ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი (თავი მეათე) - ნისლიანი ტყე
გარიჟრაჟზე ყველაფერი მზად იყო. გოლუნდირის შესასვლელში ათეულობით ცხენი და ერთი ეტლი იდგა. რამდენიმე მცველი ცხენზე ამხედრებულიყო, დანარჩენები კი იქვე ირეოდნენ გამგზავრების სამზადისში. მეფისა და უფლისწულის გამოჩენაზე ელფებმა თავები დახარეს და წასასვლელად მოემზადნენ. იქვე, შორიახლოს იდგა სერვერალდის მსახური ლაქმანი. ფიქრებში ჩაძირული, ცხენს ეფერებოდა. უფლისწულის მიახლოება არ გაუგია, ამიტომ არლონდირმა ჯერ თვალი ადევნა, როგორ ცდილობდა საბრალო მსახური დარდის გაქარვებას, მერე კი დაილაპარაკა: - ვხედავ, მოსულხარ. მიხარია შენი ნახვა, - და გაუღიმა. ლაქმანი ახლაღა მოეგო გონს და დაბნეულმა, უფლისწულს ნაჩქარევად დაუკრა თავი. - მაპატიეთ, უფლისწულო, ვერ დაგინახეთ, - მოუბოდიშა შეწუხებით. - არა უშავს, მთავარია ჩვენი მიზანი შევასრულოთ და, როგორც დაგპირდით, შენი ბატონიც ვიპოვოთ, - თბილად მიუგო არლონდირმა. ბატონის ხსენებაზე ლაქმანი მოიღუშა და სახე მოექუფრა. - ნუ ღელავ, ვიპოვით. მჯერა, რომ ვიპოვით, - მისი სახის დანახვაზე, არლონდირმა გამხნევება სცადა. ლაქმანი მადლიერების გრძნობით აივსო. - თქვენ მართლაც საოცარი ელფი ხართ, - უთხრა აღტაცებითა და აღფრთოვანებით, - ჩემი ბატონი ამას ხშირად იმეორებდა. დაე, მუდამ იბრწყინოს თქვენმა ნათელმა სახემ. შემდეგ მუხლი მოიდრიკა და ხელზე ეამბორა. არლონდირმა თბილად გაუღიმა და თავი ოდნავ დაუკრა. არც მაშინ და არც წინა დღეს არლონდირს დედოფალი არ უნახავს. რამდენჯერმე მოიკითხა და მისი ნახვა ისურვა, მაგრამ ელფებმა მოახსენეს, რომ დედოფალი ისვენებდა და ბრძანა, არავის შეეწუხებინა. მიუხედავად ამისა, არლონდირს იგი სასახლეში არ დაუნახავს. - სად არის, ის მაინც მითხარით! - თქვა მოუსვენრად და ცოტა გაბრაზებით. - ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ისვენებს, - მიუგეს უკვე მერამდენეჯერ. - არ მიკითხავს რას აკეთებს, მე გკითხეთ სად არის-მეთქი! - გაგულისდა არლონდირი. ელფებმა ერთმანეთს გადახედეს და ცოტა დაყოვნებით უპასუხეს: - როგორც ვიცით, ბოლოს ცხელ აბაზანას იღებდა, უფლისწულო. იქვე გაატარა საღამო, მერე კი მოსასვენებლად წავიდა. - სად? - დაეკითხა არლონდირი. ელფები ისევ შეყოვნდნენ. - სად?! - არლონდირი მოთმინებას კარგავდა. - ვერ გეტყვით, - მოუბოდიშეს ელფებმა, - დედოფლის ბრძანებაა, მოგვიტევეთ. არლონდირმა ხელები მომუშტა და ადგილიდან მოწყდა. დარბაზში უცებ მეფეს შეეჩეხა და აღელვებულმა ნაჩქარევად მოიბოდიშა. - რა ხდება, არლონდირ? - ჰკითხა ერონიდასმა დაეჭვებით. - დედოფალს ვეძებ, მაგრამ ელფები არ ამბობენ სად არის, - დამწუხრებითა და ბრაზით მიუგო არლონდირმა. ერონიდასმა იგი გულდასმით შეათვალიერა და ბოლოს გაუღიმა: - ნუ ღელავ, დედოფალი კარგადაა. უბრალოდ, ცოტა ინერვიულა. ახლა ისვენებს. არლონდირი მეფის პასუხმა გააოცა. - მე ვიფიქრე, რომ... ხომ კარგად არის? - იკითხა აღელვებით. - კი, არლონდირ. მე და დედოფალმა ვისაუბრეთ, მერე კი დაიძინა. უმჯობესი იქნება, თუ არ გააღვიძებ. შენ რა გინდოდა? - რბილად დაეკითხა ერონიდასი. - მე უბრალოდ მისი ნახვა მინდოდა. ელფები არასდიდებით მიმხელენ სად არის, ამან ცოტა ამაღელვა. - უბრალოდ, ცხელ წ....ბში მოსვენება გადაწყვიტა განსატვირთად. ახლა კი უკვე სძნავს და ძალებს იკრებს, - მშვიდად უთხრა ერონიდასმა. - „რას ვიფიქრებდი, ასე თუ დაამძმებდა ჩემი წასვლის ამბავი“, - გაიფიქრა არლონდირმა თავისთვის და უცებ მეფეს ჰკითხა: - რატომ არ ამხელთ სად არის? თქვენს ოთახში არ არის, ასე მითხრეს, არც ბაღში... - ნუ ღელავ, არლონდირ, - გაუღიმა ერონიდასმა, - წინ გრძელი და დამღლელი გზა გველის. სჯობს შენც დაისვენო და ძალები და მხნეობა მოიკრიბო, გზად გამოგვადგება. დედოფალზე ნუ იღელვებ, ჩემი მეთვალყურეობის ქვეშაა. ახლა კი, საქმეები უნდა მოვაგვარო ხვალისთვის. ძილი ნებისა! არლონდირი კიდევ ეტყოდა რამეს, მაგრამ მეფემ მიანიშნა, რომ საუბარი დასრულებელი იყო. პასუხად მხოლოდ თავი დაუკრა და მშვიდი ძილი უსურვა. არლონდირს ეჭვები ღრღნიდა. რატომ არ უმხელდნენ დედოფლის ადგილსამყოფელს? ნუთუ ისეთ ადგილას იყო, რომლის ცოდნაც ავნებდა ან რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა? რა სისულელეა! თექვსმეტი წლის მანძილზე მან უკვე მოასწრო სასახლის ყოველი კუთხე-კუნჭული კარგად გამოეკვლია და ვერავითარ საიდუმლო საცავსა თუ ოთახს ვერ მიაკვლია. ბაღზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მთელი ბავშვობა სასახლის ბაღებში სირბილსა და თამაშში გაატარა და არაფერი უჩვეულო არ შეუნიშნავს, თუ უცნაურ ყვავილებს არ მიიღებდა სათვალავში. ამ ფიქრებში იყო, როცა გამგზავრების წინა ღამეს ძილმორეულმა ჩათვლიმა და დილამდე აღარც გაუღვიძია. ამიტომ არლონდირის ეჭვები უფრო გამყარდა, როდესაც კასალანდრა მათ გასაცილებლად არ გამოსულა. არლონდირი ფიქრებიდან ბუკის ხმამ გამოარკვია. მოწინავე ელფმა ბუკში ჩაბერა და ყველა ცხენზე ამხედრდა. ეტლს, რომელშიც ორი ცხენი იყო შებმული, სურსათ-სანოვაგის მარაგი მიჰქონდა, რომელიც, წესით, მთელ გზაზე უნდა ჰყოფნოდათ. არლონდირი ჰარნოფილდზე ამხედრდა და ბოლოჯერ შეავლო თვალი იმ ფანჯარას, რომლის მიღმაც დედოფალი ეგულებოდა. მაგრამ კასალანდრა არც ფანჯარაში, არც ბაღში და საერთოდ აღარსად უნახავს. მღელვარება სულ უფრო მეტად ეძალებოდა, ცდილობდა მთელი გონება წინ მომლოდინე გზისკენ მოეკრიბა, მაგრამ ამაოდ. - „სერვერალდი გასაჭირშია“, - უმეორებდა საკუთარ თავს, - „სერვერალდი უნდა გადავარჩინოთ და ის წყეული ჯადოქარიც ვიპოვოთ“, - ამ დროს გვერდში ერონიდასი ამოუდგა თავისი ცხენით. - ხომ არ ღელავ, არლონდირ? - ჰკითხა ღიმილით, თბილად მომზირალმა. - მგზავრობა არ მაშინებს მეფეო, - მიუგო მან, - აი, დედაზე კი, არ დაგიმალავთ და ცოტას ვღელავ. - მაგაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ, არლონდირ. დედოფალი უკვე კარგადაა, დილით ვინახულე, - დამშვიდებით უთხრა ერონიდასმა. - მაშინ ჩვენს გასაცილებლად რატომ არ გამოვიდა? - გაიკვირვა არლონდირმა. - იმიტომ, რომ მალევე დაიძინა და მისი გაღვიძება არ მინდოდა. ყველა დაგვლოცა და ნათელ გზას გაგვიყენა, - ღიმილით მიუგო ერონიდასმა. არლონდირი დადუმდა. ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა მეფისთვის იმ ეჭვების გამხელა, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებდა. ერონიდასმაც შენიშნა, რომ არლონდირი რაღაცას შეეშფოთებინა, მაგრამ რატომღაც გაჩუმება ამჯობინა. ბოლოს ესღა უთხრა: - ტყემდე ერთხელ გავჩერდებით და ცოტას წავიხემსებთ. მერე კი გზას შეუჩერებლად განვაგრძობთ. ერონიდასმა ცხენს რბილად დაჰკრა და არლონდირი მარტო დატოვა. - „ნუთუ ასე შორია ტყემდე?“ - გაიფიქრა თავისთვის, - „ნეტავ სევერალდმა როგორ მიაღწია იქამდე ერთ ღამეში? თუმცა, საიდან ვიცი, რომ ერთი ღამე მოანდომა, ის ხომ უკვე ამდენი ხანია არ გამოჩენილა. იმედი მაქვს, მის თავს არაფერი შეემთხვა“, - არლონდირმა ჰარნოფილდს დეზები ჰკრა და რიგში ჩადგა. ელფთა რაზმი გოლუნდირის ბაღებიდან დაიძრა. დიდხანს მიაჭენებდნენ ვრცელ მინდვრებზე. გზადაგზა ელფთა დასახლებები, მყუდროდ მოწყობილი სახლები და დამუშავებული მიწის ნაკვეთები ხვდებოდათ. დიდ ფართობებზე ჰქონდათ დათესილი სიმინდი და ხორბალი. არლონდირმა ერთგან თავამოყოფილი კომბოსტოებიც შენიშნა. იყო რიგებად ჩამწკრივებული ვაშლისა და მსხლის, კაკლისა და ატმის ხეები. აკაციის გვერდიგვერდ კი ახალგაზრდა ალუბალს კვირტი გამოესხა. თანდათან მინდვრები მეჩხერდებოდა. მიწაცა და ბალახიც უფრო მაღლდებოდა. არლონდირი მიხვდა, რომ უკვე ბორცვებზე მიაჭენებდნენ. სადღაც ნაკადულის ჩუხჩუხიც მოესმა. მისგან მარცხნივ ჰორიზონტზე მაღალი მთები გამოიკვეთა. მზის ჩასვლამდე გაჩერდნენ. იქვე, მინდორზე დაბანაკდნენ. ეტლიდან მცირეოდენი საკვები გადმოიღეს და წახემსებას შეუდგნენ. არლონდირს ვერაფრით წარმოედგინა, რომ ტყე ასე შორს მდებარეობდა. საჭმელი მშრალი, მაგრამ გემრიელი და ყველასათვის საკმარისი აღმოჩნდა, დასალევად კი ანკარა წყალი ჰქონდათ თან. ჭურჭლისა თუ ქვაბების თრევა არ დასჭირვებიათ, რადგან ამ მცირე მგზავრობაში წვნიანის მოხარშვას და შერბეთის გაკეთებას არავინ აპირებდა. ამიტომაც მხოლოდ სახელდახელოდ მომზადებული, მშრალი ნუგბარი ჰქონდათ: ელფური პური, მოხარშული ბოსტნეული, ხილი, თხილი, ჩირი და დაბრაწული ფუნთუშები. არლონდირმა ცოტაოდენი მოხარშული კარტოფილი და პური ატმის ჩირთან ერთად მიირთვა და ბოლოს ორი ცალი ფუნთუშაც მიაყოლა. საკმარისად რომ დანაყრდა, ცოტა გავლა გადაწყვიტა. შორიახლოს მეფისა და რამდენიმე ელფის საუბარს მოკრა ყური და მათკენ წავიდა. ერთ-ერთი ელფი ერონიდასს ესაუბრებოდა და წინ გადაშლილ რუკაზე თითით რაღაცას უჩვენებდა. არლონდირი ახლოს მივიდა, რათა კარგად გაეგო, რაზე ლაპარაკობდნენ. - აღმოსავლეთით. სრული კურსით, მეფეო. გეზი აღმოსავლეთით უნდა ავიღოთ, - არწმუნებდა ერონიდასს ერთ-ერთი ელფი. ერონიდასი რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. სახეზე დაეჭვება ეტყობოდა. ელფი ისევ აგრძელებდა: - გეზი უნდა შევიცვალოთ, მეფეო. თანაც ახლავე. უნდა ავბარგდეთ, სანამ მზე ჩასულა. ერონიდასმა, ისე, როგორც დაფიქრებისას სჩვეოდა, ხელი ნიკაპიდან არ აუღია, და დინჯად წარმოთქვა: - მანამდე უნდა გავჩერებულიყავით. მთელი გზა ჩრდილოეთით მივიწევდით, ახლა ასე უცაბედად შეიცვალა გზა. - ეს ტყის ოინებია, მეფეო, - აუხსნა ელფმა, - ამიტომ მგზავრს მუდამ თან უნდა ჰქონდეს რუკა ამ მიდამოებში. გზა აღმოსავლეთით უნდა განვაგრძოთ, თან რაც შეიძლება მალე და სწრაფად. ერონიდასი წელში გაიმართა და ბანაკისკენ გაემართა. არლონდირიც უკან აედევნა და წამოეწია. - რა მოხდა, მამა? უცებ გეზი რატომ შევიცვალეთ? - ჰკითხა ოდნავი აღელვებით. - აქ სულ ასეა, არლონდირ. ამ გზაზე რუკისა და მეგზურის გარეშე დაიკარგები. კიდევ კარგი, რომ ერთიც გვყავს და - მეორეც, - თქვა დინჯად, მაგრამ ეტყობოდა, რომ გონებაში ათასი ფიქრი უტრიალებდა. ერონიდასი შედგა და წინ შეკრებილებს მიმართა: - მივდივართ. მზად იქნებით თუ არა, გავალთ, - და ისევ არლონდირს მიუბრუნდა, - ხომ დანაყრდი, არლონდირ? ახლა სწრაფად ვივლით, ამიტომ ენერგია შემოინახე. - მე კი დავნაყრდი, მაგრამ თქვენ არაფერი გიჭამიათ. სუფრასთან არ მინახავხართ. იქნებ მოგართვათ რამე? - დაეკითხა არლონდირი. ერონიდასმა გაუღიმა და მიუგო: - არ შეწუხდე. ახლა მთავარია სწრაფად ვიაროთ და მალე მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე. იქ კი ვნახავთ, რა გველოდება, - მხარზე ხელი დაადო და ისევ იქ დაბრუნდა, სადაც ცოტა ხნის წინ ბაასობდნენ. არლონდირი მამამისის მშივრად დატოვებას არ აპირებდა. დაინახა, რომ ერთ-ერთი ელფი დარჩენილ საგზალს ისევ უკან, ეტლში აწყობდა. მასთან მივიდა და ცოტა ჩირი და ელფური პური სთხოვა. ოდნავ გაოცებულმა ელფმა საკვები პატარა ფუთაში შეუკრა და გადასცა. არლონდირი მეფის ცხენთან ფეხაკრეფით მივიდა, ფაფარზე მოეფერა და ყურში ჩუმად უთხრა: - იცოდე, არსად დაკარგო! ეს მეფისთვისაა! - და უნაგირზე გამოაბა პატარა ფუთა. კარგად შემოუჭირა, საიმედოდ განასკვა და თავისი ცხენისკენ გაქუსლა. ელფები, მეფის ბრძანებისდა მიხედვით, მალევე აიბარგნენ და რამდენიმე ხანში უკვე წასასვლელად მზად იყვნენ. ერონიდასი დაბრუნდა თუ არა, მაშინვე ცხენებს შემოახტნენ და წასასვლელად მხოლოდ მის ბრძანებასღა დაელოდნენ. ერონიდასმა მაშინვე შეამჩნია თავისი უნაგირის ახალი აღკაზმულობა და გაეღიმა. ცხენს შემოახტა და დეზები დაჰკრა. მის უკან დაიძრა რაზმიც. რამდენიმეხნიანი სვლის შემდეგ, სწორ გზაზე რომ გავიდნენ, სვლას აუჩქარეს და ახლა უკვე სწრაფი ჭენებით მიიწევდნენ წინ. ერონიდასმა კიდევ ერთხელ დახედა ფუთას და თავისთვის ჩაილაპარაკა: - არლონდირ, უნდა მცოდნოდა, რომ ვერ მოისვენებდი. ცხენმაც თითქოს უპასუხაო, დაიჭიხვინა და წინ გავარდა. ერონიდასმა ფუთა ფრთხილად გახსნა და გულში სითბო ჩაეღვარა. არლონდირის მიერ მომზადებული საგზალი გემრიელად მიირთვა და ფუთის ნაჭერი, რომელზეც ლამაზი ორნამენტები იყო ამოქარგული, ჯიბეში შეინახა. მზე უკვე დასავლეთისკენ გადაწვერილიყო და უკანასკნელ სხივებს სუსტად აჭერდა მიწას, როცა ჰორიზონტზე ტყის სილუეტი ამოიწვერა. დიდხანს მიაჭენებდნენ ცხენებს, სწრაფად და ძლიერად და ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს. თავდაპირველად, არლონდირმა ნისლში ვერაფერი გაარჩია, მაგრამ თვალი შეაჩვია თუ არა, წინ საზარელი ხედი წარმოუდგა. მის წინ ნაძვის მთელი ტყე იდგა, ერთიანად ნისლში ჩაფლული. ხეები წვერებს ცამდე აწვდენდნენ. ერთი შეხედვით, ტყე ბუმბერაზი და უკიდეგანო ჩანდა. არც შესასვლელი ჰქონდა სადმე და არც - საზღვარი. აქ სულ ბნელოდა, მაშინაც კი, როდესაც მზე ჯერ კიდევ მაგრად აცხუნებდა. მაგრამ მისი სხივები ვერ არღვევდა ტყის უხილავ ბარიერს და ვერც მის ხეებს შორის იჭვრიტებოდა. ტყე უძრავი და თითქოს უსიცოცხლო იყო, მისგან ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც ჩიტების ჭიკჭიკი, არც წყლის ჩუხჩუხი, მხოლოდ უკუნი სიბნელე და თვალუწვდენელი ნისლი მეფობდა. არლონდირმა შეამჩნია, რომ გარშემომყოფნი ცოტათი დაფრთხნენ. ცხენები აიყალყნენ და ერთ ადგილას შედგნენ, წინ წასვლა აღარ უნდოდათ. არლონდირი ჰარნოფილდს მოეფერა და შეაქო მისი სიმშვიდისა და სიმამაცისთვის. უცებ, შორიახლოს მდგარი ლაქმანი შეამჩნია. ერთიანად აკანკალებულს, აღვირი ხელში უთამაშებდა, თვალებში შიში ჩასდგომოდა და გაფართოებოდა. თუმცა ელფს ტყეში შესვლა კი არ აფრთხობდა, არამედ ის, რომ იქ მისი საყვარელი და ძვირფასი ბატონი უნდა ყოფილიყო. მეფემ ცოტა ხანს კიდევ უყურა ტყეს. მისი ცხენი ამაყად იდგა და თავისი ბატონის ბრძანებასღა ელოდა, რათა მაშინვე შიგნით შევარდნილიყო. ერონიდასს ის ელფი მიუახლოვდა, რომელიც გზაში გვერდით მიჰყვებოდა და რომელთანაც მთელი სვლის მანძილზე ხშირ-ხშირად საუბრობდა. - მოვედით, მეფეო, - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით თქვა მან. ცხადია, ამის თქმა საჭირო არ იყო, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. ერონიდასმა თავი დაუქნია ისე, რომ ტყისთვის თვალი არ მოუშორებია. - მოვედით, საჰარლას, მოვედით, - მიუგო დინჯად. ერონიდასმა ცხენი შეატრიალა და თავის რაზმს მიმართა: - ჩირაღდნები აანთეთ, ოღონდ ბევრი არა. ერთს წინ მდგომი დაიჭერს, მეორეს - ბოლოს მომავალი. მეტი საჭირო არაა, ზედმეტად ნუ შევაწუხებთ ტყეს. შემდეგ არლონდირთან მივიდა და უთხრა: - შენ ჩემს უკან ივლი, არლონდირ, - უფლისწულმა თავი დაუკრა, - ჰო მართლა, მადლობა საგზლისთვის, ძალიან გემრიელი იყო, - გაუღიმა ერონიდასმა, ცხენი მოაბრუნა და ისევ ტყისპირთან მივიდა. მალე ჩირაღდნები აანთეს და ტყეში შესასვლელად მოემზადნენ. ყველა უჩვეულო გრძნობას მოეცვა. ცხენები დასატოვად ვერ გაიმეტეს, ამიტომ გადაწყვიტეს, შესასვლელთან რამდენიმე ელფი დაეტოვებინათ საგუშაგოდ და თვალყურის სადევნებლად. საფრთხის შემთხვევაში, ორივე მხარე ბუკში ჩაბერავდა. ერონიდასმა ჯადოქრობით ჩირაღდნებს ლურჯი სინათლე შესძინა და მხურვალება დაუცხრო, რათა ნიავის წამობერვაზე არ აალებულიყო და ტყის სიმყუდროვე არ დაერღვია, რა თქმა უნდა, თუკი აქ ნიავი საერთოდ უბერავდა. ერონიდასმა ყველას მზერა მოავლო. არლონდირს წამით მოეჩვენა, რომ მეფის ბრწყინავმა ნაცრისფერმა თვალებმა იგი ალერსითა და სითბოთი აავსო. შემდეგ ცხენზე ამხედრდა და დანარჩენებთან ერთად, ტყეში შევიდა. მწკრივში მიდიოდნენ. პირველი საჰარლასი მიდიოდა. მის უკან ერონიდასი, მერე არლონდირი, კიდევ რამდენიმე მხედარი და ქვეითი, მათ მოჰყვებოდა ლაქმანი, მის უკან კი მხედრები, შემდეგ ქვეითები და ბოლოს გზის ჩამკეტი მხედარი მოდიოდა, ჩირაღდნით ხელში. სადაც კი თვალს აწვდენდნენ, ყველგან ნისლი იყო. სანამ ტყეში შემოვიდოდნენ, ბილიკი ან გზა არსად ჩანდა, თუმცა, ტყეში შესვლისთანავე აღმოაჩინეს, რომ, თვალის ერთი შეხედვით, თითქოსდა, საცალფეხო ბილიკზე იდგნენ. - ბილიკს არ გადაუხვიოთ, - ჩურჩულით თქვა წინ მიმავალმა საჰარლასმა. არლონდირმა მისი ხმა მკაფიოდ გაიგონა, რაც, ალბათ, ტყეში გამეფებული სიჩუმის ბრალი იყო. ცოტა ხანში არლონდირი მიხვდა, რატომაც თქვა საჰარლასმა ასე - ბილიკს ბუნდოვნად, მაგრამ მაინც შესამჩნევად უერთდებოდა ვიწრო გასასვლელები სხვადასხვა მხრიდან, თუმცა მთავარი გზა პირდაპირ მიიწევდა. არლონდირი დარწმუნებული იყო, რომ საჰარლასი აქ არაერთხელ იყო ნამყოფი და გზებიც ამიტომ იცოდა ასე კარგად, თუმცაღა მას პირველად ხედავდა. არც გოლუნდირში და არც სხვაგან, ის არასდროს ენახა. ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ახლა ლაპარაკის დრო ნამდვილად არ იყო. თითქოს არც სურდა, ტყის მდუმარება დაერღვია. და მართლაც, არაფერი ისმოდა გარდა ფლოქვების თქარუნისა, ისიც ყრუ გუგუნად ჩაესმოდა ყურში ამ სიმყუდროვის ფონზე. არლონდირს ეგონა, რომ ტყეში შესვლიდან უკვე მთელი დღე გასულიყო. ტყე სულ უფრო ღრმავდებოდა და ნისლიც უფრო და უფრო ხშირდებოდა. ბილიკი მკრთალ ხაზადღა ჩანდა, თუმცაღა ცდილობდნენ მისგან არ გადაეხვიათ. არლონდირი მის წინ მიმავალ მეფეს ძლივსღა ხედავდა. მისი სილუეტი ერთიანად ნისლში ჩაფლულიყო და მკრთალ ნათებად ეჩვენებოდა. ჰაერი დაიხუთა. არლონდირს სუნთქვა გაუჭირდა და საყელო შეიხსნა. ეგონა, რომ მათი სვლა უსასრულოდ გასტანდა. ცხენს მთელი სხეულით მიეყრდნო და მას დაემორჩილა. თვალები ეხუჭებოდა. ირგვლივ სულ ჩამობნელდა. უცებ ვიღაცის ხმამ გამოარკვია: - გამოფხიზლდით, უფლისწულო. აქ დაძინება არ შეიძლება. ხმა უკნიდან მოდიოდა. ბუნდოვნად, მაგრამ სიტყვები მკაფიოდ ისმოდა. არლონდირმა თავი ასწია და აღვირს ხელი ჩასჭიდა. ეცადა მეფის სილუეტისთვის მიედევნა თვალი, რათა ყურადღება არ გაფანტოდა და ისევ არ ჩასძინებოდა. ცოტა ხანს ისევ ასე დადიოდნენ, მაგრამ არლონდირისთვის ყოველი წუთი დაუსრულებელ საათად მოჩანდა. დრო გადიოდა, მოგზაურები კი კვლავ აგრძელებდნენ გზას. გზად არაფერი შეხვედრიათ და უნახავთ გარდა ნისლისა, რომელიც ყველას და ყველაფერს ფარავდა და მიუწვდომელ წინაღობას ქმნიდა. ბილიკიდან არ გადადიოდნენ, ერთმანეთშიც კი არ საუბრობდნენ. არლონდირს ძალიან მობეზრდა დაუსრულებელი სვლა. მისი აზრით, მზის ჩასვლიდან უკვე საკმაო ხანი გასულიყო და სამყარო, ალბათ, ახალ დღესაც ეგებებოდა. ისევ ჩამოცხა. არლონდირს თავი მკერდზე ჩამოუვარდა. - არლონდირ... - მოესმა სადღაც შორიდან. არლონდირმა თავი ასწია და მიმოიხედა. - არლონდირ... ვიღაც წკრიალა, მომადუნებელი ხმით ეძახდა, ოღონდ საიდან მოდიოდა ეს ხმა, ვერ მიმხვდარიყო. თითქოს შორიდან აღწევდა მისი ექო. - არლონდირ... ხმა იმდენად მჟღერი და საამური იყო, რომ არლონდირმა ვეღარ გაუძლო, ცხენი გააჩერა და მიაყურადა. ხმის გაგონებისას უცნაური გრძნობა ეუფლებოდა. გონებაცა და სხეულიც კარნახობდა, რომ ყური დაეგდო და ხმის პატრონი მოეძებნა, თუმცაღა ნისლის მეტს ირგვლივ ვერაფერს ხედავდა. ვეღარც მეფეს და ვერც ბილიკს, ვერც ჩირაღდნის სუსტ ნათებას ამჩნევდა. ისევ მიაყურადა, მაგრამ მისდა გასაოცრად, სხვა ხმამ უპასუხა, რომელიც წინასთან შედარებით, უხეში და ხმამაღალი ეჩვენა. - ამ ტყეში ბევრ უცნაურობას გადაეყრებით. ტყე ცდილობს მგზავრები არ გაატაროს და ყველანაირად ეცდება მათ მოთაფვლასა და მახეში გაბმას, ამიტომ ფრთხილად იყავით. ტყის ხრიკებს არ აჰყვეთ. ჯადოქარი არ გამოვა თუ არ დაუძახებენ, ან თუ თავად არ მოისურვებს. ეს საჰარლასი იყო. იგი ჩუმად, მაგრამ გარკვევით საუბრობდა. არლონდირი ახლაღა მიხვდა, რომ მახეში აბამდნენ და გაებმებოდა კიდევაც, რომ არა საჰარლასი. გულში დალოცა და კიდევ ერთხელ გაუკვირდა ვინ იყო ან საიდან იცოდა ამდენი რამ ტყეზე. მერე იფიქრა, ნეტავი სხვებიც ჩემს დღეში არიან თუ არაო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მის წინ მიმავალ მეფეს შეეკითხა: - მამა, ცოტა ხნის წინ ხმა გავიგონე, ვიღაც მეძახდა. საოცრად ნაზი და საამური იყო. მანამდე კი გზად ჩამთვლიმა. თქვენ არაფერს გრძნობთ ან არაფერი გესმით? ერონიდასი არ მოტრიალებულა ისე უპასუხა, მშვიდად და დაბალ ხმაზე, მაგრამ გარკვევით: - ცოტა ხნის წინ მეც გავიგონე, როგორ მეძახდნენ. თავიდან ვიფიქრე, კასალანდრა მიხმობს თავისთან-მეთქი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, - და დუმილის შემდეგ დაამატა, - შენ ვისი ხმა გაიგონე? არლონდირი შეყოვნდა, მაგრამ ბოლოს უპასუხა: - თავიდან მეც დედა მეგონა, მასავით კრიალა და ტკბილი ჟღერადობისა იყო, მაგრამ კიდევ რომ გავიგე, მივხვდი, რომ დედა არ ყოფილა. თქვენ ვისი ხმა გაიგონეთ? ერონიდასი წამით დადუმდა და მერე მიუგო: - ხმა შორეული წარსულიდან. ძალიან შორეული, ღრმა წარსულიდან. არლონდირს აღარაფერი უთქვამს. მდუმარედ იარეს კიდევ კარგა ხანს. სინამდვილეში, ერონიდასს არ უთქვამს, მაგრამ მისი დაკარგული ძმის, სალდურინის ხმა გაიგო. ამის შესახებ მას არასდროს არავისთან გაუმხელია. უკვე შუაგულ ტყეში იქნებოდნენ შესულები, როცა უეცრად მკრთალი ნათება შენიშნეს. სინათლე მათ პირდაპირ იყო და უფრო და უფრო იზრდებოდა. არლონდირმა იფიქრა, რომ ეს ტყის მორიგი ხრიკი იყო, რადგან ტყე სულ ნისლით იყო სავსე, ხოლო სინათლე მასში ვერ შემოაღწევდა. თან მზე კარგა ხნის ჩასული იყო, მთვარე კი ჯერ ბოლომდე არ იყო ავსებული და ასეთ სინათლეს ვერ გამოასხივებდა. თან ამდენი ხანია დადიოდნენ და ნისლის მეტი არაფერი შეხვედრიათ, ახლა კი უცებ, ვითომც არაფერი, გამოანათა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, არლონდირს ეჭვები სულ უფრო იპყრობდა. სინათლე თანდათან ძლიერდებოდა და ყვითელ-ვერცხლისფერში გადადიოდა. არლონდირს ზუსტად ახსოვდა, რომ მათი წამოსვლის წინა ღამეს მთვარეს მოკრა თვალი. მის ავსებას კი ხუთიოდე დღე დასჭირდებოდა. მსვლელობა გაჩერდა. არლონდირმა წინ წაიწია და დაინახა, რომ პატარა მინდორზე იმყოფებოდნენ, ირგვლივ კი მთვარის საოცრად მომნუსხავი სინათლე ასხივებდა. მინდორში არც ერთი ნაძვის ხე არ იდგა, არც ნისლი იყო, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარში ენახა. არლონდირმა ზემოთ აიხედა და გაკვირვებისგან ოდნავ წამოიყვირა. მისი ყვირილი მოგუდული იყო, მაგრამ ექომ გარშემო შემოირბინა და ბოლოს დაგუბდა. არლონდირი თვალებს არ უჯერებდა: მის თავზემოთ სავსე მთვარე ანათებდა! ამაყად ლიცლიცებდა ცის კაბადონზე და ირგვლივ ვერცხლისფრად ასხივებდა. მინდორსაც კი ყვითელ-ვერცხლისფერი მოსდებოდა. უცებ საიდანღაც ჩიტი გამოფრინდა და არლონდირს ცხვირწინ ჩაუფრინა. სმენა რომ დაძაბა, შორიახლოს ჭიკჭიკი გაიგონა, სადღაც იქვე წყლის წანწკარსაც მოჰკრა ყური. ნაკადული სუსტად მოედინებოდა და პატარა ჩიტებს აგრილებდა. - როგორც ჩანს, ტყეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ გაგვატაროს - გაისმა წინიდან ხმა. ეს ისევ გამოცდილი საჰარლასი იყო. არლონდირს გაუხარდა მისი ხმის გაგონება, რადგან ეგონა, რომ ეს ისევ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და სიზმარს ხედავდა. - გაყოფა მოგვიწევს, - თქვა საჰარლასმა, - ორად უნდა გავიყოთ და გზა ისე განგვაგრძოთ, მეფეო. არლონდირმა პასუხად მეფის ხმა გაიგონა: - ეს აუცილებელია? მერჩივნა ყველა ერთად, ახლოს მყოლოდა. მაგრამ რაკი შენ ასე მიიჩნევ საჭიროდ, დაე, ასე იყოს. საჰარლასმა მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა. - აქ ორი მხრიდანაა გასასვლელი, - მარცხნივ გაიშვირა ხელი, - აქედან ტყის დასავლეთი ფერდობი იწყება, - მერე მარჯვნივ მიუთითა, - იქიდან კი - აღმოსავლეთი. ყველა ორივე მხრიდან რომ წავიდეთ, ეს დიდ დროს წაგვართმევს. ამიტომ, ჯობს ახლავე დავიყოთ. ერონიდასმა მის ხელს თვალი გააყოლა და დარწმუნდა, რომ, მართლაც, ბილიკი ორად იყოფოდა. საჰარლასს მიუგო: - აქ შენ ხარ ჩვენი გზაც და მიმართულებაც. შენ სიტყვას ვენდობით. ყველა აქ არის? ერონიდასი უკან მობრუნდა და ელფებს გადახედა. უკნიდან ისევ მოდიოდნენ, მაგრამ უმეტესობა უკვე ადგილზე იყო. ყველა გაოცებით უყურებდა მათ წინ არსებულ სურათს და თავს აქნევდნენ, ზოგიც ერთმანეთში ჩურჩულებდა. ერონიდასმა მოიცადა სანამ ყველა არ მოვიდოდა. ბოლოს მხედარიც გამოჩნდა ჩირაღდნით ხელში და როცა დარწმუნდა, რომ ყველა ადგილზე იყო, დაიწყო: - აქ გზა ორად იყოფა. ჩვენც ორ ჯგუფად უნდა გავიყოთ. ერთ ნაწილს საჰარლასი წაგიძღვებათ, მეორეს - ანფინოლდი, - და ჩირაღდნიან მხედარზე მიუთითა, - ორივემ კარგად იცის ტყე, ამიტომ მათ მოუსმინეთ და მათ ბრძანებას დაემორჩილეთ. საჰარლას, - მიუბრუნდა ელფს, - ოცი ელფი, ჩემი და არლონდირის ჩათვლით, შენს განკარგულებაშია. ანფინოლდი კი დანარჩენ ოცს გაუძღვება. შენც ლაქმან, მასთან ერთად წახვალ. თუ ყველაფერი გასაგებია, მაშინ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ელფები სწრაფად განაწილდნენ. ორიოდ წუთში ყველა მზად იყო გზის გასაგრძელებლად. ერონიდასმა ბოლოჯერ თქვა: - მშვიდობით იარეთ! ისევ აქ შევხვდებით. იარაღი უკიდურესი საჭიროების გარეშე არ გამოიყენოთ! მერე საჰარლასი წინ წაიმძღვარა და მარცხნივ გააჭენა ცხენი. მხედრებიცა და ქვეითებიც თანაბრად იყვნენ განაწილებულნი. არლონდირი მშვიდად იყო, რადგან დარწმუნებული იყო, რომ საიმედო მეგზური ჰყავდათ, მაგრამ არაფერი იცოდა მეორე მეგზურის, ანფინოლდის, შესახებ, ამიტომ მეფეს ჩუმად ჰკითხა: - მამა, ეს მეგზურები სად მონახეთ? - ესენი გამოცდილი მზვერავები არიან, არლონდირ, - მიუგო ერონიდასმა, - მალთუსმა შეარჩია. ეს საქმე ხომ მას მივანდე. ჯერჯერობით არ მიმტყუვნა. თუკი ორივე მზვერავი ერთნაირად გამოცდილი იყო, მაშინ არლონდირი დარწმუნებული იყო, რომ მეფემ მეორე ჯგუფიც საიმედო ხელში დატოვა. თვითონ არლონდირი ჯერ მშვიდად იყო. წინ მეფე ედგა, უკან კი ძლიერი ელფები მოჰყვებოდნენ, ამიტომ სანერვიულო არაფერი ჰქონდა. თუმცა, თანდათან მაინც იპყრობდა იმაზე დარდი, რომ ამდენხნიანი მსვლელობის შემდეგ, არანაირი კვალისთვის ჯერ არ მიუგნიათ. ტყე კვლავ მდუმარებას მოეცვა. მთვარის ლიცლიცა შუქი სადღაც გამქრალიყო. ახლა ისევ ბურუსი ჩამოწვა. არლონდირს იმედი ჰქონდა, რომ აქამდე გოლიათს მაინც მიაგნებდნენ, ის ხომ პატარა არ იყო და მისი დანახვა გაუვალ ნისლშიც კი შეიძლებოდა. არადა გოლიათის ნიშანწყალიც არ ჩანდა. თუმცა, სინამდვილეში, არლონდირს საერთოდ არ ჰქონდა მასთან შეხვედრის სურვილი. მას მხოლოდ სურდა ეპოვა სერვერალდი და რაც შეიძლებოდა მალე გასცლოდა იქაურობას. ჩამოცხა. ჰაერი ისევ დაიხუთა და სუნთქვა გაჭირდა. ცხენებიც დაიღალნენ ამ უთავბოლო ხეტიალით და ფეხათრევით მიიწევდნენ წინ. უცებ სუსტად, მაგრამ გარკვევით, ტოტების მსხვრევის ხმა გაისმა. თითქოს ვიღაც დადიოდა და გზად უმოწყალოდ ატეხდა ხეებს ტოტებს. ხმა თანდათან მოახლოვდა. საჰარლასმა რაზმი ხელის აწევით შეაჩერა. ტოტების მსხვრევის ხმა გახშირდა და უფრო ხმამაღალი გახდა, თან ვიღაცის ბუტბუტიც დაემატა. ბუტბუტი არეულ-დარეული და გაურკვეველი იყო, თუმცა არლონდირმა ცხადად გაარჩია „ჩიტუნები“, „გემრიელი“ და „ქალბატონი“. მეფის ბრძანებაზე ელფებმა მშვილდები მოზიდეს. უეცრად, ხეებიდან უზარმაზარმა არსებამ გამოაბიჯა, მაგრამ იმდენად იყო საკუთარ თავთან ლაპარაკში გართული, რომ იქ მყოფნი არ შეუმჩნევია, სანამ ერონიდასმა არ დაუძახა: - გამარჯობა, ალფი. ეტყობა კარგად არ გაჭმევენ, რაღაც გამხდარი მეჩვენები. არლონდირმა ცხოვრებაში პირველად ნახა პირისპირ მდგარი გოლიათი. მკვახეველში ნანახი ჩრდილები და მკრთალი სილუეტები ამასთან მოსატანიც არ იყო. გოლიათმა ახლაღა გამოხედა სტუმრებს. მუშტში მოქცეული გაჭ....ტილი ჩიტები ძირს დაუცვივდა და დაბნეულმა, გაკვირვებით შეხედა მის წინ მდგარ ჯგუფს. მერე იმას დააკვირდა, ვინც ელაპარაკებოდა და მოულოდნელობისგან დაბნეულ თვალებში შიში ჩაუდგა. ეტყობოდა, რომ ერონიდასს წინა შეხვედირისას ძალიან შეეშინებინა. ექვსი მეტრის გოლიათი გაშეშდა. ტლანქ სხეულზე დაფლეთილი ნაჭერი შემოეხია და აქა-იქ როგორღაც ფოთლები მიემაგრებინა, რაც მისი აზრით, მის ერთფეროვან სამოსს უფრო მომხიბვლელსა და მრავალფეროვანს ხდიდა. თავზე რამდენიმე ღერი თმა შერჩენოდა, რომელშიც მოეხერხებინა და ბალახები და მცენარის ღეროები ჩაეკრო, რომლებიც ერთმანეთში გადახლართულიყო და შეწებებულიყო. თმა გამწვანებოდა, ალაგ-ალაგ კი ჭაღარა გამორეოდა. არლონდირს თავიდან კი შეეშინდა, მაგრამ როცა თვალი მიაჩვია, მიხვდა, რომ ეს არსება საბრალო უფრო იყო, ვიდრე - საშიში. გოლიათი კარგა ხანს თვალებდაჭყეტილი იყურებოდა, ბოლოს დაიხარა და ძირს დაყრილი ჩიტები უბეში ჩაიყარა. მერე ისევ მათი თვალიერება განაგრძო შეშინებულმა, მაგრამ, აშკარად დაინტერესებულმა. ერონიდასი მიხვდა, რომ იქამდე იდგებოდნენ ასე, სანამ ალფი მათი თვალიერებით არ გაძღებოდა, ამიტომ ისევ მიმართა: - როგორ ხარ, ალფი? რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვა. გოლიათმა ერონიდასს დიდხანს უყურა, მერე ისრებზე გადაიტანა მზერა, რომლებიც მას უმიზნებდნენ. არლონდირი მის განზრახვას მიხვდა და გაეღიმა. თურმე არც ისეთი სულელი ყოფილა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. მეფემ ისრები დააშვებინა და გოლიათს მიუბრუნდა, რომელიც ჩაცუცქულიყო და პატარა ბავშვივით, ყურადღებით ათვალიერებდა ზემოდან. მერე ბუყბუყი გაისმა და გოლიათმა პირი აამოძრავა: - უუ... მე-ე-ე... ჩიტუნები-ი-ი... ძალიან... გემრიელია-ა-ა... არლონდირს გულში გაეცინა, მაგრამ სახეზე მხოლოდ სიბრალული გამოხატა. ერონიდასმა ისევ ჰკითხა: - შენი ბატონი სად არის ალფი? გოლიათი წამით შეყოვნდა, კითხვა გაიაზრა და უპასუხა: - ჩ-ჩემი... ქალბატონი-ი-ი... კარგი, კეთილი ქალბატონი-ი-ი... - წაგვიყვანე მასთან ალფი, - უთხრა ერონიდასმა. გოლიათმა მშვილდიან ელფებს ძრწოლით შეხედა და აბუყბუყდა. მეფე მიუხვდა ფიქრს და ელფებს მშვილდები შეანახინა. გოლიათი ისევ ალაპარაკდა: - ჩიტუნები გემრიელია-ა, ქალბატონი კი - კეთილი-ი... - წაგვიყვანე მასთან, ალფი, - გაუმეორა ერონიდასმა, - იმედია, არ დაგვიწყებია ელფური ისრების სიმწარე. გოლიათს თითქოს გააჟრჟოლა, ერთიანად აცახცახდა და რამდენადაც სწრაფად შეეძლო, თავი გააქნია. ბოლოს ადგა, თავის უბეში ჩიტები შეამოწმა, საიმედოდ იყვნენ თუ არა და ბუტბუტით, ნელა, მაგრამ დიდი ნაბიჯებით გაუძღვა მოგზაურებს. გოლიათის ფეხის დადგმისას, ბალახი ითელებოდა, გზად კი ხეებს გრეხდა და ტოტებს ეჯახებოდა. ტოტები ვერ უძლებდნენ მისი ტლანქი ხელების სიმძიმეს და ტყდებოდნენ. არლონდირს თავიდან გაუკვირდა, საიდან ესმოდა მტვრევის ხმა, ირგვლივ სულ ნაძვები იყო, მათი ტოტების მტვრევა კი დაკვირვებითა და მოხერხებულობით იყო შესაძლებელი, ალფის კი არც ერთი ჰქონდა და არც - მეორე. ძალიან დაინტერესდა და ბოლოს გოლიათს ჰკითხა: - ალფი! აქ ხომ ტოტების დამტვრევა შეუძლებელია. როგორ ახერხებ ამას? გოლიათი შედგა, შემობრუნდა და მოლაპარაკეს დაუწყო ძებნა. არლონდირმა ხელი აუწია და გაუღიმა. ალფიმ, როგორც იქნა, იპოვა, ვისაც ეძებდა და ნელა მიუგო: - ოუუ... ტოტები-ი არ არისს... არ არისს... - თავი გაიქნია და სვლა განაგრძო. არლონდირი ვერ მიუხვდა და დაფიქრდა. უნდოდა თავისით ეპოვა პასუხი. ერონიდასმა შეამჩნია, რომ არლონდირი ჩაფიქრებული და დაეჭვებული იყო. ცოტა ხანს აცადა, მერე კი უთხრა: - ეს ილუზიაა, არლონდირ. ტოტებს ხედავ სადმე? არლონდირმა თვალი შემოატარა იქაურობას და მართლაც, დამტვრეული ტოტები ვერსად იპოვა. - კი მაგრამ, ცოტა ხნის წინ დავინახე, როგორ ყრიდა ძირს დამტვრეულ ტოტებს. მიწაზე იყრებოდა. მაგრამ ერთი ისაა, რომ ნაძვის ტოტებს სრულებით არ ჰგავდა. - სწორედ ეგაა მთავარი ხრიკი, - მიუგო ერონიდასმა, - აქ ნაძვის გარდა არაფერია, ხომ ასეა? ეგ ტოტებიც შენი წარმოსახვის ნაყოფია. გზად იმდენი რამ გადაგხდა, რომ უკვე აღარ უნდა გაგკვირვებოდა, - და ცოტა ხანში დაამატა, - აი, მე მაგალითად, გზად სულ მაყვლის ბუჩქები მხვდება, მაგრამ, სინამდვილეში, აქ ბუჩქის ნატამალიც არაა. ეს, ალბათ, იმის გამოა, რომ უცებ ძალიან მომინდა მაყვლის მურაბა, - სერიოზული სახით ჩაილაპარაკა ერონიდასმა. არლონდირმა გაუღიმა, მერე კი ჩაფიქრდა. ცოტა ხნის მერე მეფეს ჰკითხა: - და იქ რა მოხდება? როცა იმ ქალბატონს ვიპოვით, როგორც ალფი ეძახის. - ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა იქამდე მივალთ. შენ მთავარია მხნეობა არ დაკარგო, - მხარზე დაადო არლონდირს ხელი და წინ გააჭენა. მსვლელობა ისეთი დამღლელი აღარ გამოდგა, როგორც ამას არლონდირი მოელოდა. გზა უფრო გახსნილი გახდა და ჰაერიც გაიწმინდა. გაიგონა როგორ საუბრობდნენ წინ მეფე და საჰარლასი: - ამ გზით ადრეც ვყოფილვარ, ოღონდ ბილიკით. გზიდან გადახვევა არასდროს მოაწევს კარგს. რატომ ენდობით მას, მეფეო? - იკითხა საჰარლასმა. - იმიტომ, რომ არ იტყუება, - მიუგო ერონიდასმა, - შიში ყოველთვის სიმართლის საწინდარია. სულელი კია, მაგრამ არც იმდენად, რომ ხაფანგში გაგვაბას და ამით სარგებელი ვერ ნახოს. კარგად ახსოვს ელფური მრისხანება და სიცოცხლის ბოლომდე არც დაავიწყდება. ერონიდასი დადუმდა, საჰარლასი აღარ შეპასუხებია. ჰაერი გასუფთავდა და ნაძვის საამო სურნელი დატრიალდა, რასაც აქამდე ვერ გრძნობდნენ. ნისლი გაიფანტა, სადღაც შორიდან ჩიტების ჟღურტული მოისმა. არლონდირს ესეც მორიგი ილუზია ეგონა, სანამ უკნიდან ჩურჩული არ მოესმა: - საოცარია... ეს ტყე მართლაც საოცრებებითაა სავსე. ესე იგი, არლონდირს არც თვალი ატყუებდა და არც - გონება. უცებ რაზმი შედგა. საჰარლასი ჩამოხტა, წინ წაიწია და ჩაილაპარაკა: - ნუთუ ეს... მეფეო, თქვენც ხედავთ? თუ მარტო მე მატყუებს თვალი? ერონიდასი ჩამოქვეითდა და მანაც წინ გაიწია. - არა, საჰარლას, მეგობარო. მგონი მივაგენით იმას, რასაც ამდენ ხანს ვეძებდით. - კი მაგრამ... შეუძლებელია. ასე ადვილად სააშკარაოზე გამოჩენა. რაზმი ჩამოქვეითდა. გადაწყვიტეს ჯერ გოლიათი წასულიყო წინ, მერე კი თვითონაც უკან გაჰყვებოდნენ. მოგზაურებს წინ წარმტაცი ხეობა გადაეშალათ: მწვანე ბორცვზე პატარა ხის სახლი იდგა. ფანჯრები ღია იყო, მაგრამ შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. სახლი შესახედავად ძალიან მყუდრო და კოპწია იყო. ერთიანად ხის, ყავისფერი სახურავითა და საკვამურით, მაგრამ ეტყობოდა, რომ ძლიერ და გამრჯე ხელს აეგო. სახლის პირას ნაკადული მორაკრაკებდა. ირგვლივ პატარა ჩიტები დაფრინავდნენ და ლამაზად ჭიკჭიკებდნენ. უცებ, არლონდირისდა დიდად გასაკვირად, სადღაც ცხვრების ბღავილი გაისმა. მერე შორიახლოს ძაღლების ყეფა გაიგონეს და თვალის დახამხამებაში, მათკენ სამი დიდი ქოფაკი გამოიქცა. ამ დროს ერონდიასი წინ გადგა და რაღაც სიტყვების წამოძახილით, რომელიც არლონდირისთვის უცხოდ ჟღერდა, ხელი ზეაღმართა. ძაღლები შედგნენ, ერთი დაიწკმუტუნეს და უკანმოუხედავად გაიქცნენ. - დადევნება არ ღირს, პატრონი თავად გამოვა, - თქვა ერონიდასმა. ეს თქვა თუ არა, უეცრად სახლის კარში ვიღაც გაჩნდა. შავ, დაკონკილ მოსასხამში იყო გახვეული და პირი-სახე არ უჩანდა. უცნობმა ჯერ კაპიუშონის უძირო სივრციდან შეათვალიერა დაუპატიჟებელი სტუმრები, მერე კი დაილაპარაკა: - ვინ ხართ? რატომ აწუხებთ საბრალო მოხუცს? ხმა ჩლიფინა და ხრინწიანი იყო, ეტყობოდა, რომ ვიღაც ძალიან მოხუცებულს ეკუთვნოდა. სიჩუმე ჩამოწვა. არავინ ელოდა შუაგულ ტყეში, მიყრუებულ და მიტოვებულ მოხუცთან შეხვედრას. ერონიდასი ძალიან დააეჭვა ახლადგამოჩენილმა უცნობმა. მდუმარება საჰარლასმა დაარღვია: - მეფის სახელით! მორჩი ამ სულელურ ხრიკებს და გვაჩვენე შენი ნამდვილი სახე! საჰარლასმა ეს სიტყვები მჭექარედ და მტკიცედ წარმოთქვა. მის სიმტკიცეს პასუხი არ მოჰყოლია. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. უეცრად ჩირაღდნები ჩაქრა და თითქოს მოსაღამოვდა, ჩამობნელდა. კარში მდგარი უცნობი შეირხა. მოხუცმა ჩაიფრუტუნა და თითქოს ახალგაზრდა ყმაწვილი ყოფილიყო, წკრიალა ხმით მიმართა იქ მყოფთ: - არც ისეთი ბრიყვები ყოფილხართ, როგორც მეგონა. ყოჩაღ მეფეო, ყოჩაღ! კარგად გაგირთმევიათ თავი ჩემი პატარა ხაფანგებისთვის. უეცრად მოხუცმა ბინძური მოსასხამი გადაიძრო და წამით თითქოს გაიელვა, მოხუცი ახალგაზრდა ელფად გადაიქცა. მაღალი, მხარგაშლილი და ამაყად მომზირალი იდგა ზღურბლზე. ლამაზ, კოხტა ტანზე ერთიანად გიშერივით შავი კაბა ემოსა, რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა და ძირს თავისუფლად ეცემოდა, ხელებზე გრძელ მკლავებად სწვდებოდა, მტევნებზე კი წვრილად იხლართებოდა და თითებშორის იკარგებოდა. კაბის ერთადერთი მორთულობა დიდი გიშრისთვალი იყო, რომელიც მკერდზე მიკრობოდა და სინათლის სხივზე თვალწარმტაცად კაშკაშებდა. შავი, გრძელზე გრძელი თმა კულულებად ჩამოყროდა ტანზე და წელს ქვემოთ სწვდებოდა. სახე კი ულამაზესი ჰქონდა. თითქოს ოსტატ ელფებს მარმარილოსგან გამოეთალათ მისი ნაკვთები, რადგან, მიუხედავად წარმტაცი სილამაზისა, სახე მართლაც მარმარილოსავით ცივი ჰქონდა. ტუჩები მკრთალად შესწითლებოდა, გიშრისფერ თვალებში კი ენით გადმოუცემი მაცდურობა და მრისხანება უბრწყინავდა. უსასტიკესი გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ - ულამაზესი. არლონდირი ერთ ადგილას გაქვავდა და თვალს არ ახამხამებდა. გაშტერებული უყურებდა მის წინ გადაშლილ სანახაობას და სიტყვას ვერ ძრავდა. ყველა იქ მყოფიც მსგავს დღეში იყო. ადგილიდან ვერ იძვროდნენ და თვალები გაშტერებოდათ. უცებ გაიელვა. მზე, რომელიც ოდესღაც ღრუბლებიდან სუსტად იჭყიტებოდა, ახლა სულ გამქრალიყო. აღარც მზე იყო და აღარც - მთვარე. არც ვარსკვლავი ჩანდა სადმე. ცაში ნისლი დატრიალდა და გარემო ერთიანად მოიქუფრა. - აბა, აბა! რა დაგკარგვიათ ჩემს სამფლობელოში, მეფე ერონიდას? - გაისმა საამური, მაგრამ სასტიკი და მჭექარე ხმა. ერონიდასი ახლაღა მოვიდა გონს და ძალა მოიკრიბა პასუხის გასაცემად. უნდოდა სიტყვები სწორად და დაკვირვებით შეერჩია. - ყველა მიწა, რომელზეც ელფები ცხოვრობენ და დადიან, მეფის სამფლობელოა, - მიუგო მტკიცედ. ჰასიკიმ ბოროტად გაიცინა. მისმა ექომ ნაკადულის ჩუხჩუხიც კი გადაფარა. როცა გული იჯერა, მეფეს უპასუხა: - რა თავდაჯერებული ყოფილხართ, მეფეო! - და ისევ გაეცინა, - არადა მახსოვს, ჯერ კიდევ ყმაწვილი როცა იყავით, სულ არ ყოფილხართ ასეთი მამაცი და საკუთარ თავში დარწმუნებული. ამის გაგონებაზე ერონიდასს და დანარჩენებსაც სისხლი გაეყინათ. ესე იგი, ეს ჰასიკი უკვე გვარიანად ასაკოვანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ერთი შეხედვით, არაფერი ეტყობოდა. ბოლოს ერონიდასმა მიუგო: - რამდენი რამ გცოდნია! აი, მე კი შენზე არაფერი ვიცი. იქნებ ის მაინც მითხრა, რამდენი წლის ბრძანდები? ჰასიკის ისევ გაეცინა: - თუ ასეთ საკითებზე გსურს საუბარი, მეფეო, გირჩევ ჩემთან შემობრძანდე! გპირდები, კარგ მასპინძლობას გაგიწევ, - და ერონიდასს თვალებში მიაჩერდა. ისე მაცდურად უყურებდა, რომ რთული იყო მისთვის თვალის არიდება. მისი მზერის ბრწყინვალება მთელი არსებით იგრძნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან არცთუ მცირე მანძილით იყვნენ დაშორებული. არლონდირმა იფიქრა, საცაა დათანხმდება და ჩვენი საქმეც წასულიაო, მაგრამ უეცრად მეფემ თქვა: - შემოვალ ერთი პირობით, თუ მეტყვი, სად არის სერვერალდი. შენთანაა? ჯადოქარი წამით დადუმდა. შემდეგ უპასუხა: - ჰმმ, სერვერალდი... რა ვიცი, იქნებ ჩემთანაა... ან - არა. ეს სიტყვები წყნარად და ჩუმად წარმოთქვა. მერე კი არლონდირის გულის გასახეთქად, ჰასიკიმ სწორედ მას შეხედა. უფლისწულს ძალა არ ეყო მისი მზერისთვის თვალი აერიდებინა, ის კი სულში ჩამწვდომი თვალებით უყურებდა და თითქოს მისი გონების ყველაზე დაფარულ აზრებს კითხულობდა. არლონდირი დარწმუნებული იყო, რომ ჯადოქარს მისი ფიქრების წაკითხვა შეეძლო და თავისი მზერით აჯადოებდა. - ვერაფერს იტყვი, - თქვა წკრიალა ხმით, - უფლისწული შენი ასლია, მეფეო! გაჭრილი ვაშლივით გგავს. სწორედ ასეთი იყავი შენც სიჭაბუკეში, - და არლონდირისთვის თვალი არ მოუშორებია. - მორჩი ყბედობას! - უეცრად, მკაცრად გააწყვეტინა ერონიდასმა, - ჩვენ აქ ღამის გასათევად არ მოვსულვართ. მითხარი სად არის სერვერალდი და მერე უფრო სერიოზულ საკითხებზეც დავილაპარაკებთ. - ღამე, - დაუმდაბლა ხმას ჰასიკიმ - აქ სულ ღამეა. აი გაათევთ თუ არა, ეგ უკვე ჩემი საქმეა, - და ძლივსშესამჩნევად, მაგრამ ბოროტად გაიღიმა. მერე არლონდირის ბედად, ისევ მას მიუბრუნდა, თან ღიმილი არ მოუშორებია. - ელფთა სამეფოს სულ ასეთი რჩეული უფლისწულები როგორ უნდა ჰყავდეს? - და ტუჩები ენით გაილოკა. ეს მოძრაობა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ არლონდირმა იფიქრა, რომ მოეჩვენა. - აჰ, კინაღამ დამავიწყდა! - განაგრძო მან, - ასტრონომს ეძებთ, ხომ? მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ყმაწვილია. ძალიან დამჯერი და შრომისმოყვარე, არაფერს იზარებს! არლონდირი ამ სიტყვებმა შეძრა. წყალი არ გაუვიდოდა, სერვერალდი მასთან იყო. მაგრამ არლონდირს ისიც გაუკვირდა, ჯადოქარმა რომ ყმაწვილი უწოდა. არადა, სერვერალდი თითქმის მეფის ასაკის იყო. მეფეს კი დიდი ხანია, ახალგაზრდობის წლებიდან გადაებიჯებინა. ეს ელფი მართლაც ძალიან, ძალიან დიდი ხნის უნდა ყოფილიყო. მაგრამ უეცრად ითქვა ის, რამაც არლონდირს სულ მთლად მოუწურა გული. - არლონდირ! რა ლამაზი სახელია! კასალანდრას ყოველთვის ეხერხებოდა სახელების შერჩევა. არლონდირი ადგილზე მიიყინა. ის სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ამ სიტყვებს. ხმას ვერ იღებდა, მაგრამ რაღაცის თქმას კი ცდილობდა. სიტყვებს ვერ პოულობდა. ეტყობოდა, რომ ნათქვამმა მეფეც შეძრა, რადგან სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ჰასიკიმ გაიღიმა და ახლა სტუმრების თვალიერებას შეუდგა. უცებ სადღაც ცხენების ჭიხვინი გაისმა და ხეობაში მეორე ჯგუფი შემოიჭრა. ჯადოქარი არ დაბნეულა, სხარტად მოაბრუნა თავი ახალმოსული სტუმრებისკენ და წყნარად წარმოთქვა: - ასე, ასე... ვხედავ თან მეგობრებიც მოგიყვანიათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.