შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუფთა ფურცელი (სრულად)

10-11-2021, 03:55
ავტორი K. I.
ნანახია 12 979

სუფთა ფურცელი

ცოტნე
სკოლაში რო მივდივარ, ბიძია ბუბლიკა თავის სახელოსნოშია და მუშაობს. ახლოს როცა ჩავუვლი, მესალმება და ბუბლიკებს მთავაზობს. უარს არასოდეს ვეუბნები. გამოვართმევ ხოლმე და მესამე გაკვეთილის მერე დიდი დასვენება რო მაქვს, მაშინ ვჭამ. ეს სახელი მე შევარქვი. ისე ნოდარი ჰქვია. პატარა ხის მაგიდაზე მუდამ ბუბლიკების ასხმა უდევს, თვითონაც ხშირად ჭამს და კლიენტებსაც მაგით უმასპინძლდება. ოთახში სურათები, ფიგურები, სამუშაო იარაღები და ათასი ხარახურა უწყვია. სკოლაში წასვლას მაგასთან ყოფნა და იმ ქაოსის ყურება მირჩევნია, გასართობს ყოველთვის ვპოულობ, მაგრამ ეგრე რო მოვიქცე, ბებიაჩემი და დამრიგებელი ისეთ ამბებს აწევენ, ისევ კლასში ჯდომა ჯობია. ხატვა ბიძია ბუბლიკამ შემაყვარა, კარგად გამოსდის და მეც მასწავლის, ოღონდ მაგას ქვაზე და რკინაზე მუშაობა უფრო უყვარს. როცა ვთხოვ ეგეც მასწავლოს, შენთვის ჯერ ადრეაო მეუბნება.
ბიძია ბუბლიკასთან ყოფნა იმიტო მიყვარს, არაფერში მზღუდავს და რაც მაინტერესებს, იმას მასწავლის. სკოლაშიც მყავს ფავორიტი მასწავლებელი. ელენე ჰქვია და ინგლისურს მასწავლის. მაგის საგნის არაფერი გამეგება, მაგრამ რავი, მაინც მიყვარს. უფრო სწორად, ელენე მასწავლებელი მომწონს, კაი ქალია.
მასწავლებლები ჩემზე ამბობენ სადღაც დაფრინავსო. საკლასო ოთახში ჯდომით რო არ მოვიწყინო, რვეულში მოდელებს ვხატავ ხოლმე. ეგ არის ჩემი ფრთებიც და ფრენაც. შენიშვნას მაძლევენ სისულელეების ხატვას შეეშვი და ჩვენ მოგვისმინეო, მაგრამ რასაც ხსნიან, არაფერი მესმის, ვერც კითხვებს ვუსვამ, მეშინია არ გამლანძღონ.
კლასელებს მაგრად არ ვევასები. ბიჭები დამცინიან, სუ გოგოებს და მაგათ ტანსაცმელს რა პონტში ხატავ, გეი ხარო? გოგოებიც სხვანაირად მიყურებენ და ჩემთან კონტაქტს ერიდებიან. თუ რამეს ვთხოვ ან ვეკითხები, აგდებულად მპასუხობენ. ჰოდა, აღარაფერს ვეუბნები. წინა კვირას რომელიღაც სკოლიდან ახალი მოსწავლე გადმოვიდა და ჩემ გვერდზე ადგილი რო ნახა, დაჯდა. ასე უთხრეს - მაგასთან რა გინდა, არავინ ემეგობრება და ჩვენთან დაჯექიო. იმანაც დაავლო ჩანთას ხელი და გადაჯდა. არც მისთვის მითქვამს რამე...
სკოლის სივრცე ყელში მიჭერს. როცა რაღაც მინდა ვთქვა ან გავაკეთო, მახსენდება შეცდომების დაშვებისთვის ბავშვებმა რამდენჯერმე როგორ დამაბულინგეს და ვჩერდები. მერე ვიბოღმები და მინდა ყველას, ვინც დამცინის, რამე დავუშავო. ერთხელ, ერთს ხელში ფარგალი ჩავარჭე და სკოლის ადმინისტრაციამ ბებო დაიბარა. მოახსენეს აგრესიული შვილიშვილი გყავთ და ყურადღება სჭირდებაო. მთხოვა, წყნარად იყავი და ნუ მანერვიულებ, თორე მოვკვდებიო. ჰოდა, წყნარად ვარ და ხელს არავის ვუშლი, მაგრამ მაინც არ მანებებენ თავს, ისწავლეო ტვინი გაღუნეს.
ჩემი ბებო საღამომდე სახლში არ არის. ქუჩაში დგას და მწვანილს ყიდის. მარტო ყოფნა არ მიყვარს და გარეთ გავდივარ. ნია და მარიტა თუ ეზოში არიან, მაგათთან ვთამაშობ. მხოლოდ ეგ ტყუპი გოგოები მიგებენ და თავის სათამაშოებსაც მათხოვებენ ხოლმე. იმ დღეს, წვიმა რო წამოვიდა, ეზოში გუბეები გაკეთდა და შიგნით ვიხტუნავეთ. მაგარი იყო. კლასელებს რო დავენახე, ისევ დამაბულინგებდნენ პატარა ბავშვივით იქცევიო, მაგრამ ბიძია ბუბლიკას მეტს, არავისაც არ დავუნახივარ. იმან კიდე არაფერი მითხრა.
ბიძია ბუბლიკა მარტოს თუ მხედავს, მეძახის ხოლმე. თუ არ ვხატავთ, რაღაცეებს მავალებს. რო ვეხმარები, მიხარია. იმიტო, რო მერე მაქებს და მადლობას მიხდის. ხანდახან საღებავებს მჩუქნის და სახლშიც ვხატავ. კედლებზე ჭიკარტებით ჩემი ნახატები მაქვს მიმაგრებული. ბებია არ მიშლის. შემპირდა, ბანკის ვალს რო მოვრჩები, მოლბერტს გიყიდიო. ერთი სული მაქვს, ვალი გადაიხადოს.

ბუბლიკა
ჩემი სახელოსნო ძველი თბილისის ერთ-ერთი უბნის ეზოში მდებარეობს. ვიდრე შევისყიდდი, იქვე მცხოვრები მოსახლისგან ვქირაობდი. ერთხელ ძალიან შეწუხებული იყო, თავის შვილიშვილს ეძებდა, ის კი არსად ჩანდა. ლამის მთელი უბანი გადავაბრუნეთ. ბოლოს ჩვენივე ეზოში, სახელოსნოს უკან რომ უმსხვილესი ხე დგას და მის უკან სხვა ეზოს კედელია, იქ მივაგენით. მის სამალავს ვიწრო მისადგომი ჰქონდა. ცალი თვალით შევიხედე და დავინახე ძირს იჯდა, თავი მუხლებში ჩაერგო და არ ინძრეოდა. ცოტნე, შენ ხარ? - დავუძახე, მაგრამ ხმა არ გამცა. მანდ რას აკეთებ-მეთქი? - ვკითხე. მივხვდი, აშკარად რაღაც უჭირდა. ისევ არაფერი თქვა, ფეხზე წამოდგა და გამოვიდა. საწყალმა ბებიამისმა მის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა. შენ უნდა მომკლაო?! - საყვედურნარევი კითხვა აღმოხდა და თავის ქნევით უკან გაჰყვა.
მეორე დღეს ცოტნე ეზოში ჩამოვიდა. ჯოხი აიღო და მიწას ჩიჩქნიდა, თან თვალს ჩემი სახელოსნოსკენ აპარებდა. მოწყენილი ჩანდა. გავედი და დავუძახე. სახელოსნოში შემოვიდა და აქეთ-იქით იყურებოდა. შევატყვე, ჩემი საქმიანობით დაინტერესდა. გავეცანი, პროფესიით მოქანდაკე ვარ და რასაც აქ ხედავ, ყველაფერი მე შევქმენი-მეთქი. გაუკვირდა, ჯერ რკინის და ქვის ფიგურები შეათვალიერა, შემდეგ სურათებს მიადგა და მკითხა, ხატვაც იცითო? გამეცინა. თუ გინდა, ფუნჯებს და საღებავებს მოგცემ და შენც დახატე-მეთქი. გაუხარდა და თავი დამიქნია. მას შემდეგ ხშირად მაკითხავს, ხატვას ვასწავლი. კარგი ბავშვია, ოღონდ ცოტა თავისებური. ხელოვნების მიმართ აშკარად აქვს მიდრეკილება და თუ ამ კუთხით წავა ცხოვრებაში, შეიძლება ჩინებული შედეგიც აჩვენოს.

ელენე
ცოტნე გულჩათხრობილი მოსწავლეა. დედით და მამით ობოლი და ბებიასთან იზრდება. სანამ პირადად გავიცნობდი, მისი ოჯახის ისტორიის შესახებ გარკვეული ინფორმაცია კლასის დამრიგებლისგან მივიღე და მივხვდი, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა. ასეც არის, მუდამ ვცდილობ მასთან ურთიერთობისას ძალიან ვიფრთხილო და ეს ყველაფერი ისე გავაკეთო, ბუნებრივი ელფერი მიეცეს. ვაღიარებ, ასეთ მოსწავლესთან ურთიერთობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა და წინ ბევრი რთული ნაბიჯის გადადგმა მომიწევს. როცა პირველად დავინახე, მერხთან მარტო იჯდა, რვეული გადაეშალა და რაღაცას ხატავდა. არ შემიმჩნია. მივუახლოვდი, ხელი გავუწოდე და გავეცანი. გაკვირვებული თვალებით ამომხედა და გაწითლდა. მერე წამოდგა და თავი ჩაქინდრა, თითქოს ჩემ წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო. ძალიან დაიძაბა, შევატყვე, ჩემთან ლაპარაკს გაურბოდა. ვუთხარი წინა მერხზე გადმოჯექი, მინდა ყველა მოსწავლე ახლოს მყავდეს-მეთქი და უარი არ უთქვამს, უსიტყვოდ დამთანხმდა.
ვერ ვიტყვი, რომ სწავლაში დიდი მიღწევები აქვს, მაგრამ მას შემდეგ, რაც სახალისო აქტივობებში ჩაერთო, ცოტა გაიხსნა და საგნის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი ეს არის, დანარჩენს ნელ-ნელა, ერთობლივი მუშაობით მივაღწევთ.
იმ დღეს გრძნობებისა და ემოციების შესახებ ახალი მასალა ავხსენი, შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, პატარა ფურცელი აეღოთ და თუ დაფაზე ჩამოწერილი ცუდი ემოციებიდან რომელიმე მათგანს მსგავსი რამ აწუხებდა, დაეწერა, დაეჭმუჭნა და რაც შეიძლება, შორს ესროლა. ასეთი ხერხი ხშირად ამართლებს, ადამიანს უარყოფითი გრძნობებისგან ათავისუფლებს და ვიფიქრე, სასწავლო პროცესშიც გამართლებული იქნებოდა, თან ახალი სიტყვების გადარჩევის პროცესში მნიშვნელობებს კიდევ ერთხელ გადახედავდნენ და უკეთესად დაისწავლიდნენ. ვერ ვიტყვი, ცუდი ემოციების ფურცელზე გადატანა ბევრს მოუწია, რაც ცხადია, სასიამოვნოა, მაგრამ დავინახე, რომ ცოტნემ დაფიდან რამდენიმე სიტყვა გადაწერა, შემდეგ თითების ნერვიული მოძრაობით ქაღალდისგან გუნდა გააკეთა და კედელს მთელი ძალით ესროლა. იმედი მაქვს, ოდნავ მაინც დავეხმარე...

ცოტნე
ღამე უცნაურ, ყვითელთვალება არსებებს ვხედავ. მაგარი საზიზღარი შესახედაობა აქვთ და გაშეშებული სიარული იციან. როგორც კი ძილს დავაპირებ, ჭიანჭველების ბუდეების მსგავსი ხვრელებიდან ამოდიან, სიმაღლეში იზრდებიან და აღმა-დაღმა სეირნობენ. ზოგჯერ ჩემთან სალაპარაკოდ საწოლზე სხდებიან. მაგ დროს ისე მეშინია, შიგნიდან ყველაფერი მეყინება, საბანს ვიფარებ და თვალებს ძალიან ვხუჭავ, რო თუ იქაც შემოძვრნენ, ვერ დავინახო. ერთხელ, როცა ბუდეებიდან ამოდიოდნენ, გარეთ კატებმა ისეთი ჩხავილი ატეხეს, ლოგინში ჩავიფსი. მერე ბებო მეჩხუბა, რა დროს შენი ეგეთებია, პატარა ბიჭი ხო არ ხარო და ვერ ვუთხარი, რო იმ არსებების ბრალი იყო. ვერავის ვეუბნები მაგათ შესახებ. იფიქრებენ, რო ვიტყუები. არ მინდა მატყუარა დამიძახონ. მაგ არსებებთან საუბარს ვერ ვბედავ. რობოტივით ხმა აქვთ და სიტყვას რო იტყვიან, სუ მაკანკალებს. ბუდეები ოთახში ბევრი აქვთ. დღე იმალებიან, იქ დაფუთფუთობენ და ღამე გამოდიან. როცა წარმოვიდგენ, რო ის ხვრელები შიგნით უფრო ღრმაა, ღამე ვეღარ ვდგები და ვერც ტუალეტში გავდივარ. ასე მგონია, იმ ხვრელებს შემთხვევით ფეხი რო დავაბიჯო, ჩატყდებიან, სადღაც ჩამითრევენ და ვერავინ მიპოვის. არ მინდა დავიკარგო...
ბოლოს რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ და ყველა ერთად საწოლთან მოგროვდნენ. ჩემ სახელს იძახდნენ და ხელებს მიწვდიდნენ - გამოგვყევიო. ისე შემეშინდა, ხმას ვერ ვიღებდი. როგორც იქნა, გავბედე და ჯერ ბებოს დავუძახე და რო ვერ გავაგონე, მერე დედა-მეთქი - ამოვიკნავლე. ცოტა ხანში თითქოს ძრავა ჩაირთო და გუგუნი ატყდა. ოთახი დამაბრმავებელმა შუქმა გაანათა. იმ არსებებმა ჯერ სახეზე აიფარეს ხელები, მერე ისევ ჭიანჭველებივით დაპატარავდნენ და ბუდეებში ჩაძვრნენ. ყვირილი ავტეხე და ოთახიდან გავვარდი. ბებომ გაიღვიძა და მკითხა ცუდი სიზმარი ნახეო? თავი დავუქნიე. იმან წყალი დამალევინა, ჩამეხუტა და მითხრა - წამოდი, მეც გვერდზე მოგიწვებიო. ოთახში ძლივს შემიყვანა და საწოლში რო ჩავწექი, ერთ კედელს შევამჩნიე ოდნავ ანათებდა. ზედ დედაჩემის ჩრდილი იყო გამოსახული. ფილმებში რო კადრებია, ისიც ზუსტად ისე, ზურგშექცევით ლამაზ მინდორზე მიდიოდა. მისთვის აღარ დამიძახია, ვიცოდი, არ დაბრუნდებოდა...
გათენდა თუ არა, ბებო წავიდა. ყოველთვის ადრე გადის სახლიდან. ამბობს, მწვანილი პირველი ხელისგან თუ არ ვიყიდე, მერე გადამყიდველები ცეცხლის ფასს ადებენო. მეც ავდექი, ელენე მასწავლებელს შევპირდი დავალებას დავწერ-მეთქი და რახან შევპირდი, სირცხვილი იქნებოდა, რო არ მიმეტანა. ბევრი რამე ვერ გავიგე, მაგრამ მაინც დავწერე. მერე სანამ სკოლაში წავედი, სააბაზანოში გავედი, ტაშტები წყლით გავავსე, ჩემ ოთახში შევიტანე და იატაკზე დავაქციე. ბებომ სკოლაში მომაკითხა და მეჩხუბა მეზობელთან წყალი რატო ჩაუშვიო. ვერ ვუთხარი, რო ყვითელთვალება არსებების ბუდეები წყლით ამოვავსე და შიგნით ჩავხოცე.

ბუბლიკა
ბოლო დროს ცოტნეს პოზიტიური ცვლილებები შევნიშნე. უწინდებურად მორიდებული და ჩუმი ბავშვი აღარ არის. მართალია, ბევრი ლაპარაკი ისევ არ უყვარს და ფიქრი უფრო იზიდავს, მაგრამ ცოტა გაიხსნა და სითამამესთან ერთად ხალისიც მიეცა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, თუმცა მიხარია, რადგან ხატვის დროს სვამს კითხვებს და ნაკლებ შეცდომებს უშვებს.
როცა რამის თხოვნა უნდა, არც მაშინ იკავებს თავს. დღეს მომადგა სათევზაოდ როცა წახვალთ, თუ შეიძლება, მეც წამოვალო. ადრე, როცა ვეუბნებოდი, ყოველთვის უარზე იყო. ახლა ადგილებით და თევზის ჯიშებით დაინტერესებულმა სასიამოვნოდ გაოცებულიც კი დამტოვა. თურმე ინტერნეტში შემძვრალა და ინფორმაცია წინასწარ მოუქექია. მოვილაპარაკეთ, ამ შაბათ-კვირას სიონის ტბაზე მივდივართ. იმედი მაქვს, თევზი პასიური არ დაგვხვდება.

ელენე
ცოტნეს ჯგუფურ აქტივობებში ხშირი ჩართულობა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. ვიცოდი, თავიდან კლასელები მასთან მუშაობას არ მოინდომებდნენ, მაგრამ დავალებები ისეთი დეტალებით დავტვირთე, მისი ხატვის ნიჭი მათ საქმეს ძალიან წაადგებოდა და ჩემდა გასაკვირად, სიტუაცია იმაზე უკეთესად წარიმართა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ასე შეიქმნა საკლასო ოთახის კედლისთვის ვიზუალურად საუკეთესოდ გაფორმებული პრეზენტაციები, ბავშვების ფანტაზიებით შექმნილი დაწესებულებების ლოგოები, ორიგინალური მოხაზულობებით დაწერილი საინტერესო შინაარსის ტექსტები და რამდენიმე თვეში ყველასგან შეუმჩნეველი ცოტნე ჯგუფურ მუშაობებში ერთ-ერთი სასურველი კანდიდატიც კი აღმოჩნდა. თავად მან კი თვითშეფასების უნარი შეიძინა და როგორც ინდივიდს, საკუთარი შესაძლებლობების წყალობით, თანდათან თავდაჯერებულობა ჩამოუყალიბდა. ამასთანავე, აღარ ეშინია შეცდომების დაშვების, რადგან იცის, რომ სასწავლო პროცესისთვის ეს თანმდევი ნაწილია და ყველას შეიძლება დაემართოს.
დამრიგებელმა აღნიშნა შესვენებებზე ცოტნემ ბავშვებთან ურთიერთობა დაიწყო და სულ ერთ ადგილას აღარ ზისო. რადგან ამ ბავშვში ცვლილებების სურვილმა გაიღვიძა, ბევრ რამეზე მეტყველებს და მჯერა, დროთა განმავლობაში კომპლექსებს მოერევა.
საახალწლოდ ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერის“ მიხედვით სპექტაკლის დადგმას ვგეგმავ. ცოტნემ ინგლისური რომ კარგად იცოდეს, სწორედ ებენეზერ სქრუჯის როლისთვის მორგებული პიროვნებაა, მაგრამ იმედგაცრუება რომ არ მიიღოს და სწავლისადმი მოტივაცია შერჩეს, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ და ნაკლები მოცულობის ტექსტით, მხოლოდ სქრუჯის ბავშვობის როლით დავტვირთავ.

ცოტნე
ყვითელთვალება არსებები დიდი ხანია აღარ გამოჩენილან. ალბათ, წყალმა ყველა დაახრჩო. ახლა ვცდილობ, ღამე ნორმალურ ძილს შევეჩვიო, თუმცა ხანდახან მაინც ვფხიზლობ, რა ვიცი, იქნებ ისევ დაბრუნდნენ. ისე, რაც აღარ ჩანან, გამუდმებით მაგათზე ფიქრს შევეშვი და სხვა რამეებზე გადავერთე.
მე და ბიძია ბუბლიკა წინა კვირას სათევზაოდ წავედით. რა მაგარი ყოფილა თევზაობა. ერთი კარჩხანა დავიჭირე და სიხარულისგან ლამის გავგიჟდი. თევზის ჭამა პატარაობიდან არ მიყვარს და გავუშვი. ბიძია ბუბლიკაც ასე მოიქცა, არც ის გიჟდება თევზზე. მითხრა, თუ ბუნებასთან კონტაქტი ჩემსავით მოგწონს, შემიძლია ხშირად გატაროო. იმედი მაქვს, ბებო გამიშვებს ხოლმე.
ხატვას თავს ვერ ვანებებ, ყოველდღე უფრო სერიოზულად მითრევს. ეს დაახლოებით ისეთი რამ არის, როგორც ეზოში ჩემი სამალავი. სუ სხვა გრძნობაა, როცა შენ თავს ისეთ ადგილებს უქმნი, სადაც ვერავინ მოგაგნებს.
სკოლაში ზოგიერთმა კლასელმა ჩემდამი დამოკიდებულება შეცვალა. ახლა სუ მარტო აღარ ვარ. კარგია, რო მამჩნევენ და ჩემი ხმაც ესმით... ისე ეს ყველაფერი ორი ადამიანის დამსახურებაა - ბიძია ბუბლიკასი და ელენე მასწავლებლის. ბიძია ბუბლიკასი იმიტო, რო ხატვა მასწავლა, ელენე მასწავლებელმა კი შესაძლებლობა მომცა კლასელებს სხვანაირი ცოტნე გავეცანი.
როცა მარტო ვრჩები და ცუდად ვარ, ფურცელს ვიღებ, ვწერ რასაც განვიცდი, მერე თვითმფრინავს ვაკეთებ და ფანჯრიდან ვუშვებ. ასეთი რაღაც ადრე ელენე მასწავლებელმა გაგვაკეთებინა და მომეწონა, ოღონდ მან გუნდების სროლა გვასწავლა, მე კი თვითმფრინავების გაშვება მირჩევნია.
დღეს ჩემი ფურცელი სუფთაა და თვითმფრინავი არსად გაფრინდება. სუფთა ფურცლები არ დაფრინავენ...

№1 სტუმარი Qeti qimucadze

ქეთუ რამხელა გრძნობა იყო ამ პატარა ისტორიაში. ძალიან აქტუალური და მწვავე. ამბობენ. ბავშვები ყველაზე სასტიკები არიანო და მართალიცაა. განსხვავებულობა სულაც აღნიშნავს იყო ცუდი და რომ არა ელენე მასწავლებელი და ბუბლიკა როგორი იქნებოდა ცოტნეს სახით წარმოდგენილი "ბევრი ბავშვი" სწორედ ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მასწავლებლები ერკვეოდეს ბავშვების ფსიქოლოგიაში და მანვე მისცეს ბიძგი შეიცვალოს. დააძლევინოს კომპლექსები. ეძიოს მისი გულჩათხრობილისა და მდუმარების მიღმა ნიჭი. და ელენემ ეს შეძლო მინდა ბევრი ესეთი მასწავლებელი არსებობდეს. მარტო ცოდნა არაფერს ნიშნავს. თუ ის სწორად არმიიტანე ყველა ბავშვის გულამდე და მთავარი ქულები არაა. მთავარია იქ მისული ყველა განსხვავებულად ათვისებადი გონება მიმართული იყოს. არა მაღალი ნიშნებისკენ. არამედ ამოსავალი წერტილი სწორი და სამართლიანი აზროვნებაა. ვფიქრობ. თუ ნორმალური თაობა გვინდა. საღად მოაზროვნე და მყარად ჩამოყალიბებული ფასეულობები6. სასწრაფო რეორგანიზაციას მოსახდენი სკოლაში. არა ნეპოტიზმს და ყველა მასწავლებელი უნდა გაიცხრილოსს. ყელში ამოვიდა მარტო ქულებზე ორიენტირებული თაონმბაა. დიდი მადლობა შენ ამ ამბის თვის. საოცრად დიდ პატივს გცემ

№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ქეთო ამას არ ველოდი ნამდვილად . როგორი ემოციური წასაკითხი იყო. ამას შენ ასე არ დაწერდი ეეტყობა მიზეზი გქონდა. გამიხარდა რომ გამოჩნდი. რაც შეეხება ცოტნეს ძალიან საყვარელი ბავშვუა,თავისებური გულჩათხრობილი რომლისთვისაც ხატვა და ხელოვნება თავისუფლების და თავის თავის პოვნის საშუალებაა. ბევრი ბავშვია ცოტნეს მსგავსად რომელსაც სჭირდება ყურადღება,დახმარება და გაგება პირველ რიგში, რომელიც ელენე მასწავლებელმა შეძლო და ასე თუ ისე მიხვდა ცოტნეს შინაგან სამყაროს. სასწაულად წერ ქეთო უმაგრესი გოგო ხარ

№3 სტუმარი Ana-maria

ეს იყო ძალიან კარგი პატარა ისტორია,რომელმაც უამრავი ემოცია გამოიწვია ჩემში. რეალურადაც ბევრი ბავშვია ცოტნესავით ნიჭიერი,მაგრამ მარტოსული. ცოტნეს გაუმართლა ბუბლიკა და ელენე ყავს გვერდით. რათქმაუნდა ბებიაც.ცრემლი მომადგა,დედას რომ უხმო როცა ძალიან გაუჭირდა და მისმა სულმაც არ დააყოვნა და უშველა. გამიხარდა ცოტნემ თვითმფრინავი სუფთა ფურცლისგან რომ გააკეთა ე.ი.პრობლემები დაძლია. საოცარი ისტორია იყო. მადლობა ამდენი ემოციისთვის. წარმატებები და ველი ახალს.

№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

Qeti qimucadze

მადლობა, ქეთი ასეთი შეფასებისთვის. მიდგომები აუცილებლად უნდა შეიცვალოს საზოგადოების პატარა წევრებთან ურთიერთობებში. მითუმეტეს, თუ ასეთი პრობლემები აქვთ. იცი, ასეთი რამდენი ბავშვია? საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და სხვაგვარად უნდა შეხედოს ასეთ პრობლემებს.

სტუმარი ნინო
ქეთო ამას არ ველოდი ნამდვილად . როგორი ემოციური წასაკითხი იყო. ამას შენ ასე არ დაწერდი ეეტყობა მიზეზი გქონდა. გამიხარდა რომ გამოჩნდი. რაც შეეხება ცოტნეს ძალიან საყვარელი ბავშვუა,თავისებური გულჩათხრობილი რომლისთვისაც ხატვა და ხელოვნება თავისუფლების და თავის თავის პოვნის საშუალებაა. ბევრი ბავშვია ცოტნეს მსგავსად რომელსაც სჭირდება ყურადღება,დახმარება და გაგება პირველ რიგში, რომელიც ელენე მასწავლებელმა შეძლო და ასე თუ ისე მიხვდა ცოტნეს შინაგან სამყაროს. სასწაულად წერ ქეთო უმაგრესი გოგო ხარ

ნინო, ჩემო ყურადღებიანო მკითხველო, ძალიან მიყვარხარ❤️
ჰო, ცოტნე ხატვით გაურბოდა რეალობას და იქ ეძებდა შვებას. კი, ნამდვილად ბევრი ბავშვია მსგავს მდგომარეობაში და დახმარება სჭირდებათ.

Ana-maria
ეს იყო ძალიან კარგი პატარა ისტორია,რომელმაც უამრავი ემოცია გამოიწვია ჩემში. რეალურადაც ბევრი ბავშვია ცოტნესავით ნიჭიერი,მაგრამ მარტოსული. ცოტნეს გაუმართლა ბუბლიკა და ელენე ყავს გვერდით. რათქმაუნდა ბებიაც.ცრემლი მომადგა,დედას რომ უხმო როცა ძალიან გაუჭირდა და მისმა სულმაც არ დააყოვნა და უშველა. გამიხარდა ცოტნემ თვითმფრინავი სუფთა ფურცლისგან რომ გააკეთა ე.ი.პრობლემები დაძლია. საოცარი ისტორია იყო. მადლობა ამდენი ემოციისთვის. წარმატებები და ველი ახალს.

მადლობა თქვენ ანა- მარია, რომ წაიკითხეთ და შეაფასეთ. ინტერესით გავეცანი თქვენს კომენტარს❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ემოციებით სავსე ♡ გამიხარდა,რომ ატვირთე.სიამოვნებით წავიკითხე მეორედაც ♡♡♡

№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგი პატარა ისტორია. საოცრად სასიამოვნოა როცა გვერდით ასეთი ადამიანები არსებობენ, ვისაც ანგელოზების დახმარება შეუძლიათ. გამეხარდა ბოლოს რომ დაძლია თავისი პრობლემები ❤️ ნამდვილად ბევრი ბავშვია ასე და ერთერთ მაგალითად გამოდგება ეს პაწუნა ისტორია.. ძალიან ემოციური იყო და საოცრად სასიამოვნო, გულში ჩამწვდომი.. მადლობა ასეთ საოცრებებს რომ ქმნი❤️❤️

№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

ტერიკო74
ემოციებით სავსე ♡ გამიხარდა,რომ ატვირთე.სიამოვნებით წავიკითხე მეორედაც ♡♡♡

მადლობა, ნინა ❤️
ჰო, ვფიქრობ, აქაც უნდა იყოს.

სტუმარი ქეთი
ძალიან კარგი პატარა ისტორია. საოცრად სასიამოვნოა როცა გვერდით ასეთი ადამიანები არსებობენ, ვისაც ანგელოზების დახმარება შეუძლიათ. გამეხარდა ბოლოს რომ დაძლია თავისი პრობლემები ❤️ ნამდვილად ბევრი ბავშვია ასე და ერთერთ მაგალითად გამოდგება ეს პაწუნა ისტორია.. ძალიან ემოციური იყო და საოცრად სასიამოვნო, გულში ჩამწვდომი.. მადლობა ასეთ საოცრებებს რომ ქმნი❤️❤️

მადლობა შენ, ქეთი, რომ წაიკიხე. გამიხარდა, რომ მოწონება დაიმსახურა მკითხველისგან❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

№8 სტუმარი სტუმარი smith

მართლა აქტუალური თემაა.. სკოლაც და გარდატეხის ასაკი და ოჯახი..

ადამიანებმა ადამიანობა უნდა დავიბრუნოთ

№9  offline მოდერი guroo

ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა ელექტრული დენია. მანერული თხრობისგან დაცლილი ტექსტი კი - ალბათ, ლიტერატურა. ძალიან კარგი, დახვეწილი, სასიამოვნო ლიტერატურა.
მოკლე და მოხდენილი წინადადებები, თავშეკავებული თხრობა, ცოტნეს მონოლოგებში გამორეული "შეცდომები"... ქეთი, მე შენი ლოლასავით დედამიწის აივანზე ვიყავი გასული, სანამ ვკითხულობდი. ამისთვის მადლობა.
მეორედ წაკითხვისას შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დოკუმენტური ჟანრის ფილმს ვუყურებდი. პერსონაჟები ისე საუბრობენ, როგორც ასეთი ფილმების ესთეტიკას შეეფერება.
ყოველთვის არის შენს ნამუშევრებში რაღაც გაუგებარი და ირაციონალური, რაც პერსონაჟების ყველაზე ღრმა ტკივილებს ეხმაურება. ასეც უნდა იყოს. ადამიანებს ბოლომდე არ გვესმის ხოლმე შიგნიდან რა გვაწვალებს და არ გვასვენებს.
რამდენიმე მარტივმა წინადადებამ გული მომიკლა. მშვიდი ტონით მოყოლილი, მაგრამ უმძაფრესი იყო.
როგორც მივხვდი, ყოველთვის არ აქვეყნებ იმას, რასაც წერ. გთხოვ, ნუ დაიკარგები ხოლმე დიდი ხნით.

№10 სტუმარი სტუმარი nancho

ქეთი გამახარე შენი დაბრუნებით..აი ისტორიის შინაარსი კი მძიმე ,ყოვედღიური და მგრძნობიარეა.ასე მეგონა ძალიან ახლობელზე მიყვებოდნენ.არადა ეგაა პრობლენა,არ დანახვა,არ შემჩნევა და დაიღუპა ადამიანი,ყველას სად შეხვდება ბუბლიკასი და ელენესნაირი ადამიანები❓არადა უნდა შეხვდნენ არა❓.მადლობა ქეთი .

№11  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი smith
მართლა აქტუალური თემაა.. სკოლაც და გარდატეხის ასაკი და ოჯახი..

ადამიანებმა ადამიანობა უნდა დავიბრუნოთ

უნდა დავიბრუნოთ!.. ჰო, სწორად აღნიშნე. სხვა გზა აღარ გვაქვს...

guroo
ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა ელექტრული დენია. მანერული თხრობისგან დაცლილი ტექსტი კი - ალბათ, ლიტერატურა. ძალიან კარგი, დახვეწილი, სასიამოვნო ლიტერატურა.
მოკლე და მოხდენილი წინადადებები, თავშეკავებული თხრობა, ცოტნეს მონოლოგებში გამორეული "შეცდომები"... ქეთი, მე შენი ლოლასავით დედამიწის აივანზე ვიყავი გასული, სანამ ვკითხულობდი. ამისთვის მადლობა.
მეორედ წაკითხვისას შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს დოკუმენტური ჟანრის ფილმს ვუყურებდი. პერსონაჟები ისე საუბრობენ, როგორც ასეთი ფილმების ესთეტიკას შეეფერება.
ყოველთვის არის შენს ნამუშევრებში რაღაც გაუგებარი და ირაციონალური, რაც პერსონაჟების ყველაზე ღრმა ტკივილებს ეხმაურება. ასეც უნდა იყოს. ადამიანებს ბოლომდე არ გვესმის ხოლმე შიგნიდან რა გვაწვალებს და არ გვასვენებს.
რამდენიმე მარტივმა წინადადებამ გული მომიკლა. მშვიდი ტონით მოყოლილი, მაგრამ უმძაფრესი იყო.
როგორც მივხვდი, ყოველთვის არ აქვეყნებ იმას, რასაც წერ. გთხოვ, ნუ დაიკარგები ხოლმე დიდი ხნით.

გურო, ყველაზე ნაკლებად შენს კომენტარს ველოდი. დიდი ხანია, რაც საიტზე აღარ შემომიხედავს (მთელი რიგი მიზეზების გამო) და მეგონა, შენც ჩემსავით დაიკარგე. კარგია, რომ შევხვდით ერთმანეთს. მადლობა❤️

სტუმარი nancho
ქეთი გამახარე შენი დაბრუნებით..აი ისტორიის შინაარსი კი მძიმე ,ყოვედღიური და მგრძნობიარეა.ასე მეგონა ძალიან ახლობელზე მიყვებოდნენ.არადა ეგაა პრობლენა,არ დანახვა,არ შემჩნევა და დაიღუპა ადამიანი,ყველას სად შეხვდება ბუბლიკასი და ელენესნაირი ადამიანები❓არადა უნდა შეხვდნენ არა❓.მადლობა ქეთი .

ნანჩო❤️
სწორ პრიზმაში გაქვს დანახული პრობლემა!
ჰო, ყველას ვერ გადავარჩენთ, სანამ ადამიანები ადამიანობას არ ისწავლიან. ბევრი უნდა ვიყოთ ელენესნაირი და ბუბლიკასნაირები, ძალიან ბევრი...
--------------------
When nothing goes right, go left!

№12 სტუმარი სტუმარი nancho

ხშირად მონდა ,რომ,აქ იყო..მაკლდი.

№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი nancho
ხშირად მონდა ,რომ,აქ იყო..მაკლდი.

შევეცდები, ვიყო. დროის დეფიციტი მაქვს.
--------------------
When nothing goes right, go left!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent