შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XIII


5-07-2021, 10:17
ავტორი ცირაკო
ნანახია 9 264

თავი მეცამეტე ნიკოლას ფლამელი
დამბლდორმა ჰარი ისე დაარწმუნა, არ ღირს სილივრუს სარკის მოძებნაო, რომ უჩინმაჩინის მოსასხამმა მთელი საშობაო არდადეგები ჩემოდანში გაატარა.
ჰარის ძალიან უნდოდა, ასევე იოლად დაევიწყებინა ის, რაც სარკეში ნახა, მაგრამ ვერ შეძლო. პირიქით, კოშმარულ სიზმრებად ექცა. ყოველღამ ესიზმრებოდა საშინელი სცენა: ისმოდა ხმამაღალი, ბოროტი ხარხარი და მისი მშობლები კაშკაშა მწვანე შუქში ქრებოდნენ.
— ხომ ხედავ, დამბლდორს მართალი უთქვამს, ამ სარკემ შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს, — უთხრა რონმა, როცა ჰარიმ სიზმარი უამბო.
არდადეგების ბოლო დღეს დაბრუნებული ჰერმიონი სხვა კუთხით უდგებოდა ამ ყველაფერს. აღარ იცოდა, იმაზე უფრო ენერვიულა, რომ ჰარი სამ ღამეს ზედიზედ სადღაც დაბოდიალობდა („ფილჩს რომ დაეჭირე!”), თუ იმაზე, რომ ნიკოლას ფლამელის შესახებ ვერაფერი გაიგეს.
ბოლოს ბიბლიოთეკის წიგნებში ფლამელის პოვნის ყველა იმედი გადაეწურათ. თუმცა ჰარი მაინც დარწმუნებული იყო, რომ სადღაც წაეკითხა ეს სახელი. სწავლა დაიწყო და შესვენებებზე სამივენი ათათი წუთით ისევ ბიბლიოთეკაში დარბოდნენ. ჰარის დანარჩენებზე ნაკლებად ეცალა, რადგან უკვე ქვიდიჩის ვარჯიშებიც განახლდა. ვუდი ახლა უფრო მეტად ცდილობდა, გუნდი ფორმაში ყოფილიყო. თოვა გაუთავებელმა წვიმებმა შეცვალა, მაგრამ მის ენთუზიაზმს ესეც ვერ აცხრობდა. უისლები გუნდის კაპიტანზე ბუზღუნებდნენ, ფანატიკოსი გახდაო, მაგრამ ჰარი ვუდის მხარეზე იყო. შემდეგი მატჩი ჰაფლეპაფთან ჰქონდათ. მოგების შემთხვევაში სლიზერინს გაუსწრებდნენ, ჩემპიონები გახდებოდნენ და შვიდი წლის ნანატრი ოცნება ასრულდებოდა. ესეც რომ არ ყოფილიყო, ჰარი გრძნობდა, რაც უფრო დაღლილი
იძინებდა, მით ნაკლებად ესიზმრებოდა კოშმარები.
ერთხელ, ძალიან წვიმიან და ტალახიან დღეს, ვარჯიშის დროს ვუდმა ცუდი ამბავი მოიტანა. საშინლად გაბრაზდა, როცა დაინახა, უისლები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და თან — ვაიმე, ცოცხიდან ვვარდებიო! — მაიმუნობდნენ.
— მორჩით ახლა მაგ სისულელეს! — იღრიალა ვუდმა, — აი, სწორედ თქვენი ასეთი საქციელი წაგვაგებინებს თამაშს! ამჯერად სნეიპი იქნება მსაჯი და საბაბს არ გაუშვებს ხელიდან, რომ გრიფინდორს ქულები ჩამოაკლოს!
ამის გაგონებაზე ჯორჯ უისლი მართლა გადმოვარდა ცოცხიდან.
— სნეიპი იმსაჯებს?! — იკითხა ტალახით ცხვირპირმოთხუპნილმა, — როდის ყოფილა, ქვიდიჩზე ემსაჯოს? აუ, რას გვიზამს, სლიზერინს რომ ვაჯობოთ!
მთელი გუნდი ჯორჯის გვერდით დაეშვა მიწაზე და უკმაყოფილოდ აყაყანდა.
— მე რა ვქნა? — თქვა ვუდმა, — ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ის არის, რომ სუფთად ვითამაშოთ. არ მივცეთ სნეიპს საბაბი...
„კი ბატონო, საბაბს არ მივცემთ“, ფიქრობდა ჰარი, მაგრამ თვითონ მას სხვა მიზეზიც ჰქონდა, რის გამოც სნეიპის მსაჯად ყოფნა აშინებდა. ·
ვარჯიშის შემდეგ ყველანი ახალ ამბავზე მსჯელობდნენ. ჰარი კი სასწრაფოდ გრიფინდორის საერთო ოთახისაკენ გაეშურა, სადაც რონი და ჰერმიონი ჭადრაკს თამაშობდნენ. ჭადრაკი ერთადერთი რამ იყო, რაშიც ჰერმიონი მარცხდებოდა ხოლმე, და ბიჭებს ეს მოსწონდათ.
— არ დამელაპარაკო, — სასწრაფოდ თქვა რონმა, როცა ჰარი გვერდით მიუჯდა,
— მე ახლა კონცენტრირებული... — უცებ ჰარის შეხედა, — მოხდა რამე? რა სახე გაქვს!
ჰარიმ ჩურჩულით უამბო ორივეს, რაც გაიგო — ქვიდიჩის მატჩზე მსაჯი სნეიპი იქნებაო.
— არ ითამაშებ! — გადაწყვიტა ჰერმიონმა.
— ავად ვარ თქო, მოიმიზეზე, — ურჩია რონმა.
— ვითომ ფეხი მოიტეხე.
— მოდი, მართლა მოიტეხე, — უთხრა რონმა.
— არ შემიძლია, — თქვა ბოლოს ჰარიმ — ჩვენ სათადარიგო სიკერი არა გვყავს. უჩემოდ გრიფინდორი საერთოდ ვერ ითამაშებს.
სწორედ ამ დროს ნევილი გადმოგორდა ოთახში. ფეხებს ერთმანეთს ვერ აცილებდა. ყველანი მიხვდნენ, რომ ფეხების ჩამკეტი ჯადო ჰქონდა გაკეთებული. როგორ მოახერხა პორტრეტის ხვრელში გამოძრომა ან, საერთოდ, გრიფინდორის კოშკამდე მოსვლა, გამოცანა იყო. ალბათ, სკუპ-სკუპით, ხტუნვით მოდიოდა.
ამის დანახვაზე ჰერმიონის გარდა ყველას სიცილი აუტყდა, ჰერმიონი კი მაშინვე წამოხტა და ჯადო მოუხსნა. ნევილს ფეხები გაუთავისუფლდა და აცახცახებული წამოდგა. ჰერმიონმა ჰარისთან და რონთან მიიყვანა, დასვა და ჰკითხა:
— რა იყო, რა დაგემართა?
— მალფოი, — ნევილს ისევ უკანკალებდა ხმა, — ბიბლიოთეკასთან შემხვდა, ასე მითხრა: ვეძებდი, ვისზე მევარჯიშაო.
— ახლავე წადი პროფესორ მაკგონაგელთან და ყველაფერი მოახსენე! — უბრძანა ჰერმიონმა.
ნევილმა თავი გააქნია.
— უარესი იქნება.
— არ უნდა შეარჩინო, ნევილ! — გამწარდა რონი, — მალფოის უყვარს სხვების შეურაცხყოფა. ამიტომ ფეხქვეშ უნდა გაეფინო და ნება მისცე, რომ რაც უნდა, ის ქნას?
— არ მჭირდება იმის შეხსენება, რომ გრიფინდორში ყოფნის ღირსი არა ვარ, — ამოისლუკუნა ნევილმა, — მალფოიმ უკვე გამაგებინა!
ჰარიმ ჯიბეები მოიქექა, შოკოლადის ბაყაყი ამოიღო (ეს ბოლო იყო ჰერმიონის გამოგზავნილი საშობაო ნობათიდან) და სატირლად გამზადებულ ნევილს გაუწოდა, თან დააყოლა:
— შენ თორმეტ მალფოისაც ჯობიხარ, ერთად აღებულს. ხომ არ გავიწყდება, რომ გამანაწილებელმა ქუდმა გაგიშვა გრიფინდორში. მალფოი საით წააბრძანა? იმ დამპალ სლიზერინში.
ნევილს საცოდავად გაეღიმა და ბაყაყი გახსნა.
— გმადლობ, ჰარი... მე წავალ, დავწვები... ბარათი გინდა? შენ, მგონი, აგროვებ. ნევილი წალასლასდა. ჰარიმ ჯადოსნურ ბარათს დახედა.
— ისევ დამბლდორი. ეს იყო პირველი ბარათი, რომელიც მე ვნახე... ბარათი გადააბრუნა და გაშრა. მერე რონს და ჰერმიონს შეხედა.
— ვიპოვე! — თქვა ძალიან ხმადაბლა, — ფლამელი ვიპოვე! ხომ ვამბობდი, სადღაც წამიკითხავს მეთქი. მატარებელში წავიკითხე, აქეთ რომ მოვდიოდით. ნახეთ, რა წერია:
„ალბუს დამბლდორი, ამჟამად ჰოგვორტსის დირექტორი, მრავალთა მიერ ჩვენი დროის უდიდეს ჯადოქრად აღიარებული. პროფესორი დამბლდორი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ 1945 წელს დაამარცხა ბოროტი ჯადოქარი გრინდელვალდი, აღმოაჩინა დრაკონის სისხლის გამოყენების თორმეტი ხერხი და გამოაქვეყნა ალქიმიური ნაშრომები ნიკოლას ფლამელთან ერთად. პროფესორი დამბლდორი გატაცებულია კამერული მუსიკითა და ბოულინგით“.
ჰერმიონი წამოხტა. ასეთი აღელვებული არავის უნახავს მას შემდეგ) რაც პირველად მიიღეს შეფასება საშინაო დავალების შესრულებისთვის.
— აქ დამელოდეთ! — ჰერმიონმა სწრაფად აირბინა კიბე და გოგონების საერთო საცხოვრებელში შევარდა. რონმა და ჰარიმ ერთმანეთს გადახედეს. ჰერმიონი უზარმაზარი წიგნით დაბრუნდა.
— აზრადაც არ მომსვლია, აქ მომეძებნა, — სულს ძლივს იბრუნებდა აღელვებისაგან, — რამდენიმე კვირაა, რაც ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, როგორც მსუბუქი საკითხავი.
— მსუბუქი?! — განცვიფრდა რონი, მაგრამ ჰერმიონმა დაუცაცხანა, შენი ხმა აღარ გავიგონოო. ჩქარ-ჩქარა ფურცლავდა წიგნს და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.
როგორც იქნა, იპოვა.
— ვიცოდი, ასეც ვიცოდი!
— ახლა შეიძლება, დავილაპარაკო? — იკითხა რონმა. ჰერმიონმა არ უპასუხა.
— ნიკოლას ფლამელი ცნობილია იმით, რომ ერთადერთია, ვინც შექმნა ფილოსოფიური ქვა!
ჰერმიონის გასაოცრად, ამ ზარ-ზეიმით გამოცხადებულ ამბავს ის ეფექტი არ მოჰყოლია, რასაც ელოდა.
— რა შექმნა? — ერთხმად იკითხეს ჰარიმ და რონმა.
— თქვენ რა, არაფერს არ კითხულობთ?! აი, ნახეთ, რა წერია. ჰარიმ და რონმა წიგნს ჩახედეს:

„ალქიმია, უძველესი დროიდან მოყოლებული, დაინტერესებული იყო ფილოსოფიური ქვის შექმნით. ეს მითიური სუბსტანცია განსაცვიფრებელი ძალისაა. იგი ნებისმიერ ლითონს გარდაქმნის ოქროდ. ამას გარდა, შეუძლია წარმოქმნას სიცოცხლის ელექ, რომელიც უკვდავებას ანიჭებს მის დამლევს.
საუკუნეების მანძილზე იწერებოდა უამრავი. ნაშრომი ფილოსოფიური ქვის შესახებ, მაგრამ ერთადერთი რეალურად არსებული ქვა ეკუთვნის მისტერ ნიკოლას ფლამელს, გამოჩენილ ალქიმიკოსს და ოპერის ტრფიალს. მისტერ ფლამელი, რომელმაც შარშან თავისი ექვსას სამოცდამეხუთე დაბადების დღე იზეიმა, ტკბება , წყნარი ცხოვრებით დევონში, თავის მეუღლესთან, პერენელთან ერთად, რომელიც ექვსას ორმოცდათვრამეტი წლისაა.
— გასაგებია? — წამოიძახა ჰერმიონმა, როცა კითხვა დაასრულეს, — ის ძაღლი ფლამელის ფილოსოფიურ ქვას იცავს! დარწმუნებული ვარ, დამბლდორს სთხოვა, საიმედოდ შემინახეო. იცის, რომ ვიღაცას მისი მოპარვა უნდა! ამიტომაც წამოიღეს გრინგოტსიდან აქ!
— ქვა, რომელიც ოქროს წარმოქმნის და უკვდავებას განიჭებს! რა გასაკვირია, რომ სნეიპს მისი მოპარვა უნდა! ვის არ ენდომება! — თქვა ჰარიმ.
— არც ის არის გასაკვირი, რომ ფლამელი „ჯადოქრობის უახლეს ისტორიაში“ ვერ ვნახეთ. რომელი უახლესი ეგ არის, თუ ექვსას სამოცდახუთი წლისა ყოფილა, — დაასკვნა რონმა.
მეორე დილით, როცა ბნელი ძალებისგან თავდაცვის გაკვეთილზე იწერდნენ, როგორ უნდა მოიქცე, თუ მაქციამ გიკბინა, ჰარი და რონი იმაზე ბჭობდნენ, რას იზამდნენ, ფილოსოფიური ქვა რომ ჰქონოდათ. რონმა თქვა, მე ქვიდიჩის გუნდს ვიყიდდიო. ამის გაგონებაზე ჰარის სნეიპი და მომავალი მატჩი გაახსენდა. გაახსენდა და გადაჭრით განაცხადა:
— აუცილებლად უნდა ვითამაშო! თორემ მთელი სლიზერინი იფიქრებს, სნეიპის შეეშინდაო... მე მაგათ ვუჩვენებ... სამუდამოდ გავუქრობ სიცილის სურვილს!
— მთავარია, შენ არ გაგაქრონ მოედნიდან, — წუხდა ჰერმიონი.

* * *
რონთან და ჰერმიონთან ძალიან კი წაიტრაბახა ჰარიმ, მაგრამ რაც უფრო ახლოვდებოდა მატჩი, მით უფრო მეტად ღელავდა. ვერც სხვა თანაგუნდელებზე იტყოდი, მშვიდად არიანო. სლიზერინის დამარცხების სურვილი თავისთავად მშვენიერი რამ გახლდათ. უკვე შვიდი წელი იყო, ეს გუნდი არავის დაემარცხებინა, მაგრამ როგორ მოახერხებდნენ ამას მიკერძოებული მსაჯის ხელში?
ჰარი ფიქრობდა: „შეიძლება, მეჩვენება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სადაც წავალ, ყველგან სნეიპს უნდა შევეჩეხო, ნეტავ მე ხომ არ დამდევს?“ შხამ-წამლების გაკვეთილზე ისე საშინლად ექცეოდა სნეიპი, რომ ჰარი მერე მთელი კვირა ნერვიულობდა: „ნეტავ სნეიპი ხომ არ მიხვდა, რომ ფილოსოფიური ქვის ამბავი შევიტყვეთ? არა, საიდან უნდა მიხვედრილიყო!“ თუმცა ხანდახან ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ სნეიპს ფიქრის ამოცნობა შეეძლო და ეს შიშს ჰგვრიდა.

* * *
მეორე საღამოს, მატჩის წინ, გასახდელში შესვლამდე, რონმა და ჰერმიონმა ჰარის უთხრეს, წარმატებას გისურვებთო. „წარმატება კი არა, გული უსკდებათ, რომ ცოცხალს ვეღარ მნახავენ“, ფიქრობდა ჰარი. ქვიდიჩის სპორტული ფორმა ისე ჩაიცვა და თავისი „ნიმბუს-2000“ ისე აიღო, ვუდის ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი არ გაუგია.· რონი, ჰერმიონი და ნევილი ერთად ისხდნენ. ნევილს უკვირდა, რატომ არიან
ასე დამწუხრებულები და ყურებჩამოყრილები ან ორივემ ჯადოსნური ჯოხი რისთვის მოიტანაო. ჰარიმ არ იცოდა, რომ მისი მეგობრები ჩუმ-ჩუმად ფეხების ჩამკეტ ჯადოს იზეპირებდნენ: ეს იდეა მათ მალფოიმ მიაწოდა და ალბათ გამოიყენებდნენ კიდევაც, თუკი სნეიპი ჰარის რამეს ავნებდა.
— არ დაგავიწყდეს, უნდა თქვა „ლოკომოტორ მორტის“, — ჩასჩურჩულა ჰერმიონმა.
— ვიცი, ვიცი, ნუ შემჭამე! — რონმა თავისი ჯოხი სახელოში შეიცურა. მოედანზე გამოსვლამდე ვუდმა ჰარი გვერდზე გაიყვანა.
— მე ძალას ვერ დაგატან, პოტერ, მაგრამ თუ მოახერხებ, რაც შეიძლება მალე დაიჭირე სნიჩი. დროზე დავამთავროთ, სანამ სნეიპს ჰაფლეპაფის სიყვარული გაუტკბება.
— აუ, მთელი სკოლა აქ არის! — წამოიძახა ფრედ უისლიმ, რომელიც კარებში იჭვრიტებოდა, — აზრზე ხარ, დამბლდორიც კი მოსულა!
ჰარის გული შეუფრთხიალდა.
— დამბლდორი? — კარს ეცა და გაიხედა. მართლაც, იქ იყო, წამსვე დაინახა მისი შევერცხლილი წვერი.
ჰარიმ ამოისუნთქა და გაიღიმა. გადარჩა: სნეიპი ვერ გაბედავდა, დამბლდორის თანდასწრებით მისთვის რაიმე ევნო.
ალბათ, სწორედ ამან გაუფუჭა გუნება სნეიპს. გუნდები მოედანზე რომ გამოდიოდნენ, მისი უგუნებობა რონმაც შეამჩნია.
— სნეიპი ასეთი დაბოღმილი «ერ არ მინახავს, — გადაუჩურჩულა ჰერმიონს, — უკვე გამოდიან.
ამ დროს თავში ვიღაცამ წაჰკრა. მალფოი იყო.
— ო, უკაცრავად, უისლი, ვერ შეგამჩნიე, — გაიკრიჭა მალფოი და კრაბსა და გოილს გადახედა, — ნეტავ დღეს რამდენ ხანს შერჩება პოტერი ცოცხზე? ვის გინდათ ნაძლევი? უისლი, დავნაძლევდეთ?
რონმა არ უპასუხა. სნეიპმა ის-ის იყო ჰაფლეპაფის სასარგებლოდ დანიშნა საჯარიმო დარტყმა, რადგან ჯორჯ უისლის გამოტყორცნილი ბლაჯერი პირდაპირ სნეიპს მოხვდა. ჰერმიონს ყველა თითი გადაჯვარედინებული ედო მუხლებზე და ჰარის თვალს აC აცილებდა, ჰარი კი ქორივით დასტრიალებდა მოთამაშეებს თავზე და სნიჩს ელოდა.
— იცით, რის მიხედვით არჩევენ გრიფინდორის გუნდში ხალხს? — ხმამაღლა იკითხა მალფოიმ, როცა სნეიპმა ჰაფლეპაფის სასარგებლოდ მეორე საჯარიმო დანიშნა, ამჯერად სრულიად უმიზეზოდ, იმის მიხედვით, თუ ვინ ეცოდებათ. აი, ნახეთ, პოტერი — მშობლები არა ჰყავს. უისლები — ფული არა აქვთ. შენც იქ უნდა იყო, ლონგბოტომ, ტვინი არა გაქვს.
ნევილი გაწითლდა, მაგრამ მიტრიალდა და პირდაპირ შეხედა მალფოის:
— მე შენ თორმეტს გჯობივარ, ერთად აღებულს!
მალფოი, კრაბი და გოილი ახარხარდნენ. რონს თვალი არ მოუშორებია თამაშისთვის, ისე გადაულაპარაკა ნევილს: — მიდი, ნევილ, უპასუხოდ არ დატოვო.
— ლონგბოტომ, ტვინი რომ ოქროსი იყოს, შენ უისლიზე ღარიბი იქნებოდი. მიხვდი?
რონს ისედაც დაწყვეტაზე ჰქონდა ნერვები.
— მალფოი, კიდევ ერთი სიტყვა და...
— რონ! — შესძახა უცებ ჰერმიონმა, — ჰარი...
— რა? სად არის?
ჰარიმ დაბლა დაშვება დაიწყო. ულამაზეს პიკირებას მხიარული შეძახილები და ტაში მოჰყვა. ჰერმიონი წამოხტა და გადაჯვარედინებული თითები პირში იტაცა. ჰარი უკვე ტყვიასავით ეშვებოდა ძირს.
— უისლი, რა ბედი გაქვს, მგონი ფული იპოვა! — გაიცინა მალფოიმ.
და ვიდრე გამოერკვეოდა, უკვე ძირს ეგდო, ზემოდან რონი ეჯდა. ნევილმა ცოტა კი იყოყმანა, მაგრამ მერე მისაშველებლად გადაძვრა უკან.
— მიდი, ჰარი, მიდი! — ყვიროდა ჰერმიონი. სკამზე ახტა, რომ უკეთ დაენახა, რა ხდებოდა. ჰარი პირდაპირ სნეიპისკენ მიჰქროდა. ამასობაში მალფოი და რონი ძირს გორაობდნენ. ნევილი, კრაბი და გოილიც ერთმანეთში არეულიყვნენ. ისმოდა ყვირილი, ცემა-ტყეპისა და მუშტების ბრაგუნის ხმა.
მაღლა, ჰაერში, სნეიპი თავის ცოცხზე იმ დროს შემობრუნდა, როდესაც გვერდით რაღაც ალისფერმა ჩაუქროლა და სულ რაღაც მილიმეტრებში ასცდა. მეორე წამს ჰარი ზევით აიჭრა, ხელი ასწია და ყველას საზეიმოდ უჩვენა ოქროს სნიჩი.
სტადიონი ლამის დაინგრა. ეს ნამდვილად რეკორდი იყო. სნიჩის ასე სწრაფად დაჭერა ჯერ არავის ენახა.
— რონ, რონ! სადა ხარ?! მატჩი დამთავრდა! ჰარიმ გაიმარჯვა! ჩვენ გავიმარჯვეთ! გრიფინდორი ჩემპიონია! — მთელი ხმით გაჰკიოდა ჰერმიონი, სკამზე ხტოდა და წინა რიგში მჯდომ პარვატი პეტილს ეხვეოდა.
ჰარი მიწას მიუახლოვდა თუ არა, ცოცხიდან გადმოხტა. თვითონაც არ სჯეროდა, რომ ასე მოხდა. თამაში დასრულდა. ალბათ სულ ხუთ წუთს გაგრძელდა. გრიფინდორელები სტადიონზე გაცვივდნენ, ჰარის ულოცავდნენ. იქვე ახლოს გაფითრებული და პირმოკუმული სნეიპი დაეშვა. მერე ჰარიმ მხარზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო და აიხედა. დამბლდორი უღიმოდა.
— ყოჩაღ, მიხარია, რომ სარკემ არ დაგანაღვლიანა... უსაქმოდ არა ხარ... შესანიშნავია! — ისე ხმადაბლა უთხრა, რომ მხოლოდ ჰარიმ გაიგონა.
სნეიპმა სიმწრით გადააფურთხა.
* * *
ცოტა ხნის შემდეგ ჰარი მარტოკა გამოვიდა გასახდელიდან და თავისი „ნიმბუს-2000“-ით იქით წავიდა, სადაც ცოცხებს ინახავდნენ. ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა. ისეთი რამ გააკეთა, რომ ნამდვილად შეეძლო ეამაყა. ახლა ვეღარავინ ეტყოდა, შენი მხოლოდ სახელია ცნობილიო. რა მშვენიერი საღამო იყო, თავბრუდამხვევი. მიაბიჯებდა ნამიან ბალახზე და იხსენებდა ბედნიერ წუთებს: გრიფინდორელები მორბოდნენ, რომ ხელში აეტაცათ. რონი და ჰერმიონი სიხარულით ხტოდნენ. რონს რატომღაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ მაინც იცინოდა.
ამასობაში ჰარი ფარდულს მიუახლოვდა. ზურგით კედელს მიეყრდნო და ჰოგვორტსს შეხედა. ჩამავალი მზე წითლად ირეკლებოდა ფანჯრებზე. გრიფინდორი ჩემპიონია. ეს ჰარიმ შეძლო. უჩვენა თუ არა სნეიპს, რა შეუძლია!...
ძაღლი ახსენეო...
ჰოგვორტსიდან თავფეხიანად მოსასხამში გახვეული ვიღაც გამოვიდა და უჩუმრად აკრძალული ტყისკენ გასწია. ჰარის სულ გადაავიწყდა გამარჯვება, რადგან სნეიპი იცნო, რომელიც კოჭლობით, მაგრამ სწრაფი ნაბიჯით სადღაც მიიპარებოდა.
„ახლა ყველანი ვახშმობენ, ის კი... ნეტავ რა ხდება?“ — გაიფიქრა, თავის „ნიმბუს-2000“-ს მოახტა და გაედევნა. სნეიპი სირბილით შევარდა ტყეში.
ჰარიმ რამდენჯერმე შემოუარა იმ ადგილს, სადაც სნეიპი ეგულებოდა. ტყე ისეთი დაბურული იყო, არაფერი ჩანდა. ბოლოს ხმები გაიგონა. ჰარი მაღალ წიფელზე შემოჯდა. ფრთხილად გადაინაცვლა ტოტიდან ტოტზე. ცოცხი მაგრად ეკავა და ცდილობდა ფოთლების ტევრში რაიმე დაენახა.
ქვემოთ, ზუსტად ხის ძირში, სნეიპი იდგა, ოღონდ მარტო კი არა, ქვირელთან ერთად. ჰარი სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ ესმოდა მისი ენის ბორძიკით ნათქვამი:
— არ ვიცი, მ-მ-მაინცდამაინც აქ რ-რ-რატომ გ-გ-გინდოდათ შეხვედრა, სევერუს?
— აქ მარტონი ვართ და იმიტომ, — სნეიპი ცივად ელაპარაკებოდა, — სტუდენტებს ხომ არ უნდა გავაგებინოთ ფილოსოფიური ქვის ამბავი, ბოლოს და ბოლოს!
ჰარიმ ყურები ცქვიტა. ქვირელი რაღაცას ლუღლუღებდა. სნეიპმა მოკლედ მოუჭრა:
— უკვე გაარკვიეთ, როგორ უნდა აიცილოთ ის ჰაგრიდის მხეცი?
— სევერუს, მ-მ-მე...
— ჩემთან მტრობას არ გირჩევთ, ქვირელ, — შეუტია სნეიპმა და ნაბიჯი გადადგა მისკენ.
— არ ვიცი, რ–-რ-–რას...
— მშვენივრად ხვდებით, რასაც ვამბობ!
გვერდითა ტოტზე ბუმ ხმამაღლა დაიკივლა. მოულოდნელობისაგან ჰარი კინაღამ ხიდან ჩამოვარდა. თავი როგორღაც შეიმაგრა და ისევ სმენად იქცა. სნეიპი ამბობდა:
–-...ეგ თქვენი ფოკუს-მოკუსები. მე გელოდებით!
— კი მ-მ-მაგრამ, მ-მ-მე...
— იცით რა, ამ თემას მალე დავუბრუნდებით. მანამდე კი მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ, ბოლოს და ბოლოს, ვის მხარეზე ხართ! — მოუჭრა სნეიპმა.
მოსასხამი თავზე მოიგდო და უკან გაბრუნდა. უკვე ბნელოდა, მაგრამ ჰარი ხედავდა, როგორ იდგა ქვირელი მარტოკა და ადგილიდან არ იძვროდა, თითქოს გაქვავებულიაო.

* * *
— ჰარი, სადა ხარ აქამდე?! — ეს ჰერმიონი იყო.
— ჩვენ გავიმარჯვეთ! შენ გაიმარჯვე! ჩვენ გავიმარჯვეთ! — ყვიროდა რონი და ჰარის მხარზე ხელს ურტყამდა, — მე მალფოის თვალი ჩავულურჯე, ნევილი კი მარტოკა ეჩხუბა კრაბს და გოილს! ჯერ კიდევ არ მოსულა გონს, მაგრამ მადამ პომფრი ამბობს, მალე გაუვლისო. ხომ ვუჩვენეთ სლიზერინს! ყველანი ჩვენს საერთო ოთახში არიან! შენ გელოდებიან! ვქეიფობთ! ფრედმა და ჯორჯმა სამზარეულოდან ნამცხვარი და რაღაც— რაღაცები აწაპნეს...
— რა დროს ეგ არის, — ჰარი სულს ძლივს იბრუნებდა. — ცარიელი ოთახი ვნახოთ, იცით, რა უნდა გითხრათ...
როცა დარწმუნდა, რომ პივსი იქ არ იყო, ჰარიმ კარი ჩაკეტა და მეგობრებს დაწვრილებით უამბო, რაც ნახა და მოისმინა.
— სწორად მივმხვდარვართ, ეს ფილოსოფიური ქვაა და სნეიპს მისი მოპარვა უნდა. ქვირელსაც ითრევს, აიძულებს, მოეხმაროს. ეკითხებოდა, თუ იცი, როგორ უნდა ავუაროთ გვერდი ფლაფისო. კიდევ რაღაცას ეუბნებოდა, შენი „ფოკუს-მოკუსებიო“. ძაღლის გარდა, ალბათ ბევრი ჯადო იცავს იმ ქვას. ქვირელმა შეიძლება, ბნელი ძალების საწინააღმდეგო ჯადო გააკეთა და სნეიპს უნდა, ეს ჯადო მოხსნას...
— ისე გამოდის, რომ სანამ ქვირელი მაგრად იდგება, სნეიპი ქვას ვერ მოიპარავს, არა? — შეშინდა ჰერმიონი.
— შემდეგ სამშაბათამდე იქ ქვა აღარ იქნება, — თქვა რონმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent