გულდა
ყოველთვის ადრეულ გაზაფხულზე ტყის პირზე ჩნდებოდა ხოლმე. შავ ნაბად მოცმული გიჟივით დააგელვებდა თეთრ ცხენს. მისი სახე არავის ენახა. ხან რას ამბობდნენ ,ხან რას. ტყის მცველიაო.. არა, ტყეს თავშეფარებულ ყაჩაღს უფრო ჰგავსო, ამტკიცებდნენ მავანნი. რა ყაჩაღი? იქნებადა წმინდა გიორგიაო, ხსენებაზე უცებ გადაიწერდნენ პირჯვარს. ნეტავ, ვინ არის? ერთი ახლოდან შეგვახედაო.. შფოთავდა სოფელი. დიდ საგონებელში იყვნენ. მონადირეებიც კი დაედევნენ ერთხელ.. სულ ტყუილად მოიარეს ტყე, მის კვალს ვერსად მიაგნეს. ზუსტად აღდგომა დღეს დაიკარგა გულდა. მაშინ ოცდაორი წლისა იყო. დეფექტიანი დაბადებულა, გამრუდებულ ზურგს ვერაფერი ეშველა, პირიქით, დროთა განმავლობაში კუზად ექცა და ამის გამო ხშირად ესმოდა დამცინავი შეძახილები. ნაწყენი , სწრაფი ნაბიჯით გაეცლებოდა ხოლმე ხალხს. უმეტესად სახლში იკეტებოდა და თავს ფანდურზე დაკვრით და სიმღერით ირთობდა. თითქოს ყელში ზარები ურეკდნენ, მთელ მთა- ბარს ექოდ გადაეცემოდა მისი ხმა. -ხედავ, იმ კუზიანს როგორი სიმღერა სცოდნია?!- ჩურჩულებდნენ დედაკაცები. - ეგეთი შეუხედავი მაინც არ იყოს..- კბილს მაინც გაკრავდნენ, თუმცა გულდას ხმით მოჯადოვებულები კი ისხდნენ სმენად ქცეულნი. იმ აღდგომა დღესაც, სოფელმა ერთად დაკლა საკლავი და დიდი სუფრა გაშალა. გულდას ელოდნენ თავის ფანდურიანად. გოგო კი არსად ჩანდა. ატყდა ვაი-ვიში. ალბათ ვინმემ მოიტაცაო, თმაში წაივლეს ხელები დედაკაცებმა. ზოგმა ჩუმად თქვა, მაგ კუზიანს ვინ მოიტაცებდაო? ზოგმა, ალხანას ჩალხანა არ გამოელევაო.. მითქმა- მოთქმა არ წყდებოდა.. ვერსად ნახეს გულდა. ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი. მის შემდეგ ხუთი წელი გასულიყო. მისი ერთადერთი გამზრდელი ბებია გულდაზე ჯავრს გადაჰყვა. თოვლსა თუ ქარში, გარეთ იდგა მოხუცი, გზას გაჰყურებდა დღე და ღამ, იქნება გამოჩნდეს და ეს სიბერე არ ჩამიმწარდესო. გზაზევე გაიყინა ერთ ზამთარს. მოკუნტული, ფარნით ხელში იპოვეს მეზობლებმა. ერთ დროს ჰანგით მოფენილი ეზო დაობლდა და მიყუჩდა. აქა- იქღა თუ გაიხსენებდნენ გულდას. ნეტა, რა ბედი ეწია, იმ უბედურსაო, ერთს ამოიკნავლებნენ და მიყუჩდნებოდნენ. ახალი საზრუნავი ჰქონდათ, ის შავნაბდიანი. - წუხელ გიგოლას დაუნახავს, მუგუზალით ხელში, ტყესთან დადიოდა, ფეხით იყოო.როგორც კი დაუყვირია გიგოლას მისთვის, ერთი კი შემობრუნებულა, მუგუზალი უსვრია მისკენ და თვითონ კი გამქრალაო. სოფელი უნდა შევიკრიბოთ და დავუყარაულდეთ, როდემდე უნდა გვცემდეს შიშის ზარს, ტყეში ვეღარ შევსულვართ მაგის რიდითო? თქმა და გადაწყვეტილების მიღება ერთი იყო. მამაკაცებმა ითავეს ეს საქმე. უთენია, გიგოლა, კასრე და ზამთარა თოფებით და დანებით შეიარაღებულები განაწილნენ ტყის პირზე. დიდი სიფრთხილით დაიწყეს ტყეში შესვლა. საიდანაც პატარა ხმას გაიგებდნენ, ერთმანეთს ხელით აძლევდნენ ნიშანს. სანამ მზე კარგად ამოიწვერა, იქამდე ჭირდა ხილვადობა, შემდეგ უფრო თამამად მიაბიჯებდნენ წინ. - კასრე! -მოგუდული ხმით გასძახა გიგოლამ. კასრე ადგილზე შედგა. ზამთარამაც მას მიბაძა. - მარჯვნივ ვიღაც არის! - სმენადაძაბულმა თვალები გადმოკარკლა. - წავედით!- მიმართულება უცებ შეიცვალეს მარჯვნივ. თეთრი ცხენი ნესტოებ დაბერილი იდგა და ფრუტუნებდა. - სადღაც აქ უნდა იყოს!- ცოტა არ იყოს, შიშნარევი ხმა ჰქონდა გიგოლას. - ის ცხენია, თუ სხვაა?- დაეჭვდა ზამთარა. - ამ შუაგულ ტყეში ვინ დატოვებდა ცხენს მგლების საჯიჯგნად? ის იქნება!- გადაჭრით თქვა გიგოლამ და მოზომილი ნაბიჯით წავიდა ცხენისკენ. ახლო ვერ მიასწრო მისვლა, საიდანღაც გაიშრიალა შავმა ჩრდილმა. ელდანაცემებივით შედგნენ მამაკაცები და თოფები მოიმარჯვეს. -არ გაინძრე, თორემ გესვრი!- გიგოლამ რომელიღაც ხეს დაუმიზნა. - გაგიჟდი?!- უნებურად წამოსცდა ზამთარას და მხედველობა დაძაბა. მუხის განიერი ტანი ვერ ფარავდა შავ ნაბადს. - გამოდი!- დაიღრიალა კასრემ და ჰაერში გაისროლა. საპასუხოდაც გაისმა გასროლის ხმა. ჩაბუდებული ფრინველები ხმაურით აიჭრნენ ზეცაში. ცხენი დაფრთხა და უმისამართოდ გაქუსლა. - ჰმ, იარაღიც აქვს! - კასრემ ხელმეორედ შეაყენა ჩახმახი და ის იყო გამოკვრას აპირებდა,რომ მოპირისპირემ რამოდენიმეჯერ გაისროლა მამაკაცების მიმართულებით. სამივე მიწას გაერთხა და ხოხვით დაიწყეს უკან დახევა. - დაგხოცავს,- კბილებში გამოსცრა ზამთარამ და ხის მხარეს გაისროლა. მუხას ორჯერ ასძვრა ქერქი. - ხომ არ მოხვდა? რაღაც მიყუჩდა,- გიგოლამ თავი წამოსწია და ხეს დააკვირდა. ჩამიჩუმი არ ისმოდა მოწინააღმდეგე მხრიდან. - ვითომ? - ზამთარა წამოიწია თუ არა, მხარი აეწვა. -მომარტყა, მაგის დედაც..!- ძირს გაწვა და სიმწრით მიიჭირა მხარზე ხელი. გიგოლამ და კასრემ სროლა ატეხეს, თან ზამთარას უყვიროდნენ, წადი, როგორღაც გააღწიეო. ზამთარამ იქვე დააგდო თოფი და ფორთხვით დაიწყო უკან დახევა. საკმაო მანძილით რომ გასცდა თავისიანებს, მაშინღა წამოდგა ფეხზე,თუმცა ისეთი სისხლდენა ჰქონდა, დიდხანს ვერ იარა. თითქოს ტყე დატრიალდა მის გარშემო, ერთი წაიბორძიკა და უგონოდ დაეცა ძირს. მუხის ხეს ჩასაფრებულმა, როგორც კი მოიშორა თავიდან ერთერთი, გაუჩერებლივ ატეხა სროლა კასრეს და გიგოლას მიმართულებით. -არ დაგვზოგავს! - განწირული ხმით დაიძახა კასრემ და გიგოლას ანიშნა, სჯობს გავეცალოთო. ძლივს გამოაღწიეს. ზამთარა ვერსად დალანდეს. ტყეში შესვლა სახიფათო იყო. ისევ უკან დაბრუნება ამჯობინეს, შლეგიანებივით გარბოდნენ. უფრო მეტნი უნდა წამოვსულიყავით, ჩვენ მარტო ვერას გავხდებითო. იმედი ჰქონდათ, რომ ზამთარა სოფელში დახვდებოდათ. სულ ტყუილად. ერთი კვირა ეძებდა მთელი სოფელი ზამთარას. ძალოვნებიც კი ჩაერთვნენ საქმეში, ვერსად მიაკვლიეს. პატარა კვალიც კი ვერსად იპოვეს. ზოგმა თქვა, იქნებ და ნადირმა შეჭამაო, ზოგმა იქნებ და იმ შავნაბდიანმა მოკლა და სადმე დამარხაო.. დაიზაფრა და შეშინდა ხალხი. შებინდებულზე კაციშვილი ვეღარ გადიოდა გარეთ. ტყისკენ აღარ იხედებოდნენ. ავი სული ბუდობსო, ბავშვებსაც კი შიში ჩაუდეს გულში. *** მხარშეხვეული იჯდა ზამთარა და მზერით ბურღავდა მის წინ მჯდომს. -ვიცი, არ ელოდი,- მშვიდად თქვა ქალმა და მამაკაცისკენ დამიზნებულ თოფის ლულას თვალმოჭუტვით გახედა. - როგორ? რანაირად? ყველას მკვდარი ჰგონიხარ, გულდა! - არც ცოცხალი მქვია, - გულდაწყვეტით თქვა ქალმა. - დაუშვი იარაღი, არაფერს დაგიშავებ,- ხმა დაათბო კაცმა. - არ ხარ სანდო!- სიმწრით გაეღიმა გულდას. -რატომ? - გაუკვირდა ზამთარას. - შენ უკვე გამიმეტე.. რას მერჩოდით? - არ ვიცოდით, ვინ იყავი?! - დამნაშავედ ჩაილაპარაკა ზამთარამ. - რა მნიშვნელობა ჰქონდა, მე ვიყავი, თუ სხვა?! გიშავებდით რამეს?- ავად დააბრიალა თვალები გულდამ. - ხალხს ეშინოდა, - დანანებით თქვა კაცმა. -ხალხი.. ჰმ.. ხალხი..- ირონიულად ჩაიცინა ქალმა. - ვიღაცის უსაფუძვლო შიშზე შეგიძლიათ ადამიანი მოკლათ?! - არც მასეა..- ენა დაება ზამთარას. - უტვინო და ბეცი ხალხი ! - გაბრაზებით წამოხტა ფეხზე გულდა. - რატომ გადამარჩინე? - შეპარვით ჰკითხა კაცმა. - იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ! - თქვა და იარაღი ძირს დაუშვა. ზამთარა ადგილზე დაპატარავდა. ქალმა მაჯობა კაცობაშიო, სინანულით გააქნია თავი. - იცი, რატომ ვარ აქ?!- გულდა ზამთარას მიახლოვდა. კაცმა სევდიანად შეხედა. - "კუზიანი გულდა" "მაგას ვინ ითხოვს" "მარტო გასართობად თუ გამოდგება, მეტი არაფერში უქნია გამჩენს"- გეცნობა ეს სიტყვები?! - გამომწვევად გაუსწორა მზერა კაცს. - მეცნობა..- თავი დახარა ზამთარამ. - მაგრამ ბევრსაც უყვარდი გულდა.. მეც.. - ვიცი თქვენი სიყვარული..ის დამცინავი სახეები დღესაც თვალწინ მიდგას. არც შენ იყავი გამონაკლისი, შენც იმათნაირი ხარ! - მაპატიე..- ზამთარა ადგილზე გაილია. გულდა უხმოდ დასცქეროდა შერცხვენილს. - მე იმას ასეთი ვუყვარდი..- მძიმედ დაიწყო ქალმა. -ვის?- თავი არ აუწევია, ისე ჰკითხა. - შავნაბდიანს.. სულ ერთხელ მოუსმინა ჩემს სიმღერას და დატყვევდა..- გაიღიმა გულდამ. -ვინ იყო? - გაკვირვებით შეხედა ზამთარამ. - არ ვიცი..დღემდე ველოდები.. - რას ამბობ, გულდა?! - ჰო.. უბრალო ამბორიც კი არ გვქონია, მოვდიოდი აქ და ვუმღეროდი.. საათობით იჯდა და მისმენდა თვალზე ცრემლმორეული.. ვინ იყო, ან საიდან, დღემდე არ ვიცი.. ერთ დღესაც მარტო ცხენი მოვიდა, მხედრის გარეშე.. მივხვდი, რაღაც უჭირდა.. ცხენმა მომიყვანა ამ ადგილზე.. უკან დაბრუნება აღარც მიფიქრია.. დღემდე ველოდები,- ტკივილიანი ხმით დაასრულა ქალმა. - გაგიჟდი? - ზამთარამ ყურებს არ დაუჯერა. - სიყვარული სიგიჟეა?- სევდიანად შეხედ ა კაცს. - იმის ცხოვრებით ცხოვრობ განდეგილივით, ეს სიგიჟეა! - არაფერი გესმოდათ ხალხს და არც ეხლა გესმით, - ხელი ჩაიქნია გულდამ. - შენი გამზრდელი შენზე დარდს გადაჰყვა, გზაზე მოკვდა, თოვლში! შენს გზას გაჰყურებდა! - ვიცი.. ყოველ დღე ვხედავდი როგორ იდგა სიცივეში.. - მერე?!- ხმას აუწია ზამთარამ . - მე აქაურობას ვეკუთვნი.. სოფელში ჩემი ადგილი არ არის ! - წარბი შეჰყარა ქალმა. - წარმოუდგენელია..- თავს აქნევდა ზამთარა.- ჯერ პატარა ხარ, გულდა.. ყველაფერი წინ არის.. წამომყვევი.. - ჩემი სახლი აქ არის! მჯერა, მოვა.. შენ წადი.. ოღონდ, დედას გაფიცებ, ღმერთს გაფიცებ, არსად მახსენო.. - არ მოგასვენებენ, ხომ იცი? ამ ამბის შემდეგ, ნადირობას გამოაცხადებენ შენზე. - შენ თუ არ იტყვი, ვერ მიპოვიან.. ეს ადგილი არავინ იცის.. როცა იქნები მზად, მე გაგაცილებ. გულდას მეტი არაფერი უთქვამს. შეტრიალდა და კარში გავიდა. ზამთარა კარგა ხანს იჯდა გაოგნებული. ვერაფრით წარმოიდგენდა შავნაბდიანი გულდა თუ იქნება. "ეს როგორი სიყვარული შეძლებია ამ პატარა გოგოს, რამხელა ადამიანი ყოფილა.. ნეტავ, მე თუ შემიყვარებს ასე ვინმე? რა ბედნიერი ყოფილა ის კაცი.." ფიქრს მისცემოდა ზამთარა. " არა, მაინც როგორი უშიშარია? ამდენი ხანი მარტო ცხოვრობს ტყეში და ელოდება თავის სატრფოს.. ნეტავ, ვინ არის, რა რჯულისაა, ასე რომ მიიჯაჭვა ეს გოგო? " - მოდი, სადილი გავამზადე,- ოთახში გულდა შევიდა, ხელში პატარა გამურული ქვაბი ეჭირა. - ამაღამაც გავათენებ და დილით წავალ, იქნებ დაფიქრდე და წამომყვე? - ზამთარამ ქალს სულ სხვა თვალით შეხედა. მის თხოვნაში დიდი მოწიწება და პატივისცემა იგრძნობოდა. - სოფლისთვის მკვდარია გულდა!- მკაცრად თქვა ქალმა. - მე დაგეხმარები ყველაფერში, ოღონდ წამომყევი. აქ.. აქ დაიღუპები.. ლოდინი მოგიღებს ბოლოს.. ის აქამდე მოგაკითხავდა, იქნებ აღარც არის ცოცხალი?- თქვა ზამთარამ და ენაზე იკბინა, ქალის მტრულ მზერას რომ წააწყდა. - ეგ აღარ გაიმეორო! მოვა! გულდას გული არასდროს ცდება! ზამთარა მიხვდა, რომ ქალს ვერ დაიყოლიებდა. უხმოდ მიუჯდა მაგიდას და ქალის მომზადებულ წვნიანს დააცქერდა. - " გამოშლის კვირტებს ნუშის ხეები, როგორც ქალის კანს ალერს-ეკალი, მოვალ, მე შენს მზეს მოვეფიცხები, იმ დღეს გახდები ჩემი მხევალი."- ხმადაბლა თქვა გულდამ და ცრემლი მოიწმინდა. ზამთარა ქალს დააკვირდა. წამში გალამაზდა მის თვალში გულდა. ტანში ამოუცნობმა ტალღამ დაუარა. შიგნეული აეწეწა და ციებანივით გააკანკალა. " რა მემართება?" - გაიფიქრა შემცბარმა და გულდას ნამიან თვალებს მზერა ვერ მოსწყვიტა. ქალმაც იგრძნო და სევდიანად გაეღიმა. - რა ლამაზი ყოფილხარ, გულდა,- უნებლიედ წამოსცდა კაცს. გულდა ფეხზე წამოდგა, კედლიდან ფანდური ჩამოხსნა და ისევ ზამთარას პირისპირ დაჯდა. ყოველი სიმის ჩამოკვრა , თბილ სითხედ ეღვრებოდა სხეულში ზამთარას. გულდას ტკბილ ხმაზე ჟრუანტელი უვლიდა და სახე ერეოდა. " ოღონდაც ღმერთი არ გამიწყრეს და არაფერი ჩავიდინო" - თავს ძალას ატანდა კაცი, რომ მის წინ, იადონად ქცეული ქალი მკლავებში არ მოემწყვდია. - გულდა, მომსვლელი აქამდე მოვიდოდა, თავს ნუ დაიტანჯავ, წამომყევი..- მუდარაზე გადავიდა ზამთარა. - მე მისი ცოლი დავირქვი და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება! დაბრუნდება.. ის აუცილებლად დაბრუნდება! - გულდამ ფანდური კედელზე დააბრუნა და კაცს გამჭოლი მზერა ესროლა. - ჩემი არსებობა რომ წამოგცდეს, იცოდე, აღარ დაგინდობ!- მუქარა თავის ქნევით გაამყარა ქალმა. - ვერავინ გაიგებს.. ვერავინ..- დანანებით თქვა ზამთარამ. *** საღამო ხანი იყო ზამთარამ ტყის პირი რომ გადმოკვეთა და სოფელში შემოაბიჯა. თითქოს მოჩვენება დაენახოთო, ისეთი წივილ-კივილ ატყდა. კითხვას- კითხვაზე აყრიდნენ, თან თვალებს არ უჯერებდნენ, საღ-სალამათი საიდან გაჩნდაო. სიტყვაც ვერ დააცდევინეს. არაფერი მახსოვსო, გამოძიებასაც ასე უთხრა. იმ დღიდან ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება ზამთარას. რაღაცას ან ვიღაცას მალავს, თორემ ორი კვირა გადაკარგული განა სად იყოო? ზამთარას კი აღარ ანაღვლებდა რას იტყოდა სოფელი. თვალი სულ ტყისკენ ეჭრა, ემანდ გულდა არ გამოჩნდეს და ამათ ხელში არ ჩავარდესო. მოსვენება დაკარგა, აღარც ძილი უნდოდა და აღარც ჭამა. სულ ქალის ხმა ჩაესმოდა ყურში. მისი სახე ვერ ამოიგდო გონებიდან. " ნუთუ გულდა შემიყვარდა?"- გაფიქრება და გულზე მარწუხები ერთი იყო. გულდა.. გულდა.. გულდა.. გულის ხმას ქალს სახელი აჰყვა.. -უნდა ვნახო.. უნდა ვნახო..- გიჟივით წამოხტა და ჩაცმა დაიწყო. *** - ონისე! - მეზობლის ჭიშკარი შეაღო ზამთარამ. - რა იყო ზამთარ, რა ფერი გადევს?- ონისემ გაკვირვებულმა შეხედა. - არაფერი, მშვიდობაა.. ცხენი უნდა მათხოვო ხვალამდე.. - ქალს ხომ არ იტაცებ?- გაეცინა ონისეს. - კი, - ეშმაკურად გაიცინა ზამთარამ. - მართლა?- თვალები ჭყიტა მეზობელმა. - რა დროს ქალია, საქმე მაქვს გაღმა, ხვალ დაგიბრუნებ, - დასერიოზულდა ზამთარა. - ვიფიქრე, ქორწილს გამოვკავ ხელს- მეთქი, ეეჰ..- ხელი ჩაიქნია ონისემ. *** ნაბადმოსხმული მიაგელვებდა ზამთარა ონისეს ცხენს. ქალთან შეხვედრის მოლოდინში ყელში უცემდა გული. გაუკვირდება ჩემი ნახვა, ალბათ გამიბრაზდება კიდეცო, ფიქრობდა და ნაცნობ ბილიკებს მიიკვლევდა. "სხვა უყვარს, სხვა..იქნებ, არც არსებობს ის სხვა? იქნებ ყველასგან გასაქცევად გამოიგონა და თავს დააჯერა?"- წარამარა უტივტივებდა გონებაში.დარწმუნებული იყო , ის სხვა მიმსვლელი რომ ყოფილიყო, აქამდე მივიდოდა.. გულდა უნდა დავაბრუნო, ჩემად ვაქციოო, სურვილი კლავდა მთელი გზა. - არ გაინძრე! - ქალს მიზანში ჰყავდა ამოღებული მხედარი. - ზამთარა ვარ!- კაცმა ფაფახი მოიხადა. - ვიცი!- ბრაზით დაუყვირა ქალმა. - მომიშვი, გულდა, - ხმა გაებზარა ზამთარას. - ხომ გაგაფრთხილე, ჩემი არსებობა დაივიწყე-მეთქი?! - ვერ შევძელი.. თუ გინდა, მომკალი.. აქედან უშენოდ არ წავალ!- შეუვალი იყო კაცი. - რაში გჭირდები? მე.. უშნო და კუზიანი?- ქალს ხმა აუკანკალდა. - შენ ყველაზე ლამაზი ხარ, გულდა!- ზამთარა ჩამოქვეითდა და ქალისკენ წავიდა. - არ მომიახლოვდე!- თოფი ჰაერში გაისროლა ქალმა. ისევ აიშალა ჩაბუდებული ფრინველი და ზეცას გაეკრა. - არ მეშინია, მესროლე! - წინ და წინ მიიწევდა კაცი. ქალმა ხელმეორედ ისროლა, ზედ ზამთარას ფეხებთან. - ხომ იცი, რომ ვერ გამიმეტებ?!- სიმწრით გაეღიმა კაცს და გულდას პირისპირ დაუდგა. - არაფერი იცი! - ქალს ცრემლი მოაწვა. - ვიცი! ის ვიღაც არ არსებობს, შენ გამოიგონე და ჩაისახლე.. თავს დააჯერე ეს სისულელე და გინდა ამ სისულელეს შეეწირო.. დახმარება გჭირდება, გულდა, - ზამთარამ ხმა დაათბო და ხელი ქალის სახისკენ წაიღო. - ის არსებობს და მოვა! - ნიკაპი აუკანკალდა ქალს. - ხოდა მოვედი,- სიყვარულით გაუღიმა კაცმა. - არა! შენც იმათნაირი ხარ! დაუნდობელი და სასტიკი.. შენთვისაც ერთი გონჯი გოგო ვიყავი! - არასდროს დამიცინიხარ, გულდა! - სახე მოექუფრა ზამთარას. - ჰმ.. რატომ არაფერს ამბობდი, როცა მომძახოდნენ " გულდა კუზიანო?" რატომ ?! რატოომ?! - მკერდზე დაუშინა მუშტები კაცს და ატირდა. ზამთარა უხმოდ მოეხვია ქალს და გულზე მიიკრა. უარესად ატირდა გულდა.. - მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერი იყო,-თქვა ზამთარამ და თმაზე ოდნაც შეახო ტუჩები. - მე მკვდარი ვარ.. გულდა აღარ არსებობს.. უნდა წახვიდე..- უკან დაიხია ქალმა. ზამთარას გული მოეწურა ქალის ტკივილით სავსე სახის დანახვაზე. - იმისთვის არ გამომივლია ამხელა გზა, რომ უკან წავიდე,- ზამთარამ ცხენი ხეზე მიაბა და სახლისკენ დაიძრა. გულდა არ განძრეულა. - დაღლილი ვარ, თან მშია, - გვერდულად გახედა ქალს და გზა განაგრძო. გულდამ კაცის სიჯიუტეზე თავი გააქნია და უკან მიჰყვა. - ისადილებ და წახვალ,- ხმაგამტყდარმა უთხრა და მაგიდის გაწყობას შეუდგა. - ერთად წავალთ,- ზამთარა სკამზე ჩამოჯდა და ქალის გამომეტყველებას დააკვირდა. - მე ჩემი უკვე გითხარი!- გაბრაზდა გულდა. - მაშინ აქ მომიწევს დარჩენა, - არხეინად თქვა კაცმა. - რა გინდა, ზამთარ?!- წარბი შეყარა ქალმა. - მეგონა, მიხვდებოდი,- ამოიოხრა კაცმა. - რას უნდა მივმხვდარიყავი? - რამაც აქ მომიყვანა! - გეცოდები?- გამომწვევად ჰკითხა. - არა.. -აბა?! - მიყვარხარ. გულდა შეცბა. -გამოშლის კვირტებს ნუშის ხეები, როგორც ქალის კანს ალერს-ეკალი, მოვალ, მე შენს მზეს მივეფიცხები, იმ დღეს გახდები ჩემი მხევალი.- ღიღინით თქვა ზამთარამ და ქალი თავისკენ მიიზიდა. - გამიშვი, - გაიბრძოლა გულდამ. - ნუ გეშინია, იმისთვის არ ამოვსულვარ, რომ შენ გაწყენინო..- ხელის გული თბილად დაუსვა ღაწვზე. ქალს გააჟრჟოლა. ზამთარას გაეღიმა. - მიმღერებ? გულდამ თავი დაუქნია. ისევ დატყვევებული იჯდა ზამთარა და უსმენდა გულდას ყელიდან ამოსულ ზართა რეკას. - ულამაზესი ხარ, გულდა! - მოთმინების ფიალა გადავსებულმა უთხრა და სანამ ქალი გაიაზრებდა, კაცი უკვე მის ტუჩებს იყო ჩაფრენილი. - პირველი კოცნა,- სევდიანად გაეღიმა გულდას. - მაპატიე, თავი ვერ შევიკავე,- დამნაშავედ ჩაილაპარაკა ზამთარამ. - უნდა წახვიდე.. აღარასდროს მობრუნდე,- გულდამ ნაბადი მიაწოდა. - ვერ წავალ.. - დამივიწყე.. - არ ვაპირებ.. - ზამთარ! - გულდა! - გთხოვ.. - არასდროს!- მტკიცე იყო კაცის პასუხი. *** - ზუსტად ხუთ დღეში ამოვალ, მზად დამხვდი,- მხურვალედ ჩაიკრა ქალი გულში და ამოწვერილ მზეს ახედა. - მართლა მოხვალ?- გულდას შიშნარევ ხმაზე გაეცინა ზამთარას. - მკვდარიც რომ ვიყო, მაინც მოვალ! - მასე ნუ ამბობ,- უარესად შეკრთა ქალი. - თავს გაუფრთხილდი გულდა, იცოდე ამ გულს ძალიან უყვარხარ,- კაცმა ქალის ხელი მკერდზე მიიდო და შუბლზე აკოცა. *** ადრეული გაზაფხულის საღამოს პირი იყო, ზამთარა ტყიდან რომ გამოვიდა. გული უცნაურად უცემდა.. ტყისკენ მიატრიალა ცხენი და ბუნებას გაუღიმა. - ეგ არის, კასრე, არ ააცილო!- გიგოლამ შეუძახა კასრეს და ორი თოფი ერთდროულად გავარდა. მხედარი ცხენზე შეტოტმანდა და მოცელილივით დაენარცხა მიწაზე. თეთრი ცხენი შეშლილივით გაიჭრა მინდორზე. - მოხვდა! ეს ეშმაკის მოციქული, მაინც გამოვიჭირეთ! - აჩქარებით გაიქცნენ ძირს დაცემულისკენ. გადმოატრიალეს და.. *** - ეს უბედური ყოფილა თურმე.. რად მოისპო თავი, ან სოფელს რად ერჩოდა? - იმიტომ იყო დაკარგული ორი კვირა ტყეში, ვინ იცის, რას გვიმზადებდა?! - რომ არა ბიჭები, უბედურებას დაგვაწევდა.. - ციხეში კი არა, ღირსების ორდენით უნდა დაეჯილდოვებინათ ორივე.. სად არის სამართალი, ეჰ.. ზამთარას ჭიშკართან ხალხი შეკრებილიყო. ზამთარა კი იწვა გულზე ხელდაკრეფილი და ისევ ის ბოლო ღიმილი შერჩენოდა პირზე. - ვაიმეე, ეს გულდა არ არის?!- გაოგნებული ხალხის ტალღა ორად გაიყო და შავებით შემოსილ ქალს დააკვირდნენ, რომელსაც ხელში ფანდური ეჭირა. უხმოდ გაიარა გულდამ. კარში შესვლისას ცოტა შეყოვნდა. ღრმად ჩაისუნთქა და ზამთარას მიუახლოვდა. კარგა ხანს უყურა ცრემლიანი მზერით. შემდეგ გულმოსაკლავად აამღერა ფანდური. ზარის ხმა უცებ მოედო არეს. შეშინებული და ტაოდაყრილი იდგა ხალხი. ვერაფერი გაეგოთ და აეხსნათ, თუ საიდან მოვიდა წლების წინ დაკარგული ქალი. ან ზამთარასთან რა საერთო ჰქონდა. სანამ გონს მოეგებოდნენ, გულდამ ისევ უხმოდ გაჭრა ხალხის ტალღა და წავიდა. ვერავინ გაიგო, სად?! *** ადრეულ გაზაფხულზე ჩნდებოდა ტყის პირზე, შავ ნაბად მოსხმული გიჟივით დააგელვებდა თეთრ ცხენს. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.