ლაე (ნაწილი II - ჩამქრალი ჩირაღდანი)
*** შებინდებისას ზარმა მეათედ რომ ჩამორეკა და დევდარიანი დავითი მაინც არსაიდან გამოჩნდა, მის მოსაძებნად ჯერ საკუთარი საგვარეულოს წარმომადგენლები, ბოლოს კი დადეშქელიანების მთელი ხალხი გაეშურა. ნოა აზიდულ მხრებს უფრო და უფრო შლიდა იმის მცდელობაში რომ მეტად მკაცრი გამოჩენილიყო. მეთორმეტე ზარზე წითელი დინასტიის პირველი წინამძღვარის, ბაბუამისი ემზარის გადიდებული ფოტოდან, რომლითაც ასე ძლიერ ამაყობდა, თვალები ალმაცერად გადაიტანა კოშკის კუთხეში მოუსვენრად მდგარ ლაეზე, რომელიც თავს დასჯილი ბავშვივით ისე მალ-მალე ხრიდა ძირს, გეგონება ეს თავად არ მოწამლა დევდარიანის დოქი და ახლა ამბების მოლოდინში ხელი ხელის ადგილას აღარ აქვს და გული საგულესო. ბევრი იარა პატარა ლაემ, სანამ რამოდენიმე ქუჩის მოშორებით ძირს დამხობილ, ფერწახდენილ დევდარიანს არ გადაეყარა, რომელიც ფიქრობდა ეგ არის და დილა აღარ გამთენებია, თემში მშვიდობის დასამყარებლად ჩამოვედი და სამარე ჩემი ხელებით გავითხარეო. კარგა ხანს ვერც შენიშნა ამ უბედურ დღეში ჩავარდნილმა სიკვდილის ანგელოზივით თავზე დამდგარი ლაე და მისი საოცრად განათებული სახე. ჭაბუკი ოფლად იღვრებოდა და გულში ჩუმად ნატრულობდა, რა იქნებოდა ბოლოჯერ მაინც რომ მომეკრა თვალი ჩემი ნესტანისთვის, კიდევ ერთხელ გამეგონა მისი არაამქვეყნიური სიყვარულის მომასწავლებელი წკრიალა, თბილი ხმა თუნდაც ბოლოჯერ და მის მკლავებში სულის დალევაზეც არ ვიტყოდი უარსო. უზადო დაუცხრომელ სურვილებში გადაჩეხილს წკრიალა თბილი ხმის მაგივრად ჩაბზარულ-წახდენილი, გაბოხებული შარისა და სუსხისგან, შეზავებული გაბედულობა-მოწყენილობით და თავიდან ხმადაბალი, ბოლოს კი ყვირილზე გადასული ხმა რომ გაიგონა, მასაც ასე ეგონა ჰალუცინაციები დამეწყო და ეს უკვე ჩემი დასასრულიაო, მაგრამ როგორც კი მოუთმენელმა და გულმოსულმა გოგომ ქოჩორში ხელი მაგრად ჩაავლო და თავი მაღლა ამოაწევინა, “მომაკვდავმა” მაშინღა დააჭყიტა ზეზე თვალები. -ნესტან? - დასაწყისში თითქოს და გაეღიმა, თუმცა მალევე ვეღარ აიტანა და თავი ისევ ქვევით ჩამოაგდო. -წყეულიმც იყოს, ამას შეხედეთ… -ვიცოდი რომ მოხვიდოდი! -იმ რეცეპტში ბოდვების გამოწვევაც ეწერა ნეტავ? არა, ეს ჩემი ბრალი კი არა ამათი სიყვარულობანა-ზიზილ-პიპილობანას თამაშების ბრალია. აი, ხედავ? ხედავ რა დღეში ჩაგაგდო მაგ შენი ნესტანის სიყვარულმა? - გადასძახა ლაემ ამპარტავნულად, - ესეიგი წიგნებში ტყუილი არა სწერია, სადაც სიყვარულია, იქ სიკვდილიაო! -მაშ მე მოვკვდები, არა? - ნახევრად გამოღვიძებული, ჭირამდე მისუსტებული ბიჭის ხმა არაფრიდან ყველაფრამდე ისე გაისმა, თითქოს და გამოქვაბულის ბოლოდან მოდიოდაო. ლაემ კოშმარულად გადაიხარხარა, - რა თქმა უნდა მოკვდები… დევდარიანმა თვალები დაჭყიტა, რაზეც ლაეს კიდევ ერთხელ მოასკდა სიცილის განგაში, მაგრამ ბოლოს იფიქრა სულ თუ არაფერი შიშისგან არ გავუხეთქო ამ უბედურს ისედაც უკვე მოუშუშებლად დასნეულებული გულიო და სიტუაციის გამოკეთებას ეცადა, თუმც კი ისე რომ არც თავის ჩარჩოებს გასცდენოდა. თავისივე დაწესებულ ჩარჩოებს, - მაგრამ ამაღამ არა… აი, დადეშქელიანის მოწამლული წყალი რომ არ გამომეცვალა და ციებ-ცხელების გამომწვევი უგემო ბალახებით არ ამომევსო ახლა ნამდვილად შენი სიცოცხლის ბოლო წუთები იქნებოდა დევდარიანო… -რას გულისხმობ? - ენა ძლივსღა ამოიდგა დავითმა, - ან საერთოდ… საერთოდ ვინა ხარ? -ისა ვარ, ვისაც შენთვის და ნესტანისთვის კარგი უნდა! -ჩვენზე საიდან… საიდან იცი? -მომაკვდავის კვალობაზე ზედმეტად ბევრ კითხვებს სვამ, - გაიხუმრა გოგომ (თუმც კი ნახევრად) და დავითს გვერდით ჩამოუჯდა, - ახლა კარგად მომისმინე, დრო ბევრი არა გვაქვს. Შენ არაფერი გჭირს, დაიმშვიდე ეგ გული. მეტი-მეტი დილამდე დიარეით გაიწურო და ოფლი ნაკადულივით მოგდიოდეს, მაგრამ ეს ღამე შენთვის იმიტომ კი არ აღმოჩნდება საბედისწერო რომ კვდები, არამედ იმიტომ რომ შეგიძლია შენი ნესტანი გადაარჩინო. -ნესტანი ამ ყველაფერთან რა შუაშია? ნოას ჩემი მოწამვლა რაში არგებდა, მაშინ ხომ… მაშინ რაღა აზრი ექნებოდა ლამპრობის ზავს? რისკენაც მაგ შენი უადგილო სიტყვებით მიმანიშნებ, ყოვლად ალოგიკური და გზა-აცდენილია. -დაივიწყე ეგ ზავი ადამიანის შვილო, ჩათვალე არც ყოფილა. არანაირი მშვიდობა არ არსებობს, არც არსებობდა და არც იარსებებს! ეგ უბრალოდ შენი აქ მოსატყუებელი ხაფანგი იყო. ნოას ნესტანი უნდა ცოლად, გესმის? თქვენს სიყვარულზე რომ ხმა გავარდნილა, ასეთი გეგმა დაუსახავს. ეგ ზავიც მაგისი მორიგი მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო. უბრალოდ სიტყვაზე მენდე, მოჰკიდე ხელი ნესტანს და აქაურობას გაეცალე, თორემ ეს ღამე მეცა და შენც თმის ღერიდან დაწყებული ფეხის ფრჩხილით დამთავრებული დაგვიჯდება. -სიტყვაზე გენდო? - თავი მოიმაგრა განცვიფრებულმა დავითმა, რომელიც ნელ-ნელა უკვე ახერხებდა პაზლების ნაწილებივით მიმოფანტული მოვლენების ერთმანეთთან შეკავშირებას, - ვენდო იმას ვინც ამ დღეში ჩამაგდო? შემომხედე, სულს ძლივს ვითქვამ შე შეჩვენებულო. ვინა ხარ, საერთოდ ნამდვილი ხარ? -მადლობის მაგიერი ხარ? ასე რომ არ მოვქცეულიყავი, მე რომ ზავის დადებამდე არ მომეწამლე, შენ რომ ამაღამ ხატზე დაგეფიცებინა, შენ გგონია ნოა უმოქმედოდ გაჩერდებოდა? გგონია არაფერი რომ არ მოგსვლოდა არც ეჭვს აიღებდა და ამ ამბავს უბრალოდ მიივიწყებდა? სიკვდილს ისევ ციება არ გერჩივნა? შენთვითონ დაფიქრდი, წითელი დინასტიის მემკვიდრეს ახლა მკვდარი ჰგონიხარ. ასეთი უბადლო შანსი მეორედ ქრისტიანმა არ იცის როდის მოგეცემა. თუ დამიჯერებ, დინასტიის საგვარეულო ტყის პირველივე ხესთან შუა ღამეს ნესტანს მოგიყვან. თუ არა და შენს ნამუსზე იყოს ის ყველაფერი რაც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ მალე მოხდება! -დინასტიის ტყესთან? - სიმწრით გაეცინა გაფიცხებულ ბიჭს და ტკივილისაგან სახის კუნთები დაემანჭა, - თუ იმ კისერ-წაგრძელებულ ნოას გინდა ჩემი თავი ჩააბარო, აღიარე მისი მოგზავნილი ხარ, არა? -დავით, დამიჯერ… -ჩემი სახელი საიდანღა… -უბრალოდ მოკეტე და მომისმინე, ამ საქმეში ერთ მხარეს ვართ. ნესტანი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ნოა კი ჩემი ცხოვრების მტერი. როგორ ფიქრობ, მენდომება ნესტანს სიცოცხლე გავუმწარო? მას შენ უყვარხარ, შენ კი ის გიყვარს. გაეცალეთ სვანეთს და იბედნიერეთ, სხვაგვარად ამ მხარეში მხოლოდ და მხოლოდ ორკაციანი სამარე შეგრჩენიათ… -იცოდე თუ სტყუი, ნოას აჩრდილი მოგონება გახდება! -შენ დანიშნულ ადგილას დანიშნულ დროზე დაგვხვდი და მერე ორივენი ვნახავთ ვსტყუი თუ არა. დავითი არ იყო უბრალო ჭაბუკი, არც გულით ყოფილა ავაზაკი ოდესმე და არც სხვისი ავაზაკობა გაჰხარებია. თუმც კი მთელი მისი ოცდაორ წლიანი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარ ძმასაც ეჭვის თვალით უყურებდა. კაცი შვილი არ დაიარებოდა ამ პლანეტაზე ვისაც მისი დარწმუნება შეეძლო, სანამ სათნოებით განთქმული ქერა ლამაზმანი, სვიფის გვირილა, - ნესტანი არ დაიბადა. ნესტანმა დავითს შეჰფიცა რომ მის გარადა ცოლად არავის გაჰყვებოდა. ასე რომ მისი სისხლში გართხმული გენიისა და ნესტანის ფიცის გამო, დავითს ლაეს სიტყვები გულზე არადა არ მოსდიოდა. მაგრამ, არსებულა საქმე რაც ავაზაკ ლაეს დაუწყია და ბოლოში ვერ გაუყვანია? და მისმა გეგმამ ამჯერადაც გასჭრა. ხელებიც ისე მარტივად შეაწმინდა ნოას, როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა ხოლმე. ნესტანი და დავითი გაიქცნენ, თავად კი მათი სიყვარულის საფასურს მოხუცი მუხის ხის ტოტზე დადეშქელიანთან ერთად დილამდე დამძიმებული და გაფრენის პირას მყოფი გულის გადამკიდე ზიზღის განთხევაში იხდიდა. ყველაფერი კარგი ხომ ცუდისთვისაა შექმნილი და პირიქით. აზრი არ ჰქონდა რამდენი ათასწლეულად გაწელილი საათი გავიდოდა, ლაეს მაინც არაფრის დიდებით არ დასცდენია არც ერთი ნაყოფიერი თუ უნაყოფო სიტყვა მათ ადგილსამყოფელზე. ამისი უამრავი მიზეზი გააჩნდა. ერთი იყო მისი მტკიცე ხასიათი, მეორე მეგობრის სიყვარული და მესამე… ეჰ, მესამე… /// გამთენიისას ნოა წელში გაიმართა და უსიტყვოდ ჩამოხტა მუხიდან. Შემდეგ ცხენი შეკაზმა და წასასვლელად მოემზადა. -ჰეი, - ლაე პანიკაში ჩავარდა და ხმამაღლა სტვენას და პატარა ტოტების სროლას მოჰყვა, - ჰეი, ვის ვეუბნები… ნოამ ნაბიჯებს უკლო, ბოლოს კი სულ შეაჩერა. -აქ მოდი! - უბრძანა გოგომ. -მემგონი ეკლესიაში უფრო ხშირად უნდა დავდიოდე, - ჩაიდუდუნა გასაგებ ენაზე ნოამ, - რაღაც გაურკვეველი ბგერები ჩამესმის თავს ზემოთ. -თავს ზემოთ კი არა, თავში ჩაგესმის შენ ეგ ხმები. კიდევ კარგი მიხვდი მაინც რომ ვერა ხარ საღად. -აი… მგონი ისევ განმეორდა, - ჩაიხითხითა ნოამ, ყური ერთი მაგრად გამოიფერთხა და სვლა არხეინად განაგრძო. -დადეშქელიანო, გეფიცები შენი ღამის კოშმარად ვიქცევი ახლა თუ არ დაბრუნდები… -გეგონება ისედაც არა ხარ! მაგრამ სიშორემ მისი სიტყვები მთლად გადაჩრდილა. სიშორემ რომელიც ლაეს გაყინულ გულის მაგვარ ორგანოში რაღაც ნემსის ჩხვლეტის მსგავს შეგრძნებებს უტოვებდა. და ძალაუნებურად გაახსენდა ის ლოდები, რომლებიც ბავშვობაში მამამისს მისივე თხოვნით სწორედ ამ ტყიდან სახლში მოჰქონდა ხოლმე. მერე კი როგორ ართმევდა ეთოს ნაირ-ნაირ ქინძისთავებს და მთელი დღე ამ ქვებს უჩხაკუნებდა. მაშინ მისთვის სულ ერთი იყო, ახლა კი, ახლა მან დარწმუნებით იცოდა… ის ქვები გრძნობდნენ. იმ ქვებს სტკიოდათ… -ნოა ბავშვობაში ქვებით გითამაშია? გოგონას ამ უეცარი ხასიათის ცვლილებაზე ნოამ ხელში აღებულ ლაგამს გაუაზრებლად გაუშვა და დაინტერესებულმა დაუწყო მოგონებებს ქექვა პასუხის მოსაძებნად… -მითამაშია. -როდის? -მხოლოდ მაშინ როცა შენ გესვროდი. -მე რომ არცერთი მომხვედრია? -ეს იმიტომ რომ ბევრ მჟავე ქლიავს ჭამდი და სხარტი იყავი. -ნუ დამცინი. -არ დაგცინი. -მერე ის ქვები გამტყდარა? -გამტყდარა. -შეწებებაზე თუ გიფიქრია? -არასდროს. -რატომ? ნოამ პასუხი დააგვიანა. მდუმარებამ საუკუნე გასტანა. ცხენი ხმამაღლა აჭიხვინდა. ნოა უყოყმანოდ შემოახტა და ლაგამი ძლიერად გამოჰქაჩა. Სადაც იყო ჩაჟი ისარივით გაქანდებოდა. -შენ რა სერიოზულად აქ დამტოვებ? - ჩამოსძახა გაცოფებულმა ლაემ და გულხელი დაიკრიფა. -მადლობა მოიხადე საერთოდ ცოცხალს რომ გტოვებ, - ნოამ სიტყვა ცოცხალზე უზარმაზარი აქცენტი გააკეთა. ლაე დაიჯღანა, - როგორ არ გესმის, სიკვდილი ჩემთვის ხსნა იქნებოდა, შენ კიდევ აქვე დედამიწაზე ჯოჯოხეთი მომიწყე. ნოას გაეღიმა, - ჯოჯოხეთი მოგიწყე? და მაინც რა დაგიშავე? “ქვის გული გამიტეხე…” ... ახლა ლაემ გაიკმინდა ხმა. თითქოს უკვე გაუაზრებლად ეჯიბრებოდნენ ყველაფერში. სულ ყველაფერში… და მაინც რა დაუშავა ნოამ? ის ხომ მხოლოდ ემოციურ ტკივილებს აყენებდა გოგოს გააზრებულად თუ გაუაზრებლად, რაზეც თავად ფიზიკური სამაგიეროთი პასუხობდა ხოლმე. -რა მოხდა? ეს დიდებული მომენტი რას მივაწერო... - ნოა ცხენიდან ჩამოხტა და იქვე შორიახლოს ხელახლა მიაბა. აშკარად ისე გაერთო ნესტანი კი არა, საერთოდ საკუთარი თავის არსებობაც გადაავიწყდა. ახლა მხოლოდ ლაეს ხედავდა. მხოლოდ ლაესი ესმოდა. მხოლოდ ლაეს გრძნობდა. და ყველაფერი ერთი მეორეზე მიყოლებით სრულიად პირველად ხდებოდა. ყველა ემოცია ერთი-მეორეზე გადაბმით რასაც ნოა ლაეს სჩუქნიდა, გოგონასთვის პირველი იყო, როგორც ის შეგრძნება ნოას ხარივით ძლიერი მკერდის არეში მისი სიტყვების გაგონებისას, - “შენ მე ვერ მომკლავ, დადე”. ალბათ სინამდვილეში სწორედ ეს იზიდავდათ ერთმანეთთან, ალბათ მოსწონდათ ყოველთვის ეს ახლებური განცდა, რაც მხოლოდ ერთმანეთთან მეტოქეობისას ეუფლებოდათ ხოლმე. ალბათ სასიამოვნო იყო საკუთარი თავის შეცნობის გზაზე სხვისი საიდუმლოებების ამოხსნა. თითქოს მათი ეს მტრობა ისე იყო გადაჯაღვული სამუდამოდ ერთმანეთთან, რომ ვერცერთი ვერაგული ძალა ამ ჯაჭვს ვერ გაწყვეტდა და ვერცერთი ტკბილი შეგრძნება ვერ გაალღობდა. ეს იყო რაღაც ამოუხსნელი. ამ გრძნობას სახელი არ ჰქონდა. -თავი გამანებე დადეშქელიანო! - შეუბღვირა დაბნეულმა, ფიქრებში წასულმა ლაემ ბიჭს და თავი სხვა მხარეს შეატრიალა. ნოა, რომელიც წამების წინ ცხენზე შემომჯდარიყოდა უკანმოუხედავად წასვლას აპირებდა, ახლა ამ მუხას მუმლივით ეხვეოდა და პასუხების მოლოდინში უფრო და უფრო ერთობოდა, ვიდრე შესაძლებელი იყო. და ლაე, რომელიც ზუსტად იმდენივე ხნის უკან ზურგ შექცეულ ნოას აკავებდა რომ არ წასულიყო, ახლა ფიჭას შემოკრობილი თაფლივით შესწებებოდა ერთ ადგილს და დაეჟინა რომ იქიდან ფეხს აღარ მოიცვლიდა. და სულ ამგვარად იყო. ერთ აზრზე არასოდეს იდგნენ. ზოგჯერ თითქოს პარალელურ სამყაროებში სცდებოდნენ ერთმანეთს, ზოგჯერ თითქოს თვითონ დროში. Როცა ერთი მიდიოდა, მეორე მაშინ მოდიოდა. თეთრი და შავი არაგვივით იყვნენ, რომლებიც ერთმანეთს არაფრის დიდებით, არადა არ ერწყმიან. უბრალოდ ასე ჯიუტად, ხისთავიანი ბავშვებივით აგრძელებენ თავიანთ ძლიერ, მგზნებარე დინებას. -სანამ არ მიპასუხებ აქედან ფეხს აღარ მოვიცვლი. -უკვე გვიანია, ახლა აღარ მინდიხარ. -თურმე აღარ ვუნდივარ… და როდის გინდოდი? -შენ ხომ წასვლას აპირებდი? -მიდი ნუღარ ჯიუტობ, ხო ხედავ არა? დაგეღალა ეგ გრძელი კისერი. ჩამოხტი და ადამიანურად ვილაპარაკოთ, - გაიკრიჭა ნოა და ლაეს დასახმარებლად ხელი გაუწოდა. ლაე იმდენად იყო ნოას მრისხანებას შეჩვეული რომ ახლა მისი კეთილშობილური საქციელი უფრო აშინებდა, ვიდრე მისი მუქარა. ისედაც დამფრთხალი დაბნეული გოგო სრულიად შეცბა და სახიდან ფერი წაუხდა. ეს წამიერი ცვლილება ნოას გამჭრიახობას არ გამოჰპარვია და მომენტში თავადვე ჩაეკითხა თავს ეს რას ვაკეთებო, მაგრამ მერე ეს უაზრო ფიქრები ცხოვრებაში პირველად უკუაგდო და მცდელობა განაგრძო, - მიდი მომეცი ხელი! ლაე ნოას ღიმილს პირველად ხედავდა. შვიდი წლის განმავლობაში ის პატარა ბიჭი რომელიც გოგონაზე, რომელიც თვეში ერთხელ მის სიახლოვეს მოჩვენებასავით ჩნდებოდა მასზე გულმოსაკლავ წერილებს სწერდა, ახლა მას უღიმოდა. ეს ღიმილი არ იყო უბრალო. ეს იყო წრფელი, გულიდან კამკამა უდანაშაულო ნაკადულივით პირდაპირი დინებით წამოსული. მისი გაწვდილი ხელიდან გადმოსული ცეცხლის ალი ლაეს მიმართულებით, ახლა გოგოს იმაზე მეტად წვავდა, ვიდრე მაშინ იწვოდა ნოა და მისი აბრეშუმის პერანგი. მთელი ღამის დაგროვილი სუსხი და შიშისგან გამოწვეული სიცივე გაქრა და დაისადგურა სითბომ, რომელიც ბიჭის საოცრად გადაწკეპილი ნაკვთების ცქერის დროს ისადგურებდა გოგონას გალღობის პირას მყოფ გულში და ცეცხლი რომელიც თავიდან მხოლოდ მას სწვავდა, ახლა მთლიან ტყეში მძვინვარებდა. ლაეს ეგონა ცოტაც და გონს დავკარგავო. თუმც კი საკუთარი მე-სთვის მაინც არ უნდა გადაებიჯებინა. ლაე არ გატყდებოდა, არასდროს! -ნუთუ სამუდამოდ ამ მუხის ძირში აპირებ დგომას, ნოა? -შეიძლება. -რას ნიშნავს შეიძლება, შენ რა სულ შეიშალე? -შენზეა დამოკიდებული. -გადაწყვეტილებებს ჩემზე დაყრდნობით როდიდან იღებ? -ალბათ დღეიდან. -რას მივაწერო შენი ეს უეცარი ცვლილება? -მაგაზე მაქამდე გეფიქრა, სანამ იმ სიტყვებს მეტყოდი. და ლაემ კარგად იცოდა რასაც გულისხმობდა იგი. “მაგაზე მაქამდე გეფიქრა, სანამ იმ სიტყვებს მეტყოდი”, ნოას პატარა ბუტია, ბურდღუნა ბავშვივით წარმოთქმული სიტყვები ტვინში ძველი ლურსმანივით ჩაეჭედა გოგოს. და მან იცოდა. იცოდა, მაგრამ მაინც არ აღიარებდა. ვერ გაეგო რატომ გატეხა ამ უბრალო არაფრის მომცემმა, ერთხელ, შვიდი წლის წინათ ნათქვამმა სიტყვებმა ამხელა არწივივით კაცი, რომელმაც ვერც ხანძარმა, ვერც თვალის გამოთხრამ და ვერც ათასნაირმა ჭირმა ვერ დააკლო ვერაფერი. ნუთუ ლაე მასზე იმ ცეცხლის ალზე მეტად მოქმედებდა? გოგონა ამ აზრმა მძვინვარე აზარტში შეაგდო და თუმც კვლავაც თრთოლვითა და კრძალვით, მაგრამ მაინც წაიჩურჩულა: -რომელ სიტყვებს, დადე? -შეწყვიტე ჩემით მანიპულირება. -მაშინ შეწყვიტე ჩემი დევნა. -სანამ ჩემს კითხვაზე პასუხს არ მივიღებ მაქამდე არ მოგეშვები. გეყოფა ლაე, დამნებდი… -მთელი ცხოვრება ჩემს სახელს რომ გასძახი არ მოგბეზრდა? -ლაე… -ხედავ? ახლაც იგივეს აკეთებ, გაუაზრებლად. -მაინც რა გავაკეთე? “ვერ გამაცურებ დადეშქელიანო.” -ეგ კითხვა ორპირია, შენსავით ორპირი. თავი გამანებე, ამ ხიდან არ ჩამოვალ! -კარგი, თუ ასეა, - ნოამ თავპირი გაიმაგრა და კვლავ ხეზე აცოცება დააპირა. -თუ მამა ღმერთი გწამს, - ბოლო ხმაზე შესძახა გამოფხიზლებულმა ლაემ, - მაგის მეორედ ყურებას ისევ ის მერჩივნა წუხელ მაგ ხანჯალით მოგეკალი. -შენ იცოდი რომ ვერ მოგკლავდი არა? კვლავაც სიჩუმე. -მიპასუხე… განრისხდა ჭაბუკი. -ვერ ვხვდები ჩემგან რა გინდა, ნოა! -მინდა რომ მაგ წყეული ხიდან ჩამოხვიდე. -ვერ ეღირსები. ნოამ მუხას მუშტი შემოჰკრა: -შარი ხარ, შავი ჭირი ხარ, ონიანო! Პატარა ტკიპა ხარ რომელიც სულში გაჯდება და იქაურობას იქამდე აღარ სცილდება სანამ ბოლომდე არ ამოგწოვს ენერგიას. -მაშინ წადი და ნაკურთხი წყალი დალიე. -რა იყო ახლა ჩემი მოწამვლა გადაწყვიტე? -ისე კი ურიგო არ იქნებოდა. -ესეიგი, აღიარებ რომ დევდარიანი შენ მოწამლე? -მე ეგ არ მითქვამს, - ენაზე იკბინა გოგომ. ასე თუ გაგრძელდებოდა ხომ ყველაფერს დაფქვავდა? -კროსვორდს ჰგავხარ, რომელსაც უამრავი უჯრა აქვს, - ჩაილაპარაკა ნოამ და კვლავაც წინანდელ ადგილას აღმოჩნდა, ლაეს ზურგზე ხელი ელვისებური სისწრაფით შემოჰხვია და გზა ისევ ძირს ჩასასვლელად გაიკვალა. ლაემ გააფთრებულმა დაიწყო კივილი, მუშტების რტყმა და კბენა რასაც ნოა აუცილებლად მოელოდა. და როგორც კი კვლავაც მიწაზე აღმოჩდნენ, როცა ლაემ დაუდებელი სანაძლეო წააგო, იმ ხიდან ჩამოვიდა და ახლა დრო იყო ნოას კითხვებისათვის პასუხები გაეცა… უცებ მთელი ღამის უძილო, ამდენი ემოციებისაგან დამძიმებული, ნოას მკლავებში უსულოდ ჩაესვენა. ისე მიეძინა რომ იფიქრებდი სამუდამოდ სძინავსო. თეთრი ფითქინა კანი თითქოს კიდევ უფრო გაუთეთრდა. ნოას გულის ცემა შეუჩერდა. ისიც კი იფიქრა სული ხომ არ განუტევა ამ ბედკრულმაო და ყური მის მკერდს ნაზად, შეპარული სიმორცხვით მიუახლოვა. ცოტა ხანში იქიდან მისუსტებული გულის ცემა გაისმა და ნოას გაუაზრებლად ისევ მოეფინა სახეზე ის უცნაური, მშვიდი და ახლებური ღიმილი. მალევე მოისვა ცხენზე მძინარე მზეთუნახავი წითელი დინასტიის პრინცმა და გარიჟრაჟის ჟამს ონიანების საგვარეულო კოშკისაკენ გაეშურა. --- და ნოამ თავისი დანაპირები აასრულა. ნესტანი იმავე საღამოს მიწურულს დადეშქელიანების საგვარეულო კოშკში გამომწყვდეული მოთქვამდა და თავ-ბედს იწყევლიდა. მომრგვალებული ფორმის ძველი, ცივი ფანჯრიდან სავსე მთვარის სინათლე მკრთალად აღწევდა და ცელქად დასთამაშებდა გოგოს ტკივილიანი ცრემლებით დასველებულ ღაწვებს. ახლა რა იქნებოდა? სიკვდილით დასჯიდნენ თუ ნოას მიათხოვებდნენ? და განა ეს ერთი და იგივე არ იყო? ასე მწარედ გაიმეტა ბედმა? საკუთარ თავთან მომწამვლელ დიალოგში გაათია ღამე. ნეტავ დავითი გადარჩენილიყო და ნოას ცოლობაზეც კი თანახმა იქნებოდა. უბრალოდ სცოდნოდა რომ მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ცოცხალი და უვნებელია… და უეცრად გამთენიის ჟამს, როდესაც დამძიმებული თავი მუხლებიდან წამოსწია და შეშუპებული სისხლით განთხეული სინანულ-შეპარული თვალები მოისრისა, ელვის გამომკრთალი პაწია იმედის სხივივით ერთმა ახალმა აზრმა გაუელვა. წამიერად, შეპარვით მაგრამ იმდენად ძლიერად რომ ეს აზრი გოგოს გონებაში სამუდამოდ გაიჭედა. “Რა იქნება თუ ლამპრობის ზავს მე დავდებ ნოასთან?” ჩაილაპარაკა და გაწამებული ძირს მტკიცედ გაემხო. ეს წამი იყო და ეს წამი, მზემაც რომ გამოანათა პირველი სხივები და ცოტახანში ნოა ნესტანის ოთახთან საუზმით ხელში მივიდა. მაგრამ გოგომ კარი რომ არ გაუღო, იფიქრა თავს რამე ხომ არ აუტეხაო, ლანგარი ძირს დადგა და უშველებელ ხის კარს მთელი ძალით მიენარცხა. ხმაურზე ნესტანი იატაკიდან წამოვარდა და სანამ გაიაზრებდა სად იყო ან რა ხდებოდა, მანამდე მოჰკრა თვალი ფერწახდენილ ნოას. -რა ხდება? - იკითხა გოგომ სუსტი ხმით. -რატომ ცდილობ ყოველ ჯერზე გული გამიხეთქო ნესტან, - ნოამ შუბლზე წამოხურებული ოფლი ცალი მაჯით მოიწმინდა და ლანგრის მოსატანად გაბრუნდა. -გული? - ჩაეცინა გოგოს, - ნუ ცდილობ თავი იმით შემაცოდო, რაც საერთოდ არ გაგაჩნია. -ვფიქრობ მეტისმეტად მკაცრი ხარ ჩემთან მიმართებაში, - მიუგო მშვიდად ნოამ და საჭმელი მაგიდაზე დადგა, - საერთოდ არც კი მიცნობ. -იმისათვის რომ ადამიანი გძულდეს, მისი გაცნობა აუცილებელი არაა. ერთი-ორი მიზეზიც საკმარისია. ნოამ წარბები შეკრა, - აჯობებს ცოტა ჭამო, ახლა გონზე არ ხარ. როცა მოწესრიგდები ქვევით გელოდები, საოჯახო შეკრება გვაქვს. -ჭამა არ მინდა. -ნუ სულელობ, - მკვახედ მოუჭრა ბიჭმა და მერე თავისთვის ჩაიდუდუნა, - აქამდე ერთი ჯიუტი ბავშვიც მყოფნიდა. “კი არადა, ზედმეტიც იყო.” -რაზე ამბობ? -ჰა? -რატომ არ გსურს შენს თავთან გულწრფელი იყო, ნოა? -შენ მასწავლი მე რა მსურს? გითხარი მალე ჭამე მეთქი, გოგოსგან დარიგებების მოსმენას არ ვაპირებ. -მგონი მეც გითხარი არ შევჭამ მეთქი. აპირებ ასე ცხოველივით მომეპყრა სამუდამოდ და მერე ჩემგან თანხმობას ელი ურცხვად? -შენგან არაფერს არ ველი, რადგან არც მიკითხავს. -გგონია ყველაფერს შენ წყვეტ? -თუ სხვანაირად არის მაშინ მითხარი. -თუ ქორწინება მხოლოდ ერთის თანხმობა გგონია, მაშინ საკუთარ თავზე დაქორწინდი. -სულ ტყუილად ცდილობ ნესტან, მაინც ვერასდროს გაიგებ შენზე დაქორწინება რატომ მსურს. ახლა კი, უკანასკნელად გეუბნები, - შეჭამე! -თორემ რა, რას იზამ? Მცემ? მომკლავ? კარგია, მე ხომ ისედაც ეგ მინდა… -ესე იგი ასე არა? -რატომ გინდა ჩემი შერთვა? -თავად რატომ არ გინდა ჩემი ცოლობა? -ასეთი რთულია შენთვის სიყვარულის შეცნობა? -ზღაპრების დაჯერებას არ ვაპირებ, რადგან ცხოვრება, - ეს სულაც არაა ზღაპარი, რომელიც კეთილად მთავრდება. შეეცადე გაიგო. Ჩემმა მეუღლემ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს. -მიმიფურთხებია შენთვის და შენი წესებისთვის! - იღრიალა გაშმაგებულმა გოგონამ და თეთრი თმები სახეზე ჩამოეფხატა. -ნესტან ხმას დაუწიე! - ნოა ბოლო წერტილამდე ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, გოგო კი არაფრით ცხრებოდა. -არ ვაპირებ შენი მონა ვიყო, გაიგონე? - და ბიჭს მხრებში ჩააფრინდა, - მხოლოდ ორი ვარიანტია არა? - და მათი თვალები ასე ახლოდან პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, - ან სიკვდილი ან შენი ცოლობა. მაშინ თავადვე მომკალი, ახლა და აქვე. მიდი, მომკალი! გემუდარები მომკალი… ნესტანის ღვიარებისა და მუდარის ხმები კოშკის სმენის არეალსაც კი გასცდა. Მალე ორივენი ერთად დაემხნენ იატაკზე. ნესტანი მუდარას აგრძელებდა და ნოა მის დამშვიდებას უშედეგოდ სცდილობდა რომ უეცრად... “Შენ მე ვერ მომკლავ, დადე!” ეს ისევ მოხდა. მაგრამ როგორ? ახლა ამის დრო არ ყოფილა. საერთოდ არ ყოფილა. Რატომ დაძრწოდა ლაე ნოას ფიქრებში, მაშინაც კი როცა იგი ნესტანთან ერთად იყო? ამას ამგვარად არ უნდა ემუშავა. როგორც თემის უფლისწულს სურდა ყველაფერი ხომ ისე ხდებოდა. და მაშინ ეს რა იყო? -რა დაგემართა? - შეკრთა ნესტანი და ნოას მხრებზე ჩავლებული ხელები გაუშვა. Ბიჭი წამოდგა და უკან დახევა დაიწყო. ნათელი, მზიანი დილა წამებში ბნელმა და ბურუსმა მოიცვა. მაგიდაზე გაკრული ხელი ნესტანის საუზმეს მოხვდა და ძირს ხმაურიანად დაემხო. დოქი ნაწილებად დაიმსხვრა. ნოა კარის სახელურს მივარდა და უკანმოუხედავად გაიქცა. ნესტანი დიდხანს პირმოკუმული და გაშტერებული ერთ ადგილას გაუნძრევლად იდგა და უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა უღრღნიდა გულს. თუმცა ნოას ამ უცნაურ საქციელზე მეტად დავითზე წუხდა და გული შესტკიოდა. მაგრამ მოიცა… რა მოუვიდა მის გეგმას, რომელიც წინა ღამეს ცხელ-ცხელ გულზე დაძინებამდე ზუსტად ერთი წამით ადრე მიიღო? ნუთუ იმდენად სუსტი იყო რომ საყვარელი ადამიანის გადასარჩენად ამასაც ვერ გარისკავდა? მაინც რატომ არ შეეძლო ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოქცეულიყო ლაე ონიანივით და მისნაირი სიმტკიცე და გაბედულობა გამოეჩინა. მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ახლა მისი უბედურების ავტორი ამ დოქივით იყო დამსხვრეული. ამაზე უკეთესი შანსი სხვა დროს არ მიეცემოდა. ამიტომ სწრაფად გამოიცვალა, იქაურობა მიალაგა და ნოას მოსაძებნად გაემართა. “ძლიერი უნდა იყო… ლაესავით ძლიერი უნდა იყო…” - უმეორებდა საკუთარ თავს. კიბეებზე რომ ჩადიოდა შემთხვევით მოჰკრა ყური ნოას მამის შეგირდი დაცვას დავითის დახვრეტას როგორ ავალებდა. “მაგრამ როგორ? Ეს როგორ უნდა ვქნა?” ნესტანმა პირზე ხელები მთელი ძალით მოიჭირა რომ ხმამაღალი კივილი არ აღმოხდნოდა და კიბეებზე ჩაიკეცა. მისი დრო აღარ ითმენდა. დროზე ადრე უნდა ეპოვნა ნოა, მაგრამ ამ კოშკიდან ხომ ვერაფრით გააღწევდა. Რა მოხდებოდა რომ ვერ მოესწრო? არა, ამაზე ფიქრი გოგოს აფრთხობდა და უჩენდა ახალ თეორიას. თურმე დასასრულის შემდეგაც შეიძლება იარსებოს ვარამმა და შავს იქით ბნელმა... თუმცა როგორც არ უნდა მოეწადინებინა, ლაეს მაინც ვერ დაემგვანებოდა. სამი დღე-ღამის უჭმელი და უძილო ბოლო საფეხურებზე გულმოსაკლავად გაითიშა. კოშკში ერთი ამბავი ატყდა, ჭორები სწრაფად გავრცელდა. ექიმები ყველა სოფლიდან სათითაოდ მოდიოდნენ. სვიფის მცხოვრებლები ხელ-დატვირთულნი ასკდებოდნენ დადეშქელიანების ჭიშკარს. ყველა გაუჩერებლად კითხულობდა უფლისწულს, რომელიც გაფანტული ნისლივით აორთქლდა დედამიწიდან. --- ლამპრობის ჟამს ენგურის საათობით ცქერა საოცარი ენერგიებით ავსებს ადამიანს. Სოფლის მცხოვრებლები ამ ხედს არეული სულის წამალს უწოდებენ. არეული სული! აი რა სჭირდა ნოას. ის დაბნეული იყო. თითქოს მხოლოდ ნესტანსა და დანარჩენებს კი არა, თავად საკუთარ თავსაც გაურბოდა. ნეტავ შესაძლებელია საკუთარ თავს გაექცე? შესაძლებელია დაივიწყო ყველა შენი ვალდებულება და უბრალოდ უკვალოდ აორთქლდე? ალბათ როგორი მარტივი იქნებოდა ცხოვრება ადამიანებს რთული სიტუაციების ჟამს გაქრობა რომ შესძლებოდათ. გაქრობა და ისეთ ადგილას გაჩენა, სადაც თავს ყველასა და ყველაფრისგან დაცულად იგრძნობდნენ. Სხვა კუთხეში, სხვა ქვეყანაში ან სულაც… ან სულაც წარსულში: -ამდენ მჟავე ქლიავს რომ ჭამ მუცელი აგტკივდება, - უსაყვედურა ნოამ პატარა ლაეს რომელიც ჯიბეებ-გამოტენილი ხეებს გარშემო მოუსვენრად ურბენდა და ენგურს გადახედა, - ნეტავ ბუნების მშვენიერების რამე გაეგებოდეს… -მჟავე ქლიავს იმიტომ ვჭამ რომ შენნაირი სუსტი არ ვიყო, - ჩაიწრიპინა პატარა ლაემ, ახალი ქლიავი ჩაკბიჩა და სასაცილოდ დაიჯღანა, - დედამ მითხრა ბევრ ვიტამინებს თუ მიიღებ უფრო სხარტი იქნებიო. ნოამ გაიღიმა. -ასეთი დამჯერი გოგო თუ იყავი, არ მეგონა. პატარა ლაემ კიდევ ერთი წრე შემოარტყა მუხას და მალე ახალი სამიზნე ამოიღო. -მაგ ხეებს ასე რომ ურბენ თავბრუ არ დაგეხვა? -ეგ რა არის? რამე ხილია? დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი. -ჰაჰ, როგორი ხისთავიანი ხარ. -მე მელნის ტარიანი მაინც არ ვარ. რა იყო, დიდი ხანია მოგირჩა ეგ თვალი? -ბედი შენი რომ ჩემი გასროლილი არც ერთი ქვა არ მოგხვედრია ამ დილას. -საერთოდ არ მისმენ? ეგ იმიტომ რომ ბევრ მჟავე ქლიავს ვჭამ, აქლემო. ხედავ? მამებმაც მაგიტომ არ გაგიყოლეს სანადიროდ. სუსტი ხარ. არ გინდა ვიხმალაოთ? ხომ იცი რომ მე მოგიგებ. -ერთი ცალი მომეცი. -რა, ხმალი? -ლაე… -რა იყო აქლემო, აბა მარჯვენა თვალზე ხელი აიფარე, დაინახავ? - გადაიკისკისა ლაემ და ახლა სხვა ხისკენ გავარდა. -ერთი ქლიავი მომეცი. -რატომ? -მომეცი მეთქი, მინდა გავსინჯო. -არ მოგემ. -ლაე… -თუ დამიჭერ, ყველა შენი იყოს… -მოდი აქ! Ნოა პატარა ლაეს დაედევნა. უმალ გოგონამ ხის უზარმაზარ ფესვს პაწია ფეხი წამოსდო და ძირს გაიშხმართა. Მისი ჯიბიდან ქლიავები ერთიმეორეზე მიყოლებით გაგორდნენ. Გამარჯვებულის მზაკვრული ღიმილით ნოამ ეგრევე ქლიავს დაავლო ხელი და პირისკენ გაიქანა. Პატარა ლაე ხმამაღლა ატირდა. ნოამ კი იქამდე დასცინა სანამ მუცლის ტკივილი არ იგრძნო და ცოტახანში ფითქინა, ნორჩი კანი წითელი ლაქებით დაეფარა. და ლაე ბედნიერი იყო რომ კალმისტარიან დადეს სამაგიერო თავისით გადაეხადა და ისედაც დაშავებულს წვალება აღარ დასჭირდა. ნოამ იმ ღამეს ისევ ექიმთან დაასრულა. და იქვე იყო პატარა ლაეც, რომელიც ბოდიშს არასდროს იხდიდა. იმ დღიდან ქლიავი მისი საყვარელი ხილი გახდა. ნოამ ენგურს თვალი მოსწყვიტა და სახეზე ისევ ღიმილმა გადაურბინა. Ბოლო დროს მოგონებები ხშირად არ ანებებდნენ თავს. თავადაც კარგად ხვდებოდა რომ აშკარად არსებობდა რაღაც, რამაც აიძულა დღეს ამ ადგილას მოსულიყო. Რამაც აიძულა ნესტანთან ყოფილიყო მაგრამ ლაეზე ეფიქრა. Რა ხდებოდა მის თავს. ჯიუტი ლაესკენ მიმართული მისი ზიზღი კურსს რატომ იცვლიდა. მაგრამ ახლა ამ კითხვებზე მეტად მნიშვნელოვანი შედეგები იყო. Შედეგები, რომელსაც უკვე ვეღარ შეცვლიდა. Როგორც არ უნდა დარწმუნებული ყოფილიყო საკუთარ გრძნობებში, სახლში მიყვანილ გოგოს იქიდან ვეღარ გაუშვებდა. ეს მთელი მათი საგვარეულოს დამცირება იქნებოდა. Სულ თუ არაფერი, მხოლოდ იმიტომ უნდა შეერთო ნესტანი რომ მისი ჩაკარგული სახელი ისევ წინა პლანზე ამოეწია. Ნოა დადეშქელიანს მსგავს რამეს ვინც გაუბედავდა, ყველა ასე დაასრულებდა. Მისი სახელი, გავლენა. Მისთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ ეს იყო და მისი აზრით ასეც დარჩებოდა რაც არ უნდა მომხდარიყო. სვიფში ჭორები წყალივით მიედინებოდა ხოლმე. ონიანებამდეც მალე მივიდა ნოას გაქრობის ამბავი რამაც ლაე ძლიერ შეაშფოთა. ალბათ დავითის მოსაკლავად წავიდაო ფიქრობდა და ნესტანი ძალიან ეცოდებოდა. მისი თითქმის ბოლოში გაყვანილი გეგმა ცხოვრებაში პირველად ჩაფლავდა, თუმცა ეს უკვე აღარ ადარდებდა. სასწორზე მისი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე იდო. როდესაც ეთომ და მერაბიმ გაიგეს რომ მომხდარი ლაეს პირით გაცხადდა და უფრო მეტიც, ამ ყველაფერში მისი ხელი ერია, გოგო სასტიკად დასაჯეს და არათუ შეკრებებზე დასწრება, საერთოდ სახლის ეზოს გაცდენა აუკრძალეს. Მერაბმა უთხრა რომ მისი იემდები არ გაამართლა. ლაეს პირველად მოუნდა თავის გამართლება და მათთვის ყველაფრის ახსნა, თუმცა ბოდიში მაინც არ მოუხდია. და იმ დღის მერე მისი სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. თითქოს სული რომელიც ყველას ასეთ შიშის ზარს სცემდა მისი სახით, ახლა სხვაში ჩასახლდა, ანდაც საერთოდ დატოვა დედამიწა. და დადეშქელიან ნოას ოცნება აუხდა. მაგრამ ბედნიერება, ეს ის არ იყო რასაც ახლა განიცდიდა. ლაე თავის ოთახში იყო გამოკეტილი. საერთოდ აღარ ჭამდა და უამრავს ფიქრობდა. უარესად ჩამოხმა და კანიც თითქმის გამჭვირვალე გაუხდა. ცდილობდა ნოაზე აღარ ეფიქრა. ცდილობდა ის წარსული და ამოუხსნელი მტრობა რაც ამ ორს აკავშირებდათ უბრალოდ წაეშალა მისი ცხოვრებიდან, ამოეკვეთა, ისე თითქოს არც ყოფილაო. თავითს თუ მოკლავდნენ მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალი იქნებოდა, ამიტომ საკმარისი გამბედაობა საკუთრ თავში ვეღარ ჰპოვა რომ ეს მტრობა გაეგრძელებინა. გადაწყვიტა ამ ამბისთვის წერტილი დაესვა. ახლა უბრალოდ იარსებებდა და მხოლოდ იმისთვის რომ ამ სინანულს ცხოვრების ბოლომდე ცოცხლად შეეჭამა და ასე დაესაჯა საკუთარი თავი. მისმა სიკეთემ, როგორც ყოველთვის ბოროტი შედეგები გამოიწვია. თუმცა ცხოვრებაში პირველად იგი გულწრფელად, გულწრფელად ნანობდა. --- როცა წიგნზე ასოები ვეღარ გაარჩია ერთმანეთისაგან, სანთელი აანთო და კითხვა გააგრძელა, რომ უეცრად მის ფანჯარასთან რაღაც ხმაური გაისმა. თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ხმა რომ განმეორდა ფანჯარას ნელა მიუახლოვდა და გადაიხედა. მის სახლთან თეთრ პერანგში გამოწყობილი დავითი იდგა და კენჭებს ლაეს ოთახის მიმართულებით ისვროდა. Პირველად გოგოს ისე ძლიერ გაუხარდა მისი ცოცხლად დანახვა რომ იფიქრა სიხარულისგან ფანჯრიდან გადაფრინდებოდა და გამოხსნა კიდეც, მაგრამ შემდეგ როგორც კი გონებაში ვარიანტები განიხილა თუ რის გამოც მივიდა ბიჭი მასთან, ეგრევე უკან გაბრუნდა, საწერ მაგიდას მიუჯდა და წიგნი ხელახლა გადაფურცლა. არც ისე დიდი ხნის შემდეგ თავი მაღლა რომ ასწია, დაინახა თეთრი სანთელი როგორ იღვენთებოდა წვეთ-წვეთ, მტკივნეულად და ნელა. დაუნდობლად და მაინც ასე სუფთად. მერე კი ცალი ხელი ნაღვენთს შეუშვირა. Და იგრძნო საშინელი წვა და მიხვდა. ეს სანთელი დავითი იყო, რომელიც ზუსტად ასე იღვენთებოდა მისი ფანჯრის ძირში. Მას ახლა ზუსტად ასე სტკიოდა და მეტიც, ეს დამწვარი ხელი, მის ტკივილთან შედარებით არაფერი იყო. Მოუსვენრობამ სძლია ლაეს და ისევ ფანჯრიდან გადაიხედა, მაგრამ ბინდ-ბუნდის სიცარიელეში ვეღარც თეთრი პერანგი გაარჩია და ვეღარც ცრემლიანი თვალები… ვეღარც წიგნს დაუდო გული დადარდიანებულმა ლაემ. კიდევ ერთი სანთელი ჩასაღვენთად ენანებოდა. მაგრამ არც ძილი სტუმრებია იმ ღამეს. Როგორც კი თვალებს დახუჭავდა ხან დავითის ცრემლიანი თვალები და ხან ნოას გაღიმებული სახე ელანდებოდა. ეს რატომ ხდებოდა? თვალი მაინც რომ ვერაფრის დიდებით მოხუჭა, გვიან ჟამს წყლის დასალევად ადგა რომ ისევ იგივე ხმაური გაიგონა. გოგომ გაიღიმა. ნამდვილად დავითი იყო. ისედაც გამოხსნილ ფანჯარას ისარივით მივარდა, მაგრამ… ჩირაღდანი ნოას მკაცს ნაკვთებს უფრო მკაცრად და საზარლად გამოკვეთდა. ლაეს კინაღამ ფეხი არ წაუხდა და ფანჯრიდან არ გადავარდა. თუმც კი ალბათ ნოა მაინც დაიჭერდა. ვერ ხვდებოდა ცხადში იყო თუ სიზმარში. Ჩირაღდანი, რომელიც ნოას ხელში ეკავა, მისი შუქი თუნდაც მკრთალად, მაგრამ გოგოს ოთახში მაინც აღწევდა. ბოლოს ლაემ ხელზე დაიხედა. Ხელზე რომელიც, ცოტა ცხნის წინ სანთელს შეუშვირა და დამწვრობამ თავი ხელახლა შეახსენა. სიზმარი არ ყოფილა… სიზმარი არც ახლა იყო. ნოა ღამით მასთან მივიდა. სხვაზე უბრალოდ ვეღარაფერზე შეეძლო ფიქრი. Მოსაცმელი სასწრაფოდ მოიხურა და კარი ჩუმად გამოიკეტა. ცოტა ხანში უკანა ეზოში ფეხაკრეფვით გაშპა და მიჰყვა ნათებას, რომელიც ნოას ჩირაღდანიდან მოდიოდა. სუსხი ძვლებში უვლიდა ლაეს. სითბო კი ნელ-ნელა იმატებდა როგორც კი კიდევ ერთ ნაბიჯს დგამდა. ეს ჩირაღდანის ბრალი იყო თუ? Როცა საბოლოოდ ჩამოცხა, ლაე და ნოა ისევ შუა ღამეს ისევ ერთმანეთის პირისპირ და ასე ახლოს აღმოჩდნენ, მაგრამ… ახლა აღარც ერთი ხმას აღარ იღებდა. Ნოას შუბლი შეეკრა და ლაეს თვალებში ისეთი ინტერესით უყურებდა, თითქოს იქიდან რაღაცის ამოკითხვას ლამობდა. Ტუჩები მკაცრად მოეკუმა რაც ისედაც სქელ კანს უფრო ამობურცულად უჩენდა. თვალებში წითელი ზოლები გაკლაკნილი გველებივით მოუჩანდნენ. ნესტოები დაჰბერვოდა და იმაზე ძლიერად, ვიდრე ადრე. ლაემ ამ მზერაში რაღაც ცვლილების შემჩნევა ნამვილად მოახერხა, თუმცა ვერაფრით მიმხვდარიყო თუ რა იყო ეს, სანამ ნოამ ხმა არ ამოიღო. -ლაე… Მაინც რამდენ ნაირი მისი სახელის ვარიაცია, ყვირილი, მუქარა აღარ მოუსმენია გოგოს მისი ბაგეებიდან, მაგრამ ასე თბილად, ასე თავბრუდამხვევად პირველად ჩაესმა ყურებში. იმ წამს ლაემ იგრძნო თავბრუ როგორ დაეხვა. “-მაგ ხეებს ასე რომ ურბენ თავბრუ არ დაგეხვა? -ეგ რა არის? რამე ხილია? დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი.” და ლაემ ეს ხილი ნოას ხელებიდან გასინჯა. ახალი ხილი... ახლებური შეგრძნება, ახლებური სითბო… -მე მოვედი… ლაე მე მოვედი! -შენ რა… - გოგომ სიტყვის დასრულება ცოტა არ იყოს ითაკილა, - ნოა, დალიე? -თუ გეტყვი რომ არა? -იქამდე გესაუბრები სანამ არ ჩაგჭრი. -და თუ გეტყვი რომ ხო? დამიჭერ როცა თავბრუ დამეხვევა? -არ მგონია ეგ შევძლო. -რატომ? მეგონა ძლიერი იყავი. -რადგან… “Სისულელეა, სისულელეა, სისულელეა!” -რადგან რა? -დაივიწყე, სახლში წადი, ნესტანი ალბათ გელოდება. ლაემ ნოას ზურგი აქცია და სახლში შესასვლელად ნაბიჯი გადადგა, მაგრამ… -ლაე… - ნოამ ლაეს მაჯაზე ხელი ჩაავლო და ისევ მისკენ შემოაბრუნა. ლაეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მთლიანად ლავაში ჩააგდეს, ეს ჩირაღდანი კი მისი მდგომარეობის ასაღწერად უბრალოდ მეტაფორა იყო. -რადგან მე თავადაც მეხვევა თავბრუ, ნოა… - აღმოხდა გაწამებულ გოგოს და მაჯა მალე გაინთავისუფლა არწივის კლანჭებისაგან. Შუქზე ნოას თეთრმა კბილებმა გამოიბრწყინეს. -მაშინ მოდი, ერთად დაგვეხვას თავბრუ. ლაე შოკში ჩავარდა. რა სჭირდა ნოას? ამაღამ რატომ საერთოდ არ ჰგავდა თავის თავს? -ბევრი დაგილევია, სახლში დაბრუნდი და გამოიძინე. -მომწონს თუ როგორც ზრუნავ ჩემზე. -შენზე ვზრუნავ? -ხო. -შენზე როდის ვიზრუნე? -ახლახანს. -იქნებ იმიტომ ვთქვი რომ თავიდან მომეშორებინე? Ნოამ ტუჩები გადმობურცა. -ცრუი. -შენ რა იცი? Სიცრუის დეტექტორი ხარ? -არა, მელნისტარიანი ვარ. -ნოა… -ლაე… -უკვე გვიანია, სახლში უნდა დავბრუნდე. -ჩემთან დარჩი გთხოვ. -რატომ? -რადგან… “სისულელეა, სისულელეა, სისულელეა!” -ხედავ? მთვრალი ხარ, თავადაც არ იცი რას ამბობ. -ლაე სიმართლე მითხარი, ნესტანი მხოლოდ იმიტომ გააპარე რომ მისთვის კარგი გინდოდა? "რაღაც სხვაც არის რასაც ამდენ ხანს მიმალავ ხომ?" და ისევ ყველაფერი აურია ნოამ. უეცრად ჩირაღდანი ლაეს პაწია გულში დანთებული იმედის ხანძარივით ჩაქრა. ისე ჩაქრა რომ ნაკვერჩხლებიც არ დაუტოვია. ნიავი ხელახლა ამოვარდა. და სუსხიც ხელახლა შეიპარა ლაეს ძვლებში. ახლა ლაე საბოლოოდ მიხვდა. ეს ჩირაღდანი მართლაც მეტაფორა იყო. ის ჩაქრა და იქაურობა ყინვამ მოიცვა. ისევ… -ასეც ვიცოდი. აი თურმე რატომ მოსულხარ. შენ მე ვინ გგონივარ? გგონია ადამიანებს ასე ერთი ხელის მოსმით ვუტეხავ გულს, როგორც შენ? გგონია ბოროტი ქმნილება ვარ, რომელსაც გრძნობები არ გააჩნია? Რომელიც სხვისი ცუდით მხოლოდ და მხოლოდ თავისი კეთილდღეობის გამო იკვებება? გგონია ისეთი მონსტრი ვარ რომ საკუთარ მეგობარს ეს ყველაფერი ძალით დავმართე? და ეს მინდოდა? და რა მოხდება თუ ასე ფიქრს გააგრძელებ? Შენს ამღვრეულ სულში ეგ ჩემი ზიზღი ერთხელ და სამუდამოდ გაქრება? ან იქნებ არც გინდა რომ გაქრეს და მაგიტომ ცდილობ ახალ ახალი მიზეზების მოფიქებას... და იქნებ არც უნდა ანთებულიყო ეს ჩირაღდანი. ბოლო ხომ ისედაც დავითის პერანგივით თეთრი და ნათელი იყო, რადგან ცხოვრებას ზღაპარივით არ აქვს კეთილი დასასრული. -ლაე… ეგ არ მიგულისხმია, მე… მე… -ყველაფერი მშვენივრად გავიგე, დამანებე თავი ნოა. წადი, ნესტანთან წადი. -მაგრამ შენ ხომ… არ გინდოდა რომ… შენ არ გინდოდა. -არ მინდოდა რა? -რომ ცოლად შემერთო. და ესეც მიზეზი. მიზეზი, რომელსაც ნესტანი ვერასდროს გაიგებდა. ნოას ყველა გადაწყვეტილება მაინც ლაემდე მიდიოდა. სხვა გზა უბრალოდ არც არსებობდა. და არც სურდა რომ ეარსება. ამას ამაღამ მიხვდა. მაგრამ როგორც კი ეს გაიაზრა, ახლა სხვა რამ შეიცვალა. ახლა თავად ლაე შეიცვალა. ის იყო ისედაც ყოველთვის ასეთი უხეში და ცივი, ასეთი ძლიერი და მტკიცე მაგრამ ამაღამ… მის თვალებში ვარსკვლავები ჩაქრნენ. იმ ჩირაღდანივით. -რა? - და ერთმანეთს ისევ აცდნენ, - რა სისულელეა, საიდან მოგაფიქრდა? ბოლო ჭიქას მოჰყვა? Რა საცოდავი ხარ ნოა! -რას მეუბნები? -იმას რომ, პირიქით, მინდა რომ დაქორწილდეთ. ვერ გაიგონე? წადი ნოა, მომშორდი და ხვალვე შეირთე ნესტანი. ჩემთვის სულერთია! ხომ ისედაც ეს გინდოდა. ჩემს სიახლოვეს კი აღარ დაგინახო. აღარასდროს. ლაემ ნოას ზურგი ამჯერად სამუდამოდ აქცია და ცრემლებმა რომლებმაც გაუაზრებლად აიღეს კალაპოტი მის ბროლივით ქათქათა მშვენიერ ყელამდე, აუწყეს მას რომ სწორად მოიქცა. Რადგან ტკივილი, ეს ხომ ის ერთადერთი საფასურია რასაც სიყვარულში ვიხდით. Შესაძლოა ბოდიშს არასდროს იხდიდა, თუმცა ის მაინც იცოდა რომ დანმაშავე იყო და ეს საფასური მხრებით თავადვე უნდა ეთრია, თუნდაც სამუდამოდ… -ლაე… ლაე… რატომ ეგონა ნოას რომ ამ სახელს ბოლოჯერ იძახდა? Რატომ ჰქონდა ეს საშინელი წინათგრძნობა, რომელიც მაშინვე ესტუმრა როგორც კი გოგონამ ზურგი აქცია? Ზუსტად ვერც იტყვის კაცი კიდევ რამდენ ხანს იდგა ხელ გაწვდილი ასე გაშეშებული ნოა და ლაეს სახელს ხმადაბლა გაიძახოდა. მალე წვიმამ დაუშვა. ამინდიც კი ყველაფერს გრძნობდა. სახლში დაბრუნებულს ნესტანი მის სასთუმალთან დახვდა. გოგოს თავი ჩაექინდრა. უშველებელი თმები ძირს ეფინებოდა. -აქ რას აკეთებ? Შენს ოთახში წადი, - მიუგო უხალისოდ ნოამ და საწოლზე ჩამოჯდა. -გელოდებოდი, - წაიჩურჩულა ნესტანიმ. -ახლა არაფრის ხასიათზე არ ვარ, სწრაფად მითხარი რაც გინდა. გოგომ თავი მისკენ შეატრიალა, მტკიცედ მიუგო, - გამოგყვები ცოლად! - და სახეზე მსხვილ-მხსვილი ცრემლები ჩამოუგორდა. და იმ ღამეს კიდევ ერთი სანთელი ჩაიწვა. პ.ს ლამპრობის ზავი, - პირობები: ნესტანი ნოას გაჰყვებოდა ცოლად, თუ კი დავითი ცოცხალი დარჩებოდა. მშვიდობა ისევ დაისადგურებდა. პირობები ორივე მხარისათვის ხელსაყრელი იყო. მაგრამ იმ ღამის შემდეგ ნოას ჩირაღდანი აღარასდროს ანთებულა... (ეს დასასრული არ არის, წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავლებია) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.