შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 14)


29-11-2022, 12:33
ნანახია 568

მალე ახალი სამკაულები და სამოსი უნდა გამოეტანათ მაღაზიაში. მანამ ჩვენება უნდა გამართულიყო. ემამ მოდელები დაიბარა, რათა ჩვენებისთვის მოემზადებინა. ერთ კვირაში ყველაფერი მზად ჰქონდა _ სულ 50 სამოსი და 100 სამკაული _ საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამები... ალეხოც ჩამოდიოდა ცოლით, რომელსაც უკვე მუცელი დასტყობოდა. ყველა იკრიბებოდა ჩვენებაზე: ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ცნობილი ადამიანები.
ემამ მოდელი კრისტალ დელევინი დაიბარა გადაღებაზე, რომელსაც ჩვენება უნდა დაეხურა.
კარში მაღალი, გამხდარი გოგონა შემოვიდა, ყავისფერი თმა აწეული ჰქონდა, თვალებზე ყავისფერი ბრჭყვიალა და შავი ფანქარი ესვა, პომადა _ წითელი. იგი ულამაზეს ქალთევზას ჰგავდა. კრისტალი ემასკენ ღიმილით გაემართა. ქალმა ჩაიხუტა და გადაკოცნა.
_ დღეიდან გადაღებები გექნება. ახალი პორტფოლიო, სადაც მინდა 50 ფოტო შევიდეს, მაგრამ მხოლოდ სტუდიური ფოტოები არ მინდა. სხვადასხვა ადგილას გადაგიღებენ, ერთ კვირაში ყველა ფოტო უნდა მქონდეს მზად ჩვენებისთვის!
გოგონას გაუხარდა და მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა, ფოტოგრაფის რამდენიმე რჩევა გაითვალისწინა და გადაღებისთვის მოემზადა.
ემამ ცოტა ხანი უყურა გადაღებას, მერე ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა.
გადაღებები 1 კვირა გაგრძელდა. ერთ კადრში გოგონა ბუნებაში იდგა, ყვავილებს ჰაერში ყრიდა და სულს უბერავდა. მეორეში კაბით, მაღალ ქუსლებზე, როიალზე იდგა, ცა მთლიანად ლურჯი ფერის მოჩანდა. მესამეში გოგონა სამკაულებით გარემოცული ტყეში იჯდა შიშველი ზურგით, ერთი ყელსაბამი ხელში ეჭირა და ზურგზე იდებდა. მეოთხეში საჰაერო ბუშტში იჯდა და ერთმანეთზე გადაბმული სამკაულები ბუშტიდან გადმოშვებული მიწას ეხებოდა. შემდეგ კადრებში მოდელი ზღვის ზედაპირზე იწვა მწვანე კაბით და ლურჯ ყელსაბამს ყელზე იკეთებდა. და ბოლოს, ქალი შიშველი სხეულით ზურგით იდგა, ხელები ზევით აეწია და მხოლოდ ბეჭედი ეკეთა ხელზე, რომელიც ჩვენების მთავარი ნაწილი იყო...
გადაღებები დასრულდა, ფოტოებიც მზად იყო და ქეტრინისთვის შეკვეთილი სამოსიც. ჩვენებისთვის ემზადებოდნენ ყველანი _ მოდელებიც, თანამშრომლებიც, ემაც და ქეტრინიც. ემა პოდიუმისთვის უკვე სცენას ამზადებდა. სარკის ფილები ეგო პოდიუმზე, რომელიც გააფართოეს და გაადიდეს. ემამ პირველი რიგის სკამები უკან ჩასწია და სცენას მოაცილა. მერე ყველას დაემშვიდობა და ოფისში ავიდა. ესკიზებს კიდევ ერთხელ თვალი შეავლო და დაჯდა.
ყველა სამკაული მის მაგიდაზე იდო თავისივე იასამნისფერი ყუთებით და ზედ ამოქარგული წარწერით: `ამეთვისტო~. ემამ ყველა სამკაული დაათვალიერა და ისევ ყუთებში მოათავსა.
***
იასამნისფერი იებით გაფორმებული კედლის თაღიდან მოდელები გამოდიოდნენ, ყვავილებიდან იწყებდნენ გამოსვლას. მთელი პოდიუმი გაიარეს, მერე უკან მობრუნდნენ და კვლავ პოდიუმისკენ დაიძრნენ, შემდეგ სცენის მთელ სიგრძეზე ადგილები დაიკავეს, ერთმანეთისგან სიმეტრიული დაშორებებით. უცბად პოდიუმის სცენა მოდელების წინ ვეებერთელა მინით ჩაიკეტა და წყლის ნაკადმა იხუვლა. როცა იგი მთლიანად გაივსო, მოდელებმა ცურვა დაიწყეს თავიანთი კაბებითა და სამკაულებით, თითქოს ქალთევზებად გადაიქცნენ. ფოტაგრაფებმაც მაშინვე ააჩხაკუნეს კამერები. რამდენიმე წუთის შემდეგ წყლით გავსებულ მინის ყუთში გოგონები ზევით აცურდნენ და მინის აუზი დატოვეს. შემდეგ წყლით სავსე მინის ყუთში იების აურაცხელი რაოდენობა ჩამოიპნა და წყლის ზედაპირი ყვავილებმა მთლიანად დაფარა. ბოლოს ერთი მოდელი კვლავ წყალში გადახტა და ფსკერისკენ გაცურა. ფოტოგრაფები იღებდნენ და იღებდნენ ამ საოცარ სანახაობას. გოგონა იებით სავსე წყალში დაცურავდა და თავისი სამოსისა და სამკაულების დემონსტრირებას ახდენდა. ბოლოს სამკაულებმაც იწყო ფსკერისკენ ჩაძირვა _ ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები ნელ-ნელა იყრებოდა წყალში და ფსკერისკენ მიიწევდა. გოგონამ რამდენიმე ჰაეროვანი კოცნა გაგზავნა პუბლიკისკენ თავისი მთავარი ბეჭდით, ყველას დაემშვიდობა და ზემოთკენ გაცურა.
ჩვენება ასე დასრულდა.
ემა ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, მან თავისი ახალი მოდელი წარუდგინა საზოგადოებას, თან დაამატა, რომ დელევინი ბევრს შრომობდა იმისთვის, რათა ცურვისას ჰაერი ჰყოფნოდა, მთელი დღეები ცურვის სპეციალისტთან ატარებდა და მის გაკვეთილებს ითვისებდა. ემაც მიდიოდა და ნახულობდა გოგონას, მოსწონდა მისი სახე, მისი სხეული და მისი შრომაც. ემამ გოგონა შეაქო და განაცხადა, ჩემი კომპანიის სახედ ავიყვანო. გარდა ამისა, ის იქნებოდა ძირითადი მოდელი, რომელიც ყველა ჩვენებას დახურავდა...
ემამ მადლობა გადაუხადა ყველა სტუმარს. ბოლოს ბანკეტი გაიმართა.
მან ბევრი მილოცვა მიიღო და მისმა მეგობარმა ქეტრინმაც, რომელმაც ამ დღის მერე უფრო ბევრი კონტრაქტი და შემოთავაზება მიიღო.
ჩვენების შემდეგ ყველა სამოსი და სამკაული მაღაზიაში გამოფინეს. და ყველა წარმატებით გაიყიდა. ემა კმაყოფილი იყო, მისი ოცნება ასრულდა. ახლა უკვე ახალი ჩვენებისთვის უნდა დაეწყო მზადება, ამიტომ მოდელები კვლავ დაიბარა და სთხოვა, არ მოდუნდეთ, მუშაობა გააგრძელეთო. განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც კრისტალ დელევინისადმი იჩენდა. ახლა ის იყო მისი მთავარი კოზირი.
მორიგი ჩვენება სულ რაღაც ორ თვეში უნდა გამართულიყო. კრისტალი გადაღებებს არ აცდენდა, უამრავ ფოტოს უღებდნენ და ახალი ჩვენებისთვის ამზადებდნენ.
გავიდა რვა კვირა და მართლაც ყველაფერი ზედმიწევნით მზად იყო. ემამ მოასწრო და სწორედ ისეთი თეატრალური წარმოდგენისთვის მოემზადა, როგორიც ჩაფიქრებული ჰქონდა. ალა-ფურშეტი პატარა მაგიდებზე გაიშალა, ხილი, წვენები, ალკოჰოლიანი სასმელები. ჩვენებას სახელიც შეურჩიეს _ `შოკოლადიანი ქვები~.
საღამოს 8 საათზე სცენა განათდა. სინათლე მხოლოდ სცენის წინა კედელს შეეხო. ზემოდან შავი იები ცვიოდა, ცოტა ხანში კი მთელი ტერიტორია იასამნისფერმა იებმა დაფარეს. მოდელები წამოვიდნენ, თანაც სულ შავი შოკოლადისფერები. მათი გამჭვირვალე სამოსი, რომელიც ემამ შეუკვეთა, მთლიანად შავი შოკოლადით იყო გაჟღენთილი, მხოლოდ თვალებზე ჰქონდათ იასამნისფერი მაკიაჟი. შოკოლადის შავ სხეულს ფერადი სამკაულები ამშვენებდა. სამკაულები გარშემო უამრავ ფერს აფრქვევდნენ, ყვავილების გზას მიაპობდნენ და შავ შოკოლადში ამოვლებული მოდელები წინ მიიწევდნენ. შემდეგ პოდიუმზე ქეტრინის სამოსში გამოწყობილი მოდელები გამოჩნდნენ, რასაც ისევ ენაცვლებოდა შავშოკოლადიანი ქალები და ბოლოს კვლავ ქეტრინის კომპანიაში შექმნილი ტანსაცმელი...
მოწვეულ სტუმრებს მთელი ჩვენების განმავლობაში შოკოლადით უმასპინძლდებოდნენ, სხვა დესერტიც დაარიგეს და სტუმრებს უფლება მისცეს, იქვე ენახათ შოკოლადის ჩამოსხმის პროცესი, თან ახალი სახეობა _ ლეღვიანი შოკოლადიც დააგემოვნებინეს...
ფოტოები კედლებსა და სტენდებზე უკვე გამოფენილი იყო. შოკოლადისფერ კრიალა სხეულს სამკაულები ანათებდნენ და თავიანთი ბრჭყვიალებით მუქ ფერს მთლიანად შთანთქავდნენ, მხოლოდ სამკაულების ფერები ხვდებოდა დამთვალიერებელს თვალში. რჩეული ოპალი ემას ყველაზე დიდი ზომის ფოტოზე გამოესახა და ცენტრში მოეხვედრებინა. როგორც კი სტუმრები გამოფენის დარბაზში შეაბიჯებდნენ, მაშინვე თვალში ხვდებოდათ ამ საოცარ ფერთა შერწყმა _ ახალგამობრწყინებული და დაბადებული ოპალისა.
ყველა სტუმარს დაურიგეს შოკოლადებით სავსე კალათა... მერე გათამაშება გაიმართა და ოპალისთვლიანი ულამაზესი ყელსაბამი ერთ-ერთ ჟურნალისტს ხვდა წილად. ემამ მიულოცა მას გამარჯვება და ყელსაბამი თავისი ხელით გაუკეთა ყელზე...
ჩვენების მეორე დღეს ყველაფერი მაღაზიაში გამოფინეს და გაყიდვაც დაიწყო.
***
საღამოს, სანამ ოფისიდან გავიდოდა, ემამ უჯრა გამოაღო და ვერ იპოვა, რასაც ეძებდა. მერე გაახსენდა და ჩანთაში ჩაიხედა. ამოიღო და ზედმიწევნით დააკვირდა:
_ ერიკის გამო ჩანთაში ჩავაგდე, რომ არ ენახა და ძლივს არ ვნახე? _ თქვა და უცბად ზეზე წამოხტა. ჩანთას ხელი დააავლო და გარეთ გავარდა. ტაქსი მალევე გააჩერა, უკვე მშვიდად იყო. თვალები დახუჭა და თავის მუცელს მიეფერა:
_ გამოდის, პატარა გვეყოლება, რომელიც ლამაზ კაბებს ჩაიცვამს და გულში ჩავიკრავ, ან პატარა ბიჭუნა, ერიკისნაირი.
ემას ტაქსიში კინაღამ ჩაეძინა. მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა, თვალები მაშინვე გაახილა და მანქანიდან გადმოსულმა სახლს მიაშურა.
_ ერიკ..._ თქვა ჩუმად, როგორც კი ჰოლში შევიდა. კაცმა ხმა არ გასცა, დივანზე წამოწოლილი ელოდებოდა ცოლს. ემამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოთახში შევიდა, შუქი აანთო და დაიყვირა:
_ ერიკ! რომ გეძახი, არ გესმის?!
_ ასე ადრე რატომ მოხვედი, მოგენატრე?! _ თქვა კაცმა და ქალს წაეტანა.
_ ერიკ, არ გინდა, _ თქვა ჩუმად და კაცს შეხედა.
_ რა, ცუდად ხარ?!
_ არა, დასვენება მინდა! _ და ქმარს ჩაეხუტა. _ მომენატრე.
_ წეღან არ გახსოვდა, რომ გენატრებოდი!
_ ასე რატომ მიყურებ?!
_ იმიტომ, რომ მიყვარხარ!
_ მეც მიყვარხარ, ერიკ, _ უთხრა და შუბლზე აკოცა. _ აქაურობა ძალიან აგირევია!
_ ჰოო, ბოდიში, მათზე ვიყარე ჯავრი!
_ მშია, გვაქვს რამე?
_ ვახშამი მზადაა, თუ მიირთმევ.
_ ერთად ვივახშმოთ, კარგი?
ორივე სამზარეულოსკენ დაიძრა. როცა ვახშმობას მორჩნენ, ემამ დაღლილი ხმით წარმოთქვა:
_ ერიკ, მე წამოვწვები, კარგი?
_ კარგი, ემა, მეც ახლავე შემოგიერთდები...
ერიკმა ცოტა ხანში კარი შეაღო და ქალს შეხედა, რომელიც ლოგინზე იწვა და ესკიზებს ათვვალიერებდა.
_ ერიკ! მანდ სარკესთან რომ დევს, მომაწოდე, რა, ბანტით რომაა შეკრული!
_ რა არის ეს! _ კაცმა დახედა და თვალთან ახლოს მიიტანა.
_ ხოო, რამე აწერიაა?!
_ კიი... ეს... მოიცა! ეს ისაა?!
_ რა ის?! _ ვითომ გაიკვირვა ემამ და ფეხზე ადგა.
_ შენ რა, ორსულად ხარ?! ემაააა! ორსულად ხარ! _ იყვირა ერიკმა და ქალმაც თავი დაუქნია. კაცმა ხელები მოხვია და კოცნა დაუწყო, _ ჩემი გოგოოო... ემა, რა მაგარიააა, მაგარიიი! ორივენი მიყვარხართ ძალიან... _ მან ცოლს კაბა აუწია და მუცელს შეხედა. მერე ხელი მიადო და აკოცა, _ ჩემი გემრიელებიიი...
_ ბავშვს ესმის, ერიკ...
_ ხოდა, დედიკო, აღარ უნდა იტირო და აღარც უნდა იფიქრო იმ სულელურ წარსულზე! _ თითი დაუქნია და ისევ მუცელს შეხედა, მერე მოატრიალა და გვერდულად დააყენა: _ ჯერ არ ჩანს!
ქალს გაეცინა:
_ ჯერ ძალიან პატარაა...
_ მაგრამ დედამ უკვე ჭირვეულობა დაიწყო, _ თქვა და ქალს ხელი მოხვია, თან თვალებში ჩახედა: _ ახლა ცოტას მოგეფერები მხოლოდ, ბევრს არა. აწი მე ვარ შენი და მისი უფროსი! _ თქვა და ქალის სახე კოცნით გაათბო. _ აბა, რა გნებავთ, ჩემო გემრიელებო?!
_ მეძინება, ერიკ, _ მიუგო ემამ და მის გვერდით მიწვა. კაცმა ძლიერად მოხვია მკლავები და ბედნიერებებით ავსებულებს მალევე ჩაეძინათ...
ღამე ემამ შეიღვიძა, მუცელზე ხელი გადაისვა და ბედნიერმა წაიჩურჩულა: _ ჩემი... ჩემი და ჩვენი პატარა არსება... პატარა არსება, საოცარი ქმნილება და სიცოცხლის მომნიჭებელი, ყველაფრის დამავიწყებელი და მომშუშებელი... _ ხელი გადაისვა მუცელზე და შეაჟრჟოლა: _ ჩემო პატარა... აქ ხარ შენ, აქ, ჩემ შიგნით და აქვე უნდა გაიზარდო... ახლა უნდა ვიზრუნო ჩემზეც და შენზეც... ჩემი საოცრება, ჩემი სიყვარული... _ თქვა, კაცს ჩუმად აკოცა და ჩურჩულით გააგრძელა: _ თქვენ ჩემი სიყვარულები ხართ. ეს კი შენი მამიკოა, ჩემო პატარა... _ და ისევ ჩაიძინა.
ემილია რამდენიმე დღე ბებიასთან იყო, ჟაკლინი და ქეტრინის რამდენიმე თანამშრომელი კი შვებულებით სამოგზაუროდ წავიდნენ. აღფრთოვანებულებმა დაათვალიერეს ევროპის ღირსშესანიშნაობები და ქსოვილების მაღაზიებსაც ესტუმრნენ...
ახლა ჟაკლინი სრულიად სხვანაირი დასეირნობდა ქუჩებში... შვილს რამდენიმე კაბა უყიდა და სასოებით დასცქეროდა ტანსაცმელს, რომელიც მალე მისი საყვარელი ემილიასი გახდებოდა...
***
დილას ერიკი ადრე ადგა, ვიბანავებ და მერე საუზმეს მოვამზადებო, იფიქრა. წყალი მოუშვა და ღიღინით თავზე შამპუნი დაისხა: ჩვენი პატარა... მალე მამიკო გავხდები და ერთად ავურევთ სახლს დედიკოს...
გამოვიდა თუ არა სააბაზანოდან, სარკის წინ მდგარი ემა დაინახა.
_ დიდი ხანია აქ ხარ?!
_ უკვე 5 წუთია!
_ რატომ, მერე?!
_ მომინდა აქ ყოფნა და იმიტომ! არ შეიძლება?!
_ როგორ არა, _ მიუგო და ხელი შეავლო ქალს, _ ვიფიქრე, ვიბანავებ და სანამ გაეღვიძება, საჭმელს მივუტან ლოგინში თქო.
ქალს გაეცინა, საძინებლისკენ გაბრუნდა და ქმარს მიაძახა:
_ დავწვები. ერთ წამში გავიღვიძებ და საჭმელი მომიტანე, _ უთხრა და ლოგინში შეწვა.
კაცმა ლანგრით მიუტანა საუზმე. ქალმა დახედა და დაიწყო:
_ ეს მინდა, ეს არაა... ეს მინდაა, ეს არააა. ეს რაა, რა უნდა ამას აქ, წაიღე! _ იყვირა უეცრად და ქმარს ხელით ანიშნა.
_ აი, უკვე ჭირვეულობს... _ თქვა კაცმა და ღიმილით ააცალა ქალს წინ დადებული საჭმლის ნაწილი. მერე უჩურჩულა: _ კიდევ რა გნებავთ?!
_ ჯერ ესენი და მეორე ლანგრითაც მოიტანე შენთვის!
კაცს გაეღიმა და მისი თხოვნა შეასრულა. მერე მის გვერდით დაჯდა. უყურებდა, ემა როგორ ჭამდა და თვითონაც ისაუზმა მასთან ერთად.
მერე ემა ადგა, აივანზე გავიდა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, ოთახში შემობრუნდა და ხელებაწეულმა რამდენიმე ვარჯიში გააკეთა.
ცოტა ხანში სამსახურში წასასვლელად გაემზადა. შავი შარვალი ჩაიცვა და მწვანე ზედა. ერიკის ნაჩუქარი ბეჭედიც გაიკეთა, ქორწილის ბეჭედიც და კაცს მიუბრუნდა.
_ მე მზად ვარ, _ თქვა და სახლიდან ორივენი ერთად გავიდნენ.
ქუჩაში ერთმანეთს აკოცეს, მერე ქალი კაცს დაემშვიდობა და თავთავიანთი სამსახურებისკენ დაიძრნენ.
ემა დარბაზში შევიდა. ყველამ მისკენ გაიხედა.
_ იმედია, ჩემი დანახვა გიხარიათ, _ თქვა მან და გაიღიმა, მაგიდას დაეყრდნო. _ ხართ მზად ახალი საქმის დასაწყებად?! _ იკითხა და თანხმობის მიღების მერე ყველანი მაგიდას მიუსხდნენ.
_ დღეიდან გავამზადებთ სასაჩუქრე კოლოფებს, რომელზეც ჩვენი სამკაულები იქნება მოხატული, ასევე ყველა კოლოფში იქნება ადრესატისადმი მიძღვნილი წერილი, რომელსაც მყიდველი დაუტოვებს მას, ვისაც ჩვენს სამკაულს აჩუქებს... თითოეული ჩვენი დიზაინით შექმნილ ყუთში იქნება მოთავსებული, ასევე შესავსებად გამზადებული ბარათი... _ გამოაცხადა და ფეხზე წამოდგა, შემდეგ დიზაინერებს მიუბრუნდა: _ დღეიდან შეგიძლიათ სასაჩუქრე კოლოფებზე იფიქროთ და ესკიზები გაამზადოთ. _ ამ სიტყვებით კამილასთან ერთად კაბინეტისკენ დაიძრა, სადაც კიდევ ერთხელ უნდა გადაევლოთ თვალი ორ ჩვენებაში შემოსული თუ დახარჯული ხარჯებისთვის.
***
სამსახურში მისვლისთანავე ერიკი მუშაობას შეუდგა და კარგა ხანს თავი არ აუწევია. მერე ემასთან შეიარა. ისე ჩუმად შეიპარა მის კაბინეტში, ქალმა ვერც გაიგო. თვალდახუჭული ზურგით იდგა და ახალდაფრქვეული სუნამოს არომატს ისრუტავდა..
_ ღმერთო, როგორ შემაშინე?! _ იყვირა, როცა ერიკმა მოულოდნელად ყელზე აკოცა.
_ უკვე გაშინებ კიდევაც?!
_ ასე ნუღარ შემოიპარები აქ, ერიკ! მე მხოლოდ შენი ვარ და სხვა არავისი!
_ ვიცი, ემა, ვიცი და ჩამეხუტე... მომენატრეთ ორივენი.
ემამ ხელები მოხვია:
_ ჩვენც მოგვენატრე, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ, დღეს შედარებით ადრე დავბრუნდები. ისე, 8 თვეში მამა გახდები!
_ მიხარია. ჩვენ შენი დედიკო და მამიკო ვიქნებით, _ ქმარი ცოლს ჩაეხუტა, ხელები მოხვია და მუცელზე აკოცა. _ მალე მოდით, მინდა ორივეს მოგეფეროთ, _ გააფრთხილა ქალი და გავიდა.
ერიკმა სადილი გაუმზადა ცოლს და კმაყოფილი დაელოდა მის მოსვლას.
ემა მართლაც ადრე მოვიდა და გაშლილი სუფრის დანახვაზე გაოცებულმა შესძახა:
_ ერიკ, რამე ხდება?! რა ლამაზიააა?!
_ თქვენი მოსვლა აღვნიშნე, _ უთხრა მამაკაცმა. მერე გემრიელად ივახშმეს და დივანზე წამოწვნენ. ერიკმა ემას მუცელზე დაადო თავი.
_ რა ბედნიერებაა, ჩვენ პატარა გვეყოლება! ერთად გავზრდით, ერთად მოვეფერებით! მერე ვასწავლით, ჭკუას დავარიგებთ და ბევრს ვაკოცებთ... 8 თვე როგორ უნდა მოვიცადოო?!
ემას გაეცინა და კაცს თავზე ხელი გადაუსვა.
_ უნდა მოიცადო და მოემზადო მამობისთვის...
_ როგორ? რა უნდა გავაკეთო?!
_ ჯერ მოგიწევს ჩემს წუწუნს და ჭამას მიხედო. რომ დაიბადება, ხელში უნდა დაიჭირო და ცოტა ელაპარაკო, ზღაპრები წაუკითხო, ზოგჯერ აჭამო. რომ გაიზრდება, ეთამაშო, ჭკუა დაარიგო და ასწავლო, რა არის ცუდი და კარგი... ესაა მთავარი. იცოდე, ყველაფერზე კის ნუ ეტყვი!
_ ჩემი პატარა. აბა, როგორ ვუთხრა არა-თქო!
_ ერიკ! რაც არ შეიძლება, უნდა დაუშალო და გააგებინო, რომ არ შეიძლება! ცემით არ უნდა ვცემოთ, სიტყვით უნდა გააგებინო და სიტყვით უნდა გაუბრაზდე! გაიგეე?!
_ ამდენი რამე მევალება?!
_ ვერ ვიტან, როცა მამა მოვა სამსახურიდან, ბავშვს ერთხელ აკოცებს და მერე დედას მიუგდებს მისახედად. ზოგჯერ მამამაც უნდა მიხედოს ბავშვს, გოგო იქნება თუ ბიჭი, მამამაც უნდა მიხედოს, ეთამაშოს და მასთან ახლოს იყოს. ის შენი ნაწილიცაა, ერიკ... უნდა მოეფერო, ეთამაშო, გაუწყრე და შეაქო.
_ კარგი მამა რომ ვერ ვიყო?!
_ ერიკ... შენ კარგი ქმარი ხარ და მამაც კარგი იქნები. მის გარეშე ვერ გაძლებ, სამუშაოზეც გაგახსენდება და გამოიქცევი, ვნახო ჩემი ცოლი და შვილიო! აი, ემილიასთან როგორც ხარ, ისე იქნები, ეთამაშები, მოეფერები და ზღაპრებს წაუკითხავ.
_ კარგია, ცოტათი დამაწყნარე. ანუ კარგი მამა ვიქნები?!
_ ჰოო ერიკ... ის, ვინც კარგი ქმარია, კარგი მამაცააა! შენ კი კარგი ქმარი ხარ! კარგი და სიმპათიური! ჩემი სიმპათიური! _ თქვა და კაცს აკოცა.
***
ემას წინ საღებავები ედო. ხატავდა და თან ტილოს მისჩერებოდა ჩაფიქრებული. ერიკი ჩუმად მიუახლოვდა და შეეხო თუ არა, ქალი შეხტა. კაცმა ჩაიღიმა, ფუნჯს ხელი მოჰკიდა, საღებავში ჩააწო და ნახატზე თავისი ფერი ჩაასხა.
_ მთავარი ბოლო მომენტია, ემა. _ თქვა და ქალი შემოატრიალა, მერე უცებ საღებავიანი ფუნჯი მოუსვა ლოყაზე და გაუცინა.
გაბრაზებულმა ემამ ხელი მოისვა დასვრილ ლოყაზე, მაგრამ კაცმა გააჩერა:
_ მე მოგაშორებ, თუმცა გიხდება წითელი ლოყა, _ თქვა და სველი ტილოთი მოწმინდა ქალს საღებავი. მერე ცოლს ხელი დაუქნია და წავიდა.
_ ოხ, ერიკ, ერიკ... _ თქვა ჩუმად ქალმა და ხატვა ღიმილით გააგრძელა.
***
_ ერიკ! ერიკ! რომ გეძახი, რატომ არ მპასუხობ?! _ თქვა, ჩანთა სკამზე გადაკიდა და მასთან მივიდა.
_ ნახაზებს ვაკეთებ. თან მინდოდა აქ მოსულიყავი, _ ქალს ხელი წაავლო და ჩაიხუტა. _ აბა, რისთვის ეძახდი ერიკს?
_ რას აკეთებ?! _ ემამ ხელი წაავლო ხის ნიმუშებს.
_ ეს პატარასია. მომავალი პატარასი... _ მუცელზე აკოცა.
ემას გაეცინა.
_ ბევრი რამის შესრულება მოგიწევს ამ პატარას გამო!
_ თანახმა ვიქნები ყველაფერზე და ყველა ახირების შესრულებაზე. მალე ჩვენს პატარას თავისი საწოლი ექნება და იქ ინებივრებს ხოლმე. ემა, მე შენზე ყოველთვის გავგიჟდები, ისე, როგორც პირველი დანახვისას გამაგიჟე და მიმახვედრე, რომ შენს ხელში აღმოვჩნდებოდი! და რომ არ შემეშინებინე, იმ დღესვე ჩემს კაბინეტში მოგეფერებოდი!
_ ჰმმ! _ თქვა ქალმა და კაცს ახედა: _ მერედა ვინ გაძლევდა მაგის უფლებას?! თანაც მკვლელ ქალს უბედავდი მაგას?!
_ მე მაინც გავბედავდი! _ ერიკმა გაუღიმა, _ მაგრამ შენ არ ხარ ის შავი ლანდი იებით ხელში, შენ მხოლოდ ჩემი ემა ხარ და მუდამ ჩემი იქნები, რათა ის სულელური დღე დაგავიწყო და წავშალო შენი მეხსიერებიდან, ისე, რომ მხოლოდ მე და ეს პატარა და კიდევ დანარჩენი პატარა არსებები ვიყოთ მხოლოდ აქ, შენს სულში... ის რომ არ მომკვდარიყო, მე მოვკლავდი და შენს თავს მაინც ხელში ჩავიგდებდი ისე, როგორც ახლაა, _ ამ სიტყვებით მის ყელს მოეფერა, მერე კი გულთან გააჩერა ხელი. _ ეს გული მიყვარს და ამ გულის პატრონიც _ ემა გალიანი!
_ ერიკ ფრანკ, ამ გულის პატრონი ახლა უკვე შენც ხარ!
_ შენ ჩემი გული დაატყვევე, ემა და დაიმორჩილე კიდეც იმ დღიდან, როდესაც შენი ფოტოები ვნახე, სანამ აქ ჩემთან ჩამობრძანდებოდი! _ უთხრა და ქალის ტუჩებს დაეწაფა.
_ შენთან ჩამოვბრძანდი თუუუ?! მე ჩემს საქმეზე ჩამოვბრძანდი! ახლა გასაგებია, რატომაც მომაჯადოე პირველივე საუბრისას...
_ ამას უყურე! დედა რას ამბობს, შვილო! შენთან კი არა, საქმეზე ჩამოვედიო! _ შესძახა კაცმა ღიმილით.
_ ჰო, საქმეზე!
_ მერე? ესეც საქმეა! _ მუცელზე ანიშნა და ქალს ხელი მოხვია.
***
ემას მუცელი თანდათან ეზრდებოდა. რამდენიმე თვე კიდევ დადიოდა სამსახურში, ხატავდა ესკიზებს და ქეტრინის გამოგზავნილ ტანსაცმელს ნახულობდა, ამოწმებდა და მაღაზიაში ისე შეჰქონდათ. ყველა მანეკენის გარშემო პატარა აუზებიდან ლამაზი შუქი ანათებდა და საოცარ გარემოს ქმნიდა ორივე სართულზე. მოდელები მოძრაობდნენ, იცვლებოდნენ და ახალ-ახალი სამოსის დემონსტრირებას ახდენდნენ. მუცელგაბერილი ემა დაჯდებოდა და ახალ ესკიზებზე ფიქრს მიეცემოდა, მერე ისვენებდა. კარლოს გამზადებულ საჭმელს დაიდებდა წინ და მადიანად მიირთმევდა. წელში გამოყვანილი ტანსაცმელი მალე თავისუფალი სტილის სამოსით ჩაანაცვლა, გრძელი გაშლილი კაბებით დადიოდა, თავისუფლად და ლამაზად. თავის პატარას ხელს ადებდა და ეფერებოდა, ხან ჭკუას არიგებდა, ხან ზღაპარს წაუკითხავდა ჯერ კიდევ მუცელში მყოფ არსებას. შემდეგ ისევ ხატვას უბრუნდებოდა. ამ უჩვეულო მდგომარეობაში მყოფი ქალი ხანდახან როიალთან დაჯდებოდა. შავ-თეთრ კლავიშებზე რამდენიმე მოკლე ნაწარმოებს აახმოვანებდა, მერე მუცელს დაადებდა ისევ ხელს და დაელაპარაკებოდა, მოეწონა თუ არა პატარას ეს მუსიკა. ცოტა ხნით სასეირნოდაც გადიოდა.
_ შვილო, ახლა სუფთა ჰაერიც გვინდა, ზღაპრების და მუსიკის მერე, ჩემო ლამაზო. შენ ჭკვიანი და კეთილი უნდა იყო... მამიკოსა და დედიკოს საყვარელი ჭკვიანი ბიჭუნა ან გოგონა. _ პარკს გაუყვებოდა და შეისუნთქავდა გრილ ჰაერს. დილასაც გადიოდა სასეირნოდ და მერე იწყებდა მუშაობას. ბოლო თვეებში სახლში იყო, თავის საკერავთან იჯდა და ჩვილისთვის სამოსს კერავდა, ბავშვის თეთრი და ლურჯი ტანსაცმელი ისეთი საოცარი და ლამაზი იყო, ქალი ბედნიერებისგან დაფრინავდა, ეგონა, ფრთებიც ჰქონდა, გაფრინდებოდა და ამჯერად ვერანაირი მტერი ვერ შეძლებდა მის დაჭერას და გულის ტკენას.
სახლში მოსვლის შემდეგ ერიკი მთელ დროს ემას უთმობდა, მარკეტში გავარდებოდა, თუ ცოლს რამე მოუნდებოდა და მოუტანდა, ღამე მის გვერდით იწვა და თან დარაჯობდა, რამე არ დასჭირდესო. ყოველ მის გამოძრავებაზე ფეხზე იდგა, რა გინდა, რას დამაბარებ საყიდლადო. მუცელს ყურს მიადებდა და უსმენდა, ესაუბრებოდა და თვითონაც უყვებოდა ლამაზ ამბებს ან ზღაპრებს ჯერ დაუბადებელ შვილს. მერე ნაზად ხელს ადებდა და უცდიდა, როდის მოარტყამდა ჩვილი ფეხს. გაბრაზებული დგებოდა, როცა მის შეხებას ვერ გრძნობდა ან იმ დროს ირხეოდა ბავშვი, როცა ემასთან არ იყო, ქალს უბღვერდა და გაბრაზებული იყო, რომ მხოლოდ დედას ეხმაურებოდა პატარა.
შაბათ-კვირას დილაობით ცოლ-ქმარი ერთად სეირნობდა ფეხით, მერე სახლში ბრუნდებოდნენ და ბავშვის შესახებ წიგნს კითხულობდნენ, ხან ერთი, ხან მეორე.
იმ დღეს ერიკი სახლში იყო, როცა ემა წამოდგა და მიაშტერდა. მის სახეს ერთდროულად აჩნდა სიმშვიდე და ფორიაქი, შიში და სიხარული. ერიკი მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა და ცოლი სამშობიაროში გააქანა...
ეგრევე შეიყვანეს ბლოკში. ერიკი გარეთ წრიალებდა და ვერ ისვენებდა. მაინც ეშინოდა, ცოლს მშობიარობა არ გართულებოდა და სამშობიაროს ცივ ფილაქანს მიუყვებოდა ჩაფიქრებული...
_ არა, არა, ეს მძიმე ბედისწერის დღეა... _ თქვა მისმა გონებამ და ერიკი გაშეშდა, ლამის გაითიშა... მისი გული შენელდა... ემაში! მაშინვე უკან გამობრუნდა, სამშობიარო ბლოკს მიაშურა...
_ ემა! ისუნთქე, ისუნთქე! ნახე, შენი ბავშვი უკვე დაიბადა და გელოდება, როდის შეიგრძნობს შენს სხეულს! ემა! ისუნთქე! _ სადღაც შორიდან ჩაესმოდა ემას. შეფიქრიანებული წინ მიიწევდა. გრძელი თეთრი გზა შავ გზას ენაცვლებოდა. რამდენიმე საფეხური აიარა და ის დაინახა, ადამიანი-ურჩხული, რომელიც შიშს, მარცხს, ტკივილს, სიკვდილს, _ ყველაფერს იწვევდა მასში. კვლავ ჩაირბინა კიბეზე და პატარა ბავშვი შეეფეთა ხელებგაშვერილი, ელოდებოდა, რომ ქალი ჩაიკრავდა გულში და ხელში აიტატებდა. ბავშვისკენ გაიქცა და მისკენ დახრა სცადა, მაგრამ ვერ დაიხარა, ხელები არ დაემორჩილა, რომ აეწია მისი პატარა, მოლოდინით სავსე სხეული, ვერც მისი ლამაზი თვალების შეხება შეძლო და ცრემლები წასკდა. გახევებული იდგა ემა, ტიროდა და გაქცევა სურდა სადღაც შორს, თავის დასაღწევად...
მერე ბუნდოვნად ჩაესმა კაცის მკაცრი ხმა. ერიკი იყო. მან ქალს ხელი ხელში ჩაავლო და კოცნა დაუწყო:
_ ემა... ჩემო სულო! ასე ვერ დამტოვებ! მოვკვდები უშენოდ! ჩვენი პატარა ასე როგორ უნდა მიატოვო?! იცოდე, თუ მიმატოვებ, მეც შენთან წამოვალ! პატარა მაინც შეიცოდე! მას ხომ შენ სჭირდები, ემააა! ჩემ გამო კი არა, მხოლოდ ბავშვის გამო უნდა ისუნთქო! ღმერთო, არ მისცე უფლება დაგვტოვოს, მას ხომ არაფერი დაუშავებია... _ ევედრებოდა უფალს ემას გვერდით მყოფი ერიკი, _ ის ხომ უბრალოდ პატარა შეშინებული მსხვერპლი იყო, როცა მისი სიკვდილი გონებაში გაიფიქრა, ის ხომ პატარა შეშინებული არსება იყო, როცა სიცოცხლის შეეშინდა და აღარაფერი აღარ სურდა... მიეცი შანსი... სულ მცირე შანსი, ჩვენთან დაბრუნების და ცხოვრების თავიდან დაწყების... მოგვეცი სამივეს შანსი, რომ ისევ ერთად ვიყოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ... გთხოვ... _ მამაკაცმა ხელი მოუჭირა ქალის ხელს, _ ემა, ეს ჩვენი პატარააა, რომელსაც ორივე ვჭირდებით, _ თქვა და ბავშვი ახლოს მიუყვანა.
ქალმა ხელი გაშალა და ბავშვს შეეხო თუ არა, თითქოს ცრემლებიც და წარსულის ყველა ლანდიც სადღაც დაიფერფლა, მოკვდა. თვალები გახილა, ბავშვს აკოცა და მის სხეულს აღარ იშორებდა...
_ ჩვენი პატარა პრინცი... _ დაიჩურჩულა. ჩვილი სხეულზე მიიკრა, იგრძნო მისი სითბო, მისი სუნი და თვალები ისევ დახუჭა...
ერიკმა ბავშვი მუცელზე მოხერხებულად დაუწვინა:
_ გაახილე თვალი, ემა! იცოდე, არასდროს გაპატიებ ამას! არასდროს! ჩვენ ორივეს გვიყვარხარ და ჩვენთან უნდა დაბრუნდე! _ თქვა და მის ბაგეებს შეეხო, უნდოდა გაეთბო და მისთვის შეგრძნებები დაებრუნებინა. მის ტუჩებს ეხებოდა და უფრო ეშინოდა მისი დაკარგვის. უკან დაიხია და ქალს თავი დაადო გულზე: _ ემა, დაგვიბრუნდი! დამიბრუნდი, ხომ გიყვარვარ! მეც მიყვარხარ და ვერ მიმატოვებ! ემააა! უშენოდ მოვკვდები და ჩვენი პატარა მარტო დარჩება! გთხოვ, ემა, დამიბრუნდი! დაგვიბრუნდი ორივეს! _ ყვიროდა კაცი და ქალს თავზე ხელს უსვამდა. _ მე თუ არა, პატარა მაინც შეიცოდე! როგორ წევს ახლა შენს მკერდზე და უნდა, რომ მოეფერო და ხელები მოხვიო! უთხრა, რომ დედამისი ხარ და შენი ხმა უნდა, რომ გაიგონოს! მეც მინდა შენი ხმა, შენი სიტყვები მესმოდეს! მინდა ისევ მოვისმინო ჩემი საყვარელი ქალის სიტყვები და სიყვარული ვიგრძნო! მინდა ისევ ვიგრძნო, რომ გიყვარვარ! გიყვარვარ და გჭირდები!
ემას კაცის სიტყვები ბუნდოვნად ჩაესმოდა, და ავიწყდებოდა, ბავშვიც რომ მუცელზე ეწვინა. შიში, ტკივილი, სიკვდილი, ყველაფერი ერთმანეთში აერია და თავი ისე იგრძნო, ახლა რომ შესძლებოდა, წარსულის ყველა ლანდს მოკლავდა. ყველა მათგანს მოიშორებდა და გაანადგურებდა. მთელი ტკივილი გაახსენდა, რაც იმ ჭრილობამ მიაყენა, რომ ასე დაიკარგა და სიცოცხლე აღარ უნდოდა... მაგრამ ბავშვი გაახსენდა და ისევ მას დაუწყო ძებნა, ცოტა ხნის წინ მის ხელებში რომ იყო...
_ შვილო! _ დაიყვირა უცებ და თვალები გაახილა. ერიკმა ჩვილი ისევ დაუწვინა მკერდზე ქალს. მანაც ხელები მოხვია და კოცნა დაუწყო.
_ ის მოკვდა, ემა! მოკვდა და შენ არ მისცემ უფლებას, რომ დაგამარცხოს! მაშინ არ მიეცი უფლება, რომ ბოლომდე დაემარცხებინე! ახლაც არ მისცე უფლება, დაგამარცხოს! ის მკვდარია! შენ კი ცოცხალი ხარ და უნდა დაბრუნდე! უნდა დაბრუნდე ჩვენთან, ემა! ის მხოლოდ ლანდია! შენ კი ცოცხალი ხარ! ცოცხალი! მარიაააა! მარიაა! მარიააააა! _ მოესმა ქალს და უცბად ყველა მოლანდება გაქრა სადღაც, ის კაციც წაიყოლა თან და თეთრი გზა გამოჩნდა. წინ გაიხედა და კაცი დაინახა, რომელშიც ერიკის სახე შეიცნო და გაუღიმა... სხეულში სისხლმა დაიწყო დენა, მთელი ორგანიზმი გაიარა და გულსაც მიაღწია. გულმაც მოუხშირა ფეთქვას და ემამ თანაბრად სუნთქვა დაიწყო...
_ ემაააა... ემაააა.... მარიააა... _ ორივე სახელს იმეორებდა თავგზააბნეული კაცი.
_ პაციენტის გული ნორმალურად მუშაობს! გთხოვთ, ერიკ, ახლა გადით! ისედაც მოგეცით უფლება, ბავშვიანად აქ ყოფილიყავით! _ დაუყვირა ექიმმა და ანიშნა, გასულიყო, მაგრამ ემას ხელი მოეჭირა მისთვის და არ უშვებდა.
_ ემა, გესმის ჩემი?! მიყვარხარ. ვიცი, რომ იბრძოლე! არ დანებდი. დღეს იბრძოლე იმ ურჩხულთან და შენს თავთანაც! არასდროს არ მოვა ის შენთან რეალობაში! ის შენთან მომავალში ვერასდროს მოვა და ვერ გატკენს! ემააა... ემაა...
_ ექიმო, თვალები გაახილა!
_ ერიკ! დამშვიდდი! ბავშვი გაიყვანეთ!
ემამ თვალები გაახილა, გაიგონა, ბავშვი რომ უნდა წაეყვანათ და თავი გააქნია, მერე მუცელზე წამოწვენილ ჩვილს ზურგზე ხელი მოუსვა და ამოილაპარაკა:
_ კარგგადდ ვარრრ... ერიკკკ...
_ მდაა! პირველი შემთხვევაა, პაციენტის გამო მე მაგდებენ! _ თქვა ექიმმა და ემას გაუღიმა: _ მე წავალ, თქვენ ერთად უფრო კარგად იქნებით... _ თქვა და გავიდა.
_ ბავშვი უნდა წაიყვანონ... _ მოესმა ქალს ერიკის ხმა და თავი გააქნია.
_ უნდა ჭამოს, ემა... შენ კი სუსტად ხარ.
_ არააა! მე ვაჭმეევ! _ ამოიჩურჩულა ემამ და წამოწევა სცადა. ერიკიც მიეხმარა და შემოსული ექთანიც. ერიკს ცალი ხელით ბავშვი ეჭირა, მეორე კი ემასთვის ჩაეკიდა. როგორც კი იგრძნო ემამ ჩვილის პატარა სუსტი ბაგეები მკერდზე, მაშინვე ენერგიაზე მოვიდა და სულ დაავიწყდა წამის წინ განცდილი ზმანება. ბავშვს მკერდზე იკრავდა და დედობრივი ბედნიერებით ტკბებოდა, ამასთან, სიცოცხლის სურვილი და ხალისი უბრუნდებოდა. მთელ სხეულში დაუარა სითბომ. ჭამას მორჩა თუ არა პატარა არსება, ერიკს სთხოვა, ისევ მუცელზე დაეწვინა. ქალი თავის პატარას ეფერებოდა და აღარც ახსოვდა, რომ პალატაში იწვა და არა თავის თბილ სახლში.
_ ერიკ...ბოდიში... შეშინებისთვის... _ ამოთქვა და კაცს შეხედა, რომელსაც ჯერაც ეჭირა მისი ხელი თავის ძლიერ ხელებში.
_ რადგან აქ ხარ და ორივე ერთად მაბედნიერებთ, დარდმა გადამიარა... _ თქვა ქმარმა და ცოლს აკოცა. _ წეღან რომ გაკოცე, იგრძენი?!
_ კი, ყველაფერი მესმოდა, ისიც, ბავშვი რომ მოიყვანე, შენი ხელის შეხებაც და კოცნაც... ჩემი ნამდვილი სახელიც!
_ ემა! მადლობა უფალს, რომ ისევ ჩემთან ხარ და ორივეს გვავსებ შენი სიყვარულით. რომ იცოდე, როგორ იყო შენს მკერდზე მოკალათებული და როგორ წოვდა... ეს დიდი ბედნიერებაა ჩემთვის... მადლობა, რომ ამ გულმა ჩვენთან ყოფნა ამჯობინა.
_ ერიკ... დამშვიდდი... გარეთ ნერვიულობენ?!
_ არავის გავაგებინეთ... მხოლოდ ჟაკლინია გარეთ!
_ მადლობაა... _ თქვა ჩუმად ქალმა და კაცს თავზე გადაუსვა ხელი. ერიკმა გაუღიმა.
_ გილოცავ, ერიკ... _ თქვა ჩუმად ემამ.
_ აბა, როგორ ხართ ჩვენო ყოჩაღებო?!! ახლა მამაცმა დედამ უნდა დაიძინოს! _ მხიარული სახით შემოვიდა ექიმი და ბავშვს დასწვდა წასაყვანად. _ შენ დროებით სხვა პალატაში უნდა მიგაბრძანო, პატარა, _ მიმართა ჩვილს და ემას შეხედა. _ ცოტა ხანი უნდა დაიძინო! არ გაჯიუტდე! ყველაფერი რიგზეა...
ემამ თავი დააქნია, მერე კი ერიკს მიუბრუნდა:
_ წადი შინ და თავს მიხედე.
_ კარგი, ემაა...
_ დამპირდი...
_ გპირდები, წავალ სახლში და თავს მივხედავ.
ქალმა აკოცა ქმარსა და შვილს და მშვიდად დაიძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent