#21 [ თავი XVII ]
XVII წვიმდა. ცამ ბრძანება გასცა და ღრუბლები უმოწყალოდ აგდებდნენ ლაჟვარდისფერის სამფლობელოდან წყლის ნაშიერებს, ბრძანების შესაბამისად. მიწა კი პირიქით, მოწყალებას იჩენდა და თავისთან აძლევდა თავშესაფარს დევნილებს. თავსხმა წვიმა ეხუტებოდა ასფალტს და სპეციფიკურ სუნს წარმოქმნიდა. მე კი მივუყვებოდი ფილაქანთა წყობას ტროტუარზე და ჩემი სახით წყლის წვეთებს კიდევ ერთი შემფარებელი გამოუჩნდათ. გული მკარნახობდა მარცვალ-მარცვალ, რომ ეს დღე მხოლოდ წვიმის არ იყო და მოხდებოდა კიდევ რაღაც, რაც საბოლოოდ მოკლავდა ჩემში ადამიანს. ადამიანები ერთმანეთის გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. მხოლოდ ერთმანეთით შეგვიძლია ვიადამიანოთ. გამიელვა გონებაში ნაცნობმა ფრაზამ და უნებლიეთ, გამეღიმა. კარგა ხანია ამ ფრაზის ავტორი არ მენახა და მონატრების ბასრმა ბრჭყალმა მტკივნეულად გამკრა. "ნეტავ, აქ იყოს" გამეფიქრა და წარმოვიდგინე, რომ ჩემ გვერდით იდგა და ჩემსავით უხაროდა ბუნებრივი მოვლენა. ამ ორი წლის განმავლობაში იშვიათად კი ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ საკმაოდ კარგად გავიცანი იმისთვის, რომ ჩემიანად ჩამეთვალა. იგი იყო ჩემი მეორე მეგობარი და ვერ დავუშვებდი, რომ ისიც დამეკარგა მაიკივით. არ მსურდა ჩემს საქმეში ღრმად ჩაეხედა და ვინმეს გაეგო მისი არსებობის შესახებ ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება კი ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორიც მსურდა, რომ ყოფილიყო. რა მარტივია იფიქრო, რომ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას შეძლებს ადამიანი. შეუძლებელია დაივიწყო ის, რაც წარსულს ჩაბარდა. ნაიარევი არ სტკივა ადამიანს, მაგრამ ფანტომური ტკივილი მაინც იცის ხოლმე, რომელიც ჩვენი წარმოდგენით რეალურზე ნაკლებ მტკივნეული არაა. თან ჩემნაირი ცხოვრების წესის ადამიანს იშვიათად და ალბათ, არც არასოდეს შეეძლება ერთი ხელის მოსმით ხაზი გადაუსვას თავის ცხოვრებას, რადგან ჩემი სახელი ყველგან და ყოველთვის მძიმე წონაა. ამ ფიქრებით დამძიმებულმა გავწიე მისი საყვარელი ადგილისკენ. ვიცოდი, რომ ახლა ამ თავსხმაში იქ იქნებოდა და სამქულიანებს ისროდა კალათში. უცნაური იყო. უცნაური და სევდიანი ყოველთვის. მერე, რა, რომ სულ იღიმოდა და არ აძლევდა სხვებს საშუალებას, რომ მასში ღრმად ჩაეხედათ და შეეგრძნოთ ის ტკივილი, რასაც განიცდიდა. მის მხრებზე, თითქოს, მთელი სამყაროს სევდა სუფევდა და მახრჩობელა გველივით ნელა გუდავდა მას. მისი სუნთქვა ყოველთვის მძიმე იყო, გამოხედვა ნაღვლიანი, სიარულის მანერა კი სწრაფი. თითქოს, სურდა გაქცეოდა ყველაფერს, მაგრამ არ გამოსდიოდა. საკუთარ თავს გაურბოდა და საკუთარ სამყაროს. სამყაროს და დაავადებას, რომელსაც ერქვა მეგანი. ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლება მოგკლას იმან, რაც გაცოცხლებს და ცხოვრებაზე მეტად გიყვარს. მაგრამ თავად ფაქტი, რომ ცხოვრებაზე მეტად გიყვარს, უკვე მეტყველებს, რომ სიცოცხლესაც დათმობ, ოღონდ ის იყოს ბედნიერი. ამის გაფიქრებისას კბილი კბილს ძლიერად დავაჭირე და ჩემში არსებული სიძულვილი გაორმაგდა. მძაგდა მის დად წოდებული არსება, რომელიც ბრმა, ყრუ და მუნჯი იყო თავის ძმასთან, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. თავისმა სიყვარულმა წაართვა საღად აზროვნების უნარი და ნილისთვის იყო თავიდანვე ტოქსიკური იყო. სამწუხაროდ, არც ნილი იყო მეგანისთვის ჯანსაღი. კლავდნენ ერთმანეთს და ვერ ხვდებოდნენ ამას. თუმცა არა, ნილი ხვდებოდა, მეგანი კი არ ან ვერ. დარბაზს მივუახლოვდი და ბურთის ხმა მომესმა. ვიცოდი, რომ ის იყო, ამიტომ დაუფიქრებლად შევედი. - გამარჯობა. - მივესალმე და მაღლა აღმართული ბურთით ხელში გახევდა. არ მელოდა, მაგრამ წამით შევამჩნიე, რომ თვალები გაუნათდა ჩემი დანახვისას. საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რადგან მასთან გამოჩენით საფრთხეში ვაგდებდი. - კორნელ! - წამოიძახა და გაიღიმა. - რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? - ბურთი მესროლა. - ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი და თამაში მომინდა. - ვიცრუე და მიხვდა. ბურთი კალათისკენ ვისროლე და ავაცილე. - როგორც მახსოვს, კალათბურთის მოტრფიალე არასდროს ყოფილხარ. - ეჭვის თვალით შემომხედა, მაგრამ გაეცინა. - ვითამაშოთ? - წავუყრუე და ბურთისკენ გავწიე. - ვითამაშოთ. - შურდულივით ჩამიქროლა და ბურთს თვითონ დაეპატრონა. ნახევარი საათი არაფერზე ვფიქრობდი, გარდა მასთან თამაშისა. მიხაროდა, რომ ცოტა ხნით მაინც შემეძლო მომეწყვიტა იგი რეალობას და დამენახა გულწრფელი ღიმილი მის სახეზე, როდესაც რამდენიმე ქულით გადამისწრებდა. და რა თქმა უნდა, მომიგო. - თამაში არ იცი, კორნელ. - ქოშინებდა და იატაკზე გაერთხა. - ვისწავლი. - ცალყბად გამეღიმა და გადავხედე. მასზე მეტად ვიყავი დაღლილი, მაგრამ არ შევიმჩნიე. - დრო არ არის. - თვალები ჩაუმუქდა, როცა ეს თქვა და ცუდად მენიშნა. - რას გულისხმობ? - დაბერდი უკვე, ვეღარ ისწავლი. - გულიანად გადაიხარხარა, მაგრამ სიყალბე მაინც გამოსჭვიოდა ამ სიცილში. - ღლაპო, შენზე უკეთეს ფორმაში მაინც არ ვიყო. - ჩანს ვინ როგორ ფორმაშია. - ნიშნისმოგებით მიპასუხა და წამოჯდა. - რას მიმალავ? - პირდაპირ ვაჯახე და შევამჩნიე, რომ შეკრთა. - მე… - მძიმედ დაიწყო. - სამყარო უსასრულოა, კორნელ? - არავინ იცის. - მოკლედ ვუპასუხე. - და როგორ გგონია? - დაჟინებით ჩამეკითხა. - წრეს შევადარებდი. - წრეს? - ჰო. - რატომ? - წრეზე ვერ იტყვი, რომ რომელიმე წერტილი მისი დასაწყისი, ან დასასრულია, მაგრამ ყველამ იცის, რომ თავი და ბოლო მაინც აქვს. ის, რაც იწყება, ყოველთვის სრულდება, მაგრამ თუ წრეზე ბრუნავ, ყველაფერი უსასრულო გეჩვენება. - ანუ, უბრალოდ, გვეჩვენება? - მოიღუშა. არ მოეწონა ჩემი პასუხი. - მე ასე მგონია. - მე კიდევ ვთვლი, რომ უსასრულოა სამყარო. - რატომ? - იმიტომ, რომ ჩემი სამყარო არასოდეს დასრულდება, რაც არ უნდა მოხდეს. - და რა უნდა მოხდეს? - წარბი შევკარი. - მომეჩვიე, არა? - თქვა და თვალი თვალში გამიყარა. ერთადერთი იყო, ვისთანაც მზერითი კონტაქტი დისკომფორტს არ მიქმნიდა. - მეტსაც გეტყვი, ჩემი მეგობარი ხარ. - ეს რომ ვუთხარი, შეცბა. გონს მოეგო და ყურებამდე გაეღიმა. - მართლა? - ჰო. - მე ვერ გავბედე შენთვის მეგობრის წოდება. - რატომ? - მიუწვდომელი ჩანხარ. - მთავარია, რა ვარ და არა როგორი ვჩანვარ. - ადამიანები ვერასოდეს დავინახავთ ერთმანეთს ისეთებად, როგორებიც ვართ. - თავი გააქნია. - მართალია. უბრალოდ, არ შეგვწევს უნარი, რომ გავუგოთ ერთმანეთს. ერთმანეთის განცდებს ვერ შევიგრძნობთ ვერასდროს. - დავეთანხმე და დავიძაბე. - მე შენ ვერასდროს გაგიგებ, კორნელ და ვერც შენ შეძლებ იგრძნო ის, რასაც მე ვგრძნობ. - თავი დახარა და ტუჩები მოკუმა. - ცდა ბედის მონახევრეაო, არ გაგიგია? - ჩემი საუბარი ხავსჩაბღაუჭებულისას ჰგავდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი როგორ წარიმართა ასე. მან კი თავი გააქნია. - რა აზრი აქვს, როდესაც იცი, რომ შეუძლებელს ვერ შეძლებ? - ჰაერიც კი დაითრგუნა, წვიმის წვეთები კი განრისხდნენ და უფრო მეტი სისწრაფითა და სიმძლავრით ეხუტებოდნენ დედამიწას. - არ მეგონა, ასე მარტივად თუ ნებდებოდი. - ჩემდაუნებურად ჩავილაპარაკე და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რა ვთქვი. - მარტივად… აი, ახლაც ვერ ვხვდებით ერთმანეთისას, ფლინ. მაგრამ ჩვენ ჰომ ვიცით, რომ მეგობრები ვართ, არა? - მომეჩვენა თუ მართლა გაკრთა მის თვალებში ცრემლი, არ ვიცი. - მეგობრობა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ, ერთმანეთის გაგება. მეგობრები, უბრალოდ, გუმანით ხვდებიან და უბრალოდვე აჩერებენ უფსკრულში გადასაჩეხად მომზადებულ მეგობარს. - ხმა გამიმკაცრდა და ვიგრძენი როგორ დამეწერა მსხვილი ასოებით სახეზე ბრაზი. - უბრალოდ, შეძელი შეუძლებელი, ფლინ და გამიგე. ვიცი, შენ ყველაფერი შეგიძლია და გთხოვ… - ნუ მთხოვ. - ვიცოდი რასაც იტყოდა. ვიცოდი და ეს მაცოფებდა. - გთხოვ, არ გძულდეს. ამ კავშირს სამყარო, უბრალოდ, ვერ დაიტევს, მერე რა, რომ უსასრულოა. - სევდასთან ერთად მიზანდასახულობა ეხატა თვალებში და მე ვერ შევძელი. ვერ შევძელი მისი შეჩერება. არ დავედევნე უკან და არ გამირტყამს სახეში. არ დამიბეგვავს, რათა გონს მოსულიყო. მე იგი ჩემი ხელით მოვკალი, რადგან ვიცოდი რასაც აპირებდა, მაგრამ არ შევაჩერე. ბოლო ფრაზა, რაც მითხრა ჩემი ცხოვრების მიზანი გახდა. "პირობა მომეცი, რომ ჩემი კლანჭებიდან საბოლოოდ გააავისუფლებ. მის უბედურებას, არ გაპატიებ." იმ ღამესვე ჩამოიხრჩო თავი. სიცოცხლეს გამოესალმა მხოლოდ იმიტომ, რომ მეგანი გადაერჩინა, რადგან მასზე დარდით გონს არ იყო ქალი. საკუთარ თავს იდანაშაულებდა და სინდისის ქენჯნამ დაასნეულა იგი. გამუდმებით ტაბლეტებზე იჯდა, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სტაციონარი… ყოველთვის ცდილობდა, რომ არ შეემჩნია, მაგრამ ფსიქო-სომატური გამოვლინება მაინც თავისას შვრებოდა. პანიკური შეტევები, გონის დაკარგვა და გულის წასვლა მისი მუდმივი თანმდევი გახდა და ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ოდესმე ნილი დატოვებდა მას. ყოველთვის ეგონა, რომ პირველი მოკვდებოდა და ძმის სიკვდილს ვერასოდეს იხილავდა, მაგრამ შეცდა. ეს შეცდომა კი ძვირი დაუჯდა. მეოცნებე ადამიანს ოცნება წაართვეს და მოსიარულე გვამად აქციეს. თუმცაღა ცდილობდა, რომ ამ ორმოდან ამოსულიყო. აგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ არსებობდა, უბრალოდ. ორმოს კედლები იმდენად გლუვი იყო, რომ ჩასაჭიდი არ ჰქონდა. მე კი უნდა გავმხდარიყავი ის ადამიანი, რომელიც მას თოკს გადაუგდებდა და ამოიყვანდა ამ ორმოდან. მძულდა და პირისპირ ამას ვერ გავაკეთებდი. ვერ ვაჩვენებდი, რომ მისი დახმარება მსურდა, ამიტომ მას ჩემში მტერი უნდა დაენახა. უნდა შევძულებოდი ისევე, როგორც მე მძულდა - მთელი არსებით, რათა ამ სიძულვილს მიეცა მისთვის ძალა, რომ უფსკრულიდან ამოსულიყო. ამიტომაც დავდგი ეს სპექტაკლი. ამიტომაც მოვიტანე შენს ყურამდე ეს ყველაფერი. ამიტომაც დაგითანხმე საპირისპირო არგუმენტებით, გაიძულე, რომ შენვე დაგერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ შეძლებდი და გსურდა ამ ე.წ. ექსპერიმენტში მონაწილეობა. მეზიზღები, მეგან ჰემფრი, მაგრამ მე ჩემს მეგობარს პირობა მივეცი და ამ პირობას ვასრულებ. … თვალებგაფართოებული უმზერდა კორნელს და გამოფიტული უსმენდა მის მონოლოგს. მან საკუთარი ცხოვრების საკვანძო მომენტის შესახებ მოუყვა და ნილის ახალი მხარე გააცნო მას. როდესაც გვგონია, რომ ერთმანეთს ვიცნობთ, ეს მხოლოდ ილუზიაა. ჩვენ სხვა ადამიანში ვხედავთ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც თავადვე გვსურს და მეგანიც არ იყო გამონაკლისი. მას ნილი ტანჯულ ანგელოზად ესახებოდა, მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ ეს ასე არაა. ახლა უკვე მეგანმაც გაიგო და ვერ ხვდებოდა უნდა ეტირა თუ იმედგაცრუება ეგრძნო. თავი უნდა დაედანაშაულებინა, რომ ასე ძლიერ უყვარდა თავისი ძმა თუ ეს ისევ გააგრძელებდა მის წრეზე სიარულს? ახლა მის გონებაში სრული ქაოსი სუფევდა, ვერ გაეგო როგორი რეაგირება უნდა ჰქონოდა და იჯდა ასე გახევებული. სიტყვასაც ვერ ეუბნებოდა ფლინს, რომელიც მორჩილად ელოდა როდის გაიღებდა ხმას ჰემფრი. ის კი ფიქრობდა. ათიოდე წუთი სრულ მდუმარებაში გაატარეს. არც საათი იყო კედელზე ჩამოკიდებული, რომ გულისგამაწვრილებლად ეწიკწიკა მაინც. ჩამიჩუმი არ ისმოდა და ეს თრგუნავდა კაცს. მეგანი კი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. კადრებივით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მისი ცხოვრების მომენტები და აღძრავდნენ მასში ათასი ჯურის ემოციას, მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა. ამ ათ წუთში ქალი ბედნიერიც იყო და უკიდურესად უბედურიც. სტკიოდა და უხაროდა, ხალისობდა და დასევდიანებული იყო. ბოლოს თავი ნელა ასწია და კორნელს შეხედა. - უბრალოდ, რატომ მე და არა ნილი, კორნელ? - რიტორიკული კითხვა დასვა და პასუხს არ დალოდებია. სევდიანად გაიღიმა და წამოდგა. ტანში სტეხდა, ყველაფერი სტკიოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. ნელა ჩაიარა კიბეები და თავისი საკნისკენ გასწია. კარი მიხურა და წამოწვა. ემბრიონის ფორმა მიიღო და ტუჩების ცმაცუნით იმეორებდა. "რატომ მე და არა ნილი?" კორნელს კი უსიამოვნოდ გაჰკრა, როდესაც მეგანმა ეს ფრაზა წარმოთქვა. თავი ცოტათი დამნაშავედ იგრძნო, მაგრამ მიხვდა, რომ მეგანი თვითონ მივიდა ამ დასკვნამდე, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ. არ იცოდა კაცმა სწორად აკეთებდა ყველაფერს თუ არა, მაგრამ ხვდებოდა, რომ, უბრალოდ, შორიდან მზერა და მეგანის ცხოვრებაზე ფარული ზემოქმედება პირობის შესრულებას არ ნიშნავდა. ამიტომაც უნდა ჩარეულიყო და ამოეყვანა მეგანის სინდისის ობობის წებოვანი ქსელიდან. მაგრამ გამოუვიდა, კი? იქნებ, უფრო გაუმძაფრა დანაშაულის გრძნობა ქალს? უნდა სცოდნოდა თუ არა ეს ყველაფერი? იქნებ, არცოდნით უფრო ბედნიერი იქნებოდა? ამ კითხვებზე პასუხი კორნელს არ აქვს, მე კი ვიცი, რომ თქვენ გუმანით ხვდებით რა იქნებოდა, რომ არ გაეგო ეს ყველაფერი მეგანს. … "გამარჯობა, ნილ. კორნელმა ყველაფერი მომიყვა, იცი? თურმე შენ დაგივალებია, ბედნიერი იყოს აუცილებლადო და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სულით და გულით ვეზიზღები, მაინც ასრულებს შენს პირობას. კარგი ადამიანია კორნელი. საოცარი მეგობარი გყოლია, მაგრამ მასზე მაინც ვბრაზობ. იქნებ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, შენს სიცოცხლეშივე რომ მოსულიყო ჩემთან და ეს ყველაფერი მოეყოლა? იქნებ, მე სხვანაირად მეფიქრა და შევცვლილიყავი. ნუთუ, არ იცოდა შენგან, რომ შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. იმისთვის, რომ შენ ბედნიერი ყოფილიყავი… მართალია კორნელი. მე შენთან ბრმა, ყრუ და მუნჯი ვიყავი ამ მომენტამდე. ვერ ვამჩნევდი იმას, რაც ცხვირწინ მქონდა. ვერ ვიაზრებდი და ვერ ვაანალიზებდი. ჩემი ბრალია და ძალიან მიჭირს იმის გააზრება, რომ მე მოგკალი. ჩემი დამოკიდებულებით, ჩემი გრძნობებით, ჩემი გადაზედმეტებული სიყვარულით მოგკალი. შენ კი იმდენად გიყვარდი, რომ თავი მოიკალი. ეგოისტი ხარ, იცი? ეგოისტი ბავშვი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სიკვდილი გამოსავალია. რომ თუ მოკვდებოდი, მე აღარ ვიდარდებდი და შევეგუებოდი ამ ყველაფერს, მაგრამ… ნეტავ ერთი წამით მაინც არ გაივლე გონებაში, რომ - რას იგრძნობს ჩემი და, როდესაც ჩამომხრჩვალს მნახავს? როდესაც მიხვდება, რომ აღარ ვარ? როდესაც მისი ცხოვრების მთავარი ადამიანი მას დატოვებს? ეგოისტი ხარ, რადგან არ ჩათვალე საჭიროდ, რომ გესაუბრა ჩემთან ამაზე. მაპატიე, რომ ვერ წავიკითხე შენს თვალებში ის, რისი წაკითხვაც კორნელმა მოახერხა. მაპატიე, რომ შენს სიჩუმეში ყრუ გმინვის გაგონება ვერ შევძელი და მაპატიე, რომ საკუთარ თავში ვცდილობდი ჩემი დარდების მოკვლას. იქნებ, მე რომ წამომეწყო საუბარი, შენც გაგჩენოდა სურვილი გაგეზიარებინა ჩემთვის შენი წუხილი… მაგრამ არ აქვს აზრი, რა იქნებოდა - იქნებ. რატომ მე და არა შენ? ამ კითხვაზე პასუხს ვერასოდეს გავიგებ და ეს მკლავს. მაგრამ მე ცოცხალი ვარ და შენთვის მოცემული პირობის შესრულებაში დავეხმარები კორნელს. გმადლობ, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში ის მოკლე ხანი და გპირდები, რომ შენს წილ სიცოცხლესაც მე ვიცხოვრებ, რათა ორივე ბედნიერები ვიყოთ. გმადლობ, ნილ." P.S. მოკლედ, ცოტათი პატარა თავია, მაგრამ მგონია, რომ მოგეწონებათ. არ გაატაროთ შეფასების გარეშე, ერთ-ერთი საკვანძო თავია და მაინტერესებს თქვენი აზრი მასზე. ბოლო თავი დამრჩა დასაწერი, ხალხო. არ ვიცი რამდენად მალე მომიწევს დაწერა, მაგრამ იცოდეთ, რომ შემდეგზე ვამთავრებ. გელოდებით, მიყვარხართ ძალიან |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.