შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 10)


3-07-2022, 06:37
ნანახია 610

ჰოლში საათმა ცხრაჯერ ჩამოკრა. სასტუმრო ოთახი მჭახე, წყვეტილმა რეკვამ გაავსო.
სავარძლიდან წამოვდექი, თან იატაკზე შუშის ნამსხვრევებს და გუბეს არ ვაშორებდი თვალს.
-მე მოვწმენდ, ვუთხარი ნინას და კარისკენ გავემართე.
-ჰარი...
-ახლავე მოვალ.
მინდოდა, ცოტა დრო მომეგო. ვგრძნობდი, სახე მიტკალივით გამითეთრდა. ამაოდ ვცცდილობდი, რამე დამაჯერებელი ზღაპარი შემეთხზა.
სამზარეულოდან ცოცხი წამოვიღე და ოთახში დავბრუნდი. დავინახე, როგორ ცდილობდა ნინა კარის გაღებას. ეზოდან შემოსულმა კარი ურდულით ჩავკეტე. ნინა ახლა გაჭედილ ზედა ურდულს ეომებოდა.
-სად მიდიხარ? ვიყვირე მე და ცოცხი იატაკზე დავაგდე.
მხარზემოდან გამომხდედა. სახე ჩამოგრძელებოდა, გაფითრებოდა, თვალები არაბუნებრივად უელავდა.
-გარაჟში.
როგორც იქნა, ურდულს მოერია. ნინას ვეცი.
-არსადაც არ წახვალ! მომეცი გასაღები!
-გამიშვი!
თავი გაითავისუფლა და კედელს აკრულმა ხელები ზურგს უკან დამალა.
-მომეცი გასაღები!
-არ მომეკარო! რა ჩაიდინე?!
-მომეცი-მეთქი გასაღები!
-არ მოგცემ!
გასაღები უნდა წამერთმია. ისევ ვტაცე ხელი, მაგრამ დამისხლტა და სასტუმრო ოთახში შევარდა. დავეწიე, მაჯაში ჩავაფრინდი და ხელი გადავუგრიხე.
-ჰარი! მტკივა!
თითები გავახსნევინე და გასაღები წავართვი. ამ ძიძგილაობაში ფეხი დაუსხლტა და მუხლებზე დაეცა.
ხელი გაუშვი, გავეცალე. საზიზღარ გუნებაზე ვიყავი. ნინა იატაკზე დაჯდა, სახეზე ხელები აიფარა. ტიროდა. გასაღები ჯიბეში ჩავიდე.
-მაპატიე, ნინა. ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
-არ მინდოდა გტკენოდა. გეყო, ნუ ტირი.
ხელი გამოიწვდინა.
-მომეცი ჩემი გასაღები.
-სულელი ხარ! ვუყვირე სასოწარკვეთილმა. რას ეჩრები ამ საქმეში! არ მოგცემ!
მოულოდნელად წამოფრინდა, მომაშტერდა.
-რისი გეშინია, ასეთი რა გაქვს საბარგულში? ჰარი, თუ ღმერთი გწამს! ახლა არ მითხრა, იქ ის გოგოაო!
სახე ოფლმა დამიცვარა, ერთიანად ვცახცახებდი.
-მომისმინე, დავიწყე მშვიდად, ჩანთა უნდა ჩაალაგო და სასტუმროში წახვიდე. ამაღამ შინ მარტო უნდა ვიყო! ძალიან გთხოვ, რასაც გეუბნები ის გააკეთე და არაფერი მკითხო.
-ჰარი!
შეძრწუნებული მიყურებდა.
-მითხარი, ტყუილიაო!
-ნუ მეკითხები ნურაფერს!
უნებურად ხელები მოვმუშტე.
-წადი და ბარგი ჩაალაგე! წაეთრიე აქედან! ვერ გაიგე, უშენოდაც რომ მყოფნის შარი?
-მართლა მოკლეს? ალბათ მოკლეს! შენ მოკალი?
მივუახლოვდი, მხრებში ჩავაფრინდი და შევანჯღრიე.
-გონზე მოდი! არაფერი არ გესმის! გაიგე? არაფერი! წადი აქედან და დილამდე არ დაგინახო.
თავი გაითავისუფლა, გამეცალა, სახეზე ხელებაფარებული. მერე უცებ დამშვიდდა, ხელებიც ჩამოუშვა.
-არსადაც არ წავალ, თქვა მტკიცედ და გადაჭრით, გეყო ყვირილი, ჰარი, დაჯექი. ბოლოს და ბოლოს, შენი ცოლი ვარ, ძალიან გთხოვ, მითხარი რა მოხდა.
-ძალიან გინდა გცემო? უკვე ვიბღავლე. შეიგნე ბოლოს და ბოლოს თუ რამე გეცოდინება, პატიმრობა არ აგცდება, თან კაი ხნით. მე შენს გადარჩენას ვცდილობ. მოშორდი აქედან!
ჯიქურ შემომხედა და თავი გააქნია.
-როცა პირველად გაგიჭირდა, თავიდან მომიშორე, შორიდან მაყურებლად მაქციე. ახლა აღარ გამოგივა. რამდენადაც შევძლებ, დაგეხმარები.
-არ მჭირდება შენი დახმარება! ვიყვირე გაცოფებულმა. წაეთრიე!
-არსადაც არ წავალ, ჰარი!
ხელი მოვიქნიე, სილის გარტყმას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავარტყი. მკლავი უღონოდ ჩამომივარდა. საცოდავი სახით შევცქეროდი ცოლს და მზად ვიყავი მეღიარებინა ჩემი სრული მარცხი.
-შენ მოკალი, ჰარი?
-არა.
-მაგრამ შენი მანქანის საბარგულშია, არა?
-ჰო?
-მკვდარი?
-ჰო.
ნინა შეკრთა, ცოტა ხანს მთელ სახლში მხოლოდ ერთადერთი ხმა ისმოდა კედლის საათის წიკწიკი.
-რას აპირებ? მკითხა ბოლოს და ბოლოს.
-მანქანას ვიქირავებ და ვერცხლის საბადოში წავიღებ.
-ფული არა გვაქვს.
დაქანცული ჩავეშვი სავარძელში.
-ფული მაქვს, გამოსასყიდი გადამიხადეს.
ნინამ ორ ჭიქაში ვისკი დაასხა. ერთი მე მომაწოდა, მეორე თვითონ გამოცალა სულმოუთქმელად. სავარძლის სახელურე ჩამომიჯდა და მხარზე ხელი დამადო.
-თავიდან მომიყევი ყველაფერი.
-თუ პოლიცია დამიჭერს, ვუთხარი მე, და გაიგებენ, რომ შენც იცოდი ეგ ამბავი, ათ წელს მაინც მომისჯიან.
-მოდი, მაგაზე ნუ ვიდავებთ.
მისი თითების შეხებამ რაღაც დამამშვიდებლად იმოქმედა ჩემზე.
-ძალიან გთხოვ, სულ თავიდან დაიწყე. მინდა ვიცოდე, რა მოხდა, არაფერი დამიმალო. და მეც ყველაფერი ვუამბე. ოდეტასთან სიყვარულობანაც კი არ დამიმალავს.
-კოტეჯში ვერ დავტოვებდი, დავამთავრე მოყოლა, გადავწყვიტე, გვამი საბადოში წამეღო, მაგრამ ოხერი მანქანა მაინდამაინც მაშინ გაფუჭდა.
ნინამ მაგრად მომიჭირა ხელზე ხელი.
-წარმომიდგენია, რა გადაიტანე. ცუდი წინათგრძნობა კი მქონდა, მაგრამ ასე რამეს მაინც არ ველოდი.
ამ აღსარების შემდეგ შვება ვიგრძენი. ნაწილობრივ შიშიც გამიქრა. შეძრწუნებულმა და დადამბლავებულმა ტვინმაც თითქოს გამოსავლის ძიების უნარი შეიძინა.
-ახლა შენ ყველაფერი იცი, ვუთხარი ცოლს, ვერაფრით გამამართლებ. ფულის გულისთვის ვიკისრე ეს საქმე. შეცდომა მომივიდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს რაღა აზრი აქვს. ცოტაც რომ მომეცდა, სამსახურს ვიშოვიდი და ვიცხოვრებდით ბედნიერად. მოთმინება არ მეყო, ფულს დავხარბდი. შენ ახლა უმდა წახვიდე, ნინა, მართლა გეუბნები. შენი გასვრა არ მინდა. შეიძლება ორივე გავებათ, ამას კი ვერ გადავიტან. ბოლო დარტყმა იქნება ჩემთვის, ნუთუ არ გესმის? თანამონაწილე არ უნდა გახდე.
ნაზად გადამისვა თავზე ხელი, წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. რამდენიმე წამი ჩემკენ ზურგით იდგა, ბნელ ქუჩას მიშტერებული, მერე მოტრიალდა.
-ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ამაზე კამათში დროს ნუ დავკარგავთ, ჰარი. ყველაზე უხიფათო იქნება გვამის წაღება?
-ალბათ, ორიდან სამამდე, მაგრამ შენ ამასთან არაფერი გესაქმება.
-მოგეხმარები, შენ რა, მარტო დამტოვებდი, მე რომ შენს დღეში ვიყო? როგორღა დავიჯერებდი შენს სიყვარულს, თუ ასეთ გასაჭირში მიმატოვებდი?
არაფერი არ მქონდა სათქმელი. მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.
-ხო, მართალი ხარ. მაპატიე, ნინა. გიჟივით მოვიქეცი. კამათსაც არ დაგიწყებ. გმადლობ.
მომიახლოვდა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. რამდენიმე წუთი ვიდექით ასე ჩახუტებულები, მერე ოდნავ მომიშორა და მკითხა:
-ამ ფულის დახარჯვა სარისკო არ იქნება?
-წვრილი კუპიურებია. მალრუ ნომრების გადაწერას ვერ მოასწრებდა.
-მაშინ მანქანის ამბავი გადავწყვიტოთ.
არ გავნძრეულვარ. ვიჯექი და ხალიჩას დავსცქეროდი. ,,დიპლომატის'' ასაღებად საბარგული უნდა გამეღო.
-კიდევ, დალიე, მითხრა ნინამ. ჩემს გულში იჯდა.
-არა. თავს მაინც ვაიძულე, უარი მეთქვა.
-ყველაფერი რიგზე იქნება. ფარანი სად არის?
კარადასთან მივიდა და ფარანი გადმოიღო.
-მეც მოვდივარ.
-არა. ამას უშენოდ გავაკეთებ.
ფარანი ავიღე, ნინას ვათვალიერებდი, კარისკენ გავემართე, გავაღე და სიბნელეში შევაბიჯე. სიჩუმე იდგა. უახლოესი მეზობლების ფანჯრები ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ქუჩის გადაღმა სახლში ენთო შუქი, ჭიშკართან მივედი და ქუჩას გავხედე. კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
გარაჟისკენ წავედი. გაჭირვებით მოვარგე გასაღები საკეტს. ერთი საგდული რომ გავაღე, სიკვდილის სუსტი, მაგრამ აშკარა სუნი მეცა. გავხევდი, ერთდროულად ვებრძოდი გულისრევას და შიშს.
ზურგს უკან მოვიკეტე საგდული და ფარანი ავანთე. რამდენიმე წამი დამჭირდა თავის მოსარევად და საბარგულთან მისაახლოებლად. თითქმის მთელი წუთი გავიდა, ვიდრე გასაღებს მოვარგებდი საკეტს.
ვიდექი, მძიმედ, ხშირ-ხშირად ვსუნთქავდი და ოფლი ღვარად მდიოდა: გული გამალებით მიცემდა. ვცდილობდი, რამენაირად მეიძულებინა თავი და სახურავი ამეწია.
როგორც იქნა, საბარგული გავხსენი.
მოცახცახე სხივმა მოთეთრო-მოცისფრო კაბა და სათადარიგო ბორბალზე მიბჯენილი გრძელი, ჩამოქნილი ფეხები გაანათა.
პორტფელი გვამის გვერდით იდო. ხელი დავტაცე და სახურავი დავხურე. მსგავსი საშინელება არასოდეს განმიცდია. თავს მაინც მოვერიე. ჯერ საბარგული ჩავკეტე, მერე გარაჟის კარი და ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ გავეშურე. ნინა მელოდებოდა. სახეზე არაფერი ეტყობოდა, მაგრამ მაინც მოტეხილი, მობერებული, ნატანჯი მეჩვენა.
პორტფელი მაგიდაზე დავდე.
-ახლა კი შეიძლება დალევა, ვთქვი ხმაჩახლეჩილმა.
ჭიაქ გამომიწოდა. ვისკის მხნეობა შემმატა. ცხვირსახოცი ამოვიღე და სახე შევიმშრალე.
-დაწყნარდი, ჰარი, ალერსით მითხრა ნინამ.
-ყველაფერი რიგზეა.
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
-მე გავხსნი, თქვა ნინამ და პორტფელისკენ გადადგა ნაბიჯი.
-არა! ხელი არ ახლო! შენი თითის ანაბეჭდები არ უნდა დარჩეს ზედ.
პორტფელი ხელში ავიღე. იოლად იხსნებოდა: პატარა ბერკეტს დავაწექი და ტყავის ზონარი უკან გავქაჩე. მერე პორტფელი გადმოვაპირქვავე.
ფულის ნიაღვარს ველოდი, უამრავ დასტას. მის ნაცლად მაგიდაზე ოცდაათიოდე ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთი ეგდო.
ფული არ იყო მხოლოდ ძველი, დაჭმუჭნილი გაზეთები!




2


ნინას ამოოხვრა მომესმა.
დამბლამ ხელ-ფეხი წამართვა. გაზეთებს ვუცქერდი და თვალს არ ვუჯერებდი. თითქოს ურო დაეკრათ თავში. ფული არ იყო მანქანას ვერ ვიქირავებდი.
-დავიღუპეთ, ვთვი და საცოდავად გავხედე ნინას. მორჩა..
ნინამ გაზეთები მოქექა, თითქოს იმედი ჰქონდა სადმე ბანკნოტს ვიპოვიო. მერე ისიც გაშტერებული მომაჩერდა.
-კი მაგრამ, სად გაქრა ფული? ვინმემ მოიპარა?
-არა, თვალი არ მომიშორებია, სანამ საბარგულში ჩავდე.
-აბა? ნუთუ მალრუ თავიდანვე არ აპირებდა გადახდა?
-დარწმუნებული ვარ აპირებდა. ფული იმისთვის არაფერია. თან იცოდა, ასეთი ოინისთვის ოდეტას რაც ემუქრებოდა.
და აი, სწორედ ამ დროს მეორე ,,დიპლომატი'' გამახსენდა, სწორედ ის, რენიკმა რომ მომცა სურათი გადაუღეო.
-ორი სავსებით ერთნაირი ცალი არსებობს. ერთში ფული იდო, მეორეში ეს გაზეთები. წამოსვლის წინ, ეტყობა, მალრუს პირველი მეორეთი შეუცვალეს.
-ვის შეეძლო მაგის გაკეთება?
-რეას, რა თქმა უნდა! დღესავით ნათელია. თავიდანვე დამიკვირდა, როგორ მანდო მთელი ფული. მე შტერმა კი დავასკვენი, სხვა ვარიანტი არა აქვს-მეთქი, მაგაშიც შევცდი. მეორე ,,დიპლომატი'' წინაწარ გაამზადა და დრო იხელთა თუ არა, ფულიანი შეცვალა. ერთი წუთიც არ უფიქრია ჩემი და ოდეტას პატიოსნების იმედად ყოფნა, ამიტომაც არ მობრძანდა კოტეჯში. ფული მანამდე ჩაიგდო ხელში, სანამ მალრუ შინიდან გამოვიდოდა. გაზეთების დასტის გულისთვის შევაგდე ჩემი სიცოცხლე სასწორზე! თავს დავდებ არც აპირებდა ჩემთვის ორმოცდაათი ათასის გადახდას. თავიდანვე ყეყეჩად ჩამთვალა და კარგი ბანკიც მოხსნა!
ნინამ ჩუმად მკითხა:
-როგორ მოვიქცეთ, ჰარი?
მისმა სიტყვებმა გამომაფხიზლა.
-როგორ უნდა მოვიქცეთ? უმანქანოდ დავიღუპები და ეგაა.
-ღამით ჩვენს ქუჩაზეც და წყნარი ოკეანის ბულვარზეც უამრავი მანქანა დგას. ერთ-ერთი შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ნინას მივაშტერდი.
-შენ გინდა თქვა მოვიპაროთ?
-ვიქირავოთ, მტკიცედ თქვა ნინნამ. აქ მოვიყვანთ, გვამს გადავიტანთ და მერე მანქანას სადმე შორიახლოს მივაგდებთ.
ხელზე ხელი მომიჭირა.
-შახტში დაგდებულს რომ წარმოვიდგენ, ცუდად ვხდები, ჰარი. გოგო უნდა იპოვონ და თანაც მალე.
შევყოყმანდი, მაგრამ, მადლობა ღმერთს, სწრაფად მივხვდი ჭკვიანურ რამეს ამბობს-მეთქი.
-რისკი არის, მაგრამ მართალი ხარ. თან, სხვა გზაც არ ჩანს.
საათს დავხედე, თორმეტი იყო დაწყებული.
-წავალ, ღია მანქანას მოვძებნი.
-მეც წამოგყვები.
-კარგი.
გაზეთები ,,დიპლომატში'' ჩავტენე და კარადაში დავმალე. ხელიხელჩაკიდებულები გამოვედით შინიდან ჩვეულებრივი, არაფრით ღირსშესანიშნავი წყვილი, ძილის წინ გასეირნება რომ გადაუწყვეტია.
მალე თავი ბულვარზე ამოვყავით ჩვენს ქუჩას პარალელურად მიუყვებოდა. ორივე ტროტუარის გასწვრივ მანქანები იდგა. ჩვენი ყურადღება ძველმა ,,მერკურიმ'' მიიპყრო. გავჩერდით.
-გამოდგება, ვთქვი მე.
ნინამაც თავი დამიქნია.
გავიხედ-გამოვიხედეთ, მერე ნინამ ხელცანთა გახსნა და ხელთათმანები ამოიღო.
-მე მაცალე, მითხრა და ავტომობილს მიეყრდნო. ხელთათმანები ჩაიცვა და მთხოვა"
-ხელი მომხვიე, ჰარი, მოდი, ვითომ შეყვარებული წყვილი ვართ. კარს შევამოწმებ.
მხრებზე მოვხვიე ხელი.
თუ ამწუთას მეზობელი სახლის ფანჯარასთან ვინმე იდგა და ქუჩაში იყურებოდა, კარგად ნაცნობ სურათს დაინახავდა ჩახუტებული კაცი და ქალი მანქანას მიყრდნობილი კოცნაობდა.
-კარი ჩაკეტილი არაა, თქვა ნინამ.
ნინა მოვიშორე და სახლი შევათვალიერე, რომლის წინაც იდგა მანქანა. მეორე სართულის ფანჯარაში შუქი ენთო, ქვემოთ ბნელოდა.
ნინამ მანქანის კარი გამოაღო და საჭეს მიუჯდა. მე სიგარეტს მოვუკიდე, თან ქუჩას ვზვერავდი.
ნინა კამის მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან.
-ყველაფერი რიგზეა, ხელი გამიყარა და მანქანას მომაშორა. უგასაღებოდ იქოქება.
-პირველ საათამდე უნდა მოვიცადოთ, ვთქვიე მე. მერე უკან დავბრუნდებით.
-გავისეირნოთ. შინ ჯდომა და ლოდინი არ მინდა. ადვილად გავუგე. ნელი ნაბიჯით გავემართეთ ოკეანისკენ. სანაპირო უკაცრიელი ჩანდა. შორს, კონცხზე, პალმ-სიტის სინათლეები კაიფობდნენ.
-ჰარი, ცოტა ხნის შემდეგ თქვა ნინამ, დარწმუნებული ხარ, რომ გოგო მოკლეს? თავს ვერ მოიკლავდა?
-გამორიცხულია. დაახრჩვეს. ყოველგვარი ეჭვის გარეშე მოკლულია.
-ვის უნდა მოეკლა?
-თუ ვინმე მანიაკი არ დაესხა თავს, ადრევე თუ არ დაადგა თვალი, როცა კოტეჯში შედიოდა, მაშინ რეაა საქმეში გარეული. სხვამ არავინ იცოდა ოდეტას ადგილსამყოფელი. თან, რეას მოტივიც აქვს.
ვუთხარი, რაც მიამბო ტიმ კოულიმ მემკვიდრეობის ფრანგულ კანონებზე.
-ოდეტა რომ ცოცხალი იყოს, მალრუს უშველებელი ქონების ნახევარი იმას დარჩებოდა. მალრუ ხომ განწირულია. ამდენად, მისი ცოლისთვის ოდეტას სიკვდილი ხელსაყრელია, ოღონდ არ მჯერა, საკუთარი ხელით მიეხრჩო გერი. მისი ალიბიც, არ მეეჭვება, ნამდვილია ავადმყოფობაც და ტრანკვილიზატორებით დაძინებაც. მეტისმეტად ჭკვიანია, ყალბ ალიბის არ მოიგონებს და შარში არ გაეხვევა. ბოლოს და ბოლოს, რენიკიც ხომ გაიგებს იმ კანონების არსებობას. ოდეტას მთელი ქონების ნახევარი ელოდა. თუ რენიკი იეჭვებს, მოტაცება ფარსი იყოო, დანაშაულის შესაძლო მოტივის ძიება აუცილებლად რეაზე გაიყვანს: რენიკს არ შეეშლება.
-ჰარი, მაგ ქალს აუცილებლად ეყოლება საყვარელი, თქვა ნინამ. ვერ დავიჯერებ, რომ ავადმყოფი ბერიკაცისთვის აპირებდა მთელი ცხოვრების მსხვერპლად შეწირვას. მინახავს მისი ფოტოები, დარწმუნებული ვარ, საყვარელი ჰყავს.
ნინა, უთუოდ, მართალს ამბობდა. გამიკვირდა კიდეც, ადრე მე თვითონ არ მომაფიქრდა-მეთქი.
-სიმართლეს ჰგავს, კარგი იდეა მომაწოდე, ხომ იცი, სიგარეტს მოვუკიდე.
-დავუშვათ, საყვარელი მართლა არსებობს, ხმამაღლა დავიწყე ფიქრი. რეა უხსნის, მალრუს სიკვდილის მერე ქონების ნახევარი ოდეტას საკუთრება ხდებაო და ბიჭიც ასკვნის ჯობია ყველაფერს ჩვენ ორი დავეპატრონოთო. რა თქმა უნდა, მკვლელობისთვის პასუხისგება არც ერთს არ ეჭაშნიკება და ამიტომ ვინმე არიფის ძებნას იწყებენ. არჩევანს ჩემზე აჩერებენ. მოტაცება თავიდან ბოლომდე სპექტაკლია, ფიქცია. მე ანკესზე ვეგები, ოდეტაც. მართალია, ვერ წარმომიდგენია, ის როგორ მოტყუვდა, მაგრამ ფაქტი ფაქტია. რეამ და მისმა მეგობარმა საიმედოდ დაიზღვიეს თავი. წარუმატებლობის შემთხვევაში ციხეში მე ვჯდები. რაც მეტს ვფიქრობ ყველაფერ ამაზე, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მართალი ხარ. თამაშში კაციცაა გარეული რეას საყვარელი: ოდეტაც იმან მოკლა.
მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით რაიმე სამოქმედო გეგმა შეგვედგინა და იმ მანქანაში ოდეტას გვამის გადატანის დრო. ამაზე ფიქრი ორივეს სისხლს გვიყინავდა ძარღვებში.
შორიდან ზარის ხმა გაისმა კურანტებმა პირველი საათის შესრულება გვაუწყეს.
-დროა.
უკან უხმოდ მივდიოდით, ისევ ხელიხელჩაკიდებულები. სალაპარაკოც არაფერი გვქონდა: ვიცოდით, რაღაც საზარელი გველოდა.
ჩვენი ქუჩა ცარიელი იყო. მცხოვრებლებს ტელევიზორები უკვე გამოერთოთ. თითქოს ამ პატარა, ზღვისპირა სამყაროში მხოლოდ ჩვენ ორნიღა დავრჩენილიყავით.
გზაჯვარედინზე გავჩერდით, პასიფიკ-ავენიუსა და ბულვარის გადაკვეთაზე. მანქანასთან მივედით, ვთქვი მე.
,,მერკურისკენ'' გავუყევით ბულვარს. ფანჯრებში შუქი აღარ ენთო. ნინა უყოყმანოდ მიუჯდა საჭეს და ძრავა აამუშავა მანქანას შემოვუარე, ნინამ კარი გამიღო: ცოლის გვერდით დავჯექი, ვცდილობდი ხელი არაფრისთვის მეხლო. ჩვენს ქუჩაზე გავედით და მანქანა სახლის წინ გავაჩერეთ. ჭიშკარი და გარაჟი უნდა გამეღო, მანქანიდან გადმოვედი. ნინამ უკუსვლით მიაყენა ,,მერკური''. მანქანები ბამპერებმიტყუპული იდგნენ. ნინაც გადმოვიდა მანქანიდან და მომიახლოვდა. ორივე ,,პაკარდის'' საბარგულთან გავხევდით.
გადამწყვეტი წუთი დადგა.
-შედი სახლში და დამელოდე, ვთქვი მე.
-მოგეხმარები, ჰარი, ნინას ხმა უთრთოდა. მაგრად მოვხვიე ხელი. ვხვდებოდი, რად უღირდა ამის თქმა.
-თვითონ მოვუვლი ყველაფერს, ვუთხარი ცოლს. მაცალე.
გარაჟის კარისკენ წავიდა, იქ გაჩერდა, თან ქუჩას არ აშორებდა თვალს.
ძალაყინით გავაღე ,,მერკურის'' საბარგული.
მერე ,,პაკარდის'' საბარგულიც გავხსენი.
საათმა ორის თხუთმეტი წუთი ჩამოკრა.
ოდეტას გვამი ,,პაკარდიდა'' ,,მერკურის'' საბარგულში გადავიტანე. მაშინდელი კოშმარი სიკვდილამდე მემახსოვრება.
ნინა ქუჩის სათვალთვალოდ დავტოვე, შინ შევედი და ,,დიპლომატი'' წამოვიღე. ისიც მოკლული გოგოს გვერდით დავდე და საბარგული დავკეტე.
-ყველაფერი რიგზეა, ვუთხარი ნინას. წავედით.
მანქანაში ჩავსხედით. შევამჩნიე, ნინა კანკალებდა. ბულვარისკენ გააქანა ,,მერკური''. იქვე დავტოვეთ და შინ ფეხით დავბრუნდით. არავინ შეგვხვედრია.
კარი რომ მივიჯახუნე, ნინამ ერთი კი ამოისუნთქა ღრმად და უგრძნობლად ჩაიკეცა იატაკზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent