შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 6)


26-06-2022, 01:28
ნანახია 723

ისტ-ბიჩისკენ მიმავალს გზაში გაწვიმდა და ქარიც გაძლიერდა, ზღვაზე ტალღებს ქაფი მოედო. პლაჟზე სანებივრო ამინდი ნამდვილად არ იყო და სანაპიროზეც კაცი არ ჭაჭანებდა. მანქანა ბილ ჰოლდენის ფასიან ავტოსადგომზე გავაჩერე.
კოტეჯში შევედი, კარი ჩავკეტე და ტელეფონით ლოს-ანჟელესის ,,რიჯენტ ოტელი'' შევუკვეთე.
რამდენიმე წუთიშ შემდეგ ყურმილში ოდეტას ხმა გაისმა.
-ჰარი ვარ, ვუთხარი მე. საქმე მთლად კარგად ვერაა. ტელეფონში ყველაფერს ვერ გეტყვი, მაგრამ ნომრიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახვიდე. მოგვიანებით კიდევ დაგირეკავ. როგორც ჩანს, ხვალ დაბრუნდები.
ვიგრძენი, როგორ გაინაბა.
-იმ მთვრალის ამბავია?
-არა. უარესი, ის ხალხი, ვინც მოგვიანებით შეიძლებოდა ჩარეულიყო, უკვე ფეხზე დადგა.
-ახლა რა ვქნათ?
-ყოველ შემთხვევაში, რაც უნდა მოხდეს, ჯერჯერობით ცხვირი არ გაყო ოთახიდან.
-მაინც, რა მოხდა?
ხმაზე შიში ეტყობოდა.
-არ შეგიძლია ამიხსნა?
-ტელეფონით არა. ნომერში დაეტიე და არსად არ გახვიდე. საღამოს დაგირეკავ.
ყურმილი დავდე.
მეცოდებებოდა, მაგრამ ზედმეტი ლაპარაკისაც შემეშინდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ სასტუმროს ტელეფონისტი არ გვისმენდა.
ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. პლაჟი ცარიელი იყო, წვიმის მძიმე წვეთები ქვიშაზე ეტყეპებოდა. სიგარეტს მოვუკიდე და ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი.
ჯერჯერობით მალრუს პოლიციისთვის არ მიუმართავს, მაგრამ თუ ფრთამოგლეჯილ ,,კარერას'' იპოვიან, მასთან მისასვლელი საბაბი გაუჩნდებათ და შეიძლება აღიაროს კიდეც, რომ მისი ქალიშვილი სახლიდან სადღაც გაქრა.
უცებ ფანჯრიდან აქეთ მომავალ რეას მოვკარი თვალი, შავი ლაბადა ეცვა. ხელში ქოლგა ეჭირა. ვინმეს რომც შეემჩნია, არა მგონია ეცნო ქოლგა მთლიანად უფარავდა სახეს. კიბე ამოათავა, კარი გავუღე.
-ბანკში წავიდა ფულის ასაღებად, მითხრა რეამ. თან ქოლგა დაკეცა და დაბერტყა. ვუთხარი, ეკლესიაში მივდივარ, ოდეტასთვის უნდა ვილოცო-მეთქი.
რწმენის საკითხებში მოვიკოჭლებ, მაგრამ ასეთმა გულგრილმა მკრეხელობამ რაღაც აღშფოთებისმაგვარი გრძნობა მაინც გამიჩინა ამ დედაკაცის მიმართ.
-როდის აპირებთ ფულის გამორთმევას? მკითხა, თან სველ ლაბადას იხდიდა.
მერე სავარძელთან მივიდა და დაჯდა.
-დარწმუნებული არ ვარ, იმ ფულს ოდესმე საერთოდ თუ ვნახავთ, მივუგე მე.
გახევდა, მზერა გაეყინა.
-მაგით რისი თქმა გინდათ?
-შეიძლება ამ ამბავმა გაგაოცოთ, ვთქვი და მეც სავარძელში ჩავეშვი, მაგრამ ბანკის მმართველმა და თქვენი მეუღლის მძღოლმა გამოიჩინეს ინიციატივა. პოლიციამ უკვე იცის, რომ ოდეტა მოიტაცეს.
სილა რომ გამერტყა, ალბათ ნაკლები ეფექტი იქნებოდა.
-ტყუილია!
სავარძლიდან წამოხტა, სახე მიტკალივით გაუფითრდა, თვალებში ცეცხლი გაუკრთა.
-უბრალოდ, შეგეშინდათ! ფულის გამორთმევის გეშინიათ!
-ვითომ?
-მეც პანიკაში ვიყავი, მაგრამ იმისი შიში და გაცოფება აქეთ დამეხმარა, თავს მოვრეოდი.
-ამ დილით ბანკის მმართველმა ვინემ მასტერსმა დარეკა ოლქის პროკურორის თანაშემწეს და უთხრა, რომ თქვენს ქმარს საჩქაროდ დასჭირდა ხუთასი ათასი დოლარი. თურმე, ბანკის ადმინისტრაცია ვალდებულია პოლიციას აცნობოს, თუკი ვინმეს მოულოდნელად გააქვს დიდი თანხა, თანაც წვრილმანი კუპიურებით. პოლიციაც ავტომატურად იმ ჰიპოთეზით ხელმძღვანელობს, რომ ფული პატრონს გამოსასყიდის გადასახდელად დასჭირდა.
-რა იცით? გამყინავი ხმით იკითხა.
ჩემი ახალი სამსახურის შესახებ ვუთხარი და ოლქის პროკურორთან საუბარიც არ დამიმალავს.
-რენიკი უკვე თქვენს მძღოლსაც ელაპარაკა, ო'რეილი ყოფილი პოლიციელია. იმან უთხრა რენიკს, ოდეტა გუშინ საღამოს ამხანაგს არ შეხვედრია და არც შინ დაბრუნებულაო. ოლქის პროკურორმა ფაქტები ერთმანეთს გადააბა და შესაბამისი დასკვნის გაკეთებაც არ გასჭირვებია. დარწმუნებულია, ოდეტა მოიტაცესო და დიდი სენსაციისთვის ემზადება.
რეამ ხელები თავზე წწაივლო და ისევ დაჯდა. მომხიბვლელობა მთლად დაკარგა, შიშმა და უძლურმა გააფთრებამ სახე დაუმანჭა.
-რა უნდა ვქნათ? როგორც იქნა, ამოღერღა.
მერე სავარძლის სახელურს მუშტით ცემა დაუწყო.
-ფული მჭირდება!
-აკი გაფრთხილებდით, ვთქვი მე. პოლიციის სათვალავიდან ამოგდება არაფრით არ შეიძლებოდა.
-რა მნიშვნელობა აქვს, რას მეუბნებოდით?! ახლა რა ვქნათ?
-ჯობია ყველაფერი ბოლომდე მოისმინოთ; იქნებ მაშინ უკეთ გადავწყვიტოთ, რაც უნდა ვქნათ.
დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი მთვრალზეც, ავარიაზეც, ისიც ვუთხარი, პოლიცია უკვე ,,კარერას'' ეძებს მეთქი. ისიც ვუთხარი, მანქანა თუ იპოვეს, თქვენს ქმარს ესტუმრებიან და ერთი-ორ შეკითხვას დაუსვამენ-მეთქი.
გაუნძრევლად იჯდა, ხელები ახლა მუხლებშუა მოემწყვდია.
-აი, ასეთი ამბებია, ვთქვი მე. მეორე მხრივ, ოლქის პროკურორი მანამდე არაფერს მოიმოქმედებს, სანამ თქვენი ქმარი არ სთხოვს დახმარებას. მისტერ მალრუს თვალთვალეს ვერ გაბედავენ, როცა ბანკიდან ფულს წამოიღებს. ყველაფერი თქვენს ქმარზეა დამოკიდებული. გამოუტყდება პოლიციელებს, ოდეტა მოიტაცესო, თუ მანქანის თაობაზე ჰკითხავენ?
ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით შეისუნთქა ჰაერი, თვალებით მჭამდა.
-ამას ეძახით პროფესიონალიზმს? ლამის წყობიდან იყო გამოსული, ეგაა თქვენი მახვილგონივრული გეგმა?! ნუთუ ეჭვი გეპარებათ, რომ ისეთ ჯურღმულში, როგორიც ,,მეკობრეების ქოხია'' ვიღაც აუცილებლად აეკიდებოდა?
უხმოდ შევცქეროდი.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ ალაპარაკდა.
-რას ჩამომჯდარხართ აქ და რას მიყურებთ ზომბივით. თქვით, რა ვქნათ?
-თქვენზეა დამოკიდებული, მივუგე მე. თუ ქმარს დაიყოლიებგთ და პოლიციაში არ დაარეკვინებთ, თამაშის გაგრძელებას კიდევ აქვს აზრი, ოღონდ გაფრთხილებთ: როცა ოდეტა დაბრუნდება, პოლიცია აუცილებლად ჰკითხავს, მანქანა სად დაამტვრია.
-მე ფული მჭირდება!
-თუ თქვენი ქმარი პოლიციაში არ დარეკავს..
-არ დარეკავს. წუხელ თქვენთან ლაპარაკის მერე თქვა, პოლიციას მაინც არ ვთხოვ დახმარებასო. მე კრინტის დაძვრაც არ დამჭირვებია. ოღონდ კი ოდეტა დაუბრუნონ და ფულზე არ ივაჭრებს.
-თუ დარწმუნებული ხართ, რომ მისტერ მალრუს არაფერი წამოსცდება, მაშინ ჯერ ყველაფერი არ დაგვიკარგავს.
-დარწმუნებული ვარ.
მაჯის საათს დავხედე. ზუსტად თორმეტის ნახევარი იყო.
-გავიგებ ერთი, როგორ მიდის საქმე, ხელი ტელეფონისკენ გავიწვდინე და რენიკის ნომერი ავკრიფე. თითქმის მაშინვე მიპასუხა.
-რა არის ახალი? გჭირდები? ვკითხე რენიკს.
-ჯერჯერობით არაფერი, უკმაყოფილო ხმა ჰქონდა. მანქანა ვერ ვიპოვეთ. ათი წუთის წინ მალრუმ ბანკიდან ფული წაიღო. გფს-ს აგენტები ყალყზე დგანან. სამზე კიდევ დარეკე. მაგ დროისთვის ალბათ ვიპოვით მანქანას.
დავპირდი, დაგირეკავ-მეთქი და ყურმილი დავდე.
რეა თვალს არ მაშორებდა.
-ჯერჯერობით მანქანა არ უპოვიათ. თუ გაგვიმართლა, საერთოდაც ვერც მიაგნებებ, ვთქვი მე .ახლა კი მოდით, ოდეტას წერილს მივხედოთ.
საფულიდან კონვერტი ამოვიღე, წინდაწინ ცელოფანში გახვეული, თითის ანაბეჭდები რომ არ დარჩენილიყო ზედ.
-ფოსტას როგორ იღებთ ხოლმე?
-ჭიშკართან ყუთი კიდია.
-შინ რომ მიხვალთ, ეს კონვერტი ყუთში ჩააგდეთ. ფრთხილად, არავინ დაგინახოთ. აქ წერია, როგორ უნდა გადმოგვცენ ხვალ ფული.
კონვერტი გამომართვა და ხელჩანთაში შეინახა.
-ესე იგი, თამაშიდან არ გადიხართ? მკითხა რეამ.
-თუ არ ვცდები, ფულს სწორედ მაგაში მიხდით.. ყოველ შემთხვევაში, ახლა ჩემი ახალი სამსახურის წყალობით მოწინააღმდეგის სვლებს მაინც გავიგებ წინასწარ. თუ სიტუაცია გაუარესდება, გაგაფრთხილებთ. მოკლედ, ასეთი გეგმა მაქვს: ოდეტას ვურეკავ და ვეუბნები, ხვალ საღამოს თეთმეტსაათიანი რეისით დაბრუნდეს. დაახლოებით პირველ საათზე აქ, პლაჟზე მოვა და კოტეჯში დაიცდის. ამასობაში თქვენი ქმარი ისტ-ბიჩ როუდს გაუყვება მანქანით. გზაზე მოციმციმე შუქს დაინახავს და იქვე, შორიახლოს დააგდებს დიპლომატს. სამის ნახევარზე იმ ფულს ავიღებ, მალრუ კი ლოუნ-ბეიში გაემგზავრება ოდეტასთან შესახვედრად. ჩვენ ფულს გავიყოფთ. მისტერ მალრუ ქალიშვილს დათქმულ ადგილას ვერ ნახავს და შინ დაბრუნდება. თქვენც და ოდეტაც უკვე იქ დახვდებით. ქმარს ეტყვით ოდეტა შინ დაბრუნდაო. ოდეტა მაგრად გამოვცადე მოახერხებს მამამისი ლეგენდის უტყუარობაში დაარწმუნოს. ესაა და ეს.
ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მერე თავი დამიქნია.
-კარგი... ესე იგი ხვალ, ღამით, სამს რომ თხუთმეტი დააკლდება, აქ ვიკრიბებით.
-ო'რეილის ერიდეთ, ვთქვი მე. არ უნდა დაინახოს, როგორ გამოხვალთ შინიდან. ეგ ბიჭი ყველაფერს, რასაც კი იყნოსაც, დაუყოვნებლივ ოლქის პროკურორს შეატყობინებს. ფხიზლად იყავით.
რეა წამოდგა.
-გასაგებია.
-კეთილი, ჰო, ფული მჭირდება, კოტეჯის ქირა უნდა გადავიხადო. ორმოცდაათი დოლარი მეყოფა.
ფული გამომიწოდა.
-ოცოდეთ, ხვალინდელ ღამეს.. დავაპირე რაღაცის თქმა.
-დიახ, მოკლედ მომიჭრა რეამ. რაღაცამ დამაფრთხო მის ხმაში, ოღონდ ვერ მივმხდარიყავი, კერძოდ რამ.
-ო'რეილის ერიდეთ. გავიმეორე ისევ.
შემომხედა.
-დარწმუნებული ხართ, რომ საქმეს თავს გაართმევთ?
-წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელსაც არ მოვკიდებდი.
-სიგიჟემდე მჭირდება ფული, თქვა მან. იმედია მაშოვნინებთ ხომ იცით, არც თქვენ დარჩებით გულნაკლული.
კართან მივიდა, ქოლგა გაშალა და წვიმაში შეაბიჯა.
თვალი გავაყოლე. რაღაც სიყალბეს ვგრძნობდი ამ ქალში.
როცა მისი მანქანა ადგილიდან დაიძრა, ბილ ჰოლდენის კანტორისკენ გავიქეცი. ფული გადავუხადე.
-როგორ მიდის საქმე, მისტერ ბარბერ? მკითხა ბილმა და ქვითარი გამომიწოდა.
ერთი-ორი წამი დაბნეული მივჩერებოდი, უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მერე ბრიყვულად გავუღიმე.
-შესანიშნავად, მივუგე მე. ერთი დღე კიდევ დავრჩები. საწინააღმდეგო გაქვს რამე?
-რას ბრძანებთ, მისტერ ბარბერ.
მოღუშულმა ფანჯარაში გაიხედა.
-რა ამინდია! გამაკოტრებს და ეგ იქნება, არა, ერთი შეხედეთ, რა ხდება!
-ხვალ გამოიდარებბს, ვანუგეშე. გული არ გაიტეხო.
იქიდან ისევ კოტეჯში დავბრუნდი.
ორ საატამდე როგორღაც მოვკალი დრო, მერე უახლოეს სასაუზმეში შევედი და ბუტერპროტებით წავიხემსე. კოტეჯიდან ნინას დავურეკე გავაფრთხილე, არ ვიცი, შინ როდის დავბრუნდები-მეთქი.
-სამსახურში მოეწყვე, ჰარი?
-კი, მოვეწყვე, ვახარე ცოლს. ახლა საქმიანი კაცი ვარ. აღარაფერი გვაქვს საგანგაშო.
მინდოდა საკუთარი სიტყვები თვითონაც დამეჯერებინა.
-როგორ მიხარია!
ისეთი ხმა ჰქონდა, ისევ უკანასკნელ არამზადად ვიგრძენი თავი.
-ასე საჩქაროდ ვის რაში დასჭირდი?
-მოვალ და გიამბობ. ტელეფონში სალაპარაკო არ არის.
-გელოდები, ჰარი.
-ვეცდები, არ დავიგვიანო.
სამს ხუთი აკლდა, როცა რენიკის ნომერი ავკრიფე.
მაშინვე არ აუღია ყურმილი.
-ჰარი? სწორედ დროულად გამოჩნდი! მისმა აღგზნებულმა ხმამ ყური მომჭრა.
-მანქანა ვიპოვეთ! ლოუს-ბეის ავტოსადგომი იცი? იქ გელოდები. სწრაფად!
ყელი გამიშრა, გული საგულედან ამოხტომას ლამობდა. მოვდივარ-მეთქი ძლივს ამოვღერღე.





2



თეთრ ,,კარერასთან'' სახეღაჟღაჟა, ჩასუქებული პოლიციელი იდგა. რენიკი ჩემთვის უცნობი ორი დეტექტივი მანქანას ათვალიერებდნენ. ამასობაში წვიმამ გადაიღო, ღრუბლებიდან მზემ გამოაჭყიტა.
-ნახე, ჰარი, როგორ გაგვიმართლა გვერდი რა დღეშია, დანახვისთანავე მახარა რენიკმა.
დეტექტივებმა შემომხედეს.
-ნამდვილად მისი მანქანაა? ვკითხე ეჭვით.
-ნომერიც ემთხვევა და აღწერილობაც.
მერე კოლეგებს მიუბრუნდა:
-თითების ანაბეჭდები აიღეთ და მანქანა ადგილიდან არ დაძრათ. როცა მორჩებით, მომახსენეთ.
-ახლა მალრუსთან მივდივარ, ისევ ჩემთან გააგრძელა საუბარი, შენც წამომყევი. მანქანის დაზიანებული გვერდი მასთან საუბრის შესანიშნავი საბაბია. შენი მანქანით წავიდეთ, მერე პროკურატურაში დამტოვე.
ნეტავი რეას გაფრთხილება შემძლებოდა! მაგრამ ამას ნამდვილად ვეღარ მოვახერხებდი. მალრუ ლოუნ-ბეიდან ათი წუთის სავალზე ცხოვრობდა.
სახლს მაღალი ღობე ერტყა გარს, რობის იქით სახლი არც ჩანდა, როცა მანქანა მისიურ ჭიშკართან გავაჩერე, ჯიხურიდან ნაცრისფერფორმიანი, მხარბეჭიანი ჯეელი გამოვიდა.
-ოდეტა მალრუს ნახვა გვინდა, უთხრა რენიკმა.
-შინ არ არის, თავი გააქნია კაცმა.
-სად შეიძლება ვნახოთ?
-ვერ გეტყვით.
-იქნებ, მისტერ მალრუს დავლაპარაკებოდით?
-შეხვედრაზე წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ.
რენიკა პირადობის მოწმობა დააძრო.
-პოლიციიდან ვართ. საჩქარო საქმეზე მოვედით.
კაცს სახე შეეცვალა.
-ეგ სხვა საქმეა, ცოტა ხანს მოიცადეთ.
ჯეელი ჯიხურში გაუჩინდარდა. ფანჯრიდან ჩანდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა. წუთის შემდეგ გამოვიდა და ჭიშკარი გააღო.
-მობრძანდით, სერ.
ყვავილნარსა და მდელოებს შორის დატოვებულ ქვიშთიან გზას გავუყევით. ნაირ-ნაირი ფერი თვალს ახარებდა. როგორც იქნა, სახლიც დავინახეთ. შენობის წინ შადრევანი იყო. მთელი ეს სურათი სავსებით შეესაბამებოდა ჩემს წაწრმოდგენას, როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის საცხოვრებელი.
-კარგია, თქვა რენიკმა, როცა მანქანა მბზინავი ,,როლს-როისის'' გვერდით დავაყენე ბეტონის ბაქანზე. მე მგონი, ასეთ ბუდეზე არც შენ იტყოდი უარს.
-ალბათ, ვუპასუხე და რენიკის კვალდაკვალ კიბის საფეხურებს ავყევი.
ისე ვღელავდი, ხუმრობის თავიც არ მქონდა. ახლა მალრუს ნათქვამზე ეკიდა ჩემი და ორმოცდაათი ათასის ბედი.
კართან მოსამსახურე გველოდა. ხანში შესული, ქედმაღლურიერიანი კაცი იყო.
-ლეიტანანტი რენიკი ვარ, პოლიციიდან, ამცნო რენიკმა. მისტერ მალრუსთან მინდა ლაპარაკი.
-აქეთ მობრძანდით.
მოსამსახურე წინ გაგვიძღვა, მეორე შადრევნიანი გზა გაგვატარა და ზღვაზე გამავალ ტერასაზე გაგვიყვანა.
სავარძელში მოკალათებული რეა ჟურნალს ფურცლავდა. ფეხის გაგონებაზე თავი ასწია, მზის სათვალე ეკეთა.
მეორე სავარძელში მაღალი, გამხდარი კაცი იჯდა. თეთრი შარვალი და წითელზოლებიანო სპორტული სვიტერი ეცვა. ვიფიქრე, ესაა მალრუ-მეთქი. წარმოსადეგი კაცი იყო, ჭაღარა, ცოცხალთვალებიანი. უკურნებელი სენით შეპყრობილ ავადმყოფს არ ჰგავდა.
-მისტერ მალრუ ბრძანდებით? წარმოთქვა რენიკმა და გაჩერდა.
-დიახ, მე ვარ. დაბრძანდით. რით შემიძლია გემსახუროთ?
მშვიდი და გულგრილი ხმა ჰქონდა.
-ეს ჩემი კოლეგაა, ჰარი ბარბერი, ჩემი თავი გააცნო რენიკმა.
მალრუს არც ხმაზე და არც სახის გამომეტყველებაზე არ შესტყობია, რომ ჩვენმა სტუმრობამ გაახარა.
-ოდეტა მალრუს ნახვის იმედი მქონდა. გვითხრეს, შინ არ არისო.
-დიახ, რაშია საქმე?
-თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მისტერ მალრუ, დაითაფლა ხმა რენოკმს, მაგრამ ავარიის საქმეს ვიძიებ, წუხელ მანქანამ ქალი გაიტანა. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მთელი დღეა მანქანებს ვამოწმებთ. თქვენი ქალიშვილის მანქანა ლოუნ-ბეიში იპოვეს, ავტოსადგომზე. გვერდი აქვს დაზიანებული. გვინდოდა დაწვრილებით გაგვეგო, როდის და სად დააზიანა.
მისტერ მალრუს შევხედე და ცივმა ოფლმა დამასხა. ეტყვის თუ არ ეტყვის, ჩემი ქალიშვილი წუხელ მოიტაცესო? სახეზე არაფერი ეტყობოდა. ჩაფიქრებული შესცქეროდა რენიკს, თუმცარა, ყოველგვარი ინტერესის გარეშე.
-ჩემს ქალიშვილს რომ ვინმე გაეტანა, არ მიატოვებდა და არ გაიქცეოდა. მე მგონი, მეგობართანაა სტუმრად. ზუსტად რომელთან ვერ გეტყვით. ახლა ახალგაზრდები მშობლებს ანგარიშს აღარ აბარებენ..
რეასკენ გამექცა თვალი. ჟურნალს ფურცლავდა და თითქოს საუბარს საერთოდ არ უგდებდა ყურს.
-როდის დაბრუნდება? ჰკითხა რენიკმა მალრუს.
-ალბატ, რამდენიმე დღეში. თვითონ დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, იმ უბედურ შემთხვევასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
-სერ, ხპომ ვერ აგვიხსნიდით, როგორ აღმოჩნდა მისი მანქანა ლოუნ-ბეის ავტოსადგომზე/
-მალრი სავარძელში აწრიალდა.
-ვერა. არ მეხება, სად აჩერებს ჩემი ქალიშვილი თავის მანქანას.
ხელი გაიწვდინა და მაგიდიდან წიგნი აიღო.
-როცა დაბრუნდება, შეგახვედრებთ მასთან, თუკი ამას აუცილებლად ჩათვლით. ისე, დარწმუნებული ვარ, იმ დროისთვის დამნაშავე უკვე ნაპოვნი გეყოლებათ. ჩემი ქალიშვილი, ეჭვი არ მეპარება, არაფერ შუაშია. კარგად ბრძანდებოდეთ, ლეიტენანტო.
-ესეც ასე, მითხრა რენიკმა, როცა ,,პაკარდისკენ'' ვბრუნდებოდით. კერკეტი კაკალი ჩანს ეს ჩვენი მილიონერი, რას იტყვი?
ფეხებს ძლივს მივათრევდი.
-ჩვენც ხომ ზუსტად არ ვიცით, მართლა მოიტაცეს თუ არა, შევნიშნე მე, ფული შეიძლებოდა რამე გარიგებისთვისაც დასჭირვებოდა.
რენიკმა თავი გააქნია.
-არა მგონია. სიკვდილ-სიცოცხლის ამბავი თუ არ წყდება, კვირადღეს მილოინერიც კი არ სთხოვს მმართველს ბანკის გაღებას. თავს დავდებ, გოგო მოიტაცეს. წამო, მედოუზსაც უნდა დაველაპარაკოთ.
როცა ოლქის პროკურორთან შევედით, მედოუზი ნაბიჯებით ზომავდა კაბინეტს და ჩამქრალ სიგარას ღეჭავდა.
რენიკმა ფრთაშეჭ....ტილი მანქანის პოვნისა და მალრუსთან საუბრის შესახებ მოახსენა.
-ჩუმად ყოფნა გადაუწყვეტია, დაასკვნა მედოუზმა.
-არც ვამტყუნებ. როგორ ფიქრობთ, ღირს ძებნა გამოვაცხადოთ?
პროკურორმა სიგარას სანაგვე ყუთში გადაუძახა.
-არა, გააგრძელა თვითონვე. მოვიცადოთ. ტყუილად შარში გახვევა არ მინდა. მალრუ უდიდესი გავლენით სარგებლობს. მის ქალიშვილს თუ რამე ვავნეთ, პასუხისგება მე მომიწევს. მოვიცადოთ.
რენიკმა მხრები აიჩეჩა.
-როგორც იტყვით, სერ.
მე მომიბრუნდა.
-ტელეფონთან იყავი, ჰარი. შეიძლება უცებ დამჭირდე, შინ მიდიხარ?
თავი დავუქნიე.
-თუ სადმე მომიწია გასვამ, ნინას ტელეფონის ნომერს დავუტოვებ.
-არ დაგავიწყდეს.
პროკურორისგან შინ დავბრუნდი.
ნინა სასტუმრო ოთახში მუშაობდა. ჩემს დანახვაზე ფუნჯი მაგიდაზე დადო.
-ჰარი.. რომ იცოდე, როგორ მიხარრია!
ხელში ავიყვანე, ჩამოვჯექი და მუხლებზე დავისვი.
-ყველაფერი შესანიშნავად იქნება. კოჭი ალჩუზწ დამიჯდა, თან ეს საქმეც მომწონს.
კვირადღეს ჯიმის ასე საჩქაროდ რაში დასჭირდიო მკითხა. მალრუს ამბავი მოვუყევი.
-ჯიმი დარწმუნებულია, გოგო მოიტაცესო, მაგრამ მე პირადად ეჭვი არ მეპარება, მალრუს ფული რაღაც დიდი გარიგებისთვის დასჭირდა.
მერე საუბრის თემა თანდათან შევცვალე. ვკითხე, მაგ ქოთნების თითხნას როდის შეეშვები-მეთქი?
-ახლა უკვე თამამად შეგიძლია, თავს ცოტა დასვენების საშუალების ნება მისცე, შევნიშნე.
-არა. ჯერჯერობით ალბათ გავაგრძელებ. ყოველ შემთხვევაში, შემოდგომამდე მაინც.
სადილის შემდგე ვუთხარი, პროკურატურაში შევივლი, გავიგებ, ახალი ხომ არ არის რამე-მეთქი.
-დიდხანს არ გავჩერდები. იქ ჩემი გამოჩენა კი აუცილებელია.
უახლოესი აფთიაქიდან ოდეტას დავურეკე.
-ხვალ საღამოს ყველაფერი დამთავრდება. თერთმეტი საათის რეისით დაბრუნდი. აეროპორტიდან ავტობუსით წამოხვალ. ღამის პირველ საათზე ბოლო გაჩერებაზე დაგხვდები, კოტეჯში მიგიყვან და იქ დაგტოვებ. მერე ავიღებ, რაც ასაღებია და უკან დავბრუნდები.
მითხრა, ყველაფერი გავიგეო. აღელვებული ხმა ჰქონდა.
-მართლა არაფერი გეეჭვება? მკითხა ბოლოს.
-ჰო.. დაწყნარდი. ავტობუსის გაჩერებაზე გელოდები, პირველ საათზე.
ყურმილი დავდე. მე პროკურატურაში დავრეკე. მორიგემ მითხრა, რენიკი შინ წავიდაო. ესე იგი, ახალი არაფერია-მეთქი, დავასკვენი და მეც ისევ ნინასთან დავბრუნდი.
მეორე დილით, ზუსტად ცხრა სააათზე სამსახურში გამოვცხადდი. უცნაური გრძნობით ვუბრუნდებოდი გათვლილ-გამოზომილ ცხოვრებას: სამუშაო მაგიდას ხომ მთლად გადაჩვეული ვიყავი.
რენიკის მდივანმა რამდენიმე საქაღალდე გადმომცა. გადახედეთ და პროკურატურის საქმიანობას გაეცანითო შემომთავაზა. რენიკი მოგვიანებით მოვაო დაამატა გასვლამდე.
კითხვამ გამიტაცა, საქმეში თავფეხიანად ჩავეფალი. თორმეტი იყო დაწყებული, რენიკი რომ შემოვიდა. მაგიდის კიდეზე ჩამომიჯდა და მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებული ჩემი განცდებით დაინტერესდა.
-მომწონს აქაურობა, ვთქვი და ხელით საქაღალდეებზე ვანიშნე. ჩემი სტიქიაა. მალრუს ქალიშვილზე ხომ არ არის რამე ახალი?
-ჯერ არა. ლოუნ-ბეის ავტოსადგომზე კაცი დავტოვე. იქ თუ მივა, გამაგებინებს. მალრუს ოფიციალურ განცხადებამდე სხვა არაფრის გაკეტება არ შეგვიძლია. გფბ და შტატის პოლიციაც გავაფრთხილეთ.
-თუ გამოსასყიდს გადაიხდის და გოგოს დაუბრუნებე, პოლიციას შეიძლება არც მიმართოს.
-ახლა გამტაცებლები მსხვერპლს თითქმის არასდროს უბრუნებ პატრონს. მეტი უსაფრთხოებისთვისთვის კლავენ, თქვა რენიკმა. თუ მართლა მოტაცებულია, მზად ვარ ნაძლევი დავდო მალრუ აუცილებლად დაგვირეკავს.
მაგიდიდან ჩახტა.
ოთახიდან რომ გავიდა, საქაღალდეები გვერდზე მივწიე და სიგარეტს მოვუკიდე. ხვალ დილით, თუ გამიმართლა, ორმოცდაატ ათას დოლარად შემაფასებენ. კაცი ამას ძნელად დაიჯერებდა. გასამრჯელო წვრილი კუპიურებით უნდა გადაეხადათ. გადავწყვიტე სხვადასხვა ბანკში სეიფის აბონირება და ფულის იქ დამალვა. საჭიროების მიხედვით გამოვიტანდი იქიდან. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არც ცხოვრების ყაიდი უნდა შემეცვალა მეტისმეტად თვალში საცემად, ცოტა ხნის მერე ვიტყოდი, ბირჟაზე გამიმართლა-მეთქი, ოღონდა, სულ ცოტა, ერთი წლის შემდეგ, მანამდე არა.
უკვე სასაუზმოდ ვაპირებდი წასვლას, როცა კარი გაიღო და ჩემს კაბინეტში ისევ რენიკი შემოვიდა. აშკარად აღგზნებული ჩანდა. გული მომეწურა.
-ტუზი დაგვეცა! შესძახა გახარებულმა. პოლიციის სამმართველოში წავედით. გზაში გიამბობ ყველაფერს. დერეფანში, ლიფტისკენ რომ მივაბიჯებდით, გააგრძელა:
-შაბათ საღამოს ქრონიკას ვათვალიერებდი და რას ვხედავ: ,,მეკობრეების ქოხის'' მახლობლად, ავტოსადგომზე კაცი იპოვესო. უგონოდ ეგდო თურმე. იცი ეს რესტორანი?
პირი გამიშრა, მეტყველების უნარი დავკარგე. ძლივს ამოვილუღლუღე რაღაცა და თავი დავაქნიე.
-ნაცემი იყო. ბარმენს პოლიციისთვის გამოუძახებია და განუცხადებია, დაზარალებული ვიღაც ქალიშვილს აეკიდა და კვალდაკვალ გაჰყვა ავტოსადგომისკენო. ბარმენის თქმით, ის ქალიშვილი ნაღდად ოდეტა მალრუ იყო.
-საიდან გაიგო? ვკითხე იმწამსვე.
-მალრუს ქალიშვილი პალმ-სიტიში ცნობილი პიროვნებაა. მისი ფოტო ხშირად იბეჭდება პრესაში. დარწმუნებულია ის იყოო. ახლა სამმართველოშია. გოგოს რამდენიმე სურათი გამოვაყოლე ხელს. იქნებ ამოიცნოს.
-ის ბიჭი მაგარი ნაცემია?
-ღია ჭრილობა აქვს თავზე, მაგრამ გამოძვრება. შენ ის თქვი, ვის უნდა დაერტყა? ანდა ოდეტა მალრუს იმ ჯურ-ღმულში რა უნდოდა?
-იქნებ ის არ იყო?
-მალე გავიგებთ.
ათი წუთის შემდეგ უკვე სერჟანტ ჰემონდის კაბინეტში ვიყავით. ,,მეკობრეების ქოხის'' ბარმენიც იქ დაგხვდა. გამახსენდა სწორედ მას ელაპარაკებოდა ოდეტა.
რენიკმა გოგოს რამდენიმე ფოტოსურათი გაუწოდა.
-ისაა, თქვა ბარმენმა. ნამდვილად.
-რა დროს შემოვიდა ბარში? ჰკითხა რენიკმა, თან მე გადმომხედა მრავალმნიშვნელოვნად.
-ათი იქნებოდა დაწყებული. მიიხედ-მოიხედა, თითქოს ვიღაცას ეზებდა, მერე მკითხა, აქ სხვა ბარიც არისო? ვუთხარი არა-მეთქი, და რესტორნისკენ გასასვლელი ვაჩვენე. რესტორანშიც შეიხედა და წასვლა დააპირა. ის ბიჭი უკვე მწიფედ იყო. არ ხმაურობდა, მაგრამ ბლომად ჰქონდა ნაყლაპი. გვერდით რომ ჩაუარა, გოგოს მკლავში ჩააფრინდა, იმან ხელი გაითავისუფლა და გავიდა. ბიჭიც გაჰყვა.
-მერე რა მოხდა?
-ათი წუთის მერე ახალი მუშტარი შემოვიდა, იმან მითხრა, ავტოსადგომზე კაცი გდიაო. ის მთვრალი ბიჭი აღმოჩნდა, სისხლში ცურავდა. მე პოლიციას გამოვუძახე.
-იმ ათ წუთში სადგომიდან რამე მანქანა თუ გავიდა?
-გოგო ახალი გასული იყო, ორი სხვადასხვა სტარტერის ხმა რომ გავიგონე. პირველი სპორტულს ჰგავდა: ძრავაზე ვიცანი.
-მეორე?
-მეორე ჩვეულებრივი იყო.
-ესე იგი, გოგო ვიღაცასთან შესახვედრად შემოვიდა ბარში?
-ნამდვილად.
-რა ეცვა?
ბარმენმა საკმაოდ ზუსტად აღწერა ოდეტას იმდღევანდელი ჩაცმულობა. სერჟანტმა ჰემონტმა მისი ჩვენება დააფიქსირა.
ბარმენის გასვლის შემდეგ, რენიკმა განაცხადა:
-კარგი იქნებოდა, ის ბიჭი მოგვენახულებინა საავადმყოფოში. რა ჰქვიაო?
-უოლტერ კები.
თავშეხვეულ უოლტერ კების წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. საცოდავად გამოიყურებოდა. მაშინვე აღიარა, იმ საღამოს ცოტა მეტი მომივიდაო.
-ის გოგო დავინახე თუ არა, თქვა მან, იმწამსვე აზრზე მოვედი, გართობაზე ნაღდად არ იტყვის-მეთქი უარს. მორცხვები ეგეთ ადგილებში არ დადიან. პრანჭიაობა რომ დაიწყო, ვიფიქრე, მეთამაშება-მეთქი და უკან გავყევი. ეტყობა, შემეშალა, რაღაცას ვემაიმუნებოდი და არ მოეწონა. მერე სიბნელიდან ვიღაცა გამოტყვრა და თავში მრეკა. მეტი აღარაფერი მახსოვს.
-როგორ გამოიყურებოდა? ჰკითხა რენიკმა.
საწოლის ფერხთით გავირინდე შიშით დაზაფრული ჩემი გულისცემა არ გაიგონოს-მეთქი.
-რა ვიცი, მაღალი იყო. ახლა ალბათ ვეღარც ვიცნობდი. სახე არც დამინახავს. ბნელოდა, თან იმასაც დრო ტყუილად არ დაუკარგავს, გარიდებაც ვერ მოვასწარი.
გზად პროკურატურისკენ რენიკი კითხვას კითხვაზე მაყრიდა:
-,,მეკობრეების ქოხში' რამ მიიყვანა? აკი, ამხანაგთან ერთად კინოში აპირებდა წასვლას! ცხრა საათზე პაემანი დაუნიშნა, არადა, ათი იყო დაწყებული. ბარში რომ გამოცხადდა. რამ შეაცვლევინა გადაწყვეტილება?
-ვინმემ თუ დაურეკა.
-მანდაა ძაღლის თავი ჩამარხული. ვითომ, ბარიდან მოიტაცეს? კები უნდა შევამოწმოთ. შეიძლება გამტაცებლებთანაა შეკრული, თუმცა მეეჭვება. ო'რეილის ვთხოვ დააზუსტოს, ვინმემ ხომ არ დაურეკა მისის მალრუს, სანამ შინიდან გავიდოდა.
ხუთი საათისთვის რენიკმა მისთვის საინტერესო ყველა ცნობას მოუყარა თავი, ჩემს კაბინეტში შემოვიდა და ისევ მაგიდაზე ჩამოჯდა.
-ოდეტას მართლაც დაურეკეს, თქვა მან, ძველმა მეგობარმა, ვინმე ჯერი უილიამსმა. სამედიცინო სტუდენტია. უკვე გავარკვიე. ხანდახან ხვდებიან ხოლმე ერთმანეთს. ჩვენგან სუფთაა. მედოუზს ველაპარაკე, უილიამსთან ჩვენი გასაუბრების სასტიკი წინააღმდეგია. მოვიცადოთ, სანამ კიდევ მოხდება რამეო.
-მე გჭირდები?
რენიკმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-თუ დამჭირდები, სახლში დაგირეკავ.
-ამ საღამოს ერთ კაცს უნდა შევხვდე, ვუთხარი მე. შინ გვიან დავბრუნდები.
-კარგი. პაემანს ნუ გადადებ. თუ აუცილებელი იქნა, მოგნახავ. მაინც სად იქნები?
ამ კითხვას ველოდი და წინდაწინ მოვემზადე.
-,,კაზინო-ბარში'', ღამის პირველ საათამდე. ორის მერე უკვე სახლშიც დამიჭერ.
გავიდა თუ არა, ნინას დავურეკე.
-დღეს ალბათ გვიანობამდე შევრჩები, ვუთხარი ცოლს, ის საქმე დაიძრა. სირბილი მომიწევს. ჯიმის ვუთხარი, შინ ორის მერე ვიქნები-მეთქი.
კაბინეტიდან გამოვედი, პლაჟისკენ გავემართე და ლოდინი დავიწყე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent