შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგჯერ ოცნებებიც ხდება


20-06-2021, 07:26
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 17 176

ჩემი ცხოვრება ნაწილობრივ კონკიას ზღაპარს გავს. მართალია, ბროლის ქოში არ დამიკარგია და არც ეტლი გადამქცევია გოგრად, მაგრამ რაც ბოროტ დედინაცვალს და მის გერს შეეხება, ყველაფერი ისე იყო, როგორც ამ ზღაპარშია აღწერილი... შეიძლება ითქვას, უფრო უარესადაც კი.
დავიწყებ იქიდან, რომ სოფლის კვალობაზე საკმაოდ შეძლებულ და მოსიყვარულე ოჯახში დავიბადე. უდარდელად და ბედნიერად ვცხოვრობდი ჩემს საყვარელ მშობლებთან ერთად, რომლებიც თავს მევლებოდნენ და ცივ ნიავს არ მაკარებდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ორივეს ჩემზე ამოსდიოდა მზეც და მთვარეც, რადგან რვა წლის ნანატრი შვილი ვიყავი მათთვის. თუმცა, ამ ბედნიერებამ მხოლოდ ექვს წელს გასტანა, რადგან დედაჩემი უბედური შემთხვევით ავტოკატასტროფაში დაიღუპა და იქიდან დაიწყო ჩემი კონკიას ზღაპარიც.
მამაჩემმა, შვილს მარტო ვერ გავზრდიო და მალევე მოიყვანა მეორე ცოლი, რომელსაც თან თავისი ისტერიჩკა შვილიც ახლდა. თავიდან, თითქოს ყველაფერი ნორმალურად აეწყო, მაგრამ მერე და მერე ჩემმა ავმა დედინაცვალმაც გამოაჩინა საგულდაგულოდ მიმალული თავისი საშინელი კლანჭები.
მისი შვილიც მისნაირი ავსული იყო. როცა რამეზე ვჩხუბობდით, რატომღაც ყოველთვის მე ვიყავი დამნაშავე და ყოველთვის მე ვისჯებოდი დედინაცვლისგან, თანაც სასტიკად. მამაჩემის თანდასწრებით კი, ფრთაშესხმულ ანგელოზს გავდა. "ვუყვარდი" კიდეც და "საკუთარ შვილში არ მარჩევდა". დილიდან დაღამებამდე სახლიდან გასული მამაჩემი ვერ ხედავდა დღისით რა ხდებოდა და რა სასტიკად მეპყრობოდა მისი სათაყვანებელი მეორე ცოლი. მისი თანდასწრებით ხომ ძალიან მოსიყვარულე იყო? რომ ვეუბნებოდი, არ მიჯერებდა. ჩემი დედინაცვალიც ნიანგის ცრემლებს ღვრიდა, ვერ მიტანს, დედამისის ადგილის დაკავება რომ მომიწია, დედად ვერასდროს აღმიქვავს და მისთვის ყოველთვის ბოროტი დედინაცვალი ვიქნებიო.
ეს კიდევ არაფერი, ყველგან და ყოველთვის დამცინოდა და აბუჩად მიგდებდა დედის მსგავსი საზიზღარი ლიკა. მე მასზე გაცილებით ლამაზი ვიყავი. ამას მარტო მე კი არა, ყველა აღიარებდა და ეს შურდა ძალიან და ბოღმით ავსებდა. ამიტომ დედამისი ყველაზე ლამაზ და ძვირიან ტანსაცმელს მისთვის ყიდულობდა და ყოველთვის გამოპრანჭულს დაატარებდა. მე კი საშინელი ძონძებით მიწევდა სიარული, რათა რაც შეიძლებოდა უშნო გამოვჩენილიყავი. სადღაც ერთ, წელიწადში კი, გაურკვეველ ვითარებაში მამაჩემიც დაიღუპა. იქიდან კი მართლაც დაიწყო ჩემი კონკიაობა: მე ჩემი დედინაცვლის და მისი შვილის მოახლედ ვიქეცი.
თავიდან ცოტას კი ვეწინააღმდეგებოდი და პატარ-პატარა აჯანყებებსაც ვუწყობდი ჩემს ბოროტ დედინაცვალს, რასაც სასტიკი დამსჯელობითი ზომები მოჰყვებოდა ხოლმე მისი მხრიდან. თან, ისეთი ავი იყო, მარტო სოფელში კი არა, ახლო-მახლო სოფლებიდანაც კი ერიდებოდა ყველა მასთან პირში შებმას და შელაპარაკებას. ჩემი ნათესაობა, გინდ მამაჩემის მხრიდან და გინდ დედაჩემისა, ყველა მოძულებული და მოშორებული ყავდა. არავის ქონდა უფლება ჩემს ქომაგად გამოედო თავი. მოკლედ, ბედის ანაბარა შემატოვა ყველამ ამ ურჩხულს ხელში და ნელ-ნელა მეც შევეგუე ჩემს ხვედრს.
ჯეკოს ბებია, რომელიც ჩვენს სოფელში ყველაზე განაპირა სახლში ცხოვრობდა და რომლის ცხოვრებაც ჩემს ცხოვრებაზე გაცილებით უფრო რთული და მძიმე იყო, ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რომ უფლის განგება არ უნდა განგვესაჯა. მან უკეთ იცოდა ვის რა ცხოვრება შეეძლო და რა ცხოვრება უნდა ერგუნებინა მისთვის. ასე, რომ ბოლოს და ბოლოს შევეგუე იმ აზრს, რომ ასეთი რთული ცხოვრების გაძლება მხოლოდ მე შემეძლო და მიტომაც ქონდა უფალს ჩემთვის ბოძებული...
სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ჩემმა დედინაცვალმა მეცხრე კლასიდან გამომიყვანა, რადგან ორი შვილის სწავლის ხარჯებს ვერ "შესწვდებოდა". თანაც, სოფლის მეურნეობას გაძღოლა ხომ უნდოდა? სახლის საქმე, მინდვრის საქმე და ახლა სკოლა, ვეღარ ავუდიოდი უკვე და ამიტომ სკოლის დათმობა მომიწია. ძალიანაც განვიცადე და ძალიანაც ბევრი ვიტირე, მაგრამ მისი ლენჩი შვილი დატოვა სკოლაში, ნასწავლი ქალიც გვჭირდება ოჯახშიო და მე სოფლის მეურნეობის საქმეს მიმამაგრა.
არც თვითონ და არც მისი შვილი თავს არასდროს იწუხებდნენ სახლში, რომ ან სადილი და ან ვახშამი მოემზადებინათ, არც ჭურჭელის დაერეცხვით იწუხებდნენ თავს და არც სარეცხის. სახლის დალაგება ხომ საერთოდ არ შედიოდა მათ მოვალეობაში. ყველაფერი ჩემი ვალდებულება იყო. მადლობა უფალს, რომ შრომის სიყვარული ჩადო ჩემში და ყველაფერს ასე თუ ისე მაინც ვასწრებდი. ხშირად, ლიკა, ახალ მოწმენდილ იატაკზე ტალახიანი ფეხსაცმელებით ყოველ კუთხე კუნჭულს დაივლიდა, რომ ხელმეორედ მოსაწმენდი მქონოდა და ხუთი წუთი რა არის, ხუთი წუთითაც კი არ დავმჯდარიყავი და არ დამესვენა.
ყველაზე გადატვირთული დღეები მაინც გაზაფხულსა და შემოდგომაზე მქონდა, როდესაც მინდორშიც ბევრი საქმე იყო. თუმცა, არასდროს დამიჩივლია უფლის მისამართით. ეს ჯეკოს ბებიამ, ასმათიმ მასწავლა. თვითონ ჯეკოც ცხოვრებისგან დაჩაგრული ბიჭი იყო. დედამისმა ვისგან გააჩინა, არავინ იცოდა. ძალიან ლამაზი და ყოჩაღი ქალი ყოფილა მერი. მისი ხელიდან ყველაფერი გამოდიოდა თურმე. არც შრომას თაკილობდა და არც არაფერი ეზარებოდა.
ერთხელ, მაშინ ჯეკო ჯერ ისევ თოთო ყავდა, რომ მძინარე შვილი აკვანში დატოვა და სულ ცოტა ხნით გავიდა მაღაზიაში. სახლში ხანძარი რამ გამოიწვია, დღემდე არავინ იცის. სახლი ნახევრად დაიწვა, და ასევე ჯეკოც. არავის ეგონა ჯეკოს გადარჩენა, მაგრამ უფლის წყალობით მაინც გადარჩა. თუმცა, ყველა იმას იძახდა, რომ ჯობდა მომკვდარიყოვო, რადგან მაცხენა მხარე: დაწყებული სახიდან ფეხით დამთავრებული ისე საშინლად ქონდა დამწვარი, ყველა კეთროვანივით ერიდებოდა. მერი გააგიჟა ამ ამბავმა. ბოლოს, ვეღარ გაუძლო ნახევრად დამწვარი შვილის ყურებას, (ამ ამბავში ხომ ყოველთვის თავის თავს იდანაშაულებდა?) და ამის გამო თავი ჩამოიხრჩო. დარჩა "ურჩხული" ჯეკო, როგორც სოფელში ეძახდნენ, ხნიერი ასმათი ბებიას ანაბარა. ზაფხულშიც კი გრძელ სახელოიანი და კაპიუშონიანი მაისურით დადიოდა, რომელიც მუდამ ჩამოფხატული ქონდა, რათა არავინ შეეშინებინა თავისი სიმახინჯით. ამის გამო სკოლაში არ უვლია. თვითონაც ერიდებოდა ბავშვების დაცინვას და აბუჩად აგდებას და არც სხვა ბავშვების მშობლები აძლევდნენ მასწავლებლებს იმის უფლებას, რომ ცხოვრებისგან ასე სასტიკად დაჩაგრულ ბიჭს მათი შვილების გვერდით ევლო და ესწავლა. ამის გამო რვა წლამდე წერა-კითხვა და ანგარიშიც კი არ იცოდა ჯეკომ. სამაგიეროდ, შრომა უყვარდა და დედასავით ყოჩაღად და დაუზარელად მუშაობდა და ლუკმა-პურს თავისი ალალი შრომით შოულობდა.
მახსოვს, პირველად რომ დავინახე, საშინელი რეაქცია მქონდა. მაშინ, ჩემი მშობლები ჯერ ისევ ცოცხლები იყვნენ. მამაჩემმა ჩვენთან მოიყვანა, ჩვენი მწყემსის დამხმარეაო. ეზოში თოჯინებით ვთამაშობდი დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი და ინსტიქტურად ავხედე. (თამაშში ისე ვიყავი გართული, თავზე როდის წამომადგა, ვერ გავიგე.) პირველ რიგში, მისი ლაჟვარდოვანი ცისფერი თვალები მომხვდა თვალში. მერე კი მისი დანაოჭებულ-დაჭმუჭნილი და ფერშეცვლილი სახეც დავინახე და შიშისგან რომ შევკივლე, გულიც წამივიდა. გონზე მოსულს დედაჩემი მიზელდა სახეს ცივი წყლით და თან ტიროდა, "თეონა, შვილო, არ დამღუპო, გონზე მოდი!"
თვალები რომ გავახილე და წამოვჯექი, შიშით მოვათვალიერე აივანი. მერე, ეზოშიც გადავიხედე. ინსტიქტურად ჩემს შემშინებელს დავუწყე ძებნა, მაგრამ ის იქ აღარ იყო.
_დამშვიდდი საყვარელო, ის აქ აღარ არის._გულში ჩამიხუტა დედაჩემმა._და არც აღარასდროს მოვა._მერე მამაჩემს მიუბრუნდა საყვედურით._ხომ გითხარი, აქ არასდროს მოგეყვანა, რაღატო მოიყვანე?
_რას ამბობ ნინო? ისიც ხომ ადამიანია? ყველა კეთროვანივით რატო ერიდება ვერ ვხვდები. მის ფიზიკურ ნაკლს რას უყურებთ, არაჩვეულებრივი ბიჭია, ალალი და მშრომელი. აქაოდა ანგარიში არ იცისო, რამდენჯერაც ვინმეს ჯამაგირი გავატანე მასთან, იმდენჯერ ნახევარი თანხა მოუტეხეს. ცოდო არ არის ეგ ბიჭი? მთელ დღეებს მზე-წვიმაში და ქარში მინდორ-მინდორ ატარებს და ალალად შრომობს. სხვები კი მისი უცოდინარობით სარგებლბენ...
_ბავშვს გული გაუხეთქე!
_არაუშავს, ჩემი თეო მაგარი გოგოა._თავზე გადამისვა მამაჩემმა ხელი._შეეჩვევა ჯეკოს ხშირ გამოჩენას ჩვენთან და აღარ შეეშინდება... არა და რა ნიჭიერი ბავშვია._სინანულით ამოიოხრა მამაჩემმა._ცოდო არ არის ასეთი რთული და მძიმე ცხოვრებისთვის? ისეთი ალალი და უბოროტოა, ეს ცხოვრება ფეხქვეშ გათელავს... ძალიან მეცოდება და რითიც შემეძლება დავეხმარები. იცოდე, შენ ვერ დამიშლი ამას._მკაცრი ხმით გააფრთხილა დედაჩემი და აივნიდან ჩავიდა.
იმ დღის მერე მართლაც ხშირად მოყავდა მამაჩემს ჯეკო ჩვენთან, რომელიც ყოველთვის ჭიშკარს გარედან აიტუზებოდა, კაპიუშონს საგულდაგულოდ ჩამოიფხატებდა სახეზე, რათა მე არ შევეშინებინე და ისე ელოდა მამაჩემს. მამაჩემი გასამრჯელოსთან ერთად რძეს, ყველს, კვერცხს, შაქარს და ათას წვრილმანს ატანდა სახლში, რაც არსებობისთვის იყო საჭირო.
_ნუ გეშინია ჩემო პატარა, ისიც ადამიანია._ყოველთვის მამშვიდებდა მამაჩემი, როცა კუთხეში ატუზულს დამინახავდა, ჯეკოს რომ ვუმზერდი მალულად.
ბოლოს, მართლაც მივეჩვიე ამ ბიჭის ჩვენთან ხშირ სტუმრობას. აქამდე თუ შიშით ვუმზერდი, მერე უკვე ინტერესი მკლავდა. კიდევ ერთხელ მინდოდა მისი მახინჯი სახის დანახვა, მაგრამ ჯეკო საგულდაგულოდ მალავდა და მერიდებოდა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ბოლოში დავმეგობრდით კიდეც. როცა მამაჩემს არ ეცალა, ხშირად მე მატანდა მასთან გასამრჯელოს. ვაღიარებ, პირველად ძალიან გამიჭირდა ნახევრად დამწვარ და შემურულ სახლში მისვლა, მაგრამ ერთი რომ დავძლიე შიში, მერე და მერე უკვე თავისუფლად შევდიოდი მასთან. გაკვეთილების სასწავლადაც კი მასთან გადავდიოდი საღამოობით და მე და ჯეკო ერთად ვსწავლობდით წერა-კითხვას თუ ანგარიშს. მართლაც ნიჭიერი იყო, ადვილად ითვისებდა ყველაფერს. ჯეკოს ხომ უხაროდა და უხაროდა ჩემი სტუმრობა და ასმათი ბებიაც ხშირად თვალცრემლიანი ღიმილით და დიდი სიყვარულით გვლოცავდა ორივეს ბუტბუტით.
დედა რომ დამეღუპა, ჯეკომ და ასმათი ბებიამ გადამატანინეს ეს მძიმე პერიოდი. მერე, ჩემი ავი დედინაცვლისგან რომ მინდოდა თავის დაღწევა, მათთან ვპოვებდი ხოლმე თავშესაფარს. მერე, კი, მამაც დამეღუპა და სასოწარკვეთას რომ მივეცი, მაშინაც მათ დამაძლევინეს დეპრესია. ჯეკოს რთულ და მძიმე ცხოვრებასთან შედარებით ჩემი ცხოვრება ალბათ არც იყო მოსატანი, არც მას ყავდა დედ-მამა და თან, ის ხომ მთელი ცხოვრება მახინჯი უნდა ყოფილიყო და ყველასგან უარყოფილი?
ჩემს დედინაცვალს დიდად არ ეპიტნავებოდა ეს "ურჩხული" და ჩვენთან მოსვლის უფლებას უკრძალავდა. მამაჩემსაც სულ იმას ეჩხუბებოდა, აქ ნუ მოგყავს, ლიკუნას ეშინიაო და მამაჩემი რომ დაიღუპა, მაშინ ხომ სულ მოიშორა თავიდან. მის ლიკუნას ვითომ ძალიან ეშინოდა ჯეკოსი, არა და ყოველთვის აბუჩად იგდებდა და დასცინოდა თავისი ნაკლის გამო. ვერ ვიტყვი, რომ მე არ მეშინოდა ჯეკოს სახის დანახვა, მაგრამ ყველა რომ ერიდებოდა კეთროვანივით და დასცინოდა, მე ის ძალიან მეცოდებოდა და მისი დაცვის სურვილი მიჩნდებოდა რატომღაც. სიმართლე რომ ვთქვა, მისი თვალები მომწონდა ძალიან. თან, სახის მარჯვენა მხარე, რომელიც სასტიკ ცეცხლს გადარჩენოდა უვნებლად, მშვენიერი ქონდა... ხო და, ბავშვურად და გაუაზრებლად მიყვარდა...
მახსოვს, მაშინ მამაჩემი ჯერ ისევ ცოცხალი იყო, ჯეკო რომ მოვიდა ჩვენთან. ზაფხული იყო და ცხელოდა. რაღა თქმა უნდა ჯეკოს ყველაზე მეტად სცხელოდა, რადგან მას ხომ გრძელსახელოიანი მაისურით და კაპიუშონით უწევდა სიცხეში სიარული? იმ მომენტში მე და ლიკა ცივ ლიმნათს ვსვამდით და ერთი ჭიქა მასაც შევთავაზე. დედაილა ლიკამ თავი გაიგიჟა, მის ხელში ნაჭერ და ნაპირალ ჭიქას მე ხელს ვეღარ მოვკიდებო და ჯეკოსკენ გაწვდილი ლიმონათით სავსე ჭიქა გამომგლიჯა. ისეთი სიძლიერით დაახეთქა ძირს, ჭიქა ნამსხვრევებად იქცა. შევატყე, როგორ შეკრთა ბიჭი. მე კი გავბრაზდი და თანაც ძალიან. კარადიდან ლიკას საყვარელი ჭიქა ჩამოვიღე, პირამდე გავალიცლიცე ცივი ლიმონათით და ისე მივაწოდე ჯეკოს. შევატყე, რომ უნდოდა, თანაც ძალიან, მაგრამ ლიკას ხელახალ ისტერიკას მოერიდა და ზრდილობიანად მითხრა უარი. არ მოვეშვი და ჩემი ხელით დავალევინე მწყურვალ ბიჭს ლიმონათი. გამწარებულმა ლიკამ ჩემსკენ რომ გამოიწია ისტერიულად აკივლებულმა, ლიმონათის ცარიელი ბოთლი ვდრუზე თავში. მართალია, იმ დღეს სასტიკად მცემა ჩემმა ბოროტმა დედინაცვალმა, როგორ გავბედე და მის შვილს თავი როგორ გავუტეხე, მაგრამ ჯეკოს მადლიერი გამოხედვა რომ მახსენდებოდა, ლიმონათი რომ დავალევინე, ყველაფერს მავიწყებდა.
ლიკა ისედაც ვერ მიტანდა და იმ ამბის მერე ხომ საერთოდ შემიძულა. შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ტყუილად არ დაეწამა ჩემთვის ცილი და დედამისს არ ვეცემე გემოზე. ხან კაბას იხევდა, თეონამ დამიხიაო. ხან რვეულებსა და წიგნებს იჯღაბნიდა და ამასაც მე მაბრალებდა. დედინაცვლისგან ნაცემი კი ჯეკოსთან და ასმათი ბებიასთან ვაფარებდი თავს. მერე ისე მოხდა, რომ ასმათი ბებიაც გარდაიცვალა და უპატრონოდ დარჩენილი მახინჯი ბიჭი სოც.სააგენტოს მუშაკებმა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანეს და იქ გამოკეტეს. მისი და მისი კეთილი ბებიის გარეშე ძალიან გამიჭირდა. თუმცა, ვიმედოვნებდი, რომ სრულწლოვანი გახდებოდა თუ არა, თავის ფუძეს დაუბრუნდებოდა "ურჩხული" ჯეკო, მაგრამ...
შვიდ აპრილს, ხარებობას, ზუსტად ჩემი დაბადებიდან მეთოთხმეტე წელს ძალიან გახარებული მოვარდა ლიკა სკოლიდან და ზარ-ზეიმით მახარა.
_იცი, შენმა მახინჯმა დედაილამ გააფრინა და თავი ჩამოიხრჩო... თურმე, უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში თავისნაირი უპატრონო გოგო შეყვარებია, რომელმაც უარი უთხრა სიყვარულზე, დასცინა კიდეც და იმ მახინჯმაც სიკვდილით დაასრულა თავისნაირი მახინჯი ცხოვრება.
ამ ამბავმა თავზარი დამცა. მართალია, ჩემგან შორს იყო და ვერ ვხედავდი, მაგრამ იმედი მქონდა მომავლისა. მჯეროდა, რომ კვლავ შევხვდებოდით ერთმანეთს. ისევ ისე ვისხდებოდით გვერდიგვერდ ღია ცის ქვეშ და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით დავტკბებოდით. ათას წვრილმანზე თუ საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრებდით. ბრძნულ რჩევა-დარიგებებსაც მომცემდა და დამაიმედებდა.
ამ თავზარდამცემმა ამბავმა მიწა გამომაცალა თითქოს ფეხქვეშ. მეხდაცემულივით ვიდექი და თვალები მლაშე ცრემლებით მევსებოდა ნელ-ნელა. როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო. ან, სულაც, კოშმარული სიზმარი და გამომღვიძებოდა. მაგრამ... მთელი სოფელი მახინჯი ბიჭის მახინჯ თვითმკვლელობაზე საუბრობდა. ათას ვერსიას ყვებოდნენ, თუ რისთვის ჩამოიხრჩო თავშესაფრის ეზოში განმარტოებით მდგარ ხეზე თექვსმეტი წლის ბიჭმა თავი. მშობლების სიკვდილი ხომ განვიცადე და განვიცადე, ასმათი ბებიას სიკვდილიც არანაკლებ განვიცადე, მაგრამ ჯეკოს სიკვდილმა მთლიანად გამანადგურა. მისმა სიკვდილმა ყველას სიკვდილი გამახსენა ერთბაშად და ამ სამყაროში მარტოდმარტოდ ვიგრძენი თავი. ჯეკო ჩემთვის ძმასავით იყო. არა, მოვიტყუები, იგი ძმაზე უფრო მეტი იყო... ის ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში ნათელი წერტილი იყო... მისაბაძი მაგალითი იყო ჩემთვის, რთულ ცხოვრებას ვაჟკაცურად რომ უმკლავდებოდა. ხალხისგან დამცირებას და გარიყვას რომ უბოროტოდ იტანდა, გულში რომ არანაირ წყენას არ იდებდა და ყოველთვის ქონდა მომავლის იმედი. იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა ოდესმე. მას ძალიან ბევრი ლამაზი ოცნება ქონდა და ყოველთვის მარწმუნებდა მეც, რომ ოცნებების ახდენა შესაძლებელი იყო... თუმცა მისი ლამაზი ოცნებები აუხდენელი და აუსრულებელი დარჩა.
ის ღამე ჩემი მშობლების საფლავზე პირქვედამხობილმა გავატარე. ყველაფერი ერთნაირად მოვიტირე: უდროოდ წასული მშობლებიც, ჩემი მანუგეშებელი ასმათი ბებიაც და მისი ცხოვრებისგან დაჩაგრული შვილიშვილიც. ასევე, გაუხარელი ჩემი ბავშვობაც და ჩემი უიმედო მომავალიც. ისე ვიყავი გამწარებული და განადგურებული, სულაც არ შემშინებია მარტოს ღამით. არც წვიმას შევუშინებივარ, გვარიანად რომ მასველებდა და არც საშინელ ჭექა-ქუხილს და ელვას. ბოლოს იქვე ჩამეძინა კიდეც. რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი, მაგრამ უგონოდ კი მეძინა. თვალები რომ გავახილე, რიჟრაჟი იყო. წვიმას გადაეღო, მაგრამ საშინლად ციოდა. ძვალსა და რბილში ატანდა ჯერ ისევ უძალო გაზაფხულის სუსხი. დამძიმებული სხეული ძლივს წამოვზიდე მიწიდან. სულ მთლად ტალახიანი და სველი ვიყავი. ჩემი მშობლების საფლავიდან ასმათი ბებიას საფლავზეც გამოვიარე, ჩავაბარე შვილიშვილი, რომელიც სულ მალე ესტუმრებოდა ზეცაში და საცოდავად მობუზული და აცახცახებული დავბრუნდი სახლში. არც ჩემს დედინაცვალს და არც მის შვილს არ უდარდიათ და უნაღვლიათ ჩემი გაუჩინარება. მგონი, არც გაუგიათ არაფერი. პირველ რიგში აბაზანაში შევედი და ცხელი შხაპი მივიღე, რომ გაყინულ-გათოშილი სხეული, რომელიც სასწაულად დამმძიმებოდა, ოდნავ მაინც გამეთბო. მერე ასკილის ჩაი მოვიდუღე და ჩემს საწოლს მივაშურე. გვარიანად ჩავიფუთნე და იქ მივირთვი ნება-ნება სიამოვნებით.
მალევე ჩამეძინა, მაგრამ ლიკას განწირულმა კვილმა გამომაღვიძა. შეშფოთებული წამოვხტი. საათს რომ დავხდე, ცხრის ნახევარი იყო უკვე. (მაშინ მერვე კლასში დავდიოდი.) ჩემი ყოველდღიური რუტინისთვის დრო აღარ მრჩებოდა, სკოლაში წასვლის დრო იყო უკვე. მივხვდი, ლიკა იმიტომ გაჰკიოდა, ჩვეულებისამებრ სამზარეულოში არ ვფუსფუსებდი და მისთვის საუზმეს არ ვამზადებდი. ძალიანაც მინდოდა საწოლიდან წამოხტომა, მაგრამ ვერ შევძელი. სულ მალე კი ჩემი ავი დედინაცვალიც დამადგა ოთახში თავზე. ხალათშემოცმული, თმააბუებული და გაავებული იყო:
_რა ძილქუში დაგაწვა? სკოლაში არ აგვიანდება ლიკუნას? უქნარა არამზადა! რისთვის გაჭმევ პურს და რისთვის გაცვეთინებ ტანსაცმელს? მუქთახორავ, აეგდე ზეზე და ბავშვს მიხედე, არ დააგვიანდეს!
ისე ვიყავი უკვე მიჩვეული ჩემს "ვალდებულებებს", გაჭირვებით, მაგრამ მაინც წამოვდექი. ეტყობოდა, რომ მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ ჩემი ავადმყოფობა ავადმყოფობა არ იყო. კუდიანი დედაბრის კუდიან შთამომავალს საუზმე მაინც გავუმზადე. მერე მეც გამოვეწყვე სკოლაში წასასვლელად და ძლივს წავლახლახდი. პირველ გაკვეთილზე როგორღაც გავძელი. მერე კი, დამრიგებელმა შემატყო, რომ ვერ ვიყავი კარგად და ექიმის კაბინეტში ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხდავად მაინც შემიყვანა. სიცხე მართლაც მაღალი მქონდა. მზია ექიმმა მაშინვე გადამაყლაპა რაღაც აბები და ავადმყოფებისთვის განკუთვნილ ტახტზეც დამაწვინა.
_ასეთი მაღალი სიცხით რატო წამოხვედი სკოლაში?_გაუკვირდა და თან პულსი გამისინჯა.
იმის აღიარება, რომ სახლში დედინაცვალი მაინც არ დამიჯერებდა ავადმყოფობას, არც მომხედავდა და უამრავ საქმესაც გამაკეთებინებდა იძულებით, რატომღაც მომერიდა და დუმილი ვარჩიე.
კარგა ხანს მიტრიალა მზია ექიმმა, სიცხესაც მალ-მალე მისინჯავდა. რამოდენიმე აბი კიდევაც დამალევინა, მაგრამ რომ არ დამიწია, მაშინ კი მოსთხოვა მაყვალა მასწავლებელს, რომ ჩემი დედინაცვლისთვის დაერეკა და მოეხედა. სასწრაფოდ საავადმყოფოში ვიყავი გადასაყვანი. ქალბატონმა მოსვლაზე თურმე უარი განაცხადა, ისეთი საძაგელი ბავშვია, ავადმყოფობას იგონებს, რომ საქმე არ დავავალოვო. მაშინ, მაყვალა მასწავლებელმა თვითონ დაურეკა სასწრაფოს და მეც რაიონის საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაშინვე ამიღეს ანალიზები, ნემსები გამიკეთეს და სამკაციან პალატაში მომათავსეს, სადაც სხვა ბავშვებიც იწვნენ და თავზე მშობლები ედგნენ. უპატრონოდ მყოფს, თანაც ნემსების და ექიმების სასწაული შიშით შეპყრობილს გული ამომიჯდა და გვარიანად ვისლუკუნე ჩემთვის საწოლში ოთხად მოკეცილმა. იმ წუთში ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა. მინდოდა გვერდში მყოლოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ტუჩების ჩემს შუბლზე შეხებაც კი გამომაჯანმრთელებდა. რომ ვერა და ვეღარ დამაწყნარეს, ალბათ დამამშვიდებელი გამიკეთეს, რადგან მალევე დამეძინა. თუმცა მაინც ვშფოთავდი და ვბორგავდი. ხან დედა მელანდებოდა, ხან მამა. ხან ასმათი ბებია და ხანაც "ურჩხული" ჯეკო. თურმე, მთელი დღე-ღამე და პლიუს კიდევ ერთი დღეც სიზმრების სამყაროში ვიყავი, თუმცა ვერც ერთი სიზმრიდან აზრი ვერ გამოვიტანე. სიცხეს ძილშიც კი ვგრძნობდი და საშინლად ვბორგავდი. მერე კი, სიცხემაც დამიწია და ცოტა უკეთესობა დამეტყო. გამეღვიძა. წყალიც მწყუროდა და მშიოდა კიდეც. შეშინებულმა მოვავლე ცარიელ ოთახს თვალი. (თურმე, რომ დავმძიმდი, რეანიმაციაში გადამიყვანეს.)
გავიღვიძე თუ არა, მალევე შემომხედა ახალგაზრდა ექთანმა. ღიმილით მომიკითხა. რომ ვუთხარი წყალი მწყუროდა, მაშინვე დაფაცურდა და ღიმილით დამალევინა. საჭმელიც კი მშიოდა, მაგრამ ვერ გავუბედე ამის თქმა. სიცხე რომ გამიზომა, თვითონვე მკითხა, ხომ არ მშიოდა. ხმა ვერ ამოვიღე. მხოლოდ თვალები ამიწყლიანდა. ექთანი ხმისამოუღებლად გავიდა პალატიდან, მაგრამ მალევე დაბრუნდა და ერთი ფუნთუშა და მოზრდილი ფინჯნით ჩაი შემომიტანა. ცხოვრებაში იმაზე გემრიელად არაფერი მიჭამია და დამილევია. არც იმ ექთნის თვალები დამავიწყდება, რა თვალებითაც მე მიმზერდა, სანამ მის წილ ფუნთუშას მუსრს ვავლებდი. საღამოთი კი, უკვე პალატაშიც გადამიყვანეს, სადაც დეიდაჩემის მეზობლის ბავშვიც იწვა იქ და დედამისმა დეიდაჩემს დაურეკა.
ერთ საათში მომაკითხა დეიდამ. გადაფითრებული და მისავათებული რომ დამინახა, ჯერ ცხარე ცრემლით ატირდა, მერე კი ჩემს დედინაცვალს დაურეკა და გემოზე გამოლანძღა. თუმცა, შეაყარე კედელს ცერცვიო.
რომ გამოვკეთდი და საავადმყოფოდან გამომწერეს, დეიდამ წამიყვანა თავისთან. დედასავით მივლიდა. მისი შვილებიც კარგად მეპყრობოდნენ. სულაც არ გავდნენ ლიკას. მაგრამ მხოლოდ ერთ დღეს გასტანა ამ იდილიამ. მეორე დღეს ჩემი კუდიანი დედაბერი გვესტუმრა სამართალდამცავების თანხლებით, თან რაღაც საბუთებს უფრიალებდა დეიდაჩემს და საზარელი ხმით გაჰკიოდა ბოლო ხმაზე:
_რა უფლებით წამოიყვანე ეს ბალღი! მისი მეურვე მე ვარ!
_იმ უფლებით, რომ არ აქცევდი ყურადღებას! მედ-პერსონალი დაამტკიცებს იმას, რომ ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მოგინახულებია ავადმყოფი!
_რომელი გულმკვდარი იტყვის მაგას?_აღშფოთდა ჩემი დედინაცვალი._როგორ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს ენა და ცილი დამწამოს, რომ მე ამ უვარგისს ყურადღებას არ ვაქცევ? რამე გაკლია შე გასალაყებელო?_ახლა მე მომიბრუნდა გადმოკარკლული თვალებით._თავის დროზე არ ჭამ, არ სვამ თუ არ გძინავს? შიშველი დამყავხარ?
ისე შემეშინდა, ხმა ვეღარ ამოვიღე.
_თქვი რამე! რა ენა ჩაგივარდა მუცელში?
_ვერ ხდავ, რომ შენი ეშინია?_გაცხარდა დეიდაჩემიც._ისე უკივი და უბრიალებ თვალებს, საშონოდ ათქმევინებ ყველაფერს!
_იქნებ, შენ ურევ ტვინს, რომ შენსკენ გადაიბირო?! ეს ლაწირაკი ჩემია, მე ვარ მისი კანონიერი მეურვე!
_რაღა დარჩა, ოთხი წელი? გახდება სრულწლოვანი და არანაირი უფლება აღარ გექნება მასზე!
_ეგე, ხომ ვთქვი, ტვინს ურევს-მეთქი?_სამართალდამცავებს მიუბრუნდათ ჩემი დედინაცვალი._უნდა რომ ამიმხედროს!
_დიახაც! მე ვიზრუნებ იმაზე, რომ გახდება თუ არა თვრამეტი წლის, წამოვიდეს შენგან! მტარვალო! რა ყოფაში გყავს ეს უსუსური ბავშვი! რატო შენს ლიკას არ ავალებ არაფერს და არ ასაქმებ? ჩემამდეც აღწევს შენი ამბები, შე გულქვა და გულღრძო ქალო!
იმდენი იჩხუბეს, ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს. თუმცა, დეიდა ვერაფერს გახდა. პირიქით, ჯარიმაც კი დააკისრეს ძალადობისთვის და მე ისევ ჩემმა ავმა და ბოროტმა დედინაცვალმა წამომიყვანა სახლში. ორი დღე ცოტა სუსტად ვიყავი და დიდად არ დაუტვირთივარ ქალბატონს, მაგრამ მესამე დღიდან კი ისევ დაიწყო ჩემი ყოველდღიური რუტინა, იმ განსხვავებით, რომ მე დროის ათვლა დავიწყე ჩემს სრულწლოვნობამდე. როგორც დეიდამ მითხრა, როგორც კი გავხდებოდი თვრამეტი წლის, აღარანაირი უფლება აღარ ექნებოდა კუდიან დედაბერს ჩემზე და ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი. ჩემს დედინაცვალსაც და მის ნაშიერსაც მოვისვრიდი ჩემი სახლიდან.
დღეებს დღეები მისდევდა, კვირებს კვირები, თვეებს თვეები და მხოლოდ წლები გადიოდა შედარებით ნელა, თითქოს კუს ნაბიჯებით. თუმცა, მოლოდინად ვიყავი ქცეული. ყოველი დღის დაღამება მიხაროდა იმ გაგებით, რომ წელიწადს კიდევ ერთი დღე აკლდებოდა. ბეჯითად ვსწავლობდი. ხშირად, მთვარის შუქზე მისწავლია გაკვეთილები. უდიდესი სურვილი მქონდა, რომ უმაღლესში დაფინანსებით მოვხვედრილიყავი. მაგრამ აქაც ხერხი იხმარა ჩემმა კუდიანმა დედინაცვალმა: მეცხრე კლასი დავამთავრე თუ არა, სკოლიდან გამომიყვანა. კლასის დამრიგებელმა და დირექტორმა ბევრი ეხვეწეს, ასე კარგად სწავლბს და ნუ დაუნგრევ ბავშვს მომავალს, საშუალო განათლება მაინც მიიღოსო, მაგრამ გაგვიჭირდა და ორ ბავშვს ვეღარ ვასწავლიო, ეს იყო მისი არგუმენტი.
ერთხელ მაშინ გავათენე კიდევ ჩემი მშობლების საფლავზე. წინანდელივით ცუდად არ გავმხდარვარ, სიცხე აღარ მქონია, მაგრამ გული მტკიოდა და ჩემი ოცნებების დამსხვრევას ვტიროდი გულსაკლავად. მის გარდა კანონით არავინ მყავდა პატრონი და მისი მორჩილების ქვეშ უნდა ვყოფილიყავი. დარწმუნებული ვიყავი, იმიტომ არ დამამთავრებინა სკოლა, რომ სასწავლებლად არ წავსულიყავი და ჩემი მონობის გარეშე არ დამეტოვებინა ეს უქნარა დედა-შვილი.
ის ღამეც იქ დავრჩი. ბევრი ვიტირე გულდათუთქულმა. უმწეობისგან მგონი პირველად დამცა დედაჩემის მიმართ საყვედური, რომ იმისთვის გამაჩინე, შენ აქ წოლილიყავი და ამ უსამართლო სამყაროში მე დავჩაგრულიყავი-მეთქი? ადრე, ჯეკო და მისი ბებია მაინც იყვნენ ჩემი გულშემატკივრები და ჩემი დარდის გამზიარებლები, ახლა? მართლაც რომ მარტოდ-მარტო ვიყავი და ქვეყანაზე არავის ქონდა ჩემი დარდი...
ტირილით გული ვიჯერე. ნელ-ნელა დაქუჩებულ ამდენ დარდს, ბოღმას და ჯავრს გასაქანი მივეცი. თითქოს, შევებაც კი მომცა გულიდან წამოსულმა ცრემლმა. გამთენიისას კი, თითქოს გონება გამინათდა. გადავწყვიტე, თვრამეტი წლის გავხდებოდი თუ არა, ჩემი დედინაცვლისგან მალულად კოლეჯში შემეტანა საბუთები და სახელმწიფო დაფინანსებით მესწავლა რაიმე პროფესია. მანამდე კი ისევ მორჩილება და ბედს შეგუების როლის თამაში მომიწევდა იმ კუდიანთან, რათა რამე არ ეეჭვა და უფრო ვიწრო ჩარჩოებში არ მოვემწყვდიე.
იქიდან ასმათი ბებიას საფლავზეც გამოვიარე, იქაც მოვიოხე ტირილით გული. ჯეკოც დავიტირე, რომელსაც მშობლიურ სოფელშიც კი არ აღირსეს საფლავი. არავინ ითავა მისი ჩამოსვენება. ამიტომ, დედისა და ბებიის შუაში მე თვითონ გამოვყავი პატარა ადგილი სადაც ჯეკოს სურათი და მისი სათამაშო თვითმფრინავი დავდე, რომელიც ჯეკოს ყველაზე მეტად უყვარდა. ბავშვთა სახლში წასვლისას კი მე ჩამაბარა, ამისთვის დავბრუნდებიო...
სახლში რომ დავბრუნდი ჩემს დედინაცვალს და მის ნაშიერს ისევ ეძინათ და არც ამჯერად გაუგიათ ჩემი არყოფნა. ხო და, ძალიანაც კარგი, ზუსტად ასე გავიპარებოდი რაიონში და კერძო საცხოვრებელში ისე დავიდებდი ბინას, ვერც ამას გაიგებდნენ. მთავარი ახლა ის იყო, რომ არავის არაფერი გაეგო ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. აქედანვე გროშების გადანახვაც არ მაწყენდა, რომ თავი გამეტანა. მერე კი, სწავლას რომ მოვრჩებოდი, დიდი ქალაქისკენ გავეშურებოდი ბედის საძებნელად.
აი, ასე დავგეგმე ყველაფერი და ჩვეულებრივ მორჩილებით განვაგრძე ჩემი უღიმღამო ცხოვრება.
********************
ჩემს მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე კი ჩემმა დედინაცვალმა საჩუქრად ტელეფონი გადმომცა. საჩუქრებს ნაჩვევი არ ვიყავი, მითუმეტეს ამ კუდიანისგან. თავიდან მეგონა, რომ მასხრად მიგდებდა და გამორთმევის მეშინოდა. ერთხანს გაოცებული შევყურებდი ოდნავ დაელმებულ თვალებში, სადაც მისი ზრახვების ამოკითხვას ვცდილობდი.
_გამომართვი, გამომართვი, შენია._გამოწვდილი ყუთი თითქმის ძალით მომაჩეჩა._ნომერიც გიყიდე და მეხსიერების ბარათიც.
_თუ არ იცი მაგის მოხმარება, არ მოგერიდოს, მითხარი და გასწავლი._ლიკამაც ამოიდგა ენა, რომელიც რატომღაც დაბოღმილი მომჩერებოდა._მე აგირჩიე, ყველაზე კარგი ტელეფონია.
რამდენ ხანს ვიდექი გაოგნებული და რამდენ ხანს დავჩერებოდი ჩემს ხელში საგრძნობლად აცახცახებულ მათ საჩუქარს, ნამდვილად არ ვიცი. სიზმარში მეგონა თავი. ველოდებოდი, როდის გამომეღვიძებოდა. მაგრამ... მალევე გავაცნობიერე, რომ რეალობაში ვიყავი.
ამ ხნის მანძილზე, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრნენ ეს ქალბატონები, ერთხელაც არ მომპყრობიან ადამიანურად და ახლა რა ხდებოდა ვერ ვხვდებოდი. რომ ვთქვა, საჩუქარმა მომქრთამა და თავგზა მთლად ამირია-მეთქი, ასე არ იყო. თუმცა, არც უმაგისობა ეთქმოდა. გული მომილბა ცხოვრებაში პირველად რომ მომაქცია ჩემმა ავმა და ავყია დედინაცვალმა ყურადღება. უფრო, ის გამიხარდა, რომ ეს ეშმაკის მოგონილი რაღაც ძალიან გამომადგებოდა. ინტერნეტში ათას რამეს ვისწავლიდი. ინტერნეტითვე შემეძლო კოლეჯში დარეგისტრირება, როგორც ეს ჩემმა კლასელმა და მეგობარმა გურანდამ მითხრა. მაგრამ თან მეშინოდა. რის გამო მომაქციეს ყურადღება და რის გამო დამაფასეს ნეტა? რაღაც სარჩული აუცილებლად ედებოდა მათ ამ ქმედებას და რა, ამის გარკვევა იყო საჭირო. არ მინდოდა მათ დაგებულ მახეში გავბმულიყავი.
_ნახე, რა კარგ ფოტოებს იღებს?!_ლიკამ ყუთი გახსნა და იქიდან ვარდისფერი ტელეფონი ამოიღო, მერე ხელი მომხვია და ჩემთან ერთად სელფი გადაიღო._მაღალი ხარისხის კამერა აქვს. ნახე, რა სასწაული ფერებია._იმ წუთას გადაღებული ფოტო მაჩვენა.
მართლაც არაჩვეულებრივი ფოტო იყო. მართალია, ცოტა დამორცხვებული ვიყავი და გაოცებული გამოხედვა მქონდა, მაგრამ ლამაზად გამოვიყურებოდი. ამ ტელეფონზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. მარტო ამნაირზე კი არა, უბრალოზეც კი.
_კიდევ ვერ დაუჯერებია, რომ თავისია._გაეცინა ლიკას და მოულოდნელად ლოყაზე მაკოცა._შენია, შენი, ჩაიდე ჯიბეში.
ხელში ხომ მძიმედ მეჭირა ტელეფონი და მაფრთხობდა, ლიკას კოცნამ უარესად დამაფრთხო. ლოყა ისე ამეწვა, თითქოს ნაკვერჩხალი მიაყარესო.
_იცი, მეც მაქვს შენთვის სიურპრიზი._ჩურჩულით დაამატა და თან ეშმაკურად აუციმციმდა თვალები._ტორტის შეკვეთა მივეცი და დამირეკეს, მალე მოიტანენ. შეგიძლია, გურანდასაც დაუძახო და ყავაზე დაპატიჟო.
ერთ დღეში ერთბაშად ამდენი საჩუქარი და ყურადღება სასწაული იყო ნამდვილად.
_მიდი, გაიქეცი, შენს დაქალს დაუძახე და ყავის ფართი მოვაწყოთ ხეივნის ქვეშ._ხელითაც კი მიბიძგა, რომ წავსულიყავი.
მეც მექანიკურად დავიძარი ადგილიდან და გურანდასთან წავედი. თერთმეტი წლის მანძილზე ერთი თბილი სიტყვა და ერთი წყვილი ნასკი არ მახსოვდა არც დედინაცვლისგან და არც ლიკასგან. მეგონა, სულით ხორცამდე ბოროტები იყვნენ. თურმე, სიკეთის კეთებაც შესძლებიათ... და რატო მალავდნენ ამ თვისებას საგულდაგულოდ? ფიქრებში გართული ვერც კი ვაცნობიერებდი იმას, რომ ორღობეში პატარა ბავშვივით აღტაცებული გავრბოდი. გურანდას სახლს რომ მივუახლოვდი, შევჩერდი, ცოტა შევისვენე და ჭიშკარი უნდა შემეღო, რომ ვიღაცამ დამასწრო და ეს ვიღაც გურანდა აღმოჩნდა, რომელიც გაოცებული ამესვეტა წინ.
_ვაა, იუბილარო? ზუსტად შენთან ვაპირებდი ახლა გადმოსვლას და შენი ფეხით არ მესტუმრე? შემოდი, შემოდი.
_არა, იყოს. შენს წასაყვანად მოვედი. ლიკას ტორტის შეკვეთა მიუცია და დაპატიჟე შენი დაქალიო.
_რაო?... ტორტის შეკვეთაო?... ვინ? ლიკამ?_ისე გაუფართოვდა გაოცებისგან შავი თვალები, მეგონა საცაა ბუდიდან ამოუცვივდება-მეთქი.
_გიკვირს არა? მეც მიკვირს, მაგრამ აი, ნახე._ტელეფონიც ვაჩვენე._დედინაცვალმა მაჩუქა.
_რაა? სერიოზულად? არ გადამრიო._ტელეფონი ფრთხილად ჩამომართვა და გულდასმით დაათვალიერა._ვაა, რვაას ლარამდე მაინც დაუჯდებოდა, იაფფასიანი კი არ არის... რასთან დაკავშირებით გაჩუქა?_ეჭვით მოწკურა ახლა წუთის წინ გაფართოებული თვალები.
_არ ვიცი._მხრები ავიჩეჩე._დაბადების დღე მომილოცეს.
_უეჭველი რაღაც ექნებათ ჩაფიქრებული, თორემ ასე არ გაირჯებოდნენ._დაასკვნა ჩემმა ბრძენმა დაქალმაც.
_სიმართლე ვთქვა, მეც ეგ აზრი დამებადა და ცოტა მეშინია, რამე ხაფანგში არ გამაბან.
_იქნებ, ტორტი მოწამლულია და უნდა, რომ დაგვხოცოს?_ისევ გაუფართოვდა გურანდას შიშისგან თვალები.
ერთხანს მეც თვალებგაფართოებული შევყურებდი მეგობარს. არ იყო გამორიცხული, რომ დედა-შვილს ჩემი მოშორება ქონდა დაგეგმილი.
_არ მგონია... ტორტი ხომ შეკვეთილია და მათ არ გამოუცხვიათ?_ვარაუდი გამოვთქვი ბოლოს.
_კარგი, წამოვალ, ვნახოთ ერთი რა ტორტი შეუკვეთა იმ ეშმაკის მოციქულმა._ბოლოს, ხელკავი გამომდო და ჩემი სახლისკენ გავწიეთ.
გზაში კიდევ ბევრი სავარაუდო ვარიანტი განვიხილეთ, რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა, რომ დახარჯულიყვნენ კუდიანი ქალები, მაგრამ სახარბიელო ვერაფერი მოვიფიქრეთ. ისე მივუახლოვდით ჩვენს ჭიშკარს, გაგვიკვირდა კიდეც, რა მალე მოვედითო.
შეკვეთა მართლაც მოეტანათ და ლიკა ტკბილეულის მაგიდას შლიდა ეზოში. თან, ფერადი ბუშტებით ისე გაეფორმებინა გარშემო ყველაფერი, რომ, მომეწონა. ვაღიარებ, მოენდომებინა და ძალიან ლამაზი სანახავი იყო. მგონი, საბოლოოდ მომილბა ამ კუდიანებზე გული. დამინახა თუ არა, ტორტზე სანთლები აანთო და სიმღერაც წამოიწყო:
_"რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი მზეა,
იმიტომ რომ დღეს თეოს
დაბადების დღეა!!!"
გილოცავ!!! გილოცავ!!!
გაოგნებულები ვიდექით მე და გურანდა და ხან ერთმანეთს შევყურებდით და ხანაც ლიკას, რომელიც ღიმილით მოგვჩერებოდა ორივეს.
_მოდი, სურვილი ჩაიფიქრე და სანთლები ჩააქრე._ისე შემაგულიანა, პატარა ბავშვივით აღტაცებულმა მართლაც ჩავიფიქრე სურვილი.
რამ გამახსენა ჯეკო არ ვიცი, მაგრამ მისი კარგად ყოფნა ჩავუთქვი სადაც იყო და როგორც იყო. დარწმუნებული კი ვიყავი, რომ ზეცაში იყო სამოთხეში და არაფერი გაუჭირდებოდა, მაგრამ მაინც...
_წავალ, ყავას დავადგამ და ახლავე დავბრუნდები._უცბად დაცქრიალდა ლიკა და სამზარეულოში გაიქცა.
_სიზმარში ვარ?_გურანდამ მკლავზე გამეტებით იჩქმიტა და რომ ეტკინა, სახე დაემანჭა._რაღაც გეგმას ამუშავებენ იცოდე. ამათი ღიმილის და კეთილი საქმის უკან ვერაგული ზრახვები იმალება._დარწმუნებით მითხრა და მაგიდასთან სკამზე ჩამოსკუპდა.
_მეც მაგას ვფიქრობ, მაგრამ... იქნებ მართლაც შეიცვალნენ?
_შეცვლით მართლაც შეიცვალნენ, მაგრამ დროებით. არ მოგატყუოს მათმა ცხვრის ტყავში გადაცმულმა სიფათებმა. ჩვეულებრივი მტაცებელი მგლები არიან ისევ._კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ჩემი დედინაცვალი რომ გამოვიდა სახლიდან ღიმილით, მაშინვე გაჩუმდა.
_კარგია, მეგობარიც რომ მოიწვიე._მომიწონა. თან გურანდას მიესალმა ღიმილით.
რატო იყო კარგი, მაგას ვერ მივხვდი. რომ ვმეგობრობდი ვინმესთან, თუ მასაც რომ დაანახვებდნენ საკუთარ გულუხვობას და სიკეთეს?
სულ მალე ლიკაც გამოვიდა ლანგარზე დალაგებული ოხშივარანადენი ყავის ფინჯნებით ხელში. გურანდას აზრმა გამკრა თავში, რომ მოწამლული ტორტით უნდოდათ ჩემი თავიდან მოშორება, მაგრამ ყავა მაგიდაზე რომ დადგა ლანგრით და ტორტი დაჭრა, მოსვრილი თითები სიამოვნებით გაილოკა, არაჩვეულებრივიაო. გურანდამ ახლა ყავის ფინჯნებს გადახედა ეჭვით.
_ჩემი რომელია?_ისე იკითხა, მივხვდი უფრო იმას კითხულობდა, მოწამლული რომელიაო.
_რომელიც გაგიხარდება ის აიღე._ლიკამ რომ "ალალად" შეჰღიმა, მართლაც რომ პირი დამრჩა ღია.
ჩემი დედინაცვალიც გვერდით მოგვიჯდა და მანაც სიამოვნებით დალია ჩვენთან ერთად ყავა და ტორტიც მიირთვა. მხიარულად იჭუკჭუკეს ჩვენისთანა "გოიმებთან," როგორც ამას ერთ დროს გვეძახდა ლიკა. ეგ კი არა და, სუფრის ალაგებაც კი არ დამანებეს, შენ დღეს იუბილარი ხარ და გაერთე და დაისვენეო.
_წამოდი, სადმე გავისეირნოთ და ფოტოებიც გადავიღოთ._გურანდამ ხელკავი გამომდო და ეზოდან გამომიყვანა._თან ვილაპარაკოთ. რა ბზიკმა უკბინათ ნეტა? სულ თაფლად და შაქრად იღვრებოდნენ. რატო მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ რაღაცას გიმზადებენ?.. ჯერ ხომ ჩვიდმეტი წლის გახდი? თვრამეტის რომ იყო, ვიფიქრებდი, შენი სრულწლოვანება აფიქრებთ-მეთქი... ან, იქნებ წინ და წინ იწინაურებენ საქმეს, რომ არსად წახვიდე?
_ერთი წელი გაუქაჩავენ ვითომ აფერისტობას?_გამიკვირდა.
_რავიცი._მხრები სასაცილოდ აიჩეჩა._წამოდი, მინდორში მოყვავილე ყაყაჩოების ფონზე შენი ახალი ტელეფონით ფოტოები გადავიღოთ._მოულოდნელად გაიქცა და მეც თავპირისმტვრევით გამაქცია.
სულ სიცილ-კისკისით ჩავირბინეთ სოფლის ორღობეში. ჯეკოს სახლს რომ მივუახლოვდით, შევჩერდით. უპატრონოდ მიგდებულ ეზოში უამრავი ყაყაჩო ყვაოდა. სისხლისფრად ლივლივებდა ეზო. ერთხანს დამუნჯებულებივით შევყურებდით ამ სილამაზეს. ეზოში შესვლა რომ დავაპირე, გურანდამ შიშით მომკიდა მკლავზე ხელი და შემაჩერა.
_მოიცა, სად მიდიხარ?
_ფოტოების გადასაღებად._მშვიდად რომ ვუთხარი, უფრო შეეშინდა.
_ამ სახლში მოჩვენება ბინადრობსო და არ გეშინია?
წლების წინ მიტოვებული სახლიდან სოფლელებმა ბევრი რამ გაზიდეს, რაც კი რამ გადაურჩა მაშინდელ ხანძარს. კარ-ფანჯარაც კი ჩამოხსნეს და სულ გაანიავეს ისედაც განიავებული სახლი. მერე კი, ხმა დაირხა, მოჩვენება ბინადრობს ამ სახლშიო და სათოფეზე აღარავინ ეკარებოდა. მე კი არასდროს მეშინოდა და არ მეჯერა მოჩვენების არსებობის, მაგრამ გურანდას რომ შევხედე და რეალური იყო მისი შიში, შევჩერდი. არა და, მარტო ყაყაჩოები კი არა, აივნის სიახლოვეს მუქი იასამანიც გაგიჟებით ყვაოდა და სასიამოვნო სურნელსაც აფრქვევდა.
_ამხელა გოგოს კიდევ გჯერა მოჩვენებების?_გამეღიმა.
_ამ სახლში მართლაც დაძრწის მოჩვენება. ზაურას და მისნაირებს ეშინიათ და მე რომ შემეშინდეს, დიდი ამბავი? შენ რა, არ გეშინია?_გაკვირვებულმა შემომხედა._თუმცა, შენ იმ ურჩხულთან მეგობრობდი და არ გეშინოდა._მერე ისევ ხელკავი გამომდო, გაიქცა და მეც გამაქცია._იაგოს ყანაში უამრავი ყაყაჩოა, წამოდი და იქ გადავიღოთ ფოტოები.
ორღობიდან მთავარ ტრასაზე გავედით, ისიც სირბილით გადავკვეთეთ და ვენახებისკენ დავეშვით. დაახლოებით, ხუთასი მეტრი კიდევ ვირბინეთ შეუსვენებლივ. აღმართზე რომ ავედით და მდელოს გადავხედეთ, მართლაც გადაგვეშალა თვალწარმტაცი სანახაობა. ლამის მუხლამდე მოლივლივე ყანაში წითლად ყვაოდა ყაყაჩოები. არაჩვეულებრივი სანახავი იყო და ჩვენც გეზი პირდაპირ იქით ავიღეთ.
უამრავი ფოტო გადავიღეთ. მერე, ჩრდილში მოვსხედით და ჩემი ტელეფონის შესახებ ბევრი რამ მასწავლა ჩემზე მეტად "გათვითცნობიერებულმა" გურანდამ. სოციალურ ქსელშიც კი დამარეგისტრირა და მისი მოხმარებაც მასწავლა. ერთად გადაღებული უამრავი ფოტოც ამიტვირთა და მეც მასწავლა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
გვიანობამდე შემოვრჩით გაზაფხულის ბუნებაში იალაღზე გაჭრილი ქორბუდა ირმებივით. მართლა კარგად გავერთეთ. მგონი, ცხოვრებაში საუკეთესო დაბადების დღე მქონდა. საღამოს კი, სახლში დაბრუნებულს, ისევ ღიმილით შემომეგებნენ დედაც და შვილიც. თუ თამაშობდნენ, უდავოდ ოსკარს იმსახურებდნენ ასეთი უბადლო შესრულებისთვის. თუ არა და, რა მოხდა ისეთი, რამაც ასე რადიკალურად შეცვალათ ნეტა? გადავწყვიტე, გურანდა არ გამერია ამ ამბავში და ჩემი ძალებით გამერკვია ყველაფერი. ჯერ კი დაღლილი, მაგრამ ამავე დროს უზომოდ კმაყოფილი ვიყავი და იმის გასარკვევად დრო არ დამიხარჯია. არ მინდოდა რამეს წაეხდინა ჩემთვის გუნება და ჩემი არაჩვეულებრივი დაბადების დღის განწყობა რამეს გაეფუჭებინა...
დილაუთენია კი ჭინჭრის საკრეფად და ენდროს მოსათხრელად წავედი. ტრადიციისამებრ, წითელი პარასკევისთვის დავიწყე მზადება. ჯეკოს სახლს რომ მივუახლოვდი, სულმა წამძლია და ფოტოების გადასაღებად მაინც შევედი ეზოში. ყაყაჩოების ფონზეც უამრავი ფოტო გადავიღე და ლამაზად მოყვავილე იასამანთანაც. ცოტა ხნით მწვანე მდელოზეც კი წამოვწექი და თვალებმინაბული ნებიერად მივეფიცხე ამომავალ მზეს. მერე, თითქოს, ვიღაცის მზერა ვიგრძენი და მაშინვე წამოვდექი. გულდასმით მოვათვალიერე ირგვლივ ყველაფერი, მაგრამ საერთოდ არავინ ტრიალებდა იქ. ჩემს თავზე თვითონვე გამეღიმა და ჩალიანისკენ ღიღინით დავეშვი, სადაც უამრავი ჭინჭარი მეგულებოდა. ბარაქიანად მოვკრიფე, ენდროც მოვთხარე და სახლში დავბრუნდი. სანამ დედა-შვილი ინებებდა ადგომას, ენდრო გავრეცხე, დავჩეჩქვე და მოსადუღებლად დავდგი. მერე კი, ხორბლის გადარჩევა დავიწყე წანდილისთვის. უკვე მორჩენილი ვიყავი, რომ ლიკამ გაიღვიძა და ჩვეულებრივი უჟმური სახით გამოვიდა. თუმცა, დამინახა თუ არა, ღიმილი მოირგო სახეზე.
_ვიფიქრე, ჭინჭრის საკრეფად გამოგყვებოდი, მაგრამ შენ უკვე გიყოჩაღია._ვედროთი მდგარ გადასარჩევ ჭინჭარზე მანიშნა._გადარჩევას კი ვერ შეგპირდები, არ შემიძლია._სასაცილოდ დაიმანჭა. მერე ისევ სახლში შებრუნდა და სავარაუდოდ ძილი შეიბრუნა.
არ ვიცი, მართლა აპირებდა თუ არა გამოყოლას, მაგრამ რომ მითხრა ვაპირებდიო, მაინც მესიამოვნა და გულს მალამოსავით დაეფინა თითქოს. წლებია, მათგან ერთი თბილი სიტყვა არ მსმენოდა, მოხმარებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო. ხო და, ეს უბრალო ნათქვამიც კი მითბობდა და მიხარებდა გულს. მართალია, იმასაც ვხვდებოდი, რომ რაღაცის გამო იყვნენ ასე შეცვლილები, მაგრამ მე, სულელს, მაინც მიხაროდა.
წანდილიც რომ დავადგი, მერე ჭინჭრის დარჩევა დავიწყე. ისიც ღიღინით გავრეცხე და მოსახარშად დავდგი. მერე, წითელი ჭარხალი და ლობიოც დავდგი. ამ ყველაფერს რომ მოვრჩი, ყავა გავიკეთე, გუშინდელი მონარჩენი ტორტიც ჩამოვიჭერი და აივანზე მყუდროდ მოვეწყვე.
თურმე, რა ცოტა რამ ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის! დიდებულ განწყობაზე დამაყენა ერთმა ფინჯანმა ყავამ და იმ ტორტის პატარა ნაჭერმა, რომელიც გუშინ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად მომართვეს.
ყოველთვის შევნატროდი გურანდას, დედამისი ტკბილეულის სუფრით რომ უღნიშნავდა შვილს იუბილეს. ბევრჯერ, ერთი კანფეტით გამინებივრებია საკუთარი თავი და გუნებაში დაბადების დღის სიმღერაც კი მიმღერია. არც ლიკას და არც ჩემს დედინაცვალს არასდროს ახსოვდათ ჩემი დაბადების დღე. არა და, შვიდ აპრილს, ხარებობა დღეს ვარ დაბადებული. თუ თვითონ არ გინდა, ამ დღეს ვერ დაივიწყებ, ისეთი ღირშესანიშნავი დღეა. ახლა კი, ახლა ტორტით და ძვირადღირებული ტელეფონით ამიღნიშნეს. ალბათ, სრულწლოვნობის ასაკს რომ ვუახლოვდებოდი, მიტომაც მეპირფერებოდნენ ასე, მომავალში არსად რომ არ წავსულიყავი და ისევ მათ მოახლედ დავრჩენილიყავი. სხვა ვერანაირი ახსნა ვერ ვუძებნიდი მათ ამ სახეცვლილებას.
ის იყო, ყავის სმას მოვრჩი და ტორტიც სიამოვნებით მივირთვი, რომ ჩემმა დედინაცვალმაც ინება აბრძანება. იქვე აივანზე მყუდროდ მოწყობილი რომ დამინახა, ნაძალადევად შემომღიმა და მომიბოდიშა, წუხელ ცუდად ვიყავი და დილით თავი ვეღარ ავწიე საწოლიდანო. (თითქოს, სხვა დროს ამაზე ადრე დგებოდა.)
_გიცქრიალია გოგოს._შემაქო და ჩემს პირისპირ მოკალათდა სკამზე.
ისეთი მოკლე ხალათი ეცვა, ვენებით დაქსაქსული ბარკლები მთელი თავისი სიდიადით გამოუჩნდა. შემრცხვა და თვალი მოვარიდე.
_ამ საღამოს მე და ლიკა ჩემს ძმასთან მივდივართ, სააღდგომოდ იქ დავრჩებით. დედაჩემის საფლავზე ვაპირებ გასვლას. შენ ვერც კი გთავაზობ, მშობლების საფლავზე გენდომება ალბათ...
გუნებაში გამეღიმა, ესენი ყოველთვის ასე იქცეოდნენ და მაინცდამაინც ახლა რატო მებოდიშებოდნენ ვითომ? მაგრამ ამავე დროს მესიამოვნა, გამიხარდა რომ ადამიანად ჩამთვალა და მითხრა.
_ხო, დედ-მამის საფლავზე უნდა ავიდე. თან, სახლს უპატრონოდ ხომ არ დავტოვებთ? კრუხ-წიწილა, ინდაურები და საქონელია მისახედი.
_ხოო, ეგ თავისთავად. ვიფიქრე, შენ და ლიკას გაგაგზავნიდით ჩემებთან, მაგრამ შენ შენი მიცვალებულები გენდომება დარწმუნებული ვარ.
თავი რომ დავუქნიე, "გული დაიმშვიდა", ადგა და ეზოში ჩავიდა.
სიმართლე რომ ვთქვა, მათ გარეშე უკეთესად ვგრძნობდი თავს. სამი-ოთხი დღით იკარგებოდნენ ყოველთვის. არასდროს ქონდათ სახლის დარდი. იცოდნენ, რომ მე მივხდავდი და მშვენიერ არდადეგებს იწყობდნენ. მართალია ამ წელს განსხვავებულ ფორმატში, მაგრამ თითქმის იგივენაირად.
მზის ჩასვლამდე კვერცხებიც შევღებე წითლად და დედა-შვილსაც მოაკითხათ შიომ თავისი მანქანით. სანამ ქალბატონები გამოიპრანჭებოდნენ, მას მე გავუმასპინძლდი ყავით და ტკბილეულით.
მართალია ჩემი დედინაცვლის უმცროსი ძმა იყო, მაგრამ საერთოდ არ გავდა მას. ალალი და გულმართალი კაცი იყო. ცოტა წავიჭორავეთ საჭირბოროტო საკითხებზე და ახალი შებინდებული იყო, რომ წავიდნენ. ეს დღეები კი ადამიანურად მეპყრობოდნენ, მაგრამ მაინც შვებით ამოვისუნთქე მათი წასვლის შემდეგ. ასეთი გასტროლები წელიწადში რამდენჯერმე კი ქონდათ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ამ დროს მიყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ თვითონ გაზაფხული მიყვარდა ძალიან და გაზაფხულის თავისუფალი დღეები ჩემთვისაც არაჩვეულებრივი იყო.
შაბათს დილიდანვე გურანდაც მესტუმრა და პასკები გამოვაცხეთ. ეტყობა, ძალიან მოვიწადინეთ, რადგან საუკეთესო პასკები გამომიგვივიდა. კვირას ეკლესიაში წავედით წირვაზე, ორშაბათ დილით კი, ჩემს მშობლებს ავაკითხე და ქრისტეს აღდგომა ვახარე. არც ასმათი ბებია და ჯეკო დამვიწყნია. მათ საფლავებზეც გამოვიარე და სანთლები დავანთე. ცრემლებიც ვღვარე და გულდამძიმებული წამოვედი იქიდან. რატომღაც, ღელეზე ჩავლა განვიზრახე და ციცაბო დაღმართზე დავეშვი. ვცდილობდი, ნელა მევლო, მაგრამ არ გამომდიოდა, ინერციით მოვქროდი მწვანედ აბიბინებულ ფერდობზე. ნედლ და ქორფა ბალახზე ფეხი ციგასავით მიცურდა. სახიფათო კი იყო, თავი რომ ვერ შემემაგრებინა, ღელეში ჩავვარდებოდი და გვარიანადაც დავშავდებოდი, მაგრამ სახალისოც იყო. ოდნავადაც არ შემშინებია. ამ ღელეში წლების წინ წყალი უხვად მოედინებოდა და მე და ჯეკო ჩვენივე გაკეთებული ანკესებით ვთევზაობდით. იმ ადგილების დანახვაზე, სადაც წყალს ვაგუბებდით და ვჭყუმპალაობდით, გამეღიმა. თითქოს, ნათლადაც კი ჩამესმა ჩვენი აღტაცებული შეძახილების ხმა. შეჩერება შევძელი. ერთ-ერთ მოზრდილ ქვაზე ჩამოვჯექი და უაზროდ გავუშტერე უკვე დამშრალ ღელეს თვალი. რამდენი უდარდელი და ბედნიერი წამი მქონდა აქ გატარებული. ისე გავერთე და ჩავიძირე ტკბილ-მწარე მოგონებებში, საათზე მეტიც კი დავყავი იქ. ისე შეუმჩნევლად გამეპარა დრო, ვერც კი გავიგე. ტელეფონზე საათს რომ დავხედე და სამი ხდებოდა უკვე, ფეთიანივით წამოვხტი და სახლში გავქუსლე.
ჩვენს ორღობეში რომ შევედი, ვიღაც მოტოციკლისტს გადავაწყდი და გული გადამიბრუნა თავისი ბღუილით. უფრო იმიტომ, რომ გივის ძაღლი მოსდევდა გაგულისებული ყეფით. ვინ იყო ვერ ვიცანი, რადგან შავი შლემი ეხურა თავზე და მინაც კი შავი ქონდა. ჩვენს სოფელში მხოლოდ ვალიკოს ბიჭებს და იაგოს უმცროს ძმას, კობას, ყავდათ მოტოციკლეტები. აქედან რომელიმე იქნებოდა, მაგრამ ორღობის უსწორ-მასწორო გზაზე რატომ შემოვიდოდნენ ვითომ? შეშინებული შევჩერდი და ღობეს ავეკარი. გივის ვეებერთელა ნაგაზმა კი ჩამირბინა, მაგრამ მოტოციკლს რომ ვერ დაეწია, რომელიც ტრასაზე გავიდა და ლამის მთელი სისწრაფით გაიჭრა წინ, მალევე მობრუნდა და ახლა მე შემყეფა.
_ვაიმე, დედა..._შეშინებულმა ძლივს ამოვიგმინე და თვალები რაც შემეძლო ძლიერად მოვხუჭე.
_ლომა! ადგილზე!_მალევე შემომესმა გივის ხმა და ცოტა იმედი მომეცა. თვალების გახელა კი მაინც ვერ გავბედე._რამე ხომ არ დაგიშავა?_შეშფოთებულმა მკითხა და მკლავზე წამატანა თავისი დაკოჟრილი ხელები.
_არა, ცოტა შემეშინდა._ძლივს ამოვილუღლუღე და თვალები ნელ-ნელა გავახილე.
_ასეთი რაღაცეები არ სჩვევია და ახლა რა ჯანდაბა დაეტაკა, ვერ ვხვდები. ან როგორ აეშვა. მართლა კარგად ხარ?_ისევ გულდასმით შემათვალიერა ორმოციოდე წლის კაცმა.
_კი, კარგად ვარ, ვერ მოასწრო კბენა._შიშჩაბუდებული თვალებით ერთხელ კიდევ შევხედე ვეებერთელა ნაგაზს და გაღიმება შევძელი.
_თუმცა, შენ იმ ქოფაკებს უძლებ და ეს როგორ დაგჯაბნიდა?_ძაღლის საყელოს მოხერხებულად სტაცა ხელი და ჯაჭვი ჩააბა._წამოდი ახლა სახლში, სანამ მართლა ვინმე დაგიშავებია, საგულდაგულოდ უნდა დაგაბა.
გივი და ლომა წინ გავუშვი, მე კი უკან მივყევი ნელი ნაბიჯებით.
ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ გურანდაც წამოგვეწია. წელზე მომხვია ხელი და ისე მომყვა სახლამდე.
_შენი ბოსი და ბოსის ქალიშვილი ისევ მივლინებაში არიან?_ჭიშკარი გასაღებით რომ გავაღე, შემომღიმა._როდის მოვლენ?
_ალბათ, დღეს საღამოს. რამე გინდოდა?
_თუ ამაღამაც არ მოვიდოდნენ, შენთან დავრჩებოდი...
_დარჩი, რა პრობლემაა? მე მაინც ჩემი ოთახი მაქვს.
_არა, მადლობა, იმ გველაძუების გარემოცვაში ნამდვილად არ მინდა აქ ყოფნა. ასე მგონია, რომ ვსუნთქავ, ისიც კი შურთ და ერთი სული აქვთ სულს როდის ამომხდიან._ეს ისე დარწმუნებით და სერიოზულად თქვა, გამეღიმა.
_რა გაცინებს, ტყუილს ვიძახი? ყოჩაღ შენ, რომ უძლებ და დღემდე ცოცხალი ხარ. სხვა შენს ადგილზე ამდენს ვერ გაქაჩავდა... რა ქენი, აბა, შენს ტელეფონს მიეჩვიე? კარგად გაუგე?_სხვა თემაზე რომ გადაიტანა საუბარი, გამიხარდა და მეც ავყევი.
ჩემი გადაღებული ფოტოები რომ დაათვალიერა, გამიწყრა.
_იმ მოჩვენებიან სახლში მაინც გადახვედი? რა გულის პატრონი ხარ, არ შეგეშინდა?
_რისი უნდა მეშინოდეს?_გავიკვირვე._იმ ასაკში აღარ ვარ, რომ მოჩვენებების მჯეროდეს. სხვა რა უნდა იყოს ვითომ?
_ელისი ხარ რა.
_ეგ ელისი ვინღაა?_გამიკვირდა.
_არის ასეთი ფილმი "ბოროტების სავანე" და იქ არის ერთი შენისთანა უშიშარი გოგო...
გამეცინა.
_რა გაცინებს? ჯერ იყო და ჯეკოსთან მეგობრობდი. ახლა ამ დაწყევლილ და მოჩვენებებით სავსე სახლში დაძვრები. შენს კუდიან დედინაცვალს და მის ნაშიერსაც უძლებ... ხო, მართლა, სულ გადამავიწყდა რისთვისაც მოვედი._უცბად შეწყვიტა თავისი მონოლოგი და დამნაშავის იერით შემომხედა._დედამ თქვა, სამი ლიტრი რძე თუ ექნება, მომყიდოსო.
_რა უნდა მოგყიდო?_ვითაკილე._საქონელი რომ მოვა, მოვწველი და მოგცემ.
_ისე არ მინდაო. თან, შენები ვერ გაიგებენ და შენი ფული გაგიჩნდება. არ გინდა?
მაცდური შემოთავაზება კი იყო, მაგრამ მეგობრის დედას რძეში ფულს როგორ გამოვართმევდი? თუმცა, თავი გაიკლა და ისე არ წაიღო.
_ყულაბა გაიკეთე და ასეთ სიტუაციაში აღებული ფული იქ ჩაყარე. გამოგადგება, სასწავლებლად რომ წახვალ, ხომ დაგჭირდება? რა გგონია, შენი დედინაცვალი დაგაფინანსებს?_ჭკუაზე დამარიგა და მომეწონა მისი რჩევა.
მაგრამ, სად უნდა შემენახა ეს ფული ისეთ ადგილზე, რომ ან ლიკას და ან ჩემს დედინაცვალს არ ენახათ? ჩემს ოთახშიც კი ვერ დავმალავდი საიმედოდ. ბევრი ფიქრის და ტვინის ჭ....ტვის მერე გადავწყვიტე, ჯეკოს სახლში დამემალა. იქ, ცოცხალი თავით, არავინ შედიოდა მოჩვენების გამო და ლიკა და ჩემი დედინაცვალი ხომ საერთოდ, იქით არც კი იყურებოდნენ.
მინის ქილა საგულდაგულოდ მოვხუფე. პატარა ჭრილი გავუკეთე და პირველი ნავაჭრიც ჩავყარე. მერე, შავ ნაჭრის პარკში ჩავდე და სულ სირბილით გავეშურე ჯეკოს სახლისკენ. არსად შემისვენია. ეზოში რომ შევედი, უკვე ბინდი იყო და ცოტა არ იყოს შიშით შევედი შემურულ სახლში, მაგრამ ტელეფონის ფარნით გავიკვლიე ოთახებში გზა და ჯეკოს ოთახში, სადაც თვითონ ჯეკოს ქონდა სამალავი იატაკში გაკეთებული, იქ ჩავდე ქილა და ასევე სირბილით წამოვედი, რათა ლიკას და დედამისს არ მოესწროთ და არ გაეგოთ, რომ ამ დროს სახლიდან ვიყავი გასული.
ეზოში შევდგი თუ არა ფეხი, ჩემს ჯიბეში მელოდიურ ხმაზე ამღერდა ჩემი ვარდისფერი ტელეფონი.
ლიკა იყო.
ბოდიში მომიხადა, ვერ გვიხერხდება მე და დედას წამოსვლა და ამაღამაც მარტოს მოგიწევს ყოფნა და ხომ არ გეშინიაო.
ნამდვილად არ მეშინოდა. მიხაროდა კიდეც, როგორც გურანდა ეძახდათ, ის "სულთამხუთავები" რომ არ იყვნენ აქ. გემრიელად და სიამოვნებითაც ვივახშმე და ტელევიზორის წინ სავარძელში მოვკალათდი. ჩემს ნებაზე ჩემს მოწონებულ არხზე რომ ვერ ვრთავდი ვერასდროს, ახლა ჩემი იყო ბურთიც და მოედანიც. გული ვიმხე ასე ვთქვათ ტელევიზორის ყურებით და შუა ღამე იყო უკვე, ჩემს ოთახში ჩემს ძველისძველ საწოლს რომ მივაშურე. ისე ტკბილად და ღრმად დამეძინა, დილამდე აღარც გამიღვიძია. კიდევ კარგი ჩემს ტელეფონზე გურანდამ მაღვიძარას დაყენებაც მასწავლა და იმან გამაღვიძა, თორემ ძროხა მოსაწველი დამრჩებოდა. მერე კრუხ-წიწილასაც მივხედე და სახლის დალაგებით ვიყავი გართული, ჩემი დედინაცვალი და ლიკა რომ მოვიდნენ. ამჯერად ჩემი დედინაცვლის ბიძაშვილმა ჯონიმ მოიყვანათ.
ჯონი ოცდაათ წელს გადაცილებული დაბალი კაცი იყო. პირველი ცოლი, როგორც სოფელში ჭორაობდნენ, ეჭვიანობის ნიადაგზე შემოაკვდაო. თუმცა, ძველი პოლიციელის შვილს არ გასჭირვებია თავის "გამართლება" და "სვაბოდაზე" ყოფნა.
არასდროს მომწონდა ეს კაცი. უფრო იმიტომ, რომ მოურიდებლად მომჩერებოდა ყოველთვის და მსუნაგად ილოკავდა თითქოს ტუჩებს.
სტუმარი ღვთისააო და მეც გავუმასპინძლდი რითიც შემეძლო. ლიკასგან და ჩემი დედინაცვლისგან განსხვავებით მასთან არ დავრჩენილვარ ოთახში და მალევე გამოვედი, ჩემს საქმეს დავუბრუნდი. როდის გააცილეს სტუმარი, არ ვიცი, რადგან ჩემს ტელეფონში ჩართულ სიმღერებს ყურსასმენებით ვუსმენდი და ღრიანცელითაც რომ გაეცილებინათ, მაინც ვერაფერს გავიგებდი.
შუადღისით, როგორც ყოველთვის, სიმშვიდის საათი მოიწყეს ქალბატონებმა და მე გურანდასთან წავედი. შეტყობინება მომწერა, კვერცხი თუ გაქვს, კრუხისთვის გვინდა და მოგვყიდეო. მეც გახარებულმა ამოვაცარიელე საბუდრები და მათთან გავწიე. იქიდან კი პირდაპირ ჩემს სამალავში წავიღე ფული. უკანა გზაზე ისევ გადავეყარე მოტოციკლისტ ბიჭს. ვერც ამჯერად ვიცანი შავი შლემის შავი მინის მიღმა. ძაღლი აღარ მოსდევდა და შედარებით ნელა მოდიოდა. მე რომ გამისწორდა, კიდევაც შეანელა სვლა. მართალია, მის თვალებს ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ დაჟინებით მომჩერებოდა. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს სულში ატანდა მისი ეს დაფარული მზერა. არ ვიცი რატო, მაგრამ მთელ ტანზე ტაომ დამაყარა და აღელვებული ჩქარი ნაბიჯებით დავბრუნდი სახლში.
**********************
იმ დღის შემდეგ, ერთხელ თუ ორჯერ, კიდე შემხვდა ის ბიჭი მოტოციკლით, ჯეკოს სახლიდან რომ მოვდიოდი. ვერ გავიგე ვინ იყო და დიდადაც არ გამომიძიებია. გურანდას წყალობით გვარიანი თანხის მოგროვებაც შევძელი ჩემს სამალავში. (ის და დედამისი მეხმარებოდნენ, რომ ჩემი დედინაცვლისგან მალულად რამე გამეყიდა.) აზრიანად და ეკონომიურად რომ დამეხარჯა სასწავლებელში ფული, სამი-ოთხი თვე მაინც მეყოფოდა და მერე კი, თან ვიმუშავებდი და თან, ვისწავლიდი. როგორც გურანდა მარწმუნებდა, საერთოდ არ გამიჭირდებოდა დამოუკიდებლად ცხოვრება.
ეგ კი არა, ჩემი დედინაცვალი და ლიკაც მჩუქნიდნენ ხანდახან "ჯიბის ფულს". მართლაც რომ რადიკალურად შეიცვალნენ ჩემს მიმართ. აქამდე თუ ლიკას გამონაცვალი ძონძებით მიწევდა სიარული, ახლა საკუთრივ მე წამიყვანეს ბაზრობაზე და ჩემი მოწონებული და ჩემი ზომის ტანსაცმელიც მიყიდეს. ბოლო დროს, თითქოს სინდისის ქენჯნამაც კი შემაწუხა, მათ ზურგსუკან რაღაცეებს რომ ვხლართავდი და ვგეგმავდი. ჩემს ჩანაფიქრზე ალბათ უარსაც კი ვიტყოდი, გურანდა რომ არ მყოლოდა გვერდში.
_შენ მართლაც უტვინო და შტერი ხარ?! წლები შენს დამცირებას ცდილობდნენ და შენს ტერორში იყვნენ. გინდ ფიზიკურად და გინდ სულიერად განადგურებდნენ. ორი-სამი დღეა, რაც საჩუქრებით აგავსეს და მოგილბა გული? ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ ქრთამისტი ხარ!
_ქრთამისტი არ ვარ!_მეწყინა მეგობრის ვარაუდი.
_აბა, სხვა რა გიწოდო? დაგავიწყდა, ნახევრად მშიერ-მწყურვალი და ძონძებში გამოპრანჭული რომ დატანტალებდი ზამთრის სუსხშიც კი? შენთვის ნორმალურად არც დასვენება და არც ძილი იყო...
_ხო, მაგრამ... მგონი, შეიცვალნენ... არც ისეთი ბოროტები არიან, როგორც გარედან ჩანან...
_ეგ შეცვლა აწყობთ და იმიტომ! ტვინს გირევენ იცოდე. რაღაც აქვთ ჩაფიქრებული და დროზე დააღწიე მათგან თავი! გულწრფელად მეცოდები. ნეტა, მყავდეს საახლობლოში ისეთი ვინმე, რომ მას მიგათხოვო. საკუთარი დასავით მიყვარხარ და ვღელავ შენზე. უენო ხარ, ბრძოლის უნარი შენ არ შეგწევს და წინააღმდეგობის გაწევის. მიამიტი და მიმნდობი ხარ. ადვილად შეიძლება შენი შეცდენა და დაყოლიება. რაც თავი მახსოვს, ეგ ალქაჯები ბოროტები იყვნენ და ერთ დღეში გაკეთილშობილდნენ ვითომ? მე არ მჯერა მათი სახეცვლილების და თუ გინდა მომკალი. გეგმა აქვთ რაღაც და სანამ იმ გეგმას სისრულეში არ მოიყვანენ, ანგელოზად მოგაჩვენებენ თავს.
მაგას კი მეც ვეჭვობდი, რომ რაღაცის გამო დამიტკბნენ და მანებივრებდნენ ეს კუდიანები, მაგრამ ზოგჯერ ეს რაღაც მინდოდა, რომ მათი სიკეთისკენ ცვლა ყოფილიყო. ალბათ, გურანდასი არ იყოს, მე თვითონ რომ არ ვიყავი ბოროტი და გულში სიავე არ მედო, ამიტომაც ვიყავი ასეთი ალალი და ადამიანში ყოველთვის კარგს ვეძებდი. ყოველთვის იმის გაგებას ვიწყებდი, რომ რაღაცამ ხომ აიძულათ ბოროტებისკენ გადაედგათ ნაბიჯები?...
ერთი-ორჯერ ლიკას ბოროტული გამოხედვა დავაფიქსირე, ოღონდ წამიერად და ცოტა არ იყოს გვარიანად შევკრთი. აშკარად არ მოვწონდი და დიდად არ ვეხატებოდი გულზე. უბრალოდ, მართლაც რომ რაღაცის გამო მიტანდა. ერთხელ, მისი წუწუნიც კი მოვისმინე, კიდევ როდემდე უნდა ვითმინოვო, მაგრამ ჩემმა დედინაცვალმა ოსტატურად გამოასწორა, მთელი ღამე კბილი სტკიოდა და ვერ მოისვენაო.
ნელ-ნელა ვენახის და მინდვრის საქმიდანაც გამანთავისუფლეს და მუშების დაქირავება დაიწყეს. ამაზე უარესად გაუმძაფრდა გურანდას ეჭვი და დღედაღამ მეც იმას მეჩიჩინებოდა, რომ სიფრთხილის ზომები მიიღეო. მაგრამ მე ხომ ერთი, შტერი და სულელი გოგო ვიყავი, რომელსაც ადვილად აცდუნებდა ნებისმიერი ადამიანი? მითუმეტეს, რომ ძალიან დატკბნენ და შეიცვალნენ ჩემს მიმართ ეს კუდიანები? აქამდე თუ ჩემთან ლაპარაკს არ კადრულობდა "ბოროტისეული" ლიკა, როგორც ამას გურანდა ეძახდა, ახლა თავის"საიდუმლოებებსაც" კი მიმხელდა. ვიცოდი ვინ მოსწონდა და ვინ არა. აშკარად შემეცვალა მასზე წარმოდგენა და ნელ-ნელა მისი და არა მარტო მისი ნდობაც ვისწავლე. ხანდახან, ჩემს გათხოვებაზეც ჩამოაგდებდა ხოლმე საუბარს, ისეთი მდიდარი პრინცი მეგულება შენთვის, ფულში გაბანავებსო. რომ ვეუბნებოდი, მე სიმდიდრის გამო არ გავთხოვდები-მეთქი, იცინოდა:_მართალია, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ ჯობია სასახლეში იტირო, ვიდრე ნესტიან ქოხშიო
დარწმუნებული ვიყავი, რომ თვითონ სიმდიდრის გამო გათხოვდებოდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ამ მდიდარ საქმროსაც ვერ შოულობდა ვერსად. (მარტო მდიდარი კი არა, ღარიბიც კი არ აქცევდა ჩვენს ლიკუნას ყურადღებას). ჩემთვის კი არსებითი მნიშვნელობა არ ქონდა ფულს. მთავარია მყვარებოდა, მასაც ვყვარებოდი, ერთმანეთის პატივისცემა და ურთიერთგაგება გვქონოდა და ნესტიან ქოხშიც კი ბედნიერად ვიცხოვრებდი. ზოგადად არ მესმოდა იმ გოგოების, ფულზე რომ იყვნენ კონცენტრირებულები, მომავლის ბედნიერებას მხოლოდ მასში რომ ხედავდნენ და უსიყვარულოდ თხოვდებოდნენ ან ასაკიან კაცებზე და ან ხეიბრებზე...
აპრილის დასაწყისში კი ჩემმა დედინაცვალმა წინდაწინ დაიწყო წუწუნი, რაღაც ვერ ვარ კარგად და თბილისში ექიმთან უნდა წავიდე გამოკვლევებზეო. ვითომ ძალიან წუხდა, რომ ლიკაც მიყვებოდა და მე კი ერთი-ორი დღით მარტო მომიწევდა ყოფნა. დავაიმედე, არაფერია, მარტოც მშვენივრად გავართმევ-მეთქი ყველაფერს თავს და "გულდამშვიდებულები" წავიდნენ.
_რადგან აღიარეს, რომ ერთი-ორი დღით მიდიან, ეტყობა რომ ერთი კვირით მაინც შემორჩებიან და სვეცკურად გაიგულავებენ ქალაქის ქუჩებში._თავისი ვარაუდი როგორც ყოველთვის ახლაც ირონიული ღიმილით გამოთქვა გურანდამ._თუმცა, უკეთესიცაა, შენს დაბადების დღეზე გვარიანად ვიგიჟოთ._თან თვალი ჩამიკრა მეგობრულად.
მართლაც, ექვს აპრილს წასულებმა, იმ დღეს ვეღარ მოასწრეს ექიმის ნახვა და მეორე დღისთვის გადადეს. მოკლეთ, დილით რომ დამირეკა ლიკამ, დაბადების დღე მომილოცა და მაუწყა, რომ ვერც იმ დღისით უხერხდებოდათ ჩამოსვლა, გამიხარდა.
მათი არჩამოსვლა უკეთესიც კი იყო. ჩემს დაბადების დღეზე მე და გურანდამ მართლაც "გავაჯაზეთ". მხიარულად ავღნიშნე ჩემი სრულწლოვნობა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აღვწერ და სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
გურანდამ მშვენიერი ჩანთა მაჩუქა, სასწავლებელში გამოგადგებაო. მთელი ღამე გავათენეთ. ბევრი ვიმხიარულეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ და უამრავი რჩევა დარიგებებიც მომცა საზრიანმა ჩემმა დაქალმა. სახელმწიფო დაფინანსებით, თანაც ცხრა კლასის ატესტატით, ექსკურსიამძღოლობაზე შემეძლო ჩაბარება. ნორმალურშემოსავლიანი სამსახურიც მექნებოდა და საშუალება მექნებოდა, საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭული უფასოდ მომენახულებინა და რაც ყველაზე მთავარი იყო, ამ კუდიანებისგან ვიქნებოდი შორს. თან, სადღაც ხომ გადავაწყდებოდი ჩემთვის შექმნილ მზეჭაბუკს? მოკლეთ, მართლაც ჭკუაში დამიჯდა ექსკურსიამძღოლობა და სამომავლო გეგმებიც დავსახე...
მთელი ღამის უძილოს დილით ტკბილად ჩამეძინა. ლიკას ზარმა რომ გამაღვიძა, ვიფიქრე, ისევ იმის სათქმელად მირეკავდა, ვერც დღეს მოვდივართო, მაგრამ შევცდი.
ტიროდა.
_რა მოხდა?_ელდა მეცა.
_დედას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება, მაგრამ იმხელა თანხა გვითხრეს, სად შევწვდებით? კრედიტის გამოტანა გადავწყვიტეთ ბანკიდან, მაგრამ არ გვაძლევენ. თავდებს ვერ ვშოულობთ._გაჩუმდა და ისევ ამოისლუკუნა.
_მერე?
_რა, მერე?_აქეთ შემომიბრუნა კითხვა._ფულს ვერ ვიშოვით და მოკვდება._ისე გულსაკლავად აღრიალდა, გულწრფელად შემეცოდა.
საკუთარი თავი გამახსენდა დედა რომ დამეღუპა. მტერსაც კი არ ვუსურვებდი იმ საშინელებას, რასაც ობლობა და უპატრონობა ერქვა.
_ასე უცბად ვინ ვნახოთ არ ვიცი... ვისაც ვუთხარით, ბანკში გაშავებულები ვართ და არაფერი გამოვაო._ისევ ასლუკუნდა.
მართალია, ყოველთვის ცუდად მეპყრობოდნენ, მაგრამ მაინც შემეცოდნენ. სიკვდილისთვის ხომ ყველა ცოდოა?
მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე, ჩავსულიყავი თბილისში და თავდებად დავდგომოდი ჩემს დედინაცვალს
ეს რომ ვუთხარი, გაუხარდა.
_მართლა?.. მაგრამ შენ რომ ჯერ სრულწლოვანი არ ხარ?_ისევ აწუწუნდა.
_როგორ არ ვარ, გუშინ არ მქონდა დაბადების დღე?_დავამშვიდე.
_ვაიმე, მართლა, სულ გადამავიწყდა._ისე გაუხარდა, სიხარულისგან მგონი ხტუნვაც კი დაიწყო.
_მოვემზადები და ამ დილითვე ჩამოვალ._ეს რომ დავპირდი, უარესად გამხიარულდა.
_საუკეთესოზე საუკეთესო დაიკო მყავხარ. ვერ წარმოიდგენ, როგორ გაუხარდება დედას ეს ამბავი. მაგაზე დიდებული საქმე რა უნდა იყოს, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებ?.. ჩვენი გადამრჩენელი ხარ._სამადლობელ სიტყვებად დაიღვარა გამხიარულებული ლიკა._ჩემს ოთახში შედი, კომოდის უჯრაში მწვანე საფულეა. გზის ფული იქიდან აიღე. წამოსვლას რომ დააპირებ, დამირეკე და ისანში დაგხვდები. შენ იცი აბა._შემაგულიანა და ისე გამითიშა ტელეფონი.
გურანდასთვის არ მითქვია, რომ საბუთებზე ხელის მოსაწერად მივდიოდი თბილისში. მისი ამბავი რომ ვიცოდი, დამიშლიდა და გემოზე გამომლანძღავდა კიდეც. ამიტომ მოვატყუე, ფული დააკლდათ ანალიზებზე და უნდა ჩავუტანო-მეთქი.
_მოკლეთ რაა, შენ მაინც ვერ სწავლობ ჭკუას!.. ოდესმე მარტო ყოფილხარ თბილისში, როგორ უნდა ჩახვიდე?_ მაინც გამომინახა სასაყვედურო.
_ნუ ღელავ, რაღაცას ვიზამ. ამ საღამოსვე დავბრუნდები, მაგრამ თუ შემაგვიანდა, კრუხ-წიწილას ხომ მიმიხედავ?
_გამოსავალს მიტოვებ?_შემიბუხუნა._ მივაქცევ, მაშ რა ჯანდაბას ვიზავ?
რადგან, დაქალისგან თანხმობა მივიღე, სიხარულით გადავეხვიე. თან, მადიანად ჩავპროშნე. მერე, სასწრაფო წესით გამოვიპრანჭე და გაჩერებამდე სულ სირბილით ჩავედი. დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი, თბილისის ტაქსმა მალევე გამოიარა და რომ გამიჩერა, გულისფანცქალით ჩავჯექი შიგ.
დაძაბული ვიჯექი და გზას გულისყურით ვაკვირდებოდი. მინდოდა დამემახსოვრებინა. მე ხომ სამომავლოდ აქ ცხოვრებას ვაპირებდი? ხო და ჩემით მინდოდა ყველაფრის შესწავლა და ათვისება.
ლიკა მართლაც ისანში დამიხვდა. გაუხარდა ჩემი ჩასვლა. მაგრამ შევატყე, რომ თითქოს ნაძალადევად მიღიმოდა და მეფერებოდა. მერე, სადღაც წამიყვანა და რაღაც საბუთებზე მართლაც მომაწერინა ხელი. თუმცა, როგორც მითხრეს, უარი მოვიდა ჩემი ასაკის გამო. მართალია, სრულწლოვანი ვიყავი, მაგრამ ასაკობრივი შეზღუდვა მაინც მოქმედებდა თავდებობაზე. მაშინ, სხვაგან წამიყვანა და ახლა სხვა საბუთები დამიდო წინ ხელის მოსაწერად. ვაღიარებ, საბუთების გაცნობა მინდოდა, მაგრამ ლიკა ამიფშლუკუნდა ისევ და გადაკითხვაზე დრო აღარ დამაკარგვინა, ქნებ დღესვე მოგვცენ ფული და ხვალ უკვე ოპერაცია გავუკეთოთო. ხელი რამოდენიმე საბუთზე მოვაწერე და სიხარულით რომ გადამეხვია, მივხვდი ყველაფერი რიგზე იყო. მერე კი, სადგურზე გამომიყვანა. ჩემს ბედზე ჩვენი სოფლის მარშუტკა არ იყო და ამიტომ მეზობელი სოფლის მარშუტკაში ჩამსვა. თან მომიბოდიშა, დედას უნდა მივხედო და აქვე დაგემშვიდობებიო. მერე, თითქოს ნაძალადევი ღიმილით დამემშვიდობა და მართლაც წავიდა.
ცოტა გული კი დამწყდა, ასე უცბადვე რომ წამოვედი სახლში და როგორც ვგეგმავდი, ქალაქი არ დავათვალიერე, მაგრამ მაგის დროც მექნებოდა ოდესმე.
მშვიდობიანად ვიმგზავრე. ეგ იყო მხოლოდ, რომ მარშუტკიდან ისეთ ადგილზე ჩამოვედი, ჩემს სახლამდე დიდი მანძილი მქონდა კიდევ გასავლელი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ამინდი ირეოდა. ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებდი, რომ შაქარი არ ვიყავი და წვიმაში რომც მევლო, არ დავდნებოდი.
ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ ჩვენი სოფლელი, ორმოცდაათ წელს გადაბიჯებული ბერბიჭა გივილო წამომეწია მანქანით.
გივილო შეძლებული ოჯახის შვილი იყო, ერთ დროს სიმპატიური კაცი იქნებოდა ალბათ, მაგრამ დასანიშნი დაიარებოდა დღემდე. თავის დროზე ქალებს იყო აყოლილი და წლები ისე გაუფრინდა თვალსა და ხელს შუა, რომ ვერაფერი გაიგო და დარჩა დასანიშნი და უშვილძირო, როგორც ამას სოფელში ეძახდნენ. მშობლები რომ დაეხოცა, უზარმაზარ სახლში მარტო დარჩა და ამიტომ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. არც მამაპაპისეულ სახლს ივიწყებდა, კვირაში ორჯერ მაინც აკითხავდა და პატრონობდა.
გივილომ მარტო რომ დამინახა, მანქანა შემიჩერა და წაყვანა შემომთავაზა, ამინდი ირევა, მაინც სოფელში მივდივარ და გაგაყოლებო. რატომღაც შემეშინდა მის მანქანაში ჩაჯდომის და უარი ვუთხარი, სახლში არ მივდივარ, საქმე მაქვს აქვე-მეთქი და ღიმილით დავემშვიდობე. თან, მის დასანახად გეზი ვიცვალე და სხვა მიმართულებით წავედი.
სულ მალე კი ამინდი მართლაც აირია, თანაც საშინლად. ამიტომ ფეხს ავუჩქარე და ლამის სირბილით წავედი შემოვლითი გზით. თითქმის ნახევარი კილომეტრი მქონდა გასავლელი.
ღელეს რომ მივუახლოვდი, პირველი წვეთები მაშინ დამეცა. წვიმას რომ მოესწრო, სანამ სახლამდე მივაღწევდი, გვარიანად გამაჟიებდა. თუმცა, წვიმასაც წვიმა ერქვა. ისე საშინლად ჩამობნელდა, უკუნეთი ღამე მეგონა. თან, ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, უშველებელ ხეებს ძირს აწვენდა ლამის. მერე, ერთი საშინლად დაიჭექა და წვიმამაც დასცხო. მაშინ კი ვინებე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჯეკოს სახლისკენ. სანამ გამოიდარებდა იქ ვაპირებდი თავის შეფარებას.
ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ ისევ წამომეწია მანქანა.
ამჯერად კი ჯონი იყო, ჩემი დედინაცვლის ბიძაშვილი.
ისეთი ძლიერი წვიმა მოდიოდა, რომ მითხრა, დაჯექი, სახლში წაგიყვანო, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ჩავუჯექი. ერთი კი შემომხედა კმაყოფილი ღიმილით სველი ტანსაცმელი სხეულზე რომ მქონდა მიწებებული და ადგილიდან ფრთხილად დავიძარით.
_აქეთ საით ყოფილხარ?_შევატყე, რომ სიტყვის მასალად მკითხა და უკანა ხედვის სარკეში დაჟინებით გამომხედა.
ისეთი მზერა ქონდა, შევკრთი.
_საქმე მქონდა._ძლივს ამოვილუღლუღე და კუთხეში მივიჭყუნე, რომ მას ვეღარ დავენახე.
_როგორ არ ისვენებს ეს ღმერთი, არა? ერთი ნახე, როგორ ჩამოასხა._ეს თქვა და შეჩერდა კიდეც._ხილვადობა ჭირს, არსად გადავცვივდეთ და ცოტა ხნით რომ გავჩერდეთ, შენ ხომ არ გეწყინება?_ღიმილით შემომიბრუნდა და ახლა ისე შემათვალიერა საცოდავად მობუზული რომ ვიჯექი.
მართლაც, ისეთი ძლიერი წვიმა იყო, მინის საწმენდები საქარე მინის გაწმენდას ვეღარ ასწრებდნენ.
_მეტი რა გზა გვაქვს?_ენის ბორძიკით ძლივს ვუთხარი და შიშით რომ შევხედე, მომეჩვენა, რომ კმაყოფილს გაეღიმა.
_როცა იქნება, ხომ გადაიღებს?_ისევ შემომღიმა კმაყოფილმა._მოიცა, ხომ არ გცივა? გინდა, ფეჩი ჩავრთა?_საცოდავად მობუზული და აცახცახებული რომ დამინახა, მართლაც ჩამირთა გათბობა._მოდი, წინ გადმოძვერი, აქ უფრო მალე გათბები.
_მადლობა, არ მინდა!_ჩემს კატეგორიულ უარზე ისევ გაეღიმა.
კარგახანს ვიყავით გაჩერებულები და გიჟური წვიმის გადაღებას ველოდით. ჯონი კმაყოფილი მიმზერდა, მე კი შიშით შევყურებდი მის ყოველ მოძრაობას და თავბედს ვიწყევლიდი მის მანქანაში ჩასკუპებისთვის
_ნახე, მგონი გადაიღო._მინა ჩავუწიე და ისე ავხედე ცას._ხომ არ წავსულიყავით? გურანდა მელოდება, ჩემთანაა სახლში._სავარძელზე ავწრიალდი.
ჯონიმ ერთხელ კიდევ შემათვალიერა კმაყოფილი ღიმილით და საჭეს მიუბრუნდა. გამიხარდა, ადვილად რომ დამიჯერა და მაშინვე დავიძარით ადგილიდან. მართალია, დიდი სიფრთხილით და ნელა მივიწევდით წინ, მაგრამ რომ მივდიოდით, ესეც მიხაროდა. ჩვენს სახლს ისე მივუახლოვდით, ხმა აღარ ამოუღია. შევჩერდით თუ არა, მაშინ კი ისევ მომიბრუნდა.
_არსად მეჩქარება, დაელოდე, ცოტა გადაიღოს და მერე გადადი._ ღიმილით შემომთავაზა.
_დიდი მადლობა._მხოლოდ ეს მივაძახე და მაშინვე გადავხტი მანქანიდან. არც კი შემომიპატიჟებია სახლში.
მაინც სველი ვიყავი და რაღას დავლოდებოდი? გიჟივით ავირბინე კიბეზე და ოთახში რომ შევვარდი, გურანდამ შიშით წამოყო სავარძლიდან თავი.
_რა სახე გაქვს, მოჩვენება დაინახე? ან, რას გავხარ, არხში ჩავარდი?_მაშინვე ავტომატივით დამაყარა კითხვები.
_წვიმამ მომისწრო გზაში._რატომღაც დავუმალე, ჯონიმ რომ მომიყვანა მანქანით.
_ვერსად ვერ შეეფარე მერე?_გაუკვირდა._რა მოგარბენინებდა ამ წვიმაში? როგორ დასველებულხარ.
_მერე რა?_გამეღიმა და ტანსაცმლის გამოცვლას შევუდექი.
_აუ, ნეტა მე როგორ უნდა წავიდე სახლში?_მაშინვე წამოდგა, პლედი მოისხა მხრებზე და აივანზე დააპირა გასვლა.
_გადაიღებს და მერე წახვალ, რა გეჩქარება?_დავაშოშმინე._მანამდე კი, ერთად ვიქეიფოთ.
ერთი კი შემომხედა ნაწყენმა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს ეს წვიმა, მერე საგულდაგულოდ გაეხვია პლედში და ისე გავიდა აივანზე, თუმცა, მალევე შემობრუნდა შეშინებული.
_მეორედ მოსვლა იწყება?_ისე სასაცილოდ ქონდა თვალები გაფართოებული, გამეღიმა._მგონი წარღვნაა... ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ წავალ, შანსი არაა... რა უბედურებაა, უბანზე ისეთი ნიაღვარი მოდის, ნავი მჭირდება, რომ გადავცურო... ის, სულელი, ვალიკოს ბიჭი კი, მოტოციკლით გარბოდა სადღაც. ნამდვილად სახლიდანაა გამოგდებული.
_რა იცი, რომ სახლიდანაა გამოგდებული?_გამიკვირდა.
_აბა, ასეთ ამინდში პატრონი ძაღლს არ გააგდებს გარეთ და ეს კიდევ მოტოციკლით დაჰქრის აღმა-დაღმა. თანაც, ამ დახრამულ უბანზე. პატრონი რომ ყავდეს, სახლში არ დატოვებდნენ?
_იქნებ, რა გაჭირვება ადგა, რა მოხდა?_მხრებზე მოვხვიე ხელი და სამზარეულოში შევაცუნცულე._შენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ძალიან მშია.
_მეც. შენ გელოდებოდი... თან, დღეს მთელი დღე მოწამლული თაგვივით ვაგდივარ, გონზე ვერ მოვსულვარ წუხანდელს აქეთ._საცოდავად ამოიოხრა.
_ეგ, მოწამლული თაგვი როგორიღაა? _გამეცინა.
_აი, როგორსაც მე მიყურებ: არაფრის თავი არ მაქვს და ასე მგონია ვკვდები.
სულ სიცილ-კისკისით გავაწყვეთ მაგიდა და სუფრას დამშეულები შემოვუსხედით. გემრიელადაც მოვულხინეთ. სოციალური ქსელიც დავლაშქრეთ. თან, ახალი ფოტოები გადავიღეთ ჩვენი აივნიდან "მეორედ მოსვლის" ფონზე. ძველ გადაღებულ ფოტოებსაც გადაავლო გურანდამ ჩემს ტელეფონში თვალი და მოულოდნელად ისეთი შეჰკივლა, გვარიანად შევხტი.
_ეს ნახე? რა არის?_თან ტელეფონი გამომიწოდა.
გურანდას რომ შევხედე, გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა.
დამაინტერესა რა აშინებდა ასე ამ გოგოს და მეც ინტერესით დავხედე, თუმცა უჩვეულოდ არაფერი მომჩვენებია. ჯეკოს ეზოში მქონდა ყაყაჩოების ფონზე გადაღებული.
_კარგად დააკვირდი._ფოტო მაქსიმალურად მოაახლოვა._მართლა მოჩვენებაა?_უკან პლანზე იასამნის ბუჩქიც ჩანდა აივანთან და მის მიღმა კი თითქოს ადამიანის სილუეტი._ხომ გეუბნებოდი, იმ სახლში მოჩვენებები ბინადრობენ-მეთქი, არც ახლა დამიჯერებ?
მისი შეშფოთებით გახალისებულმა ტელეფონი ღიმილით ჩამოვართვი და ფოტო გულდასმით შევათვალიერე. უდავო იყო, რომ ადამიანის ლანდს გავდა, მაგრამ დარწმუნებითაც არ შეიძლებოდა არაფრის თქმა.
_რაღაც ლაქა მართლაა, მაგრამ მოჩვენება უწოდო შენ, ეს უკვე მეტისმეტია, კარგი რაა, ნუ ხარ მშიშარა. მე იქ ვიყავი და არაფერი დამინახავს._დავამშვიდე.
_შენს თავს არწმუნებ, რომ არაფერია, თუ მე? გეუბნები, მოჩვენებაა.
_კარგი რაა. მოჩვენება იასამნის ბუჩქს ამოეფარებოდა და ისე დამემალებოდა?_გამეცინა.
_რატო, არ შეიძლება ვითომ?
_ის ხომ მოჩვენებაა და დამალვა რაში დასჭირდებოდა?_ცხვირზე მსუბუქი წკიპურტი წავარტყი ისევ შეშინებული რომ მომჩერებოდა გაფართოებული თვალებით._უბრალოდ, ჭკვიანმა კამერამ რაღაც ჩრდილი დააფიქსირა, რაც ადამიანის სილუეტს გავს რაღაცით და შიშის და შეშფოთების მიზეზი მოგცა.
_ნეტა, შენნაირად მეც არ მეშინოდეს იმ იდუმალებით მოცული სახლისა. ცარიელი გული ხარ, მარტომ რომ გაბედე იმ ეზოში ფეხის შედგმა და თან ფოტოსესიის მოწყობა.
რა იცოდა, რომ მარტო ეზოში კი არა, სახლშიც კი ვიყავი შესული და სამალავში ფულს ვინახავდი?
_დამპირდი, რომ მეორედ იქ აღარ შეხვალ._მუდარით რომ შემომხედა, უფრო გამეღიმა და გავხალისდი.
_გპირდები, შენს გარეშე იქ აღარ შევალ.
_გაგიჟდი? მე იქ რა მინდა? მეტი საქმე არ მაქვს, მოჩვენებებით სავსე სახლში გამოგყვე. შენც შეეშვი იქ ვიზიტებს, მართლა საშიშია.
არ ვიცი, რატო ეშინოდა გურანდას იმ სახლის, მაგრამ მე მის შიშზე გვარიანად ვიხალისე. სულ გადამავიწყდა ერთი საათის წინ ნანახი ჯონიც და მისი ცბიერული გამოხედვაც. მოსაღამოვებულზე კი, ოდნავ რომ გადაიღო წვიმამ, გურანდამ დრო იხელთა და სახლში გაიქცა, დედა მელოდებაო. არა და აშკარა იყო, რომ იმ ფოტოს ნახვის მერე შეეშინდა და ამიტომაც გადაიფიქრა ღამით ჩემთან დარჩენა.
ღიმილით გავაცილე. იმაზე მეღიმებოდა, ისევ ბავშვი რომ იყო და არარეალური არსებების სჯეროდა და პანიკურად ეშინოდა.
სახლში რომ შევბრუნდი, ლიკამ დამირეკა, როგორ ჩააღწიე სახლამდე, წვიმამ ხომ არ დაგასველაო.
სიმართლე ვთქვა, ძალიან გამიხარდა მისი მოკითხვა. მართლა საგრძნობლად იყვნენ შეცვლილები დედაც და შვილიც. იქნებ, იმიტომ, რომ ჩემი დედინაცვალი ცუდად იყო და სიკეთის კეთებით უნდოდა ცოდვების გამოსყიდვა?
საღამოს საქონელი და კრუხ-წიწილა რომ მივაბინავე, სავარძელში მოვეწყე და ჯეკოს სახლში გადაღებული ფოტოების დათვალიერება დავიწყე. გურანდა მართალი იყო, ისეთი ლანდი, რომელიც იასამნის ბუჩქთან აღმოაჩინა, მეც შევნიშნე, ოღონდ სხვა ფოტოზე, სადაც შემურული ფანჯრიდან ჩანდა. ცოტა არ იყოს შევშფოთდი. იმიტომ კი არა, რომ მოჩვენება იყო, ნამდვილად ვიღაც იყო იქ და თუ ჩემს სამალავს მიაგნებდა, უფულოდ დავრჩებოდი. მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე. საწვიმარი პლაში მოვიხურე მხრებზე, კალოშებში წავყავი ფეხები და ფარანმომარჯვებული გავიქეცი ჯეკოს სახლისკენ. ამ შუაღამეზე იქ მაინც არავინ იქნებოდა და ჩემი ფულის წამოღება გადავწყვიტე, თუ ისევ იქ დამხვდებოდა რაღა თქმა უნდა.
მართალია, სულ ოდნავ გაფაჩუნებაზეც კი ვკრთოდი, მაგრამ მაინც უშიშრად მივიწევდი წინ. უკან დახევას არ ვაპირებდი, რადგან იმ ფულით ჩემი მომავლის მოწყობა მინდოდა. ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ ისევ გაწვიმდა. ისე საშინლად აღარ, როგორც შუა დღეს, მაგრამ მაინც გვარიანად წვიმდა. კიდევ კარგი სახლიდან საწვიმარი პლაშის გარეშე არ გამოვსულვარ. ერთი-ორჯერ გაიელვა და საშინლად დაიჭექა კიდეც. მაგრამ მე მაინც უშიშრად შევედი ჯეკოს ეზოში და სახლშიც ასევე უშიშრად შევაბიჯე. ფარნის შუქზე ადვილად გავიკვლიე გზა ჩემი სამალავისკენ და რომ მივადექი, იქ კი ერთ ადგილზე გავშეშდი მილურსმულივით. მღელვარებისგან ისე მიცემდა გული, თითქოს საფეთქლებში უროს მირტყავდნენ. იმისი მეშინოდა, სამალავი რომ გადამეწია და ფული იქ აღარ დამხვედროდა, რა მეშველებოდა?
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გავბედე და ჩემი სამალავი გადავწიე. საბედნიეროდ ფული ისევ იქ დამიხვდა მინის ქილით და უზომოდ გამიხარდა. სასწრაფოდ დავავლე ხელი. ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვვარდი. სისწრაფეში კარის ზღურბლს ისე ძლიერად წავკარი მხარი, რომ ფარანი გამეშვა და მისი დაჭერა ვეღარ შვძელი. ძირს რომ დაეცა, ჩაქრა. მოსაძებნად აღარ გავჩერებულვარ. ხელების ცეცებით რის ვაი-ვაგლახით გამოვიკვლიე ოთახებიდან გზა და ის იყო ეზოში უნდა გავსულიყავი, რომ მოულოდნელად ისევ გაიელვა. მის ნათელ შუქზე კი ნათლად დავინახე ჩემს წინ ასვეტილი ადამიანის სილუეტი.
შევკრთი.
ჩემი დაკივლება და დაჭექება ერთი იყო. შიშზე ფულით სავსე ქილაც გამეშვა ხელიდან და ძირს ხმაურით დაეცა. მივხვდი, რომ გატყდა.
გურანდასავით მოჩვენების არ შემშინებია. ნათლად დავინახე ადამიანი იყო, მაგრამ ვინ იყო, ის არ ვიცოდი. იქნებ მანიაკი იყო და ამ სახლს აფარებდა თავს? მე იმის უფრო შემეშინდა, რამე არ დაეშავებინა ჩემთვის. ამიტომ ფულის მოკრეფა არ დამიწყია. იმ სიბნელეში მაინც ვერ მოვძებნიდი ვერაფერს და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი ეზოდან. შიგადაშიგ გაელვების შუქზე მივიკვლევდი ტალახიან ორღობეში გზას. პანიკურ შიშს ვყავდი შებოჭილი. რამდენჯერმე ფეხი ამისრიალდა და წავიქეცი კიდეც. გვარიანადაც დავშავდი. თუმცა, შეჩერებას არ ვაპირებდი. უკან არ გამიხედია, რადგან, რომ გამეხედა და დამენახა მდევარი მომყვებოდა, უარესად გამისკდებოდა გული.
აქოშინებული შევვარდი ეზოში, ჭიშკარი საგულდაგულოდ გადავრაზე და კიბის სველი საფეხურებიც თავპირისმტვრევით ავირბინე. რამდენჯერმე იქაც დამიცდა ფეხი და ლამის დავგორდი. სახლში რომ შევვარდი, სასწრაფოდ გადავრაზე კარი. მერე კი შეშინებული ავეკარი განცხადებასავით და კარგა ხანს ვიყავი ასე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ვინ იყო იმ სახლში ამ შუაღამეზე, ასე რომ შემაშინა და გამიხეთქა გული. იმაზე აღარც კი მეფიქრებოდა, ფული რომ იქ დამრჩა.
ჯერ ისევ გვარიანად ვიყავი აფორიაქებული და დაზაფრული, რომ მოულოდნელად ვიღაც ნიღბიანი კაცი ამესვეტა წინ. შიშისგან რომ იტყვიან ენა გადამეყლაპა და დაკივლებაც კი ვერ შევძელი. ერთ ადგილზე ვიდექი გაშეშებული და ისე შევყურებდი თვალებში მოულოდნელად გამოჩენილ ჩემს სტუმარს.
_ვინ ხარ? აქ რა გინდა?_როდის-როდის ძლივს გავბედე და საცოდავად ამოვილუღლუღე.
ნიღბოსანი უხმოდ მომიახლოვდა და მკლავზე წამატანა ხელი.
_არ შემეხო!_გავიბრძოლე და ხელის გაშვებას შევეცადე, მაგარამ ახლა მეორე მკლავზე ჩამაფრინდა ძლიერად.
_მეტკინა, გამიშვი!_ხმა დავიბრუნე თუ არა, განწირული ხმით ვუკივლე.
ცალი ხელი პირზე ამაფარა და მთლიანი სხეულით მომაწვა ძლიერად, რომ არ გავქცეოდი.
_ვისთან დაძვრები ღამღამობით?_ხმა აშკარად დაბოხებული ქონდა, მაგრამ მაინც მეცნო თითქოს, მაგრამ იმ მომენტში ვერ გავიხსენე ვინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.
უარესად ავკანკალდი.
_ტალახიანი კი ხარ, მაგრამ მაინც ლამაზი ხარ. არ გინდა, ჩემთანაც გაიყო სარეცელი?_მოულოდნელად გადმოიხარა, ლოყაზე მაკოცა და მერე ძალიან ამაზრზენად და გულისამრევად ამისვა ენა._რა ქორფა კანი გაქვს.
ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი და ციებიანივით გამაკანკალა. სახე მაშინვე მოვარიდე და მუხლის ამორტყმა დავუპირე საზარდულში, მაგრამ მოხერხებილად გამაკავა და არაფერი გამომივიდა.
_შე კახპავ, დავიჯერო ვისთანაც დაძვრები, ჩემზე მაგარი კაცია?_მიღრიალა და გამეტებით მეძგერა ტუჩებში.
მეც ამით ვისარგებლე და ძლიერად ვუკბინე. თან ისე ძლიერად, რომ პირში მისი სისხლის მოტკბო-მომლაშო გემო ვიგრძენი.
გამწარებულმა შემიშვა ხელი. გავნთავისუფლდი თუ არა, სამზარეულოში გავიქეცი დანის ასაღებად. მაგრამ მალევე წამომეწია ავაზას ნახტომით. დამეჯაჯგურა და წამაქცია.
_საზიზღარო! არ მომეკარო!_განწირული ხმით ავკივლდი და თან მომაკვდავივით ავფართხალდი._ღორო, გამიშვი!
_ნუ მეწინააღმდეგები, ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და ნუ მაღიზიანებ იცოდე!_მანაც მიღრიალა და მადიანი მუშტი მითავაზა სახეში.
თვალთ დამიბნელდა და წამიერად გავითიშე. ზუსტად ამით ისარგებლა და ტანსაცმელი შემომახია. უარესად გავგიჟდი და ავკივლდი. იმდენი მოვახერხე, რომ ნიღაბი ჩამოვხსენი და ჯონი რომ შემრჩა ხელთ, წამიერად დავიბენი. მერე კი გაორმაგებული ძალებით შევეწინააღმდეგე და თან უარესად ავკივლდი. თუმცა, გარეთ ისეთი ამინდი იყო, მეეჭვებოდა რომ ვინმეს გაეგონა ჩემი ხმა.
_ერთი ამას უყურე, რა ძალა ქონია ამ პატარა კახპას!_ჯონიმ მეორედ დამინაცვლა მუშტი და ნათლად დავინახე ჩემს გარშემო ფერადი ვარსკვლავები.
_გამიშვი, რა გინდა, შე ღორო!_ისევ გავიბრძოლე, მაგრამ უშედეგოდ. გახელებულ და ვნებააშლილ კაცს უსუსური ბავშვი ვეღარ გავუმკლავდი...
ტკივილის, სიძულვილის და ზიზღის მეტი არაფერი მიგრძვნია. ბოლოს, გაბრძოლების უნარიც წამერთვა და მხოლოდ ვტიროდი, გამხეცებულ კაცს რომ ვერ ვიგერიებდი. ვნება და ჟინი რომ დაიკმაყოფილა, ერთხელ კიდევ მითავაზა მადიანი მუშტი ცხვირ-პირში, ნახევრად შიშველი ზურგზე მომიგდო და სახლის უკანა მხარეს მდგარი მანქანის საბარგულში დაუდევრად ჩამტენა. საით მივყავდი ვერ მივხვდი, მაგრამ რომ გაჩერდა და საბარგულიდან ამომათრია მისავათებული, მივხვდი, ღელის თავზე ვიდექით.
_მშვენიერი ქალი ხარ, მაგრამ დიდ სადარდებელს გამიჩენ. შენს გამო კი ციხეში მოხვედრა მართლა არ მინდა. ამიტომ, აჯობებს, რომ მოგკლა._მოწყვეტით დამცა ძირს და ფეხით მიბიძგა, რომ დავგორებულიყავი._არა და რა კარგი იყავი._ბოლო წინადადება ძლივს გავიგე, რადგან დაღმართზე გორაობით დავეშვი.
კარგა ხანს ვიგორე, სანამ ღელემდე ჩავგორდებოდი. მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების დასასრული იყო და ჩემს მშობლებთან მივდიოდი სამუდამოდ. რატომღაც, სიმშვიდისა და სიხარულის განცდა დამეუფლა და მთლიანად მოიცვა ჩემი სხეული. ვერანაირ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ, ტვინი მუშაობდა გამალებით და ჩემს მიერ განვლილ ცხოვრებას მიტრიალებდა თვალწინ კინოკადრებივით. ნებისმიერი უმნიშვნელო წვრილმანიც კი მახსენდებოდა ჩემი წარსულიდან. ჯეკოსთან ერთად გატარებული ყოველი წუთი და წამი. თითქოს, ხმებიც კი ჩამესმოდა ნათლად შორეული წარსულიდან, რომელიც ნელ-ნელა დავიწყებას ეცემოდა ყოფითი ყოველდღიური პრობლემების ფონზე.
არ მახსოვს, მანამ გავითიშე, სანამ ღელეში ჩავვარდებოდი თუ მერე. ან, რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. მხოლოდ ის მახსოვს ბუნდოვნად, რომ ვიღაცას ხელში ვყავდი აყვანილი. თავიდან ისევ პანიკურმა შიშმა მომიცვა. მეგონა, ისევ ჯონი იყო. თუმცა, არც კივილის და არც განძრევის თავი აღარ მქონდა. გვიან გავაანალიზე, რომ ის ვიღაც, ვისაც ხელში ვეკავე, სადღაც მიმარბენინებდა.
ისევ წვიმდა, სახეზე ნათლად ვგრძნობდი ცივ სისველეს. ნამდვილად დღე იყო უკვე, მაგრამ მხედველობა მქონდა დაბინდული და ვერაფერს ვხედავდი. ვერც ჩემს მშველელს ვხედავდი, მაგრამ საოცარ სინაზეს და უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი მის მიმართ რატომღაც. არც მისი ხმა მეცნობოდა არანაირად, თითქმის, ტირილნარევი ჩურჩულით რომ მემუდარებოდა, არ წავსულიყავი სულთა საუფლოში და არ მიმეტოვებინა, როგორც სხვებმა მიატოვეს... არ ვიცი, იქნებ ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც კი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურს კი გავდა ძალიან.
ბუნდოვნად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად მახსოვს დიალოგებიც. ან, იქნებ, სიზმარსა და რეალობას ვეღარ ვარჩევდი ერთმანეთისგან და ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო? მაგრამ ის კი კარგად მახსოვს, რომ ვიღაც ქალი დაბალი ხმით ამბობდა, ასე არ ვგეგმავდით, მაგრამ არაუშავს, ამასაც საჩვენოდ გამოვიყენებთო...
მერე კი, საბოლოოდ რომ მოვედი გონზე და თვალებიც გავახილე, ოთახის სითეთრემ და სიკაშკაშემ მომჭრა თვალი. სად ვიყავი ვერ მივხვდი. ჩემი ადგილმდებარეობის დათვალიერება და გარკვევა ძალიანაც კი მინდოდა, მაგრამ სინათლე მტკივნეულად მჭრიდა თვალს და ამიტომ ისევ დავხუჭე.
_სად ვარ?_ძლივს ამოვიჩურჩულე.
არ მეგონა, თუ ვინმე გაიგონებდა ჩემს ხმას, მაგრამ შევცდი.
_ჩემო ძვირფასო, გონზე მოხვედი?_აქვითინებული დეიდაჩემის ხმა მაშინვე ვიცანი, რომელიც საწოლზე დამემხო და მჭიდროდ ჩამიხუტა._საავადმყოფოში ხარ ძვირფასო... მადლობა ღმერთს რომ კარგად ხარ... შენ რომ რამე მოგსვლოდა, ვერ გადავიტანდი..._ეტყობოდა, რომ გულწრფელად ტიროდა.
_ჩემო გოგო, კარგად ხარ?_ეს უკვე ჩემი ბოროტი დედინაცვლის ხმა იყო, რომელიც მართლა ბოროტისეულად მომეჩვენა. ესეც ტიროდა, თუმცა, ნამდვილად გულწრფელი იყო თუ არა მისი ცრემლები, ამას ვერ ვიტყვი.
_თეონა, ძვირფასო._ლიკაც მომიახლოვდა და ჩამეხუტა._მთავარია, რომ გადარჩი და ცოცხალი ხარ, სხვა დანარჩენს ეშველება... ვინ იყვნენ ის მხეცები ასე, რომ გაგწირეს?
_მხეცები?_გავიოცე._ვინ თქვა, რომ ბევრნი იყვნენ? ერთი იყო...
_ერთი იყო?_ჩემზე მეტად ჩემმა დედინაცვალმა "გაიოცა"._ერთმა ადამიანმა ამდენი სისაძაგლე და სადისტობა როგორ ჩაიდინა? პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს...
_ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაწვა ის ნაძირალა, ვინც ასე გაგიმეტა._ცრემლები წამოსცვივდა ლიკას. მერე ჩემს წინ ჩაიცუცქა და დაჟინებით მომაშტერდა თვალებში._ვინ იყო, იცი?
უდიდესი სურვილი გამიჩნდა მეთქვა, რომ ნაძირალა ბიძაშენი იყო და ვერც შენ და ვერც შენს კუდიან დედაშენს გიტანთ მის გამო-მეთქი, მაგრამ დავმუნჯდი რატომღაც. ხმისამოუღებლად შევყურებდი ხან ერთს და ხან მეორეს "თანაგრძნობით" რომ მომჩერებოდნენ აცრემლებული თვალებით. უნდოდათ დამეჯერებინა ვითომ, რომ ჯონის კაიკაცობის ამბები არ იცოდნენ?
ჯერ ისევ უსიტყვოდ ვუმზერდით ერთმანეთს და გულდასმით ვაკვირდებოდი მათი სახის გამომეტყველებას, რომ ვიღაც კაცი შემოვიდა პალატაში. (როგორც შემდეგში გავიგე, ჩემი მკურნალი ექიმი იყო), მაგრამ კაცი რომ იყო და თანაც შემეხო, რათა ჩემი იარები ენახა, ჯონი გამახსენდა და ისტერიული კივილი ავტეხე, არ მომეკარო, გაეთრიე აქედან-მეთქი. ჩემი დამშვიდება კი სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. კაცს რომ ვხედავდი, ის საშინელი ღამე მახსენდებოდა და მაშინდელ ტკივილებს და განცდებს რეალურად ვგრძნობდი. ბოლოს, იმდენი ვიყვირე და ისეთი ისტერიკა მოვაწყე, ექიმი შემიცვალეს და კაცის ნაცვლად ქალი შემოვიდა ჩემს პალატაში. დიდი სიფრთხილით და გულდასმით გამსინჯა. მერე კი, დეიდას მიუბრუნდა.
_მის მდგომარეობაში ჩვეულებრივი მოვლენაა კაცის დანახვაზე ისტერიკა. ყველა კაცში მოძალადეს ხედავს. დრო სჭირდება, რომ სულის იარები მოიშუშოს. აუცილებლად დასჭირდება ფსიქოთერაპია ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად._მერე კი, გამომძიებელს დართა ნება, რომ შემოსულიყო და დიდი სიფრთხილით დავეკითხე.
დეიდა, დედინაცვალი და ლიკა ჩემი პალატიდან რომ გაიყვანეს, (რადგან დაკითხვას არავინ არ უნდა დასწრებოდა,) დედინაცვლისა რა ვთქვა, მაგრამ შემთხვევით ლიკას რომ შევხდე, აშკარად შევატყე შიში. ეჭვი გამიჩნდა, რომ ამ ქალბატონმა ძალიან მშვენივრად იცოდა სიმართლე და არ ამხელდა. იქნებ, მისი ხელიც კი ერია იმ ამბავში?
ახალგაზრდა, სათნო გამომეტყცელების ქალმა ექიმის რჩევა გაითვალისწინა და შედარებით მსუბუქად დამკითხა პირველ ჯერზე. თავიდან, ფორმალური კითხვები დამისვა, მერე კი იმითაც დაინტერესდა, რა შემემთხვა.
გამიჭირდა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა, მაგრამ მაინც ისე მოვყევი ყველაფერი, რაც მახსოვდა. იმის გამოკლებით, რომ თბილისიდან ჩამოსული ჯეკოს სახლში გავიქეცი ფულის ასაღებად. იქ კი ვიღაც ვნახე. ჩემი ჩვენება ასეთი იყო: ვითომ, ღამით წიწილების წივწივი შემომესმა და მათ სანახავად ჩავედი, ეზოშიც მივიარ-მოვიარე, სახლში მოგვიანებით ავბრუნდი და ის მოძალადე მაშინ დამესხა თავს. სიმართლე ვთქვა, მეგონა ეს ქალი კუდიანებთან იყო შეკრული და დამნაშავის ვინაობა დავმალე. ვთქვი, რომ ნიღაბი ეკეთა და ვერ ვიცანი.
ვერც ჩემი გაუპატიურების სცენა მოვყევი. შემრცხვა, თან სიმწრისგან რაღაც ბურთისმაგვარი მქონდა ყელში გაჩხერილი და ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევდა. ის კი დაწვრილებით მოვყევი, როგორ ჩამტენა იმ მხეცმა საბარგულში და როგორ დამაგორა ღელეში.
_კარგი, დღეისთვის საკმარისია._გულწრფელად გამიღიმა._ეს ჩემი ნომერია,_სავიზიტო ბარათი გამომიწოდა._თუ რამე გაგახსენდება კიდევ ხელჩასაჭიდი ამ ამბავთან დაკავშირებით, დამირეკე. ოღონდ გაფრთხილებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არავისთან არ თქვა არაფერი, რათა ხელი არ შეგვეშალოს გამოძიებაში. დანარჩენს კი, ჩვენ მივხედავთ. ახლა კი დროებით, კიდევაც მოგინახულებ და უკვე ოფიციალურად გავაფორმებ დაკითხვის ოქმს._ერთხელ კიდევ შემომღიმა გულთბილად. მალე გამოჯანმრთელება მისურვა და ჩემი პალატიდან მოხდენილი და ამაყი ნაბიჯებით გავიდა.
ამ შემთხვევიდან კი ჩემი ამბები ასე განვითარდა: ერთ კვირაში გამომწერეს საავადმყოფოდან და იქიდანვე დეიდამ წამიყვანა თავისთან უამრავი დაბეჟილობით, ღია ჭრილობებით, რამოდენიმე მოტეხილობით და რაც ყველაზე მთავარი და საყურადღებო იყო, სულში საშინელი იარებით. საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი შიში, სიძულვილი და ზიზღი მქონდა ჩაბუდებული. თითქმის ერთი წელი დამჭირდა ფსიქოთერაპიის კურსებზე, რომ ადამიანების მიმართ ნდობა დამებრუნებინა და მამაკაცებში მხოლოდ მოძალადეები არ დამენახა. მანამდე კი ვცხოვრობდი დეიდასთან, იმ სახლში დაბრუნება არ მინდოდა, სადაც ის საზარელი ამბავი შემემთხვა. ჩემდა გასაოცრად ჩემს დედინაცვალს ეს ამბავი არ გაუპროტესტებია. პირიქით, თითქოს გაუხარდა კიდეც. თუმცა, ხშირად მაკითხავდა დეიდასთან და "გულთბილად" მკითხულობდა. არც ლიკა მტოვებდა უყურადღებოდ. ყველაზე მეტად მას აინტერესებდა დამნაშავის ვინაობა, მაგრამ როგორც გამომძიებელმა გამაფრთხილა, ჯონის შესახებ არავისთან არაფერს ვამბობდი, მითუმეტეს ბოროტ დედა-შვილთან. ყველას იმას ვეუბნებოდი, რომ დამნაშავეს ნიღაბი ეკეთა და არ ვიცოდი ვინ იყო.
სანდო გამომძიებელმა პირობა შეასრულა და რამოდენიმე დღის მერე დამკითხა ოფიციალურად. იგივე ჩვენება მივეცი, რაც წინა ჯერზე, მაგრამ შევატყე, რომ არ დამიჯერა. ერთხანს უნდობლად მიყურა, მერე კი მართალია ოთახში მარტოები ვიყავით, მაგრამ მაინც ჩურჩულით მითხრა.
_მინდა რომ მენდობოდე და ყველაფერს სიმართლეს მეუბნებოდე.
_ყველაფერს ისედაც სიმართლეს ვამბობ._თითქოს, დამაჯერებლად ვუთხარი, მაგრამ მის გამჭოლ მზერას რომ შევხედე, თვალი ვეღარ გავუსწორე და ფანჯარაში გავიხედე.
_მინდა, რომ მენდობოდე როგორც დაქალს, ვისაც ყველა საიდუმლოს გაუმხელ. ვგრძნობ, რომ რაღაცას მიმალავ.
რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ქალი ჩემს დედინაცვალთან იყო შეკრული და იმის დაცინცვლა უნდოდა, თავდამსხმელ მოძალადეს ვიცნობდი თუ არა. ალბათ, შემატყო კიდეც, უნდობლად რომ ვუმზერდი.
_იმ დღის ამბები დაწვრილებით მაინერესებს. ვეჭვობ, რომ შენი დედინაცვალი და მისი შვილიც საქმეში არიან. ამიტომ, დაწვრილებით მინდა მომიყვე, რა მოხდა. უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამოტოვო. იქნებ რამე ხელჩასაჭიდი აღმოვაჩინო.
მართალია, ყველაფრის მოყოლა არ მინდოდა, მაგრამ ისეთი სანდომიანი სახე და თვალები ქონდა, რომ დაჰიპნოზებულივით მოვყევი დილით ლიკას ზარიდან დაწყებული, თბილისში წასვლის ჩათვლით და ღელეში გადაგდებით დამთავრებული ყველაფერი.
_რა საბუთებზე მოაწერე ხელი იცი? საგულდაგულოდ რატო არ გაეცანი?_ბოლომდე მომისმინა და მერე მისაყვედურა.
_არ ვიცი. ლიკამ ასე მითხრა, თავდები გვჭირდება ოპერაციისთვის თანხის გამოსატანადო.
_ბრმად ნდობა სანანებელი რომ გაგიხდება, იცი?
გაოცებულმა შევხედე.
_მამაშენის ანდერძის თანახმად მისი კანონიერი მემკვიდრე შენ ხარ, რასაც სრულწლოვნობის ასაკში მიიღებ...
_მამაჩემის ანდერძი?_მართლა გამიკვირდა, რადგან ანდერძთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონდა.
_ვეჭვობ, რომ მოტყუებით უნდათ შენი ქონების ხელში ჩაგდება. ის დამნაშავეც მათი დაქირავებულია... მინდა დამეხმარო და გაიხსენო მოძალადე. იქნებ რამე დამახასიათებელი ნიშანი გაგახსენდეს, რითიც მის კვალზე გავალთ. მისი პოვნით კი შენს დედინაცვალს და მის შვილსაც წავუყენებთ ბრალდებას თაღლითობაზე.
ისევ ეჭვით შევხედე. იქნებ, კუდიანის მხარეს იყო და იმის გაგება უნდოდა, ვიცოდი თუ არა დამნაშავის ვინაობა?
_შეშფოთების და უნდობლბის მიზეზი ნამდვილად არ გაქვს. მე შენს მხარეს ვარ. მინდა, რომ დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ... იქნებ რამე მახასიათებელი ნიშანი შეამჩნიე მოძალადეს, რაც მის ამოცნობაში დაგვეხმარება? ვიცი, ყველას უნდობლად უმზერ, მაგრამ მე მართლაც შენს მხარეს ვარ და ძალიან მინდა სამართალმა იზეიმოს. რაც მალე ვიპოვით დამნაშავეს, მით მალე დავაკავებთ და აღარ ექნება იმის საშუალება, სხვასაც დაუშავოს რამე.
ერთ ხანს ცოტა ვიყოყმანე. ბოლოს გავბედე და ვთქვი, რომ დამნაშავეს ნიღაბი მოვაძრე.
_მართლა?_აშკარად გაუხარდა._მხატვარს გამოვიძახებ და მისი ფოტორობოტის შედგენაში დაგვეხმარება...
_არ არის საჭირო, ვიცი ვინც არის.
შევატყე, როგორ დაიძაბა გამომძიებელი ჩემი აღიარების მოლოდინში.
_ჯონია, ჩემი დედინაცვლის ბიძაშვილი.
შავ ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა. მერე უკვე მკაცრად გამაფრთხილა, რომ არც ლიკასთან და არც დედინაცვალთან არ მეღიარებინა თავდამსხმელის ვინაობა. ჩვეულებრივი ურთიერთობა გამეგრძელებინა მათთან, რომ არაფერს მიმხვდარიყვნენ და ასე მომეჩვენა, რომ გახარებული დამემშვიდობა.
ჩემი მოტეხილობებისა და დაბეჟილობების რეაბილიტაციის პერიოდი რომ დასრულდა, გავბედე და ჩემს სახლში დავბრუნდი. მართალია ძალიან გამიჭირდა, ნაცნობმა გარემომ გადატანილი ტკივილები ისევ გამიმძაფრა, მაგრამ ჩემს თავში მე თვითონ უნდა გამომენახა იმის ძალა, რომ ყველაფერს გავმკლავებოდი და დამეძლია შიში. თან, იმ კუდიანებთან მინდოდა რომ ახლოს ვყოფილიყავი და მათი ყოველი ნაბიჯი მეკონტროლებინა.
დეიდა ხშირად მაკითხავდა. ჩემი დედინაცვალი არ უშლიდა ამ ვიზიტებს. რომც დაეშალა ალბათ, მაინც არ დაიშლიდა, ცხარე კრუხივით დამფოფინებდა და ყველგან და ყოველთვის ჩემი დამცველი იყო. თუმცა, ასეთ სიტუაციებში ხალხს პირს ვერ აუკერავ და ვერ გააჩუმებ, მითუმეტეს როცა სხვის ცხოვრებას და ტრაგედიას ეხება საქმე. უმალვე გამოხტებიან მრავლისმცოდნე და ვითომ და გულის დამწველი ხალხი და რაც არუნდა არეული და დაულაგებელი ცხოვრება ქონდეს თვითონ, მაინც სხვებს აძლევს ბრძნულ რჩევა-დარიგებებს და მორფოლოგიურად არჩევს მისი ცხოვრების დეტალებს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. თავიდან გულზე ვიხვედრებდი და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. სახლიდან გარეთ ცხვირის გამოყოფაც კი არ მინდოდა.მერე და მერე კი, მართლაც რომ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და სიცოცხლის გაგრძელების სურვილიც და უნარიც უორმაგდება...
ჩემი დაბრუნების ამბავი გურანდას არ გამოჰპარვია, (სოფელში ხომ ხმა ელვისუსწრაფესად ვრცელდება?) ხო და, გაიგო თუ არა ჩემი იმ სახლში დაბრუნება, სულ სირბილით მოქანდა, ეზოშიც ქაქანით შემოვიდა და ისე დამეტაკა გახარებული, რამის გადამაქცია. კარგა ხანს ვყავდი აცრემლებულს და ასლუკუნებულს გულში ჩახუტებული. თავს იდანაშაულებდა: იმ დღეს ბავშვურად რომ არ მოვქცეულიყავი, ფოტოზე ნანახი მოჩვენების არ შემშინებოდა და სახლში არ გაქცეულიყავი კუდამოძუებული ძაღლივით, შენც არაფერი დაგიშავდებოდაო. ვარწმუნებდი, შენ არაფერ შუაში არ ხარ, ჩემს ამბავში შენ არანაირი დანაშაული არ მიგიძღვის-მეთქი, მაგრამ მაინც ვერ ვაჩუმებდი. კარგა ხანს ისლუკუნა და მეც მასლუკუნა ცხარე ცრემლებით. რომ იტყვიან, გულიდან ამოიღო ჯავრი და დარდი, რომელიც ლოდად აწვა ალბათ.
_დღეიდან თვალის ჩინივით გაგიფრთხილდები და არავის მივცემ იმის უფლებას, რამე დაგიშაოს ან გული გატკინოს._ეს ისე მტკიცედ და დამაჯერებლად თქვა, გული უარესად ამიჩუყდა._ჩემს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არგადადგავ იცოდე. ჩემი კომპანიონობა მოგიწევს ყველგან და ყოველთვის. ხან მე დავრჩები შენთან და ხან შენ.
ამ ხნის მანძილზე მეც პირველად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად, თანაც მშობლიურ სოფელში დავბრუნებულიყავი, ძველებურად მერბინა მასთან ერთად ჩვენს უბნებში და საუკეთესო მოგონებები გამეცოცხლებინა. მართალია, ბევრი გამაქილიკებდა და გამჭორავდა, ჩემს თავში სიცოცხლის გაგრძელების ძალასა და უნარს რომ აღმოვაჩენდი, მაგრამ გურანდასთან ერთად ყოფნა და ბავშვური სიგიჟეები, ჩემთვის ერთგვარი თერაპია იქნებოდა.
პირველ ჯერზე მე გადავწყვიტე გურანდასთან დარჩენა, რაც არ გაუპროტესტებია ჩემს დედინაცვალს. გასაოცარი იყო, რომ არაფერს აღარ მიშლიდა და ჩემს კეთილდღეობაზე ფიქრობდა თითქოს. ასე რადიკალურად შეცვლა უფრო და უფრო მიმძაფრებდა იმ ეჭვს, რომ მათი მოწყობილი იყო ყველაფერი.
გურანდას დედამ გულთბილად მიმიღო. ისეთ პატივში ვყავდი, უხერხულადაც კი ვგრძნობდი თავს. მე ხომ ასეთ ყურადღებას და პატივისცემას ნაჩვევი არ ვიყავი მანამდე? მამამისი და მისი უმცროსი ძმამაც პატივისცემით მეპყრობოდნენ. მოკლეთ, ოდნავადაც კი არ მინანია ის რამოდენიმედღიანი მხიარული არდადეგები.
პირველი ღამე ლაპარაკში გავათენეთ ბავშვობის მეგობრებმა. ბევრი რამ გავიხსენეთ ჩვენი ოინებიდან და გულიანადაც ვიკისკისეთ. მართლაც, რომ მშვენიერი თერაპიაა დაქალთან ჭორაობა თუ სიგიჟეები. მისგან გავიგე რომ სოფლის განაპირა სახლში ხნიერი, მაგრამ შეძლებული ოჯახის ცოლ-ქმარი დასახლებულა და მშვენივრადაც მოუწყიათ ყოველი კუთხე-კუნჭული. ობოლი შვილიშვილიც ყოლიათ მათე, რომელიც იშვიათად ჩანდა თურმე სოფელში, რადგან საავიაციო უნივერსიტეტში პილოტობას სწავლობდა.
_მართალია, ცოტა იარებიანი სახე აქვს, მაგრამ მაინც სიმპატიური ბიჭია._რაღაცნაირად ეშმაკური ღიმილით მაუწყა გურანდამ. თანაც ჩურჩულით, რომ დედამისს არ გაეგო ალბათ._უნდა ნახო, მთელი სოფლის გოგოები როგორ ეპრანჭებიან. მითუმეტეს ის ავყია ლიკა, მანქანით რომ აივლის ან ჩამოივლის სოფლის მთავარ გზაზე.
_შენც მოგწონს?_მეც ჩურჩულით ვკითხე რატომღაც.
_რავი, მოწონებით კი მომწონს, მართლა კარგი ბიჭია, მაგრამ...
_რაა "მაგრამ"?_ყურები ვცქვიტე.
_ის, რომ მე უკვე სხვა მიყვარს._ისეთი იდუმალი ხმით მითხრა, გამეღიმა.
_ოჰო, ჩვენი ყინულის დედოფალი შეყვარებულია? და ვინ არისო ის იღბლიანი, არ მეტყვიო?_ფერდში შევუღიტინე.
ჯერ, დენდარტყმულივით აძაგძაგდა ერთ ადგილზე, მერე კი წკრიალა ხმით აკისკისდა.
_ვერ სცნობ, შემეშვი!_უარესად აკისკისდა და ბოლოს უკვე რომ დაიღალა, გამიძალიანდა, თუმცა ვერ გამეშვა.
_სანამ არ მეტყვი, ასე დაგტანჯავ._ისევ ძლიერად მოვუღუტუნე.
_ჩემ კურსელია, ერთად ვსწავლობთ სამედიცინოზე, ლაშა ქვია._ბოლო ხმაზე აკისკისებულმა დაფქვა როგორც იქნა თავისი საიდუმლო.
_კარგი ბიჭია?_ახლა ამით დავინტერესდი და ისევ შევუტიე ღიტინით._სადაურია?
_თბილისელია. დედა ექიმბაში ყავს, უშვილბას მკურნალობსო. მაღალია, ქერა და თაფლისფერთვალება. მე მომწონს, უფრო სწორად, მიყვარს... შმეშვი რა!_უკვე მუდარაზე გადავიდა._ხომ იცი, რომ ვერ ვიტან ღიტინს?
მე მაინც იმდენი ვქენი, რომ ფოტოები დავტყუე და დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა. მართლაც მშვენიერი ბიჭი მოსწონდა ჩვენს უკარება გურანდას. თვითონ გურანდაც მშვენიერი გოგო იყო, შავტუხა და ეშხიანი, სკოლის პერიოდშიც კი უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა და ახლა უფრო გალამაზებული და დაქალებული იყო. ბავშვობაში თუ ვინმე გაუბედავდა იმის თქმას, რომ მიყვარხარო, ყველას სცემდა. აი, ასეთი ათხაჯინა დაქალი მყავდა. ახლა კი თვითონ იყო ამურის ისრით განგმირული და საგრძნობლად შეცვლილი.
_მასაც უყვარხარ?_ღიტინს შევეშვი, მხრებზე მოვხვიე ხელი და დივანზე გვერდიგვერდ ჩამოვსხედით.
_მგონი ვერც კი მამჩნევს._საცოდავად ამოიოხრა.
_რას ლაპარაკობ?_სერიოზულად შევიცხადე._რას ქვია, ვერ გამჩნევს? აუდიტორიაში შენზე ლამაზი გოგოები სხედან ვითომ.
_შეიძლება ლამაზები არა, მაგრამ დახვეწილები და მოდის ტენდენციებს აყოლილი კი. სოფლელი "გოიმი" არავის სჭირდება. მითუმეტეს, სწავლაზე რომ ვარ გადართული და გართობის მოყვარული არ ვარ.
_თვითონ ის ბიჭი, ლაშა, ისიც გართობაზე ფიქრობს მხოლოდ?_შემეცოდა დადარდიანებული გურანდა და მაგარი გამომძიებელვით საქმის ვითარების გარკვევას შევეცადე.
_არც ისე... გართობაც ზომიერად უყვარს და სწავლაც. თუმცა, ჩემნაირი გოგოები არ იზიდავს.
_ვითომ?_რომ დავეჭვდი, სევდიანად შემომღიმა.
_მერე?_თანაგრძნობით მოვხვიე მხრებზე ხელი და მივიხუტე.
_არ ვაპირებ იმის გამო შეცვლას და ძერსკობას, რომ ლაშას მოვაწონო თავი. მე ასეთ "გოიმად" დავიბადე და ბოლომდე "გოიმად" დავრჩები. თუ უნდა, ასეთსაც ძალიან კარგად შემიყვარებს. თუ ჩემში რაღაცეების შეცვლას შეეცდება, ესე იგი არ ვუყვარვარ...
მართალია, სევდიანი თვალებით მომჩერებოდა, მაგრამ მტკიცე იყო და დარწმუნებული ვიყავი, მართლაც ასე მოიქცეოდა.
_დარწმუნებული ვარ, იმ შენს ლაშას ზუსტად ასეთი შეუყარდები როგორიც ხარ, ალალი და ბუნებრივი._გადავეხვიე და გულიანად ჩავეხუტე იმის დასამალად, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლი არ შეემჩნია ჩემს თვალზე. ამას ნებისმიერი ბიჭი შეიყვარებდა. მე მედარდა, რომ ჩემი წარსულის გამო ნორმალურად და სერიოზულად არ მიყურებდა არავინ...
_ნუ გეშინია, შენც გამოგიჩნდება ისეთი ვინმე, ვინც შენს წარსულს ყურადღებას არ მიაქცევს და ისეთსას შეგიყვარებს, როგორიც ხარ, მე მჯერა ამის!_მიმიხვდა რა ორომტრიალიც იყო ჩემს სულში ატეხილი და იმან აქეთ მე დამამშვიდა._შენი ამბავი შენი ბრალი არ ყოფილა, შენ უბრალოდ მსხვერპლი ხარ...
სევდიანად გამეღიმა და ცრემლები რომ არ დამენახვებინა მისთვის, უჩუმრად შევიმშრალე.
_გინდა, მინდორში გავისეირნოთ და გვირილები დავკრიფოდ?_ჩემს პასუხს არც კი დალოდებია, მოულოდნელად წამოხტა, ხელი ჩამკიდა და სახლიდან ლამის თავპირისმტვრევით გამაქცია._ბევრი ადგილი ვიცი მშვენიერი გულყვითელა გვირილებით რომაა მოჩითული არემარე. სურათები გადავიღოთ და დავჩექინდთ.
_მოიცა._შეჩერება და გაპროტესტება ვცადე, მაგრამ ისე ძლიერად მყავდა ხელზე ჩაფრენილი და მიმათრევდა სადღაც, რომ ვერ გავუძალიანდი.
ძალიან ბევრიც არ გვირბენია. ჯეკოს სახლს გვერდი ავუქციეთ და ღელის მიმართულებით გავიქეცით. ნაცნობი ადგილის დანახვა ნამდვილად არ მინდოდა და ისევ შეჩერება ვცადე, მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამომივიდა. ისე ძლიერად მიმათრევდა ჩემი გადარეული დაქალი, ვერც კი ვეწინააღმდეგებოდი. თუმცა, ღელეზე არ გავსულვართ. მარჯვნივ გადავუხვიეთ და სულ მალე მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშალა ჩვენს თვალწინ. ასეთი სილამაზე მხოლოდ ფოტოებში მქონდა ნანახი. რომ მივუახლოვდით, მერე კი შევჩერდით და მოჯადოებულებივით გავყურებდით ორივენი თეთრ ხალიჩასავით გაფენილ მდელოს.
_აბა, რას იტყვი, კარგია?
_არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივია._აღტაცებულმა ძლივს ამოვიჩურჩულე ისე, რომ თვალი არ მომიშორებია ამ სილამაზისთვის.
მადროვა, სანამ დავტკბებოდი მისი ცქერით, მერე კი დიდი სიფრთხილით შევედით გვირილების ხალიჩაში და უამრავი ფოტო გადავიღეთ. გვირილების გვირგვინებიც დავწანით და მხიარულად ვიპოზიორეთ კამერის წინ. წუთით მაინც გადამავიწყდა ჩემი მდგომარეობა და გულწრფელად ვიყავი ბედნიერი. ბოლოს კი, ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ატვირთა სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოები.
_რაც მეტს დაიმალები სირაქლემასავით ქვიშაში, მით უფრო გაგიჭირდება საზოგადოებაში გამოჩენა. წეღანაც გითხარი, შენ ბრალი არაფერში მიგიძღვის და დასამალი არაფერი გჭირს. ზოგი შეგნებულად ბს და მაინც ამაყად და მედიდურად უჭირავს თავი... თუ არა და, რაცარუნდა ანგელოზი იყო, მაინც გამოტყვრება ისეთი ვიღაც, ვისაც შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება. ასე, რომ მოეშვი იმაზე ფიქრს და დარდს, ვინ რას იტყვის, ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს!
ცხოვრებაში ალბათ ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გურანდასნაირი პოზიტივით სავსე დაქალი გყავდეს. მასთან ურთიერთობა და გულთბილი საუბარი მართლაც რომ სასიკეთოდ წამადგა. მართალია, შიგადაშიგ ჩემი დარდი მაინც მახსენებდა თავს, მაგრამ ეს გოგო რომ სასიკეთოდ მოქმრდებდა ჩემზე და მეც პოზიტივით მავსებდა, ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი.
ფოტოსესიიდან უკან ძალიან კმაყოფილები გამოვბრუნდით. თუმცა, ჯეკოს სახლს რომ გავუსწორდით, შევჩერდი. სევდიანი მზერა მოვავლე იქაურობას. დიდი სურვილი კი მქონდა ამ გაპარტახებულ სახლში შევსულიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ გურანდა არაფრის დიდებით არ შემომყვებოდა.
_იცი, დიდი ხანია ვფიქრობ იმაზე, რომ შენი ფულის სამალავი აქ გაქვს._თავით მანიშნა სახლზე._მართალი ვარ?
მის მიხვედრილობაზე "ულვაშებში" გამეღიმა.
_გამოვიცანი არა?_გაუხარდა._მაგარი დეტექტივი დადგებოდა ჩემგან, მაგრამ ეგ ქალის პროფესია არააო... ფული უკვე აიღე?
უარყოფის ნიშნად მხოლოდ თავი გავუქნიე. მისთვის ნამდვილად არ მინდოდა იმის თქმა, რომ იმ საბედისწერო ღამეს იქ ვიყავი და ფული იქ დამრჩა...
_მართალია, ძალიან მეშინია და გულიც მისკდება, მაგრამ თანახმა ვარ შემოგყვე იმ ფულის ასაღებად.
გაოცებულმა შევხედე.
_ხო, რა იყო? სანამ ხასიათზე ვარ და არ გადამიფიქრებია._წელზე მომხვია ხელი და მართალია მშვიდად, მაგრამ შინაგანი მღელვარებით შემიძღვა ეზოში._ვიცი, როცა იქნება მარტო გამოცუნცულდები აქ და მირჩევნია მეც შემოგყვე. მარტო როცა დაგტოვე, ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და დღემდე ვერ მომინელებია... გეფიცები, შიშისგან გული მისკდება, მაგრამ შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ეზოში ერთად შევედით. ისეთი დაძაბული მომყვებოდა, უბრალო გაფაჩუნებაზეც კი კრთოდა. სახლში შესვლა რომ დავაპირეთ, წამიერად მეც შევყოვნდი. შემეშინდა მაშინდელი სილუეტისა, წინ რომ ამესვეტა, თუმცა გურანდასთან აღარაფერი შევიმჩნიე და გაბედულად შევაბიჯე შიგნით.
_მოიცა._მკლავზე წამატანა ხელი და შემაჩერა._ერთი წუთით ცოტა დავმშვიდდე და მერე._გულის მხარეს მჭიდროდ მიიჭირა ხელი, თან რიტმული სუნთქვით შეეცადა აფორიაქებული გულის დამშვიდებას. ცოტა ხანში კი მაინც დაფარული მღელვარებით შემომღიმა._მზად ვარ, შევიდეთ.
ნახევრად დამწვარ გაპარტახებულ სახლში ორივემ ერთდროულად შევაბიჯეთ.
იმ ადგილზე, სადაც ქილა დამივარდა და ფული დამებნა, საერთოდ არაფერი იყო და გული დამწყდა. ის უცნობი წაიღებდა ალბათ, მაშ აქ ხომ არ დამიტოვებდა? გურანდასთან იმის აღიარება, რომ ფული აქ უკვე აღარ იყო, არ მინდოდა. მაინც შევედი ჯეკოს ოთახში, სამალავი დაუდევრად გადავწიე. გადავწიე და შევკრთი. მინის ქილა ისევ იქ იდო და ფულიც შიგ ჩანდა.
შევკრთი. ნუთუ ის ფრაგმენტი, რაც იმ ღამიდან მახსოვდა, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო? დავიბენი და შემეშინდა კიდეც.
_ჰა, დროზე, აიღე და წავედით._მუჯლუგუნი წამკრა გურანდამ და აზრზე მომიყვანა.
ქილას რომ დავწვდი და ხელში ავიღე, მივხვდი, ეს ის ქილა არ იყო, რომელშიც მე ვაქუჩებდი ფულს. თან, თვალის ერთი შევლებითაც კი მივხვდი, რომ მასში გაცილებით მეტი იყო. ეგ კი არა, კუპიურებიც კი მსხვილი ეწყო.
_წამოდი რაა._შეშინებულმა ახლა უკვე მუდარით მიჩურჩულა გურანდამ და ტკიპასავით ამეკრა. თითქოს, ვინმე ან რამე რომ ყოფილიყო იქ, მე ვუშველიდი რამეს.
საგაზაფხულო თხელი ჟაკეტი გავიხადე, ქილა შიგ გადავახვიე და სულ სირბილით წამოვედით იქიდან. იმის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ ეს ჩემი ფული არ იყო და ვიპარავდი...
_შენთან ერთად ვიყავი, მაგრამ მაინც გული გამისკდა. შენ კი რა ხარ ამისთანა?_ქაქანით მომყვებოდა გურანდა და თან ენას არ აჩერებდა._ისე კი, კარგი მოგიფიქრებია, შენს სახლში რომ დაგემალა, ის კუდიანები იპოვიდნენ და ვინღა გამოგიჩენდა? ჯეკოს სახლში კი მოჩვენების შიშით არავინ შედის და შეგენახა. აზრიანი გოგო ხარ, რა გინდა?
შეუსვენებლივ ვირბინეთ. თითქოს და, მართლაც მოჩვენება მოგვყვებოდა უკან. ვინმეს რომ დავენახეთ, ასე უფრო მივიქცევდით ყურადღებას. გურანდას სახლში რომ მივედით, ერთხანს აფორიაქებულები ვიდექით ოთახში და სასაცილოდ ვქაქანებდით ენაგადმოგდებული ძაღლებივით. ამ სხვისი ფულის გადათვლა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. ისევ ისე ჩემს ჟაკეტში გამოხვეული დავდე კუთხეში და შიშით შევცქეროდი.
_გვარიანად მოგიქუჩებია, მაგარია. ახლა, შეგიძლია ისწავლო კიდეც. ცხრა კლასის ატესტატით კლეჯში სახელმწიფო დაფინანსებით თავისუფლად შეგიძლია სწავლა. კარგა ხანს გეყოფა შენი ფული და თავს გაიტან. მერე კი, მუშაობასაც დაიწყებ, დამოუკიდებელი გოგო გახდები და ცხოვრებას აიწყობ.
მართლაც კარგი აზრი იყო, სწორეს მეუბნებოდა გურანდა, თუმცა მე მაინც ის ფული მედარდებოდა. ნეტა ვისი იყო? თანაც ისევ ჩემს სამალავში რომ იდო? ან, ის უცნობი ვინ იყო, იმ საბედისწერო ღამეს რომ ამესვეტა წინ მისი ლანდი? ნეტა, მან იცოდა მე ვინ ვიყავი და ამ ფულის გამო რამე პრობლემებს ხომ არ შემიქმნიდა?
ჯერ ისევ ათასი აზრი მიტრიალებდა თავში, რომ ჩემს ჯიბეში vanotek-ის someone გაისმა და გვარიანადაც შემაკრთო.
ლიკა იყო. ჯერ "გულთბილად" მომიკითხა. მერე კი, შემომაპარა, თუ შეგიძლია სახლში მოდი, სერიოზული საქმე მაქვს შენთანო.
_რაო, დედაილა კუდიანმა?_ტელეფონი გავუთიშე თუ არა, მაშინვე მკითხა დადარაჯებულმა გურანდამ და ინტერესით მომაჩერდა გამჭოლი მზერით.
_გეყო რომაული არდადეგები და სახლში დაბრუნდიო...
_სახლში დაბრუნდიო?_აღშფოთდა._მოაკლდა შენი მოახლეობა? ხომ არ უნდა თავ-ყბა გავუერთიანო?_ისე სერიოზულად თქვა. თან, მკლავებიც რომ დაიკაპიწა, თავი ვეღარ შევიკავე და გულიანად გადავიკისკისე.
_რა გაცინებს?_ეწყინა.
_ისეთი არაფერი. იცი რა საყვარელი იყავი, რომ იმუქრებოდი? ნეტა, მართლა სცემ რამე რომ იყოს?
_ჭკუა დამიშლის თუ გონება? სკოლაში რამდენი ბიჭი მყავს ნაცემი, დაგავიწყდა? ის ჭიაყელა ლიკა გამიძალიანდება ვითომ?_ეჭვით მოწკურა თვალები.
უსიტყვოდ რომ ავიჩეჩე მხრები, ისევ თვითონ გასცა თავის დასმულ კითხვას პასუხი.
_გამიძალიანდება არა კვახი. ისეთს გავუხდი თავ-პირს, საკუთარმა დედამ ვეღარ იცნოს... შენ ის მითხარი, მართლა რა გითხრა იმ კუდიანმა?
_სერიოზული საქმე მაქვს და სახლში მოდიო...
_საქმე მაქვსო?_ჩაფიქრდა._თანაც სერიოზულიო? რა საქმე აქვს ნეტა?_ნერვიულად მოიქექა კეფა.
_აბა რა ვიცი.
_მეც შენთან ერთად მოვდივარ. იმ კუდიანების ნდობა არ შეიძლება... მაგრამ ამ ფულს რა უნდა ვუყოთ?_ისევ მოიქექა კეფა. მერე, გარდირობის კარები ხმაურით გამოაღო და ლამის მთლიანი ტანით შეძვრა შიგ და ისე დაუწყო რაღაცას ძებნა._მაგ ქილით ხომ არ წაიღებ ფულს? ლამაზი ზურგჩანთა მაქვს და გაჩუქებ... ნეტა, სად ჯანდაბაში წავიღე?_კარგა ხანს ატრიალა იქაურობა, მერე კი აღტაცებული ყვირილი აღმოხდა._ურაა!!! ვიპოვე!!! აი._თან მე გამომიწოდა.
მართლაც, არაჩვეულებრივი შავი ნაჭრის ზურგჩანთა იყო. სხვა ნაჭრის პარკიც მომირბენინა.
_ეგ ფული ჯერ ამაში ჩაყარე და მერე ამითვე ჩადე ზურგჩანთაში.
მართლაც ასე მოვიქეცი. ხურდა ფული საგრძნობლად მძიმე აღმოჩნდა.
_მომეცი, ვითომ ჩემი ავლა-დიდებით მოვდივარ რამე რომ არ იეჭვონ._ზურგზე თვითონ მოიკიდა, ხელკავი გამომდო და ისე წავედით ჩვენი სახლისკენ._იცოდე, თუ რამე ისეთი გითხრეს, რაც არ მომეწონება, უნდა გავუფრინო. შენც შეგიძლია რომ ამოიღო ხმა, ნუ გაუჩუმდები...
_ისეთსას არაფერს იტყვიან, დამშვიდდი. შენ ის მითხარი, კოლეჯში მიღება როდისაა, რომ დავრეგისტრირდე რამეზე და ვისწავლო.
_გაზაფხულის მიღება უკვე იყო და დაიწყო კიდეც სწავლა. შემოდგომამდე აღარაფერი გეშველება. თუმცა, გული ნუ გაგიტეხია, ამ ზაფხულს სოფელში ვარ და უნარებში მოგამზადებ, რომ გამოცდები ადვილად ჩააბარო.
ასე ლაპარაკ-ლაპარაკში და მომავლის გეგმების დასახვით ისე მივუახლოვდით ჩემს სახლს, რომ ვერ გავიგეთ ვერაფერი. ლიკა ეზოში გადი-გამოდიოდა და მალევე შეგვნიშნა. შორიდანვე შევნიშნე სახეზე უკმაყოფილება, რაც გურანდას დანახვამ გამოიწვია.
_შენიშნე, როგორ დაეჯღანა დედაილას სახე? აშკარად არ გაუხარდა ჩემი დანახვა._ჩურჩულით წამკრა გურანდამ მუჯლუგუნი._რომც მითხრას, წადი აქედანო, არ წავალ იცოდე და შეიძლება მუშტზე დავიხვიო კიდეც.
მეც კი შევნიშნე, რომ ლიკა უკმაყოფილო სახით შემოგვეგება, მაგრამ გაჩუმება და იმის ლოდინი ვარჩიე, როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
_სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან და თუ არ გეწყინება, შენ რომ დაგვტოვო?_მისვლისთანავე გამოუცხადა გურანდას.
_შენი აზრით, მე არასერიოზული ვარ?_სერიოზულად გაბრაზდა გურანდა.
ლიკამ რომ შეატყო ჩემს დაქალს გაბრაზება, ცოტა თითქოს მოლბა.
_არა, მე ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ოჯახური საუბარი უნდა გვქონდეს...
_არც მე ვარ უცხო, თეოს მეჯვარე უნდა ვიყო.
_შენც იცი უკვე?_გაოცებით რომ იკითხა ლიკამ, გულში ცუდად გამკრა რატომღაც.
_რა იცის?_შინაგანი მღელვარებით ვკითხე და თვალებში დაჟინებით მივაშტერდი.
_ამ საღამოს შენი ხელის სათხოვნელად უნდათ მოსვლა._როდის წამოგვადგა ჩემი დედინაცვალი თავზე, ვერ გავიგეთ და მოულოდნელად რომ დაილაპარაკა ჩემს ზურგთან, შევკრთი.
_ჩემი ხელის სათხოვნელად უნდა მოვიდნენ? ვინ?
_ძალიან კარგი პიროვნებაა. შენს წარსულზე თვალს ხუჭავს... მდიდარია და უზრუნველად გაცხოვრებს._დაზეპირებულივით ჩამოარაკრაკა ლიკამ.
_მაინც ვინ არის მაგისთანა ღვთისნიერი, რომ წარსულს არ უყურებს?_გურანდამ დამასწრო მისი ვინაობის დადგენა. თან, ჩვეულებისამებრ, როგორც სიბრაზისას სჩვეოდა, დოინჯი შემოირტყა.
_უაღრესად კარგი პიროვნებაა._ჩემი დედინაცვალი გამოვიდა ახლა სიტყვით._წამოდით, შიგნით შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. ეს თემა აქ სალაპარაკო არ არის._წელზე მომხვია ხელი და სახლისკენ შემიძღვა._ისეთი პატარა აღარ ხარ, რომ არ გესმოდეს, შენი წარსულის მქონე გოგოებს რა თვალით უყურებენ კაცები. ან ვეღარ თხოვდებიან, ან ისეთებს მიყავთ, შვილები რომ ყავთ, ან ხეიბრებს. შენ კი გაგიმართლა, მდიდარი კაცი გთხოულობს...
_გამიმართლა? მე რომ არ მინდა გათხოვება?_შევჩერდი, ხელი გავაშვებინე და ისე შევხედე._მე ჯერ სწავლა მინდა. მერე მუშაობის დაწყება...
_სწავლა გინდა?_ირონიულად გაეცინა ლიკას.
_ხო. რატო გიკვირს?_აქ კი სერიოზულად აენთო ლიკა._ტვინი არ აქვს, ვერ ისწავლის თუ, ასაკი არ უწყობს ხელს? დიახაც, უნდა ისწავლოს, იმუშაოს და ცხოვრება აიწყოს!
_ძალიანაც კარგი._"მომიწონა" დედინაცვალმა._მივესალმები შენს გადაწყვეტილებას, უნდა ისწავლო, რატომაც არა? მაგრამ დაფიქრებულხარ იმაზე, რომ აქ მე გიცავ. თან, შენი მშობლიური სოფელია და პირში რამის თქმას ყველა ერიდება. სასწავლებელში რომ წახვალ, იქ ვინ დაგიცავს? ბუზებივით დაგესევიან კაცები...
_თეოს თუ არ უნდა და მიზეზს არავის მისცემს, ზედმეტს ვერც ვერავინ გაუბედავს!_დარწმუნებით თქვა გურანდამ.
_ესე იგი, იმ გარეწარს თეომ მისცა მიზეზი, რომ გააუპატიურეს?_ირონიული ღიმილით იკითხა ლიკამ.
გურანდა არც დაფიქრებულა, ისე სთხლიშა ცხვირპირში მადიანი მუშტი.
_ახლა რომ შენ მომეცი შენი ცემის მიზეზი, ამას ხომ ხვდები?
_ნუ იჩხუბებთ, დაწყნარდით._მაშინვე შუაში ჩაუხტათ ჩემი დედინაცვალი._მინდა გითხრათ, რომ ორივენი სიმართლეს ამბობთ. წამოდით, სახლში შევიდეთ და წყნარად და მშვიდად ვილაპარაკოთ.
_სახლშიც იმას ვიტყვი, რასაც აქ: გათხოვებას ჯერ არ ვაპირებ!_ჩემს თავში მეც ვიპოვე იმის ძალა და უნარი, რომ ჩემი უფლებები მკაცრად დამეცვა.
_მესმის შენი, მაგრამ იქნებ დაფიქრებულიყავი მაინც? მე შენთვის გეუბნები, რომ ნათელი მომავალი გელის. სწავლა გინდა? არც ეგ არ არის პრობლემა, ქმარი გასწავლის.
_ვინ არის?_დაინტერესდა გურანდა.
_ვინ არის და ჩვენი გივილოა.
_გივილო?_მე და გურანდამ ერთდროულად გავიოცეთ._იმ ყრანჩს უნდა მიმათხოვოთ?
_ყრანჩი რატოა?_ეწყინა ჩემს დედინაცვალს._მაგაზე ბებრებს მიყვებიან.
_მერე და კარგს აკეთებენ?_ისევ აენთო გურანდა._თუ არა და სხვები ხრამში რომ გადაცვივდნენ, თქვენც უნდა გადაყვეთ? სხვას რას უყურებთ?
_მე მაინც იმ აზრის ვარ, რომ დაუფიქრებლად არ ღირს გადაწყვეტილების მიღება. ჯობია დაფიქრდე, აწონ-დაწონო და ისე გადაწყვიტო ყველაფერი._დამარიგა დედინაცვალმა._შეხვდით ერთმანეთს, დაილაპარაკეთ. იქნებ მოგწონს?
_კარგი, იფიქრებს მაგაზე, ოღონდ დღეს არა._გურანდამ ხელკავი გამომდო და ეზოდან გამომიყვანა._ამაღამაც ჩემთან დარჩება._ეს ისეთი მკაცრი და მტკიცე ხმით უთხრათ ორივეს, რომ ვერც ერთმა ვეღარ გაბედა შეპასუხება.
ჩქარი ნაბიჯებით დავტოვეთ ჩვენი ეზო და ისევ გურანდას სახლისკენ გავწიეთ.
_ერთი ამ გველაძუებს უყურე, მომინდომეს მაჭანკლობა! თავის ლიკა მიათხოვოს იმ ბებრუხანას თუ კარგია! მოუნდათ უზრუნველად ცხოვრება და კანდიდატიც შეურჩევიათ!_რომ იტყვიან მართლაც ცოფებს ყრიდა გურანდა გზადაგზა.
მე კი უსიტყვოდ მივყვებოდი დაქალს. მართალია, მეც ვბრაზობდი, მაგრამ ჩემი დედინაცვლის სიტყვებიც არ მაძლევდნენ მოსვენებას. გულში მწარედ მომხვდა მისი ნათქვამი, შენი წარსულის მქონე გოგოებს სხვა თვალით უყურებენ კაცებიო. რა გამოდის, მართლაც გამიჭირდება ნორმალური ბიჭის პოვნა? მე მართლა ან გერიანი წამიყვანს და ან გივილოსნაირი ყრანჩი? გული ამიჩუყდა და ტირილი მომინდა. თუმცა, თავის შეკავება შევძელი. გურანდა კი ბობოქრობდა და ბობოქრობდა. შიგადაშიგ მესმოდა მისი აღშფოთებული ლაპარაკი, სულ მიწასთან რომ ასწორებდა კუდიანებს და კუბოშიც აწვენდათ.
გურანდას სახლში ისე დავბრუნდით, მე არ ამომიღია ხმა. ოთახში შესვლისთანავე კი პირქვე დავემხე და ავღრიალდი.
_ნუ ტირი, დაწყნარდი. იმ კუდიანებს უკვე არანაირი უფლება აღარ აქვთ, რომ შენ რამე დაგაძალონ. ეგ კი არა და, შენ რომ მოიწადინო, შენი სახლიდანაც კი გაყრი. აქამდე თუ შენი მეურვე იყო, ახლა აღარ გჭირდება მისი ყურადღება. დეიდაშენსაც უთხარი ეს ამბავი, არ დამალო. დარწმუნებული ვარ, სულ კუდით ქვას ასროლინებს ორივეს.
მამაჩემის ანდერძიც გამახსენდა. რაღაც საბუთებზეც რომ მომაწერინეს ხელი. იქნებ, აქეთ მე გამოვეგდე იმ ალქაჯებს ჩემივე სახლიდან?
უარესად ავტირდი და ავღრიალდი.
_გთხოვ, ნუ ტირი რა._გურანდაც გვერდით მომიწვა და გადამხვია ხელი._რომელი საუკუნეა, რომ ძალით გათხოვება შეიძლება?
_ძალით გათხოვებას არ ვჩივი. ჩემი დედინაცვალი მართალია, კაცები სულ სხვა თვალით დამიწყებენ ყურებას და ეს მაშინებს._ამოვიღრიალე.
_მოიცა ერთი რაა. შენ იმ კუდიან ქალს რას უსმენ? საბარდელოდან გამოდიან ბოზები და მშვენივრად თხოვდებიან. შენი ამბავი შენი სურვილის წინააღმდეგ მოხდა. ახლა შენი წარსულით უნდა რომ დაგაკომპლექსოს? დაურეკე დეიდაშენს და ჩააყენე საქმის კურსში. ეს ისეთი ქაჯი და ჯადოსანია, იქნებ რამე გიჩალიჩოს კიდეც.
დიდხანს ვიტირე და ამოვიგდებინე გული სლუკუნით. გივილო ფულიანი კაცი იყო. იქნებ, ჩემს დედინაცვალსაც შეპირდა გარკვეულ თანხას ჩემი ხელში ჩაგდების სანაცვლოდ? ბევრს ეცადა გურანდა ჩემს დამშვიდებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სანამ მე თვითონ არ დამამშვიდა ტირილმა და არ დავწყნარდი ცოტა, მანამ არ გავჩუმებულვარ. მერე კი გურანდას რომ შევხედე, გამეღიმა: მძიმე ზურგჩანთა ისევ ზურგზე ქონდა მოკიდებული. ჩემი ღიმილის მიზეზს მალევე მიხვდა და მასაც გაეღიმა.
_ეს მაინც მოიხსენი ჩემო უტვინო თავო..._ხვნეშით მოიხსნა ჩანთა და საწოლზე დამიდო._იცი, რა მოვიფიქრე? დღეს ნამცხვარი ან პიცა გამოვაცხოთ. ცოტა გულსაც გადააყოლებ და მერე ყავის ფართი მოვაწყოთ. ხვალიდან შენს მეცადინეობას ვიწყებ უნარებში იცოდე და უსწავლელ ცხოვრებას გამოემშვიდობე.
რომ ვთქვა, დიდად მომეწონა კულინარიის კურსები, მოვიტყუები, თუმცა არც ურიგო იყო განტვირთვის თერაპიისთვის. ნამცხვრის გამოცხობას პიცის ცხობა ვამჯობინეთ, რადგან დროში ვიყავით შეზღუდულები და რომ მოგვესწრო. არც ცომის მოზელისთვის დაგვიკარგავს დრო, ლიკა ფურნაში გაიქცა მაშინვე და მოზელილი ცომის გუნდები იყიდა. თავიდან ცოტა უწადინოდ შევუდექი საქმიანობას, მაგრამ მერე და მერე ისე გავხალისდი, მე თვითონვე მიკვირდა ამ ტრანსფორმაციის.
საუკეთესო პიცა გამოგვივიდა. ყავაც მოვიდუღეთ და აივანზე, საიდანაც ხელის გულივით მოჩანდა სოფლის შარაგზა, მყუდროდ მოვსხედით და გემრიელად შევექეცით. იმდენი ვილაპარაკეთ და ვიოხუნჯეთ, დროებით მაინც დამავიწყა ყოფითი პრობლემები. საღამოს კი, ძალიანაც უნდოდა მასთან დავრჩენილიყავი ღამით, მაგრამ არ დავრჩი, ჩემს სახლში ვარჩიე წასვლა.
_იმათ იმას არ ვაფიქრებინებ, რომ შემაშინეს და ასე ადვილად დამჯაბნიან. ფული შენთან იყოს, ვიცი რომ საიმედოდ შემინახავ. ხვალ კი, პირველი გაკვეთილისთვის გამოვალ უკვე.
_არ გინდა გაგაცილო?_ცოტა ნირწამხდარმა მკითხა. აშკარად არ მიწონებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ ვეღარც მეწინააღმდეგებოდა.
_შენ რომ გამაცილო, იქიდან მე უნდა გამოგაცილო. ასე გაცილ-გამოცილებაში ხომ არ ვიქნებით მთელი ღამე?
_შუა გზამდე მაინც რომ გაგაცილო?_რომ იტყვიან, ფარ-ცმალი მაინც არ დაყარა და სანამ რამეს ვეტყოდი, ხელკავით გამომყვა.
_კარგი, შენი ეშმაკი დიდი იყოს, გამაცილე._გამეღიმა.
ერთხანს უხმოდ ვიარეთ. მერე კი, ჩვენი განშორების ადგილს რომ მივუახლოვდით, ამოიდგა ენა.
_ცოტა არ იყოს, ვღელავ შენზე და თან მეშინია. არ მინდა რამე დაგიშავონ.
_მართლა ბრმა-ყრუობა ხომ არ არის, რა უნდა დამიშაონ? თუ არა და რაც დასაშავებელი იყო, უკვე დამიშავეს._ლოყაზე ვაკოცე და იქვე დავემშვიდობე.
აღარ გამომყოლია, მაგრამ მანამ იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული, სანამ თვალს არ მივეფარებოდი და მზერით მიმაცილებდა.
ჩვენს სახლს რომ მივუახლოვდი კი, გივილოს მანქანა შემომხვდა წინ. ალბათ ჩვენთან იყო და იქიდან მოდიოდა. მე რომ დამინახა, შეჩერდა და ღიმილით გადმოვიდა.
_შენს სანახავად ვიყავი. კარგია რომ აქ გნახე, შენი დედინაცვლის და ლიკას თანდასწრებით ბევრ რამეზე არ მინდა საუბარი.
_მე კი საერთოდარ მინდა შენთან საუბარი. არ ვაპირებ ცოლად გამოყოლას.
_მესმის შენი, დიდი ასაკობრივი სხვაობა გვაქვს და წარმოუდგენელიცაა ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ მე მაინც ვცდი. მოსაფიქრებლად დროს მოგცემ.
_მოფიქრება სულაც არ მჭირდება, ჯერ არ ვაპირებ გათხოვებას, მითუმეტეს შენზე!
_არ იფიქრო, რომ შენმა ამბავმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. იმ საშინელ დღემდეც ვფიქრობდი შენზე. ვაღიარებ, მას მერე უფრო გამიჩნდა იმედი, მაგრამ მანამდეც ვგეგმავდი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და მეც იმედი მაქვს, რომ საჩემოდ გადაწყვეტ ყველაფერს. ისე კი, კარგი იქნებოდა სადმე წავსულიყავით, მშვიდად დავმსხდარიყავით და გველაპარაკა. დღეს უკვე გვიანია, ხვალ გამოგივლი და...
_არც ხვალ და არც მას ზეგ არ მცალია. და საერთოდ, დამანებე თავი. ნუ გგონია, შენს ფულებს დამახარბებ. მე ფულზე არ ვიყიდები!
ისე ალალად გაეღიმა ჩემს სიმტკიცეზე, ერთხანს თვალმოუშორებლად შევყურებდი. რაც მართალია, მართალია, სიმპატიური ძია კაცი იყო. რომ დავფიქრებულიყავი, საგანგაშო და ძალიან აღმაშფოთებელიც კი არ იყო მისი შემოთავაზება, მაგრამ...
_ლიკამ მითხრა, რომ სწავლა გადაგიწყვეტია. მე არ მაქვს პრობლემა, პირიქით, მიხარია ეს ამბავი. სადაც მეტყვი და რაზეც მეტყვი გასწავლი. ყველანაირად შეგიწყობ ხელს, რომ წარმატებულ ქალად ჩამოყალიბდე.
_ეს, წინასაარჩევნო ცრუ დაპირებებია?_მწარედ ჩამეღიმა.
_არა, რატო? მე ყოველთვის ჩემი სიტყვის კაცი ვარ. ოდესმე გაგიგია შენ, რომ გივილოს ვინმე გადაეგდო? სარფიანი შემოთავაზება მაქვს შენთვის. თუ არ გინდა, ჩემთან დიდხანს არც დაგაკავებ. მინდა, რომ შვილი გამიჩინო. მერე, თუ კი არ გენდომება, ნუ დარჩები ჩემთან...
_რაა?_ამას ნამდვილად არ მოველოდი და ერთნაირად გავვოცდი კიდეც და გავბრაზდი._შვილი მოგყიდო? უფიქრდები რას ამბობ!
_არ მინდა ამ თემაზე ქუჩაში ვილაპარაკოთ. ეს ჩემი ნომერია. როცა დამშვიდდები, მაშინ დავილაპარაკოთ, დაგელოდები. უკმაყოფილო არ დარჩები ჩემგან._სავიზიტო ბარათი რომ გამომიწოდა, დაჰიპნოზებულივით ავტომატურად ჩამოვართვი და დავხედე, ხუთიანების და სამიანების ერთობლივი კომბინაცია იყო.
გვიან გავიაზრე რაც გავაკეთე და უმალ გავუწოდე ისევ.
_არ მინდა, არ მჭირდება, მე ფულზე არ ვიყიდები!_გაგულისებულმა მივაძახე და სახლისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავედი.
_მე არაფერს დაგაძალებ, მაგრამ დაფიქრებულიყავი მაინც._ყურში მაინც მომხვდა გივილოს ბოლო წინადადება.
უკან არ მიმიხედია, მაგრამ მივხვდი რომ დაჟინებით მომჩერებოდა. მაცოფებდა ის აზრი, რომ ჩემი მოსყიდვა უნდოდა. თურმე, გვარის გამგრძელებელი სჭირდებოდა ამ ბერბიჭა და ქალების მოყვარულ გივილოს. ლიკა და ჩემი დედინაცვალიც კარგად მოითბობდნენ ამ საქმიდან ხელებს. ნაძირლები! შვილი გამეჩინა გივილოსგან და მისთვისვე მიმეყიდა? რა სისულელე იყო?
სახლში ისე შევედი, ჩემი მისვლა არავის გაუგია. კუდიანი ქალბატონები სამზარეულოში იყვნენ შეყუჟულები და იქ არჩევდნენ საქმეს. ჩემს ოთახში დავაპირე ასვლა, მაგრამ მოულოდნელად მათი მიყურადების სურვილი გამიჩნდა და ფრთხილად მივუახლოვდი სამზარეულოს ოდნავ მოღიავებულ კარს.
_ხო და სულელი და უტვინოა, თუ უარს იტყვის._გაცხარებით ამბობდა ლიკა._ერთი ჩემთვის ეთხოვა ხელი და თუ არ დავთანხმდებოდი, აქ არ არის?
_არ უნდა ვათქმევინოთ უარი... მეგონა, იმ ამბის შემდეგ აღარ ენდომებოდა გივილოს ეს უტვინო, მაგრამ ეტყობა, რომ სერიოზულად მოსწონს. ხოდა, ჩვენთვისაც უკეთესია.
_ვერ დაინახე, დამქაში რომ გამოუჩნდა?_არ ისვენებდა ლიკა._როგორ გგონია, ადვილად დავიყოლიებთ? ახლა თუ იმ ბიჭის ამბავიც გაიგო...
ვინ ბიჭზე იყო საუბარი, ვერ მივხვდი და სიმართლე რომ ვთქვა, დიდადაც არ მიმიქცევია ამ ამბისთვის ყურადღება.
_არ უნდა გავაგებინოთ. უნდა შევეცადოთ და გივილოს მივათხოვოთ. ჩხუბითა და ძალდატანებით არაფერი გამოვა. ისევ დაყვავებით და წყნარი დარიგებებით უნდა დავიყოლიოთ.
_მე უკვე მომწყინდა მისი ლაქუცი. როდემდე უნდა ვეპირფეროთ? სახლი ხომ ჩვენია უკვე, ხო და გავაძევოთ აქედან.
_ხო, მაგრამ არ გინდა გივილოსაც დავცინცლოთ რამე? ზედმეტი ქონება ვის მოსჭარბებია? თან, მისი ამბავიც ხომ ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ჩვენზე გადმოვამისამართეთ? ჯონისაც რომ გაუხმეს ის უტვინო თავი, ცოტაც ვერ მოითმინა? ახლა კი, რამე რომ მოვიმოქმედოთ, ეჭვს მაშინვე ჩვენზე მოიტანენ...
რაო? სახლი ჩვენიაო? გამოდის, მართლაც მოტყუებით მომაწერინეს მაშინ საბუთებზე ხელი. ჯონის ამბავიც სცოდნიათ. ეს არამზადები და გველაძუები. მომინდა, რომ სამზარეულოში შევჭროდი და თმებით მეთრია დედაც და შვილიც. დავაპირე კიდეც, მაგრამ "წავატორმუზე". ჩემი გამომძიებელი გამახსენდა. მას დავურეკავდი და საქმის ვითარებას გავაცნობდი. ჩემი გაგიჟებით არ დავაფრთხობდი ამ კუდიანებს, მეც ავყვებოდი თამაშში, ჩემი "მოტყუების" უფლებას მივცემდი ორივეს, როცა იქნებოდა თავს ხომ გაყიდდნენ და მერე კი, კანონი დასჯიდათ ორივეს სამართლიანად.
უხმაუროდ გავბრუნდი უკან, კარი ხმაურით გამოვაღე და ასევე ხმაურით მივხურე. გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე.
ლიკა კაოცებული შემომეგება ზღურბლთან.
_უი, შენ ხარ?_გამიღიმა._მეგონა, ქურდი შემოგვეპარა.
ნაძალადევად მეც შევღიმე. წყალი დავლიე და ჩემი ოთახისკენ გავწიე.
_გურანდასთან აღარ რჩები?_ღიმილად დაიღვარა ჩემი დედინაცვალიც.
_არა, სახლში მირჩევნია ყოფნა._არც მე დავრჩი ვალში და მეც გავუღიმე.
უსიტყვო კმაყოფილი მზერით გამომაცილეს ოთახიდან. ამათ თუ კი შეეძლოთ აფერისტობა და ლაქუცი, მე ვეღარ შვძლებდი? გურანდა ერთ რამეში მართალი იყო, ამათთვის საკადრისი ადგილი უნდა მიმეჩინა. ეყოთ რაც იპარპაშეს და დამიშავეს. ამ სამყაროში მეც მქონდა ბედნიერების უფლება და ამ უფლებისთვის ბრძოლას დავიწყებდი.
ის იყო ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი, რომ კარზე ფრთხილად მომიკაკუნეს. ასეთი ზრდილობიანები არასდროს ყოფილან. ახალი რაღაც იყო ეს მათთვის და დღითიდღე მაოცებდნენ.
_შემოდი, ღიაა._ისე გავეპასუხე, არც კი ავმდგარვარ საწოლიდან.
ლიკა იყო. აშკარად ნაძალადევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. წამოწოლილი რომ დამინახა, ვითომ შეშფოთდა.
_უი, ცუდად ხარ?
_არა, ცოტა დავიღალე. რა ხდება?
_მაღაზიაში მინდა წასვლა და შენც ხომ არ გამოისეირნებდი? ან, რამე ხომ არ გინდა რომ გამოგიყოლო?
_არა, არაფერი მინდა._მალევე მოვიშორე თავიდან._არც გამოყოლა მინდა, სახლში მირჩევნია ყოფნა.
_კარგი... სიმართლე გითხრა, ბევრი რამის ყიდვა მინდოდა და მოხმარება მჭირდებოდა. რახან არ გინდა..._რაღაცნაირი გულში ჩამწვდომი ხმით მითხრა და ჩემი ოთახიდან გასვლა დააპირა.
არ ვიცი, ან მე ვარ დებილი და ჭკუას ვერასოდეს ვისწავლი და ისევ მათი მოახლე ვიქნები. ან, მიჩვეული ვარ უკვე მათ მორჩილებას და რაც არუნდა მოხდეს, ყოველთვის მათი გავლენის და ზემოქმედების ქვეშ ვიქნები. ან, დედა ტერეზა ვარ, ყველას გასაჭირი გულთან რომ მიმაქვს და ვცდილობ, ყველას დახმარების ხელი გავუწოდო. მოკლეთ, მაშინვე წამოვდექი დახმარება რომ ახსენა, სარკეში თავი მოვიწესრიგე და გავყევი მაღაზიაში. გურანდას თუ დავუჯერებდითთ, ჯადო მქონდა ნაგდები და იმიტომაც ვასრულებდი ამ ქალბატონების ნება სურვილს. მართალია, გულში მებრაზებოდა მათზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მათ მიმართ დამყოლი ხასიათი მქონდა. მოკლედ, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ან არ მაქვს, ან არ მინდა რომ მქონდეს.
ნახევარი გზა უხმოდ ვიარეთ. გულში კი ვლანძღავდი ჩემს თავს, მაგრამ მაინც გვერდში მივყვებოდი კუდიანის შთამომავალს. მიკვირდა კი, რომ არც თვითონ იღებდა ხმას, მაგრამ მიხაროდა კიდეც. მე ნამდვილად არ მქონდა არაფერი მისთვის სათქმელი. თუ რამის თქმა მინდოდა, გურანდა მყავდა და მას გადავუშლიდი გულს. ლიკა კი, როგორც ვატყობდი, მეაფერისტებოდა და მყუდროებას არ მირღვევდა.
პირველ მაღაზიას რომ მივუახლოვდით, შევატყე რომ მოულოდნელად აღელდა. რამ გამოიწვია მისი მღელვარება ნამდვილად ვერ გავიგე, მაგრამ ხელკავი რომ გამომდო და მეორე მაღაზიიაკენ წამიყვანა, დავრწმუნდი, რომ რაღაცამ აშკარად ააფორიაქა.
_აქ არ შევიდეთ?_გამიკვირდა და შევჩერდი.
_მე რაც მინდა მანდ არ აქვთ. წამო, წამო._ლამის ძალით წამათრია და ფეხი ამაჩქარებინა.
ეჭვით შევათვალიერე ვიტრინებიდან მაღაზია, მაგრამ საეჭვო ვერაფერი დავინახე. ვიღაც ბიჭი ზურგით იდგა ჩვენგან და მოლარეს ფულს აწვდიდა. მაღაზიის წინ კი თეთრი კაბრიოლეტი იდგა. ზუსტად ისეთი, მე და ჯეკო რომ ვოცნებობდით იმით მოგზაურობას.
მანქანას ისე გავუარეთ გვერდით, თვალი არ მომიშორებია მისთვის. არაჩვეულებრივი იყო, თეთრი და ფითქინა, შავი ტყავის სავარძლებით. სალონიდან სასიამოვნო მელოდიებიც იღვრებოდა. ლიკამ რომ შემატყო დაინტერესება, უფრო ამაჩქარებინა ფეხი და მეორე მაღაზიაში შევედით. ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა მისი ეს ქმედება. თუმცა, მალევე გამახსენდა, გურანდამ რომ მითხრა, ვიღაც მათე მოსწონსო. ალბათ ის მანქანა იმ ბიჭის იყო და იმ მაღაზიაში მიტომაც აღარ შევედით. მაგრამ თუ კი მოსწონდა, უფრო არ წაემჭვიტებოდა წინ? თუმცა... თავს არ ვიქებ, მაგრამ ჩემს გვერდით ხომ არაფერი ქალი აღარ გამოჩნდებოდა ჩვენი შეყვარებული ლიკა? თვითონაც ძალიან კარგად უწყოდა ეს ამბავი და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ამის გამო აღარ შემიყვანა იქ.
კმაყოფილს გამეღიმა, მისი სუსტი წერტილის გაგება უზომოდ გამიხარდა. რაღაცის შიში რომ ქონდა ამ კუდიანს, ისე მესიამოვნა, მივუახლვდი, გვერდში ამოვუდექი და რასაც არჩევდა, ყველაფერს მე ვართმევდი. ნაუცბადევად გენიალური გეგმაც კი შევიმუშავე. ამის მერე ჩემს გამოპრანჭვას დავუთმობდი უმეტეს დროს და ლიკას ავეტორღიალებოდი ყველგან. როცა იქნებოდა იმ მათე ბიჭს ხომ გადავეყრებოდით სადმე? ჩემს მშვენიერებას მის წინააღმდეგ გამოვიყენებდი იარაღად.
რა აღარ დავხვეტეთ მაღაზიიდნ: ჟელე, ჭურჭლის სარეცხი ბუბკები, ქვაბების სახეხი, სარეცხის ფხვნილი, ხელის საპონი, ჰაერის გამწმენდი სპრეი. მერე სურსათშიც გადავინაცვლეთ. ხის სოკო ახალი მიღებული ქონდათ და ორი კილო ის აიღო, შენ ხომ გიყვარსო? ბრინჯი, შაქარი, მარილი, ზეთი. არც ტკბილეული დავიწყნია და უმეტესობა ჩემი საყვარელი კანფეტი აიღო.
_კიდევ კარგი გამომყევი, თორემ ამდენი რამე სახლამდე როგორ უნდა ჩამეთრია?_"მადლიერმა" ლიკამ საწყალობლად რომ შემომღიმა, კმაყოფილმა მოლარე კონსულტანტმაც შემომღიმა და სულ ასე ღიმილ-ღიმილით დაიანგარიშა ჩვენი ნავაჭრი.
ლიკამ ფული გადაიხადა, საკმაოდ მძიმე პარკებით დავიზურტენით და მაღაზიიდანაც გამოვედით. სად იყო სად არა, გივილოს გადავეყარეთ და სახლამდე შემოგვთავაზა ჩაყვანა.
_შენ გაგახარებს ღმერთი._სულ მადლობად დაიღვარა ლიკა და თან პარკები ჩააწყო მანქანაში. მერე მე შემომხედა გაოცებულმა, ერთ ადგილზე გაშშებული რომ ვიდექი და გივილოს მანქანაში ჩაჯდომას არ ვაპირებდი._შენ რა, არ აპირებ ჩაჯდომას.
შიშით ნამდვილად არ შემშინებია. მართლა ბრმა-ყრუობა ხომ არ იყო? დღისით, მზისით, ათობით მოწმის თანდასწრებით რას გამიბედავდნენ? მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მეც მივუჯექი ლიკას გვერდით.
გივილომ უკანა ხედვის სარკიდან გამომხედა და ისე მომხიბვლელად გამიღიმა, ინსტიქტურად მეც შევღიმე. ერთ დროს მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭი იქნებოდა. არც ახლა დაიწუნებოდა, მაგრამ მე მისი ცოლი? ეს უკვე მეტისმეტი იყო.
_თქვენ ხომ არ გეწყინებათ, ტრასიდან რომ მოვუარო? უბანზე გზა გაფუჭებულია._მართალია ორივეს გვკითხა, მაგრამ მარტო მე მიყურებდა.
_რა პრობლემაა, შენ საიდანაც გირჩევნია. მთავარია ფეხით არ ვივლით და არც მძიმე პარკების თრევა მოგვიწევს._გაიღრიჭა ლიკა.
გივილოს მზერაზე სანამ მხრები არ ავიჩეჩე და არ ვანიშნე, საიდანაც გინდა-მეთქი, მანამ არ დაძრულა ადგილიდან. ან ხალხი აზვიადებდა ამ კაცის დონჟუანობას, ან უკვე ბებერი იყო და როგორც ასმათი ბებია იტყოდა, კვერცხი ქონდა უკვე დადებული.
ტრასაზე სიამოვნებით მივქროდით, რომ ნაცნობმა კაბრიოლეტმა გადაგვასწრო. ლიკას ისევ აშკარად დაეტყო მღელვარება. მხოლოდ წამიერად შევავლე მძღოლს თვალი. წესიერად ვერც კი დავინახე, მაგრამ სიმპატიურად კი მომეჩვენა. მუქი მზის სათვალე ეკეთა და ოდნავ გრძელ თმას ქარი უწეწავდა ურჩად. რომ გადაგვასწრო, საგრძნობლად გაიჭრა წინ და სულ მალე თვალთახედვის არედანაც დავკარგეთ. დავრწმუნდი, რომ ლიკას ეს ბიჭი მოსწონდა და კმაყოფილს გამეღიმა, მისი საიდუმლო ასე უცბადვე რომ ამოვხსენი.
სახლში მისულებმა მადლობა გადავუხადეთ გივილოს ჩვენზე ზრუნვისთვის და ჩვენი ბარგი გადმოვზიდეთ მისი მანქანიდან. საღამოს შედარებით ადრე მოვისურვილე დაწოლა და ჩემს ოთახში განვმარტოვდი თუ არა, გურანდას დავურეკე. პირველ რიგში ჩემი გადაწყვეტილება გავაცანი, რომ კუდიანებთან ისევ მორჩილებაში უნდა ვყოფილიყავი, რათა მათი გეგმების შესახებ რამე გამეგო. დიდათაც არ აღფრთოვანებულა. ძლივს შენი თავის დაფასება და პატივისცემა ისწავლე და ისევ ძველ თეოს უბრუნდებიო? მერე, სხვათაშორის, მათეს შესახებ ვკითხე: როგორი ბიჭი იყო, რას საქმიანობდა და რა მანქანა ყავდა. ჩემი ეჭვები გამართლდა, თეთრი კაბრიოლეტით დაჰქროდა თურმე ბიჭი. გურანდასგან ისიც გავიგე, რომ იშვიათად ჩამოდიოდა სოფელში, რადგან საავიაციოზე სწავლობდა. თურმე, მომავალი პილოტი იყო ჩვენი ახალი უბნელი.
ლამის მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ. დილით კი, არასდროს რომ არ ვიპრანჭებოდი და ვუვლიდი თავს, დიდი მონდომებით გამოვიპრანჭე და გურანდასთან უნარებში მოსამზადებლად წავედი. გზაში იმას ვნატრობდი, რომ ლიკას შეყვარებულს გადავყროდი სადმე, მაგრამ სულ ტყუილად. რატო მიტრიალებდა ეს დემონური აზრი, რომ იმ კუდიანისთვის შეყვარებული წამერთმია არ ვიცი, მაგრამ მთლიანად რომ ვყავდი შებოჭილი ამ სურვილს, მაგას კი ვხვდებოდი. სხვა დროს რომ სულ დავრბოდი, ახლა ძალიან ნელა და აუღელვებლად მივაბიჯებდი ორღობეში. ათ წუთში, რომ დაქალის სახლში ვიყავი სხვა დროს, ამ ჯერზე ნახევარი საათი მოვანდომე ზუსტად.
გურანდას ძალიან გაუხარდა ჩემი მისვლა. ჯერ ყავის ფართი მოვიწყეთ, ცოტა წავიჭორავეთ და მერე ერთსაათიანი გაკვეთილი ჩამიტარა უნარებში. რომ ვშიშობდი, ისეთი რთულიც არ აღმოჩნდა. მე ხომ მიხაროდა და მიხაროდა ჩემი ნიჭიერება, ჩემი "რეპეტიტორიც" კი გავაოცე და ძალიან მოვეწონე. კმაყოფილი დარჩა ჩემი სიბეჯითით.
********************
ყველაფერმა მიჩვევა იცისო. ხო და ლიკა და დედამისიც მიეჩვივნენ ჩემს ყოველდღიურ ვიზიტებს გურანდასთან. ან, შეიძლება არც კი მიეჩვივნენ, მაგრამ "თავს ზევით ძალა აღარ ქონდათ".
გივილო რამდენჯერმე გადამეყარა გურანდასთან მიმავალს და დალაპარაკება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ვაღიარებ, სიმპატიური კაცი იყო, მომწონდა მაგრამ მისი ცოლობა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ არანაირ იმედს არ ვაძლევდი, ცივად ველაპარაკებოდი და უხეშადაც ვიშორებდი. რომ ვთქვა, დიდად მაწუხებდა-მეთქი, არც მთლად მასე იყო საქმე. თუმცა, მე თავს მაინც ვიზღვევდი.
ერთხელ, გურანდას გაკვეთილებიდან რომ მივედი სახლში, ეზოში ისე შევედი ლიკას არ გაუგია, რომელიც კაკლის ჩრდილში ჰამაკში ნებივრობდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. მისი აღტკინებული და განაზებულ-გატყლარჭული ხმის ტემბრით მივხვდი, რომ მათეს ელაპარაკებოდა. იმასაც მივხვდი, რომ ჩემზე ელაპარაკებოდა. მიყურადება დავაპირე, მაგრამ ეტყობა ჩემმა ავმა დედინაცვალმა ფანჯრიდან შემნიშნა და ლიკას ფრთხილად მივუახლოვდი თუ არა, მაშინვე გამომძახა აივნიდან, ყავის მოდუღებას ვაპირებ და შენც ხომ არ დალევო? სანამ შემეხმიანებოდა და ლიკას გააგებინებდა, რომ მის სიახლოვეს ვტრიალებდი, ის მაინც გავიგე, იმ ბიჭს რომ უთხრა.
_არ ღირს... იმ ამბის მერე, ზოგადად, კაცებს ვერ იტანს და ისტერიკა ეწყება, ცუდად ხდება. თან, სახლში გამოიკეტა და დეპრესიაშია._დედამისის დაძახება რომ გაიგო, შემობრუნდა და მე რომ დამინახა, აშკარად შეკრთა და შეეცვალა სახე. თუმცა მალევე შეძლო თავის ხელში აყვანა და ნაძალადევი გულთბილობით შემომღიმა._კარგი, ახლა უნდა გავიქცე და სხვა დროს ვილაპარაკოთ._სასწრაფოდ გაუთიშა ტელეფონი და ჰამაკიდანაც წამოდგა._მინდა კი, დედიკო ყავა, ოღონდ ძლიერი._ვითომ ვერ მიხვდა, რომ დედამისი მე მთავაზობდა.
_შენთვის ისედაც ვაკეთებ. მე თეონას ვეკითხებოდი.
_აა, ჰოო._ვითომ ვერც მე მივხვდი._არ მინდა... მადლობა._ეს "მადლობა" იძულებით ამოვთქვი და გაღიმებაც ძლივს შევძელი._წამოსვლისას დავლიე გურანდასთან.
_აბა, სწავლის საქმეები როგორ მიდის?_ვითომ ძალიან დაინტერესდა დედაილა კუდიანი._მასწავლებელი რას გეუბნება, აიღებ მაღალ ქულებს?
_მაღალი ქულებისა რა ვთქვა, მაგრამ გამოცდაზე არ ჩავიჭრები._დავაიმედე.
_ხო და ძალიანაც კარგი._ვითომ გაუხარდა. ისევ შემომღიმა ნაძალადევად და სახლისკენ გაიქცა.
ერთი პირობა მეც ჰამაკში ნებივრობა გადავწყვიტე, მაგრამ გადავიფიქრე და მეც სახლში ავედი. ქურდულად შევიპარე, დედა-შვილის მიყურადება მინდოდა, მაგრამ კარებთან რაღაც იდო და იმას წამოვკარი ფეხი. ხმაურზე უმალ შეწყვიტეს ჩურჩული.
მივხვდი, სპეციალურად ქონდათ ეს ხაფანგი დაგებული, რომ ჩემი შესვლა გაეგოთ. სამზარეულოსკენ აღარ წავსულვარ, გეზი პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე და იქ გამოვიკეტე. ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მათეს ელაპარაკებოდა ეს გველაძუა, მაგრამ ვისაც ელაპარაკებოდა, რატო მოატყუა, რომ ისევ დეპრესია მქონდა და კაცების დანახვაზე ისტერიკა მეწყებოდა? ვითომ, იმ ვიღაცას ჩემი ნახვა-გაცნობა უნდოდა და იმიტომ?
საწოლზე გარდიგარდმო გადავწექი გულაღმა და ჭერში ერთ-ერთ უფორმო ლაქას თვალმოუშორებლად დავუწყე ყურება. იმაზე ფიქრი, რატო ატყუებდა ლიკა ვიღაცას, რომ ისევ დეპრესია მქონდა და ისეც ისტერიკა მეწყებოდა საპირისპირო სქესის წარმომადგენლების დანახვაზე, მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა. როცა ცუდად ვიყავი და ცხოვრების ინტერესი მქონდა დაკარგული, მაშინ არ მეყო, რომ ახლაც იმას მაბრალებდა? დავიჯერო, მათეს უნდოდა ჩემი გაცნობა და ეს ქალბატონი იყო წინააღმდეგი? მაგრამ, იმ ბიჭს რასთან დაკავშირებით მოუნდებოდა ჩემი გაცნობა ვითომ? ნუთუ, იმ ვიღაც მათეს მოსწონდა ლიკა და ოჯახის წევრების გასაცნობად ჩალიჩობდა?
კარგახანს ვიჭყლიტე ტვინი და ლამის ტყავიც კი გადავიცალე შუბლზე ნერვიული ქექვით. სახარბიელო ვარიანტები მაინც ვერაფერი მოვიფიქრე. როგორღაც უნდა გამეგო სინამდვილეში რა ხდებოდა, მაგრამ როგორ? ამ კუდიანებივით მეც აფერისტული ლაქუცი უნდა დამეწყო ლიკასთან. ჩემი ტყუილი საიდუმლოებები უნდა გამენდო მისთვის, რომ იქნებ თვითონაც დასცდენოდა რამე? შენი "საიდუმლოებების" ხშირი მოყოლა მგონი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, მსმენელიც მოიყვანო აღიარების ხასიათზე. ოღონდ, რა ამბები მომეგონებინა ისეთი, რომ სიმართლეს ჰგვანებოდა? გადავწყვიტე, ამაში გურანდა დამხმარებოდა და მას დავურეკე.
_ახლა არ მცალია სიხარულო, სახლში არ ვარ. საღამოს გამოგივლი და სადმე გავისეირნოთ._ეს რომ მითხრა, მოვიწყინე კი, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა?
საღამომდე დროის გასაყვანად და გულის გადასაყოლებლად სახლის დალაგებას მივყავი ხელი. ყურსასმენებმორგებული სასიამოვნო მელოდიების ფონზე სულ ენერგიულად და ხალისით დავაწკრიალე ყოველი კუთხე-კუნჭული. თან, მეც ავდევდი სიმღერებს და ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ვღიღინებდი. დრო მართლაც შეუმჩნევლად და ადვილად გამეპარა თვალსა და ხელს შუა. შუა დღე რომ გადავიდა, აბაზანაში შევედი, რათა გამოპრანჭვა მომესწრო სანამ გურანდა მომაკითხავდა. იქაც ხალისით დავყავი ნახევარი საათი და დგუშის ქვეშ გულიანად ვიღიღინე. ხალათმოცმული რომ გამოვედი აივანზე, მაშინ დავინახე, რომ საგანგებოდ გამოპრანჭული ლიკა სადღაც მირბოდა. ნამდვილად დრო იხელთა, რომ მე არ გამეგო არაფერი.
_არაუშავს, სხვა დროს იყოს მისი თვალთვალი._გული დავიმშვიდე.
ცოტა ხანს აივნის მოაჯირზე გადაყრდნობილი სიამოვნებით ვუმზერდი ჰორიზონტს და ვტკბებოდი მისი ცქერით. როდის-როდის შევედი ჩემს ოთახში და ოთხი თუ ხუთი სარაფანა მაინც მოვიზომე და ღიღინით ვიტრიალე სარკის წინ. უდიდესი სურვილი მქონდა, რომ ლამაზი და მოხდენილი ვყოფილიყავი. ჩემს მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია, გურანდამ რომ მომაკითხა და დამინახა, აღფრთოვანება ვერ დაფარა, ისე მოვეწონე. ჯერ ხომ, გარშემო მიარა აღტაცებული შორისდებულებით. მერე ლოყაზე მაკოცა, მართლაც მზეთუნახავი პრინცესა ხარო და სასეირნოდ ხელკავით გამიყვანა.
_სად მივდივართ?_დავინტერესდი, როცა ეზოდან გავედით.
_მენდე და არ ინანებ.
ერთი პირობა კი გავჩუმდი, მაგრამ გეზი შუაგულ სოფლისკენ რომ ავიღეთ, ცოტა არ მომეწონა.
_იქით არ მინდა რაა._შევჩერდი და ისიც შევაჩერე.
_ჯერ ერთი, რა იცი სად მივდივართ და მეორე, ვითომ რატომ არ გინდა?_დოინჯი შემოირტყა და ისე შემომხედა გამომცდელად.
_საღამოა, ბევრი ახალგაზრდობა იქნება გამოშლილი...
_მერე რა?_გაუკვირდა.
_ხალხში გამოჩენის ჯერ ისევ მრცხვენია._უწადინოდ ვაღიარე.
_ზუსტადაც იქ უნდა წაგიყვანო, სადაც ბევრი ბავშვი და ახალგაზრდაა გამოშლილი, რომ შენი შიშები და კომპლექსები დაძლიო. თან, ასეთი ლამაზი და კოხტა ყველამ უნდა გიხილოს._წელზე მომხვია ხელი და ისე წამიყვანა._ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია სამოთხის ბაღს გავს. იქ მიმყავხარ. ფოტოებსაც გადავიღებთ, მყუდროდაც მოვსხდებით სადმე და ლაპარაკის საშუალებაც გვექნება. აი, ნახავ თუ არ მოგეწონება.
გურანდა მართალი იყო, მართლაც სამოთხეს გავდა იქაურობა. კმაყოფილი და აღტაცებული ვათვალიერებდი ყოველ კუთხე-კუნჭულს და თან ფოტოებსაც ვიღებდით. მერე კი ერთ-ერთ განაპირა სკამზე ჩამოვსხედით და გურანდას ჩემი გეგმის შესახებ ვაუწყე.
_არ არის პრობლემა, საიდუმლო პროფილი მაქვს, ვიღაც ბიჭის ფოტოები ავტვირთოთ და ასე გამოვაცხოთ შენი შეყვარებულიც, მაგრამ არ გინდა რომ ამ ტყუილებში დრო არ დაკარგო და პირდაპირ ლიკას შეყვარებული გაიცნო?
_ლიკა ცოცხალი თავით არ გამაცნობს...
_მერე და ლიკას გაცნობა რად გინდა?_გაუკვირდა._თვითონ შენ გაიცანი.
_კი, მაგრამ როგორ?
_შაბათ-კვირას სოფელშია...
_მერე და მე სად ვუთვალთვალო, როდის გამოვა სახლიდან?
_სახლში მიადექი...
_რას ამბობ?_გაოცებულმა შევხდე._მერე და, რა მიზეზით?
_მადლიერების გამოსახატავად...
უარესად გავიოცე.
_ხო, რა იყო? მადლობა უთხარი რაც გამოკეთდი? მან ხომ გიპოვა და გადაგარჩინა?
_რაა?_გაოცებისგან ნერწყვი გადამცდა სასულეში და კინაღამ დავიხრჩე. სული ძლივს მოვითქვი და მერე გურანდას ჩავაფრინდი მკლავში.
_მან გადამარჩინა?
_ხო. არ იცოდი?_გურანდამ უარესად გაიოცა._იმ დილით მან გიპოვა ღელეში და ლამის ნახევარი კილომეტრი ხელში აყვანილი გატარა, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა სოფელში...
_მათემ მიპოვა? ამის შესახებ რატო არავინ არაფერი მითხრა?
_მე, მაგალითად, იმ დღის დეტალებს შეგნებულად არ გახსენებდი, რომ ცუდად არ გამხდარიყავი. თან, მეგონა, რომ იცოდი. აი, ლიკა და დედამისი რატო გიმალავდნენ ამ ამბავს, ნამდვილად არ ვიცი.
_გამომძიებელმა ასე მითხრა, სოფლის მკვიდრმა გიპოვაო. ვიფიქრე მწყემსებმა. იმ ღელესთან დილაუთენია სხვას რა ენდომებოდა?
_რა უნდოდა და რა არა, არ ვიცი და არც მაინტერესებს. მაგრამ მადლობა ღმერთს რომ იქ იყო და შემთხვევით გიპოვა...
_ლიკა ნამდვილად მას ატყუებდა, რომ ისევ ცუდად ვიყავი დადეპრესია მქონდა. ჩემს ამბავს იყენებს უეჭველი მასთან ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩემამდე კი არ უშვებს...
_გიჟია, მოუშვას? იცის, რომ შენს კონკურენციას ვერ გაუძლებს და წინ ეღობება... ისე კი, რა ზრდილობიანი ბიჭი ყოფილა, ეტყობა რომ ყოველთვის გკითხულობს და ისგველეშაპი არ უშვებს შენამდე. შენით დაინტერესება შეატყო და ათას სისულელეს იგონებს, რომ არ გნახოს. ხო და, ერთ მშვენიერ დღეს გამოგყვები და სახლში ვესტუმროთ. სხვა თუ არაფერი, მადლობა მაინც მოუხადე, რომ იზრუნა შენზე და იმ ღელეში უპატრონოდ არ მიგაგდო.
ესე იგი, მათემ მიპოვა და ხელში აყვანილი მატარა კარგა მანძილი? ეს ფრაგმენტი მართლაც მახსოვდა, თან, რომ მემუდარებოდა, არ მიმატოვო, როგორც სხვებმა მიმატოვესო? ნეტა ვინ მიატოვა? ან, მე რაღატო მივატოვებდი ვითომ? ისიც გამახსენდა, მის მიმართ უდიდეს სითბოს და სინაზეს რომ ვგრძნობდი. რატო მქონდა ეს შეგრძნება ნეტა? ან, იქნებ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო სხვა დანარჩენი?..
_არ მისმენ?_გურანდამ სანამ გვარიანად არ შემაჯანჯღარა, მანამ ვერ დავუბრუნდი რეალურ სამყაროს._გინდა, ხვალ რომ ჩემთან გამოხვალ სამეცადინოდ, ერთი დღე გავახალტუროთ და მივიდეთ?
_სახლში მისვლა უხერხული არ იქნება?_გზების დაპრანჭვა დავიწყე რატომღაც._ნომერი რომ გამეგო როგორმე და დამერეკა...
_ეგეც კარგი აზრია, მაგრამ ლიკა განდობს ვითომ თავის ტელეფონს? თან, არ მგონია პირდაპირ სახელით ქონდეს ჩაწერილი. შენ კიდევ ვერ გცნობია, თუ მასე ფიქრობ. ლიკას ვარიანტი უნდა გამოვრიცხოთ და სხვა რამ მოვიფიქროთ.
_მე თითქოს ტვინი მაქვს დახშული და არანაირი იდეა არ მიტრიალებს ამ გამოცარიელებულ თავში...
_ნუ ღელავ, ეგ ამბავი მე მომანდე. სულ მალე მათეს ნომერსაც გაგიგებ და დაელაპარაკები კიდეც.
ქონდა ამ გოგოს დაპირებებს დამამშვიდებელი ეფექტი. უფრო იმიტომ, რომ არასდროს მაწბილებდა და რასაც მპირდებოდა, ყოველთვის ასრულებდა კიდეც.
ეკლესიის ეზოში გვიანობამდე შემოვრჩით და მათეს ნომრის გაგების პირობიდან უნარჩოების კითხვებზე გადავედით, თან ისე ოსტატურად, რომ ვერაფერსაც ვერ მივხვდი და გაკვეთილზე მეგონა თავი. ბოლოს რომ მითხრა,ყოჩაღი გოგო ხარო, მხოლოდ მაშინ გავაანალიზე ყველაფერი.
სახლში დაბრუნებულმა ერთხანს მაინც ლიკას ტელეფონს "ვუსადკავე", მაგრამ არაფერი გამომივიდა. მერე, სამივემ ერთად ვივახშმეთ. დედაც და შვილიც შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ გივილო არ ეხსენებინათ და არ მოეწონებინათ ჩემთვის. ისეთი იერით კი ვიჯექი, რომ ვითომ გულისყურით ვუსმენდი რიგრიგობით ალაპარაკებულ დედა-შვილს, მაგრამ გურანდაზე და მის მოხერხებულობაზე ვფიქრობდი როდის და როგორ გამიგებდა მათეს ნომერს. ასეთი რაღაცეები ყოველთვის ეხერხებოდა. ხანდახან კი მთლად თავისი მოხერხებულობის დამსახირებაც არ იყო, შემთხვევითობის ბრალიც იყო, მაგრამ მაინც ყოჩაღი იყო.
სუფრას ვალაგებდით უკვე მე და ლიკა, რომ ესემესიც მომწერა. რომ წავიკითხე, თვალებს არ დავუჯერე, ნომერი იყო მოწერილი. ასე მალე ნამდვილად არ ველოდი და ისე გამიხარდა, ღიმილი ვერ დავფარე. ლიკამ ეჭვით გამომხედა.
_რაო, შეყვარებულია?_თან ისე, სხვათაშორის მკითხა.
_არა, გურანდაა.
_ოჰ, ეგ ხომ თავისებურ სიცანცარეს მოგწერდა._ირონიული ღიმილით მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
მე კი, ერთი სული მქონდა, როდის დაწვებოდნენ დედა-შვილი, რომ ბაღჩაში გავსულიყავი, რათა შემთხვევით არაფერი გაეგოთ და იქიდან დამერეკა მათესთვის. მეჩვენებოდა, რომ დრო ჩემს ჯინაზე ძალიან ნელა გადიოდა. ჩვეულებისამებრ ათ საათზე რომ დაწვნენ, შვებით ამოვისუნთქე. მაშინვე ქვემოთ ჩავედი ფეხაკრებით და ბაღჩას მივაშურე. აღელვებულმა ავკრიფე გურანდას გადმოგზავნილი ნომერი და გულისფანცქალით დაველოდე ზუმერის გასვლას. სანამ მიპასუხებდნენ, ერთი სიკვდილი გავათავე. მერე, ვიფიქრე რომ ალბათ იმ ბიჭს ეძინა და ჩემი საქციელის შემრცხვა, რა ჯანდაბა მჭირდა, გათენებას ვეღარ მოვესწრებოდი ვითომ? გათიშვას ვაპირებდი, რომ ზუსტად მაშინ მიპასუხა ბიჭის ძალიან სასიამოვნო ხმამ.
_გისმენთ.
დავიბენი. რა უნდა მეთქვა მოფიქრებული არც კი მქონდა. მხოლოდ ლიკას ჯინაზე მინდოდა დარეკვა და ლაპარაკი, თუ მადლობის თქმა მინდოდა, ამასაც ვერ ვხვდებოდი.
_გამარჯობა._ხმის კანკალით ძლივს გავეპასუხე._იცით, მე... მე... მე თეონა ვარ...
_თეონა?_თითქოს ნათლად დავინახე, როგორ გაიოცა მათემ და ჩემსავით ისიც აღელდა.
_მადლობის სათქმელად გირეკავთ... მე... მე... არ ვიცოდი... იმ დღის ამბები კარგად აღარ მახსოვდა... დიდი მადლობა, რომ მიპოვეთ და გადამარჩინეთ.
_თეონა?_ისევ გაოცებით რომ აღმოხდა, უარესად დავიბენი და სათქმელს ვეღარ მოვუყარე თავი.
წუთიერი დუმილი რომ ჩამოწვა, საკუთარი გულისცემა მესმოდა მხოლოდ.
_თეონა... თეო._რაღაცნაირად ამოიჩურჩულა და მთელ ტანზე ტაომ დამაყარა._როგორ ხარ?
_მადლობა, კარგად. თქვენ?
_მეც კარგად... შენი ნახვა მინდოდა, მაგრამ..._გაჩუმდა. "შენმა დამ დამიშალაო" ეს ვეღარ გაბედა რომ ეთქვა._ვეღარ მოვახერხე, ბოდიში.
_საბოდიშო არაფერია... მე კი არ მომეცა იმის საშუალება, რომ მადლიერება გამომეთქვა. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, წარმოდგენაც კი არ მინდა, რა მეშველებოდა?_ცრემლი მომერია და ლაპარაკის საშუალება აღარ მომცა.
_მადლობისთვის არ გამიკეთებია. მე ის გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე... ბოდიში რომ უფრო ადრე ვერ გნახე, სანამ რამეს დაგიშავებდნენ..._ისევ წუთიერი დუმილი ჩამოწვა._გამიხარდა შენი ხმის გაგონება, ოღონდ მართლა.
მეც გამიხარდა მისი ხმის გაგონება. არა მარტო ამის, მისი ამბავი რომ გავიგე ისიც, ოღონდ რატო, ნამდვილად არ ვიცი. რაღაცნაირი გულშიჩამწვდომი სასიამოვნო ხმა ქონდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, წლებია ვიცნობდი და ვმეგობრობდი მასთან. ახლობელი იყო ჩემთვის და უზომოდ მაბედნიერებდა თითქოს.
ერთხანს ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით.
_კარგი, ღამე მშვიდობისა._მოულოდნელად დავემშვიდობე.
_ღამემშვიდობისა თეო._ეს რომ მითხრა, გავუთიშე კიდეც.
კარგა ხანს ბაღჩის შუაგულში ვიდექი და მოწმენდილ ცას ავყურებდი, სადაც ვეებერთელა მთვარე იწონებდა თავს. მართლაც მქონდა ისეთი განცდა, რომ ეს ბიჭი ძალიან, ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის და მიხაროდა მისი ხმა რომ გავიგე. არ ვიცი მომეჩვენა თუ რა იყო, მაგრამ შევატყე, რომ მასაც გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება. ლიკას ჯიბრით მინდოდა თავიდან ამ ბიჭის გაცნობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვა უამრავი მიზეზიც მქონია მის გასაცნობად. ჯერ ერთი, ჩემი მაშველი იყო და მადლობის თქმა ჩემი მხრიდან აუცილებელიც კი იყო. მეორე ის, რომ შინაგანად მაბედნიერებდა მასთან უბრალო საუბარიც კი.
ბაღჩიდან რომ ამოვბრუნდი და ჩემს საწოლზე დავწექი, ვეღარ მოვხუჭე თვალი. ნათლად გამახსენდა ის საშინელი დღე, ვიღაცას რომ ვყავდი ხელში აყვანილი და სადღაც მიმარბენინებდა. მაშინაც ზუსტად ეს განცდა და შეგრძნება მქონდა, რაც ახლა. ვერ ვხვდებოდი რატო, მაგრამ დიდი სიამოვნებით კი მეფიქრებოდა მასზე. მთელი ღამე ფიქრში გავატარე და გამთენიისას ჩამეძინა მხოლოდ, თუმცა დილით მაინც მხნედ, ხალისით და ენერგიულად ავდექი. თან, ბედნიერების და სიხარულის შეგრძნება არ მტოვებდა. სარკეში რომ ჩავიხედე, თვალები ისე მქონდა გაცისკროვნებული, გამეღიმა. ღიღინით მოვისაქმე დილაუთენიავე, მერე გამოვიპრანჭე და გურანდასკენ გავწიე.
_რაო, ელაპარაკე?_მისვლისთანავე ინტერესით მკითხა.
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე.
_მერე, რაო?
_არაფერი.
_როგორ არაფერი? შეხვედრა არ დაუთქვით ერთმანეთს? იმისთვის მაწვალე ამდენი, რომ მხოლოდ მადლობებით შემოფარგლულიყავი? შენ, გოგო, ვერა ხარ? სად იყო ლიკა... უნდილი ხარ, უნდილი. ცოტა ფხა თუ არ გამოიჩინე ამ ცხოვრებაში, ისე არაფერი გამოვა... გადამრევ რაა! მხოლოდ მადლობა უთხარი და მეტი არაფერი?
_შენ ის მითხარი, მისი ნომერი საიდან გაიგე?_სიტყვა ბანზე ავუგდე.
_ჩემ ძმას ქონია და შემთხვევით გავიგე... არა რაა, მართლა სულელი ხარ.
გურანდა ისევ ჩემს ლანძღვაში იყო, რომ შეტყობინება მომივიდა მათესგან.
_დილამშვიდობის თეო. იმედია არ გაგაღვიძე. როგორ ხარ?
სიხარულისგან დავმუნჯდი. ხმას ვერ ვიღებდი. ჩემი სახის გამომეტყველებით უთქმელად მიხვდა გურანდა ჩემი სიხარულის მიზეზს და თვითონაც ერთ ადგილზე აცქმუტდა.
_ის არის?_მივხვდი, რომ მათე იგულისხმა._რაო, რას გწერს?_ტელეფონი გამომართვა და ინტერესით გადაიკითხა._ნაღდად მოსწონხარ.
_მართლა?_გული დაჭრილი ჩიტივით შემიფრთხიალდა რატომღაც._მაგრამ რომ ვერ მცნობს?
_ნახევარი კილომეტრი ხელით გატარა, რატო ვერ გცნობს?.. ჰა, პასუხს ელოდება, არ მისწერ არაფერს?
_რა მივწერო?_უფრო ავღელდი და ავფორიაქდი.
_მადლობა მოუხადე ყურადღებისთვის და მისწერე, რომ კარგად ხარ.
მართლაც მასე მოვიქეცი და პასუხმაც არ დააყოვნა.
"კარგია, რომ კარგად ხარ. ვიფიქრე, დღეს საღამოს სოფელშივი ვიქნები და სადმე ხომ არ გაგვესეირნა?"
გურანდამ რომ შეჰკივლა, მოულოდნელობისგან ლამის ტელეფონი გამეშვა ხელიდან. გაოცებულმა და ამავე დროს შეშინებულმა შევხედე რა აკივლებდა ასე.
_რამდენი ხანია ის მათხოჯი ეჩალიჩება და შენ ასე უცბად მოახერხე მისი შებმა, მაგარი ხარ._ლოყაზე მაკოცა._მიწერე, რომ შეხვდები და ჩემიდან გაყევი სადმე. ის კუდიანები ვერც ვერაფერს გაიგებენ.
_შეხვედრას არ ვაპირებ._ეს რომ ვუთხარი, გაოცებულს ყბა ჩამოვარდა სასაცილოდ.
_შენ ხომ არ გაგიჟებულხარ? მთელი სოფლის გოგოები, მათხოჯი ლიკას ჩათვლით, მასზე არიან გადარეულები და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. შენ?
_ჩემთან შსახვედრად იქნებ სულ სხვა ზრახვები ამოძრავებს?_ეჭვით ვკითხე.
უარესად გაოცებულმა შემომხედა.
_მასეთი თვალებით ტყუილად მიმზერ. არ ვაპირებ მასთან შეხვედრას! ჯერ ნორმალურად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს. ის ფაქტი, რომ დანაშაულის ადგილზე მიპოვა და როგორც შენ ამბობ, ხელში აყვანილი მატარა, იმის უფლებას არ აძლევს, რომ თავისად დამიგულოს უკვე!
_მათე ის ბიჭი არ ჩანს, რომ გოგოს ტკივილი მიაყენოს!_ისე მტკიცედ და გადაჭრით თქვა, თითქოს თავისი ხუთი თითივით სცნობდა იმ ბიჭს.
_ჩემზე სერიოზულად არც ერთი ბიჭი აღარ ფიქრობს და რაღა ეგ იფიქრებს ვითომ?
_როგორ იგრძნობა შენში იმ კუდიანების გავლენა. გადაგიტრიალეს უკვე ტვინი? და რატო არ ფიქრობენ ვითომ სხვა ბიჭები შენზე სერიოზულად?
_ჩემი წარსულის გამო.
_მისმინე ჩემო ძვირფასო, შენი წარსულის ტყვეობაში ნუ მოექცევი. მაგას დარწმუნებული ვარ, ის კუდიანები ჩაგჩიჩინებენ და მანიპულირებენ შენით...
_ხო, მაგრამ... მე უბრალოდ მადლობის სათქმელად დავურეკე და მან უკვე სამომავლო გეგმები დააწყო. ეს არ მომწონს. ყველა კაცი ერთნაირია...
_არ გაგიგია, თვალები ადამიანის სულის სარკეაო? ხო და იმ ბიჭს ისეთი ალალი და უბოროტო თვალები აქვს, მეტი რომ არ შეიძლება. არ შეიძლება ბოროტი და ცბიერი იყოს, მე ამას ვერ დავიჯერებ.
_ზოგჯერ, საკუთარი თავის ნდობა არ შეიძლება და იმ უცხო ბიჭს თავდებად როგორ უდგები?_გამიკვირდა.
_კარგი რაა, მისწერე რამე. გულისფანცქალით ელოდება მგონი შენს პასუხს.
"შემოთავაზებაზე დიდი მადლობა, მაგრამ უარი უნდა გითხრა"._ეს ტექსტი ძლივს ავკრიფე ხელების კანკალით. რამდენჯერმე შემეშალა, წავშალე და თავიდან დავწერე.
_როგორ გეტყობა რომ ღელავ._გურანდამ ტელეფონი გამომართვა და დამეხმარა ტექსტის აკრეფაში.
შემეშინდა, სხვა რამ არ მისწეროს-მეთქი და წართმევა დავუპირე, მაგრამ სანამ არ გააგზავნა, მანამ არ დამიბრუნა ტელეფონი. გულისფანცქალით გადავავლე გასულ შეტყობინებებს თვალი, მაგრამ სულ ტყუილად ვღელავდი. გურანდა არ იყო ის მეგობარი, სერიოზული საქმე ჩემი სურვილის წინააღმდეგ რომ შემოეტრიალებინა. მადლიერი თვალებით რომ შევხედე, გაეღიმა.
"არაუშავს, სხვა დროს იყოს, დაგელოდები".
უნდა მიმეწერა, სხვა დრო არ იქნება-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ, რომ შინაგანად უზომოდ მინდოდა მასთან შეხვედრა. არა თუ გურანდას, საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი ამაში. რაღაც ამოუხსნელ მიზიდულობის ძალას ვგრძნობდი მის მიმართ. მართალია, არ ვიცნობდი, არც ნანახი მყავდა, თუ არ ჩავთვლიდით იმ წამიერ დანახვას, თავის კაბრიოლეტით რომ გადაგვასწრო, მაგრამ მაინც მომწონდა. ის განცდა მახსენდებოდა ყოველთვის, ხელში აყვანილი რომ ვყავდი და მემუდარებოდა, არ მიმატოვოვო.
იმ დღეს უნარების გაკვეთილზე უგულისყუროთ ვიჯექი. თავში არ შედიოდა არაფერი. სასაცილო კი იყო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შეყვარებული ვიყავი იმ უცნობ ბიჭზე და მის გარშემო ტრიალებდნენ ჩემი ფიქრებიც.
სახლში რომ დავბრუნდი, აბეზარი ფიქრების თავიდან მოსაშორებლად ეზოს დალაგება-დასუფთავება დავისახე მიზნად და სულ ღიღინ ღიღინით დავალაგე. დედინაცვლის ეჭვიანი და ცივი მზერა რამდენჯერმე დავინახე და მთლიან ტანში გამცრა. მერე აბაზანას მივაშურე. მონდომებით გამოვიპრანჭე და სისულელე რომ არ ჩამედინა საღამოს მოახლოებისას, სასაფლაოზე წავედი. ამ სისულელეში მათესთან შეხვედრას ვგულისხმობ. ჩემს შინაგან სამყაროსთან უდიდესი ბრძოლა მიწევდა. არ მინდოდა თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი იმ უცნობი ბიჭის სანახავად.
ნახევრად დამწვარ და შემურულ სახლს რომ მივუახლოვდი, ჯეკო გამახსენდა. ის მახინჯი ბიჭიც მიყვარდა, მაგრამ მათეზეც რომ მეფიქრებოდა, ვხვდებოდი ჯეკოს სიკვდილს ვეგუებოდი უკვე ნელ-ნელა და ვიაზრებდი მის საიქიოს ყოფნას. ეზოში დაუფიქრებლად და უშიშრად შევედი. გაუსხვლელობით გაველურებულ შავ ვარდს დავყნოსე. მერე ფრთხილად მოვკრიფე და იქიდან პირდაპირ სასაფლაოზე ავედი. ჩვეულებას ვუღალატე და მშობლების საფლავის ნაცვლად პირველი ასმათი ბებიას საფლავი მოვინახულე, სადაც მცირეოდენი კუთხე ჯეკოსთვისაც მქონდა გამონახული. ვარდები დავაწყე და ავქვითინდი. ჩემი ამბის მერე მეორედ ვიყავი მხოლოდ და თავს ვიდანაშაულებდი, რომ მისი ხსოვნა დავიწყებას ეცემოდა ჩემს გულში.
გულიანად ამოვიტირე ჩამუხლულმა გულში დაგროვილი ბოღმა. საფლავიც მოვასუფთავე და მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ის თვითმფრინავი, რომელიც წასვლის წინ ჯეკომ ჩამაბარა და დამპირდა, რომ მის გამო დაბრუნდებოდა, იქ აღარ იყო. ნეტა ვის რად უნდოდა რომ აიღო? უარესად ავტირდი, ჯეკოს მობარებულ ნივთს რომ ჯეროვნად ვერ მოვუფრთხილდი.
კარგა ხანს ვიღრიალე დოღრიალა ბავშვივით ხმამაღლა. როდის როდის ავდექი და ჩემი მშობლების საფლავზე გავედი. იქაც გულით დავიტირე ჩემი უდროოდ წასული მშობლები. ბინდდებოდა უკვე სახლში რომ დავბრუნდი. ლიკა სახლში არ დამიხვდა. გულში გამკრა, რომ მათესთან იყო შესახვედრად წასული და ვეღარ მოვისვენე. ძალიანაც რომ არ მოსწონებოდა იმ ბიჭს ეს კუდიანი მათხოჯი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქალბატონი არ მოუსვენებდა და გასაქანს არ მისცემდა. მე უფრო მეტი შანსი მქონდა, რომ მოვწონებოდი, მაგრამ ჩემი დედინაცვლის თქმისა არ იყოს, სერიოზულად იფიქრებდა ვითომ ის ბიჭი ჩემზე და მხოლოდ გართობა არ ენდომებოდა? ეჭვიანობით და ნერვიულობით ლამის შუაზე გავსკდი. რაღაცნაირად მომწონდა ის ბიჭი და მიზიდავდა, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას. ამ ჩემი პრინციპების და შიშის გამო კი, მგონი სულ დავაფრთხობდი და მოვიშორებდი თავიდან.
ლიკა გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მოეწადინებინა და საგანგებოდ იყო გამოპრანჭული. "ეკლატეს" სუნამოც უხვად მიეპკურებინა და სასიამოვნო არომატის ნაცვლად საშინლად ყარდა. (ან, მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო). უკმაყოფილო გამომეტყველება ქონდა და ცოტა დავმშვიდდი. ან მათეს ვერ შეხვდა, ან შეხვდა და თავიდან მოიშორა.
საღამოს, რომ დავწექი უკვე, მაშინ მომივიდა ტელეფონზე შეტყობინება. გუმანით მივხვდი ვინც იყო და გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა.
"როგორ ხარ? დღემ როგორ ჩაიარა?"
მომინდა, რომ გულწრფელი და ალალი ურთიერთობა გვქონოდა ერთმანეთთან და გულახდილად მივწერე.
"ცოტა ცუდად?"
"რატო? რა მოხდა, ცუდად ხარ?"
"სასაფლაოზე ვიყავი და მოვიწყინე."
"ცუდია. და ვის საფლავზე იყავი?"
"მშობლების. ასმათი ბებიას და ჯეკოსი."
"ჯეკოსი?"
"ხო. ჩემი ბავშვობის მეგობარია."
"მეც დავკარგე დედა, მერე ბებია. მამა."
"ვწუხვარ. ცუდია ობლობა."
"ხო. თუმცა ამაზე სასაუბროდ არ მომიწერია. მშვიდიობიანი ძილი და ტკბილი სიზმრები მინდოდა მესურვებინა."
გული უარესად შემიფრთხიალდა. ერთი დაძინების წინ გვეფიქრება საყვარელ ადამიანზე და მეორე გაღვიძებისას. დავიჯერო, სერიოზულად მოვწონდი ამ ბიჭს? მე კი ვგრძნობდი, რომ მოსვენებას მიკარგავდა. მუდამ მასზე მეფიქრებოდა და თავს კი ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მასთან შეხვედრა ისე მინდოდა, შანსი რომ მომცემოდა, დაუფიქრებლად გავქანდებოდი მასთან შესახვედრად და შედეგებზე არც კი ვიფიქრებდი.
"მადლობა."
"????????????????"_ეს სმაილები რომ მომწერა, მე აღარაფერი მიმიწერია და აღარც მას მოუწერია. ალბათ, რამე რომ მოეწერა, ზედმეტად ჩავთვლიდი და დავრწმუნდებოდი, რომ ერთობოდა ჩემით. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მინდოდა ამ ბიჭს სერიოზულად ეფიქრა ჩემზე და მგონი ათას სისულელეს ვიგონებდი უკვე და უაზრო მიზეზებსაც ვძებდი...
ღამე მართლაც ტკბილად მეძინა. ერთადერთი გაღვიძებისას ვნახე უცნაური სიზმარი: ვითომ ისევ ჯეკოს საფლავზე ვიყავი და მის თვითფრინავს ვეძებდი. ალბათ, გონებაში ჩამრჩა და რაზეც ქვეცნობიერად ვფიქრობდი, ის დამესიზმრა კიდეც. თუმცა, მაინც ბედნიერების განცდით გამეღვიძა. ცოტა საოჯახო საქმიანობას დავუთმე დრო და მერე გურანდასთან წავედი. სწავლის მაგიერ ჩემმა რეპეტიტორმა მათესთან მიმოწერის ისტორიები გამომკითხა. მერე ის მაუწყა, რომ "ჩემი უფლისწული" (ასე ეძახდა რატომღაც მათეს,) წვეულებას მართავდა სოფლის ახალგაზრდობის გასაცნობად.
_ამდენი რამ საიდან იცი?_გამიკვირდა.
_ჩემი ძმის მეგობარი ყოფილა და ახლახანს გავიგე._თითქოს მომიბოდიშა, აქამდე არაფერი ვიცოდიო._რაღაც არ მგონია ამ ბიჭმა სოფელში იცხოვროს, მაგრამ დაჩად მაინც გამოიყენებს და სოფლელების გაცნობა უნდა ალბათ.
წვეულების ამბავი დიდად არ გამხარებია, რადგან ვიცოდი, რომ მე არ წავიდოდი. ლიკა კი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და იქნებ კისერზეც კი ჩამოჰკიდებოდა იმ ბიჭს. გუნება მომეშხამა, მაგრამ გურანდას არაფერი ვაგრძნობინე. ახლა გაწვიმდა და იმან უარესად დამგრუზა. ჩემი ამბის მერე წვიმის ყოველთვის მეშინოდა და თან, ზიზღი მქონდა.
_შენი ფული ჩემთან როდემდე უნდა იყოს?_ფანჯარასთან ჩაფიქრებით მდგარს მომეხვია გურანდა._გინდა დავთვალოთ? მერე ბანკში წავიღებ და გადაგიხურდავებ ცოტა მსხვილ კუპიურებად, რომ დიდი ადგილი არ დაიკავოს.
ეს აზრი მომეწონა და დავთანხმდი, რომ დაგვეთვალა. უმალ დაცქრიალდა ჩემი დაქალი და სამალავიდან გამომირბენინა ჩემი ზურგჩანთა, სადაც ფული ელაგა. ოთახის კარი შიგნიდან ჩარაზა, რომ არავის შემოესწრო ჩვენთვის, პარკიდან ფული საწოლზე წამოყარა და მის დათვლას შევუდექით.
ათას ლარს ოთხმოცი ლარი ეკლდა. გაოცებული ვიყავი, ვინ იყო ის ღვთისნიერი, ვინც ჩემი ფულიც ჩაყარა მინის ქილაში და ორი იმდენიც ზედ დაამატა.
_ყოჩაღ გოგო შენ._გაუხარდა გურანდას._წვეულებისთვის მშვენიერ კაბასაც იყიდი და სასწავლებლადაც მოგრჩება.
_წვეულებაზე არ ვაპირებ წამოსვლას.
_ვითომ რატომ?_დოინჯშემორტყმულმა შემომხედა.
_არ ვაპირენ და მორჩა!
_კარგი, ეგ გავიგე და მიზეზი?
_არც მიზეზის ახსნას ვაპირებ. ამ თემაზე ნუღარ დამელაპარაკები.
ეტყობა, ჩემს სახეზე ისეთი რამე ამოიკითხა, რომ მართლაც გაჩუმდა. ერთხანს კი ისეთი თვალებით მიყურა, აშკარად არ მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება და წინააღმდეგობის გაწევის დიდი სურვილი ქონდა. დავიჯერო, ჩემი უარის მიზეზს ვერ ხვდებოდა? რა მეწვეულებებოდა, როცა ჩემი საშინელი ამბიდან ჯერ რამოდენიმე თვე იყო გასული? ან, ხალხი რას იტყოდა და ან კი, მქონდა იმის თავი, ხალხმრავლობაში ვმჯდარიყავი და შეზარხოშებული სტუმრებისთვის მშვიდად მეყურებინა?თუ უბრალოდ, ჩემი გადარწმუნება უნდოდა? რაც არ იუნდა ეხვეწა, იმ წვეულებაზე წამსვლელი ნამდვილად არ ვიყავი. იმ მომენტში, მე ის უფრო მედარდებოდა, ის ფული საიდან გაჩნდა ჩემს სამალავში. ან, რა იცოდა იმ ვიღაცამ, მე სად ვინახავდი? ჩემთვის იყო გამიზნული, თუ თავისთვის ქონდა შენახული?
გურანდასთვის არ მითქვია არაფერი. შემპირდა, რომ რაიონში წაიღებდა ხურდა ფულს და მსხვილ კუპიურებად გადამიხურდავებდა. ცოტა გულდამშვიდებული გამოვედი მისი სახლიდან. ჩემს სახლამდე არ ვიყავი მისული, რომ დეიდაშვილმა დამირეკა, დეიდა ცოტა შეუძლოდ არის და საავადმყოფოში დავაწვინეთო.
_რა მოუვიდა?_ელდა მეცა?
_როგორც ყოველთვის, წნევის ბრალიაო._"დამამშვიდა", მაგრამ მე რა დამამშვიდებდა? სახლში დედინაცვალს დავუბარე, დეიდის სანახავად მივდივარ-მეთქი და ისევ გურანდასთან გავიქეცი ფულის გამოსართმევად, მე თვითონ მივხედავ მაგ ფულს-მეთქი. ზურგჩანთა მძიმედ მოვიგდე ზურგზე და რაიონში წავედი. ცოტა არ იყოს, მაფრთხობდა და მაშინებდა კაცების დაჟინებული მზერა. არ იყო გამორიცხული, ისე მიმზერდნდნ, მაგრამ მეგონა, ყველამ იცოდა ჩემი ამბავი და მრცხვენოდა.
საავადმყოფოში მისულს ჩემი დეიდაშვილი ფოიეში დამხვდა. შეშფოთებული მივეჭერი და დეიდას ამბავი ვკითხე.
_საშიში არაფერია. გამოკვლევებს უტარებენ ახლა და საღამოს სახლში წავალთ უკვე. შენ? მარტო მოხვედი აქ?_გაუკვირდა.
თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, ალბათ ის გაუხარდა, კუდიანი რომ არ მყავდა გვერდში.
მოსაბეზრებელი კვლევითი პროცედურები კარგა ხანს გაგრძელდა. მერე, ანალიზის პასუხებსაც დაველოდეთ და საშიში მართლაც არაფერი იყო, მაგრამ საყურადღებო კი იყო. რეგულარულად დასალევი წამლები გამოუწერა ექიმმა და ბინდდებოდა უკვე, სახლში გამოწერეს. შუაღამეზე სიარულს, იმ ღამით დეიდასთან დარჩენა ვარჩიე. მათთან დარჩენა იმ მხრივაც მაწყობდა, რომ დილით, სანამ სახლში წავიდოდი, ბანკში შევივლიდი და ფულს გადავახურდავებდი. ასეც მოვიქეცი. თუმცა, ბანკში რომ მივედი, გადავიფიქრე. გადახურდავების მაგივრად ანგარიშის გახსნა გადავწყვიტე. მხოლოდ სახარჯო ფულს დავიტოვებდი და დანარჩენს ბარათზე შევიტანდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა მითხრეს, რომ ჩემს სახელზე საბავშვო ანაბარი იყო გახსნილი და სრულწლოვანი გავხდი თუ არა, უკვე ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის. ალბათ, ჩემმა კუდიანმა დედინაცვალმა არ იცოდა ამის შესახებ არაფერი, თორემ როგორც სახლი წამცინცლა მოტყუებით და აფერისტობით, ისე ამ ფულს წამგლეჯდა ხელიდან. ან, იქნებ იცოდა კიდეც და იმიტომაც მეაფერისტებოდნენ.
_რას იზავთ, ქალიშვილო, გაიტანთ ამ თანხას?_ინტერესით რომ მკითხა მოლარე ოპერატორმა, თანაც მეორედ გამიმეორა, მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე.
_მე სხვა თანხაც მაქვს და იმის შემოტანა მინდოდა._ძლივს ვუთხარი გაუბედავად.
_არ არის პრობლემა. შეგიძლიათ სხვა ანგარიში გახსნათ და ანაბარიც იქ შეიტანოთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აპარატიდან შეიტანოთ და ბანკომატიდან კი გამოიტანოთ თანხა.
ეს ვარიანტი მართლაც დამიჯდა ჭკუაში. მითხრეს, რომ ხუთ სამუშაო დღეში დამიმზადებდნენ პლასტიკურ ბარათს. მანამდე კი ანგარიში გამიხსნეს და მამაჩემის წყალობით ანაბარზე შეტანილი ათი ათასი ლარი და პლიუს ჩემი და კიდევ ვიღაცის წყალობით მოქუჩებული თანხის ნაწილიც მასზე შევიტანე. ბანკიდან უკვე მდიდარი და ბედნიერზე ბედნიერი გამოვედი. იქვე სკვერში განაპირა სკამზე ჩამოვჯექი და ჩემს გამომძიებელს დავურეკე. საქმის ვითარება ვაუწყე ანაბართან დაკავშირებით და ჯონის ამბებითაც დავინტერესდი, შემთხვევით ხომ არ ყავდათ დაკავებული.
_საზღვარი გადაუკვეთია. ვარკვევთ რომელ ქვეყანაშია. მერე, კი საექსრტადიციო პირზე გამოცემულ ევროპული დაპატიმრების ორდერს გავცემთ და დავაკავებთ._ადვილად კი ჩამომირაკრაკა ყველაფერი, მაგრამ მივხვდი, რომ არც ისე ადვილი და მარტივი იყო ქვეყნიდან გაქცეული დამნაშავის მოძებნა და დაკავება. ცოტა კი მოვიწყინე, მაგრამ იმედი მაინც მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.
სახლში დავბრუნებულს ჩემი დედინაცვალი "გულშემოყრით"დამხვდა. თუმცა, ცალყბად რომ მოიკითხა დეიდაჩემი, აშკარად შევატყე. ამიტომ მეც ზერელედ მოვუყევი თითქმის ყველაფერი და მერე ჩემს რეპეტიტორს მივაკითხე. თავიდან ისევ ჩემი დაყოლიება რომ სცადა წვეულებასთან დაკავშირებით, მკაცრად გავაფრთხილე, რომ ან ამ თემაზე აღარ დამელაპარაკებოდა, ან მის მეგობრობაზე ავიღებდი ხელს. ეს ულტიმატუმი მისაღები აღმოჩნდა მისთვის და მას მერე ის წვეულება აღარც კი უხსენებია.
სამ დღეში კი მართლაც მოაწყო მათემ წვეულება. მოსაწვევები კურიერმა დაარიგა თითქმის ყველა ოჯახში, სადაც თექვსმეტი წლიდან ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდები ცხოვრობდნენ. მოსაწვევი ჩემთვისაც კი იყო, მაგრამ მე არ წავსულვარ იქ. ინტერესით ვადევნებდი ლიკას თვალს, ერთ გაწამაწიაში რომ იყო: დილაუთენია თბილისში წაბრძანდა ქალი. რაიონის სალონში არ იკადრა მიბრძანება და თბილისის გამოცდილ სტილისტებს და ვიზაჟისტებს მიაკითხა. ტანსაცმელიც იქვე იყიდა და ისეთი გასხვანაირებული და ლამაზიც კი დაბრუნდა, რომ გაოცებისგან პირი ღია დამრჩა. კარგად ემუშავათ მიაკიაჟზე. კაბაც მგონი ყველაზე ძვირადღირებული ქონდა ნაყიდი და ფეხსაცმელიც. იცოდა რომ მე არ ვაპირებდი წასვლას და იმედიანად და მშვიდობიანად იყო ქალი.
_შენ რატო არ მიდიხარ?_ვითომ ჩემი დარდი ქონდა ჩემს დედინაცვალს.
_არ ვიცი, არ მინდა.
_კარგადაც იქცევი, რომ არ მიდიხარ. ხალხს მაინც გრძელი ენა აქვს, გაგჭორავენ და გაგაქილიკებენ, რა ეწვეულებაო. ტყუილად გართობის ნაცვლად ნერვებს მოგიშლიან.
განა არ მინდოდა წასვლა? მგონი, ყველაზე მეტად მინდოდა იქ მოხვედრა და ჩემი მაშველის ახლოდან გაცნობა, მაგრამ მართლაც ხალხის გაჭორვას ვერიდებოდი. ლიკას თავისნაირმა კუდაბზიკა მეგობრებმა რომ მოაკითხეს და მაღალ ქუსლებზე შემდგარი პარალიზებულივით მუხლებში გაჭიმული ნაბიჯებით გავიდა, ეჭვიანი მზერა გავაყოლე. ტირილი მომინდა, მაგრამ თავის შეკავება შევძელი და არც მას და არც ჩემს დედინაცვალს ჩემი სისუსტე არ დავანახე.
ხან რა საქმე გამოვიჩინე და ხან რა, მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი, რადგან ხმამაღალი მუსიკა და ახალგაზრდების ჟრიამული მართალია ოდნავ, მაგრამ ჩემს მახვილ ყურს მაინც სწვდებოდა და გულისყური იქით მქონდა. გურანდამ რამდენჯერმე დამირეკა და იქაური ამბები ზედმიწევნით გადმომცა, მაგრამ იქ ყოფნის ტოლფასი მაინც ვერ იყო.
გვიანობამდე შემორჩნენ ახალგაზრდები მათეს წვეულებაზე. თვითონ ლიკაც ორის ნახევარი იყო რომ დაბრუნდა. მე აივანზე ყველაზე ჩაბნელებულ კუთხეში მოაჯირს ვიყავი გადაყუდებული და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დიდი ინტერესით ავყურებდი. მახსოვდა, ჯეკოს რომ ვასწავლიდი თანავარსკვლავედებს და წარსულის მოგონებებზე ტკბილად მეღიმებოდა. ჭიშკართან მანქსნა რომ შეჩერდა, იმან დამაბრუნა რეალურ სამყაროში. სიბნელის მიუხედავად მაინც ვიცანი მათეს კაბრიოლეტი და გული ამიჩქარდა. ლიკა გამომწვევი კისკისით ჩამოვიდა მანქანიდან და ბიჭს დიდი მადლობა გადაუხადა სახლში მოყვანისთვის. სანამ ლიკა ეზოში შემოვიდოდა, მანქანა ადგილიდან არ დაძრულა. მანქანის ფარებით განათებულ სალონში მათეს ლანდს დავუწყე დაჟინებით მზერა. თითქოს იგრძნოვო, დავინახე თავი რომ შემოაბრუნა ჩემი მიმართულებით და ლამის გული გამიჩერდა. ვერც მის სახეს ვხედავდი შორიდან სიბნელეში და მითუმეტეს ვერც მის თვალებს, მაგრამ სუნთქვაც კი გამიჩერდა ჩემსკენ რომ გამოიხედა. ერთხანს ასე მიყურა. ნუთუ შემნიშნა? მაგრამ შანსი არ იყო, ვერ დამინახავდა. უბრალოდ ჩემი მზერა იგრძნო ალბათ. მერე ძრავა აამუშავა და წავიდა.
_რაო, ჩემო ანგელოზო, როგორი დრო გაატარე?_ეზოშივე შეეგება დედა.
_ისე რაა._უწადინოდ გაეპასუხა ლიკა.
_რატო, ჩემო ფერია?
_დიდადაც არ მოუქცევია ჩემთვის ყურადღება. ტყუილად დავხარჯე ამდენი ფული...
_ზოგი კაცი მასეთია, არ აგრძნობინებს ქალს, რომ მისითაა დაინტერესებული...
_კი მაგრამ, ის ვაჟბატონი ამ საზიზღარითაა დაინტერესებული. არათუ მაგრძნობინა, პირდაპირ მითხრა კიდეც. ძალიან მოწყენილი იყო, ეს რომ არ წამოეთრა.
_მერე, შენ არ უთხარი რომ ამ საზიზღარს საქმრო ყავს და თხოვდება?
_აუ, რატო ვერ მოვიფიქრე რაა?_მაშინვე აბუზღუნდა ლიკა._რომ გაიგებს საქმრო ყავს და გათხოვებას აპირებს, მგონი შეეშვება.
_მაშ რას იზავს ჩემო ანგელოზო? მითუმეტეს თუ იმასაც გაიგებს, რომ ორსულადაა და ბავშვს ელოდება.
_ოჰო, ეგ უკვე მართლა მომწონს.
ხომ ვიცოდი, რომ კუდიანები იყვნენ და ყოველთვის მმტრობდნენ, მაგრამ საკუთარი ყურით მოსმენილმა მაინც გამაოგნა. ერთ ადგილზე გაშეშებული გაუნძრევლად ვიდექი სიბნელეში და სიბრაზის თუ საკუთარი უსუსურობის გამო მთელ სხეულში ჭიანჭველების შემოსევას ვგრძნობდი. იმ დონემდე ვერ მიტანდნენ ეს ქალბატონები, რომ ნებისმიერ რამეზე იყვნენ წამსვლელები ჩემს გასანადგურებლად და თავიდან მოსაშორებლად. მოსვლის დღიდან ამითვალწუნეს და შემიძულეს. მე ნამდვილად არ მიმიცია სიძულვილის მიზეზი არც ერთისთვის. უბრალდ, თვითონ იყვნენ ასეთი ბოროტები და გულღრძოები... როგორ თქვა ლიკამ ჩემზე, ამ საზიზღარითაა დაინტერესებულიო? მათეს მართლა მოვწონდი?_ამის გააზრებაზე რაღაც უცნაურმა ტალღამ დამიარა ახლა მთელს სხეულში. მაგრამ მე რომ თავიდან ვიშორებდი ყველანაირად და გავურბოდი, დიდხანს დამიწყებდა ვითომ დევნას? იქნებ, მალევე მოვბეზრებულიყავი და ლიკას შერჩენოდა ეს "უფლუსწული"?
დედა-შვილმა კიბეზე ამოსვლა რომ დაიწყო, მაშინ გამოვფხიზლდი და ქურდივით ჩუმად შევიპარე ჩემს ოთახში. იმის გაგება, რომ მათეს მოვწონდი, მაბედნიერებდა. გადავწყვიტე ახლოდან გამეცნო და სავარაუდო შეხვედრის გეგმის შედგენაში ტკბილად ჩამეძინა.
პირადად მათესთვის არც მიმიწერია და არც დამირეკია, რომ მისი გაცნობა მსურდა. უბრალოდ, საღამოობით მე და გურანდამ მოვუხშირეთ ხან ეკლესიის წინ და ხანაც სოფლის შარაგზაზე სეირნობას. მეგონა, სადმე შემთხვევით მაინც გადავაწყდებოდი, მაგრამ სულ ტყუილად ჩაიარა ჩემი გამოპრანჭვების ამბებმა. ერთხელ კი, როცა საერთოდ არ მოველდებოდი, ზუსტად მაშინ გადავაწყდი, თანაც შემთხვევით. მახსოვს გურანდასთან ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდი სახლში. ლიკა მაღაზიაში ყოფილიყო და ერთმანეთს გადავაწყდით. ორი პარკით მოდიოდა და ერთი მე გამოვართვი, რომელშიც ლოყაწითელი ვაშლები ეწყო. თავქვეზე რომ გადავდექით მოულოდნელად პარკი გამეხა და ერთმანეთის მიყოლებით, თითქოს ეჯიბრებიანო, ბზრიალ ტრიალით დაეშვნენ ვაშლები. მოსახვევში მანქანა გამოდიოდა და რომ მომესწრო მათი შეჩერება და მოკრეფა, მეც გავიქეცი. პარკი რომ აღარ მქონდა, კაბის კალთა წამოვიწიე და შიგ დავიწყე ჩაყრა. ერთი კი გავხედე ლიკას, რომელიც იდგა და სიცილით იჭაჭებოდა, მაგრამ მე ჩემი საქმიანობა არ შემიწყვეტია.
თითქმის ყველა მოვკრიფე. სამი ცელქი ვაშლი გამექცა მხოლოდ ცოტა მოშორებით. სინანულით გავაყოლე თვალი და გადევნება გადავიფიქრე, რადგან ძალიან შორს იყვნენ უკვე გაქცეულები. შემობრუნებაც დავაპირე უკვე, რომ დავინახე ვიღაც დაიხარა, სამივე მოკრიფა და ღიმილით გამოეშურა ჩემსკენ. მის უკან თეთრ კაბრიოლეტს რომ მოვკარი თვალი, გული უარესად ამიჩქარდა.
მათეს გამოჩენით გახარებული ლიკა მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდა. მე კი იმ ბიჭის ხელში მომწყვდეულ ვაშლებს ვუყურებდი მხოლოდ. სულ ცოტაც და მომიახლოვდა. გრძელსახელოიანი მაისური ეცვა, მაგრამ მაინც შევნიშნე ხელზე იარები. ნელ-ნელა ავაყოლე თვალი და მისი მშვენიერი ღიმილი დავინახე. სახის მარცხენა მხარეს ოდნავშესამჩნევი იარები შევნიშნე. მერე, მის თვალებს შევხედე. ალალი და უბოროტო მზერით მომჩერებოდა და თან მიღიმოდა.
ვაშლები რომ გამომიწოდა, ისევ მის ხელებს დავხედე. მარცხენა ხელზე აშკარად დამწვრობის კვალი ემჩნეოდა. მერე ისევ სახეზე შევხედე. სახე მართალია დამწვარი არ ქონდა, მაგრამ იარები ემჩნეოდა. მერე ისევ თვალებში შევხედე ლაჟვარდოვანი ცისფერი რომ ქონდა. ვერ მივხვდი სუნთქვა როდის შევიკარი. სუნთქვის გარეშე ცუდად რომ გავხდი, მახსოვს ძლივს რომ ამოვიჩურჩულე.
_ჯეკო?!_მერე მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.
კაბის კალთაზე ხელი გამეშვა და მოკრეფილი ვაშლები ისევ თავბრუდამხვევი სისწრაფით დაეშვნენ ქვევით. მუხლებში ძალა რომ გამომელია და მოწყვეტით დავეშვი ძირს, მახსოვს ჯეკომ შემაშველა მკლავები და დაცემის საშუალება არ მომცა.
_რაა?! ჯეკო?!_ლიკას გაოცებული ხმაც ჩამწვდა ყურში და გონებაც დავკარგე.
ისევ იგივე განცდა: ვიღაც ხელში აყვანილს მიმარბენინებდა სადღაც და მის მიმართ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი.
გონზე სრულად რომ მოვედი, მისი მანქანის გადაწეულ სავარძელში ვიწექი. თვითონ კი შეშფოთებული სახით დამტრიალებდა. ლიკაც მის გვერდით იყო და ეჭვით შემოგვყურებდა ორივეს. აშკარად არ ეჯერა, რომ მათე იგივე ჯეკო იყო, ერთ დროს აბუჩად რომ იგდებდა და მუდამ მის დამცირებასა და დაცინვაში იყო.
_კარგად ხარ?_თვალები რომ გავახილე და დამინახა, ჩემსკენ ღიმილით გადმოიხარა.
რას აპირებდა არ ვიცი, მაგრამ მტკიცე ხმით რომ ვუყვირე, არ მომეკარო-მეთქი, ერთ ადგილზევე გაშეშდა და ღიმილი შეეყინა სახეზე.
_მოჩვენება ხარ?_სავარძელში წამოვიწიე და წამოვჯექი._მე შენი საფლავი დედაშენისა და ასმათი ბებიას შუაში მოვაწყე სადაც ხშირად ავდიოდი და ვტიროდი.
_ვიცი._დამნაშავის იერით შემომხედა.
_რაში დაგჭირდა ამ სპექტაკლის დადგმა?
_რას ბოდავ, რა ჯეკო, შენ გიჟი ხომ არ ხარ!_როგორც იქნა ლიკამაც ამოიღო ხმა._ეტყობა, გვარიანად შეარტყი რაღაცას თავი და ვეღარ ხარ შენს მატორზე!
_არა, მაინც რატო მომატყუე?_მანქანიდან გადმოვედი და წინ ავესვეტე.
_მე არავინ მომიტყუებია. უბრალოდ, ვერავინ მიცნო მთელს სოფელში... შენს გარდა...
_აბა, მათე რატო დაირქვი?_ისევ ავუწიე ხმას.
_მათე ჩემი შვილად აყვანის საბუთებით მქვია...
_ორივენი გაგიჟდით ხო!_ლამის ისტერიკა დაემართა ლიკას._თუ, გინდათ რომ მე გამაგიჟოთ? დაუჯერებელია, მე არ მჯერა, რომ შენ ის ურჩხული ჯეკო ხარ! შეუძლებელია!
_იცი, რანდენი ღამე გამითენებია ტირილში, შენ რომ მენატრებოდი?_მკერდში ძლიერად ვკარი მჯიღი, მაგრამ ოდნავადაც არ წაბარბაცებულა.
_მივხვდი, დედაჩემის საფლავსა და ბებიაჩემის საფლავს შორის ჩემი თვითმფრინავი რომ ვნახე...
_შენ აიღე?_გამიხარდა._მეგონა ვინმემ მოიპარა.
_ხომ დაგპირდი, რომ მისთვის დავბრუნდებოდი?_გაეღიმა.
_მართლა იმ თვითმფრინავისთვის დაბრუნდი?_ვიგრძენი როგორ შემეპარა ხმაში ბზარი და თვალებიც ამიწყლიანდა. პასუხის მოლოდინში ზამბარასავით დავიძაბე.
_არა... მე შენს გამო დავბრუნდი._რაღაცნაირად, თითქოს მთელი გრძნობით ამოიჩურჩულა.
ერთხანს თვალებში შევყურებდი. ისევ ისეთი ქონდა ალალი და უბოროტო, როგორიც ბავშვური მოგონებებიდან მახსოვდა. მერე, მოულოდნელად ადგილს მოვწყდი და ძლიერად ჩავეკარი მკერდში, სადაც გამალებით უცემდა გული. მის თბილ სუნთქვას შუბლზე ვგრძნობდი, რომელიც სასიამოვნოდ მელამუნებოდა. "სული სულს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდებაო", ტყუილია. თითქოს უფრო მეტადაც კი მიყვარდა ეს "მახინჯი" და "ურჩხული" ჯეკო. რამდენჯერ მინატრია და გონების თვალით წარმომიდგენია ამ ბიჭთან ეს შეუძლებელი შეხვედრა, მაგრამ რეალობამ რომ მოლოდინს გადააჭარბა, ამას მართლაც არ ვაჭარბებ. ბავშვობაში თუ მის მიმართ გაჩენილ გრძნობას სახელს ვერ ვუძებნიდი, ახლა ვხვდებოდი და დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ მიყვარდა.
კარგახანს ვიყავი მის მკერდზე მჭიდროდ მიხუტებული და თავჩარგული, რათა ჩემი ცრემლები არავის დაენახა. (არავის რაა, თვითონ ჯეკოს). მასაც ძლიერად ქონდა ჩემთვის მკლავები მოხვეული, აი ზუსტად ისე, თითქოს ეშინოდა არსად გავქცეოდი. ან, არავის წაერთმია მისთვის ჩემი თავი. ლიკაც კი დამუნჯებული იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული და გაოგნებულ-გაოცებული მოგვჩერებოდა ორივეს. სულ არ მქონდა იმის დარდი ვინ გვხედავდა და ვინ არა. ან, ვინ რას იტყოდა. ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი ჯეკოს ხილვით. სახეშეცვლილი იყო. თუმცა, მე ადრინდელი ჯეკოც მომწონდა და მიყვარდა კიდეც.
_შენზე თქვეს, რომ თავი ჩამოიხრჩოვო._ხმის კანკალით ვუჩურჩულე.
_ხო... მაგრამ არ გამომივიდა. მალევე მიპოვეს და გადამარჩინეს._მანაც მიჩურჩულა. ალბათ, არ უნდოდა, რომ ლიკას გაეგო.
_შენ და ასმათი ბებია ყოველთვის იმას მასწავლიდით, თვითმკვლელობა უდიდესი ცოდვაა და ადამიანი ჯოჯოხეთში ხვდებაო. შენ რამ გადაგადგმევინა ეგ ნაბიჯი?_ოდნავ ავწიე თავი და თვალებში ავხედე.
_ამაზე სხვა დროს რომ ვილაპარაკოთ, არ გინდა?_თან, ლიკას გახედა. მივხვდი, რომ მისი თანდასწრებით არაფრის მოყოლა არ უნდოდა.
ალბათ, ლიკაც მიუხვდა ჩანაფიქრს და აპილპილდა.
_რას ეკვრებით ერთმანეთს ტკიპებივით._მერე მე მომკიდა ხელი და ასე ვთქვათ, ამადღლიზა ჯეკოს მკერდს._შენ კიდევ ეს გინდა? ხალხს საჭორაოს რომ აძლევ ისევ? მართლა ხარ და მეტი არაფერი. ალბათ, ბიძაჩემსაც შენ მიეცი მიზეზი, გამომწვევად ეკიდებოდი კისერზე და ის კიდევ კაცია და..._გვიან მიხვდა, რომ ზედმეტი წამოაყრანტალა და უმალ გაჩუმდა.
_რაო, რა თქვი, ვის მივეცი მიზეზი?_მე დამნაშავის ვინაობა გამომძიებლის გარდა არავისთვის მქონდა ნათქვამი და ამან რომ იცოდა, თან გამიკვირდა და თან გავბრაზდი. მკლავზე წავატანე ხელი და უფრო მკაცრად გავუმეორე _ვის მივეცი მიზეზი, გაიმეორე!
_დამთხვეულო! რა გინდა ჩემგან?_მკლავი გამომგლიჯა და უკან გახტა._დაზარალებულად მოგაქვს თავი და იმ კაცს აბრალებ, ძალა იხმარაო, არა და ჩემი თვალით გხედავ როგორც ეხვევი და ეკიდები კისერზე ამ ბიჭს. ჩვეულებრივი ხარ და მეტი არაფერი! არც გივილოს უჟუჟუნებ არა თვალებს? რატო აძლევ იმ საცოდავ კაცს იმედს? თუმცა რა მიკვირს, ჩვეულებრივი ხარ და ბოლომდე ბოზად დარჩები.
_საზიზღარო, ენა ჩაიგდე მუცელში!_ვუკივლე და მისკენ რომ გავიწიე, ჯეკომ დამიჭირა და შემაჩერა.
ლიკა კი დამფრთხალი თაგვივით თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლის მიმართულებით.
_არ ღირს იმ კუდიანის გამო ნერვების მოშლა. გაუშვი წავიდეს.
_კი, მაგრამ... ვერ გაიგე რა თქვა?_ისევ გავიწიე, მაგრამ ჯეკომ არ გამიშვა.
მოულოდნელად ისევ ჩამიხუტა გულში და შუბლზე მაკოცა.
_მაგას უფალი გასცემს საკადრის პასუხს და მერწმუნე, სამართლიანადაც დაისჯება.
კარგა ხანს ისევ უხმოდ ვყავდი ჩახუტებული და მე რომ მის გულისფეთქვას ვუსმენდი, ის ალბათ ჩემსას უგდებდა ყურს. ორივენი ვდუმდით, მაგრამ ჩვენს მაგივრად ჩვენი გულები ხმიანობდნენ.
_ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მიტრიალებს თავში და საიდან დავიწყო, არ ვიცი._სასიამოვნო დუმილი ჩუმი ჩურჩულით მე დავარღვიე._ალბათ, ყველაზე მეტად მაინც ის მაინტერესებს, იმ საშინელ დღეს ღელესთან რა გინდოდა, როცა მიპოვე?
_თუ წინააღმდეგი არ ხარ, სადმე წავიდეთ და იქ ვისაუბროთ. გპირდები, არაფერს მოგატყუებ დაყველაფერს სიმართლეს გეტყვი._მხრებზე ხელი რომ მომხვია და თავისი მანქანისკენ წამიყვანა, არ გავძალიანებულვარ.
დამჯერი ბავშვივით გავყევი და მოხდენილად ჩავჯექი მის მანქანაში.
_მაინც სად წავიდეთ?_ცოტა ეჭვით შევხედე. იმ ამბის მერე პირველად ვიყავი საპირისპირო სქესის წარმომადგენლის წინ მარტო და მართალია ჯეკო მიყვარდა, მაგრამ მაინც მეშინოდა რატომღაც მისი.
_ერთი ადგილი მეგულება, სადაც მყუდროდ დავსხდებით და არავინ შეგვიშლის ხელს._გამიღიმა და ძრავა აამუშავა.
გზის სავალ ნაწილზევე მოაბრუნა მანქანა და სოფლიდან გამავალ გზას დავადექით. ძალიანაც მაინტერესებდა სად მივყავი, მაგრამ დუმილს ვამჯობინებდი. შიში მქონდა ჩაბუდებული, მაგრამ ისე ალალად და უბოროტოდ გადმომხედავდა ხოლმე, რომ ნელ-ნელა ვმშვიდდებოდი.
ორმოც წუთში თბილისში ვიყავით უკვე და ერთ ერთი კორპუსის წინ რომ შეაჩერა მანქანა, შემომღიმა.
_არ მინდა ვინმემ შეგვიშალოს ხელი და ჩემს ბინაში მოგიყვანე. მეც ბევრი რამ მაქვს შენთვის სათქმელი და მოსაყოლი...
_შენს ბინაში მომიყვანე?_ავწრიალდი.
_ნუ გეშინია, მხეცი არ ვარ. უბრალოდ, მშვიდად მინდა შენთან დალაპარაკება. სოფელში ცნობისმოყვარე მეზობლები დაგვინახავდნენ. კაფეში ან რესტორანში არ მიყვარს. ეგენი ჩემთვის არაა...
ლიკამ მაინც გვნახა ჩახუტებულები. მთელ სოფელს უკვე ეცოდინებოდა ეს ამბავი. ჩემს გაუჩინარებასაც შეამჩნევდნენ უკვე და ალბათ საკავშირო ძებნას გამოაცხადებდა ჩემი დედინაცვალი. სახლში დაბრუნებულს კი როზგი არ ამცდებოდა ალბათ. ცალკე ჯეკო მაფრთხობდა. მართალია, მოძალადე არ იყო. პირიქით, ძალიან საცოდავი გულის იყო, მაგრამ მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ს სცდიდა.
_თუ არ გინდა, დავბრუნდეთ სოფელში, არაა პრობლემა._გასაღებს წაატანა ხელი და ძრავა უნდა აემუშავებინა, რომ შევაჩერე.
რაც დასაშავებელი იყო უკვე დამიშავეს და ჯეკო რაღას დამაკლებდა?
_იყოს, ავიდეთ და ვილაპარაკოთ.
გახარებული გადავიდა მანქანიდან. ჩემს მხარეს მკვირცხლად შემოურბინა და კარი გამომიღო, გადასვლაშიც ზრდილობიანად მომეხმარა და სადარბაზოში გვერდიგვერდ შევედით. ლიფტისთვის დიდხანს არ გვიცდია, ღილაკს მიაჭირა თუ არა თითი, მაშინვე გაიღო კარიც. მის ვიწრო და ნახევრად ჩაბნელებულ კაბინაში ცოტა შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. სანამ მეშვიდე სართულამდე ავიდოდით, რამდენჯერმე ფარულად შევხედე ჯეკოს, რომელიც ძალიან იყო შეცვლილი, მაგრამ ისევ ისეთი ბავშვური ალალი თვალები და გულწრფელი ღიმილი ქონდა. ხშირად მიფიქრია მასზე, რომ გაიზრდებოდა და დაკაცდებოდა, როგორი იქნებოდა. ან, დამწვარი რომ არ ყოფილიყო და უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წარმოსახვაშიც ზუსტად ასეთი იყო.
ლიფტის კაბინა რომ გაჩერდა და შემაქანა, ინსტიქტურად მივეკარი შეშინებული.
_გეშინია?_ღიმილით მომხვია მხრებზე ხელი და ისე გამოვედით ლიფტიდან.
ხელმარჯვნივ ბინის კართან შევჩერდით და გასაღებების აცმა ააჩხრიალა. კარები მალევე შეაღო და პირველი მე შემატარა შიგნით.
სადად, მაგრამ გემოვნებით იყო მთლიანი ბინა მოწყობილი. მართალია მისი ავეჯის ფასეულობა არ ვიცოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი ძვირადღირებული იყო.
_ამ სიმაღლეზე ჩიტივით გალიაში გამომწყვდეული როგორ ძლებ?_ალალად გამიკვირდა.
ჩემს მიამიტურ კითხვაზე მასაც ალალად გაეღიმა.
_პირველად მეც ის შეგრძნება მქონდა, რომ გალიაში ვიყავი გამომწყვდეული. ახლა კი, ისე მივეჩვიე, სხვაგან ვეღარც კი შევძლებ მგონი ცხოვრებას... ყავას დალევ თუ ჩაის?
_მართლა არაფერი მინდა. უბრალოდ, ვილაპარაკოთ და მალე წამიყვანე სახლში._სავარძელში მორიდებით ჩავჯექი და ვანიშნე, რომ თვითონაც დამჯდარიყო.
მეორე სავარძელი ჩემს სიახლოვეს მოაჩოჩა და პირისპირ ჩამომიჯდა.
_მაინტერესებს, თვითმკვლელობა რატო სცადე, ან რატო ჩამოიტანეს სოფელში შენი სიკვდილის ამბავი?
_ბავშვთა სახლში ძალიან ცუდად მექცეოდნენ._სევდიანად ჩაილაპარაკა და ოხვრაც ამოაყოლა._დამცინოდნენ და აბუჩად მიგდებდნენ...
_მასე ხომ სოფელშიც დაგცინოდნენ და გატყუებდნენ კიდეც?_გამიკვირდა.
_სასტიკად მაწამებდნენ და მცემდნენ. ბევრჯერ, ჩემს ულუფასაც მართმევდნენ და მაშიმშილებდნენ... არავის მოვწონდი მახინჯი. ძალიან რთულ პირობებში მიწევდა ცხოვრება, მაგრამ შენზე ფიქრი მატანინებდა ყველაფერს.
თვალებში რომ შევხედე, გული ამიჩქარდა. მივხვდი, არ ტყუოდა.
_მაგრამ... ბოლოს ისე გამამწარეს, რომ შენმა ზმანებამაც კი ვეღარ მიშველა და შუაღამეზე სახრჩობელა გავაკეთე, რაზეც სინანულის გარეშე ჩამოვეკიდე. შემთხვევით დავუნახივარ დარაჯს და იმან მიშველა. ეს ამბავი რომ გახმაურდა, გამოძიება იმ მუხლით დაიწყეს, თუ რამ ან ვინ მიმიყვანა სუიციდამდე. შიშით ვერავინ დავაბეზღე. ვიცოდი, რომ უარესს მიზავდნენ და ამიტომ გამოვიპარე. ლამის მთელი წელი ვმათხოვრობდი და იმით ვირჩენდი თავს. ღამის გასათევი რომ არ მქონდა, ხშირად ურნაში ვძვრებოდი და იქ ვიძინებდი. მერე, ჩემსავით მაწანწალა და უპატრონო ბავშვებმა ამითვალწუნეს, რადგან მე უფრო ვეცოდებოდი ხალხს და უფრო მეტს ვშოულობდი. ერთ მშვენიერ დღეს კი, მათაც მცემეს და ცოცხალმკვდარი მიმატოვეს მიყრუებულ უბანში, სადაც იშვიათად ტრიალებდა ხალხი. ჩემს ბედზე, ზუსტად იმ ტერიტორიაზე, ერთმა ღვთისნიერმა კაცმა გამოიარა და მიპოვა. მანვე წამიყვანა საავადმყოფოში, ჩემი მკურნალობის ხარჯები დაფარა და ისევ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში რომ არ წავეყვანე პოლიციას, ჩემს მამად გაასაღა თავი. საავადმყოფოდანაც მან წამომიყვანა თავისთან და მართლაც მიშვილა. საკუთარი შვილი გარდაცვლილი ყავდა. ახალგაზრდებს შელაპარაკების დროს გამშველებელი შემოაკვდათ... მეც რომ ნაცემ-ნაბეგვი მიპოვა, ასე ვთქვათ მე დამაყარა ჯიგარი. მისმა მშობლებმა მე რომ დამინახეს, კი დაუშალეს, რად გინდა ეს მახინჯიო, მაგრამ ჩემმა მამობილმა არ დაიშალა. სამსახური კარგი ქონდა და შემოსავალსაც არ ემდუროდა. სანამ მოკვდებოდა პლასტიკური ოპერაციაც გამიკეთა. კანის ფენა სხვადასხვა ადგილებიდან ამჭრეს და სახეზე გადამინერგეს. მთლად უნაკლო და უზადო არ გამოვიდა, მაგრამ იმას მაინც ჯობია, რაც ადრე ვიყავი. ჩემი ოცნება რეალობად აქცია და საავიაციო ფაკულტეტზეც ჩამაბარებინა. მართლა ძალიან კარგი კაცი იყო, მაგრამ შემთხვევით დაიღუპა. მშენებარე კორპუსიდან მუშებს რაღაც ჩამოუვაედათ და თავში დაეცა. ადგილზევე გარდაიცვალა._სევდიანად ამოიოხრა._თუ მეც არ მოვკვდებოდი და უკან არ გავყვებოდი, არ მეგონა. მაგრამ... ადამიანი ქვა ყოფილა, ამასაც გავუძელი. მისი სიკვდილის მერე კი მისმა მშობლებმაც ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი შვილიშვილი. ერთხელაც, მშობლიური სოფლის მონახულება გადავწყვიტე და მოტოციკლით ჩამოვედი...
_მოიცა, ის შენ იყავი, რამდენჯერმე წინ რომ შემეფეთე?
გაეღიმა.
_ჩემი სახლის ეზოში ფოტოებს რომ იღებდი, თვალი ვეღარ მოგწყვიტე. ძალიან მინდოდა მოვსულიყავი და დაგლაპარაკებოდი, მაგრამ მკვდარი გეგონე და ვიფიქრე, რომ შეგეშინდებოდა... შორიდან გითვალთვალებდი და ახლოს მოსასვლელ გეგმებს ვარჩევდი. მერე, პრაქტიკული სწავლებები დაგვეწყო და ვეღარ ჩამოვდიოდი სოფელში. იმ ავბედით ღამეს ფულის ასაღებად რომ მოხვედი, მივხვდი ძალიან შეგაშინე და ამის გამო აღარ გამოგეკიდე. როგორ ვნანობ, შენ ხომ ვერც წარმოიდგენ? ნეტა, გამოგყოლოდი._ხმა ისე აშკარად შეეცვალა, მივხვდი რომ ტიროდა
შემეცოდა თავს რომ იდანაშაულებდა... რა მისი ბრალი იყო, ჯონი რომ მხეცივით მომექცა? გაუცნობიერებლად წამოვდეწი, მის წინ ჩავიცუცქე, მუხლებზე ხელი დავადე და ქვემოდან ავხედე.
_შენი ბრალი არ არის. დამნაშავე არ ხარ...
_იმაზე ფიქრი არ მასვენებს, რომ ხომ შემეძლო გამოგლაპარაკებოდი? ან უკან გამოგყოლოდი და შემეჩერებინე? მაშინ ხომ აღარაფერი მოხდებოდა?
_იმ საღამოს გურანდა უნდა დარჩენილიყო ჩემთან, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა და წავიდა. ისიც თავს იდანაშაულებს, რომ დავრჩენილიყავი, არაფერი მოხდებოდაო... რა იცოდით თქვენ რა უნდა მომხდარიყო? რომ გცოდნოდათ, არ მომეხმარებოდით და იმ მხეცის ხელში მიმატოვებდით?
ერთხანს ხმისამოუღებლად მომჩერებოდა. მერე გადმოიხარა და წამომაყენა.
_იმ დილით, სულ ისე, შემთხვევით გავიარე ღელეზე. მე და შენ რომ ვთევზაობდით იმ ადგილების მონახულება მომინდა და..._წამიერად წაერთვა ხმა. მერე კი უარესად ხმააკანკალებულმა განაგრძო._შორიდანვე შვნიშნე, რომ ვიღაც ეგდო ღელეში. მაშინვე იქით გავიქეცი... პირქვე ეგდე. სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ გეტყობოდა. ხელი რომ მოგკიდე და ფრთხილად გადმოგაბრუნე, გავგიჟდი. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა შენ რომ შემრჩი ხელთ. მაშინვე დაგავლე ხელი და საავადმყოფოში გაგაქციე. ლამის მთელმა სოფელმა გაიგო შენი ამბავი და ყველა იქ მოქუჩდა. ვრავინ მიცნო ვინ ვიყავი. თუმცა, ამის დარდი სულაც არ მქონდა. თავიდან ჩემზე მოიტანეს ეჭვი და სავარაუდო ეჭვმიტანილიც კი ვიყავი, მაგრამ ბებიამ დაბაბუამ ჩემს სასარგებლოდ მისცეს ჩვენება, რომ ვითომ იმ ღამით თბილისში ვიყავი და დილით ჩამოვედი სოფელში. ეს ტყუილი ლოდად მაწევს გულზე, მე ხომ იმ საღამოს ჩემს სახლში გადაგაწყდი და გვარიანადაც შეგაშინე? მაგრამ ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ციხეში ჩამსვამდნენ უდანაშაულოდ. ისე, იმ წუთში მხოლოდ შენს გადარჩენაზე ვფიქრობდი და სხვა არაფერი მედარდებოდა... მერე სოფელში დასახლება გადავწყვიტე და სახლიც მალევე ვიყიდეთ. მინდოდა შენს სიახლოვეს ვყოფილიყავი, მაგრამ დეპრესია გქონდა და არავის იკარებდი ახლოს. შორიდან გითვალთვალებდი... მეგონა, ვერც შენ მიცნობდი, როგორც სოფლელებმა ვერ მიცნეს, მაგრამ შევცდი, დამინახე თუ არა, მაშინვე მიცანი.
_რატო გიკვირს? მე და შენ ხომ მეგობრები ვიყავით და უმეტეს დროს ერთად ვატარებდით? ჩემს გარდა ვინმეს ყავდი ნანახი? ყველა კეთროვანივით გერიდებოდა...
_გახსოვს, პირველად რომ მომიყვანა მამაშენმა თქვენთან?
_მაგ დღეს რა დამავიწყებს?_გამეღიმა.
_ისე იყავი თოჯინების თამაშით გართული, ვერც კი გაიგე, როდის მოვედი. ვიდექი და თვალმოუშორებლად შემოგყურებდი. ძალიან საყვარელი იყავი. ჩემს დანახვაზე შიშისგან გული რომ წაგივიდა, ტირილი დავიწყე და პირველად ვინანე ჩემს ცხოვრებაში ასეთი მახინჯი რომ ვიყავი... მერე და მერე კი, რომ მომეჩვიე, ჩემზე ბედნიერი აღარავინ მეგონა...
დაჟინებით მივაჩერდი თვალებში, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, სიმართლეს მეუბნებოდა თუ არა. ალალად რომ გამიღიმა, დაუფიქრებლად ჩავეხუტე და მჭიდროდ მოვხვიე წელზე ხელები. არ ვიცი, ალბათ ეს გრძნობა უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე შეყვარებული ადამიანი რას განიცდის. აქამდე თუ ვერ ვხვდებოდი და სახელს ვერ ვუძებნიდი ჯეკოს მიმართ განცდილ გრძნობას, ახლა დავრწმუნდი, რომ უზომოდ, უზომოდ მიყვარდა. საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობდი მისი სიცოცხლის სანაცვლოდ, თუ ამის საჭიროება მოითხოვდა.
ზედმეტი არაფერი უკადრებია... არც კი უკოცნია. შეიძლება, რომ ეკოცნა და ალერსი დაეწყო, ის საშინელი ღამე და ჯონი გამახსენდებოდა და ცუდადაც გავმხდარიყავი. მხოლოდ მჭიდროდ ქონდა მასაც მკლავები მოხვეული და ძლიერად მიკრავდა მკერდში.
ფიზიკური სიახლოვე სულიერ სიახლოვესთან რა მოსატანია? ბედნიერებისგან მთელს სხეულში საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი და მეჩვენებოდა, რომ ჰაერში დავფარფატებდი. გვიან გავაცნობიერე, ის რომ ჩემს ჯიბეში ჩემი ტელეფონი "someone"-ს მღეროდა. ჯერ სადღაც შორიდან ჩამესმოდა თითქოს და ამ სასიამოვნო განცდას სასიამოვნო მელოდიითაც ავსებდა. გვიან დამაბრუნა რეალურ სამყაროში. ნამდვილად არ მინდოდა ამ სასიამოვნო წუთების გაფუჭება, მაგრამ დეიდა იყო, რომელმაც მეორედ დამირეკა პირველ ჯერზე რომ არ ვუპასუხე.
_თეო, ძვირფასო სად ხარ?_ხმაზე შევატყე, რომ შეშფოთებული იყო.
_მეგობართან ვარ და მალე დავბრუნდები._დავამშვიდე.
_გურანდამ ჩემთან არ არის, ახლახანს წამოვიდაო.
_ნუ ღელავ, კარგად ვარ, სახლში რომ მივალ, დაგირეკავ.
_მალე მიხვალ?
_ასე, ერთ საათში.
_კარგი, გელოდები. იცოდე, რომ ვღელავ შენზე. აუცილებლად დამირეკე.
ტელეფონი რომ გავთიშე, ჯეკოს შევხედე სულგანაბული რომ მიმზერდა.
_რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ყველაფერი გავიგე. ახლა სახლში დამაბრუნე და დანარჩენი სხვა დროს ვილაპარაკოთ.
მართალია უსიტყვოდ, მაგრამ მაინც აშკარად შევატყე, რომ უწადინოდ წამომიყვანა. არ ვეთმობოდი, ისევე როგორც მე, მაგრამ მასთან ჯერჯერობით ვერ დავრჩებოდი.
მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. მართალია, ლიკამ დაგვინახა, რომ ერთად ვიყავით მე და ჯეკო, მაგრამ მაინცთ ჩვენი სახლიდან ცოტა მოშორებით შევაჩერებინე მანქანა.
_არ გინდა, მეც მოგყვე იმ ალქაჯებთან?
_მადლობა, არ მინდა.
_არაფერი დაგიშაონ.
_ვეღარაფერსაც ვეღარ დამიშავებენ!_ამაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული და ჯეკოს დარწმუნებაც ვცადე.
_მაინც ვღელავ და მეშინია. იმ კუდიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
_ნუ ღელავ. საღამოს დაგირეკავ._ღიმილით დავემშვიდობე და ლამის სირბილით გავიქეცი ჩემი სახლისკენ.
ცოტა რომ მივუახლოვდი, შორიდანვე შემომესმა ჩემი დედინაცვლის მოთქმით გოდება, რასაც ლიკას ისტერიული კივილიც ახლდა თან. უფრო ავუმარდე ფეხს და რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი. ეზოში შესულს კი ასეთი სანახაობა გადამეშალა თვალწინ: ჩემი დედინაცვალი მისვენებული იჯდა კაკლის ქვეშ ჩრდილში და რამოდენიმე მეზობელი თავს დასტრიალებდა. ლიკა კი კივილით ყრიდა აივნიდან ჩემს ნივთებს. მე რომ დამინახა, უარესად აკივლდა.
_ამ სახლიდან გაეთრიე შე ! შენი ადგილი აქ აღარ არის! იმ საშინელი ამბის მერე, როგორც შენ უწოდებ საშინელს, გვერდით დაგიდექით მე და დედაჩემი და თურმე შებრალების და თანადგომის ღირსიც კი არ ყოფილხარ! მოკრიფე შენი ძონძები და გაეთრიე ამ სახლიდან, აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!
დედინაცვალმაც რომ დამინახა, წუთისწინ რომ ცუდად იყო და გული უწუხდებოდა, ახლა ავაზასნახტომით წამოხტა და თვალის დახამხამებაში გაჩნდა ჩემთან.
_შე უმადურო ღორო!_ მეზობელი კი ჩაგვიხტა შუაში, მაგრამ მაინც შეძლო და მადიანი სილა გამაწნა._ყველა დაგვარწმუნე იმაში, რომ მსხვერპლი იყავი, არა და შენი ნებით ეკიდები ყველა კაცს კისერზე! შე გათახსირებულო, მოშორდი აქედან!
_დაწყნარდი ნადიკო, სად უნდა წავიდეს ბავშვი?_ახლა მეორე მეზობელი გამომესარჩლა.
_ეს არის ბავშვი? ეს ქუჩის კახპა ესა!_ისევ გამოიწია ჩემსკენ, მაგრამ მეზობლებმა არ მისცეს ჩემი ცემის საშუალება._თან, ბედავს და უდანაშაულო ადამიანს სწამებს ცილს? გამიშვით, ჩემი ხელით უნდა გამოვახრჩო ეს ნაძირალა!
_ჯონი სულაც არ არის უდანაშაულო! ის მხეცი და ცივსისხლიანი მკვლელია. შენ და შენმა შვილმაც ძალიან კარგად იცით ამის შესახებ ყველაფერი, მაგრამ ხელს აფარებთ! სამივენი მოძალადეები ხართ!_მეც ავკივლდი ბოლო ხმაზე._ქურდები და აფერისტები ხართ! მოტყუებით მომაწერინეთ რაღაც საბუთებზე ხელი და სახლი წამართვით! ახლა კი გივილოს გაურიგდით და მას გინდათ მიმათხოვოთ, რომ სარგებელი ნახოთ!
_გესმით ხალხნო რას ამბობს ეს მატყუარა საძაგელი ბავშვი?_გაცეცხლდა და რა გაცეცხლდა ჩემი დედინაცვალი. ალბათ, რომ გაეშვათ, მართლაც გამომახრჩობდა კატასავით._წაეთრეს აქედან, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩება? ნებისმიერ შემხვედრს კისერზე ეკიდება და ლოგინში უგორდება. ჯონის კი აბრალებს იმ ამბავს, საზიზღარი!
ამასობაში ლიკამაც ჩამოირბინა კიბეზე და ახლა ის მეცა გამხეცებული.
_მათესაც კი აურიე ტვინი და შენს ტყვეობაში მოაქციე უნამუსო ქუჩის კახპავ!_მოულოდნელად ქვას დასწვდა და მესროდა კიდეც, ქალებს რომ არ გაეკავებინათ.
_დეიდაშენს დაურეკე შვილო და ცოტახნით გაერიდე ამ ქაჯებს. მართლა არაფერი დაგიშაონ, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი._ყურში მიჩურჩულა კარის მეზობელმა.
ეზოში მიმოფანტული ჩემი ნივთების მოკრეფა დავიწყე, გურანდა რომ შემოვარდა ეზოში ქაქანით.
_ფუ, ეს უსაბუთო გიჟები ესენი!_მაშინვე ჩემთან მოვიდა და მოკრეფაში მომეხმარა._ბოლოს ამოანთხიეს მაინც ბოღმა არა? კიდევაც დიდხანს გაძლეს ანგელოზის როლის თამაში.
_შენც ხელს უწყობდი ყველაფერში არა?_ახლა გურანდასკენ გამოიწია ლიკამ.
ქალებმა მისი დაჭერა ვეღარ მოახერხეს და ის იყო გურანდასთვის თმაში უნდა ეტაცა ხელი, რომ ამ უკანასკნელმა გემრიელი მუშტი უთავაზა ცხვირპირში და ტრ..ზე მოსვა.
_შენ თეო ხომ არ გგონივარ? მარტო გაბედე და თითი დამაკარე. ისე გცემ, უნდა იძახდე, აქ არ მომხვედრია და რატო მტკივაო? შე კუდიანო დედაბერო!
_დაინახეთ ხალხნო ამ ლაწირაკმა როგორ მიცემა შვილი?_ახლა ჩემი დედინაცვალი გამოიწია გურანდასკენ.
ქალებმა მისი გაკავება დროულად შეძლეს, მაგრამ გურანდამ მაინც წამოავლო უშველებელ კეტს ხელი თავის დასაცავად.
_დედის ტოლა ქალი ხარ და ნუ მაიძულებ შენც გცემო!_ისეთი მკაცრი ხმით გააფრთხილა, მე შემეშინდა. მივხვდი, რომ უეჭველი იყო ამის გამკეთებელი.
_ხედავთ ხალხნო, რამდენს გვიბედავენ ეს ლაწირაკები? კიდე მე ვტყუივარ? ეს ჩათლახი ესა, თავზე ლაფი დამასხა და კიდევ ესაა მართალი?
_შენი შვილი რომ მართლაც ძალით ეკიდებოდა მათეს კისერზე, ის ჩათლახი არ არის და თეონაა ჩათლახი?_არ დაუთმო გურანდამ._თუ, აქეთ შენ უწყობდი ხელს, რომ ფულიანი ბიჭი ჩაეგდო ხელში?
_ერთი ამ ლაწირაკს დამიხედეთ რეებს მიბედავს! გამიშვით, ენა უნდა ამოვგლიჯო._ისევ გამოიწია გურანდასკენ.
მეზობლებმა ისევ გააკავეს.
_გამოუშვით ერთი, გამოუშვით რისი შნო აქვს._ხელში მუქარით შეათამაშა გურანდამ კეტი.
მათ ყურებაში ლიკა გადაგვავიწყდა ყველას და ისე მომეპარა და ისე ჩამცხო თავში რაღაც მყარი საგანი, ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. სიმწრისგან თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა. გონება არ დამიკარგავს, მაგრამ თვალთ კი დამიბნელდა. ჩემს შეკივლებაზე მომაქცია ყველამ ყურადღება.
_თეო, ძვირფასო._მაშინვე მხარში ამომიდგა გურანდა._კარგად ხარ?
თავზე რომ მოვისვი ხელი, სისველე ვიგრძენი.
_შე პატარა ალქაჯო!_არაადამიანურად იკივლა გურანდამ და ბუნდოვნად დავინახე ლიკას რომ ეცა გამხეცებული, წააქცია, ზემოდან წამოაჯდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაუმართა.
_მიშველეთ! შვილს მომიკლავს ეს დამთხვეული!_ბოლო ხმაზე აკივლდა ჩემი დედინაცვალიც._ვინმემ პოლიციაში დარეკეთ, ხალხნი არ ხართ?_თან გურანდას მივარდა და გაშველებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისე მადიანად ხმარობდა გურანდა ორივე ხელის მუშტებს, თავს თუ ფეხს, რომ ბოევიკურ ფილმში მეგონა თავი.
ჭიშკართან მანქანის შეჩერების ხმა რომ გავიგე, მეგონა პოლიცია იყო, მაგრამ ჯეკო შემრჩა ხელთ, რომელმაც მოხერხებულად გააკავა ჰაერში აფართხალებული გურანდა და აქეთ გამოიყვანა.
_გამიშვი, უნდა მოვკლა ეს გველაძუა! ეს ეშმაკის ნაშიერი ესა!
_დაწყნარდი, ცემით არაფერი გამოვა, გიჩივლებენ და შეიძლება ციხეშიც ჩაგსვან._მის დამშვიდებას შეეცადა თან.
_მაგათთვის ყველაფერი შეიძლება და სხვისთვის არა, ის სხვა ცამდე მართალიც რომ იყოს? თეოს რომ თავი გაუტეხა იმ დამპალმა, მაგაზე არ უნდა აგოს პასუხი?
_თეოს თავი გაუტეხა?_გურანდას ხელი უშვა და მე მომიბრუნდა ჯეკო._როგორ ხარ? მაჩვენე აბა შენი თავი.
ჩვენებას არ ვაპირებდი, მაგრამ არ მომეშვა.
_ძალიან ღრმად გაქვს გატეხილი, ექიმს უნდა ეჩვენო.
_არ მინდა, გამივლის._გაღიმება ვცადე, მაგრამ მივხვდი რომ არ გამომივიდა და უშნოდ გავიღრიჭე.
_რას ქვია არ გინდა?_ახლა გურანდა აქოთქოთდა._სისხლი თქრიალით მოგდის, ნაკერების დადება დაგჭირდება. თან, ცოფზე აიცერი, ესენი ხომ ცოფიანები არიან?_ჩემი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ერთად მოაქუჩა, ჯეკოს მანქანის საბარგულში ჩააწყო, ძალით ჩამტენა მანქანაში და თვითონაც გვერდით მომიჯდა. მერე ჯეკოს მიყბრუნდა._ამას ნუ უსმენ, დროზე საავადმყოფოში, თორემ დაიცლება სისხლისგან.
ჯეკოს მეორედ თქმა აღარ დასჭირვებია, მაშინვე მიუჯდა საჭეს და მაშინვე საავადმყოფოსკენ გავქანდით. გურანდა მართალი აღმოჩნდა, ჭრილობის ადგილზე თმის აჭრა და ორი ნაკერის დადება დამჭირდა. ყველა პროცედურისა და მკურნალობის ხარჯები ჯეკომ გადაიხადა. ექიმი ჩემი თავის ტრავმის ამბით რომ დაინტერესდა, დავმალე, არ ვთქვი სინამდვილეში რაც მოხდა და მოვიტყუე, თავი რაღაცას შევარტყი-მეთქი.
_ხელს რატო აფარებ იმ ალქაჯებს?_საავადმყოფოდან რომ გამოვედით, გურანდამ მისაყვედურა._გეშინია რომ ციხეში არ ჩასვან? გაუშვი, ჩასვან, ჭკუას მაინც ისწავლიან. თან ეს ცხოვრება დასწრებაზეა. შეიძლება, იმათ დაგასწრონ და გიჩივლონ.
მაგაზე კი მართლა ღირდა დაფიქრება. დედაც და შვილიც ისეთი საზიზღრები იყვნენ, არ იყო გამორიცხული მართლაც ეჩივლათ ჩემთვისაც და გურანდასთვისაც.
_შენს გამომძიებელს მაინც დაურეკე და საქმის კურსში ჩააყენე.
_იყოს, არ არის საჭირო. მე მარტო თავი მაქვს გატეხილი, ლიკა კი ისე ცემე, აქეთ შენ გიკრავენ იცოდე ციხეში...
_მე სამართლიანად ვცემე ის გველი და განსხვავება არაა?_ეწყინა.
_სამართალს სამართალდამცავები არჩევენ და მე და შენ უფლება არ გვაქვს მოსამართლეებად ან პროკურორებად წარმოვაჩინოთ თავები.
_დეიდაშენს მაინც დაურეკე და მასთნ დარჩი ცოტახნით, თორემ ის გიჟები მართლაც რამეს დაგიშავებენ.
_დეიდას ისედაც გული აწუხებს, ცუდადაა და ცოდოა...
_ცოდო მაშინ არ იქნება სხვისი პირით რომ გაიგებს ამ ამბავს, თანაც იმ ალქაჯების ინტერპრეტაციით? ნუ ხარ ვირივით ჯიუტი. მასთან დარჩენა თუ არ გინდა, ჩემთან დარჩი, არაა პრობლემა, მაგრამ დეიდას მაინც უთხარი ყველაფერი.
_კარგი, დამიყოლიე... ხელმარჯვნივ პირველ შესახვევში გადაუხვიე და სულ ბოლო სახლი დეიდაჩემისაა._ჯეკოს ვუთხარი და სავარძელში მივესვენე.
თხუთმეტ წუთში უკვე დეიდას ჭიშკართან ვიდექით და ზარს ვრეკავდი. კარგა ხანს ვიცადეთ, მაგრამ არავინ გამოგვხედა.
_ალბათ, სახლში არ არიან.
_წამოდი მაშინ და ჩემთან დარჩი, იმ გველების ბუდეში არ მიხვიდე იცოდე, თორემ რომელიმეს მართლაც მომაკვლევინებ.
_თუ გინდა, ჩემთან დარჩი._მორიდებით შემომთავაზა ჯეკომ.
_შენთან?_ჩემზე მეტად გურანდას გაუკვირდა ჯეკოს შემოთავაზება.
_ხო, რა პრობლემაა? ბებია და ბაბუა მაინც მარტოები არიან იმხელა სახლში კვირიდან კვირამდე, სანამ მე დავბრუნდები...
გურანდამ ეჭვით გადმომხედა.
_არა, იყოს, ორივეს მადლობა. დეიდას დავურეკავ ისევ და აქ დავრჩები.
სანამ მე ტელეფონს ამოვიღებდი და დეიდას ნომერს მოვძებნიდი, თვითონ დეიდამ დამირეკა. ქალი გაგიჟებული იყო, ჩემს დედინაცვალს დაურეკია და უთქვია, რომ ვითომ ბიჭთან გამომიჭირეს და ამის გამო დედაც და შვილიც ორივე დაუნდობლად ვცემე და სახლიდან გავიქეცი.
_გითხარი?_ნიშნისმოგებით მიჩურჩულა გურანდამ._ეგენი სათავისოდ გამოიყენებენ ამ სიტუაციას და იქნებ აქეთ შენ წაგაყუდონ კიდეც ციხეში.
დეიდა დავამშვიდე. მე ჩემი ვერსია მოვუყევი და ისიც ვუთხარი, რომ მისი სახლის ჭიშკართან ვიდექი. ახლავე მოვალო რომ მითხრა და ტელეფონი გამითიშა, სულ რაღაც ოც წუთში მოვიდა კიდეც. ჯეკო ეჭვით შეათვალიერა.
_ამ ბიჭის გამო მოხდა ამხელა აურზაური?_მის ხმაში სიბრაზის და უნდობლობის ნოტები ვიგრძენი.
_ჯეკო რა შუაშია? პირიქით, მან დახმარების ხელი გამომიწოდა.
_ჯეკო?_შეიცხადა გურანდამ._შენ ჯეკო ხარ?_ბიჭს წინ ჩამოუდგა და დაკვირვებით შეათვალიერა._შენ ის მახინჯი ჯეკო ხარ, ნახევრად დამწვარი რომ იყავი? არ გადამრიოთ... შენ ხომ მოკვდი?
_ჩემი სიკვდილის ამბები გაზვიადებული იყო._გაეღიმა ჯეკოს.
_ასე სახეშეცვლილი როგორ იცანი?_ახლა მე მომიბრუნდა გურანდა._თუ, შენ უთხარი ვინც იყავი?_ისევ ჯეკოსკენ მიბრუნდა და თავიდან ფეხებამდე დაკვირვებით შეათვალიერა.
_გამოგიტყდები და სოფელში რომ ვერავინ მიცნო, მეგონა ვერც თეო მიცნობდა...
გურანდამ ნაიარევ სახეზე თლილი თითები ფრთხილად ჩამოუსვა.
_სასწაულია პირდაპირ. სხვას რომ ეთქვა, ვერც კი დავიჯერებდი. იმ ურჩხული ჯეკოსი აღარაფერი გცხია. თეო მაგარია, როგორ გიცნო?... თუმცა, რად მიკვირს? არავის გვყავდი ახლოდან სახეზე ნანახი თეოს გარდა და მასაც რომ ვერ ეცნე, ეს იქნებოდა გასაკვირი.
_ვინ ჯეკო, არ გამარკვევთ რა ხდება?_დეიდაჩემმა რიგრიგობით მოგვატარა სამივეს გაოცებული მზერა.
_ჯეკო მამაჩემის მწყემსი იყო ბავშვობაში და ვმეგობრობდით. მერე, ასმათი ბებია რომ დაიღუპა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანეს. ახლა კი დაბრუნდა.
არ ვიცი რამდენად დავუკმაყოფილე დეიდას ცნობისმოყვარეობა, მაგრამ რომ გაჩუმდა და აღარაფერი მკითხა, გამიხარდა. სახლში კი შემოიპატიჟა ჯეკოც და გურანდაც, მაგრამ გურანდამ უარი თქვა, მეჩქარება სახლშიო და აღარც ჯეჯო შემოსულა, გარეთვე დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ.
სახლში რომ შევედით, იქ კი წინ ჩამომისვა და ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. მეც, დასამალ-დასაფარი რაღა მქონდა და მხატვრულად და ზედმიწევნით მოვუყევი ყველაფერი.
_ეგ ბიჭი, ჯეკო თუ მათე, მოგწონს?_იმდენი რამ მოვუყევი და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მაინც ეს კითხვა დამისვა, რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
დუმილით რომ ვუპასუხე, მიხვდა, რომ არა თუ მომწონდა, მიყვარდა კიდეც.
_თვითონაც სერიოზულად ფიქრობს შენზე?_ახლა ამით დაინტერესდა დეიდაჩემი.
_არ ვიცი?_მხრები საცოდავად ავიჩეჩე.
_საწყენად არ გეუბნები ჩემო ძვირფასო. იმდენი რამ გადაგხდა თავს, რომ აღარ მინდა ისევ გატკინოს ვინმემ გული ან ტკივილი მოგაყენოს... მას თუ მოსწონხარ და სერიოზულად ფიქრობს შენზე, მისი მშობლები რა აზრისანი არიან. მოკლეთ, ყველაფერი გასათვალისწინებელია. საერთოდ, მშობლებს მძიმე წარსულის მქონე ქალები არ უნდათ შვილებისთვის... ვერც გაამტყუნებ ვერავის. არც მე მენდომება ალექსიმ რომ განათხოვარი ქალი მოიყვანოს, ან ნატალი გაყვეს ნაცოლარს. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ დიდადაც არ ჩავერევი მათ გადაწყვეტილებაში, გული კი მეტკინება... ყველა ჩემნაირი კი არ არის, წინაპრებიდან მოყოლებული გარე ნათესავებით დამთავრებული ყველას და ყველაფერს აქცევენ ყურადღებას...
_ჯეკოს არავინ ყავს მამობილის მშობლების გარდა.
_ხო, მაგრამ ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, რომ თვალს დახუჭავენ ყველაფერზე. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო ჩემო საყვარელო. ფუჭი ილუზიებით ნუ იცხოვრებ. არ მინდა ჩემზე დაიბოღმო და შემიჯავრო, სიმართლეს რომ გეუბნები. ამ ახლო მომავალში დაურეკე იმ შენს ჯეკოს, დავილაპარაკოთ, კარგად გავიცნოთ ერთმანეთი და გავიგოთ ერთი შენთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს. არ იფიქროს, რომ ობოლი რომ ხარ, ალქაჯი დედინაცვალი და მისი ნაშიერი რომ გავიწროვებენ, მთლად უპატრონო ხარ. შენ ჩემს შვილებში არ გამოგარჩევ და ისევე შემტკივა შენზე გული, როგორც ალექსიზე და ნატალიზე...
_ხო, მაგრამ ჯერ ახლახანს ვნახე... ჩვენს შორის არაფერი ხდება. მაგ თემაზე მე ვერ დაველაპარაკები.
_შენ ნუ დაელაპარაკები. ალექსი დაელაპარაკოს როგორც კაცი კაცს...
_ჯერ არა ოღონდ, გთხოვ._მუდარით შევხედე.
_რატო ხარ ასეთი მიამიტი, გაუბედავი და ადვილად მიმნდობი? თუმცა, მეც შენნაირი ვარ, რასაც მეტყვი, იმას გიჯერებ და შენს ჭკუაზე დავდივარ. ნეტა, თვრამეტი წლის რომ გახდი, რატო არ მოგკიდე ხელი და ჩემთან არ წამოგიყვანე? რისთვის დაგიჯერე და რატო დაგტოვე იმ ალქაჯების ბუნაგში? მესმის, რომ მომთმენი, ზრდილობიანი და უფლის მადლიერი უნდა იყო, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა თავზე წამოისვა და ყველას შენი მოტყუების თუ გასულელების უფლება მისცე. არც მასე ივარგებს, როგორც შენ ცხოვრობ. ერთს თუ დაუთმობ, ათს დაგათმობინებენ. ერთს გადაყვები და ასს გადაგაყოლებინებენ. ეს ცხოვრება ბრძოლაა და უნდა იბრძოლო შენი უფლებებისთვის და ბედნიერებისთვის... ისევ დაგიჯერებ და ამ ორ დღეს მოვიცდი ჯეკოსთან დაკავშირებით. მერე კი, მე ჩემებურად მივხედავ და არ გეწყინოს... ახლა კი მოისვენე. თავი თუ გტკივა, გამაყუჩებელს მოგცემ.
_არ მინდა, გავუძლებ. მადლობა._გადავიხარე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. მერე ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და საწოლზე წამოვწექი.
გულაღმა გამიჭირდა დაწოლა, რადგან თავს ბალიშზე რომ ვდებდი, ჭრილობა მტკიოდა. ამიტომ ემბრიონის პოზაში მოვიკეცე და ჯეკოზე ფიქრში ჩამეძინა. კარგა ხანს მეძინა და რომ გავიღვიძე გარეთ ბინდი იყო უკვე. სარკის წინ თავი მოვიწესრიგე და ფრთხილად გამოვედი ოთახიდან. მისაღებიდან ლაპარაკის ხმა შემომესმა და გეზი პირდაპირ იქით ავიღე. დეიდა, ნატალი, ალექსი და ვიღაც უცნობი ხნიერი კაცი თან ყავას მიირთმევდნენ და თან დაბალი ხმით საუბრობდნენ, ალბათ რომ არ გავეღვიძებინე.
_გაიღვიძე საყვარელო?_დეიდამ გულთბილად შემომღიმა._ისე ტკბილად გეძინა, აღარ გაგაღვიძე. ეს შენი ახალი გამომძიებელია ბატონი ზურაბი.
_ახალი გამომძიებელი?_გაოცებით შევათვალიერე სიმპატიური კაცი.
_კი. შენი საქმე გამოვითხოვეთ. წინა გამომძიებელი მიკორძოებაში დავადანაშაულეთ და ახლიდან დავიწყებთ გამოძიებას და საქმის გახსნას._სასიამოვნო ბარიტონით მითხრა ბატონმა ზურაბმა და სათვალე შეისწორა, რათა კარგად შევეთვალიერებინე._თავზე რა გჭირს? ოღონდ ყველაფერი გულახდილად უნდა მომიყვე, რათა ყველაფერი ზუსტად გამოვიძიო. თუ გერიდება ამათი თანდასწრებით რამის თქმა._დეიდაზე და დეიდაშვილებზე მანიშნა,_ცალკე ოთახში შევიდეთ და იქ ვისაუბროთ.
მცირეოდენი ყოყმანი რომ შემატყო, დეიდა ადგა და შვილებიც გაიყვანა ოთახიდან.
_აქ დარჩით და მშვიდად ისაუბრეთ, ხელს არავინ შეგიშლით.
_აბა, გისმენ, რისთვის გცემა დედინაცვლის შვილმა და რატო გამოგაძევეს სახლიდან? კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ არაფერი დამიმალო და ყველაფერი გულახდილად მომიყევი. მოსარიდებელი არაფერია... იმ ქალბატონებმა უკვე შემოიტანეს შენზე საჩივარი და რითი იმართლებ თავს?
ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი მართლაც დაწვრილებით მოვუყევი რა და როგორ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ლიკა მე მაბრალებდა მის ცემას და თავდაცვის მიზნით გამიტეხა თურმე თავი. მე რომ გურანდაც ვახსენე, გამომძიებელმა რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში. ცოტა არ იყოს ვინანე, მეგობარი რომ ჩავუშვი.
_მინდა გითხრა, რომ შენი და შენი მეგობრის და ასევე რამოდენიმე მეზობლის ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა და ეს კარგია.
_გურანდას ხომ არ დააკავებენ?_შემეშინდა._ის ხომ მე მიცავდა?
გამომძიებელს ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა.
_გურანდამ თვითონ აღიარა დანაშაული. ასე, რომ ამ ფაქტს მისი ადვოკატი მის სასარგებლოდ გამოიყენებს...
_გამოდის, მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული?_კიდევ უფრო შევშინდი და შევშფოთდი.
_კი მაგრამ, სერიოზული დაზიანებები არ აქვს დაზარალებულს და გპირდები, რომ შენი მეგობარი ციხეში არ მოხვდება._დამამშვიდა._ახლა კი მინდა, რომ ის დღე ზუსტად და თანამიმდევრობით გაიხსენო და მომიყვე, უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამომიტოვო._სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და ინტერესით მომაჩერდა.
დავიწყე იქიდან, რომ დილით ლიკამ დამიბარა თბილისში, ხელი მოტყუებით მომაწერინა სახლის საბუთებზე და იქიდან მალევე გამომაცილა. სოფელში რომ დავბრუნდი, გაწვიმდა და ჯერ გივილომ შემომთავაზა სახლში მანქანით მიყვანა, მაგრამ უარი ვუთხარი და მის გამო გზა გავიმრუდე. მერე კი ისიც ვუთხარი, რომ ჯონიმ მიმიყვანა სახლამდე.
ბატონი ზურაბი გულისყურით მისმენდა და შიგადაშიგ ისე ოსტატურად და შეფარვით მისმევდა კითხვებს, რომ არ დავეფრთხე და გულახდილობის სურვილი არ დამკარგვოდა. მეც რატომღაც სრული ნდობა გამოვუცხადე ამ სანდომიანი სახის გამომძიებელს და ისიც მოვუყევი, ჯეკოს სახლში რომ წავედი ჩემი ფულის ასაღებად. იქ რომ ვიღაც დამხვდა, შემეშინდა, ფული იქ დამრჩა და თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. მოკლეთ, წინა გამომძიებელს რაღაც-რაღაც დეტალები რომ დავუმალე, ამას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ისიც კი ვუთხარი, ამასწინათ ბანკში რომ ვიყავი ფულის გადასახურდავებლად და საბავშვო ანაბრის შესახებ გავიგე. ანგარიშიც რომ გავხსენი და იქ შევიტანე მთლიანი თანხა. მოკლეთ, ჩემი ვარაუდები თუ ჩემი ეჭვები, ყველაფერი გულახდილად გავანდე. მანაც გულდასმით მომისმინა. ბლოკნოტში ბევრი რამ ჩაინიშნა და წავიდა.
დღისით რომ მეძინა, ამის გამო ღამე ვეღარ დავიძინე და ფიქრისთვის დრო თავზესაყრელად მქონდა. ჯეკოს მონაყოლი თითოეული წვრილმანი თუ დეტალი გავიხსენე. თვითონ ჯეკოსთან შემთხვევითი შეხვედრის გახსენებამაც ღიმილი მომგვარა. დეიდაჩემის ნათქვამზეც დავფიქრდი. ჯერ კი ახალი გამოჩენილი იყო ჩემს ცხოვრებაში ჯეკო, მაგრამ მომავალში რა ურთიერთობა გვექნებოდა ნეტა? იქნებ, მხოლოდ გასართობად გამომიყენებდა და მერე მიმატოვებდა? ვითომ, სხვისი "ნათრევი ქალი", როგორც ამას დედინაცვალი იტყოდა, სერიოზული ურთიერთობისთვის ვენდომებოდი? მოკლეთ, თავი საშინლად ამტკივდა, საწოლშიც ვეღარ მოვისვენე და აივანზე გავედი. დიდხანს და თვალმოუშორებლად შევყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. სასწაულად ლამაზი სანახავი იყო. მერე, თვითმფრინავი დავინახე მისთვის დამახასიათებელი ციმციმა წითელი ნათებით და გამახსენდა, ჯეკო პილოტობაზე რომ ოცნებობდა ბავშვობაში. მართალს მეუბნებოდა, რომ ოცნებების შერჩევა სწორად უნდა შეგვძლებოდა, რადგან შესაძლებელი იყო მათი ახდენა. მაშინ კი დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მართალი იყო, ზოგჯერ მართლაც ხდება ოცნებები. ეს ჯეკოს მაგალითიდანაც ნათლად დავინახე. რამდენი დამცირება, გაჭირვება და ტკივილი გადაიტანა და ახლა ოცნებაახდენილი იყო უკვე. მე რა შემეძლო მეთქვა ჩემს ოცნებებზე? ჩემი ოცნებები დიდად ამბიციური არ ყოფილა არასდროს. ასმათი ბებია მართალი იყო, "გლეხი კაცი ოცნებაშიც წყალწაღებულიაო". ჩემი ოცნება ასე ვთქვათ, მთლად წყალწაღებულიც არ ყოფილა, მაგრამ... შორი ფრენებიდან დაბრუნებული ჯეკოს დახვედრა მინდოდა თბილი ვახშმით და დიდი სიყვარულით. მაშინ ჩემი ბავშვური ფანტაზიები ამის იქით არ მყოფნიდა. ახლა?.. მის ლამაზ თვალებს რომ შევყურებდი და ღიმილმორეულ ბაგეებს, მისი კოცნის სურვილი მიჩნდებოდა. ჯონის მერე საერთოდ თუ ვფიქრობდი ვინმეზე, არ მეგონა. სასწაულად დაბრუნებულმა ჯეკომ კი ეს სურვილი გამიღვიძა. საკუთარი თავისაც კი მრცხვენოდა, ეს აზრები რომ მიტრიალებდა თავში, მაგრამ გულს და გონებას ვეღარ ვიმორჩილებდი.
_აქ რას აკეთებ, არ გცივა?_მოულოდნელად ალექსის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან. მოვიდა და მხრებზე მომხვია ხელი._რა არ აძინებს ჩვენს მშვენიერ მზეთუნახავს?_თან ცხვირზე მსუბუქი წკიპურტი წამკრა.
_დღისით რომ მეძინა, ვეღარ დავიძინე...
_ააა, მე კიდევ მეგონა, იმ სიმპატიური ბიჭის ამბები ხომ არ იყო, დღეს რომ მოგიყვანა აქ._რაღაცნაირად ეშმაკური ღიმილით შემომხედა.
_ვინ ბიჭი?_ვითომ ვერ მივუხვდი და გავიოცე. არა და ვიგრძენი როგორ საგრძნობლად ამიჩქარდა გული.
_დეიდაშენმა ისე ლამაზად დაახასიეთა, ლამის მეც მომაწონა._ცოტა ხმამაღლა მოუვიდა გაცინება და უმალ აიფარა პირზე ხელი.
_ჯეკო? ჩემი ბავშვობის მეგობარია... წლების წინ უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში წაიყვანეს. მერე, ხმა დაირხა, ვითომ თავი ჩამოიხრჩო და გუშინ ვნახე...
_უბრალოდ მეგობარი და მეტი არაფერი?_დაჟინებით მომაშტერდა ღამის სიბნელეში. პასუხი რომ არ დავუბრუნე, ისევ მსუბუქად წამარტყა ცხვირზე წკიპურტი, დაიხარა და ლოყაზე მაკოცა._ვერაფერს გამომაპარებ. შეყვარებულ ადამიანს შორიდანვე ვცნობ, რადგან მე თვითონ ვარ შეყვარებული._ჩურჩულით გამანდო საიდუმლო.
_კარგი გოგოა?_მეც ჩურჩულით ვკითხე.
_ეეეჰ, ჩემო თეონა, ოტიასი არ იყოს, შეყვარებამდე უნდა გაახილო კაცმა თვალები, თორემ მერე მარტო ის და მისი ძაღლი კი არა, მეზობლის ნაგაზიც კი საყვარელიაო._გაეცინა._ისე საყვარლად მეჩვენება უკვე, ლამის არის ჩავყლაპო... არა და, ნატალის რომ კითხო, დიდი ვერაფერი გოგოაო.
_შენ ხომ შენთვის მოგწონს და არა ნატალისთვის?_გამიკვირდა._მისი აზრიც კი გასათვალისწინებელია, მაგრამ შენი უკეთესი არაა?
_ხო, მაგრამ რძალ-მული თუ ვერ გაუგებს ერთმანეთს, სანამ ამ გადარეულს ვინმე წაიყვანს და მომაშორებს თავიდან, მომიწევს ერთი ბოსელში დავამწყვდიო და მეორე საქათმეში._ისევ გაეცინა._აბა, ხომ არ დავაჭმევინებ ერთმანეთს?
_მე უკეთესს გეტყვი: ორივე ერთ ოთახში შეამწყვდიე, შენ კი პოპკორნი დაიმარაგე, დაჯექი და შორიდან უყურე._გამეცინა.
_ოჰო, ეგ მართლა უკეთესი აზრია._"მომიწონა",_ღირს მაგაზე დაფიქრება... მაგრამ, ბოლოს რა ვქნა, გამარჯვებულს ვუგულშემატკივრო, თუ წაგებული შევიბრალო?_ისევ გაეცინა ხმამაღლა.
_ცოტა დაბალი ხმით._ახლა მე ავაფარე პირზე ხელი._არავინ გააღვიძო.
_მართალი ხარ. აქ ძილის არდაცლისთვის და სიმშვიდის დარღვევისთვის შეიძლება სროკიც აგვკიდონ._საწყალობელი ხმით რომ მიჩურჩულა, გამეღიმა._წამო, დავწვეთ და დანარჩენი ხვალ ვილაპარაკოთ._მხრებზე ხელმოხვეული შემიყვანა სახლში.
ცოტახანს კიდევ ვიწრიალე საწოლში და მერე კი ტკბილად ჩამეძინა. სიზმარიც კი არაჩვეულებრივი ვნახე: ისევ ბავშვი ვიყავი, ჩემს საქანელაზე ვიჯექი და რაც შემეძლო ძლიერად ვქანაობდი. თითქოს, ცაში ვიჭრებოდი და ფაფუკ ღრუბლებს ვაწვდენდი ხელს. ისეთმა ბედნიერმა და ხალისიანმა გავიღვიძე, ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი აღარც კი მახსოვდა. მე, დეიდამ, ნატალიმ და ალექსიმ ერთად ვისაუზმეთ. მერე დეიდა და ალექსი სამსახურში წავიდნენ, ნატალი კი უნივერსიტეტში. დამრჩა ბურთი და მოედანი. თავის ტკივილი იმდენად აღარ მაწუხებდა. წავიხალისე და მუსიკის თანხლებით ჭურჭელიც დავრეცხე და ოთახებიც ხალისით და ენერგიულად დავალაგე. შუადღისით წუთშესვენება გავაკეთე, ყავისფართი მოვუწყე საკუთარ თავს და მერე კი, ვახშმის მზადებას შევუდექი.
დამერწმუნებით ალბათ, რომ საქმეში დრო უფრო შეუმჩნევლად გადის და რაც მეტ ენერგიას გასცემ, უფრო მეტს გამოიმუშავებ. საერთოდაც არ მიგრძვნია დაღლა. პირიქით, რაც მეტს ვსაქმობდი, უფრო და უფრო მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი. ჩემში ძველი თეო რომ დაბრუნდა, გამიხარდა. შრომა აკელთიშობილებს ადამიანსო, ხშირად მეუბნებოდა ასმათი ბებია. მართალი იყო ცხონებული. ნეგატიური ფიქრებისთვის აღარც კი მეცალა და სულ ღიღინ-ღიღინით მივუახლოვდი დღის დასასრულს. ჭიშკარზე ზარი რომ დარეკეს, ვიფიქრე დეიდა, ალექსი ან ნატალი დაბრუნდა და პატარა ბეკეკასავით კუნტრუშ-კუნტრუშით გავეშურე კარის გასაღებად. ქვაფენილის ბილიკი, რომლის ორივე მხარეს ნაირნაირი ყვავილები იწონებდნენ თავს, მართლაც ბაკიბუკით გავიარე და კარი გაღიმებულმა გავაღე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა ჯეკო და გურანდა რომ ამესვეტნენ წინ.
_აბა, როგორ ხარ?_ისე ძლიერად მომხვია გურანდამ მკლავები, რომ სუნთქვა შემეკრა.
_აქამდე კარგად ვიყავი, მაგრამ ახლა მახრჩობ._საცოდავად ამოვიკნავლე._ცოტა მაინც გამიშვი.
_უი, ბოდიში, ვერ მოვზომე._მართლაც გამიშვა და დამნაშავის იერით შემომღიმა ახლა.
ჯეკომაც ღიმილით მომიკითხა და ვაღიარებ, რომ ძალიან მესიამოვნა. გამიხარდა, მარტო რომ მოსულიყო, სახლში ვერ შემოვიპატიჟებდი, ახლა კი, სიხარულით შევუძეხი ეზოში და აივანზე ავედით. იქ დავსვი მზის ჩასვლის ფონზე და ყავა შევთავაზე, მაგრამ ორივემ უარი მითხრა. ამიტომ დეიდას ბაღჩაში მოკრეფილი სურნელოვანი და გემრიელი მარწყვით გავუმასპინძლდი.
_ასეთი გემრიელი მარწყვი ცხოვრებაში არ მიჭამია... მართლა დეიდაშენის ბაღჩისაა?_თან მეკითხებოდა და თან სიამოვნებით ჭამდა გურანდა. თითებსაც კი მადიანად ილოკავდა.
მის შემხედვარეს ღიმილი მეფინებოდა სახეზე.
_ამაცალეთ ვინმემ ეს ვაზა, თორემ გავსკდი._ჯეკოსკენ კი გააცურა ბროლის ვაზა, რომელიც ჩანახევრებული იყო უკვე, მაგრამ მაინც არ ეთმობოდა და იქაც კი სწვდებოდა და ისე მიირთმევდა.
_ახალი ხომ არაფერია იმ ალქაჯებისგან?_როგორც იქნა მორჩა პირის ჩატკბარუნებად და აწითლებული ტუჩებით შემომხედა.
_ეგ შენ უნდა იცოდე, მე ხომ იქ აღარ ვარ?
_იქნებ დაგირეკეს, რა ვიცი... ისე კი, ღამღამობით მათი სახლიდან რაღაც უცნაური ხმები გამოდის და ხშირად დიდი მანქანებიც სტუმრობენ. მგონი, გაქცევას გეგმავენ და სახლს ცლიან...
_შორს ვერ გაიქცევიან._დავაიმედე._ დეიდამ ახალი გამომძიებელი მოითხოვა იმ საქმეზე. ძველი მგონი მათთან იყო შეკრული.
_ყოჩაღ დეიდაშენს, მაგარი ქალია. ცოტათი მაინც დამსგავსებოდი მას, რა იქნებოდა? ვის გავხარ ასეთი უფხო და უნდილი?_ისეთი ინტონაციით თქვა, ქართული ფილმი გამახსენდა, "სიყვარული ყველას უნდა" და გამეღიმა.
არ ვიცი, ჯეკოსაც ის ფილმი გაახსენდა, თუ ჩემს ღიმილზე გაეღიმა, რომ შევხედე ისეთი თვალებით მიმზერდა, გული გამიჩერდა მგონი და სუნთქვაც კი შემეკრა. თითქოს მოჯადოებულივით მომჩერებოდა. აშკარა იყო, რომ მოვწონდი და ამის გაფიქრება-გააზრება უზომოდ მაბედნიერებდა.
პირველი ალექსი დაბრუნდა სახლში. ვაა, სტუმრები გვყოლიაო, ღიმილით თქვა და დავინახე, ჯეკო რომ შეათვალიერა დიდი ინტერესით. მერე კი გურანდა აათვალიერ-ჩაათვალიერა კმაყოფილი მზერით.
_ჩემი მეგობრები არიან, გურანდა და ჯეკო._დეიდაშვილს გავაცანი სტუმრები._ეს კი, ჩემი დეიდაშვილია ალექსი.
_სასოამოვნოა._ჯეკო ფეხზე წამოდგა და ისე ჩამოართვა ხელი.
გურანდა კი ადგილიდან არ დაძრულა, მხოლოდ თავი დაუქნია, ჩემთვისაც სასიამოვნოაო და ალექსის დაჟინებულ მზერას მანაც გაუსწორა თვალი.
"ერთი თხა და მეორე უარესი"_ელვასავით გამკრა გუნებაში ამ აზრმა.
რომ ჩამეღიმა, გურანდამ ეჭვით შემომხედა, ვითომ და რა გაცინებსო.
ალექსი გურანდას შეთვალიერებას რომ მორჩა რენტგენის აპარატივით, მერე მე მომიბრუნდა.
_თეო, ჯიგარო, ცივი ყავა რომ გაგვიკეთო, არ გინდა? სტუმრებიც სიამოვნებით მიირთმევენ.
_მე არ მინდა, მადლობა._ჯეკომ იუარა.
გურანდას რომ შევხედე, ისევ ალექსის უმზერდა.
_არც მე მინდა, მაგრამ შენი დეიდაშვილი ალბათ წრუწუნასავით ძალით ჩამასხავს და ჩათრევას ჩაყოლა ჯობიაო... ჯანდაბას, მოკლას ხარი თივამ, მეც გამიკეთე.
მაშინვე წამოვხტი და სამზარეულოში გავიქეცი. მიქსერით გავთქვიფე ყავა, საყინულედან ცივი წყალი და ყინულები გამოვიღე, სასწრაფო წესით დავასხი ჭიქებში, ფერადი საწრუპი მილებიც ჩავაწყე და ისევ აივანზე გავედი. გურანდა მარტო იყო, ფეხი ფეხზე გადაედო და ტელეფონში ისე იყო ჩამძვრალი, ჩემი მისვლა არც გაუგია.
_ალექსი და ჯეკო სად არიან?_გამიკვირდა. ლანგარზე დაწყობილი ჭიქები ფრთხილად დავდგი მაგიდაზე და აივნიდან გადავიხედე._შენ გეკითხები, ალექსი და ჯეკო სად წავიდნენ?_ცოტა ხმამაღლა გავუმეორე კითხვა.
_მოვლენ რაა, რა იყო? ბავშვები ხომ არ არიან რამე გააფუჭონ? დაილაპარაკებენ კაცურ თემებზე და მოვლენ.
ავღელდი და ავფორიაქდი. ერთ ადგილზე ავწრიალდი. მივხვდი, რა კაცურ თემაზეც უნდა დალაპარაკებოდა ალექსი ჯეკოს და მრცხვენოდა და მერიდებოდა. გურანდა კი ძალიან მშვიდად გადასწვდა დათრთვილულ ყავის ჭიქას, საწრუპით ნებიერად მოწრუპა და სიამოვნებისგან თვალებიც კი მილულა. მერე კი, ხმაურით მოხვრიპა ქაფი.
_ალბათ შენი დეიდაშვილი დაიგვიანებს. ეს ყავა კი გაუთბება და ცოდოა._მეორე ჭიქასაც გადასწვდა და ისიც ნებიერად ამოწრუპა.
მე კი ნერვიულობისგან ლამის ტუჩებს ვიჭამდი, ისე ძლიერად ვიკვნეტდი. როდის როდის მათი ხმაც შემომესმა ეზოდან და უარესად ავწრიალდი. ხმა ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა და მეც ნელ-ნელა მემატებოდა მღელვარება. ბოლოს, კიბის საფეხურებზე გაისმა მათი ნაბიჯების ხმა და სულ მალე გამოჩნდნენ კიდეც.
_არა ძმაო, მართლა მაგარი მანქანა გყავს. თუ ოდესმე მოიწყინო და გაყიდვა დააპირო, პირველ რიგში მე გამაგებინე...
_არ არის პრობლემა. თუმცა, ჯერ მეც ახლახანს ვიყიდე._მორიდებით გაუღიმა ჯეკომ.
ალექსიმ გვიან მოინაკლისა ყავა და გაოცებულმა შემომხედა.
_იგვიანებდი და რომ არ გამთბარიყო, შენი წილიც გურანდამ მიირთვა._დავუკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.
_აჰა, არ მინდამ ცხრა ხინკალი შეჭამაო?_გაეცინა._ახლა აბრძანდება ეგ შენი გურანდა და დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით ერთ გემრიელ ყავას გამიკეთებს.
გურანდას რომ შევხედე, გამეღიმა, აშკარად ეწერა სახეზე, მეტი დარდი არ მაქვსო.
ამ დროს კიბეზე ქუსლების კაკუნიც გაისმა და ყველამ იქით გავიხედეთ. ნატალიმ ყველა იქ დამსწრე საზოგადოება ინტერესით შეგვათვალიერა.
_სტუმრები გვყავს?_ალექსივით მანაც გაუღიმა ჩემს მეგობრებს._წეღან მგონი ყავაზე ლაპარაკობდით და მეც სიამოვნებით დავლევდი.
_ორი კლიენტი გელოდება ქალბატონო._ალექსიმ გურანდას გადახედა ისევ.
_შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, სტუმარს საქმობ?_"აღშფოთდა" ნატალი. ჩანთა იქვე დივანზე მიაგდო და სამზარეულოში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების დახდით შევიდა._მომკლა ამ ოხერმა.
_ეგ იმიტომ, ფეხების წაღება რომ გავიწყდება, როცა საყიდლებზე მიდიხარ.
ალექსის მოსწრებულ ხუმრობაზე ყველას გაგვეცინა.
_რა ვერ გამიგია იცით? საყიდლებზე რომ მიდის, არასდროს იზომავს არც ტანსაცმელს და არც ფეხსაცმელს._ჩურჩულზე გადავიდა ალექსი._მასე ხომ, რომ დამავალოს, მეც ვუყიდი?
_მერე და, შენი და მისი გემოვნება ერთია?_ნატალის მხარდაჭერა გამოუცხადა გურანდამ.
_აი, რას ნიშნავს ქალური სოლიდარობა._გულიანად გაეცინა ალექსის და შევატყე, რომ გურანდამ თვალი ვეღარ მოსწყვიტა გაღიმებულ ბიჭს.
ვიცოდი, რომ ორივეს შეყვარებული ყავდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ერთმანეთი მოეწონათ და ეპრანჭებოდნენ. ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ ერთმანეთისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, არ მომეწონა მათი ეს ქმედება...
ნატალიმ ყავა რომ გააკეთა და ლანგრით ჩამოგვირიგა ყველას, ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ ხათრი ვეღარ გავუტეხე.
_ხათრი ხათაბალააო?_გაეღიმა ჯეკოს და მანაც იძულებით აიღო.
არც გურანდა ჩამოგვრჩენია და სიამოვნებით აიღო ჭიქა. ნატალი მის პირისპირ ჩაჯდა სავარძელში და შევატყე, რომ მასაც ძალიან მოეწონა ეს გოგო. ჯერ მორიდებით, მაგრამ მერე და მერე უკვე დიდი ინტერესით გამოჰკითხა ყველაფერი და დიდი მონდომებით აგროვებდა მასზე საჭირო ინფორმაციებს. ალექსი კი მე და ჯეკოს გველაპარაკებოდა.
_იმათ ცალკე ავტონომია გამოაცხადეს და გამოგვეყვნენ კუნძულივით თუ რაშია მაგათი საქმე?_დაზე და გურანდაზე გვანიშნა ბოლოს ალექსიმ,_ვერა და ვერ მივიქციე მათი ყურადღება. რას ლაპარაკობენ ამისთანას და თან ამდენს ამწუთას გაცნობილები?..
მხრები რომ ავიჩეჩე, გაეღიმა.
სულ მალე დეიდაც შემოგვესწრო და ოჯახი მთლიანი შემადგენლობით შევქუჩებულვართო ნატალიმ როგორც იქნა გურანდასიდან ყურადღება ჩვენზეც გადმოიტანა.
გვიანობამდე შემორჩნენ გურანდა და ჯეკო ჩვენთან. ბევრიც ვილაპარაკეთ და ბევრიც ვიცინეთ. სხვათაშორის, დეიდასაც შევატყე, რომ ჯეკოს მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი და ეს ფაქტი უზომოდ მახარებდა და მაბედნიერებდა. მგონი, ჯეკოც ხვდებოდა დეიდაჩემის მის მიმართ დამოკიდებულებას და ყველანაირად ცდილობდა უფრო და უფრო მოეწონებინა თავი თავისი ცოდნით, მიზანდასახულობით, ოპტიმისტით და მომაჯადოებელი ღიმილით... და გამოსდიოდა კიდეც.
ჩემი მეგობრები რომ გავაცილეთ და სახლში შემოვბრუნდით, ნატალიმ მხრებზე მომხვია ხელი და სხვათაშორის მითხრა:
_მომეწონა შენი შეყვარებული, კარგი ბიჭია გინდ ფიზიკურად და გინდ სულიერად... შეეფერებით ერთმანეთს, ფერი ფერსაო, თქვენზეა ნათქვამი. როგორ აშკარად ეტყობა, რომ შენზე ყურებამდეა შეყვარებული...
_გურანდას მეტს ვერავის ამჩნევდი და ნეტა რა იცი?_გამეცინა.
_შენ ეგრე გეგონოს, რომ ვერ ვამჩნევდი. რა თვალებით შემოგყურებს, შეგიმჩნევია? აშკარად შეყვარებულია ბიჭი... ისე, ძალიან სიმპო ვიღაც კი არის. ის ნაიარევები უხდება კიდეც სახეზე. რა შეემთხვა, საიდან აქვს არ იცი?
_ჩვილობაში დაიწვა და ახლა პლასტიკური ოპერაცია გაუკეთებია.
_რას ამბობ, მართლა?_შეიცხადა._თუმცა, არც ახლაა უშნო... შენს კომუნისტ დეიდაშვილსაც კი მოეწონა, შეატყე?
ალექსის მეც კი შევატყე, რომ მოეწონა ჯეკო, მასთან დალაპარაკებაც კი მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მალევე დაწვა, დილით ადრე უნდა წავიდე სამსახურშიო. არა და, ერთი სული მქონდა გამეგო, ეგ და ჯეკო რომ განმარტოვდნენ, რაზე საუბრობდნენ.
გვიანობამდე ვერ დავიძინე და ვიწრიალე საწოლში. ნატალი მართალი იყო, მეც შევნიშნე ჯეკოს, სიყვარულით სავსე თვალებით რომ მიმზერდა. როცა ჩემს სიახლოვეს იყო, მაშინ კი ხარბად ისუნთქავდა ჩემს სურნელს. მეც, მისი შემხედვარე, გული სასწაულად მიჩქარდებოდა და იმ მომენტში სუნთქვაც კი მავიწყდებოდა. მაბედნიერებდა იმის გააზრება, რომ ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენი სიყვარული ხომ სათავეს ბავშვობის წლებიდან იღებდა?
ორი დღე აღარ გამოჩენილან და ეს ორი დღე საშინელება იყო ჩემთვის. შეტყობინებებს კი ვწერდით ერთმანეთს და გულთბილად ვკითხულობდით, მაგრამ მაინც მოწყენილი ვიყავი, თანაც ძალიან. ცოტა, ჩემმა ახალმა გამომძიებელმა გადამატანინა ყურადღება ჩემს საქმესთან დაკავშირებით, თორემ ვეღარ ვძლებდი უკვე ჯეკოს უნახაობით. საღამოს, დეიდაც რომ სახლში იყო უკვე, იმ დროს გვესტუმრა და სიხარულით გვაუწყა, რომ ჯონის ადგილმდებარეობის დადგენა მოხერხდა. თურმე, სათვალთვალო კამერებს დაუფიქსირებია ერთ-ერთი ბანკომატის წინ, თანხა რომ გაჰქონდა. მართალია, შენიღბული იყო, მაგრამ სახის ამომცნობმა მაინც შეძლო მისი ამოცნობა და ეძებენ უკვეო.
_აკი საზღვარი გადაკვეთა და ევროპის რომელიღაც ქვეყანაშია გაქცეულიო?_გაუკვირდა დეიდას.
_მასე აწყობდათ გვგონებოდა, რომ შორს დაგვეწყო ძებნა. ახლა კი, ნამდვილად ვერ დაგვემალება ვერსად.
_ხო და, ძალიანაც კარგი. მინდა რომ დამნაშავეები დაიჭიროთ და და საკადრისად დასაჯოთ._სიხარულნარევი მტკიცე ხმით თქვა დეიდამ.
ამ ამბავმა მეც გამახარა. თუმცა, ჯონის ხსენებამ ის საშინელი ღამე გამახსენდა და ჯრილობები განმიახლდა თითქოს. გახარებული და ამავე დროს გულდამძიმებული ვიყავი. მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, ჯეკო რომ შემხებოდა, ან ეკოცნა, რა რეაქცია მექნებოდა? ისევ ისტერიკა ხომ არ დამეწყებოდა მაშინდელივით? მიყვარდა კი, თანაც ძალიან, მაგრამ ჯონის აჩრდილი ან მე და ან ჯეკოს მოგვასვენებდა ვითომ მომავალში?
დილით გამოუძინებელი ავდექი. ცუდ გუნებაზე ვიყავი და თავიც საშინლად მტკიოდა. ნერვები ისე მქონდა დაძაბული, ყველაფერი ადვილად მაღიზიანებდა. ვცდილობდი კი, თავი ამეყვანა ხელში, მაგრამ ნაკლებად გამომდიოდა. დილით დეიდამაც შემატყო ეს უგუნებობა.
_რას ვფიქრობდი წუხელ იცი?_ხელკავი გამომდო და ეზოს შორეულ კუთხისკენ გამიყვანა._ჯონის რომ დაიჭერენ და სასამართლოს წინაშე მასთან პირისპირ მოგიწევს შეხვედრა, ნერვებმა რომ არ გიმტყუნოს, ფსიქოლოგის კონსულტაცია ხომ არ გაგვევლო? მისი დანახვა ისევე რთული და ძნელი იქნება, როგორც იმ ღამის გახსენება... თადარიგი დავიჭიროთ და მომზადებულები დავხვდეთ სასამართლოს დღეს.
თვალებში რომ შევხედე, დედის სითბო, მზრუნველობა და სიყვარული ვიგრძენი თითქოს. მოულოდნელად გულაჩუყებული ჩავეხუტე და ხმამაღლა ავსლუკუნდი. "დეიდას დედის სუნი ასდისო", მართლაც, ბავშვობის მოგონებებიდან შემორჩენილი დედის სურნელი გამახსენდა. დედასავით ზრუნავდა ეს ქალი ჩემზე და მე კი ხშირად არ ვუჯერებდი ჩემი ჯიუტი ხასიათის გამო და უარს ვამბობდი დასახმარებლად გამოწვდილ მის ხელზე. ამჯერად კი, ფსიქოლოგთან ერთსაათიანი ვიზიტიც კი მიშველიდა, დარწმუნებული ვიყავი ამაში.
მეორე დღეს მე და დეიდა მართლაც ვეწვიეთ ფსიქოლოგს. ზოგიერთს ფსიქოლოგი გიჟების ექიმი გონია და ასე მგონია ფსიქიატრში ერევა. კარგ ფსიქოლოგს ხომ ისე შეგიძლია ენდო და ესაუბრო, რომ გულიც კი გადაუშალო, როგორც შენს საუკეთესო მეგობარს? ვინც კატეგორიულად უარყოფს, რომ ფსიქოლოგის კონსულტაცია სჭირდება, მე თუ მკითხავ, ზუსტად მას უნდა მისი დახმარება. ფსიქოლოგთან გასაუბრება მე სირცხვილად არ მიმაჩნია. ნებისმიერ თემაზე შეგიძლია მიაკითხო, ესაუბრო, გულიდან ამოიღო დარდი და მისგან საუკეთესო რჩევებიც მოისმინო. მართლაც რომ წამადგა ის ერთი ვიზიტიც კი და შედარებით დამშვიდებული და დაწყნარებული გამოვედი მისი კაბინეტიდან.
_დღეს დათხოვილი ვიყავი სამსახურიდან, მაგრამ წეღან დამირეკეს, გაუთვალისწინებელი შემთხვევააო და ცოტა ხნით მაინც მომიწევს შერბენა. შენ მარტოს მოგიწევს აქედან წასვლა და ხომ შეძლებ?_შეწუხებული ხმით მკითხა დეიდამ.
_კი, რა პრობლემაა?_დავამშვიდე._მაგაზე არ ინერვიულო.
_მოიცა, ტაქსი გაგიჩერო...
_იყოს, არ მინდა, ფეხით მირჩევნია. ცოტას გავივლი და მერე კი მარშუტკით წავალ.
_შენი დარდი რომ მექნება? იცოდე, სახლში მიხვალ თუ არა, მაშინვე შემატყობინე._გამაფრთხილა.
შეგატყობინებ-მეთქი ღიმილით დავაიმედე და გზის მეორე მხარეს დავაპირე გადასვლა, რომ ჩვენს სიახლოვეს მანქანამ დაამუხრუჭა.
გაოცებულებმა შევხედეთ მეც და დეიდამაც.
ჯეკო იყო.
მე ხომ გამიხარდა და გამიხარდა მისი დანახვა, მას მგონი ჩემზე მეტადაც. დეიდას რომ შევხედე დარცხვენით, არც ის იყო ამ ბიჭის გამოჩენით უკმაყოფილო.
_ახლა კი ნამდვილად არ მექნება შენი დარდი, საუკეთესო ბიჭის ხელში გტოვებ._ყურში ღიმილმორეულმა მიჩურჩულა, ლოყაზე მაკოცა, ჯეჯოს მიესალმა, თან დაემშვიდობა და სამსახურისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
_შენს სანახავად მოვდიოდი._მოსალმების მერე ღიმილით მითხრა ჯეკომ და მანქანის კარი გამომიღო._ეს დღეები არც გურანდას ეცალა და არც მე... იცი, აქვე ახლოს კარგი კაფე ვიცი, ცოტა ხნით დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
წინააღმდეგი არ ვიყავი და მგონი სახეზეც მეწერა, რადგან ჩემს პასუხს არ დალოდებია, ღვედი შევიკარი თუ არა, ადგილიდან დაიძრა და დეიდის სახლისკენ რომ არ წავსულვართ, მივხვდი, კაფეში მივყავდი.
ბევრი არ გვივლია. მალევე შეჩერდა დამუქებულ მინიან შენობასთან და ზრდილობიანად მომაშველა ხელი მანქანიდან რომ გადავდიოდი. ბავშვობიდანვე ზრდილობით და პატიოსნებით გამოირჩეოდა ეს ბიჭი. ახლა კი ქალისადმი პატივისცემაც მშვენივრად შეეთვისებინა. შენობაშიც მე შემატარა პირველი და თვითონ უკან მომყვა. ყველაზე შორეული და მოფარებული მაგიდა შევარჩიე და იქ ჩამოვჯექი სანამ ჯეკო შეკვეთას აძლევდა ახალგაზრდა ლამაზ მიმტანს.
_როგორ ხარ?_წინ რომ ჩამომიჯდა, ღიმილით მკითხა. თან, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის._გამიხარდა შენი ნახვა...
_მეც._თითქოს ჩემში ვიღაც იყო ჩაბუდებული და ჩემს მაგივრად იმან წამოაყრანტალა.
ისევ გაეღიმა და თვალი მომჭრა მისმა მშვენიერმა ღიმილმა. ფანჯრიდან შემოსული მზის სინათლე სახეზე სცემდა და მის თვალებში ირეკლებოდა. ვხვდებოდი, რომ მოჯადოებულივით შევყურებდი და თვითონაც ხვდებოდა ამას, მაგრამ ჩემს თვალებს ვერ ვერვუხერხებდი ვერაფერს. ერთხანს თვითონაც ასე მომჩერებოდა და გარე სამყაროს მოწყვეტილები ვიყავით. არ მესმოდა არც ქუჩიდან შემოსული ხმაური, არც კაფეში მსხდარი კლიენტების საუბარი თუ სიცილი. მისი თვალებისა და ღიმილის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ალბათ, მიმტანმაც შეგვატყო და ეშმაკური ღიმილით რომ მოგვიახლოვდა და შეკვეთა ფრთხილად დაგვილაგა წინ, შემრცხვა. უხერხულობის დასაფარავად ყავის ფინჯანს გადავწვდი მაშინვე. ავიღე კი, მაგრამ აცახცახებულ ხელში ცხელი ყავა ხელზე გადავისხი.
_ხომ არ დაგეწვა?_შეწუხებულმა ჯეკომ ხელზე მომკიდა ხელი და შეწითლებულ ადგილზე სული შემიბერა. სულ ოდნავ გრილი ტუჩებით რომ შემეხო, ჯერ ელექტროშოკივით დამიარა მთელ ტანში რაღაც სასიამოვნო განცდამ, მერე კი მთლიანად დავიშალე თითქოს. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ სკამიდან არ ჩავცურებულიყავი და იატაკზე არ მომედინა ზღართანი.
გულიც ისე გამალებით მიცემდა, თითქოს საგულედან გამოხტომას ლამობდა. სხეულის ყველა სახსარში ვგრძნობდი მომატებულ პულსაციას. ისევ მას შევყურებდი დაჟინებით და მოულოდნელად რომ შემომხედა თვალებში, უარესად დავიშალე. სუნთქვაც კი გამიჭირდა ისეთი ლამაზი თვალები ქონდა.
_არაფერია... ამაზე მეტადაც დამიწვია... გადავიტან როგორმე._ძლივს მოვახერხე და შევღიმე. თან, ხელის განთავისუფლებას შევეცადე ისევ მას რომ ჰქონდა თავის მუჭში მომწყვდეული.
არ გამიშვა და მომეჩვენა, რომ უფრო მომეტებულადაც კი მომიჭირა თითები. ალბათ, არ უნდოდა ჩემი გაშვება. ოღონდ წამიერად. მერე კი, ფრთხილად შემიშვა. აშკარა იყო, როგორც მე, ასევე მას არ ვეთმობოდი. ორ ღილზე შეხსნილი პერანგის საყელოსკენ გამექცა მზერა, საიდანაც ყელი მოუჩანდა და მის ჩაღრმავებაში საგრძნობლად უფეთქავდა პულსი. თვითონაც ჩემს დღეში იყო. ჩემი სიახლოვე აბნევდა და აფორიაქებდა, მაგრამ მაინც ჩემს სიახლოვეს უნდოდა ყოფნა. ისეთი მზერა ქონდა, მოჯადოებულივით თუ დაჰიპნოზებულივით შევყურებდი თვალებში.
მოულოდნელად შეტყობინება მომივიდა ტელეფონზე და ისეთი მჭექარე ხმა ქონდა რატომღაც, რომ გვარიანად შევხტი და უმალ დავბრუნდი რეალურ სამყაროში. ქუჩიდანაც გარკვევით გავიგონე მანქანების ხმა და კლიენტების სიცილიც მოსწვდა ჩემს ყურს. გამეცინა. უხერხულობის დასაფარავად ვნახე ტელეფონი, თორემ სულ არ მაინტერესებდა ვინ და რას მწერდა. არც თუ ისე უსაფუძვლოდ: მაგნიტიდან იყო, სურსათის ფასებს მატყობინებდნენ. რახან დავეშვი ღრუბლებიდან, ისევ ყავის ფინჯანს დავუბრუნდი და უხმაუროდ მოვხვრიპე. მომეწონა.
_არაჩვეულებრივია._კმაყოფილი ღიმილით ვაღიარე კიდეც.
ჯეკო თან ყავას სვამდა, თან მე შემომყურებდა. ორივეს გვიჭირდა საუბრის წამოწყება. არა და დუმილიც უხერხული იყო უკვე. ბოლოს, როგორც იქნა ისევ მან წამოიწყო საუბარი. თავიდან გაუბედავად დაიწყო ამინდის პროგნოზით და ნელ-ნელა ჩვენს ბავშვობის მოგონებებზე გადავიდა. თურმე, დღემდე ახსოვდა ცივი ლიმონათი რომ დავალევინე ჩემი ხელით.
_ისე გემრიელად ჩემს ცხოვრებაში ლიმონათი არ დამილევია._გულწრფელად შემომღიმა.
მეც თვალწინ დამიდგა ის სცენა, ლიკას მინის ბოთლი რომ ვდრუზე თავში. ისიც გამახსენდა, ამის გამო დედინაცვალმა სასტიკად რომ მცემა და მწარედ გამეღიმა. ღელეც ახსენა, რომ ვთევზაობდით ხოლმე. თუმცა, სხვა თემაზე მალევე გადაიტანა საუბარი, რომ ჯონის ამბავი არ გამხსენებოდა. ჩემდა გასაოცრად ღელის ხსენებამ ტკბილი ბავშვობის წლები გამახსენა. იმ ღელეში ბედნიერი წუთები უხვად მქონდა გატარებული და ჯონის ამბავს ჩრდილავდა კიდეც. მართალია, წუთიერია ბედნიერება, მაგრამ ეს წუთები საკმარისია მთელი ცხოვრება გაგყვეს ადამიანს.
გვიანობამდე ვისხედით კაფეში და მხიარულად ვსაუბრობდით. მგონი, სახლში წასვლა არც ერთს აღარ გვინდოდა. არ გვეთმობოდა ერთმანეთი. თქმა საჭირო არ იყო, მის თვალებში ისედაც ჩანდა ჩემდამი უდიდესი სიყვარული.
კაფედან რომ გამოვედით, ფეხები უკან მრჩებოდა. მინდოდა კიდევ დიდხანს ვყოფილიყავით ერთად და გვესაუბრა.
_იცი?_მანქანაში რომ ჩავსხედით რაღაცნაირად ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე._მოხუცებს შენი გაცნობა უნდათ.
ვინ მოხუცებს ვერ მივხვდი და გაოცებულმა რომ შევხედე, ღიმილითვე დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.
_ჩემი მამობილის მშობლებს... ყოველ დღე იმას მეხვეწებიან შენზე, გაგვაცანიო...
_ჩემი გაცნობა უნდათ?_დავიბენი._და რასთან დაკავშირებით?
_იციან, რომ არაჩვეულებრივი გოგო ხარ და პირადად უნდათ შენი გაცნობა. თუ წინააღმდეგი არ ხარ, სულ ერთი საათით გაგიტაცებ...
შევყოყმანდი. რა სტატუსით უნდა წარედგინა ვითომ ჯეკოს მოხუცებისთვის ჩემი თავი?
_მე ხომ გავიცანი შენი ნათესავები? ახლა შენი ჯერია._თითქოს, ჩემი ფიქრები წაიკითხაო. თვალებზე ჩამოშლილი თმა ფაქიზად გადამიწია და ისე მომაჩერდა დაჟინებით._ნუ გეშინია, მართლაც სულ ცოტა ხნით მიგიყვან, გაგაცნობ და მალევე წამოგიყვან.
იმის ნამდვილად არ შემშინებია, რომ სადმე წამიყვანდა მოტყუებით და რამეს დამიშავებდა. ჯერ ერთი, ჯეკო მოძალადე არ იყო და მეორე, დეიდამ ხომ დამინახა, რომ მასთან დავრჩი და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერაფერს გამიბედავდა. მე მხოლოდ და მხოლოდ იმას ვნერვიულობდი, როგორ უნდა გავცნობოდი მოხუცებს. ან, რაზე უნდა გვესაუბრა... სულაც, რომ არ მოვწონებოდი, მერე? გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა წავყოლოდი თუ არა.
_მენდე, არ ინანებ._ შემაგულიანა._ალექსიმაც იცის...
_რა იცის?_გაკვირვებულმა რომ შევხედე, გაეღიმა.
_ის, რომ შენთან დაკავშირებით სამომავლოდ სერიოზული გეგმები მაქვს. მე კი ის ვიცი, რომ თუ ჩემს გამო ცრემლი დაგისველებს მაგ ლამაზ თვალს, მასთან მექნება საქმე._მერე უცბად დასერიოზულდა._მაგრამ მინდა გითხრა, რომ არ ვაპირებ შენს წყენინებას. პირიქით, დაგიცავ, რომ არავინ გაწყენინოს. შევძლებ და მხოლოდ სიხარულის და ბედნიერების ცრემლები დაგისველებს თვალებს. ყველანაირად შევეცდები, რომ მუდამ მომღიმარი სახით იყო.
ჯერ დავიბენი. ვერ მივხვდი მისი სიტყვების აზრს. გვიან გავაცნობიერე რაც მითხრა და გული ამიჩქარდა. ისედაც კი ეტყობოდა, რომ ვუყვარდი, მაგრამ მისი პირიდან ამის მოსმენა მართლაც რომ სასწაული იყო.
ერთხანს უხმოდ შევყურებდით ერთმანეთს. მერე ძრავა აამუშავა და ფრთხილად დავიძარით ადგილიდან. გეზი სოფლისკენ რომ აიღო, თან მეწყინა და თან გამიხარდა. მეწყინა იმიტომ, რომ თანხმობა არ მითქვია და თავისი სურვილით გამიტაცა ასე ვთქვათ. გახარებით კი ის გამიხარდა, რომ ახლობლების გასაცნობად მივყავდი. მართლაც რომ სერიოზულად ფიქრობდა ჩემზე.
ხანდახან გადმომხედავდა ღიმილით, ჩაფიქრებული რომ ვიჯექი და მოხუცებთან შეხვედრის გეგმას ვადგენდი გუნებაში. ხმას არ ვიღებდი და არც თვითონ მირღვევდა ამ მყუდროებას. ისე მალე მივედით დანიშნულების ადგილზე, გამიკვირდა კიდეც. გეგმა კი მოფიქრებული ჯერ არ მქონდა. მანქანა პირდაპირ ჭიშკართან შეაჩერა. პირველი თვითონ გადავიდა. მკვირცხლად შემოურბინა მანქანას და ჩემ მხარეს კარი ზრდილობიანად გამოაღო. თან, ხელი გამომიწოდა, რომ დავყრდნობოდი. ეზოში აღელვებულმა შევაბიჯე არეული ნაბიჯებით.. ყველანაირად ვცდილობდი, რომ დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ეს მღელვარება ალბათ, ჩვეულებრივი მოვლენა იყო შეყვარებულის მშობლების გაცნობისას, მაგრამ მე მაინც უჩვეულოდ მეჩვენებოდა.
ეზოში არავინ იყო. მხოლოდ თვალის შევლება მოვახერხე ზერელედ, მაგრამ შევნიშნე, რომ მშვენიერი იყო, ედემის ბაღს გავდა ნაირ-ნაირი და ჭრელა-ჭრულა ყვავილებით. რამდენჯერმე კიდევ გადმომხედა ჯეკომ ღიმილით და ოთხ თუ ხუთ საფეხურიან კიბეზე ავედით. აივანზეც უამრავი ქოთნის ყვავილები იყო ლამაზად ჩაწიკწიკებული. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მოხუცს ამდენი როგორ შეეძლო, რომ ამდენ ყვავილს უვლიდა?
_ბებია, საით ხარ?_მხიარულად გასძახა ჯეკომ._სტუმარი გვყავს.
სულ მალე ბებიაც გამოჩნდა.
წეღან მოხუცები რომ ახსენა ჯეკომ, მეც მართლა ხნიერი ცოლ-ქმარი წარმოვიდგინე. მართალია თმა მთლად გადათეთრებული ქონდა და სახეზეც მკრთალი ნაოჭები ემჩნეოდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ საკუთარი თავის მოვლა ძალიან უყვარდა. სახლიდან რომ გამოვიდა, დიდი ინტერესით შემათვალიერა. გული ისე ამიჩქარდა, თითქოს განაჩენის მოლოდინში ვყოფილიყავი. ალბათ სახეზეც მემჩნეოდა მღელვარება, რადგან ჯეკომ რომ გადმომხედა, გასამხნევებლად გამიღიმა.
_ეს რა ლამაზი სტუმარი გვყოლია შვილო._როგორც იქნა ხმა ამოიღო ქალმა._შენ ალბათ თეონა, არა?_ისე შემომღიმა, მივხვდი, ბევრს ლაპარაკობდნენ ჩემზე და დაუსწრებლად მიცნობდა ეს ქალი._მე მათეს ბებია ვარ კატო._თან ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
ისეთი ფაქიზი და მოვლილი ხელები ქონდა, გამიკვირდა.
_შემოდით, შემოდით._მერე სახლში შეგვიძღვა და დიდ მისაღებ ოთახში შეგვიყვანა._დღეს მართლა არ გელოდით, თორემ საკადრისად დაგხვდებოდი შვილო._წელზე მომხვია ხელი და დივნისკენ წამიყვანა, რაზეც ფრთხილად ჩამომსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა._ისე ხატოვნად და ლამაზად ლაპარაკობდა მათე შენზე, რომ მივხვდი, ძალიან ლამაზი იყავი. თუმცა, უნდა გითხრა, მოლოდინს გადააჭარბე... დაძაბული ნუ ხარ, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში... დიტოსაც ძალიან გაუხარდებოდა შენი გაცნობა, მაგრამ ახლახანს წაიყვანა ჩემმა გოგომ თავისთან.
ისეთი ენაწყლიანი და უბრალო ქალი აღმოჩნდა ჯეკოს მამობილის დედა, რომ მალევე მომეშვა დაძაბულობა. ისე შინაურულად და გულთბილად მესაუბრებოდა, თითქოს წლებია ვიცნობდით ერთმანეთს და ძალიან ახლობლები ვიყავით. მერე წამოდგა და სავარაუდოდ სამზარეულოში გავიდა. ჯეკომ დრო იხელთა და ჩემს წინ რომ იჯდა გაღიმებული, გვერდით მომიჯდა.
_აბა, რას იტყვი, როგორი ქალია ჩემი მოხუცი კატო?
_მე მართლა მოხუცი მეგონა... არ სწყინს, მასე რომ მოიხსენიებ?_გამიკვირდა.
_თავს უვლის და წლოვანება არ ეტყობა, თორემ სამოცდაათი წლის ხდება ერთ თვეში.
_მართლა?_გაოცებისგან პირი ღია დამრჩა.
ჯეკომ მსუბუქად ამომკრა ნიკაპზე ხელი და მომაკუმინა.
_ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ქალია. როგორც თვითონ ამბობს, სიბერეში მოუნდა სოფლად იალაღზე თავისუფლად ცხოვრება. სუფთა ჰაერით სუნთქვა და ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეულის ჭამა... ყოჩაღი ქალია.
_მართლაც, რომ ყოჩაღია._დავეთანხმე და ოთახს ინტერესით მოვავლე თვალი.
არაჩვეულებრივად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი. ყოველ წვრილმანში იმჩნეოდა დიასახლისის მარჯვე და ყოჩაღი ხელი. ყველაფერი სუფთად და აკურატულად ქონდა დალაგებული. ჯერ ისევ გაოცებით ვათვალიერებდი ყველაფერს, რომ ქალბატონი კატოც გამოჩნდა ლანგრით ხელში, რაზეც ვაზით ხილი და ფინჯნებით ცხელი ყავა ელაგა. ჯეკო მაშინვე წამოხტა და ქალს მიეხმარა.
_მიირთვი ძვირფასო, ბაზარში ნაყიდი ხილი კი არაა, ჩვენს ბაღჩაშია მოკრეფილი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტია._ღიმილით შემომთავაზა ქალმა და თან ჩემს პირისპირ ჩამოჯდა.
მივხვდი, წეღან ჯეკო რომ შენიშნა ჩემს გვერდით, ახლა იმიტომ შეიცვალა ადგილი, თან ორივეს პირისპირ შემოგვყურებდა კმაყოფილი ღიმილით. ეგ კი არა და, ისე ოსტატურად და მოხერხებულად მეკითხებოდა ჩემს შესახებ ყველაფერს, გულახდილად ვყვებოდი მეც ჩემი ბავშვობის წლებიდან მოყოლებული დღევანდელი დღით დამთავრებული ტკბილ-მწარე ისტორიებს. ჯეკო შიგადაშიგ ხილს მთავაზობდა და მეც გემრიელად მივირთმევდი ლაპარაკში გართული ხან ალუჩას, ხან მარწყვს და ხანაც თეთრ ხართუთას.
_ჩემი მათესავით შენც ბევრი ტკივილი და დარდი გამოგივლია._სევდიანად ჩაილაპარაკა ბოლოს._ თუმცა, უფალი მოწყალეა და დარწმუნებული ვარ ამის მერე ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებთ ორივენი.
თავიდან წამოსვლა არ მინდოდა აქეთ, ბოლოში კი ისე მოხდა, რომ წასვლა აღარ მინდოდა სახლში. გულკეთილი და ტკბილად მოსაუბრე ქალი იყო კატო ბებო. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და გულღიად ვიცინეთ კიდეც. დრო ისე შეუმჩნევლად გაგვეპარა, შემთხვევით კედლის ვეებერთელა საათს რომ მივხედე და ხუთი საათი ხდებოდა უკვე, გამიკვირდა. არა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ ნახევარი საათი ვყოფილიყავი.
_უი, რა დრო გასულა? ჩემი წასვლის დროა._გაოცებული ფეხზე რომ წამოვდექი, ჯეკოც მაშინვე ადგა დამნაშავის იერით.
_ერთი საათით გითხარი და გვიანობამდე კი დაგტოვე.
_გთხოვდი, კიდევ დარჩი-მეთქი, მაგრამ შენ უკეთესად იცი საყვარელო._კატო ბებოც წამოდგა ფეხზე._სხვა დროსაც გამომიარე, გამახარებ მოხუცს._მერე წელზე მომხვია ხელი და ეზოს კარამდე გამოგვაცილა მე და ჯეკო. მანქანაში რომ ჩავსხედით, მაშინ კი ბუტბუტით დაგვლოცა.
ასმათი ბებია გამახსენდა. ისიც ასე გვლოცავდა ხოლმე მე და ჯეკოს და ისე ვუყვარდი, რომ ყოველთვის მოხარული იყო ჩემი სტუმრობით.
_გაგიმართლა ასეთი კარგი ადამიანი რომ შეგხვდა ცხოვრებაში... მომეწონა, ძალიან კარგი ქალია შენი მოხუცი კატო. რაღაცით ასმათი ბებიასაც კი გავს.
_ხო, არა? მეგონა, მე მეჩვენებოდა და გამოდის შენც შენიშნე._ღიმილით გადმომხედა._უმაღლესი ქალია. თვითონ ჩემი მამობილიც ძალიან კარგი კაცი იყო. მათი წყალობით ვარ ის, რასაც ახლა მხედავ. ესენი რომ არ შემხვედროდნენ, ალბათ მიწაში ვიწვებოდი და იქ დავლპებოდი.
ბოლო სიტყვებზე ციებიანივით გამაკანკალა. მართალია, წლების წინ მკვდარი მეგონა და ვგლოვობდი კიდეც, მაგრამ ახლა იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ შეიძლებოდა მართლაც მომკვდარიყო. ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, ღიმილით გადმომხედა. მგონი, მიხვდა კიდეც რაზეც ვფიქრობდი, რადგან მოულოდნელად ჩემს ხელს დასწვდა, კალთაში რომ მედო, თავის მუჭში მოიმწყვდია, ტუჩებთან ფრთხილად მიიტანა და ნაზად მაკოცა. სიტყვებით ალბათ შეუძლებელია იმ განცდის ზუსტად გადმოცემა, რაც მე იმ წამს განვიცადე. ჯერ ხომ გული გამიჩერდა წამიერად. მერე კი, ისეთი სიძლიერით და ხმაურით დამიწყო ფეთქვა, მეგონა ჯეკოსაც ესმოდა და მრცხვენოდა. მთელ ტანში რაღაც ტალღისმაგვარმა განცდამ ელექტროშოკივით დამირბინა. ძალიანაც არ მინდოდა გაღიმება, რომ თავი არ გამეყიდა, მაგრამ სიამოვნებისგან მაინც გამეღიმა, თანაც ბედნიერს. ამას რომ ტუჩებში ეკოცნა, ალბათ გულიც გამისკდებოდა სიხარულისგან.
დეიდაჩემის სახლთან ისე მივედით, ხმა არც ერთს აღარ ამოგვიღია. ან რა საჭირო იყო სიტყვები, თვალებითაც ყველაფერს ვაგებინებდით ერთმანეთს.
ის დღე მართლაც არაჩვეულებრივი იყო ჩემთვის. ჯერ ერთი, რომ ჯეკოს შევხვდი და მისი კატო ბებოც გავიცანი. მეორე ის, რომ გამომძიებელმა მომაკითხა საღამოთი და ახალი და სასიხარულო ამბავიც მაუწყა. თურმე, ჩემს დაბადების მოწმობაში ჩემი დაბადების დღე შვიდი აპრილის ნაცვლად შვიდი მაისი ყოფილა მითითებული. თავიდან ვერ მივხვდი, ამაში სასიხარულო რა იყო და გაოცებული მზერით შევხედე ჯერ გახარებულ დეიდას და მერე გამომძიებელს
_საბუთების უზუსტობის გამო ის ხელმოწერა ბათილადაა მიჩნეული, შენ რომ გაგაკეთებინეს სახლის მითვისებასთან დაკავშირებით. ასე, რომ ჩემო თეო, ის სახლი ისევ შენ გეკუთვნის და კანონით შეგიძლია დედაც და შვილიც მოისროლო სადღაც ჯანდაბაში._გახარებული დეიდაჩემი მკვირცხლად წამოხტა და გულში ჩამიკრა._იმ კუდიანმა ალქაჯებმა ეს ამბავი ჯერ არ იციან. მათი სახეები დამანახა ნეტა, როცა შეიტყობენ, მეტი არაფერი მინდა... თურმე, გაყიდვა ნებამდათ უჩუმრად.
ჩემი დედინაცვლის სიფათი ნათლად წარმოვიდგინე. სიბრაზისგან და ბოღმისგან რომ გამწვანდებოდა და თავის დაელმებულ თვალებს უარესად დააელმებდა. გულიანად გამეცინა. მართლაც რომ სასიხარულო ამბავი იყო. ჩემი გულუბრყვილობით, მიამიტობით და უვიცობით დედ-მამისეული სახლი მათ დავუთმე ყოველგვარი ბრძოლის და ახსნა-განმარტების გარეშე, მაგრამ უფალი დიდი და მოწყალეა, მან მაინც არ გამწირა...
გამომძიებელი რომ წავიდა მე და დეიდამ კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ გვიანობამდე. ათასი გეგმა დავსახეთ და განვიხილეთ ძირფესვიანად. ბოლოს, შემპირდა, რომ კარგ ადვოკატს ამიყვანდა, რათა ჩემი უფლებები დაეცვა და ერთ მშვენიერ დღეს, კანონის ძალით, გამოგვეპანღურებინა ჩემი სახლიდან ის წურბელები.
სიხარულისგან აჟიტირებულმა მთელი ღამე ვეღარ მოვისვენე და ვეღარც დავიძინე. არც გურანდა დამიძინებია. მართალია, არ დამირეკია და ისე არ გვისაუბრია, მაგრამ ტელეფონზე ვეკიდეთ მაინც: შეტყობინებებს ვწერდით ერთმანეთს. ქალბატონმა პირობაც კი დამიდო, რომ ზუსტად ისე გამოაძევებდა იმ კუდიანებს ჩემი სახლიდან, როგორც მე გამომაძევეს ცოტახნის წინ. ამ გადარეულისგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ნამდვილად არ გაუჭირდებოდა დედა-შვილის დაფრენა, მაგრამ მე მასეთი სისასტიკეც არ მინდოდა რატომღაც. გურანდას ლექსიკონიდან თუ მოვიშველიებ სიტყვების მარაგს, გამოქლიავებული ვარ და ალბათ იმიტომაც. რა აღარ დამმართეს, როგორ აღარ დამტანჯეს და მაინც მეცოდებოდნენ. თუ გურანდას დავუჯერებდით, ამის მერე უარესის ღირსიც კი ვიქნებოდი.
*****************************
დეიდამ მართლაც გაიკითხა ნაცნობებში საუკეთესო ადვოკატი და ის დამიქირავა. მისთვის ფულის გადახდა მე მინდოდა, ანგარიშზე მაქვს-მეთქი, მაგრამ სასტიკი უარი განმიცხადა, მომავალში დაგჭირდება ეგ ფული და შეინახეო. ადვოკატი მართალია ახალგაზრდა, მაგრამ ამავე დროს ძალიან გამოცდილი და ყოჩაღი გოგო იყო. ყველა საჭირო დოკუმენტი თუ მასალა მოიძია, რაც ჩემს საკუთრებას ადასტურებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი, სოფელშიც ჩავედით ჩემი სახლის დასაბრუნებლად. თავიდან, თითქოს აწიწმატდა ქალბატონი დედინაცვალი და წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ სულ ტყუილად. გურანდამაც შეასრულა თავისი პირობა და დედა-შვილის ნივთები სულ აივნიდან აფრიალა, როგორც მათ გადმომიყარეს. კაკლის ქვეშ ჩემს საქანელასთან ვიდექი და იქიდან ვადევნებდი თვალს ყველაფერს. რატო მაქვს ასეთი საცოდავი გული არ ვიცი. მაინც შემეცოდნენ ის ალქაჯები. არა და, თვითონაც ხომ ზუსტად ასე მომექცნენ? როდის ვისწავლი ჭკუას და როდის შევწყვეტ ჯალათებისა და კუდიანების სიბრალულს არ ვიცი. იქნებ გურანდა მართალია და მთლად უნიჭო და წყალწაღებული ვარ? ვუყურებდი აივნიდან გადმოფრიალებულ ტანსაცმელს, რასაც ლიკა ტირილითა და ქულუხით კრეფდა და სერიოზულად მეცოდებოდა...
_ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან გამოცხვაო._კარის მეზობელი კმაყოფილი ღიმილით რომ ამომიდგა გვერდით, მაშინ გამოვერკვიე ფიქრებიდან.
_წაეთრიეთ აქედან და სადაც თქვენი დაიკვეხოთ, იქ ჩემიც თქვით თქვე კუდიანებო!_მოზეიმე ხმით ყვიროდა გურანდა და მათი ნივთების გადმოყრას სიხარულით აგრძელებდა...
სახლი მართლაც გამოცარიელებული იყო. რაც კი რამ ღირებული და ძვირფასი იყო, ყველაფერი გაეზიდათ იქიდან და ალბათ გაეყიდათ. რაც იმ ქალბატონის ხელში იყო ნაყიდი არა, მაგრამ დედაჩემის დანატოვარი ნივთები კანონის ძალით მოვითხოვე. აღმოჩნდა, რომ მართლაც გაყიდული ქონდათ და ამიტომ ფულადი კომპენსაცია დაეკისრათ.
აი ასე მოვიშორე თავიდან ჩემი დედინაცვალი და მისი ნებიერა ისტერიჩკა შვილი. სამუდამოდ განვთავისუფლდი მათი მარწუხებისგან. სად წავიდნენ ძალიანაც მაინტერესებდა, მაგრამ ხმამაღლა ამის კითხვას როგორ გავბედავდი გურანდას შიშით?
_ესეც ასე, ახლა ჯონის ამბავი დარჩა მხოლოდ და იმედია, აქაც იზეიმებს სამართალი._მხრებზე მომხვია გურანდამ ხელი და სახლში ამიყვანა._ქაჯეთის ციხე აღებულია და თვით ქაჯები კი გაძევებულები არიან ცხრა მთას იქით. აღარასდროს შეგაწუხებენ... ვნანობ, რომ არ ვცემე და ისე არგავუშვი აქედან._მართლაც ისეთი სინანულით თქვა, ვინ იცის რა დარჩა გასაკეთებელი.
_კარგი რაა, შენ სულ მუშტებზე როგორ უნდა იყურებოდე?_გავუწყერი._ქალი ხარ თუ ქაჯი?
_რა გითხრა აბა? ეგ მამაჩემს უნდა კითხო რა გამაკეთა ამისთანა._გულიანად გადაიკისკისა და მეც გამაცინა გულიანად.
მთელმა სოფელმა აღიარა ის, რომ სამართალმა პური ჭამა. ნაცნობი თუ უცნობი, ყველა მილოცავდა მტარვალი დედინაცვლისგან თავის დაღწევას. მართალია ჯერ არ ვიცოდი მშობლიურ სახლში როდის დავბრუნდებოდი, მაგრამ ის ფაქტი, რომ სახლი ჩემი იყო, თანაც გურანდასი არ იყოს, ქაჯებისგან განთავისუფლებული, სულ სხვა ემოციებით და სიხარულით მმუხტავდა.
ამ ამბიდან მესამე თუ მეოთხე დღეს ჯონისაც ჩაავლეს ხელი, როცა ჩემმა დედინაცვალმა მიაკითხა და წინასწარ დაკავების იზოლატორში უკრეს თავი, სანამ სასამართლო მოსმენა გაიმართებოდა და განაჩენს გამოუტანდნენ ძალადობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ვერ ვიტყვი ეს ამბავი არ გამიხარდა-მეთქი, მაგრამ ამავე დროს სასამართლო მოსმენას ცოტა შიშითაც კი ველოდი. მეშინოდა და მაფრთხობდა მასთან პირისპირ შეხვედრა, იმ საშინელების გახსენება, რაც იმ ღამეს გადამხდა თავს მისი წყალობით. ჩემს თავში რომ გამოვიკეტე, ცალკე დეიდამ, ცალკე გურანდამ და ცალკე ჯეკომ არ მომცეს იმის საშუალება, რომ დეპრესიას დაერია ისევ ჩემთვის ხელი. სამივენი გვერდში მედგნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს გამხნევებას. პირველი სასიყვარულო პაემანიც სასამართლომდე მქონდა. მახსოვს, დეიდას და დეიდაშვილების თანდასწრებით შემომთავაზა სადმე წასვლა და გასეირნება, მაგრამ არანაირი სურვილი არ მქონდა რატომღაც და უარიც კი ვუთხარი, მაგრამ ნატალიმ გაიგიჟა თავი, რას ქვია არ გინდაო. რომ იტყვიან ძალით გამომპრანჭა და დასაკლავი ბატკანივით მორჩილად ჩამსვა მის მანქანაში. თან ჯეკოც მთელი სერიოზულობით გააფრთხილა.
_მართალია, კონკია არ არის და აუცილებელი არ არის თორმეტ საათზე სახლში იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დააგვიანო მოყვანა. არც ზედმეტობებში გადახვალ იცოდე და არ აწყენინებ ჩემს მზეთუნახავ დეიდაშვილს თორემ, ჩემთან თუ ვერა, ალექსისთან გექნება იცოდე საქმე.
ნატალის ამ სიტყვით გამოსვლაზე ჯეკოს ალალად და გულღიად გაეღიმა. დაჰპირდა, ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც მან უბრძანა და ადგილიდან დავიძარით კიდეც. ცოტა რომ გავიარეთ და თვალს მიეფარა ჩვენი გამომცილებელი, მანქანა შეაჩერა და სერიოზული სახით გადმომხედა ჯეკომ.
_თუ არ გინდა ჩემთან ერთად წამოსვლა, პრობლემა არ არის, არ მინდა რამეს იძულებით აკეთებდე. თუ გინდა მივბრუნდეთ, არ მეწყინება.
თვალებში რომ შევხედე, ისეთი ალალი და უბოროტო მზერა ქონდა, თანაც გულწრფელი, რომ ისევ წაყოლა გადავწყვიტე. ოღონდ არ მიკითხია სად მივდიოდით. ვენდე მის გადაწყვეტილებას. ვიცოდი რომ ჩემთვის ცუდს ნამდვილად არ მოინდომებდა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. თავიდან კი ჯეკო ცდილობდა, რომ ლაპარაკში ავეყოლიებინე, მაგრამ რომ არაფერი გამოუვიდა, თვითონაც გაჩუმდა. სასიამოვნო მელოდიებს აუწია ხმა და მის ფონზე მშვენივრად ვიმგზავრეთ. მართალია, ბევრი ვიარეთ, მაგრამ შემაწუხებლად მაინც არ მომჩვენებია ეს მგზავრობა. ბოლოს, დანიშნულების ადგილზე რომ მივედით, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა.
_მახსოვს, დედინაცვალმა არ გამოგიშვა სკოლიდან რომ წამოვიდნენ შენი კლასელები ექსკურსიაზე და დაგპირდი, დიდი რომ გავიზრდებოდი, მე წამოგიყვანდი მის დასათვალიერებლად._მანქანიდან რომ გადმოვდიოდი, მაშინ მითხრა ჯეკომ.
გაოცებულმა ჯერ ჯეკოს შევხედე თვალებში, მერე კი მიდამო მოვათვალიერე. გამახსენდა, სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალევის სანახავად რომ იყვნენ ჩემი კლასელები სანახავად წამოსულები. მაშინ მართლაც ძალიან დამწყდა გული. მითუმეტეს, რომ მეორე დღეს ყველა სათაფლიის მღვიმეზე და დინოზავრის ნაკვალევზე საუბრობდა. მაშინ მართლაც შემპირდა ჯეკო, რომ დიდები რომ გავიზრდებოდით, წამომიყვანდა მის სანახავად. მაშინ მართლაც ბავშვურ ოცნებად ჩავუთვალე და სიმართლე რომ ვთქვა, არც დამიჯერებია.
_მინდა გითხრა, რომ ზოგჯერ ოცნებებიც ხდება. მე კი ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველა თუ ვერა, უმეტესობა შენი ოცნებებისა მაინც ავასრულო._მკლავი მოკაკვა, რომ ხელკავი გამომედო მისთვის და სათაფლიის დასათვალიერებლად წამიყვანა.
შეიძლება ბავშვობაში არ გამხარებოდა ისე ეს ექსკურსია, როგორც ახლა გამიხარდა. დიდი ინტერესით, მონდომებით და სიხარულით ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს. მართალია, მღვიმეში ცოტა ფეხი ცურდა და შეშინებული ვეკიდებოდი ჯეკოს, რომ არ წავქცეულიყავი, მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ჩემს ოცნებას ჩემივე ოცნების მამაკაცი მისრულებდა, თანაც სიამოვნებით. იმედიანად ვეყრდნობოდი მის ძლიერ მკლავს და ასევე იმედიანადვე ვიყურებოდი მის გვერდით ჩემს მომავალში. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ მის გვერდით არაფერი გამიჭირდებოდა და ბედნიერზე ბედნიერიც ვიქნებოდი... მათავარია, მას სდომებოდა ჩემს გვერდით ცხოვრება...
დიდი სიფრთხილის მიუხედავად ერთ მოლიპულ ბილიკზე მაინც დამიცდა ფეხი და რომ არ წავქცეულიყავი ჯეკომ შემაშველა თავისი ძლიერი მკლავები: მჭიდროდ მომხვია წელზე და მეც აკისკისებული მივეკარი მთლიანი სხეულით. თან, ქვემოდან ავხედე დარცხვენილმა ლამაზ თვალებში, რომლებიც ნახევრადჩაბნელებულ მღვიმეში ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ. რაღაც სასწაული განცდა დამეუფლა. თვალებიდან მის გაღიმებულ ბაგეებზე რომ ჩამოვიტანე მზერა, მისი კოცნის სურვილი გამიჩნდა რაღაც სასწაულად. ალბათ, უდაბნოში მოხეტიალე მწყურვალ ბედუინს არ ენდომებოდა ისე წყლის დალევა, როგორც მე მწყუროდა იმ წუთში ჯეკოს ამბორი. გვიან გავაცნობიერე, რომ დაჟინებით მივჩერებოდი ტუჩებზე და ამით ჩემს სურვილს ასე თვალნათელს ვხდიდი. მივხვდი, რომ მიმიხვდა სურვილს და შემრცხვა, თავი მის მკერდში ჩავრგე, მისი სურნელი ხარბათ შევისუნთქე და ასე გავიტრუნე ერთხანს. ვიგრძენი, როგორ საგრძნობლად აუჩქარდა გული და მეც სხვათაშორის. ისიც ვიგრძენი, რომ ერთ რიტმში ფეთქავდა ჩვენი გულები.
_მიყვარხარ._ეს რომ მითხრა ჩურჩულით, მაგრამ ამავე დროს უდიდესი გრძნობით, იმ მომენტში ასისტოლია დამემართა, მართლა გამიჩერდა გული. მერე ფრთხილად ამაწევინა თავი. ერთხანს თვალებში მიყურა დაჟინებით, მერე კი ნელ-ნელა დაიხარა და გრძნობით შეერთდა ჩვენი ტუჩები. გულისწასვლამდე მიმიყვანა მისმა ნაზმა კოცნამ.
ნათლად ვიგრძენი სამყაროს გაჩერება ჩვენს ირგვლივ. მხოლოდ ჩემს ძარღვებში აჩუხჩუხებული ჩემივე სისხლის ხმა მესმოდა. ასევე მესმოდა ჯეკოს აძგერებული გულის ფეთქვაც და მხოლოდ მისი რბილი ტუჩების ნაზ შეხებას ვგრძნობდი... ასეთი სასწაული ბედნიერების განცდა არასდროს მქონია. მინდოდა საუკუნოდ გაგრძელებულიყო და არასდროს დასრულებულიყო.
_მაპატიე._კოცნის დასასრულს მორცხვად მომიბოდიშა._თავი მაინც ვერ შევიკავე.
რაზე მებოდიშებოდა ვერ მივხვდი. მისი კოცნა ხომ მეც უზომოდ მინდოდა? დარცხვენილმა ეშმაკურად რომ შევღიმე, გამიბედა და მხრებზე მომხვია ხელი. ახლა ისე განვაგრძეთ გზა.
დავდიოდით და მღვიმის დათვალიერების ნაცვლად ჯეკო მე მიმზერდა. მე კი, ყოველ მის შემოხედვაზე სასიამოვნოდ ვიბნეოდი. თან, აშკარად ვწითლდებოდი ჭარხალივით, რადგან ვგრძნობდი, რომ მთლიანი სახე მიხურდა. მეშინოდა მისთვის სახეში შეხედვის. ვიცოდი, რომ თვალები გამყიდიდა და მაშინვე მის ბაგეებს დავუწყებდი ძებნას, რამაც სასწაული ბედნიერება და სიამოვნება მომანიჭა წუთის წინ.
მღვიმედან რომ გამოვედით, დღის შუქზე უფრო შემრცხვა ჯეკოსი და ლამის მიწამდე თავჩაქინდრული გავყევი გვერდით. მას კი ისევ ისე მსუბუქად ედო ჩემს მხრებზე ხელი და ვგრძნობდი, რომ ამით უზომოდ ბედნიერი იყო.
_დილიდან არაფერი მიჭამია და ცოტა არ იყოს მომშივდა._შეჩერდა და მეც შემაჩერა. თან, ინტერესით შემომხედა._სადმე რესტორანში რომ შევსულიყავით, შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
არა-მეთქი, მხოლოდ თავი გავუქნიე და გზა რომ განაგრძო, მეც გავყევი გვერდით. სათაფლიის ნაკრძალშივე აღმოვაჩინეთ ახალი და მშვენიერი რესტორანი და იქ შევედით. ძალიანაც კი მშიოდა, მითუმეტეს, რომ საჭმელები მადისაღმძვრელ სურნელს აფრქვევდნენ, მაგრამ მარტო ჭამის კი არა, ჯეკო რომ ჩემს პირისპირ იჯდა და ღიმილით მომჩერებოდა, იმისიც კი მრცხვენოდა.
_ბავშვობაში გემრიელად ჭამა გიყვარდა, არ მგონია რამე შეცვლილიყო და რატო არ ჭამ?.. ჩემი გერიდება?
მართლაც რომ მისი მერიდებოდა. მარტო ჭამა კი არა, მის პირისპირ რომ ვიჯექი და მხედავდა, იმისიც კი მრცხვენოდა.
_ჩემი ნუ გერიდება._მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს გადმოსწვდა და თავის მუჭში მოიმწყვდია._მიეჩვიე ჩემს გვერდით ყოფნას, რადგან ამის შემდეგ სულ ერთად მოგვიწევს ყველაფერი: ჭამაც, დალევაც, ძილიც და საერთოდ, მინდა, რომ ჩემი ცოლი იყო... მეყო ის წლები, რაც უშენოდ გავატარე.
_რა?_დაბნეულმა ავხედე და დაჟინებით მივაშტერდი თვალებში.
_მიყვარხარ... ბავშვობიდანვე მიყვარხარ წრფელი გულით და მინდა, რომ ჩემი იყო. მინდა, რომ მე მეკუთვნოდე და შენი ბედნიერებისთვის ვზრუნავდე... მინდა, დილით რომ გავახელ თვალებს, პირველად შენ გხედავდე... შეიძლება ბევრს ვნდომულობ, მაგრამ მინდა, რომ მომავალში ჩემი შვილების დედა იყო._მოულოდნელად წამოდგა და ჩემს წინ ჩაიმუხლა._ასე არ მინდოდა. უფრო რომანტიკულ გარემოში მინდოდა, მაგრამ რახან გავბედე და წამოვიწყე, ახლა მირჩევნია._საცოდავად შემომხედა და მხოლოდ ახლა შევნიშნე მის ხელში აბრჭყვიალებული ოქროს ბეჭედი._გამომყვები ცოლად?
წამები დამჭირდა იმის გასააზრებლად და "გადასახარშად", (როგორც ამას გურანდა იტყოდა), რაც მითხრა. რესტორნის დარბაზს რომ მოვავლე თვალი, ყველა კლიენტი, მიმტანების ჩათვლით, გასუსულები შემოგვყურებდნენ და ჯეკოზე არანაკლებ მღელვარედ ელოდნენ ჩემს პასუხს. ინსტიქტურად წამოვდექი ფეხზე, ჩემს წინ დაჩოქილ ვაჟს მხრებზე მოვკიდე ხელები, წამოვაყენე და ასევე ინსტიქტურად ჩავეხუტე აცრემლებული. ეს უკვე ბედნიერების ცრემლები იყო. დარბაზი მქუხარე ტაშმა რომ გააყრუა, უარესად ამიჩუყდა გული და უფრო ძლიერად ჩავეხუტე ჩემი ოცნების სახეშეცვლილ მამაკაცს.
_ეს თანხმობას ნიშნავს?_თავი გახარებულმა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.
თავი რომ დავუქნიე ბედნიერმა, ჯერ ბეჭედი მომარგო თითზე, მერე კი ღიმილით დაიხარა და ყველას თვალწინ გაბედულად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ისევ გულისწასვლამდე მიმიყვანა მისმა არაჩვეულებრივმა კოცნამ.
არ ვიცი, შეიძლება ამაზე დიდი ბედნიერება კიდევაც არსებობს რამე სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასწაულზე სასწაული ბედნიერება. ბავშვობიდან დაწყებული ჩემი "ურჩხული"ჯეკოსადმი დიდი სიყვარული უფრო და უფრო უკიდეგანო ხდებოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ მომავალში უსასრულოდაც გაგრძელდებოდა.
სახლში დაბრუნებულს პირველმა ალექსიმ შემნიშნა ბეჭედი. ყავა გამიკეთეო, მთხოვა. მეც ხალისით გავუკეთე და მისაღებში დივანზე მწოლიარეს რომ მივართვი, მაშინ შემნიშნა. მაშინვე წამოფრინდა ზეზე, ხელი ჰაერში დამიჭირა და თვალებთან ძალიან ახლოს მიიტანა, რომ კარგად დაჰკვირვებოდა.
_ვაა, 750 სინჯის ოქროა? თანაც ბრილიანტის თვლებით?_ნაღდი იუველირივით შემიფასა ნაკეთობა._უყურე შენ ჯეკო-მათეს. მეგონა, ჩემი გაფრთხილების მერე თავს შორს დაიჭერდა შენგან. მან კი რა გაბედული ნაბიჯი გადადგა, უყურე შენ...
_რაო, რაო?_ყურები ცქვიტა ნატალიმ და ისიც ჩვენთან დაერჭო. მანაც ინტერესით შეათვალიერა ჩემს თითზე წამოცმული ბეჭედი და მომიწონა._ვააუ, რა მაგარია!_ისეთი აკივლებული გადამეხვია, თითქოს თვითონ თხოვდებოდა.
შვილების აღტაცებულ შეძახილებზე დეიდაჩემიც გამოვიდა თავისი ოთახიდან და გაკვირვებულმა შეგვათვალიერა სამივენი. ნატალის ისევ ჩემი ხელი ეჭირა თავის ხელში და ინტერესით ათვალიერებდა ნათურის შუქზე ათასფრად აბრჭყვიალებულ ბეჭედს.
_დე, ნახე, ჩვენი თეო რომ დაუნიშნია ჯეკოს?_ახლა მას აუფრიალა თვალწინ ჩემი ხელი. მან კი, შუბლზე აწეული სათვალე ჩამოიწია, მოხერხებულად შეისწორა და დიდი ინტერესით შეათვალიერა ჯეკოს საჩუქარი.
კარგა ხანს ათვალიერა უხმოდ. სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო.
_დიდებულია._ბოლოს ეს ამოთქვა ხმის კანკალით, მერე გადამეხვია და ჩუმი ხმით ატირდა.
_რა გატირებს დედი?_ უსაყვედურა ნატალიმ._გოგო ბედნიერდება და ცრემლებს ნუ დააკვებებ რაა.
_ბედნიერების და სიხარულის ცრემლებია ეს შვილო._თვალები სახელოთი მოიმშრალა და ისე შემომღიმა._მუდამ ბედნიერები იყავით. ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა არ მოგშლოდეთ. გამრავლდით და გაიხარეთ. თეთრი თმით და წვერით შეაბერდით ერთმანეთს. ორივენი ძალიან კარგები ხართ და იმსახურებთ ბედნიერებას...
_თუ მორჩი სიტყვით გამოსვლას, ახლა მე მიმიშვი._ალექსიმ დედა განზე გასწია, მოულოდნელად დამავლო ხელი და ჰაერში ამიტაცა. თან რამდენჯერმე დამატრიალა. მერე კი, თავბრუდახვეული და რეტდასხმული რომ დამსვა ძირს, ისე გადამეხვია თავისი ვეებერთელა ტორებით, საკუთარი თავი აბუზულ წიწილას შევადარე, კრუხი რომ დაჰფოფინებს ზედ და მისი დაჩაგვრის საშუალებას არავის აძლევს.
_გამოგიტყდები და შენი შეყვარებული პირველივე დანახვაზე მომეწონა, მაგრამ მე ჩემებური სუსხი მაინც გავუშვი, არაფერი შეგეშალოს-მეთქი...
_შენზე კერკეტი კაკალი კი ის გამოდგა._გადაიკისკისა ნატალიმ._ამით ის გაგრძნობინა, რომ არაფერიც არ მეშლებაო.
არც იმ ღამეს დამაძინა ამჯერად ბედნიერებამ. ჯერ იყო და, ისედაც გვიან დავწექით, რადგან ლაპარაკს შევყევით. მერე გურანდას დავურეკე და ახალი ამბავი ვაუწყე. თავიდან არ დამიჯერა, მეხუმრებიო. მერე კი, რომ შემატყო არ ვხუმრობდი, ჯეკოზე "გაბრაზდა", ხომ ვთხოვე უჩემოდ არ ეთხოვა შენთვის ხელი, მეც ძალიან მაინტერესებდა რა რეაქცია გექნებოდაო. ისე სერიოზულად ანთხევდა სიბრაზეს, გაოგნებული ვუსმენდი. ისიც კი გავიფიქრე, რომ ჩემი დაქალი სრულ ჭკუაზე ვერ იყო. მერე, გამომკითხა ყველაფერი სად და როგორ მთხოვა ხელი, ან მე რა განცდებით და შეგრძნებებით დავთანხმდი. მოკლეთ, დეტალებში მომაყოლინა ყველაფერი. დილით კი მესენჯერზე ვიდეორგოლი გამომიგზავნა პატარა შეტყობინებით: "თქვენ რომელ რესტორანშიც იყავით, იმ რესტორნის პირად გვერდზე შევედი, რატო მეც იქ არ ვიყავი-მეთქი და ნახე, რა აღმოვაჩინე?" ვიდეოს სათაური იყო, "ჩვენთან ასეც ხდება". ჩავრთე და ინტერესით დავაკვირდი. დავაკვირდი და გავვოგნდი, სასიამოვნო მელოდიის ფონზე მე და ჯეკო ვიყავით. ჯეკო ჩემს წინ იყო ჩამუხლული და ისე შემომყურებდა. რას ვლაპარაკობდით, არ ისმოდა. მერე მე წამოვაყენე და გულში ჩავეხუტე. ბეჭედი რომ მომარგო თითზე და მაკოცა, ზუსტად ისე ამიჩქარდა გული, როგორც იმ მომენტში, როცა მაკოცა. გაოგნებული შევყურებდი პიარისთვის შექმნილ ამ ვიდეორგოლს, რომელიც ჩემი ბედნიერების ამსახხველ კადრებს შეიცავდა.
მეორე დღეს, საღამოს, ჯეკო და მისი მამობილის მშობლებიც გვეწვივნენ. ოფიციალურად სთხოვეს დეიდას ჩემი ხელი და მომავალ ქორწილზეც ჩამოაგდეს საუბარი.
ქორწილზე არასდროს მიფიქრია არც ბავშვობაში და მითუმეტეს არც ახლა, როცა ჯონის სასამართლო პროცესს ველოდებოდით. რატომღაც არ მინდოდა დიდი წვეულება, მაგრამ "მოხუცებს" უნდოდათ, როგორც ამას ჯეკო ეძახდათ.
_რას ქვია ქორწილი არ გინდა?_გაუკვირდა კატო ბებოს._ასეთი ანგელოზივით ლამაზი ბავშვები მყავხართ და რატო არ გინდა ხალხში გამოჩენა?
_უბრალოდ, ჯერ სასამართლო არ ყოფილა... თან, რა იქნება?
_ჯერ ერთი, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამართალი იზეიმებს._დეიდა გვერდით მომიჯდა, წელზე მომხვია ხელები და ჩამეხუტა._და მეორე, სასამართლო რომ ჩაივლის და ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ დავნიშნოთ ქორწილის დღე, რა პრობლემაა?
იმდენი, იმდენი, რომ ბოლოს სიხარულითაც კი დამიყოლიეს ქორწილის დღეზე. გადაწყდა, სასამართლო ჩაივლიდა, ყველაფერი მიწყნარდებოდა და ოქტომბრის პირველივე კვირას გვექნებოდა ეს ღირშესანიშნავი დღეც. რესტორნის შერჩევა ჯეკოს დააკისრეს. წვეულების ორგანიზებისთვის ნატალის უნდა მიეხედა. ასევე ნატალის დაეკისრა ჩემი საქორწინო კაბის შერჩევა და ჩემი მაკიაჟი... გურანდა რომ არსად ფიგურირებდა, მივხვდი ამის გამოც ნაწყენი რომ დამრჩებოდა, მაგრამ ქალბატონი ჩემი მეჯვარე იქნებოდა და მასაც სათავისო ფაცი-ფუცი ექნებოდა შემდგარი კაბის შერჩევაზე თუ მაკიაჟის გაკეთებაზე.
ქორწილის შემდგომ თაფლობის თვის გასატარებლად სამოგზაუროდ წასვლაც ცოტა რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ჯეკოს სამი ვარიანტი ქონდა და მე უნდა შემერჩია ერთ-ერთი: ანტალია, პარიზი და ეგვიპტე. არც ერთი არ მქონდა ნანახი და გადაწყვეტილების მიღება რომ გამიჭირდა, მოსაფიქრებლად ორი დღე ვითხოვე. ამ ამბავში კი ისევ გურანდას რჩევის გათვალისწინება გადავწყვიტე, რადგან მე ხომ "გამოუსვლელი და უვიცი" ვიყავი ამ მხრივ? დავურეკე, გასეირნება და კაფეში დასხდომა შევთავაზე, რაც ქალბატონს დიდად გაუხარდა. რომ შევხვდით და ჩვენი შეხვედრის მიზანი გავაცანი, ამაზე ხომ მთლად გადაირია სიხარულით, ესოდენ საპასუხისმგებლო და ძვირფასი მისია რომ დავაკისრე.
_მისმინე ჯიგარო._მაშინვე გადმომიფრქვია თავისი ცოდნა და სიბრძნე._საქორწინო მოგზაურობა ისეთი რამეა, ეგ თვითონ პატარძალმა უნდა შეარჩიოს. მე გეტყვი სად რა გაქვს სანახავი, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც შენზეა იცოდე. დავიწყებ ანტალიით: თურქეთის საპორტო და საკურორტო ქალაქია. სანახაობები მართლაც უხვადაა იქ: დიუდენიის ჩანჩქერი, კონიალტი, ხიდირლიკის ციხე, ადრიანეს კარიბჭე. მოკლეთ, სანახაობები მართლაც რომ არაჩვეულებრივია. არც ეგვიპტეა ცუდი: ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, ჯაზირათ შადვანი. ხმელთაშუაზღვის მშრალი კლიმატია. რაც შეეხება პარიზს კი, ნეოკლასიკური არქიტექტურითაა ცნობილი. სანახები აქაც უხვადაა: მუზეუმები, გალერეები და რესტორნები. ასევე სენის ნაპირას უშველებელი ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი. და რაც ყველაზე მთავარია, მეცხრამეტე საუკუნიდან ყველაზე რომანტიკულ ქალაქადაა მიჩნეული.
დახმარების მაგივრად, უფრო ამირ-დამირია გონება. იმდენი რამ ჩამომითვალა და ისე ხატოვნად აღმიწერა ყველაფერი, რომ უფრო გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. ბევრი ფიქრისა და ტვინის ჭ....ტვის მერე ხერხს მივმართე, კენჭისყრით გადავწყვიტე ჩემი მომავალი საქორწინო მოგზაურობის მარშრუტის დადგენა. ფურცლებზე ჩამოვწერეთ სამივე ვარიანტი და საგულდაგულოდ დაკეცილები საგულდაგულოდვე აურია გურანდამ. ხელების კანკალით რომ შევარჩიე ერთ-ერთი, იღბალს მინდობილმა გავშალე და ხმამაღლა წავიკითხე: პარიზი.
_ოჰო, სიყვარულის და სინათლის ქალაქი, დიდებულია._მომიწონა საზრიანმა დაქალმა._ყველაზე რომანტიკულ წყვილს ყველაზე რომანტიკულ ქალაქში მოუწევთ ერთმანეთის სიყვარულით ტკბობა. დარწმუნებული ვარ, იქვე ჩაისახება და აღმოცენდება პატარა ლამაზი მადმუაზელი ან ცელქი მესიე._მოულოდნელად წამოხტა და თეატრალიზებურად დამიკრა რევერანსი._ბონჟუღ მადამ... ბონჟუღნე მისიუ.
გულიანად რომ გადავიკისკისე მის ამ ქმედებაზე, უმალ მივიქციეთ კაფეში მყოფი საზოგადოების ყურადღება.
_მიწა კი დაგაყარე მაგ გულზე!_მადიანად მომაწყევლა ვიღაცამ, ვისაც ჩემთვის ძალიან ნაცნობი ხმა ქონდა._არც კი სრცხვენია ამ უნამუსოს. ნეტა რა პირით გამოდის გარეთ?
ღიმილი უმალ შემეყინა სახეზე და მეც და გურანდამაც ორივემ ერთდროულად მივიხედეთ სიტყვების ავტორისკენ.
_სხვა ვინ იქნებოდა თუ არა ეს ალქაჯი?_ჩემი დედინაცვალი რომ დავინახეთ, გურანდამაც წაიგესლა ენა.
_როგორ ჭიხვინებს ერთი გამომწვევად, რომ კაცები მიიზიდოს. ეს ესა! მერე კი, იმათ რომ რამე გაუბედონ, ეს როგორ მკადრეთო, თავზე დაამხობთ ყველაფერს. ეს ჩათლახი ესა!.. კაცმა რომ ჰკითხოს, უცოდველი კრავია, მსხვერპლია და აქეთ კაცებს კი აბამს მახეში თავისი ბოზური ჭიხვინით გინდა თუ თვალების ჟუჟუნით!
_გაჩუმდები ეხლა თუ ეგ ცხელი ყავა გადაგაყლაპო თავის ფინჯნიანად?_გაბრაზებული წამოუხტა გურანდა.
_არ გინდა, შეეშვი._ხელზე მოვკიდე ხელი და შევაჩერე._წამოდი, გავიდეთ.
_ხო მაშ, ამას ის ვათქმევინო ზუსტად, რომ ტყუოდნენ და იმიტომ გამერიდნენო!
_რაც უნდა ის თქვას, შეეშვი. ვერ ხედავ, გვიწვევს?_ხელკავი გამოვდე და ძალით დავუპირე კაფედან გამოყვანა, მაგრამ გამიჯიუტდა.
_ერთი წუთით მაცადე._ხელი გამომგლიჯა და უმალ ჩემი დედინაცვლის და მისი დამქაშების მაგიდასთან გაჩნდა._ნაშიერი სად გყავს?_მათ გვერდით ცარიელ სკამზე გამომწვევად ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო._თუმცა, არ გინდა, არ თქვა, გამოვიცნობ, ნუთუ იმდენად გაიზარდა, რომ შენს გარეშე გაუშვი უკვე საშოვარზე?_ირონიულად ჩაეღიმა._იცი რა? ნორმალური თქვენ არ შემოგხედავთ და არანორმალურებს კი იმსახურებთ ღმერთმანი._ფეხზე წამოდგა, მაგრამ მაინც არ წამოსულა იქიდან, ხილის ასორტიდან მოზრდილ მარწყვს დაავლო ხელი და სიამოვნებით გადასანსლა. მერე, ცივი ლიმონათით სავსე ჭიქას დასწვდა, ისიც სიამოვნებით გადაყლურწა და მხოლოდ ამის შემდეგ გამობრუნდა გამარჯვებულის იერით. თუმცა, ისევ მიუბრუნდა და ამაყად გამოუცხადა._ცნობისთვის, ქორწილში არც შენ და არც შენი გველაძუა შვილი დაპატიჟებულები არ ხართ და ტყუილად ნუ დაიხარჯებით!.. აი ასე, გასკდეს გულზე._ბოლო წინადადება კი მე მიჩურჩულა და ისე გამოვედით შენობიდან.
_ეგ საზიზღარი ეგა! არ მომიშხამა ნერვები!_კაფეს რომ გამოვცდით და ჩემი დედინაცვალი ვეღარ დაგვინახავდა, მაშინ აბობოქრდა და რა აბობოქრდა გურანდა._თავისნაირი გველების გარემოცვაში როგორ იჯდა... ნეტა, ის ქალთა უმსგავსი სად ყავდა მართლა, დედიკოს გვერდს რომ არ უმშვენებდა? რაღა მაინც და მაინც ამ კაფეში შემოტლაკუნდნენ? ნეტა, ცხოვრება დასჯიდეთ საკადრისად, მეტი არაფერი მინდა!
არ ვიცი, კაფის იმ ინციდენტმა, თუ სასამართლოს დღე რომ ახლოვდებოდა იმან, ძალიან ამრია და ამაფორიაქა. ვერც დღე ვისვენებდი და ვეღარც ღამე. ყველაზე მეტად კი ის მაშფოთებდა, რომ ვაი თუ ვერ დაემტკიცებინათ ჯონისთვის დანაშაული, მერე? თან, ათობით ხალხის წინ დაწვრილებით უნდა მომეყოლა ჩემი გაუპატიურების და სიკვდილის მცდელობის ამბავი. შევძლებდი ვითომ სიმშვიდის შენარჩუნებას? ან, ჯონის რომ დავინახავდი რა რეაქცია მექნებოდა? ხმამაღლა ვერაფერს ვამბობდი დაგულში ვიტრიალებდი დარდსა და ბოღმას. რომ იტყვიან ზეზეურად ჩამოვდნი და ჩამოვხმი. ჭამაც ავკრძალე. ავკრძალე რაა, არ მეყლაპებოდა და არ გადამდიოდა ყელში არაფერი.
ჯეკომ ადვილად შემნიშნა უგუნებობა, მიზეზსაც კი მიმიხვდა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა ყველანაირად, მაგრამ ჩემს ნაჭუჭში გამოვიკეტე და ახლოს მოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. ის ცალკე ღელავდა და ცალკე იყო შესაცოდი, რადგან პაემნებზე აღარ დავყვებოდი, შეტყობინებებზეც ხუთიდან ერთს ძლივს ვპასუხობდი. ზარებზეც იშვიათად ვპასუხობდი და ისიც მოკლემეტრაჟიანად ვსაუბრობდით. ერთ მშვენიერ დღეს კი, კატო ბებოც გვესტუმრა.
კარგა ხანს შემორჩა ჩვენთან, ბევრიც ისაუბრა ხან რაზე და ხან რაზე. თურმე მასაც შეუმჩნევია უგუნებობა და ზაფხულის ხვატს დააბრალა ყველაფერი. აზრი გამოთქვა, რომ მე და ჯეკო დასასვენებლად წავსულიყავით სადმე მთაში ან ზღვაზე და გავრიდებოდით ამ პაპანაქება სიცხეს. დეიდასაც მოეწონა ეს აზრი. ჯეკოსაც შეეტყო, რომ აღფრთოვანდა, მაგრამ მე არსად წასვლის თავი არ მქონდა რატომღაც. ჩემს თავს ვატყობდი, რომ ისევ დეპრესია მიტევდა, მაგრამ ვერაფერს კი ვერ ვუხერხებდი.
ჩემი უარით მარტო ჯეკო კი არ განაწყენდა, კატო ბებოც, დეიდაჩემიც და ნატალიც.
_მაინც დანიშნულები ხართ, დღეს თუ ხვალ იქორწინებთ კიდეც და ხალხში ერთად გამოჩენის რატო გრცხვენია?_საღამოს ყველა რომ წავიდ-წამოვიდა სახლში და მეც დავწექი, ნატალიმ მომაკითხა ოთახში და საწოლზე ჩამომიჯდა._გულახდილად ვისაუბროთ, შენ ეს გჭირდება. გატყობ რომ ეგ ქორწინებაც გაფრთხობს. უფრო ზუსტად, რაც ქორწინებას მოყვება: სექსი ჯეჯოსთან. მესმის შენი, რომ ჯონის მერე კაცისკენ გახედვა არ გინდა, მაგრამ ჯეკო ხომ სხვაა? როგორც ვიცი, ბავშვობიდან გიყვართ ერთმანეთი. თან, ჯეკო კარგი ბიჭია, რომ დაელაპარაკო მაგ თემაზე, დარწმუნებული ვარ გაგიგებს. ის ხომ ჯონისნაირი ველური არ არის? ხვალ დაურეკე და გადაწყვიტე მასთან ერთად სამი-ოთხი დღით მაინც დასასვენებლად წასვლა. სულაც მთაში, თუ ზღვაზე ნახევრადშიშველს შეგრცხვება მის გვერდით სიარული. ცოდოა, ის ბიჭიც ხომ განიცდის შენს უგუნებობას და უკვე ზღვარგადასულ სიცივეს? სულაც ფსიქოლოგს მიაკითხე ისევ. გიყურებ და მეშინია, ისევ ძველი თეო არ დაბრუნდე. არ მინდა ისევ დეპრესიამ გძლიოს, ძლივს გამოიხედე თვალებიდან და გამოკეთდი და უკან ნუ დაბრუნდები.
იმდენი მელაპარაკა მთელი ღამე და იმდენი მეჩიჩინა, რომ მართალია უხალისოდ და უწადინოდ, მაგრამ მაინც დამიყოლია დასასვენებლად წასვლაზე. ნატალი სიმართლეს მეუბნებოდა, სასამართლოს მოახლოება კი მაფრთხობდა და მაშინებდა, მაგრამ არანაკლებ მაშინებდა და მაღელვებდა ჩემი ქორწინებაც. მართალია რამდენჯერმე მაკოცა ჯეკომ და გულიც სიამოვნებით ამიძგერა მისმა კოცნამ, მაგრამ ქორწინება და ის, რაც ქორწინებას მოყვებოდა აუცილებლად, ძალიან მაფრთხობდა. ეგ უდავო იყო, ჯეკო ჯონისნაირი მხეცი და ველური არ იყო, მაგრამ მაინც ვშიშობდი.
იმ ღამეს ნატალი ჩემს ოთახში დარჩა და სიცხის მიუხედავად ერთად დავიძინეთ ჩახუტებულებმა. დილით კი ჯალათივით დამადგა თავზე და მანამ არ მომისვენა, სანამ ჩემს საქმროსთან არ დამარეკინა და საღამოს შეხვედრა არ დამანიშნინა.
_ცოდოა ის ბიჭიც. შეგიმჩნევია რა თვალებით გიყურებს? აშკარად ძალიან უყვარხარ და შენ ნუ სარგებლობ მისი ამ სიყვარულით. შენს გამო ბევრ რამეს თმობს და შენც დაძლიე შენი შიში. დამიჯერე არ ინანებ.
სღამოს მართლაც გვესტუმრა ჯეკო და რომ ვაუწყე, თანახმა ვიყავი მასთან ერთად დასასვენებლად წავსულიყავი მთაში, თითქოს ჯერ დაჯერება უჭირდა. მერე კი, ალბათ წინდაწინ ქონდა მარშრუტი შერჩეული, რადგან დიდი ფიქრი არ დაუწყია, გომის მთაზე წავიდეთო. ჩემთვის კი, ვაღიარებ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ ქონია, სად წავიდოდით.
მესამე დღეს, დილაადრიანვე დავადექით ოზურგეთისკენ გზას. ხანგრძლივი მგზავრობა დამღლელი და მოსაბეზრებელი რომ არ ყოფილიყო, ორჯერ გზისპირა სწრაფიკვების ობიექტთან შევჩერდით და გემრიელად დავნაყრდით. თან, ჯეკო ენაწყლიანობდა და ღიმილით მიყვებოდა თავისი ცხოვრების ჩემთვის უცნობ ისტორიებს. როგორც რომ ვშიშობდი, ისე არ მოხდა, მთელი გზა არ მომიწყენია. ჯეკო არ მაძლევდა ამის საშუალებას. ის ექვსი საათი, რაც გზაში ვიყავით, მართლაც არ მიგრძვნია და გომის მთაზე რომ ავედით, გამიკვირდა კიდეც. ისეთი სილამაზე გადაიშალა ჩემს თვალწინ, მანქანიდან გადასული დატყვევებული და დამუნჯებული ვათვალიერებდი ირგვლივ მიდამოს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ღრუბლების ზემოთ ვიყავით. თან, საგრძნობლად მაღალი ჰაერი იყო და გრილოდა.
_როგორ მოგწონს?_ჯეკოც რომ გადმოვიდა მანქანიდან და გვერდით ამომიდგა, მორიდებით მივეხუტე შეციებული და ვაღიარე, რომ სასწაული იყო.
ერთ-ერთ ფიცრულ ნაგებობასთან, რომელსაც არ ვიცი რა ვუწოდო, ოდა, კოტეჯი თუ სახლი, ღიმილით მიმიყვანა.
_აქ ვიცხოვრებთ._კარი გააღო და პირველი მე შემიშვა შიგნით._იმედია მოგეწონება. ორი საძინებლით ავიღე.
ორი საძინებელი რომ ახსენა, ცოტა შემრცხვა. ხომ შესაძლებელი იყო, რომ, ერთად დავწოლილიყავით, დანიშნულები ვიყავით მაინც, მაგრამ ჩემი შეშფოთების და მღელვარების მიზეზს ხვდებოდა ალბათ და არაფერს მაძალებდა. მოდი და ასეთი პიროვნება არ მყვარებოდა და არ დამეფასებინა. მოულოდნელად ავიწიე ფეხის წვერებზე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე. ალბათ, არ მოელოდა ჩემგან ამ საქციელს და შევატყე, რომ წამიერად დაიბნა. მერე, მღელვარების დასაფარავად გარეთ გავიდა და მანქანიდან ჩვენი ბარგის ამოლაგება-შემოზიდვას შეუდგა.
სანამ ჯეჯო ამ საქმით იყო დაკავებული, მე ოთახები მოვათვალიერე. მისაღებიდან დავიწყე, რომელიც სადად, მაგრამ კომფორტულად იყო მოწყობილი: დივანი თავისი ორი სავარძლით და ჟურნალგაზეთების პატარა მაგიდით. იქვე კუთხეში შეშის ღუმელიც იდგა და დაჩეხილი შეშაც დამარაგებული ეწყო მწყობრისად. მერე სამზარეულოში გავედი. აქაც სისადავე, მაგრამ კომფორტი იგრძნობოდა. საძინებლებს ვათვალიერებდი ჯეკო რომ წამომადგა თავზე.
_აბა, რა გადაწყვიტე, შენი რომელია?
_რა მნიშვნელობა აქვს?_დავიმორცხვე._მათავარია საწოლები და კარადები დგას.
_მაინც, მაინც? შენი ბარგი რომელში შევიტანო?
_ბევრი რომ არ იწვალო, ბარემ აქ დააწყე._იმ საძინებელზევე ვუთხარი, სადაც ვიყავით.
კარადასთან დამიწყო ჩემი სამგზავრო ჩემოდნები.
_მოისვენე და საღამოს ფეხით გავისეირნოთ სოფელში. აქ მთავარი ღირშესანიშნაობა მზის ჩასვლა ყოფილა და ერთად ვნახოთ._შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
გული სასიამოვნოდ შემიტოკდა. რა არაჩვეულებრივი იყო ჩემი ჯეკო და მე კი, როგორც გურანდა მეტყოდა, ვტანჯავდი და ვაწამებდი. პირველ რიგში საწოლზე თეთრეული გამოვიკარი. მერე ჩემი ტანსაცმელი კარადაში შევალაგე და წამოწოლას ვაპირებდი, რომ ჯეკო გამახსენდა, მასაც ხომ ენდომებოდა თეთრეულის გამოკვრა საწოლზე და ტანსაცმლის კარადაში შეკეცვა? მაშინვე მისი საძინებლისკენ გავეშურე. კარზე მღელვარედ მივუკაკუნე და სანამ აჩქარებული და აფორიაქებული გულის ჩაწყნარებას შევეცდებოდი, გაოცებულმა გამიღო კიდეც.
_მოხდა რამე?
_ვიფიქრე, დახმარება დაგჭირდებოდა._ხელში მისთვის განკუთვნილი თეთრეული დავანახე.
_დახმარება მართლაც არ მაწყენდა._შემომღიმა და გზა დამითმო, რომ ოთახში შევსულიყავი.
სანამ მე მის საწოლს ვუტრიალებდი, თვითონ კარადაში ფაქიზად აწყობდა თავის ნივთებს. რამდენჯერმე მალულად გავაპარე მისკენ მზერა. დაუთოვებული პერანგები პირდაპირ საკიდებიანად ეწყო ჩემოდანში და სათითაოდ შეკიდა. თითქმის ერთდროულად მოვრჩით საქმიანობას.
_მადლობა. გამოგიტყდები და, ყველაზე მეტად ეგ პროცესი მღლის და ამიტომ არ მიყვარს. ვალში ვარ შენთან.
_რის მადლობა? ეს ხომ ჩემი მოვალეობაა?_გაუბედავად შევღიმე._კარგი, მე წავალ, ცოტას დავისვენებ და მერე სასეირნოდ გავიდეთ._ისევ გამოვიჩინე ინიციატივა, ფეხის წვერებზე ავიწიე და ისევ ვაკოცე ნაიარევ ლოყაზე.
ალბათ მგზავრობამ იმოქმედა. შეიძლება იმანაც, რომ ამდენი დღე ნორმალურად არ მეძინა, საწოლზე წამოვწექი თუ არა, მაშინვე ტკბილად ჩამეძინა. ეტყობა კარგა ხანსაც მეძინა, რადგან თვალები რომ გავახილე, ოთახში ბინდი იყო უკვე. ჯეკოს ეზრუნა ჩემზე და მძინარესთვის პლედი მოეფარებინა, რომ არ შემცივნოდა.
საგულდაგულოდ გავეხვიე ამ პლედში და მისაღებში დარცხვენილი გავედი, სადაც ჯეკოს ღუმელი აეგიზგიზებინა და თვითონ კი სავარძელში იჯდა.
_ბოდიში, ჩამძინებია და ჩვენი გასეირნება ჩაგვეშალა.
_არაუშავს, სხვა დროს იყოს. დილით კი მზის ამოსვლით დავტკბეთ... ვიფიქრე, სავახშმოდ ვერ მოვახერხებდით გასვლას და ამიტომ მზა საკვები მოვიტანე, მაგრამ თუ გინდა გავიდეთ სადმე.
_თუ არ გეწყინება, აქ ვჭამოთ.
_არა, რატო უნდა მეწყინოს?_გაუკვირდა.
სამზარეულოში რომ გავედი, თვითონაც მალევე მომყვა უკან.
_თუ გცივა, ღუმრლთან ვივაღშმოთ.
სიცივით მართლაც მციოდა და გამიხარდა ეს რომ შემომთავაზა. მითუმეტეს რომ ჭურჭლის და საკვების გაზიდვაშიც მომეხმარა.
არაჩვეულებრივი ვახშამი გამოგვივიდა. მგზავრობამ და მთის კლიმატმა თავისი ქნა და მადიანად შევექეცი ჯეკოს მოტანილ შემწვარ ვარიას. ერთი ჭიქა შავი ღვინოც კი დავლიე. დიდხანს ვისაუბრეთ კიდეც. უფრო ზუსტად, ჯეკო ლაპარაკობდა და მე დიდი ინტერესითა და მონდომებით ვუსმენდი. მერე სუფრა ავალაგეთ, ჭურჭელიც დავრეცხეთ და დასაწოლად ჩვენს ჩვენ საძინებლებს მივაშურეთ. ცოტა არ იყოს შიშმა ამიტანა რატომღაც. დღისით რომ მეძინა, ჯეკო ისე იყო ჩემს ოთახში შემოსული, რომ ვერაფერი გავიგე და ღამეც რომ შემოსულიყო? სრული უფლება კი ქონდა სემოსულიყო და თავისი წილი ალერსი მოეთხოვა, მაგრამ ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი და კარის ჩარაზვა მინდოდა. თუმცა ვერც ეს გავბედე. ეს ხომ ჯეკოსადმი უნდობლობის გამოცხადება იყო? განა არ მიყვარდა, სიცოცხლესაც კი მერჩია, მის კოცნას გულის გაჩერებამდეც კი მივყავდი, მაგრამ... რაც უფრო ახლოვდებოდა ჩვენი ერთად თანაცხოვრების პერიოდი, უფრო და უფრო მესიზმრებოდა ჯონის მხეცური მოპყრობა ყოველ ღამით და ეს მაფრთხობდა. მაშინდელი ზიზღი კაცების მიმართ ისევ ღვივდებოდა ჩემში. ვგრძნობდი, რომ ფსიქოლოგიური მომზადება მჭირდებოდა ამისთვის, მაგრამ იმ ფსიქოლოგთანაც მიჭირდა ამ თემაზე სასაუბროდ მისვლა.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი და ჩუმ ტირილში გავატარე. ყოველ გაფაჩუნებაზე გული მისკდებოდა და თვალებდაჭყეტილი ვათვალიერებდი ჩაბნელებულ ოთახს. თუმცა, ჩემი ჯეკო რომ ჯონისნაირი მონსტრი არ იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მარტო ჯონის კი არა, არც არავის გავდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო და ჩემთვის იყო შექმნილი.
დილით ადრე, სანამ მზე ამოიწვერებოდა, გამოუძინებელი წამოვხტი საწოლიდან, თავი მოვიწესრიგე და ჩემი ოთახიდან ფრთხილად გამოვედი. ისეთი სიჩუმე და სიწყნარე სუფევდა სახლში, რომ ამან უფრო დამზაფრა და შემაშინა, მაგრამ თავს შემოვუძახე და პირდაპირ აბაზანაში გავედი. ხელ-პირი ცივი წყლით მოვიბანე, რამაც საგრძნობლად მიშველა, გამომაცოცხლა და გამომაფხიზლა თითქოს. თმაც საგულდაგულოდ დავივარცხნე და კეფაზე ავიკეცე. იქიდან კი, უკვე ჩუმი ღიღინითაც გამოვედი და ახლა სამზარეულოს მივაშურე. ორი ფინჯანი ყავა მოვადუღე, მისაღებში პატარა მაგიდაზე დავალაგე და ჯეკოს საძინებელს მივაყურადე. ბოლოს კი გაუბედავად მივუკაკუნე.
ცოტა ხანს დაველოდე, მაგრამ გამოსვლა შეაგვიანდა და ვიფიქრე, ეძინა. გამობრუნება დავაპირე და ზუსტად მაშინ გააღო შეშფოთებულმა ჯეკომ კარი.
_რამე მოხდა?
წამიერად შევავლე მის გადაღეღილ მკერდს თვალი, პერანგის ღილებს რომ იბნევდა. დამწვრობის კვალი ისევ ემჩნეოდა. ალბათ, მარტო სახეზე ქონდა პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული. ფეხშიშველი იდგა ჩემს წინ და შეშფოთებული ელოდა ჩემს პასუხს.
_ისეთი არაფერი, ყავა მოვადუღე. მერე კი, ვიფიქრე, მზის ამოსვლა გვენახა ერთად._ეს "ერთად" მე თვითონვე მივხვდი, რომ რაღაცნაირად იდუმალი ხმით ვუთხარი.
შეშფოთება ღიმილმა რომ შეუცვალა, მეც გამეღიმა.
_კარგი, ახლავე მოვალ._ეს რომ მითხრა, ისევ თავის ოთახში შებრუნდა.
მე მისაღებში გამოვედი, სავარძელში მოვკალათდი და მოთმინებით დაველოდე მის გამოსვლას.
მალევე დაბრუნდა. პერანგის ნაცვლად ახლა ყელიანი თხელი ცისფერი სვიტერი ეცვა. წეღანდელივით თმა აჩეჩილი აღარ ქონდა, საგულდაგულოდ გადაევარცხნა. ფეხზე ნასკებიც ამოეცვა და ბოტასებიც. ყავა მალევე დავლიეთ, საცაა მზე ამოიწვერება და ნახვა მოვასწროთო, ფინჯნები არც კი გამატანინა სამზარეულოში, იქვე დამალაგებინა და ისეთი ადგილის შესარჩევად წავედით, საიდანაც ყველაზე კარგად დავინახავდით და თვალყურს ვადევნებდით მზის ამოსვლას.
ძალიან ბევრიც არ გვივლია. პირველი სხივები რომ იწვერებოდნენ უკვე, ერთ ერთ ბორცვზე შევჩერდით. თავისი ქურთუკი ძირს დააფინა და გვერდიგვერდ ჩამოვსხედით. თან, ხელი გადამხვია. მე კი, გავბედე და მივეხუტე, რადგან დილის სუსხს ძალა ქონდა და ცოტა არ იყოს, მციოდა.
ერთხანს დამუნჯებულებივით შევყურებდით როგორ ნელ-ნელა, მაგრამ შესამჩნევად მძლავრობდა მზის სხივები. მერე, თვითონ მზემაც ამოიჭყიდა და თვალი მომჭრა მისმა სიკაშკაშემ. იმდენად კარგ განწყობაზე დამაყენა ბუნების ამ სასწაულმა და საოცარმა მოვლენამ, რომ გალაკტიონის ლექსიც კი გამახსენდა და ორი სტროფი ფრიადოსანი ბავშვივით გამოთქმით და მხატვრულად ჩამოვარაკრაკე:
"მთით ამოდის მნათობი
ლალით, მარგალიტებით,
ათასფერად ნადნობი
და შემკული დიდებით.
ლაღი, სახე-სანდობი
მთაზე სხივ-დანადნობი
ამოგორდა მნათობი
მზიურ გულდამშვიდებით..."
გვიან შევნიშნე, რომ აღტაცებული ჯეკო მზის ამოსვლის ნაცვლად მე მომჩერებოდა თავისი მომაჯადიებელი ღიმილით. ამომავალი მზე პირდაპირ სახეში სცემდა და ისეთი ლამაზი ფერის თვალები უჩანდა, რომ მართლაც დამატყვევა მისმა სილამაზემ. ერთხანს თვალმოუშორებლად შევყურებდი და მისი კოცნის სურვილს ვებრძოდი, არ მინდოდა, რომ ინიციატივა მე გამომეჩინა. ჯეკო კი, ალბათ ჩემს დაფრთხობას ერიდებოდა. (ბოლო დროს ხომ გაუცხოვებას მატყობდა?) მოძალებულ სურვილს ვერ გავუმკლავდი და ძალიან ნაზად დავუკოცნე თვალები. მერე კი პატარა ბავშვივით დავიმორცხვე და მის მკერდში ჩავრგე თავი. შეშინებული ბაჭია რომ გაისუსება ხოლმე ჩირგვში, ზუსტად ისე გავინაბე და ყური მივუგდე მისი გულის რიტმულ ფეთქვას. მიყვარდა, მართლა მიყვარდა, მასთან სულიერ და ფიზიკურ სიახლოვესაც ითხოვდა ჩემი გული, მაგრამ წარსულის საშინელი აჩრდილები არ მაძლევდნენ სრული ბედნიერებით ტკბობას.
თავის აწევინებას რომ შეეცადა, უფრო ტკიპასავით მივეკარი და შემეშვა. მხოლოდ შუბლზე მაკოცა და უფრო ძლიერად მომხვია მკლავები.
_მესმის რა ქარიშხალიც ტრიალებს ახლა შენს გულში. არაფერს დაგაძალებ, მე მოძალადე არ ვარ. დაგელოდები, სანამ შენ თვითონ არ გექნება ამის სურვილი.
არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ჯეკო, მაგრამ ამ სიტყვებით კიდევ ერთი დიდი პლიუსი დაიწერა ჩემს თვალში. ჩემს სურვილებს პატივს სცემდა და ასეთი არაჩვეულებრივი კაცი ხომ სანთლით საძებარი იყო ამ სამყაროში?..
ზუსტად ოთხი დღე დავრჩით სოფელში და მინდა ვთქვა, რომ ეს ოთხი დღე არაჩვეულებრივი იყო ჩემს ცხოვრებაში იმ გაგებით, რომ ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით ერთმანეთს და უფრო ახლოს ვეცნობოდით ერთმანეთს. ჩვენი თანაცხოვრების დაწყებამდე საუკეთესო წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით ერთად. ბევრს ვსეირნობდით ბუნებაში, ბევრს ვლაპარაკობდით ჩვენს ბავშვობაზე თუ მომავალ ცხოვრებაზე. საღამოობით მზის ჩასვლას შევყურებდით სულგანაბულები. როცა ციოდა კი, აგიზგიზებული ღუმელის გვერდით სიამოვნებით მივირთმევდით ცხელ ჩაის. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვეჩვეოდი და ვუახლოვდებოდი, თუმცა მასთან დაწოლაზე მაინც ვიკავებდი თავს. დარწმუნებული ვიყავი, ძალიან უჭირდა ჯეკოს ასეთი ურთიერთობა, მაგრამ არაფერს მაძალებდა. კოცნასაც იმ შემთხვევაში მიბედავდა, თუ ჩემგან წამოსულ სიგნალებს გრძნობდა.
სახლში დაბრუნების წინა საღამოს კი კოშმარი მესიზმრა და ძალიან შემეშინდა. თვალები რომ გავახილე და შეშინებული წამოვჯექი, ღამის სიბნელეში ყოველი კუთხე საწოლიდანვე მოვათვალიერე. ყველგან ჯონი მელანდებოდა. ერთხანს გულამომჯდარმა ვიტირე, მერე კი გავბედე და პერანგისამარა შეშინებული გავვარდი ჯეკოს საძინებლისკენ. კართან მისული კი შევჩერდი, რა სისულელეს ვაკეთებ-მეთქი, გამობრუნება დავაპირე და გამოვტრიალდი კიდეც, მაგრამ ჯეკოს შევასკდი, რომელიც წელსზემოთ შიშველი იდგა ჩემს უკან.
_რა ხდება, ცუდად ხარ?_შეშფოთებულმა მკითხა და ხელი წამატანა.
ამ უბრალო კითხვამ და მისი თბილი ხელის შეხებამ გული ამიჩუყა, უარესად ავტირდი.
_მეშინია... შეიძლება ამაღამ შენთან დავწვე? უბრალოდ დავწვე?
_რა პრობლემაა?_გულში ჩამიხუტა და ასე ჩახუტებულმა შემიყვანა თავის საძინებელში._მე შენ შეგპირდი, რომ არაფერს დაგაძალებდი, სანამ ამის სურვილი შენ თვითონ არ გექნებოდა და ნუ გეშინია, ასეც იქნება, ზედმეტად არ დაგაკარებ თითს.
იმ ღამეს მის ნახევრადდამწვარ მკერდზე მედო თავი და ტკბილად მეძინა. ამ სიტუაციაში თავის შესაკავებლად რა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა ჯეკოს, ნათლად ვხვდები, მაგრამ მართლაც არაფერი უკადრებია ჩემთვის ზედმეტი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ბიჭს უზომოდ ვუყვარდი და მხოლოდ ჩემს კეთილდღეობაზე ფიქრობდა.
დეიდის სახლში რომ დამაბრუნა, მადლიერების ნიშნად დამშვიდობებისას მე გამოვიჩინე ინიციატივა, ფეხის წვერებზე ავიწიე და მის ტუჩებს შევეწებე. ჯერ დაიბნა, მერე კი სიხარულით მომხვია მკლავები და გულში ჩამიხუტა.
დაბრუნებიდან მეორე დღეს კი დილითვე მეწვია გურანდა. ქორწილში რა კაბის ჩაცმასაც აპირებდა, იმ კაბის ფოტოები დამათვალიერებინა. სავარაუდო მაკიაჟი და ვარცხნილობაც მაჩვენა, მაგრამ გულისყურით რომ არ ვეკიდებოდი ამ ამბავს, ადვილად შემატყო და გამოკითხვა დამიწყო რა მჭირდა. საიდან აღარ მომიარა, მაგრამ საეჭვოდ რომ ვდუმდი, შეშფოთდა.
_რა გჭირს ბოლოს დაბოლოს არ ამოღერღავ? ჯეკომ გაწყენინა? მოიცა, არ მითხრა, რომ იქ ყოფნისას ძალა იხმარა შენზე?_თავისებურად გაუფართოვდა თვალები.
_არა, რა სისულელეა, თითიც კი არ დაუკარებია ჩემთვის, სხვადასხვა ოთახებში გვეძინა.
_რაა?_ახლა ამის გაგონებაზე გაუფართოვდა ისედაც გაფართოებული თვალები._ამ ხნის მანძილზე თქვენ ერთად არ ხართ? რას ლაპარაკობ? მე კიდევ ვფიქრობდი, რომ უკვე დაწყებდით გოგოს ან ბიჭს... იმპოტენტია?_ეჭვნარევი ჩურჩულით მკითხა.
_არა, უბრალოდ მე მაქვს პრობლემები...
_შენ? რა გჭირს?
_იმ ღამეს ვერ ვიგდებ თავიდან, ჯონის აჩრდილი მიდგას ყოველთვის თვალწინ და იმის მეშინია... ხომ მიხვდი არა, ჩვენი ერთადყოფნის... არ ვიცი რა და როგორ გვექნება... რას ვიგრძნობ, მომეწონება თუ არა... ისევ ტკივილი და ზიზღი რომ ვიგრძნო._დიდხანს კი ვიკავე თავი, მაგრამ მაინც ავტირდი.
_რა სისულელეა?_გურანდამ მხრებზე მომხვია ხელი და ჩემს დაწყნარებას შეეცადა._დარწმუნებული ვარ, ჯეკო არასდროს მოგაყენებს ტკივილს... იმ საქმისაც ნუ გეშინია._რაღაცნაირად იდუმალი ხმით მითხრა._ ვერ გეტყვი, რომ გამოცდილი ვარ მაგ საქმეში, მაგრამ იმდენი კი ვიცი, რომ ძალადობასა და ნებაყოფლობით სექს შორის დიდი განსხვავებაა. ნორმალურ და ჯანსაღ ურთიერთობას იმ საშინელ ძალადობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. შენ შენს თავში უნდა იპოვო ძალა და თვითონ დარწმუნდე მაგაში... გინდა, ფსიქოლოგთან გამოგყვე?
_ფსიქოლოგთან ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რა ვუთხრა, ან როგორ ვუთხრა? მრცხვენია.
_სასირცხვილო რა არის ამაში?_გაუკვირდა._ფსიქოლოგი იმისაა, რომ ყველა თემაზე თამამად და გახსნილად დაელაპარაკო.
_ხო, მაგრამ მაინც არ მინდა._ვიუარე._შენთანაც ძლივს გავბედე ამაზე საუბარი.
_კარგი მაშინ და მე მოგისმენ._ნამდვილი ფსიქოლოგივით სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ძალიან ჭკვიანური გამომეტყველება მიიღო და ისე მომაჩერდა._შეგიძლია მენდო და ყველაფერი მითხრა რაც გაწუხებს.
მის ამ მოულოდნელ ცვლილებაზე გულიანად გამეცინა და კარგა ხანს ვიცინე ხმამაღლა. გურანდა კი მთელი სერიოზულობით მომჩერებოდა და მოთმინებით მელოდა, როდის მოვამთავრებდი ჩემს გიჟურ სიცილს.
_მორჩი?_რომ შემატყო დავიღალე და გავჩუმდი, მხოლოდ მას შემდეგ მკითხა._ახლა შეგიძლია ყველაფერი მომიყვე. მაგალითად, რას გრძნობ და განიცდი, როცა მის გვერდით ხარ, ან გეხება?
ისეთი სერიოზული იყო, მეც დავსერიოზულდი რატომღაც და გულახდილად მოვუყევი ყველაფერი.
_ესე იგი, ამბობ, რომ უკოცნია შენთვის და ეს პროცესი გსიამოვნებს?_გამომცდელად მომაჩერდა თვალებში.
_ხო, უკოცნია და ვაღიარებ, რომ ბედნიერებით მავსებს. მისი შეხებაც მსიამოვნებს, მაგრამ გამახსენდება თუ არა ჯონი, შიში მიპყრობს, ასე მგონია მასთანაც იგივე მელის და ყველანაირი სასიამოვნო განცდა იმწუთშივე ქრება სადღაც და შიში და სიძულვილი მიპყრობს. ისტერიკის ზღვარამდე მივდივარ, მაგ დროს უკვე საკუთარი თავიც მძულს და ხმამაღალი კივილი მინდა...
_სადმე, ხალხისგან მოშორებით რომ წავიდეთ და იკივლო, მოგეშვება ვითომ?
გაოცებულმა შევხედე.
_ხო, რა იყო? მე, მაგალითად, როცა ვგრძნობ რომ ისტერიკა მეწყება, ბალიშს ვცემ და მშველის. შენ იძახი, ხმამაღალი კივილი მინდაო. ხო და იკივლე, ამოიღე გულში დაგროვილი და ჩარჩენილი ბოღმა და ჯავრი. თუ გინდა, ახლავე წავიდეთ, სადმე მოვნახავთ ადგილს... ან არა და, რამოდენიმე დღით მესტუმრე და მინდორში გავიჭრათ ქორბუდა ირმებივით.
გურანდასთან სტუმრობა მართლაც მომეწონა. ჩემს სახლში მარტო ვერ დავრჩებოდი ნამდვილად, არა და ჩემი მშობლიური სოფელიც მენატრებოდა.
_მიდი, დაურეკე ჯეკოს, დღეს სოფელში იყო და წაგვიყვანოს.
_ჯეკო რად მინდა, მარშუტკით ან ტაქსით ვერ წავალთ?_გამიკვირდა.
_შენ მართლა სულელი ხარ, თუ თავს ისულელებ? დანიშნული ქალი რატო უნდა დაწანწალებდე მარშუტკით? თან, იმ ბიჭსაც ძალიან გაუხარდება შენი ნახვა. რაც უფრო ხშირ-ხშირად შეხვდებით ერთმანეთს და იურთიერთებთ, მით მალე და ადვილად მიეჩვევი მის გვერდით ყოფნას.
მე მაინც ვერ ვხვდებოდი, ყველაფერზე რატო უნდა შემეწუხებინა ჯეკო, მაგრამ გურანდა ისე დაჟინებით მოითხოვდა მას დაურეკეო, რომ მეც ავდექი და დავურეკე. ჩემი დაქალი როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდა, მართლაც ძალიან გაუხარდა ჯეკოს ჩემი დანახვა. ის აზრიც მოეწონა, რომ სოფელში ვაპირებდი გურანდასთან სტუმრობას. სასწრაფოდ ჩავიწყე ჩემს პატარა სამგზავრო ჩემოდანში პირადი ნივთები და ნახევარ საათში უკვე გურანდას სახლში ვიყავით.
_მე ძალიან მიკვირს, ჯეკომ არ გითხრა, გურანდასთან სტუმრად კი დარჩი დღისით, მაგრამ ღამე ჩვენთან იყავიო... მოკლეთ, შენ თავს ხომ სტანჯავ და აწამებ და იმ ბიჭს უარესად. გამოცდას უწყობ თუ რა?
_თუ არ გინდოდა ჩემი სტუმრობა, რას ამტეხე?_მეწყინა. გამობრუნება და დეიდასთან დაბრუნებაც კი განვიზრახე, მაგრამ წინ გადამეღობა და შემაჩერა.
_ნუ ისწავლე ფხუკიანობა რაა!_ლამის ძალით დამაბრუნა ოთახში._ნორმალურ წყვილს შორის მასე უნდა იყოს, მასთან სახლში უფრო უნდა რჩებოდე, ვიდრე სხვასთან, მაგრამ სად გელაპარაკები, შენ ხომ არანორმალური ხარ? ამ ოთახში მოეწყე, მოისვენე და მერე გავიდეთ, სულაც ღელეზე და იკივლე და იკივლე რამდენიც გინდა, შენს ხმას მაინც ვერავინ გაიგებს. იქნებ, მართლაც გეშველოს და ამ შენი შველით იმ საცოდავ ჯეკოსაც, თორემ გაილია ის ბიჭი შენი ცქერით.
რომ შემატყო ისევ ნაწყენი ვიყავი და გაბუსხული ვუყურებდი, გამიღიმა, მოვიდა და გადამეხვია.
_შენთვის გეუბნები. მინდა, რომ ან ჩხუბით, ან დაყვავებით, ან დარიგებით რამე შეგასმინო. არ მომწონხარ ასეთსას რომ გიყურებ. დაისვენე, ცოტა გადაგრილდეს და გავისეირნოთ სადმე. კარგია, რომ ის ალქაჯები სოფლიდან წავიდნენ და ისინი სათავისოდ აღარ მოგიშლიან ნერვებს. მინდა გითხრა, რომ მათ გარეშე სოფელი უკეთესია.
ოთახში მარტო რომ დამტოვა, დამაფიქრა მისმა რჩევა-დარიგებებმა ჯეკოს მიმართ. თავი მის ადგილზე წარმოვიდგინე და მივხვდი, რომ მართლაც ცოდო იყო ჩემს ხელში, მაგრამ... სხვანაირად არ შემეძლო და რა მექნა? ის კი გადავწყვიტე, დღეს კატო ბებოს ვსტუმრებოდი და ხვალ დილით წავსულიყავით მე და გურანდა სასეირნოდ. ყველანაირად ვეცადე გამოვპრანჭულიყავი და ცოტა გადაგრილდა თუ არა, დაქალს გამოვუცხადე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ჯერ გაოცებულმა მიყურა. მერე გულწრფელად მომიწონა. თუმცა, ძალიან გამიკვირდა, გაყოლვა რომ არ შემომთავაზა და ამიტო მარტო დავადექი ოთხი თუ ხუთი სახლის იქით კატო ბებოს სახლისკენ გზას.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი სახლს, მით უფრო ვღელავდი, როგორც გამოცდაზე გასული ბავშვი და გამალებით მიცემდა გული. კერძოდ, რა მაღელვებდა, იმის მიზეზს ვერ ვხედავდი. არც ჭიშკართან და არც ეზოში ჯეკოს მანქანა რომ ვერ შევნიშნე, გამიხარდა. არა, მასთან შეხვედრაც კი გამიხარდებოდა, მაგრამ სახლში რომ არ იყო, ეგეც ძალიან გამიხარდა. ჭიშკარზე ზარი დავრეკე და დაველოდე, როდის გამომხედავდა მასპინძელი. ეტყობა კატო ბებომ კამერაში მომკრა თვალი, რადგან უჩვეულო სიმარდით გამოვიდა გახარებული.
_მოდი შვილო, მოდი, როგორ გამახარე ჩემო მზეთუნახავო._გადამეხვია, გადამკოცნა და სახლში შემიძღვა._რა სიურპრიზია, ღმერთმანი... არა და, დღეს მთელი დღე თვალი მიფრიალებდა, რას წარმოვიდგენდი, თუ შენ მესტუმრებოდი?_ღია ვერანდაზე, სადაც უკვე კარგად გრილოდა, სარწეველა სკამზე ჩამოვსხედით._რას მიირთმევ ჩემო მშვენიერო?
_არაფერი მინდა, დიდი მადლობა. უბრალოდ სანახავად და სალაპარაკოდ მოვედი.
კატო ბებომ მაინც არ მოისვენა, ახალგაზრდული სიმარდით დაფაცურდა და ხილის ჩაციებული ტორტი, გაზიანი სასმელები და ხილი გამოიტანა და ტკბილეულის სუფრა გააწყო სახელდახელოდ.
_იმიტომ მერიდება თქვენთან მოსვლა, რომ ასე გაწუხებთ._მორიდებით შევკადრე.
_ეგ მეორედ აღარ თქვა._გამიწყრა._ნებისმიერ დროს შეგიძლია აქ მოსვლა და დარჩენაც კი. ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა შენთვის და მეც მზად ვარ, ყოველთვის სიამოვნებით გემსახურო... ახლა კი ის მითხარი ჩემო გოგო, როგორ ხარ?
_კარგად, მადლობა. გურანდასთან ჩამოვედი ერთი-ორი დღით და თქვენი მონახულება გადავწყვიტე.
შევატყე, რომ გურანდასთან სტუმრობის ამბავი ცოტა არ მოეწონა, მაგრამ არც არაფერი მითხრა და არც არაფერი მაგრძნობინა.
მხიარულად ვსაუბრობდით ჯეკო რომ მოვიდა მანქანით. ვიმედოვნებდი, რომ მის სახლში მისულს ვერ მომისწრებდა, მაგრამ შევცდი. იქ რომ მნახა, მასაც ძალიან გაუხარდა.
_კარგია, რომ აქ გნახე, რაღაცის საჩვენებლად მინდა წაგიყვანო.
_სად?_გამიკვირდა.
_ჯერ ტორტი და ხილი მიირთვას და მერე წაიყვანე._აფუსფუსდა მოხუცი და ტორტის თეფში მომიჩოჩა._ჭამე საყვარელო, ამ დილით გავაკეთე, ზუსტად ისეთია, ჩემს მათეს რომ უყვარს. იმედია, შენც მოგეწონება.
_ამდენს ვერ შევჭამ._დავიმორცხვე, როცა კატო ბებომ მოზრდილი ნაჭერი გადმომიღო.
_არაუშავს, რასაც მოერევი შენც ის ჭამე, რა პრობლემაა?_არ მომეშვა და მეც მეტი გზა არ მქონდა, მორცხვად დავიწყე მართლაც გემრიელი ტორტის ჭამა.
ჯეკო პირისპირ ჩამომიჯდა და მასაც მოზრდილი ნაჭერი დაუდო მოხუცმა. მერე კი, სპეციალურად რაღაც მოიმიზეზა და მარტოები დაგვტოვა.
უხმოდ და თეფშიდან თვალმოუშორებლად მივირთმევდი გემრიელ ნუგბარს. მერე, შემთხვევით გავაპარე ჯეკოსკენ მზერა, რომელიც ღიმილით მომჩერებოდა და თითით ტუჩის კუთხეზე მანიშნა, რომ მოსვრილი მქონდა და მომეწმინდა. შემრცხვა, ფეთხუმივით რომ არ მეჭამა და მენიუ არ დამეწერა სახეზე, ხომ შეიძლებოდა? დარცხვენილმა მოვისვი ხელი, მაგრამ ეტყობა ვერ გავთვალე, სად მქონდა კრემის ანაბეჭდი, რადგან ჯეკომ ხელსახოცი აიღო, მომიახლოვდა და ფაქიზად მომწმინდა. ერთხანს, ღიმილით დამჩერებოდა ზემოდან, მერე დაიხარა და მაკოცა.
მის ტუჩებს ზუსტად იმ ტორტის გემო და არომატი ქონდა, რომელსაც წუთის წინ მივირთმევდით ერთად. სიამოვნებისგან და მოზღვავებული მღელვარებისგან ხელ-ფეხი წამერთვა, ხელში შერჩენილი თეფში ფრთხილად დამიცურდა ხელიდან და ძირს მოადინა ზღართანი. მისი მსხვრევის ხმაზე გამოვფხიზლდი სასიამოვნო ბურუსიდან, მოძალებული ვაჟი მორცხვად მოვიშორე და მაშინვე წამოვხტი ელდანაკრავივით, თუმცა სასიამოდ აფორიაქებული გულით.
_უი, გატყდა._მღელვარების დასაფარავად ნამსხვრევების მოსაკრეფად დავიხარე, მაგრამ ზუსტად იმ დროს გადმოიხარა ჯეკოც და ახლა თავებით შევასკდით ერთმანეთს.
უარესად ავღელდი და ავფორიაქდი.
მხრებზე ფრთხილა მომკიდა ხელი და წამომაყენა.
_არაუშავს, მასე ძალიან ნუ განიცდი._დამამშვიდა._ჩვენი ჭირიც წაუღია.
_ბედნიერების ნიშანიაო ჩემმა დიდედამ იცოდა._კატო ბებო როდის წამოგვადგა თავზე ვერ გავიგე და მისი ხმა ახლოდან რომ ჩამესმა, გვარიანად შევკრთი._შეეშვი, მე მივხედავ._თეფშის ნამტვრევებზე მანიშნა._თქვენ, ახალგაზრდებმა, გაისეირნეთ._თან, ისეთი ეშმაკური ღიმილით მოგვჩერებოდა ორივეს, რომ აშკარა იყო, დაგვინახა, ჯეკომ რომ მაკოცა._წადით, წადით._ყოყმანი შემატყო თუ არა, შემაგულიანა და ლამის ძალით გამომაგდო.
ეზოში რომ ჩამოვედით და გარეთ უნდა გავსულიყავით, მოულოდნელად ჯეკო შეჩერდა და ინტერესით მომაჩერდა.
_გინდა, მოტოციკლით წავიდეთ?
_მოტოციკლით?_გამიკვირდა, თან გამიხარდა, რადგან ბავშვობაში ერთი სული მქონდა, როდისმე დავმჯდარიყავი ამ მოტორიან ველოსიპედზე._შორს მივდივართ?_ახლა ამით დავინტერესდი.
შემატყო ალბათ, რომ დიდი სიამოვნებით შემოვუჯდებოდი მოტოციკლზე, მაგრამ თავს მაინც შორს ვიჭერდი.
_სულაც არა... სოფლის შარაზე არ უნდა გავიდეთ და ვერც ვერავინ დაგინახავს. _დამაიმედა.
მერე ფარეხში შევიდა. ჩემთვის ძალიან ნაცნობი მოტოციკლი გამოაგორა იქიდან, პატარა ნიჩაბი მიამაგრა უკან. მერე, შავი შლემი დამაფარა და ნიკაპის ქვეშ საგულდაგულოდ შემიკრა. მისი თითები სასიამოვნოდ მიღიტინებდნენ ყელში. თავს ვძლიე და არ გამიღიმია. არ მინდოდა თავი გამეყიდა, რომ მისი ეს უბრალო შეხება უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა.
ძრავა რომ აამუშავა და მანიშნა, შემომიჯექიო, მეორედ თქმა აღარ დამჭირვებია. მართალია მორიდებით, მაგრამ მაინც დიდი სიხარულით შემოვუჯექი.
_წელზე მომხვიე ხელები და კარგად მომეჭიდე იცოდე._გამაფრთხილა თუ არა, ადგილიდანაც დავიძარით.
ხელების შემოხვევას არ ვაპირებდი, მაგრამ ცოტა რომ შევქანდი და შიშისგან გული გადამიტრიალდა, მაშინ კი ვინებე და მჭიდროდ მოვხვიე წელზე ხელები, თან მთლიანი სხეულით ავეკარი ზურგიდან. მეზობლებს რომც დავენახე, ჩაფხუტი მეფარა და ვერავინ მიცნობდა. ისე კი, რომც ვეცნე, მაინც დიდად არ მაწუხებდა ეს ფაქტი. მე მისი საცოლე ვიყავი, ოფიციალურად დანიშნულები ვიყავით და სულ რაღაც ორ თვეში უნდა დავქორწინებულიყავით კიდეც. ვისაც რა უნდოდა ის ეთქვა, ნაკლებად მაინტერესებდა მათი აზრი...
უბნის ორღობეში ღმუილით ავიქროლეთ. აქა-იქ ეზოებიდან ავი ძაღლები გამოგვიცვივდნენ ყეფით. კიდევაც შემეშინდა და ინსტიქტურად უფრო ძლიერად მოვხვიე წელზე ხელები და უფრო მჭიდროდაც მივეკარი. თან იმისი მეშინოდა, ჩემი აჩქარებული და აფორიაქებული გულისცემა არ გაეგო.
ახლა იმისი შემეშინდა, ტყისკენ რომ გადავუხვიეთ. ისიც გამახსენდა, ნიჩაბი რომ მიამაგრა უკან. ვერ მივხვდი რად უნდოდა და პანიკამ მომიცვა. მინადენი მოტოციკლიდან გადახტომა ვერ გავბედე. გადავწყვიტე, გაჩერდებოდა თუ არა, გადავხტებოდი და გავექცეოდი. თუმცა, ტყეში რომ არ შევედით და მის ნაპირშივე განმარტოებით მდგარ უზარმაზარ მეხდაცემულ მუხასთან გავჩერდით, უმალ გამინათდა გონება.
_გახსოვს?_ინტერესით რომ შემომიბრუნდა დაგაღიმებული დამინახა, ცხადი იყო მისთვის, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვდა._მე კი, გამოგიტყდები, რომ აღარც მახსოვდა. შემთხვევით განძის მაძიებლები ახსენა ვიღაცამ და მაშინ გამახსენდა. ზუსტი ადგილიც კი აღარ მახსოვს._მოტოციკლიდან გადავიდა და მეც მომეხმარა გადასვლაში.
შლემი საჩქაროდ მოვიხადე და მას მივაჩეჩე ხელებში. მერე მოტოს უკან მიმაგრებული პატარა ხელის ნიჩაბი მოვხსენი და სავარაუდო ადგილისკენ სიხარულით გავიქეცი.
აღარც მე მახსოვდა აქამდე ჩვენი გადამალული განძი, რომელიც იმ პირობით ჩავმარხეთ, დიდები რომ გავიზრდებოდით, თუ ერთად ვერ მოვახერხებდით აქ ამოსვლას, მარტოებს მაინც მოგვეთხარა და გვენახა ჩვენი განძი. ერთმანეთის მიწერილი ბარათებიც წაგვეკითხა, მაშინ საიდუმლოდ რომ დავწერეთ და საგულდაგულოდ დავაწებეთ კონვერტები.
სავარაუდო ადგილზე გვარიანად გადავჩიჩქნე მიწა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. მერე, ჯეკომ ჩამომართვა ნიჩაბი და ახლა იმან თხარა. მოკლეთ, იმ მუხის გარშემო გვარიანად მოვთხარეთ, მაგრამ ჩვენს განძს ვერსად მივაკვლიეთ.
_მას მერე ბევრი წელი გავიდა, შეიძლება ვინმემ ნახა კიდეც._სინანულით ამოიოხრა ჯეკომ._არა და, მეგონა გაგახარებდი იმ ამბის გახსენებით... რა გაეწყობა? წამოდი, ამინდი ირევა, წვიმამ არ მოგვისწროს. თან, ბინდდება უკვე.
მაგრამ მე ფარ-ხმალის დაკარგვა არ მინდოდა.
_მოიცა, ჩვენი დაბადების დღეების რიცხვების ჯამი იყო ნაბიჯების რაოდენობა, მაგრამ მაშინდელი ნაბიჯები დღევანდელი ნაბიჯების ნახევარი იქნება ალბათ._ისევ წამოვავლე ნიჩაბს ხელი._თხუთმეტის ნახევარი შვიდნახევარია._სასწრაფოდ გადავთვალე მუხიდან აღმოსავლეთის მხარეს შვიდი ნაბიჯი და იქ დავიწყე მოთხრა.
მართლაც, მალევე აღმოვაჩინე ჩვენი ზარდახშა და ისე გამიხარდა, თითქოს საგანძური მეპოვოს. ორმოს წინ ჩავიცუცქე და ახლა შიშველი ხელებით დავიწყე მოთხრა, რათა მიწისგან შეჭმული და დამპალი სქელი კარდონის ყუთი არ გამეფუჭებინა. გახარებულმა ჯეკომაც ჩემს გვერდით ჩაიმუხლა და მომეხმარა. პირველი წვეთები მაშინ დაგვეცა, საბოლოოდ რომ ამოვიღეთ ორმოდან ჩვენი სკივრი და გულში ჩავიხუტე.
_წავიდეთ, თორემ დავსველდებით._მხრებზე მომხვია ხელი და მოტოციკლეტისკენ წამომიყვანა.
გზაში მართლაც გაგვიწვიმდა და იძულებულები გავხდით მის ძველ სახლში შეგვეფარებინა თავი.
_ხომ არ გეშინია?_სიტყვის მასალად მკითხა, თორემ თვითონაც ძალიან კარგად იცოდა, რომ ადრე მარტო ვსტუმრობდი ამ პირქუშ და სხვებისთვის საშინელ სახლს.
უკვე კარგად წვიმდა და გვარიანად დასველებულები მხიარული სიცილით შევცვივდით ერთ დროს საცხოვრებლად ვარგისს სახლში. ახლა კი ნორმალური ჩამოსაჯდომიც კი არ იყო. ერთმანეთის გვერდიგვერდ ხმელა ტახტზე ჩამოვსხედით და წვიმის გადაღებას დაველოდეთ.
_არ გახსნი?_გულში ჩახუტებულ სკივრზე მანიშნა ღიმილით._ერთი სული მაქვს შენი სურვილები წავიკითხო.
_ზეპირად მახსოვს თითოეული სიტყვა._ მორცხვად ვაღიარე.
_გინდა სიმართლე გითხრა? მეც მახსოვს. ზეპირად წაგიკითხო?_თანხმობის ნიშნად თავი რომ დავუქნიე, დაიწყო: "ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, რომ თეოს შევხვდი. მე ის შემწვარ კარტოფილზე და გემრიელ ნაყინზე მეტადაც კი მიყვარს."_გაეღიმა._"მინდა, დიდები რომ გავიზრდებით, ცოლად მოვიყვანო თუ თვითონაც ენდომება ეს და ჩემი მანქანით ვასეირნო ყველგან, სადაც კი მოისურვილებს. პირველ რიგში კი, სათაფლიაში წავიყვან, სადაც დედინაცვალმა არ გაუშვა და ბევრი ატირა. ყველაზე მეტად მის ცრემლებს ვერ ვიტან. ვერ ვიტან დედინაცვალი და მისი შვილი უსამართლოდ რომ ექცევიან, ჩაგრავენ და გულს ტკენენ. დიდი რომ გავიზრდები, ყველასგან დავიცავ და არავისმივცემ მისი დაჩაგვრის საშუალებას."... შენსას არ წამიკითხავ?_ინტერესით მომაჩერდა.
_არა._ვიუარე.
_რატო?_ყუთს წაატანა ხელი, მაგრამ განზე გავწიე უარყოფის ნიშნად. გაეცინა._ჯერ შენ წაიკითხავ, თუ არ მოგეწონება, გადააკეთებ არა? მე კი გადაკეთება სულაც არ მჭირდება. კიდევაც დავამატებ, რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ... მიჭირს უშენოდ გატარებული თითოეული წუთი და წამი, თუმცა როდემდეც მეტყვი, იქამდე დაგელოდები... მე შენ არასდროს მოგაყენებ ტკივილს.
გული სასიამოვნოდ ამიჩქარა მისმა თითოეულმა სიტყვამ, რომელიც მართლაც გულიდან მოდიოდა და მთელს სხეულს სასიამოვნო ტალღებად ასკდებოდა. ნახევრადჩაბნელებულ ოთახში მაინც გარკვევით ვხედავდი მის თვალებს უდიდესი სიყვარულით რომ მომჩერებოდა.
_პირველად, ჩემს დანახვაზე, შიშისგან გული რომ წაგივიდა, გამოგიტყდები და მაშინ მთელი ღამე გოგოსავით ვიტირე. ბებიამ ძლივს შეძლო ჩემი დაწყნარება. დამარწმუნა იმაში, რომ ფიზიკური სილამაზე სულაც არ არის სიყვარულისთვის აუცილებელიო. ადამიანს ადამიანი სულიერი სილამაზითაც შეიძლება რომ შეუყვარდესო... მაგრამ პირადად მე, შენ, ჯერ შენი ფიზიკური სილამაზით მომეწონე და შემიყვარდი და მერე შენი ხასიათით._მორიდებით მომიჩოჩდა და მხრებზე მომხვია ხელი.
გარეთ კი წვიმა მძლავრობდა და ირგვლივ ნელ-ნელა წყვდიადში იძირებოდა ყველაფერი. ერთი-ორჯერ გაიელვა კიდეც და საშინლად დაიჭექა. ის ღამე გამახსენდა, აქ რომ მოვედი ფულის ასაღებად და მისი ლანდი ამესვეტა წინ. შეშინებული რომ გავიქეცი აქედან და ჯონი დამიხვდა სახლში. ისე ნათლად დამიდგა ყველა დეტალი თვალწინ, რომ ციებიანივით გამაკანკალა.
_გცივა?_ჯეკომ უფრო მჭიდროდ მომხვია მკლავები და უფრო ძლიერ ჩამეხუტა.
უარესად შემეშინდა და უარესად ავცახცახდი. მაშინვე ხელი ვკარი, თავიდან მოვიშორე და ფეხზე წამოვხტი.
_რა გჭირს?_ჯეკოც წამოდგა ფეხზე.
_არ მომეკარო!_შეშინებულმა ამოვიხავლე.
_დაწყნარდი, არაფერს დაგიშავებ. მე ჯონი არ ვარ, ჩემი ნუ გეშინია.
_ძალიან გთხოვ, არ მომეკარო._ტირილნარევ მუდარაზე გადავედი უკვე.
_არ მოგეკარები, დაწყნარდი.
დაწყნარდი კარგი იყო, ყურებშიც კი გარკვევით მესმოდა იმ საშინელი ღამის ხმაური. ფეთიანივით გავვარდი ოთახიდან და ეზოში გამავალ კართან საცოდავად ავიბუზე. ისე საშინლად წვიმდა, გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო.
_მოიცა, მაშინდელ შეცდომას არ გავიმეორებ და მაშინდელივით მარტოს არ გაგიშვებ არსად._მომიახლოვდა, გულში ჩამიხუტა და ვიგრძენი რომ ატირდა._ის საშინელი ღამე მეც საშინლად მტანჯავს. შენს უბედურებაში მე ვიდანაშაულებ თავს. მაშინ რომ დამეჭირე და არ გამეშვი, არაფერიც არ დაგემართებოდა.
_წავიდეთ აქედან._მუდარით შევთხოვე და ეზოში გამოვედი.
ჯეკოც უკან მომყვა, მაშინვე მოტოციკლის ძრავა აამუშავა, ისევ უკან შემოვუჯექი და წამოვედით. ჩემს სახლს რომ მივუახლოვდი, ვანიშნე, რომ იქ გაეჩერებინა ჩემთვის. გამიჩერა კი, მაგრამ თვითონაც უკან გამომყვა.
_აქ რა გინდა? წამოდი, ჩემთან თუ არ გინდა, გურანდასთან მიგიყვან._შეშფოთება ვიგრძენი მის ხმაში, მაგრამ ასეთი სველი გურანდასთან მისვლას არ ვაპირებდი.
_გურანდასთან არ მინდა. იყოს, აქ დავრჩები... შენ წადი.
_არსადაც არ წავალ. მაშინდელ შეცდომას არ გავიმეორებ! ან, აქ დავრჩები მეც, ან შენ წამოხვალ ჩემთან!_მკაცრად მითხრა და მკლავზე ძლიერად მომკიდა ხელი._ჯობია ჩემთან წამოხვიდე, აქ გაცივდები სველი._სიმკაცრის მიუხედავად მაინც ვიგრძენი მის ხმაში ლმობიერება და ჩემზე ზრუნვა
_არ მინდა!_ისევ გავუჯიუტდი და ხელის გაშვებინებას შევეცადე, მაგრამ არ გამიშვა.
შიშით შევხედე.
_ნუ გეშინია, მოძალადე არ ვარ, უბრალოდ, მარტოს არ დაგტოვებ, თანაც აქ!_მოულოდნელად გულში ჩამიკრა და ჩამეხუტა._ნუ ჯიუტობ. არ მაიძულო, რომ ძალის გამოყენებით წაგიყვანო... რატო არ გესმის, რომ მიყვარხარ და შენ რომ რამე დაგემართოს, ვეღარ გადავიტან... მარტო შენს თავზე ნუ იფიქრებ, ჩემზეც იფიქრე. იცოდე, თუ აქ დარჩები, მეც აქ ვრჩები. თუ არა და, წამოდი ჩემთან.
წუთიერად გავირინდე. მივხვდი, საჩემოდ მეუბნებოდა ეს ბიჭი, ჩემი ჯინიანობით ან სიჯიუტით რას მივაღწევდი ვითომ? გომის მთაზე რომ ვიყავით, მის საწოლშიც კი მეძინა და ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ წასულა. ბოლოს და ბოლოს კაცი იყო და მესმოდა, რომ ასეთ სიტუაციაში ქალებთან შედარებით კაცებთან უფრო რთულად იყო საქმე... ჩემს სახლში მარტო დარჩენით რას მივაღწევდი ვითომ და რას დავუმტკიცებდი ან ჯეკოს და ან საკუთარ თავს? რომ მართლაც წასულიყო და მარტო დავრჩენილიყავი, ხომ შიშისგან გამისკდებოდა გული და კოშმარები დამტანჯავდა? ისიც აქ დარჩენილიყო და ელემენტარული აღარაფერი იყო, რომ ან ტანსაცმელი გამომეცვალა და ან გავმთბარიყავი.
_კარგი, თანახმა ვარ შენთან წავიდეთ._ძლივს ამოვიჩურჩულე დაბალი ხმით. არ მეგონა თუ გაიგებდა, მაგრამ გაიგო.
_კარგი გოგო ხარ._შუბლზე ნაზად მაკოცა და აივანზე გამომიყვანა._ისეთი პირი უჩანს, ეს წვიმა გადაღებას არ აპირებს და ისევ დასველება მოგვიწევს. სამაგიეროდ, ჩემთან გაგათბობ._ისევ მაკოცა და კიბეებზე ხელიხელჩაკიდებულებმა ჩავირბინეთ.
საჩეხში შეჩერებულ მოტოციკლთანაც სირბილით მივედით. ისევ წვიმდა, თან უკვე გვარიანად ბნელოდა. შლემი საგულდაგულოდ მოვირგე და თავსხმა წვიმაში მოტორის გამაყრუებელი ბღუილით გავიჭერით წინ. მე შლემი მეფარა და სახეში არ მასხამდა წვიმა. ვატყობდი, რომ ჯეკოს უჭირდა, მაგრამ მაინც არ გავჩერებულვართ. პირდაპირ ფარეხში შეაყენა მოტოციკლი.
_აქ რომ მოვიცადოთ სანამ წვიმა გადაიღებს?_მორიდებით შევთავაზე.
_რას ლაპარაკობ, ასეთი სველი გაიყინები._ხელი მომკიდა და სულ სირბილით მიმიყვანა ვერანდამდე. კატო ბებოს შეეხმიანა, რომელიც გაოცებული გამოვიდა თავისი ოთახიდან და ჩემი თავი მას ჩააბარა.
_მშრალი ტანსაცმელი რომ უნახო რამე?
მოხუცმა ეჭვით კი შემათვალიერა, მაგრამ მაშინვე დაფაცურდა. ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა და გარდერობიდან ლამაზი სარაფანი, საცვლები და აბანოს ტილო მომცა, მერე აბაზანა მიმასწავლა, რომ თბილი შხაპი მიმეღო.
კარგა ხანს დავყავი აბაზანაში. დიდად ვისიამოვნე და კარგადაც გავთბი. საცვლები ზუსტად ჩემი ზომის იყო. სარაფანი მქონდა ცოტა მოკლე და მომეტებულად გულამოღებული, თუმცა ძალიან მიხდებოდა. თმა ნახევრად სველივე შევიკარი კეფაზე და ისე გავედი აბაზანიდან. მისაღებიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა და მეც იქით გავწიე. მეგონა, კატო ბებო იქ დამხვდებოდა, მაგრამ მხოლოდ ჯეკო იყო. ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მაშინვე შემნიშნა და ფეხზე წამოდგა. თან, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გაოცება, აღტაცება და მოწონება ყველაფერი ერთნაირად აღებეჭდა სახეზე.
_გაამოს საყვარელო, გაამოს._კატო ბებოც ზუსტად მაშინ შემოვიდა ოთახში და წელზე მომხვია ხელი._ახლა კი, წამოდით, ერთად ვივახშმოთ. მსუბუქი და უგემრიელესი რაგუ მოვამზადე. იმედია, ქამა სოკო გიყვარს. თუ არა და ბევრი სხვა ვარიანტებიც გვაქვს.
თავპატიჟი აღარ დამიწყია. ჯერ ერთი, რომ ძალიან მშიოდა და მეორე ის, რომ გულთბილად და დიდი სიყვარულით მეპყრობოდნენ და ჩემგან უკადრისობა იქნებოდა უარის თქმა. ვერც გავბედავდი ძალიანაც რომ მდომოდა.
წინ მე და თეო ბებო მივდიოდით. უკან კი ჯეკო მოგვყვებოდა და მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, რომელიც სასიამოვნოდ მაბნევდა და გულს მიჩქარებდა.
რაგუ მართლაც არაჩვეულებრივი იყო, გემრიელად ვივახშმეთ. კატო ბებო მზარეულობასთან ერთად იუმორის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული და გულიანად მაკისკისებდა. ჯეკო კი ხმისამოუღებლად იჯდა სუფრასთან და ხშირად ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას. მართალია მაბნევდა, მაგრამ ამავე დროს ძალიან მსიამოვნებდა მისი ეს რაღაცნაირად მოჯადოებული მზერა. ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ გაუცნობიერებლად ვეპრანჭებოდი და თავს ვაწონებდი კიდეც. ერთი-ორჯერ გავბედე და მის მზერასაც გავუსწორე თვალი.
ვახშამი დასასრულისკენ მიგვყავდა უკვე, რომ გურანდამ შეტყობინება მომწერა. "მივხვდი, რომ აღარ გამოგიშვეს და ერთად ივახშმებდით, მაგრამ ახლა მაინტერესებს, მანდ რჩები, თუ მოდიხარ და დაგელოდო?" საათს რომ დავხედე, თერთმეტი ხდებოდა. გამიკვირდა, არა და მეგონა, მხოლოდ ნახევარი საათი ვიყავი.
_უი, რა დრო გასულა..._ავწრიალდი._ჩემი წასვლის დროა...
_რომ დარჩე შვილო?_კატო ბებომ ღიმილით მკითხა._ისევ წვიმს და ცოდონი ხართ._ჯეკო იგულისხმა ალბათ, რომ გამაცილებდა._ამხელა სახლია და ერთი ოთახი შენთვისაც გამოინახება. დარჩი და დილით წადი.
ვერ გადამეწყვიტა, დავრჩენილიყავი თუ წავსულიყავი. დარჩენა კი მინდოდა, მაგრამ წასვლაც არანაკლებ მინდოდა. შიშით ნამდვილად აღარ მეშინოდა ჯეკოსი, მაგრამ ახლა მეცოდებოდა ჩემს სიახლოვეს ნებისყოფის გამოცდა რომ უხდებოდა.
კატო ბებომ ყოყმანი და ორჭოფობა რომ შემატყო, უფრო მუდარით შემომხედა.
_დარჩი, შვილო. ნამდვილად არ შევწუხდებით შენი სტუმრობით. წამოდი, გაჩვენებ შენს ოთახს. დარწმუნებული ვარ მოგეწონება.
მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება დავრჩენილიყავი და გურანდას მაშინვე მივწერე შეტყობინება. მან კი გაოცებული და გახარებული სმაილების ცვენა გამომიგზავნა. კატო ბებოსაც რომ ვუთხარი, დავრჩები-მეთქი, მას ხომ გაუხარდა, მაგრამ ჯეკოს უფრო მეტად.
მაგიდა ავალაგეთ, ჭურჭელიც დავრეცხეთ და მერე უკვე ჩემი ოთახი მაჩვენა, სადაც ღამე უნდა გამეტარებინა. მართლაც რომ ძალიან მყუდრო, ლამაზი და არაჩვეულებრივი ოთახი იყო. პერანგი, ხალათი და ჩუსტები გადმომცა, თავისი ოთახიც მიმასწავლა, თუ რამე დაგჭირდეს აქ ვიქნებიო და ძილინებისა მისურვა. გამეღიმა, ისეთი რა გაჭირვება უნდა მქონოდა, რომ კატო ბებო დამჭირვებოდა? მაგრამ მესიამოვნა მისი ეს ყურადღება. სანამ დავწვებოდი, ჯეკომაც მისურვა ძილი ნებისა. კატო ბებო რომ გავიდა ჩემი ოთახიდან, მალევე მომიკაკუნა ვიღაცამ კარზე ფრთხილად. ვინც იყო მაშინვე მივხვდი და გული სასიამოვნოდ შემიფრთხიალდა საგულეში. კარი ჩარაზული არ მქონია, მაგრამ დაუკითხავად არ შემოსულა. გულის ფანცქალით რომ გავუღე, მის ცისფერ თვალებსაც წავაწყდი.
_ალბათ, ბებია მიგასწავლიდა სად რა არის._მორიდებით მითხრა. (ალბათ საპირფარეშო იგულისხმა)._ჩემი ოთახი მეორე სართულზე ხელმარჯვნივ პირველივეა, თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს._შემომღიმა და თან ლოყაზე მომითათუნა თბილი თითები._მშვიდ ძილს და ტკბილ სიზმრებს გისურვებ.
ალალი და უბოროტო თვალები ქონდა. ავი ზრახვის ნაპერწკალიც კი არ უელავდა იქ. არა, მართლაც საუკეთესო პიროვნება იყო. გამბედაობა მოვიკრიფე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ნაიარევ ლოყაზე ნაზად ვაკოცე.
_მადლობა, რომ პატივს მცემ და ზრუნავ ჩემზე... მიყვარხარ._ეს ბოლო სიტყვა ისე ჩურჩულით ვთქვი, უფრო მეგონა რომ გულში გავიფიქრე, მაგრამ მთლიანი სხეული რომ დაეძაბა, მივხვდი, გაიგო._ვიცი, გაწვალებ, მაგრამ ცოტა დრო მჭირდება. ბოდიში.
_საბოდიშო არაფერია. მოცდა შემიძლია, დაგელოდები. ეს კი, შენთან იყოს._მხოლოდ ახლაღა შევნიშნე მის ხელში მიწისგან და ტალახისგან გასუფთავებული ჩვენი "ზარდახშა".
ღიმილით ჩამოვართვი. ჩამორთმევისას მის თითებს რომ შევეხე, სასიამოვნო ტალღამ დამიარა მთელ სხეულში. ახლა მან მაკოცა ლოყაზე და თავისი ოთახისკენ გაეშურა. თვალი გავაყოლე. სანამ კიბეზე არ ავიდა და თვალს არ მიეფარა, მანამ არ შემოვსულვარ ოთახში. ყუთი საწოლზე დავდე და გავხსენი. ჩემი პატარა თოჯინა და ჯეკოს სათამაშო მოტიციკლი იდო. ზემოდან. ქვემოთ კი კონვერტები ჩანდა. ორივე გაუხსნელი იყო. კიდევ ერთი პლიუსი დაიწერა ამ ბიჭმა ჩემს თვალში. ჩემი კონვერტი გახსნილი არ ქონდა. არა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან აინტერესებდა რა მეწერა. აღელვებულმა მთრთოლვარე ხელებით ამოვიღე, მაგრამ კარგახანს ვატრიალე ხელში. თითოეული სიტყვა კი ზეპირად მახსოვდა, მაგრამ ბოლოს მაინც გავხსენი და ბუტბუტით წავიკითხე:
"მიხარია, რომ ჯეკოს შევხვდი და გავიცანი. მართალია არავის მოსწონს და ყველა ერიდება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია." ერთი წერილი აქ მთავრდებოდა. მეორე ფურცელიც ამოვიღე კონვერტიდან და ისიც გავშალე. "ყველაზე მეტად მე მისი თვალები მომწონს. ყოველთვის იმას მიმტკიცებს, რომ თუ გულით მოინდომებ, ოცნებების ახდენა შეიძლებაო. ხო და ჩემი ოცნებაა, დიდები რომ გავიზრდებით, მისი ცოლი გავხდე. ვნახოთ ერთი თუ ახდება."
გამეღიმა და რამდენჯერმე გადავიკითხე ეს ფურცელი. მერე ჯეკოს წერილიც გავხსენი და ისიც გადავიკითხე. მართლაც ის სიტყვები ეწერა, რაც თვითონ მითხრა. შემწვარ კარტოფილზე მეტად მიყვარსო, ამაზე გამეღიმა და გულიც ამიჩუყდა. თავისთავად დამინამა ცრემლმა თვალები. ეს ცრემლი კი სიხარულის, ბედნიერების და ბავშვური გულუბრყვილო სიყვარულის იყო.
როდის-როდის ჩავაქრე ოთახში შუქი და დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე. ცალკე დღევანდელი ემოციები და ცალკე წარსულის ტკბილ-მწარე მოგონებები არ მაძლევდნენ მოსვენების საშუალებას. ჯეკოს გამოხედვა, ღიმილი, შეხება თუ კოცნა კინოკადრებივით მიტრიალებდნენ თვალწინ და ვგრძნობდი, რომ მის მიმართ სურვილი მიღვივდებოდა. რაღაც ჯერ არგანცდილი და ამოუხსნელი განცდა მთელი სხეულით მიიწევდა მისკენ, გულიც მასთან ყოფნას ლამობდა, მაგრამ გონება მეწინააღმდეგებოდა რატომღაც. მას ისევ ნათლად ახსოვდა ჯონის მხეცური მოპყრობა და ის მაფერხებდა. კარგა ხანს გასტანა ჩემმა გონებისა და გულის ჭიდილმა. ასეთ სიტუაციაში ვინ როგორ მოიმოქმედებდა არ ვიცი, მე კი გულაძგერებული ავდექი, ხალათი მოვიცვი და რაც შემეძლო ფრთხილად გამოვიპარე ჩემი ოთახიდან. ქურდივით უჩუმრად ავიპარე მეორე სართულზე და ხელმარჯვნივ პირველ კართან შევჩერდი. გული ისე მიცემდა, მეგონა საცაა ამომიხტებოდა საგულედან. მის დამშვიდებას კი შევეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, უფრო და უფრო უმატებდა ტემპს და სიხშირეს. გულისა და გრძნობის კარნახით ფრთხილად მივუკაკუნე კარზე და მალევე რომ გამიღო, წელს ზემოთ შეშველ სხეულზე ტკიპასავით მივეკარი.
_მიყვარხარ, მაგრამ ჯონის მერე მძულს ყველა კაცი... ჩემს შინაგან სამყაროში დიდი ბრძოლა მიხდება... გონებას ვებრძვი. შენთან გულით მინდა, მაგრამ ის საშინელი მოგონებები კოშმარულად მტანჯავს... მეშინია...
_მეც მეშინია._აღელვებულმა მიჩურჩულა._ვაი თუ, იმედები გაგიცრუო და სმუდამოდ დაგკარგო... შენს დაკარგვას კი, ნამდვილად ვერ გადავიტან. მართლა ძალიან მიყვარხარ. ჩემი სიყვარული ბავშვობიდან მოდის და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძლიერდება. შეგნებულად არასდროს გაწყენინებ და გატკენ გულს, მაგრამ უნებურად რომ მოგაყენო ტკივილი, მაგის მეშინია. ისიც ძლივს გადავიტანე, წლების განმავლობაში შენგან შორს რომ ვცხოვრობდი._ისე გამალებით უცემდა გული, ჩემი გული მასთან მონაგონი იყო.
_შეიძლება ამაღამაც შენთან დავწვე?_მარტო დავწვე და დავიძინო-მეთქი ეს რომ აღარ ვუთხარი, ჩემს თავზე გამეღიმა. კიდევ კარგი ბნელოდა და ჯეკომ ვერ შემნიშნა.
_კი, შეიძლება._ხელმოხვეული მიმიყვანა თავის საწოლთან.
ბნელოდა კი, მაგრამ ხალათი მაინც მორიდებით გავიხადე, იქვე მივფინე და დავწექი. თვითონაც რომ დაწვა, ოღონდ ნაპირში, რომ არ შემხებოდა და არ შევეწუხებინე, ფრთხილად მივუჩოჩდი და ჩავეხუტე. მან კი თავქვეშ ამომიდო ხელი და შუბლზე მაკოცა. ვგრძნობდი, რომ ვუნდოდი, როგორც ქალი, მაგრამ თავს იკავებდა. მე კი... მე გონებას მიბინდავდა ნელ-ნელა მისი ალერსის სურვილი. ჯონის კოშმარული აჩრდილიც ფერმკრთაკდებოდა თითქოს და სადღაც ქრებოდა. მართალია არ მინდოდა პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ჯეკოს ნათქვანი ქონდა, სანამ ჩემი სურვილი არ იქნებოდა, თითსაც არ დამაკარებდა ზედმეტად. ერთხანს გატრუნული ვებრძოდი ვნებას, მერე წამოვიწიე, სიბნელეში ადვილად მოვძებნე მისი ათრთოლებული ტუჩები და გრძნობით დავეწაფე.
თავიდან თითქოს დაიბნა. ალბათ, არ მოელოდა ჩემს სითამამეს, მაგრამ მალევე მოეგო გონს და კოცნაზე ვნებიანი კოცნითვე მიპასუხა. მერე კი მისმა ალერსმა თავდავიწყების მორევში გადამისროლა. გურანდა ამ შემთხვევაში მართალი აღმოჩნდა: ნებაყოფლობით სექსსა და ძალადობას არანაირი საერთო არ ქონდათ ერთმანეთთან. რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაშინ თუ ტკივილის , ზიზღის და სიძულვილის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი, ახლა სიამოვნების, უკიდეგანო სიყვარულის და უზომო ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებდა. თურმე, სულ ტყუილად ვიტანჯავდი თავს და ჯეკოსაც ტყუილად ვტანჯავდი. ის ღამე მის ალერსში გავატარე და ვაღიარებ, რომ მართლაც არაჩვეულებრივი იყო. ოდნავადაც არ მინანია ამ ნაბიჯის გადადგმა. არც დილით დამიმორცხვია მისი. ცოტა, კატო ბებოსი მომერიდა, ჩემს ოთახში რომ ვერ აღმომაჩინა და ჯეკოსთან შემოიჭყიტა, სად წავიდა ხომ არ იციო.
მის საწოლში რომ დამინახა, ჯერ დაიბნა, მერე ბოდიში მოიხადა და უმალ გატრიალდა. თუმცა, მაინც შევნიშნე ეშმაკური ღიმილი რომ აუთამაშდა სახეზე და შემრცხვა. მართალია ჩვენი დანიშვნა და ქორწინება თავისთავად ამას ნიშნავდა, მაგრამ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით მაინც შევკრთი და დავიმორცხვე. ახლა, გარედან რომ მოგვაძახა, სამზარეულეში გელოდებით, ერთად ვისაუზმოთო, უარესად შემრცხვა და საბანში ჩავიმალე. თუმცა, ჯეკომ ისევ გადამხადა და ღიმილით დამიკოცნა სახე. ჯერ გავიტრუნე, მერე კი მოვიგერიე.
_სირცხვილია, კატო ბებო გველოდება... რომ ადგები, მერე ჩემს ოთახში გადი და ტანსაცმელი გამომიტანე, თუ შეგიძლია._ისევ წავიფარე საბანი. კატო ბებოსავით მეც რომ ეშმაკური ღიმილი გამიკრთა სახეზე, არ მინდოდა ჯეკოს შეემჩნია.
აღარ უცდია საბნის გადახდა. მაშინვე წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმას შეუდგა. მე კი ოდნავ ავწიე საბნის კუთხე და ჭუჭრუტანიდან გავიჭყიტე. მართალია, დამწვრობის კვალი ემჩნეოდა მის სხეულს, მაგრამ მშვენიერი აღნაგობა ქონდა. მის ფართე მკერდს შევავლე თვალი, წუხელ სიამოვნებით რომ მედო თავი და ტკბილად მეძინა.
მალევე იგრძნო ჩემი მზერა და ღიმილით რომ გამომხედა, შემრცხვა. ისევ წავიფარე საბანი და გავისუსე. მესმოდა ოთახში რომ გადი-გამოდიოდა. მერე გავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა.
_შენი კაბა მოგიტანე. შეგიძლია ადგე. მე გავდივარ და სამზარეულოში გელოდები იცოდე.
ნაბიჯების ხმას მივაყურადე და რომ მიჩუმდა, მაშინვე გადავიძრე საბანი. ფეთიანივით წამოვხტი საწოლიდან და ჩქარა-ჩქარა გავიძრე პერანგი. სარაფანს ვიცმევდი, რომ წელზე მჭიდროდ მომეხვია ვიღაცის მკლავები და ზურგიდან მომეხუტა. ნახევრადჩაცმულ სარაფანში სასაცილოდ გავიჭედე. ავფართხალდი, რომ ხელიდან დავსხლტომოდი და ბოლომდე გადამეცვა, მაგრამ არ გამიშვა. მისი ტუჩები კისერზე რომ შემეხო, გავინაბე და სიამოვნებისგან მივლულე თვალები.
_აკი, გავდივარო?_გამეღიმა.
_გავდიოდი, მაგრამ ცდუნებას ვეღარ გავუძელი._მისი ცხელი ტუჩები ახლა ყელზე მომწვდა.
ფრთხილად შემომატრიალა თავისკენ, ყელიდან ყვრიმალზე ავიდა ნაზი კოცნით. ბოლოს კი ტუჩებზე გადაინაცვლა და სუნთქვა შემიგუბდა. მერე, სარაფანის ჩაცმაში მომეხმარა ღიმილით. ახლა კი, მართლა წავედი და ქვემოთ გელოდებიო,_ერთხელ კიდევ მაკოცა, ოღონდ ამჯერად ცხვირზე და მართლაც გავიდა ოთახიდან.
*********************
იმ დღიდან საგრძნობლად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მართალია, სასამართლოს შემდეგ ვაპირებდით ქორწილს და ერთად ცხოვრებას, მაგრამ იმ ღამემ ნათლად დამანახა და დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები და ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო ცხოვრება. საუზმის მერე რომ მიმიყვანა გურანდასთან და კოცნით დამემშვიდობა, გურანდას დაუნახავი არ დარჩენია ეს ფაქტი. მეტიც არ უნდოდა, ჯეკო წავიდა თუ არა, ჩამომეკიდა და გასაქანი აღარ მომცა. ისეთი თვალებით უმზერდით ერთმანეთს, წუხელ რაღაც მოხდა თქვენ შორის, ხომ მართალი ვარო. თავიდან დუმილს ვამჯობინებდი, მაგრამ იმდენი ქნა, რომ მაინც მაღიარებინა, ხო ერთად ვიწექით-მეთქი. მართლაც სასწაული ადამიანია ეს ჩემი დაქალი. ჯერ ხომ თვითონ მიმტკიცებდა, უეჭველი რაღაც მოხდა თქვენს შორისო. მაგრამ რომ ვაღიარე, მაშინ კი ეჭვით მიყურა კარგახანს, ნამდვილად არ ეჯერა ჩემი ნათქვამი.
იმ საღამოს დეიდასთან ვაპირებდი დაბრუნებას. უფრო სწორად, ჯეკოს მივყავდი, მაგრამ გზაში მაცდური წინადადება შემომთავაზა.
_მოდი, გავიპაროთ და თბილისში წავიდეთ ჩემთან.
_გავიპაროთ?.. შენთან?.. რა საჭიროა?_გამიკვირდა._ჩვენ ხომ დანიშნულები ვართ?
_რა ვიცი, ისე._მაცდურად შემომღიმა.
წუხანდელი ჩვენი ვნებიანი ღამე გამახსენდა და სიამოვნების ტალღამ დამირბინა მთელს სხეულში. ღიმილისგან თავის შეკავება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. გამეღიმა, თანაც მაცდურად. არ ვიცი რა ამოიკითხა ჯეკომ ჩემს თვალებში, მაგრამ მოულოდნელად ჩემს ხელს დასწვდა, იმას აკოცა გაღიმებულმა და დეიდაჩემის ასახვევს რომ გავცდით, მივხვდი, რომ "გამიტაცა". ასე დაიწყო ჩვენი თანაცხოვრების ბედნიერი ეტაპი. მართალია, ცოტა საყვედურები ავიკარით, ასე უპასუხისმგებლოდ რომ მოვიქეცით და არავის გავაგებინეთ ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ მაინც ყველამ მოგვილოცა და უსაზღვრო ბედნიერება, სიყვარული და გამრავლება გვისურვა.
მართალია, ჯეკოსთან ერთად თბილისში ცხოვრებამ დროებით გადამავიწყა ჯონი და მოახლოებული მისი სასამართლო პროცესი, მაგრამ სასამართლოს დღეს მაინც მიმტყუნა ნერვებმა. მახსოვს, სასამართლო დარბაზში რომ შემოიყვანეს დამნაშავე და მის დაჟინებულ მზერას თვალი გავუსწორე, ისეთი ურცხვი, ველური და საზიზღარი გამოხედვა ქონდა, ღებინების შეგრძნება გამიჩნდა და ცუდად გავხდი. კარგა ხანს ვიკავე თავი, მაგრამ ბოლოს მაინც მაღებინა შუა პროცესში. ბუნდოვნად მახსოვს, რომ დარბაზი აჩოჩქოლდა. ჯონის ურცხვ მზერას თვალს ვარიდებდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი ღებინების მიზეზი ის იყო. ჯეკომ პატარა ბავშვივით ხელში ატატებული გამომიყვანა დარბაზიდან. ნატალი და დეიდაჩემიც უკან მოგვყვნენ. გურანდამ საიდანღაც ბოთლით წყალი მომირბენინა და სახე ცივი წყლით დამიზილა.
_როგორ ხარ?...
_ცოტა არ მოგეშვა?...
_რა დაგემართა?_ აქეთ-იქიდან რომ დამაყარეს კითხვები, უარესად გავხდი.
შეშფოთებულმა ჯეკომ ისევ დამავლო ხელი და ახლა ეზოში გამიყვანა. იქ, ხის სკამზე ჩამომსვა და რაღაც ჟურნალით დამიწყო განიავება. ეზოში გამოყვანამ თუ ამ განიავებამ, თუ ორივემ ერთად, არ ვიცი, ცოტა კი მიშველა.
_რა სახეები გაქვთ?_ყველას სათითაოდ მოვავლე თვალი და გაღიმებაც კი შევძელი._კარგად ვარ, არაფერი მჭირს...
_კი გადაგვიბრუნე ყველას გულები და..._აქოთქოთდა გურანდა._რა დაგეტაკა? ჯონის დანახვამ იმოქმედა?_მიმიხვდა.
_ალბათ._ძალიანაც არ მინდოდა ამის აღიარება, მითუმეტეს ჯეკოსთან, მაგრამ მაინც ვაღიარე.
_ისეთი თვალებით იყურება, სურვილი მიჩნდება, რომ მივიდე და ფრჩხილებით ამოვკორტნო იმ საზიზღარს იმას._ეს რომ თქვა, თითები შეათამაშა ჰაერში, თითქოს მართლაც თვალებს სთხრიდა და გამეღიმა.
_როგორმე უნდა გაუძლო შვილო._ახლა დეიდამ სცადა ჩემი დამშვიდება._სულ ცოტაც და მალე სამართალი იზეიმებს, ის საზიზღარი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება...
რატომღაც მაგის იმედი ნაკლებად მქონდა, რომ სამართალი იზეიმებდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი თავდაჯერებული და ამაყი იყო ის ვაჟბატონი, რომ ამაზე ფიქრის მიზეზს მაძლევდა. ალბათ, ადვოკატის იმედი ქონდა. თუმცა, ხმამაღლა ამის აღიარება არ მინდოდა. არ მინდოდა გინდ ჯეკოსთვის და გინდ დეიდისთვის ან დეიდაშვილებისთვის ჩემი წინათგრძნობით ხასიათი გამეფუჭებინა. გურანდას რომ გაეგო, ის უეჭველად ჩამქოლავდა, ეს რა ბნელი აზრები გიტრიალებს მაგ უტვინო თავშიო.
იმ დღეს სასამართლო პროცესი ნახევარი საათით შეწყდა ჩემი შეუძლოდ გახდომის გამო. თუმცა, არც მის მერე გამოუტანიათ ჯონისთვის გამამტყუნებელი განაჩენი. ერთი თვით გადადეს სასამართლო განხილვა, ოღონდ რა მიზეზით, ნამდვილად არ ვიცი.
ჯონისთან პირისპირ შეხვედრამ მაინც თავისი ქნა და ერთი ღამით ისევ გავუუცხოვდი ჯეკოს. კიდევ კარგი მაშინდელივით დიდხანს არ გასტანა ჩემმა ისტერიკამ დამეორე ღამესვე დავუბრუნდი მის საწოლს, სადაც ისევ ვნებისა და სიყვარულის ბურუსში გავეხვიე...
მეორე სასამართლომდე ზუსტად ერთი კვირა რჩებოდა, რომ ღებინებები დამეწყო და თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი. თავიდან არ მივაქციე ყურადღება, მოახლოებულ სასამართლოს და ჯონისთან შეხვედრის მოლოდინს ვუკავშირებდი ყველაფერს, მაგრამ დღითი-დღე უკვე საჭმლის სუნიც რომ მაღიზიანებდა უკვე და უბრალო გაფიქრებაც კი იმ საჭმელზე, ეჭვი გამიჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. არავისთვის არაფერი მითქვია, აფთიაქში ორსულობის დასადგენი ტესტი ვიყიდე და იმით დავრწმუნდი, რომ მართლაც ორსულად ვიყავი. ვერ აღვწერ და უბრალო სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ სიხარულის და ბედნიერების განცდას, რა სიხარულითაც და ბედნიერებითაც მე დავყურებდი ტესტის დადებით პასუხს. იმის გააზრება, რომ ჩემს სხეულში ახალი სიცოცხლე ბინადრობდა უკვე, რომელიც ჩემი და ჯეკოს სიცოცხლის გაგრძელება იყო, მსოფლიოში უბედნიერეს ქალად მაგრძნობინებდა თავს.
ეს ამბავი ყველას დავუმალე. მითუმეტეს ჯეკოს. მხოლოდ გურანდას გავენდე და ლამის მანანებინა კიდეც ეს ნდობა. მე ხომ გახარებული ვიყავი ამ ამბით და ის უარესად. იმდენჯერ წამოაყრანტალა გაუცნობიერებლად რაღაცეები, რომ მეგონა ყველას გააგებინებდა ყველაფერს. არა და გადაწყვეტილი მქონდა, რომ სასამართლოს დასრულების შემდეგ მეღიარებინა ეს ამბავი.
სანამ ჯეკო გასული იყო სახლიდან, მანამ ვცდილობდი, რომ ისეთი პროდუქტი მეყიდა და ის საკვები მომემზადებინა, რაც ღებინებას არ იწვევდა ჩემში. ექიმთან მისვლაც სასამართლოს მერე გადავწყვიტე. მანამ კი საგულდაგულოდ ვმალავდი ყველაფერს.
სასამართლოს დღეს ნაადრევად დაგვიზამთრდა და ქალაქში პირველი თოვლი გვესტუმრა. სასწაულად ბარდნიდა და არე-მარეს ლამაზად ათეთრებდა. ძალიან მხნედ და იმედიანად წავედი სასამართლოზე ჯეკოსთან ერთად, თუმცა ეს სიმხნევეც და იმედიც მოჩვენებითი იყო. შინაგანად აღელვებულ ზღვას ვგავდი. ჩემს გარშემო რა ხდებოდა, არ მესმოდა. ვინ რას ამბობდა, არც ის მესმოდა. მართალია ჯონის არ ვუყურებდი, მაგრამ მის დაჟინებულ და ურცხვ მზერას ვგრძნობდი, რაც უარესად მაღელვებდა. არც წინა სამართლოზე და არც ახლა ჩემი დედინაცვალი და ლიკა არ გამოცხადებულან. მიზეზი არ ვიცოდი და არც მაინტერესებდა. ერთადერთი შიშით შევყურებდი მოსამართლეს, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნოდა რომელსაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო ან უკეთესობისკენ და ან უარესობისკენ. როგორც შემდეგში გავიგე, ეს სასამართლო პროცესი ორმოც წუთს გაგრძელდა, მაგრამ ჩემთვის ორმოცი წლის ტოლფასი იყო. ის კი დავინახე, რომ განაჩენის გამოტანის დროს, ხის ჩაქუჩი წესისამებრ ხმაურით დაარტყა, მაგრამ რა განაჩენი გამოიტანა, ის ვერ გავიგე. წუთიერად გათიშული ვიყავი და ყველას სახეს უაზროდ ვაკვირდებოდი. თითქოს, მათი სახის გამომეტყველებით მინდოდა გამეგო რა განაჩენი გამოუტანეს ჯონის. ჯონი კი ირონიული ღიმილით მომჩერებოდა და თითქოს მეუბნებოდა, მე ხომ ჩემი მაინც გავისწორეო.
_რა გჭირს, ცუდად ხარ?_ჯეკოს ხმა ძალიან ახლოდან ჩამესმა და ვიგრძენი კიდეც მისი შეხება._ფერი აღარ გადევს სახეზე...
_რა სახე გაქვს?_გურანდაც დამეტაკა._ნუ მაფიქრებინებ იმას, რომ ის ნაძირალა შეგეცოდა ცხრაწლიანი პატიმრობისთვის.
ცხრა წლიანი პატიმრობისთვისო?_უმალ გამკრა გუნებაში._გამოდის, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს იმ მხეცს?_გახარებულმა მოვავლე იქ მყოფებს სათითაოდ თვალი.
_გილოცავ ძვირფასო._გახარებული დეიდაჩემიც აცრემლებული მომიახლოვდა და გადამეხვია._იმედი არასდროს დამიკარგავს, რომ ამ ქვეყნად სამართალი ისევ სამართლობს და რომ ეს ქვეყანა ჩალით არაა დახურული... ერთი, იმ კუდიანებსაც მიეზღვებოდეთ სამართლიანად და მეტი აღარაფერი მინდა.
_ჩვენ გვეჩქარება, თორემ იმ დალოცვილ ღმერთს თავისი დრო და პერიოდი აქვს. აი, ნახავთ თუ არ მიეზღვებათ._გურანდა ორივეს ერთად გადაგვეხვია._ზოგი კიდე აბრიალოს ამაყად თვალები. იმედი ქონდა, ადვოკატი უშველიდა. განაჩენი რომ გამოუტანეს, როგორ არ ეჯერა ჯერ და მერე კი მეხდაცემულივით იდგა და აპარპარებდა იმ საზიზღარ თვალებს.
სასამართლომდე დაძაბული, შეშინებული და დაზაფრული რომ ვიყავი, ახლა კი, თითქოს, მძიმე ტვირთი მოხსნეს მხრებიდანო. მართლა არ მქონდა იმის იმედი, რომ სამართლიანად დასჯიდნენ იმ მხეცს იმიტომ, რომ საახლობლოში ძველი ნაძაღლარი ყავდათ და მეგონა, ის დაიცავდა. დეიდასი არ იყოს, თურმე ქვეყანა ჩალით არ ყოფილა დახურული.
_გავიდეთ აქედან, თორემ სული მეხუთება. გული წამივა ალბათ._ამის თქმა და მაშინვე ჩემი გარეთ გამოყვანა ერთი იყო.
ისევ მადიანად და ბარაქიანად ბარდნიდა. სიამოვნებით შევუშვირე ფარფატა ფანტელებს გახურებული სახე და ასე გავირინდე წუთიერად.
_რა გჭირს საყვარელო, კარგად ხარ?_ჯეკოს შეშფოთებული ხმა ძალიან ახლოდან რომ ჩამესმა, თვალები გავახილე და მის ცისფერ თვალებს რომ წავაწყდი, გამეღიმა.
_ასე კარგად მგონი არც არასდროს ვყოფილვარ.
_ხო, მაგრამ ბოლო დროს გატყობ, რომ რაღაც ვერ ხარ კარგად.
_არაფერია, მალე გამივლის._ფეხის წვერებზე ავიწიე და ნაზად ვაკოცე.
ჩემი ეს სითამამე მე თვითონვე გამიკვირდა ამდენი ხალხის თვალწინ, არა თუ ჯეკოს, რომელიც რაღაცნაირად დაბნეული მომჩერებოდა. აქვე არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მინდოდა სახლში რომ მივიდოდით რომანტიკული ვახშამი მომეწყო და მაშინ მეთქვა, რომ მშობლები გავხდებოდით, მაგრამ სულმა წამძლია, საიდუმლო ვერ შევინახე და ჩურჩულით ვუთხარი გაღიმებულმა.
_ჩვენი შვილი ამ ფორმით მატყობინებს, რომ ჩემს სხეულში არსებობს.
ცხოვრებაში არ დამავიწყდება მისი გაოცებული თვალები ხან მე რომ მომჩერებოდა და ხან ჩემს მუცელს. მერე კი, მოულოდნელად დამწვდა, ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე შემომატრიალა გახარებულმა.
_ამათ ასე ძალიან რა უხარიათ? ვითომ ჯონის ამბებია?_ნატალის ხმაში ეჭვი რომ გაკრთა, გამეცინა, ამას ხომ გაუგებარი არაფერი რჩებოდა?
ჯეკომ ძირს რომ დამსვა, მერე ფაქიზად გადამიწია თვალებზე ჩამოშლილი თმა და ნაზად მაკოცა.
_დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულება დედამიწის ზურგზე. მადლობა ამ სასიხარულო ამბისთვის...
_რა სასიხარულო ამბავი? რა ხდება, ჩვენ არაფერს გვეტყვით?_გაოცებული მოგვიახლოვდა ნატალი._ჰა, დროზე ამოღერღეთ, გამძვრა სული ინტერესით.
_ორსულად ვარ._ძალიან მშვიდად და აუღელვებლად გამოვუცხადე და მის რეაქციას დავაკვირდი.
რეაქციამაც არ დააყოვნა. ბოლო ხმაზე აკივლებული გადამეხვია და უმალ მივიქციეთ ყველას ყურადღება.
_მართლააა? არ იტყუები? ღმერთო, რა ბედნიერებაა!!! როდისთვის ელოდები? ბიჭია თუ გოგო? სახელს რას არქმევ?_ავტომატივით დამაყარა კითხვები.
აი, ასეთი გიჟი, გადარეული, საყვარელი და რაც ყველაზე მთავარია, ერთგული დეიდაშვილი მყავს. არც დაქალია მასზე ნაკლები. რა უნდა გამიჭირდეს ისეთი, რომ გურანდა გვერდში არ დამიდგეს და ჩემი დარდი ან სიხარული ჩემზე ნაკლებად გაიზიაროს?
_წავიდეთ აქედან, ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ..._ წელზე მომხვია ხელი და მანქანისკენ წამიძღვა _ჩემი მომავალი ნათლული? რა ბედნიერებაა ღმერთო._ენას არ აჩერებდა გახარებული გურანდა.
მართლაც რომ ბედნიერება იყო. ცოტა ხნის წინ ასეთ ბედნიერებაზე ვერც კი ვიოცნებებდი, მაგრამ ოცნებები მართლაც რომ ხდება. სხვა მრავალი ოცნებაც ამიხდება მომავალში, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ამის რწმენა მე ჯეკომ ჩამისახა სულში. იმიტომ, რომ თვითონ ჯეკოა ჩემი პირველი ახდენილი ოცნება.
(დასასრული)



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

შენ ნიკს როცა ვხედავ ვიცი უკვე რომ სასწაული სიამოვნება მელოდება კითხვის დროს, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო ❤️

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი gvantsa
შენ ნიკს როცა ვხედავ ვიცი უკვე რომ სასწაული სიამოვნება მელოდება კითხვის დროს, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო ❤️

დიდი მადლობა საყვარელო გულთბილი სიტყვებისთვის და უმაღლესი შეფასებისთვის. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი ლია

დიდი სიამო ნება მივიღე,ამ არაჩვეულებრივი ისტორიის წაკითხვისას.

საუკეთესო ხარ

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
დიდი სიამო ნება მივიღე,ამ არაჩვეულებრივი ისტორიის წაკითხვისას.

საუკეთესო ხარ

უღრმესი მადლობა საყვარელო შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 


№5  offline წევრი ელენე.ელე

დასასრული ძალიან კარგი და ემოციური იყო.
თუმცა უკეთესია მეტი სითამამე,სიხალისე,იუმორი იყოს.რა საჭიროა ძალადობაზე და ცემა-ტყეპაზე ამდენი წერა.

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

ელენე.ელე
დასასრული ძალიან კარგი და ემოციური იყო.
თუმცა უკეთესია მეტი სითამამე,სიხალისე,იუმორი იყოს.რა საჭიროა ძალადობაზე და ცემა-ტყეპაზე ამდენი წერა.

დიდი მადლობა შეფასებისთვის.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent