შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროფესია ალფონსი (20)


6-08-2021, 14:47
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 1 946

კიდევ რაღაცის სათქმელად დავაღე პირი, მაგრამ ტუჩებზე მიიდო თლილი თითი და ამით მაჩვენა, ჩუმად იყავი, შენი ხმა აღარ გავიგოვო. გავჩუმდი კი, მაგრამ შინაგანად ახმაურებულ სულს და ათას კითხვას, რომელიც თავში მიტრიალებდა და მოსვენებას მიკარგავდა, ვერაფერს ვუხერხებდი.
წინა ღამის უძილოს, რომ მეგონა ახლა მაინც დამეძინებოდა მშვიდად, შევცდი. დავიღალე და დავიტანჯე საწოლში წოლით. ყველაფერი მაწუხებდა და მაღიზიანებდა. ცოტას გადავრჩი, არ გავგიჟდი. მოვიფიქრე, ავდექი და მაისურის ამარა აივანზე გავედი. მესიამოვნა ღამის სიგრილე და ცოტა დავმშვიდდი. ამ სასიამოვნო სიგრილემ ჩემს ფიქრებზეც კი იმოქმედა და მოღალატე და აფერისტი დედაჩემიდან გუჯას ლამაზ თვალებზე გადავერთე. კარგა დრო იყო გასული, რაც აღარ მენახა და მომნატრებოდა. ალბათ, როგორც მე, მასაც არ ეცალა, თორემ ხომ მნახავდა? შეტყობინებებს კი მწერდა და მიგზავნიდა, მკითხულობდა როგორ ხარო, მაგრამ მისი ნახვის ტოლფასი მაინც ვერ იყო. ისე გავერთე მასზე ტკბილ ფიქრებსა და მოგონებებში, რომ თავზე დამათენდა კიდეც.
ახალი გარიჟრაჟებული იყო, რომ პატარა გოგამ ტირილი დაიწყო. ბაიას მაშინვე გაეღვიძა და მისი გაჩუმება სცადა. დედის ხმაზე და ალერსზე ცოტა კი გაჩუმდა, მაგრამ ისევ მალევე გააბა ტირილი და ისე გაბმულად ტიროდა, რომ მივხვდი რაღაც აწუხებდა. აივნიდან პირდაპირ მათ ოთახში შევედი. ბაია საწოლზე იჯდა, შვილი ხელში ეჭირა და მის დამშვიდებას მოფერებითა და რწევით ცდილობდა. მე რომ დამინახა, გაუხარდა.
_ნამდვილად რაღაც სჭირს, ასე არასდროს უჭირვეულია._შეშფოთებული ხმით მითხრა.
_მოიყვა, გავსინჯავ._ბავშვი ფრთხილად ჩამოვართვი და იქვე საწოლზე დავაწვინე.
გულდასმით დავიწყე მისი გასინჯვა და მივხვდი, რომ მუცელი სტკიოდა.
_რა სჭირს?_შიშით მკითხა აქამდე გაყუჩულ-გალურსულმა ბაიამ.
_მეტეორიზმი, გაზები აქვს დაქუჩებული და მუცელი სტკივა... გუშინ რა ჭამე?
_გუშინ რა ვჭამე?.. გუშინ რა ვჭამე?.._ჩაფიქრდა._მწვანე ალუჩა._ბოლოს გაახსენდა როგორც იქნა.
_ყოჩაღ. ხომ გითხარი უმ ხილს და მითუმეტეს მკვახეს, ნუ გაეკარები-მეთქი?
_ხო, მაგრამ... სულმა წამძლია._აწუწუნდა.
_კარგი, კარგი, დაწყნარდი. სანამ მოვალ, მუცელზე მსუბუქი მასაჟები გაუკეთე. თუ ისევ გაჭირვეულდა, უთოთი გაათბე რამიე ნაჭერი. ოღონდ ისე კი არა, რომ კანი დაწვა. მუცელზე დააფინე და მუცლითვე მიიყუდე, აი ასე._ვაჩვენე როგორც უნდა ჩაეხუტებინა._აი ასე ასეირნე. გასაგებია?
_სად მიდიხარ?_შეშფოთებულმა შემომხედა.
_აფთიაქში, გაზგამყვანი და მუცლის შებერილობისთვის რამე წამალი ვიყიდო, ახლავე მოვალ, პანიკაში ნუ ჩავარდები იცოდე.
_მალე მოდი რაა?!_უკვე მუდარაზე გადავიდა._მეშინია.
_საშიში არაფერია._დავამშვიდე._მივალ და მოვალ. შენებურ ისტერიკებს ნუ მოაწყობ!
სასწრაფოდ გადავიცვი ტანსაცმელი და შორიახლოს სადღეღამისო აფთიაქის მოსაძებნად გავიქეცი. ქუჩაში გასულმა აღმოვაჩინე, რომ ბაიას ფუმფულა დათუნია ჩუსტები მეცვა, მაგრამ სახლში აბრუნება და გამოცვლა არ ღირდა. მანქანით არ წავსულვარ, რადგან იმით დიდი გზა უნდა მომევლო და ფეხით სულ ჩიხებში ვირბინე პანდა დათუნიებთან ერთად. მალევე მივაგენი და დაფეთებული რომ შევვარდი, მაშინვე მივიქციე ყურადღება. მგონი, უფრო ჩემმა შავ-თეთრმა დათუნიებმა. რა წამლებიც მინდოდა, მაშინვე სხაპისხუპით ჩამოვურაკრაკე მოლარე კონსულტანტს და სანამ ამ წამლებს ჩამიწყობდა პარკში, დაიანგარიშებდა, ფასდაკლების ბარათს გამიტარებდა და თანხას მეტყოდა, მე ჩემი დამემართა. ბაიასი რა ვთქვა, მაგრამ ცოტაც და მე დამეწყებოდა პანიკური შეტევა. ფული რომ გადავუხადე, ახლა ხურდის დაბრუნებაზე იჯახირა. (ნუ, მე ასე მომეჩვენა და ლამის ვუთხარი, ხურდა შენ დაიტოვე-მეთქი).
სახლში რომ დავბრუნდი, ბაიას ხელში აყვანილი და ჩახუტებული დაჰყავდა ოთახიდან ოთახში აწუწუნებულ-აკრუსუნებული შვილი და თან ცრემლმორეული ეჩურჩულებოდა. პირობას უდებდა, რომ ისეთს აღარაფერს აღარ ცეცხლავდა, რაც მის პაწუა მუცელს ზიანს მიაყენებდა და აატკიებდა.
დაბრუნებული რომ დამინახა, გაუხარდა.
_აი, გამომართვი, ეს შენ დალიე.
_მეე?_გაუკვირდა.
_ხო, შენ და შენი რძიდან გადავა ბავშვზე._თან გოგა ჩამოვართვი.
აჭუჭყუნებული ბავშვი საწოლზე დავაწვინე, გავხადე და გაზგამყვანი მილი ანუსის ხვრელში ფრთხილად შევუყვანე. საქმეს რომ მოვრჩი და ბაიას შევხედე, ერთ ადგილზე მილურსმულივით იდგა და იმხელა თვალებით მომჩერებოდა, გამეცინა.
_ეგ რაღაც._შიშით გამოიშვირა თითი._დიდხანს უნდა ეკეთოს მანდ?
_15-20 წუთი, სანამ გაზებისგან სულ არ დაიცლება. რა იყო, გეშინია?
პასუხი არ დაუბრუნებია, მაგრამ მივხვდი, რომ ეშინოდა, თანაც პანიკურად.
_გადი, დალიე ეგ წამალი და რამე მოიმზადე, რომ ჭამო. ცოტა ხანში ამასაც მოუნდება ჭამა და რძე ხომ უნდა გქონდეს, რომ აჭამო?
მექანიკურად დამემორჩილა და მართლაც გავიდა ოთახიდან. ნამცეცა გოგას მალევე მოეშვა მუცლის შებერილობა და დამშვიდდა კიდეც. როცა ყველაფერს მოვრჩი და დედას გავუყვანე სამზარეულოში შვილი, გაუხარდა.
_კიდევ კარგი შენ იყავი აქ და მოგვხედე, თორემ რა გვეშველებოდა?_მგონი ამის გაფიქრებაზე უფრო შეშფოთდა ბაია.
_ასეთ სიტუაციებში პანიკა საჭირო არ არის, საღად უნდა იაზროვნო, რომ შენს შვილს პირველადი დახმარება მაუნც გაუწიო. მთავარია, ისეთი რაღაცეები აღარ ჭამო, რაც შენს შვილს აწყენს, მაგრამ თუ მაინც მოხდა, არ უნდა დაიბნე და ყველაფერი სწორად გააკეთო...
_იმ რაღაც მილს მე ვერ გავუკეთებ, შანსი არ არის...
_მუცლის მასაჟს და მის შეთბობას ხომ გაუკეთებ? თბილ აბაზანაშიც შეგიძლია რომ ჩააწვინო. ის წამალი რეგულარულად მიიღე შენც და ასეთი რამე აღარ განმეორდება.
_ჩემო საყვარელო._გადამეხვია და გადამკოცნა._მუნჯის ენა დედამ იცისო, მაგრამ მე ვერაფერი გავუგე. სანამ გაიზრდება და ლაპარაკს ისწავლის რა სჭირს და რა აწუხებს, მე გავთავდები კიდეც.
_ნუ გეშინია, უფრო გამოიჯეკები და ძლიერი დედა გახდები._ღიმილით დავამშვიდე.
კარგა ხანს შემოვრჩი მასთან. სანამ ბაიაც არ დავანაყრე საჭირო საკვებით, მერე პატარა გოგა არ "გამოვსიკნეთ" დედის რძით და არ დავრწმუნდი, რომ აღარაფერი აწუხებდა, მანამ არ დამიტოვებია მარტოები. მართალია, სამსახურში დამაგვიანდა ერთი საათით მისვლა, მაგრამ გადაუდებელი შემთხვევა იყო და ვის რა უფლება ქონდა რამე ეთქვა ჩემთვის?
საღამომდე თავი არ გამომიყვია ჩემი კაბინეტიდან გარეთ. მაკასი არ იყოს, სად დაქუჩდა ამდენი ავადმყოფი ბავშვი ერთად, არ ვიცი. მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ზოგს რა პრობლემა ქონდა და ზოგს რა. საღამოს კი, ჩემი კორპუსის წინ რომ შევაჩერე მანქანა და გადმოვედი, შიოც მომადგა.
ელდა მეცა.
_გოგა როგორაა?_მაშინვე ეს ვკითხე.
_დამშვიდდი, გოგა კარგადაა, დეიდაშენი ჭედავს ცოტა და რომანტიკული ვახშამი მინდა მოვუწყო. ხო და, ბავშვის დამტოვებელი არ გვყავს... აჭმევს, დააძინებს და სანამ მოვალთ ვერ ჩაიბარებ?
მინდოდა უარი მეთქვა, მეწრუწუნებინა ცოტა, მაგრამ შემეცოდა ისეთი საცოდავი სიფათი ქონდა.
_წამოვალ, მაშ შენ უარს გეტყვი? კაცმა ჩემს ქორწილში საცრით წყალი უნდა ეზიდო და..._გამეცინა.
ჩემს მანქანას მივუბრუნდი ისევ, მაგრამ მაგით არა, ჩემითო. დილით მე მოგაბრძანებ ისევ სახლშიო.
მამაჩემს დავურეკე, ამაღამ სახლში არ ვიქნები, არ ინერვიულო, ბაიასთან ვრჩები-მეთქი და შიოს მანქანაში ჩავსკუპდი.
დამპალმა, მომატყუა. თურმე დაბადების დღე ქონია, რომელიც გადამავიწყდა რატომღაც და ასე მოუწესრიგებელი და გადაღლილ-გადაქანცული მიმაყენა პირდაპირ რესტორნის კართან.
გავგიჟდი, მანქანიდან გადასვლა აღარ მინდოდა, საჩუქარიც კი არ მიყიდია შენთვის-მეთქი და დამამშვიდა, სხვა დროს მიყიდე, აქედან მთვრალი მაინც ვეღარ წავიღებ, თან ამერევა ვინ რა მაჩუქეთო.
_ყველა მგონი როგორი გამოპრანჭულია და მე ასე მომიყვანე._მაინც გამოვუნახე საყვედური.
_მისმინე ჯიგარო, ყველა ამსეთ ფორმაში და ზოგი უარესშიც წამოვიყვანე ასე მოტყუებით. სულ შინაურები ვართ და გემრიელი დრო უნდა გავატაროთ. არავინ დაგიწყებს კაბაზე და მაკიაჟზე აქ ყურებას._ხელი მომხვია და ისე შემიყვანა შენობაში.
შიო მართალი იყო და ოდნავადაც არ აზვიადებდა. სულ ათი ადამიანი ვიყავით, სულ შინაურები და ჯიგრები და თან ყველა სამუშაო თუ საშინაო ფორმით. მე კიდევაც ყველაზე კარგად გამოვიყურებოდი.
_გოგა სად გყავს._შვილის გარეშე რომ დავინახე ბაია, გამიკვირდა.
_დედამთილი რისთვის მინდა, თუ ასეთ სიტუაციებში ვერ გამოვიყენებ?_შემომცინა და თან თვალი ჩამიკრა._ახალი ნაჭამი აქვს და სძინავს. ოთხი-ხუთი საათი ეძინება. მერე წავალ, ვაჭმევ და ისევ დავბრუნდები.
_წუხელ ერთი თქმით მაინც ვერ მითხარი დღეს თუ ამას გეგმავდით, ცოტა თადარიგს მაინც დავიჭერდი.
_ზუსტად მაგ თადარიგის გამო არ ვუთხარით არავის არაფერი. უბრალოდ კარგი დრო უნდა ვატაროთ და მეტი არაფერი.
უბრალოდ კარგი დრო კი არა, საუკეთესო დრო გავატარეთ. შიომ ხომ თავისი ხუმრობებით და ოხუნჯობით სიცილით სიქა გაგვაძრო. თამადა გოგის ნათლია "ბუკვა" ყავდა. მისი ნამდვილი სახელი მგონი არც არავინ იცოდა, ყველა ამ ზედმეტსახელით ცნობდა. სადრეგრძელოებს ამბობდა მხატვრულად და ლექსებით, დალევა რომც არ გდომებოდა ადამიანს, მაინც დაგალევინებდა. ბავშვობის დროინდელი ოინებიც გაიხსენეს და სულ სიცილ-კისკისში და მხიარულობაში გავატარეთ დრო. შიო შედარებით ფხიზელი იყო და იმან მიმიყვანა შუაღამეზე სახლში.
მამაჩემი რა თქმა უნდა არ მელოდა და ეძინა უკვე, ამიტომ რაც შემეძლო უხმაუროდ და ქურდულად შევიძურწე სახლში. დაძინებით ისე მალე დამეძინა, რომ ტანსაცმლის გახდა ვერც მოვასწარი. დამეზარა და ისევე მივწექი.
დილით ჩვეულებისამებრ ავდექი და აბაზანას მივაშურე, მაგრამ ჩარაზული დამხვდა. მამაჩემს დაესწრო და ამიტომ სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად. შევედი და ელდა მეცა, მამაჩემი იქ დამხვდა. თვითონაც შეკრთა, რომ არ მომელოდა.
_მარიშკა?!._გაოცებისგან ისე გაუფართოვდა თვალები, ვიფიქრე, საცაა ბუდიდან ამოუცვივდება-მეთქი._აკი, ბაიასთან რჩებოდი?.. როგორ შემაშინე_სახეზე მართლაც აღარ ედო ფერი.
_აქედან მაგ პირობით წამიყვანა შიომ, მაგრამ აღმოჩნდა, დაბადების დღე ქონია და რესტორანში მოტყუებით წამიყვანა. იქიდან კი პირდაპირ აქ მოვაყვანინე თავი...
_მართლა არაფერი გამიგია წუხელ რა დროს მოხვედი.
_ხო, გეძინა და აღარ გაგაღვიძე... ჩემი საყვარელი მამიკო._მივედი და ჩავეხუტე.
არასდროს რომ არ უკვრია ჩემთვის ხელი, ახლა მომიშორა თითქოს ცივად.
_მეჩქარება, დღეს ადრე უნდა წავიდე სამსახურში, ბოდიში._შუბლზე მაკოცა როგორც სჩვეოდა და სამზარეულოდან გავიდა.
რაღაც მეუცხოვა და ძალიან არ მომეწონა მისი ეს სიტუაცია. მესმის, რომ არ მელოდა და შევაშინე, მაგრამ რაღაც დაძაბული და სხვანაირიც მეჩვენა რატომღაც.
მეც უკან მივყევი. აბაზანას რომ მოვკარი თვალი, გამახსენდა წეღან კარი რომ იყო ჩაკეტილი და ვკითხე:
_აბაზანაში ვინ არის?
_აბაზანაში?_მომეჩვენა, თითქოს შეკრთა და გაჩერდა.
_ისე დაფიქრდი, თითქოს რაიმე ურთულესი განტოლება მეკითხოს._გამეცინა._კარი დაკეტილია და აბაზანაში ვინმეა?
_საკეტი გაფუჭდა და ვეღარ ვაღებ. ხელოსანი გამოვიძახე. ცოტა შეაგვიანდებაო. დაბანა გეჩქარება?_შეწუხდა.
_არც ისე._დავამშვიდე._წავალ და ბაიასთან მივიღებ შხაპს. ყავის დალევას ვაპირებდი, მაგრამ იმასაც იქ დავლევ.
ჩემს ოთახში გავედი, სასწრაფო წესით მოვხვეტე საჭირო ნივთები და სასწრაფოდ დავტოვე ჩვენი ბინა.
მივხვდი, ვიღაც ყავდა ამოყვანილი და შემრცხვა. ჩემი იქ დარჩენა მართლა არ შეიძლებოდა. არ კი ვკიცხავდი, კაცი იყო, ცოლი აღარ ყავდა და ნამდვილად არ გაემტყუნებოდა, თუ ყავდა ვინმე, მაგრამ სახლში რომ მოიყვანა, ის მეწყინა. თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ბინიდან და ბაიასთან დავერჭე უმალ.
კარზე ჩემმა გაშმაგებულმა კაკუნმა დააფეთა ცოლიცა და ქმარიც. ახლა, მე რომ დამინახეს ზღურბლთან, უარესად შეშფოთდნენ.
_ბოდიშით, თქვენი შეშინება არ მინდოდა, უბრალოდ, ჩვენი აბაზანა მოიშალა და სამსახურში წასვლამდე, თქვენით ვისარგებლებ. არ მინდა დავიგვიანო._ვიცრუე._არ იცი რა ფეთიანიც ვარ? მომეშალა ნერვები და ყავაც კი ვეღარ დავლიე. რომ დამალევინებდე, რა კარგი დეიდუნა იქნები რომ იცოდე._ცოტა წავუმოლავ-წავუაფერისტე ბაიას. ხელკავი გამოვდე და სამზარეულოში გავიყვანე._პახმელია ვარ, თავი მასკდება, მიშველე რამე.
ბაია რის ბაია იყო, ეჭვი არ შეეტანა ჩემს ნათქვამში? შიო რომ აღარ შემოგვყვა სამზარეულოში, გამომცდელად მომაშტერდა.
_ახლა, დაფქვავ შენით თუ სიტყვები ძალით ამოგგლიჯო პირიდან?
ჯერ არ მინდოდა ვითომ თქმა, მაგრამ ისე ოსტატურად მომიდგა, ყავის საფქვავივით ჩამომაფქვევინა მართლაც ყველაფერი.
ერთხანს გაოგნებული მისმენდა, მერე, ბოლო ხმაზე აკისკისდა.
_ოლეგი და საყვარელი? არ გადამრიო!.. ვერ ვიჯერებ და მომკალი თუ გინდა! ვერ წარმომიდგენია ის "ბულკი" კაცი თუ ქალებში დაძვრება.
_მარტო დაძვრება, სახლშიც კი ამოჰყავს._მეწყინა.
ვიდექი და გაოცებული შევყურებდი ბაიას. მე ლამის სიბრაზისგან მოვგუდულიყავი და ეს კი, კისკისებდა ბოლო ხმაზე.
წეღანაც ვთქვი, ის კი არ მიკვირდა, რომ ვიღაც ყავდა. ბოლოს და ბოლოს, კაცი იყო და ბუნებრივი მოთხოვნილებები თავისას შვრებოდა. ის მაბრაზებდა, რომ სახლში ამოიყვანა. აქაოდა, დავურეკე, გავაფრთხილე, ბაიასთან ვრჩები-მეთქი, დრო უქმად არ დაუკარგია, მაშინვე მოაცუნცულა სახლში.
_ნეტა, ჩვეულებრივი კახპა ყავდა ამოყვანილი, თუ ვინმე ოფიციალური საყვარელი ყავს?_დავფიქრდი.
_გეშინია, ახალი დედიკო არ მოგიგდოს მამაშენმა ჟიგულივით?_უფრო აკისკისდა ბაია და უფრო გამაგიჟა და გამაცოფა.
მის სიცილზე გაოცებულმა შიომ შემოყო თავი, რა ხდებაო, მაგრამ ბაიამ დაუმალა, ანეგდოტი გამახსენდა და იმაზე ვიცინითო. სულ სიცილ-კისკისით დავლიეთ ყავა. ეს ბაია კისკისებდა, თორემ მე საცინელ-საკისკისებელი რა მქონდა? მერე, აბაზანა მივიღე და სამსახურში იქიდან წავედი. საღამოს კი არ მინდოდა სახლში მისვლა და ფეხს ვითრევდი, მაგრამ თან ინტერესი მკლავდა. მამაჩემი სახლში არ დამიხვდა. აბაზანის კარზე კი მართლაც იყო საკეტი შეცვლილი.
დავიჯერო, მართლა გაფუჭდა, თუ, ეჭვი რომ არ გამჩენოდა რამეზე, მიტომ შეცვალა ტყუილ-უბრალოდ? ქურდივით დავიარე ყოველი კუთხე-კუნჭული, იქნებ საეჭვო რამე მენახა,მაგრამ ამაოდ. მამაჩემის საძინებელშიც კი შევიჭყიტე. რას ვნახავდი იქ არ ვიცი, მაგრამ მაინც. თუმცა, ვერც იქ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი. სამსახურიდან დაბრუნებულმა კი ძველებურად ჩამიხუტა, მომეალერსა და გამომკითხა მთელი დღის ამბები. ისევ ისეთი მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი იყო ჩემს მიმართ. იმ დასკვნემდე მივედი, რომ ამდენი უძილობით მომეჩვენა რაღაცეები და რაც მომეჩვენა, ისიც ერთი-ორად გავაზვიადე.
ჩვეულებრივ რეჟიმში განვაგრძეთ ცხოვრება. თითქმის დავივიწყე კიდეც ეს ინციდენტი და ის სიბრაზე მთლიანად გამიქრა, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი და განვიცდიდი, როცა მეგონა, (მეგონა კი არა, დარწმუნებული ვიყავი,) რომ ვიღაც ყავდა სახლში ამოყვანილი. აღარც ბაია მიხსენებდა ამ ამბავს და აღარც მეც ვიხსენებდი. ასე ვთქვათ, ცხოვრება ჩვეულ რიტმში განვაგრძეთ. ერთ მშვენიერ დღეს კი, რომელსაც მშვენიერსაც ვერ ვუწოდებ, კლინიკის დერეფანში დედაჩემს გადავაწყდი. ბებიასთან იყო მოსული, თუ ბებიას ყავდა მოყვანილი არ ვიცი. მე შემთხვევით გამოვედი ჩემი კაბინეტიდან. შევხედე თუ არა, მაშინვე ვიცანი და შიოს სიტყვებით რომ ვთქვა, ერთ ადგილზე "გავხიახდი". ოსკარს აუცილებლად იმსახურებდა ეს ქალი ისეთი ავადმყოფური იერი და გრიმი ქონდა. მოტვლეპილ თავზე თხელი ხილაბანდი ქონდა წაკრული, მაგრამ უთმო თავს მაინც ვერ უფარავდა და ეტყობოდა, რომ თმის ნასახი არ ქონდა თავზე. ვერც უკან გაბრუნება მოვახერხე და ვერც წინ წასვლა, ვიდექი და ჰიპნოზიანივით შევყურებდი თვალებში. გაოცებული ვიყავი მისი მონდომებით: თავი ხომ გადაეპარსა, წარბებიც ამოეპუტა და წამწამებიც კი არ ქონდა თვალებზე. ალბათ, მედიცინის მუშაკ მშობლებს და სვილს სხვანაირად ვერ გააბრიყვებდა და ყველანაირად დახარჯულიყო.
დამინახა თუ არა, ტუჩის მარჯვენა ზედა კუთხე აუთრთოლდა. (ამაში ნამდვილად მას ვგავდი, როცა რამე მაღელვებდა, ასე მითრთოდა მეც ყოველთვის.)
_მარიშკა._მხოლოდ ტუჩები გაამოძრავა, მაგრამ მე ასე მომეჩვენა, რომ ბოლო ხმაზე დაიყვირა. თვალებიც კი აუწყლიანდა.
ისეთი რეალური იყო მისი განცდები, აპლოდისმენტებს ველოდი რატომღაც ჟიურისგან. ფერიც რომ ავადმყოფური ქონდა? სინანულის, სიბრალულის ან სიყვარულის გრძნობა ნამდვილად არ გამჩენია მის მიმართ. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, ზიზღი და სიბრაზე იყო.
რამდენი ხანი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ არ ვიცი, დროის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა. კიდევ კარგი მაკაც გამოვიდა კაბინეტიდან, წელზე მომხვია მეგობრულად ხელი და კაფეტერიაში ჩავიდეთო შემომთავაზა.
სიხარულით დავთანხმდი და ისე ამაყად და ზიზღით ჩავუარე იმ ქალს გვერდით, ვინც ბიოლოგიური დედა იყო ჩემი, მაგრამ ამჟამად აღარაფერს ნიშნავდა, რომ უკანასკნელ ნაძირალად უნდა ეგრძნო თავი. სანამ დერეფნიდან გავიდოდით და კაფეტერიისკენ გადავუხვევდით, მანამდე ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და ზურგი საშინლად მეწვოდა.
ნაძალადევად ავყევი მაკას მხიარულებაში და შესვენება სიცილ-კისკისში გავატარეთ.
იქიდან მობრუნებულს მეგონა ისევ იქ დამხვდებოდა ის ქალი და ფეხს ვითრევდი, მაგრამ დერეფანი ცარიელი რომ იყო, ლამის ხტუნვა-ხტუნვით მივედი ჩემს კაბინეტამდე. საღამოს,სახლში წასვლისას კი ბებიამ მომინახულა, როგორ ხარო, მომიკითხა.
_ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრე._ბოლოს ხმის კანკალით დაამატა._ათაში ერთხელ მე და ბაბუას რომ გვესტუმრო და მოგვინახულო, რამე დაშავდება? გაგზარდეთ, გზაზე დაგაყენეთ და ასე უბრალოდ უარი ტქვი ცვენზე?
_მე თქვენზე არ მითქვია უარი. მე იმ ქალის ნახვა არ მინდა, ვინც სახლში დააბრუნეთ.
_ის ქალი, როგორც შენ მოიხსენიებ მას, გინდა არ გინდა, დედაშენია...
_დედაჩემი, რომელმაც კაცის გამო მიმატოვა? მოდი, არ გვინდა ახლა ამაზე საუბარი, მითუმეტეს აქ.
_ცოდოა, სიკვდილის ბოლო დღეებს ითვლის, იქნებ გეპატიებინა? ბოლოს და ბოლოს, კაცის კვლას პატიობენ და შენ რა გახდი ამისთანა გულქვა და უგულო, რომ მიტოვება ვერ აპატიო? ხომ იცი, რომ მეც ძალიან განვიცადე ეს ამბავი, მეც შემარცხვინა საქვეყნოდ, მაგრამ ვაპატიე... ვაღიარებ, ვერ ვივიწყებ მის ამ უგუნურ და ქარაფშუტულ საქციელს, მაგრამ მაინც ვპატიობ... შენც უნდა შეგეძლოს პატიება. უფალმა გვაპატია ჯვარზე გაკვრა და ჩვენ ვინ ვართ მოკვდავი ცოდვილები, რომ ერთმანეთისპატიება არ შეგვეძლოს?.. მართალია, მე არ გამიჩენია, მაგრამ დაიბადა თუ არა, მე წამოვიყვანე და გავზარდე. მას დავაყარე ჯიგარი... როგორც ბაია მიყვარს, ისე მიყვარს ისიც. იმიტომ რომ ჩემი შვილია, მე გავზარდე. ღამეებს ვუთევდი, როცა ცუდად იყო და ჭირვეულობდა... სამივენი ძალიან მიყვარხართ და ვერც ერთის დაკარგვას ვერ შევეგუები..._ისევ აუთრთოლდა ტუჩები და თვალებიც მომეტებულად აუწყლიანდა._ნეტავ ადრე შემძლებოდა მისი პატიება...
_ახლა რომ აპატიე, რა?
_ახლა? ახლა სიკვდილის პირასაა და ჩემს ხელში უნდა დალიოს სული..._ეს თქვა უარესად ხმა ათრთოლებულმა და გაჩუმდა, რადგან ცრემლებმა ლაპარაკის საშუალება აღარ მისცეს.
ვაცადე, სანამ ცოტა არ დამშვიდდა.
_ისე, კარგი მსახიობია, როგორც შენ უწოდებ შენი შვილი. ექიმი ქალი დაგარწმუნა იმაში, რომ ცუდადაა.
_მართლა ცუდადაა... რატო ხარ მასეთი ურწმუნო, რომ არ გჯერა? მეოთხე სტადიიაკიბო აქვს._ისევ გაჩუმდა...
_აკი შიდსიო?_გამიკვირდა.
_მოკლეთ, ისე ხარ დაბოღმილი და ღვარძლით სავსე, აღარ იცი რა ილაპარაკო დედაშენზე და რითი დააკნინო და დაამცირო ისედაც დამცირწბული ჩემს თვალში. ძალიან მინდა, რომ ამ საღამოს მე და ბაბუა მოგვინახულო.
_მოგინახულებთ, მე მაგაზე არ მაქვს პრობლემა. შენ აქ გნახავ, ბაბუას კი თავის კლინიკაში მივაკითხავ. მე თქვენ არ გარიდებთ თავს. მასთან შეხვედრა არ მინდა.
_დრო მოვა, ინანებ შენს გულქვაობას და როცა გამიხსენებ ამ სიტყვებით, იცოდე რომ გვიანი იქნება. დაფიქრდი მაინც._წყენით მითხრა, მერე გატრიალდა და წავიდა.
ერთხანს ხმისამოუღებლად ვიდექი და გავყურებდი, როგორ მიაბიჯებდა ბებია და როგორ ნელ-ნელა მშორდებოდა. მართალია, არად ვაგდებდი მისნათქვამს და სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი დედაჩემის ნახვისა და მითუმეტეს შერიგების, მაგრამ ცოტა თითქოს დამაფიქრა მაინც მისმა შეგონებამ პატიებასთან დაკავშირებით...
_მარი!_თითქოს შორიდან ჩამესმა გუჯას ხმა._მარი!_სანამ მეორედ არ დამიძახა, არ მიმიქცევია ყურადღება. მეგონა მომესმა.
_როგორ ხარ?_წინ რომ ამესვეტა და შევხედე, გულმა საამოდ დამიწყო ფეთქვა. ბედნიერი ღიმილით და უდიდესი სიყვარულით მომჩერებოდა.
_გუჯა?!_ძლივს ამოვღერღე.
_დღეს შედარებით ადრე განვთავისუფლდი და... სადმე ხომ არ წავსულიყავით?_რაღაცნაირად მორიდებით და მოწიწებით მკითხა._გცალია?
საცალოები ნამდვილად არ მეკიდა და უარი რატომ უნდა მეტქვა ვითომ? მითუმეტეს, რომ ყველაფერს მერჩია ახლა მასთან განმარტოება.
_კი, მცალია. კაფეში დავსხდეთ?
_სადაც შენ იტყვი._გაუხარდა ჩემი თანხმობა.
_მაშინ, აქვე კარგი კაფე-რესტორანი ვიცი... სიმართლე რომ გითხრა, არ მშია, მაგრამ შენთან ერთ ფინჯან ყავაზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი.
ზეზვა რომ ყოფილიყო, ხელკავს გამომადებინებდა და ისე გამიყვანდა ალბათ. გუჯა კი, გუჯა მორიდებით მომყვებოდა გვერდით დერეფანში და ნაცნობ სახეებს ღიმილით ესალმებოდა.
_მე ჩემი მანქანით ვარ._ჩემი მანქანის გვერდით შეჩერებულ მუქ მწვანე ოპელზე მანიშნა.
_ვაა, იყიდე? რა მაგარია!_ისე გამიხარდა, თითქოს მე მეყიდოს._ მშვიდობაში, სულ სიკეთის გზებით გევლოს.
_ხო, რა ვიცი... სამსახურში სატარებლად კი გამომადგება..._ცოტა დაიმორცხვა თითქოს.
მერე,მე ჩემი მანქანის საჭეს მივუჯექი, ის კი თავისი და ჩემს საყვარელ კაფეში წავედით. მართლა ძალიან მომნატრებოდა ეს ბიჭი. კაფეში ერთმანეთის პირისპირ რომ შემოვუსხედით მაგიდას, ხარბად შევყურებდი. (შეიძლება ძალიანაც არ მინდოდა რომ ასე მეცქირა, მაგრამ ჩემს თვალებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. ჯიუტად მისჩერებოდნენ მას და აბნევდნენ.)
გვიანობამდე დვყავით იქ. თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ და გულიანადაც ვიცინეთ მისი სამსახურის კურიოზულ შემთხვევებზე. ლაღი, ბედნიერი, გულწრფელი და რაც ყველაზე მთავარია, შეყვარებული ვიყავი და ძალიან კარგადაც ვგრძნობდი მის გვერდით თავს. დროც ისე შეუმჩნევლად გაგვეპარა თვალსა და ხელს შუა ერთმანეთის ყურებაში, საათს რომ დავხედე შემთხვევით და თერთმეტი ხდებოდა უკვე, გამიკვირდა. სახლში წასვლის დრო იყო უკვე. არა და არ მეთმობოდა. გუჯასაც აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემს დღეში იყო.
_რა უცბად გაიპარა დრო, ვერც კი შევნიშნე._შემომღიმა._სასიამოვნო წუთები ყოველთვის ასე სწრაფად რატო გადის?
სასიამოვნო წუთებიო? მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. არა, ეჭვგარეშე იყო, რომ მართლა მიყვარდა ეს ბიჭი და მასაც რომ ვატყობდი ჩემით დაინტერესებას, ეს ცალკე მაბედნიერებდა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უსასრულოდ დავრჩებოდი იმ კაფეში მის გვერდით და დაუსრულებლად ვისაუბრებდით და ბევრს ვიცინებდით მის მოყოლილ კურიოზებზე. კაფედან გამოსულები ერთხანს ახლა გარეთ შევჩერდით. ძლივს შეველიეთ ერთმანეთს. აშკარადარც მე მეთმობოდა ის და არც მას მე. ძლივს დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ის თავის გზაზე წავიდა, მე კი ჩემსას გამოვუყევი სახლისკენ. თან, მასზე მეფიქრებოდა ღიმილმორეულს. როგორ მოულოდნელად და ამავე დროს გრიგალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ამაღელვა და ამაფორიაქა. აქამდე, სიყვარულსა და უბრალო მოწონებას შორის განსხვავებას ვერ ვპოულობდი, ახლა კი დანამდვილებით ვიცოდი რა იყო ეს ჯადოსნური გრძნობა. ჩემს ფიქრებში უკვე თამამადაც კი ვაღიარებდი იმ ფაქტს, რომ გუჯა მიყვარდა.
(გაგრძელება იქნება)



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

კიდევ უფრო ჩაიხლართა ყველაფერი, ვეღარაფერო გავიგე რა ხდება მარიშკას დედის თავს :დდდ ერთი სული ამქ ეს კვანძი როდის გაიხსნება

 


№2  offline წევრი ელეო ნორა

ablabudaa
კიდევ უფრო ჩაიხლართა ყველაფერი, ვეღარაფერო გავიგე რა ხდება მარიშკას დედის თავს :დდდ ერთი სული ამქ ეს კვანძი როდის გაიხსნება

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 


ვეღარ გავიგე რას ხლართავს ის ქალი. მართლა ცუდად არის თუ ისეთი მაგარი მსახიობია, რომ შვილის დანახვაზე მაშინვე ტირის? თან მეც მახსოვდა რომ შიდსი ჭირდა :(

 


№4  offline წევრი ელეო ნორა

რუსკიმარუსია
ვეღარ გავიგე რას ხლართავს ის ქალი. მართლა ცუდად არის თუ ისეთი მაგარი მსახიობია, რომ შვილის დანახვაზე მაშინვე ტირის? თან მეც მახსოვდა რომ შიდსი ჭირდა :(

❤️❤️❤️
--------------------
მშვილდოსანი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent