სათაურის გარეშე 18
ავტორისგან: პირველ რიგში დიდ ბოდიშს გიხდით, რომ აქამდე ვერ მოვახერხე ახალი თავის ატვირთვა. საკმაოდ დატვირთული პერიოდი დაემთხვა, თუმცა აუცილებლად გამოვასწორებ. ამასთანავე, მოთხრობა უკვე დასასრულს უახლოვდება, სულ რამოდენიმე თავი დამრჩა და დავასრულებ ელიზაბეტის უჩვეულო ცხოვრებას. ბევრი დეტალი მაქვს დასახვეწი, რამოდენიმე ისტორია ჩასამატებელი, ასევე ვფიქრობ ჰილების სასახლეს სახელი შევუცვალო. ერთიან ვერსიას აუცილებლად განვათავსებ საიტზე. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და იმედი მაქვს ისიამოვნებთ. პ.ს. მოთხრობის სახელი მოვიფიქრე და ეს იქნება "ტყვე". გამიზიარეთ თქვენი იდეებიც. ************** დილით ადრე გამეღვიძა, დაახლოებით რვა საათი იქნებოდა. სასახლეში უკვე დაწყებულიყო მზადება. ირგვლივ დატრიალებული ფუსფუსი ცხოვრების შეცვლას მიქადდა. საწოლიდან ღიღინით წამოვფრინდი და დარაბები გავაღე. საკმაოდ გრილოდა, ცივი შემოდგომა დგებოდა და სუსხი ჰაერში უკვე გამჯდარიყო. ჰაერში გამეფებული სიცივე ჩემს ოთახში შემოვარდა, მყუდროება ამირია და ქაოსი შემოიტანა. მციოდა, თუმცა პეიზაჟით გატაცებულმა ფანჯარა არ დავკეტე. ჩემი ფანჯრიდან შადრევანი მოჩანდა, რომელსაც გვერდით ბუჩქების პატარა ლაბირინთი ესაზღვრებოდა. დილით, ძალიან ადრე, უკვე დაეწყოთ მებაღეებს ბუჩქებისთვის ფორმების მიცემა. კაშნეებითა და თბილი ქურთუკებით გამოწყობილები აძლევდნენ საოცარ ფორმებს არაფრის მთქმელ ბუჩქებს, თან ერთმანეთს ამბებს უცვლიდნენ დიდი მაკრატლების კრაჭუნის ხმაზე. გავბედნიერდი. ბუჩქებისთვის ფორმის მიცემამ არა, ჰილების დიასახლისად ყოფნამ გამაბედნიერა. სწორედ იმ დღით იცვლებოდა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ და მთავრდებოდა დაუსრულებელი წრე საშინელი ამბებისა. ფანჯრიდან გადაყოფილი თავი ოთახში დავაბრუნე. წამიერად გონებაში ისევ თბილ საწოლში შეწოლამ და ჩათბობამ გამიელვა, თუმცა ცნობისმოყვარეობამ მძლია და ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე. ავიღე ხალათი და კიბეებზე სწრაფად დავეშვი. -გამარჯობა, ელიზაბეტ - მომესალმა რუთი. ის კედელთან იდგა და რაღაცაზე ჩაფიქრებული ათვალიერებდა მთლიან მისაღებს. სავარაუდოდ დეკორაციების განლაგებას ხაზავდა გონებაში. მისი მისალმება მკაფიოდ გავიგე, თუმცა გვერდი ისე ავუარე, თითქოს იქ არც კი ყოფილიყოს. -ფრანკ, დილამშვიდობის - ვიცოდი, რუთი მიყურებდა, ამიტომ მის დასანახად ფრანკს მოვეხვიე და ბედნიერი დღე ვუსურვე - უკვე როგორი სამზადისია სასახლეში, სტუმრებს რომელზე ველოდებით? -საღამოს ექვსისკენ დავპატიჟე - თქვა ფრანკმა და ერთი ხელი წელზე შემომხვია, მეორე კი თმაში შემიცურა - დღეს მთავარი ფიგურა შენ უნდა იყო, იმედი მაქვს განსხვავებული კაბა შეარჩიე და შენი და რუთის კაბები ერთმანეთს არ ჰგავს. -კარგი რა, ფრანკ - ირონიულად გავიცინე და თმა ჰაერში ავიქნიე - მე და რუთს ერთნაირი გემოვნება გვაქვს გგონია? -მმ.. - ჩაიცინა ფრანკმა - კაცებში კი. -გავბრაზდები - სხეულიდან მოვშორდი და განზე გავდექი. -ნუ სულელობ - თავზე მაკოცა ფრანკმა და ოთახიდან გასვლა დააპირა - ელიზაბეტ, ძალიან ადრეა, სჯობს ცოტა კიდევ გამოიძინო. შუა დღით ერთი ქალბატონი მოვა, რომელიც თმასა და მაკიაჟის გაკეთებაში დაგეხმარება. ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა, თუკი ვიღაცას დაიხმარდი. შენს სილამაზეში ეჭვი არასოდეს შემიტანია, თუმცა დღეს უნდა ბრწყინავდე - კიდევ ერთხელ მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ადრე გაღვიძებულმა და ჩემს თბილ საწოლში შეწოლის იდეაგაჩენილმა გადავწყვიტე, ფრაკისთვის დამეჯერებინა და კვლავ საძინებლისკენ გავეშურე. რუთი ისევ იქ იდგა, ისევ იმ გამომეტყველებით. ამჯერად კი თვალი თვალში გავუყარე და ისე ავირბინე ჩემი საძინებლისკენ მიმავალი კიბეები. *** სახლთან ნელ-ნელა მოდიოდნენ ეტლებითა და მანქანებით დიდგვაროვნები. გადმოდიოდნენ ჯერ მამაკაცები, დაწკეპილი ულვაშებითა და გადავარცხნილი თმებით. გადმოსვლისას პიჯაკის ღილს იკრავდნენ და იმ კარს აღებდნენ, სადაც ქალბატონები ჩამსხდარიყვნენ. ქალბატონები უფრო დიდი ექსტრავაგანტულობით ეხებოდნენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიწას და თავს მაღლა წევდნენ ყელზე შებმული ძვირფასეულობის სადემონსტრაციოდ. მარჯვენა ხელს მამაკაცებს გაუყრიდნენ მკლავში და თავაწეულები, კაბის ფრიალით შემოდიოდნენ სახლში და ფრანკს თავს უკრავდნენ. ქალბატონებს უმეტესად წითელი და მწვანე ფერის კაბები ემოსათ, მამაკაცებს კი მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმები. მოდიოდნენ თმააწეული, გაშლილი, დახვეულთმიანი ქალბატონები, ასევე ისეთები, რომელთაც თავზე ვუალი გაეკეთებინათ იდუმალი ვიზუალის შესაძენად. ზოგიერთ სტუმარს თან მოჰქონდა ღვინით სავსე ბოთლი და პატარა, მოწნული კალათებით შოკოლადის ფილები. ღვინო როგორც წესი მამაკაცს ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი, კალათა კი ქალბატონს ოდნავ ზემოთ აწეული მოჰქონდა. სახლში შემოსვლისას ყველანი ირგვლივ იყურებოდნენ. ოთახის მორთულობა ყველას თვალს სჭრიდა. ოთახი ორ ზონად იყო დაყოფილი. ერთ მხარეს იდგა მაგიდები, რომლებზეც სხვადასხვა სასმელი იყო განთავსებული და იქვე იყო საცეკვაო ტერიტორია, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონებს უნდა დაეპყროთ. მეორე ნაწილში კი გაშლილი იყო უზარმაზარი სუფრა. სუფრაზე გადაფარებული იყო თეთრი გადასაფარებელი და მთლიანად განათებული იყო სხვადასხვა ზომის სანთლებით, რომლებიც ოქროსფერ ულამაზ შანდლებში თეთრი პატარძლებივით მოთავსებულიყვნენ. მაგიდაზე ეწყო ოცამდე დასახელების კერძი, ვერცხლის დანა-ჩანგალი, სამი, ერთმანეთზე დაწყობილი თეთრი, ქათქათა თეფშები და ბროლის ჭიქები. სანთლებთან ერთად კი მაგიდას ღია ვარდისფერი ყვავილების თაიგულები ამშვენებდა. მაგიდასთან ასევე ელაგა წითელი, ბარხატის, განიერი სკამები, რომლებიც სტუმრებს მოუთმენლად ელოდნენ. სტუმრები თითო ჭიქა სასმელს შეექცეოდნენ და დღის მთავარ მოვლენას - მე მელოდებოდნენ, შიგადაშიგ კი თვალს კიბისკენ აპარებდნენ. ზოგიერთი სტუმარი უკვე დაღლილიყო ლოდინით და როალთან ჩამომსხდარიყვნენ. ქალბატონები ერთმანეთის სამოსს განიხილავდნენ, მამაკაცები კი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. მათი დიალოგები მეტად მოსაწყენი იყო, თუმცა სწორედ ეს უსვამდა ხაზს მათ ეკონომიკურ მდგომარეობასა და სოციალურ სტატუსს. სტუმრებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სამკაულები გაყიდეს, რათა იმ დღისთვის კაბა შეეძინათ. ეს ფაქტი შემდეგი მიზეზით აიხსნება: ჩვენს დროში იყო საზოგადოება, რომელიც ყურადღებას აქცევდა რამდენი ოქროს ბეჭედი გეკეთა, იყო თუ არა ზურმუხტისთვლიანი საყურე ბუნებრივი ქვისგან დამზადებული. ასევე წარმოუდგენელი იყო მეჯლისზე ძველი კაბით მისვლა. ახალი კაბის შეძენა კი სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული, ამისთვის კი ხანდახან ოჯახს უწევდა ოჯახის ოქროს, ან ისეთი ნივთების გაყიდვა, რაც ფასობდა (მაგალითად: საგვარეულო ნივთები). მამაკაცების შემთხვევაში აუცილებელი იყო ფეხსაცმელი ყოფილიყო სარკესავით მბზინვარე და აუცილებლად უნდა სცოდნოდათ ახალი პოლიტიკური ამბები. თუკი მამაკაცს არ ეცოდინებოდა, თუმდაც შორეული ქვეყნის პოლიტიკა, რომელიც გაზეთში იწერებოდა, ჩაითვალებოდა, რომ მამაკაცს იმდენი ფული არ აქვს, რომ მუშახელი დაიქირაოს, საქმეს თვითონ აკეთებს და შესაბამისად, დატვირთული დღის შემდეგ გაზეთების კითხვის თავი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ქალბატონების სასაუბრო თემას წარმოადგენდა რამდენი დახარჯეს კაბებში, ხოლო მამაკაცები ერთმანეთს გაზეთში დაწერილი ინფორმაციის ცოდნა-არ ცოდნას ამოწმებდნენ. -თქვენს ყურადღებას ვითხოვ, ძვირფასო სტუმრებო - ფრანკმა დანა რამოდენიმეჯერ ფრთხილად მიარტყა ჭიქას ყურადღების მისაქცევად - პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დაფასებისთვის - ყველანი მისკენ შეტრიალდნენ, ფეხზე წამოიმართნენ და მის ირგვლივ მოგროვდნენ - დღეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ამიტომ ვისურვებდი ჩემი ბედნიერება თქვენც გაიზიაროთ და რაც მთავარია, გახდეთ მისი მონაწილეები. ძალიან გთხოვთ დაუკარით, იცეკვეთ, დალიეთ და გაერთეთ - ფრანკი ღიმილიანი სახით მიმართავდა სტუმრებს სრულიად გულწრფელად - ელიზაბეტი მალე შემოგვიერთდება, თქვენ კი შეგიძლიათ დაიწყოთ დღევანდელი საღამოთი ტკბობა - რუთი ფრანკს მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩაჩურჩულა. მას ღია მწვანე, მუხლებამდე კაბა ეცვა. კაბიდან კი კეკლუცად იყურებოდნენ რუთის ძუძუები - მალე ჩვენი მხარის გამოჩენილი პიანისტიც შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე ასპარეზს ქალბატონებს გითმობთ, რომელთა ნიჭიერებაზეც ლეგენდები დადის. ძვირფასებო, გთხოვთ გვაჩუქოთ რამოდენიმე ნაწარმოები - ფრანკმა ყველას თავი დაუკრა. კიბეებისკენ ჩუმად წამოვიდა, სწრაფად ამოირბინა საფეხურები და კარზე მომიკაკუნა. -მობრძანდით - დავიძახე შორიახლოდან, თუმცა ფრანკს კარი არ შემოუღია. -ელიზაბეტ, ფრანკი ვარ. ყველანი შენ გელოდებით და როდესაც მზად იქნები შეგიძლია ჩამოხვიდე. -ათი წუთიც მომეცით, გთხოვთ - ვუთხარი, თუმცა მე უკვე მზად ვიყავი. კიბეზე პირველი ნაბიჯი შევდგი და გავჩერდი. მინდოდა მათი მზერა დამეჭირა, მინდოდა მაშინვე შევემჩნიე ყველას და განსაკუთრებით ფრანკს. ჩამოვდიოდი თავაწეული, ყელს ბრილიანტის კოლიე მიმშვენებდა, ასობით სანთლიდან არეკლილი და ფანჯრებიდან ჩამავალი მზის შემომავალი შუქი ჩემს მარგალიტის საყურეებს განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. მხრებზე დაფენილი მქონდა გრძელი, აბრეშუმივით თმა, რომლებსაც ბოლოებში ხვეული ფორმა მივეცი. ჩამოვდიოდი კიბეზე ჩემი ვერცხლისფერი ფეხსაცმლით და ხელს კიბის სახელურს ვკიდებდი, რომელზეც თეთრი აბრეშუმი იყო შემოხვეული, ნაჭერზე კი მიმაგრებული იყო უამრავი ყვავილი და მწვანე ფოთლები. ჩამოვდიოდი და ყველა თვალი ჩემკენ იყო მომართული. მიყურებდნენ დაჟინებით, შურით, სიამაყით და ინტერესით დაჭყეტილი თვალებით. არც კი ირხეოდნენ, თითქოს ყველანი გაქვავებულიყვნენ. ჭიქები ხელში შეაშეშდათ და მიმიკაც კი არ ეცვლებოდათ. გადავხედე ზემოდან და დავინახე უამრავი ფერადი გოგონა, უამრავი ელეგანტური მამაკაცი და მათ შორის გამოვარჩიე ფრანკი, მამაკაცი, რომელსაც ჩემი გული დავუთმე. ამდენი ცუდისა და ტრაგედიების შემდეგ სწორედ მას ვაჩუქე ჩემი ბოლო იმედი. მას გადავეცი გასაღები ჩემი ცხოვრებისა. ჩამოვდიოდი კიბეზე, ჩამოვდიოდი ჩემი შავი კაბით. ამდენ ფერად კაბებში მე ერთადერთი ვიყავი, ვისაც შავები ჩაეცვა. კაბას სახელოები არ ჰქონდა, მკერდზე მობჯენილი კორსეტით იწყებოდა კაბა, შემდეგ კი კოჭებამდე ფრიალით იშლებოდა. ბარძაყიდან ქვემოთ, შეხნილ ადგილას კი ჩემი აბრეშუმივით სრიალა ფეხი მოსჩანდა. მოვდიოდი და ვიცოდი ყველა მე მიყურებდა, ყველა მე მაფასებდა. მოვდიოდი და ვიცოდი ამ დღის მთავარი მოვლენა სწორედ მე ვიყავი. პირდაპირ ფრანკისკენ წავედი და მის წინ დავდექი, როგორც ლომი თავისი მცველის წინაშე. დავდექი, ავიღე ერთი ჭიქა წითელი ღვინო და ყველას თავი დავუკარი. ღიმილით მივესალმე ათობით თვალს, რომელსაც პირდაპირ გავუყარე მზერა ჩემი სიძლიერის დასამტკიცებლად. -უმშვენიერესი ხარ, ყველა ჩრდილში მოაქციე - ყურში მიჩურჩულა ფრანკმა და კისერში ნაზად მაკოცა. -აჭარბებ - ვუთხარი, თუმცა ვიცოდი, რომ იმ დღით მართლაც გამორჩეულად ლამაზი ვიყავი. ჩემი შავი, მგლოვიარე ფერის კაბით ჩემს წარსულთან გამომშვიდობება მინდოდა. ქორწილის დღეს კი თეთრი, თოვლივით სპეტაკი ფერის კაბით ახალ ცხოვრებაში შევაბიჯებდი. ვიღაცამ როიალის რამდენიმე კლავიშს ჩააჭირა თითი და ხმამ თითქოს ყველანი შეგვაფხიზლა. ოთახში ძალიან ჩუმი, მძიმე მუსიკა გაისმა. ყველანი როიალისკენ შევტრიალდით, სადაც ნიკი დამჯდარიყო. იჯდა და Erik Satie - ის Gnossienne No.1 -ს უკრავდა. მისმა ნოტებმა ყველას გული შეგვიკუმშა. ყველანი სადღაც, ძალიან შორს წაგვიღო და რეალობას მოგვწყვიტა. ნოტები ჩვენში შემოდიოდა და მხოლოდ სხეულზე კი არა, სულზეც სუროსავით გვეხვეოდა. რამოდენიმე ნოტმა წარსულში გადამაგდო, კვლავ დამანახა ჰენრი, რომელიც ჩემ გვერდით სისხლიანი იწვა, შემდეგ უფრო ღრმად შევტოპე და მისი მომღიმარი სახე წარმომიდგა თვალწინ, რომელიც მწვანე ტბასთან ჩუმად მისულს დამხვდა. ჰენრი სევდიანად მიღიმოდა, წელზე ხელს მხვევდა, თუმცა მუცელში პეპლებს ვეღარ მიტრიალებდა. ჰენრი იდგა მწვანე ტბის ნაპირას, მე კი მივდიოდი. მივდიოდი მისგან ძალიან შორს. ის კი არ მაჩერებდა, მისთვის ხომ ჩემი ბედნიერება უპირველესი იყო. იდგა ჰენრი სევდიანი ღიმილითა და ჩამქრალი თვალებით და ხელს მიქნევდა. -ჰენრი, მიყვარხარ - ჩავილაპარაკე ჩუმად და წერტილად დარჩენილ სილუეტს თვალი მოვაშორე. წინ ჯო შემეჩეხა. ბავშვივით იცინოდა და წინ და უკან ხტუნავდა, ცეკვავდა ძალიან ბედნიერი. ჩემს ხელებს თავის ხელებში იქცევდა და ცეკვას მაიძულებდა. მეც ვცეკვავდი. ვცეკვავდი ბედნიერი, მომღიმარი და გულანთებული. ჯო ხელებს მხვევდა და ჰაერში მიტაცებდა. მატრიალებდა და დარეტიანებულები მწვანე ბალახზე ვგორდებოდით. ელი, შეხედე, დედამიწა ბრუნავსო, მეტყოდა და გაიცინებდა. მეც მეტი რა მინდოდა ბედნიერებისთვის. ნოტებმა გულს მიაგნეს და ძლიერად შემოუჭირეს, წელში მოვიხარე. ირგვლივ შავი ღრუბელი ჩამოწვა. ჯო შეშფოთებული წამოხტა. წინ გადამეღობა და ზურგით ჩემი დაცვა სცადა, თუმცა მე ხელებიდან დავუსხლტი და შავი ღრუბლისაკენ და ელჭექისკენ წავედი. ჯო იდგა. იდგა მდუმარედ, ოდნავ შეშინებული და დამფრთხალი. ბოლო წუთამდე მიყურა, ჩემი სხეულის ბოლო სინათლეს შეხედა, თუმცა მე მისთვის აღარ გამიხედავს. -ჯო, მიყვარხარ - ჩავილაპარაკე ჩუმად და ელვის ხმამ ყურები დამიხშო. როიალთან ნიკი იჯდა და ყველაზე სევდიან მუსიკას ყველაზე სევდიანად ასრულებდა. უკრავდა იმას, რაც გულიდან გადმოსდიოდა. უკრავდა მისი მეგობრის სულითვის, უკრავდა ჩემთვის, რომელსაც მემშვიდობებოდა. უკრავდა იმ ბრალდებისთვის, რომელიც ჯერ არ დამტკიცებოდა. უკრავდა და ოთახში ყველა გამქრალიყო მისთვის ჩემ გარდა. ნელ-ნელა ნიკისკენ წავედი და მხარზე ხელი დავადე. დაკვრა არ შეუწყვიტავს. უკრავდა განუწყვეტლივ და თან ცრემლები სდიოდა. მის გვერდით დავჯექი და ხელით თავი მაღლა ავაწევინე. -ყველაფერი კარგად იქნება - ვუთხარი და მასთან ერთად ავტირდი. ეს იყო ყველაზე სევდიანი მუსიკის ყველაზე სევდიანი შესრულება. ეს იყო ნიკი, რომელმაც ჯერ ერთი ოჯახი დაკარგა, იმ მომენტში კი მეორე ოჯახს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. უეცრად დაკვრა შეწყვიტა. სრულიად მოულოდნელად აიღო ხელები კლავიშებიდან და გარეთ გავარდა. ინსტიქტურად მეც მას გავყევი. -რატომ არ ვაგრძელებთ ჩვენი მიზნისკენ სვლას, ელიზაბეტ? - ნიკი შადრევანთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო - რატომ არ შეიძლება მე და შენ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომელიც დავისახეთ? ალბათ შენთვის მე არ წარმოვადგენ ისეთ მეგობარს, რომელთან ერთადაც იმ გზას გააგრძელებდი, რომელიც სხვათაშორის შენი ინიატივით წამოვიწყეთ - ყელზე ძარღვები ებერებოდა - ჩემი ცხოვრება მთლიანად ამ მიზნებს დავუკავშირე, მხოლოდ ამ მიზნით იყო ჩემი გონება შეპყრობილი. გახსოვს, ელიზაბეტ, როდესაც შენ მასწავლებლობაზე, მე კი მაღაზიის მფლობელობაზე ვოცნებობდი? სად გაქრა შენში ეს ოცნებები? -ჯოს გაჰყვა, ნიკ - ნამიანი თვალები კიდევ უფრო ამიცრემლიანდა - მე ყველაფერს შენ გიტოვებ, იმ ფულს, ოქროს და მანქანას. ძალიან მინდა შენ მაინც აასრულო ჩვენი ოცნება და შეძლო ის, რაც მე და ჯომ ვერ შევძელით. მინდა, რომ ამ ქვეყნად ყოველთვის ბედნიერი და მომღიმარი იყო. გახსოვს, ერთხელ, როდესაც მგზავრობით გადაღლილებს გზაზე პირველად მოგვიწია გაჩერება, შენ ცეკვა და სიმღერა დაიწყე. მაშინ ჯო ვერა, შენ კი მიხვდი როგორ მეშინოდა. მთელი ერთი საათი ამბებს მიყვებოდი, მეუბნებოდი, რომ შენ გადაგხდა, თუმცა ტყუოდი. იმ მომენტში იფიქრებდი ახალ-ახალ ისტორიებს და ცდილობდი მხოლოდ ამაზე მეფიქრა და ჩემი გონება სხვა, საშიშ ფიქრებს არ მოეცვათ. ნიკ, შენ ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული მეგობარი იქნები და გთხოვ, ნუ განმსჯი ამ ნაბიჯის გამო. გთხოვ, გააკეთე ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული გქონდა და მიაღწიე იმ მწვერვალს. ახლა კი - ძლიერად მოვეხვიე და პატარა ბავშვივით შუბლზე ვაკოცე - მოიწმინდე ცრემლები და შიგნით შევიდეთ. გაიღიმე, დამიჯერე მე ბედნიერი ვარ. სწორედ დღეს უნდა მოვიჭრა ჩემი წარსული. დღეს მე ვგლოვობ წარსულს და ვიწყებ ახალ ცხოვრებას. გთხოვ, მხოლოდ ხელი შემიწყვე ამაში. არ დამაბრკოლო, თორემ შეიძლება ვერ გავუძლო. ვერ გავუძლო ამდენ წინააღმდეგობას. -დავრჩები. მხოლოდ შენთვის გავიღიმებ და მხოლოდ შენთვის ავიტან ამ ცივ და საშინელ სასახლეს. ქორწილამდე დავრჩები, შემდეგ კი წავალ და როდესაც ძალიან, ძალიან მოგენატრები ჩამოვალ და გინახულებ. ჩვენი მიზნისთვის კი ბოლომდე ვიბრძოლებ და ჯოს სულის უკვდავსაყოფად ბოლომდე დავიხარჯები. *** ირგვლივ ქალიშვილების კეკლუცმა სულ სხვაგვარი მუხტი დააყენა, რამაც ჩემი პირველი მეჯლისი გამახსენდა. როგორი მორცხვი, მორიდებული დავაბიჯებდი და თვალებს იატაკს არ ვაშორებდი. დავდიოდი და მუსიკას ფეხს ვუწყობდი. ხელში ჭიქა მეჭირა, რომელზეც ერთი წვეთიც არ მომეკლო. დავდიოდი და წარმოვიდგენდი როგორი ვიქნებოდი სამი-ოთხი წლის შემდეგ. უფრო დახვეწილი, უფრო ლამაზ კაბაში გამოწყობილი დავიწყებდი ჩემი სატრფოს ძებნას და მეჯლის-მეჯლის ვივლიდი, რათა მას შევხვედროდი. განგებამ კი ის პირველივე შესაძლებლობაზე შემახვედრა. მას შემდეგ კი მეჯლისი არ მენახა, არც პირველ მეჯლისზე მიკეკლუცია ბიჭებისთვის თავის მოსაწონად და არც ფრანკისთვის ვაკეთებდი იგივეს. მე მეჯლისის გემო ვერ გამეგო. ქალიშვილები ვაჟებს ეცეკვებოდნენ. კისკისებდნენ, კაბებს აქეთ-იქეთ აფრიალებდნენ. პარტნიორებს ცეკვის დროს მკლავს უყრიდნენ და ახლადგამომცხვარი წყვილები საერთო ცეკვას ასრულებდნენ. ლამაზი სანახაობა იყო ამდენი ფერადი კაბის და მომღიმარი სახეების ტრიალი. თავი ჯადოსნურ ზღაპარში მეგონა, სადაც მე უსულო სხეული ვიყავი. შესაძლოა შანდალი, ან თუნდაც სანთელი, რომელიც მათ ამ მშვენირ სახეებს უნათებდა საკუთარი სიცოცხლის ფასად. მე იმ ყველაფრის ნაწილი არ ვყოფილვარ. მე ვიყავი სხეული, რომელიც ტკბებოდა ამ სილამაზით, თუმცა თვითონ ამ ყველაფერით სიამოვნებას ვერ იღებდა. იმ საღამოს მხოლოდ ერთი ცეკვა შევასრულე. ერთადერთი ცეკვა მთელი ექვსი საათის განმავლობაში. ფრანკმა ყველანი მაგიდასთან მიიხმო ამჯერად დესერტის დასაგემოვნებლად. ცეკვით გულამოვარდნილი გოგონები კი სხეულს ვერ იმორჩილებდნენ და კვლავ საცეკვაოდ ეზიდებოდნენ თავიანთი ფეხები. თვალს ვეღარ სწყვეტდნენ პარტნიორებს და სიცილ-კისკისით სხდებოდნენ სკამებზე. -ძალიან ლამაზი საღამოა - მაგიდასთან მჯდომმა ცისფერკაბიანმა, პატარა გოგონამ ხელი დამადო და სანდომიანად გამიღიმა. უეცრად მივხვდი, რომ მე ამ გოგონას ვიცნობდი. ის სადღაც მყავდა ნანახი, თუმცა ვერ ვიხსენებდი სად. -იმედია ისიამოვნებთ - ვუთხარი წარბებშეკრულმა და ჩაფიქრებულმა. -მე მერიემის ქალიშვილი გახლავართ. ფრანკი ბიძაჩემია - გამიღიმა გოგონამ, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო. -ძალიან გავხართ დედათქვენს - სიხარულით აღმომხდა და მერიემის პორტრეტი თვალწინ დამიდგა. -დიდი მადლობა - შეიფერა პატარა გოგონამ. -დედაშენი არ მოსულა? - მაგიდასთან მსხდომი ქალბატონები შევათვალიერე. -იცით - ჩურჩულით თქვა გოგონამ და ყურთან ახლოს მომიტანა ტუჩები - დედაჩემი წლებია გარდაიცვალა. ბიძია ფრანკს კი არ ვუმხელთ. ძალიან რთულია მისთვისო, ასე ამბობს მამაჩემი. მას ვატყუებთ, რომ ის ავადაა. -ფრანკს არასდროს უნახავს მერიემი? არ მოდის თქვენთან? -არა - ხელები უსიცოცხლოდ ჩაიწყო კალთაში - მამასთან მოუვიდა ჩხუბი, როდესაც დედა ცოლად მოიყვანა და მას შემდეგ დაფიცებული აქვს, რომ მათ სახლში ფეხს არ შედგამს. თუმცა მამა უწერს ხოლმე წერილებს დედას სახელით და უგზავნის. -რა დასანანია. როგორ გარდაიცვალა მერიემი? -მამამ მითხრა, რომ წამლის დოზა შეეშალა და ბევრი მოუვიდა. მაშინ ბიძიას ცოლი მოუკვდა - თქვა გოგონამ და ხილის წვენით სავსე ჭიქა გამოცალა. მერიემს თავი მოუკლავს, ეს ამბავი კი დღემდე უცნობია ფრანკისთვის. მასაც როგორი ტრაგიკული ბედი ჰქონია. იქნებ სწორედ ამიტომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, იქნებ ამ ტრაგიკული წარსულის გამო გავუგეთ ასე კარგად ერთმანეთს მე და ფრანკმა. შესაძლოა სწორედ ზემოთ, ზეცაში იყო ჩვენი ამბავი დაწერილი და ყველა მოვლენას სწორედ ერთმანეთთან მივყავდით. -თქვენს ყურადღებას ვითხოვ - ფეხზე წამოიმართა ფრანკი და ხელში ღვინის ჭიქა აიღო - მინდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონის სადღეგრძელო შევსვა. ამ ქალბატონმა ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა ბედნიერების სხივები. ამ, საშინლად ცივ სასახლეში, რომელიც ჩემი გულის გამოძახილია, ფერადი, ძალიან ლამაზი ფერები შემოიტანა და თავი დაიმკვიდრა. ჩემთვის უკვე შეუძლებელია დღის ისე დაწყება, რომ ელიზაბეტის ხმა არ გავიგო. მისი ლამაზი სახე არ დავინახო. ელიზაბეტი ჩემთვის გახდა ძვიფასი ქვა, რომელიც სამუდამოდ შევაბი ჩემს გულს და თან დავატარებ - ყველამ ჭიქები მაღლა ასწია და ერთხმად შესვეს ჩემი სადღეგრძელო - ახლა კი მინდა გთხოვოთ ფეხზე წამოიმართოთ, საცეკვაო ადგილას დადგეთ და ყურადღებით მომისმინოთ, რადგან დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგა ცხოვრებაში და ამის მონაწილენი სწორედ თქვენ ხართ - ყველა ფეხზე წამოიმართა და შრიალ-შრიალით მივიდნენ საცეკვაო ადგილას. მათ შორის ვიყავი მეც - ელიზაბეტ - მომმართა ფრანკმა და წინ დამიდგა. მის უკან აღმართული თეთრი ძეგლები რაღაცას ჩურჩულებდნენ, მაგრამ არ მესმოდა - შენ ხარ ქალი, რომელმაც ჩემი ცხოვრების მუქი ფერები ძალიან ლამაზი ფერებით ჩაანაცვლა. შენ ხარ ჩემთვის იმედი, ჩემთვის მზეც შენ ხარ. ვგიჟდები, როგორ შეგიძლია ერთდროულად იყო ძალიან მხიარული და ამავე დროს ძალიან სევდიანი. იყო ბრძენიც და იყო სულელიც - გაეღიმა და ცხვირი ოდნავ დაისრისა - იყო ძლიერი და ამავე დროს იყო პატარა ბავშვივით უსუსური. შენ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი და მინდა სამუდამოდ აქ დარჩე. მაშინ, როდესაც პირველად შემოაბიჯე ამ სასახლეში, ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებოდი. ერთი ღამით მოსულს კი ყველა მიზეზი დაგემთხვა, რათა აქ დარჩენილიყავი. ახლა კი ჩემთვის წარმოუდგენელია შენს წასვლას ვუყურო. ელიზაბეტ, ჩემო მშვენიერო, ჩემთვის ძალიან ძვირფასო. მე გპირდები, რომ იქნები მუდამ ბედნიერი, სიყვარულის მორევში მყოფი. მე ყველაფერს გავაკეთებ შენი ბედნიერებისთვის, შენი ერთი გაღიმებისთვის, შენი სულიერი სიმშვიდისთვის. შენთვის ვიქნები ის ფარი, რომელიც მუდამ დაგიცავს, მუდამ ზურგს გაგიმაგრებს და ყოვეთვის გექნება მისი იმედი. ყოველთვის შეძლებ მენდო და ნებისმიერ საკითხზე გქონდეს ჩემი მხარდაჭერა. შენთვის არ დავიშურებ სიცოცხლესაც კი, თუმცა ვიცი ეს თემა შენთვის ძალიან მტკივნეულია. ელიზაბედ, თუკი შენ ცხოვრებას მე დამიკავშირებ, დამიჯერე გვერდით გეყოლება მამაკაცი, რომელიც თავით ფეხებამდე შენზე ინება შეყვარებული. ელიზაბეტ, თუკი ოდნავ მაინც გაქვს გულში ჩემ მიმართ გრძნობა, გთხოვ უარს ნუ მეტყვი და გამომყევი ცოლად. -რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ფრნაკ - ხელები წელზე შემოვხვიე და გულზე მივეკარი - შენ ჩემს ძალიან ტანჯულ ცხოვრებაში იმედის სხივად შემოხვედი და დამაჯერე, რომ ამ ქვეყნად ბოროტებისა და ცუდის გარდა კიდევ ხდება კარგი რაღაცები. თითქოს ზღაპრის გმირად წარმომადგენინე თავი და ამისთვის მადლობელი ვარ. მე შენთვის ვიქნები ადამიანი, რომელსაც შეგიძლია მუდამ ენდო და ყველა მოვლენა გაუზიარო. მე ვიქნები ის ქალი, რომელიც მუდამ შენი სიყვარულით იცხოვრებს. დიახ, ფრანკ. მე თანახმა ვარ. ირგვლივ ყველამ ტაში შემოკრა. ვიღაცამ დაიყვირა, ვიღაცამ ბედნიერებისკან გადაიკისკისა, ზოგმა ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულა. მე კი ვიდექი ოთახის ცენტრში ძლიერ, შემდგარ, დახვეწილ, ელეგანტურ, ჭკვიან და საოცრად მხიარულ მამაკაცთან ერთად და ცხოვრების ახალ ისტორიას ვწერდი. მხოლოდ ნიკი არ ჩანდა ბედნიერი, რომელიც ხელებჩამოშვებული მიყრდნობოდა კედელს და უემოციოდ იყურებოდა სივრცეში. აქვე დავძენ, რომ რუთი არ დასწრებია ხელის თხოვნის ეპიზოდს. ალბათ მისი გული მოშხამული იყო ჩემი და ფრანკის ბედნიერებით და ვერ შეძლებდა თვალებში ჩაეხედა იმ რეალობისთვის, სადაც ცხოვრება მოუწევდა. ფრანკს მარჯვენა ხელი გავუწოდე, რომელზეც ულამაზესი იასამნისფერ თვლიანი ბეჭედი უნდა წამოეცვა. უეცრად ფრანკის ბეჭდიანი ხელი ჰაერში გაიყინა და შემკრთალმა გამომხედა. მის მზერას თვალის გავაყოლე და ჩემს არათითზე პირველი ქორწინების ბეჭედს დავხედე. ის ბეჭედი, რომელიც ჰენრიმ მაჩუქა ჩვენი სიყვარულის უკვდავსაყოფად. უხერხულობისგან ოდნავ გავიღიმე. ხელი ზურგს უკან დავმალე და ბეჭედი მარჯვენა ხელიდან მარცხენა ხელზე გადავიტანე. ბეჭდით გათავისუფალებული ხელი კი ფრანკს გავუწოდე, რომელმაც არ დააყოვნა და პატარა რგოლი პირდაპირ არათითზე ჩამოასრიალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.