შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი (თავი მეხუთე) - ასტრონომიული წინასწარმეტყველებანი


8-08-2022, 13:42
ნანახია 850

- მახსოვს, როდესაც დაიბადეთ, რაოდენ დიდი სიხარული მოუტანეთ მეფესა და დედოფალს და არამარტო. თქვენი დაბადებით ყველას და ყველაფერს სიცოცხლის ელფერი მიეცა. ერთი წელი რომ გისრულდებოდათ, რამდენიმე კვირით ადრე, რაღაც მოხდა. ამ მოვლენას ელფები, უფრო ზუსტად ასტრონომები, ვენერას ღამეს ვუწოდებთ. ამ ღამეს პლანეტათა წყობას ვენერა გამოეყოფა და მისი დანახვა ძალიან ადვილია. ის იმდენად ახლოსაა, რომ მისი წითელი შუქი სახეზე გელამუნება. ვენერა მთვარის პარალელურად თავსდება და მათი სხივები ერთმანეთს ერწყმის. საოცარი სანახავია! - სერვერალდს გაეღიმა და განაგრძო, - სწორედ ამ დროს მოგიხდათ თქვენ ვენერას ღამის გადატანა. ერთი ციცქნა იყავით. ძალიან პატარა. მახსოვს, ღამე რთულად გადაიტანეთ. ყველანი ძალიან შეგვაშინეთ, თუმცაღა ყველაფერი თავისით უნდა გასულიყო და თავის ადგილას ჩამდგარიყო. ბუნების წინააღმდეგ ჩვენ უძლურნი ვართ.
უფლისწული დიდხანს დუმდა. ბოლოს ხმა ამოიღო:
- ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, - თქვა გაბზარული ხმით.
- ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ მეორეჯერ თქვენ ეს ყველაფერი შედარებით მშვიდად გადაიტანეთ. თქვენი რეაქცია იმ დროისათვის სრულებით ბუნებრივი იყო, რადგან ჯერ კიდევ ბავშვი იყავით. უცნაურობას იგრძნობდით. მაგრამ ახლა... თქვენ თქვით, რომ თავს არაბუნებრივად გრძნობთ, ვენერას ღამე კი ახლოვდება. ჩემი გამოთვლებით, სწორედ ამაღამ უწევს. არ ვიცი, რას დავაბრალო. თავში ათასი აზრი მიტრიალებს, თუმცა მათგან ერთ-ერთი მართლაც რეალურია.
- მითხარი, რასაც გული გკარნახობს, - მიუგო არლონდირმა.
- ვარსკვლავები არასდროს იტყუებიან, - თქვა ასტრონომმა, - შემთხვევით არაფერი ხდება. მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის - არა. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ვარსკვლავების ქცევაში ქაოსი შევნიშნე. ერთად ვეღარ ლაგდებიან და მათი ქცევის შესწავლის საშუალებას არ მაძლევენ. რაღაცამ დააფრთხო. ასეთ დღეში ისინი არასდროს მინახავს.
- ვარსკვლავებზე ისე საუბრობ, თითქოს ელფები იყვნენ, - გაოცება ვერ დამალა უფლისწულმა.
- ასეა უფლისწულო. ვარსკვლავები ელფებივით არიან. ერთად გროვდებიან, რათა საერთო სურათი მოგვცენ. ელფებიც ისე თანაცხოვრობენ ერთმანეთთან, როგორც ვარსკვლავები. ერთად ცხოვრობენ და შრომობენ, რადგან საერთო შედეგი მიიღონ. მაგრამ როგორც კი რაღაც უჩვეულო გამოჩნდება, ისინი დაფრთხებიან და იშლებიან. წყობა ირღვევა და მოზაიკაც იშლება. წესრიგში ჩადგომას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, თუმცა, საბოლოოდ, სურათი ისევ ეწყობა. წყობის მოშლა ადვილი სულაც არაა. ეს მტკიცე სისტემაა. წესრიგის დარღვევა ასე უბრალოდ არ ხდება. რაღაც მძლავრი უნდა მოხდეს, რათა ამან წყობა გაარღვიოს.
- როგორ ფიქრობ, ამჯერად რამ გაარღვია წყობა? - შუბლშეჭმუხნილი დაეკითხა არლონდირი.
- მთელი ჩემი ცხოვრებაა მათ ვუთვალთვალებ. ჩემი არსებობა მათ მივუძღვენი და მაინც, ასეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია. ჩემი მოსაზრება ჯერ არავისთვის გამიზიარებია. ბოლო ორი თვეა, რაც მათ უცნაურ ქცევას ვაკვირდები და...
- ნუ გეშინია, შენს მოსაზრებას პირველს მე გამიზიარებ, - დაამშვიდა არლონდირმა და გაუღიმა.
სერვერალდმა ამოიოხრა:
- უფლისწულო, ელფთა სამეფოში მალე რაღაც მოხდება. წინ სახელმწიფო გადატრიალება გველის.
არლონდირი ერთიანად გაშეშდა და სავარძლიდან წამოხტა.
- რას ამბობ?! - წამოიყვირა მან, - კი მაგრამ, ეს ხომ წარმოუდგენელია! შეუძლებელია! - არლონდირი შეშფოთებისგან სიტყვებს ვერ პოულობდა.
- თავიდან მეც ასეთი რეაქცია მქონდა, უფლისწულო, - სერვერალდს თავი ძირს დაეხარა და იატაკს აცქირდებოდა.
- დარწმუნებული ხარ?! იქნებ ვარსკვლავები ამჯერად...
- ვარსკვლავები არასდროს ცრუობენ! - თავდაჯერებულად წარმოთქვა ასტრონომმა.
არლონდირს გონებაში ყველაფერი აერია. ბოლო დროს წინათგრძნობა კარგს არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ მსგავს რამესაც არ ელოდა. თავში ათასი აზრი აუფუთფუთდა. ბოლოს, ფიქრებისგან გადაქანცულმა, თავი ხელში აიყვანა და ორიოდე წუთის დუმილის შემდეგ, სერვერალდი დაითხოვა. დაღლილი, სავარძელში მძიმედ ჩაეშვა და ღრმად ამოისუნთქა.
გოლუნდირში გამეფებულ სიჩუმეს ახალგაზრდა ასტრონომის ქუსლების ხმა არღვევდა.

არლონდირს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ან რა დააძინებდა?! ვენერა თავზე დანათოდა, თოთხმეტი წლის წინ თურმე კინაღამ ამან დაღუპა, მშობლებს ამაზე კრინტიც კი არ დაუძრავთ, ცოტა ხნის წინ კი შეიტყო, რომ ქვეყანა თავზე დაექცეოდა! აბა ახლა რაღა დააძინებდა?! არა, ახლა ძილის დრო ნამდვილად არ იყო. ვინ იცის, სერვერალდის „მალეში“ რამდენი ხანი იგულისხმებოდა?! როდის მოვიდოდა ეს „მალე“ და როდის დაატყდებოდათ თავს უბედურება? იქნებ რამდენიმე თვეში, ან თუნდაც დღეში! მერე რაღას იზამდა? განა მასა და სერვერალდის გარდა იცოდა ეს კიდევ ვინმემ? არავინაც არ იცოდა! რაიმე უნდა მოეფიქრებინა და თანაც სასწრაფოდ.
არლონდირს კინაღამ თავი გაუსკდა ამდენი ფიქრისგან. მის გონებაში სხვადასხვა აზრები ამოტივტივდებოდნენ და მერე ისევ იძირებოდნენ. გონებით სად აღარ მიდიოდა და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა. მერე კი კვლავ ყველაფერი ირეოდა და ბურუსში ინთქმებოდა.
ბოლოს ჩაეძინა. ნორმალურად ძილი არც დასცალებია, ორიოდ საათში საშინელმა კოშმარმა გამოარკვია: ვითომ, სადღაც კლდის პირას იდგა და სამყარო თავზე ექცეოდა, თვითონ კი ვერაფერს აკეთებდა. უეცრად შეჰყვირა და ლოგინიდან წამოვარდა. სულ გაოფლილიყო. ბალიშიც დასველებოდა. ხმამაღლა ქშინავდა და სულს ძლივს იბრუნებდა.
- წყალი! - იყვირა ხმაჩახლეჩილმა.
ყვირილზე ოთახში მცველები შემოცვივდნენ. არლონდირის ხმაზე ოთახში მაშინვე მსახური გაჩნდა წყლის თასით ხელში.
- უფლისწულო, კარგად ხართ? - იკითხა ელფმა.
არლონდირმა სავსე თასი გამოსცალა და ღრმად ამოისუნთქა. სასმისი ინსტიქტურად უკან გაუწოდა ფერდაკარგულ მსახურს და ლოგინზე გადაწვა.
- გადით ყველანი, დამტოვეთ... - წაიჩურჩულა მან.
- კი მაგრამ, უფლისწულო... - ამ ბრძანებაზე კიდევ უფრო აღელდნენ ელფები.
- გადით-მეთქი! მარტო დამტოვეთ, - ისე თქვა, თავი ზემოთ არ აუწევია.
ოთახში მყოფებმა ერთმანეთს გადახედეს, დაბნეულებმა მხრები აიჩეჩეს და ბოლოს სათითაოდ გავიდნენ. სახეზე ყველას აშკარა აღელვება და გაურკვევლობა ეწერა. დერეფანში გასულები ერთმანეთში აჩურჩულდნენ.
- როგორ ფიქრობ, რა დაემართა? - ჰკითხა ერთმა მეორეს.
- რა ვიცი, ძალიან ანერვიულებული კი იყო. ასეთი არასდროს მინახავს! - მიუგო მეორემ.
- მეფეს და დედოფალს უნდა ვუთხრათ.
- მოიცა! გათენდეს ჯერ. ისეთი რა უნდა იყოს, რომ დილამდე ვერ მოითმინოს, - ჩაერთო მესამე.
- ჰო, მაგრამ ხომ იცი დედოფლისგან რაც გვაქვს ნაბრძანები. ყველაფერი უნდა მოვახსენოთ რაც უფლისწულს ეხება! - არ ეშვებოდა პირველი.
- მგონი რომ, არ ღირს ამის გამო მისი გაღვიძება. გათენდება და ვეტყვით, - მხარი აუბა მეგობარს მეოთხე ელფმა.
- კარგი, რაც არის, არის. გათენებას დაველოდოთ, - დათანხმდა ბოლოს პირველი.
- მაგრამ... - თქვა ისევ მეორემ ყოყმანით, - ვიცით, რომ დედოფალს გაღვიძება გააღიზიანებს, მაგრამ ბრძანება ბრძანებაა, მისი შეუსრულებლობა კი ისჯება, ეს არ უნდა დავივიწყოთ! ასე, რომ წინ! - მოსაუბრეებს ხელი ჩასჭიდა და წინ გაუძღვა ელფი.
ამასობაში არლონდირი გაუნძრევლად იწვა ერთ ადგილზე და ჭერს მისშტერებოდა. მის სიცოცხლისუნარობაზე მხოლოდ ნელი, თანაბარი სუნთქვა და დრო და დრო თვალების ხამხამი მიუთითებდა. დიდხანს ეცადა, მაგრამ ძილი ვერაფრით შეიბრუნა. ახლა მხოლოდ ისღა დარჩენოდა, გათენებას დალოდებოდა. ვინ იცის, ახალი დღე რას მოუტანდა.

მზის პირველმა სხივებმაც არ დააყოვნა. უფლისწულის ოთახი სასიამოვნო სითბომ მოიცვა, მიუხედავად იმისა, რომ მის გულში კვლავ სიცივე სუფევდა.
რაღა თქმა უნდა, მსახურმა ელფებმა გათენებას არ დააყოვნეს და წამსვე დედოფალთან შეცვივდნენ, რათა უფლისწულის მდგომარეობა მოეხსენებინათ. მათი გასვლისთანავე კასალანდრამ და ერონიდასმა ერთმანეთს გადახედეს, უხმოდ შეთანხმდნენ რაღაცაზე და ცოტა ხანში უფლისწულის ოთახთან მივიდნენ. კასალანდრამ კარზე დააკაკუნა და ფრთხილად შეაღო. არლონდირმა ზანტად ასწია თვალები, წამოიწია და ლოგინზე წამოჯდა.
- არლონდირ, ძვირფასო, როგორ ხარ? - გაუღიმა კასალანდრამ, თუმცა კი იცოდა, რომ ეს ღიმილი ნაძალადევი და ტყუილი იყო, - ძალიან გამიკვირდა ვახშამზე რომ არ გნახე, მაგრამ მერე შევიტყვე, რომ მთავარი ასტრონომი მოგიწვევია და მას შემდეგ უგუნებოდ ხარ.
- რამე გაწუხებს შვილო? რა გითხრა ასეთი სერვერალდმა? - შეეკითხა ერონიდასი, თუმცაღა პასუხს წინასწარ გრძნობდა.
სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მალე არლონდირმა დაარღვია.
- რატომ არ მითხარით? - იკითხა ჩუმად, ცივად, თითქმის ჩურჩულით.
კასალანდრა გაფითრდა და გვერდზე გაიხედა, ერონიდასმა თვალები ძირს დახარა. ბოლოს ხმა ამოიღო:
- ჩვენ შენს დაცვას ვცდილობდით...
- დაცვას? - არლონდირს სახეზე განცვიფრება დაეტყო, - რისგან დაცვას მამა? ბუნებისგან?
- ვიცი, უნდა გვეთქვა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ვიფიქრეთ, რომ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, თან ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია? - ჩაერია კასალანდრა.
- ჩვეულებრივ ამბავს მთავარი ასტრონომისგან უნდა ვიგებდე? - სერიოზულად და გაბრაზებით იკითხა არლონდირმა.
- არა, უბრალოდ... ამჯერად... ასე მოხდა... - წაიბუტბუტა თავდახრილმა კასალანდრამ.
- არლონდირ, ამას ახლა აზრი აღარ აქვს. და რა მნიშვნელობა აქვს ამას ადრე გაიგებდი თუ ახლა? რამე შეიცვალა ამით? - იკითხა ერონიდასმა.
- ყოველ შემთხვევაში, ახლა ისე ვეღარ გენდობით, როგორც ადრე, - საშინელი გულისტკივილით უთხრა არლონდირმა მშობლებს.
უხერხული მდუმარება ჩამოწვა. კასალანდრა და ერონიდასი თავს ვერაფრით გაიმართლებდნენ, ისედაც გრძნობდნენ საკუთარ დანაშაულს შვილის წინაშე. ბოლოს ერონიდასმა დაილაპარაკა:
- არლონდირ, უკვე დიდი ხარ, თუმცა, ჯერ მთელი ცხოვრება წინ გაქვს. არაჩვეულებრივი მებრძოლი დადგები. კარგი ჰარინი ხარ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარგი შვილი ხარ, - მშვიდად, დინჯად საუბრობდა იგი, - ბევრი კარგი თვისება გაქვს. ჩვენი საყვარელი შვილი ხარ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ერთგული ხარ. ერთგულებაზე მთვარი კი არაფერია. შენ ჩვენთვის არასოდეს გიღალატია, აი ჩვენ კი, შევცდით, - მეფემ ბოლო სიტყვები გულისტკივილით წარმოთქვა.
- მამა, მე თქვენი დადანაშაულების უფლება არ მაქვს. თქვენ და დედა როგორც საჭიროდ ჩათვლით, ისე უნდა მოიქცეთ, უბრალოდ... - აქ არლონდირი შეყოვნდა, - უბრალოდ ერთგულება, რომელზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, ორმხრივი უნდა იყოს. მაშინ, როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობთ, წვრილმანებს უკან მოიტოვებთ ხოლმე. ამიტომაც მოხდა ეს. მთავარს კი ხედავთ, მაგრამ რაც თქვენი ფიქრით უმნიშვნელოა, ის მხედველობიდან გაგირბით ან არ ამჩნევთ.
- ვიცი, არლონდირ, - დათანხმდა ერონიდასი, - მთავარი საკითხების გამო წვრილმანებს ვერ ვამჩნევთ. ამიტომ ვაღიარებ, რომ ამჯერად შევცდით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. ვიცი, რომ ამ შეცდომას ვეღარ გამოვასწორებთ, უბრალოდ მინდა, რომ მე და დედაშენმა შენი ნდობა კვლავ მოვიპოვოთ, - ერონიდასს არლონდირის ბოლო სიტყვები ამოუტივტივდა თავში.
ახლა საუბარში კასალანდრა ჩაერთო:
- არლონდირ, შენი ასეთი ქცევა გასაკვირი სულაც არ არის. უბრალოდ მინდა, რომ ცოტა დაფიქრდე და ყველაფერი აწონ-დაწონო. გახსოვდეს, შენ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ხარ და ასე იქნება ყოველთვის.
არლონდირს დედის სიტყვებმა გული მოულბო. საერთოდ, დედის ნათქვამი მასზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა. ასე იყო და ასე იქნებოდა ყოველთვის. უფლისწული წამით დაფიქრდა, იქნებ გაემხილა მათთვის თავისი გულისტკივილი?
- კარგი, ახლა გავალთ, - მეფის სიტყვებმა არლონდირი შეაყოვნა, - იქნებ ეცადო დაიძინო? როგორც ვიცი, ღამით ნორმალურად არ გიძინია. შეეცადე, დაიძინო.
- მანამდე კი შენს საყვარელ კერძებს მოვამზადებინებ და აქ მოგიტანენ. თუ მოგინდება ჩამოდი და ერთად ვისაუზმოთ, - თბილად უთხრა კასალანდრამ.
ერონიდასმა თბილად გაიღიმა და შვილს მხარზე ხელი დაადო. კასალანდრამ წინ წაიწია და არლონდირს ალერსიანად აკოცა შუბლზე. არლონდირს სითბომ დაუარა მთელ სხეულში და წამით თითქოს ყველაფერი დაავიწყდა. დედოფალი უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მეფის კვალ და კვალ. არლონდირი თავით ბალიშებში ჩაეფლო და ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც. უძილო, მშფოთვარე ღამის შემდეგ ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო.

არლონდირს თითქმის მთელი დღე ეძინა. გამოღვიძებულლმა შეამჩნია, რომ უკვე მოსაღამოვებულიყო. ფანჯრიდან ცას გარკვევით აჩნდა მუქი მელნისფერი, ცოტა მოშორებით კი უამრავი ვარსკვლავი და ვერცხლისფერი მთვარეც გამოჩნდა. არლონდირმა თვალები მოიფშვნიტა და ფანჯრიდან გაიხედა, რათა ყველაფერი გარკვევით დაენახა. შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, ხელ-პირი დაიბანა და ჩაცმას შეუდგა. ჯერ მშობლებთან ერთად სავახშმოდ მოემზადა, თუმცა მალევე გადაიფიქრა და მარტო ვახშმობა გადაწყვიტა.
რამდენიმე წუთში უფლისწულის ოთახში გემრიელი სურნელი დატრიალდა. მაგიდა საუცხოოდ მომზადებული ათასგვარი კერძით გააწყვეს. ამან გუნება ოდნავ გამოუკეთა და ხალისით შეუდგა ვახშმობას.
პატარა, დაბალ მაგიდაზე კერძების ტევა აღარ იყო. თუმცა, ერთი შეხედვითვე, თითქოს, ჩანდა, რომ მაგიდა, ელფური ჯადოქრობის წყალობით, კერძების დასაწყობად საკმაოდ პატარა იყო.
რა აღარ იდო ბრინჯაოს ლამაზად მოჩუქურთმებულ მაგიდაზე: სოკოს წვნიანი, რომელსაც ცხელი ოხშივარი ასდიოდა, ტრადიციული წვნიანი ბოსტნეულის ნაჭრებითა და დაბრაწული კარტოფილით, დიდ თასში დახვავებული ახალთახალი ბოსტნეული, მოხრაკული თუ მოხარშული კარტოფილი, ტკბილი ბრინჯი ქიშმიშითა და თხილით, თხელ ცომში გახვეული ელფური საკმაზი და მწვანილი, ელფური ყველი სალათით და ასე შემდეგ. წვნიანით დაწყებული - ბოსტნეულით დამთავრებული, არლონდირმა ცოტ-ცოტა ყველაფერი შეჭამა და ზედ ჩაცივებული ლიმონის შერბეთიც დააყოლა.
მალე კერძები გაიტანეს და დესერტი შემოიტანეს. დესერტად სხვადასხვა ფერისა და გემოს პუდრმოყრილი ლოქუმი, ტრადიციული ელფური დესერტი, დახვეული მარმელადი და სხვადასხვა არომატის, ხილის ნატეხებით გაჯერებული პატარ-პატარა ნამცხვრები მიირთვა. კარგად დანაყრდა. ასე კარგა ხანი არ დანაყრებულა, ენერგია კი მას ახლა განსაკუთრებით სჭირდებოდა.
ელფები, ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი მზარეულები არიან. ტრადიციული ელფური სამზარეულო მთელ სამყაროშია გათქმული. ელფები თავიანთი საქმის უნაკლო ოსტატები არიან ყველა სფეროში, რაც კი ქვეყნიერების ზურგზე არსებობს. ელფებმა საკვების მომზადება გაჩენისთანავე დაიწყეს. ისინი უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ ტრადიციულ ელფურ ჩაის, რომელიც დროდადრო გაამდიდრეს სხვადასხვანაირი არომატის, წყალმცენარეებისა და სამკურნალო თვისებების დამატებით. კერძებიც ინგრედიენტების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყველა ელფურ ოჯახში სუფრაზე ყოველთვის მოიძებნება მრავალგვარი მცენარისგან შეკმაზული კერძები, მცენარეული კერძები ხომ ოდითგანვე ტრადიციულ ელფურ მენიუს ეკუთვნოდა.
ელფებს, ასევე, მრავალი სახეობის პური აქვთ. ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც სასახლეშიც დიდი უპირატესობით სარგებლობს, ქერის ჰაეროვანი ფუნთუშებია. არლონდირიც უმეტესწილად მას მიირთმევდა.
ტკბილეულს რაც შეეხება, მისი გამრავალფეროვნება ცოტა მოგვიანებით დაიწყო, თუმცაღა მალევე გავრცელდა. ჯერ კიდევ ერონიდასის დიდი ბაბუის, ფარსივალდის მეფობის პერიოდში, რომელსაც ზედმეტსახელად „ბრძენი“ შეარქვეს, ერთმა ელფმა ვაჭარმა, სახელად ათბექირმა, ჟელატინისა და ტკბილი ფქვილის ერთმანეთში არევითა და გაციებით მიიღო საკმაოდ ტკბილი პროდუქტი, რომელსაც შემდგომ ლოქუმი უწოდეს, რაც ელფურად „ტკბილ პირს“ ნიშნავს. ახალი ტკბილეული ელფებში მალე გავრცელდა და მიაღწია სამეფო კარამდეც, რომელსაც იმ დროს დულმაბურის სასახლე წარმოადგენდა. ლოქუმი მეფე ფარსივალდს მიართვეს და მასაც ისე მოეწონა, რომ, არც მეტი არც ნაკლები, პირადი საკვების ნუსხაში შეიტანა. ამ დღიდან მოყოლებული, ელფებმა სხვადასხვანაირი ლოქუმის მომზადება დაიწყეს, თუმცაღა მის ტრადიციულ რეცეპტს ყოველთვის ინარჩუნებდნენ.
ასე და ამგვარად, ვაჭარი ათბექირის პატარა ექსპერიმენტი დიდი წარმატებითა და საყოველთაო აღიარებით დასრულდა, ათბექირი კი საქვეყნოდ ცნობილ და პატივცემულ დიდვაჭარ და მზარეულ ელფად იქცა.
დროდადრო ელფებმა მარტივი რეცეპტები გაამდიდრეს და ისეთი ტკბილეული შექმნეს, როგორიც მარმელადი, მურაბის ტკბილი ფუნთუშები და არომატული ნამცხვრებია. შერბეთი ხომ ძველთაგანვე განცხრომის საგნად ითვლებოდა.
დროთა განმავლობაში, ელფები დახელოვდნენ საკვების მომზადებაში და სამზარეულოშიც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი.

მაგიდა მალევე აალაგეს. არლონდირი წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა უკვე ჩაბნელებულ ღამეში. ვარსკვლავები შორიახლოს კიაფობდნენ. საბოლოოდ რომ დანაყრდა გრილი ნიავით, მსახური იხმო.
- გარეთ სასეირნოდ გავდივარ, - ბრძანა მან.
- როგორც მიბრძანებთ უფლისწულო, - და ოთახიდან გავიდა.
არლონდირი თავის სამუშაო მაგიდასთან მივიდა, დაიხარა და რამდენიმე სუფთა ქაღალდი და ნახშირის ფანქარი აიღო. მერე წიგნების თაროს მიუახლოვდა და რაღაცის ძებნა დაიწყო. ბოლოს, როგორც იქნა იპოვა - „ასტრონომიული წინასწარმეტყველებანი“, კმაყოფილმა მოავლო წიგნს თვალი და ქაღალდებსა და ნახშირის ფანქრებთან ერთად მხარქვეშ ამოიჩარა.
კარზე დააკაკუნეს. ოთახში მსახური შემოვიდა და უფლისწულს მოახსენა:
- ყველაფერი მზადაა, უფლისწულო.
არლონდირმა თავი ოდნავ დაუკრა დასტურის ნიშნად და წიგნ და ფურცლებამოჩრილმა დატოვა ოთახი. კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა. დიდ კართან მას ათიოდე მსახური ელოდა. არლონდირი წინ წავიდა და ჩირაღდნებანთებულ ბაღს გაუყვა. ჩირაღდნებიდან მოწითალო-მოვარდისფრო შუქი იფრქვეოდა და ბნელ ღამეს ერწყმოდა.
უფლისწულმა სამეფო სავარძელი შეამჩნია და მისკენ გაემართა. სამეფო სავარძელი მეფის მოსასვენებელს წარმოადგენდა, სადაც დაჯდომის უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებს, უფრო ხშირად კი მეფეს, ჰქონდათ. არლონდირი სავარძელში მოთავსდა და თავისი ნივთები მაგიდაზე დაალაგა. მცველები მის გარშემო შემოლაგდნენ და ხედი დაუფარეს, რაზეც არლონდირი გაღიზიანდა და ორი მათგანის გარდა ყველა დაითხოვა, ის ორი კი სავარძელს აქეთ-იქიდან ამოუყენა.
არლონდირმა მთვარეს ახედა, მერე შორს მოლივლივე ვენერას, რამდენადაც მისი დანახვა შეიძლებოდა და ბოლოს წიგნზე შეაჩერა მზერა.
- „ასტრონომიული წინასწარმეტყველებანი“, - ჩუმად წაიკითხა სათაური და წიგნი გადაშალა.
პირველი გვერდი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. სათაური წვრილი ასოებით ეწერა და წვრილივე ჩუქურთმით იყო გარშემორტყმული. სათაურის გარშემო პატარ-პატარა ვარსკვლავები ციმციმებდნენ, ალაგ-ალაგ კი სხვადასხვა ზომის ბურთები დაფრინავდნენ, რომლებიც პლანეტები იყვნენ. შუაში კი სხივებით შემოსილი მზე დაბრძანებულიყო.
ეს ილუსტრაცია არაფრით განსხვავდებოდა პატარა ბავშვის ნახატისგან, სადაც მზეს სხივები, ხოლო ვარსკვლავებს ხუთი ქიმი აქვთ. ოღონდ, ამჯერად წიგნის ვარიანტი ნამდვილთან უფრო ახლოს იყო.
წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობის იყო. პირველ ნაწილში აღწერილი იყო პლანეტების განლაგება, მოთხრობილი იყო მათი ურთიერთქმედების შესახებ. დაწვრილებით ეწერა ყოველი პლანეტის თვისებებსა და აღმნიშვნელ გარემოებებზე. არლონდირი ძალიან გაერთო კითხვით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით წინასწარმეტყველებაზე სიტყვაც არ იყო ნახსენები.
მეორე ნაწილის სათაურებს შორის ძირითადად იკვეთებოდა გამოჩენილი ელფი ასტრონომების სახელები და მათი მიღწევები. აი, მაგალითად: „გასტრინ ილფნელი: ახლოს მარსთან“.
იყო ასეთიც:
„გამოჩენილმა ელფმა სწავლულმა და ასტრონომმა, ფარსვალდ ამბროლდმა ექვსას ოთხმოცდათორმეტ წელს დაადგინა ნეპტუნისა და ურანის ზუსტი ურთიერთდამოკიდებულება და მათი ადგილმდებარეობა დედამიწიდან. ასეთი ღვაწლისათვის ფარსვალდ ამბროლდი დააჯილდოვეს მუხის ჯადოსნური ფესვების მიქსტურით, რომელიც წარმატებით გამოიყენება ასტრონომიული აღმოჩენების უტყუარობის დადგენასა და მათ სამარადისო შენარჩუნებაში“.
ამ წარწერის გვერდით ყვითელვარსკვლვავებიანი იისფერ მოსასხამიანი ელფი ეხატა, რომელიც სურათიდან ამაყად იმზირებოდა.
აი, კიდევ:
„ელფმა მეცნიერმა, ალქიმიკოსმა და მოგზაურმა, ლავრანდელ სუბანჰაიმ (325-559), რომელმაც თავისი სიცოცხლის ოცდაშვიდი წელიწადი სტეპებსა და ტუნდრაში მოგზაურობას შეალია, რათა ძვირფასი მინერალები და მათი ქიმიურად მიღების გზები შეესწავლა, აგრეთვე უდიდესი წვლილი შეიტანა ასტრონომიაში.
ერთ-ერთი თავისი ცდის დროს, როდესაც ციტრინსა და ქლარიტინს ერთმანეთს ადარებდა და მათ განსხვავებებს ადგენდა, თვალსაჩინოებისათვის პარალელი მზესა და მთვარესთან გაავლო. აღმოჩნდა, რომ განსხვავებები მართლაც იდენტური იყო და მსგავსი დამთხვევა შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ მანაც და სხვა ასტრონომებმაც დეტალურად გამოიკვლიეს მზისა და მთვარის თვისებები, რამდენადაც შესაძლებელი იყო ეს მაშინ და საბოლოოდ დარწმუნდნენ მეცნიერის, ერთი შეხედვით, თვალსაჩინოებისათვის მოყვანილი მაგალითის უტყუარობაში.
მოგვიანებით ქლარიტინს, სუბანჰაის პატივსაცემად, მთვარის ქვა უწოდეს და ამ სახელით დაიმკვიდრა კიდეც ადგილი საყოველთაო ცნობარში. თვითონ სუბანჰაი კი, თავისი ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, უბედური შემთხვევით, უცაბედად გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მას არც მემკვიდრე ჰყოლია და არც ახლო ნათესაობა, ჯილდო მისი აღმოჩენისათვის, რომელიც მოიცავდა მინერალურ ელექსირებსა და სხვადასხვაგვარ ქიმიურ დანამატებს და მათ დაწვრილებით აღწერილობას, გადაეცა ალქიმიკოსთა საზოგადოებას.
ლავრანდელ სუბაჰაის ღვაწლი და განათლებისათვის თავდადება არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, იცხოვროს მისმა სულმა სინათლეში!“
- დაე, იცხოვროს მისმა სულმა სინათლეში, - ჩუმად გაიმეორა არლონდირმა თავისთვის და გადაფურცლა.
ჯერჯერობით წინასწარმეტყველების კვალიც არ ჩანდა. უფლისწულს პატარაობაში ხშირად უკითხავდნენ ამ წიგნს, თუმცაღა მხოლოდ მის პირველ ნაწილს, რათა იგი კარგად გაწაფულიყო ამ სფეროში. ახლა კი არლონდირს თვითონაც უკვირდა, აქამდე ბოლომდე რატომ არ ჰქონდა ჩაკითხული. პასუხსაც მალე მიაგნო.
დიდხნიანი ფურცვლის შემდეგ, უფლისწული წიგნის მესამე, საბოლოო ნაწილს მიადგა და თავის კითხვასაც გასცა პასუხი.
წიგნის ეს ნაწილი უცნაური სურათებითა და წარწერებით იყო გაფორმებული. არლონდირმა გაოცებით დახედა მათ. ერთ-ერთი მათგანი იუწყებოდა:
„დედამიწა, ჩვენთვის ცნობილი, როგორც ქვეყნიერება, მზის სისტემაში შემავალი ერთ-ერთი პლანეტაა, რომელიც არაფრით გამოირჩევა სხვა პლანეტებისაგან, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მასზეა სიცოცხლე, თუმცაღა ეს უკანასკნელიც არ არის ბოლომდე შესწავლილი და დამტკიცებული.
ცნობილია პლანეტების აფეთქებების შემთხვევები, მაგრამ ამაზე ბევრი ასტრონომი თვალს ხუჭავს და არ აქცევს სათანადო ყურადღებას.
ცნობილია, რომ ელფთა პირველი დასახლებები, როგორც სწავლულები იუწყებიან, დაახლოებით ას რვა წელს გაჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული, ელფები თანაცხოვრობენ სხვა არსებებთან ერთად და, ბუნებრივია, კარგად იცნობენ მათ ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოებებს.
ელფები უხსოვარი დროიდან აკვირდებოდნენ სამყაროში მომხდარ ცვლილებებს და შეძლებისდაგვარად უკავშირებდნენ მათ ვარსკვლავებისა და მზის ქმედებებს, ადარებდნენ საგნებისა და ციური სხეულების განლაგებას და აკეთებდნენ დასკვნებს. ბევრი ელფი ამ მონაცემებზე დაყრდნობით დედამიწის აღსასრულსაც წინასწარმეტყველებდა.“
არლონდირი ცოტა ხანს წიგნს მიაჩერდა. შემდეგ განაგრძო:
„არაერთი ელფური წინასწარმეტყველება ამხდარა. მათი წყალობით ჩვენ წინასწარ ვიცოდით რა ბედი ეწეოდა რამდენიმე პლანეტასა და ვარსკვლავს და წინასწარ ვიყავით მომზადებული. დღეს არსებული ცხრა პლანეტისა და მილიარდობით ვარსკვლავის გარდა, არსებობდა კიდევ ოცდაოთხი პლანეტა, რომლებიც უშუალოდ არ მიეკუთვნებიან მზის სისტემას და სხვა თანავარსკვლავედში შედიან. დღეს ამ ოცდაოთხი პლანეტიდან მხოლოდ ცამეტი არსებობს. ელფთა უძველესი წინასწარმეტყველების მიხედვით, თერთმეტი პლანეტა დროთა განმავლობაში ნადგურდებოდა.“
არლონდირი რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა და ვარსკვლავებს ახედა:
- „ნუთუ მართლა ნადგურდებოდნენ? კი მაგრამ, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის?“ - არლონდირს ეს ძალიან უჩვეულოდ მოეჩვენა, მერე კი რამდენიმე სტრიქონი გაიხსენა: „ამაზე ბევრი ასტრონომი თვალს ხუჭავს და არ აქცევს სათანადო ყურადღებას.“
არლონდირმა მზერა ისევ წიგნზე გადაიტანა და წაკითხულის გვერდით ორი სურათი შენიშნა: ერთში ცა ბევრი ნაირფერი პლანეტით იყო დამშვენებული, მეორე სურათზე კი მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულიყო.
მომდევნო გვერდზე გადაშალა. მთლიანი გვერდი დაეკავებინა დიდ ილუსტრაციას, რომლის თავზეც ეწერა - „მზის დაბნელება“.
სურათზე იყო ჩამუქებული მზის ფონი, რომელსაც რაღაც ეფარებოდა წინ და მის სინათლეს ახშობდა. ეს რაღაც მთვარე იყო.
არლონდირმა მშვენივრად იცოდა რა იყო მზის დაბნელება და მასზე თავისი წარმოდგენაც ჰქონდა, მაგრამ ამჯერად სურათზე დედამიწა ისე საზარლად გამოიყურებოდა, როგორსაც იგი ვერასოდეს წარმოიდგენდა - ბნელი, უწყლო და უკაცრიელი, თითქოს ამქვეყნად ყველანაირი სიხარული და ბედნიერება გამქრალიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent