შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცასა და მიწას შორის ( 12 )


8-05-2022, 15:28
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 1 372

- ერთი კითხვა მაქვს და ძალიან გთხოვ გულწრფელად მიპასუხე დანიელ, ამ ყველაფერს რატომ მაჩვენებ, ვიცი რომ რაღაც მიზანი გაქვს მაგრამ რა? არ უარვყოფ ძალიან საინტერესოა, ადამიანების ცხოვრება, დემონები, ახლა კი ეს იდუმალი ქალაქი, ვფიქრობ მაგრამ ვერ ვხვდები...
- დღეს უბრალოდ უპირობოდ მინდა რომ მენდო, არაფერი მკითხო უბრალოდ ყურადღებით იყავი, ყველაფერს კარგად დააკვირდი და მიიღე ის რასაც გაძლევ, გპირდები განთიადისას მე და შენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე თუ რას ნიშნავდა ეს ღამე, ახლა კი ხელი ჩამკიდე სივრცითი პორტალის გამოყენება მოგვიწევს რომ ერთ ძალიან საინტერესო ადგილზე წაგიყვანო, -ხელი გამომიწოდა და გამამხნევებლად გამიღიმა, აღარაფერი მითქვამს, ან რა უნდა მეთქვა საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი, თითები გამოწვდილ ხელზე ჩავჭიდე და გვერდით ამოვუდექი, თავისუფალი ხელით ჰაერში უცნაური ფიგურები მოხაზა, ჩვენს წინ ჰაერი აელვარდა და დაახლოებით ჩვენი სიმაღლის ოვალური პორტალი გაიხსნა, მხედველობა დავძაბე რომ პორტალში რამე დამენახა მაგრამ სულ ტყუილად.
- გთხოვთ სენიორიტა, -თეატრალურად დამიკრა თავი და ხელით მანიშნა რომ შემებიჯებინა.
- მხოლოდ თქვენს შემდეგ სინიორ, -მიამიტურად ავუხამხამე თვალები, გაეცინა პირველმა თვითონ შეაბიჯა და მეც თან გამიყოლა, ხელი არ გაუშვია, პორტალში შევედით თუ არა მაშინვე დაიხურა ჩვენს უკან და უსასრულო, უკიდეგანო სივრცეში რომელსაც არც დასასრული ჰქონდა და არც დასაწყისი მარტო დავრჩით, თავი ასე პატარად უმწეოდ და უმნიშვნელოდ არასოდეს მიგრძვნია, დანიელმა თითქოს იგრძნო ჩემი შიში, თითებზე გამამახნევებლად მომიჭირა და ნაბიჯი გადადგა, უკან მივყევი, დაბლა დახედვის მეშინოდა, ფაქტიურად ჰაერში მივაბიჯებდით, სულ მალე ჩვენს წინ მანათობელი წერილი გაჩნდა რომელიც ნელ-ნელა დიდდებოდა და ოვალურ ფორმას იღებდა, მალე იმხელა გახდა რომ მასში თავისუფლად გავივლიდით, დანიელმა პორტალიდან გადააბიჯა და მეც თან გამიყოლა, პორტალი ოდნავგასაგონი შიშინით დაიხურა ჩვენს ზურგს უკან.
ირგვლივ მიმოვიხედე, ვიწრო ქუჩაზე ვიდექით რომელსაც ნახევრად თუ ანათებდა ღამის განათებები, ქუჩის ორივე მხარეს დაბალი შენობები იყო ჩამწკრივებული, მაღაზიები, კაფე, პატარა მოცუცქნული საკონდიტრო, საცხოვრებელი სახლები, უზარმაზარი მწვანე ხეები მთლიანად ფარავდნენ ქუჩას და იდუმალ შესახედაობას ანიჭებდნენ, საოცრად მეცნობოდა აქაურობა, თვალი ზუსტად ჩემს პირდაპირ მდებარე საკონდიტროს აბრამ მომტაცა, ‘’ბენის საკონდიტრო’’ ვარდისფრად ეწერა თეთრსაღებავგადაქექილ აბრაზე, თვალები დავხუჭე და სახეზე ხელები ავიფარე თითქოს ასე შევძლებდი აქაურობისგან გაქცევას.
- უკან მიტრიალდი და თვალები გაახილე, -დანიელის ხმა ჩამესმა და მეც დაპროგრამებული რობოტივით დავემორჩილე, შევბრუნდი და რომ არა მისი მკლავები ალბათ ჩავიკეცებოდი, ჩემს ქალაქში ვიყავი, ჩემს წინ სკოლის შენობა იყო აღმართული და ყელში ენით აღუწერელი ბოღმა და სიბრაზე მიჭერდა და მგუდავდა.
- დამშვიდდი სანამ ჩემს მოკვლას გადაწყვეტ მანამდე მაცადე რომ რაღაც აგიხსნა, გთხოვ, -მშვიდი მონოტონური ხმით მელაპარაკებოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე მისკენ შევბრუნდი და გაცოფებულმა დავუშინე მკერდზე მუშტები, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, უბრალოდ მიცდიდა როდის დავმშვიდდებოდი, რამდენიმე წამში ძალაგამოცლილი ჩავიკეცე ასფალტზე ისიც გვერდით მომიჯდა.
- აქ რატომ მომიყვანე დანიელ? -გულამოსკვნილმა ამოვილაპარაკე და თავი მოკეცილ მუხლებზე დავიდე,
-უკვე რამდენი ხანია მეუბნები რომ ყველაფერს ამიხსნი არადა საერთოდ არაფერს მეუბნები, მე კი უბრალოდ შენი მჯერა ვითმენ და გელოდები, ყველაფერს საზღვარი აქვს დანიელ, სანამ აქ წამომიყვანდი ჩემთვის უნდა გეკითხა გესმის? ჩემთვის უნდა გეკითხა...
- მეგონა იმ ყველაფერს რაც შენს ბავშვობაში მოხდა მნიშვნელობას არ ანიჭებდი, მეგონა ძლიერი გოგო იყავი, ასეთი რეაქცია რატომ გქონდა? -სრულიად სერიოზულად მკითხა მაგრამ დანიელს უკვე კარგად ვიცნობდი იმდენად კარგად მაინც რომ გამეგო რას და როგორ ამბობდა.
- მოდი პირდაპირ მითხარი რა გაქვს გეგმაში, თამაშის თავი ნამდვილად არ მაქვს, შენ იმის ნახევარიც კი არ იცი რაც ამ ქალაქში ცხოვრებისას გადავიტანე და მაინც არ უნდა მეუბნებოდე იმას რაც მითხარი, რა მიზანიც არ უნდა გქონდეს მაინც არ უნდა მეუბნებოდე, პატარა ვიყავი სულ რაღაც ექვსი წლის როცა პირველად დაიწყო ჩემს გარშემო უცნაური შემთხვევები ბავშვი რომელიც არაფერ შუაში იყო კინაღამ სიცოცხლეს გამოვასალმე, კარგა ხანს უჭირდათ ჩემს მშობლებს ამ ყველაფრის ჩემთან დაკავშირება მაგრამ მე თავიდანვე ვხვდებოდი რომ ჩვეულებრივი ბავშვი არ ვიყავი, მერე კი საბოლოოდ მომიძულეს, ჩემი ეშინოდათ გესმის? ჩემს მშობლებს, ბებიაჩემს, ჩემი ეშინოდათ, მთელი ქალაქი ისე მერიდებოდა როგორც კეთროვანს, ჩემი გამოჩენა იმას ნიშნავდა რომ რაღაც უცნაური უნდა მომხდარიყო, ეს სულელი ცრუმორწმუნე არსებები ყველას ფეხის გადაბრუნებას და თავის ტკივილს მე მაბრალებდნენ, სკოლაში სიარული შევწყვიტე სახლიდან გარეთ ვერ გამოვდიოდი, მშობლები შვილებს ჩემთან თამაშს უკრძალავდნენ, ყველაზე უცნაური კი იცი რა იყო? მიუხედავად იმისა რომ არავის არ ვგავდი ვიცოდი რომ ზუსტად ისეთი უნდა ვუოფილიყავი როგორიც ვიყავი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი რომ არანაირი ანომალია არ მჭირდა, ზუსტად ამიტომ უფრო მეტად მიჭირდა შეგუება ამ ყველაფერთან, ერთხელ მიუხედავად იმისა რომ სახლიდან გამოსვლა აკრძალული მქონდა, მაინც გამოვიპარე, მაშინ ცხრა წლის ვიყავი და რატომღაც ძალიან მომინდა კრემიანი დონატი, იმ საკონდიტროს ხედავ? ძია ბენმა როგორც კი დამინახა დაფეთებულმა ჩაკეტა კარი და აბრა შეატრიალა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ხელში ფული მეჭირა და მხოლოდ ერთი დონატი მინდოდა, ისე ძალიან მინდოდა...
მხარზე ხელი ვიგრძენი და უხეშად მოვიშორე, -რა გინდა დანიელ? გგონია ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობ, გგონია არ ვიცი რომ იცი როგორი სუსტი ვარ სინამდვილეში და როგორ მღრღნის შიგნიდან და მანადგურებს ჩემი არარსებული ბავშვობა, ის ბავშვობა რომელიც ამ ქალაქმა და იმ ხალხმა წამართვა რომელიც აქ ცხოვრობს, ალბათ ახლა მშვიდად სძინავთ თბილ საწოლებში და არც კი ახსოვთ პატარა გოგონა რომელსაც უბრალო მოფერება და გაღიმება აბედნიერებდა მაგრამ არასდროს არავინ ეფერებოდა, მისთვის არასდროს არავის ეცალა, ახლა რა გინდა ჩემი ფსიქოლოგის როლი უნდა მოირგო? რის გაკეთებას აპირებ, წარსულთან უნდა დამაპირისპირო და მისთვის თვალის გასწორება უნდა მაიძულო? ეს რაში მჭირდება?
უბრალოდ მისმენდა, არ მეხებოდა, არაფერს მეუბნებოდა, ალბათ ელოდა როდის დავიცლებოდი და როდის შევძლებდი დამშვიდებას.
- აქ იჯექი და არსად წახვიდე ახლავე მოვალ, -გამომიცხადა მოულოდნელად და წამოდგა, გაკვირვებულმა გავაყოლე თვალი, ქუჩა სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა და საკონდიტროს მიუახლოვდა, საკეტს ხელი გადაუსვა და კარი უხმაუროდ გაიღო, შეუმჩნევლად შესრიალდა ოდნავ გამოღებულ კარში, ორიოდე წუთში გამოვიდა და ღიმილით გამოემართა ჩემსკენ, მოდიოდა, თვალს არ მაშორებდა და ტუჩებზე საყვარელი იდუმალი ღიმილი არ შორდებოდა, მომიახლოვდა თუ არა ხელი გამომიწოდა რომელსაც აქამდე ზურგს უკან მალავდა, ხელისგულზე ვარდისფერ შოკოლადში ამოვლებული კრემიანი დონატი ედო, აცახცახებული თითებით გამოვართვი, თვალდახუჭულმა მივიტანე ტუჩებთან და ჩავკბიჩე, ვანილისარომატიანი კრემი პირში ჩამეღვარა და წამით თავი ისევ იმ პატარა გოგოდ ვიგრძენი რომელიც დაკეტილი საკონდიტროს წინ იდგა ფულით ხელში და სახეზე დაუფარავ შიშ აღბეჭდილ ძია ბენს ეხვეწებოდა რომ მისთვის ერთი ცალი დონატი მიეყიდა, შეუკავებელი ტირილი ამიტყდა, თვალებიდან ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები სლუკუნ სლუკუნით ვჭამდი და უკვე აღარ ვიშორებდი წელზე შემოხვეულ ხელს, მხარზე დავადე თავი და როგორც იქნა ცახცახი შევწყვიტე, დაიხარა და ნაზად შემეხო ტუჩებზე.
- ტკბილი ხარ და ვანილის გემო გაქვს, -ჩაეცინა და უფრო მაგრად მომეხვია, ვიგრძენი რომ ისევ ჩვენს კავშირს იყენებდა ჩემს დასამშვიდებლად და მოვდუნდი უფლება მივეცი ჩემს შიგნით შემოეღწია და თუნდაც მცირე ხნით სიმშვიდის მოპოვებაში დამხმარებოდა.
- დედამიწაზე წყნარი ცხოვრება სრულდება ანა, -მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი, -სულ რამდენიმე კვირაღა დაგვრჩა რათა საფუძვლიანად მოემზადო იმისთვის რაც მოხდება, შენზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, უამრავი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს, მათ შორის დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით, იმ ადამიანებთან დაკავშირებით რომელთაგან თითქმის არაფერი გახსოვს კარგი, რაც არ უნდა მოხდეს მინდა ყოველთვის გახსოვდეს რომ ყოველი სიცოცხლე ღირებულია და ყველა ადამიანში შეიძლება ისეთი რამის პოვნა რის გამოც ღირს რომ გადაარჩინო, მართალია შეუძლებელია ყოველთვის ყველას დაეხმარო მაგრამ არ მინდა რომ როცა არჩევანის გაკეთების დრო მოვა, მაგ შენს პატარა ლამაზ თავში არსებულმა ბავშვობის ტკივილმა და მოგონებებმა სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელი შეგიშალოს.
ყველაფერი მშვენივრად მესმოდა, ვიცოდი რის გაკეთებასაც ცდილობდა, ალბათ მართლაც მოვიდა დრო რომ გულის სიღრმეში ღრმად დამარხულ ბრაზს და ტკივილს დავპირისპირებოდი, წამოვდექი და ღიმილით გავუწოდე ხელი.
- მგონი დროა გავაგრძელოთ, შემდეგი გაჩერება სად გვაქვს?
დაკვირვებით შემათვალიერა, მერე ხელი გამომიწოდა წამოდგა და გვერდით ამომიდგა, წელზე ხელი მომხვია და თავზე მაკოცა.
- კარგად ხარ?
- არ ვარ მაგრამ კარგად ვიქნები დანიელ, ჰო და დონატისთვის მადლობა.
- არაფერს, -უბრალოდ მიპასუხა და ისე აიჩეჩა მხრები თითქოს ძალიან უმნიშვნელო რამ გაეკეთებინოს, მერე მიმოიხედა და მარჯვნივ მანიშნა, -მოდი უბრალოდ ქუჩას გავუყვეთ კარგი?
- - - - - - - - -
მხარდამხარ უხმოდ მივუყვებოდით ქუჩას და ჩემს თვალწინ მიყოლებით ცოცხლდებოდნენ მოგონებები, ვცდილობდი მსუბუქად შემეხედა ამ ყველაფრისთვის, თუმცა რა იყო მსუბუქი და სასაცილო იმაში რომ კაცს კინაღამ ფეხი მოსაჭრელი გაუხდა ჟანგიანი ლურსმნის გამო, -მისი გაოცებულ-გაცოფებული სახის გახსენებისას გულიანად გამეცინა.
- რა გაცინებს? რამე გაგახსენდა? -დანიელს აშკარად აინტერესებდა ხომ არ გავგიჟდი, დაეჭვებულმა შევხედე სახეში, გაეღიმა.
- ნუ გეშინია გიჟი არ მგონიხარ, მართლა მაინტერესებს რატომ იცინოდი.
- ჰოო? თუკი ასეა მოგიყვები, აი ამ სახლს ხომ ხედავ, აქ ერთი ავი და ბოროტი კაცი ცხოვრობდა, შეიძლება ახლაც აქ ცხოვრობს, კომპლექსებიანი სუსტი კაცუნა, ერთხელ სკოლიდან ვბრუნდებოდი როცა დავინახე როგორ სცემდა დაბმულ ძაღლს ფიცრის ნაჭრით, ვუთხარი არ ეცემა ვთხოვე მაგრამ დამცინა და ისევ გააგრძელა...
- მერე? მერე რა მოხდა, -დანიელმა უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი და მივხვდი ახლა ის კაცი აქ რომ ყოფილიყო დიდი ალბათობით სულს გააფრთხობინებდა, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხნის წინ ლექცია ჩამიტარა ადამიანთა სიცოცხლის ღირებულებებზე.
- მერე ის მოხდა რომ ხელი აუცდა და ფიცარი რომელსაც უზარმაზარი ჟანგიანი ლურსმანი ჰქონდა გამოჩრილი ფეხში ჩაირტყა.
- ძაღლს ჟანგიანი ლურსმნით სცემდა?
- სანამ ძაღლს სცემდა ფიცარს ლურსმანი არ ჰქონია, უცბად გაჩნდა საიდანღაც, არ უარვყოფ რომ ასეთი რამ ვინატრე...
- გასაგებია? ნანობ რომ ასე მოხდა?
- ვნანობ რომ უკეთესი რამ ვერ მოვიფიქრე რაღაც ისეთი რაც მეტად გაამწარებდა, ვერ ვიტან ასეთ ადამიანებს, სუსტების ჩაგვრა რომ სიამოვნებთ, ისეთების საკუთარი თავის დაცვა რომ არ შეუძლიათ, შეხედე, აქ ის მასწავლებელი ცხოვრობს ჩემს გამო მეხი რომ დაეცა, სიმართლე რომ გითხრა ამას ნამდვილად ვნანობ, მაშინ არ ვიცოდი რომ ყველაფერი რასაც გავიფიქრებდი სრულდებოდა.
- პატარა შესწორებას შევიტან, ყველაფერი რასაც გაიფიქრებ არ სრულდება, აი ახლა ძვირადღირებული ავტომობილი რომ ისურვო ან წვიმა...
- წვიმა რატომ უნდა ვისურვო? -გავიკვირვე.
- არასდროს გდომებია საყვარელ ადამიანთან ჩახუტებულს წვიმის ქვეშ ცეკვა? -ჩემი გაფართოებული თვალების დანახვისას გაეცინა, -ჰოდა იმას ვამბობდი რომ რაღაც მიზეზი უნდა გქონდეს, ძალიან უნდა გინდოდეს და საჭიროება უნდა არსებობდეს იმისთვის რომ სურვილი აგიხდეს.
- კარგია თუ ასეა, ნამდვილად არ მინდა რომ გაბრაზებულ გულზე ლევინის ხოჭოდ გადაქცევა ვისურვო და ამიხდეს, მართალია ნერვებს მიშლის მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, -თავშეუკავებლად გამეცინა როცა ხოჭოდ გადაქცეული ლევინი წარმოვიდგინე.
- ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ ყველას ასე კარგად შეეთვისე და შეეჩვიე, მათაც ძალიან უყვარხარ.
- ვიცი, ამას ყოველთვის მაგრძნობინებენ ხოლმე, შეხედე, კინაღამ გამომრჩა, ამ სახლში ის კაცი ცხოვრობდა რომელიც დავამუნჯე, მართალია მხოლოდ რამდენიმე დღით მაგრამ ძალიან კი შეშინდა, აი აქ კი... აქ კი მე ვცხოვრობდი, -ბაღით გარშემორტყმულ ორსართულიან სახლზე ვანიშნე, -იმ ფანჯრებს ხედავ? ჩემი საძინებელი იყო, ზუსტად იქიდან ვუყურებდი მთელი დღე როგორ თამაშობდნენ ქუჩაში ბავშვები, მოიცა რას აკეთებ, ასე ვერ მოიქცევი, -დანიელს რომელმაც ბაღის კარი შეაღო და ეზოში შევიდა უკან ავედევნე.
- მენდე ანა მინდა რაღაც გაჩვენო, ყველაფერს ისე გავაკეთებთ რომ ვერავინ დაგვინახავს ჩვენ კი სულ რამდენიმე წუთით მათ ცხოვრებას დავაკვირდებით.
- კარგი დავაკვირდეთ მათ ცხოვრებას, ვნახოთ როგორი ბედნიერები არიან ჩემს გარეშე, -დაბოღმილმა ჩავიბურტყუნე და შესასვლელისკენ წავედი.
- ფიქრობ რომ ბედნიერები არიან? -დანიელის სევდიანმა ხმამ გამაოცა, შემოვბრუნდი და თვალებში შევხედე.
- რას გულისხმობ?
- ჯობია თვითონ ნახო, -პარმაღზე ავედით და კარს მივუახლოვდით.
- არ გინდა მაჩვენო როგორ ახერხებ და ასე უბრალოდ აღებ ყველა კარს.
- ეს უმარტივესია ანა, ჩვენთვის არ არსებობს დაკეტილი კარი უბრალოდ მოკიდე ხელი, გადაწიე საკეტი და კარი გაიღება, მიდი ცადე, ოღონდ შიგნით შესვლისას ეცადე არ იხმაურო და მზად იყავი იმისთვის რომ შენს მშობლებს არ სძინავთ და ახლა სამზარეულოში არიან.
ღრმად ამოვისუნთქე და საკეტი გადავატრიალე, კარი გაიღო, იქნებ დანიელი უბრალოდ გამეხუმრა და კარი ჩაკეტილიც კი არ იყო, თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა კარის თავისით გაღება ნამდვილად არ უნდა გამკვირვებოდა, უკანდასახევი გზა აღარ მქონდა და ალბათ არც მინდოდა რომ მქონოდა, უკვე დერეფანში ვიდექი, იმ სახლის დერეფანში საიდანაც ასე უბრალოდ გამიშვეს და დამივიწყეს, დანიელმა უხმაუროდ მიბიძგა ზურგში და მანიშნა არ ილაპარაკოო.
- ნამდვილად ვერ დაგვინახავენ? -რაც შემეძლო ჩუმად ჩავჩურჩულე, ვერაო მანიშნა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, ნეტავ როგორ ახერხებს რომ ყოველთვის ასეთი მშვიდია, უმეტეს შემთხვევაში მაინც, რამდენიმე ათეული ან იქნებ ასეული წლის შემდეგ ალბათ მეც ვისწავლი თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე მშვიდად როცა შენს შიგნით ნამდვილი ქარბორბალა ტრიალებს.
- - - - - - - -
ფეხაკრეფით მივედი სამზარეულოს კართან რომელიც ნახევრად იყო შეღებული, თუმცა შევამჩნიე რომ ტყუილად ვფრთხილობდი ჩვენი ფეხის ხმა არ ისმოდა, დანიელს შევხედე მან უბრალოდ გამიღიმა, როგორც მივხვდი არ უნდა შემშინებოდა რომ დამინახავდნენ, სამზარეულოში შევედი და ერთ ადგილზე გავშეშდი როცა იქვე მაგიდასთან მსხდომი ჩემი მშობლები დავინახე, ისხდნენ ერთმანეთის პირდაპირ, არ საუბრობდნენ, ერთმანეთს არ უყურებდნენ, მამას მთლად გასთეთრებოდა თმა დედას კი რამდენიმე ნაოჭი მომატებოდა ტუჩების და თვალების გარშემო, მაგიდაზე ჩემი ფოტოები ჰქონდათ გაშლილი, სადღაც სივრცეში იყურებოდა დედა და თითებით ეფერებოდა ფოტოს, სულ რაღაც შვიდიოდე წლის თუ იქნებოდა ფოტოზე აღბეჭდილი ანა ვარდისფერი ფუშფუშა კაბით და იშვიათი ბედნიერი ღიმილით, უსიამოვნოდ შემეჭმუხნა სახე, ნესტოებში სამზარეულოში გამეფებული უიმედობის მონატრების და დანაშაულის გრძნობის სურნელი დაუკითხავად შემიძვრა და ამაფორიაქა, დედას თვალს რომ ერთადერთი ობოლი ცრემლი მოსწყდა და ჩემს ფოტოზე დაეცა ვეღარ გავუძელი, შემოვბრუნდი და სამზარეულოდან გამოვედი, დანიელს არაფერი უთქვამს მეორე სართულზე ამავალი კიბისკენ მანიშნა, დაძაბული და გაცოფებული ავუყევი კიბეებს.
- ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ აქედან რომ გავალთ შეგიძლია რაც გინდა ის მიქნა, გპირდები წინააღმდეგობას არ გაგიწევ, -ზედ ჩემს ყურთან ჩაიჩურჩულა, მივხვდი რომ იღიმოდა, ამოვიხვნეშე, კარგი იყო რომ მართლა ვერ კითხულობდა ჩემს ფიქრებს და ახლა ისიც კი ვერ ხვდებოდა რატომ ვიყავი გაბრაზებული, ამდენი წლის შემდეგ სულაც არ მინდოდა მენახა როგორ განიცდიან ჩემს გამო და როგორ აწუხებთ დანაშაულის გრძნობა, ასე უფრო ძნელია, ჯანდაბა ასე უფრო ძნელია, მერჩივნა მეფიქრა რომ არავის ვახსოვარ, არავის ვყვარებივარ და უბრალოდ დამივიწყეს.
დანიელი ბებიაჩემის ოთახის კართან შეჩერდა, ფრთხილად შეაღო და შევიდა, უკან მივყევი, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში რომელსაც მხოლოდ ფარდებგადაწეული ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი ანათებდა, კედელთან მიდგმულ ვიწრო საწოლში პატარა გალეული სხეული იწვა და ბორგავდა, მივუახლოვდი, ასეთი ნამდვილად არ მახსოვდა ბებიაჩემი, გამხდარი, სახედანაოჭებული... ეტყობოდა რომ კოშმარს ხედავდა, დროდადრო სახე ემანჭებოდა, ხელებს უაზროდ იქნევდა ჰაერში და კვნესოდა.
- გინდა გაჩვენო რა ესიზმრება? -დანიელის ხმის გაგონებისას შევკრთი.
- შეგიძლია ამის გაკეთება?
უხმოდ დამიქნია თავი, მერე საწოლს მიუახლოვდა, ჩაიმუხლა, გრძელი თითები შემოაჭდო მოხუცს კეფაზე და რაღაც ჩაიჩურჩულა, გაოცებული ვუყურებდი როგორ ამოიჭრნენ ცისფრად მოელვარე გამჭვირვალე გამოსახულებები ბებიაჩემის შუბლიდან და მთელ ოთახს მოედვნენ, ყველგან მე ვიყავი, ზუსტად ისეთი როგორიც მონასტერში დამტოვეს, აი ზუსტად ამ სცენას ხედავდა ახლა, ვიდექი პატარა, გამხდარი, თმააბურდული და სევდით სავსე თვალებით, მივხვდი ასეთს მხედავდა ბებიაჩემი მაშინ, კადრი შეიცვალა ახლა ჩემს საძინებელში ვიჯექი საწოლზე მობუზული და სახეზე ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები,
- ეშმაკის მოციქული ხარ, შენ ადამიანი არ ხარ, შენში სატანაა ჩასახლებული, -ისე მკვეთრად გაისმა ოთახში მისი ხმა რომ შეშინებულმა მიმოვიხედე ირგვლივ მერე კი თვალები დავხუჭე რომ ეს ყველაფერი აღარ დამენახა.
- მაპატიე ანა, მაპატიე შვილო, -ეს უკვე ნამდვილად ბებიაჩემის ხმა იყო, თვალი გავახილე, ოთახში აღარსად იყვნენ სიზმრისეული ლანდები, დანიელი ჩემს გვერდით იდგა, ბებიას ისევ ეძინა, თვალებზე ცრემლები ჩამოსდიოდა და შესაბრალისი ლუღლუღით მთხოვდა პატიებას, საწოლის თავზე მიმაგრებულ უზარმაზარ ჯვარცმას შევავლე თვალი და გამეღიმა, მერე კი შევბრუნდი და დანიელისთვის არაფერი მითქვამს ისე გამოვედი ოთახიდან, კიბეებს ჩავუყევი და მიმოვიხედე.
- საკმარისია? ახლა შეიძლება რომ წავიდეთ? -ჩემი ხმა ისე მშვიდად ჟღერდა რომ თავადვე გამიკვირდა.
- რათქმაუნდა უკვე წასვლის დროა, -თავი დამიკრა და ის იყო კარი უნდა გამოეღო რომ შედგა.
- შენც გაიგონე? მგონი კიბეზე ვიღაც ჩამოდის.
შევტრიალდი და ადგილზე გავშეშდი, კიბის თავში მოჩაჩულ პიჟამოიანი პატარა, წითელლოყება, თმახუჭუჭა ბიჭუნა იდგა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
- მე შენ გიცნობ? -ჩემსკენ ბუნჩულა თითი გამოიშვირა და გაიღიმა.
- მე მეუბნები? -გულზე ხელი მივიდე და ღრმად ამოვისუნთქე.
- ჰო შენ, ცოტათი გაზრდილხარ მაგრამ მაინც მივხვდი რომ ჩემი დაიკო ხარ, შენი ფოტოები მაქვს ნანახი, დედას და ბებოს ვეკითხები ხოლმე სად არისთქო მაგრამ არაფერს მეუბნებიან, უბრალოდ ზურგს შემაქცევენ და ტირიან, დაიკო სად იყავი აქამდე, სულ დაბრუნდი? აღარ წახვალ?
გაუჩერებლად ტიტინებდა, მე კი ვატყობდი როგორ მიჭირდა სუნთქვა, ვერაფერზე ვფიქრობდი, ვერც იმაზე თუ როგორ მხედავდა, ვერც იმაზე რატომ არაფერს აკეთებდა დანიელი ამ აბსურდული სიტუაციიდან ჩემს დასახსნელად...
- უნდა ჩაგეხუტო, -გამომიცხადა უცბად და ჩემსკენ გამოიშვირა პუტკუნა მკლავები, მერე უხერხულად გადმოდგა ნაბიჯი სიცარიელეში, ინსტიქტურად გავაკეთე ნახტომი და მანამდე დავიჭირე სანამ თავით დაენარცხებოდა ბოლო საფეხურს, ჩავიმუხლე, მოვეხვიე და სახე მის აბურდულ კულულებში ჩავრგე, საოცარი სურნელი ჰქონდა, თბილი, ტკბილი, სუფთა, მშობლიური...
- ხომ აღარ წახვალ დაიკო? -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა.
- უნდა წავიდე, შენ კი აქ უნდა დარჩე და ჭკვიანად მოიქცე, გესმის? -ჩახლეჩილი ხმით ამოვილაპარაკე და ათრთოლებული თითებით მოვეფერე ლოყებზე, ძლივს მოვიშორე და გვერდზე გავწიე.
- ახლა მე წავალ შენ კი აქედან ფეხი არ მოიცვალო, -თითი დავუქნიე და წამოვდექი, დანიელი კართან იდგა და სევდიანი თვალებით გვიყურებდა, ის იყო უნდა გავსულიყავით რომ პატარამ მთელი ხმით იყვირა.
- დედა, მამა, დაიკო დაბრუნდა, ჩემი დაიკო დაბრუნდა, -შეშინებულმა გამოვიკეტე კარი, -აქ იყო კიბესთან იდგა, მერე მე ფეხი დამიცდა და დამიჭირა რომ არ დავცემულიყავი, რატომ არ გჯერათ ჩემი, -ტირილნარევი ხმა მესმოდა, ყურებზე ხელები ავიფარე, სირბილით ჩავიარე კიბეები და ახალგათიბულ გაზონზე მუხლებით დავეცი...
- არ გინდა ნურაფერს მეტყვი, -ძლივსგასაკონად ჩავილაპარაკე, ჩემს გვერდით ჩაჩოქილმა დანიელმა კი უბრალოდ ხელები ასწია იმის ნიშნად რომ არაფერს ამბობდა, -ყველაფერი მესმის დანიელ, მესმის ამ ყველაფერს რატომ აკეთებ უბრალოდ ძალიან ძნელი იყო მათი ისევ ნახვა და ის პატარა საოცრება... ჯანდაბა, ვიცი რომ მის სანახავად მომიყვანე აქ, ეს იყო შენი მთავარი მიზანი არა?
- ის აუცილებლად უნდა გენახა, ის შენი ძმაა, შენი სისხლი და ხორცი, ახლა უკვე იცი რომ აქ დედამიწაზეც არსებობს ისეთი ვინმე ვისაც უბრალოდ და უპირობოდ ყველანაირი მიზეზის გარეშე უყვარხარ, შენ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ, ეს არასოდეს დაგავიწყდეს.
- ალბათ იმასაც ხვდები რომ ვერ გავძლებ კიდევ რომ არ ვნახო.
- რათქმაუნდა ვხვდები, ეს ასეც უნდა იყოს, მე ის უფრო გამიკვირდებოდა იმ წითელლოყება სასწაულის მეორედ ნახვა რომ არ მოგესურვებინა.
- მადლობა დანიელ, შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ტვირთისგან გამათავისუფლე მაგრამ ახალი თასვსატეხი დამემატა, მიუხედავად იმისა რომ აქამდე მეგონა ბებიაჩემი მეზიზღებოდა მაინც არ მომეწონა ის რომ ასეთ დღეშია, ის უბრალოდ ერთი სულელი ქალია რომელსაც ცრურწმენებით აქვს თავი გამოჭედილი, უბრალოდ შემეცოდა, არ ვიცი რამდენად იმსახურებს ასეთ ტანჯვას.
- ვფიქრობ აუცილებლად იპოვი გზას მათ დასახმარებლად, ვიცი რომ შეძლებ, -ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თვალებში ჩამხედა და ფრთხილად, ნაზად შემეხო ტუჩებზე, კისერზე ხელი მოვხვიე და კოცნაში ავყევი, მხოლოდ მაშინ მოვწყდით ერთმანეთს როცა სუნთქვა გაგვიჭირდა, ერთხანს ეშმაკური მზერით მიყურებდა დანიელი და ნაზად მეფერებოდა კეფაზე და ზურგზე.
- თავს როგორ გრძნობ ძალიან დაიღალე?
- ძალიან არ დავღლილვარ, ჯერ კიდევ მაქვს შერჩენილი საკმარისი ენერგია აბა აქედან სად მივდივართ?
- თუ გინდა პირდაპირ სახლში წავიდეთ რომ დაისვენო?
- არავითარ შემთხვევაში, ღამე მხოლოდ ახლა იწყება და თანაც ხომ არ დაგავიწყდა რას შემპირდი, ამაღამ კიდევ ბევრი საინტერესო რამ უნდა მიჩვენო, ბოლოს და ბოლოს ამდენი ცრემლისღვრის შემდეგ ცოტაოდენ გართობას ნამდვილად ვიმსახურებ, ასე არ არის?
ფეხზე წამოვხტი და დანიელს რომლის უძირო შავ თვალებში ერთდროულად ირეკლებოდა უზომო სიყვარული და აღფრთოვანება, ხელი გავუწოდე...
- მაჩვენებ როგორ ხდება პორტალის შექმნა?
- - - - - - -
ამჯერად დანიელმა საჭიროდ არ ჩათვალა გარეგნობის შეცვლა, ჩვენ ისევ ჩვენ ვიყავით, შემფასებლურად შევათვალიერე, კლასიკურ შავ შარვალში და თეთრ პერანგში გამოწყობილი არაჩვეულებრივად და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, სახელოები იდაყვებამდე ჰქონდა აკეცილი და თმები როგორც ყოველთვის უწესრიგოდ ჰქონდა ჩამოყრილი სახეზე და კისერზე, დაძარღვულ მკლავებზე თითები ავაყოლე, საყელო შევუსწორე და ტუჩი მოვიკვნიტე როცა მის თვალებს გადავაწყდი და დავინახე რომ სურვილით ჰქონდა სავსე, ხელი შიშველ წელზე შემიცურა და თითები ნელ-ნელა აასრიალა ხერხემალზე,
- მომწონს ეს კაბა თითქმის არაფერს არ გიფარავს, -ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა და შუბლზე ნაზად შემეხო გახურებული ტუჩებით, მართლაც რომ ზედმეტად გამომწვევი იყო ჩემი კაბა, შავი, თხელი, კოჭამდე სიგრძის მაგრამ იმდენად შეხსნილი რომ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მარჯვენა ფეხი ბარძაყამდე მიშიშვლდებოდა, ზურგი მთლიანად მოშიშვლებული მქონდა წინ კი ისეთი დეკოლტე რომ ცოტა არ იყოს თავს უხერხულად ვგრძნობდი, თუმცა დანიელის აღფრთოვანებული მზერა იმად ნამდვილად ღირდა რომ თავს მოვრეოდი და უხერხულობა არ შემემჩნია.
- მზად ხარ? შევიდეთ? -შესასვლელისკენ მანიშნა.
- მგონი მზად ვარ, ვერც კი ვიოცნებებდი რომ როდისმე ასეთ წვეულებაზე დასწრების შესაძლებლობა მომეცემოდა, ეს შანსი უნდა გამოვიყენო და გავერთო.
- არამგონია გართობა მოვახერხოთ, ძლიერნი ამა ქვეყნისანი გართობის აზრზე არ არიან, -დანიელმა მხრები აიჩეჩა და გაიღიმა, -მთელი ღამის განმავლობაში სვავენ, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე საუბრობენ და ვალსს ცეკვავენ, თანაც ეს არავის არ მოსწონს მაგრამ ერთმანეთს ვერ უმხელენ რადგან ცუდ ტონად ჩაეთვლებათ, საინტერესოა ასე რატომ იტანჯავენ ადამიანები თავს?
- ანუ ჩვენც მათსავით უნდა დავიტანჯოთ?
- ხანდახან როგორი სასაცილო ხარ, -კარი გამიღო და გამატარა, -როგორც ყოველთვის მიზეზები მაქვს, ასეთ წვეულებებზე როგორც წესი ბევრ საინტერესო არსებას შეიძლება რომ გადაეყარო, უბრალოდ ერთი რამ დაიმახსოვრე, გვერდიდან არ მომშორდე, ყოველ შემთხვევაში იმდენად არა რომ ვერ გხედავდე.
- ჰოო, კინაღამ დამავიწყდა, შენ ხომ უმიზეზოდ არაფერს აკეთებ... -სიტყვა გამიწყდა როგორც კი დარბაზს მოვავლე თვალი, დიდ ძალისხმევად დამიჯდა რომ ხმამაღალი შეძახილით არ გამომეხატა გაოცება, ულამაზესი დეკორაციები, ცნობილი სახეები რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელევიზორში თუ მენახა, უცნაური ვარცხნილობები, უძვირფასესი სუნამოს სურნელი, ბრილიანტით მოოჭვილი სამკაულები და უამრავი სასმელი...
- რას დალევ, გინდა რამე მოგიტანო? -დანიელის ხმამ გამომაფხიზლა.
- სულ ერთია, რამე მომიტანე ვატყობ რომ სასმლის გარეშე ამ ღამეს ვერ გადავიტან, -მხიარულად გავიკრიჭე და სახეზე ჩამოყრილი თმა შევუსწორე, ჩემი თითები ხელში მოიქცია და მაკოცა.
- აქ დამელოდე ახლავე მოვალ, ჩამჩურჩულა და მოხდენილი ნაბიჯით წავიდა ბარისკენ, მშიერ მზერას აყოლებდნენ ქალები და ისე აშკარად გამოხატავდნენ მის მიმართ ინტერესს რომ მინიმუმ ათი მათგანის მოკვლის სურვილი მაინც გამიჩნდა...
- უკაცრავად შეიძლება რაღაც გთხოვოთ? -შავბნელი ფიქრებიდან გამოვერკვიე, მივბრუნდი, ჩემს უკან ჩვიდმეტიოდე წლის ქერათმიანი ბიჭი იდგა და საყვარლად, ბავშვურად მიღიმოდა.
- თქვენი დახმარება მჭირდება, ჩემი შეყვარებული ცუდად არის საპირფარეშოშია, მგონი ზედმეტი დალია, იქნებ როგორმე გამოვაფხიზლოთ.
უხერხულად მიმოვიხედე ირგვლივ, -იქნებ სხვისთვის გეთხოვა დახმარება? მე არ შემიძლია რომ წამოგყვე, აქ მარტო ხართ?
მშობლებთან ერთად მაგრამ მათ არ იციან რომ ერთად ვართ, მათ დახმარებას ვერ ვთხოვ, გემუდარებით სულ რამდენიმე წუთი დაგვჭირდება მთავარია ცოტა შევაფხიზლოთ და აქ შემოვიყვანოთ მერე უკვე მშობლები მიხედავენ.
თვალებით დანიელი მოვძებნე რომელიც ბართან იდგა და ელოდა როდის მოაწოდებდა ბარმენი სასმელს, მითხრა რომ მისი თვალთახედვიდან არ დავკარგულიყავი, მაგრამ იქნებ არაფერი დაშავდეს თუ რამდენიმე წუთით გავალ და ამ ბავშვებს დავეხმარები...
- კარგი მაჩვენე სად არის საპირფარეშო, -მივმართე ბიჭს რომელსაც თვალები გაუბრწყინდა და მაშინვე წინ გამიძღვა, დარბაზიდან გასასვლელი კარი გამიღო და სუსტი შუქით განათებულ დერეფანში აღმოვჩნდი.
- ახლა საით? -მივტრიალდი თუმცა ბიჭი აღარსად ჩანდა, დერეფანში მარტო ვიყავი, უკან დაბრუნება ვცადე თუმცა კარი აღარსად იყო, რაღაც სასწაულით გაქრა და ახლა ამ გრძელ და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, აშკარა იყო რომ მომატყუეს, სახეზე ხელები ავიფარე და ერთი წუთით ვეცადე საშინელებებზე არ მეფიქრა, სულ მალე ფეხის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ვიღაც ნელა და მძიმედ მოაბიჯებდა ჩემსკენ, შევბრუნდი და მხედველობა დავძაბე რომ დერეფნის ბოლოდან ჩემსკენ მომავალი სილუეტი გამერჩია, რბილი და ძლივსმბჟუტავი განათების ფონზე ნელ-ნელა გამოიკვეთა შავებში ჩაცმული მაღალი სხეული, ფართო მხრებით, ჭაღარა თმით და არწივისებური ცხვირით, ვიცნობდი, ძალიან კარგად ვიცნობდი, მას ჩემს წინაცხოვრებისდროინდელ მოგონებებში საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა, მომიახლოვდა და გულითადად გამიღიმა თუმცა თვალებში ჩამდგარ სიცივეს ღიმილმა ვერაფერი დააკლო.
- როგორც იქნა ერთმანეთს შევხვდით ანა...



არ მეგონა ანას მშობლებს და განსაკუთრებით კი ბებიას რაიმე სინანულის გრძნობა თუ ექნებოდათ ანას მიმართ :( პატარა ლოყებწითელა ბიჭი მეც მომეწონა❤
ალბათ ბავშვისთვის როგორი ძნელია როცა არავის უნდა შენთან ურთიერთობა და ყველა როგორც კეთროვანს ისე გიყურებს :( შემეცოდა ანა :(

ამ გოგომ რატომ ვერ გაიგო "აქ იყავი,არსად წახვიდე!" სიტყვების მნიშვნელობა? დემონებთან კი უშველა დანიელმა მაგრამ ახლა "საყვრელი" ბიძის პირისპირ მარტოა და რას იზამს? შეძლებს კი დანიელი და ბავშვები მის დახმარებას? სულელი გოგო :(
შემდეგს როდისთვის ველოდო? ❤

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
არ მეგონა ანას მშობლებს და განსაკუთრებით კი ბებიას რაიმე სინანულის გრძნობა თუ ექნებოდათ ანას მიმართ :( პატარა ლოყებწითელა ბიჭი მეც მომეწონა❤
ალბათ ბავშვისთვის როგორი ძნელია როცა არავის უნდა შენთან ურთიერთობა და ყველა როგორც კეთროვანს ისე გიყურებს :( შემეცოდა ანა :(

ამ გოგომ რატომ ვერ გაიგო "აქ იყავი,არსად წახვიდე!" სიტყვების მნიშვნელობა? დემონებთან კი უშველა დანიელმა მაგრამ ახლა "საყვრელი" ბიძის პირისპირ მარტოა და რას იზამს? შეძლებს კი დანიელი და ბავშვები მის დახმარებას? სულელი გოგო :(
შემდეგს როდისთვის ველოდო? ❤


მინდოდა რომ ენანათ ის ყველაფერი რაც ანას გაუკეთეს, უბრალოდ არ მინდა ვიფიქრო რომ ისეთი სინდისგარეცხილი ადამიანებიც არსებობენ რომლებიც ამ ყველაფრის მერე ისე მშვიდად დაიძინებდნენ ვითომ აქაც არაფერი

შემდეგ თავს ალბათ სამშაბათ საღამოს ავტვირთავ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent