ნაკრების გული (თავი 6)
*** სახლში მისვლისთანავე, პირველი დედას ვურეკავ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეძინება და როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად საშინლად დაღლილი ვარ, თავს ძალას ვატან. ისიც მეყოს, გუშინ უბრალოდ შეტყობინება რომ გავუგზავნე. - გისმენ, ალე. - ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა ტელეფონს იღებს. - დე, რაშვები? ვეღარ დაგირეკე, მაპატიე. - არაუშავს, დედა. შენ რა შვები, მანდ ხარ ისევ? - არა, ახლა მოვედი სახლში. ძალიან დაღლილი ვარ, თორემ ამოვიდოდი. - ჩვენ პარკში ვართ, ალე. ნუციკოს მშობლები ბათუმში წავიდნენ და დღე და ღამე ტირის. ვერ გავაჩერე და გამოვიყვანე, იქნებ ცოტა გავართო - მეთქი. - უი, რას ამბობ. - ვცდილობ გავიკვირვო და მთქნარების შესაკავებლად პირზე ვიდებ ხელს. - ღამეც მასთან იყავი? - ხო, 1 კვირით წავიდნენ. არ მინდა ბებიამისმა რაღაცეები დაიწყოს, თორემ ჩვენთან ჩამოვიყვანდი. - არა, დე. არ არის პრობლემა. - ხო, დედა. ცოტა ხანს, აქ ვრჩები. ამოიარე მოსწავლეებს რომ მორჩები. ღმერთო, მოსწავლეები. რომ არ ეთქვა, საერთოდ არაფერი აღარ მახსოვდა. რამ გამომირეცხა ასე ტვინი. - კაი დე, წავედი. - მიდი, საღამომდე. როგორც კი ვუთიშავ, მაშინვე მაღვიძარას ვაყენებ და საყვარელ საწოლთან ჩასახუტებლად მივდივარ. ცოტა ხანს მაინც უნდა დავხუჭო თვალები. *** გოგონები, ზუსტად დათქმულ დროს მოდიან. ვაღიარებ, ასე არცერთ დილას გამჭირვებია გაღვიძება. უძილობას ვერ ვიტან, ჩემი ყველაზე დიდი მტერია. მთელ დღეს მართმევს და როცა მაინც ვეძალები, მთელი სხეული ისე ძლიერად მეჭიმება, მეორე დილამდე აღარც მივლის. როოგორც წესი, ამ დროს ყოველთვის იმას ვამბობ, ყველაფერს ავიტან, ოღონდ საქმეზე არ აისახოს - მეთქი, თუმცა ამ პრინიციპით გამუდმებით საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს. რავქნა, ადამიანმა ყოველი წუთი უნდა გამოიყენო. სად არის დასაკარგი დრო, ან აბიტურიენტებისთვის, ან ჩემთვის... ღმერთო, მე. საერთოდ, ბოლოს როდის მივედი წიგნებთან? აშკარად უხსოვარ დროს, არაფერი არ მახსოვს. საინტერესოა, ხვალ რის ჩაბარებას ვაპირებ ამ გამორეცხილი ტვინით. ღმერთო, დიდებულო. აშკარად ისევ ღამის გათენება მომიწევს. ესეც შენი ფეხბურთი, ალე. აი რა შედეგამდე მიმიყვანა. ნამდვილად არ გამიკვირდება, ბოლოს რომელიმე საგანი თუ შემეტენა. არა, ამ ბავშვებს, ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილიც ხომ არ ჩავუტარო? დაფიქრებული ვართმევ ტესტის ფურცელს და ახლა, თემის სათაურს ვაძლევ. კარგები არიან, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ერთ დროს, მეც ასეთი კარგი ვიყავი. ჰო, იქამდე, სანამ სიყვარული დაუკითხავად შემოაღებდა კარს. ეჰ, ნეტავ ის დრო, უბრალოდ მოწონება რომ მეგონა სიყვარული. არც მთელი დღე მეფიქრებოდა მასზე, ყველაფერზე ადვილად ვკონცენტრირდებოდი და ეს ხელს არაფერში მიშლიდა. ახლა? ახლა ყველაფერი თავდაყირაა, ყველაფერს ვეძალები და ნელ-ნელა, ამ ძალასაც ვკარგავ. არა, მირჩევნია თავი მოვიკლა, ვიდრე ვუყურო როგორ გამომეცალა ხელიდან სტიპენდია ერეკლეს გამო, მე კი ვერაფერი გავაკეთე. ამის წარმოდგენისას მძულდება საკუთარი თავი, რეალობაში რომ მოხდეს, მერე რაღა იქნება. გოგონების ტესტებს ვამოწმებ და იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ორ შეცდომას ვპოულობ, მათ გასწორებასაც ვთხოვ და ფურცელს უკან ვუბრუნებ. თემები კარგია. ყოველთვის კარგი იყო, ამ მხრივ მათთან პრობლემა არასდროს მქონია. იმ ორ შეცდომასაც მალევე პოულობენ და კმაყოფილი სახეებით იწყებენ ჩალაგებას. ყოველთვის ვამბობ, ჩემი ოქრო ბავშვები არიან - მეთქი. დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდაზე ის ორიც არ იქნება. ისინი იმდენს შრომობენ, აუცილებლად დაუფასდებათ. ძლივს ვახერხებ მათ კარამდე მიცილებას და ზუსტად მაშინ, როცა ოთახში უნდა შევიდე და როგორმე ამ ფიქრების განდევნა დავიწყო, უკვე მივიწყებული იჩენს თავს. ანუკი მესენჯერში ზუსტად 14 შეტყობინებას მიგზავნის და ყველა მათგანში, უბრალოდ 'ალე' წერია. მართლა მეგონა, რომ რამე სხვა იქნებოდა და ამიტომ გავხსენი, მაგრამ როგორც ყოველთვის, მიზანში მოარტყა. მისთვის მთავარი იყო გამეხსნა, ახლა აკრეფა დაიწყო. 'მომისმინე, გთხოვ.' - მალევე მომდის პირველი. 'განგებ ხომ არ გამიკეთებია. ძალიან ვნერვიულობ შენზე, ვიცი, ათასი ბოდიში რომ მოგიხადო, აზრი არ ექნება, მაგრამ გთხოვ, ვილაპარაკოთ' 'როგორც გავაფუჭე, ისე გამოვასწორებ, რამეს მოვიფიქრებთ ერთად' '- არ მინდა, ანუკი.' - უფრო იმიტომ ვუბრუნებ პასუხს, რომ გაჩერდეს. 'უბრალოდ ვილაპარაკოთ, მომისმინე. ვიცი, დამნაშავე ვარ, მაგრამ მე ძალიან ვნანობ, ალე. მე ხომ შენთვის კარგი მინდოდა...' თან მოწყენილ ემოჯებსაც აყოლებს. ღმერთო... არ გაჩერდება. თან ამ გოგოს რაღას ვერჩი, რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლი. არც მის სინანულს აქვს აზრი, მაგრამ მასზე გაბრაზებას თუ გავაგრძელებ, ის ცუდად იქნება, მე კი, ჩემი ცუდად ყოფნაც მყოფნის. '-ხვალ გნახავ, უნივერსიტეტში' 'კარგი, მომწერე ან დამირეკე, დაგელოდები.' ახლა გაღიმებულ ემოჯებს მიგზავნის. ზუსტად ვიცი, თავადაც გაეღიმა. ოხ, ანუკი... *** იმის მიუხედავად, რომ საშინლად მეძინება, ყველა ოდესღაც გაგონილ ხერხს ვიყენებ ამასთან შეწინააღმდეგების მიზნით. ზოგი საერთოდ არ ამართლებს, ზოგი ძალიან ცოტა ხანს ძლებს. (მაგალითად სახეზე წყლის შესხმა) ერთი გვერდის სწავლასაც ვერ ვასწრებ, ისევ თვალები მეხუჭება. აზრი არაფერს არ აქვს, ტვინი მაქვს დაღლილი. უძახე რაც გინდა, შიგნით არაფერს უშვებს. ცოტა ხანს დედასთან ავდივარ. მოკლედ მიყვება ჩემს არ ყოფნაში მომხდარ ამბებს, იმას, თუ რატომ მოუხდათ ბავშვის მშობლებს წასვლა. მაგრამ ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, მათი სასტუმროს ქსელთან დაკავშირებული პრობლემები. თითქოს თავად ნაკლები მქონდეს... რა უცნაურია ეს სამყარო. ყველას თავისი პრობლემები აქვს და ყველას ჰგონია, რომ მის პრობლემაზე დიდი, სხვას უბრალოდ ვერ ექნება. სწორედ აქედან იბადება უმადურება, შური. აი იმას, ეს პრობლემა არ აქვს, რა უჭირს. ამ დროს არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ იმ სხვას, ზუსტად ის პრობლემა აქვს, რაც თავად არ აქვს. რა უცნაურად ჩამოვაყალიბე, არა? როგორც წესი, ფილოსოფოსობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა ზოგჯერ, მაინც შემომიტევს - ხოლმე რაღაც ბრძნული აზრები. მართალია, ამ ბრძნული აზრებით სამყარო არავის გადაურჩენია და მათი ცოდნაც, რეალობას არ ცვლის, მაგრამ ისიც კარგია, თუ ვიღაცის გონებაში არსებობს და შიგადაშიგ ახსენებს, რომ საკუთარ პრობლემაზე არ უნდა იწუწუნოს. ჩემს შემთხვევაში, ალბათ მე თუ შევაღვიძებ - ხოლმე, ღრმა ძილში მყოფს. ამას მთელი ენერგიები მიაქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა შეახსენო თავს, რომ შენზე ცუდად სხვა არის და ის ამას უმკლავდება, შენ კი უფლება არ გაქვს დაეცე. საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან ცალმხრივ სიყვარულს... ყველა გზა შენთან მოდისო, სადღაც წამიკითხავს, მაგას ასე შევცვლიდი, ყველა ფიქრი, შენთან მოდის... დედას ვემშვიდობები და ქვემოთ ჩამოვდივარ. როგორც წესი, სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს, მაგრამ ახლა, მაზოხისტურად მინდა ამ უსიამოვნო შეგრძნებამ შემაწუხოს. რამე, სხვა გრძნობამ შემაწუხოს. თუნდაც ცოტა ხნით, მომაშოროს მასზე ფიქრები... *** დილას, ფანჯარაში შემოჭრილი მზის სხივები მაღვიძებს. დიახ, დიახ, მზის სხივები. ელდა ნაცემი, მაშინვე ტელეფონს ვავლებ ხელს და... რა თქმა უნდა, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გარეკა. ზუსტად მახსოვს, მაღვიძარა რომ დავაყენე, დატენილი იყო, მაგრამ არ ირთობა და შესაბამისად არც მაღვიძარამ დარეკა. ლამის ჰაერში ვიცვამ, ზუსტად იმ პირველივეს, რაც ხელში მხვდება და ტელეფონს დასატენად ვაერთებ. სანამ მე თმას გავიკეთებ, იმედი მაქვს რაღაცას მოასწრებს. ო, ღმერთო, თმა. არა, ეს თმა უნდა გადავაშენო. ვსო, გადაწყვეტილია, დღეს სალონში წავალ და შევიჭრი. გაგონილა, ყოველ დილას დროის ნახევარს დავარცხნაში მართმევდეს? ბედნიერი კაცები. რა თქმა უნდა იმათ არ ვგულისხმობ, ვინც საკუთარი სურვილით იზრდის თმას, ივარცხნის, იაწორებს. ეგენი ხომ კაცებსა და ქალებს შუა გაჭედილი არსებები არიან. ღმერთო, რეებზს ვფიქრობ დილიდან. ახლა, მე უნდა ვიმეორებდე იმას, რაც გუშინ ვისწავლე (იმედი მაქვს ვისწავლე) მაგრამ არა, სად არის იმის დრო, რომ ეს გადავამოწმო? სასწრაფოდ ვყრი რვეულებს ჩანთაში და ტელეფონს ენერგიის წყაროს ვაშორებ. საერთოდ მგონია, რომ დამჯდარის წაღებას აზრი არც აქვს, მაგრამ ეკრანის ანთებისთანავე კიდევ ერთი სიურპრიზი მხვდება. არსაიდან მოსული 20℅. 5 წუთში, ეს როგორ მოახერხა? ჯანდაბა. ჩემი ტელეფონი ხომ აფრენს. წადი ალე, წადი. ვეღარ გავტიე თავი. * პირველად. 3 წელია სტუდენტი ვარ და პირველ დავაგვიანე. მე თვითონ არ მჯერა, ლექტორს როგორ მოვთხოვო, დაიჯერეთ, რომ ყველაზე ბოლოს, ეს მე, ალექსანდრა რაფავა შემოვედი - მეთქი. თითქოს, მისი დამჟავებული სიფათი არ მყოფნიდეს, ახლა კურსელებიც იწყებენ ჩემი თვალებით ბურღვას. ვიცი, რომ როგორც წესი, ამ დროს ყველაფერი უნდა დავიკიდ.ო, მაგრამ ჩემს ტვინს, ეს ფუნქცია სამწუხაროდ გამორთული აქვს. ჰო, კიდევ ამასთან ერთად, რაღაცაც მიაყოლა, სრულიად არასაჭიროდ - მოსმენის უნარი დავკარგე მგონი. ეს უკვე მეორედ ხდება, ლექციაზე ვზივარ, ლექტორი საუბრობს, მე მესმის და მაინც, აზრზე არ ვარ რას ლაპარაკობს. აღარ შემიძლია, საკუთარი თავი ასეთი აღარ შემიძლია! თითების წვალებას ვიწყებ, აქეთ-იქით უაზროდ ვიყურები და ვცდილობ სადღაც ჯანდაბაში წათრეული კონცენტრაცია დავაბრუნო, მაგრამ ამის ნაცვლად, სრულიად სხვა რაღაც გამომდის. ლექტორის ყურადღებას ვიქცევ და კითხვით გადმოდის ჩემთან, რომელზეც რა თქმა უნდა, პასუხი არ მაქვს. როგორ უნდა მქონდეს, არც მისწავლია, არც მისთვის მომისმენია... კურსელები ისეთი გაოცებული თვალებით მიყურებენ, თითქოს დიდი სასწაულის შემსწრენი გახდნენ. არა, ახლა გავგიჟდები. ტელეფონი ციმციმს იწყებს და... რა თქმა უნდა ჩემი დაყენებული ვიბრაციის ნაცვლად, მელოდია იწყება. გადავაგდებ! ვფიცავ, გადავაგდებ! ყველანაირად ვცდილობ, ხმა დავახშო. გათიშვითაც ვერ ვთიშავ. მაინც და მაინც იმ ადგილას ჭედავს სენსორი, სადაც წითელი ღილაკია. ეს ანუკიც აღარ ჩერდება. რა უნდა, რა. ხომ მე უნდა დამერეკა, რა არ ასვენებს. უკვე ვიცი, ამას რაც მოჰყვება და რა თქმა უნდა, არ ვცდები. ლექტორი გარეთ მისვრის. არა, მაინც და მაინც ამ კაცის ლექციაზე რატომ მოხდა? ვიცი, მაგალითად ლალი გამიგებდა, ვუპასუხებდი და უკან შევიდოდი, მაგრამ არა... ბედია, გია, ბედი. * ნერვებმოშლილი გავდივარ გარეთ და ანუკის ვურეკავ. ზუსტად მაშინ გათიშა, როცა გამომაგდეს. მაგარია, არა? - ალე, რაშვები? - მაშინვე მპასუხობს- ბოდიში, ცუდ დროს ხომ არ დაგირეკე? - ლექციაზე ვიყავი. - რაც შემიძლია მშვიდად ვპასუხობ. - აუ, მაპატიე. რამ გამომაშტერა. უბრალოდ მე მოვედი და მინდოდა მეთქვა, ეზოში გელოდები - მეთქი. ვაითუ შეტყობინება არ ნახოს - თქო და... მაშინვე აქეთ-იქით ვიყურები და ანუკისაც ვხედავ. გრძელ სკამზე, ზურგით ზის და ყველანაირად ცდილობს, ქარისგან ვარცხნილობა გადაარჩინოს. აღარაფერს ვპასუხობ, მაშინვე მისკენ ვიღებ გეზს. - ალე, აქ ხარ? - აქ ვარ. - უკნიდან ვადგები თავზე და შიშგან ხტება. - ვაიმე, ჩემ გამო გამოხვედი ლექციიდან? - თვალები უფართოვდება. - არა, გოგიმ გამომაგდო. - სწრაფად ვიკავებ მის გვერდით ადგილს. - ღადაობ? შენ? - ვერ იტანს, როცა ლექციას ტელეფონის ზარი აწყვეტინებს. მე კი ვერაფრით გავთიშე. - აუ, მაპატიე რა... - გეყოფა, ნუ მებოდიშები. წესით, იმსახურებს, რომ გავუბრაზდე, მაგრამ ის თავისი ლექციების დროსაც ძლივს იმახსოვრებს, ჩემი რომ არ ახსოვს, რა გასაკვირია. - ტელეფონი უნდა გამოცვალო. გინდა მაღაზიაში წაგყვე? - ეს ჩემი პრობლემაა, ანუკი. - ანუ... ჩვენ აღარ ვართ? - ხმაში სევდა ეპარება და თავს ხრის. - გეყოფა, ისე ნუ იქცევი, თითქოს შენი შეყვარებული ვარ და დაგშორდი. - ალე... მე მართლა ძალიან ვნანობ. - ჩემსკენ იწევა და მკლავზე მადებს ხელს - ჰო, ამას აზრი არ აქვს, მაგრამ ხომ იცი, რომ მიყვარხარ, გაფასებ და ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ მინდოდა დაგხმარებოდი, თავი ბედნიერად გეგრძნო. თორემ აბა რა მინდოდა მე ერეკლესთან? რა მინდა - ხოლმე, დინამოზე 2 საათი კაცების როხროხში? იცი, ფეხბურთს ვერ ვიტან, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ საჭორაო თემა გვქონდეს და მატჩზე რომ დაიწყებ ლაპარაკს ბეცივით არ გიყურო. - ვიცი, ანუკი... - კვლავ არ ვუყურებ თვალებში. - ჰო, შეიძლება შევცდი, მაგრამ დაფიქრდი... იქნებ კარგიც არის, ერეკლემ რომ გაიგო? ამან გარკვეულწილად მოვლენები დააჩქარა. - რა არის კარგი, ნუ მაგიჟებ. მას შეყვარებული ჰყავს და გასართობი თემა მიეცა იმით, რომ გაიგო მიყვარს. ყოველი ლაპარაკისას ამას მახსენებს და ისეთი მზერით მიყურებს... არ ვიცი, თითქოს დამცინის, რომ მასზე შეყვარებული გოგო ვარ. - ვეღარ ვუძლებ და თავს ხელებში ვრგავ. - შეყვარებული არა ის, ალბათ ერთობა მასთან. იმ ჩონჩხს, სიყვარულით საერთოდ არ უყურებდა. ხომ იცი, არ მეშლება შეყვარებული კაცის ცნობა. დამიჯერე, შენს ნერვიულობად არ ღირს, ალე. რაც უნდა ის უქნია. დაიკიდ.ე საერთოდ. რამეს თუ გეტყვის და ამ ამბის ცოდნას თავის სასიკეთოდ გამოიყენებს, შენც უთხარი. სიტყვიერი ომი ხომ გეხერხება... - ხო, რომ მეხერხება იმიტომაც მივქარე მაგრად. - ღრმად ვოხრავ. - რა, რამე გააკეთე? - ხო, გავაკეთე, ანუკი. - ვეღარ ვჩერდები და სწრაფად ვდგები ფეხზე- გავაკეთე და ეს მოსვენებას არ მაძლევს. სისულელე ვუთხარი მატჩზე. თითქოს, მისი ბრალი იყო საბერძნეთთან რომ წავაგეთ. - არ იყო? - სერიოზული სახით მეკითხება. ღმერთო... რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში მოვუყევი, მაინც არაფერი არ ახსოვს. - არა, არ იყო. არც თორდიას გაუტანია განგებ ავტო - გოლი. თითოეული სულიერად არის განადგურებული. მე კი მივედი და... - ვეღარც ვამთავრებ. - დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიშალა ნერვები ამ ზომამდე რომ მიხვედი. - ეს არ უნდა გამეკეთებინა, ანუკი. მე ხომ მას არ ვგავარ, არა? საპასუხო დარტყმას რატომ ვაყენებ. შეიძლება მას არ ვუყვარვარ, მაგრამ მე ხომ მიყვარს... როგორ შემიძლია რომ ვატკინო... - ისევ მევსება თვალები ცრემლებით. ყელში მაწვება და ემოციებს ვეღარაფერს ვუხერხებ. - დაელაპარაკე. - მტკიცედ მეუბნება. - თვითონ არ ნანობს და არ აწუხებს, არ მოვა. მაგრამ შენ გაწუხებს და თავს დამნაშავედ გრძნობ. ამიტომ წადი, ბოდიში მოუხადე და გათავისუფლდი. თავად თქვი, რომ მას არ ჰგავხარ. ამიტომ მის ხერხებს ნუ გამოიყენებ. მისვლა და პატიების თხოვნა, სირცხვილი არ არის. მითუმეტეს მაშინ, როცა დააშავე. პირიქით, შენ უნდა ამაყობდე იმით, რომ დანაშაულს იაზრებ. მას ამდენიც არ შეუძლია. ანუკის სიტყვები მაფიქრებს. სწრაფად ვიწმენდ ჩამოგორებულ ცრემლს და ამ ხნის განმავლობაში, პირველად ვუსწორებ თვალს. აფორიაქებულია. თითების წვალებას იწყებს და ვგრძნობ, თავადაც არანაკლებადაა ემოციებით მოცული. - ასე გგონია? - არ მგონია, ზუსტად ვიცი. ვინ იცის, კიდევ როდის ნახავ. მანამდე თუ ასე უნდა იყო, განადგურდები. - მართალი ხარ... უნდა დაველაპარაკო. - თითქოს საკუთარ თავსაც ვეთანხმები და ჩანთას ვიღებ. - მისმინე, ალე. - წინ მიდგება - დალაგდით. მასაც აიძულე, რომ შეცდომა გაიაზროს. ისე არ წამოხვიდე, თორემ მერე მაგაზე დაიწყებ ნერვიულობას. დაანახე, რომ მისი სიტყვები და ირონიული დამოკიდებულება შენც გწყინს. საპასუხოდ, უბრალოდ თავს ვუქნევ და გვერდს ვუვლი. დღევანდელი დღე და ლექციებიც მას უნდა შევწირო, იმედი მაქვს, ტყუილად არა... *** ტაქსების გაჩერებამდე, ჩქარი ნაბიჯით მივდივარ და თან, თორდიას ნომერს ვეძებ კონტაქტებში. ვაკოს რომ დავურეკო, კითხვებს მომაყრის. შესაძლოა ჩემი გადარწმუნებაც სცადოს, მე კი ამდენი დასაკარგი დრო არ მაქვს. ისედაც საკმარისად დავკარგე და ამ საშინელ გრძნობას, უფლება მივეცი ჩემში ენახა ბინა. ანუკი მართალია. მე დავაშავე და მე ეს მტკივა. საკუთარ თავს უნდა დავეხმარო, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ვერ ვიცხოვრებ. ვის ვედრები და ვის ველოდები. მე მე ვარ. ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა კადრულობს ტელეფონის აღებას. - ბატონო. - გუგა, გამარჯობა, ალე ვარ. - ვიცი, მიწერია შენი ნომერი. ისეთი ხმით მიპასუხა, მეგონა არც დაუხედავს ნომერზე, ან სახელი არ ეწერა. - გუშინ ისე წახვედი, არც კი დამემშვიდობე. მეც მივქარე რამე და არ მახსოვს? - არა, უბრალოდ არ მინდოდა გამეღვიძებინე. - კიდევ კარგი, სხვა მიზეზი არაა. გეფიცები, იმ ამბის მერე შფოთვები დამეწყო. მეთქი, თუ რამე დავაშავე დროზე გავარკვიო, მეც არ მომივარდეს. - აჰა, ისევ დაიწყო გაუჩერებელი ლაქლაქი. - იცი, ბექას ცხვირი აქვს გატეხილი და... - არ მაინტერესებს, გუგა. - სწრაფად ვაწყვეტინენ - მთავარია არ მომკვდარა. მისმინე, სხვა რამეზე გირეკავ, შენი დახმარება მჭირდება. - ჩემი დახმარება? - ხმაშიც კი იგრძნობა, როგორ გაოცდა - არსებობს ისეთი რაღაც, რასაც შენ ვერ მოაგვარებ ან ვაკო ვერ მოგიგვარებს? - ვაკოსაც შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე მას ვერ ვთხოვ. - დავინტრიგდი, აბა გამოუშვი. - ერეკლეს მისამართი მინდა - სუნთქვას ვაყოლებ. - ვინ ერეკლე... - არ ვიცი, მართლა იბნევა თუ თავს იშტერებს, მაგრამ ეს ძალიან გამაღიზიანებელია. - რამდენ ერეკლეს იცნობ? - რავიცი, ბევრს. - გუგა! - უკვე მოთმინების ფიალა მევსება. - ტაბატაძე? - ჰოო. მეტყვი თუ სხვას ვთხოვო? - და მაგას ვაკო ვერ გეტყოდა? - რამდენ კითხვას მისვამ? გითხარი, ამ ეტაპზე მისთვის თხოვნა არ შემიძლია-მეთქი. აუცილებელი საქმე მაქვს. მეხმარები თუ არა?! - კაი ჩაგიგდებ, ნუ აიწეწე. - მიდი, გელოდები. - სწრაფად ვუთიშავ და პირველივე ტაქსში ვჯდები. - ნერვები მომიშალა და ნუ აიწეწეო. ჯანდაბა. როგორ შეიძლება რამე მარტივად მოვაგვარო. *** თითქმის ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა დანიშნულების ადგილს ვაღწევ. როგორც კი მანქანიდან გადმოვდივარ, მაშინვე მიჩქარდება გული და უკვე სერიოზულად მეშინია, რომ ეს ხელს შემიშლის. სპეციალურად არ ვალაგებ სათქმელს გონებაში. არც არასდროს დამილაგებია. როგორც წესი, ადამიანს რომ ვხედავ და პირისპირ ვუდგები, ყოველთვის თავად მოდის - ხოლმე სიტყვები, თუმცა ახლა, პირველად მეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს ასე მოხდება. ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები ორ სართულიანი სახლის ეზოს და შესვლამდე, კიდევ ერთხელ ღრმად ვსუნთქავ. სიმშვიდეა. აი ისეთი, ვერც იფიქრებ აქ საერთოდ ვინმე თუ ცხოვრობს. წინა ფართი დიდი არაა, მაგრამ როგორც ვხვდები, სახლს უკანა ეზოც აქვს. კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ და მხოლოდ ახლა ვამჩნევ, რომ გვერდით ზარია. ჯანდაბა. ეს დაბნეულობა თუ მომიღებს ბოლოს. ახლა ზარის დარეკვას ვაპირებ, მაგრამ მოულოდნელად იღება კარი და ქალბატონი ქეთის მზერას პირისპირ ვეჩეხები. ჰო, მე მას ვიცნობ. მის ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ... მახსოვს, ინტერვიუში საუბრობდა ერეკლეს პატარაობაზე, თან პატარა დათა ესვა მუხლებზე. ისეთი საოცარი, თბილი, ოჯახური გარემო ჰქონდათ, მახსოვს, ამეტირა. ყოველთვის მეგონა, რომ კამერის წინ ყველა თამაშობდა, მაგრამ მაშინ, თითოეულ მათგანში იმხელა გულწრფელობა დავინახე, უბრალოდ შეუძლებელია ეს დადგმული ყოფილიყო. - დიახ? - ფიქრებიდან მისი ხმა მარკვევს. თბილად მიღიმის და მოთმინებით ელის, როდის ამოვიღებ ხმას. - გამარჯობა, ქალბატონო ქეთი. მეე... -შუბლზე ვისვამ ხელს - მე ალექსანდრა რაფავა ვარ, შალვას ძმიშვილი. (შალვას სახელის დამატება ყოველთვის მჭირდება - ხოლმე, ისე, ხალხის დაბნეულ გამომეტყველებას მათი სახიდან ვერ ვაქრობ) - მართლა? მიხარია შენი გაცნობა. რამ შეგაწუხა, შემოდი. - სწრაფად მეცლება. გაუბედავად ვდგამ რამდენიმე ნაბიჯს და როგორც კი შევდივარ, იქვე ვჩერდები. - იცით, მე... ერეკლეს ნახვა მინდა, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. - ერეკლე? - წამიერი გაკვირვება ესახება სახეზე - ახლა მოვიდა ვარჯიშიდან და სძინავს. არ ვიცი, თუ მის გაღვიძებას შეძლებ, შედი. როგორც წესი, ამ დროს ქვეყანაც რომ დაიქცეს, თავს ვერ ააწევინებ ბალიშიდან. - კვლავ ოდნავ ეღიმება. მისი ღიმილი ისეთი გადამდებია... ამ ქალისგან უდიდესი პოზიტივი მოდის. - შემოდი, აქ ნუ დგახარ - თვალითაც მანიშნებს და პირველი მიდის მისაღებისკენ. უხმოდ მივყვები. შიგნით სასიამოვნო სიგრილეა. ღია ფერის კედლებს, იდეალურად ერწყმის კრემისფერი ავეჯი. ცენტრს, მინის კედელი ამშვენებს, საიდანაც უკანა ეზოს ხედი იშლება. მარჯვენა კუთხე, მთლიანად ბუხარს უკავია, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზამთარში ძალიან მყუდრო გარემოს ქმნის და სულ სხვაგვარ ელფერს სძენს აქაურობას. ქალბატონი ქეთი მხატვარია, მის ნამუშევრებს ინსტაგრამზე ვათვალიერებ - ხოლმე. სახლს მისი ხელი ეტყობა, იდეალურად აქვს შეხამებული ფერთა გამა. მარცხენა მხარეს, კედელი მთლიანად საკუთარი ხელით აქვს მოხატული. კუთხეში კი, გაკრული ხელით აქვს მიწერილი ''ბაბუწვერების წვიმა'' . მახსოვს, ინტერვიუში ზუსტად ამ მხარეს ისხდნენ და მისი შექმნის ისტორიაც გაიხსენა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერეკლე პატარა იყო, საღებავები მომპარა და ზუსტად ამ კედელზე დაიწყო ხატვაო. შემდეგ მამამისმა შეამჩნია, დამიძახა, თუმცა რომ მოვედი უკვე მოესწრო ხაზების გავლებაო. არ ვიცი, ასეთი რისი დახატვა მოასწრო, ან რა იყო ამ ხაზებში განსაკუთრებული, თუმცა ქალბატონმა ქეთიმ თქვა, რომ გადასაღებად დაენანა და მისი დაწყებული დაასრულა, შედეგად კი, ეს მიიღეს. ნახატი, რომელიც უკვე წლებია სახლის ამ კუთხეს ამშვენებს. ვერ ვიტყვი, რომ ხელოვნება ძალიან მიყვარს და მომწონს, თუმცა მის ნახატებში არის რაღაც განსაკუთრებული. არ ვიცი, ნეტავ ოდესმე ერეკლესაც იტაცებდა ხელოვნება? თუ ეს მართლა ბავშვური ხუმრობა იყო... ამის შესახებ, არასდროს არაფერი უხსენებია და არც მე გამჩენია ეჭვი. თუმცა ახლა, ამ ნახატს ასე ახლოდან რომ ვუყურებ, რაღაც სხვა გრძნობა მაქვს და თავადაც ვერ ვხვდები რა. - ამ ნახატის ისტორია იცი? - ფიქრებიდან, კვლავ მის ხმას გამოვყავარ. ალბათ, უკვე ზედმეტად დიდი ხანია გაშტერებული ვუყურებ. - დიახ, ინტერვიუში საუბრობდით. - ოდნავ ვუქნევ თავს. - ჰო, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. - დედაა... - კიბეებზე პატარა დათა ჩამორბის. აშკარად რაღაცის თქმას აპირებს, თუმცა ჩემი დანახვისთანავე ჩერდება. ჯერ გაოცებული მიყურებს, შემდეგ კი ოდნავ მიღიმის. - გისმენ შვილო, მოხდა რამე? - ნწ - სწრაფად აქნევს თავს - მამა გირეკავდა - ახლა ტელეფონს უწვდის. - ნეტავ რა უნდა, ამ დროს არ რეკავს - ხოლმე - თავისთვის ჩურჩულებს და დაფიქრებული ჩაჰყურებს ტელეფონს. მერე, სწრაფად სწევს თავს მაღლა. - ერთმანეთი რომ არ გაგაცანით... ეს ჩემი მეორე ანგელოზია დათა - ღიმილით მისწორებს თვალს და თმაზე ეფერება - დათა, ეს კი ალექსანდრა. შალვა ხომ იცი სწრაფად უქნევს თავს. - აი მისი ძმიშვილია. - სასიამოვნოა - ოდნავ ვიხრები და ხელს ვუწვდი. - ჩემთვისაც. -წამში მართმევს და თავისი დიდრონი თვალებით, ინტერესით მაკვირდება. ისე ძალიან ჰგავს... ზუსტად მისნაირი თვალის ჭრილი და ღიმილი აქვს. ეს საყვარელი ფოსოებიც კი, ლოყაზე. ასე მგონია, წინ, პატარა ერეკლე მყავს... - დედიკო, მე მამას გადავურეკავ. ერეკლეს ოთახს ხომ აჩვენებ? - კი. - სწრაფად უქნევს თავს და ბაღისკენ მიმავალს, თვალს აყოლებს. - შენ და ჩემი ძამიკო მეგობრები ხართ? - ნელა ბრუნდება და კიბეებისკენ მიდის. - ჰო, შეიძლება ასეც ითქვას. - დაფიქრებული მივყვები უკან. მართლაც, ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის? - ერეკლეს ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ შენ პირველად გხედავ. - ჰო, ჩვენ ახლა დავმეგობრდით. კი, ახლა დამეგობრდით, ალე. შესანიშნავად დამეგობრდით. - ჩემი მეგობარიც იქნები? - სწრაფად ჩერდება კართან და ქვემოდან მიყურებს. იმდენად საყვარელია, თავს ვერაფრით ვიკავებ და ვეხუტები. - კი საყვარელო, ვიქნები. - მაგარია. მე დიდი მეგობარი მყავს - გახარებული უკრავს ტაშს. - ეს არის? - კარზე ვანიშნებ. - კი, მაგრამ უნდა იხმაურო რომ გაეღვიძოს. - კარგი, ვიხმაურებ მაშინ. - თვალს ვუკრავ. საპასუხოდ, თვითონაც იგივეს აკეთებს და გახარებული გარბის უკან. იქამდე ვუყურებ, სანამ თვალს მიეფარება. მერე, ღრმად ვსუნთქავ. ნეტავ შენთანაც ასეთი მარტივი იყოს საუბარი... არ ვიცი, უნდა დავაკაკუნო? არა, თუ სძინავს რა აზრი აქვს. გაუბედავად ვწევ სახელურს დაბლა და ოდნავ ვაღებ კარს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც სხვა სამყაროში შევდივარ და მგონი, მართლა ასეა. წამსვე მეჯახება ცივი სურნელი. ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ, მის მანქანაში იყო. გული მიჩქარდება და ვგრძნობ, როგორ იღვიძებს ჩემში რაღაც უცნაური გრძნობა. ნელი ნაბიჯებით შევდივარ შიგნით და მაინც ჩუმად ვხურავ კარს. რავქნა, მე არ შემიძლია ზიანი მივაყენო. არც გაღვიძებით... საინტერესოა, ამაზე შემოსვლამდე რატომ არ ვიფიქრე. ახლა? ახლა ვერაფრით ვწყვეტ თვალს. ორივე ბალიში ერთად აქვს ჩახუტებული, თავი კი საერთოდ არ უდევს ბალიშზე. უნებურად, საკუთარი თავი მახსენდება. დედა სულ მეჩხუბებოდა, ბალიში იმისთვისაა, რომ თავი დადო და არა იმისთვის, რომ ძირს მოისროლოო. - დათა, გადი. შენი თავი არ მაქვს. ვკრთები. მართლა მეგონა, რომ ეძინა. წამში მედება რაღაც სიმხურვალე სხეულში და უცნაურად მიჭერს სუნთქვას. თითების წვალებას ვიწყებ. ვიცი, რომ გამბედაობა უნდა მოვიკრიბო, მაგრამ ეს მასთან ყოფნისას საშინლად რთულია. მტკიცედ საუბარიც რთულია, თუ რა თქმა უნდა ნერვები არ მომიშალა. მაგრამ რა, მეორე შეხვედრისას დავინახავ და ყველაფერი მავიწყდება. იმ წამს პატიობს გული ყველაფერს. როგორ მიკეთებს ამას?! - და... თუ დათა არ ვარ? - მაინც მებზარება ხმა. ვერ ვხედავ, მაგრამ დარწმუნებული ვარ წამსვე ახელს თვალებს. მყისვე ტრიალდება და ოდნავ იწევა საწოლზე. ისეთი გაოცებული სახე აქვს, აშკარად, მესამე მსოფლიო ომის დაწყებასაც ელოდა, მაგრამ ჩემს აქ, მის ოთახში ხილვას არასდროს. - აქ რას აკეთებ? როგორც ყოველთვის, ჩვეული ქარიზმით იწევს თმას უკან და ბალიშებს თავის ადგილას აბრუნებს. - უნდა ვილაპარაკოთ. - ანუ, ვეღარ დამელოდე? - ირონიულად ეღიმება. - 'მსხვერპლი' დამნაშავესთან მიდის და არ ვიცი? - თავადაც ოდნავ ვუღიმი, მაგრამ უფრო იმისთვის, რომ კითხვა სრულყოფილი იყოს. წარბებს კრავს. რა თქმა უნდა, მსგავს პასუხს არ ელოდა. - ნწ. - ოდნავ აქნევს თავს და ნელა დგება საწოლიდან - უბრალოდ დამნაშავეს უნდა, რომ ასე მოხდეს. აჰა, აი. ბატონი ერეკლე და მისი ტიპური გამოსვლები. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, ისედაც აშკარა იყო, რომ თვითონ არაფერს ნანობდა, მაგრამ მე ხომ მას არ ვგავარ, არა? - დამნაშავეს რომ ჰკითხო, შენზე დიდი დამნაშავე არავინ არ არის, მაგრამ ამჯერად იმიტომ გადარჩი, რომ შენმა ქცევებმა, ეგ სტატუსი მეც გამინაწილა. - ვაა... - ისევ ირონიულად იღიმის და კედელზე დაკიდულ სარკესთან ჩერდება. ჯერ თმას ისწორებს, მერე წვერზე ისვამს ხელს. - დამნაშავე იმიტომ არის დამნაშავე, რომ თავი შეგაყვარა? - წამიერად აპარებს თვალს ჩემსკენ. თითქოს აინტერესებს, რა რეაქცია მექნება მის კითხვაზე. მაგრამ ამ დამცინავ ტონს და ყოველ ჯერზე, ამ თემასთან დაბრუნებას იმდენად შევეჩვიე, იმუნიტეტი გამომიმუშავდა და არათუ გარეგნულად, შინაგანადაც აღარ მაქვს რეაქცია. - ამ შემთხვევაში, დამნაშავე დამნაშავედ არ ითვლება, ჩემო ალე. - ნელი ნაბიჯებით იწყებს მოახლოებას და მეც, ინსტიქტურად ვიხევ უკან. - და... ჰო, არც მსხვერპლია დამნშავე. ბოლოს და ბოლოს, უყურებდე ამდენად სიმპატიურ ბიჭს, თან ეროვნული ნაკრების წევრს და არ გიზიდავდეს, ძნელია მეტად ძნელი. - ამდენად ნარცისი როგორ ხარ. - ოდნავ ვაქნევ თავს. უკვე საშინლად რთულია ყოველ ჯერზე იმასთან შეჯახება, რომ ის სულ სხვა ადამიანია. ხოლო ერეკლე, რომელზეც მე ვარ შეყვარებული, უბრალოდ არ არსებობს. - რავქნა, ვარ და ჰა. - ისევ ეს ირონია - თიკას ასეთი ვუყვარვარ. აი... შენც თუ ასეთს შემიყვარებ, შეიძლება მოგვიანებით შენი კანდიდატურაც განვიხილო. მაგრამ... მაპატიე, დამავიწყდა. შენ ხომ ისედაც გიყვარვარ, ყველანაირი. - კიდევ ერთ ნაბიჯით მიახლოვდება. ღრმად ვოხრავ. აზრი არ აქვს. საერთოდ არაფერს არ აქვს აზრი. ყველაფერში გასართობს ეძებს. - მთავარი აქ მე ვარ. - ჩემი სიჩუმით სარგებლობს და ისევ თვითონ აგრძელებს - რაღაც რომ გამოგვივიდეს, მეც უნდა მომწონდე... - შენ, ჩემო კარგო, თიკასნაირი ჩონჩხები მოგწონს. ნუ ჩამსვავ შენს გემოვნებაში, რაც უფრო მეტს ლაპარაკობ, უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს საშინლად არ მინდა. - თუ საშინლად გინდა? კიდევ მიახლოვდება და უკვე, კედელს ვეკრობი. ფიზიკურად ვეღარ დავიხევ უკან. - ერეკლე, აქ სერიოზულ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი. მორჩი ბავშვობას და ნორმალურად ვისაუბროთ. - მე თვითონაც არ ვიცი, როგორ ავაწყე ამხელა წინადადება ამ მდგომარეობაში. ისევ ეცინება. არა, ახლა რა იყო აქ სასაცილო? - კაი, ოღონდ... შენი გულისცემა მომასმენინე ჯერ. ფრთხილად მეხება ხელის ზურგით ლავიწზე და ნელა ასრიალებს თითებს ქვემოთ. საშინლად მეწვის კანი და იმდენად მიხურს, მგონია, რომ ის ადგილი მიწითლდება, სადაც შემეხო. გულთან ჩერდება და ისეთი ყურადღებით 'უსმენს' თითქოს, მართლა ძალიან აინტერესებს რამდენ დარტყმას აკეთებს წუთში. - გეყოფა. - ხელს ვწევ მის მოსაშორებლად, თუმცა წამში მიჭერს და ისევ უკან მაწევინებს. - ერეკლე. - სუნთქვა გიჭირს? - ისევ ეღიმება. - სიამოვნებას ღებულობ ადამიანების წვალებით? - ადამიანების არა, შენი წვალებით. - აქამდე არავის ყვარებიხარ, ხო? წამში უქრება სახიდან ირონია. - ყველას უბრალოდ მოსწონხარ. შენს თიკასაც. ზუსტად ამიტომ არანაირი რეაქცია არ აქვს შენს შეხებაზე. იმიტომ რომ აქამდეც ათასჯერ შეხებიან და შენ მათგან არ განსხვავდები. - წესიერად ილაპარაკე თიკაზე! - წამში მაშორებს ხელებს. - რაო, გაბრაზდი? სად გაქრა შენი ირონია? - შენ გგონია რომ გიყვარვარ, არა? სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამწარებისკენ არავის უბიძგებს. - სიყვარული არა, ზოგჯერ თვითონ ეს საყვარელი ადამიანია არასწორი ადამიანი. მაგრამ სამწუხაროდ სიყვარულს ჩვენ არ ვირჩევთ, ის თავად გვირჩევს. შენ ამას ვერ გაიგებ. - რადგან არავის ვყვარებივარ? საკუთარი თავი ერთადერთი და განუმეორებელი გგონია, რადგან შეგიყვარდი? - ცინიკურად ეღიმება. - იცი, რაა? შეიძლება ვინმეს უყვარდი კიდეც, მაგრამ შენი დამპლური საქციელების გამო, მასაც ასე, ხელი ჰკარი და თავი შეაძულე. - ჩემს პატარას თავი შევაძულე? აჰა, ისევ ძველ სტადიას დავუბრუნდით. მაქსიმუმ რამდენი წუთი ჰყოფნის ჩემი აფეთქება? ორი? - ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ხარ, ერეკლე. მართლა ვერ ვიჯერებ. - დაიჯერე! - იმდენად მოულოდნელად სერიოზულდება, ვკრთები. - აი ასეთი ვარ, როგორსაც მიყურებ, ხედავ?! სხვანაირად ყოფნა არ შემიძლია. როგორც შენ ამბობ, სიყვარულიც არ შემიძლია, ასე რომ ნუ ელოდები. წადი და შენი ცხოვრება აიწყე, მე არ ვარ ადამიანი რომელიც შენ გაგაბედნიერებს და იმას მოგცემს, რაც გინდა. - მე არ მითქვამს, რომ სიყვარული არ შეგიძლია. დამშვიდდი... - არ მინდა დამშვიდება, წადი აქედან! - კიდევ უფრო უწევს ტონს. - ნუ ყვირი, ქალბატონი ქეთი გაიგებს. - შენ ძალიან გადარდებს?! ახსნა - განმარტებას მხოლოდ მე მომთხოვს, ნუ ღელავ. პირველად ვხედავ ასეთ გაგიჟებულს. დავიჯერო, მხოლოდ ჩემმა სიტყვებმა იმოქმედა ასე? აქამდეც ხომ შევპასუხებივარ, უარესიც მითქვამს. ნაკრებს შევეხე, მის თამაშს შევეხე. ვუთხარი, რომ ქვეყნის სახელი ტალახში გასვარა, მაშინაც კი არ ჰქონია ასეთი რეაქცია. ამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული მისთვის? თვალები ცრემლებით მევსება. მე ვიცი, რა არის ცალმხრივი სიყვარული. ვინ გიყვარს ასე ძლიერ, ერეკლე... წინ და უკან იწყებს სიარულს. მერე ღრმად სუნთქავს და შუბლზე ისვამს ხელს. - კაი მაპატიე, ნუ ტირიხარ. - თვალს არ მისწორებს. წარმოდგენა არ მაქვს, ცრემლები როგორ დაინახა. საწოლის კიდეზე ჯდება და კისერზე ისვამს ხელებს. რამდენიმე წამი ვყოყმანობ, მაგრამ ბოლოს, მაინც ვეღარ ვიკავებ თავს. სწრაფად ვიწმენდ ცრემლებს, რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და მის წინ ვიმუხლები. გაოცებული მზერით მიყურებს. აი ზუსტად ისეთით, ამის გარდა რომ ყველაფერს ელოდა. - ეს შენ მაპატიე... - ხმა მიწყდება, მაგრამ მაინც ვატან თავს ძალას. - ვიცი, არ გიყვარს სიტყვა 'მესმის', ამიტომ გეტყვი, რომ გგრძნობ... შენ იცი, კიდევ რასაც გეტყოდი, მაგრამ არც იმას გეტყვი, რადგან ვიცი, რომ არც ეს გსიამოვნებს. - ყელში მაწვება და თვალებიც, ისევ მევსება ცრემლებით. - მე არ მინდა, რომ გეტკინოს, ერეკლე... ვიცი, რომ არც შენ გინდოდა. ჩემთან მიმართებაში არა. ვიცი, რომ ხვდები ვისაც ვგულისხმობ... მაპატიე ყველაფერი. - ძლივს ვსუნთქავ და მაინც, ვცდილობ ბოლომდე ვუთხრა. - შენ ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარ. ვიცი, რომ ჩემი სიტყვები არაფერს არ ნიშნავს შენთვის, მაგრამ მინდა იცოდე, რომ როგორც გულშემატკივარი, როგორც ქართველი, შენით ვამაყობ. თქვენ, ყველათი ვამაყობ და ყოველი წაგების შემდეგ, კიდევ უფრო მიყვარდები...თ. თუ ოდესმე დაეცემი, გაიხსენე ადამიანი, რომელიც შენსავით დაეცა, მაგრამ მაინც ადგა. ხოლო თუ ადრინდელს გაიხსენებ, იცოდე რომ მარტო არ ხარ. იმას არ გეუბნები, რომ ჩემთან მოხვიდე ან მე მოვალ შენთან. ამას არ ვიზამ, აღარ ვიზამ. იგივე მიზეზით... უბრალოდ იცოდე, რომ მსგავსი გრძნობით ვარსებობ. და შენც იარსებებ. ჰო, ახალი, ბევრად უფრო მტკივნეულია, მაგრამ შეძლებ. შენ ჩემზე ბევრად უფრო ძლიერი ხარ შინაგანად, რადგან არაფერი გიფუჭდება გარშემო ამ გრძნობით. მე ესეც არ შემიძლია... სრულიად ეცვლება მზერა. და ახლა,.ერეკლეს ვხედავ, ჩემს ერეკლეს. ის არსებობს. ზუსტად ისეთი, როგორიც შევიყვარე. სულ ოდნავ ვუღიმი, თუმცა ჩემი ცრემლები ამ ღიმილს ფარავს. ვგრძნობ, რომ რაღაცას მეტყვის, მე კი მოსმენა არ შემიძლია. თავს ვერ შევიკავებ. სწრაფად ვდგები ფეხზე და მისი ოთახიდან გავრბივარ. ნეტავ, საკუთარი თავისგანაც ასე მარტივად შემეძლოს გაქცევა... ________________________________________________________ ფერისცვალებას გილოცავთ! სიკეთისკენ, სიხარულისკენ და სიყვარულისკენ გვეცვალოს ფერი. გელით, როგორც ყოველთვის. სიყვარულით თქვენი ელა'ტრისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.