გაბედავ თუ ვერა? (1)
ყველაფერი გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ, როცა მეგონა, რომ სამყარო მშვენიერი იყო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ იღბლიანი ვიყავი, იმის გამო, რაც მქონდა, მანამ, სანამ არ აღმოვაჩენდი, რომ თურმე იმ დახურული კარის მიღმა, რომელსაც ჩემი გულუბრყვილო უშფოთველობა და ნდობა ერქვა, ჰორიზონტამდე გადაჭიმულიყო ბინძურ ტყუილებსა და თვალთმაქცობის ქსელში გახვეული უზარმაზარი სამყარო. *** შოკოლადისფერ ტონში აყვავებულიყო შემოდგომა, სწორედ ისე, როგორც თბილ წაბლისფერში გახვეული ფიჭვნარი. ხეების შრიალი მელოდიურად ჩამესმოდა სამზარეულოს მჭიდროდ ჩარაზული ფანჯრიდანაც კი, საიდანაც ვხედავდი, როგორ ჭრიდა გაზონს ჩემი ახალი მეზობელი-საშუალო სიმაღლის გამხდარი ქალი, საოცრად ნატიფი ხელებით, რომლებიც, გადმოსვლის დღიდან მუდმივად გრძელი სახელოებით დაემალა და მხოლოდ მის ხელის მტევნებს ვამჩნევდი-ბამბის ქულასავით ქათქათასა და ღრუბელივით მსუბუქს. მომწონდა მისი გრაციოზულობა, ასევე სევდიანი სახე, რომელიც ემოციას არასოდეს იცვლიდა. მის ქცევაში კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ იყო: ის ყოველთვის თავდახრილი დადიოდა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ შეემჩნია მისი სახე. დიდხანს ვერ ვიგდებდი თავიდან, ასე რატომ იქცეოდა. შემდეგ ვფიქრობდი, რომ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავისი გარეგნობის რცხვენოდა, ან ვინმეს გაურბოდა და დამალვა საუკეთესო გადაწყვეტილებად ეჩვენებოდა. ნეტავ, რა იყო ნამდვილი მიზეზი? ამჯერად გაზქურასთან ვიდექი და ვახშამს ვამზადებდი მამაჩემისთვის და მისი მეორე ცოლისთვის, რომელიც ჯერაც სამსახურში იყო. მას ხშირად გვიანობამდე უწევდა მუშაობა, რომ ჩემი, მამაჩემისა და გადასახადების ხარჯები დაეფარა. როცა მასზე ვფიქრობდი, უმეტესად მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა მეუფლებოდა, თუმცა ხანდახან სიბრაზეც ინთებოდა ჩემში. ეს სიბრაზე სხვა არაფერი იყო გარდა სიბრალულისა და მასზე ზრუნვის გამო გამოწვეული გაკიცხვისა, რადგან ვფიქრობდი, მას შეეძლო, უკეთესი ცხოვრება ჰქონოდა, მამაჩემისნაირ ადამიანთან ერთად დაბერების ნაცვლად იმ დიდებულ მომავალზე ეფიქრა, რომელიც ასეთ კაცთან ცხოვრებაზე უარის თქმით ელოდა... თუმცა, როგორც ჩანს, მე არავინ მეკითხებოდა. წვნიანში წვრილად დაჭრილი კამა ჩავყარე და კარგად მოვურიე. ვიგრძენი, როგორ შემომეხვია წვივზე კატის კუდი. ესაც ჩემი მუდამ მშიერი კატა... მას ძეხვი უყვარდა, ასევე ნებისმიერი სახის ცხიმიანი ხორცი, სწორედ ამის გამო შიმშილობდა, თუკი იმას არ ვაჭმევდი, რაც მისი საყვარელი საჭმლის სიაში შედიოდა. -გშია, დანტე? რა თქმა უნდა, და შენც მე მელოდები, არა? მაცივრისკენ დავიძარი, რომ მისი საყვარელი სოსისი გამომეღო, თუმცა რაღაც უცნაურმა შემაჩერა. ოთახს სანამ გადავკვეთში, ფანჯრიდან შევნიშნე, როგორ რწყავდა ბაღის ყვავილებს ჩემი ახალი მეზობელი, თუმცა ამჯერად კიდევ უფრო განსხვავებულ ფორმაში. მას თავზე შავი ცილინდრული ქუდი მოერგო, ხელებზე კი კანისფერი ხელთათმანები ეკეთა. "ნეტავ რას მალავს?"-გავიფიქრე და თვალებმოჭუტული მივაშტერდი ფანჯრის მიღმა, გზის გადაყოლებაზე საკუთარ ბაღში ფრთხილი, გაუბედავი ნაბიჯებით მოსიარულე ახალგაზრდა ქალბატონს.-"ძალიან უცნაურია..." -ლილა-მამაჩემის მოულოდნელმა ძახილმა ისე შემაშინა, შევხტი.-ვახშამი მზად არის? -მალე იქნება, მამა.-პასუხად გავძახე და ვცადე უკმაყოფილების შეგრძნება დამეთრგუნა, რომელსაც მისი უმოქმედობა და მბრძანებლური ტონი იწვევდა. მაინც, რა მოხდებოდა, ქალებს უარი რომ ეთქვათ კაცებისთვის საუზმის, სადილის და ვახშმის მომზადებაზე? რა მოხდებოდა, ერთ დღესაც ხმამაღლა რომ წამოეძახათ-"ფეხებზე " და ეს საშინელი, მოსაწყენი მზარეულის წინსაფარი იატაკზე მთელი შემართებით მოესროლათ? "ამაზე ფიქრისთვის შესაფერისი დრო არ არის"-ჩავძახე საკუთარ თავს, ღრმად ამოვისუნთქე და სხვა სახლის საქმეების შესასრულებლად გავწიე. როდესაც დანტე კვლავ კნავილით დამედევნა, გამახსენდა, რომ დაუფასებელ შრომაზე ბრაზისას ნამდვილი მეგობრისა და ოჯახის წევრის გამოკვება დამვიწყებოდა, ამიტომ სოსისის გამოსაღებად კვლავ უკან მივბრუნდი. ******* დღის მიწურულს, როდესაც პროდუქტებით დატვირთული ხელებით ადგილობრივი სუპერმარკეტიდან სახლში ვბრუნდებოდი, მოგუდული ყვირილი ჩამესმა ახლომახლო სახლიდან. ყურადღება მოვიკრიბე, ვიფიქრე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ რა ხდებოდა და საიდან მოდიოდა ეს განწირული, საცოდავი ყვირილის ხმა. საბოლოოდ ჩემი ორიენტაცია კომპასივით გაჩერდა ახალი მეზობლის სახლისკენ, სადაც ყოველ დღე ამ დროს ხალიჩებს რეცხავდა უცნობი ქალბატონი თავის აივანზე , ამჯერაად კი არსად ჩანდა. სახლს ფრთხილად მივუახლოვდი, გზად კი იმაზე ვფიქრობდი, რა მომელოდა, სახლის კარი რომ უეცრად გაეღოთ და ასე ფეხაკრეფით მათკენ მიმავალი დავენახე. ალბათ, ნებისმიერი იფიქრებდა, რომ ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული ჭორიკანა მეზობელი ვიყავი, რომელსაც სხვის საქმეებში ჩარევა უყვარდა. სანამ ამაზე ვფიქრობდი, სულ დამავიწყდა, რომ ხელები მძიმე პარკებით დამეტვირთა. როცა ეს მომაგონდა, უკან გავემართე, რომ ღობესთან ახლოს დამეწყო ისინი, შემდეგ კი უკან მივბრუნდი, რათა მეზობლის ფანჯარაში შემეჭყიტა და მისი იდუმალი ცხოვრებისთვის ფარდა ამეხადა. ბოლოს და ბოლოს გავარკვევდი, რატომ ჰქონდა ასეთი უცნაური მანერები, სტილი თუ აღნაგობა. გავარკვევდი, რა სჭირდა ამ ქალს ისეთი, რის გამოც შუა ზაფხულის ორი კვირის მანძილზე არასოდეს შემემჩნია მოკლემკლავიანი სამოსით, გაშლილი მხრებითა და მომღიმარი სახით. აი, როგორც იქნა, მივაღწიე მისი სახლის კარამდე და ვცადე, ყური მიმეგდო იმ ხმებისთვის, რომლებიც იქიდან გამოდიოდა. ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა, ზედმეტად ბუნდოვნად მესმოდა ბუტბუტი და შემდეგ კნავილის მსგავსი ბგერები. "რა ჯანდაბა ხდება?" ლამის შეშლილივით მიმედო ყური კარს, ცნობისმოყვარეობა ნამდვილად ჭკუიდან მშლიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს იყო მიზეზი ჩემი ასეთი ინტერესისა. გულწრფელად მინდოდა, მცოდნოდა, რომ ამ ქალის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იყო და არაფერი უჭირდა. -ნიკოლოზ-სასოწარკვეთილმა კივილმა ის ზღვარიც გაჭრა, რომელიც მანამდე დანარჩენ სიტყვებს სახლის შიგნით აკავებდა.-გთხოვ, ნიკოლოზ, არ წახვიდე. -მომშორდი-დაიღრიალა ვიღაცამ. ამ ხმამ ისე შემაკრთო, ვიგრძენი, შიშისაგან როგორ დამეწყო მუცლის გვრემა. -გამეცალე-მეთქი, ხომ ვთქვი გასაგებად? "ეს ვინღა ეშმაკია?"-გამიელვა გონებაში.-"სიამოვნებით გავულაწუნებდი, მისი ცოლი რომ ვიყო". -ის არაფერ შუაშია, გეფიცები. -აბა, შენ ეფლირტავებოდი?-მძვინვარებამ იმატა კაცის ხმაში.-ასეც ვიცოდი, რომ შენი ნდობა არ შეიძლება. როგორც კი კაცს ხედავ, მასთან ფლირტს იწყებ. -არა, ნიკოლოზ... აქ მისი ხმა გაწყდა, შემდეგ კი შეკივლება გაისმა. ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები გახდა. ეს ქალი უცნაური კი არა, უბრალოდ ძალადობის მსხვერპლი იყო. მსხვერპლი, რომლის პათოლოგიურად ეჭვიანი ქმარი ყოველდღე ისე ურტყამდა, რომ სახის გამოჩენის რცხვენოდა ქალს. გაშეშებული ვიდექი, რადგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მანამდე, როდესაც ასეთ მომენტს წარმოვიდგენდი, როცა ვფიქრობდი იმაზე, თუ რას გავაკეთებდი, თუკი მოძალადეს აღმოვაჩენდი, ჩემი არჩევანი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად სამართალდამცავებთან დაკავშირებისკენ იხრებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ხელი ერთმა რამემ შემიშალა-კარის ხმამ, რომელიც მანამდე გაიღო, სანამ მე აზრზე მოვიდოდი. კაცი, რომელიც ჩემ წინ იდგა, განრისხებულ გორილას ჰგავდა, რომელზეც სახეზე წითელი ფერის ოცდაათამდე ტონი გადასდიოდა ერთმანეთში. ამჯერად გაკვირვებამ ნაწილობრივ გადაფარა მისი ბრაზი. სანამ ის წარბშეჭმუხნული მიყურებდა და ცდილობდა, გამოერკვია ვინ ვიყავი, მე თავის გასამართლებელ არგუმენტს ვეძებდი. -უკაცრავად, თქვენ ვინ ხართ?-უხეში ტონით მომახალა კითხვა. "როგორი ტემპერამენტიანი ჯოჯოხეთის მოციქული ხარ, უცნობებთანაც კი გიჭირს თავაზიანად საუბარი..."-გავიფიქრე და ვუპასუხე: -მე თქვენი მეზობელი ვარ მოპირდაპირე სახლიდან-თითი ჩემი არაფრით გამორჩეული უგალავნო სახლისკენ გავიშვირე.-ახლახანს ვაპირებდი ზარის დარეკვას-დავუმატე ყალბი ღიმილით. -რასთან დაკავშირებით?-წარბაწეული ეჭვნარევი მზერით დამაკვირდა ჯერ სახეზე, შემდეგ კი თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. -რადგან ახალი გადმოსულები ხართ აქ, მინდა, ხვალ სადილად დაგპატიჟოთ ჩვენთან. ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობდით, მეზობლები ვართ, სხვა თუ არაფერი.-ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ღიმილი ყურებს მისწვდა. მისი გაოცებული და ეჭვიანი მზერა თანდათან ჩაფიქრებულს დაემსგავსა, შემდეგ კი, ისე უეცრად გამოცოცხლდა მის სახეზე თავაზიანი ღიმილი, ვერც გამოვერკვიე, რომ იგივე ადამიანი იყო, ვინც წუთის წინ. -აბა, რას იტყვით, მოხვალთ?-დაბნეულმა ამოვთქვი კითხვა. -რა თქმა უნდა. კარგი ჟესტია თქვენი მხრიდან.-კვლავ უცნაური ღიმილი მომაგება.-ახლა კი ბოდიში, აუცილებელ შეხვედრაზე მაგვიანდება.-შემდეგ თავი დამიკრა და გაზონს მიღმა გაჩერებული მანქანისკენ შურდულივით სწრაფად გასწია. ვუყურებდი, როგორ დაქოქა მანქანა და თვალს წამებში მიეფარა. განა ასეთი განსაცვიფრებელი უნარები დასაკარგია, რაც მისი ქცევით გამაცნო? უსიტყვოდ ნიჭიერი ვინმე იყო ჩვენი მოძალადე მეზობელი-საოცარი უნარი ჰქონდა, გარდაქმნილიყო ერთი ადამიანიდან სრულიად განსხვავებულ მეორე ადამიანად, რომელზეც ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ცოლს სცემდა, რამდენიმე წუთის წინ საკუთარი ყურით რომ არ მომესმინა. უკან გავბრუნდი. იქ დგომას აზრი აღარ ჰქონდა. არ მქონდა საკმარისი ენერგია, რომ მის ცოლთან საუბრით დავკავებულიყავი. როდესაც მათ ეზოს გამოვცდი, მხოლოდ შემდეგ გამახსენდა მათ ღობესთან დატოვებული პარკები, თუმცა, ადგილს რომ მივუახლოვდი, პარკებთან ახლოს საინტერესო რამ ვიპოვე- სავიზიტო ბარათი, რომელიც სავარაუდოდ გაცოფებულ კაცს ჯიბიდან ამოვარდნოდა. ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა, ის იყო, რომ ნომრის უკანა მხარეს ნაბეჭდი ასოები ვიღაცას კალმით გადაეშალა ისე, რომ ისინი აღარც კი ჩანდა, ქვემოთ კი მიეწერა-"მანქანის მრეცხავი". პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ეს ნომერი მანქანის მრეცხავს სულაც არ ეკუთვნოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.