ცასა და მიწას შორის ( 5 )
საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე და შევეცადე აჩქარებული გულისცემა დამერეგულირებინა, თავს ცუდად ვგრძნობდი, უკვე ცხრამეტი წლის ვიყავი და პირველად ახლა დავიწყე იმის გააზრება რომ საკუთარ ცხოვრებას ვერ ვაკონტროლებდი, მე მე არ ვიყავი, ყოველთვის ვიღაც წყვეტდა ჩემს მაგივრად თუ როგორ უნდა მეცხოვრა, ჯერ მშობლები და ბებიაჩემი, შემდეგ წინამძღვარი და მონაზვნები, ახლა კი ეს უცნაური და უცხო ხალხი, სანი სონია დანიელი და კაცმა არ იცის კიდევ ვინ, პირველად მიჩნდებოდა პროტესტი იმის გამო რომ სანის და სონიას აზრით მე ფაქტიურად არ ვარსებობდი და მათი ძველი ნაცნობი და მეგობარი ანა ვიყავი, დანიელიც როცა ყველაფერს გაიგებს ალბათ ჩემში ყოველთვის თავისი ანას აჩრდილს დაინახავს... ეს ასე ძალიან რატომ მტკენს გულს? განა მეც იმიტომ არ მომწონს ის რომ თითქმის მთელი ცხოვრებაა სიზმრებში ვხედავ? ნუთუ მხოლოდ ამის გამო მიჩქარდება გული მისი დანახვისას? -ჩემს სულელურ ფიქრებზე თვითონვე გამეცინა და გულაღმა გადავვარდი საწოლზე, სიზმრები არაფერ შუაშია უბრალოდ შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო ის და არ მოგეწონოს, მისი უკუნეთი ღამესავით შავი თვალები, გრძელი თითები, ძლიერი უნაკლო სხეული, მაცდური ტუჩები და ღიმილი თავგზას რომ მაკარგვინებს... - ადექი ანა თორემ ასე ნერწყვი დაგახრჩობს, -საკუთარ თავს შემოვუძახე და ფეხზე წამოვხტი, მაისური და თმა შევისწორე, სარკეში ჩემი ვარდისფრად შეფაკლული ლოყები და აციმციმებული თვალები შევათვალიერე და ღიმილით გავედი მისაღებში, ვერანდაზე გასასვლელი კარი ღია იყო, ფეხაკრეფით გავედი, ჩემგან ზურგით იჯდა მაგიდასთან და მელოდა, მაშინვე იგრძნო ჩემი შესვლა ადგა გამიღიმა და მიმიპატიჟა. - მოდი დაჯექი, თორემ ჩაი გაცივდება. მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოვჯექი, სხვადასხვა საჭმლით და ხილით სავსე მაგიდას თვალი გადავავლე და შავი სურნელოვანი სითხით სავსე ფინჯანს შემოვაჭდე თითები, სითბო მესიამოვნა, ფრთხილად მივიტანე ტუჩებთან და მოვსვი, ჩვეულებრივ ჩაის არ ჰგავდა მაგრამ საოცრად გემრიელი იყო, უნებურად მივლულე თვალები და გამეღიმა. - უცნაური გოგო ხარ, -მომესმა, თვალი გავახილე და შევხედე, ისე მიყურებდა თითქოს ჩემს შესწავლას ცდილობდა, მშვიდი იყო და არაბუნებრივად ჩვეულებრივი, არაბუნებრივად იმიტომ რომ ნამდვილად ვიცოდი ეს ყველაფერი მოჩვენებითი იყო, ეს სახლი, ეს ხედი, ეს ულამაზესი ვერანდა და არაჩვეულებრივი ვახშამი, ეს უზომოდ სიმპათიური ბიჭი ახლა ჩემს წინ რომ იჯდა თავგზას მირევდა და ისე იქცეოდა თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყო და ჭიანჭველისთვისაც კი არ ჰქონდა ფეხი დანაბიჯები. - უცნაურში რას გულისხმობ, -მშვიდად ვკითხე და ყველის მოზრდილი ნაჭერი გადმოვიღე თეფშზე. - ფაქტიურად მოგიტაცე, გითხარი რომ დედამიწაზე არ ვართ, ალბათ ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის რომ თუნდაც პანიკა დაგწყებოდა, გეჩხუბა ან გეყვირა. - პანიკის რა გითხრა მაგრამ ძალიან გამიკვირდა როცა ის დავინახე, -შევბრუნდი და ხელით უზარმაზარ მოკაშკაშე სფეროზე ვანიშნე რომელიც თავზე დაგვნათოდა. - ასეა, შენ უბრალოდ გაგიკვირდა არ შეგშინებია, ისე იქცევი თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყოს შენთვის. - უბრალოდ მიჩვეული ვარ რომ გრძნობები დავმალო, -ყველს თავი დავანებე და ჩანგალი გვერდზე გადავდე, -მთელი ცხოვრება გიჟს, არანორმალურს და ეშმაკისგან შეპყრობილს მეძახდნენ, მეც ყველანაირად ვცდილობდი მათ დავმსგავსებოდი, იყო დრო როცა მეც მეშინოდა, მტკიოდა და მაწუხებდა ის რომ არავის ვუყვარდი და ვუნდოდი, ძალიან გთხოვ ასე ნუ მიყურებ, არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე, ეს არასდროს მდომებია, -უცნაურად დასევდიანებულ თვალებში შევხედე და რომ მივხვდი თვალს არ მაშორებდა ისევ მე ავარიდე მზერა. - მერე რა მოხდა, გააგრძელე, -ეცადა ისეთი ხმით ეთქვა თითქოს სულაც არ უმოქმედია მასზე ჩემს სიტყვებს მაგრამ არ გამოუვიდა. - დროთა განმავლობაში ვისწავლე რომ გრძნობების დამალვა, ყალბი ღიმილი და ყველას და ყველაფრის ფეხებზე დაკიდება ყოფილა თურმე ნორმალური ადამიანობა, მათ ასე მიაჩნიათ. - მათში ვის გულისხმობ? -ისევ თვალი თვალში გავუყარე, ყურადღებით მისმენდა, მე კი არც კი ვიცი რატომ მომინდა მისთვის გული გადამეშალა. - დედა, მამა, ბებია და ყველა ჩემი ნაცნობი მიიჩნევდა რომ არანორმალური ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ მათ არ ვგავარ, ამის გამო მეგობრები არასოდეს მყოლია, თოთხმეტი წლის რომ გავხდი მონასტერში გამომკეტეს... - მონასტერში მხოლოდ იმიტომ გამოგკეტეს რომ მათ არ გავდი? - ახლა რომ ვუფიქრდები არ ვიცი მათ ადგილზე მე რას ვიზავდი, ჩემს გარშემო ყოველთვის უცნაური და ამოუხსნელი რაღაცეები ხდებოდა, მათ ჩემი ეშინოდათ, როგორც წესი ადამიანებს ეშინიათ მისი რაც არ ესმით და რისი გაგებაც არ შეუძლიათ, ამიტომაც ყველაზე ადვილი გზა იპოვეს და თავიდან მომიშორეს, რამდენიმე წელი გავატარე მონასტერში მერე კი... მერე სონია გავიცანი, ის ჩემთან მოვიდა... - სონია მონასტერში გაიცანი? -არ შეიმჩნია მაგრამ ვიგრძენი როგორ აღელდა, მგონი ზედმეტი მომივიდა, მე ხომ ჯერ არ ვიცოდი რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ, თუ ისინი მტრები იყვნენ, მაშინ მისთვის სანიზე და სონიაზე არაფერი უნდა მეთქვა, ბოლოს და ბოლოს ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ იმ წყეული მონასტრიდან თავის დაღწევაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დამეხმარნენ, დანიელმა აშკარად იგრძნო ჩემი ყოყმანი. - კარგი ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერს გავარკვევთ, ჭამე გთხოვ ძალების მოკრება გჭირდება, -ღიმილით მიმითითა საჭმელზე. - ეს ნამდვილად ყველია? -შევეკითხე და პატარა ნაჭერი ცხვირთან მივიტანე, დავყნოსე. - რათქმაუნდა ყველია, სხვა რა უნდა იყოს? -გაეცინა. - შენ მითხარი რომ დედამიწაზე არ ვართ. - ჰო ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს ამ ყველთან რა შუაშია? -სკამზე გასწორდა და გულხელი დაიკრიფა, აშკარად სრულ მზადყოფნას გამოხატავდა დაკითხვისთვის. - ეს ნიშნავს რომ სხვა პლანეტაზე ვართ. - შეიძლება ასეც ითქვას, -პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. - ესე იგი აქაც გყავთ ძროხები? ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი, ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა და მერე გულიანად გადაიხარხარა, ისე საყვარლად იცინოდა უკვე მიკვირდა იქ ჩიხში როგორ მოხდა და ასე შემაშინა, უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი დანიელი გენახა და არ შეგყვარებოდა. - დამცინი? -ცოტა არ იყოს ნაწყენმა ვკითხე. - არა რას ამბობ, უბრალოდ ისეთი პატარა და საყვარელი ხარ, -თითქოს ზედმეტი წამოსცდაო, მაშინვე სერიოზული სახე მიიღო, -ჭამე, ნუ გეშინია შენს მოწამვლას არ ვაპირებ, ჩვეულებრივი ძროხის ჩვეულებრივი ყველია, ეს პურიც ხორბლისგანაა გაკეთებული და ეს ბლინებიც ჩვეულებრივი ბლინებია, კარაქიც, ხილიც, ყველაფერი ზუსტად ისეთია როგორიც დედამიწაზე. - რამდენი წლის ხარ? -პირდაპირ მივახალე. - აჰა გასაგებია, ყველიდან პირდაპირ ასაკზე გადავედით? რატომ მეკითხები? -რაღაცნაირად უხერხულად შეიშმუშნა, გრძელი თითებით სახეზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია და ისე საყვარლად გამიღიმა რომ მისი ასაკი კი არა ლამის საკუთარი თავი დამავიწყა. - პატარას მეძახი არადა საინტერესოა შენ თვითონ რამდენი წლის ხარ? -ვკითხე, მხრებზე დაუდევრად ჩამოშლილი თმის კულული გაუცნობიერებლად დავიხვიე თითზე და ტუჩის კუთხეზე ისე მწარედ ვიკბინე რომ პირში სისხლის ჟანგიმაგვარი გემო ვიგრძენი, უცნაურად ჩაეღიმა... - ეს მართლა გაინტერესებს? შენი აზრით რამდენი წლის ვარ? - ოცდახუთ წელზე მეტისას არ ჰგავხარ მაგრამ ვიცი რომ უფრო მეტის ხარ, -დარწმუნებული ვიყავი რომ ასეც იყო, ისინი მიუხედავად იმისა რომ ჩვეულებრივ ადამიანებს ჰგავდნენ ნამდვილად არ იყვნენ ადამიანები, შეიძლება სულაც უკვდავები იყვნენ ვინ იცის... - ჭკვიანი გოგო ხარ, თუმცა ვფიქრობ ჩემი ასაკი მაინც გაგაკვირვებს, ცოტა ხნის წინ შვიდასოცდაჩვიდმეტი წლის გავხდი, -დაძაბული მიყურებდა აინტერესებდა რა რეაქცია მექნებოდა. - სიმართლე რომ გითხრა ჩემი თავის მიკვირს, რატომღაც მჯერა შენი, -ღიმილით ვუთხარი და გახუხულ პურზე უცხოპლანეტელი ძროხის რძისგან დამზადებული აშკარად კარაქის მაგვარი კარაქი გადავუსვი. - - - - - - - - ბალახზე გაშლილ პლედზე ვიწექი თვალდახუჭული, თბილი ნიავი სახეზე მელამუნებოდა და მწვანე ბალახის, მინდვრის ყვავილების და ზღვის სურნელი მოჰქონდა, მსუბუქი ნაბიჯების ხმა მომესმა, ჩემს გვერდით წამოწვა, თვალი არ გამიხელია თუმცა ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას, ფრთხილად შემეხო სახეზე და უწესრიგოდ ჩამოყრილი თმები უკან გადამიწია. - მგონი დროა ვისაუბროთ, -ოდნავ ბოხი ხრინწიანი ხმა ჰქონდა, ზანტად გავახილე თვალები, ჩემს გვერდით იწვა, იდაყვს ეყრდნობოდა და თვალს არ მაშორებდა, ეს ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო, უნებურად გამეღიმა. - რატომ იღიმი? - იმიტომ რომ ასეთივე სცენა სიზმარში ვნახე, ზუსტად ეს ადგილი, არ მეგონა ასე პირდაპირ თუ ამიხდებოდა. - მართლაც რომ უცნაური ხარ, როგორ შეიძლება ეს ადგილი სიზმარში გენახა? ეს ჩემი საიდუმლო ადგილია, უკვე შვიდასიოდე წელია ამ ადგილის შესახებ მხოლოდ მე და რამდენიმე უახლოესმა მეგობარმა იცის. - შენ? რატომ ხარ ასეთი უცნაური? მომიტაცე, მეგონა რომ სადღაც ჯანდაბაში წამიყვანდი სადაც ალბათ მომკლავდნენ, არადა აქ მომიყვანე, ისე მექცევი რომ თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ თავიდან ცუდად რომ ვფიქრობდი შენზე. - ესე იგი ცუდად ფიქრობდი? -გაეღიმა. - არა, არასწორად გაიგე თავიდან ასე არ ვფიქრობდი, უბრალოდ როცა იმ ქუჩაზე გადაგეყარე ვიფიქრე რომ სრულიად არ გავდი იმ კაცს რომელსაც თთქმის ყოველღამე სიზმრებში ვხედავდი. - გესიზმრებოდი? მართლა? -ჩემსკენ დაიხარა, სახე სახესთან მომიტანა, ცხვირით ლოყაზე მეხებოდა, მზერა დაებინდა, ღრმად სუნთქავდა, -ჯანდაბა, რას ვაკეთებ, აქ რატომ მოგიყვანე, რატომ არ შემიძლია თავის შეკავება, ასე ძალიან რატომ მიზიდავ? -ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა და ტუჩებზე დამაცხრა, მეც არ ვაპირებდი თავის შეკავებას, რომც შემძლებოდა არ მინდოდა, ხელები კისერზე შემოვხვიე და კოცნაში ავყევი, ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა... ისევ ის უცნაური სიმხურვალე ვიგრძენი, მინაბული თვალები გაჭირვებით გავახილე, მის კისერზე შემოხვეული ჩემი ხელებიდან კაშკაშა სინათლე იღვრებოდა, ძლივს მოვახერხე რომ მის ტუჩებს მოვწყდომოდი. - დანიელ გაჩერდი გთხოვ, -ძლივს ამოვილუღლუღე, როგორც კი მომშორდა მაშინვე წამოვჯექი და მის ხელებს დავაკვირდი რომლებიც ზუსტად ისე ანათებდნენ როგორც ჩემი ხელები, მაჯებზე არსებული მანათობელი რგოლები ციმციმებდნენ და ირგვლივ რბილ თეთრ შუქს და სიმხურვალეს ავრცელებდნენ. - ეს შეუძლებელია, -ჯერ მე შემომხედა და მერე ისევ საკუთარ მაჯებს დააშტერდა. - რა, რა არის შეუძლებელი? -ვკითხე და შევამჩნიე როგორ ნელ-ნელა იკლებდა სინათლე. - შეუძლებელია მე და შენ ეს გვემართებოდეს, ეს მხოლოდ წყვილებს ემართებათ, ასეთი ძლიერი კავშირი წყვილებს შორის უიშვიათესია, უბრალოდ შეუძლებელია, როცა ეს პირველად დაგვემართა ვიფიქრე რომ... ჯანდაბა, ვაღიარებ არც კი ვიცი რა ვიფიქრე, უბრალოდ დაჯერება მიჭირდა რომ ეს ყველაფერი მართლა შეიძლებოდა მომხდარიყო. - იქნებ შესაძლებელია? რატომ არ გინდა ამაზე იფიქრო? - შენ საერთოდ რა გესმის? ვინ ხარ რომ მეუბნები რაზე უნდა ვიფიქრო? -გაავებულმა და დაბნეულმა იღრიალა და ფეხზე წამოდგა, იმ ადგილზე სადაც ცოტა ხნის წინ იჯდა ჩემი ყელსაბამი დავინახე, რომელიც ალბათ ჯიბიდან ამოუვარდა, ავიღე, ავდექი და მივუახლოვდი. - ალბათ გადაგავიწყდა რომ ამ ყელსაბამზე უნდა გვესაუბრა, არ გაინტერესებს საიდან მაქვს? გაცოფებულმა შემომხედა და ხელიდან გამომგლიჯა, უყურებდა და ნელ-ნელა ევსებოდა შავი თვალები ცრემლით. - შენ მაჩუქე, ზუსტად აქ, ამ ადგილზე, შენი ხელით გამიკეთე კისერზე, მითხარი რომ შენმა მეგობარმა სანიმ დაამზადა სპეციალურად ჩემთვის, მე კი გითხარი რომ მას არანაირი ძალა არ ექნებოდა თუკი მეწყვილე არ მაჩუქებდა შენ კი ჩემი მეწყვილე არ იყავი... გაშეშებული იდგა და შემომყურებდა, ვხვდებოდი და ვგრძნობდი როგორ უჭირდა ამ ყველაფრის გათავისება, მთელი გრძნობათაჭიდილი სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი, აშკარად არაფერი არ იცოდა ჩემს შესახებ და ვერ ხვდებოდა უნდა დაეჯერებინა თუ არა. - მე ვცდებოდი დანიელ, ეს უბრალო ყელსაბამი არ არის, სონიამ მომიტანა მონასტერში, ჩემი ძალების კონტროლში მეხმარებოდა, მას ძალა აქვს, ის მოქმედებს, ეს კი იმას ნიშნავს რომ მე და შენ... - არ ვიცი ეს როგორ უნდა მომხდარიყო და შესაძლებელია თუ არა მაგრამ მე და შენ მეწყვილეები ვართ და შენ... შენ ანა ხარ, ჩემი ანა. -არ უკითხია უბრალოდ ფაქტი აღნიშნა, მომიახლოვდა, ყელსაბამი საკუთარი ხელით გამიკეთა, ერთხანს უცნაური სითბოთი და უსაშველო მონატრებით სავსე თვალებით მიყურებდა, მერე მკლავები მომხვია და გულზე მიმიკრა, ისეთი ძალით მიხუტებდა რომ სადაცაა ჩემი ძვლები ტკაცუნს დაიწყებდა თუმცა ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა, თავიდან ბოლომდე მის სითბოსა და სურნელში ჩავიკარგე... - ეს როგორ ვერ შევამჩნიე, ამდენ ხანს როგორ ვერ გიგრძენი? -ჩურჩულებდა, თითებს ჩემს თმებში დააცურებდა და ხარბად ისუნთქავდა ჩემს სურნელს. - ხელს ხომ არ გიშლით? -მხიარული ხმა მოგვესმა და როგორც იქნა სასიამოვნო ბურანიდან გამოვერკვიე, ჩვენს წინ სანი იდგა და ყურებამდე გაღიმებული გვიმზერდა. - აქ რას აკეთებ? შეუღრინა დანიელმა და მკლავები მომაშორა, თუმცა ხელი ჩამკიდა თითქოს ეშინოდა რომ თუკი რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდებოდი სადღაც გავქრებოდი. - სალაპარაკო გვაქვს მეგობარო, სონია კრისი და ლევინი სახლში გველოდებიან. - ეს რას ნიშნავს? მე ვიფიქრე რომ დაძაბული ურთიერთობა გქონდათ, -დანიელს შევხედე რომელიც მოღუშული უყურებდა მომღიმარ სანის. - საჭირო იყო რომ ყველაფერი ასე გაგვეკეთებინა, იქ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, -სანი მომიახლოვდა და მეგობრულად დამკრა მხარზე ხელი, -ასეთი თვალებით ნუ მიყურებ, მე და სონია შენს თავს არ გავატანდით დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით რომ არაფერს დაგიშავებდა. - გგონია რომ ხელის შეშლას შეძლებდით, -ირონიულად ჩაიღიმა დანიელმა. - ვცდიდით მაინც, ისე არა მგონია ძველებურად ძლიერი იყო, გინდა ხვალ შევეჯიბროთ და ვნახოთ რა შეგიძლია, რას იტყვი? - შენთვის ყველაფერი ხუმრობაა არა? იცი რომ უხუცესებთან ვაპირებდი მის წაყვანას? ხვდები მაინც რა მოხდებოდა ანა მათთვის რომ მიმეყვანა, ყველა მას ეძებს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს, თქვენ კი მის შესახებ იცოდით და აქამდე არაფერი გითქვამთ, ამდენი ხანი ნიუ იორკში ზუსტად მათ თვალწინ ცხოვრობდა, რომ ეპოვათ? -დანიელის ხმაში მრისხანება გაისმა და ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე რომ როგორმე დამემშვიდებინა. - ჰო მაგრამ ხომ არ უპოვიათ და არც შენ არ წაგიყვანია უხუცესებთან, გეფიცები შემიძლია ყველაფერი აგიხსნა და მიხვდები რატომაც გავაკეთეთ მე და სონიამ ეს ყველაფერი, -სანიმ უდარდელად აიჩეჩა მხრები, თვალი ჩაგვიკრა, შებრუნდა და სახლისკენ წავიდა, ერთხანს სახლისკენ მიმავალ სილუეტს უყურებდა დანიელი, მერე ჩემსკენ მობრუნდა, ხელები მხრებზე დამაწყო, შუბლით შუბლზე დამეყრდნო და ამოიოხრა. - ვიცი ახლა უამრავი კითხვა გიტრიალებს თავში მაგრამ მე თვითონაც ძალიან დაბნეული ვარ და ვერაფერზე ვერ გიპასუხებ, ცოტა დრო მივცეთ ერთმანეთს კარგი? სულ ცოტაოდენი დრო მჭირდება, უბრალოდ ახლა იმ ორ ბედოვლათს უნდა დაველაპარაკო და გავარკვიო რა ჩაიდინეს და როგორ. - კარგი ასე იყოს, -დავეთანხმე და წელზე შემოვხვიე ხელები, -სანიმ კრისი და ლევინი ახსენა, ვინ არიან? -ვკითხე რომ სასაუბრო თემა შემეცვალა, მაშინვე თვალები გაუბრწყინდა და გაიღიმა. - ჩემი მეგობრები არიან, წამოდი გაგაცნობ, -ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა რომლის ფანჯრებიდან რბილი ყვითელი შუქი იღვრებოდა და მისკენ მიმავალ ბილიკს ანათებდა, სტუმრები მისაღებში გველოდებოდნენ, სონიამ დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოექანა და ჩამეხუტა. - ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი ანა, არ მინდოდა ასე გამოსულიყო, -დამნაშავე სახით მიყურებდა და საყვარლად ახამხამებდა თვალებს. - შენ და სანის საბოდიშო არაფერი გაქვთ სონია, ორივე ძალიან დამეხმარეთ, თქვენ რომ არა... - მოდი კრისს და ლევინს გაგაცნობ, -დანიელმა საუბარი შეგვაწყვეტინა, სონიას დაბღვერილმა გადახედა და მათკენ წამიყვანა, დაგვინახეს თუ არა მაშინვე ფეხზე წამოდგნენ, გაკვირვებულმა შევავლე თვალი, ყველა დანარჩენისგან განსხვავდებოდნენ, მაღლები და ტანადები იყვნენ, იდენტურად ეცვათ, შავი სამხედრო სტილის შარვლები და მაღალყელიანი ტყავის ბოტები, ნაცრისფერი მაისურები და შავი მოკლე ქურთუკები რომლებიც უცნაური ქერცლისმაგვარი ჯავშნით იყო დაფარული, ქამრებზე დანები ეკიდათ და ზურგს უკნიდან ხმლების ტარები მოუჩანდათ, სანი, სონია, დანიელი და ახლა ეს ორი სიმპათიური უცნობი, როგორ მოხდა და ყველანი ასეთი უნაკლოები და სიმპათიურები არიან? - ეს ლევინია, -წაბლისფერთმიან ბიჭზე მიმითითა რომელიც თბილად მიმზერდა ცისფერი თვალებით. - ეს კი კრისია, -შავთმიან შავთვალება ბიჭზე მიმითითა რომელიც ზედმეტად სერიოზული სახით შემფასებლურად მათვალიერებდა. - მეგობრებო გაიცანით ეს ანაა, ჩემი ანა, -არ შეუმჩნევია როგორ ავღელდი მისი სიტყვების გაგონებისას ხელი მომოხვია, მაგრად მიმიხუტა და თავზე მაკოცა, არც მე შემიმჩნევია კრისის და ლევინის გაოცებული თვალები ისე ჩამოვართვი ხელი ორივეს. - ანა მე ცოტა ხნით გავალ, სანის და სონიას უნდა დაველაპარაკო, შენ ბიჭებთან ერთად დარჩი კარგი? - კარგი, -გავუღიმე და უცნაური სიცივე ვიგრძენი როცა მომშორდა, დანიელმა თვალით ანიშნა ოთახის კუთხეში დამნაშავე ბავშვებივით ატუზულ და ძმას გამომყევითო და გარეთ გავიდა, ღრმად ამოვისუნთქე და ბიჭების წინ სავარძელში ჩავეშვი, მათაც მე მომბაძეს, ერთხანს ასე უბრად ვისხედით ერთმანეთს ვუყურებდით და ვაფასებდით, ბოლოს ისევ მე ვეღარ მოვითმინე - ესე იგი დანიელის მეგობრები ხართ? - ჰო ასეა, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, დანიელი ჩვენ და ის ორი შტერი, -აშკარად სანი და სონია იგულისხმა ლევინმა და სასაცილოდ აიბზუა ცხვირი. - გამოდის რომ თქვენც მისნაირი მოხუცები ხართ, -ღიმილი ვერ შევიკავე კრისის დაბღვერილი სახის დანახვაზე. - მოხუცები? -ლევინმა გულიანად გადაიხარხარა, -ჩვენ სულ რაღაც შვიდასიოდე წლის ვართ, შენ უხუცესების და რამდენიმე სამეფო ოჯახის წევრის ასაკი რომ გაიგო სულ გაგიჟდები. - მაინც რამდენი წლის არიან? -ალბათ ცოტათი მაინც რომ არ დაეკმაყოფილებინათ ჩემი ცნობისმოყვარეობა მართლაც გავგიჟდებოდი. - ზოგიერთი რამდენიმე ათასის ზოგიერთის ასაკი კი ათიათას წელსაც ცდება, -კრისმა მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს სრულიად ჩვეულებრივი რამ ეთქვას. - ჰოო მაშინ თქვენ მთლად პირზე ძრეშეუშრობი ღლაპები გამოდიხართ, -მხიარულად ჩავიფხუკუნე და ფეხები სავარძელში ავიკეცე, არ ვიცი რატომ მაგრამ მათთან თავს ძალიან კარგად და თავისუფლად ვგრძნობდი, რაც დრო გადიოდა მით უფრო მიმძაფრდებოდა შეგრძნება რომ მათ ძალიან კარგად ვიცნობდი. - გრძელი ენა გაქვს, დამოკლება არ გაწყენდა, -ჩაიღრინა ლევინმა და ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად არ იტყოდა უარს რომ შუაზე გავეგლიჯე. - შენ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ქრონიკული უხასიათობა სჭირს, -კრისმა ღიმილით გადახედა დაბღვერილ ლევინს და ისევ მე მომიბრუნდა. - შენ ის გვითხარი როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში? არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა, ზუსტი პასუხი თავადაც არ ვიცოდი, ან როგორ უნდა ამეხსნა მათთვის ის ყველაფერი რაც მოხდა, მხრები უხერხულად ავიჩეჩე - ჯობია თუ ამ ყველაფერს დანიელი მოგიყვებათ, თქვენ ის მითხარით ისე რატომ გაცვიათ, თითქოს პირდაპირ ბრძოლის ველიდან მოდიოდეთ. - ასეცაა პრინცესა, თუმცა ჯობია თუ ამ ყველაფერს არ ჩაუღრმავდები მაინც ვერ გაიგებ, -ცინიკური ტონით მომიგდო კრისმა, ლევინმა თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა, მერე კი მე მომიბრუნდა და ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებინე. - მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო, -ჩემს წინ დადგა და ორივე ხელით ზურგს უკან დამაგრებული ხმლები ამოიღო, ხმლების ვერცხლისფერი ფოლადი ელავდა და კაშკაშებდა, ორივე მაგიდაზე დადო და ხელი გაუშვა, გაოცებისგან შევყვირე, ხელი გაუშვა თუ არა ფოლადი გაქრა და მაგიდაზე მხოლოდ მუქი ყავისფერი, უცნაური იეროგლიფებით მოხატული ვადები დარჩა. - ეს როგორ გააკეთე, -გაოცებულმა შევხედე ჩემი რეაქციით გახალისებულ კრისს. - ეს ხმლები ჩვეულებრივი ხმლები არ არის, მათი გამოყენება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გამოიყენებს, გინდა სცადო? მიდი აიღე, ვნახოთ რა მოხდება. - გეყოფა ლევინ, ხომ იცი თუკი ადამიანი ჩვენს იარაღებს შეეხება რაც მოუვა, -კრისი ფეხზე წამოდგა და დაძაბული მიაჩერდა მაგიდაზე დალაგებულ ხმლის ვადებს. - შენი აზრით არ ვიცი რას ვაკეთებ? -ლევინმა უდარდელი ღიმილით მიმითითა აიღეო. - რა შეიძლება დამემართოს და ვინ ხართ ბოლოს და ბოლოს? თქვენც და დანიელიც სულ იმას იძახით რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ ხართ, -მაინც ვერ გავძელი რომ არ მეკითხა. - ყველაზე მცირე რაც შეიძლება დაგემართოს თუ ჩვენს იარაღს შეეხები უბრალოდ დაიფერფლები, აი იმის შესახებ თუ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ ჯობია დანიელმა მოგიყვეს, -კრისმა უგულოდ შემავლო მზერა და მერე თვალი ამარიდა. - ესე იგი შეიძლება მოვკვდე და მაინც მეუბნები რომ ხელი მოვკიდო? -უეცარმა სიბრაზემ შემიპყრო და გაცეცხლებულმა შევხედე ლევინს. - ნუ ბრაზობ პატარავ, -ლევინი სიმშვიდეს არ ღალატობდა, -მე არ ვთვლი რომ შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, მაგრამ შენ თუ ასე თვლი ნუ შეეხები. ერთხანს დაფიქრებული დავყურებდი უცნაურ იეროგლიფებს, ნეტავ რა მოხდება რომ შევეხო, მე ხომ ვიცი, ნამდვილად ვიცი რომ არავის ვგავარ, არ ვგავარ იმ ადამიანებს ვის გარემოცვაშიც გავიზარდე, კრისიც არ ჰგავს ისეთ ვინმეს რომ ასეთი რამ გააკეთოს თუკი დარწმუნებული არ იქნება რომ არაფერი მომივა... - მგონი დროა გავრისკო, -უცნაურად ათრთოლებული ხმით წარმოვთქვი და ხმლის ვადებს დავწვდი, მაგრად მოვუჭირე, ხელებში უცნაური სიმხურვალე ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხელში ცოცხალი არსებები მეჭირა რომლებიც ღელავდნენ, თრთოდნენ, აზროვნებდნენ და ფიქრობდნენ იმაზე დამმორჩილებოდნენ თუ არა, ცერა თითებით ფრთხილად მოვეფერე უცნაურ იეროგლეფებზე, -გთხოვთ, -ჩავიჩურჩულე გონებაში და მერე ვიგრძენი როგორ დამნებდნენ და როგორ მომცეს უფლება მათით მესარგებლა, ჩემს ხელში ჩაბღუჯული ვადებიდან, ვერცხლისფერი ბასრი პირები გამოიჭრა და აკაშკაშდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.