შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (3 თავი)


15-07-2021, 09:59
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 2 476

პროფესია ალფონსი
3.
პირველივე ნახვით მომეწონა ეს მხიარული და სახემომღიმარი გოგო. გამიხარდა, ასეთი კარგი ექთანი რომ მყავდა და მთელ დღეს მოწყენის და უგუნებოდ ყოფნის საშუალებას არ მომცემდა. უნდა ვთქვა, რომ მისი სახით გამიმართლა, თანაც ძალიან.
ერთმანეთის გაცნობა რომ მოვამთავრეთ მე და მაკამ, პირველმა პაციენტმაც შემოგვიღო კარი და სამსახურის პირველი დღეც დაიწყო. ორმოც წელს გადაცილებულმა ქალმა სამიოდე წლის ცისფერთვალა, ქერა კულულებიანი ლამაზი გოგონა შემოიყვანა, რომელიც დიდი ინტერესით ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს. მართალია, გოგონას არ ეშინოდა, მაგრამ მე რომ ღიმილით გამოველაპარაკე, ალბათ მოერიდა და ქალს მორცხვად მიეკრა. დაიმალა ასე ვთქვათ და ისე ამომხედა გაოცებულმა. ყველა უცხოს რომ ჩემი თვალები უკვირდა, ამას უკვე მიჩვეული ვიყავი და დიდად აღარ მაღელვებდა.
აღმოჩნდა, რომ ეს ქალი დედა იყო პატარა ნიკესი
_სიბერეში "შემეპარა,"_მორცხვად აგვიხსნა ქალმა._გვიან გავიგე, ვეღარ მოიშორე და იძულებული გავხდი გამეჩინა.
...რატომ გონია ქართველ ხალხს, რომ ორმოცი წლის ქალი უკვე ბებერია, ვერ ვხვდები? ან, რატომ არის იძულება ამ ასაკში შვილის გაჩენა ვითომ?.. მაგრამ ვინმე თუ არ მოთხარეს ძირფესვიანად, არ გააქილიკეს და ცხოვრების სტილი არ დაუწუნეს, ისე ხომ ვერ მოისვენებენ და ვერც ენას გააჩერებენ უსაქმური ჭორიკნები?..
როგორც დედამ აგვიხსნა, ბავშვს ღამით მაღალი სიცხე ქონია.
_მართალია, ახლა აღარ აქვს, მაგრამ კონსულტაციაზე მაინც მოვიყვანე. მეშინია, არაფერი გამომეპაროს. დავბერდი და აღარ მახსოვს არაფერი.
_თქვენთან სიბერეს რა უნდა?_მაკამ ღიმილით დაამშვიდა ოდნავ მოტეხილი და სახეზე ნაოჭებგაჩენილი ქალი._ჯერ ერთი, ასაკი სულაც არ გეტყობათ და მეორე ის, რომ ორმოცი წელი სიბერე სულაც არ არის.
მე რომ ფონენდოსკოპი მოვიმარჯვე, ბავშვს ცოტა შეეშინდა და შეკრთა კიდეც, მაგრამ ღიმილით და მოფერებით მალევე დავამშვიდე. ფილტვებზე გულდასმით მოვუსმინე. არც ფილტვებზე და არც გულზე ოდნავი ცვლილებაც კი არ ქონდა. ყელშიც ჩავხედე და არც იქ აღენიშნებოდა უმნიშვნელო შეწითლებაც კი . მერე თირკმელები და ხერხემლის მალებიც შევუმოწმე, მაგრამ იქაც კარგი მდგომარეობა ქონდა. ტახტზე წამოვაწვინე. მუცლის ღრუ ხელით შევუმოწმე: ნაღველა, ღვიძლი, ნაწლავები_აქაც ყველაფერი მწყობრში ქონდა. ჯერ ისევ საგონებელში ვიყავი გამოუცდელი პედიატრი, ვერ ვხვდებოდი რას შეეძლო მაღალი ტემპერატურის გამოწვევა, რომ ბავშვმა ყური მოიფხანა, თანაც ძლიერად და ეჭვი გამიჩინა. ყურებში რომ ჩავხედე, მარჯვენა ყურში მართლაც აღენიშნებოდა სიწითლე.
_ამ დღეებში თქვენს შვილს არ უთქვამს, რომ ყურები აწუხებდა?_ინტერესით ვკითხე დედას.
_ყურები? არა, არ უთქვამს._ცოტა დაფიქრდა და ისე მითხრა ქალმა.
_ყურის ანთება უჩანს. სიცხეც სავარაუდოდ მან გამოიწვია. დასაზუსტებლად კი მაინც აჩვენეთ ოტორალინგოლოგს. სხვა მხრივ ჯანმრთელია, არაფერი აწუხებს._მიმართვა დავუწერე და ყელ-ყურის ექიმთან გავამწესე საყვარელი ნიკე.
ქალმა მადლობა გადამიხადა, დაგვემშვიდობა მე და მაკას და კაბინეტიდან საყვარელი ფარფატით გაიყვანა შვილი. მათი გასვლიდან სულ რაღაც წამებში ათიოდე წლის ბიჭი შემოგვიყვანა ახალგაზრდა დედამ, რომელსაც პნევმონია აღმოაჩნდა... მოკლეთ, დღის პირველი ნახევარი გვარიანად გადატვირთული მქონდა და შესვენების საშუალება ნამდვილად არ გვქონდა მე და მაკას. ცალკე მუშების ხმაური მღლიდა დერეფნიდან რომ აღწევდა და ახალი საღებავების სუნი ხომ თავს მატკიებდა. მაგრამ მოდუნების და უყურადღებობის უფლება არ მქონდა. ერთობ საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე და ამ პასუხისმგებლობის გამართლება იყო საჭირო.
_გვეღირსა, გვეღირსა._სიხარულით შემოვარდა მაკა კაბინეტში._გარეთ მომლოდინე პაციენტები აღარ გვყავს. ვაშაა!!! კაფეტერიაში წავიდეთ შესვენებაზე, თუ აქ ამოგიტანო რამე?_ინტერესით მკითხა
ჩემს კაბინეტში ჭამას და ყავის დალევას, კაფეტერიაში ჩასვლა ვამჯობინე, მაგრამ კაბინეტის უყურადღებოდ დატოვებაც არ ივარგებდა.
_ჯერ შენ წადი, მე მერე ჩავალ, არავინ მოვიდეს.
_მოვიდეს, მერე რა?_გაიოცა მაკამ._ დაიცდიან._თან დამაიმედა, მაგრამ მე მაინც კაბინეტში დარჩენა ვამჯობინე და ჯერ ის გავუშვი ლანჩზე.
ნახევარ საათში, სანამ მაკა დაბრუნდებოდა კაფეტერიიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მართლაც მოიყვანა რვა წლის ბიჭი, რომელიც სკოლაში გამხდარიყო ცუდად და რეანიმაციაში გამომიძახეს. გულდასმით შევამოწმე დასუსტებული პაციენტი. აშკარად საკვებით მოწამვლასთან გვქონდა საქმე და სასწრაფოდ ანალიზების აღება მოვითხოვე. სანამ ანალიზის პასუხები მოვიდოდა, დრო ვიხელთე და კაფეტერიაში ჩავედი. როგორც შიო იტყოდა, ჭაკი ცხენივით ფეხზე მდგომმა მივირთვი ფენოვანი ხაჭაპური, რადგან ბევრი ხალხი იყო და ჩემი ადგილი იქ არ იყო. ვერც ვერავინ მცნობდა, თორემ დარწმუნებული ვარ, ადგილს ზრდილობიანად დამითმობდნენ. ცივი ფანტაც ასევე ფეხზე დგომით გადავყლურწე. მერე, აპარატიდან ყავა ჩამოვისხი და ჩემი კაბინეტისკენ მეორე მხრიდან ავედი, რათა იქ მომუშავე მუშებს ავრიდებოდი. მაგრამ კაცს რომ ბედი არ გექნება. ისევ და ისევ ჩვენი შიოს სიტყვებს მოვიშველიებ: "ვერიდებოდი ღოლოსა, დამხვდა ვენახის ბოლოსაო." ზუსტად მაშინ, კიბის ბაქანი რომ გავიარე და დერეფანში უნდა შევსულიყავი, ერთ-ერთი მუშა, რომელიც გრძელტარიანი ლილვაკით, ანუ "კატოკით," დერეფნის კარს ზემოდან კედელს ღებავდა, მაღლა ყურებაში გართულმა უკან რომ გადადგა ნაბიჯი, რათა ჩემთვის გზა დაეთმო და გავეტარებინე, საღებავიან ვედროს წამოედო. ბევრი კი იწვალა საცოდავმა არ წაქცეულიყო, ურთულესი ქორეოგრაფიული ილეთებიც კი შეასრულა ჰაერში აფართხალებულმა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ვედრო გადააქცია, ვერცხლისფერი საღებავი იატაკზე დაღვარა და თვითონ კი ზურგით გაცურდა შიგ. ლილვაკი პირდაპირ სახეზე დაეცა და შეეღება. ამ ყველაფრის მაყურებელი მე კი, შიშისგან ისე შევკრთი, ყავა გადამესხა ზედ და ჩემი კრემისფერი ბლუზა გვარიანად შევილამაზე ყავისფერი უცნაური ფიგურებით.
_რაო, ახალბედავ, კატოკი დაგიფრთხა?_დერეფნის მეორე ბოლოდან ვიღაცის გულიანი ხარხარი რომ გაისმა, სიბრაზე მომერია, იქნებ რა სჭირდა ამ საცოდავ ბიჭს და ის კი, იმის მაგივრად, რომ მიხმარებოდა წამოდგომაში, იდგა და მაქსიმალურად დაღებული პირით ხახანებდა.
_ბიჭო, ზოსიმე, არ გითხარი, რომ აქ არავინ მოგიზომავს ადგილს-მეთქი?_მეორე ბიჭიც გულიანად ახარხარდა, მაგრამ იმან იმდენი მაინც მოიფიქრა, რომ ზოსიმედ წოდებული დარცხვენილი ბიჭი ფეხზე წამოაყენა.
ერთი კი შემომხედა დარცხვენილმა ბიჭმა. როგორც ყველამ, ამანაც ყურადღება ჩემს სხვადასხვაფერის თვალებზე გაამახვილა. მერე, ხავერდოვანი ბასით მომიბოდიშა დაქცეულ ყავაზე და დასვრილ კოფთაზე და დარცხვენილმა წამოაყენა წაქცეული ვედრო. გვერდი ავუქციე ახარხარებულ ბიჭებს, დაღვრილ საღებავსაც ძლივს მოვერიდე და ჩემი კაბინეტისკენ უკანმოუხედავად განვაგრძე გზა. თუმცა, აშკარად ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას და დაძაბული მივაბიჯებდი, რომ შემთხვევით ფეხი არ ამრეოდა და არ წავბორძიკებულიყავი.
ყავა ვერ დავლიე, ბლუზაც დავისვარე, მოკლეთ, უიღბლო დღე მქონდა, მაგრამ ის საცოდავი ზოსიმე რომ გამახსენდა, გამეღიმა, მაგას ქონდა თუ ქონდა უიღბლო დღე. საცოდავს, როგორ ქონდა შეღებილი თავ-პირი...
პირველ რიგში ბაიას დავურეკე. არ მაინტერესებდა ეცალა თუ არ ეცალა, ჩემთვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი უნდა მოეტანა ხუთ წუთში.
_რა დაგეტაკა?_შეშფოთებულმა მკითხა და ნათლადაც კი წარმოვიდგინე მისი სახე.
_ისეთი არაფერი, მაგრამ გთხოვ, მალე მომაკითხე რა._მუდარაზე რომ გადავედი უკვე, ახლავეო დამაიმედა და მაშინვე გამითიშა ტელეფონი.
ზუსტად ოცდაათ წუთში მომაკითხა ჩემს კაბინეტში, ოღონდ ბაიამ კი არა, შიომ. იმ გადარეულს მისთვის დაურეკია და უბრძანებია, რომ რამე ეყიდა ჩემთვის. ლამის გავგიჟდი, შიომ რა იცოდა რა სტილის ტანსაცმელს ვიცმევდი? გავბრაზდი და რა გავბრაზდი, ალბათ გვერდით რომ მყოლოდა ის ძალად დეტექტივი, გემოზე ვწეწავდი. პარკი რომ ჩამოვართვი გაღიმებულ შიოს, არც კი ჩამიხედია შიგ. დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც სასწაულ ფრანცი-ფრუნცებს მომიტანდა. საჩქაროდ მოვუხადე მადლობა, თან ვაგრძნობინე, რომ შენი და შენი იუმორის გუნებაზე არ ვარ, არ მცალია-მეთქი და დავემშვიდობე. კაბინეტიდან გავიცილე თუ არა, შიგნიდან გადავრაზე კარი, რომ არავის შევეწუხებინე და სანამ ბაიას დავურეკავდი და მადიან საყვედურებს ვეტყოდი, სულმა მაინც წამძლია და შიოს მოტანილ პარკში უინტერესოდ ჩავიჭყიტე. თვალები გაოცებისგან მართლაც რომ ამიცვივდა შუბლზე. "ბალენსიაგას" ორეული შავი კაბა იდო შიგ, რომელიც 2016 წლის კოლექციიდან დამამახსოვრდა. ოთხკუთხედი გულით, ოდნავ გადმოსული მხრებით, წელზე მომდგარი და ოდნავ მუხლს ქვემოთ არაჩვეულებრივი იყო. სასწრაფო წესით გადავიცვი, მართლაც რომ ჩემი ზომა იყო და ზედ "დამაკვდა" შიოს სიტყვებით რომ ვთქვა. თან, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ერთი-ორად უფრო საქმიანი ქალის იმიჯი შემმატა.
_უყურე შენ ამ "ქაფჩით შეღონებულს", მართლაც რომ არაჩვეულებრივი გემოვნება ქონია._გამეღიმა და გამოღებული ფანჯრის მინის ანარეკლში დიდი მონდომებით შევათვალიერე ჩემი სილუეტი._ტყუილად ეკინკლავება ყველაფერზე გადარეული ბაია. ზუსტად რომ ჩემი ზომაა.
მართალია, ასი პროცენტით სარკის მაგივრობას ვერ მიწევდა ფანჯრის მინა, მაგრამ მაინც კარგა ხანს ვიტრიალე მის წინ. მერე კი ბაიასთან დარეკვის ნაცვლად შიოს დავურეკე.
_არ მითხრა ახლა კარგად არ მაქვსო._სანამ რამეს ვეტყოდი, დამასწრო და აქეთ შემომიტია._რა ზომაც დეიდაშენმა მითხრა, ზუსტად ის ზომა გიყიდე.
_სულაც არა._გამეცინა._პირიქით, მადლობის სათქმელად გირეკავ. ძალიან კარგია. ძვირი დაგიჯდა?
_შენ ხილი იგემე და მებაღეს რას კითხულობ?_თავისებურად გულიანად გადაიროხროხა. მერე კი სასწრაფოდ აბლუყუნდა._ბოდიში ჯიგარო, პატრული მოდის და უნდა გაგითიშო, არ გეწყინოს რაა._ეს რომ მითხრა, მართლაც მაშინვე გამითიშა ტელეფონი.
საღამომდე კი, უკვე ექსცესების გარეშე ვიმუშავე. პაციენტთა სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩიოდი. მართალია, ზოგი ჩემი წინამორბედი ნელი ექიმის პაციენტი იყო და მასთან იყვნენ მოსულები, მაგრამ ჩემთანაც გადიოდნენ მაინც კონსულტაციას. შეიძლება იძულებითაც კი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც მართლაც უხაროდა ხნიერი ექიმის პენსიაზე გასვლა.
ის იყო, სამუშაო საათები დამისრულდა და სახლში წასვლა დავაპირე, რომ ბაიამაც მომაკითხა თავისი კაცური მანქანით.
_ძალიან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა და ვერ მოვახერხე შენი მონახულება._მომიბოდიშა._აბა, რას იტყვი, როგორი იყო?_პირველ სამუშაო დღეზე მკითხა.
_არაუშავს. უკეთესიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო._ყავის გადაქცევა ვიგულისხმე._მაგრამ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ჩემს გარდერობს ახალი კაბა შეემატა. მგონი რა ძვირი დაუჯდა.
_არაუშავს, აიტანს მისი სქელი ჯიბე. რაც მთავარია ხომ კარგად გაქვს?_ინტერესით შემათვალიერა.
_იქნებ, მე რომ მეყიდა, ვერ შემერჩია ასე ზუსტი ზომა... მაგარი ბიჭია ეგ შენი შიო.
_არ შეარჩევდა და ვისი აჯობებდა, მაგასაც ვნახავდი._დაქადნებით თქვა და მანქანა უკანა სვლით გაიყვანა კლინიკის ეზოდან.
_სტილი შენ უთხარი?_დამაინტერესა.
_გავაფრთხილე, საქმიანი ქალის ტანსაცმელი უყიდე, აი ისეთი, რომ მოგიწონოს, თუ არა და რასაც უყიდი შენ ჩაგაცმევ-მეთქი._მთელი სერიოზულობით მითხრა, მანქანა მოხერხებულად შემოაბრუნა და მანქანების ნაკადს შეერია.
წარმოვიდგინე ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი შიო და გულიანად გადავიკისკისე.
_უსამართლოდ რომ იბრიყვებ მაგ საცოდავს, ხვდები?
_უსამართლოდ?_გაოცებულმა გამომხედა._რას ლაპარაკობ. კიდევაც ლმობიერი ვარ. ის ვაჟბატონი მეტის ღირსიცაა.
_რა დაგიშავა მაგისთანა?
_აუცილებელია რამე დაეშავებინა? იმსახურებს. მე დაუმსახურებლად არავის არაფერს ვუშავებ.
რაღაც არ ვეთანხმებოდი ბაიას ამ ამბავში, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე. ვატყობდი, რომ სერიოზულად ბრაზობდა, როცა შიოზე იყო საუბარი. იმაში კი ვეთანხმებოდი, რომ დაუმსახურებლად არავის არ სჯიდა, მაგრამ არ მესმოდა რას უშავებდა ის არაჩვეულებრივი ბიჭი ამ ქაჯს.
სახლამდე უხმოდ ვიმგზავრეთ. სახლში მისულებს კი ისეთი სიურპრიზი დამახვედრეს ბებიამ, ბაბუამ და მამაჩემმა, რომ სულ გადამავიწყდა შიოც და შიოზე გაბრაზებული ბაიაც. ბებიამ და ბაბუამ ოქროს უშველებელი ჯაჭვი და ჭკვიანი მაჯის საათი გადმომცეს ოჯახური ტრადიციის გაგრძელებისთვის. საათი ძალიან მომეწონა, გულის ცემას, ნაბიჯების რაოდენობას და სისხლში ჟანგბადის დონეს მიჩვენებდა. ასევე, ტელეფონის შეტყობინებებიც შემეძლო რომ მასზე წამეკითხა. მამაჩემმა კი... ჩემმა საყვარელმა მამიკომ ყველაზე სტილური და ელეგანტური, ნამდვილად ქალური, მომხიბვლელი და უჩვეულო დიზაინის სალონის მქონე, ნათელი ფერის მანქანა დამახვედრა ავტოსადგომზე.
_toyota sera? ყოჩაღ ოლეგ, არაჩვეულებრივი მზეთუნახავი მანქანაა._ბაიამ დიდი ინტერესით რომ შეათვალიერა ჩემი ავტომობილი, სიძეს გულწრფელად მოუწონა არჩევანი.
_ჩემი საყვარელი მამიკო._პატარა ბავშვივით ბოლო ხმაზე აკივლებული ჩამოვეკიდე მამაჩემს კისერზე და ლამის კოცნით მოვახრჩვე გაღიმებული და ჩემი ბედნიერებით გაბედნიერებული, ცოტა დამორცხვებული კაცი._მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მამა მყავხარ... я горжусь за тебя... მიყვარხარ... мой сладкий папочка..._სიხარულისგან და ბედნიერებისგან რუსულ-ქართულად ავლაპარაკდი.
_სულ სიკეთის და მშვიდობის გზით გევლოს ჩემო მარიშკა... შენ იმსახურებ ამ საჩუქარს._სუფთა ქართულით, მაგრამ ოდნავი რუსული აქცენტით მითხრა მამაჩემმა და გულში ჩამიკრა.
იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი მართლაც რომ არავინ იყო დედამიწის ზურგზე. შემდეგ კი, ერთსაათიანი ტესტდრაივი ავტომობილებით გადაჭედილ შუა ქალაქის ქუჩებში მამაჩემის თანხლებით გავიარე. მართალია, მართვა ვიცოდი ბაიას დამსახურებით და მართვის მოწმობაც მისი დაჟინებული თხოვნით მქონდა, რომ როცა ნასვამი იყო, მე ვიყავი მისი პირადი მძღოლი, მაგრამ მაინც ვღელავდი. ალბათ, საკუთარი ავტომობილის საჭესთან რომ ვიჯექი. ან, გამოცდილი მძღოლი რომ მეჯდა გვერდით იმისი მეშინოდა არაფერი შემშლოდა.
თუმცა, ყველაფერმა მაინც მშვიდობიანად ჩაიარა. მამაჩემმა მართვის სტილიც და მანერაც მომიწონა. მანქანიდან რომ გადმოვედით, მაშინ კი გულში ჩამიკრა დაიმედებულმა და შუბლზე მაკოცა.
_დავრწმუნდი, რომ შეცდომა არ დამიშვია ამის ჩუქებით, არაჩვეულებრივი მძღოლი ხარ. მართლაც რომ მეამაყები. მიხარია, ჩემი შვილი რომ ხარ. მიყვარხარ...
ისე ძლიერად ჩავეხუტე, რომ მისმა ძვლებმა უჩვეულო ხმები გამოსცეს და ცოტა არ იყოს, შემეცოდა კიდეც...
მთელი ღამე კი აჟიტირებული ვიყავი. ხუმრობა ხომ არ იყო ბაიას ნაჩუქარი ძვირადღირებული სუნამო... შიოს ნაყიდი ბრენდული კაბა... ბებიას და ბაბუას ოქროს ჯაჭვი და ჭკვიანი საათი... მამაჩემის ნაჩუქარი მანქანა_მოკლეთ, მქონდა მღელვარების, ბედნიერების და აფორიაქების მიზეზი. მთელი დღის ემოციებით სავსემ კი ვეღარ შევძელი სულ ცოტა ხნით მაინც თვალის მოხუჭვა და ძილი. ბედნიერი ვიხსენებდი დღევანდელი დღის უმნიშვნელო წვრილმანსაც კი. ყავის გადასხმასაც კი უკვე ბედნიერი ღიმილით ვიხსენებდი. ეგ კი არა, ჩემსავით ახალბედა საცოდავი ზოსიმეც გამახსენდა თავისი სასაცილო ილეთებით და დაბალ ხმაზე ავქირქილდი. საწყალი, ისე გაცურდა ზურგზე, გვრიანად დაშავდებოდა. თან, როგორ შერცხვა მე რომ დამინახა. ვერცხლისფერი საღებავით სახე ისე ქონდა შელამაზებული, მხოლოდ თვალები მოუჩანდა, რომელსაც საცოდავი გამომეტყველებით აბრიალებდა სასაცილოდ. ნეტა, მისთვისაც პირველი დღე იყო სამსახურში? მაშ, ახალბედა რაზე უწოდეს? მე კი ძალიან გამიმართლა ამ დღეს, მაგრამ იმ საცოდავს?
იმის მაგივრად, რომ დამესვენა, უფრო დავიღალე, საწოლში ვეღარ მოვისვენე და ამიტომ წამოვდექი. გამჭვირვალე ხალათი სიბნელეში ძლივს მოვიცვი და აივნისკენ ქურდული ნაბიჯებით გავწიე. ყოველთვის, როცა არ მეძინებოდა, აქ მოვდიოდი და ლამპიონებით განათებულ ქალაქს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. ხანდახან პოეზიის მუზაც კი მსტუმრობდა და პოეტობასაც ვცდილობდი. ოღონდ ეს ისე, საიდუმლოდ, რადგან ბაიას მეტიც კი არ უნდოდა, გადაბჟირდებოდა სიცილით და შიოსთან ერთად გიჟპოეტობას დამწებდა...
მთვარის შუქით განათებულ პატარა აივანზე რომ გავედი, მოულოდნელობისგან შევკრთი და დაბალი ხმით შევკივლე კიდეც. ტოპი მაისურისა და შავი ბიკინის ამარა ბაია მოაჯირს ლამის მთლიანი ტანით იყო გადაყუდებული. იმას ჩემი მოულოდნელი გამოჩენის შეეშინდა, მე კი მისი.
_რა გული გამიხეთქე?!_ჩურჩულით მისაყვედურა.
_ვერ დავიძინე და ვიფიქრე, აივნიდან თბილისის ხედების ცქერით დავმტკბარიყავი._ენის ბორძიკით ვიმართლე თავი._თუ ხელს გიშლი, წავალ.
_სად უნდა წახვიდე, მოიცა._მკლავზე წამატანა ხელი და შემაჩერა გამობრუნება რომ დავაპირე._აქ იმხელა ტერიტორიაა, ორივე დავეტევით._უშველებელი ფიკუსი თავის ქოთნიანად ძლივს მიაჩოჩა კედლისკენ და ადგილიც გამინთავისუფლა._მოდი, შენც გადმოეყუდე. ნახე, რა არაჩვეულებრივი ხედებია.
მივედი კი და მოაჯირსაც გადავეყუდე, მაგრამ ისე გაბედულად ვერა, როგორც ბაია იყო სველი სარეცხივით გასაშრობად გადაფენილი. ერთხანს უხმოდ ვათვალიერეთ ღამის ქალაქი და სიგრილით ვტკბებოდით. მერე კი ისევ ბაია ალაპარაკდა.
_რა არ გაძინებს გოგო, შეყვარებული ხარ?
_შეყვარებული არა, ისა კიდე._სასტიკად ვიუარე._ვისაც არ ეძინება, შეყვარებულია ვითომ?_დავეჭვდი.
_მაშ რა გგონია?_აქეთ შემომიტია დაეჭვებულმა.
_არც შენ გძინავს და გამოდის, შეყვარებული ხარ?
ამ კითხვამ ისე შეაკრთო, აშკარად შეყვარებული იყო, მაგრამ მცირეხნიანი პაუზის მერე მაინც უარყო.
_მე, გენაცვალე, გამონაკლისი ვარ, სამსახურის ამბები არ მასვენებს. დღის განმავლობაში იმდენ გადარეულთან მიხდება ურთიერთობა, იმდენი გვამის ნახვა მიწევს, რომ კიდევაც კარგ ჭკუაზე ვარ...
_მერე და რად გინდოდა მასეთი სამსახური?_გავიოცე.
_სხვა არაფერი მეხერხება და...
ერთხანს ისევ დუმილი ჩამოწვა, რომელიც ისევ ბაიამ დაარღვია რაღაცნაირად იდუმალი ხმით.
_ეთერის რომ არ დაეძალებინა, შენი სურვილით ჩააბარებდი სამედიცინოზე?
ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მქონდა. არასდროს დავინტერესებულვარ იმით, ბებიას დამსახურება იყო ჩემი მედიცინისკენ გადახრა, თუ სისხლში მქონდა ეს და მიტომაც გავყევი ამ სფეროს.
_გიჭირს პასუხის გაცემა არა?_თანაგრძნობით მკითხა ბაიამ და მხრებზე მომხვია ხელი._იცი, ხანდახან ვფიქრობ, რომ ნაიას ცხოვრების აწეწვა ამ სტალინას ბრალიცაა...
დედაჩემის ხსენებაზე დავიძაბე. არავისთან მისაუბრია მასზე რაც მიმატოვა და მითუმეტეს ბაიასთან.
_ყველაფერს უშლიდა, ვიწრო ჩარჩოებში აქცევდა. იმასაც პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნისო და მიტომაც გადადგა ასეთი ნაბიჯი... ნამდვილად არ ვამართლებ, შვილი არ უნდა მიეტოვებინა, მაგრამ თავიდანვე რომ მიეცა იმის უფლება, ვინც უყვარდა იმას გაყოლოდა ცოლად, ასე ხომ აღარ აერეოდა ცხოვრება?
_არ ვიცი... არ მინდა ამ თემაზე საუბარი...
_თუ ვინმე შეგიყვარდება და ბებიაშენის გემოვნებაში არ ჩაჯდება, რას იზავ?_ინტერესით რომ მკითხა, დავიბენი.
ამაზე მართლა არასდროს მიფიქრია. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ჯერჯერობით არავინ მიყვარდა. ბაია კი მართალი იყო, ბებიას მართლაც მკაცრი მოთხოვნები ქონდა. ყველაზე მეტად უსწავლელი და უცოდინარი ხალხი არ მოსდიოდა თვალში. სხვა ყველაფერში კარგი იყო, მაგრამ ამ ამბავში არც მე ვეთანხმებოდი. თუმცა, კაცია და გუნებაო, მასზე იყო ნათქვამი.
_ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა... ზუსტად ისეთი, როგორიც დედაჩემს მოსწონს: ნასწავლი, ელეგანტური, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი...
_მაგრამ შენ უსწავლელი გიყვარს?_დავვეჭვდი.
_ის კაცი ბევრს ცდილობს დამიახლოვდეს და ჩემთან გააბას რომანი. სიმპატიური კია, ვერ დაიწუნებ, მაგრამ არ მიყვარს. თან, კარგადაც ვერ ვცნობ. უცხოა ჩემთვის._ჩემს დასმულ კითხვას პირდაპირი პასუხი რომ არ გასცა და გვერდი აუარა, უფრო გამიმძაფრდა ეჭვი, რომ ამ ყარაჩოღელს მართლაც უსწავლელი შეყვარებული ყავდა._პაემანზე დამპატიჟა, მაგრამ ცივი უარი ვტკიცე.
_რატო?_გამიკვირდა._თუ არ შეხვდები და ახლოდან არ გაიცნობ, მუდამ უცხო იქნება შენთვის.
_ხო, მაგრამ არ მიყვარს. ტყუილი იმედები რატო მივცე? შენ ასე მოიქცეოდი?_გამომცდელად შემომხედა.
მთვარის შუქით განათებულ მის თვალებს მზერა ვერ გავუსწორე.
_აი, ხედავ? პასუხი არ გაქვს. ეს იმიტომ, რომ ბებიას წყენინება არასდროს გინდა, მაგრამ არც შენი ოცნებები გეთმობა და ორ ცეცხლს შუა ხარ...
_შენ? ამ შემთხვევაში არ აწყენინებ ბებიას?
_ეეჰ, არც მარტო მას ეხება საქმე._ისე გულიანად ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო._მე ვინც მიყვარს, ის ვერ მამჩნევს... ღირს კი მისი გამოკიდება?
_რას ლაპარაკობ? არსებობს ისეთი ვინმე, ვინც ასეთ მშვენიერ ქალს ვერ გამჩნევს?_გულწრფელად გამიკვირდა.
_ალბათ, ერთია მარტო და ის ერთიც მე შემიყვარდა._მოჩვენებითი უდარდელობით გადაიკისკისა.
_მერე, როგორც შიოს აიძულებ ყველაფერს და მანიპულირებ მისით, ისე იმ ვაჟბატონს ვერ მოუგრეხავ კისერს?
_ეეჰ, ჩემო მარიშკა, იძულებით თავს ვერავის შეაყვარებ._ისევ ამოიოხრა გულიანად._ღმერთმა ცალმხრივი სიყვარული არ გამოგაცდევინოს, მაგრამ ეს თუ ასე მოხდა, გამიხსენებ. ძილი ნებისა, წავედი, ცოტას მაინც გამოვიძინებ, თორემ დილაზე სამსახურში ვეღარ ვივარგებ._ლოყაზე მაკოცა და აივნიდან ოთახში შევიდა.
მე კი ისევ იქ დავრჩი. არად ვაგდებდი აგვისტოს ღამის სიგრილეს, სასიამოვნოდ რომ მელამუნებოდა სხეულზე და ტაოს მაყრიდა. დამაფიქრა ბაიას ნათქვამმა დედაჩემზეც, ბებიაზეც და ცალმხრივ სიყვარულზეც. ოცდახუთი წლის ვიყავი და ჯერ კიდევ არავინ მიყვარდა. როგორც შიო იტყოდა, ჩემი გულის მონადირება ჯერ ვერავინ შეძლო. როგორი ტიპის ბიჭები მომწონდა ამაზე ყურადღება არც კი მქონდა გამახვილებული. ნეტა, მართლა ბებიას ზემოქმედების ბრალი იყო, თუ უბრალოდ ადრე იყო ჯერ ისევ ჩემთვის სიყვარულობანა? ისეთი ვინმე რომ შემყვარებოდა, ბებიას რომ არ მოსწონებოდა, რას ვიზავდი? დედაჩემივით მივატოვებდი ყველაფერს და მას გავეკიდებოდი?.. ან, ბაიას ვინ უყვარდა ნეტა, ვინც ბებიას გემოვნებაში არ ჯდებოდა?
დიდხანს ვიფიქრე აივანზე ქანდაკებასავით ერთ ადგილზე გაშეშებულმა. მერე, ვიგრძენი, რომ ძილი მერეოდა და დასაძინებლად წავედი. დილაუთენია კი ბაიამ გამაღვიძა, რომელიც ისე შემოპარულიყო ჩემს საძინებელში და ისე დამდგომოდა თავზე, რომ ვერ გავიგე. გავაჭყიტე თუ არა თვალები და იასაულივით თავს წამომდგარი დავინახე, შევკივლე.
_რა გაკივლებს?_აქეთ მისაყვედურა.
_არ მოგელოდი... შემეშინდა._საცოდავად ავაფახულე თვალები.
_საღამოს, სამსახურის მერე გცალია?
_რახდება?_საწოლზე წამოვჯექი და გამომცდელად მივაჩერდი რაღაცით აფორიაქებულ ბაიას.
_იცი, გადავწყვიტე შევხვდე უჩას, მაგრამ მარტო არ მინდა... მინდა რომ შენც გამომყვე...
_მეც გამოგყვე? მურმანის ეკალი რომ ვიყო და იმ შენმა უჩამ მლანძღოს?_გამიკვირდა.
_უჩა მასეთი არ არის... ყოველი შემთხვევისთვის ხმამაღლა არაფერს იტყვის და არც არაფერს გაგრძნობინებს. ეთერისთვის მოსაწონი კაცია... პირველ ჯერზე მარტო არ მინდა რომ შევხვდე. თან, შენი აზრიც მაინტერესებს როგორ მოგეწონება.
_მე რა შუაში ვარ?_უარესად გავიოცე._თუ შენ აპირებ მას დაუკავშირო შენი ცხოვრება, შენ უნდა მოგეწონოს და არა მე.
_შენ სტალინას კარგად უგებ, უფრო მის მხარეს ხარ და მისი მითითებებით მოქმედებ. თუ შენ მოგეწონება, ესე იგი, მასაც მოეწონება და ამ ჯერზე მაინც ვასიამოვნებ დედაჩემს. სამსახურში რომ გამოგიარო და გამომყვე, შეგიძლია?
დავფიქრდი. ერთობ რთულ მისიას მაკისრებდა. მართლა არ მინდოდა მესამე ვყოფილიყავი შეყვარებული კაცის გვერდით. შეიძლება, მართლაც არაფერი ეთქვა და არ ეგრძნობინებინა იმ წესიერად აღზრდილ უჩას, მაგრამ გუნებაში სართულებიან გინებებს ხომ მომაყოლებდა?
_ან, სულაც, გეტყვი სადაც ვხვდებით და ვითომ შემთხვევით რომ "გადაგვეყარო", გთხოვ რაა._ისეთი მუდარანარევი ხმით მითხრა და თან ისეთი საცოდავი გამომეტყველებით მომჩერებოდა, რომ მაინც დამიყოლია.
_ჯიგარი ხარ რაა!._გადამეხვია და გულიანად ჩამპროშნა._შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს მასთან მარტო შეხვედრა. შენი იმედი მაქვს, იცოდე, არ დამაღალატო._მერე კი, ისეთი გაენთო ჩემი საძინებლიდან, თითქოს მართლაც ცეცხლი ეკიდა.
მთელი დღე იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რა უნდა მეკეთებინა სხვის პაემანზემე? ვნანობდი კიდეც რატო დავთანხმდი იმ გადარეულ ბაიას და აშკარად უგუნებოდ ვიყავი. მაკამ საიდან აღარ მომიარა, როგორ აღარ მკითხა რა გჭირსო, მაგრამ არაფერი მითქვია. როგორ მეთქვა ის, რომ დეიდაჩემს პირველი პაემნის ეშინია პატარა ბავშვივით და მე უნდა გავყვე-მეთქი? ყველა უცნაურობა მართლაც რომ ამ გადარეულს სჭირდა.
ჩემი უგუნებობა მართალია ჩემი მუშაობის ხარისხზე არ აისახებოდა, პატარა პაციენტებს გულდასმით ვსინჯავდი, მაგრამ შიგადაშიგ მაინც უგულისყუროდ ვიყავი.
გუშინდელთან შედარებით კი დღეს ადრე მოვიცალეთ ლანჩისთვის. ჩვეულებისამებრ ჯერ მაკა გავუშვი კაფეტერიაში და მერე მე ჩავედი. დერეფნის ბოლოს ტრავმატოლოგიის კაბინეტს რომ გავუსწორდი, ზუსტად მაშინ გაიღო კარი და ფიქსატორით მკლავდაფიქსირებული ბიჭი გამოვიდა იქიდან. წამიერად შევავლე თვალი. მე რომ დამინახა დაიბნა, თითქოს შერცხვა კიდეც და მორიდებით შემომღიმა. ვაღიარებ, მომეწონა, სიმპატიური მორცხვი ბიჭი იყო, ღიმილიც მშვენიერი ქონდა, მაგრამ არ შევჩერებულვარ და კაფეტერიისკენ განვაგრძე გზა. ვიგრძენი, რომ მზერა გამომაყოლა და ცოტა არ იყოს დავიძაბე. სანამ დერეფნიდან კიბის ბაქანზე გავიდოდი, ახალგაზრდა გოგონას ნაზი ხმა მოსწვდა ჩემს ყურს.
_მოიცა, ზეზვა, ბიულეტენი დაგრჩა._ამ ხმას მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოჰყვა და ალბათ ზეზვად წოდებულ ბიჭს იმ გოგომ საბუთი გადასცა..
გამეღიმა, რა დაბნეული ბიჭი ყოფილა, ბიულეტენის ასაღებად მივიდა და ისიც ექიმის კაბინეტში დარჩა. ალბათ, ახალგაზრდა ექთნის ყურებაში გადაავიწყდა. ძალიან მინდოდა უკან გამეხედა და დამენახა, რა თვალებით დაუწყებდა ზეზვა ექთანს ყურებას, მაგრამ მომერიდა, ამხელა პედიატრი ქალი ჭორიკანა მეზობელივით ცნობისმოყვარეობას ხომ არ გამოვამჟღავნებდი? თუმცა, დერეფნის ბოლოს გამავალ დახურულ კარს რომ მივუახლოვდი, მისი მინის ანარეკლში ნათლად დავინახე როგორი თვალებითაც მომჩერებოდა ის ბიჭი მე და ექთნის მიერ გაწვდილ ქაღალდს ყურადღებასაც კი არ აქცევდა.
დავიბენი. ამას ნამდვილად არ მოველოდი. არ ვიცი, შემნიშნა თუ არა მეც რომ მივჩერებოდი, თანაც დიდი სიამოვნებით, მაგრამ სახეზე ღიმილმორეულმა განვაგრძე გზა.
კაფეტერიაში ამჯერად ბევრი თავისუფალი ადგილი დამხვდა და "გემრიელად მოვკუხნავდი" შიოს სიტყვები რომ მოვიშველიო. სიამოვნებით მივირთვი კუბდარი ცივი კოკა-კოლის თანხლებით. მერე, ყავაც მივაყოლე და ერთობ ნასიამოვნები დავბრუნდი ჩემს კაბინეტში. სამსახურის დასასრულს კი, როგორც ბაიამ მთხოვა, დათქმულ პარკში მივედი, სადაც თავის თაყვანისმცემელს უნდა შეხვედროდა.
შორიდანვე შევნიშნე განაპირა სკამზე მარტოდმარტო მჯდარი დეიდაჩემი. აშკარად მოწყენილი იყო და ელდა მეცა. რაც შემეძლო ჩემი მაღალი ქუსლებით, ფეხს ავუჩქარე, მაგრამ სანამ მე მივიდოდი, ვიღაც უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა. ერთი თვალის შევლებითვე მომეწონა, სიმპატიური შავგვრემანი. დაახლოებით, ორმოცი წლის იქნებოდა. სუფთად და ელეგანტურად იყო ჩაცმული. ოდნავ ჭაღარაშერეული თმა კეფაზე ძალიან მოკლედ ქონდა შეჭრილი და ქოჩორი კი ცოტა გრძლად დაეტოვებინა. მჯდომარე დეიდაჩემმა ნაძალადევი ღიმილით გაუწოდა ხელი, ამ უცნობმა კი ხელის ზურგზე თეატრალიზებურად აკოცა.
მივხვდი, რომ ეს იქნებოდა უჩა.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან კარგი ისტორიაა. ძალიან კარგად წერთ.

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

Ana-maria
ძალიან კარგი ისტორიაა. ძალიან კარგად წერთ.

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

აშკარად ბაიას შიო უყვარს :) შიოს ახლა პეპლები რომ უქრის,ბაიას პაემნის ამბავს როგორ გადაიტანს ნეტა? ეს ხელოსანიც :) სავარაუდოდ ბებიას გული გაუსკდება ????????????

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი სტუმარი ელისო
აშკარად ბაიას შიო უყვარს :) შიოს ახლა პეპლები რომ უქრის,ბაიას პაემნის ამბავს როგორ გადაიტანს ნეტა? ეს ხელოსანიც :) სავარაუდოდ ბებიას გული გაუსკდება ????????????

❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№5  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან მომწონს და ერთი სული მაქ სათაური რატომ ჰქვია ასეთი რომ გავიგო, მეც ვფიქრობ რომ შიო უყვარს ბაიას და ზოსიმეს სახით მგონი ახალი საინტერესო პერსონაჟო შემოდს ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
ძალიან მომწონს და ერთი სული მაქ სათაური რატომ ჰქვია ასეთი რომ გავიგო, მეც ვფიქრობ რომ შიო უყვარს ბაიას და ზოსიმეს სახით მგონი ახალი საინტერესო პერსონაჟო შემოდს ❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№7 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

ablabudaa
ძალიან მომწონს და ერთი სული მაქ სათაური რატომ ჰქვია ასეთი რომ გავიგო, მეც ვფიქრობ რომ შიო უყვარს ბაიას და ზოსიმეს სახით მგონი ახალი საინტერესო პერსონაჟო შემოდს ❤️❤️❤️

ბებიასთვის იქნებიან სასიძოები პროფესიით ალფონსები ????

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი სტუმარი ელისო
ablabudaa
ძალიან მომწონს და ერთი სული მაქ სათაური რატომ ჰქვია ასეთი რომ გავიგო, მეც ვფიქრობ რომ შიო უყვარს ბაიას და ზოსიმეს სახით მგონი ახალი საინტერესო პერსონაჟო შემოდს ❤️❤️❤️

ბებიასთვის იქნებიან სასიძოები პროფესიით ალფონსები ????

მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და არ დავასპოილერებ. ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ შენი ისტორიებიანად.

 


№10  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ შენი ისტორიებიანად.

მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent