ნავსაყუდელი ( 1 )
უზარმაზარი ძველისძველი ხეების და ახალი მწვანე ნარგავების ნაზავით დაჩრდილული პარკის შესასვლელთან მდგარ სპორტულ ავტომობილზე იყო მიყრდნობილი, შავი შარვალი და იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგი ეცვა, ძლიერი დაძარღვული მკლავები მკერდთან ჰქონდა გადაჯვარედინებული, მოკლედ შეჭრილი თმა და წვერი მკაცრ მაგრამ საოცრად სიმპათიურ იერს ანიჭებდა, გამვლელი გოგონების აღფრთოვანებულ მზერას არაფრად აგდებდა, დიდი მწვანე თვალებით ერთ წერტილს უყურებდა, დროდადრო ოდნავშესამჩნევად იღიმოდა და თეთრ კბილებს აჩენდა… - აქ რას აკეთებ, რამდენი ხანია გირეკავ, ტელეფონს რატომ არ პასუხობ? -გამხდარი ქერათმიანი ახალგაზრდა მამაკაცი ამოუდგა გვერდით. - ახლა არ მცალია შაკო, -მიზნისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უპასუხა. - რას უყურებ ასეთი სახით? -ახლაღა გააყოლა შაკომ მის მზერას თვალი, სულ მალე მიაგნო მეგობრის ინტერესის ობიექტს, პარკის შესასვლელთან ახლოს მდგომ უზარმაზარ ვარჯიანი ხის ქვეშ, ცისფრად შეღებილ სკამზე იჯდა გოგონა, ფართო ჯინსის შარვალი და საყელო მოღეღილი, ცალ მხარზე ჩამოცურებული ფერადი მაისური ეცვა, ყავისფრად მბზინავი თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული და ერთ გრძელ, სქელ ნაწნავად ეშვებოდა ზურგზე, თეთრი სპორტული ფეხსაცმელი ძირს ეწყო და შიშველი ფეხები სკამზე ჰქონდა აკეცილი, გამხდარი იყო თუმცა არც თუ ისე შესამჩნევად, გამოკვეთილი ლავიწები და გრძელი ყელი ჰქონდა, თხელ თითებში ჩამოსასხმელი ნაყინი ეკავა და თვალდახუჭული ჭამდა, დროდადრო ღრმად სუნთქავდა და იღიმოდა, ისეთი მშვიდი იყო, ისეთი უდარდელი და თავისუფალი... ძლივს მოსწყვიტა თვალი შაკომ გოგონას და ისევ უცნაურად აჟიტირებულ მეგობარს გადახედა, თავი გადააქნია და გაღიმა. - ასე ძალიან მოგხიბლა? - არის მასში რაღაც ისეთი რომ შეხედავ თუ არა გინდა არ გინდა ცხოვრება გიხარია, -ღიმილით ჩაილაპარაკა. - აქამდეც გინახავს? - ცოტა ხნის წინ ჩვენს კომპანიაში იყო, ალბათ რამე გასაუბრებაზე, ვაპირებდი მასთან მისვლას მაგრამ ნოზაძე მოვიდა როგორც იცის ხოლმე დაუგეგმავად, იძულებული გავხდი დავლაპარაკებოდი და ოფისიდან რომ გამოვედი ეს საოცრება ვეღარსად ვიპოვე... - მიტომ გქონდა ისეთი გაცოფებული ხმა როცა დაგირეკე? -გაეცინა შაკოს. - ჰო, ვიფიქრე რომ ვეღარასოდეს ვნახავდი, მაგრამ აი რა ხდება, -წელში გასწორდა, პერანგის საყელო შეისწორა და ნაბიჯი გადადგა. - რას აკეთებ გაგიჟდი? -მხარში წვდა შაკო და უკან დააბრუნა, -რის გაკეთებას აპირებ? - უნდა გავიცნო, თუ არ გავაკეთებ ამას ჩემ თავს არასოდეს ვაპატიებ, არ ვიცი, ვერ აგიხსნი რა მემართება მაგრამ ძალიან მიზიდავს, -აღელვებული ლაპარაკობდა, თვალებ ანთებული. - მოიცადე, შეხედე, დააკვირდი, პატარაა დათა, ვერ ხედავ? თითქმის ბავშვია, -შაკომ იცოდა რომ ტყუილად ცდილობდა მასზე გავლენის მოხდენას, დათა თუ რამეს ჩაიფიქრებდა და აიკვიატებდა კაცისშვილი ვერ შეძლებდა მის გადარწმუნებას. - ჰოო მართალი ხარ, -უცბად მოიღუშა, საჩვენებელი და ცერა თითი ჩამოისვა ნიკაპზე, ისევ ავტომობილს მიეყრდნო და შეამჩნია შაკომ როგორ მინავლდა მის თვალებში აგიზგიზებული ცეცხლი. - პირველად მოხდა რომ ვიღაცამ ასე მიმიზიდა და ისიც... ჯანდაბა შაკო, გგონია ვერ შევამჩნიე რომ ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის ძლივს იქნება? მართლა ასე გგონია? საინტერესოა რას ფიქრობ... - რას უნდა ვფიქრობდე, უკვე ოცდაცხრა წლის ხარ და ერთხელაც არ მინახავს ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა გქონოდეს, ქალებს მხოლოდ გასართობად იყენებ, კარგი რა ასე ნუ მიყურებ, ვიცი რომ არავის არაფერს ატყუებ და ყველამ თავიდანვე იცის რას უნდა ელოდოს შენგან, მაგრამ ბოლოს მაინც გულგატეხილები რჩებიან, მაგრამ ის... ის ზედმეტად სხვანაირი ჩანს... - არავის არ ჰგავს, მის მიმართ არანაირი ავხორცი ზრახვა არ მამოძრავებს, უბრალოდ მინდა რომ ახლოს მივიდე, გვერდით მივუჯდე, მისი სურნელი ვიგრძნო, ის ნაწნავი მინდა რომ დავუშალო და ვნახო როგორ მოუხდება მხრებზე ჩამოშლილი თმა, მგონი ვგიჟდები, -ათრთოლებული თითები თავზე გადაისვა და ნაძალადევი ღიმილისგან გვერდზე მოქცეული ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, -რა მჭირს? - რა გითხრა, მგონი უბრალოდ გადაიღალე და დასვენება გჭირდება, -პირველად ხედავდა შაკო ასეთ აღელვებულ და დაბნეულ დათას, თანაც ვის გამო, ერთი პატარა გრძელნაწნავიანი თინეიჯერის რომელსაც არც კი იცნობდა, თანამშრომლებისთვის მკაცრი და მომთხოვნი უფროსი, მეგობრებისთვის მუდამ გაჭირვების ტალკვესი, ქალებისთვის საოცნებო მამაკაცი და საუკეთესო საყვარელი, ერთი სიტყვით იდეალური მამაკაცი ამ პატარა გოგომ ერთი დანახვით თითქოს ჭკუიდან შეშალა. - ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობ, უბრალოდ სხვა რამეზე გადაიტანე ყურადღება და ცოტა დაისვენე, შაბათ კვირას ქალაქგარეთ გავიდეთ, რეზი და ნიკაც მოდიან... - ჰოო კარგი იქნებოდა... - ახლა ჯობია წავიდეთ შენები უკვე გველოდებიან, ელენეც იქ არის და ხომ იცი რომ დაგაგვიანდეს რა ამბავს ატეხავს. - მეუბნები რომ დასვენება მჭირდება და ძალით მიმათრევ ჩემი მშობლების სახლში ჩემს დაბადების დღეზე რომლის აღნიშვნაც არ მინდოდა და სადაც ელენეც დამხვდება? -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები და ღრმად ამოისუნთქა. - სულ რატომ ეკამათები იმ გოგოს? -ისე გაიკვირვა შაკომ თითქოს არ ცოდნოდა რაშიც იყო საქმე. - იმიტომ რომ არ მიყვარს, იცის რომ არ მიყვარს და მაინც ხელს უწყობს დედაჩემს იმ ლეგენდის შექმნაში თითქოს ჩემი საცოლე იყოს, ისე დაარქვეს ჩემი საცოლე ჩემთვის არც უკითხავთ და ახლა ისე იქცევა თითქოს უკვე ათი წელია ბედნიერი ცოლ-ქმარი ვართ და ხუთი შვილი გვყავს, დღეში რამდენჯერმე მირეკავს, ამოწმებს სახლში ვარ თუ არა, რაღაც სულელურ ვახშმებზე მეპატიჟება და ჩემს შეცდენას ცდილობს... - რაა, სერიოზულად? -შაკომ სიცილი ვერ შეიკავა. - ძალიან დავიღალე, ცალკე ელენეს ვერ ვაგებინებ რომ შემეშვას, ცალკე დედაჩემს ვერ ვაგებინებ რომ ჩემს ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს, დღეს აუცილებლად უნდა მოვაგვარო ეს საქმე... - უნდა უთხრა რომ არ გიყვარს? - ეს ისედაც იცის, ვეტყვი რომ ჩემს ცოლობაზე არ იოცნებოს, ახლა წადი და მეც მოვალ მალე, -კიდევ ერთხელ გააპარა თვალი პარკის შესასვლელისკენ, გოგონას უკვე დაემთავრებინა ნაყინის ჭამა, ახლა უბრალოდ იჯდა და ხის ხშირ ფოთლებში გამოპარულ მზის სხივებს უშვერდა სახეს, უხმოდ დაუქნია შაკომ თავი და ღიმილით მოშორდა იქაურობას. ფეხაკრეფით უახლოვდებოდა, დაძაბული, ლარივით დაჭიმული სხეულით, იმ მტაცებელს გავდა უკვე ასი პროცენტით რომ არის მსხვერპლის მოხელთებაში დარწმუნებული და ახლა უბრალოდ მოსალოდნელი შედეგით წინასწარ ტკბება, მის წინ ერთი ნაბიჯის დაშორებით შედგა და როცა მსუბუქი ნიავისგან მოტანილი მისი სურნელი შეუძვრა ნესტოებში, ინსტიქტურად მკერდზე მიიჭირა ორივე ხელი, შეეშინდა რომ გოგონას შეიძლებოდა მისი არანორმალურად სწრაფად მფეთქავი გულის ხმა გაეგო. - შეიძლება დავჯდე? -შეძლებისდაგვარად მშვიდად ჰკითხა და უკვე წინასწარ შეგუებული იყო ყველანაირ უსიამოვნო მოულოდნელობას... დიდი თაფლისფერი თვალებით ამოხედა ქვემოდან, სულ რამდენიმე წამს უყურებდა მაგრამ ეს რამდენიმე წამი საკმარისი გახდა იმისთვის რომ დათა ამ საოცრად სუფთა, გამჭვირვალე თვალებში დაკარგულიყო, თვალებში სადაც არ ჩანდა გაოცება იმის გამო რომ მაინცდამაინც მის გვერდით უნდოდა ვიღაც უცნობს დაჯდომა როცა გარშემო ამდენი სკამი იყო თავისუფალი, არც სიბრაზე ჩანდა იმის გამო რომ მყუდროება დაურღვიეს და არც ის აღფრთოვანება რომელსაც დათას დანახვისას ავლენდნენ ხოლმე ქალები, უბრალოდ უყურებდა და თითქოს არა დათას სახეზე არამედ მის მიღმა ცდილობდა რაღაცის დანახვას, ბოლოს გაუღიმა და თავი დაუქნია. - დაბრძანდით, -წკრიალა ხმით ჩაილაპარაკა, ხელით ანიშნა მის გვერდით თავისუფალ ადგილზე, მერე ისევ დახუჭა თვალები და გაყუჩდა. - დათა მქვია, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა როცა რამდენიმე წუთიანმა სიჩუმემ საშინლად შეაწუხა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ყოველთვის ენაწყლიანი ახლა რატომღაც პირში ენას ვერ იბრუნებდა, თავს ისევ იმ პატარა ბიჭად გრძნობდა სკოლის პერიოდში გოგონებს სკოლის უკან მდებარე ფიჭვნარში რომ ხვდებოდა ხოლმე და ეს შეგრძნება ახლა არცთუ ისე ძალიან მოწონდა, დაძაბული ელოდა როდის გამოაჩენდა ეს პატარა ანგელოზი საგულდაგულოდ დამალულ ბრჭყალებს და ერთ ამბავს ატეხდა მხოლოდ იმის გამო რომ მასთან გამოლაპარაკება სცადა. - მე ლარა ვარ, -ისევ მოესმა წკრიალა ხმა, გოგონა მისკენ შეტრიალდა და თამამად, ღიმილით გაუწოდა ხელი, არ ელოდა დათა, გაშეშდა, ისიც კი დაავიწყდა რომ არსებობისთვის ჰაერის ჩასუნთქვა სჭირდებოდა... - არ ჩამომართმევ? -ჰაერში აათამაშა ლარამ თხელი თითები, ახლაღა გამოერკვა, ჰაერი ჩაისუნთქა, გამშრალი ტუჩები მოილოკა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და მისი თითები ათრთოლებულ ხელში მოიქცია... ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა და უწონადობაში აღმოჩნდა, უყურებდა აციმციმებულ თაფლისფერ თვალებში და თავში ქარბორბალასავით მოძრავ ქაოსს ვერაფერს უხერხებდა, ქვეცნობიერი წამდაუწუმ უმეორებდა რომ ამდგარიყო და აქაურობას უკანმოუხედავად მოშორებოდა, მაგრამ არ შეეძლო, უბრალოდ არ შეეძლო... - ახლა მგონი უნდა მითხრა რომ სასიამოვნოა ჩემი გაცნობა და მერე ხელი უნდა გამიშვა, -მისმა ხმამ გამოარკვია და დაბნეულმა გაუშვა ხელი, კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეათვალიერა, სულაც არ დასცინოდა და არ ხალისობდა მისი დაბნეულობის გამო, უბრალოდ გულწრფელად იღიმოდა. - სასიამოვნოა შენი გაცნობა ლარა, ლამაზი სახელი გქვია, -შედარებით დამშვიდებულმა უთხრა და საკუთარ თავს აიძულა ცოტა მოდუნებულიყო. - მერწმუნე ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, მხოლოდ ერთი კვირაა რაც საქართველოში ჩამოვედი, პირველად ვარ აქ, არავის ვიცნობ და მომენატრა ადამიანებთან ადამიანური საუბარი, აქ არავინ მყავს და სულ მარტო ვარ, წარმოგიდგენია? ყველა ჩემი მეზობელი მოხუცი და უჟმური აღმოჩნდა, ამაშიც არ გამიმართლა, ვერავინ ვნახე ისეთი ვისაც გავიცნობდი და ხანდახან მაინც დაველაპარაკებოდი, ჰო მართლა ჩემს სახელს რაც შეეხება, ჩემი მშობლები ლარა კროფტზე გიჟდებოდნენ და ამიტომაც მქვია ლარა, -ერთბაშად მიაყარა და გაჩუმდა, უკვე მთლად დამშვიდებული და მოდუნებული უსმენდა დათა, ის კი არადა ღიმილს ვერ იშორებდა სახეზე, ახლა უფრო მეტად დააინტერესა ლარამ, ყველაფერი აინტერესებდა მის შესახებ, სად იყო აქამდე? რატომ ცხოვრობდა მარტო და რატომ იყო ისეთი მარტოსული რომ სრულიად უცხო მამაკაცთანაც კი არ ერიდებოდა საუბარს. - ასე რატომ მიყურებ, გიკვირს რომ გესაუბრები? -თვალებმოჭუტულმა და ტუჩებგაბუსხულმა შეხედა ლარამ და კიდევ ერთხელ გახდა მისი აჩქარებული გულისცემის მიზეზი. - ცოტა არ იყოს მიკვირს, -ღიმილით დაეთანხმა. - ნუ გიკვირს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, -პასუხს გვერდი აუარა და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგარ მრავალსართულიან შენობას შეავლო თვალი. - შეიძლება რაღაც გკითხო? -ვერ მოითმინა დათამ, -დღეს იმ შენობაში გნახე, მეც იქ ვმუშაობ და კადრების განყოფილებაში დაგინახე, იქ რას აკეთებდი? - ისეთს არაფერს, ვაკანსიების შესახებ წავიკითხე და... - გასაუბრებაზე იყავი დაბარებული? - არა უბრალოდ ისე შევიარე, სიმართლე რომ გითხრა თავიდანვე ვიცოდი რომ არ ამიყვანდნენ, ასაკი და გამოცდილება ხელს არ მიწყობს, ახლახანს გავხდი თვრამეტი წლის და ჯერ არსად არ მიმუშავია. - ანუ სამსახურს ეძებ და რატომ არ სწავლობ? - შემდეგი წლიდან ვაპირებ უნივერსიტეტში ჩაბარებას, მანამდე უსაქმოდ ყოფნა არ მინდა, თანაც აქვე ვცხოვრობ და ეს სამსახური მაწყობდა. - პირველად ვნახე რომ ადამიანისთვის სამსახურზე უარი ეთქვათ და მაინც ასეთი ხალისიანი იყოს, -გაეღიმა დათას და საპასუხო ღიმილმაც არ დააყოვნა. - ყველა შემთხვევას შეიძლება კარგი მხარე ჰქონდეს, უნდა ეცადო ის მხარე იპოვო, იქიდან შეხედო და ნაკლებად დაგწყდება გული. - კარგი რა შეიძლება იმას ჰქონდეს რომ სამსახურში არ აგიყვანეს? -მართლა არ ესმოდა დათას მისი ოპტიმიზმი. - მაგალითად ის რომ ჩემთვის ეს სამსახური სულაც არ წარმოადგენდა აუცილებლობას, ახლა იმედია ისეთ ვინმეს აიყვანენ ვისაც ნამდვილად ჭირდება... - უცნაური გოგო ხარ. - მხოლოდ მე არა, ორივე უცნაურები ვართ, შეამჩნიე რომ ისე ვსაუბრობთ თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყოთ? -გაეცინა ლარას. - მართლაც, -დაბნეულმა მიმოიხედა დათამ და ახლაღა შეამჩნია რომ ლარას წინ ზუსტად მისნაირ პოზაში იჯდა ფეხშიშველი და სკამზე ფეხებ აკეცილი, მართლა არ ახსოვდა როდის გაიხადა ფეხზე, აღარც ცოტახნის წინანდელ მორიდებას და უხერხულობას გრძნობდა, პირველად იყო ასეთი მშვიდი, კმაყოფილი და ბედნიერი, უყურებდა ამ პატარა გოგონას და ხვდებოდა რომ დღეიდან მის ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყო და აღარაფერი იქნებოდა ძველებურად, რაც არ უნდა მომხდარიყო ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ის არ დაეკარგა, -უნებურად გაეცინა საკუთარ თავზე და უჩვეულო ფიქრებზე. - მგონი კარგად ვერ ვარ, -ჩაილაპარაკა და კეფაზე შემოიჭდო თითები. - მე კი პირიქით მგონია რომ ახლა ძალიან კარგად ხარ, -ჩაიღიმა ლარამ. - კი მაგრამ ლარა, როგორ ახერხებ რომ უცნობებთან ასეთი გულღია და უშუალო ხარ? - არ გეგონოს რომ შემიძლია ნებისმიერ გამვლელს მივცე ჩემს გვერდით ჯდომის უფლება, გავეცნო და ათას სისულელეზე ვესაუბრო, უბრალოდ შენ შემოგხედე თუ არა მივხვდი რომ შენი ნდობა შეიძლებოდა. - ასე ფიქრობ? -უჭირდა დათას ამ სიტყვების დაჯერება. - მართლა გეუბნები, -თავი დაუქნია, ერთხანს თვალებში უყურებდა და მერე სადღაც მის მიღმა გადაიტანა მზერა, -იცი როგორი ხარ? შენგან უჩვეულო სიმშვიდე იღვრება, ნავსაყუდელს გავხარ... - ნავსაყუდელს? -ვერ გადაწყვიტა დათამ სერიოზულად უნდა მიეღო თუ არა მისი სიტყვები, აშკარად მიხვდა მის განცდებს ლარა და გაეღიმა. - ჰო ასეა, ნავსაყუდელს გავხარ, ძნელად მისადგომს მაგრამ მყუდროს და სანდოს, ისეთ ადგილს სადაც გემები შედიან რომ ღუზა ჩაუშვან, სიმშვიდეში წყნარად იტივტივონ და ქარიშხლიანი ოკეანისგან მიყენებული ჭრილობები მოიშუშონ... კიდევ ერთხელ დამუნჯდა, კიდევ ერთხელ მოახერხა ლარამ მისი გაოცება, -არ ვიცი რა უნდა გითხრა, -ხმაჩახლეჩილმა და აღელვებულმა ჩაილაპარაკა. - არაფერი მითხრა, უბრალოდ მომეცი უფლება შენს წყნარ წ....ბში ცოტა ხნით ღუზა ჩავუშვა, რადგან მეტად მრისხანე, ბობოქარი და დაუნდობელი იყო ბოლო დროის განმავლობაში ჩემს მიმართ ოკეანე და ახლა, ზუსტად ახლა და აქ, შენ ხარ ჩემი ნავსაყუდელი... - - - კვირაში ორ თავს დავდებ ხოლმე, იმედია მოგეწონებათ :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.