ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი VIII
თავი მერვე შხამ-წამლების ოსტატი — აგე, შეხედე! — სად არის? — წითელთმიანი მაღალი ბიჭის გვერდით. — სათვალე რომ უკეთია? — ხედავ სახეს? — ნაიარევს ვერ ამჩნევ? მეორე დილით ჰარი ბიჭების საძინებლიდან გამოვიდა თუ არა, საითაც ნაბიჯი გადაადგა, ყველგან მსგავსი ჩურჩული ესმოდა. საკლასო ოთახებთან შეჯგუფებული ბავშვები თითისწვერებზე დგებოდნენ, რომ კარგად დაენახათ, ან დერეფნებში აუვლ-ჩაუვლიდნენ ხოლმე და მისჩერებოდნენ. ჰარის ისედაც უჭირდა თავისი საკლასო ოთახის პოვნა და ეს ყურადღება უარესად აბნევდა. ჰოგვორტსში ას ორმოცდაორი სულ სხვადასხვანაირი კიბე იყო: ზოგი — განიერი და მოძრავი, ზოგი — ვიწრო და მორყეული. იყო ისეთი კიბეებიც, რომლებიც პარასკევ დღეს სულ სხვაგან მიგიყვანდა, ვიდრე სხვა დღეებში. ზოგს შუა გზაში საფეხური უქრებოდა და უნდა გცოდნოდა, რომ ამ ადგილას გადახტომა იყო საჭირო. ახლა კარებს არ იკითხავთ?! ერთი მხოლოდ მაშინ გაიღებოდა, თუ ზრდილობიანად სთხოვდი; მეორეს საგანგებო ადგილი ჰქონდა და, მაინცდამაინც, იქ უნდა შეხებოდი. ზოგი მხოლოდ ჰგავდა კარს, სინამდვილეში, კედელი იყო, მეტი არაფერი. ყველა— ფერი მოძრაობდა, ადგილს იცვლიდა და, აბა, როგორ უნდა გხსომებოდა, სად რა იყო. პორტრეტებზე გამოსახული ადამიანები ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ. ჰარი დარწმუნებული იყო, რომ რკინის აბჯრებსაც შეეძლოთ სიარული. მოჩვენებები ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდნენ. გული გაგისკდებოდა, როცა კარის გაღებას ცდილო ბდი და უცებ იქიდან რომელიმე მათგანი გამოსხლტებოდა. ერთადერთი თითქმის უთავო ნიკი იყო, რომელიც სიამოვნებით ეხმარებოდა ახალ გრიფინდორელებს სწორი გეზის აღებაში. პოლტერგეისტი პივსი ხომ გამოცანა კიბესა და ორმაგად ჩარაზულ კარებზე უარესი ბრძანდებოდა, თუ მაშინ გადაეყრებოდი, როცა გაკვეთილზე გაგვიანდებოდა, თავზე ქაღალდების სანაგვე კალათას ჩამოგაცვამდა, ფეხქვეშ ხალიჩას გამოგაცლიდა, ცარცით დაგბომბავდა; ან უჩინრად მოგეპარებოდა, ცხვირში ხელს ჩაგავლებდა და ყვიროდა: — აჰა, დაგიჭირე! პივსზე აუტანელი იყო დარაჯი არგუს ფილჩი. ჰარი და რონი პირველსავე დღეს მის შავ სიაში მოხვდნენ. ფილჩმა მათ იმ დროს მიუსწრო, როდესაც შეცდომით მესამე სართულის აკრძალულ დერეფანში გამავალი კარის გაღებას ცდილობდნენ. ფილჩმა, რასაკვირველია, არ დაიჯერა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. კიდევ კარგი, ამ დროს პროფესორმა ქვირელმა გამოიარა და ბიჭები დაიხსნა, თორემ მიწისქვეშა დილეგში უპირებდა ჩამწყვდევას. ფილჩს გაძვალტყავებული, ჭუჭყისფერი კატა ჰყავდა — მისის ნორისი, პატრონივით გადმოკარკლულთვალე ბიანი. დერეფანში მარტოკა პატრულირებდა. საკმარისი იყო, რაიმე დაგეშავებინა, თუნდაც ერთი გოჯით გადასცდენოდი დადგენილ საზღვარს, რომ გავარდებოდა და თვალის დახამხამებაში ფილჩს დაგაყენებდა თავზე. ფილჩზე უკეთ არავინ იცოდა ამ სკოლის საიდუმლო გზები (თუ არ ჩავთვლით ტყუპ უისლებს) და სადაც უნდა ყოფილიყავი, მოჩვენებასავით მოულოდნელად გაჩნდებოდა შენ გვერდით. ფილჩი ყველა მოსწავლეს სძულდა, ხოლო მისის ნორისისათვის ლაზათიანი წიხლის ამოკვრა მრავალი მათგანის სანუკვარი ოცნება იყო. საკლასო ოთახს თუ როგორმე იპოვიდი, მერე გაკვეთილებზე უნდა გემტვრია თავი. ჰარი მალე მიხვდა, რომ ჯადოქრობისთვის სულაც არ არის საკმარისი მხოლოდ ჯადოსნური ჯოხის გაქნევა და უცნაური სიტყვების ბუტბუტი. ოთხშაბათობით, შუაღამისას, ტელესკოპების მეშვეობით აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ღამის ცას, ვარსკვლავთა სახელწოდებებსა და პლანეტების მოძრაობას. კვირაში სამჯერ ციხე-კოშკის უკან მოწყობილ სათბურში ჰერბოლოგიის გაკვეთილები უტარდებოდათ. ქალბატონი სპრაუტი, დაბალი, პირქუში ჯადოქარი, ასწავლიდა, როგორ უნდა მოპყრობოდნენ უცხო მცენარეებსა და სოკოებს; უხსნიდა მათ თვისებებსა და დანიშნულებას. ყველაზე მოსაწყენი მაგიის ისტორია იყო, ერთადერთი საგანი, რომელსაც მოჩვენება ასწავლიდა. პროფესორი ბინსი ღრმად მოხუცი ყოფილა, როდესაც სამასწავლებლოში, ბუხართან ჩასძინებია და მეორე დილით გაკვეთილზე შესულს გამოურკვევია, რომ სხეული ბუხართან დარჩენოდა. ბინსი მონოტონურად, გაბმულად კითხულობდა ლექციას. სახელებისა და თარიღების ჩაწერას ძლივს ასწრებდნენ, ერთმანეთში ერეოდათ ემერიკ თარსი და ურიკ შერეკილი. შელოცვებისა და ჯადოსნური სიტყვების მასწავლებელი ერთი ნამცეცა ჯადოქარი პროფესორი ფლიტვიკი იყო. პროფესორი წიგნების გროვაზე დგებოდა, რომ კათედრამდე ამაღლებულიყო. პირველი გაკვეთილი სიის ამოკითხვით დაიწყო. ჰარის გვართან რომ მივიდა, აღელვებულმა რაღაც დაიჭყივლა და კათედრის უკან გადაყირავდა. პროფესორი მაკგონაგელი არავის არ ჰგავდა. ჰარი არ შემცდარა, პირველ დღეს რომ იფიქრა, ამასთან სიფრთხილეა საჭიროო. ჭკვიანი ქალი იყო, თან ძალიან მკაცრი. პირველივე გაკვეთილზე კლასს განუცხადა: — ტრანსფიგურაცია მაგიის ურთულესი და ყველაზე სახიფათო. სფერო გახლავთ, ამით განსხვავდება სხვა დანარჩენი საგნებისაგან, რომლებსაც ჰოგვორტსში ასწავლიან. ვინც ხელს შემიშლის, იცოდეთ, სამუდამოდ დატოვებს კლასს. მე გაგაფრთხილეთ! ამის შემდეგ თავისი მაგიდა ჯერ ღორად გადააქცია, მერე ისევ მაგიდად გადმოაქცია, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ყველას მოუნდა, დაუყოვნებლივ იგივე გაემეორებინა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ავეჯის ცხოველად გადაქცევას კიდევ კარგა ხანს ვერ მოახერხებდნენ. მას შემდეგ, რაც დეტალურად ჩაიწერეს ამ ურთულესი პროცესის თეორიული აღწერა, პროფესორმა მაკგონაგელმა თითო ასანთის ღერი ჩამოურიგა ყველას და უთხრა, ნემსად აქციეთო. გაკვეთილის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჰერმიონ გრეინჯერი ერთადერთი იყო, ვინც ასანთის ღერს რაღაც მოუხერხა. პროფესორმა მაკგონაგელმა მთელ კლასს უჩვენა, როგორი წვეტიანი და ვერცხლისფერი გახდა ასანთის ღერი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჰერმიონს გაუღიმა კიდეც. ბნელი ძალებისგან თავდაცვის საგანს ყველა დიდი ცნობისმოყვარეობით ელოდა, მაგრამ ქვირელის გაკვეთილს ოხუნჯობის ელფერი დაჰკრავდა და ცოტა არასერიოზულად გამოიყურებოდა. ოთახი ნივრის სუნად ყარდა. ამბობდნენ, რუმინეთში რომ ვამპირს გადაეყარა, ამ დღეებში იმის დაბრუნებას ელოდება და თავს ამგვარად იცავსო. ჩალმაზე თქვა, ეს ერთმა აფრიკელმა პრინცმა მაჩუქა მადლობის ნიშნად, რადგან საშინელი ზომბისგან დავიხსენიო, თუმცა ეს ამბავი კლასში არავინ დაიჯერა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როცა სიმუს ფინიგანმა იკითხა, ზომბი როგორ დაამარცხეთო, ქვირელს სახე შეეფაკლა, სიტყვა ბანზე აუგდო და ამინდზე დაიწყო საუბარი; თანაც, შეამჩნიეს, რომ ის უცნაური სუნი ჩალმას ასდიოდა და ტყუპი უისლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, ნივრით აქვს გამოტენილი, რომ სადაც წავა, ყველგან დაცული იყოსო. მალე ჰარი მიხვდა, რომ სხვებზე ჩამორჩენილი არ იყო, და დაწყნარდა. უამრავი ბავშვი იყო მაგლების ოჯახიდან, რომლებსაც ადრე, ჰარისი არ იყოს, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ჯადოქრები იყვნენ. სასწავლი ბევრი იყო და რონისნაირებსაც კი ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ, ჰარისა და რონისთვის პარასკევი ღირსშესანიშნავი დღე აღმოჩნდა — მათ უშეცდომოდ იპოვეს დიდი დარბაზი და საუზმეზეც ისე მივიდნენ, რომ გზა ერთხელაც არ არევიათ. — დღეს რა გვაქვს? — იკითხა ჰარიმ და შვრიის ფაფაზე შაქრის სიროფი მოასხა. — შხამები გვაქვს, სლიზერინთან გაერთიანებული გაკვეთილი, — უპასუხა რონმა, — მაგათი კლუბის ხელმძღვანელი სნეიპია. ამბობენ, ძალიან სწყალობს თავის მოსწავლეებს და ყველაფერში ხელს უწყობსო. ვნახოთ ერთი. — ნეტავ მაკგონაგელიც გვწყალობდეს, — ინატრა ჰარიმ. გრიფინდორს პროფესორი მაკგონაგელი ხელმძღვანელობდა და სწორედ გუშინ უამრავი საშინაო დავალება მისცა მოსწავლეებს. ფოსტა მოვიდა. ჰარი ამას უკვე მიეჩვია. პირველ დღეს კი, ცოტა არ იყოს შეშინდა, საუზმეზე, დიდ დარბაზში მოულოდნელად ასობით ბუ რომ შემოფრინდა, რომლებიც პატრონებს ეძებდნენ, შემდეგ კი კალთაში წერილებს და ამანათებს უყრიდნენ. ჰედვიგს ჰარისთვის არაფერი არ მოჰქონდა. ზოგჯერ ისე შემოფრინდებოდა ხოლმე, ყურის ბიბილოს მოწიწკნიდა, შებრაწულ პურს ერთი-ორჯერ ჩაუნისკარტებდა და სხვებთან ერთად გაფრინდებოდა სკოლის საბუეში დასაძინებლად. ამ დილით კი პირდაპირ მაგიდაზე დაჯდა სამურაბესა და საშაქრეს შორის და ჰარის ზედ თეფშზე დაუდო წერილი. ჰარიმ სასწრაფოდ გახსნა. ქაღალდზე ბატიფეხურით ეწერა: „ძვირფასო ჰარი ვიცი, შე6 პარასკეობით ნაშუადღევს თავისუფალი ხარ. ხომ არ მესტუმრებოდი, ასე, სამი საათისთვის. რომ ჩაი დაგველია? თან ყველაფერი მაინტერესებს. რაც პირველი კვირის განმავლობაში მოხდა, პასუხი ჰედგიგს გამოატანე. ჰაგრიდი“. ჰარიმ რონს ფრთა სთხოვა, წერილს უკანა მხარეს მიაწერა: „დიახ, გმადლობ, სიამოვნებით მოვალ“ და ჰედვიგს გაატანა. კიდევ კარგი, რომ ჰაგრიდთან ჩაის სმა ელოდა, თორემ შხამ-წამლების გაკვეთილზე ისეთი საშინელი ამბები დატრიალდა, რომლის მსგავსი ჰარის %ერ არ შეხვედროდა. სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავ ბანკეტზე ჰარიმ გაიფიქრა, პროფესორ სნეიპს რაღაც არ მოვწონვარო. ახლა კი, შხამ-წამლების გაკვეთილზე, მიხვდა, როგორ ცდებოდა: სნეიპს ჰარი არ მოსწონდა კი არა, სძულდა! სნეიპის საკლასო ოთახი მიწისქვეშა ჯურღმულში მდებარეობდა, ამიტომ იქ აუტანლად ციოდა. უსიამოვნო შეგრძნებას ისიც ამძაფრებდა, რომ ყველა კედელი მინის ქილებში მოლივლივე დასპირტული ცხოველებით იყო მოფენილი. სნეიპმა, ფლიტვიკის მსგავსად, ჟურნალის ამოკითხვით დაიწყო გაკვეთილი და ფლიტვიკივით ჰარის გვარზე შეჩერდა. — ო, დიახ, — წარმოთქვა რბილად, — ჰარი პოტერი, ჩვენი ახალი ვარსკვლავი. დრაკო მალფოიმ და მისმა ძმაბიჭებმა, კრაბმა და გოილმა, პირზე ხელი აიფარეს და ჩაიხითხითეს. სნეიპმა სიის ამოკითხვა დაასრულა და კლასს გადახედა. თვალები ჰაგრიდივით შავი ჰქონდა, მაგრამ სითბოს ნიშანწყალიც არ ეტყობოდა, სიცივისა და სიცარიელის გამო ორ ბნელ ხვრელს მიუგავდა. — ჩვენ აქ იმისათვის ვიმყოფებით, რომ შევისწავლოთ მეტად დახვეწილი და ზედმიწევნით ზუსტი მეცნიერება — წამლის მომზადება, — სნეიპი თითქმის ჩურჩულით საუბრობდა, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა მკაფიოდ ისმოდა. პროფესორ მაკგონაგელის მსგავსად, მშვენივრად ეხერხებოდა, მთელი კლასის ყურადღება მიეპყრო: — რაკი თქვენ ჩემთან ვერ ნახავთ ჯოხის სულელურ ქნევას, შესაძლოა, ბევრმა ვერც დაიჯეროს, რომ ეს ჯადოქრობაა. თუმცა, განა შემიძლია, ყველას მოვთხოვო, შეიგრძნოს მთელი სიმშვენიერე ნაზად მოჩუხჩუხე ქვაბისა, ციმციმა ოხშივარი რომ ასდის. ანდა, აღიქვას შემპარავი, უმართავი და უსაზღვრო ძალა სითხისა, ადამიანის სისხლძარღვებს რომ დაუვლის და მოაჯადოვებს გონებას, შებოჭავს გრძნობებს... მე შემიძლია, გასწავლოთ, როგორ ჩამოასხათ წამლის შუშებში პატივმოყვარეობა, მოადუღოთ სახელი და დიდება, ბოთლში მოაქციოთ თავად სიკვდილი... რა თქმა უნდა, თუ თქვენ არა ხართ ისეთი ხისთავიანები, როგორიც აღმოჩნდება ხოლმე მოსწავლეთა უმეტესობა, ამ გამოსვლას სიჩუმე მოჰყვა. ჰარიმ და რონმა წარბები ასწიეს და ერთმანეთს გადახედეს. ჰერმიონ გრეინჯერი სკამის კიდეზე დაძაბული იჯდა და ერთი სული ჰქონდა, დაემტკიცებინა, არა ვარ ხისთავიანიო. — პოტერ! — სნეიპმა მოულოდნელად ჰარის მიმართა: — აბა, მიპასუხეთ, რას მივიღებთ, თუკი ასფოდელის დაფქულ ფესვს ჩავუმატებთ აბზინდის ნაყენს? „რის დაფქულ ფესვს, რის ნაყენში?“, ჰარიმ რონს გახედა. ისიც ისევე დაბნეული ჩანდა, როგორც ჰარი. ჰერმიონ გრეინჯერის ხელი ჰაერში აიჭრა. — არ ვიცი, სერ! — უპასუხა ჰარიმ. სნეიპმა ირონიულად გაიღიმა. — ნწუ, ნწუ, ნწუ, სახელგანთქმულობა ყველაფერს როდი ნიშნავს. სნეიპმა ჰერმიონის ხელს ზედაც არ შეხედა. — მოდით, კიდევ ვსინჯოთ: აბა, მითხარით, პოტერ, მე რომ დაგავალოთ, ბეზოარი მომიტანეთ მეთქი, სად მოძებნით? ჰერმიონმა იმ სიმაღლეზე ატყორცნა ხელი, სადამდეც შეეძლო. ჰარის კი ნამდვილად არ ჰქონდა წარმოდგენა, რა იყო ეს ბეზოარი. ჰარიმ თავს ძალა დაატანა, რომ მალფოის, კრაბისა და გოილისაკენ არ გაეხედა, რომლებიც სიცილით იხოცებოდნენ. — არ ვიცი, სერ. — სკოლაში ისე მობრძანდით, რომ წიგნის გადაშლა არც გიფიქრიათ, არა პოტერ? ჰარიმ ძალა მოიკრიბა და ორ ცივ ხვრელს მზერა გაუსწორა. შინ თითქმის ყველა წიგნი გადაიკითხა, მაგრამ სნეიპს რა, უნდოდა, რომ ჰარის „ათასი ჯადოსნური მცენარე და სოკო“ ზეპირად ესწავლა? სნეიპი კვლავ არ აქცევდა ყურადღებას ჰერმიონის მოქანავე ხელს, — იმასაც ვერ მეტყვით, პოტერ, რა განსხვავებაა ტილჭირსა და აკონიტს შორის? ჰერმიონი მოუთმენლობისაგან წამოხტა და ხელს ლამის ჭერს ურტყამდა. — არ ვიცი, სერ, — თქვა ჰარიმ წყნარად, — მაგრამ ვფიქრობ, ჰერმიონმა იცის. იქნებ მას ჰკითხოთ. ვიღაცებმა გაიცინეს. ჰარი სიმუსის მზერას წააწყდა, სიმუსმა თვალი ჩაუკრა. სნეიპს პასუხი არ მოეწონა. — დაჯექი, — უკმეხად უთხრა ჰერმიონს და კვლავ ჰარის მოუბრუნდა: — ცნობისათვის, პოტერ, ასფოდელი და აბზინდა ერთად უძლიერეს საძილე საშუალებას გვაძლევს, რომელსაც ცოცხალი სიკვდილის წამალი ეწოდება. ბეზოარი კენჭია, მას თხის კუჭიდან ვიღებთ და ცნობილი შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა. ხოლო ტილჭირი და აკონიტი ერთი და იგივე მცენარეა. გასაგებია?! რატომ არ იწერთ ამას ყველანი? აშრიალდა პერგამენტი, აწრიპინდა ბატის ფრთა. ამ ხმაურში ყველას მისწვდა სნეიპის მშვიდი ხმა: — თქვენი თავხედური პასუხისთვის, პოტერ, გრიფინდორს ერთ ქულას ვაკლებ! თეორიიდან პრაქტიკაზე რომ გადავიდნენ, გრიფინდორმა ვერც მერე გამოიჩინა თავი. სნეიპმა მოსწავლეები წყვილ-წყვილად დასხა და მარტივი წამლის, ძირმაგარების მოსაშუშებელი მალამოს მომზადება დაავალა. თვითონ აქეთ-იქით დადი ოდა შავი მოსასხამის შრიალით და აკვირდებოდა, ვინ როგორ წონიდა გამხმარ ჭინჭარს ან როგორ ნაყავდა გველის კბილებს. მალფოის გარდა, რომელიც აშკარად ძალიან მოსწონდა, ყველას ყველაფერს უწუნებდა. უფრო მეტიც, ამბობდა, ნახეთ, რა ოსტატურად მოხარშა მალფოიმ საცეცებიანი ლოქორაო. სწორედ ამ დროს საშინელი შიშინი გაისმა და უეცრად მწვანე ბოლი ავარდა. რა გაუკეთა ნევილმა სიმუსის ქვაბს, თვითონაც ვერ გაიგო, მაგრამ ქვაბი დადნა, იქიდან ძირს ბლანტი სითხე გადმოიღვარა და ვისაც მისწვდა, ფეხსაცმელი გამოუწვა. ერთ წამში მთელი კლასი სკამებზე იდგა. წამლით გაწუწული ნევილი კი ტკივილისგან კვნესოდა, ხელ-ფეხზე წითელი ძირმაგარები მოსდებოდა. — იდიოტო! — იღრიალა სნეიპმა და ჯოხის გაქნევით დაღვრილი საწამლავი გააქრო, — ჯერ ქვაბი უნდა გადმოგედგა ცეცხლიდან და მაჩვზღარბას ეკლები მერე ჩაგეყარა! ნევილი საცოდავად ტიროდა, ძირმაგარები კი უკვე ცხვირზე უჩნდებოდა. — წაიყვანეთ საავადმყოფო ფლიგელში, — შეუღრინა სნეიპმა სიმუსს, მერე ჰარის და რონს მიუბრუნდა, რომლებიც ნევილის გვერდით ისხდნენ, — პოტერ, შენ რატომ არ უთხარი, რომ მაჩვზღარბას ეკლები არ უნდა ჩაეყარა? თუ გგონია, სხვა რომ შეცდება, შენ ამით უკეთესი გამოჩნდები? შენ გამო გრიფინდორს კიდევ ერთ ქულას ვაკლებ! ჰარიმ გადაწყვიტა, ეპასუხა ამ უსამართლო ბრალდებაზე, მაგრამ ის იყო პირი გააღო, რომ რონმა ჩუმად დაქაჩა. — ნუ გააღიზიანებ, არ გინდა, — ჩაუჩურჩულა, — სნეიპს შეუძლია, ათასი სისაძაგლე დაგმართოს. ერთი საათის შემდეგ, როცა საკლასო სარდაფიდან ამოვიდნენ ჰარი ცუდ გუნებაზე იყო, რადგან გრიფინდორმა მის გამო პირველ. სავე კვირაში ორი ქულა დაკარგა. თან არ ასვენებდა ფიქრი, სნეიპს ასე ძლიერ რატომ ვძულვარო. — არ იდარდო, — დაამშვიდა რონმა, — იცი, სნეიპი ფრედს და ჯორჯსაც სულ ქულებს აკლებს. შეიძლება, ჰაგრიდთან მეც წამოვიდე? სამს უკლდა ხუთი წუთი, როცა ისინი ციხე-კოშკიდან გამოვიდნენ, ჰაგრიდი აკრძალული ტყის პირას ცხოვრობდა, ხის პატარა სახლში, კართან მშვილდ-ისარი ეკიდა და კალოშები ეწყო. ჰარიმ დააკაკუნა, შიგნიდან კარზე ფხაჭუნი ატყდა და ხმამაღალი ყეფა გაისმა, რასაც ჰაგრიდის ხმა მოჰყვა: — უკან, ფენგ, უკან! კარი ოდნავ გაიღო და ჰაგრიდის გაჩეჩილი თავი გამოჩნდა. — შემოდით. ფენგ, გადი იქით! ჰაგრიდი უზარმაზარ შავ ძაღლს საყელურით იჭერდა და ძლივს იმორჩილებდა. ერთადერთი ოთახის ჭერში ხოხბები და შებოლილი ღორის ბარკლები ეკიდა. ცეცხლზე შემოდგმული სპილენძის ჩაიდანი უკვე დუღდა. კუთხეში ვეებერთელა საწოლი იდგა და ზედ ნაკუწებისგან შეკერილი, დალიანდაგებული საბანი ეფარა. — თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში, — თქვა ჰაგრიდმა და ფენგი აუშვა, ისიც მაშინვე რონს ეცა და ყურების ლოკვა დაუწყო. ეს ძაღლიც პატრონივით ბევრად უფრო კეთილი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. — ეს რონია, — გააცნო ჰარიმ თავისი მეგობარი. ჰაგრიდმა ჩაი დაასხა, გამხმარ-გაქვავებული ნამცხვარი თეფშებზე დააწყო და რონს შეხედა. — კიდევ ერთი უისლი, — გაიცინა ჰაგრიდმა. — ჩემი ცხოვრების ნახევარი შენი ტყუპი ძმების ტყეში დევნას მოვანდომე. ნამცხვარმა კინაღამ კბილები მოამტვრია ორივეს, მაგრამ არ შეიმჩნიეს, ისე მიირთმევდნენ, თითქოს ძალიან მოეწონათ, თან სკოლის ამბებს ყვებოდნენ. ფენგმა ახლა ჰარის მუხლებზე დაადო თავი და მთელი ტანისამოსი დაუდორბლა. ჰარის და რონს გაუხარდათ, როცა ჰაგრიდმა ფილჩს „ბებერი ნაძირალა“ უწოდა. — და კიდევ ის კატა, მისის ნორისი. ერთხელაც იქნება, იმ ქალბატონს ჩემს ფენგს გავაცნობ. სკოლაში შემოვალ თუ არა, მაშინვე კუდში ამედევნება. ძალიანაც რო გინდოდეს, ვერ მოიცილებ. ფილი მომიქსევს ხოლმე: ჰარიმ წვრილად უამბო, რაც სნეიპის გაკვეთილზე მოხდა. რონისა არ იყოს, ჰაგრიდმაც ურჩია, ყურადღებას ნუ მიაქცევ, მაგას საერთოდ არავინ არ მოსწონსო. — არ მოვწონვარ კი არა, საშინლად ვძულვარ. — სისულელეა, რატომ უნდა სძულდე?! მაგრამ ჰარიმ იგრძნო, რომ ჰაგრიდმა, როცა ეს თქვა, მზერა აარიდა. — შენი ძმა ჩარლი რას შვრება? — ჰაგრიდი ახლა რონს მიუბრუნდა: — ცხოველები უყვარდა და ამის გამო ყოველთვის მომწონდა. ჰარიმ იფიქრა, თემა განგებ შეცვალაო. სანამ რონი თავისი ძმის ამბებს ყვებოდა, ჰარიმ მაგიდიდან გაზეთის ამონაჭერი აიღო, რომელიც ჩაიდანზე ჩამოსაცმელი შალითის ქვეშ ამოედო ჰაგრიდს. „დილის მისანი“ წერდა: თავდასხმა გრინგოტსის ბანკზე კვლავ გრძელდება მოკვლევა ფაქტზე, რომელიც 31 ივლისს გრინგოტსის ბანკში მოხდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დანაშაულის ჩამდენი უსათუოდ ბნელ ძალებში დახელოვნებული ჯადოქარია, რომლის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. გრინგოტსის გობლინები კატეგორიულად უარყოფენ მოსაზრებას, რომ თავდამსხმელმა რაიმე გაიტაცა. საიდუმლო საცავი, რომელშიც ბოროტმოქმედი შეიჭრა, უკვე ცარიელი იყო. რაც იქ ინახებოდა, სწორედ იმ დღეს გაეტანათ. „მაგრამ ჩვენ არ გეტყვით, თუ რა ინახებოდა იმ საცავში, და თქვენთვისვე უმჯობესია, ყველაფერში ცხვირი არ ჩაყოთ“, — განაცხადა გრინგოტსის პრესმდივანმა. ჰარის მოაგონდა, გრინგოტსის გაძარცვის ამბავი რონმა ჯერ კიდევ მატარებელში მითხრა, ოღონდ რიცხვი არ უთქვამსო. — ჰაგრიდ, — წამოიძახა ჰარიმ, — გრინგოტსი ჩემს დაბადების დღეზე გაუქურდავთ. ალბათ ჩვენ რომ იქ ვიყავით, მაშინ. ეჭვგარეშე იყო, ჰაგრიდმა ისევ აარიდა მზერა. სამაგიეროდ, ხელახლა შესთავაზა ხმელი ნამცხვარი. ჰარიმ ისევ გადაიკითხა ინფორმაცია: „საცავი, რომელშიც ბოროტმოქმედი შეიჭრა, უკვე ცარიელი იყო. რაც იქ ინახებოდა, სწორედ იმ დღეს გაეტანათ“... ეს ჰაგრიდმა დააცარიელა აკლდამა 713, თუკი დაცარიელება შეიძლება უწოდო ერთი ბინძური, პატარა შეკვრის აღებას. ნეტავ ქურდები იმას ხომ არ ეძებდნენ? სადილის დრომ მოაწია და ჰარი და რონი ციხე-კოშკისკენ გაემართნენ. ჰაგრიდმა ორივეს გამოუტენა ჯიბეები თავისი გაქვავებული ნამცხვრით, მათაც ხათრით უარი ვერ უთხრეს. ჰარი ფიქრობ. და, ჰაგრიდთან ჩაიზე მისვლამ მეტი თავსატეხი გამიჩინა, ვიდრე ყველა გაკვეთილმა ერთადო. ნუთუ ჰაგრიდმა ვიღაცას დაასწრო იმ შეკვრის აღება? ნეტავ სად იყო ახლა ის შეკვრა? და კიდევ, იქნებ ჰაგრიდმა რაღაც იცოდა სნეიპის შესახებ და არ სურდა, ჰარისთვის ეთქვა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.