გაბედავ თუ ვერა? (3)
მარტო ცხოვრებაზე ხშირად მიფიქრია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მიწევდა საკუთარი თავის აღმოჩენა: უსუსურად ვიდექი მამაჩემის წინ და თავის მართლება მიწევდა ჩემს ყოველ საქციელზე, როგორი უწყინარიც არ უნდა ყოფილიყო ის, თუკი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდი. მას არ მოსწონდა, რომ შემეძლო, მეფიქრა ჩემი გონებით, შემეძლო, ნაბიჯი გადამედგა საკუთარი ტვინის კარნახით და არა მარიონეტივით სხვის თითებზე ჩამოკიდებულსა და სხვის ძალებს მინდობილს. მინდოდა, ჩემი სურვილები ჩემი მთავარი წინამძღვარი გამხდარიყო, ჩემი აზროვნება კი ჩემი ქმედებების საჭე, რომელიც მთავარი იქნებოდა, ვინც მიმართულებას აიღებდა და ჩემს ცხოვრებას სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანდა. მაშ, რატომ ვიჯექი ამ სახლში და ჯერ კიდევ ვემორჩილებოდი მამაჩემის ბრძანებებს? რატომ ვითმენდი ყოველდღიურად ამდენ შეურაცხყოფას და არ ვიღებდი ხმას საკმარისად ხმამაღლა იმისათვის, რომ სამყაროს გაეგო ის და ჩემს მხარეს დამდგარიყო? იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც მარია იჯდა მოძალადე ქმრის სახლში და იტანდა დამცირებას, შეურაცხყოფას, ცემას, რა მიზეზითაც ის აძლევდა ქმარს უფლებას, მონასავით მოქცეოდა და ადამიანურ შეგრძნებებს, მათ შორის პროტესტის გრძნობას სახეზე მიფარებულ ბალიშზე კივილში ახშობდა, რომ სხვას არავის გაეგონა მისი მკერდიდან ამომსკდარი განწირული, მთელი გრძნობით გაბერილი ყვირილი. მე და მარიას ერთი მიზეზი გვქონდა, რატომაც ამ ყველაფერს ვიტანდით და ეს მიზეზი ის იყო, რომ არსად გვქონდა წასასვლელი. მე ვიცოდი, რომ თუკი უარს ვიტყოდი ასეთ პირობებში ცხოვრებაზე, ასეთ ადამიანთან ერთად დაღამებაზე და გათენებაზე, გარეთ აღმოვჩნდებოდი-იქ, სადაც არავინ სწყალობდა უსახლკაროებს, რადგან მთელი ქვეყანა სავსე იყო ადამიანებით, რომლებსაც მთელი სხეულით ეთაკილებოდათ მათთვის გამარჯობის თქმაც კი. ასევე არსებობდა მეორე მიზეზი-მდიდრებისთვის უფრო რთული იყო ადამიანების ნდობა, ვიდრე ღარიბებისთვის, რადგან მდიდრები სწორედ თავიანთ დაუკმაყოფილებელ სიხარბესა და შურს ხედავდნენ სხვებშიც, ამიტომაც ეშინოდათ, რომ ყოველი უცხო ადამიანი ამ თვისებებით იყო განმსჭვალული და მიზნადაც მათი გაძარცვა ჰქონდა. მარიას მიზეზიც ასეთი იყო. იქნებ, კიდევ უფრო სასტიკი... ამიტომაც, როდესაც მამაჩემმა სერიოზული ტონით განმიცხადა, რომ სასაუბრო გვქონდა, ცოტა შევბარბაცდი ადგილზე. მისგან ეს არაერთხელ გამეგონა და არც ისე კარგის მომასწავებლად მეჩვენებოდა. -რა მოხდა?-მის წინ ჩამოვჯექი და კალთის წვალება დავიწყე. -შენ მითხარი, რა ხდება.-გაურკვევლად მიპასუხა და დაჟინებით მომაჩერდა სახეზე. ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. თუმცა, ნაწილობრივ ვხვდებოდი-ის ალბათ მეზობლების სახლში შეპატიჟებას "განიცდიდა" ასე, რადგან ეს მის გარეშე გადაწყდა და ახლა თავს განსაკუთრებით დამცირებულად გრძნობდა. -სად რა ხდება?-ბოლოჯერ გავიბრძოლე. -ძალიან კარგად ხვდები-მაგიდაზე მუჭი ძლიერად დაარტყა და მასთან ერთად მეც შევხტი. თვალი გავუსწორე. სიბრაზე იმდენად მიპყრობდა, რამდენადაც შიში. ეს ორი შეგრძნება თავისუფლად დათარეშობდნენ ჩემში და მინდოდა, სასწრაფოდ წამოვმხტარიყავი და ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც თავს მსგავს მდგომარეობაში აგრძნობინებდა. მინდოდა, მასაც განეცადა ძრწოლა და დამცირება, რომელსაც მისი ყვირილი და საქციელი მაგრძნობინებდა, მასშიც გაცოცხლებულიყო მსხვერპლის როლი, რომელიც არასოდეს ყოფილა მისი, მაგრამ მაინც სასწაული ოსტატობით მიითვისებდა ხოლმე და ამ როლში დიდხანს ამცირებდა სხვებს. მას ახლაც მსხვერპლი ეგონა თავი, დამცირებული კაცი, რომელსაც ქალიშვილმა ყველაფერი დაუმალა და მის გარეშე დაპატიჟა მეზობლები. ის თავს იმდენად ისაწ....ბდა და შემდეგ თავის ბრაზსა და ღვარძლს თავის "გულისტკივილს" აბრალებდა, რომ ნამდვილად ეკუთვნოდა ოვაციები თავისი თავის გაიდიალებაში. მუდამ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი ასეთი კარგი მსახიობი, რომ საკუთარი თავიც კი დაერწმუნებინა, რომ ძალადობა, ყვირილი და ნივთების მსხვრება სამართლიანი იყო, როგორც კი გაბრაზებას იგრძნობდა. მაინტერესებდა, როგორ არწმუნებდა თავის თავს ყოველ ჯერზე იმაში, რომ გაბრაზების მიზეზი ყოველთვის ჰქონდა და მუდამ ნამდვილი იყო ეს მიზეზი. -გამაგებინე, რატომ არასოდეს მეკითხები, ვინ შემოიპატიჟო სახლში და ვინ არა? რატომ არასოდეს მაფრთხილებ და მითანხმდები? მამაშენი ვარ თუ ვინ?-ტონს საგრძნობლად მოუმატა. ახლა უკვე სამმაგი ტონალობით ღრიალებდა, ისე, რომ კედლებიც კი ზანზარებდნენ.-მიპასუხე, რატომ ხარ ახლა ჩუმად, სხვა დროს რომ გრძელი ენა გაქვს... -მეგონა საწინააღმდეგო არაფერი გქონდა...-დავიწყე, მაგრამ მისმა ყვირილმა გამაწყვეტინა: -ყოველთვის ასე გგონია. მქონდა თუ არა საწინააღმდეგო რამე, ჯერ მე უნდა მკითხო და მერე გააკეთო. ვინ არის ამ სახლში უფროსი? გეკითხები და მიპასუხე, ვინ არის უფროსი? რამდენიმე წამი დაბნეული ვუყურებდი თვალებში, არ ვიცოდი, სიმართლე მეპასუხა თუ მისთვის მოსაწონი პასუხი, რომელიც სიტუაციას ოდნავ მაინც შეარბილებდა. ბოლოს ვიგრძენი, როგორ შემემატა სიმამაცე და სამართლიანობის შეგრძნებით განვიმსჭვალე. მივხვდი, რომ შიშისთვის უფლება არ უნდა მიმეცა, რომ მხდალივით მოვქცეულიყავი და უსამართლო ვყოფილიყავი. -ჟანა.-წარმოვთქვი ხმამაღლა და გაბედულად. იმ წამებში საკუთარი თავით ამაყი ვიყავი, ისე, როგორც არასდროს და მივხვდი, რომ სწორედ ამის გაკეთება მინდოდა მთელი ცხოვრება-გულახდილი ვყოფილიყავი მაშინაც კი, როცა ჩემ წინ ცეცხლის ბურთი აღმართულიყო და ფერფლად ქცევით მემუქრებოდა. -რა თქვი?-თვალები გაუფართოვდა. აღარ ჩანდა მის სახეზე ისეთი სიმტკიცე, როგორიც ჩემი პასუხის მოსმენამდე, რადგან ახლა მასზე გაოცება დარბოდა-დიდი და დაბნეული გაკვირვება. თუმცა, დიდხანს არ გასტანა მისმა დაბნეულმა გამომეტყველებამ, აგრესია გაიზარდა, გაფართოვდა და იმაზე მძვინვარე გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ჯერაც მიკვირდა-ასეთ გაუნათლებელ ადამიანს, რომელსაც ლოგიკურად აზროვნებაც კი არ შეუძლია, როგორ შეეძლო ჰქონოდა ამხელა მბრძანებლობის უნარი. როგორ შეეძლო, ამხელა შიში აღეძრა სხვებში და თავი ყველას უფროსად განესახიერებინა. როგორ შეეძლო ადამიანს ასეთი მოკლე ჭკუით ამხელა ძალაუფლებისთვის-ადამიანებით მანიპულირებისა და მათი დამონებისთვის ჩაეჭიდა ხელი? ერთ წუთში მაშფოთებდა ამაზე ფიქრი, მეორე წუთში კი მაშინებდა სწორედ ის, რაც ამ ფიქრის მთავარი წყარო იყო: გაცხოველებული ადამიანის ბრაზი, რომელიც ზვირთდებოდა ჩემ თვალწინ, გორდებოდა და ადამიანებისაკენ იძვროდა. როდესაც მის თვალებში ჭინკებივით ათამაშებულ ცეცხლისფერ ნაპერწკლებს ვკიდე თვალი, მივხვდი, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, უდიდესი. არ მეშინოდა, რომ მე დავისჯებოდი, არც იმის, რომ ჩემზე ამოანთხევდა ბრაზს. მთავარი, რაც მაშინებდა და მანერვიულებდა, ის იყო, რომ ჩემი სიტყვების გამო ჟანას ეჩხუბებოდა, მას დაადანაშაულებდა და მასზე იყრიდა ჯავრს. ამ დროს მივხვდი, რომ ხშირად მთავარი გულწრფელობა კი არაა, განსაკუთრებით გაუწონასწორებელ და გაუნათლებელ ადამიანთან, უდანაშაულო ადამიანების დაცვის მიზნით მათთან მშვიდად და ყალბი ტონით საუბარი ჯობია, რადგან ასეთმა ადამიანებმა არც გულწრფელობის ფასი იციან და არც სამართლიანობის. სწორედ ეს მიმახვედრა ჩემმა შეცდომამ, როცა პირველად ავირჩიე გულწრფელობა. ამჯერად შიში აღარ იყო მიზეზი, რის გამოც თავს ვიკავებდი, ჟანას დაცვის მიზნით ვდუმდი, არ მინდოდა, ჩემ გამო თავი უარესად ეგრძნო, განსაკუთრებით კი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემ გამო გააკეთა. -არაფერი. უბრალოდ ვიგულისხმე, რომ ჟანა ასაკით შენზე უფროსია. ესეც ჩემი შემართება და უშიშრობა! ამ სიტყვების შემდეგ კვლავ დავკარგე საკუთარი თავით აღფრთოვანების და სიამაყის სურვილი, კვლავ ჩამიქრა ენთუზიაზმი და იმედი, რომ შევძლებდ და სამყაროს უკეთეს ადგილად ვაქცევდი-ასეთი მოძალადეებისგან თავისუფალსა და ინდივიდუალიზმის აყვავების ცენტრად. ახლა მე ისეთივე უძლური ვიყავი, როგორც ჩემი მეზობელი მარია, რომელიც უხმოდ უშვერდა ლოყას თავისი ქმრის გამოსროლილ ხელისგულს. ***** ჯანღით დაბურულ ცაზე მთვარემ გამოანათა. სუსტი სინათლე შემოიჭრა ჩემი ოთახის სარკმლიდან და ჩაბნელებულ იატაკს დაანათა მთვარემ. მაგიდასთან მე ვიჯექი, სწორ სიბრტყეზე დაფენილ გეგმას შევყურებდი, რომლის მიხედვითაც სიმართლე უნდა გამომერკვია და შემდეგ ჩემი შავი სიის სათავეში მყოფი ადამიანისთვის მახე დამეგო, ისე პროფესიონალურად, რომ თავი სწორედ ისე ეგრძნო, როგორც სხვა ადამიანებს აგრძნობინებდა. ყველაფერი არც ისე მარტივი იყო. გეგმის უმეტეს ნაწილში მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, თავი საფრთხეში ჩამეგდო და საკუთარი სიცოცხლე გამერისკა. როდესაც ამაზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი,როგორ მიჩქარდებოდა გული ორის რამისგან. პირველი: ეს იყო შიში, რომ გამომიჭერდნენ და ჩემი გეგმები მაშინვე ცერცვივით დაიბნეოდა ძირს და მეორე: მღელვარებას აღფრთოვანება და ადრენალინი მგვრიდა, რომელიც უკვე თავისუფლად დათარეშობდა ჩემს მუცელში. -სახლი უნდა დავათვალიერო, ყველა ალტერნატიული შესასვლელის მდებარეობა მჭირდება.-ჩავილაპარაკე. დანტე აკნავლდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მეც და მას გვეძინა, ახლა ჩემი სიფხიზლე მასაც გადასდებოდა და მოშიებული კნაოდა. -ღმერთო ჩემო-უკმაყოფილოდ ამოვიოხრე-ახლა რა დროს საჭმელია, დანტე? შენ გამო შეიძლება სამზარეულოში გამომიჭირონ ღამის ოთხზე. თუმცა, ჩემს სიტყვებს მისთვის ხელი არ შეუშლია, კვლავ განწირული კნავილით გაეღვივებინა ჩემთვის სიბრალულის შეგრძნება. -კარგი, ჯანდაბას, ვცდი-წამოვდექი და ფეხაკრეფით ჩავიპარე სამზარეულოში. მისთვის გადანახული ყველი მოვტეხე და თეფშით იქვე დავუდე. რამდენიმე წუთს გაუნძრევლად ვიდექი, ვაკვირდებოდი, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში საჭმლისთვის პირი არ დაუდია. შემდეგ მივხვდი, რატომ არ ჭამდა დანტე და თეფში თან წავიღე ოთახში. -ხანდახან როგორი თავხედი ხარ!-ამოვიჩურჩულე, როცა ჩემი ოთახის კუთხეში დადებული თეფშიდან სწრაფად აითვისა ყველი კატამ. **** ის დღე გათენდა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ექსტრემალურად უნდა გამეტარებინა, თუ გეგმებს ფეხდაფეხ მივყვებოდი და არაფერი ჩამიშლიდა მათ. დილიდანვე დავიწყე მზადება და ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი, უფერული ტანსაცმელი ავარჩიე. სწორედ ამ ტანსაცმლით გავწიე გარეთ, სანუკვარი მეზობლების სახლის დასაზვერად, გარედან შესათვალიერებლად. მათი სახლი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მყარად დაგებულ ფასადებს მაღალი სარკმელები ამშვენებდნენ, მეორე სართულზე კი ოთხი ოთახი დავითვალე, თუ ფანჯრების რაოდენობით ვიმსჯელებდით. -ლილა-მომესმა ნაცნობი ხმით გაჟღერებული ჩემი სახელი ტროტუარზე მომავალი მეზობლისგან, როდესაც ჯერაც სახლს ვათვალიერებდი. როდესაც ჭორიკანა მეზობლების კლუბის თავმჯდომარე მომიახლოვდა სახეზე გამოსახული ყალბი ღიმილით და ცნობისმოყვარეობით აციმციმებული თვალებით, მეც უგემურად გავუღიმე და თავი დავუკარი. -აქ რას აკეთებ ასე ადრე?-შეუდგა ჩემი მიზნებისა და გრაფიკის გამოკითხვას. -გამოვისეირნე. გამიგია, რომ ამ დროს მზის სხივებისგან საუკეთესო ვიტამინების მიღებაა შესაძლებელი. -მართლა? არ ვიცოდი...-ჩაფიქრდა, თუმცა, მალევე გამოუცოცხლდა სახე, როდესაც ახალი სასაუბრო თემა ამოუტივტივდა გონებაში.-მე კი ნატალისთან მივდიოდი, საშინელი ახალი ამბები მითხრა გუშინ და დღეს დაწვრილებით უნდა მომიყვეს. -რა ამბები?-დავინტერესდი. ნუთუ მათაც გაიგეს ჩვენი ახალი მეზობლის შესახებ, რომელიც ცოლს სცემდა? -ჩვენი ქუჩიდან ორი კვარტლის მოშორებით მკვლელობა მომხდარა.-გადმომჩურჩულა შეშინებული მზერით, ისე, თითქოს სადმე ახლოს ვიღაც იდგა, ვისაც ჩვენი საუბარი არ უნდა გაეგონა.-ახალგაზრდა კაცისთვის დაუტყამს დანა მანიაკს თურმე სრულიად უმიზეზოდ, თანაც შებინდებისას. -ნატალიმ ეს საიდან გაიგო?-ჩავეკითხე. საინტერესო იყო, როგორ აღმოჩნდა ეს აქამდე დამალული ინფორმაცია ნატალის ხელში... თუმცა, სულაც არ იყო საკვირველი, მან ხომ ყველა ამბავი იცოდა, რაც ჩვენს ქუჩაზე და სხვა ახლომდებარე ქუჩებზე ხდებოდა. -რა ვიცი, საიდან...-ისე შეიცხადა, ნამდვილად მადანაშაულებდა იმაში, რომ ეს "აბსურდული" კითხვა დავსვი.-რა დროს ეგ არის, როცა ასეთი ამბავია და თანაც დეტალურად მოყოლას მხოლოდ ახლა აპირებს. შევატყე, ეჩქარებოდა სიახლეების გაგება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ უბანში სიმართლე ვერასოდეს დაიმალებოდა, მათ შორის ვერც ახალი მეზობლების შესახებ, რომელთა სახლიდანაც აშკარა ხმაური გამოდიოდა. რა დამაჯერებდა, რომ ნატალის და კატერინას ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ? ისინი უბრალოდ ისევე იყვნენ მიყუჩებულები, როგორც ნებისმიერი სხვა იზამდა იმ აზრით შთაგონებული, რომ ეს ყველაფერი იმ ოჯახში უნდა დარჩენილიყო, სადაც ხდებოდა, ცოლ-ქმრის საქმეში ჩარევა არ ღირდა და ყველაფერს თავად მოაგვარებდნენ. ასეთ ადამიანები ადამიანები სხვის პრობლემას "ღობის ჩხირის" მნიშვნელობით ხედავდნენ და გამოსავალი სიჩუმე იყო... სიჩუმე მუდამ, რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორც არ უნდა დატანჯულიყო ადამიანი.. სუჩუმე მანამ, სანამ ეს "მოგვარება" სიკვდილი არ აღმოჩნდებოდა, ახალგაზრდა ქალის ცემისგან მოკვლა, რასაც შემდეგ ყველა შეიცხადებდა ისე, თითქოს მანამდე არ გაუგიათ მისი განწირული კივილი, თითქოს პირველად გაიგეს და შეესწრნენ ასეთ საზარელ შემთხვევას.. და ამ მკვლელობის შემდეგაც ისევე გაგრძელდებოდა ცხოვრება, როგორც მანამდე მიედინებოდა: ჭორებით მოსულდგმულე მეზობლები კვლავ იჭორავებდნენ, თუმცა მსგავს თემებზე ხმას არ გაიღებდნენ, რადგან ტაბუ იყო სხვის ძალადობაზე საუბარი ამის გასაჯაროვებისა და შეწყვეტის მიზნით, აბა, მათ რა ეკითხებოდათ, რომელი ქმარი ურტყამდა თავის ცოლს, ან რომელი დედ-მამა სცემდნენ თავიანთ შვილებს "სწორად აღზრდის" მიზნით... და აი, ასე მღელვარებით გაემართა კატერინა ნატალის სახლისკენ, რომ ცინცხალი ამბები გამოეკითხა მკვლელობაზე, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა დიდი გამოძიება და ხმამაღლა საუბარი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მოკვდებოდა და მას აღარაფერი ეშველებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.