შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყურვილი. დაბრუნება. [ თავი 3 ]


2-10-2022, 12:55
ავტორი ჰაიკო
ნანახია 815

     1945 წელი.
     ნეონის შუქით სუსტად განათებულ არც ისე ხალხმრავალი ქუჩის ბოლოს, პაბის შესასვლელთან ლუდის ან რამე უფრო მაგარი ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედებისგან მორღვეული სხეული მაგრად ეჭირა სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილ მამაკაცს და ფრთხილად მიჰყავდა გზის მეორე მხარეს, ბეტონის კედელთან გაჩერებული მანქანისკენ. ქალი, რომელიც მამაკაცის ძლიერ მარჯვენას ჩამოყრდნობოდა, ვერ იტყოდით, რომ მთლად ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამას მოწმობდა მისი აწითლებული სახე და ჯინის არომატული სურნელი, რომელსაც კოხტად ჩაწიკწიკებული კბილებიდან უმოწყალოდ აფრქვევდა, ის გაუჩერებლად ელაპარაკებოდა და ემუდარებოდა მამაკაცს, რომელიც მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა.
     წყვილი საკმაო მანძილით მოშორდა პაბს, მანქანას გაცდნენ და ახლა კედლის მეორე მხარეს, ატრაქციონების პარკში იდგნენ, რომელიც მაღალი, დეკორატიული ბუჩქნარით იყო გარშემორტყმული, რომლის ტოტები იმგვარად ჩახვეოდა ერთმანეთს, რომ ქუჩის მხარეს მყოფ თვალს ბუჩქნარის შიდა ტერიტორიაზე შეღწევის საშუალებას უსპობდა.
     ქალმა მამაკაცის მკლავისგან თავი გაითავისუფლა და პარკის შუაგულში სუსტად მბჟუტავ განათების ბოძს მიეყრდნო წონასწორობის შესანარჩუნებლად, რამდენადაც ამის საშუალებას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აძლევდა.
     - იზი, რა გჭირს? ხანდახან მაინც გაიღიმე, - ამოისლოკინა ქალმა და მამაკაცს ალკოჰოლის ოხშივარი შეაფრქვია სახეში, - მე ხომ ზუსტად იმ დამპალი ომიდან შენი დაბრუნების აღსანიშნავად მოვაწყე ეს წვეულება, უხერხულია, სტუმრები რას იფიქრებენ.. ან თუნდაც ჯეიმი..
     მამაკაცმა საზიზღრად გაიცინა.
     - ჯეიმი, არა?
     - ჰო.. - ქალი წაბარბაცდა, - ნეტავ სად გაქრა შუა წვეულების დროს, არ იცის ხოლმე ასეთი ნაბი*ვრული საქციელი, ალბათ ზედმეტი დალია.
     - ის მკვდარია, - უემოციოდ თქვა მამაკაცმა.
     ამ სიტყვებს რამდენიმეწამიანი დუმილი მოყვა, შემდეგ ქალმა გაიცინა.
     - უცნაური ხუმრობა გისწავლია ფრონტზე, იზი, ძვირფასო..
     - ის მკვდარია, ჯეიმი მკვდარია, - დაიღრინა მამაკაცმა და ქალისკენ ნაბიჯი გადადგა, - ვეღარ გამასულელებ, სიკვდილის წინ მან ყველაფერი მითხრა, შე ძუკნა.. სხვა ვერავინ ნახე და მაინცდამაინც ჩემს ბავშვობის მეგობარს მიადექი?
     ქალს ელდისგან თვალები გაუფართოვდა, წამიერად გამოფხიზლდა, ყვირილი დააპირა, მაგრამ მამაკაცის გარეგნობაში მომხდარმა საოცარმა ცვლილებებმა ამის უნარი დააკარგვინა, ის პირდაღებული შეჰყურებდა მას.
     მამაკაცმა სწრაფი ნახტომი გააკეთა ქალისკენ, მარჯვენა ხელით ყელში სწვდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, ნახევრადგაღებული პირიდან ეშვებმა გაიელვა.
     თუმცა მან ვერ მოასწრო ყელში ჩაფრენოდა ქალს, როდესაც სცენას კიდევ ერთი მოულოდნელი, დაუპატიჟებელი სტუმარი შემოუერთდა.
     - რა ჯანდაბას აკეთებ? - მრისხანე, დაბალ ხმაზე ნათქვამმა სიტყვებმა გაკვეთა გაყინული ჰაერი.
     იზიმ ქალს ხელი უშვა და ღრენით შემობრუნდა.
     უცნობი გვერდულად იდგა, ერთიანად შავ, ელეგანტურ ტანისამოსში გამოწყობილიყო, ქერა თმა უკან გადაევარცხნა, სახეს მოკლე, ჟღალი წვერი უმშვენებდა, შიშის ნატამალიც კი არ ეტყობოდა, ნაცრისფერი, თითქმის უფერული თვალებით იზის შუბლის ძვალს ბურღავდა.
     - რას აკეთებ? - გაიმეორა მან და მოზომილი მოძრაობით წაიძრო ხელიდან შავი, ტყავის ხელთათმანი.
     ღრუბლებს შორის მოძრავი მთვარის შუქმა ავისმომასწავებლად ააბრჭყვიალა უცნობის მარცხენა ხელის არათითზე წამოცმული გვირგვინოსანი, რკინის მძიმე ბეჭედი.
     იზი შედგა, შეყოვნდა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ბეჭედმა თითქოს დააჰიპნოზა, მთელი მისი არსება შიშმა მოიცვა.
     - პრიმუმი? - გაიფიქრა მან, - უძველესი ლეგენდების მიხედვით, ასეთ ბეჭდებს მხოლოდ ისინი ატარებენ.. ჯანდაბა, არ მეგონა, თუ ისინი მართლა არსებობდნენ...
     იზის ფიქრთა ძაფი უცნობის მოძრაობამ შეწყვიტა, ის წამის მეასედში გაჩნდა მის წინ, იმდენად სწრაფად, რომ მოძალადე გაოგნებული დარჩა, მტკიცე ხელი ყელში წვდა და კედელს მიალურსმა.
     - იზი.. შენ ჩვენი რასა გამოაშკარავების საფრთხის წინაშე დააყენე, ვამპირთა კოდექსის მიხედვით მე, ვამპირთა კანონის წიგნის მცველი სიკვდილს გისჯი, ვაპირთა სამყაროს სახელით და პრიმუმთა უმაღლესი საბჭოს უხუცესთა მიერ მონიჭებული უფლებით.
     იზიმ ამოიხრიალა, რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ვერ შეძლო, უცნობმა მარჯვენა ხელი შემართა და მკერდში დარტყმა მიაყენა, ფოლადისმაგვარმა თითებმა მარტივად შეაღწია სხეულში და გულს შემოეჭდო, კიდევ ერთი სწრაფი, მოზომილი მოძრაობა და უიღბლო ვამპირი მიწას დაენარცხა უსულოდ. უცნობი ერთხანს უემოციოდ დაჰყურებდა ხელისგულზე მოთავსებულ ჯერ კიდევ მფეთქავ გულს, შემდეგ გვამის გვერდით მიაგდო და ქალს მიუბრუნდა, რომელსაც, ამ სცენის შემყურეს ლაპარაკის უნარი დაკარგვოდა და ენით აღუწერელი შიში ჩადგომოდა თვალებში.
     - ბრავო, - მოისმა გვერდიდან ცინიკური, გესლიანი ხმა, რასაც სიცილი და ტაში მოჰყვა.
     ქერათმიანი სწრაფად შემობრუნდა, წელში ოდნავ მოიხარა, ლოყებზე დაბერილ სისხლძარღვებში მოძრავი ალისფერი სითხე თვალების მიმართულებით გადაადგილდებოდა და მას საშინელ, არაბუნებრივ ელფერს აძლევდა, გაღებული პირიდან ეშვებმა იელვა, მამაკაცმა ყრუდ დაიღრინა და ახალ მოწინააღმდეგესთან შესაბმელად გაემზადა.
     ახალმოსულს შიში სულაც არ დატყობია, კვლავინდებურად უდარდელად იდგა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ირონიულად იღიმებოდა და ტაშის კვრას აგრძელებდა.
     ქერათმიანმა ტრანსფორმაცია შეწყვიტა და ახალმოსულ, შავგვრემან მამაკაცს შეხედა გაკვირვებული თვალებით.
     შავგვრემანმა ხელები თეატრალურად გაშალა, მის მარცხენა ხელის არათითზე გვირგვინოსანმა ბეჭედმა გაიელვა.
     - თვით დიდი ლუციუსი ჩვეულ ამპლუაში, მსგავს სანახაობას მხოლოდ ერთხელ თუ ნახავს კაცი ორას-სამას წელიწადში, - მან დამცინავად გაიღიმა და გვამს გადახედა.
     ქერათმიანი, რომელიც ლუციუსად მოიხსენიეს, წელში გაიმართა და უემოციო სახით მიაჩერდა შავგვრემანს.
     - კოვაქს.. აქ რას აკეთებ?
     - მეც მიხარია შენი ნახვა, ლუციუს, - თეთრი კბილები გააელვა კოვაქსმა, - აქ გავლით ვარ და მერწმუნე, შემთხვევით შევესწარი ამ უბედურის დასჯის სცენას, - მან გვამზე მიუთითა, - და ვაღიარებ, რომ მართლაც შესანიშნავი ხარ.
     - სისულელეებს მოეშვი, - დაიღრინა ლუციუსმა, - აქ რას აკეთებ? 
     - ხომ გითხარი, გავლით ვარ, - მოიღუშა კოვაქსი, - ვალდებული არ ვარ, ანგარიში ჩაგაბარო.
     ლუციუსი ერთხანს დუმდა.
     - პაბში დამელოდე, - თქვა ბოლოს, - ეს საქმე უნდა დავასრულო, - მან ქალს გახედა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო შოკიდან.
     - რა სენტიმენტალიზმია, - გამოსცრა კოვაქსმა, - მეხსიერების წაშლა და მსგავსი სისულელეები, თუმცა შენ ხომ ლუციუსი ხარ.. კარგი, დაგელოდები.
     ლუციუსმა თვალი გააყოლა, სანამ კოვაქსი ბუჩქებს მოეფარებოდა, შემდეგ ქალისკენ შებრუნდა და ხელები ასწია.
     - დამშვიდდი, მე არაფერს დაგიშავებ...

***** 

     მანამ, სანამ პრიმუმთა კლანის მომხიბლავი ჯადოქარი - რებეკა სალემის მოსახლეობას მასობრივი შთაგონების ქვეშ მოაქცევდა, სალემის ცენტრალური კლინიკის მთავარი ექიმი ალდო ტომპსონი, რომელიც ქალაქის შერიფის - კრამერის ახლო მეგობარი იყო, სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ალასკას შტატში, ქალაქ ჯუნოს ტვინის სნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ასევე ლექციებს კითხულობდა ადგილობრივ კოლეჯში.
     მცირე მიმოხილვა: ალასკა შტატია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, კანადის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მდებარეობს, ის კაპიტანმა ბერინგმა აღმოაჩინა 1741 წელს, რომელიც 1867 წელს შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთისგან გამოისყიდა, 1884 წელს მიიღო ოლქის სტატუსი, ხოლო 1959 წლიდან შტატია. მიუხედავად ტერიტორიის სიდიდისა, სულაც არ გამოირჩევა მოსახლეობის მრავალრიცხოვნობით, რაც ალბათ ალასკისთვის დამახასიათებელი უკიდურესად მკაცრი კლიმატითაა გამოწვეული, მთლიანი შტატის მოსახლეობა რვაასი ათასამდე სულს შეადგენს. ადგილობრივთა და ჩამოსულთა ძირითად საქმიანობას ქვანახშირის მოპოვება და ხე-ტყის გადამუშავება წარმოადგენს, ასევე თევზჭერა, რაც შტატის ბიუჯეტის უმთავრეს შემოსავლად ითვლება.
     ექიმი ტომპსონისთვის არც ალასკის ცივ კლიმატს ჩაუხშია განმარტოებისა და ალკოჰოლისადმი სწრაფვა, სამსახურისგან თავისუფალ დროს ხშირად სეირნობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე საკუთარ ფიქრებში ჩაფლული, სალემიდან წამოსვლამდე, ათიოდე წლის წინ უკანასკნელად ესაუბრა თავის ზებუნებრივ და უცნაურ მეგობარს, ლუციუსს, ხოლო შერიფ კრამერთან თითქმის ყოველდღიური მიმოწერა ჰქონდა. ლუციუსისგან შეიტყო, რასაც აპირებდა რებეკა და ახსნამ - რომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ეს იყო, დააკმაყოფილა. ახლა ჩვეულებრივ ესაუბრებოდა შერიფს, ყველა საშინელი მოგონება წარსულში დარჩა და ასე თუ ისე, მისი ცხოვრებაც დამშვიდდა, რუტინულად, მდორედ მიედინებოდა და ექიმს მეტი რა უნდოდა გარდა იმისა, რომ ვისკით დამტკბარიყო ოკეანის სანაპიროზე, თოლიებისთვის ეთვალთვალა და პორტში ღუზაზე მდგომი უამრავი თევზსაჭერი გემი დაეთვალიერებინა. ეს წმინდა ადამიანური ცხოვრება იყო და ალდო ტომპსონი მეტს არც ითხოვდა შემქმნელისგან, საკუთარი ბედნიერებისთვის ესეც სრულიად საკმარისად მიაჩნდა.
     10 წლის წინ.სალემი.
     სალემის ცენტრალური კლინიკის მთავარი ექიმი ალდო ტომპსონი რომ თავისებურ და ერთობ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს უკვე ცნობილი და ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყოველ უიკენდზე უჟმური და სიტყვაძუნწი ექიმი ან სტივის ბარში ლოთობდა გონების დაკარგვამდე ქალაქის შერიფის საზოგადოებაში, ან საკუთარ სახლში იყო განმარტოებული, ეს ორი ადგილი იყო სადაც დასვენების დღეებში მისი მონახულება შეგეძლოთ.
     ამ საღამოსაც, გამომდინარე იქიდან, რომ შერიფი კრამერი ზემდგომ ორგანოში დაებარებინათ ყოველთვიური ანგარიშის ჩასაბარებლად, ექიმმა გადაწყვიტა, აღნიშნული დღე მყუდროდ გაეტარებინა საკუთარ ბუდეში მოკალათებულს. სალემის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში რაც კი ზებუნებრივ თემაზე დაწერილი წიგნი, ნაშრომი და ნარკვევი მოიძია, მოხვეტა და სახლში ჩაიკეტა, იჯდა ასე, გვერდით საყვარელი ვისკის ბოთლი მოედგა და ნახევრადჩაბნელებულ ოთახში, წიგნებში ჩაფლული მართლაც ჰგავდა "ჰარი პოტერის" რომელიღაც პერსონაჟს. თანმიმდევრობით მიყვებოდა სათითაო ფურცელს და ისეთ ხელშესახებ ფაქტს ეძებდა, რაც მის მდორე ცხოვრებაში მოულოდნელად შემოჭრილი მითიური ურჩხულების ხასიათს და ბუნებას ახსნიდა, თუმცა ამაოდ, მის მიერ გამოკვლეული ვერცერთი ლეგენდარული პერსონაჟის სახე და თვისებები ვერ აძლევდა რამე ხელმოსაჭიდს, მაგალითად, ეწერა, რომ ვამპირებს ნიორის, ნაკურთხი წყლის და ჯვარცმის ეშინიათ, რომ სახლის პატრონის მოპატიჟების გარეშე ზღურბლს ვერ გადმოაბიჯებენ, რომ მზის სხივები მათთვის მომაკვდინელებია და მსგავსი მოსაზრებები. ამ ზღვა ინფორმაციით დამშვიდებულმა ცრუმორწმუნე ექიმმა გული დაიარხეინა და საკუთარი სახლი მიუვალ ციხე-სიმაგრედ წარმოიდგინა, სადაც სალემში მოთარეშე ვერცერთი ზებუნებრივი არსება ვერ შემოაღწევდა.
     ის იყო, მორიგ ინფორმაციას აანალიზებდა, რომ კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა გაისმა. ექიმი გაბრაზდა, არ უყვარდა, როდესაც დასვენების დღეებში ვინმე არამკითხე აწუხებდა, მისი ღრმა რწმენით, შაბათი და კვირა იყო ის დღეები, რომელიც ხელშეუხებლად ითვლებოდა, ამ დღეებში არავის ქონდა უფლება თავი შეუძლოდ ეგრძნო და ექიმის მყუდროება ტელეფონზე გაუთავებელი რეკვით დაერღვია, ახლა კი სასწაულებრივი თავხედობა გამოიჩინეს და იმ დროს, როდესაც მას მისტიური არსებების სამყაროში უნდა ემოგზაურა, ან ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის(NBA) რომელიმე მატჩის თვალის დევნებით უნდა დამტკბარიყო და აუჩქარებლად და უდარდელად ეწრუპა ალკოჰოლი - ვიღაც ბედავდა და კარზე უკაკუნებდა მას, სალემის ცენტრალური კლინიკის მთავარ ექიმს.
     ტომპსონმა დემონსტრაციული მოძრაობით დახურა წიგნი და ბუზღუნით გაემართა კარისკენ, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი ეშმაკებთან გაეშვა, მაგრამ კარი გამოაღო და სხეულში სიცივემ დაუარა, ეშმაკებთან ვერავის გაუშვებდა, რადგან მის წინ თავად ეშმაკი იდგა.
     ლუციუსმა ოდნავ გაიღიმა და ზრდილობიანად დაუკრა თავი უხიაგ მასპინძელს, რომლის სახეზე ცისარტყელას ყველა ფერი ერთდროულად ელვარებდა.
     - საღამო მშვიდობის, ექიმო, ბოდიშს ვიხდი უდროო დროს თქვენი მყუდროების დარღვევისთვის, თუმცა შექმნილი არასახარბიელო სიტუაცია სწრაფ მოქმედებას მოითხოვს და თავს უფლება მივეცი, თავად მომენახულებინეთ, - ტრადიციულად მაღალფარდოვნად ჟღერდა ქერა უკვდავის სიტყვები, რასაც მისი ნაცრისფერი, თითქმის უფერული, ცივი თვალების ელვარება აძლიერებდა.
     - ჯანდაბა.. - აღმოხდა ექიმს, კედელზე ჩამოკიდებულ ჯვარცმას ხელი სტაცა და ლუციუსისკენ მიმართა.
     ერთხანს ასე უხმოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს, ექიმი - შეძრწუნებული სახით, თუმცა დარწმუნებული, რომ ურჩხული შიგნით ვერ შემოაღწევდა, ხოლო ვამპირი - ცივი ღიმილით, რაც მასპინძლის მოქმედებას გამოეწვია.
     - თქვენი საქციელი ლოგიკურია, - თქვა ბოლოს ლუციუსმა, - თუმცა.. - მან ნახევარი ნაბიჯი გადმოდგა, ზღურბლს გადმოაბიჯა და ექიმის წინ შედგა.
     ალდო ტომპსონი მთელი ტანით აკანკალდა, ჯვარცმა ხელიდან გაუვარდა და ნელა დაიხია უკან, ოთახის სიღმისკენ.
     ქერა უკვდავი დაიხარა, ჯვარცმა აიღო, სული შეუბერა, მტვერი მოაცილა და კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე დააბრუნა, შემდეგ სამი ფართო ნაბიჯით გადაკვეთა ოთახის შიდა სივრცე და წიგნებით გამოტენილ კარადასთან შეჩერდა.
     - იმედია, ამ მშვენიერი ხალიჩის ქვეშ ნიორი არ გაგიშლიათ, ექიმო, - დამცინავად გაისმა მისი სიტყვები, - მერწმუნეთ, ამაოდ გაირჯებოდით, - მან შუა ოთახში ძეგლივით გაშეშებულ ალდო ტომსპონს თვალი ჩაუკრა და წიგნებით დაინტერესდა.
     ექიმი მოულოდნელი ელდისგან გამოერკვა, გული დაიმშვიდა, როგორც ჩანს, ვამპირი მის მოკვლას არ აპირებდა, თან თითქოს ის არ ჰგავდა წიგნში აღწერილ სისხლისმსმელ ურჩხულებს. 
     - რა გნებავთ? - ცივად იკითხა ექიმმა.
     - დაბრძანდით, - ხელით ანიშნა სავარძელზე ლუციუსმა და კვლავ წიგნებს შეავლო თვალი, - არისტოტელე, მარკუს ანტონიუსი, ეზოპე, გოეთე, ჰომეროსი, თომას ჯეფერსონი..საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი არჩევანია, - მოწონებით გაიღიმა მან, მაგიდას მიუახლოვდა, ჭიქებში ვისკი ჩამოასხა, ერთი ჭიქა ექიმს მიაწოდა და მაგიდის მეორე მხარეს დაიკავა ადგილი.
     - ე.. დიახ, დიახ, - დაეთანხმა ტომპსონი, - თავისუფალ დროს კითხვას ვუთმობ ხოლმე.
     - ადამიანმა ყოველთვის უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, თან ლიტერატურა, მით უმეტეს კლასიკა, სულის წყაროა, არ მეთანხმებით? - შენიშნა ლუციუსმა და ვისკი მოსვა.
     ექიმს ერთბაშად არ უპასუხია, უცნაურ სიტუაციაში გრძნობდა თავს, ვამპირი მის სახლში შემოიჭრა, მისი ღრმა რწმენით - მის მოსაკლავად და ახლა კი იჯდა, აუღელვებლად სვამდა სასმელს და ლიტერატურაზე ესაუბრებოდა, ეს სულაც არ ჰგავდა ექიმის წარმოსახვაში არსებული ურჩხულების ტიპიურ ქცევას.
     - დიახ, - ისევ დაეთანხმა ექიმი, - ალბათ შეამჩნევდით, რომ კლასიკის გარდა აქ თომას ჯეფერსონიცაა.. მე მისი პიროვნების თაყვანისმცემელი გახლავართ.
     ლუციუსმა ჩაიღიმა, ჭიქა მაგიდაზე დადგა, შავი კოსტიუმის შიგნიდან თეთრი ხელსახოცი ამოიღო, ტუჩებზე არისტოკრატული მანერით მიიდო და შემდეგ უკანვე ჩააბრუნა.
     - სიგარას ხომ არ ინებებთ? - გაბედა ექიმმა.
     - არა, გმადლობთ, - ზრდილობიანად უარყო ქერა ვამპირმა, - მხოლოდ სიგარეტს ვეწევი, თუმცა დახურულ სივრცეში მისი მოხმარება ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ასე რომ.. - მან გაიღიმა.
     ექიმი კვლავ ანერვიულდა, აწრიალდა, ჯერ-ჯერობით, ლუციუსი არაფერს ამბობდა ისეთს, რაც მისი აქ ყოფნის მიზეზს ახსნიდა. ეს, რა თქმა უნდა, ვამპირის მახვილ თვალს და შეგრძნებებს არ გამოპარვია.
     - ნერვიულობთ?
     - თქვენი აზრით? - კითხვა დაუბრუნა უხიაგმა ექიმმა.
     - ეს რიტორიკული შეკითხვა იყო, - გაიღიმა ლუციუსმა, - მომწონს განათლებულ ხალხთან საუბარი, თუმცა ჯობია საქმეზე გადავიდეთ.
     ექიმმა ჩაახველა, სათვალე მოიხსნა, მაისურის კალთით გაწმინდა და კვლავ ცხვირზე მოირგო.
     - გისმენთ..
     - თქვენი დახმარება მჭირდება, - მოჭრა ლუციუსმა.
     - ჩემი დახმარება? - გაოცდა ექიმი, - ვერ წარმომიდგენია, თქვენ ხომ ყველაფერი შეგიძლიათ და..
     ლუციუსი წამოდგა, ოთახში განზრახ ნელა გაიარ-გამოიარა, რომ მასპინძელი არ შეეშინებინა, შემდეგ წიგნების კარადას მიეყრდნო.
     - როგორც ჩანს, პრობლემის მოგვარება, რის წინაშეც ახლა ვდგავარ, ჩემს ძალებს აღემატება, - თქვა მან, - კოვაქსი გახსოვთ ალბათ.
     ექიმს გააჟრჟოლა შავგვრემანი დემონის სახელის ხსენებაზე, რა დაავიწყებდა მის თავხედურ, ბოროტ ღიმილს და თვალებს, რომელიც სისხლის ტბებს უგავდა?
     - ის კაბინეტში მესტუმრა და სიკვდილით დამემუქრა, - დაისისინა ექიმმა.
     - გარწმუნებთ, მსგავსი რამ აღარ განმეორდება, - მტკიცედ თქვა ლუციუსმა.
     ტომპსონი ერთხანს დუმდა, გონებაში აანალიზებდა ვამპირის სიტყვებს, ერთმანეთს ადარებდა კოვაქსს და ლუციუსს, შავს და თეთრს, წყვდიადს და ნათელს, თუ კოვაქსი დაშინების მეთოდს და უხეშ ძალას მიმართავდა, ლუციუსი აბსოლიტურად საპირისპირო ტიპაჟს წარმოადგენდა, ის განათლებული, არისტოკრატული და ზრდილობიანი ჩანდა, და თავისდა უნებურად, საკუთარ თავთან ექიმმა აღიარა, რომ მოსწონდა უცნაური სტუმარი, ვისთან შეხვედრაც ბედმა უკვე მეორედ არგუნა.
     - რა გნებავთ? - ოფიციალურად იკითხა მან.
     - ის ჩემი მეგობარია, - მიუგო ლუციუსმა და კვლავ მაგიდის მეორე მხარეს მოკალათდა, - როცა ჩემს მეგობრებს უჭირთ, ვცდილობ დავეხმარო, თქვენც ხომ ასე ხართ, ექიმო?
     - დიახ, ეს ბუნებრივია, - მიუგო ექიმმა.
     - ის კვდება, - ქერა ვამპირი წინ გადმოიხარა, - და მე მისი გადარჩენა არ შემიძლია, ვერც საავადმყოფოში წავიყვან, ხომ გესმით რატომაც..
     - მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ დედამიწა მისგან დაისვენებს, - ცივად თქვა ტომსპონმა.
     ლუციუსი მოიღუშა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ჟღალი წვერი მოიწიწიკნა.
     - თქვენს პოზიციას ვიზიარებ, - თქვა ბოლოს, - თქვენი გადმოსახედიდან და თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ მე მისი გადარჩენა მინდა და მე გთხოვთ დახმარებას.
     ალდო ტომსპონმა ერთბაშად ზეაღმატებულ პიროვნებად იგრძნო თავი, ვამპირი მისგან დახმარებას ითხოვდა და ამას ყოველგვარი ძალადობის გარეშე აკეთებდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სახლში შემოჭრას. ექიმი ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო, ერთი მხრივ, სულაც არ იქნებოდა წინააღმდეგი დემონის სიკვდილის, ხოლო მეორე მხრივ - ლუციუსის უარით გასტუმრება არ სურდა, ქვეცნობიერად მოსწონდა ქერა უკვდავი და მასთან საუბარი, ერთ-ერთი იშვიათი პიროვნება იყო მისი ფართო სანაცნობოდან, ვისკენაც გულმა გაუწია.
     - თუ თქვენ დამეხმარებით, - ფიქრი ლუციუსის სიტყვებმა გაუწყვიტა, - მეგობრობის დასტურად მე თქვენ ისეთ რამეს შემოგთავაზებთ, რაზეც უბრალოდ უარს ვერ იტყვით.
     ალდომ თვალები მოჭუტა, მაინც რა შეიძლებოდა შემოეთავაზებინა ვამპირს? ფული და ძვირფასეულობა თავიდანვე გამორიცხა, ლუციუსის პიროვნება და ღირსება ამ ორს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
     - რას გულისხმობთ? - მოუთმენლად იკითხა ექიმმა.
     - მე თქვენ გაჩუქებთ თომას ჯეფერსონის მემუარებს, დედანს, - მიუგო ვამპირმა და გამარჯვებული სახით გადაწვა სავარძელში.
     ექიმს ლაპარაკის უნარი წაერთვა, ის ხომ აღმერთებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომლის დროსაც შეიქმნა კონსტიტუცია და რომლის სახელს უამრავი რეფორმა უკავშირდებოდა.
     ლუციუსი ღიმილით აკვირდებოდა მასპინძლის სახეზე ემოციათა ქარიშხალს.
     - ჯანდაბა, - აღმოხდა ბოლოს ექიმს, - თქვენ.. ალბათ დამცინით.. მე..
     - თქვენთვის გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ მე მას პირადად ვიცნობდი, - არ დაინდო ვამპირმა.
     ექიმი ფეხზე წამოიჭრა, მღელვარებისგან მთელი სხეული უთრთოდა.
     - პირადად? მას პირადად იცნობდით? - გაუფართოვდა თვალები.
     - მე თითქმის ათასი წლის ვარ, ექიმო, - გაიღიმა ლუციუსმა და წამოდგა, - აბა, რას იტყვით ჩემს შემოთავაზებაზე?
     - თომას ჯეფერსონის მემუარები, - მტკიცედ თქვა ტომპსონმა და ვამპირს თვალი თვალში გაუყარა.
     - დიახ.
     - დედანი, - დააზუსტა ხარბმა მასპინძელმა.
     - დედანი, - დაუდასტურა ქერა ვამპირმა ღიმილით.
     - ეს სიგიჟეა, სრული სიგიჟე, - დაიჩურჩულა ექიმმა და სავარძელში ჩაეხეთქა ემოციებისგან ძალაგამოცლილი, - რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, დაგეხმარებით.
     ლუციუსმა სუსტად ჩაიღიმა, წამოდგა, კართან მივიდა და სანამ გავიდოდა, მასპინძელს გამოხედა.
     - მაგიდაზე მისამართი დაგიტოვეთ, ექიმო, მომზადებისთვის დრო დაგჭირდებათ. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით და ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან საუბარი, შეხვედრამდე, - მან არისტოკრატული მანერით დაუკრა თავი ექიმს, და სანამ ჯერ ისევ გაოგნებული მასპინძელი რამეს იტყოდა, სუსტმა ნიავმა დაქროლა და ქერა უკვდავი თითქოს აორთქლდა.
     ექიმი ერთხანს კარს გაჰყურებდა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, როცა დაასკვნა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო.
     - ინტელიგენტი, საუკეთესო პიროვნებაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, - ჩაილაპარაკა მან და ვისკის ბოთლს გადაწვდა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

ეს მონაკვეთი მახსოვს, პირველ ნაწილში იყო. ძალიან პატარა თავია, არაა საკმარისი წასაკითხად. არადა როგორ ველი ხოლმე ახალ თავს

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ველოდებით შემდეგ თავს წარმატებები ❤️

 


№3  offline წევრი ჰაიკო

《Sunshine》
ველოდებით შემდეგ თავს წარმატებები ❤️


მადლობა♥️

სტუმარი ქეთა
ეს მონაკვეთი მახსოვს, პირველ ნაწილში იყო. ძალიან პატარა თავია, არაა საკმარისი წასაკითხად. არადა როგორ ველი ხოლმე ახალ თავს


ჯერ "ვიქოქები", მაცადეთ :) გაიზრდება რა თქმა უნდა.
--------------------
"...ზოგჯერ დუმილი აუტანელი რომ იცვლის ფორმებს,
არად დაგიდევს აღარც ეთიკას და აღარც ნორმებს!"
[H]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent