შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 5)


19-10-2022, 20:00
ნანახია 594

პარკები ერიკს ეჭირა ხელში, ამიტომ ბინის გასაღები ემას გადააბარა. ის იყო, ქალმა გასაღები გადაატრიალა, რომ მოულოდნელად შიგ ჩაუტყდა.
_ არ მინდოდა... ბოდიში, _ თქვა ისე რბილად და საწყლად, რომ კაცმა გაუღიმა:
_ არაუშავს, რამდენიმე საათი მოგვიწევს გარეთ ყურყუტი. _ თქვა და სადღაც წავიდა. მალევე დაბრუნდა სამუშაო იარაღებით ხელში, მკლავები დაიკაპიწა და კარის გაღებას შეეცადა. 30 წუთში კარი გააღო და ქალი შეატარა, თვითონ კი ისევ კარს დაუწყო გარემონტება.
ემამ ფეხსაცმელი შემოსასვლელში დატოვა და სამზარეულოში გავიდა, მაგრამ მალევე უკან მობრუნდა:
_ დანა და დაფა მინდა. _ თქვა.
კაცმა შეხედა ქალს, რომელიც ფეხშიშველა ისევ მწვანე კაბით იდგა მის წინ.
_ სამზარეულოშია! _ თქვა კაცმა და ისევ გააგრძელა კარის საკეტის შეკეთება.
_ ეგ ვიცი! სხვის ნივთებს ვერ დავუწყებ ძებნას. მომეცი და მერე გააგრძელე ეგ! _ თქვა და კაცს დაელოდა, სანამ სამზარეულოში გაჰყვებოდა. ერიკმა ყველა ნივთი წინ დაუდო და შეხედა:
_ კიდევ რამე გინდა?!
_ ქვაბი თუ გაქვს?
კაცმა ქვაბიც დაუდო წინ.
_ მადლობა. _ თქვა ქალმა და დაფაზე ხორცის დაჭრას შეუდგა. როცა ხორცი ცეცხლზე შემოდგა, ისევ ერიკს მიაშურა.
_ ხორცის მოსაქაფი მინდა... _ ამასობაში კაცმა დაამთავრა საკეტის შეკეთება და კარი ჩაკეტა.
_ მოვრჩი.
_ ბოდიში...
_ არა უშავს... დასაფიქრებლად ბევრი დრო მქონდა. _ მიუგო და ქალს მოსაქაფი მიაწოდა, თვითონ კი სააბაზანოში შევიდა.
რამდენიმე ხნის მერე გამოვიდა, ნაბანავებს ტანსაცმელი გამოეცვალა. სამზარეულოში შევიდა თუ არა, ქალმა მაშინვე იგრძნო მისი სურნელი და სუნთქვაშეკრულმა სულის მოსათქმელად წყალი დალია. ერიკი ემას შესცქეროდა, რომელიც ზურგით იდგა და ხორცს კოვზით ურევდა. ქალი მიტრიალდა, გამზადებული კარტოფილი ჩაყარა და ქვაბს თავზე დაახურა. მწვანილებიც დაეჭრა უკვე. მერე კაცს შეხედა, თვითონაც აათვალიერა და თეფშები და დანა-ჩანგალი მოსთხოვა. იმანაც მყისიერად გამოიღო და მაგიდაზე დააწყო.
_ სუნელები გაქვს?! _ შეეკითხა ქალი და ერიკმაც უჯრა გამოუღო.
_ ვინ ალაგებს აქაურობას?
_ ამრევი არავინ მყავს! _ მიუგო კაცმა მოკლედ და თავისი ოთახისკენ წავიდა. საძინებელში შესულმა სარკეში ჩაიხედა და თავზე ხელი გადაისვა. მერე თავის თავს უთხრა: _ რა პრობლემაა ეს ქალი! _ და ისევ მკვლელობაზე ჩაფიქრდა. რამდენიმე ხანი მასალებს ჩაჰკირკიტებდა და შეინახა თუ არა, ისევ სარკეს მიუბრუნდა ქალზე შეფიქრიანებული. სწორედ ამ დროს მისი ლანდიც შეამჩნია და გაიფიქრა, ისე ვფიქრობ მასზე, სარკეშიც მელანდებაო და უცებ შეტრიალდა.
ქალმა კაცის სხეულს ახედა:
_ საჭმელი მზადაა! _ უთხრა და ოთახისკენ ნაბიჯი გადადგა.
კაცი ახლაღა გამოფხიზლდა. ქალი მართლა მის ოთახში იყო. როცა იგი გავიდა, ერიკმა დაუყვირა:
_ დაუკაკუნებლად რატომ შემოხვედი?!
_ კარი ღია იყო! ნუ გეშინია, სამხილებს და საიდუმლო მასალებს არ მოგპარავ! არ მაინტერესებს!
_ არ იყო ღია, მე მივხურე! _ უთხრა მკაცრად და ქალს თვალებში ჩახედა: _ არც ის გაინტერესებს, სამხილებს შენამდე რომ მოვყავარ?!
_ მე ღია დამხვდა! _ ცივად შეეწინააღმდეგა ქალი და კაცს ჯიქურ მიაშტერდა: _ არ მაინტერესებს! ჩემამდე მხოლოდ შავ იებს და კაბას მოჰყავხარ, მაგრამ შეცდომით! _ თქვა და სუფრასთან დაჯდა. კაცმა წვნიანს ახლაღა შეხედა და სუნიც ეცა. მაშინვე სკამზე დაეშვა და კოვზს ხელი წაავლო. სრულიად გადაავიწყდა ქალთან საუბარი და თავის თეფშს დახედა, რომელიც ემამ წვნიანით გაუვსო:
_ მადლობა... ამდენი რა საჭიროა, მსუნაგი ვარ?!
_ არა, მაგრამ ძალა გჭირდება, რომ დამიცვა! _ თქვა ქალმა და თვითონაც ჭამას შეუდგა.
_ გემრიელია. _ თქვა კაცმა პირველივე ლუკმის შემდეგ.
_ მადლობა. _ თქვა ემამ ჩუმად.
უხმოდ ისადილეს. ბოლოს ქალი წამოდგა, სუფრა აალაგა და ჭუჭყიანი თეფშების გარეცხვა დაიწყო.
_ დაისვენე, მე გავრეცხავ. _ მოესმა ერიკის ხმა და გაეცინა.
_ ქვაბსაც?!
_ კი! არ შეიძლება?!
_ როგორ არა, მაგრამ მე მივხედავ.
_ მწვანე კაბა არ გეცოდება?!
_ არა უშავს, გაირეცხება. _ უპასუხა და სამზარეულოს დალაგებას შეუდგა.
_ შენი ტელეფონი რეკავს. _ აუწყა ამ დროს კაცმა და მანაც მაშინვე ჩანთას მიაშურა, კაცს ხელიდან გამოსტაცა და ტელეფონი ამოიღო. ზარი ნახა. ალეხო ურეკავდა თურმე. გადაურეკა.
_ რა იყო, მოხდა რამე?!
_ დედაშენმა დარეკა, ამ დღეებში ველოდებიო. მე ვუთხარი, საქმეზეა წასული და რამდენიმე დღეში ჩამოვა-თქო.
_ დიდი მადლობა და ბოდიში.
_ როდის უნდა უთხრა სიმართლე, რატომაც წამოხვედი იქიდან?!
_ არ ვიცი, ძნელია ადგე და უთხრა, ხომ იცი, მეძნელება...
_ ვიცი... მეც კი არ მითხარი, მხოლოდ ალმას გაენდე და მერე მალევე უკან გაგვექეცი.
_ აქ შევხვდებით ერთმანეთს, _ ჰაეროვანი კოცნით დაემშვიდობა ემა ალეხოს და ტელეფონი გათიშა.
_ მშვიდობაა?! _ ჰკითხა ერიკმა ქალს, როცა შეამჩნია, როგორ შეეცვალა სახეზე ფერი.
_ კი, დედაჩემს დაურეკავს ბოსტონში. ხვალ სახლში უნდა მივიდე და მშობლები ვნახო.
_ მერე, არ გიხარია?!
_ არ ვიცი... _ თქვა დაბნეულად და საქმეს მიუბრუნდა. როცა მილაგებას მორჩა და შემობრუნდა, კაცი ისევ იქ იდგა და გაკვირვებული შესცქეროდა.
_ რამე მოხდა?! რატომ არ გიხარია?! _ დაინტერესდა ერიკი.
_ ეს ჩემი საქმეა! ჩემი პრობლემაა და მეტი არავისი! _ თქვა გაღიზიანებულმა და სააბაზანოში შევიდა ხელების გადასაბანად, მერე კი თავის ოთახს მიაშურა. კარი ჩაკეტა და ლოგინს მიეკრო.
_ როცა სახლში მივალ, უნდა ავხსნა, რატომ წავედი, რისთვის! არ მინდა ამაზე საუბარი! არ მინდა არაფრის ახსნა! არაფრის მოსმენა ამასთან დაკავშირებით! _ თქვა და სახე ბალიშში ჩარგო. ატირებული იხუტებდა ბალიშს, რომ ერიკს მისი ტირილის ხმა არ გაეგონა.
ჩაეძინა, ისევ კოშმარი ესიზმრა. ამჯერად უკვე ნაცნობ ლანდთან ერთად თავდამსხმელიც დაესიზმრა. ისიც მკვდარი იყო და უცბად გამოეღვიძა. ლოგინიდან წამოხტა. რასაც სიზმარში ვხედავ, ყველაფერი ამიხდა. ნუთუ ესეც უნდა ახდეს?! არა, აღარ მინდა მეტი! მე მკვლელობა არ დამიგეგმავს, არც შურისძიებაზე მიფიქრია! მაგრამ რატომ მოდის ეს ლანდი და რატომ მიხდება ყველა სიზმარი?! ხელები სახეზე აიფარა, ცრემლები მოიწმინდა და ჩანთას ხელი დაავლო. ოთახიდან გასვლა დააპირა, როცა კაკუნი მოესმა და კაცის ხმაც:
_ ჩაი მოგიმზადე, დალევ?!
კარი გააღო და კაცს ჩაით სავსე ფინჯანი გამოართვა, მაგრამ ერიკი შიგნით არ შეუშვა.
_ ემა... რა მოგივიდა?! შემომიშვი!
_ არა! მარტო მინდა ყოფნა! ჩაისთვის მადლობა. _ თქვა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
კაცი უკან გაბრუნდა ჩაფიქრებული. უკვირდა ქალის ასე შეცვლა ალეხოს ზარის მერე და მიხვდა, რომ ქალი რაღაცას მალავდა. ისევ უკან მიბრუნდა. უნდა დაეკაკუნებინა, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ქალი დაინახა ჩანთით ხელში.
_ სახლში მივდივარ! _ თქვა მან, გვერდით გაუარა და ფეხსაცმელი ჩაიცვა.
_ არა, ვერ წახვალ! _ კაცი წინ გადაუდგა და რომ შეხედა, შეამჩნია მისი აწითლებული გუგები. ქალისკენ ხელი გაიშვირა. ახლა შეამჩნია ხელზე ხელთათმანები და გაკვირვებულმა ჰკითხა
_ რატომ მიდიხარ?! აქ იმიტომ ხარ, რომ მე დაგიცვა!
_ ჩემს სახლში მინდა ყოფნა! _ თქვა ემამ და ტელეფონს უპასუხა.
_ მოშორებულია... _ გაიგონა და ტელეფონიც გაითიშა.
ემას ტელეფონი ხელში გაუშეშდა. ერიკიც მაშინვე თავის ტელეფონს მივარდა და ვიღაცას დაურეკა, მერე ისევ ქალთან დაბრუნდა:
_ ახლავე ჩაიცვი და მივდივართ! თავდამსხმელი მკვდარია!
ქალს ფერი შეეცვალა. უკან გაჰყვა ჩაფიქრებული.
გამომძიებელმა მანქანა მალევე გააჩერა და ქალიც უკან მიჰყვა.
_ იქ უნდა შევიდე?! _ გააკანკალა ქალს და თვალები დახუჭა. _ ფოტო რომ მანახვო მკვდრის? არ მინდა იქ შესვლა... _ თქვა და კაცს შეშინებული თვალებით შეხედა.
ერთად შევიდნენ ოთახში. ქალმა თავდამსხმელი დაინახა:
_ ისაა თუ არა, არ ვიცი, სახე არ დამინახავს სიბნელეში... _ თქვა კანკალით და კარისკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა.
_ ჭრილობა აქვს პატარა, ბეჭდის ნაკაწრივით! _ უთხრა კაცმა. ამ დროს ერიკს მეორე თანამშრომელმა ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ერიკმა ემას ხელი წაავლო და კედელთან დააყენა.
_ ვის ესაუბრე წეღან, როცა დაგირეკეს?!
_ არ ვიცი!
_ ემა, ვის ესაუბრე?!
_ არ ვიცი, ვიღაც კაცი იყო... _ თქვა ჩუმად და კედელს მიეყრდნო.
_ რა უნდოდა, რა გითხრა?! მითხარი.
_ მოშორებულიაო და გათიშა.
კაცმა შეაჯანჯღარა:
_ შენ მითხარი, ამას არ ვიცნობო და მისი მოკვლა მაინც დაავალე?! ამის მერე კიდევ არაფერ შუაში ხარ?! ფრანკო! ახლავე წაიყვანე და ისევ საკანში მიაბრძანე!
ემას ხმა არ ამოუღია, ისე ჩაჯდა მანქანაში. ჩუმად იჯდა, თავდახრილი და ფიქრებს მისცემოდა: _ ვინ აკეთებს ამას და რატომ? ეს თუ შურისძიებაა, ვისია და მე რატომ მხვევს ამ საქმეში?! _ და უცებ შეჯახების ხმა გაისმა.
_ ემა! ემააა! _ ვიღაც კაცმა მათთან მიირბინა. ქალს ხელი წაავლო და გადმოიყვანა, მერე საჭესთან მჯდომ კაცს მიუბრუნდა, მაღალ, სევდიანი სახის ახალგაზრდა კაცს, თვალებში ჩახედა, შემდეგ იარაღი ამოიღო და ქალის ხმაც მოესმა: _ ეგ არ მოკლათ!
უცნობმა იარაღი დაუშვა.
_ თუ ასე გინდა, დავინდობ! _ თქვა და ფრანკო მანქანიდან გადმოიყვანა თუ არა, აფეთქების ხმაც გაისმა. მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია.
ამასობაში ერიკმაც მოირბინა. ფრანკოს მივარდა და დამწვარ მანქანას შეხედა: _ ემა სად არის?! _ დაუყვირა: _ კარგად ხარ?! როგორ მოხდა ეს ყველაფერი! სად არის ემა!
_ წაიყვანეს ვერტმფრენით... გათიშული იყო, მხოლოდ ის უთხრა ჩემზე, არ მოკლათო და იმანაც დამინდო, _ თქვა ფრანკომ ენის ბორძიკით, ჯერაც ვერ მოსულიყო აზრზე.
***
_ ვინ ხართ და ჩემგან რა გინდათ?! _ ძლივს ამოილაპარაკა ემამ. _ მეც უნდა მომკლათ?!
_ არა, ჩემი ნუ გეშინია, დამშვიდდი. კუნძულზე მივფრინავთ. რამდენიმე ხანში სახლში იქნები და დაისვენებ. _ უცნობმა ემას წყალი მიაწოდა და ქალიც გამოფხიზლდა.
_ კარგია, რომ არაფერი დაგიშავდა! ის კაცი რატომ არ უნდა მომეკლა?!
_ მას არაფერი დაუშავებია!
_ მაგრამ დაპატიმრებული ჰყავდი!
_ ეს არ უნდა ჩაგედინათ!
_ მე შური ვიძიე!
_ რა საჭირო იყო! ან რისთვის?! ან რა იცით თქვენ?! ან მე რა შუაში ვარ?! _ თქვა ძლივს და თავზე მოიკიდა ხელი.
_ მე ყველაფერი ვიცი... შურისძიება საჭირო იყო! _ თქვა კაცმა და ქალს თვალებში შეხედა.
ემა გამოფხიზლდა, ახლაღა შეხედა კაცს და გაოგნდა:
_ თქვენ... თქვენ ხომ ის... თქვენ ხომ სიზმარში გნახეთ... წარმოუდგენელია! მე ვნახე ის მკვლელობა და ეს მკვლელობაც! ანუ მე მოწმე ვარ, მეც უნდა მომკლათ?! რატომ მესიზმრა ეს ორი სიზმარი, რომელიც აცხადდა, რატომ?! მინდა დავმშვიდდე და ნორმალურად ვიცხოვრო! რატომ მიშლით ყველა ხელს! _ თქვა გაბრაზებულმა და თვალები მაგრად დახუჭა.
_ არა, შენ არავინ გკლავს, ვინც შენი მოკვლა გადაწყვიტა, ის მკვდარია! დამშვიდდი! მე შური ვიძიე ჩემი შეყვარებულის გამო! მკვლელობა დასრულებულია!
_ თქვენი შეყვარებული ის გოგოა? იქ, მასთან ერთად რომ იპოვეს?! შავი კაბით?! _ თქვა ძლივს და ბუნდოვნად გაიგონა კაცის ნათქვამი:
_ ჰო.
_ სახლში მინდა, ჩემს სახლში! აქ არ მინდა ყოფნა! არ მინდა თქვენთან ყოფნა! არ მინდა აქ ყოფნაა! დავიღალეე! დავიღალეეე! დამანებეთ ყველამ თავიი! _ დაიყვირა და გული წაუვიდა.
კაცი მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა და წაიყვანა. რამდენიმე ხანში მან ემას სახლის კარი შეაღო, გასაღები იქვე დადო, ქალი ლოგინზე მიაწვინა და მაშინვე დატოვა იქაურობა...
***
გამოიღვიძა... თვალები გაახილა, მიხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო და შეშინებული წამოხტა. გარემოს თვალი მოავლო და ოთახი იცნო, თავისი სახლის საძინებელი.
_ როგორ ხარ?! _ მოესმა მკაცრი ხმა, რომელიც აივნიდან შემოდიოდა.
`ისევ ეს!~ _ გაიფიქრა და კაცს გახედა.
_ კარგად.
_ მეც კარგად ვარ, _ უპასუხა მან დაუსმელ შეკითხვას და სკამზე ჩამოჯდა. _ კარგი გეგმა იყო, ვერაფერს დაუწუნებ! მკვლელობები, გატაცებები, აფეთქებები! ახლა რაღა დაგრჩა?!
ქალს თავი სტკიოდა. მიხვდა, რომ ერიკი ახლაც მას დაადანაშაულებდა ამ ამბებში. ფეხზე ისე წამოიჭრა და ისე ახლოს აღმოჩნდა მის მხარზე თავმიდებული, შეშინებულმა ვერც კი გააცნობიერა თავისი საქციელი. ერიკმა ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა, მერე ნელ-ნელა მისი ბაგეებისკენ მიმართა მზერა. ქალს თმა ჩამოეშალა, კაცმა კალთაში ჩაისვა და აკოცა...
ერიკი არ ჩერდებოდა, მის ბაგეებს არ ეშვებოდა და არც ემას თმას უშვებდა ხელს. ნაზად დაასრიალებდა თითებს მასში, გრძნობდა ქალის სუნამოს სურნელებას და მის პრიალა კანს! ემამ გაიბრძოლა, წინააღმდეგობა გაუწია, უკან დახევას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს მინებდა მის ალერსს. მინებდა და იგრძნო, რომ ეს კოცნა სიძულვილს არ განაცდევინებდა. სახე გაუხურდა, ისე როგორც მისი ხმის გაგონებისას ემართებოდა და თავისი ხელები კაცის მკერდს ააყოლა. იგრძნო მისი სუნთქვა, მისი გაგიჟება, რომელიც ამ კოცნით გამოიწვია და მის ბაგეებში ჩაიძირა.
`ეს ქალი პირველსავე დანახვისთანავე შემოიჭრა ჩემს გულში, ახლა სულშიც შემომეჭრა და ყველაფერს მავიწყებს! მაგრამ მკვლელობები?! როგორ შეიძლება ასეთი ქალი მკვლელი იყოს ან ალეხოს ეკუთვნოდეს!~ _ გაახსენდა ის კაცი, გაახსენდა მასთან ჩახუტება, როგორ გაიქცა თავდასხმის დღეს მის დანახვაზე და ემას ტუჩებს მოსცილდა. ზეზე წამოიჭრა! ემამ ისევ ხელი მოიქნია სილის გასარტყმელად, მაგრამ ერიკმა მისი დაჭერა მოასწრო, ქალი ლოგინზე დააგდო და თვითონაც ზედ მოექცა.
_ ჩემთან ეს ქალური ხრიკები არ ჭრის, ამით თავს ვერ დაიძვრენ! _ კბილებში გამოცრა და ქალს ბორკილები დაადო. _ ახლა იქ წაგიყვან, სადაც უნდა იყო! _ თქვა და ქალი ლოგინიდან წამოაგდო. კარი დაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
_ ხან თავს მესხმიან, ხან მიტაცებენ, რა დავაშავე? _ თქვა ჩუმად ემამ და თავი გააქნია, რათა ფიქრები გაეფანტა.
როგორც კი მანქანა წითელზე შეაჩერა კაცმა, ემა მის ყელს ბორკილებით შეეხო. მუქარისა და ბრძოლის მიუხედავად, მაინც ვერაფერს გახდა.
_ იცოდე, მოგკლავ! _ ემუქრებოდა გაბრაზებული ემა, იმის გამო, რომ ამ კაცმა აკოცა და მისდამი სიძულვილი არ იგრძნო.
_ თუ ასეა, მომკალი! რას ელოდები! კიდევ ერთი მკვლელობა დაემატება შენს საქმეს!
_ იდიოტო!!! _ დაიყვირა გაბრაზებულმა, როგორც კი კაცმა ხელში აიყვანა.
_ დამშვიდდი, მაინც ვერაფერს იზამ! _ თქვა კაცმა, ემა თავის კაბინეტში სკამზე დასვა და დააბა.
_ ალბერტოს უნდა დავურეკო!
_ აქ არაა, სხვაგანაა, შენთვის არ სცალია, _ მოუჭრა ერიკმა მოკლედ და გაკოჭილ ქალს შეხედა.
_ წყალი მწყურია! _ იყვირა ემამ და კაცმაც პირთან მიუტანა სავსე ჭიქა. ემამ ცოტა მოსვა და გადაყლაპა, მერე ისევ მოსვა და ერიკს სახეში შეასხა პირში დაგუბებული წყალი.
_ ოხ შენი! _ შეიგინა გამომძიებელმა, მაგრამ ხელის გარტყმა გადაიფიქრა. _ დაბმულ ქალს თავს არ ვესხმი! _ თქვა, თავის მაგიდას დაუბრუნდა, ხელსახოცით სახე შეიმშრალა და დაჯდა.
`შენ ამას მოიწმენდ და არ გეტკინება, მაგრამ მე რამდენჯერაც მოვიწმენდ, იმდენჯერ მტკივა და მესობა გულში! იმდენჯერ განვიცდი სიკვდილს~... _ ფიქრობდა ემა. ცრემლის წვეთი ჩამოუგორდა ლოყაზე და მიხვდა, ახლა არ უნდა ეტირა, სხვის შესაცოდებლად არ უნდა ეტირა, და რომ სტკიოდა, არც ამის გამო უნდა ეტირა. თავი ძირს დახარა, რომ კაცს მისი ცრემლი არ შეემჩნია.
უცბად ორივეს სროლის ხმა მოესმა და შეშინებულმა ემამ იყვირა. ერიკი გარეთ გავარდა. 20 წუთის მერე შემოვარდა და ემას მიმართა:
_ ფედერიკო რაირას იცნობ?
_ არა... _ თქვა ჩუმად და კაცს ახედა: _ რა მოხდა გარეთ?!
_ ნუ მატყუებ!
_ არ ვიცი ვინაა, ფოტო მაჩვენე და გეტყვი! _ თქვა ჩუმად და ხელებზე დაიხედა, როცა კაცი ბორკილებს ხსნიდა.
ქალი თავდახრილი მიჰყვა უკან.
_ ემა! გამოფხიზლდი, გაახილე თვალები და შეხედე! ემა! _ მოესმა თუ არა კაცის ხმა, დახედა ძირს გაშხლართულ სხეულს და უეცრად უკან გაიქცა ოთახისკენ, კართან გაჩერდა.
ერიკი მიხვდა, რომ ქალს შეეშინდა, ხელში აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა. სკამზე დასვა და ისევ წყალი მიაწოდა. ემა გონს მალე მოვიდა და თვითონვე დაიწყო მოყოლა, სანამ ერიკი რამეს შეეკითხებოდა:
_ ფრანკომ რომ წამიყვანა, მანქანა დაგვეჯახა. მერე ნიღბიანი კაცი მოვიდა. მე გადმომიყვანა. იარაღი დაუმიზნა ფრანკოს და რომ ვუთხარი, არ მოკლა-მეთქი, იარაღი დაუშვა, მანქანიდან გადმოიყვანა და მანქანა ააფეთქა. რამდენიმე ხანი ვერტმფრენში ვიყავით, ვუთხარი, სახლში მინდა-მეთქი. მითხრა, დანიელა ჩემი შეყვარებული იყოო... მერე გული წამივიდა და რომ გამოვფხიზლდი, სახლში გამეღვიძა.
ფრანკო შემოვარდა.
_ ერიკ, გამახსენდა, გამახსენდა! იმ კაცს ემა რომ მიჰყავდა, ეს ლამის გულწასული იყო და სახელს იძახდა.
_ რა სახელს? _ იკითხა ერიკმა და ქალს შეხედა.
ემას გაახსენდა, ვისაც ეძახდა და გაწითლდა. `არა, ეს ტყუილია, არ ვიძახდი ამ იდიოტის სახელს!~
და ფრანკომაც დააყოლა: _ ერიკს, ერიკს ეძახდა!
გამომძიებელი ემას მიუბრუნდა:
_ მე რატომ მეძახდი?!
_ არ ვიცი... _ თქვა ქალმა და თავი დახარა: _ დავიღალე... ეს კაცი როგორ მოკვდა?! _ გაახსენდა ემას ის კაცი და ერიკს ახედა.
_ თავი მოიკლა და მარტო ის თქვა, ეს ჩემი ჩადენილი მკვლელობა იყო, ემა არაფერ შუაშიაო.
_ თუ ასეა, აქ რატომ ვარ, ისევ ეჭვმიტანილად ვითვლები?!
_ რადგან მოჰყევი ის, რაც იცოდი, აღარ, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაინც მაქვს.
_ გისმენ!
_ ამ კაცმა წერილი დაგიტოვა. _ და დაკეცილი ფურცელი ემას მიუტრიალა, როგორც კი ქალმა თითებზე ხელთათმანები მოირგო.
_ შენ წაიკითხე, _ უთხრა ქალმა და არ გამოართვა.
_ `მკვლელობა შავი იებით~. მხოლოდ ეს სამი სიტყვა წერია და გასაღებია! _ თქვა კაცმა და ემას გასაღები დაანახვა. _ იცი, რისი გასაღებია?!
_ მე არა და შენ?
_ ალბათ კიდევ რაღაც საიდუმლოსი!
_ მომბეზრდა ეს ყველაფერი! ეგ წერილიც და გასაღებიც შენ დაიტოვე! _ ემა ადგა.
_ მე წაგიყვან!
_ საჭირო არ არის! გამოიძიე ეს ყველაფერი და თავი დამანებე! _ თქვა და გარეთ გავარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent