ბუმ ბუმ დაგ
ქუჩის ბოლოში ელოდება, მოსახვევთან. სიგარეტის ღერი თითებშორის მოუქცევია და თავდაჯერებულად ეწევა წვრილ ღერს. ყოველ გამონაბოლქვს მზერას აყოლებს, შემდეგ ყურადღება ქუჩისკენ გადააქვს, იქნებ მალე გამოჩნდეს. უღიმღამოდ ავლებს თვალს კანტიკუნტად გამოჩენილ გამვლელებს. ლოდინში მერამდენე ღერი იწვის თითებშორის. რაღაცაზე ნერვიულობს, აღელვება გამოუკრთის თვალებში. ტანმაღალია, ახოვანი და შესახედად წარმოსადეგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჯინსის შარვალი და პერანგზე თხელი ქურთუკი აცვია. ზამთრის მიწურულია. სადაცაა შებინდებას დაიწყებს. ცივა. აი, მაღლობის დასაწყისშიც ჩნდება მისი სილუეტი. ბიჭი ადგილზე რწევას თავს ანებებს და სიგარეტის მოწევას აჩქარებს, სანამ მოუახლოვდება, რომ დაასრულოს. ახლადგამოჩენილი კი სიარულს ნელი სირბილით ანაცვლებს. მისი ღია ფერის თმაში, რომელსაც თებერვლის ცივი ქარი ურევს, კანტიკუნტად ჩამოცვენილი ფიფქები ქრებიან. ბიჭს უახლოვდება, ცხვირაწითლებული უღიმის. ღიმილი მის პირმშვენიერ სახეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. -ძალიან გალოდინე?-ინტერესში აშკარაა წუხილი. -არც ისე.-ცრუობს ბიჭი და სიგარეტის ნამწვავს ქვაფენილზე აგდებს, მერე ქუსლით სრისავს. გოგოს ღაწვზე კოცნის. ლოყა წითლადაა აღაჟღაჟებული. ბაგეები კი გაცრეცილია, ყინულივით ცივია. -წავიდეთ?-ჩქარობს. გოგონა თავს უხმოდ უქნევს და ხელკავს უყრის. დაღმართს სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებიან. ის-ისაა ბიჭი მისკენ იხრება, რაღაც უნდა ჩასჩურჩულოს, როცა წყვილის ჩრდილს უცნაური ფორმის ლანდი სწრაფად უახლოვდება ზემოდან. ჩერდებიან, თავს ზემოთ სწევენ. ახედვა და სამხედრო თვითმფრინავის გადაფრენა ერთია. მას მალევე მეორეც მიჰყვება, მეორეს მესამე და დიდი ჩიტები რიგად იქცევიან. ამ გადაფრენისას უზარმაზარი ფრინველები ახლოს არიან მიწასთან, მერე ნელ-ნელა ზრდიან სიმაღლეს და დასავლეთით განაგრძობენ სვლას. -ეს რა იყო...-ამოიჩურჩულა გოგონამ. -ნაბი*ჭ*რები!-ზიზღისგან სცდება ბიჭს.-წამოდი მალე!- კიდევ უფრო აჩქარებს გოგონას, სირბილით კვეთენ ქუჩებს. ქუჩებში არეულობაა დაწყებული. მანქანებისგან შექმნილი საცობებია. -შეგიძლია მითხრა, რა ხდება?-გოგონას ხმა უკანკალებს. -არ ვიცი-ტყუის ბიჭი და მეწყვილის ხელს კიდევ უფრო ექაჩება. ირგვლივ დაძაბულობის სუნი დგას. ადამიანები გარბიან. რაღაცას ელიან. რაღაც ძალიან ცუდსა და საზარელს. როცა აღმოსავლეთიდან ძლიერი აფეთქების ხმა ყურებს უგუბავთ, წუთით ჩერდებიან, გოგოს ყელიდან ყრუ ყვირილი ხდება, ბიჭის მღელვარება პიკს აღევს. -წამოდი, სადმე უნდა დავიმალოთ! -რა ხდება?!- თვალები ემღვრევა, შიში ორივეს სხეულში იპარება. ბიჭი აღარაფერს პასუხობს, თავისკენ ქაჩავს და ვიწრო ქუჩისკენ უხვევს. პარკინგზე რამოდენიმე ტრანსპორტი დგას მხოლოდ. ერთ-ერთი შენობის პირაღმაზე ადიან. ფართო კედელთან აყენებს გოგონას. ფასადს დიდი გადახურვა აქვს, ზემოდან შეუმჩნევლები იქნებიან. -მეშინია.-თრთის. ბიჭი მის შუბლს უხმოდ ადებს თავისას. ღრმად სუნთქავს. გული გამალებით უცემს. თავადაც ეშინია. ძალიან. -ნუთუ დაიწყეს... ნუთუ მაინც გაბედეს?! -ეს ნაბი*ჭ*ვრები!-ღმუის ბიჭი. ორივე კრთება, როდესაც აფეთქების კიდევ ერთი ძლიერი ხმა ჰკვეთს ჰაერს. -ჩემებს უნდა დავურეკო!-გოგონა ხელისკანკალით იღებს მობილურს, მშობელთან ზარს უშვებს. ხაზი დაკავებულია. ოჯახის წევრებთან რეკავს, არავინ პასუხობს. ბოლოს სულ რაღაც სამი საათის წინ ესაუბრა. -არავინ იღებს, არავინ... რა ვქნა, ღმერთო...-ხმაში პანიკის ნოტები შეიმჩნევა. ბიჭიც ცდილობს ნაცნობებთან დაკავშირებას. მობილური ჯდება. კიდევ ერთი აფეთქება და სატელეფონო კავშირი უკვე გამწყდარია. ბინდია, ცივა. თოვასთან ერთად შორს აფეთქების ხმები მატულობს. ქუჩებში ჯიუტად ინთება ლამპიონები. წყვილი ერთმანეთს ეხუტება. -აქედან უნდა გავიდეთ. -ჩურჩულებს ბიჭი. თუმცა ხმაური არ წყდება. გარეთ გამოჩენა საშიში და საფრთხისმომცველია. ორივე კანკალებს. -რა იქნება ახლა? სად არიან ჩემები? -უხმოდ ტირის გოგონა. ბიჭი თავის ცივ ტუჩებს მისას აკრობს. მძიმედ და მჭიდროდ. -ყველაფერი კარგად იქნება, ეს ჩაწყნარდეს. ცოტაც დავიცადოთ. წყვილი გარკვევით ხედავს, როგორ გამოდიან მოპირდპირე შენობიდან კაცი და ბავშვი. კაცი ახალგზარდაა, ხელი ათიოდე წლის ბიჭუნასთვის ჩაუჭიდია. იქვე მდგარ წითელ მანქანასთან მირბიან, ბავშვს უკან, სავარძელზე სვამს, თვითონ საჭეს უჯდება. თოვა მატულობს. კაცი მანქანას სწაფადვე ძრავს, საბურავების გულისგამაწვრილებელი ჭრიალით ტრანსპორტს ატრიალებს და მთავარი ქუჩის გასავლელისკენ მიიწევს. -“იქნებ გაყოლა მეთხოვა?“-ფიქრობს ბიჭი. და იმ წამს შორიახლოს კიდევ ერთი აფეთქება ქუჩებში შუქებს აქრობს. ირგვლივ ლურჯი, ფერმკრთალი სიბნელე ისადგურებს. შენობების მინები იმსხვრევა. ბასრპირიანი საგნები ქუჩებში იყრება. მძღოლს საჭე ერევა და მანქანაც ლამპიონის მაღალ ბოძს ასკდება. ბამპერიდან გამოსული კვამლი მანქანის ელვარე წითელს ფარავს. ავარიას გოგონა კივილით ხვდება, ბიჭი ძლიერად ეხვევა. -ბავშვია... იქ... თოვა იმატებს. დაზაფრული წყვილი რამოდენიმე წამით იცდის, იქნებ მანქანის კარი რომელიმემ გამოაღოს, ცოცხალი და საღსალამათი გადმოვიდეს, მაგრამ არა. იცდიან და დალეწილი მანქანიდან არავინ აბიჯებს. ბიჭს გული შემთხვევის ადგილისკენ მიუწევს, წინ ნაბიჯს დგამს, ამავე დროს გოგონას დატოვებაც არ სურს. -წადი! იქ ბავშვია!-გოგონა სურვილს ეხმიანება. -აქ დარჩი, გამოსვლა არ გაბედო!-და ბიჭიც აღარ აყოვნებს, თავშესაფრიდან გამორბის, სწრაფი ნაბიჯით ფარავს მანძილს. სანამ მანქანის კვამლს ხელებით გაფანტავს და კარს გამოაღებს, უკან იხედება, გოგონას კედელთან, უსაფრთხო ადგილას მომლოდინეს იგულებს და მერე წინ, მძღოლის ადგილს ამოწმებს. კარი იღება და საჭეზე თავდადებული კაცის სახეც მოჩანს. შუბლიდან სისხლი უწვეთავს. ბიჭი მძღოლს ძალას ატანს, მხრებში ეჭიდება და ზემოთ სწევს, სავარძელს აყუდებს. კაცს თავი უღონოდ გადაუგდია გვერდით, მძიმედ სუნთქავს. ცოცხალია. ახლა სადარდებელი ბავშვია. უკან კარები გაჭირვებით იღება. სავარძელზე ბიჭუნა წევს. უგონოდაა. ბიჭი ფეხებით თავისკენ ქაჩავს და ბავშვს ხელში იყვანს. მსუბუქი ეჩვენება. მანქანას არიდებს, მოშორებით ცივ მიწაზე აწვენს. თავის თხელ ქურთუკს იხდის და თავქვეშ უდებს უძალოს. მერე მანქანისკენ აპირებს შებრუნებას. მძიმე ტკაცანის ხმა ესმის. კვამლის მძაფრი სუნი ცხვირს უწვავს. მანქანას ცეცხლი მოჰკიდებია. დრო არ იცდის, მძღოლიც უნდა გამოიყვანოს, თორემ ცოცხლად დაიწვება. ტრანსპორტთან მირბის. მანქანის ცხვირზე აბრიალებული ცეცხლის ენები სხეულის მარცხენა მხარეს შეუხებლად უწვავს. ცდილობს კაცს ღვედი გაუხსნას, საქმე ჭირს. ცეცხლის ჩაქრობაზე ფიქრიც ზედმეტია. კაცი უნდა გადმოიყვანოს. აუცილებლად. შორიდან გოგონას ყვირილი ესმის: -გამოდი! მისი ხმა ნელ-ნელა იზრდება. უახლოვდება. როგორც იქნა ღვედს ხსნის, კაცს მხრებს ქვემოთ ხელებს კიდებს, ეჭიდება და მძიმე სხეულს მანქანიდან ათრევს. ალმოკიდებულიდან შორს ახოხიალებს. ვერც კი ამჩნევს, მარცხენა პერანგზე ცეცხლის ნაპერწკლები პერანგს რომ მოჰკიდებია. ჩაქრობას მთელი ძალით ცდილობს. ყურადღება ეფანტება. გოგონა მისკენ მორბის. ძლიერი აფეთქება ორივეს სმენას უხშობს. ბიჭს ტალღა უკან ისვრის და ზურგით ანარცხებს. რამოდენიმე წამით სუნთქვაშეკრულია. ვერ მოძრაობს და სხეულში შიში უდგას. მაშინვე გოგონაზე ეფიქრება. წამოწევას ვერ ახერხებს და უმოქმედობა აბრაზებს. მხოლოდ თავის გამოძრავებას ახერხებს. ამჩნევს, რომ შენობა, საიდანაც წეღან მგზავრები გადმოვიდნენ, მთლიანად ჩამოშილია. ნანგრევებს შორის გოგონა ძირს წევს. მისგან საკმაოდ ახლოს. ეს არ მოსწონს. კრთება. საზარელი ფიქრი მთელ სხეულში ჭიანჭველებად უვლის. თავს მიწაზე აბრუნებს, სული უნდა მოითქვას და წამოდგეს. ძლივძლივობით ახერხებს. სხეული სტკივა. ბარბაცით დგება ფეხზე. ცდილობს წონასწორობა შეინარჩუნოს და გოგონასთან გაბრუებული მირბის. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. წამით თვალებში უბნელდება, მაგრამ მაინც ადგამს მყარ ნაბიჯებს. გოგონა ადგილიდან არ იძვრის. პირდაღმა წევს. ბიჭი უახლოვდება, ხავის. ყვირის. შიშისგან ღმუის. შორეულ აფეთქებებს რაღაც საზარელი ხმა ერთვის. თავში ხელს ირტყამს. მისკენ დახრილი მუხლებით ცივ ასფალტზე მთელი ძალით ვარდება. აღარ სცივა. ყრუდ რაღაც სტკივა. არ იცის რა არის. ფიზიკურ ტკივილს ვერღარ გრძნობს, არადა მთელი მარხცხენა ხელი დამწვარი აქვს. -მე მიყურე... საყვარელო...-გოგონას მუცელქვეშ ხელს უცურებს და ზურგზე აბრუნებს. თმებს შუბლიდან უწევს და სახეზე ეფერება. მის თავს ფრთხილად წევს და მუხლებზე რბილად იდებს. ქერა თმა აღარაა ღია. სისხლი შეჰპარვია. გადმობრუნებამდე მის ზურგზე დაფლეთილ სამოსს ამჩნევს, მაგრამ ამაზე ფიქრს გონებაც კი უკრძალავს. გოგონას თვალები ღია აქვს. პირიც. სუნთქვას ცდილობს. კრთის. მისი ზურგიდან ნელ-ნელა, ქურდი ბავშვივით იპარება სისხლი. დიდდება, დიდდება და ბიჭსაც ეხვევა გარშემო. ბიჭი თვალებს არ უჯერებს, არც უნდა. -გეხვეწები... -გოგოს ბაგეებთან ჩურჩულებს. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად უტოვებს ამბორს. არ უნდა, რომ ატკინოს. ირგვლივ ვედრებით აღსავსე თვალებით იყურება. იქნებ ვინმე მშველელი გამოჩნდეს. ვინმე დაეხმაროს. წითელი მანქანა ისევ ცეცხლში იწვის. -მტკივა...-ჩურჩულებს გოგო. ცრემლები ცისფრად აელვარებული თვალებიდან ეპარება, თვალის კუთეებს უყვებიან და სველ თმას აფარებენ თავს. ბიჭის გული ძლიერი, სწრაფი ფეთქვისგან სადაცაა გასკდება. უხმოდ ტირილს იწყებს. უღონოა, არაფრის გაკეთება შეუძლია. საყვარლის სხეული ნელ-ნელა თრთოლვას ამცირებს, გოგონას ეძინება. -თვალები არ დახუჭო, გვედრები... ღმერთო, გადამირჩინე გევედრები...-გოგოს ლოყასთან დახრილი ბუტბუტებს. ლოყაზე ფრთილად აკრობს ტუჩებს. აღარ ელვარებენ წითლად ღაწვები. ბაგეები კი მხურვალებისგან იწვიან. -მეშინია...-გოგო ძალას იკრებს, უნდა ბიჭის ხელს შეეხოს. ბიჭი სურვილს უსრულებს. ხელები ორივეს ეყინება, თუმცა ვერცერთი გრძნობს. გადაჭდობილი თითები ერთმანეთზე წითელ კვალს ტოვებენ. -მიყვარხარ...-კვლავ ჩურჩულებს გოგონა. ამჯერად მისი ხმა წყდება, მხოლოდ ბაგეების გამოძრავებას ახერხებს. თვალებსაც ვეღარ ახელს. -ჩემო ლამაზო... -კანკალატანილი სახე გაცრეცილ სახეს ეხება. ამასობაში გოგონა სუნთქვას წყვეტს. მისი თითები ყოვლად უღონონი ხდებიან. ბიჭი კვლავ გოგონას სახესთანაა დახრილი. მის ბოლო ამოსუნთქვასაც გულისყურით უყურადებს. გულ-მუცელი ეწვის, ცრემლები სდის, ხმას ვერ იღებს. ვერ ქვითინებს, არადა უნდა, ძალიან უნდა ხმამაღლა იტიროს, იღრიალოს, გაავებულმა ყველაფერი დალეწოს, მაგრამ ძალა არ აქვს. თითქოს ბოლო წვეთი ენერგია გოგონას უკანასკნელ სუნთქვას გაჰყვა სხეულიდან და თებერვლის ცივ ღამეში მასთან ერთად გაიფანტა. ზის ასე, თავჩაღუნული. ერთი ხელი გოგონას მხრებზე მჭიდროდ შემოუხვევია. გული ისევ ისე, მძიმედ და საშინლად სწრაფად უცემს. გულისრევის შეგრძნება ეუფლება. მშველელი კვლავ არ ჩანს. ნუგეშად მხოლოდ გარშემო არსებული სისხლია, რომელიც ნელ-ნელა ეპარება მუხლებში, ჯინსის შარვალში შედის და მუხლისთავებს ელამუნება. ყველაფერი თითქოს წამებში ხდება, არადა ვერც კი გრძნობს, რომ საათობით ზის ცივ სხეულთან, საყვარელ სხეულთან. თავს მაშინღა სწევს, როცა სიცივე უმეფდება სხეულში. სახე წაშლილი აქვს. პირი ღია. უნდა, რომ ისუნთქოს, მაგრამ ეს ისეთი მტკივნეულია... გოგონას უმზერს. მის თითოეულ ნაკვთს ათვალიერებს. იქნებ რაიმე ნიშანწყალი აღმოაჩინოს სიცოცხლისა. იქნებ ოდნავ ამოისუნთქოს, სულ ოდნავ. Იქნებ, წამწამები შეირხნენ, იქნებ ტუჩები ათრთოლდნენ... მის ხელებს ჯიუტად არ უშვებს თავისას. ბიჭის უაზრო გამომეტყველება შემზარავია, უსიცოცხლო გოგონაზე საზარელი, საშიში. მაღლა იყურება. ცა მუქია, მაგრამ არა ისეთი, როგორც წყნარ, მელოდიურ, ახალი დილის მომლოდინეს შეჰფერის. ცა წყვდიადივითაა. ცაში ნაცრისფერი ღრუბლები სრიალებენ. ისევ თოვს, თუმცა ციდან ახლა შავი ფიფქები ცვივა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.