შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 10 )


11-10-2022, 01:02
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 850

- გეძებდი ლარა, საქმეებს მოვრჩით სახლში წასვლის დროა, -სასტუმროს მიმღებში გასულებს მაღალი, მუქკანიანი სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდათ და ყურადღებით შეათვალიერა ლარას თანმხლებები.
- აიზეკ, -ლუკა ლარას ხელიდან დაუსხლტა და მისკენ გაექანა, მანაც ხელები გაშალა, ბიჭუნა მაღლა აიტაცა და გულში ჩაიკრა.
- ისევ ცელქობ? რამდენჯერ გითხარი რომ დედიკო არ უნდა გააბრაზო და იქ უნდა დარჩე სადაც დაგტოვებს ხოლმე, -საყვარლად ახითხითებულ ლუკას თმები აუჩეჩა, ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და ლარას ღიმილით გადახედა.
- არ წავიდეთ?
დათას დაძაბული სხეული და ნაძალადევი ღიმილი არ გამოპარვია ლარას, გრძნობდა მის სიბრაზეს და ხვდებოდა რამდენიმე წამიც და აფეთქდებოდა, აიზეკის მკლავებიდან ისევ მისკენ რომ გაიწია ლუკამ და ახლა მას რომ ჩაეხუტა, შვებით ამოისუნთქა და თავს უფლება მისცა ოდნავ მოდუნებულიყო.
- დამშვიდდი, -მხარი გაკრა მეგობარს შაკომ.
- მართალია ვალდებული არ ვარ რამე აგიხსნა მაგრამ სანამ რამე უაზრობას წარმოიდგენდე აიზეკს გაგაცნობ და გეტყვი ვინ არის, -ლარამ ირონიული ღიმილით გადახედა დათას, მერე კი აიზეკს მეგობრულად დაადო მხარზე ხელი.
- აიზეკ გაიცანი, ეს დათაა, ლუკას მამა.
- შაკო, დათა გაიცანით აიზეკი, ჩემი მეგობარი, უკვე თითქმის ექვსი წელია მე და ლუკა მასთან და მის მეუღლესთან მატილდასთან ერთად ვცხოვრობთ.
- ცოტაოდენი კეთილგანწყობის გამოჩენა არ გაწყენდა, -ქართულად გადაულაპარაკა დათას რომელმაც მოღუშულმა ჩამოართვა გულწრფელი ღიმილით სახეგანათებულ აიზეკს ხელი, -აიზეკი რომ არა ახლა მე და ლუკა აქ არ ვიქნებოდით და შენ შენს ვაჟთან ჩახუტების საშუალება არ გექნებოდა.
- რას გულისხმობ? -დაბნეულმა დათამ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები.
- ყველაფერს აგიხსნი ახლა კი აიზეკს ცალკე უნდა დაველაპარაკო.
- ცალკე?
- ვეტყვი რომ დღეს მე და ლუკა სახლში არ გავათევთ ღამეს.
- ჩემთან რჩებით? -სიხარულისგან სახე გაუნათდა და თვალები გაუბრწყინდა.
- არ გინდა რომ დავრჩეთ? იქნებ სხვა გეგმები გქონდა? -წარბი მაღლა ასწია ლარამ და აიზეკს მიუბრუნდა.
- ცოტა ხნით გვერდზე გავიდეთ, -თვალით ანიშნა, დანარჩენებს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდნენ, აიზეკი ღიმილით შეჰყურებდა ლარას.
- ესე იგი დღეს სახლში არ მოხვალთ.
- იმედია მატილდა არ მიწყენს, -ლარამ უხერხულად გაიღიმა.
- კარგი რა, ისედაც ძალიან გვეხმარები, შენ რომ არა მატილდა შეკვეთების ნახევარსაც კი ვერ გაწვდებოდა, შენი ძალიან მადლობელია ხომ იცი, არაფერზე იფიქრო, მთავარი იცი რა არის?
- რა?
- რა და უკვე თითქმის ექვსი წელია გიცნობ და არასდროს მინახავს შენი თვალები ასეთი გაბრწყინებული, თითქოს მხრებიდან ის ტონობით ტვირთი მოგეხსნა რომელიც ასე გამძიმებდა, წადი მასთან ერთად და არავისზე და არაფერზე არ იფიქრო, მხოლოდ ამას მოუსმინე, -გულზე დაადო ხელი, მერე დაიხარა და შუბლზე აკოცა.
- ვგიჟდები შენზე, -მისი სახე ხელებში მოიქცია ლარამ და ორივე ლოყა დაუკოცნა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ? -სიცილი ძლივს შეიკავა აიზეკმა, -გინდა რომ შენმა ბიჭმა მომკლას? იცი როგორი თვალებით გვიყურებს?
- არ არის ეგ ჩემი ბიჭი და მაგას არავინ ეკითხება რას გავაკეთებ, -ჩაიბუზღუნა ლარამ.
- ჰოო? მე კი მგონია რომ შანსს იმსახურებს, არ ჩანს ცუდი ადამიანი.
- ეს ერთი შეხედვით შეატყვე?
- დაგავიწყდა რამდენი ხანია რაც ვიცნობ?
- რას გულისხმობ?
- დღე არ გასულა რომ მასზე არ გველაპარაკა ლარა, დაუსწრებლად ვიცნობდი დათას, -აიზეკმა მომხიბვლელად გაიღიმა და ნაზად მოეფერა თითებით ლოყაზე, -ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა ერთხელაც კი არ დაგცდენია მასზე ცუდი, იცი რამდენჯერ შევსწრებივარ როცა ლუკას მასზე ესაუბრებოდი? ისეთი სიყვარულით უყვებოდი მასზე სხვადასხვა ამბებს, ბავშვი უნახავად გიჟდებოდა მამაზე, შეუძლებელია რომ კაცი რომელიც შენნაირ ადამიანს ასე ძალიან უყვარს ცუდი იყოს, იფიქრე ამაზე...
ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა ლარა მიმავალ აიზეკს, მერე მობრუნდა და უცნაურად გახალისებული ღიმილით მიუახლოვდა ეჭვით მომზირალ დათას რომელიც ყველანაირად ცდილობდა აიზეკის მიმართ არაკეთილ განწყობა არ შემჩნეოდა.
- მგონი დროა წავიდეთ.
- - - - - - - - - - -
- რა მალე ჩაეძინა, თუმცა რა გასაკვირია, გზაში ბევრი ჭამა თანაც მგზავრობამ დაღალა და ეტყობა მოითენთა, -დათამ დივანზე მიაწვინა მის ხელებში განაბული ლუკა და თბილი პლედი გადააფარა, -ახლავე საძინებელს გავამზადებ და საწოლში ჩავაწვინოთ.
- მეც მასთან ერთად დავიძინებ, არ უყვარს მარტო ძილი, ღამე ხშირად იღვიძებს ხოლმე და მის გვერდით უნდა ვიყო.
- კარგი როგორც შენ გინდა, -თბილი ხმით ხმით ჩაილაპარაკა და ლუკას ფრთხილად გადაუსვა ხელი აჩეჩილ თმაზე.
- ესე იგი აქ ცხოვრობ? -ლარამ გემოვნებით მოწყობილი მისაღები ოთახი მოათვალიერა.
- ჰო, აქ ვრჩებით ხოლმე როცა საქმეების გამო ამერიკაში ჩამოსვლა გვიწევს.
- შაკო სად წავიდა?
- უბრალოდ მოგვაცილა, თვითონ სასტუმროში დაბრუნდება და იქ გაათევს ღამეს.
- კარგი რა, იმის გამო რომ მარტო დავეტოვებინეთ, იმხელა ხარჯი უნდა გასწიოს ტყუილად.
- მაგაზე ნუ ფიქრობ, ის დასასვენებელი კომპლექსი ჩვენია და არანაირ ხარჯს არ გასწევს, -ავტომატურად პასუხობდა კითხვებზე მაგრამ ამავდროულად ლუკას თვალს ვერ აშორებდა, ჯერ კიდევ არ სჯეროდა რომ ეს პატარა ანგელოზი მისი იყო, მისი სისხლის და ხორცის, მისი სულის ნაწილი, ჩაიმუხლა ბუნჩულა ხელი ხელში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა, თვალები დახუჭა რომ მისი სითბო და სურნელი უკეთ შეეგრძნო, ახლა როგორც არასდროს ისე სტკიოდა დაკარგული წლები, თავი ჩაღუნა და შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი.
კედელზე მიყრდნობილი უყურებდა ლუკას წინ დაჩოქილ დათას და მისი შეხების, მისი ჩახუტების სურვილისგან მთელი სხეული უხურდა, ახლა როცა ასე ახლოდან უყურებდა ასე რეალურსა და ადვილად ხელშესახებს, უკვირდა რატომ ვერ გრძნობდა მის მიმართ ვერაფერს უარყოფითს, მხოლოდ უზომო მონატრებას და მის მკლავებში ჩაკარგვის სურვილს...
- დაგავიწყდა რა გაგიკეთა? დაგავიწყდა მის გამო რა გამოიარე? -მეხსიერების სიღრმეში ღრმად დალექილმა მოგონებებმა ნელ-ნელა დაიწყეს ზედაპირზე ამოტივტივება და თვალი რომ გადაავლო მიხვდა ლარა რომ თავისუფლად შეეძლო ისინი კვლავ ბნელ, თვალუწვდენელ სიღრმეებში დაებრუნებინა, ისე რომ საკუთარი სისუსტის გამო სინდისის ქენჯნაც კი არ ეგრძნო.
- მადლობა, -მის ყურთასმენას ძლივსგასაგონი ხმა მოსწვდა, -გაოცებულმა შეხედა დათას.
- რისთვის?
- იმისთვის რომ ლუკასთან ურთიერთობის საშუალებას მაძლევ, თავისუფლად შეგეძლო რომ მასთან მოახლოება აგეკრძალა და მე ხმასაც კი ვერ გავიღებდი იმიტომ რომ ვიმსახურებ.
ისეთი ტკივილი იგრძნობოდა მის ხმაში, ისეთი სუსტი და უმწეო ჩანდა, ლარა დარწმუნებული იყო, ახლა ლუკა რომ აეყვანა და აქედან წასულიყო მას საბოლოოდ გაანდგურებდა.
- ძალიან შეცვლილხარ, -ყველაფრის მიუხედავად მხოლოდ ორად ორი სიტყვა დასცდა მის ათრთოლებულ ბაგეებს.
- შევიცვალე, -ღრმად ამოიოხრა დათამ და აწყლიანებული თვალებით ამოხედა ქვემოდან, -შენ რომ წახვედი... ჯანდაბა არც კი იცი როგორ მიჭირს ამ ყველაფერზე საუბარი, იცი რომ წლებია ნორმალურად არ მძინებია? დღე და ღამე ვმუშაობ მხოლოდ იმიტომ რომ საქმის გარდა სხვა რამეზე არ ვიფიქრო თორემ ვატყობ როგორ ვიშლები ჭკუიდან, ამ ყველაფერზე საუბარი...
- თუ ასე გეძნელება ნუ ვისაუბრებთ...
- არა, მინდა რომ გითხრა, -შეაწყვეტინა, ჩამოჯდა და ლარასაც სავარძელზე მიუთითა, -დაჯექი, სალაპარაკო ბევრი გვაქვს.
- შენ რომ წახვედი კინაღამ გავგიჟდი, კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონს, დანაშაულის შეგრძნება მრღნიდა და მანადგურებდა, ბავშვის გამო საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, შენს გამოც, იმის გამო რომ მე მიგიყვანე ისეთ მდგომარეობამდე რომ ბავშვის მოცილებაზე გეფიქრა, გეძებდი, გეფიცები საქართველოში ერთი კუთხე და კუნჭულიც კი არ დამიტოვებია მაგრამ ვერ გიპოვე, მერე ამერიკაში ჩამოვედი და დეიდაშენს მივაკითხე...
- შენ რა დეიდაჩემთან იყავი? -ლარას სახე შეეცვალა და სიბრაზისგან აცახცახდა.
- ვიყავი მაგრამ შენ უკვე იქ აღარ ცხოვრობდი, ცხვირწინ მომიხურა კარი და მითხრა რომ შენი სახელის გაგონებაც კი აღარ უნდოდა, არ ვიცი იცოდა თუ არა ბავშვზე მაგრამ არაფერი უთქვამს.
- რათქმაუნდა იცოდა, შენი აზრით რატომ გამაგდო პირდაპირ ქუჩაში?
- რაა? როგორ თუ...
- არ გინდა დათა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, -ლარა ფეხზე წამოხტა და შეეცადა დათასთვის გაეღიმა, -ახლა არაფერზე არ მინდა ლაპარაკი, საშინლად მშია.
- ჰოდა რამეს მოგიმზადებ, -დათა სამზარეულოსკენ წავიდა, ისე რომ ერთი ზედმეტი სიტყვაც აღარ უთქვამს ხვდებოდა, კიდეც რომ გაეგრძელებინა საუბარი ლარა პასუხების გასაცემად არ იყო განწყობილი იცოდა რომ მოთმინება მართებდა.
უხმოდ ჭამეს საჭმელი, უფრო სწორად ლარა ჭამდა ხოლო დათა თვალმოუშორებლად უყურებდა და პირზე სევდიანი ღიმილი არ შორდებოდა.
- თუ ასე ყურებას გააგრძელებ ყელში რაღაც გამეჩხირება და გავიგუდები, -ლარამ ჩანგალი გვერდზე გადადო და ჩაის ჭიქას დასწვდა.
- მაპატიე, -თავი ჩაღუნა დათამ და ნერვიულად აათამაშა თითები.
- კარგი რა ახლა ყოველ წუთას ასე ყველაფერზე ბოდიში უნდა იხადო?
- რა გინდა ლარა? რა გინდა რომ გავაკეთო? -დათას ხმაში ისეთი ადვილი შესამჩნევი იყო სასოწარკვეთილება რომ ლარას უნებურად შეაჟრჟოლა და მოიღუშა.
- თბილი შხაპი მჭირდება და მერე დავიძინებ, -წამოდგა და დათაც მაშინვე საძინებლისკენ წავიდა, ცოტა ხანში ხელში პირსახოცით მაისურით და შორტით დაბრუნდა.
- სააბაზანო იქ არის, აქ არაფერი გაქვს ასე რომ მოგიწევს ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა, მიდი წყალი გადაივლე, მე კი მანამდე ლუკას დავაწვენ, -ტანსაცმელი და პირსახოცი გამოწვდილ ხელებში ჩაუდო და მისთვის არც შეუხედავს ისე შებრუნდა ლუკას ასაყვანად, ფრთხილად აიხუტა გულზე, ერთ ადგილზე გაშეშებულ ლარას გვერდი აუქცია და საძინებლისკენ წავიდა.

- დედიკო სად არის? -ის იყო ოთახიდან უნდა გასულიყო რომ ნამძინარევი ხმა მოესმა, შედგა და მისკენ შეტრიალდა, თმააჩეჩილი ლუკა საწოლში წამომჯდარიყო და მოჭუტული თვალებით უმზერდა.
- სად არის დედიკო? -ტუჩები საყვარლად მობრიცა და დათა მიხვდა რომ სადაცაა ატირდებოდა, მაშინვე მასთან მივიდა და საწოლზე ჩამოუჯდა.
- ნუ გეშინია პატარავ, დედიკო აბაზანაშია და მალე გამოვა, მანამდე კი მე დავრჩები შენთან რომ მარტო ყოფნის არ შეგეშინდეს.
- მე მარტო ყოფნის არ მეშინია, უკვე დიდი ვარ, -ისე საყვარლად გაიჯგიმა დათამ სიცილი ძლივს შეიკავა.
- ჩემი მამაცი ბიჭი ხარ შენ.
- იცი რატომ არ მინდა მარტო დაძინება? -საყვარლად კითხა.
- არ ვიცი, მეტყვი?
- გეტყვი ოღონდ დედას არ უთხრა, -პატარა ბუნჩულა თითი მუქარით გაუქნია ცხვირწინ.
- არ ვეტყვი, ჩემი და შენი საიდუმლო იყოს კარგი?
- საიდუმლო გვექნება? -ლამაზი მწვანე თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან და დათამ ისევ ვერ შეიკავა თავი რომ მისი წითლად დაბრაწული ლოყები არ დაეკოცნა.
- ჰო, საიდუმლო გვექნება, ახლა კი მიდი მომიყევი.
- მარტო ძილი მიყვარს, უბრალოდ როცა მარტო მძინავს დედაც ხომ მარტოა, ჰოდა მერე ეშინია და ტირის, როცა მასთან ერთად ვწევარ საწოლში, მე მეხუტება და აღარ ტირის ხოლმე...
- ხშირად ტირის? -ჩამწყდარი ხმით ჰკთხა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- როცა წამლებს სვავს მშვიდადაა, არ ტირის და კარგად ძინავს ხოლმე მაგრამ ხანდახან ავიწყდება და... ერთხელ გავიგონე როგორ ეუბნებოდა მატილდას ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრებაო, რა არის კოშმარი?
თავი დახარა და სახე ხელებში ჩარგო, არ იცოდა რა უნდა ეპასუხა, ნაბიჯების ხმამ გამოიყვანა მდგომარეობიდან.
- არ გძინავს პატარა ყაჩაღო? -ლარას ყურადღებაც კი არ მიუქცევია საწოლზე ჩამომჯდარი დათასთვის, საბანი ასწია და ლუკას გვერდზე მიუწვა.
- ღამე მშვიდობის, თუ რამე დაგჭირდეთ გვერდით საძინებელში ვიქნები, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა დათამ, ლუკას შუბლზე აკოცა, ყველანაირად შეეცადა ლარას სურნელით და სიახლოვით მოგვრილი აღელვება არ შეემჩნია, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, საკუთარ საძინებელში შევიდა და კარი მიიკეტა თუ არა ერთბაშად გამოეცალა ძალა, თითქოს მთელი დღის მოვლენებმა მხოლოდ ახლა იმოქმედა მასზე, მეტად ვეღარ შეძლო გრძნობებთან გამკლავება, მუხლებზე დაეშვა და პატარა ბავშვივით ატირდა...



ლარასაც და დათასაც ძალიან მაგარი მეგობრები ყავს❤️
იმედია ახლა ყველაფერი შეიცვლება. დათას გაუჭირდება მაგრამ იმედია შეცვლის❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეტკინა ძალიან და შემეცოდა ორივე იმედია ა დანაშაულს გამოისყიდოს დათა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent