მეორე სიცოცხლე (თავი III)
-ახლა გასაგებია ასე იზოლირებულად რატომ ცხოვრობ,-რამდენიმეწუთიანი სიჩუმე დაარღვია. საწოლის გვერდით იატაკზე იჯდა, ზურგით კიდეს ეყრდნობოდა და გოგონას საბოლოო დაწყნარებას ელოდა. ელამ არაფერი უპასუხა. -ასე ხშირად გემართება? -საკმაოდ, შემდეგზე აღარ შეწუხდე, თავადაც ვუმკლავდები. ალექსანდრემ წყრომით ახედა და წამოდგა. -კიდევ თუ რამე დაგჭირდა... -აღარ დამჭირდება,-შეაწყვეტინა გოგონამ, თავი გვერდით გაატრიალა და ჩუმად დაამატა,-გთხოვ, ამაზე ზურას და ნინოს ნუ ეტყვი. -ტყუილად ჯიუტობ, უბრალო დახმარების მიღება სირცხვილი არაა,-იარაღი ხელს გააყოლა და ოთახი დატოვა. როგორც წესი, შეტევის შემდეგ გამთენიამდე დაძინებას ვეღარ ახერხებდა ხოლმე. თუმცა ამჯერად უცნაური სიმშვიდე შემოეპარა და მისდა გასაკვირად, მალევე ჩაეძინა. ჩაძინების წინ კი მტკიცედ გადაწყვიტა, მისი ახალი მეზობელი, რომელიც იმ პირადი ცხოვრების ნაფლეთებშიც კი შემოუძვრა, რაც გააჩნდა, ყველა ხერხით თავიდან მოეშორებინა, სანამ გვიანი არ იყო. *** ელა იმ ღამეს ორ რამეში შეცდა. პირველი იმაში, რომ ეგონა, ალექსანდრეს დახმარება აღარ დასჭირდებოდა. მეორე - ამ უკანასკნელის მოშორება მარტივი არ გამოდგა. უკვე ერთი კვირა იყო გასული, ალექსის მოსვლიდან და ერთი კვირა, რაც ის ელას ოთახის მუდმივი ღამეული სტუმარი გახდა. პანიკური შეტევები არ წყდებოდა, პირიქით, ალექსისთვის აუხსნელი მიზეზების გამო, უფრო უარესდებოდა. უარესდებოდა ელას ხასიათიც, რადგან ალექსანდრეს მოშორება ვერანაირად შეძლო. ხრიკების მოფიქრების თავი არ ჰქონია, თუმცა ვერც მისმა პრეტენზიებმა მშობლებთან, ვერც მუდმივმა უხასიათობამ და იგნორმა და ვერც გათენებული ღამეებისგან ჩაშავებულმა თვალებმა ბიჭი ვერ გატეხა. კიდევ უარესად ის აღიზიანებდა, რომ ალექსს მასზე ზემოქმედება შეეძლო. მისი მზრუნველობა და სიმშვიდე ემოციურად მასზე დამოკიდებულს ხდიდა და ეს თავს კიდევ უფრო სუსტად აგრძნობინებდა. -უნდა გელაპარაკო,-ერთ ღამესაც მორიგი შეტევის შემდეგ, მის საწოლთან სავარძელში მჯდომ ალექსს დაღლილი თვალებით გახედა, რომელსაც თავი საზურგეზე მიედო და თვალები დაეხუჭა. -გისმენ,-თვალებდახუჭულმა მიმართა. -შენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს. -ნუთუ?-თვალები გაახილა და წარბები აწკიპა. -ამას არ ვგულისხმობ. ლევანის როცა უნდა მაშინ მომაგნებს,-ძალიან შეეცადა არ დატყობოდა, მაგრამ ტუჩი მოებრიცა. ალექსის მზერა ჩატეხილი ტუჩის კუთხისკენ გაექცა, მოუნდა დაეცვა, ეგრძნობინებინა რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა გეგმიდან გადახვევას არ აპირებდა. ისედაც ზედმეტად კეთილად იქცეოდა მისი ღამ-ღამობით ელას ოთახში სტუმრობით. -ვერ მოგაგნებს და თუ მაინც შეძლო, აქ დავხვდებით, ელა. არც შენი ოჯახი და არც მე უფლებას არ მოგცემთ ხელი ჩაიქნიო ცხოვრებაზე. ის რაც გადაგხდა, უნდა უბრძოლო, და წარსულში მოიტოვო... ცრემლის დასამალად გოგონამ თავი მიატრიალა,-არც კი იცი, რა მოხდა. ალექსიმ იგრძნო, რომ დანაღმულ ტერიტორიას მიუახლოვდნენ. ზუსტად ამას ელოდა, მაგრამ არ უნდოდა აჩქარება ამიტომ დინჯად გახედა. -შენი ისტორია აქ მოსვლამდე გადმომცეს. ელამ წამით გახედა, შემდეგ კი ისევ მიატრიალა თავი ფანჯრისკენ და დიდხანს ხმა არც ერთს აღარ ამოუღია. ალექსანდრემ სცადა იმ წამიერ გამოხედვაში რამე დაენახა, თუმცა ვერაფერი ამოიკითხა. მოგვიანებით ოთახში დაბრუნებული საწოლზე მიწვა, ჭერს ახედა და საკუთარი არეული ფიქრების დალაგება დაიწყო. გამთენიისას, როცა ჩიტები ახმაურდნენ და მზემაც ხის ფანჯრებსა და გამჭვირვალე ფარდებში შემოანათა, ელას ოთახის კარი ნელა გაიღო. სილუეტი საწოლს მიუახლოვდა და გოგონას დახედა. ელა შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ბუზღუნით შუბლთან ხელით მოიჩრდილა. -ახლა რაღა მოხდა, აქ რას აკეთებ?- საბანში მეტად გაეხვა. -სარბენად მივდივართ, ადექი, 5 წუთი გაქვს მოსამზადებლად. -გეშლები ვიღაცაში, ძილი მაცადე,-კიდევ ერთხელ ამოიგმინა და ხელი აუქნია. ალექსს ჩაეღიმა, პირველად ხედავდა ელას ასეთ ადამიანურს. მუდმივად დაძაბული და მოწყენილი დადიოდა, ეტყობოდა თავის ყველა მოქმედებას უკვირდებოდა და კარგად წონიდა. ახლა კი, როცა ნიღბის მორგება ჯერაც ვერ მოესწრო, სულ სხვანაირი იყო. ალექსანდრეს გული მოეწურა, კიდევ ერთხელ იგრძნო სევდა ელას განადგურებული ცხოვრების გამო. თავი გადააქნია და ჩვეული ცივი ტონი დაიბრუნა. -ძალიან სუსტი ხარ, ელა. არც ნორმალურად იკვებები, არც ვარჯიშობ. წამოდი, ერთხელ სცადე. -რა დავაშავე, რომ გადაგეყარე,-ისევ ამოიგმინა გოგონამ,-წადი, ადამიანო, არაა საჭირო ყველა შენსავით დაკუნთული და ჩაფსკვნილი იყოს. ალექსმა წარბი ასწია და ხელები გულზე დაიკრიფა. -და სიმპათიურიც. -და სიმპათიურიც. რა თქვი?-თვალები დაჭყიტა გოგონამ, როცა გაიაზრა რომ ალექსის სიტყვები გაიმეორა. -3 წუთიღა დაგრჩა ელა,-ალექსანდრე კარისკენ უდარდელად დაიძრა და ოთახის გარეთ ზუსტად 3 წუთის ათვლა დაიწყო. ის იყო ტაიმერი მორჩა და შებრუნებას აპირებდა, კარში ელა რომ გამოჩნდა. სპორტული შარვალი, ფეხსამცელი და ფართო მაისური მოერგო. თმა დაუდევრად ჰქონდა აწეული. -ჩათვალე მადლობას გიხდი დახმარებისთვის,-სწრაფად მიახალა გაოგნებულ ბიჭს და მთავარი კარისკენ დაიძრა. -დასაწყისისთვის 2 წრე საკმარისი იქნება,-ხელით მიანიშნა უზარმაზარი ეზოს შემოგარენზე. -ხუმრობ? წლებია არ მირბენია. -2 ძალიან ცოტაა, აიტან,-ცხვირზე თითი ჩამოკრა და წინ წავიდა. -აღარ შემიძლია,-მეორე წრე ნახევრამდე ჰქონდათ გავლილი, როცა ელა მოწყვეტით დაებერტყა ბალახზე და აწითლებულ სახეზე ხელი დაინიავა. -კარგი, დღეისთვის მოვრჩეთ. მოვწესრიგდეთ და ვისაუზმოთ. -რამდენი ხანია რაც ამას აკეთებ?-კოტეჯისკენ გზად მიმავალს ჰკითხა. -ამას-რას? -ბოროტი ხალხის დევნას -სამი წელია სპეციალურ დანაყოფში ვარ,-ელას ახსნაზე ჩაეღიმა. -შენი ოჯახისთვის ალბათ რთულია, როცა არასდროს ხარ სახლში. -ოჯახი არ მყავს, ელა. -მშობლებს ვგულისხმობ, და-ძმას... -არავინ მყავს,-წყნარად მიუგო და გოგონა კარში შეატარა. -ვწუხვარ,-ამოილუღლუღა ელამ და თავისი ოთახის კარი გააღო. -რომ მოწესრიგდები სასაუზმოდ გავიდეთ. ელამ თავი უხმოდ დაუქნია და ოთახში შეაბიჯა. *** -ელაა,-პატარა გოგონა კივილით შევარდა სამზარეულოში და დას აეკრო. ელა მოულოდნელობისგან შეცბა, თუმცა ეცადა არ შეემჩნია. მშვიდად საუზმობდნენ, უფრო ზუსტად - ის ის იყო დამშვიდდნენ, ელას და ალექსის გამართული ომის შემდეგ, რომელიც ნორმალურად საუზმობას ეხებოდა და არა მხოლოდ ჩაის დალევას. დიასახლისი ლალი კრეპებს თეფშზე ერთმანეთზე აწყობდა და, ტრადიციულად, საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. თან ცალ თვალს გაბუტული ელასკენ ღიმილით აპარებდა. გულწრფელად უხაროდა გოგონას ოდნავი გამოცოცხლება და გულში ალექსის მადლიერი იყო. -მომენატრე ნანო,-თმებზე აკოცა მასავით შავთმიან, 10 წლამდე გოგონას,-მოგეწონა ბებიასთან? -ძალიან! პატარა წიწილები ჰყავდა და კიდევ... ალექსანდრემ მეტის მოსმენა ვეღარ შეძლო, მაგიდაზე დადებული მისი ტელეფონი აზუზუნდა. აივანზე გავიდა და უპასუხა. -გამარჯობა, ზაზა. -როგორ მიდის მანდ საქმეები?-ზაზას დაძაბულმა ხმამ მიახვედრა, რაღაც რიგზე ვერ იყო. -გეგმის მიხედვით. აქ მშვიდობაა,-მზერას ნანოსთან მოსაუბრე ელას არ აცილებდა. -რადგან მასე მეუბნები, ალბათ სიახლეები ჯერ არ გაგიგია. ბერიძე დაბრუნდა, ალექსანდრე... დღეს ინტერვიუც კი მისცა, დიდი გეგმები მაქვსო. ამ სიტყვების პარალელურად, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ელამ ტელევიზორს ახედა. ალექსიმ მის მზერას თვალი გააყოლა და ეკრანზე მომღიმარი ლევან ბერიძე დაინახა, რომელიც ცნობილ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა. ელას ფერი დაეკარგა, ეკრანზე თვალი გაუშტერდა, მერე ნანო კალთიდან ჩამოსვა და სამზარეულოდან გავარდა. ალექსანდრემ ჩუმად შეიკურთხა, ტელეფონი დაუშვა საიდანაც ჯერ კიდევ ესმოდა ზაზას ხმა და გაქცეულ გოგონას დაედევნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.