავაპროტესტე, რადგან კარგა ხანს გამყვა პირში ის საშინელი გემო. _მინდა გითხრა, საჭმელზე არ გადადის ეგ გემო. უბრალოდ, ფრჩხილებს რომ დაუპირებ ჭამას, მას ექნება._ხელი მომხვია._არ იფიქრო, რომ შენი შეცვლა მინდა. მე ასეთი მომეწონე და შემიყვარდი როგორიც ხარ შენი განსხვავებული და უჩვეულო ხასითით. უბრალოდ, ბავშვობაში ჩემი დაც იკვნეტდა ფრჩხილებს და რიგი პრობლემები ქონდა პირის ღრუსა და კბილებზე თუ ფრჩხილებზე. ასეთი ლაქიც მის გადასაჩვევად გამოვიყენეთ. ეფექტური მეთოდია მინდა გითხრა. მავნე ჩვევები მეც მაქვს, არ ვუარყოფ და ძალიან გამიხარდება, თუ გადამაჩვევ. მის კაბინეტში კიდევ დიდხანს დავყავი. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ბავშვობაზე თუ ათას საჭირბოროტო საკითხებზე. აღარავინ შემოუყვანიათ და ოთხის მერე მართლაც სრული სიმშვიდე სუფევდა. ცვლის დასრულებისთანავე თედო ექიმიც გამომყვა და ბებია მოვინახულეთ. დღითიდღე უკეთესობა ეტყობოდა ბებიას და ეს მართლაც მახარებდა და მაბედნიერებდა. იქიდან სახლში დაბრუნებულს კი ისევ ნათია დამხვდა კართან ატუზული. _ამაღამ ისევ მე დავრჩები შენთან. არ მინდა იმ ვაჟბატონმა ისევ მოგაკითხოს და რამე გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. ზურა აღარ მოსულა. მე და ნათიამ კი ისე ვიგიჟეთ, ცისმარა ბებიამ ამოგვხედა, რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვთ, რა საშინელი ხმა ჩამოდის თქვენგანო. მეორე საღამოს გვანცა დარჩა ჩემთან და მაშინაც იგივე განმეორდა. მგონი, სანამ ბებიას გამოწერდნენ საავადმყოფოდან, ცისმარას გავუხეთქავდით გულს. იმ საღამოსაც არ მოსულა ზურა ჩემთან. დილით კი, მე და გვანცა, სამსახურში წასვლამდე ბებიასთან სანახავად რომ მივდიოდით, გზაში გადავაწყდით. აშკარად შერცხვენილი და შეწუხებული იყო. გვანცას დანახვაზე კი, სულ სხვანაირად აუჟუჟუნდა თვალები. წამიერად გამკრა იმ აზრმა, რომ იმ საღამოს, მე რომ ვუთხარი, გოგოები რჩებიან ჩემთან-მეთქი, ნამდვილად გვანცას სანახავად მოდიოდა. _მაშინდელზე ბოდიში, ცუდად გამომივიდა... შენი წყენინება არ მინდოდა... სხვანაირად ნუ გამიგებ. შენ ჩემი პატარა წკიპა დაიკო ხარ, მართლა ოღონდ და შენთვის ცუდს არასდროს მოვინდომებ._მე კი მელაპარაკებოდა, მაგრამ შიგადაშიგ გვანცას უმზერდა, რომელიც თავის ტელეფონში იყო ჩამძვრალი და სულაც არ აქცევდა ყურადღებას აღიარების ხასიათზე დამდგარ ზურას. დავრწმუნდი, რომ გვანცა მოსწონდა და მის გამო უფრო იყო მოსული. მაშინ, ნასვამი მოჩხუბარი ბიჭები რომ მოიყვანეს და მათ დაკითხვაზე მოვიდა, ეტყობა მოეწონა და გულშიც ჩაუვარდა. იცოდა, რომ მათთან ვმეგობრობდი და შანსის გამოყენება უნდოდა. შვებით ამოვისუნთქე, რახან ცუდი ზრახვები არ ამოძრავებდა ჩემთან მიმართებაში. თუმცა, მაინც მკაცრი გამომეტყველებით შევხედე, ოღონდ უსიტყვოდ. _მასეთ სიტუაციაში მეც სხვაგვარად ვიფიქრებდი, არ გამტყუნებ. ვიცი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მართლაც მეგობრული ვიზიტით გეწვიე. _კარგი, მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა ბებიასთან გვეჩქარება, მერე კი სამსახურში._გვერდი ავუქციე და გზა განვაგრძეთ. ჩემს თვალს არ გამოჰპარვია როგორი მზერა გამოაყოლა ზურამ გვანცას. გვანცას კი არც არაფერი შეუმჩნევია მგონი. თავისთვის თავჩაქინდრული სოციალურ ქსელში ერთობოდა. კლინიკაში მისულებმა კი ბებიაც გავახარეთ ჩვენი სტუმრობით და ჩვენც გავიხარეთ მისი ხილვით. ჩვეულებრივზე დიდხანს შევყოვნდით და სამსახურში შეგვაგვიანდა, თუმცა არავის შევუმჩნევივართ და საყვედურიც არ აგვიკვრია. ქეთი უკვე მოსული იყო და დერწფანში ნერვიულად გადი-გამოდიოდა. თედო ექიმი იგვიანებდა რატომღაც და მე ეს უფრო მადარდებდა და მაღელვებდა. მის გარეშე აშკარად აღარ მინდოდა სამსახურში ყოფნა და არა მარტო სამსახურში. ისე მივეჩვიე, რომ არ მოსულიყო, ალბათ გავაფრენდი კიდეც. არ ვიცი, დიდხანს ველოდე თუ ასე მომეჩვენა, დამაწყდა კი ნერვები თედო ექიმის მოლოდინში და თვალებიც დამებრიცა შემოსასვლელში ყურებით. რა მტანჯველი რამ ყოფილა საყვარელი ადამიანის ლოდინი. მითუმეტეს, რომ არ ვიცოდი რატო იგვიანებდა. მისი კაბინეტის წინ მომლოდინე პაციენტებიც რომ უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, მაშინ გამოჩნდა სამიოდე წლის ბიჭუნასთან ერთად, რომელიც ხელში ეკავა და კი არ მოდიოდა, მორბოდა დერეფანში. უკან ახალგაზრდა გოგო მოყვებოდა, რომელსაც ტირილისგან ქონდა თვალები დასიებული, აშკარად მისი შვილი იყო. _ყველას ბოდიში, მაგრამ ეს ბავშვი ქუჩაში დაშავდა და ჯერ ამას მივხედავ. მტკიცე ხმით გამოუცხადა ყველას. მერე მე მომიბრუნდა._ნუკი, ჩქარა, საპროცედურო მომიმზადე, ძაღლისგანაა დაკბენილი და ნაკერების დადება მოგვიწევს. მაშინვე დავფაცურდი და ბავშვი საოპერაციო მაგიდაზე რომ დააწვინა, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ თედო ექიმიც დასვრილი იყო და მასაც ქონდა მკლავზე სვიტერი გამოგლეჯილი და სისხლიც სდიოდა. _თქვენც დაშავებული ხართ?_შევშფოთდი. _ისე არა, რომ ამ ბავშვს ვერ მივხედო. მაშინვე გავხადე ბავშვს დაგლეჯილი შარვალი და ტრუსებიც. ისე საცოდავად ტიროდა, შემეცოდა. დედამისიც კუთხეში ატუზულიყო და ჩუმად მოსთქვამდა. ბავშვს დუნდულაზე ღრმად ქონდა კბილები გამოკრული და კარგად ქონდა ხორცები ამოგლეჯილი. გამაყუჩებელი გავუკეთე სანამ თედო ექიმი ხელებს დაიმუშავებდა საპნით და სპირტით და ბავშვის ჭრილობების გაკერვას შეუდგა. საქმეს რომ მოვრჩით, ქეთი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა. _ბოდიში თედო, ბუფეტში ვიყავი._მოუბოდიშა. _არაუშავს, მოვრჩით უკვე. წაიყვანე ახლა და ტეტანუსის აცრა გააკეთებინე. არანაირი გადასახადი არ გადაახდევინო იცოდე._თან ჩურჩულით დაამატა. _უი, შენც დაშავებული ხარ?_შეიცხადა, მის მკლავზე ჩამოჟონილი სისხლი რომ შენიშნა. _არაფერია, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს, ნუკი დამეხმარება. შენ მაგ ბავშვს მიხედე. ამაღამ აქ დატოვეთ, რეანიმაციაში. _კარგი._ცოტა ნირწამხდარი დათანხმდა და ბავშვი სავარძელში ჩასვა. _მადლობა ექიმო._ბავშვის დედამ ხელები დაუკოცნა თედო ექიმს._თქვენ რომ არ ყოფილიყავით იქ, რა გვეშველებოდა არ ვიცი. _რას აკეთებ?_გაუწყრა თედო ექიმი._ეს ჩემი მოვალეობაა. წაყევი ბავშვს. ქეთიმ ბავშვი რომ გაიყვანა და დედაც თან გაყვა, თედო ექიმმა სვიტერი გაიხადა და დახეული პერანგის სახელოც აიკაპიწა. _აბა, დავიწყოთ?_დასისხლიანებული ხელი საოპერაციო მაგიდაზე დადო და ღიმილით შემომხედა. _დავიწყოთ?_გამიკვირდა. _ერთხელ მითხარი, რომ ნაკერების დადებას შევძლებო და გელოდები. _მეე?.. თქვენზე გავიარო პრაქტიკა?_ცოტა არ იყოს შემეშინდა. _ხო, რა იყო? თუ რამე ისე არ იქნება, მე არ გიჩივლებ... იცი, ნემსის გაკეთება ვინ მასწავლა თავის საჯდომზე? გამეცინა. _ალბათ ბებიამ, რადგან მეც ბებიამ მასწავლა. _ხო და ახლა ნაკერების დადებას ჩემს ხელზე ისწავლი. არავის არ ვეტყვი, მიდი._"შემაგულიანა". წამიერად შევყოვნდი, მაგრამ მერე კი დიდი სიფრთხილით და მონდომებით შევუდექი საქმეს. პირველ რიგში გამაყუჩებელი გავუკეთე, მერე ჭრილობა მოვუსუფთავე და სამი ნაკერი ისეთი სიზუსტით დავადე, მარტო თედო ექიმს კი არა, მეც კი გამიკვირდა, მართლაც არ მოველოდი ამ შედეგს. მერე კი ფრთხილად გადავუხვიე. ფეხზე რომ წამოდგა, დაიხარა და მოულოდნელად სუნთქვა შემიგუბა მისმა მენთოლისგემოიანმა კოცნამ. _ეს სიყვარულის გამოსახატავად._მერე ჩემს ხელებს დასწვდა და სათითაოდ დამიკოცნა._ეს კი მადლიერებისა... მართლა კარგი ქირურგი დადგება შენგან და ძალიან მინდა, რომ სწავლა განაგრძო. შენს ნიჭიერებას რომ არ აფასებ, ცუდია. საერთოდ, ექიმი თავმდაბალი უნდა იყოს, მაგრამ შენ? შენ შენს შესაძლებლობებს მალავ რატომღაც. ამ გაზაფხულზე მივხედოთ შენი სწავლის საქმეს. იცოდე, ძალიან მეწყინება და გაგიბრაზდები კიდეც, უარი რომ თქვა. ახლა კი, გადი გარეთ და რიგის მიხედვით შემოუშვი პაციენტები. ასეც მოვიქეცი. ქეთი რომ დაბრუნდა ჩვენთან, მე და თედო ექიმი უკვე კარგად გადაღლილები ვიყავით პაციენტთა მიღებით. _როგორც შენ მითხარი თედო, ისე მოვიქეცი, ბავშვი დავაწვინეთ კიდეც. შენ რა გჭირს ხელზე?_გამომწვევად გაბუშტა ტუჩები. _ქუჩის ძაღლმა დაკბინა ბავშვი და მე ვუშველე. მეც გამომკრა კბილი. _გაკერვა არ გინდოდა? _უკვე გაკერილი მაქვს, დამშვიდდი. _თვითონ გაიკერე?_გაუკვირდა. _თვითონ რატო? ნუკიმ... _ნუკიმ?_უარესად გაუკვირდა._ნუკი რომ ექიმი არაა? შეიძლება მერე? _ექიმი არაა, სამაგიეროდ პრაქტიკანტია. _პრობლემების არ გეშინიათ? ვინმემ რომ გაიგოს? _შენს გარდა არავინ იცის და შენ იტყვი სადმე?_ასე ვთქვათ, ნამუსზე ააგდო. _არა, რა სისულელეა, სად უნდა ვთქვა?_ითაკილა. მერე მე მომიბრუნდა._გადი, ყავა მომიტანე რა. თედო ექიმს რომ შევხედე, მიმიხვდა, თქვენც ხომ არ გინდათ-მეთქი და არაო, თავი გამიქნია. მიმღებში რომ გავედი, ერთი ჭიქა ყავა ჩამოვასხი და მალევე დავბრუნდი კაბინეტში. _არ მინდა შეგაშინო, მაგრამ ეს ამბავი რომ გახმაურდეს, შეიძლება ლიცენზიაც ჩამოგართვან, მაგ გოგოს როგორ დაადებინე ნაკერები? შენს თავზე ძალიან ბევრს ხომ არ იღებ?_"ღელავდა" ქეთი._დამლოდებოდი. ან, ის ბავშვი, ჩემი ვალდებულება იყო მე რომ გამაყვანინე? _რა გინდა ქეთი?_საკმაოდ მკაცრად შეაწყვეტინა თედო ექიმმა._ხელი ჩემია და ვისაც მინდა იმას მივცემ უფლებას, რომ ნაკერები დამადოს . შენ რა გადარდებს? მინდა გითხრა, რომ შენზე მეტიც კი იცის და შეუძლია. მე მინდა, რომ ამ გოგომ სწავლა გააგრძელოს და წარმატებული ქირურგი დადგეს. შენ შემიშლი ამაში ხელს? მეტსაც გეტყვი, ეს გოგო მიყვარს და მის ცოლად შერთვასაც ვფიქრობ... ამ დროს შევედი კიდეც კაბინეტში და ბოლო წინადადების გაგონებაზე ისე შევკრთი, ჭიქა გამეშვა ხელიდან და ძირს დამივარდა. ქეთიმ ისე ამომხედა, მის მზერაში ნამდვილად წავიკითხე "დაბდურო". თედო ექიმი კი მაშინვე წამოდგა და შეშფოთებული მომიახლოვდა. ხელებზე მომკიდა ხელი და შემიმოწმა. _დაიწვი? _არა... ხელიდან გამეშვა._შეწუხებულმა და დაბნეულმა ძლივს მოვაბი სათქმელს თავი. _არაუშავს. მთავარია შენ არ დაიწვი. ქეთი უხმოდ შემოგვყურებდა ნაგლად. მერე ადგა და გარეთ გავიდა. მე ძლივს მოვახერხე თედო ექიმისთვის გამეშვებინებინა ხელები და იატაკის მომშრალებას შევუდექი. გული ისევ გამალებით მიცემდა. ჩემს ცოლად შერთვაზე ფიქრობდა?_ამ ფაქტმა ამაღელვა და ამაფორიაქა. ვატყობდი, რომ მოვწონდი და ჩემთან სიახლოვე სურდა, მაგრამ ცოლად შერთვა? ეს მართლაც დიდებული იყო. შემოთავაზება რომ გაეკეთებინა, არც კი დავფიქრდებოდი ისე დავთანხმდებოდი. მეც ხომ მისი ცოლობა მინდოდა ყველაზე მეტად? მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, ნერვიულად ვიტაკე თითები პირში ფრჩხილების მოსაკვნეტად, მაგრამ ისეთი საშინელი გემო ქონდა, გამომარკვია და მიმახვედრა, რომ მავნე ჩვევას უნდა გადავჩვეოდი. მიმღებში გოგოებმაც შემატყეს, რომ რაღაც მჭირდა. მითუმეტეს, ნათიას არ გამოჰპარვია არაფერი. შავი თმა მოხდენილად გადაიწია უკან და ღიმილით მკითხა. _რაო, ახლაც იტყვი არაფერი ხდება ჩემს თავსო?_თან, ჩურჩულით დაამატა._შენმა პრინცმა ხომ არ გაკოცა? _არა... _აბა? _არაფერი... რაღაცას ვფიქრობდი და..._თავის მართლებას მოვყევი._თედო ექიმი არაფერშუაშია. _ძუნწი ხარ, ძუნწი. კაცმა სიტყვები პლოსკოთი უნდა ამოგგლიჯოს, ისე ლაპარაკი არ გიყვარს. არაუშავს, მოვა დრო და დადგები ყველაფრის მოყოლის ხასიათზე. ბედი შენი, არ მცალია, თორემ ხომ იცი რომ მაინც არ მოგისვენებდი? ნათია მართალი იყო, არ მომისვენებდა და მართლაც ბედი მწყალობდა, რომ არ ეცალა. შენობიდან გავედი სუფთა ჰაერზე ცოტა გამოსაფხიზლებლად და აზრზე მოსასვლელად. კარგა ხანს ვიდექი და ვგრძნობდი, რომ ბედნიერებისგან მთლიანი სახე მიღიმოდა. არაფრად ვაგდებდი დეკემბრის სუსხს, რომელიც ძვალსა და რბილში ატანდა. მოღრუბლულ ცას შევყურებდი, საავდროდ რომ ემზადებოდა და აჩქარებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი. სასწრაფო რომ სირენების გაბმული კივილით შემოვიდა ეზოში, იმან გამომარკვია. პანდუსზე გზა დავუთმე რომ შენობის შესასვლელში გაჩერებულიყო და მის უკან მომავალ პოლიციის ორ მანქანას გადავხედე. _ნეტა რა მოხდა?_შეშფოთებული შევედი მეც შიგნით. _შემოყვანილია ოცდახუთი წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი გამავალი ჭრილობით._სასწრაფოს ბრიგადის წევრებმა საკაცით უგონო მდგომარეობაში მყოფი ზურა რომ გადმოიყვანეს, ელდა მეცა. ნათიამაც უმალ იცნო და შეშფოთებული ამომიდგა გვერდით. _ეგ ის ბიჭი არაა, შამპანური რომ მოგვიტანა? რომ დავუდასტურე, უარესად შეწუხდა. _რა მოუვიდა?_ერთ-ერთ ექთანს კითხა. _სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. სავარაუდოდ, ტყვიამ ღვიძლი დაუზიანა. სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ზურა ლიფტში შევაგორეთ გორგოლაჭებიანი საკაცით და საოპერაციოში ავედით. სანამ კარი დაიხურებოდა, ნათიას და გვანცას შეშფოთებულ თვალებს რომ წავაწყდი, მეც შევშფოთდი უარესად. სანამ ზურას საოპერაციოდ მოამზადებდნენ, ვაჟა ექიმიც გამოიძახეს და რთული ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა იყოჩაღეს, ზურამაც ივაჟკაცა და გამოძვრა კრიტიკული მდგომარეობიდან. შუაღამეზე, როცა ყველაფერი მიწყნარდა და პოლიციაც წავიდა, მის სანახავად ავედი. გონზე იყო და შევედი თუ არა გამიღიმა. _როგორ ხარ?_მის სიახლოვეს სკამი მივაჩოჩე და იქ ჩამოვჯექი. _ეტყობა, ცაში ვიღაცას ძალიან ვუყვარვარ, რომ აქეთ გამომიშვეს ისევ._თავისებური იუმორით გაღიმებაც კი შეძლო და მეც გამაღიმა. _შემეშინდა... _მეც._გამომიტყდა და ისევ შემომღიმა._ვიფიქრე, მოვკვდი და ეგ არის-მეთქი. _ახლა როგორ ხარ, ტკივილები ხომ არ გაწუხებს? _არც ისე, ვუძლებ... შენ კიდევ ნაწყენი ხარ ჩემზე?_ხმა რომ არ გავეცი, ისევ განაგრძო._ვიცი, ცუდად გამომივიდა, მაგრამ რომ თქვი ჩემი დაქალები რჩებიან ხოლმე ჩემთანო, ვიფიქრე, რეგისტრატურაში გოგო რომ მუშაობს გვანცა, ქერა თმებით, ის იყო და მის სანახავად მოვედი. ცუდად გამომივიდა, არ ვუარყოფ, მაგრამ ისე მინდოდა მაგ გოგოს ნახვა, ვეღარ მოვზომე... შენც შეგაშინე და მივხვდი, რომ იმ დღის მერე სხვა თვალით მიყურებ. ბოდიში. ბოდიში მიღებული იყო. ადრევე მივხვდი მაგას, რომ გვანცა მოსწონდა, მაგრამ სანამ თვითონ არ აღიარა, მაინც ვერ დავიმშვიდე გული. გვანცა კარგი გოგო იყო, არც ზურა იყო ურიგო, თუ კი ერთმანეთს დაუკავშირებდნენ ბედს, მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. _კარგი, მე წავალ, დაისვენე. დილით ისევ ამოგხედავ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ._ხელით მოვეფერე გაყინულ ლოყაზე და მართლაც გამოვედი მისი პალატიდან. _შენ აქ ხარ?_გაუკვირდა თედო ექიმს, რომელიც კარში შემეფეთა._ქვემოთ გეძებდი. _მოხდა რამე?_ცოტა შევფიქრიანდი. _არა, აქ მინდოდა ამომეყვანე, შენ კი აქ დამხვდი. _ხო, ჩემი კლასელია და მოვინახულე._თავი ვიმართლე. ერთხანს უხმოდ მიყურა. ნუთუ, ეჭვიანობდა? _კარგი, მეც ვნახავ._ეს მითხრა მხოლოდ და პალატაში შევიდა. ფეხი ვეღარ მოვიცვალე ადგილიდან. შევატყე რომ ეჭვიანობდა და ნაწყენი იყო ჩემზე. პალატის წინ დაველოდე და გამოვიდა თუ არა, გულში ჩავეხუტე. თავიდან, თითქოს შეკრთა. ალბათ, ასე ღიად და თამამად არ ეგონა რომ გავბედავდი მის ჩახუტებას. მერე მანაც მომხვია წელზე ხელი და თავზე მაკოცა. _არ მჯერა, რომ მოგენატრე და ინიციატივა გამოიჩინე._სიხარულით წამჩურჩულა. _მართლა მომენატრე._მეც ჩურჩულით ვუთხარი._ხელი როგორ გაქვს? _არაჩვეულებრივად. კარგი ქირურგი მყავდა._ორი თითი ნიკაპზე ამომდო, თავი ამაწევინა და ნაზად მაკოცა. _სირცხვილია. არავინ დაგვინახოს.._დამორცხვებულმა გავაშვებინე ხელი და კიბეზე კეკლუცი ჩუმი კისკისით დავეშვი. ბაქანზე დამეწია და ისევ მომხვია წელზე ხელი. _ჩემგან გაქცევას ცდილობ? არ გამოგივა. გაქცევას კი მართლაც ვცდილობდი, მაგრამ თან მალულად ისევ უკან ვიყურებოდი, ძალიან სწრაფად ხომ არ მივრბოდი. ეს ქალური ხრიკი იყო, არ მინდოდა ისე გავქცეულიყავი, რომ ვერ დამწეოდა. _დილით ერთად გავიდეთ, კაფეტერიაში შევიაროთ, არ გინდა? მერე ბებია მოვინახულოთ. რამდენი ხანია აღარ მინახია და მგონი ნაწყენია ჩემზე, არა? _ხო, ძალიან ნაწყენია._გამეცინა. _ხო და გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. უჩემოდ არ წახვიდე იცოდე._მკაცრად გამაფრთხილა. დილამდე მოცლა აღარ გვქონდა. ის იყო, პირველ სართულზე ჩამოვედით ჩახუტებულები, რომ ავტო ავარიის შედეგად ოთხი დაშავებული შემოიყვანეს: ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ბავშვები შედარებით მსუბუქად იყვნენ დაშავებულები. მცირეოდენი სისხლჩაქცევებით და დაბეჟილობებით. გამოკვლევები ჩავუტარეთ და რომ არაფერი სჭირდათ, დედის დას გავატანეთ სახლში. კაცს ორივე ფეხი ქონდა მოტეხილი, მის ცოლს კი, როგორც აღმოჩნდა ღვედი არ ქონდა შეკრული და დამუხრუჭებისას საქარე მინიდან გადავარდნილა. გულმკერდი დასერილი ქონდა და ყბის ძვლები დამტვრეული. ძალიან მძიმე მდგომარეობა ქონდა. შემოყვანის წუთიდან ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, რადგან საშინელი ტკივილები სტანჯავდა და ფსიქიკურადაც უკვე სრულ ჭკუაზე აღარ იყო. გრძნობდა, რომ სახე ქონდა დაზიანებული და ამას განიცდიდა ძალიან. სამსახურიდან ბებიას სანახავად წავედით. კაფეტერიაში შევლა კი სხვა დროისთვის გადავდეთ. _თუ არ გეწყინება, სხვა დროს იყოს, ძალიან დავიღალე._მორიდებით შევბედე უარი და აღარც დაუძალებია. მივხვდი, თვითონაც დაღლილი იყო და ასეც ამჯობინა. ბებიასთან ერთი საათი გავჩერდით და მერე პირდაპირ სახლში წამიყვანა. იმ დღეს მართლაც მთელი დღე ვიწექი და კარგადაც გამოვიძინე. მეორე დღეს კი ტოლმა, საცივი და გოზინაყი გავაკეთე. ოცდათერთმეტში დილით კი სანამ სამსახურში წავიდოდი, კარზე რომ მომიკაკუნეს, მეზობელი მეგონა, მაგრამ თედო ექიმი რომ აღმოჩნდა, გამიკვირდა, თან ძალიან გამიხარდა. _პაციენტმა მოგაკითხე. წესით, გუშინ მეკუთვნოდა ჭრილობის დამუშავება, მაგრამ მივხვდი რომ არ გეცლებოდა ჩემთვის და დღეს მოგაკითხე. _სამსახურში არ მივდივართ?_გამიკვირდა._აქ არც ბინტი მაქვს და არც ბეტადინი ან იოდი რომ დაგიმუშაოთ ჭრილობა და გადაგიხვიო. _თადარიგი დავიჭირე და ყველაფერი წამოვიღე._შემომღიმა. _მაშინ მობრძანდით._ბინაში შემოვიპატიჟე. მისაღებში შევიყვანე. ბინტი ფრთხილად მოვხსენი. ჭრილობა მომშრალებული იყო. არანაირი შეწითლება ან შეშუპება. ბეტადინით დავუმუშავე და ახალი ბინტით გადავუხვიე. _მადლობა._წელზე მომხვია ხელი მაგრამ გავუძალიანდი. _სამსახურში დაგვაგვიანდება. _კარგი, წავიდეთ. დასვრილი ბინტი და ბამბები წამოვკრიფე, ურნაში ჩავუძახე და მართლაც წავედით სამსახურში. _ბებიასთანაც ხომ არ გინდა შევლა? _არა, ხვალ მოვინახულებ... _მეკვლედ გინდა მისვლა?_გაეღიმა._შარშანაც ოცდათერთმეტში ვიყავი მორიგე და ახალ წელს იქ შევხვდი და წელსაც ასე მიწევს. თუმცა, შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესია. _რატო?_გამიკვირდა. _წელს შენთან ერთად ვარ. გამეღიმა. _ისე, დიდხანს ვერ გავქაჩავ ალბათ ასე. მირჩევნია, ერთად მივდიოდეთ და ერთად მოვდიოდეთ... _ისედაც ასე არ დავდივართ ხშირ შემთხვევაში?_გამიკვირდა. _არა... მინდა, რომ სულ ერთად გავდიოდეთ და ერთადვე შემოვდიოდეთ სახლში. _რა?_გვიან გავიაზრე რაც მითხრა და უარესად გაოცებულმა შევხედე. _შეიძლება ფიქრობ, რომ ქარაფშუტა ვარ და ასე უცბად სისულელეა მასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მე ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება გიცნობ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთად თანაცხოვრება საუკეთესო იქნება. მოკლეთ, მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე. ვიცი, შესაფერისი დრო და ადგილი არ არის აქ, ჩემს მანქანაში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, ხალხის თანდასწრებით და ყველას გასაგონად ამის კითხვის მეშინია, არ ვიცი რას მიპასუხებ... შემიძლია, ყველას თვალწინ დაგიჩოქო და მღელვარედ გკითხო, გამომყვები თუ არა ცოლად. მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. გაეღიმა. _ხვალ ბებიასთან გამოგყვები და ოფიციალურად ვთხოვ მას შენს ხელს. ის თუ თანახმა იქნება, იმედი მომეცემა, დარწმუნებული ვარ მოვწონვარ და დამეხმარება შენი გულის მონადირებაში. _ზედმეტად ხომ არ აფასებ საკუთარ თავს?.. _ვითომ?_მანქანა სადგომზე რომ შეაჩერა, ღვედი მოიხსნა, გადმოიხარა და მოულოდნელად სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ. _ვალდებული არ ხარ ახლავე გამცე პასუხი. დილამდე დაგელოდები. მგონი საკმარისზე მეტიცაა ეგ დრო მოსაფიქრებლად._მანქანიდან გადავიდა და ჩემს მხარეს რომ მოუარა და გამომიღო, ჯერ ისევ გაოგნებული ვიყავი. იმ დღეს ჰოსპიტალში მოსასვლელად არავის ეცალა, ყველა ახალი წლის შესახვედრად ემზადებოდა და თითქოს ავადმყოფობაც მეორე პლანზე გადაეწიათ. უბედური შემთხვევითაც არავინ შემოსულა და მთელ დღეს თავისუფლად ვიყავით ყველანი. თედო ექიმს აღარაფერი აღარ უთქვია ჩემთვის. დრო ხომ დილამდე მქონდა? უბრალოდ, ისეთი თვალებით მიმზერდა, ლამის მჭამდა. ნათიასაც არ გამოჰპარვია მისი ეს მრავლისმთქმელი მზერით ყურება და კუთხეში მიმიმწყვდია თუ არა, მაშინვე დაკითხვა მომიწყო. _თქვენს შორის რა ხდება? _ვინ ჩვენს შორის?_"გავიოცე". _შენსა და იმ შენს პრინცს შორის? _ვინ პრინცი?_უარესად "გავიოცე." _ჩემს ნერვებზე თამაშობ?_სასაცილოდ დამიბრიალა თვალები._შენ და თედო ექიმს შორის. _რა უნდა ხდებოდეს?_მღელვარების დაფარვას შევეცადე. _ტყუილების ოსტატი ვერ ხარ, ეგ შენ ჩემზე უკეთ იცი და დაფქვი ახლა ყველაფერი. ისეთი თვალებით გიყურებს ბატონი ექიმი და შენც ისე ეპრანჭები და ენაზები, ვერ დამაჯერებ იმას, რომ არაფერი ხდება. _მართლა არაფერი ხდება, ერთად არ ვართ, ბებიას გეფიცები, უბრალოდ... _რაა უბრალოდ?_რომ გავჩუმდი, ვეღარ მოითმინა, ხელები მხრებში ჩამავლო და გვარიანად შემაჯანჯღარა. _ცოლობა მთხოვა და... _რაა?_იმხელა ხმაზე იკივლა, მთელი განყოფილება ფეხზე დააყენა. _ცოლობა მთხოვა, მაგრამ საქმე ის არის, არ ვიცი რა ვუპასუხო... _შენ, გოგო, სულელი ხარ, თავს ისულელებ თუ სხვას ასულელებ? რა არ იცი რომ უპასუხო? სანაძლეოს დაგიდებ, ნებისმიერი ქალი არ დაფიქრდებოდა და ისე დასთანხმდებოდა. შენ?! შენ რაღაც სასწაულად ქედმაღალი, ჯიუტი და შენი პრინციპების გოგო ხარ. გადამრევ პირდაპირ რა. _რა მოხდა?_გვანცა და ლიკაც რომ მოგვადგნენ, ერთდროულად იკითხეს. _მე ვთქვა, თუ შენ აღიარებ შენს სისულელეს?_მკაცრი გამომეტყველებით გადმომხედა ნათიამ. _რა ხდება?_ორივემ მე შემომხედეს გამომცდელად. ნათიამ რომ დამატყო, ხმის ამომღები არ ვიყავი, ისევ თვითონ მოყვა ყველაფერს. _ამ სულელი გოგოსთვის მსოფლიოში ყველაზე მაგარ ბიჭს ხელი უთხოვია და ამან კიდევ არ იცის რა უპასუხოს. _ვის, თედო ექიმს?_მაშინვე მიხვდნენდა ახლა მათ შემომხედეს მკაცრი და აღშფოთებული მზერით. _შენ, ვერ ხარ მგონი სრულ ჭკუაზე რა?_საკმაოდ მკაცრად მკითხა გვანცამ._დასაფიქრებელი რა არის? ზრდილობიანია, წესიერად აღზრდილი, წარმატებული ექიმი და ძალზედ სიმპატიური... ფულიანიც, არც ეს დაგავიწყდეს. ქალები აქეთ დასდევენ. მან შენ აგირჩია და შენ კი ყოყმანობ? სულელი ხარ და მეტი არაფერი. _ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ თედო ექიმს გემოვნებაში გაეღვევები აქვს._ლიკამაც ამოიღო ხმა._ყველა ქალი მასზე გიჟდება და რაღა შენ აგირჩია, ვინც ვერ აფასებს მას ჯეროვნად და თავს იფასებს. _თავს არ ვიფასებ._ გავბრაზდი. _აბა, მაშ რა არის ეგ შენი საქციელი? _არ ვიცი, შემეშვით_ავღშფოთდი._ადამიანი ერთხელ ქორწინდება და მგონი აქვს უფლება ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ცოტა დაფიქრდეს. თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ, ჩემი ცხოვრების ბედის მჭედელი მე თვითონ ვარ და მინდა თქვენი ჩარევის გარეშე გადავწყვიტო._ნაწყენი და გაბრაზებული გამოვტრიალდი მათგან და გარეთ გავედი ცოტა გამოსაფხიზლებლად და აზრზე მოსასვლელად. თოვდა. გამიხარდა. პატარა ბავშვივით მიყვარდა თოვლი და ამან ცოტა გამომიკეთა გუნება-განწყობა. ცა აქა-იქ ფერად-ფერადი ფეიერვერკებით ნათდებოდა. ალბათ, მოუთმენელი პატარები ახალი წლის დადგომამდე ხალისობდნენ. ღამის სიგრილე და სახეზე მოლამუნებული თოვლის ფანტელები უკვე მიქმნიდნენ ახალი წლის სადღესასწაულო განწყობას. მის დადგომამდე კი ჯერ ისევ იყო დარჩენილი ცოტაოდენი დრო, მაგრამ ნაადრევად შემექმნა მაგის განწყობა. შეიძლება, ისევ ბავშვი ვარ და კვლავაც ბოლომდე ბავშვად დავრჩები, მაგრამ მე მომწონს ეს. მომწონს, რომ მიყვარს თოვლი... ახალი წელი, მანდარინისა და ფორთოხლის სურნელით რომ არის ჰაერი გაჟღენთილი... მიყვარს ნაძვის ხის მორთვა და მჯერა, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია და სურვილები აუცილებლად ხდება. ყოველთვის ბედნიერი და მხიარული ვემშვიდობები ძველ წელს და ახალი იმედებით ახალ წელს ისე ვხვდები. ეს წელი განსაკუთრებული იყო ჩემთვის. უფრო, წლის ბოლო თვე, რადგან თედო ექიმს შევხვდი და ამიფორიაქა გული. სულ სხვა თვალით დამანახა სამყარო. მართალია, მშობლების დაღუპვის შემდეგ ბებიამ შეასრულა დიდი როლი ჩემს ცხოვრებაში და ფარ-ხმალი არ დამაყრევინა, არ მომცა იმის უფლება, რომ დეპრესიას დავემონე და ცხოვრების გაგრძელება მასწავლა, მაგრამ თედო ექიმთან შეხვედრამ დამარწმუნა იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სიცოცხლე გრძელდება და ცხოვრება თავისას მოითხოვს, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მაინც მშვენიერია. მართალია, ბევრი ცუდი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში და დარდი და ბოღმა არ ელევა ამ გაჭირვებულ ყოფაში ადამიანს, მაგრამ ბედნიერების და სიხარულით გაღიმების მიზეზებსაც გვაძლევს ღმერთი და ამ მიზეზებს პოვნა, დანახვა და დაფასება უნდა. ბედნიერი ვიყავი თედო ექიმს რომ შევხვდი და ჩემი უტვინობით თუ დავკარგავდი მას, ნათიას თქმისა არ იყოს, გვარიანად საცემი ვიქნებოდი. რატომ ვყოყმანობდი და ვწელავდი დროს პასუხის გასაცემად? დასაფიქრებელი რა მქონდა ვითომ? ვუყვარდი, მეც მიყვარდა, პატივს მცემდა, ერთად ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს. მისი ხელშეწყობით მაგისტრატურას და დოქტორანტურასაც გავივლიდი, ავიხდენდი ჩემს მივიწყებულ და უკანა პლანზე გადაწეულ ოცნებას და გავხდებოდი ექიმი. _მართლა სულელი ვარ! რა მაქვს ამდენი საფიქრალი ნეტა?_გაშლილი ხელის გული სახეში შემოვილაწუნე თავის დასასჯელად და აზრზე მოსასვლელად._ნათია მართალია, სულელურად ჯიუტი, ქედმაღალი და უცნაური არსება ვარ, რას ვფიქრობ ამდენს და რას ვაჭიანურებ დროს?_უცბად შევტრიალდი, რომ გავქცეულიყავი და თედო ექიმი მენახა, მაგრამ მოულოდნელად ვიღაცას შევასკდი. როდიდან იდგა ჩემს ზურგს უკან არვიცი. არც ის დამინახია ვინ იყო, მაგრამ ნაცნობი სურნელი რომ ვიგრძენი, ბედნიერმა შემოვხვიე წელზე ხელები და მჭიდროდ ჩავეხუტე. გავინაბე. თან, კატასავით ავკრუტუნდი სიამოვნებით. _ამ სიცივეში რას დგახარ, არ გცივა?_მისაყვედურა და მანაც მომხვია მხრებზე თავისი ძლიერი მკლავები, თითქოს ჩემს გათბობას ცდილობდა. _ახლა უკვე აღარ._თავი მის მკერდს მივადე და გულის ფეთქვას მივაყურადე._მართალია, დილამდე მომეცი დრო, მაგრამ ახლა გაგცემ პასუხს. ამის გაგონებაზე ვიგრძენი როგორ გაუჩერდა გული და ჩემი პასუხის მოლოდინში ზამბარასავით როგორ დაეძაბა მთელი სხეული. _თანახმა ვარ._ეს რომ ვთქვი ჩურჩულით, მაშინ კი ერთბაშად აუჩქარდა გული სიხარულისგან და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული. _ხვალ რას აკეთებ ბებიას რომ მოინახულებ?_თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. _არაფერს. სახლში დაველოდები ალბათ მეკვლეს. _არ გინდა ჩემი მეკვლეც იყო? ღიმილით რომ დავუქნიე თავი დაუფიქრებლად, დაიხარა და მაკოცა. _წამოდი, პაციენტები მოვინახულოთ. ვნახოთ, ვინმეს რამე ხომ არ აწუხებს. მერე კი ერთად შევხვდეთ ახალ წელს, რას იტყვი? _კარგი აზრია._ გამიხარდა. ავტოავარიის შედეგად დაშავებული ცოლ-ქმარი მოვინახულეთ. ზურა მოვინახულეთ, რეზიკოც. ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრისგან დაჭრილი ქალიც, ყველას მივულოცეთ დამდეგი ახალი წელი და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვეთ. ქეთი დაბოღმილი სახით გვიყურებდა მე და თედო ექიმს აშკარად ბედნიერები და ერთმანეთის დიდი სიყვარულით რომ ვიყავით აღსავსენი. რეგისტრატურაში რომ დავბრუნდით, იქ უკვე მოესწროთ გოგოებს და ახალი წლის ტრადიციული სუფრა გაეწყოთ. გოზინაყი, ხილი და ჩურჩხელები მე მოვიტანე. საცივიც გვქონდა, ტოლმაც, კოტლეტები და მოხარშული გოგრაც. ყველას სახლიდან წამოეღო სასუსნავები. სასმელიც კი გვქონდა რა გინდა სულო და გულო: შამპანური, ღვინო და კონიაკიც. მოკლეთ, მაგარი სუფრა გამოგვივიდა. ახალ წელს მთელი ჰოსპიტლის მედ-პერსონალი, ვინც კი მორიგეობაში ვიყავით, ყველა ერთად შევხვდით. თედო ექიმმა შამპანური ხმაურით რომ გახსნა, ქეთი ნაძალადევად შეხტა და გამომწვევად აკისკისდა. _როგორ შემაშინე თედო, ლამის გული გამისკდა._თან ახლოს მივიდა და ვითომ გაბრაზებულმა წამოარტყა, მერე ჭიქა გაუშვირა, რომ სასმელი ჯერ მისთვის დაესხა. თედო ექიმმა კი რატომღაც ვერ დაინახა მისი გაწვდილი ხელი და პირველი ჭიქა მე ჩამომისხა. ამის დანახვაზე მთლად აილეწა, სიბრაზისგან ჯერ გაწითლდა და მერე გამწვანდა. თუმცა, მაინც არაფერი შეიმჩნია. ყველას მოგვილოცა თედო ექიმმა ახალი წელი, ხვავი, ბარაქა და წარმატებები გვისურვა. სულ ბოლოს კი ისიც აღიარა, რომ ერთ მშვენიერ გოგოს დღეს ხელი სთხოვა, და რომ უზომოდ ბედნიერია, რადგან ის გოგო დასთანხმდა. ქეთის ამ მოულოდნელ განცხადებაზე ჭიქა გაეშვა ხელიდან და ისეთი თვალებით გადმომხედა, ციებიანივით გამაკანკალა. _მართლა?_სიხარულისგან იკივლა ნათიამ, მერე კი ისე დამეტაკა და გადამეხვია, ლამის წამაქცია._გილოცავთ, ბედნიერები იყავით. გვანცა და ლიკაც გადამეხვივნენ და მომილოცეს გაბედნიერება. თედო ექიმსაც ულოცავდნენ დაცვის ბიჭები. მოკლეთ, ყველა საუკეთესო სურვილებით გვილოცავდა. ერთადერთი გაწბილებული, გაბრაზებული და იმედგაცრუებული ქეთი იყო, რომელიც ხან მე მომჩერებოდა ბოროტული მზერით და ხანაც თედო ექიმს. ცვლა რომ დაგვიმთავრდა, ბებიას სანახავადაც წავედით. ჩვენი დანახვა ხომ გაუხარდა, მაგრამ თედო ექიმმა ჩემი ხელი რომ სთხოვა მორიდებით, ქალს სიხარულისგან ენა ჩაუვარდა მუცელში და კარგა ხანს მეტყველება არ შეეძლო. _ახლა კი, გინდაც მოვკვდე, არაფრის დარდი აღარ გამყვება იმქვეყნად._როდის როდის ძლივს ამოიჩურჩულა და სიხარულის ორი კურცხალი ჩამოუცურდა დანაოჭებულ სახეზე. _ასე ადვილად მიმეტებ გათხოვებისთვის?_გამეცინა და მეც რომ არ ავღრიალებულიყავი, დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. _ვიცი, რომ მასთან ბედნიერი იქნები. ადამიანს ყოველთვის თვალებზე ეტყობა რა ადამიანიცაა. ხო და, შენი თედოც არაჩვეულებრივია. ვიცი, არაფერს გაგიჭირვებს და დედოფალივით გაცხოვრებს. მთავარია, შენი მამაილა ხასიათი არ გამოამჟღავნო და ნერვები არ უშალო ყოველთვის, თორემ იცოდე ჩემთან გექნება საქმე._მანაც მომხვია კისერზე ხელი, თავისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა._მართლა ბედნიერი ვარ და მშვიდად ვარ უკვე, რომ კარგ პატრონს ჩაგაბარე. დიდხანს დავრჩით ბებიასთან. ბევრი ვილაპარაკეთ. ჩვენი მომავალი ქორწილიც განვიხილეთ. ბებია გამოჯანმრთელდებოდა თუ არა, ჯვარს დავიწერდით და ლამაზ ქორწილსაც გადავიხდიდით. მგონი, ჩემზე მეტად ბებია იყო გახარებული ამ ამბით. იქიდან რომ წამოვედით, თედო ექიმმა თავისი მშობლების გასაცნობად წამიყვანა. წასვლა არ მინდოდა, რადგან ვღელავდი. მეშინოდა, იქნებ არ მოვწონებოდი? ასე ვთქვათ, ძალით წამიყვანა. ლიფტში კი შევყევი, მაგრამ იქიდან აღარ მინდოდა უკვე გამოსვლა. _სხვა დროს იყოს რა, გთხოვთ._ხმის კანკალით შევეხვეწე. _სხვა დროსაც ასე გაგიჭირდება. ჯობია ახლა გაგაცნო. ლიფტის კარი ორჯერ გაიღო და დაიხურა, სანამ მარწმუნებდა, რომ მშვენივრად გამოვიყურებოდი და მის მშობლებს აუცილებლად მოვეწონებოდი. როგორც იქნა დამიყოლია, ოღონდ მაინც ხელგადახვეული გამიყვანა ლიფტის კაბინიდან, რომ კიბეზე არ დავშვებულიყავი კისრისტეხით. კარი ჩემთვის ნაცნობმა თეკლამ გაგვიღო ღიმილით და ცოტა თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ სულ ცოტათი. მისაღებში უშველებელ ნაძვის ხესთან ბავშვები თამაშობდნენ, ალბათ თეკლას შვილები იყვნენ. თედო ექიმის მამა ადვილად ვიცანი, რადგან მას გავდა გაჭრილი ვაშლივით. ღიმილით მომიახლოვდა და ხელი ჩამომართვა. დედამისი კი მოგვიანებით შემოვიდა და ჯერ ინტერესით შემათვალიერა, მერე კი მოულოდნელად გადამეხვია და გულში ჩამიკრა. დავიბენი, უარესად ავღელდი. არ ვიცოდი რა მეთქვა, ან რა მომემოქმედა. _თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში შვილო._ეს შვილო აშკარად სიხარულით რომ წარმოთქვა, გული ამიფრთხიალდა. როგორც აღმოჩნდა, დაუსწრებლად მიცნობდნენ და იცოდნენ შვილის გადაწყვეტილება. თურმე, თეკლასთანაც სპეციალურად გავუგზავნივარ ჩუმჩუმელა თედოს, რომ მას შევეფასებინე, როგორც მომავალი სარძლო. იმ დღის მერე კი თურმე თეკლა აძალებდა და აძალებდა ძმას, რომ ცოლად მოვეყვანე. სიზმარში მეგონა თავი, თანაც ტკბილ სიზმარში და ვშიშობდი არ გამღვიძებოდა. საღამომდე დავრჩი მათთან. ცოტა კი მომეხსნა კომპლექსები და მღელვარებამაც გამიარა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. სახლში წასვლისას ყველას ღიმილით დავემშვიდობე და თედო ექიმთან ერთად შევედი ლიფტის კაბინაში. _ახლა საით?_ისე ახლოს მომიტანა სახე, მისი მენთოლის სურნელი ვიგრძენი. _რა თქმა უნდა სახლში. დავიღალე და დასვენება მინდა. _მე უკეთესი შეთავაზება მაქვს._ისეთი ეშმაკური გამოხედვა ქონდა, შევკრთი და ინსტიქტურად უკან დავიხიე. გაეღიმა. მაინც მომწვდა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მაკოცა. ლიფტიდან რომ გავედით, ხელი მჭიდროდ მომხვია. მანქანაში არ ჩავმსხდარვართ. მეორე სადარბაზოში შემიყვანა და მეორე სართულზე კიბით ამიყვანა. _აღარავის გაცნობა აღარ მინდა, სახლში წამიყვანე რა._მუდარით ვთხოვე. _მხოლოდ როკოს გაგაცნობ და ეგ არის._ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო. სანამ რამეს გავიაზრებდი, უკვე ბინაში ვიყავით შესულები. _კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს სამფლობელოში. საიდანღაც უშველებელი ჭრელი თუთიყუში გამოფრინდა და თედო ექიმს მხარზე შემოასკუპდა. თან მე გადმომხედა ინტერესით. _აი, ეს არის ჩემი როკო, გაიცანი._ახლა თუთიყუშს მიუბრუნდა._ეს კი ნუკია. _ნუკი... ნუკი._ადამიანის ხმით გაიმეორა თუთიყუშმა და გამაოცა._ნუკი ყველაზე კარგი გოგოა მთელს ჰოსპიტალში._ეს რომ თქვა, ამაზე გულიანად გამეცინა. _შენ ასწავლე?_სიცილისგან მოჭუტული თვალებით შევხედე. _მე რა შუაში ვარ?_მასაც გაეღიმა._ დაგინახა და მიხვდა, რომ ყველაზე კარგი ხარ. _გამოდის, ჩემს გარდა, სხვებიც მოგყავს აქ?_მკაცრი გამომეტყველებით შევხედე და ღიმილი ძლივს შევიკავე. _არც არავინ, მხოლოდ შენ მოგიყვანე._ეს რომ მითხრა, ქურთუკი გამხადა და იქვე საკიდზე ჩამოკიდა._მოდი, დაგათვალიერებინებ ჩემს ბინას. არ შევწინააღმდეგებივარ და გაბედულად შევყევი. როკომ ერთხანს მის მხარზე შემოსკუპებულმა გვდია, მერე კი ხელოვნურ პალმაზე გადაინაცვლა ნუკის ძახილით და ღიმილით გავაყოლე მზერა. გულდასმით დავათვალიერე მისი მდიდრული და ლამაზი ბინა: სამზარეულო, მისაღები, აბაზანა, სტუმრების საძინებელი და ბოლოს მისი საძინებელიც. მორიდებით შევდგი ფეხი. მყუდრო და მშვენიერი იყო. საწოლისკენ რომ გამექცა თვალი, გული ამიჩქარდა და სახეზე ალმურმა ამკრა. შემთხვევით მისი მზერა ვიგრძენი და რომ შევხედე, ისეთი თვალებით მომჩერებოდა, უარესად ავღელდი. თითქოს, ჩემს თვალებში ჩემი გულისნადების და სურვილების წაკითხვა სურდა. გავწითლდი. მზერა მოვარიდე, არ მინდოდა ჩემთვის ფარული ვნება შეემჩნია. მასთან დაწოლის სურვილს ვებრძოდი, რადგან ქართული ტრადიციისამებრ, ქორწინებამდე არ მინდოდა. თუმცა, ოდნავადაც რომ შემხებოდა, ან ეკოცნა, წინააღმდეგობის გაწევის თავი ნამდვილად აღარ მექნებოდა. ხო და, იქამდე რომ არ მივსულიყავით, მალევე გამოვედი ოთახიდან. თავჩაქინდრულმა ჩავუარე გვერდით და და გასასვლელში ჩემს ქურთუკთან მივედი. _უკვე მიდიხარ?_ნირწამხდარმა მკითხა. _ხო._თავი დავუქნიე და კიდევ ვერ გავბედე მისთვის თვალებში შეხედვა. _არ მინდა, რომ წახვიდე... თუმცა, არც ის მინდა რამე დაგაძალო. რომ გავბედე და შევხედე, მის თვალებში უდიდესი ვნება და ჩემი დაუფლების სურვილი ამოვიკითხე. ლამის გული გამიჩერდა. მეც იგივე სურვილი მკლავდა. ჩუმად მომიახლოვდა. ნელ-ნელა დაიხარა და ძალიან ნაზად მაკოცა. _დარჩი._ჩურჩულით რომ მთხოვა, მუხლები ამიკანკალდა. გული ამოვარდნაზე მქონდა და ყურებშიც მისი ხმაური მესმოდა. თითქოს ძარღვებშიც კი ვგრძნობდი სისხლის ჩუხჩუხის ხმას. მეორედაც რომ შემეხო მისი მთრთოლვარე ტუჩები, მაშინ კი მართლაც დავკარგე თავი. ჩემი ხელები თავისით შემოეხვია წელზე და კოცნას კოცნითვე ვუპასუხე. ხელში არ ავუყვანივარ, როგორც წარმომედგინა. (ალბათ, ჭრილობის გახსნის მოერიდა, ან სტკიოდა.) ნელ-ნელა მივიწევდით საძინებლისკენ და მხოლოდ იმას ვაცნობიერებდი, რომ ჩემი ტანსაცმელი გზამკვლევივით იფინებოდა იატაკზე. არ ვიცი, მე ვიყავი ასეთი ცივი, თუ მას ქონდა ძალიან ცხელი ტუჩები: მხრები, კისერი, ყელი, ღაწვები, სადაც კი მკოცნიდა, სასიამოვნოდ მიხურდა. საწოლზე უკვე შიშველი გადამაწვინა და თავდავიწყების ბურანშიც გამახვია. ******************** დილით თვალები რომ გავახილე, მარტო ვიწექი საწოლში. წამიერად ტკბილი სიზმარი მეგონა წუხანდელი ღამე და ის იყო სინანულს უნდა მოვეცვი, რომ საწოლიც მეუცხოვა და საძინებელიც. გული დავიმშვიდე, გამოდის, არ დამსიზმრებია. მერე ადგომა დავაპირე, მაგრამ გამახსენდა, რომ ტანსაცმელი აქა-იქ გაფანტული ეყარა. თუმცა საწოლის გვერდით სკამისკენ რომ გამექცა მზერა, იქ აღმოვაჩინე ფაქიზად გადაფენილი. მესიამოვნა. სასწრაფოდ წამოვხტი, ელვის უსწრაფესად გადავიცვი და საძინებლიდან ფეხაკრებით გამოვიძურწე. თედო ექიმს სამზარეულოში მივაგენი. წელს ზევით შიშველი იყო. ისე შევედი, არ გაუგია, გაზქურასთან ფუსფუსებდა და მე მხოლოდ მის განიერ მხარ-ბეჭს ვხედავდი. სურნელით მივხვდი, რომ ყავას ამზადებდა და არც შევმცდარვარ. ფინჯნებში რომ ჩამოასხა და შემობრუნდა, თითქოს შეკრთა მოულოდნელობისგან. _უი, ადექი?_გამიღიმა._საწოლში მინდოდა მომერთმია. ფინჯნები იქვე მაგიდაზე დააწყო და მომიახლოვდა. ისევ ამიფრთხიალდა გული. წუხანდელი სიამოვნებით სავსე ღამე გამახსენდა და ცოტა შემრცხვა კიდეც. მის შიშველ მკერდს მოვარიდე თვალი, თორემ ისევ ვნება მეძალებოდა და მის მკლავებში თავის ამოყოფის სურვილს ასე გავუმკლავდი. უხმოდ მომიახლოვდა თაღის კუთხეში კედელს მიწებებული რომ ვიდექი, თავი ამაწევინა და თვალებში დიდი სიყვარულით ჩამხედა. _წუხანდელს ნანობ? თავი რომ გავუქნიე უარყოფის ნიშნად, დაიხარა და ნაზად მაკოცა. _წავალ, ჩავიცმევ, თორემ შემცივდა._ღიმილით მომიბოდიშა._ მალე დავბრუნდები. სამზარეულოდან რომ გადიოდა და თვალი გავაყოლე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ფეხზეც არაფერი ეცვა და მის მაგივრად გამაკანკალა. იმ დღესაც მასთან დავრჩი. ასეთი ბედნიერი და ემოციებით სავსე არასდროს ვყოფილვარ. მართლა მიყვარდა ეს ბიჭი და ჭკუას მაკარგვინებდა. მის გარეშე ცხოვრება უკვე ვერც კი წარმომედგინა. დილით სამსახურში ერთად წავედით. როგორც ყოველთვის, ნათიას ახლაც ვერ გამოვაპარე ვერაფერი და იმის აღიარება, რომ უკვე ერთად ვიყავით, მაინც მაიძულა. ისე გაუხარდა, თითქოს თვითონ თხოვდებოდა საყვარელ მამაკაცზე. ქეთი ხომ ძალიან აგრესიული იყო. ოღონდ, როცა მარტოები ვიყავით, თორემ თედო ექიმის თანდასწრებით ჩვეულებრივ მექცეოდა. მართალია, გადატვირთული და დამღლელი დღე გვქონდა, მაგრამ ერთად მუშაობა გვატანინებდა ყველაფერს. უბრალო ხელის შეხება, ჰაეროვანი კოცნა და სიყვარულნარევი მზერაც კი საკმარისი იყო ჩემთვის, რომ მთელ დღეს ბედნიერების მეშვიდე ცაზე ვყოფილიყავი. ერთი საათით დაძინებაც კი მოვახერხე მის კაბინეტში. პაციენტებისთვის განკუთვნილ ტახტზე წამოვწექი, თავი კალთაში ჩავუდე, მოხერხებულად მოვეწყე და სიამოვნებით დამეძინა ჩემს თმაში რომ ხლართავდა თავის თითებს. ძილბურანში მისი თბილი ტუჩების შეხებაც კი ვიგრძენი რამდენჯერმე და უფრო ტკბილად დამეძინა. ცვლის დასრულებისთანავე კი ბებიასთან წავედით და კლინიკიდან გამოვიყვანეთ. ღამით უკვე მისი მშვიდი ფშვინვის ხმა რომ მესმოდა, მეც მშვიდად ვიყავი. ეგ იყო მხოლოდ, რომ თედო ექიმის გარეშე მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. მენატრებოდა მისი ჩურჩული, მისი ალერსი და მისი სასწაული კოცნა. მის გარეშე ვეღარ ვისვენებდი. დილით ბებია წამოვსვი. უკეთესად რომ იყო, ეს ცალკე მახარებდა. მალევე გამოჯანმრთელდებოდა და მე და თედო ექიმის ერთად ყოფნასაც დაადგებოდა საშველი. მაგრამ, ახალი სადარდებელი და საფიქრალიც გამიჩნდა, ბებია როგორ დამეტოვებინა მარტო? მე რომ თედო ექიმთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, მარტო როგორ იქნებოდა? უკვე ღამეც კი ვეღარ ვიძინებდი ამაზე ფიქრით. როგორ მოვქცეულიყავი აღარ ვიცოდი. ბებია ხომ მიყვარდა და მის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება, მაგრამ თედო ექიმი? ვერც მის გარეშე გავძლებდი დარწმუნებული ვიყავი. მომდევნო ცვლაში რომ წავედი, ირმას ჩავაბარე ბებია. მოვილაპარაკეთ, რომ როცა მე ვიმუშავებდი, მას ჩავაბარებდი და ფულსაც გადავუხდიდი. დამთანხმდა, ოღონდ ფულის გარეშე. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ იუარა, ანიკო ბებია საკუთარ ბებიასავით მიყვარს და მის მოვლაში ფულს ვერ გამოგართმევო, გამომიცხადა. სამსახურში თედო ექიმს ჩემი დაბნეულობა და აღელვება არ გამოჰპარვია. მიზეზი კი მკითხა, მაგრამ სიმართლე დავუმალე და გადაღლილობა მოვიმიზეზე. როგორ მეთქვა ის, რაც სინამდვილეში მაღელვებდა? ამ ფიქრებმა ნეგატიურად იმოქმედა ჩემზე, ძალიან დაბნეული, უყურადღებო და ნერვიული გავხდი. თედო ექიმისგან განსხვავებით ნათია უფრო მოხერხებულად მომიდგა და ყველაფერი, რაც კი გულში მედო, დამაფქვევინა. _მდა._უიმედოდ გადააგდო თავი._პირველი შემთხვევაა, რომ მესმის შენი და გეთანხმები რომ რთულ სიტუაციაში ხარ. თედო ექიმი გიყვარს და მისი ცოლობა გინდა. მაგრამ არანაკლებ გიყვარს ბებიაც და მისი მაეტო დატოვებაც არ გინდა. მართლაც გამოუვალ სიტუაციაში ხარ. შენს ადგილზე თავის წარმოდგენაც კი არ მინდა. _ბებიამ რომ გაიგოს ამაზე ვდარდობ და შეიძლება ამის გამო გათხოვებაზეც ვთქვა უარი, გამიბრაზდება. ვიცი მისი ხასიათი, რაც არ უნდა ცუდად იყოს, დამიმალავს, იმას მეტყვის, კარგად ვარო. მართლა არ ვიცი როგორ მოვიქცე. _მე რომ გითხრა ამის გამოსავალი, რით დამასაჩუქრებ?_ეშმაკურად მოჭუტა თვალები და ისე აათამაშა წარბები, აშკარად სახარბიელო რაღაც იცოდა, მაგრამ პირდაპირ არაფერს მეუბნებოდა, რადგან ასე მომეჩვენა, რომ ჩემი ტანჯვა სიამოვნებას ანიჭებდა. _ნუ დამილიე სული, ამოღერღე რა ვარიანტი გაქვს._ლამის ყელი გამოვიგლიჯე თხოვნით, მაგრამ ნათია ჯიუტად დუმდა და მიღიმოდა. _დილამდე იფიქრე, იქნებ შენც მოიფიქრო. თუ არა და მეტი გზა არ მექნება და დილით გეტყვი. _რა საზიზღარი ხარ!_ავღშფოთდი._იცოდე გამოგახრჩობ. _გამომახრჩობ და უფრო ვერ გაიგებ ვერაფერს._გულიანად გადაიკისკისა და ჩემს მტანჯველ ფიქრებთან ერთად მარტო დამტოვა. რა აღარ ვიფიქრე, რა აღარ წარმოვიდგინე, მაგრამ სახარბიელო ვერაფერი მოვიფიქრე. არა და, აშკარა იყო, რომ ნათიას მართლაც კარგი ვარიანტი ქონდა ჩემთვის. თივის ზვინში ნემსის ძებნას გავდა ჩემი ვარიანტები. მართლაც რომ ვერაფერი მოვიფიქრე. შუაღამეზე კი დაშავებული შემოიყვანეს და მის მკურნალობაში ვეხმარებოდი თედო ექიმს, რადგან ქეთის ტკბილად ეძინა საორდინატოროში და მისი გაღვიძება არავის უნდოდა. არავის აწყობდა მისი ბუზღუნის მოსმენა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რომ დავაწვინეთ, ისევ გამოვიჭირე ნათია. _დილამდე რაღა დარჩა, სამი საათი? მითხარი, ნუ დამტანჯე. მე ტვინი დახშული მაქვს და ვერაფერი მოვიფიქრე. რა გამოსავალს მთავაზობ, როგორ შევძლებ ყველაფრის ნორმალურად მოგვარებას? _ტვინი გაანძრიე. მაგ საქმით სამი ადამიანი დარჩება კმაყოფილი. რა ვერ მოგიფიქრებია? მაკვირვებ რაა... _მუხლებზე დაგიდგე, რა გინდა?_მოულოდნელად მართლაც დავეცი მის წინ. _გაგიჟდი?_აღშფოთდა. მხრებში ჩამაფრინდა და წამომაყენა._მეგონა, ტვინს აამუშავებდი და რამე გონივრულს მოიფიქრებდი. შენ კი მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ დამტყუო ჩემი ვარიანტი... მინდა გითხრა, რომ გამიცრუე იმედები. მაგრამ რა გაეწყობა? გეტყვი, ოღონდ ჯერ ის მითხარი, ლიკა სად ცხოვრობს? გამიკვირდა, რა შუაში იყო ლიკა მართლა ვერ ვხვდებოდი. _ავლაბარში._მაინც ბეჯითი ბავშვივით ვუპასუხე. _მაინც ვერაფერს მიხვდი არა?_ამოიოხრა._კარგი, ლიკა ხომ იცი რომ წეროვანიდანაა და აქ ქირით ცხოვრობს? შეგიძლია ბებიასთან ცხოვრება შესთავაზო. ის ქირის გარეშე იცხოვრებს, შენ ბებიას მეთვალყურეს ფულს არ გადაუხდი. ანიკო ბებია კი ლიკას გვერდით ცხოვრებით ბედნიერზე ბედნიერი იქნება. ამაზე უკეთეს ვარიანტს რამეს მოიფიქრებ კიდე? კარგა ხანს ხმისამოუღებლად შევყურებდი საზრიან ნათიას. სულ რომ დამეჭყლიტა და გადამეტრიალებინა ტვინი, ამას ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი. მართლაც რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ყველასთვის. ლიკა ქირის ფულს დაზოგავდა, ბებია მხიარულად იქნებოდა მასთან, მე კი მშვიდად, რომ ბებია საუკეთესო მეთვალყურის ქვეშ მეყოლებოდა. _შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა?_აკივლებული ისე ძლიერად გადავეხვიე, ლამის მოვახრჩე. _იქნებ გამგუდო როგორმე... ეგ არის, ჩემი დახმარება სხვა დროს აღარ დაგჭირდება?_ცოტა გამიწყრა და ჩემი მკლავებიდან თავი ძლივს გაინთავისუფლა._გამიშვი, საქმე მაქვს, საბუთები თავზე საყრელად მაქვს. იმდენი საწერი დამიგროვდა, მე მოვკვდე, ერთი გემრიელი რომანი თუ არ გამომეშანშალებინოს... ისევ გადავეხვიე, მადიანად ჩავპროშნე და თედო ექიმის კაბინეტს მივაშურე გახარებულმა. გახარებული ის შესატყვისი სიტყვა არ არის, რასაც მე იმ მომენტში განვიცდიდი. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი და კი არ მივდიოდი, მივფრინავდი. მართალია, კაბინეტში რომ არ დამიხვდა, ცოტა ფრთებჩამოყრილი გამოვბრუნდი უკან, მაგრამ მივხვდი რომ გარეთ იქნებოდა სიგარეტის მოსაწევათ და მეც იქით გავეშურე. მართლაც იქ იყო, შუა ეზოში იდგა და ჩაფიქრებული აჰყურებდა ჩაბნელებულ ცას. თოვას იწყებდა. ფრთხილად მივუახლოვდი და ზურგიდან ჩავეხუტე. ვიგრძენი როგორ შეუთამაშდა სხეულის ყველა კუნთი და ჩემს ხელებს თავისი თბილი ხელებით ჩაეხუტა. ლოყით მის ზურგს მივეყრდენი და ასე გავიტრუნე. _მომენატრე._ეს მითხრა ჩურჩულით და შემომიბრუნდა._ვეღარ გკითხე, ბებია როგორაა? _კარგად. წამოვსვი უკვე. ისეა მოწადინებული ჩვენი ქორწილით, მგონი დროზე ადრეც გამოჯანმრთელდება. გაეცინა. _ჩემსავით ვეღარ ითმენს ალბათ... ეს ორი ღამეა მესიზმრები, თანაც ისე ცხადად, თვალებს რომ ვახელ, ხან აბაზანაში გეძებ და ხანაც სამზარეულოში. არ ვიცი, როდემდე გავძლებ შენს გარეშე... ცვლას რომ დავამთავრებთ, სადმე წავიდეთ. _წავიდეთ._სიამოვნებით დავთანხმდი. _სად? აქედანვე დავგეგმოთ, რომ მერე დრო არ დავკარგოთ შერჩევაში. _ეგ მე მომანდე, მოვიფიქრებ რამეს._კეკლუცად შევღიმე. _კარგი, გენდობი._რომ დაიხარა და გული ამიჩქარა მისმა კოცნამ, ბედნიერებისგან გამეღიმა. დილით მართლაც ერთად დავტოვეთ სამსახური და... მის ბინაში წავედით. ერთმანეთის სიახლოვე ორივეს გვაბედნიერებდა და დადებითი ემოციებით გვავსებდა. სახლში მოგვიანებით დაბრუნებულს კი ბებიამ ეჭვით შემომხედა. _ჩემი ცვლა გვიან მოვიდა და მიტომ შემაგვიანდა._უნიჭოდ ვიცრუე და რომ არაფერი შეემჩნია ჩემთვის, საძინებელში შევედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ისევ მასთან დავბრუნდი._აბა როგორ ხარ? _ისე ვარ, თითქოს ახლიდან დავიბადე. თუ გინდა ირმას კითხე. ირმამაც დამიდასტურა, რომ წამლებსაც თავის დროზე ღებულობს და ჭამითაც კარგად ჭამს, არ მაბრაზებსო. _ძალიან კარგი. სანამ წახვალ მის წამოყენებაში დამეხმარე. მეშინია ამდენი წოლით დასუსტებული არ იყოს და არ წამექცეს._ჩურჩულით ვთხოვე და ისიც დამთანხმდა. ბებია მართლაც წამოვაყენეთ. არ გასჭირვებია ადგომა. ცოტა კი ფრთხილობდა, მაგრამ მაინც ყოჩაღად ეჭირა თავი. დაუხმარებლად ცოტა გაიარ-გამოიარა კიდეც, მაგრამ დიდად არ გადამიტვირთია, რადგან არ მინდოდა თავბრუსხვევას შეეწუხებინა. დაწოლით აღარ დაწოლილა. ლოჯიაში გამათბობელის გვერდით სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, ასე მირჩევნიაო და არც შევწინააღმდეგებივარ. წოლას მართლა სჯობდა ჯდომა, რომ უარესად არ დასუსტებულიყო. იმ დღეს აღარ, მაგრამ მეორე დღეს დილაადრიან გვესტუმრა თედო ექიმი. ბებიას მგონი ჩემზე მეტად გაუხარდა მისი ხილვა. ბებიას ტკბილეული მიართვა, გულთბილად მოიკითხა. მე კი შორიდან მეფერებოდა თვალებით. _დაქორწინებას როდისთვის გეგმავთ?_ვითომ სხვათაშორის იკითხა ბებიამ, მაგრამ ინტერესით მიაჩერდა თედო ექიმს. _თქვენს გამოჯანმრთელებას ველოდებით... _მე ძალიან კარგად ვარ და ჯანმრთელადაც ვარ, მე რას მელოდებით?_ეწყინა. _ჩვენს ქორწილში საპატიო სტუმარი ბრძანდებით და ხომ უნდა შეგეძლოთ ცეკვა?_ისე შეჰღიმა, მომაჯადოვა მისმა ამ ღიმილმა. სურვილი მქონდა მივსულიყავი, კალთაში ჩავჯდომოდი და მოვფერებოდი, მაგრამ ბებიასი მერიდებოდა. _რომელი სუხიშვილების მოცეკვავე მე მნახეთ?_ისევ ეწყინა._ახალგაზრდობაში არ ვცეკვავდი და ახლა გინდათ ამატლინკოთ ეს ბებერი? _ბებერი, მაშ._მივედი და ჩავეხუტე._ათ ახალგაზრდას აჯობებ. ბებიას ესიამოვნა ჩემი შექება და გაიბადრა, თუმცა მაინც შეგვიბღვირა ორივეს. _რას უცდით ნეტა ვიცოდე? დრო მიფრინავს მეც ხომ მინდა მოვესწრო რამეს? კარგად ვარ და თუ მაინც და მაინც ჩემი ქორწილში ცეკვა გინდათ, მაგასაც შევძლებ. ნუღარ გადადებთ. თედო ექიმმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და რაღაც გადაამოწმა. _თოთხმეტი თებერვალი იყოს, კვირაა. რას იტყვი?_მერე მემომიბრუნდა. _ახლა? სულ რაღაც ერთ თვეში?_გული საგრძნობლად ამიფრთხიალდა. _ცოტაა თუ ბევრი?_გაეღიმა. _ერთი თვე უნდა გელოდოთ კიდევ და დავიტანჯო თქვენი ცოდით?_სახე დაემანჭა ბებიას._ახალგაზრდა მეც ვიყავი და ვიცი რა არის სიყვარული._გაეღიმა._განა ვერ გატყობთ, რომ ერთმანეთს თვალებით ჭამთ და განმარტოება ახლა ყველას და ყველაფერს გირჩევნიათ? რაც არ უნდა უარყოთ, მაინც ვერ დამაჯერებთ მაგას. ასე, რომ დღეს შეგიძლია ჩემი ნუკი პაემანზე დაპატიჟო... მე კარგად ვარ, არ ინერვიულო._პროტესტის ნიშნად სანამ პირს დავაღებდი, ჰაერშივე მომაკეტინა._ჩემზე ნუ ღელავ. სიარული შემიძლია, საჭმელი ვიცი სად არის და წამლებსაც ვსვამ. თედო ექიმს რომ შევხედე, ისეთი მუდარით სავსე თვალებით მიმზერდა, უარის თქმა მომერიდა. _კარგი, ცოტა ხნით წამოვალ._წამოვდექი და ჩემს ოთახს მივაშურე, რათა გამოვპრანჭულიყავი. დიდი გამოპრანჭვა იმ თავიდან ამ თავამდე არ მიყვარდა, მაგრამ ახლა პაემანზე მივდიოდით და უდიდესი სურვილი მქონდა მის გვერდით ლამაზი და გამოპრანჭული ვყოფილიყავი. მთელი გარდერობის გადმოყრა მომიწია, რათა საუკეთესო შემერჩია რამე და როგორც იქნა მოვახერხე კიდეც. აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური რომ დავამთავრე, მაშინდელი გამოსაშვები საღამოსთვის შეძენილი კაბა გადმოვიღე და ის მოვირგე. ისევ კარგად მქონდა. ცოტა თითქოს მკერდი გამზრდოდა და ოდნავ მოშიშვლებული მეჩვენა, მაგრამ ეს პრობლემაც გამჭვირვალე შარფით მოვაგვარე. თმა საგულდაგულოდ დავისწორე. ბუნებრივ ფერებში მაკიაჟიც გავიკეთე და მორიდებით გავედი ლოჯიაში. თედო ექიმმა ჩემი გასვლა რომ გაიგო და გამომხედა, აშკარად გაოგნებული წამოდგა ფეხზე და გაოცებულ მზერას არ მაშორებდა. _ჩემი მზეთუნახავი._წაიჩურჩულა ბებიამ, მაგრამ მაინც შევატყე მის ხმას თრთოლვა. _წავიდეთ?_მორიდებით ვიკითხე, რადგან ისევ გაოგნებული მიმზერდა თედო ექიმი. _წავიდეთ._ძლივს მოეგო გონს და გამიღიმა. მერე, ბებიას მიუბრუნდა._გპირდებით, მალე დავაბრუნებ თქვენს შვილიშვილს ისეთივეს, როგორსაც მატანთ. _არ დააბრუნებ და ვისი აჯობებს მაგასაც ვნახავთ._ღიმილით დაექადნა ბებია. _მალე დავბრუნდები. თუ შემაგვიანდება, ირმას დავურეკავ და ამოგხედავს. _არ ინერვიულო, ცისმარას და ეთერას დავურეკავ და ისინი ამომხედავენ. თქვენ იცით, კარგი დრო გაატარეთ. ბინიდან რომ გამოვედით და ლიფტში შევედით, მაშინვე დამეტაკა და მაკოცა. _მინდა გითხრა, რომ მშვენივრად გამოიყურები. _მადლობა კომპლიმენტისთვის._კეკლუცად გავუღიმე და ლიფტიდან რომ გავედით, მაშინ ვიკითხე._სად მივდივართ? _პირველ რიგში რესტორანში._შემომღიმა. _მერე?_დაეჭვებულმა ვკითხე, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად მივხვდი სადაც წამიყვანდა და სიამოვნებით გამაჟრჟოლა. მანქანის კარი ზრდილობიანად გამომიღო და ასვლაში დამეხმარა. მერე თვითონაც მიუჯდა საჭეს და დაბალ ხმაზე ჩართული სასიამოვნო მელოდიების ფონზე ადგილიდან ფრთხილად დავიძარით. ძალიან ბევრიც რომ ვთქვა არ გვივლია. ვაკეში, მრგვალ ბაღთან წრე რომ დაარტყა და აბაშიძეზე გავედით, შემომღიმა. _ფრანგულ რესტორანში მოგიყვანე მადმუაზელ. იმედია მოგეწონება. რესტორანი მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ყველაზე განაპირა და მყუდრო მაგიდასთან დავსხედით. უშველებელი ჭაღი, რომელიც ყველა მაგიდის თავთან ეკიდა, ზღაპრულად დაგვნათებდა. რბილ სავარძელში მოხერხებულად მოვეწყე და მენიუ გადავშალე. _სიმართლე გითხრა, დიდად ვერ ვერკვევი ფრანგულ კერძებში და ამიტომ შენს გემოვნებას ვენდობი._ბევრი თვალიერების მერე დარცხვენილმა ვაღიარე. მართლაც მან შეუკვეთა კერძები და უნდა ვთქვა, რომ საუკეთესოები. გემრიელად მივირთვი ყველაფერი. ერთი ჭიქა შავი ღვინოც კი დავაგემოვნე დეგუსტატორივით. არაჩვეულებრივი დრო გავატარე. მერე კი, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ვნატრობდი, მის მკლავებშიც ამოვყავი თავი მისი ბინის მყუდრო საძინებელში. სახლში მოგვიანებით დავბრუნდით. ბებიას სადაქალო მართლაც ყავდა და მათთან ერთობოდა გვარიანად. მე რომ დამინახეს კმაყოფილი იერით, ეჭვით შემათვალიერეს, უფრო ცისმარამ. _ვაა, ნუკი? რა ლამაზი ხარ მაგ კაბაში. _ისე ლამაზი არ არის?_ ბებიას თითქოს ეწყინა მისი ეს კომპლიმენტი. _როგორ არ არის ლამაზი, მაგრამ ამ კაბაში უფრო ლამაზია. _ხო... დღეს თავის საქმროსთან ერთად პაემანზე იყო._დამაბიზღა ბებიამ. _ვაა, მართლა? შეყვარებული გყავს ნუკი?_ეთერა ბებიამ მაშინვე ცქვიტა ყურები. _შეყვარებული კი არა, საქმრო!_შეუსწორა ბებიამ._თებერვალში ქორწინდებიან. _გილოცავთ, ბედნიერები ყოფილიყავით._გულწრფელად გაუხარდა ეთერას. ცისმარამ კი ერთი ამოიოხრა და მერე მაინც ღიმილით მომილოცა. _სიყვარულით შეაბერდით შვილო ერთმანეთს. იმ სულელმა უჩამ კიდე იაროს აღმა დაღმა. ყველა კარგი გოგო თხოვდება და ეგ კი შორიდან უყურებს პირღია. ჩემი მომავალი გათხოვების და ქორწილის ამბავი უმალ მოედო კორპუსში სამეზობლოს და ხან ვინ მილოცავდა და ხან ვინ. ზოგს თუ უხაროდა, ზოგი შურით შემომყურებდა და ზურგს უკან მჭორავდა კიდეც, ამ უპატრონო გოგომ შეძლო გამოეჭირა შესანიშნავი ექიმი და ჩვენს შვილებს რაღა ბედი შეეკრათო? მოკლეთ, კეთილის მსურველებიც უხვად მყავდნენ და ავისაც. ქეთი ხომ აშკარად მაგრძნობინებდა, რომ თედო ექიმის ღირსი არ ვიყავი, არც შეხედულებით და არც სოციალური სტატუსით. ჩემს მიერ დადებული ნაკერები რომ ისევ მე ავხსენი, ამაზე კიდევ უარესად აიჯაგრა ცოფიანი ძაღლივით. ცალკე იმაზე დამცინოდა, ისევ თედო ექიმს რომ ვეძახდი. _აშკარაა, რომ ერთად წევხართ, მალე ცოლადაც უნდა გაყვე და მაინც თედო ექიმია?_შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ არ გავექილიკებინე და მასხარად არ ავეგდე._ნეტა, საწოლში სექსის დროსაც თედო ექიმს ეძახი? ნათიამ და გვანცამ ძლივს გამაკავეს, თორემ უნდა მეწეწა გემოზე. _სამსახურში თედო ექიმია და სახლში რა მოსაფერებელ სიტყვებს ეძახიან ერთმანეთს, შენი საქმე არაა._თვალები დაუბრიალა ნათიამ._არც შენ გაწყენდა შენზე ზემდგომს პატივისცემით რომ მიმართო... თუმცა რა გელაპარაკო? ეს ამბავი სათავისო ინტერპრეტაციით მოყვა მთელს განყოფილებაში: ქორწილის დღე ახლოვდება და ამის გამო ვღელავ და ნერვებიც მიტომ მღალატობს თურმე. ყველაზე მეტად კი ის მაცოფებდა, რომ უმრავლესობას სჯეროდა მისი ეს მონაჩმახი და ზოგი სერიოზულად და ზოგიც ხუმრობით მარიგებდა ჭკუაზე. ძილი ისედაც მიჭირდა და ბოლო დროს მთლად უძილობის მსხვერპლი გავხდი. თვალები ამომიღამდა, ჭამას მოვუკელი, გავხდი, ნერვიულობამაც თავისი კვალი დამაჩნია და ლამის პარანოია დამეწყო. რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს არ ვიცი, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ქეთი ყოველთვის ჩვენს შორის ჩადგომას ცდილობდა და ყველანაირად მიშორებდა თავიდან, როცა მასთან ერთად მუშაობდა. თედო ექიმს ვერ ვუმხელდი ამ ამბავს და ეს უფრო მაგიჟებდა. რომც მეთქვა, არ დამიჯერებდა და ღიმილით დამამშვიდებდა, ჩემი ეჭვიანი გოგოვო. შეიძლება, მართლაც ეჭვიანი ვიყავი. ან, ის მაფიქრებდა, რა ნახა ამ სიმპატიურმა ბიჭმა ჩემში? ერთ კვირაში ბებია რომ უკეთ გახდა, თედოს მშობლები გვეწვივნენ და ოფიციალურად დამნიშნეს. თითქოს ისიც მომეჩვენა, რომ ქალბატონ ლალის ძალიანაც არ მოვწონდი და არ ვუნდოდი შვილისთვის, მაგრამ... მოკლეთ, გაგიჟებას ცოტა მაკლდა. ნათია, ლიკა და გვანცა გვერდით მედგნენ ყოველთვის და მოდუნების და ფარ-ხმალის დაყრის საშუალებას არ მაძლევდნენ. კაბის შერჩევაზე გვარიანად ვინერვიულე. არ ვიცოდი როგორი ჩამეცვა, ზედმეტად თამამი თუ მოკრძალებული. ამაშიც ნათია დამეხმარა. _მაღალი საზოგადოების წრის ხალხია. ენდომებათ, რომ მათი სარძლო ძალიან ლამაზი და თვალშისაცემი იყოს. მოდასაც უნდა ავუწყოთ ფეხი. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ არც ერთ მამაკაცს არ ენდომება ნახევრადშიშველი პატარძალი ეჯდეს გვერდით და ასობით ცბიერი თვალი უმზერდეს მთელი დღის განმავლობაში. ასე, რომ მოკრძალებულობაც საჭიროა. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში ავირჩიოთ, ვნახოთ რა გამოვა. კატალოგიდან რამოდენიმე ვარიანტიც შემომთავაზა და ბოლოს, როგორც იქნა ჩემი ბედნიერების დღის აღსანიშნავი კაბაც შევირჩიე: ბევრი მაქმანებით და გრძელი ფატით. მართლაც არაჩვეულებრივი იყო და რაც ყველაზე მეტად მიხარებდა გულს, ძალიან, ძალიან მიხდებოდა. კაბას საგულდაგულოდ ვმალავდი. არ მინდოდა ქორწინებამდე ენახა თედოს. ბებიას ცრურწმენის შიში მეც გადმომდებოდა თითქოს. ქორწილამდე ლიკასაც შევთავაზე ბებიასთან გადასვლა და იქ ცხოვრება. არგუმენტად ის მოვიყვანე, რომ ბებიას მიმხედი მინდოდა და მასზე კარგს ვერავის ჩავაბარებდი. ქირის გარეშე ვაცხოვრებდი, რადგან არც მე გადავუხდიდი ბებიაზე ზრუნვისთვის ჯამაგირს. მოკლეთ, ხელმა ხელი დაბანაო. არასდროს დამავიწყდება მისი მადლიერი თვალები. ერთხანს გაოგნებული მომჩერებოდა, მერე კი გადამეხვია და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული. თუმცა, მადლობას ხომ ნათია იმსახურებდა ჩემგანაც ამ არაჩვეულებრივი სქემის შედგენისთვის. იანვრის ბოლოს კი ერთი კარგი ამბავიც მოხდა. რეზიკო ფეხზე წამოაყენეს და ჩვეულებრივ გადაადგა ნაბიჯები, თუმცა ჯერ ისევ სიფრთხილე მართებდა ხერხემალზე და ყავარჯნებით უნდა ევლო ერთი თვე მაინც. სანამ საავადმყოფოდან გაწერდნენ, საიდუმლოდ მთხოვა პურგენის აბი, იქნემ მიშოვოვო. ვიფიქრე, ამდენი წოლით და უმოძრაობით კუჭის პრობლემები ქონდა და სასაქმებელი საშუალება უნდოდა. მთლიანი ფირფიტა რომ მივუტანე, გაუხარდა. მერე ერთი ფუნჯი, საჭმელი სოდა, ოდეკოლონი და თაბახის ფურცელიც მთხოვა. ჩემს მომავალ ქორწილზე ისე ვიყავი გადართული და კონცენტრირებული, რომ დიდად არ გამკვირვებია და გამიოცებია მისი ეს უცნაური მოთხოვნა და ყველაფერი, რაც კი მითხრა, მივუტანე. საღამოს კი ლამაზი და ასე ვთქვათ ორიგინალური სიყვარულის ახსნის მომსწრეები გავხდით. მე, ლიკა, გვანცა და ნათია დაგვიბარა. ცოტა გაოცებულები ავედით. რეანიმაციის განყოფილების გოგოებიც იქ დაგვიხვდნენ სოფიო და ნია. მოკლეთ, მის პალატაში ასეთი სიმრავლე მას მერე არ ყოფილა მგონი, რაც დაშავებული მოიყვანეს. შემთხვევით თედო ექიმმაც ამოაკითხა, დილით საავადმყოფოდან წერდნენ და მისი მდგომარეობით დაინტერესდა. ამდენი გოგოები რომ დაგვინახა მის პალატაში, გაოცდა. _რა თავყრილობა გაქვთ?_მკაცრი გამომეტყველებით შეგვათვალიერა ყველა. _მე ვთხოვე რომ ამოსულიყვნენ._რეზიკომ ღიმილით და ცოტა მორიდებითაც კი უთხრა. მერე ლიკას მიუბრუნდა და ჩემი მიტანილი თაბახის ცარიელი ფურცელი გადასცა. მივხვდი, თავის სახალისო ქიმიურ ცდებს მიმართავდა და გამეღიმა. ლიკამ მორიდებით დახედა ხელში შერჩენილ ცარიელი ფურცელს. რეზიკომ კი, როგორც შემდეგ აგვიხსნა, სოდის ხსნარით დანამა და სასწაულის მომსწრენიც გავხდით: ქაღალდზე ჟოლოსფერი წარწერა გაჩნდა: "ლიკა, ძალიან მიყვარხარ". ჯერ ამ სასწაულს ვუყურებდით ყველა, მერე კი აწითლებულ და თვალებანთებულ ლიკას შევხედეთ ერთდროულად. ბედნიერი, გახარებული, დამორცხვებული და ამავე დროს შეყვარებული ლიკა გაოცებით დაჰყურებდა წუთის წინ ცარიელ ფურცელს, რომელზეც ახლა მისთვის სასურველი სიტყვები ეწერა სასურველი ვაჟისგან. ყველაზე პირველი მე მოვეგე გონს და დაქალს გადავეხვიე. სულ მალე გვანცამა და ნათიამაც მომბაძეს და ლამის გავგუდეთ საწყალი ლიკა. _არ მომიხრჩოთ შეყვარებული._შეშფოთებულმა რეზიკომ სათითაოდ გამოგვიყვანა მისგან და პირისპირ რომ აღმოჩნდნენ, შევატყე როგორ ღელავდა თვითონაც. _ამდენი თვალი რომ უყურებთ, უხერხულია. ერთმანეთთან მარტო დავტოვოთ ეს გვრიტები._ნათიამ ჯერ სოფიოს და ნიას უბიძგა კარისკენ და მერე გვანცას გამოსდო ხელკავი. მე თედო ექიმმა მომხვია წელზე ხელი და ისე გამომიყვანა პალატიდან. აფორიაქებული და აღელვებული წყვილი მარტოები დავტოვეთ ერთმანეთის პირისპირ. _რა რომანტიკული ბიჭი ყოფილა ეს შენი მეზობელი._თავი მოაბრუნა და საფეთქელთან ნაზად მაკოცა._მასთან კონსულტაცია ხომ არ გავიარო ხანდახან?_ეშმაკურად მოწკურა თვალები და ისე მომაშტერდა გამომცდელად. გამეღიმა. ფეხის წვერებზე ავიწიე და ისე ვაკოცე. _მე ასეთი შემიყვარდი და არ მაქვს პრობლემა რომანტიკული ხარ თუ არა. მე ისიც მაკმაყოფილებს, შორიდან რომ მიმზერ სიყვარულით სავსე თვალებით და ჰაეროვან კოცნას მიგზავნი... _მეტი არაფერი?_უფრო დაეჭვებულმა რომ ჩამხედა თვალებში, შემრცხვა. მისგან თავის დაღწევა მოვახერხე და კიბეზე სირბილით დავეშვი. თვითონაც უკან მომყვა. კიბის ბაქანზე წამომეწია, კუთხეში მიმიმწყვდია აკისკისებული, აფართხალებულს ძლიერად მომხვია მკლავები და ძლივს დამიმორჩილა. მერე კი, გრძნობით შეერთდა ჩვენი ტუჩები. მთლიან სხეულში დამიარა სიმშვიდის განცდამ. წამიერად დამავიწყდა კიდეც სად ვიყავი და ვინ ვიყავი. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, თითქოს ღრუბლებში დავფრინავდი. ვგრძნობდი, რა პატარა ვიყავი ამ სამყაროში. მისი ნაცნობი სურნელი ცხვირში მიღიტინებდა და თავბრუს მახვევდა. ჩვენი გულები კი თითქოს ერთ რიტმში ფეთქავდა. სადღაც შორიდან ჩამესმოდა დერეფანში მოფუსფუსე მედპერსონალის ხმა. ამ სამყაროს მოწყვეტილი და შორს გაცდენილი ვიყავი თითქოს. სასწაულზე სასწაული იყო ჩემი თედო ექიმი და სულაც არ მჭირდებოდა მისი რომანტიკა, ასეთიც გაგიჟებით მიყვარდა. ვიღაცამ რომ აიარა კიბეზე და შეგნებულად ჩაახველა, ყურადღება არ მიგვიქცევია. გუმანით მივხვდი, რომ ქეთი იყო. თუმცა, თავი არ შემიწუხებია იმის დადგენით, მართლა ის იყო თუ არა. მალევე დაბრუნდა უკან და რომ ჩაიფხუკუნა, ხმაზე ვიცანი რომ ის იყო. _აღარც ზრდილობა, აღარც მორიდება._წყენით ჩაიბუტბუტა და წავიდა. გავუძალიანდი. ქეთი მართალი იყო, მართლაც არ იყო ლამაზი ექიმის და სანიტრის ხვევნა-კოცნა სადაც კი მოიხელთებდნენ დროს. _სირცხვილია... გაჭირვებით გამიშვა ხელები. აშკარად არ ვეთმობოდი. კიბეზე რომ ჩავდიოდი, ავხედე და გავუღიმე. _თუმცა კარგი იყო. თანაც ძალიან. აღარ გამომკიდებია. მიხვდა, რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებდით და ალბათ იმიტომ. ის მაღლა აბრუნდა, მე კი ძირს ჩამოვედი. ნათია და გვანცა გვერდიგვერდ ისხდნენ მისაღებში და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. ჯერ ისევ ჯადოსნური კოცნის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და დიდად არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება. (ესენი სულ ამ დღეში იყვნენ მაინც). მათ გვერდით რომ ჩამოვჯექი, ნათია ახლა მე მომიბრუნდა. _იმ პოლიციელს რომ ჩვენი გვანცუცი მოსწონს, ვერც შენ ხვდები?_ინტერესით მკითხა. _ნუ იცი შენ ყველაფერზე კუდის გამობმა._გაუწყრა გვანცა._უბრალოდ შემომხედა, რა მოხდა მერე? _უბრალოდ არ შემოუხედია. ბიჭი იწვის და დნება შენს სიახლოვეს და მეტი რაღა გაგრძნობინოს? ისე, როგორი ბიჭია, გააბედნიერებს ჩვენს დაქალს?_ისევ მე მომიბრუნდა ნათია. _ვინ? ზურაზე მეკითხები?_დასაზუსტებლად ვკითხე და რომ დამიდასტურა, გამეღიმა._კარგი ბიჭია. ყოველი შემთხვევისთვის ასე ჩანს გარედან და რა გითხრა? კლასში ყველაზე მეგობრული და ალალი ეგ იყო. _იყო და იქნება კიდეც, რა შეცვლიდა ვითომ? ადამიანი რაც დაიბადება, ბოლომდე ის რჩება, მისი შეცვლა არ ხდება. ასე, რომ ჩემო გვანცუცი, ნუკის გავათხოვებთ, მერე ლიკას და რეზიკოს დავაქორწინებთ და შენი და ზურას ჯერიც დადგება. მიყვარს ჰეფი ენდები. _ყოველთვის რომ სხვებზე ფიქრობ და ზრუნავ, ყოველთვის სხვისი ბედ-იღბალი რომ გაწუხებს, შენ როდისღა უნდა მოძებნო შენი პრინცი?_ეჭვით შევხედე._თუ გყავს უკვე და გვიმალავ? _სიყვარულსა მალვა უნდაო, არ იცი შენ?_გულიანად გადაიკისკისა. _გამოდის, გყავს უკვე და ჩვენ არ ვიცით?_ფერდში შევუღუტუნე და უარესად აკისკისდა თავისი უდარდელი და წკრიალა ხმით. _ერთი ამ ეშმაკს უყურე, როგორ გვიმალავს._"აღშფოთდა" გვანცა._ყველას საიდუმლო დასტყუა და თვითონ კი კრინტს არ სძრავს თავის შეყვარებულზე. ვინ არის, აქაურია?_ჰოსპიტალი იგულისხმა. ნათიას ხმა არ გაუღია, მხოლოდ გულიანად კისკისებდა. _გამოდის, ადგილობრივია. ნეტა ვინ?_შუბლი მოიქექა გვანცამ._ ექიმებიდან თედო იყო თავისუფალი და ესეც ნუკიმ დაითრია. დაცვის ბიჭებიდან იქნება რომელიმე, მაგრამ ვინ? დაცვის ბიჭების ხსენებაზე სულ ოდნავ, მაგრამ მაინც შეეცვალა სახე და ჩემს თვალს ეს არ გამოჰპარვია. გამოდის, მართლაც დაცვის ბიჭებიდან იყო რომელიმე, მაგრამ რომელი? მეც დავძაბე გონება. რომ ვთქვა, რომელიმეს განსაკუთრებულად ეპყრობოდა, მოვიტყუები, ზედმეტად არავის ელაპარაკებოდა და ეპრანჭებოდა. თუმცა, ბევრი არც არავინ გვყავდა. მამუკა, ლაშა და ბაბახანი. ბაბახანი აზერბაიჯანელი იყო, სხვა სარწმუნოების და ეგ თავიდანვე გამოვრიცხე. დარჩა მამუკა და ლაშა. აქედან ერთ-ერთი უეჭველი მისი შეყვარებული იყო, მაგრამ მაინც რომელი? დიდხანს ტვინის ჭ....ტვა არ დამჭირდა, რადგან თედო ექიმი გამოვიდა მიმღებში და შენთან საქმე მაქვს და ჩემთან შემოდიო. ახლავე თედო ექიმო-მეთქი რომ ვუთხარი, გაეღიმა. დერეფნის კარში ჯერ მე შემატარა და უკან რომ მომყვა, ხელი მომხვია. _როდემდე უნდა მეძახდე თედო ექიმს?_ცხვირზე მსუბუქი წკიპურტი წამარტყა._უბრალოდ თედო როდის უნდა გავხდე შენთვის? ასე, ოფიციალურად მომართვით ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს. _რა ვიცი._მხრები ავიჩეჩე._ასე მივეჩვიე და თითქოს ასე მირჩევნია. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, მითუმეტეს სამსახურში. _აქ ავიტან როგორმე, მაგრამ სახლშიც ასე არ მიმაჩვიო ენა._გაეცინა. მის კაბინეტში რომ შევედით, კარი მიხურა და მაშინვე გულში ჩამიკრა. _მომენატრე. _რა საქმე გქონდა?_გავუძალიანდი. _შენი ჩახუტების და კოცნის გარდა, არაფერი._ისევ შემომღიმა._ამ ორ კვირასაც გადავაგორებ როგორმე და მერე კი უკვე მთლად ჩემი იქნები... ერთად დავწვებით, ერთად ავდგებით, ერთად წამოვალთ სამსახურში... ყურს სასიამოვნოდ ხვდებოდა და გულშიც ფიანდაზად მეფინებოდა სიტყვა "ერთად." მეც ვეღარ ვითმენდი უკვე ქორწილამდე და საშინლად მიჭირდა. ერთი სული მქონდა როდის დავქორწინდებოდით. ქორწილი კი ძალიან უცნაურ სიტუაციაში გვქონდა: ზუსტად ქორწილის წინა დღეს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, თედოს ვარჯიშის დროს აქილევსის მყესი გაუწყდა. მშობლები ბევრს ეხვეწნენ, ბოდიში მოვუხადოთ სტუმრებს და ქორწილი გადავდოთო, მაგრამ თავი გაიკლა, გამაყუჩებლები მიიღო და ტკივილის მიუხედავად მაინც არ ჩაშალა ქორწილი. ჯვარიც დავიწერეთ, ხელიც მოვაწერეთ და რესტორანშიც თითქმის ბოლომდე შემოვრჩით სუფრას. სახეზე აშკარად ეტყობოდა საშინელი ტკივილის კვალი, მაგრამ ისე ძალიან უნდოდა ჩემი ცოლად შერთვა და ქორწილის გადახდა, რომ ამ ყველაფერს ვაჟკაცურად იტანდა. მაინც არაჩვეულებრივი ქორწილი გამოგვივიდა. მხოლოდ ის იყო, რომ მისი ნატკენი ფეხის გამო ერთად ვერ ვიცეკვეთ, მაგრამ ეგეც არაფერი, ცეკვისთვის დრო ხომ კიდევაც ბევრი გვექნებოდა? ქორწილის მესამე დღეს კი, გაწყვეტილი მყესის ოპერაცია გაიკეთა. ჩვეულებრივი ოპერაცია იყო, საშუალო სიმძიმის, მაგრამ ისე ვნერვიულობდი და განვიცდიდი, ლამის თან გავყევი. ზუსტად ერთი თვე დასჭირდა მისი ფეხის რეაბილიტაციას და შრომის უნარის აღდგენას. ეს ერთი თვე არც მე მიმუშავია და რა თქმა უნდა არც ჩემს თედოს. სახლში ყოფნით მშვენიერი თაფლობის თვეც გამოგვივიდა. საოცრად და სასწაულად მსიამოვნებდა მასზე ზრუნვა. მე, თედო და როკო დღეებს არაჩვეულებრივად ვატარებდით. მნახველებიც უხვად გვყავდა: თედოს ახლობლები თუ ჩემი. მოკლეთ, იმ ერთმა თვემ ისე სწრაფად გაირბინა, ვერც ვერაფერი გავიგეთ და სამსახურშიც ერთთვიანი შვებულების შემდეგ დავბრუნდით. ყველაფერი ისე წარიმართა, იმაზე უკეთესად მეც კი ვერ წარმოვიდგენდი. თედოს ვუყვარდი, უზომო პატივს მცემდა. მე ხომ მიყვარდა და მიყვარდა და თავს ვევლებოდი ჩემს ზღაპრულ პრინცს. მართლაც რომ ზღაპარში მეგონა თავი. ცოტა ეგ იყო, გადაღლას და სისუსტეს ვგრძნობდი. ხშირად უმნიშვნელო თავბრუსხვევას ვგრძნობდი და რამდენჯერმე მაღებინა კიდეც. მეგონა, გადატანილი ნერვიულობის და გადაღლის ბრალი იყო, მაგრამ ერთ საღამოსაც, როცა ჩემს სტუმრებს: ნათიას და ლიკას ვმასპინძლობდი, ლიკამ სხვათაშორის მკითხა, ორსულად ხომ არ ხარო. დავიბენი. რატო მე თვითონ ვერ მივხვდი ამას? სხვა რა უნდა ყოფილიყო? ლიკა მაშინვე აფთიაქში გაიქცა, ორსულობის დასადგენი ტესტი ამომირბენინა თედოს უჩუმრად და შედეგის პასუხს სამივენი სულმოუთქმელად დაველოდეთ. მერე კი, გაოგნებული და გახარებული ხმისამოუღებლად დავყურებდი ტესტის დადებით პასუხს. _ესეც ასე, თქვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია._ღიმილით გადამეხვია ნათია._მიხარია,_თან მუცელზე მომადო ხელი,_პატარა თედო ან პატარა ნუკი რომ ბინადრობს უკვე აქ... წარმომიდგენია რა ბედნიერი შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ შენს სხეულში ახალი სიცოცხლე იბადება და დღითი-დღე ყალიბდება. ნათია მართალი იყო, იმის გაცნობიერება-გააზრება, რომ ჩემს სხეულში ჩემი და თედოს სიცოცხლის გაგრძელება ბინადრობდა, სიხარულით, ბედნიერებით და სიამაყის გრძნობით მავსებდა. იმ ღამეს ვერ დავიძინე. თედოსთვის არ მითქვამს ეს ამბავი, რადგან მინდოდა, ორიგინალურად შემეტყობინებინა ის, რომ სულ მალე მამა გახდებოდა. გადავწყვიტე, ექოსკოპია გამეკეთებინა და მისი პასუხი სადმე გამომეკრა მისთვის. დილით სამსახურში ერთად წავედით. დიდად გადატვირთული დღე არ გვქონია და ბატონ გოგისთან ექოსკოპიაზე ისე შევიპარე, გოგოების გარდა არავის სცოდნია. _ვაა, ჩვენი ნუკი გვესტუმრა?_გულთბილად გამიღიმა ხნიერმა ჭაღარაშერეულმა მამაკაცმა._რა გაგჭირვებია? _იცით, მე... მე... ექოსკოპიის გაკეთება მინდა._დავიბენი და სათქმელს ვეღარ მოვუყარე თავი. საზრიანი კაცი მალევე მიმიხვდა და გულთბილად შემომღიმა. _კარგი, დამშვიდდი. შენს მდგომარეობაში ეს განცდა ნორმალურია._ხელი მომკიდა და ტახტზე თვითონ დამაწვინა. მუცელი რომ მოვიშიშვლე და ექოს გადაღებას შეუდგა, სუნთქვა გამიჩერდა და გულისფანცქალით ველოდი მის პასუხს. _უნდა მოგილოცო, პატარამ პირველი რთული პერიოდი უკვე გადალახა. ახლა მუცლის მოშლის რისკი მინიმალურია. ასე რომ, თამამად შეგიძლია შენი ორსულობის ამბავი ყველას გაანდო... _მართლა?_გამიხარდა. _ხო, მეთორმეტე კვირაში ხარ. შენი პატარა თერთმეტ გრამს იწონის და ექვსი სანტიმეტრია. ამ პერიოდამდე აუცილებლად უნდა დამდგარიყავი აღრიცხვაზე ქალთა კონსულტაციაში. _იმდენი რამ მოხდა ამ მცირე დროში, ვერც კი მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი._თითქოს თავის მართლებას მოვყევი. _რეკლამირებაში თუ არ ჩამომართმევ, ლინა ყველაზე კარგი მეან-გინეკოლოგია და ექიმის აყვანა თუ დაგჭირდება, მას მიმართე, თან აქვეა._დარიგება მომცა. მეც ლინას ვფიქრობდი, რადგან ყველაზე კარგი ექიმი მართლაც ეგ იყო. ექოსკოპიის კაბინეტიდან რომ გამოვედი, მასთან მისვლა დავაპირე კიდეც, მაგრამ თედომ დამინახა და თავისთან მიმიხმო. პაციენტი ყავდა, ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ქეთი კი, როგორც ყოველთვის გასული იყო და ისეთ დროს დაბრუნდა, საქმეს მორჩენილები რომ ვიყავით. მოვიდა და როგორც სჩვეოდა, გაპრანჭვით მოუბოდიშა ჩემს ქმარს. _ბოდიში თედო, დილით სახლში ვერ ვახერხებ ვერც ჭამას და ვერც ყავის დალევას და კაფეტერიაში ვიყავი._თან ისე საზიზღრულად გაიტყლარჭა, ლამის მაღებინა მისი შემხედვარე. _არაუშავს, ჩემი ცოლი მომეხმარა. მომეჩვენა, რომ ამ "ჩემ ცოლს" საგანგებოდ გაუსვა ხაზი. მაგრამ ის კი ნამდვილად არ მომჩვენებია, ამის გაგონებაზე ქეთის როგორ შეეცვალა სახე. აშკარად არ ესიამოვნა, თედომ ჩემ ცოლად რომ მომიხსენია. _მაგას თავისი საქმე აბარია, ჩემი საქმითაც ნუ გადატვირთავ, ცოდოა. ისიც ეყოფა, ახლა რომ უნდა გაიქცეს და ყავა მომიცუნცულოს. _ბოდიში, მაგრამ შენი ყავის მოსატანად მართლა არ სცალია._ცოტა სიმკაცრეც ვიგრძენი მის ხმაში._თუ არა და, კაფეტერიაში ვიყავიო და ისევ ყავა გინდა?_გაუკვირდა. ქეთიმ ხმისამოუღებლად, მაგრამ აშკარად ნაწყენმა დატოვა მისი კაბინეტი. მესიამოვნა რომ გამომექომაგა. საქმე არაფერი მქონია, არც დაუვალებია ჩემთვის, მაგრამ ტყლარჭია ქეთის ყავის მოსატანად რომ არ გამიშვა, გამიხარდა. უბრალოდ მოვიდა და გულში ჩამიხუტა. მესიამოვნა მისი სიახლოვე და გავიტრუნე. დღის მეორე ნახევარში კი, ლინა ექიმთანაც მივედი აღრიცხვაზე. შუაღამეზე, სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდა, მაგიდაზე ჩემი ექოსკოპიის პასუხი დავუდე და გულისფანცქალით დაველოდე როდის ნახავდა და ან რა რეაქცია ექნებოდა. რეაქცია კი რაღაც სასწაული ქონდა, ვერ აღვწერ. უნდა ითქვას, მგონი მე არ გამხარებია ისე ეს ამბავი, როგორც მას. ჯერ, გაოცებული დაჰყურებდა კაბინეტში დაბრუნებული, მერე კი, გაოცებული მომიახლოვდა იქვე ტახტზე რომ ვიჯექი "სხვათაშორის" და მელაკუდასავით ჩუმჩუმად ვუმზერდი მის სახის მიმიკებს. _ეს... ეს... შენი ექოსკოპიის პასუხია?.. ეს... ჩვენი შვილია?_გაოგნებისგან ენა ისე დაება, ძლივს ამოთქვა სათქმელი. _ხო, ჩვენია._დავუდასტურე თუ არა, მაშინვე გულში ჩამიკრა გახარებულმა. _მართლა?.. მართლა ორსულად ხარ?.. რა ბედნიერებაა..._ისე ძლიერად მომხვია მკლავები, ლამის ძვლებში დამამტვრია. _ცოტა ფრთხილად._ვუსაყვედურე. _უი, ბოდიში._მაშინვე შემიშვა მკლავები._ისე ვარ გახარებული, თავს ვეღარ ვაკონტროლებ უკვე._ახლა მთლიანი სახე დამიკოცნა და ლამის გამგუდა._შენ ხომ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე?! რა ბედნიერებაა, მალე მშობლები გავხდებით... შენი და ჩემი შვილია აქ?!_მუცელზე ფრთხილად მომადო ხელი. მერე დაიჩოქა და მუცელზე მაკოცა ნაზად. ასე ძალიან თუ გაუხარდებოდა ეს ამბავი, მართლა არ მეგონა. სიხარულისგან ვეღარ აკონტროლებდა თავს რას აკეთებდა და რას ლაპარაკობდა. აშკარად გახარებული და ბედნიერი იყო და წინდაწინ უხაროდა მამობა. თედო ისევ ჩემს წინ იყო ჩაცუცქული და მუცელზე მკოცნიდა, რომ შემთხვევით ქეთიმ შემოგვიხსნა კარი დაუკაკუნებლად და მოურიდებლად შემოვიდა. მისი ბოღმით და შურით სავსე მზერა დღემდე არ მავიწყდება. თითქოს, მისი წილი ბედნიერება მე წამერთვას მისთვის და მიმესაკუთრებინოს. ისეთი განცდა დამეუფლა, მეგონა საცაა მომვარდებოდა და გამომახრჩობდა. თედომ თავის ცხოვრების მეგზურად რომ მე ამირჩია, ამ ქალბატონს ძალიან არ სიამოვნებდა და აშკარად შურით და ბოღმით იყო ჩემს მიმართ გამსჭვალული. თავის დროზე თვითონაც ყავდა ოჯახი და ქმარს დაშორდა გაურკვეველი მიზეზების გამო. შვილი მასაც ყავდა და სხვას შურდა ვითომ მისი? თუმცა რად მიკვირს? მისნაირი ადამიანები ხომ კიდევაც იქნებოდნენ ამ დედამიწაზე? _ხანდახან კარზე რომ მოაკაკუნო როცა ჩემს ცოლთან განმარტოებული ვარ, მგონი არ გაწყენდა._აშკარად გაბრაზდა თედო ასე მოულოდნელად რომ წამოგვადგა ეს ტყლარჭია და მკაცრად უსაყვედურა. _არ ვიცოდი მარტო თუ არ იყავით._ითაკილა მისი საყვედური და თავის მართლებას მოყვა._თუ არა და, აქ ჰოსპიტალია და არა შეყვარებულთა თავშესაფარი. თუ რამე გინდათ, სახლში ვერ ასწრებთ?_გატრიალდა და ტუჩაბზუებული გავიდა. მას მერე კი, შანსს აღარ უშვებდა ხელიდან, რომ ირონიული ღიმილით არ მოეკაკუნებინა კარზე და ვითომ ძალიან მორიდებით არ ეკითხა, აქ ხართ, რამეს ხომ არ ცუღლუტობთო. მერე და მერე კი, მუცელი რომ წამომეზარდა და ყველა მე მევლებოდა თავს, მთლად შემიძულა. უკვე სხვებიც კი აშკარად ატყობდნენ, რომ არ ვეპიტნავებოდი და ყოველთვის ჩემს დამცირებას თუ დატანჯვას ცდილობდა. ცუდი ორსულობა ნამდვილად არ მქონია. არც ვმიზეზობდი და არც ვგუნებაობდი. ყველა ანალიზი ნორმის ფარგლებში მქონდა. მეც მშვენივრად ვგრძნობდი თავს და ჩვენი პატარა ანდრიაც, რომელსაც ოქტომბრის დასაწყისში ველოდებოდით. თედო ხომ მართლაც ხელის გულზე მატარებდა. მისი საყვარელი ქალი ვიყავი და მის შვილს ვატარებდი მუცლით, ამაზე მეტი მიზეზი ჩემი სათუთად მოპყრობისა რაღა უნდოდა? ხო და, ცივ ნიავს არ მაკარებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სამსახურისთვის თავი არ დამინებებია, ისევ ვმუშაობდი. მსიამოვნებდა სახლიდან გარეთ გამოსვლა და თედოს გვერდით მუშაობა. დიდად გადატვირთული არ ვყოფილვარ, რადგან თედო არ მტვირთავდა საქმით. ჩემს გასაკეთებელს ხშირად ქეთის ავალებდა და ესეც მეორე მიზეზი ჩემი სიძულვილისთვის. მეხუთე თვეში ვიყავი, თედოს დაჟინებით უმაღლესში საბუთები რომ შევიტანე და გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე. როგორც მეშინოდა, ისე არ მოხდა. ჩემს ქმარს უფრო არ შეჰპარვია ეჭვი ჩემს შესაძლებლობებში, ვიდრე მე. ცხოვრება ისე ამეწყო, უკეთესს რომ ვერც ვინატრებდი. მყავდა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქმარი, რომელსაც ძალიან ვუყვარდი და ზრუნავდა ჩემზე. მქონდა სამსახური, მყავდა საუკეთესო დაქალები. ბებიაც უკეთესად იყო. სექტემბრიდან სწავლასაც დავიწყებდი და მივიწყებულ ოცნებას ავიხდენდი ექიმობასთან დაკავშირებით. მართლაც რომ იღბლიან და ქუდ-ბედიანად ვგრძნობდი თავს, მაგრამ... მახსოვს, იმ დღეს თედომ მთხოვა, დღეს სახლში დარჩი, ორშაბათი ყოველთვის მძიმე დღეა და არ მინდა სამსახურში გადაიღალოვო, მაგრამ არ დავუჯერე და მაინც გავყევი. თედო მართალი აღმოჩნდა, მართლაც პაციენტთა სიმრავლე აღინიშნებოდა, მაგრამ მე მაინც დაუზარებლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. შუადღის მერე მძიმე პაციენტი მოიყვანეს და მეორე სართულზე ლიფტით ავიყვანე, პალატაში დავაბინავე და იქიდან კი კიბით ჩამოსვლა განვიზრახე. არ გამიგია ვინმე მომყვებოდა უკან თუ არა, არც დამინახია. თუმცა, მოაჯირს რომ მივუახლოვდი, აშკარად ვიგრძენი რომ ვიღაცამ ძლიერად მკრა ხელი. ბაქნის ბოლომდე სულ გორაობით ჩავედი. ტკივილი არ მიგრძვნია იმ მომენტში, მხოლოდ ჩემი ცხოვრების განვლილი წლებიდან ყველა კადრი ამომიტივტივდა მეხსიერებაში. მახსოვს, ბაქანზე რომ შევჩერდი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი წელისა და მუცლის საშინელი ტკივილი. ადგილიდან ვეღარ ვინძრეოდი. ვერც ხმა ამოვიღე, რომ საშველად დამეძახა ვინმესთვის და ვერც დავიკვნესე რატომღაც. მალევე გავიგე კიბეზე ვიღაც კისრისტეხით რომ დაეშვა და ბოლო ხმაზე აკივლებილი ნათიაც ვიცანი. _ნუკი!!! რა გჭირს, ცოცხალი ხარ??? მიშველეთ!!!_თითქოს ძილ-ბურანში ვიყავი და შორიდან ჩამესმოდა ნათიას ხმა, რომელიც განწირული კიოდა. სულ მალე ჩემს დასახმარებლად ნაცნობი სახეები მოცვივდნენ და საკაცეზე ფრთხილად დამაწვინეს. თედოს შეშფოთებული სახეც ჩამრჩა მეხსიერებაში, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია და სირბილით მომყვებოდა ჩაბნელებულ დერეფანში რომ მიმარბენინებდნენ სამშობიარო განყოფილებისკენ. ტკივილი უფრო და უფრო მიმატებდა და გაუსაძლისი ხდებოდა. ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი. ის ნათლად გავიგონე, რომ ლინა ექიმს დაურეკა თედომ და თვალებიც მიმელულა. მხოლოდ საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. გაურკვეველი ხმები მესმოდა. ტკივილს აღარ შევუწუხებივარ. ერთადერთი რაც მაწუხებდა, უსიამო შეგრძნება იმისია, რომ ვეღარ ვმოძრაობდი და თავბრუდამხვევი სისწრაფით მივექანებოდი თითქოს სადღაც. ბოლოს სამყაროსთან შერწყმაც ვიგრძენი და მაშინ კი მთლად გავითიშე ამ სამყაროდან. რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ, არ ვიცი. როცა აზრზე მოვედი და თვალები გავახილე, თედო სასთუმალთან მეჯდა. აშკარად დამწუხრებული სახე ქონდა. მუცელში სიცარიელე ვიგრძენი და ხელი რომ მოვისვი, გულში მწარედ გამკრა. _ჩვენი შვილი?_შიშით ძლივს ვიკითხე. თედოს ხმა არ გაუცია და ამან უარესად ამაფორიაქა. მივხვდი, რომ ჩვენი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა და საცოდავი ხავილი აღმომხდა პირიდან. წამოჯდომას შევეცადე, მაგრამ ამის საშუალება არ მომცა. _დამშვიდდი... არაუშავს, მთავარია შენ გადარჩი ცოცხალი... _ჩვენი შვილი!!! რატო, ღმერთო, რატო?!?_ისტერიკა დამემართა. რაც უფრო მამშვიდებდა თედო, მით უფრო ვგიჟდებოდი და ამიტომ დამამშვიდებელის გაკეთება გახდა საჭირო, რომ დავწყნარებულიყავი. როგორც მერე გავიგე, ერთი კვირა ვიყავი ამ მდგომარეობაში. გავიღვიძებდი, ჩემი შვილი გამახსენდებოდა და ისევ ისტერიკა მეწყებოდა. ისევ დამამშვიდებლის გაკეთება მჭირდებოდა. მე მეძინა მაინც და ასე თითქოს უფრო ადვილად და მალე გავიდა დრო. წარმომიდგენია, თედო რა დღეში იქნებოდა ჩემი შემხედვარე. ცალკე შვილის დაკარგვა და ცალკე ცოლის სიგიჟის სტადია... არ ვიცი, როცა სრულად მოვედი გონზე და ასე თუ ისე გადავიტანე ჩემი პატარა ანგელოზის დაკარგვა, რომელსაც მუცელშივე ვეფერებოდი და ველაპარაკებოდი, ის აზრი ამეკვიატა, რომ ხელი ქეთიმ მკრა კიბეზე. თედოს რომ გავანდე ჩემი აზრები, არ გამიჯერა. _მართალია, თავისრბური ქალია, მაგრამ არ მჯერა, რომ ხელი ეკრა შენთვის და სასიკვდილოდ გაემეტებინე. _ის იყო, დარწმუნებული ვარ. შურდა ჩემი... _დაინახე?_ეჭვით მკითხა. _არა, მაგრამ ის იყო._დარწმუნებით ვთქვი. იმ დღის მერე, როცა ამაზე შევკამთდით პირველად, მერე და მერე ხშირად გვქონდა ამის გამო უკმაყოფილება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ქეთის ბრალი იყო ჩვენი ანდრიას დაკარგვა, თედოს კი არ ეჯერა. ერთხელ, ისიც კი მითხრა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და დამნაშავეს გარეთ ნუ ვეძებდი. სახლში რომ დავრჩენილიყავი იმ დღეს, არც არაფერი მოხდებოდა. ახლა კი პარანოია მქონდა თურმე. სერიოზულად ვიჩხუბეთ. ისეთი ისტერიკა დამემართა, ხელში რაც კი მომხვდა, ყველაფერი დავლეწე. შეიძლება სიგიჟედ ჟღერდეს, მაგრამ ყველაფრის დალეწვის შემდეგ თითქოს გულზე მომეშვა და ცოტა დავწყნარდი კიდეც. ზუსტად სამი დღე ვიყავი ასე მშვიდად, მერე კი ისევ ყველაფრის დალეწვა მომინდა, რადგან კიდევ ვერ შევთანხმდით რაღაცაზე და ისევ ისტერიკა დამეწყო. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ჩვენს შორის ბზარი ჩნდებოდა და დიდ უფსკრულად იქცეოდა. მართალია, ერთმანეთის მიმართ უდიდესი სიყვარული გვქონდა, მაგრამ სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ ერთი ნაბიჯია მხოლოდ გადასადგმელი? როცა წყნარად ვიყავი და ისტერიკა არ მქონდა, ამას ვაცნობიერებდი და საღად ვაზროვნებდი. მეშინოდა, ამ ჩემი ახირებებით, ისტერიკით და პარანოიით ჩემი ძვირფასი თედო არ დამეკარგა, მაგრამ როცა სრულ ჭკუაზე არ ვიყავი, ამაზე საერთოდ აღარც კი ვფიქრობდი. მწყინდა, თედო რომ მამშვიდებდა და ექიმთან მისვლას მაძალებდა. დარწმუნებული ვიყავი, საექიმო არაფერი მჭირდა, თუმცა მართლაც რომ პარანოია მქონდა, რომელიც თანდათანობით და შემპარავად იკიდებდა ჩემში ფეხს. თანდათანობით რეალურ სიტუაციებს გადამეტებულად ვაფასებდი. ჩემი ვარაუდის დასამტკიცებლად, რომ ქეთი მომეპარა, ირონიული ღიმილით ხელი მკრა და კიბეზე დამაგორა, ვაყალიბებდი უკვე ჩემებურ ვერსიას და მოგონებებსაც ვცვლიდი. მე თვითონვე მჯეროდა ჩემეული ვერსიები და და მინდოდა, რომ თედოსაც დაეჯერებინა, ჩვენი შვილის დაღუპვა ქეთის ბრალი რომ იყო. სამი თვე სრულ ქაოსში გავატარე. სწავლის გაგრძელებაც გადავიფიქრე, მხოლოდ იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, როგორ დამემტკიცებინა ქეთისთვის თავის დანაშაული. აღარც სამსახურში დავდიოდი. თუ მივიდოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქეთისთვის ისტერიკა მომეწყო. ახლა ვხვდები, როგორ განიცდიდა და იტანჯებოდა თედო ამ ჩემი მდგომარეობით. მაშინ კი, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ქეთისთვის რამე მევნო. ნათია, გვანცა და ლიკაც ბევრს ცდილობდნენ, რომ არ გავგიჟებულიყავი და საღი აზროვნების და განსჯის უნარი არ დამეკარგა. ნათია ხან მოფერებით და ხანაც ჩხუბით ცდილობდა ჩემს გონზე მოყვანას. _რას მოქცემს იმის დამტკიცება, რომ ქეთის ბრალია ყველაფერი?... შენ შვილს დააბრუნებს მისი ბრალეულობა? შეეშვი, მაგას ცხოვრება დასჯის და გასცემს საკადრის პასუხს. შენ გირჩევნია ჭკუას მოუხმო და შეინარჩუნო ის, რაც ასე ძვირფასია შენთვის, თედოს სიყვარული. შვილს კიდევაც გააჩენ, მაგრამ თუ აზრზე არ მოხვალ, იცოდე თედოსაც დაკარგავ! რა გგონია, ის არ განიცდის შენს მდგომარეობას და გული არ სტკივა ასეთსას რომ გიყურებს? რამდენი ჩასაფრებული ქალია, ვისაც შენი ქმრის ხელში ჩაგდება უნდა და საქმეს ნუ გაუადვილებ! ახლა ამაზე გადავერთე, რომ ქეთის ჩემი ქმრის ხელში ჩაგდება უნდოდა და რამდენჯერაც სამსახურში მივედი და ერთად მომუშავეები დავინახე, იმდენჯერ საშინელი სკანდალი მოვაწყე. ბოლოს კი, თედო იძულებული გახდა, რომ სახლში გამოვეკეტე და ჩემს ზედამხედველად ხან თეკლას ნიშნავდა, ხან ლალის და ხანაც ჩემი დაქალებიდან ერთ-ერთს, რომ რამე გაუთვალისწინებელი არაფერი ჩამედინა. ეტყობა საჭმელში ან ყავაში რამე ფსიქოტროპულ საშუალებას მაპარებდნენ, რადგან ლამის მთელ დღეს მოთენთილი ვიყავი და ძილში ვატარებდი. სიზმრების სამყარომაც თავისი ქნა, რეალურსა და სიზმარს შორის ზღვარს ვეღარ ვავლებდი უკვე. ისე ვიყავი დარწმუნებული ქეთის ბრალეულობაში, სადმე თუ მარტოს მოვიხელთებდი, შიშველი ხელებით გამოვახრჩობდი ალბათ. ეგ კი არა და, ბოლოს ის აზრიც ამეკვიატა, რომ მისი მოსესთვის დამეშავებინა რამე და ბარი-ბარში ვიქნებოდით, თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილო. მან შვილი მომიკლა და მეც ასე მოვიქცეოდი. საღი განსჯის უნარი მთლად დამეკარგა. შემძულდა თედოც იმის გამო, რომ რიგ შეზღუდვებს მიკანონებდა. ახლოს აღარ ვიკარებდი, მის შეხებაზეც კი ისტერიკა მემართებოდა უკვე. მარტო თედო კი არა, ყველა შემძულდა, ვინც კი ჭკუაზე მარიგებდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მერე და მერე ახლა ის აზრი ამეკვიატა, რომ თედო და ქეთი ერთად იყვნენ. მალულად მის ტანსაცმელსაც ვამოწმებდი და ვყნოსავდი, ქეთის სუნამოს სუნი ხომ არ უდიოდა. მეჩვენებოდა, რომ ყარდა ქეთის სურნელით. იმდენს კი ვერ ვაცნობიერებდი, რომ დღე და ღამ ერთად უხდებოდათ მუშაობა და რომც ქონოდა, ამის ბრალი იქნებოდა. იმას რომ მივხვდი, წამლებს რაღაც საშუალებით მაპარებდნენ, ავკრძალე საჭმლის ჭამაც და რაიმე სითხის მიღებაც კი. აღარც თავს ვუვლიდი და სარკეში ჩემი საშინელებათა ფილმიდან გადმომხტარი ორეული რომ არ დამენახა, ყველა დავამტვრიე. გავხდი, თვალები ამომიღამდა, თმა ყოველთვის გაწეწილი და დაუვარცხნელი მქონდა. ტანსაცმლის ჩაცმაზეც არ ვიწუხებდი თავს და სულ პიჟამის ამარა დავტანტალებდი ბინაში დღე და ღამ. ერთ დღეს, ცვლის დასრულების შემდეგ, თედომ რომ დაიგვიანა, განგაშის ზარებმა დარეკა ჩემში. მაშინვე ის ვიფიქრე, რომ ქეთისთან იყო და მე მიმატოვა. როცა მოვიდა დაღლილ დაქანცული, თეკლასთან ჩურჩულით ნათქვამს ყური მოვკარი, რომ ქეთის ძალიან ცუდად ყავდა შვილი და მის გამო შეაგვიანდა. თურმე რეანიმაციაში ეწვათ და არ იცოდნენ გადარჩებოდა თუ არა. თედოს მოსვლის შემდეგ, თეკლამ რომ დატოვა თავის საგუშაგო პოსტი და ძმას გადააბარა ჩემი ზედამხედველობა, ცოტა დავტკბი. მართალია, ეუცხოვა ჩემს ქმარს ჩემი ეს სახეცვლილება, მაგრამ გაუხარდა კიდეც. სავახშმოდ სუფრა რომ გავუშალე, მადლიერების გამოსახატავად ფრთხილად მაკოცა შუბლზე, ალბათ ეშინოდა ჩემი რეაქციის. რეაქცია კი მართლაც უჩვეულო მქონდა, ამ ნახევარი წლის მანძილზე, რაც ხელს არ ვაკარებინებდი, პირველად შემიტოკდა გული და მესიამოვნა მისი თბილი ტუჩების შეხება. წამიერად გავირინდე კიდეც და ნაცნობ განცდებს და ემოციებს სიამოვნებით მივულულე თვალები, თუმცა წამიერად. მერე სუფრას მივუსხედით და მასთან ერთად გემრიელად ვივახშმე. თან სიამოვნებით ვუმზერდი, როგორ ბოლომდე მიირთმევდა მისთვის განკუთვნილ ულუფას, სადაც წუთის წინ ძილის წამალი შევურიე. დაველოდე, როდის მოერეოდა დაღლილ-დაქანცულს და ღამენათევს ძილი ჩემი დახმარებით და იქვე, მაგიდაზე თავჩამოდებული დავტოვე. სახელდახელოდ გადავიცვი ტანსაცმელი და ქურდივით გამოვიძურწე ბინიდან. ლიფტით არ ჩავსულვარ, მაშინვე კიბეზე დავეშვი. სადარბაზოდან გასულმა გავიაზრე, რომ ქურთუკის გარეშე ვიყავი და შემოდგომის სიგრილემ ცოტა გამომაფხიზლა კიდეც, მაგრამ უკან არ დამიხევია. ტაქსი გავაჩერე და ჰოსპიტლის მისამართი მივეცი. გზაში სავარძელზე მისვენებული ათას გეგმას ვადგენდი ქილერივით, როგორ მომეკლა ქეთის მოსე და ამაზე ფიქრი მამშვიდებდა. ჰოსპიტალში მისული მიმღებიდან არ შევსულვარ. სამშობიარო განყოფილებიდან ჩაბნელებული დერეფნით გავიარე რენტგენის კაბინეტის წინ ქურდულად და კიბეზეც შეუმჩნევლად ავედი რეანიმაციის განყოფილებაში. ბედად არავინ დამხვედრია და ოქროსფერ კულულებიან მოსასაც მალე მივაგენი. გულისფანცქალით შევედი მის პალატაში და ასევე გულისფანცქალით მივუახლოვდი ფეხაკრებით. მშვიდად იწვა ისეთი უცოდველი და ანგელოზის სახით, კარგა ხანს მოჯადოებულივით დავყურებდი. ქეთის არაფრით არ გავდა. თითქოს ეშმაკი მაცდუნებდა და ჩამჩიჩინებდა, რომ ამ ბავშვისთვის რამე დამეშავებინა და ქეთისთვის მომეკლა გული, როგორც თვითონ გამიმეტა, მაგრამ მის უცოდველ და უშფოთველ სახეს რომ დავყურებდი, ვაცნობიერებდი, რომ მისი არაფერი ბრალი არ იყო ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა. მას ჩემთვის არაფერი დაეშავებინა და რატო უნდა დამეშავებინა მისთვის რამე? ფრთხილად დავადე გავარვარებულ შუბლზე ხელი და ურჩი კულულები ფაქიზად გადავუწიე. გულში რაღაც სითბო ჩამეღვარა და მის მიმართ დიდი სიყვარულით განვიმსჭვალე. კარგა ხანს ვეჯექი სასთუმალთან და ვეფერებოდი და ვეალერსებოდი. არავის შემოუხედია და არავის დავუნახივარ. რეანიმაციის სანიტრები დაცვის ბიჭებთან ერთად ერთობოდნენ და მათი კისკისი დერეფნის ბოლოდან მომესმოდა. მოულოდნელად მოსეს მდგომარეობა დამძიმდა. მივხვდი, სუნთქვის უკმარისობა ქონდა და რამეს თუ არ ვიღონებდი, ბავშვი მოკვდებოდა. უმწეოდ მოვავლე იქაურობას თვალი. პატარა, ბასრპირიანი სკალპელი ვიპოვე და იმას დავავლე ხელი. ბრონქებსა და ხორხს შორის მოსეს ტრაქეა ვუპოვე და ის იყო სკალპელი უნდა დამესვა და ინტუბაციისთვის ჭრილი გამეკეთებინა, რომ მოულოდნელად ვიღაცამ გამაკავა. _რას შვრები, გაგიჟდი? ბავშვს ყელი უნდა გამოჭრა?_რეანიმაციის მთავარმა ექიმმა ხელები ძლიერად გადამიგრიხა, სკალპელი გამაგდებინა და ზურგს უკან გამიკავა. მას უკან გიჟივით აკივლებული ქეთიც მოყვა. _გიჟია, შვილს მიკლავს!_მომვარდა და სილა გამაწნა._რა უყავი ჩემს შვილს გადარეულო? _არაფერი, სუნთქვის უკმარისობა აქვს და ინტუბაციას ვუპირებდი, მოკვდება, მიხედეთ!_მე საჩემოდ ავკივლდი და ძლიერ მამაკაცს გავუძალიანდი, რომელსაც ისე ვყავდი გაკავებული, ვერანაირად ვერ დავუსხლტი ხელიდან._ბავშვს მიხედეთ, მოკვდება, სუნთქვა უჭირს!_მე ისევ ჩემსას გავიძახოდი. მალე დაცვის ბიჭებიც შემოცვივდნენ ხმაურზე და მათ გამომიყვანეს პალატიდან. გაგიჟებული ქეთიც უკან მომყვა. _მოგკლავ, ჩემი ხელით გამოგახრჩობ კატასავით, რა დაუშავე ჩემს შვილს შე შიზოფრენიკო?!?_თმაში მწვდა და ძლიერად დამითრია. ხელები კი გაკავებული მქონდა, მაგრამ ფეხები თავისუფალი და მეც არ დავინდე გაგიჟებული დედა, ძლიერად ავუყოლე წიხლები და მოვიგერიე. კარგა ხანს ვიფართხალე და კარგა ხანს გვაშველებდა ხუთი კაცი მაინც. იმან გამაგიჟა, რომ მოსე ცუდად იყო, მე მის გადარჩენას ვცდილობდი და არასწორად გამიგეს, მისი მოკვლის მცდელობას მაბრალებდნენ. ჩემი შვილის დაკარგვა ხომ განვიცადე, მაგრამ ეს უარესად, მართლაც საშინელი ისტერიკა დამემართა. ყველამ შეურაცხადად ჩამთვალა და ფსიქიატრიულში დარეკეს. მახსოვს, საწოლზე მიმაბეს და ამან უარესად გამაგიჟა, ბოლო ხმაზე ვკიოდი. ფსიქიატრებიც და თედოც ერთდროულად მოვიდნენ. _დამნაშავე არ ვარ, მიშველე, მოსეს ჩემი დახმარება სჭირდება და ახლოს არ მიშვებენ!_გაგიჟებულმა შევჩივლე ჩემ ქმარს. _იტყუება, სკალპელით ყელი უნდა გამოეჭრა._ბოლო ხმაზე კიოდა ქეთიც და კიდევ მომვარდა საწოლზე დაბმულს. ახლა მისი გაკავება გახდა საჭირო. მე კი, ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გადამიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში და რამოდენიმე ინექციაც გამიკეთეს, რათა დავწყნარებულიყავი. მახსოვს როგორი თვალებით მიმზერდა თედო, აშკარა შეშფოთება, შიში, დიდი სიყვარული და იმედგაცრუებაც კი ჩანდა მის მზერაში. ქეთის ნათქვამი, რომ მე მოსეს მოსაკლავად ვიყავი მის პალატაში შეპარული, ალბათ ეჭვს იწვევდა მასში, რადგან სახლიდან მართლაც მაგ მისიით წამოვედი. წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფს მეგონა, რომ ერთი კვირა დავყავი იქ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამი თვე ვიწექი და მკურნალობდნენ გიჟის სტატუსით. ძლიერმა ფსიქოტროპულმა წამლებმაც თავისი ქნა, მეხსიერება დამებინდა და ბევრი რამ დამავიწყდა კიდეც. თავიდან თედოზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან არ დამიჯერა და მაინც გამომკეტა საგიჟეთში. ჩემს სანახავად მოსულს არც კი ვიღებდი და უნახავად ვუშვებდი ჯანდაბაში. მხოლოდ მოსე მაინტერესებდა და მის ამბებს ვკითხულობდი. პასუხს კი არავინ მცემდა. მერე და მერე, წამლებმაც თავისი ქნა და აგრესიას და ისტერიკას რომ აღარ ვავლენდი, დოზა შემიმცირეს. რეალური განსჯის უნარიც დამიბრუნდა. ფიქრისთვის დრო ხომ ბევრი მქონდა და ბევრსაც ვფიქრობდი. ვაანალიზებდი ჩემს მდგომარეობას. საკუთარ თავს აღარ ვჩიოდი, თედო მედარდებოდა ამდენი რამ რომ გამოიარა და გადაიტანა ჩემს გამო. როგორია, შეიძლება პირში ვერ უბედავდნენ თქმა, მაგრამ ზურგს უკან ხომ მაინც ასმენდნენ, რომ ცოლი გიჟი ყავდა და ფსიქიატრიულში ეწვა? მითუმეტეს, ქეთი რას აღარ იტყოდა? შანსსაც არ გაუშვებდა ხელიდან, რომ ჩემგან უარყოფილი და მარტოსული თედო არ ჩაეგდო ხელში. თავიდან გოგოებსაც არ ვიღებდი ჩემს სანახავად რომ მოდიოდნენ. მაგრამ ისინი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდნენ და მაინც მაკითხავდნენ ხშირად. ერთ-ერთი ვიზიტის დროს კი მოხდა სასწაული და შეხვედრაზეც დავთანხმდი. იმ ემოციების გადმოცემა გამიჭირდება, რაც მათი შეხვედრის დროს განვიცადე. ოთხივე ერთმანეთს ვეხუტებოდით და ხმამაღლა ვღრიალებდით კარგა ხანს. მე მათი დანახვა მახარებდა, მათ კი ჩემი. ტირილით რომ გული ვიჯერეთ, მერე ახალი ამბები მომიყვნენ. ლიკა და რეზი დაინიშნენ თურმე და ჩემს დაბრუნებას ელოდებოდნენ, რომ დაქორწინებულიყვნენ. დათოც გამოსტყდომია გვანცას სიყვარულში და ისინიც აპირებდნენ სამომავლოდ დაქორწინებას. ნათია ძველებურად მარტო იყო და საიდუმლოდ მალავდა მისი პრინცის არსებობას. მართალია, ძველებური ნუკი ვერ ვიყავი, იმდენი რამ გადამხდა თავს, სულიერად თითქოს გამტეხა და გამანადგურა, მაგრამ მაინც მიხაროდა დაქალების ამბები. დიდხანს დარჩნენ ჩემთან და მათთან საუბარში კარგად შევყევი. მეგობრებთან გულთბილი საუბარი ხომ საუკეთესო თერაპიაა ასეთ სიტუაციებში? ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. წასვლისას კი მორიდებით ვიკითხე მოსეს ამბავი. _კარგადაა, გადარჩა. მართლაც ინტუბაცია დასჭირდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. შენ პირველადი დახმარების გაწევა გინდოდა, მაგრამ არასწორად გაგიგეს. ქეთის დღემდე სჯერა ის, რომ ქილერი ხარ და მისი შვილის მოსაკლავად იყავი შესული. თუმცა, მინდა გითხრა, რომ არავის სჯერა იმ შერეკილისა _დამაიმედა ნათიამ._იცი, ქმარს შეურიგდა და ახლო მომავალში სამსახურსაც დაანებებს თავს, რომ სახლში იჯდეს და შვილს მიაქციოს სათანადო ყურადღება. მის ადგილზე სხვას აიყვანენ. ან, ჩვენი ჰოსპიტლიდან დააწინაურებენ ვინმეს. ეს ვინმე კი ძალიან მინდა, რომ შენ იყო... _მეე?_გამიკვირდა._შანსი არაა, ფსიქიატრიულის პაციენტს მაგ თანამდებობაზე ვინ აიყვანს?_უიმედოდ ამოვიოხრე. _ფსიქიატრიულში რომ წევხარ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გიჟი ხარ._ნათიამ მხრებზე მომხვია ხელი და გულში ჩამიხუტა._შენი მდგომარეობა ძლიერმა ემოციამ გამოიწვია. შვილის დაკარგვა პატარა ამბავი სულაც არ არის... ასე თუ ვიმსჯელებთ, ფსიქიატრი ყველას გვჭირდება. სიგიჟისკენ გადახრა ყველას გვაქვს. უბრალოდ, შენ არ გაგიმართლა და აქ გამოგკეტეს. შენი ექიმები ამბობენ, რომ ჯანმრთელი ხარ და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენ. უბრალოდ, თვითონ არ გინდა რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. უფრო დეპრესია გაქვს და მეტი არაფერი. ჩვენთან ურთიერთობა და თედოსთან დაბრუნება ამასაც განკურნავს. იცი, უშენოდ რა ცუდად არის? რატო არ აძლევ შენი ნახვის უფლებას? მას ხომ ძალიან უყვარხარ და საკუთარ თავსაც კი ურჩევნიხარ? უნდა ნახო როგორ დადის წვერმოშვებული და დადარდიანებული. ასი წლის ბებერს დაემსგავსა. მოვალეობის მოხდის მიზნით მკურნალობს პაციენტებს. თან, გულს აყოლებს ალბათ სამსახურში ყოფნას... რომ ვუყურებ, გული მიკვდება. ეტყობა, საჭმელსაც აღარ ჭამს, რადგან გახდა და თვალებიც ამოუღამდა. ცოდოა, მიეცი უფლება რომ გნახოს. შენი თავი გგონია მარტო მსხვერპლი და იმას განიცდი აქ რომ ხარ. რატო იმას არ კითხულობ ის როგორ არის? არასდროს მინახია კაცი რომ ტიროდეს, მას კი მუდამ წყლიანი აქვს თვალები... გულში ჩამწვდა ნათიას თითოეული სიტყვა. დამაფიქრა მისმა ნათქვამმა. მართალი იყო, ამ მდგომარეობაში ჩემი თავი მეგონა მარტო მსხვერპლი და იმას აღარ ვფიქრობდი, თედო რას გრძნობდა ან განიცდიდა. უდიდესი სურვილი გამიჩნდა მისი ნახვისა და მოფერებისა. თავი ვეღარ შევიკავე, გული ამომიჯდა და გვარიანად ავღრიალდი. _დაწყნარდი, რა გატირებს?_შეშფოთებული გოგოები გაოცებულები შემომყურებდნენ. _ბევრი რამ ვაწყენინე და ალბათ აღარც უნდა ჩემი ნახვა._სლუკუნით ძლივს ამოვთქვი სათქმელი. _შენ მაგაზე ნუ დარდობ. მარტო მოისურვე მასთან შეხვედრა და დარწმუნებული ვარ, იმ წუთასვე შენთან გაჩნდება... გინდა, დაურეკო და დაელაპარაკო?_მოულოდნელად ჩურჩულით მკითხა. მერე ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და გამომიწოდა._ჩვენ გავალთ და შენ დაელაპარაკე. მართლაც, მაშინვე წამოდგნენ და გარეთ გავიდნენ. თითქოს ბომბი მეჭიროს ხელში, ისეთი შიშით დავყურებდი ნათიას ტელეფონს. მართალია, ერთი სული მქონდა თედოს ხმა გამეგო, მაგრამ დარეკვა ვერ გამებედა. რამდენჯერმე ავკრიფე კიდეც ნომერი, მაგრამ ისევ წავშალე. ბოლოს, მისი ხმის გაგონების სურვილმა მაინც თავისი ქნა და დავურეკე. მალევე არ უპასუხია, ალბათ არ ეცალა. გათიშვას ვაპირებდი უკვე, რომ მისი სასიამოვნო ხმაც გაისმა. _გისმენთ. წამებში გამახსენდა ყველაფერი რაც კი რამ მაკავშირებდა მასთან და გული ამითრთოლა. ცრემლები თავისთავად ჩამომიგორდა ლოყაზე და ხმამაღალი ტირილი რომ არ დამეწყო, პირზე ავიფარე ხელი. _გისმენ, რომელი ხარ?_ისევ გაისმა მისი მშვენიერი ხმა. ისევ დუმილით რომ ვუპასუხე, თითქოს მიხვდა რომ მე ვიყავი. _ნუკი?.. შენ ხარ?.. როგორ ხარ, ხმა გამეცი გთხოვ._მისი სასოწარკვეთილი ხმა რომ გავიგე, მხოლოდ ამოვისლუკუნე და გავუთიშე ტელეფონი. რამდენჯერმე დარეკა და არ ვუპასუხე. უფრო მეტიც, საერთოდ გავთიშე და ნათიას გავუტანე დერეფანში რომ იდგა და მელოდა. _ელაპარაკე? მხოლოდ თავი დავუქნიე და მოვატყუე, რომ ველაპარაკე-მეთქი, მერე მალევე დავემშვიდობე, პალატაში შემოვბრუნდი, საწოლზე პირქვე დავემხე და ბალიშში თავჩარგული ავღრიალდი. მართლა რამდენი ტკივილი მივაყენე. არა და როგორ მიყვარდა? საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი. თავიდან, სწორად განსჯის უნარი რომ დაკარგული მქონდა, ვერ ვაცნობიერებდი იმის გარდა ვერაფერს, რომ აქ გამომკეტა და მასზე გაბრაზებული და დაბოღმილი ვიყავი. ახლა კი ვხვდებოდი, რომ ეს ჩემს დასაცავად გააკეთა. არ უნდოდა მართლა გავგიჟებულიყავი. უკვე მრცხვენოდა და მერიდებოდა მისთვის პატიების თხოვნა. კარგა ხანს ვისლუკუნე და მოვიოხე გული ტირილით. ემოციებისგან მთლად რომ დავიცალე და დავმშვიდდი, ზურგზე ფრთხილი შეხება ვიგრძენი ხელისა. თითქოს ძალიან ნაცნობი იყო და გულიც კი ამიფრთხიალა, მაგრამ არ გადმოვბრუნებულვარ. _ნუკი, ძვირფასო._ჩურჩულით ნათქვამმა ამ ორმა სიტყვამ სუნთქვა შემიკრა და ისევ დაველოდე გამეორებას. ყურებს ვერ ვუჯერებდი, რომ ეს თედო იქნებოდა. წამები დასჭირდა ალბათ, რომ გადმოვებრუნებინე, მაგრამ მე უსაშველოდ გაწელილი მომეჩვენა ეს დრო. ფრთხილად რომ გადმომაბრუნა, ჯერ ვერც კი ვიცანი, მართლაც წვერი ქონდა მოშვებული, მაგრამ მისი თვალები? მისი თვალები სევდით და სიყვარულით სავსე უმალ ვიცანი. ინსტიქტურად მოვხვიე კისერზე ხელები და ჩავეხუტე. ისევ ამომიჯდა გული და ავღრიალდი. _ნუ ტირი ძვირფასო, დამშვიდდი, მე შენთან ვარ, ყველაფერი კარგად იქნება... როგორ მომენატრე..._ჩურჩულით ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, თუმცა ხმაში ბზარი ემჩნეოდა და ვგრძნობდი, რომ თვითონაც ტიროდა. მე კი დამშვიდებას სულაც არ ვცდილობდი. მის მკერდზე თავმიდებულს მთლიანად მინდოდა რომ ამომეღო გულიდან დარდი და მოთქმით ვღრიალებდი. მომნატრებოდა მისი ჩახუტება, მისი ალერსი და ჩემთვის ასე ნაცნობი მისი სურნელი. მჭიდროდ ვეკვროდი და ვღრიალებდი. _მაპატიე... რამდენი რამ გაწყენინე და როგორ გატკინე გული... ვიცი, ჩვენი შვილის დაკარგვა შენთვისაც მტკივნეული იყო, მაგრამ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას... შენი დაკარგვა არ მინდა... მინდა მაპატიო ყველაფერი და თავიდან დავიწყოთ ცხოვრება. გპირდები, ყველაფერს დაგიჯერებ, შენს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამ... მიყვარხარ. _მეც ძალიან მიყვარხარ._მანაც ძლიერად მომხვია მკლავები და საწოლზე ნახევრად წამომჯდარი მჭიდროდ მიმიკრა მკერდზე._უშენოდ ჩემი სიცოცხლე არაფერია. შენი დაკარგვა არც მე მინდა. მინდა რომ ერთად ძალიან დიდხანს ვიცხოვროთ და შვილებიც გვყავდეს... შენი აქ გამოკეტვა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ თვითონ შენ არ დამიტოვე გამოსავალი. თითქმის ყოველდღე მოვდივარ აქ და შენს მდგომარეობას ვკითხულობ. შენ არ გინდა აქედნ თავის დაღწევა. ხელი გაქვს ყველაფერზე ჩაქნეული... კარგი იყო ის უბედური შემთხვევა არ მომხდარიყო და ჩვენი ანდრიაც კარგად ყოფილიყო, მაგრამ... მთავარია შენ ცოცხალი ხარ. უნდა შეძლო ფეხზე წამოდგომა და ცხოვრების გაგრძელება. რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება მაინც მშვენიერია და ღირს სიცოცხლე, იმიტომ რომ მე მჭირდები... იმიტომ რომ შენც გჭირდები. ერთად კიდევაც გვეყოლება შვილები და დარწმუნებული ვარ, რომ შენ საუკეთესო დედა იქნები... მინდა ჩემს გამო და ჩვენი მომავალი შვილების გამო ცხოვრების ხალისი დაიბრუნო. მინდა ისევ ისეთი ნუკი იყო, რომელსაც ცხოვრება უხაროდა... რას არ მივცემდი ისევ იმ დროში რომ დამაბრუნა, როცა პირველად პარკინგზე გადაიკვეთა ჩვენი გზები და იდიოტი მიწოდე._გაეღიმა._ჩემივე კაბინეტიდან რომ მაგდებდი არც იმ დროზე ვიტყოდი უარს. მინდა, სწავლა განაგრძო და საუკეთესო ექიმიც გახდე. _მე მხოლოდ შენთან მინდა._ამოვიჩურჩულე. ვიგრძენი როგორ გაუჩერდა გული. მერე თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. ერთხანს ასე მიყურა. მერე კი შევამჩნიე, რომ ჩვენს შორის მანძილი ნელ-ნელა მცირდებოდა. თვალები თავისით მიმელულა და ნაცნობი განცდა დამეუფლა, ასე რომ მახვევდა თავბრუს. მივიწყებული მენთოლის გემოც ვიგრძენი და თავდავიწყების მორევშიც გადავეშვი. მართლაც როგორ მომნატრებია ჩემი უძვირფასესი თედო და ვერ ვაცნობიერებდი ამას. _გპირდები, აქედან გაყვანის მერე მართლაც არ დაგტოვებ მარტოს. უშენოდ გატარებული დღეები საშინელებაა. არ მინდა ისევ განმეორდეს._თან მკოცნიდა და თან მეფერებოდა. მისი ცრემლები სახეს მისველებდა და პირში სიმლაშეს ვგრძნობდი. ******************** იმ დღის მერე კიდევ ხუთი დღე ვიწექი საავადმყოფოში და მერე გამომწერეს. ის ხუთი დღე მარტო აღარ მიგრძვნია თავი, თედო ყოველდღე მაკითხავდა. თუ იქ არ იყო, მირეკავდა და მელაპარაკებოდა. თითქოს თავიდან დავიბადე და თავიდან დავიწყე ცხოვრება. ჩემი სიგიჟის ამბები ბებიასთვის არ უთქვიათ და ეს ძალიან გამიხარდა. სახლში დაბრუნებულს როკო მხიარულად შემხვდა. თქვი, რომ ფრინველია და ტვინი არ აქვს, აშკარად გაუხარდა ჩემი დაბრუნება და ამ ცხოვრებისკენ შემობრუნება. მართალია, წამლები კიდევ მქონდა დასალევი და რეგულარულად ვიღებდი, მაგრამ ჩემს თავს მე თვითონვე ვატყობდი უკეთესობას. ალბათ თედოსთან დაბრუნებამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ჩემს მდგომარეობაზე და დამიბრუნდა ცხოვრების ხალისი და ინტერესი. ერთხანს სახლში ვიყავი. მერე და მერე კი მომეხსნა საგიჟეთში გამომწყვდეულის კომპლექსიც და ნელ-ნელა ხალხში გამოჩენაც დავიწყე. სამსახურში აღარ დავბრუნებულვარ, იმიტომ კი არა, რომ მრცხვენოდა ჩემი სტატუსის, უბრალოდ სწავლა გადავწყვიტე და ორივეს ერთად ვერ შევძლებდი, მითუმეტეს რომ სახლში ძვირფასი ქმარიც მყავდა მისახედი. წამლების სმას რომ მოვრჩი სრულად და იმის საშიშროება აღარ იყო, ნაყოფისთვის ევნო, ორსულობა დავგეგმე და ერთ თვეში მართლაც განვიცადე მისით გამოწვეული სიხარული და ბედნიერება. მართალია, ჩემი ეჭვიანობის, პარანოიის და სიგიჟის გამო ერთი წელი დავკარგე ლამის, მაგრამ არც ახლა იყო დაგვიანებული. ნათქვამია, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. მთავარია, ძალიან არ დავაგვიანე და ჭკუაც ვისწავლე, რომ მოპოვებული ბედნიერება არაფრის დიდებით არ უნდა დამეთმო და დამეკარგა. ხო, მართლა, ნათიას შეყვარებულის ამბავიც გაირკვა. მართლაც დაცვის ბიჭებიდან უყვარდა ერთ-ერთი და ვისაც ყველაზე ნაკლებად წარმოვიდგენდით_ბაბახანი. ნათიას მშობლები ძალიან წინააღმდეგნი წავიდნენ სხვა რჯულის და სარწმუნოების კაცი რომ აირჩია მათმა შვილმა ცხოვრების მეგზურად. ბევრმა გააქილიკა კიდეც რომ გაიპარნენ, მაგრამ თურმე ცხოვრბაში რა აღარ ხდება. ეგ უკვე მათი პრობლემა იქნებოდა როგორ იცხოვრებდნენ ერთად სხვა და სხვა რწმენით. მათი ცოდვა ხომ თვითონ მათ მოეკითხებოდათ და არა სხვას? ამის გამო მე ჩემს მეგობარზე უარი არ მითქვია. ნათია რომ არა ჩემს ცხოვრებაში, მე ხომ ვერაფერს შევძლებდი? ალბათ, მართლაც გავგიჟდებოდი და სამუდამოდ ფსიქიატრიულში გამოვიკეტებოდი... ნათიამ მასწავლა, რომ გადაულახავი პრობლემები და გამოუვალი სიტუაციები სიკვდილის გარდა ხვა არაფერი არსებობდა... P.S მართალია, ჩემი ამბავი აქ არ დასრულებულა, კიდევ გრძელი ცხოვრების გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელსაც ძალიან, ძალიან ვუყვარვარ და დიდ პატივს მცემს და რომელსაც ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება. ჩემს სხეულში ჩვენი სიყვარულის ნაყოფი დღითი-დღე იზრდება და ყალიბდება. სახელიც შერჩეული გვაქვს და ჩვენი მათე ბიჭი ზაფხულის დასასრულში მოევლინება ამქვეყნად. ძიძაც წინდაწინ ვიცით უკვე ვინც იქნება. (მე ხომ სწავლის გაგრძელება-დასრულებას ვაპირებ და ძიძა ამიტომ გვჭირდება). კიდევ მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები და ჩემი საყვარელი ბებია. სიცოცხლით ტკობისთვის მეტი რაღაა საჭირო? (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.