ზღვარს მიღმა დ ზღვარს შორის (ნაწილი 12)
*** ჩვენი ცხოვრების გარდამტეხი მოვლენები დიდ როლს თამაშობენ ჩვენი მომავლის განსაზღვრაში. დგება დრო, როდესაც ვხვდებით, რომ არასოდეს უნდა გვეთქვა არასოდეს! თითქოს ბანალურია, მაგრამ ეს რეალობაა, სიყვარული არასოდეს გვეკითხება თუ როდის შეახებს მის ჯადოსნურ ჯოხს ჩვენს ცივ გულს და თავბრუდამხვევ მორევში გვისვრის. ზოგჯერ შეუმჩნევლად გვეპარება, ზოგჯერ გააზრებულად, რიგ შემთხვევაში გვგონია, რომ სულ თან გვსდევდა და მისით დავიბადეთ. ადამიანი, რომელზეც ვერასდროს დაუშვებდი წამიერ ფიქრსაც კი, მთლიანად მოიცავს ჩვენს გულს, გონებას, სხეულის ყველა უჯრედს! მის მიმართ განსხვავებული ემოცია და გრძნობა გიპყრობს, გულიც სხვანაირად თრთის და ფორიაქობს. ზოგჯერ ვცდილობთ ემოციები დავმალოთ, „აკრძალულ სიყვარულს“ თვალი ავარიდოთ, არ შევიმჩნიოთ, გავიქცეთ სადამდეც შევძლებთ... - თურმე სად ყოფილხარ! როგორც იქნა გიპოვე. - რატომ მეძებდით? - მკაცრი და შეუვალი იყო ადას ხმა. - არ უნდა მომეძებნე? - შეცბა გეგა. - რა საჭიროა? თუ ისევ იგივეს აპირებთ? - იგივეს? - დიახ, იგივეს! - წარბშეკრულმა გახედა. - მეგონა, იცოდით, რომ არავის აქვს უფლება, ადამიანის ცხოვრებაში შეიჭრას, თავი განსაკუთრებულად აგრძნობინოს, ააფორიაქოს და შემდეგ კი მიატოვოს! - წასვლა დააპირა ადამ. - გარკვევით ამიხსენი რას ამბობ? - იდაყვში დაიჭირა. - ვერ ხვდებით თუ თავს მაჩვენებთ? - ცრემლიანი თვალები შეანათა. - ვერ ვხვდები... - სასოწარკვეთილება ისმოდა გეგას ხმაში, - მითხარი, გთხოვ. გული ვერ უძლებს შენს აცრემლებულ თვალებს... ცაზე ელვა დაიკლაკნა, ცივმა გრუხუნმაც გააყრუა რიონის ხეობა. - წვიმას აპირებს, უნდა წავიდე... - თავის გათავისუფლება სცადა. - მომენატრე... - ხმა აუთრთოლდა გეგას, - მომენატრე... ეს დღეები უშენოდ ძალიან მიჭირდა... გთხოვ, მითხარი შენი გაბრაზების მიზეზი. - ცრემლი ღაწვზე ჩამოუგორდა კალანდაძეს. - ალბათ, - თავი დახარა ადამ, მთელი სხეული დაეჭმა, ისე უნდოდა ხელები ყელზე შემოეხვია და გულთან მთელი ძალით ჩახუტებოდა, შეეგრძნო მისი სხეულის სითბო. - ალბათ, მეც მომენატრე... - ამოიჩურჩლა... - რა თქვი? - თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა გეგამ. - ხმამაღლა გამიმეორე. - რა სიგიჟეა, იქნებ არასწორად ვიქცევი? - ტუჩები ჩაიკვნიტა, - იქნებ არ მაქვს უფლება? იქნებ უნდა გავიქცე? ან იქნებ უნდა დავრჩე? დავრჩე შენთან სამუდამოდ... ეს ფიქრები მრევს, ეს ემოციები მაცოფებს, უცნაური ტალღები, რომელსაც შენს მიმართ განვიცდი... სიგიჟეა ხო? თითქოს პლიუს-მინუს მაგნიტები ვართ, განვიზიდებით, მაგრამ მაინც რაღაც ტალღები ერთმანეთისკენ მიგვიზიდავენ და შეუძლებელს გვაკეთებინებენ... - ადა, ნუთუ... - ხო, მივხვდი, რომ მომწონხარ... - თვალები სიმორცხვის დასაფარად მაგრად დახუჭა. - არაა... - სახეზე ხელები აიფარა გეგამ, შემდეგ კი საყვარელი ქალი ხელში აიტაცა და გულთან მაგრად მიიხუტა. - არ მომესმა, ხომ? მეც, მეც მიყვარხარ... მადლობა, რომ მიიღე ჩემი გრძნობები და ხელი არ გვკარი... - დამსვი, სირცხვილია... - თვალებში ჩახედვის ერიდებოდა. - მითხარი, ყველაფერი მითხარი... გამიზიარე შენი ფიქრები, ემოციები... - ხელს არ უშვებდა ბედნიერი გეგა. - ღმერთო ჩემო, როგორ მრცხვენია. - გარშემო მიმოიხედა ადამ. - გთხოვ მითხარი, თორემ წვიმას აპირებს. - გეგამ მოქუფრულ ცას ახედა. - როგორი მოუთმენელი ხარ... - ღელავდა ადა, - მოკლედ, კარგად იცი ჩემო დამოკიდებულება სიყვარულის მიმართ. სანამ შენ შეგხვდებოდი, სრულიად მარტო ვიყავი. არავინ მყავდა და მკაცრად, ვაკონტროლებდი ჩემი გულის საკლეტულებს, ვინმე, რომ არ შემპარვოდა და გაეღო. ყოველთვის ერთ ადგილას ვიდექი, მაგრამ შენ სხვანაირად შემოანათე, ალბათ იმიტომ, რომ შენც ჩაკეტილი გქონდა შენი გული, თუმცა ჩემთვის გააღე და მაიძულე ამ ერთი ადგილიდან გაქცევა და შენთან მოსვლა. იცი რას მივხვდი? როდესაც ცხოვრებაში შენნაირს შეხვდები, მერე ხვდები თუ რატომ ვერ უგებდი სხვას. - მადლობა. - გულთან მიიკრა. - რისთვის? - ქვემოდან ახედა. - რისთვის და არავინ ვიცით თუ რა მოხდება ხვალ ან თუნდაც დღეს. ამიტომ, მადლობა იმისთვის, რომ შენი გული როცა სიყვარულით აძგერდა, არ დამალე და ჩახშობა არ ცადე. მადლობა, რომ აირჩიე ჩემი გული. მინდა იცოდე, რომ ჩემთვის განსაკუთღებული და ყველაზე ძვირფასი ხარ, ამიტომ არასოდეს მიგატოვებ. შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი სისულელეა და ზღაპარივით „Happy End”- ი არ მოხდება, მაგრამ ასეთ დროს მხოლოდ გულის ხმას მიჰყევი, ის კი ჩემამდე მოგიყვანს. - საფეთქელთან ნაზად შეახო ტუჩები. - არადა მადლობა მე უნდა გითხრა, რომ შემიყვარე ერთი ობოლი და მარტოსული გოგონა. იქნებ მითხრა მიზეზი, მე რატომ ამირჩიე? - არც კი ვიცი რატომ შემიყვარდი, მიზეზი შეყვარების ასე კონკრეტული არ მაქვს... მაგრამ ალბათ შენმა გულწრფელობამ, მებრძოლმა ხასიათმა მომხიბლა ან იქნებ შენმა ლურჯმა თვალებმა და ღიმილის დროს ლოყებზე გაჩენილმა ფოსოებმა... ანდა არა, იმიტომ რომ ეს შენ ხარ, ქალი რომელიც მაღელვებს, მისი დანახვა ღიმილს და ბედნიერებას მანიჭებს. დღეიდან კი საერთოდ გამაგიჟებს, რადგან ახლა ორივეს გული ერთმანეთის სიყვარულითაა გაჟღენთილი. - გარედან როგორი ცივი ადამიანი ჩანხარ, არადა როგორი მგრძნობიარე ხარ! - შენ გამხადე მგრძნობიარე, რომ შემოვარდი ჩემს ცხოვრებაში. - აჰ, მე შემოვარდი თუ შენ? - ჯერ შენ მოდი და მერე მე. - ისე ლოგიკურადაც ეგრეა, შენს აბაზანას არ ვხეხავდი, რომ შემოვარდი ტარზანივით შიშველი და ჭუჭყიანი წყალი, რომ გადავივლე შეშინებულმა? - იქნებ მაშინ შემოიჭერი ჩემს გულში? - გეგამ თვალები მოჭუტა. - გაწუწულ წიწილას ვგავდი და როგორ შეგიყვარდებოდი... აბუქებ. - წვიმა დაიწყო. - შუბლზე დაცემული წვეთები მოიწმინდა გეგამ, - გავიქცეთ. - სად? - ბამბუკების არკას შევაფაროთ თავი. - ხელები ჩასჭიდეს და თავსხმა წვიმაში სირბილით გაიქცნენ. - ეს ადგილი, არასოდეს შემიმჩნვია. - წვრილი ბამბუკების ხეივანს აკვირდებოდა ადა. - როგორ უცებ აცივდა, არადა ჯერ აგვისტოა. - ხელები შემოიჭდო მხრებზე. - მოდი აქ, - ხელები შემოხვია გეგამ, - როგორ მომწონს. - რა? - ეს ჩვენი სიმაღლეში სხვაობა, ჩემი პატარა კნუტი ხარ. - სულ რაღაც 19 სმ-ით ხარ მაღალი. მაღალ ქუსლიანებს ჩავიცმევ და გავაბათილებ დიდ სხვაობას. - აჰ, მე გეუბნები, მომწონსთქო და შენ „გავაბათილებო“? ჩემი კნუ-ტი ხარ! - ნელა დაიხარა, სველ თმებში ნაზად შეუცურა თითები, ვნებით და სიყვარულით დაბინდული თვალები ადას ლურჯ თვალებს მიაპყრო და წითელ ტუჩებს ნაზად შეახო ბაგეები. - მიყვარხარ... და არ დავიღლები იმის თქმით, რომ მადლობა, მადლობა, რომ შეზღუდვებისგან გათავისუფლდი და ჩემს სამყაროში შემოიჭერი...არ შეგაწუხებ, ტვირთად არ დაგაწვები, ოღონდ გთხოვ ჩემგან არ გაიქცე!... - გპირდები, რომ არ გავიქცევი... და შენც არ გამიშვა ხელი... თუმცა სიმართლე გითხრა ძალიან ვნერვიულობ, შეგვიძლია კი მართლა ერთად ყოფნა? - შეგვიძლია! რადგან დღეიდან ჩვენი გზები გაერთიანდნენ და ერთ ნაწილად იქცნენ. ახლა კი წავიდეთ, წვიმამ გადაიღო. ორივე დავსველდით და არ გავცივდეთ. - კარგი. წავედი მაშინ. - მოიცა, სად მიდიხარ? - სახლში, სად უნდა მივდიოდე? - ჩემთან უნდა წავიდეთ და ვახაროთ ეს ამბავი. - დღესვე უნდა ვუთხრათ? - და დასამალი რა გვაქვს? - ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დროის შერჩევა, რომ ის სწორად განვითარდეს. ახლა კი ის დროა, ამიტომ ჩამჭიდე ხელი და ჩვენი სიყვარულით სხვებიც გავახაროთ. - გახარებულმა ადამ ხელი გაუწოდა გეგას და ბედნიერები ფეხით დაადგნენ სახლისკენ მიმავალ გზას. *** ერთხელ მკითხეს რას არ აპატიებო? რას? შეიძლება ყველაფერი აპატიო ადამიანს, მაგრამ მერე მასთან კავშირი გაწყვიტო. რატომ? იმიტომ, რომ ისევ არ გატკინოს, ისევ არ გაიმეოროს იგივე შეცდომა... იოლია ადამიანს გული ატკინო, პატიებაც იოლია თითქოს... მაგრამ შიში იგივე განცდის უფრო მწარეა, რადგან სამწუხაროდ, ადამიანები არ იცვლებიან! თუ ერთხელ აპატიებ, ორჯერ, სამჯერ... მერე ამას ეჩვევიან და ყოველ ჯერზე, როცა გტკენენ, ფიქრობენ, რომ ისევ აპატიებ, იმას კი ვერ ხვდებიან თითოეული პატიება რა ემოციად დაგიჯდა, რა გადაიტანე და როგორ... ამიტომაცაა, როცა ვპატიობ, თან მივდივარ... - დედა, დედი... - მომაკვდავი დედის სასთუმალთან ჩაიმუხლა და ხელები ჩაიბღუჯა ანამ, - აი, ჩამოვფრინდი, მოვედი... - ანა... - უსიცოცხლო მზერა შეავლო აღელვებულ შვილს. - რა კარგია, რომ ჩამოხვედი, ახლა ვიცი, რომ მალე დავტოვებ ამწუთისოფელს. - რას ამბობ, ნუ ამბობ მაგას. შენ კიდევ იცოცხლებ. - მე ისედაც ბევრი ვიცხოვრე, იმ ცოდვის შემდეგ რაც შენს მიმართ ჩავიდინე. - არაუშავს... არ იფიქრო... - არა, სიკვდილის წინ ეს ცოდვა უნდა მოვინანიო, ჩემი სული შენს მოსვლას ელოდა... - კარგი, გისმენ... - ხელებზე ეფერებოდა დედას. - შენი გოგონა ცოცხალია, მე ის გავაშვილე, მისთვის დარქმეული სახელი არ შეუცვლიათ და იმედია იპოვი... - ბოლო სიტყვებთან ერთად ღრმად ამოისუნთქა და თვალები ჭერს გაუშტერა. - არა, არა... - ცივად უშვა ჯერ კიდევ დედის თბილ ხელებს... - არაა... - თავში იშენდა ხელებს და ხმამაღლა გაჰკიოდა ანა. ხმაურზე ოჯახის წევრები შემოვარდნენ საძინებელში. - რა ხდება? - მივარდა ფერდაკარგულ მეუღლეს დათო. - აქედან წამიყვანე, აქედან წამიყვანე. სუნთქვა მეკვრის, არააა... - მთელი ძალით გულში ირტყამდა მუშტებს ანა. - აღარ მეტყვი რა მოხდა? - ავტომობილი წყალტუბოს გზაზე გააჩერა დათომ. - დათო... - სული ძლივს ამოითქვა ანამ, ცრემლები კი წვიმასავით მოედინებოდა მის გაცრეცილ ღაწვებზე, - იცი დედამ? დედა არის ღირს, რომ დავუძახო?! ასეთი რა დაუშავა ჩვენმა სიყვარულმა? ასე რამ გააბოროტა? ასე რატომ გაგვწირა? მთელი ახალგაზრდობა, რომ გაგვიმწარა? მაგრამ იქნებ ახლა მაინც, ცოტა ხნით მაინც ვიპოვოთ სულის სიმშვიდე? როცა ჩვენს გოგონას ვიპოვით... ჰა? - რას ამბობ? რა-რა რაზე ლაპარაკობ? - გაფითრდა დათო. - სიკვდილის ბოლო წუთებამდე მითხრა, რომ ჩვენი შვილი, ჩვენი გოგონა გაუშვილებია... - ძლივს ამოისუნთქა, - აჰ, რას ვამბობ... მგონი ვგიჟდები... ისეთი გრძნობა მაქვს, ენით აღუწერელი, ბედნიერიც ვარ და უბედურიც... ჩვენ მიგვიღებს კი ჩვენი შვილი? იქნებ ჰგონია, რომ მივატოვეთ? ან იქნებ საერთოდ არ იცის, რომ აყვანილია? აჰ, ჩემი გოგო, ჩემი პრინცესა... მუდამ ვლოცულობდით მისი სულისთვის, რადგან მოუნათლავი გარდაიცვალა და ვწუხდით... არადა, თურმე დედა, არ ჰქვია, ალბათ ბოროტი დედინაცვალი უფრო შეეფერება ჩვენი ცხოვრების ასე დანაკუწებისთვის, დაჩეხისთვის, არევისთვის... მაპატიე, მაპატიე, რომ არადამიანი დედაჩემის გამო, შენც უამრავი ტკივილი გადაიტანე... - არ თქვა ეგ, არ გაიმეორო... უბრალოდ, არ ვიცი რა ვქნათ? რა მოვიმოქმედოთ? ანუ, ანუ ასე გითხრა? რომ გავაშვილეო? - ემოციებ არეული ძლივს ლაპარაკობდა დათო. - კი, არც სახელი შემიცვლია და არც დაბადების თარიღი, თვე და წელიო. - აკანკალებული ხელი ჩასჭიდა მეუღლეს. - ანა, ანა... - სახე დაუკოცნა მეუღლეს დათომ. - თუ ჩვენ ჩვენს შვილს ვიპოვით, ყველა ტკივილი გაქარწყლდება. - რომ არ მიგვიღოს? - მოიცა, წინასაწარ ნუ ვინერვიულებთ, როცა დრო მოვა მაშინ ვინერვიულოთ ან იქნებ არც გვაქვს სანერვიულო და ჩვენი შვილი გვეძებს და გველოდება? როცა ვიპოვით, შევხვდებით, დაველაპარაკებით... არ ვიცი რაზე ვსაუბრობ... მგონია რომ რეალურ სიზმარში ვარ... ნუთუ მართალია? იქნებ, იქნებ ისევ მოგვატყუა? - სასოწარკვეთილება გაისმა დათოს ხმაში. - არ ვიცი, ერთიანად დავიშრიტე... არაფრის ძალა არ მაქვს... სრული შოკი... ისიც კი არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო, როგორ უნდა მოვიქცეთ? დათუნა, როგორი სასწაული იქნება, რომ ვიპოვოთ? ვიპოვოთ და მიგვიღოს... - ტირილი აუვარდა ანას. - შენი ძმა რეკავს. - არა, არ უპასუხო... ვიცი გვეტყვის, მოდით „დედა“ გარდაიცვალაო... აჰ, დედა? არა, როგორ შეიძლება ქალმა ასეთი რამ იკადროს? როგორ შეიძლება საკუთარ შვილს დედობის უფლება წაართვას, როგორ შეიძლება ასე ამაზრზენად მოიქცეს ქალი? მე ვინ ვიყავი მისთვის? ასე როგორ ვძულდი? ახლა იქ მივიდე და ჭირისუფლად დავჯდე? დავიტირო ის ქალი, რომელმაც დედობის უფლება წამართვა? ქალმა, რომელმაც ცოცხალ შვილზე მატირა? რომელმაც ბედნიერი წუთები, რომლებიც ჩვენს შვილთან უნდა შეგვექმნა, წაგვართვა? როგორი ადამიანი ყოფილა? ასე, ასე უცხო არ მოექცევა სხვას, მე კი , მე კი საკუთარმა დედამ რა გამიკეთა? 23 წელი, 23 წელი გლოვაში მამყოფა და აჰ... მძულს, მეზიზღება... - ბოლო ხმაზე დაიყვირა ანამ. - არავინ, არავინ მოვიდეს ჩემთან... არავინ მთხოვოს პატიება... არავინ მთხოვოს!!! არ მივიღებ! არა! არ მინდა უფრო საცოდავი გავხდე... არა! ახლა ძალები უნდა მოვიკრიბო... უნდა შევძლო, უნდა ვიპოვო... მის წინ მუხლმოდრეკილმა ვიფორთხო და პატიება ვთხოვო, ვევდრო, რომ გამიგოს. უნდა იცოდეს, რომ ის დედას არ მიუტოვებია, არ გაუყიდია! რომ მასზე განუწყვეტლივ ვფიქრობდით... მის დაბადების დღეს, რომ მუდამ ავღნიშნავდით... არა, არა... ეს უნდა შევძლოთ, დათუნა. ჩვენი პრინცესა უნდა ვიპოვოთ... - ვიპოვით, აუცილებლად, ვიპოვით. - გულთან მიიკრა ცოლი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.