ნაკრების გული (თავი 7)
*** ცვალებადობა. არ ვიცი, სხვები როგორ არიან, მაგრამ მე ყოველისთვის ჩემგან დამოუკიდებლად ვიცვლებოდი. უცნაურია. არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ცუდი იყო, რადგან ყველა სიტუაციას, თავისით ვერგებოდი. მაგრამ ერთხელ, აი ასე, ჩემგან დამოუკიდებლად შემიყვარდა... გონებამ უარი თქვა გულის გაფუჭებულის მოგვარებაზე და მარტო დავრჩი - სრულიად უძლური. მახსოვს, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი იყო. გულს ვერაფერს ვუდებდი, ნელ-ნელა საკუთარი ცხოვრება, რეალობა მავიწყდებოდა და ფანტაზიებში გადავდიოდი. ორ სამყაროში გავიჭედე. ერთ-ერთი უნდა ამერჩია, რაღაც უნდა დამეთმო. მაშინ ძალიან, ძალიან გამიჭირდა რეალობაში დაბრუნება. ყოველი ამოსუნთქვისას მეწვოდა შიგნიდან რაღაც, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე იყო სწორი და დავბრუნდი... დავბრუნდი, მაგრამ დიდი დანაკლისის ფასად. მაშინ გავანადგურე ჩემი ყველა ოცნება, ხოლო რომელშიც ახდენის პერსპექტივა დავინახე, მიზნებად ვაქციე. მათი ახდენისთვის, დღე და ღამე დაუღალავად ვბრძოლობდი და ჰო, ვაღწევდი კიდეც. იმის მიუხედავად, რომ ეს სიხარული მხოლოდ დროებითი იყო, ის რეალური იყო. ვიცოდი, სულ ვიცოდი, რომ ერთხელაც ეს მიზნები დამთავრდებოდა და მაშინ, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ ისევ მიუწვდომელს არ ჩავეთრიე. მყარად უნდა ვმდგარიყავი. ვიცოდი, მაგრამ ვერ შევძელი... არ ვიცი, როგორ გამოვედი მისი სახლიდან, როგორ ჩავჯექი ტაქსში, როგორ გავიარე ამდენი კილომეტრი. არაფერი არ მახსოვს, საერთოდ არაფერი იმის გარდა, რომ ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა, ახლაც ვცდილობ. მართალია მთელ ენერგიას მართმევს, მაგრამ ცრემლებს ვიკავებ. ვიცი, რომ შეიძლება შორიდან ძალიან ადვილი ჩანს. გიყვარს, არ უყვარხარ, სხვა უყვარს, გადაგივლის, გადაუვლის. ჩემთვის ეს სიტყვები კი არა, ისრებია, რომელიც ყოველი გაფიქრებისას იმდენად ძლიერად მხვდება, რომ მგონია შუაზე მგლეჯს. რატომ... რატომ არ შემიძლია თავიდან ამოვიგდო და დავივიწყო, სამუდამოდ დავივიწყო, აღარასოდეს გამეფიქროს მასზე, აღარასდროს დამიდგეს მისი თვალები თვალწინ. რატომ არ შემიძლია, რომ საკუთარი თავი ვმართო, ამ გრძნობისგან ვიხსნა. გრძნობისგან, რომელიც მხოლოდ ფანტაზიებშია სასიამოვნო. მაწვება. ყელში ძალიან ძლიერად მაწვება... ვეღარ ვიკავებ, ვეღარ ვიტევ. ამ წამს, ჩემში ყველაფერი ის ცოცხლდება, რაზეც ამ ხნის განმავლობაში თვალი დავხუჭე. კართან მისული, უღონოდ ვიკეცები და აკანკალებული ხელით, ძლივს ვახერხებ დაკაკუნებას. - ანუკი....- ხმაც კი აღარ მემორჩილება. ცრემლები მგუდავს. თავს ვეღარაფერს ვუხერხებ და ხმამაღლა ვიწყებ ტირილს... ზუსტად ამ წამს აღებს ანუკი კარს და ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვისთანავე მექანიკურად ეყვირება. - ღმერთო, ალე, რა გჭირს?! - სწრაფად იმუხლება ჩემს წინ. - ტირილი მინდა... ტირილი მინდა, ანუკი... - ღმერთო მიშველე, ღმერთო დამეხმარე, რა გაუკეთა გოგოს. - თავისთვის იწყებს ლაპარაკს და თან, ჩემს წამოყენებას ცდილობს - ადექი, გთხოვ შიგნით შევიდეთ. ეს მართლა ჩემი უკანასკნელი ძალაა, ძლივს ვახერხებ ფეხზე წამოდგომას და მთლიანად მას ვეყრდნობი. ასე, არასდროს არ დამმართნია. სიარულის თავი მაინც მქონდა - ხოლმე. ძლივს მივყავარ მისაღებამდე და დივანზე მსვამს. თვითონ კი, დაფეთებული გარბის სამზარეულოში. არ მინდოდა, რომ ასე შემეშინებინა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ. მართლა ვერ ვიკავებ... სწრაფად მორბის ჭიქით ხელში და ისევ ჩემს წინ იმუხლება. - წყალი დალიე, მიდი. - არ მინდა... - დალიე, ალე. ნუ მაგიჟებ, ხომ ხედავ ვერ ლაპარაკობ, მიდი! - ხმას უწევს და ძალით მაჩეჩებს ჭიქას ხელში. ვიცი, რომ თავს არ დამანებებს, ამიტომ იძულებით ვსვამ ცოტას და ეს, ოდნავ მართლაც მამშვიდებს. თვალს ვუსწორებ და წამით, სულ რაღაც წამით ქრება ჩემი გონებიდან ტირილის მიზეზი, თუმცა ცრემლები მაინც გაუჩერებლად მომდის თვალებიდან. - რა მოხდა, მომიყევი. იდიოტი, დებილი, დამპალი, ერთუჯრედიანი, ვირი, რა გითხრა ასეთი?! სწრაფად აყრის ერთმანეთს და ინტერესით მიყურებს. ძლივს ვსუნთქავ. მართლა არ ვიცი, მოყოლა შემიძლია თუ არა... - ალე, ხმა ამოიღე! ახლა ჭკუიდან გადავალ, გული დამცხებს! - კიდევ უფრო უმკაცრდება ხმა. - სხვა უყვარს... - უფრო ვჩურჩულებ, ვიდრე ვამბობ. - რა? - თვალები უფართოვდება - შენ რა, ამის გამო ტირიხარ და იკლავ თავს?! ვინ მიგდია ეგ თიკა, გითხრა რომ უყვარს და დაუჯერე? მისნაირი ალბათ ცხრა უყვარდა გოგო, ასეთი გულუბრყვილი ხარ?! მაგ შტერმა არც იცის რა არის ნამდვილი სიყვარული! - იცის... - ღრმად ვსუნთქავ და ცრემლებს ვიწმენდ. - რა იცის, ალე! იმ გოგოსთან უბრალოდ ერთობა, როგორც ყველასთან. მობეზრდება და მერე იტყვის, რომ აღარ უყვარს და ახლა სხვა უყვარს! - თიკაზე არ უთქვამს და არც სხვა ყოფილზე... ის... ის ასე, ჩემნაირად, ცალმხრივადაა შეყვარებული. - ისევ მომდის ცრემლები. ღმერთო, თავს რატომ ვერ ვიკავებ. - რაა? - კვლავ უფართოვდება თვალები-ეგ თვითონ გითხრა? - ნწ. - ოდნავ ვაქნევ თავს - მივხვდი... - ოოფ - ღრმად ოხრავს - რას მიხვდი, რანაირად მიხვდი, იქნებ შეცდი, იქნებ უნდოდა, რომ ასე დაგეჯერებინა, იქნებ... - ანუკი. - სანამ კიდევ ათას ვარიანტს განიხილავს, იქამდე ვაჩერებ. - წლებია, ამ გრძნობით ვცხოვრობ. ვიცი, ეს რაც არის და რასაც უკეთებს ადამიანს და როგორც არ უნდა დამალო, თვალებს ვერ დამალავ. განსაკუთრებით იმ ადამიანთან, რომელიც ამ გრძნობით ცხოვრობს. იქ... იქ ყველაფერი ჩანს და მე ის დავინახე. - შენ გინდა მითხრა, რომ ერეკლეს თვალებში რაღაც დაინახე, შენებური დასკვნები გააკეთე და ტირილიც ამიტომ დაიწყე? მომისმინე, ალე. ასე არ შეიძლება, ჩვენ არც ფილმში ვართ და არც წიგნში. ასეთი რაღაცეები, რეალურად არ ხდება. მე ამის არ მჯერა. ადამიანს თვითონ არაფერი უთქვამს, შენი მისი თვალები გეყო ყველაფრის გასაგებად? - ჰო. დავინახე, როგორ გაანადგურა იმან, რომ ვუთხარი არავის ჰყვარებიხარ - მეთქი. წამში მოხდა მასში გარდატეხა... ირონიას ამოფარებული სიყვარული გაუშიშვლდა, მერე ისევ სცადა ირონიით დაეფარა, მაგრამ ვეღარ შეძლო. ერთ წამში გავანადგურე. აწყობილი ჩამოვუშალე, მხოლოდ იმით, რომ სიყვარული ვუხსენე. - იქნებ, არასწორად ფიქრობ... - არა, ანუკი. შეუძლებელია... მის წინ ვიჯექი, ვუყურებდი, ვესაუბრებოდი, ის კი არ მაჩერებდა. ერეკლე, რომელსაც ყველაფერზე პასუხი აქვს, უბრალოდ მისმენდა. მისი თვალები, იმდენად ჰგავდა ჩემსას... მიხვდა, რომ მივხვდი. მასზე ვესაუბრე კიდეც, უარყოფაც კი არ უცდია. - ღმერთო შენ მიშველე.- შუბლზე ისვამს ხელს. - იცი... როცა შენსას უძლებ, თითქოს შეგიძლია, ერევი, მაგრამ საყვარელი ადამიანის ტკივილი საკუთარზე მეტად რომ გტკივა, მას ვერაფერს უხერხებ. ვერ ვუძლებ, ალბათ ამიტომ ვერ ვიკავებ ცრემლებს... - თავს ხელებში ვრგავ და თვალებს მაგრად ვხუჭავ. - ალე... - ყველაფერი დამთავრდა. მე მასთან აღარ მივალ. აღარასოდეს, ისევ მისთვის... იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და მერე მისი ბედნიერებით ვიქნები ბედნიერი. ხომ გაგიგია, თუ გიყვარს, უნდა გაუშვაო... - ალე გეხვეწები, ძალიან ვნადგურდები რა... - თავზე იჭდობს ხელებს. - გთხოვ, შეწყვიტე ტირილი. აი ნახავ, გამოჩნდება ვინმე, ვისაც მასზე მეტად შეიყვარებ და თვითონაც იგივე გრძნობით გიპასუხებს. - მასსავით, ვერვის შევიყვარებ... - ისევ ჩურჩულით ვამბობ და დივანზე ვწვები. ფეხებს ვიკეცავ და თავს ისევ ხელებში ვრგავ. - ალე... - საკუთარი თავისგან გაქცევა მინდა. - ჩემო საყვარელო მეგობარო... შეეცადე დაიძინო, კარგი? - სავარძლიდან პლედს იღებს და მაფარებს. თვითონ კი, ისევ იატაკზე, ჩემს თავთან ჩოჩდება და თმაზე მეფერება. - დედას დაურეკავ? - კი, ვეტყვი, რომ ჩემთან რჩები. არ ინერვიულო, შეეცადე დაიძინო. ვგრძნობ, როგორ მძიმედ სუნთქავს ისიც. ცდილობს დამეხმაროს და ის ფაქტი, რომ არ შეუძლია, მასშიც იწვევს ემოციურ ცვლილებას. ძალიან მინდა ჩავეხუტო, მაგრამ შინაგანად ისე ვარ განადგურებული, იმის ძალაც კი არ მაქვს, რომ თვალები გავახილო. უჩვეულოდ სწრაფად მართმევს ძილი თავს და ცხოვრებაში პირველად, თვალების დახუჭვიდან, წამში ვითიშები. *** არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ასე უცნაურად, არასდროს გამღვიძებია. თითქოს, დრო საერთოდ არ გავიდა. თვალებს დიდი ძალისხმევით ვახელ, თუმცა ისევ მეხუჭება. რაღაც ხმები ჩამესმის და ვერაფრით ვხვდები, რეალობაა თუ არა. ვცდილობ, გონება დავძაბო და პარალელურად, ისევ,ოდნავ ვახელ თვალებს. ანუკია. და ეს რეალობაა. მაგრამ რა აყვირებს? - გითხარი, წადი აქედან! გეფიცები, შენ მე არ მიცნობ. ისე გცემ, ძვლებში გადაგამტვრევ და მერე, მგონი საუკუნით დაემშვიდობო ნაკრებს! ნაკრებსო? შიგნიდან უცნაურად ვცოცხლდები. მყისვე ვდგები და ვცდილობ, კისრის ტკივილს ყურადღება არ მივაქციო. სწრაფად გავდივარ შემოსასვლელში და... ვშეშდები. - მგონი ჯობია თვითონ გადაწყვიტოს დამელაპარაკება თუ არა. - როცა მოგინდება, მაშინ ვერ მოხვალ და ვერ ატირებ, გაიგე? ალე შენი სათამაშო არ არის! - ანუკი. - იმდენად მტკიცედ ვამბობ, საკუთარი თავის მე თვითონ მიკვირს. წამსვე ტრიალდება ჩემსკენ და კარგად შესამჩნევი გაკვირვებაც ესახება სახეზე. მართლა მინდა, თუნდაც თვალებით ვანიშნო რაღაც, მაგრამ ვერაფრით ვერ ვაშორებ ერეკლეს მზერას... ისეთი შეცვლილია, ისეთი სხვაა. - ალე, შენ თვითონ თქვი... - მისკენ მიმავალს, წამში მაფრინდება მკლავში და მაჩერებს. - მე რაც ვთქვი, ის არ დამვიწყებია, ანუკი. გთხოვ, შედი და მოვალ. უბრალოდ ღრმად ოხრავს. მერე, ერეკლეს სტყორცნის უკმაყოფილო მზერას, თუმცა ის, ამას საერთოდ ვერ ამჩნევს, რადგან ჩვენი თვალები შეხვედრის წამიდან არ შორდება ერთმანეთს. ნელი ნაბიჯებით გავდივარ გარეთ და როგორც კი ანუკი თვალს ეფარება, კარს ვხურავ. - ვიფიქრე და... ისე ვერ წავიდოდი, რომ ყველაფერი ასე დამეტოვებინა. დღეს... - ესპანეთში მიფრინავ. 2 დღეში სარაგოსას თამაშია. აქამდეც უნდა წასულიყავი, მაგრამ ვაკოს დაბადების დღის გამო გადადე. რვაში პოლონეთს ვხვდებით და იქიდან პირდაპირ იქ გაფრინდები. თუ რა თქმა უნდა შალვა ძირითადში ჩაგსვამს, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. - ვხვდები, რომ საუბარი უჭირს და წინადადების დასრულებაში ვეხმარები. მხოლოდ წამიერად უკრთება თვალებში გაკვირვება და მერე, სულ ოდნავ შესამჩნევად იღიმის. - ანუ ჩემი კლუბის შესახებაც ყველაფერი იცი... - მარტო შენი არა, ყველას ძველი და ამჟამინდელი კლუბი ვიცი. - მჯერა... - ოდნავ მიქნევს თავს და კიდევ უფრო დაჟინებით მაცქერდება თვალებში. ეს წამიერი სიჩუმე, ჩემთვის უბრალოდ საუკუნეა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს სუნთქვას აკვირდება. - იცი... როცა მითხარი, შენ ამ გრძნობით გარშემო არაფერი გიფუჭდებაო. მიფუჭდება, ალე. უკვე გამიფუჭდა კიდეც. შენთან მიმართებაში... - ერეკლე. - ღრმად ვოხრავ. - ვიცი, ვიცი. აქამდეც ათასჯერ მივქარე, მაგრამ მხოლოდ ახლა... მოკლედ გთხოვ, ახლა მიიღე ის, რასაც გეუბნები. ისევ ღრმად ვსუნთქავ, თუმცა თითქოს, მაინც არ მყოფნის ჰაერი. - შენ... ძალიან კარგი გოგო ხარ, ოღონდ მართლა და მიუხედავ იმისა, რომ სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ვიღაცას მართლა უყვარხარ ასე გულწრფელად და სუფთად, მირჩევნია, რომ უბრალოდ მოგწონდე, აი ისე, მერე რომ გადაგივლის. - რომ აღარ ინანო ის, რაც გააკეთე. - არა, გული რომ არ გეტკინოს. - ისევ ოდნავ მიღიმის, თუმცა წინასგან განსხვავებით, მასში ირონიის ნატამალიც აღარსადაა. - ხო, არის რაღაც... რაშიც მართალი ხარ. ეს, ძალიან რაღაცნაირი გრძნობაა. სასიამოვნო და კარგი არა, რა თქმა უნდა. მართალია მე ისე ლამაზად ვერ გელაპარაკები, როგორც შენ მელაპარაკე, მაგრამ ვიცი, რომ ხვდები, რასაც ვამბობ. - საერთოდ როცა საკუთარ თავზე გაქვს გამოცდილი, უკეთ ხვდები. - ოდნავ ვუქნევ თავს. - ხო, კი. მე... არ ვიცი, რანაირად რა გითხრა. საერთოდ, მე თუ მკითხავ შენი მხრიდან პატიებას არ ვიმსახურებ, მაგრამ... - მაგრამ? - მაგრამ არ ვიცი, შენ რას ფიქრობ და როგორ. სწორად გამიგე, თუ მეტყვი, რომ... - ერეკლე, დაამთავრე - ხოლმე. რა გაბნევს, შენც შენი სიყვარულის წინ დგახარ? - მართლა ძალიან მეშლება ნერვები. უფრო იმაზე, რომ ბორძიკობს. თითქოს, თვითონაც ვერ ხვდება რისი თქმა უნდა. თითქოს, დარწმუნებული არაფერში არაა, იმაშიც კი, რომ ნანობს. მაგრამ არც ის უნდა, რომ ამ გრძნობით წავიდეს და ეგონა, რომ თუ ჩემს წინ დადგებოდა, თავისით მოვიდოდა სიტყვები, თუ რა ეგონა მართლა ვერ ვხვდები. ჩემს სიტყვებზე, ისევ ოდნავ ეღიმება. და ეს ღიმილი, კიდევ სულ სხვანაირია. - მომწონს შენი პირდაპირობა... - შენგანაც მხოლოდ იგივეს ვითხოვ. მითხარი თუ რამის თქმა გინდა, თუ ვერ ახერხებ და წადი, თვითმფრინავზე დაგაგვიანდება. - ინსტიქტურად ვიყურები მაჯაზე არსებულ საათზე. - ისიც კი იცი რომელზე მივფრინავ? - მზერას მარიდებს. - ერეკლე. - ხო. - მალე. - მაპატიე... - მოულოდნელად მისწორებს თვალს და ამჯერად, მე მინდება მისი მზერისგან გაქცევა, თუმცა როგორღაც ვიკავებ თავს. - საერთოდ ყველაფერი... ცუდად გექცეოდი. დამნაშავე ჯერ მარტო იმიტომ ვარ, რომ ამას დღეს არ მივმხვდარვარ, იმ დღიდან ვიცი, როცა პირველად ვცადე ასეთი დამოკიდებულება შენთან და... ამით ვერანაირი სიამოვნება ვერ მივიღე. - ანუ სხვა დროს იღებ - ხოლმე? - მაგას რა მნიშვნელობა აქვს. - ძალიან დიდი. ბევრს ექცევი ასე საკუთარი სულის დასამშვიდებლად? მოგწონს რომ გულსსტკენ - ხოლმე? თუ ამას ვერ გრძნობ, რადგან შენ ერთობი? - მომისმინე. თუ ვინმესთან იგივე რაღაც მიცდია, გული არავისთვის მიტკენია, ჩვენ ერთად ვერთობოდით, ამაზე ნუ მალაპარაკებ ახლა. - ვერგავიგე? მართლა ვერ ვხვდები რას მეუბნება. ასე იგი, სხვასაც ექცეოდა მსგავსი ირონიით და ისინი უტარებდნენ? გულთან არ მიჰქონდათ? როგორ შეიძლება საერთოდ არ გატკინოს გული ამ სიტყვებმა? თუმცა მე რა ვიცი რა სიტყვებს ეუბნებოდა, იქნებ მათთვის ცუდადაც არაფერი უთქვამს. - არავის ჰქონია ისეთი რეაქცია, როგორიც შენ გქონდა, არასდროს, არცერთ ჯერზე. თავიდან მეგონა, რომ შენც უბრალოდ მათნაირი იყავი და არ გწყინდა. მერე, დაკვირვება დავიწყე... - ჩემი გრძნობების ხარჯზე. - ოდნავ ვაქნევ თავს და ვცდილობ, მოწოლილი ემოციები, როგორღაც შევაჩერო. - არ მეგონა, თუ შენი გრძნობები ნამდვილი იყო, გეფიცები, მაგას ვერ წარმოვიდგენდი. - ახლა ხომ წარმოიდგინე? კარგი, გთხოვ, აღარ გვინდა ამაზე. ძალიან დავიღალე, მართლა ძალიან დავიღალე ყველაფრით. მიღებულია შენი ბოდიში, მართალია გვიან... მაგრამ კარგი, გაპატიე. რომც მინდოდეს, ვერ გიბრაზდები. - ისევ მაწვება ცრემლები და თავს ვხრი. - შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ. როგორც ვაკოსთან და გუგასთან ხარ, არ ვიცი, კიდევ ვის იცნობ ნაკრებიდან... - ერეკლე, გთხოვ. ვალდებული არ ხარ. ვაკოს თავად უნდა ჩემთან მეგობრობა და საკუთარი სურვილითვე არ დავუკარგივარ სკოლის შემდეგ. მე კი შენს ცხოვრებაში ფაქტობრივად ძალით შემოვედი. ვალდებული არ ხარ, რომ მიმიღო, მართლა გეუბნები. - ამას ვალდებულების გამო არ გეუბნები, რა გჭირს?! იმასაც ხომ არ მეტყვი, რომ ნუ გეცოდებიო? შენი აზრით, ვგავარ ადამიანს, რომელსაც შენთან მეგობრობას დააძალებ როცა არ უნდა? ღრმად ვსუნთქავ. მართლა არ ვიცი, რა ვუპასუხო. - მაგრამ რა თქმა უნდა, თუ შენ არ შეგიძლია, გავიგებ... ისევ ვერ ვპასუხობ. ჯანდაბა. რას ვეუბნებოდი ანუკის? ისევ მისთვის, შორს ვიქნები - თქო, გავუშვებ - თქო. არ აღიარებს, მაგრამ ხომ ვიცი, ამას რატომაც აკეთებს. ძალიან კარგად ესმის ჩემი და ცდილობს, იგივე გრძნობებით არ ვიცხოვრო, რითაც თვითონ ცხოვრობდა, ან ახლაც ცხოვრობს. ისევ ყელში მაწვება და ამჯერად, ზემოთ, ჭერზე გადამაქვს მზერა. ღმერთო, რა გავაკეთო... ჰო, მართალია მისგან შორს ყოფნა არ მინდა, მაგრამ მასთან მეგობრობა შემიძლია? მაგრამ თუ უარს ვეტყვი, დანაშაულის გრძნობა გაჰყვება და საკუთარ თავს ვერ აპატიებს. - კარგი, მესმის. - არ ვუყურებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ახლა როგორი მზერა აქვს. - წავალ, თორემ მართლა დამაგვიანდება უკვე. სწრაფად ბრუნდება და კიბეებზე ჩარბის. ვერ ვიტან ასეთ წუთებს. ჯანდაბა. ხომ ვიცი, მერე უნდა მოვკვდე სინანულით. - ერეკლე... მაშინვე ბრუნდება. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ დავუძახებდი. ნელა ჩავდივარ კიბეებზე და ისევ წინ ვუდგები. - კარგი, თანახმა ვარ. ვიყოთ მეგობრები... - არც კი ვიცი, როგორ ვიკავებ ცრემლებს. - თუ არ შეგიძლია... - შემიძლია, მართლა. შორს ყოფნაზე უფრო ადვილი, მეგობრობაა, ეს შენც ხომ იცი. - მაპატიე... - უკვე გაპატიე, ხომ გითხარი. - ეგ არა. მეტის შემოთავაზება რომ არ შემიძლია, ის მაპატიე. ღრმად ვსუნთქავ. ღმერთო, ახლა ვეღარ გავუძლებ. ახლა ავტირდები და ყველაფერს გავაფუჭებ. ხელები უკვე მიკანკალებს და ნელ-ნელა, მთელს სხეულშიც მეწყება კანკალი. - მოგწერ მატჩამდე. გამამხნევებელი მესიჯები დამჭირდება... ნაძალადევად ვუღიმი. - წარმატებები, შენს რეალ სარაგოსასთან ერთად. - ხომ მიყურებ? - ჰო... - სწრაფად ვუქნევ თავს. - კაი. მაშინ დროებით. - კარგად. კეთილი მგზავრობა... - დაპროგრამებულივით ვპასუხობ. ოდნავ მიღიმის და ერთი ნაბიჯით მიახლოვდება. თუმცა მე იმდენად ვარ ემოციების მართვაში გართული, იქამდე ვერ ვიაზრებ რომ ჩახუტებას აპირებს, სანამ ძლიერად არ მხვევს ხელებს ზურგზე. ზუსტად ამ წამს უნდა ამომესუნთქა და ზუსტად ამ წამს იცვლება ჰაერი ჩემს გარშემო. მისი სურნელი, მთელს სხეულში მედება და... მორჩა, ახლა ავტირდები, ახლა მართლა ავტირდები. - ერეკლე, ერეკლე, გამიშვი. - სწრაფად ვიშორებ მის ხელებს - დაგაგვიანდება, აბა შენ იცი, კარგად. დაგა-დაგვიანდება... - საერთოდ ვეღარ ვიაზრებ რას ვეუბნები. ელვის სისწრაფით ავირბივარ კიბეებზე და შიგნით შესული, ისევ იატაკზე ვიკეცები. ღმერთო, მიშველე... *** - ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა გააკეთე. - მას შემდეგ, რაც ანუკის ყველაფერს ვუყვები, ადგილზე ვეღარ ჩერდება და შეუსვენებლივ დადის წინ და უკან. - როგორ დათანხმდი მეგობრობაზე, ახლა ხომ უფრო გეტკინება. თანაც... შენ არ მეუბნებოდი, მისგან შორს უნდა ვიყოო? - ჰო, მაგრამ ის ბედნიერი არ იქნებოდა, თუ უარს ვეტყოდი. მას უნდა, რომ ყველაფერი გამოასწოროს. - ისევ მის ბედნიერებას აყენებ საკუთარზე წინ? ალე როგორ წარმოგიდგენია იმ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც გიყვარს? - შორს ყოფნაზე რთული არაა. - რთული არაა? უყურებდე როგორ ეხვევა და კოცნის თიკას, მერე კიდევ სხვა გოგოს და მერე კიდევ სხვას. მერე მეგობრებს გაგაცნობთ ალბათ საცოლეს. - ანუკი, გთხოვ... ყველაფერი ვიცი. აღარ მინდა, ნუღარ მელაპარაკები ამაზე, ძალიან დავიღალე, გესმის? არ ვიცი, რა არის სწორი და რა არა. თავში ძალიან ბევრი აზრი მაქვს და მინდა, რომ საერთოდ არცერთზე არ ვიფიქრო. - ღრმად ვსუნთქავ და თავს ხელებში ვრგავ. არაფერს აღარ მეუბნება, თუმცა ვიცი, რომ სათქმელს ალაგებს და მე მოსმენა არ შემიძლია. სწრაფად ვდგები ფეხზე და მარტო იმას ვეუბნები, რომ მეძინება. თანხმობის ნიშნად, უბრალოდ თავს მიქნევს და მეც, ნელი ნაბიჯებით ვტოვებ მისაღებს. ღმერთო... წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გავუმკლავდე ამდენ ემოციას ერთად. * დილას ძალიან ადრე მეღვიძება. მაშინვე ვდგები და იმის მიუხედავად, რომ ვიცი, რა მოჰყვება ამ ჩუმად გაპარვას ანუკის მხრიდან, მაინც არ ვაღვიძებ. საკმარისად დავტანჯე ეს გოგოც. გუშინდელიდან ვასმენინებ ჩემს მოთქმა - ვაებას. არა, გამორიცხულია. ასეთი ალე, აღარასოდეს აღარ იქნება. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დავუბრუნდე და ყველაფერს მყარად უნდა შევხვდე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მაინც. პირდაპირ სახლში ვაპირებ წასვლას რომ ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ, ცოტა მაინც ვიმეცადინო ნორმალურად, მაგრამ ტელეფონის ზარი, მოქმედებას მაწყვეტინებს. საინტერესოა ვის გავახსენდი ამ დილაუთენია. ძლივს ვაძვრენ ჩანთიდან და გზას შედარებით ნელა ვაგრძელებ. ვაკო. ნეტავ რამე მოხდა? როგორც ყოველთვის, ჩემს ტელეფონთან ხანგრძლივი ომის წარმოება მიწევს, რომ როგორღაც ვუპასუხო. ხან იქიდან ვატრიალებ, ხან აქედან, რაღა მაინც და მაინც ამ ადგილას არის გაჭედილი სენსორი. არა, რა. - აქვე გადაგაგდებ, თუ არ უპასუხებ! - ისე ვემუქრები, თითქოს სულიერია და ესმის. მაგრამ მგონი, მართლა გაიგონა. შვებისგან, ღრმად ვსუნთქავ და ზუსტად იმ წამს, როცა ტელეფონი ყურზე უნდა მივიდო, მანქანის მკვეთრი მოხვევის ხმა მაყრუებს. მხოლოდ წამიერად ვახერხებ თვალის შევლებას და მერე, ძლიერ დარტყმას ვგრძნობ, რომელიც მთელს სხეულში საშინელ ტკივილს მაყენებს. მოწყვეტით ვეცემი ძირს და ყველაფერი, წამსვე ბნელში ეფლობა. ___________________________________________ სიყვარულებოო, ვიცი, ვიცი, პატარაა და ისევ დამაგვიანდა. სხვანაირად ვერ ვახერხებ, მომიტევეთ როგორმე. რას ფიქრობთ ერეკლეს საქციელზე, სწორი იყო თუ არა მეგობრობის შეთავაზება? ან, როგორ შეაფასებდით ალეს პასუხს? გელით, ვისაუბროთ. სიყვარულით თქვენი ელა'ტრისი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.