შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკრების გული (თავი 1)


2-08-2021, 10:00
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 118

***
"ნუ იტყვი, რომ ქარიშხალი გინახავს,
თუ ყველაფერ დედამიწიერს, შენში ერთდროულად არ მოუყრია თავი."
***
ალბათ, ერთადერთი ვარ. ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და ამავდროულად არაფერი.
ეს, ჩემთვის უბრალოდ ასოთა თანმიმდევრობა არასდროს ყოფილა. მაშინ, როცა თითოეული სიტყვა არა მხოლოდ გონებაში, აქ, გულშიც არსებობს, ზუსტად, ყველანაირი გადახვევის გარეშე ბოლომდე სწვდები მის არსს.
არ მიყვარს საკუთარი თავი, რადგან ხშირად მგონია, რომ ახდენილი ოცნებების გაუფერულების მიზეზი თავად ვარ. ის, რაზე ფიქრშიც დღე და ღამე ვაღამებდი, რასაც ათასნაირად წარმოვიდგენდი გონებაში, რის გამოც წინასწარ მიხაროდა, ვიღიმოდი და ამ ღიმილის რეალობად ქცევისთვის დაუღალავად ვიბრძოდი, ავიხდინე. ჰო, ავიხდინე, მაგრამ ამან სამუდამო ბედნიერების ნაცვლად, სულ სხვა გრძნობა მომანიჭა. გრძნობა, რომელიც სახელ 'ბედნიერებას' სამუდამოდ არ ატარებს და რა თქმა უნდა, ჩემს შემთხვევაშიც იგივე განმეორდა. ჯერ გაუფერულდა. შემდეგ, სულ სხვა, აქამდე უცნობ რაღაცად იქცა და ბოლოს, ისე რომ მისი გაცნობა ვერც მოვასწარი, საერთოდ გაქრა.
დიდხანს ვადანაშაულებდი საკუთარ თავს და ახლაც, იმის მიუხედავად რომ მივხვდი, რომ ეს ცხოვრებაა ასეთი, მაინც არ ვთვლი, რომ ბოლომდე მისი ბრალია.
ჩვენ, ადამიანები, ხშირად მიუწვდომელს ვწვდებით. ამ გზის გავლა კი იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე, უბრალოდ ამ სირთულის წარმოდგენა.
გრძნობ და განიცდი ყველაფერს. თითოეულ საფეხურზე თითოეულს, ცალ-ცალკე. დაცემას, ტკივილი მოჰყვება. წამოდგომა მაშინ, როცა არაფრის ძალა გაქვს, დანებების სურვილს ამძაფრებს. სურვილი, გრძნობებს აღვიძებს. შიში, გონებას გირევს. არეული გონება, მცდარი გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებს. მცდარი გადაწყვეტილება კი გაიძულებს, ყველასა და ყველაფერზე თქვა უარი იმ ერთის გამო. უარი, სინანულის გარეშე.
და ეს არაა გზის დასასრული. ეს მხოლოდ ნაწილია. სინამდვილეში კი, ის ბევრად უფრო გრძელი, მტკივნეული, ახალ-ახალი დაბრკოლებებითაა სავსე. დიახ, ეს ზუსტად ის გზაა, რომლის არათუ გადალახვა, არამედ გაფიქრებაც არ მოუნდება არავის.
ეს კი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რაოდენ სწორია, რომ მომავლი არ ვიცით. ადამიანი მშიშარა არსებაა, რომელსაც არც ნებისყოფა აქვს მაინც და მაინც საკმარისი და თუ მაინც, არსებობენ გამონაკლისები, ამ გზის როგორღაც დასრულების შემდეგ, მათ აღარ აქვთ სურვილი და სწრაფვა იმავე დოზით. ჰო, გონება ყოველ წამს იცვლება და უკვე ყველაფრისგან დაღლილი ხვდები, რომ გიხარია, მაგრამ ამაზე მეტად, სხვა სიხარულზე ოცნებობ. ჯერ განუცდელზე. მის მიღწევაზე ფიქრი კი, საწყის წერტილში გაბრუნებს.
ვინმე გაივლის იგივე გზას თავიდან? უკვე ნაცნობ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე უცნობ შესახვევში შესვლისას, ისევ გაუმკლავდება ახლად გამოღვიძებულ შიშს? ისევ იტყვის უარს, თუნდაც უკვე მიღწეულზე ახლის მისაღწევად?
არა, არა?
გაგიკვირდებათ და პასუხი, კი - ც შეიძლება იყოს.
ვერ ვიტყვი, რომ ამით ამაყი ვარ.
მაგრამ მაინც...
გამარჯობა. ეს მე ვარ. კეთილი იყოს, თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში.
***
2 ივნისი.

ხალხით გადაჭედილ ტრიბუნებს შორის, ძლივს მივიკვლევ გზას და ყველანაირად ვცდილობ, წინ მიმავალ დეიდაშვილს არ ჩამოვრჩე.
იმის მიუხედავად, რომ აქაურობის ხშირი სტუმარი ვარ, ამდენი ადამიანი ერთად ჯერ არ მინახავს.
ვიცი, რომ არ უნდა მიკვირდეს. ბოლოს და ბოლოს, რაღაც უბრალო ამხანაგური მატჩი კი არა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია, მაგრამ ეს, ჩემს გონებაში მაინც ვერაფრით უძებნის ახსნას იმას, რომ საგულშემატკივროდ მოსულ ხალხს შორის ამდენი გოგოა.
- რა იყო, ნერვები გეშლება? - მხოლოდ წამიერად მავლებს თვალს ნიკა და თითქოს, ჩემს ფიქრებს კითხულობსო- ერთადერთობა და განუმეორებლობა წაგართვეს?
- იარე, რა. - მხარზე მსუბუქად ვარტყამ ხელს და ყველანაირად ვცდილობ, მის სიცილს ყურადღება არ მივაქციო.
თითქოს, რაღაც უცნაურს ვგრძნობ შიგნიდან, მაგრამ წამითაც არ ვივლებ გონებაში იმას, რომ ეს ცუდია. ბოლოს და ბოლოს, ამდენ საპირისპირო სქესის ადამიანში, ეულად ყოფნა მაინც აღარ მომიწევს.
- ვახო, შენ რას ფიქრობ?! - ამხელა აურზაურში, იმდენად ხმამაღლა და გარკვევით მესმის, ინსტიქტურად ვიფარებ ყურებზე ხელს. რა ჯანდაბაა, მაინც და მაინც ჩემს გავლას ელოდებოდა რომ დაეყვირა?
- საბერძნეთია, ბიჭო. წესით გვაქ რაღაც შანსები.
- რა შანსები, შე*ემა. შვედეთს ვერ მოვუგეთ, კაი რაა.
სიმწრისგან მეღიმება. არა, მართლა ვერ ვხვდები, გამარჯვების იმედი თუ ნულს ქვემოთ აქვს, აქ რა დაეკარგა?
გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრები არც ისეთი ძლიერია, როგორიც ყველას გვინდა რომ იყოს, მაგრამ ეს რატომ ნიშნავს იმას, რომ სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილები?
იმედი ბოლოს კვდებაო. ბოლოს კი არა, თავშივე მოკლა და რა, ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ასეთ ადამიანს აქ გავაჩერებ?
- ალე, წამოდი. - რა თქმა უნდა, ვინ თუ არა ჩემი ვანგა დეიდაშვილი, რომელიც ყოველთვის, საჭირო დროს, საჭირო ადგილზეა.
ზოგჯერ მგონია, რომ ტყუპები ვართ, იცით? სერიოზულად, შეუძლებელია ვინმე იმდენად კარგად გიცნობდეს, რომ ყოველ წამს იცოდეს რას ფიქრობ.
- გამიშვი. - ხელს ვეჯაჯგურები, რომელსაც არაფრის დიდებით არ მიშვებს.
- რა გინდა ეხლა, ისევ კონცერტები უნდა მოაწყო? გეფიცები, აქედან გაგაგდებენ და მერე, ბიძაშენიც ვეღარ გიშველის.
- შენ არ გაგიგონია, რას წინასწარმეტყველებდა და მაგიტომ...
- გოგო, არანორმალურო - წინადადების დასრულებას არ მაცდის, ისე მეჭრება - აქ, ალბათ ათასი ადამიანი მაინც წინასწარმეტყველებს დამარცხებას, ყველას გააგდებ? წამოდი და თავი შეიკავე ცოტა. რამდენი დაბოლილია, ღმერთმა უწყის. ბიჭი მაინც იყოს, მაგის დედა ვატირ,ე მუშტს რომ მოგიქნევენ, შენც მოუქნევ.
- შენი აზრით, გოგოს მუშტი არ აქვს თუ რას ბაზრობ? - იძულებით მივყვები უკან.
- გაქვს, მაგრამ შენი დარტყმულით, მაქსიმუმ მოეფერო სახეზე ვინმეს. - იმდენად მოულოდნელას იკავებს სკამზე ადგილს, ლამის ზედ ვემტვრევი.
- ნელა, გოგო. - რა თქმა უნდა, რეაქციასაც არ აყოვნებს და მეტი ეფექტისთვის, თვალებსაც მიქაჩავს.
- მომისმინე, ყველაფრისმცოდნევ - სწრაფადვე ვუჯდები გვერდით - ყველაფერს გირჩევნია, შეყვარებულის ძებნის სპეცოპერაცია დააჩქარო, თორემ ვგონებ უკვე ყველგან მოფერება გელანდება.
- ალე! - ახლა თვითონ მარტყამს მხარზე ხელს, მაგრამ მაინც ვერაფრით ვწყვეტ სიცილს.
- მორჩი, თორემ...
- გამოდიან, გამოდიან! - სწრაფად ვაჩერებ და აჟიტირებულ გულშემატკივრებთან ერთად, მეც ფეხზე ვხტები.
იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა სხვებისთვის განსაკუთრებული არც არაფერი ხდება, მე ამ მომენტისთვის შემიძლია მოვკვდე.
ნელ-ნელა, სასიამოვნოდ მიჩქარდება გული და თითქოს, ვცოცხლდები.
ბედნიერი ვარ იმით, რომ ვსუნთქავ, ვარსებობ, ვხედავ, განვიცდი, ამ სამყაროს ნაწილი ვარ.
მხოლოდ ახლა და მხოლოდ ამ წამს, ბედნიერი ვარ ყველა წვრილმანით.
დინამო არენა, საქართველოს ნაკრებს დიდი ოვაციებით ეგებება.
ერთმანეთის მიყოლებით, სწრაფად გამოდიან ფეხბურთელები და აი, უკვე სასტარტო შემადგენლობა ყველასათვის ცნობილია.
სიმართლე რომ ვთქვა, ბერძნები საერთოდ არ მაინტერესებს. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ინსტიქტურად მათაც ვუყურებ, გულშიც და გონებაშიც, მხოლოდ ის მყავს... ის, რომელიც ამდენ ადამიანში ერთადერთია. რომელიც ყველა ემოციას ერთდროულად მმართებს და საკუთარ თავს ბოლომდე მავიწყებს.
ეროვნული ჰიმნი იწყება, მაგრამ მე ისიც აღარ მესმის. ჩემი თვალები მას პოულობს და თითქოს დრო ჩერდება. ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არ მინდა, ოდესმე ჩემი თვალებიდან გაქრეს.
იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა ვიყო მასზე ფიქრები გულს მიჩქარებს, როცა თვალწინ მყავს, აჩქარებული გულისცემა უბრალოდ მოგონილია იმასთან, რაც მემართება.
ფიქრები, ოცნებებში მიმათრევს, თუმცა ჩაძირვას ვერ ვასწრებ, რადგან მსაჯის ტუჩები სასტვენს ეხება და თამაშიც იწყება.
მაყურებელთა ნაწილი კვლავ სკამებს უბრუნდება, ისევე როგორც მე.
მინდა, ფეხზე მდგომმა ვუყურო, მაგრამ ამ წუთებმა მთლიანად გამომაცალა ენერგია.
იკითხავთ, ასეთი რა მოხდაო...
გიპასუხებთ, თავიდან დავიბადე...
***
პირველი ტაიმი, იმდენად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს, თითქმის ყველას დამძიმებულ სუნთქვას ვგრძნობ გარშემო.
მეტოქესთვის, წინააღმდეგობის გაწევას იდეალურად ვახერხებთ და ეს, მაყურებელთაგან უმრავლესობას დიდ იმედს აძლევს. გარშემო, თითქმის ყველა მოთამაშის სახელს ყვირიან, მაგრამ გამორჩეული, რა თქმა უნდა მხოლოდ ერთია.
ერის სიამაყე, რომელიც ყოველ წამს, რეალურ საგოლე მომენტებს ქმნის და ოვაციებიც არ წყდება.
ყველას სჯერა, რომ გაიტანს. პირველი ქულა, ჩვენი იქნება.
ბერძნების ზედმიწევნით დაცვაზე ორიენტირებული თამაში, მათი გაბრაზებული სახეები და ქართველების შეტევა. შეტევა ბოლომდე, შეტევა მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.
ამ წამს, ჩვენ ერთი ფიქრები გვაქვს.
ჩვენს გულს ერთი უნდა.
ჩვენ ახლოს ვართ და კიდევ იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე შეიძლება ადამიანის გონებამ წარმოიდგინოს.
სუნთქვა მიხშირდება, გულისცემა კი წამით, იმხელა პაუზას აკეთებს, მგონია, რომ საერთოდ ჩერდება.
საჯარიმოშია.
ვცდილობ, გონებაში პირველი ბრწყინვალე გოლი დავხატო, მაგრამ ვერაფრის წაოდგენას ვერ ვასწრებ ისე ხდება ყველაფერი რეალობაში.
გამაყრუებელი ყიჟინა, საშინელ დისკომფორტს მიქმნის, მაგრამ ამ წამს, ესეც კი სასიამოვნოდ მეჩვენება.
კვლავ ფეხზე ხტება ყველა. ზურგზე შემოხვეული დროშები, უკვე ჰაერში ფრიალებს და თითქოს, ამ წამს ყველას სიხარულს ვგრძნობ.
- ტაბააა! აეგრეე, ეგრეე!
- ბრავო!
გარშემო, შეძახილები არ წყდება.
მხოლოდ წამიერად ავლებს ტრიბუნებს თვალს და ხელებს, ჰორიზონტალურად შლის. ყველა მოთამაშე ზედ ახტება, ძლიერად ეხუტებიან და არაფრით აძლევენ იმის საშუალებას, რომ გაიქცეს, შემოირბინოს. ვიცი, რას ნიშნავს ეს მისთვის, რამხელა ემოცია აქვს ახლა შიგნიდან. მაშინ, როცა ჩემი გული ასე გამალებით ძგერს, წარმომიდგენია მისას რა სჭირს.
ბოლოს, როგორღაც მაინც აღწევს თავს თანაგუნდელებს და თამაშის გაგრძელებამდე მხოლოდ ადგილზე ტრიალს ასწრებს.
ვკვდები, ისე მინდა მივიდე და ჩავეხუტო...
იმის გაფიქრება კი, რომ ეს არასდროს მოხდება, ამ წამს განცდილ სიხარულს, სადღაც კუთხეში ჩქმალავს და უღონოდ ვეცემი სკამზე.
- ალე, კარგად ხარ? - მაშინვე მეკითხება ნიკა.
სახეზე, სულ წითელია. ჯერ კიდევ ეტყობა, განცდილი ემოციების კვალი.
მხოლოდ თავს ვუქნევ და ვცდილობ გავუღიმო, თუმცა რა თქმა უნდა არ იჯერებს.
- კარგი, რა. ახლა რაღა გაგახსენდა. შენმა ბიჭმა, გოლი გაიტანა. პირველი საამაყო გოლი. დატკბი, გოგო, დატკბი.
ნაკრების გულია!
მისი სიტყვები, გაორებულად ჩამესმის ყურში.
ნეტავ იცოდეს, რომ მხოლოდ ნაკრების გული კი არა, ჩემი გულიცაა.
მაგრამ ალბათ, ამ წამს, ეს მისთვის ისეთივე სულერთია, როგორც ყველაფერი დანარჩენი თამაშის გარდა.
აქ ათასობით ადამიანია და ყველას სიყვარულს ცალ-ცალკე, ნამდვილად ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, მას უბრალოდ ჩვენი ქვეყნის ქომაგები უყვარს. ასე, ერთად, ერთ მუშტად შეკრულნი.
და მე... არ შემიძლია ახლა გავიღიმო.
ჰო, ეს სულ ვიცოდი, მაგრამ ამაზე ფიქრს, ყოველთვის განგებ გავურბოდი.
ასეთი ვარ, მესაკუთრე.
ვერ ვიტან ვერავის, ვისაც ასე უღიმის. მშურს ყველასი, ვისაც ეხუტება.
ეს რა სიყვარულია ასეთი...
ღრმად ვსუნთქავ.
ფიქრები წამით ქრება, მერე კი ისევ ბრუნდება. კონცენტრაციას ვერ ვახდენ და ეს მაგიჟებს.
უაზროდ ვუყურებ სტადიონზე გაფანტულ ფეხბურთელებს და მხოლოდ გარშემო მყოფთა შეძახილებით ვხვდები, რომ ამჯერად საქმე არც ისე კარგად გვაქვს.
რა თქმა უნდა, ბერძნები გაბრაზდნენ. მათი ალეწილი სახეები და შურისმაძიებელი მზერა, წამიერად ბინდად მეკვრის თვალებზე და თითქოს, ზუსტად ეს მჭირდებოდა გონს მოსასვლელად.
წარმოსახვას, არასდროს ვუჩიოდი.
სწრაფად ვისვამ საფეთქელზე თითებს და ფეხზე მყოფ გულშემატკივრების მსგავსად, თავადაც ვდგები.
- ფუ, შენი!
- გაიტანენ!
შეძახილები არაფრით წყდება და მექანიკურად, ნიკასკენ ვაპარებ თვალს, რომელიც არანაკლებ დაძაბულია.
მოწინააღმდეგეები, მთლიანად ჩვენს ნახევარზე არიან განლაგებულნი და არაფრით წყვეტენ შეტევას. შიშის მარცვალი, უკვე ჩემშიც იწყებს გაღვივებას, თუმცა ზუსტად ამ წამს, ის ხდება რასაც ალბათ ყველაზე ნაკლებას ველოდი და ყველაზე ნაკლებადაც გვჭირდებოდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირს ეცემა და მიუხედავად მოწინააღმდეგის გაწვდილი ხელისა, ვეღარც დგება.
სასტვენის ხმა, ყველაფერს აჩერებს.
სწრაფად გროვდებიან თანაგუნდელები მის გარშემო და მოედანზე დასახმარებლად შემოსულ პირებს, ალბათ უფრო დაბნეულობისგან, გზასაც კი არ უთმობენ.
- დაგვერხა, კვაშილავა გვჭირდებოდა. მაგრად დაგვერხა! - ჩემს გვერდით, ნერვულად სცემს ბოლთას ნიკა.
- დაწყნარდი, სერიოზული არაფერი იქნება.
ნეტავ თვითონ მჯეროდეს იმის, რასაც ვამბობ.
- ფეხზე ვერ წამოდგა, რაღაც სჭირს აშკარად. - ამჯერად, მეორე გვერდიდან სრულიად უცნობი მეხმაურება და მეც, მომენტალურად ვატრიალებ თავს მისკენ.
მართლა მინდა, რამე ვუპასუხო, მაგრამ ზუსტად ამ წამს, მსაჯის სასტვენის ხმა მეორდება და ჩემი გონებაც, სხვა ვეღარაფერზე ფიქრობს.
კვაშილავა მოედნიდან გაჰყავთ. კოჭლობს, უფრო ზუსტად კი ფეხს საერთოდ ვერ დგამს.
გარშემო ყველა ოხრავს, წუწუნებს, შესაძლო წარუმატებელი მომავლის შიში უღრმავდებათ და ამას, აღარც მალავენ.
კვაშილავას, ვიცე - კაპიტანი ცვლის. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მაგრამ თითქოს, თითოეულ ფეხბურთელში მოკვდა რაღაც.
ჩვენს პირდაპირ არსებულ VIP სექტორს, თვალს ვერაფრით ვაშორებ და როცა სრულიად მოულოდნელად, ბიძიაც ქრება იქიდან, მოუსვენრობა მიპყრობს. რა თქმა უნდა, ეს ნიკასთვის შეუმჩნეველი არ რჩება და ხელს მკიდებს. ვცდილობ გავუღიმო, თუმცა არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის.
პირველი ტაიმის დასასრულს, ყველაფერი კიდევ უფრო იძაბება. აშკარად ყველა დაღლილია, მაგრამ კვლავ ჩვენს საჯარიმოში მყოფ ბერძნებს, მაინც ღირსეულად უწევენ წინააღმდეგობას.
ისევ ვერაფრით ვაშორებ თვალს ერეკლე ტაბატაძეს...
ყველგან არის, ყველას ეხმარება, მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ძალისხმევა არაა საკმარისი.
ამასაც ისიც ემატება, რომ მსაჯი დროს ამატებს. იქიდან გამომდინარე, რომ კვაშილავას ტრამვის შეფასებასა და მის მოედნიდან გაყვანაში საკმარისი დრო დაიკარგა, ეს გასაკვირი არცაა და ალბათ, ამ რამდენიმე წუთისთვის ასე არც ვინერვიულებდი, მაგრამ ეს მომენტი სულ სხვაა და ამას, ყველა შესანიშნავად ხვდება.
მოწინააღმდეგის შემტევები, დანებებას არ აპირებენ და ზუსტად მაშინ, როცა გველესიანი მათთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, არასწორ დარტყმას აკეთებს და თანაც იმხელა ძალით, რომ ბურთი მთლიანად კვეთს კარის ხაზსს ჰაერში.
კუთხური ინიშნება.
მექანიკურად გამირბის მზერა ბიძიასკენ, რომელსაც მთლიანად წაშლილი აქვს სახე და წარმომიდგენია, ამის შემყურე რას გრძნობს ახლა.
ყველა დაცვისთვის ემზადება.
ერთმანეთის მიყოლებით იკავებენ ადგილებს საჯარიმოში და... მეტოქე დარტყმას ახორციელებს.
თითქოს ვიღებთ, სხარტად ვუხვდებით, ყველაფერი იდეალურადაა და სწორედ ამ წამს, ტაბას მიერ თორდიას მისამართით გაკეთებული პასი, საბედისწერო სახეს იღებს. არ ვიცი, მოულოდნელობისგან, შიშისგან თუ რისგან, მაგრამ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, გოლი საკუთარ კარში გააქვს და რამდენიმე წამს, ვერც კი ხვდება რა გააკეთა.
ირგვლივ საშინელება ხდება.
ერთდროულად ათასი ადამიანი იშენს თავში ხელებს და სალანძღავ სიტყვებსაც, რაღა თქმა უნდა არ იშურებენ. განადგურებული თორდია, მოწყვეტით ეცემა მოედანზე. ჯერ მუხლებზე, შემდეგ კი სახეზე იფარებს ხელებს და ძალაგამოცლილი ზურგზე წვება.
სასტვენის ხმა, კვლავ ყველაფერს აჩერებს. გახარებული ბერძნები, მთელს მოედანზე დარბიან.
ჩვენები კი, უბრალოდ ვერ ინძრევიან. თითქოს, ყველა იმ ადგილზეა მიყინული, სადაც იქამდე იყვნენ, სანამ ეს საშინელება მოხდებოდა.
ისევ ვერაფრით ვაშორებ თვალს ტაბას. ჯერ კისერზე ისვამს ხელებს, შემდეგ სახეზე. აშკარაა, რომ საკუთარ თავს ადანაშაულებს, იმაში, რომ თორდიას ასეთი პასი მისცა. ზუსტად ვიცი, რა ხდება ახლა მის გონებაში.
სხვანაირად რომ დამერტყა? მის ნაცვლად, გველესიანისთვის რომ მიმეცა? ან გვაზავასთვის? ისიც მის გვერდით იდგა, კარისგან ოდნავ მოშორებით.
წრეზე ტრიალებს, მერე კი ძალიან სწრაფად მირბის თორდიასთან და ხელს უწვდის. დგება. სხვა გზა, უბრალოდ არ აქვს.
რა თქმა უნდა, ავტო - გოლის შემდეგ კიდევ ერთი კუთხური ინიშნება და ბერძენი შემტევი, ამაყი ნაბიჯებით მიემართება ბურთისკენ.
ძალა მეცლება. შუბლზე ვისვამ ხელს და ძლივს ვახერხებ სკამზე დაჯდომას. სასწრაფოდ გვერდით მიჯდება ნიკაც.
- ალე, კარგად ხარ? დამშვიდდი, ეს ხომ უბრალოდ თამაშია, ასე ნუ განიცდი, გთხოვ.
თითქოს, უბრალო ამხანაგური მატჩი იყოს. ზუსტად ვიცი, თავად ორმაგად რომ განიცდის, მაგრამ მაინც ჩემს დამშვიდებას ცდილობს.
ამასობაში, პირველი ტაიმი მთავრდება.
სასტვენის ხმაზე, მყისვე ვდგები და შეშინებული ვავლებ უკვე ნახევრად დაცარიელებულ მოედანს თვალს.
რამე რომ მომხდარიყო, გავიგებდი, არ გამომრჩებოდა. ბოლოს და ბოლოს, ხალხი მაინც აღშფოთდებოდა ჩემს გარშემო.
- ფრეა, დამშვიდდი. - კვლავ კითხულობს ჩემს ფიქრებს ნიკა და მხარზე მადებს ხელს.
- ბიძია უნდა ვნახო. - სრულიად მოულოდნელად ვამბობ და მზერას ვუსწორებ.
- რა? არა, ალე. ახლა ამის დრო არაა, განადგურებულია ალბათ კაცი.
- ზუსტად მაგიტომ. - განგებ, უფრო მკაცრად ვამბობ და სანამ კიდევ რამეს მეტყვის, იქამდე ვწყდები ადგილს.
არ მომყვება. ზუსტად იცის, რომ ვერ შემაჩერებს და არც ცდილობს.
არც კი ვიცი, საიდან მომდის ამხელა ძალა ან ენერგია, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს რომ გავჩერდე, გავგიჟდები. რამდენიმე ფეხზე მყოფს, უნებურად ვეჯახები, თუმცა ხმასაც კი ვერ ვიღებ, რომ ბოდიში მოვუხადო.
ყელში მიჭერს და თან, იმდენად ძლიერ, რომ მთელი სხეული მეჭიმება. ვცდილობ, ეს საშინელი შეგრძნება გავაქრო, მაგრამ არაფერი გამომდის და კიდევ უფრო ცუდად ვხდები.
VIP სექტორი ცარიელია. როგორც წესი, არც თამაშის მსვლელობისას გამოირჩევა ხალხმრავლობით, მაგრამ ახლა, ერთ ადამიანსაც ვერ ვხედავ. ბიძიაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
აქეთ-იქით ვიყურები და შემდეგ, შიგნით შევდივარ, მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვასწრებ, ისე მეფარება წინ მაღალი ახმახი კაცი. თავზე შავი კეპი ახურავს და ისე მიყურებს, თითქოს მე კი არა, სერიული მკვლელი დაინახა.
- შესვლა არ შეიძლება, ქალბატონო. დაუყონებლივ დატოვეთ ტერიტორია.- ისეთივე გაყინული ტონით მეუბნება, როგორი სახეც აქვს.
- მე ალექსანდრა რაფავა ვარ. შალვა რაფავას ძმიშვილი - სასწრაფოდ ვუწვდი წინასწარ მომზადებულ პასპორტს.
წარბებს კრავს, რამდენიმე წამს, ინტერესით მაკვირდება და მხოლოდ ამის შემდეგ მართმევს.
- აუცილებლად უნდა ვნახო ბიძია - ვატყობ, რომ ხმის ამოღებას არ ჩქარობს და ისევ თავად ვიწყებ. - აქ ადრეც ვყოფილვარ, დამიჯერეთ, ეს მნიშვნელოვანია. რომ დავურეკო, ვიცი, გამოვა და შემიშვებს, თქვენ კი, საყვედურიანი მზერა არ აგცდებათ იმისთვის, რომ აქ დამაყოვნეთ.
ბოლო სიტყვებს, ისე ვაყრი ერთმანეთს, არც კი ვიაზრებ.
ჩემს პასპორტს თვალს აშორებს და ამჯერად ქვემოდან მიყურებს.
- მაპატიეთ, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია.
- ახლა ბიჭებთანაა, არამგონია თქვენთვის ეცალოს, ქალბატონო ალექსანდრა.
- თუ არ ეცლება, უკან გამოვალ.
ღრმად ოხრავს და პასპორტს უკან მიწვდის.
ისე ვართმევ, წამითაც კი არ ვაშორებ თვალს.
- კარგი, შებრძანდით. მეოთხე კარია მარჯვნივ - საჩვენებელი თითითაც მანიშნებს, თუმცა ნორმალურად არც კი ვუყურებ ისე შევრბივარ.
მართალია აქ ადრეც ვყოფილვარ, მაგრამ შიგნით კი არასდროს. მხოლოდ ის ვიცი, რომ სადღაც გასახდელებია და გულში ვლოცულობ, რომ ეს მითითებული 'მეოთხე კარიც' გასახდელი არ აღმოჩნდეს.
აკანკალებულ ხელს ვკიდებ სახელურს, მეორეთი ვაკაკუნებ და მერე, დაუფიქრებლად ვაღებ, თუმცა შენც არ მომიკვდე, შიგნით სრული სიცარიელე მხვდება.
უკუსვლით ვიხევ უკან და ვგრძნობ, როგორ ნელ-ნელა იწყებს გაღვიძებას ცუდი აზრები.
იქნებ მეორე კარია? შეიძლება შეეშალა და მეოთხე და არა და მეხუთეა. ან, სპეციალურად მითხრა ასე. ის კაცი არ მომეწონა და ზუსტად ვიცი, არც მას გასჩენია საპირისპირო გრძნობა.
დაუფიარებლად და დაუკაკუნებლად, ყველანაირი ყოყმანის გარეშე ვაღებ მეხუთე კარს და... რა მრჩება ხელში, შოკი.
სამი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მსაჯი და ჩემსკენ მომართული ექვსი თვალი.
ჯანდაბა, ალე. სანამ შარს არ იპოვი, იქამდე არ გაჩერდები, არა?
- სორი, სორი - ხელებითაც ვანიშნებ - პაჟალუსტა, თუ როგორ არის რუსულად, მაპატიეთ. ღმერთო, იმედია რომელიმე გაიგეს - უკვე ჩემთვის ვაგრძელებ და სწრაფადვე გამოვრბივარ უკან.
საკუთარ თავზე ნერვებმოშლილი, უამრავი ემოციითა და უსახელო გრძნობით სავსე, უკუსვლით ვიხევ უკან და იმ კარის გაღების ხმასაც კი აღარ ვაქცევ ყურადღებას, ზურგს უკან რომ მესმის.
უკვე გონება, მხოლოდ 'ბიძიას' მიმეორებს. ღრმად ვოხრავ, მუშტებს ვკრავ და ზუსტად იმ წამს, როცა უნდა მოვტრიალდე, ვიღაცას მთელი ძალით ვეჯახები ზურგით და წონასწორობას ვკარგავ. უკვე ჩხუბისთვის ვემზადები, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება დამნაშავეც კი ვარ, მაგრამ თავს ვაბრუნებ და პირდაღებული ვრჩები.
ირგვლივ, ყველაფერი ტრიალებს და ის ხელი, რომელიც ჩემი სხეულიდან მისი ხელის მოსაშორებლად წავიღე, მიშეშდება.
თვალებს განუწყვეტლივ ვაფახულებ, მაგრამ არ მეღვიძება, არც გამოსახულება ქრება, არც მზერას მაშორებს.
ვრწმუნდები, რომ სიზმარი არაა, მაგრამ ვერ ვრწმუნდები, რომ ის რეალურია...
__________________________________________________
სალამი
სიყვარულებოო, ვერ ავღწერ როგორ მომენატრა აქაურობა, თქვენ, წერა, საერთოდ ყველაფერი...
მართლა არსაიდან მოსული მუზაა და ისე მაინტერესებს თითოეული თქვენგანის აზრი, როგორც არასდროს.
როგორც ფეხბურთის დიდი ფანი, ვეცდები თქვენშიც გავაღვიძო ის გრძნობები, რასაც მე ვგრძნობ - ხოლმე.
დაგპირდით, რომ ერთად ძალიან ბევრ ლამაზ რაღაცას შევქმნიდით და პირობა პირობაა.
გელით
სიყვარულით
თქვენი
ელა'ტრისი



№1  offline წევრი likuu_s

საოცრად გამიხარდი!
დროის შეგრძენება ეს ბოლო დრო დაკარგული მაქვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს 1-2 დღის წინ როგორ გავიფიქრე ნეტავ რამე ახალი დადოს-თქო. არ გატყუებ, მართლა!:დ
დღეს კიდე, როცა ფეიზბუკის ჯგუფიდან სიახლის შესახებ გავიგე, იმ დროიდან ვუზივარ. :დ
მიუხედავად იმისა, რომ სპორტი მაინც და მაინც არ მიყვარს, დიდი ინტერესი გამოიწვია მოთხრობამ.
საინტერესოდ დაიწყო ძალიან.
ველი გაგრძელებას. აუცილებლად ბოლომდე მოგყვები.

წარმატებები!<3

 


№2  offline წევრი Life is beautiful

შემდეგში რაგბი ცადე.. :დ
ფეხბურთიც მიყვარს, ისე გადავერთე, ფეხბურთზე, დამავიწყდა რომ რომანს ვკითხულობ.
არასტანდარტული, მაგრამ თან სტანდარტული.
ისე კარგი, ვაიმე რა ხანია ასე არ მიხალისია წიგნით ან ისტორიით, ისევ გავცოცხლდი.
უკვე ვიცი, რომ დასრულდება, ისევ მოვუბრუნდები.. რამდენიმე თვის მერე, ისევ შევიგრძნობ და ვიხალისებ..
იმაზე კარგად გამეცინა.. "იმედი ბოლოს კვდებაო. ბოლოს კი არა, თავშივე მოკლა და რა, ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ასეთ ადამიანს აქ გავაჩერებ?"..
ბოლოში კი არა თაჳშივე მოკლა. :დდ
ვაიმე, შენ არ იცი ახლა, მე როგორ გელოდბი...
ორ თემაში ხარ, სპორტში და რომანში, ორივე სუსტი წერტილია. :დდ
პს.. პომპეზურ რესტორანში რომანწიკას,
მატჩის ბილეთი მირჩევნია. :დდ
მალე რა...
მოდი, გთხოვ მოდი მალეე..

 


№3  offline წევრი EllaTriss

likuu_s
საოცრად გამიხარდი!
დროის შეგრძენება ეს ბოლო დრო დაკარგული მაქვს, მაგრამ ზუსტად მახსოვს 1-2 დღის წინ როგორ გავიფიქრე ნეტავ რამე ახალი დადოს-თქო. არ გატყუებ, მართლა!:დ
დღეს კიდე, როცა ფეიზბუკის ჯგუფიდან სიახლის შესახებ გავიგე, იმ დროიდან ვუზივარ. :დ
მიუხედავად იმისა, რომ სპორტი მაინც და მაინც არ მიყვარს, დიდი ინტერესი გამოიწვია მოთხრობამ.
საინტერესოდ დაიწყო ძალიან.
ველი გაგრძელებას. აუცილებლად ბოლომდე მოგყვები.

წარმატებები!<3

ლიკუნაა, მე კიდევ შენი გამოჩენა გამიხარდა საოცრად! ❤ მჯერა, თუ გაიფიქრე ასეც იქნებოდა^_^ რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვთხოვ სპორტი გიყვარდეთ - მეთქი, მაგრამ იმედი მაქვს, შევძლებ ბოლომდე საინტერესო გავხადო.
პ.ს ძალიან ძალიან ბევრი გულები შენ! ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

Life is beautiful
შემდეგში რაგბი ცადე.. :დ
ფეხბურთიც მიყვარს, ისე გადავერთე, ფეხბურთზე, დამავიწყდა რომ რომანს ვკითხულობ.
არასტანდარტული, მაგრამ თან სტანდარტული.
ისე კარგი, ვაიმე რა ხანია ასე არ მიხალისია წიგნით ან ისტორიით, ისევ გავცოცხლდი.
უკვე ვიცი, რომ დასრულდება, ისევ მოვუბრუნდები.. რამდენიმე თვის მერე, ისევ შევიგრძნობ და ვიხალისებ..
იმაზე კარგად გამეცინა.. "იმედი ბოლოს კვდებაო. ბოლოს კი არა, თავშივე მოკლა და რა, ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ასეთ ადამიანს აქ გავაჩერებ?"..
ბოლოში კი არა თაჳშივე მოკლა. :დდ
ვაიმე, შენ არ იცი ახლა, მე როგორ გელოდბი...
ორ თემაში ხარ, სპორტში და რომანში, ორივე სუსტი წერტილია. :დდ
პს.. პომპეზურ რესტორანში რომანწიკას,
მატჩის ბილეთი მირჩევნია. :დდ
მალე რა...
მოდი, გთხოვ მოდი მალეე..

ისევ გავცოცხლდიო, რომ დაწერე მაგ წამს გავცოცხლდი მეც^_^
როგორ კარგად დაგიმახსოვრებია, მეც
თავიდანვე გამოვრჩევდი მაგ ნაწილს და გამეხარდა, რომ ყურადღება გაამახვილე❤
მუზა იყოს და... რაგბიც იქნება, ძიუდოც და რავიცი, ყველაფერი :დ
მეორე თავი, წერის პროცესშია. მეც ძალიან მინდა, რომ მალე იყოს. ვნახოთ...
პ.ს ასევე ბევრი გულები შენ! ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№4 სტუმარი Ana-maria

კარგია დილა ასე სასიამოვნოდ რომ იწყება. დასასწყისი იყო ძალიან კარგი,გამართული და საინტერესო. ცოტა დასაწყისმა დამაბნია, წინ იმედგაცრუება გველოდება? ალექსანდრა და ერეკლეს სიყვარულის ისტორიას იმედია კარგი დასასრულის ექნება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№5  offline წევრი EllaTriss

Ana-maria
კარგია დილა ასე სასიამოვნოდ რომ იწყება. დასასწყისი იყო ძალიან კარგი,გამართული და საინტერესო. ცოტა დასაწყისმა დამაბნია, წინ იმედგაცრუება გველოდება? ალექსანდრა და ერეკლეს სიყვარულის ისტორიას იმედია კარგი დასასრულის ექნება. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

ანამარია, ძალიან გამეხარდა თქვენი გამოჩენა. გელოდით ❤
დასაწყისი, მართლაც ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ნელ-ნელა, ყველაფერს გაიგებთ.
როგორი იქნება დასასრული, ჯერ-ჯერობით, ეს ჩემთვისაც უცნობია.
ვნახოთ, მინდა ზუსტად ისე დაინახოთ, როგორც გონებაში გაჩნდება.
პ.ს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ...

კარგი დასაწყისია, დამაინტრიგე ბოლოს. დიდიხანია ახალი არაფერი წამიკითხავს და ეს ძალიან მომეწონა. იმედია არ დაიგვიანებ

 


№7  offline წევრი EllaTriss

სტუმარი ...
კარგი დასაწყისია, დამაინტრიგე ბოლოს. დიდიხანია ახალი არაფერი წამიკითხავს და ეს ძალიან მომეწონა. იმედია არ დაიგვიანებ

მიხარია, თუ მოგეწონა ❤ ყველანაირად ვეცდები, მალე იყოს ❤

 


№8 სტუმარი one

chveni gogo dabrunda❤️martalia mec ar var fexburtis didi qomagi magram)))
sheni dawerilia da sadiamovnod chavikitkhe))), mec vijeqi stadionze da vidzabebidi shdntan ertad:d
saocari gogo khar, mikharia rom mokhvedi❤️mogyvebi))

 


№9  offline წევრი EllaTriss

one
chveni gogo dabrunda❤️martalia mec ar var fexburtis didi qomagi magram)))
sheni dawerilia da sadiamovnod chavikitkhe))), mec vijeqi stadionze da vidzabebidi shdntan ertad:d
saocari gogo khar, mikharia rom mokhvedi❤️mogyvebi))

როგორ გელოდი და როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა ❤ ვეცდები ყველას შეგაყვაროთ, ვნახოთ როგორ გამომივა^_^❤
ძალიან ძალიან დიდი მოტივაციაა თითოეული სიტყვა❤

 


№10  offline წევრი ქიქი

ვინმემ ფეხბურთი ახსენა?რა თქმა უნდა,აქ ვარ♥
ძალიან საინტერესო მოთხრობაა♥
იდეაზე აღარაფერს ვამბობ.ძალიან მიხარია,რომ ფეხბურთზე გადაწყვიტა ვიღაცამ მოთხრობის დაწერა♥მადლობა შენ ამისთვის♥

 


№11  offline წევრი EllaTriss

ქიქი
ვინმემ ფეხბურთი ახსენა?რა თქმა უნდა,აქ ვარ♥
ძალიან საინტერესო მოთხრობაა♥
იდეაზე აღარაფერს ვამბობ.ძალიან მიხარია,რომ ფეხბურთზე გადაწყვიტა ვიღაცამ მოთხრობის დაწერა♥მადლობა შენ ამისთვის♥

მიხარია, რომ ფეხბურთი ჩემსავით გიყვარს❤
ორმაგად მიხარია, რომ ისტორია მოგწონს.❤ იმედია, ბოლომდე ასე იქნება.
მადლობა შენ, სითბოსა და სიყვარულისთვის!❤❤

 


№12  offline წევრი თ. ა.

უამრავჯერ ავუარე გვერდი და მაინც უკან მოვბრუნდი. ქეთიმ კარგია წაიკითხეო. დავიწყე ვატყობ შემდეგი თავი ვერ მომისწრებს ამის კითხვას ისე მალე მოვრჩები.
დასაწყისისთვია კი ვიტყვი იმდენად კარგად გაქვს განცდები და ტრიბუნების სიტუაცია აღწერილი, რაღაც მომენტში წარმოვიდგინე, რომ მეც მათთან ერთად ვიდექი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent