შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (11 თავი)


25-07-2021, 07:19
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 10 651

_ჩემი პრინცესაც მალე გამიფრინდება ალბათ და როგორ გადავიტან ამ ამბავს, არ ვიცი._გულიანად ამოიოხრა. მერე მომიახლოვდა, მხრებზე მომხვია ხელი და გულში ჩამიხუტა._მე მჯერა შენი, რომ კარგ არჩევანს გააკეთებ და მასთან ერთად ბედნიერი იქნები.
_უბრალო მუშაა... არც მას აქვს დიპლომი._ჩურჩულით ვუთხარი, რომ ბებიას არ გაეგო და მორცხვად შევხედე ცისფერ თვალებში.
_მერე რა?_გაუკვირდა._მთავარია ადამიანი იყოს და ადამიანურად მოგექცეს. ყველგან და ყველაფერში გვერდში გედგეს და გეხმარებოდეს. უყვარდე და პატივს გცემდეს... სხვა ქალის გამო არ დაანგრიოს ოჯახი და არ მიგატოვოს...
მხოლოდ ახლა გავიაზრე, რა ბალღამიც უტრიალებდა მამაჩემს გულში დედაჩემის მიტოვებით. მე ხომ მტკივნეულად განვიცდიდი ამ ამბავს და მხოლოდ ახლა წარმოვიდგინე ის ტკივილი, რასაც ეს მშვიდი და გაწონასწორებული კაცი გრძნობდა. ქალი რომ ყოფილიყო, ცრემლებს დაღვრიდა და გულზე მოეშვებოდა, მაგრამ კაცი იყო და ვაჟკაცურად უმკლავდებოდა და იტანდა ყველაფერს. არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რას გრძნობდა და განიცდიდა ეს კაცი. ისედაც ხომ მიყვარდა და მიყვარდა და ახლა უფრო გამიათმაგდა და გამიმყარდა მის მიმართ სიყვარული. მჭიდროდ მოვხვიე წელზე ხელები და რაც შემეძლო ძლიერად ჩავეხუტე. აი ისე, თითქოს, სადმე წასვლას აპირებდა და არ მინდოდა რომ გამეშვა.
_მამა-შვილს რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდათ?_მოულოდნელად ბაიას მხიარულმა ხმამ შემაკრთო და დამაბრუნა რეალურ სამყაროში.
_ვაა, ოლეგ, როგორ ხარ? რამდენი ხანია აღარ მინახიხარ._ბაიასთან ერთად შიოც მოსულიყო სავახშმოდ და ძლიერად ჩამოართვა მამაჩემს ხელი. თან თვალებით ვიღაცას დაუწყო შემფრთხალმა ძებნა.
მივხვდი, ბებიას ეძებდა და გამეღიმა. ეშმაკურმა აზრმა გამიელვა თავში. არ მითქვია, რომ ჩვენთან ერთად არ აპირებდა ვახშმობას. ასე ვთქვათ, "გავუჩალიჩე" და ერთი თეფში მის წინ დავდე ზედმეტად. ერთი კი ამომხედა საცოდავი გამომეტყველებით, მაინც და მაინც ჩემს წინ რატომო, მაგრამ აინუნშიც არ ჩავაგდე. როგორი იყო, მუდამ მე რომ ვყავდი გეგმაში და დამცინოდა? ხო და ახლა ენახა ჩემგან დაცინვა.
სუფრას მხიარულად შემოვუსხედით ყველანი შიოს გარდა. საცოდავი, ისეთი დაძაბული იჯდა, უბრალო გაფაჩუნებაზეც კი კრთოდა და კარს არ აშორებდა თვალს, საიდანაც სტალინა უნდა გამოჩენილიყო. ჭამითაც ვერ ჭამდა ნორმალურად და გემრიელად. უწადინოდ "იღმურძლებოდა".
_დედა და მამა რაღატო არ მოდიან?_გვიან მოიკითხა ბაიამ მშობლები, როცა უკვე გემოზე ვიყავით დანაყრებულები.
_ბაბუა ცვლაშია. ბებიამ კი, დაღლილი ვარ და არ მშიაო. დაწვა უკვე.
შიოს დაჟინებული მზერა რომ ვიგრძენი და შევხედე, გულიანად გადავიკისკისე. ხან ცარიელ თეფშს მისჩერებოდა გაბრაზებული და ხანაც მე.
_ასე, არა?_დაქადნებით დამიქნია თითი._დავიმახსოვრებ იცოდე და მიფრთხილდი.
_აბა, ის კარგი იყო, შენი ჰასკი რომ დამიყენე დარაჯად, მეზობლისაა და თუ გაინძრევი გიკბენსო? თვალებსაც კი ვეღარ ვახამხამებდი შიშით._ერთი წლის წინანდელი ამბავი გავუხსენე._ან ის, ახალი მანქანა ვიყიდეო და სხვის მანქანაში ჩამსვი. დამელოდე, ახლავე მოვალო. პატრონი რომ დაბრუნდა, ქურდი მეგონა და საკუთარი მანქანიდან ვაგდებდი საცოდავს?
_მაგის სამაგიერო ხომ გადამიხადე?_გულიანად გადაიხარხარა._ საინფორმაციოს რომ მაყურებინე მუნჯურად, ტელევიზორი გაგვიფუჭდა და ხმა ჩაუწყდაო. ჟურნალისტებს ტუჩებში შევყურებდი, რას იტყვიან, იქნებ რამე გავიგო-მეთქი...
_მერე, როგორ გაიგე, რომ ხმა ქონდა და გატყუებდა?_აკისკისდა ბაია.
_მამაშენი მოვიდა. კარგა ხანს მიყურა გაოცებულმა. ალბათ, გიჟი ვეგონე. მე კიდე დავიზმენდი, ასე რას მომჩერებია, რამე ისე ხომ არ მაცვია, ან მისვია სახეზე-მეთქი. ბოლოს, რომ დავიღალე სახეზე ხელების მოსმით და ტანსაცმლის შეთვალიერებით, როგორც იქნა გამიბედა კითხვა, ტელევიზორისთვის ხმა რას ჩაგიწევიაო. ეს ქალბატონი კიდე კუთხეში ატუზული ქირქილებდა ჩუმად ბოროტი მანტიორივით.
_ეგ ბოროტი მანტიორი როგორიღაა?_უარესად ავკისკისდი.
_როგორიც შენ ხარ, რამე სიბოროტეს ჩაიდენს და მერე სიამოვნებით ქირქილებს.
_შენ როგორიღა ხარ ნეტა? გახსოვს, ჩანთაში ქვები რომ ჩამიწყე და უნივერსიტეტში ისე გამგზავნე? დაგავიწყდა? დღემდე მტკივა მხრები.
_ერთნაირი გიჟები ხართ და რა გიკვირთ?_ორივე გიჟებად მოგვნათლა ბაიამ.
ალბათ, მართლაც რომ გიჟები ვართ. იმდენი რამ გავიხსენეთ ჩვენი ოინებიდან, ზოგიერთი რამ აღარც კი მახსოვდა და მონაყოლით გამახსენდა ვაჟბატონმა. ბევრი ვიცინეთ. თან, ვითომ თავს ვიკავებდით, რომ ბებია არ შეგვეწუხებინა, მაგრამ იმდენი კურიოზული სიტუაცია გვქონდა მე და შიოს ერთად გადახდენილი, რომ შეუძლებელი იყო სიცილისგან თავის შეკავება. მამაჩემიც გვარიანად ვახალისეთ. გაოცებული გვისმენდა კაცი და არ ეჯერა, მის პრინცესას ამდენი ეშმაკური ხრიკები თუ შემეძლო. ბავშვობის დროინდელი ოინებიც გავიხსენეთ და ისე შევყევით ლაპარაკს, შუაღამე გადასული იყო, შიო რომ გავაცილეთ და მაგიდის ალაგებას შევუდექით მე და ბაია.
ერთი სული მქონდა, დღევანდელი ამბავი მეხარებინა ხელი რომ მთხოვა ზეზვამ, მაგრამ ვერ მოვახერხე. შესაბამის სიტყვებს ვარჩევდი და ამ შერჩევა-შერჩევაში თვითონ გამომიტყდა, რომ შიო და ეგ უკვე ერთად იყვნენ. ამ ამბავმა ისე გამაოგნა, რომ ჩემი ვეღარ მოვუყევი. ვერც მეორე დღეს ვუთხარი ვერაფერი, რადგან სანამ ავდგებოდი, მანამ წავიდა შიოსთან ერთად შიოს დეიდაშვილის შვილის ნათლობაში რაჭაში, სადაც სამი დღე დაჰყო. ბებიასთვის თქმასაც ვერ ვბედავდი. ჯერ ისედაც რთული იყო მასთან იმის აღიარება, რომ უდიპლომო ბიჭი მიყვარდა მისი შვილივით და მომენტის შერჩევა მინდოდა. ახლა, ის დღეები რაღაც ვერ იყო კარგ გუნება-განწყობაზე და მართლა არ ღირდა არაფრის თქმა. თვალსა და ხელს შუა ისე გამეპარა ის პერიოდი, რაც ზეზვამ მოსაფიქრებლად დამიდო, რომ ვერავის გავანდე ჩემი ამბავი. კვირას რომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მაშინ ავწრიალდი.
ბაიამ უმალ შემატყო ფორიაქი. მიზეზი რომ მკითხა და ჩურჩულით გამოვუტყდი რაშიც იყო საქმე, ბოლო ხმაზე აკივლებული გადამეხვია, გილოცავო. მის კივილზე ბებია შემოვარდა დაფეთებული ჩემს ოთახში, რა გჭირთო. უჩვეულოდ აკივლებულები და ერთმანეთს ჩახუტებულები რომ დაგვინახა, ეჭვით შეგვათვალიერა ორივე.
_რა დაგეტაკა გოგო, რა გული გადამიტრიალე?_ბოლოს მაინც შვილს გაუწყრა, რადგან ის კიოდა ასე არაადამიანურად._ადამიანისა არაფერი გცხია? რა გაკივლებს?
ბაიამ ვითომ ვერ გაიგო დედის შენიშვნა და მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა. თვალით მანიშნა, ვუთხრათ თუ არაო და შეშფოთება რომ დამატყო, გაღიმებულმა მანიშნა, ამას მე შევამზადებ, შენ გამოიპრანჭეო.
_მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდის ჩვენი მარიშკა. წამოდი, ვაცალოთ გამოპრანჭვა._ხელკავი გამოსდო და ჩემი ოთახიდან ლამის ძალით გაიყვანა._რამდენი ხანია შენი მოდუღებული ყავა აღარ დამილევია. გემოც კი დამავიწყდა უკვე.
_მე, ამხელა ქალმა უნდა მოგიდუღო შენ? თუ პირიქით უნდა იყოს?_ბებიას ისეთი გაოცებული ხმა ქონდა, გამეღიმა.
_ხო, მერე რა მოხდა?_მასზე მეტად ბაიამ გაიოცა._მერეც მეყოფა, ამ სახლიდან რომ გადავალ და კვარტალში ერთხელ ან შემოგივლით და ან არა.
მე მაშინვე გარდერობს ვეცი და გადმოვყარე ჩემი ტანსაცმელი. მაინც რატოა ასე, რომ ყველა ქალის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება ის მომენტი, როცა რაც არ უნდაბევრი ტანსაცმელი ქონდეს, მაინც გონია, რომ არაფერი აქვს? ორ-ორჯერ მაინც მოვიზომე ყველაფერი და ძლივს შევაჩერე არჩევანი ერთ-ერთზე რაც უნდა ჩამეცვა.
კარგა ხანს ვიტრიალე სარკის წინ. როგორც იქნა კმაყოფილმა შევღიმე ჩემს ორეულს და სამზარეულოში გავედი, ბებიასთვის და ბაიასთვის რომ მეთქვა, მივდივარ-მეთქი. ეტყობა, ნამეტანი მომეწადინებინა, რადგან ტკბილად მოჭუკჭუკე დედა-შვილმა რომ გამომხედა, წამიერად დადუმდა ორივე და კმაყოფილი ღიმილით მომაჩერდა.
_წარმატებები._მხოლოდ ესღა გავიგე კარში გასულს რომ მომაძახა ბაიამ და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე. სადარბაზოს კარში ისევ ლეოს ძიძას გადავაწყდი. გადავაწყდი კი არა, შევასკდი, თანაც ისეთი ინერციით, რომ ლამის ორივენი გადავცვივდით გარეთ.
_ისევ თქვენ?_გამიკვირდა._ძველ ნაცნობს მოაკითხეთ, ხომ?
_კი._ცოტა არ იყოს დაიბნა. სასწრაფოდ დამემშვიდობა და კიბზე ავიდა.
სულ გადამავიწყდა სად მივდიოდი. სიბრაზემ მომიცვა ერთნაირად. ბებიაზე გავბრაზდი, რომ სახლში იღებდა ამ ქალს. ერთი პირობა ბაიასთან დარეკვა და ამის შესახებ თქმა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე. იქნებ, ერთადაც იყვნენ და რამეს მეტყოდა ვითომ? ერთხანს შევიცადე, მერე ისევ სადარბაზოში შევბრუნდი და მივაყურადე, ფეხის ხმა ისევ ისმოდა და ჩუმად გავყევი უკან. მინდოდა, ფაქტზე დამეჭირა სამივე და მერე რას მოიგონებდნენ ან რითი იმართლებდნენ ვითომ თავს? ნელ-ნელა მივიწევდი წინ და სიბრაზეც ნელ-ნელა მემატებოდა. ადამიანურად რომ ეთქვათ ყველაფერი, ვერ გავუგებდი ვითომ? დედაა და დაა, განიცდიან იმ ქალის ავადმყოფობას, მაგრამ ქურდებივით რატო მოქმედებენ?
ჩვენს სართულზე რომ არ გაჩერდა და გზა განაგრძო, გამიკვირდა და უფრო დავინტერესდი სად მიდიოდა. კედელს აკრული საიდუმლო აგენტივით მივყევი უკან. ჩვენს ზედა სართულზე შეჩერდა და მოპირდაპირე კარზე დარეკა მელოდიური ზარი. უარესად გავვოცდი, რადგან იმ ბინაში არავინ ცხოვრობდა. ახალი მეზობლის შესახებ კი ჯერ არაფერი ვიცოდით. კიბის ბაქანზე ავედი და ინტერესით მივაჩერდი კარს. რატომღაც ეჭვი მღრღნიდა და არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. არ ვიცი რა დრო გავიდა, სანამ კარს გაუღებდნენ, მაგრამ მე საუკუნოდ გაწელილი მეჩვენა ეს დრო. კიბის ბაქანზე სირაქლემასავით კისერწაგრძელებული ვიდექი და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი როდის გადატრიალდებოდა საკეტი და როდის გამოჩნდებოდა იმ ბინის მფლობელი. და ბოლოს, როგორც იქნა დადგა ის დროც. საკეტი რომ გადატრიალდა, თითქოს ჩემი გულიც გადატრიალდა საგულეში. კარის გაღებაც საუკუნოდ გაიწელა თითქოს და ღია კარში კი უჩას რომ მოვკარი თვალი, უარესად გავვოგნდი. იმდენი კი მოვახერხე, რომ მაშინვე გამოვბრუნდი, რათა მას არ დავენახე და არეული ნაბიჯებით ჩამოვირბინე კიბის საფეხურები.
როდის გადმოიბარგა არავინ ვიცოდით. ან, შეიძლება, სხვებმა იცოდნენ, მაგრამ მე არა. ბაიამ იცოდა ნეტა? ეგეც საკითხავი იყო. სადარბაზოდან რომ გავედი, მაშინვე დავაძრე ჯიბიდან ტელეფონი და მას დავურეკე. გაუკვირდა, რა ხდებაო.
_ჩვენს ზემოთ ახალი მეზობელი რომაა, იცი?
_ახალი მეზობელი?.. ჩვენს ზემოთ?_ისე გაუკვირდა, პროფესიონალი მსახიობი უნდა ყოფილიყო, რომ ასე ზუსტად ეთამაშა ეს გაკვირვება._დიდი ხანია? ან ვინ არის?
_რამდენი ხანია ეგ მართლა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უჩაა?
_ვიინ?_თავისებურად შეიცხადა და ნათლადაც კი დავინახე მისი გაოცებულ-გაკვირვებული სიფათი._შენ რა იცი?_მცორეოდენი პაუზის მერე მკითხა.
_ჩემმა ნაცნობმა მიაკითხა. დამაინტერესა ვისთან მიდიოდა და უკან გავყევი. ხო და, კარი რომ გაუღო, ჩემი თვალით დავინახე.
_დარწმუნებული ხარ ის არის?_წყალწაღებულივით მოეკიდა ხავსს ._იქნებ გეშლება?
_დარწმუნებული ვარ ის არის... მაგრამ, ახალი მეზობლის შესახებ რატო არავინ არაფერი ვიცით?
_დავიჯერო, იცის ვინც ვარ?_უფრო თავისთვის ჩაიჩურჩულა ბაიამ, მაგრამ მე მაინც გავიგე.
_როგორ თუ ვინ ხარ?_გავიოცე._მოგონილი სახელით და გვარით ხომ არ გასცნობიხარ?
_არაფერია, დაივიწყე. რაღაცას ხმამაღლა ვფიქრობდი... გაერთე შენს ზეზვასთან, მე კი აქ სტალინას შევამზადებ. დროებით, გაკოცე._ყურმილში ჩამიწრუპუნა და მაშინვე გამითიშა ტელეფონი.
დაივიწყე კარგი იყო, რა უნდა დამევიწყებინა? რაღაც საიდუმლოებით იყო მოცული მისი იმ ბინაში გადმოსვლა და ყველასგან მალულად ცხოვრება. თან, რატომ თქვა ბაიამ, დავიჯერო იცის ვინც ვარო? ისედაც ეჭვით ვუყურებდი ამ ყველაფერს და ახლა უფრო გამიმძაფრდა ეჭვები.
ზეზვასთან მისვლა ცოტა დამაგვიანდა. მოვუბოდიშე გაუთვალისწინებელი რამ შემემთხვა და იმიტომ დამაგვიანდა-მეთქი. ცუდი ხომ არაფერიაო მაშინვე ის მკითხა, მაგრამ დავამშვიდე. თან გამბედაობა მოვიკრიბე და სუფთად გაპარსულ ლოყაზე ნაზად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ დაიძაბა მთლიანი სხეულით და შევკრთი. მერე, ხელკავი გამომადებინა და ისე შევედით რესტორანში.
მომეწონა, მყუდრო გარემო სუფევდა. თან, უფრო რომანტიკულიც. ლამის ყველა მაგიდაზე ლამაზი თაიგულები იწონებდნენ თავს. ცოცხალი მუსიკის მელოდიური ჰანგები სასიამოვნოდ იღვრებოდა ირგვლივ. არაჩვეულებრივი რესტორანი იყო, მომეწონა.
მაგიდასთან დავსხედით თუ არა, ლამაზმა მიმტანმა მენიუ მოგვართვა და შეკვეთისთვის მოემზადა. მე ბევრი არაფერი შემიკვეთია. ბაიასგან განსხვავებით მაინცდამაინც დიდად მჭამელი არ ვიყავი და ახლა საყვარელი მამაკაცის გვერდით მრცხვენოდა და მერიდებოდა ჭამა. თან, უფრო, ვცდილობდი რომ ძვირში არ გადამეგდო.
ზუსტად ათ წუთში მოგვართვეს შეკვეთა. მანამდე კი ერთი ბოთლი შავი ღვინო მოგვიტანეს და ის დავაგემოვნეთ. ერთი ჭიქა არაფერს მიზავდა. თან, ბაიას ბლატების იმედი მქონდა საჭესთან.
_ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს._ჭიქა მსუბუქად მომიჭახუნა.
_მნიშვნელობა არ აქვს რა პასუხს გეტყვი?_გამეღიმა.
ჩემმა ნათქვამმა კი შეაკრთო, მაგრამ მაინც დამლოცა. სანამ ბოლომდე არ დაცალა ჭიქა, მანამ არ მომაჩერდა კითხვითსავსე მზერით.
ერთხანს მეც ხმისამოუღებლად მივჩერებოდი თვალებში, თითქოს მისი გამოცდა მინდოდა. ისეთი საწყალობელი სახით მომჩერებოდა, ბოლოს მაინც შემეცოდა და ღიმილით დავუქნიე თავი, თანახმა ვარ-მეთქი.
არ ვიცი, დაჯერება გაუჭირდა, თუ სხვა პასუხს ელოდა ჩემგან, მაგრამ ფაქტია, რომ დაიბნა. ერთხანს ისეთი სახით მომჩერებოდა, თითქოს არარეალური პიროვნება ვყოფილიყავი. მერე კი, მოულოდნელად წამოხტა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და გახარებულმა დამიკოცნა ხელები.
შემრცხვა, ყველა ჩვენ რომ მოგვჩერებოდა, მაგრამ იმდენად გახარებული და ბედნიერი ვიყავი, რომ სიმორცხვის გრძნობას მაინც არაფრად ვაგდებდი.
_მართლა თანახმა ხარ, თუ სიზმარში ვარ?_თან მეჩურჩულებოდა გახარებული და თან მიკოცნიდა ხელებს.
_მართლა, მართლა._მეც ვუღიმოდი და ასკილივით ვუქნევდი თავს.
არ ვიცი, ვინ რა ზომის საზომით ზომავს ბედნიერებას, მაგრამ ყველას რომ ჩვენ ჩვენი გაგვაჩნია, ეს კი უდავოა. ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ ბედნიერება წვრილმანებშია. ისეთი სახით ვიჯექი მის წინ და ისეთი ბედნიერი შევყურებდი ჩემზე მეტად ჩემი პასუხით გახარებულ ზეზვას, რომ ამ ქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება იმ მომენტში სხვა ვერაფერი წარმომედგინა. სულ გადამავიწყდა უჩაც, ძიძაც, ლეოც და მოღალატე დედაჩემიც. არც ის მედარდებოდა, მოეწონებოდა თუ არა ბებიას ჩემი გადაწყვეტილება. მთავარი ის იყო, რომ ჩვენ ორნი ვიყავით ბედნიერები და სხვა უკვე მეორე ხარისხოვანი იყო ჩემთვის.
უნდა ვთქვა, რომ არაჩვეულებრივი დრო გავატარე მის გვერდით იმ რესტორანში. ვალსიც კი ვიცეკვეთ ცოცხალი მუსიკის ფონზე და ყველას თვალწინაც კი არ ვერიდებოდით ერთმანეთისთვის შეყვარებული თვალებით მზერას. სახლშიც უზომოდ ბედნიერი დავბრუნდი. დამშვიდობებისას კი გამბედაობა მოიკრიბა და მაკოცა. ლამის გული წამივიდა. მუხლებში სისუსტე რომ ვიგრძენი, ცოტაც და ჩავიკეცებოდი, მაგრამ თითქოს იგრძნო ჩემი გასაჭირი, ძლიერად მომხვია მკლავები და დაცემის საშუალება არ მომცა. სიამოვნებისგან თავისთავად რომ მიმელულა თვალები, სულ გადამავიწყდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი, სულ არ მედარდებოდა ვინმე გვხედავდა თუ არა. მოკლეთ სასწაული, არაჩვეულებრივი და ჯადოსნური იყო მისი ეს პირველი კოცნა.
_მაპატიე, მექალთანე ან ქალის უნახავი არ ვარ. უბრალოდ... უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე._კოცნის დასასრულს ჩურჩულით მომიხადა ბოდიში. მე კი მის მკერდში ჩავრგე თავი, მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე და ასე გავიტრუნე. ამით ვაგრძნობინე რომ სულაც არ ვბრაზობდი მასზე. პირიქით, ბედნიერი და კმაყოფილიც კი ვიყავი.
სახლში მისულს ჩემი სტალინა ბებია ცოტა უგუნებოდ დამხვდა. როგორც ბაია დამპირდა, შეემზადებინა მეორე უდიპლომო სასიძოს გამოჩენით და ჩემი სამომავლო გათხოვებით. ხო და, ამ ამბავს განიცდიდა ასე მოღუშული სახით.
_მოკლეთ, სამი ქალი გავზარდე ამ ოჯახში და არც ერთი არ მცემთ პატივს. ერთმა ხომ მთლად თავს ლაფი დამასხა, მაგრამ არც შენ და ბაიამ დამაკელით სირცხვილი!
ბაიამ მანიშნა, არ აყვე, ამოთქვას რაც გულში აქვს და უნდა რომ თქვასო. თუმცა, რომც არ ენიშნებინა, არც ვაპირებდი არაფრის თქმას. ზეზვასთან შეხვედრით და მისი კოცნით ისე ვიყავი გაბედნიერებული, არ მინდოდა რომ რამეს გაეუფერულებინა ეს განცდები.
ცოტა კი იბობოქრა, იბუზღუნა, იქულუხა, მაგრამ არც მთლად ისე, თავი რომ გაეგიჟებინა. ბოლოს და ბოლოს ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც მას სურდა. ჩვენ ჩვენი გემოვნება და მოთხოვნილებები გვქონდა. ჩვენ ჩვენი შეხედულება და ფასეულობები გაგვაჩნდა. მოკლეთ, ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ ნელ-ნელა ფარ-ხმალს ყრიდა ჩვენი გოროზი სტალინა და ოჯახის სადავეებს ნებაზე უშვებდა. ბოლოს, ისიც კი მკითხა, შენი საქმრო როდისღა უნდა გამაცნოვო. ასე მალე ამის კითხვას ნამდვილად არ მოველოდი და გვარიანად დავიბენი. განა არ გამიხარდა, რომ გაცნობა უნდოდა, მაგრამ დღის წესრიგში ეს გეგმა ჯერ არ მქონდა შემუშავებული. ახლო მომავალში-მეთქი რომ ვუთხარი, რაც მალე, მით უკეთესიო.
_სიბერის წლები ეპარება ჩვენს სტალინას._ჩემს ოთახში რომ შევიყუჟენით, ჩურჩულით მითხრა ბაიამ და დაბალ ხმაზე გადაიკისკისა._ისეთი გოროზი და მკაცრი ვეღარ არის, როგორც ახალგაზრდობაში.
_იქნებ ხვდება, რომ ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მას უნდა?_დავვეჭვდი.
_არც ეგ არის გამორიცხული... შენ ის მითხარი ახლა, შენდა ზეზვა ერთად ხართ უკვე თუ არა?
მისმა ამ თამამმა და მოულოდნელმა კითხვამ, როგორც შიო იტყოდა ასეთ სიტუაციაში, ბრინჯივით დამაბნია. სახეც ამეწვა და მივხვდი რომ გავწითლდი.
_არა, რა ერთად, ხომ არ გაგიჟდი?_ენის ბორძიკით ძლივს ვუთხარი და პირზე ავაფარე ინსტიქტურად ხელი, რომ ბებიას არ გაეგო არაფერი._დღეს პირველად მაკოცა._ეს რომ ვთქვი, უარესად ამკრა სახეზე ალმა.
_მე, კი, ორსულად ვარ უკვე, დღეს გავიგე._ისეთი სიხარულით და სიამაყით მაუწყა, რომ მოულოდნელობისგან ნერწყვი გადამცდა სასულეში და ლამის დავიხრჩე ხველებით.
_რააა?!_სული რომ მოვითქვი, ძლივს ვკითხე თვალებდაჭყეტილმა. თან, გაოცებისაგან პირი დამრჩა ღია, მაგრამ სიცილით რომ მომაკუმინა, გავუძალიანდი._როგორ?.. რანაირად?... ჯერ ხომ... ჯერ ხომ ეხლა?.._სათქმელს ვეღარ მოვუყარე თავი.
_გახსოვს, ზღვაზე რომ ვიყავით?_დამაინტრიგებლად მკითხა.
იმ დღეს რა დამავიწყებდა, ეს გიჟი წვიმაში რომ გაიქცა და შიომ ძლივს დაიჭირა, მკლავებში მოიმწყვდია და აკოცა?
_ხო და, იქ გამომიტყდა სიყვარულში. მას მერე ერთად ვართ. რამდენჯერმე უჩას გამო მოგვივიდა ჩხუბი და დროებითაც დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მის გარეშე სიცოცხლე მართლა ვერ წარმომიდგენია... მართლა მიყვარს ის ქაფჩით შეღონებული ისა... დღეს მაბრაზებს ოღონდ. ვწერ და არ მპასუხობს...
_ალბათ არ სცალია._დავამშვიდე._შენ ის მითხარი, შენსა და უჩას შორის რა ხდება?
ოდნავშესამჩნევად შეკრთა, მაგრამ მაინც უდარდელად ჩაიქნია ხელი:
_ისეთი არაფერი, უბრალოდ შიოს საეჭვიანებლად ვიყენებდი. მას კიდევ მართალი ეგონა და ახლა აღარ მეშვება...
_მერე, მაგიტომ გადმოვიდა შენს სიახლოვეს საცხოვრებლად?_დავინტერესდი.
_დარწმუნებული ხარ, რომ უჩა არის?_დაეჭვდა.
_კი, ასი პროცენტით... მაგრამ შენ რატო ჩაიდუდუნე მაშინ, დავიჯერო იცის ვინც ვარო?
ჩემმა კითხვამ კიდევ შეაკრთო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
_ალბათ, მოგესმა რამე...
_მისმინე, ბავშვი აღარ ვარ, რომ რაღაცეები მომატყუო ან დამიმალო._მკლავზე მოვკიდე ხელი და საწოლზე მართალია ძალის გამოყენებით, მაგრამ მაინც ფრთხილად ჩამოვსვი, რომ მის მომავალ შვილს არაფერი დაშავებოდა._დაჯდები ახლა და ყველაფერს გულახდილად მომიყვები. არაფერს მომატყუებ იცოდე.
_როდის რა მოგატყუე?_ეწყინა ჩემი გაფრთხილება.
_გულახდილად მითხარი, ბებიამ იცის დედაჩემის ამბავი?_ეს "დედაჩემი" ძლივს ამოვთქვი ენის ბორძიკით.
_არა, რას ლაპარაკობ?_შეიცხადა._ეგ რომ მეთქვა, ხომ გაიგიჟებდა თავს?
_იქნებ, თვითონ გაიგო რამე? ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა და საიდუმლო შეხვედრაც კი ქონდა ვიღაცასთან...
_შანსი არაა..._მაშინვე უარყო._ასე რომ ყოფილიყო, ნაია მეტყოდა რამეს.
_კარგი, მაშინ ის მითხარი, დედაჩემს,_"დედაჩემის" თქმა ისევ გამიჭირდა რატომღაც._ბიჭი ყავს თუ გოგო?
გაოცებული თვალებით შემომხედა. ალბათ, რომ დავინტერესდი იმიტომ.
_ბიჭი._ისე მითხრა, თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
_თოთხმეტი წლის... ლეო?_მღელვარედ რომ ამოვიჩურჩულე, უარესად გაუფართოვდა თვალები._რომელსაც ჩემსავით ჰეტეროქტომია აქვს?_ძლივს დავაბოლოვე.
_რა იცი?_ხმაწართმეულმა ამოიჩურჩულა.
_ცუდად იყო და ძიძამ ჩემთან მოიყვანა... დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ... რომ ჩემი ძმა იყო.
_ხო, შენი ძმაა, შენი დედმამიშვილი. მამაშენისგან ყავს დედაშენს...
_რაა?_უარესად გამაოგნა ამ ამბავმა. აი, თურმე რატო ვგავდით ერთმანეთს ასე ძალიან.
_მამაჩემმა იცის ესამბავი?_როდის როდის დავინტერესდი და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
_ჩემს გარდა, და ახლა უკვე შენს გარდა, არავინ არ იცის.
_არც ძიძამ?_დავეჭვდი.
_არა.
_აბა, ჩემთან რატო მოიყვანა გასასინჯად?_გამიკვირდა.
_ალბათ, შემთხვევით... ისიც კი არ იცის, ნაია ვინ არის და ვისი შვილია...
_ვითომ?_რაღაც ძალიან არადამაჯერებლად მეჩვენა ეს ყველაფერი. რატომღაც იმის შეგრძნება არ მტოვებდა, რომ იმ ძიძამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. ისიც მაეჭვებდა, რა აკავშირებდა უჩასთან. ვაპირებდი კიდეც ჩემი ეჭვების ბაიასთვის გამხელას, მაგრამ ზუსტად იმ დროს ზეზვამ მომწერა შეტყობინება, უკვე მომენატრეო და მასზე გადავერთე. ღიმილით მივწერე პასუხი, მეც მომენატრე-მეთქი. ჩემზე მეტად მაინც არ მოგენატრებოდიო ეს რომ მომწერა, ამაზე გულწრფელად გამეღიმა.
_ზეზვაა?_უმალ მიმიხვდა ბაია ადრესატის ვინაობას.
თანხმობის ნიშნად გაღიმებულმა თავი რომ დავუქნიე, მომეჩვენა რომ ნაძალადევად შემომღიმა და მოწყენილი გავიდა ჩემი ოთახიდან.
მე და ზეზვამ კი კარგა ხანს ვიმესიჯეთ. სულ გადამავიწყდა ყველა და ყველაფერი. ახალი შებინდებული იყო, რომ ვინებე ჩემი ოთახიდან გასვლა. ბებია და ბაია მისაღებში ისხდნენ. რატომღაც ფანჯარა ღია ქონდათ და ტელევიზორს უსმენდნენ. უფრო ზუსტად, ბებია უყურებდა და დიდი ინტერესითაც უსმენდა საინფორმაციო გამოშვებას. ბაია კი მოჟამული სახით იჯდა დივანზე და თითზე წამოცმულ ბეჭედს ნერვიულად აწვალებდა. პერიოდულად კი ტელეფონს ამოწმებდა. აშკარა იყო, რომ შიოს შეტყობინებას ელოდა, რომელიც არ წერდა რატომღაც.
ის იყო გვერდით მივუჯექი, რომ ისევ დაიწრუპუნა ჩემმა ტელეფონმა და ისევ მომწერა ზეზვამ, რომ ვუყვარდი. გამეღიმა, მაგრამ ბაიას რომ შევხედე, ისეთი სახით იჯდა, ღიმილი შემეყინა სახეზე. პასუხი არ დამიბრუნებია ზეზვასთვის. ბაიასი მომერიდა. როგორც წეღან მითხრა, დღეს მთელი დღე შიოს პასუხს ელოდა მის ორსულობასთან დაკავშირებით და მიტომაც ღელავდა და ნერვიულობდა ასე. შიოს რომ მამობა ძალიან გაუხარდებოდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ცოტა არ იყოს მეც ავღელდი. სად ქონდა ტელეფონი, რომ ვერ პასუხობდა საცოლეს? ნუთუ, პასუხისმგებლობის შეეშინდა, ან არ გაუხარდა ბაიას ორსულობის ამბავი? ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ისევ მალევე მომწერა ზეზვამ გულის სმაილები. მივხვდი, აფეთქების ზღვარზე იყო უკვე დეიდაჩემი და ტელეფონს ხმა გამოვურთე, მაგრამ დავაგვიანე.
_ასე, არა? სულ არ ადარდებს ჩემი ამბავი?_თითზე წამოცმული ბეჭედი გაგულისებულმა მოიძრო და იქვე მოისროლა._სულაც არ მჭირდება მასეთი ქმარი, მთელი დღე რომ არ დაინტერესდება ჩემით!..
_გოგო, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?_აენთო ბებია._ჯერ, თავი გაიგიჟე, იმ უსწავლელს უნდა გავყვე ცოლადო და ახლა რა გეტაკა? მუშაობს ალბათ და არ სცალია, ამოასუნთქე.
_მასე ზეზვაც მუშაობს, მაგრამ კი იცლის საწერად._შევატყე, რომ ოდნავშესამჩნევად აუკანკალდა ხმა.
შევკრთი. დავიჯერო, შურდა ჩემი? უხმოდ წამოვდექი, ძირს დაგდებული ბეჭედი ავიღე და ისევ თითზე წამოვაცვი.
არ გამძალიანებია. თუმცა, ისე ალმაცერად დაჰყურებდა ნათურის შუქზე აბრჭყვიალებულ ბეჭედს, რომ მივხვდი, დიდი დღე არ ეწერა მის ხელზე.
_ხომ იცი, რომ მუშაობს. მოიცლის და დაგირეკავს._ჩურჩულით ვცადე მისი დამშვიდება.
_ისეთი მნიშვნელოვანი რამ მივწერე, ყველაფერი უნდა გადაედო და პასუხი დაებრუნებინა... არ უნდა? არც მე მინდა._ისევ დაეჯაჯგურა თავის თითს და ბეჭედი წაიძრო._რა ჰგონია, ამით დამნიშნა და მორჩა? მისი საკუთრება ვარ და როგორც უნდა ისე მომეპყრობა?_ავად შეათამაშა ხელში ბეჭედი.
_გაგიჟდი?_ბებიამ დაუბრიალა თვალები._კაცს შენს გარეშე ამოსუნთქვის საშუალება აღარ მისცე ერთი! ჯერ ხომ ქმარი არ არის არა?
_აჰა და ისუნთქოს თავისუფლად, მე არ ვიჭერ!_ისევ მოისროლა ბეჭედი და ამჯერად ღია ფანჯარას დაუმიზნა.
_რას შვრები შე დამთხვეულო შენა!_ფეხზე მარდად წამოხტა ბებია და ბეჭდის დაჭერა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
თვალი გავაყოლე ჰაერში გაელვარებულ ბეჭედს, სრული სიზუსტით რომ მიაღწია ფანჯარამდე და გარეთ გადავარდებოდა კიდეც, ბედზე ვიღაცას რომ არ შემოეღო ბინის კარი და ორპირ ქარს ფარდა აფრასავით არ გამოებერა. ბეჭედი ფარდას მოხვდა და ბზრიალ-ტრიალით ისევ ოთახში შემოვარდა. ხმაურით რომ გაგორდა პარკეტზე, შვებით ამოვისუნთქე.
ბაბუა იყო ცოტა დამწუხრებული სახით.
_შენ სადღა ხარ?_ბაიას ჯავრი ქმარზე იყარა ბებიამ._შენი შვილი გიჟდება უკვე და მიხდე. აქამდე გაიგიჟა თავი, იმ უსწავლელ და ლენჩ ბიჭს უნდა გავყვე ცოლადო, ახლა კი რაღაც ხუშტურები სჭირს. ვეღარ გავუგე ვერაფერი რა უნდა! დაელაპარაკე, იქნებ შენ მაინც გაგიმხილოს რა ხუშტურები სჭირს?
ბაბუა ბაიას გვერდით ჩამოჯდა დივანზე და შვილი გულში ჩაიხუტა. თან, თავზე გადაუსვა ხელი.
_დამშვიდდი, საშიშროებამ ჩაიარა უკვე. ყოჩაღი ბიჭია, მალე გამოძვრება და სულ მალე გამოჯანმრთელდება...
_რაა?! ვის რა მოუვიდა._მამის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და შეშფოთებულმა შეხედა ცოტათი დაბნეულ კაცს.
_ვის რამოუვიდა-მეთქი!_ხმას აუწია უფრო.
_როგორ თუ ვის, არ იცი?_უარესად დაიბნა ბაბუა.
_რა მოხდა-მეთქი?_მხრებში ჩააფრინდა და ისე შეაჯანჯღარა მამა, ლამის კისერი მოსწყვიტა საწყალს._ვის რამოუვიდა?
_მეგონა იცოდით._დამნაშავესავით ამოილუღლუღა ბაბუამ._შიო და მამამისი ამ დილით ავარიაში მოჰყვნენ.
_მერე?!_ფეხზე წამოხტა ბაია.
_გოგიას გადარჩენა ვერ მოხერხდა. შიო კი ჩვენთან წევს...
_როგორ არის?_უკვე სასოწარკვეთილი ხმა ქონდა ბაიას.
_დაწყნარდი, კარგადაა. დილით წავიდეთ და ვნახოთ...
_რა დილით?! დილამდე გავძლებ მე?!_დაფეთებული გავარდა გარეთ.
_ბაია, შვილო,_უკან გაჰყვა ბაბუა._ დამშვიდდი, კარგადაა უკვე... მის სანახავად მაინც არ შეგიშვებს დაცვა. დილით წავიდეთ.
მაგრამ ბაიას აშკარად აღარაფერი ესმოდა.
მეც მაშინვე წამოვხტი და კისრისტეხით მივყევი უკან. ბაბუას შუა გზაში გადავუსწარი. დავუბარე, არ ინერვიული, მე წავიყვან-მეთქი, კიბის ბოლო საფეხურებს გადავაფრინდი და სადარბაზოდან რომ გავედი, სულზე მივუსწარი ბაიას, რომელიც თავისი მანქანის საჭეს უნდა მისჯდომოდა უკვე.
(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი თᲐვია, უხდება ინტრიგები.მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

წერისთვის ხარ გაჩენილი.

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

საინტერესო ისტორიაა, ძალიან კარგად წერთ, კარგია რომ არ აგვიანებთ, წარმატებები.

 


№3  offline წევრი ელეო ნორა

სტუმარი ლია
კარგი თᲐვია, უხდება ინტრიგები.მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

წერისთვის ხარ გაჩენილი.

მადლობა სიხარულო. ❤️❤️

სტუმარი მანანა
საინტერესო ისტორიაა, ძალიან კარგად წერთ, კარგია რომ არ აგვიანებთ, წარმატებები.

გაიხარე, დიდი მადლობა ❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოო ნელ ნელა სიტუაცია იძაბება, უჩას ამბავი ძალიან მაინტერესებს ვინაა და რა კავშირშია მარიშკას ოჯახთან, ნაიას ამბავი ხომ მაინტერესებს და მაონტერესებს, აი სტალინაც რაღაც მოტეხილია რაღაც ხდება მოს თავს, იმედია შიოს ავარია მოწყობილი არ იყო, ისე ძალიან შემეცოდა მამა გარდაეცვალა და შვილს ელოდება . მოკლედ ვერ ვითმენ შემდეგი თავის წაკითხვამდე ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
ოო ნელ ნელა სიტუაცია იძაბება, უჩას ამბავი ძალიან მაინტერესებს ვინაა და რა კავშირშია მარიშკას ოჯახთან, ნაიას ამბავი ხომ მაინტერესებს და მაონტერესებს, აი სტალინაც რაღაც მოტეხილია რაღაც ხდება მოს თავს, იმედია შიოს ავარია მოწყობილი არ იყო, ისე ძალიან შემეცოდა მამა გარდაეცვალა და შვილს ელოდება . მოკლედ ვერ ვითმენ შემდეგი თავის წაკითხვამდე ❤️❤️❤️

ჩემი აქტიური მკითხველი ❤️❤️ თანაც შემფასებელი.
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent