მინდა დაგიბედო
ჯერ ისევ გვარიანად ბნელოდა, ტელეფონის მაღვიძარამ არილენა არას შესანიშნავი ხმით რომ გამაღვიძა. სასიამოვნო სიზმარი შუაზე გამაწყვეტინა, ამიტომ უკმაყოფილო სახით წამოვდექი. ერთ ხანს ასე ვიყავი წამომჯდარი, სიზმარიდან გამოყოლილ ბედნიერების განცდას მთელი სიცხადით შევიგრძნობდი. მერე კი, ჩემი ფუმფულა ხალათი მოვიცვი, დერეფანში ფეხაკრებით გამოვიპარე დედა რომ არ გამეღვიძებინა და მისაღებში ბარს იქიდან სამზარეულოში შევტუნტულდი. ძლიერი ყავა გავიკეთე, ისევ მისაღებში დავბრუნდი, გამათბობელს ავუწიე და მის გვერდით სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი. შუქი არ ამინთია, რადგან ფანჯრიდან შემოჭრილი ლამპიონის შუქი საკმაოდ მინათებდა ოთახს და საჭიროდ აღარ ჩავთვალე. სიამოვნებით მოვწრუპე სურნელოვანი სითხე და ფიქრებშიც ჩავიძირე... ახალ წლამდე ორი კვირა იყო დარჩენილი. კიდევ კარგი, ჩემს ბედზე, დროებითი სამსახური შემომთავაზეს, თორემ ისევ ბიძაჩემთან მომიწევდა მათხოვრად მისვლა. საახალწლოდ სხვა თუ არაფერი, ცოტაოდენი ტკბილეულის საყიდელი ფული რომ ესესხებინა გაზაფხულამდე. მერე კი, დავიწყებდი სილამაზის სალონში მუშაობას და ვალს დავუბრუნებდი. ჩემი სალონის მშენებლობა კრედიტით წამოვიწყე და დედაჩემის პენსიაც ლამის სულ იქ მიდიოდა. ახლა გვიჭირდა და ხან სად შევძვრებოდი სამუშაოდ და ხან სად, თორემ გაზაფხულიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ფინანსურადაც ავეწყობოდით. მამაჩემის დანატოვარი მანქანა და ათასი წვრილმანი გასაყიდად მენანებოდა. დედა კი მეჩიჩინებოდა ყოველთვის, გავყიდოთ და ხელი მოვინაცვლოთო, მაგრამ მაინც არ ვყიდდი. ზამთარი რომ ჩაივლიდა, მართვის კურსებზე ვაპირებდი შესვლას და ჩვენი ბეემვის საჭეს მე თვითონაც კარგად მივუჯდებოდი. დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო სოფლის მარკეტში მოლარე-კონსულტანტად. საკუთარ თავს ვამშვიდებდი და ვანუგეშებდი, რომ ყველაფერს ადვილად გავართმევდი თავს, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავდი. სანამ მამა იყო ცოცხალი და შეეძლო, არაფერი გვიჭირდა. კარგი სამსახური ქონდა და შეძლებულადაც ვცხოვრობდით. სულ ხელისგულზე მატარებდა და ჩემს არც ერთ სურვილს აუსრულებელს არ ტოვებდა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მშობლები სინამდვილეში ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. ვიღაც ქალმა, რომელსაც დედას ვერ ვუწოდებ ვერანაირად, გამაჩინა და მათ კართან დეკემბრის სუსხიან დღეს, ზუსტად ბარბარობას, ჩვრებში გამოკრული ბედისანაბარა მიმატოვა. მართლა ბედი მქონია, რომ მწყემსის ძაღლებმა არ დამიშავეს რამე. სოფელში ყველამ იცოდა, რომ ჩემს შეძენილ მშობლებს შვილი აფხაზეთის ომში ყავდათ დაკარგული და რძალი რომ გათხოვდა, მათი შვილიშვილიც თან წაიყვანა და ვეღარ ნახულობდნენ. ჩემი გამოჩენით კი სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდათ. მაშინვე მიშვილეს და სათანადო აღზრდა-განათლებაც მომცეს, მაგრამ მოულოდნელად გამოგვეცალა ოჯახის ბურჯი მამაჩემი და ამან გაგვანადგურა... ყავის წრუპვას რომ მოვრჩი, თბილად ჩავიცვი, ხელთათმანები და პომპონებიანი ქუდიც მოვირგე და გარეთ უხმაუროდ გავედი. თუმცა, ფხიზელ ჯესის მაინც არ გამოჰპარვია ჩემი გარეთ გასვლა და კუდის ქიცინით მომიახლოვდა. ჯესი ჩვეულებრივი გოშიაა, რომელიც ამ ზაფხულს არხში ჩავარდნილი ვიპოვე. ჩქარ დინებას მიქონდა საცოდავად აწკმუტუნებული და დახრჩობას გადავარჩინე. იმ დღიდანვე ჩამოგვიყალიბდა ჩვენ ორს მეგობრული ურთიერთობა. თანაც ისეთი, რომ ხშირად ჩემს დარდებსაც კი ვუზიარებდი და ისიც დიდი ინტერესით მისმენდა და თავისი დიდრონი შავი თვალებით თანაგრძნობით შემომყურებდა. მე და დედას ხშირად არ გვქონია პურის ფული, მაგრამ ჩემს ჯესის მშიერს მაინც არ ვტოვებდი, რადგან ქალბატონი მრავალშვილიანი დედა ბრძანდებოდა და მეცოდებოდნენ მისი ფუმფულა ლეკვები... აღმოსავლეთის ცას რიჟრაჟი ეპარებოდა უკვე. საშინელი ქარი ქროდა, ლამის უკან მაბრუნებდა ისევ, მაგრამ მე მაინც ჯიუტად მივიწევდი წინ ჩემი ახალი სამსახურისკენ. ოთხასი მეტრი მაინც მქონდა გასავლელი. ჯესიმ ერთი პირობა უკან მდია, მერე კი ალბათ შვილების დატოვება არ ისურვა დიდი ხნით, ერთი მხიარულად შემყეფა, ალბათ წარმატება მისურვა თავის ენაზე და სახლისკენ გაცუნცულდა. გაყინულ-გაფიჩხულმა ძლივს მივაღწიე ადგილამდე და მაღაზიას უშველებელი ბოქლომიც ავხსენი. სასწრაფო წესით მოვაწესრიგე იქაურობა და პირველი კლიენტის შემოსვლას დიდი მონდომებით დაველოდე. დიდხანს არც დამჭირვებია ლოდინი. თითქოს, მელოდებოდაო, ყველაფერს რომ მოვრჩი, ზუსტად მაშინ შემოაღო ირონიული ღიმილით დემნამ კარი. დემნა ბავშვობაში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით. მართალია, სხვადასხვა კლასში ვიყავით და სხვადასხვა უბანში ვცხოვრობდით, მაგრამ სკოლაში მაინც ერთად დავდიოდით. ერთმანეთის საიდუმლოებები ზედმიწევნით ვიცოდით. ის მე მაძლევდა რჩევებს, მე კი მას. მაგრამ მერე და მერე, უკვე რომ წამოვიზარდენით, დედამისს, ქალბატონ დონარას არ მოსწონდა ის ამბავი, რომ უმეტეს დროს მისი შვილი ჩემს გვერდით ატარებდა. მე ხომ ვიღაცის მოძულებული შვილი ვიყავი, ჩემი წარმოშობა და წარმომავლობა არავინ იცოდა. ასეთი უთვისტომო ქალი ნამდვილად არ უნდოდა შვილისთვის. არა და ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. ამას ისიც დაემატა, რომ დემნას შეყვარებული უჩვეულო სიტუაციაში წავისწარი, დემნას აშკარად ღალატობდა და აქეთ დამწამა ცილი, თითქოს დემნა ჩემთვის მინდოდა და ისე შევლაპარაკდით და ვიჩხუბეთ, რომ ხელითაც კი შევეხეთ ერთმანეთს. მას, ქალბატონმა დონარამაც დაუჭირა მხარი, სულ უპატრონო მეძახა და ს დაგდებული. მასთანაც გვარიანი შელაპარაკება მომიხდა. დემნაზეც გავბრაზდი, რადგან ამდენს ალაპარაკებდა დედამისს. ეგ კი არა, მათ მხარეს დადგა რატომღაც, არც კი გაურკვევია რაზე ვიჩხუბეთ და ერთმანეთთან მანამდე თუ დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა, ახლა სიძულვილმა და სიბრაზემ იჩინა ჩვენს შორის თავი... შემოაღო თუ არა კარი, აშკარად გამომწვევი და გამაღიზიანებელი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. ჩემი გაბრაზება თითქოს სიამოვნებას ანიჭებდა. მისი გამოჩენა უსიამოდ მენიშნა. რაღა მაინც და მაინც მან შემოაბიჯა პირველმა? ალბათ გავაგდებდი კიდეც, კამერები რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული და თეოს არ ედევნებინა მაღაზიის ყოველი კუთხე-კუნჭულისთვის თვალი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი ინტერესით მეც მაკვირდებოდა სამუშაოს პირველ დღეს. _ერთი ბოთლი ლუდი მინდა._მბრძანებლური ტონით მითხრა დემნამ და გამიღიმა. კლიენტებს თვითონ შეეძლოთ მაცივრიდან ლუდის აღება, მაგრამ მან ამ შემთხვევაში მე დამავალა. მივხვდი, სპეციალურად იქცეოდა ასე, რომ მე გავეღიზიანებინე. ნერვები მოვთოკე და მაცივართან ნაძალადევი სიმშვიდით მივედი. _რომელი?_ისე ვკითხე, მისთვის არც კი შემიხედია. _"არგო" იყოს. "არგო" რომ მივუტანე და წინ დავუდე, მოულოდნელად გადაიფიქრა. _არა, არა, "ქარვა" მინდა. პირველი ბოთლი უსიტყვოდ დავაბრუნე მაცივარში და ახლა "ქარვა" გამოვუტანე. ის იყო, ფული უნდა გადაეხადა, რომ ისევ შემაცვლევინა ბოთლი. ახლა "რავი" გამომაღებინა. იმის შეცვლაც რომ მომთხოვა ირონიული ღიმილით, მაშინ კი გავცეცხლდი და ავშალე ჩემი "ოპოპები". _ჯერ ჩამოყალიბდი რა გინდა და მაღაზიაში მერე შემოდი! თუ არა და, წადი და შენ თვითონ აიღე რომელიც გინდა. _შენ არ გითხრეს, რომ კლიენტებს ზრდილობიანად და ღიმილით უნდა მოემსახუროვო?_ვითომ გაუკვირდა. _კლიენტებს კი, მაგრამ შენნაირ გველებზე არაფერი უთქვიათ. თუ ყიდულობ რამეს იყიდე, თუ არა და გასრიალდი აქედან!_შევუბღვირე. ამ საუბარში ვიყავით, რომ ახლა სიმპატიურმა უცნობმა ბიჭმა შემოაღო მაღაზიის კარი და სიგარეტი მოითხოვა. თან გაუკვირდა. _შენ ახალი ხარ?_ეს რომ მკითხა, ვიგრძენი როგორ მოურიდებლად ამათვალიერ-ჩამათვალიერა თავიდან ფეხებამდე._რა გქვია?_დაინტერესდა. _სახელი._ცივად მივუგე და დასახელებული სიგარეტი და ხურდა გავუწოდე. უცნობმა მხოლოდ სიგარეტი გამომართვა, ხურდა შენ დაიტოვეო, თვალი ჩამიკრა და მაღაზიიდან ღიმილით გავიდა. შემთხვევით დემნას გავხედე ბრაზიანი მზერით რომ მიაცილებდა სიმპატიურ უცნობს და გამეღიმა. მართალია, ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აღარ გვქონდა, მაგრამ ეტყობოდა რომ შინაგანად მაინც ღელავდა და არ სიამოვნებდა ჩემზე მოძალებული თამამი ბიჭები. უცნობი გასული არ იყო, რომ მაღაზიის მეპატრონე, თეოს მეუღლე ნიკაც შემოვიდა. ცოტა მექალთანე კაცი კი იყო, მაგრამ თვითონ ქალი თუ თავს არ გაუყადრიდა და შორს დაიჭერდა მისგან თავს, უკან არავის ეკიდებოდა. ქალისთვის არასდროს ბრძოლობდა, რადგან იყვნენ ისეთი ქალებიც, ვინც აქეთ ეკიდებოდნენ კისერზე და ადვილად მოსაპოვებლებზე ჩალიჩობდა. პრობლემებს არ იქმნიდა. _ვაა, ჩვენი მშვენიერი ბაბიც მოსულა._თმის ბოლოებიდან დაწყებული ფეხსაცმლის ჭვინტამდე კმაყოფილი ღიმილით შემათვალიერა._ მიხარია რომ გადაწყვიტე და ჩვენთან დაიწყე მუშაობა. ყოჩაღი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ, ადვილად გაართმევ ყველაფერს თავს. ისევ დემნასკენ გამექცა თვალი და ლამის ხმამაღლა გადავიხარხარე. ნერვიულად ისე სასაცილოდ ათამაშებდა ხელში ლუდით სავსე ბოთლს, თითქოს ჟონგლიორი ყოფილიყოს და სანახაობის მოსაწყობად დიდ სცენაზე გამოსვლის წინ რეპეტიციას გადიოდა. აშკარად არ სიამოვნებდა ჩემზე მოძალებული მამრობითი სქესის წარმომადგენლები. არც იყო გასაკვირი, რადგან ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ფაქტიურად და-ძმასავით ვიყავით და რომელ ძმას ესიამოვნებოდა ეს ამბავი? ამასობაში ნატუკაც მოვიდა, მაღაზიის ცალ მხარეს მოწყობილი აფთიაქის ფარმაცევტი. ნატუკა ქვრივი იყო და ორი გოგო ყავდა, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე გაუთხოვდნენ. ნატუკა კი ავ დედამთილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. კარგი გოგო იყო, თბილი, მეგობრული და პატიოსანი. მეცოდებოდა კიდეც ქაჯი ნინას ხელში. ნატუკა გულთბილად მოგვესალმა ყველას და ღიმილით მომილოცა სამსახურის დაწყება. წარმატებები და გამძლეობა მისურვა, რაც მართლაც მჭირდებოდა, რადგან სოფელში ყველაზე დიდი მარკეტი ეს იყო და კლიენტების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. დემნასთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, როდის წავიდა ვერ დავინახე, რადგან დილიდანვე დაიწყეს კლიენტებმა მოსვლა და მისთვის ნამდვილად აღარ მეცალა. თუმცა, როგორც მეშინოდა ისე არ მოხდა, მაინც ადვილად გავართვი ყველაფერს თავი. ხანდახან, როცა ერთბაშად მაწყდებოდა კლიენტი, ნატუკაც მეხმარებოდა, აფთიაქში ხომ არავინ აჭამდა თავ-პირს ისე, როგორც მე მაღაზიაში? მაინც მხიარულად, ხალისით და ენერგიით ვიმუშავე შუადღემდე. მერე აფთიაქის მხარეს პატარა მრგვალ პლასტმასის მაგიდაზე სუფრა გავიშალეთ და დავნაყრდით. ყავაც მივირთვით, მერე კი ისევ დამაწყდა და დამაწყდა კლიენტი. ჯერ ის, რომ ახალი წელი ახლოვდებოდა და ვაჭრობა გაორმაგებული იყო, ახლა ის რომ ახალი "ნოქარი" ყავდა თეოს და მის სანახავად და გასაცნობად მოდიოდნენ და მოდიოდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. დისტრიბუციის ბიჭებიც კმაყოფილი მზერით მათვალიერებდნენ. თავს არ ვიქებ, მაგრამ სანახავი კი მართლა ვიყავი: მაღალი, შავგვრემანი და ეშხიანი, თან ცისფერთვალება. სამოდელო სფეროში უდაოდ წარმატებას ვპოვებდი, მაგრამ მე ასეთი რაღაცეები მართლა არ მიზიდავდა. და უფრო ის, რომ დედაჩემის დატოვება არ მინდოდა. მთელი თავისი შრომა, ჯანი და უდიდესი სიყვარული ჩადო ჩემში, ვინც გამჩენმა მოიშორა და ყინვაში უპატრონოდ მიაგდო. ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ ვიციდი ვინ იყვნენ და არც მაინტერესებდა. მე მხოლოდ ერთი დედა მყავდა, ვინც გამზარდა და ერთი მამა, რომელმაც გვარი მომცა... საღამოს, კარგად ბნელოდა უკვე, სამსახურს რომ მოვრჩი. სურსათ-სანოვაგე ჩავიბარგე, რომ მე და დედას გვევახშმა, მაღაზია დავკეტე და სახლისკენ დავადექი გზას. ისევ ძლიერად ქროდა ქარი. გაყინულ ფოთლებს პირდაპირ სახეში მაყრიდა. საშინლად ციოდა. სკოლას რომ გავცდი და ჩვენს უბანში დავუხვიე, ვერც კი გავიგე როდის ამედევნა ვიღაც. ისე მქონდა ქუდი ჩამოფხატებული და ქურთუკის საყელო აწეული, ფეხის ხმა არ გამიგია. მხოლოდ მაშინ, კაშნე რომ შემომხსნა ულმობელმა ქარმა და მის გასასწორებლად შევბრუნდი ქარით ზურგისკენ, მაშინ დავლანდე ადევნებული სილუეტი. შევკრთი, მაგრამ არ შევიმჩნიე. საჩვენოში ვიყავი უკვე და ვერავინ ვერაფერს გამიბედავდა. ისედაც, სოფელში ძალმომრეობა და ყაჩაღობები არ ხდებოდა. კაშნე გავისწორე და ჩვეულებრივ განვაგრძე გზა, თუმცა გულისყური მისკენ მქონდა. სიბნელეში ვერ ვიცანი ვინ იყო, რადგან ქარის გამო თვითონაც კარგად იყო შეფუთული. ფეხს რომ ავუჩქარე, თვითონაც აუჩქარა და განათებულ ლამპიონთან რომ მივედით, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მალულად და გული დავიმშვიდე. დემნა იყო. _რას დამყვები?_გავუბრაზდი._უშენოდ ფეხი ვეღარ უნდა გადავადგა? წადი, შენს ნონას მიხედე._მაინც წავკბინე მისი ეგრედწოდებული შეყვარებული. _სულ შენ არ დაგყვები?_აქეთ შემომიტია._გზა ყველასია, ნუ გავიწყდება, რომ გზაჯვარედინამდე მეც ამ გზაზე მიწევს სიარული სანამ სახლამდე მივალ. რაც შეეხება ნონას, დაიწყნარე გული, უკვე მივაცილე და იქიდან მოვდივარ. ასე, რომ მისი დარდი ნუ გექნება, ამაღამ მშვიდად დაიძინე._ირონია გაურია ხმაში. _ეს რა ჯელტმენი ყოფილხარ და აქამდე ვერ გცნობდი._წავიფრუტუნე. _არა და შენი ნოდიკო იქნება, ხელის თხოვნაც კი რომ ვერ გაუბედია შენთვის. გავჩერდი და გაბრაზებულმა შევხედე. _რაა, ტყუილს ვამბობ? მთელმა სოფელმა იცის, რომ მოსწონხარ და თქმას ვერ გიბედავს. _ცდები._ხელთათმანი გავიძრე და ეივონიდან გამოწერილი ოქროსფერი ბიჟუტერიის ბეჭედი დავანახე, რომელიც მე გამოვიწერე რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ ახლა რატომღაც ნოდიკოს დავაბრალე._აი, მისი საჩუქარი. მის ცხვირწინ აფრიალებული ჩემი ხელი უმალ დაიჭირა, მჭიდროდ მოიმწყვდია თავის გაყინულ ხელებში და ლამპიონის შუქზე ინტერესით დააკვირდა ბეჭედს. მე კი მისი სახის ყოველ მიმიკას ვაკვირდებოდი. ჯერ თითქოს შეეცვალა სახე, მაგრამ მერე გაეღიმა. _ამაზე მეტის ფული არ ქონდა, თითის წვერზე რომ წამოგიცვია, თუ შენ დაგავიწყდა ბოლომდე გაკეთება?_ირონიული ღიმილით შემომხედა. _უვიცი და დეგენერატი ხარ, ამის მოდა ესაა._ხელი სასწრაფოდ წავგლიჯე და ისევ ხელთათმანი წამოვიცვი._სხვასთანაც არ წამოგცდეს ეს, თორემ მასხარად აგიგდებენ გონებაჩლუნგობის და გამოუსვლელობის გამო._ენა გამოვუყავი და გზა განვაგრძე. მართალია უკან არ მიმიხედია, რომ არ მეთქმევინებინა მომხედაო, მაგრამ მთელი გულისყური მისკენ მქონდა. თუმცა, დემნა აღარ გამომკიდებია. არა და გზაჯვარედინამდე ისევ გვქონდა გზა ერთად გასასვლელი. უფრო ავუჩქარე ფეხს და ხუთ წუთში სახლშიც ვიყავი. ჯესი როგორც ყოველთვის ახლაც კუდის ქიცინით შემომეგება და მხიარული ყეფით შემომაბობღდა. _ჩემი ლამაზი გოგო, მოგენატრე?_ ჯიბიდან შოკოლადი ამოვიღე და იმით ჩავატკბარუნებინე პირი. მან კი მადლიერების ნიშნად ხელები ამილოკა. ხმაურზე დედაჩემმა გამოგვხედა. _მოხვედი შვილო?_გაუხარდა._შემოდი, შემოდი, არ შექცივდეს._მხრებზე მომხვია ხელი და სახლში ისე შემიყვანა._როგორ გაყინულხარ ამ ქარში?_თან შეიცხადა გაყინულ-გათოშილი რომ დამინახა. ოთახში რომ შევდგი ფეხი, გამათბობელთან სავარძელში მოკალათებული ვიღაც გოგო დავინახე, ასე ოცდაათ წლამდე. თმა ვარდისფრად ქონდა შეღებილი. _აბა თუ იცნობ?_დედაჩემმა ეშმაკურად შემომღიმა ჩემი გაოცებული მზერა რომ დაინახა. ერთხელ კიდევ დაკვირვებით შევავლე თვალი უცნობს და რომ გაეღიმა, მხოლოდ მაშინ ვიცანი დედაჩემის ძმიშვილი დიანა. წლები იყო რაც არ მენახა, რადგან იტალიაში იყო წასული და იქ მუშაობდა. _დიკო?_ჯერ გავიოცე, მაგრამ მერე გახარებული მივვარდი და გადავეხვიე._როგორ შეცვლილხარ გოგო, ვეღარც კი გიცანი. _შენ კი ისევ ისეთი ხარ მინდა ავღნიშნო._მანაც მომხვია მკლავები და კარგა ხანს ერთმანეთს ჩახუტებულები სიხარულის ცრემლებით ვსლუკუნებდით ხმამაღლა. _დიდი ხნით ჩამოხვედი?_როგორც იქნა მოვრჩით ერთმანეთის ხვევნა-კოცნას._ისევ ხომ არ მიდიხარ? _მგონი საბოლოოდ ჩამოვედი,_გამიღიმა._ამ ახალ წლებს კი თქვენთან დავრჩები. _უი, რა კარგია._გამიხარდა. მერე წამოვხტი, ქვაბით წყალი შემოვდგი გაზზე, რომ მაღაზიიდან წამოღებული პელმენები და სოსისი მომეხარშა. თან სუფრის გაშლას შევუდექი. დედაჩემს ლობიო მოეხარშა ხვალ ლობიანების გამოსაცხობად და ისიც ამოვიღე. კომბოსტოს და შუშა კიტრის მჟავეც დავდე, მადისაღმძვრელი სუფრა გავშალე სახელდახელოდ და გემრიელად მოვულხინეთ. ზაფხულობით დიკო ყოველთვის ჩვენთან ისვენებდა ბავშვობაში და ბევრი რამ გავიხსენეთ ჩვენი ოინებიდან. გულიანადაც ვიცინეთ. გვიანობამდე ვისხედით და ვხარხარებდით ჩვენს წარსულზე. მერე კი, ჩემს ოთახში გავუშალე საწოლი და მგონი ორის ნახევარი იყო უკვე, რომ დავწექით. დილით ისევ არილენა არამ გამაღვიძა. დიკოც კი შეიშმუშნა, მაგრამ ისევ გნაგრძო ძილი. ქარი ჩამდგარიყო. თითქოს ჩამთბარიყო კიდეც და იმდენად აღარ მციოდა. ეგ იყო, საშინელი ბურუსი იყო და ათ ნაბიჯში არაფერი ჩანდა. ჯესიმ ისევ გამაცილა სამსახურში და შუა გზიდან ისევ შვილებთან დაბრუნდა. მე კი სამსახურისკენ განვაგრძე გზა. სკოლის წინ მამაკაცის სილუეტი დავლანდე. ბურუსის გამო ვერ ვიცანი ვინ იყო. თუმცა, არ შემშინებია. სანამ ახლოს არ მივედი, ადგილიდან არ დაძრულა. _ვაა, ნოდიკო?_გამიკვირდა და გაოცებულმა შევათვალიერე აშკარად აღელვებული ვაჟი. _დილა მშვიდობისა ბაბი... როგორ ხარ?_მორიდებით მკითხა და გვერდით გამომყვა მორცხვად. _მადლობა, კარგად. შენ?_შევღიმე. _ნელ-ნელა... შენი ნახვა მინდოდა._ძლივს ამოღერღა სათქმელი. გაოცებულმა შევხედე. _მაღაზიაში დაგიწყია მუშაობა. _ხო, ამ ზამთარს გადავაგორებ როგორმე._ხელკავი გამოვდე და ისე განვაგრძეთ გზა. შევატყე როგორ შეკრთა და აუჩქარდა გული. აშკარად ღელავდა და მეცოდებოდა. ყოველთვის უჭირდა ჩემთან დალაპარაკება. დემნა მართალი იყო, მოვწონდი, მაგრამ ვერ მიბედავდა თქმას. ცუდი ბიჭი არ იყო. მაღალი, ქერა, სიმპატიური, კარგი ოჯახის შვილი. მომწონდა კიდეც... ალბათ, კარგ ოჯახსაც შევქმნიდით თუ გამომიტყდებოდა ოღონდ. _დაბადების დღის საჩუქარი მინდოდა გადმომეცა შენთვის... მაღაზიაში მოსვლა მომერიდა და აქ ამიტომ დაგხვდი._ჯიბეში ხელი ჩაიყო და პატარა ფუმფულა სათამაშო ამოიღო._დავინახე და მომეწონა. ვიცი რომ ძალიან გიყვარს ასეთი სათამაშოები. ფუმფულა ბაჭია იყო. მართლა საყვარელი იყო. _შეგიძლია ტელეფონზე დაკიდო, ბრელოკია. _რა საყვარელი ხარ, მადლობა._ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე მეგობრულად ვაკოცე. ისე შეკრთა, მეც კი შემაკრთო მისმა შეკრთომამ. მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. _მართლა მომეწონა, კარგი საჩუქარია. დიდი მადლობა. _მარტო ეგ არ არის._ისევ ჩაიყო ჯიბეში ხელი და კარგა ხანს ეძებდა რაღაცას. მერე, ჯიბიდან რომ ხელი ამოიღო და ჩემს წინ გაშალა, ხელისგულზე ვერცხლის ძეწკვი და მასზე ლამაზი გვირილა ეკიდა. კარგა ხანს დავყურებდი გაოცებული. _არ მოგწონს?_შეშფოთებულმა და შეფიქრიანებულმა შემომხედა თავილსი ლამაზი ჭროღა თვალებით. _არა, როგორ არ მომწონს, მაგრამ... ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ ავიღებ. მადლობა. მე ეს ბრელოკიც მეყოფა._ხელში შევათამაშე ფუმფულა ბაჭია. უარესად აღელდა, თეთრ პირი-სახეზე სიწითლემაც აჰკრა. _მართლა ძალიან მომწონს, არ ვიწუნებ. უბრალოდ... მიზეზს ვერ ვხედავ ასეთი საჩუქრებით რომ გამანებივრო._პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვუთხარი და თვალებში დაჟინებით მივაშტერდი. მაინტერესებდა რას მეტყოდა. ამ ჩემმა გაბედულმა ნათქვამმა უარესად დააბნია. თვალს ვერ მისწორებდა, იმის თქმას ვერ მიბედავდა, რომ ვუყვარდი და ეს კოცნას გამიბედავდა? ამის გაფიქრებაზე გამეღიმა. _სამაგისოდ ბევრი მიზეზი მაქვს._როგორც იქნა ამოღერღა. ვიფიქრე, სიყვარულშიც გამომიტყდებოდა, მაგრამ... _უკან არ ავიღებ, თუ არ მოგწონს გადააგდე._მოულოდნელად ჩემს ხელს დასწვდა, ძალით გამაშლევინა, საჩუქარი ხელის გულზე ფრთხილად დამიდო და ლამის სირბილით წავიდა. თანაც ისე, რომ უკან აღარ მოუხედია. კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილზე გაშეშებული და უაზროდ დავყურებდი ნოდიკოს საჩუქარს ჩემს ხელის გულზე. ალბათ, დიდხანს ვიდგებოდი ასე, ნატუკა რომ არ წამომდგომოდა თავზე. _რა გჭირს, ცუდად ხარ?_ მილურსმულივით რომ ვიდექი, აშკარად ის იფიქრა, რომ რამე მიჭირდა._ეგ რა არის?_ახლა ჩემს ხელის გულზე ძეწკვს დახედა, ხელში აიღო და კარგად შეათვალიერა. _"რაფაელოა"._ამოვიჩურჩულე. _რაა!_გაოცებისგან სასაცილოდ გაუფართოვდა თვალები._ეს რანაირი "რაფაელოა"? _უთქმელი სიტყვების ნაცვლად..._ამოვიოხრე. _არ მითხრა ახლა, რომ ნოდიკომ გაჩუქა._პასუხი რომ არ დავუბრუნე, გაეცინა._გამოვიცანი ხომ?_ხელკავი გამომდო და მაღაზიისკენ ისე განვაგრძეთ გზა._რა ქნას ბიჭმა, ვერ გიბედავს თქმას და შენ ხომ უნდა მიხვდე არა?.. რასთან დაკავშირებით გაჩუქა? _დღეს ჩემი დაბადების დღეა._უწადინოდ ვაღიარე. _მართლა? გილოცავ._მომეხვია და ლოყაზე მაკოცა. _მადლობა, მაგრამ არ მიყვარს... _ვინ, ნოდიკო?_გაუკვირდა. _არა, ჩემი დაბადების დღე. ნატუკა ალბათ მიხვდა რატომაც არ მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. ეს დღე ყოველთვის იმას მახსენებდა, ჯალათმა ქალმა როგორ გამიმეტა ყინვა-ყიამათში და დამტოვა ქუჩაში ღვთისინაბარა. _არ ვიცოდი, ბოდიში._ცოტა ხნის მერე მორიდებით მომიბოდიშა._ყველას უყვარს თავისი დაბადების დღე და ვერ წარმოვიდგენდი შენ თუ არ გეყვარებოდა. აღარაფერი მითქვია. ნოდიკოს საჩუქარი შარვლის ჯიბეში ჩავიდე და უხმოდ განვაგრძეთ გზა. აღარც ნატუკა გამომლაპარაკებია. მაღაზიას ერთად მოვხსენით ბოქლომი და გავაღეთ. მთელი დღე მოწყენილი ვიყავი. ჯერ ერთი, მართლა ვერ ვიტანდი ამ დღეს და მეორე, ნოდიკოს საჩუქარი მაფიქრებდა. რომ ვთქვა, ცუდი ბიჭია და არ მომწონს-მეთქი, მართალი არ ვიქნები. მომწონდა, თანაც ძალიან, მაგრამ... ამ სოფელში და ახლომახლო სოფლებში ვინც კი იცოდა ჩემი წარმოშობის ისტორია, არავის ვუნდოდი სარძლოდ. ალბათ, არც ნოდიკოს დედა იქნებოდა გამონაკლისი. ნოდიკო მე ვერ მიბედავდა სიყვარულში გამოტყდომას და ჩემს გამო დედამისს დაუპირისპირდებოდა ვითომ? არ ღირდა ცხოვრება ამერია მისთვის. ამ საჩუქარს ისევ უკან დავუბრუნებდი, რომ დიდი იმედი არ ქონოდა. ცხრა უცხო გადამთიელი მთხოვნელიც გამომიჩნდებოდა ოდესმე, რომელსაც არაფერი ეცოდინებოდა ჩემი წარსულის შესახებ და მას გავყვებოდი ცოლად... საღამოს, ჯერ ისევ თვალნათელი იყო, დიკომ რომ ამომაკითხა მაღაზიაში. შემეშინდა, დედას რამე ხომ არ დაემართა-მეთქი, მაგრამ დამამშვიდა. _მარტომ რომ არ იარო ღამე და არავინ მოგიტაცოს, მე გაგიწევ კომპანიონობას._გამიღიმა. _აქეთ ამან არ მოიტაცოს ვინმე._ზურგიდან დემნას ირონიული ხმა რომ შემომესმა, რომელიც ის ის იყო მაღაზიაში შემოვიდა, გავცეცხლდი და მთელი დღევანდელი დღის ბოღმაც მასზე ვიყარე. _შენით მოკეტავ თუ მოგაკეტინო?_ავად დავუბრიალე თვალები. _რა ვუთხარი ახლა ამისთანა?_ვითომ ძალიან მოისაწყლა დიკოსთან თავი. _ძალიან კარგად იცი რაც თქვი და ეგ შენი საცოდავი გამომეტყველება მოიშორე სახიდან, უნიჭოდ ცრუობ. თან, დაახვიე აქედან. _რას ლაპარაკობ? მე აქ სავაჭროდ მოვედი და რა უფლებით მაგდებ ამ მაღაზიიდან, მეპატრონე შენ ხარ? ცოტა კი მოვთოკე ნერვები, მაგრამ მაინც ავად ვუბრიალებდი თვალებს. ჩემს ჯიბრზე ზუსტად რვაასი გრამი შაქარი ამაწონინა, ას ორმოცი გრამი ყავა, ორი და ორასი შოკოლადი, ოთხასი გრამი მიწის თხილი. ჩემს ნერვებზე უარესად თამაშობდა და თან ირონიული ღიმილით მიმზერდა. კალკულატორი რომ მოვიმარჯვე, მაშინ გაახსენდა, რომ ზუსტად ოთხას ოცდაათი გრამი ჰალვა უნდოდა. _ზუსტად მაგდენს როგორ ჩამოგიჭრის?_გაუკვირდა ნატუკას. ეტყობოდა, რომ დემნას შემხედვარე ისიც ჩემსავით იწეწებოდა ნერვებზე._ან მეტი მოვა, ან ნაკლები, ხომ არ დააქუცმაცებს? _მაგაზე მეტი არ მინდა და მე რაღა ვქნა?_უარესად მოისაწყლა თავი. დახლზე დაწყობილი კვერცხებისკენ გამექცა მზერა. უდიდესი სურვილი გამიჩნდა იმისა, რომ სულ თავზე დამელეწა მისთვის სათითაოდ. _იცოდე არ გაბედო!_აშკარად წაიკითხა ჩემი ფიქრები და ამიტომ მკაცრად გამაფრთხილა დემნამ. რომ შევხედე, მართლაც კვერცხებს უმზერდა ცოტა შეშფოთებული სახით. ახლა იმაზე მომეშალა ნერვები, ასე ადვილად ამოსაცნობი რომ ვიყავი ამ ბიჭისთვის, თითქოს გადაშლილი წიგნი ვყოფილიყავი მისთვის და იქ კითხულობდა ჩემს აზრებს. ნატუკამ სიტუაციის განმუხტვა სცადა. ჰალვის ყველაზე პატარა ნაჭერი დადო სასწორზე და ის აწონა. _ზუსტად ოთხას ორმოცდაათია. ეს ოცი გრამი როგორ ჩამოგიჭრა? წაიღე, შენი იყოს, ფულს არ გადაგახდევინებთ, ჩვენი ფეშქაში იყოს._ასე ვთქვათ ნამუსზე ააგდო ნატუკამ. დემნამ ისევ თავისი ირონიული ღიმილით გამომხედა. ჩემდა გასაოცრად, აღარაფერი უთქვია, ფული გადაიხადა, ზედმეტიც კი, ხურდა დაიტოვეთო მოგვაძახა და ისე გავიდა მაღაზიიდნ. _ეს დემნა არ იყო?_გაუკვირდა დიკოს. კარებამდე მივიდა და ისე გააყოლა მზერა._თქვენ რა, ნაჩხუბრები ხართ?_ახლა მე მომიბრუნდა გაოცებული._ისეთი და-ძმობა გქონდათ, ალალ დედმამიშვილებს შეშურდებოდათ და ახლა რა ბზიკმა გიკბინათ? _ზოგჯერ ალალი დედმამიშვილებიც ჩხუბობენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ერთმანეთს, გასაკვირი არაფერია._"დაამშვიდა" ნატუკამ. _არა, მართლა, სხვა რომ ყველაფერი მეფიქრა, თქვენს უმძრახობას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. რა დაგეტაკათ? _გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები._შევპირდი, თუმცა არაფრის მოყოლას არ ვაპირებდი. სანამ მაღაზიას დავკეტავდი, ისევ გავივსე პარკი სანოვაგით და მე და დიკო ერთად დავადექით სახლისკენ მიმავალ გზას. მეგონა დიკოს დავიწყებული ექნებოდა ჩემი და დემნას ამბავი, მაგრამ შევცდი. ხელკავი გამომდო თუ არა, ამბის მოყოლაც მთხოვა. მისი ხასიათი რომ ვიცოდი, ადვილად ვეღარ მოვიშორებდი და მეც მეტი გზა არ მქონდა, სანამ სახლამდე ჩავიდოდით, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. _მდაა, მართლაც ცუდი ამბავია... და იმ ქალბატონმა რაო, მისმა შეყვარებულმა? _არ ვიცი და არც მაინტერესებს. თავში ქვა უხლიათ ერთსაც და მეორესაც და მუცელში სამართებელი. _ეგრეა, რას იზავ, საწოლის ეშმაკი რომ გაუჩნდება კაცს, რაც არ უნდა ეჩიჩინო, აღარაფერი ესმის... _რაა? დემნა და ნონა ერთად არიან ვითომ?_ცოტა არ იყოს შევშფოთდი, ოღონდ რატომ, მე თვითონაც არ ვიცი. _ალბათ, რა ვიცი... თავში ქვა უხლიათ და მუცელში სამართებელი._ჩემი სიტყვები გაიმეორა და გულიანად გადაიკისკისა._მამიდა ლობიანებს აცხობდა მე რომ წამოვედი შენთან. რამდენი ხანია მისი ნახელავი აღარაფერი მიჭამია, წამო ვჭამოთ._ფეხს აუმარდა და მეც გამაქცია._ეგ კი არა, ნაძვის ხე არ გაქვს? წესით ბარბარობას უნდა დაიდგას. _როგორ არ მაქვს?_გამიხარდა რომ გამახსენა და სულ სირბილით წავედით სახლამდე. დედაჩემი ისევ ლობიანებს აცხობდა. მე და დიკომ კი ნაძვის ხე ჩამოვიტანეთ სხვენიდან და ბუხრის გვერდით მივუჩინეთ ადგილი. მერე დამტვერილი სათამაშოები სველი ხელსახოცით გავწმინდეთ ყველა სათითაოდ და ნაძვის ხეც მოვრთეთ. დიკომ ბამბა მომთხოვა და თოვლის ეფექტიც შექმნა. _მშვენიერი ნაძვის ხე გამოგვივიდა._კმაყოფილმა გადავხედე დიკოს, რომელიც სელფებს იღებდა უკვე. _ღმერთო, ისე ნუ გამზრდი, რომ ნაძვის ხის მორთვა გადამიყვარდეს. ახალი წელი მგონი მარტო ამის გამო მიყვარს._ღიმილით მითხრა. _მეც ძალიან მიყვარს._ვაღიარე. მერე დედაჩემის გამომცხვარ გემრიელ ლობიანებს შევექეცით... ყოველთვის მაინტერესებდა, მართლა ბარბარობას ვიყავი დაბადებული, თუ ამ დღეს რომ მიპოვეს ჩემმა მშობლებმა, მიტომაც დაარქვეს ჩემი დღე? ან, სახელი რა მერქვა? იქნებ, უსახელოც ვიყავი. თუ კი არავის ვუნდოდი, სახელს დამარქმევდნენ ვითომ? მახსოვს, პირველად რომ გავიგე აყვანილი ვიყავი, ძალიან განვიცადე. ვინც მითხრა, ის ხომ სასტიკად ვცემე, რადგან დამცინა და თი მომიხსენია. მერე, დედობილ-მამობილზე გავბრაზდი, ტყუილში რომ მაცხოვრებდნენ და სახლიდან გავიქეცი. სოფელში უპატრონო ქალთან, თამილასთან შევაფარე თავი. თამილას ოჯახი არ ყავდა. ქმარი ახალი დანიშნულები იყვნენ, რომ დაეღუპა და მას მერე აღარც გათხოვილა. მის ბოსელში დავიმალე, რადგან იქ არავინ მომძებნიდა. და მართლაც, ორი დღე ვერავინ მიპოვა. თვითონ თამილამ აღმომაჩინა და თავის სახლში წამიყვანა მძინარე. მერე, ყველაფერი გამომკითხა, რატო ვიყავი მის ბოსელში დამალული... მოკლეთ, მთელი ღამე ვისაუბრეთ და მან ამიხილა თვალები... მან გამაგებინა ის, რომ დედობა მხოლოდ ბავშვის გაჩენას არ ნიშნავდა. დედა ის იყო, ვინც მიშვილა და იზრუნა ჩემზე, როგორც საკუთარ შვილზე... დედა ის იყო, ვინც ღამეებს მითენებდა დარდსა და ბოღმაში... თამილამ დამარწმუნა იმაში, რომ ჩემი გამზრდელის მიმართ კი არ უნდა გამჩენოდა სიბრაზე, არამედ იმის მიმართ, ვინც მხოლოდ გამაჩინა და მიმაგდო. თუმცა, ვერც ჩემს ბიოლოგიურ დედას ამტყუნებდა, რადგან არავინ იცოდა იმ მომენტში რა გაჭირვება ქონდა და რის გამო დამთმო... ასე რომ, ბევრი ლაპარაკის მერე ჩემი ფეხით დავბრუნდი ჩემს მშობლებთან. აცრემლებულ დედაჩემს მუხლებში ჩავუვარდი ბოლო ხმაზე აღრიალებული და პატიება ვთხოვე. მას მერე დავიწყე მისი უფრო მეტად დაფასება და მას მერე შემიყვარდა მგონი საკუთარ თავზე მეტადაც კი. მისი ტკივილი ჩემი ტკივილი გახდა და მისი დარდები ჩემი დარდები. ******************** შობამდე ექსცესების გარეშე ვიმუშავე მარკეტში, არანაირი შეხლა-შემოხლა არ მქონია ვინმესთან. ვინმესთან რაა, დემნასთან. მას მერე აღარ გადაკვეთილა ჩვენი გზები, რაც ბოლო დროს ვიჩხუბეთ. სიმართლე ვთქვა, თითქოს მაკლდა კიდეც რაღაც. მართალია ძაღლი და კატასავით ვიყავით, ვერ ვიტანდით ერთმანეთს, მაგრამ "მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო", მართალი ყოფილა, დემნას გარეშე გატარებული დღეები თითქოს უღიმღამოდ მეჩვენებოდა. ეგ კი არა, იმ დღის მერე აღარც ნოდიკო მენახა და მასზე ცალკე ვღელავდი. მის საჩუქარს ისევ ჯიბით დავატარებდი, რომ სადაც შემხვდებოდა, იქვე დამებრუნებინა უკან. მართლა არ მიღირდა ჩვენი სოფლის ბიჭებთან უბრალო ფლირტის გაბმაც კი, რადგან მაშინვე ჩემი წარმოშობა და წარმომავლობა ამოტივტივდებოდა და დაბრკოლებად იქცეოდა ჩვენს შორის. დედამთილს რომ წამოეძახებინა ჩემთვის, უთვისტომო ხარო, ალბათ საყელოს გადავიძრობდი და ტანსაცმლიანადვე გავგიჟდებოდი. შობის დღეს კი, დილიდანვე თოვდა. ჩემს გუნება განწყობაზე დადებითად მოქმედებდა ზამთრის ეს მშვენიერი, თუმცა ამავე დროს ცივი ამინდი. სამსახურში რომ მივდიოდი, ბარაქიანად ბარდნიდა. სასწაულად ლამაზი იყო თეთრით შემოსილი მიდამო. მხოლოდ ჩემი და ჯესის ნაფეხურები ემჩნეოდა გაუკვალავ თოვლს, ფეხქვეშ სასიამოვნო შარიშური რომ გაუდიოდა. ჯესი რომ მიბრუნდა, მარტომ განვაგრძე გზა. სულ მალე კი, ორ ხმაში შემომესმა ნაბიჯების ხმა და გაოცებული მივბრუნდი. გზაჯვარედინიდან დემნა ამყოლოდა თავისი ირონიული ღიმილით. _სხვა ვინ იქნებოდა თუ არა ეს?_ვითომ ჩემთვის წავიბუტბუტე, მაგრამ დემნას აშკარად გავაგებინე. _მგონი, ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. მე ჩემს გზაზე მივდივარ... ნონასთან მივდივარ. ნონას ხსენებაზე ავილეწე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. _მერე, მანქანა სახლში გიდგას და ფეხით რატო დაწანწალებ, უფრთხილდები? თუ ლიშენია აიკარი ამ საშობაოდ?_მაინც წავკბინე._იმ ქალბატონს გაუფრთხილდი, ფეხით არ ატარო, ცოდოა... _მასე შენც გიდგას ფარეხში მანქანა, მაგრამ ფეხით დაწანწალებ._არც დემნა დამრჩენია ვალში. _სულ მალე მართვის მოწმობას ავიღებ და მერე მელაპარაკე ირონიული ღიმილით. _მართლა?_აშკარად გაუკვირდა, თუმცა ისევ მალევე გაუკრთა ირონიული ღიმილი სახეზე._ტარებას ნოდიკო გასწავლის? _შენ წარმოიდგინე ხო, და მინდა გითხრა, რომ მშვენიერი მძღოლია. აი, დაბადების დღეზე რა მაჩუქა._ჯიბიდან მისი საჩუქარი ამოვაძვრინე და თვალწინ ავუთამაშე. ამაზე მართლაც დამეფიცებოდა, რომ ნოდიკოს ნაჩუქარი იყო. ერთხანს თითქოს დაიბნა და შევატყე, რომ გაბრაზდა კიდეც. თუმცა მალევე მოეგო გონს. _შიშები დაძლია ვაჟბატონმა?_ისევ ირონია გაურია ხმაში._სანაძლეოს დავდებ, ჯერ არც კი უკოცნია შენთვის. გავცეცხლდი და რა გავცეცხლდი. რა ამისი საქმე იყო მე ნოდიკო მაკოცებდა თუ არა? _კიდევ კარგი სანაძლეო არ გაქვს დადებული, თორემ წააგებდი._ენა გამოვუყავი მოულოდნელად გაფითრებულ ბიჭს და ფეხს ავუჩქარე. სკოლის წინ ნოდიკოსაც გადავეყარე, ღიმილით გამოვდე ხელკავი და ისე განვაგრძეთ გზა ჩემი სამსახურისკენ. დემნას რომ გავხედე, ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და ისე მოგვჩერებოდა ორივეს. _პირველ რიგში გამარჯობა და შობას გილოცავ._დემნა კარგა მანძილით რომ ჩამოვიტოვეთ, დაბალი ხმით ვუთხარი._შენი ნახვა მინდოდა და კიდევ კარგი აქ დამხვდი. _მართლა?_შევატყე როგორ აღელდა ნოდიკო. _იცი, ბევრი ვიფიქრე და ამ საჩუქრის დაბრუნება გადავწყვიტე._მისი ნაჩუქარი ვერცხლის ძეწკვი გავუწოდე._ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ მივიღებ შენგან. დიდი ბოდიში, არ მინდა იფიქრო რომ არ მომწონს, ან ვიწუნებ, უბრალოდ... უბრალოდ არ მინდა, რომ ასეთ საჩუქრებს მჩუქნიდე..._ხელის გულში ჩავუდე და მაღაზიის კარს მივაშურე, რომ ბოქლომი მომეხსნა. უკან შეგნებულად არ მიმიხედია. დარწმუნებული ვიყავი, რომ საცოდავი სახით იდგა და ხელში შერჩენილ საჩუქარს უაზროდ დაჰყურებდა. მაგრამ მაღაზიაში რომ შევედი და კარი მივიხურე, მაინც არ მომითმინა გულმა და მივხედე. ჩემი ვარაუდი გამართლდა. მართლაც საცოდავი გამომეტყველებით იდგა და ხელში შერჩენილ საჩუქარს უაზროდ დაჰყურებდა. შემეცოდა. კარგი ბიჭი იყო, ძალიან მომწონდა კიდეც, მაგრამ ოჯახის შესაქმნელად მარტო ეს მოწონება საკმარისი იქნებოდა ვითომ? თან, ყველაზე მეტად ის მაღიზიანებდა და არ მომწონდა, თვალებში შეხედვასაც რომ ვერ მიბედავდა. დემნა ტყუილად არ დასცინოდა, კოცნასაც ვერ გამიბედავდა ეს ვერასდროს. როგორ ეწყინა საჩუქარი რომ დავუბრუნე უკან... ერთხელ კიდევ გავხედე მაღაზიის ვიტრინიდან და საქმეს შევუდექი. საღამოს კი, ლამის მუხლებამდე იდო თოვლი. ეტყობა, დიკომ ვეღარ მოახერხა გამოსვლა და მარტო დავბრუნდი სახლში. ძლივს მივიკვლევდი დიდ თოვლში გზას. თუმცა, პატარა ბავშვივით გახარებულიც კი ვიყავი და გულში ვღიღინებდი. სკოლას რომ მივუახლოვდი, ნაძვების ქვეშ გავიარე, რათა იქ ნაკლები თოვლი იდო. ნოდიკო როდის წამომეწია, ვერ გავიგე. ნაძვების ქვეშიდან გამოსვლას ვაპირებდი უკვე, რომ მაშინ შევნიშნე და გვარიანად შევხტი კიდეც მოულოდნელობისაგან. _მე ვარ, ნუ გეშინია._დამნაშავის იერით დამამშვიდა. _აქ რა გინდა?_გავუბრაზდი, რადგან წინ რომ ამესვეტა, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი და კუჭი ყელში ამომაწვა, ცოტაც და ვაღებინებდი _შენს სანახავად მოვდიოდი... _ხომ მნახე? ახლა წადი._მკაცრი გამომეტყველებით შევხედე. _იცი, მიყვარხარ._ძლივს ამოიჩურჩულა. მერე კი, მოულოდნელად მომხვია წელზე ხელი, კავიანივით მომიწოდა, მიმიზიდა და გაშმაგებულმა მაკოცა. ჯერ დავიბენი. მართლა არ მოველოდი სიყვარულში გამოტყდომას და კოცნას ერთდროულად თუ გამიბედავდა. ხელში შერჩენილი პარკები გამეშვა და ძირს დაიყარა. ისე მოულოდნელად და ელვის უსწრაფესად მოხდა ყველაფერი, ვერც კი მივხვდი მესიამოვნა თუ არა მისი ეს კოცნა. თვალები არ დამიხუჭავს, გაოცებული შევყურებდი ქორივით დამცხრალ ნოდიკოს. მერე გავბაზდი, ეს როგორ გამიბედა-მეთქი. სილა ნამდვილად არ გამიწვნია, შემეცოდა. მხოლოდ ხელით ვუბიძგე ძლიერად და მოვიშორე. ამას ახლა ჩემი სილის გაწვნა უნდოდა? _აღარ მომეკარო!_მკაცრად გავაფრთხილე, ჩემი პარკები წამოვკრიფე და სახლისკენ განვაგრძე გზა. მაშინვე არა. ალბათ სანამ გონს მოეგებოდა, მერე კი წამომეწია და ზუსტად ლამპიონის შუქთან შემაჩერა. _ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა... მმიყვარხარ..._აშკარად მღელვარებისგან ებმოდა ენა. _მერე, ფხიზელი ვერ მეტყვი მაგას?_გავუბრაზდი. _ვერა._ისე მითხრა, უარესად შემეცოდა. _მისმინე ნოდიკო, კარგი ბიჭი ხარ და ძალიან მომწონხარ კიდეც, ოღონდ ძალიან გთხოვ, ასეთ რაღაცეებს შეეშვი. შენზე წარმოდგენას ნუ დამაკარგვინებ, და... ნასვამიც ნუღარ დამიხვდები ნურასდროს. ამ ჯერზე გაპატიებ, ჩავთვლი, რომ არაფერი მომხდარა... გამიშვი ეხლა, სახლში მეჩქარება. უკან აღარ გამომკიდებია. წარმოვიდგინე, რა ქარიშხალიც ტრიალებდა ახლა მის გულში და გული მომეწურა. თვითონ მეც ვერ გავრკვეულიყავი მიყვარდა თუ არა და მისთვის რა მეთქვა? ისევ მის კოცნაზე გადამერთა ფიქრები. არანაირი განცდა, არანაირი ემოცია. ისიც კი ვერ მივხვდი, მეწყინა თუ გამიხარდა. უფრო გაოგნებული დამტოვა. მართალია, უკან აღარ მომყვებოდა, მაგრამ ფეხს ავუჩქარე. უფრო, ჩემს ფიქრებს გავურბოდი ალბათ, ნოდიკოს მიმართ სიმკაცრე რომ გამოვიჩინე და უარესად დავაფრთხე. მგონი, სინდისი მქენჯნიდა. ძნელია იმის გაცნობიერება და გააზრება, რომ ვიღაცას, ვინც შენ უზომოდ გიყვარს და მასზე ათენებ და აღამებ დღეებს, არ მოსწონხარ და მისგან უარყოფილი ხარ. მართლა მეცოდებოდა ნოდიკო, მაგრამ ჩემი თავიც მეფიქრებოდა. რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, სიყვარული იყო ვიტომ? განა არა, მომწონდა და მიყვარდა კიდეც, მაგრამ ნუთ ისე, როგორც ქალსა და კაცს უნდა ყვარებოდათ ერთმანეთი? მგონი, უფრო მეგობრულად მიყვარდა და ჩემს ძმად ვთვლიდი ყოველთვის. თანაგრძნობით ვიმსჭვალებოდი მის მიმართ, ჩემს სიახლოვეს ფეტვივით რომ იბნეოდა და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. დღეს, ალკოჰოლმა გააბედინა ჩემი კოცნა და სიყვარულში გამოტყდომა. ყოველთვის მთვრალი ხომ ვერ იქნებოდა? თან, ყველაზე მეტად რაც მეფიქრებოდა, ის იყო, ჩემს გამო დედამისს დაუპირისპირდებოდა ვითომ? სიმართლე რომ ვთქვა, არც ეს მინდოდა რომ დაპირისპირებოდა, რადგან გამზრდელ დედას განსაკუთრებული ადგილი უნდა სჭეროდა ყველას ცხოვრებაში, მე ასე მწამდა. დედამისსაც, როგორც სხვა დანარჩენი ბიჭის მშობლებს, არ მოვწონდი ალბათ სარძლოდ. არც გაემტყუნებოდათ, ვისი გაჩენილი ვიყავი, ვინმემ იცოდა? რა გენები და ჯიში მქონდა მართლაც რომ საფიქრალი იყო. მთელი ღამე წუთითაც ვერ მოვხუჭე თვალი. ჩემს შინაგან სამყაროს ორი მე ებრძოდა. ერთი ლმობიერი, სხვის ბედზე დამწუხრებული და ყველაფრის დამთმობი, მეორე კი მებრძოლი და საკუთარ კეთილდღეობაზე გადართული. ნოდიკოს შეცოდება, იმის გამო, რომ მე ვუარყავი, ცხოვრებას გამიმარტივებდა ვითომ? რატო უნდა მეთქვა ჩემს განცდებზე და სიყვარულზე უარი იმის გამო, რომ ნოდიკო არ დატანჯულიყო? მერე რა რომ მას ვუყვარდი? მისი სიყვარული ორივეს გვეყოფოდა? მეც გამომიჩნდებოდა ისეთი ვინმე, ვინც გაგიჟებით შემიყვარდებოდა და მეც ბედნიერი ვიქნებოდი სიყვარულის გრძნობით. მაგრამ რა ბედის ირონია იქნებოდა, მას რომ არ შევყვარებოდი... ცხოვრება ხომ ბუმერანგის პრინციპითაა? რასაც გასცემ, იგივე გიბრუნდება უკან... ******************* ოცდათერთმეტშიც ვიმუშავე და მერე ორი დღე დასვენება მქონდა. დედაჩემი და დიკო ზრუნავდნენ საახალწლო სუფრაზე. მე რომ დავბრუნდი სამსახურიდან, ბოლო შტრიხი, გოზინაყიღა ქონდათ გასაკეთებელი და ისიც დიკომ გააკეთა. მე საჩქარო წესით შევედი აბაზანაში და თბილი შხაპი მივიღე სიამოვნებით. იქიდან გამოსულმა თავი მოვიწესრიგე და სუფრის გაშლას შევუდექი. ახალ წელს მხიარულად შევხვდით. თითო ჭიქა შამპანურითაც დავლოცეთ ახალი წლის შემობრძანება და მერე მე და დიკო ნატუკასთან წავედით მეკვლედ. მეკვლე მე ვიყავი, მაგრამ მარტო ხომ არ წავიდოდი და დიკოც გავიყოლე. მართლაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. მართალია, ნინას არ გახარებია რძლის სტუმრები და დაქრუშული გვიმზერდა, მაგრამ ამ ამბავს სულაც არ შეუშლია ხელი ჩვენთვის, რომ არ გვეგიჟა და არ გვემხიარულა. გამთენიისას დავბრუნდით სახლში. კიდევ კარგი გზაში არავინ შეგვხვედრია, თორემ ერთმა ჭიქა შამპანურმა და მერე სამმა ჭიქა საფერავმა გვარიანად მომკიდა ბახუსი. ყველანაირად ვცდილობდი ფეხი არ ამრეოდა, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი, უფრო დავბანცალებდი მგონი. სულ სიცილ კისკისით ჩამოვედით სახლამდე. ჩვენი მეკვლე კი ჩვენი მეზობელი ხუთიოდე წლის ელენე იყო, რომელსაც უამრავი ტკბილეული დავახვედრე. სანამ ჩვენ ნატუკასთან ვღრეობდით, დედაჩემს სუფრაც აელაგებინა და ჭურჭელიც დაერეცხა. საქმე აღარაფერი გვქონდა და სავარძელშივე მჯდარს მიმეძინა. ღამენათევი ვიყავი და ადვილად მომწყდა ყინწი. საღამოს კი, მამაჩემის ძმის ცოლი და მისი გვარის გამგრძელებელი გვესტუმრა. მართალია, მამაჩემის სიკვდილის მერე ცოტა ირიბად მიყურებდნენ, რადგან სხვისი ვიყავი და მამობილის ქონება მე რატო უნდა დამრჩენოდა თურმე, მაგრამ სტუმარი ღვთისააო, თან ახალი წელი იყო და გულთბილად მივიღეთ. ტრადიციული მილოცვების და ჭამა-სმის მერე, როცა ჩემი ბიძაშვილი კობა ცოტა შეჭიკჭიკდა, ჩემს დაოჯახებაზე ჩამოაგდო საუბარი. თურმე, მეგობარი ყოლია ოცდაათი წლის ბიზნესმენი ჯონი და დიდი სურვილი ქონია მისთვის მივეთხოვებინე. _მეც კარგი გოგო ვიცი შენთვის._აქეთ წავუბოლე._ როდემდე უნდა იარო ბერბიჭად? დედისერთაა, მშვენიერი... _შენი შერჩეული გოგო რა ჩემ ფეხებად მინდა?_გაიოცა. _აბა შენი შერჩეული ბიჭი მე რაღა ჯანდაბად მინდა?_ავიწვერე._მე გემოვნება მაქვს დაქვეითებული, თუ ბიჭების შერჩევა გამიჭირდება? _ბიცოლ, უთხარი რაა, რომ სათავისოდ ვეუბნები._თავი მოისაწყლა და დედაჩემს მიუბრუნდა._გათხოვდება და ქმარი შეინახავს, აღარ მოუწევს დილით ბინდ-ბუნდისას და შუაღამეზე წანწალი. _რას ქვია წანწალი?_უარესად ავიწვერე და ავილეწე._მე სამსახურში დავდივარ და მასე მიწევს სიარული. ბიცოლ,_მე დედამისს მივუბრუნდი ახლა, რომელიც რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა დილის თერთმეტი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე._შენ დაწანწალებ? ბიცოლას ხმა არ ამოუღია. განა ვერ ხვდებოდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ არც შვილის წყენინება უნდოდა ალბათ და გაჩუმება ამჯობინა. _მისმინე კობა, დროებით ვარ იმ სამსახურში. გაზაფხულიდან დავამთავრებ ჩემი სალონის მშენებლობას და იქ ვიწყებ მუშაობას, ასე რომ დაიწყნარე ნერვები... _სალონში?_სახეზე უარესად წამოჭარხლდა და თვალებიც სიბრაზით ააბრიალა._იქ კაცებსაც უნდა ემსახურებოდე? _ბოლოს და ბოლოს რა გინდა არ ამოთქვამ?_მაგიდაზე გაშლილი ხელის გული გამეტებით დავარტყი და ფეხზე წამოვხტი გამწარებული. _იმ სალონში უამრავი კაცი შემოვა და თმის შეჭრას თუ წვერის მოპარსვას მოგთხოვს. უცხო კაცებს რატო უნდა უთათუნო ხელები?_აქეთ დამადანაშაულა. _იცი რას გეტყვი?_საგრძნობლად გავიმკაცრე ხმა._თუ მასეთ პაზორად მიგაჩნია სტილისტი, შენს დაზე რაღას მეტყვი?_(მისი და უროლოგი იყო და იმას გადავწვდი გამწარებული.) ალბათ არ ეგონა თუ ამას წამოვაძახებდი. წამიერად დაიბნა და ენა დაება. თვითონაც კარგად ხვდებოდა სად სტილისტი და სად მამაკაცთა სასქესო ორგანოების ექიმი. მივხვდი, რომ მეც ზედმეტი მომივიდა, მისი და რა შუაში იყო აქ, მაგრამ რატო უნდა ჩავეთვალე მის ძმას დებილად, რახან აყვანილი ვიყავი? _მორჩით ახლა ამ კინკლაობას._დედაჩემმაც გაიმკაცრა ხმა._არც ერთი სამსახური არ არის სამარცხვინო და სათაკილო... _არც მე მეთაკილება არაფერი, მაგრამ შენს მაზლიშვილს ეტყობა რომ ჩემზე აქვს გართულება. მე ჩემი შრომით და ჯაფით ვიშოვი ფულს, მათხოვრად არავის დავადგები და არავის შევაწუხებ! არც ოცდასამი წელია ის ასაკი, არიქა და გასათხოვარი დავრჩი და გასასაღებელი ვყავარ! _ჯერ ერთი, მე ჩემი ვარიანტი შემოგთავაზე._თითქის ცოტა მოლბა კობა._არ გინდა? რაც არ გინდა ღმერთმა არც მოგცეს. მეორე ის, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი, არ მინდა რომ ჩემი უმცროსი და ვიღაც კაცებს თმას ჭრიდეს... _ეგ სუფთა ქართული მენტალიტეტია თუ აზიატი კაცის წარმოდგენა?_აქამდე ჩუმად მყოფმა დიკომაც ამოიღო ხმა._რატომ გგონია, რომ კაცის თმის შეჭრა სამარცხვინოა? სტილისტობა სათაკილო პოროფესიაა ქალისთვის? თავისი ალალი შრომით ნაშოვნ ლუკმას რომ შეჭამს და მამის დანატოვარ ქონებას არ გაანიავებს, ცუდია ეგ? დანატოვარი ქონების ხსენებაზე უარესად აილეწა კობა. დიდი ხანია მამაჩემის მანქანაზე მეჩალიჩებოდა, თქვენ მაინც არ გინდათ და მე მომეცითო, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი და ამაზე ცალკე იყო აკრეფილი. _მაგაზე კარგი რა არის, რომ ბიძაჩემის ქონებას არ გაანიავებს? მივესალმები, მაგრამ... როცა იქნება ხომ გათხოვდება? იქნებ ისეთი ქმარი შეხვდეს, გაუნიავოს და ამიტომ მინდა, რომ ფულიანს გაყვეს. _დამშვიდდი ჯიგარო, ჯერ გათხოვებას არ ვაპირებ და თუ გავთხოვდები, გარწმუნებ, ისეთ ქმარს ავირჩევ, ჩემი შესანახი რომ არ იყოს!_ისევ დავჯექი მაგიდასთან და ნერვიულად ავათამაშე თითები. _ეგ საუბარი რომ სხვა დროისთვის გადადოთ, არ გინდათ?_სიტუაციის განმუხტვა სცადა ბიცოლაჩემმა._ბედნიერი დღეებია და ნუ ჩავამწარებთ ერთმანეთს. რამდენი ხანია ეს გოგო არ მინახია და არ დავლაპარაკებივარ._დიკოზე ანიშნა შვილს._ცოტა წავიჭორავოთ, გავიგოთ ერთმანეთის ავ-კარგი. რა საჭიროა ახლა ამაზე საუბარი? რომ ვთქვა, დედა ძალიან უყვარდა კობას და პატივს სცემდა, ასე არ იყო, არც მისი შიში ან რიდი ქონდა, მაგრამ მაინც გაჩუმდა და ამ თემაზე ხმა აღარ ამოუღია. უფრო ვფიქრობ, რომ დიკოსი მოერიდა. ან მიხვდა, რომ დიკო ასი პროცენტით ჩემს მხარეს დაიჭერდა, დედაჩემიც და ალბათ დებატებში დამარცხების შეეშინდა. ცოტა ხანში კი ყავა მომთხოვა, ვერ მომიდუღებო? _რატო ვერ მოგიდუღებ?_გამიკვირდა. _რა ვიცი, წეღან გაგაბრაზე ცოტა და..._სასაცილოდ გაიღრიჭა. _ბაბის შენ მასე სცნობ?_ დედაჩემს რომ გაეღიმა, კობასაც გადაუნათდა სახე. მაშინვე წამოვდექი და ყავა მოვადუღე. დიკოს გამომცხვარი ტორტიც დავჭერი. ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ ბიცოლა და კობა და მერე წავიდნენ. მაგიდას რომ ვალაგებდით, დიკომ ჩემს სილამაზის სალონის მშენებლობაზე ჩამოაგდო საუბარი. _რა ეტაპზეა შენი სალონი? ხვალ რომ წამიყვანო და მაჩვენო, არ გინდა? _გარე ფასადის მოწყობა დამრჩა და კანალიზაციის დასრულება, დანარჩენი ყველაფერი მზად არის უკვე. უბრალოდ, ახლა ყინავს და შევაჩერე, თორემ სიმართლე ვთქვა, ისედაც იმუშავება უკვე. მაგრამ დარჩენილმა დარჩენა იცისო და არ მინდა ახლავე გავხსნა. კლიენტები კი მყავს უკვე და თუ მცალია, რაც შემიძლია სახლშიც ვახერხებ ხანდისხან. თუმცა, ახლა ახლა მაღაზიაში რომ ვარ, მაგასაც ვეღარ ვახერხებ. _სადღესასწაულო ვარცხნილობები კი ბევრს ენდომებოდა ალბათ. თუმცა, აქ სოფელია და იმდენი კლიენტი არ გეყოლება. არ გინდა თბილისში გიყიდო ფართი და იქ მოეწყო? გარწმუნებ, დასაჯდომად არ გეცლება და კარგ ფულსაც იშოვი. შემოთავაზება კი მაცდური იყო, მაგრამ მე დედაჩემის გვერდით მერჩივნა ყოფნა. მერჩივნა ცოტა შემოსავალი მქონოდა და მასთან ვყოფილიყავი, ვიდრე მისგან შორს. მამაჩემი მაინც რომ ყოფილიყო ცოცხალი, კიდევ შეიძლებოდა ამაზე ფიქრი. რატო უნდა მიმეტოვებინა და ჩემს მოლოდინში ყოფილიყო კვირიდან კვირობამდე, როცა აქაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს? დილით მართლაც წავედით ჩემი სალონის სანახავად. იგივე გზა გავიარე, რასაც ჩემს სამსახურამდე გავდიოდი, ოღონდ მაღაზია ტრასიდან ხელმარჯვნივ იყო, ჩემი სალონი კი მარცხნივ. დიკოს ძალიან მოეწონა იქაურობა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაქვს გაკეთებული და კლიენტის კომფორტზეა გათვლილიო. ყველაფერი გულდასმით დაათვალიერა, სავარძელშიც მოხერხებულად ჩაჯდა და სარკის წინ კისკისით დაბზრიალდა. _მე მყავს ერთი ნაცნობი, კარგ აბრას გაგიკეთებს და რეკლამისთვის მოშორებითაც რომ გააკეთო რამე, ურიგო არ იქნება. აქაურებმა კი იციან რომ აქ შენი სალონია, მაგრამ გამვლელ-გამომვლელებმაც რომ იცოდნენ, მთლად უკეთესი იქნება. მშვენიერი ცენტრი ადგილია. სხვა სოფლებიდანაც მოგაკითხავენ დარწმუნებული ვარ, თუ კარგი ხელი გექნება და ხალხს მოეწონება შენი შეჭრილ-დავარცხნილი. კარგა ხანს დავყავით სალონში. ის იყო, უნდა წამოვსულიყავით სახლში, რომ დემნამ შემოგვიღო კარი და ტალახიანი ფეხებით შემოვიდა. რუხ მეტლახზე აშკარად დაეტყო მისი ნაფეხურები. _გაგიხმეს ეგ ფეხები, გარეთ ვერ დაისუფთავე._ავენთე._ან რა ჯანდაბა გესაქმება აქ? _ვიფიქრე, სალონი გახსენი უკვე და თმის შეჭრა მინდოდა._უშნოდ გაიღრიჭა. აშკარად ნასვამი იყო._ნაფეხურებზე კიდე ბოდიში, მაგრამ სოფელია და თოვლი რომ დნება ყველგან ტალახია. _სად მოძებნე ოღონდაც ეს ტალახი ამ თოვლში?_ხელი მოვკიდე და სალონიდან გაგდება დავუპირე. გამიძალიანდა. _ერთი საათი ვეძებე და ძლივს ვიპოვე._ისევ გაიღრიჭა. _ეგ ვიცი, მართლა მასე იქნებოდა. ირგვლივ ყველგან თოვლია და ჩემს გულის გასახეთქად სპეციალურად წაერყეოდი! მოშორდი აქედან, ჩვენც მივდივართ უკვე. _ასე მალე?_გაუკვირდა. _რაღა მალეა, ორი საათი მაინც იქნება რაც აქ ვართ._ხელკავი გამოსდო დიკომ და მშვიდად გაიყვანა გარეთ. გამიკვირდა, ასე ადვილად როგორ შეძლო მთვრალი დემნას დამორჩილება. სინანულით შევხედე ტალახიან ნაფეხურებს და მეც გამოვედი სალონიდან. კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე და წინ მიმავალ დემნას და დიკოს წამოვეწიე. _რა ჩემი ბრალია?_დემნას ბლუყუნს რომ მოვკარი ყური, გავისუსე._შენი მამიდაშვილი ვერ მიტანს და ყოველთვის მეჩხუბება... _სიმართლე გითხრა? ის ხომ აქ არ არის და არ გვისმენს? ისეთი გამოხტომები გაქვს, მეც მიჩნდება იმის სურვილი, რომ როზგი ავიღო და იმით აგიჭრელო გვერდები... _როგორ გეტყობა შენი მამიდაშვილის მხარეს რომ ხარ._გაეცინა. _სულაც არ ვარ მის მხარეს. რასაც ვხედავ იმას ვამბობ. რა იყო ახლა, ასეთი ტალახიანი ფეხებით რომ არ შემოსულიყავი? გარშემო ყველგან თოვლია და ტალახი მართლა სად ნახე, გამაგებინე რა. _შენ გგონია, ვიცი სადაც წავერყიე?_ისევ გაეცინა. _მჯერა. დარწმუნებული ვარ სიმთვრალის გამო არც კი გახსოვს. _ეხლა მე მთვრალი ვარ?_ძალიან ითაკილა დემნამ დიკოს ნათქვამი, შეჩერდა და ისე შეხედა. მეც გავჩერდი. _წამოდი, ჩვენთან გავაგრძელოთ ქეიფი._მოულოდნელად შესთავაზა ბლუყუნით იმის დასამტკიცებლად ალბათ, რომ მთვრალი არ იყო. _მეე?_გაუკვირდა დიკოს. _ხო. აბა, შენი მამიდაშვილი ცოცხალი თავით არ წამოვა ჩემთან და... _ხო და ნუ გაიხდიდი მასე საქმეს. მახსოვს, უერთმანეთოდ ვერ ძლებდით და ახლა კი ჭამთ ერთმანეთს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის თქვენი უდიდესი მეგობრობა ასე ადვილად არ გაქრება და ისევ შერიგდებით. _მართლა?_ისე გაუხარდა დემნას, თითქოს დიკო ნათელმხილველი ყოფილიყოს და სიმართლეს წინასწარმეტყველებდეს მისთვის. მერე შემთხვევით მე მომკრა თვალი და ისევ აერია სახე, ისევ ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე. _როგორც ყოველთვის, დატენილი მაუზერივით მიყურებს და სანამ უჭექია, ჯობია გავერიდო._უშნოდ გაიღრიჭა._კარგი იყო, ჩემთან წამოსულიყავი და თითო ჭიქით დაგველოცა ახალი წელი. რახან არ მოდიხარ, მე წავალ ჩემს ნონასთან. ბედობაა და დავიბედებ._ისევ გაიღრიჭა და მართლა წავიდა ღიღინით, ოღონდ სულ სხვა მიმართულებით. არ ვიცი რატომ, მაგრამ გული დამწყდა რომ წავიდა. მართალია, ერთმანეთს ვერ ვიტანდით და სულ ვჩხუბობდით, მაგრამ მაინც თითქოს მაგნიტივით მიზიდავდა ეს ბიჭი. მისი ჩხუბის გარეშე ვერ ვძლებდი აშკარად. დიკოს ხელკავი გამოვდე და ისე წავედით სახლისკენ, ხმა აღარ ამოგვიღია. ჩემი ფიქრები დემნას დასტრიალებდა. ნონასთან წავედიო, მაგრამ საპირისპირო მხარეს კი წავიდა. ნუთუ, იმიტომ თქვა ეს, რომ მე მეეჭვიანა? მეტი საქმე არ მაქვს მასზე ვიეჭვიანო. ჩემს წარმოსახვაში მის ზმანებას ენაც კი გამოვუყავი გაგულისებულმა. სახლში მისულებს კი სტუმარი დაგვიხვდა დედასთან. ძლივს ვიცანი აზა პაპიდა. გვარიანად მოტეხილიყო. სიმართლე რომ ვთქვა, ისიც კი არ ვიცოდი ეს ქალი ცოცხალი თუ იყო კიდევ. დიდი ხანი იყო გასული, რაც ჩვენთან აღარ მოსულა. მამაჩემთან იმის გამო ქონდა ჩხუბი, მე რომ მიშვილა. დღევანდელივით მახსოვს და დღემდე ყურში მესმის მისი წიკვინა ხმა, ბოლო დროს რომ იყო ჩვენთან და მამაჩემმა დაიფრინა. _რა იცი ვისი შექმნილ-შეთითხნილია, ვისი ჯიში და გენის მატარებელია. რად გინდა რომ იშვილე და თან ახლა, ყველაფერს მას უმტკიცებ? იქნებ, კახა ცოცხალია და გამოჩნდეს, შენს სისხლსა და ხორცს ცარიელზე დატოვებ? _ჩემზე მეტად შენ გინდა, რომ კახა ცოცხალი იყოს?_უღრიალა მამაჩემმა. ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა ეს დინჯი და აუღელვებელი კაცი._ძალიანაც არ მინდა ამის თქმა, მაგრამ კახა მკვდარია... _კარგი, კახა მკვდარია, მისი შვილი? ამ უთვისტომოს ზედ გადასდევ და ის სულ ფეხებზე გკიდია. _მისმინე მამიდა, კახას სიკვდილიდან ორმოცი დღე არ იყო გასული, რომ იამ დაჰკრა ფეხი და გაიქცა, მალევე გათხოვდა და მარიამიც თან წაიყვანა! მე იმას კი არ ვამბობ, არ უნდა გათხოვილიყო და სიცოცხლის ბოლომდე ჩემი შვილის ქვრივად უნდა დარჩენილიყო-მეთქი? ყველაფერს თავისი დრო და წესები აქვს. ათი წელია ჩემი შვილიშვილი არ მინახია, გვარიც კი იმ კაცის მისცა, ვისაც გაყვა. წარმოდგენა არ მაქვს როგორ გამოიყურება, დედას გავს თუ მამას! შენი აზრით მე ეს არ მწყინს და ამ ამბავს არ განვიცდი? ნუ გამოხტებით ახლა კეთილის მოსურნე ხალხი და ჭკუაზე ნუ მარიგებთ. ჩემს ქონებას მე ვიცი ვის დავუმტკიცებ და ვის არა! მარიამის სახელზე ანგარიში მაქვს გახსნილი და სრულწლოვანი რომ გახდება, მაშინ მიიღებს იმ თანხას ბიოლოგიური მამის მამისგან. ისე არ დავტოვებ, მაგრამ ბარბარე ჩემი სიცოცხლის გაგრძელებაა. ზუსტად მაშინ გამოაჩინა ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული და თვითმკვლელობას ვგეგმავდი! შენი აზრით, როგორ ვიპოვე ბაღჩის ბოლოს ღობის ძირას?_სიბრაზით დაუბრიალა თვალები._არ იცი ხომ? თავის ჩამოსახრჩობად მივდიოდი და მისი ტირილის ხმა შემომესმა. მეგონა რომ მომეჩვენა. მერე, მის სიახლოვეს ძაღლების ხროვა რომ დავინახე, მივხვდი არ მომჩვენებია. ბეწვზე მივუსწარი, ძაღლები გაჯიჯგნიდნენ ალბათ. სულ დამავიწყდა რისთვის ვიყავი იქ ჩასული. მივხვდი, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი და ჩემი სიცოცხლით სხვის სიცოცხლეს გადავარჩენდი. მან ჩემი სიცოცხლე იხსნა, მე კი მისი. და ძალიან გთხოვთ, ნუ მასწავლით ჭკუას როგორ მოვიქცე და როგორ არა! ამ თემაზე აღარავინ მოვიდეს აქ და აღარ დამელაპარაკოს! მართლაც, იმ დღის მერე აღარ მოსულა პაპიდა ჩვენთან. მამა რომ დაიღუპა მაშინ იყო მარტო და ახლა გამოგვეცხადა კიდევ. ალბათ, რამე გაჭირვება ედგა, თორემ აშკარად ისევ იმ აზრის იყო, რომ თავისი უტვინო ძმიშვილის ქონება მე არ უნდა დამრჩენოდა. გულთბილად მომესალმა და მეც ზრდილობის გულისთვის ჩამოვართვი ხელი. _რამხელა გაზრდილხარ შვილო, თან როგორ გალამაზებულხარ და დამშვენებულხარ._ცრემლიც კი ჩამოუგორდა სახეზე. ეს ცრემლი გულწრფელობის იყო თუ ნიანგის არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ტიროდა. _ნეტა, შენ გამჩენს რა გული აქვს თუ იცის, რომ ცოცხალი ხარ და გხედავს რა კარგი გოგო დადექი. გულში ხანჯალივით გამეყარა მისი სიტყვები. გავბრაზდი, მაგრამ დედაჩემს რომ შევხედე და მუდარით სავსე გამოხედვა ქონდა, თავი შევიკავე, ენასაც დავაჭირე ძლიერად კბილები, რომ ამ კუდიანი დედაბრისთვის არაფერი მეკადრებინა. ქალბატონი აზა კიდევ ცოტა ხანს იყო ჩვენთან, მერე ადგა და წავიდა. გაცილება მთხოვა, იქიდან ძლივს გადმოვლახლახდი ბებერი და თუ არ შეწუხდები, ნახევარ გზაზე მაინც გამაცილეო. დიდად არ მეპიტნავა და მესიამოვნა მისი თხოვნა, მაგრამ მამაჩემის ხსოვნას ვცემდი პატივს და მის მამიდას ფეხებზე ხომ არ დავიკიდებდი? ქურთუკი მოვიცვი და კუდიანი დედაბერი სახლში გავაცილე. მეორე უბანში დემნას მეზობლად ცხოვრობდა. არ მხიბლავდა იმის პერსპექტივა, რომ შეიძლებოდა ქალბატონ დონარას გადავყროდი. აზა პაპიდამ ხელკავი გამომდო, თითქოს ძალიან ვუყვარდი და ასე სვენებ-სვენებით გავუყევით გზას. მარტო რომ ვყოფილიყავი, აქამდე ათჯერ ავიდოდი მის სახლამდე და ჩამოვიდოდი. ახლა კი მის ფეხზე მიწევდა სიარული. ასე ნელა მგონი პირველად მივდიოდი ჩემს ცხოვრებაში. _წეღან დედაშენსაც ვეუბნებოდი, კარგი ბიჭი მყავს შენთვის შერჩეული, ზრდილობიანი, კარგი ოჯახის შვილი, ქონებაც კარგი აქვს. გათხოვებაზე არ ფიქრობ?_ქვეშ-ქვეშ ამომხედა, ალბათ ჩემი სახის მიმიკებით უნდოდა გაეგო რა აზრის ვიყავი მის შეთავაზებაზე._ნახე, დაილაპარაკეთ, იქნებ გიყვარდებათ ერთმანეთი? თუ არა და, ადრინდელი ხალხი რომ სიყვარულით არ ვთხოვდებოდით, ვერ გვაქვს კარგი ოჯახები? _გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ!_მკაცრად ვუთხარი და იქვე მოვუსპე ლაპარაკის სურვილი._არავინ დამელაპარაკოს ამ თემაზე. _კარგი, კარგი, თუ კი არ გინდა, არც არავინ დაგაძალებს. უხმოდ განვაგრძეთ გზა. აღმართს რომ შევუყევით, ცოტა გაჭირდა ამ დედაბრის აყვანა, რადგან ფეხი უცურდა გაყინულ თოვლზე და მეც მაბარბაცებდა. რის ვაი-ვაგლახით მივათრევდი. შუა გზაში ნამდვილად ვერ მივატოვებდი, ამის უფლებას არ მომცემდა ჩემი აღზრდა და ახმაურებული სინდისი. მოულოდნელად ვიღაც წამოგვეწია ზურგიდან და აზა პაპიდას ძლიერად მოხვია წელზე მკლავი. სანამ გავაცნობიერებდი რომ დემნა იყო, მსუბუქად და მოხერხებულად აატარა აღმართი. _შენ გაიხარე შვილო. გაუმრავლდი დედაშენს._ლოცვად დაიღვარა კუდიანი დედაბერი. _ჩემი გამრავლების საქმე ამ ახლო მომავალში მართლაც იქნება._ისე სასაცილოდ გაიღრიჭა დემნა და ისე მოურიდებლად ამოაბოყინა, აშკარად ისევ მთვრალი იყო. _ეგ ხომ მთლად უკეთესია._მოუწონა ქალმა. მე კი საშინლად მოვიქრუშე. ნუთუ ნონა ორსულად იყო და მისგან შვილს ელოდებოდა? ცერზე გავხედე ირონიული ღიმილით მომზირალ ვაჟს. _აქედან უკვე ჩვენც გავართმევთ თავს, საჭირო აღარ არის შენი წამოსვლა. თან, დედიკომ არ დაგინახოს რომ ჩემთან ხარ, თორემ გაგიჟდება. _დედაჩემის გაგიჟება-არ გაგიჟება შენ ნუ გადარდებს._ნაწყენმა ამოიბლუყუნა._მე მინდა, რომ აზა ბაბო მივიყვანო სახლამდე. შეგიძლია შენ გაბრუნდე უკან. _ფეხზე ძლივს დგახარ და ამას მიიყვან სახლამდე?_გამეცინა._ჯობია, შენ დაბრუნდე სახლში სანამ წაქცეულხარ და მოგიტეხია რამე. _დარდი ნუ გაქვს, არაფერს მოვიტეხავ._დამამშვიდა. მერე კი ისე მოხვია აზას ხელი, რომ ჩემი ხელიც მოიყოლა. _ფრთხილად ველურო._ელდანაკრავივით გამოვგლიჯე ჩემი ხელი. _შენ რა, გგონია შეგნებულად მოვიქეცი ასე?_შეჩერდა და გამომწვევად შემომხედა. თითქოს პირველად შევხედე თვალებში და პირველად შევნიშნე მისი თვალის ფერთა გამა. მუქი შავი თვალები ქონდა, თანაც ისეთი, გუგები არც კი ემჩნეოდა. რაღაც სასიამოვნო ტალღამ დამიარა მთელს სხეულში და გულიც ამიჩქარდა რატომღაც. წამიერად დავიბენი. ისე გამომცდელად მიმზერდა ოდნავ მოჭუტული თვალებით, სულს მიფორიაქებდა. _დეგენერატო!_მხოლოდ ესღა ვუთხარი._აზას ისევ გამოვდე ხელკავი და თავისი სახლისკენ წავიყვანე. დემნა უკან აღარ გამოგვყოლია. კიდევ კარგი, თორემ ჩემი გული ისედაც წამში სამ დარტყმას ასწრებდა, ისე მქონდა აჩქარებული. თანაც, ისე ძლიერად მიცემდა, ლამის გულის კედელი გამოეგლიჯა. რა იყო ახლა ეს? პირველად ჩავხედე თვალებში, თუ პირველად შემეხო? რატო ამაღელვა და ამაფორიაქა მისმა ხილვამ და მისმა შეხებამ? ნუთუ, შინაგანად მომწონდა და მაფორიაქებდა ეს უზრდელი და ხეპრე ბიჭი? _რა სისულელეა?_ხმამაღლა მომივიდა გაფიქრება. თავიც უაზროდ გავიქნ-გამოვიქნიე აბეზარი ფიქრების მოსაშორებლად და აქამდე ჩუმად მყოფ ქალბატონ აზას აშკარად ავაჩქარებინე ფეხი. _ცოტა ნელა შვილო._მისმა კვნესამ გამომარკვია ფიქრებიდან._ასე ჩქარა სიარული მე არ შემიძლია. იძულებით დავანელავე ფეხი და ისე განვაგრძეთ გზა. მის სახლამდე მისულს ბევრი მეხვეწა, ჩემთან შემოდიო, მაგრამ საქმეები მოვიმიზეზე და უმალ გამოვბრუნდი. გაწბილებული ქალი ეზოში დავტოვე და ლამის სირბილით წამოვედი იქიდან. დემნას სახლს კი ისე ჩავუარე ქურდივით, არავის შევუმჩნევივარ. ის იყო, ორღობეში გამოვუხვიე და შვებით ამოვისუნთქე, რომ წინ ამესვეტა ბანცალით. _ისევ შენ?_ისეთი სასტიკი გამომეტყველებით შევხედე, აშკარად შეკრთა. _რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს, ტელეფონი დავკარგე და იმას ვეძებ. ნუ გგონია რომ შენ დაგყვები._ბლუყუნ-ბლუყუნით ძლივს გამაგებინა რას ამბობდა და ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე._ მოძებნაში ვერ დამეხმარები? _მეტი საქმე არ მაქვს._ვიუკადრისე. _ძველი მეგობრობის ხათრით... ზარი მაინც გაუშვი, იქნებ ხამაზე მივაგნო._მუდარით შემომხედა. შემეცოდა. მცირე ყოყმანის შემდეგ მართლა ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და მისი ნომერი ზეპირად ავკრიფე. თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ორი წლის შემდეგაც კი უშეცდომოდ მახსოვდა მისი ნომერი. ზუმერი რომ გავიდა, სულ მალე ენიგმას სასიამოვნო მელოდიაც შემომესმა ახლოდან. _უი, ჯიბეში მქონია._გაეცინა და თვალი ჩამიკრა. _დეგენერატო, ჩემი ნომრის გაგება გინდოდა?_გავცეცხლდი. მივვარდი და ხელში ათამაშებული ტელეფონის წართმევა დავუპირე, რომ ჩემი ნომერი ამომეშალა მისთვის. წავძიძგილავდით. მოულოდნელად ფეხი აუცურდა, თავი ვეღარ შევიმაგრეთ და ჯერ დემნა დაეცა ძირს და მერე მე დავეცი ზემოდან. შემეშინდა, ისე გამეტებით დავასკდი, რამე ხომ არ მოიტეხა ან იტკინა-მეთქი, მაგრამ სახეში რომ მივხედე და კმაყოფილი ღიმილით მომჩერებოდა, გავბრაზდი. წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ხელი არ გამიშვა. _ყეყეჩო, ხელი გამიშვი._ავკივლდი და აგონიაში მყოფი მომაკვდავივით ავფართხალდი._ვინ გგონია შენი თავი? _ჩუუ, ბაია, ნუ ჭირვეულობ._ჩურჩულით მითხრა და მართლაც პატარა ბავშვივით გადამისვა თავზე ხელი. წმიერად გავირინდე. ისევ ჩავხედე თვალებში. ასეთი მზერით არასდროს შემოუხედია ჩემთვის. ტანში ისევ სასიამოვნოდ დამიარა ჩემმა მოძალებულმა ჰორმონებმა. რაღაც ამოუხსნელ და ამოუცნობ განცდას შევებოჭე და ერთიანად გამქვავებოდა ხელ-ფეხი. ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ სიამოვნებისგან თვალებიც კი მივლულე. _ახლა რომ გაკოცო, ვიცი ძვირად დამიჯდება, ამიტომ თავს შევიკავებ. როცა თვითონ მოგინდება, მაშინ უარს ნამდვილად არ გეტყვი. _რაა?!_ტვინში ამასხა მისმა თითოეულმა სიტყვამ. ისევ გავიბრძოლე და აღარ დავუჭერივარ. ფეხზე ფეთიანივით წამოვხტი და ზემოდან დავხედე ისევ გაშხლართული რომ იწვა და კმაყოფილი ღიმილით მომჩერებოდა._ავადმყოფო! მაგის იმედი ნუ გექნება შენთან გამოვიქცე ოდესმე! საზიზღარო, ვერ გიტან. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონო იდიოტო!_გავბრუნდი და წასვლა დავაპირე, მაგრამ რომ ამოიკვნესა, შევჩერდი და ეჭვით შევხედე. _ყოჩაღ შენს ქალობას, გამძვინვარებული მხეცივით დამესხი თავს, წამაქციე, ქვეშ მომიქციე და ახლა ასე მტოვებ? მგონი ნეკნი გამიტეხე._ღიმილით ამომხედა შეშფოთებული რომ დავჩერებოდი და წამოდგომა რომ სცადა, ისევ ამოიკვნესა. ეჭვით ვუმზერდი. არ მეჯერა რომ რამე სტკიოდა, მაგრამ წასვლასაც ვერ ვბედავდი, იქნებ მართლაც გატეხილი ქონდა ნეკნი? _დიდხანს უნდა დამყურო ექსპერტივით? წამომაყენე მაინც._მისაყვედურა. მცირე ყოყმანის შემდეგ მართლაც წამოვაყენე რის ვაი-ვაგლახით. _რამსიმძიმე ყოფილხარ._თან ვედუდღუნებოდი და თან საცოდავად ვეჯაჯგურებოდი. როგორც იქნა დავაყენე ფეხზე. _მადლობის ღირსი არ ხარ, რადგან შენ თვითონ წამაქციე, მაგრამ მაინც მადლობა._ამოიბლუყუნა და ისე შემომხედა, თითქოს მართლაც ჩემი ბრალი ყოფილიყოს მისი წაქცევა. _აბა გადაადგი ფეხები. მგონი შეძლებ სახლში წასვლას და აღარ წაიქცევი. არ მინდა შენს გამო ამაღამ სინდისმა შემაწუხოს._კუშტად შევხედე. _რომც ვკვდებოდე მაინც წავალ. შენ არ გათქმევინებ იმას, სახლამდე მე მივიყვანეო._მანაც გაიმკაცრა ხმა და ბანცალ-ბანცალით წავიდა სახლში. იქამდე ვიდექი, სანამ მოსახვევში არ გაუჩინარდა და თვალს არ მიეფარა. მერე კი სახლისკენ წამოვედი. _ეგ რა მოგსვლია?_ალბათ წაქცევის კვალი შემნიშნა დედაჩემმა და ეზოში შევდგი თუ არა ფეხი, შეიცხადა._აზას ხომ არ დაუშავდა რამე, სახლში მშვიდობით მიიყვანე? _ხო... არაფერია, მოსახვევში წავიქეცი რომ მოვდიოდი._სხაპისხუპით მივაყარე და სახლში შევედი, რომ კიდევ არაფერი ეკითხა და მღელვარება არ შეემჩნია ჩემთვის. დიკო სამზარეულოში ღიღინით რეცხავდა ჭურჭელს. ჩემი შესვლა არც გაუგია და გამიხარდა. არავის გამოლაპარაკების თავი არ მქონდა. აღელვებულ-აფორიაქებულმა მივაშურე ჩემს ოთახს და საწოლზე ემბრიონის პოზაში მოვიკეცე. დემნას ირონიანარევი ღიმილი მედგა თვალწინ და მაღიზიანებდა. როგორ მითხრა? ჩემი კოცნა რომ მოგინდება და მომაკითხავ, უარს არ გეტყვიო? ყეყეჩი!!! დეგენერატი!!! იდიოტი!!!_უამრავი სალანძღავი სიტყვა გამოვიყენე ჩემი ლექსიკონიდან... როგორი დარწმუნებულია, რომ მომწონს და მისი კოცნა მინდა??? როგორი ლამაზი თვალები კი ქონია... რატო აქამდე არ შემიმჩნევია? თუმცა, ამდენი წლები ვმეგობრობდით და შემჩნეული როგორ არ მექნებოდა? უბრალოდ, გააზრებული არ მქონდა მისი სიმშვენიერე. მისი ღიმილიც ამომიტივტივდა მეხსიერებაში მთელი სიცხადით. ჩემს ფიქრებს რომ ვუღიმოდი გვიან გავაცნობიერე და გავცოფდი. გემრიელი სილაც კი შემოვულაწუნე ჩემს თავს დასასჯელად. ნამეტანი მომივიდა, თითქოს თვალებიდან ნაპერწკლებიც კი გავყარე. ტკივილმა მართლა მომიყვანა გონზე და სულელური ფიქრები გამიქრო თავიდან. ავდექი და მისაღებში დავაპირე გასვლა, მაგრამ ტელეფონის ზარმა შემაჩერა. სანამ ნომერს დავხედავდი, გულში გამკრა, რომ დემნა იყო. ინტუიციამ არ მიღალატა, მართლა ის იყო. ამიტომ არ ვუპასუხე. მეორედაც რომ დამირეკა, მაშინ კი ვინებე გაპასუხება. _გისმენთ._ვითომ ვერ ვიცანი ვინ იყო. _პირის სანახავის მოტანა მოგიწევს, ცუდად ვარ, მგონი ვკვდები. _ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება._"დავაიმედე." _მერე მე არც ძაღლი ვარ და არც ვკოჭლობ. სუნთქვა მიჭირს. _რომელი ასთმური შეტევის მკურნალი მე მნახე მერე? სასწრაფოში დარეკე და მოგხედავენ. _ძაღლი ვინც მოკლა იმან უნდა გაათრიოსო. შენ წამაქციე და შენვე უნდა მომხედო. _მეტი დარდი არ მაქვს. _ვიცი, შენ მხოლოდ ნოდიკოზე დარდობ. მივხვდი რომ ეჭვიანობდა და გამეღიმა. _რატომაც არ უნდა ვდარდობდე ვითომ?_ცეცხლზე ნავთი დავასხი. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ამოიოხრა და კვნესაც მოაყოლა. _მგონი, მართლა ნეკნი გამიტეხე._მივხვდი, რომ გაეცინა._როგორ ვუთხრა ექიმებს, ქალი დამეცა-მეთქი? _მართალი ხარ, ვერ გაიგებენ შენს არტიკულაციას. ჯობია გამოფხიზლდე და მერე დარეკო, რომ ადვილად გააგებინო რა გჭირს. _რას უწუნებ ჩემს არ-ტი-კუ-ლა-ცი-ას?_ჩემს მიერ ნათქვამი უცხო სიტყვა დამარცვლით, მაგრამ ზუსტად და გარკვევით წარმოთქვა. _მთვრალი ხარ და ბლუყუნებ... აქ აღარ დარეკო, მაინც არ გიპასუხებ._ტელეფონი გავუთიშე და გამეტებით მოვისროლე საწოლზე. მართლა აღარ დაურეკია. თუმცა, უნდა ვთქვა რომ მეწყინა, თანაც ძალიან. ერთი პერიოდი დიკოსთანაც გავედი, ტელევიზორსაც ვუყურე, დედაჩემს ეზოში გაფისული ყინულის ამტვრევაში და მარილის მოყრაშიც მივეხმარე, მაგრამ გულის-ყური ტელეფონისკენ მქონდა, რომელიც ჯიუტად დუმდა. მართალია, რომ დაერეკა მაინც არ ვუპასუხებდი, მაგრამ რომ აღარ მირეკავდა, ეგ უფრო მაღიზიანებდა და მაცოფებდა. მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე, მართლა დაშავდა და გაუტყდა ნეკნი? თუ, უნდოდა, რომ დამნაშავედ მეგრძნო თავი და მთელი ღამე სინდისის ქენჯნას შევეწუხებინე? თავისი ხუთი თითივით მიცნობდა და ესეც მაღიზიანებდა. რასაც გავიფიქრებდი მაშინვე ხვდებოდა. იმასაც მიხვდა ალბათ, რომ მისმა შეხებამ და შემოხედვამ ამიფორიაქა გული. რას გამოვაპარებდი ვითომ? ან, მე რა ჯანდაბა მჭირდა, თითქოს პირველად დამენახოს და პირველად შემხებოდეს... მსიამოვნებდა მასზე ფიქრი, მაგრამ ამავე დროს მაღიზიანებდა. ძლივს გავძელი საწოლში შვიდ საათამდე. მერე კი უხმაუროდ ავდექი და ყავა მოვიდუღე. ოთახში შუქი არ ამინთია. ნაძვის ხის ფერად-ფერადი ნათურების ციმციმი თითქოს მამშვიდებდა და ასე უფრო მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ნახევარი საათი მოვანდომე ზუსტად ყავის დალევას. უაზროდ ვატრიალებდი ხელში ფინჯანს და ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დემნაზე მეფიქრებოდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გულწრფელად ვღელავდი მასზე და მედარდებოდა. მერე, როგორც იქნა დავაღწიე თავი აბეზარ ფიქრებს, სამსახურში წასასვლელად მოვემზადე და წავედი კიდეც. ჯერ ისევ ბნელოდა, მაგრამ თვალი ჭრიდა უკვე. გზაჯვარედინთან ინსტიქტურად შევჩერდი და მის უბანს გავხედე. ეს რომ გავიაზრე, გავბრაზდი. ფეხს ავუჩქარე, რომ მოძალებული ფიქრები და სურვილები უკან ჩამომეტოვა. სკოლის წინ ისევ ვიღაც დავლანდე. სიმაღლით მივხვდი, რომ ნოდიკო იყო. მას მერე აღარ მენახა კოცნა რომ გამიბედა და გამიკვირდა კიდეც მისი ხილვა. _დილამშვიდობისა ბაბი, როგორ ხარ?_მორიდებით შემომღიმა. ცოტა თამამიც კი მეჩვენა. ნეტა ისევ ნასვამი ხომ არ არის?_გამიელვა თავში და ახლოს რომ მივედი, გულდასმით დავაკვირდი. _ნუ გეშინია, ნასვამი არ ვარ._თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხაო, დამამშვიდა._მაშინ მართლა ზედმეტი მომივიდა. აღარასდროს მოვიქცევი მასე... _ხო და ძალიანაც კარგი. _მაპატიებ ხო მაშინდელს?_მორიდებით გადმომხედა. _იმ შემთხვევაში, თუ მეორედ მასე აღარ მოიქცევი. _გეფიცები, აღარ განმეორდება ის ამბავი._ძალიან მტკიცე ხმით მითხრა._ შევრიგდით?_მერე მოკაკული მკლავი გამომიწოდა, რომ ხელკავი გამომედო._მეც მაღაზიაში მოვდივარ, ჩემი დიშვილები არიან აქ და აღარ მისვენებენ, ხან რა უნდათ და ხან რა._გაეცინა. ხელკავის გამოდება არ მინდოდა, მაგრამ ისე ალალად მიმზერდა თავისი ჭროღა თვალებით, ჩემი უნდობლობის მე თვითონვე შემრცხვა. მართალია ვიყოყმანე, მაგრამ მაინც გავუყარე მის მკლავს ჩემი მკლავი და ისე განვაგრძეთ გზა. _ახალ წელს როგორ შეხვდი?_ინტერესით მკითხა. ნეტა მართლა აინტერესებდა, თუ უბრალოდ სალაპარაკო თემას ეძებდა? _კარგად, რა უჭირს. ახალი იმედებით და ახალი იდეებით. შენ? _მეც მასე._აქამდე თუ ძალიან მორიდებული და მორცხვი იყო, ახლა თავდაჯერებულიც კი მომეჩვენა თითქოს. _მარტო დიშვილები გყავს აქ თუ მაკაც აქ არის?_ცოტა ხნის მერე სიჩუმე აუტანლად მომეჩვენა და მეც გამოვძებნე სალაპარაკო თემა. _ოცდათერთმეტში მოიყვანა, ამ ახალ წელს მაინც შევხვდე მშვიდადო და წავიდა. გამეცინა. _ქმართან რომანტიკული ვახშამი მოუნდა? თვითონაც ღიმილით შემომხედა. არა, მართლა შეცვლილი იყო, უფრო თამამად მიმზერდა და გაბედულადაც მელაპარაკებოდა. რა მოხდა ნეტა ამ მცირე დროში, რამ შეცვალა ასე? _შენი ცვლა როდის მთავრდება, დიდხანს უნდა იმუშაო კიდევ?_ახლა ამით დაინტერესდა. _ერთი კვირაც და მერე მარიკა გამოვა. რა ხდება?_მე საჩემოდ დავინტერესდი. _არაფერი, ისე._ეს კი მითხრა, მაგრამ მივხვდი, რომ გუნებაში რაღაც ედო. აბა რატო მკითხავდა? ეჭვით რომ შევხედე, გაეღიმა. _შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი? ძველ საახალწლოდ კარგი ღონისძიებები იგეგმებაო თბილისში და ჩემი ველური დიშვილების წასხმა მინდა. გამიხარდება, შენც თუ მოიცლი და გამოგვყვები, უფრო მშვიდად ვიქნები, სად ორი თვალი და სად ოთხი. არა, აშკარად შეცვლილი იყო ეს ბიჭი. ნეტა რა მოხდა, რამ შეცვალა ასე? გვარიანად ვიჭყლიტე ტვინი, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ ჩავწვდი მიზეზს. მაღაზიის კარის გაღებაში ზრდილობიანად მომეხმარა. მართალია, გასაღები რომ გაიჭედა კლიტეში და დასახმარებლად ხელი მოვკიდე, შეკრთა და წამიერად ძველებური ნოდიკო შემრჩა ხელთ ისევ ისეთი დაბნეული, მორიდებული და უსუსური, მაგრამ მალევე მოეგო გონს. მგონი, რამდენი ძალისხმევა სჭირდებოდა ასეთ თამამ ბიჭად რომ წარმოეჩინა ჩემთან თავი. ჯენტლმენის თვისებებიც გამოავლინა, კარი რომ გააღო პირველი მე შემტარა შიგნით. სანამ მე იქაურობას ვაწესრიგებდი, თვითონ დახლებს ათვალიერებდა. რომ მოვრჩი, დამინახა და ღიმილით მომიახლოვდა. _რაღაც შავი პეჩენიები ყოფილა, უნდა დაატრიალოვო, გაქვთ?_უნდობლად მკითხა, დარწმუნებული არ იყო რას მეკითხებოდა._მაგიჟებენ ის ქაჯანები, ალბათ მალე საგიჟეთში გამისტუმრებენ. _ორეო?_მივხვდი ბავშვებს რაც უყვარდათ. ხშირად მქონდა მისი რეკლამა ნანახი, მართლაც ატრიალებდნენ ბავშვები. თან, შავი პეჩენიებიც ეგ იყო. _ეგ არის._გაუხარდა და თვალები აუციმციმდა._ვერაფრის დიდებით დავიმახსოვრე მისი სახელი. რომ დავანახე სადაც ელაგა, ბარაქიანად მოხვეტა და ჩემს მიწვდილ პარკში ჩაიყარა. _იქნებ დავაძღო როგორმე._თან გულწრფელი ღიმილით გამომხედა. მერე ბანანი წამოკკრიფა დახლიდან. გასაბერი ბუშტები და კევებიც მოიკითხა. ფაზლები თუ გაქვთო, ქინდერები და ბარნის რამოდენიმე შეკვრაც აიღო. მთლიანობაში ორმოცდაათი ლარის ნავაჭრი გამოუვიდა. _ძვირი გიჯდება მათი შენახვა არა?_გამეცინა. _ოღონდაც დაწყნარდნენ და რას დავეძებ?_მანაც შემომღიმა. წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. შევატყე როგორ აღელდა ისევ და აუფორიაქდა გული, თუმცა შეძლო და გამისწორა მზერა. რატომღაც, ჩუმი მღელვარებით შემიქანდა გული მის მზერაზე. _მგონი დღეისთვის საკმარისია. თუ არა და, ალბათ კიდევ მომიწევს აქ ამოსვლა._გამიღიმა. დამემშვიდობა და წავიდა. იმ დღეს დემნამ არც დამირეკა და არც სამსახურში ამომაკითხა. ამის გამო ცოტა მოვიწყინე. (ცოტა კი არა, კარგად). მე ცოცხალი თავით არ დავურეკავდი და არ ვიკითხავდი მის ამბავს, თვითონ კი საეჭვოდ დუმდა. არა და მართლა მაინტერესებდა. ჩემს ჯინაზე არ რეკავდა ალბათ. კი გავაფრთხილე, აღარ დამირეკო, მაინც არ გიპასუხებ-მეთქი, მაგრამ დამიჯერა ვითომ? იქნებ, მართლა ცუდად იყო? რამდენჯერმე შევათამაშე ხელში ტელეფონი, დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე ისევ. საღამოს, სახლში დაბრუნებულსაც მქონდა იმედი, რომ გზაში შემხვდებოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ღამეც ძილ-ღვიძილში გავატარე. დიკოს არ გამოჰპარვია ჩემი შფოთვა, დამკითხა კიდეც გამოცდილი გამომძიებელივით, მაგრამ მე უფრო გამოცდილი თაღლითი აღმოვჩნდი და დავუმალე, კარტები არ გავუხსენი. გადავიღალე-მეთქი, მოვიმიზეზე. დიკო რის დიკო იყო ასე ადვილად დაეჯერებინა და მოტყუებულიყო, მაგრამ ფაქტია რომ ხმა აღარ გაუცია ჩემთვის. მეორე დღესაც არაფერი გამიგია მისგან, არც მესამე და მეოთხე დღეს, შვიდ იანვარს, ძველით შობას კი, ნონა გვესტუმრა მაღაზიაში. მე, რათქმა უნდა არ ველაპარაკებოდი იმ ინციდენტის მერე, ვიღაც უცნობთან რომ წავასწარი და ცემა-ტყეპა გავმართეთ, მაგრამ ნატუკა ელაპარაკებოდა. თან, მაღაზიაში სავაჭროდ იყო შემოსული და მე რა უფლება მქონდა არ შემომეშვა და გამეგდო? ინსტინქტურად მუცელზე შევხედე, მაგრამ ორსულობისა არაფერი ეტყობოდა. შეიძლება, დემნა აბუქებდა, რომ მე ეჭვიანობით მოვმკვდარიყავი. ნონა ჯერ აფთიაქში გავიდა, რაღაც წამლები იყიდა. ყურადღება ვერ მივაქციე, რადგან მაგ დროს დისტრიბუციის ბიჭები მოვიდნენ და ახალი სურსათი ავიღე. მერე ჩემთან მოვიდა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ძალიან ამაყად და თავდაჯერებულად ეჭირა თავი. დემნასავით ირონიული ღიმილიც კი უკრთოდა ბაგეზე. არაჟანი, ხაჭო, ჰერკულესი და ასეთი რაღაც-რუღაცეები აიღო. _დიეტაზე ხარ ნონაჩკა?_ღიმილით კითხა ნატუკამ. _მე არა, დონარაა ცუდად. ყურები ვცქვიტე. _რა მოუვიდა?_გაუკვირდა ნატუკასაც._იმ ქალს თუ ავადმყოფობა მოერეოდა, ვერ ვიფიქრებდი. _ავადმყოფობა არაფერ შუაშია, ყინულზე აუსრიალდა ფეხი და დაეცა. ტვინის შერყევა აქვს და ხელი მოტეხილი. დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან და მის სანახავად მივდივარ. აჰა, აი რატო დუმდა დემნა ასე საეჭვოდ. ჩემთვის დასარეკად ეცლებოდა, დედიკო რომ საავადმყოფოში ეწვა? როგორ სიამაყით თქვა ამ ქალბატონმაც, სანახავად მივდივარო? თითქოს, ინგლისის დედოფლი ყავდა სანახავი. _მართალია, ზოგიერთებს გულზე არ ეხატება ის ქალი, მაგრამ მე მომწონს, ძალიან საყვარელია._აშკარად მე გადმომკრა წკეპლა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მონდომებით დავუანგარიშე ნავაჭრი და ას ლარიანი რომ გამომიწოდა, ვიუარე, ხურდა არ მაქვს-მეთქი და დასახურდავებლად გავუშვი. _ერთნაირი გველები არიან და იმიტომ მოსწონთ ერთმანეთი._ნონა რომ გავიდა, ნატუკამაც დაასკვნა მაშინვე._თუმცა, თუ რძლად დაუჯდა, მაშინ ნახე მაგათი სიყვარული და ერთმანეთის ატან-გატანა. _რძლად?_შევკრთი და გაოცებულმა შევხედე. რამე იცოდა ვითომ? _ეს ქალბატონია მოწადინებული, თორემ არ მგონია დემნას უყვარდეს. მგონი, ერთობა ის მექალთანე უბრალოდ და რომ მოსწყინდება, მიაგდებს კიდეც. ამას კი გონია, რომ ცოლად შეირთავს. ისე მწარედ გამჭვალა გულში, ვეღარ ამოვისუნთქე. ნატუკა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ნონა შემობრუნდა და მაშინვე გაჩუმდა.. _ვერც ორმოცდაათიანს დამიშლი?_ამრეზით მკითხა. უპასუხოდ დავტოვე მისი კითხვა, ფული გამოვართვი და ხურდა დავუბრუნე. _შეიძლება დავრჩე კიდეც ამ შობას მათთან. ან რაღას ველოდოთ?_ვითომ ვინმეს ძალიან აინტერესებდა და ადარდებდა მათი ამბავი. თუმცა, მე კი აშკარად წამიხდინა გუნება-განწყობა._ ერთმანეთი გვიყვარს. მაინც ერთად ვართ სხვების გულის გასახეთქად._იმ სხვებში რომ მე მიგულისხმა, ამას აღარ უნდოდა ბევრი ლაპარაკი._დედამისს მიხედვა სჭირდება. უფროს რძალს სულ ფეხებზე კიდია, ისე მაწყენინა და მატკინა გული, მე მას არ მოვუვლიო და ცოდო არ არის ის ქალი?_ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თავის თავს უფრო ელაპარაკებოდა ნონა ვიდრე მე და ნატუკას. მერე, ნავაჭრი წამოკრიფა და კარებში რომ გადიოდა, გამომწვევად გადმომხედა. ყურადღება არ მიმიქცევია. თუმცა, ვიტრინიდან მაინც გავაყოლე მალულად თვალი, გარეთ რომ გავიდა. თავისი სახლის მიმართულებით არ წასულა. ალბათ, მართლაც დონარას მოსანახულებლად წაფრატუნდა. მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი. გიტარაზე დაჭიმული სიმივით მქონდა ნერვები, პატარა რაღაც და მაშინვე ვფეთქდებოდი, თან ცოფიანი ძაღლივით ვიღრინებოდი. თვითონვე ვგრძნობდი ამას, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. მაცოფებდა ის აზრი, რომ ნონა და დემნა ერთად იყვნენ. იქნებ, საშობაოდ დაქორწინებულიყვნენ კიდეც. თუმცა, მე რა მრჯიდა ნეტა? დემნას არ ვუყვარდი, არც მე მიყვარდა. სულ ვჩხუბობდით და ვკინკლაობდით. დედამისი ვერ მიტანდა. ნონა იყო მისთვის შესაფერისი სარძლო. რატო ვეჭვიანობდი, არ ვიცი. აშკარა იყო, რომ მათი ერთად ყოფნა არ მომწონდა. საღამოს, სახლში რომ ვბრუნდებოდი, წინ შემხვდნენ სიცილ-კისკისით, ალბათ სახლში აცილებდა და უარესად მომეშხამა გუნება. ნონაც გამომწვევად კისკისებდა მე რომ დამინახა და ისე ტკიპასავით ეკვროდა დემნას, ლამის მივვარდი და თმებით ვითრიე. ამის სურვილი რატო მქონდა, მაგასაც ვერ ვხვდებოდი. უგუნებოდ ვივახშმეთ და მალევე დავწექი, ვითომ დაღლილი ვიყავი და დაძინება მინდოდა. თუმცა, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭია. ხან ის კადრები მედგა თვალწინ, ზედ რომ დავეცი, ხან მისი თვალები მელანდებოდა. ის სიტყვებიც გარკვევით მესმოდა, ნონამ რომ თქვა, საშობაოდ დავრჩები ბარემ მასთანო... დემნამ თავისი გამრავლების შესახებაც რომ იხუმრა, ეგეც მიკარგავდა მოსვენებას. მართალია, ჩემს თავს ვეჩხუბებოდი მასზე რომ ვფიქრობდი, მაგრამ მისი ზმანება მაინც ჯიუტად მედგა თვალწინ და მიღიმოდა. დილით ისეთი ავდექი საწოლიდან, არაფრის თავი და ხალისი არ მქონდა. ყავაც უგუნებოდ დავლიე და სამსახურს მივაშურე. ყოველთვის ჩქარი ნაბიჯებით რომ ვიცოდი სიარული, ახლა ლამის კუს ნაბიჯებით მივღოღავდი. დიდი სურვილი მქონდა დემნა წამომწეოდა, მაგრამ სულ ტყუილად. მაღაზიაც შედარებით ადრე გავაღე, რადგან ადრე მომიწია სახლიდან გამოსვლა. გუნების გამოსაკეთებლად ტელეფონში მუსიკები ჩავირთე და გამათბობელს მივუჯექი. კარის ხმა არ გამიგია. დემნა როდის შემოვიდა არ ვიცი. კარისკენ რატომღაც ზურგით ვიჯექი და სასიამოვნო მელოდიებს თავს ვაყოლებდი ღიღინით. _დედაშენს გონია აქ სამუშაოდ დადიხარ და შენ კი დისკოტეკა გაქვს გამართული?_ყურთან რომ ჩამესმა მისი ხმა, გვარიანად შევკრთი. ხმაზე მაშინვე ვიცანი. წამიერად დამიარა სიხარულის ჟრუანტელმა. მერე კი გაკაპასებული წამოვუხტი. _დეგენერატო, რა გული გამიხეთქე? თვალებშიც წამიერად შევხედე. რაღაც ანდამატივით მიზიდავდა იქიდან წამოსული ამოუცნობი გრძნობა. თან მიღიმოდა. რატომღაც თავისი საფირმო ირონიული ღიმილით რომ არ მომჩერებოდა, ამანაც დამაბნია. _რა ქურდივით დაიპარები?_ისევ შევუბღვირე. _მე კი არ დავიპარები ქურდივით, შენ ხარ ფიქრებში ჩაფლული და ამ სამყაროს მოწყვეტილი. რა გაქვს ამდენი საფიქრალი?_გამჭოლი მზერით მომაჩერდა. _მე და ნოდიკოს რომ შვილები გვეყოლება, სახელები რა დავარქვათ იმას ვფიქრობ._არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რატომღაც მომინდა რომ მეეჭვიანებინა და მოულოდნელად წამოვაყრანტალე. დავინახე როგორ უცბად შეეყინა ღიმილი სახეზე და აილეწა. აშკარად გაბრაზდა, მაგრამ თავი მალევე აიყვანა ხელში. _ბიჭს ალბათ დემნას დაარქმევ არა? ყველას ეგონება მამამთილის სახელი დაარქვაო, მარტო შენ გეცოდინება, რომ ჩემს სახელს დაარქმევ. _ვითომ რატომ დავარქმევ შენს სახელს?_გავცეცხლდი. _იმიტომ რომ გიყვარვარ. ერთიანად დამიარა სხეულში სიცივემ. ასეთი ადვილი ამოსაცნობი ვიყავი მისთვის? ასე აშკარად მეტყობოდა, რომ მაფორიაქებდა? _იოცნებე, იოცნებე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს..._შევძელი და ირონიული ღიმილით ვუთხარი. მერე ხმა გავიმკაცრე._ რა გინდა, რისთვის მოწანწალდი ამ დილაადრიან? დროზე, იყიდე რაც გინდა და წადი, ნოდიკოს ველოდები. _არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, ისე შემოგიარე. არ შეიძლება?_გამომცდელად შემომხედა. _შენ წარმოიდგინე არა. გულს მირევს შენი სიფათის ყურება. _ვითომ?_ისე ახლოს ჩამომიდგა, სუნთქვაც კი შემეკრა მღელვარებისგან. ეს ბიჭი მართალი იყო, მგონი მართლა მიყვარდა, თანაც გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად. ამ ხნის მანძილზე პირველად ვიგრძენი, რომ შეიძლებოდა არც თვითონ ყოფილიყო ჩემს მიმართ გულგრილი. კიდევ კარგი, მოულოდნელად შემოიღო კარი და ნატუკა შემოვიდა, თორემ თავს მართლაც გავყიდიდი. დემნამ ნატუკას თანდასწრებით აღარაფერი მითხრა, აფთიაქში გავიდა, რაღაც წამლები იყიდა და წავიდა. გასვლისას ისე შემომხედა, თითქოს მაგრძნობინა, ხომ გიყვარვარ და თავს არ უტყდებიო. მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი. ნუთუ მიყვარდა და მასაც ვუყვარდი? მაგრამ... ყოველთვის ჩემს გაბრაზებას რომ ცდილობდა? ნუთუ თვითონაც ებრძოდა ჩემსავით ამ სიყვარულს? დედამისს მართლა არ მოვწონდი და ალბათ ესეც დედის დაკრულზე ცეკვავდა... საღამოს სახლში რომ მივდიოდი, უკან ამედევნა. _რა გინდა, რას დამყვები წუნკალი ძაღლივით?_უფრო ჩემს თავზე გაბრაზებულმა იმის გამო, რომ მსიამოვნებდა მისი კუდში დევნა, საკმაოდ მკაცრი გამომეტყველებით შევუბღვირე. _ვითომ ვერ ხვდები?_აქეთ შემომიბრუნა კითხვა. _როგორ ვერ ვხვდები, დეგენერატი ხარ!_გვერდი ავუქციე და გზა განვაგრძე. ისევ მალე წამომეწია. გზა გადამიღობა და მთელი ტანით ამესვეტა წინ. კარგა ხანს მიყურა ხმისამოუღებლად. მეც მონუსხულივით შევყურებდი კუპრივით შავ თვალებში, ასე რომ მიფორიაქებდნენ სულს. გულსაც ისე გაუდიოდა ბაგი-ბუგი, მეშინოდა, მასაც არ გაეგო მისი ხმა. _შემწყდი თავიდან._გამეტებით ვკარი ხელი და სახლში თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მეშინოდა უკან არ გამომყოლოდა და არ დამწეოდა. ჩემი კოცნა რომ მოეწადინებინა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ბედად არც გამომყოლია. ნუთუ ვუყვარდი? თუ, გრძნობდა რომ მე არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი და შანსის გამოყენება უნდოდა? ეზოში ისეთი აფორიაქებულ-აღელვებული შევედი, რომ წამიერად ჯესიმაც კი ვერ მიცნო და შემყეფა. მისმა შეყეფამ კი მართლა გამომარკვია ფიქრებიდან. _რაო ლამაზო, ვეღარ მიცანი?_მის წინ ჩავიცუცქე და მივესიყვარულე. თავი აშკარად დამნაშავედ იგრძნო რომ ვერ მიცნო და წკმუტუნს მოჰყვა. დავამშვიდე, ჯიბიდან შოკოლადი ამოვიღე და პირი ჩავატკბარუნებინე. დედაჩემი და დიკო ნარდს თამაშობდნენ და ისე იყვნენ გართულები, რომ ჩემი შესვლა არც კი გაუგიათ. მათ შემხედვარეს გამეღიმა. ერთხანს კარის ზღურბლთან ვიდექი და ისე შევყურებდი ჩემთვის ორ ძვირფას ადამიანს. მერე დიკომ შემნიშნა. _ვა, უკვე მოხვედი? რამხელა დრო გასულა?!_კედლის საათს რომ შეხედა, გაუკვირდა._მამიდა ძველებურად ისევ ფორმაშია, ერთი ხელიც კი ვერ მოვუგე. ისეთ აზარტში შემიყვანა, დროის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა._გულღიად გადაიკისკისა._გშია ხომ? _თანაც როგორ, დღეს ვერც კი ვჭამე. _კარგი, გემრიელი სასუსნავები გვაქვს. მე და დედაშენმა ღვეზელები გამოვაცხეთ, იცი რა კარგები გამოგვივიდა?_თავი მოიწონა. მართლაც გემრიელად ვივახშმეთ. დიკო ძალიან მხიარულად გრძნობდა თავს და მისი მხიარულება მეც გადმომედო. სულ დამავიწყდა დემნაც და მისი მწველი თვალებიც. გვიანობამდე მე და დიკომაც გავაგორეთ ნარდი. ზეზეურად რომ გვეძინებოდა უკვე, მაშინ დავწექით. ბალიშზე არ მქონდა თავი დადებული, რომ დამეძინა კიდეც. დილით კი ხალისით და ენერგიით ავდექი. ჩემი ცვლის დამთავრებამდე ისე ვიმუშავე, აღარც ნოდიკო მინახია ის დღეები და აღარც დემნა. ალბათ, არ ეცალათ თორემ ისე დამტოვებდნენ? იმ დღეს კი, მარიკას რომ გადავაბარე მაღაზია, თორმეტ საათამდე მომიწია ყურყუტი. სახლში რომ დავაპირე წამოსვლა და მაღაზიიდან გამოვედი, იქვე ნოდიკო დამიხვდა. აშკარად მე მელოდა, რომ შუაღამეზე მარტოს არ მევლო, მაგრამ აპარატზე ჩარიცხვა მოიმიზეზა. თუმცა მაინც ერთად წამოვედით იქიდან. ჩემი მხრიდან წამოვიდა, სახლამდე მიმაცილა და თვითონ კი შორი გზიდან მოუარა. გზაგასაყართან კი ვუთხარი, არ გინდა, ნუ იწვალებ, არავინ შემჭამს-მეთქი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და მარტო არ მატარა. გვერდიგვერდ მივაბიჯებდით უხმოდ. ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით თითქოს. ბოლოს კი, ნახევარი გზა რომ გავიარეთ, ძლივს გამიბედა კითხვა: _თხუთმეტში შეგიძლია თბილისში გამოგვყვე მე და ჩემს გიჟმაჟუნა დიშვილებს? დავფიქრდი. გავყოლოდი? რა სტატუსით? არ გავყოლოდი და რა მომემიზეზებინა? მოულოდნელად გამახსენდა, რომ თოთხმეტში დიკო აპირებდა თბილისში წასვლას და მას უნდა გავყოლოდი. ერთი-ორი დღე დავრჩებოდი და მერე ჩამოვიდოდი. _იმ ამბის მერე თავიდან მიშორებ არა?_სევდიანად ჩაილაპარაკა._ღირსი ვარ, ჩემი შეცდომების მოსავალს ვიმკი. _არა, ის ამბავი მართლა დავივიწყე. უბრალოდ, მართლა არ მიხერხდება, თორემ შენს ქაჯანებთან ერთად დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი... _თბილისში რომ შეგეხმიანო და იქ გამოგიარო?_შეჩერდა და ისე მკითხა. ამ კითხვამ მართლაც ჩიხში მიმიმწყვდია. სასწრაფოდ ავამუშავე გონება. _ვეცდები, მაგრამ ვერაფერს დაგპირდები. _კარგი, ნომერი მომეცი და დაგირეკავ._ძლივს გამიბედა ამის თქმა. მართლა არ მინდოდა მისთვის ჩემი ნომრის მიცემა, მაგრამ რომ არ მიმეცა, მიხვდებოდა რომ მართლაც თავიდან ვიშორებდი. მცირე ყოყმანის შემდეგ ვუკარნახე და ტელეფონში ჩაიწერა. თუ შემაწუხებდა, არც ეგ იყო პრობლემა, შავ სიაში გავუშვებდი. გული დავიმშვიდე, ჩვენი ქუჩის კართან დავემშვიდობე და სახლშიც შევედი. ******************** ძველით ახალი წლის შეხვედრას ისევ ჩვენთან ვაპირებდით, მაგრამ გელა ძია ცამეტში ჩამოვიდა დიკოს სახლში წასაყვანად. მე წასვლა არ მინდოდა, ახალ წელს დედაჩემის გვერდით მინდოდა ყოფნა, მაგრამ თვითონ დედაჩემმა გამიშვა მათთან. _შენ იცი, საკუთარი შვილივით მოუფრთხილდი ჩემს ბარბარეს._მანქანაში რომ ჩავსხედით, გულმა მაინც არ მოუთმინა და ძმას მაინც ჩამაბარა ჩემი თავი. _კარგი რა ბელა, მაგაზე ხომ იცი, რომ თქმა არ მინდა?_თითქოს ეწყინა უფროსი დის დარიგება გელა ძიას. დედაჩემმა პირჯვარი გადაგვსახა და ისე დავადექით თბილისისკენ გზას. ძველით ახალ წელს ბიძიას სახლში არ შევხვედრივართ. დიკომ თავის მეგობრებთან ერთად წამიყვანა და რესტორანში ცოცხალი მუსიკის თანხლებით გავათენეთ. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ბიჭები აშკარად მეფლირტავებოდნენ. მაბნევდა და უხერხულში მაყენებდა მათი სითამამე. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ ზედმეტებში არავინ გადასულა. ყველაზე მეტად კი, შევატყე, რომ ზუკას მოვეწონე. არც ჩემგან დაიწუნებოდა, მაგრამ ადამიანს გულში ხომ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის აქვს ადგილი და ის ადგილი უკვე დაკავებული იყო ჩემს გულში. მინდოდა თუ არ მინდოდა, ვგრძნობდი რომ დემნაზე მეფიქრებოდა. შეიძლება, მას არც კი ვუყვარდი და უბრალოდ გართობა უნდოდა, მაგრამ განა ტყუილად არის ნათქვამი, გულს ვერ უბრძანებო. სიყვარულიც ისეთი რამეა, გონებით ვერ წარმართავ. გიყვარს? გულით გიყვარს და არა გონებით. თუ გონებით წარმართავ, მაშინ არ გყვარებია. ტორნადოსავით დაგატყდება თავს და მის წინაშე უძლური ხარ. მან არც დრო და არც ასაკი არ იცის. ეტყობა, ბავშვობიდანვე მიყვარდა დემნა, მაგრამ მეგობრობის სარჩული მქონდა გამოკერებული ჩვენი ურთიერთობისთვის. მაგრამ... თან რომ მძულდა? ნორმალური იყო ვითომ ეს? მაგრამ მე ხომ იმიტომ მძულდა, რომ ჩემს ნერვებზე თამაშობდა ყოველთვის? ორი დღე დავრჩი დიკოსთან და ამ ორ დღეში ზუკას თავი არ დაუნებებია ჩემთვის. ხან ჩვენ ვიყავით დიკოს მეგობრების წრეში და ისიც იქ იყო, ხან თვითონ ზუკა გვსტუმრობდა სახლში. _ზუკას აშკარად მოეწონე._დიკომაც კი შეატყო მეგობარს ჩემს მიმართ გაჩენილი გრძნობები და ღამით საწოლში მომიჩოჩდა იდუმალი ხმით._მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგი ბიჭია. თან დედისერთაა. მამამისი პარლამენტარია და კაი მაყუთის პატრონებიც არიან. თუ მას დაუკავშირებ ბედს, არ ინანებ, დედოფალივით გაცხოვრებს. _გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ და მანამდე კიდევაც გამოჩნდებიან ზუკასნაირი და მასზე უკეთესი ბიჭებიც. _ვითომ რას უწუნებ ზუკას?_დაეჭვდა. _არც არაფერს, კარგი ბიჭია, მაგრამ გათხოვება ჯერ არ მინდა. _შენხელა რომ ვიყავი, მეც მასე ვფიქრობდი. ყველას ვიწუნებდი ვინც კი სიყვარულში მიტყდებოდა და ხელს მთხოვდა. მეგონა, დროს გავაკონტროლებდი, მაგრამ სასტიკად ვცდებოდი. ისე გამეპარა წლები, ვერც კი გავიგე. ახლა კი, ოცდათექვსმეტი წლის ვარ. ჩემს კლასელებს შვილიშვილებიც ყავთ უკვე. მე? დავრჩი მარტო. ჩემი თაყვანისმცემლებიც და ხელის მთხოვნელებიც დაოჯახდნენ. ჩემი ასაკის კაცები უკვე დაოჯახებულები არიან. გერიანი თუ წამიყვანს. თუ მოხდა სასწაული და გავთხოვდი, შვილი ან მეყოლება და ან არა, ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებ. ორმოც წელს მივუკაკუნე და ისევ ქალწული ვარ, ძნელი დასაჯერებელია არა? გაოგნებული ვუსმენდი დიკოს. ამ წლოვანების მართლაც არ მეგონა. დამაფიქრა მისმა ნათქვამმა. _ისე, ერთ რჩევასაც მოგცემ თუ არ მიწყენ._თითქოს გაუბედავად წამოიწყო. _თქვი, არ მეწყინება._შევაგულიანე._შენგან ხომ იცი რომ არაფერი მწყინს. _ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დემნა გიყვარს..._გაჩუმდა და ჩემს რეაქციას დაელოდა. _დემნა მიყვარს?_აღელვებულმა ნაძალადევად გავიოცე და გამშრალ პირში ენა ძლივს მოვატრიალე. _ჩხუბობთ და კინკლაობთ, მაგრამ აშკარაა, რომ ერთმანეთი გიყვართ, თუმცა ამის აღიარება არც ერთს და არც მეორეს არ გინდათ სიამაყის გამო. ჯიუტი თხებივით ხართ. მინდა გითხრა, რომ ეგ თქვენი სიამაყე დაგღუპავთ... _არ არსებობს, დემნა ვერ მიტანს, ისევე როგორც მე და ახლა დონარა? ჭირივით ვძულვარ. _იცი რას გეტყვი? შეიძლება უხეშად მომდის, მაგრამ დონარა და მისნაირი ხალხი ფეხებზე უნდა დაიკიდოთ. დონარას ვინც უყვარდა ხომ იმას გაყვა? თქვენი სიყვარულისთვის რომ ბრძოლობდეთ კარგი იქნება. ერთი შეხედვითვე ეტყობა დემნას, რომ შენზე გიჟდება. შენც სხვათაშორის. _სისულელეა, ჩვენ კატა-ძაღლივით ვართ._ჩემს დასამტკიცებლად უფრო ვთქვი ეს, ვიდრე დიკოსი. _ზუსტად მაგიტომაც. შეყვარებულებივით კინკლაობთ ყოველთვის. სხვას აჯერებთ თუ საკუთარ თავს, რომ ერთმანეთი არ გიყვართ, ვერ ვხვდები. ჩვენი საუბარი აქ შეწყდა, რადგან დიკოს ვიღაცამ დაურეკა იტალიიდან და იმას ელაპარაკებოდა სკაიპში. ნეტა, მართლა ვუყვარდი დემნას, თუ დიკოს ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს? თუ ვუყვარდი, ყოველთვის ჩემს გაბრაზებას და გაღიზიანებას რატო ცდილობდა? ნუთუ მართლა შეყვარებულების კინკლაობა იყო ჩვენი ჩხუბი თუ სიძულვილი? დიკო ჭორაობას რომ მორჩა, თავი მოვიმძინარე. არ მინდოდა ბოლომდე გავეშიფრე. საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი დემნას სიყვარულში და ამან როგორ უცბად ამომხსნა? დილით კი, ნოდიკომ დამირეკა, თბილისში ვარ და რას იზავ, წამოხვალ ჩვენთან ერთადო. მასთან ყოფნა არ მინდოდა და მოვატყუე, ვითომ არ მეცალა. არა და არაფერი დაგვიგეგმავს და გაგვიკეთებია. უბრალოდ სახლში ვისხედით და ვჭორაობდით. შუადღის მერე კი, სახლში წასვლა განვიზრახე. გელა ძიამ, სამსახურიდან რომ მოვალ მე წაგიყვანო, მაგრამ აღარ გავჩერდი, დედა მედარდება მარტო რომ არის-მეთქი. ფაქტია, რომ ისიც მედარდებოდა, მაგრამ დემნას ნახვა მინდოდა უფრო. გაჩერებამდე დიკომ გამიყვანა ტაქსით. იქ კი მოულოდნელად ნოდიკო წამომადგა თავზე თავისი ღაღანა წითელი მერსედესით. ვერიდებოდი ღოლოსა, დამხვდა ვენახის ბოლოსაო, ზუსტად ისე მომივიდა. მას კი ისე ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, ვერ აღვწერ. _სოფელში მოდიხარ? მეც იქ მივდივარ და წაგიყვან. ფაქტი იყო რომ სოფელში მივდიოდი, ჩვენი სოფლის მარშუტკაში უნდა ჩავბარგებულიყავი უკვე და უარი როგორ მეთქვა? ჩემი ჩანთა უკანა სავარძელზე ისე ფრთხილად დადო, თითქოს ბროლისა ყოფილიყოს და ეშინოდა, არ გაეტეხა. მე კი, წინ გამომიღო კარი. _დიშვილები რა უყავი? _გამიკვირდა მანქანაში რომ ვერავინ დავინახე. _დედამისს ჩამოვუყვანე. აღარ ედროვებოდათ?_ისე ალალად შემომღიმა, თავი ვერ შევიკავე და მეც გამეღიმა. დიკოს დავემშვიდობე, ახლო მომავალში ისევ დავპატიჟე ჩვენთან და ნოდიკოსთან ერთად სოფლისკენ დავადექით გზას. მთელი გზა იმას ცდილობდა, ლაპარაკში ავეყოლიებინე. მე კი ლაპარაკის გუნებაზე არ ვიყავი რატომღაც. მისი ლაპარაკიც ნახევრად მესმოდა მხოლოდ, რადგან დემნაზე მეფიქრებოდა. დიკოს დარიგებაც მოსვენებას მიკარგავდა. სოფელში რომ ჩავედით, სალონთან შევაჩერებინე მანქანა, საქმე მაქვს, კარგა ხანს დავრჩები და არ მელოდო-მეთქი, ასე მოვიშორე თავიდან. მანქანიდან რომ გადმოვდიოდი, მაშინ კი ნონამ დამინახა და უარესად წამიხდა გუნება. დარწმუნებული ვიყავი, რომ დემნას ეტყოდა. თუმცა, იმედსაც ვიტოვებდი, რომ მასთან ჩემზე ლაპარაკს მოერიდებოდა. სალონში რომ შევედი და ტალახიანი ნაფეხურები ისევ დამხვდა, წამიერად გავშეშდი. ის დღე გამახსენდა, ბანცალით რომ შემობრაცუნდა. ის დღე იყო ზუსტად, ზედ რომ დავეცი. მერე მოულოდნელად ტილოს დავავლე ხელი, გარეთ ონკანზე გავრეცხე და საგულდაგულოდ მოვხეხე იატაკი. არ მინდოდა რამეს გაეხსენებინა მისი თავი. ალბათ, ერთი საათი დავყავი იქ, მერე კი, უკვე ბინდდებოდა, სახლში რომ წამოვედი. ზუსტად მაშინ, როცა არავის ველოდი, დემნა გადამეყარა. _ეს დღეები არ ჩანდი, სად იყავი?_ისე მკაცრად მკითხა, გამიკვირდა. თან, მეწყინა რომ მაკონტროლებდა. _რა შენი საქმეა?_ისეთი ამრეზით ვკითხე, მე თვითონვე გამიკვირდა ამ გულგრილობის თამაში. _ნუ მეთამაშები იცოდე._მკაცრად გამოსცრა კბილებში._ნოდიკოს მანქანაში რა გინდოდა? აჰა, უკვე ჩაუხარებია ნონას. _შენი თავი ვინ გგონია? რა ვალდებული ვარ გიპასუხო?_ავემრიზე. მოულოდნელად მკლავზე მომკიდა ხელი და ძლიერად მომიჭირა თითები. _თქვენ მართლა ერთად ხართ? _დავუშვათ კი, შენ რა გადარდებს? _მეორედ აღარ დაგინახო მის მანქანაში!_მკაცრად გამოსცრა კბილებში. _ოჰ, რახან შენ იტყვი?!_ნაძალადევად გადავიკისკისე. _ცხვირ-პირს გავუერთიანებ იცოდე. _რა უფლებით?_მეც ავუწიე ხმას._შენ ვინ გდიხარ, მე მაკონტროლო სად და ვისთან გავივლი? ნოდიკოს თითს დაადებ და იცოდე ჩემთან გექნება საქმე! უფრო ძლიერად მომიჭირა თითები და თავისკენ მიმიზიდა. _რით მაშინებ, რას მიზავ? ისე ახლოს იყო ჩემთან, მისი სუნთქვა მელამუნებოდა სახეზე. წამიერად დავიბენი, მთლად წამერთვა ხელ-ფეხი. სასიამოვნო განცდამ ტალღასავით დამიარა მთელს სხეულში. თვალებში შევხედე. ბინდის მიუხედავად გარკვევით დავინახე მაინც როგორ დაჟინებით მომჩერებოდა. მალევე მოვეგე გონს და უკან დავიხიე. გაეღიმა. _ჩემი სიახლოვე გაბნევს და თავს ვეღარ აკონტროლებ არა?_ეს რომ მკითხა, გავბრაზდი, ღონივრად მოვიქნიე ხელი და მადიანი სილა ვუთავაზე. ისეთი მადიანი, რომ ხელის გულმა ჟუილი დამიწყო. წარმოვიდგინე, თვითონ როგორ ეტკინებოდა ლოყა და შემეცოდა. დავინახე როგორ სიბრაზით აენთო თვალები. _გამიშვი!_სასოწარკვეთილმა ვუკივლე და გავუძალიანდი._ვინ გგონია შენი თავი? გაფრთხილებ, წინ აღარ გადამეყარო და არც ნოდიკოს დაუშავო რამე. _ნოდიკოზე რატო ღელავ, მართლა გიყვარს? _დიახ და ცოლადაც გავყვები... _ვერ გაყვები!_ისევ მკაცრად გამოსცრა კბილებში. _ვითომ რატომ, შენ დამიშლი?_დაჟინებით მივაშტერდი._რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში? _რა უფლებითაც შენ ჩაერიე ჩემი და ნონას ურთიერთობაში. უარესად ავღელდი. _მე მეგობრულად ჩავერიე, რქებს გადგამდა და არ მინდოდა რქიანი მეგობარი მყოლოდა. _ზუსტად იგივე სიტუაციაა აქაც. ნოდიკო ქუჩის კახპებს დასდევს. არ მინდა რომ გატყუებდეს. _და შენ რა იცი რომ დასდევს?_ცოტა შევფიქრიანდი. _ვიცი!.. მეორედ აღარ დაგინახო მის მანქანაში, გაიგე?_ისევ მკაცრად გამაფრთხილა._მე ჩემი სათქმელი გითხარი, აღარ გავიმეორებ, პირდაპირ მოქმედებაზე გადავალ, გასაგებია?_ერთხელ კიდევ მომიჭირა ძლიერად ხელები, მერე მოულოდნელად გამიშვა და წავიდა. გაოგნებული ვიდექი შუა ქუჩაში და ბინდში მიმავალ მის სილუეტს გავყურებდი. მართლა დაინახა ნეტა ნოდიკო ვინმესთან, თუ სამაგიეროს გადახდა უნდოდა და ჩემში ეჭვის გაღვივება? რომ ვთქვა ნოდიკოზე ვფიქრობდი და მასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს ვაწყობდი, მოვიტყუები, ასე არ იყო, მაგრამ მაინც მეწყინა, რომ მღალატობდა. ან მღალატობდა კი? სახლში აფორიაქებული დავბრუნდი. დედაჩემს გაუკვირდა მარტო რომ მივედი. _გელამ არ წამოგიყვანა? _აღარ შევაწუხე. ნოდიკო იყო იქ თავის დასთან და იმას გამოვყევი. მერე ცოტა ხნით სალონში გავჩერდი. ნეტა მალე გამოთბეს, რომ გავხსნა და დავიწყო მუშაობა. ამ ყინვაში როგორ ვამუშაო მუშები? _ბევრიც აღარ დარჩა. იანვარი განახევრდა უკე, თებერვალში კი გამოთბება._დამაიმედა. მეორე დღეს კი გაგვაგებინეს, რომ აზა პაპიდა გარდაიცვალა. ის დღეები მე და დედაჩემი იქ ვტრიალებდით. ასე იყო თუ ისე, მამაჩემის მამიდა იყო და პატივის და ლაზათის დადევნება უნდოდა მიცვალებულს. შორეული თუ ახლობელი ნათესავები ყველანი იქ იყვნენ. ბევრთან კარგი დამოკიდებულება არ გვქონია, მაგრამ იქ ზედმეტი არავის არაფერი უთქვია. კობა რომ კობა იყო და ყოველთვის მაკრიტიკებდა და მკაცრად მექცეოდა, ისიც კი ჩუმად იყო და პაპიდას დაკრძალვის ცერემონიალით იყო დაკავებული. დედაჩემმაც დაიტირა ქმრის მამიდა. მე კი ცრემლი არ გადმომვარდნია, თითქოს გული მქონდა გაქვავებული და ცრემლი გამშრალი. ქელეხი სოფლის დარბაზში მოაწყეს და მაშინ კი მოხდა ცოტა შეხლა-შემოხლა შემთვრალ ნათესავებს შორის. მიზეზი რა იყო ვერავინ გავიგეთ. ისე კი, რა ავი დედაბერიც იყო, ისე ავადაც ჩამთავრდა მისი დაკრძალვაც. თებერვლის დასაწყისში კი მარიკას გაუხდა დედა ავად და ცვლა ისევ მე გადმომაბარა. ამ ცვლასაც ჩავამთავრებდი და მერე კი უკვე ჩემს სალონს მივხედავდი და იქ დავიწყებდი მუშაობას. იმ დღის მერე, რაც ნოდიკომ ჩამომიყვანა თბილისიდან და დემნამ გამაფრთხილა არ დაგინახო მასთან გავლილიო, ახლოდან არც ერთი აღარ მენახა. დემნა აზას დაკრძალვაზე ვნახე და ახლო არ მოსულა. ნოდიკო კი მანქანით ავლილ-ჩავლილი დავინახე რამდენჯერმე. მაღაზიაში გასვლის პირველ დღესვე კი დემნა მეწვია. უამრავი კლიენტი მეხვია გარშემო და არაფერი უთქვია. თუმცა საღამოს, სახლში რომ ვბრუნდებოდი, ისევ დამიხვდა ორღობეში კაკო ყაჩაღივით. ხმა არ გამიცია. უფრო მეტიც, ზედაც კი არ შემიხედია. ისე ავუქციე გვერდი, ვითომც არაფერი. _დიდხანს უნდა ვიყოთ ერთმანეთზე ნაწყენები და გაბუტულები?_წინ გადამეღობა და შემაჩერა. _მე რას მეკითხები? ეგ დედაშენს და ნონას კითხე, ტვინი რომ აგირიეს და გამოგირეცხეს. თან, სიმართლე გითხრა, შენში ჩამალული თვისებები რომ გამოავლინე, მივხვდი, ძალიან აუტანელი ხარ. ან როგორ ვმეგობრობდით აქამდე? _იცი როგორ? ორივენი ერთნაირები ვართ და ვუგებთ ერთმანეთს._გაეცინა. _ღმერთმა დამიფაროს შენნაირი ვიყო._შევიცხადე. _ჩემნაირი ხარ, ჩემნაირი. თავს ებრძვი იმის გამო, შენი გრძნობები რომ არ გამაგებინო. _დარწმუნებული ხარ, რომ შენს მიმართ გრძნობები მაქვს?_ნაძალადევად გადავიკისკისე._თუმცა ხო, მართალი ხარ, შენს მიმართ მართლაც მაქვს გარკვეული გრძნობები: სიძულვილი, ზიზღი და სიბრაზე. შეიძლება სიბრალულიც, ორი აფთრის ხელში მეცოდები. _სიყვარული არა?_ეს რომ მკითხა, შევკრთი. უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან და ლამის სახე მომადო სახეზე. მთელ ტანში ისევ დამიარა სიამოვნების ტალღამ. ავღელდი და ავფორიაქდი. ჩემი გული საგულედან ამოხტომას ლამობდა თითქოს. _ფანტაზიას არაუშავს. არ მიყვარდე და არც გეგონოს?_ძლივს ამოვიბლუყუნე. გაეცინა. ისე ახლოს მომიტანა სახე, მისი ლოყა ჩემს ლოყას შეეხო და უარესად ამაღელვა. მერე, ოდნავ დაიხია უკან და თვალებზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადამიწია უკან. ისე მომჩერებოდა, სუნთქვა შემეკრა. ვიფიქრე, საცაა მაკოცებდა და მისი კოცნის მოლოდინში სასიამოვნოდ გავირინდე. თუმცა, მხოლოდ ლოყაზე მომითათუნა თბილი თითები. _არ მინდა, რომ ერთმანეთის დანახვა გვაღიზიანებდეს და მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობდეთ, რომ ვჩხუბობდეთ. არ მინდა სხვას მხოლოდ იმიტომ ვხვდებოდეთ, რომ ერთმანეთს ვაეჭვიანებდეთ. შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ... მგონი მიყვარხარ. შენც გიყვარვარ, მაგრამ გრძნობებში ვერ გარკვეულხარ... _არა, ფანტაზია მართლაც უმაღლეს დონეზე გაქვს განვითარებული._ნაძალადევად გამეცინა. _არაფერს დაგაძალებ, არ მინდა. დრო მოვა და შენი ნებით მოხვალ ჩემთან. _მელოდე._ისევ ნაძალადევად გადავიკისკისე._გქონდეს მაგის იმედი. ერთხანს ხმისამოუღებლად მიყურა. მერე კი გატრიალდა და წავიდა. მართალი იყო, მგონი მეც მიყვარდა და როცა იქნებოდა ჩემი ფეხით მივცუნცულდებოდი მასთან. ალბათ, რომ ეკოცნა, მესიამოვნებოდა კიდეც, მაგრამ მაინც გავუძალიანდებოდი და ისტერიკას მოვუწყობდი. აფორიაქებული რომ დამტოვა, უფრო მომინდა მისი შეხება და მისი კოცნა. გაწბილებული დავბრუნდი სახლში. თავს პირობა მივეცი, რომ მასზე აღარ მეფიქრა და ყველანაირი გრძნობა ჩამეკლა მის მიმართ ჩემში, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი, უფრო არ გამომდიოდა და უფრო და უფრო მიძლიერდებოდა მის სიახლოვეს ყოფნის სურვილი, მისი შეხება და მისი კოცნის წყურვილი მკლავდა. ორი დღე ისევ დაიკარგა. რომ ვერ ვხედავდი, გიჟს ვგავდი უკვე. მისი გამოჩენის მოლოდინში ისეთი დაძაბული და აფორიაქებული ვიყავი, ვეღარაფერზე ვახდენდი კონცენტრირებად. რამდენჯერმე ხურდა გადავაყოლე და სინდისიერმა კლიენტებმა ღიმილით დამიბრუნეს უკან. სწორი გათვლებით მოქმედებდა დემნა. იცოდა, რომ ასე უფრო მომანატრებდა თავს, ვიდრე ყოველწუთიერად ნახვით და უაზრო კინკლაობით. მესამე დღეს კი, დილით რომ მივდიოდი სამსახურში, სკოლის წინ დამიხვდა. მომეჩვენა, რომ ბედნიერების ღიმილი გაუკრთა სახეზე მე რომ დამინახა. მე კი კაშნეში ჩავმალე სახე, რადგან ვგრძნობდი, ტუჩის კუთხეები მეც ღიმილით რომ მეწეოდა განზე. _შენ გელოდებოდი._მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე ეს მითხრა. _მართლა? და რასთან დაკავშირებით?_გავიოცე. _შენი დახმარება მჭირდება._რაღაც ძალიან დამაინტრიგებლად მითხრა. შევჩერდი და გაოცებულმა შევხედე. სერიოზულად ამბობდა ამას თუ მეხუმრებოდა, ვერ ვხვდებოდი. რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება ნეტა? ათასი სისულელე წარმოვიდგინე, მაგრამ მიახლოებით მაინც ვერ გამოვიცანი. _ჩვენს ძლევამოსილ დემნას უბრალო ბაბის დახმარება დასჭირდა?_მაინც ჩემებური გესლი გავურიე ხმაში._და რაში, არ იტყვი? ხელი მომხვია მხრებზე და ჩემი სამსახურისკენ განვაგრძეთ გზა. არ გავძალიანებულვარ, რადგან მესიამოვნა მისი სიახლოვე. მაღაზიამდე უხმოდ ვიარეთ. იქ კი, გასაღები გამომართვა და კარი თვითონ გააღო. არაფერს ვეკითხებოდი, თუმცა ინტერესი მკლავდა. ერთი სული მქონდა გამეგო რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება, მაგრამ გამაღიზიანებლად დუმდა იქაურობა მოვაწესრიგე და გათბობას მივუფიცხე ხელები, რადგან იატაკი ცივი წყლით მოვწმინდე და ხელები გამეყინა. _ცვლას როდის ამთავრებ?_როგორც იქნა ხმაც ამოიღო. მომიახლოვდა და ჩემი გაყინული ხელები თავის მუჭში მოიმწყვდია. _არ ვიცი, ეგ მარიკაზეა დამოკიდებული. დედამისია ცუდად და აქ გამოსასვლელად ჯერ არ სცალია._გულახდილად ვუპასუხე. თან, მის ხელში მომწყვდეულ ჩემს ხელებს დავხედე, სიცივისგან რომ გამწითლებოდა მთლიანად._ რაში გჭირდება ჩემი დახმარება?_მაინც წამძლია სულმა და ვკითხე. _როცა სამსახურს მორჩები, მერე გეტყვი, ახლა მაინც არ გცალია._გულთბილად გამიღიმა და ისე ახლოს მოვიდა ჩემთან, სუნთქვა შემეკრა._მინდა რომ ძველებურად ვიყოთ, გვიხაროდეს ერთმანეთის დანახვა და ვენდობოდეთ ერთმანეთს. _მგონი არ გამოვა._მის მზერას თვალი მოვარიდე._დიდი ხანია ერთმანეთს ვერ ვენდობით და აღარც გვიხარია ერთმანეთის ხილვა. ჩვენი მეგობრობა პირველ რიგში დედაშენს არ მოსწონს და მას დაუპირისპირდები ვითომ? _შენს გამო ქვეყანას დავუპირისპირდები. _ვითომ?_ეჭვით შევხედე. _მერწმუნე, შენზე ცუდს არავის ვათქმევინებ._ისეთი მტკიცე და დამაჯერებელი ხმა ქონდა, წამიერად დავუჯერე კიდეც. მაგრამ მერე, გამახსენდა ნონას ამბავი რომ არ დამიჯერა და ისევ ავილეწე. _პატარა აღარ ვარ ბასტი-ბუბუს ზღაპრებით გამაბრუო. თავს ნუ დაიღლი რაიმეს მტკიცებით. ბედნიერი ხარ ნონასთან? იყავი. მეც მომეცი იმის საშუალება, რომ ნოდიკოსთან ვიყო ბედნიერი. _ნონაზე ეჭვიანობ?_გაეღიმა. თითქოს გაუხარდა კიდეც, რომ ვეჭვიანობდი. _მეტი საქმე არ მაქვს შენს გამო ვიეჭვიანო! თუ არაფრის ყიდვას არ აპირებ, გადი აქედან. კამერები გაფიქსირებს და არ მინდა ხალხს სალაპარაკო თემა მივცე. _კარგი, წავალ. ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ ავალაპარაკო შენზე._სახეზე მომითათუნა ხელი და მართლაც წავიდა. წავიდა და მგონი ჩემი გულიც თან გაიყოლა. არც ცინიკურად მელაპარაკებოდა, არც ირონიულად მიღიმოდა დღეს, მგონი მართლაც გულწრფელი იყო. თუ, უბრალოდ მე მინდოდა რომ გულწრფელი ყოფილიყო, ვეღარ ვიგებდი უკვე. ნატუკა რომ მოვიდა, ახალი ამბავი მოიტანა. თურმე ჩვენს მეზობლად, ყასაფაანთ სახლი ბანკში რომ იყო ჩადებული, ვიღაც ქალს დაუხსნია და მის მაზლს უნდა ჩაეტარებინა სარემონტო საქმიანობა. ძალიანაც არ მაინტერესებდა ეს ამბავი, მაგრამ ნატუკას რომ ჩემთვის მღელვარება არ შეემჩნია, უმალ ჩავერთე მასთან დიალოგში. _სადაური ქალია, რა თქვა შენმა მაზლმა? _თბილისელიაო. თურმე გარკვეული პერიოდი გერმანიაში უცხოვრია და იქ მუშაობდა. ახლა კი დაბრუნდა და იქაურ ყაიდაზე გადაწყვიტა დაჩის მოწყობა... _რომელი სადაჩე ადგილიც ჩვენს სოფელში ნახა?_გამიკვირდა._წასულიყო საკურორტე ზონებში. _ვითომ ჩვენს სოფელს რას უწუნებ?_ცოტა წყრომითაც შემომხედა ნატუკამ. _არაფერს, მაგრამ, დაჩა თუ გინდა, წადი მთაში ან ზღვაზე. _კაცია და გუნება... სვეცკი მეზობელი გეყოლება, რა გინდა? _როდიდან იწყებს შენი მაზლი იმ სახლის რემონტებს? _ერთ კვირაში ალბათ. _ისე კი, რამდენი მშვენიერი სახლი იყიდება ჩვენს სოფელში და რაღა მაინც და მაინც ის დანგრეული სახლი იყიდა ჩვენს მეზობლად?_ცოტა არ იყოს დავეჭვდი. _რა ვიცი, იქნებ ნაკლებად იყიდა და ადვილად გადააკეთებს? ჩვენი დიალოგი აქ შეწყდა, რადგან კლიენტებმა რომ დაიწყეს მოსვლა, კარგა ხანს ვეღარ ამოვისუნთქე, მერე კი სულ გადაგვავიწყდა ყასაფაანთ სახლიც და მისი ახალი მეპატრონეც. ******************** ლამის ერთი თვე მომიწია მარიკას მაგივრად მაღაზიაში მუშაობა, რადგან დედამისს ღვიძლის ოპერაცია გაუკეთეს და არ ეცალა სამსახურში გამოსასვლელად. აღარც დემნა და აღარც ნოდიკო აღარ შემხვედრიან პირისპირ. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები დაიწყეს ალბათ და იშვიათად ვხედავდი შემორბენით შემოსულებს მაღაზიაში და უამრავი კლიენტის თანდასწრებით არაფერს მეუბნებოდნენ. ისეთი თვალებით კი მიმზერდა დემნა, რომ სულსაც და გულსაც ერთნაირად მიფორიაქებდა. ჩვენს მეზობლად სახლის რემონტიც წამოიწყო ნიკუშამ და კიდევ რამოდენიმე მუშამ. არ მეგონა ასე მალე თუ მოახერხებდნენ და გაალამაზებდნენ იმ მიყრუებულ და რაღაცით საშიშ სახლს. ბავშვობაში ყოველთვის რომ მეშინოდა მის სიახლოვეს გავლა. გარე ფასადიც გაალამაზეს და იმ ერთ თვეში ყველაფერს მორჩნენ კიდეც. რამდენჯერმე ახალგაზრდა მოხდენილი ქალი შევნიშნე იმ სახლის ეზოში. სახლის წინ ბაღნარში ყვავილებს რომ რგავდა. გარედან რასაც ვხედავდი მართლაც მშვენიერი სახლი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ შიგნიდან უკეთესი იქნებოდა. მარტის დასაწყისში, მარიკა რომ გამოვიდა სამსახურში, მე დავანებე მაღაზიას თავი. ნატუკას მაზლი ჩვენი მეზობლის სახლის რემონტს მორჩა თუ არა, ახლა ჩემს სალონში დავასაქმე და ერთ კვირაში გავხსენი კიდეც. ახალი სამსახური რომ დავიწყე, პირველ დღეს საშინლად ვღელავდი. პირველი კლიენტი რაღა თქმა უნდა ნატუკა მყავდა, რომელმაც შემოსვლისთანავე ფული აყარა ჭერში და უხვი შემოსავალი მისურვა. სალონში შემოდგა თუ არა ფეხი, ხალისიც შემოიტანა. ჩემმა მღელვარებამ მალევე იკლო და მშვენივრად შევჭერი თმა. მელირება გავუკეთე და დავუსწორე კიდეც. ისე მოეწონა, აღტაცებისგან ციბრუტივით ტრიალებდა სარკის წინ. მის მერე კი რამოდენიმე მასწავლებელიც მესტუმრა. მოკლეთ, იმ დღეს მართლაც კარგად ვიმუშავე. წინა სამსახურისგან განსხვავებით სალონიდან შედარებით ადრე წამოვედი სახლში, სადაც უცხო სტუმარი დამხვდა, ჩვენი ახალი მეზობელი ნათია. მომეჩვენა, რომ ჩემს დანახვაზე ოდნავ გაფითრდა და აღელდა, ოღონდ წამიერად. იქნებ მომეჩვენა კიდეც არ ვიცი. _ნათიას უნდა, რომ მეზობლები ახლოს გაიცნოს._ღიმილით მაუწყა დედაჩემმა._ძალიან მომეწონა, კარგი გოგოა. მგონი, თქვენ ადვილად გაუგებთ ერთმანეთს. გულთბილად მივესალმე მშვენიერი აღნაგობის ქალს და ხელი ჩამოვართვი. _დედაშენი არ აჭარბებდა, მართლაც არაჩვეულებრივი გოგო ხარ._გულთბილად გამიღიმა._ისიც მითხრა, სალონი გქონია. ძალიან კარგია, ახლო მომავალში გესტუმრები. _დიდი სიამოვნებით მიგიღებთ._ქურთუკი გავიხადე, საკიდზე ჩამოვკიდე და მის მოპირდაპირე მხარეს სავარძელში ჩავჯექი._ყავა მიირთვით უკვე თუ მოვადუღო? _მადლობა, ყავის დიდი მოყვარული არ ვარ. მხოლოდ ერთ ფინჯანს ვსვამ, ისიც დილით და უკვე დალეული მაქვს._ისევ გულთბილად გამიღიმა. დახვეწილი სახის ნაკვთები ქონდა, აი ისეთი, არისტოკრატ ქალებს რომ ქონდათ. ნეტა, პლასტიკური ქირურგიის დამსახურება იყო, თუ ბუნებრივად იყო ასეთი? კბილებიც არაჩვეულებრივი ქონდა, მძივივით ჩაწიკწიკებული და ფითქინა. მსუბუქი მაკიჟიც ძალიან უხდებოდა. _ამ სახლში მარტო ცხოვრობთ?_დავინტერესდი. _ჯერჯერობით კი._რაღაც სევდა ვიგრძენი თითქოს მის ხმაში. _დაოჯახებული ბრძანდებით?_მაგარი გამომძიებელივით დავაყარე კითხვები. _არა._თავი გაიქნია. _ასეთი მშვენიერი გოგო როგორ დარჩი გასათხოვარი?_გაუკვირდა დედაჩემს._თუ წუნია ხარ ჩემი ბაბივით? სამივეს ერთდროულად გაგვეცინა. _წუნიაობა არაფერ შუაშია, უბრალოდ, კარიერას გადავყევი და წლები თვალსა და ხელს შუა ისე გამეპარა, ვერც კი გავიგე. _არც ახლაა დაგვიანებული. რამდენი წლის ხარ შვილო? _აღარც ისეთი პატარა, სულ მალე ორმოცის გავხდები... _მართლა?_თვალები ვჭყიტე გაოცებისგან._ოცდაათ წელსაც ვერ მოგცემდით. _მადლობა._ჩემი კომპლიმენტი აშკარად ესიამოვნა, გულთბილად შემომღიმა ისევ. იმ დღის მერე კი ხშირად გვსტუმრობდა მე და დედას. გულთბილი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთის მიმართ. სალონშიც მესტუმრა და იმიჯი შეიცვალა. ქერა თმა ორი ტონით გაიმუქა და ამათხელებინა. ესეც ძალიან უხდებოდა. მიუხედავად ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობისა, მაინც დავახლოვდით და სულ მალე გულითადი მეგობრებიც გავხდით. მარტო ეგ კი არა, ჩვენს მანქანაზე მართვაც კი მასწავლა. იმდენი შემეძლო უკვე, რომ ჩემს სალონამდე, სანამ ტრასაზე გავიდოდი, იქვე ვაჩერებდი, რათა საპატრულო პოლიციას მართვის მოწმობის არქონისთვის არ დავეჯარიმებინე. ღამღამობით კი ბილეთებსაც ვიზუთხავდი. ყველაფერი რომ დავიზეპირე, გამოცდების ჩასაბარებლად და მართვის მოწმობის ასაღებად ნათიამ წამიყვანა თავისი მანქანით თელავში. თეორია ადვილად ჩავაბარე. პრაქტიკაზე კი უსაშველოდ ვღელავდი და ბოლო პარკინგზე ჩავიჭერი კიდეც. ნათიამ ჩემს უჩუმრად გადაიხადა ფული და მეორე ჯერზე დამაძალა გასვლა. არ მინდოდა, მაგრამ იმდენი მეჩიჩინა, ბოლოს მაინც გავედი და მაშინ კი უპრობლემოდ ჩავაბარე. _გილოცავ, ყოჩაღი გოგო ხარ._სიხარულით გადამეხვია და გადამკოცნა. რაღაც უცნაური განცდა დამეუფლა გულში რომ ჩამიკრა. ვერ მივხვდი რა განცდა და გრძნობა იყო ეს, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ უკვე ძალიან მიყვარდა ეს ქალი... საღამოს, სახლში რომ დავბრუნდით, ჩემი მართვის მოწმობის "დასასველებლად" პატარა პურ-მარილი გავშალეთ. ნატუკა, ნათია და ჩემი მკაცრი ბიძაშვილი კობაც კი მყავდა. ძალიანაც არ გახარებია ჩემი მართვის მოწმობის აღება, რადგან კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, მაგრამ მაინც მომილოცა. _რომ გითხრა, მომწონს ქალი საჭესთან-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ ალბათ, შენ პირველი იქნები ვისაც მოვიწონებ. სულ მწვანეზე გევლოს._გადამეხვია და გადამკოცნა. კარგად გავაჯაზეთ. გვიანობამდე ვღრეობდით. ნათიას თუ ასეთი მოლხენა შეეძლო, არ მეგონა, ტოლს არ გვიდებდა ახალგაზრდებს. კობას კი ვატყობდი, რომ ნათია მოსწონდა და მუდამ მის შორიახლოს ტრიალებდა. დილით, ალბათ პახმელია ვიყავი, თავი საშინლად მასკდებოდა. ამის გამო ცოტა მოგვიანებით წავედი ჩემს სალონში. კიდევ კარგი დილითვე არავინ შემოვიდა, თორემ თავს შევირცხვენდი, მართლა ვერ ვიყავი მუშაობის გუნება-განწყობაზე. მერე კი, ნოდიკოს და, მაკა მესტუმრა. თავს ვძლიე, ყველანაირად შემოვუძახე, რომ რაც შემეძლო კარგად შემეჭრა და დამევარცხნა მისი აბრეშუმივით რბილი და ნაზი თმა. მოეწონა. გულწრფელად შემიქო ნახელავი. _თბილისშიც კი არ ჭრიან ასე კარგად, ოქროს ხელები გქონია. ხვალ რომ ჩემი გოგოები ამოვიყვანო, მათაც შეჭრი?_მორიდებით შემომაპარა. _კი, რატომაც არა, თუ კი გამიჩერდებიან._გავუღიმე. _სალონში ჯდომა კი უყვართ. იციან რომ უნდა გალამაზდნენ და მაგისთვის მსხვერპლს იღებენ._გულიანად გადაიკისკისა._თუ ფეხით გამომყვნენ, ხომ დილითვე ამოვალთ, თუ არა და, ცოტა შეგვაგვიანდება ალბათ, სანამ ნოდიკო ამოვა ვენახიდან. ნოდიკოს ხსენებაზე შევატყე, როგორ შეფარვით შემომხედა. მივხვდი, მისი ძმის ჩემდამი გრძნობები იცოდა. ეტყობოდა, რომ ჩემი წინააღმდეგიც არ იყო, როგორც სხვები, მაგრამ... ნოდიკო გამოდგებოდა ვითომ ჩემს ქმრად? მისი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, წესიერი, ზრდილობიანი, მშრომელი და სიმპატიური ბიჭი იყო. მომწონდა კიდეც, მაგრამ... საღამოს, სალონს რომ ვკეტავდი და სახლში მივდიოდი უკვე, ნათიამ დამირეკა, ჩემთან მოდიო. მანქანა რომ ფარეხში შევიყვანე, სახლში არც კი შევსულვარ, ისე გავიქეცი მასთან. დაუძახნელად შევედი ეზოში, თალარის ქვეშ ქვაფენილზე ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და აივანზე ათიოდე საფეხური სულ სირბილით ავიარე. ის იყო სახლშიც უნდა შევსულიყავი, რომ თვითონვე გამოაღო კარი ღიმილით, ალბათ მელოდა და ფანჯრიდან დამლანდა. _შენ რა მშვენივრად გამოიყურები, მე კი მომკლა ამ ნაბახუსევმა. ცხოვრებაში მგონი პირველად დავლიე._გაეცინა. _მეც ცუდად ვიყავი დილიდანვე, მაგრამ კლიენტებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან. თუმცა როგორ ვიმუშავე, ეგ უკვე მათ უნდა კითხო._მეც გამეცინა, ოთახში დაუპატიჟებლად შევედი და ფუმფულა სავარძელში მოვკალათდი._სახლში არც კი შევსულვარ, მგონი დედაჩემს საკავშირო ძებნა აქვს უკვე გამოცხადებული._ვაგრძნობინე, რომ მალე უნდა წავიდე და თქვი რა გინდა-მეთქი. _გერმანიაში ელიტურ სილამაზის სალონში ვმუშაობდი სტილისტად. შილაკიც ვიცი. ამ ერთი თვის წინ მისი მოწყობილობები გამოვიწერე. თუ წინააღმდეგი არ იქნები, დავსაქმდები შენს სალონში და ქირას გადაგიხდი. _სილამაზის სალონში მუშაობდი და შილაკიც იცი?_გამიკვირდა. თან გამიხარდა, რაც უფრო მრავალფეროვანი მომსახურება მექნებოდა ჩემს სალონში, მთლად უკეთესი. თმის შეჭრა, შეღებვა, დავარცხნა, დაგრძელება, წარბების კორექცია და ახლა შილაკიც, უფრო კარგი იქნებოდა. _რატომაც არა?_გამიხარდა._ხვალვე ამოდი და ვსინჯოთ რა გამოვა. ახლა კი წავალ, თორემ დედა ინერვიულებს. _დედა? ხოო..._რაღაც სევდიანად ჩაილაპარაკა და აღარ დაუკავებივარ. დედაჩემი მართლაც მეძებდა. ასეთი რაღაცეები არასდროს მჩვეოდა და გაოცებული იყო ქალი, სად გაქრი ასე უცებ თვალსა და ხელს შუაო. მეორე დღეს მე და ნათია ერთად წავედით სალონში. პირველი დღე სიმართლე რომ ვთქვა, დიდი ვერაფერი იყო ნათიასთვის. არც არავინ იცოდა, რომ ჩემს სალონში შილაკიც კეთდებოდა. არც ნათიას პროფესიონალიზმს სცნობდა ვინმე, მაგრამ ორი ქალიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეორე დღისთვის რეკლამას წარმატებით ემუშავა. _პიარისთვის სპეციალური გვერდი რომ შევქმნათ და შენი გაკეთებული ვარცხნილობები და მოხატული ფრჩხილების ფოტოები ავტვირთოთ, უკეთესი იქნება. ნომერიც მივუთითოთ და დაინტერესების შემთხვევაში კლიენტები დაგვირაკავენ და ჩაეწერებიან. რას იტყვი? _კარგი აზრია, მაგრამ მასეთი რაღაცეები მე არ მეხერხება._ვაღიარე._ეტყობა, ამ ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიებს ვერ ავუწყე ფეხი. _შენ თუ არ გეხერხება, მე მეხერხება. მაგაზე მეტი კი არაფერი ვიცი?_გამიღიმა._მანქანის გასაღები მომეცი, ჩემი ლეპტოპი და ფოტოაპარატი ამოვიტანო და ახლავე მივხედავ მაგ საქმეს. გასაღები მივეცი თუ არა, მაშინვე გაქანდა სახლში. სანამ ის ამოვიდოდა, ნოდიკომ მოიყვანა თავისი ცელქი ტყუპი დიშვილები თმის შესაჭრელად. _მაკამ შემოგითვალა, შენს გემოვნებას ვენდობი და როგორც გინდა ისე შეჭერიო._გულთბილად შემომღიმა, თვითონ იქვე სავარძელში ჩაჯდა, კატალოგი მოიმარჯვა და დიდი ინტერესით ჩარგო შიგ თავი._შეგიძლია არ იჩქაროთ, არ მეჩქარება არსად. პირველი მაშო ჩამომისკუპდა წინ. _აბა, პრინცესა, როგორი ვარცხნილობა გინდა? _მატილდას რომ აქვს._ამაყად განმიცხადა. _მატილდას?_გამიკვირდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ეს მატილდა. უმწეო გამომეტყველებით გადავხედე ნოდიკოს, იქნებ რამეში დამხმარებოდა. მორიდებით გამიღიმა. _ნატალი პორტმანია ფილმიდან "ლეონი". უმალ ამომიტივტივდა მეხსიერებაში პატარა ქილერი გოგონა და მისი ვარცხნილობაც. _მერე, ამ სიგრძე თმის დამოკლება ცოდო არ არის? დედა რას გეტყვის?_მის წელამდე თმას ფაქიზად ჩამოვუსვი თითები. _დედამისი თანახმაა, მაინც არ უყვართ დავარცხნა და რაც მოკლე, მით უკეთესიო._ისე მომიგო ნოდიკომ, ჟურნალიდან თავი არ აუწევია. _მშვენიერი ჯანსაღი თმაა, რამე რომ იყოს, არ გაყიდით? _ნეტა ვის რად უნდა?_ახლა კი ინება და გაოცებულმა შემომხედა ნოდიკომ. _როგორ არა, თმის დასაგრძელებლად. წონის, სიგრძის და ფერის მიხედვით ყიდულობენ. _მართლა?_თითქოს არ დამიჯერა. _მე არ მინდა გაყიდვა. სამახსოვროდ უნდა შევინახო._მაშომ სასტიკი უარი განაცხადა თმის გაყიდვაზე._თან, იქნებ გადავიფიქრო მოკლე თმა და დაგრძელება რომ მომინდეს, მერე მე უნდა ვიყიდო? _სწორი შენიშვნაა._გამეცინა._ვის გავს ეს ბავშვი ასეთი აზრიანი? _დედა იმას მეუბნება, ნოდიკო ბიძიას გავხართო..._ეშმაკურად მომიჭრა. ამის გაგონებაზე ნოდიკომ გულიანად გადაიხარხარა. მეც გამეცინა. სიცილით რომ გული ვიჯერე, მერე კი შევუდექი ჩემს საქმიანობას. მუქი ჩალისფერი თმა შევუკარი, სიგრძე მოვაჭერი. მონაჭერი მის ბიძას ჩავაბარე, მერე თმა დავუნამე და შესწორებას შევუდექი. პატარა მაშო მართლაც მატილდას დავამსგავსე და მადლიერების ნიშნად მისგან ლოყაზე კოცნაც კი დავიმსახურე. მერე უკვე მაკო წამომისკუპდა სავარძელში. _აბა, ამ პრინცესას როგორი ვარცხნილობაღა უნდა?_გამეღიმა. _მეც ისეთი მინდოდა, მაგრამ ერთნაირი კაბებით და ერთნაირი ვარცხნილობებით მეგობრები ვეღარ გვცნობენ, ამიტომ მე განსხვავებული მინდა. _აბა, მაინც როგორი? ხელით მანიშნა, რომ მასაც მასე მოკლეთ, მაგრამ ასიმეტრიულად უნდოდა, ცალ მხარეს ცოტა გრძელი. მის გალამაზებასაც მონდომებით შევუდექი. შუა საქმიანობაში ვიყავი, რომ ნათიაც დაბრუნდა. სალონს გარედან გადაუღო ფოტოები. მერე შიგნით რომ შემოვიდა, მუშაობის პროცესშიც დამაფიქსირა. მაშომაც სიამოვნებით იპოზიორა ობიექტივის წინ. ნათია ფოტისესიებს რომ მორჩა, მაგიდას მიუჯდა, წინ თავისი ვერცხლისფერი ლეპტოპი დაიდო და საქმიანობასაც შეუდგა. ხანდახან გავხედავდი ხოლმე, ნოდიკოს რომ უმზერდა დაფარული ინტერესით. ნოდიკო კი მე მიმზერდა კმაყოფილი ღიმილით. _ესეც ასე._მაკოსაც რომ შევჭერი თმა, კმაყოფილმა დავაბზრიალე სარკის წინ მბრუნავი სავარძლით._მოგწონს? მანაც ლოყაზე მაკოცა კმაყოფილმა. ნოდიკომ ფული გადამიხადა და კმაყოფილი გიჟუნია დიშვილები სახლში წაასხა. _ეგ ბიჭი ვინ იყო?_მათი წასვლისთანავე მკითხა ნათიამ თან ისე, რომ ლეპტოპიდან თავი არ აუღია. _ჩვენი სოფლელია, ნოდიკო. მოგეწონა?_გამეცინა. _მაგისი გოგოები იყვნენ?_ამითაც დაინტერესდა. _არა, დიშვილები. დასანიშნია. მართალია, ათი წლით პატარაა შენზე, მაგრამ არაუშავს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება._გადავიკისკისე. _მას რომ შენ მოსწონხარ?_ახლა კი ინება ლეპტოპიდან თავის აღება და გამომცდელად შემომხედა. გამეცინა. _რა სისულელეა. _სისულელე სულაც არ არის, ისეთი თვალებით გიმზერდა, აშკარაა რომ უყვარხარ. შენც მოგწონს? _მე? მომწონს?_საკუთარ თავს უფრო შევეკითხე, ვიდრე ნათიას._მომწონს, ოღონდ როგორც მეგობარი. იმის იქით ნამდვილად ვერ ვფიქრობ მასზე. _რატო, ცუდი ბიჭია? თუ?..._უფრო გამომცდელად მომაჩერდა და დაუვიწროვდა თაფლისფერი ლამაზი თვალები._მიზეზი სხვა ბიჭია არა?_გაეღიმა. პასუხი რომ არ დავუბრუნე, მიხვდა რომ მიზანში გაარტყა და ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა მშვენიერ სახეზე. მერე კი, ლეპტოპს ჩახედა ისევ და კმაყოფილმა ტაში შემოჰკრა. _ამ ხუთ წუთში ასზე მეტი მოწონება დაიმსახურა უკვე შენმა ნახელავმა, ნახე._ლეპტოპი შემომიტრიალა._კომენტარებიც არ წყდება. აი, ნახე, შენ ცნობილი სტილისტი თუ არ დადგე._ფეხზე წამოდგა, გადამეხვია და ერთხანს ისე ვყავდი ჩახუტებული, რომ გულმა საამოდ დამიწყო ძგერა. ჯერ ისევ ერთმანეთს ვეხუტებოდით, კლიენტმა რომ შემოხსნა ღიმილით კარი. თმის ფერი კატალოგში შეარჩია და შემაღებინა. სანამ თმა შეეღებებოდა და ჩამოვბანდი, ნათიასთან შილაკიც გაიკეთა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი საქმე ნელ-ნელა იჩარხებოდა. მეორე დღეს უფრო მეტი კლიენტი გვყავდა. ხალისით და ენერგიით ვმუშაობდი. შემოსავალიც კარგი იყო, დასამდური არაფერი მქონდა. პირველი მამაკაცი კი, ვინც ჩემს სალონში მესტუმრა და სავარძელში მოკალათდა, კობა იყო. _აბა, ბიძაშვილო, შენ იცი, პაემანზე მივდივარ და გამალამაზე._მართალია, უშნო არ იყო და ქალების გულთამპყრობელი იყო, მაგრამ თავი მაინც მოისაწყლა. ალბათ, ნათიასთან. მთელი ის დრო, რაც მის თმის შეჭრას მოვანდომე, ენა არ გაუჩერებია. შევატყე ნათია მოეწონა და მის მოსაწონებლად ირჯებოდა ასე. ხან სასაცილო ანეგდოტებს ყვებოდა და ხან თავის საგმირო საქმეებს. კახელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ნაწვიმარზე ააბუქაო და ზუსტად ასე იყო, სულ კორიანტელი დააყენა. ნათიამ რამდენჯერმე გადახედა ცერზე და აშკარად ეწერა სახეზე, რომ ასეთი ბაქია კაცები არ იზიდავდა. ჩემი ხათრით არ ეუბნებოდა არაფერს, თორემ ვატყობდი, რომ მისი დაფრენის სურვილი ქონდა. თმის შეჭრას რომ მოვრჩი და ჩემი ბერბიჭა ბიძაშვილი ოცდაათი წლის ვაჟს მაინც დავამსგავსე, ნათიას საქმიანობით დაინტერესდა. გამომწვევად ჩამოუჯდა წინ და ჯერ შილაკის გასაშრობ მოწყობილობაში შეყო თავისი ტორივით ხელები და მერე შილაკის მოსაშორებელი აპარატითაც დაინტერესდა. _ეს საშენო არ არის._მკაცრი და სერიოზული გამომეტყველებით შეანათა ნათიამ თავისი თაფლისფერი თვალები._იმ შენს შეყვარებულს რომ მოიყვან აქ და ბაბი თმას შეჭრის, მე ფრჩხილებს გავულამაზებ საქორწილოდ. _უკვე დამნიშნე და ეგ არის?_გამომწვევად გაუცინა. _რატო? ეჭვი გეპარება, რომ შენ ცოლობას არ მოინდომებს?_აშკარა ირონია ვიგრძენი ნათიას ხმაში და მესიამოვნა, რადგან ვიღაც მაინც გამოჩნდა, ვინც ჩემს თავმომწონე და ბაქია ბიძაშვილს თავის ადგილზე მოსვამდა. აშკარად არ მოეწონა კობას ნათიას ირონია, მაგრამ აღარაფერი უთქვია. ფულის გადახდა დააპირა, მაგრამ არ გამოვართვი, არ მინდოდა სალაპარაკო მიმეცა მისთვის. _მგონი, ერთ სულიერს კიდევაც შეუძლია კაცების მოხიბვლა._ღიმილით შევხედე სერიოზული სახით მომზირალ ნათიას და წარბები ავუთამაშე. ჩემი შემხედვარე ლამის გადაბჟირდა სიცილით. იმდენი იცინა, სული ძლივს მოითქვა ბოლოს. _რა საყვარელი ხარ იცი? შეგწევს ადამიანის გუნებაზე მოყვანა. კარგია რომ ასეთი ხარ. ამ მცირე დროში შემაყვარე თავი. _სხვათა შორის, მეც შემაყვარე თავი._გულახდილობის ხასიათზე დავდექი მეც._ასე მგონია, წლებია გიცნობ და ახლობლები ვართ. თითქოს შეკრთა. მერე მომიახლოვდა და თვალებზე ჩამოშლილი თმა უკან ფაქიზად გადამიწია. _არ გინდა იმიჯი შეიცვალო? ისეთი მოულოდნელი იყო ეს კითხვა, ცოტა დავიბენი. სარკეში ჩემს ანარეკლს ინტერესით შევხედე. _იმას კი არ ვამბობ, არ გიხდება, ან ლამაზი არ ხარ, უბრალოდ სიახლე კარგია ქალის ცხოვრებაში. თუ მანდობ შენს თავს, შემიძლია ახლავე მივხედო მაგ საქმეს. დავფიქრდი. ყოველთვის გრძელ თმას ვატარებდი და მომწონდა კიდეც ასე. ისე, არც სიახლე იქნებოდა ურიგო და სიხარულით ჩავჯექი სავარძელში. _გერმანელებს ალამაზებდი და ჩემს გალამაზებასაც შეძლებ დარწმუნებული ვარ. ნათიამ მაშინვე მოიმარჯვა მაკრატელი და მოხერხებულად ააწკაპუნა ხელში. მერე თითქოს გონების თვალით შემხედა, როგორი ვარცხნილობა მომიხდებოდა და მხრებამდე რომ დაუგდო ჩემს თმას მაკრატელი, სიმწრისგან თვალები დავხუჭე. ამდენი წლები გრძელ თმას ვატარებდი და ცოტა დამენანა. თუმცა, საყვედური არ დამცდენია. მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შემპარვია. თვალებდახუჭული ვიჯექი და ველოდი, როდის იტყოდა, მოვრჩიო. კარის ხმა გავიგე, ვიღაც შემოვიდა, მაგრამ თვალები მაინც არ გამიხელია. ნათიამ რომ უთხრა, ცოტა ხანს მანდ ჩამოჯექი და მოიცადეო, მივხვდი, რომ კლიენტი მართლაც ჩამოჯდა და ჟურნალის გადაფურცვლის ხმაც გავიგონე. ნათია შეჭრას რომ მორჩა, ახლა ფენით გამიშრო აჩეჩილად და თვალების გახელის დროც რომ მოვიდა, გულისფანცქალით ჯერ ერთი თვალი გავახილე და მერე მეორე. _ვაუ, რა მაგარია._კმაყოფილებისგან ენაჩავარდნილმა ძლივს ამოვიღე ხმა. კარგახანს ვათვალიერე სარკეში ჩემი ორეული. სულ დამავიწყდა, რომ კლიენტი გვყავდა. გახარებული რომ წამოვხტი და ნათიას გადავეხვიე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე დემნა, რომელიც ასევე კმაყოფილი ღიმილით მომჩერებოდა. მის დანახვაზე დავიბენი, ავღელდი და სუნთქვა რომ გამიხშირდა, ნათიამ ეჭვით შემომხედა. უმალ გაანალიზა ჩემი მღელვარების მიზეზი და დემნა მუშტრის თვალით შეათვალიერა. მერე, მიხვდა რომ მარტო დარჩენა ყველაფერს გვერჩია ახლა და მაღაზიაში გასვლა მოიმიზეზა, ლანჩისთვის რამეს ვიყიდიო. კარში რომ გადიოდა, შევხედე და ეშმაკურად მიღიმოდა. თან თვალი ჩამიკრა. მაგრძნობინა, ვერაფერს გამომაპარებო. ნათია გავიდა თუ არა, დემნა წამოდგა და ღიმილით მომიახლოვდა. ჩემს ახლად შეჭრილ თმაში თითები შეაცურა და ჩამომვარცხნა. _ზოგადად, არ მიყვარს ქალს მოკლე თმა რომ აქვს, მაგრამ დღეს დიდებულად გამოიყურები._ჩურჩულით მითხრა. _სხვა დროს არა?_ვითომ მეწყინა. გაეღიმა. _როგორ არა... უბრალოდ, ასე შეჭრილი თმა ძალიან გიხდება. მგონი, უფრო შენ უხდები. მესიამოვნა მისი კომპლიმენტი და გამეღიმა. _ეს დღეები ვეღარ მოვიცალე და ვერ გნახე. იცი როგორ გამიჭირდა უშენობა? _ვითომ?_ჩემი გესლიანობა მაინც არ მომიშლია._არაფერი გეტყობა. ნახვა გინდოდა, რა გიშლიდა ხელს? თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო. _დედაჩემის ძმიშვილი დაიღუპა თოთხმეტი წლის ბიჭი. _რაა?_ღიმილი შემეყინა სახეზე._რა მოუვიდა? _უბნის ბიჭებს აყვა. წამალი გაუკეთეს, ზედმეტი დოზა მოუვიდა და..._გაჩუმდა. ამ ამბავმა სულით-ხორცამდე შემძრა. ვიცნობდი მის ბიძაშვილს, ცოტა უზრდელი და თავნება ბიჭი იყო, მაგრამ მაინც შემეცოდა. თოთხმეტი წელი, ღმერთო, რა უბედურებაა? ძალიანაც არ მეპიტნავებოდა და მიყვარდა დონარა, მაგრამ ამას ნამდვილად არ უსურვებდი. შემეცოდა კიდეც ამ ტანჯვისთვის. _შენი ტკივილის მოზიარე ვარ._მოულოდნელად გადავეხვიე და ჩავეხუტე._მართლა ვწუხვარ. წამიერად გაირინდა. მერე კი, თითქოს სიტუაციით სარგებლობსო, წელზე მომხვია ხელები და ისე მიმიზიდა, მთელი სხეულით ამიკრა. ვაღიარებ, მესიამოვნა მისი შეხება, მაგრამ არ მომეწონა მისი საქციელი. მე იმ მომენტში თანაგრძნობით გადავეხვიე და ის კი თითქოს სარგებლობდა ამით. მალევე შევუშვი ხელები და მისი მკლავებიც მოვიშორე ჩემი წელიდან. რომ შევხედე, თითქოს ოდნავშესამჩნევად იღიმოდა კმაყოფილი ღიმილით. _დაკრძალეთ უკვე?_უხერხულობის გასაფანტავად ვკითხე, თორემ აშკარა იყო, რომ უკვე დაკრძალავდნენ. _ხო._თავის დაქნევით დამიდასტურა._მინდოდა მის სანახავად წამომყოლოდი. შენ დიდ პატივს გცემდა და მინდოდა დალაპარაკებოდი, იქნებ ჭკუაზე მოსულიყო ცოტა... მაგრამ დავიგვიანეთ. არც ეს მომეწონა, თითქოს მე მადანაშაულებდა. ჯერ ერთი, რუსთავში არაფრის დიდებით არ გავყვებოდი და მეორე, რომც მენახა და დავლაპარაკებოდი, ვითომ ხელს აიღებდა ნარკომანობაზე? სოფელში ხშირად ჩამოდიოდა და მთელი უბნის ბავშვები შეწუხებულები იყვნენ მისი თავხედობით და სიჯიუტით. აქ არ მელაპარაკებოდა და რუსთავში ჩასულს მომისმენდა ვითომ. მართლა ცუდად მომხვდა გულზე მისი მსუბუქი საყვედური. ალბათ, უნდოდა რომ სინდისის ქენჯნა მეგრძნო ამ ამბის გამო. ერთხანს უხერხული დუმილი ჩამოწვა. დაძაბულები შევყურებდით ერთმანეთს და თითქოს თვალით ვზომავდით ჩვენს შორის მანძილს. სიტუაციის განმუხტვა ნათიას გამოუვიდა. ღიმილით შემოვიდა სალონში სანოვაგით დატვირთული. დემნა ისევ თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და ნავაჭრი მაგიდაზე დააწყო. _კარგი, მე წავალ, ხელს აღარ შეგიშლით._ეს თქვა მხოლოდ დემნამ. ნათიას ცოტა ეჭვით გადახედა და გარეთ ისე გავიდა ჩემთვის აღარ შემოუხედია. _ძლივს არ აუციმციმდა ერთ სულიერს თვალები?_ეშმაკური ღიმილით წინ ამესვეტა ნათია._და ვინ არისო ის სიმპატიური ბიჭიო? _ბავშვობის მეგობარი.... _უბრალოდ ბავშვობის მეგობარი?_არ დამიჯერა და ახლა უკვე ეჭვით შემათვალიერა._კლასელია? _არა, ორი წლით არის ჩემზე დიდი. _შეხედულებით კარგი ბიჭი ჩანს, მთავარია შიგნით რა არის... მოდი, ცოტა წავიხემსოთ სანამ ვინმე დაგვადგება თავზე._სახელდახელო სუფრა გააწყო პატარა მაგიდაზე. შემწვარი ვარია, ყველი, პური, კიტრი და პომიდორი. ორი ბოთლი კოკა კოლა და ორი ქილა უშაქრო ცივი ყავა ქონდა ნაყიდი. _ასე რატო იხარჯები?_გამიკვირდა. _რა ვქნა, მიყვარს გემრიელად ჭამა._გაეღიმა. _აღნაგობაზე კი არ გეტყობა და... _ხოო._გაეცინა._დედის გენეტიკა მაქვს. მასაც კაცივით უყვარდა ჭამა და გრამსაც კი არ იმატებდა. მეც მას ვგავარ._თავი მოიწონა დედის გენეტიკით._შენ, დიეტები გიწევს? _არა, არც მე მაქვს ჭამის მხრივ პრობლემა. ვჭამ რასაც მინდა და როცა მინდა. ბევრი-ბევრი ორი კილო მოვიმატო და მაგასაც ვარჯიშით ვიკლებ _მაგაზე კარგი რა არის მერე?_მომიწონა._მოდი, ვჭამოთ. მეორედ აღარ მითქმევინებია. გაშლილ სუფრას შემოვუსხედით და გემრიელად დავნაყრდით. ყავაც მივაყოლეთ და სუფრა ავალაგეთ თუ არა, ისევ გვესტუმრნენ კლიენტები. როგორც აღმოჩნდა, მეზობელი სოფლიდან იყვნენ და დიდად კმაყოფილებიც გავუშვით სახლში. მეორე დღეს კი, ნათია თბილისში წავიდა, საქმე მაქვსო და მე მარტოს მომიწია სალონში ყოფნა. კლიენტები უხვად მყავდნენ, მოწყენის და სულ ცოტა დასვენების საშუალებასაც არ მაძლევდნენ. შუა დღის მერე კი, როცა უკვე არავინ მყავდა, სალონის წინ მოპედი გაჩერდა. ვიტრინიდან ვუყურებდი შლემი რომ მოიხადა, სავარძელზე დადო და ყუთიდან ლამაზად შეფუთული წითელი ვარდების თაიგული ამოიღო. სალონში მორიდებით შემოვიდა. _ბარბარე ხარებაშვილი თქვენ ხართ? გაოცებულმა რომ დავუქნიე თავი, გამიღიმა. _თქვენთვის ამანათია. ხელი მომიწერეთ, რომ მიიღეთ. ხელი მომაწერინა და თაიგული გადმომცა. _ვისგან?_გამიკვირდა. _ბარათი მანდვეა._ ისევ გამიღიმა და გავიდა. დამტოვა გაოგნებული და გაოცებული. მაშინვე ბარათს დავუწყე ძებნა. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვიპოვე. აფორიაქებულმა გავხსენი და წავიკითხე. "ეს მცირედია იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ მიყვარხარ. ჩემი გულის ფეთქვა ხარ."_მხოლოდ ეს ეწერა. ვისგან იყო, ვერ გავიგე. ნუთუ დემნასგან? ამის გაფიქრებაზე გულმა საამოდ დამიწყო ფეთქვა და კმაყოფილს გამეღიმა. კარგა ხანს ვატრიალე ხელში მშვენიერი თაიგული და ბარათიც რამდენჯერმე გადავიკითხე. მერე, მაღაზიაში გავედი, ლარნაკი ვიყიდე, წყლით გავავსე და სურნელოვანი და მშვენიერი ვარდები გამოსაჩენ ადგილზე დავდგი. ინტერიერს ძალიან მოუხდა. სალონიც გამილამაზა და გულიც გამითბო. ნათია იმ დღეს სალონში აღარ მოსულა, ალბათ გვიან ჩამოვიდა თბილისიდან და ცოტა მოვიწყინე. ისე მივეჩვიე მასთან ყოფნას, მის გარეშე უკვე ვეღარ ვძლებდი. ისეთი წარმოდგენა მქონდა სანამ ახლოდან გავიცნობდი, ამაყი, გულცივი და უკადრისი ქალი იყო. არა და უბრალო და ძალიან გულთბილი აღმოჩნდა. დილითაც მარტოს მომიწია სალონში წასვლა. პირველ რიგში რაც გავაკეთე ის იყო, რომ ვარდებს წყალი გამოვუცვალე, რათა დიდხანს გაეძლოთ და მივესიყვარულე. მართალია, დარწმუნებით არ ვიცოდი ვისგან იყო, მაგრამ მაინც მახარებდა. ნათია რომ მოვიდა, კლიენტი მყავდა. ვარდების თაიგული მაშინვე მოხვდა თვალში. კმაყოფილმა დაყნოსა და ჩემსავით ისიც მიესიყვარულა. _რა ქენი აბა, მოაგვარე შენი საქმეები? ხომ ყველაფერი კარგადაა?_კლიენტი გავიცილე თუ არა, მაშინვე ეს ვკითხე. _კი, უკეთესად არც კი შეიძლებოდა ყოფილიყო... ეს თაიგული საიდან?_ეჭვით შემომხედა. _კურიერმა მოიტანა. ალბათ თბილისიდან ჩამოიტანეს. ვისგან არის, ვერ გავიგე ოღონდ._დაბეჭდილი ბარათი ვაჩვენე. _ამის გამომგზავნი მერწმუნე, რომანტიკოსი პიროვნებაა და ძალიან უყვარხარ. ეტყობა, ფულსაც არ ზოგავს შენთვის. თვითონ ასეთი თაიგულებიც ძვირი ღირს და ახლა კურიერმა მოგიტანა, ძვირში გადავარდებოდა. თუმცა, მართლა უყვარხარ და ალბათ სხვას არაფერს აღარ აქვს მისთვის მნიშვნელობა. თუ გინდა, რომ დიდხანს გაძლოს, ყოველ დღე უცვალე წყალი და და თითო აბი გლიცერინი ჩაუგდე, გაოცდები, იმდენ ხანს გაძლებენ ეს მშვენიერი ქალბატონები. ნათია მართალი აღმოჩნდა, გლიცერინის დახმარებით ზუსტად ერთი თვე გაძლეს ჩემმა მშვენიერმა ვარდებმა. იმ ხნის მანძილზე მისი გამომგზავნის ვინაობა ვერ გავიგე, თუმცა სურვილი დიდი მქონდა. იმ დღეს კი, როცა უკვე მოწყენა შევატყე, გული დამწყდა, გადასაყრელად მენანებოდნენ, მაგრამ რას ვიზავდი? როდემდე მედგმებოდა ლარნაკით? მოწყენილი სახით დავემშვიდობე ჩემი ერთი თვის გულის გამხარებლებს და ურნაში გავიტანე ჩასაყრელად. ურნა მაღაზიის შორიახლოს იყო და იქ გავედი. შემთხვევით ნოდიკოს გადავაწყდი მაღაზიიდან რომ გამოდიოდა. გაოცებული უყურებდა ჩემს ხელში დამჭკნარ ვარდებს, გამარჯობაც კი ვერ მითხრა დაბნეულმა. აშკარად მიხვდა, რომ წითელ ვარდებს შეყვარებული გამომიგზავნიდა და ალბათ გუნება წაუხდა. ვიტრინიდან ნატუკამაც დამინახა და სიხარულით გამოვარდა გარეთ. ისეთი დამეტაკა აკივლებული, ლამის გადამაქცია. _როგორ ხარ გოგო, სად დაიკარგე?_კისერზე ჩამომეკიდა და მადიანად ჩამპროშნა. _სად ვიქნები არ იცი? რატო შენ არ შემომივლი?_აქეთ ვალი დავდე ღიმილით. _როგორ გასხვანაირებულხარ._ჩემს კისრიდან მკლავები ჩამოიღო და შემომატრიალა, ვითომ უფრო კარგად რომ შევეთვალიერებინე._ეგ რაღაა?_ვარდებზე მკითხა. ნოდიკოს თანდასწრებით მომინდა მეთქვა, რომ შეყვარებულის საჩუქარი იყო, რადგან არ მინდოდა ჩემს მიმართ ფუჭი იმედები ქონოდა. _თაყვანისმცემელმა გამომიგზავნა._ვითომ ჩურჩულით ვუთხარი, მაგრამ იქვე დაბნეულ და უხერხულად ატუზულ ნოდიკოს გავაგებინე._ერთი თვეა ვუვლი, ახლა კი დაჭკნა და გული დამწყდა._ამოვიოხრე. _კაცი კვდება და ვარდები დაჭკნეს რა მოხდა?_დამაიმედა._სხვასაც გამოგიგზავნის, არ ინერვიულო._გულღიად გადაიკისკისა. ალბათ, კიდევ დიდხანს ვილაპარაკებდით მე და ნატუკა, აფთიაქში კლიენტი რომ არ შესულიყო. _ჯანდაბა, ესენი ხომ არ დაგაცდიან არაფერს._ჩუმად ჩაიბუტბუტა უკმოყოფილო სახით და იქვე დამემშვიდობა. მე ურნაში ჩავყარე ვარდები და იქიდან რომ გამოვბრუნდი, ისევ ნოდიკოს გადავაწყდი მაღაზიის წინ. ძლივს მოახერხა და მომესალმა. ისე, რომ არც გავჩერებულვარ, სალამზე სალამი დავუბრუნე და სალონს მივაშურე. ზურგს მიწვავდა მისი მზერა და რატომღაც ვღელავდი. ერთხელ ფეხიც კი გადამიბრუნდა და შემრცხვა. მეორე დღეს, დღის მეორე ნახევარში, ისევ მომაკითხა კურიერმა და ზუსტად ისეთივე წითელი ვარდების თაიგული მომიტანა. ისე გამიხარდა, პატარა ბავშვივით ხტუნვა დავიწყე. _მგონი შენი უცნობი თაყვანისმცემელი უნახავად გიყვარდება._ღიმილით მითხრა ნათიამ და შევატყე, რომ მასაც ძალიან გაუხარდა ჩემი საჩუქარი. ბარათს დავუწყე ძებნა, მაგრამ ამაოდ. ნათია მიმიხვდა და გაეღიმა. _რაღა ბარათი გინდა? წითელი ვარდები სიყვარულის და ვნების სიმბოლოა. შენი ფარული თაყვანისმცემელი ყვავილების ენით გელაპარაკება._ლოყაზე მომითათუნა თავისი ნატიფი თითები. იმ ახალ თაიგულსაც ზუსტად ერთი თვე მოვუარე. ამ ერთი თვის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შემომიარა დემნამ სალონში. ვარდებს რომ შეხედა, თითქოს თავისი საფირმო ირონიული ღიმილი გაუკრთა ისევ სახეზე. _ეს ვარდები მურტალოსგან? _მურტალოსგან?_გამეცინა._ხო, მე ინგა ვარ და მურტალო ამ ვარდებით მანებივრებს. თუმცა, სათქმელი რომ პირდაპირ მითხრას, უფრო იაფი არ დაუჯდება?_გამომცდელად შევხედე. _რა გინდა, აქვს ფული და ანიავებს._გაეცინა. ეს "ანიავებს" რატომღაც ცუდად მომხვდა ყურში. მეწყინა. თუ თვლიდა, რომ ჩემზე დახარჯული ფულები განიავება იყო, რაღატო მიგზავნიდა? აშკარად დონარას აზროვნება იგრძნობოდა მასში. დემნამ მალევე შემნიშნა, რომ გავებუტე. იმასაც მიხვდა რაზე გავებუტე და გაეღიმა. _სამსახურს რომ მორჩები რა გეგმები გაქვს? წყრომით შევხედე. _რა შენი საქმეა? _სადმე წავსულიყავით. _მაინც? _ან კაფეში, ან კინოთეატრში... _არ გეზარება ფულის განიავება ჩემს გამო?_ჩემებური გესლი გავურიე ხმაში. _აუჰ, ახლა ამას ელოლიავე._აშკარად გაბრაზდა._ხუმრობით ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ შემარჩინო ერთი._ისევ ძველებური აუტანელი და ხეპრე დემნა გახდა. _ვინც გიღირს სალოლიავებლად წადი და იმას ელოლიავე!_ასანთს რომ გაჰკრავ და უცბად მოედება ალი, ზუსტად ისე მომედო სიბრაზე. _კარგი. მოგინდება ჩემი ნახვა და აქეთ შემეხვეწები._წყრომით მითხრა, კარი გაგულისებულმა გაიჯახუნა და წავიდა. ვეღარ გავიგე ამ ბიჭის ვრარაფერი. თუ ვუყვარდი, რაღას მეკინკლავებოდა ყველაფერზე? თუ არა და რას მეჩალიჩებოდა, ადვილად ხელში ჩასაგდები ვეგონე? ეგ კი არა და, მე თვითონაც ვეღარ გამეგო საკუთარი თავისა ვერფერი. მიყვარდა? ცხადია, გულს კიმიფორიაქებდა, მაგრამ ამავე დროს მაღიზიანებდა და მგონი მძულდა კიდეც. რომელი უფრო მეტი იყო სიყვარული თუ სიძულვილი ვეღარ გამეგო. იმ თვეში, ქორწინებების სეზონი რომ იყო, მე და ნათიას სასწაული მუშაობა გვქონდა. მისმა შექმნილმა გვერდმა მართლაც დიდი სამსახური გაგვიწია ორივეს. ხალხი წინ და წინ გვირეკავდა და ეწერებოდა ჩვენთან. ორი პატარძალი და უამრავი მეჯვარე გავალამაზეთ და უნდა ითქვას რომ საუკეთესოდაც. ყველაზე გასაოცარი კი ის იყო, რომ თბილისიდანაც ჩვენთან მოდიოდა ხალხი. გადაღლილები კი არა, გადაქანცულები ვიყავით უკვე. იმ საღამოს, უკვე სახლში ვაპირებდით წასვლას, რომ ნოდიკომ დედამისი მოიყვანა. _ბოდიში შვილო, დღისით არ ვაპირებდი წასვლად. ხვალ ჩემი კუდრაჭების დაბადების დღეა და მაკამ გინდა თუ არა, უნდა ჩამოხვიდეო. რესტორანში მართავს წვეულებას და ასეთი თავით არ მინდა წასვლა. _რა პრობლემაა?_გულთბილად გავუღიმე, თუმცა სახლში წასვლა და დასვენება ყველაფერს მერჩია. ნათიამ, ჩემგან მაინც არაფერი გინდათ და მე წავალო. _წადი, რისთვის უნდა მელოდო ერთი საათი?_ჩურჩულით ვუთხარი._მეც მეყოფა გადამეტებული მუშაობა. ნოდიკოს ეშმაკური ღიმილით გადახედა და წავიდა. ნოდიკო კი, ჯერ გარეთ გავიდა და მანქანაში ილოდებოდა, სანამ ქალბატონ თამარის თმას ვჭრიდი და ვუღებავდი. მერე კი, ალბათ მოსწყინდა გარეთ ჯდომა და ისევ სალონში შემოვიდა. ჩემი ვარდების წინ სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და დავინახე, რამდენჯერმე როგორი სევდიანი ღიმილით შეავლო თვალი. ერთი-ორჯერ მეც გამომხედა და მისი მზერა რომ ვიგრძენი, ინსტიქტურად შევხედე. წამიერად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს. შევატყე, როგორ აღელდა. სახეზე ოდნავშესამჩნევად გაწითლდა კიდეც. გუნებაში გამეღიმა. ამხელა მთასავით კაცი როგორ იბნეოდა და ღელავდა ჩემს შეხედვაზე? _მარჯვენა დაგელოცოს შვილო, ათი წლით მაინც გამაახალგაზრდავე._ნახელავი მომიწონა ქალბატონმა თამარიმ და უამრავი მადლობა მითხრა. ფული ნოდიკომ გადამიხადა და გამორთმევისას თითებით რომ შევეხე, შეკრთა. მგონი სუნთქვაც კი შეეკრა. ასეთი რამ მეც გამოცდილი მქონდა დემნასთან და ვუთანაგრძნობდი. ვიცოდი, რა გრძნობა და რა განცდა იყო საყვარელი ადამიანის შეხება. ერთი კი შევხედე, გაფართოებული გუგებით რომ მომჩერებოდა და აღმოვაჩინე, რომ ძალიან, ძალიან ლამაზი ჭროღა თვალები ქონდა. _მაკომ და მაშომ შენც დაგპატიჟეს დაბადების დღეზე._ძლივს შემომბედა თქმა. _მართლა?_გამიხარდა და გამეღიმა._დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ ხვალ წინასწარ ჩაწერილი კლიენტები მყავს და ვერ მოვახერხებ._ ჩემებურად სინანულით მოვჭმუხნე ცხვირი. თითქოს მოჯადოებულივით მომჩერებოდა. აი, ზუსტად ისე, როგორც მე დემნას ვუმზერდი ხოლმე. _რა გაეწყობა?_მორიდებით გამიღიმა._კარგი, ღამე მშვიდობისა._დამემშვიდობა და გავიდა. მეც მოვხვეტე თუ არა შეჭრილი თმა, სალონი დავკეტე და სახლში წამოვედი. სანამ სალონიდან გავიდოდი, ერთხელ კიდევ გავხედე წითელ ვარდებს და გული სიამით ამევსო რატომღაც. მახარებდა იმის გაცნობიერება, რომ ვიღაცას ძალიან ვუყვარდი და ჩემს საამებლად გზავნიდა ამ ძვირფას ვარდებს. ფარეხში შევაყენე თუ არა მანქანა, გელა ძიაც უკან მომყვა და ეზოში შემოიყვანა. მანქანა გაჩერებული არც კი ქონდა წესიერად, რომ დიკო გადმოხტა და გრიგალევით დამეტაკა. _როგორ მომენატრე რომ იცოდე. თბილისში მაინც ისეთი არაფერი საქმე არ მაქვს და გადავწყვიტე ამ ზაფხულს შენ გიშალო ნერვები._გადაიკისკისა. გახარებული დედაჩემიც რომ გამოვიდა, ახლა იმას დაეტაკა და ლამის წააქცია. _ნელა შე გადარეულო, განა მაგდენიღა შემიძლია?_ვითომ გაუწყრა, თუმცა, გულიანად კი ჩაპროშნა. ის საღამო გელა ძია ჩვენთან დარჩა, დილაადრიან კი ისე წავიდა, არც კი უსაუზმია. _არ მინდა სამსახურში დავიგვიანო, იქ შევჭამ რამეს. დიკო მე გამომყვა სალონში და ნათია რომ გაიცნო, ძალიან მოეწონა, მშვენიერი ქალიაო. შილაკიც რომ გაუკეთა, ამაზე ხომ მთლად გადაირია. მერე ტელეფონი მოიმარჯვა და თავის მეგობრებს სკაიპში ელაპარაკა. დაასია ასე ვთქვათ თავისი მშვენიერი შილაკით. იმდენი ქნა, დააინტერესა ჩვენი სალონით და მეორე დღეს მართლაც გვესტუმრა დიკოს დაქალი თეონა და კიდევ სამი სხვა გოგო. ნათიას გაკეთებული შილაკი რაღაც სასწაულად მოეწონათ. _დედა, ის რაში ვყრიდი ფულს._აღფრთოვანებას ვერ მალავდა თეონა. _აბა, გოგო, აბა._კვერს უკრავდა დიკოც._ამის შემდეგ მე სხვაგან არც თმას შევიჭრი და არც შილაკს გავიკეთებ. _შენ გგონია მე წავალ სხვაგან? თქვენი მუდმივი კლიენტი ვიქნები._ახლა მე შემომფიცასავით თეონამ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი ზაფხული კარგი მუშაობა გვქონდა. თვეში ერთხელ კურიერი მსტუმრობდა და ჩემთან წითელი ვარდების თაიგული მოქონდა პატარა ბარათებით. "ყველაზე უმშვენიერეს გოგონას ჩემგან დიდი სიყვარულით." "მადლობა, რომ ერთი ჩვეულებრივი ბიჭის ცხოვრებაში შენ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია." "ჩემი აჩქარებული სუნთქვის და აფორიაქებული გულის მიზეზი შენ ხარ." კიდევ ვერ გავარკვიე მისი გამომგზავნი ვინ იყო, მაგრამ მაინც მხიბლავდა მისი ეს იდუმალება და გულისფანცქალით ველოდი თვის ბოლოს. არც დემნასთან ურთიერთობაში წავსულვარ წინ. ყოველთვის ისევ ვკინკლაობდით და ვჩხუბობდით. მაღიზიანებდა მისი თავდაჯერებულობა, დარწმუნებული იყო, რომ მიყვარდა და ჩემი ფეხით მივცუნცულდებოდი მასთან. ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირად მიზიდავდა, მაგრამ ამავე დროს საშინლად მაღიზიანებდა. ის ცალკე მაგიჟებდა და მაცოფებდა, რომ ხშირად ვხედავდი ნონასთან ერთად. თუ მე ვუყვარდი, მას რაღას დასდევდა ვერ ვხვდებოდი. ნოდიკო? ნოდიკო ეტყობოდა რომ მუშაობდა და იშვიათად ვნახულობდი, ისიც მაღაზიაში საღამოობით. ნათიასთანაც უფრო დავახლოვდი და ასაკის მიუხედავად საუკეთესო დაქალები გავხდით. მართალია, ჩემი უდიდესი საიდუმლო, რომ აყვანილი ვიყავი, ჯერ ნათქვამი არ მქონდა, მაგრამ მაინც ჩემი მესაიდუმლე იყო. რჩევებს მაძლევდა დემნასთან დაკავშირებით. რატომღაც არ მოსწონდა. ახლა ის რომ გაიგო, აშარი დონარას შვილი იყო, ჯერ თითქოს გაოგნდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, დონარას იცნობდა. მერე კი კატეგორიულად მომთხოვა, შეეშვი, საშენო არ არისო. ისე, სიმართლე ვთქვა, რომ მეგონა მიყვარდა, უკვე ეჭვიც კი მეპარებოდა ამაში. ან თვითონ ცდილობდა იმას, რომ დღითი-დღე წარმოდგენა დამეკარგა მასზე და ჩემში ჩაეკლა ის ლტოლვა და სურვილი, რასაც სიყვარულს ვეძახდი. ******************** ზაფხულის მიწურულს, დიკო თბილისში რომ დაბრუნდა, დედაჩემიც წაიყვანა. _რამდენი ხანია მამიდა ჩვენთან აღარ ყოფილხარ? ორი დღით მაინც წამოდი, გთხოვ._ყელი მუდარით გამოუწია დიკომ. _ბაბის მარტო დატოვება არ მინდა._სერიოზული სახით გამოუცხადა დედაჩემმა. _ბაბი პატარა აღარაა, თან ნათიაც აქვე ყავს. ღმერთმა ნუ ქნას რამე გაუჭირდეს, შენ გგონია ნაკლებად მიხედავს? იმდენი ეხვეწა, მეც დავამშვიდე, წადი არაფერი მომივა-მეთქი, რომ ბოლოს როგორც იქნა დავიყოლიეთ. გაჩერებამდე მე გავიყვანე მანქანით, იქიდან კი ტაქსით წავიდნენ. დედას და დიკოს რომ ვაცილებდი, ნონამ და დემნამ დამინახეს, როგორც ყოველთვის ერთად მოდიოდნენ ეკლესიის მხრიდან. ნონას გამომწვევმა კისკისმა ისე გამაღიზიანა, მანქანაში რომ ჩავჯექი, გიჟივით მოვწყვიტე ადგილს და მთელი ხვინჭა ლამის ზედ მივაყარე ორივეს. ასე არასდროს მჩვეოდა,მაგრამ დემნას გვერდით ნონას ხილვა ყოველთვის მაგიჟებდა და თავგზას მაკარგვინებდა. სალონში არაფერი საქმე არ მქონდა, მაგრამ მაინც იქ მივედი. უაზროდ ვიჯექი სავარძელში და ღაღანა წითელ ვარდებს თვალგაშტერებული ვუყურებდი. თავიდან მეგონა, რომ დემნა მიგზავნიდა, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი მეპარებოდა. დემნა არ იყო ის ბიჭი, ვინც გოგოს საჩუქრებით გაანებივრებდა, მითუმეტეს უბრალო ყვავილებით. პირველად მაშინ დამებადა ის აზრი, რომ შეიძლებოდა ზუკა ყოფილიყო, დიკოს მეგობარი. კურიერს თბილისიდან მოქონდა ეს მშვენიერი ვარდები. სახლში რომ მივედი, ცოტა ხნით ნათიას შევუარე, მომავალი დღის გეგმები დავსახეთ. ცოტა წავიჭორავეთ და მერე სახლში დავბრუნდი. სანამ ვივახშმებდი, აბაზანაში შევედი და გრილი შხაპი მივიღე. იქიდან ხალათით გამოვედი და პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე. შუა ვახშმობაში ვიყავი, რომ ჯესიმ ერთი-ორჯერ შეჰყეფა. მას თავისი შვილებიც მიყვნენ და სანამ გაჩუმდებოდნენ ერთი გნიასი ქონდათ. ფანჯრიდან გავიხედე, მაგრამ არავინ იყო, აღარც იყეფებოდა. _ალბათ კატა დაინახეს._ჩემ თავს გამოველაპარაკე და სანამ დასაწოლად წავიდოდი, მისაღებში დივანზე ნებიერად მივწექი და ტელევიზორი ჩავრთე. ჯაჯანიძის შოუ იყო და ჩამითრია. კარგა ხანს ვუყურე. მერე მივხვდი, რომ ძილი მებღაუჭებოდა და დივანზე რომ არ დამძინებოდა, ტელევიზორი გამოვრთე და ჩემი საძინებლისკენ ავიღე გეზი. მისაღების კარი ფრთხილად რომ შემოიხსნა, შევკრთი, მაგრამ დემნა რომ შემოვიდა, მაგაზე კი ელდა მეცა. _შეენ?_გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა._აქ რას აკეთებ?_მკაცრად ვკითხე. _შენი აზრით?_ისე უცნაურად გამიღიმა, არ მესიამოვნა._შენს სანახავად მოვედი. ინსტიქტურად ხალათზე ვიტაცე ხელი და გულისპირი დავიფარე. ამაზე ისევ გაეღიმა. _გეშინია?_ისევ ძველი ირონია გაუკრთა ხმაში. _ვისი, შენი?_გამომწვევად გამეცინა. თუმცა რომ დავინახე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, მეც უკან დავიხიე. ის ჩემსკენ მოიწევდა, მე უკან-უკან ვიხევდი. მერე რაღაცას დავეჯახე, მგონი მაგიდას და იმან შემაჩერა. მოვიდა და გამომწვევი ღიმილით დამიდგა წინ. _მართალია, გითხარი, დაგელოდები, სანამ თვითონ არ მოგინდება-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე._ყვრიმალზე თითებით მომეფერა. ლამის დავიშალე მის ამ ოდნავ შეხებაზეც კი. არა, მართლა თავბრუს მახვევდა და გონებას მირევდა და მიბინდავდა. _შენც გინდივარ არა?_ვნებამორეულმა რომ მკითხა, თითქოს გამოვერკვიე სასიამოვნო ბურუსიდან. _მინდიხარ რას ნიშნავს? გაეთრიე აქედან._დავყვირე, თუმცა ლმობიერად. _რატო ეწინააღმდეგები თავს?_ახლა ნიკაპზე ამომდო ორი თითი და თავი ამაწევინა. დავინახე რომ ტუჩებზე მომჩერებოდა. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი კი მქონდა, მაგრამ ძალა აღარ. ალბათ მაკოცებდა, მეც ვნება მომერეოდა და დავნებდებოდი, ნათია რომ არ შემოვარდნილიყო გიჟივით. ხელში საბურისი ეჭირა. _ახლავე მოშორდი ბაბის!_განწირულმა იკივლა და შევატყე, რომ დემნას მართლაც დამართებდა რამეს, რადგან საშინელი ზიზღით უმზერდა._ვერ გაიგე რა გითხარი?_საბურისი ავად შეათამაშა ხელში. _მაგ მანტიროვკით გინდა შემაშინო?_კი გაეცინა დემნას, მაგრამ შევატყე, რომ ცოტა შეშინდა. _გაბედე და არ დამემორჩილო!_გაბედულად გადადგა მისკენ ნაბიჯი._ძვალსა და რბილს გაგიერთიანებ იცოდე!_ისე უელავდა ნათიას თვალები, როგორც სიბნელეში კატებს უელავთ ხოლმე. _რა კაპასი დედაკაცი ყოფილხარ?_გაცინება სცადა დემნამ, თუმცა მის ხელში ათამაშებულ საბურისს არ აშორებდა თვალს._გწყინს, რომ პირველი შენთან არ მოვედი? _შე ნაგავო, როგორ მიბედავ!_დემნასკენ რომ გამოქანდა, მივხვდი არ დაინდობდა და წინ გადავეღობე. _რას შვრები ნათია?_შიშით ვიკივლე. _ხო და რა გინდა, გოგოს ვუნდივარ და შენ რატო ერევი მის ცხოვრებაში? ამ სიტყვებმა კი მეც გამაცოფა. უფრო, თავმოყვარეობაშელახულად ვიგრძენი თავი. დემნასკენ შევბრუნდი და მოულოდნელად ისეთი სილა გავაწანი, წაბარბაცდა. _მინდიხარ ხო? დამეკარგე აქედან სანამ პოლიციაში დავრეკე. _რა იყო საყვარელო, რა დაგემართა?_ვითომ ჩემს დამშვიდებას შეეცადა ლოყააწითლებული დემნა. _წაეთრიე-მეთქი გითხარი!_ისევ რომ ვუკივლე, კეთილი ინება და მართლაც გაიძურწა ოთახიდან. თითქოს ხმალი ქონდა მომარჯვებული, ისე გაყვა ნათია უკან. _მეორედ აღარ დაგინახო აქ მოთრეული, თორემ, გეფიცები შემომაკვდები! სანამ დემნა არ გააგდო, მანამ არ შემოვიდა შიგნით. შემოვიდა და მძიმე რკინა იქვე კარებში მიაყუდა, რომელიც ისევ ხელში ეჭირა რატომღაც. გულში ჩამიკრა დასამშვიდებლად გაოცებული, გაოგნებული და შეშინებული ვიყავი. გაბრაზებულიც. ნათია რომ არ მოსულიყო, ჩემი სურვილით დავნებდებოდი იმ გარეწარს. უარესად შემძულდა ისიც და საკუთარი თავიც. სასოწარკვეთილს ისტერიული ტირილი ამივარდა. _დამშვიდდი საყვარელო, ნუ ტირი. მაგას ისე გავუხდი საქმეს, სათოფეზე ვეღარ გეკარებოდეს. არ ღირს მაგისთანა ნაძირალას გამო ნერვიულობა და ცრემლების ღვრა... მესმის, რომ გიყვარს, მაგრამ თვითონ მას უყვარხარ? უნდა რომ შენი სისუსტით ისარგებლოს. ხვდება, რომ მის მიმართ გულგრილი არ ხარ. მტაცებელი ნადირივითაა. _დედაჩემს ნუ ეტყვი ნურაფერს, გთხოვ._ცოტა რომ დავმშვიდდი, მუდარით შევხედე. _შენ თუ არ გინდა ნუ ეტყვი, მაგრამ იმ ნაძირალას ეს დანაშაული არ უნდა შერჩეს. _ვიცი, მაგრამ არ მინდა დედამ ინერვიულოს. ცოდოა, ისედაც გული აწუხებს ამ ბოლო დროს. ნათიამ მხრებზე მომხვია ხელი და დივანზე ჩამომსვა. _მე წავალ, ჩემს სახლს დავკეტავ და ისევ მოვალ. ამაღამ შენთან დავრჩები. ღმერთმა არ შეშალოს და ის ნაძირალა ისევ არ დაბრუნდეს. ნათია კი გავუშვი, მაგრამ შეშინებული და დაძაბული ვიჯექი, როგორც დამტოვა. უბრალო გაფაჩუნებაზეც კი ვკრთოდი. სანამ ნათია დაბრუნდა, ერთი სიკვდილი გავათავე. თუმცა, დიდხანს არც დაუგვიანია. მერე, გვიანობამდე ვისხედით მისაღებში ხმისამოუღებლად და ნათიას ვეხუტებოდი, რომელიც ჩემს დაწყნარებას მოფერებით ცდილობდა. ბოლოს კი, ჩემს საძინებელში შევედით. იმ აზრს ვერ ვიგდებდი თავიდან, რომ შეიძლებოდა ჩემი ნებით დავნებებულიყავი იმ თავხედ დემნას. მის სიახლოვეს მართლაც მერეოდა თავგზა. რა საზიზღარი იყო, ჩემი სისუსტით სარგებლობდა. ხვდებოდა, რომ სურვილებს მიღვიძებდა. მართლაც ბედი მქონია, რომ ნათია დამეხმარა. მთელი ღამე ვერ დავიძინეთ. ლაპარაკის ხასიათზე რომ დავდექი, ჩემი ბავშვობის ყველა დეტალი, რაც კი რამ გადამხდენოდა დემნასთან ერთად, სულ დაწვრილებით მოვუყევი ნათიას, რომელიც გულდასმით მისმენდა. _რასაც შენ ყვები, ეგ სიყვარული არ არის, უბრალოდ ჟინია ერთმანეთის დაუფლების და მეტი არაფერი. მერწმუნე, რომ უყვარდე, შენს კეთილდღეობაზე იზრუნებდა და არ იძალადებდა და შენი სისუსტით არ ისარგებლებდა. შენც ვერ გარკვეულხარ შენს გრძნობებში. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ახირებაა ეგ შენი დემნა შენთვის და მეტი არაფერი... აქამდე ერთად იყავით და ახლა სხვას რომ ხედავ მის გვერდით, ბოღმა გახრჩობს... რომც გიყვარდეთ ერთმანეთი, დედამისს არ უნდიხარ, ცხოვრებას გაგიმწარებთ. დემნასაც გაუჭირდება მასეთი ცხოვრება, დედას თავისი ადგილი აქვს და ცოლს თავისი. ორ ცეცხლს შუა იქნება. დედას არ აწყენინებს, სამაგიეროდ ცოლს აწყენინებს. ცოლს არ აწყენინებს და დედას ეწყინება. თან, ყავს შეყვარებულიო. შენ რომ უყვარდე, მასთან ხომ ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტავდა? _ეეჰ,_გულიანად ამოვიოხრე._მართლა არ ვიცი მიყვარს თუ არა. სულ ვჩხუბობთ. არ მახსოვს ჩხუბისა და ქიშპის გარეშე დავშორებოდით ერთმანეთს. მძულს და მეზიზღება, მაგრამ მისი სიახლოვე მაფორიაქებს, მისი შეხება გულს მიჩქარებს... მისი გამოხედვა ტანზე ბუსუსებს მიშლის... _ეგ თავისთავად. ქალს კაცის სიახლოვეს ყოველთვის ეძალება ჰორმონები. ოცდასამი წლის ხარ და ოდესმე გყავდა ვინმე?_ინტერესით მკითხა. _არა, არავინ... _ხო და, ბუნებრივი მოთხოვნილებები გაქვს, გასაკვირი არაა. სიყვარული და ვნება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. _შენ ოდესმე ყოფილხარ შეყვარებული ან გათხოვილი?_ამ ხნის მანძილზე, რაც ნათიას ვიცნობდი, პირველად მომინდა მის შესახებ ყველაფერი გამეგო. ეტყობა, რომ მისთვის მტკივნეულ თემას შევეხე. ერთხანს გაჩუმდა. მერე კი, ამოიოხრა. _გათხოვებაც არ ეთქმის ჩემს მდგომარეობას. ასაკობრივი სხვაობა გვქონდა. მისმა დამ რომ გაიგო ჩვენი ამბავი, თავი გაიგიჟა... _ძნელია ალბათ როცა მესამე პირი ერევა წყვილის ურთიერთობაში არა?_ვუთანაგრძნე. ხმა აღარ ამოუღია. მართლაც რომ მტკივნეული თემა იყო მისთვის. კარგა ხანს ხმა აღარ ამოგვიღია არც ერთს. მერე ისევ თვითონ წამოიწყო. _სულ მინდოდა მეკითხა, მაგრამ მერიდებოდა. მეგონა, ბელას შვილიშვილი იყავი. სიბერეში გაგაჩინა? ახლა ნათია შეეხო ჩემთვის მტკივნეულ თემას, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მისთვის ყველაფერი დაუფარავად მომეყოლა. _ბელა ჩემი ბიოლოგიური დედა არ არის... _გიშვილა?_გაუკვირდა. _ძალით აშვილებინეს._ამოვიოხრე. _ეგ როგორ?_ უარესად გაუკვირდა. _ვიღაცამ მიმაგდო მათ ბაღჩასთან და მამაჩემმა მიპოვა. შვილი აფხაზეთის ომში ყავდათ დაკარგული და მე მიშვილეს.. მიტომაც არ ვუნდივარ დონარას, ვისი შეთითხნილია არავინ იცისო. _ვისი შეთითხნილიაო?_აშკარად გაბრაზდა ამ ლექსიკონზე. ერთხანს ხელებს ნერვიულად ისრესდა, მერე შეფარვით მკითხა. _არასდროს გაგჩენია სურვილი დედაშენი მოგეძებნა? _რისთვის?_გამიკვირდა._მან ხომ მიმაგდო? _რა მიზეზით, არ გინდა გაიგო? _რა მიზეზი უნდა ქონოდა შვილის გადასაგდებად ქალს, რომ გამართლება მოვუძებნო? მე ძალიან კარგი დედა მყავს. იმ ქალს, კი ვინც გამაჩინა, დედას ვერ ვუწოდებ. გაერთო, არასასურველი ორსულობა აიკიდა, ვერ მოიშორა, იძულებული გახდა გაეჩინა და ძაღლებს მიუგდო ჩემი თავი საჯიჯგნად. მე ხომ მისი სისხლი და ხორცი ვიყავი? ცხრა თვე მატარა მუცლით. როგორი გულქვა უნდა იყო ადამიანი, რომ შენი სიცოცხლის გაგრძელება მოიშორო თავიდან. მე თუ გავთხოვდები, აბორტსაც კი არ გავიკეთებ, რომ საკუთარ შვილს სიცოცხლე არ მოვუსპო და როგორ გგონია, გავაჩენ და მივაგდებ?_ინტერესით შევხედე. ისეთი გაფითრებული მომეჩვენა, შემეშინდა კიდეც, ცუდად ხომ არ იყო. _არასდროს აპატიებ შენს გამჩენს იმ შეცდომას?_აღელვებულმა მკითხა. _შენი აზრით, საპატიებელია? _არა, მაგრამ შენ ხომ არ იცი, რა სიტუაციაში დაგთმო? _შვილის მიტოვებას გასასამართლებელი საბუთი შეიძლება რომ ჰქონდეს? _ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ნუ განსჯი ადამიანს შენით. შენ არ იცი იმ მომენტში ის რას გრძნობდა და რას განიცდიდა. ერთ რჩევას მოგცემ, ყველას შენი გადასახედიდან ნუ უყურებ. შენ არ იცი, იმან რა გამოიარა და რის ფასად დაუჯდა შენი მიტოვება. _რა გინდა? გინდა რომ ვაპატიო?_გაოცებული წამოვჯექი საწოლზე. _არა, ეგ შენი უფლებაა, აპატიებ თუ არა, მაგრამ თუ საშუალება მოგეცემა, მოუსმინე მაინც. იქნებ აქვს მიზეზი, რის გამოც მისი გამართლება შეიძლება. შეიძლება ნათია მართალი იყო, ყველაფერს ხომ თავისი მიზეზი ქონდა? უმიზეზოდ ამ ქვეყნად არაფერი ხდებოდა, მაგრამ იმ მომენტში მე არაფრის გაგონება არ მინდოდა, მითუმეტეს ჩემს ბიოლოგიურ დედაზე. საუბარი აქ შეწყდა. ნათიას თითქოს იმ ქალის გამართლება ეწადე ჩემს თვალში, ვინც ჩემზე უარი თქვა. რანაირად უნდა გამემართლებინა მასეთი ქალი? აღარც მე მითქვია რამე და არც ნათიას. გამთენიისას კი ორივეს ტკბილად ჩაგვეძინა და სამსახურშიც გვიან წავედით. დემნას ამბავი არ გავახმაურე. არც პოლიციაში დამირეკავს. რა მეთქვა, ჩემთან მოვიდა და ნათია რომ არა, დიდი სიამოვნებით დავნებდებოდი-მეთქი? იმ დღის მერე დემნა აღარ გადამყრია არსად. არც დედაჩემისთვის მითქვია რამე, რათა გული არ გამეხეთქა საწყალი ქალისთვის. თან, მრცხვენოდა იმის აღიარება, რომ მე თვითონაც მეწადა დემნასთან დაწოლა.ნონა კი შემოტლაკუნდა ჩვენს სალონში უცერემონიოდ და ნათიას შილაკი გააკეთებინა. ისეთი თვალებით ვუმზერდი იმ ქალბატონს, ნათია აშკარად მიხვდა, რომ რაღაც არასასურველი მისია ეკისრა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, შილაკი რაც შეიძლებოდა კარგად გაუკეთა, რომ წუნი არაფერში შეეტანა. _ვინ იყო?_წავიდა თუ არა, მაშინვე კითხვები დამაყარა მაგარი გამომძიებელივით. _ნონა._ვითომც არაფერი, ისე ვუპასუხე. _სახელი არ მიკითხავს._ცოტა ეწყინა ჩემი პასუხი._დემნას შეყვარებული ეგ იყო? თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ირონიულად ჩაეღიმა. _ფერი ფერსაო, ამათზეა ნათქვამი. იმ ალქაჯ დონარასაც ზუსტად მასეთი ეკუთვნის, ღირსია. _დონარას იცნობ?_დავეჭვდი. ერთხანს გაფითრდა, ხმას ვეღარ მცემდა. პირველად გამიელვა იმ აზრმა, რომ ნათია ამ სოფელს და სოფლელებს ძალიან კარგად იცნობდა, მაგრამ რატომღაც საიდუმლოდ მალავდა ამ ამბავს. _არა, საიდან?_ვითომ გაიოცა._შენი მონაყოლიდან ვიძახი. მერე, ჩემს გამომცდელ მზერას ვერ გაუძლო და მაღაზიაში გასვლა მოიმიზეზა. არ დამიკავებია. ეჭვი კი, რახან გაღვივდა ჩემს გულში, ვეღარაფრის დიდებით ვეღარ მოვიშორე. დონარას ყავდა ძმა. არ იყო გამორიცხული, რომ მისი ძმა უყვარდა ნათიას და დონარამ დააშორათ. ამ ამბავმა მოსვენება დამაკარგინა. უდიდესი სურვილი გამიჩნდა ყველაფრის გარკვევისა. თემო თხუთმეტი წლით მაინც იქნებოდა ნათიაზე უფროსი. გვიან დაინიშნა, ალბათ ნათიას შემდეგ აღარავინ უნდოდა. ერთი ბიჭი ეყოლათ და ისიც ნარკომანი გახდა. მოკლეთ, ძალიან საეჭვო და ახლართულ-დახლართული ისტორია იყო. ახლა რაც არ უნდა მეკითხა მისთვის, მაინც არაფერს მეტყოდა. თუ მეტყოდა, სიმართლეს დამიმალავდა და საკუთარი ძალებით გადავწყვიტე ყველაფრის გარკვევა. ბავშვობიდან მახსოვდა, რომ ყასაფაანთ სახლი ბანკში იმის გამო იყო ჩადებული, რომ მათი შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა. ნათია ალბათ მათი შვილიშვილი იყო. ჩამოვიდა და დაიხსნა კიდეც ბებია-ბაბუას სახლი. ნამდვილად მათი შვილიშვილი იყო ისიც სავარაუდო იყო, რომ თემო იყო მისი შეყვარებული. ნათია ტკბილეულით ხელდამშვენებული რომ დაბრუნდა მაღაზიიდან და სალონში შემოვიდა, ფიქრის ძაფი უმალ გამაწყვეტინა. წეღანდელი მღელვარების და აფორიაქების კვალი აღარ ემჩნეოდა. ვაღიარებ, ადვილად მართავდა თავის ემოციებს. მაგიდაზე პატარა სუფრა რომ გააწყო, ღიმილით მივუჯექი. ყავაც კმაყოფილმა დავლიე და სულ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, რათა საერთოდ არ დამეფრთხო და უფრო საგულდაგულოდ არ გადაემალა თავისი საიდუმლოებები. _როდის გამოჩნდება ნეტა ამ ვარდების გამომგზავნი ჰორიზონტზე?_ამოვიოხრე. _მაგის დროც მოვა, აბა სულ ჩრდილში ხომ არ იქნება დამალული?_გაეღიმა. პირველად აღმოვაჩინე, რომ ღიმილის დროს ლოყები საყვარლად ეჩხვლიტებოდა, ისევე როგორც მე. _ოდესმე კი გავიგებ, მაგრამ მე მეჩქარება. უნახავად მიჩნდება მის მიმართ მგონი გრძნობები. _ზუსტადაც. მაგასაც მგონი ეგ აქვს ჩაფიქრებული, რომ თავი შეგაყვაროს და მერე გამოჩნდეს._ისევ შემომღიმა. _გაგება არ შეიძლება ვითომ ჩემი ძალებით რომ ვცადო? _არ მგონია, კონფედენციალურობა დაცული იქნება, არავის ეტყვიან მყიდველის ან შემკვეთის ვინაობას თუ, რა თქმა უნდა სამართალდამცავი პირი არ ხარ... _გამოდის, ვერც ვერასდროს გავიგებ ჩემი მურტალოს ვინაობას?_ბაჭიასავით ჩამოვყარე ყურები. _არც მთლად მასეა საქმე. ახლობელი მყავს მაგ სფეროში და რომ ვთხოვო, იქნებ გაგვიგოს. ხომ იცი რომელი მაღაზიაც არის? _კი, შეფუთვაზე ყოველთვის მითითებულია ტელეფონის ნომერიც და მაღაზიის სახელწოდებაც. კამელია ქვია. ნათიამ მაშინვე თავის ლეპტოპი ახსნა და კლავიატურაზე თითები მოხდენილად ააწკაპუნა. სულ მალე კი შემომიტრიალა და მაჩვენა. _ნახე, შენი თაიგული ზუსტად ას ჩვიდმეტი ლარი ღირს. ყოველ თვე ის პიროვნება ამ თანხას ხარჯავს შენთვის. მერწმუნე, მართლა უყვარხარ. ლეპტოპის ეკრანს ინტერესით შევხედე და მართლაც, ზუსტად ის თაიგული, რომელსაც მე ჩემი ფარული თაყვანისმცემელი მიგზავნიდა, ას ჩვიდმეტი ლარი ღირდა ის იქვე, თბილისში და რეგიონში ჩამოტანა ხომ უფრო ძვირი ეღირებოდა? ისევ ზუკაზე გამიჩნდა ეჭვი. აბა სხვა ვინ შეეჭიდებოდა ამხელა თანხიან თაიგულს ჩემი სიამოვნებისთვის? _ეჭვი არავისზე გაქვს?_თითქოს ჩემს გულში იჯდაო, მაშინვე ეს მკითხა. _რა ვიცი, ჩემი ბიძაშვილის მეგობარი გავიცანი ზუკა, მამა პარლამენტარი ყავსო დიკომ და ფულიც უხვად აქვთო. დავიჯერო ის არის? არა და ორი დღე ვიყავი დიკოსთან მხოლოდ... _ზუკაზე რატომ ფიქრობ, რადგან ფულიანია?_ეჭვით შემომხედა. _ხო, აბა უფულო ასე გამანებივრებს ყოველთვე?_გამიკვირდა. _ფიროსმანიც ღარიბი იყო, მაგრამ მარგარიტას ურმებით მიართვა უამრავი წითელი ვარდი. ფულიან კაცს უფრო ენანება ყვავილებში გაფლანგული ფული ვიდრე ღარიბს რომ იცოდე. ფულიანი კაცი იმ შემთხვევაში ახარჯებს ქალს ფულს, თუ ეს ქალი ახალგაზრდა საყვარელია. _აბა, ვინ შეიძლება იყოს?_შუბლი გამეტებით მოვისრისე._სიმართლე ვთქვა, თავიდან დემნა მეგონა, მაგრამ ასეთ საჩუქრებში ის განიავებად თვლის ფულის ხარჯვას. _იქნებ ის ბიჭი, დიშვილები რომ ყავდა აქ... _ვინ, ნოდიკო?_ცოტა დავფიქრდი._ არა, არ მგონია. ოდნავი ეჭვიც კი არ გამჩენია მასზე. იმიტომ კი არა, რომ არ ვუყვარდი. უბრალოდ, ისეთი გაოგნებული შემომყურებდა, ვარდების გადასაყრელად რომ მივდიოდი, აშკარად ნაწყენი იყო, სხვისგან რომ მერგო საჩუქარი... ან, იქნებ იმან გააოგნა, რომ მისი ნაჩუქარი ვარდები არ გადავყარე და ერთი თვე მქონდა შენახული? ნატუკას რომ ვუთხარი, მენანება გადასაყრელად-მეთქი და მან გაიგო, ზუსტად მეორე დღესვე გამომიგზავნეს ზუსტად ისეთივე. ნუთუ მართლა ნოდიკო იყო? ის მომენტიც ამომიტივტივდა მეხსიერებაში, დედამისი რომ ამოიყვანა და ვარდების წინ სევდიანი ღიმილით იჯდა. იქნებ იმიტომ, რომ ფარულად გამოგზავნილ საჩუქარს ვიღებდი და ცხადად მოცემული უკან დავუბრუნე? _რაო?_ეჭვით შემომხედა ნათიამ ჩაფიქრებული ხმისამოუღებლად რომ ვიდექი._არ დაუშვებ იმას, რომ ნოდიკო შეიძლება იყოს ამ ვარდების გამომგზავნი? _არ ვიცი... _ყოველთვის ისეთი თვალებით გიმზერს როცა გხედავს, აშკარაა წრფელი გულით უყვარხარ... მშვენიერი ბიჭი კია, რას უწუნებ? _ჩემგან დასაწუნი არაფერი აქვს, უბრალოდ... არ მიყვარს. ერთხელ, მთვრალმა გამიბედა და მაკოცა. არანაირი განცდა არ მქონია მის მიმართ... _შენ სიყვარულს რას ეძახი?_გამომცდელად მომაშტერდა._მისი დანახვა არ გაფორიაქებს და ვნებას არ გიღვიძებს? სიყვარული ვნებით არ იწყება. მერე რა, თუ კი მისი შეხება სურვილებს არ გიღვიძებს. წრფელი სიყვარული ზუსტად ასეთია. შენც რომ მორცხვად უმზერ მას, ამას თუ აცნობიერებ? _რა სისულელეა?_ცოტა სიბრაზე მომერია._ნოდიკო არ მიყვარს. არც ის იქნება ამ ვარდების და სასიყვარულო ბარათების გამომგზავნი. დაბადების დღის საჩუქარი არ ავიღე მისგან... _ხო და ზუსტადაც, იცის რომ ცხადად არ აიღებ მისგან საჩუქარს და ფარულად გიგზავნის. დავიჯერო, ქალური ინტუიცია და ალღო არასდროს გკარნახობს არაფერს?_მოხდენილად გადაიკისკისა._ქალებს უმაღლეს დონეზე გვაქვს განვითარებული ეს დალოცვილი ინტუიცია. თუ არა და, რაღა ბევრი ვილაპარაკო? ჩემს ახლობელს ვკითხავ და გავარკვევ ვინ ყიდულობს და აგზავნის ამ ვარდებს. იმ ღამეს წუთითაც ვერ მოვხუჭე თვალი. ჯერ ნათიასთან დაკავშირებით მჭამდა ეჭვები და ახლა ნოდიკოც ზედ დაემატა. დავიჯერო, ნათია მართალი იყო და მართლა ნოდიკო მიგზავნიდა ვარდებს? ან, მე, მართლა მიყვარდა ეს მორცხვი და მორიდებული ბიჭი? ვაღიარებ, მომწონდა, მაგრამ... მისი დანახვა არასდროს მიჩქარებდა გულს, უბრალოდ, რაღაც სინაზით ვიმსჭვალებოდი ხოლმე მის მიმართ. კარგა ხანი კი იყო, რაც აღარ მენახა. იქნებ, მართლაც დღე და ღამ მუშაობდა იმის გულისთვის, რომ ის ვარდები ეჩუქებინა ჩემთვის? პირველად გამიელვა იმ აზრმა, რომ ძალიან საყვარელი იყო. ნათიას ახლობელი, რომლის იმედიც გვქონდა, რომ საიდუმლოს ფარდას აგვიხდიდა, შვებულებაში აღმოჩნდა და ვერაფერიც ვერ გავიგეთ. სექტემბრის მიწურულს, კი მორიგი თაიგული რომ მივიღე, ვრცელი ბარათი იდო შიგ: "არ ვიცი, შეიძლება სულელი ვარ, მაგრამ ყოველი დღის გათენება იმიტომ მიხარია, რომ შორიდან მაინც გიმზერ მალულად. ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და შენზე ფიქრითვე მთავრდება. იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი სიყვარული შენდამი ისე ძლიერია, რომ ორივეს გვეყოფა. უდიდესი სურვილი მიჩნდება გაგიტაცო და წაგიყვანო სადმე შორს, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, მაგრამ არ მინდა შენი მოწყენის და დარდის მიზეზი ვიყო. ჯობია, შენ იყო ბედნიერი ვინც გინდა იმასთან. მე კი, ჭირსაც წავუღივარ. ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერებაა. შენს სახეზე ღიმილს რომ ვხედავ, მე მაგითაც ბედნიერი ვარ, თანაც უზომოდ." აფორიაქებული გულით გადავიკითხე ბარათი, თანაც რამდენჯერმე. ყოველ დღე მხედავდა? ესე იგი, აქაური იყო. ნუთუ მართლა ნოდიკო იყო? მაგრამ ნოდიკო თვალებში შეხედვასაც კი ვერ მიბედავდა და ამხელა ბარათს მომწერდა? თუმცა, ბარათის დაწერა ხომ უფრო ადვილია, ვიდრე პირდაპირ თქმა? მთელი დღე აფორიაქებული და აღელვებული ვიყავი. ნოდიკოზე ვფიქრობდი. თუ მართლა ეგ მიგზავნიდა ამ ძვირიან ვარდებს და ამ სასიყვარულო ბარათებს, რა საყვარელი იყო. ჩრდილში ერჩია ყოფნა იმიტომ ,რომ არაფერი მეთქვა? მისი ნახვის სურვილი გამიჩნდა და მოსვენება დამაკარგინა. მალ-მალე მაღაზიაში გავრბოდი, რომ იქნებ შემთხვევით გადავყროდი იქ. ზუსტად ერთი კვირა ვირბინე წინ და უკან, თუმცა ამაოდ. ჩემს ჯიბრზე თუ ჯინაზე ნოდიკოს ვერსად გადავაწყდი. თუ კლიენტი არ მყავდა, ვარდების წინ ვიჯექი და თვალმოუშორებლად შევყურებდი. თუ მართლა ნოდიკო იყო გამომგზავნი, რა საჭირო იყო ამხელა თანხების გაფლანგვა იმისთვის, რომ ერთი თვე გაელამაზებინა ჩემი ცხოვრება? ერთი კვირის შემდეგ კი თავისი ფეხით მეწვია სალონში. ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ მისი დანახვა უზომოდ გამიხარდა. იმ მომენტში კლიენტი მყავდა და ამიტომ ვარდების სიახლოვეს სავარძელში ჩაჯდა. რამდენჯერმე მალულად გავხედე და ვარდებს რომ უმზერდა თითქოს კმაყოფილი მზერით, დავრწმუნდი, რომ მისი გამომგზავნიც ეს იყო. გულმა რომ რაღაცნაირი სიამით დამიწყო ძგერა, ვერ მივხვდი რა გრძნობა იყო ეს. რამდენჯერმე მისი მზერა დავიჭირე და აქამდე თუ ნოდიკო ღელავდა, ახლა მე ამაფორიაქა და ამაღელვა მისი თვალების შემონათებამ. კლიენტი რომ გავისტუმრე, ნათიამაც ეშმაკური ღიმილით დაგვტოვა მარტოები, მაღაზიაში გავალო. ერთხანს უსიტყვოდ შევყურებდით ერთმანეთს და მასავით მეც ვღელავდი. იმ ბარათებზე დაწერილი თითოეული სიტყვა მიტივტივებდა მეხსიერებაში და ეს მაფორიაქებდა მგონი. მერე, როგორც იქნა გამიბედა. _თმის შეჭრა მინდა და თუ შეგიძლია რომ შემჭრა? _რას ქვია თუ?_გამეღიმა._მე აქ ხომ მაგისთვის ვმუშაობ? მორიდებით მომიახლოვდა და ჩემს წინ სავარძელში ისე ფრთხილად ჩაჯდა, გამეღიმა. _როგორ შეგჭრა?_მის მუქ ჩალისფერ თმაში თითები რომ შევაცურე, ვიგრძენი როგორ შეკრთა. _რაც შეიძლება მოკლეთ._სარკიდან შემომღიმა. ისეთი რბილი და მორჩილი თმა ქონდა, ბიჭისთვის უჩვეულოდაც კი მეჩვენა. თმა რომ დავუნამიანე და შეჭრას შევუდექი, ისე მონდომებით ვჭრიდი, რომ მე თვითონვე მიკვირდა. სხვას ალბათ იმის ნახევარ დროს მოვანდომებდი, რაც მას ვუტრიალებდი. უდიდესი სურვილი მქონდა, რომ საუკეთესოდ შემეჭრა. თან, თითქოს მსიამოვნებდა მისი ოდეკოლონის რბილი და სასიამოვნო სურნელი. შემთხვევით მაკრატლით ყურის ბიბილო ოდნავ გავუჭერი და სისხლმა რომ გამოჟონა, ისე შემეშინდა, მაკრატელი დავაგდე და მის ყურს წავატანე ხელი. _ვაიმე, ბოდიში. ძალიან გეტკინა?_შევწუხდი. _დაწყნარდი, არაფერია._გულთბილად შემომღიმა._სულაც არ მტკენია._ჩემი ხელი თავის მუჭში მოიმწყვდია მის ყურს რომ ვსინჯავდი ისევ და მგონი ისტერიკაში ვიყავი და აღარაფერი აღარ მესმოდა. _მართლა არ მტკენია, დაწყნარდი._ბოლოს ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამხედა. მის ხელში დაჭრილი ჩიტივით აფართხალებულ ჩემს ხელს რომ დავხედე, უარესად ავღელდი. _დამიჯერე არ მტკენია._ჩემი შეშფოთებით ის უფრო შეშფოთდა._მგონი, ურიგო არ არის, ასე იყოს, აღარ მინდა შეჭრა, ოღონდ შენ დამშვიდდი. მერე მაგიდაზე ნაბეღლავის ბოთლს მოჰკრა თვალი და ელვისუსწრაფესად მომირბენინა. _ყველა ნაკაწრზე ასე რომ ინერვიულო შენ, რა გამოვა?_ნაბეღლავი ერთჯერად ჭიქაში ჩამომისხა და გამომიწოდა. შეშფოთებული ხომ ვიყავი და ახლა თან მრცხვენოდა, რა ჯანდაბა დამეტაკა, რომ ყური გავუჭერი? ნაბეღლავი რომ დავლიე და ცოტა დავწყნარდი, ისევ ჩავსვი სავარძელში და უფრო მეტი სიფრთხილით და მონდომებით დავუწყე თმის შეჭრა. ბოლოში ძლივს გავედი, ისე ვღელავდი. საქმეს რომ მოვრჩი და ფული გადამიხადა, არ ვართმევდი როგორც დაზარალებულს. გაეცინა, რას ლაპარაკობო. შევნიშნე, რომ ლამაზი ღიმილი ქონდა. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა თვალით ვუყურებდი ამ მორიდებულ ბიჭს და ჩემს თავს იმაში ვიჭერდი, რომ მომწონდა კიდეც. თვალი გავაყოლე სალონიდან რომ გავიდა. ის იყო მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, რომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე, მეც გავვარდი სალონიდან და მის სიახლოვეს რომ შევჩერდი, გაოცებულმა მომხედა. _ძალიან დიდი მადლობა._ეს ვუთხარი და მის სახის ყოველ მიმიკას დავაკვირდი. _რისთვის?_გაუკვირდა. _ყოველ თვეს ძვირფას ვარდებს რომ მიგზავნი. აშკარად შეკრთა. რომ ეთქვა, მე არ გიგზავნიო, ნამდვილად არ დავუჯერებდი, მაგრამ არაფერი უთქვია. ბედნიერი მომჩერებოდა. _მართლა ძალიან მომწონს და მათი შემხედვარე მთელ დღეს მართლაც კარგ განწყობაზე ვარ. ოღონდ, არ მინდა, რომ ასე იხარჯები. ვიცი, რა ძვირი გიჯდება თითო თაიგულის გამოწერა. საჭირო აღარ არის. უბრალო მინდვრის ყვავილიც გამიხალისებს დღეს. კმაყოფილმა ბედნიერებისგან წამიერად რომ მოხუჭა თვალები და გაეღიმა, აქამდე თუ ეჭვი მეპარებოდა, ახლა კი ასი პროცენტით დავრწმუნდი, რომ ეს იყო ის იდუმალი თაყვანისმცემელი. თვალები რომ გაახილა, ისეთი მზერით შემომხედა, მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. პირველად მოხდა, რომ მზერა გამისწორა და მისმა ამ მზერამ ამჯერად მე ამაფორიაქა და გული ამიჩქარა. სხეულის თითოეულ სახსარში ვგრძნობდი ძლიერ პულსაციას. _აღარ გამომიგზავნო, გთხოვ. ამ ჩემმა თხოვნამ სახე აშკარად შეუცვალა. _არ მოგწონს?_შეშფოთებულმა და შეფიქრიანებულმა გაჭირვებით მკითხა. _როგორ არა, ძალიან მომწონს და ძალიან მაბედნიერებს, მაგრამ არ მინდა რომ ჩემს გამო იხარჯებოდე... ბარათებიც საკმარისია. ბარათების ხსენებაზე გაწითლდა. მორცხვად და მორიდებით დახარა თავი. _იმაში დახარჯულად არ ვთვლი ფულს, რაც შენ მოგწონს და გახარებს._ესეც მორიდებით მითხრა და ოდნავ თვალებმოჭუტულმა მორცხვად გამომხედა. ისეთი საყვარელი იყო, სულ გადამავიწყდა სად ვიყავი და რამდენი თვალი გვიყურებდა. გიჟურმა სურვილმა წამომიარა, მოულოდნელად ფეხის წვერებზე ავიწიე და სუფთად გაპარსულ ლოყაზე ნაზად და ალალად ვაკოცე. _დიდი მადლობა ყველაფრისთვის._ თან მღელვარედ წავჩურჩულე. ვიგრძენი რომ შეკრთა, თითქოს წაბარბაცდა კიდეც და ზურგით მანქანას მიეყრდნო. მაგრამ მგონი მე უფრო მასზე მეტად შევკრთი ჩემი ნამოქმედარი რომ გავაცნობიერე და გავაანალიზე. წამიერად შევხედე თვალებში გაოცებული და ამავე დროს ბედნიერი რომ მიმზერდა. შემრცხვა, აფორიაქებული გამოვბრუნდი უკან და სალონში ლამის სირბილით შევვარდი. კარი რომ მივხურე, ზურგით მივეყრდენი და ისევ ვარდებისკენ გამექცა თვალი. მთლიანი სახე მიხურდა. ნამდვილად ჭარხალივით ვიყავი გაწითლებული. აჩქარებულ და აფორიაქებულ გულზე ხელი მივიჭირე, თითქოს ასე მინდოდა მისი ჩაწყნარება. ამოუხსნელი და ამოუცნობი გრძნობით ვიყავი მის მიმართ განმსჭვალული. დემნასგან განსხვავებით, მთელი სხეულით რომ ვილტვოდი მისკენ, ნოდიკოს შეხება რაღაც სინაზით მავსებდა და მუცელშიც სასიამოვნოდ ფარფატებდნენ პეპლები. ვარდების დამსახურება იყო ვითომ მის მიმართ გაჩენილი ეს გრძნობა? თუ, მანამდეც ბუდობდა ეს ჩემში და ვარდებმა დააჩქარა ყველაფერს მივმხვდარიყავი? ნათიამაც დიდი როლი ითამაშა მგონი... კარებს რომ მოვშორდი და მალულად გარეთ გავიხედე, ნოდიკო ისევ ისე იდგა მანქანას აყუდებული და ბედნიერი ღიმილით იყურებოდა. მეც გამეღიმა. მერე სალონისკენ მომავალი ნათია რომ შევნიშნე, დავფაცურდი, ონკანთან შევედი და სახე ცივი წყლით მოვიბანე, რათა ჩემს აგატა კრისტის არაფერი შეემჩნია ჩემთვის. ოთახიდან რომ გამოვედი, ნათია უკვე სალონში იყო შემოსული. ვიტრინიდან დავინახე, ნოდიკომ მანქანა რომ დაძრა და წავიდა. _მოხდა რამე?_აშკარად ისევ აფორიაქებული გამომეტყველება მქონდა და ნათიას არ გამოჰპარვია ეს. _არა, რა უნდა მომხდარიყო?_ნაძალადევად გავიოცე. _რა ვიცი, ისეთი სახე გაქვს..._აღარ დააბოლოვა და უფრო ეჭვით შემათვალიერა. _თმას ვჭრიდი და შემთხვევით ყური გავუჭერი._მხოლოდ ეს ვაღიარე, სხვა რაღაცეების აღიარებას ნამდვილად არ ვაპირებდი. _რაა?_გაეცინა._სერი დაადე? _შენ საცინლად არ გყოფნის, აბა მე მკითხე როგორი შეშინებული ვარ, მეგონა მთლიანად მოვაჭერი ყური... _მერე? _რა მერე, ისტერიკაში რომ ჩავვარდი, აქეთ მე დამიწყო დამშვიდება._გამეცინა. _რა საყვარელია... ამხელა კაცია და პატარა ბავშვივით არის. ისეთი იდგა მანქანაზე მიყუდებული, ვიფიქრე, დასჯილია და კუთხეში დგას-მეთქი._ისევ გაეცინა. გულში მეც მეღიმებოდა. მეორე დღეს სალონის კარებში პატარა ბარათი დამხვდა. "წარმატებულ დღეს გისურვებ. მინდა რომ მთელ დღეს ბედნიერებისგან იღიმოდე." მთელ დღეს მართლაც ღიმილს მგვრიდა ყოველი ფიქრი, რაც მას უკავშირდებოდა. ნათია მართალი იყო, ძალიან რომანტიკული ბიჭი იყო, რომელსაც მართლა ვუყვარდი და რომელიც ყოველ დილა პატარა ბარათებით მითბობდა გულს. ******************** ოქტომბერში ზაფხულივით თბილი დღეები დაიჭირა. მგონი, ზაფხულში არ ცხელოდა ისე, როგორც შემოდგომით. ალბათ, ბუნებაც გვიწყობდა ხელს, რომ მოსავალი მშვიდად დაგვებინავებინა. შემოდგომა ხომ მოსავლის აღების და დაბინავების სეზონია? მახსოვს, ერთხელ ადრე მომიწია სახლში წამოსვლა, რათა მეორე დღეს რთველი გვქონდა და სახლში საქმისთვის უნდა მიმეხედა. ჩვენი სახლის წინ ნოდიკოს მანქანა რომ შევნიშნე, ჯერ გამიკვირდა, მერე კი ავღელდი. არც კი შემიხედია მანქანაში ვინმე იჯდა თუ არა, მაშინვე სახლში შევედი. გული გამალებით მიცემდა. მორიდებით შევედი მისაღებში სადაც ქალბატონი თამარი, მაკა და მაკას ქმარი სოსო იყვნენ. გაოცებულმა შევავლე ყველას თვალი, ჩემს გამოჩენაზე საეჭვოდ რომ გაჩუმდნენ და ღიმილით მომაჩერდნენ. რამდენ ხანს გასტანა უხერხულმა დუმილმა არ ვიცი, მერე კი დედაჩემმა გაბედა თქმა. _ესენი შენი ხელის სათხოვნელად არიან... _სათხოვნელად?_დაბნეულმა მექანიკურად გავიმეორე. _ხო, ნოდიკოსთვის... თუ შენ თანახმა იქნები, მე წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თუ არ გინდა?.. ისევ მორიდებით შევავლე ყველას თვალი, ისევ რომ მიღიმოდნენ. ვიცოდი, რომ ნოდიკოს ვუყვარდი, არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი, მაგრამ დაქორწინებაზე არაფერი უთქვია და მართლა მოულოდნელი იყო ჩემთვის. ბედნიერებისგან მეც გამეღიმა. გვარიანად ავწითლდი კიდეც. უარესად შემრცხვა, ამდენი წყვილი თვალი მე რომ შემომყურებდა. უპასუხოდ დავტოვე ინტერესით მომზირალნი და ბედნიერი გამოვვარდი ეზოში, სადაც ნიდიკოს შევასკდი გამეტებით. უარესად შემრცხვა, გვერდი ავუქციე და ბაღჩისკენ ავიღე გეზი. ბუნებაში გაჭრა და ბედნიერებისგან კივილი მინდოდა. არ ვიცი რას წავარტყი კოჭი, კაბითაც რაღაცას გამოვედე, წავბარბაცდი და ალბათ წავიქცეოდი კიდეც, უკან ადევნებულ ნოდიკოს რომ არ შეეშველებინა ხელები. _ფრთხილად, არაფერი დაიშავო._აღელვებულმა ჩურჩულით მითხრა._თან, ჩემი კაბის განთავისუფლებას შეეცადა ვარდის ბუჩქიდან გვიან შემოდგომამდე წითლად რომ ყვაოდა ისევ. _სად მირბიხარ?_კაბა რომ გამომინთავისუფლა ეკლებიდან, წელში გაიმართა, ჩემი ჩამოზრდილი და აჩეჩილი თმა თითებით გადამიწია ფრთხილად და ზემოდან დამხედა. _არ ვიცი._ალალად ვუპასუხე. ქვემოდან რომ ავხედე, მაშინვე ის გამახსენდა, მთვრალმა რომ მაკოცა გაბედულად. ნეტა, კიდევ რომ ეკოცნა, ახლაც მაშინდელივით ვერაფერს ვიგრძნობდი? მერე, ჩემი ფიქრების მე თვითონვე შემრცხვა, ხელები გავაშვებინე და ისევ გავიქეცი. მაგრამ დაბდური რომ იქნება ადამიანი, კიდევ რაღაცას წავარტყი კოჭი. ტკივილმა სახე დამიმანჭა და წავბარბაცდი კიდეც. _სანამ რამე დაგიშავებია, ჯობია მე წაგიყვანო სადაც მიდიხარ._მოულოდნელად დამწვდა, მკლავებში მომიქცია, მსუბუქად ამიტაცა ხელში და დამელოდა რა მარშრუტს ვეტყოდი. _დამსვი._ხმელეთზე ამოვარდნილი თევზივით ავუფართხალდი ხელებში, მაგრამ მაინც არ დამსვა. კარგა ხანს ვიფართხალე. მერე კი, შემეშინდა, ამ ფართხალში ხელიდან არ გავსხლტომოდი და ინსტიქტურად კისერზე მოვხვიე ხელები. _საით წაგიყვანო?_ისე მკითხა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. _მართლა გინდა ჩემი ცოლად შერთვა?_ინტერესით ვკითხე. ღიმილით დამიქნია თავი. _მერე, ყოველ დღე რომ ნერვებს მოგიშლი, არ გეშინია? _არაუშავს, ავიტან._ისე საყვარლად გაეღიმა, თავი ვეღარ შევიკავე, ახლა მე დავიხარე და მის ტუჩებს მწყურვალივით დავეწაფე. წინა ჯერზე თუ არაფერი მიგრძვნია მის კოცნაზე, ახლა გული გამიჩერდა თითქოს. სუნთქვა შემიგუბდა და უდიდესი ბედნიერება მომგვარა მისმა მთრთოლვარე ტუჩებმა. _ეს თანხმობას ნიშნავს?_მის კოცნას რომ მოვრჩი, მღელვარედ მკითხა. _ალბათ._ეშმაკური ღიმილით რომ ვუთხარი, უფრო ძლიერ მიმიხუტა და სახლისკენ აიღო გეზი. _ასე არა, ასე არა, დამსვი._ისევ ავუფართხალდი და სანამ ოთახში შევიდოდით, კარებში დავასმევინე თავი. ჯერ მე შემატარა, მერე თვითონ მომყვა უკან მორიდებით. მაკამ რომ შემოგვხედა ორივეს, ალბათ ყველაფერს მიხვდა, რადგან მაშინვე წამოხტა, დედამისს რაღაც გამოართვა და ნოდიკოს ჩაუდო ხელში. _ბაბიც თანახმაა ეტყობა და ბელგას დავტოვებთ._დედაჩემს მიუბრუნდა გახარებული._ქორწილზე კი მოგვიანებით დავილაპარაკოთ. დედაჩემს რომ შევხედე, ბედნიერი ღიმილით მომჩერებოდა. ნოდიკომ რომ საქორწინო ბეჭედი წამომაცვა თითზე, მაშინ კი ჩამოუგორდა ლოყაზე ობოლი ცრემლი. მერე მომიახლოვდა და მომეხუტა. _მადლობა ღმერთს, ამ დღეს რომ შემასწრო. თან, ასეთ არაჩვეულებრივ ბიჭს მიყვები ცოლად._მერე დამორცხვებულ ნოდიკოს სადამდეც შესწვდა, იქამდე გადაეხვია და მიულოცა გაბედნიერება. კიდევ დიდხანს დარჩნენ ჩვენი სტუმრები ჩვენთან. ქორწილის სავარაუდო პერიოდზე თანხმდებოდნენ. ისე, ბევრი არც უორჭოფიათ, რთვლობა ჩაივლიდა, მოსავალს დავაბინავებდით, ჩავწყნარდებოდით და ნოემბერში უკვე ნოდიკოს ცოლი გავხდებოდი.. გაოცებული, გახარებული, ბედნიერი და რაც ყველაზე მთავარია, სასიამოვნოდ აფორიაქებული ვიჯექი დივანზე საცოდავად მობუზული და ისე ვუსმენდი სტუმრების გადაწყვეტილებებს, თითქოს ჩემზე კი არა, სხვაზე იყო საუბარი. ჩემსავით აფორიაქებული, დამორცხვებული და ბედნიერი ნოდიკოც გვერდით მეჯდა. ერთმანეთი შეხებასაც კი ვერ ვბედავდით. ალბათ მაყურებლების თანდასწრებით, თორემ გარეთ რომ ვიყავით, ხელში ვყავდი აყვანილი და კოცნაც კი გავუბედე. ნეტა, მე რომ არ მეკოცნა, თვითონ გამიბედავდა? მორიდებით შევხედე. თვითონაც მორიდებით რომ გადმომხედა ოდნავშესამჩნევი ღიმილით, მივხვდი, ისიც წეღანდელ კოცნაზე ფიქრობდა და შემრცხვა. _კარგით, შევთანხმდით, ნოემბრის ბოლოს იყოს ქორწილი, ყველაფერს მოვასწრებთ._ღიმილით წამოდგა მაკა ფეხზე._ახლა წავალთ, ახლო მომავალში კიდევაც შევხვდებით ერთმანეთს._მერე მე მომიბრუნდა._ძალიან მიხარია, რომ ჩემი რძალი უნდა გახდე. _შენ მაშო და მაკო უნდა ნახო რა დღეში არიან._გაიცინა მაკას ქმარმაც._ ძლივს დავტოვეთ პაპასთან სახლში. გინდა თუ არა ბაბი ბიცოლას ნახვა გვინდაო. თუ გაქცეული არ დაგვხვდა ის საცოდავი კაცი იმათ შემხედვარე სახლიდან, არ ვიცი. სოსოს ნათქვამზე ყველას გაგვეცინა და გავმხიარულდით. სტუმრები რომ წამოიშალნენ და წავიდნენ, სულ ბოლოს ნოდიკო გავიდა. სანამ გავიდოდა, ჩურჩულით მითხრა. _ხვალ არ ვიცი, მაგრამ ზეგ აუცილებლად გნახავ. შეხვედრამდე._გამბედაობა მოიკრიფა, დაიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. მათი წასვლის შემდეგ ცოტა ხანს ვიბოდიალე ფრთებშესხმულმა სახლში და რომ გავიგე, ნათია სალონიდან დაბრუნდა, მაშინვე მასთან გავიჭერი ახალი ამბის სახარებლად. როგორც ყოველთვის დაუძახნელად შევვარდი ეზოში და კიბე შეუსვენებლივ ავირბინე სულ ორ-ორი საფეხური. ალბათ, ფეხის ხმა გაიგო ნათიამ და შეშფოთებულმა გამომხედა. მე რომ დამინახა, უარესად შეშფოთდა. _მოხდა რამე?_ძლივს ამოილუღლუღა. _კი, მოხდა._ეს ვუთხარი თუ არა, გადავეხვიე. _რა მოხდა?_შევატყე ხმა როგორ წაერთვა. _ნოდიკო და მისიანები იყვნენ მოსულები._გავჩუმდი და შეგნებულად გავაჭიანურე სათქმელი. ხელი გამაშვებინა ჩახუტებული რომ მყავდა. ოდნავ უკან დაიხია და ისე შემომხედა. _მერე? _დედაჩემს ჩემი ხელი სთხოვეს. _რაა?_თითქოს ყურებს არ დაუჯერაო და თავიდან ფეხებამდე გამომცდელად შემათვალიერა. გახარებულმა ავუფრიალე თვალწინ ხელი, სადაც საქორწინო ბეჭედი მეკეთა უკვე. _სერიოზულად?_გახარებულმა პირზე აიფარა ხელები, თითქოს კივილს აპირებდა და არ უნდოდა რომ ვინმეს გაეგო. დავინახე მასაც როგორ ჩამოუგორდა დედაჩემივით ლოყაზე ცრემლი, მერე გადამეხვია და კარგა ხანს ვყავდი გულში ჩახუტებული. _მაგაზე უკეთეს ბიჭს შენ ვერ გაყვები ცოლად. მიხარია, მართლა გულწრფელად მიხარია შენი ბედნიერება და გილოცავ. მას რომც არაფერი ეთქვა, მისი რეაქცია უდაოდ მოწმობდა იმას, რომ გულწრფელად უხაროდა ჩემი ამბავი. ზუსტად ისე, საკუთარი დის ან შვილის ბედნიერება რომ გაუხარდებოდა. იქიდან წამოსულმა დიკოს დავურეკე და მასაც იგივე რეაქცია ქონდა, უზომოდ გაუხარდა ჩემი და ნოდიკოს დანიშვნა. მეორე დღეს კი რთველში, კობაც რომ მოვიდა და ჩემი და ნოდიკოს ამბავი გაიგო, ჯერ გაოცდა. _მეგონა შენ და დემნას გიყვარდათ ერთმანეთი. ისე მწარედ მომხვდა გულზე მისი ნათქვამი, გავცოფდი. _მე და დემნა უბრალოდ მეგობრები ვიყავით, ახლა კი ერთმანეთსაც აღარ ველაპარაკებით. _მე მასე მეგონა და რა ვიცი._ვითომ თავი დამნაშავედ იგრძნო._გილოცავ, ნოდიკო თავისებური ბიჭია, მაგრამ ალბათ გაუმკლავდება სიძეობას. არ მომეწონა მისი ლაპარაკი, მაგრამ არაფერი აღარ მითქვია, აღარ მოვიშალე მის გამო ნერვები. იმ დღეს საფერავიც დავკრიფეთ და გავყიდეთ. სახლისთვის ცოტა რქაწითელიც გამოვკრიფეთ და კობამ და რამოდენიმე მუშამ დაგვიწურეს კიდეც. გვარიანად დავიღალე, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი მაძლებინებდა, ვიცოდი, ნოდიკოს ვნახავდი. მიკვირდა კი, ასე რადიკალურად რომ შევიცვალე და მასზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ამ საქმეში ლომის წვლილი ნათიას მიუძღოდა. ზუსტად ნათიამ ამიხილა თვალები, რომ დემნა არ მიყვარდა და უბრალო აკვიატება იყო ჩემი. ის ნაძირალა კი ამით სარგებლობდა და თავგზას მირევდა თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. მეორე დილით კი, ნათია აღარ წამოსულა სალონში, თბილისში უნდა წავიდე რაღაც საქმეებზეო და მარტოს მომიწია წასვლა. კარებში ისევ დამხვდა ბარათი. "ერთი დღე ერთ საუკუნედ გაიწელა ჩემთვის. ძალიან გამიჭირდა უშენობა. ერთი სული მაქვს როდის გნახავ." ბარათი წესიერად წაკითხული არც კი მქონდა, რომ ზურგს უკან ვიღაცის სიახლოვე ვიგრძენი. მეგონა ნოდიკო იყო და გახარებული შევტრიალდი, მაგრამ ელდა მეცა, დემნა იყო. ისე შევკრთი, აშკარად შემატყო იმ ვაჟბატონმაც. _ესე იგი, მართალი ყოფილა რასაც სოფელში ლაპარაკობენ?_უშნოდ გაიღრიჭა._იმ მშიშარამ გაბედა და გამოგიტყდა სიყვარულში? თუ, ვინმე დაეხმარა ნეტა? _მოშორდი აქედან!_მკაცრად დავუბრიალე თვალები. _რათა, ჩემს სიახლოვეს თავს ვერ ერევი?_ირონიული ღიმილით მომაშტერდა. _სანამ რამე დაგეცი მაგ უტვინო თავში, გაეთრიე აქედან! საზიზღარო, ვერ გიტან, მძულხარ! _რომ გძულდე, მაშინდელ ამბავს კი არ შემარჩენდი, მიჩივლებდი და არც იმ წაკლას აღუდგებოდი წინ, მანტიროვკით რომ მომივარდა გაგიჟებული._კმაყოფილი ღიმილით მითხრა და ცხვირზე წკიპურტი წამარტყა. _იდიოტო!_ხელზე ხელი ავუკარი._გაშპი აქედან! წადი და ნონას უთათუნე ხელები! _აჰა, ისევ ნონა. ეჭვიანობ არა?_კმაყოფილს გაეღიმა._ნოდიკოს ჩემს გასაღიზიანებლად ხვდები არა? მინდა გითხრა, რომ დიდი ბავშვივითაა, სახელიც ხომ ბავშვის ქვია ნო-დი-კო._მერე ჩემს ყურთან დაიხარა და ვითომ მიჩურჩულა._თქვენს საძინებელში შემომახედა ერთი, როგორი პირველი ღამე გექნებათ. ან გექნებათ საერთოდ? გაგიბედავს ვითომ რამეს? გავცეცხლდი და რა გავცეცხლდი. გასაღებების აცმა ძლიერად ჩავარტყი თავში. _მოშორდი აქედან, გარეწარო! ნოდიკოს ფრჩხილადაც არ ღირხარ! _ეს რომ მოჩვენებითი სიავეა, შენც ხომ კარგად ხვდები?_მტკივან თავზე ხელი მოისვა._თვითონვე ებრძვი საკუთარ თავს, რომ უარმყოფ ვითომ. გიცნობ, ძალიან კარგად გიცნობ. იმედებს გაგიცრუებს თუ არა, მაშინვე კაცი მოგინდება და ჩემთან გამოცუნცულდები, ჩემს მკლავებში დაუწყებ ნეტარებას ძებნას. საბედნიეროდ შენნაირი კუდაბზიკა არ ვარ და სიხარულით მიგიღებ. _მოშორდი აქედან!_განწირულმა ვუკივლე და ისევ ავღმართე გასაღებიანი ხელი ჰაერში. მოხერხებულად გამიკავა, ამომიბრუნა და ზურგიდან მომეხუტა. _ჩემს მიმართ შენს გრძნობებს რატო ეწინააღმდეგები?_მეორე ხელი მკერდზე გულის მხარეს დამადო._გესმის როგორ ფეთქავს? აშკარაა, სურვილებს ვაღვიძებ შენში. _მართალი ხარ, დაუოკებელი სურვილი მაქვს შენი ჩაძაღლების._თავი გამეტებით გადავკარი უკან და ცხვირ-პირში ვხეთქე. კი მეტკინა, მაგრამ შევატყე რომ მას ჩემზე მეტად ეტკინა, ხელი გამიშვა მაშინვე და პირზე აიფარა. _შე კახპავ, ტუჩები დამიხეთქე?_გაავებულმა მიღრიალა. მოზრდილ ქვას დავწვდი ახლა და შევიარაღდი. _კახპები შენს ჯიშსა და ჯილაგში მოიკითხე! არ მომეკარო, თორემ ახლა კბილებს გაგილამაზებ იცოდე!_ავად დავუბრიალე თვალები. არ ვიცი, შეეშინდა რომ მართლა ვიყავი ჩემი მუქარის შემსრულებელი, თუ გამვლელ-გამომვლელებისა შერცხვა და მოერიდა, ფაქტია რომ გატრიალდა და წავიდა. _იცოდე, არ შეგარჩენ ამას._გახეთქილ ტუჩებზე მანიშნა. თვალს მიეფარა თუ არა, სასწრაფოდ გავაღე სალონი და შიგნით შევვარდი. მაშინვე მაკრატელს დავავლე ხელი, ვაი თუ დაბრუნებულიყო და მზად ხომ უნდა დავხვედროდი? ჯერ ისევ აღელვებულ-აფორიაქებული ვიყავი, ნოდიკო რომ მოვიდა. კარი რომ შემოაღო, შევკრთი, რადგან ზამბარასავით ვიყავი დაძაბული. შეკრთომა რომ შემატყო, თავი დამნაშავედ იგრძნო. _შენი შეშინება არ მინდოდა. _შენ არაფერ შუაში ხარ. წუხელ საშინელებათა ფილმს ვუყურე და შემეშინდა._ისე ოსტატურად ვიცრუე და თან გავუღიმე, მგონი დამიჯერა. ზურგს უკან დამალული ხელი წინ გამოსწია და ფერად-ფერადი ასტრების თაიგული გამომიწოდა. _მინდა გითხრა, რომ ამაში ფული არ გადამიხდია._გამიღიმა._ჩვენს ეზოში მოვკრიფე. _იმედია, დედაშენი არ გაანაწყენე ბაღის გაჩანაგებისთვის._გამეღიმა. _შენს გამო ვიცი რომ არ მეჩხუბება... _და ამით სარგებლობ?_გადავიკისკისე და თაიგული რომ ჩამოვართი, სიამოვნებით დავყნოსე._ძალიან ლამაზია._მოვუწონე. _შენზე ლამაზი მაინც ვერ არის._ფრთხილად დაიხარა და ნაზად მაკოცა. ისე წამერთვა ხელ-ფეხი, ლამის ყვავილები დამიცვივდა ძირს. _ვერ წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ და როგორ მაბედნიერებ._მოულოდნელად ჩემს ხელს დასწვდა და ერთხანს თითზე მორგებულ მის ბეჭედს უყურა. მერე დაიხარა და ხელზე მაკოცა._ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი გახდებოდი. სიზმარში მგონია თავი... დღეს ცოტა ადრე რომ განთავისუფლდე და სადმე წავიდეთ? _სადმე წავიდეთ?.. რატომაც არა. ექვსისთვის სახლში გამომიარე და მზად ვიქნები._ძალიან გამიხარდა მასთან სადმე წასვლა და განმარტოება. ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე._კარგი, ახლა წადი, უნდა ვიმუშაო. _ძალიან არ გადამეღალო იცოდე._დაიხარა და ისევ ნაზად მაკოცა._ექვსისთვის გამოგივლი. აბა, დროებით, შეხვედრამდე. სალონიდან რომ გავიდა, ღიმილით გავაყოლე თვალი. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ბიჭი იყო და რატო ვერ ვამჩნევდი აქამდე? თუმცა, შემჩნევით კი ვამჩნევდი და მომწონდა კიდეც, მაგრამ მგონი მეშინოდა, გავაბედნიერებდი თუ არა მას. მთელი დღე საათს დავყურებდი და ისე ვმუშაობდი. ერთი სული მქონდა მალე მოსულიყო ექვსი საათი. პირველი პაემანი მქონდა ბიჭთან, ვინც ნელ-ნელა ჩემს გულში ღრმად იდგამდა ფესვებს და ვღელავდი. ხუთი საათი იყო, მოსული კლიენტი ბოდიშით რომ გავაბრუნე უკან, სალონი დავკეტე და სახლში რეაქტიული სისწრაფით გავქანდი. მაშინვე აბაზანას მივაშურე. იქიდან გამოსულმა კი მთელი გარდერობი გადმოვყარე ლამის. არჩევანი საზაფხულო კაბაზე შევაჩერე რატომღაც. არ ციოდა და მგონი გავძლებდი მთელ საღამოს ამ კაბაში ყოფნას. თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე, მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებაც მოვასწარი და ნოდიკოც მოვიდა. დედაჩემმა სახლში რომ შემოიპატიჟა, მოერიდა, არ შემოვიდა, იყოს აქ დაველოდებიო. მეც მალევე გავედი. დამინახა და რომ იტყვიან, ყბა ჩამოვარდა გაოცებისგან. მგონი, ჩემს მონდომებას ფუჭად არ ჩაევლო. მანქანიდან გადმოვიდა და ზრდილობიანად გამომიღო მის გვერდით კარი. ჩაჯდომაშიც მომეხმარა, კარი ფრთხილად მომიხურა და თვითონაც მიუჯდა საჭეს. _სად მივდივართ?_უბნიდან რომ გავედით და თბილისისკენ დავადექით გზას, მხოლოდ მაშინ ვკითხე. _სავახშმოდ._ღიმილით მითხრა._იმედი მაქვს ძალიან მოგეწონება. _კარგი, გენდობი, ამიტომ ხმას არ ამოვიღებ. მაგრამ თუ არ მომეწონება, იცოდე, მაშინვე მოვდივართ იქიდან. _თუ ადვილად დააღწიე თავი, კი._ჩაეღიმა. _დავაღწიე?_ცოტა შევფიქრიანდი._სად მივდივართ? _დაწყნარდი, იმედი მაქვს მოგეწონება. თუ არა და, გპირდები, მაშინვე წამოგიყვან. არ მინდა ჩვენს პირველ პაემანზევე უკმაყოფილო დამრჩე._არაჩვეულებრივი ღიმილით შემომღიმა და მაგნიტოფონში სასიამოვნო მელოდია დაბალ ხმაზე აამღერა. მისი ღიმილის შემხედვარეს გული საამოდ ამიძგერდა. სუნთქვაც კი შემეკრა ასთმიანივით და ნოდიკოს რომ არაფერი შეემჩნია ჩემთვის, სავარძელზე მოხერხებულად შევსწორდი და მის მარშრუტს ვენდე. ვატყობდი, როგორ სიფრთხილით მართავდა საჭეს. ხუმრობა ხომ არ იყო, მე ვეჯექი გვერდით? (ეს ისე, ხუმრობით.) თბილისში ისე ჩავედით, ერთმანეთს მორიდებით ვუმზერდით. მეც კი, რომელიც მასზე თამამი და გაბედული ვიყავი, რატომღაც ვერ ვბედავდი მისთვის თვალებში შეხედვას. რამდენჯერაც გადმომხედა მორცხვად დიდი სიყვარულით, იმდენჯერ ავღელდი და ავფორიაქდი. დემნასგან განსხვავებით მის თვალებში ავი ზრახვები არ ჩანდა. ოდნავჩაწეული მინიდან გრილი სიო რომ დათარეშობდა სალონში, მოულოდნელად ჩემი კაბა ააფრიალა. კი შევძელი მისი დაჭერა, მაგრამ მაინც შემრცხვა. მეგონა, ერთი სული ქონდა ჩემი შიშველი მუხლისთავების დანახვისა, მაგრამ შევცდი, ჩემდა გასაოცრად აფრიალებული კაბა რომ დაინახა, კი გაეღიმა, მაგრამ თვალი მომარიდა და მინა აუწია. კიდევ ერთი უზარმაზარი პლიუსი დაიწერა ამ ბიჭმა ჩემს თვალში. სხვა ბიჭებს არ გავდა. სხვა ბიჭებს რაა, დემნას, რომელსაც ერთი სული ქონდა რამე გამომჩენოდა და ჩემი სიშიშვლე დაენახა. ყოველთვის ჟინმორეული რომ მიმზერდა, მაფორიაქებდა და მეც სურვილებს მიღვიძებდა. ნოდიკოსთან კი მხოლოდ ერთადერთი სურვილი მიჩნდებოდა, მის ფართო მკერდში ჩამერგო თავი და ჩავხუტებოდი. მისი ძლიერი გულისფეთქვისთვის მესმინა თვალმინაბულს და მისი ოდეკოლონის რბილი სურნელი შემეგრძნო. ალბათ, ეს იყო ნაზი და წრფელი სიყვარული. რომელიღაც რესტორნის წინ რომ შეაჩერა მანქანა, ზრდილობიანად გამომიღო კარი და გადმოსვლაში მომეხმარა. (არა, მართლა არაჩვეულებრივი იყო ეს ბიჭი და რატო ვერ ვამჩნევდი აქამდე?) მორიდებით გამომიწოდა მკლავი, რომელზეც ხელკავი გამოვდე და წინდაწინ დაჯავშნილ მაგიდასთან მიმიყვანა. მომეწონა, კარგი გარემო იყო, თბილი, მყუდრო, ოდნავ ჩაბნელებული და სასიამოვნო მელოდიაც იღვრებოდა. მაგიდიდან სკამი ზრდილობიანად გამომიჩოჩა, დამსვა და თვითონ ჩემს პირისპირ ჩამოჯდა. ალბათ, თვალებში რომ ეყურნა ჩემთვის. მენიუ რომ მოგვიტანეს, მის გემოვნებას ვენდე და მას შევაკვეთინე საჭმელები. პირველად ვჭამდი მასთან ერთად და მრცხვენოდა. ზოგადად, ჭამის მოყვარული ვიყავი, მართლა კაცური საჭმელები უფრო მიყვარდა, მაგრამ ახლა პირის გაღებისაც კი მრცხვენოდა რატომღაც. საცოდავად ვიკირკნებოდი. არა და საშინლად მშიოდა. ალბათ, თვითონაც ჩემს დღეში იყო. თითქმის ხელშეუხებლად დავტოვეთ ყველაფერი. _რა გაეწყობა? გატყობ, არ მოგწონს და მეორე ვარიანტიც მაქვს შენთვის._გულთბილად შემომღიმა. _არა, როგორ არ მომწონს, მაგრამ... რაღაც უჩვეულოა ჩემთვის. _არაუშავს, მეც ვერ მოვერგე რაღაც ამ რესტორანს, წავიდეთ? _კარგი, წავიდეთ._ფეხზე წამოვდექი. ისევ ხელკავით გამომიყვანა. გარეთ რომ გამოვედით, სიცივე ულმობლად დამეტაკა საზაფხულო კაბაში გამოპრანჭულს და გვარიანად შემაკანკალა. ხელკავი გავაშვებინე და გასათბობად მივეხუტე. აშკარად ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული. მერე მჭიდროდ მომხვია მანაც მკლავი და ასე მივედით მანქანამდე. მანქანაში კი კარგად თბილოდა. სად მივყავდი არ მიკითხია. კორპუსის წინ რომ შეაჩერა მანქანა, მივხვდი, მაკასთან მიმიყვანა. არც შევმცდარვარ. სადარბაზოში შესულებმა რამოდენიმე საფეხური გვერდიგვერდ ავიარეთ და პირველ სართულზევე დარეკა ზარი. კარი გოგოებმა გაგვიღეს. აშკარა იყო რომ გველოდნენ. კარებშივე მომცვივდნენ და ჩამეხუტნენ. _ბიძიამ ბიცოლა მოიყვანა, რა კარგია._ჟრიამული რომ ატეხეს, მაკამაც გამოიხედა. _კარგით ახლა, მოასვენეთ ეგ გოგო და სახლში შემოიპატიჟეთ._გაუწყრა შვილებს. თუმცა ვერაფერი შეასმინა, სანამ ხელი არ მოკიდა და ისე არ ამადღლიზა ორივე._ღმერთო, ასეთი ქაჯები და შეუგნებლები როდემდე უნდა იყვნენ?_საცოდავად ამოიოხრა. აშკარად გველოდნენ, რადგან მისაღებში სუფრა ქონდათ გაშლილი. მართალია, მათ გარდა არავინ ყოფილა, მაგრამ, მაინც მომერიდა. თუმცა, რესტორნისგან განსხვავებით, აქ გემრიელად მივირთვი, მაშო და მაკო მოწყენის და მორიდების საშუალებას არ მაძლევდნენ. მისვლისთანავე სოსომ რომ შესთავაზა ნოდიკოს, ამაღამ აქ დარჩით, დავლიოთო, ავღელდი. მაგრამ ნოდიკომ მორიდებული ღიმილით იუარა. _არ მინდა, დალევასთან ძალიან ცუდი მოგონებები მაკავშირებს. გუნებაში გამეღიმა და მესიამოვნა მისი პასუხი. აშკარა იყო, ის შემთხვევა თავს ახსენებდა ყოველთვის მთვრალმა რომ მაკოცა და მოსვენებას უკარგავდა. სხვათაშორის ის კოცნა მეც ცუდად დამამახსოვრდა და მეც კარგა ხანს გამყვა მისი უსიამო განცდა. მაკომ და მაშომ მინი კონცერტიც კი მოგვიწყეს. ისე კარგად უკრავდნენ ფანდურზე და მღეროდნენ, გაოცებული და აღტაცებული დავრჩი. საკუთარი ფერწერული ნამუშევრებიც მაჩვენეს. ცხრა წლის გოგოები ასეთი ყოჩაღები თუ იყვნენ, ვერ წარმომედგინა. მართლა კარგად გავერთე და გავატარეთ დრო. ნოდიკო მართალს მეუბნებოდა, გიჟმაჟუნა გოგოებს ძლივს დავაღწიეთ თავი. თერთმეტი ხდებოდა მათი ბინიდან რომ გამოვედით. წვიმას იწყებდა და კარგადაც შემამცივნა. არ მინდოდა აღიარება, რომ მციოდა, მაგრამ გვარიანად ვძაგძაგებდი სანამ მანქანამდე მივიდოდით და ჩავსხდებოდით. რა ჯანდაბად მინდოდა ეს სიფრიფანა კაბა ნეტა? ნოდიკოს ხომ გაპრანჭვის გარეშეც მოვწონდი? კიდევ კარგი მანქანაში თბილოდა და ცოტა ჩამთბა კიდეც. თბილისიდან რომ გამოვედით, გვარიანად წვიმდა. თავსხმა წვიმაში ხილვადობა ჭირდა და ამიტომ დაძაბული მართავდა ნოდიკო საჭეს. მისი დაძაბულობა მეც გადამდებოდა და შეშფოთებული გავყურებდი ტრასას. საჭესთან მე რომ ვმჯდარიყავი, ალბათ გადავიდოდი გზის სავალი ნაწილიდან და შევჩერდებოდი, დაველოდებოდი წვიმის გადაღებას და ისე განვაგრძობდი გზას. ნოდიკო ასე არ მოქცეულა. ჩემზე გაცილებით გამოცდილი მძღოლი იყო რა თქმა უნდოდა და არ ჩათვალა საჭიროდ სადმე შეჩერება. მშვიდობით დავბრუნდით სოფელში. ჩვენთან აღარ წვიმდა, თუმცა ნაწვიმი კი იყო და მანქანიდან რომ გადმოვედი, ისევ შემცივდა. _დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, არაჩვეულებრივი დრო გავატარე._მადლობა რომ მოვუხადე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. _არაფერს._დაბნეულად შემომღიმა._ახლო მომავალში კიდევ გავიმეოროთ და სადმე წავიდეთ თუ გეცლება. _კარგი იქნება._მეც გამეღიმა. მერე სალაპარაკო თემა გამოგველია თითქოს ორივეს და გაჩახჩახებულ ლამპიონის შუქზე ერთმანეთს თვალებში შევყურებდით. ვერ ვიტყვი მას რა აზრები უტრიალებდა თავში, მე კი ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი ეს მორცხვი და მორიდებული ბიჭი, რაღაცით მართლაც რომ გავდა ბავშვს, სულ მალე ჩემი ქმარი რომ გახდებოდა. _კარგი, მე წავალ, ღამემშვიდობისა._ისევ შემაცია და უკან გადავდგი ნაბიჯი. საზიზღარი ჯესი ფეხებში ამებლანდა და წავბარბაცდი. შემარცხვინა. თუმცა, ინსტიქტურად რომ შემაშველა ნოდიკომ ხელი და წაქცევას გადამარჩინა, ჩავეხუტე. მთვრალი არ იყო, იმედი მქონდა კოცნას ვერ გამიბედავდა, მაგრამ შევცდი. თუმცა არ მწყენია, პირიქით... ნიკაპზე თითები რომ ამომდო და თავი ფრთხილად ამაწევინა, ერთხანს თვალებში მიმზერდა. ალბათ, აინტერისებდა, წინააღმდეგობას გავუწევდი თუ არა. რა ამოიკითხა ჩემს თვალებში არ ვიცი, ალბათ სახეზე მისი კოცნის სურვილი მეც მეწერა, ფრთხილად დაიხარა და ათრთოლებული ტუჩები ჩემს არანაკლებ ათრთოლებულ ტუჩებს რომ შეახო, სუნთქვა დამავიწყდა. მარტო სუნთქვა კი არა, ვინ ვიყავი და სად ვიყავი ისიც კი დამავიწყდა. იმ პირველ კოცნას, რომელიც ყოველთვის ცუდად მახსენდებოდა და მისი გაფიქრებაც კი მაფრთხობდა, არაფრით არ გავდა. ალბათ წამები გაგრძელდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დაუსრულებლად გრძელდებოდა. მართლაც რომ დაუსრულებლად გაგრძელებულიყო, უარს არ ვიტყოდი. ჩემი კოცნა რომ დაასრულა, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე. თვითონაც ღრმად სუნთქავდა. მერე, მღელვარე ხმით დამემშვიდობა, ხვალაც გნახავო შემპირდა და სანამ ეზოში არ შევედი, მანამ არ ჩაჯდა მანქანაში. ბედნიერებისგან ფრთებშესხმული შევედი ოთახში, სადაც დედაჩემი სავარძელში ჩამჯდარი მელოდა. _სახეზე გაწერია, რომ დღევანდელი საღამოთი კმაყოფილი ხარ._აშკარად შემატყო ბედნიერება. მის წინ ნოხზე მოვკალათდი და თავი მუხლებზე ჩამოვადე. _მართლაც რომ კმაყოფილი ვარ... და ბედნიერი ვარ, რომ ნოდიკოს მივყვები ცოლად. ასე კარგად ვერ ვცნობდი ამ ბიჭს, მართლაც რომ არაჩვეულებრივია. დიდხანს ვისხედით მე და დედაჩემი და გვიანობამდე ვსაუბრობდით. აქამდე, რომ არასდროს მოუყოლია, მომიყვა გარიგებით როგორ მიათხოვეს მამაჩემს. მართალია არ უყვარდა, მაგრამ მამაჩემმა თავისი ქცევებით და ხასიათით შეაყვარა თავი. არ ესმოდა იმათი, ერთი ნახვით შეყვარებაზე რომ საუბრობდნენ. ერთი ნახვით ადამიანი მოგეწონება და არ შეგიყვარდება. მოწონება და სიყვარული კი სხვადასხვა რამეა თურმე. ისე შევყევით ლაპარაკში, ლამის თავზე დაგვათენდა. სამი ხდებოდა, რომ დავწექით, თუმცა ძილი მაინც არ მომკარებია თვალზე. ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი დღევანდელი საღამოსი და ნოდიკოს კოცნაზე ვფიქრობდი. მართლა გამიმართლა, რომ მას შევუყვარდი და ნათიაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. მან ამიხილა თვალები, რომ ნოდიკოს მიმართ არც მე ვიყავი გულგრილი. ნეტა, ნათიას რომ არაფერი ეთქვა, არც წითელი ვარდები გამოეგზავნა ნოდიკოს ჩემთვის, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება? ნუთუ იმ უვარგის და ხეპრე დემნაზე ვიფიქრებდი ისევ? ან, მაშინ, ჩემთან რომ მოვიდა და ნათია არ გამოჩენილიყო, ხომ დიდი სიამოვნებით დავნებდებოდი? მერე რა მოხდებოდა, ნონას მიატოვებდა ჩემს გამო ვითომ? ის ავყია დონარა რა ჭკუაზე დადგებოდა ნეტა? ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი კარგად აეწყო. ამის მერე კი არაფრის დიდებით არ დავთმობდი ჩემს მორცხვ და მორიდებულ ნოდიკოს... თავზე რომ დამათენდა, მაშინვე წამოვხტი საწოლიდან. ცოტა კი მციოდა და ყელიც მეწვოდა, მაგრამ მაინც გავემზადე სალონში წასასვლელად. ერთი სული მქონდა კარებში ნოდიკოს ბარათი დამხვედროდა ან, თვითონ ნოდიკო მენახა. ნათიას რომ შევეხმიანე, ცოტა მოგვიანებით ამოვალ, დილითვე არ მცალიაო. გამიკვირდა, ამ ბოლო დროს რა საქმეები ქონდა ისეთი, რომ სალონისთვის ვეღარ იცლიდა? სალონში მართლაც დამხვდა ნოდიკოს ბარათი, რომელიც გულის ფანცქალით გადავიკითხე. "გუშინდელი საღამოსთვის დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი იყო. დღეს ალბათ ვერ გნახავ..." _რაა?_ხმამაღლა აღმომხდა ნირწამხდარს და ისევ ბოლო წინადადებას მივუბრუნდი, რომ ვიღაცამ თვალებზე ამაფარა ხელი. ოდეკოლონის სურნელით ვიცანი, რომ ნოდიკო იყო. გამოდის, ტყუილად მომწერა, ჩემი რეაქცია აინტერისებდა. მინდოდა გამეთამაშა, ვითომ ვერ ვიცანი, მაგრამ ვერ შევძელი. მგონი, უმალვე გავყიდე თავი სიამოვნებით რომ გავიტრუნე მის მკერდზე ზურგით აყუდებული. _ჩემი გაბრაზება გინდოდა?_მოგვიანებით ვკითხე, თანაც ცოტა წყენით. _არა, ეგ ბარათი წუხელ დავდე, მეგონა დღეს ვერ გნახავდი. შესაცვლელად მოვედი, მაგრამ დამასწარი._გაეცინა მისი ხელები თვალებიდან მოვიშორე და შევბრუნდი. ალალი თვალებით მიმზერდა. ამ ბიჭმა ტყუილი საერთოდ არ იცოდა მგონი. ჯერ ისევ ერთმანეთს ვუმზერდით, რომ ნონამ და დემნამ გაიარეს სალონის წინ გამომწვევი სიცილით. არ შემიხედია. თუმცა, დემნას დაჟინებულ მზერას კი ვგძნობდი. მათი თანდასწრებით არა, თვალს რომ მიეფარნენ, მაშინ კი ჩავეხუტე. _რა ბედნიერებაა შენ რომ მყავხარ._ჩურჩულით ვუთხარი. მანაც მომხვია მკლავები და დიდხანს ვყავდი ჩახუტებული. გვიან გავიაზრე, რომ ქუჩაში ვიდექით და გამვლელ-გამომვლელი გვხედავდა. ძლივს მოვიფიქრე და მოვახერხე სალონის გაღება. ნოდიკო იქაც შემომყვა. ცოტა ხანს კიდევ დარჩა ჩემთან და ნათია რომ მოვიდა, მერე დამემშვიდობა. გულმა არ მომითმინა და ნათიას დემნას ამბავი მოვუყევი სალონის წინ რომ დამიხვდა და ტუჩი გავუხეთქე. _მოკლეთ, ეგ ბიჭი არ ისვენებს რა!_გაბრაზდა კი არა, გაცეცხლდა._აქ რომ ვყოფილიყავი, გეფიცები ჩემი ხელით გამოვახრჩობდი. ეგ ნაძირალა ეგა!!! შენს საქმროს არ უთხარი? _არა, მეშინია იმ არამზადამ არაფერი დაუშაოს. _მაგისი გეშინია თუ გსიამოვნებს დემნას კუდში დევნა?_ეჭვით შემომხედა. წამიერად დავიბენი. ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ შინაგანად ისევ დემნას მხარეზე ვყოფილიყავი? თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ მართლა მომწონდა მისი ეს მხეცური და ველური გამოხტომები? _არა, რა სისულელეა?_უფრო ჩემ თავს გავუწყერი, ვიდრე ნათიას._საზიზღარია და მძულს. ვერ ვიტან... _ხო, მაგრამ ამ ამბის დამალვა რომ არ ივარგებს, ვერ ხვდები? უფრო გათამამდება და ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებს. მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ნოდიკოს თუ ვერ ეუბნები, კობას მაინც უთხარი... _არ მგონია სალონში მომივარდეს და აქ დამიშავოს რამე, მასეთი თავზეხელაღებულიც არ არის. _მაინც რომ მიიღო სიფრთხილის ზომები კარგი იქნება. _კარგი, კობას ვეტყვი, რომ გააფრთხილოს._დავპირდი კი, მაგრამ თქმას მართლაც არ ვაპირებდი არც კობასთვის და მითუმეტეს, არც ნოდიკოსთვის. იმიტომ კი არა, რომ მომწონდა და ხელს ვაფარებდი, უბრალოდ, არ მინდოდა ცუდი მომხდარიყო რამე. ნათიამ ეჭვით შემომხედა. მგონი მიმიხვდა ყველაფერს. თუმცა, თქმით არაფერი უთქვია. შუადღემდე კარგად ვიმუშავეთ. მერე კი საქმე მოიმიზეზა და შედარებით ადრე წავიდა სახლში. მე კიდევ დავრჩი. მართალია ცოტა მეშინოდა დემნასი, შემთხვევით არ შემოტლაკუნებულიყო, მაგრამ კლიენტები რომ მომივიდნენ, დავმშვიდდი. საღამოს ცოტა შემაგვიანდა სახლში მისვლა. თუმცა ნათია სახლში არ დამიხვდა. საეჭვოდ იქცეოდა ამ ბოლო დროს. ბევრი საიდუმლო საქმეები ქონდა, რომელსაც მე არ მიმხელდა და ცოტა არ იყოს ნდობას მაკარგვინებდა მის მიმართ. მეორე დღეს ისევ დამხვდა ბარათი სალონის კარში. "დღეს კი ნამდვილად ვეღარ გნახავ. თუმცა ხვალინდელი დღის იმედი გამაძლებინებს. მიყვარხარ და უზომოდ მენატრები". ოცდამეერთე საუკუნის ტექნოლოგიებს მართლა ვერ ავუწყე ფეხი. ტელეფონში მოწერილ შეტყობინებას მილიონჯერ მერჩია ასე, ფურცელზე დაწერილი ტექსტი. უფრო გულს მითბობდა და სასიამოვნოდაც მიძგერებდა თითქოს. ბარათს სიამოვნებით დავყნოსე, მისი ოდეკოლონის სურნელი რომ შევიგრძენი, დავმშვიდდი, მისი ნახვის ტოლფასად ჩავთვალე. ნათია იმ დღესაც არ მოვიდა სამსახურში. დამირეკა, რაღაც სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და თბილისში მივდივარო. უფრო გამიღრმავდა ეჭვი, რომ რაღაცას მიმალავდა. საღამოხნისკენ კი, სახლში წამოსვლას ვაპირებდი უკვე, ნონა რომ მეწვია. _ვიკეტები უკვე._ცივად ვუთხარი და გასაღები შევათამაშე ხელში. _როცა დედიკო აქ არ გყავს, გასაღებებით იგერიებ ხალხს?_დამცინავად მკითხა. ვერ მივხვდი და არც გამიანალიზებია რა მითხრა. ერთი სული მქონდა როდის მოვისვრიდი სალონიდან. _აჰა, იცი და იმიტომაც ხარ ჩუმად? მან რომ მიგაგდო? ასე უცებ აპატიე ყველაფერი? _რაა?_თითქოს სისხლი გამეყინა ძარღვებში._გაიმეორე რა თქვი?_მივუახლოვდი, რომ კარგად შემეთვალიერებინა მისი სახის თითოეული ნაკვთი. შევატყე შეეშინდა და უკან დაიხია. _არ მომეკარო!_შეშფოთებულმა მიკივლა._ჩემს შვილს არაფერი დაუშაო თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. შვილი რომ ახსენა, ინსტიქტურად მუცელზე დავხედე. მართლაც, ოდნავ წამოზრდილი ქონდა მუცელი. დემნასგან იყო ვითომ ორსულად?_ამ აზრმა გამიელვა მხოლოდ. ვერ მივხვდი მეწყინა თუ გამიხარდა. ადგილზე გავიყინე ისევ. _გაიმეორე რა თქვი?!_არაადამიანური ხმით ამოვიხავლე. _ორსულად ვარ და დემნას შვილს ვატარებ მუცლით._თითქოს რაღაც სიამაყით განმიცხადა. _ეგ არ მაინტერისებს, მანამდე რა თქვი? _ნათია რომ დედაშენია არ იცოდი ვითომ?_ირონიული ღიმილით მითხრა და სანამ მე გაოგნებული ვაანალიზებდი მის ნათქვამს, დრო იხელთა და სალონიდან უკანმოუხედავად გავარდა. _რაა? ნათია დედაჩემია? ის ქალია, ვინც გამაჩინა და მიმაგდო? ოცდაცხრამეტი წლის ვარო, გამოდის თექვსმეტი წლის ასაკში გამაჩინა? არასრულწლოვანი გაერთო, ჩემმა შემქმნელმა პასუხისმგებლობას აარიდა თავი, მან გამაჩინა, მიმაგდო და გერმანიაში გადაიხვეწა? ახლა მოვიდა, დამიახლოვდა და დაკარგული წლების ერთნაირად ანაზღაურება მოუნდა?_ისე ავღელდი, უჰაერობა დამემართა. ძლივს მოვახერხე ონკანთან მისვლა და სახის ცივი წყლით ჩამობანა._გამოდის, თუ დონარას ძმასთან გაერთო, ის კაცი მამაჩემია? დემნა კი ჩემი მამიდაშვილი? ღმერთო ჩემო, ტყუილა არ იყო ის აშარი ქალი ჩემი და დემნას წინააღმდეგი. ჩვენს შორის რომ რამე მომხდარიყო, მერე?_სასოწარკვეთილმა ბოლო ხმაზე ვიკივლე._საზიზღარი, იმიტომ მარიგებდა ჭკუაზე, მოუსმინე მაინც თუ საშუალება გექნება, იქნებ რის გამო დაგთქმოვო? მძულს! მძულს! მძულს!_მაგიდასთან ჩამოვჯექი და მუშტები გამეტებით დავუშინე მყარ ზედაპირს._რა გინდა, ჭკვიანურად მოქმედებს, სწორი გათვლებით. დამიახლოვდა, თავი შემაყვარა._მის შილაკის აპარატს ხელი გავკარი და მოვისროლე, ვითომ მას რამე ბრალი მიუძღოდა ჩემს წინაშე._ნეტა ნონამ საიდან გაიგო? წამოვხტი, სალონი არც კი დამიკეტია, მანქანაში ჩავჯექი და მის სახლს მივაშურე. დედამისმა გამომხედა. მე რომ დამინახა, გაუკვირდა. დამიმალა თავისი შვილის სახლში ყოფნა, მაგრამ თვითონ ნონამ გამომხედა მალევე. დედამისს უთხრა, არაფერია, სახლში შედიო და წინ ამესვეტა. _ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამიტოვე. შენ რა იცი ამის შესახებ?_მივხვდი რომ მუდარა გავურიე ხმაში. _ვიცი._გამომწვევად შემომღიმა._თუ არა და, ის არ კმარა, რომ გინდ აღნაგობით და გინდ იერით ერთმანეთს გავხართ? ერთი და იგივე საქმისკენ ერთნაირი მისწრაფება რომ გაქვთ? ყველგან და ყოველთვის შენი დამცველი რომ არის და კრუხივით გეფაფრება? _ვარაუდებზე დაყრდნობით მელაპარაკები?_გავცოფდი._მეგონა რამე იცოდა. _შენს ადგილზე დეენემის ტესტს ჩავატარებდი. არ გაინტერისებს? _შენ სხვა რამეც გეცოდინება, ისე არ იტყოდი არაფერს._ისევ ავენთე._მითხარი რა იცი! ალბათ დედამისი კარებთან იდგა და ჩემი ხმამაღალი ლაპარაკი რომ გაიგო, გამომივარდა. _წადი აქედან სანამ პოლიციას გამოვუძახე! რა გინდა, რას გადაეკიდე ჩემს გოგოს? ხომ არ გგონია, მაშინდელი ამბავი რომ შეგრჩა, ახლაც გაპატიებ? გაეთრიე აქედან! ამ ქალთან ჩხუბის თავი ნამდვილად არ მქონდა. მე ჩემი სადარდებელი მჭამდა. ნონას სხვა რამეც ეცოდინებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. გაოგნებული გამოვბრუნდი იქიდან. სალონს რომ მივუახლოვდი, ნათიას მანქანა დავინახე და გიჟივით შევჩერდი. სალონშიც გიჟივით შევვარდი, მინდოდა მივჭროდი, გემოზე გამომელანძღა და გამეძევებინა ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ გადავიფიქრე. ჯობდა ჯერ მართლაც დეენემის ტესტი ჩამეტარებინა, დავრწმუნებულიყავი ნონას ნათქვამ ჭორში და მერე მემოქმედა. სალონში რომ შევედი, გაოცებულმა შემომხედა. _რა მოხდა? კარგად ხარ?_შილაკის აპარატი, ხელში რომ ეჭირა, იქვე დააგდო და ჩემსკენ გამოიწია. უმალ გავაცნობიერე ის, რომ იმ ძვირადღირებულ აპარატზე ძვირფასი მე ვიყავი მისთვის. ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ინსტიქტურად ნაბიჯი გადავდგი უკან, რომ არ შემხებოდა, მაგრამ ისევ თავის მოთოკვა ვამჯობინე. _ფერი აღარ გადევს სახეზე, რა მოგივიდა?_მე მკითხულობდა და არა იმ ოხერ შილაკის აპარატს._დემნა იყო ისევ? რა მომეტყუებინა ასე უცბად და რით ამეხსნა ამ აპარატის დამტვრევა, არ ვიცოდი, ტვინი სასწრაფო წესით ავამუშავე. _ცოტა ხნით მაღაზიაში გავედი, კარი ღია დავტოვე, ვინ შემოვიდა არ ვიცი. ახლო-მახლო ყველგან დავიარე და ვერავინ შევნიშნე._ეს ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე, რაღაც მაინც რომ მომაფიქრდა. _მეც არ ვთქვი შენ შეგემთხვა რამე._შეშფოთებული სახით რომ მომიახლოვდა და გადამეხვია, შევკრთი. ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი მის მიმართ._ვიფიქრე, იმ უტიფარმა დემნამ დაგიშავა რამე._აშკარად შეშფოთებული იყო. _მე კარგად ვარ, არამიშავს._ცივად მოვიშორე მისი ხელები._ეს აპარატი გატეხეს._ვითომ ძალიან შევწუხდი._პოლიციაში განვაცხადოთ?_ცოტა შიშით ვიკითხე. რომ დამთანხმებოდა, რა უნდა მექნა, ვის დაიჭერდნენ ვითომ? _კამერები დავაყენოთ. პოლიციის იმედი არ მაქვს. თან, წაღებულიც არაფერია. ერთადერთი ეს აპარატია გატეხილი. არაუშავს, მთავარია რომ შენ ხარ კარგად._ისევ გადამეხვია. ურეაქციოთ და უემოციოთ რომ ვიყავი, გაკვირვებულმა შემომხედა. _ძალიან დავიღალე და დასვენება მინდა. მე რომ სახლში წავიდე, შენ აქ მიხედავ ყველაფერს? _კი, რა თქმა უნდა... სანამ კიდევ რამეს მეტყოდა, გასაღებების აცმა დავუტოვე და ჩემს მანქანას მივაშურე. როგორ ჩავედი სახლში არვიცი. გაოგნებული ვიყავი იმ ამბით, რომ შეიძლებოდა ნათია ჩემი ბიოლოგიური დედა ყოფილიყო. დეენემის ტესტისთვის მისი თმა, ფრჩხილი ან ნერწყვი დამჭირდებოდა. თმა შეღებილი ქონდა და რამდენად გამოდგებოდა არ ვიცოდი, ფრჩხილს ვერ მოვაჭრიდი. ისევ მისი კბილის ჯაგრისი უნდა მომეპარა როგორმე, მაგრამ როგორ? სახლში მისულს დედაჩემმაც კი შემნიშნა უგუნებობა. _მოხდა რამე შვილო?_ეს "შვილო" ისე მალამოსავით დამეფინა გულზე, ლამის პატარა ბავშვივით ავღრიალდი. მართლაც რომ მისი შვილი ვიყავი. მერე რა, თუ ძალა არ მოსვლია ჩემს გაჩენაში? მერე რა, თუ ძუძუ არ უწოვებია? მან გამზარდა და აღმზარდა ისეთად, როგორიც ახლა ვიყავი. სასთუმალთან ღამეებს მითევდა სიცხის დროს. ჩემზე ზრუნვაში არც დრო ენანებოდა, არც ენერგია და არც ფული. ყოველთვის სიყვარულით მეპყრობოდა, მითუმეტეს, რომ მისი გაჩენილი არ ვიყავი, მისი სისხლი და ხორცი... ამ დროს კი, ეს გულქვა ნათია სად იყო? რას აკეთებდა? მორიგ თავგადასავალს ეძებდა? ახლა გამოჩნდა და გაზრდილი რომ მნახა, მოუნდა დედობა? ვერ მივართვი! გულაჩუყებული გადავეხვიე ჩემს გამზრდელ დედას და გულში ჩავიკარი აცრემლებულმა. _დედა გენაცვალოს, მოხდა რამე?_მანაც მომხვია თავისი მკლავები. _შენი მიტოვება არ მინდა. არასდროს დაგთმობ არაფრის დიდებით. ალბათ იფიქრა, რომ ვთხოვდებოდი მაგის გამო ვღელავდი. გაეცინა. _ქალის წესი ეგ არის შვილო, გათხოვდება და ახალ ოჯახს შეიძენს. ნოდიკოს მშობლები არ არიან ისეთი ადამიანები, დედა მოგანატრონ. თან, აქვე იქნები და მალ-მალე მომინახულებ. ზოგი ცხრა მთას იქით თხოვდება და იმან რაღა ქნას წელიწადში ერთხელ ან ნახავს თავის მშობლებს ან არა?_მე კი მამშვიდებდა, მაგრამ შევატყე რომ თვითონაც უთრთოდა ხმა. ჩემნაირად ისიც განიცდიდა ალბათ ჩემი ამ სახლიდან წასვლას. ნათიას შესახებ არაფერი მითქვია. რომც გამეგო ნამდვილად ჩემი გამჩენი იყო, ისე მოვიშორებდი იმ ქალბატონს თავიდან, დედაჩემს არაფერს გავაგებინებდი. არ ვანერვიულებდი ნათიას გამოჩენით. იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე ნერვიულობით. ათასი სავარაუდო გეგმა დავაწყე, როგორ მომეპარა მისი რაიმე პირადი ნივთი, რითაც დეენემის ტესტის ჩატარება იქნებოდა შესაძლებელი. დილაადრიან ვეწვიე იძულებითი ღიმილით. გაუკვირდა, ჯერ მზად არ იყო. _სახლში ვეღარ ვჩერდები, მომავალი გათხოვების ამბები მაღელვებს და მაფორიაქებს._თავი ვიმართლე. _არაუშავს საყვარელო, ეს ნორმალურია._გულთბილად გამიღიმა. საყვარელო რომ მითხრა , მადიანი სილის გაწვნა მომინდა ტუჩებში. _აბაზანაში შევალ, მოვწესრიგდები და წავიდეთ. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. სამზარეულოში ტკბილეულია, ნახე თუ რამე გინდა. ჩემს თავს მივხედავ-მეთქი, ნაძალადევად შევღიმე და სავარძელში მოხერხებულად ჩავესვენე. ეჭვი არაფერზე გასჩენია. მანაც შემომღიმა და ისე შევიდა აბაზანაში. ავად გავაყოლე მზერა. მიიხურა თუ არა კარი, მაშინვე წამოვხტი. მის კაბინეტში ქურდივით შევიპარე. მაგიდაზე გაშლილი საბუთები გადავქექე. ისეთი ვერაფერი ვნახე ხელჩასაჭიდი, სახლის საბუთები იყო მის სახელზე. უძრავ-მოძრავი ქონება ყველაფერი მასზე იყო გაფრმებული. ეს მოსალოდნელიც იყო, ბანკიდან ხომ მან დაიხსნა ეს სახლი? უჯრებს წავატანე ხელი. არც იქ იყო ისეთი არაფერი. ერთი უჯრა კი ჩაკეტილი დამხვდა და იმას დავეჯაჯგურე. თუ რამე ექნებოდა, ამ უჯრაში ექნებოდა გადამალული. ეჭვიც და ინტერესიც ერთნაირად გამიმძაფრდა. უმწეოდ მოვავლე ოთახს თვალი, მაგრამ გასაღებს ვერსად ვიპოვე. გაწბილებული და იმედგაცრუებული გამოვედი იქიდან და ახლა სამზარეულოში შევედი. იქ რისი ნახვის იმედი მქონდა არ ვიცი, მაგრამ მაინც გავედი. ტკბილეული მართლაც ვნახე სამზარეულოს მაგიდაზე მოზრდილი ბროლის ვაზით რომ იდგა. მივუჯექი და ჩემს საყვარელ შოკოლადებს მუსრი გავავლე. მათი ჭამა თითქოს აზროვნებაში მეხმარებოდა... და მართლაც, გონება გამინათდა თითქოს, ჩემი კლასელი ნინო გამახსენდა, ბიოლოგიას კარგად რომ სწავლობდა. გამიხარდა, მას ვესტუმრებოდი და დავკითხავდი რა, სად და როგორ უნდა გამეკეთებინა. დღეს კი, როგორმე ავიტანდი ამ თვითმარქვია ნათიას გვერდით ყოფნას. ქალბატონი აბაზანიდან რომ გამოტლაკუნდა მოკლე ხალათით, გულთბილად შემომღიმა. _ღმერთმა შეგარგოს._ნამდვილად შოკოლადები იგულისხმა ალბათ. ჩემს წინ დაქუჩებულ ქაღალდებს რომ დავხედე, გული გამისკდა, ღორივით მივძღომილვარ თურმე. თავის ოთახში ტანსაცმლის ჩასაცმელად რომ წავიდა, უნებურად გავაყოლე თვალი. ლამაზი და სწორი ფეხები ქონდა. მოხდენილად მიაბიჯებდა. ზოგიერთივით თეძოებს გამომწვევად არ იქნევდა. მთლიანობაში ეფექტური ქალი იყო, მაგრამ... ალბათ, აღნაგობით მართლაც მას ვგავდი. ამის გაფიქრებაზე უარესად მომეშხამა გუნება. წამოვხტი და აივანზე გავვარდი, რადგან ოთახში ჰაერი აღარ მყოფნიდა თითქოს. ნათიამაც მალე მოამთავრა გაპრანჭვა და სალონში წავედით. ძალიან უგულისყუროდ ვიმუშავე. ქალბატონიც კი მატყობდა, რომ ვერ ვიყავი ჩემს "მატორზე", მაგრამ მომავალ ქორწინებას უკავშირებდა და ღიმილით მამშვიდებდა, თითქოს გამოცდილი ქონოდა ეს ამბავი. შუა დღის მერე, კლიენტები რომ აღარ გვყავდნენ, ნინოს მოსანახულებლად გადავწყვიტე წასვლა. _რამდენი ხანია დაქალი არ მინახია. ჩამოსულა, აქ არის და ცოტა ხნით რომ გავიქცე, შენ ხომ არ გეწყინება?_ნაძალადევი ღიმილით ვკითხე. _არა, რატო უნდა მეწყინოს? წადი, აქაურობის დარდი ნუ გექნება._გულთბილად შემომღიმა. თანხმობა მივიღე თუ არა, მაშინვე გავვარდი გარეთ, საჭეს მივუჯექი და ნინოს სახლისკენ გავეშურე. ბედი რომ არ ექნება ადამიანს, სახლში არ დამიხვდა. დედამისმა, საღამოს გვიან მოვა, დილით კი სამსახურში აპირებს წასვლას და მაგ პერიოდში თუ დაიჭერ სახლშიო. ტელეფონის ნომერი კი გამოვართვი, მაგრამ პირადად ნახვა მერჩია. უმარკო წერილივით მალევე რომ მივბრუნდი უკან, ნათიას გაუკვირდა. _გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და ვერ მივუსწარი, დილით ვნახავ სანამ წავა. რა იცოდა რა გეგმებს ვაწყობდი და რა შავი ღრუბლები ქუჩდებოდა მის თავს, თორემ ასე მშვიდად იქნებოდა და ასე ღიმილით დამიწყებდა ყურებას? საღამოს კი ნოდიკომ შემოგვიარა და გულწრფელად გამახარა. ნათიას ამბავიც კი ვერ აუფერულებდა და აბათილებდა მისი ნახვით გამოწვეულ ბედნიერებას. იმდენი კი ესმოდა ამ ქალბატონს, რომ მარტო უნდა დავეტოვებინეთ შეყვარებულები და ნოდიკო შემოვიდა თუ არა სალონში, მალევე მოიმიზეზა მაღაზიაში გასვლა. _მომენატრე._ნათია გავიდა თუ არა, მაშინვე გავექანე და გულში ჩავეხუტე. _მეც._სიხარულით მომხვია მანაც მკლავები._ვეღარ ვძლებ უკვე უშენოდ. მინდა მალე მოვიდეს ჩვენი ქორწილის დღე, რომ სულ გვერდით მყავდე. _სულ ერთად მაინც ვერ ვიქნებით, შენ მუშაობ, მეც ვმუშაობ._გამეღიმა. _სამაგიეროდ ღამე ვიქნებით ერთად. ღამის ხსენებაზე ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული. მასთან ერთად მეც და უფრო მჭიდროდ მივეკარი მკერდზე. _ერთად დავიძინებთ და ერთად გავიღვიძებთ._ჩურჩულით, მაგრამ ამავე დროს უდიდესი გრძნობით მითხრა._ერთად შევძლებთ საუზმობას, ვახშმითაც ერთად ვივახშმებთ. თვალნათლივ წარმოვიდგინე ყველაფერი, რაც კი ჩამომითვალა და სასიამოვნოდ გამცრა ტანში. ძალიან ხატოვნად და მომხიბვლელად აღწერდა ყველაფერს. დიდი სიამოვნებით დავიძინებდი და გავიღვიძებდი მართლაც მის გვერდით. _გინდა, სადმე გავისეირნოთ?_მოულოდნელად მკითხა. _მაცდური წინადადებაა._გამეცინა._და სად წავიდეთ? _თუ გასეირნება გინდა, სიღნაღში წავიდეთ. თუ ფილმის ყურება, კინოთეატრში. _ორივე კარგია, მოდი კენჭი ვყაროთ? კენჭის ყრაზე დამთანხმდა და ფილმის საყურებლად წავედით თბილისში. ნათიას რომც არ გავენთავისუფლებინე სამსახურიდან და ჩემს მაგივრად არ ემუშავა, მე მაინც გამოვკეტავდი სალონს და მაინც წავიდოდი. ვერავინ დამიშლიდა საყვარელი ადამიანის გვერდით სადმე წასვლას. ნახევარ საათში გამოვიპრანჭე და ნოდიკომ რომ მომაკითხა სახლში, ლამის ხტუნვა-ხტუნვით გავყევი კინოთეატრში. პრემიერებზე ვერ მოვხვდით. ისეთი ამბავი იყო და ისეთი თავპირისმტვრევა ქონდა ხალხს, ნამდვილად არ ღირდა იქ ჭ....ტაობა. ალალბედზე "ჩემი სიძულვილის 10 მიზეზზე" შევედით. მართალია, ცოტა ძველი ფილმი იყო, მაგრამ ნანახი არ მქონდა და ძალიან ვისიამოვნე ისე მომეწონა. ნოდიკოს მხარზე თავმიდებული დიდი გულისყურით შევყურებდი ფერად ეკრანს და არც ერთ კადრს არ ვუშვებდი უნახავს. ისე ჩავიძირე მთავარი გმირების სასიყვარულო ისტორიებით, სულ დამავიწყდა ნათიაც, დონარაც, დემნაც და მისი გველაძუა ნონაც. დიდად კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. მანქანიდან გადასვლის წინ კი, სანამ ნოდიკო შეიხსნიდა ღვედს და გადავიდოდა, მე დავასწარი, გადავიწიე და მის ტუჩებს დავეწაფე. მოულოდნელობამ ჯერ დააბნია, მერე ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. _ძალიან კარგი იყო, დიდი მადლობა. მიყვარხარ._სხაპასხუპით მივაყარე, თავი გავინთავისუფლე მისი მკლავებიდან და მანქანიდან აფორიაქებული გადავედი. სანამ ეზოში შევიდოდი, ისევ შევხედე ბედნიერი ღიმილით რომ მიმზერდა და კარი კი არ შევაღე, ლამის შევგლიჯე ფეთიანივით. დილით ისევ დამხვდა სალონის კარში ბარათი "ეს დროც მგონი ჩემს ჯინაზე იწელება, აღარ ეღირსა ნოემბერს დადგომა. მიყვარხარ!" გულმა ისე დამიწყო ძგერა, თითქოს ჩემს წინ მდგარიყოს და პირადად ეთქვას ეს სიტყვები. თვალწინაც კი დამიდგა მისი მორიდებული და მღელვარე გამოხედვა. მერე, სალონი რომ გავაღე, ნათიას ჩავაბარე ყველაფერი და მე ნინოს სანახავად წავედი. გამიხარდა სახლში რომ დამხვდა. გულიანი მოკითხვის და ხვევნა-კოცნის მერე ჩემს საქმეზეც გადავედი. _როგორც რომ ყველაზე ნასწავლი გოგო, შენ გეცოდინება დეენემის ტესტი როგორ და რანაირად კეთდება. ვერ დამაკვალიანებ? _დეენემის ტესტი?_ეჭვით შემომხედა._რასთან დაკავშირებით? რამე გენეტიკური დაავადების გამოკვლევა გინდა?_შეიძლება მიმიხვდა რაც მაინტერისებდა, მაგრამ მაინც მკითხა. _ჩვენში დარჩეს ოღონდ, კარგი?_მუდარით შევხედე. თანხმობის ნიშნად თავი რომ დამიქნია, გავთამამდი. _ერთი პიროვნება მაინტერესებს მართლა ჩემი მშობელია თუ არა. რა მასალაა საჭირო მაგ ანალიზისთვის? ჯერ დაფიქრდა, ცოტა ხანს ასე მიყურა. ალბათ აანალიზებდა ჩემს შემთხვევას. _თმა კარგია, მაგრამ მოჭრილი ხშირად არ ამართლებს, ბოლქვიანი უნდა იყოს. ფრჩხილი, ნერწყვი... _ბოლქვიანი თმა?_მექანიკურად გავიმეორე და უიმედოდ მოვისრისე შუბლი. როგორ დამეგლიჯა იმ ქალბატონისთვის ღერა-ღერა თმა? _წარბი და წამწამიც შეიძლება._დამაიმედა. წარბები მართლაც კარგი ვარიანტი იყო, კორექციას გავუკეთებდი და ძირიანად ამოვგლეჯდი ბუდიდან. ამის გაფიქრებაზე კმაყოფილს რომ გამეღიმა, ნინოსაც გაეღიმა. _მამობის დადგენა გინდა?_შეფარვით მკითხა. _არა, დედობისა. _ოო, დედობის დადგენა სიმართლე რომ გითხრა, ცოტა რთულია._კეფა მოიქექა. _რატო?_გაკვირვებულმა და იმედგაცრუებულმა ჩამოვყარე ყურები. _y ქრომოსომა ქალებს არ აქვთ და ამ შემთხვევაში მიტოქონდრიული დნმ კეთდება, რაც ახლო ურთიერთობების დასადგენად არ გამოდგება. _ეგ როგორ გავიგო? _ისე ჩემო ბაბი, რომ შენ, დედაშენს, დედის დედას და ასე შემდეგ შვიდ თაობას ერთნაირი დნმ გექნებათ, რადგან ის ძალიან ნელა იცვლება. მამობის დადგენა კი იმით არის ადვილი, რომ y დნმ ტესტი ტარდება, რაც პირდაპირ მამიდან შვილზე გადადის... ცოტა დავიბენი. _ასი პროცენტით ვერ დარწმუნდები რომ დედაშენია, მაგრამ შეიძლება ბებიაა, ან ბებიის დედა... _მოკლეთ, დედის ხაზი მაინც ჩანს ხომ?_ნათია რომ ჩემი ბებია ან ბებიის ბებია არ იქნებოდა, ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო? _კი, რა თქმა უნდა. _კარგი._გამიხარდა._სად შეიძლება ეგ ანალიზი გავაკეთო და რა დაჯდება? _შენ მე მომიტანე და ჩამაბარე რასაც გეტყვი და დანარჩენზე მე ვიზრუნებ. 1500 ლარამდე ჯდება. ერთი თვე მაინც დასჭირდება, მაგრამ თუ თანხას დაამატებ, ერთ კვირაშიც იქნება. გონების თვალით ჩემს ბიუჯეტს რომ გადავხედე, ამდენი თანხის გაფლანგვა შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა და ამიტომ ერთი თვე ლოდინი ვარჩიე. _იყოს ერთ თვეში, არაუშავს. სადაც ამდენი, იქაც ის ეს ერთი თვე. ახლა მითხარი, რა არის საჭირო მაგისთვის. _ბოლქვიანი თმა 5-10 მაინც, ან კბილის ჯაგრისი, რომელსაც ერთი კვირაა იყენებს... _წარბები ხომ წავა? მაგას მოგიტან. _ხელსახოცში გადაახვიე. შენი წარბებიც უნდა მოიტანო, ოღონდ ცალ-ცალკე აღებული. კიდევ, შენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და იმ ქალბატონისა... _მოიცა, ნათიასიც საჭიროა?_აქ კი დამცხა. ნინომ გაოცებით შემომხედა. _ფარულად იძიებ რამეს? _ეჭვი მაქვს._მხოლოდ ეს ვუთხარი და გავჩუმდი. ერთხანს დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის, რომელიც ძალიან მტანჯველი და აუტანელი გამოდგა. გამოდის, ვერაფერს გავიგებდი? _კარგი, მაგაშიც დაგეხმარები._ყურებჩამოყრილი რომ ვიჯექი, ბოლოს მეგობრულად მომუთათუნა ნინომ მხრებზე ხელი._საიდუმლოდ ჩავატაროთ. გახარებული გადავეხვიე. _მერე, დედაშენს რომ იპოვი შენს გამზრდელ დედას რას უზავ, მიატოვებ? _რა სისულელეა?_ავღშფოთდი._მე ერთი დედა მყავს ვინც გამზარდა. ის ქალბატონი ახლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და საეჭვოდ დამიახლოვდა. მინდა დავრწმუნდე და თუ მართლაც მისი გაჩენილი და მიტოვებული ვარ, კუდით ქვას ვასროლინებ. თავის დროზე მის ცხოვრებაში არ იყო ჩემი ადგილი, ახლა კი ჩემს ცხოვრებაში არ არის მისი ადგილი._ისეთი ღვარძლით და ბოღმით ვთქვი, ჩემი ხმის მე თვითონვე შემეშინდა. ნინომაც კარგა ხანს მიყურა შეშფოთებული სახით. მერე ფეხზე წამოდგა და მომიბოდიშა, _ სამსახურში უნდა წავიდე, არ მინდა დავაგვიანო. ხვალ ამავე დროს თუ შეძლებ, ამომიტანე და წავიღებ ანალიზის ჩასატარებლად. _ჯიგარი ხარ._გადავეხვიე, გადავკოცნე და ისევ სალონში დავბრუნდი. ნათიას კლიენტი ყავდა და მხიარულად აჭრიდა თმას სოფლის განაპირას მცხოვრებ თათიას. სალონში შესულს გულთბილად შემომღიმა. მეც კი გავუღიმე, ოღონდ ნაძალადევად და წარბებზე დავაკვირდი. კორექცია გაკეთებული ქონდა, ჩემი ხელის ხლება სულაც არ ჭირდებოდა. გუნება წამიხდა, სხვა რაღა მომეფიქრებინა? მაგიდის წინ, რომელზეც ნოდიკოს ნაჩუქარი ფერად-ფერადი ასტრები იწონებდნენ თავს ლარნაკში, მოწყენით ჩავეშვი სავარძელში. ფრჩხილებს ვერ დავაჭრიდი, რა მიზეზი მომეფიქრებინა აღარ ვიცოდი უკვე. ისევ ჩამოვყარე ყურები. თათია რომ წავიდა, ნათიამ ხელები დაიბანა და გვერდით მომიჯდა. _რამე ცუდი ხომ არ ხდება და მიმალავ?_მორიდებით შემომაპარა._ დემნა ხომ არ გადაგყრია ისევ სადმე? _არა, რაც ტუჩი გავუხეთქე, მას მერე აღარ მინახავს._"დავამშვიდე". _აბა, დონარა?_დონარას ხსენებაზე კი ოდნავ რომ შეკრთა, ჩემს თვალს არ გამოჰპარვია ეს. _არა, არც დონარა მინახია სადმე. _მაშ რა ხდება, მართლაც მომავალი ქორწილი გაფრთხობს ასე?_ალალად შემომღიმა. მგონი, მართლაც დედაჩემი იყო, ისე ვგავდით ერთმანეთს ღიმილით. _რაღაც ახალი სტილის წარბები ვნახე. არ ვიცი მომიხდება თუ არა. რომ გავიკეთო კორექცია და არ მომიხდეს, მერე რა ვქნა ქორწილისთვის?_"ამოვიოხრე". _გინდა ჩემზე სცადო?_ეს შეთავაზება ისეთი მოულოდნელი იყო მისი მხრიდან, ნერწყვი სასულეში გადამცდა და ლამის დავიხრჩე. რას ქვია არ მინდოდა? თავისთავად იჩარხებოდა ეს საქმე და როგორ არ მენდომებოდა? სიამოვნებით წამომისკუპდა სარკის წინ სავარძელში და შემაგულიანა. _მოდი, მოდი, სცადე. მეორედ აღარ მითქმევინებია. გახარებული წამოვხტი, პინცეტი და ხელსახოცი მოვიმარჯვე, გამადიდებელი მინებით სათვალე მოვირგე და თავი რომ გადმოვაწევინე, მის გაპუტვასაც შევუდექი. პინცეტს ხელსახოცზე ვწმენდავდი ვითომ, არა და სათითაო წარბს იქ ვიქუჩებდი გახარებული. მართლაც შევუცვალე სულ ოდნავ მის წარბებს ფორმა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მოუხდა. თვითონაც კმაყოფილი დარჩა ახალი სტილით და მეც დნმ-ს მასალით. ხელსახოცი საგულდაგულოდ რომ მოვხვიე და მოვჭმუჭნე, ვითომ ურნაში გადავუძახე, არა და სარკის წინ გართული დიდი მონდომებით რომ ათვალიერებდა თავის წარბებს და ჩემთვის არ ეცალა, ჯიბეში ვიტაკე. _ესეც ასე._კმაყოფილმა ტაშიც კი შემოვკარი._მაღაზიაში წავალ, რამეს მოვიტან. _იყოს, გაწეული შრომისთვის მე გპატიჟებ. წავალ, რამეს წამოვიღებ, მაღარიჩს ვკისრულობ, რომ გამალამაზე. ნათია გავიდა თუ არა, მაშინვე ჩანთის შორეულ ჯიბეში გავაქანე მისი წარბები, შემთხვევით რომ არ ენახა იმ ქალბატონს და მერე კი, სიხარულისგან კმაყოფილმა ღიღინიც დავიწყე. დილაადრიან კი ნინოს ავაკითხე სახლში სანამ ნათია გაიგებდა რამეს და ჩემი პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ფული, ჩემი დეენემის მასალა შესადარებლად და ნათიას წარბები მივუტანე. იქიდან კი პირდაპირ სალონს მივაშურე ნოდიკოს ბარათის სანახავად. "დღეს ოქტომბრის ბოლო დღეა. ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია ნელ-ნელა რომ გიახლოვდები. მიყვარხარ."_უზომოდ ბედნიერმა რამდენჯერმე გადავიკითხე ღიმილით. შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოს ბევრს ჩვენს დროში ასეთი ბარათები, რადგან არსებობს ტელეფონები და კომპიუტერები, მაგრამ მართლაც რომ უზომოდ მაბედნიერებდა და მახალისებდა დილაობით ამ ბარათების პოვნა და კითხვა. ფურცელზე დაწერილი მაინც სულ სხვაა. მე თუ მკითხავ, სულ სხვა ეფექტი აქვს. ნათია რომ ამოვიდა სალონში, საქორწინო კაბების კატალოგი ამოიტანა. ძალიანაც არ მსიამოვნებდა მის გვერდით ჯდომა და ჩემთვის კაბის შერჩევა, მაგრამ იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი და მისგან რჩევა-დარიგებები მიმეღო. აღმოჩნდა, რომ ერთნაირი გემოვნება გვქონდა. უბრალოდ, იმაზე ვერ შევთანხმდით, რომ მე კაბის ყიდვა მინდოდა, ნათია კი მაძალებდა, შეიკერეო. _შეკერვა ძვირი დაჯდება, არ მინდა._კატეგორიულად გამოვუცხადე._ მგონი, ყიდვაც სისულელეა, ქირაობა მირჩევნია. რა საჭიროა ათასები გადავყარო იმ კაბაში, რომელიც მხოლოდ ერთი დღე უნდა მეცვას? მერე კი, გარდირობში შევკიდო, სადაც მგონი ვერც დაეტევა? _ერთი დღე გაქვს ცხოვრებაში და არ გინდა ლამაზად გამოიყურებოდე?_გაუკვირდა. _ნაქირავებ კაბაში ლამაზი ვერ ვიქნები?_მე უარესად გამიკვირდა._ჯერ ერთი, ზედ არ ეწერება იმ კაბას, რომ ქირით მექნება აღებული. ან არა და ვისი რა საქმეა მე ვიყიდი, შევიკერავ თუ ვიქირავებ? არ მინდა ზედმეტი ფულის ხარჯვა. _შეაკერინე, პირველად შენ ჩაიცვი და მერე გააქირავე._თავისას არ იშლიდა ნათია. _რა მნიშვნელობა აქვს კაბას პირველად მე ჩავიცმევ თუ არა. კაბაა, სხვა ხომ არაფერი? არ მინდა ზედმეტი ხარჯები. მთავარია ლამაზი კაბა იყოს და მიხდებოდეს. _კარგი, ის მაინც შეარჩიე რა მოდელი მოგწონს და მერე მოისინჯე კიდეც, იქნებ ცოტა გადაკეთება დასჭირდეს. ერთ თვეში ქორწილი გაქვს და ხომ გინდა რომ ყველაფერი მოასწრო? კაბა მართლაც არაჩვეულებრივი შევარჩიე: თეთრი ატლასის, სუვენირებით გაფორმებული. მიღებაზეც ჩავეწერეთ, რომ მივსულიყავი და მომეზომებინა როგორ მექნებოდა. მაკიაჟს, საქორწინო ვარცხნილობას და შილაკს კი ნათია შემპირდა, მე გაგიკეთებო. ღიმილით ვეთანხმებოდი, თუმცა ტესტის პასუხის შემდეგ რა მოხდებოდა, არავინ იცოდა. მეჯვარეებად ნატუკა და ნინო გადავწყვიტე რომ წამეყვანა. დედაჩემს გაუკვირდა, რატო ნათიას არ უთხარი, მეგონა მაგასთან უკეთესად იყავიო. ისე კი, რომ მეთქვა მისთვის, დამთამხმდებოდა? თუ, მეტყოდა, დედაშენი ვარ და არ შეიძლებაო? მაგდენი ვეღარ მოვიფიქრე... ******************** ნოემბერი ნელ-ნელა მიიწევდა წინ. ქორწილიც ახლოვდებოდა და დეენემის ტესტის პასუხის მოსვლის დროც. რომელზე მენერვიულა უკვე ვეღარ ვხვდებოდი. მგონი, ქორწილზე არ ვღელავდი ისე, როგორც იმ წყეულ პასუხზე, მოსვენება რომ დამიკარგა და აღარც დღე მეძინა და აღარც ღამე. ნოდიკოსაც საქმეები ქონდა, ეს ქორწილის ამბებიც დაემატა და ხშირად ვეღარ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. ყველაზე მეტად კი რაც მეწყინა, ის იყო, რომ ბარათების დატოვებას მოუკლო. კაბის მოსაზომად რომ ვიყავით მე და ნათია წასულები, ის კაბა, რომელიც მომეწონა, ცოტა დიდი მომივიდა და ზომები ამიღეს გადასაკეთებლად. მე რომ გამოვედი ატელიედან, ნათია ისევ შებრუნდა და ცოტა შეაგვიანდა თითქოს. რა მოხდა-მეთქი გამოსულს რომ ვკითხე, ისეთი არაფერიო, დამაიმედა. მართალია, ცოტა მშვიდად ვიყავი და თითქოს ისევ განვაახლე მასთან ურთიერთობა, მაგრამ იძულებით. მტრისას, თუ დადებითი პასუხი მოვიდოდა. ნინო მაიმედებდა, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მაინც მოგივა პასუხიო და მიხაროდა. ჩემი ქორწილისთვის უკვე გარკვეული მექნებოდა მისი ჩემს გვერდით დასახლების მიზეზი და სულ კუდით ქვას ვასროლინებდი თუ ამის მიზეზი მექნებოდა. ჩემს ქორწილში საერთოდ არ გავაჭაჭანებდი, არა და როგორ ემზადებოდა ქალბატონი... ამ ყველაფრის გადამკიდემ გვიან აღმოვაჩინე და გავიაზრე ის, რომ დემნა აღარსად გადამყროდა და აღარ შევუწუხებივარ. ან არ ეცალა. ან, აშკარა დისტანციას იცავდა ჩვენს შორის. ნუთუ, მართლა დონარას ძმის შვილი ვიყავი და ჩვენი ბიძაშვილ-მამიდაშვილობა რომ გაიგო, ჩამომშორდა. მაგრამ ვინ უთხრათ ეს ამბავი? ნონამ საიდან გაიგო? ისე ხომ არ მქონდა გონება არეული არსებული ბოლო დროინდელი მოვლენებით და ახლა ესეც ზედ დაერთო. საქორწილო ციებ-ცხელება მართლაც რომ დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის. ალბათ, უფრო იმიტომ რომ მე დეენემის ტესტის პასუხსაც ველოდი და ეს უარესად მღლიდა და მაფორიაქებდა. სია შედგენილი გვქონდა უკვე, რესტორანიც ნანახი და რა სახის კერძები უნდა გვქონოდა სუფრაზე იმას ვარკვევდით, რომ დეენემის პასუხიც მოვიდა. ნინომ რომ დამირეკა და ეს ამბავი გამაგებინა, შუადღე გადასული იყო უკვე და თან წვიმდა. მახსოვს, ტელეფონი რომ გავთიშე და ჯიბეში ჩავიდე, ავის მომასწავებლად გადავხედე ნათიას. _მოხდა რამე?_შეშფოთებულმა მხრებზე რომ მომხვია ხელი, თავი ვაიძულე და გავუღიმე. _ნინოს ჩემი დახმარება სჭირდება. გავიქცევი, ვნახავ და მალე მოვალ. _კარგი, არ არის პრობლემა._დამაიმედა. როგორ ვმართავდი საჭეს და როგორ ავედი ნინომდე, არ მახსოვს. პასუხი დალუქული კონვერტით რომ გადმომცა, ერთხანს შიშით დავყურებდი და გახსნა ვერ გამებედა. ნინოც თანაგრძნობით შემომყურებდა. ხვდებოდა ალბათ, რა ქარიშხალიც ტრიალებდა ჩემს გულში. მერე მორიდებით მკითხა. _გინდა მე გავხსნა? კონვერტი ხმისამოუღებლად რომ გავუწოდე, ჩამომართვა და მანაც აღელვებულმა გახსნა. დაჟინებით მივაშტერდი სახეში, მისი სახის გამომეტყველებით მინდოდა ამომეცნო პასუხი. დრო თითქოს უსაშველოდ გაიწელა, სანამ ნინო შემომხედავდა და რამეს მეტყოდა. ბოლოს, რომ შემომხედა და თავი დამიქნია, რომ დედაშენიაო, მართლა წამერთვა ხელ-ფეხი და დივანზე მოცელილივით დავეცი. შეშფოთებული ნინო მაშინვე მომვარდა. _რა მოგივიდა გოგო, რა გჭირს? _არაფერი... წყალი..._ძლივს ამოვღერღე ეს ორი სიტყვა. ჩემზე უარესად გაფითრებული ნინო სამზარეულოში გავარდა და მოზრდილი ჭიქით წყალი მომირბენინა. ერთი ყლუპი ძლივს დავლიე. მერე, კისერი მოვიზილე სველი ხელით. ცოტა თითქოს დავმშვიდდი. ნათიას პასუხები გამოვართვი და გიჟივით გამოვვარდი გარეთ. _სისულელე არ ჩაიდინო იცოდე._გზაში დამაწია ნინომ თავისი შეშფოთებული ხმა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. მე ჩემი თავი გამჭირვებოდა. სალონში რომ დავბრუნდი, ეტყობა ახალი წასული იყო ნათია და ამიტომ სახლში მივაკითხე. დაუძახნელად შევვარდი გიჟივით მის სახლში. მისაღებში რომ შევეჭერი, ეტყობა ხმაურზე გარეთ მოდიოდა გამოსახედად, შუა ოთახში დამხვდა. სახეზე ალბათ სიბრაზე და სიავე ორივე დიდი დოზით მეწერა, რომ ადგილზე გაშეშდა და შეშფოთებულმა შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე. მესიამოვნა მისი შეშფოთება და მისი გულის გასახეთქად ერთხანს ხმას არ ვიღებდი. მერე კი, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები მქონდა და პირველი კითხვაც დავუსვი. _როდის აპირებდი ამის თქმას?_ხელში სიმწრით მოკუჭულ ქაღალდებზე ვანიშნე. ნათია რის ჩიტი იყო ვერაფერს მიმხვდარიყო, მაგრამ მაინც ნაძალადევი გაოცებით მკითხა. _რის თქმას? _იმის თქმას, რომ ჩემი გამჩენი ხარ, რომელმაც მიმაგდე?!_ხმამაღლა ვუყვირე._რა გეგონა, დამიახლოვდებოდი, თავს შემაყვარებდი, ჩემს ცხოვრებაში გარკვეულ ადგილს დაიკავებდი და ასე დაიბრუნებდი დაკარგულ დროს?!_ავად დავუბრიალე თვალები._ან რა გგონია, გამოვქანდები ახლა და გულში ჩაგეკვრები?! ჩემს სიახლოვეს არ დაგინახო. ისეთი სახით იდგა ჩემს წინ, აშკარად ტირილი და ჩემთვის მუხლებში ჩავარდნა უნდოდა. _მიტომ მარიგებდი ჭკუაზე, შენ გამჩენ დედას მოუსმინე, იქნებ რის გამო დაგთმოვო?! _ვიცი, გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს, მაგრამ მინდა რომ მაინც მომისმინო._მღელვარედ თქვა და დავინახე რომ ზედა ტუჩი ნერვიულად აუთრთოლდა. _რისთვის? ნიანგის ცრემლებით რომ შემაცოდო თავი? _თავის შეცოდებას არ ვაპირებ, მე სიმართლე მინდა რომ გითხრა. _მე არანაირი ტყუილ-მართლის მოსმენა არ მინდა შენგან. მხოლოდ ის დამიდასტურე, მამაჩემი დონარას ძმაა? ამაზე ისე გაფითრდა, აშკარა იყო მამაჩემის ვინაობა. ქაღალდები ზედ მივაყარე და გამობრუნებას ვაპირებდი, რომ წინ გადამეღობა და კარებს ისე აეკრა, გასვლის საშუალება არ მომცა. _იმას არ მოველი შენგან, რომ შემიყვარებ როგორც დედას... _ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ მე ვერასდროს აღგიქვამ შენ..._"დედად" ამის თქმა ძალიან გამიჭირდა და გავჩუმდი. _თხუთმეტი წლის ვიყავი იმ მხეცმა რომ ძალა იხმარა ჩემზე._მისი ხმის კანკალით მივხვდი, რომ ტიროდა. _არ მაინტერისებს! _მამაშენს ამ სიტყვებით არ უნდა ვიხსენიებდე შენს წინაშე, მაგრამ ველურივით მომექცა. _ვერ გაიგე? არ მაინტერისებს!_ყურებზე ავიფარე ხელები. _დონარამ ეს ამბავი რომ გაიგო, მე დამადანაშაულა, თითქოს თხუთმეტი წლის ბავშვი კისერზე ვეკიდებოდი მის ოცდაათი წლის ძმას და მე შევაცდინე თურმე... _გაჩუმდი!_ბოლო ხმაზე ვუკივლე._არ მაინტერესებს შენი ზღაპრები! _მართალი ხარ, სხვისთვის მოსასმენად მართლაც ზღაპარია ჩემი მწარე ცხოვრება... ორსულად რომ დავრჩი, დონარამ გაიგიჟა თავი, ჩემი ძმისა არ არისო. არც თემომ დამიჯერა. დედა ან მამა მაინც რომ მყოლოდა ცოცხალი, დარწმუნებული ვარ, გვერდში დამიდგებოდნენ. მარტო ბებია ვერაფერს გახდა მათთან დავაში. თექვსმეტი წლისამ გაგაჩინე დიდი გაჭირვებით, ლამის შენს მშობიარობას გადავყევი... _გაჩუმდი! არ გესმის, გაჩუმდი!_ისევ ვუკივლე. _ბებიამ მამშობიარა. ძალიან ცუდად ვიყავი, როცა გონზე მოვედი, მითხრა, რომ სუსტი იყავი და ვერ გადარჩი. ამაზე უარესად გავხდი ცუდად. მშობიარობის შემდგომი გართულებებიც დამეწყო. სასწრაფო მოგვიანებით მოვიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. არავის ეგონა თუ გადავრჩებოდი... _გულს ვერ ამიჩვილებ მაგით! _როცა კარგად გავხდი, ბებიამ თბილისში ქირით ამიღო ბინა და სტილისტობაზე შემიყვანა, გულს მაინც გადააყოლებ და დაივიწყებ შენს ამბავსო. ყოველთვის თვითონ მაკითხავდა თბილისში, ალბათ იმიტომ, რომ სოფელში ჭორიკანა ხალხისგან არ გამეგო შენი გაშვილების ამბავი... ექვსი თვე ვისწავლე. ამ ხნის მანძილზე მეც აღარ გამჩენია ამ სოფელში ჩამოსვლის სურვილი. უფრო იმიტომ, რომ ბებიაც თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ეს სახლი კი უპატრონოდ მივაგდეთ. მერე, დედაჩემის ნათესავები მოვძებნეთ უკრაინაში და ერთ მშვენიერ დღეს თვითმფრინავით გადავფრინდი კიდეც. ჩემთვის უცხო ხალხში და უცხო გარემოში ძალიან გამიჭირდა თავის გატანა. ხუთი წლის მერე კი, როცა კარგად მოვიკიდე ფეხი და იქაური ნათესავებიც ვიპოვე, დაბრუნება მომიწია, რადგან ბებია გარდაიცვალა. ზუსტად მაშინ გავიგე ბელას შვილობილის ამბავი და მივხვდი რომ შენ იყავი... თქვენებთან მოვედი დასალაპარაკებლად, მამაშენი დამხვდა მხოლოდ. ბევრი ვილაპარაკეთ, ვიდავეთ კიდეც, მაგრამ შენი დაბრუნება არაფრის დიდებით არ უნდოდა. ვტყუივარ, რომ სასამართლოს ძალით არ მოვითხოვე შენი დაბრუნება. მაშინ კი ჩემი ნებით დაგთმე. დედას და მამას მათ ეძახდი, მათ გვარს ატარებდი და ვიფიქრე, შენთვის ასე იქნებოდა უკეთესი. შევთანხმდით, რომ ყოველთვის გამომიგზავნიდა ამას._გავიდა და თავისი ოთახის ჩაკეტილი უჯრიდან მოზრდილი ალბომები გამომიტანა. არ ვაპირებდი ნახვას, მაგრამ თვალწინ რომ გადამიშალა, გაოგნებული დავრჩი. ჩემი ბავშვობის ფოტოებით იყო სავსე. ერთნაირად წამერთვა ხელ-ფეხი და წავბარბაცდი. ხელი შემაშველა, მაგრამ ცივად მოვიშორე, სავარძელში მე თვითონ ჩავესვენე და ნათიას ხელში ალბომებს მივაშტერე დაჟინებული მზერა. მიმიხვდა. მომიტანა და ჟურნალ-გაზეთების მაგიდაზე ფრთხილად დამიწყო. თვითონ კი აივანზე გავიდა და მოაჯირს მიყუდებული კარგა ხანს დარჩა იქ. გულდასმით დავათვალიერე ალბომები. გამოდის, თვალყურს მადევნებდა როგორ ვიზრდებოდი. უკვე აღარ ვიცოდი ეს ამბავი მწყენოდა თუ გამხარებოდა. ალბათ, დედამ არ იცოდა, რადგან მამაჩემის სიკვდილის მერე აღარ მიუღია ნათიას ჩემი ფოტოები. ისე შემოვიდა ოთახში, არ გამიგია. მოშორებით ჩამომიჯდა და რომ შევხედე, შევკრთი, ნამტირალევი და განადგურებული იყო. _დემნასთვის იმის თქმას, რომ ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყავით და თავი უნდა დაენებებინა შენთვის, ვხვდები არასწორი გადაწყვეტილება იყო. ჯობდა, შენთვის მეთქვა ყველაფერი, მაგრამ... მამაშენს დავპირდი, რომ არასდროს გეტყოდი ამ ამბავს. _კარგი, ბებია ცოცხალი აღარ გყავს და ვეღარ გავარკვევ იმ ამბავს, მართლა იმან მიმაგდო თუ არა ღობის ძირას, მერე? რომ გაიგე და მიხვდი რომ შენი შვილი ვიყავი, მაინც დამთმე ხომ?_გული ამიჩუყდა და საცაა ღრიალს დავიწყებდი. ტირილის შესაკავებლად ისე ძლიერად მოვუჭირე ყბებს, რომ კბილებმა ღრჭიალი დაიწყო. _ასე დამარწმუნა მამაშენმა, რომ შენთვის უკეთესი იქნებოდა._ამის თქმა მართლა გაუჭირდა. აწყლიანებული თვალებით შემომხედა._ შეთანხმება დავდეთ, რომ შენს შესახებ ყველაფერს გამაგებინებდა. ხშირად გამომიგზავნიდა შენს ფოტოებს და ამგვარად მივადევნებდი შენს გაზრდას თვალს. ვიცი, მაშინ ბავშვი აღარ ვიყავი უკვე და ჩემი ეს გადაწყვეტილება ბავშვურ შეცდომად არ ჩამეთვლება. მართალია, შენს მშობლებს ყველა საბუთი წესრიგში ქონდათ შენი შვილად აყვანის თაობაზე, მაგრამ შემეძლო დეენემის ტესტი ჩამებარებინა და სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ... ასე არ მოვიქეცი. მამაშენიც შემეცოდა, ჩვილობიდანვე გზრდიდა წლები და წამერთმია მისთვის შენი თავი. შენც შემეცოდე, მათ ეძახდი დედას და მამას... არ მინდოდა ცხოვრება ამერია შენთვის. _ტყუილში რომ ვიცხოვრე ეს წლები, მაგაზე რას იტყვი??? ვითომ ძალათ კეთილის მსურველმა ხალხმა რომ ჩამაწვეთეს შენი არსებობა და გამაგებინეს, რომ ღობის ძირას მიმაგდე ძაღლების საჯიჯგნად, ან მაგაზე რას მეტყვი??? უმრავლესობისგან დამცირების ატანა რომ მიხდებოდა, მამაჩემის ნათესაობის მხრიდანაც კი, მაგას დავივიწყებ გგონია??? ხმა აღარ ამოუღია. ცრემლიანი თვალებით მომჩერებოდა მარტო. მერე ადგა და მოულოდნელად ჩემს წინ ჩაიმუხლა. _უშენოდ მეც მიჭირდა... სადაც ბავშვის ტირილს გავიგებდი, ყველგან გავრბოდი და იმ ბავშვს დამხმარედ ვევლინებოდი. გული მიკვდებოდა, რომ შენს გვერდით არ ვიყავი, როცა გიჭირდა... მერე, ისევ უკრაინაში წავედი, იქიდან კი გერმანიაში. მამაშენთან კავშირი არ გამიწყვეტია. ბოლოს კი, როცა დაიღუპა და ვეღარაფერი გავიგე, მაშინ ჩამოვედი. ჩვენი სახლი გავყიდე და თქვენს სიახლოვეს დავსახლდი. _რისთვის, რომ დაკარგული წლები აგენაზღაურებინა?_მწარედ ჩამეღიმა._რა გეგონა, ადვილად გაპატიებდი ყველაფერს? _მაგის იმედი არც არასდროს მქონია. მესმის შენი. შენთვის არაფრის თქმას არ ვაპირებდი. მეგობრული ურთიერთობითაც კმაყოფილი და უზომოდ ბედნიერი ვიყავი..._გაჩუმდა და თავი ჩაქინდრა._შენი გამზრდელი მშობლების მადლიერი ვარ ასეთად რომ აღგზარდეს. ჩემს გვერდით როგორი გაიზრდებოდი არ ვიცი. ძალიან, ძალიან კარგი გოგო გაგზარდეს._ისევ გაჩუმდა. კარგა ხანს დავყურებდი უსიტყვოდ. იმ ტანჯვის თამაში, რაც მას სახეზე ეწერა, შეუძლებელი იყო. თითქოს სადღაც, გულის კუთხეში მესმოდა კიდეც მისი. თუმცა, საკუთარი თავიც მეცოდებოდა. დაუფიქრებლად მოვკიდე მხრებში ხელი და ფეხზე წამოვაყენე. _ვერ შეგპირდები, რომ დედას დაგიძახებ, ან ასე უცბად გაპატიებ და დავივიწყებ ყველაფერს. დრო მჭირდება. უკეთესი იქნება, თუ ხშირად არ შემახსენებ თავს. მინდა, რომ გამიგო, ძნელია ჩემთვის ყველაფრის გააზრება... _მესმის და არც გამტყუნებ. ჩემი არსებობით არ შეგაწუხებ. ჩემთვის ჩრდილში ვიქნები და შენი ბედნიერებით ვიბედნიერებ... _მასე მირჩევნია._გამოვტრიალდი და გამოვედი. თუ სიმართლეს ყვებოდა, თვითონაც შესაცოდი იყო არა თუ მე. მაგრამ... იქნებ ბებიას აბრალებდა ყველაფერს, რომ მისი საქციელი გამემართლებინა? მართლაც რომ დრო მჭირდებოდა ყველაფრის გასაანალიზებლად და შესაგუებლად. ის ფაქტი, რომ თითქმის ყოველი ჩემი მომენტის ამსახველი ფოტოები ქონდა და მაკვირდებოდა როგორ ვიზრდებოდი, უარესად მიბნევდა თავგზას. მეორე დღეს სალონში არ ამოსულა. არც გამკვირვებია, მე ხომ გავაფრთხილე, რომ ხშირად არ შემხვედროდა და არ შეეხსენებინა თავი? მაგრამ... მთელი დღის მანძილზე ვერ ვიყავი გუნებაზე. თითქოს რაღაც მაკლდა, რაღაც მაწუხებდა და დაუკმაყოფილებლობის განცდა მქონდა. ალბათ, მისი გულთბილი ღიმილი, სიყვარულით ჩახუტება და მხარში დგომა რომ არ მქონდა, როგორც ყოველთვის სჩვეოდა, იმიტომ... საღამოს ნოდიკომ მომაკითხა. მისმა ნახვამ მართლაც გამომიკეთა გუნება-განწყობა. გვერდიგვერდ ვისხედით დივანზე და ქორწილის გეგმებს ვაწყობდით. ერთ კვირაში უკვე მისი ცოლი უნდა გავმხდარიყავი და ისევ მორიდებით, მოწიწებით და მორცხვად მეპყრობოდა. უბრალოდ, ხელის გადახვევასაც კი ვერ მიბედავდა. თითქოს, ასე უფრო მაყვარებდა თავს. ჩვენს ურთიერთობაში ინიციატორი ისევ მე ვიყავი. შეიძლება, დედაჩემისაც ერიდებოდა. დედაჩემმა შეგნებულად მარტოები რომ დაგვტოვა და მეზობელთან გავიდა. მაშინ კი მივუცუცქდი, დივანზე ნებიერა კატასავით მოვიკეცე, თავი მის კალთაში ჩავდე და ქვემოდან ავხედე. კარგა ხანს მიყურა სიყვარულით სავსე თავისი ლამაზი ჭროღა თვალებით და ფრთხილად და ნაზად მეფერებოდა თავზე. სასწაულად მსიამოვნებდა მისი ეს ალერსი. ცოტაც და მართლაც კატასავით ავკრუტუნდებოდი. ნებიერად რომ მივლულე თვალები, მოულოდნელად დაიხარა და ნაზად მაკოცა შუბლზე. მე კი კისერზე მოვხვიე ხელები და მის ტუჩებს მივეწებე. რაღაც სასწაულ სინაზეს მგვრიდა მისი ეს სიმორცხვე და მორიდებულობა. ჩემით ინიციატივის გამოჩენის სურვილს მიღვიძებდა და უფრო მიყვარდებოდა ეს ბავშვური გულის მქონე ვაჟკაცი. მეორე დღეს კაბის ჩამოსატანად წავედი. გავოგნდი, როცა გავიგე, რომ ზუსტად ისეთი კაბა, როგორიც მე მომეწონა, ჩემთვის შეკერილი დამხვდა. ჯერ ერთი, ამ მცირე დროში შეკერვა რომ მოასწრეს ის იყო გასაკვირი და ახლა ის, რომ ჩემი იყო. _მე ქირაობა მინდა. გეშლებათ ალბათ რაღაც. _ბარბარე ხარებაშვილი თქვენ არ ხართ? თქვენმა მეგობარმა მოგვცა შეკერვის შეკვეთა და ფულიც მან გადაიხადა. _ნათიამ?_გაოცებულს აღმომხდა._მაინც თავისი გაიტანა?_კი გავბრაზდი, მაგრამ მესიამოვნა კიდეც. კაბა გახარებულმა მივასვენე ჩემი მანქანის უკანა სალონში და სახლში დავბრუნდი. ჯესის როგორც სჩვეოდა, ფეხებში ამებლანდა და ლამის ჩემი კაბიანად გამაგორა ტალახში. გული დაჭრილი ჩიტივით შემიფრთხიალდა საგულეში. გავუბრაზდი კი, მაგრამ დამნაშავის იერით რომ შემომხედა, შემეცოდა. კაბა რომ დავაბინავე, მერე ნათიასთან გადავედი. რისთვის მივდიოდი წინდაწინ არ ვიცოდი. ალბათ, მადლობის მოსახდელად. ჩვეულებისამებრ დაუძახნელად შევედი ეზოში, ფრთხილად გავიარე სახლის კიბემდე მანძილი და ასევე ფრთხილად ავიარე საფეხურები. ოთახის კარზე კი მივუკაკუნე. ცოტა ხანს შევიცადე, მეგონა შემეხმიანებოდა, მაგრამ ჩამი-ჩუმი რომ არ ისმოდა შიგნიდან, დაუპატიჟებლად შევედი. გარედან შესული სანამ თვალს მივაჩვევდი სიბნელეს, წამები დამჭირდა. მერე კი დივანზე შევნიშნე. ხალათისამარა საცოდავად მოკუნტულიყო და მგონი ეძინა. ის ალბომი კი, ჩემი ფოტოებით რომ ქონდა სავსე, გულში ქონდა ჩახუტებული. ამ სურათის ნახვაზე ისე საშინლად მომეწურა გული, ვეღარ ამოვისუნთქე. შემეცოდა. ფრთხილად მივუახლოვდი. ჩემი შესვლა არ გაუგია. მერე შემეშინდა, რამე ხომ არ აუტეხა-მეთქი საკუთარ თავს. დავაკვირდი და სუნთქავდა. პულსიც ფრთხილად გავუსინჯე, სუსტად უცემდა. ოდნავ კი შეიშმუშნა, მაგრამ ისევ გააგრძელა ძილი. საძინებელში გავედი, საბანი გამოვუტანე და ფრთხილად გადავაფარე. მის შემხედვარეს უნებურად ჩამომიგორდა ცრემლი. აშკარად მტკივნეული იყო მისთვის ჩემი გულცივობა, მაგრამ ერთბაშად რომ ვერ მომიბრუნდებოდა გული, ამასაც ხვდებოდა ალბათ. თვითონვე ვატყობდი ჩემს თავს, რომ ისეთი რეაქცია და ისეთი სიძულვილი მის მიმართ, როგორც პირველ ჯერზე მქონდა, ახლა შესუსტებულიყო თითქოს. ცოტა ხანს კიდევ ვუყურე მის მშვენიერ და მშვიდ სახეს, ახლა ტირილისგან რომ ქონდა დასიებული და ფრთხილად გამოვიპარე, რომ არ გამეღვიძებინა. მართალია, არ ვაპირებდი დედაჩემისთვის ნათიას შესახებ ყველაფრის მოყოლას, მაგრამ ისეთი გულდამძიმებული გამოვედი იქიდან, გაჩუმება ვეღარ შევძელი. ამ მძიმე საიდუმლოს ფარდა რომ აეხადა, ვეღარ შევძელი შენახვა. გვერდით მოვისვი და ატირებულმა ყველაფერი მოვუყევი. შევატყე, როგორ შეკრთა. მერე კი, ერთიანად გაფითრდა. თუმცა, ხმა არ ამოუღია. შეშფოთებული მიმზერდა, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი ალბათ. მგონი შიშობდა, რომ არ მიმეტოვებინა. მაგრამ მე მის მიტოვებას მართლაც არ ვაპირებდი. შეიძლება ოდესმე ყველაფერი მეპატიებინა ნათიასთვის, ისევ ისეთი თბილი ურთიერთობა აღგვედგინა ერთმანეთში, მაგრამ ჩემს გამზრდელ დედას მაინც არ დავთმობდი და მივატოვებდი არასდროს. _განადგურებულია. ძალიან ნანობს და განიცდის თავის ნამოქმედარს. არ მთხოვს რომ ვაპატიო, აცნობიერებს დანაშაულს. არც იმას მოითხოვს რომ დედად მივიღო. უნდა რომ ოდესმე გავუგო და ისევ ისეთი მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც გაცნობის დღიდან გვქონდა... არ ვიცი, მეც მიჭირს. ძნელია ჩემთვის ამხელა ამბავთან შეგუება და ერთბაშად გაგება. იცი, ჩემი ბავშვობის ფოტოებით სავსე აქვს ალბომები. თურმე მამა უგზავნიდა. შენ იცოდი?_ინტერესით ჩავაშტერდი თვალებში. _მართლა არაფერი ვიცოდი. ის კი, დავინახე თუ არა, გულში გამკრა, რომ დედაშენი იქნებოდა, მაგრამ ჩემს ეჭვებს საკუთარ თავსაც კი ვერ ვუმხელდი. _არ ვიცი როგორ მოვიქცე. სინდისი მქენჯნის ასეთ განადგურებულს რომ ვხედავ, ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა, რომ ხელი ვკარი, მაგრამ ის დამცირებები რომ მახსენდება, რასაც მე ჩემი ნაშვილობის გამო ვიტანდი ნათესავებისგან თუ მეზობლებისგან, მაგიჟებს, მოსვენებას მიკარგავს. არასდროს გამჩენია სურვილი ჩემი ბიოლოგიური მშობლების გაცნობისა. ახლა ვიცი ვინც არიან, თავისთავად მოხდა ყველაფერი. იმაზე გაფიქრებაც მაგიჟებს, ჩემს მამიდაშვილს რომ გავყოლოდი ცოლად, რა საშინელება იქნებოდა... _არ ვიცი რა გითხრა, ან რა გირჩიო. ეგ შენი გადასაწყვეტია მომავალში როგორ მოიქცევი. ერთს კი გეტყვი, უმიზეზოდ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. ყველაფერს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. მხოლოდ უფალს შესწევს იმის უფლება შეუნდოს ან არ შეუნდოს ადამიანს ცოდვები. ჩვენ კი, მიტევება გვმართებს ყველასი. უბრალო მოკვდავები ვინ ვართ, რომ სხვა განვსაჯოთ? მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. საცოდავად მოკუნტული და ალბომჩახუტებული ნათია მელანდებოდა. ამ კადრებს ჩემი მეხსიერებიდან ვერ ვშლიდი, უფრო იმიტომ რომ პატიებას არ მთხოვდა და თავს არ იმართლებდა ჩემს წინაშე. თავის დანაშაულს აცნობიერებდა და დარწმუნებული იყო, რომ ჩემს წინაშე დიდი დანაშაული მიუძღოდა. ირიჟრაჟა თუ არა, გულმა ვეღარ მომითმინა და მის სანახავად გავედი. იგივე მარშრუტი იგივენაირად გავიარე. იგივენაირად იწვა ალბომჩახუტებული. გულწრფელად შემეცოდა. ფრთხილად მივუახლოვდი. თვალებდახუჭული იწვა და ცახცახებდა. მგონი სიცხე ქონდა. შუბლზე რომ დავადე ხელი, გავარვარებული იყო. აფთიაქის ყუთი ვერ ვუპოვე ვერსად, რომ წამლები მენახა. ფეთიანივით გამოვვარდი უკან, დედაჩემს ვუთხარი, ნათია ცუდად არის-მეთქი, წამლების ყუთს ხელი დავავლე და ისევ გავიქეცი. დედაჩემიც უკან მომყვა. სიცხე რომ გავუზომეთ, ორმოცამდე ქონდა. წამლებში მაშინვე პარაცეტამოლი მოვიძიე და ძლივს დავალევინეთ. მერე, დედაჩემმა ხალხური მეთოდით, ძმრიანი საფენებით და ნასკებით სცდა სიცხის დაგდება, მაგრამ ვერაფერს გავხდით. იძულებულები გავხდით, სასწრაფოსთვის დაგვერეკა. საავადმყოფოში რომ გადაყავდათ მიტოვებული და უპატრონო ბავშვივით, ისე შემეცოდა, არც კი დავფიქრებულვარ და უკან გავყევი ჩემი მანქანით. იმ მომენტში იმ ნათიაზე ვდარდობდი, პირველად რომ გავიცანი და დავახლოვდით და არა დედაჩემზე, რომელმაც მიმატოვა. გვიანობამდე მომიწია საავადმყოფოში ყოფნა, სანამ ანალიზებს აუღებდნენ და გამოიკვლევდნენ რა სჭირდა. თუმცა, გამოკვლევით დიდი ვერც ვერაფერი გამოუკვლევიათ. ცხელება ქონდაო და სიცხე დაუგდეს. თუმცა, რამ გამოიწვია ამხელა სიცხე, პასუხს ვერ მცემდნენ რატომღაც. სიცხემ რომ დაუწია და გონზე მოვიდა, მისი ნახვის უფლაბაც მომცეს. ცოტა კი ვიყოყმანე, მაგრამ გაჭირვებით მაინც შევედი. აშკარა იყო, რომ არ მელოდა. ჯერ გაოცდა, მერე კი სიხარულით გადაუნათდა სახე. _როგორ ხარ?_ლამის ჩურჩულით ვკითხე, თუმცა მაინც მშვენივრად გაიგო. _ახლა უკეთესად... გმადლობ._მადლიერი თვალებით რომ შემომხედა, თითქოს რაღაც შემიტოკდა გულში. _ის გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე, ნებისმიერი მოიქცეოდა ასე. _ხო, ნებისმიერი მოიქცეოდა ასე._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ნათიამ. მერე, უხერხული დუმილი ჩამოწვა. კიდევ კარგი ექიმი შემოვიდა პალატაში, თორემ მართლა არ ვიცოდი რა მექნა, ან რა მეთქვა. უხმოდ, ვიდექი მისი საწოლის წინ და მის ნატანჯ და გადაფითრებულ სახეს შევყურებდი. _დღეს აქ დავტოვებთ, დავაკვირდებით, ტემპერატურა მოიმატებს თუ არა. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ გავწერთ უკვე. _მადლობა ექიმო. _არაფრის._გულთბილად შემომღიმა შუახნის ექიმმა და პალატიდან ასევე ღიმილით გავიდა. _შენი აქ ყოფნა საჭირო არ არის, შეგიძლია წახვიდე, ექიმები მომხედავენ. ისედაც შენთვის ძვირფას დროს აქ ატარებ._ეს კი მითხრა, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა, მართლა წავსულიყავი თუ არა სახლში და მარტო მიმეტოვებინა ეს ქალი? მართალია, უცხო იყო ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ახლობელი. თან, რამე რომ დასჭირვებოდა და მიმხედი არავინ ეყოლებოდა, ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს. _მადლობა, წადი. მართლა არაფერი მინდა._უკვე მუდარით რომ მითხრა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დავემშვიდობე. მიმღებში ჩემი ნომერი დავტოვე, თუ რამეა, დამიკავშირდით-მეთქი და შენობიდან გამოვედი. წვიმდა. შემოდგომის მიწურულს უკვე ეტყობოდა ამინდს გაუარესება. _ნეტა, ქორწილის დღეს მაინც არ წვიმდეს._უკმაყოფილო სახით ავხედე ცას და მანქანისკენ სულ სირბილით წავედი, რომ არ დავსველებულიყავი. ფრთხილად გავედი ტრასაზე და სახლისკენ დავადექი გზას. ხილვადობა ჭირდა, მაგრამ მაინც არ შევჩერებულვარ. თან, იმაზე ფიქრი არ მშორდებოდა, ნათიაზე როგორც მეგობარზე ისე ვზრუნავდი, თუ როგორც მშობელზე? მისი მადლიერებით სავსე თვალები არ ამომდიოდა მეხსიერებიდან. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ საპირისპირო მხრიდან მანქანამ მართვა დაკარგა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. შემეშინდა. დავიბენი და გზის სავალი ნაწილიდან გადავედი. მართალია სწრაფად არ მივდიოდი, მაგრამ დამუხრუჭებისას სველ ასფალტზე მაინც მოვცურდი და ტრასაზე გარდიგარდმო გავიხიდე. თითქოს საფრთხე ამცდა და შვებითაც ამოვისუნთქე, მაგრამ ჩემი მხრიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. მახსოვს, მანქანა კიდევ გაცურდა და კიდევ რაღაცას შევასკდი. ფერდში საშინელი ტკივილი და მუცელში ჩაღვრილი სითბო ვიგრძენი. თავის საშინელი ტკივილიც. რამდენ ხანს ვიჯექი მიჭ....ტილ მანქანაში არ ვიცი. ბუნდოვნად მახსოვს როგორ გადმომიყვანეს სასწრაფო ბრიგადის წევრებმა. ისევ წვიმდა. საკაცეზე რომ ვიწექი, შავად მოქუფრულ ცას შევყურებდი და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ჩემს ქორწილშიც იწვიმებდა თუ არა? მერე კი, ბინდიც ჩამოწვა თვალებში და ტკივილმაც იკლო. ******************* უსასრულო გვირაბში მივქროდი. ბოლოში ნათელ წერტილს ვხედავდი და მისკენ მივილტვოდი როგორც ფარვანა სინათლისკენ. თუმცა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი, თითქოს უფრო და უფრო მშორდებოდა. უჩვეულო ის იყო, რომ სხეულს ვერ ვგრძნობდი, გონების ძალით გადავაადგილდებოდი თითქოს. საშინელი ხმაურიც მესმოდა. შიგადაშიგ ადამიანების ხმებიც: _პინცეტი... _ლანცეტი... _მომჭერი... _ტამპონი... _ბევრ სისხლს კარგავს... _წნევა ეცემა... _გული გაჩერდა... _მგონი ვკარგავთ... _მუხტი... მერე, უკუნი სიბნელე ჩამოწვა, საიდანაც თავის დაღწევა მინდოდა. კედლებს ისე ვაწყდებოდი, როგორც აბობოქრებული მდინარე ჯებირებს, რომელსაც გადმოხეთქვა და თავისუფლად დინება უნდოდა. სხეულის შეგრძნება ისევ არ მქონდა. უბრალოდ, თითქოს მივფრინავდი ბნელ გვირაბში უსასრულოდ. მერე, სადღაც შორს მკრთალი სინათლეც გამოჩნდა და ცოტა დავმშვიდდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი, უფრო ძლიერდებოდა და თვალს მჭრიდა. სინათლის აფეთქების მსგავსი რამ ვიგრძენი და თვალები ამეწვა. ძლიერად მოვხუჭე. მერე კი, რომ გავახილე, კედლების სითეთრემ მომჭრა თვალი. ისევ დავხუჭე. ცოტა ხანს დავიცადე და ისევ გავახილე. თითქოს ხახვისგანო, ისე ამეწვა რატომღაც და ცრემლიც მომერია. მარჯვენა ხელის აწევა ვერ შევძელი რომ თვალები მომესრისა, ვიგრძენი, რომ რაღაც მძიმე მედო ზედ. მარცხენა ხელი თავისუფი მქონდა. ფრთხილად მოვისრისე თვალები და ცოტა მხედველობაც გავიუმჯობესე. მერე, თეთრ ოთახს მოვავლე თვალი. ვერ მივხვდი სად ვიყავი. გაჭირვებით ოდნავ წამოვიწიე და ჩემს მარჯვენა ხელს დავხედე. საწოლთან ვიღაც მეჯდა, თავი ჩემს ხელზე ედო და მგონი ეძინა. ხელი რომ გამიბუჟდა და გამოძრავებას შევეცადე, ეტყობა გაეღვიძა და თავი რომ აწია, მის ჩაწითლებულ ჭროღა თვალებს წავაწყდი. წამიერად გაოცებული მომჩერებოდა, მერე გამიღიმა. _მადლობა ღმერთს._მორიდებით წამოიწია და შუბლზე ნაზად მაკოცა. ვინ იყო ვერ ვიცანი. _სად ვარ?_გამომშრალი პირით ძლივს ამოვილუღლუღე და ისევ ინტერესით შევავლე ოთახს თვალი _საავადმყოფოში... ავარიაში მოყევი და გადარჩი._ისევ შემომღიმა უცნობმა. _წყალი მინდა. მაშინვე დაფაცურდა, თავი ოდნავ წამომაწევინა და ჭიქა ტუჩებთან მომიტანა. თან, ისეთი თვალებით მიმზერდა, მაბნევდა მისი ეს გამოხედვა. გონება დავძაბე, იმის გახსენებას შევეცადე, აქ საიდან მოვხვდი, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. მარტო აქ მოხვედრა კი არა, ქვეყანაზე არაფერი მახსოვდა. თითქოს არსაიდან მოსული არავინ ვიყავი. ვერც ამ ბიჭს ვიხსენებდი ასე რომ ზრუნავდა ჩემზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველად ვხედავდი. _შეიძლება წამოვჯდე?_ინტერესით შევხედე უცნობს. _არ ვიცი, ექიმს ვეტყვი ახლავე._ბიჭი მარდად დაფაცურდა და ალბათ ექიმის სანახავად გავიდა. მალევე დაბრუნდა ასევე უცნობ მამაკაცთან ერთად. სავარაუდოდ ექიმთან, რადგან ამ უკანასკნელს თეთრი ხალათი ეცვა. _გამარჯობა მშვენიერო ქალბატონო. აბა, მითხარი როგორ გრძნობ თავს?_კაცმაც გულთბილად შემომღიმა და ჩემი თვალების შემოწმებას შეუდგა. ისე ხომ არ მჭრიდა ეს სინათლე თვალს, ამან უარესი გამიკეთა თავისი რაღაც მანათობელი კალმისტრით. _ტკივილი ხომ არ გაწუხებს ან თავის, ან მუცლის?_ინტერესით მკითხა. თავი თითქოს დამძიმებული კი მქონდა, მაგრამ ტკივილით ისე არ მტკიოდა, რომ არ გამეძლო. მუცელი კი მართლა მტკიოდა. მოძრაობას მიზღუდავდა. _ცოტა კი მტკივა... _გამაყუჩებელი გაგიკეთოთ თუ გაუძლებ? _ჯერჯერობით გავუძლებ... რა მჭირს?_დავინტერესდი, რადგან ქვეყანაზე არაფერი მახსოვდა და მინდოდა გამეგო. _ავტოავარიაში მოყევით. თავის ტრამვა მიიღეთ. მოზრდილი ჰემატომა ამოგკვეთეთ, რამაც შესაძლოა მეხსიერების დაკარგვა გამოიწვიოს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც გაგახსენდებათ... მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოებიც დაზიანებული გქონდათ, საშვილოსნოს ამოკვეთა მოგვიხდა... _საშვილოსნო ამომკვეთეთ?_მართალია ერთბაშად ვერ გავიაზრე რა მითხრა, მაგრამ რაღაც რომ ვერ იყო რიგზე, ამას კი მივხვდი. _კი, მაგრამ დონორიც მალე გამოჩნდა. ოპერაცია წარმატებით ჩაგიტარდა. ასე, რომ შენ და შენს მეუღლეს აუცილებლად გეყოლებათ შვილები. _მეუღლეს?_ისევ გაკვირვებულმა შევხედე უცნობს თავისი ჭროღა თვალებით რომ მომჩერებოდა და მორიდებით მიღიმოდა. გამოდის გათხოვილი ვარ, მაგრამ რომ არ მახსოვს არაფერი? _გახსოვს რომელი წელია?_ინტერესით მკითხა ექიმმა და ჩემს საწოლთან სკამზე ჩამოჯდა. დავფიქრდი, მაგრამ ვერ გავიხსენე და უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე. _რამდენი წლის ხარ ის თუ გახსოვს? არც ეს მახსოვდა. _რა გქვია? _რა მქვია?_დავფიქრდი. შუბლი ნერვიულად მოვისრისე. თვალებიც კი დავხუჭე და ყველაფრის გახსენებას შევეცადე, მაგრამ სულ ტყუილად, ვერაფერიც ვერ გავიხსენე. ეგ კი არა, როგორ გამოვიყურებოდი ისიც კი არ ვიცოდი._რა მქვია?_სასოწარკვეთილი ნოტები ვიგრძენი საკუთარ ხმაში. _ბარბარე... ბაბი._მორიდებულმა ბიჭმა შეშფოთებით ამოიჩურჩულა. _ბაბი?_ინსტიქტურად გავიმეორე._შეგიძლია სარკე მომიტანო?_მუდარით შევხედე. _კი, ახლავე._პალატიდან რომ გადიოდა, თვალი გავაყოლე. მაღალი, მხარბეჭიანი ბიჭი იყო. მუქი ჩალისფერი თმა აშკარად შესაჭრელი ქონდა. ალბათ, კეფაზე მოკლეთ შეჭრილი და ოდნავ გრძელი ქოჩორი უფრო მოუხდებოდა. რატომ გამიელვა ამ აზრმა თავში არ ვიცი. ნეტა, მიყვარდა? ან, რამდენი ხნის დაქორწინებულები ვიყავით? _შენს მდგომარეობას უნდა შეეგუო._უცნობი კარს მიღმა გაუჩინარდა თუ არა, ექიმმა მაშინვე წამოიწყო საუბარი._გაგიჭირდება ასე ცხოვრება. ალბათ, ფსიქოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდება, მაგრამ ყოჩაღი გოგო ხარ და ყველაფერს გაართმევ თავს. _დიდი დრო დამჭირდება?_შიშით ვკითხე. _შესაძლოა კვირები, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, წლები დაგჭირდეს. _წლები დამჭირდეს?_უარესად შევშფოთდი. ამ უცხო კაცთან წლები უნდა მეცხოვრა ისე, რომ არ მხსომებოდა ვინ იყო და მიყვარდა თუ არა? არც მისი სახელი ვიცოდი... უცნობი რომ დაბრუნდა და პატარა სარკე მომაწოდა, ხელების კანკალით ჩამოვართვი და შიშით ჩავიხედე შიგ. ხორბლისფერი ოდნავ გადაფითრებული კანი, გადაშვილდული შავი წარბები, ცისფერი თვალები, საშუალო ზომის ცხვირი, ოდნავ ამობურცული ტუჩები._ეს ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის. ჩემთვის უცხო პიროვნება შემომყურებდა სარკიდან. _ვინ ვარ?_განწირული კივილი ძლივს აღმომხდა პირიდან._რატო არ მახსოვს არაფერი? _შენი რეაქცია ნორმალურია. საშიში არაფერია._დასამშვიდებლად ეს რომ მითხრა ექიმმა, უარესად ავღელდი. რა იყო ნორმალური ვერ ვხვდებოდი, არ ვიცოდი ვინ ვიყავი, რა მერქვა, რამდენი წლის ვიყავი. არ მახსოვდა გათხოვილი რომ ვიყავი, ჩემ ქმარს რა ერქვა, სადაური იყო. მე თვითონ სადაური ვიყავი. მშობლები, და ან ძმა თუ მყავდა, რას წარმოვადგენდი და ეს კაცი კი მიმტკიცებდა, რომ ნორმალური იყო ყველაფერი და არაფერი საშიში? ისევ ჩავიხედე სარკეში. იქიდან შიშით მომზირალი ორეული არაფრით არ მეცნობოდა და ვგრძნობდი, რომ უმწეობისგან ისტერიკა მეწყებოდა. სარკე გამწარებულმა მოვისროლე საწოლზე, რომელიც ფეხებთან დამეცა. _დაწყნარდი ძვირფასო._ჩემს ქმრად მონათლული უცნობი ჩემსკენ დაიხარა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. _არ მომეკარო._სასოწარკვეთილმა ვუკივლე._ვერ გცნობ, არ ვიცი ვინ ხარ, მომშორდი._თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავტირდი. _გაუვლის._ალბათ უცნობის დასამშვიდებლად თქვა ექიმმა და ამან უფრო გამაგიჟა. გამივლიდა? რა გამივლიდა, უცნობი, რომლისთვისაც ვატყობდი, რომ ძვირფასი ვიყავი, საერთოდ არ მახსოვდა... ის გამივლიდა, რომ ჩემს შესახებ არაფერი მახსოვდა? ვინ ვიყავი, რას წარმოვადგენდი, რას ვსაქმიანობდი, რა მიყვარდა და რა მძულდა? გვარიანად მოვიტირე ჩემი მეხსიერებაწაშლილი და გამოცარიელებული თავი. ექიმებმა ჩემი დამშვიდება რომ ვეღარ შეძლეს, დამამშვიდებლები გამიკეთეს და უმალ ჩამეძინა... ისევ იმ სიტუაციაში გამეღვიძა, უცნობი ისევ სასთუმალთან მეჯდა და ჩემს საწოლზე ედო თავი. არ მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ ჩემი უბრალოდ გაფაჩუნებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეშმუშნულიყო, წელში გამართულიყო და ჩემთვის მორიდებული ღიმილით შემოეხედა. _რა გქვია?_ძალიანაც არ მინდოდა ამ კითხვის დასმა, მაგრამ ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და რაღაც მაინც ხომ უნდა მცოდნოდა? _ნოდო... ნოდიკო. _ნოდიკო?... რაღაც ბავშვურად ჟღერს თითქოს._ისე ჩავიჩურჩულე, მისთვის თვალი არ მომიშორებია. წვერმოშვებულ სახეზე სევდიანი ღიმილი გაუკრთა. შევნიშნე რომ მშვენიერი ღიმილი ქონდა. _ნოდიკო, შენს მეტი მე არავინ მყავს? რატო არავინ მაკითხავს? _სანამ უგონოდ იყავი, შენი ბიძაშვილები ხშირად გაკითხავდნენ. რეანიმაციის წინ რიგრიგობით მორიგეობდნენ. გუშინაც იყვნენ, მაგრამ გეძინა. დღეს მოგინახულებენ მოგვიანებით. ჩემი და და დიშვილებიც მოვლენ... _მე არ მყავს და ან ძმა? _არა._უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. _ჩემი მშობლები? ამ კითხვაზე აშკარად შეეცვალა სახე. _არაფერი დამიმალო, ყველაფერი გულახდილად მითხარი._კატეგორიულად მოვთხოვე. _მამაშენი თითქმის ორი წლის წინ გარდაიცვალა. დედაშენი კი... დედაშენმა შენი ამბავი ვერ გადაიტანა და გულმა დაარტყა. ორი კვირის წინ დავკრძალეთ. _რაა?_ყურებს ვერ დავუჯერე. მართალია არ მახსოვდა როგორი დედა მყავდა, მაგრამ დედა ხომ დედაა? თვალები ამიწყლიანდა. _ვწუხვარ._საწოლზე დასვენებულ ჩემს ხელს თანაგრძნობით დაადო თავისი თბილი ხელი. ვერ ვიტყვი მისი ეს მეგობრული ჟესტი არ მესიამოვნა-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებდი ამ დიდ ბავშვს ჩემი წარსულიდან, მთლად უცხო იყო ჩემთვის და ამიტომ ცივად გამოვარიდე ჩემი ხელი. არ სწყენია, არც გაბრაზებულა, უბრალოდ დიდი ტკივილი ამოვიკითხე მის თვალებში. ვგრძნობდი რომ ვუყვარდი, დიდ პატივსაც მცემდა, მაგრამ მე მიყვარდა? _დიდიხანია დაქორწინებულები ვართ? ამ კითხვაზე კი აშკარად შეეტყო მღელვარება. ერთხანს უხმოდ შემომყურებდა, მერე კი ძლივს გაბედა თქმა. _დანიშნულები ვართ. დაქორწინებულები არ ვყოფილვართ. ხუთ დღეში უნდა გვქონოდა ქორწილი._სევდიანად ამოილაპარაკა და თავი ჩაქინდრა. _ერთად არ ვართ?_ამ ერთად ყოფნობაში ყველაფერი ვიგულისხმე: ერთაც ცხოვრება და ურთიერთობაც. ისე სევდიანად უარყო, გულწრფელად შემეცოდა. მე კი ეს ამბავი, მწყენოდა თუ გამხარებოდა, უკვე არ ვიცოდი. ობოლი და უპატრონო ვიყავი, არც დედმამიშვილები მყავდნენ და არც მშობლები. ერთადერთი, მორიდებული საქმრო მყავდა, რომელსაც აშკარად ვუყვარდი, მაგრამ ჯერ ერთად არც კი ვიყავით... _მაპატიე, ვერ გიხსენებ... ალბათ გამახსენდები._ამოვიჩურჩულე. _ექიმები იმედს იძლევიან, ნაცნობი გარემო და სახეების დანახვა ნელ-ნელა დაუბრუნებს მეხსიერებასო. _მერე, შენ გჯერა ამის?_უიმედოდ ვკითხე. _კი, მჯერა..._უიმედობის ნოტები მის ხმაშიც რომ ვიგრძენი, სინანულით გამეღიმა._მინდა რომ მჯეროდეს... მინდა რომ გამიხსენო... _მიყვარდი?_ინტერესით ვკითხე და დაჟინებით მივაშტერდი ლამაზ ჭროღა თვალებში. პასუხი მაშინვე არ დამიბრუნა და შევკრთი. ნუთუ, არ მიყვარდა და რაღაც მიზეზის გამო მივყვებოდი ცოლად? შიშით შევათვალიერე სიმპატიური ქერა უცნობი, მორიდებით რომ მომჩერებოდა და პასუხის დაბრუნებას აჭიანურებდა. ათასმა სულელურმა აზრმა გამიელვა თავში. _არ მიყვარდი? არ დამიმალო, ჩემი მდგომარეობით არ ისარგებლო. როცა იქნება ხომ გავიხსენებ მაინც ყველაფერს?_მკაცრად გავაფრთხილე. _გიყვარდი._ეს რომ მითხრა, შევატყე როგორ გაწითლდა. მისმა პასუხმა უფრო ამაფორიაქა. თუ მართლა მიყვარდა, ახლა რატომ ვერ ვგრძნობდი მის მიმართ ვერაფერს?.. არა, ცუდი ბიჭი მართლა არ იყო: სიმპატიური, მოხდენილი, მორიდებული და ზედმეტად მორცხვი, მაგრამ არანაირი გრძნობა და არანაირი განცდა არ მქონია მის მიმართ. არანაირი ფრაგმენტი არ მახსენდებოდა ჩემი ცხოვრებიდან რაც მას უკავშირდებოდა. უმწეო გამომეტყველებით რომ შევხედე, ალბათ მიხვდა ჩემს გულში და თავში ატეხილ ორომტრიალს და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. _რა დროც არ უნდა დაგჭირდეს, დაგელოდები. იმედი მაქვს, რომ გამიხსენებ... _და რომ ვერ შევძლო საერთოდ ვერაფრის გახსენება?_შიშით ვკითხე. სიმწრისგან ძლიერად მოხუჭა თვალები. მერე რომ გაახილა, შემომღიმა. _დაგეხმარები ყველაფრის გახსენებაში. ნაცნობი გარემო და ნაცნობი სახეები მალე დაგიბრუნებს დაკარგულ მეხსიერებას... _ნეტა, მეც შენსავით მჯეროდეს._ამოვიოხრე. _ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. _საწოლზე დადებულ ჩემს ხელს დასწვდა, ფრთხილად მოიმწყვდია ხელში და ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია, ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად მაკოცა. ალბათ, ხშირად მკოცნიდა ასე და მეც მსიამოვნებდა, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერანაირად ამის მსგავსი სიტუაციები. უმწეობისგან თვალები რომ ამიწყლიანდა, ახლა თავზე გადამისვა ნაზად ხელი. _გთხოვ, დამშვიდდი. ყველაფრის გახსენებას დრო სჭირდება. არ მინდა, რომ ამაზე ნერვიულობდე. ცუდზე ნუ იფიქრებ. ვიცი, ყველაფერი დალაგდება ისევ ჩვენს ცხოვრებაში და ისევ ისეთი ბედნიერები ვიქნებით, როგორც აქამდე. _ბედნიერები ვიყავით? _კი, თანაც ძალიან. _რას ვსაქმიანობდი იმის გარდა, რომ ქორწილისთვის ვემზადებოდი? _სილამაზის სალონი გაქვს და იქ მუშაობდი. _თმას ვჭრიდი?_გამიხარდა, რადგან პირველი, რაც მისი ჩამოზრდილი თმა დავინახე, გავიფიქრე რა სტილიც მოუხდებოდა. გამოდის, პროფესიული ჩვევა იყო. მთლად ყველაფერიც არ დამვიწყნია. _კი, ჭრიდი. ვარცხნიდი, ღებავდი. წარბებსაც პუტავდი ზოგიერთებს._გაეღიმა. _შენც გაჭრიდი? _ერთხელ შემაჭერი და ლამის უყუროდ დამტოვე._გაეღიმა. მართლაც ძალიან ლამაზი ღიმილი ქონდა. მეც გამეღიმა. დავინახე, როგორ გაახარა ჩემმა ღიმილმა. _როგორ გავიცანით ერთმანეთი?_მორიგი კითხვა დავუსვი და ინტერესით დაველოდე პასუხს. _რაც თავი მახსოვს, სულ ვიცნობთ ერთმანეთს. ერთ სოფელში ვცხოვრობთ, მეზობელ უბნებში. _ერთ კლასში ვსწავლობდით?_ახლა ამით დავინტერესდი. ერთბაშად ბევრი ამბის გაგება მინდოდა ჩემი ცხოვრებიდან. _არა, შვიდი წლით ხარ ჩემზე პატარა. _როდის შეგვიყვარდა ერთმანეთი? შევატყე ისევ გაწითლდა. _მე, რაც თავი მახსოვს, სულ მიყვარხარ. _მე? _არ ვიცი... ორი თვის წინ გთხოვე ცოლობა და დამთანხმდი. _ორი თვის წინ?.. მანამდე?.. _მანამდე?_მორცხვად ჩაეღიმა._მანამდე ვერ გიბედავდი თქმას და აჩრდილივით დაგყვებოდი უკან. _რატო, მკაცრი ვიყავი?_მეც გამეღიმა. კიდე ბევრი რამის გაგება მინდოდა ჩვენს შესახებ, მაგრამ იმ დღეს ჩვენი საუბარი აქ შეწყდა, რადგან მოულოდნელად პალატის კარი გაიღო და ორი ერთნაირი და ერთნაირ კაბაში გამოპრანჭული გოგონა კი არ შემოვიდა, ხალისით შემოცქრიალდა. ჯერ გაოცებული ვუყურებდი ხან ერთს და ხან მეორეს, გაორება ხომ არ მჭირს-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ ლამაზი ტყუპები იყვნენ. რაღაცით მორიდებულ და მორცხვ ნოდიკოს გავდნენ. აშკარა გენეტიკური ხაზი იმჩნეოდა მათ შორის და არც შევმცდარვარ, როგორც შემდეგში გავიგე, მისი დიშვილები იყვნენ. ძალიან კარგად მიცნობდნენ და ბევრს მელაპარაკებოდნენ. მართალია, ვერაფრით გავიხსენე, თმა როდის და როგორ შევჭერი ორივეს. ვერც ის გავიხსენე მათთან სავახშმოდ რომ ვიყავით მე და მათი ბიძა. თუმცა, მათგან მაინც უამრავი ინფორმაცია ავკრიფე ჩემს შესახებ: სიცივის ამტანი ვიყავი, რადგან შემოდგომით საზაფხულო კაბით დავდიოდი. საჭმელებიდან ტოლმა მიყვარდა, ტკბილეულიდან კი ყველაზე მეტად შოკოლადები. გოგოების ჩემთან ყოფნის დრო რომ ამოიწურა, გულთბილად დამემშვიდობნენ და ნოდიკომ რომ გაიყვანათ გარეთ, თვალი გავაყოლე მალულად. მშვენიერი აღნაგობა ქონდა და მოხდენილად მიაბიჯებდა. მათი გასვლიდან რამოდენიმე წამში ახალგაზრდა ქალი და კაცი შემოვიდნენ. ვერც ესენი ვიცანი, ამიტომ თვითონ გამეცნენ. _მე მაკა ვარ, შენი მული. ეს კი, ჩემი ქმარი სოსო... როგორ ხარ. _არამიშავს, მადლობა. ტკივილი იმდენად აღარ მაწუხებს. _ძალიან კარგი. მალე ყველაფერი უკეთესად იქნება... ჩემმა გოგოებმა ხომ არ შეგაწუხეს?_გულღიად შემომღიმა და სასთუმალთან ჩამომიჯდა. მივხვდი, ტყუპებს რომ გულისხმობდა და ღიმილით ვიუარე. _შემაწუხებლები არიან ძალიან._სოსოდ გაცნობილმა კაცმაც გამიღიმა._პირველი შემთხვევაა, რომ მოწონების ობიექტზე შეთანხმდნენ. სულ დავა და ჩხუბი აქვთ ყოველთვის. შენ კი, ორივეს გემოვნებაში ჯდები. _მესამე ნუ გავიწყდება. ისიც დიდი ბავშვივითაა._გაეცინა მაკას. _ხო, ეგ სულ დამავიწყდა. ისეთ დისკუსიებს მართავენ ხოლმე, შემირცხვენია გრიგოლიას შოუ. ვერ მივხვდი ვინ იყო ის გრიგოლია, სოსომ რომ ახსენა, მაგრამ იმას კი მივხვდი, დიდ ბავშვად ვინც მოიხსენია და გამეღიმა. სოსო და მაკა კარგა ხანს დარჩნენ ჩემთან და გვარიანად გამამხიარულეს. წასვლისას კი, მაკა რომ დაიხარა და გადამკოცნა, წამჩურჩულა. _თუ რამე გინდა, საყვარელო, არ მოგერიდოს და მთხოვე. პაკეტები და საცვლები კი მოგიტანე, მაგრამ იქნებ კიდევ გინდა რამე?_ჩანთიდან პარკით ალბათ დასახელებული ნივთები ამოიღო და ქმრის უჩუმრად საწოლში საბნის ქვეშ ამომიდო. _არა, მადლობა, არაფერი მინდა._ვიუარე. _ამ საღამოს შენი ბიძაშვილი დიკო მოვა, ჩემი ძმა რომ შეცვალოს. თუ რამე გინდა, მითხარი და ვეტყვი რომ მოგიტანს. გონება კი დავძაბე, მაგრამ ჩემი ბიძაშვილი დიკო მაინც ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო, ან როგორი პიროვნება იყო. _არა, მართლა არაფერი მინდა, მადლობა._ისევ ვიუარე. მაკა და სოსო რომ წავიდნენ, მალე ნოდიკო შემოვიდა ისევ და მორიდებით ჩამომიჯდა სასთუმალთან. _მთელ ღამეს ასე ზიხარ?_გაკვირვებულმა შევხედე. _კი. რა არის?_მორიდებით შემომღიმა _არ იღლები? რა საჭიროა აქ ჯდომა, ექიმები ხომ მაქცევენ ყურადღებას? _მინდა შენს გვერდით ვიყო. სანამ პალატაში გადმოგიყვანდნენ, მაშინაც მეყოფა რომ შორს ვიყავი... თან, მსიამოვნებს შენს ძილს რომ ვდარაჯობ. მშვიდად რომ გძინავს ესეც მაბედნიერებს. მგონი, მძინარეს მიმზერდა გაბედულად. იქნებ, მეფერებოდა და მკოცნიდა კიდეც? ამის გაფიქრებაზე რაღაცნაირად გამაკანკალა და უნებურად მის ტუჩებს შევხედე. მგონი რამდენჯერ მიკოცნია? მაგრამ რატო არაფერი მახსოვდა? თუ მართლა ძალიან მიყვარდა და ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან, რატო ვერ ვიხსენებდი ვერაფერს? მისი სახის ნაკვთებს მივაშტერდი დაჟინებით, თითქოს ყოველი კუნთის და ფორმის შესწავლა მსურდა. მკაფიოდ გამოშვერილი ყვრიმალის ძვლები, ბიჭისთვის უჩვეულოდ ლამაზი ტუჩები. იდნავ გრძელი, მაგრამ ლამაზი ცხვირი. ხშირი წამწამებით შემოსილი ჭროღა თვალები. ძალიან სიმპატიური იყო, აი ისეთი, ერთი შეხედვითვე რომ მოხვდებოდა ადამიანს თვალში, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვიხსენებდი ერთად გატარებულ ჩვენს დროს. უმნიშვნელო ფრაგმენტიც რომ გამხსენებოდა, კარგი იქნებოდა... ისევ მას ვაკვირდებოდი, ვიღაც უცნობი ბიჭი მოურიდებლად რომ შემოვიდა პალატაში. ვერც ის ვიცანი ვინ იყო. ღიმილით მომიახლოვდა. _აბა, შუმახერა, როგორ ხარ?_დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. მისმა წამოზრდილმა წვერმა გვარიანად დამჩხვლიტა. ნიდიკოს გადავხედე უმწეოდ, ვინ არის-მეთქი ვაგრძნობინე, მაგრამ სანამ ის მეტყოდა რამეს, თვითონ უცნობი გამეცნო. _კობა ვარ, მამაშენის ძმიშვილი, მართლა ვერ მცნობ?_წყენის მაგივრად თითქოს გაახალისა ამ ამბავმა._ისე კი, კარგია. რამდენს გაბრაზებდი ბავშვობაში და მიხარია, რომ არაფერი გახსოვს. რატომღაც არ მომეწონა ეს ვიღაც კობა. ნეტა, როგორი დამოკიდებულება მქონდა მასთან? თამამი, ამაყი და თითქოს სხვისი დამცირების სურვილით შეპყრობილი იდიოტი იყო. კიდევ კარგი დიდხანს არ დარჩა. წასვლისას კი მაინც მომიშხამა ნერვები. _აი, ამიტომ არ მიყვარს ქალი საჭესთან. მოგეცა მამაშენის მანქანა ჩემთვის და ამ მდგომარეობაში ხომ აღარ ჩავარდებოდი? _კაცებს არ უხდებათ ავარიები?_წყენით კითხა ნოდიკომ და კობაც გაანაწყენა. _რაო, სიძევ, უკვე მოგხვია ცოლმა თავისი იდეები და კანონები თავზე? _ეგ რა შუაშია?_წყნარად, მაგრამ შინაგანი მღელვარებით კითხა ნოდიკომ. _ეე, ძმაო, ცოლის მოყვანა რომ კარგი იყოს, ვინმე დამასწრებდა მე?_მხრებზე ვითომ მეგობრულად მოუთათუნა ხელი. აჰა, ესე იგი, დასანიშნი იყო. ეს ჩემთვის ახალი ამბავიც გავიგე. _შენ რომ კარგი იყო, ვინმე დაგტოვებდა ცალად?_თითქოს ჩემმა ენამ ჩემს ტვინთან შეუთანხმებლად წამოაყრანტალა. _ოჰო, ჩვენი მწარე ისევ ფორმაში ყოფილა._ნაძალადევად გაეღიმა კობას. მერე, მოიმიზეზა, მეჩქარებაო, ისევ მაკოცა ლოყაზე და პალატიდან გიძურწა. ჯერ ისევ კარს შევყურებდი, რომელიც ცოტა გამეტებით გაიჯახუნა კობამ, რომ ლამაზი ექთანი შემოვიდა ღიმილით. _აბა როგორ ხარ?_გულიანად მომიკითხა. ტემპერატურა შემიმოწმა, წნევაც გამიზომა. ორივე ნორმის ფარგლებში რომ მქონდა, მომიწონა. მერე, ჭრილობის დამუშავება უნდოდა, მაგრამ ნოდიკოს რომ გადავხედე მორცხვად, მიხვდა, მისი თანდასწრებით საბნის გადახდა და მუცლის მოშიშვლება არ მინდოდა. უხმოდ წამოდგა და პალატიდან გავიდა. _გაგიმართლა ასეთი არაჩვეულებრივი ქმარი რომ გყავს. თეთრი შურით მშურს შენი._შემომღიმა ექთანმა და ჩემს შიშველ მუცელზე ჭრილობის დამუშავებას ფრთხილად შეუდგა._შენი შემოყვანის დღიდან ფეხი არ მოუცვლია აქედან. პირველად ვნახე კაცი, საყვარელი ქალის გამო ასე ტიროდეს. ასეთი სიყვარული მხოლოდ რომანებში თუ ამომიკითხია. თანახმა იყო, უშვილო ყოფილიყავი, მთავარი მისთვის შენი გადარჩენა იყო, მაგრამ დედაშენმა შეძრა მთები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მართლაც უძლიერესი ქალია. _დედაჩემი?_გამიკვირდა. _ხო. სანამ შენ კომაში იყავი, დაფაცურდა, საქართველოში ასეთი ოპერაცია ჯერ არ ჩატარებულა, შენ პირველი ქალი ხარ. რამდენი უშვილო წყვილი იტანჯება ამ ქვეყნად და დედაშენმა ეს ოცნება რეალობად აქცია. _გამოდის, ექსპერიმენტის ნაწილი ვარ, საცდელი ვირთხა?_ცოტა არ იყოს მეწყინა და შიშით შევხედე ენაწყლიან ექთანს. _არა, რატო საცდელი ვირთხა? ჯერ ერთი, ექსპერიმენტი როცა ჩატარდა ვირთხებზე კი არა, ცხვრებზე ჩაატარეს და მეორეც, პირველი ტრანსპლანტაცია საუდის არაბეთში ჩატარდა უკვე, რომელიც შეიძლება ექსპერიმენტად ჩაითვალოს, მაგრამ ცოტა წარუმატებელი იყო, 100 დღის მერე ინპლანტის ამოღება გახდა საჭირო, ისიც თრომს გამო. 2012 წელს კი პირველი წარმატებული ოპერაცია შვედეთში ჩატარდა და ბატონი მამუკაც იყო იქ მიწვეული. შენ ჩვენს ქვეყანაში ხარ პირველი. მართალია, შვილებს რომ იყოლიებ, ისევ ამოგაცლიან მაგ ორგანოს, მაგრამ უშვილო რომ არ დარჩები, დიდი ბედნიერება და სასწაულია. რელიგიის ნორმებში და კანონებში როგორ ჯდება ვერ გეტყვი, მაგრამ ექიმებს ხომ ბევრი ადამიანის გადარჩენა უწევთ რამოდენიმე მცნების დარღვევის ხარჯზე? ამას წინათ რომელიღაც რელიგიის მიმდევრები იყვნენ ცოლი და ქმარი. მათ შვილს ლეიკემია ქონდა. სისხლის გადასხმა იყო საჭირო, მაგრამ უარი თქვეს მშობლებმა, ჩვენ ჩვენი რელიგია გვიკრძალავს სისხლის გადასხმასო და შვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. შეიძლება ვცოდავ, მაგრამ მე არ მესმის ასეთი რამ. საკუთარ სიცოცხლესაც კი გავიღებ ჩემი შვილის გადასარჩენად... ისევე როგორც დედაშენმა არ დაიშურა არც ფული, არც საკუთარი ორგანო და და სისხლი... ძლიერი დედა გყავს, უნდა იამაყო მისით... _მყავს?_ინსტიქტურად გავიმეორე, რადგან გამახსენდა, ნოდიკომ რომ მითხრა, დედაშენმა ვერ გაუძლო შენს მდგომარეობას და გულმა დაარტყაო. _კი, გყავს. მართალია, ცოტა სუსტადაა, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდება. აქედან მესამე პალატაში წევს და რამდენჯერაც შევდივარ, იმდენჯერ სულ შენს ამბებს მეკითხება. _ცოცხალია?_უარესად გავვოცდი, რადგან როგორც მახსოვს, ორი კვირის წინ დავკრძალეთო ნოდიკომ. _ამ საღამოს ადგომის უფლებას მოგცემს ექიმი და თუ შეძლებ, მოინახულე. ის ჯერ ისევ სუსტადაა და ხვალ საღამომდე არ ააყენებს ალბათ. _ალბათ გეშლება რამე, დედაჩემი ორი კვირის წინ დაკრძალეს. _აა, ხო, მახსოვს, ვიღაც გულის შეტევით გარდაგეცვალათ. შეიძლება შენ ვერ გაიგე კარგად, თორემ დედაშენი აქვე წევს და ვმკურნალობთ. სასწაული თუ გინდა... ალბათ, მართლაც არასწორად გავიგე ყველაფერი. ექთანი თავის საქმეს რომ მორჩა და გავიდა, ცოტა ხანში ნოდიკოც შემოვიდა და ხილი შემომიტანა. _ბოდიში, კვების რაციონი შეზღუდული გაქვს და რაც გეჭმევა, მხოლოდ ის მოგიტანე. ხილის დანახვაზე მსუნაგი ბავშვივით მოუსვენრად ავწრიალდი საწოლში. მერე, ოდნავ წამოვჯექი, სადამდეც ჩემი მუცლის ტკივილმა საშუალება მომცა და ნოდიკოს მოტანილ ვაშლსა და ბანანს გემრიელად მოვულხინე. თვითონ კი ისეთი ბედნიერი სახით შემომყურებდა, ხანდახან ვიმორცხვებდი, მაგრამ ისე მომნატრებოდა ეს ყველაფერი, უარს ნამდვილად ვერ ვამბობდი. სანამ არ ვისიამოვნე ხილით, მანამ არ გამახსენდა ნოდიკოს ნათქვამი დედაჩემის დაღუპვასთან დაკავშირებით, (მუცლის მონა რომ იქნება ადამიანი.) მერე კი გამახსენდა, მაგრამ ისევ მნახველები მეწვივნენ. როგორც თვითონ გამაცნეს საკუთარი თავი, ნატუკა და მარიკა. მარიკა თურმე იმ მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, სადაც მე ვიმუშავე შარშან ზამთარში. ნატუკა კი აფთიაქში იყო და თურმე ჩემი მეჯვარეც უნდა ყოფილიყო ქორწილში ვიღაც ნინოსთან ერთად. სამწუხაროდ ვერც ერთი ვერ გავიხსენე ჩემი წინა ცხოვრებიდან, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ძალიან კარგი გოგოები იყვნენ. ძალიან გამამხიარულეს. ბევრი ჩემთვის საინტერესო ამბებიც შემატყობინეს. მაგალითად ის, რომ ჩემს გამოჯანმრთელებას და სალონის გახსნას უამრავი კლიენტი ელის. ჩემი საყვარელი ჯესი უჩემოდ მოწყენილია და ყოველ საღამოს სალონის წინ მიცდის თურმე... მოკლეთ, გვარიანად გამამხიარულეს გოგოებმა. მათი წასვლის შემდეგ, ნოდიკო რომ დაბრუნდა პალატაში, ვიღაც შავებში ჩაცმული ვარდისფერთმიანი გოგო შემოიყვანა. როგორც გავიგე ეს იყო დიკო, ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვიყავით. გულთბილად მომიკითხა და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული აცრემლებულს. _მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩი... იმედი არ დამიკარგავს, რომ გამოძვრებოდი ამ სიტუაციიდან. მამიდასაც ვანუგეშებდი, მაგრამ... ეეჰ, შენ იყავი კარგად და ის კი ზემოდან დაგლოცავს. ისევ ვცქვიტე ყურები. თუ დედაჩემი გარდაცვლილი იყო, მაშ გვერდით პალატაში ვინ იწვა? ცოტა არ იყოს შევშფოთდი. ვაი თუ მარტო მეხსიერებასთან დაკავშირებით არ მქონდა პრობლემები და არასწორადაც მესმოდა სხვისი ნათქვამი? ან, იქნებ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო დედაჩემის გაცოცხლება და მისი გმირად შერაცხვა? ეჭვები კი მღრღნიდა, მაგრამ შიშით ხმა ვერ ამოვიღე ამათთან. შემეშინდა, გიჟის იარლიყიც არ მოეკერებინათ ჩემთვის. როგორც მაკამ მითხრა, დიკომ მართლაც შეცვალა ნოდიკო და დასასვენებლად გაუშვა. ვატყობდი, არ უნდოდა სახლში წასვლა, ჩემს გვერდით უნდოდა ყოფნა, მაგრამ დიკომ ძალით გააგდო მგონი. _ადამიანს აღარ გავხარ უკვე. წადი ან გამოიძინე, ან შხაპი მიიღე, წესიერად იკვებე. ამ ქალბატონს ამის მერე უფრო დასჭირდები და არ გინდა ჟატი გქონდეს? ნუ გეშინია, ამაღამ მე ვუყარაულებ და გპირდები, არაფერს მოვაკლებ. გაგიგია ქალის ასე სიყვარული?_თეატრალურად აღაპყრო მაღლა ხელებიც და თვალებიც._ღმერთო, ამ ბიჭს გადმოხედე და დაეხმარე, თორემ ეს ცალკე გაგვიხდება მისახედი. _კარგი, თუ რამეა დამირეკეთ, ხო?_მუდარით შემომხედა. ღიმილით დავაიმედე, დაგირეკავთ-მეთქი და ნოდიკო რომ წავიდა როგორც იქნა, დიკომ მოზრდილი ჩანთიდან ალბომი ამოაძვრინა და საწოლთან ჩამომიჯდა სკამზე. _გადავწყვიტე შენს მეხსიერების აღდგენაში მცირედი წვლილი მაინც შევიტანო და ჩვენი ბავშვობის ფოტოები წამოვიღე, იქნებ რამე მაინც გაგახსენდეს. _ფოტოები?_გამიხარდა._რა კარგია, იქნებ მართლაც გამახსენდეს რამე._საწოლში მოხერხებულად შევსწორდი და დიკოს ალბომი გამოვართვი. _ეს მე და შენ ვართ მამაშენთან._თან გამაცნო დიკომ ვინ ვინ იყო. ფოტოს ინტერესით დავხედე. პატარა ვიყავი, ალბათ ასე, ათი წლის მაინც, მაგრამ დავხედე თუ არა, ვიცანი ჩემი თავი. არც დიკო იყო მთლად შეცვლილი, უბრალოდ თმის ფერი ქონდა მაშინ სხვა. მამაჩემი კი ხნიერი კაცი იყო. ალბათ, პაპად უფრო მერგებოდა. ინტერესით დავაკვირდი. აფსოლიტურად არაფრით ვგავდით ერთმანეთს. მეორე ფოტოზე კი მე, მამაჩემი და შავებში ჩაცმული ხნიერი ქალი ვიყავით, რომელიც დედაჩემად მოიხსენია დიკომ. არც მას ვგავდი არაფრით. _შავები რატო აცვია?_დავინტერესდი. _შენი ძმის, კახას გამო, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა. _ჩემი ძმა ჩემზე დიდი იყო? _კი, ოცი წლით მაინც. მისი სიკვდილის მერე გაჩნდი შენ. ესეც გავიგე, რატომ იყო ჩემსა და ჩემს მშობლებს შორის ასეთი ასაკობრივი სხვაობა და ცოტა დავმშვიდდი. ალბათ, პირველი შვილის სიკვდილი ჩემი გაჩენით გადაიტანეს. დიდხანს ვათვალიერე დიდი ინტერესით ფოტოალბომი და ბევრი ახალი ამბებიც შევიტყე ჩემს შესახებ. მაგალითად, ის, რომ სკოლაში კარგად ვსწავლობდი, თუმცა ძალიან ცელქი ვიყავი და ხშირად მიწევდა თურმე სკოლაში დედის მიყვანა. მართალია, ვერაფერი გავიხსენე, მაგრამ ბეჯითი ბავშვივით ადვილად ვითვისებდი ჩემს შესახებ მოყოლილ უბრალო წვრილმანსაც კი. წამლების დამსახურება იყო თუ ერთბაშად ამდენი ინფორმაციის მიღების, არ ვიცი, მაგრამ ძილი რომ ადვილად მომერია, მგონი დიკოს მეხსიერების აღდგენის შუა გაკვეთილში ტკბილად ჩამეძინა. რამდენი ხანი მეძინა არც ეგ ვიცი. შუაღამეზე კი რაღაც კოშმარული სიზმარი მესიზმრა და იმან გამომაღვიძა. აზრი ნამდვილად ვერ გამოვიტანე, მაგრამ რომ გამომეღვიძა, დამფრთხალი წამოვჯექი საწოლზე. ვერ მივხვდი სად ვიყავი. შიშისგან ციებიანივით ავცახცახდი და ცოტაც და ტირილს დავიწყებდი ჩაბნელებულ ოთახში. მალე ნაბიჯების ხმა გაისმა და ვიღაცამ ჩამრთველი ააჩხაკუნა. უმალ განათდა ოთახი და ჩემს წინ ნოდიკო რომ აღიმართა, ეს ცალკე გამიკვირდა. მახსოვდა, რომ ამას უნდა დაესვენა და დიკო უნდა ყოფილიყო ჩემთან. უარესად შევშფოთდი. ნუთუ, მარტო წარსული კი არა, აწმყოც მერეოდა და მავიწყდებოდა? _შეენ?_გაოცებულმა რომ მოვისრისე თვალები, მორიდებით შემომღიმა._აკი უნდა დაგესვენა? _დავისვენე უკვე._მშვიდად რომ მომიგო, ლამის ისტერიკა დამემართა, ნუთუ ის დღეებიც ბნელ წარსულში დარჩა? აშკარად შემატყო, რომ შეშინებული ვიყავი და მორიდებით მომიახლოვდა, საწოლზე რომ ჩამომიჯდა, გაუბედავად ჩამიხუტა. _ნუ გეშინია, მე შენთან ვარ._ეს მითხრა და შუბლზე მაკოცა. გავიტრუნე. სუნთქვაშეკრულმა მივაყურადე მისი გულის ფეთქვა. მინდოდა გამეხსენებინა ის შეგრძნებები და განცდები, სხვა დროს რომ მექნებოდა ასეთ სიტუაციაში, თუმცა ვერაფერი გავიხსენე. იმედგაცრუებულმა ცივად მოვიშორე მისი მკლავები. აშკარად აღელდა. მერე ალბომს გადასწვდა ტუმბოზე რომ იდო და მღელვარების დასაფარავად გადაფურცლა. _დაგეხმარა რამის გახსენებაში?_ისე მკითხა, ალბომისთვის არ მოუშორებია თვალი. _აქ დამიტოვა?_გამიკვირდა. _თვითონაც აქ არის, ჯერ არ წასულა. ალბათ, საორდინატოროში ექთნებთან ჭორაობს ყავაზე. _რატო?_უარესად გამიკვირდა. _ჩემი ცვლააო და პოსტი არ დათმო._გაეღიმა. _ააა,_ორაზროვნად ამოვუშვი ბგერები._გამოდის, შენ შემოგვეჭერი? შენ ხომ უნდა დაგესვენა, რატო არ დაისვენე? _ხო, მაგრამ ვერ შევძელი, თანაც დღეს... _დღეს რამე განსაკუთრებული ხდება?_გაოცებულმა შევხედე. _დღეს ბედობაა და მინდა რომ დაგიბედო._ისეთი გრძნობით მითხრა, თან ისეთი თვალებით შემომხედა, მთელ ტანზე თითქოს ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი. გულიც ამიფრთხიალდა რატომღაც. ერთხანს თვალმოუშორებლად შევყურებდით ერთმანეთს. თითქოს, სადღაც ტვინის მიყრუებულ კუნჭულში რაღაც ამის მსგავსი მეხსიერება მქონდა. რაღაც ნაცნობი იყო ჩემთვის ის განცდა, რასაც მისი თვალების შემონათება იწვევდა. თუმცა, ტვინი რომ დავძაბე, უფრო ვერ გავიხსენე ვერანაირად. სამაგიეროდ, ის გამახსენდა, რომ ბედობა ახალი სტილით 2 იანვარს იყო, ძველით კი 15 იანვარს და უზომოდ გამიხარდა, რაღაც მაინც რომ მახსოვდა. თუმცა, მოულოდნელად ისევ მოვიღუშე. გამოდის, ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული იანვრამდე ცუდად ვიყავი და აქ ვიწექი? _რომელი იანვარია, 2 თუ 15?_გაუაზრებლად რომ ვკითხე, შევატყე როგორ გაუხარდა. _15._ისეთმა აღფრთოვანებულმა და გახარებულმა მითხრა, აშკარად უხაროდა ჩემი სულ მცირედი მეხსიერების გაუმჯობესება. _როდის უნდა გამწერონ ხომ არ იცი?_ახლა ამით დავინტერესდი. _ათ დღეშიო. _კიდევ ათი დღე უნდა ვიწვე აქ?_უკმაყოფილომ ამოვიოხრე. _ლამის ორი თვეა აქ ხარ და ეს ათი დღე გაშინებს?_გაეღიმა. _ის დღეები არც კი მახსოვს, მეძინა. ახლა ნელა გადის დრო. _ჩემთვის პირიქით იყო, ახლა უფრო ადვილად გადის დრო._მორიდებით შემომღიმა. თვალებში რომ შევხედე, ისევ იმ მზერით მომჩერებოდა, თვალებში რაღაც ნაპერწკლები რომ უელავდა და ისევ დამესივნენ ჭიანჭველები. _იცი რა მაინტერესებს?_მოულოდნელად ლაპარაკის ხასიეთზე დავდექი. _რა? _შენ მითხარი რომ დედაჩემი გარდაიცვალა და ორი კვირის წინ დაკრძალეთ. _ხო._სევდიანად დამეთანხმა. _აბა, აქედან მესამე პალატაში ვინ წევს, ვინც ჩემი დონორია ასე ვთქვათ. შევატყე რომ შეკრთა და უარესად გამიმძაფრდა ეჭვი. _შენ ხომ დამპირდი, რომ ყველაფერს სიმართლეს მეტყოდი? ხომ გინდა რომ გავიხსენო ყველაფერი? ხო და ამიხსენი რა ხდება. შენ მეუბნები, რომ დედაჩემი გარდაიცვალა და ორი კვირის წინ დაასაფლავეთ. ერთ-ერთმა ექთანმა კი მითხრა, რომ დედაჩემი ცოცხალია და აქვე წევს. _იცი, ცოტა სხვანაირი სიტუაციაა. მირჩევნია თვითონ იმ ქალისგან მოისმინო ყველაფერი... _იქნებ, მე შენგან მინდა რომ გავიგო? ისე გაჩუმდა და შემომხედა, აშკარად რაღაცას მიმალავდა. ხო და რას მიმალავდა ამის გაგების სურვილი გამიჩნდა. _მინდა რომ სიმართლე მითხრა. თან გინდათ რომ მეხსიერება დამიბრუნდეს და თან გატყობთ რომ მნიშვნელოვან ამბებს მიმალავთ._წყენა გავურიე ხმაში. _არ მინდა რომ ინერვიულო და ცუდად გახდე. _მე იმას უფრო ვნერვიულობ, რომ მატყუებ. _მე არაფერი მომიტყუებია შენთვის. რასაც მეკითხები, გულწრფელად გპასუხობ. ამ ამბის მოყოლა კი არ მინდა... _გთხოვ, მითხარი. მგონია რომ ვგიჟდები უკვე და რეალურად ვერ აღვიქვამ ვერაფერს._მუდარით რომ შევხედე, ვეღარ გაუძლო ჩემს მზერას._დამიმტკიცე, რომ სრულ ჭკუაზე ვარ. დედაჩემი მართლა მოკვდა? _კი. ის შენი გამზრდელი იყო, ეს ქალი კი შენი ბიოლოგიური დედაა. _გამზრდელი?..ბიოლოგიური?... გამოდის, აყვანილი ვარ? რატო? _რომ გამოჯანმრთელდები და ფეხზე დადგები, პირადად მას კითხე და ის გეტყვის სრულ სიმართლეს. მე ბევრი არაფერი ვიცი. მეც ახლა გავიგე, შენი ოპერაციის დროს._მუდარით სავსე თვალებით რომ შემომხედა, შემეცოდა. მე ვახდენდი მასზე ზეწოლას, რომ ის საიდუმლო გაეთქვა, რაც მისი არ იყო. _საიდან გაიგო ჩემი ამბავი, ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა? _არ ვიცი, გთხოვ, მეტს ნურაფერს მკითხავ. _ეს ამბავი ვიცოდი? _არ ვიცი. რატომ არ გჯერა? ქორწილისთვის ვემზადებოდით. მართლა არ ვიცი რამე იცოდი თუ არა. ერთად მუშაობდით სალონში. დაქალები იყავით... _დაქალები?_გამიკვირდა. _ხო დაქალები. თექვსმეტი წლით არის შენზე უფროსი. მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ დედაშენი იყო... _შენ იცოდი, რომ აყვანილი ვიყავი. _კი._თავი დამიქნია. _და მაინც გინდოდა ჩემი ცოლად შერთვა?_გამიკვირდა. _აყვანილი ბავშვი ადამიანი არ არის? რატომ არ უნდა მდომოდა ვითომ შენი ცოლად შერთვა?_ჩემზე მეტად მას გაუკვირდა. ისე ალალად მიმზერდა, მივხვდი რომ არ მატყუებდა. მგონი, ტყუილი საერთოდ არ იცოდა ამ ბიჭმა. _შეგიძლია წამოდგომაში დამეხმარო, რომ იმ ქალის სანახავად გავიდე? _მაპატიე, მაგრამ არა. დილით რომ აგაყენებენ ექიმები, მერე მოგეხმარები. ახლა დაწყნარდი, გთხოვ. ქვეყნად ბევრი გაშვილებული ბავშვია და ეს კატასტროფად არ მიაჩნიათ. არც შენთვის უნდა იყოს ეს ქვეყნის დასასრული... _შეგიძლია აღმიწერო, როგორი ქალია? _შენი ტანის არის. იერით კი გავხართ ერთმანეთს, უბრალოდ შენ ცისფერი თვალები გაქვს მას კი თაფლისფერი. შენ შავი თმა გაქვს იმას კი ქერა. არ ვიცი, ტვინის დაზიანების ბრალი იყო, რომ დიდად გასაგიჟებელი ემოციები არ მქონია, თუ შეგუებული ვიყავი უკვე ამ ამბავს და ქვეცნობიერად დიდად აღარ განვიცდიდი. იქნებ, დედა რომ მომიკვდა და მეორე დედა ცოცხალი მყავდა, რომელიც ექთნის გადმოცემით ჩემზე ზრუნავდა და სიცოცხლესაც არ დაიშურებდა ჩემს გადასარჩენად, ეგ მაფიქრებდა? ნოდიკოსთვის მეტი აღარაფერი მიკითხავს. ცოტა ხანს შეშფოთებული კი მიმზერდა, მაგრამ რომ დარწმუნდა არ ვგიჟდებოდი ამ ახალი ამბის გაგებით, დამშვიდდა. _სინათლე ჩავაქრო, დაიძინებ?_ეს რომ მკითხა თავი დავუქნიე, რადგან სიბნელეში ფიქრი უფრო ადვილი იყო. შუქი რომ ჩააქრო, ჩემი საწოლის გვერდით სკამზე ჩამოჯდა. _მასე ცოდო არ ხარ? რატო იტანჯავ თავს?_თანაგრძნობით ვკითხე. _სახლში უფრო დავიტანჯები საწოლში წოლით... მე შენს გვერდით მირჩევნია ყოფნა. შენს გვერდით არასდროს დავიტანჯები. მივხვდი, რომ სიბნელეში უფრო თამამი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ვხედავდი და თვალებში არ ვუმზერდი. იმასაც მივხვდი, რომ რაღაცით მომწონდა და მიზიდავდა კიდეც ეს მორცხვი და მორიდებული ბიჭი. კარგა ხანს მეღვიძა და ღამის სიბნელეში ჩემს მეხსიერებაწაშლილ ტვინს ვიჭ....ტდი. ერთი სული მქონდა რაღაც მაინც გამხსენებოდა, რომ გამადვილებოდა ცხოვრება. ის უდავო იყო, რომ ნოდიკოს მართლა ვუყვარდი და ალბათ, მეც მიყვარდა. ჩემი ბიოლოგიური დედის გამო ისტერიკა არ მომიწყვია. გამზრდელ დედაზე მართალია ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რატომღაც არც იმაზე გამიგიჟებია თავი. ამ სიტუაციას ჩემს მდგომარეობას ვაბრალებდი. სრულ ჭკუაზე არ ვიყავი, თორემ ასეთი მნიშვნელოვანი ამბების მერე ასე მშვიდად როგორ ვიყავი? იქნებ, ნოდიკოს დამსახურებაც იყო, რომ მსუბუქად მომიყვა ეს ამბები. მართალია, ხმას არ იღებდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მასაც ეღვიძა. ალბათ, ფიქრობდა რომ მეძინა და ჩემი გაღვიძება არ უნდოდა. ან, ხელს არ მიშლიდა ფიქრში, იქნებ რამე გამხსენებოდა. დიდხანს ვიმტვრიე და ვიჭყლიტე ტვინი, მაგრამ მაინც არაფერი გამახსენდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამაზე, უფრო მავიწყდებოდა ყველაფერი. ნოდიკოს მშვიდი სუნთქვაც მიფორიაქებდა გულს ღამის სიბნელეში უფრო მკაფიოდ და გარკვევით რომ მესმოდა. ექთანი მართალი იყო, ალბათ მართლაც იღბლიანი ვიყავი ასეთმა ბიჭმა რომ შემიყვარა, თანაც თავდავიწყებით. ნეტა, როგორი ურთიერთობა გვქონდა სანამ მეხსიერებას დავკარგავდი? ჩვენს ურთიერთობაში ინიციატორი ალბათ მე ვიყავი. ნეტა, როგორ გამომიტყდა სიყვარულში და ხელი როგორ მთხოვა? იქნებ, აქაც მე გამოვიჩინე სითამამე? წარმოვიდგინე, მის წინ დაჩოქილი წითელი ვარდებით ხელში როგორ ვთხოვდი, წამიყვანდა თუ არა ცოლად. წითელი ვარდები რამ გამახსენა არ ვიცი, მაგრამ სიცილისგან თავი ძლივს შებიკავე და მხოლოდ უხმოდ გამეღიმა. წარმოვიდგინე, როგორ მორცხვად დახრიდა ნოდიკო თავს და მოსაფიქრებლად დროს მთხოვდა. გვარიანად გავხალისდი. _გღვიძავს?_ჩურჩულით ვკითხე, რათა თუ ეძინა არ გამეღვიძებინა. კი._მანაც ჩურჩულით მიპასუხა. _მითხარი რომ ხელი გთხოვეო. შეგიძლია გამახსენო ხელის თხოვნის პროცესი?_თან ეშმაკურად შევღიმე სიბნელეს. _ფხიზელი ვერ გიბედავდი ვერაფრის თქმას. ერთხელაც დავთვერი, სითამამე მოვიკრიბე და სამსახურიდან მომავალს გზაში დაგიხვდი. სიყვარულში გამოგიტყდი. თან... თან გაკოცე. _მაკოცე?_სიამოვნებით გამცრა ტანში და თითები ნაზად მივიდე ტუჩებზე. _ხო, მაგრამ გამიბრაზდი. _გაგიბრაზდი?_გამიკვირდა. არ მესიამოვნა ვითომ?_მერე? _მერე ჩემმა სიძემ შემაგულიანა და სახლში როცა არ იყავი, დედაშენს ვესტუმრეთ შენი ხელის სათხოვნელად. ვგრძნობდი, რომ იმ ქალს მოვწონდი როგორც სასიძო და იმედი მქონდა, რომ კისრისტეხით არ დამიფრენდა. _მერე, იმედები ხომ არ გაგიცრუა?_ცოტა დავიძაბე. _იმან არა, შენ დაბრუნდი მოულოდნელად და... _და მე დაგიფრინე კისრისტეხით?_მართლაც ზამბარასავით დავიძაბე. _არა, პირიქით, დამთანხმდი და სიზმარში მეგონა თავი. მეშინოდა, არ გამღვიძებოდა და ეს ტკბილი სიზმარი არ გამქრალიყო. ესე იგი, ოფიციალურად მთხოვა ხელი? მეგონა, უფრო რომანტიკული იქნებოდა და ცოტა არ იყოს მეწყინა. ნეტა რა მომწონდა და მიყვარდა ამ ბიჭში შეხედულების გარდა? მორიდებული რომ იყო და ჩემი შეხედვა აბნევდა და აწითლებდა პატარა ბავშვივით, რაღაცნაირად საყვარელს ხდიდა. ისიც მსიამოვნებდა, რომ ზრუნავდა ჩემზე და პატივს მცემდა. სიყვარულისთვის და ოჯახის შესაქმნელად სხვა რამ საჭირო იყო კიდევ ვითომ? ალბათ, თავისებური რომანტიკოსიც იქნებოდა. იქნებ, მესიჯებს მწერდა, ან სადმე დავყავდი? მაკომ და მაშომ ხომ მითხრეს, რომ ჩვენთან იყავითო? ნეტავ, კოცნის გარდა სხვა ურთიერთობა თუ გვქონდა? ამას მართლა ვერ ვკითხავდი. მეც მერიდებოდა და თვითონ ხომ ერიდებოდა და ერიდებოდა ამ თემაზე საუბარი. არა და ინტერესი მკლავდა. მაგრამ რაც არ უნდა თამამი ვყოფილიყავი, ამას მართლა ვერ ვკითხავდი. საერთოდ აღარაფერი მიკითხავს. ჩემი გონების თვალით წარმოვიდგინე ჩვენი ურთიერთობა და ღიმილმორეული ვფიქრობდი ჩემი წარმოსახვით თითოეულ წვრილმანზე და ტკბილადაც ჩამეძინა. დილით მართლაც მომაკითხეს ექიმებმა და ფრთხილად წამომაყენეს ფეხზე. ვერ ვიტყვი, რომ ადვილად ავდექი, მართლა ძალიან გამიჭირდა. ცალკე მუცელი მტკიოდა. ჭრილობა ისე მეჭიმებოდა ყოველ მოძრაობაზე, თითქოს უნდა გამწყვეტოდა შუაზე. თავბრუც მესხმოდა. როგორც მითხრეს, ეს ნორმალური იყო, რადგან თვენახევარი გაუნძრევლად ვიწექი და დასუსტებული ვიყავი. პალატის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისკენ მომცეს მარტო მოძრაობის და გადააადგილების უფლება, ისიც მეთვალყურის გარეშე არა, რომ არ წავქცეულიყავი და ჭრილობები არ გამხსნოდა. მართალია, დერეფანში გასვლა და იმ მესამე პალატამდე მისვლა ძალიან მინდოდა, რომ უბრალოდ მაინც შემეჭყიტა და ჩემი ბიოლოგიური დედა დამენახა, მაგრამ მარტო პალატაში რომ დავდიოდი და ნელ-ნელა წინ მივიწევდი, ესეც მახარებდა. დიკო ისეთი გახარებული იყო ჩემი ფეხზე დგომით, გარშემო მივლიდა, როგორც ნაძვის ხეს ბავშვები. _ღმერთო დიდებულო, ამ სასწაულსაც რომ მომასწარი, მადლიერი ვარ!.. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს საძაგელი გოგო ასე გამახარებდა და მის ნაბიჯებს სულმოუთქმელად დავითვლიდი? ღმერთო დიდებულო... ნოდიკო კი შორიახლოს იდგა მომღიმარი სახით და ისეთი თვალებით მიმზერდა, მთელ ტანზე ჭიანჭველები დამდიოდნენ. შუადღის მერე მაკაც მოვიდა. მასაც უზომოდ გაუხარდა ჩემი ამბავი რომ გაიგო. დიკო სახლში გაუშვა, ამაღამ მე დავრჩები ბაბისთანო. ნოდიკო კი ვერფრის დიდებით ვერ დაატოკა ადგილიდან, სახლში წასვლა და საწოლში ნორმალურად გამოძინება არ უნდოდა, აქაც კარგად ვარო. _სულელი ნუ ხარ._თან ჩემს გასაგონად ეუბნებოდა და თან ვითომ მარტო მას ეუბნებოდა._ვერ ხედავ ვერავის სცნობს და თავიდან უნდა გააცნო თავი. ცოტა გაიპრანჭე რომ თავი მოაწონო და შეაყვარო. რას გავხარ გამოუძინებელი, თმააბურძგნილი და დაკუჭული ტანსაცმლით, თითქოს კამეჩს ახლახან გამოაცალე პირიდან. ხელ-პირი მაინც დაიბანე, ნუ ენახვები ბომჟივით. ნოდიკოსკენ რომ გავაპარე მზერა, აშკარად შეშფოთებული იყო დის საყვედურით. ან, იქნებ ფიქრობდა რომ მართლა არ მომწონდა ამ ფორმაში და იმაზე სწუხდა. გამეღიმა, მართლა ძალიან საყვარელი იყო და დავრწმუნდი რომ წინა ცხოვრებაში მეც ძალიან მიყვარდა. მაკას საყვედურმა ბოლომდე რომ არ გაჭრა, მეც ვთხოვე, რომ წასულიყო და ამ ღამით სახლში დარჩენილიყო. _დილით რომ წამოხვალ შოკოლადები გამომიყოლე ოღონდ თუ შეგიძლია. _შეუძლია, შეუძლია._მაკამ ხელი მოხვია ძმას, რომელსაც ფეხები მაინც უკან რჩებოდა და ლამის ძალით მიათრია პალატის კარამდე. _ხომ გაიგე რა გითხრა? წადი, შხაპი მიიღე და დაისვენე, სოსოც სახლშია. დილით კი შოკოლადები არ დაგავიწყდეს. მაკას თავს ზემოთ მორიდებით რომ გადმომხედა ნოდიკომ, გული შემიფრთხიალდა და გულწრფელად გავუღიმე. ვერ ვიტყვი დის საყვედურებმა გაჭრა თუ ჩემმა თხოვნამ, ფაქტია, რომ აღარ გაგვძალიანებია და სახლში წავიდა. წასვლისას კი დაიბარა, თუ რამე დაგჭირდათ დამირეკეთო და აშკარად იძულებით გავიდა პალატიდან. თითქოს ჩემი გულიც თან გაიყოლა. მართალია, ვერანაირად ვერ ვიხსენებდი, მაგრამ ვატყობდი, რომ თავიდან მიყვარდებოდა და ამის გაფიქრება სასიამოვნოდ მიძგერებდა გულს. დაძინებამდე მე და მაკამაც ბევრი ვილაპარაკეთ, უფრო მაკა ლაპარაკობდა და მე კი გულისყურით ვუსმენდი. მაკას დედა, ანუ ჩემი დედამთილი სოფლიდან ვერ ახერხებდა ხშირად ჩამოსვლას და ხვალ მომინახულებდა. ჩემს სახლსაც ის პატრონობდა თურმე. დილით, სანამ ექიმები შემოვლაზე მოვიდოდნენ და ამაყენებდნენ, მაკა ბუფეტში იყო ჩასული ყავის ამოსატანად, მე საწოლზე წამომჯდარი დიკოს დატოვებულ ალბომს ვათვალიერებდი, იქნებ შემთხვევით რამე გამხსენებოდა, რომ პალატის კარი ფრთხილად შემოიღო. მაშინვე არ მიმიქცევია ყურადღება, ფოტოებს დავყურებდი დიდი ინტერესით. მერე დამავიწყდა კიდეც. ძალიან გვიან ვიგრძენი დაჟინებული მზერა და ინსტიქტურად შევხედე იისფერ ფუმფულა ხალათში გახვეულ მაღალ, მშვენიერი აღნაგობის გაფითრებულ ქალს, აშკარად გახარებული რომ მომჩერებოდა თავისი ლამაზი თაფლისფერი თვალებით. ქერა თმა სამაგრით კეფაზე ქონდა აკეცილი და აქაიქ ჩამოშლოდა. მშვენიერი შესახედაობის ქალი იყო. ერთხანს გაოცებული შევყურებდი. უცბად გონებაც გამინათდა თითქოს და ვიცანი. გამახსენდა, ცუდად რომ იყო და საავადმყოფოში გამოვყევი. _ნათია?.. შენ ისევ ცუდად ხარ? არ დაგიწია სიცხემ? _მიცანი?_მღელვარედ ძლივს ამოიჩურჩულა და ძლივს გადმოდგა ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯი._გაგახსენდა ყველაფერი? დავფიქრდი, ყველაფერი გამახსენდა თუ არა, მაგრამ იმის გარდა, რომ ნათია ერქვა და საავადმყოფოში გამოვყევი, ვერაფერი გავიხსენე. არ მახსოვდა საიდან ვცნობდი, ვინ იყო, ან რა ურთიერთობა გვქონდა. _მახსოვს, რომ ცუდად იყავი და საავადმყოფოში გამოგყევი, მეტი არაფერი... ვინ ხარ არც ეგ ვიცი. აცრემლებული მომიახლოვდა და ჩემს საწოლთან ფრთხილად ჩამოჯდა, აშკარად რაღაც აწუხებდა. _რა დიაგნოზი დაგისვეს? _უბრალოდ გაციება. _მერე, უბრალო გაციებაზე ისევ საავადმყოფოში წევხარ?_ გამიკვირდა. _არა. იმ დღეს შენ რომ წამოხვედი, საღამოს მეც გამოვიპარე... მეგონა ვეღარასდროს გნახავდი._ჩემს საწოლზე დაემხო და აქვითინდა._მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ხარ... მაპატიე... _გაპატიო?.. რა?_ცოტა ავღელდი. _ბავშვი ვიყავი და ნორმალურად ვერც კი ვაზროვნებდი და ვაცნობიერებდი ჩემს თავს რაც ხდებოდა... ბავშვი ვიყავი და ადვილად მომატყუეს... მერე შენი დათმობაც მომიხდა... მაპატიე, უჩემოდ რომ გაიზარდე და შენს გვერდით არ ვიყავი... მაპატიე, რამე რომ გიჭირდა, მეძახდი და შენს გვერდით არ ვიყავი... მაპატიე, ისე რომ გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში, არაფერი გითხარი და ისე დაგიახლოვდი, როგორც მეგობარი... მაპატიე შვილო... _შვილო? მე შენი შვილი ვარ?_გამიკვირდა, რადგან დებს უფრო ვგავდით. _ხო, მარტო გაჩენა თუ ითვლება დედობად, მე დედაშენი ვარ... არ მოველი შენგან იმას რომ მაპატიებ და მიმიღებ. არც გაგამტყუნებ. ჩემნაირი ქალები არ არიან არაფრის ღირსები... მე იმითაც კმაყოფილი ვიქნები, შენ რომ კარგად იქნები. ისე გულდათუთქული ტიროდა, სულით ხორცამდე შემძრა მისმა ნათქვამმა. მეხსიერებაში ჩემი ბავშვობის ფოტოებით სავსე ალბომები ამომიტივტივდა. დივანზე მოკუნტული და ალბომჩახუტებული ნათიაც გამახსენდა და სიბრალულით აღვივსე მის მიმართ რატომღაც. _ეს ამბავი გავიგე?_როდის-როდის გავბედე და ჩურჩულით ვკითხე. _ხო... ეჭვი გაგიჩნდა და დეენემის ტესტი ჩააბარე. პასუხი რომ მიიღე, იმ დღეს მოხვედი ჩემთან... _და არ გაპატიე ხო? _ხო... მეჩხუბე, შენი ცხოვრებიდან გაქრობა მთხოვე... ვიცი, საპატიებელი არ ვარ, არც გამტყუნებ. ალბათ, მეც მასეთი რეაქცია მექნებოდა. მგზავრობას შევძლებ თუ არა, წავალ და გადავიხვეწები ისევ. კარგა ხანს იჯდა თავჩაქინდრული ჩემს საწოლთან და დაბალი ხმით ქვითინებდა. მერე კი, გაჭირვებით ადგა და ჩემი პალატიდან უხმოდ გავიდა. თვალი გავაყოლე. გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და მეც გულწრფელად შემეცოდა. მართალია, გასაბრაზებელი და არსაპატიებელი იყო შვილის გაშვილება, მაგრამ... ჯერ ისევ კარებს შევყურებდი, რომლის მიღმაც აცრემლებული ნათია გაუჩინაედა, რომ ისევ ფრთხილად შემოიღო და მაკა შემოვიდა ორი ფინჯანი ყავით ხელში. მას კი ნოდიკო მოჰყვა უკან უამრავი შოკოლადით დატვირთული. _ექიმს ვკითხე და ეჭმევა, ოღონდ ზომიერადო._ეს მითხრა ღიმილით და პარკი საწოლზე დამიდო. _ვაი, რა კარგია, მადლობა._მსუნაგი ბავშვივით ჩავიჭყიტე პარკში._ზუსტად ისინია, რაც ყველაზე მეტად მიყვარს._გამიხარდა შოკოლადებიც და ისიც, რომ რა მიყვარდა მახსოვდა. შოკოლადებით მართლაც ზომიერად ჩავიტკბარუნე პირი. ყავაც დავლიე და თითქოს ენერგიაზეც მოვედი. ლანჩისთვის კი, მაკას დედა, ქალბატონი თამარიც მოვიდა. ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა და აცრემლებული გადამეხვია. ასე ძალიან ვუყვარდი ნეტა, თუ თავს მაჩვენებდა? მაგრამ ისეთი ალალი თვალებით მიმზერდა, აშკარა იყო, რომ განიცდიდა ჩემს ამბავს. საღამოს, მაკამ რომ გაიყვანა დედამისი და სახლში გააცილა, ისევ მე და ნოდიკო დავრჩით მარტოები. _ნათია იყო ჩემს სანახავად მოსული._ეს რომ ვუთხარი შეშფოთებით შემომხედა. _დავინახე თუ არა, ვიცანი რომ ნათია იყო, ოღონდ საიდან ვიცნობდი და ვინ იყო, ეგ არ ვიცოდი. ისიც გამახსენდა, რომ ცუდად იყო და საავადმყოფოში მე წავიყვანე. _მერე?_შევატყე როგორ შიშით მკითხა. _თვითონ მითხრა, რომ ჩემი ბიოლოგიური დედაა. თურმე, მე გამჩენია ეჭვი და დეენემის ტესტი ჩამიბარებია. მიჩხუბია მისთვის. მე მართლა არ მახსოვს. ისე კი, ძალიან შემეცოდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ნანობდა. _ეგ შენი გადასაწყვეტია აპატიებ თუ არა,მაგრამ თუ არ გეწყინება, ერთ რჩევას მოგცემ. გაოცებულმა შევხედე დიდი ინტერესით. _ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას და ნუ მოისვრი ნაგავში. მართლა ძალიან ნანობს. შენ არ იცი როგორ განიცადა შენი ამბავი. ერთი კვირა ფეხი არ მოუცვლია საავადმყოფოდან. არც ჭამდა, არც სვამდა და არც ეძინა. სისხლის გადასხმა რომ დაგჭირდა, არც კი დაფიქრებულა, მითუმეტეს რომ თვითონაც სუსტად იყო უჭმელობით და ფეხზე ვერ იდგა. შენ დედად მიიღებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მინდა გითხრა, რომ არ არის ცუდი ქალი. ცხოვრებაში არ გაუმართლა უბრალოდ. შენ რომ თექვსმეტი წლის იყავი, წრეში ბურთს, დაჭერობანას და კლასობანას თამაშობდი ისევ. სკოლაში შატალოებს აწყობდი, მაგან კი მაგ ასაკში გაგაჩინა. თვითონაც ბავშვი იყო, თავისი ნებითაც რომ ეთქვა შენზე უარი, არ გაემტყუნება... უბრალოდ, ისე ვერ აეწყო მისი ცხოვეება, როგორც სხვა ბავშვებს... სულგანაბული ვუსმენდი ნოდიკოს და ვხვდებოდი, რომ სადღაც გულის კუთხეში მართალი იყო. მე კი ვიყავი ცოდო, დედისგან მიტოვებული ბავშვი, მაგრამ ნათიაც იყო ცოდო. მას ხომ ეს ცხოვრება თავისი სურვილით არ აურჩევია? უამრავი დედა იყო, ვინც ისე მიატოვა ბავშვი, საერთოდ რომ აღარ მოიკითხა, მე კი, მართალია არ გამიმჟღავნა ვინ იყო, მაგრამ ჩემს გვერდით იყო, მეხმარებოდა, ჩემზე ზრუნავდა. ახლა ხომ საერთოდ, არც დრო დაუზოგია, არც ენერგია, არც თანხები და არც ჯანმრთელობა. ვალდებული ვიყავი სხვა თუ არაფერი, მადლიერებით მაინც მოვპყრობოდი სიცოცხლის გადარჩენისთვის. სანამ ავარია მომიხდებოდა, რა აზრის ვიყავი მაგ ქალზე, არ მახსოვს, მაგრამ ახლა რომ მთლად გულცივი და ასე ვთქვათ გაცეცხლებული არ ვიყავი, ამაში კი დარწმუნებული ვიყავი. მთლად გულქვა და სასტიკი უნდა ვყოფილიყავი, რომ ის ბავშვური შეცდომა, რომელიც საშინელ ლაქად დააჩნდა და მერე დარჩენილი ცხოვრება სანანებელი გაუხდა, თუ ვერ ვაპატიებდი, გამეგო მაინც. თავი არ დაუზოგიაო, ექთანმაც ის მითხრა და ნოდიკომაც. ვინმე აძალებდა? ხომ შეეძლო, რადგან ვეჩხუბე და არ მივიღე, წასულიყო და აღარ მოეხედა ჩემთვის? გამოდის, ორჯერ მაჩუქა სიცოცხლე. ერთხელ თუ დამთმო და მიმატოვა, მეორედ ხელი ძლიერად ჩამჭიდა და სულების საუფლოში არ გამიშვა... მეორე დღეს, დერეფანში გამოსვლის უფლება მომცეს. ნოდიკო რომ სასადილოში გავიცილე, მე ფრთხილად გავუყევი დერეფანს და ნათიას პალატას გულისფანცქალით მივაშურე. ფრთხილად შევაღე კარი და შევიჭყიტე. გადაფითრებული სახით იწვა და ეძინა. ერთხანს ასე ვუყურე, მერე ისევ გამოვიხურე კარი და გამოვბრუნდი. ნოდიკო დერეფანში შემხვდა. _შენი საყვარელი კრუასანები ამოგიტანე. გამიხარდა. მე ზუსტად არ ვიცოდი რა მიყვარდა და რა არა და ამ ბიჭმა ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდა. _ესე იგი, კარგად მცნობ? ყველაფერი იცი რა მიყვარს..._გამეღიმა. _არ უნდა ვიცოდე?_მანაც შემომღიმა. _მე რომ არაფერი ვიცი შენს შესახებ?_წელზე ფრთხილად მოვხვიე ხელი, ნიკაპამდე ძლივს მივწვდი, ოდნავ მივეხუტე და ასე განვაგრძეთ გზა ჩემს პალატამდე. მისი გაძლიერებული გულისცემა მესმოდა და მსიამოვნებდა. მისი სითბოც მსიამოვნებდა და მისი ოდეკოლონის სურნელი, რომელიც ცხვირში მიღიტინებდა და თითქოს შორეული მოგონებებიდან რაღაცას მახსენებდა. ******************** მთელი ის პერიოდი, რაც საავადმყოფოში გონზე მოვედი, მნახველებს მნახველებზე ვიღებდი და თითქოს თავიდან ვეცნობოდი ხალხს, არაფერი გამხსენებია ნათიას ცუდად გახდომის გარდა და ჩემი საავადმყოფოში მიცილება. ნელ-ნელა ჩვენს შორის ურთიერთობაც ლაგდებოდა. ისე კი, რაც გონზე მოვედი, დიდად არც ყოფილა არეული. ვერც ნოდიკოსთან ურთიერთობის ვერანაირი დეტალი ვერ გავიხსენე. მაგრამ თავიდან რომ შემიყვარდა, ეს მახარებდა. სახლში გაწერის დროს კი რიგი მითითებები და დანიშნულებები მომცა ექიმმა, რასაც ნოდიკოც ისმენდა გულისყურით და ექიმს ყველაფერზე თანხმდებოდა და პირობას აძლევდა, რომ ზედმიწევნით შევასრულებდი ყველაფერს. _და ბოლოს._სათვალე შეისწორა ექიმმა და ისე შემოგვხედა ორივეს._მართალია ახალი დანიშნულები ხართ, ერთმანეთთან ყოფნა ქვეყანას გირჩევნიათ, მაგრამ ოპერაციიდან გამომდინარე თებერვლის ბოლომდე ერთმანეთს არ გაეკარებით... მოკლეთ, სექსი არ გექნებათ. მერეც, ნახევარი წელი მაინც დაორსულებისგან თავს შეიკავებთ. სექტემბრიდან კი გზა ხსნილი გაქვთ, იმდენი ბავშვი შექმენით, რამდენის შენახვის და გაზრდის შნოც გექნებათ. ბოლოს რომ შემოგვღიმა, ორივენი გავწითლდით. ასე ღიად, საჯაროდ და თამამად ამ თემაზე ნოდიკოს ხომ ერიდებოდა ამაზე საუბარი და მეც შემრცხვა და მომერიდა. _თვეში ერთხელ კონსულტაციაზე შემოგვირბინე, შევამოწმოთ შენი ჯანმრთელობა. რაც შეეხება მეხსიერებას, ნელ-ნელა და ეტაპობრივად დაგიბრუნდება. ასე, რომ თავისუფალი ხარ და გაყევი შენ ქმარს შვილო, თორემ შენთან ერთად ესეც აქ გვეწვინა._ხუმრობით თვალი რომ ჩამიკრა ხნიერმა ექიმმა, გამეცინა. შენობიდან რომ გამოვედით, წვიმას იწყებდა. უკმაყოფილო სახით ავხედე ცას და ამის მსგავსი სიტუაცია გამახსენდა, თან რომ ვინატრე, ჩვენს ქორწილში არ გაწვიმდეს-მეთქი. ამ გახსენებამ ალბათ შემაკრთო, რადგან ნოდიკომ გაოცებით შემომხედა. _გამახსენდა, საავადმყოფოდან რომ გამოვედი, წვიმდა. ცას ავხედე და ვინატრე, ჩვენს ქორწილში არ წვიმდეს-მეთქი. რომელ საავადმყოფოში ვიყავი ოღონდ ის არ მახსოვს. არც ის, იქ რა მინდოდა. მგონი ჩემზე მეტად ნოდიკოს გაუხარდა ჩემი მეხსიერების გაელვება. გაბედულად გადამეხვია და ფრთხილად ჩამიკრა გულში, რომ არაფერი მტკენიდა. _იმ დღეს, ნათიას რომ გაყევი საავადმყოფოში, წვიმდა. ის გახსოვს ნამდვილად. ალბათ, მართლაც მასე იყო. გახარებული ჩავჯექი ნოდიკოს წითელ მერსედესში, რომლის კარიც ფრთხილად მომიხურა. ნელ-ნელა მახსენდებოდა მართალია ფრაგმენტები, მაგრამ ჩემი წარსული ცხოვრება და ეს უზომოდ მახარებდა. თბილისიდან რომ გამოვედით და კახეთის გზატკეცილს დავადექით, წვიმამ იმძლავრა. თავიდან არაფერი, მაგრამ მერე მოულოდნელად ის გამახსენდა, მანქანამ გზა რომ გადმომიჭრა და კივილი ავტეხე. ნოდიკო გვარიანად დავაფრთხე ეტყობა, რადგან, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გააჩერა. _რა მოხდა?_შეშინებულმა მკითხა. _მახსოვს, წინ შემხვედრი მანქანა ჩემი მიმართულებით წამოვიდა. ძალიან წვიმდა... ახლაც წვიმს და მეშინია._თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი. _დამშვიდდი საყვარელო. ის მძღოლი მთვრალი იყო და დააკავეს, ნუ გეშინია._მხრებზე მომხვია ხელი, ჩემსკენ გადმოიხარა და დასამშვიდებლად ჩამიხუტა._გინდა, დაველოდოთ გამოდარებას? სანამ არ გადაიღებს არ წავიდეთ. _არა, აქაც მეშინია!_ისტერიკა მეწყებოდა უკვე._გეხვეწები, წავიდეთ. _კარგი, როგორც იტყვი._შუბლზე მაკოცა და ისევ დავიძარით ადგილიდან._მუსიკა ჩავრთა? შენ კი თვალები დახუჭე დაშეეცადე დაიძინო. მუსიკა მართლაც ჩართა, მაგრამ თვალები არ დამიხუჭია. მეგონა, თვალები რომ დამეხუჭა, უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდით და რამე აუცილებლად შეგვემთხვევოდა. შემხვედრი მანქანების დანახვა უარესად მაფრთხობდა და მაშინებდა. ნოდიკოც რომ ხვდებოდა ჩემი შიშის მიზეზს, ფრთხილად და ძალიან ნელა მართავდა მანქანას. თითქმის ყველა ჩვენ გვასწრებდა და ამისიც მეშინოდა. ძლივს ჩამოვაღწიეთ ჩვენს რაიონში. იქ კი შედარებით კარგი ამინდი იყო. _გინდა კაფეში დავსხდეთ და ამინდიც გაუმჯობესდება მანამდე?_გზისპირა კაფეებთან შეანელა სვლა. _არა, სახლში მინდა. ჩემთან მიმიყვანე ოღონდ. _შენთან?_გაუკვირდა._ახლა გამოგწერეს ჯერ საავადმყოფოდან, ჩემთან წაგიყვან, დედაჩემი მოგხედავს. _ჩემთან წამიყვანე რა, გთხოვ._მუდარით შევხედე._საღამოს დიკო ჩამოვა და ის დარჩება ჩემთან... ჯერ მაინც დაქორწინებულები არ ვართ, თან... ექიმმა ხომ თქვა..._მომერიდა იმის თქმა, სექსი არ გვექნება-მეთქი და გავჩუმდი. _ბავშვი არ ვარ, რომ არ მესმოდეს შენი მდგომარეობა. მაგაზე ნუ იდარდებ, სხვა ოთახში დავწვები. _გთხოვ, ჩემთან მიმიყვანე. ნაცნობი სიტუაციები და გარომოებები ნამდვილად მიბრუნებს მეხსიერებას. მინდა ყველაფერი გავიხსენო... მინდა შენ გაგიხსენო. მაპატიე, მაგრამ ასე მირჩევნია. _ჯერ რომ ჩემთან მიგიყვანო?_მუდარით გადმომხედა._ჩემები გელოდებიან. საღამოს კი, დიკოც რომ ჩამოვა, გადმოგიყვან შენს სახლში. _არ მატყუებ?_ეჭვით შევხედე. _არასდროს მომიტყუებიხარ და რაღა ახლა მოგატყუებ?_თითქოს ეწყინა ჩემი უნდობლობა._გპირდები, მხოლოდ საღამომდე მეყოლები და მერე გადმოგიყვან. უსიტყვოდ დავთანხმდი. საღამომდე დიკო მაინც ვერ ჩამოვიდოდა ჩემთან და მარტო როგორ უნდა ვყოფილიყავი ჩემს სახლში, სადაც არაფერი მახსოვდა და მეცნობოდა? ნოდიკოს მშობლები და რამოდენიმე ნათესავი მართლაც ელოდნენ ჩვენს დაბრუნებას. ყველას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. მომილოცეს ცოცხლად დაბრუნება და სულ მალე გამოჯანმრთელებაც მისურვეს. ცოტა ხანს ვიჯექი მათთან სუფრაზე და მერე ჩემთვის განკუთვნილ ოთახში მომასვენა ჩემმა დედამთილმა. ოთახი მართლაც მარტო ჩემთვის იყო განკუთვნილი. ამაღამ რომ დავრჩენილიყავი, ნოდიკო თავის პირობას შეასრულებდა და ცალკე დაწვებოდა... მაგრამ გაგვიჭირდებოდა ასე ცხოვრება. არც დაქორწინებულები ვიყავით, ექიმმაც აგვიკრძალა ახლო ურთიერთობა თებერვლის ბოლომდე, თან, არ მახსოვდა არაფერი და მერჩია ჩემს სახლში ვყოფილიყავი. ჩემი გამზრდელი დედაც გამომეტირა და გამომეგლოვა. ნათიაც მინდოდა მენახა. ჩემზე ადრე ის გამოწერეს. მართალია, ჯერ თბილისში უნდა დარჩენილიყო ახლობელთან, მაგრამ იქნებ ჩამოვიდა უკვე? საღამოს დიკომ დამირეკა და მომიბოდიშა, ვეღარ მომიხერხდა ჩამოსვლა და დილით აუცილებლად ჩამოვალო. ნოდიკომ რომ გაიგო ეს ამბავი, დარჩენა მთხოვა. _ამაღამ მარტოს რამე რომ შეგემთხვეს, მერე? კოშმარული სიზმარი რომ დაგესიზმროს ისევ, როგორც ამ ბოლო დროს? მართალია დაგპირდი, რომ გაგიყვანდი, მაგრამ დიკო არ მოსულა და ჩვენი შეთანხმებაც ჩაიშალა. დიდად არ გამიპროტესტებია. ნოდიკო მართალი იყო. მარტოს მართლაც შემეშინდებოდა ღამე და იქ გულგახეთქილს ყოფნა, მასთან ვარჩიე დარჩენა. არ მახსოვდა სახლში როგორი საწოლი მქონდა, მაგრამ მის სახლში კი ძალიან ტკბილად და მშვიდად დავიძინე. პირველი ღამე მის სახლში მშვენივრად გავატარე. დილით რომ გავიღვიძე და თვალები გავახილე, ნოდიკო დავინახე, ჩემს სასთუმალთან რომ იდგა და ღიმილით დამჩერებოდა. _დილა მშვიდობისა, როგორ გეძინა? ჩემს ოდნავმოშიშვლებულ მკერდს რომ დავხედე, შემრცხვა, ინსტიქტურად ავიფარე საბანი ნიკაპამდე, რაზეც ნოდიკო უფრო გავაღიმე. _კოშმარები კიდევ ხომ არ დაგსიზმრებია?_სასთუმალთან ჩამომიჯდა. _არა. მადლობა კარგად მეძინა... რამდენჯერმე გავიგონე ვიღაცამ რომ შემომხედა, შენ ხომ არ იყავი შემთხვევით?_ინტერესით რომ შევხედე, მორცხვად დახარა თავი. _რამდენი დღეა სამსახურში აღარ ვყოფილვარ, დღეს გამომიძახეს და უნდა წავიდე. რას იზავ, ამ დილითვე გაგიყვანო სახლში, თუ შესვენებაზე გადმოვიდე, ასე პირველი საათისთვის? _ახლავე მირჩევნია თუ არ გეწყინება. _არ მეწყინება._გულთბილად გამიღიმა._წავალ, სანამ მე ყავას მოვადუღებ, შენ გაემზადე და მერე წავიდეთ._ლოყაზე ნაზად მომითათუნა თბილი თითები და ოთახიდან გავიდა. როგორც ჩემმა ჭრილობამ მომცა საშუალება, ისე სწრაფად წამოვდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი, თმა საგულდაგულოდ გადავივარცხნე თითებით, საწოლი გადავასწორე და ოთახიდან გავედი. საით უნდა წავსულიყავი არ ვიცოდი და ინტუიციას ვენდე. მართლაც, სამზარეულოში ამოვყავი თავი, სადაც ყურსასმენებმორგებული ნოდიკო დაბალ ხმაზე ღიღინებდა და ისე ფუსფუსებდა გაზქურასთან. ყური დავუგდე: "შენს ნახვას ამოჰყავს მზე, მამშვიდებს მე შენი ხმა როგორ დავემდურო ბედს, როცა შენ ამ ქვეყნად ხარ." ერათხანს უხმოდ შევყურებდი ღიმილით. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, მომწონდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებდი და ეგ მიღრღნიდა სულს. ძალიან მინდოდა ყველაფერი თუ არა, მხოლოდ ის მაინც გამხსენებოდა, როგორ ვიყავით ერთად. იქნებ, სულაც მატყუებდა და თავს მაჩვენებდა, რომ ვუყვარდი და პატივს მცემდა?.. რამდენია ასეთი მოძალადე კაცი?.. მოკლეთ, რომ არ გამერთულებინა რამე, ისე ხომ არ შეიძლებოდა? ვერ ვირგებდი ბედნიერებას... მოულოდნელად რომ შემობრუნდა და ზღურბლთან აყუდებული დამინახა, დაიბნა. შერცხვა კიდეც, ყურსასმენები გამოიძრო და მორცხვად შემომღიმა. _მეგონა, ჯერ არ იყავი ამდგარი... მოდი, დაჯექი._სანზარეულოს დივანზე მანიშნა. თვითონ კი ყავა ფინჯნებში ჩამოასხა და ფრთხილად მოიტანა, რომ არ დაექცია._დიკო ჯერ არ ჩამოსულა არა? _არა, რომ მოვა დამირეკავს, მაგრამ არაუშავს, წამიყვანე, იქ ვიქნები. იქნებ რამე გამახსენდეს. თან, არ გეწყინოს, მაგრამ ჯერ იქ მირჩევნია. _არ მწყინს, მესმის შენი. უბრალოდ, გამიჭირდება შენს გარეშე... საღამოს სამსახურიდან გამოგივლი. _კარგი. ნოდიკოს მოდუღებული ყავა ძალიან გემრიელად და სიამოვნებით დავლიე და მერე მართლაც წამიყვანა ჩემს სახლში, სადაც გავიზარდე და ამდენი წლები იქ გავატარე. ეზოში რომ შევდგი ფეხი, თითქოს რაღაც ნაცნობი განცდა დამეუფლა, თუმცა არც ეს სახლი მეცნო არანაირად. საიდანღაც შავი გოშია გამოვარდა მხიარული ყეფით და შემომაბობღდებოდა კიდეც და ალბათ ჭრილობასაც მატკენდა, ნოდიკოს რომ არ ემარჯვა. წინ ამესვეტა და მკლავი ძლიერად მომხვია, მეორეთი კი ძაღლი მოიგერია. _რა იყო, ჯესი? დაწყნარდი._დატუქსა კიდეც, მაგრამ ძაღლს არაფერი აღარ ესმოდა, გარშემო გვივლიდა წკმუტუნით და შიგადაშიგ ყეფით. აშკარა იყო, რომ უხაროდა ჩემი დანახვა. ძაღლის დაწყნარება რომ ვერ შეძლო, მაშინ ხელი დამავლო, ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა ხელში და აივნამდე ასე მიმიყვანა. რაღაც მეუცნაურა, რაღაც გამახსენდა ამის მსგავსი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გავიხსენე. ოთახის კართან რომ დამსვა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარი გამიღო. პირველი მე შემატარა ცივ და გაყინულ სახლში. მერე გათბობა ჩართა და მის გვერდით მიმიჩოჩა სავარძელი. _ძალიან კი მედარდება მარტო როგორ იქნები, მაგრამ შენს სურვილს ვცემ პატივს. თუ რამეა, არ მოგერიდოს და დამირეკე, მაშინვე აქ გავჩნდები._დაიხარა და შუბლზე მაკოცა._თავს მოუფრთხილდი, კარგი? მესიამოვნა ასე რომ ზრუნავდა ჩემზე და გამეღიმა. _კარგი, არ ინერვიულო. დიკოც მალე მოვა და მომხედავს. თუ რამეა დაგირეკავ. წადი, არ დააგვიანო სამსახურში... ბოდიში ოღონდ, ვერ გაგაცილებ. _არაუშავს, არც მინდა. დროებით._ისევ მაკოცა შუბლზე და ძალიანაც კი არ უნდოდა წასვლა, მაგრამ წავიდა. მისი წასვლის შემდეგ ერთხანს სავარძელში ვიჯექი და გათბობას ვეფიცხებოდი, თან ოთახს ვათვალიერებდი. დალაგებული და სუფთა იყო ყველაფერი. ალბათ, ჩემი დედამთილის და მულის დამსახურება იყო. ბუხრის თავზე ხნიერი ქალის სურათი იდო, რომელიც სევდიანი თვალებით შემომყურებდა. ეს იყო ჩემი გამზრდელი დედა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი. უბრალოდ, სურათებიდან ვცნობდი. ყველა გულთბილად და სიყვარულით მოიხსენიებდა. აშკარად კარგი ქალი იყო, მაგრამ მე ვერც მის სიკარგეს ვიხსენებდი და ვერც სიცუდეს. მერე ავდექი და დერეფანს გავუყევი ფრთხილად. გაუაზრებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა აშკარად ჩემს ოთახამდე მიმიყვანა. ქვეცნობიერად ალბათ მაინც მახსოვდა, რომ აქ ჩემი ოთახი იყო, თუმცა რომ შევედი, არაფერი მეცნო. გულდასმით მოვათვალიერე ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვერაფერი გავიხსენე. ჯესიმ რომ ყეფა დაიწყო, ცოტა შევკრთი. შიშით გამოვედი ჩემი საძინებლიდან და ფანჯრიდან გავიჭყიტე. ვარდისფერთმიანი გოგო რომ დავინახე, რომელიც აღფრთოვანებულ ძაღლს ძლივს იგერიებდა, გამიხარდა და ღიმილით გავეგებე _ღმერთო, ზოგ ადამიანს არ უხარია ჩემი დანახვა და ამან რა გაიხარა... დაუძახე შენ ცხოველი, შინაურს და გარეულს კი ცნობს._აკისკისებული დიკო ჩემსკენ რომ წამოვიდა, ჯესიც უკან მოყვა კუდის ქიცინით. შევძელი და მოვიგერიე, რომ ჭრილობაზე არ შემომბობღებოდა. _მარტო ხარ?_ოთახში რომ შევედით, გაუკვირდა. _ნოდიკო წეღან წავიდა. საღამოს ისევ გამოგივლიო. _ღამე მარტო იყავი?_გაუკვირდა. _აქ არ ვყოფილვარ. მასთან დავრჩი და დილით გადმომიყვანა. _წინ და უკან უნდა არბენინო? სულ არ გეცოდება. დანიშნულები ხართ, ქორწილი უნდა გქონოდათ, მაგრამ ჩაგეშალათ. ახლა აღარ მგონია გადაიხადოთ, ყველაფერი ხომ იცი თანხებთანაა დაკავშირებული და რაღა საჭიროა ასე ცალ-ცალკე ყოფნა? _ჯერ ერთი, არ მახსოვს და დიდი სურვილი მაქვს გავიხსენო. თუ ვერ გავიხსენებ, გავიცნო მაინც და თავიდან შევიყვარო... _მეორე?_ეჭვით შემომხედა, რადგან საეჭვოდ გავჩუმდი და არაფრის თქმას აღარ ვაპირებდი. _ახლო ურთიერთობა აგვიკრძალა ექიმმა თებერვლის ბოლომდე და... _და მასზე ზრუნავ?.. აჰა, მართალი ხარ, ქალებისთვის უფრო ადვილია ყველაფერი. კაცი მაინც სულ სხვაა, გაუჭირდება თავის შეკავება. ცოდოა, საყვარელი ქალი გვერდით ყავდეს და... გეთანხმები, სწორი გადაწყვეტილებაა. რაღა დარჩა, ერთი თვე? ამ დროში კი გაგახსენდება კიდეც... _თუ არა და თავიდან გავიცნობ და შეიყვარებ. თუ კი ერთხელ შევიყვარე, მეორედაც შევძლებ მის შეყვარებას. უსიყვარულოდ არ მინდა ოჯახის შექმნა. დაიტანჯება ჩემს გვერდით. ვაღიარებ, მომწონს კი მაგრამ სხვა არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ... _მესმის შენი._მხრებზე მომხვია ხელი და დივანზე ფრთხილად ჩამომსვა,_მაგრამ კარგი ბიჭია, მე მჯერა მისი, თავიდან შეგაყვარებს თავს. აი, ნახე ასე თუ არ მოხდება და ერთი სული არ გექნება მასთან გაქცევის. საღამოს მართლაც გვესტუმრა ნოდიკო. ჩემი საყვარელი შოკოლადები მომიტანა და დიდად გამახარა. დიკოს მომზადებულ ვახშამზე რომ დავპატიჟეთ, ბევრი ხვეწნა არ დაგვჭირვებია, ხალისით მოუჯდა ჩვენთან ერთად სუფრას. _ხვალ დედაჩემის საფლავზე მინდა გასვლა. იქიდან კი სალონში. აქედან შორია?_შუა ვახშმობისას ვიკითხე. _არც ისე, სანამ მანქანის მართვას ისწავლიდი, სულ ფეხით დადიოდი, სასაფლაო კი შორია. ახლა ახალი ნაოპერაციებელი ხარ, ცოტა რომ გამოთბება, მერე ადი, არ გირჩევნია? ახლა რა ძალი გაქვს?_ეჭვით შემომხედა დიკომ. _დილით მე აგიყვან საფლავზე. იქიდან სალონში გამიგატარებ და იქ დაგტოვებ. შესვენებაზე კი მოგაკითხავ. რას იტყვი?_ინტერესით შემომხედა ნოდიკომ. რა უნდა მეთქვა? მომეწონა მისი შეთავაზება და დავთანხმდი კიდეც. იქნებ, იქ მაინც გამხსენებოდა რამე. ნოდიკო გვიანობამდე დარჩა ჩვენთან. ლაპარაკს შევყევით და ვერც კი გავიგე, დრო ისე გაგვეპარა. ბევრი უცნობი დეტალი გამაცნეს მან და დიკომ ჩემი ცხოვრებიდან და გვარიანადაც მაცინეს. წასვლისას კი შევატყე, რომ ფეხები უკან რჩებოდა, აშკარად არ უნდოდა წასვლა, არ ვეთმობოდი. თუმცა, დარჩენა არ შემითავაზებია. მგონი, რომც შემეთავაზებინა, არ დარჩებოდა, მაგრამ ჩემს გარეშე აშკარად უჭირდა ყოფნა. _ბატარა ბავშვივით საყვარელია._ნოდიკო რომ წავიდა და სუფრის ალაგებას შეუდგა დიკო, ღიმილით მითხრა._ზოგადად, კაცები ისედაც დიდი ბავშვები არიან, მაგრამ ეს ძალიან საყვარელი ბავშვია. ვერ წარმომიდგენია ამან კოცნა როგორ უნდა გაგიბედოს, მორცხვად და მორიდებით შემოგყურებს ყოველთვის. აშკარად ძალიან უყვარხარ და შენს გამო სიკვდილსაც კი არ შეუშინდება. რომელიღაც რომანის პერსონაჟი მგონია, რომელიც ავტორს ზედმეტად კარგად და გაზვიადებულად ყავს წარმოჩენილი. ცხოვრებაში ასეთი სიყვარული თუ შეეძლო ადამიანს, მითუმეტეს კაცს, რომელიც უფრო თავისუფალია ცხოვრებაში და ნებისმიერი ქალის დათრევა შეუძლია ცოლიანსაც კი, მართლა არ მეგონა. შენს იქით მგონი ვერც ვერავის ხედავს. ძალითაც რომ ჩამოეკიდოს ვინმე კისერზე, დაუფიქრებლად მოიშორებს თავიდან. შენ კი მაინც ორჭოფობ და უკან იხევ. _რა ვქნა? მეც მინდა რომ რაღაცას ვგრძნობდე მის მიმართ. არ მინდა ჩვენი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება მოვალეობა და ვალდებულება იყოს მარტო და მეტი არაფერი. _კარგი, კარგი. ოღონდ შეეცადე მალე გაიხსენო ან შეიყვარო, თორემ დაილია კაცი._გაეცინა._იმისი არ იყოს, "კაცი ნაწუწნ კამფეტს დაამსგავსეო"._აქ კი თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გადაიკისკისა. მეც გამამხიარულა. დილით მართლაც მომაკითხა ნოდიკომ. ჯერ დედაჩემის საფლავზე ავედით. დიკომ გულსაკლავად დაიტირა მამიდა. მეც ჩამომცვივდა ცრემლები მის ტირილზე. გახსენებით კი მართლა ვერ გავიხსენე. სანთლები დავუნთეთ და მერე ჩემს სალონს ვესტუმრეთ. კარს რომ მივუახლოვდი და უნდა გაგვეღო, რაღაცას დავუწყე ძებნა, რაც ჩემთვის უნდა ყოფილიყო დატოვებული. ოღონდ რა ან ვისგან არ ვიცოდი. ხმამაღლა არ მითქვია, რომ ისევ გამიელვა მეხსიერებამ. კარი ნოდიკომ გააღო გასაღებით და სალონში პირველი მე შევედი. მშვენიერი სალონი მქონდა, არ დაიწუნებოდა. ვიტრინასთან მდგარ პატარა მაგიდისკენ რომ გამექცა მზერა, რატომღაც ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ რაღაც მეკლდა თვალში. ოღონდ რა, ამას ვერ მივხვდი. არც ეს გამისაჯაროებია. _პირველ საათამდე მგონი არ მოიწყენთ._ნოდიკომ სალონში რომ დაგვაბინავა, სამსახურში წასასვლელას მოემზადა. _არ ინერვიულო. თუ რამეა, სულაც ტაქსით ჩავალთ. _დამირეკე აუცილებლად, კარგი?_ჭროღა თვალები რომ შემომანათა, პულსი საგრძნობლად ამიჩქარდა და ოდნავ გამეღიმა. გამიხარდა, რაღაცას რომ ვგრძნობდი მის მიმართ. სურვილიც გამიჩნდა მისი კოცნის და გულისფანცქალით დაველოდე, როდის დაიხრებოდა. მართლაც, რომ გადმოიხარა, გულმა უარესად დამიწყო ფეთქვა. ნეტარებით რომ მივლულე თვალები, მისი თბილი ტუჩების შეხებაც ვიგრძენი შუბლზე და მუცელში რაღაც სასიამოვნოდ ამიფარფატდა. _არ გადაიღალო, თავს მოუფრთხილდი._თან გრძნობით რომ მიჩურჩულა, მგონი მთელ ტანზე ტაომ დამაყარა. ნოდიკო რომ წავიდა, ჩემს ინსტრუმენტებს შევავლე ხელი. ნეტა, ვიცოდი თმის შეჭრა ისევ? დიკოს ვარდისფერ თმას რომ შევავლე თვალი, გაეცინა. _აქამდე რომ კარგად ჭრიდი, ვიცი. ახლა არ ვიცი, მაგრამ მაინც გავრისკავ და განდობ თავს, თუ დამამახინჯე ოღონდ, აქედანვე გპირდები, ვერ გადამირჩები. სავარძელში რომ ჩამისკუპდა, მეც შევგულიანდი და საქმეს შევუდექი. ალბათ, ხელებს ქონდათ ერთი და იგივე საქმე დამახსოვრებული და გაუაზრებლად შევუთხელე და შევუსწორე დიკოს თმა. მერე დავუსწორე კიდეც და დიკოსი არ ვიცი, მაგრამ მე მართლაც მომეწონა და გამიხარდა, რომ მახსოვდა. ალბათ, სალონის გაღება ახლო-მახლო რომ გაიგეს, ნატუკამაც გაიგო და აფთიაქიდან კისრისტეხით გამოვარდა და აკივლებული შემოვარდა ჩვენთან, გამვლელ-გამომვლელები ინტერესით იყურებოდნენ შიგნით. _გავიგე რომ გამოგწერეს, მაგრამ თუ ასე უცბად გამოხვიდოდი აქ, არ მეგონა. ამდენი შეგიძლია? _არა, მუშაობა არ დაუწყია, უნდა რომ გაიხსენოს რაღაც მაინც და ნაცნობ ადგილებში დადის. რაც მთავარია, თმის შეჭრა არ დავიწყნია._ჩემს მაგივრად ალაპარაკდა დიკო._ვაღიარებ, გულისფანცქალით დავუჯექი, მაგრამ სულ ტყუილად მეშინოდა. ნახე?_ციბრუტივით დატრიალდა დიკო. ნატუკამაც მოიწონა ჩემი ნახელავი. ცოტა ხანს დარჩა ჩვენთან. მერე ისევ დაუბრუნდა თავის პოსტს და დიკოც გაყვა, სანამ სახლში წავალთ, მაღაზიაში გავივლი, ყავა და შაქარი არ გვქონია სახლშიო. გოგოების წასვლის შემდეგ დიკოს შეჭრილი თმის მოხვეტა დავიწყე, რომ ვიღაც შემოვიდა სალონში. გაოცებულმა შევხედე. ვერ ვიცანი. ირონიული ღიმილით მიმზერდა თავისი შავი თვალებით. აშკარად მცნობდა, მაგრამ მე ვერ გავიხსენე ვერაფრით. _რომ თქვეს, უკვდავი დრაკულა გამოჩნდაო, ვერ დავიჯერე. სპეციალურად შენს სანახავად წამოვედი სამსახურიდან... მშვენივრად გამოიყურები მინდა გითხრა. აშკარად არ მომეწონა მისი აგდებული ლაპარაკი. ცოტა არ იყოს, შემეშინდა კიდეც. _უი, ბოდიში, დამავიწყდა, რომ შენ ვერავის ვეღარ სცნობ და თავიდან უნდა გაგეცნო._ისევ ირონიულად შემომღიმა._ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ შენი ბიოლოგიური მამის მხრიდან... არა და სანამ ამ ამბავს გავარკვევდით, ერთმანეთი გვიყვარდა... _რაა?_ამ ახალი ამბით გაოგნებულმა რაღაც არაადამიანური ხმით ამოვუშვი პირიდან ბგერები. _ხო, ხო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ და ერთმანეთი გვიყვარდა. აი რას ნიშნავს ახალგაზრდობაში გაგულავება. რამხელა ცოდვას წამოგვკიდებდა დედაშენი ჩვენ რომ... მოკლეთ, ხომ ხვდები არა?_რაღაც ძალიან ამაზრზენად გაიღრიჭა._სულ რომ არ გამოჩენილიყო დედაშენი და არ ჩაეშალა გეგმები, ეგეც კარგი იქნებოდა. არცოდნა არ ცოდვააო და ვიცხოვრებდით ერთად ტკბილად და ბედნიერად. ახლა რაა? ამ ახალმა ამბავმა ისე გამაოგნა, თითქოს ენა გადავყლაპე და მხოლოდ გაფართოებული თვალებით შევყურებდი ახლად გამომცხვარ ჩემს სატრფოს, რომელიც თურმე ჩემი ბიძაშვილი აღმოჩნდა. _არ გჯერა არა?_უცბად მოისხიპა სახიდან ირონიული ღიმილი და დასერიოზულდა._ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. მაშ რა გგონია, მთელი ცხოვრება წუნკალი ძაღლივიდ უკან დაგყვებოდა ის დოყლაპია და მერე უცბად დასთანხმდი ცოლობაზე. რისთვის? იმისთვის რომ ჩვენი რომანი ჰეფიენდით არ დასრულდა. ახლა, გიმალავენ სიმართლეს არა? ვაი მაგათ პატრონს. თუმცა, რა გინდა, იმდენი ჭკუა კი აქვს, სათავისოდ წალდავს ყველაფერს. იცი, მიჭირს უშენოდ._ჩემსკენ ნაბიჯი რომ გადმოდგა, შეშფოთებულმა უკან დავიხიე. _არ მომეკარო._კბილებში მკაცრად გამოვცერი._გადი ჩემი სალონიდან. _ისევ ჩემზე ბრაზობ?_გაიოცა._მე რა შუაში ვარ? მე სიმართლე გითხარი. თუმცა, სიმართლის მთქმელი დედამოტ....იო არა? რა ვქნა, მწარეა ეს ოხერი სიმართლე. დედიკოსაც იმედი ჩაესახა, გამზრდელი გამოგეცალა ხელიდან და შენს გვერდით ტრიალებს სვავივით. შენც გამოგიცარიელდა ეგ მშვენიერი თავი და ყველა ამით სარგებლობს. მე კი წავალ, მაგრამ შენ რა გეშველება იმ ცრუპენტელების ხელში? ალბათ, შენც ტკბილი ტყუილი გირჩევნია მწარე სიმართლეს და თავს ატყუებინებ. შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე შენს ადგილზე ამ ამბავს ასე არ დავტოვებდი და დამნაშავეებს საკადრის პასუხს მოვთხოვდი. უცნობი რომ გავიდა სალონიდან, მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში. ნუთუ, რაც მითხრა, ყველაფერი მართალი იყო? ალბათ, თორემ ნათიას მიმართ ახლა დიდი ზიზღი და აგრესია არ მქონია, მაშინ კი მიჩხუბია. მიზეზი ალბათ მართლაც ეს ბიჭი იყო. ბიძაშვილ-მამიდაშვილები გამოვდექით და ეგ ვერ ვაპატიე ალბათ. მაგრამ... ნუთუ ეს ბიჭი მართლა მიყვარდა? რაღაც ძალიან ამაყი და თავხედი მომეჩვენა, თუმცა სიყვარულს რას გაუგებ? ნოდიკომაც ხომ აღიარა, რომ მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ და უკან დაგყვებოდი აჩრდილივითო. ხელი რომ გთხოვე და მოულოდნელად დამთანხმდი, სიზმარში მეგონა თავიო. ნუთუ მართლა ეს ხეპრე მიყვარდა? სიმპატიური კი იყო, მაგრამ მარტო შეხედულებით მიყვარდა ვითომ? დიკო რომ დაბრუნდა მაღაზიიდან, ცოტა ეჭვით კი დამიწყო ყურება, მაგრამ არაფერი მითქვია. გადავწყვიტე, თვითონ გავრკვეულიყავი ყველაფერში. სალონში მალე მოვიწყინე და სახლში მომინდა წასვლა. _ნოდიკოს დაურეკე, მოვა და წაგვიყვანს. _არ ღირს. ამ გზაზე ხომ ხშირად მივლია? იქნებ რამე გამახსენდეს? _ხშირად კი გივლია, მაგრამ ჯანმრთელს. ახლა ამდენი ოპერაციები გაქვს გაკეთებული, რა ძალი გაქვს? იმ ბიჭსაც გაუხარდება შენი დანახვა. _ჯობია ფეხით წავიდეთ. ნაცნობი მარშრუტი იქნებ დამეხმაროს რამის გახსენებაში? _მესმის რომ ცუდია მეხსიერების წაშლა, მაგრამ რას გადაეკიდე იმ წარსულს? რაც იყო, ის უკვე წარსულში დარჩა. ხალხი წარსულის დავიწყებას ცდილობს, რომ ახალი ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოს, შენ რას გადაეკიდე და ჩაებღაუჭე? _მინდა გავიხსენო როგორ მიყვარდა. _სულელი ნუ იქნები. წარსულში როგორ გიყვარდა რაში გაინტერესებს. ახლა მიუგდე ყური შენს გულს და ახლანდელი გრძნობებით და განცდებით გააგრძელე ცხოვრება... _რამეს მიმალავ? ამ ჩემმა მოულოდნელმა კითხვამ ცოტა დააბნია. _რას უნდა გიმალავდე?_გაუკვირდა. _რა ვიცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავ ჩემი ცხოვრებიდან. _რასაც დასამალად ვთვლიდი, თვითონ ნათიამ გითხრა და რაღას უნდა გიმალავდეთ? _მაგალითად მამაჩემს და მის ნათესაობას. _მართლა ვერ ხარ სრულ ჭკუაზე._მთელი სერიოზულობით მითხრა._ დონარა და მისი მსგავსი ხეპრე დემნა რა დასამალები არიან? ეგ აზრი საიდან გაგიჩნდა რომ მათ გიმალავთ? _ყველაფერი მაინტერესებს ჩემს შესახებ. ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ. თუ ვერ გავიხსენე ვერაფერი, უნდა გავარკვიო. _რა გაქვს გასარკვევი არ მესმის._ხმა რომ გაუმკაცრდა, თვალებშიც სიბრაზის ნაპერწკლები აენთო._იმდენს ნუ იზამ, იმ შენს მშვენიერ პრინცს მობეზრდეს შენი კუდში დევნა და მიგატოვოს... _თუ მოვბეზრდები, გამოდის არც ვყვარებივარ და რა აზრი აქვს მის გვერდით ცხოვრებას? მოდიხარ? თუ ჩემით გავიკვლიო სახლამდე გზა? _შენ თუ რამე ჩაიდე გულში, ვერ გადაგათქმევინებს ადამიანი. რა გაეწყობა? მოვდივარ, გზაში არ დაიკარგო და მერე შენს პრინცს რა პასუხი გავცე? კარგა მანძილი ხმისამოუღებლად ვიარეთ. ყოველ კუთხე-კუნჭულს დიდი ინტერესით ვათვალიერებდი, მაგრამ აფსოლიტურად ვერაფერს ვერ ვიხსენებდი. ჩემი ტვინი ცარიელ ფურცელს გავდა, რომელზეც უბრალო მკრთალი ხაზებიც კი არ იყო გავლებული. _ხომ არ დაიღალე?_შეშფოთებული სახით მკითხა დიკომ, სკოლის წინ რომ შევჩერდი და ხის სკამზე ჩამოვჯექი. _არა, უბრალოდ გახსენება მინდა, იქნებ რამე გამახსენდეს. თვითონაც გვერდით მომიჯდა, მაგრამ აღარაფერი უთქვია. ალბათ, ხელი არ შემიშალა ფიქრში. არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე. ჩემს ჯიბეში ტელეფონმა ჯერ ბზუილი და მერე სასიამოვნო მელოდიაზე რომ დაიწყო რეკვა, გვარიანად შევხტი. ნოდიკო იყო. გაპასუხება არ მინდოდა რატომღაც, მაგრამ დიკომ ისე დამიბრიალა თვალები, უმალ მომიყვანა მასთან დალაპარაკების ხასიეთზე. აღმოჩნდა, რომ სალონის წინ იდგა და სად ხართო, გვკითხულობდა. _სახლში მივდივართ. _მითხარი სად ხართ და ახლავე მოვდივარ. _არ არის საჭირო, მივედით უკვე. _გატყუებს, ჯერ ისევ სკოლასთან ვართ._ყურმილში ჩასძახა დიკომ და ჩემი რისხვით ანთებული თვალების მზერაც დაიმსახურა. _კარგი, ახლავე მანდ ვარ. ნოდიკოს რომ გავუთიშე ტელეფონი, დიკოს გავუბრაზდი. _რა გალაპარაკებს? _ის მალაპარაკებს, რომ არ მინდა შეცდომა დაუშვა. საშენოდ გეუბნები, შეეშვი ყველაფრის გახსენებას, დატკბი აწმყოთი და ტკბილი მომავლით. ისედაც წუთია ეს სოფელი და რა გინდა, რა ტყუილად ფლანგავ დროს ამ რაღაც რაღაცეების გახსენებაში? ნათიას პატიება-არპატიება შენი საქმეა, მაგაში არ ჩავერევი, მაგრამ დაისვენე შენც და დაასვენე ის ანგელოზივით ბიჭი. რატო არ გჯერა, რომ გიყვარდა? _არაფერი მიზეზი არ მქონია მის ცოლად გაყოლვისა ვითომ? _შენ მართლა მაგრად მოგხვედრია მაგ თავში რაღაც. რა მიზეზი უნდა გქონოდა ვითომ?_ეჭვით შემომხედა. _იქნებ სხვა მიყვარდა? _რაა?_ისე შეჰკივლა, შევხტი._ჯერ ერთი, ვინ უნდა გყვარებოდა მაგაზე კარგი და მეორეც, თუ ის ვიღაც გეყვარებოდა, ხომ მას გაყვებოდი ცოლად და არა ნოდიკოს? _იქნებ შეგვიშალეს ხელი? _სერიოზულად გეუბნები, მეცოდები. ტვინი გაქვს გადაბრუნებული და შენ თვითონაც არ იცი რას ეძებ და რა გინდა._თანაგრძნობით შემომხედა და მგონი კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ ნოდიკომაც შეაჩერა ჩვენს წინ მანქანა. _ამ ბიჭს არაფერი აგრძნობინო და შენი სულელური ეჭვების შესახებ არაფერი იბოდიალო, თორემ მაგრად გცემ იცოდე._ჩუმად გამაფრთხილა და ნოდიკოს ღიმილით შეეგება. _რატო არ დამირეკეთ?_უმნიშვნელო წყენა ვიგრძენი მის ხმაში. _ფეხით გავლა ვარჩიე, იქნებ რამე გამხსენებოდა._დამნაშავის იერით რომ შევხედე, გაეღიმა. მე და დიკო მანქანის უკანა სალონში ჩავსხედით. ნოდიკომ მხოლოდ მაშინ გვაუწყა, რომ დღეს თავისუფალი იყო სამსახურიდან და კაფეში გავლა შემოგვთავაზა. უარის თქმა მინდოდა, პირიც კი დავაღე სათქმელად, მაგრამ დიკომ დამასწრო. _ვაუ, რა მაგარია! პირდაპირ აქედანვე წავიდეთ, არანაირი გამოპრანჭვები, თანახმა ვარ._მერე მუჯლუგუნი წამკრა და მიჩურჩულა._ხმა ამოიღე, ვერ ხედავ შენს პასუხს ელის? უკანა ხედვის სარკიდან მართლაც მე მიმზერდა თავისი ჭროღა თვალებით. _წავიდეთ რა._ისევ დიკომ შემანჯღრია._მომენატრა კაფეში დაჯდომა. გთხოვ... _კარგი, წავიდეთ._ამის თქმა და მანქანის დაძვრა ადგილიდან ერთი იყო. თხუთმეტი წუთი დაგვჭირდა ზუსტად. სხვა დროს შეიძლება იმ კაფეში ბევრჯერაც ვყოფილვარ, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიხსენე. ფანჯრის მხარეს მაგიდა ავირჩიეთ და იქ დავსხედით. ნოდიკომ სამი ფინჯანი ყავა, შოკოლადის ასორტი და კრუასანები შეუკვეთა. სანამ შეკვეთას მოგვიტანდნენ, უაზროდ ვათამაშებდი მაგიდაზე თითებს და ჩემს საქორწინო ბეჭედს დავყურებდი. ნეტა მართლა მიყვარდა ნოდიკო? იქნებ მართლაც ჩემი მამიდაშვილი მიყვარდა და ეს ამბავი რომ გავიგე, მაგიტო დავთანხმდი ამას ცოლობაზე? მალულად შევხედე. შეხედულობით არ დაიწუნებოდა. ხასიათსაც რასაც ვუყურებდი, არ იყო ცუდი, მაგრამ ეჭვი მღრღნიდა, არ მასვენებდა და მიფორიაქებდა სულს. _იფ, იფ, რა გემრიელად გამოიყურება._სიამოვნებით მილულა დიკომ თვალები და ნებიერად დაყნოსა ცხელ-ცხელი და არომატული ყავა._არ ვიცოდი აქაც თუ ადუღებდნენ ქვიშაზე. რა მაგარია! გაიხარე სიძევ, ასეთი გემრიელობის გასინჯვის საშუალება რომ მომეცი._თან მეგობრულად მოუთათუნა მხრებზე ხელი. ისე მომაჯადოებლად გაიღიმა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე. უდავო იყო, რომ მომწონდა, მაგრამ იმ უცნობმა ბიჭმა რომ მითხრა ერთმანეთი გვიყვარდაო? ისევ დავიგრუზე. იქნებ ტვინის შერყევის გამო შემეცვალა აზროვნება და მერე მომეწონა ნოდიკოც? იქნებ მართლაც ჩემი მდგომარეობით სარგებლობდნენ? _ცუდად ხარ?_ნოდიკოს შეშფოთებული ხმა თითქოს შორიდან ჩამესმა. მხარზე რომ შემეხო მისი ხელი, შევკრთი._ცუდად ხარ?_ისევ გამიმეორა. _არა, ცოტა დავიღალე. _მაშ რა გეგონა რომ მომინდომე ფეხით სიარული?_დიკომ წყენით მისაყვედურა._რა ჯიუტიც ადრე იყავი, ახლაც ის ხარ. არ იცი საშენოს და სასხვისოს გარჩევა. ნეტა რამ შეგაყვარა ეს თავნება?_ნოდიკოს მიუბრუნდა ვითომ თანაგრძნობით._დაგტანჯავს, მშვიდ ცხოვრებას სანატრებელს გაგიხდის. ნოდიკოს რომ შევხედე, ისევ იღიმოდა და ისე მომჩერებოდა. ჩემი უგუნებობის გამო კაფეში დიდხანს არ დავრჩენილვართ. ყავა არა, მაგრამ შოკოლადები გემრიელად მივირთვი. სულ ისინი იყო, რომლებიც მიყვარდა. დასაფასებელი იყო ეს ბიჭი, მაგრამ ვაფასებდი?... იქიდან წამოსვლისას კი დიკოს ფეხი გადაუბრუნდა. ძალიან მტკივაო და უკანა სალონი მთლიანად მან დაიკავა, მე კი წინ მომიწია დაჯდომა. მივხვდი, სპეციალურად გაითამაშა, რათა ნოდიკოს გვერდით გამოვეჭიმე და გუნებაში ძალიან გავბრაზდი. იმის გამო კი არა, რომ ნოდიკოს გვერდით ვიჯექი, დიკო რომ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში ასე უხეშად. გზაში არაფერი მითქვია, მაგრამ სახლში რომ მივედით და ნოდიკო წავიდა, გვარიანად ვიჩხუბეთ. ავუკრძელე ჩემთვის ჭკუის დარიგებები და ჩემს ცხოვრებაში ისე ჩარევა, თითქოს საკუთარი ყოფილიყოს და ისე განაგებდეს. მართალია, მეხსიერება მქონდა წაშლილი, მაგრამ ტვინი ისევ თავში მედო და საკუთარ ცხოვრებას მე თვითონ გავაკონტროლებდი და რასაც მე ჩავთვლიდი საჭიროდ, იმას გავაკეთებდი. _გიყურებ, რომ უფსკრულში იჩეხები. შენ თავსაც ტანჯავ იმ წარსულის გახსენებით, რაც არ გქონია და იმ ბიჭსაც. კაცია, კიდევ რამდენ ხანს დაგელოდება? მოძალებულ ვნებას თუ ვერ გაუმკლავდა და სხვა ქალისკენ გაიხედა, ხომ უნდა ჩამოამხო თავზე ყველაფერი? არასწორად იქცევი. სულ მცირე იმედი მაინც მიეცი, რომ როცა იქნება დაუბრუნდები. _შენ მაინც ნუ მასწავლი ჭკუას რა!_ავღშფოთდი._შენთვის რომ რამე გცოდნოდა, ამდენი ხანი გასათხოვარი არ დარჩებოდი. შევატყე როგორ ეწყინა. ვინანე კი, მაგრამ უკან მაინც აღარ დამიხევია. ერთხანს სინანულნარევი მზერით მომჩერებოდა. მერე კი, გაჭირვებით ამოთქვა სათქმელი. _მე თუ არ ვიცი არაფერი, შენ სულ არ გეცოდინება. არ მინდა ჩემი შეცდომა გაიმეორო. ჩემს ცხოვრებაშიც იყო არაჩვეულებრივი ბიჭი. მეც მიყვარდა, მაგრამ... მეგონა დრო თავზე საყრელად მქონდა და ისიც მეგონა, რომ არასდროს მობეზრდებოდა ჩემი კუდში დევნა. ახლაც ვუყვარვარ, მის თვალებში ვკითხულობ ამას, მაგრამ უკვე ოჯახი აქვს, ცოლი ყავს და შვილები და არ ღალატობს. მაშინდელი ნაპერწკლები უელავს ისევ თვალებში, როცა მე მიყურებს. ხშირად გვიხდება შეხვედრა, მაგრამ იმდენად წესიერი და ზრდილი ბიჭია, იმ სიყვარულის გამო, რაც წლების წინ მე არ დავაფასე, ოჯახს არ ანგრევს... ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები, რომ დიდ შეცდომას უშვებ. შეეშვი ყველაფერს. ხომ გიყვარს? თვალებზე გეტყობა რომ მის მიმართ გულგრილი არხარ. ხო და მეტი რა გინდა? ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგაო. გამიხსენებ იცოდე და გვიანი იქნება._მერე ადგა და თავისი ნივთების ჩაბარგებას შეუდგა._შენ მაინც არ გჭირდები და იმის ყურება, როგორ იჩეხები უფსკრულში, არ მინდა. ჯობია წავიდე. არ მინდოდა წასულიყო, მაგრამ დარჩენასაც არ ვთხოვდი. გაქვავებული და გახევებული ვიდექი. ალბათ, მართალი იყო, მაგრამ იმ უცნობი ბიჭის ნათქვამი მიღრღნიდა სულს და ყველაფრის გარკვევა მეწადა. მშვიდად და აუღელვებლად შევყურებდი როგორ იბარგებოდა, მაგრამ მის შესაჩერებლად არაფერს ვაკეთებდი. ყველაფერს რომ მორჩა, მაინც გულთბილად მაკოცა, დამემშვიდობა და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა. წარმოვიდგინე, ზუსტად ასე რომ დამტოვებდა ნოდიკოც და სულით ხორცამდე შემძრა ამ ამბავმა. მართლაც და რა ჯიუტი და ჩემი ნათქვამა ვიყავი? ღირსი ვიყავი მოხედვის და დახმარების? მადლობის მაგიერი იყო ეს? არარაობად ვიგრძენი თავი. ყველა ზედ გადამდევდა და მე კიდე როგორ ვიქცეოდი? საკუთარი თავი შემძულდა. ფეთიანივით გავვარდი გარეთ. დიკო უკვე ეზოდანაც გასულიყო. ქუჩის კარებამდე გიჟივით მივიჭერი და შეშლილივით გავვარდი გარეთ. _დიკო!!!_სასოწარკვეთილი ხმით ვიკივლე, რათა მოშორებით წასულისთვის მიმეწვდინა ხმა. შეშფოთებული შემობრუნდა. ალბათ ეგონა რამე მიჭირდა. _არ წახვიდე, გთხოვ. მაპატიე!_ეს ვთქვი და ღონემიხდილი რკინის შავ კარს მივესვენე. ნერვიულობამ, სტრესმა და სისუსტემ ერთნაირად იმოქმედა ჩემზე და ძალ-ღონე გამომაცალა. დავინახე როგორ კისრისტეხით გამოქანდა ჩემსკენ. თავისი ბარგი გზადაგზა დასცვივდა და შეშფოთებული მომვარდა. _რა გჭირს გოგო?! სასწრაფოს დავურეკო? _არ მინდა, კარგად ვარ... უბრალოდ, არ მინდა რომ წახვიდე... ბოდიში, მაპატიე ჩემი სისულელე._პატარა ბავშვივით ავღრიალდი და გადავეხვიე._შენც გამიგე, წაშლილი მეხსიერება ქვეყნიერების დასასრული მგონია. ძნელია, როცა არაფერი გახსოვს და ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს და ასე უპასუხოდ დარჩენილი კითხვები მიტრიალებს თავზე. ჩემი ეგრედწოდებული მამიდაშვილი გამომეცხადა და იმან მითხრა, რომ ერთმანეთი გვიყვარდა... _ვინ? დემნა? ეგ არაკაცი ეგა._სერიოზულად გაბრაზდა._უბრალოდ მეგობრები იყავით. თუმცა არც მეგობრობა ერქვა თქვენს ურთიერთობას. დედაილა ბოღმის ბუკეტი... სულ კინკლაობდით და ისევ რიგდებოდით. მიკვირს, რატო უთმენდი მაგდენს. _იქნებ მართლა მიყვარდა?_ისევ დავეჭვდი. _რომ ნახე, რა იგრძენი მის მიმართ?_ინტერესით მომაჩერდა. _არ ვიცი. არ მომეწონა. ამაყი, ხეპრე და უხეშია. _ნოდიკოს რომ შეადარო? _მის ფრჩხილადაც არ ღირს._ვაღიარე. _ხო და შეეშვი ყველაფერს. თუ ვერ გაიხსენებ შენი წინა ცხოვრებიდან მაგ ბიჭს, მეორედ შეიყვარე და იყავი მასთან ბედნიერი, გთხოვ. _მგონი მიყვარდება უკვე._გრძნობამორეულმა ჩურჩულით რომ ვაღიარე, გაუხარდა. _ხო და რაღა გინდა? დემნა არარაობაა. მექალთანეა. მერე რა, შენი მამიდაშვილი რომ არის, არ მგონია მისთვის ზნეობის ნორმები არსებობდეს. გეფიცები, ყოველთვის მიკვირდა მაგ ბიჭთან საერთო ენას როგორ ნახულობდი. უვარგისია. შეიძლება, ქვეცნობიერად სისხლისმიერი ნათესავი რომ იყო, გრძნობდი და მიტომაც მეგობრობდი, არ ვიცი. ნუ დაუჯერებ ნურაფერს. ცხოვრებაზე გაბოროტებულია და ჯავრს ადამიანებზე ყრილობს. უდაოა, რომ სიმპატიური ბიჭია, მაგრამ ნოდიკოს მაინც ვერ ჯობია ვერც ფიზიკური სიმშვენიერით და ვერც სულიერით. მართლა გეუბნები, ცოდოა ის ბიჭი. ოდნავ მაინც აგრძნობინე, რომ მოგწონს და ფიქრობ მასზე. შენ ხომ არ იცი რა გადაიტანა, შენ რომ ცოცხალ-მკვდარი იყავი? მარტო შენი გადმოსახედიდან ნუ უყურებ ამ სამყაროს. მესმის, ძნელია მეხსიერების არქონა. დილით ხშირად გამიღვიძია ისე, რომ წამიერად არ მცნობია გარემო და არც ის, ვინ ვარ და სად ვარ. გეთანხმები, ძალიან რთულია, მაგრამ იმასაც გაუგე. თვეებია შენს გამოჯანმრთელებას ელის და შენს გვერდით ცდილობს ყოფნას. დღეს თავისუფალი ვარო, თქვა. ხო და, დაურეკე და წადით სადმე, პატარა პაემანი მოიწყეთ. სულ მისგან რომ ელი ყველაფერს, შენც გაიღე რამე მისთვის, სულ მცირეოდენი დრო გამონახე და აგრძნობინე, რომ მის გვერდით მშვენივრად გრძნობ თავს. მართლა არ მინდა, რომ ჩემი შეცდომა გაიმეორო. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ ამას, დარწმუნებული ვარ. თვალებში რომ შევხედე, დავინახე რომ ტიროდა. უფრო მჭიდროდ მოვხვიე მკლავები და ჩავეხუტე. მართლაც რომ სიმართლეს მეუბნებოდა. ამ ცხოვრებაში დამრიგებელი რომ მყავდა, ეგეც ხომ უდიდესი ბედნიერება იყო და უნდა დამეფასებინა. ქუჩაში დგომას რომ მოვრჩით, თავისი ჩანთები წამოკრიფა და ისევ სახლში დამიბრუნდა. ჭკუაში დამიჯდა საღამოს ნოდიკოსთან ერთად გასეირნება. ერთი კარგი პაემანი მართლაც მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ნოდიკოს რომ დავურეკე, შეშფოთებულმა მიპასუხა. _რა ხდება, ცუდად ხომ არ ხარ? _არა, დამშვიდდი, კარგად ვარ._გამეცინა. მესიამოვნა ჩემზე რომ ღელავდა._ამ საღამოს გცალია?_ცოტა ხმა გავინაზე და ისე ვკითხე. _რა ხდება?_მცირე პაუზის შემდეგ მკითხა. _შენ ის მითხარი გცალია თუ არა._ჩემებურად გავჯიქდი. _ხო, მცალია._ისე მითხრა, მივხვდი არ ეცალა, მაგრამ მოიცლიდა. _თუ გცალია სადმე წავსულიყავით... მე და შენ._ბოლო წინადადება შეფარული მღელვარებით ვკითხე და საკუთარ გულისცემას მივუგდე ყური, სანამ პასუხს დამიბრუნებდა. მომეჩვენა რომ შეაგვიანდა. შეიძლება ასეც იყო. ან არ ეცალა და ორჭოფობდა, ან ვერ იჯერებდა ჩემს ნათქვამს და სიხარულისგან ენაჩავარდნილი იდგა. _მე და შენ?_ხმაში მღელვარება აშკარად შევატყე. _ხო, მარტო მე და შენ. სადმე მინდა გავისეირნოთ. _კარგი, ექვსი საათისთვის რომ გამოგიარო, დაგვიანებული ხომ არ იქნება? დღე საგრძნობლად იყო უკვე გადიდებული, ექვსზე ჯერ ისევ ნათელი იყო და დავაიმედე, რომ არ იყო გვიანი. მას გავუთიშე თუ არა, მაშინვე ჩემს გარდერობს ვეცი. სულ ყირაზე დავაყენე ყველაფერი. ყველა კაბა მოვიზომე და მოვირგე, მაგრამ რატომღაც უკმაყოფილო შევყურებდი სარკეში ჩემს ანარეკლს. ამ ხნის მანძილზე საგრძნობლად ვიყავი გამხდარი და ვერაფერს ვერ ვირგებდი. _ჩემი რომ გათხოვო რამე არ გინდა?_გულის გამოსაკეთებლად მკითხა დიკომ ალბათ, თორემ ის ჩემზე გაცილებით დაბალი იყო და მისი კაბები საკმაოდ მოკლე მექნებოდა. ისევ ხელახლა გადმოვყარე კაბები და ერთი როგორღაც შევარჩიე. ახლა ჩექმებს დავერიე. მაღალ ქუსლიანებზე ვერ შევძლებდი ნაოპერაციებელი მუცლით დიდხანს დგომას, დამეჭიმებოდა ალბათ. ისევ დაბალქუსლიანები ვარჩიე. ჩანთებზე რომ მიდგა ჯერი, ერთ-ერთ ჩანთაში პატარა ბარათები აღმოვაჩინე. თითქოს ჩაბნელებულ ოთახში სინათლე აანთესო, ისე გამინათდა გონება. ამ ბარათებს სალონის კარში რომ ვნახულობდი, გამახსენდა. ყველა სათითაოდ გადავიკითხე და ისე ამიძგერდა გული, ვეღარ ვიმშვიდებდი. ესეც ჩემი რომანტიკოსი ნოდიკო. საღამოს ზუსტად ექვს საათზე მესტუმრა სახლში. იმის ახსნას არ დავიწყებ ახლა, როგორი გახარებული იყო და მასზე მეტად მე. დიკომ ღიმილით გამოგვაცილა და სანამ ტრასაზე არ გამოვედით, არ მიკითხია. _სად მივდივართ? _ამ სიცივეში გარეთ სეირნობა ნამდვილად არ ღირს და ისევ რესტორანი ვარჩიე. მართალია პირველ ჯერზე არ მოგვეწონა მაშინ, მაგრამ იმედია ახლა მოგვეწონება. არა, მართლა გახარებული და ბედნიერი იყო ეს ბიჭი. მართლაც რომ ძალიან ვუყვარდი და მეც ვალდებული ვიყავი მეგრძნობინებინა, რომ გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ. ისე ვიმგზავრეთ და ისე ჩავედით თბილისში, ვერც ვერაფერი გავიგე. მგზავრობის შიშიც აღარ მქონდა, როგორც პირველ ჯერზე. რესტორანში მყუდრო გარემო სუფევდა. ჩვენთვის განკუთვნილ განაპირა მაგიდასთან დავსხედით და შეკვეთის მოლოდინში ერთმანეთს შევყურებდით უხმოდ, მაგრამ ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებული თვალებით. _დღეს შემთხვევით შენს მოწერილ ბარათებს გადავაწყდი. მინდა გითხრა, რომ ძალიან მესიამოვნა თითოეულის წაკითხვა. დარწმუნებული ვარ მაშინაც გეტყოდი მადლობას, მაგრამ ახლაც მინდა რომ გითხრა. დიდი მადლობა იმ შესანიშნავი სიტყვებისთვის, რაც იმ მოკლე ბარათებში მწერდი. შევატყე როგორ გაწითლდა. არა, რა ჯანდაბად მინდოდა ის ვიღაც დემნა, როცა ასეთ არაჩვეულებრივ ბიჭს ვუყვარდი და მეც ნელ-ნელა ისევ მიყვარდებოდა? გემრიელად ვივახშმეთ. არ ვიცი, პირველ ჯერზე რატომ არ მოგვეწონა რესტორანში, მაგრამ ახლა ძალიან მომწონდა. ნელ მელოდიაზე ვალსიც კი ვიცეკვეთ. წელზე ფრთხილად რომ მომხვია ხელი და მიმიზიდა, გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. მეორედ რომ შევძელი ამ ბიჭის შეყვარება, გამოდის მართლაც ძალიან საყვარელი და არაჩვეულებრივი იყო. სახლში გვიან ღამით დავბრუნდით. ალბათ, დიკოს ეძინა, ან შეგნებულად არ გამოგვხედა, რომ ხელი არ შეეშალა ჩვენთვის. მანქანიდან გადმოსვლაში ნოდიკო მომეხმარა. საჭიროებას მართლა არ წარმოადგენდა, მაგრამ მაინც. მერე, კარგა ხანს შევყურებდით ერთმანეთს ღიმილით. ვერაფრის თქმას ვერ ვახერხედით ოღონდ. ლამპიონის შუქზე საოცრად ელავდნენ მისი თვალები, რაღაც სასწაულ სითბოს და სინაზეს რომ ასხივებდნენ. სად იყო სად არა, ჯესი გამოძვრა ოდნავ მოღიავებული კარიდან და ფეხებში ამებლანდა. წავბარბაცდი. რომ არ წავქცეულიყავი, ნოდიკომ შემაშველა თავისი ძლიერი მკლავები. ინსტიქტურად გულზე რომ მიმიხუტა, მაშინ კი მართლა გამინათდა გონება. ასეთი სიტუაცია ხომ გვქონდა ოდესღაც? თვალნათლივაც კი დამიდგა ის სცენა. ნიკაპზე ორი თითი რომ ამომდო, თავი ამაწევინა და კოცნა გამიბედა. თითქოს, ცხადადაც კი შევიგრძენი მისი ტუჩების შეხება. _ნოდიკო?_გახარებულმა ძლივს ამოვიჩურჩულე. _ხო, ბაბი... _ნოდიკო..._უნდა მეთქვა, გამახსენდი-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. გახარებულმა ენა ვერ მოვატრიალე პირში. გამოდის, მართლა მიყვარდა ეს ბიჭი. სხვა არანაირი მიზეზი არ მქონია მისი ცოლად გაყოლვისა, როგორც ეს იმ ხეპრე დემნამ ჩამაწვეთა. არც დიკო მატყუებდა, როცა მიმტკიცებდა, რომ მართლა მიყვარდა. ნოდიკოც არ სარგებლობდა ჩემი წაშლილი მეხსიერებით და მართლაც წრფელი გულით და უანგაროდ ვუყვარდი. გახარებული ფეხისწვერებზე ავიწიე და მის ათრთოლებულ და თბილ ტუჩებს შევეწებე. იგივე განცდა და იგივე გრძნობები მქონდა, რაც მის კოცნაზე, ზუსტად აქ და ამნაირ სიტუაციაში რომ გამიბედა კოცნა. გული ჯერ გამიჩერდა, მერე ამიჩქარდა და ძარღვებშიც სასიამოვნოდ ამიჩუხჩუხდა სისხლი. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი და ასე მეგონა კი არ ვიდექი, ჰაერში დავფრინავდი. _გამახსენდი._ძლივს ამოვისუნთქე და ისე ვუთხარი. _მართლა?!_თითქის არ დამიჯერა._არ მატყუებ? _არა. გინდა გითხრა? ასეთი სიტუაცია უკვე გვქონდა აქ, ალბათ ზუსტად ამავე დროს. ოღონდ მაშინ შენ მაკოცე. _ხო, მასე იყო... _ხელი რომ მთხოვე, იმ დღეს ფეხი ვიტკინე და შენ ამიყვანე ხელში, მახსოვს... _ზუსტად მასე იყო._გახარებულმა ჩამიკრა გულში._მე კი მეშინოდა, ვაი თუ ვერ გამიხსენოს-მეთქი. _სანამ გაგიხსენებდი, მანამ შემიყვარდი მეორედ. ასე, რომ სანერვიულო არ გქონდა არაფერი. _მადლობა ღმერთს, რომ გამიხსენე. ყველაზე მეტად ის მიკლავდა გულს უნდობლად და ეჭვით რომ შემომცქეროდი ბოლო დროს... ალბათ, იღბლიან ვარსკვლავზე ვარ გაჩენილი, ბედნიერი ვარ შენ რომ მყავხარ._ისე ძლიერად მომიჭირა მკლავები, ლამის ძვლებში გადამამტვრია. არ გავძალიანებულვარ. ეს ტკივილიც კი მსიამოვნებდა თითქოს. გვიან შეველიეთ ერთმანეთს. ნოდიკოსი რა ვთქვა, მაგრამ მე კი მართლა არ მეთმობოდა ჩემი უძვირფასესი საქმრო, მაგრამ მთელ ღამეს ქუჩაში ხომ არ გავათენებდით? ახლა ვერ ვიტყვი მე უფრო გამიხარდა ჩემი აღდგენილი მეხსიერება, თუ მას. უზომოდ ბედნიერი შევვარდი სახლში და გათბობის გვერდით სავარძელში მოკუნტულ მთვლემარე დიკოს ჩავეხუტე. _მადლობა, რომ სისულელის ჩადენის უფლება არ მომეცი. ნამძინარევმა დიკომ თვალები რომ მოიფშვნიტა და სასაცილოდ ააფახულა, ჯერ გაოცებულმა მიყურა, მერე კი, რომ გაერკვა სიტუაციაში, მანაც მომხვია მკლავები. _დარწმუნდი რომ არაჩვეულებრივი ბიჭია? _არა მარტო დავრწმუნდი, გავიხსენე კიდეც. _მართლა?!_იმხელა ხმაზე იკივლა გახარებულმა, მეზობლების შემრცხვა, არ გაეგოთ და გიჟებად არ მოვენათლეთ._მართლა გაგახსენდა ყველაფერი?! მართლა გაგახსენდა, არ მატყუებ?!_მერე ფეხზე წამოხტა და ისე მომაჩერდა, თითქოს არ ეჯერა რასაც ვეუბნებოდი. _ხო და შენი დამსახურებაა ეს. დღეს რომ მიგეტოვებინე, ჩათვალე რომ სულ წავიდოდი ხელიდან და ათას სისულელეს ჩავიდენდი, მართლაც უფსკრულში გადავიჩეხებოდი და მერე ვეღარავინ ვეღარ მიშველიდა. _სიმართლე გინდა გითხრა?_მოულოდნელად ეშმაკურად მოჭუტა თვალები._შენს შესაშინებლად გავითამაშე._გადაიკისკისა._ერთხანს გარეთ ვიბოდიალებდი და მერე ისევ მოგაკითხავდი სახლში, რა ვქნა, ვერაფერს გავყევი-მეთქი. _რა საზიზღარი ხარ!_მეც ავკისკისდი._თუმცა, გაამართლა ამ შენმა ხრიკმა. ასეთი საზიზღარიც კი მიყვარხარ._ისევ გადავეხვიე და ჩავიხუტე._შენ არაჩვეულებრივი ბიძაშვილი ხარ ჩემი. მერე რა თუ ერთი სისხლი და ერთი გენი არ გვაქვს? მე მაინც ძალიან, ძალიან მიყვარხარ! მოკლეთ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნელ-ნელა დამიბრუნდა ჩემი წაშლილი მეხსიერება. სულ ასი პტოცენტით დავიბრუნე-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, რაღაცეები მაინც დამრჩა ამოუხსნელი და ამოუცნობი, მაგრამ ის რომ გამახსენდა, ნოდიკო მიყვარდა და არა დემნა, როგორც ამ უკანასკნელმა მითხრა, ყველაზე კარგი ეს იყო. ჩემი დედობილიც გავიხსენე, გვარიანადაც მოვიტირე საფლავზე. მართლა გამიჭირდა მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ დიკო მედგა გვერდით და ის მშველოდა და მატანინებდა ყველაფერს. თავად დიკოს დამსახურება იყო, რომ მართლაც საშინელი სისულელე არ ჩავიდინე და ნოდიკო არ დავკარგე. რაც შეგვეხება ჩვენ, პაემნებს მოვუხშირეთ და უნდა ვთქვა, რომ მართლაც მისწრება იყო ჩვენი პლატონური ურთიერთობისთვის. ნათია რომ დაბრუნდა თბილისიდან, მაშინვე გავიგე და სახლში მივადექი. ცოტა არ იყოს შეკრთა მე რომ დამინახა. ალბათ, ეგონა რომ ისევ ვეჩხუბებოდი. უკეთესად გამოიყურებოდა და ძველებურ ეშხზე იყო. ისევ გერმანიაში აპირებდა წასვლას, მაგრამ არ გავუშვი. _არ მინდა რომ წახვიდე... ვერ შეგპირდები, რომ დედას დაგიძახებ, მაგრამ ისევ ისეთი მეგობრული ურთიერთობა რომ გვქონდეს, გეწყინება? გაოცებულმა შემომხედა. მერე, გაოცება ნელ-ნელა ბედნიერმა ღიმილმა რომ შეუცვალა, გადამეხვია. _არ მოველი რომ დედას დამიძახებ. ძველი ბაბი და ნათია ვიყოთ ისევ, თანახმა ვარ. _მაშინ მადლობის თქმის საშუალება არ მომეცა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. შევეცდები, დაგიბრუნო უკან თანხა თუ ვერა, გაცემული სითბო, სიყვარული და ზრუნვა. აქ მჭირდები და არ მინდა რომ წახვიდე. ასე დავიტოვე ნათია ჩემს გვერდით. მართალია, დედა არ დამიძახია, მაგრამ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ერთმანეთის ტკივილი გვტკიოდა და სიხარული კიდე გვიხაროდა. სოფელში უმრავლესობამ კი გამაქილიკა, უვარგისი დედა მიიღო და შეურიგდაო, მაგრამ ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტი იყო ვაპატიებდი თუ არა მას თავის შეცდომებს? დემნა მას შემდეგ აღარ გადამყრია პირისპირ. შორიდან ვგებულობდი მის ამბებს, მოღალატე ნონა ბოლოს და ბოლოს მაინც გამოიჭირა ღალატში. მე რომ ვაფრთხილებდი თავის დროზე, არ მიჯერებდა და სანამ მულატი ბავშვი არ გაუჩინა ვიღაც ზანგისგან, ვერ მოეგო გონს. ჩემი საქორწინო კაბის ჩაცმა მაინც მოვახერხე ჩემს ქორწილში. მართალია, დიდი ქორწილი არ გვქონია როგორც წინა ჯერზე ვგეგმავდით, ვიწრო წრეში დავიწერეთ ჯვარი, მაგრამ მაინც თეთრი კაბით ვიდექი ეკლესიაში, სადაც უფლის წინაშე გამოგვაცხადეს ცოლ-ქმრად. ყველაფერი ზღაპრულად აგვეწყო. მე ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდი და ისევ სამსახურს დავუბრუნდი. ნათიაც გვერდით მყავდა. ერთად შეხმატკბილებულად ვმუშაობდით. კლიენტების სიმცირეს არ ვუჩიოდით. გამკრიტიკებლებიც ბევრი გვყავდა, მაგრამ ისინიც სჭარბობდნენ, ვინც იზიარებდნენ ჩემს მოსაზრებებს და მეთანხმებოდნენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილი ბიოლოგიური დედის მეგობრობას. საღამოს, ნოდიკოსგან განსხვავებით შედარებით ადრე ვბრუნდებოდი სახლში და ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს უგემრიელეს ვახშამს ვახვედრებდი. სულ სიამტკბილობით გავატარეთ გაზაფხულიც და ზაფხულიც. შემოდგომით კი ორსულად რომ დავრჩი, მგონი ჩემზე ბედნიერი ქალი ქვეყანაზე არ არსებობდა. ნოდიკო ხომ ისედაც ხელის გულზე მატარებდა და ცივ ნიავს არ მაკარებდა, მერე ხომ საერთოდ. გუნებაობა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით შუა ზამთარში მონდომებულ ნაყინს. ორი დღე ვებრძოდი ამ სურვილს, მაგრამ მერე ნათიას გავუმხილე ღიმილით და მთელი დღე რომ დაიკარგა, ცოტა მეწყინა, მაგრამ საღამოს თერმოსით ხელში რომ მომადგა სავსე ნაყინით, ვერ ვიჯერებდი. თბილისში ჩასულა და იქ ძლივს უშოვია. პირველი შვილი ბიჭი გვეყოლა. როგორც დემნა წინასწარმეტყველებდა, მისი სახელი არ დამირქმევია. თვითონ ჩემმა მამამთილმა თქვა თავის სახელზე უარი და მათე დავარქვით. გეგმიური საკეისრო შუა ივლისში გავიკეთე და ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. არაჩვეულებრივი ქერა და ცისფერთვალება ბიჭი ვაჩუქე ბედნიერ მამიკოს. ცოტა კი ჭირვეული იყო ჩვენი ვაჟკაცი და დღე და ღამე ქონდა არეული, მაგრამ ისე მეხმარებოდა ნოდიკო მის მოვლაში, დიდად არ გამჭირვებია. მეორე ორსულობაც მალევე დავგეგმეთ და ორ წელში შავტუხა თამუნიაც შეგვეძინა. რადგან მესამე ბავშვზე აღარ ვფიქრობდით, დედაჩემის გადმონერგილი ორგანოც ამოვიცალე და შევწყვიტე კიდეც იმ მედიკამენტების მიღება, რასაც მის გამო ვსვამდი. ჩემი მოძალადე მამის გაცნობის სურვილი არ გამჩენია რატომღაც, მაგრამ ცხოვრება რომ მართლაც სიურპრიზებითაა სავსე. შემთხვევით მაინც გადაიკვეთა ჩვენი გზები. შემთხვევით ჩემთვის იყო, მაგრამ მისთვის ალბათ წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი იყო ყველაფერი. მახსოვს, იმ დღეს ნოდიკოს არ ეცალა და ბავშვები ცურვაზე მე წავიყვანე. (რაიონში დაგვყავდა კვირაში ორი დღე.) ნათია სალონში დარჩა და მისი მანქანით წავედი. გზაში საეჭვოდ ადევნებული მანქანა კი შევნიშნე და ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ აუზზე რომ გადავუხვიე და მან გზა განაგრძო, დავმშვიდდი და დამავიწყდა კიდეც. სანამ ცურვის გაკვეთილები დამთავრდებოდა, მე დრო ვიხელთე და ცენტრში ავედი რაღაც საქმეზე. ცოტა დრო დამჭირდა და შემაგვიანდა. როცა დავბრუნდი, ჩემი შვილები უკვე ჩაცმულები იყვნენ და სკამზე გვრიტებივით გვერდიგვერდ ჩამომსხდრები მელოდნენ, თან ტკბილეულს მიირთმევდნენ. _ვა, ვინ დაგასაჩუქრათ?_გამიკვირდა. _უცხო კაცი იყო, დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, რომელიც წლების წინ ზეცაში გაფრინდა და მის სახელზე მინდა რომ ბავშვებს ტკბილეულით გაგიმასპინძლდეთო და ყველას დაგვირიგა._კმაყოფილი ღიმილით მითხრა მათემ. გამიკვირდა კი, მაგრამ საეჭვო ვერაფერი ვიგრძენი და სახლში მშვიდად დავბრუნდით. მეორე გაკვეთილზე ნოდიკომ წაიყვანათ და მაშინაც გამოჩენილა ის უცხო კაცი და ბავშვები კიდევ ტკბილეულით დაუსაჩუქრებია. ამ საჩუქრებმა სისტემატური სახე რომ მიიღო, ცოტა შევფიქრიანდი. ვერ ვხვდებოდი ვინ იყო ის კეთილი და გულუხვი კაცი, რომელიც ჩემს შვილებს ანებივრებდა. ეგ კი არა, სკოლიდან დაბრუნებულებმა შემთხვევით უბანშიც კი მოჰკრეს იმ კაცს თვალი და ეს რომ მითხრეს, მაშინ კი შევფიქრიანდი. გუმანით მივხვდი, ვინც იქნებოდა და ნათიას გავანდე ჩემი ეჭვები. _შეიძლება მართლა ის არის. კანონიერი ქორწინებიდან შვილი მკვდარი ყავს და უკანონო შვილთან და შვილიშვილებთან გადაწყვიტა ალბათ დაახლოება. ძალიან არის შეცვლილი. გვარიანად მოტეხილა. ამას წინათ ვნახე და ვერ ვიცანი. მე მართლა ვერ ვაპატიებ ჩემს ამბავს, მაგრამ შენ უფლება გაქვს გაიცნო შენი ბიოლოგიური მამა. ალბათ, ეშინია, რომ არ მიიღებ და შორიდან გითვალთვალებთ. ცოტა შევფიქრიანდი. არ მინდოდა ჩემი შვილებისთვის რამე დაეშავებინა, ის ხომ დონარას ძმა იყო, ვინც ავყია და ბოროტი იყო, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ შვილმკვდარი და განადგურებული მამა შვილიშვილებთან დაახლოებით შვებას ნახულობდა. იმ დღეს, სკოლის წინ, ველოსიპედებით სეირნობდნე ბიჭები და მათ შორის ჩემი მათეც. ალბათ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და დიდი სისწრაფით მონადენმა მოსახვევში თავი ვეღარ შეიმაგრა, ვეღარც შეჩერდა და გალავანს შეასკდა. მე რომ დამირეკეს, მათემ ფეხი მოიტეხა და საავადმყოფოში მიყავთო, გიჟებივით გავცვივდით მე და ნათია. ის უცნობი კაცი მართლაც მამაჩემი აღმოჩნდა, ვინც ჩემს შვილს გაჰყოლოდა საავადმყოფოში და მიმღებში თვალცრემლიანი ელოდა ექიმის გამოსვლას. მე და ნათია რომ დაგვინახა, შეცბა. როგორ არ მოელოდა ჩემს იქ მისვლას, მაგრამ მაინც დაიბნა და აფორიაქდა. აშკარად ეტყობოდა რომ განიცდიდა ჩემი შვილის, ანუ მისი შვილიშვილის მდგომარეობას. ექიმი მალევე გამოვიდა და გვითხრა, რომ ღია მოტეხილობა ქონდა და ოპერაცია იყო საჭირო. _საშიში არაფერია, დავაძინებთ და ვერაფერს გაიგებს._ღიმილით დაგვამშვიდა ტრავმატოლოგმა. როგორც ჩემთვის იყო მძიმე ჩემი შვილის ეს მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ არც მამაჩემისთვის იქნებოდა ადვილი გადასატანი. მან ხომ ერთი შვილი მიწას მიაბარა და ახლა მეორე შვილის შვილი იყო დამტვრეული? არ დამიშლია იქ ყოფნა და ჩემს შვილზე ზრუნვა, პირიქით, მადლობაც კი მოვუხადე საჭირო დროს საჭირო ადგილზე რომ აღმოჩნდა და უპატრონა ჩემს მათეს. გულწრფელად გაუხარდა ჩემი თითოეული სიტყვა. სანამ ბიოლოგიურ მშობლებს გავიცნობდი, მანამდე საშინელი წარმოდგენა მქონდა მათზე და ურჩხულებად წარმომედგინნენ ორივენი. ვფიქრობდი, რომ არასდროს ვაპატიებდი ჩემს მიტოვებას, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ. წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის მათ ხომ უფლის წინაშე მოუწევთ თავის მართლება? ჩემი არპატიებით და სასტიკად მოპყრობით საკუთარ სულს დავიმძიმებ და მეც ცოდვილი გავხდები. ჩემი შვილი ხომ მათი ბიოლოგიური შვილიშვილი იყო და როგორ დამეშალა მათთვის თქვენი სისხლი და ხორცი არ ნახოთ, არ გიყვარდეთ და არ იზრუნოთ მათზე-მეთქი? ვინ იცის მომავალში მე რა სიდიდის შეცდომას დავუშვებ და როგორ დამჭირდება სხვისი პატიება? თანაც, მათ თვალებში რომ უდიდეს სინანულს და ჩემი შვილებისადმი უკიდეგანო სიყვარულს ვკითხულობდი, ვერანაირად ვერ დავუშლიდი ამას. მართალია, დედად და მამად ვერ აღვიქვამდი ვერც ერთს. მე ხომ მყავდნენ ჩემი გამზრდელი მშობლები, რომლებიც წლების წინ მივაბარეთ მიწას? (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.