შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არნახული"


27-04-2022, 17:20
ავტორი ტერიკო74
ნანახია 2 057

შემინულ კარზე ისე მოუთმენლად და ძლიერად ვაკაკუნებდი,ერთი სული მქონდა,დროზე გაღებულიყო და მეხარებინა ჩემი დიადი იდეა,რომლის განხორციელებაშიც დახმარება მჭირდებოდა..დარწმუნებული ვიყავი,მოწონებას დავიმსახურებდი და დახმარების ხელსაც.
ისე ,ხშირად კი მიწევდა ამ კართან მოსვლა.ცოტა არ იყოს,გადავღალე მასპინძელი,თუმცა კარგი მსმენელია და გავუთამამდი,მითუმეტეს,რომ ბევრ თხოვნაზე გამიმართა ხელი.ზოგზე უარი მითხრა.ალბათ,როგორც ვიმსახურებდი,ისე იქცეოდა. მართალიც იყო. ყველაფერზე ხელის გამართვა,ალბათ გამაზარმაცებდა და ამას ერიდებოდა,თორემ მისთვის შეუძლებელი არაფერია.
მე კი?
მე არ ვიცი, რამდენად კარგი მსმენელი ვარ და რამდენჯერ შევუსრულე მას თხოვნა. ყოველ შემთხვევაში ჩემდამი ასე თუ ისე კეთილგანწყობილია.

შემინული კარი გაიღო და ჩემს დანახვისთანავე გაკვირვება გამოესახა.
-ისევ შენ?
-ვიცი,ხშირად გაწუხებთ,ათასი პრობლემის გამო,მაგრამ დღეს სულ სხვა სახის დახმარება მჭირდება.ის კი არადა,თქვენც კი სასიამოვნოდ გაოცებული იქნებით,როდესაც შეიტყობთ და მჯერა,რომ ჩემი იდეის განხორციელებაში დამეხმარებით,- სწრაფ-სწრაფად მივაყარე და დაველოდე,როდის შემიპატიჟებდა შინ.
დაფიქრებით ჩამათვალ-ამათვალიერა და მზერა ჩემს შუბლზე შეაჩერა.ისე დაკვირვებით მიყურებდა,მეგონა ტვინის ხვეულებს მითვლიდა. შემდეგ, მზერა შუბლის არედან ჩემს ყურებზე გადაიტანა. მე უხერხულად შევიშმუშნე. ჩემს მოძრაობას მისი მზერის ჩემს თვალებზე გადმოტანა მოჰყვა. ასე დაჟინებით არასდროს უცქერია ჩემთვის.
- შემახენე შენი სახელი? - ცალი წარბი შეათამაშა.
- კატო,- წყენა შემეპარა ხმაში. ლამის სულ მის კარზე ვიდექი და როგორ დაავიწყდა-მეთქი,ჩემი სახელი.
-ჰო,კატო..კატო..მიჭირს სახელების დამახსოვრება,ბევრნი ხართ,- გამიღიმა და განზე გადგა.-შემოდი,კატო.
მორიდებით შევედი და დაველოდე როდის დამრთავდა დაჯდომის ნებას.
- აი,აქ დაბრძანდი,კატო,- ხის სამფეხა სკამზე მანიშნა და თვითონაც იმდაგვარ სამფეხაზე ჩამოჯდა ჩემს პირისპირ.
- აბა,გისმენ?- გამიღიმა და ისევ დაჟინებული მზერა მომაპყრო შუბლზე.
- მადლობა,- უხერხულად გავუღიმე და საუბრის დაწყება შევაყოვნე. ვღელავდი.
- ნუ ღელავ,მითხარი,- მიხვდა და ხელი ჩემსკენ წამოიღო.ისე თბილად მომიჭირა თითებზე თითები,წამში გამიქრო მღელვარება.
- ცოტა უცნაური იდეა კი მაქვს,მაგრამ მგონი თქვენც მოგეწონებათ,-წინასწარ დავიზღვიე თავი უარისგან.
- იცი,რა მაინტერესებს,კატო?
- რა?- შევცბი.
- შორიდან შენობით მომმართავ და ახლოდან რატომ ასეთი მოკრძალებით?
- არ ვიცი..- დაბნეულმა შევხედე.
- მე ხომ იმდენად ახლობელი ვარ, შენში და ყველა ადამიანში ვარ,თუმცა ბევრი არ აღიარებს ამას და სასაცილოდ არ ჰყოფნით..ჩემს გულს რა ვუთხარი,თორემ კი უნდა ვტოვებდე მათ..ეჰ..- თქვა და სახე მოექუფრა.
- არა,ჩვენი მიტოვება არ შეიძლება,დავიღუპებით უთქვ.. უჰ,უშენოდ,- საცოდავად შევხედე.
დანანებით გააქნია თავი და ისევ ჩემს სტუმრობის მიზეზს მიუბრუნდა.
-აბა,რამ შეგაწუხა?
- მეხუთე დრო გამოვიგონე,- ვთქვი და მის რეაქციას დავაკვირდი.
- რომელი მეხუთე დრო?- გაკვირვებულმა შემომხედა.
- აი,ხომ არის გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი?
- კი,არის!
-ყველა ამ დროს თავისი დამახასიათებელი ამინდი აქვს,განწყობაც..
- მერე? - ინტერესი გაუმძაფრდა.
- ჰოდა,მე მოვიგონე მეხუთე დრო,რომელსაც ერქმევა "არნახული"- აღფრთოვანებულმა ჩავუჭიკჭიკე.
დავინახე თვალები ზომაზე მეტად გაუფართოვდა, შემდეგ საკმაოდ გრძელ წვერზე რამოდენიმეჯერ დაისვა ხელი და ჩაფიქრებულმა თქვა.
- -არნახული,გაზაფხული,ზაფხული,შემოდგომა,ზამთარი .. მდაა..
-დიახ,სწორედ მასე!-სიხარულისგან გული შემიხტა.

- და რა ხდება მაგ დროში ისეთი,რაც არ ხდება დანარჩენში?- თვალები მოწკურა.
- გეტყვი.. - მთელი შემართებით დავიწყე.
- მეხუთე დრო იქნება დამხმარე მასწავლებელი დრო,რომლითაც ნელ-ნელა განიკურნება და განიწმინდება სამყარო. ამინდი არ ვიცი,როგორი შეიძლება იყოს,თუმცა არნახულზე ადამიანებს არ ექნებათ ბოროტების ჩადენის უფლება,არ იქნება ომი,არ იქნება იარაღი, არც ფულს ექნება ძალა, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე იქნება, სიყვარული,ერთმანეთის თანადგომა და რაც მთავარია სიკვდილს უნდა ეძინოს იმ დროს ისე,როგორც ზამთარში დათვს,- დავასრულე და გაბრწყინებული თვალები მივანათე მამაზეციერს.
მგონი სუნთქვაც კი შეაჩერა,ისეთი გაშეშებული იჯდა. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. მეც პასუხის მოლოდინში გაუნძრევლად ვიჯექი.

- არნახული..რომელიც განკურნავს სამყაროს მძიმე,ბოროტი სენისგან..სიკვდილსაც უნდა ეძინოს.. მდაა..
- როდესაც ადამიანს ეცოდინება ,რომ იმ დროს ყველანაირი ბოროტება გაქრება,ნელ-ნელა გაუქრება სურვილი მისი კეთების,- ძლივს ამოვღერღე.

- იცი? ჩემო კატო, რისთვის მივეცი ეს სამყარო ადამიანებს?!
- სიცოცხლისთვის..-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
- თვითონ სამყაროა ცოცხალი ორგანიზმი, თავისთავად მასზე სიცოცხლეა,მაგრამ რისთვის მოგეცით? რა მისია გაკისრიათ?
-მისია?
- ჰო,მისია.. რატომ გიბოძეთ? ვალი კი არ მქონდა თქვენი,- ჩაეცინა.- რას ფიქრობ,კატო? რატომ და რისთვის მოგეცით ყველაფერი?
- ჩემი აზრით სიყვარულისთვის,სიკეთისთვის..
-მერე მაგისთვის რამდენი დრო მოგეცით?!- ცოტა სიბრაზე შეეპარა ხმაში.
- ოთხი,- ამოვიკნავლე.
- ოთხი კი არა,უსასრულო დრო მოგეცით!- ხმამაღლა მოუვიდა. მე სამფეხაზე ცოტა დავპატარავდი.
- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეს ყველაფერი გამოასწოროთ! ქარში,წვიმაში,თოვაში,მზეში,მთვარეში! მაგრამ არ ფიქრობთ, უკვდავი გგონიათ თავი და ისე იქცევით,თითქოს თქვენ იყოთ ღმერთები და არა მე! - ფეხზე წამოდგა და ზემოდან დამაცქერდა. უარესად მოვიკუნტე,ვინანე კიდეც მოსვლა.
- ჰმ,არნახული! იცით,რისთვის მოგეცით ეგ ტვინი?!- თავზე მსუბუქად დამიკაკუნა.
- რომ ვიაზროვნოთ,- უკვე ცრემლებმოწოლილმა ავხედე. მეწყინა ჩემმა იდეამ აღფრთოვანება რომ ვერ გამოიწვია.
- მერე, რა გიშლით ხელს რომ იაზროვნოთ? ნებისმიერის ნაბოდვარს იჯერებთ,ჩემი კი არაფერი გესმით! ეგ მეხუთე დრო რომ დავამატო,მაგასაც ისე გააპარტახებთ და წაბილწავთ,როგორც დანარჩენს! იცი,რატომ?! - მხრებში მომკიდა ხელი და წამომაყენა.
- რატომ? -საწყლად ჩავკიდე თავი.
- იმიტომ რომ ჩემი ერთი სიტყვაც კი არ გესმით! თქვენსიგრძე სანთლებს ანთებთ რომ მოგიტევოთ, მაგრამ რა? მიტრიალდებით და იგივე ცოდვას სჩადით! უბადრუკები ხართ! - დამიყვირა და ხელი შემიშვა.
მოწყვეტით დავჯექი სამფეხაზე.

- ჰმ,თურმე იმ დროში არ ექნებათ ბოროტების ჩადენის უფლება! და ახლა აქვთ ეს უფლება?! რას არ მოისმენ კაცი,გადამრევენ ესენი! - გაბრაზებულმა მოჰყვა წინ და უკან სიარულს.

- მეც ვიცი,რომ არ გვაქვს ამის უფლება,ამიტომ ვიფიქრე დამატებითი დრო,როგორც წამალი..

- მე გამუდმებით გწამლობთ, მაგრამ რა?- შეჩერდა და ხელები გაშალა. - თქვენ,ზუსტად თქვენ,ადამიანებმა უნდა იფიქროთ და ერთმანეთი განკურნოთ! სხვა გზა არ გაქვთ! მე სამყოფი და იმაზე მეტიც გიბოძეთ,რასაც იმსახურებდით..დანარჩენი თქვენზეა!
აი,როცა დავინახავ,რომ ნამდვილად გაქვთ სურვილი გამოსწორებისა, შემდეგ დაგიყენებთ იმ არნახულ დროს,იქამდე არაფერი გეშველებათ! -მკაცრად მითხრა და კარისკენ გაიხედა.
მივხვდი,უნდა წავსულიყავი.
ავდექი და ფეხათრევით მივედი კარამდე.
-მოიცადე!- მისმა ხმამ შემაყოვნა.
- აი,ეს გამომართვი,- ხელში ნაჭერში გახვეული რაღაც მომცა. ვერ გავბედე იქვე მენახა.
- გლოცავ ისევე როგორც ყველა ჩემს ურჩ თუ მორჩილ შვილს! - თავზე ფრთხილად მაკოცა და კარი გამიღო.

-მე მაინც დაველოდები "არნახულს"- ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯით გავედი.

-ჰმ, ეს ჯიუტი! - მომესმა ზურგსუკან.

***
გზაში მამაზეციერის საჩუქარი გავხსენი. პური იყო ,ზედ ადამიანები,ცხოველები და ფრინველები ეხატა.
დავფიქრდი..
მივხვდი რაც უნდა მეკეთებინა,რომ ის ,სიკეთით და სიყვარულით სავსე არნახული დრო დამდგარიყო.

ღმერთის პური გულზე მივიხუტე და სიხარულისგან ავტირდი.

დასასრული



№1 სტუმარი Ana-maria

ქრისტე აღდგა! გილოცავთ. ალბათ წელიწადის ყველა დროშია არნახული დრო,მაგრამ ადამიანებისთვის უფრო ვერ დანახული.ძალიან მომეწონა. წარმატებები

 


№2 სტუმარი one

ქრისტე აღსდგა!!! მრავალს დაესწარით ნინა❤️ უნიჭიერესი ხართ, ერთგვარი სიამოვნებაა თქვენი შემოქმედების წაკითხვა,წარმატებები

 


№3  offline წევრი Koala°

უბრალოდ სიტყვებით ვერ აღვწერ რა განცდები დამიტოვა ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანმა მოთხრობამ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

უნიᲭიერესი ნინა❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent