შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 5)


25-06-2022, 14:17
ნანახია 679

შაბათ დილით, რომ გამომეღვიძა, წვრილად ცრიდა. აფორიაქებული ვიყავი. მოსალოდნელ მოტაცებასთან დაკავშირებული მთელი ჩემი ეჭვები სიღრმიდან ზედაპირზე ამოტივდივდა. მარტო ფულზე ფიქრი მინარჩუნებდა მტკიცე ნებისყოფას.
-გვიან დავბრუნდები, ვუთხარი ნინას, დღეს დავამთავრებ მანქანების თვლას.
შეშფოთებულმა გამომხედა.
-ხვალ ნახავ რენიკს?
-ორშაბათს. ახალი რამე რომ გაეგო, თვითონ დამირეკავდა.
ნინა წამით შეყოყმანდა, მერე მაინც მკითხა:
-დათანხმდები, ჰარი?
-მგონი კი, ოღონდ ხელფასსაც გააჩნია.
-თქვა, მაღალი ხელფასი ექნებაო.
მერე თბილად გამიღიმა.
-იცი, როგორ მიხარია.. ცოტა არ იყოს, მეშინოდა კიდეც შენი.
-შენ კი არა, ხანდახან მეც მეშინია საკითარი თავის, ვუთხარი ნახევრად ხუმრობით, მანქანას გამოვაგორე, წვიმას აპირებს.
-ბენზინი სულ ცოტაღა დარჩა, ჰარი.
-არა უშავს, მეყოფა.
პლაჟისკენ გავემგზავრე. ის იყო, გახდა დავიწყე, კარში ბილ ჰოლდენმა შემოყო თავი.
-გამარჯობათ, მისტერ ბარბერ, თქვა მან. იმ კვირაშიც იქირავებთ კოტეჯს?
-ალბათ, მივუგე მე. მთელი კვირით თუ არა, ხუთშაბათამდე ნამდვილად.
-გნებავთ, ახლა გადაიხადოთ ამ კვირის ქირა?
-ხვალ ჯობია. საფულე შინ დავტოვე.
-კარგი, მისტერ ბარბერ. ხვალ იყოს.
რუხ, მოქუფრულ ცას გავხედე ფანჯრიდან.
-ეტყობა იწვიმებს. სანამ დასცხებს, ერთს ჩავყურყუმალავდები.
ჰოლდენმა დამაიმედა, წვიმა ალბათ მოგვიანებით დაიწყებაო, მაგრამ შეცდა. წყლიდან რომ ამოვდიოდი,უკვე გვარიანად ჟინჟლავდა.
კოტეჯში შევედი და წიგნის კითხვა დავიწყე. პლაჟი უკაცრიელი იყო. მეც ეს მინდოდა. იმედი მქონდა, საღამომდე არ გადაიღებდა.
დაახლოებით პირველ საათზე რესტორანში წავედი, ერთი ჰამბურგერი შევჭამდე და ლუდი დავაყოლე, მერე კოტეჯში დავბრუნდი. კარი შევაღე თუ არა, ტელეფონიც აწკრიალდა.
რეა რეკავდა.
-ყველაფერი მზადაა? მკითხა მან.
ხმაზე მოსუსვენრობა ეტყობოდა.
-ჩემგან კი, ახლა ყველაფერი ოდეტაზეა დამოკიდებული. ვუთხარი მე.
-მისი იმედი გქონდეთ.
-კეთილი. ესე იგი, ცხრას რომ თხუთმეტი დააკლდება, ვიწყებთ.
-ხვალ თერთმეტზე დაგირეკავთ.
-ფული მჭირდება, ვთქვი მე. კოტეჯის ქირაა გადასახდელი. იქნებ ხვალ დილით შემომიაროთ, აქ ვიქნები.
-კარგი, თქვა და ყურმილი დადო.
მთელი დღე კოტეჯში გავატარე. სახურავზე წვიმა ხმაურობდა. ოკეანეს რუხი ფერი გადაჰკვროდა. ვცდილობდი, მთელი ყურადღება წიგნზე გადამეტანა, მაგრამ უშედეგოდ.
ბოლოს ავდექი, ბოლთის ცემას მოვყევი, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი და სულ საათზე ვიყურებოდი.
ცხრის ნახევარზე კოტეჯიდან გამოვედი, სველი პლაჟი გადავჭერი და მანქანაში ჩავჯექი წვიმამ არ გადაიღო, მაგრამ საგრძნობლად იკლო. პალმ-სიტის მთავარ ქუჩაზე, აფთიაქთან დავამუხრუჭე. მანქანა რომ გავაჩერე და აფთიაქში შევედი, ცხრას თხუთმეტი აკლდა.
მალრუსთან დავრეკე,
მაშინვე მიპასუხეს.
-მის მალრუს სთხოვეთ, ვთქვი მე, ჯერი უილიამსი ვარ.
-ერთი წუთი მოითმინეთ, მისტერ უილიამს. გავიგებ, შინ თუ არის.
ვიგრძენი, როგორ გამიხშირდა სუნთქვა.
ცოტა ხანში ოდეტას ხალისიანი ხმა გავიგონე:
-ალო!
-ვინმე გისმენს?
-არა. ყველაფერი რიგზეა. სალამი, ჰარი.
ხმაში სინაზე გამოერია.
-პირველი ხარ, ვინც ჩემთვის გარტყმა გაბედა. მაგარი ბიჭი გამოდექი.
-ვიცი, მეორედ აღარ მაცემინო თავი. ოც წუთში ,,მეკობრეების ქოხთან'' ვიქნები, ჩემი ,,პაკარდი'' ავტოსადგომზე მარჯვენა კუთხეში იდგება. კაბა უკანა სავარძელზე დევს. გელოდები.
ყურმილი დავკიდე.
სწრაფად ვიარე და თხუთმეტ წუთში ადგილზე ვიყავი. სადგომზე მანქანების ტევა არ იყო, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე მანქანის დათქმულ კუთხეში შეყენება. ჯერჯერობით ბედი მწყალობდა. დარაჯი არ ჩანდა და ბარშიც უამრავი ხალხი ირეოდა.
,,პაკარდში'' ვიჯექი და ველოდებოდი. ვნერვიულობდი, ყოველი მანქანის შემოსვლაზე გული მიჩერდებოდა. ათის ოცდახუთ წუთზე ჭიშკარში თეთრი ,,კარერა'' შემოსრიალდა და ჩემგან ოც ნაბიჯში დაამუხრუჭა.
მანქანიდან ოდეტა გადმოვიდა. ღია-წითელ კაბაზე თეთრი ლაბადა შემოეცვა. ჩემკენ გამოიხედა.
სარკმელში თავი გავყავი და ხელი დავუქნიე. იმანაც ხელის ქნევით მიპასუხა და სწრაფი ნაბიჯით ,,მეკობრეების ქოხისკენ'' გაემართა, მერე ბარში გაუჩინარდა.
გადმოვედი და მის მანქანას მივუახლოვდი. მძღოლის გვერდით, წინა სკამზე ბრტყელი ჩემოდანი იდო. მივიხედ-მოვიხედე, ვერავინ შევამჩნიე, ჩემოდანი ავიღე და ,,პაკარდში'' გადავდე.
ბარის ფანჯარაში ოდეტა დავინახე. ბარმენს ელაპარაკებოდა. ბარმენმა უარის ნიშნად თავი გააქნია. მერე ოდეტა ისევ მიეფარა თვალს.
საათს დავხედე. ლოს-ანჟელესის თვითმფრინავი თერთმეტის ნახევარზე მიფრინავდა. დრო საკმარისი გვქონდა. დღისით ენ ჰექორთის სახელზე შევუკვეთე ბილეთი. აეროპორტის თანამშრომელს ვუთხარი, მგზავრი ჩაჯდმოსი წინ თვითონ აიღებს ბილეთს და ფულსაც გადაიხდის-მეთქი. ნომერიც წინასწარ დავჯავშნე ნაცნობ სასტუმროში, წყნარი სასტუმრო იყო, ქალაქის ცენტრიდან მოშორებით. ვიცოდი, ოდეტა იქ მშვიდად იქნებოდა.
ოდეტა ბარიდან გამოვიდა. გული შემიქანდა, მარტო არ იყო, ვიღაც კაცი აჰკიდებოდა.
,,პაკარდისკენ'' გამოემართა. უცნობი მკლავში ჩააფრინდა და თავისკენ მოქაჩა. ძლივს გავარჩიე მისი სახე. პუტკუნა, გოდორა ტიპი იყო, მყვირალა, საზაფხულო კოსტიუმი ეცვა.
-დაიცა, ფისო, შემპარავად ეუბნებოდა ოდეტას, მეც მარტო ვარ, შენც მარტო ხარ, მოდი, ერთად მოვიწყინოთ..
-შემეშვი! თქვა ოდეტამ. ხელი აიღე!
ეტყობა, შეეშინდა.
-მომისმინე ფისო, ვის რას დავუშავებთ, მე და შენ რომ.. ჰა?
თუ ვერ მოიშორებდა, წყალში ჩაგვეყრებოდა ყველაფერი. მე კი ვერაფერს ვბედავდი. შეიძლებოდა, სულაც არ გამომდგარიყო ისეთი მთვალი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. შეეძლო, სახით დავემახსოვრებინე.
-შემეშვი! გაიმეორა ოდეტამ და ,,პაკარდისკენ'' გადმოდგა ნაბიჯი.
მთვრალი, მცირე ყოყმანის მერე, უკან აედევნა.
მე მარჯვენა მხარეს ვიჯექი. მინდოდა დამეძახა, არ მოხვიდე-მეთქი, ვაითუ, კაცს მანქანა დამახსოვრებოდა, მაგრამ გვიან იყო.
მთვრალი დაეწია, ისევ ჩააფრინდა მკლავში და ძალით შეატრიალა თავისკენ.
-ეი! რა ცხვირს მიბზუებ, თუ იცი? წამოდი ჩემთამ ისე გაგიმასპინძლდები, მადლობას მეტყვი.
ოდეტამ სილა გაარტყა. ტკაცუნის ხმა კარგა ხმამაღალი გაისმა.
-ახ, ეგრე? იბღავლა მთვრალმა და ხელები შემოხვია, ცდილობდა კოცნას.
უნდა ჩავრეულიყავი. ოდეტა მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. ჭკუა ეყო და არ დაუყვირია.
,,პაკარდის'' უჯრაში ყოველთვის მედო მძიმე ფარანი. ამოვიღე, იმხელა იყო, ხელკეტად ივარგებდა.
ავტოსადგომზე ბნელოდა. კაცს ზურგიდან მივუახლოვდი. ისე ვნერვიულობდი, კრიჭაშეკრულს ფილტვებიდან სტვენიდ ამოდიოდა ჰაერი.
ოდეტამ გათავისუფლება მოახერხა. მთვრალმა შემამჩნია და მოტრიალდა.
ფარანი თავში ჩავცხე. მუხლებზე დაეშვა. მერე ფეხებზე წამეტანა, მაგრამ ახლა გვარიანი წიხლი ვუთავაზე ყბაში და კეფით გაეკრო ქვაფენილს.
-ჩემს მანქანაში ჩაჯექი! ვუბრძანე ოდეტას. მე შენით წამოვალ!
-ხომ არ მოკალი?!
-ჩქარა!
,,კარერასთან'' მივირბინე, ჩავჯექი და ძრავა ჩავრთე. ამ წუთს რესტორნიდან ვინმე რომ გამოსულიყო და მიწაზე გართხმული ადამიანი შეენიშნა, მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით.
მანქანას რომ ვაბრუნებდი, ,,პაკარდის'' სტარტერის ზუზუნი გავიგონე. დავიცადე, ოდეტა წინ გავუშვი და უკან მივყევი.
იმდენი გამჭრიახობა კი ეყო, ნაპირის გასწვრივ მიმავალი გზა არჩია. ერთი მილის გავლის შემდეგ გადავუსწარი და ვანიშნე გააჩერე-მეთქი.
გზა ცარიელი იყო. მანქანიდან გადავედი და,, პაკარდთან'' მივირბინე.
-გადაიცვი! ვუთხარი ოდეტას. მერე ლოუნ-ბეის ავტოსადგომამდე უკან გამომყვები. დროზე!
-მაგრად დაარტყი? მკითხა მან და ხელი უკანა სკამზე დაგდებული კაბისკენ გადაიწვდინა.
-მაგაზე ნუღარ ფიქრობ! დაივიწყე!
,,კარერასთან'' დავბრუნდი, მანქანაში ჩავჯექი და გზას მივაჩერდი, ოფლად ვიღვრებოდი და ღმერთს ვევედრებოდი, ვინმე შემთხვევითმა მგზავრმა არ შეგვამჩნიოს-მეთქი.
ხუთი წუთის შემდეგ, რომელიც მე მარადისობად მომეჩვენა, ოდეტამ დამისიგნალა და უკან მივიხედე. ხელი დამიქნია. ძრავა ავამუშავე და ლოუნ-ბეისკენ გავქანდი. ახლა ოდეტა მომყვებოდა უკან.
საათს დავხეედე. აეროპორტში დროზე მივასწრებდით. ლოუნ-ბეიდან ორი მილიღა გვქონდა გასავლელი, მთვრალი კაცი გამახსენდა, ნეტავ მეტისმეტი ხომ არ მომივიდა? როცა მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, თავში გამიელვა, იქნებ ეს ყველაფერი კარგიცაა-მეთქი: თუ პოლიციელები ოდეტას დაკითხვას დაიწყებდნენ, ეს შემთხვევა მის ჩვენებებს უფრო სარწმუნოს გახდიდა. მთავარია, იმ უბედურისთვის თავის ქალა არ ჩამენგრია, რმდენი ეგეთი ამბავი მქონდა წაკითხული სასამართლო ქრონიკაში!
ლოუნ-ბეის ავტოსადგომზე მუდამ ბევრი მანქანა იდგა. ამიტომაც გადავწყვიტე ,, კარერას'' აქ დატოვება თავისუფლად შემიძლია-მეთქი. არ მეშინოდა, რომ მანქანას ვინმე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა. სადგომს მივუახლოვდი და ოდეტას ვანიშნე, გზიდან გადმოეხვია.
გაჩერებულ მანქანებს შორის ფართო დერეფანი რჩებოდა. ფარები ენთო და დერეფანს ნელა მივუყვებოდი, თავისუფალ ადგილს ვეძებდი.
უცებ, სრულიად მოულოდნელად, ამ დერეფანში რაღაც მანქანა შემოგორდა გვერდიდან. გაბარიტები არ ენთო. ისე უეცრად გამოჩნდა, შეჯახებას ვერაფრით ავირიდებდი. მისი უკანა ბამპერი ჩემს მარჯვენა ფრთაზე აღჭრიალდა.
აი ასეთი რამ კი ნამდვილად არ მქონდა გათვალისწინებული. ახლა ეს ვიღაც ბრიყვი გვარსა და მისამართს მკითხავდა და ოდეტას მანქანის ნომერსაც ჩაიწერდა. არადა, საჭეს მე ვუჯექი, არ მკითხავდნენ, რატომ და როგორო?
მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა.
ბედზე, იქაურობა განათებული არ იყო. მეც ჩავაქრე ფარები, ჩია, მელოტი კაცი მომიახლოვდა. მის სახეს ცუდად ვხედავდი, ამდენად, ვერს ის გაარჩევდა ჩემსას.
-მაპატიეთ, თქვა ხმაათრთოლებულმა, ვერ შეგამჩნიეთ, დამნაშავე ვარ.
კაცს ფეხდაფეხ ქალი მოჰყვა. ქოლგა გაშალა და მანქანას მოადგა.
-არაფერი დამნაშავე შენ არ ხარ, ჰერბერტ! ბრაზიანად აჭყვიტინდა ქალბატონი, აქ ასეთი სიჩქარით არ უნდა დაქროდნენ. არა თქვა, ჩემი ბრალიაო!
-ცოტა წინ გასწიეთ მანქანა, ვთხოვე კაცს. ბამპერი ჩემს ფრთასაა გამოდებული.
-ადგილიდან არ დაიძრა, ჰერბერტ, პოლიციას უნდა გამოვუძახოთ!
ცივმა ოფლმა დამასხა.
-ვერ გაიგეთ, რა გითხარით? ვუყვირე მე. გასწიეთ თქვენი ოხერი მანქანა!
-არ გაბედოთ ჩემს ქმართან ასე ლაპარაკი! მეცა დედაკაცი.
-თქვენ თვითონა ხართ დამნასავე, მისტერ! ვერ შემაშინებთ!
დრო გადიოდა. ერთადერთი გამოსავალი მრჩებოდა, საჭე მოვატრიალე და გაზის პედალს დავაჭირე.
,,კარერა ადგილს მოსყდა. მეორე მანქანის ბამპერი ღრჭიაკით მოშორდა და ჩემი ფრთის ნაწილიც თან გაიყოლა. ქალის ყვირილი გავიგონე:
-ნომერი ჩაიწერე ჰერბერტ!
სადგომის შორეული ბოლოსკენ წავედი, თავისუფალი ადგილი ვიპოვე, მანქანა დავაყენე და გადმოვედი. ხელთათმანები რომ არა, საჭედან ოფლის მოწმენდა მომიწევდა. უკან მოვიხედე.
ქალი ჩემკენ იყურებოდა. კაცი ჩამოვარდნილი ბამპერის აწევას ცდილობდა.
სადგომიდან გასასვლელი წინ იყო. იქით გავიქეცი. დაუძახებდნენ პოლიციას თუ არა? ავარიაში დამნაშავე ნაღდათ ის იყო. ამიტომ, იქნებ არც არაფერი ექნათ. თუ არა და, პოლიცია თავისუფლად დაადგენდა ,,კარერას'' პატრონის ვინაობას და ინსპექტორებიც დაინტერესდებოდნენ, ვინ იჯდა საჭესთან.
,,პაკარდისკენ'' თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი და უცებ მთელ ტანში გამცრა, ნათლად გავიაზრე, როგორ იმსხვრეოდა ჩემი საგულდაგულოდ გათვლილი გეგმა ამდენი შემთხვევითობის გამო.
ჯერ ის მთვრალი, ახლა ავარია.
ნეტავ კიდევ რა მოულოდნელობები მელოდა წინ?



2



მეორე დილით ტელეფონის ზარმა მიხსნა კოშმარისგან, რომელსაც ძილში ვხედავდი.
ბოლომდე არც ვიყავი გამოფხიზლებული, რომ საწოლზე წამოვჯექი და საათს შევხედე. რვას ოცი წუთი აკლდა.
ნინა ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით, მისი ხმის გაგონებაზე ისევ ბალიშზე მივდე თავი და ცოტათი მოვეშვი. ხელი თავისთავად გამექცა სიგარეტის კოლოფისკენ.
სანამ ვუკიდებდი, გონებაში ისევ წუხანდელი ამბები ამომიტიტივდა. ოდეტა თვითმფრინავში მშვიდობიანად ჩავსვი, ავარიის შესახებ არაფერი მითქვამს. გადავწყვიტე, მისი ნერვები დამეზოგა. ისიც საკმარისი იყო, რომ მე დავკარგე მოსვენება. ოდეტა მშვიდად გაემგზავრა, იმ მთვრალტან დაკავშირებული ეპიზოდიც აღარ ახსოვდა. აეროპორტის გზაზე დავარწმუნე, არ მომიკლავს-მეთქი და ეს შემთხვევა იმანაც ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდო თავიდან. იმან კი ამოიგდო, მაგრამ მე შავ დღეში ვიყავი, მარტო იმ კაცსა და ავარიაზე ვფიქრობდი.
მანქანში ვცდილობდი, თავი დამერწმუნებინა, ყველაფერი კარგად დამთავრდება-მეთქი. მთვრალს მაგრად კი მოხვდა, მაგრამ ოდეტას თვითონ აეკიდა და უეჭველია, ხმას ვერ ამოირებდა: იმ მანქანის პატრონი და მისი ცოლიც, ალბათ, პოლიციაში არ წავლენ მიხვდებიან, ავარია თავიანთი ბრალი რომ არ იყო-მეთქი.
პალმ-სიტიში დაბრუნებულმა ერთ წყნარ ქუჩაზე ბარს მივაშურე და ორიოდე ჭიქა გადავკარი. ხალხმრავლობა იყო, წვიმას ეფარებოდნენ, ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია.
ტელეფონის ჯიხურში შევიკეტე და მალრუს ნომერი ავკრიფე.
პასუხს ველოდი, გული გამალებით მიცემდა. ნეტავ თუ მოასწრო ოდეტამ სასტუმროში მისვლა? რამდენიმე წამის შემდეგ მსახურის ხმა გავიგონე.
-მისტერ მალრუს სთხოვეთ, კატეგორიულად მოვითხოვე, მისი ქალიშვილის დავალებით ვრეკავ.
-მაპატიეთ, ვინ ლაპარაკობს?
-გააკეთეთ, რასაც გეუბნებიან, ვიღრიალე ყურმილში. მალრუს დაუძახეთ!
-ერთი წუთით მოითმინეთ.
მსახური, ეტყობა, გაშტერდა.
გავიგონე, როგორ დადო ყურმილი აპარატის გვერდით. ველოდი, ვგრძნობდი, როგორ მენამებოდა სახე და თან ბარის მუშტრებს გავცქეროდი. ჩემკენ არავინ იყურებოდა.
მშვიდი ხმა ჩამესმა:
-მალრუ გისმენთ. ვის ვესაუბრები?..
ვერაფერს იტყოდი, ჯერჯერობით რეა სიტყვას ასრულებდა. დამპირდა, ვაიძულებ ტელეფონთან მოვიდესო და ასეც მოხდა.
-ყურადღებით მომისმინე, ბებერო, ნელა ვლაპარაკობდი, ყოველი სიტყვა კარგად რომ გაეგო, შენი ქალიშვილი მოვიტაცეთ. ხუთასი ათასი დოლარი გვჭირდება. გესმის? ხუთასი ათასი, წვრილი კუპიურებით. თუ უარს იტყვი ქალიშვილს დაკარგავ. პოლიცია არ გარიო საქმეში, გაიგე? ჩვენ ცოცხალი ტყვეები არ გვჭირდება. ქალიშვილის გადარჩენა თუ გინდა, რასაც გეტყვიან, შეასრულე!
ყურმილი დუმდა. მერე მალრუმ წყნარად თქვა:
-გავიგე. რა თქმა უნდა, გადაგიხდით. ფული როგორ გადმოგცეთ?
აუღელვებელი ჩანდა.
-ორშაბათს დაგირეკავ, ვთქვი მე ფულის შოვნას როდისთვის მოახერხებ? ჯობია, არ გააჯანჯლო.
-ხვალისთვის.
-ხვალ კვირაა
-ხვალისთვის-მეთქი.
-კარგი. ორშაბათ დილით ზარს ელოდე. გეტყვი, ფული სად უნდა მოიტანო და გახსოვდეს პოლიციას არაფერი აცნობო. ერთი მცდარი ნაბიჯი და შენს გოგონას გამოეთხოვე. სადმე, გზისპირა თხრილში იპოვიან, ოღონდ მანამდე ცოტას გავერთობით.
ყურმილი დავკიდე და ჩემი ,,პაკარდისკენ'' წავედი.
მთელი ეს საქმე ნამდვილად არ მეამაყებოდა, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ უბრალოდ დავალებას ვასრულებდი. თანხა იმდენად სოლიდური იყო, რომ სულ აღარ ვფიქრობდი ისეთ სისულელეებზე, როგორიც თავმოყვარეობაა. გამიხარდა, ნინა დაძინებული რომ დამხვდა. მე თვითონ იმ ღამეს თითქმის არ მძინებია. ის-ის იყო ჩამთვლიმა, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
საუბარს მივაყურადე.
როცა დერეფანში ნინას სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, თავი მოვიმძინარე.
საძინებელი ოთახის კარი გაიღო:
-ჰარი.. ჯიმი რენიკი რეკავს. შენთან ლაპარაკი უნდა. რაღაც საჩქარო საქმეა..
ზეწარი გადავიძრე, ნინამ ხალათი გამომიწოდა, შემოვიცვი.
-რა მოხდა? ვკითხე ნინას. არ გითხრა?
-არა. შენ გეძახის.
-კარგი. დაველაპარაკები.
სასტუმრო ოთახში გავედი და ყურმილი ავიღე.
-ჰარი ვარ.
-სალამი, ძმაო, თქვა რენიკმა.
აღელვებული ხმა ჰქონდა.
-სამსახურში მიგიღეს. მგონი, თავიდანვე სენსაციაც გელის. ოლქის პროკურორისგან გირეკავ. შემიძლია გაგახარო, ას ორმოცდაათი დოლარი დაგინიშნეს. პლუს ხარჯების კომპენსაცია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საინტერესო საქმე გამოგიჩნდა და თან საჩქარო. ფელიქს მალრუს სახელი თუ გსმენია? მგონი, მისი ქალიშვილი მოიტაცეს. თუ ეს მართალია, მაგარი ორომტრიალი ატყდება, იცოდე! ახლა სწორედ შენნაირი კაცი გვჭირდება. დროზე წამოდი. ოლქის პროკურორს შენთან ლაპარაკი უნდა.
ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ვიღაცამ გულზე გაყინული თითები.
-მოიცა, დავიწყე ყოყმანით, მე ხომ არაფერს დაგპირებივარ?
-ღმერთო ჩემო! შესძახა რენიკმა. თუ ამ ამბავთან დაკავშირებული ჩემი ეჭვები გამართლდა, ეს ისეთი ბომბი იქნება, როგორც პალმ-სიტიში ჯერ არ აფეთქებულა! შენ რა, განზე გადგომას მოინდომებ?!
ნინა კარებში იდგა და თვალს არ მაცილებდა. ხელი ისე გამიოფლიანდა ლამის ყურმილი გამისხლტა. ესე იგი, საქმე მაინც გასკდა! მგონი, მისი ქალიშვილი მოიტაცესო. ოლქის პროკურორთან თუ ვიმუშავებ, მათი მოქმედებების გეგმა წინდაწინ მეცოდინება. წამიერი ყოყმანის შემდეგ ვთქვი:
-მოვდივარ, ჯიმ.
-კიდევ კარგი. იჩქარე, აბუზღუნდა რენიკი, გელოდები.
ყურმილი დავდე.
-რა მოხდა, ჰარი? მკითხა ნინამ.
-არ ვიცი. რაღაც მეტისმეტად აღგზნებულია. მიზეზი არ მითხრა. მთხოვა, ოლქის პროკურორთან მიდიო. ას ორმოცდაათს მპირდებიან, დავთანხმდი.
-ას ორმოცდაათს! ნინამ იკივლა და კისერზე ჩამომეკიდა. მაკოცა, ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად აგეწყობოდა. ვიცოდი!
სინაზის გუნებაზე არ ვიყავი. ბეჭებზე მსუბუქად მოვუთათუნე ხელი და მოვიშორე.
-მეჩქარება.
საძინებელ ოთახში შევბრუნდო და ჩავიცვი. გული ისე გამალებით მიცემდა, სუნთქვაც მიჭირდა. რეას რწმენა უსაფუძვლო აღმოჩნდა. მალრუმ პოლიციაში მაინც დარეკა. თამაში წავაგე. ორმოცდაათი ათას დოლარს ისევე ვნახავ, როგორც საკუთარ ყურებს, სამაგიეროდ თვეში ას ორმოცდაათი ჩემია.
გავშრი.
ჩემია?..
თუ პოლიცია მოტაცების საქმეში ჩემს მონაწილეობას გაარკვევს, თვალის დახამხამებაში მომისვრიან ამ სამსახურიდან.
გადამალულმა კასეტებმა შეიძლება სასჯელი ამაცდინოს, მაგრამ სამსახურს კი ნამდვილად უნდა დავემშვიდობო!
ცხრას სულ რამდენიმე წუთი იყო გადაცილებული, როცა პროკურატურაში მივედი. მდივანმა რენიკთან შემიყვანა.
-შემოდი, ჰარი, შემომეგება მასიურ მაგიდასთან მჯდარი რენიკი. მიხარია, რომ აქ ხარმ არ ინანებ. ოლქის პროკურორი საცაა მოვა.
სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი და რენიკს გამოწვდილი სიგარეტი გამოვართვი.
-რის გამო ატყდა ასეთი ხმაური? ვკითხე ხაზგასმული გულგრილობით. რა მოუვიდა მალრუს ქალიშვილს?
კარზე დააკაკუნეს. მდივანი შემოვიდა.
-მისტერ მედოუზი მოვიდა, სერ.
რენიკი წამოდგა.
-მედოუზს დაველაპარაკოთ, მითხრა.
დერეფანში სიტყვა გააგრძელა.
-მასთან თავი შეიკავე. წესიერი კაცია, ოღონდ ცოტა ფხუკიანი და ბუტია. შენი მაშინდელი ამბები იცის. აღტაცებულია შენი სტატიებითა და საქციელით. შენ საქმე აკეთე და ყველაფერი რიგზე იქნება.
კართან გაჩერდა, დააკაკუნა და შევიდა.
ჩასკვნილი, მთლად გაჭაღარავებული კაცი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. ჩვენს შესვლაზე შემოტრიალდა. წვრილი, ცისფერი თვალები მომაშტერა. დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა. მოწითალო, მსუქანი სახე, მძიმე ყბა, მკაცრი, თხელი ტუჩები დაუნდობელი პროფესიონალის კლასიკური იერი ჰქონდა.
-ეს ჰარი ბარბერია, თქვა რენიკმა. ჩვენი ახალი თანამშრომელი.
მედოუზმა ფრილი, მაგარი ხელი გამომიწოდა.
-მოხარული ვარ, მითხრა, მსმენია თქვენ შესახებ, ბარბერ, თანაც მხოლოდ კარგი.
ხელი ჩამოვართვი.
წვრილი ტუჩებიდან ბოლი გამოუშვა, მაგიდასთან მივიდა და დაჯდა. მე და რენიკს სკამებზე მიგვითითა.
-უიკ-ენდი გამიფუჭეთ, უთხრა რენიკს, ცოლ-შვილთან ერთად ბუნებაში ვაპირებდი გასვლას. რა მოხდა? რენიკი სკამზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-შეიძლება ქიდნეფინგთან გვქონდეს საქმე, სე. თქვა მან. ვიცოდი, თავიდანვე საქმის კურსში მოინდომებდით ყოფნას. დღეს, დილაუთენია, მასტერსმა დამირეკა ,,კალიფორნიის და ლოს-ანჟელესის ბანკის ,,მმართველმა.
რენიკმა მე გამომხედა.
-ჩვენ შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე ყველა ბანკი ვალდებულია შეგვატყობინოს, თუ კი ვინმე უეცრად პირადი ანგარიშიდან განსაკუთრებულად დიდი თანხის გატანას დააპირებს. ბუნებრივია, ეჭვის საფუძველი ჩნდება ხოლმე. მწარე გამოცდილებით ვიცით, ასეთი ამბავი ხშირად გამოსასყიდის გადახდას უკავშირდება.
დანამულ სახეზე ცხვირსახოცი მოვისვი, მსგავსი არაფერი მიფიქრია.
-მასტერსმა შეგვატყობინა, ეს-ესაა მალრუმ დამირეკაო. ბანკის გაღებდა და ხუთასი ათასი დოლარის გამზადება უთხოვია. დღეს კვირაა, მასტერსი შეეცადა მალრუ დაეყოლიებინა, ოპერაცია ხვალამდე გადაედო, მაგრამ იმან დაიჟინა ფული დაუყოვნებლივ მჭირდებაო. ამან მასტერი დააეჭვა და მაშინვე ჩვენ დაგვირეკა.
მედოუზმა თითებით ნიკაპი მოისრისა.
-შეიძლება მალრუს რამე გარიგებისთვის დასჭირდა ნაღდუ ფული.
-მეც ასე ვიფიქრე და გადავწყვიტე შემემოწმებინა.
რენიკმა ისევ შემომხედა.
-ეს შენც უნდა იცოდე, ჰარი, ქიდნეფინგის დროს, ჩვეულებრივ, მშობლებს ეშინიათ, მოტაცებულ ბავშვს რამე არ მოუვიდეს და ფულს დაუყოვნებლივ იხდიან, ჩვენთან მოუთათბირებლად. ამიტომ ვეღარ ვახერხებთ ფულის დანიშვნას. თუ ბავშვი მაინც არ დაუბრუნეს, მერე მორბიან პოლიციაში და შველას გვთხოვენ. თუმცა იმათიც მესმის გამტაცებლები ყველაზე უგულო ხალხია დამნაშავეთა სამყაროში მსხვერპლს ყოველთვის აფრთხილებენ, პოლიციის ჩარევის შემთხვევაში შვილს მოგიკლავთო. ჰოდა, მშობლებიც კიდევ უფრო გვირთულებენ საქმეს. სწორედ ამან დაბადა ბანკების მმართველებთან საიდუმლო თანამშრომლობის იდეაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე მოქმედება არ შეგვიძლია, მაგრამ ძალებს კი ვუყრით თავს და უკვე ვემზადებით იმ წუთისთვის, როცა მშობლები დახმარებას გვთხოვენ.
-რა იცით, რომ გოგო მოიტაცეს? ვკითხე რენიკს.
ჯერ მარტო ის ვიცით, რომ გაქრა. მალრუს მძღოლი ჩვენი კაცია ვინმე ო'რეილი. როცა მალრუ ამხელა ქონების პატრონ ხალხს მოსვენებას არ აძლევენ ათასნაირი შერეკილები. გვთხოვა, რეკომენდაცია გაგვეწია ვინმე გამოცდილი ბიჭისთვის, ვინც მძღოლადაც გამოადგებოდა. ეს ირლანდიელი კარგი პოლიციელი კი იყო, მაგრამ იმხანად ჩვენთან გამეფებულ წესრიგს ვერ ეგუებოდა. სწორედ იმაზე შევაჩერეთ არჩევანი. უკვე ველაპარაკე ამ დილით. მითხრა, ოდეტა მალრუ გუშინ საღამოს მეგობარ გოგონასთან ერთად კინოში წასვლას აპირებდაო, მაგრამ ოდეტა კინოთეატრთან არ მისულა და აღარც შინ დაბრუნებულა.
-რა იცის, რომ კინოთეატრთან არ მისულა? იკითხა მედოუზმა.
-იმ მეგობარმა გოგონამ სახლში დარეკა.
-მალრუს დახმარებისთვის ჩვენთვის არ მოუმართავს?
-არა!
რენიკი წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა.
-ბანკთან უკვე ჩემი კაცი დგას. როგორც კი მალრუ ფულს გამოიტანს, მაშინვე მაცნობებენ.
-მასტერსი კუპიურების ნომრებს გადაიწერს?
რენიკი მოიღუშა.
-არა მგონია. თუ წვრილი კუპიურები მოითხოვეს, ხუთი ათასი ნომრის გადაწერა დიდი ხნის საქმეა.
-გოგოს შესახებ რა ვიცით? ხომ არ შეეძლო, ვინმე ბიჭთან ერთად გაპარულიყო?
-მაშინ მალრუს ფული რაღაში დასჭირდა?
-შანტაჟი?
რენიკმა მხრები აიჩეჩა.
-მეეჭვება. უფრო ქიდნეფინგს ჰგავს. რაც შეეხება გოგოს ოციოდე წლისაა, კარგი გარეგნობის და თავნება. საკუთარი მანქანით დაგრიალებს. ბევრჯერ დააჯარიმეს კიდეც სიჩქარის გადაჭარბებისთვის. მისი თითის ანაბეჭდები გვაქვს, ფოტოები კი გაზეთებიდან შეგვიძლია გადავამრავლოთ.
მედოუზი ჩაფიქრდა.
-თუ მართლა მოტაცებაა, პრესა ერთ ამბავს ატეხს. მერე იმანაც მე შემომხედა.
-ეს უკვე თქვენი მოვალეობაა, ბარბერ. პრესა თქვენ გეხებათ. დამიჯერეთ, ხვალ უამრავი რეპორტიორი მოგვაწყდება.
კოტიტა თითი მომიშვირა.
-მე მიყვარს საჯაროობა, ბარბერ, ოღონდ ჩვენტვის ხელსაყრელ ფარგლებში, გასაგებია? იზრუნეთ, რათა საჯაროდ არ გამამათრახონ. სწორედ ამაში გიხდით ფულს. ამგვარი მოტაცება სენსაციას გამოიწვევს და ხვალ მთელი ქვეყანა პალმ-სიტიზე ილაპარაკებს. საქმე მეტად საპასუხისმგებლოა, ბარბერ, ამიტომ შევაჩერეთ არჩევანი თქვენზე.
-გასაგებია, ვთქვი მე.
მედოუზი რენიკისკენ შეტრიალდა, ის ჯერ კიდევ ნაბიჯ-ნაბიჯ ზომავდა კაბინეტს.
-გოგოს მანქანაც გაქრა?
რენიკმა თავი დაუქნია.
-დიახ. თეთრი ,,კარერა'', ო'რეილიმ ნომერი ჩამაწერიანა.
-უნდა მოვძებნოთ ბიჭებს დაავალეთ. მალრუს დარეკვამდე სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. კომისარს თვითონ დაველაპარაკები. თქვენს გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმიხედეთ. ლუკმას ნურც იმატ წავართმევთ.
-გასაგებია, სე.
-კარგი, ჯერჯერობით სულ ესაა.
ისევ შემომხედა.
-დროებით თავისუფალი ხართ, ბარბერ. ოღონდ ყოველ ორ საათში რენიკს დაურეკეთ იქნებ რამე მოხდეს. შევთანხმდით?
სკამიდან წამოვდექი.
-რა თქმა უნდა, მივუგე და მცირე ყოყმანის მერე მაინც ვკითხე:
-არ შეგვიძლია მალრუს თვალი გავადევნოთ, ფულს სად მიიტანს?
მედოუზმა თავი გააქნია.
-მაგის უფლება ვინ მოგვცა.. თითსაც ვერ გავანძრევთ, სანამ არ გვთხოვენ. დავუშვათ, მეთვალყურეობა დავუნიშნეთ, გამტაცებლებმა კი იყნოსეს და გოგო იქვე გაასაღეს, მერე როგორ მოვიქცეთ? მასეთ რისკზე არ წავალ. მალრუს დარეკვამდე არავითარი თვითშემოქმედება.
ესე იგი, კიდევ მაქვს-მეთქი შანსი, გავიფიქრე, თან თავს ვუქნევდი.
ყველაფერი გასაგებია, სერ.. ჯიმ, ზუსტად თორმეტზე დაგირეკავ.
კარისკენ დავიძარი. მედოუზმა ტელეფონის ყურმილი აიღო. რენიკი მეორე აპარატს დასწვდა.
ოთახიდან გამოვედი და რეა მალრუსთან დათქმულ პაემანზე გავემართე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent