შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა თავი XVII


9-07-2021, 11:22
ავტორი ცირაკო
ნანახია 965

თავი მეჩვიდმეტე ორსახა ადამიანი

ეს იყო ქვირელი.
— თქვენ?! — გაოცდა ჰარი.
ქვირელმა გაიღიმა. აღარც თრთოდა, აღარც კანკალებდა.
— მე ვარ, — მიუგო მშვიდად, — მაინტერესებდა, პოტერ, ჩვენ აქ ერთმანეთს შევხვდებოდით თუ არა.
— მე მეგონა, რომ სნეიპი...
— სევერუსი? — ქვირელმა ხმამაღლა გაიცინა. სადღა იყო მისი ჩვეული მორცხვი სიცილი. ცივი, გამყინავი ხმა ჰქონდა. — სევერუსი მართლაც უცნაური კაცია. ზოგჯერ რა კარგია, როცა შენ გვერდით გიგანტური ღამურასავით კაცი დადის! ვიღა მიიტანს ეჭვს სა-სა-საწყალ ენაბორძიკ პრო-პროფესორ ქვირელზე?
ჰარი ვერაფრით იჯერებდა ამ ამბავს. ეს შეუძლებელი იყო, არა, მართლაც შეუძლებელი!
— სნეიპს რომ ჩემი მოკვლა უნდოდა?!
— ო, არა, ეს მე მინდოდა შენი მოკვლა. მის გრეინჯერი შემთხვევით დამეჯახა ქვიდიჩის მატჩზე, როცა სნეიპისკენ გარბოდა ცეცხლის წასაკიდებლად. შენთან კონტაქტი დამაკარგვინა, თორემ ცოტაც და, ცოცხიდან ჩამოგაგდებდი. სნეიპი მიშლიდა ხელს, თორემ იმდენი დრო არც კი დამჭირდებოდა. ის სხვა შელოცვას ლუღლუღებდა შენს გადასარჩენად.
— სნეიპი ცდილობდა ჩემს გადარჩენას?
— რასაკვირველია, — დაუდასტურა ქვირელმა ცივად, — როგორ გგონია, რატომ მსაჯობდა მეორე მატჩზე? იმიტომ, რომ ჩემგან ხელმეორედ დაეცავი. სასაცილოა... თურმე შეეძლო, არ ენერვიულა: დამბლდორი მოვიდა და რაღას ვიზამდი! მთელ სკოლას ეგონა, სნეიპს სურდა, გრიფინდორს წაეგო. იმდენი ქნა, ასე აფიქრებინა ყველას. თავისი ბრალია... ბევრს ეცადა, მაგრამ სულ ტყუილად. ამაღამ მე შენ მაინც მოგკლავ.
ქვირელმა თითები გაატკაცუნა. საიდანღაც თოკები გაჩნდა, რომლებმაც ჰარი მაგრად გაკოჭეს.
— ცხვირის ჩაყოფა გიყვარს ყველაფერში, პოტერ. ცოცხალს ვერ დაგტოვებ. რას დაეხეტებოდი ჰელოუინზე მთელ სკოლაში. ვიცი, რომ დამინახე, როცა ვამოწმებდი, ვინ იცავდა ქვას.
— ტროლი თქვენ შემოუშვით?
— რა თქმა უნდა. ტროლებთან ურთიერთობა განსაკუთრებით მეხერხება. ნახე უკანა ოთახში ტროლს რა ვუქენი? ყველა პედაგოგი მაშინ ტროლის საძებნელად დარბოდა, სნეიპი კი, ჩემთვის რომ დაესწრო მოსვლა, მესამე სართულზე ავარდა. უკვე ხვდებოდა ყველაფერს. სამწუხაროდ, შენ ტროლს გადაურჩი, სნეიპს კი იმ სულელმა სამთავა ძაღლმა ფეხიც ვერ მოაჭამა წესიერად. ახლა ცოტა ხანს წყნარად იყავი. ეს უჩვეულო სარკე უნდა შევისწავლო. )
ჰარი მხოლოდ ახლა მიხვდა, რა იდგა ქვირელის ზურგს უკან: სილივრუს სარკე.
— ამ სარკემ უნდა გვითხრას, სად ინახება ჯადოსნური ქვა, — ჩაილაპარაკა ქვირელმა და სარკის ჩარჩოზე თითები მიაკაკუნა, — სულ დამბლდორის ხრიკებია... ახლა ის ლონდონშია... როცა ჩამოვა, მე უკვე შორს ვიქნები...
ჰარი ფიქრობდა, ახლა რაც შეიძლება, მეტი უნდა ვალაპარაკო, რომ სარკეს მოვაშოროო.
— მე თქვენ სნეიპთან ერთად ტყეში გნახეთ, — დაახეთქა პირველივე, რაც მოაფიქრდა.
— მართლა? — უინტერესოდ იკითხა ქვირელმა. სარკეს უკნიდან შემოუარა და ყველა მხრიდან გასინჯა, — სულ კუდში დამდევდა. რაღაცას ხვდებოდა. აინტერესებდა, რამეს გავბედავდი თუ არა. შეშინებაც კი დამიპირა — ვის ეშინია მაგისი, ჩემ გვერდით დიდი ვოლდემორია...
ქვირელი სარკის წინ დადგა და ხარბად დააცქერდა.
— ვხედავ ქვას... ჩემს მბრძანებელს ვუწვდი... მაგრამ სად არის ქვა?
ჰარიმ გაიბრძოლა. თოკი მაგრად ეჭირებოდა. არადა, აუცილებელი იყო, ქვირელი სარკეს მოშორებოდა.
— სულ მეჩვენებოდა, რომ სნეიპს ვძულვარ.
— სძულხარ კიდევაც. ვფიცავ ზეცას! ის და მამაშენი ერთად სწავლობდნენ, არ იცოდი? ო, როგორ ეზიზღებოდათ ერთმანეთი. ერთი კია, შენი მოკვლა არასოდეს უფიქრია.
— რამდენიმე დღის წინ გავიგონე, როგორ ტიროდით. ვიფიქრე, სნეიპი გემუქრებოდათ...
ქვირელს პირველად გამოეხატა სახეზე შიში.
— ზოგჯერ მიჭირს ხოლმე, ჩემი ბატონის ბრძანება ავასრულო — ის უდიდესი ჯადოქარია, მე კი ძალა არ მყოფნის... — აწუწუნდა შეწუხებული.
— როგორ, ის თქვენთან ერთად იყო იმ დღეს ოთახში? — წამოიძახა ჰარიმ.
— ის მუდამ ჩემთანაა, — თქვა ქვირელმა წყნარად, — ჩვენ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, როცა დედამიწის გარშემო ვმოგზაურობდი. რა ვიყავი მაშინ? ერთი ქერქეტა, თავქარიანი ყმაწვილი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სინამდვილეში რა იყო სიკეთე და ბოროტება. დიდმა ვოლდემორმა თვალი ამიხილა: არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება — სულ ტყუილია. არსებობს მხოლოდ ძალაუფლება და არსებობენ ადამიანები, მეტისმეტად სუსტნი, რომელთაც არ ძალუძთ მისი მოპოვება... იმ დღიდან მოყოლებული, მე მას ერთგულად ვემსახურები. თუმცა, ბევრჯერ ვერ გავუმართლე იმედი. ისიც იძულებული იყო, მკაცრად დავესაჯე, — ქვირელს თითქოს ჟრუანტელმა დაუარა, — შეცდომის პატიება არ უყვარს. ვერ შევძელი, გრინგოტსიდან ქვის მოპარვა. როგორ განრისხდა მაშინ! რა დღე მაყარა!.. და გადაწყვიტა, რომ ჩემი მარტო ყოფნა არ შეიძლება...
ქვირელის ხმა მიინავლა. ჰარის მეხსიერებაში ამოტივტივდა მრუდე ქუჩა. „რა სულელი ვარ, როგორ ვერ მივხვდი! ქვირელი იმ დღეს იქ არ ვნახე „გახვრეტილ კარდალაში“?!
ქვირელმა თავისთვის შეიგინა.
— ვერაფერი გავიგე... ქვა რა, შიგ სარკეში იმალება? იქნებ უნდა გავტეხო? · ჰარის გონება ელვის სისწრაფით ამუშავდა.
„ახლა ერთადერთი ის მინდა, რომ ქვირელს დავასწრო ქვის პოვნა. თუ სარკეში ჩავიხედავ, დავინახავ, როგორ ვპოულობ მას, ესე იგი, დავინახავ, სად არის დამალული! მაგრამ როგორ ჩავიხედო ისე, რომ ქვირელი ვერ მიხვდეს, რა მაქვს განზრახული?“
ჰარი შეეცადა, გვერდზე გაწეულიყო, რომ სარკემდე ისე მიეწვდინა მზერა, ქვირელს ვერ შეემჩნია. მაგრამ თოკი არ უშვებდა. ჰარი წაბორძიკდა და დაეცა. ქვირელი ყურადღებას არ აქცევდა, ისევ თავის თავს ელაპარაკებოდა:
. რას შვრება ეს ი სარკე? როგორ მივხვდე? მომეხმარე, ჩემო ბატონო!
ჰარის შიშისგან გული გაუსკდა, როცა ხმა მოისმა, რომელიც თითქოს ქვირელიდან მოდიოდა.
— ბიჭი გამოიყენე, ბიჭი... ქვირელი ჰარისკენ მიტრიალდა.
— კეთილი. პოტერ, მოდი ჩემთან.
ხელი ხელს შემოჰკრა და თოკები ძირს დაცვივდა. ჰარი ნელა წამოდგა.
— მოდი ჩემთან, — გაუმეორა ქვირელმა, — სარკეში ჩაიხედე და მითხარი, რას დაინახავ.
ჰარი მისკენ წავიდა.
„უნდა ვიცრუო, — უროსავით ურტყამდა ფიქრი, — უნდა ჩავიხედო და არ ვთქვა, რას დავინახავ“.
ქვირელი უკან დაუდგა. ჰარის ის უცნაური სუნი ეცა, ქვირელის ჩალმას რომ ასდიოდა. თვალები დახუჭა, სარკის წინ დადგა და ისევ გაახილა.
თავისი თავი დაინახა, გაფითრებული და შეშინებული. მაგრამ წუთიც და, საკუთარმა ანარეკლმა გაუღიმა, შემდეგ ხელი ჯიბეში ჩაიყო, სისხლივით წითელი ქვა ამოიღო, ჰარის თვალი ჩაუკრა და ქვა ისევ ჯიბეში ჩაიდო. იმწუთას ჰარიმ ცხადად იგრძნო, როგორ ჩაეშვა რაღაც მძიმე მის ნამდვილ ჯიბეში. დაუჯერებელი რამ მოხდა: ქვა ახლა მასთან იყო!
ქვირელს მოთმინება დაეკარგა.
— მითხარი, რას ხედავ!
ჰარიმ მთელი გამბედაობა მოიკრიბა.
— ხელს ვართმევ პროფესორ დამბლდორს, ქვიდიჩის თასი ავიღე. გრიფინდორმა გაიმარჯვა, — გამოიგონა ჰარიმ.
ქვირელმა ისევ შეიგინა და ჰარის დაუყვირა:
— გაიწი იქით!
ჰარიმ ნაბიჯი გადადგა და იგრძნო, როგორ მოედო ფეხზე ჯადოსნური ქვა. ხომ არ გავბედო და გავიქცეო, გაიფიქრა უცებ.
რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო და ხმამ ისევ დაილაპარაკა. ქვირელი ტუჩებს არ ამოძრავებდა.
— ტყუის... ტყუის...
— პოტერ! მოდი აქ! — იყვირა ქვირელმა, — სიმართლე მითხარი, რა დაინახე წეღან სარკეში.
ხმა კვლავ ამეტყველდა:
— მე მსურს, თვითონ ველაპარაკო... პირისპირ...
— ბატონო, თქვენ ჯერ სუსტადა ხართ!
— სამაგისოდ მეყოფა ძალა...
ჰარი გრძნობდა, რომ ვერ ინძრეოდა. თითქოს ეშმაკის მარწუხებმა იატაკს მიაჯაჭვესო, ისე გაშეშებული იდგა და უცქეროდა, როგორ იხსნიდა ქვირელი ჩალმას. რა ხდება? ქვირელმა ჩალმა ძირს დააგდო. უჩალმოდ თავი ძალზე გალეული გამოუჩნდა. მერე ქვირელი ნელნელა შემობრუნდა.
ჰარის კივილი მოუნდა, მაგრამ კრინტიც ვერ დაძრა. ქვირელს კეფაზე მეორე სახე ჰქონდა, უსაშინელესი სანახავი — კირივით თეთრი კანი, მრისხანე თვალები, ცხვირის ადგილას ორი ნახვრეტი — გველივით.
— ჰარი პოტერ! — დაიჩურჩულა ხმამ.
ჰარის უნდოდა, უკან დაეხია, მაგრამ ფეხი ვერ დაძრა, არ ემორჩილებოდა.
— შემომხედე, რას დავემსგავსე, — თქვა სახემ, — მხოლოდ ჩრდილი ვარ, მოჩვენება... თუ ვინმეს სხეულში არ შევუსახლდი, ფორმა არა მაქვს... კიდევ კარგი, რომ ყოველთვის მოიძებნება ისეთი კაცი, ვინც გულშიც შემიშვებს და გონებაშიც. ცალრქიანი ცხენის სისხლმა ძალა მომცა... ხომ შენი თვალით დაინახე, იქ, ტყეში, როგორ დაეწაფა მას ჩემი გულისთვის ერთგული ქვირელი. ახლა სიცოცხლის ელექსირსაც ხელში ჩავიგდებ... საკუთარ სხეულს დავიბრუნებ. აბა, შენ თვითონ მომეცი ეგ ქვა, ჯიბეში რომ გიდევს!
„თურმე სცოდნია, სად არის ქვა“, — მიხვდა ჰარი და უეცრად ძალა იგრძნო ფეხებში. გაუჭირდა, მაგრამ მაინც უკან დაიხია.
— ნუ სულელობ! — დაიღრიალა მაშინვე სახემ, — თუ სიკვდილი არ გსურს, ჩემი გახდი... არადა, შენი მშობლების ბედი არ აგცდება... შეგვიბრალეო, მემუდარებოდნენ, როცა კვდებოდნენ...
— ტყუი! — იყვირა ჰარიმ უეცრად.
ქვირელი უკან-უკან მიდიოდა. ვოლდემორის სახე ჰარისკენ მიიწევდა და ბოროტი ღიმილით იღიმებოდა.
— გული ნამდვილად ამიჩუყდა, — დაისისინა სახემ, — სიმამაცეს არ შეიძლება, პატივი არ სცე... დიახ, ყმაწვილო, შენი მშობლები ვაჟკაცურად მიძალიანდებოდნენ... მე მოვკალი მამაშენი. თუმცა გაბედულად მებრძოდა... პირველი ის მოვკალი... დედაშენი კი ტყუილად მოკვდა... შენ გიცავდა და მხოლოდ იმიტომ... ახლა, მომეცი ეგ ქვა, დედაშენის მსხვერპლს წყალში ნუ ჩაყრი!
— არასოდეს!
ჰარიმ ალმოდებული კარისკენ ისკუპა.
— არ გაუშვა! — იყვირა ვოლდემორმა და ჰარიმ იგრძნო, როგორ ჩაეჭიდა ქვირელის ხელი მის მაჯას. ჰარიმ საშინელი, მწვავე ტკივილი იგრძნო ნაიარევში; თითქოს თავი შუაზე გადაუსკდა. იღრიალა, თან მთელი ძალით გაიბრძოლა და, მისდა გასაოცრად, ქვირელმა წამსვე გაუშვა ხელი. ჰარის ტკივილმა უკლო და მოიხედა, ქვირელი რა იქნაო. ქვირელი იკრუნჩხებოდა და თავის დაწყლულებულ თითებს დასცქეროდა.
— დაიჭირე! დაიჭირე! — იყვირა ვოლდემორმა. ქვირელი ისევ წაეტანა. ჰარი წაიქცა. ქვირელი ზემოდან მოექცა, ყელში სწვდა. ჰარის ისევ აუტანლად ასტკივდა ნაიარევი, მაგრამ თან ხედავდა, როგორ იკლაკნებოდა და ღრიალებდა ქვირელი.
— ჩემო ბატონო, არ შემიძლია, ხელებს ვერ ვიმორჩილებ, ხელებს! ჩემს ხელებს!
ქვირელს ახლა მუხლებით ეკავა ჰარი. თითები უცებ გაუწითლდა, დაეწვა, ბუშტუკებით დაეფარა, რომლებიც დასკდა და წყლულებად იქცა.
— მაშინ მოკალი, შე სულელო, და გაათავე! — ღრიალებდა ვოლდემორი. ქვირელმა ხელი აღმართა, რათა მომაკვდინებელი ჯადო მოევლინა. ჰარიმ
ინსტინქტურად წამოიწია და ქვირელს სახეზე სტაცა ხელი.
— აააოჰ!
ქვირელი ჰარის მოეშვა, იატაკზე გადაგორდა. სახეც ისეთივე წყლულებით დაეფარა. ჰარი მიხვდა: როგორც კი მის შიშველ კანს შეეხებოდა, ქვირელს საზარელი რამ ემართებოდა. ახლა საჭირო იყო, მისთვის ხელი ჩაევლო და არ გაეშვა, რომ თვითონ ცოცხალი გადარჩენილიყო.
ჰარი წამოხტა. ქვირელს ეცა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მკლავში მოეჭიდა. ქვირელი კვნესოდა, ახლა ის ცდილობდა ჰარის მოცილებას. ჰარის თავი უსკდებოდა ტკივილისაგან. ვეღარაფერს ხედავდა, მხოლოდ სმენას სწვდებოდა ქვირელის გმინვა და ვოლდემორის ღრიალი: „მოკალი! მოკალი!“ — მერე სხვა ხმებიც შეერია. ალბათ, ჰარის თავში ისმოდა: — ჰარი! ჰარი!
ქვირელის მკლავი მოდუნდა და ხელიდან გამოეცალა. ყველაფერი დამთავრდაო, იფიქრა და სიბნელეში ჩაიძირა...

* * *
მის თვალწინ რაღაც ოქროსფერმა გაიელვა. სნიჩიაო, იფიქრა და უნდოდა, ხელი ეტაცა, მაგრამ მკლავები ვერ დაიმორჩილა.
თვალები დაახამხამა. სნიჩი კი არა, სათვალე ბზინავდა. უცნაურად ეჩვენა.
ისევ დაახამხამა. საიდანღაც ალბუს დამბლდორის მოღიმარი სახე შემოცურდა.
— გამარჯობა, ჰარი! — მიესალმა დამბლდორი. ჰარის ყველაფერი მოაგონდა.
— სერ! ის ქვა! ქვირელი ყოფილა! ქვა წაიღო, ჩქარა, სერ!
— დაწყნარდი, ჩემო ბიჭო, შენ არ იცი, რა მოხდა. ქვა ქვირელს არა აქვს...
— მაშ, ვისა აქვს, სერ...
— ჰარი, თუ ასე იღელვებ, მადამ პომფრი აქედან გამაგდებს!
ჰარიმ მიმოიხედა. როგორც ეტყობოდა, საავადმყოფოში იყო. ქათქათა, თეთრ ლოგინში იწვა. გვერდით მაგიდაზე იმდენი ტკბილეული ელაგა, ალბათ, ნახევარი სუპერმარკეტი აქ მოეტანათ.
— შენმა მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა მოგართვეს, — უთხრა დამბლდორმა ღიმილით, — რაც შენსა და ქვირელს შორის ქვემოთ, იმ ჯურღმულებში მოხდა, დიდი საიდუმლოა მაგრამ, ბუნებრივია, უკვე მთელმა სკოლამ გაიგო. მისტერ ფრედ და ჯორჯ უისლებმა უნიტაზის თავსახური გამოგიგზავნეს. ამ ხუმრობაზე გაეღიმებაო, იფიქრეს, მაგრამ მადამ პომფრიმ ბრძანა, არაჰიგიენურიაო და უკან გააბრუნა.
— რამდენი ხანია, რაც აქა ვარ?
— სამი დღეა. მისტერ რონალდ უისლი და მის გრეინჯერი დიდი მღელვარებით ელოდებოდნენ, როდის მოხვიდოდი გონებაზე.
— მაგრამ, სერ, ქვა...
— როგორც ჩანს, ამ თემას ვერ ავცდებით! კეთილი. პროფესორმა ქვირელმა ვერ მოახერხა შენთვის ქვა წაერთმია. მე დროზე მოვუსწარი. ისე, უნდა გითხრა, რომ ძალიან იყოჩაღე!
— მართლა? ჰერმიონის ბუ მოგივიდათ?
— არა, ის, ალბათ, გზაში ამცდა. როგორც კი ლონდონში ჩავედი, მივხვდი, სასწრაფოდ უკან უნდა დავბრუნებულიყავი. მოვასწარი, ქვირელი დროზე მოგაცილე.
— ესე იგი, თქვენ მოხვედით!
— კიდევ კარგი, არ დამაგვიანდა!
— კინაღამ მართლა დაგაგვიანდათ. ვეღარ ვაკავებდი, ცოტაც და, ქვა მისი იქნებოდა.
— მე ქვაზე კი არა, შენზე ვღელავდი. კინაღამ მოგკლა, წამით კიდეც შევშინდი, მართლა ხომ არ მოკვდა მეთქი. ქვას რაც შეეხება, ის გავანადგურეთ.
— გაანადგურეთ? — ჰარი დამბლდორს დააცქერდა: — კი მაგრამ, თქვენი მეგობარი, ნიკოლას ფლამელი...
— ოჰო, იცი ნიკოლასის ამბავი? — დამბლდორი ნასიამოვნები ჩანდა, — შენ ყველაფერი სწორად გააკეთე, ისე, როგორც საჭირო იყო. იცი რა, ნიკოლასმა და მე ვისაუბრეთ და ასე გადავწყვიტეთ, ყველასთვის უკეთესია.
— ეს იმას ნიშნავს, რომ ის და მისი მეუღლე დაიხოცებიან?
— მათ ჯერ კიდევ აქვთ ელექს იმდენი მარაგი, რომ საქმეები ბოლომდე მოაგვარონ, მერე კი... ჰო, დაიხოცებიან.
ჰარის სახეზე ისეთი განცვიფრება აღებეჭდა, რომ დამბლდორმა ღიმილი ვერ შეიკავა.
— შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და სხვაგვარად ფიქრობ. ნიკოლასისა და პერენელისთვის ეს იგივეა, რაც მომქანცველი დღის შემდეგ თვალის დახუჭვა და დაძინება. კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია, ჰარი. ბოლოს და ბოლოს, რა ყრია ამ ქვაში! ბევრი ფული და ბევრი სიცოცხლე — რამდენსაც ინატრებ! ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ ამ ორ რამეს ნატრობს. უბედურება ის არის, რომ ადამიანს დიდი ნიჭი აქვს — უარესი ამოირჩიოს.
ჰარი იწვა და ფიქრობდა. დამბლდორმა თავი გადაიქნია და გაიცინა.
— სერ! — მიმართა ჰარიმ. — იცით, რა ვიფიქრე? თუკი ქვა აღარ არსებობს, მაშინ ვოლდე... „ჩვენ რომ ვიცით...
— თქვი ვოლდემორი, ჰარი. ყოველ საგანს თავისი სახელი ჰქვია. მე ასე ვახსენებ მუდამ. სახელის წარმოთქმის შიში საგნისადმი შიშს აძლიერებს.
— დიახ, სერ. კეთილი. მაშინ ვოლდემორი სხვა გზას მოძებნის, რომ ისევ დაბრუნდეს. ის, ალბათ, ცოცხალია, ხომ არ მომკვდარა?
— არა, ჰარი. არ მომკვდარა. დადის თავისთვის, დაძრწის. ეძებს, ვის შეუსახლდეს... ვერც მოკლავ, რადგან, ფაქტობრივად, ცოცხალიც არ არის. ქვირელი სასიკვდილოდ გაიმეტა. არც მეგობრები ენაღვლება და არც მტრები. ჰარი, შენ შეუშალე ხელი მის გაძლიერებას. შენ შემდეგ, ალბათ, გამოჩნდება კიდევ ვინმე სხვა, ვინც ასევე გაბედავს და შეებრძოლება. მერე კიდევ სხვა გამოჩნდება და ასე, იქნებ ვერც ვეღარასოდეს დაბრუნდეს.
ჰარიმ თავი დაუქნია და იგრძნო, რომ თავი ისევ სტკიოდა.
— სერ, შეიძლება, რაღაც გკითხოთ? თუ შეგიძლიათ, მითხარით... მინდა, სიმართლე ვიცოდე...
— სიმართლე... რა მშვენიერი და თან რა საშინელი რამ არის, ჰარი, — ამოიოხრა დამბლდორმა, — მასთან დიდი სიფრთხილე გჭირდება. სიამოვნებით გიპასუხებ, თუ შემიძლია, თუ არადა, გავჩუმდები და უნდა მაპატიო. ტყუილი არ მიყვარს.
— ვოლდემორმა მითხრა, დედაშენი იმიტომ მოვკალი, რომ შენ გიცავდაო. ჩემი მოკვლა რაში სჭირდებოდა?!
დამბლდორმა ღრმად ამოიოხრა.
— ეს ის არის, რაზედაც ნამდვილად ვერ გიპასუხებ, ჯერ ვერ გიპასუხებ. ოდესმე
— შეიძლება... ახლა კი, გთხოვ, დროებით დაივიწყე... რომ გაიზრდები... ო, ვიცი, როგორ არ გიყვარს ასეთი პასუხი — მზად რომ იქნები, მაშინ გაიგებ.
ჰარიმ იფიქრა, რა გაეწყობაო.
— ქვირელი რატომ ვერ მეხებოდა?
— დედაშენმა თავი გაწირა შენთვის. ერთადერთი, რაც ვოლდემორს არაფრით არ შეუძლია გაიგოს, ეს სიყვარულია. დედის სიყვარული ძლიერია, არ კვდება, ჰარი. ეს არც ნაიარევია, არც თვალით ხილული რამ ნიშანი. როცა ამქვეყნიდან მიდის ადამიანი, ჩვენში სამუდამოდ ტოვებს თავის სიყვარულს, რომელიც გვიცავს. ქვირელი სავსე იყო სიძულვილით, სიხარბით, პატივმოყვარეობით, თავისი სული ვოლდემორს მისცა. შენ ვერ გეხებოდა, რადგან ის სიყვარული შენში, შენს კანშია, აღბეჭდილი. ამას ქვირელი ვერ მოერეოდა.
დამბლდორმა ფანჯარაზე მომდგარი ჩიტი დაინახა და ერთხანს იმას აკვირდებოდა. ჰარიმ ამასობაში ზეწრით ცრემლი მოიწმინდა. მერე ჩუმად იკითხა:
— უჩინმაჩინის მოსასხამი ვინ გამომიგზავნა?
— ო, ეგ მოსასხამი მამაშენმა მე დამიტოვა და ვიფიქრე, ჰარის მოეწონება მეთქი,
— დამბლდორს თვალები აუციმციმდა, — საჭირო რამეა. მამაშენი აქ რომ სწავლობდა, მაგით სამზარეულოში შეიპარებოდა ხოლმე.
— და კიდევ...
— აბა, მიდი...
— ქვირელი და სნეიპი...
— პროფესორი სნეიპი, ჰარი.
— დიახ. ქვირელმა მითხრა, იმიტომ სძულხარ, რომ მამაშენი სძულდაო. მართალია?
— ერთმანეთი მართლა არ უყვარდათ. როგორც შენ და მისტერ მალფოის. შემდეგ მოხდა რაღაც, რაც სნეიპმა არ აპატია.
— რა მოხდა?
— მამაშენმა სიკვდილისაგან იხსნა.
— რაა?
— ჰო. რა უცნაურადაა ადამიანის ტვინი მოწყობილი, არა? სნეიპი იტანჯება, რადგან ვალში დარჩა მამაშენთან. მთელი წელია, თავს იკლავს შენს დასაცავად, რომ მაგ ვალიდან ამოვიდეს, შემდეგ კი ისევ მშვიდად განაგრძოს მისი სიძულვილი.
ჰარი შეეცადა, ამ აზრს ჩასწვდომოდა, მაგრამ თავი ისე ასტკივდა, რომ ამაზე ფიქრს შეეშვა.
— სერ, კიდევ ერთი კითხვა!
— მხოლოდ ერთი?
— ქვა სარკიდან როგორ გადმოვიდა ჩემს ჯიბეში?
— ჰო, კარგი კითხვაა. ეს ჩემი ერთ-ერთი გენიალური გამოგონებაა და, ჩვენ შორის დარჩეს, მართლაც, კარგად გამომივიდა. საქმე ისაა, რომ ქვას მხოლოდ ის მიიღებდა, ვისაც მისი პოვნა უნდოდა, მხოლოდ პოვნა და არა გამოყენება. სხვები სარკეში მხოლოდ იმას დაინახავდნენ, თუ როგორ აკეთებენ ოქროს ან სვამენ სიცოცხლის ელექსირს. ჩემი ტვინი ზოგჯერ მეც მაოცებს ხოლმე... ახლა კმარა კითხვები. მოდი, კანფეტები გავსინჯოთ. ო, ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს
კანფეტები! ერთხელ, ახალგაზრდობაში, ნარწყევის გემოსი შემხვდა. მას შემდეგ არ მიყვარს. ახლა, აი, ამას ვცდი. შენ არ გინდა?
დამბლდორმა ღიმილით ამოიღო მუქი ყავისფერი კანფეტი და პირში ჩაიდო. ცოტა ხანში ხველება აუტყდა და თქვა:
— ღმერთო ჩემო, ყურის გოგირდი!

* * *
მადამ პომფრი სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან მკაცრი. — მხოლოდ ხუთი წუთით! — ემუდარებოდა ჰარი. — არც ერთით! — პროფესორი დამბლდორი ხომ შემოუშვით?! — ეგ სხვა საქმეა — სკოლის დირექტორია. შენ სიმშვიდე გჭირდება! — ძალიან მშვიდად ვარ. ვწევარ წყნარად. არაფერს არ ვაკეთებ. გთხოვთ, რა, მადამ პომფრი... — ჰო, კარგი, კარგი. მხოლოდ ხუთი წუთით. ოთახში რონი და ჰერმიონი შემოცვივდნენ. — ჰარი! ჰერმიონს ეტყობოდა, უნდოდა, ჰარის გადახვეოდა, მაგრამ, რატომღაც, არ გადაეხვია. კიდევ კარგი, თორემ ჰარის ისევ სტკიოდა თავი. — ჰარი, ისე გვეშინოდა, რომ შენ... დამბლდორი ისე წუხდა... — მთელი სკოლა ამაზე ლაპარაკობს, — თქვა რონმა, — რა მოხდა, გვიამბე, რა!
უცნაურია, რომ ზოგჯერ სიმართლე უფრო დაუჯერებელია, ვიდრე ჭორი. ჰარიმ დაწვრილებით უამბო ყველაფერი: ქვირელზე,,. სარკეზე, ქვაზე, ვოლდემორზე. რონი და ჰერმიონი პირდაღებულები უსმენდნენ. ჰარიმ რომ თქვა, რა დაინახა, როცა ქვირელმა ჩალმა მოიხსნა, ჰერმიონმა ხმამაღლა შეჰკივლა.
— ესე იგი, ქვა აღარ არსებობს! და ფლამელი მოკვდება! — გული დასწყდა რონს.
— მაგის გამო მეც შევწუხდი, მაგრამ დამბლდორმა მითხრა — დაიცა, როგორ თქვა, ჰო: — კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალიაო.
— სულ იმას ვამბობ, გიჟია მეთქი, — რონი ჭკუას კარგავდა დამბლდორზე.
— თქვენ ორმა როგორ გამოაღწიეთ? — იკითხა ჰარიმ.
— ადვილად. რონი სწრაფად მოვიყვანე გონზე, მერე ორივენი საბუისკენ გავიქეცით და ჰოლში დამბლდორს არ შევხვდით?! ყველაფერი იცოდა. გვკითხა,
„ჰარი იქ არის, არა?“ — და მესამე სართულისკენ გაეშურა.
— ალბათ უნდოდა, რომ ეს შენ გაგეკეთებინა, ამიტომაც გამოგიგზავნა მამაშენის მოსასხამი, — თქვა რონმა.
— იცი რა, ეს თუ ასეა, ნამდვილი სისასტიკეა! ხომ შეიძლებოდა, მომკვდარიყავი!
— აღშფოთდა ჰერმიონი. ჰარი ჩაფიქრდა:
— არ არის სისასტიკე, უცნაური კაცია დამბლდორი, გამომცადა. ყველაფერი იცის, რაც აქ ხდება. მე მგონი, ხვდებოდა, რასაც ვაპირებდით, და, აი, ასე მოგვეხმარა. არა მგონია, შემთხვევით იყო, რომ ამიხსნა, ის სარკე რას წარმოადგენდა. ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ მე მქონდა უფლება, პირისპირ შევხვედროდი ვოლდემორს, თუკი შევძლებდი...
— არა, ნამდვილი გიჟია! — სიამაყით აივსო რონი, — ჰარი, ხვალ ფეხზე უნდა იყო! გამოსამშვიდობებელი ბანკეტია. ქულები, რა თქმა უნდა, სულ სლიზერინისაა. ჰო, ქვიდიჩის ბოლო მატჩი, არ იცი, რეივენქლომ მოგვიგო. უშენოდ აბა, რა იქნებოდა. მაგრამ გემრიელად ვიქეიფებთ.
მადამ პომფრი შემოვიდა.
— უკვე თხუთმეტი წუთი გავიდა. კმარა! — გამოაცხადა მკაცრად.
* * *
იმ ღამით ჰარის კარგად ეძინა. მეორე დილით თავს მშვენივრად გრძნობდა.
— ბანკეტზე მინდა წასვლა! — სთხოვდა მადამ პომფრის, რომელიც ჰარის კანფეტებს ასწორებდა მაგიდაზე, — ხომ შეიძლება?
— პროფესორ დამბლდორს მიაჩნია, რომ შეიძლება! — ჩანდა, მადამ პომფრი ამ აზრს არ ეთანხმებოდა, — შენთან კიდევ არის ერთი მნახველი. — ვინ არის?
ოთახში ჰაგრიდი შემოვიდა და როგორც ყოველთვის მთელი ოთახი გაავსო. ჰარის გვერდით დაჯდა, შეხედა და ტირილი ამოუშვა.
— სულ ჩემი... ბრალია... ჩემი... — სლუკუნებდა ხელებში თავჩარგული, — მე ვუთხარი იმ დამპალს, როგორ დაეძინებინა ფლაფი! მე, მე ვუთხარი! მარტო ეს არ იცოდა და მე ვუთხარი! კინაღამ მოკვდი! იმ დრაკონის კვერცხის გამო! არასოდეს აღარ დავლევ! ღირსი ვარ, აქედან გამაგდონ და მაგლებთან გამიშვან საცხოვრებლად!
ჰარი ძალიან შეწუხდა, ჰაგრიდი ცრემლებს რომ აღვარღვარებდა და სცადა, ენუგეშებინა:
— ჰაგრიდ, სულ ერთია, რაღაცნაირად მაინც გაიგებდა, ის ხომ ვოლდემორი იყო! შენ რომც არ გეთქვა, მაინც გაიგებდა.
— შენ ხომ კინაღამ მოკვდი, — ტიროდა ჰაგრიდი, — ნუღარ ახსენებ იმის სახელს!
— ვოლდემორი! — ხმამაღლა დაიძახა ჰარიმ. ჰაგრიდი ისე დაფრთხა, რომ ტირილი შეწყვიტა, — მე ხომ პირისპირ შევხვდი. არ მეშინია მისი სახელის წარმოთქმისა. შენ არ იდარდო! მთავარია, რომ. ქვა ვიხსენით! ახლა ქვა აღარ არის და ის ვეღარასოდეს გამოიყენებს! შოკოლადის ბაყაყი მიირთვი, ნახე, რამდენია!
ჰაგრიდმა ცხვირი ხელის ზურგით მოიწმინდა.
— კინაღამ დამავიწყდა, შენთვის საჩუქარი მაქვს.
— იმედია, სიასამურის ხორცის ბუტერბროდები არ იქნება, — შეშფოთდა ჰარი. ჰაგრიდმა, როგორც იქნა. გაიღიმა.
— არა! გუშინ დამბლდორმა ერთი დღე მომცა, რომ შენთვის ეს გამეკეთებინა. ისე, ნამდვილად გასაგდები ვარ აქედან. მაგრამ... აი!
და ტყავის ყდაში ჩასმული ლამაზი წიგნი მიაწოდა. ჰარიმ გადაფურცლა. ფურცლები სავსე იყო ჯადოსნური ფოტოებით, რომლებიდანაც ჰარის დედა და მამა უღიმოდნენ და ხელს უქნევდნენ.
— ბუები ვაფრინე შენი მშობლების სკოლის მეგობრებთან და ფოტოები ვთხოვე, ვიცოდი, ერთიც არ გქონდა... მოგწონს?
ჰარიმ ხმა ვერ ამოიღო, მაგრამ ჰაგრიდი ყველაფერს მიხვდა.
* * *
მოგვიანებით ჰარი მარტო ჩავიდა დარბაზში, გამოსამშვიდობებელ ბანკეტზე, რადგან მადამ პომფრიმ მანამ არ გაუშვა, სანამ ხელახლა საფუძვლიანად არ გამოიკვლია. დარბაზი უკვე სავსე იყო. იქაურობა სლიზერინის მწვანე და ვერცხლისფერი დროშებით მოერთოთ. ეს კლუბი მეშვიდე წელია, გამარჯვებას ზეიმობდა. მასწავლებლების მაგიდის თავთან, კედელზე, უზარმაზარი დროშა ფრიალებდა, ზედ სლიზერინის ემბლემა — გველი — იყო გამოსახული.
როდესაც ჰარი დარბაზში შევიდა, უცბად სიჩუმე ჩამოვარდა, მერე ყველა ერთად აყაყანდა. ჰარი რონსა და ჰერმიონს შორის ჩამოჯდა, თან ცდილობდა, არ შეემჩნია, რომ ხალხი ფეხზე დგებოდა, რათა მისთვის შეეხედა.
კიდევ კარგი, ამ დროს დამბლდორი შემოვიდა და დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა.
— გავიდა კიდევ ერთი წელიწადი, — მხიარულად დაიწყო დამბლდორმა, — და ვიდრე პირველ გემრიელ ლუკმას ვიგემებდეთ, უნდა შეგაწუხოთ მოხუცი კაცის აბეზარი ლაქლაქით. რა წელი იყო! იმედია, თქვენს თავებში რაღაც მაინც ჩაიყარა... წინ მთელი ზაფხული გელით. საკმარისი დროა იმისათვის, რომ თავიდან ყველაფერი გამოიბერტყოთ და მომავალ წელს ისევ ცარიელი თავებით დაგვიბრუნდეთ...
ახლა კი ვნახოთ, რა ხდება კლუბების შეჯიბრში: მეოთხე ადგილზე გრიფინდორია
— სამას თორმეტი ქულა; მესამე ადგილზე — ჰაფლეპაფი — სამას ორმოცდათორმეტი; რეივენქლოს ოთხას ოცდაექვსი ქულა აქვს, სლიზერინს — ოთხას სამოცდათორმეტი...
სლიზერინის მაგიდა ახმაურდა. ჰარიმ დაინახა, როგორ არახუნებდა მალფოი თასს მაგიდაზე და კინაღამ გული აერია.
— დიახ, დიახ, ყოჩაღ, სლიზერინ! — შეაქო დამბლდორმა, — მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბოლო მოვლენებიც...
დარბაზი ისე გაისუსა, ბუზის გაფრენას გაიგონებდი. სლიზერინელები აღარ იღიმებოდნენ.
— ჩვენ კიდევ გვაქვს ქულები... დაიცა, მოვიგონო... დიახ! დავიწყოთ. პირველი
— მისტერ რონალდ უისლი...
რონი გაწითლდა. მზეზე დახრუკულ ბოლოკს დაემსგავსა.
— ...ჰოგვორტსის ისტორიაში ძალიან დიდი ხანია, ჭადრაკის ასეთი პარტია არავის უთამაშია. გრიფინდორს — ორმოცდაათი ქულა!
მოჯადოებული ჭერიც კინაღამ ასწია გრიფინდორელთა შეძახილებმა. ვარსკვლავები ძლიერად აციმციმდნენ. საერთო ხმაურში ისმოდა, როგორ ეუბნებოდა პერსი სხვა პრეფექტებს:

— ჩემი ძმაა! ჩემი უმცროსი ძმა, ხომ იცი! მაკგონაგელის ჭადრაკის გოლიათ ფიგურებს სძლია!
ისევ სიჩუმე გამეფდა.
— მეორე — მის ჰერმიონ გრეინჯერი... ორ ცეცხლს შუა ცივი ლოგიკის გამოყენებისთვის გრიფინდორს ვანიჭებ კიდევ ორმოცდაათ ქულას.
ჰერმიონმა თავი მკლავებში ჩარგო. ჰარი დარწმუნებული იყო, ტიროდა. გრიფინდორელები სიხარულით ხტოდნენ. უკვე ასი ქულა მიიღეს.
— და მესამე — მისტერ ჰარი პოტერი! — დაიძახა დამბლდორმა და დარბაზში უკვე სუნთქვაც კი აღარ ისმოდა. — ნებისყოფისა და არაჩვეულებრივი სიმამაცისთვის გრიფინდორს — სამოცი ქულა!
დარბაზი დაინგრა. ყველამ მაშინვე გამოთვალა, რომ გრიფინდორს უკვე ოთხას სამოცდათორმეტი ქულა ჰქონდა და სლიზერინს გაუტოლდა. აი, კიდევ ერთი ქულაც რომ მიეცათ ჰარისთვის...
დამბლდორმა ისევ ასწია ხელი. დარბაზი გაჩუმდა.
— სიმამაცე ბევრნაირია, — თქვა ღიმილით, — რა თქმა უნდა, დიდი ვაჟკაცობაა წინ აღუდგე მტერს, მაგრამ არანაკლები ვაჟკაცობაა, შეეწინააღმდეგო საკუთარ მეგობრებს. ასე და ამგვარად, ათი ქულა — მისტერ ნევილ ლონგბოტომს!
ახლა ვინმე რომ მდგარიყო გარეთ, დარბაზის კართან, იფიქრებდა, შიგნით ნამდვილად რაღაც აფეთქდაო, ისეთი ამბავი ატყდა გრიფინდორის მაგიდასთან. რეივენქლო და ჰაფლეპაფიც ზეიმობდნენ სლიზერინის დამარცხებას. ჰარი, რონი, ჰერმიონი წამოხტნენ და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გაჰყვიროდნენ. სიხარულისგან თავგზააბნეული და გაფითრებული ნევილი კი სადღაც ჩაიკარგა იმ
ხალხში, ვინც კოცნიდა და ეხვეოდა. ამდენი ქულა არასოდეს მიუღია. ჰარიმ რონს გვერდში მუჯლუგუნი წაჰკრა და მალფოიზე ანიშნა, რომელიც ისეთი გაოგნებული და გაშეშებული იდგა, თითქოს სხეულის შემკვრელი ჯადო გაუკეთესო.
— ეს კი იმას ნიშნავს, — დასჭექა დამბლდორმა ამ გნიასში, — რომ ჩვენ დეკორაციის შეცვლა მოგვიწევს!
ტაში შემოჰკრა თუ არა, მწვანე ფერი — ალისფერმა, ხოლო ვერცხლი ოქრომ შეცვალა. სლიზერინის გველის ადგილი გრიფინდორის ლომმა დაიკავა. სნეიპი ნაძალადევი ღიმილით ართმევდა ხელს პროფესორ მაკგონაგელს. ჰარიმ მის მზერას მოჰკრა თვალი და მიხვდა, რომ სნეიპი იოტისოდენადაც არ შეცვლილა მის მიმართ. ჰარის ეს სულაც არ ადარდებდა. როგორც ჩანს, მომავალ წელს ჰოგვორტსის ცხოვრება თავის ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
ეს იყო საუკეთესო საღამო ჰარის ცხოვრებაში, ბევრად უკეთესი, ვიდრე ქვიდიჩის მატჩის მოგება, საშობაო დღესასწაული ან მთის ტროლის დამარცხება... ამ საღამოს არასოდეს, არასოდეს არ დაივიწყებს!
* * *
ჰარის აღარც ახსოვდა, რომ წინ კიდევ გამოცდების შედეგები ელოდათ. ჰარიმ და რონმა, მათდა გასაოცრად, კარგი ნიშნები მიიღეს. ჰერმიონმა, რასაკვირველია, უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ნევილიც კი გაძვრა როგორღაც. ჰერბოლოგიის მაღალმა ნიშანმა გადაწონა საწამლავებში მისი სრული უცოდინარობა.
ყველა იმედოვნებდა, რომ გოილს გარიცხავდნენ, რომელიც თითქმის იმდენადვე ყეყეჩი იყო, რამდენადაც ბოროტი, მაგრამ ისიც კი გავიდა. გულსატკენია, თუმცა, როგორც რონმა აღნიშნა, ყველაფერი ერთად ვერ გექნება.
გარდერობები წამში დაიცალა, ჩემოდნები ჩალაგდა; ნევილის გომბეშო ტუალეტის კუთხეში აღმოჩნდა მიყუჟული; ყველას დაურიგდა სამახსოვრო გაფრთხილება არდადეგებზე მაგიის გამოყენების აკრძალვის შესახებ („როგორი იმედი მაქვს ხოლმე, რომ ამის მოცემა დაავიწყდებათ“, გულდაწყვეტით თქვა ფრედ უისლიმ).
ბავშვებმა ჰაგრიდის ნავებით გადაცურეს ტბა და ჰოგვორტსის ექსპრესში ჩასხდნენ. მათ სიცილსა და საუბარში ველური ბუნება მოვლილ და გამწვანებულ ველ-მინდვრებად იქცა. ყველანი სიამ–ოვნებით შეექცეოდნენ ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტებს, ამასობაში ჩაუქროლეს მაგლების ქალაქებს. მოიხსნეს ჯადოქრის მანტიები, გამოეწყვნენ ჩვეულებრივ ქურთუკებში და კინგს ქროსის ცხრა და სამ მეოთხედ პლატფორმაზე ჩამოვიდნენ.
აქედან გასვლას კარგა ხანს მოუნდნენ. იქ ერთი მოხუცი მცველი იდგა, რომელიც მათ ორ-ორს და სამ-სამს უშვებდა მაგლების პლატფორმაზე, რომ კედლიდან უცებ ამდენი ბავშვის ერთად გამოცვენას მაგლებში პანიკა არ გამოეწვია.
— ამ ზაფხულს ორივენი ჩემთან ჩამოდით, — მიიპატიჟა რონმა მეგობრები, — ბუს გამოგიგზავნით.
— დიდი მადლობა, — უთხრა ჰარიმ, — მოუთმენლად დაველოდები.
დიდი ჭ....ტა იყო იმ კედელთან, რომელიც მაგლების სამყაროში გადიოდა.
— ნახვამდის, ჰარი!
— მომავალ შეხვედრამდე, პოტერ!
— ხედავ, ისევ პოპულარული ხარ! — გაიკრიჭა რონი.
— იქ ნამდვილად არა, სადაც მივდივარ, — უთხრა ჰარიმ. ჰარი, რონი და ჰერმიონი ერთად გავიდნენ.
— აგერ, დედა, დავინახე, — მოისმა ჯინის, რონის უმცროსი დის ხმა, მაგრამ გოგონა ძმისკენ კი არ იშვერდა თითს, — ჰარი პოტერი! დედა, შეხედე!
— დაწყნარდი, ჯინი, თითის გაშვერა უზრდელობაა! ქალბატონი უისლი ღიმილით შეხვდა ბავშვებს.
— ბევრი იმუშავეთ?
— ძალიან, — უთხრა ჰარიმ, — ქალბატონო უისლი, დიდი მადლობა ჯემპრისთვის და ტკბილეულისთვის.
— მზადა ხარ, ბიჭო? — ეს ძია ვერნონის ხმა იყო. ჰარიმ ისევ ის წითელი სახე დაინახა, ისევ ის დიდი ულვაში. ისევ გაბრაზებულია ჰარიზე — როგორ არ რცხვენია, ამდენ ხალხში გალიით ბუ რომ უჭირავს! მის უკან დეიდა პეტუნია და დადლი იდგნენ და შიშით უცქეროდნენ ჰარის.
— თქვენ, ალბათ, ჰარის ნათესავები ხართ, არა? — იკითხა ქალბატონმა უისლიმ.
— ასე ვთქვათ, — უპასუხა ძია ვერნონმა, — წამო, ბიჭო, დროზე, მთელი დღე აქ ხომ არ ვიდგებით? — და წავიდა.
ჰარი რონს და ჰერმიონს მიუბრუნდა:
— ზაფხული გავა და გნახავთ.
— იმედია... კარგად... გაატარებ დროს, — უთხრა ჰერმიონმა, მაგრამ თვითონაც არ სჯეროდა ამისი, რადგან ძია ვერნონი საშინლად არ მოეწონა.
— დროს ნამდვილად კარგად გავატარებ, — ჩაილაპარაკა ჰარიმ და გაიცინა, — ამათ ხომ არ იციან, რომ მე შინ ჯადოქრობის უფლება არა მაქვს. დადლიზე მაგრად გავერთობი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent