შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (თავი 15)


2-12-2022, 19:25
ნანახია 570

_ ემაა, ზოგჯერ ისევ სევდას ვხედავ შენს თვალებში... _ შენიშნა ერიკმა, ქალს ნიკაპზე ხელი წაავლო და თვალებში ჩახედა.
_ ახლა ბედნიერი ვარ, ჩემი ლამაზი სიყვარულის და ამ პატარას გამო, _ ქალმა ხელი გადაუსვა ჩვილს, რომელიც მუცელზე ეწვინა.
_ მინდა ის დღე სამუდამოდ წაიშალოს შენს მეხსიერებაში! _ თქვა მოქუფრულმა ერიკმა.
_ კარგი, მამიკო. სახლში წაგვიყვან თუ აქ დატოვებას გვიპირებ? _ ღიმილით ახედა ქმარს. ერიკმა დედის მუცელზე მძინარეს ზურგზე აკოცა, მერე ჩანთას დასწვდა, ცოლიც ააყენა, ჩვილი ხელში მიაჩეჩა და პალატიდან გაიყვანა. ეზოში ჩასულმა ორივე ფრთხილად ჩასვა მანქანაში.
ბინის კარის გაღებისთანავე ემას ყვავილებით მორთული ჰოლი ეცა თვალში და გაოცებულმა იკითხა, სტუმრები გვყავსო?!
_ საღამოს. ყველას ვუთხარი, დაისვენებს და საღამოს მოდით-მეთქი...
_ მერედა, სუფრა?!
_ ჩემი და და ქეტრინი მიხედავენ მაგ საქმეს.
_ ვის ელოდები?!
_ როცა მოვლენ, ნახავ. ახლა ჩვენი ოთახიც ვნახოთ, ჩვენო პატარავ, _ ბავშვს აკოცა და ცოლ-ქმარი ჩვილის ოთახის სანახავად გაეშურა.
ქალმა კარი შეაღო თუ არა, გაეღიმა:
_ მამამ მოაწყო თუ დაც დაეხმარა?!
_ მამიდამ, მაგრამ დანარჩენი მე გავაკეთე! საკუთარი ოთახი აქვს ჩემს ბიჭს!
ემამ ჩვილი პატარა საწოლში ჩააწვინა და დაარწია. დააძინა თუ არა, სამზარეულოში ქმარს შეუერთდა და ისადილა. მერე ორივენი სასტუმრო ოთახში გავიდნენ და დივანზე დასხდნენ.
_ ემა, ბევრი რამ უნდა ვისწავლო?! _ ღიმილით შეეკითხა ერიკი.
_ ჰო, ბავშვის დაჭერა, ჭამა, გამოცვლა და დანარჩენს მერე მოვიფიქრებ!
_ მე გავაკეთე ეს ბავშვი. საკმარისი არაა?!
_ მე კიდევ გავაჩინე! თუ გეზარება შვილთან ახლოს ყოფნა, ბარემ თქვი!
_ მე ახლა არაფერი მეზარება, შენი მოფერებაც კი, მაგრამ დღეს დაგასვენებ!
_ ოჰ, მადლობაა. _ გაიცინა ემამ, კაცს ხელები მოხვია და აკოცა. მერე უცებ წამოდგა და ლარნაკში ჩადებულ ყვავილებს ხელი შეახო: _ ნაზი, ნამდვილი იები... ყვავილები, რომელიც ძალიან მიყვარს! ძალიან დიდი მადლობა.
_ თქვენთვის არაფერი მენანება, _ გაიღიმა ერიკმა.
_ რა ხდება კომპანიაში?! არაფერი მოუტანიათ?!
_ ნუ დარდობ. ეს კვირა მე ვიყავი მათი უფროსი და მშვიდობაა! ახლა დაისვენე და იცოდე, რომ მიყვარხარ და ჯერ არსად წასვლის უფლებას არ მოგცემ! იცოდე, არსად წასვლის უფლება არ გაქვს უჩემოდ!
_ არც სამსახურში?! _ თქვა ქალმა და გაიცინა.
_ ემა! ახლახან გამოხვედი სამშობიაროდან და ბავშვს უნდა მიხედო!
ემას გაეცინა.
_ რამდენიმე თვე მე სახლში ვიქნები და შენ?!
_ მე ზოგჯერ ვიმუშავებ, ზოგჯერ ორივესთან ვიქნები და მოგივლით. _ ერიკმა ცოლს, რომელიც საძინებელში გავიდა და საწოლზე წამოწვა, პლედი მიაფარა, _ ახლა დაისვენე, მე და ჟაკლინი კი სუფრას მივხედავთ. _ თქვა და გავიდა.
ემამ თვალები დახუჭა. ბედნიერებით სავსე იხსენებდა კაცის მონატრებულ ალერსს, ბავშვის სითბოსა და სურნელს. მალევე ჩაეძინა...
საღამოს სახლი სტუმრებით გაივსო. გახარებული ბებია-ბაბუები სიყვარულით უცქეროდნენ დედა-შვილს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მერე გაშლილ სუფრას მიუსხდნენ და ქეიფი გაჩაღდა. სადღეგრძელოს სადღეგრძელო ცვლიდა. ემა მადლობას იხდიდა და იღიმოდა. ცოტა ხანში სუფრას ფრანკოც შემოუერთდა, ქეტრინი და კრისტალიც, მიულოცეს მშობლებს პატარას დაბადება და სუფრა ისევ გამხიარულდა.
სტუმრები გვიან დაიშალნენ. ერიკი ცოლს მოეხვია:
_ ჩემი ლამაზი ძლიერი ცოლი... მიყვარხარ, ემა, და ძალიან ბედნიერი ვარ!
ისევ იგრძნეს ერთმანეთის სუნთქვა, გახშირებული და ბედნიერებით აღსავსე...
***
დღეები გადიოდა. ემა პატარას ხელს მოხვევდა და მკერდზე მიიხუტებდა, რათა ეჭმია და მის ყოველ ჭამაზე ბედნიერებითა და სითბოთი ივსებოდა, თავის პირმშოს დასცქეროდა და უღიმოდა, ელაპარაკებოდა. დაიძინებდა თუ არა, ჩააწვენდა საწოლში და ისევ განაგრძობდა მასთან საუბარს. ერიკიც უცქერდა ამ სურათს და ბედნიერებით ივსებოდა. ემა თუ რამეს აკეთებდა, ერიკი დახედავდა ბავშვს და ცდილობდა საუბრით ან ზღაპრებით დაემშვიდებინა და ემასთვის არ დაეძახა. ნელ-ნელა შეეჩვია, ხელშიც იჭერდა და აღარ ეშინოდა მისი აყვანის. ისეთი თბილი იყო მისთვის პატარას პირველად დაჭერა, კანკალებდა და გული უხტოდა ასეთი ციცქნა არსების ხელში დაკავებისას.
დედის რძის მერე ბოთლს ძლივს მიეჩვია, ხან ერიკს ეჭირა ხელში თბილი ბოთლი, ხან ემას და ბავშვს მორიგეობით აჭმევდნენ, ქალი კი ხან რეცხავდა, ხან საჭმელს აკეთებდა. ღამით ჩვილს მშვიდად ეძინა და ამით მშობლებმაც დაისვენეს.
დღისით პატარას შუაში ჩაიწვენდნენ, ერთად ეთამაშებოდნენ, ეფერებოდნენ და ერთმანეთს უფრო მეტი სითბოთი და სიყვარულით ექცეოდნენ.
***
ემა სამზარეულოში საქმიანობდა, ერიკი ბავშვთან იჯდა იატაკზე და ორივენი სათამაშოებით ერთობოდნენ. ამ დროს ემა გამოვიდა და ბავშვს შეხედა, რომელიც უკვე ფეხზე დადგომას ცდილობდა.
_ უკვე მალე დაიწყებს სიარულს და ყველა ნივთი დასამალი გაგვიხდება, რომ არაფერი დაამტვრიოს, _ თქვა ქალმა. ამ დროს ბავშვი ბაჯბაჯით წამოვიდა დედისკენ, მაგრამ შექანდა და სანამ დაეცემოდა, ემამ დაიჭირა. _ ჩემი ბიჭი მალე სიარულს ისწავლის და მამიკომ და დედიკომ უკან უნდა სდიონ, _ ქმარს შეხედა და გაუღიმა.
_ ჩვენ ახლა ცოტა ხნით გავისეირნებთ, რადგან დედამ სახლი უნდა დაალაგოს და ხელს არ შევუშლით, _ თქვა ერიკმა და ცოლს აკოცა: _ მალე მოვალთ.
_ მალე სახლს ვერ დავალაგებ!
_ არა უშავს, მეც მოვალ და მოგეხმარები.
_ ისე, ამ სათამაშოებით შენ თამაშობდი და შენვე მიალაგე! _ გაიცინა ემამ. ერიკმა ყელზე აკოცა, თან უჩურჩულა: _ მოვალთ და ერთად მივალაგებთ ბიჭები! ახლა კი დედას დავემშვიდობოთ.
ქალმა ორივეს აკოცა და სამზარეულოს მიაშურა, ერიკმა კი ბავშვი ეზოში ჩაიყვანა.
ბავშვი მიბაჯბაჯებდა, ერიკი კი უკან მისდევდა. ისე საყვარლად მიაბიჯებდნენ პატარა და დიდი ერთად, ემა მათ დანახვაზე ბედნიერი იღიმოდა და თან საჭმელს ამზადებდა.
***
ქალი ერიკთან მივიდა სამსახურში. იგი თავის ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა. ემამ ერთხანს შორიდან უყურა ქმარს და ეღიმებოდა.
_ მოიცა, შენ გინდა მაგ ვიღაცას სააბაზანო თავის კაბინეტთან გაუკეთო?! _ სიცილით იკითხა ქალმა. მოულოდნელობისგან ერიკს სახაზავიც და ფანქარიც ხელიდან გაუვარდა.
_ ემა!
_ არ მელოდი?!
_ მართალია, არ გელოდი.
_ აბა, სააბაზანოს სად აკეთებ?! _ ისევ იკითხა ქალმა, ქმარს მიუახლოვდა, ფანქარი აიღო და ნახაზს დაადო, _ არ გაბედო ვიღაცას ისეთი ინტერიერი გაუკეთო, როგორიც მე მაქვს!
_ რატომ, კანონით ისჯება?!
_ ეს იდეის მოპარვაა და მეტი არაფერი! არავის აქვს უფლება, ჩემი იდეა მოიპაროს!
_ სააბაზანო იქნება, მაგრამ არა გარდერობიანი! ის კაცია, რად უნდა ქალის გარდერობი სააბაზანოში!
_ კარგი, რახან ასეა, წავალ დათმობაზე!
_ რის სანაცვლოდ?! _ თქვა კაცმა და ქალის ფანქრიან ხელს მისწვდა.
_ მე არაფერს არ ვცვლი რაიმეს სანაცვლოდ!
_ ეს ძალიან კარგია! მაგრამ მე ვცვლი! _ შესძახა ერიკმა და უცბად აკოცა ქალს, რომელიც ნელ-ნელა ფანჯარასთან მიიმწყვდია.
_ რატომ მოხვედი, ემა? _ ჰკითხა ცოლს, როცა ხელი შეუშვა.
_ მოსაწვევი უნდა გადმოგცე და გაგაფრთხილო, თბილად ჩაიცვა ზეგ 7 საათზე.
ერიკმა ქალს ხელიდან გამოსტაცა მოსაწვევი და დახედა.
_ რა მაგარია! იმედი მაქვს, შენთან ერთად წავალ!
_ იმედი მაქვს, რაიმე სკანდალს არ მოაწყობ ქალებთან დაკავშირებით! _ გაიხუმრა ქალმა და კაცს ლოყაზე ხელი თბილად ჩამოუსვა.
_ იმედს ვიტოვებ, არავინ მომიწყობს სცენებს! _ გაიღიმა კაცმა და ქალის სხეული უფრო ძლიერად ჩაიხუტა.
_ მიხარია, რომ გეფერები შენ და ამ მეორე გოგოს, მუცელში რომ ზის. _ მერე მუცელზე თავი დაადო. _ ჩემი ესმის ნეტავ?!
_ კიი...
_ მაშინ, ჩემო პატარა, იცოდე, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარხარ მეც და დედიკოსაც და შენი ორი წლის ძამიკოც გელოდება. ამბობს, როდის მოვა მეორე თოჯინა და როდის მეთამაშებაო!
_ კარგი, მე წავალ. სამსახურში უნდა მივიდე. _ თქვა ემამ და კარისკენ დაიძრა.
_ გამოგივლი ერთ საათში! _ კარამდე მიაცილა ერიკმა.
ქალმა ხელი მიაჭირა ლიფტის ღილაკს და უცბად დაინახა, რომ მაჯაზე ახალი საათი ეკეთა. მიხვდა ქმრის ოინებს და ეგრევე დაურეკა:
_ ერიკ, ძალიან ლამაზია, მადლობა...
_ საათია, უბრალოდ, ჩემგან სახსოვრად. უკანა მხარეს წარწერაა ამოტვიფრული.
ქალმა მოიხსნა სამაჯური, გადაატრიალა და წაიკითხა: `ერიკ ფრანკი, სიყვარულით მარიას~. მაშინვე კედელს მიეყრდნო და გაღებულ ლიფტს აღარ მიაქცია ყურადღება. ერიკის ხმამ გამოაფხიზლა, მაგრამ ტელეფონი გათიშა და ლიფტში შევიდა...
***
ქალი სავარძელში იჯდა და იებს შეჰყურებდა ჩაფიქრებული.
_ მარ...ია... _ დამარცვლით წარმოთქვა თავისი სახელი, იების ქოთანს დასწვდა, ხელში მოიქცია და თავისკენ მისწია.
_ იები... მკვლელობა შავი იებით... _ გაწელილად წარმოთქვა და იების ახლად გამოსულ ყვავილებს შეავლო მზერა. _ იები... პატარა.. .სუსტი, ნაზი იები... _ თქვა და ხელი გადაუსვა მის მწვანე სქელ ფოთლებს. _ მხოლოდ ამ ფოთლებს, ამ სქელ ფოთლებს აფარებს, ალბათ, თავის პატარა სიფრიფანა ყვავილებს... მარ...ია... _ წარმოთქვა ისევ ჩუმად, _ არასდროს ვიქნები შავი ლანდი იებით ხელში... არასდროს! _ მერე თავის თავს ხმამაღლა შემოუძახა, _ მე არ მეშინია ამ ძლიერი სიტყვის, რომელსაც არასდროს ჰქვია...
_ არასდროს... _ მოესმა ამ დროს, თითქოს ექოსავით გაჟღერებულიყოს კარიდან წამოსული ძლიერი ბოხი ხმა. ემას არ გაუხედავს, მხოლოდ ყვავილებს დააცქერდა. იგრძნო სილუეტის მოახლოება. თავი სწრაფად ასწია და კაცის სახეს ახედა. ერიკი მის გვერდით იდგა და აკვირდებოდა. მან სწრაფი მოძრაობით გასწია ქოთანი და ქალს ხელში სწვდა:
_ არასდროს! არასდროს! მეტისმეტად რთული სიტყვაც კი ვერ შეგაშინებს! _ თქვა და ქალს თავზე დაადო ხელი, _ რა თბილ სურნელს აფრქვევ ასე გაბრაზებულიც კი, ემა... შენ ხომ არ იცი, არ იცი... ვერ შეგაშინებს სახელი, რომელსაც ასე ემალები... ვერ შეგაშინებს მარ-ია... _ მერე ქალის სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა: _ მარია-ემა... მიყვარს... მიყვარს შენი ცივი და თბილი გამოხედვა... მიყვარს, როცა ხელებს ძლიერად მიჭერ, რომ დაივიწყო ამდენი ხნის მერეც კი ის საშინელი შავი ლანდი იებით ხელში და მკვლელობა შავი იებით... და ისიც... მიკვირს და მაგიჟებს კიდევაც, ერთმა პატარა ამბავმა რომ ასე შეგძრა, ასე შეგაშინა და სრულიად გამოცვალა მარია და ემად გადააქცია... ემა... _ კაცი ბაგეებზე დაეწაფა, _ ვიცი, ძნელია... ძნელია ამის დავიწყება ამდენი წლის შემდეგაც კი, ამიტომ თავს უსუსურად ვგრძნობ, როცა არ შემიძლია შენი გონებიდან იმ დღის ამოშლა... ეს რომ შეიძლებოდეს... ეს რომ შემეძლოს... შენ ხარ ერთადერთი ძლიერი ქალი, რომელიც ჩემთვის მუდამ დაუმორჩილებელი მსხვერპლი იქნება, რომელიც მიყვარს...
ქალს უცბად სიცილი აუტყდა. კაცი გაკვირვებული შესცქეროდა ცოლს და მისი სიცილის მიზეზს ვერ ხვდებოდა. ქალმა მისი დაბნეული მზერა შეამჩნია, ხელები მხრებზე ჩაავლო და მის კისერში ჩარგო თავი, თან თბილად წამოიძახა:
_ ერიკ! ემაა! მე ეს სახელები მომწონს, ერთმანეთს ძალიან უხდება... თუნდაც მარია დამიძახო, ეს არ გამაბრაზებს და ჩემი სახელიც არ მაშინებს... შენ გვერდით არ მეშინია, ერიკ... მე შენ მიყვარხარ.
_ მე კი მეგონა, რომ დამცინოდი... _ კაცი ცოტათი დამშვიდდა.
ქალს ისევ გაეცინა.
_ არა, მხოლოდ იმაზე გამეცინა, რომ დაუმორჩილებელი მსხვერპლი მიწოდე. მე მსხვერპლი ვარ, მხოლოდ შენი მსხვერპლი აქ ჩამოსვლის დღიდან, _ თქვა ღიმილით სავსემ და კაცს მიეხუტა: _ მსხვერპლი... მხოლოდ შენი... შენი...
კაცმა ქალს თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა:
_ მიყვარს ჩემი ლამაზი საიდუმლო მსხვერპლი... _ თქვა და ცოლს თბილი მოსასხამი მოაფარა. ქალმაც ბედნიერმა ახედა კაცს და მის მხარს მიყრდნობილი კარისკენ დაიძრა...
ლიფტში შევიდნენ თუ არა, ქალს მუცელზე ხელი გადაუსვა და ბავშვს დაუწყო საუბარი:
_ აბა, ჩემი გოგო, შენც მუშაობ?! დედა გაძლევს სამუშაოს, ხოოო?! ჩემი ჭკვიანი გოგო იქნება ეს!
_ ბიჭიც ჭკვიანია, არაა?! _ იკითხა ქალმა და კაცს ახედა, რომელიც მაღლიდან დასცქეროდა ცოლს.
_ კიი, ჩემი გადარეული ვაჟკაცი, ალბათ ახლა სახლს ანგრევს...
_ არა უშავს. ხან ბებია-ბაბუები დაალაგებენ, ხან მამა, ხან დედა, როგორც ვალაგებდით. _ თქვა და ლიფტიდან გავიდა.
***
რამდენიმე თვე ემამ შინ გაატარა, ბავშვს უვლიდა და მშობიარობის მოლოდინშიც იყო. შვილთან ერთად ხან თამაშობდა, ხან ზღაპრებს უყვებოდა პატარას. დედა შვილს ვერ სწყდებოდა, მის ლამაზ ღიმილსა და გაბუტულ ტუჩებს ეფერებოდა, როცა ბიჭი რამეზე განაწყენდებოდა და სატირლად გაემზადებოდა.
_ ჩემი ბიჭი... ჩემი დიდი ბიჭი ხარ შენ, დე, და აღარ უნდა იტირო. თუ გაგიბრაზდებით, იმიტომ, რომ მინდა კარგი ბიჭი გაიზარდო. ახლა კი ჭამის დროა... _ ეტყოდა მას და ძირს ჩამოსვამდა, თან ხელს შეაშველებდა. მერე ორივენი ერთად გადიოდნენ სამზარეულოში. ერიკი მოსვლისთანავე ორივეს გემრიელად ჩაკოცნიდა და დღის ამბებს იკითხავდა. სანამ ის ნაყრდებოდა, ემა ყველაფერს უყვებოდა, მერე კაცს ხელს მოხვევდა და ბედნიერი მიეხუტებოდა.
_ დაიღალე?!
_ ცოტათი, ჩემი გაბერილი გოგო... ხომ არ გიჭირს სიარული?!
_ ისე რა.
_ გეძინა დღეს?!
_ მხოლოდ ცოტა ხანს, სანამ შენს პრინცს ეძინა, მეც წავუთვლიმე. ჩემები რომ მოდიან, მაშინ კარგად ვისვენებ. ერთი საჭმელს აკეთებს, მეორე კი ამ პატარას არეულ სათამაშოებს ალაგებს.
_ ჩემი ბიჭი! _ ერიკმა ბავშვი კალთაში ჩაისვა.
_ მაააა...
_ გისმენ, ჩემო პატარა. ძალიან მიყვარხარ.
_ ისიც გეყვარება? _ და დედის მუცელზე ანიშნა.
_ კი, ჩემო ბიჭო, მალე შენც შეგიყვარდება, ისეთი კარგი და თბილი იქნება. _ იგი მოეფერა შვილს და ცოლს გადახედა:
_ პირველს ხომ მამაჩემის სახელი დავარქვით, ახლა დედაშენის სახელის დარქმევის ჯერია... _ თქვა და ქალმაც წამოიყვირაა:
_ მგონი, უკვე დროა, ერიკ!
მაშინვე დაფაცურდნენ. ბავშვი ემას მშობლებს მიუყვანეს სახლში, თვითონ კი სამშობიაროსკენ გაეშურნენ. მოვლითი ტკივილებით გატანჯული ემა მაინც ცდილობდა გაეღიმა ერიკისთვის, რომელსაც უკვე მეორეჯერ უწევდა ნერვიულობა მის მშობიარობაზე...
_ ემა! იცოდე, არც გაბედო იმ შენი კოშმარული ამბის დღეს გახსენება, გესმის? ახლა მაინც არ დამტანჯო!
_ ერიკ! გპირდები, კარგად ვიქნები! არ ინერვიულო! _ უთხრა ემამ ქმარს და თავი მხარზე მიადო.
ემა უკვე შეიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ამ დროს ერიკმა გინეკოლოგს მოჰკრა თვალი და კინაღამ გული შეუწუხდა. ელვის უსწრაფესად დატრიალდა მის გონებაში წინა ორსულობის ამბავი და თითქოს ემას ელაპარაკებაო, დაიჩურჩულა:
_ არ გაბედო მაშინდელივით გული მატკინო, ემა, ყოჩაღად იყავი, იცოდე! _ მერე კი თავის კანტურით დაამატა: _ ჩემი ჯიუტი ლამაზი ცოლი...
უცებ კარი გაიღო და ექიმმა დაუძახა, შეგიძლიათ მშობიარობას დაესწროთო. ერიკი გიჟივით შევარდა ბლოკში.
ცოლმა მოხედა თუ არა, მაშინვე მისკენ დაიძრა, ხელი მოჰკიდა და აკოცა:
_ ყველაფერი კარგად იქნება. შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ, მიყვარხარ, ემა.
_ მეც... _ მიუგო ცოლმა და იმწამსვე გაითიშა.
ერიკს შეეშინდა, დაიბნა, ექიმს ეცა. მან კი დაამშვიდა და უთხრა, ან უყურე ბავშვის გაჩენას, ან გადიო. ერიკმა ისევ მოკიდა ცოლს ხელი და დაელოდა, როდის გამოჩნდებოდა მისი მეორე შვილი. როცა თავი დაინახა, გული უარესად აუჩქარდა. მთელ სხეულში მოემატა სიმხურვალე, პირველი ბავშვი გაახსენდა. ამ დროს ექიმი დაინახა მაკრატლით ხელში და შეშინებულმა შეჰყვირა, იმან კი მაკრატელი მიაწოდა და თვალდახუჭულმა ერიკმა ექიმთან ერთად გადაჭრა ჭიპლარი. ბავშვი სწრაფად გაიყვანეს გასასუფთავებლად. უეცრად სასწაული მოხდა. ერიკმა შესძახა, მეორეც მოდისო. გაოცებულმა თვალები დააჭყიტა. ექიმმა გაიცინა:
_ ეს სიურპრიზი იყო თქვენი მეუღლისგან.
ერიკი ლამის ჩაიკეცა. გინეკოლოგმა შეუძახა, გამოაფხიზლა და გადაჭრეს თუ არა ჭიპლარი, შვებით ამოისუნთქა. კედელს მიეყრდნო გაოცებისგან ძალაგამოცლილი.
_ გილოცავთ. ახლა ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდით! ემა კარგადაა, მალე გამოიღვიძებს და ნახვაც შეგეძლებათ...
ერიკმა სახე მოიბანა, ცოლის ნაჩუქარ კულონს დახედა და ბედნიერმა უფალს მადლობა გადაუხადა ყველაფრის მშვიდობიანად დასრულებისთვის, მერე კი ექიმის კაბინეტს მიაშურა. როცა მისგან ბავშვების დაბადების მონაცემები აიღო, ბედნიერი დაიძრა ბავშვების მინის მიღმა სანახავად. ესენიც ისეთი პაწაწუნები იყვნენ, როგორიც პირველი ვაჟი.
ემამ მშვიდად გაიღვიძა და ბავშვები ნახა თუ არა, დამშვიდდა. ბედნიერს ორივე ბავშვი ერთად ეწვინა და იღიმოდა.
ერიკი ცოლისკენ დაიხარა და უჩურჩულა:
_ ძალიან დიდი მადლობა ამ სიურპრიზისთვის... მართლა გამაოცე. როგორ არ წამოგცდა ერთხელ მაინც ეს ამბავი? _ შეეკითხა და ქალს თავზე ხელი გადაუსვა.
ქალმა გაიღიმა და ბედნიერმა წარმოთქვა:
_ ერიკ... საოცრებები არიან... გოგონა... როგორი საყვარელია. მადლობა... მადლობა სიყვარულისთვის, ბედნიერებისა და სიცოცხლისთვის... _ თქვა და კაცისკენ საკოცნელად გაიწია.
სამი დღის მერე ემა გაწერეს და გახარებული ცოლ-ქმარი სახლში დაბრუნდა.
ყოველ ჯერზე მორიგეობით აჭმევდა ჩვილებს, მერე კი ერიკს ფრთხილად გადაჰყავდა ისინი თავის გაკეთებულ ახალ საწოლში, ამჯერად ორადგილიანში.
უფროსი ბიჭი გაკვირვებით ათვალიერებდა ხოლმე პატარებს. ერთხელაც დედას შეეკითხა:
_ დე, ესენი იყვნენ მანდ?! _ ხელი მუცელზე მიადო ემას. დედამ ხელი წაავლო, მიიხუტა ბიჭი და კოცნა დაუწყო. მერე თვალებში ჩახედა:
_ შენც აქ იყავი და ისინიც. _ აუხსნა უფროსს და ბავშვის გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა, გაეღიმა.
დღეები ბავშვების ტირილში, ჭამასა და დალაგებაში გადიოდა. ემა ცოტას ჭამდა, რათა არ გასუქებულიყო და ძველ ფორმას იბრუნებდა. ახლა გაცილებით მშვიდად იყო და თავის სამ პატარაზე ფიქრობდა... ისევ უკითხავდა უფროსს ზღაპრებს და თითქოს პატარებიც უსმენდნენ, თუკი ეღვიძათ. შემდეგ ატირდებოდნენ და ქალიც ხან აჭმევდა, ხან პამპერსს უცვლიდა. მერე ერთს ერიკი აიყვანდა, ხოლო მეორეს _ ემა... ხან ერთს დაიწვენდა მუცელზე და ეფერებოდა, ხან მეორეს. ისეთი საყვარელი მზერით უცქერდნენ დედას მის მუცელზე მწოლიარენი, ემას ყველაფერი ავიწყდებოდა და მხოლოდ ამ ბედნიერებით და სითბოთი ტკბებოდა.
_ დეეე, მეეეც მინდაა... _ წამოიძახებდა უფროსი და ლოგინზე ავიდოდა, ემა კი ჩურჩულით შეუძახებდა:
_ ჩუმად იყავი ცოტა ხანს და მერე შენც დაგიწვენ მუცელზე. _ მერე უფროსს ხელს მოჰკიდებდა, პატარებთან მიიყვანდა, მოაფერებინებდა და ეტყოდა, _ ესენი შენი და და ძმაა, უნდა მოეფერო, აკოცო და მათზე იზრუნო. ახლა შენ ხარ დიდი ბიჭი, ესენი კი პატარები არიან ჯერ დეე...
როცა ჩვილებს ლოგინში ჩააწვენდა, მერე უფროსს დაიწვენდა მუცელზე. ისიც გაიტრუნებოდა და დედის საუბარს და ზღაპრებს ასე უსმენდა. ბოლოს ემა დასვენებას ითხოვდა და ბავშვთან ერთად სამზარეულოში გადიოდა საჭმელად...
***
ყოველ წელს, ზუსტად იმ რიცხვში, როცა ემას ის ამბავი შეემთხვა, მძაფრად ახსენდებოდა ყველა დეტალი. თავის თავთან მარტო დარჩენილი ისევ და ისევ იმ ამბავზე ფიქრობდა... რა მოხდებოდა იმ დღეს... სხვა რამე რომ მომხდარიყო? როგორ ვნანობ, რომ სამუშაოდ მასთან მოვხვდი და არა სხვაგან... მაგრამ ვინ იცის, ეს სხვაგან იქნებ უარესიც ყოფილიყო... გაპატიე... მაგრამ მაინც მახსენდება ის დღე... დღე, როდესაც მინდოდა შენც მომკვდარიყავი და მეც... მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღე სამუდამოდ გამექრო ცხოვრებიდან და ჩემი გონებიდან...
_ წელიწადში ერთ დღეს ყოველთვის ძუ ვეფხვივით ხარ, გაღვიძებული ფრჩხილებს მასობ სხეულში და მეხუტები ისე, როგორც არასდროს... ისევ იმავე სიზმრებს ხედავ? _ შეეკითხა ერიკი მასზე მიკრულ ქალს.
_ მკვლელობა შავი იებით... _ თქვა ჩუმად ემამ და კაცს აკოცა: _ დამშვიდდი ერიკ, კარგად ვარ!
_ ისევ გესიზმრება ის ურჩხულიი?!
_ კი...
_ რა უნდა ვქნა, რომ შენმა გონებამ იგი განდევნოს და დაისვენო?!
_ წელიწადში ერთ დღეს ჩემი გავეფხვება უნდა აიტანო, ძვირფასო. _ სიცილით უთხრა ქალმა.
კაცმა უფრო მჭიდროდ მიიხუტა და მთელი სხეულით გადაეფარა:
_ მე შენ დაგიცავ, ემა! დაგიცავ წარსულისგან! მიყვარხარ და ვერავინ წამართმევს შენს თავს... ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი.
_ ერიკ, ცოტა ამომასუნთქეე... _ იყვირა ემამ და კაცს გაუღიმა: _ ცოტაც და დამახრჩობდი.
_ ბოდიში, ჩემო ვეფხვო. არ გინდა მომიყვე სიზმარი?!
_ არაა! სულ ერთი და იგივეა, მას ვხედავ და მისგან გავრბივარ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ გზიდან ჩამოვიშორო... მისი საუბარიც კი მაღიზიანებს და შორს მივდივარ! მერე კი მკვლელობის დღე მესიზმრება, თითქოს იქ ვიყავი...
_ ემა, შენ ძლიერი ხარ! ეს სიზმარია, მხოლოდ გონებაში შემოჭრილი სიზმარი! უნდა დაიჯერო, რომ ის არაფერს დაგიშავებს! შენ მასზე ძლიერი ხარ! ჩემი ძლიერი გოგო ხარ! ყველა კი ვერ შეძლებდა შენსავით ყველაფერი ხელაღებით მიეტოვებინა.
_ ერიკ... ყველას არ უმართლებს. ზოგი იძულებულია, აიტანოს ტკივილი იმიტომ, რომ ფული ჰქონდეს და საჭმელი, ოჯახი არჩინოს და დააპუროს! მე გამიმართლა იმაში, რომ იმ დროს ფული ჩემთვის მთავარი არ იყო და ამან განაპირობა ჩემი ნაბიჯი! თავს ნამდვილ ტყვედ ვგრძნობდი, დაკარგულ ტყვედ, გამომწყვდეული ვიყავი ტკივილში და გასასვლელი გზა არსად მოჩანდა.
_ ემა... მაპატიე, რომ აქ ჩამოსვლისას იმ ურჩხულის გამო უხეშად მოგექეცი!
ქალი მის სახეს შეეხო და უჩურჩულა:
_ ის ურჩხული რომ არა, არ დაგაინტერესებდა ემა გალიანი.
_ სამაგიეროდ, ახლა მე შენთან ვარ და ყოველთვის დაგიცავ! მიყვარხარ ძლიერ და უსასრულოდ... ჩემთვის შენ ყველაზე მშვენიერი ქმნილება და ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ!
ემამ ქმარს ხელი მოხვია:
_ ყველა ქვა, კრისტალი შეიძლება გატყდეს და დაიმსხვრეს. ის არც შეწებდება და აღარც გამთლიანდება, თუნდაც მილიონი ღირდეს, მაგრამ თუ ადამიანი გატყდა, მას ორი გზა აქვს: ან გამტყდარი დარჩეს, ან გამთლიანდეს! ამას ადამიანი ყოველთვის თვითონ წყვეტს!
_ შენ, ემა?
_ მე ერთმა გამომძიებელმა გამამთლიანა. _ მიუგო ემამ და მაშინვე მისი ტუჩები დააგემოვნა.
ერიკმა ხელი მოხვია და მიიხუტა. მერე მძინარე ბავშვებს გადახედეს ბედნიერებით გადავსებულებმა და ერთად მიიძინეს.
***
წლები გავიდა...
_ დედააა... უთხარი მამას, მეგობრებთან მივდივარ.
_ მერე უარს გეუბნება?! სანამ დაღამდება, სახლში მოხვალ და თვალს არ მოგაცილებო?
_ დედაა...
_ მარია, მამას ვემხრობი. შენ გოგონა ხარ და ყოველი შენი ნაბიჯი უნდა იცოდეს მამამ და თვალს არ მოგაცილებს! მანამ, სანამ წესიერ ბიჭს არ ნახავ, სანამ 23 წლის არ გახდები, როგორმე აიტანე და შეეგუე, რომ მამა და მეც თვალს არ მოგაშორებთ, სხვამ ტკივილი რომ არ მოგაყენოს!.. თქვენ რას იცინით?! თქვენც, დანარჩენებო, თვალს არ გაშორებთ! _ თქვა ემამ და თავის სამ შვილს თვალი მოავლო.
_ ნეტავ ვიცოდე, საიდან გვაკონტროლებენ?! _ თქვა უფროსმა და დისკენ წავიდა. _ დაო, სხვა გზა არ გვაქვს, კონტროლში ვართ! _ თქვა და გაეცინა, დედ-მამა მათ ნაბიჯებს რომ აკონტროლებდა...
ემა და ერიკი შვილებს ზრდიდნენ და მუშაობდნენ. ემა ყოველთვის თავისი გოგონას გვერდით იყო... ყოველთვის ფიქრობდა, რომ გოგონა ერთადერთი იყო, რომელიც ძლიერი ჩანდა და ტკივილის ადვილად გადამტანი, მაგრამ როცა დგება საბედისწერო დღე... სულ პატარა რამეს შეუძლია ერთი ჩვეულებრივი გოგონას იდეები გაანადგუროს და ფიქრებში მკვლელად აქციოს... ყოველთვის დაჰყვებოდა თავის გოგონას და მის გვერდით იყო... საკუთარი გამოცდილებით მან უკვე იცოდა, რომ ქალიშვილს მანამ გაჰყვებოდა გვერდით, სანამ იცოცხლებდა და ის თავის სიყვარულს არ იპოვიდა...
გოგონა უკვე დიდი იყო, ემას წინ იჯდა კაბინეტში და საკუთარ გრძნობებზე უყვებოდა, ემაც თავისას ანდობდა, წარსულის იმ დღესაც იხსენებდა და ცხოვრების ახალ გეგმებზეც ესაუბრებოდა...
_ მარია, მე შენ მოგიყევი ჩემი ერთი საბედისწერო დღე... არ იცი, როგორია ამ ტკივილით და შიშით იცხოვრო. იცოდე, არასდროს მისცე უფლება, სხვამ გული გატკინოს ისე, რომ ვერ მოიშუშო... შეიძლება ვინმე შეგიყვარდეს გულით და სულით, მაგრამ ის შენი ნახევარი არ იყოს და წლების მერე დაგავიწყდეს.. გეტკინება გული და სული, მაგრამ ამ ტკივილს მოიშუშებ, რადგან ეს ტკვილი არ იქნება ძლიერი და მოუშუშებელი. მერე სხვა შეგიყვარდება და მოგეწონება, იქამდე, ვიდრე იმ ერთადერთს არ იპოვი... ისევე როგორც ერიკია... შენ ვერ გათვლი სხვის გეგმებს და ჩანაფიქრს! მაგრამ ყოველთვის უნდა იყო გაწონასწორებული და მტკიცე! და იცოდე, სადღაც აუცილებელია რაღაც დაასრულო და კარი გამოიხურო, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო არ გეტკინოს გული. ყოველთვის იფიქრე შენს ცხოვრებაზე და არაფერი გააკეთო ისეთი, რაც შენს გულს ტკივილს მიაყენებს, სამუდამო ტკივილს და არა რამდენიმე წლის ტკივილს... შენვე უნდა შეგეძლოს თავის დაცვა... შენვე უნდა აკონტროლო, გარშემო მყოფები როგორ მოვლენ შენთან და როგორ წავლენ! წავლენ ისე, რომ შენ არ გეტკინოს და არ დაიტანჯო... ერთწლიანი ტკივილი არაფერია... სამუდამო ტკივილია სასიკვდილო...
უცბად უკნიდან ხელის შეხება იგრძნო და შეშინებული მოტრიალდა...
_ ერიკ! _ დაზაფრულმა იყვირა.
_ რა იყო? როგორც აქედან ჩასვლა შემიძლია გარედან, ისე შემიძლია გარედან ამ სართულზე ამოვიდე და ჩაგეხუტო... მარია, იცი დედაშენი რატომაა ცოცხალი იმ ტკივილის მერე? მე შევუყვარდი, მხოლოდ მე... მხოლოდ მე ვუყვარვარ! და ვეყვარები... _ ერიკი დივანზე მოკალათდა და ცოლი კალთაში ჩაისვა.
_ მეც მიყვარს... _ უცებ ერთად თქვეს ეს სიტყვები ამ დროს ოთახში შემოსულმა ძმებმა და ყველანი მშობლებს ჩაეხუტნენ.
ქალმა გაკვირვებულმა გადახედა კაცს და წაიჩურჩულა:
_ მთლად სამივე ნუ ჩამიჯდებით მთელი წონით, მამიკოც შეიცოდეთ... _ თქვა და ბედნიერმა ცოლ-ქმარმა შვილებს გადახედა, რომელთაც ერთმანეთში გადაეხლართათ ხელები. შვილებმა მალევე სათითაოდ დივანზე ცალ-ცალკე გადაინაცვლეს.
ჯერ ერიკი იჯდა, მერე უფროსი ბიჭი, მერე გოგონა და მისი ტყუპისცალი ბიჭი. ბავშვები ერთმანეთს არ ჰგავდნენ. გოგონა და უფროსი თითქოს მამას ჰგავდა, მეორე ბიჭი კი დედას. ოთხივე დედისკენ იყურებოდა, რომელიც თავის სავარძელში გადამჯდარიყო და ცხოვრებით კმაყოფილი შესცქეროდა თავის მონაგარს.
_ ესაა ის, რაზედაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვოცნებობდი.
_ რაზეე?! _ იკითხა კაცმა.
_ ლამაზ, თბილ, მეგობრულ, მოსიყვარულე ოჯახზე...
_ მეც, ჩემო სიყვარულო, _ მიუგო ერიკმა, მერე ბავშვებს მიუბრუნდა, _ ახლა კი დროა, ჩვენი დედიკო მოვიტაცოთ და მოვემზადოთ ერთკვირიანი შვებულებისთვის ამ ქალბატონის დროებითი სახლისკენ ბოსტონში! _ ამის გაგონებაზე ხუთივენი წამოიშალნენ ადგილებიდან.
***
ალეხო ტორე თავის სახლში იყო, რომელიც ემას ცოტა ხნით დაუთმო წლების წინ და ცოლსა და შვილებთან ერთად ლაღად ცხოვრობდა. მან ემა და ერიკი ოჯახიანად მიიპატიჟა ბოსტონში. ბავშვები ახლა იქ იყვნენ და ბოსტონურ ბუნებას ათვალიერებდნენ. გემზეც ერთად გაისეირნეს და ზღვის ხედებით ტკბებოდნენ, აკვარიუმშიც ახლოდან ნახეს უამრავი თევზი, კუ, პინგვინები და ბედნიერებით სავსენი ატარებდნენ დროს ბოსტონის თბილ გარემოში. წყალშიც ჭყუმპალაობდნენ და მინდორში. გაზონი ისევ ლამაზი იებით აყვავებულიყო. ემა ქმართან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად მხიარულობდა და ცხოვრებას უკვე ბედნიერებით აღსავსე უყურებდა. იმ საბედისწერო წარსულის მერე მის ცხოვრების გზაზე ახალი, ლამაზი მომავალი დაიწერა...
როცა დრო მოვიდა წასვლის, შინისკენ გამოფრინდნენ.
***
ქალს შუშის ბოთლი ეჭირა ხელში. მასში ჩასხმულ სითხეს შეხედა და უცებ ძირს დაუვარდა. სითხემ მიწაში ჩაღწევა დაიწყო. კაცმა მაინც მოასწრო მისი დანახვა და ქალს შეხედა.
_ ეს... ეს... ემა!
_ შავი საღებავი! თუ გინდა, შხამი დაარქვი! _ დაიყვირა ემამ და თვალებზე ცრემლი მოადგა, _ ეს პატარა ბოთლი ბოსტონში ყვავილებიდან აღებული სითხეა, რომელიც ჩემი წამოსვლისთანავე შეიცვალა. ეს სითხე... შეიძლება იგივეა, რაც იმ ყვავილებზე! _ თქვა ქალმა და მამაკაცს შეხედა. _ ოღონდ ახლა არ მითხრა, შენ დაგეგმე ეს მკვლელობაო! _ ემამ მიწას დახედა. ხელში ფურცელი აიღო, მიწას დაადო და უცბად ახედა მამაკაცს, რომელიც ქალს გაბრაზებული დასცქეროდა. ქალმა ფურცელი აიღო, წელში გასწორდა და მამაკაცს ცხვირწინ აუფრიალა.
_ გამოდის იქ! იქ მოუპარავს იმ კაცს ეს შხამი! _ თქვა ძლივს და ქმარს შეხედა: _ ბოლოს და ბოლოს, კომისარ-გამომძიებლის ცოლი ვარ და რაღაცებს მეც ვხვდები! თუ შენ ფიქრობ, რომ მე?..
_ მე ვფიქრობ, რომ ეს შენ და მე არ გვკლავს, იმათ კი საფლავში ჩაჰყვა შხამის ის ნაწილი, რაც ამას დაუმატეს! ის შხამი იმ კაცმა ჩაამატა, საიდან მოიტანა, ამას ვერასდროს გავიგებთ. _ თქვა ერიკმა, ქალს სითხით გაჟღენთილი ფურცელი გამოართვა და გადააგდო.
_ ისედაც ვიცი, რომ არაფერი აჩვენა მიწაზე დაქცეულმა სითხემ... ჩვეულებრივი მიწის გარდა, მასში არაფერი იყო, _ თქვა ქალმა, _ უბრალოდ, შავი სითხე იყო, იებისგან მიღებული შავი სითხე!
_ მაგრამ მე მგონია, რომ, პირიქით, უფრო მეტი იყო! _ კაცმა ქალს ორაზროვნად შეხედა.
_ მართალი ხარ. ეს მეტი იყო. მეტი, ვიდრე სიკვდილი ან შხამი! ეს მკვლელობა იყო! სამი წელი, სამი საშინელი წელი, რომელიც მარტომ გავატარე ჩემს თავთან! ჩემი ტკივილი მიწამაც კი გაიგო და ჩემი წარსულივით გამუქდა და გაშავდა! ამდენი ტკივილისგან თავადაც გაშავდა და მოიშხამა! მაგრამ მე ეს შევაჩერე აქ, გულში, სიყვარულის გამო! თუმცა განგებამ შურისძიება არ შეაჩერა, ის არასდროს არ შეაჩერებს ამას! _ თქვა ქალმა და ფეხზე წამოდგა: _ დამაპატიმრებ თუ... _ იკითხა და მამაკაცს გაუღიმა.
კაცი ხმას არ იღებდა.
_ ახლა ვერ დამაპატიმრებ, გიყვარვარ! და თანაც დამნაშავე არ ვარ... _ თქვა რბილად და მამაკაცს მიუახლოვდა. ერიკმა ხელები შემოხვია და აკოცა.
_ დამნაშავე არა ხარ, არაფერში არა ხარ დამნაშავე... _ თქვა სევდიანად, _ დაივიწყე ეს ყველაფერი, უბრალოდ, დაივიწყე!
_ ვერასდროს დავივიწყებ! მკვლელობა ჩვენი სიყვარულის დასაწყისი გახდა! რომ არა ეს მკვლელობა, შენ ჩემს შურისძიებას ვერ შეაჩერებდი, მაგრამ მკვლელობის საქმე სხვანაირად იქნებოდა!
_ მაინც როგორ?! _ იკითხა კაცმა და ცოლი გულში ჩაიხუტა იმის გაფიქრებაზე, რომ იგი ისევ განიცდიდა წარსულს.
_ ნელა მოვკლავდი... სამი წელი... ნელა...
_ და შენც სამი წლის მერე მოკალი... _ თქვა კაცმა და ჩაეცინა: _ მშვენიერია...
_ განგება უფრო მშვენიერია... _ მიუგო ემამ და გაუღიმა იმის ნიშნად, რომ მამაკაცმა უკვე ყველაფერი იცოდა... იცოდა, რომ ქალმა მიწასთან, იების ფესვებთან და მის საღებავებთან შეზავებული სითხე აიღო, მაგრამ შხამი... ბოლოს დამატებულ შხამთან ქალს საერთო არ ჰქონდა. ეს მას არ გაუკეთებია. ამიტომ ერიკმა მშვიდად აკოცა ცოლს...
_ მარია... _ თქვა და თავზე გადაუსვა ხელი: _ ამ სახელზე კვლავაც რეაგირებ... და ეს გული გაცილებით სწრაფად ფეთქავს...
_ ერთხელ კიდევ გავიგონებ ამ სახელს და ბავშვების მარტო გაზრდა მომიწევს! _ თქვა ემამ.
_ მომკლავ?!
_ შენ უკვე მოკვდი ჩემი სიყვარულით! _ გამომწვევად მიუგო და მიეხუტა.
_ ემა... _ დაიჩურჩულა ერიკმა და ქალის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება. ხელი, რომელიც თავიდან ხელთათმანების მიღმა იმალებოდა და თავის ბედისწერას შავი გიპიურის ქვეშ მალავდა. მისი ორივე ხელი მუჭში მოიქცია და უთხრა, _ მიყვარხარ და მკვლელიც რომ ყოფილიყავი, მაინც მეყვარებოდი... მაინც სამუდამოდ შეგიყვარებდი და გამოგკეტავდი ჩემი გულის ერთადერთ საკანში... მადლობას გიხდი, რომ ეს ბედნიერება მაჩუქე...
ქალს გაეღიმა, თვალები უცბად დახუჭა და შეფიქრიანებულმა ამოიჩურჩულა:
_ მაშ უკვე შემიძლია გითხრა, რომ მე ჩავიდინე `მკვლელობა შავი იებით“...
ემამ ქმრის კოცნა იგრძნო და ეგრევე გაახილა თვალები.
_ შენ ხარ ქალი, რომელიც ჭიანჭველასაც კი არ მოკლავს, მაგრამ მამაკაცს კი... სიყვარულით მხოლოდ, _ გაიცინა ერიკმა და ცოლს შეხედა. ემამ მშვიდად დახუჭა ცრემლიანი თვალები, რაც ამჯერად ბედნიერების წვეთებად გადაქცეულიყო, რადგან კაცი უკვე კარგად იცნობდა მის სულიერ სამყაროს...
***
შენს ცხოვრებაში შემოპარულ სისასტიკეს არასოდეს დანებდე...
მინდა ყველამ, პატარამ თუ დიდმა, იმათ, ვინც ახლა სადღაც დგანან განცალკევებით და ფიქრობენ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანის გაკეთებაზე, გაითავისონ, რომ სიკვდილის არჩევანი მხოლოდ უფალს უნდა მიანდონ, ცხოვრება კი ახალი გზით დაიწყონ და დახურონ ის კარი, მე რომ მოვიხურე წარსულის იმ საბედისწერო დღეს, რომელიც სასტიკი და საშინელი მეგონა, მაგრამ სინამდვილეში ახალი ცხოვრების დაწყების შანსი ყოფილა.
როცა იკარგები, ცხოვრება გაყენებს გზაზე, სადაც სრულიად სხვანაირი ხდები და სხვა `მეს~ აღმოაჩენ შენში, რომელსაც სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ ახალი გეგმებითა და იმედებით სავსე. თუ ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ არაფერი გინდა და გახარებს, ეძებე ის, რაც გაგახარებს და ბედნიერებას მოგანიჭებს _ საქმე, ხელობა, ჰობი თუ პიროვნება.
თუ ერთხელ არ გამოგივა რაღაც, იბრძოლე სამართლიანად, იბრძოლე ბევრჯერ და საბოლოოდ მაინც მიაღწევ იმას, რაც კეთილი გულით გსურს...
ეს ცხოვრება გაძლევს შანს... ცხოვრების გაგრძელების შანს! მანამ, სანამ მას არ გამოიყენებ. ცხოვრება ყოველთვის გაძლევს შანსს! მთავარია გჯეროდეს და ამის დანახვა შეძლო...
ია გაჩეჩილაძე, 2015 წელი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent