შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი (თავი მეთერთმეტე) - ჯადოქრის ნაამბობი


2-09-2022, 12:45
ნანახია 622

გოლიათმა ალფიმ, რომელიც მთელი ეს დრო კუთხეში, ხეს აყუდებულიყო, საწყალობლად ამოიყმუვლა.
- აქამდე როგორ ვერ შეგამჩნიე? - ტკბილად მიმართა ჯადოქარმა გოლიათს, - ყოჩაღ, ალფი! სტუმრები პირდაპირ ჩემთან მოგიყვანია! ამისათვის კარგად დაგაჯილდოვებ!
და უეცრად, ზუსტად იმ ხის ქვეშ, სადაც გოლიათი იდგა, ჩიტები გამოფრინდნენ.
- საბრალო ალფი! - განაგრძობდა ჯადოქარი, - ბოროტმა ელფებმა მას ძალიან ატკინეს! არა უშავს, ჩვენ მათ ამისათვის პასუხს მოვთხოვთ!
გოლიათი უკვე ხელში მომწყვდეული ჩიტებით ილუკმებოდა და დროდადრო პირიდან ბუმბულებს აფურთხებდა.
არლონდირმა შენიშნა, რომ ეს უაზრო საუბარი გოლიათთან არაფერი იყო გარდა მორიგი მანევრისა. ეს იყო ერთგვარი ხრიკი, რომლითაც ჯადოქარმა ახალმოსულების მოსვლით ისარგებლა და თავისი სიტყვების შემდეგ უეცრად გაუჩინარდა, ხოლო მათ დასაბნევად, გოლიათს დაუწყო ლაპარაკი. მეორე რაზმი, რომელიც მეორე მხარეს იდგა და ჯერაც ვერ გაერკვია, რა ხდებოდა, მეფემ თავისთან მოიხმო და ყველა ერთად დაიყენა უკან.
- „ბრძოლა უსარგებლოა“, - გაიფიქრა ერონიდასმა, - „თავისი ხრიკებით შეუძლია ყველანი ჭკუიდან შეგვშალოს და ერთმანეთს გადაგვამტეროს. იფიქრე, ერონიდას, იფიქრე!“
თუმცა ერონიდასს ფიქრი არ დასცალდა, რადგან წამის უსწრაფესად საიდანღაც გველი გამოსრიალდა და არლონდირს კისერზე შემოეხვია.
არლონდირმა განძრევა ვერ მოასწრო, რომ უეცრად უზარმაზარი გველი კისერზე შემოეგარგლა და მთელი ძალით მოუჭირა. არლონდირს სუნთქვა შეეკრა და ადგილიდან ვეღარ იძვროდა.
ერონიდასმა წამსვე ხმალი მოიმარჯვა და მასთან მიიჭრა, მაგრამ გველმა პირი დააღო და უფლისწულს უფრო ძლიერად შემოეჭდო. დანარჩენმა ელფებმაც დააძრეს მახვილები, მაგრამ მეფის ნიშანზე ძირს დაუშვეს. ერონიდასი მიხვდა, რომ გველი მას მიახლოებას არ დააცდიდა და ნაბიჯის გადადგმისთანავე გაგუდავდა არლონდირს. ამიტომ ადგილზე დარჩა და შეეცადა მტრის ჩანაფიქრს უსწრაფესად ჩასწვდომოდა და შექმნილი სიტუაცია ცივი გონებით გაეაზრებინა. უცებ ისევ მისთვის ნაცნობი მჭექარე ექო გაისმა, ოღონდ, ამჯერად, უფრო გესლიანი.
- აბა, რა გადაწყვიტე? მეგობრულად მესტუმრები თუ ძალით შემოგიპატიჟო?
ერონიდასი მიხვდა, რომ უნდა დანებებულიყო.
- შემოვალ იმ შემთხვევაში, თუ ულფისწულს გაათავისუფლებ, - უპასუხა მან, - და ისიც ჩემთან ერთად შემოვა, - დაამატა ბოლოს. რატომღაც იგრძნო, რომ არლონდირი მასთან ერთად უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა.
ხმა წამით დადუმდა. თითქოს ამ შეთავაზებამ დააფიქრა და თქვა:
- აქ პირობებს მე ვადგენ, მეფე ერონიდას. თუმცაღა, მინდა ვთქვა, რომ უფლისწულის იდეამ დამაფიქრა და მეტიც - მომხიბლა კიდეც. მაშ ასე, შეგიძლიათ შემობრძანდეთ.
და ამის თქმისთანავე არლონდირს გველი შემოეხსნა და როგორ უეცრადაც გაჩნდა, ისევე გაუჩინარდა.
ერონიდასი მაშინვე შვილთან მიიჭრა:
- არლონდირ, შვილო, როგორ ხარ?
არლონდირს სუნთქვა ჯერ კიდევ უჭირდა და ძლივძლივობით გასცა პასუხი:
- არა მიშავს, - ამოიხავლა ძლივსგასაგონად.
- წყალი! - დაიძახა ერონიდასმა.
მეფეს მათარით წყალი მიართვეს. ერონიდასმა არლონდირს წყალი დაალევინა. უფლისწულმა დაახველა და სული მოითქვა.
- შეძლებ წამოსვლას, არლონდირ? - ჰკითხა ერონიდასმა.
არლონდირმა თავი დაუქნია:
- კი. ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
ამ დროს საჰარლასი მეფესთან მივიდა და ყოყმანით უთხრა:
- მეფეო, იქნებ არ ღირს? პირდაპირ მის ხახაში აღმოჩნდებით, მასაც სწორედ ეს უნდა.
ერონიდასმა მკაცრად შეხედა:
- და აქ დგომით რას ვაკეთებთ, საჰარლას?
ელფმა მცირე ყოყმანის შემდეგ თავი დახარა.
- როგორც იტყვით, მეფეო. მომიტევეთ.
ერონიდასმა და არლონდირმა მტკიცე ნაბიჯით გასწიეს სახლისკენ. ახლოს რომ მივიდნენ, მეფემ უთხრა:
- აბა, არლონდირ, ტყუილად ხომ არ წამომიყვანიხარ? იცოდე, სერვერალდს შენ გაბარებ.
არლონდირმა მამამისს შეხედა. ერონიდასი იღიმოდა. მანაც გაიღიმა და თავი დაუკრა.
ამ დროს კარი ჭრაჭუნით გაიღო და სტუმრები შიგნით შეიპატიჟა. ზღურბლთან შეჩერდნენ და შიგნით შეიხედეს. სახლში უკუნი სიბნელე იყო. არლონდირს გაუკვირდა, როგორ უნდა გაეგნოთ გზა.
- „აქ თქვენ სანთელი არ დაგჭირდებათ
სიმამაცეა თქვენი მზის სხივი
დატოვეთ გრძნობები კარის ზღურბლს უკან
განსაჯეთ აქ მხოლოდ გონებით ცივით“.
ეს სიმღერის თუ ლექსის ნაწყვეტი ძალზედ საამურად ჟღერდა, თუმცაკი ბნელ ოთახში მაინც უჩვეულოდ ისმოდა. ერონიდასი შიგნით შევიდა. არლონდირიც ფეხდაფეხ მიჰყვა. შესვლისთანავე სიგრილე იგრძნო. სიომ დაუბერა და სახეში სასიამოვნოდ მიელამუნა.
-„სიმამაცეა თქვენი მზის სხივი“, - გაისმა ისევ, ოღონდ ამჯერად უფრო ჩუმად. ბოლო სიტყვები კი ჰაერში დაიკარგა.
უკნიდან კარის ჭრაჭუნი გაისმა და ერთადერთი სინათლე, რომელიც გარედან მოდიოდა, სიბნელემ შთანთქა.
უცებ მათ წინ პატარა ნათება გაჩნდა. არლონდირმა სანთელი გაარჩია. როცა მიუახლოვდნენ, დაინახა, რომ სანთელი ხის მაგიდაზე იდო, მაგიდასთან კი ვიღაც იჯდა. უცნობს კაპიუშონი ჩამოეფხატა და სახე არ უჩანდა, მაგრამ მხრებზე ბზინვარე ქერა თმა მოუჩანდა. არლონდირი მაშინვე მიხვდა მის ვინაობას და სასწრაფოდ მისკენ გაეშურა, მაგრამ მეფემ შეაკავა.
- შეიძლება ილუზია იყოს, არლონდირ, - უთხრა ჩუმად.
არლონდირი წამით შეჩერდა და თავი დაუქნია. უცებ ეს სინათლე ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გაჩნდა და ორივენი კვლავ სიბნელეში აღმოჩნდნენ.
იატაკზე ნაბიჯების ხმა გაისმა და მათ ცხადად გაიგონეს - „აქეთ“. სხვა რა გზა ჰქონდათ, ხმას მიყვნენ და ისევ რომელიღაც ოთახში აღმოჩნდნენ. არლონდირს ნესტისა და გოგირდის სუნი ეცა და ცოტა გაუკვირდა. დიდხანს იარეს სანამ, ბოლოს, დიდ დარბაზში არ აღმოჩნდნენ. დარბაზი მაღალჭერიანი და მთლიანად ქვისგან ნაკეთები იყო, კედლების გაყოლებაზე კი ჩირაღდნების ალი ბრდღვიალებდა.
არლონდირს გაოცებისგან ენა გადაეყლაპა. ვერაფრით მიხვდა, რა გზით შეიძლებოდა ამხელა დარბაზის მოთავსება, თვალით, ერთი შეხედვით, უბრალო ხის სახლში.
- „ეს უმაღლესი ჯადოქრობაა“, - გაივლო გონებაში.
მათი ნაბიჯების ხმა ყრუ ექოს გამოსცემდა, ჩრდილები კი კედლებზე ცეცხლის ენებზე ცეკვავდნენ.
-„განსაჯეთ აქ მხოლოდ გონებით ცივით“, - გაისმა საამური, წკრიალა ხმა, - „გონებით ცივით“, - ჩუმად გაიმეორა ხმამ და მიწყდა.
- „გონებით ცივით“, - გულში გაიმეორა არლონდირმაც და ეცადა ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ცივი გონებით ემსჯელა და ემოქმედა. ეგონა, რომ ამ დარბაზს დასასრული არ ეწერა, როცა წინ დიდი ჭიშკარი ჟრიალით გაიღო და ისევ წყვდიადი გამოჩნდა.
უეცრად ერონიდასი შედგა და ხმამაღლა თქვა:
- აღარ დასრულდება შენი სახლის გარშემო მოგზაურობა? მომბეზრდა უკვე ეს გვირაბები. იქნებ გამოსულიყავი და გვესაუბრა, როგორც შევთანხმდით?
მეფის ხმა მთელ დარბაზში ექოდ გაისმა. პასუხი აყოვნებდა.
- მგონი, უნდა, რომ სვლა განვაგრძოთ, - მასპინძლის მაგივრად უპასუხა არლონდირმა.
- დაე, იყოს ასე! - თქვა ერონიდასმა და წყვდიადში შეაბიჯა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა არლონდირიც.
მათ უკან უზარმაზარი ლითონის კარი ხმაურით დაიხურა და სტუმრები კვლავ სიბნელეში აღმოჩნდნენ. არლონდირმა უცნაური სუნი იგრძნო. თითქოს ელფური ბალახები, წამლები თუ წყალმცენარეები ერთმანეთში აერიათ. კიდევ იგრძნო ლითონისა და შმორის სუნი, სადღაც შორიახლოს კი ძველთაძველი წიგნების სურნელი ტრიალებდა.
მოლოდინი გაუმართლდა. უეცრად, ერთიმეორის მიყოლებით, ისევ ჩირაღდნები აინთო, ოღონდ ამჯერად - თავისით. თან ეს ჩირაღდნები მათი მოწინავეებისგან განსხვავდებოდა. ცისფერი ცეცხლი ლამაზად გამოთლილ თასებში გრიალებდა, თან სითბოს ნაცვლად სიცივესა და სუსხს ასხივებდა, რაც არლონდირმა ცხადად შეიგრძნო.
ისევ ოთახში ამოყვეს თავი, თუმცა მას თავი და ბოლო არ უჩანდა. მთელ სიგრძეზე, სადაც კი თვალი სწვდებოდა, სულ წიგნის თაროები აღემართათ. ალაგ-ალაგ ხის მაგიდები იდგა, ზემოდან კი უცნაური ნივთები ელაგა: სხვადასხვა ფორმის ბოთლები - ზოგი გამობერილი და პატარა, ზოგიც წვრილი და გრძელი; თასები, რომლებშიც არლონდირისთვის გაუგებარი ფხვნილები ეყარა. ზოგიერთ მათგანს ბოლი სდიოდა და ოხშივარი ავარდნოდა. აი, თურმე რისი სუნი ტრიალებდა! მაგრამ არლონდირისთვის ამ ნივთიერებების სახელები თუ დანიშნულება უცნობი იყო. მაგიდებზე გადაშლილი წიგნებიც ეწყო და ზვინებად დაწყობილებიც.
ჭერში არლონდირმა უზარმაზარი აბლაბუდები დალანდა, რომლებიც ცეცხლის შუქზე ვერცხლისფრად ბზინავდა. ერთ-ერთ ხის, გრძელ მაგიდაზე არლონდირმა ჩამწკრივებული შუშის ქილები დაინახა, რომლებშიც უცნაური და რატომღაც საშიში საგნები მოჩანდა. შორიდან ვერ გაარჩია, რა ცურავდა ქილებში და სწრაფად მოარიდა მზერა.
ერონიდასი მთელი ეს დრო ყურადღებით ათვალიერებდა ოთახს, მაგრამ ხმას არ იღებდა. უეცრად წყნარი, საამური ხმა გაისმა:
- კეთლი იყოს თქვენი მობრძანება.
არლონდირმა ერთ-ერთი თაროს უკან ცეცხლის ენებით აკვესებულ თვალებს მოჰკრა მზერა და მალე ამ თვალების პატრონიც გამოჩნდა. ისევ ისეთი იყო - ლამაზი და სასტიკი. ჰასიკი თაროს მოშორდა და სტუმრებისკენ გადადგა ნაბიჯი.
- ბოდიშს გიხდით, თუ ჩემს სახლში მოგზაურობით თავი მოგაბეზრეთ, - თქვა მან, - უბრალოდ მინდოდა, ღირსეული დახვედრა მომეწყო. მეფე და უფლისწული ყოველდღე ხომ არ მესტუმრება?
ჰასიკის თვალებში ისევ ცეცხლი გაუკრთა.
- ღირსეული დახვედრა კი მოგიწყვია, ნამდვილად, - მიუგო ერონიდასმა, - ვერაფერს ვიტყვი.
- იქნებ დავმსხდარიყავით და გვესაუბრა? - ჰკითხა ჯადოქარმა, - მგონი, რომ თქვენც ამისთვის მოხვედით, - და ხელით მაგიდასთან მიიწვია.
ჯადოქრის მითითებაზე მაგიდას სკამები გამოსცილდა და სტუმრების დასახვედრად მოეწყო. ერონიდასმა ნაბიჯი წინ გადადგა და იქით გაემართა, საითაც მიუთითებდნენ. მას კვალად არლონდირიც მიჰყვა.
- ჩაის ხომ არ ინებებთ? - შესთავაზა მასპინძელმა.
- არა, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, - მოუჭრა ერონიდასმა.
- საწყენია, - თქვა ჰასიკიმ, - არადა ისეთ ჩაის ვამზადებ... ყველანაირს, რაც კი თქვენს გულს გაუხარდება და ისეთს, მთელს თქვენს ელფთა სამეფოში რომ ვერ ნახავთ მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. მაგრამ რაკი ასე გეჩქარებათ, - და მათთან ერთად დაჯდა.
მაგიდაზე რამდენიმე სქელყდიანი წიგნი იდო, რომლებშიც არლონდირმა უცნაური სურათები და სიმბოლოები ამოიკითხა, თუმცა მნიშვნელობას ვერ მიხვდა.
- მოგწონს? - ჰკითხა არლონდირის სახის დანახვაზე ჯადოქარმა, - ეგ უძველესი ელფური რუნებია. თუ გინდა შეგასწავლი.
- რუნებზე სასაუბროდ არ გვცალია, - მიუგო ერონიდასმა, - მითხარი, შენ გაგეგმე თუ არა მკვახეველის კომპლექტში ჩვენზე თავდასხმა და შენთან არის თუ არა სერვერალდი!
- პირველი, - ზანტად მიუგო ჰასიკიმ, - ეს თავდასხმა კი არა, უბრალო დაზვერვა იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ჩანაფიქრი ასეთი იყო. რაც შეეხება მეორეს, დიახ, სერვერალდი ჩემთანაა, როგორც უკვე მოგახსენეთ, - და თვალებში ისევ ცეცხლი გაუკრთა.
- როგორ თუ დაზვერვა?! - გაბრაზდა ერონიდასი, - სამეფო ოჯახზე თავდასხმას დაზვერვას უწოდებ? ამისათვის უმაღლესი სასჯელი გეკუთვნის!
- მე მშვენივრად ვიცი, რა სახის სასჯელი ეკუთვნის მას, ვინც სამეფო ოჯახზე გაბედავს თავდასხმას, - ოდნავ ხმას აუწია ჰასიკიმ, - რადგანაც ამ სასჯელთა უმეტესობა ჩემი შექმნილია.
ერონიდასი გაკვირვებით მიაჩერდა.
- როგორ?
- ისე, - მიუგო ჯადოქარმა, - რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში, რამდენჯერმე მომიწია სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა. უმაღლესი სასჯელიც, სხვა სიტყვებით - სიკვდილი, ჩემს დროს, უფრო მეტიც - ჩემი რჩევით - იქნა მიღებული. მოკლედ რომ ვთქვათ, შენზე გაცილებით დიდი და გამოცდილი ვარ, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლია, მეფე ერონიდას!
ერონიდასი ადგილზე გაქვავდა. არლონდირიც არ ელოდა ასეთ სიტყვებს.
- „რამდენი წლისაა ეს წყეული ალქაჯი?“ - იფიქრა ერონიდასმა და მალე პასუხიც მიიღო.
- იმდენის, რომ უკვე სათვალავში ამერია, - თითქოს მისი აზრი წაიკითხა, ისე უპასუხა ჰასიკიმ, - მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?
- უმაღლესი სასჯელი ხომ მეფე ფარსივალდ ბრძენის დროს მიიღეს? - ჩაეკითხა უცებ არლონდირი, - ის მამას დიდ ბაბუად ეკუთვნის. მას შემდეგ უამრავი ასწლეული გავიდა!
- რომ იცოდეთ, რა სწრაფად მიიწურა ეს ასწლეულები, უფლისწულო! - სევდანარევი ხმით უპასუხა ჯადოქარმა.
- კი მაგრამ... - არ ცხრებოდა არლონდირი, - როგორ...
- ჩვენ შენი ცხოვრების მოსასმენად არ მოვსულვართ, - შეაწყვეტინა ერონიდასმა, რომელსაც ჯერ ვერ ამოეხსნა ეს უცნაურობა, მაგრამ ცდილობდა მთავარი საკითხისთვის არ გადაეხვია, - რა მიზანი გქონდა? რატომ ჩაიდინე ასეთი ქმედება? ელფები დაზარალდნენ, ახალაშენებული კომპლექტი კი კინაღამ მიწასთან გაასწორე.
- მთელი გულით ვწუხვარ და თანაგიგრძნობთ! - მიუგო ისევ სევდიანად, - ზარალის მოყენება აზრადაც არ გამივლია! უბრალოდ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩანაფიქრში მქონდა.
- გოლიათები შემოგვისიე და ზარალის მოყენება არ მინდოდაო, ამბობ?! - გაბრაზებით ჰკითხა ერონიდასმა, - როგორ გავიგო?
- ელფები ერთობ გულუბრყვილო და ძალზე ერთგული არსებები არიან, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა და გოლიათების გამოყენება მომიხდა. მათი მანიპულირება ხომ ძალიან იოლია. მაგრამ ამჯერადაც გამოავლინეს თავიანთი უგუნურობა და დაზვერვის ნაცვლად თავს დაგესხნენ, - უპასუხა ჰასიკიმ.
- რომელ დაზვერვაზე მელაპარაკები?! - იყვირა ერონიდასმა, - გოლიათები მოგვიგზავნე დასაზვერად?! ეს ხომ სიგიჟეა!
- გინდა დაიჯერე, გინდა - არა! - მიუგო ჰასიკიმ, - მაგრამ ეს სრული სიმართლეა.
- ჩემს სამფლობელოში თავდასხმა მოაწყვე! - გაიმეორა ერონიდასმა.
- უბრალოდ, თქვენი გამოცდა მინდოდა, - წყნარად მიუგო ჯადოქარმა, - მინდოდა გამეგო, რამდენად ძლიერი მეფე ჰყავდა ელფთა სამეფოს.
ამან ერონიდასი გააცეცხლა. უცებ წამოხტა და მაგიდაზე ხელი დაარტყა.
- როგორ ბედავ! - დაიყვირა გამეხებით.
- დაჯექი და ჩემი მაგიდის მტვრევას მოეშვი! - ხმა აიმაღლა ჰასიკიმ, - და ხმას დაუწიე. არ მოგცემ უფლებას ასეთი ტონით მესაუბრო, მითუმეტეს ჩემს სახლში, შენ პატარა ელფო! წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამდენი ხანია ვარსებობ ამ მიწაზე! შენნაირი მეფეები ჩემს ხელში იზრდებოდნენ და იღუპებოდნენ! ელფთა სამეფო ჩემ თვალწინ იშლებოდა და იფურჩქნებოდა! მე მომსწრე ვარ მისი დაცემისა და აღმასვლის! შენ კი დგახარ აქ, ჩემს წინ, მეფე ერონიდას, სარინდურის ძევ და მაგიდაზე მუშტებს მირახუნებ! დაჯექი და ცოტა გონს მოუხმე, ბავშვო!
არასდროს, არასდროს არავის გაებედა მეფე ერონიდასისთვის ასეთ სიტყვებით საუბარი! მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე, ერონიდასისთვის ასე არასდროს არავის მიუმართავს. არლონდირს მსგავსი თავის დღეში ვერ წარმოედგინა. ვერასდროს გაივლიდა გონებაში, რომ მამამისს, ელფთა სამეფოს უძლეველ ხელმწიფეს ასე დაამცირებდნენ. ამ ელფის სიტყვებში მთელი ძალაუფლება და ხნიერება იყო ჩაქსოვილი, მის ხმაში ძლევამოსილება იგრძნობოდა და აღარ ჟღერდა ისე ახალგაზრდულად და კეკლუცად, როგორც მანამდე. როგორც ჩანდა, ეს ერონიდასმაც ცხადად შეიგრძნო. გულმა უკარნახა, რომ მის წინ ნებისმიერ მეფეზე უფრო აღმატებული პიროვნება იდგა. ამიტომ ისე მოიქცა, როგორც უთხრეს და ბრძანებას დამორჩილდა.
არლონდირი ჯერაც ვერ იჯერებდა, რომ ვინმეს მეფისთვის ასეთი რამ ეკადრებინოს, მეფე კი ფინია ძაღლივით, მორჩილად დაჰყოლოდეს. მაგრამ ამ წუთში იგი ენერგიის უდიდეს ტალღას გრძნობდა, რომელიც მის პირისპირ მჯდარისგან უძლეველი რაოდენობით მოედინებოდა და ამ ტალღამ მთელ სხეულში გადაუარა და გააცამტვერა.
ერონიდასი დაჯდა. ჰასიკი ჩუმად იყო და არ ინძრეოდა, თუმცაკი სახეზე მრისხანება ეწერა. ბოლოს ხმა ამოიღო:
- ახლა კი, ჩვენს საუბარს მივუბრუნდეთ. კიდევ რა გაინტერესებთ? - იკითხა წყნარად, მშვიდ და დაბალ ხმაზე.
- უბრალოდ ამიხსენი, რა გინდა ჩემგან, ჩემი ოჯახისგან და ჩემი სამეფოსგან, - ჩუმადვე მიუგო ერონიდასმა.
- უკვე გითხარი - შენი გამოცდა მინდოდა. ეს მამაშენის სურვილით გავაკეთე, - არლონდირს და ერონიდასს მზერა გაეყინათ, - რადგან დიდი ხნის წინ, მან პირობა მომცა, რომ თავისი სამეფოს ნაწილს მიბოძებდა, თუ ერთ საქმეს შევასრულებდი.
მე არავის ვემორჩილები, - განაგრძო ჰასიკიმ მათი სახეების დანახვაზე, - არც მეფეებს და არც დედოფლებს, რაოდენ ძლევამოსილნიც არ უნდა იყვნენ ისინი. მე მხოლოდ ბუნების ძალებს ვეთაყვანები და მის ჟამთაცვლას მივყვები. ვიცი, ჩემზე ათასი მითი თუ თქმულებაა. არც უარვყოფ, ნებისმიერ ელფს აინტერესებს ჩემი იდუმალებით მოცული ვინაობა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო წარმოსახვითი და საშიში ლეგენდები იქმნებოდა, რომლებიც, მე თუ მკითხავთ, მხოლოდ ბუხრის წინ მოსასმენად თუ გამოდგება. არადა, სამეფო საცავში, არქივში ერთი-ორი ფურცელი აუცილებლად მოიძებნებოდა ჩემზე. წესით ახლაც იქ უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ზღაპრებს აყოლილ რომელიმე გონებამახვილ მეფეს არ მიუცია მისი განადგურების ბრძანება.
ბოლო დროს მხოლოდ ის მესმის, ვითომდა ელფებს ვიტაცებდე და მათგან ცხოველებს ვქმნიდე, - ჩაიცინა ჰასიკიმ, - ცოტა თუ მიხვდება, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოგონებაა - სულ არაფრისგან რაღაც ცოცხალის შექმნა! სიმართლე გითხრათ, ძალიან ვამაყობ საკუთარი შედევრებითა და მიღწევებით. განა რა, რომელმა ელფმა შეძლო მსგავსისთვის მიეღწია?!
მე ძალიან, ძალიან ადრე დავიბადე. ჯადოქრობა ჩემს ხელში ისხამდა ფრთებს და ელფები მარტო ამისათვის უნდა მიმადლოვდეთ! თუმცაღა, ბევრმა ეს ვერ აღიქვა და მტრულად მომეპყრო, სიმართლე ვთქვა, არც არავის ვეხატებოდი დიდად გულზე. მათ შურდათ ჩემი და ბოღმა ახრჩობდათ, როცა ხედავდნენ ჩემ მიერ ჩადენილ საოცრებებს. დიახ, ასეთებიც შეიძლება იყვნენ ელფები! ამიტომ, ავდექი და იქ განვაგრძე ჩემი საყვარელი საქმის კეთება, სადაც ვერავინ მომაგნებდა და ხელსაც არ შემიშლიდა. ამისათვის კი ტყეზე უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდი, მით უმეტეს კი ისეთს, რომლისაც ეშინიათ და თავს არიდებენ. საერთოდ, როდესაც განმარტოება გინდა, ისეთ ადგილს უნდა მიაგნო, რომლის მიმართაც ძრწოლა აქვთ. იქ თავს უსაფრთხოდ იგრძნობ და შენს საქმესაც მშვიდად გააკეთებ. მეც ასე მოვიქეცი და ეს ტყე ჩემს სამფლობელოდ ვაქციე. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ღრმად ჩავწვდი ჯადოქრობას და მანამდე არარსებულს მივაკვლიე. სრულიად ახალი ხერხები შევქმენი და მანამდე არსებული სრულყოფილებამდე ავიყვანე! ჩემი ერთ-ერთი უპირველესი მიღწევა კი ის გახლავთ, რომ ამდენი ხანია ვარსებობ და კიდევ ვიარსებებ, სანამ ქვეყნიერება ისუნთქებს.
ასეთი პატარა ტყე ამხელა შესაძლებობებისთვის კი დამეთანხმებით, მართლაც ძალიან პატარაა. ამიტომ ახალი მიწების საძებრად გავეშურე. დროდადრო მეფის კარზეც ვმსახურობდი და არაერთხელ დამიკავებია მაღალი თანამდებობა. ერთხელ, პირადი მრჩეველიც ვიყავი. მეფე ფარსივალდ ბრძენის პირადი მრჩეველი! რა ტკბილი წლები იყო! თუმცა, როგორც ვიცი, ახლა ეს თანამდებობა გააუქმეს. გულუბრყვილო და ეგოისტური გადაწყვეტილებაა. ამით კიდევ ერთხელ, ნათლად გამოჩნდა ელფთა მეფეთა სიხარბე და გაუმაძღრობა, - აღნიშნა ჯადოსანმა, - სასახლეში კარგად მექცეოდნენ, პატივით მეპყრობოდნენ, თუმცაღა ეს უპირველესად იმის გამო, რომ ჩემი ეშინოდათ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემი წყალობით შეისწავლეს მაშინ ელფებმა ჯადოქრობის ახალი გზები და მისი გაუმჯობესების ხერხები, თუმცა ყველას როდი მოსწონდა ეს. ავისმომასწავებლად მიიჩნევდნენ და გამუდმებით თავს მარიდებდნენ.
მეფის კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვებასთან ერთად, საკმაო ფართობის მიწებიც მოვიპოვე და მეტი რაღა დამრჩენოდა? მოვიწყინე და ისევ ტყეში დავბრუნდი. ასე გრძელდებოდა მრავალი ასწლეული. თქვენი შეხვედრა კი, მინდა გითხრათ, საკმაოდ განსხვავებულ და საინტერესო ვითარებაში მომიწია.
ჯადოქარმა მოყოლა დაასრულა. მეფე და უფლისწული ჯერ ჩუმად ისხდნენ და მოსმენილს იაზრებდნენ. მართლაც გასაოცარი ამბის მსმენელნი გახდნენ. არლონდირის თავში ათასი კითხვა ირეოდა და ყველაზე პასუხები უნდოდა მიეღო, მაგრამ ერონიდასმა დაასწრო.
- შავი ჯადოქარი, - თქვა მან - ასე გეძახიან, ხომ მართალია? შენი ცხოვრება და მონაყოლი მართლაც იდუმალებითაა მოცული. პირველ რიგში, თანაგიგრძნობ, რადგან გარშემომყოფებისგან წამოსვლა და დამალვა მოგიწია. ეს მართლაც საშინელებაა. ამქვეყნად იმაზე ცუდი არაფერია, როცა გარშემომყოფნი ვერ გიგებენ და მტრულად გეპყრობიან. მაგრამ...- ერონიდასი წამით დადუმდა, - მაგრამ შენ ხომ ჯადოქრობის აკრძალულ სფეროს შეეხე? ამას ხშირ შემთხვევაში სავალალო შედეგი მოჰყვება, ზოგჯერ კი - მსხვერპლიც. თუმცაკი, ყველაზე მეტად იმ ამბავმა დამაინტერესა, რომელიც მამაჩემს ეხებოდა. რა გაკავშირებდა და რა გარიგება დადე მასთან?
- ვეცდები ყველაფერს გავცე პასუხი და ამით თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო, მაგრამ შეცდომა დაუშვი, როცა ჩემი ცხოვრება ახსენე, ვინაიდან მთელი ჩემი ცხოვრების გადმოსაცემად აქ დაუსრულებლად ჯდომა მოგიწევდათ. თქვენ კი, თუ სწორად მახსოვს, ძალიან გეჩქარებათ.
დავიწყოთ პირველი შეკითხვით - დიახ, დღეს ამ სახელით ვარ ცნობილი - შავი ჯადოქარი. თუმცაღა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელით მიცნობდნენ. ერთ დროს ავბედით ყორანსაც მიწოდებდნენ და რას აღარ.
მეორე - შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა გრძნობაა, როდესაც შენი არავის ესმის და ყველა ზურგს გაქცევს. მაგრამ მე დიდი ხანია, რაც ყოველგვარ გრძნობაზე უარი ვთქვი. თუმცა, გეთანხმები იმაში, რომ ამაზე საშინელი ამქვეყნად არაფერია.
ჯადოქრობის აკრძალული სფეროო თქვი. მაშ, მე გეტყვი, რომ ჯადოქრობას საზღვრები არ გააჩნია. ჯადოქრობა ერთგვარი ხელოვნებაა. ამ ელფებმა კი, ხელოვნების მცოდნეებად და მის თავგადაკლულ დამცველებად რომ მოაქვთ თავი, სინამდვილეში არაფერი იციან ხელოვნების შესახებ. მათ ხელოვნება მხოლოდ რითმიანი ლექსები და ლამაზი ლეგენდები ჰგონიათ, მაგრამ ხელოვნება ამაზე გაცილებით, გაცილებით მაღლა დგას. მიუხედავად ამისა, ეს ჩემი ცხოვრებაა და მე თვითონ განვსჯი, რა გზას დავადგე.
და აი, მივადექით იმ საკითხს, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და ჩემთვისაც არანაკლებ საინტერესო იყო თავის დროზე: მეფე სარინდურმა, შენმა პატივცემულმა მამამ, ერთ დროს რომ მოწიწებით მეპყრობოდა, ჩემთან გარიგება დადო - მან მთხოვა თავისი უფროსი შვილისთვის ანუ ტახტის მემკვიდრისთვის, რომ წამოიზრდებოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, ჯადოქრობა შემესწავლებინა, სანაცვლოდ კი თავისი მიწების ნაწილს მიბოძებდა. მეფემ კარგად იცოდა, რაოდენ ძლიერი და ჭკვიანი ვიყავი და ამის გამო მუდამ პატივისცემით მექცეოდა. მეფე გონიერი ელფი იყო და სასახლეში მაღალი თანამდებობის სანაცვლოდ, ჩემი გამოყენება ისურვა. ამიტომაც მთხოვა, რომ მემკვიდრისათვის მთელი ჩემი ცოდნა გადამეცა, რათა ძლევამოსილი გამხდარიყო და სამეფოც ძლიერი ჰქონოდა. თავიდან უარი განვუცხადე, რადგან მთელი ჩემი ცოდნის დასაგროვებლად ასწლეულებიც არ მეყო და მისი ვინმესთვის გადაცემა კი ათასწლეულებსაც წაიღებდა. მაგრამ მეფე დაჟინებით მთხოვდა, მიწების გაათმაგებულ რაოდენობას მთავაზობდა და საბოლოოდ, მეც დავთანხმდი. მაგრამ მოხდა ის, რაც თქვენ ჩემზე უკეთ უწყით. ომი დაიწყო, რომელმაც მეფეც შეიწირა და ტახტის მემკვიდრეც. ამიტომ გარიგება დაირღვა, მაგრამ მეფეს შეპირებული მიწების მეოთხედი უკვე გადმოეცა ჩემთვის. მათ დაბრუნებას კი, რომელთათვისაც ამდენ ხანს ვიბრძოდი, არაფრით ვაპირებდი. მაგრამ დროთა განმავლობაში სინდისი მქენჯნიდა, რომ პირობა შეუსრულებელი დარჩა. თუმცაღა მეფეს გადაჭრით ჰქონდა ნათქვამი ჩემთვის, რომ მხოლოდ უფროსი მემკვიდრე ამეყვანა სასწავლებლად. დანარჩენ შვილებზე სიტყვა არ დასცდენია. ეს მეფის მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო. არავინ იცის, რას გვიმზადებს ბედისწერა - დღეს ცოცხალი ხარ, ხვალ კი ამავე დროს შესაძლოა უკანასკნელ წუთებს ითვლიდე.
ბებერი რეგვენი! ძალიან უგუნურად მოიქცა. ტახტი უფროსი მემკვიდრის გარეშე დარჩა, პირობა - შეუსრულებელი. მე ჩემი კუთვნილი მიწები ავიღე და დიდი ხნის მანძილზე აღარ გამოვჩენილვარ. მაგრამ ერთ დღესაც ძალიან გამტანჯა უსამართლოდ დადებულმა სიტყვამ და ბოლოს, გადავწყვიტე ტახტის მემკვიდრე მომეძებნა და ჩემი პირობა შემესრულებინა. ბოლოს თვალი რომ შეგავლეთ, დაგტოვეთ და წავედი, ძალიან პატარა იყავი და შეუძლებელია გხსომებოდი. მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა! წყეულიმც იყოს გოლიათების მოდგმა! მე მათ მეფის შეკავება ვუბრძანე და არა კომპლექტის დანგრევა! თუმცა, ჩემი მხრივ, უნდა ითქვას, რომ თქვენ ბრწყინვალედ გაართვით თავი. ამდენს მართლა არ მოველოდი. იმ სულელებმაც კარგი გაკვეთილი ისწავლეს. ამიერიდან იციან, რომ ელფთა მოდგმას აღარ უნდა გაეკარონ.
ჩემი ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ გოლიათებს შეეკავებინეთ და ყოველგვარი ქაოსისა და აყალ-მაყალის გარეშე ტყეში მოეყვანეთ. მე ტყე უკვე მრავალი წელია არ დამიტოვებია. აქ საქმის ვითარებას აგიხსნიდით და თუ სურვილი გექნებოდა, მამაშენის თხოვნასაც პირნათლად ავასრულებდი. ჩემდა საუბედუროდ, ბედმა მიმუხთლა და ყველაფერი სხვაგვარად დატრიალდა! ეტყობა, რომ უთვალავი წლის სიცოცხლემ საბოლოოდ მოახდინა ჩემზე გავლენა.
ერონიდასი დიდხანს იჯდა და ხმას არ იღებდა. ბოლოს, დუმილისა და ფიქრის შემდეგ, წამოდგა და თქვა:
- შენ მიიღე შენი კუთვნილი მიწების ნაწილი, რომლებსაც მამაჩემი დაგპირდა. ჩათვალე, რომ სიტყვა შეასრულე და ამიერიდან შენმა სულმა მოისვენოს, რადგან მე არაფრით დავთანხმებოდი ჯადოქრობის ყოველი კუთხე-კუნჭულის შესწავლას. მე საკუთარი გონებითა და სიმამაცით ვმართავ სამეფოს და არა ხელოვნებით, როგორც შენ უწოდებ. ეს ტყეც და ყველა დაპირებული მიწაც შენს სამფლობელოდ მიღიარებია. ხოლო ნებისმიერი, ვინც გაბედავს და აუგად მოგიხსენიებს, სამაგალითოდ დავსჯი. მშვიდობით გავნლე შენი სიცოცხლის უთვლავი დღენი!
ჯადოქარი ფეხზე წამოდგა და არლონდირისდა გასაკვირად, მეფეს თავი დაუკრა. მეფემაც იგივე გააკეთა. არლონდირმა მოისაზრა, რომ თვითონაც ასე უნდა მოქცეულიყო, ამიტომ უმალვე წამოდგა და ჰასიკის მდაბლად დაუკრა თავი. მანაც მსგავსად მიუგო და უფლისწულს გაუღიმა:
- იმედია, ერთ დღესაც გიხილავთ ტახტზე მჯდარს, უფლისწულო.
არლონდირმაც გაუღიმა, მაგრამ უეცრად რაღაც გაახსენდა:
- მგონი ვიღაც გვრჩება, მეფეო.
ჰასიკიმ ჩაიცინა და მიუგო:
- ეგ ვიღაც რა ხანია გასასვლელში გელოდებათ. ძალიან კარგი ყმაწვილია. გამოგიტყდებით და მომენატრება.
უეცრად, თითქოს ოთახიც და ჯადოქარიც გალღვა და ბურუსში ჩაეფლო. სტუმრების წინ კარი გამოიკვეთა, რომლიდანაც სინათლე იფრქვეოდა. ერონიდასმა და არლონდირმა მისკენ გასწიეს და სულ მალე გარეთ აღმოჩნდნენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent