და... გაბედავ? {ნაწილი III}
ექვსი წლის შემდეგ... ვდგავარ და ვუყურებ სრულიად სხვა ადამიანს. თითქოს ეს წლები არ არსებობდნენ. თითქოს ახლა გადავეჩეხე. ახლა შევიცანი. ვერ ვხვდები ასე რამ გამოცვალა. ის თვალები ასე რომ მიყვარს ცარიელი აქვს, სულ ცარიელი... არაფერს მეუბნებიან. -ნეტავ ასე არ შეცვლილიყავი... -და ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა? -იქნებ ყოფილიყო კიდეც... -განა შენ არ შეიცვალე? -შევიცვალე. მართალი ხარ, შევიცვალე. -ახლა რა იქნება? -არ ვიცი, ალბათ მარტოობა. -და შენ რომ გეშინია? -რის? -მარტოობის. -მე შენი სიყვარულისაც მეშინოდა, მაგრამ მაინც შემიყვარდი... -და ნანობ? -არ ვიცი... ვნანობ? -გთხოვ, არ ინანო... -მინდა რომ არ ვნანობდე. -მაგრამ ინანებ? -ალბათ ვინანებ.” ვტყუოდი. მე მას არასოდეს ვინანებდი. მისი სიყვარული ჩემთვის მაცოცხლებელი ძალა იყო. “-სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე მთავრდება. -მაგრამ არ მინდა რომ დამთავრდეს... -ხომ იცი რომ საჭიროა დასრულება... -მე მხოლოდ ის ვიცი რომ შემიყვარდი. -მეც მიყვარდი... მიყვარხარ და ალბათ მერეც მეყვარები, მაგრამ არ ყოფილა საკმარისი მყვარებოდი... -ანუ ასე? -ხო, დამთავრდა.” რამდენიმე წამით თვალებში მიმზერდა. ისე უკრთოდნენ სფეროები მეშინოდა არ დავნებებოდი... “-და მერე რა იქნება? სადმე თუ შევხვდით რა იქნება? -მოგესალმები. -მომესალმები? -კი. და გაგიღიმებ. -და რა გგონია, მე შენ გაგიშვებ? -უნდა გამიშვა. -უნდა... და როდის ვაკეთებდი მე იმას რაც უნდა?” სიტყვის თქმა არ მაცადა ისე დამავლო ხელი და ტანზე ამიკრა. სახეზე ის ანცი ღიმილი დასთამაშებდა ასე რომ უყვართ დანახვა ჩემს თაფლისფერებს. ვუყურებდით ერთმანეთს და მელოდიად ჩემი აჩქარებული გულისცემა ისმოდა. “-თუ მართლა გიყვარვარ ერთი უნდა მაინც შეასრულე.” ვჩურჩულებ მის სახესთან მე და მგონია გამიშვებს. ის მშორდება, ჩემი სხეული შეკუმშვას იწყებს. “გთხოვ, არ იტირო...”- ვბურდღუნებ გონებაში. -ორივემ ვიცით, რომ თუ ახლა გაგიშვებ წლების შემდეგ შეხვედრისას შენ მე არ მომესალმები, არც გამიღიმებ. თვალს ამარიდებ და გვერდით ჩამივლი. -და მერე რა თუ მართლა ასეა? -მეთანხმები რომ ასე იქნება? -შენც იცი, რომ ასე იქნება. -მაგრამ მაინც მიდიხარ... -“ვინც პირველი მიდის ის არ ტოვებს, - ვინც იცვლება, ის ტოვებს.” - ჩუმად ვჩურჩულებ თვალებდახრილი საყვარელი პოეტის სიტყვებს და კიდევ უფრო მისერავენ საკუთარი ბგერები გულს. მე წამოვედი. იმის მიუხედავად რომ მიყვარდა. იმის მიუხედავად რომ ვიცოდი მუდამ მეყვარებოდა. არ ყოფილა სიყვარული საკმარისი. ყოველშემთხვევაში მაშინ ასე ვგრძნობდი... ექვსი წლის წინათ... -არ გაბედო ნია წამოსვლა. ტყუილად რისთვის უნდა ჩამოხვიდე და უკან წახვიდე. ბავშვი ხომ არ ვარ მარტო მგზავრობის შემეშინდეს? -კარგი მაშინ გელოდები, მალე ჩამოდი მანამდე იქნებ სახლი მოვძებნო. -ნუ ღელავ, ყველაფერს მოვაგვარებთ. -დროებით ელენიკო -დროებით ჩემო ფერიავ -ნინო ბებო რაღაც მაინტერესებს -გისმენ ჩემო გოგო -აქვე ახლოს რამე სახლი ხომ არ იცით რომ აქირავებდნენ? მომცრო ზომის, ყვავილებით -რისთვის გინდა შვილო? -საბოლოოდ ჩემმა მეგობარმა ახლა ჩამოსვლა გადაწყვიტა და აღარ მივდივარ, ამიტომ გადავწყვიტე სანამ ჩამოვა მანამ ვიპოვო რაიმე კომფორტული და უბრალო -და აქედან რატომ გარბიხარ ბებია? არ მოგეწონა ჩვენთან? -რას ამბობთ, ნინო ბებო, პირიქით თქვენგან დიდი სითბო და სიყვარული მივიღე, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, სტუმრობაც უნდა იცოდე რას ნიშნავს -ანუ მე რომ დამჭირვებოდა შენთან სახლში დარჩენა შეგაწუხებდი? -თქვენც ხომ იცით რომ ასე არაა? -აბა რაღას მებაასები აქ ფუჭად? ხომ ხედავ, სიცოცხლის ძვირფას წუთებს კარგავ. იყავი კეთილი და გაულამაზე მოხუცს ის პერიოდი რაც დარჩა ამ ქვეყნად შენი და შენი მეგობრის სტუმრობით. -თქვენ საოცარი მანდილოსანი ბრძანდებით ნინო ბებო, დიდი მადლობა -ეცადე შენი მადლიერება მუდამ მოქმედებით გამოხატო. ჩემთვის მადლობის გადახდა თუ გინდა კიდევ, დამპირდი რომ შემდეგში როდესაც საქართველოს ეწვევი აქაც ჩამოხვალ, დააკაკუნებ ამ მოხუცის კარზე და შემოიტან შენს სინათლეს -ეჭვიც არ შეგეპაროთ, აუცილებლად გესტუმრებით. ნიას სხეულზე იმ ღამინდელი ჭრილობები ისე ფერმკრთალდებოდნენ როგორც დაძაბულობა მასსა და მოსეს შორის. ვერ ვიტყვი საერთო ენა გამონახეს მეთქი მაგრამ ერთმანეთს აღარ უბღვერდნენ პატარა ბავშვებივით. თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. ერთ სახლში ისე განაგრძეს ცხოვრება მათ შორის დიალოგი თითქმის არ წარმართულა. მხოლოდ ელემენტარულ, საჭირო თემაზე გაცვლიდნენ ორ სიტყვას და სულ ეს იყო. ორივე გრძნობდა მიზიდულობას, მაგრამ არც ერთს ჰქონდა დრო ამაზე ფიქრისთვის, ერთი სვანეთის სილამაზის შეგრძნებით იყო გართული, მეორე კი - ცხენზე ჯირითით. ვერ იგებდა ნია სად იკარგებოდა შუა ღამემდე თავის ბედაურთან ერთად და რას აკეთებდა ამდენი ხნის მანძილზე, მაგრამ ქალბატონი ნინოსთვის არასოდეს უკითხავს, თითქოს არ სურდა რაიმე ეეჭვა, თუ ეფიქრა... ოთხი ივლისის დილაც არ იყო გამონაკლისი. ოთახიდან გამოსულმა ნიამ ფანჯრიდან დაინახა როგორ მოახტა ცხენს მამაკაცი და მალევე გაუჩინარდა. მისი ცქერა დილაობით უკვე ჩვევად ექცა. გამოდის საძინებლიდან, იკეთებს ჩაის, დგება კართან ან ფანჯარასთან და მიშტერებია როგორ მიაჭენებს მშვენიერ არსებას სვანი. -რას მიშტერებიხარ ბებია? -არა, არაფერია, ნინო ბებო. უბრალოდ ჩავფიქრდი -კარგი, შვილო, როგორც გინდა. ჩაის გავამზადებ -შეიძლება დღეს მე მოვამზადო? ნება მომეცით, გთხოვთ -კარგი, საყვარელო ნიამ ტკბილი სუფრა გაშალა და გვერდით ჩამოუჯდა მასპინძელს. -დღეს რა გეგმები გაქვს? -არ ვიცი, ალბათ მესტიაში ჩავალ. ელენიკოსაც უნდა დავურეკო და გავაგებინო ახალი ამბავი. საღამოს ალბათ სადმე მშვიდ ადგილას გავალ და ვეცდები დავწერო. დღეს დილიდან რაღაც უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო და ვფიქრობ დამეხმარება წერა. -იქნებ მოსეს დალოდებოდი შვილო? ხომ იცი მეშინია მარტო რომ მიდიხარ. სხვანაირია აქ ყველაფერი -გარწმუნებთ ფრთხილად ვიქნები. შორს წასვლას არც ვაპირებ, აქვე სადმე ჩავიმალები მომყუდროვებულ ადგილას და შვებას მივეცემი. -მხოლოდ ეგ არ არის საქმე. გავიგე კვირიკეს დაუდგამს შენზე თვალი. არ მინდა შეგაწუხონ წურბელებმა. -კვირიკეს? ერთი მოხუცი ქალბატონის გარდა არავის გამოვლაპარაკებივარ აქ ყოფნის მანძილზე. წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის. -ხო, ვიცი - ჩაეცინა ქალს - შენზე ამბობენ უკარება გოგოა, ზედაც არ გვიყურებს, არავის მოგვსალმებიაო. -მართლა? - თვალები შუბლზე აუვიდა. - არ მეგონა ასეთ შთაბეჭდილებას თუ ვტოვებდი ხალხში. -ყველას აინტერესებ და ამაშია საქმე. -მეც მაინტერესებს როგორები არიან. ხანდახან ვაკვირდები ხოლმე ზოგიერთ მათგანს. ჩვენს მოპირდაპირედ ერთი პატარა ქალი ცხოვრობს, ორ შვილთან ერთად. ისეთი ლამაზი ბავშვები არიან, თვალს ვერ ვწყვეტ ხოლმე. მათი დედა ანგელოზივით მშვენიერია. -მართლაც რომ... სოფიო დაჩაგრული გოგონაა. ქმარი ორი წლის წინ დაეღუპა და მას მერე მარტო ზრდის თავის პატარებს. მაწანკალა ბიჭები მოსვენებას არ აძლევდნენ და გაწამებული იყო გოგო, მერე კიდევ კარგი მოსემ ყველა დააშოშმინა. -რა დაემართა მის ქმარს? -ცხოველი. მგელმა დაგლიჯა. სიყვარულით სავსე წყვილი იყო. მათ თვალებში მუდამ ჩანდა ის სხივი. მაგრამ სოფიო მამაცია, შვილების გამო ფეხზე წამოდგომა მოახერხა და ყველაფერს აკეთებს მათთვის. -რა ტრაგიკული ისტორიაა... ალბათ როგორ უჭირს მარტო ცხოვრება მთიან ადგილას, თანაც ორი პატარა ბავშვით. -ხო, ძალიან რთულია. სოფლის ხალხი ვეხმარებით ხოლმე. ზამთრისთვის შეშაზე რომ მივდიბართ მისთვისაც მოგვაქვს ხოლმე და ნანადირევსაც ვუზიარებთ. თავად სოფიო ნადირობის წინააღმდეგია და ხორცსაც არ ეტანება, მაგრამ მის პატარა ვაჟკაცს სულის გაყიდვა შეუძლია ჩიჩიისათვის - ახითხითდა ქალი. ნიასაც ჩაეცინა. დაასევდიანა გოგო სოფიოს ამბავმა. თურმე რამდენი რამ იმალება ყოველი სახლის, კარის, სახის უკან... ნაშუადღევს მესტიაში ჩაისეირნა, ელენიკოს ელაპარაკა, აცნობა ახალი ამბავი და მანაც განუცხადა ორ დღეში მანდ ვიქნებიო. საუბრის შემდეგ ადგილების თვალიერება დაიწყო და ერთმა მაღაზიამ მიიქცია მისი ყურადღება. შესულს ლამაზი ორნამენტებით გაფორმებული გარემო დახვდა. ბევრი ძველ სტილში დამზადებული სამკაული და ტრადიციული ნივთი იყო. ნიას ერთ კულონზე შეუჩერდა მზერა. მერცხლის ფორმის გახლდათ. წამსვე ნინო ბებო გაახსენდა და შეაფუთინა გამყიდველს. გამოსვლისას თვალი მოჰკრა სამაჯურს. ბრტყელი ფორმის ტყავის ხელსაბნევი იყო, მამაკაცისათვის. ზედ ულამაზესი ცხენი იყო გამოსახული გაურკვეველ ორნამენტებთან ერთად და ქვემოთ წვრილი ასოებით ეწერა - “მოუსვენარი სული”. დიდ ხანს ფიქრობდა უნდა ეყიდა თუ არა, რა რეაქციას გამოიწვევდა მასში ეს, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. ბოლოს მაინც შეიძინა და ბევრი ფიქრის გარეშე დაბრუნდა სახლში. მოსაღამოვებულს ნინო ბებომ ვახშამი გაამზადა და ნიასთან ერთად გაშალა სუფრა. -როგორც ჩანს მოსეს აგვიანდება. მე და შენ მივირთვათ და ის მერე დანაყრდება. - უნდოდა ნიას ეკითხა, სად იყო და რის გამო აგვიანდებოდა, მაგრამ ერიდებოდა. ამიტომ ისევ თავი შეიკავა ზედმეტი ყურადღების გამოჩენისაგან, თან თავს შეუძახა ტყუილად ნუ მოიხიბლები მისით მალე ინგლისში მიდიხარო და ჭამა განაგრძო. -ნინო ბებო თქვენთვის პატარა საჩუქარი მაქვს. პატივისცემის ნიშნად მინდა გამოგცეთ. როგორც კი დავინახე თქვენ გამახსენდით ამიტომ ნუ გამიწყრებით ამისათვის. -რათ გინდოდა შვილო, რა საჭირო იყო. -ხომ გითხარით უკვე... -კარგი, კარგი, ხომ ხედავ, არ გსაყვედურობ -დამელოდეთ მოვიტან. - სწრაფად გაუჩინარდა საძინებელში და გამოიტანა კულონი. -მერცხალი ჩემთვის სიკეთესთან, ჰარმონიასთან, სიხარულთან, ბედნიერებასთან ასოცირდება. მუდამ მიხაროდა, როდესაც მოფრინდებოდნენ ჩემს სახლთან და ბუდეს იშენებდნენ, ვიცოდი ის დრო ულამაზესი გალობით იქნებოდა გაყრუებული. თქვენ მე სახლის კარი გამიღეთ, თქვენი ტკბილი სიტყვით და ქცევით თავი შემაყვარეთ, ისე ზრუნავდით ჩემზე როგორც ახლობელ ადამიანზე იზრუნებდნენ, სიკეთის მეტი თქვენგან არ მახსოვს... მინდა გითხრათ, რომ მართლა ძვირფასი გახდით ჩემთვის და სამუდამოდ დაიდეთ ბინა ჩემს პატარა გულში. ამიტომ მინდა ეს მერცხალი თქვენთან იყოს და დაგიცვათ ისე, როგორც მე დაგიცავდით აქ რომ ვყოფილიყავი. -მადლობა, ჩემო გოგო. მადლობა შენი გამოჩენისთვის ჩემს ცხოვრებაში. - ცრემლმორეულმა თქვა და გულში ჩაიკრა ნია. გოგოც გაღიმებული, თვალცრემლიანი ხვევდა მჭირდროდ თავის სიფრიფანა ხელებს და ღრმად ისრუტავდა მის სურნელს. ვახშმობის შემდეგ მიალაგეს სახლი და საძინებლებში შეიყუჟნენ. ნინო ბებომ თქვა რომ მოსეს დალოდებას აზრი არ ჰქონდა, რადგან გაურკვეველი იყო როდის დაბრუნდებოდა, შეიძლება დილამდე არ შემოედგა სახლში ფეხი. ნიამ თავი მოიწესრიგა, გრძელი თმა ჩამოიშალა, თავის კანი ხელით დაიზილა, ღამის პერანგი მოირგო და ღონემიხდილი მიესვენა საწოლზე. დიდხანს იწრიალა, ძალიან ეძინებოდა, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა. -ასე არასოდეს დაუგვიანია, ნეტავ რას აკეთებს? რა შენი საქმეა ნია. ხომ გაიგე, შეიძლება გამთენიისას მოვიდესო, ანუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მაგრამ რომ ვერ ვიძინებ? - თავი უსკდებოდა ამდენი ფიქრისგან. საბოლოოდ წამოდგა, თავისი დღიური აიღო, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და გადაეშვა ემოციების სამყაროში. წერდა, წერდა და წერდა. გაუჩერებლად, შეუწყვეტლივ, უკვე ეგონა რომ თავისით მოძრაობდა ხელი და ხაზავდა ასოებს. თითების ტკივილი რომ იგრძნო გვერდით გადადო კალამი და მთვარეს გახედა. სავსე მთვარე იყო, უზარმაზარი და თანაც ყვითელი. საოცრება გახლდათ, ულამაზესი იყო, თითქოს ტკივილით და ჭრილობებით სავსე, მაგრამ მაინც ანათებდა, ასხივოსნებდა. უეცრად სრულ სიჩუმეში ცხენის ფლოქვების ხმა გაისმა. სიბნელეში კარგად ვერ არჩევდა სხეულს, მაგრამ დაინახა ბედაურზე მიწოლილი სილუეტი. სუნთქვა აუჩქარდა, ძარღვებს სისხლი მიასკდათ, აფორიაქდა, შიშმა აიტანა და სწრაფად გავარდა სახლიდან. რაც უფრო ახლოს მიდიოდა უფრო და უფრო უკეთ ხედავდა მოსეს ღონემიხდილ სხეულს. -აქ რას აკეთებ? - ხმადაბლა ხრინწიანი ხმით მიუგო გოგოს და ეცადა გასწორებულიყო -რა დაგემართა? რა გჭირს? -არაფერია. პანიკა საჭირო არ არის. სახლში შებრუნდი და დაიძინე, გვიანია. -კი მაგრამ რას მეუბნები? ვერ ხედავ? ცუდად ხარ! -საგანგაშო არაფერია მეთქი. რატომ არ გესმის? -მოდი, დამეყრდენი, ჩამოსვლაში დაგეხმარები. - ხელი შეაშველა და მისი მკლავი კისერზე გადაიდო. მოსეს წინააღმდეგობის გაწევის ძალაც არ ჰქონდა. ფრთხილად ჩამოქვეითდა და მოიხარა. - რა ჯანდაბაა? რაღაც გჭირს. რა ხდება? - ნია აფორიაქებულიყო, თვალები აუცრემლიანდა და სახე აეწვა. -რატომ გამოხვედი? რატომ არ გეძინა? -ისევ იმ სისულელეს იმეორებ, იმის მაგივრად რომ მითხრა რა ხდება და დაგეხმარო. -ვერ დამეხმარები. დამიჯერე, უბრალოდ სახლში შედი. -შენი ხელი... სისხლი... შენ სისხლი მოგდის. - სწრაფად გააწევინა ხელი მუცლიდან და ახლა მკაფიოდ ჩანდა პერანგიდან გამოჟონილი მეწამური სისხლი. - ჯანდაბა - მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და ჯებირებიც გადმოკვეთეს მისმა ცრემლებმა. -ნია! - მაშინ პირველად მიმართა სახელით და პირველად ამოუტრიალდა შიგნით ყველაფერი. ცრემლები დენას ვერ წყვეტდნენ. - დამშვიდდი ეს წყეული და შედი ოთახში. დაივიწყე რაც დაინახე და დაიძინე. -გიჟი ხომ არ ხარ? ისე რას ვკითხულობ... გიჟი ხარ, აბა რა ხარ! - ეჩხუბებოდა ხმაგამტყდარი და ნელ-ნელა უწევდა ხმას მოსემ ტუჩებზე რომ ააფარა სისხლიანი თითები. -ჩუმად. ხალხს გააღვიძებ. - შემდეგ გააცნობიერა სისხლით რომ მოსვრა მისი სახე და უცებ მოაშორა ხელი. - ამის დედაც - სწრაფად დაუწყო წითელი სითხის მოშორება სუფთა თითებით და მანამ არ გაჩერდა სანამ სულ არ გაწმინდა. - ნია ნუ მაწვალებ. მაცადე თავს მივხედო. -კარგი, შევიდეთ, მაგრამ იცოდე არ ვაპირებ მოგშორდე. მე დაგეხმარები. -ჯიუტი ხარ. -ვიცი. -ნერვებს მიშლი. -მეგონა შენ სულ ნერვებმოშლილი იყავი. -ხომ ხედავ, საერთოდ არ მიცნობ. -მართალია, არ გიცნობ. - ტიროდა გულამოსკვნილი და მაინც არ ნებდებოდა. ან იცოდა რა ატირებდა? ასე რა ანერვიულებდა? უბრალოდ გრძნობდა რაღაცას, რაც აქამდე არ შეუგრძვნია, რაღაც უცნაურს. საძინებელში შეიყვანა ნინო ბებო თუ გამოვიდოდა რომ ვერ დაენახა. მოიმარაგა ყველაფერი რაც დასჭირდებოდა და ჭრილობის გასუფთავება დაუწყო. სულს უბერავდა და ისე ადებდა სპირტიან ბამბას. მოსე შეჰყურებდა ხმაამოუღებლად, დაცვარული შუბლით, ტკივილით იყო სავსე მისი არსება, მაგრამ მაინც ვერ აღფრთოვანებული ქალის სისუფთავით, სინაზით, სილამაზით, სინატიფით... გაუცნობიერებლად წაიღო ხელი მისი სახისკენ და ლოყაზე მიეფერა და როდესაც ნიამ გაკვირვებით ამოხედა მიხვდა რაც გააკეთა და ცრემლების შემშრალება დაუწყო რამე რომ არ ეეჭვა და უხერხულად არ ეგრძნო თავი. -ეს როგორ დაგემართა მოსე? - ისე შინაურულად, ისე ახლობლად ჟღერდა მისი ეს სიტყვები სიამოვნებით გაეჟღინთა ორგანიზმი. -მგელი. - ნიას თავი გაუბუჟდა. “ცხოველი. მგელმა დაგლიჯა. სიყვარულით სავსე წყვილი იყო...” გონებაში უტივტივებდა ნინო ბებოს სიტყვები და ხვდებოდა რომ შეიძლებოდა მოსესაც იგივე დამართნოდა და რომ სასწაულმა გადაარჩინა. უცებ ისევ ისე აფორიაქდა და რა თქმა უნდა მამაკაცმაც შენიშნა ეს. - მხოლოდ იმიტომ გიპასუხე ასე რომ გაინტერესებდა. თუ უფრო უნდა გენერვიულა რაღას მეძიებოდი. - ნია ვერ ახერხებდა რეაგირებას - ნია... - ხელზე მისი ხელის შეხებამ გამოიყვანა ბურუსიდან და თვალებში ჩააცქერდა ბიჭს. -რომ მომკვდარიყავი? -ხომ ხედავ რომ ცოცხალი ვარ -მაგრამ რა იცი რომ ხვალაც გაგიმართლებს? იქ დადიხარ ყოველდღე? ტყეში ატარებ დროს? რისთვის? რატომ? -მომისმინე. ახლა ამდენი საუბრის მოსასმენად ნამდვილად არ მცხელა. და თუ ჩუმად არ იქნები გადი. - ეწყინა, მაგრამ არ წასულა. გაჩუმდა და განაგრძო ჭრილობის დამუშავება. მტკიცე სახით აკეთებდა ყველაფერს მაგრამ ცრემლები ყიდდნენ. -რა უბედურებაა. ხო ვეღარ გაჩერდა! - ნერვებმოშლილმა ძლიერად მოისრისა თვალები და ტუჩები გაბუსხა. ჩაეღიმა მოსეს მის ბავშვურ საქციელზე და ნელ-ნელა სიზმრების სამყაროში გადაეშვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.