ბალზაკის ასაკი (სრულად)
როგორც თინეიჯერ გოგონათა უმრავლესობას, ერთ დროს მეც მეგონა, რომ გათხოვება ზღაპრული პრინცი, უშველებელი სასახლე და სამუდამო სიყვარული იყო. თექვსმეტი წლის ასაკში გავთხოვდი. მართალია, მშობლები და ახლობლები სასტიკად მეწინააღმდეგებოდნენ და მიშლიდნენ, ჯერ რა გეჩქარება, სკოლა დაამთავრე, ისწავლე და გათხოვებასაც მოესწრებიო, მაგრამ ვის დავუჯერე? ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, მე და ალეკო, მატარებლით გავიპარეთ ბათუმში და ერთი კვირის შემდეგ, როცა მშობლებმა მოგვაგნეს, ვეღარც დაგვაშორეს. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ან, ბავშვები ვიყავით და სიყვარული გვეგონა ყველაფერი... თავიდან, მართლაც ზღაპრულად აეწყო ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მერე ნელ-ნელა ყველაფერმა რეალური სახე მიიღო: ზღაპრული სასახლე თბილისის პრესტიჟულ უბანში სამ ოთახიან ბინად იქცა, ჩემი ზღაპრული პრინცი ჩვეულებრივ ტიპიურ ქართველ მამაკაცად და სამუდამო სიყვარულიც ნელ-ნელა გაუფერულდა, გაფერმკრთალდა და დილის ნამივით სადღაც გაქრა. ჩემი და ალეკოს ურთიერთობაც ნერვოზიანი ცოლის და უმუშევარი ზარმაცი და ეჭვიანი ქმრის ურთიერთობას დაემსგავსა. დღითიდღე იჩენდა ჩვენს ურთიერთობაში პრობლემები, რომელთანაც გამკლავება ვერცერთმა ვერ შევძელით. არც დამრიგებელი გვყავდა ვინმე, რომ რაღაც მაინც ეთქვა და ერჩია ჩვენთვის. ჩვენს ურთიერთობაში გაჩენილი უმნიშვნელო ბზარისთვის თავიდანვე რომ მიგვეხედა, ალბათ შემდეგში თავზე აღარც ჩამოგვმხობოდა ყველაფერი... ჩემმა პრანჭია დედამთილმა, თავის დროზე ვერ ვიპატარძლე, უზარმაზარი ოჯახი წამომკიდეს კისერზე და მაშინაც მეყო რომ ვერ გავიხარე და ახლა ვერავინ დამიშლით ჩაცმა-დახურვას, ჭამა-სმას და გავლა-გამოვლასო, გამომიცხადა. საერთოდ არ მეხმარებოდა საოჯახო საქმიანობაში. თუ კი ქმართან კოტრიალი შეგიძლია, ოჯახის მიხედვაც უნდა შეგეძლოსო. თვითონ კი ლამის ათ საათამდე იწვა საწოლში და ნებივრობდა. მერე კი, როცა დგებოდა, დაქალები და ახლობლები ყავდა სანახავი. არც შოპინგს იკლებდა, არც სპა-სალონებში სიარულს. მე, თურმე, ისიც უნდა მყოფნოდა, რომ ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი. არც დედ-მამამ მომისმინა, ნიშნისმოგებით მომიგეს, ხომ გეუბნებოდით და გაფრთხილებდით, ჯერ ადრეა შენი გათხოვება, რატო არ დაგვიჯერეო. ასე რომ ყველამ თავიდან მომიშორა და უზარმაზარი პრობლემების პირისპირ მატო დამტოვა. არავინ მასწავლა ჭკუა, როგორ უნდა გავმკლავებოდი ამ ყველაფერს... ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ნიტა რომ მეყოლა. როგორც ქართველი მამების უმეტესობას, ალეკოსაც ეწყინა პირველი შვილი გოგო რომ გავუჩინე და არა გვარის გამგრძელებელი. მართლა არ მესმის ასეთი კაცების. ჯერ ერთი, სადმე გინახავთ კარტოფილი დაეთესოს ვინმეს და სიმინდის მოსავალი მოემკას? ქალებს მხოლოდ ორი X ქრომოსომა გაგვაჩნია, კაცებს კი X და Y. ამ ქრომოსომების შეწყვილებით ხდება სქესის წარმოქმნაც. რომელი ქრომოსომაც შეწყვილდება ქალების X ქრომოსომასთან, სქესიც ის იქნება. ამიტომ ქალებს ნუ გვადანაშაულებთ ნურაფერში, რასაც თქვენ თესავთ, ჩვენც იმის მოსავალს გაძლევთ. და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი და რას დაეძებთ ბიჭია თუ გოგო? რამდენი უშვილო წყვილია, ვისაც არც ბიჭი ყავს და არც გოგო? რამდენს ყავს, ოღონდ დაუნის სინდრომით ან აუტიზმით დატანჯული? რამდენს მახინჯი ყავს საერთოდ? ამიტომ, უფალს მადლობა შესწირეთ, რომ ჯანმრთელი შვილი გაჩუქათ და დატკბით ბედნიერებით... ჩემი და ალეკოს ურთიერთობაში პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა ექოსკოპიაზე მომავალი შვილის სქესი გვახარეს. იმედგაცრუებულმა ახალბედა მამიკომ ბავშვის მოშორებაც კი მთხოვა. მთხოვა კი არა, მიბრძანა, როგორ თუ პირველი შვილი გოგო იყო. სერიოზულად მაშინ ვიჩხუბეთ და სახლიდანაც კი წამოვედი, მაგრამ ორ კვირაში ისევ შევრიგდით. ჩემს მშობლებს ქმართან დაშორებული შვილი კისერზე დააწვებოდათ თავისი შვილით. ჩემს დედამთილს კი დაუსრულდებოდა ნებივრობის პერიოდი ჩემს გარეშე და ასე თუ ისე, ჩაერია თავისი შვილის ურთიერთობაში და შეგვარიგა. ჩემი ქმარიც ცოტა დატკბა. თუმცა, ეს დატკბობაც დროებითი აღმოჩნდა. ყოველთვის შენატროდა ბიჭის მამებს და აშკარად მაგრძნობინებდა, რომ გოგო შვილად არ მიაჩნდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვილობაში ნიტა ძალიან ჭირვეული ბავშვი იყო. მთელ ღამეებს თეთრად მათენებინებდა. ჩემთვის არც ძილი იყო და არც მოსვენება. მეტწილად ხალათით და აჩეჩილი თმით დავდიოდი. სარკიდან ჩემ თვალებამოღამებულ ორეულს ვეღარ ვცნობდი უკვე. ნელ-ნელა ჩემმა ქმარმა ჩემს მიმართ ინტერესი დაკარგა. ჯერ საყვედურებით მავსებდა, რას გავხარ, სარკეში არ იყურებიო? სარკეში კი ვიყურებოდი, მაგრამ დრო მქონდა თავის მოსაწესრიგებლად? მერე კი, ისე მივეჩვიე ხალათს, რომ მასში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ნიტას გამო ვეღარსად დავდიოდით ერთად ვერც სტუმრად და ვერც წვეულებებზე. ყველგან მარტო მიბრძანდებოდა. მერე და მერე ალერსსაც მოუკლო. სექსიც შეზღუდულად გვქონდა, კვირაში ერთხელ ან ხო და ან არა. მერე უკვე დილიდან დაღამებამდე იკარგებოდა. ამაზე მართალია მწვავე რეაქციები მქონდა თავიდან და გვარიანადაც ვჩხუბობდით, მაგრამ ყველაფერს რომ ეჩვევა ქალი. ან, უბრალოდ აღარ უყვარს კაცი და მისთვის სულერთია სად დააღამებს და სად გაათენებს მისი რომეო. გარკვეული პერიოდის მერე ღამეც მოუხშირა სხვაგან დარჩენებს და ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიცხადა, რომ სხვა უყვარდა, ის სხვა მისგან ბიჭს ელოდება და ჩვენ უნდა დავშორებულიყავით. აქ კი ჩამომემხო ქვეყანა თავზე. ოცი წლის გოგო სამი წლის ბავშვით სად უნდა წავსულიყავი და როგორ უნდა მეცხოვრა? იმდენი ვაჟკაცობა კი გამოიჩინა, რომ ოთახნახევრიანი ბინა გვიყიდა გარეუბანში მე და ნიტას და იქ გაგვაბარგა. აქ დამთავრდა მისი ჩემდამი ზრუნვაც და დაპირებული სამუდამო სიყვარულიც. თავიდან, მართლა ძალიან გამიჭირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, დეპრესია დამეწყო. აღარც ჭირვეული შვილი მაინტერესებდა, აღარც ის, თვალებშეშლილი და თმააბუებული ორეული რომ მიმზერდა სარკიდან უნდობლად. ყველაფერი გაუფერულდა და ფასი დაკარგა ჩემს თვალში. ყველაფრის მიმართ უინტერესო გავხდი. აღარაფერი მაღელვებდა და მადარდებდა. ადამიანური გრძნობები ჩემთვის უცხო ხილი გახდა. ერთი წელი მაინც ვიჯახირე ასე, მერე კი ჩემმა უფროსმა დამ იმარჯვა და დამაბრუნა სააქაოს, თორემ სიცოცხლის აზრი მართლაც რომ დაკარგული მქონდა. ქმრისგან მიტოვებული და უარყოფილი ახალგაზრდა ქალი მამისგან დაწუნებულ შვილთან ერთად მომავალში მართლა ვერ ვიხედებოდი... ოთხი წლის რომ გახდა ნიტა, ლიკამ ბაღში მიმაყვანინა და მე კი კულინარიის კურსებზე მაიძულა რომ შევსულიყავი. ხუთი თვის შემდეგ კი ერთ-ერთ სასადილოში მზარეულად დავიწყე მუშაობა. ქმარი ალიმენტს არ მიხდიდა, მშობლებს ჩემს გარდა კიდევ სამი შვილი ყავდათ შესანახი და დიდად ვერ მეხმარებოდნენ. თავიდან ცოტა გამიჭირდა რეჟიმში ჩადგომა, მაგრამ მერე უკვე მშვენივრად ავიწყე ცხოვრება. ჭამა-სმაში, ჩაცმა-დახურვაში, კომუნალურებში და შიგადაშიგ კურორტებზე დასასვენებლად კი გვყოფნიდა შემოსავალი. თუმცა, ნიტა რომ წამოიზარდა, შედარებით მეტი მოთხოვნილებები გაუჩნდა და ახლა მზარეულის კურსები გავიარე. მერე კი, ერთ ერთ პრესტიჟულ რესტორანში ჯერ მზარეულის დამხმარედ ვმუშაობდი, მერე მზარეულად. რამოდენიმე წლის მერე კი, იმ რესტორანის საუკეთესო შეფ მზარეული გავხდი და შემოსავალიც კარგი მქონდა... ამასობაში კი წლები თვალსა და ხელს შუა გამეპარა და მივუკაკუნე კიდეც ორმოცს. როცა საკუთარი თავისთვის გამოვნახე დრო, მაშინ კი ბავშვი აღარ ვიყავი. თითქოს მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე მომატებული წონა და ცელულიტი მუცელსა თუ ბარძაყებზე, თვალების გარშემო მკრთალი ნაოჭებიც, სიცილის დროს ტუჩის კუთხეებში გაჩენილი ხაზები და ჩემს მშვენიერ წაბლისფერ თმაში გაჩენილი ვერცხლისფერი ღერებიც. ულმობელ დროს დაემჩნია უკვე ჩემთვისაც თავისი შესამჩნევი კვალი. ასე ყოფილა თურმე, თუ არ მუშაობ ვერ ცხოვრობ და თუ მუშაობ, დრო აღარ გრჩება საკუთარი ცხოვრების მოსაწყობად და დასატკბობად. მართალია, დასანანი იყო ასე უაზროდ გაფლანგული ჩემი ბავშვობის წლები, მაგრამ ნიტას რომ შევყურებდი, ვმშვიდდებოდი და მადლიერი ვიყავი უფლის, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შვილი მყავდა, რომელმაც სკოლა წარჩინებით დაამთავრა და ფსიქოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი იყო უკვე. იმდენად დედა-შვილური ურთიერთობა არ გვქონია ერთმანეთთან, როგორც უფრო მეგობრული. რაც წამოიზარდა და ერთმანეთის საიდუმლოებების გაზიარება დავიწყეთ, დედა არ დაუძახია ჩემთვის. დებივით ვიყავით უფრო. თუმცა, რა გასაკვირი იყი, მეც ხომ მასთან ერთად გავიზარდე და დავქალდი? ******************** იმ დღეს, როცა პირველად გადავწყვიტე დაქალებისთვის დამეჯერებინა და ჩემი თავისთვისაც მიმეხედა, მთელი ღამე ძილ-ბურანში გავატარე. მესმოდა როგორ გვარიანად წვიმდა და ცოტა გუნებასაც მიფუჭებდა. ძლივს დამიყოლიეს კუს ტბაზე სარბენად ასვლა კილოგრამების და ცელულიტის მოსაშორებლად, მაგრამ თვით ბუნებაც კი მეწინააღმდეგებოდა ამაში და ხელს მიშლიდა. დილაუთენია კი, ტკბილად რომ მეძინა უკვე, უჩვეულო ხმაურმა გამაღვიძა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა და შეშფოთებული წამოვჯექი საწოლზე. _შე ზარმაცო ძილისგუდა შენა, აკი სარბენად წამოვალო?_ეკატერინემ ჩამრთველი ააჩხაკუნა და ოთახი უმალ გამიჩახჩახა. მერე საბნის ბოლოს ჩააფრინდა და ისე შემომაძრო შაურმასავით რომ ვიყავი გახვეული, როგორც ფოჩიან კანფეტს ქაღალდი._ადექი, გვაგვიანდება. _წუხელ რომ წვიმდა._საცოდავად ავაფახულე თვალები. _ეგ საცოდავი გამომეტყველება არ გიშველის!_გულიანად გადაიკისკისა._ადექი დროზე, აღარ წვიმს და სარბენად მივდივართ, მერე სამსახურში უნდა წავიდე და არ დამაგვიანო. _ნაწვიმზე უნდა ვირბინოთ?_გავიოცე, რაზეც ეკატერინეს საშუალება მივეცი, რომ გულიანად გადაეხარხარა. _საბურავები მოგიცურდება თუ?.. ადე, ადე, ტასო მანქანაში გველოდება._ფეხზე მომკიდა ხელი და ლამის საწოლიდან დამითრია. _გაგიჟდი?_გავუძალიანდი._შემეშვი, გადარეულო!_მომაკვდავივით ავფართხალდი._ ნიტას ვეტყვი, რომ მეორედ აღარ გაგიღოს კარი და არ შემოგიშვას!_გავუბრაზდი. _ოჰ, ვის დააკლდება ვითომ?_ხელი შემიშვა და უნდობლად მოწკურა ნუშისებრი შავი თვალები._მე გრამი ცელულიტი არ მაქვს და არც ზედმეტი წონა მაწუხებს._გამომწვევად დატრიალდა ჩემს წინ და თავისი უზადო სხეული ამიფრიალა._შენ იდარდე, რომ სიბერეს უწყობ ხელს ადვილად ჩაგისახლდეს სხეულში. ადე-მეთქი!_მოულოდნელად იმხელა ხმაზე დამყვირა, მე ხომ შევხტი და ავცახცახდი, მეორე ოთახიდან შეშფოთებულმა ნიტამაც შემოგვხედა, რომელიც მაისურის ამარა იდგა და მამის მსგავსი დიდრონი თაფლისფერი თვალებით ხან მე შემომყურებდა და ხან ეკატერინეს. _მეორედ ეს ქაჯი ჩემს დაუკითხავად აღარ შემოუშვა ბინაში._მკაცრად გავაფრთხილე და უნდილად წამოვდექი. _ხო, მაგრამ ისე გამეტებით ურტყავდა კარს მუშტებს, მეგონა ჩამოიღებდა. თან, მეზობლების შემრცხვა, რას იფიქრებდნენ?_გულიანად გადაიკისკისა ნიტამ და ლამაზი, ერთად მიჯრილი თეთრი კბილები გამოაჩინა. ამაში კი მე მგავდა უდაოდ. _გინდა, ტასოს დავურეკო და ამოვიყვანო?_მაშინვე ულტიმატუმი წამიყენა გიჟმა დაქალმა. _იყოს, არ მინდა._ვიუარე. მისი ხასიეთი ვიცოდი, ის კი მართლა დამითრევდა და ისე წამათრევდნენ სავარჯიშოდ. სასწრაფოდ წამოვხტი, წინდაწინ ტუმბოზე დაკეცილი ჩემი სპორტული ფორმა რომ ჩავიცვი, კმაყოფილ ეკატერინეს ავესვეტე წინ. _წავედდით? _ასე რაღა, შე კაი ადამიანო, რას ამიშალე ისტერიკა?_კმაყოფილმა თვალი ჩამიკრა და ბინა მხიარული კისკისით დავტოვეთ. _მალე დაბრუნდებით? მე შეიძლება სახლში აღარ დაგხვდე, გოგოებთან მივდივარ შენი მანქანით!_უკვე კიბეზე ჩასულებს მოგვაძახა ნიტამ. _კარგი, ვეცდები მალე მოვიდე!_მეც ავძახე, მაგრამ რამდენად გაიგო, არ ვიცი. _მაგის იმედი გაქვს, რომ მალე დაბრუნდები?_ისე საეჭვოდ ჩაეღიმა ეკატერინეს, ცოტა არ იყოს შევკრთი. _დღეს დასვენება მაქვს და მინდა რომ დავისვენო. ასე რომ არანაირი შოპინგი და არანაირი დალევა და გართობა._სასტიკად გავაფრთხილე. _შოპინგი კიდევ შეიძლება, მაგრამ ჭამა-სმას უნდა მოვუკლოთ ძვირფასო, რათა ფორმა დავიყენოთ._ეშმაკურად შემომღიმა და თან თვალი ჩამიკრა. სადარბაზოდან რომ გავედით, იქვე ახლოს შეჩერებულ მის ტოიოტას მივადექით, სადაც ვოლიერში გამომწყვდეული მგელივით მძვინვარებდა ტასო და უკმაყოფილო სახით გვიმზერდა ორივეს. _დაეძინა ამ წელანგარა ბებერს ხო?_ჩემთვის არც კი შემოუხედია ისე კითხა ეკატერინეს. _ნაწვიმზე საბურავების მოცურების შეეშინდა და წამოსვლა გადაუფიქრებია, ძლივს დავიყოლიე._მხიარული კისკისით მიუჯდა ეკატერინე საჭეს. ხმა არ ამომიღია. ტასოსაც კი არ მივსალმებივარ. განაწყენებული ვიყავი მათზე, რადგან ყოველთვის მე ვიყავი მათი გამხიარულების ობიექტი. დღეიდან დავიწყებდი ამ ოხერ ვარჯიშსაც და დიეტასაც, ტანს დავიყენებდი და მერე ენახათ, როგორი ქალიც დავდგებოდი. ზოგი მერე ეხუმრათ ჩემს მომატებულ წონასა და ცელულიტზე. დანიშნულების ადგილამდე ხმისამოუღებლად ვიმგზავრეთ. ეს მე არ ამომიღია ხმა, თორემ ეკატერინეს ენა არ გაუჩერებია. მის ცხოვრებაში მერამდენე ნამდვილი სიყვარული გამოჩნდა უკვე, სათვალავიც კი ამერია. თავისუფალ ურთიერთობებზე არასდროს ამბობდა უარს და მეც მეჩიჩინებოდა ხშირად, თუ კი შენი ქმარი დაინიშნა და ცოლი ყავს, რატო შენ არ თხოვდებიო? თუ გათხოვება არ გინდა, ვინმე მაინც გაიჩინე, თორემ დაგიობდება ერთი ადგილიო. ...მართლაც, რაც მე და ალეკო დავშორდით, მას მერე არ მყოლია კაცი. ჯერ, ნიტა მყავდა გასაზრდელი და არავისთვის მეცალა, მერე სამსახურში დავწინაურდი და საქმეც მომემატა. საკუთარ გარეგნობაზეც კი არ ვზრუნავდი ჯეროვნად. ახლა კი, როცა ნიტაც გაზრდილი იყო და სამსახურიდანაც მეტი თავისუფალი დრო მქონდა, გადავწყვიტე დაკარგული დრო ამენაზღაურებინა და ჩემი თავისთვისაც მიმეხედა, თუმცა კაცები ნამდვილად არ მოიაზრებოდნენ ამ ჩემი ცხოვრების სტილის შეცვლაში... კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერა ეკატერინემ მანქანა და იქიდან დავიწყეთ სირბილი. ჩემი დაქალები ნაჩვევები იყვნენ და ნაცნობი იყო მათთვის ეს სიტუაცია. აი, მე კი, გამიჭირდა ძალიან. გოშია ძაღლივით ენაგადმოგდებული მივყვებოდი აკისკისებულ გოგოებს და შესვენებას ვთხოვდი, მაგრამ ყურსაც კი არ იფერთხავდნენ ჩემს ხვეწნა-მუდარაზე. რამდენი კილომეტრი ვირბინეთ არ ვიცი. თუმცა, მათთვის რომ გეკითხათ , ასე ცოტა არასდროს ურბენიათ. _ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სატვირთო დამეჯახა და ზედ გადამიარა, ყველაფერი მტკივა._მანქანასთან დაბრუნებულებმა ძლივს ამოვიკვნესე და სახელურს დავებღაუჭე. ერთი სული მქონდა შიგ ჩავმჯდარიყავი და დამესვენა. _ჯერ სად ხარ, აქედან სპორტდარბაზში მივდივართ. _საად?_სასოწარკვეთილმა ძლივს ამოვიხავლე და ისე მივესვენე ტყავის თეთრ სავარძელზე._რისთვის? _სპორტდარბაზში რისთვის დადიან?_კითხვა შემიბრუნა ტასომ._თმის შესაჭრელად ხომ არ წავალთ? უნდა ვივარჯიშოთ. _და შენი აზრით რამის შნო მაქვს კიდევ? ყველაფერი მტკივა. _არაუშავს, პირველ ჯერზე მასე იცის. სამაგიეროდ მერე და მერე აღარაფერი გეტკინება და მშვენიერ ფიგურასაც დაიყენებ. ძალიანაც არ მინდოდა სპორტდარბაზში წასვლა, მაგრამ ჩემს გადარეულ დაქალებს ასე ადვილად ვეღარ დავაღწევდი თავს. მითუმეტეს, რომ ორივეს უზადო სხეული ქონდათ და ჩემს გამო წვალობდნენ ამდენს. სპორტდარბაზშიც მალე მივედით. ან, მე მომეჩვენა ასე, რომ მალე მივედით, რადგან სასტიკად არ მინდოდა იქ მისვლა. _სარბენი ბილიკი არ გამაგონოთ ოღონდ._ძლივს გადავზიდე თითქოს დაბეგვილ-დაჩეჩქვილი სხეული მანქანიდან. _ტრენაჟორები ძვირფასო, ტრენაჟორები. სარბენი ბილიკი რად გვინდა, დილაუთენია სუფთა ჰაერზე ვირბინეთ უკვე._ტასომ მხრებზე მომხვია ხელი და ისე შემიყვანა დარბაზში. გამიკვირდა, იმდენი ადამიანი იყო იქ ზომის, წონის თუ ასაკის მიხედვით. _ოჰო, ჩემი ბალზაკის გოგონებიც მოვიდნენ?_ღიმილით გამოგვეგება სიმპატიური ახალგაზრდა და საკმაოდ დაკუნთული ბიჭი._ახალიც მოიყვანეთ?_გასაყიდი ნივთივით გულდასმით და ინტერესით შემათვალიერა თავიდან ფეხებამდე. _ეს ჩვენი ინტრუქტორია, ვალერიანი._გამაცნო ეკატერინემ._ეს კი,_ახლა ჩემსკენ შემობრუნდა._ჩვენი კაკულიაა. ძლივს დავიყოლიეთ აქ წამოსასვლელად და პირველ ჯერზე ნუ დააფრთხობ, კაი?_თან მეგობრულად ჩაუკრა თვალი. _კარგით._გაეღიმა ვალერიანს და მე მომმართა._აბა, ქალბატონო კაკულია, აქეთ მობრძანდით. _კაკულია ჩემი გვარი არ არის, ზედმეტსახელია._მკაცრად შევუსწორე მომღიმარ ბიჭს, რომელსაც სიმპატიურ სახეზე შეეყინა ეს ღიმილი. _უკაცრავად, ჩემი ბრალი არ არის, მასე გამაცნეს თქვენი თავი._მომიბოდიშა _ლელა მქვია და კაკულიას მეძახიან ეს გადარეულები._დაქალებზე გავბრაზდი, ამ ბიჭის რა ბრალი იყო? _სასიამოვნოა თქვენი გაცნობა._ისევ გამიღიმა ბიჭმა და ერთ ერთ ტრენაჟორთან მიმიყვანა და გულდასმით ამიხსნა როგორ უნდა მევარჯიშა._ეს თქვენს ბარძაყებს საგრძნობლად შეამცირებს. ბარძაყების შემცირება მართლაც რომ მინდოდა. თავიდან ხალისით კი მივუდწქი, მაგრამ მალე დავიღალე და თავი ვანებე. ტასოსა და ეკატერინეს გავხედე, ხალისით რომ აგრძელებდნენ ვარჯიშს. თეთრი შურით შემშურდა მათი. ან სად ქონდათ ამდენი ენერგია? კიდევ კარგი, ცოტა მოწყალება გაიღეს და შედარებით ადრე გამომიყვანეს იმ საშინელი ადგილიდან, თორემ უსულადად დავეცემოდი უკვე. _ისევ გელით._ღიმილით დაგვემშვიდობა სიმპატიური და დაკუნთული ინსტრუქტორი. _პირდაპირ სახლში ახლა, თორემ მეტი აღარ შემიძლია._საცოდავად ავწუწუნდი. _დავინდოთ?_ეკატერინემ ტასოს გახედა._პირველი დღეა და მოდი დავინდოთ, თორემ ხვალ ფეხზე ვეღარ დადგება. _ვითომ?_უკან შემობრუნდა ტასო და ეჭვით შემათვალიერა._საცოდავად კი წკავწკავებს, მაგრამ ჯერ გამოწურულ ლიმონს არ დამსგავსებია... _არაუშავს, ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ, თორემ ხვალ აღარ გამოგვყვება. _ხვალ ისედაც ვერ წამოვალ, ვმუშაობ. _რას ლაპარაკობ, მართლა?_ისევ შემომიბრუნდა ტასო._სამსახურში ათზე ადრე არ მიდიხარ. თერთმეტზეც არ იქნება დაგვიანებული, სარბენად კი ექვს საათზე გავალთ და შხაპის მიღებას და გამოპრანჭვასაც კი მოასწრებ._დამამშვიდა. აღარ შევდავებივარ. ოღონდაც სახლში მივეყვანე ახლა ამ მოჭარბებულ ადრენალინიან გოგოებს და მეტი არაფერი მინდოდა. _შენით ახვალ თუ მოგეხმარო?_სერიოზულად მკითხა ეკატერინემ მანქანიდან ძლივს რომ გადავზიდე ჩემი სხეული. მეტიც არ უნდოდათ ახლა მართლა ამათ რომ ავეთრიე მთვრალი კაცივით მაღლა და ვიუარე, თუმცა მისწრება კი იქნებოდა ახლა ჩემთვის. _კიბით ადი იცოდე._გამაფრთხილა ტასომ. მაგრამ სადარბაზოში შევედი თუ არა, ლიფტი გამოვიძახე და მეორე სართულზე ისე ავედი. ნიტა მართლაც წასული დამხვდა. პირველი რაც გავაკეთე, ჩემი დაბეჟილი სხეული ძლივს შევათრიე დუშკაბინაში და თბილი შხაპი მივიღე. თითქოს მიშველა კიდეც, მაგრამ იქიდან გამოსულს, გამიგრილდა თუ არა კუნთები, ისე საშინლად დამიწყო ტკივილი, თავბედს ვიწყევლიდი დღევანდელი დღის გათენებისთვის. _არა, რა ჯანდაბამ მომანდომა ამ ფიგურის დაყენება?! გასათხოვარი ვარ და ვინმეს უნდა მოვაწონო თავი თუ რა?! ეკატერინეს და ტასოს რომ აყვება კაცი, უარესი უნდა მოუვიდეს!!!_ვბრაზობდი ჩემზეც და ჩემს გადარეულ დაქალებზე. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, მათი დამსახურებაც იყო ამჟამად რასაც წარმოვადგენდი და მადლიერი უნდა ვყოფილიყავი მათი. მართალია სხვადასხვა აზროვნების, სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა შეხედულების ვიყავით, რადიკალურად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. თან, სულ ვჩხუბობდით კიდეც, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით. ეკატერინეს ორმოცი წელი ერთი თვის წინ შეუსრულდა, მაგრამ თინეიჯერივით გამოიყურებოდა. ისევ გასათხოვარი იყო. თუმცა, მასზე გაცილებით ახალგაზრდა ბოიფრენდები არ ეკლდა. უზადო სხეული ქონდა, შეხედულებითაც მშვენიერი იყო, პრესტიჟულ სტომატოლოგიურ კლინიკაში ორთოპედად მუშაობდა და შემოსავალიც კარგი ქონდა. ამიტომ არ იკლებდა არაფერს. თავისუფალი ურთიერთობებისთვის ცოტას კი ვკიცხავდი, მაგრამ სულაც არ სწყინდა და არც მისმენდა. მას თავის არგუმენტები ქონდა და აქეთ მარიგებდა ჭკუაზე. _რომ იცოდე ძვირფასო, სექსი ყველაზე სასიამოვნო "წამალია" დაბერების წინააღმდეგ, რომელსაც სხვა სამკურნალო პრეპარატებისგან განსხვავებით უკუჩვენებები არ გააჩნია. მე კი დაბერების მეშინია და ასე ვმკურნალობ. შენც არ გაწყენდა ეგ "წამალი" თვეში ერთხელ მაინც რომ მიგეღო... მედიცინა არ იღლება იმის მტკიცებით, რომ რეგულარული სექსი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ტვინის მუშაობას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. რაც შეეხება ტასოს, ის გათხოვილი იყო. ჩემსავით ისიც ძალიან პატარა ასაკში დაოჯახდა, თუმცა ჩემგან განსხვავებით მას გაუმართლა. არაჩვეულებრივი ქმარი შეხვდა და სულ ხელის გულზე ატარებდა. მის ყოველ კაპრიზს უპრობლემოდ ასრულებდა. ორი შვილი ყავდა დეა და გეგა. დეა ნიტას ასაკის იყო, გეგა კი ერთი წლით უმცროსი და მათ თავის ცხოვრება ქონდათ უკვე. ტასოსაც მეტი დრო ქონდა დაქალებისთვის და ხშირად ვიყავით ერთად... მისაღებში დივანზე კრუსუნით გავიშხლართე. პულტი მოვიმარჯვე, ტელევიზორი ჩავრთე. თუმცა, საინფორმაციოს ყურებისას ისე ჩამეძინა, ვერც კი გავიგე. სიზმარი ვნახე, იქაც ქანცის გაწყვეტამდე დავრბოდი და ვვარჯიშობდი. დავიტანჯე და უარესად დაღლილს გამეღვიძა. _რაო ქალბატონო ლეილა, კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით?_ღიმილით მკითხა ნიტამ, რომელიც დაბრუნებულიყო, ჩემს წინ სავარძელში მოკეცილი იჯდა და ყავას ნებიერად წრუპავდა. _ნუღარ მახსენებ, საშინელება იყო._უარესად ატკიებული სხეული გაჭირვებით წამოვზიდე ფუმფულა დივნიდან._ორივეს მივახრჩობ დილით თუ ისევ მომადგებიან და კუს ტბაზე დამიპირებენ წაყვანას. ნიტამ თავისებური წკრიალა ხმით გადაიკისკისა. _პირველი დღე ყოველთვის მასეთია. თუ გინდა რომ ტკივეილებმა მალე გაგიაროს, რაცარუნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოს, ისევ უნდა ირბინო და ივარჯიშო. პირველი დღის გადალახვაა რთული, თორემ მერე და მერე შეეჩვევი. _შენც მათთან ხარ შეკრული, ხო?_ეჭვით შევხედე. _სულაც არა._ისევ აკისკისდა. _აუ, გეხვეწები, ყავა გამიკეთე რა, იქნებ ცოტა მოვიდე ენერგიაზე._ადგომა რომ ვერ შევძელი, ისევ მივესვენე დივანზე. ნიტა დაუზარელად წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. მალევე დაბრუნდა ოხშივარანადენი და სურნელოვანი ყავის ფინჯნით ხელში, რომელიც იქვე მინის პატარა მაგიდაზე უხმაუროდ დამიდგა. _ასე კატასტროფულად ნუ აღიქვამ მაგ შენს ვარჯიშებს. ბევრი ბევრი, სამი დღე გაგიჭირდეს._ღიმილით მომიჯდა გვერდით და თან მხრებზე მომხვია ხელი._ ერთი დღე უკვე გადალახული გაქვს და ორიღა გრჩება. ის ორიც დღევანდელთან შედარებით ადვილი გადასალახი იქნება, მერწმუნე. _რომ არ ვივარჯიშო და არც დიეტაზე ვიყო, დაშავდება ვითომ რამე?_ეჭვით შევხედე._ასე ცუდად გამოვიყურები ვითომ? _სულაც არა._ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა._უბრალოდ, ვარჯიშიც და დიეტაც დაბერების პროცესს აჩერებს. მე კი არ მინდა, რომ მალე დამიბერდე. ხმამაღლა არ აღიარებ ამას, მაგრამ არც შენ გინდა ეს._ეშმაკურად შემომღიმა._ახლა იმ ასაკში ხარ, ახალგაზრდობის მეორე ეტაპი რომ გეწყება._კიდევ ერთხელ მაკოცა, მერე წამოდგა და თავის ოთახს მიაშურა._კონსპექტებზე მაქვს სამუშაო და დიდად დამავალებ თუ უბრალო რამეებზე არ შემაწუხებ._ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და კარს მიღმა გაუჩინარდა. ყავა სიამოვნებით დავლიე. მერე კი, ძალიანაც გამიჭირდა, მაგრამ თავი ვაიძულე, რომ წამოვმდგარიყავი. სხეულის ყოველი კუნთი მტკიოდა, თანაც საშინლად. გოგოები მართლები იყვნენ, რაც მეტს ვისვენებდი, უფრო მეტად მიჭირდა მერე მოძრაობა. ჯერ ჩემს ოთახს მივაშურე და ჩემს საყვარელ ფუმფულა ხალათს შეველიე. ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ვახშმის მოსამზადებლად. ერთხანს, კარგამოღებული მაცივრის წინ ვიდექი, ვერ გადამეწყვიტა რა მომემზადებინა. თუ ტასოს დავუჯერებდი, ნაკლებ კალორიული და უცხიმო საკვებით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ ჩემი კუჭი და მუცელი სულ სხვას ჩამჩიჩინებდა. კარგი ორთაბრძოლა გავმართე ჩემს შინაგან სამყაროში და ისევ ტასოს რჩევებმა იმარჯვა. შეიძლება იმანაც, რომ ნიტასი არ იყოს, მეორე ახალგაზრდობის პერიოდი ახლა მეწყებოდა და საკუთარ გარეგნობაზეც მომინდა რატომღაც ზრუნვა. ფოლგაში გახვეული შემწვარი თევზი და ბოსტნეული ვარჩიე. წინსაფარი ავიფარე და ჩემს ამპლუაში შედარებით თავისუფლად და უმტკივნეულოდ ვმოძრაობდი. ...არც ერთი პროფესია არ არის ცუდი, მთავარია მონდომებით და დიდი სიყვარულით მიუდგე ყველაფერს. კულინარიის სიყვარული ბავშვობიდანვე იდო ალბათ ჩემს გენეტიკურ კოდში და ლიკამაც ადვილად შენიშნა. მადლობას იმსახურებდა ჩემგან, რადგან მისი დამსახურება იყო ის, რომ მე ახლა წარმატებული და საუკეთესო შეფ მზარეული ვიყავი. თვითონ კი, რატომღაც, ვერ აიწყო ცხოვრება. ოცდახუთი წლის ასაკში გათხოვდა, ქმარს ვერ შეეწყო, მალევე დაშორდნენ და ემიგრანტობა არჩია. ყოველთვის კი იღიმოდა, როცა სკაიპში ველაპარაკებოდი, მაგრამ იმ ღიმილის მიღმა რამდენი სევდა და ტკივილი იმალებოდა, ალბათ მარტო მან და მის სიტუაციაში მყოფმა ადამიანებმა თუ იცოდნენ... ვახშმის მზადებას რომ მოვრჩი და სუფრაც გავაწყე, ნიტას შევაკითხე ოთახში, რომელსაც მოზრდილი ყურსასმენები მოერგო და ისე იყო ქაღალდებში თავჩარგული, ამ სამყაროს მოწყვეტილი და გაცდენილიც კი იყო. ყოველთვის მიკვირდა მისი, ასე როგორ ახერხებდა წერას. მე, თუ სრული სიჩუმე და სიწყნარე არ იქნებოდა, უბრალო შეტყობინებასაც კი ვერ ვწერდი მობილურზე. ამ მხრივ, ალბათ, მამას გავდა, ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, თავის საქმეს მშვიდად და აუღელვებლად გააკეთებდა. არც ადრე გათხოვდა ჩემსავით. ოცდაათ წლამდე არ გავთხოვდები და მაშინაც ვნახოთ რა აზრის ვიქნებიო, ყოველთვის ამას მეუბნებოდა. არა, მისი არგათხოვების წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ ისიც მიხაროდა, რომ ჩემი ბედი არ გაიზიარა და ადრეულ ასაკში არ დაიდგა უღელი. ისე, არც ჩემი ცხოვრების გზას ვემდუროდი. ალბათ, ცხოვრების ხელმეორედ დაწყების შანსი რომ მქონოდა, იგივე შეცდომებს გავიმეორებდი. ყველაზე ძვირფასი ამ ცხოვრებაში რაც გამაჩნდა და ვის გამოც მიღირდა ცხოვრება, ეს ჩემი ნიტა იყო. მართალია, მამისგან დაწუნებული და უარყოფილი იყო, მაგრამ მასთან ამის შესახებ არასდროს მისაუბრია. მამასთანაც მეგობრული ურთიერთობა ქონდა და მე ეს მახარებდა. ოთახში ჩემი შესვლა არ გაუგია. სანამ ახლოს არ მივედი და თავზე არ ვაკოცე, არ გამოუხედია ჩემსკენ. _რა ხდება?_გაოცებულმა მოიძრო ყურსასმენები. _ვახშამი მზადაა, ვივახშმოთ. საათს რომ დახედა, გაეღიმა. _ტასოს უნდა ვუმადლოდეთ ამ დროს ვახშამს? _ხო, რა ვიცი, გადავწყვიტე ცოტა ცვლილებები შევიტანო ჩემს განრიგში და საკუთარ ფიგურაზეც ვიზრუნო._დამნაშავესავით შევხედე. _ძალიან კარგი. მინდა გითხრა რომ ნებისმიერ ასაკს დიდი ხიბლი აქვს ქალის ცხოვრებაში. არ იმჩნევ და არ აღიარებ, მაგრამ შინაგანად ძალიან განიცდი ასაკის მატებას... გამეღიმა. _ხო, რა იყო?_გაოცებულმა შემომხედა, მერე ფეხზე წამოდგა, ხელი მომხვია და ასე ჩახუტებულები გავედით სამზარეულოში._შენს ნაჭუჭში ნუ ჩაიკეტები, შეგიძლია დამელაპარაკო. მე წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ საკუთარი ცხოვრების მოწყობასაც შეეცდები. ვერ გეტყვი, რომ ეკატერინეს მსგავს რომანებს მოგიწონებ-მეთქი, მაგრამ თუ კი გადაწყვეტ, რომ მეგობარი კაცი გინდა, ან სულაც გათხოვება, წინააღმდეგი არ ვარ. ამ თემაზე ყველასთან გავურბოდი საუბარს და მითუმეტეს ნიტასთან. არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, მინდოდა თუ არა გვერდით კაცი. სულ მალე ორმოცი წლის გავხდებოდი და საჭიროებას რატომღაც ვეღარ ვხედავდი მის არსებობას ჩემს გვერდით. მართალია, ეკატერინე ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ამ თემაზე ესაუბრა ჩემთან და დავერწმუნებინე, რომ სექსიც ბუნებრივი მოთხოვნილება იყო, როგორც ჭამა-სმა, ძილი და აუცილებელიც კი იყო, მაგრამ მე არ ვუსმენდი. ამ ხნის მანძილზე გადაჩვეული ვიყავი უკვე ყველაფერს და ვფიქრობდი, (ვფიქრობდი კი არა, დარწმუნებული ვიყავი), რომ მე ეს არ მჭირდებოდა. ვერ ვიტყვი იმას, რომ თაყვანისმცემლები არ მყავდა. რამოდენიმე მათგანმა ხელიც კი მთხოვა, მაგრამ ალეკოსთან გატარებულმა ოთხმა წელმა გამოცდილება შემმატა. მიმახვედრა იმას, რომ კაცი სულაც არ სჭირდება ქალს. ის ხომ ზედმეტი პრობლემები და თავის ტკივილია? უკაცოდაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს და აღარ ვაპირებდი არავისთან არანაირი ურთიერთობის გაბმას. დილით, ისევ რომ მომაკითხეს ტასომ და ეკატერინემ, საშინლად არ მინდოდა მათთან ერთად სარბენად წასვლა, მაგრამ მაიძულეს: ეხლა თუ არ წამოხვალ, საერთოდ დაგვივიწყეო. მართალია, სულ ვჩხუბობდით და ვკინკლაობდით პატარა ბავშვებივით, მაგრამ მაინც ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ და ეს ულტიმატუმიც მისაღები აღმოჩნდა ჩემთვის. სანამ სამსახურში წასვლის დრო მომივიდოდა, კიდევ ვირბინეთ და ვაღიარებ, რომ გუშინდელთან შედარებით ისე აღარ გამჭირვებია. ******************** მოკლეთ, ჩემი დღის განრიგი საგრძნობლად შეიცვალა, ჩემი ცხოვრების ნაწილი დილაუთენია კუს ტბაზე სირბილი და სპორტდარბაზში ხშირი ვიზიტები გახდა. ისე მივეჩვიე ამ ყველაფერს, რომ როცა ეკატერინეს და ტასოს არ ეცალათ ჩემთვის, მარტოც კი დავდიოდი უკვე. მთელი სამი თვე, ნოემბრის ბოლომდე, სანამ ამინდები აირეოდა და შეუძლებელი გახდებოდა სირბილი, გვარიანად დავწვი ცხიმებიც და ცელულიტიც. კალორიების დათვლაც ვისწავლე. მგონი, ჩემს ტანწერწეტა მეგობრებსაც კი ვაჯობე მშვენიერი აღნაგობით. უნდა ვაღიარო, რომ კილოგრამების მოშორებამ საგრძნობლად შემამსუბუქა და მეტი ხალისი და ენერგია მომცა. ბოლო დროს სალონის ხშირი სტუმარიც გავხდი, ჭაღარების დასაფარად თმის შეღებვა დავიწყე, ჩემი ბუნებრივი თმის ფერი ერთი ტონით გავიღიავე და ძალიან მომიხდა კიდეც. წარბების კორექცია და მსუბუქი მაკიაჟიც ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა. თუ ეკატერინეს დავუჯერებდით, ქალი დავდექი დაცემა. თუმცა, არც მანამდე ვყოფილვარ უშნო და შეუხედავი, მაგრამ მოვლილი ქალი რომ მაინც უფრო თვალშისაცემი და მიმზიდველია, ამას ჩემი ორეულიც მიმტკიცებდა სარკიდან რომ მიმზერდა სულ სხვანაირი სხივჩამდგარი თვალებით. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან ყურადღება და დაინტერესებაც საგრძნობლად გაიზარდა. ჩემზე გაცილებით პატარა ბიჭებიც კი იჩენდნენ ჩემდამი დიდ ინტერესს. ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო, რადგან მე ხომ თითქმის ათი წლით მაინც გავახალგაზრდავდი? ჩემს გარდერობშიც შევიტანე ცვლილებები. ტანსაცმლის ზომა გამოვიცვალე. ერთბაშად არა, მაგრამ სტილიც შევიცვალე. სამსახურში თუ ვერ ვბედავდი, გოგოებთან შეხვედრების დროს მაინც მეცვა ნიტას დახეული ჯინსები და სპორტული მაისურები. წლების წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, ასე და ასე შეიცვლებიო, არ დავიჯერებდი. არა და ფაქტი სახეზე იყო. ნიტაც კი კმაყოფილი იყო ჩემი ამ სახეცვლილებით. ერთადერთი, რაზეც აზრი არ შემიცვლია, კაცის არსებობა იყო ჩემს ცხოვრებაში. არც მომწონდა არავინ და არც არავის ვუშვებდი ჩემს სიახლოვეს. თითქოს, სამუდამოდ მქონდა გულის კარი გადარაზული, არავის ვუშვებდი შიგ. ან, შიში მქონდა მამაკაცების. ანდროფობია, როგორც ამას ნიტა იტყოდა. იმ დღეს, სპორტდარბაზიდან რომ დავბრუნდი, ნიტა სახლში დამხვდა, თუმცა წასვლას აპირებდა უკვე. _კარგია რომ მოხვედი. მეჩქარება. ბატონი ალექსანდრე მოვა დღეს და ამ საბუთებზე მოაწერს ხელს._საქაღალდე ჟურნალ-გაზეთების მაგიდაზე ცოტა ხმაურით დაატყაპუნა. _ვინ მოვა?_აბაზანაში შესულმა უკან სვლით დავიხიე და ისე გავხედე გაოცებულმა. _როგორ თუ ვინ? შენი ყოფილი._გაეღიმა. _ვინ ყოფილი?_უარესად გავვოცდი. _რამდენი ყოფილი გყავდა?_ჩემზე მეტად მგონი ნიტა გაოცდა._მამაჩემი. რა გჭირს? ჩვენთან არასდროს მოდიოდა და ის გამიკვირდა. წელიწადში ერთხელ ან ვხვდებოდით და ან არა ერთმანეთს. თან, ნიტამ ბატონი ალექსანდრეთი მოიხსენია და დავიბენი. _მალე მოვა?_უფრო დაბნევის დასაფარავად ვკითხე, ვიდრე ინტერესისა. _ასე, ალბათ ერთ საათში. მოასწრებ შხაპის მიღებას. მე გავემზადები და წავალ. შხაპი სიამოვნებით მივიღე. რამდენ ხანს დავყავი იქ, არ ვიცი. სიამოვნებითაც კი ვიღიღინე. მერე, პირსაწმენდი შემოვიხვიე შიშველ სხეულზე და ისე გამოვედი აბაზანიდან. პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე, რათა გემრიელი ყავა მომედუღებინა და მერე გამოვპრანჭულიყავი, სანამ ალეკო მოვიდოდა. ყავა რომ მოვადუღე, ფინჯნით ხელში ჩემს ოთახს მივაშურე მისაღების გავლით. ჩაფიქრებულმა გავიარე ნახევარი გზა და გვიან შევნიშნე სავარძელში მოხერხებულად მოკალათებული ალეკო, რომელიც ყავას სვამდა და ჩემს შემხედვარეს ფინჯანი გაშეშებოდა ხელში. ისე შევკრთი, რომ გვარიანად შევკივლე და ფინჯანიც კი გამეშვა ხელიდან, რომელიც მის ფეხებამდე მიგორდა ხმაურით. _შენ აქ საიდან?_პირველმა ელდამ რომ გამიარა, ინტერესით შევათვალიერე ოდნავ თმაშეთხელებული და გაჭაღარავებული ჩემი ყოფილი, როგორც ეს ნიტამ უწოდა. _ნიტამ დამიბარა, ხელი უნდა მომეწერა რაღაც საბუთზე, მამის ხელმოწერა სჭირდებოდა._შემომღიმა. _ეგ ვიცი, მაგრამ აქ როგორ შემოხვედი? _ნიტამ გამიღო კარი. თვითონ ლექციებზე წავიდა._მის ფეხებთან მიგორებულ ფინჯანს დასწვდა, აიღო და მაგიდაზე დადო. მერე ფეხზე წამოდგა და ღიმილით მომიახლოვდა._ჯანდაბა, ერთად რომ ვიყავით მაშინაც ასეთი ლამაზი იყავი?_მოურიდებლად შემათვალიერა ნახევრად შიშველი რომ ვიდექი მის წინ საცოდავად აწურული. _მინდა გითხრა, რომ მაშინ უფრო ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი._რაც შემეძლო მშვიდად და ნიშნისმოგებით მივუგე. თან, ენასაც გამოვუყოფდი რომ არ მომრიდებოდა. _შემახსენე ერთი, რატო დაგთმე?_უფრო მომიახლოვდა ალეკო და ჩემს გულს აჩქარების და აფორიაქების მიზეზი მისცა. მერე კი მოულოდნელად ლავიწის ძვლებზე ნაზად გადამისვა თითები. მისმა ამ უბრალო შეხებამ ელექტროშოკივით დამიარა მთელს სხეულში. გამახსენა, წლების წინ ჩემს ნაჭუჭში ჩაკეტილი და მიძინებული ქალი რომ ბუდობდა ჩემში და თითქოს ერთბაშად გამოაღვიძა. ჰორმონებმა თავისი ფუნქცია პირნათლად შეასრულეს და ვნება და სურვილი ერთნაირად ამიშალეს. მთელ ტანზე ტაომ დამაყარა. გონებაც დამებინდა თითქოს. ასე ახლოს, თან ასეთ სიტუაციაში ხომ წლები იყო გასული, რაც აღარავისთან ვყოფილვარ და ავღელდი და ავფორიაქდი. კიდევ კარგი მალევე მოვეგე გონს. საკუთარ თავზე საშინლად გავბრაზდი. შიშმაც შემიპყრო, ნუთუ ასე ადვილად და უბრალოდ შემეძლო წუთიერი სიამოვნებისთვის თავის დაკარგვა? _მომშორდი!_ხელით ძლიერად ვუბიძგე და მკაცრად დავუბრიალე თვალები._შენმა ჯილდამ იცის აქ რომ ხარ? _დავიჯერო, არ გენატრები?_მაცდურად შემომღიმა. _ვინ, შენ?_ირონიულად ჩამეღიმა._და რისთვის უნდა მომენატრო ვითომ? _ეგ ჩემზე უკეთ შენ უნდა იცოდე რისთვის ენატრებათ ქალებს კაცები. _სისულელეებს მორჩი და თუ მოაწერე საბუთს ხელი, წადი, შენთვის არ მცალია! _მარტო ჩემთვის კი არა, ვიცი რომ არავისთვის არ გცალია. შორიდან გაკვირდები, ამ ხნის მანძილზე არავინ გყოლია. ნეტა რატო?_თავისი თაფლისფერი თვალებით ინტერესით მომაჩერდა._მე ხომ არ მელოდები ისევ? შემაკრთო მისმა ნათქვამმა. იქნებ, მართლა ისევ ალეკო მიყვარდა და მიტომაც არ ვიკარებდი არავის? შიშით შევათვალიერე. ძველებურ პეწზე ვეღარ იყო, მისთვისაც დაემჩნია ასაკს თავისი კვალი, მაგრამ მაინც სიმპატიური და სასურველი მამაკაცი იყო. ნებისმიერ ქალს მოხიბლავდა და აუთრთოლებდა გულს. თან, ერთ დროს ხომ ძალიან მიყვარდა? _ძალიან დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე?_მკაცრი გამომეტყველებით შევხედე. _ვითომ?_ისევ დააპირა შემხებოდა, მაგრამ გაავებულმა მოვიგერიე. _არ მომეკარო, თორემ ისეთსას ამოგცხობ მაგ შენს გამრავლების ფუნქციაში, ქალის დანახვა აღარ მოგინდება! _ასეთი არ იყავი._გაუკვირდა._რაღაც ახალია შენთვის ეს გაავება. ველურ კატას გავხარ და მინდა გითხრა, რომ გიხდება, ერთგვარ ხიბლს გმატებს. _რისთვის დაგტოვა ნიტამ აქ არ მესმის._ჩემთვის ჩავიბუტბუტე, თან ჩემს ოთახში შევედი, ხალათი მოვიცვი და ისე დავბრუნდი მასთან. _საქმე მაქვს შენთან და იმიტომ._უცბად დასერიოზულდა ალეკო. _მართლა?_გამომწვევად ავზიდე ცალი წარბი და ისე შევხედე._და იმედი გაქვს, რომ მოგისმენ? _მომისმენ, იმიტომ რომ შენს ინტერესებშიც შედის. _მართლა?_ახლა მეორე წარბი ავზიდე._როდიდან იცავ ჩემს ინტერესებს? _ირონია საჭირო არ არის. მართლა სერიოზული საქმე მაქვს შენთან._სავარძელში ჩაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო._თუ არ შეწუხდები, ერთი ფინჯანი ყავა კიდევ მომიდუღე. _შევწუხდები და ამიტომ ვერ მოგიდუღებ._მის პირისპირ ჩავჯექი სავარძელში._ცოტა დროზე მოამთავრე შენი საქმე, მეჩქარება, პაემანზე მივდივარ._მის გასაბრაზებლად ვთქვი, თორემ რა პაემანი, რის პაემანი? ალბათ, მიმიხვდა, რადგან ეშმაკურად მოწკურა თაფლისფერი თვალები და ისე გამიღიმა. _გადავწყვიტე, ნიტას დაბადების დღისთვის საჩუქარი გავუკეთო და მანქანა ვუყიდო. შენ უფრო იცი რომელი მოსწონს... _რაა?_გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. _მინდა, რომ ნიტას ოქროს დაბადების დღეზე მანქანა ვუყიდო._გარკვევით და მთელი სერიოზულობით მითხრა ალეკომ. ერთხანს დამუნჯებული შევყურებდი და თვალს არ ვაშორებდი მისი სახის გამომეტყველებას. ვერ ვხვდებოდი მატყუებდა თუ სიმართლეს მეუბნებოდა. თუ მატყუებდა, რასთან დაკავშირებით და თუ არა, რამ შეცვალა ასე და რამ აიძულა? _გიკვირს არა?_მწარედ ჩაეღიმა. მერე ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიცუცქა. _ხელი არ მახლო!_წინდაწინ გავაფრთხილე და ხალათის კალთები საგულდაგულოდ გადავიფარე მოშიშვლებულ მუხლებზე. ჩემს ამ მოქმედებაზე ისევ ჩაეღიმა. _ნუ გეშინია, ზედმეტებში მართლა არ გადავალ. უბრალოდ, წეღან გეხუმრე. ვიცი რომ მარტო ხარ და არავინ გყავს. რატო? _შენგან დიდი გამოცდილება მივიღე და იმიტომ. _იდიოტი ვიყავი, ვნანობ._რაღაცნაირად სევდანარევი ტონით მითხრა, ამოიოხრა და ისე ამომხედა ქვემოდან._ხუმრობის და ყოველგვარი სიაფანდობის გარეშე, მინდა რომ ნიტას საჩუქარი გავუკეთო. რა მოდელი ან რა ფერი მოსწონს მითხარი და ზუსტად ისეთსას ვუყიდი... _დაზუსტებით არ ვიცი, გავარკვევ და გაგაგებინებ._ვეღარ გავუძელი მის დაჟინებულ მზერას და ფეხზე წამოვდექი._მართლა მეჩქარება და შეგიძლია წახვიდე. _რომ იცოდე როგორ ვნანობ ჩვენს დაშორებას._ისევ ამოიოხრა. მომეჩვენა რომ გულწრფელი იყო. _მე სულაც არა._ვიცრუე. _გეტყობა. იმიტომ რომ ჩემს გვერდით ასეთი წარმატებული და ძლიერი ქალი ვერ იქნებოდი. ფეხზე წამოიმართა. ერთხანს ისე მიმზერდა, მწვავდა მისი თვალებიდან წამოსული სითბო. ნუთუ მართალი იყო და მართლა ნანობდა ყველაფერს? მერე ლოყაზე მომითათუნა თითები, ღიმილით დამემშვიდობა და ისე გავიდა ბინიდან, არ გამიცილებია. შუა ოთახში ისევ ისე ვიყავი გაშეშებული, როგორც დამტოვა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ცრემლი არ ჩამომგორებოდა. მგონი, ამ ხნის მანძილზე მართლა თავს ვიტყუებდი და არ ვაღიარებდი, რომ მის გამო ვერ შევიყვარე ვერავინ. არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ ისევ ისე მიფორიაქებდა მისი შეხება გულს, როგორც ადრე, როცა დაქორწინებულები ვიყავით. შეიძლება, გონებით ამას ვუარყოფდი და მასზე მოძალებულ ფიქრებს თავიდან ვიშორებდი, მაგრამ სხეულმა გამყიდა. მას ისევ ახსოვდა მისი ყოველი შეხება და ალერსი და დღეს დავრწმუნდი ამაში. ძალიან კარგად ვიცოდი, ნიტას რა მანქანა მოსწონდა, მაგრამ თავიდან მოვიშორე იმ იმედით, რომ მომავალში ისევ მქონოდა მასთან კონტაქტის საშუალება. ნეტა, ჩემისთანა სულელი თუ კიდევ დაიარებოდა დედამიწის ზურგზე? კაცმა მიმატოვა, სამი წლის შვილთან ერთად გამომაგდო სახლიდან და კიდევ ის მიყვარდა? რაო, შორიდან გაკვირდებოდიო? ახლოს მოსვლას ვინმე უშლიდა ვითომ? არც ნიტას აღიქვამდა შვილად და ახლა რა მოხდა? ნეტა, მისმა ცოლმა ჯილდამ თუ იცოდა რასაც აპირებდა მისი ქმარი? მოკლეთ, ამაფორიაქა, ამირია ტკბილ-მწარე მოგონებები და წავიდა. მასზე ხომ გავბრაზდი, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო. როგორ უნდა მყვარებოდა ისევ ის კაცი, ვინც მიღალატა, სხვაში გამცვალა და სხვა ამჯობინა ჩემს თავს? სასწრაფოდ გამოვიპრანჭე და ჩემი სამსახურის ნაცვლად ეკატერინეს ვესტუმრე. როგორც ყოველთვის, პაციენტთა სიმრავლე შეინიშნებოდა მის კლინიკაში. მოსაცდელში ჩამოვჯექი სკამზე და მოუთმენლად დაველოდე, როდის მოიცლიდა ჩემი დაქალი ჩემთვის. მერე ტელეფონი დავაძრე ჯიბიდან და ფეისბუქ გვერდზე შევძვერი. ნერვიულად დავსქროლე და უაზროდ ვათვალიერე ახალი ამბები. მერე, ეშმაკურ ხერხს მივმართე, ეკატერინეს მივწერე, რომ მოსაცდელში ველოდი და პაციენტი გამოუშვა თუ არა, ექთანს დააბარა, რომ მე შევეყვანე. _ლელა მახარობლიშვილი რომელია, წინასწარ ჩაწერილია და მობრძანდეს. ღიმილით წამოვდექი და კაბინეტში შევედი. _რა ხდება?_კარი მივხურე თუ არა, შეშფოთებული მომვარდა._აქ იშვიათად მოდიხარ. ეს მაშინ ხდება, როცა რამე გიჭირს. ამჯერად რა გაგჭირვებია? _არ ვიცი._საცოდავად ამოვილუღლუღე. _სრულ ჭკუაზე ხარ?_ცოტა გამიწყრა._როგორ თუ არ იცი? სახეზე ფერი აღარ გადევს. რა მოხდა? _ალეკო იყო დღეს მოსული... _ალეკო?_ისე გაუფართოვდა გაოცებისგან თვალები, ლამის ბუდიდან ამოუცვივდა._მერე? _მგონი ისევ მიყვარს..._დამნაშავის იერით შევხედე. _რაო?.._ჩემს მოულოდნელ აღიარებაზე ისე დაიბნა, მოწყვეტით დაეშვა თავის სავარძელზე._სულელი ხარ? _ალბათ... რომ შემეხო, თავი ძლივს შევიკავე რომ იქვე არ დავნებდი... _შეგეხო?_ისევ წამოდგა ფეხზე._რისთვის, რა უნდოდა? _ნიტას საბუთებს მოაწერა ხელი და მაგის გამო იყო მოსული. მე აბაზანაში ვიყავი, ნიტას შემოუშვია სახლში და თვითონ წასულა. ნახევრად შიშველი რომ გამოვედი იქიდან და მომეფერა... _იმიტომ გეუბნები, რომ გაიჩინე ვიღაც შენი მოწონებული, რათა ნებისმიერ შემხვედრს არ გადაუშალო ფეხები!.. მერე, შენ რაო?_ეჭვით შემათვალიერა. _მალევე მოვიშორე თავიდან... თან, მომიბოდიშა, ვნანობ ჩვენს განშორებასო. _მერე და შენ გჯერა? _არ ვიცი... მგონი... _სისულელეს ჩაიდენ თუ მას დაუჯერებ და ენდობი. დაგავიწყდა, სამი წლის ბავშვით რომ მიგაგდო ღვთისინაბარა? ახლა რატო შეაწუხა სინდისმა? _ნიტას დაბადების დღეზე მანქანა მინდა რომ ვუყიდო და რომელი მოსწონს, თან რომელი ფერისო. _ხოო?_ისევ სავარძელში ჩაჯდა._რასთან დაკავშირებითო? ნუთუ მართლა სინდისმა შეაწუხა? _არ ვიცი და არც მაინტერესებს... მე უფრო ის მაწუხებს და მადარდებს, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვარ. ისევ ძველებურად მიფორიაქებს მისი შეხება გულს._ლამის ავტირდი. _მისმინე, ახლა არ მცალია. ხომ ნახე რამდენი პაციენტი მელოდება? ამ საღამოს სამსახურს რომ მოვრჩები, მე და ტასო გამოგივლით და კარგად ვილაპარაკოთ. ახლა წადი სახლში, დაისვენე, ალეკოზე ნუ იფიქრებ. დაივიწყე, ის კაცი აღარ არსებობს შენთვის. რაღაც გეგმა აქვს ალბათ და ფიქრობს თავგზა აგირიოს... _სამსახურში უნდა წავიდე, სახლში მაინც ვერ მოვისვენებ. იქ გამომიარე, კარგი? _კარგი._დამპირდა და დაიმედებული გამომისტუმრა. სამსახურში რომ მივედი, ფიზიკურად კი იქ ვიყავი, მაგრამ სულიერად სულ სხვაგან. ალეკოს გაცნობის დღიდან მოყოლებული ჩვენი შეხვედრების ამბებს: დიდ სიყვარულს, ათას სისულელეს, მცირეპერიოდიან ოჯახის შექმნას და დაშორების კადრებსაც კი, თვალნათლივ ვხედავდი. როგორი სინანულით მითხრა, ვნანობო?! ნეტა მართლა ნანობდა? თუ, ეკატერინე მართალი იყო და რაღაცას გეგმავდა? _დღეს რაღაც არ მომწონხარ._ფიქრებიდან რესტორნის მეპატრონის, ბატონი ზურაბის ხმამ გამომარკვია._არა, ცუდად კი არ გამიგო, არაჩვეულებრივად გამოიყურები, უბრალოდ... აშკარად გეტყობა რომ რაღაც გაწუხებს. ცუდად ხარ? თუ გინდა სახლში წადი, მზარეულიც გაართმევს ყველაფერს თავს. დღეს კლიენტთა სიმრავლით მაინც არ გამოვირჩევით. _არა, იყოს, სახლში უფრო ცუდად გავხდები._ვიუარე. _როგორც შენ იტყვი, მაგრამ არ მოგერიდოს, ჩვენი საუკეთესო შეფ მზარეული იმსახურებს დასვენებას. _საღამოს წავალ ცოტა ადრე, ახლა ვიმუშავებ. _კარგი._ჩემი დარჩენა აშკარად გაუხარდა მელოტ და ოდნავ ჩაფსკვნილ მამაკაცს, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რომ მოვწონდი, ყოველთვის ჩემზე ზრუნავდა და დარდობდა. თუმცა, მე არ მომწონდა. ოდნავადაც არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში. შუადღემდე მექანიკურად ვიმუშავე. თავიდან ვერ ვიგდებდი ალეკოს სევდიან გამოხედვას და სინანულით ნათქვამ სიტყვებს, რომ ნანობდა ჩვენს დაშორებას. ჩემს თავზეც საშინლად ვბრაზობდი. აქამდე თუ კი შემეძლო და არ ვფიქრობდი მასზე, მისმა ოდნავ შეხებამ რატომ ამაფორიაქა? ნუთუ, მართლა, ეკატერინესი არ იყოს, ბუნება თავისას ითხოვდა, კაცის ალერსი მინდოდა და ნებისმიერ შემხვედრს ჩავუწვებოდი საწოლში? ამის გაფიქრებამ უარესად გამაგიჟა და გამაცოფა. ნერვები ისე მქონდა დაძაბული, უბრალო რამეც კი მაღიზიანებდა. შუადღის მერე კი, როცა მალ-მალე საათს შევყურებდი და შემოსასვლელსაც ვამოწმებდი იმ იმედით, ეკატერინე და ტასო შემომივლიდნენ, კლიენტებმაც იმატეს. ამან ცალკე დამზაფრა და გამაღიზიანა. ეგ არის, გუნებაში არ ვიძახდი ყოველი კერძის გამზადებისას, "ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა-მეთქი", თორემ არც ამაზე ნაკლებებს ვფიქრობდი. _მეექვსე მაგიდასთან თქვენი ნახვა სურთ კლიენტებს._ახალგაზრდა მიმტანმა გოგონამ მეორედ რომ გამიმეორა და თან მხარზე შემეხო ფრთხილად ხელით, მხოლოდ მაშინ გამომარკვია ფიქრებიდან. _რასთან დაკავშირებით?_ცოტა არ იყოს შევშფოთდი და შევიცხადე. _არ ვიცი, თქვენი შეფ მზარეულის გაცნობა გვინდაო. წინსაფარი და რეზინის ხელთათმანები მოვიძრე, იქვე დავალაგე და მინიშნებულ მაგიდასთან შინაგანად დამფრთხალი, მაგრამ გარეგნულად ამაყი ნაბიჯებით გავეშურე. შორიდანვე შევნიშნე უკვე შეზარხოშებული სუფრის წევრები. სამი შუა ხანს მიტანებული კაცი და ორიც ახალგაზრდა, ძვირფასად მოვლილი ქალი. ხუთივეს ეტყობოდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა მალევე შემნიშნა და თვალი აღარ მოუშორებია ჩემთვის, ისე მივუახლოვდი მათ მაგიდას. _გამარჯობათ. ჩემი ნახვა გინდოდათ?_დაფარული მღელვარებით ვიკითხე. _შეფ მზარეული თქვენ ხართ?_ის მამაკაცი წამოდგა. ჩემზე გაცილებით დაბალი იყო და ხელი გამომიწოდა._ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა._მოუსვენარი ცისფერი თვალები ჩემს სხეულზე მოურიდებლად აასრიალ-ჩამოასრიალა. უხერხული იყო მისი გამოწვდილი ხელისთვის ჩემი არ შემეგებებინა და მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ჩამოვართვი. _მანუჩარი... თქვენ, როგორც შორიდან გიცნობთ, ლელა არა? თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, მოულოდნელად დაიხარა და ხელზე მაკოცა. _თქვენზე ბევრი მსმენია, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხართ. არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებთ. გარეგნობითაც არაჩვეულებრივი ყოფილხართ. რომელ ქალს არ სიამოვნებს კომპლიმენტი ან შექება, მაგრამ მე ალბათ ქალი არ ვიყავი. ერთი სული მქონდა მალე დაესრულებინა ამ შეზარხოშებულ მსუნაგ კაცს თავისი მონოლოგი და სამზარეულოს დავბრუნებოდი. _მართლაც არაჩვეულებრივი კერძები გაქვთ._ზედმეტად გაწელილი სიტყვებით წარმოთქვა ქერა ქალმა და მანაც მოურიდებლად შემათვალიერა._კაცის გულისკენ გზა კუჭზე გადისო ნათქვამია და ჩვენი მანუჩარაც დაატყვევა თქვენმა ნახელავმა._გამომწვევად გადაიკისკისა. _მადლობა შექებისთვის, მაგრამ სამზარეულოში მეჩქარება. დიდი ბოდიშით, თუ მოამთავრეთ საუბარი, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ._ნაძალადევი ღიმილით შევათვალიერე ხუთივე. _ბოდიშით თქვენი ძვირფასი დროის წართმევისთვის._მანუჩარად წოდებულმა კაცმა მაგიდიდან წითელი ვარდი აიღო და გამომიწოდა._ეს თქვენ ჩემგან დიდი პატივისცემის ნიშნად. _დიდი მადლობა, ნახვამდის._ვარდი უწადინოდ ჩამოვართვი და სამზარეულოში დავბრუნდი. მიმტანი გოგონები ერთად შექუჩებულიყვნენ და ღიმილით შემომყურებდნენ. _ვიღაცას ფულიანი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა?_მირანდამ ღიმილით ჩამიკრა თვალი._არა და, ამ ბოლო დროს, ხშირად დაბრძანდება ის კაცი ჩვენს რესტორანში და ნინომ დაადგა თვალი._ბოლო წინადადება დაბალი ხმით წაიჩურჩულა და ჩუმად გადიკისკისა კიდეც. _ვინც დაადგა თვალი იმისი იყოს, მე არ მჭირდება. _რატო, ჩვენო ყინულის დედოფალო?_თამთა ღიმილით მომიახლოვდა და ფაქიზად შემისწორა წინსაფარი, რომელიც გამიჯიუტდა რატომღაც და ძლივს ავიფარე._თაყვანისმცემელი ყველას სიამოვნებს. არ აქვს მნიშვნელობა მის გარეგნულ მხარეს. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ვიღაცას მოსწონხარ. _რაღა დროს ჩემი ეგეთებია?_ნაძალადევად შევიცხადე. _რაღა უდროოსია?_ჩემზე მეტად თამთამ შეიცხადა._ჯერ ერთი, სიყვარულმა ასაკი არ იცის. მეორეც, ბებერი გგონია შენი თავი? ძალიან ცდები. ზუსტად ახლა ხარ გადაფურჩქვნის ასაკში. _ყველა ჩემს ასაკზე რატო ლაპარაკობს?_მეწყინა. _იმიტომ, რომ მტკივნეულად განიცდი. თუმცა, ხმამაღლა არ აღიარებ ამას. უნდობლად შევხედე აშკარად გამხიარულებულ გოგოებს და ჩემს საქმეს წინანდელთან შედარებით უფრო გულისყურით მოვეკიდე. ახალი შებინდებული იყო ეკატერინემ რომ მომწერა, აქ ვართ მე და ტასო და გელოდებითო. მაშინვე ზურაბი მოვნახე და ადრე განთავისუფლება ვთხოვე. _არ არის პრობლემა. ნინოც გაართმევს თავს._ამის თქმა და ჩემი უკანმოუხედავად გავარდნა რესტორნიდან ერთი იყო. ეკატერინე და ტასო მართლაც რესტორნის წინ მელოდნენ მანქანით და აშკარად რაღაცაზე კამათობდნენ. _რაო, ჯულიეტა, მოდიხარ უკვე?_დამინახა თუ არა ეკატერინემ, მინა ჩაწია და ისე გამომძახა. _აქამდე კაკულია, ახლა ჯულიეტა?_გამებრაზა. _გარემოებები შეიცვალა და იმიტომ._ღიმილით გამომძახა და ისევ აუწია მინას, რადგან დეკემბრის სუსხმა აშკარად შეამცივნა შილიფად ჩაცმული. ხელით მანიშნა, მოგვყევიო და მეც მივუჯექი ჩემი ვერცხლისფერი ნისანის საჭეს. ბევრი არ გვივლია, იქვე შორიახლოს შევჩერდით და სამი განუყრელი მუშკეტერი ერთად შევედით ხალხით გადაჭედილ კაფეში. _როგორც ყოველთვის სამი ლატე._ნაცნობ მიმტანს გასძახა ეკატერინემ და ჩვენს ამოჩემებულ განაპირა და მყუდრო მაგიდას მივუსხედით. _აჰა, ესეც ასე._სკამზე მოხერხებულად მოერგო და დაჟინებით მომაშტერა თავისი ნუშისებრი თვალები._ახლა შეგვიძლია ვილაპარაკოთ მშვიდად და აუჩქარებლად. დაფქვი ახლა რა მოხდა შენსა და ალეკოს შორის._კატეგორიული ტონით რომ მომთხოვა, მეც ფრიადოსანი ბავშვივით, თითქოს გაკვეთილს ვყვებოდი, ისე ჩამოვარაკრაკე დღევანდელი შეხვედრა ჩემს ყოფილთან. _მდაა._ორაზროვნად აზიდა ორივე წარბი._სულელი ხარ თუ ისევ გიყვარს, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ შენი მიძინებული ჰორმონების ბრალია. ნახევრად შიშველი იდექი მის წინ. მასაც დორბლი მოადინე და შენც აიშალე ვნებები. მოკლეთ, სანამ გამოუსწორებელი შეცდომა დაგიშვია და ისევ მასთან გაცუნცულებულხარ, ჯობია ვინმე შეარჩიო ვინც დააკმაყოფილებს შენს კრიტერიუმებს. _რა საჭიროა?_ეჭვით შევხედე. _იმიტომ, ჩემო ძვირფასო, რომ შენს სხეულს კაცის ალერსი სჭირდება. ალეკოსთან თუ ჯილდა გადაგიღობავს გზას, გაიქცევი და პირველ შემხვედრსვე ჩაუგორდები საწოლში._აქამდე ჩუმად მყოფმა ტასომაც გამოთქვა თავისი ვარაუდი. _კარგით რაა, მთლად ქუჩის კახპაც ნუ გამხადეთ._ნაწყენმა შევათვალიერე ბრძენი დაქალები. _არ ვიძახი რომ ქუჩის კახპა ხარ. არ მინდა რომ ასე მოხდეს. ალეკო არ იმსახურებს შენს დაბრუნებას!_გადაჭრით თქვა და თლილი და მოვლილი თითები მაგიდაზე რიტმულად აათამაშა._შორიდან გაკვირდებოდიო, ახლოს მოსვლას უშლიდა ვინმე? _ზუსტად ეგ აზრი დამებადა მეც._ვაღიარე და მეც ინტერესით დავხედე ჩემს მოვლილ, წითლად ფრჩხილგალაქულ თითებს. _სად იყო მანამდე, სანამ თავის მოვლა არ დაიწყე? მოვლილი ქალები უყვარს, მაგრამ იმ ქალს იმ მოვლაში რომ დრო, ენერგია და ფული უნდა, ამას არ ფიქრობს? ნიტასთანაც მოუნდა თავის გამოჩენა ხომ? ჯანდაბას, ნუ დაუშლი, რაც ყველაზე ძვირია შენც ის უთხარი. აქამდე არ ახსოვდა რომ შვილი ყავდა და დაიხარჯოს ახლა, არაფერი მოუვა. მიმტანმა სამი ფინჯანი ლატე რომ მოგვიტანა, ეკატერინე გაჩუმდა. მაგრამ წავიდა თუ არა, ისევ გადმოაფრქვია თავისი სიბრძნე. _მის გულის გასახეთქად უფრო გამოიპრანჭე და ისე ესტუმრე სამსახურში. მიხვდეს რა დაკარგა შენი სახით. მაგრამ ფეხებში კი არ ჩაუვარდე, აგრძნობინე, რომ მის მიმართ აღარაფერს გრძნობ და სხვა გყავს. _ის სხვაც აუცილებლად უნდა გაიჩინოს, თორემ ცუდადაა ამის საქმე. თვალებზე ეტყობა, რომ ისევ შეყვარებულია იმ იდიოტზე უარესად იდიოტი და სულელი._ტასომ ლატე სიამოვნებით მოსვა და ინტერესით მომაჩერდა._ისევ გიყვარს ხომ? _არ ვიცი._უაზროდ ავიჩეჩე მხრები. _უყვარს არა ის კიდე._ეკატერინემაც მოწრუპა ყავა._კი არ უყვარს, კაცი უნდა და ვერ გარკვეულა. არა და რამდენი თაყვანისმცემელი ყავს და არავის არაფრად აგდებს. მართლა ყინულის დედოფალი გონია თავი. არა და, ალეკომ ოდნავ თითები შეახო, და მაშინვე გალღვა. ჭკუას მოუხმე, გაიჩინე ვიღაც, რომ მოძალებული ვნება ვინმესთან დაიკმაყოფილო. _ნუ ბჟუტურებ რაღაცას რაა!_ცოტა გავბრაზდი._ ამდენი წელია არავინ მყოლია და გადავეჩვიე უკვე ყველაფერს. _ეს შენ გინდა რომ გადაეჩვიო, მაგრამ ასე რომ არ ხდება?_ახლა ტასომ შემომბღვირა._აგდებით ეკიდები შენს ასაკს... _ასაკი! ასაკი! ასაკი! რა გამიწყალეთ გული მაგ ვიღაც ბალზაკის ასაკით?_უმალ ავენთე._არც სექსი მინდა, არც კაცი და არც ის თქვენი იდიოტი ალეკო._ფეხზე წამოვხტი გამწარებული._კარგად ბრძანდებოდეთ! ჩემთან ერთად გოგოებიც წამოხტნენ მაშინვე, მოხერხებულად გამაკავეს და ისევ დამსვეს ჩემს ადგილზე. _ნუ ბავშვობ და მოგვისმინე._ცოტა მოლბა ეკატერინე._ჩვენი თუ არ გესმის და არ გჯერა, შვილი ფსიქოლოგიას სწავლობს და ჩამოყალიბებული ფსიქოლოგი თუ არა, მეტ ნაკლებად მაგ სფეროში ჩახედულია. დაელაპარაკე და უკეთ გახდები. შენ თავსაც არ უტყდები, მაგრამ აშკარად განიცდი წლების მატებას. თავი ასი წლის ბებერი გგონია. არა და ახლა ყველაზე კარგი ასაკი გაქვს და უნდა დატკბე... _ის ვიღაც კი, როგორც შენ მოიხსენიე, მწერალია ონორე დე ბალზაკი._გაეღიმა ტასოს._ტერმინი, ბალზაკის ასაკი, კი მისი რომანიდან მოდის "30 წლის ქალი"... _მერე, მე საცაა 40-ს მივუკაკუნებ... _მერე რა? გასული საუკუნისგან განსხვავებით ბალზაკის ასაკმა ტრანსფორმაცია განიცადა. თანამედროვე პლასტიკური ქირურგიისა და განსხვავებული შეხედულების წყალობით ერთი ათეული წლით გადაიწია და ჩვენს საუკუნეში 40 წლის ქალი მიიჩნევა უკვე მაგ ასაკში. _ჩვენს ასაკს ერთგვარი ხიბლიც კი აქვს._ეკატერინეც ჩაგვერთო ისევ საუბარში._მოწიფულობის ასაკში მყოფ ქალებს უკვე ჩამოყალიბებული გემოვნება და შეხედულებები გვაქვს. აღარ ვნერვიულობთ ისეთ რაღაცეებზე, რისი გაკონტროლებაც არ შეგვიძლია, მაგალითად, მე სულ ცალ ფეხზე ახლა, რას ფიქრობენ ჩემზე სხვები. არასასურველი ადამიანის მიწვევაზე უარს ვამბობ და დროს აღარ ვკარგავ მათთან ნაძალადევი და ზრდილობიანი ურთიერთობის დასამყარებლად. მართალია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დიდხანს ვეღარ ვქაჩავ და ბოტასებში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაგრამ ესეც კარგია._ისევ ნებიერად მოწრუპა რძიანი ყავა._ვაღიარებ, ხშირად მავიწყდება ოთახში რისთვის შევედი და საათობით ვეძებ ტელეფონს, რომელიც ხელში მიჭირავს, მაგრამ ესეც სახალისოა... ეკატერინეს აღიარებაზე ტასოს ისეთი სიცილი აუტყდა, გარშემომყოფების ყურადღება მივიქციეთ უმალ. _მეგონა, მარტო მე ვიყავი სკლეროზიანი. გამოდის, მართლაც ასაკის ბრალია. მთავარია, ის არ დაგავიწყდეს, რისთვის შემოგყურებს პირღია პაციენტი, თორემ სხვა ისეთი არაფერია საგანგაშო._თან სიცილისგან აცრემლებული თვალები ხელსახოცით ფრთხილად ამოიმშრალა, რომ მაკიაჟი არ გაფუჭებოდა. რატომღაც, მეც თვალნათლივ წარმოვიდგინე პირღია პაციენტი, საცოდავი თვალებით რომ შეჰყურებდა ეკატერინეს, რომელიც უაზროდ ისრესდა შუბლს და ფიქრობდა, რისთვის ქონდა ამხელა პირი დაღებული მის პაციენტს და ტასოზე უარესად მე ავხარხარდი. _თქვენ იცინეთ და ერთხელ მართლა დამავიწყდა. ზომები ავუღე ერთ პაციენტს და სანამ გაშრებოდა, პირმოკუმული დავტოვე. მე საპირფარეშოში გავედი. იქიდან გამოსულს ყავა შემომთავაზეს გოგოებმა, უარი არ მითქვია, გემრიელად დავცეცხლე, წავიჭორავე კიდეც და კაბინეტში რომ დავბრუნდი, რას ვხედავ, ბიჭს დორბლი გადმოსდის უკვე პირიდან, მთელი ერთი საათი კბილებდაკრეჭილი მეჯდა საცოდავი. იმდენი ვიცინე, მუცელი მტკიოდა უკვე. ეკატერინე რომ კურიოზების დედოფალი იყო, ეს ვიცოდი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. გულწრფელად შემეცოდა მისი პაციენტი. _კიდევ კარგი ჯანსაღი კბილები მაქვს და შენთან არ მიწევს მოსვლა, თორემ ნერვიულ სისტემასაც დამიავადებდი... _შენ დაავადებული ნერვიული სისტემა გქონდე, რა ჩემი ბრალია?_გაკვირვებულმა შემომხედა._კბილები კი, მართლაც რომ კარგი გაქვს. ნიტასაც შენგან ერგო გენეტიკით._შურის გარეშე აღიარა._მე რაღა ჯანდაბა მჭირს? ერთი კბილიც კი აღარ შემრჩა საღი. აშკარად, რაღაც დამაკლო მამაჩემმა._გულიანად გადაიკისკისა მანაც. გვარიანად ვიცინეთ, მშვენიერი დრო გავატარეთ. ლამის, მთელი კაფე ჩვენ შემოგვყურებდა ახარხარებულებს. უგემრიელესი ლატეც გემრიელად მივირთვით და ბინდი იყო უკვე, სახლებში რომ წამოვედით. ნიტა სახლში დამხვდა და როგორც ყოველთვის ყურსასმენებმორგებული ჩაჰკირკიტებდა კონსპექტებს. ჩემი შესვლა არ გაუგია სანამ არ მივედი და კისერში არ ვაკოცე როგორც მჩვეოდა. _ცოტა შეგაგვიანდა._შემომღიმა. _გოგოებთან ვიყავი კაფეში. _მივხვდი და აღარ შეგაწუხე. მე ვივახშმე უკვე, ნუ დამელოდები. ბევრი სამეცადინო მაქვს და დიდხანს მომიწევს ჯდომა. ერთხელ კიდევ ჩავეხუტე, ვაკოცე და სამზარეულოში გავედი. თუმცა, არც მე მშიოდა. ალბათ, ნოყიერმა ლატემ დამანაყრა და ისევ გამოვბრუნდი. ჩემს საწოლზე მოხერხებულად მოვიკეცე, ლეპტოპი მოვიმარჯვე და სოციალური ქსელი დავლაშქრე. იმდენი მეჩიჩინეს ტასომ და ეკატერინემ, მართლაც მომინდა ვინმეს გამონახვა მსუბუქი ფლირტისთვის და ჩემი ძველი ნაცნობები გადავათვალიერე. ყველა დაოჯახებული იყო, მათგან არავინ გამომადგებოდა. ოჯახს ხომ არ დავუნგრევდი ვინმეს? ვისაც ცოლ-შვილი არ ყავდა ან მსუქანი და მელოტი იყო, ან საზღვარგარეთ იყო წასული. ასე რომ არავინ გამომადგებოდა. მერე, ისევ ინტერნეტში წიგნები მოვიძიე და ონორე დე ბალზაკის "30 წლის ქალი" მოვძებნე. სხვათაშორის, ისე გამიტაცა კითხვამ, ლამის თავზე დამათენდა. ძალიან გასათვალისწინებელი და დამაფიქრებელი იყო რომანტიკული ბუნების ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელიც ქორწინების შემდეგ თანდათან განიცდიდა იმედგაცრუებას და კარგავდა ახალგაზრდობის ილუზიებს, სიყვარულსა და ქორწინების სურვილს. ადვილად ამოვიცანი ჩემი თავი მის განცდებსა და გრძნობებში. ჩემს ქვეცნობიერში ასაკის მატებას მართლაც რომ განვიცდიდი და ამას არა თუ ტასოს და ეკატერინეს, არამედ საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი. ვხვდებოდი, რომ მტკივნეულად ვუყურებდი უაზროდ გაფლანგულ წლებს, რომელსაც უაზროდ გაფლანგულსაც ვერ დავარქმევდი. ამ წლებმა ხომ ნიტა შემძინა, სამსახური და კარგი შემოსავალი? ალბათ, სხვა შრმთხვევაშიც ვიწუწუნებდი წლების გაფრენას თვალსა და ხელს შუა. მგონი, ის უფრო მწყინდა, რომ არავინ მყავდა ალეკოს შემდეგ და ისევ მას მივტიროდი... მეორე დღეს სამსახურის კარებთან ვითომ შემთხვევით, მანუჩარი გადამეყარა. გაუხარდა ჩემი დანახვა. ვაღიარებ, მეც მესიამოვნა იმის გააზრება, რომ ვიღაცას მოვწონდი და ვაღელვებდი, მაგრამ მანუჩარი? რა ვქნა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა. დამინახა თუ არა, ღიმილით გადაებადრა სახე. _დილა მშვიდობისა მშვენიერო ქალბატონო._თამამად მომესალმა. _დილა მშვიდობისა._უწადინოდ რომ მივესალმე, შემატყო. _გუშინ საფულე დავკარგე და მის მოსაძებნად ვიყავი._ამიხსნა რასაც აკეთებდა ჩემი სამსახურის წინ და თითქოს მომიბოდიშა კიდეც. _მერე?_დავინტერესდი._იპოვეთ? _კი, მიმტანს ეპოვა და შეენახა._ბედნიერმა შემომღიმა. ასეთი რაღაცეები მთვრალ კლიენტებს ყოველთვის ემართებოდათ. ხშირად სხვაგან კარგავდნენ და ჩვენთან ეძებდნენ უშედეგოდ. გამიხარდა, ამ შემთხვევაშიც რომ ასე არ მოხდა. _ძალიან კარგი._ნაძალადევად შევღიმე ზრდილობის გულისთვის უფრო და შენობაში დავაპირე შესვლა. _ამ საღამოს თუ გცალიათ, ერთად გვევახშმა._ამ მოულოდნელ შეთავაზებაზე აშკარად დავიბენი და ისე შევხედე დაბალ მამაკაცს, ყურთ ხომ არ მომესმა-მეთქი. _ძალიან ვჩქარობ არა?_შემომღიმა. _დიდი მადლობა, მაგრამ არ მცალია. _ცუდია. თუმცა, რა გაეწყობა? ოდესმე მოიცლით ალბათ და დამდებთ პატივს. _არ მგონია._ასე ვთქვათ, ცივი წყალი გადავასხი საცოდავად მომზირალ მანუჩარს და ისე შევედი რესტორანში. _ვთქვი, რომ შენს სანახავად გააჩალიჩა საფულის დაკარგვა და გნახა კიდეც._ღიმილით ამესვეტა მირანდა._რას უწუნებ მაგ ფულიან კაცს? _ყველაფერს._არც კი დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე და სამზარეულოში შევედი. _რა ცივი და კატეგორიული ტონია, ცოტა იმედი მაინც მიგეცა იმ საცოდავისთვის._სამზარეულოში შესულს მაინც მომწვდა მისი მხიარული ხმა. ტყუილი იმედი რისთვის უნდა მიმეცა ვითომ? არ მომწონდა და არ ვაპირებდი მასთან არანაირი ურთიერთობის გაბმას. ზრდილობის გულისთვის ფუჭი იმედები რა საჭირო იყო? ნეტა, ადრეც ასე ვფიქრობდი, თუ ახლა მართლაც ჩემი ასაკის ბრალი იყო ყველაფერი? არანაირი ზრდილობის ეტიკეტი. არ მომწონდა? პირდაპირ თქმა სჯობდა და არა ხელზე დახვევა და ფულების გამოძალვა. მართალია, წუხანდელს აქეთ კი ვფიქრობდი ვინმეს გაჩენას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ნებისმიერს შევხვდებოდი... თან, გაჩენაშიც უეჭველი ფიზიკური კონტაქტი კი არ მოიაზრებოდა? უბრალოდ მეგობარი და მერე ამ მეგობრობას რა სახეს მივცემდით, დრო გვიჩვენებდა. შუადღის მერე ამინდი აირია და გაწვიმდა. თან ისეთი საშინელი ქარი ამოვარდა, თამთა შიშისგან კანკალებდა, მეორედ მოსვლა იწყებაო. შიშით არ შემშინებია, მაგრამ მედარდებოდა, ასე თუ გაგრძელდებოდა, ნიტა როგორ მიაღწევდა სახლამდე? მართალია, დაქალები ფეხით არ გაუშვებდნენ უნივერსიტეტიდან ამ ამინდში, მაგრამ ეგეც მეფიქრებოდა, როგორ ივლიდნენ. ჯერ ისევ ნიტას მარშრუტის ხარისხზე ვდარდობდი, რომ მირანდა კი არ შემოვიდა სამზარეულოში, არამედ შემოფრინდა. _მესამე მაგიდასთან კლიენტს შენი ნახვა სურს._მითხრა და თან გამიღიმა. _მანუჩარისთვის მცხელა ახლა მე?_საავდრო ღრუბლებივით შევყარე წარბები. _მინდა გითხრა, რომ ვერ გამოიცანი. მანუჩარი არ არის. კაი ტიპია. _მანუჩარი არ არის?_გამიკვირდა. არა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ის იქნებოდა. _არ არის. მაგარი სიმპოა._ისევ შემომღიმა._ცოდო არ არის, რომ ბერდება?_ეს ბოლი წინადადება კი, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა უკვე. თავი მოვიწესრიგე და დარბაზში გავედი. მესამე მაგიდასთან შორიდანვე შევნიშნე ერთი ადამიანი, რომელიც ჩემგან ზურგშექცევით იჯდა და ვიტრინიდან ქუჩას გაჰყურებდა. შავ ტყავის ქურთუკზე ნათლად ემჩნეოდა წვიმის ნაკვალევი. ალბათ, ახალი შემოსული იყო რესტორანში. თითქოს, ვიცანი ვინც იყო, მაგრამ თვალებს არ დავუჯერე. მუხლების კანკალით მივუახლოვდი და ჩემი მისვლა რომ გაიგო, მაშინვე შემომანათა თავისი თაფლისფერი თვალები. თან, რაღაცნაირად შემომღიმა და გული გამიჩერა. _აქ რას აკეთებ?_თავი ვაიძულე და წყრომით ვკითხე. _შენი ნომერი ვერ გავიგე ვერანაირად, გასაიდუმლოებული გაქვს როგორც ეტყობა და აქ იმიტომაც მოგაკითხე. დაჯექი, სალაპარაკო მაქვს. _შინაგანაწესით მეკრძალება კლიენტთან ერთად მაგიდასთან დაჯდომა. თან, არ მცალია. _ვითომ?_ეჭვით მოავლო ნახევრად ცარიელ დარბაზს თვალი._როგორც ვატყობ, კლიენტები თავპირს არ გაჭამენ ამ საშინელ ამინდში და სადღა გეჩქარება? თუ, თავიდან მიშორებ? _რა გასაკვირია? ერთ დროს შენც მომიშორე... _და სამაგიეროს მიხდი?_უნდობლად შემომხედა. _ვგავარ შურისმაძიებელს?_კითხვას კითხვითვე ვუპასუხე. _შურისმაძიებელს?_დაფიქრდა და ახლა ინტერესით შემათვალიერა._არა._ეს ისე დარწმუნებით და გადაჭრით თქვა, ცოტა დავიბენი._დაჯექი, დაჯექი, არ მგონია რამე პრობლემა გქონდეს._ფეხზე წამოდგა და ზრდილობიანად გამომიდგა მაგიდიდან სკამი რომ ჩამოვმჯდარიყავი. _ზრდილობის ეტიკეტი?_ჩამეღიმა._რაღაც ახალია შენში. _ირონია საჭირო არ არის._სანამ მე არ დავჯექი, თვითონ არ დაჯდა._ რა გაარკვიე აბა, ნიტას რომელი მანქანა მოსწონს და რა ფერი? _nissan note, ფორთოხლისფერი._ისე ადვილად ვაღიარე, გამიკვირდა. თუმცა, მინდოდა რომ ცოტა კიდევ მეწრუწუნებინა. _დედა-შვილს ეგ ნისანი რამ შეგაყვარათ?_ჩაეღიმა. _მკითხე, რომელი მოსწონდა და გიპასუხე. ახლა დაკითხვას მომიწყობ რა და როგორ?_სიბრაზე მომერია._შენს ჯილდას როგორი გემოვნება აქვს, ჩემზე უკეთესი და დახვეწილი? ღიმილით შემომხედა. ერთხანს ისე მიყურა, თითქოს ჩემს თვალებში აპირებდა რამის ამოკითხვას. ვერ გავუძელი მის დაჟინებულ მზერას და თვალი მოვარიდე. ისევ მიფორიაქებდა ეს იდიოტი გულს და ჩემს თავზეც მეშლებოდა ნერვები. _დღემდე ვერ მაპატიე ჯილდა რომ ვარჩიე შენს თავს?_სევდიანი ღიმილით შემომხედა._სხვათაშორის, ვერც მე... სულელი რომ იქნება კაცი... _მორჩი ფარისევლურ სინანულს._ფეხზე წამოვდექი._აქ, მგონი, ნიტას ამბავის გასარკვევად იყავი მოსული. ხომ გითხარი? ხო და წადი, არ მცალია... _მოიცადე._ხელზე წამატანა ხელი და დამიჭირა, რომ არ წავსულიყავი. მისმა შეხებამ ტანში სასიამოვნოდ გამცრა. შევეცადე თავი გამეკონტროლებინა და არ მეგრძნობინებინა მისთვის, რომ გრძნობებს მირევდა ისევ, თუმცა გულმა ისე გამალებით დამიწყო ფეთქვა, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა და სუნთქვაც გამიხშირდა. _რაღა გინდა?_შევეცადე რაც შემეძლო მკაცრი ვყოფილიყავი და ჩემი ხელი დენდარტყმულივით გამოვგლიჯე ხელიდან. _დაბადების დღეს ამ რესტორანში უხდი? მანქანა სად მოვუყვანო? მინდა, რომ სიურპრიზი იყოს და ძალიან გთხოვ, არაფერი უთხრა. _შენს სიურპრიზს არ ჩაგიშლი, მასეთი არამზადა არ ვარ. ნომერი დატოვე და თვითონ შეგეხმიანები დეტალებზე. მაშინვე ჯიბეზე იტაცა ხელი და სავიზიტო ბარათი გამომიწოდა გახარებულმა. ბარათი გამოვართვი და ისე დავბრუნდი სამზარეულოში, არც კი დავმშვიდობებივარ. ვგრძნობდი, რომ მზერით მომაცილებდა და ეს უარესად მიფორიაქებდა გულს და მთვრალი კაცივით მირევდა ფეხს. ნუთუ ისევ მიყვარდა? ისევ ისეთი სიმპატიური კი იყო. მგონი, უფრო მეტადაც, დაკაცებულიც და დაბრძენებულიც, თუმცა... ალბათ, მე უფრო ის წარსული მიყვარდა ჩემში, ერთ დროს სამუდამო თუ ვერა, მცირეხნიანი ბედნიერება მაინც რომ მაჩუქა. სამზარეულოში დაბრუნებულმა შევნიშნე, რომ მიმტანი გოგოები, მირანდა და თამთა, ეშმაკური ღიმილით მიმზერდნენ. მადროვეს სანამ წინსაფარი, ქუდი და ხელთათმანები მოვირგე და რომ არაფერი ვუთხარი, სამართალდამცავებივით ამომიდგნენ ერთი ერთ მხარეს და მეორე მეორე მხარეს. ეგ იყო, ბორკილები არ დაუდიათ მარტო. _აბა, რაო? ახალი თაყვანისმცემელია?_ღიმილით მკითხა მირანდამ._მანუჩარს ასი თავით ჯობია და არც ეგ მოგწონს? _უბრალოდ, საქმეზე ვილაპარაკეთ. თან... _რა თან?_მოუთმენლად აწრიალდა თამთა. _ჩემი ყოფილია, ნიტას მამა... _რაა?_ორივეს გაოცებისგან ჩამოუვარდა ქვევითა ყბა._მასეთი არაჩვეულებრივი კაცის ცოლი იყავი და გაშორდი?_მირანდამ უჩუმრად გაიჭყიდა დარბაზში და ალეკოს გახედა. _გარეგნობა ყოველთვის მაცდურია._გარეგანი სიმშვიდით ვთქვი, თორემ შინაგანად ქარიშხალს ვებრძოდი და სალათის ფოთლების გადახარისხებას შევუდექი. _აბა, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო?_მიამიტურად ააფახულა თამთამ თვალები. _ეგ შენებური ინტერპრეტაციაა?_გამეღიმა._ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო._შევუსწორე. _რა მნიშვნელობაა ჯანსაღი თუ ლამაზი? რატო დაშორდით? რატომღაც ლაპარაკის ხასიეთზე არ ვიყავი, მითუმეტეს გულახდილობისა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ძლივს ვუთხარი: _არასრულწლოვნები დავქორწინდით. მერე კი ვერ შევეწყეთ ერთმანეთს... _რატო, რომ დაიზარდენით, გემოვნება შეგეცვალათ?_გულწრფელად გაუკვირდა მირანდას. კიდევ კარგი ერთ მაგიდასთან ანგარიში მოითხოვეს და ახალი კლიენტებიც შემოგვემატნენ, თორემ მათ რაღა გააჩუმებდათ? შეკითხვებით ამომხდიდნენ სულს. ღიმილით გავიდნენ დარბაზში და მეც შვებით ამოვისუნთქე. ისე კი, დამაფიქრა მირანდას შეკითხვამ, ნუთუ მართლა ასაკის მატებასთან ერთად შეგვეცვალა გემოვნება? თუმცა, მე ხომ ისევ ისე მომწონდა მისი თაფლისფერი თვალები, როგორც ადრე? მე ნამდვილად არ შემხებია ეს ცვლილება. უბრალოდ, ვერ აეწყო ჩვენი ცხოვრება, როგორც გვეგონა და ვგეგმავდით. ხშირ შემთხვევაში კაცებს ვამტყუნებთ, სხვა ქალისკენ რომ გაურბით თვალი. ამ ამბავში ხშირად ქალებიც ვტყუივართ. საკუთარი თავისთვის როგორ ვერ უნდა გამოვნახოთ მცირეოდენი დრო, რომ თმა მაინც დავივარცხნოთ და დღე და ღამ ერთი და იგივე ხალათით არ ვიაროთ მოჩვენებასავით? მერე რა, რომ გავთხოვდით და აღარავის ვეპრანჭებით? პირველ რიგში ქმარს უნდა გაეპრანჭო ქალი, რომ სხვისკენ არ გაუწიოს გულმა. თუმცა, არც ქალები ვტყუივართ ხშირად. ოჯახის მოვლა იმდენ ფიზიკურ და სულიერ ენერგიას მოითხოვს, შენი თავისთვის ვეღარ იცლი. დედამთილი მაინც რომ მყოლოდა საქმეში ჩამზიარებელი, ცოტას მაინც ხომ მივხედავდი საკუთარ თავს და ჩემი ქმარიც აღარ დაკარგავდა ჩემდამი ინტერესს? ოჯახის დანგრევაში ყველას მიუძღვის მეტწილად ბრალი. მარტო ერთი არასდროს არ ტყუის... საღამოს, სახლში მისულმა, სანამ ძილს დავაპირებდი, ისევ წიგნის კითხვა განვაგრძე. არ ვიცი, რაღაც სულ სხვანაირი მუხტით ვიმუხტებოდი თითოეული აბზაცის თუ წინადადების წაკითხვისას. თან, თითქოს, ყოფით პრობლემებს მავიწყებდა და მწერლის ფანტაზიის სამყაროში მამოგზაურებდა, რაც მე ეს ძალიან მომწონდა. არასდროს დამძინებია ტელევიზორის ყურებისას ან ტელეფონით გართობისას. ყოველთვის ვგრძნობდი მოძალებულ ძილს და სწოლში ჩაწოლას ვამჯობინებდი ხოლმე. ახლა რა დამემართა არ ვიცი, მუცელზე დადებული ლეპტოპით ისე ტკბილად ჩამეძინა, ვერაფერი გავიგე. როცა გამეღვიძა კი, ლეპტოპი აღარ მედო და საბანიც თბილად მქონდა მოფარებული, (თუმცა ისევ ტანსაცმლიანი ვიყავი). ამაზე ნიტა იზრუნებდა და მესიამოვნა მისი ეს ზრუნვა, გული საოცარი სითბოთი ამევსო. საათს რომ დავხედე, გათენებას ბევრი აღარ ეკლდა. თუმცა, ჯერ ისევ ბნელოდა. ქარიც ისევ მძვინვარებდა გარეთ. ქარი ჩადგებოდა თუ არა, ჩათბებოდა ალბათ და თოვლსაც მოიტანდა. პატარა ბავშვივით მიყვარდა თოვლი. ვერ ვიტყვი, რომ გუნდაობის ან სრიალის დიდი მოყვარული ვიყავი. უბრალოდ, გარინდულ ბუნებაში მიყვარდა თოვლში სიარული, სიჩუმეს რომ მხოლოდ თოვლის შარი-შური არღვევდა. საათობით შემეძლო მარტო ყოფნა და სიცივის მიუხედავად მაინც ბედნიერების განცდით სეირნობა. საწოლში რომ ვეღარ გავძელი, წამოვდექი და სამზარეულოს მივაშურე ყავის მოსადუღებლად. გამიკვირდა, ნიტა რომ იქ დამხვდა და ყავას მიირთმევდა. _უძილობა გჭირს?_შევიცხადე, რადგან არასდროს შემიმჩნევია მისთვის უძილობა. _არა, უბრალოდ დღეს შუალედური გამოცდები მაქვს და ვემზადებოდი. წუხელ საერთოდ არ დამიძინია._ღიმილით აღიარა. შემეცოდა ასე გამოუძინებელი რომ უნდა დასწრებოდა გამოცდებს, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. ბავშვობიდან ასეთი იყო, მაქსიმალურად იხარჯებოდა ყოველთვის და რაცარუნდა მეჩიჩინა მისთვის, არ შეისმენდა. სამაგიეროდ, ჩაივლიდა თუ არა მისი გამოცდები, ერთიანად აინაზღაურებდა დაკლებულ ძილს. _დღეს ცოტა შემაგვიანდება. გამოცდების მერე კურსელები ვიკრიბებით და ავღნიშნავთ ამ ციებ-ცხელების დამთავრებას. მართალია, მერეც შეგეხმიანები, მაგრამ მაინც._სიყვარულით შემომღიმა._მართლა, რამდენი ხანია კითხვა მინდა და სულ მავიწყდება. მაშინ, შენ და მამამ, რაზე ისაუბრეთ? ალეკოს სურვილს პატივს ვცემდი, არ მოვაკლებდი ამ სიამოვნებას და ამიტომ ნაუცბადევად რამე ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რომ ეჭვი არ გასჩენოდა. _ამას წინათ ჩვენს რესტორანში იყო მთვრალი და საფულე დაჰკარგვია.-მანუჩარის ისტორია გამახსენდა და მას მოვარგე ოსტატურად._ მირანდამ იპოვა, პირადობის დამადასტურებელი საბუთი რომ ქონდა შიგ, მე მომცა, შენ უფრო მიაწვდენო. იმას ხომ არ ვეტყოდი, არ ველაპარაკები-მეთქი?._ნაძალადევად შევღიმე და რომ არაფერი შეემჩნია, გაზქურასთან მივედი და ყავის მოდუღებას შევუდექი. _მეც არ გამიკვირდა, რასთან დაკავშირებით მოინდომა შენი ნახვა?_აშკარად დამიჯერა, რადგან აღარ ჩამძიებია და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი._არ მინდოდა უხერხულში ჩამეყენებინე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი დაბადების დღე შენს რესტორანში ავღნიშნო. ჯერ ერთი, საუკეთესოა და თან, საუკეთესო შეფ მზარეული ყავს. შენ რამე პრობლემა ხომ არ გექნება? _არა, რას ლაპარაკობ?_მართლა გამიხარდა._ მას მერე, რაც მითხარი, რომ მოიფიქრებდი, ვდარდობდი. მეც იქ მირჩევნია. _ორმოცდაათი კაცი ქუჩდება. ბევრი ხომ არ არის, გავწვდებით? უფრო მეტს ვფიქრობდი მე და თადარიგიც მეტზე მქონდა დაჭერილი. გამიხარდა ნაკლები რომ მითხრა. თან, შეღავათები მექნებოდა რესტორნიდან, როგორც იქ მომუშავეს და მართლაც ყველაფერი კარგად იქნებოდა. _შენ ხომ არ გეწყინება ნიკა და გიაც რომ დავპატიჟო?_ცოტა შეფარვით მკითხა. ნიკა და გია ალეკოს ბიჭები იყვნენ. რომ მეთქვა, არ მეწყინება-მეთქი, ტყუილი გამომივიდოდა, მაგრამ ნიტას ძმები იყვნენ და მე რა უფლება მქონდა დამეშალა მათთან ურთიერთობა? ცოტა კი თამამი და უხეში ბიჭები იყვნენ, მაგრამ მაინც მისი სისხლისმიერი ნათესავები იყვნენ და მათთან ურთიერთობის დაშლა ჩემი მხრიდან კარგი საქციელი არ იქნებოდა. _არა, რატო უნდა მეწყინოს?_გამიკვირდა. _ამიტომაც მიყვარხარ, რომ საუკეთესო მყავხარ._წელზე მომხვია ნიტამ ხელები, ზურგიდან მომეხუტა და ასე გაირინდა. _მენიუს როდის შეარჩევ?_ყავა ისე მოვიდუღე და ისე ჩამოვასხი ფინჯანში, ხელი არ გაუშვია ჩემთვის. _მენიუს შერჩევა შენ რომ ითავო?_კისერში ისე მაკოცა, როგორც მე ვკოცნიდი ხოლმე._შენზე უკეთ ამ სფეროში ვერავინ ერკვევა. მე გაფორმების დიზაინს მივხედავ. _კარგი, მასე იყოს._გამიხარდა მენიუს შერჩევა მე რომ მანდო. _წავალ, გრილ შხაპს მივიღებ, ცოტა გამოვიფხიზლო თავი, თორემ შეიძლება ჩამომეძინოს._ლოყაზე ნაზად მაკოცა და აბაზანისკენ გაცქრიალდა. თვალი გავაყოლე. მშვენიერი აღნაგობა ქონდა. შეხედულებითაც არაჩვეულებრივი იყო. ჩემი და ალეკოს ნაკვთები მასში ისე იყო თავმოყრილი, მთლიანობაში ძალიან ნაზი და ლამაზი იყო. თაყვანისმცემელი ბევრი ყავდა. თუმცა, თვითონ არავინ უყვარდა როგორც ამას მე მეუბნებოდა. ჩემთან საიდუმლოებები არასდროს ქონია, მაგრამ იქნებ შეყვარებულს მიმალავდა? მაგრამ სწავლაზე ისე იყო გადაკლული, მისთვის მოიცლიდა ვითომ? 21-ში 21 წლის ხდებოდა. ასაკი ნამდვილად არ ქონდა ისეთი, რომ აჩქარებულიყო. მართალია, მე მის ასაკში უკვე მყავდა ოთხი წლის შვილი, მაგრამ ის ხომ ჩემგან ძალიან განსხვავდებოდა და ოჯახის შექმნას ჯერ სწავლას, სამსახურს და კარიერას ამჯობინებდა? ისე, არც კარიერისტი ქალები იქცევიან კარგად. თუმცა, ყველას ცხოვრების სტილს მე ხომ არ განვსჯი? იმ დღეს მართლაც შეაგვიანდა ნიტას. გამოცდების ჩაბარება რესტორანში აუღნიშნიათ. გვიანობამდე ვიჯექი ხან ლეპტოპის წინ და ხანაც ტელევიზორისა და მოუთმენლად ველოდი. ქარი ისევ საშინლად ბობოქრობდა. თორმეტი ხდებოდა სადარბაზოს წინ მანქანის შეჩერების ხმა რომ გავიგე. მას გოგონების ჩუმი კისკისიც მოჰყვა. ნიტა მალევე დაემშვიდობა დაქალებს და ხუთ წუთში ბინაში შემოიპარა კიდეც უხმაუროდ. სავარძელში მოკუნტული რომ დამინახა, გაუხარდა კი, რომ ველოდი, მაგრამ მაინც მისაყვედურა. _აქ რას იტანჯავ თავს, დაწოლილიყავი მაინც. _დაწოლილს დამეძინებოდა, მე კი შენ გელოდი. _ძილს რატო იმწარებ. ვერ მოვიდოდი?_ჩემს წინ ჩაიცუცქა, ფეხებზე მომხვია ხელი და თავი კალთაში ჩამიდო. მცირე დოზით ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. ერთ ჭიქას დალევდა, მეტს არა. არ უყვარდა მთვრალი გონებით ყოფნა. ამასაც, გასამხიარულებლად სვამდა ხოლმე ყოველთვის. თავზე რომ გადავუსვი ხელი, გაიტრუნა. მერე მოულოდნელად ამომხედა და ისე მკითხა. _მამა რომ გაიცანი და პირველად შეხვდი, რა იგრძენი? დავიბენი. ეს არასდროს უკითხია ჩემთვის და რასთან დაკავშირებით მეკითხებოდა, ვერ მივხვდი. _ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ბაღიდან ერთად ვიყავით... _როცა მიხვდი, რომ გიყვარდა რა იგრძენი პირველად რომ აღმოაჩინე? ავღელდი. მართლაც თვალწინ დამიდგა ის დღე, როცა პირველად მივხვდი, რომ მიყვარდა. _ნაჩხუბრები ვიყავით რაღაც ბავშვური სისულელის გამო. სკოლაში შევრიგდით. მახსოვს კიბეზე მოვრბოდი, ფეხი დამიცდა საფეხურზე და მეოთხე საფეხურიდან გადავვარდი. მამაშენი მაგ დროს კიბეზე აპირებდა ამოსვლას და მის ფეხქვეშ გავიშხლართე. მეტკინა კი ყველაფერი, მაგრამ გავბრაზდი მის თვალწინ რომ შევრცხვი. შემრცხვა და თანაც როგორ. რომ დაიხარა და წამომაყენა შეშფოთებულმა, რამე ხომ არ იტკინეო, გამიკვირდა. თან, მისმა შეხებამ თითქოს დენი დაარტყაო, ისე შემაძაგძაგა. მაშინ შევნიშნე პირველად მისი ლამაზი თვალებიც... _მერე? _რა მერე? მადლობაც კი არ მოვუხადე ჩემზე ზრუნვისთვის და ამაყად განვაგრძე გზა, ვითომ არაფერი მტკენოდეს. არა და ფეხიც საშინლად მტკიოდა და მკლავიც. იმ ღამეს ტკივილმა ხომ შემაწუხა, მაგრამ მისმა თვალებმა უარესად. მოვხუჭავდი თუ არა, მაშინვე თვალწინ მედგა... მოიცა, რასთან დაკავშირებით მეკითხები ახლა ამას?_ეჭვით დავხედე. _არ ვიცი. დღეს ერთ-ერთი კურსელის ბიძაშვილი გავიცანი. არ ვიცი, დავინახე თუ არა, რაღაც თბილი და ნაზი განცდა დამეუფლა მის მიმართ. ასეთი არასდროს არაფერი მახსოვს. ნუთუ ეს არის სიყვარული? რამდენჯერაც შემომხედავდა, სახე მეწვოდა და ვიბნეოდი. მავიწყდებოდა რას ვლაპარაკობდი და აზრი შუაზე მიწყდებოდა. მის აღიარებაზე გული ისე ამიძგერდა, თითქოს მე ვიყავი შეყვარებული. თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. თითქოს სხვანაირი სხივი უკრთოდა ლამაზ თაფლისფერ თვალებში. _ეგ სიყვარულის ნიშნებია რომ იცოდე._დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. _მართლა?_გაეღიმა._გამოდის შეყვარებული ვარ?... იცი, ფილოსოფიურ კონტექსტში სიყვარული სათნოებაა, რომელიც ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობას და ერთგულებას წარმოადგენს. შენ და მამასაც ხომ გიყვარდათ ერთმანეთი, ერთმანეთის ერთგულები იყავით? დამაბნია ამ კითხვამ. არასდროს მიფიქრია ამაზე. გამოდის, მე ვიყავი და დღემდეც ერთგული ვარ მისი, მაგრამ ის? _მე ვიცი, რომ დღემდე მისი ერთგული ხარ. საშუალება რომ გქონდეს, დაუბრუნდებოდი? _მართლა არ ვიცი, ვერ გეტყვი, არასდროს მიფიქრია ამაზე. _იცი, კაცის მკვლელებს პატიობენ ზოგჯერ და სხვა ქალისკენ გახედვა შენი აზრით საპატიებელი არ არის? _გეთანხმები, მაგრამ ის სხვა ქალი უკვე მისი ოფიციალური ცოლია და მასთან შვილები ყავს, ვერაფერს შევცვლით. არ მინდა ამაზე არც ფიქრი და არც საუბარი. _შენ დღემდე გიყვარს მამა, არა? ამ მოულოდნელმა კითხვამ გული უარესად ამიჩქროლა. _მესმის შენი, პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელიაო, მაგრამ ფსიქოლოგების თქმით, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ვინ იყო პირველი, არამედ ის, ვინ იქნება უკანასკნელი სიყვარული. პირველ სიყვარულს მრავალი მხიარული და სახალისო თავგადასავალი ახლავს და დარწმუნებული ვარ, შენც ბევრი გექნებოდა მამასთან... _ახლა ჩემს სიყვარულზე ლაპარაკის დროა ვითომ? შენზე ვილაპარაკოთ._გავაპროტესტე. _ჩემზეც ვილაპარაკებთ, ოღონდ სხვა დროს._ფრთხილად წამოდგა ფეხზე._ჩემზე მეტად მგონი არავის ენდომება თქვენი შერიგება, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ არ მინდა რომ წარსულის მოგონებებით იკვებებოდე. მინდა, რომ პირადი ცხოვრება შენც აიწყო. მე რეალისტი ვარ. არც წარსულის გადმონაშთები მახასიათებს და კატასტროფად ამ მივიჩნევ იმას, თუ ჩემი საყვარელი დედიკო მეორედ სცდის ბედს და გათხოვდება. ქალს ნებისმიერ ასაკში სჭირდება კაცის ზრუნვა. შენ მამას მერე არავის გაუღე გულის კარი და გამოიკეტე შენს ნაჭუჭში. გგონია რომ ვეღარავის შეიყვარებ. თან, ალბათ ხალხის გაკრიტიკების გეშინია. შენ შენთვის უნდა იყო ბედნიერი და არა სხვისთვის._დაიხარა, შუბლზე მაკოცა და თავის საძინებელს მიაშურა. აი, თურმე რას ნიშნავს ფსიქოლოგის კონსულტაცია. აი, თურმე რატომ ხარჯავს ფულს ხალხი მასთან ვიზიტებში. ერთნაირად შეარყია ჩემი შეხედულებები ნიტამ და საკუთარ გულშიც კი ჩამახედა, სადაც მიყრუებული კუნჭული მქონდა და არათუ სხვებს, საკუთარ თავსაც კი არ ვაძლევდი იქ შეხედვის უფლებას. მთელი დღე ჩაფიქრებული ვმუშაობდი და ჩემს გარშემო რა ხდებოდა, ან ვინ რას ლაპარაკობდა არ მესმოდა. ნიტასაც კი შეუმჩნევია, რომ მე ისევ მამამისი მიყვარდა. ვერ შევძელი მისი დავიწყება. მგონი, უფრო იმიტომ, რომ არავის ვაძლევდი ჩემს გულში შემოღწევის უფლებას. ნიტა მართალი იყო, წარსულით ვიკვებებოდი და ამით ვკმაყოფილდებოდი. მასთან დაბრუნება მართლაც შეუძლებელი იყო. რაც მე გამოვიარე მცირეწლოვან შვილთან ერთად მიტოვებულმა ქალმა, ამას არასდროს გავუკეთებდი ჯილდას. მერე რა, რომ ის ჩემი მეტოქე იყო და არასინდისიერად მომექცა. იქნებ, არც ის იყო დამნაშავე. დარწმუნებული ვარ, ალეკო თავიდან დაუმალავდა რომ დაქორწინებული იყო, მერე კი ყველაფერი ასე აეწყო. პირველ რიგში მეც ქალი ვიყავი და სოლიდარობას ვუცხადებდი მას. მართალია, ამ ჩემს აზროვნებასთან დაკავშირებით ეკატერინესთან სულ დავა მქონდა, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ინდივიდუალურია? ყველას თავისი აზრი გააჩნია და ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს? ყველას თავისი თავი ჰგონია მართალი, ან უნდა რომ ეგონოს... საღამომდე ისე ვიმუშავე, სამზარეულოდან არ გამომიყვია ცხვირი. იმ დღეს კლიენტების სიმრავლით გამოვირჩეოდით. საღამოს კი, გოგოებმა რომ გამომიარეს, ჩვეულებისამებრ ჩვენს კაფეში დავსხედით და როგორც ყოველთვის ლატე შევუკვეთეთ. _დღეს ისეთი დღე მქონდა, გაოგნებული ვარ._ეკატერინემ რძიანი ყავა სიამოვნობით მოხვრიპა და მერე მე და ტასოს სათითაოდ შემოგვხედა. ალბათ, აინტერესებდა როგორი რეაქცია გვექნებოდა. ჩვენ კი, დიდად არ გაგვკვირვებია მისი ეს ნათქვამი, რადგან ხშირად ამ პროლოგით იწყებდა ჩვეულებრივ ამბებსაც კი. ერთხანს გაოცებულმა გვიყურა არანაირი რეაქცია რომ არ გვქონდა არც ერთს. ცოტა ეწყინა კიდეც. _არაფერს მკითხავთ? _რისთვის?_გავიოცე._ცოტას გაცდით და მერე შენ თვითონაც კარგად მოყვები ყველაფერს. მხოლოდ წამიერად შეყოვნდა. მერე კი, მართლაც მოფქვა ყველაფერი. _თენგომ ცოლობა მთხოვა. _რაა? _მართლა?_ერთდროულად წამოვიყვირეთ მე და ტასომ. ორივეს ერთნაირი გაოცებული სახეები გვქონდა. _მართალია, დიდი ხანი არ არის რაც ვხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მიყვარს. იმდენად რომ ჩემს გვერდით მეცოდება კიდეც. _რას ქვია გეცოდება?_უარესად გავვოცდი. _თქვენზე კარგად ვერავინ მცნობს. აღიარეთ რომ საშინელი ხასიეთი მაქვს და აუტანელი ვარ. _ნუ, ეხლა... მაგაში კი გეთანხმები, მაგრამ მაინც საყვარელი ხარ._დავამშვიდე აფორიაქებული დაქალი._თვითონაც ხომ გიცნობს და იცის როგორიც ხარ? გადაწყვიტა ალბათ, რომ შენს გვერდით ურჩევნია ცხოვრება და შენ რატო ტორმუზდები? _არ ვიცი. სიმართლე რომ ვთქვა, მეშინია. ერთ დღეს ოფიციალური სახე რომ მივცეთ ყველაფერს, მეორე დღეს კი აღმოჩნდეს, რომ ვერ ვუგებთ და ვერ ვეწყობით, დავშორდეთ? _დაშორებას შენ ასე მტკივნეულად არასდროს განიცდიდი და რამ შეგაცვლევინა აზრი?_გაუკვირდა ტასოსაც._პირველი შემთხვევა იქნება? _დიახაც, პირველი იქნება._გაცხარდა ეკატერინე._უბრალო რომანსა და ოჯახის შექმნას თქვენ თუ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან, კარგად ყოფილა თქვენი საქმე. ოჯახი მე ძალიან საპასუხისმგებლო თემა მგონია და მისი დანგრევა ძალიან მეძნელება. უბრალო რომანი რაა? თქვენ გგონიათ, რადგან ვინმეს ვხვდები, უეჭველი მასთან სექსი მაქვს? ზოგიერთისთვის კოცნის უფლებაც კი არ მიმიცია. ვაღიარებ, ზოგთან საწოლიდან ადგომაც კი არ მნდომებია. მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ოჯახი მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობებია. მე ჩემი სამსახურის გარეშეც ვერ გავძლებ. პირღია პაციენტებს რომ არ ვუჩიჩხინო ჩემი ინსტრუმენტები, გავგიჟდები ალბათ. თენგოც მიყვარს. მის გარეშეც გამიჭირდება, მაგრამ ოჯახის შექმნა უკვე მეტისმეტი მგონია. _სრულ ჭკუაზე ხარ ვითომ ახლა შენ?_ეჭვით შეხედა ტასომ._ქალის ცხოვრებაში ოჯახი და შვილები უმთავრესია. აბა, ლელას კითხე, ხომ ამდენი ტანჯვა-წამება გამოიარა ცხოვრებაში და ცხოვრების ხელმეორედ არჩევის შანსი რომ ქონდეს, ისევ ამ ცხოვრებას არ აირჩევდა ნიტას გამო? ეკატერინემ რომ გადმომხედა, თანხმობის ნიშნად მაშინვე დავუქნიე თავი. _თენგო არ ჩანს ისეთი ტიპიური კაცი, სამსახურისთვის თავი დაგანებებინოს. თუმცა, შენც უნდა დათმო ცოტა რამ. მაგალითად, განაკვეთი შეამცირო და ნახევარ დროს თუ სამსახურში იქნები, ნახევარი ოჯახს დაუთმო. მაშ როგორ გინდა? ქალმაც უნდა დათმოს ბევრი რამ და კაცმაც. ეს ცხოვრება ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. შენ რა გგონია, მე და ვაჟას იდეალური ოჯახი გვაქვს და იდეალურად ვუგებთ ერთმანეთს. ხან ისეთ უბრალო რამეზე დავირევით, სასაცილოც კია. მაგრამ ორივეს შეგვიძლია დათმობა და პატიება. შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა სამარცხვინო სულაც არ არის. პირიქით, ეს ამყარებს ჩვენს ოჯახს. თან, ერთმანეთს ვენდობით და არ ვუზღუდავთ თავისუფლებას... მაგრამ მე მგონია, რომ შენ გამოფობია გჭირს... _ეგ რაღა ჯანდაბაა?_გაუკვირდა ეკატერინეს. _დაქორწინების შიშია. მთელი ცხოვრება ვინმესთან ყოფნის შიში. მაგრამ მინდა გითხრა, რომ ნებისმიერი ფობია დაძლევადია თუ კი მოინდომებ. ეგ შენი გადასაწყვეტია, დაოჯახდები თუ არა, მაგრამ დაოჯახებასაც თავისი ხიბლი აქვს. იცი, რა კარგი განცდაა, როცა იცი, რომ სახლში მისულს ვინმე დაგხვდება და იზრუნებს შენზე? ან, საღამოს დაღლილ-დაქანცული რომ მოგივა სამსახურიდან ქმარი და შენ იზრუნებ მასზე, ვახშამს დაახვედრებ, გულისყურით მოუსმენ მთელი დღის ამბებს რომ მოგიყვება. შენი ამბითაც დაინტერესდება და შეიძლება მოჩვენებითი, მაგრამ მაინც თანაგრძნობით რომ მოგისმენს როგორ გაატარე მთელი დღე სახლში საოჯახო საქმიანობაში, ან როგორ გაერთე დაქალებთან... _ისე ხატოვნად აღწერ მაგ ყველაფერს, ეკატერინესი რა ვთქვა, მაგრამ მე კი მომანდომე მეორე ჯერზე დაოჯახება და მაგ ყველაფრის ცდა._მიამიტურად გამეღიმა. _ბევრი ვეცადე შენთვისა, გამამივიდა ჩემთვის არა, მაგრამ ლელასთვის კი._გულღიად გადაიკისკისა ტასომ._რაო, ჯულიეტა, გამოჩნდა შენი ახალი რომეო?_ინტერესით მომაჩერდა. ეკატერინემაც რომ მომაპყრო დაჟინებული მზერა, გადავიკისკისე. _არა, უბრალოდ, დღის წესრიგში დავაყენებ ახალი ქმრის პოვნას. _ხო და ძალიანაც კარგი._ორივეს ისე გაუხარდათ, თითქოს მართალც ვთხოვდებოდი უკვე. ******************** მართალია, გოგოებს შევპირდი, ჩემს მეორე ცდას დაქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ერთი კვირა ისე გავატარე, არავინ მომიძებნია და არც არავინ გადამყრია შემთხვევით, თუ არ ჩავთვლით მანუჩარს, რომელიც ორჯერ გადამაწყდა ვითომ და მართლაც შემთხვევით. მარტო მანუჩარისთვის კი არა, არც არავისთვის მეცალა, ნიტას დაბადების დღე ახლოვდებოდა და ყველანაირად ვუწევდი ორგანიზებას. მინდოდა ყველაფერი იდეალური ყოფილიყო. ჩემი შვილის ოცდამეერთე დაბადების დღე არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი უნდა ყოფილიყო. ალეკოსთან დარეკვას ვაჭიანურებდი. არ ვიცი რატო, მაგრამ რამდენჯერაც ტელეფონი მოვიმარჯვე ხელში და ნომერი ავკრიფე, იმდენჯერ გადავიფიქრე. მისი ხმის გაგონება მაფრთხობდა თითქოს. არ მინდოდა ჩემთვის მღელვარება შეემჩნია... თუმცა, როდემდეღა გავაჭიანურებდი და წინა დღეს, სანამ ნიტას დაბადების დღე ექნებოდა, დავურეკე. ყოველი ზუმერის გასვლაზე გული მიჩერდებოდა თითქოს. კარგა ხანს ვურეკე. რატომ არ მპასუხობდა არ ვიცი, მაგრამ იმედი რომ გადამეწურა, ზუსტად მაშინ მიპასუხეს. _გისმენთ._ქალის სასიამოვნო ხმა იყო. დავიბენი. ალბათ ჯილდა იყო და რა მეთქვა აღარ ვიცოდი. არც მე მესიამოვნებოდა ჩემი ქმრის ყოფილ ცოლს რომ დაერეკა მისთვის და ვერც ჯილდას გავამტყუნებდი თუ გემოზე გამომლანძღავდა. _უკაცრავად, ბატონი ალექსანდრე მინდოდა._ხმის კანკალით ძლივს ვუთხარი. _გასულია და რომ დაბრუნდება, რა გადავცე, ვინ დაურეკა?_ცოტა ეჭვი გაკრთა მის ხმაში. რა უნდა გადაეცა, ვინ ვიყავი, რისთვის ვურეკავდი? _წვეულების ორგანიზებასთან დაკავშირებით ვრეკავ. გადაეცით რომ ამ ნომერზე შემეხმიანოს._რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. რაც მთავარია ტყუილი არ მითქვია და ამით დავიმშვიდე სინდისი. უბრალოდ, დავუმალე ვინც ვიყავი. მთელი დღე უშედეგოდ ველოდი მის ზარს, არ დაურეკია. მივხვდი, რომ ჯილდა იეჭვებდა რაღაცას, აბა, ახალგაზრდა უცხო ქალმა დაურეკა მის ქმარს და სახელი არ უთხრა, საეჭვო არ იყო ვითომ? დარწმუნებული ვიყავი, რომ დაუმალავდა ჩემს ნომერს და FBI-ის აგენტივით თვითონ დაიწყებდა კერძო გამოძიებას. საღამოს, ჯერ ისევ რესტორანში ვიყავი, რომ იქ მომადგა ცოტა გამწყრალი. _ჩემი სავიზიტო ბარათი ჯიბეში ჩასადებად კი არ მომიცია. მგონი, უნდა დაგერეკა და გეთქვა სად და როგორ უხდი ჩვენს შვილს დაბადების დღეს. _ამ დილით დაგირეკე, ქალმა მიპასუხა გასულიაო. დავუბარე, რომ გადმოგერეკა, მაგრამ შენ არ გადმომირეკე. _დამირეკე? რა დროს?_გაუკვირდა. _ასე, ცხრა საათისთვის. _ალბათ, აბაზანაში ვიყავი._დაფიქრდა,_მაგრამ ჯილდამ რატო არ მითხრა?_გაუკვირდა. _ალბათ, დაავიწყდა. ან, უკვე გამოძიებას აწარმოებს ვინ დაურეკა უცხო ნომრით მის ქმარს._გამეღიმა. _მინდა გითხრა, რომ ჯილდა ეჭვიანი არ არის. ყოველი შემთხვევისთვის, სკანდალებს არ მიწყობს. ამაში მაინც გამიმართლა._ამოიოხრა. მერე უცბად დასერიოზულდა და ისე შემომხედა._დღეს ბიზნეს პარტნიორებთან მარკეტინგული ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ამ რესტორანში მინდოდა, მაგრამ უარი მითხრეს, მეორე სართულზე დაბადების დღის სუფრა გვაქვს და პირველ სართულს ვერ დავკეტავთ, კლიენტებს ჩვეულებრივ მივიღებთო. ჩემი იქ ყოფნა აუცილებელია. ცოტა ხნით მოვალ, მანქანას გადავცემ და ისევ წავალ. არა და, მინდოდა, რომ შენს გვერდით ვყოფილიყავი. შემთვრალ ახალგაზრდებს შეხლა-შემოხლა ან გაუგებრობა რომ არ მოუხდეთ. _ნუ იღელვებ, მეც გავართმევ მაგას თავს. თან, ნიკა და გიაც აქ იქნებიან. _ვიცი და ეგ უფრო მაშფოთებს. ვიცი ჩემი შვილების ხასიეთიც და სიმთვრალეც. არ მინდა, რომ ნიტას დაბადების დღემ ცუდად ჩაიაროს. _ნუ დარდობ, დაცვა გვყავს._დავაიმედე. _ყველანაირად ვეცდები ადრე განვთავისუფლდე. მანქანას კი ექვსი საათისთვის მოვუყვან. შევყურებდი და მიკვირდა, ასე რომ იყო შეცვლილი. სამსახურის მიმართ პასუხისმგებლობა და ახლობლებზე ზრუნვა რაღაც მეუცხოვებოდა მისთვის. თუმცა, რად მიკვირდა, მეც ხომ შეცვლილი ვიყავი? მაშინ, უბრალოდ ბავშვები ვიყავით და ბავშვურად ვაზროვნებდით. ბავშვურად ვუდგებოდით ყველანაირ პრობლემას. შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ წლები ცოტათი მაინც რომ ცვლის ადამიანს, ეს ხომ ცხადია? დილით ნიტას საძინებელში ფეხაკრებით რომ შევიპარე და მძინარეს თავზე დავადექი, მაინც გაიგო და უმალ წამოყო საწოლიდან თავი. _დაბადების დღეს გილოცავ საყვარელო._ვაკოცე და ჩემი საჩუქარი გადავეცი._ვიცი რომ ძალიან აფასებ დროს და უქმად არასდროს ფლანგავ, ამიტომ ჩემი საჩუქარი მგონია რომ მოგეწონება. გაოცებულმა გამომართვა, შეფუთვა ერთი ხელის მოსმით სასწრაფოდ შემოაცალა და ერთხანს გაოგნებული დასჩერებოდა ოქროს საათს. _კავალი? ხუმრობ? ეს ხომ რამოდენიმე ათასი დაგიჯდებოდა? _მართალია, უბრალოც და ძვირადღირებულიც ერთი და იგივე ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მინდა რომ ჩემს ანგელოზს ეს საათი უმშვენებდეს მაჯას. _რა საყვარელი ხარ!_ ერთნაირად გახარებული, გაოცებული და აღტაცებული გადამეხვია და ისე მჭიდროდ მომეხუტა, განძრევის საშუალება აღარ მომცა._ძალიან იღბლიანი ვარ შენ რომ მყავხარ. უშენოდ მე ვერ ვიქნებოდი ის, რაც ახლა ვარ. შენი დამსახურებაა ჩემი წარმატება. მიყვარხარ. მის აღიარებაზე ცრემლი მომერია. მეც ძალიან მიყვარდა და საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობდი მისი გულისთვის. ჯერ ისევ ერთმანეთს ვეხუტებოდით, რომ მისი ტელეფონის ეკრანი აინთო. ზარი ქონდა გათიშული და ხმა არ ისმოდა, მაგრამ ვიღაც რომ ურეკავდა, მივხვდი. ნომერს დახედა თუ არა, ღიმილით გაეპასუხა. _ძილსაც აღარ მაცდი?.. არა, არა, გეხუმრე... დედამ დაგასწრო, მომილოცა უკვე... დიდი მადლობა, შენც ხომ მოხვალ?.. რატო?.. რა ცუდია, მინდოდა რომ შენც ჩემს გვერდით ყოფილიყავი... კარგი, გკოცნი._ დაასრულა თუ არა ლაპარაკი, გადმომხედა._მამა იყო, ვერ მოვალო. თუმცა, მე ისედაც მივხვდი, რომ ის იქნებოდა. მართლა ძალიან შეცვლილი იყო ჩემი ყოფილი ქმარი. სულ სხვა ალეკო იყო ჩემს წინ. აი ისეთი, როგორსაც ვინატრებდი ჩემს გვერდით, მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა ყოვლად შეუძლებელი იყო, მას ჯილდასთან ორი შვილი ყავდა და მე ვერ დავუნგრევდი ოჯახს, თუმცა მის შერიგებაზე და მასთან დაბრუნებაზე ბევრი ფიქრი და ყოყმანი რომ არ დამჭირდებოდა, ამას ვხვდებოდი. ეკატერინესი არ იყოს, ცალტვინა და ცალფაზიანი ვიყავი და იმიტომაც მაწუხებდა ასეთი აზრები ალბათ... მოგვიანებით სამსახურში ნიტამ გამიყვანა. კოსმეტოლოგთან უნდა წავიდე და მანქანა მათხოვეო. არ დამიშლია, მე მაინც არ მჭირდებოდა და ტყუილად უნდა მდგარიყო ავტოსადგომზე. სამსახურში მისვლის წუთიდან კი დავფაცურდი, სულ ციბრუტივით ვბზრიალებდი. მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო და თითქმის ყველაფერს მე ვხელმძღვანელობდი. საქმეს ცოტა ის მირთულებდა, რომ პირველ სართულზე კლიენტებს ჩვეულებრივ ვიღებდით და ორმაგად დატვირთული ვიყავი. მართალია, ნინო უძღვებოდა პირველ სართულს, მაგრამ მეც მიწევდა კლიენტის მოთხოვნილი კერძის მზადება. ამის გამოც ძალიან ვღელავდი და ვნერვიულობდი. მაგრამ მაინც ყოჩაღად ვართმევდი თავს. ეკატერინე და ტასო რომ მოვიდნენ და ისევ სამუშაო ფორმით დამინახეს, გადაირივნენ. _შენი შვილის წვეულებაზე მზარეულის ფორმით უნდა იყო?_ისე შეიცხადა ეკატერინემ, ღიმილი ვერ შევიკავე. მერე მან გამაქცია სახლში, წინდაწინ ნაყიდი ჩემი კაბა მოვირგე, სალონშიც გამოვიქროლეთ და სტუმრები უკვე მოსვლას იწყებდნენ, რესტორანში რომ დავბრუნდით. ნიტა უკვე იქ იყო (ალბათ გზაში ავცდით) და სტუმრებს ღიმილით იღებდა. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იმიტომ კი არა, რომ ჩემი იყო, მართლაც ყველაზე ლამაზი იყო. ფერიას გავდა თავის ვარდისფერ ლამაზ კაბაში. მსუბუქი მაკიაჟი ქონდა გაკეთებული და თმაც სასწაულად ლამაზად აკეცილი. არ ვიცი, რომ დავინახე, თვალი ვეღარ მოვწყვიტე. _ეს პატარა მზეთუნახავი შენი ნიტაა?_ეკატერინეც ვერ ფარავდა აღტაცებას._ღმერთო, რა სასწაულად ლამაზია. დაბადების დღე რომ მიულოცა და გულში ჩაიკრა, ძლივს შეელია, რომ ახლა ტასო გადახვეოდა. _რა ლამაზი ხარ ჩემო საყვარელო, სულ მინდა რომ გიყურო. ბიჭებმა არ მოგვტაცონ შენი თავი, ცოტა ფხიზლად მოგვიწევს ბებერ ალქაჯებს ყოფნა._გაეცინა ტასოს და გულიანად ააკისკისა ნიტაც. წვეულება არაჩვეულებრივი გამოვიდა. როგორც რომ ალეკოს ეშინოდა თავისი ბიჭების სიმთვრალისა, ისე არ მოხდა. კარგად იხალისეს და გაერთნენ. ჩვენ, ბებერი ალქაჯები, როგორც ტასომ მოგვიხსენია, პირველ სართულზე მოვსხედით და იქ გავაბით ნადიმი, ახალგაზრდებს არ შევუშალეთ ხელი. ხანდახან კი ავხედავდი ხოლმე, არაფერი დაეშავებინათ, მაგრამ ისე ერთობოდნენ და ხალისობდნენ, მალევე ვმშვიდდებოდი. ზუსტად ექვს საათზე ალეკოც მოვიდა. დარბაზში რომ შემოვიდა, ისე ელეგანტურად და სიმპატიურად გამოიყურებოდა, მარტო მე კი არა, იქ დამსწრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მგონი ყველას აუჩქარა გული. ღიმილით მოგვესალმა მე და ჩემს დაქალებს და მაღლა ავიდა ნიტასთან. მეც ფეხზე წამოვდექი, რომ ავყოლოდი, მაგრამ გაოცებულმა ეკატერინემ შემაჩერა. _ის ვინ იყო, ალეკო? ჯანდაბა, რა მშვენივრად გამოიყურება. ახლა კი მესმის შენი ისევ მას რომ მისტირი... მეტი აღარ გამიგია, რადგან კიბეს მივაშურე. თუმცა მალევე დავბრუნდი უკან, რადგან გაოცებული ნიტა და გაღიმებული ალეკო უკან ბრუნდებოდნენ. _სიურპრიზები დიდად არ მიყვარს მინდა გითხრა._თან მამამისს აფრთხილებდა. გარეთ გასულებს რამოდენიმე სტუმარი, მე და ჩემი დაქალებიც გავყევით. ძალიან მაინტერესებდა ნიტას რეაქცია და დავწინაურდი. სადგომზე რომ გავედით და იქ, წითელბაფთაშემოხვეული ფორთოხლისფერი ნისანი იდგა, ნიტა ჯერ საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდა. ალეკომ გასაღები რომ გადასცა, შენიაო, მაშინ კი გადაეხვია გახარებული და სიხარულისგან აკივლდა. ამ სიტუაციაში მამა-შვილის დანახვამ ცრემლი ჩამომიგორა ლოყაზე. _ღმერთო, მაპატიე, მასზე სულ ცუდს რომ ვეჩიჩინებოდი ლელას, ეს რა არაჩვეულებრივი ვინმე ყოფილა._ალეკოს მისამართით გაოგნებული ჩურჩულებდა ეკატერინე და ისე მეხუტებოდა._ახლა კი მესმის შენი... სიხარულის ელდამ რომ გადაუარა ნიტას, საჭესაც მიუჯდა და ასე ვთქვათ, გატესტა თავისი მანქანა. _მსოფლიოში საუკეთესო მამა მყავს._ხმამაღლა გამოაცხადა და ისევ გადაეხვია გაღიმებულ ალეკოს. ალეკომ წასვლა რომ დააპირა, ნიტას არ ეთმობოდა, მაგრამ მან ყურში რაღაც უჩურჩულა და ღიმილით დაშორდნენ ერთმანეთს. წვეულება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ახალგაზრდებს ცოტა ალკოჰოლი კი მოეკიდათ, მაგრამ არევას და აყალ-მაყალის მოწყობას არავინ ცდილობდა. ნიკა და გიაც კი, ალეკომ რომ შემაშინა მათი სიმთვრალითა და უხასიათობით, არაჩვეულებრივად იქცეოდნენ. ძალიან კარგი დრო გაატარეს. თორმეტი ხდებოდა დაშლა რომ დაიწყეს კანტი-კუნტად და ზუსტად თორმეტზე ნიტაც გავაცილე თავისი ახალი მანქანით სახლში. მე ცოტა შემაგვიანდა. როცა რესტორნიდან გამოსვლა დავაპირე, პირველ სართულზე ჯერ ისევ ღრეობდნენ ახალგაზრდა ბიჭები. აშკარად მთვრალები იყვნენ. მახსოვს, მათ სიახლოვეს რომ ჩავიარე, ერთ-ერთმა ჩემი მისამართით რათაც ჩაიდუდუნა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ის იყო კარს წავატანე ხელი, რომ წამოდგა და მომიახლოვდა. _მადლობა მაინც მოიხადე გოგო. გაოცებულმა შევხედე. ოცდახუთ წლამდე იქნებოდა. წვერი ოდნავ მოშვებული. ლოყაზე ირიბი ნაიარევი ემჩნეოდა. მონაცრისფრო ცივი თვალები რაღაც ავის მომასწავებლად უელავდა. _შენისთანა უკადრისი ქალები ვიცი, ანგელოზივით ბიჭებს რომ არაფრად აგდებენ და ისეთებს ეგებიან ფეხ-ქვეშ, ზედ რომ არც შეაფურთხებ._მაჯაში ძლიერად მომკიდა ხელი და გარეთ გასვლის საშუალება არ მომცა. _ვერ გავიგე ჩემგან რა გინდა?_მკაცრად ვკითხე და მის თანამეინახეებს გადავხედე აშკარად გამხიარულებულები რომ შემოგვცქეროდენ._ვიცნობთ ერთმანეთს? _შენისთანებს კარგად ვიცნობ... _მეჩქარება, შენთვის არ მცალია. გამიშვი, სანამ დაცვას დავუძახე._გავაფრთხილე. _დაცვით მაშინებ?_მოულოდნელად დანა დააძრო ჯიბიდან და ყელზე ისე მომაბჯინა, ტკივილი ვიგრძენი. აქ კი დამცხა და შემეშინდა. უფრო იმიტომ რომ მისი მეგობრები მაშინვე წამოდგნენ და მოგვიახლოვდნენ. _ბაცო, ბიჭო, რას შვრები? სისულელე არ ჩაიდინო._ერთ ერთმა ბიჭმა ჩურჩულით უთხრა ბაცოდ წოდებულ ბიჭს და კამერებზე ანიშნა._ყველგან ეს დედააფეთქებული კამერებია იცოდე. _აი დარდი?!_ამაზრზენად გაიღრიჭა ბიჭი. _შენ კიდევ სროკის დამატება გინდა, რა სისულელეს აკეთებ? ან, ამ ქალისგან რა გინდა?_ახლა მეორე ბიჭი გამოელაპარაკა. _როგორ თუ რა? გვერდით რომ ჩაგვიარა, მივესალმე და შევაქე, რა ლამაზი ხარ-მეთქი და ზედაც კი არ შემომხედა. სალამი ღვთისაა ძუკნა, რატო პასუხი არ დამიბრუნე? ან რატო მადლობა არ მომიხადე კომპლიმენტზე. დაცვის კაბინეტიდან გელა და გოგიტა რომ გამოვიდნენ, ცოტა გული მომეცა. _ვერ გავიგე რა ჩაილაპარაკე. მეგონა შენს მეგობრებს ელაპარაკებოდი და მიტომ არ მოგაქციე ყურადღება._თავი ვიმართლე. _ახლა რა გინდა, უნდა დამაჯერო შენი ტყუილები?_უარესად გაცოფდა ბაცო. _დანა მომაშორე თუ ვაჟკაცი ხარ. ქალს დანით აშინებ?_მეც გავბრაზდი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე._მაგის გარეშე ვაჟკაცობა არ გყოფნის არა? _ჩემს კაცობაში ეჭვი გეპარება შე ბებერო ძუკნა?_ხმამაღლა მიღრიალა, დანა მართლაც მოისროლა და ახლა ყელში მწვდა დასახრჩობად. _ბაცო, ბიჭო, გაგიჟდი?_აყვირდნენ მისი ძმაკაცებიც და სანამ გელა და გოგიტა მოაღწევდნენ ჩვენამდე, ისინი ეცნენ და გაშველება დაგვიწყვეს. ისე ძლიერად მიჭერდა ყელში ხელებს, სუნთქვა შემიგუბდა და თვალთ დამიბნელდა. მხოლოდ ლანძღვა-გინების და დაცვის ბიჭების გამაფრთხილებელი ხმები მესმოდა. გაოგნებული ვიყავი. ვერ ვხვდებოდი ამ გადარეულს რა უნდოდა ჩემგან. კიდევ კარგი, გელამ და გოგიტამ იმარჯვეს და გააშვებინეს ჩემი თავი, თორემ საიქიოში გამისტუმრებდა ეს შეურაცხადი. თუმცა, სამშვიდობოს რომ დავიგულე თავი და შვებით ამოვისუნთქე, ზუსტად მაგ დროს რაღაც სასწაულად დაუსხლტათ ხელიდან. ოსტატური ნახტომით, აი ისე, როგორც ჩასაფრებული ავაზა ეცემა ხოლმე თავის მსხვერპლს, ზუსტად ისე მეცა. თავი ვეღარ შევიკავე და ვიტრინას შევასკდი გამეტებით, რომელიც ზრიალით ჩამოიმსხვრა და რესტორნის გარეთ გავგორდით უკვე ორივენი მინის ნამსხვრევებზე. მე რომ ზურგით დავეცი, ბაცო ზედ დამეცა. სუნთქვა ისე შემეკრა, ვეღარ ამოვისუნთქე და საშინელმა ტკივილმა გონება დამიბინდა. ფილმიდან ამოჭრილი კადრებივით ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს რაც მერე მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები და პოლიციაც ერთდროულად მოვიდა. ბაცო კი გააკავეს, მაგრამ საავადმყოფოში დასჭირდა გადაყვანა, რადგან ჩამტვრეულ მინაზე ფერდი გამოეკრა და გვარიანად ქონდა გაჭრილი. მე იმდენად ჭრილობები არ მქონდა, რაც ნეკნები მტკიოდა და სუნთქვას მიშლიდა. საავადმყოფოში რომ გადამიყვანეს და გამომიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ ნეკნი მქონდა გატეხილი და მსუბუქი ტვინის შერყევა. ბუნდოვნად მახსოვს ვიღაც მკაცრი გამომეტყველების გამომძიებელი რომ მესტუმრა პალატაში. დაბალი და ჩაფსკვნილი იყო. თითქოს, საიდანღაც მეცნობოდა, მაგრამ ვერაფრის დიდებით ვერ გავიხსენე ვინ იყო. ყველაზე მეტად მისი შავი დიდრონი თვალები დამამახსოვრდა. ეტყობა, რომ დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ ვცემდი, რადგან თითქმის შვიდივე ბრუნვაში მისმევდა ერთსა და იმავე კითხვას. რომ ვთქვი, ჯერ დანა მომადო ყელზე-მეთქი, თითქოს უნდობლად შემომხედა. შევატყე, არც ის დამიჯერა, რომ მე არაფერში მიმიძღოდა ბრალი და უმიზეზოდ დამესხა თავს. მოკლეთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის არამზადა უფრო ადარდებდა და მის ინტერესებს იცავდა, ვიდრე ჩემსას. ბოლოს, ნერვებმა რომ მიმტყუნა და ცოტა ხმას ავუწიე, ექიმმა კუშტად მომზირალი გამომძიებელი ჩემი პალატიდან გაიყვანა, პაციენტს დასვენება სჭირდება და ხვალ მოინახულეთო. გამომძიებელი კარში რომ გადიოდა, ზუსტად მაგ დროს შემოვარდა ფეთიანივით ეკატერინე და ისეთი შეასკდა, გვარიანად შეაბარბაცა. _ფრთხილად ქალბატონო._უკმაყოფილოდ შეუბღვირა კაცმა, რომლის სახელიც რატომღაც არ ვიცოდი და ბუტბუტით დატოვა პალატა. _რა დაგემართა გოგო? ნიტამ რომ დამირეკა, წესიერად ვერც კი გავიგე რა მითხრა. როგორ ხარ? _ძალიან ცუდად. მაშინდელი ტკივილები სანატრელი მაქვს, პირველად სირბილი რომ დავიწყე თქვენთან._როგორც შევძელი ისე გავიღიმე, რადგან არათუ სიცილს, ლაპარაკსაც კი მიშლიდა ტკივილი. _ვინ იყო ის გადარეული?_შეშფოთებული სახით ჩამომიდგა ეკატერინე წინ._ყაჩაღი იყო? _არა. რა ვიცი, მოგესალმე, კომპლიმენტიც გითხარი და არაფრად ჩამაგდეო, მაგაზე გაგიჟდა... შენ ის მითხარი, მინის ნამსხვრევებისგან სახეზე ჭრილობები მაქვს? _კი, მაგრამ საგანგაშო არაფერი, იარები არ დარჩებაო ექიმმა. თუმცა, ახლა უნდა გითხრა, რომ საშინელი შესახედი ხარ. დასისხლიანებული და შეშუპებული გაქვს თავ-პირი. ვერ გცნობ. _ის ბიჭიც აქ მოიყვანეს. ნეტა როგორაა?_ბაცოს ამბითაც დავინტერესდი. _რაც მთავარია არ მოკვდება და პასუხს აგებს ყველაფერზე. შენს მკურნალობის ხარჯებსაც ის დაფარავს და რესტორნის ზარალსაც აანაზღაურებს. _ნიტა სად არის? რა ჩავაშხამე დაბადების დღე._ამოვიოხრე. _ნიტა და ალეკო ექიმს ელაპარაკებიან. _ალეკოც აქ არის?_გამიკვირდა._ვინ უთხრა? _ნიტას დაურეკია. აბა, მარტო ხომ არ იქნებოდა აქ?_ისე გაუკვირდა ეკატერინეს, ვინ იცის რა ვკითხე. ყველაზე ნაკლებად ახლა ალეკოს ყოფნა მინდოდა აქ თავისი ნიშნისმოგებებით. დაიწყებდა საყვედურებს, მე რომ ვერ ვიყავი იქ იმიტომ მოხდა ასეთი რამ და ათასი ამის მსგავსი სისულელე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შევცდი. არანაირი არც საყვედური და არც ნიშნისმოგებით ლაპარაკი არ დაუწყია. ცოტა ხნით შემოვიდა პალატაში, როგორ ხარო დამხედა, რამე ხომ არ გჭირდებაო და უარი რომ ვუთხარი, მალევე გავიდა. ის ღამე ნიტა ჩემთან დარჩა. ბევრი ვეხვეწე, სახლში წადი აქ საჭირო არ ხარ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. ჩემს გვერდით საწოლზე მოკალათდა და მთელი ღამე მდარაჯობდა. ისე გამიჭირდა გულაღმა წოლა და დაძინება, ექთანს საძილე პრეპარატიც კი ვთხოვე. იმან კი ინექცია გამიკეთა და ისე უცბად ამომხდა სული, გაკვირვებაც ვერ მოვასწარი. დილით ისევ თავი მტკიოდა საშინლად. ღებინების შეგრძნება ცალკე მაწუხებდა. მართალია, ერთი ნეკნი მქონდა გატეხილი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თორმეტივე წყვილი მქონდა ჩამტვრეული. მოძრაობას მიზღუდავდა. ოდნავადაც კი ვერ ვინძრეოდი. განძრევას ვინ ჩიოდა, სუნთქვაც კი არ შემეძლო ნორმალურად. შემოვლა რომ დაასრულა ექიმმა, მას მერე ჩემს პალატაში დაახლოებით ორმოცდახუთი წლის მაღალი, საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა. _გამარჯობათ. მე არჩილ ხომასურიძე ვარ. წუხანდელ ამბავთან დაკავშირებით რამოდენიმე შეკითხვა მაქვს თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ?_მოწიწებით და თითქოს მორიდებით მკითხა უცნობმა. _წუხელ უკვე დამკითხეს და ყველა კითხვას ვუპასუხე. რაღა დარჩა გასარკვევი?_გავბრაზდი. უფრო იმიტომ რომ ჩემს უდანაშაულობაში ეჭვი ეპარებოდათ თითქოს. _წუხელ ექიმმა არ მოგვცა თქვენთან გასაუბრების და დაკითხვის უფლება ქალბატონო. ვინ დაგკითხათ?_ეჭვით მკითხა უცნობმა და უნდობლად შემომხედა. _სახელი არ მახსოვს. თქვა რომ გამომძიებელი იყო. დაბალი, ჩაფსკვნილი კაცი იყო მკაცრი გამომეტყველებით და შავი თვალებით. კაცი ჩაფიქრდა. _იქნებ სახელი გაიხსენოთ ქალბატონო? შუბლი ძლიერად მოვისრისე, სახელის გახსენება მინდოდა იმ გამომძიებლისა, მაგრამ ვერ გავიხსენე. _მგონი, არ უხსენებია სახელი. _თქვენი საქმის გამოძიება მე მაკისრია ქალბატონო და სხვა ვერანაირად ვერ დაგკითხავდათ. მე კი, ექიმმა გამომიცხადა, რომ ტვინის შერყევის გამო თქვენი დაკითხვა არ შეიძლებოდა. დარწმუნებული ხართ, რომ გამომძიებელი იყო? ცოტა არ იყოს დავვეჭვდი. დავიჯერო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო ის მკაცრი გამომძიებელი და უბრალოდ სიზმარში ვნახე? თუმცა, გამახსენდა, რომ გასვლისას ეკატერინე შეასკდა და იქნებ მას მაინც სცოდნოდა რამე? ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ექიმიც შემოვიდა. _ბატონო გოგი, იქნებ თქვენ მაინც იცოდეთ იმ გამომძიებლის სახელი, წუხელ რომ დამკითხა. _წუხელ არავითარი გამომძიებელი არ ყოფილა თქვენთან. ძალიან მძიმე მდგომარეობა გქონდათ და არავის მივეცი უფლება შეეწუხებინეთ. _რაა?_იმხელა ხმაზე ვიყვირე გაოცებულმა, ტკივილმა წამომიარა წამიერად._როგორ თუ არავინ, თქვენ არ გაიყვანეთ ბოლოს? _რას ლაპარაკობ?_გაეღიმა ხნიერ ექიმს. მერე უცნობ გამომძიებელს მიუბრუნდა._იმიტომ გითხარით, რომ არ შეიძლებოდა წუხელ მისი დაკითხვა. _გინდა მითხრა, რომ ჰალუცინაცია მქონდა? თუ დამესიზმრა წუხელ ის მკაცრი გამომძიებელი, რომელმაც არ დამიჯერა, დამნაშავე თავიდან დანით რომ მემუქრებოდა?_გავბრაზდი. _ფაქტია, რომ თქვენს პალატაში არავინ ყოფილა. ლამის გავგიჟდი. მართალია ცოტა ბუნდოვნად მახსოვდა ყველაფერი, მაგრამ იმ გამომძიებლის ვიზიტი რომ რეალური იყო, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. შევატყე, ამ სიმპატიურ გამომძიებელსაც რომ დაეჯერა ჩემი ჰალუცინაციის ამბავი და ამან უარესად გამაგიჟა. _კარგით ქალბატონო, მაგასაც გავარკვევთ._უნდობლად დამაიმედა და ჩემს დაკითხვას შეუდგა. თავიდან ფორმალური კითხვები დამისვა, ვინ ვიყავი, რამდენი წლის, რესტორანში რას ვაკეთებდი იმ დრომდე. რომ იტყვიან სული ამომხადა უაზრო კითხვებით. მერე ბიჭების აღწერა მომთხოვა და დაწვრილებით ყველაფრის გახსენება, რაც მოხდა. გულდასმით და ინტერესით მისმენდა გაცხარებული რომ ვყვებოდი ყველაფერს. არ შეუწყვეტინებია თხრობა. დროდადრო ბლოკნოტში ინიშნავდა რაღაცეებს. წუხანდელ გამომძიებელთან შედარებით არ გასჭირვებია იმის დაჯერება, რომ დამნაშავემ დანა ყელზე მომაბჯინა და ისე მემუქრებოდა. მოკლეთ, ყველაფერი ისე მოვუყევი, როგორც მახსოვდა. _კარგით, ნახვამდის. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ._ზრდილობიანად დამემშვიდობა არჩილი და ჩემი პალატიდან უკანმოუხედავად გავიდა. მისი გასვლის შემდეგ მალევე შემოვიდა ექიმი. _რატომ თქვით რომ წუხელ არავის დავუკითხივარ?_წყრომით შევხედე. _იმიტომ რომ მართლაც არავინ ყოფილა აქ._ისე მკაცრად და სერიოზული გამომეტყველებით მითხრა, ციებიანივით გამაკანკალა. _მე რომ ნათლად მახსოვს ის უცნობი გამომძიებელი? _ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყავით. თან თავის ტრამვის გამო, შესაძლებელია რომ ჰალუცინაცია რეალურ პიროვნებად აღიქვით. _რა სისულელეა?_ავღშფოთდი._სამ ჭიქა შამპანურზე მეტი არ დამილევია, მთვრალი არ ვყოფილვარ. _სისხლის ანალიზმა დიდი დოზით ალკოჰოლი აჩვენა._მთელი სერიოზულობით რომ მითხრა, ცოტა შევფიქრიანდი. სერიოზულად დამაფიქრა მისმა ნათქვამმა. იქნებ, მართლაც მთვრალი ვიყავი და თავი მსხვერპლად წარმოვაჩინე? იქნებ, არც ქონია იმ ბიჭს დანა და ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო? არც წუხელ ყოფილა ის მკაცრი და ნახევრად მელოტი დაბალი გამომძიებელი? არ ვიცი რა გააკეთა ექიმმა ჩემს გადასხმის სისტემასთან, მაგრამ თვალები ნელ-ნელა რომ მიმელულა, მაშინ მივხვდი რომ საძილე წამალი შეუშვა ვენაში. საღამომდე მეძინა. ეკატერინეს და ტასოს ხმამ რომ გამაღვიძა, ჯერ დავფიქრდი, ისევ ხომ არ მეჩვენებოდა რამე. კარგა ხანს ჩუმად შევყურებდი ორივეს გაფართოებული თვალებით, მაგრამ გატოკება რომ დავაპირე და ნეკნები მეტკინა, მივხვდი რომ რეალობაში ვიყავი. _რა ხდება აბა, როგორ ხარ?_ტასომ ლოყაზე მაკოცა და სასთუმალთან ჩამომიჯდა. _არ ვიცი, მგონი ვგიჟდები._შიშით ამოვიჩურჩულე. _რას ლაპარაკობ, შენ მართლა ხომ არ გაუბერე?_მაშინვე მისაყვედურა ეკატერინემ. _არ ვიცი, იმ საღამოსვე დამკითხა ვიღაც გამომძიებელმა და ექიმი მიმტკიცებს, არავინ ყოფილაო. არა და მახსოვს, რომ შენ რომ ჩემთან შემოხვედი, კარში შეეჯახე. _აა, ის კვირტის გორგალი?_გაახსენდა ეკატერინეს._დაბალი და ნახევრად მელოტი კაცი რომ იყო, ის იყო გამომძიებელი? ცხოვრებაში ასე ძალიან მგონი არაფერი გამხარებია, როგორც ეკატერინეს დასტური და იმის მტკიცებულება, რომ არაფერი მეჩვენებოდა. _გახსოვს, ვიღაც რომ იყო ჩემს პალატაში, ხომ?_გახარებულმა წამოჯდომა ვცადე, მაგრამ ტკივილმა ამის საშუალება არ მომცა და ისევ გულაღმა წოლით დავკმაყოფილდი._იმან დამკითხა და ეს ექიმი კიდევ მიმტკიცებს, რომ არავინ ყოფილაო. ეგ კი არა, დიდი დოზით ალკოჰოლი ამოვიდა შენს ანალიზებშიო. _რაო?_ამაზე უარესად აიშალა ეკატერინემ ჯაგარი._ალკოჰოლიო? ეგ მართლა გიჟი ხომ არ არის? ჯერ ერთი, ფხიზლად ყოფნა გვევალა ჩვენ იმ საღამოს და მეორე, სამი ჭიქა შამპანური დაგვათრობდა ვითომ? აშკარაა, რომ ის ძალით გამომძიებელიც და ეს დეგენერატი ექიმიც დამნაშავეს აფარებენ ხელს. ბოლოში საქმეს ისე წაიყვანენ, რომ სიმთვრალეს დააბრალებენ ყველაფერს... _რესტორანში კამერები ხომ აყენია, იქიდან ვერ ამოიღებენ ვითომ ჩანაწერს?_ტასოც ჩაერია ჩვენს საუბარში. _როგორ არ არის! გელა და გოგიტაც იქ არ არიან ცოცხალი მოწმეები? იმათაც დაინახეს დანით რომ მემუქრებოდა ბაცოა თუ ვიღაც ჯანდაბა. _კარგი, დაწყნარდი, საუკეთესო გამომძიებელი იძიებს შენს საქმეს და სანერვიულო არაფერი გაქვს. _იცნობ?_გამიხარდა. _აჩის ვინ არ იცნობს გოგო?_ერთდროულად ეწყინა და გაუკვირდა კიდეც ეკატერინეს ჩემი უვიცობა. _სამართალთან არასდროს მქონია პრობლემები და საიდან უნდა ვიცნობდე ვითომ?_მე საჩემოდ მეწყინა მისი საყვედური. _ინტერნეტი ან ტელევიზორი არ არსებობს შენთვის?_ისევ შემომიტია. _კარგით ახლა, ეგ სადაო არ არის._დაგვაშოშმინა ტასომ._შენ ის თქვი, საავადმყოფოდან როდის გაგწერენ? _სამ-ოთხ დღეშიო... _მასე მალე მორჩები?_გაუხარდა. _რას მოვრჩები? აქედან მიშორებენ, თორემ სახლში ერთი თვე მაინც მომიწევს წოლა. ამაზე რომ ვფიქრობ, გიჟს ვგავარ უკვე. ტკივილებს გავუძლო თუ უქმად და უმოძრაოდ წოლას? _ყოველდღე მოგინახულებთ და არ მოგაწყენ, გპირდები._დამაიმედა. _არ მომინახულებთ და ვისი აჯობებს მაგასაც ვნახავთ._ისე დავიქადნე, ორივეს სიცილი აუტყდა. საავადმყოფოდან მართლაც მესამე დღეს გამწერეს. იმ ხნის მანძილზე ის საეჭვო გამომძიებელი აღარ მსტუმრებია. აღარც ეკატერინეს მოწონებული აჩი. ასე ვთქვათ, ყველამ ფეხებზე დაიკიდა ის თავდასხმა, რომელმაც ნეკნის ჩამტვრევით და ტვინის შერყევით დამაზარალა. საშინელი წოლითი რეჟიმი და ათასი წამალი მქონდა დასალევი. ნიტას ხელი რომ არ შეშლოდა ლექციებზე სასიარულოდ, დედაჩემი გადმოიბარგა ჩვენთან და ის მაქცევდა ყურადღებას. ახალ წელს საწოლს მიჯაჭვული შევხვდი. კიდევ კარგი ჩემი გადარეული დაქალები მართლაც ყოველ დღე მსტუმრობდნენ და მამხიარულებდნენ, თორემ რა გადაიტანდა იმ ტკივილით სავსე დღეებს? რამდენჯერმე მირანდამ და თამთამაც მომინახულეს. _მალე გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი, თორემ ნინო უმიზნებს შენს ადგილს._საიდუმლოდ მამცნო ერთხელ თამთამ._უკვე, შეფ მზარეული ჰგონია თავი და ყველას ზემოდან დაგვყურებს. _პრიკაზებს ხომ ნუღარ იტყვი. კაი ქალი ხარ და არ გაუგონო, მტრისას._მხარი აუბა მირანდამაც. _დამაცადოს მაგან, ჯერ დავდგე ფეხზე._დავიქადნე._ისე, სხვა რა ხდება ახალი? ზურაბმა აანაზღაურებინა დამნაშავეს ზარალი? _უი, მართლა, არ გაინტერესებს ის დამნაშავე ვინ აღმოჩნდა?_რაღაც ძალიან დამაინტრიგებლად მკითხა მირანდამ._მანუჩარი, ნინოს რომ ძალიან მოსწონს და ის კიდე შენ რომ გეჩალიჩება, ხომ გახსოვს? ხო და მისი ძმის შვილია. _მანუჩარის ძმის შვილი?_ყველაფერს მოველოდი და ამას ნამდვილად არა._მერე და ჩემგან რა ჯანდაბა უნდოდა? _ნარკომანია ვიღაცა... არა და დედა ლექტორი ყავს, მამა კი პოლიციელი. ასეთ მშობლებს ასეთ უვარგისი შვილი როგორ ყავთ არ ვიცი? _ისე ჩემო მირანდა, რომ მასეთი მშობლების შვილებს ყველაფერი თავში აქვთ ავარდნილი და ეს ცხოვრება ფეხებზე კიდიათ._გაანათლა თამთამ. _მოიცა, ის ბიჭი ნაციხარია? ძმაკაცები აფრთხილებდნენ, შეეშვი, შენ კიდევ სროკის დამატება გინდაო? _ხულიგნობის ფაქტზე დაუკავებიათ, მაგრამ ალბათ მამამისის კავშირების წყალობით პირობითად ყოფილა განთავისუფლებული და ალბათ იმას გულისხმობდნენ. _აჰა, ახლა გასაგებია. მაგრამ ჩემგან რა უნდოდა ვერ გავიგე. _შეიძლება, ბერბიჭა ბიძამ შენზე მოუყვა რამე და შენ გითვალთვალებდა... _ისე, ძალიან აგრესიული კი იყო ჩემს მიმართ. შენისთანა ქალები იმათ იწუნებთ ვინც დასაწუნი არაა და ვინც მართლა უნდა დაიწუნოთ, ფეხქვეშ ეგებითო. ვითომ მართლა ბიძამისის გამო იყო მასეთი გაგიჟებული?_დავეჭვდი. _რა გასაკვირია?.. ეგ კი არა და, ზურაბმა მოკითხვა შემოგითვალა, ჩემი საუკეთესო შეფ მზარეული მომიკითხეთ და მალე გამოჯანმრთელება უსურვეთო... _უჩემოდ მოიწყინა?_გამეცინა. _უშენოდ მართლაც მოსაწყენია ყველაფერი. ერთი სული მაქვს როდის დაგვიბრუნდები ისევ. _ერთ თვეში ძვირფასო, ერთ თვეში._ღიმილით დავაიმედე. ******************** იანვრის დასაწყისში მოთოვა. ლამის გავგიჟდი... იმას აღარ ვჩიოდი, საწოლს რომ ვიყავი მიჯაჭვული და ბუნებაში მთელი თავისი სიმშვენიერით ვერ შევიგრძნობდი ამ ცივ, მაგრამ დიდებულ მოვლენას. ფანჯრიდანაც კი ვერ შევძელი ჯეროვნად მისი დანახვა და ეს მაგიჟებდა. ნიტამ ეზოდან გუნდები რომ ამომიტანა და საწოლში ჩამიყარა, მხოლოდ ამით დავკმაყოფილდი პატარა ბავშვივით. ბოლო დროს, როცა უკვე საწოლზე წამოჯდომა შევძელი, ალეკომ მაშინ მომაკითხა და მომინახულა. მე უფრო ჯანმრთელი ფერი მედო, ვიდრე მას. რაღაც გაცრეცილი და მიტკალივით თეთრი იყო, არ მომეწონა. ცოტა ხანს დარჩა. ჩემთან იმდენად არა, რაც ნიტასთან იჭორავა და მალევე წავიდა. ამ ერთ თვეში იმდენი წიგნი წავიკითხე, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე არ მქონია წაკითხული. ამ ჩემს ავადმყოფობას დადებითი მხარე ეს ქონდა და კიდევ ის, რომ ნაცნობი თუ უცნობი ყველა ჩემს სანახავად მოდიოდა, პირის სანახავი მოქონდა და გულიანადაც ვჭორაობდით. მარტის დასაწყისში კი სამსახურშიც გავლახლახდი. ისე მომნატრებოდა ხახვისა და ნივრის სურნელი და აშიშხინებული ცხიმის ხმა, რომ ვერც კი წარმომედგინა. პირველ დღეს დიდად არ გადამიტვირთია თავი. უბრალოდ კმაყოფილი ვადევნებდი ყველაფერს თავალს. ბატონ ზურაბს გულწრფელად რომ გაუხარდა ჩემი ხილვა, ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. მირანდას და თამთას ხომ საერთოდ. ერთადერთი, ვისაც დიდად არ გახარებია ჩემი სამსახურში დაბრუნება, ნინო იყო. როგორც გოგოები ამბობდნენ, ალბათ მართლაც ჩემს ადგილს უმიზნებდა და რომ გადავრჩი, დიდად არ გახარებია. ნაძალადევი ღიმილით და აფერისტული წუხილით კი მომელაქუცა მაინც, ვითომ და ძალიან ეწყინა ჩემი ამბავი. დაცვის ბიჭებმაც გულიანად მომიკითხეს. ჩემი გამოჩენა არც მუდმივ კლიენტებს გამორჩენიათ გაუგებარი და მალ-მალე მიძახებდნენ დარბაზში. პირველი ორი დღე არა, მაგრამ მესამე დღეს ჩვეულ რიტმს და რეჟიმს დავუბრუნდი. მართლაც ბედნიერება ყოფილა ქალისთვის სამსახური თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. იმ ქალებს მართლაც არ განვსჯი, მთელ დღეს სახლში რომ სხედან და დიასახლისობენ, მაგრამ მე ნამდვილად გამიჭირდებოდა მასე. შეიძლება, მიჩვევაც იყო ყველაფერი, თორემ ის ორი თვე, რაც სახლში დავყავი, მოსაბეზრებელი და აუტანელიც კი მეჩვენა. რაც შეეხება ჩემს ამბავს, არჩილმა კი ყველაფერი ასი პროცენტით ზუსტად გამოიძია, მაგრამ ბაცოს მამამ კავშირები გამოიყენა და დამნაშავე დაუსჯელი დარჩა მაინც. გირაო დააკისრეს მხოლოდ. ეს იყო და ეს. ჩვენს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაცნობობა და ახლობლობა ძალიან ჭრის. ასეთ სიტუაციაში დამნაშავეს ხელს აფარებენ, დაუსჯელს ტოვებენ და იმის უფლებას უტოვებენ, რომ შემდეგში უფრო მეტი დანაშაულებები ჩაიდინოს. ის კი მართლაც ამოუხსნელი დარჩა ჩემთვის, რას მემართლებოდა ის ბაცო. იმ დასკვნამდე მივედი, რომ მართლაც მანუჩარის გამო ამიწვერდა, სხვა ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნიდი მის ამ გამოხტომას. ერთ მშვენიერ დღეს კი, სამსახურში მისულს, მანქანების სადგომთან დამიხვდა ის ვაჟბატონიც. ისეთი დამწუხრებული სახე ქონდა, რატომღაც გავხალისდი, თუმცა არაფერი შემიმჩნევია. მანქანა ჩემს ადგილზე შევაჩერე და რომ გადმოვედი, ლამის მუხლებში ჩამივარდა. _ბოდიშს გიხდი ჩემი ძმიშვილის გამო. _უფრო ადრეც შეიძლებოდა მობოდიშება. მართალია, იმ ჯოჯოხეთურ ტკივილებს არ შემიმსუბუქებდა, არც იმ დროს შემიმოკლებდა, უქმად და უმოძრაოდ რომ გავატარე, მაგრამ მაინც, გულს მალამოსავით დამეფინებოდა ალბათ. _ვტყუივარ, ბოდიში. _იმაშიც ტყუიხართ შენც და შენი ძმაც, რომ იმ არამზადას ხელს აფარებთ და თავზე უსმევთ ხელს. ჩემმა ამბავმა ჩაიარა, რა იცი ხვალ უარესი არ ჩაიდინოს? მსხვერპლით რომ დამთავრდეს მისი უაზრო გამოხტომები, მერე? შეშფოთებულმა ამომხედა. ალბათ იმის გააზრებამ, რომ ოდესმე ვინმე შემოაკვდებოდა მის ავარა და თავზეხელაღებულ ძმიშვილს, ცოტა დააფიქრა. _სულ მაგას ვეჩიჩინები იმ ჩემს ძმას, მაგრამ არ ესმის. _თანამდებობის ბოროტად გამოყენებაც რომ დანაშაულია, მგონი უნდა გესმოდეს. _მართალი ხარ._დამნაშავის იერით დამეთანხმა. მანქანის კარი რომ ჩავკეტე და რესტორნისკენ გავემართე, გვერდით მომყვა. გაკვირვებულმა გადავხედე. ერთი თავით მაინც ვიყავი მასზე მაღალი. _დანაშაული რითი გამოვისყიდო?_თითქოს მიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს და ძლივს გამიბედა ამის კითხვა. სანამ მოვიფიქრებდი როგორ გამომელანძღა შედარებით მსუბუქ ფორმებში, თან კულტურულად, ალეკო წამოგვადგა თავზე. ეჭვით შეათვალიერა ჩემი თანმხლები ჯუჯა. _ამას აქ რა უნდა?_ისეთი მკაცრი ხმით მკითხა, მარტო მე კი არა, მანუჩარსაც დაეტყო სახეზე შიში. _ბოდიშის მოსახდელად მოვედი._დამფრთხალმა ააფახულა ცისფერი თვალები და აშკარად აწრიალდა. _მოუხადე?_მკაცრად კითხა ალეკომ. _ხო... _ხო და გადაშენდი აქედან სანამ შენი ძმიშვილის ჯავრი შენზე ვიყარე და გაგიერთიანე თავ-ყბა!_მეტი დამაჯერებლობისთვის მუშტებიც რომ მომუშტა, მანუჩარი დაფრთხა და მართლაც გადაშენდა._ეს არამზადა მუსუსი ასე გაწუხებს ყოველთვის? _მაწუხებს? სულაც არა, ბოდიში მომიხადა._მისი გაღიზიანება მომინდა რატომღაც._თაყვანისმცემელი არასდროს არ არის შემაწუხებელი ქალისთვის._თან კეკლუცად შევღიმე. _არ მითხრა ახლა, რომ ის ჯუჯა მოგწონს._ისე დაჟინებით მომაშტერდა, თვალი ვეღარ გავუსწორე მის მზერას. _რატომაც არა. რას უწუნებ ვითომ? _კარგი რა ლელა, მაგას ჩემს გასაღიზიანებლად ამბობ არა? _რა შუაშია შენი გაღიზიანება აქ?_მიამიტურად გავიღიმე. _გემოვნებაში გარღვევები დაგეწყო სიბერეში? _ბებერი შენ ხარ!_გავბრაზდი და რესტორნისკენ გავაგრძელე გზა. _ეგ ჩემი დამცირებაა ჩემს მერე მაგ გვაჯს თუ შეხვდები. თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ისეთი მაინც შეარჩიე, მე მჯობდეს. მერსედესიდან ზაპაროჟეცზე ნუ გადაჯდები. შევჩერდი და ისე შევხედე. _შენი აზრით ჯილდა მჯობდა ჩემს მერე მასთან რომ დაიწყე ცხოვრება. შევატყე, რომ არ მოელოდა ჩემგან ამ პასუხს და დაიბნა. მეც ამით ვისარგებლე და უკანმოუხედავად დავტოვე ერთ ადგილზე გაშეშებული. გამაბრაზა იმის გააზრებამ, რომ თურმე თავმოყვარეობა ელახებოდა მაგაზე ნაკლებს თუ შევხვდებოდი. ჩემზე კი არასდროს უფიქრია, ჯილდაში რომ გამცვალა მე რა დღეში ვიქნებოდი. მთელი დღე უგუნებოდ ვიმუშავე. თუმცა, უგუნებობა ის შესატყვისი სიტყვა არაა, რასაც მე იმ დღეს განვიცდიდი. გაცოფებული ვიყავი. ყველაფერი მაღიზიანებდა და ნერვებს მიშლიდა. ჩემს საყვარელ საქმიანობასაც კი ვერ ვუდებდი გულს. ალეკოს საყვედური მიტრიალებდა თავში და ტვინს მიბურღავდა. მექანიკურად ვმუშაობდი და ნაძალადევად ვიღიმოდი მირანდას და თამთას ხუმრობებზე. შუადღის მერე კი გადაღლა მოვიმიზეზე და ზურაბს ადრე გავაშვებინე სახლში თავი. თუმცა, სახლში არ წავსულვარ, პირდაპირ ეკატერინეს მივაკითხე სამსახურში. ფეთიანივით რომ შევუვარდი კაბინეტში, აშკარად შეეშინდა. _რა ხდება, ხომ მშვიდობაა?_ბორმანქანა უმალ შეაჩერა და პაციენტის პირის ღრუდან ჩემზე გადმოიტანა შეშფოთებული მზერა. _მალე მორჩები? _ასე, ნახევარ საათში. რა ხდება? _გარეთ დაგელოდები._ეკატერინეზე გაოცებული მზერა მისმა პაციენტმა რომ მომაპყრო, ცოტა გონზე მოვედი და მართლაც გამოვიხურე მისი კაბინეტის კარი. ნერვიულად ვცემდი მოსაცდელში ბოლთას და მალ-მალე კედელზე დაკიდულ უშველებელ საათს შევყურებდი, რომელიც ჩემს ჯინაზე ისე ნელა მიიწევდა წინ, ეს უარესად მაცოფებდა. _რა ხდება, არ იტყვი?_როგორც იქნა მოიცალა ჩემთვის ჩემმა დაქალმაც. _თურმე თავმოყვარეობა ელახება ვაჟბატონს თუ იმაზე ნაკლებს შევხვდები. გასაბრაზებელი და გასაცოფებელი კი ის არის, რომ თავი ყველაზე კარგი ჰგონია._გაუაზრებლად პაციენტების სავარძელლში ჩავჯექი და მგონი პირიც კი დავუღე ეკატერინეს. _ვის? რა ხდება, არ მეტყვი ნორმალურად? _ვის და ალეკოს. მერსედესიდან ჟაპაროჟეცზე ნუ გადაჯდებიო. ისეთი ვინმე შეარჩიე, მე მჯობდესო!_გაცეცხლებულმა მივაყარე სხაპისხუპით. _ეგ რატო გითხრა? ვინმე გყავს მართლა და გვიმალავ?_თავის სავარძელში ისე ჩაჯდა, გამჭოლი მზერა არ მოუშორებია ჩემთვის. _არა, რა სისულელეა?_ავღშფოთდი._უბრალოდ, მანუჩარი ბოდიშის მოსახდელად იყო ჩემთან მოსული და ერთად დაგვინახა. _ნუ, ეხლა, ვერ გაამტყუნებ, სად ალეკო და სად მანუჩარი, მართალია... _რაშია მართალი? ჯილდა მე მჯობდა ჩემს თავს ის რომ არჩია? თუ, უბრალოდ ინკუბატორის როლი შეუსრულა, ბიჭები რომ გაუჩინა?_უარესად გავცეცხლდი._აქამდე ხმა არ ამომიღია, ყველაფერს ჩუმად ვითმენდი და მისმა ამ მოთხოვნამ და წაყენებულმა პირობამ ისე გამაცეცხლა, რომ შემძლებოდა იქვე ვეცემოდი და ენას ამოვგლეჯდი ამ სიტყვების თქმისთვის. თურმე, ბიჭს თავმოყვარეობა ელახება, გესმის? და მე არ მაქვს თავმოყვარეობა შელახული ის დაბალი, მსუქანი და შავგვრემანი ჯილდა რომ მარჩია? თურმე, ქალი სკანდალებს არ უწყობს და ეჭვიანი არ არის! _მე თუ მკითხავ, რახან არ ეჭვიანობს და სკანდალებს არ უწყობს, არც უყვარს და იმიტომაც აღარ აინტერესებს. მისთვის სულ ერთია სად და ვისთან დაეთრევა. აბა, უყვარდეს, ვნახავდი როგორც არ იეჭვიანებდა და როგორც არ მოუწყობდა მსოფლიო გადატრიალების სკანდალებს. _ვითომ ჯილდას არ უყვარს ალეკო?_უნდობლად და ეჭვით შევხედე._აბა, მა რა ჯანდაბად დამინგრია ოჯახი?_ახლა ჯილდაზე გავცეცხლდი._ალეკოზე კარგს იშოვის ვითომ? _მისმინე ძვირფასო, შენ ახლა საღად ვერ აზროვნებ. ალეკოზე ბრაზობ თუ ჯილდაზე, ვეღარ გაგიგია. ღრმად ისუნთქე, დამშვიდდი და ცოტა აზრზე მოდი... _ორივეზე ვბრაზობ და შენზეც! _ჩემზე რაღატო?_გაუკვირდა. _ჯავრი ხომ უნდავიყარო ვიღაცაზე? _მოდი აქ._ხელი მომკიდა და სავარძლიდან ყურაწეული ბავშვივით წამომაგდო, ფანჯარასთან მიმიყვანა, რომელიც გამოაღო და მის წინ დამაყენა._მე ყოველთვის მშველის, როცა პანიკური შემოტევა მაქვს, იმედია შენც გიშველის. მიდი, რაც შეგიძლია მაღალ ხმაზე იყვირე, გულიდან ამოიღე ქარი და მოგეშვება. _გიჟი გგონივარ?_ცოტა შევშფოთდი. _სულაც არა. მინდა რომ დამშვიდდე, მაგრამ არც გულში ჩაიტოვო რამე. მიდი, იყვირე. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ რაც შემეძლო მართლაც ვიყვირე ხმამაღლა. ეკატერინესი არ იყოს, ბოლომდე ამოვიღე გულიდან ქარი. ამ უაზრო და საშინელ ყვირილს ასე თუ შეეძლო ნერვების დამშვიდება, ვერ წარმომედგინა. ეგ იყო, ქუჩაში გამვლელების შეშინებულ მზერას რომ წავაწყდი შემთხვევით, შემრცხვა, ასე დაჭრილი ლომივით რომ ვღრიალებდი. უმალ მოვშორდი ფანჯარას და ისევ სავარძელში ჩავუსკუპდი ეკატერინეს. _რაო, აბა, გიშველა?_ღიმილით რომ მკითხა, მეც ღიმილით დავუქნიე თავი._ნაცადი და გამოცდილი ხერხია. _უნდა დაგეთანხმო, ეფექტურიც._ღრმად ამოვისუნთქე და სიამოვნებით გადავწექი სავარძელზე._სურვილი გამიჩნდა, რომ ის კუდაბზიკა ალეკო დავსაჯო. არ ვიცი, როგორღაც უნდა მოვძებნო ისეთი ვინმე, ასი თავით რომ სჯობდეს მას. სულაც, ფულს გადავუხდი, რომ ჩემი პარტნიორობა ითაოს მის მოსაჩვენებლად მაინც. არ ვიცი რატო დამებადა ეს დემონური აზრი, მაგრამ მინდა, რომ ვაეჭვიანო. უფლება მომცა, ჩემზე კარგი იშოვეო და მართლაც მასზე კარგს რომ ვიშოვი, მერე რაღას იზავს? _მისმინე._რაღაც ორაზროვნად მითხრა._მესმის რომ მისი გაგიჟება გინდა. გაგიჟდება კიდეც, მასზე კარგს თუ იშოვი. მომწონს შენი აზროვნება. მართალია, მეც მაგას გეჩიჩინებოდი ამ ხნის მანძილზე, მაგრამ... _რა მაგრამ? _მაგას მის გასამწარებლად აკეთებ და არა იმისთვის, რომ ცხოვრება აიწყო... ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის მცდარია. ჩემზე მეტად მგონი არავის უნდა, რომ გათხოვდე და ოჯახი შექმნა, მაგრამ ამ სიტუაციაში არ გეთანხმები. დაქირავებული კავალერი რაღაც მეტისმეტია იცოდე. მე მინდა რომ ისეთი ვინმე ნახო, ვისთანაც ბედნიერი იქნები და არა ისეთი, ვინც ალეკოს მეტოქეობისთვის გენდომება მხოლოდ. _შენ რა, დამცინი?_ვიგრძენი როგორ დამიარა ხელახალმა გაბრაზების ტალღამ._აქამდე სულ იმას მეჩიჩინებოდი, ვინმე გაიჩინეო და ახლა უკან მიგაქვს შენი სიტყვები? _სულაც არა. მინდა რომ გონებით მოქმედებდე და არა გაბრაზებულ-გაცხარებული გულით. _ვეღარ გცნობ!_ფეხზე წამოვდექი და კარისკენ გავეშურე._ან, რას მოვდიოდი საერთოდ აქ? _მისმინე, ლელა... __შემეშვი რა!_ვუყვირე და გარეთ ელდანაკრავივით გამოვვარდი. ეკატერინეც უკან მომყვა, მაგრამ სასწრაფოდ ჩავხტი მანქანაში და გიჟივით მოვწყვიტე ადგილს. ახლა რომ ვუფიქრდები, მიკვირს, ასე რამ გამაგიჟა, მაგრამ იმ მომენტში ამას ვერ ვაცნობიერებდი. ალბათ, წერას ვყავდი ატანილი. კარგა ხანს ვიქროლე უმისამართოდ მაგარი მრბოლელივით მანქანებით გადაჭედილ ქუჩებში. ის აზრი, რომ ვიღაც უნდა მომეძებნა ალეკოს ჯიბრზე, მოსვენებას არ მაძლევდა. ეკატერინემ კი დამიშალა, ვინ უნდა დაიქირაოვო, მაგრამ ნებისმიერი თანხის გადამხდელი ვიყავი ისეთი კაცისთვის, ვინც ჩემს კავალერობას ითავებდა ალეკოს ჯიბრზე. თან, ალეკოზე გაცილებით კარგიც უნდა ყოფილიყო. ის იყო შუქნიშანთან მკვეთრად დავამუხრუჭე კიდეც, რომ უკნიდან ვიღაც დამეჯახა. მივხვდი, ამ შემთხვევაში ჩემი გაჩერების მანერის ბრალი იყო, მაგრამ მე გამამართლებდნენ, რადგან ის სხვა დამეჯახა. ისე ხომ არ ვიყავი გაავებულ-გაგიჟებული და უარესად გაკაპასებული გადავხტი. თეთრი ლექსუსის ჯიპი იყო. იმას უმნიშვნელო ნაკაწრები ქონდა ჩემი ნისან მარჩი კი გვარიანად იყო შეჭეჭყილი. _თვალებიდან არ იყურები?_მძღოლისთვის არც კი შემიხედია ისე გავწიწმატდი და ჩემი მანქანის უკან მაგარი ხელოსანივით ჩავიცუცქე._გაკეთდება ვითომ? გადასაგდებია უკვე! _მე კი ვიყურები თვალებიდან, მაგრამ შენ ვინ მოგცა მართვის მოწმობა?_არანაკლებ გაბრაზებულმა მითხრა აშკარად ახალგაზრდა მამაკაცის ხმამ._მაგარი შუმახერივით ქინდერ სიურპრიზის მანქანით რომ დაქრიხარ, რატო მოძრაობის წესებს არ იცავ? გაოცებულმა ავხედე. თითქოს მეცნო, მაგრამ ისე ვიყავი გაცეცხლებული, იმაზე ფიქრისთვის თავი არ შემიწუხებია საიდან მეცნობოდა. _რაო? რას უწუნებ ჩემს მანქანას ვითომ?_გავცეცხლდი და რა გავცეცხლდი._ყველა შენისთანა ტანკით ხომ ვერ ივლის? _ასეა, ქალი რომ მიუჯდება საჭეს... _მიდი ხო, გამოუშვი ბენიკინის დროინდელი გაცვეთილი ფრაზები, ქალი ვიცი მე კუხნაში და ასე შემდეგ... _ზოგადად, მე ქალი საწოლში მირჩევნია, მითუმეტეს შენისთანა, მაგრამ კუხნაც გამოდგება. _რაო?_გაავებული წამოვიმართე ფეხზე. _ბაქარ, გეყოფა!_ეს კი ნაცნობი ხმა იყო. ახალგაზრდა ბიჭიდან მზერა მის თანმხლებ მამაკაცზე რომ გადავიტანე, გავშრი, ჩემ წინ ჩემი გამომძიებელი არჩილი იდგა და ბიჭს რისხვით ანთებული თვალებით უმზერდა. ერთი შეხედვითვე ეტყობოდათ გენეტიკური ხაზი. შვილი ვერ იქნებოდა, რადგან ძალიან პატარა ასაკში უნდა დანიშნულიყო, რომ ამხელა ყოლოდა. მივხვდი რომ უმცროსი ძმა იყო. _რა ბაქარ გეყოფა?_გაცეცხლდა ახალგაზრდა ბიჭი._ვერ დაინახე როგორ რესკად წამიტორმუზა? ჩემი ბრალია? _შენ დაეჯახე და შენი ბრალია._დარწმუნებით უთხრა მამაკაცმა და მერე მე მომიბრუნდა._რამე ხომ არ დაგიშავდათ ქალბატონო? ისეთი ლურჯი თვალები ქონდა, წამიერად გაოგნებული მივაჩერდი. დაკითხვისას რატო ვერ შევნიშნე ნეტა მისი ეს ფერთა გამა? სასწაული თვალები ქონდა. _ლამის კისერი მომწყდა შეჯახებისას, მაგრამ ამას არ ვჩივი, ჩემს მანქანას რა ეშველება?_ცოტა მოვლბი. _გაგიკეთებთ, სანერვიულო არაფერია._დამამშვიდა. _გავუკეთებთ?! შენ ხომ არ გაგიჟდი?_ბაქარად წოდებული ბიჭი ისევ აიჯაგრა._ყველა ასეთ იდიოტ მძღოლს, ვინც ძალით დამამტვრევინებს მანქანას, მე უნდა ვუკეთო? იქნებ ახალიც გვეყიდა. _არა, გმადლობთ, ახალი არ მინდა. _ენძელა და იას პონტში, ძველი გირჩევნია?_ირონია გაურია ბიჭმა ხმაში. _მორჩი ახლა!_ისევ მკაცრად გააფრთხილა არჩილმა._დანაშაულს თავიდან არ ავირიდებთ. გასაკეთებელია მანქანა და გავაკეთებთ. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ საპატრულო პილიციაც მოვიდა. არჩილის ვინაობა რომ გაიგეს, მოწიწებით დაუწყეს საუბარი. თუმცა, მაინც შეისწავლეს და გააანალიზეს მდგომარეობა და მართლაც ბაქარს დააკისრეს ჩემი მანქანის გაკეთება, რომელიც ისე ავად მიმზერდა, ცოტა არ იყოს შიშისგან მაკანკალებდა. ჩემი საცოდავი ნისან მარჩი საჯარიმო მანქანაზე რომ დაუდეს და სახელოსნოში წაიღეს, არჩილი მაშინ მომიბრუნდა ისევ. _სად მიდიოდით ქალბატონო? მიგიყვანთ. _ახლა გზა გამამრუდებინე კიდე!_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ბაქარმა. _არა, იყოს, ტაქსით წავალ._ვიუარე. _დაჯექი, დაჯექი._მანქანის უკანა კარი გამომიღო და გამიღიმა._ჩემი ძმა ხუმრობს. ისევ უარის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ისე მიღიმოდა, თითქოს დამაჰიპნოზა მისმა ამ მომაჯადოებელმა ღიმილმა და დაუფიქრებლად ავედი მანქანაში. სავარძელზე მოხდენილად მოვკალათდი და ბაქარიც რომ მიუჯდა საჭეს, რაც შემეძლო ძალიან განაზებული ხმით ვუთხარი მისამართი. ბაქარმა უკანა ხედვის სარკე ისე შეასწორა, ჩემთვის რომ გამოეხედა და უკვე კმაყოფილმა შემომღიმა. _ამაში მაინც გამიმართლა, ერთი გზა გვქონია. უხმოდ ვიმგზავრეთ. ხანდისხან კი ვგრძნობდი ბაქარის მზერას, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. ვითომ ძალიან დიდი ინტერესით ჩავკირკიტებდი ჩემს ტელეფონს. _ესეც ასე._მითითებულ ადგილას რომ შემიჩერა მანქანა და კმაყოფილმა გამომხედა, მე კუშტად შევხედე. _ჩემი მანქანა მზად როდის იქნება? _უმანქანობა ძალიან შეგიშლით ხელს?_შეწუხებული სახით შემომიბრუნდა არჩილი. _საკმაოდ._შეგნებულად არ შევხედე თვალებში, რათა ისევ არ დავეჰიპნოზებინე._საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომიწევს სამსახურში სიარული. _სამსახურში? სად მუშაობ?_ისეთი ინტერესით მკითხა ბაქარმა, გულახდილობის ხასიეთზე დავდექი რატომღაც. _თავადურში. _რესტორანში? მიმტანი ხარ?_თითქოს გაუხარდა. _არა, შეფმზარეული... _მართლა? საჭეც და კუხნაც კარგად მოგირგია რა გინდა._გაეცინა. არჩილისკენ რომ გავაპარე მზერა, გაოცებული მიმზერდა. _მოიცა, შენ ის ხარ, ამ ორი თვის წინ ბიჭი რომ დაესხა თავს?_ლამის მთელი ტანით შემობრუნდა და უფრო ინტერესით შემათვალიერა._ვერ გიცანი. რას მიცნობდა, მაშინ ისე მქონდა თავ-პირი დასიებული, საკუთარი შვილი ვერ მცნობდა. მე კი ვიცანი, მაგრამ ამის აღიარება ახლა არ მინდოდა. _ვერც მე._ვიცრუე და მანქანიდან ფრთხილად გადავედი. _ეს ჩემი ნომერია და თუ რამეა მანქანასთან დაკავშირებით, დამირეკე._არჩილმა თავისი სავიზიტო ბარათი გამომიწოდა. _კარგი იქნება თუ შენს ნომერსაც დამიტოვებ. ჩანთაში ბლოკნოტი მოვიძიე, ჩემი ნომერი მივაწერე და ფურცელი ისე გავუწოდე, თვალებში არ შემიხედია. _იმედია, მალე იქნება მზად და დიდხანს არ მომიწევს ფეხით სიარული. _მაგაზე პირადად მე ვიზრუნებ._ეს რომ მითხრა არჩილმა, ცდუნებას ვერ გავუძელი და მაინც შევხედე თვალებში. არა, მართლაც სასწაულად ლამაზი ლურჯი თვალები ქონდა. მიკვირდა, რომ დაკითხვისას ვერ შევნიშნე. მაგრამ მაშინ ფანჯარასთან ზურგით იყო და იქიდან შემოსული შუქი თვალს მჭრიდა. ალბათ ამიტომაც ვერ შევნიშნე. _კარგით. მადლობა რომ მომიყვანეთ._ღიმილით დავემშვიდობე ძმებს და ჩემი კორპუსისკენ გადავუხვიე. სანამ თვალს მივეფარებოდი, ისევ იდგნენ და ვგრძნობდი, რომ მზერით მომაცილებდნენ. ისე ვღელავდი, მთვრალი კაცივით მერეოდა ფეხი. ვშიშობდი, არ წავბორძიკებულიყავი და არ შევრცხვენილიყავი. რის ვაი-ვაგლახით მივაღწიე სადგომზე ჩამწკრივებული მანქანების რიგამდე და მათ რომ ამოვეფარე, შვებით ამოვისუნთქე. არ ვიცი რატომ, მაგრამ სახლში რომ მივედი, ლეპტოპი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში არჩილ ხომასურიძე მოვძებნე. მალევე ვიპოვე. ბევრი ფოტო არ ქონია. ორი თუ სამი და ისიც შორიდან გადაღებული. გული დამწყდა, მისი ლამაზი თვალების ხილვა რომ ვერ შევძელი მშვიდად და აუღელვებლად. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყოველ მის გახსენებაზე გული სიამით მიძგერდებოდა. თითოეულ წვრილმანს რომ ვიხსენებდი დღევანდელი შეხვედრიდან, ბედნიერს და კმაყოფილს მეღიმებოდა. თავიც იმაში გამოვიჭირე, რომ თექვსმეტი წლის პატარა გოგოსავით ვიყავი აცუნდრუკებული. ძალიან მინდოდა მის შესახებ ყველაფრის გაგება, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ყველაფერი რაა, ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა, დაოჯახებული იყო თუ არა, ან შვილები ყავდა თუ არა. უშედეგოდ ვეძებე სოციალურ ქსელში, ვერსად ვერაფერს მივაგენი, გასაიდუმლოებული ქონდა თითქოს. ის კი გავიგე, რომ ყველაზე წარმატებული გამომძიებელი იყო. ნიტა რომ დაბრუნდა საღამოს, გაუკვირდა, შენი მანქანა სადგომზე რომ არ იდგა, ვიფიქრე სახლში არ იყავიო. _ვიღაც დამეჯახა და გასაკეთებლად წაიყვანეს._ისე მშვიდად და ღიმილით ვუთხარი, მე თვითონვე გამიკვირდა. _რას ამბობ?! შენ რამე ხომ არ დაგიშავდა?_შეიცხადა და შეშფოთებულმა შემათვალიერა. _არა, არაფერი. უბრალოდ შეჯახებისას კისერი მეტკინა. _სად მოგიხდა ავარია? დამნაშავე ის იყო? _ხო, შუქნიშანთან რომ გავჩერდი, იქ დამეჯახა. _რაღაც ძალიან მშვიდად ხარ და თითქოს ღიმილითაც კი ლაპარაკობ. მაშინებ._შეშინებულმა შემათვალიერა._მართლა კარგად ხარ? _იმდენი ვიჩხუბე და ვინერვიულე, ალბათ ლიმიტი ამოვწურე და იმიტომ._გავუღიმე, ლოყაზე ვაკოცე და აბაზანაში შევედი. ისედაც მიყვარდა აბაზანაში საათობით ყურყუტი და ღიღინი და ახლა ხომ რეკორდი მოვხსენი. დღეს რაც ალეკოზე ვბრაზობდი და ვცოფდებოდი, არჩილთან შეხვედრამ სულ დამამშვიდა, დამაწყნარა და მგონი ბედნიერებითაც ამავსო. როგორ მოიხსენია ეკატერინემ? აჩიო?_გამეღიმა. არჩილს ეს შემოკლებული ფორმა კი სჯობდა. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე იმ მიზეზით, რომ აჩის ლურჯი თვალები და მომაჯადოებელი ღიმილი მედგა თვალწინ. დილითაც ჩვეულებრივზე მეტხანს დავყავი სარკის წინ და ისე გამოვიპრანჭე, თითქოს თექვსმეტი წლის პატარა გოგო ვიყავი და პირველ პაემანზე მივდიოდი. სავიზიტო ბარათი ტელეფონის სილიკონში შევინახე, რომ არ დამკარგვოდა და ნიტას გავაყვანინე თავი სამსახურში. _საღამოს გამოგიარო?_წასვლისას მკითხა. _თუ რამეა შეგეხმიანები. შეიძლება ეკატერინემ გამომიაროს და შენ აღარ მოგიწევს წვალება. ნიტა სანამ თვალს არ მიეფარა, მანამ არ შევსულვარ რესტორანში. აშკარად კარგ გუნება-განწყობაზე ვიყავი და მირანდასაც არ გამოჰპარვია ეს. _დღეს რამე განსაკუთრებული დღეა?_ჩემს ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება._გეტყობა, რომ კარგად მოგინდომებია, არაჩვეულებრივად გამოიყურები. არაჩვეულებრივად კი მართლაც გამოვიყურებოდი, მაგრამ რა აზრი ქონდა? სამზარეულოში ნინოს, მირანდას და თამთას გარდა ვერავინ მხედავდა. რამდენჯერმე ზურაბმაც კი შემოგვხედა და იმანაც აღნიშნა, რომ მშვენივრად გამოვიყურებოდი, მაგრამ მე უფრო მეტი მინდოდა. მინდოდა, რომ აჩისაც ვენახე. შუადღე გადასული იყო, მირანდამ რომ მითხრა, დარბაზში გეძახიანო. _ვინ არის?_გავიოცე და აფორიაქებული გულის დამშვიდებას შევეცადე რიტმული სუნთქვით. _სიურპრიზია. მესამე მაგიდასთან გელოდებიან. მივდიოდი და თითქოს ფეხებში ძალა გამომლეოდა, ისე მივათრევდი. ერთნაირად ვცახცახებდი, აჩი მეგონა, მაგრამ დარბაზში შევდგი თუ არა ფეხი და მესამე მაგიდისკენ გავაპარე მზერა, გუნება წამიხდა, ალეკო იყო. უკან გამობრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე და ამაყი ნაბიჯებით გავეშურე მისკენ. ენახა ერთი რა დაკარგა ჩემი სახით. როგორც ყოველთვის ზურგით იჯდა და ვიტრინიდან ქუჩას გაყურებდა. სანამ ახლოს არ მივედი არ გაუგია. რომ დამინახა, აშკარად შევატყე წამიერი გარინდება. მერე ფეხზე წამოიმართა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. _ჯანდაბა. შენი დროის მანქანა უკუღმა მუშაობს ეტყობა. დღითი დღე ახალგაზრდავდები და უფრო ლამაზდები. _მართლა?_ირონიულად შევღიმე._რასაც შენზე ვერ ვიტყოდი მაგას. გიყურებ და ახლა მიკვირს, რა მომწონდა შენში? _მარტო მოგწონდა და არ გიყვარდა? _აქ ამის სათქმელად ხარ მოსული?_გაბრაზებულმა ავზიდე წარბები. _არა, მაგრამ სიტყვამ მოიტანა. არ დაჯდები?_მის მაგიდასთან შემომთავაზა ისევ ჩამოჯდომა. _არა, მალე უნდა წავიდე. _ნიტამ თქვა ავარია მოუხდაო და გასაგებად მოვედი, როგორ ხარ? _როგორც მხედავ ძალიან კარგად. _ძალიანაც კარგი. ღმერთმა მუდამ ასე კარგად გამყოფოს... ვიფიქრე, ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებოდა? _ნამეტანი დაგვიანებული ხომ არ არის ახლა შენი მზრუნველობა? _სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო არ გაგიგია?_თავისი საფირმო ღიმილი რომ მოირგო სახეზე, თვალი არ მომიშორებია. მართლა ძალიან შეცვლილი იყო. მარტო ხასიეთებით კი არა, შეხედულებითაც. რაღაც ნამეტანი გადაფითრებული მეჩვენებოდა ამ ბოლო დროს. ალბათ, ჯანმრთელობასთან ქონდა პრობლემები და სიმართლე ვთქვა, ცოტა შემეცოდა კიდეც. _მინდა გითხრა, რომ შენი ზრუნვა არც მე და არც ნიტას აღარ გვჭირდება. როცა გვჭირდებოდი მაშინ დაკარგული იყავი და არ ჩანდი, ახლა საჭირო აღარაა. ტყუილა ნუ შეწუხდები. ენერგია, დრო და ფული დაზოგე და შენს ცოლ-შვილს მიხედე. _მე სხვა შვილიც მყავს და თავს ვივალდებულებ, რომ მასაც მივხედო. გამეცინა, ოღონდ მწარედ. _კარგი, გატყობ რომ კარგად ხარ და ჩემი დახმარება არაფერში გჭირდება. თუ დაგჭირდეს, არ მოგერიდოს... _თუ დამჭირდება, სხვას ვნახავ ვინც დახმარების ხელს გამომიწვდის და შენთან სათხოვნელად არაფერზე მოვალ._მტკიცედ რომ ვუთხარი, ჩაეღიმა. _ვიცი და ძალიან ცდები იცოდე. _არაუშავს, სულ შენ რომ არ ცდებოდე, ერთხელ მეც დავუშვა შეცდომა და მეც შევცდე, არ შეიძლება? კარგა ხანს მიყურა უხმოდ და სინანულით. მერე კი წავიდა. თვალი გავაყოლე. რატომღაც ძალიან გამხდარი მეჩვენა. არც ფერი მომწონდა მისი. ერთი პირობა უკან გამოკიდება და გამოლაპარაკება გადავწყვიტე, მაგრამ გადავიფიქრე, ჩემმა სიამაყემ არ მომცა ამის უფლება. საღამოს კი ეკატერინემ გამომიარა მართლაც და ჩვეულებისამებრ კაფეში დავსხედით ცოტახნით. _ვიცოდი, რომ იმ დღეს რამეს მოიწევდი, ისე ყავდი წერას ატანილი. კარგია რომ არაფერი დაგიშავდა და მარტო შენი მანქანა დაიმტვრა. _ჩემი მანქანა შესაცოდი არაა?_მეწყინა._თუ, შენც ქინდერ სიურპრიზში ამოსული სათამაშო გგონია? _ეგ ვინ გითხრა?_გულიანად გადაიკისკისა. _დეგენერატმა ბაქარმა. _ეგ ბაქარი ვინღაა? _ვინ და ვინც დამეჯახა._მშვიდად რომ ვუთხარი, დაეჭვდა. _კაი ტიპია?_ეშმაკურად შემომხედა. _არც ისე, უზრდელი და ფიცხია. თან, გაცილებით პატარაა ჩემზე. _აბა, რაღაც ძალიან მშვიდად ხარ და რას მივაწეროთ ეს შენი სიმშვიდე? _წამოსვლისას ვიყვირე და მომეშვა. ეგ კარგი რაღაც მასწავლე ხომ იცი._გამეცინა. _არა, მართლა, შენი მანქანის დამტვრევას კატასტროფად რომ არ აღიქვამ, მიკვირს. _კატასტროფად უკვე აღვიქვი. ვიკივლე და ვიწივლე კიდეც, მაგრამ აკეთებენ უკვე და... _აკეთებენ?_გაუკვირდა. _ხო, ხელოსნები._აჩის არსებობა დავუმალე იმ საბედნიერო ავარიიდან და მღელვარება რომ არ შეემჩნია ჩემთვის, ლატე მოვსვი ნებიერი წრუპვით. არ ვიცი რამდენად დამიჯერა ეკატერინემ, მაგრამ ფაქტია, რომ აღარაფერი უკითხია და სხვა რამეზე გადავიტანეთ საუბარი. კიდევ ცოტა ხანს დავრჩით და სახლში იმან გამიყვანა. მეორე დღესაც გამოვიპრანჭე საგულდაგულოდ და ისე წავედი სამსახურში. იმედი კი არ მქონდა, რომ აჩის შევხვდებოდი სადმე, მაგრამ მაინც. საღამომდე ცხვირი არ გამომიყვია სამზარეულოდან. საღამოს კი, რესტორნიდან რომ გამოვედი, წვიმდა. თან, თოვლის ბარაქიან ფანტელებს აყოლებდა შიგადაშიგ. ნიტასთვის არ დამირეკია. არც ეკატერინეს შევხმიანებივარ, ტაქსით ვარჩიე წასვლა და ტრასაზე თავპირიისმტვრევით გადავირბინე, რომ ცალიელი ტაქსი შემეჩერებინა. არ ვიცი, წვიმის გამო ვერ შევნიშნე, თუ ძალიან სწრაფად მოდიოდა თეთრი ჯიპი, წინ რომ გადავურბინე, საბურავების საშინელი ღრჭიალით შეჩერდა და სულ ოდნავ დამეჯახა კიდეც. შევბარბაცდი, მაგრამ არ წავქცეულვარ, თავის შეკავება შევძელი. ვერ მივხვდი ვისი ბრალი იყო და ვერ გამეგო ვისზე გავბრაზებულიყავი, საკუთარ თავზე თუ მძღოლზე, რომელიც ყვირილით გადმოვიდა მანქანიდან. რატომღაც ძალიან მეცნო მისი ხმა და მანქანის ფარების შუქზე რომ შევხედე, ელდა მეცა, ბაქარი იყო, აჩის ძმა. _შეენ?!_გაოცებულს აღმოხდა._ რა გინდა, რას გადამეკიდე, უნდა მომეკვლევინო? რატო წესიერად არ იყურები თვალებიდან?_გამიბრაზდა კი, მაგრამ მაინც შეშფოთებული მომიახლოვდა და ხელი ფრთხილად მომკიდა._რამე ხომ არ დაგიშავდა? _არა, არაფერი._ვიუარე. _ასე სად მიგეჩქარებოდა?_რომ დარწმუნდა არაფერი მჭირდა, ისევ აუწია ხმას._ჩემი წერა უნდა გახდე? _ტაქსი უნდა გამეჩერებინა, სახლში მივდივარ._ვთქვი და თან თვალი მალულად მისი მანქანისკენ გავაპარე, იმედი მქონდა, აჩიც შიგ ეჯდა. _კარგი, ნუღარ სველდები, წამოდი, მე წაგიყვან._მანქანისკენ მიბიძგა და თან წინა კარი გამომიღო ზრდილობიანად. უყოყმანოდ ჩავჯექი. ასე თუ ისე, ამ ვაჟბატონის ბრალი იყო მე რომ ახლა ფეხით დავდიოდი და ვალდებულიც კი იყო ეზრუნა ჩემზე. _ბოდიში, სავარძელი დაგისველე._საჭეს რომ მიუჯდა, მოვუბოდიშე. _არაუშავს, ისედაც სველია. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ გალუმპული იყო. ჩემთან ლაპარაკში ასე არ დასველდებოდა, შანსი არ იყო. _მშვიდობა გაქვს?_დაეჭვებულმა ვკითხე. უნდობლად შემომხედა და უპასუხოდ დატოვა ჩემი კითხვა. აღარაფერი მიკითხავს. არ უნდოდა პასუხის გაცემა და ნუ უნდოდა, აი დარდი. უხმოდაც ძალიან მშვენივრად ვიმგზავრეთ sugar-ის სასიამოვნო რემიქსული ვარიანტის მელოდიის ჰანგებზე. წინა ჯერზე სადაც გამიჩერა მანქანა, ახლაც ზუსტად იქ შეჩერდა. _დიდი მადლობა._ეს ვთქვი და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, რომ შემაჩერა. _შენ მანქანას ხვალ უკვე შეღებავენ და ზეგ შეგეძლება გამოყვანა. სამსახურში მოგაკითხო, რომ სახელოსნოში წაგიყვანო, თუ სახლში? _სამუშაო საათებში სამსახურში ვიქნები და იქ მომაკითხე. _კარგი, დროებით._შედარებით გულთბილად დამემშვიდობა და გამიღიმა კიდეც. ამასთან შეხვედრას აჩისთან შეხვედრა მერჩია, მაგრამ რას ვიზავდი, ცხოვრებას მე ვერ გავაკონტროლებდი სად, ვინ და როდის შემხვედროდა. მეორე დღესაც გამოვიპრანჭე, მაგრამ ისევ სულ ტყუილად. მესამე დღეს კი, რომ იტყვიან, ფარ-ხმალი დავყარე. არა და ვიცოდი, რომ ბაქარს უნდა გამოევლო და სახელოსნოში წავეყვანე ჩემი მანქანის გამოსაყვანად. მაინც აღარ მიზრუნია მაკიაჟზე. პირველ ჯერზე რომ გამოვიპრანჭე, დეგენერატ ალეკოს შევხვდი. ეგეც კი კარგი იყო, ჩემს დანახვაზე რომ ყბა ჩამოუვარდა, მაგრამ მე ვისთვისაც ვწადინობდი, იმას ვერ ვნახულობდი. მეორედ ფიცხ ბაქარს გადავეყარე, მესამედ კი საერთოდ არავის, თუ არ ჩავთვლით ზურაბს და თითქოს მოტივაციაც დავკარგე. მთლად ისეც არ წავსულვარ მოჩვენებასავით, მაგრამ მაკიაჟი არ გამიკეთებია. ტანსაცმელიც, ჯინსებში უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ის ჩავიცვი. შუადღისით, მირანდამ რომ მითხრა, ვიღაც გკითხულობსო, მივხვდი ბაქარი იქნებოდა. არც კი მიკითხავს სად მელოდებოდა და ისე გავეშურე დარბაზისკენ, მაგრამ ვერსად რომ ვერ აღმოვაჩინე, მირანდასთან დაბრუნება და იმის კითხვა დავაპირე, ვინ მეძახდა, რომ ზუსტად მაშინ მოვკარი აჩის თვალი. ალეკოს ამოჩემებულ მესამე მაგიდასთან იჯდა ნახევრად ზურგშექცევით და ისიც ქუჩას გაჰყურებდა დიდი ინტერესით. მის მტკიცე და მშვენიერ პროფილს რომ შევხედე, აშკარად გამიჩერდა გული და ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შევძელი. ამას უჰაერობაც დაემატა. რომ არ წავქცეულიყავი შემხვედრ სკამს საზურგეზე დავეყრდენი, ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ რომ გადავდგი ნაბიჯი, ზუსტად მაშინ შემომანათა თავისი ლურჯი თვალები. ნათლად ვიგრძენი როგორ გამომელია ფეხებში ძალა და დამბლადაძემულივით ძლივს მოვახერხე მასთან მისვლა. ამ ხნის მანძილზე თვალი არ მოუშორებია ჩემთვის და ეს უარესად მაბნევდა და მაფორიაქებდა. მის მაგიდას რომ მივუახლოვდი, ზრდილობიანად წამოდგა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად. _გამარჯობა._ეს მითხრა და ოდნავშესამჩნევად გაეღიმა. ჩემზე მაღალი იყო, მაგრამ არც ისე, მხოლოდ ამის გააზრება შევძელი, რადგან ისევ დაჰიპნოზებულივით შევყურებდი თვალებში. ხელის ჩამორთმევაც ძლივს მოვახერხე და მის თბილ ხელში უსუსური ბარტყივით რომ აცახცახდა ჩემი ხელი, მგონი მანაც შემნიშნა მღელვარება. ელექტროშოკივით დამიარა მთელ სხეულში რაღაც სასიამოვნო განცდამ. თუმცა, დიდხანს არ გაგრძელებულა. რაღაც მყარი საგანი რომ შევიგრძენი მის ხელში, შევკრთი. ინტერესით დავხედე და საქორწინო ბეჭედი იყო. აქ კი დამდუღრულივით შევკრთი. მაშ რა მეგონა, ასეთ მშვენიერ, სიმპატიურ და წარმატებულ მამაკაცს ამ დრომდე თავისუფალს დამიტოვებდა ვინმე? გული შემეკუმშა თითქოს და ამოოხვრისგან თავი ძლივს შევიკავე. საქორწინო ბეჭდიდან მზერა ისევ მის თვალებზე გადავიტანე და ნაძალადევად შევღიმე. _როგორ ხარ?_შინაურულად რომ მომიკითხა, გული ისევ შემიფრთხიალდა დაჭრილი ჩიტივით. _მადლობა, კარგად. თქვენ? _მეც._ისევ გამიღიმა და თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა._ბოდიში, ჩემი ძმის დაუდევრობის გამო რიგი პრობლემები რომ შეგექმნა უმანქანობის გამო. უკვე მზად არის და შემიძლია გაგიყვანო მის გამოსაყვანად. გზა დამითმო, გამატარა და თვითონაც უკან მომყვა. შორიახლოს თეთრი ლექსუსი რომ ვერ შევნიშნე, ვიფიქრე, მოშორებით ყავდა შეჩერებული, მაგრამ იქვე ახლოს მდგარ მუქ მწვანე, შავ ფერში გარდამავალი ფორდ მუსტანგის კარი რომ გამომიღო, გამიკვირდა. დაღვინებულ კაცს, თანაც სერიოზულ გამომძიებელს მსოფლიოში ყველაზე სპორტული მანქანა ყავდა? ალბათ, სახეზე აშკარად გამომესახა გაკვირვება და გაეღიმა. _რბოლა და ფორსაჟი ჩემი სუსტი წერტილია. მანქანაში რომ ჩავჯექი, კარი ფრთხილად მომიხურა. თვალი სინანულით გავაყოლე მანქანას რომ შემოუარა და საჭეს მიუჯდა. _იცი, შენს საქმესთან დაკავშირებით ვფიქრობდი... მინდა გითხრა, რომ მე ყველაფერი გამოვიძიე. ყველა მასალა და ნივთმტკიცება გადავეცი პროკურორს, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ძლიერი ზურგი გამოუჩნდა იმ ბიჭს და საკადრისად არ დასაჯეს, მხოლოდ გირაო გადაახდევინეს. ასე, რომ ჩემი ბრალი არაა დამნაშავე თუ თავისუფალია ისევ. _ვიცი. _მართლა?_გაოცებულმა შემომხედა._მეგონა ჩემზე ნაწყენი იქნებოდი. _არა, რატო? საქართველოში ვცხოვრობთ და აქ ყველაფერია შესაძლებელი. ერთხანს ოდნავშესამჩნევი ღიმილით მიმზერდა. მერე ძრავა ჩართა და საკმაოდ სწრაფად გააქროლა მანქანა ნახევრად ცარიელ ტრასაზე. უხმოდ ვიმგზავრეთ. ხანდახან თუ ვგრძნობდი მის მზერას, მაგრამ მე არ ვუყურებდი, რადგან მისი თვალების დანახვისას ფეტვივით დავიბნეოდი ვიცოდი. თან... რამდენჯერმე მისი საქორწინო ბეჭდისკენ გამექცა თვალი და თავს ვაიძულებდი, რომ პირველ ფაზაში შესული ჩემი რომანი აქვე დასრულებულიყო. არ მინდოდა მეც ჯილდა ვყოფილიყავი და ამ მშვენიერი და სიმპატიური კაცისთვის ოჯახი დამენგრია. ან, რაღა დროს ჩემი სიყვარულობანა იყო? თუმცა, ტასო მართალი იყო ამ შემთხვევაში, გული არასდროს ბერდებაო. ხო და, გული რომ არ ბერდება, შენც ახალგაზრდა გგონია ისევ თავი, ასაკი მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. სახელოსნოში მალე მივედით. არა და ახლოს სულაც არ იყო. ჯერ ერთი, სწრაფად მართავდა საჭეს და მეორე, სასიამოვნო წუთები სწრაფად გარბის. ისე სწრაფად, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებს ადამიანი. ჩემი მანქანა მართლაც იდეალურად იყო შერემონტებული. არავითარი ავარიის კვალი არ ემჩნეოდა არსად. აჩის მადლობა მოვუხადე, რომელიც ხელის ჩამორთმევით დამემშვიდობა. ისევ შევიგრძენი მისი საქორწინო ბეჭედი და ისევ მომეწურა გული. _დაწყნარდი ლელა, რა გრძნობების ქარიშხალი მოგინდა ამ სიბერეში?_საჭეს რომ მივუჯექი, მკაცრად შევუძახე საკუთარ თავს._ჩვენი გზები აქ გაიყო და აღარასდროს გადაიკვეთება. შენც ჯილდა ხომ არ ხარ, რომ ოჯახი დაუნგრიო მის ცოლს? ჭკუას მოუხმე იცოდე._ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე რამდენჯერმე. მერე ძრავა ავამუშავე და ერთხელ კიდევ გავხედე აჩის, რომელიც მოშორებით იდგა და ღიმილით მიმზერდა._ალბათ, სტაჟიანი ქალების მუსუსია. საძაგელი, იცის როგორ აურიოს ნებისმიერ ქალს თავგზა თავისი ლურჯი თვალებით და მომაჯადოებელი ღიმილით. მაგრამ ვერ მოგართვი, მე ნებისმიერი ქალი არ ვარ! მართალია, თავს პირობა მივეცი, რომ აჩიზე აღარასდროს ვიფიქრებდი და დავივიწყებდი, მაგრამ ყურადღებას მოვადუნებდი თუ არა, მაშინვე მისი ლურჯი თვალები მიტივტივდებოდა მეხსიერებაში. რამდენჯერაც გავიაზრე ეს, იმდენჯერ თავის დასჯის მიზნით, ხან დანის ბასრ პირს მოვუჭირე ხელი ტკივილამდე და ხანაც ცხელ ქვაბს თუ ტაფას მოვკიდე შიშველი ხელები. მაზოხისტივით ტკივილის შეგრძნება თითქოს მსიამოვნებდა. არ მინდოდა მისადმი გრძნობას ჩემს გულში ფესვები გაედგა, მაგრამ მართალი ყოფილა ის, ვინც თქვა, გულს ვერ უბრძანებო. სახლში მისულმაც ვერ დავუდე ვერაფერს გული. მივხვდი, რომ სიყვარულის ნაპერწკალი ღვიოდა ჩემს გულში და რაც უფრო ვეწინააღმდეგებოდი და ვაიძულებდი თავს მასზე არ მეფიქრა, უფრო გამუდმებით ვფიქრობდი და მბჟუტავი ნაპერწკალიც ნელ-ნელა ღვივდებოდა, ძალას იკრეფდა და ვგრძნობდი, რომ სულ მალე აგიზგიზდებოდა კიდეც. ერთი კვირა მოლოდინის რეჟიმში გავატარე. თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ ყველგან, სადაც მანქანების ნაკადს შევნიშნავდი, ნაცნობ მუსტანგს ვეძებდი და ხალხის ბრბოში კი ნაცნობ სილუეტს. თუმცა, უშედეგოდ. მიხაროდა კიდეც, რომ ვეღარ ვნახულობდი, იქნებ დამევიწყებინა კიდეც, მაგრამ თან გული მწყდებოდა და ძალიან განვიცდიდი მის უნახაობას. ერთ მშვენიერ კვირა დღეს კი, სპორტდარბაზიდან რომ გამოვედით გოგოები, იქვე ახლო-მახლო კაფეში დავსხედით. ეკატერინე გაცხარებით რაღაცას რომ ყვებოდა, არ ვუსმენდი. მე ჩემს ფიქრებს ვუღიმოდი გაუცნობიერებლად და სადღაც შორიდან ჩამესმოდა თითქოს დაქალის ხმა. _ლელა... გოგო..._სანამ მხარზე არ შემეხო და არ შემაჯანჯღარა, ვერ მივხვდი რომ მე მომმართავდა._რაღაცაშია შენი საქმე. ფიზიკურად აქ ხარ, მაგრამ გონებით სულ სხვაგან დაქრიხარ. რა გჭირს?_ტასომაც და ეკატერინემაც რომ ერთდროულად შემომხედეს, დავიბენი. ნუთუ ასე აშკარად მეტყობოდა რომ შეყვარებული ვიყავი? _ეტყობა, ამურის ისარი აქვს შიგ გულში გარჭობილი, სხვა რა უნდა იყოს ვითომ?_ტასომ გადაჭრით დაასკვნა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა._ვინ არის ის ბედნიერი არიტყვი? _რაღაც არ მგონია ბედნიერი იყოს, ამის ხელში მგონი უბედურია და თავ-ბედსაც იწყევლის ის საცოდავი._ეკატერინეს ამ რეპლიკაზე რეაქცია რომ არ მქონია, ეჭვით შემათვალიერა._მართლა ვერ ყოფილა შენი საქმე კარგად. რა გჭირს? _ისეთი არაფერი. თქვენს დიალოგში რომ არ ვერთვები, უეჭველი რამე მჭირს?_ნაძალადევად გავიოცე._უბრალოდ, ცოტა დავიღალე. _ეს ცოტა დაღლა ერთ კვირამდე რომ გრძელდება, მაგას აშკარად ვგრძნობ, დებილი არ ვარ._ეწყინა ეკატერინეს. _კარგით რა, რა უნდა მჭირდეს?_ნაძალადევად გადავიკისკისე მათ დაჟინებით მომზირალ სერიოზულ სახეებს რომ შევხედე._შეგახედათ თქვენი თავისთვის, გამოცდილი დეტექტივებივით რომ მიმზერთ. ფინჯანს დავწვდი და ის იყო პირთან უნდა მიმეტანა, რომ დაჟინებული მზერა ვიგრძენი და ინსტიქტურად გავიხედე. ძალიან ნაცნობ ლურჯ თვალებს რომ წავაწყდი, დავიბენი. ფინჯანი ჰაერში გამიშეშდა. მერე ძლივს მოვახერხე ერთი ყლუპის მოსმა და ისევ მაგიდაზე დავაბრუნე ხმაურით. აშკარად მიკანკალებდა ხელები. ის ლურჯი თვალები კი, ისევ ისე მიმზერდნენ დაჟინებით. ალბათ, ახალი შემოსულები იყვნენ, რადგან აქამდე არ შემინიშნავს და არც მისი მანქანა დამინახია გარეთ, სანამ შემოვიდოდით. მზერა მის თანმხლებ ქალზე რომ გადავიტანე, დიდი ვერაფერი, მგონი ასაკითაც კი დიდი იყო, მაგრამ მოვლილი იყო და ძვირადღირებული ტანსაცმელი ეცვა. ნუთუ ეს იყო მისი ცოლი? ისევ მის თვალებს რომ შევხედე, გამიღიმა და ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი მოსალმების ნიშნად. თუ ეს მისი ცოლი იყო, სხვა ქალებისკენ რატომაც გაურბოდა ამ მაჩოს თვალები, უკვე ნათელი იყო. მაგრამ... როცა ინიშნებოდა, რატო მაშინ არ ახელდა ფართოდ თვალებს? ნუთუ, როგორც სხვა კაცები, ესეც ფულს დახარბდა და ახლა ცოლის ფულებით იწონებდა თავს? გუნება წამიხდა. საჩქაროდ დავლიე ყავა და გოგოებს ვუთხარი, რომ წავსულიყავით, რადგან აჩი ჩემს პირდაპირ იჯდა და მალ-მალ აპარებდა ჩემსკენ კმაყოფილ მზერას. ქალი რაღაცას უყვებოდა, მაგრამ ის რომ არ უსმენდა, სახეზე ემჩნეოდა. _რა ბზიკმა გიკბინა?_გაუკვირდა ეკატერინეს._ჯერ ეხლა არ შემოვედით? _მეჩქარება. თუ არა და თქვენ დარჩით და მე წავალ. _შენი ხიფათიანი ამბები რომ ვიცი, მარტო არ ხარ გასაშვები._მაშინვე წამოდგა ეკატერინეც. კაცი ბედ-იღბლით უნდა ცხოვრობდესო ნათქვამია. ხო და, აჩის მაგიდას რომ მიუახლოვდი, მოულოდნელად ტელეფონი ამიმღერდა ხელში და ისე შევკრთი, ხელიდან გამეშვა. დაჭერა ვცადე, აფართხალებულმა ორჯერ მოვკიდე კიდეც ხელი, მაგრამ მაინც გამეშვა. ამასობაში ჩემმა ამღერებულმა ტელეფონმა ვარდნის ტრაექტორია შეიცვალა და დავინახე აჩის რომ მივარდა ზედ, რომელმაც ოსტატურად შეძლო ამ ურჩის დაჭერა. ფეხზე რომ წამოდგა და ღიმილით გამომიწოდა, შემრცხვა, ერთიანად გავწითლდი. ახლა, ტელეფონის გამორთმევისას მის თბილ თითებს რომ შევეხე, დავიბენი. მადლობაც კი ვერ მოვუხადე ისე ჩამოვართვი და გარეთ გავვარდი აფორიაქებული. ტელეფონი კი ისევ მღეროდა. უცხო, მაგრამ ნაცნობი ნომერი იყო. მივხვდი, ალეკო იყო და არ ვუპასუხე. _რა მოგივიდა?_გაოცებული გოგოებიც მომყვნენ უკან._იმ კაცისთვის მადლობა მაინც მოგეხადა, ვერ იცანი? _ვინ კაცი?_ნაძალადევად გავიოცე. _ვინ და აჩი, შენს საქმეს რომ იძიებდა. _მართლა? უი, ვერ ვიცანი._უნამუსოდ ვიცრუე. _ვერ იცანი, ვერ იცანი, მადლობა მაინც ვერ მოუხადე? კაცმა ტელეფონი დამტვრევას გადაგირჩინა._გაუკვირდა ტასოს._ამ ბოლო დროს ღრუბლებში დაფრინავ და რაღაცაშია შენი საქმე. ჩემმა ტელეფონმა წუთშესვენების შემდეგ ისევ დარეკა. წეღანდელი რეაქცია არ მქონია, მაგრამ მაინც შევკრთი. ისევ ის ნომერი იყო. _ვინ არის, შენი აღელვება მაგ ზარს უკავშირდება?_ეჭვით შემათვალიერა ეკატერინემ. _არ ვიცი, უცხო ნომერია, მგონი ალეკოა... _ააა, გასაგებია._თავისთვის ჩაიდუდუნა ტასომ._ეს კაცი ისევ გიფორიაქებს გულს? გამიხარდა ჩემი აფორიაქება მას რომ დაბრალდა. გოგოებს იქვე დავემშვიდობე და ისე სწრაფად ჩავჯექი ჩემს მანქანაში და მოვწყდი ადგილს, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ მოესწროთ. ერთხანს უმისამართოდ ვიქროლე ქუჩებში ჩაფიქრებულმა. მერე კი, სახლს მივაშურე. სადარბაზოს წინ ალეკოს მანქანა რომ შევნიშნე, ავფორიაქდი. ნეტავ რა უნდოდა რომ მირეკავდა და არ ვუპასუხე? ცოტა აფორიაქებული გადმოვედი მანქანიდან, მაშინვე ნიტასკენ გამექცა ფიქრები. კარგს ხომ არასდროს ფიქრობს ადამიანი? ალეკოც მანქანაში იჯდა და მე რომ გადავედი, თვითონაც გადმოვიდა. ან, ახალი მოსული იყო, ან არა და მანქანაში მელოდა. სპორტულ ფორმაში გამოწყობილს ქსეროქსის აპარატივით ამატარ-ჩამატარა გამჭოლი მზერა, თუმცა არაფერი უთქვია ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ან, რა უფლება ქონდა რამე ეთქვა? _რომ გირეკავ რატო არ მპასუხობ?_ეჭვი გაკრთა მის ხმაში და მესიამოვნა. გამოდის, ისევ ვაღელვებდი რახან ეჭვიანობდა. ხო და ძალიანაც კარგი, რადგან მეც ზუსტად ეგ მინდოდა, რომ მეეჭვიანებინა და გამეგიჟებინა. გამოეცადა ერთი რა გრძნობა იყო, როცა საყვარელი ადამიანისგან უარყოფილი იყავი და არაფრად გაგდებდა. _მირეკავდი? როდის? ვერ გავიგე... საქმე გქონდა?_ოდნავ მოჭუტული თვალებით შევხედე. ვიცოდი რომ ამ დროს ძალიან მომხიბლავი ვიყავი._რა ხდება? _მივლინებაში მივდივარ. ჩემი ცოლ-შვილი ვერ ახერხებს ჩემთან ერთად წამოსვლას და მინდოდა ნიტა მაინც წამეყვანა. _მერე და მე რა შუაში ვარ?_გავიოცე._ნიტა სრულწლოვანი გოგოა და თვითონ გადაწყვეტს გამოგყვეს თუ არა. მე არაფერს ვუშლი. _მაშინაც, თუ გეტყვი, რომ მივლინებით თურქეთში მივდივარ? _თურქეთში?_ცოტა დავფიქრდი. _მაგიტო მინდოდა შენთან დალაპარაკება. წამოდი._თავისი მანქანის კარი გამომიღო._სადმე დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. თვალებში შევხედე. მართალია უწინდებურად არა, მაგრამ მაინც მიფორიაქებდა გულს. ინტერესით დავაკვირდი. არანაირი ავი ზრახვები არ უჩანდა, მაგრამ მაინც ვიუარე. _მე არაფერ შუაში ვარ. წეღანაც გითხარი, სრულწლოვანია და თვითონ გადაწყვეტს გამოგყვეს თუ არა. თუ წამოსვლა უნდა, ნამდვილად არ დავიჭერ, იმიტომ რომ შენი შვილიცაა. მაგრამ თუ წამოსვლა არ უნდა, არ დავაძალებ. _ესე იგი, თუ წამოსვლა უნდა, შენ წინააღმდეგი არ იქნები?_გაუკვირდა. _არა-მეთქი გითხარი და რაღას მეკითხები?_ცოტა გავბრაზდი და ხმას ავუწიე._თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ახლადგამომცხვარ მამიკოსთან ერთად დროის გატარება._ირონიით შევღიმე, გვერდი ავუქციე და სადარბაზოში დავაპირე შესვლა. _მოიცა._მოულოდნელად მკლავზე წამატანა ხელი და შემაჩერა. _არ შემეხო!_გაავებულმა დავუბრიალე თვალები და ხელი გამოვგლიჯე. _ჩვენს შესახებ მინდოდა ლაპარაკი... _ჩვენს შესახებ?_ნაძალადევად გადავიხარხარე._მაინც რაზე? _ასე ქუჩაში ამაზე ლაპარაკი არ მინდა. _ბოდიში, სახლში ვერ აგიპატიჟებ. დიდი ხანია ჩემი ბინის კარი შენთვის დაკეტილია. _ვიცი. სადმე წავსულიყავით... _შანსი არ არის. რამის თქმა თუ გინდა აქვე მითხარი. თუ არა და, დაღლილი ვარ და სახლში უნდა ავიდე. _მაინტერესებს, მარტო რატომ ხარ?_პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ მკითხა, ცოტა დავიბენი. თვალებში რომ შევხედე, დაჟინებით მომჩერებოდა. _მარტო არ ვარ. ჩემს ტყუილზე გაეღიმა. _მე წინააღმდეგი არ ვარ თუ გათხოვებას დააპირებ და მეორედ შექმნი ოჯახს. _მართლა?_უარესად ავხარხარდი._წინააღმდეგი რომც იყო, მე მაინც გავთხოვდები და შენ ამას ვერ დამიშლი... მინდა გითხრა, რომ ახლო მომავალში ვაპირებ კიდეც._ძალიან დამაჯერებლად ვუთხარი და სადარბაზოში ისე შევედი, აღარ შემიხედია მისთვის. უკვე ბინაში შესულს კი, ნერვებმა მიმტყუნა და კარი არ მქონდა მიხურული, რომ ხმამაღლა ავღრიალდი. ვერ ვხვდებოდი რა მატირებდა. ის, რომ ალეკო საბოლოოდ მყავდა დაკარგული თუ, აჩის ოჯახური მდგომარეობა. ალბათ, უიღბლო ვარსკვლავზე რომ ვიყავი გაჩენილი ეგ მიკლავდა გულს. ბედნიერებით ტკბობა და სიყვარულით ცხოვრება ნამდვილად არ ეწერა ჩემს ბედისწერაში. გვარიანად ვიღრიალე. გემოზე გამოვიტირე ჩემი ბავშვობის ოცნებები და ნათელი მომავალი, რომელიც არასდროს მეღირსებოდა. სულ ტყუილად ვაჩვენებდი ალეკოს ძლიერ ქალად თავს. უბრალო, სუსტი და უბედური ქალი ვიყავი. ერთი მიყვარდა და სხვამ წამართვა. მეორის შეყვარება შევძელი და ისიც სხვისი აღმოჩნდა. საშინლად არ მიმართლებდა კაცებში... მანუჩარისნაირი გვაჯი კაცები იყვნენ ალბათ ჩემთვის შექმნილები... მეორე დღეს კი, ნიტამ სიხარულით მამცნო, რომ მამამ დაპატიჟა თურქეთში, კერძოდ სტამბოლში და ისეთი ბედნიერი იყო, უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი. პირიქით, ხელიც კი შევუწყე, რომ წასულიყო. ბარგის ჩალაგებაში სიამოვნებით მივეხმარე და აეროპორტშიც მე გავიყვანე ბედნიერი მამა-შვილი ჩემი მანქანით. სანამ მათი რეისი გაფრინდებოდა, ცოტა ხანს მოცდა მოგვიწია. გარეგნულად არ ვიმჩნევდი, მაგრამ შინაგანად ძალიან ვღელავდი. მედარდებოდა, როგორ იმგზავრებდნენ. თან, იმას ვნერვიულობდი, ორი კვირა მის გარეშე როგორ უნდა გამეძლო? ისეთი აღტაცებული იყო, არ მინდოდა ჩემი უგუნებობით ჩამეშხამებინა და ამიტომ მეც ნაძალადევად ვიღიმოდი და უაზროდ ვერთვებოდი მათ საუბარში. _ცოტა არ იყოს მომშივდა._მსუნაგად ააცმაცუნა ნიტამ ტუჩები._იქ, მაღაზიები შევნიშნე და ჩიფსების საყიდლად ვინ გამომყვება?_მე და ალეკო ისე შეგვათვალიერა ინტერესით, გამეღიმა. _გამოგყვები._ალეკომ რომ მოიწადინა მისი გაყოლვა, გამიხარდა. პასპორტი და ბილეთები მე ჩამაბარეს და ხალისით გაეშურნენ ჩიფსების საყიდლად. მე კი, იქვე ჩამოვჯექი სკამზე და ნერვიულად შევათამაშე ხელში შერჩენილი საბუთები. არ მინდოდა რომ წასულიყო. მის გარეშე არასდროს ვყოფილვარ და ვიცოდი რომ საშინლად გამიჭირდებოდა სანამ დაბრუნდებოდა, მაგრამ ვერც ვაკავებდი. მართალია, ვუყვარდი, მაგრამ მამაც უყვარდა თავისებურად. თან, საქართველოდან, ორი კვირით გაღწევის შანსი ეძლეოდა და უვარგისი დედა უნდა ვყოფილიყავი, რომ დამეშალა. ცოტაც და ცრემლები წამომცვივდებოდა ალბათ, მაგრამ გულს ვიმაგრებდი. არ მინდოდა ჩემი სისუსტე ან ერთს და ან მეორეს ენახათ. ალეკოს იმიტომ, რომ ძლიერად ვაჩვენებდი თავს. ნიტას კი, არ მინდოდა, რომ ჩემს გამო ენერვიულა. ინსტიქტურად რომ ავიხედე და ჩემს წინ მოშორებით მდგარ მამაკაცს შევხედე, დავიბენი. აჩი იყო იმ ქალთან ერთად, კაფეში რომ ვნახე. ცოლ-ქმარი სადღაც მიემგზავრებოდა ალბათ და ამანაც დამამწუხრა. მათი რეისის რეგისტრაცია უფრო ადრე დაიწყო და მალევე დავკარგე თვალთა ხედვის არედან. თუმცა, ნიტამ შორიდანვე რომ დამიძახა და ხელი დამიქნია, აჩიმ ეს შენიშნა და ასე მომეჩვენა, რომ სევდიანად გამიღიმა. თანმხლებ ქალთან ერთად ბარგთან დაკავშირებული პროცესი რომ დაიწყეს, ყურადღება ვეღარ მივაქციე. სულ მალე კი ალეკო და ნიტაც შედგნენ ექსკალატორზე და მეორე სართულზე ავიდნენ. კარგა ხანს ვიდექი და თვალცრემლიანი შევყურებდი ბედნიერ ნიტას, ნელ-ნელა რომ მიიწევდა მამასთან ერთად. მერე კი, თვალს რომ მიეფარნენ და ვეღარ მხედავდნენ, აი მაშინ კი ავღრიალდი პატარა ბავშვივით. სკამზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ცრემლებს მივეცი გასაქანი. ყველას, ვინც მიყვარდა, ერთ დღისით ვაცილებდი და ეს უკვე მეტისმეტი იყო. ალეკო და ნიტა კი დაბრუნდებოდნენ ორ კვირაში, მაგრამ აჩი? ის სად წავიდა ნეტავი? იქნებ, კარგიც კი იყო, რომ მიდიოდა? ასე უფრო ადვილად შევძლებდი მის დავიწყებას. ემოციებისგან რომ დავიღალე და ცრემლიც გამიშრა, წამოვდექი, რათა სახლში წავსულიყავი. ჩემს წინ მამაკაცი რომ იდგა, უინტერესოდ კი შევხედე, მაგრამ მასში ნაცნობი გამომძიებელი რომ ამოვიცანი, შევკრთი. _ამიტომ არ მიყვარს გაცილებები._თეთრი ხელსახოცი გამომიწოდა და შემომღიმა._ქმარ-შვილი გააცილე? _შვილი და ყოფილი ქმარი._რატომღაც კარტები ბოლომდე გავუხსენი, ხელსახოცი გამოვართვი და სახე მოვიწმინდე._თქვენ?_დარწმუნებული ვიყავი ცოლი იყო ის ქალი, მაგრამ ზრდილობის გულისთვის მაინც ვკითხე. _და... მისი შვილი გერმანიაში ცხოვრობს და მის სანახავად წავიდა. _დაა?_გაოცებულმა შევხედე. არა და ეს დღეები იმას ვფიქრობდი, რომ მდიდარი ცოლის ფულებით ბლატაობდა. რატომ მქონდა მასზე ასეთი წარმოდგენა არ ვიცი, მაგრამ ის ქალი მისი ცოლი რომ არ აღმოჩნდა, გულწრფელად გამიხარდა. _კი._გაეღიმა. აშკარად მიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს და შემრცხვა. _საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ და-ძმანი იყავით._ვაღიარე. _ვერც მე, ის ლამაზი გოგო, ძალიან რომ გგავდა, თავიდან შენი და მეგონა... თუმცა, დედა დაგიძახა... ფარული მღელვარებით შევხედე. მაინტერესებდა, სწყინდა თუ არა ის ამბავი, რომ შვილი მყავდა. მაგრამ ეტყობოდა, რომ გრძნობების დამალვის დიდოსტატი იყო, რადგან არანაირი რეაქცია არ ამომიკითხია მის სიმპატიურ სახეზე. გვიან გავაანალიზე ისიც, რომ ჩემი შვილი ლამაზად მოიხსენია. გამოდის, მეც ლამაზი ვიყავი მის თვალში და ამის გააზრებამ გული სიამით ამიძგერა. _მანქანით ხარ?_ეს რომ მკითხა, მივხვდი, ჩემთან ერთად უნდოდა ყოფნა და ყველანაირ მიზეზს ეძებდა ამისთვის. _კი._თავი რომ დავუქნიე, თითქოს ეწყინა. _აქვე კაფეტერიაა. ხომ არ დაგვეგემოვნებინა აქაური ყავა? ერთხანს უხმოდ შევყურებდი. მგონი, ორივეს გვეწერა სახეზე, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და გვიზიდავდა. შემოთავაზებაც კარგი იყო, მაგრამ ცოლიანი რომ იყო? რა უფლება მქონდა სხვის ქმარზე მეფიქრა და იმის მიზეზი მიმეცა მისთვის, რომ ოჯახს თუ არ დაანგრევდა და სერიოზულად არ იფიქრებდა ჩემზე, ეღალატა მაინც? მართალია, მეც ძალიან მომწონდა. ისე ძალიანაც, რომ საღად ძლივს ვაზროვნებდი, მაგრამ იმდენი მაინც შევძელი, რომ უარი ვუთხარი. _დიდი მადლობა, მაგრამ არა... _რა გაეწყობა? სხვა დროს იყოს._ცოტა ნირწამხდარმა შემომღიმა. _სხვა დროს?_სინანულით რომ ჩავილაპარაკე, ინსტიქტურად მისი საქორწინო ბეჭდისკენ გამექცა მზერა და თავი გავყიდე, აშკარად მივახვედრე, რატომაც ვიხევდი უკან. შევატყე, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ აღარ მივეცი ამის საშუალება. მასეთი პიროვნება, ვინც ისევ მიყვარდა და ვის დავიწყებასაც დღემდე ვცდილობდი, კი იყო ჩემს ცხოვრებაში, თანაც ჩემი შვილის მამა და იმას არ ვუნგრევდი ოჯახს. მითუმეტეს, რომ თავის დროზე ჯილდა ჩადგა მურმანის ეკალივით ჩვენს შორის და ღირსიც კი იქნებოდა. მაგრამ მე მისნაირი არ ვიყავი და ამის ცოლს რატო გავიმეტებდი ვითომ ასე? მეც ქალი ვიყავი და ყველაზე მეტად მე მესმოდა მისი. _მეჩქარება, კარგად ბრძანდებოდეთ._ისე ვუთხარი, თვალებში არ შემიხედია და სასწრაფოდ დავშორდი. არეული ნაბიჯებით გადავჭერი ვრცელი დარბაზი და გარეთ რომ გავედი, გრილმა სიომ თითქოს გამომაფხიზლა. ავტომანქანების სადგომისკენ ლამის სირბილით წავედი. არ მინდოდა აჩი დამდევნებოდა და შევეჩერებინე. არა, როგორ არ მინდოდა, ყველაზე მეტადაც კი მინდოდა, მაგრამ ნამდვილად არ ღირდა. თბილისში რომ დავბრუნდი, სახლში არ მივსულვარ. ნიტას გარეშე გამოცარიელებული იქნებოდა ბინა და გავგიჟდებოდი ალბათ. პირდაპირ სამსახურისკენ ავიღე გეზი. თუმცა, არც იქ მივსულვარ, რადგან ჯერ ადრე იყო, თანაც საკმაოდ და ბარათაშვილის ხიდის სიახლოვეს გავჩერდი. ხიდზე მდგარ თავმომწონე ქანდაკებებს მეც მივემატე. თითქოს, მეც მათი ნაწილი გავხდი და უაზროდ გადავხედე ადიდებულ და ამღვრეულ მტკვარს, თავისთვის რომ მიედინებოდა და არაფრის დარდი რომ არ ქონდა. მის ფონზე თოლიები ფითქინა თეთრები ჩანდნენ. ალბათ, არც მათ ქონდათ არაფრის დარდი საკვების მოპოვების გარდა. რა იქნებოდა, თოლიად რომ დავბადებულიყავი? მეც ხომ არაფრის დარდი მექნებოდა ახლა? თუმცა, ოდესღაც სადღაც მქონდა ამოკითხული, რომ შეჯვარებას ივლისის დასაწყისში იწყებენო. მანამდე ვითომ პარტნიორის ძებნით იყვნენ დაკავებულები, თუ ნებისმიერ შემხვედრთან წყვილდებოდნენ? თოლიების შესახებ ისიც მქონდა გაგებული, რომ ორივე მშობელი კრუხობდა ერთი თვის განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობაში კი ადამიანებს სჯობდნენ მილიონჯერ. რამდენი ჩემისთანა მიტოვებული დედა დაიარებოდა ამ დედამიწაზე, ვინც ქმარმა მიატოვა და შვილის გაზრდა და აღზრდა მარტოს მოუწია? ახლა გაუჩნდა მამობის სურვილი გოგო შვილის მიმართ ჩემს ყოფილ ქმარსაც. ალბათ, რამე მიზეზი ქონდა, თორემ უმიზეზოდ რამეს გააკეთებდა ვითომ? _ქალბატონო, ცუდად ხარ?_თითქოს შორიდან ჩამესმა ახალგაზრდა მამაკაცის ხმა. გაოცებულმა შევხედე. საპატრულო პილიციელი იყო. _აქ რას აკეთებთ?_ეჭვით რომ მკითხა, მივხვდი, თვითმკვლელი ვეგონე, რომელიც ამ ადიდებულ და აზვირთებულ ტალღებში აპირებდა გადახტომას. _უბრალოდ, ხედით ვტკბებოდი. აშკარად არ დამიჯერა და გამეღიმა. _სამსახურის დაწყებამდე დროის გაყვანა მინდოდა._დავამშვიდე. _სად მუშაობთ?_ისევ ეჭვით მკითხა. _რესტორანში, შეფ მზარეული ვარ. თვითმკვლელობას არ ვგეგმავ. _ხედით ტკბობა იქიდან შეგიძლიათ._შემომაბრუნა და მშვიდობის ხიდი დამანახა._აქ დიდხანს ნუ გაჩერდებით. _ისედაც წასვლას ვაპირებდი. მადლობა ყურადღებისთვის._ღიმილით დავემშვიდობე და ჩემი მანქანისკენ გავეშურე. ვიგრძენი, როგორი დაჟინებული მზერაც გამომაყოლა, თუმცა არ შემიმჩნევია. შორიახლოს მდგარ ჩემს მანქანაში ჩავჯექი და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მანქანების ნაკადს შევერიე. აფორიაქებული ვიყავი და ადგილს ვერ ვპოულობდი. ერთი სული მქონდა როდის შემეხმიანებოდნენ და გამაგებინებდნენ, რომ ადგილზე მშვიდობით ჩავიდნენ. ეს მტანჯველი ლოდინი კი გულს მიკლავდა საშინელი ტკივილით. ათი წუთი დამჭირდა მუშტაიდის ბაღამდე მისასვლელად. სამსახურში ადრე მისვლას ისევ აქ შესვლა ვარჩიე გულის გადასაყოლებლად და მგონი, ერთი საათიც კი გავჩერდი. ხშირად დავდიოდით მე და ნიტა აქ და ატრაქციონებზე მასთან ერთად მეც ვერთობოდი. მართლაც რომ არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. კარგა დრო იყო გასული, რაც აქ აღარ შემოვსულვარ, მითუმეტეს რომ სამსახური აქვე მქონდა და ყოველდღე მიწევდა ამ გზაზე სიარული. ან, ახლა რამ შემომიყვანა, თანაც მარტო, ვერ ვხვდებოდი. ალბათ, ნიტა მენატრებოდა და იმიტომ. სამსახურში მაინც ადრე მომიწია მისვლა, მაგრამ გარე-გარე სიარულს ისევ იქ ვარჩიე ყოფნა. მთელი ის ოთხი საათი, სანამ ნიტა დამირეკავდა და მის ხმას გავიგონებდი, ამ სამყაროს გათიშული ვიყავი. სულ მცირე, ორჯერ მაინც უნდა შემხმიანებოდა ადამიანი, რომ გამეგო მე მომმართავდა. მოწყენილი ვიყავი და ტირილი მინდოდა. უხალისოდ და ძალდატანებით ვაკეთებდი შეკვეთილ კერძებს. როცა დამირეკა კი, და მითხრა, რომ მშვიდობით ვგზავრეთ და ადგილზეც დავბინავდითო, შვებით ამოვისუნთქე. თითქოს, მძიმე ლოდი მოეხსნა გულიდან. ცოტა გავხალისდი კიდეც. საღამოს კი, გოგოებთან ერთად, ჩვენს კაფეში დავსხედით და გვიანობამდე დავრჩი მათთან. არ მინდოდა სახლში დაბრუნება, რადგან იქ გამეფებული სიცარიელე და სიჩუმე გამაგიჟებდა. თუმცა, როდემდე ვიქნებოდით ასე უპატრონო ძაღლებივით ქუჩაში გამოყრილები? მხიარულად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჩვენ ჩვენი სახლებისკენ გავწიეთ. ჩემი კორპუსისკენ ღიღინით გადავუხვიე. მინდოდა მხნედ ვყოფილიყავი და ნიტას გარეშე გამოცარიელებულ ბინაში მშვიდად შევსულიყავი. გვიან შევნიშნე შორიახლოს შეჩერებული ნაცნობი მუსტანგი. კარგა ხანს გაოცებული შევყურებდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, მაგრამ ახლოს რომ მივედი და დავინახე მართლა აჩი იყო, ავღელდი. უდაო იყო, მე მელოდა. თუმცა, თავის დამშვიდება ვცადე იმ არგუმენტით, რომ შეიძლებოდა სხვასთან ყოფილიყო. მანქანა რომ შევაჩერე და გადავედი, მუხლები საგრძნობლად მიკანკალებდა. ვგრძნობდი, რომ სერიოზულად მაღელვებდა და მაფორიაქებდა ეს კაცი. თავჩაქინდრულმა ფრთხილი ნაბიჯებით რომ გავიარე ნახევარი გზა მაინც ჩემს სადარბაზომდე, გამიხარდა, ალბათ ვერ მიცნო-მეთქი, მაგრამ ზუსტად მაშინ გააღო თავისი მანქანის კარი და გადმოვიდა. უარესად ავღელდი, მაგრამ ნაბიჯი არ შემინელებია. _ლელა!_რომ დამიძახა, აქ კი გამიჩერდა გული. შევჩერდი და ნაძალადევი გაოცებით შევხედე სწრაფი ნაბიჯებით რომ მიახლოვდებოდა. _აა, ბატონო არჩილ, თქვენ ხართ?_ვითომ თავიდანვე ვერ ვიცანი და თან ოფიციალურად მივმართე, რომ ჩვენს შორის გარკვეული დისტანცია დამეცვა. _კარგა ხანია გიცდი. წასვლას ვაპირებდი უკვე. _დაქალებთან შემოვრჩი..._"მოვუბოდიშე"._მოხდა რამე? _შენთან დალაპარაკება მინდოდა._თითქოს რაღაც იდუმალი ხმით მითხრა. რამე საქმესთან დაკავშირებით რომ არ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, ამას მაშინვე მივხვდი და გული უარესად ამიფორიაქდა. თან, ლამპიონით განათებულ მის სახეს რომ ვხედავდი, ისეთი თვალებით მიმზერდა, დებილი უნდა ვყოფილიყავი, რომ ვერ მივმხვდარიყავი, რასთან დაკავშირებით უნდოდა ჩემთან საუბარი. იმასაც მივხვდი, რომ მის ანკესზე ადვილად წამოსაგები ვიყავი. ამას თვითონაც კარგად ხვდებოდა და საკუთარი თავიც და აჩიც შემძულდა. ცხადადაც კი ჩამესმა თითქოს მისი ხმა, ერთმანეთი მოგვწონს და არაფერი დაშავდება, თუ ხანდახან შევხვდებითო. _ახლა გვიანია, სხვა დროს რომ ვილაპარაკოთ?_საკმაოდ ცივად რომ ვუთხარი, შევატყე შეკრთა. კარგა ხანს უხმოდ შემომყურებდა. აშკარად ძალიან უნდოდა ჩემთან დალაპარაკება, მაგრამ ისიც შევატყე, რომ ჩემს სურვილს პატივი სცა. _კარგი, სხვა დროს დაგელაპარაკები. ღამე მშვიდობისა. _ღამე მშვიდობისათ._მაინც ოფიციალურად დავამატე ის "თ" და სადარბაზოში ისეთი შევვარდი, თითქოს ვინმე მომყვებოდა უკან. ბინის კარამდე კი შევიკავე თავი, მაგრამ მერე კი, მივხურე თუ არა და ზურგით მივეყრდენი, მწარედ ავქვითინდი. რა მოხდებოდა ვითომ, რომ გავჩერებულიყავი და დამლაპარაკებოდა? მიმეცა იმის უფლება, უფრო აერია ჩემთვის თავგზა და ვეცდუნებინე? მეც ხომ ერთი სული მქონდა გამომტყდომოდა სიყვარულში და მაცდური წინადადება შემოეთავაზებინა? ღირდა ვითომ სხვისი ბედნიერების სანაცვლოდ მე დავტანჯულიყავი და უარი მეთქვა ჩემს სასიამოვნო განცდებსა და შეგრძნებებზე? მე თუ არა, სხვა ხომ გამოჩნდებოდა და მაინც გააბამდა ცოლიან კაცთან ურთიერთობას? ჯილდამაც ხომ მასე "დამახია"ქმარი? მაგრამ... მე ხომ მისნაირი არვიყავი? მე ხომ ჩემი პრინციპები მქონდა, რომელიც არ მომწონდა, მაგრამ მაინც ვიცავდი? მეორე დღეს, დილით, სანამ სამსახიურში წავიდოდი, ისევ კორპუსთან დამიხვდა. არ მეგონა ეს "სხვა დრო"ასე მალე თუ დადგებოდა. აშკარად გამოუძინებელი იყო და შემეცოდა, იმიტომ რომ მეც ვერ მოვხუჭე თვალი. _ასე ქუჩაში ლაპარაკს, სადმე დავსხდეთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ. აქ ლაპარაკს, მართლაც მერჩია კაფეში დაჯდომა. მეზობლების ეჭვიან მზერას მაინც ავირიდებდი თავიდან. _ჩემი მანქანით წავიდეთ და მერე აქ მოგიყვან ისევ._შემომთავაზა. _არ არის საჭირო, სამსახურში მივდივარ და გზად შევჩერდეთ სადმე. ცოტახნით ჩაფიქრდა. აშკარად რაღაცას აანალიზებდა. _ასე, ხუთი წუთის სავალზე იქნება აქედან, გამომყვები? მეტი რა გზა მქონდა? ჯერ ერთი, მეც ძალიან მაინტერესებდა რაზე უნდა ესაუბრა ჩემთან და მეორე, ასე ადვილად ვეღარ მოვიშორებდი მაინც თავიდან და ჩათრევას ჩაყოლვა ვამჯობინე. _კარგი, გამოგყვები._დავთანხმდი და საჭეს რომ მივუჯექი, მართლაც მივყევი უკან. შორს არ წავსულვართ. ავლაბრის აღმართზე პირველივე ვარდისფერ ტერასებიან სახლში მივედით. ეს კაფე-რესტორანი ვიცოდი და მომწონდა კიდეც თავისი ლანდშაფტური ბაღით, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. მართალია, ცოტა გრილოდა, მაგრამ მაინც აყვავებული გლიცინიას ფანჩატურში დავსხედით. პირველად არ ვიყავი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა აქ მოვდიოდი გოგოებთან ერთად, ყოველთვის გაოცებული ვრჩებოდი. ეს იასამნისფრად მოყვავილე იტალიური ხე თავისი სილამაზითა და სურნელით ყოველთვის მაჯადოებდა და მატყვევებდა. _მხოლოდ ყავა, მეტი არაფერი._წინდაწინ გავაფრთხილე აჩი, რომელიც დაჟინებით მომჩერებოდა და მის გადმოდგმულ სკამზე მოხერხებულად მოვკალათდი. ალბათ, ჩემი სახის გამომეტყველებით უნდოდა გაეგო, კმაყოფილი ვიყავი თუ არა აქ მოყვანით. მაგრამ სახეზე რომ აღტაცება და უდიდესი სიამოვნება მეწერა, ამის დაფარვა-შენიღბვას ვერანაირად ვერ შევძლებდი ძალიანაც რომ მომენდომებინა. სანამ შეკვეთას მოგვიტანდნენ, კმაყოფილი მზერით ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს და უნდა ვაღიარო, რომ ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებდა. სასწაული ყვავილის სურნელიც თავბრუს მახვევდა თითქოს და ვერც კი ვგრძნობდი, როგორი კმაყოფილი ღიმილით მომჩერებოდა აჩი. გვიან ვიგრძენი მისი მზერა და რომ შევხედე, გული გამიჩერდა, ისეთი ლამაზი თვალები ქონდა გლიცინიას ფერის ფონზე. ვითომ, დაშავდებოდა რამე, უბრალოდ მსუბუქი ფლირტი რომ გამება მასთან? მომწონდა და თანაც როგორ? _ყოველ ჯერზე, როცა აქ ამოვდივარ, მოჯადოებული ვარ ამ სილამაზით._უხერხულობა რომ დამეფარა ღიმილით ვაღიარე. _ერთხელ ვიყავი, ისიც შემთხვევით და ძალიან მომეწონა. აქ ამოსვლის საშუალება აღარ მომეცა... იმის გააზრებამ, რომ მე ვიყავი ახლა აქ სტუმრობის მიზეზი, უზომოდ გამახარა. სულ სხვაგვარად ვფიქრობდი უკვე ყველაფერზე და ცხოვრებასაც სხვა თვალით ვუყურებდი თითქოს. ამ სილამაზის ფონზე მგონი თანახმაც კი ვიყავი ყველაფერზე, რასაც შემომთავაზებდა. მიმტანმა მხოლოდ ყავა და ტკბილეული მოგვიტანა მართლაც, რომელიც ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ყავაც არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევდა და სიამოვნებით მოვწრუპე. სულ გადამავიწყდა რისთვის ვიყავი აქ და მგონი აჩისაც დავიწყებოდა. ისეთი ბედნიერი ღიმილით მიმზერდა, ვერ აღვწერ. ეს უხერხული დუმილიც კი მსიამოვნებდა მის გვერდით. ახალბედა შეყვარებულებს ვგავდით უსიტყვოდ რომ უგებდნენ ერთმანეთს. _შენი ქალიშვილი შეგეხმიანა, როგორ იმგზავრა?_მთლად ხმისამოუღებლობაც არ ივარგებდა და რაღაც მაინც ხომ უნდა ეთქვა? _კი, კარგად უმგზავრიათ და სასტუმროში დაბინავებულან. შენი და?_ახლა მე დავინტერესდი. _ისიც მასე._გაეღიმა._მართალია, თვითმფრინავით ფრენის წინ ყოველთვის ეშინია და პირობას დებს, რომ ბოლოჯერ გიჟდება ბებრუხანა, შემდეგ ჯერზე ავტობუსით იმგზავრებს, მაგრამ ძალიან მალე ავიწყდება ყოველთვის. გულიანად გადავიკისკისე. ასე ლაღად და ბედნიერად მგონი არასდროს მიგრძვნია თავი. _სიმართლე ვთქვა, მეც მაქვს სიმაღლის და ფრენის შიში. კიდევ, ლიფტში გაჭედვის..._რატომღაც გულახდილობის ხასიეთზე დავდექი და ღიმილით ვაღიარე კიდეც. _მე სიჩუმის მეშინია, ამიტომ ჩემს ბინაში ტელევიზორი დღე და ღამ ჩართულია, არა და არასდროს ვუსმენ._გაეცინა. _ხო, სიჩუმე მართლაც აუტანელია. თუმცა, არც ხმაური მიყვარს. ისე მომაჯადოებლად მიღიმოდა, თვალს ვეღარ ვწყვეტდი. მგონი, ყველაფერზე ვილაპარაკეთ იმის გარდა, რის სათქმელადაც მიმიყვანა იქ. ალბათ, შეგნებულად აჭიანურებდა. იქნებ, არც კი ღირდა, რომ ეთქვა? ხო და აღარც ჩავძიებივარ. ასე უკეთესიც კი იყო. მშვენივრად მივირთვით ყავა და ტკბილეული. გვარიანადაც ვიცინე მის ხუმრობებზე, რასაც ისეთი იუმორით ყვებოდა, შეუძლებელი იყო არ გამცინებოდა. მოგვიანებით, ცოტა რომ შემამცივნა, პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა. ვერ აღვწერ ისე მესიამოვნა მისი ეს ზრდილობიანი ჟესტი. თან, ოდნავ რომ შემეხო მხრებზე, რაღაც სინაზე და უზომო სიყვარული ვიგრძენი მისი მხრიდან. ფარ-ხმალი დავყარე ჩემი პრინციპების წინაშე. თანახმა ვიყავი რასაც შემომთავაზებდა, იმაზე დავთანხმებულიყავი. კარგა ხანს დავყავით იქ. ბოლოს კი, წამოსასვლელად რომ ვემზადებოდით, შემთხვევით შევნიშნე, საქორწინო ბეჭედი რომ აღარ ეკეთა. ეტყობოდა, დიდი ხანი იყო რაც არ მოეხსნა, რადგან აშკარად ღია ფერის კანი ქონდა იმ ადგილზე. გული დამწყდა. ალბათ, საქორწინო ბეჭდის გარეშე თავს მოღალატედ არ თვლიდა და იმიტომაც შემხვდა მის გარეშე. აქამდე თუ კარგად ვგრძნობდი თავს, მოულოდნელად დამნაშავედ ვიგრძენი მისი ცოლის წინაშე თავი. სასწრაფოდ გამოვემშვიდობე გაოცებულს, სამსახურში მაგვიანდება-მეთქი და ლამის სირბილით მივაშურე ჩემს მანქანას. პასუხგაუცემლად დავტოვე მისი კითხვა, კიდევ როდის შევხვდეთო რომ მკითხა. _ეს ერთი შევცდი და მორჩა!_მკაცრად გავაფრთხილე საკუთარი თავი და გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილს. მართლაც აღარ ვაპირებდი იგივე სისულელის გამეორებას, მის ცოლს ვცემდი ამით პატივს, მაგრამ სამსახურში რომ მივედი, და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ აჩის პიჯაკი ისევ მე მქონდა მხრებზე მოფარებული. დღევანდელი შეხვედრის თითოეული წვრილმანი გამახსენდა და კმაყოფილს გამეღიმა. თუმცა მისი თითიც გამახსენდა, სადაც საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა და ისევ მოვიწყინე. მირანდას და თამთას დაკითხვებისთვის თავი რომ ამერიდებინა, პიჯაკი მანქანაში დავტოვე და ნაძალადევი მხიარულებით შევედი რესტორანში. თუმცა, მთელი დღე უგუნებოდ ვიყავი. რომ მახსენდებოდა, მისი პიჯაკი ჩემი მანქანის სავარძელზე იდო, გულს მიფორიაქებდა. როცა იქნებოდა, ხომ მომაკითხავდა მის წასაღებად? ვაიძულებდი ვითომ თავს, რომ გულგრილი ვყოფილიყავი მის მიმართ? საღამოს, როგორც ყოველთვის, ეკატერინესთან და ტასოსთან გავატარე. სახლში წასვლა არ მინდოდა. ფეხს ვითრევდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ აჩი კორპუსის წინ მელოდა და მასთან შეხვედრას გავურბოდი. არც შევმცდარვარ, შევუხვიე თუ არა ჩემს კორპუსთან, მისი მანქანა იქ იდგა. გადასვლისას გადავიღე მისი პიჯაკი და რომ მივუახლოვდი, გულგრილად გავუწოდე. _ბოდიშით, მე გამყვა. ასეთი დაბნეული არ ვარ ხოლმე. ალბათ, ჩემი შვილის გამგზავრებამ იმოქმედა ასე. პიჯაკი კი ჩამომართვა, მაგრამ არ ჩაუცვია. _დღეს ძალიან კარგი დრო გავატარე შენთან ერთად და ძალიან მინდა, რომ ასეთი შეხვედრები ხშირად გვქონდეს... მეც მინდოდა, მაგრამ... _აუცილებლობას ვერ ვხედავ. კარგად ბრძანდებოდეთ._გულგრილად ვუთხარი და სადარბაზოში დავაპირე შესვლა. _ლელა._მოულოდნელად მკლავზე წამატანა ხელი და შემაჩერა._შენი გაშვება არ მინდა. როგორ შევძელი და როგორ შევიკავე თავი, რომ უღონოდ არ ჩავიკეცე მის წინ, ახლა მიკვირს. ზუსტად ამ სიტყვების გაგონება მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო მასთან შეხვედრების გაგრძელება. დამნაშავედ ვგრძნობდი მისი ცოლის წინაშე თავს. _ბავშვი აღარ ვარ, რომ ვერ ვაცნობიერებდე ჩემს ქმედებებს. თუმცა, პატარა ბავშვივით კი ვიბნევი შენ რომ გხედავ. არა და, მინდა რომ ყოველდღე გხედავდე და შენს ხმას ვისმენდე. არ ვიცი, რა მემართება, მაგრამ ხანდახან მიჭირს თავის გაკონტროლება. მაპატიე. _რა?_გამიკვირდა. _აი ეს._მჭიდროდ მომიქცია მკლავებში და მოულოდნელად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ჯერ დავიბენი. მერე კი, სიამოვნებით გავიტრუნე მის მკლავებში და მის სურვილს მივენდე. ამ წამიერმა კოცნამ უმალ გააღვიძა ჩემს სხეულში კარგა ხნის მიძინებული ქალი. ვიგრძენი, რომ დიდი ხანია ამას ველოდი და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. კოცნის დასასრულს კი ძლივს ამოვისუნთქე. _არასწორად ვიქცევით._ძლივს ამოვილუღლუღე და ხელიდან დავუსხლტი._ნუღარ შეეცდები ჩემს ნახვას._ეს რომ ვუთხარი, უკანმოუხედავად შევვარდი სადარბაზოში და კიბეზე სულ ორ-ორი საფეხური ავირბინე. აჩის კი გავურბოდი, მაგრამ ის გრძნობა და განცდა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, უკან მომყვებოდა. აშკარად მიყვარდა და ამ სიყვარულის დავიწყება მინდოდა. მეორე დღეს მართლაც აღარ გამოჩენილა და უარესად მოვიწყინე. მართალია, ვუთხარი, ნუღარ შეეცდები ჩემს ნახვას-მეთქი, მაგრამ ეს ხომ გულით არ მსურდა? არ ვიცი, ჩემმა თხოვნამ გაჭრა თუ სამსახურის გამო ვეღარ მოიცალა, მთელი სამი დღე აღარ მინახია. საშინლად მოვიწყინე. ყოველ კუთხე-კუნჭულში მას ვეძებდი და ველოდი. იმ საღამოს კი, სამსახურს რომ მოვრჩი და რესტორნიდან გამოვედი, ჩემს მანქანასთან დამიხვდა. შევნიშნე თუ არა, ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შევძელი და ერთ ადგილზე მივეყინე. თვითონ მომიახლოვდა და წინ ამესვეტა. _ხომ გითხარი, აღარ მომძებნო-მეთქი?_ვუსაყვედურე. _მიზეზს არ მეტყვი? _არ ვაპირებ არავისთან რომანის გაბმას. მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი და შეცვლა არ მინდა. _იქნებ გეცადა შეცვლა? _არ მინდა-მეთქი._ხმა გავიმკაცრე. _მიზეზი მითხარი და გპირდები, თავს დაგანებებ. _შენი ცოლის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ._ვაღიარე. _ჩემი ცოლის წინაშე?_გაუკვირდა. _ხო... არ მინდა რომ მისი უბედურების მიზეზი მე ვიყო. მანქანაში ისე ჩავჯექი, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. თუმცა, არც ადგილიდან დაძრულა. ჩემმა ნათქვამმა აშკარად ძალიან ატკინა გული, მაგრამ მეც მტკიოდა, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც მის ცოლზე ვფიქრობდი. მეორე დღეს კი, უკვე ბაქარი მესტუმრა სამსახურში. ჯერ ისევ სამუშაო საათები მქონდა, რომ მირანდამ მამცნო, დარბაზში გეძახიანო. სხვა ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ბაქარის იქ გამოცენას ნამდვილად არა. _უნდა დაგელაპარაკო._ისეთი ტონით მითხრა, დავიბენი._მალე დაასრულებ სამუშაო საათებს? _დაახლოებით ერთ საათში, მაგრამ რასთან დაკავშირებით უნდა ვილაპარაკოთ? _აქვე, მუშტაიდის ბაღში გელოდები. ტყუილად არ მალოდინო იცოდე! მისი ეს მბრძანებლური ტონი ყურში ცუდად მომხვდა. უარის თქმაც კი დავაპირე, არ მოვალ და ტყუილად არ მელოდო-მეთქი, მაგრამ ისეთი თვალებით მიმზერდა, გადავიფიქრე. სამსახურის დასრულებისთანავე კი დანიშნულების ადგილამდე მღელვარედ წავედი. შორიდანვე შევნიშნე სკამზე რომ იჯდა. მანაც მალევე შემნიშნა და ჩემსკენ წამოვიდა. _ცოტა არ იყოს აქ ცივა და მანქანაში ხომ არ ჩავმსხდარიყავით? _იყოს, მე არ მცივა._საკმაოდ მკაცრად ვუთხარი. _იცი, არასდროს გამოვირჩევი ტაქტიანობით. ჩემს სათქმელს პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამბობ. მინდა გითხრა, რომ დიდად არ მეხატები გულზე, მაგრამ ვატყობ, რომ ჩემი ძმისთვის ძალიან ძვირფასი ხარ და არ მოგცემ იმის უფლებას, გული ატკინო. _რაა?_გამიკვირდა და თან მწარედ გამეცინა. _რაც გაიგე! რა კატა-თაგვობანას ეთამაშები? იცი, რა დღეები გამოიარა ანას სიკვდილის გამო? ძლივს შეძლო მისი დავიწყება და ცხოვრების ხელახლა დაწყება. შენს გამო თუ ისევ ალკოჰოლს დაუბრუნდება და დეპრესია შეიპყრობს, ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ! _რა თქვი?_მღელვარებისგან ძლივს გადავყლაპე ნერწყვი. _რაც გაიგე! არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის და არც მაინტერესებს. ის კი ვიცი, რომ მისი უგუნებობა შენ გიკავშირდება. თუ თავიდანვე არ მოგწონდა, თვალებს ნუ აუჟუჟუნებდი და ტყუილ იმედებს ნუ მისცემდი. ამ წლების მანძილზე ძლივს შეძლო და გარდაცვლილი ქალიდან ფიქრები ცოცხალზე გადაეტანა. შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, სულ ცალ ფეხზე . მთავარია, მას მოსწონხარ და როგორც გინდა ისე დაალაგე და გამოასწორე სიტუაცია, თორემ მართლა გეუბნები, ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ!_საკმაოდ მკაცრად და დამაჯერებლად მითხრა და თავის მანქანას მიაშურა. მე კი დავრჩი ერთ ადგილზე მილურსმულივით გაოგნებულ-გაოცებული. მოძრაობის უნარი მქონდა თითქოს შეზღუდული და ფიქრის უნარი წართმეული. ვეღარ გამეგო გამხარებოდა თუ მწყენოდა აჩის ამბავი. გამოდის, ქვრივი იყო და აქამდე გარდაცვლილი მეუღლის ერთგული? ღმერთო, რა სულელი ვიყავი. რატო ვერ ვხვდებოდი?? მასეთი კაცი რომ არასოდეს უღალატებდა ცოლს და არ დაანგრევდა ოჯახს, ვერ უნდა მივმხვდარიყავი ვითომ? მგონი, როგორ ვატკინე გული. იმაზე მეტად შემძულდა საკუთარი თავი, ვიდრე მურმანის ეკალი რომ ვყოფილიყავი. საჭეს რომ მივუჯექი, ახლა იქ ვიჯექი გაუნძრევლად. მერე კი, პირდაპირ სახლში წავედი. მისი სავიზიტო ბარათი მოვიძიე, რამიდენიმე კვირის წინ რომ მომცა და საგულდაგულოდ ვინახავდი. ნომერი რომ ავკრიფე და პირველ ზუმერზევე მიპასუხა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ რა უნდა მეთქვა მოფიქრებული არ მქონდა. _გისმენთ._ოფიციალური ხმა ქონდა. ალბათ, ვინმე დაზარალებული ვეგონე და თავის სამსახურთან დაკავშირებით ვურეკავდი. _გამარჯობათ..._ძლივს მივესალმე და გავჩუმდი. მივხვდი, რომ ვერ მიცნო._ გუშინდელთან დაკავშირებით ბოდიში მინდა მოგიხადო... _ლელა?_კარგა ხნის მერე აღმოხდა გაოცებულს. _შენი მეუღლის გარდაცვალების ამბავი მართლა არ ვიცოდი... მეგონა, ღალატობდი და ჩემი თავი წარმოვიდგინე წლების წინ ჩემმა ყოფილმა რომ მიმატოვა... შენი შემოთავაზება თუ ისევ ძალაშია და სურვილი გაქვს, დილით, სანამ სამსახურში წავიდოდი, ისევ იმ კაფეში შევხვედროდით... რომ გავჩუმდი, ძლივს ამოვისუნთქე. გული ისე გამალებით მიცემდა, ვეღარ ვიოკებდი. ერთხანს, დუმილი ჩამოწვა და ასე აუტანლად არასდროს მომჩვენებია. დუმილი ოქროაო, გამიგონია, მაგრამ ამ შემთხვევაში რა იყო არ ვიცი. მეგონა, საუკუნეები გავიდა, სანამ ხმას ამოიღებდა და მეტყოდა რამეს. ღირსი ვიყავი, რომ ჯანდაბაში გავეშვი, მაგრამ... _კარგი. ცხრა საათი ადრე იქნება მაგ დროს რომ შევხვდეთ?_კარგად შენიღბული მღელვარება მაინც ვიგრძენი მის ხმაში. ეს დრო სავსებით მაკმაყოფილებდა და სიხარულით დავთანხმდი. მთელი ღამე ხომ ვერ დავიძინე, დილითაც ისეთი აღელვებული და აფორიაქებული ვიყავი ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. მგონი, ბავშვობაში, ჩემს პირველ პაემანზე არ მინერვიულია ასე, როგორც ახლა ვნერვიულობდი. კარგა ხანს ვიდექი სარკის წინ და საგულდაგულოდ ვიპრანჭებოდი. ვერაფერი მოვიხდინე რატომღაც. ცხრა ხდებოდა უკვე, პანიკამ რომ შემიპყრო. იმდენი მცდელობის მერე, ბოლოს მაინც ის ჩავიცვი, რაც ხელთ მომხვდა და გიჟივით გავვარდი გარეთ. ისეთი დაბნეული და დაძაბული ვმართავდი საჭეს, მგონი მოძრაობის წესებიც კი დავარღვიე და გაგულისებული მძღოლების გაბმული სიგნალიც დავიმსახურე. კაფე ფლაუერსის შესასვლელთან აჩის რომ მოვკარი თვალი, უარესად ავღელდი. სულ მუხლების კანკალით გადავედი მანქანიდან და ისე მივუახლოვდი. _დიდხანს გალოდინე?_ნაძალადევად შევღიმე. თვალები ისეთი ამოღამებული ქონდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ეს დღეები არ ეძინა. _მე მოვედი ადრე, შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, სახლში ვეღარ გავჩერდი... ერთი სული მქონდა ჩავხუტებოდი, მაგრამ თავი შევიკავე და გზა რომ დამითმო, არეული ნაბიჯებით შევედი შენობაში. ამჯერად ვერანდაზე დავსხედით. ყოველთვის მომწონდა იქიდან თბილისის ხედით ტკბობა, მაგრამ ამჯერად აჩის თვალების გარდა ვერაფერს ვერ ვხედავდი, რომელიც დაჟინებით მომჩერებოდა. ბოლოს გაბედა და მკითხა. _შემთხვევით ვინმეს ხომ არ უნდა ვუმადლოდე შენს შეცვლას? დავიბენი. ფაქტია, რომ ბაქარმა გადამაფიქრებინა ყველაფერი, მაგრამ ეტყობოდა, რომ ეს ძალიან მტკივნეულად განიცდიდა ამ ამბავს. _ვფიქრობდი, ოჯახი გქონდა და არ მინდოდა გეღალატა ცოლისთვის... არ მინდოდა ისეთივე უნამუსო ძუკნა ვყოფილიყავი, ვინც წლების წინ მე დამინგრია ოჯახი._ეს ვთქვი და მის დაჟინებულ მზერას თვალი მოვარიდე._შემთხვევით გავიგე, რომ ცოლი აღარ გყავდა... _და მითანაგრძნობ თუ გებრალები? თუ ამით სარგებლობ ახლა?_ეს რომ მკითხა, შევკრთი. მართალია, მისი ცოლის სიკვდილი ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს, ამით მე ვრჩებოდი მოგებული, მაგრამ ამის ხმამაღლა აღიარებამ და გააზრებამ საშინლად გამაცოფა. მართლაც უსინდისო და უნამუსო ვიყავი. _ბოდიში, დაუფიქრებლად მოვიქეცი, შეცდომა იყო აქ მოსვლა._ცრემლების ყლაპვით ძლივს ამოვთქვი სათქმელი. ფეხზე წამოვდექი, ერთხელ კიდევ შევხედე თვალებში და არეული ნაბიჯებით დავტოვე მაგიდასთან გარინდული. არ გამომკიდებია და არ შევუჩერებივარ. მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და უარესად შემძულდა საკუთარი თავი. ვგრძნობდი, რა ქარიშხალიც ტრიალებდა ახლა მის გულში. სიკვდილი რომ საყვარელ ადამიანს ვერ ავიწყებს ვერავის, ამას მივხვდი. მას ისევ ისე უყვარდა თავისი გარდაცვლილი მეუღლე. ალბათ, ჩემთან შეხვედრით მის სიკვდილთან შეგუებას ცდილობდა. ის ძველი ჭრილობები კი მე გავუხსენი. უკანასკნელ არამზადად ვიგრძენი თავი. ის დღე საშინლად გაიწელა ჩემს ცხოვრებაში. მექანიკურად ვმუშაობდი და უაზროდ ვიღიმოდი მიმტანი გოგოების ხუმრობებზე. ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და მეღრიალა პატარა ბავშვივით. ტყუილად მომქონდა ძლიერ ქალად თავი. ერთი ჩვეულებრივი უსუსური და გულაჩვილებული ქალი ვიყავი, ვინც ცრემლების ღვრაში ეძებდა შვებას. ნიტას ხმამაც კი ვერ გამომიკეთა გუნება-განწყობა, აღტაცებული რომ მიყვებოდა, მამასთან ერთად როგორ სეირნობდა და როგორ ათვალიერებდა იქაურ ღირშესანიშნაობებს . ალბათ შთაბეჭდილებების ქვეშ იყო და ხმაზე ვერ შემატყო უგუნებობა, თორემ არ მომისვენებდა და ყველაფერს გამომკითხავდა. საღამოს კი ცუდად ყოფნობა მოვიმიზეზე და ერთი საათით ადრე წავედი სახლში. ის იყო ბინაში შევედი, რომ ეკატერინემ დამირეკა. სულ გადამავიწყდა, რომ დღეს ტასოსთან ვიკრიბებოდით. ქმარ-შვილი სახლში არ ყავდა და უნდა მოგველხინა. _სახლში ვარ. რატომღაც ვერ ვარ კარგად და სხვა დროისთვის რომ გადავდოთ?_შეფარვით შევაპარე, რომ არ გადარეულიყო. _ამ ბოლო დროს რაღაც გჭირს, ვეღარ გცნობ და არ მომწონხარ._პირდაპირ მომახალა და მაშინვე გამითიშა ტელეფონი. მართალია არ მინდოდა მათთან წასვლა, მაგრამ ასე ადვილად რომ შემეშვა, ეგეც მეწყინა. ალბათ, ყელში ამოუვიდა ყველას ჩემი უგუნებობა და თავის დაძვრენის მიზეზები. კარგა ხანს გამეხებული ვიჯექი სავარძელში და კედელზე შპალერის ფიგურებს უაზროდ ვითვლიდი. მერე კი კარზე რომ მომიკაკუნეს, დამეზარა ადგომა და იმის გაგება, ვინ იყო ან რა უნდოდა. მეგონა, რომ ნახავდა სახლში არ ვიყავი, გაბრუნდებოდა და წავიდოდა. ცოტა ხანში კაკუნი რომ გაძლიერდა, მივხვდი ასე ადვილად არ დამანებებდა ის ვიღაც თავს. ძლიერ კაკუნს ბრახუნი რომ მოყვა, მაშინ კი ვიკადრე ადგომა და კარის გაღება. _რას იმალები ვერ გავიგე, რა გჭირს?_გადარეული ტასო შემომეჭრა ბინაში.._ სანამ ნიტა გაემგზავრებოდა, მაშინაც გჭირდა ასეთი რაღაცეები და მას ნუ დააბრალებ ახლა, თორემ გემოზე შემოგცხობ ტუჩებში. კიდევ კარგი გამაფრთხილა, თორემ მართლაც მაგის თქმას ვაპირებდი. _დროზე ჩაიცვი და შენი ნებით გამომყევი, სანამ ქეჩოში ჩაგავლე ხელი და ისე წაგათრიე. თვალებში რომ შევხედე, შემეშინდა, ისეთი გაავებული მიმზერდა, მივხვდი უეჭველი იყო ამის გამკეთებელი. _დღეს რომ გადავდოთ და სხვა დროისთვის იყოს?_ნიადაგი მაინც მოვუსინჯე საცოდავი წუწუნით._მართლა ვერ ვარ კარგად. _ეგ შენი "ვერ ვარ კარგად" ორ კვირაზე მეტია გრძელდება. რა გარანტია მაქვს, რომ უარესად არ გახდები? ჯერ გთხოვ, და თუ თხოვნა არ გაჭრის, მერე სხვანაირად მოგხედავ. ვერ ვიტყვი, რომ მთლად ტასომ დამაშინა და იმიტომ გადავწყვიტე მასთან ერთად წასვლა. მგონი უფრო მარტო დარჩენის და დაოსებამდე ტირილის შემეშინდა. არც კი გამომიცვლია ტანსაცმელი ისე გავყევი. _რითი მოხვედი?_გამიკვირდა სადარბაზოდან რომ გავედით და როგორც მოველოდი ეკატერინეს ტოიოტა ვერ შევნიშნე ახლო-მახლო. _ტაქსით. აქედანაც ტაქსით წავალთ იცოდე. _რატო?_გამიკვირდა. _თითო ჭიქას მაინც აღარ დავლევთ და როგორ უნდა დაბრუნდე სახლში?_გაუკვირდა. _შენთან რომ დავრჩე? _ეგ ხომ მთლად უკეთესი._გაუხარდა._კარგი, წავიდეთ შენი მანქანით. ნახევარ საათში ვიყავით უკვე ტასოს ბინაში, სადაც ეკატერინე შინაურულად ტრიალებდა და სუფრას აწყობდა. ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, აღტაცებულმა ხმამაღლა შეჰკივლა. _ჩვენ, ბებრუხანებს, ალბათ არ გვეღირსება საფრანგეთში წასვლა და პარიზის მონახულება, ამიტომ გადავწყვიტე ფრანგული სასმლით მაინც შევიმსუბუქოთ იქ წასვლის წყურვილი._მაგიდაზე ხმაურით შემოდგა ლამაზი ბოთლით კონიაკი. თავიდან კი თავპატიჟი დავიწყე, მაგრამ ერთი ჭიქა მათრობელა სითხის დალევის მერე მადა გამეხსნა ასე ვთქვათ და ლიტრიანი ბოთლი სამმა ისე გამოვცალეთ, წვეთი არ დაგვიტოვებია. მართალია, კარგად გამოვთვერი და ენასაც ვეღარ ვიმორჩილებდი და ათას სისულელეს ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემი ძვირფასი საიდუმლო, ალეკოს დავიწყება რომ შევძელი როგორღაც და მგონი აჩი მიყვარდა, არ გამიმჟღავნებია. არასდროს არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს, აფსოლიტურად ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ამას რატო ვმალავდი მათთან, არ ვიცი. მართალია, იმ ღამეს ტასოსთან მქონდა გადაწყვეტილი დარჩენა, მაგრამ აღარ დავრჩი. ისე გავიგიჟე თავი და იმდენი ვქენი, რომ ტაქსი გამოვიძახე და გვარიანად მთვრალი დავბრუნდი სახლში. მახსოვს, მანქანაში ყოფნისას უფრო მომეკიდა ალკოჰოლი. ღებინების შეგრძნებას ვაჟკაცურად გავუმკლავდი, ტაქსის მძღოლთან თავი არ შევირცხვინე. ჩემს კორპუსთან რომ შევაჩერებინე მანქანა, შევეცადე რაც შემეძლო ნორმალურად გადავსულიყავი და ფეხიც არ ამრეოდა. მახსოვს, ტაქსი რომ გავაცილე, მაღლა ასვლის მაგივრად ჩვენი კორპუსის ბირჟავიკების მაგიდასთან სკამზე ჩამოვჯექი, რადგან ღამის სიგრილე საოცრად მსიამოვნებდა. არ მახსოვს როდის ავედი სახლში და როდის დავწექი. სიზმარი კი არაჩვეულებრივი ვნახე. მესიზმრა, ვითომ აჩის ვყავდი ხელში აყვანილი და სადღაცას მივყავდი. მახსოვს, უზომოდ ბედნიერი ვიყავი და თითქოს ცხადადაც კი ვგრძნობდი მის სურნელს და მის შეხებას. დილით, მაღვიძარამ რომ გამაღვიძა, ისეთ ხასიეთზე ვიყავი, მისი დამტვრევა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. თავი რომ წამოვწიე, ყველაფერი ტრიალებდა, თავიც საშინლად მტკიოდა. _ცეცხლი დალიე ლელა და ღველფი!_გავუწყერი საკუთარ თავს და იძულებით რის ვაი-ვაგლახით წამოვდექი საწოლიდან. მხოლოდ ფეხსაცმელები მქონდა დახდილი. _მაგის მაინც რომ მქონდა, მალადეც... რა ჯანდაბამ დამაცეცხლა ნეტა?_არეული ნაბიჯებით გავედი საძინებლიდან. ცოტა კი მეუცხოვა მისაღებში ტელევიზორი ჩართული რომ დამხვდა, მაგრამ ისეთი მთვრალი ვიყავი, არ იყო გამორიცხული, რომ დამრჩენოდა. თან, დივანზე პლედი იყო გაშლილი. ალბათ, თავიდან ჯერ იქ დავწექი და მერე შევედი საძინებელში. პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, რადგან წყურვილი მკლავდა. წყალი დავლიე და ძლიერი ყავაც მოვიდუღე, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. ისევ მისაღებში გავედი ტელევიზირთან და დივანზე მოვკალათდი. ცოტა შემაცია, ალბათ ტანსაცმლიანს რომ მეძინა და პლედს გადავწვდი, საგულდაგულოდ გავეხვიე შიგ. უცხო სურნელი ვიგრძენი, შევკრთი. ხარბად დავყნოსე. არ მეჩვენებოდა, ნაცნობი ოდეკოლონის სურნელი ასდიოდა და ავღელდი. ტვინი დავძაბე, მინდოდა გამეხსენებინა წუხელ რა მოხდა, მაგრამ იმ სიზმრის გარდა, აჩის ხელში აყვანილი რომ მივყავდი სადღაც, ვერაფერი გავიხსენე. ჯერ ისევ გაურკვევლობაში ვიყავი, რომ შემოსასვლელიდან რაღაც ხმაური შემომესმა. აშკარა იყო კარი სიფრთხილით გაიღო და ასევე სიფრთხილით დაიხურა. ცოტა ხანში კი აჩიც გამოჩნდა "ორი ნაბიჯის" ლოგოთი დამშვენებული ცელოფნის პარკით ხელში. გაოცებულმა ავაფახულე თვალები, სიზმარში მეგონა თავი, მაგრამ ცხადი იყო... _გაიღვიძე, როგორ ხარ?_ისე მზრუნველად მკითხა, გული ამიჩუყდა. _ცუდად... სიზმარში ვარ? შენ აქ საიდან? მომიახლოვდა, პარკიდან მინის ბოთლით ბორჯომი ამოიღო, გამიხსნა და გამომიწოდა. _დალიე, უკეთესად გახდები. ხელების კანკალით ჩამოვართვი აშიშხინებული ბოთლი. კარი როგორ გააღო და როგორ შემოვიდა ნეტა? თუმცა, პლედს ხომ მისი სურნელი ასდიოდა. გამოდის, წუხელ აქ იყო? მაგრამ რომ არაფერი მახსოვდა? მიხვდა, რომ ვერაფერს ვიხსენებდი. გვერდით მომიჯდა და ისე შემომხედა. _გვიან ღამით დამირეკე. პატიებას მთხოვდი. მივხვდი, რომ ცუდად იყავი და მაშინვე მოგაკითხე. მართლაც, კორპუსის წინ მაგიდასთან იჯექი და ტიროდი. სახლში არ გინდოდა ასვლა. ვერაფრით დაგაწყნარე. ცოტა გამიძალიანდი კიდეც... გამოდის, არ დამსიზმრებია და ამან ამომიყვანა პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი? დარცხვენილმა შევხედე. _ჩვენს შორის არაფერი ყოფილა. უბრალოდ, აქ დავრჩი, რომ ცუდად არ გამხდარიყავი. მაგას ისედაც მივხვდი, რომ არაფერი მოხდებოდა. აჩი ის კაცი არ იყო, ამ სიტუაციით ესარგებლა. უფრო მეტად განვიმსჭვალე მის მიმართ სიმპატიით. _უკეთესად ხარ?_ნახევრად დაცლილი ბორჯომის ბოთლი მაგიდაზე რომ დავდგი, დაჟინებით მომაშტერდა._მე სახლში უნდა წავიდე, სამსახურში ვარ წასასვლელი. იმედია კიდევ არ დალევ... _ალკოჰოლიკი არ ვარ. წუხელ უბრალოდ შემიყოლია და საშინლად გამოვთვერი. _ყველაფერი მასე უბრალოდ იწყება..._რაღაც ძალიან სევდიანად მითხრა._კარგი. აი, შენი მანქანის გასაღები, წუხელ ჩამოგართვი, რადგან სადღაც გინდოდა მთვრალს წასვლა და მანქანის მოყვანა. ბინის გასაღები კი, შემოსასვლელშია საკიდზე._ფეხზე წამოდგა და კარში გადიოდა უკვე, რომ გზაში დავაწიე. _დიდი ბოდიში. შეჩერდა და შემომხედა. _რისთვის? _ყველაფრისთვის... და არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ჩემზე რომ იზრუნე. _ჩემთვის ძვირფას ადამიანებზე ყოველთვის უანგაროდ ვზრუნავ. ასე, რომ ნუ ღელავ, საჭირო არ არის._გატრიალდა და გავიდა. ჩემთვის ძვირფასი ადამიანიო? გამოდის, მისთვის ძვირფასი ვიყავი? გული სიამით ამიძგერდა. გავიგე, როგორ ფრთხილად გაიღო და ასევე ფრთხილად მიიხურა კარი. წავიდა და ჩემი გულიც თან გაიყოლა. დანახვის დღიდან მომეწონა. მერე კი ნელ-ნელა ვგრძნობდი რომ მიყვარდებოდა. მართალია, თავს ვებრძოდი და არ მინდოდა რომ სიყვარულის ბადეში გავხვეულიყავი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით შემიყვარდა. კი ვუარყოფდი, რაღა დროს ჩემი სიყვარულობანაა-მეთქი, მაგრამ... ალბათ, სადარბაზოდან გასული არ იქნებოდა, რომ კარზე გამეტებით მომიკაკუნეს. ტასოსა და ეკატერინეს გარდა ასე არავინ მიბრახუნებდა და შევკრთი. ნეტა, აჩი დაინახეს თუ მოასწრო გასვლა? ცოტაც და ალბათ კარს ჩამომიღებდნენ და იძულებით ავდექი კარის გასაღებად. მართლაც ეკატერინე იყო. _როგორ ხარ?_მკითხა კი, მაგრამ პასუხს არ დალოდებია, არც ჩემს შემოპატიჟებას, მაშინვე სამზარეულოში დაერჭო._ყავა დამალევინე, თორემ არაფრად აღარ ვვარგივარ. შვებით ამოვისუნთქე. ალბათ, ვერ შენიშნა აქედან გასული აჩი, თორემ სიცრუის დეტექტორზე გამატარებდა უეჭველი. _შენც დალევ?_ყავის პრიპასებს რომ წაატანა ხელი, მხოლოდ მაშინ მკითხა. _არა, ახლახანს დავლიე._ვიუარე. _მედარდებოდა, როგორ იყავი. წუხელ რომ დამირეკე, მივედიო, არ მომეწონე ხმაზე, მაგრამ მეც ისეთი მთვრალი ვიყავი, შნო არ მქონდა გამოვსულიყავი და მენახე. _კარგად ვიყავი, ცოტა ხანს გარეთ ვიჯექი სუფთა ჰაერზე და მერე ამოვედი სახლში. _ახლა ტასოსგან მოვდივარ. ისეთია, მიკნავებული. ქალების საქმე არ არის ეს დალევა და დათრობა და ძალია._შემომცინა._დღეს სამსახურში წასვლის თავი არ მაქვს. შენ? _სახლში უფრო ცუდად გავხდები და მირჩევნია წავიდე. ოღონდ, ტაქსით, თორემ მანქანის მართვის თავი არ მქავს. თან, საპატრულო პოლიციამ რომ გამაჩეროს და ალკოჰოლზე შემამოწმოს, მაგაზე მეტი სირცხვილი, ლიშენია რომ ავიკიდო? გულიანად გადაიკისკისა. მერე, ყავა რომ მოიდუღა და ფინჯანში ჩამოისხა, იქვე მოვსხედით სამზარეულოში. _ცხოვრებაში სასმელისკენ აღარასდროს გავიხედები, ის რა იყო? ტრიალებდა ყველაფერი. იმდენი ვაღებინე, დედის ხსენი არ შემრჩა. შენ? შევკრთი. ნამდვილად არ მახსოვდა. ნეტა, აჩისთან ხომ არ შევირცხვინე თავი? _არ მახსოვს._ვაღიარე. _რამ დაგვაცეცხლა იმდენი, ახლა ვფიქრობ. _ადვილი დასალევი იყო და ისე შეგვიტყუა, ზომა-წონა ვეღარ გავიგეთ... კარგი, სანამ შენ ყავას დალევ, წავალ შხაპს მივიღებ და სამსახურში წასასვლელად გავემზადები თუ არ გეწყინება. _კაი, წადი, არ მეწყინება. მისგან თანხმობა მივიღე თუ არა, მაშინვე აბაზანას მივაშურე. მესიამოვნა და მიშველა კიდეც გრილმა შხაპმა, ცოტა აზრზეც მომიყვანა. თითქოს, თავიდან დავიბადეო, ისე გამომაცოცხლა. მეხსიერებაც აღვიდგინე. მართალია, მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც. ის ნათლად გამახსენდა, აჩის რომ ამოვყავდი კიბეზე ხელში აყვანილი. არა და თავიდან ტკბილი სიზმარი მეგონა. მე და ეკატერინემ ერთად დავტოვეთ ჩემი ბინა: ოღონდ მე სამსახურში წავედი, ის კი სახლში. მეგონა, გამიჭირდებოდა მუშაობა, მაგრამ შევცდი. ალბათ, იმის გახსენება მმატებდა ძალას და ენერგიას, აჩის წუხანდელი საქციელი რომ მახსენდებოდა. არაჩვეულებრივი კაცი იყო. მომწონდა. უბრალოდ მომწონდა კი არა, ვგიჟდებოდი მასზე. ცხოვრებაში მეორედ მიყვარდა და ვგრძნობდი, რომ სულ სხვა იყო ეს სიყვარული. უფრო წმინდა, უფრო წრფელი და უფრო ნამდვილი. მის სიახლოვეს ვნებების დაკმაყოფილებაზე სულაც არ ვფიქრობდი. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მთელ დღეს მის გვერდით ვივლიდი ჩახუტებული დაუსრულებლად და არ მომწყინდებოდა. საღამოს, სამუშაო საათები რომ დამისრულდა, შენობიდან გამოვედი და ტაქსის გასაჩერებლაგ გავეშურე. თუმცა, აღარ დამცალდა. ჩემს წინ ნაცნობი მანქანა რომ შეჩერდა, გული შემიფრთხიალდა. _ფეხით ხარ? მე გაგიყვან._ღიმილით რომ შემომთავაზა, თავპატიჟი არ დამიწყია და მაშინვე ღიმილით მივუჯექი გვერდით. _აქვე ახლოს ვიყავი და ვიფიქრე, შევუვლი, ვნახავ როგორ არის-მეთქი._ღიმილით გადმომხედა. წუხანდელი ჩემი ოინები გამახსენდა და შემრცხვა. _წუხელ ყავაზე დამპატიჟე, მაგრამ სახლშიც ძლივს ახვედი, რომელ ყავაზე იყო საუბარი?_ისევ შემომცინა._თუ ისევ ძალაშია შენი შემოთავაზება, დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი შენს მოდუღებულს. შევყოყმანდი. ასე, შუაღამეზე ამეყვანა სახლში? თუმცა, წუხელ ხომ მთელი ღამე დარჩა და რა მოხდებოდა ვითომ? ზედმეტად არ დაუკარებია თითი. რაღატო ვიხევდი ვითომ უკან? თუ არა და, მეც ხომ სიგიჟემდე მინდოდა მასთან ყოფნა? _დიდი სიამოვნებით მოგიდუღებ._გამეღიმა. უბრალოდ ყავას დავლევთ და მეტი არაფერი. ყავას დავლევთ და მეტი არაფერი._გზადაგზა თან ამით ვიმშვიდებდი თავს. ეტყობა, წინდაწინ ქონდა თადარიგი დაჭერილი, რადგან მანქანიდან რომ გადავედით, უკან სალონიდან პარკით ტკბილეული გადმოიღო. იცოდა, რომ დავთანხმდებოდი? ასეთი პროგნოზირებადი ვიყავი მისთვის? ცოტა არ იყოს მეწყინა. თუმცა, უკან დახევას მაინც აღარ ვაპირებდი. რაც მოსახდენი იყო, მოხდენილიყო, სულაც არ ვნაღვლობდი. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მართლაც მარტო ყავა დავლიეთ და მეტი არაფერი. ბევრიც ვილაპარაკეთ ჩვენთვის სასიამოვნო თემებზე. აი, რა განსხვავებაა ახალგაზრდულ სიყვარულსა და შუა ხნის ასაკის სიყვარულს შორის. პირველს ვნებები ამოძრავებს, მეორეს კი ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. გვიანობამდე ვისხედით ერთმანეთის პირისპირ, თვალებში შევყურებდით და ერთმანეთის სიახლოვით ვტკბებოდით. რამე რომ მოეწადინებინა, უარს არ ვეტყოდი, მაგრამ ასე არ მომხდარა, სახლში ისე წავიდა, მხოლოდ ლოყაზე მაკოცა ნაზად და ისე ამიჩქარა გული, ლამის ამომივარდა საგულედან. მეორე საღამოს კი სახლში მისულს კორპუსის წინ დამიხვდა. _მგონი, ნამეტანი ბევრს ვინდომებ უკვე, არა?_მომაჯადოებლად რომ შემომღიმა, გული გამიჩერდა._ამჯერად მე გეპატიჟები. _სად?_გამიკვირდა. _საიდუმლოდ რომ შევინახო, ხომ არ გეწყინება? ჩემი მანქანა ჩავკეტე და მის მანქანაში ხალისით გადავჯექი. თვალდახუჭული ვენდობოდი უკვე და სულ არ ვფიქრობდი იმაზე, სად აპირებდა ჩემს წაყვანას. ერთხანს უხმოდ ვიმგზავრეთ. მერე, კი ერთ-ერთი კორპუსის წინ რომ შევჩერდით, თითქოს დამნაშავის იერით გადმომხედა. _რესტორნები და კაფეები ალბათ დაკეტილია უკვე. ღამის კლუბები კი ჩემისთანა ასაკიანებისთვის არაა. ასე რომ ჩემთან ავიდეთ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? _შენთან ავიდეთ?_შევეცადე მღელვარება დამეფარა, მაგრამ ვერ შევძელი. _აქ თუ არ გინდა, რა გაეწყობა, ღამის კლუბში წავიდეთ._ისევ აამუშავა ძრავა. მივხვდი, რომ მართლაც წამიყვანდა, მაგრამ მასთან ვარჩიე დარჩენა. _იყოს. არც ჩემი ასაკისთვისაა ღამის კლუბი ზედგამოჭრილი. მშვიდად დავლიოთ შენთან ყავა. ოღონდ, მალე დამაბრუნე სახლში. _კარგი, გპირდები._უმალ გამორთა ძრავა და სანამ მე ღვედს შევიხსნიდი, მარდად გადავიდა და ზრდილობიანად გამომიღო კარი. მშვენიერი, სუფთა და კეთილმოწყობილი ბინა ქონდა, მომეწონა. ყავა მე მოვადუღე. მისაღებში დავსხედით და იქ მივირთვით ნებიერად. აშკარად მოვწონდი და ვუნდოდი, როგორც მე, მაგრამ ქალის უნახავივით არ იქცეოდა. ეს უფრო მომწონდა და მიზიდავდა კიდეც მისკენ მაგნიტივით. თუმცა, არც მე მინდოდა, რომ კაცის უნახავი ვგონებოდი და თავს ვიკავებდი ჩემი ზრახვები რომ არ გამეცა. გვიანობამდე შემოვრჩი მასთან. დრო ისე გაგვეპარა, ვერც კი გავიგე. უკვე წასასვლელად ვემზადებოდი, რომ შევატყე, არ უნდოდა ჩემი გაშვება. არც მე მინდოდა წასვლა და ფეხს ვითრევდი. კარებთან ვიყავით უკვე მისულები, რომ რაღაც იდუმალი ხმით მითხრა. _ალბათ, ზედმეტი მომდის უკვე, მაგრამ არ მინდა რომ წახვიდე... ძალიან რომ გთხოვო, დარჩები? _დავრჩე?_უფრო ჩემს თავს ჩავეკითხე, ვიდრე მას. მერე, ხელში შერჩენილი ჩემი ჩანთა ხელიდან გავუშვი, იქვე დავაგდე და ჩავეხუტე. მანაც რომ მომხვია თავისი ძლიერი მკლავები და მჭიდროდ მიმიხუტა აძგერებულ მკერდზე, თითქოს საყრდენი გამომეცალა ფეხქვეშ და ღრუბლებში დავიწყე ფრენა. მერე, ფრთხილად ამაწევინა თავი და თვალებში ჩამხედა. ალბათ, აინტერესებდა, თანახმა ვიყავი თუ არა. რა ამოიკითხა ჩემს თვალებში არ ვიცი, მაგრამ რომ დაიხარა და ჩემს ტუჩებს ნაზად, მაგრამ ძლიერი გრძნობით დაეწაფა, სუნთქვა შემიგუბდა და ხუთივე შეგრძნება ნათლად გამიმძაფრდა. რატომღაც, არ მეგონა, რომ ჩემს ასაკში ეს კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ თურმე ვცდებოდი... ******************** ის ღამე მასთან დავრჩი და არ მინანია. პირიქით, იმას ვნანობდი, სად ვიყავი აქამდე და რატომ დავკარგე მის გარეშე უქმად დრო. ეკატერინე მართალი იყო, ქალი ნებისმიერ ასაკში მუდამ ქალია და მას ყოველთვის სჭირდება მოფერება, ალერსი და სიყვარული. ბალზაკის ასაკში მყოფ ქალებს მინდა მივმართო, რომ ვარდის კოკორი ლამაზი და კარგია, მაგრამ გადაფურჩქნულ ვარდსაც თავისი სილამაზე, ხიბლი და უკეთესი სურნელი აქვს. ასე, რომ ფარ-ხმალს ნუ დაყრით ასაკის მატებასთან ერთად, ასაკი მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი! დილით მისმა კოცნამ და ყავის სურნელმა რომ გამაღვიძა, ისე მესიამოვნა, ასეთ მაღვიძარაზე დილაობით არ ვიტყოდი უარს. _წუხანდელი ღამე არაჩვეულებრივი იყო. მხოლოდ ერთს ვნანობ..._ისე დანანებით თქვა, გული შემიფანცქალდა და შიშით შევხედე._სად იყავი აქამდე, რატომ უფრო ადრე არ გადაიკვეთა ჩვენი გზები, რათა უშენოდ არ გამეტარებინა ეს წლები?.._დაიხარა და მოშიშვლებულ ლავიწზე ნაზად მაკოცა._არ ვიცი შენ რა აზრის ხარ, იქნებ დამცინო კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პატარა ბიჭივით ყურებამდე ვარ შენზე შეყვარებული..._თან ისეთი მზერით შემომხედა, გული გამიჩერდა. მეც იგივე სიტუაციაში ვიყავი და მეც მიყვარდა, თანაც როგორ!? მისი საწოლში მორთმეული ყავა უდიდესი სიამოვნებით დავლიე. "ასე არასდროს გაუნებივრებივარ ალეკოს"._ ამის გაფიქრებაზე გამახსენდა, რომ სამ დღეში ნიტა და ალეკოც ჩამოდიოდნენ და შევძლებდით კიდევ მე და აჩი შეხვედრას? იქნებ, ეს დღეები მაქსიმალურად გამომეყენებინა როგორმე? საწოლიდან ნახევრადშიშველი რომ წამოვდექი, არ შემრცხვენია და არც მომრიდებია. თითქოს, დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში. ამაყად და აუჩქარებლად ჩავიცვი ჩემი ტანსაცმელი. თან, აჩისკენ ვაპარებდი ღიმილით თვალს, კმაყოფილი მზერით რომ აკვირდებოდა ჩემს თითოეულ მოძრაობას. _არ მინდა სამსახურში დავიგვიანო, სახლში გამიყვანე, რომ მოვწესრიგდე._ჩაცმას რომ მოვრჩი, წინ ავესვეტე ღიმილით. _რასაც მიბრძანებ ჩემო დედოფალო._ეს ისე მაღალფარდოვნად და თეატრალურად მითხრა, გულიანად გამეცინა. ბინიდან ხელგადახვეული გამომიყვანა. იმ დღეს სმსახურში ყველამ შემატყო, რომ რაღაც მოხდა ჩემს თავს და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. მართალია, არ მიღიარებია, რომ ვნებიანი ღამის ბრალი იყო ჩემი ესოდენ გამხიარულება და გაბედნიერება, მაგრამ მირანდა და თამთა არასდროს ცდებოდნენ ვარაუდებში და ახლაც ჩურჩულით დამდევდნენ, იმ ბედნიერის სახელი მაინც გვითხარი, ასე რომ შეგცვალაო. იმ საღამოს უკვე ჩემთან დარჩა აჩი. არანაირი მორიდებულობა, არანაირი უხერხულობა, მიყვარდა-ვუყვარდი, ვუნდოდი, მეც მინდოდა და უზომოდ ბედნიერები ვიყავით ერთად ყოფნით. მეორე საღამოც ჩემთან გავატარეთ. სულაც არ ვდარდობდი იმაზე, მეზობლები რას იტყოდნენ და როგორ გამაქილიკებდნენ. ისეთი ბედნიერი ვიყავი, გარშემომყოფების აზრი სულ არ მაინტერესებდა. ვისი რა საქმე იყო, მე ვინმე მეყოლებოდა თუ არა გვერდით? ბოლო დროს ალეკომაც კი მითხრა, წინააღმდეგი არ ვარ თუ ცხოვრებას აიწყობო. ნიტაც ყოველთვის მაგ აზრის იყო. ეკატერინე და ტასო ხომ სულ მაგას მეჩიჩინებოდნენ და სხვას რაც უნდა ის ეთქვა, არ ვნაღვლობდი. იმ დღეს, როცა ალეკოს და ნიტას რეისი უნდა ჩამოფრენილიყო, მარტო წავედი აეროპორტში. დღეს რაა, ღამის ორ საათზე ჩამოფრინდა. აჩიმ კი მითხრა, თუ გინდა გამოგყვებიო, მაგრამ უარი ვუთხარი. ჯერ ნიადაგის შემზადება მჭირდებოდა მათთვის, რომ მეხარებინა ვიღაც მყავდა. გაურკვეველი მიზეზების გამო მათმა რეისმა დაიგვიანა და საშინლად ავღელდი. ნერვიულად ვცემდი უშველებელ დარბაზში ბოლთას, მაგრამ სულ ტყუილად, მშვიდობიანად ჩამოფრინდნენ. შორიდანვე შემნიშნა თუ არა ნიტამ, თავისი სამგზავრო ჩემოდანი ალეკოს მიაჩეჩადა და კივილით გამოქანდა ჩემსკენ. ბავშვობაში რომ იცოდა, ზუსტად ისე დამეტაკა, ლამის გადამაქცია და მჭიდროდ ჩამეხუტა. _როგორ ხარ ჩემო დედუცუნა?!_ეს "დედუცუნა" რაღაც ახალი იყო და გამეცინა._როგორ მომნატრებიხარ შენ ხომ ვერც კი წარმოიდგენ?_თან მკოცნიდა, თან მეფერებოდა და თან სიხარულის ცრემლებით მისველებდა სახეს. ამასობაში ალეკოც მოგვიახლოვდა. ხელი ჩამომართვა და ჰოი საოცრებავ, ლოყაზე მაკოცა მოულოდნელად. დავიბენი. ასე არ სჩვეოდა ხოლმე და გამიკვირდა. _როგორ იმგზავრეთ?_მღელვარების დასაფარავად ვიკითხე უფრო, ვიდრე ინტერესისა. მშვენივრად რომ იმგზავრეს, ეს ნათელი იყო. _არაჩვეულებრივად... იცი რა კარგი დრო გავატარეთ? თურქეთში თუ მაგდენი ღირშესანიშნაობების ნახვა იყო შესაძლებელი, ნამდვილად არ მეგონა. ძალიან კარგი იყო._აღტაცებას ვერ ფარავდა ნიტა და ისე უციმციმებდა მამის მსგავსი თვალები, აშკარად უდიდესი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო. _ბიჭებმა ვერ მოახერხეს მოსვლა და მე გამიყვან თუ ტაქსით გავიდე?_ეს რომ მკითხრა ალეკომ, ავად შევხედე, რაღაც ისეთი მწარის თქმა მინდოდა, რომ გული მომეკლა მისთვის, მაგრამ შევკრთი. ძალიან დაღლილი და გადაფითრებული მეჩვენა. აშკარად ჯანმრთელობასთან ქონდა პრობლემები. _გაგიყვან, რა პრობლემაა?_ნიტას სამგზავრო ჩემოდანი გამოვართვი და აეროპორტის შენობიდან გავედი. ხელიხელგადახვეული მამაც და შვილიც უკან მომყვნენ. პირველი ალეკო მივაბრძანე სახლში. მისი ბინის ფანჯრებს რომ შევხედე, ჩაბნელებული იყო. არავინ ელოდა და გულწრფელად შემეცოდა. მაგრამ ჯილდასაც არ ვამტყუნებდი. მეც გამომატარა ამ ვაჟბატონმა ის დღეები, რომ სად ეგდო, როდის მოვიდოდა სულ არ მაინტერესებდა. ალბათ, დაიმსახურა და იმიტომაც არ ელოდა არავინ. სახლში რომ ვბრუნდებოდით მე და ნიტა, მთელი გზა მაინც არ მშორდებოდა ალეკოზე ფიქრი. რა სჭირდა, ან ასე რადიკალურად რატო იყო შეცვლილი ნიტას მიმართ, ვერ ვხვდებოდი. _მამაშენს რა სჭირს?_სახლში მისულებმა გავუბედე და ნიტას ვკითხე. _რაზე იძახი მაგას?_გაუკვირდა. _რა ვიცი, არ მომწონს, რაღაც ავადმყოფური ფერი ადევს._ჩემი ეჭვი გამოვთქვი. _ხო, სხვათაშორის არც მე მომეწონა, ახველებდა, მაგრამ სიგარეტს დავანებე თავი და იმისი ბრალიაო, დამამშვიდა. თან, ფილტვების ანთება ქონია სანამ თურქეთში წავიდოდით და მგონი ბოლომდე არ იყო მორჩენილი. შემპირდა, რომ მივა და გაესინჯება ექიმს, თუ არა და ძალით წავათრევ._გაეცინა._უჰ, როგორ მომენატრა ჩემი საწოლი?_გვარიანად გადაიშხლართა და ნებიერად აკრუტუნდა კატასავით. _კარგი, ახლა დავიძინოთ, დილით სამსახურში უნდა წავიდე, მერე ვილაპარაკოთ._შუბლზე ვაკოცე, შუქი ჩავუქრე და მისი ოთახი დავტოვე. მთელი ღამე ვერ მოვისვენე. რატომღაც ალეკოზე ამყვა ფიქრები და მის ავადმყოფურ იერზე. გადავწყვიტე, თავისუფალ დროს გამოვნახავდი თუ არა, დავლაპარაკებოდი, ნორმალურად მიეხედა თავისი ჯანმრთელობისთვის. გამთენიისას ჩამეძინა მხოლოდ და მაღვიძარამ რომ გამაღვიძა, სამზარეულოს მივაშურე ყავის დასალევათ. ნიტა რომ იქ დამხვდა, გამიკვირდა. _მთელი ღამე ვერ დავიძინე. აკლიმატიზაციის ბრალია ალბათ._შემომღიმა._პირველი ღამე სტამბულშიც გამიჭირდა. აბა, შენ რას შვრებოდი აქ? უჩემოდ როგორ გაგყავდა დრო? _რავიცი, იძულებით. სამსახური და გოგოები მატანინებდნენ ამ მძიმე დღეებს._გამეღიმა._შენ? _მე მშვენივრად ვერთობოდი და ისე უცბად გაირბინა ამ დღეებმა, ვერც კი გავიგე. ვაღიარებ, რომ წამოსვლა არ მინდოდა._გულღიად გადაიკისკისა._შესაძლებელი რომ ყოფილიყო, კიდევაც დავრჩებოდი რამოდენიმე დღე. სანამ ყავას მოვადუღებდი და დავლევდი, სულ მხატვრულად გადმომცა ყოველი წვრილმანი, რაც კი ნახა და გადახდა თავს. მერე, გავემზადე და სამსახურში წავედი. გზად აჩი ამედევნა და პატარა ბავშვივით გამიხარდა. სამსახურამდე მომყვა. სადგომთან ათი წუთი მაინც ვილაპარაკეთ და თვითონაც სამსახურში წავიდა. ნიტას დაბრუნება უზომოდ მიხაროდა, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარე ქონდა, აჩის ვეღარ შევხვდებოდი და ეს მადარდებდა. ვერც მე დავრჩებოდი მასთან და ვერც ის გაათევდა ღამეს ჩემთან. ის მცირედი დრო, რაც მასთან გავატარე, არ მაკმაყოფილებდა თითქოს და უფრო მეტი მინდოდა. საღამოს რომ დამირეკა, ჩემთან ავიდეთო, მაცდურ შეთავაზებაზე უარი ვერ ვუთხარი. ნიტას გადავურეკე, გოგოებთან ცოტა შემაგვიანდება-მეთქი და აჩისთან გავქანდი. სახლში რომ დავბრუნდი, მეშინოდა, ნიტას არ ეეჭვა რამე, მაგრამ არც თვითონ იყო სახლში, მეგობრებთან ყოფილა და ჩემს მერე მოვიდა. ასე რომ არ გაუგია არაფერი. მაგრამ როდემდე გავაგრძელებდით ასე ფარულად შეხვედრებს, ეგ იყო საფიქრალი. მეორე დღეს არა, მაგრამ მესამე დღეს კი ისევ ტასო და ეკატერინე მოვიმიზეზე. დილით სამსახურში მიმავალს კი ეკატერინე გადამიდგა წინ, შენთან სალაპარაკო მაქვსო და ნახევარი საათით კაფეში დავსხედით. _ამ ბოლო დროს რომ ძალიან შეიცვალე, ეს აშკარაა. მე და ტასოს რომ გვიმალავ რაღაცეებს კარგი, მაგრამ არც ნიტას ენდობი?_ჯიქურ შემომხედა თავისი ნუშისებრი თვალებით. _რა?_ავღელდი._საიდან რა მოიტანე? _არ გინდა ეგ სიაფანდური ბაზარი... ვიღაც გყავს ხომ? _რა სისულელეა?_ნაძალადევად გადავიკისკისე. _წუხელ ნიტამ დამირეკა, ლელა დამალაპარაკეო. _მერე?_ყავა გადამცდა სასულეში და ხველა ამიტყდა. _ამ გულს რა ვუთხარი, თორემ ხომ ღირსი იყავი მეთქვა, დედაშენი ერთი კვირაა რაც თვალით არ მინახავს-მეთქი? _მერე?_ავღელდი და ნერვიულად ავწრიალდი სკამზე. _რაა მერე? საპირფარეშოშია და რომ გამოვა, დაგირეკავს-მეთქი. აღარ დაურეკია. ან მიხვედი სახლში, ან მართლა დაურეკე. რა ხდება? ვინმესთან დაძვრები? პასუხი რომ არ დავუბრუნე, გაეღიმა. _შენი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, ასეა. თან, დუმილი თანხმობის ნიშანიაო. ვინ არის, კაი მაინც არის? ეკატერინემ უკვე გაიგო ჩემი გაძვრენ-გამოძვრენის ამბები. ტყუილს რომ მოკლე ფეხები აქვს და ბოლომდე მაინც ვერ დაიმალება, ეს უნდა მცოდნოდა. ხვალე-ხვალზევით ნიტაც გაიგებდა ამ ამბავს და რა რეაცია ექნებოდა? ჯობდა მე თვითონვე მეთქვა და შემემზადებინა ამ ამბისთვის, ვიდრე ყურმოკრული გაეგო ვინმესიდან, ან სადმე გადაგვყროდა მე და აჩის... _კაი ტიპი მაინც არის-მეთქი?_იმხელა ხმაზე მკითხა ეკატერინემ, შევკრთი. _რაც მთავარია მე მომწონს._ვაღიარე. _რომ არ მოგწონებოდა ურთიერთობას არ გააბამდი. უბრალოდ მე და ტასოს თუ მოგვეწონება? სამომავლოდ რას გეგმავთ? ან როგორი ოჯახური სტატუსი აქვს?_დაინტერესდა. _ქვრივია. ჯერ არაფერი სერიოზული, უბრალოდ ერთმანეთს ვეცნობით. წავედი ახლა, სამსახურში მაგვიანდება... და მადლობა, რომ ნიტასთან არ ჩამიშვი. მე თვითონ დაველაპარაკები. _ხო და ძალიანაც კარგი თუ დაელაპარაკები._უკვე კარში გასულს მომაძახა. მართალია, ეკატერინეს დავპირდი, ნიტას ყველაფერს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ რამდენჯერაც დავაპირე თქმა, იმდენჯერ გადავიფიქრე. ვერ შევძელი. დარწმუნებული ვიყავი, თავს არ გაიგიჟებდა ჩემი და აჩის ამბავის გაგებით, მაგრამ მაინც ვაჭიანურებდი რატომღაც. აჩიც მაგულიანებდა, როდემდე ვიმალოთ, ბავშვები ხომ აღარ ვართ, გავასაჯაროვოთ ჩვენი ამბავი და სერიოზულად ვიფიქროთ ჩვენს მომავალზეო, მაგრამ მაინც ვერ ვბედავდი. მერე კი, ისე აირია ყველაფერი, თქმას კი არა, აჩისთან შეხვედრასაც კი ვერ ვახერხებდი უკვე. მოკლეთ, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და თანამიმდევრობით მოვყვები ისევ. იმ დღეს, ეკატერინემ დამირეკა და სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა. მართალია, ზურაბი არასდროს მზღუდავდა და ნებისმიერ დროს მანთავისუფლებდა ნინოს ხარჯზე, მაგრამ აღარ მინდოდა მისი კეთილგანწყობით მესარგებლა უნამუსოდ. თუმცა, არც დაქალის გასაჭირში მიტოვება მინდოდა. ისეთი ხმით მელაპარაკა, რომ აშკარად რაღაც საშინელი გაჭირვება ედგა. მოკლედ, ზურაბს მაინც ადრე გავაშვებინე თავი და ეკატერინეს დანიშნულ ადგილას შევხვდი. მისი მანქანის ახლოს შევაჩერე ჩემი მანქანაც და კაფეში შევედი. უჩვეულოდ დამწუხრებული სახე ქონდა. უაზროდ ჩასჩერებოდა უკვე გაციებულ ყავის ფინჯანს _რა ხდება, ხომ კარგად ხარ?_შეშფოთებულმა ვკითხე და სკამი ხმაურით გამოვდგი, რომელზეც მოწყვეტით დავენარცხე._ისეთი სახე გაქვს, მაშინებ. კარგად ხარ? _მე ხო... _აბა, ვინ არის ცუდად? _ტასო. _ტასო?_გამიკვირდა._ტასოს რა სჭირს? _დღეს დეა ვნახე... ტიროდა. _ტიროდა? რა ატირებდა? _დედაა ცუდად და არავის უმხელსო._ამოიოხრა. _და ტასოს რა სჭირს? _ძუძუს კიბო აქვსო. _რაა?!_განწირული ხმით რომ აღმომხდა, კაფეში მყოფმა კლიენტებმა უმალ მომაქციეს ყურადღება._რას ლაპარაკობ? _ხო. კიდევ კარგი პირველი სტადიაა და გადარჩენის შანსი 99%-იაო. სხივურ თერაპიას გადის თურმე. _რას ლაპარაკობ? და დიდი ხანია?_ნერვიულად ავწრიალდი სკამზე. _სამი თვის წინ გაუგია. ექიმები იმედს აძლევენ, ქირურგიული ჩარევა არ გახდება საჭიროვო... _ჩვენ რატო დაგვიმალა ეგ ამბავი? გვერდში დავუდგებით და გავამხნევებთ. _ჩვენ კი არა, მე. შენ ღრუბლებში დაფრინავ ეს ბოლო პერიოდია და რა აზრი ქონდა შენთვის თქმას?_გაკვირვებულმა შემომხედა._შენ თავსაც რაღაც ხდება და გრიფიდ საიდუმლო ადევს შენს ამბავს. მე ყველაფერი უნდა მოგიყვეთ და თქვენ არაფრად მაგდებთ. თქვენი სიხარული თქვენზე ნაკლებ მე არ გამიხარდება და თქვენი ტკივილი ნაკლებად არ მეტკინება... _და ტასო როგორ არის ახლა?_სიტყვა გავაწყვეტინე. _თავს არ უტყდებაო, მაგრამ მთელ ღამეს ტირილში ატარებს თურმე. _მოიცა, მასთან რომ დავიმხეთ მისი ბინის ჭერი თავზე, იცოდა? _ალბათ და მთვრალმაც კი არ გვითხრა არაფერი. ბოლო დროს დეპრესიის ნიშნები შევნიშნე, ვკითხე რა გჭირს-მეთქი და არაფერიო. არა და აშკარაა, სახლიდან გამოსვლა აღარ უნდა... _რომ მივიდეთ და მოვინახულოთ? _კარგი აზრია, ცოტას გავამხნევებდით, მაგრამ არ უნდა რომ ვინმემ იცოდეს. დეამ ასე მითხრა და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. არაფერი არ უნდა შევიმჩნიოთ იცოდე. _კაი. წავიდეთ?_ფეხზე წამოვდექი და ტასოსთან გავწიეთ. ტასო მარტო დაგვიხვდა სახლში. _რა ხდება, არ მუშაობთ?_ორივე რომ დაგვინახა, გაუკვირდა. _როგორ არა, მაგრამ დავიღალე ერთფეროვნებით. კიდევ რომ დაგველია, არ იქნებოდა ურიგო._დივანზე მოხერხებულად მოვკალათდი და ეკატერინეს მივმართე._ყავა რომ დაგედგა, არ იქნებოდა ურიგო. _მე რატო, შენ ვერ მოადუღებ?_კუშტად შემომხედა. _მეზარება. ერთი დღით მაინც მოვწყდე სამზარეულოს ხომ შეიძლება? _მოკლეთ, ამ ჩემს სტომატოლოგიურ კლინიკას ხომ ვერ მოვიმიზეზებ ვერსად რაა._უკმაყოფილო სახით წამოდგა და მართლაც ყავის მოსადუღებლად გავიდა. _რაღაც ხდება ხო?_ეჭვით შემომხედა ტასომ._ასეთ დროს ორივეს თავ-ქაჯი გაქვთ ხოლმე შეყრილი და არ გცალიათ. დღეს რამე განსაკუთრებული დღეა? თვალებში რომ შევხედე, ეჭვით მიმზერდა. თან, დიდი ტკივილი და სევდა იმალებოდა მის მიღმა. აშკარად ეჭვობდა რაღაცას, მაგრამ დეას სურვილისთვის პატივი უნდა გვეცა და არ გაგვემჟღავნებინა, რომ მისგან ვიცოდით მისი ამბავი. _კი, განსაკუთრებული დღეა._ჩურჩულით ვუთხარი._ამდენი დამალვა აღარ მინდა. ვიღაც მყავს და იმას ვხვდები და ამის სათქმელად მოვედი. მინდა ჭკუაზე დამარიგო... _რაო, რაო?_მოულოდნელად ეკატერინე რომ წამოგვადგა თავზე, შევკრთი, მასთან მართლა არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი._მოგინდა ქალს გულახდილობა? რატო, ხომ არ მიგატოვა შემთხვევით? ამის გაფიქრებაზეც კი გამაკანკალა. მართლა რომ მივეტოვებინე, როგორ გადავიტანდი ნეტა? _მინიშნებას არ მოგვცემ, იქნებ გამოვიცნოთ ვის ხვდები?_ინტერესით შემომხედა ტასომ და შევატყე, აშკარად გამხიარულდა._რჩევებსაც არ დავიშურებ, გპირდები, ოღონდ ჯერ გაგვარკვიე ვინ არის და როგორია. ოპაა, ჩემი ფეხით გავები კაკანათში და ეს გადარეულები თავს აღარ დამანებებდნენ. ისეთი ინტერესით შემომყურებდნენ, გამეცინა. _ჩემზე ოდნავ მაღალია, სიმპატიური, სერიოზული სამსახურით._შეფარვით დავიწყე ჩამოთვლა. _პირველ რიგში ოჯახური მდგომარეობა მაინტერესებს, სხვა მერე იყოს._შემომბღვირა ტასომ. _ქვრივია. _ქვრივია?_გაუკვირდა და თან გაუხარდა ეკატერინეს._გამოდის, სამომავლო გეგმები ექნება შენთან და მცირეხნიანი რომანით არ დაკმაყოფილდება. სახელს არ გვეტყვი? _ნამეტანი ბევრი ხომ არ მოინდომე ერთბაშად? ყავა მოადუღე? _ფუი, შენი, მგონი გადმოვიდა._ფეთიანივით გავარდა სამზარეულოში._გადავრჩი, გადავრჩი, ბეწვზე მივუსწარი!_იმხელა ხმაზე იყვირა, მგონი მეზობლებმაც კი გაიგეს. კიდევ კარგა ხანს დავრჩით ტასოსთან და ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ჩემი კარტები ბოლომდე არ გამიხსნია ვის ვხვდებოდი, მაგრამ ნიტასთვის როგორ მეთქვა, იმაზე დამარიგეს გოგოებმა ჭკუაზე. ბევრიც ვიხუმრეთ და ვიმხიარულეთ. ჩვენებურად ვიგიჟეთ. მართალია, ჩვენთან ერთად ხუმრობდა და მხიარულობდა ტასო, მაგრამ სევდაჩამდგარი თვალებით შემოგვყურებდა ორივეს. გული მიკვდებოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი. ერთი სული მქონდა მივსულიყავი, გულში ჩამეკრა და მეთქვა, რომ გამაგრებულიყო, რადგან მის გვერდით ვიყავით მეც და ეკატერინეც, მაგრამ არ შემეძლო. ტასოსიდან პირდაპირ სახლში წავედი, რადგან სამსახურში დაბრუნების თავი არ მქონდა. მესმოდა ტასოსი. არ უნდოდა რომ მისი ავადმყოფობის ამბავი გაგვეგო და ისე მოვქცეოდით როგორც ავადმყოფს. მასეთ სიტუაციაში არც მე მომინდებოდა ამ ამბის გახმაურება. აჩიმ რომ დამირეკა, მოუცლელობა მოვიმიზეზე და არ შევხვდი. უბრალოდ, ტასოს ამბის მერე მასთან შეხვედრა, თანაც ნიტას უჩუმრად, რაღაც არ მხიბლავდა. თუმცა, იმასაც ვაცნობიერებდი, რომ როცა იქნებოდა აჩის მობეზრდებოდა ასეთი ურთიერთობა და ისევ მარტო აღმოვჩნდებოდი. ნიტა რომ დაბრუნდა უნივერსიტეტიდან და სახლში დამინახა, გაუკვირდა. _რა ხდება, ხომ კარგად ხარ? ამ დროს უჩვეულოა შენი სახლში ყოფნა. _ხო, კარგად ვარ. უბრალოდ გოგოებთან რაღაც საქმე მქონდა. მართალია მოვაგვარე, მაგრამ სამსახურში აღარ წავედი, დამეზარა. ალბათ, მართლა ვბერდები._თან ნაძალადევად შევღიმე. _ხო, იწუწუნე, იწუწუნე, ზოგს წუწუნი კარგად აქვს დაცდილი._გამიცინა._ჩემზე უკეთ კი გამოიყურები და... იცი, მე და მამასაც გვქონდა ამაზე საუბარი... _რაზე?_გამიკვირდა. _ქვეყანა არ დაიქცევა, თუ მეორედ გათხოვდები. ლამაზ ქალს ყველა მუშტრის თვალით უყურებს, თანაც მარტოხელას და მე მირჩევნია ქმარი გყავდეს. მართალია, ცოტას ვიეჭვიანებ და მამას ვერ დავუძახებ, მაგრამ მგონია რომ კარგი იქნება შენთვისაც და ჩემთვისაც. _შენთვის რაღატო?_გამიკვირდა. _ყოველ საღამო იმის შიში აღარ მექნება, დედა არ გამტაცონ-მეთქი._გადაიკისკისა._უკვე ქმარი მოგაქცევს ყურადღებას. კარგი დრო იყო მეთქვა, რომ ვიღაც მყავდა და მას ვხვდებოდი კიდეც, მაგრამ ისევ ვერ გავბედე, ბაჭიასავით შემეშინდა. ასე საშინლად არასდროს გამჭირვებია არაფრის თქმა. იქნებ იმიტომ, რომ ჩემი პრინციპების უარყოფა არ მინდოდა მის თვალში? მე ხომ მუდამ იმას გავიძახოდი, რომ რაღა დროს ჩემი გათხოვება იყო? არა და სიყვარულის მორევში კი ვიყავი თავით გადაშვებული. მეორე დილით კი ტასომ დამირეკა, გთხოვ, ჩემთან მოდიო. მასთან მისულს ეკატერინეც იქ დამხვდა. _გუშინ თვალებზე გეტყობოდათ ორივეს, რომ ჩემი ამბავი იცოდით და არანაირად არ მაგრძნობინეთ არაფერი. ამიტომაც მიყვარხართ და გაფასებთ ორივეს._ისე გველაპარაკებოდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა._დღეს სხივური თერაპია უნდა გავიკეთო ისევ. გამიხარდებოდა რომელიმე თუ გამყვებოდით ონკოლოგიურ ცენტრში. _რას ქვია თუ? მე გამოგყვები. _მეც._ეკატერინემაც გამოთქვა სურვილი. _არ გავალდებულებთ, უბრალოდ თუ შეგიძლიათ. _როგორ არ შეგვიძლია?_გავიოცე._მე რომ იგივე სიტუაციაში ვიყო, შენ ვერ მოიცლიდი? _მე უმუშევარი ვარ, თქვენ კი სამსახურები გაქვთ და მუშაობთ. _ერთი დღით ჩემი გაკეთებული საჭმელები რომ არ დააგემოვნონ რესტორანში, არაფერი მოხდება. _უკბილოდაც გაძლებს ხალხი როგორმე._თავისებურად გადაიკისკისა ეკატერინემაც. _კარგი, ორივე გამომყევით, წინააღმდეგი არ ვარ._გაუხარდა. თერაპია თერთმეტ საათზე ქონდა დანიშნული და ცოტა ადრე წავედით. კიდევ კარგი, თორემ, მალ-მალე გვიწევდა გაჩერება, რადგან ტასოს ღებინება აწუხებდა. მითუმეტეს ბერიტაშვილის მიხვეულ-მოხვეულ აღმართიან ქუჩას რომ შევუყევით. ონკოლოგიური კვლევითი ცენტრი ყოველთვის შიშის ზარს მცემდა და რატომღაც კეთროვანივით ვერიდებოდი ამ დაწესებულებას, მაგრამ ახლა დაქალის გულისთვის ჩემი სურვილით მივდიოდი იქ. ეზოში მანქანების ტევა აღარ იყო და გარეთ მოგვიწია გაჩერება. დაახლოებით ასი მეტრის გავლა მაინც მოგვიხდა ფეხით. ტასო შუაში გვყავდა ჩაყენებული და აქეთ-იქიდან ხელკავით მიგვყავდა ჩვენი უაძვირფასესი დაქალი. _მართლაც, სამი მუშკეტერი ვართ, დარტანიანი გვაკლია მხოლოდ._გამეცინა და მხნედ შევაბიჯე ჩემთვის საშინელებათა ფილმის შემზარავ შენობაში. მიყრუებულ დერეფანში საკუთარი ფეხის ხმა ექოდ რომ მესმოდა, გულს მიხეთქავდა, მაგრამ სიმხნევეს ვიკრეფდი და ტასოსაც ვამხნევებდი. _უფლებას ნუ მივცემთ იმ რაღაც კიბოს, რომ შეგვაშინოს და ამის გამო ნერვიული სისტემა დაგვიზიანოს. თუ არა და ჩვენ რომელი კიბო დაგვამარცხებს, თვითონ ვართ კიბოები._ნაძალადევად მხიარულობდა ტასო და ჩვენთან ერთად გამხნევებას ცდილობდა. ექოსკოპიის კაბინეტის წინ, სადაც მკერდის ექოსკოპია უნდა გაეკეთებინა ტასოს, დიდხანს ლოდინი რომ არ დასჭირვებოდა, რიგი დავიკავეთ: მე დამტოვა იქ და თვითონ კი ეკატერინესთან ერთად ანალიზების ჩასაბარებლად წავიდა. ვერ აღვწერ როგორ გამიჭირდა დგომა. უამრავი პატარა ბავშვი მოყავდათ გამოკვლევებზე, ამ მძიმე სენს ვაჟკაცურად და იმედიანად რომ ებრძოდნენ. ღმერთო, ასეთ პატარებს მაინც საიდან უჩნდებათ ეს ვერაგი დაავადება? რამდენ ხანს მომიწია იქ დგომა, არ ვიცი, რადგან დროის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა. ტასოს გამო, თორემ ამ დაწესებულებაში შემოსვლას სიკვდილი მერჩია. მომეჩვენა, რომ დაიგვიანეს. ერთ ადგილზე ნერვიულად აწრიალებული რომ ვეღარ ვისვენებდი, უაზრო ბოლთის ცემას მოვყევი. ბოლო პაციენტი იყო შესული კაბინეტში, რომ როგორც იქნა ისინიც გამოჩნდნენ. _რა ხდება?_დავინტერესდი. _ოთხის მერე იქნება პასუხებიო._ტასოს მაგივრად ეკატერინემ გამცა პასუხი._იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აქედან მამოგრაფიაზე მივალთ და მერე სხივებზე. ექოსკოპიაზე ორივენი შევყევით. სანამ მკერდს მოიშიშვლებდა ტასო და ტახტზე დაწვებოდა, ერთი სიკვდილი გავათავე. მართალია მხნედ იყო, მაგრამ გამოცდილი თვალი ადვილად შეამჩნევდა მღელვარებას და შიშს. ერთხანს უხმოდ ათვალიერა ახალგაზრდა ბიჭმა ეკრანზე უფორმო რაღაც სურათები, რომლის თავი და ბოლო ნამდვილად ვერ გავიგე. _მშვენიერი ამბავი მაქვს თქვენთვის._ბოლოს ღიმილით რომ შეხედა ტასოს, სუნთქვაშეკრული დაველოდე ამბის გაგრძელებას._თქვენი კიბო საგრძნობლად დაპატარავებულა ზომებში. _მართლა? ვაიმე, რა კარგია._საკუთარი კარგი დიაგნოზივით გამიხარდა ეს ამბავი და ჩემს გვერდით მდგარ ეკატერინეს გადავეხვიე. (აბა, ტახტზე მწოლიარე ტასოს ვერ ჩავეხუტებოდი ჯერ). _ორი სხივური თერაპიის კურსიც და მორჩა, კიბოს კვალი აღარ იქნება._ეს ისე დამაჯერებლად და გულწრფელი ღიმილით თქვა ბიჭმა, რომ არ მომრიდებოდა, მასაც გადავეხვეოდი. ექოსკოპიის კაბინეტიდან უზომოდ ბედნიერები გამოვედით. გეზი პირდაპირ მამოგრაფიისკენ ავიღეთ, სადაც მალევე მოგვიწია შესვლა. ერთგული მუშკეტერებიც შევყევით ჩვენს დაქალს. გაოცებული შევყურებდი მამოგრაფიის აპარატს, რომელიც ქსეროქსის აპარატს მივამსგავსე და აშკარად შემეცოდა ტასო, მისი წნეხის ქვეშ რომ დაუჭყლიტეს მშვენიერი ძუძუები. მერე, მამოლოგმა ხელითაც გასინჯა და მანაც იგივე კარგი ამბავი უთხრა, რაც ექოსკოპიის ექიმმა. იქიდანაც გახარებულები გამოვედით. _შენ ქმარს უნდა ვუთხრა, იმ მშვენიერ ბიჭს გატრუნული რომ ედექი._ეკატერინემ ნიშნისმოგებით უთხრა ტასოს რადიოლოგიის კაბინეტისკენ რომ მივდიოდით უკვე. _ვინ ბიჭს?_გაუკვირდა ტასოს, მაგრამ რომ გაეღიმა, მივხვდი რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა. _იმ ექიმს, გია ერქვა მგონი არა? დიდი მომდომებით რომ გისრესდა მაგ მშვენიერ ძუძუებს, ვითომ გსინჯავდა. განა ვერ შეგნიშნე, როგორი სიამოვნებით ლულავდი მაგ თვალებს? _ოხ, შე უვარგისო._ისეთი მუჯლუგუნი წაჰკრა ტასომ, ახითხითებული ეკატერინე წააბარბაცა._რა საზიზღარი ენა გაქვს! მართლა ცოლ-ქმრის გამყრელი ხარ. კიდევ კარგი, გინეკოლოგიური პრობლემები არ მაქვს, თორემ მართლაც დამაშორებდი ქმარს. სულ სიცილ-კისკისით მივედით რადიოლოგიის განყოფილებაში, სადაც უკვე სხივური თერაპია უნდა გაეკეთებინა კიბოზე გამარჯვებულ ჩვენს დაქალს. ძალიანაც გვინდოდა იქაც შევყოლოდით, მაგრამ მედპერსონალმა ამის საშუალება არ მოგვცა. _რადიოაქტიური დასხივება ხდება აქ და თქვენ უნდა მოერიდეთ, მხოლოდ პაციენტი შემოვიდეს._მკაცრად გაგვაფრთხილა დაბალი ტანის და მკაცრი გამომეტყველების თეთრხალათიანმა ექიმმა. _ნუ ღელავთ, აქ დამელოდეთ._ტასომ ღიმილით გაგვამხნევა და მომეჩვენა, რომ ძალიან უშიშრად და მხნედ შევიდა კაბინეტში. _ვითომ, მართლაც დაპატარავდა მისი კიბო და ყველაფერი მართლაც კარგად იქნება?_ტასო გაუჩინარდა თუ არა რკინის უზარმაზარი შავი კარის მიღმა, ეკატერინემ ეჭვით შემომხედა. _რას ქვია "ვითომ"?_გაბრაზებულმა შევხედე პესიმისტურად განწყობილ დაქალს._ვერ გაიგე რა თქვა იმ ბიჭმა? _იქნებ, პაციენტის გულის გაკეთება უნდოდა?_მაინც უნდობლად მკითხა._რომ ფარხმალი არ დაყაროს და ბრძოლის უნარი ქონდეს? _ყოველთვის ოპტიმიზმით ხარ ყველაფრის მიმართ განმსჭვალული და ახლა რა ჯანდაბა გჭირს ნეტა?_ავღშფოთდი._იმის მაგივრად, რომ გაამხნევო, იმედები უნდა გადაუწურო? _აქ ხომ მხოლოდ მე და შენ ვართ? მას არაფერს ვაგრძნობინებ, მაგრამ მე ეჭვი მეპარება რატომღაც. კიბო ისეთი ვერაგი დაავადებაა, მასთან ბრძოლაში მედიცინა ჯერ კიდევ უძლურია. _ვერ გაიგე, პირველი სტადიაა და გამოჯანმრთელების პროცენტი 99-იაო? _იმ ერთ პროცენტში რომ მოხვდეს? ამის გაფიქრებამ გამაკანკალა. ხომ შეიძლებოდა ტასო მართლაც იმ ერთ პროცენტში მოხვედრილიყო? ეკატერინე იმას ამბობდა ხმამაღლა, რასაც მე გულის კუნჭულში ვფიქრობდი, მაგრამ თავს ვაიძულებდი, რომ ამაზე არ მეფიქრა. _არა! იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება._უფრო ჩემს დასარწმუნებლად ვთქვი, ვიდრე ეკატერინესი და ნერვიულად მოვყევი ბოლთის ცემას ვრცელ და უკაცრიელ დერეფანში. დიდი დრო დასჭირდა ტასოს სხივურ თერაპიას. მე და ეკატერინე შეგნებულად ვარიდებდით ერთმანეთს თავს, რათა ისევ უიმედო სისულელეები არ გვეთქვა და ხან ბოლთის ცემით და ხანაც ცივ სკამზე განმარტოებით საცოდავად მობუზულები მოუთმენლად ველოდით ჩვენი ერთგული მუშკეტერის გამოჩენას. იმის გაფიქრება და გააზრება, რომ შეიძლებოდა ტასო ხელიდან გამოგვცლოდა, არ მინდოდა და სიმწრისგან ვიკვნეტდი ტუჩებს. ძალიან ახლობელი და ძვირფასი იყო ჩემთვის, მართალია მუდამ ვკინკლაობდით და ვერ ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ მართლა არ მინდოდა მისი დაკარგვა. მე ისეთი მიყვარდა, როგორიც იყო: გიჟი და გადარეული. ბოლოს, ხომ ყველაფერს აქვს დასასრული და ჩვენი მტანჯველი ლოდინიც დასრულდა, უშველებელი რკინის მძიმე კარი ნელა გაიღო და გაღიმებული ტასოც გამოჩნდა. სახეზე ტკივილის კვალი ემჩნეოდა, მაგრამ მაინც იღიმოდა. რაც მთავარია ნაძალადევად არა, გულწრფელი იყო მისი ღიმილი. _უფრო და უფრო პატარავდება ჩემი კვანძები და სულ გაქრება. ასე, რომ ახლო მომავალში წარსულს ჩაბარდება ეს ჩემი ტანჯვა-წამება. _რთულია სხივები?_შიშით ვკითხე. _ზუსტად პლაჟზე დამწვრობის ეფექტი აქვს, მაგრამ მადლობა ღმერთს, მალე გადის და კვალსაც არ ტოვებს. წამოდი წავიდეთ, დავიღალე. დილით გეგას ან დეას გამოვგზავნი ანალიზის პასუხების ასაღებად. გამიხარდა ჩვენს აქედან წასვლას რომ დაადგა როგორც იქნა საშველი. _ბავშვები რატო უნდა აწვალო აქ ამოსასვლელად, დილით მე ან ლელა ამოვირბენთ და ჩვენ ავიღებთ პასუხებს. ჰა, რას იტყვი?_ღიმილით რომ შემომხედა ეკატერინემ, მეც მაშინვე დავეთანხმე. უფრო, მე მომიწევდა ალბათ ამოსვლა. სანამ სამსახურში წავიდოდი, ამოვიდოდი ამ პირქუშ დაწესებულებაში და ავიღებდი იმ პასუხებსაც თანახმა ვიყავი, ოღონდ ახლა წავსულიყავით აქედან. ღებინებამ ისევ შეაწუხა ტასო და რამდენჯერმე ისევ მოგვიწია გაჩერება. სახლში რომ მივიყვანეთ, მაშინ კი წამოწვა და ტკბილად ჩაეძინა. _მადლობა._ცრემლიანი თვალებით შემოგვხედა დეამ._ბოლო დროს ნერვიული შეტევები აწუხებს. თქვენი გვერდში დგომა უკეთესობისკენ აბრუნებს აშკარად. _სამადლობელი არაფერია, კიდევაც დავუდგებით გვერდში. არაფერი მოგერიდოს._ჩანთიდან კონვერტით ხუთასი ლარი ამოვიღე და დეას მივეცი._ფული თუ დაგჭირდეს, არ მოგერიდოს. ეს კი მცირედი, იქნებ რამეში დაგჭირდეთ. _არა, საჭირო არ არის._უარესად აუცრემლიანდა დეას თვალები. _უარი არ გამაგონო, ძალიან მეწყინება იცოდე._ეკატერინემაც გადასცა გარკვეული თანხა._არავინ იცის ცხოვრება ვის რას გვიმზადებს. მომავალში იქნებ მე დამჭირდეს თქვენი დახმარება? ჩათვალე, რომ ვალად გაძლევ. არ გამაბრაზო იცოდე. დეას ფულზე უარი აღარ უთქვია. საავადმყოფოს გზაზე გამოკიდებულ ადამიანს რომ აურაცხელი ფული სჭირდებოდა, ამას რად უნდოდა ბევრი ლაპარაკი? _კარგი, ჩვენ წავალთ, სამსახურში უნდა შევიარო._ეკატერინემ ლოყაზე აკოცა დეას._იცოდე, ძალიან მეწყინება თუ გავიგე, რომ რამე დაგჭირდა და მე არ მომმართე. _დილით ანალიზის პასუხებს მე გამოვიტან სანამ სამსახურში წავალ. აბა, ყოჩაღად._მეც ვაკოცე დეას და უხმაუროდ დავტოვეთ მათი ბინა. ეკატერინესი არ იყოს, მეც სამსახურში დავაპირე წასვლა, მაგრამ შუა გზაში ვიყავი, აჩიმ რომ დამირეკა და ჩვენს კაფეში დავთქვით შეხვედრა. მთელი დღის ემოციებს და ნერვიულობას უკვალოდ არ ჩაევლო და აშკარად უგუნებოდ ვიყავი. თუმცა, რომ დაიხარა და ლოყაზე კოცნით მომესალმა, სულ დამავიწყა ყველაფერი. _მომენატრე. მცირედი ფანჯარა გამოვნახე ჩემს სამსახურში და მაშინვე შენს სანახავად გამოვეშურე. როგორ ხარ? დაღლილი ჩანხარ._მაგიდიდან სკამი ზრდილობიანად გამომიდგა და ჩამომსვა. _საშინელი დღე მქონდა. ონკოლოგიურში ვიყავი. _რა?_შიშჩამდგარი თვალებით შემომხედა. _ჩემს მეგობარს სხივურ თერაპიაზე გავყევი და სულით-ხორცამდე შემძრა იქაურობის ხილვამ. _მესმის შენი._ამოიოხრა._მეც გამოცდილი მაქვს ეგ დრო... ანას ლეიკემია ქონდა და ხშირად დავყვებოდი ქიმიოთერაპიაზე. აქამდე არ ვიცოდი მისი ცოლი კიბოთი რომ იყო გარდაცვლილი და შემაძრწუნა ამ ამბავმაც. ალბათ, სიკვდილის ბოლო წუთამდე მის გვერდით რომ იყო, ამან გაანადგურა და ალკოჰოლზე დამოკიდებული მიტომაც გახდა დარდების გასაქარწ....ბლად. წამიერად მის სახეზე წარსულის ტკივილის კვალი გაჩნდა, მერე კი მოულოდნელად გამიღიმა. _სამ დღეში დედულეთში მიწევს გამგზავრება. ძალიან მინდა რომ შენც გამომყვე. დილით ჩავალთ და საღამოს დავბრუნდებით. ნიტას თუ არ გინდა რომ უთხრა ეს ამბავი, ნუ ეტყვი, მაინც ვერ გაიგებს, სამსახურში ეგონები. რას იტყვი? _მაცდური შემოთავაზებაა._გამეღიმა._რომ ვიფიქრო?_თან ეშმაკურად მოვწკურე თვალები. _კარგი, არ არის პრობლემა. ორშაბათ დილით დაგირეკავ... _მაგდენი დრო არ მინდა, მაგრამ იყოს ორშაბათი._გამიხარდა. მასთან ერთად წასვლა მართლაც რომ კარგი იდეა იყო. გამიხარდა, რომ შემომთავაზა. არც კი მიკითხია, სად მივდიოდით. გადაწყვეტილი მქონდა, რომ უნდა გავყოლოდი, მაგრამ წინდაწინ მაინც არ ვუთხარი, არ მინდოდა ადვილად მისაღწევი ვყოფილიყავი. ალბათ, ქალურმა ეშმაკობამ იჩინა ჩემში თავი, რატომღაც მინდოდა რომ ცოტა ენერვიულა და უფრო გასჩენოდა ჩემი დაუფლების ჟინი. ერთი საათი დავყავით კაფეში. კარგი განტვირთვის თერაპია იყო ჩემთვის. რაც დღეს ონკოლოგიურში ვინერვიულე და დავიძაბე, უმალ მომიხსნა მასთან შეხვედრამ ნეგატიური ფიქრებიც და განწყობაც. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო და მართლაც გამიმართლა ჩვენი გზები რომ გადაიკვეთა. სამომავლოდ მის ცოლობაზე არ ვიტყოდი უარს. გადავდგამდი ამ ნაბიჯსაც და ფარულ შეხვედრებს ოჯახის შექმნით დავაგვირგვინებდი. დილით, სანამ სამსახურში წავიდოდი, ტასოს ანალიზის პასუხების ასაღებად გავეშურე. იგივე გზა იგივე განცდებით და ემოციებით გავიარე, ოღონდ მარტომ. ამჯერად, დაწესებულების ეზოში შევიყვანე მანქანა და შენობაში ცოტა დაზაფრული და შეშინებული შევედი. მართალია, ექოსკოპიაზეც და მამოგრაფიაზეც კარგი პასუხები ქონდა ტასოს, მაგრამ მაინც მეშინოდა, სისხლის ანალიზი რა პასუხს აჩვენებდა, წინასწარ არ ვიცოდი. ყველანაირად ვამხნევებდი თავს და მთვრალი კაცივით მივაბრაცუნებდი ჯერ ისევ უკაცრიელ დერეფანში. ლაბორატორიას ადვილად მივაგენი და ანასტასია დაბახიშვილის პასუხები ცოტა მიკნავებული ხმით მოვითხოვე. _ახლავე._შემომღიმა ახალგაზრდა პრაქტიკანტმა და ქაღალდების გადარჩევას შეუდგა. ჩემს ჯიბრზე დიდი დრო მოანდომა რატომღაც. ბოლოს, როგორც იქნა დაადგა საშველი და გამომიწოდა კიდეც. _როგორი პასუხია?_შიშით ვკითხე. მართალია პრაქტიკანტი იყო, მაგრამ ჩემზე მეტი ხომ მაინც ეცოდინებოდა? უცბადვე გადაავლო თვალი და ღიმილით დამამშვიდა. _ყველაფერი ნორმის ზღვარზეა. საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელი კია. _კარგი, მადლობა._უკვე ომახიანად ვუთხარი და ფეთიანივით გამოვბრუნდი გახარებული. ვიღაც ჩემს ზურგს უკან ისე ახლოს იდგა, რომ შემოვბრუნდი და წასვლა დავაპირე, შუბლით დავეტაკე მის შუბლს. გავბრაზდი. _ცოტა დისტანციას ვერ დაიცავთ?!_მტკივან შუბლზე ხელი მოვისვი და დამნაშავეს გაცეცხლებულმა შევხედე. შევხედე და გავშრი. _შენ აქ რას აკეთებ, ცუდად ხარ?_ხელში აფრიალებული ანალიზის პასუხი მოხერხებულად გამომგლიჯა. _ჩემი არ არის._ეს კი ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა და ინტერესით გადაავლო თვალი. _ბატონო ალექსანდრე, აი, თქვენი პასუხებიც._პრაქტიკანტმა გოგომ მოწიწებით გამოუწოდა ფურცელი. _ცუდად ხარ?_ახლა მე ვკითხე შეშფოთებულმა. _არაფერია, ვიცოცხლებ._უხეიროდ გაიღრიჭა. _რა გჭირს?_დაჟინებით რომ მივაშტერდი, ჩემს მზერას ვერ გაუძლო და გვერდით გაიხედა. _არაფერი. _არაფრის გულისთვის ონკოლოგიურში არ დადიან._მოულოდნელად მის ანალიზის პასუხს ხელი წავატანე და გამოვგლიჯე. დიდი მცოდნესავით კი გადავავლე თვალი, მაგრამ თავი და ბოლო მაინც ვერ გავუგე. _ფილტვის კიბო მაქვს._თითქოს ჩურჩულით მითხრა და ამოიოხრა. _ფილტვის კიბო? მერე?_ვიგრძენი გული როგორ ამიჩქარდა. _ქიმიოთერაპიას გავდივარ, მერე ოპერაციას გავიკეთებ, ფილტვის ნაწილს მომკვეთავენ. რამოდენიმე წელი კიდევ იცოცხლებო ექიმმა._ნაძალადევად შემომღიმა. მისი ამბავი ტასოზე ნაკლებად არ განმიცდია. ცოტა ხნით მაინც ხომ ვიყავი მასთან ბედნიერი? თან, ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო და სიკვდილისთვის არ მემეტებოდა. და კიდევ ის, რომ მაშინდელი ბავშვური სიყვარული ოდნავ მაინც ბჭუტავდა ჩემში. _მარტო ხარ?_თანაგრძნობით ვკითხე, რადგან ცხადზე ცხადი იყო, რომ არავინ ახლდა. _არავინ იცის ეს ამბავი შენს გარდა და არც მინდა რომ ვინმემ გაიგოს, მითუმეტეს ნიტამ. _ოპერაციას რომ გაიკეთებ, მაშინ რას იტყვი სახლში?_გამიკვირდა. _იქამდე დიდი დროა, იქნებ არც კი დამჭირდეს._ისევ შემომღიმა სევდიანად. _სახლში მიდიხარ უკვე? _ეეჰ, ნეტა მივდიოდე... მთელი ორი საათი გადასხმა უნდა მედგას. _რა?_ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. _ქიმიოთერაპიაზე ვარ დაბარებული. _სულელი ხარ? მარტო რატო წამოხვედი? _ტაქსით ვარ, არ ინერვიულო. ამ დროს მანქანის მართვას ვეღარ ვახერხებ ხოლმე._ნაძალადევად შემომღიმა._მოვრჩები და ისევ ტაქსით წავალ. _სახლში რატომ არ ეუბნები არავის?_გამიკვირდა._ვიღაც მაინც არ გინდა გვერდში მდგომი? _ეეეჰ._ისე ამოიოხრა, ლამის გულიც თან ამოაყოლა._კარგი, წავედი მაგვიანდება._ლოყაზე მომითათუნა თავისი გაყინული თითები და ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა დერეფნის ბოლოს კიბისკენ. ერთხანს გაშეშებული ვიდექი და ხელში უაზროდ ვატრიალებდი ტასოს პასუხებს. მერე დავკეცე, ჩანთაში შევინახე და ლამის სირბილით გამოვედი შენობიდან. მანქანასთან მივედი, კარი გამოვაღე და უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ისევ გამწარებულმა მივხურე. _რას აკეთებ ლელა? ნუთუ, არაფერი გახსენდება მისი მხრიდან კარგი? აქ მარტოა, ამ მძიმე სენს მარტო ებრძვის, ახლობლების გვერდში დგომა სჭირდება და უპატრონოდ მიატოვებ? მანქანის კარი ჩავკეტე, ღრმად ჩავისუნთქე და ისევ შენობაში დავბრუნდი. რეგისტრაციაში ქიმიოთერაპიის ადგილმდებარეობა რომ დავაზუსტე, იქით გავეშურე. ნათლად ვგრძნობდი, როგორ მიკანკალებდა მუხლები. კაბინეტს რომ მივუახლოვდი, მაშინ კი უჰაერობა დამემართა. რამდენჯერმე ღრმად ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე, რათა ცოტა მაინც დავწყნარებულიყავი და ღია კარში შევიჭყიტე. მალევე დავინახე ალეკო, რომელიც სავარძელში იჯდა და ვენაში სისტემა ქონდა მიერთებული, რომელიც გულისგამაწვრილებლად წვეთავდა. მან მოგვიანებით შემნიშნა. ვერ აღვწერ რა გრძნობა გამოესახა სახეზე: გაოცება, სიხარული და ამავე დროს სინანულიც. გაოცდა იმიტომ, რომ არ მელოდა. გაუხარდა, რომ ვიღაც ზრუნავდა მასზე და სინანული კი ალბათ იმიტომ, რომ მე უკვე აღარავინ ვიყავი მისთვის და მაინც მასზე ვდარდობდი. მართლაც ორი საათი მოუნდა პროცედურას. მერე კი მე წავიყვანე ჩემი მანქანით სახლში. გზაში ტასოსავით მასაც ღებინებამ შეაწუხა და მანქანა რამდენჯერმე გავუჩერე. _ეს ამ პროცედურების გვერდითი მოვლენაა, ბოდიში, არ მინდოდა შენი შეწუხება._ბოთლით წყალი რომ მივაწოდე მომიბოდიშა. _საბოდიშო არაფერია._დავამშვიდე._ასეთი დასუსტებული და ავადმყოფური ფერი რომ გაქვს, სახლში ეჭვი არ უჩნდებათ?_დამაინტერესა. _აქედან პირდაპირ სამსახურში მივდივარ._"დამამშვიდა",_საღამომდე კი ყველაფერი გაივლის. _შენ სულ გაგიჟდი?_გავუბრაზდი._თუ, ჯილდას ნერვიულობას ერიდები? არაფერი მოუვა თუ ეტყვი, გვერდში მაინც დაგიდგება. _ეეჰ, ჩემო ლელა, ჯილდას მგონი გაუხარდება კიდეც ჩემი ეს მდგომარეობა, მე მისთვის დიდიხანია აღარაფერს ვნიშნავ... _რატო, მასთანაც დაიმსახურე ეს გულგრილობა? სევდიანად შემომხედა თავისი თაფლისფერი ლამაზი თვალებით, ერთ დროს თავგზას რომ მირევდნენ. _უბრალოდ, ვერ შევძელი მისი შეყვარება და დაიღალა ჩემი გულგრილობით და მისგანაც იგივეს ვიმკი. _არც შვილებმა იციან შენი ამბავი? _შენს გარდა არავინ და ძალიან გთხოვ, ნიტას ნუ გააგებინებ. ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რომ მან გაიგოს. _კარგი, არ ვეტყვი , მაგრამ შენც დაპირდი, რომ ცოტა უფრო სერიოზულად მიუდგები ამ შენს ამბავს და შვილებს მაინც ეტყვი რამეს. _კარგი, გპირდები. ახლა კი მართლა სამსახურში მიმიყვანე. ალეკო მართლაც სამსახურში დავტოვე, ანალიზის პასუხები დეას ჩავაბარე და მეც ჩემს სამსახურში წავედი. მთელი დღე ალეკოზე მეფიქრებოდა. მართალია, გული ძალიან მატკინა და მასზე ნაწყენიც კი ვიყავი, მაგრამ მაინც შემეცოდა. საქმეს ვერ ვუდებდი გულს, რაც ზურაბს არ დარჩენია შეუმჩნეველი და საღამოხნისკენ თავის კაბინეტში გამომიძახა. _ბოლო დროს რაღაც გჭირს, ხომ?_ეჭვით შემომხედა მის მითითებულ სავარძელში რომ ჩავჯექი._რამე სერიოზულია? ჯანმრთელობასთან ხომ არ გაქვს პრობლემები?_ინტერესით და თან მზრუნველად შემათვალიერა. _ჩემს ახლობელს სიმსივნე აქვს და მას დავყვები ექიმებთან._სხვა ისეთი ვერაფერი მოვიმიზეზე და ტასოს გადავაბრალე ყველაფერი. _გინდა, ერთკვირიანი შვებულება მოგცე? აუჰ, რა დამხატავდა ახლა ეს ერთი კვირა? აჩისთვისაც გამოვნახავდი მეტ თავისუფალ დროს. _კარგი კი იქნებოდა, მაგრამ... _ნუ ნერვიულობ, არაფერი დაშავდება, ნინო გაართმევს ყველაფერს თავს. მიხედე შენს თავსაც და შენს ახლობელსაც. ერთი კვირით დაისვენე და მერე დაგვიბრუნდი, კარგი? ასე ადვილად და უპრობლემოდ რომ მოგვარდა ჩემი დასვენების საქმე, გამიხარდა. თუმცა, ნიტასთვის არ მითქვია, რადგან ასე უფრო მეტი დრო მექნებოდა აჩისთან. ტასოსთანაც მეტ დროს ვატარებდი. ორშაბათს დილით კი, აჩიმ რომ დამირეკა და დედულეთში წასვლა შემომთავაზა, სიხარულით დავთანხმდი. მართალია, ქარაფშუტა გოგოსავით ვიქცეოდი, მაგრამ მომწონდა ასე. უკვე ვრწმუნდებოდი, რომ მის გარეშე აღარ შემეძლო. მისი დედულეთი კი მცხეთაში, უფრო ზუსტად, სოფელ წოდორეთში იყო. დილაუთენია, ვითომ სამსახურში მივდიოდი, ჩემი მანქანით გავედი, ავტოსადგომზე გავაჩერე და აჩის მანქანაში გადავჯექი. ჩემი დამგზავრება ისე გაუხარდა, ღიმილს ვეღარ იშორებდა სახიდან. _ახლა იქ სიურპრიზები მელის, ვინმე დაგვხვდება?_ინტერესით ვკითხე. _მეზობლები._გაეცინა._სახლი გამოკეტილია, არავინ ცხოვრობს. ხშირად ვაკითხავ, რომ უპატრონოდ არავინ ჩათვალოს და არავინ შემისახლდეს. _აგარაკია? _ნუ, ასე ვთქვათ._გაეღიმა._წლის ნებისმიერ დროს კარგია იქ, მაგრამ ზამთარში და ზაფხულში ხომ საუკეთესო. სანახაობა მართლაც არაჩვეულებრივი იყო. პირველ რიგში, სანამ მის სახლში მივიდოდით, წოდორეთის ტბა მოვინახულეთ. მშვენიერი იყო. კარგა ხანს დავრჩით იქ და ვტკბებოდი მისი სილამაზით. სახლიც ლამაზი იყო, კომფორტული და კეთილმოწყობილი. ორსართულიანი სახლი წალკოტში იყო ჩაფლული. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ. აჩიმ გულდასმით დაიარა ეზო-ყურე და ყოველი კუთხე-კუნჭული შეამოწმა. გადმოვარდნილი ღობე შეაკეთა, ხეხილს ხმელი ტოტები შეაჭრა და ბაღჩა მოასუფთავა. ეტყობოდა, ძალიან უყვარდა და მოსწონდა სოფლის ცხოვრება. უხდებოდა კიდეც ეს ფუსფუსი. მერე, აბაზანაში შევიდა თავის მოსაწესრიგებლად და მეც შევყევი... საღამოს კი თბილისში დავბრუნდით. ნიტას არ გაუგია ჩემი ცუღლუტური გაპარვის ამბავი. სიმართლე ვთქვა, სულ ცოტა სინდისის გრძნობა კი მაწუხებდა უკვე, ჩემს შვილს ასე უნამუსოდ რომ ვატყუებდი, მაგრამ სანამ ტასოს მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, მანამ არ ვაპირებდი არავისთან არაფრის თქმას. ტასოს კი ალეკოც დაემატა და უფრო და უფრო მიჭირდა ჩემი და აჩის ურთიერთობის საჯაროდ გამოცხადება. ერთი კვირის მერე კი სულმა წამძლია და ალეკოს დავურეკე, მაინტერესებდა როგორ იყო. გაუკვირდა, მაგრამ ისე გაუხარდა, ხმაზეც კი ეტყობოდა. _რა ქენი, უთხარი შენს შვილებს შენი ავადმყოფობის შესახებ რამე? _ჯერ არა, შესაბამის დროს ვურჩევ... _მაგ შესაბამისი დროის მოლოდინში იქნებ სულიც აგმოხდეს და გაფშიკო ფეხები._გავუბრაზდი. გაეცინა. _ნუ გეშინია, კატასავით ცხრა სული მაქვს. _მაინც რატო უმალავ შენს შვილებს მაგ ამბავს? სერიოზულად არ აღიქვამ? _როგორ არა, მაგრამ მეშინია. _თქმის გეშინია?_გამიკვირდა. _ხო. არ ვიცი როგორი რეაქცია ექნებათ. იქნებ, ქონების გაყოფასთან დაკავშირებით ფრონტიც კი გამართონ ერთმანეთში._ამოიოხრა. შესაცოდი არ იყო, მაგრამ მაინც შემეცოდა. _ნიტა მასეთი არ არის._დავამშვიდე. _ვიცი და მიტომაც მიყვარს ყველაზე მეტად. მართალია გვიან, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო... კარგი, თათბირი მაქვს და უნდა გაგითიშო. მადლობა, რომ ზრუნავ ჩემზე, თუმცა ვიცი რომ არ ვიმსახურებ. _კარგია რომ ხვდები. თუმცა, ძალიან დაგვიანებულია უკვე._მაინც წავუმწარე ბოლოში და ისე გავუთიშე ტელეფონი. მართლა მეცოდებოდა, იმიტომ რომ არავის სჭირდებოდა. ერთადერთი, ვისაც მართლა უანგაროდ უყვარდა, ნიტა იყო. ჩვენი დაშორების ამბავი ასე იცოდა, რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ხასიეთებით ვერ შევეწყეთ. ასეც იყო, ჯერ ისევ ბავშვები ვიყავით და ოჯახი ჩვენთვის რთული გამოწვევა იყო. ცოტა გვიან რომ შეგვექმნა ოჯახი, იქნებ რამე გამოგვსვლოდა, მაგრამ... მაინც არ ვნანობდი. ალბათ, ცხოვრების ხელახალი დაწყების შანსი რომ მქონოდა, იგივენაირად მოვიქცეოდი, ამ წლებმა ხომ ნიტა მაჩუქეს და ახლა კი აჩი. ჩემი ერთკვირიანი შვებულება ისე თვალსა და ხელს შუა გამიქრა, ვერაფერი გავიგე. ნიტას კი მაინც ვუთხარი, რომ რამოდენიმე დღით თავისუფალი ვიყავი სამსახურიდან, რადგან ასე ტყუილში ვეღარ ვიცხოვრებდი. მართალია, აჩის შესახებ არაფერი მითქვია, მაგრამ სხვა ყველაფერს გულახდილად ვუყვებოდი. თუმცა, არც მამამისის ავადმყოფობის შესახებ მითქვია რამე. არ მინდოდა ენერვიულა და თან, ალეკომ ხომ მთხოვა არ უთხრაო? კვირას მე და ეკატერინემ ლამის მთელი დღე ტასოსთან გავატარეთ. დეამ გვთხოვა, ნერვები ღალატობს უკვეო და მივაკითხეთ. აღმოჩნდა, რომ სანამ სხივურ თერაპიას დაუნიშნავდნენ, ჯერ აბების სახით იღებდა რაღაც ქიმიურ ნაერთებს, რაც მართალია კიბოს უჯრედებს თავს ესხმოდა და ანადგურებდა, მაგრამ ასევე ჯანმრთელ უჯრედებსაც კლავდა. კიბო კვდებოდა, ჯანმრთელ უჯრედებს კი რეგენერაციის და აღდგენის უნარი ქონდა და მომავალში გამოჯანმრთელდებოდა. ამის გამო კი თმის ცვენა დაეწყო და ამას უკვე კატასტროფულად განიცდიდა. _რა მოხდა მერე? სანამ გაგცვივა, გადაიპარსე და უფრო ახალი და ჯანსაღი თმა ამოგივა. ვერ ხედავ, თინეიჯერთა უმრავლესობა ასე დადის უკვე?_წყრომით დაამშვიდა ეკატერინემ. _სწორად აღნიშნე, თინეიჯერთა უმრავლესობა, მე რომელი თინეიჯერი მნახე?_ხმა აუკანკალდა ტასოს. _დახეული ჯინსებით რომ დავდივართ, თინეიჯერები ვართ?_მეც ჩავერთე საუბარში._თქვენ მარწმუნებდით, რომ ახალგაზრდობის მეორე კრუგზე მივდივართო. ხო და არაფერია. მთავარია ჯანმრთელი იყო და თმა ჯანდაბას. _იცი, რა ძვირი მიჯდება ამ თმის მოვლა პატრონობა და ასე ერთბაშად და ხელაღებით მოვისროლო ნაგავში? თან რა შესახედი ვიქნები._თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. _არაუშავს, პარიკები ხომ არსებობს? განსხვავებული ვარცხნილობა გექნება. განსხვავებული ფერიც, რომელსაც მოინდომებ._გვერდით მივუჯექი და მხრებზე მოვხვიე ხელი._ერთ თვეში ახალი თმა ამოგივა. ორმოც წელს გადაცილებულ ქალებს ხომ იცი, რომ უფრო მოკლე ვარცხნილობები გვიხდება? მეც მომწყინდა ჩემი თმა და უნდა შევიჭრა, დავბერდი და გრძელ თმას ვეღარ ვუვლი. ეჭვით შემომხედა. _ხო, რა იყო? დიდი ხანია თმის შეჭრაზე ვფიქრობ. ამას წინათ ეკატერინემაც კი მითხრა ეს. ეკატერინეს რომ შევხედე, ჯერ კი გაოცებით შემომხედა, მაგრამ მერე დამიდასტურა, ხო მეც მომწყინდა გრძელი თმაო. გვიანობამდე დავრჩით მასთან. დავარწმუნეთ და თმა მართლაც გადავაპარსინეთ. _კატასავით აქა-იქ ბეწვის გაცვენას ასე ჯობია. ნახე როგორ მოგიხდა._სარკე დავუჭირე წინ და ჩავახედე აცრემლებული ტასო. ერთხანს დაკვირვებით ათვალიერა თავისი ორეული, მერე კი გულიანად გადაიკისკისა. შეგვეშინდა, ხომ არ გაგიჟდაო, მაგრამ სიცილით დაამატა. _ტილიან ბავშვს ვგავარ, თმას რომ გადაპარსავენ მის მოსაშორებლად. გვარიანად ვიცინეთ. ბევრი სასაცილო კურიოზებიც გავიხსენეთ და სულ დავავიწყეთ ტასოს თავისი ბოღმა და უკვე გულდამშვიდებულებმა დავტოვეთ მისი ბინა. შევპირდით, დილით ისევ შევივლიდით მის სანახავად და ნაირ-ნაირ პარიკებს მივუტანდით. დილით, სანამ სამსახურში წავიდოდი, მართლაც შევუარეთ ტასოს მე და ეკატერინემ. თუმცა სანამ ტასოსთან მივიდოდი, რამოდენიმე ფერადი პარიკი ვიყიდე. გზად სალონშიც შევიარე. სავარძელში რომ მოვკალათდი და სტილისტს ჩემი გადაწყვეტილება ვუთხარი, გაოცდა. _ასეთი კარგი თმის შეჭრა რატო გინდათ? _მომწყინდა გრძელი თმა და მოვლაც მიჭირს უკვე. _არ გაყიდით? მართალია შენაღებია, მაგრამ სტრუქტურა არ არის დარღვეული და დაზიანებული არაა. გაყიდვის აზრი მომეწონა და დავთანხმდი. კუდი რომ შემაბა და ჩემი გრძელი თმა ძირში მოჭრა, გული კი დამწყდა, მაგრამ დაქალის გულისთვის ამ კომპრომისზეც ვიყავი წამსვლელი. თმაში ოთხასი ლარი გადამიხადეს და სალონის ხარჯზეც შემჭრეს. ის იყო მოვრჩი და მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ ეკატერინემ დამირეკა, სად ხარო. _სალონში ვიყავი და ახლა გამოვედი. პირდაპირ ტასოსთან მივდივარ. _კარგი, მეც ეხლა ვჯდები მანქანაში და იქ შევხვდებით._რაღაცნაირ მხიარულ ტალღაზე მითხრა და მაშინვე გამითიშა ტელეფონი. მანქანის მინის ანარეკლში ჩემს თავს რომ შევხედე, უცბად ვერ ვიცანი და გამეცინა. როდის მივეჩვეოდი ამ ახალ იმიჯს, არ ვიცოდი. ისე მქონდა თავი დამსუბუქებული, მიკვირდა, თმას წონა არ ქონდა და მაინც ასე მაგრძნობინებდა. ტასოს სადარბაზოს წინ რომ შევჩერდი, ზუსტად მაშინ მომადგა ეკატერინეც. მანქანიდან ერთდროულად გადავედით და ერთმანეთს რომ შევხედეთ, გიჟური სიცილი აგვიტყდა, ისიც ჩემსავით თავგადაპარსული იყო და სასაცილო შესახედი. დაქალის სიყვარული რა სიგიჟეს არ ჩაგადენინებს ადამიანს. გვარიანად ვიხარხარეთ. იმდენი ვიცინეთ ერთმანეთზე, მუცელი მტკიოდა უკვე. ცოტა რომ დავწყნარდით და ტასოსთან ავედით, იქ ამბავი ავტეხეთ, ლამის მთელი კორპუსი შეწუხდა ჩვენი ხარხარით. სამი ტოპალა დაქალი ერთმანეთს დავცინოდით. _გაგიჟდით გოგო?_სიცილს რომ მორჩა და სული მოითქვა, აცრემლებული თვალებით შეგვათვალიერა ორივე ტასომ._მე სახლში უნდა ვიჯდე, თქვენ საზოგადოებრივ სამსახურებში ხართ, ხალხი რას იტყვის? _მე მადლობასაც მეტყვიან, საჭმელში თმა აღარ ჩამივარდება._სიცილით დავამშვიდე. _არც მე მაქვს პრობლემა, მაინც სამედიცინო ქუდი მაფარია._გაეცინა ეკატერინესაც. _რა გიჟები ხართ._ორივე გულში ჩაგვიხუტა და კარგა ხანს ვყავდით ასე ჩახუტებულები. _სახლში მაინც თუ იციან თქვენი გადაწყვეტილების ამბავი?_დაინტერესდა. _მე არ მითქვია ნიტასთვის და იქნებ სახლში მისული ქურდიც კი ვეგონო და რამე დამცხოს თავში. _ნიტასი რა გითხრა, მაგრამ შენი რომეოს რეაქცია მაინტერესებს. ნეტა იქ ვიყო, როცა შეხვდები._ისე ინატრა ტასომ, გამეცინა. _არც მე ვიტყოდი უარს მაგ სიამოვნებაზე._გულიანად გადაიკისკისა ეკატერინემაც. ჩვენი ქმედებით გაოცებულმა და ამავე დროს გახარებულმა დეამ ყავა მოგვიდუღა და მისაღებში მოგვართვა. ნაუცბადევად დავლიეთ და სამსახურებში გავეშურეთ. ხალხის რაღაცნაირ გაოცებულ, სიბრალულნარევ და ზოგისაც ირონიულ მზერას რომ ვგრძნობდი, არაფრად ვაგდებდი. მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით და სხვისი აზრი სულაც არ მაინტერესებდა. რესტორანში მისულს ხომ მთელი პერსონალი შემომეხვია. _ეგ რა გიქნია შენი მშვენიერი თმისთვის?_პირი ღია დარჩა მირანდას ჩემს დანახვაზე. _ჩავთვალე, რომ ცვლილება არ მაწყენდა. _მერე, მასეთი გიჟური ცვლილება?_წაიფრუტუნა ნინომ და ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად გიჟი ვეგონე. _მაინც რა მოხდა მაგისთანა, რამ გადაგადგმევინა ეგ ნაბიჯი?_გაუკვირდა თამთას. _ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს კიბო აქვს და ქიმიოთერაპიის დროს თმა დასცვივდა... თამთა მაშინვე გადამეხვია და გადამკოცნა. _მისაბაძი ადამიანი ხარ. უზომოდ მიყვარხარ და დიდ პატივს გცემ. იმხელა გული ძგერს შენს მკერდში, ყველას სიყვარული რომ ეტევა. მართლა ძალიან მიყვარხარ. მთელს რესტორანს მოედო ჩემი გმირობის ამბავი. თუმცა, უბრალო თმის შეჭრას მე არ ვთვლიდი გმირობად. ეს მცირედი იყო ტასოს გვერდში დგომისთვის. საღამოს კი, სახლში რომ დავბრუნდი, ნიტას რეაქციის შემეშინდა რატომღაც. ფრთხილად შევიპარე ბინაში. თუმცა, რახირუხითაც რომ შევსულიყავი, ვერც ვერაფერს გაიგებდა, რადგან უშველებელი ყურსასმენები მოერგო და მუსიკებს უსმენდა. რომ დავიხარე და თავზე ვაკოცე, ღიმილით ამომხედა. მომეჩვენა რომ არ გაჰკვირვებია. მერე ყურსასმენები მოიძრო, ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა. _დეამ მითხრა შენი და ეკატერინეს გიჟური გადაწყვეტილების შესახებ. მეგონა, საშინელი შესახედი იქნებოდი. გიხდება და მინდა გითხრა, რომ ვამაყობ შენით. გამიმართლა, რომ შენი შვილი ვარ, მიყვარხარ. რატომღაც გული ამიჩუყა მისმა სიტყვებმა და ცრემლმა დამინამა თვალები. დილით კი, სანამ სამსახურში წავიდოდი, აჩიმ დამირეკა, შევხვდეთო. გონებაში მიზეზების ძებნა დავიწყე, მინდოდა უარი მეთქვა შეხვედრაზე, მაგრამ სერიოზული ხმით რომ დაამატა, აუცილებელი საქმე მაქვსო, გადავიფიქრე. ნახევარ საათში მოვემზადე და ჩვენს კაფეს მივაშურე. ჩემს ახალ იმიჯზე რა რეაქცია ექნებოდა, არ ვიცოდი და ცოტა ფეხს ვითრევდი უკან. კაფეს შორიახლოს შევნიშნე მისი მანქანა და მეც იქვე გავაჩერე. მანქანაში არ იჯდა. ცოტა აღელვებული გავეშურე და ზუსტად მაშინ, კიბის საფეხურზე რომ უნდა ამედგა ფეხი, კარი გაიღო და აჩი გამოვიდა. ჯერ გაოცებით შემომხედა, მერე ინტერესით შემათვალიერა. ალბათ, გიჟი ვეგონე და საყვედურისთვისაც კი მოვემზადე, მაგრამ ხალხის თვალწინ რომ გადამეხვია, გავვოგნდი. _ასეთი ძლიერი ქალი რომ ხარ, მიტომაც მიყვარხარ. იცი, ასეთი სისულელე ანას გამო მეც ჩავიდინე. მაგრამ მე კაცი ვარ, ქალები უფრო მტკივნეულად განიცდით თმის შეჭრას... ვაფასებ შენს მეგობრულ სიყვარულს._მერე თავი ამაწევინა და ხალხის თვალწინ სუნთქვა შემიგუბა მისმა ჯადოსნურმა კოცნამ. არ შემრცხვენია. პირიქით, სიამაყის გრძნობით ავივსე და თავი განსაკუთრებულ ქალად წარმოვიდგინე, რომ ასეთმა არაჩვეულებრივმა კაცმა მე ამირჩია. შეიძლება ნაცნობებმაც კი შეგვნიშნეს, მაგრამ სულ აღარ ვდარდობდი ამაზე. იმის გაგებამ, რომ ყოფილი მეუღლის გულისთვის, მისთვის თანადგომა და გერდში დგომა რომ ეჩვენებინა, მანაც თავი გადაიპარსა, როგორც მე ტასოსთვის, მისადმი მოწიწებით ამავსო. ასეთი კაცები იშვიათობაა და ეს იშვიათი რომ ჩემს გვერდით იყო, მაბედნიერებდა. კაფეში რომ შევედით, მართლაც შევნიშნე რამოდენიმე წყვილი ნაცნობი თვალი, ჩვენი ჭორიკანა მეზობლები იყვნენ და აუცილებლად დამინახავდნენ, მაგრამ სულაც არ ვდარდობდი. სადაც წვრილი იყო იქ გაწყვეტილიყო. სულაც არ მაინტერესებდა მათი აზრი. საღამოს, სახლში რომ მივიდოდი, გადაწყვეტილი მქონდა, ნიტასთვის მეთქვა ყველაფერი. აქამდე მალვას აზრი აღარ ქონდა. სხვა თუ არაფერი, მალულად მაინც აღარ შევხვდებოდით ერთმანეთს. ყავა და ტკბილეული რომ შეუკვეთა აჩიმ, მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს გადმოსწვდა და თავის მუჭში მოიმწყვდია. _იცი რისთვის დაგიბარე? ინტერესით შევხედე. _დღეს ანას თხუთმეტი წლისთავია და მის მშობლებთან ერთად უნდა გავიდე საფლავზე. ყოველთვის მიჭირს იქ მისვლა. მინდოდა, ჩემს გვერდით ყოფილიყავი. _შენს გვერდით?_დავიბენი._შენი გარდაცვლილი ცოლის მშობლებთან ერთად? _ხო... წინააღმდეგები არ არიან თუ სხვა ოჯახს მოვეკიდები. პირიქით, ამას მოითხოვენ კიდეც ჩემგან. მხოლოდ, ორი წელი ვიყავით მე და ანა ერთად და არ დაგვცალდა არაფერი. ანასაც ენდომებოდა ჩემი ბედნიერება და ძალიან გაუხარდებოდა შენნაირი ქალი თუ იქნებოდა ჩემს გვერდით. კარგა ხანს შევყურებდი ხმისამოუღებლად სევდაჩამდგარ მშვენიერ ლურჯ თვალებში. რთულ მისიას მაკისრებდა. ჯერ ნიტასთვისაც კი არ მქონდა არაფერი ნათქვამი და მისი გარდაცვლილი ცოლის მშობლებთან გამოჩენა, თანაც საფლავზე ასვლა, რაღაც არ მინდოდა. _უარს თუ მეტყვი, გაგიგებ... მაგრამ მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ დეპრესიაც დავძლიე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც და ჩემს გვერდით შენისთანა არაჩვეულებრივი ქალი რომ არის, გაუხარდებოდათ მოხუცებს. _არ ვიცი რა გიპასუხო. ძალიან რთულ რაღაცას მთხოვ. ოფიციალურად ჩვენ ხომ არ ვართ ერთად? ჯერ არავისთვის არ მითქვია ჩვენს შესახებ... _ეგ შენი მხრიდან არ იცის არავინ, თორემ ჩემმა ძმამ და ჩემმა მშობლებმა იციან. _მართლა?_ყავა სასულეში გადამცდა და საშინელი ხველა ამიტყდა. ბაქარმა რომ იცოდა ჩვენს შესახებ, ეგ კი ვიცოდი. ნაწილობრივ, მისი დამსახურებაც იყო ახლა ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ მშობლები? შეშფოთებული აჩი მაშინვე წამოდგა და მომვარდა. _რა გჭირს?_თან მსუბუქად დამარტყა ბეჭებზე რამდენჯერმე ხელი. ცოტა სული რომ მოვითქვი, გაოცებულმა შევხედე. _შენმა მშობლებმა ჩვენს შესახებ რა იციან? _ის, რომ ძალიან კარგი ქალი ხარ და შენი ცოლად შერთვა მინდა. _მართლა?_სიხარულისგან მთელ ტანზე ჭიანჭველები დამესია._მართლა გინდა ჩემი ცოლად შერთვა? _ყველაზე მეტად. მოულოდნელად ფეხზე წამოვხტი და ჩავეხუტე. _იმ ასაკში არ ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა გატაცებად ჩავთვალოთ. თან, ჩემი გული ამდენ ფარულ შეხვედრებს ვეღარ გაუძლებს._გაეცინა._თავისუფალი ხარ, მეც თავისუფალი ვარ და რა გვიშლის ხელს, რომ ერთად ვიყოთ? ერთმანეთი ძალიან მოგვწონს და ძალიანაც კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. შენს შვილს მე დაველაპარაკები თუ გინდა._ნიკაპზე ორი თითი ამომდო, თავი ამაწევინა და ისე ჩამხედა თვალებში. _არა, იყოს, ამ საღამოს თვითონ ვეტყვი ყველაფერს. თუ მეზობლებმა არ დამასწრეს უკვე._გამეცინა. _ხო და ნუ მივცემთ მეზობლებს სალაპარაკოს. არავისი საქმე არ არის ვინ როგორ იცხოვრებს, მაგრამ მაინც... უდიდესი ენთუზიაზმით დავშორდი მას და რესტორანში წავედი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ საღამოს მართლაც მეთქვა ნიტასთვის ყველაფერი. გუნებაში ათასი სავარაუდო ტექსტიც კი შევადგინე და დავიზუთხე, მაგრამ სახლში მისულს, ნიტას შევხედე თუ არა, სულ ამომიფრინდა თავიდან წვალებით მოფიქრებული ყველა სიტყვა. ისე გამიჭირდა ხელახლა მოფიქრება და რამის თქმა, თითქოს ენაზე ბოქლომი მედო და ენას ვერ ვატრიალებდი პირში. სიმხნევისთვის ერთი ჭიქა კონიაკი ჩამოვისხი და ნება-ნება მოვწრუპე, რათა უფრო ადვილად მომკიდებოდა ალკოჰოლი და გამბედაობა მომეკრიფა. ბოლოს, როგორც იქნა გავბედე და გვერდით მოვისვი. _იცი? ვიღაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ეს რომ ვუთხარი, ისე შემომხედა, არ გაჰკვირვებია. _პატარა ბავშვები აღარ ვართ, რომ ბევრი ვიფიქროთ და გადავწყვიტე სერიოზული სახე მივცეთ ჩვენს ურთიერთობას... ვიცი, გაგიჭირდება ამასთან შეგუება. მეც ძალიან გამიჭირდება, მაგრამ არ მინდა ხალხი ვალაპარაკო... _ხალხის ლაპარაკის გამო გინდა მასთან ეს ურთიერთობა?_გაუკვირდა. ცოტახნით ჩავფიქრდი. მართლაც და რა იყო მიზეზი იმისა, რომ აჩისთან მინდოდა სერიოზული ურთიერთობა? ნუთუ, ხალხის გაქილიკების შემეშინდა? თუ, მართლა მინდოდა მის გვერდით დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება? _არა. მე მიყვარს აჩი... _აჩი?_გაუკვირდა. _ხო, აჩი... არჩილი, ჩემს საქმეს რომ იძიებდა._ენის ბორძიკით ვაღიარე. გაეღიმა. _ეჭვი რომ გამიჩნდა, გითვალთვალებდი. გოგოებთან მოიმიზეზე წასვლა და უკან აგედევნე. ვიღაცას შეხვდი, დაგინახე. ეკატერინეს დავურეკე და არ ჩაგიშვა, საპირფარეშოშია და ვერ დაგალაპარაკებო. გელოდებოდი როდის მეტყოდი. უბრალოდ, ის მეწყინა, რომ მათ ენდე და მე არ მითხარი. მე ხომ არაფერს გიმალავ? _არც მათ იციან არაფერი. არ მითქვია... მრცხვენოდა შენთან ამის აღიარება, რომ ვიღაც მყავდა. _რამდენჯერ ჩამოგიგდე ამ თემაზე საუბარი და მაინც არაფერი მითხარი._წყენით შემომხედა. _ვტყუივარ, მაპატიე._მხრებზე მოვხვიე ხელი და ჩავიხუტე. გაირინდა. სიამოვნებისგან თითქოს აკრუტუნდა კიდეც. _ახლა რა შეიცვალა, რომ მეუბნები? _ცოლობა მთხოვა... _მართლა? მერე? _არ ვიცი. თან, უნდოდა, რომ მისი ცოლის საფლავზე გავყოლოდი... _ალბათ გამომშვიდობება უნდოდა მასთან და შენს გვერდით იმდენად არ გაუჭირდებოდა... რა გადაწყვიტე, გაყევი? _არა... კარგა ხანს დუმილი ჩამოწვა, მტანჯველი და აუტანელი. _შვილები ყავს?_მოულოდნელად მკითხა. _არა... უმცროსი ძმა და მშობლები... არ ვიცი როგორ მოვიქცე. მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ჩემს ასაკში გათხოვება, თანაც მეორედ... _ყველაფერს ასაკს ნუ აბრალებ. ნურც იმას, მეორედ გათხოვდები თუ არა. მამა არაა წინააღმდეგი, თუ ოჯახს შექმნი. საყვარლის ყოლას კი მეც ვერ მოგიწონებ. გადასაწყვეტი კი შენია, არავინ დაგავალდებულებს როგორ უნდა მოიქცე. ერთს გეტყვი, რომ გულით იმოქმედე და არა ცივი გონებით, ან იმის ფიქრით, სხვები რას იტყვიან... _ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ბევრი პრობლემები მოყვება... _მაინც რა პრობლემები?_გაუკვირდა. _მაგალითად, ცოლობაზე რომ დავთანხმდე, მასთან უნდა გადავიდე საცხოვრებლად. შენ რას იზავ? დარწმუნებული ვარ აქ დარჩები და როგორ იქნები მარტო? გაეცინა. _რა გაცინებს? მედარდები როგორ იქნები. თან, ხალხი რას იტყვის, ეგეც მადარდებს... _ხალხის აზრი არ უნდა გაინტერესებდეს წესით. ხალხი რას ამბობს მარტო რომ ხარ და მარტო ზრდი შვილს? მე კი გავიზარდე უკვე და პატარა აღარ ვარ, ასე რომ არ ღირს ჩემზე ნერვიულობა. ორმოცი წლის არ ხარ ჯერ, ნახევარი ცხოვრება კიდევ წინ გაქვს და მარტოობაში ყოფნას, არ ჯობია ვინმე გყავდეს გვერდით. სულ მალე მეც გავთხოვდები და მარტო დარჩები, გიფიქრია ამაზე? შეიძლება სულაც საზღვარგარეთ წავიდე. ძალიან მიყვარხარ, უდიდეს პატივს გცემ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება თუ მინდა რომ ავიწყო, ჩემს ოცნებებზე უარი არ უნდა ვთქვა. ადამიანს ერთხელ ეძლევა შანსი და ამ შანსის გამოყენების შნო უნდა ქონდეს... მე შენს ადგილზე გავყვებოდი ცოლის საფლავზე. მისთვის ის ადგილი ძვირფასი და წმინდაა და იქ უნდოდა შენი წაყვანა. გამოდის, მართლა უზომოდ უყვარხარ და სერიოზული ზრახვები აქვს შენს მიმართ. ჩემზე კიდევ ნუ იდარდებ, ბავშვი აღარ ვარ._შუბლზე მაკოცა და ადგა._ისედაც ხანმოკლეა ეს წუთისოფელი და საკუთარი ბედნიერებისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, ოღონდ სინდისიერად._თავის ოთახში მიმავალი მოულოდნელად მომიბრუნდა და სერიოზულად მკითხა._როდის გამაცნობ? _რაა?_გამიკვირდა. _შენს კავალერს როდის გამაცნობ? მე არ უნდა მთხოვოს შენი ხელი?_გაეცინა. _ამ ახლო მომავალში გაგაცნობ, გპირდები. _ხო და ძალიან კარგი. მიყვარხარ._ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და თავისი ოთახის კარს მიღმა გაუჩინარდა. მასთან გულახდილმა საუბარმა შვება მომგვარა. ისეთი სიმსუბუქე და სილაღე ვიგრძენი დამშვიდებული სინდისის გამო, მისგან მალულად რომ აღარ მომიწევდა აჩისთან შეხვედრა, თითქოს ღრუბლებში დავფრინავდი. იმაშიც კი დამარწმუნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავყოლოდი ცოლის საფლავზე. ნიტა მართალი იყო. აჩისთვის ის ადგილი მართალია ტკივილიანი, მაგრამ მაინც წმინდა იყო და იქ უნდოდა ჩემი მიყვანა. გადავწყვიტე, რომ კვირა დღეს, თუ კი რამე გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდებოდა, გავყოლოდი და მომენახულებინა მისი ცოლის საფლავი. მახსოვს, რომ დავურეკე და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვუთხარი, ერთხანს ხმა ვეღარ ამოიღო. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა მძიმედ და რიტმულად რომ სუნთქავდა. _ძალიან დამავალებ თუ მართლა გამომყვები. ამ კვირას არ მცალია, საქმეზე გავდივარ ქალაქგარეთ. ნებისმიერი დღე იყოს, არ მაქვს პრობლემა. სანამ სამსახურში წახვალ, დილით ავიდეთ, თუ თანახმა იქნები. _კარგი, მასე იყოს. და კიდევ, ნიტას უნდა შენი გაცნობა. _რა?_თითქოს თვალნათლივ დავინახე, რომ გაეღიმა კმაყოფილს._ჩვენს შესახებ უამბე? მერე, რა რეაქცია ქონდა? _შენი გაცნობა უნდა._გამეცინა. _დილით, ცხრა საათისთვის რომ მოგადგეთ სახლში, უხერხული ხომ არ იქნება? _რაც მალე, მით უკეთესი._გამეცინა._არანაირი უხერხულობა. სამსახურს ვეღარ გავაცდენ და იქით კვირამდე კიდე ძალიან გაიწელება. დილით, მართლაც გვესტუმრა აჩი ყვავილების თაიგულით და ტკბილეულით ხელდამშვენებული. ძალიან მოეწადინებინა და უზადოდ გამოიყურებოდა. თავი საკმაოდ მშვიდად და თავდაჯერებულად ეჭირა, მაგრამ მაინც ვატყობდი, რომ ღელავდა. თანაც ძალიან. ნიტამ დაინახა თუ არა, იცნო, აეროპორტში დაგინახეთ ვიღაც მანდილოსანთან ერთადო. ისე ადვილად გამონახეს საერთო ენა, გამიკვირდა. თუმცა, ცოტას მაინც იბნეოდა ამხელა გამომძიებელი კაცი მომავალი ფსიქოლოგის წინ, რომელიც მუშტრის თვალით ათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე. ერთი საათი დაჰყო აჩიმ ჩვენთან და ამ ერთ საათში ნიტამ შეძლო და მთელი გენეალოგიური ხე გამოკითხა ლამის. საყვარლად სასაცილო საყურებლები იყვნენ. მე უხმოდ ვიჯექი და ისე შევყურებდი ორივეს. სამსახურში ცოტა კი დამაგვიანდა წასვლა, მაგრამ არაფრად ვაგდებდი. ღირდა მათი შემხედვარე დაგვიანება. სამსახურში კი აჩიმ გამიყვანა თავისი მანქანით და ნიტას უთხრა, რომ საღამოს ისევ თვითონ დამაბრუნებდა უკან. _არ დააბრუნებ და ვისი აჯობებს მაგასაც ვნახავ._გულიანად რომ გადაიკისკისა ნიტამ, აჩისაც გაეცინა. გზაში კი შეტყობინება დამაწია ქალბატონმა: "მოკლეთ, გემოვნება რომ დახვეწილი გაქვს, ეს მამაჩემის შერჩევით ვიცოდი, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბე. ჯანდაბა, არაჩვეულებრივია. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომეწონა შენი აჩი." რომ გამეღიმა, აჩიმ გაოცებით შემომხედა და ამიტომ შეტყობინება ხმამაღლა წავუკითხე. _ხო და შენ კიდევ გეშინოდა და აჭიანურებდი ჩვენს გაცნობას. მართლაც, რატო ვაჭიანურებდი არ ვიცი. ყველაფერი იდეალურად აეწყო და ბედნიერზე ბედნიერი ქალი ვიყავი. ნიტასთან დამალვა აღარ მჭირდებოდა და უკვე თამამად შევხვდებოდი აჩის. საღამოს, როგორც ნიტას დაპირდა, მართლა მან მიმაბრძანა სახლში. მანქანიდან სანამ გადმოვიდოდი, სითამამე მოვიკრიფე, გადავიხარე და კოცნით დავემშვიდობე. დილით კი, სამსახურში მიმავალს ნაცნობ მაგიდასთან მეზობლის ქალები დამხვდნენ და ვიგრძენი რომ რაღაც სხვანაირი თვალით მიმზერდნენ. ჩვეულებისამებრ მივესალმე და ჩემი მანქანისკენ გავეშურე, რომ ყურში მომხვდა მათი ქილიკი. _ასეა, რას იზავ, ასაკის მატებას არ იმჩნევენ და ახალგაზრდებზე მეტად ესენი გულაობენ. _ეს თავის მოტვლეპა რაღა ჯანდაბაა? გონია უხდება? ოღონდაც სიბერის წლები არ დაეტყოს და რა სისულელეს აღარ აკეთებს. გულზე ძალიან მწარედ მომხვდა მათი სიტყვები. ერთი პირობა შეჩერება და საკადრისი პასუხის გაცემა დავაპირე, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრე, ტყუილად ნერვებს მოვიშლიდი და მეტი არაფერი. თან, ნიტა ყოველთვის იმას მეუბნებოდა, მათი ამყოლი მათი ფერისააო. სამსახურში მისული კი ნერვებმოშლილი ვმუშაობდი მთელი დღე. ვნანობდი, რატო იმ ლაშლაშა ქალებს არ გავეცი საკადრისი პასუხი, ასე ყველას ცხოვრებას რომ არჩევდნენ და ბრძნულ რჩევებად იღვრებოდნენ, თითქოს მათ ყველაფერი რიგზე ქონოდეთ. ყოველთვის ასეა, სხვის ცხოვრებას ის განსჯის და აკრიტიკებს, ვისაც საკუთარისთვის ვერ მიუხედია და ვერ აუწყვია. მე რომ მოდის გულისთვის არ მქონდა ჩემი არაჩვეულებრივი თმა შეჭრილი და ტასოს გამო შეველიე მას, ნახევარზე მეტმა ქალაქმა იცოდა. განა ამათაც არ იცოდნენ, მაგრამ სალაპარაკო ხომ უნდოდათ? რითი უნდა მოეშალათ ადამიანისთვის ნერვები იმას ცდილობდნენ მხოლოდ. ერთ-ერთს კი, შინაბერა შვილი ყავდა და ზუსტად რომ კაცებს ეკიდებოდა კისერზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს მე ვიყავი გასაქილიკებელი თურმე ერთი პარტნიორი რომ მყავდა, თორემ მისი შვილისთვის ყველაფერი შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ მე ბებერიც ვიყავი და თან ერთხელ ხომ ვიყავი უკვე ქორწინებაში? მე რომ თაყვანისმცემელი მყავდა, ის შურდა აშკარად. საღამოს კი, ეკატერინემ დამირეკა, ტასოსთან ვარ და შენც აქ მოდიო. ცოტა მათი ხილვით მაინც გამოვიკეთე გუნება-განწყობა. ტასოც უკეთესად გამოიყურებოდა და კარგ ხასიეთზე იყო. მართლაც მიშველა მეგობრების ხილვამ. ისეთ გუნებაზე დამაყენა, ჩემი რომეოს ვინაობა რომ მკითხა ტასომ, როდემდე უნდა გვიმალავდე, რატო არ გვეუბნებიო, მეც ავდექი და ვუთხარი. _არჩილია, გამომძიებელი. არ დამავიწყებდა მათი გაოგნებული და გაოცებული სიფათები, ენაგადაყლაპულებივით რომ მომჩერებოდნენ თვალებგაფართოებულები. _ხუმრობ?_ძლივს გაბედა ეკატერინემ კითხვა. _ხუმრობისა რამე მეტყობა?_მეწყინა._რატო გგონია რომ ვხუმრობ, მაგისთანა კაცი ვერ მომაქცევდა ვითომ ყურადღებას? _როგორ არა, მაგრამ... ეჭვადაც კი არ გამივლია გუნებაში. ათასი სავარაუდო კანდიდატი შევარჩიე შენთვის და ეგ არ გამფიქრებია რატომღაც... ყოჩაღ შენ. და ოფიციალურად როდის უნდა გაგვაცნო? _ნიტასაც ჯერ ეხლა გავაცანი. _აჰა, აგიწყვია ქალს საქმე, რა გინდა? სამომავლოდ რას გეგმავთ? _რა ვიცი, უნდა რომ ცოლად გავყვე... _ვაა, რა მაგარია._გადამეხვია ტასო და კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული._იმსახურებ ბედნიერებას. ნიტამ რაო, მოეწონა ახალი მამიკო? _გამომიცხადა, მამას ვერ დავუძახებო._გამეცინა._ისე კი, ძალიან მოეწონა. უნდა გენახათ, ეს ფსიქოლოგიურ გამოკითხვებს უტარებდა, იმას კიდევ დაკითხვაზე ყავდა აყვანილი. სასაცილოები იყვნენ. _აბა, ქორწილი როდის გექნებათ, დრო არ დათქვით?_ეკატერინე დაინტერესდა. _ქორწილი არა ისა კიდე. რომელი თექვსმეტი წლის პატარა გოგო-ბიჭები ჩვენ გვნახე?_ვითაკილე._ბევრი ბევრი ხელი მოვაწეროთ. _მერე და, ქორწინების სახლში ტოპალა პატარძალი უჩვეულოდ არ გეჩვენება?_თავზე გადამისვა ტასომ ხელი._ისე კი, მოგბიბინებია ცოტა. ორ თვეში კი მაგარ ვარცხნილობას გაიკეთებ უკვე. _მაგდენი ხანი ველოდო?_ვითომ ვიუკადრისე._ეს რიღასთვის არსებობს?_მის ქერა პარიკს გადავწვდი და მოვირგე. _უყურე შენ, ქერა თმამ როგორ დაგხატა... არ გინდა, თმა რომ ჩამოგეზრდება, ქერად შეიღებო? ქალი ხარ დაცემა._ეკატერინე ფეხზე წამოდგა, მეც წამომაყენა და მანეკენივით შემატრიალ-შემომატრიალა და გულდასმით შემათვალიერა ყოველი კუთხიდან. სარკეში რომ ჩავიხედე, ქერა თმით მეც მომეწონა ჩემი ორეული. _არ ვიცი, თმა გაგეზრდება თუ არა, ამ ფრად იღებავ იცოდე._შეკვეთა მომცა ტასომაც._მართლაც მაგრად გიხდება. მეც დამიჯდა ჭკუაში ქერა თმა. კიდევ დიდხანს გავჩერდით მასთან და მერე სახლებში "დავიშალენით" ეკატერინეს ლექსიკონიდან რომ დავისესხო ეს სიტყვა. სახლში მისულს კი ნიტა ცოტა უხასიათოდ დამიხვდა. ელდა მეცა, ალეკოს ამბავი ხომ არ გაიგო-მეთქი, მაგრამ მეზობლის ქალებთან მოსვლია ჩემს გამო შელაპარაკება და იმაზე იყო გაბრაზებული. _შენ მე მარიგებ ყოველთვის ჭკუაზე, მათი ამყოლი მათი ფერისააო და შენ რაღა მოგივიდა ახლა?_ცოტა გავუწყერი. _ის, რომ რაც პირზე მოადგებათ ყველაფერი სალაპარაკო არ არის. _მაინც რა გითხრეს ამისთანა?_გამიკვირდა, რადგან ნიტა ასე ადვილად არასდროს გამოდიოდა წყობილებიდან. ყოველთვის საღი განსჯის უნარს ინახავდა. _ ქალბატონმა ლამარამ, რატო დედაშეენს არ აკონტროლებ საყვარლები რომ გაიჩინა და თან ახალგაზრდებს ტოლს არ უდებს არაფერში, თმაც კი გადაიხოტრაო. _არაუშავს, რა მოხდა მერე. ილაპარაკონ, შენ ნუ აყვები, ნახევარზე მეტმა თბილისმა იცის ვისი გულისთვის გადავიპარსე თავი და ეგ ჭორიკნები რასაც არ უნდა ამბობდნენ, რა მნიშვნელობა აქვს? _ამ შემთხვევაში აქვს, რადგან ბებიამ დამირეკა, დედაშენი ამხელა ქალი რამ გააგიჟაო. ვინ იცის მის ყურამდე რა ამბავი მიიტანეს. _მისმინე, მერე რა რომ დედაჩემია, არასდროს დაინტერესებულა როგორ ვართ, რა გვიჭირს და რა გვილხინს, ისე გაგზარდე, გვერდში არ დამდგომია ლიკას გარდა არავინ და ახლა ჭორებს მოჰკრა ყური და გულზე მოხვდა? შენ მე მარიგებ ყოველთვის ჭკუაზე და მამშვიდებ, რომ მათ ნუ უგდებ ყურსო და შენ თვითონ რა მოგივიდა?_ხელი მოვხვიე და გვერდით დავისვი. _ძალიან გავბრაზდი, ბებერი თინეიჯერი გიწოდეს. _ბებერი თინეიჯერი?_გადავიხარხარე._რა გინდა, მშვენიერი სახელი შეურქმევიათ. _ბებიამ კი თქვა, კვირას ჩვენთან გამოდითო და იქ მათი წნეხის ქვეშ მოქცევა არ მინდა. _არ გინდა და არც წავიდეთ. სიმართლე რომ გითხრა, არც მე მინდა. საქმის გარკვევა უნდათ და თვითონ გვესტუმრნენ... _კიდევ რაღაც მინდა გითხრა... უნივერსიტეტში ნიკამ მომაკითხა. _ნიკამ?_გამიკვირდა. _ხო, მამა ყოფილა ცუდად. ისევ ფილტვების ანთება აქვსო და თურმე საავადმყოფოში დაუწვენიათ. _მერე?_მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. _მე დავურეკე და დამიმალა. ალბათ, სერიოზული სჭირს რამე, თორემ რატო მიმალავს? _იქნებ, ნიკამ მოგატყუა?_ალეკოს უფროს ბიჭს გადავაბრალე მაშინვე ტყუილი. _გია რომ ყოფილიყო, შემეპარებოდა ეჭვი, იმას ეხერხება ხოლმე მასეთი ხუმრობები, გულს გადაუბრუნებს ადამიანს და მერე ამით ხალისობს, მაგრამ ნიკა მართლა განიცდიდა მამას მდგომარეობას. _არ მგონია რამე სერიოზული სჭირდეს... _მე მასე არ მგონია, იმიტომ რომ ხველებისას სისხლი შევნიშნე თურქეთში რომ ვიყავით და ასე მითხრა, ღრძილი მაქვს გაფუჭებული და იქიდან დამდისო. შეგიძლია დაურეკო? იქნებ შენ მაინც გითხრას სადაც წევს და სანახავად მივიდე? _სანახავად გინდა მისვლა?_უფრო ჩემთვის ჩავიდუდუნე._ახლა გვიანია, ეძინება, ხვალ დავურეკავ და თუ მითხრა, წავიდეთ, მეც გამოგყვები. _მართლა?_გაუკვირდა. მერე კი გახარებული გადამეხვია. დავწექით თუ არა, მაშინვე მივწერე ალეკოს შეტყობინება, რომ ნიტამ შენი ცუდად ყოფნობის ამბავი იცის და შენი ნახვა უნდა-მეთქი. ყველაფრის უარყოფით უფრო ეჭვები უჩნდება და ჯობია უთხრა სად წევხარ, სანახავად უნდა მოსვლა-მეთქი. ალბათ მართლა ეძინა, რადგან პასუხი მაშინვე არ მოუწერია და დილაუთენია დამირეკა. მაშინვე აბაზანაში გამოვიკეტე, რომ ნიტას არაფერი გაეგო და იქ დაველაპარაკე. _შენ უთხარი?_გამიბრაზდა. _რა სისულელეა? ნიკას უთქვია საავადმყოფოში წევსო და შენ რომ ყველაფერი უარყავი, ეჭვი გაუჩნდა. მე დამავალა ყველაფრის გარკვევა. არც მე მინდა ჩემმა შვიილმა ინერვიულოს, მაგრამ ასე უფრო ნერვიულობს რომ ხვდება რაღაცას უმალავ. ნიკას უთქვია ფილტვების ანთება აქვსო და ასეც დავტოვოთ. სად ხარ მითხარი და მოვიყვან შენს სანახავად. _ონკოლოგიურში ვარ. _მანდ? რისთვის, აკი ყველაფერი კარგადააო? _ხო, კარგადააო ახლაც ამას მეუბნებიან. არა და სამსახურში უგონოდ დავეცი. იმუნიტეტი გაქვს დაქვეითებული და ჰემოგლობინი დაბალიო. მაგაზე ვმკურნალობ. ნიტა არ მომიყვანო იცოდე აქ. _შენზე ნერვიულობს. _არაუშავს. არ მინდა აქ მნახოს. _რა ვუთხრა, არც მე მითხრა-მეთქი? _რაც გინდა ის უთხარი, აქ კი არ მომიყვანო. ორ დღეში გამოვალ და მე თვითონ ვნახავ. _ცოლ-შვილი თუ მაინც გაკითხავს? _ხო. ხოობა კი მითხრა, მაგრამ მივხვდი რომ მატყუებდა. არ ვიცი, ალბათ მართლაც სულელი ვარ და იმიტომ, თორემ რატო უნდა შემცოდებოდა? წარმოვიდგინე უპატრონოდ მყოფი პალატაში და ისე შემეცოდა, ცრემლები ძლივს შევიკავე. ტელეფონი რომ გავუთიშე, მაშინვე მზადებას შევუდექი. ნიტას დავუბარე, სამსახურში მივდივარ-მეთქი და ადრიანადვე გავედი სახლიდან. მარკეტში გავიარე, ხილი, მაწონი, ხაჭო და იოგურტი ვიყიდე და გეზი პირდაპირ ონკოლოგიურისკენ ავიღე. როგორც ყოველთვის, ახლაც მუხლების კანკალით შევედი შენობაში და ალეკოს პალატა ვიკითხე. ადვილად მივაგენი და პალატაში შესული რომ დამინახა, გაოცებისგან ლამის თვალები აუცვივდა შუბლზე. _ლელა? შენ თმას რა მოუვიდა? თურმე რაში ყოფილა საქმე. გამეცინა. _ისეთი არაფერი, ტასოს სოლიდარობა გამოვუცხადეთ მე და ეკატერინემ. _აქ წევს?_გაუკვირდა. _არა. შენს სანახავად მოვედი. კმაყოფილს ჩაეღიმა. _ისევ დარდობ ჩემზე? გულზე ცუდად მომხვდა მისი ნათქვამი. _კი არ მედარდები, მებრალები ასე უპატრონოდ რომ გდიხარ აქ. მაგრამ როგორც ვატყობ, ტყუილად მოვედი._პარკით სანოვაგე იქვე ტუმბოზე დავუდე და გამობრუნება დავაპირე, მაგრამ წამოიწია და მკლავზე წამატანა ხელი. _ბოდიში, ზედმეტი მომივიდა. ასეთ ყურადღებას დიდიხანია მოკლებული ვარ და ეტყობა თავში ამივარდა. გაბრაზებულმა ჩავხედე თვალებში, მაგრამ გულწრფელი მომეჩვენა და გავჩერდი. _რატო არავის არ ეუბნები შენს ამბავს, ან ცოლს, ან შვილებს? _განა არ იციან, მაგრამ... _ნიტას რაღატო უმალავ? _არ მინდა რომ ავადმყოფი მნახოს. გამოვჯანმრთელდები და მერე ღიმილით მოვუყვები ამ ამბავს. _იქნებ..._ვერ გავბედე იმის თქმა, რომ ვერ გამოჯანმრთელდე-მეთქი, მაგრამ მიხვდა და მწარედ გაეცინა. _ჯანმრთელი ვეხსომები სამაგიეროდ. _იცოდე, თუ რამე დაგემართება, არც შენ გაპატიებს ამ ამბის დამალვას და არც მე. მომეცი უფლება, რომ ვუთხრა და მოგინახულოს. _არა!_საკმაოდ მკაცრად და უხეშად მითხრა. _რატო?_სასთუმალთან ჩამოვუჯექი. _ღირსი არ ვარ და იმიტომ! ჯანმრთელი არ ვაქცევდი ყურადღებას და ახლა, კვერცხი რომ დავდე, მას დავაწვე კისერზე? შენც ნუ მოხვალ. ვაღიარებ, მსიამოვნებს ისევ რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ არ ვიმსახურებ. ნიტა შვილად არ მიმაჩნდა. არ მინდოდა, მისი მოშორებაც კი გთხოვე და ახლა, ბიჭები რომ ვერ აღვზარდე ისეთებად, როგორებზეც ვოცნებობდი, ჩემგან უარყოფილ შვილს რა ნამუსით შევხედო თვალებში? შენ არ გითქვია ჩემს შესახებ მისთვის საშინელებები და ჩემი სიყვარული შთააგონე. მამა ვარ და ვიმსახურებ ვითომ? არაფერში მიმიღია მონაწილეობა მისი შექმნის გარდა გაზრდა-აღზრდაში თუ ჩაცმა-დახურვაში და მე ჩემი სინდისი მიკრძალავს მისი კეთილგანწყობით სარგებლობას. _მას უყვარხარ და დარდობს შენზე... _ვიცი, მაგრამ არ ვიმსახურებ. შენც წადი აქედან. მადლობელი ვარ, რომ მაკითხავ და ზრუნავ ჩემზე, მაგრამ არავისი სიბრალული არ მჭირდება._მოულოდნელად გაიმკაცრა ხმა და ასე ვთქვათ, კუდამოძუებული ძაღლივით გამომაგდო პალატიდან. მეწყინა და ძალიანაც გავბრაზდი. თურმე, თავმოყვარეობა ელახება კაცს, ვიღაცას რომ ებრალება გულწრფელად. თავმოყვარეობაშელახული გამოვედი საავადმყოფოდან და გეზი სახლისკენ ავიღე ნიტა ის-ის იყო სახლიდან გამოდიოდა და რომ დამინახა, შეკრთა. _რა ხდება? ცუდად ხარ?_ალბათ სახეზე არ მედო ფერი და ამან უფრო შეაშინა. _არა, მე კარგად ვარ. გავიგე მამაშენი სადაცაა და მასთან უნდა წაგიყვანო. შეშფოთებულმა შემომხედა. _როგორ არის? _არაუშავს, იცოცხლებს. იმუნიტეტი ქონია დაქვეითებული და ჰემოგლობინი დაბალი. _კარგი, წავიდეთ._მაშინვე დაკეტა ბინის კარი და ლამის სირბილით ჩავირბინეთ კიბეზე. მე წინ მივდიოდი, ნიტა უკან მომყვებოდა და ისე მივედით ონკოლოგიურ ცენტრში. გაუკვირდა. _აქ რა უნდა? _აქ უკეთესი დანადგარები და აპარატურა აქვთ და საუკეთესო ექიმებიც ყავთ. საშიში არაფერია. სახელია შემზარავი, თორემ უკეთესი საავადმყოფოა. არ ვიცი დამიჯერა თუ არა, მაგრამ გაჩუმდა კი და ისე გამომყვა უკან. ალეკოს პალატას რომ მივუახლოვდით, წამიერად შევჩერდი, სიმხნევე მოვიკრიბე და ისე შევაბიჯე შიგნით. ალიკომ რომ დაგვინახა, რისხვით შემომხედა, მაგრამ ნიტა რომ გაქანდა და ჩაეხუტა, ვეღარაფერი მითხრა. _რა მოგივიდა მამიკო._ხმაზე ეტყობოდა, რომ ტიროდა. _დაწყნარდი, არაფერია, გამოვძვრები._ნაძალადევი ღიმილით უთხრა და თავზე გადაუსვა ხელი. _ჰემოგლობინი რის გამო გაქვს დაბალი, სისხლი დაკარგე? ფარული სისხლდენა ხომ არ გაქვს. _არა, ალბათ სამსახურში ნორმალურად რომ ვერ ვიკვებები, იმის გამო... _სისხლს ავიღებ და გადმოგისხავ, რომ უფრო მალე გამომჯობინდე._გადაჭრით თქვა ნიტამ და მივხვდი, რომ რაცარუნდა წინააღმდეგი წასულიყო ალეკო, ვერ გადააფიქრებინებდა. ამაში კი ნამდვილად მას გავდა და გამოეცადა ერთი, როგორი იყო ვირივით სიჯიუტე. _არ არის საჭირო, იმდენი წამლებით მჭყიპავენ, მეშველება... _წამლებზე ეფექტური სისხლის გადასხმაა და ნუ შემედავები._ისეთი შეუვალი იყო ნიტა, გამეღიმა. _მარტო წამლები კი არა, იმდენ ნემსს მიკეთებენ, გამიქვავდა ერთი ადგილი._ეს უკვე ჩურჩულით თქვა, მაგრამ მაინც გავიგონე. _იმუნიტეტი რაღატო გაქვს დაქვეითებული?_ახლა ამით დაინტერესდა ნიტა. ალეკომ ჩემსკენ რომ გამოაპარა მზერა, ნიტამ უსაყვედურა. _იმას ნუ უბღვერ, ძალიანაც კარგი რომ მითხრა. რატო არ გინდოდა რომ გამეგო შენი ამბავი? სერიოზულადაა საქმე და მიმალავ არა?_ეჭვით კითხა. _არა, რა სისულელეა... _ონკოლოგიურში ტყუილად არ დაგაწვენდნენ. ან მეტყვი რაც გჭირს, ან წავალ შენს ექიმს დაველაპარაკები და მერე მიფრთხილდი. ალეკომ ისევ მე რომ გადმომხედა, ვანიშნე, უთხარი, მეტი გზა არ გაქვს-მეთქი. _რაღაც პრობლემა მაქვს ფილტვზე და ოპერაცია უნდა გავიკეთო. წინასაოპერაციოდ ვემზადები, ისეთი არაფერია. _კიბო გაქვს?_ისეთი შიში ვიგრძენი ნიტას ხმაში, გამაკანკალა. _არა, ჩემო პრინცესა. სიმსივნეა, კეთილთვისებიანი. არაფერია. იმიტომ არ გეუბნებოდი არაფერს, რომ არ გენერვიულა. _ოპერაციას როდის იკეთებ? _ალბათ ერთ თვეში. ძლივს გადავწყვიტე, ხომ იცი როგორი მშიშარა ვარ და უარესად ნუ გამიხეთქავ ახლა გულს და ნუ გადამაფიქრებინებ._ისევ გაეცინა ალეკოს. ექიმი რომ შემოვიდა პალატაში და ალეკოს დახედა, ნიტამ მართლაც შესთავაზა მამისთვის საკუთარი სისხლი და მომეჩვენა, რომ ექიმს ძალიან გაუხარდა. მაშინვე გაიყვანა ანალიზის ჩასაბარებლად. _აქ რატო მოიყვანე, ხომ გითხარი, რომ არ მინდა ავადმყოფი მნახოს? _ბოდიში მაგრამ არასწორად ფიქრობ და იქცევი. ზრუნვას და სიბრალულს ერთმანეთში ნუ ურევ. ნიტას უყვარხარ და იმიტომ უნდა შენს გვერდით ყოფნა და არა იმიტომ რომ ებრალები, როგორც მე. მე მართლაც მებრალები, სხვა არანაირი გრძნობა არ მამოძრავებს შენს მიმართ. შეიძლება შესაფერისი დრო არ არის ახლა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სხვა კაცია. მე ის მიყვარს და მინდა ხელახლა ვცადო... _დარწმუნებული ვარ, ბედნიერი იქნები. შენ იმსახურებ ამას. ბატონი არჩილიც ღირსეული პიროვნებაა და გიმსახურებს ალბათ... _რაა? შენ საიდან იცი?_გამიკვირდა. _ჩიტმა მომიტანა ამბავი._ღიმილით მითხრა. _მაგ ჩიტს ძალიან გრძელი ენა ქონია..._გავბრაზდი _ხოო, არა?_ნაძალადევად გაეცინა._ძნელია, როცა ჩიტს ძალიან გრძელი ენა აქვს... მერე დუმილი ჩამოწვა. კარგა ხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. კიდევ კარგი პალატის კარი შემოიღო და მასზე გადავიტანეთ ყურადღება. _ესეც ასე_მხიარულად შემოვიდა ნიტა, ალეკოს სასთუმალთან ჩამოუჯდა და სიხარულით ტაში შემოჰკრა._ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი. თურმე, რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანს ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანის დონორი შეუძლია რომ იყოს. უნივერსალური სისხლი მქონია. ასე, რომ სულ მალე გადმოგისხავ და უკეთესადაც გახდები..._თან დაიხარა და ლოყაზე აკოცა. გამოდის, მეც შემეძლო ალეკოს დონორობა, მე და ნიტას ხომ ერთი სისხლი გვქონდა? _გითხარი, რომ არ არის საჭირო._ისევ იუარა ალეკომ. _ცოტა ხნით დაგტოვებთ._ეს ვთქვი და მტკიცე გადაწყვეტილებით გამოვედი პალატიდან. ალეკოს მკურნალი ექიმი მოვძებნე და მის კაბინეტში შევედი. _რამდენად ეფექტურია ეს სისხლის გადასხმა ჰემოგლობინის ასაწევად და იმუნიტეტის ასამაღლებლად?_ინტერესით ვკითხე. _მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეფექტურია. _მეც რეზუს უარყოფითი სისხლი მაქვს და შემიძლია მე გავიღო, ჩემს შვილს რომ აღარ აუღოთ... _თქვენი ნებაა. მაგრამ უკეთესია ორივემ ცოტ-ცოტა გაიღოთ. დონაცია არასდროსაა მავნებელი. ჯანმრთელი ორგანიზმი საკვებით მალევე აღიდგენს საჭირო რაოდენობის სისხლს. _შეიძლება, რომ პაციენტს არ გავაგებინოთ და ისე გადაუსხათ ჩემი სისხლი? კაცმა გაოცებით შემომხედა. _არ არის პრობლემა. ქვემოთ ჩადით, ნაილის უთხარით, რომ დონორობა გსურთ და ის აგიღებთ სისხლს. _კარგით._გამიხარდა და მაშინვე ლაბორატორიაში ჩავირბინე. ნაილიმ, როგორც ექიმმა მითხრა, ოცგრამიანი შპრიცით მიღო სულ და დამტანჯა, სანამ ერთ ლიტრს შეათავებდა. უცბადვე რომ წამოვდექი სკამიდან, თავბრუ დამეხვა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და ისევ პალატაში ავედი. _სად იყავი?_რატომღაც დაინტერესდა ნიტა. ალბათ, დიდი ხანი დავაგვიანე და იმიტომ. _ცოტა გავიარე. მერე, ნაცნობი შემხვდა და იმას გამოველაპარაკე._ვიცრუე. არ მინდოდა ალეკოს გაეგო, რომ მეც მისი დონორი ვიქნებოდი. წეღან სიმართლე თქვა, თავში აუვარდებოდა ნამეტანი. _მე რომ სამსახურში წავიდე, შენ რას იზავ, წამოხვალ თუ? _თუ._შემომღიმა._არაფერი მოხდება ერთი დღე რომ არ დავესწრო ლექციებს. საღამომდე დავრჩები მამასთან. დროებით._ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა. _კარგი, წავედი, თუ რამეა, დამირეკე._პალატიდან უცბად რომ გამოვედი, იქაც დამეხვა თავბრუ. ეს უეჭველი სისხლის აღების ბრალი იყო და საკვებით უნდა შემეწყო ხელი. როგორც ნაილიმ დამარიგა: მოლუსკები, თეთრი ლობიო, საქონლის ღვიძლი, მოხარშული კვერცხი, სალათის ფოთლები, ოხრახუში, ხილი, შოკოლადი_ყველაფერი ეს რკინას შეიცავდა და სისხლის მოსამატებლად ამით უნდა გამოვმსკდარიყავი თურმე. შოკოლადები ხო, მოხარშული კვერცხიც, ხილიც, მაგრამ მოლუსკებს ცოცხალი თავით ნამდვილად ვერ გავსინჯავდი. რესტორანში ცოტა დაგვიანებით მივედი, მაგრამ ზურაბს საყვედური არ დასცდენია ჩემი მისამართით, მაგრამ ნინო კი ისეთი თვალებით მიმზერდა, მტრისას. ახლა, მუშაობისას რომ მივირთმევდი სალათის ფოთლებს, მოხარშულ კვერცხს თუ ისპანახს, სულ გულზე სკდებოდა. ბებიაჩემის ექიმბაშობაც რომ გამახსენდა ბავშვობისას, წითელი ჭარხალიც გამოვწურე და დიდი სიამოვნებით დავლიე, სისხლს მატებსო, ასე იცოდა ხოლმე. ერთ ჭიქა საფერავსაც კი დავყლურწავდი სიამოვნებით, მაგრამ საჭესთან ვიჯექი და თავი შევიკავე. საღამოს, სახლში მისულს კი კარის ზღურბლთანვე დამიხვდა ნიტა და გადამეხვია. _ჩემი საყვარელი დედუცუნა, შენ გადაუსხი მამას სისხლი არა?_თან გვარიანად ჩამპროშნა. _რა სისხლი?_ძალიანაც კი გავიკვირვე და შევიცხადე, მაგრამ ნიტა ის ჩიტი არ იყო, ასე ადვილად მომეტყუებინა. _დაშორებულები ხართ და არანაირი ვალდებულება აღარ გაკისრია მასზე, მაგრამ მაინც ზრუნავ, იმიტომ რომ რაღაც მაინც გახსენდება მისგან კარგი. ამიტომაც მიყვარხარ. _ის რაღაც, როგორც შენ აღნიშნე, შენ ხარ. ასე რომ შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ... როგორ არის, უკეთესობა არ დაეტყო? _რა შედარებაა. ექიმმა თქვა, თავის დროზე რომ მიექცია თავისი ჯანმრთელობისთვის ყურადღება, აქამდეც არ მივიდოდითო. ამ თვის ბოლოს გაუკეთებენ ოპერაციას. ყველაფერი კარგად იქნებაო. ამაზე გაცილებით რთული ოპერაციები გაგვიკეთებია და პაციენტსაც ადვილად გადაუტანია, ეს იმასთან შედარებით არაფერიაო. ხვალ, ლექციების მერე მე და ნიკა მივაკითხავთ. ზეგ გამოწერენ მგონი. შენ თუ არ გეწყინება, ერთი ღამე მასთან დავრჩები. _მე?_დავიბენი._მე არ მეწყინება, მაგრამ ჯილდა როგორ მიგიღებს? _მოუწევს შეგუება. თუ არა და ქმარს მიხედოს როგორც საჭიროა!_ეს ისეთი მკაცრი ტონით მითხრა, ცოტა შევკრთი. შევატყე, არ ხუმრობდა და ჯილდასაც საკადრის პასუხს გასცემდა, თუ ის უკანასკნელი რამეს ეტყოდა. დამაფიქრა მისმა ამ დამოკიდებულებამ და ცოტა შემაშფოთა კიდეც. უზრდელი და ხეპრე არასდროს ყოფილა ჩემი შვილი, მაგრამ თუ საქმე მისთვის ძვირფას ადამიანებს ეხებოდათ, არაფერზე იხევდა უკან. არ მინდოდა ალეკოს გამო ჯილდასთან უსიამოვნება ქონოდა, მაგრამ ვერც დავუშლიდი ვერაფერს. მამაილა ჯინიანი იყო და მაინც ვერაფერს გავხდებოდი. ამიტომ მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ჯილდას არ გაეგიჟებინა თავი და არაფერი ეთქვა მისთვის. საავადმყოფოდან გამოწერისას კი მართლაც სახლში გაყვა ნიტა მამამისს. იმ დღეს ისეთი ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა. დაძაბული და რატომღაც ცუდის მოლოდინში. რამდენჯერმე მივწერე კიდეც, რა ხდება, როგორ ხართ-მეთქი, მაგრამ სულ ჰაერში აწეული ცერა თითის სმაილებს მიგზავნიდა. იმ ღამით ხომ თვალიც კი ვერ მოვხუჭე საერთოდ. რატომ მქონდა ისეთი წარმოდგენა, თითქოს ბომბი უნდა გამსკდარიყო, არ ვიცი, მაგრამ დილით, სანამ მე სამსახურში წავიდოდი, ძალიან მშვიდად და აუღელვებლად რომ დაბრუნდა უნივერსიტეტში წასასვლელად გასამზადებელი, შვებით ამოვისუნთქე. სახეზე არანაირი სიბრაზის და ჩხუბის კვალი არ ემჩნეოდა. თითქოს კმაყოფილიც კი იყო. _რაო, რა ხდებოდა აბა? _რა ვი, ჩვეულებრივ სიმშვიდე იყო. მისმა ტურფამ მომიბოდიშა, არ მეცალა და ჯეროვნად ვერ მივაქციე ყურადღებაო. იქ რომ ვიყავი, თავს ევლებოდა და დაჰფოფინებდა. არა და აშკარად ნაძალადევად... ერთადერთი იმ ოჯახში ნიკაა ადამიანი, გიაც დედას გავს, გულცივი და გულგრილი. _ალბათ დაიმსახურა მამაშენმა ეს გულგრილობა, მათაც ვერ გაამტყუნებ. _მოიცა რა, შენზე მეტად ისინი არიან დაზარალებულები? შენ მკერდში გული გიძგერს იმათ კი არვიცი რა. შენ ყოფილზე შენ უფრო გული შეგტკივა და სწუხხარ მასზე, ვიდრე ისინი. მოვილაპარაკეთ, რომ ოპერაციის მერე მე წამოვიყვან ჩემთან და აქ მე მივხედავ სანამ გამოჯანმრთელდება. _რაა?!_გაოცებისგან პირი დამრჩა ღია. _ასეთი სახით ნუ მიყურებ ჩემო დედუცუნა._ნიკაპზე მსუბუქად ამომკრა ხელი და პირი მომაკუმინა._შენ მაინც აჩისთან აპირებ გადასვლას. ხო და რაც მალე, მით უკეთესი. თან, მეც აღარ ვიქნები მარტო. მამასაც გულმოდგინე მზრუნველობა მალე დააყენებს ფეხზე. ერთხანს გაოგნებული შევყურებდი. ვიცოდი, რომ პრინციპული და თავისებური იყო, მაგრამ ამას ნამდვილად არ მოველოდი. _ისეთი თვალებით ნუ მიყურებ, თითქოს მოჩვენება დაგენახოს. სამივეს გვაწყობს ეს სიტუაცია და სამივე მოგებული დავრჩებით. მეოთხეც კი._გაეღიმა._ შენ დააჩქარებ აჩისთან გადასვლას და იმ კაცსაც უზომოდ გააბედნიერებ, მამას ჩემი სახით საუკეთესო მზრუნველი ეყოლება და მალევე დადგება ფეხზე, მე კი, შენს გარეშე ცხოვრებას შევეჩვევი და შევეგუები ნელ-ნელა. ასე რომ, რაცარუნდა წინააღმდეგი წახვიდე, ვერ გადამაფიქრებინებ. ხო და შეეგუე ამ აზრს, ოპერაციის მერე მამა მე გადმომყავს აქ. არ ვიცი რა დამემართა, ან რა აზრი ამოიკითხა ნიტამ ჩემს თვალებში. თითქოს საყრდენი გამომაცალესო, რომ წავბორძიკდი, მაშინვე მტაცა ხელი. _რა მოგივიდა?_მერე სკამზე ჩამომსვა და მაცივრიდან ცივი წყალი მომირბენინა. რომ დავლიე, ცოტა თითქოს მომეშვა გულზე. _შენ რაა, გგონია, ხელს გკრავ, დავივიწყებ შენს ამაგს და მამას დავაყენებ შენზე წინ და მას ჩავეხუტები?_გაოცებულმა მშემომხედა._ეგ ფიქრადაც კი არ გაივლო გულში. შენ მუდამ ჩემი საყვარელი და უძვირფასესი დედიკო იქნები. შენს ადგილს ვერასდროს ვერ დაიკავებს გულში ვერავინ. უბრალოდ, მინდა რომ მამას მივხედო და მალე გამოჯანმრთელდეს. ასე თუ ისე, ისიც ჩემი მშობელია. მართალია, ბოლო დროს გავახსენდი და ახლა მაქცევს ყურადღებას, მაგრამ მაინც... იცი, ბავშვობაში, როცა ჩემი მეგობრები მამებზე ლაპარაკობდნენ როგორ უყვარდათ და როგორ დაატარებდნენ ისინი ყველგან, მე გული მტკიოდა. შენ ყოველთვის მის მოუცლელობას ასახელებდი მიზეზად და არასდროს გითქვია ის, რომ არამზადაა და არ უყვარხარო. არ შეგიძულებია მისი თავი ჩემთვის. ჯერ ამის გამო ხარ დასაფასებელი და შესაყვარებელი..._მკლავები მომხვია და მჭიდროდ ჩამიხუტა გულში._ბოლო დროს რომ გულწრფელად მოინანია თავისი შეცდომები და ცდილობს გამოსწორებას, ამის გამო მინდა მივცე შანსი. ზოგი სიკვდილის ბოლომდე ვერ აცნობიერებს თავის დანაშაულს. ან აცნობიერებს, მაგრამ ხმამაღლა არ აღიარებს, ასეთი წყალწაღებულიც ხომ არ არის? შენ აჩისთანაც უფრო მალე აიწყობ შენს ბედნიერ ცხოვრებას. ასე რომ სადარდებელი ნამდვილად არაფერი გაქვს. შენ ისე ძალიან მიყვარხარ, რომ შენს გამო საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობ, მაგრამ ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გულში. მე შენ გგავარ ამაში, ყველას სიყვარული შეგიძლია და სიბოროტით არ გაქვს გული სავსე. კარგა ხანს ვყავდი ჩახუტებული და ხელს აღარ მიშვებდა. მე კი ცრემლებს ვყლაპავდი და ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ მეღრიალა გემოზე. აი ასეთი არაჩვეულებრივი შვილი მყავდა, დიდსულოვანი და გაგებული. ნიტა მართალი იყო, ამაში მართლაც მე მგავდა. ასი ცუდი რომ გაეკეთებინა ჩემთვის ადამიანს და ერთი კარგი, ყოველთვის იმ კარგს ვხედავდი და ვაფასებდი. უფლის წინაშეც ასეთი უნდა იყოს ადამიანი ალალი და უბოროტო, მაგრამ ეს ცხოვრებაა თვითონ დაუნდობელი და ყოველთვის ასეთი გულმართალი და უბოროტო ადამიანები იჩაგრებიან. ******************** სანამ ალეკოს ოპერაციას გაუკეთებდნენ, ერთ მშვენიერ დღეს, აჩის მართლაც გავყევი მისი ცოლის საფლავზე. მახსოვს როგორი მღელვარე და აჩქარებული გულით მივუყვებოდით საფლავებს შორის გზას, სანამ ანას საფლავთან არ მივედით. ფერადი საფლავის ქვიდან მშვენიერი ქალი მიღიმოდა გულწრფელი ღიმილით. მის დანახვაზე ნათელი გახდა ჩემთვის, რატომ განიცადა აჩიმ მისი სიკვდილი, რატომ დაეწყო დეპრესია და ალკოჰოლიზმი. ისეთი მშვენიერი იყო, ერთხანს გაოგნებული შევყურებდი. ძლივს მოვახერხე ხელში შერჩენილი ყვავილების დალაგება. აჩისაც ეტყობოდა რომ ღელავდა. მერე სანთელი აუნთო, ხელი გადამხვია და ასე გარინდულები ვიდექით და შევყურებდით როდის დაიწვებოდა ბოლომდე სანთელი. _ვერ დაგპირდები, რომ ანას დავივიწყებ, ის ყოველთვის იქნება ჩემს გულში, მაგრამ შენ რომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავე აქ._ხელზე დამწვდა და გულის მხარეს მიიდო ჩემი ხელი._მგონი ხვდები. ანა წარსულს ჩაბარდა. შევეგუე იმ აზრს როგორც იქნა, რომ ამ სამყაროში აღარ არსებობს. ცხოვრება გრძელდება და თავისას მოითხოვს. იყო დრო, სიცოცხლე არ მინდოდა და ყველაფრის ინტერესი მქონდა დაკარგული, მაგრამ შენმა გამოჩენამ შემიცვალა წარმოდგენა. თუ მეორედ შევძლებდი შეყვარებას, თანაც ამ ასაკში, ნამდვილად არ მეგონა. შენს გამო მიხარია ახლა ცხოვრება და ძალიან მინდა, რომ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ცხოვრების დარჩენილ წლებს. მინდა რომ დილით გაღვიძებული ჩემს გვერდით გხედავდე. მინდა, რომ შენზე ვზრუნავდე და ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. რას იტყვი, გამომყვები ცოლად? არც კი დავფიქრებულვარ ისე ჩავეხუტე და აცრემლებული დავთანხმდი. ნებისმიერ ასაკში აქვს ადამიანს ბედნიერების უფლება და მეც მინდოდა რომ აჩის გვერდით ბედნიერი ვყოფილიყავი. არ ვიცი, შეიძლება დავაშავე კიდეც, ყოფილის ოპერაციას რომ არ დაველოდე როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ისე გავყევი აჩის ცოლად, მაგრამ მე დამნაშავედ სულაც არ ვთვლიდი თავს. მიყვარდა, ვუყვარდი, ერთად ცხოვრება გვინდოდა და ყოფილის ჯანმრთელობაზე რატო უნდა მეფიქრა ვითომ? იქნებ, რომ არა ეს შემთხვევა, არც კი მოენანიებინა თავისი დანაშაული და ნიტაც არ შეყვარებოდა? მართალია რომ ამბობენ, ავადმყოფობა ძალიან ცვლის ადამიანსო. ზოგი ბოროტდება, ზოგი კი კეთილ სამარიტელად იქცევა ხოლმე. ალეკო ამ შემთხვევაში სამარიტელის როლს ირგებდა. იქნებ სულაც საიქიო სასამართლოსი შეეშინდა და მის გამო გახდა კეთილი და ყურადღებიანი, რომ ფართოდ გაეღოთ საიქიოს კარი მისთვის? ოპერაციის დღეს კი მე, ნიტა, ნიკა და ჯილდა ვიყავით საავადმყოფოში. ჯილდასთან შეხვედრა ძალიანაც კი არ მინდოდა, მაგრამ ნიტა შემეცოდა იქ მარტო და მეც გავყევი. მომეჩვენა, რომ გვიანობამდე გაიწელა ოპერაცია და ნერვიული ბოლთით ფეხები მტკიოდა უკვე. მართალია, ალეკო ჩემთვის აღარაფერს ნიშნავდა, მაგრამ მაინც განვიცდიდი მის მდგომარეობას და საშინლად ვნერვიულობდი. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ექიმი რომ გამოვიდა, სიხარულით გვაუწყა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ არისო. _როგორც ვვარაუდობდით და გვეშინოდა, ისე არ მოხდა. სულ მცირე მონაკვეთის ამოჭრა დაგვჭირდა ფილტვისა. მეტასტაზები შორს არ იყო წასული. გაუმართლა, რომ მალევე მოგვმართა. ასეთ შემთხვევაში ფილტვმა ტკივილი არ იცის და ბოლო სტადიაზე მოგვმართავენ ხოლმე ხშირად პაციენტები, როცა უკვე საშველი აღარაა. კიდევაც დიდხანს შეძლებს სიცოცხლით ტკბობას. მართლაც რომ კარგი ამბავი იყო. სიკვდილისთვის ყველა შესაცოდია. ნიტა ჯერ მე გადამეხვია სიხარულით და მერე ნიკას. ასე, რომ ალბათ ზეცაში მართლაც უყვარდა ალეკო ვიღაცას და იქიდან მფარველობდა. ერთ კვირაში გამოწერეს საავადმყოფოდან და როგორც ნიტამ დაიჩემა, თვითონ გამოიყვანა თავისთან და ყურადღებას არ აკლებდა. ნიკა და გია კი აკითხავდნენ მამას, მაგრამ ჯილდას ერთხელაც არ მიუკითხებია, მხოლოდ ტელეფონის ზარით შემოიფარგლებოდა ხოლმე. არც მას გაემტყუნებოდა. ალბათ, ისე ატკინა ალეკომ გული, რომ აღარც კი ედარდებოდა ქმარი. თან, ყოფილი ცოლის სახლში არ უნდოდა ალბათ მისვლა და მისი იქ მონახულება. მართალია, მე იქ აღარ ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც. მზრუნველმა ხელმა, ყურადღებამ, მედიკამენტების დროულად მიღებამ, სწორმა კვებამ და საღამოობით სუფთა ჰაერზე სეირნობამ, რასაც ნიტა არ აკლებდა მამამისს, სავარაუდო რეაბილიტაციის პერიოდზე ადრე გამოაჯანმრთელა ალეკო. ეს ყველაფერი კი მართლაც ნიტას დამსახურება იყო. ალეკო რომ ისევ თავის ცოლ შვილს და ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, მე ძალიან ვღელავდი ნიტაზე. მართალია, პატარა აღარ იყო და ჩემზე მეტიც კი ესმოდა მგონი ამ ცხოვრების ავ-კარგიანობა, მაგრამ მაინც ვდარდობდი. მეგონა, მარტოს გაუჭირდებოდა ბინაში ცხოვრება, მაგრამ სულაც არა. ხშირად მსტუმრობდა და მეც ხშირად ვსტუმრობდი, რადგან რაც აჩის ოფიციალური ცოლი გავხდი, სამსახურს თავი დავანებე და მეტი თავისუფალი დრო მქონდა უკვე. აღარ მჭირდებოდა დილიდან დაღამებამდე გარეთ ყოფნა იმის გამო, რომ ოჯახი მერჩინა. აჩის საკმარისი შემოსავალი ქონდა, რომ მეც შევენახე და ჩემი შვილიც. საკუთარი შვილივით ზრუნავდა მასზე. ჩემი მშობლები არც ისე იგიჟებდნენ ჩემთან ურთიერთობით თავს და ახლა უფრო, მიზეზი ის გახდა, რომ მეორედ გავთხოვდი ბებრუხანა და შევარცხვინე თურმე სანათესაო. მხოლოდ ლიკამ მომიწონა გადაწყვეტილებაც და არჩევანიც. რესტორანში ჩემი ადგილი რომ განთავისუფლდა, მაშინვე ნინომ დაიკავა. თავიდან მირანდა და თამთა ძალიან პანიკაში იყვნენ, იმ ალქაჯს რა გაუძლებს, მალე დავანებებთ ჩვენც თავსო, მაგრამ მერე და მერე ისე შეეჩვივნენ, ჩემს მერე მას აღიარებდნენ საუკეთესო შეფ მზარეულად. ტასომაც დაძლია თავისი კიბო, ადრეულ სტადიაზე მასაც სხივებმა დაუშალა და სულ გაუქრო სიმსივნის კვალი. მას რომ მართლა რამე მოსვლოდა, ეკატერინესი არ ვიცი, მაგრამ მე ვერ გადავიტანდი ნამდვილად. ნიტას მერე ჩემს გულში ჩემს გიჟ, ბალზაკის ასაკის მქონე დაქალებს ქონდათ ადგილი დაკავებული. ახლობლებზე მეტადაც კი მიყვარდნენ. მოდი და ნუ შეიყვარებ ისეთ ადამიანს, ვინც ყოველთვის გვერდრში გიდგას გაჭირვებასა თუ ლხინში. მართალია, ხშირად ვჩხუბობდით და ვითომ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ ვძლებდით. მე, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიმართლა აჩის რომ შევხვდი და მას დავუკავშირე ჩემი დარჩენილი ცხოვრება. მართალია, ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს ასაკში გათხოვებას და თანაც უდიდესი სიყვარულით. მე ხომ მიყვარდა და ვგიჟდებოდი მასზე, არც აჩი გიჟდებოდა ნაკლებად ჩემზე. ისე მანებივრებდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ბოლოს, ყველაზე მთავარი, ნიტამ თავისი შეყვარებული როგორც იქნა გამაცნო. მაღალი, სიმპატიური, მორიდებული და უაღრესად ზრდილობიანი ბიჭი გამოდგა მისი ვაკო. (სხვანაირს ალბათ ჩემი შვილი არც აირჩევდა.) თვალებზე ორივეს ეტყობოდათ, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ჯერ დაოჯახებას არ ცდილობდნენ. ნიტა სწავლის დამთავრებას აპირებდა ჯერ. ვაკოც სწავლობდა, მომავალი პროგრამისტი იყო და ორივეს ჯერ სწავლა სწყუროდა. აი, ასე აეწყო ჩემი ცხოვრება ბალზაკის ასაკში. იმ დასკვნამდე მივედი, რომ მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს ასაკს, როცა გულს უყვარს და ბედნიერია. ეს, ჩვენ, თვითონ ქალები ვიბერებთ თავს, თორემ ასაკი მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ციფრებია. ნაოჭებიც, ჭაღარაც და ცელულიტიც კი ძალიან გვიხდება და სულაც არ გვიშლის ხელს ბედნიერებაში. მართალია, აქამდე ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში მუდამ ქალია, მას ყოველთვის სჭირდება სიყვარული, ალერსი, ზრუნვა, საჩუქრები, თუნდაც მხოლოდ მინდვრის ყვავილები და იმის გაცნობიერება, რომ ქალია!!! (დასასრული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.