შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იქნებ... ( სრულად )


5-02-2023, 22:46
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 7 474

- გაინძრა, ხელს ამოძრავებს, მგონი გადარჩა.
- სასწრაფო გამოიძახა ვინმემ?
- თვალები სად გქონდა შვილო ასეთი ანგელოზივით გოგო როგორ ვერ დაინახე?
- დედა, დედა, დედა, საწყალი ამის პატრონი, რა ეშველება.
- გამოიძახეთ ვინმემ ბოლოს და ბოლოს სასწრაფო.
- გამოვიძახე მაგრამ მოდის?
- როცა არაფერში გჭირდება მაშინ კი დაქრიან ტყუილუბრალოდ აღმა დაღმა და როცა ადამიანი კვდება მაშინ მოუნდებათ მაინცდამაინც ჩანჩალი.
- არ გინდოდათ ჰო წუთი წუთზე რომ მოდიოდა? ახლა მაინც გეცოდინებათ ვის უნდა მიცეთ ხმა.
- რა გინდა ქალო, რა ყველაფერში პოლიტიკას ურევთ.
- ვინ არის შენი ქალი შე უზრდელო ხიხო, შე ჩამოთრეულო.
- ოჰ, ოჰ, შენ ხომ ხარ ვაკეში გაზრდილი.
- გეყოფათ ხალხო რა დროს ეს არის ადამიანი კვდება.
- რა ჭირს სასიკვდილო, ზედ კია რა გადაუვლია ამ ბიჭს.
- ა ბატონო დადიან ასე თხებივით შუა ქუჩაში, ტელეფონში ცხვირჩარგულები და საკუთარ თავსაც იუბედურებენ და სხვასაც აუბედურებენ.
- რა მაგის ბრალია, ეს კიდეც რომ გადახტომოდა წინ რატომ უნდა დაერტყა, თვითონაც არ იყო ეტყობა ყურადღებით.
- მისმინე შვილო ეწევი რამეს? მთვრალი ხომ არ ხარ? აბა როგორ ვერ შეამჩნიე?
- აგერ მოვიდა მგონი სასწრაფო, ჩამოეცალეთ.
- უკან დაიხიეთ, რომ შემოხვევიხართ სულთამხუთავებივით, მიუშვით ექიმები.

ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა ხმები, გაბრუებული ვიყავი ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა, ვინ იყო ეს ხალხი, რა უნდოდათ და რაზე საუბრობდნენ, კიდურები გაშეშებული მქონდა, მინდოდა თვალები გამეხილა და წამოვმდგარიყავი მაგრამ ვერ ვახერხებდი, შეხება ვიგრძენი სხეულზე, ციმციმ ამწიეს ჰაერში და რაღაც მაგარზე დამაწვინეს, მერე კარის დაკეტვის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას და სირენების გულისგამაწვრილებელი კივილი, უცაბედმა ტკივილმა სახე დამიმანჭა და გამშრალი ტუჩებიდან ხმამაღალი კვნესა დამცდა.
- დამშვიდდი, ცოტაც მოითმინე, ყველაფერი კარგად არის, არაფერი გიჭირს, -თბილი ხმით ჩამჩურჩულა ვიღაცამ, მერე ხელი ჩამკიდა და თითებზე მაგრად მომიჭირა, სათქმელად ადვილი იყო მოთმენა, მთელი სხეული მტკიოდა, გაჭირვებით გავახილე თვალები, ნელ-ნელა დამეწმინდა მზერა და ჩემს თავთან დახრილი ახალგაზრდა მამაკაცის შეთვალიერების საშუალებაც მომეცა, საიდან ვიცნობ? ეს იყო პირველი რაც მისი დანახვისას გავიფიქრე.
- ვინ ხარ? -გაჭირვებით ამოვთქვი.
- ქუჩაში გზაზე გადადიოდი და დაგეჯახე, ახლა საავადმყოფოში მივდივართ, ნუ გეშინია კარგად იქნები, -ისე ჩამოარაკრაკა თითქოს ანგარიშს მაბარებდა, მშვიდად იყო, ალბათ მართლა არ ვიყავი ცუდად ან საიდანღაც უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ რომ არაფერი მომივიდოდა, თბილი, ტკბილი ხმა ჰქონდა და სულშიჩამწვდომი მზერა, შავი ოდნავ დატალღული თმა, საშუალო ზომის ლამაზად მოხაზული ტუჩები, სწორი ცხვირი, გრძელი წამწამებით შემოჯარული დიდი შავი თვალები, მის შემყურეს საერთოდ დამავიწყდა ავარია და ტკივილი.
- ნამდვილი სრულყოფილება ხარ, -თავისთავად დამცდა ბაგეებიდან.
- ვიცი, -თვალისმომჭრელად გამიღიმა, -შენ შემქმენი ასეთი.
- რას გულისხმობ? -სანამ პასუხს გამცემდა ტკივილის ახალმა ტალღამ შემომიტია და საერთოდ დამავიწყდა მისი უცნაური პასუხები და ნარცისიზმი, თვალწინ ყველაფერი დამიტრიალდა, მისი ლამაზი სახე სივრცეში გაიდღაბნა და ვიგრძენი როგორ ვკარგავდი გონებას.

- როგორც იქნა თვალები გაახილე, როგორ ხარ? -თავზე ჩემი მეგობარი თამთა მადგა და მზრუნველი შეშფოთებული სახით დამცქეროდა.
- სად ვარ? -ძლივს ამოვიხრიალე.
- საავადმყოფოში ხარ.
- რაა? რატომ? აქ რა მინდა? რა დამემართა? კომაში ვიყავი? დიდხანს მეძინა? ახლა რომელი წელია? -ერთბაშად მივაყარე კითხვები.
- გაგიჟდი? რა რომელი წელი, ჯერ ოცდაოთხი საათიც კი არ გასულა რაც აქ ხარ, მთელი ღამეა გძინავს გაგუდულს, ახლა დილის რვა საათია, და ნუ გეშინია, სერიოზული არაფერი არ გჭირს, უბრალოდ დაჟეჟილობები გაქვს და სამი ნაკერი თავზე.
- სამი ნაკერი? ჯანდაბა, თმა გადამპარსეს? -ცრემლები მომადგა თვალებზე და ხმა ამიკანკალდა, თამთამ გაბრაზებულმა შემომხედა.
- მადლობა თქვი რომ ასე გადარჩი და სერიოზული არაფერი გჭირს, ერთ ბეწო თმას კი როგორმე შეელევი, უკან შეიკრავ ხოლმე და ეგ იქნება.
- ვერაფერს ვიხსენებ.
- მართლა არ გახსოვს? -მის სახეზე შეშფოთება შიშში გადაიზარდა, -მგონი ამნეზია გაქვს, ექიმს უნდა დავუძახო.
- დაეტიე სადაც ხარ, არაფერი ამნეზიაც არ მაქვს, უბრალოდ მომიყევი რა მოხდა, -თვალები დავხუჭე და ვეცადე აჩქარებული გულისცემა დამემშვიდებინა, სშინლად სუსტად ვგრძნობდი თავს, საუბარიც კი მღლიდა, თამთამ ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამოჯდა.
- ხომ გახსოვს ზურიკოს დაბადების დღისთვის ტორტი რომ უნდა შეგეკვეთა, დამირეკე საკონდიტროს მისამართი მომწერეო, მეც მოგწერე, დაახლოებით ერთ საათში დამიბრუნე პასუხი, ტაქსიდან ჩამოვედი, შევდივარ, ფოტოებს გადავიღებ და გამოგიგზავნი რომ აარჩიოო, ეს იყო და ეს, ორიოდე საათში საავადმყოფოდან დამირეკეს.
- იმედია ჩემებისთვის არ დაგირეკავს, ნამდვილად არ მინდა ნანატრი მოგზაურობა ჩემს გამო ჩაშალონ, მამა ორი წელი აგროვებდა ფულს რომ დედა კრუიზში წაეყვანა.
- ნუ გეშინია არავისთვის არაფერი მითქვამს, დამირეკეს თუ არა პირდაპირ აქ მოვედი.
- სულ ეს იყო? -უკმაყოფილოდ შევჭმუხნე წარბები.
- აბა რა უნდა ყოფილიყო.
- ჩემთან ერთად არავინ ყოფილა?
- ვის გულისხმობ? -ისე ასწია წარბი მივხვდი იცოდა რაც მაინტერესებდა და უბრალოდ მაწვალებდა.
- აქ ვინც მომიყვანა ის სად არის? -დავუკონკრეტე.
- ამ არამიწიერ სრულყოფილებას გულისხმობ? -გაბადრული სახით გაიშვირა თითი, პალატის კუთხეში მიდგმული მოცუცქნული დივნისკენ, ტკივილების მიუხედავად მაინც წამოვიწიე რომ შემეხედა, შვებით ამოვისუნთქე როცა დავინახე, როცა მივხვდი რომ მართლა აქ იყო და სულაც არ ყოფილა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, იწვა ოთხად მოკუნტული და ეძინა, გამეღიმა...
- ოღონდაც მითხარი სად იპოვე ეს ბიჭი, -თამთაც ისევე როგორც მე დაჰიპნოზებულივით ვუყურებდით.
- ეს დამეჯახა, -ამოვიოხრე.
- ვიცი თვითონ მითხრა გუშინ რომ მოვედი, მეც მინდა რომ ასეთი საოცრება დამეჯახოს, ღმერთო რა იქნება მეც გამომიგზავნე ერთი ასეთი, -ხელები მაღლა აღაპყრო და ნაცრისფრად შეღებილ ჭერს ახედა თითქოს იქ დაინახავდა ღმერთს.
- ღმერთს რატომ სთხოვ, აქ არ არის? -უდარდელად ვუთხარი და ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სახეზე.
- აქ კი არის მაგრამ ჩემთვის არ არის, -სევდიანად გამიღიმა და თავი ჩაღუნა.
- რას გულისხმობ? -გული უცნაურად ამიფანცქალდა.
- იმას რომ შენ მოსწონხარ, დავინახე როგორ გიყურებდა, როგორ ნერვიულობდა სანამ ექიმი გსინჯავდა, გვიანობამდე შენს საწოლთან იჯდა, შენი ხელი ეჭირა და დროდადრო სახეზე და თმაზე გეფერებოდა.
- სერიოზულად?
- ჰო, რატომ უნდა მოგატყუო?
- შენთვის არაფერი უთქვამს?
- რა უნდა ეთქვა?
- რა ვიცი, რამე ჩემს შესახებ ან საკუთარი თავის შესახებ, თუნდაც ის რომ უნდა მიჩივლოს.
- რატომ უნდა გიჩივლოს?
- ჩემი ბრალი იყო ის ავარია, არასწორ ადგილზე გადავდიოდი გზაზე და თან შეტყობინებას ვწერდი.
- ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ რატომღაც მგონია რომ გიცნობს და თანაც ძალიან კარგად...
საუბარი დივნის საცოდავმა ჭრაჭუნმა შეგვაწყვეტინა, ორივემ ერთდროულად მივიხედეთ მისკენ, წამოდგა, თვალები ხელის ზურგებით მოისრისა, თმა შეისწორა და ჩემსკენ წამოვიდა, საოცარი სხეული ჰქონდა, სრულყოფილი, გრაციოზული მიხვრა მოხვრა, ზუსტად ისეთი იყო როგორ მამაკაცზეც შეიძლებოდა მეოცნება, ჩაცმითაც კი ჩემი გემოვნებით ეცვა.
- დილამშვიდობის, -თბილი ხმით მოგვესალმა ორივეს და მერე ჩემსკენ დაიხარა, ლოყაზე ფრთხილად შემეხო თითებით და სულისშემკვრელად გამიღიმა.
- როგორ ხარ? თავს კარგად გრძნობ?
თამთამ როგორც იქნა მოიფიქრა, საწოლიდან ადგა და ფეხაკრეფით გავიდა გარეთ, ჩემი საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი იმ ადგილზე ჩამოჯდა სადაც ცოტა ხნის წინ თამთა იჯდა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია და ღიმილით ჩამაცქერდა თვალებში.
- ვიცი რომ საავადმყოფოებს ვერ იტან ასე რომ ექიმს ვთხოვ დღესვე გაგწეროს და სახლში წაგიყვან, ისეთი არაფერი გჭირს, უმნიშვნელო დაჟეჟილობები გაქვს.
- კი მაგრამ ვინ ხარ? -აღმომხდა გაოცებულს, -საიდან იცი რა მიყვარს და რა არა, მიცნობ? ვინ ხარ?
- ძალიან კარგად გიცნობ ტას, -შემომღიმა და კიდევ ერთხელ მომეფერა გრძელი თლილი თითებით სახეზე, თავისთავად მიმეხუჭა თვალები და ამოვიხვნეშე.
- საიდან მიცნობ? -კატის კნავილივით ჟღერდა ჩემი ხმა.
- ვერ მცნობ, -წყენა გაუკრთა თვალებში, -ასე არ შეიძლება ტას, უნდა მცნობდე, ბოლოს და ბოლოს შენ შემქმენი, შენი ქმნილება ვარ.
- რას ბოდავ, -შეშინებულმა გამოვტაცე ხელი და საწოლის საზურგეს ავეკარი, ირგვლივ მიმოვიხედე, ესღა მაკლდა, ეს საოცრად სიმპათიური და მიმზიდველი მამაკაცი, გიჟი აღმოჩნდა, არანორმალურია და მაინცდამაინც მე გადამეკიდა, რა ბედი მაქვს, რაღა ყველა გიჟი მე მპოულობს...
- ჩემი ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, -გაეღიმა როცა ასეთი შეშინებული და შეშფოთებული დამინახა, -დაწყნარდი უბრალოდ ვიხუმრე, ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა, -ორივე ხელი მაღლა ასწია თითქოს მიბოდიშებსო.
- რა გქვია? -მაინც ვერ მოვისვენე, მიუხედავად იმისა რომ ცოტა არ იყოს მაშინებდა მის მიმართ საოცარ ინტერესსაც ვგრძნობდი, მინდოდა გამეგო ვინ იყო, რას წარმოადგენდა, საიდან მიცნობდა...
- გინდა გაიგო რა მქვია? -ხმაში სიანცე შეეპარა, -შენ რა გინდა რომ მერქვას?
- რა ჯანდაბა გჭირს? -ვიყვირე მოთმინება დაკარგულმა, -მითხარი რა გქვია.
- იოანე, იოანე მქვია, -მიპასუხა მშვიდად.
- მიყვარს ეს სახელი, -არც კი ვიცი რატომ ვუთხარი.
- ვიცი რომ გიყვარს, -თვალები დაუთბა და ისევ გადმოიწია ჩემსკენ რომ შემხებოდა მაგრამ შეშინებულმა დავიწიე უკან.
- საიდან იცი?
- იქიდან რომ შენ დამარქვი.
- გიჟი ხარ, -დავასკვენი და როგორც კი დიაგნოზი დავუსვი ოდნავ დავმშვიდდი, სხვა თუ არაფერი აგრესიული და საშიში ნამდვილად არ ჩანდა, სულ ცოტა ხანი მომიწევდა მისი ატანა, აქედან რომ გავიდოდი, ვეღარასოდეს ვნახავდი, -ჩემდაუნებურად მოვიღუშე და დავსევდიანდი იმის გაფიქრებისას რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს მენახა.
- ხშირად მოგიწევს ჩემი ნახვა, არსად წასვლას არ ვაპირებ, -თითქოს ჩემს კითხვას გასცა პასუხი.
- არა, მართლა ვინ ხარ? -უკვე თხოვნაზე და ვედრებაზე გადავედი, -ვინ ჯანდაბა ხარ და ჩემგან რა გინდა?
- მხოლოდ ის მინდა რომ კარგად იყო.
- არანორმალური ხარ, უბრალოდ აკვიატებული გყავარ, შეშლილი ხარ, გიჟი.
- გიჟი არ ვარ, პირიქით ძალიან ჭკვიანი ვარ, -მხრებში გაიმართა და ამაყი მზერით შემომხედა, ამის გამო შენი ძალიან მადლობელი ვარ.
- მე რა შუაში ვარ?
- შენი წყალობით ვარ ის რაც ვარ, საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, ვიცი ხუთი უცხო ენა, ასევე ვარ საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი, მაქვს საკუთარი წარმატებული ბიზნესი, ვცხოვრობ ისე როგორც მინდა...
- შემთხვევით ტაქსისტიც ხომ არ ხარ?
- არა მაგრამ თუ შენ მოისურვებ რომ ვიყო და თუ საჭირო იქნება...
- გეყოფა, გეყოფა, -ხელის აწევით შევაჩერე, რას ბოდავ? შეიძლება მართლა დაამთავრე ორი უნივერსიტეტი, კუნგ ფუც იცი და ანგარიშზე რამდენიმე მილიონიც გაქვს მაგრამ მე რა შუაში ვარ.
- შეგიძლია ისიც დაამატო რომ ძალიან სიმპათიური ვარ, ლამაზი თვალები მაქვს და ჩემზე გიჟდები, -მითხრა სრულიად სერიოზულად.
- ყველაფერთან ერთად ნარცისიც ყოფილხარ, -გამეცინა.
- ნარცისობის რა გითხრა მაგრამ ზუსტად ისეთი ვარ როგორსაც შენ ისურვებდი.
- მე რა შუაში ვარ ადამიანო, მითხარი ბოლოს და ბოლოს, -ღონემიხდილმა და ამ უაზრო და გაუგებარი საუბრისგან დაღლილმა ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს ტას, ახლა წავალ და ექიმს ვეტყვი რომ გაგწეროს მერე კი სახლში წაგიყვან, -ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.
- თამთას უთხარი რომ შემოვიდეს.
- თამთა აქ არ არის, სახლში წავიდა.
- როგორ თუ წავიდა? მე რატომ არაფერი მითხრა?
- გუშინ შევთანხმდით რომ დილით მე მოგხედავდი და ის დაისვენებდა.
- როგორ დაითანხმე?
- ადამიანების დარწმუნების იშვიათი ნიჭი მაქვს, -თვალი ჩამიკრა და კარი გაიხურა.

თვითონაც არ ვიცი რატომ დავთანხმდი რომ საავადმყოფოდან მას გავეყვანე, ხელში აყვანილი ჩამიყვანა კიბეებზე, გაყუჩებული, მის მკერდზე მიკრული და მის სასიამოვნო სურნელში ჩაფლული ვნეტარებდი და საერთოდ აღარ მახსოვდა რომ ცოტა ხნის წინ გიჟად ვთვლიდი, რომ დამსვა და ავტომობილის კარი რომ გამიღო, გაოცებისგან პირი დავაღე.
- ვგიჟდები ამ მოდელზე, -აღმომხდა აღფრთოვანებულს.
- ვიცი, -უცნაურად ჩაეღიმა, დაჯდომაში დამეხმარა, თვითონაც მომიჯდა გვერდზე და ძრავა ჩართო, გადაღლილს და დამამშვიდებლებით გაბრუებულს მალევე ჩამეძინა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა.
- გაიღვიძე მოვედით, -ზედ ყურთან მომელამუნა მისი ცხელი სუნთქვა, -თვალები გავახილე და გაბრუებული გადმოვედი ავტომობილიდან, გაოცებულმა მოვათვალიერე გარემო, შუაგულ ტყეში ვიყავით, ჩემს წინ ერთსართულიანი ხის სახლი იდგა, ხის ღობით და მწვანე მცენარეებით გარშემოტყმული, წითელი სახურავი ჰქონდა სახლს და მწვანე დარაბები, ვუყურებდი და უკვე ვიცოდი რომ ეზო ყვავილებით სავსე დამხვდებოდა, ბილიკები ფერადი ქვებით მოკირწყლული, უკანა ეზოში კი აუცილებლად იქნებოდა დუმფარებით დაფარული პატარა ტბორი...
პირი გამიშრა და თვალები ამიწყლიანდა, ვიდექი გაშეშებული და ჩემს განხორციელებულ ოცნებას ვუცქერდი, გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი, შევკრთი როცა ზურგს უკნიდან მისი სიახლოვე ვიგრძენი.
- სად ვართ? -ათრთოლებული ხმით ვკითხე.
- სახლში, -მიპასუხა და მთელი ძალით მომხვია მკლავები...




- სახლში შევიდეთ შეგცივდება, -მხარზე შემეხო ფრთხილად და მეც მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი რომ უჩვეულოდ გრილოდა.
- ეს რა ადგილია? -კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას, ირგვლივ მხოლოდ უსიერი ტყეები ჩანდა და საოცარი სიმშვიდე და სიჩუმე იყო გამეფებული.
- თბილისიდან საკმაოდ შორს ვართ და აქ შედარებით გრილა, ჯობია თუ ეზოს დათვალიერებას ხვალ გააგრძელებ, ახლა სახლში შევიდეთ, ჯერ ისევ სუსტად ხარ და...
- მოიცა, ახლა მომესმა თუ თქვი რომ აქ უნდა დავრჩეთ, გგონია ღამეს სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად უცხო სახლში გავატარებ? -ისტერიული სიცილი ამიტყდა როცა დავინახე როგორ ეწყინა და როგორ ატკინა გული ჩემმა სიტყვებმა.
- იმაზე არ მიფიქრია რომ აქედან წასვლას მოინდომებდი, ეს შენი სახლია ტას, ეს ის ადგილია სადაც ყოველთვის გინდოდა ცხოვრება, სად უნდა წახვიდე?
- ვინ ხარ მითხარი, გთხოვ... -უკვე ხმა აღარ მემორჩილებოდა, აღარც სხეული, ორი ნაბიჯით გაჩნდა ჩემთან და მკერდზე ამიკრა, შეწინააღმდეგებისთვის არც ძალა მყოფნიდა და არც სურვილი, ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი და უფრო მაგრამ მივეკარი.
- მე იოანე ვარ, შენი იოანე, როგორ შეგეძლო ჩემი დავიწყება, როგორ შეგეძლო... -ჩამჩურჩულებდა და ფრთხილად მეფერებოდა მხრებზე და ზურგზე, ხელში აყვანილი შემიყვანა მისაღებში და დივანზე დამსვა, მივხვდი შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მაინც ვერაფერს ვაგებინებდი თანაც საშინლად მაინტერესებდა ვინ იყო.
- ჩაის მოგიტან, სპეციალური რეცეპტით ვამზადებ სხვადასხვა მცენარეებისგან, დაგამშვიდებს, -შემომღიმა და სამზარეულოსკენ ისე წავიდა პასუხს არ დალოდებია, თითქოს იცოდა პასუხი, იცოდა რომ ბალახეულ ჩაიზე ვგიჟდებოდი, გაუნძრევლად ვიჯექი და ინტერიერს ვათვალიერებდი, ოთახი სადათ და გემოვნებით იყო მოწყობილი ზუსტად ისე როგორც მე მოვაწყობდი მართლა ჩემი სახლი რომ ყოფილიყო...
- აქაურობა შენია, შენ გეკუთვნის, -თითქოს ჩემს ფიქრებს გასცა პასუხი, ჩაი იქვე მდგარ დაბალ მაგიდაზე დადო და გვერდით მომიჯდა.
- ახლა არ მითხრა რომ აზრების კითხვა შეგიძლია, -ჩემს თავს გაღიმება ვაიძულე თუმცა ამჯერად სულაც არ ვიყავი ღიმილის ხასიათზე.
- ცოტა უცნაური იქნებოდა აზრების კითხვა რომ შემეძლოს, -ხელები გაშალა და ისეთი სახით შემომხედა თითქოს უცნაური არაფერი ეთქვას ან გაეკეთებინოს, -ასე ნუ მიყურებ ტასო, აზრებს ვერ ვკითხულობ მაგრამ ძალიან კარგად გიცნობ საიმისოდ რომ თუნდაც შენი გამოხედვის ან შენი ქცევის მიხედვით განვსაზღვრო რაზე შეიძლება ფიქრობდე.
- მისმინე იოანე, რაღაც მინდა გითხრა და ეცადე კარგად გაიგო, -ჩაის ფინჯნიდან პირდაპირ ჩემსკენ წამოსული სასიამოვნო არომატი დავაიგნორე და იოანეზე გადავიტანე ყურადღება.
- გისმენ ტას, -მიპასუხა და ლამის დავდნი ისეთი ღიმილი მოაყოლა ამ ორ სიტყვას რომელიც მისი ბაგეებიდან წარმოთქმული სულ სხვაგვარად ჟღერდა.
- არ გინდა გთხოვ, ასე ნუ იღიმი თორემ აზრების მოკრება მიჭირს, -უნებურად წამომცდა, სირცხვილისგან სახე ამიწითლდა და თვალები მაგრად დავხუჭე, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა, ფრთხილად გადამიწია სახეზე და მხრებზე უწესრიგოდ ჩამოყრილი თმა, ტუჩებზე შემეხო, თბილი და ოდნავ სველი ტუჩები ჰქონდა, ციებიანივით გამაკანკალა და ინსტიქტურად მივიწიე მისკენ, წელზე მომხვია ხელი და მკერდზე მიმიკრა, დიდხანს მკოცნიდა გატაცებით და მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობდი ავყოლოდი, ეს ჩემი პირველი კოცნა ნამდვილად არ იყო მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია, თითქოს ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე, სპეციალურად ჩემთვის განკუთვნილი და ახლა მთელი არსებით ვცდილობდი მასთან შერწყმას, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სიამოვნება, ისევ თვითონ მომშორდა და უკან დაიხია.
- თვალები გაახილე, -მითხრა თბილი ხმით.
გავახელე და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულმა შევხედე, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა, ისეთი თითქოს თვეების ნასიმშილარი ვიყავი და ახლა საჭმლის მაგივრად მისი მოფერება და კოცნა მშიოდა, საერთოდ აღარ მადარდებდა ვინ იყო ან რა იყო, მხოლოდ ერთი შეხება, კოცნა, მოფერება...
- რის თქმას აპირებდი ჩემთვის? -ისე უბრალოდ და მშვიდად მკითხა თითქოც რამდენიმე წუთის წინ ლამის სიგიჟემდე არ მივეყვანე.
- იმის თქმას რომ აქ ვერ დავრჩები, უნდა წავიდე, -ჩავიბურტყუნე გაცოფებულმა და წამოვიწიე, მკლავში მწვდა და მაიძულა ისევ დავმჯდარიყავი.
- მისმინე, ვიცი რომ ეს ყველაფერი უცნაურად გეჩვენება მაგრამ საშიში რომ არაფერია თვითონაც ხედავ, მოდი ასე მოვიქცეთ, მხოლოდ ერთი ღამე დარჩი და მერე თუ არ გენდომება...
- ვერ დავრჩები, არ შემიძლია, რატომ არ გესმის?
- თუ შენი მშობლები გაბრკოლებს უკვე ყველაფერი მოვაგვარეთ მე და თამთამ, იციან რომ თამთასთან რჩები, ასე რომ...
- თანამზრახველიც გიშოვია რაღა გიჭირს, -ირონიულად ჩავიცინე.
- ირონია არ გიხდება ტას, თანაც თამთას შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდა, დარჩი და ნახავ რომ ხვალ აქედან წასვლა აღარ მოგინდება, მხოლოდ ერთხელ იფიქრე შენს თავზე და იმაზე შენ რა გინდა, ამოიგდე თავიდან სხვებზე ფიქრი, მითხარი შენ რა გსურს?
თბილი, შემპარავი ხმით მესაუბრებოდა, ღიმილით, თვალების ციმციმით და... და მე რატომღაც ძალიან მიჭირდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ან რატომ უნდა გამეწია, იქნებ მართალი იყო იოანე და ერთხელ მაინც უნდა მეფიქრა იმაზე თუ რა მინდოდა სინამდვილეში.
- ვრჩები, -მოვჭერი მოკლედ და საშინლად მომეშალა ნერვები როცა დავინახე როგორმა კმაყოფილმა ჩაიცინა, -ვრჩები მაგრამ იცოდე მხოლოდ ერთი ღამით, ხვალ დილით შენ თვითონ დამაბრუნებ თბილისში.
- კარგი როგორც შენ იტყვი, -საოცრად ადვილად დამთანხმდა და წამოდგა, -ვიცი რომ საჭმლის მომზადება არ გეხერხება ასე რომ მე მოვამზადებ, შენ კი შეგიძლია სამზარეულოს მაგიდაზე შემოსკუპდე და დროდადრო კოცნით გამანებივრო, -გამომიცხადა სრულიად სერიოზულად.
- შემთხვევით ზედმეტი ხომ არ მოგდის? -შევუბღვირე.
- რატომ? დავიჯერო კოცნა არ მოგეწონა? -სიცილ-სიცილით ამიტაცა ხელში, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად სამზარეულოში გამიყვანა და მაგიდაზე შემომსვა, ფეხები გამაშლევინა და მათ შორის მოთავსდა, სახე ორივე ხელით დამიჭირა და კიდევ ერთხელ შემიგუბა სუნთქვა არაჩვეულებრივი კოცნით.

ერთად მოვამზადეთ საჭმელი, უფრო სწორად ის ამზადებდა და მე ვუყურებდი, ის ამზადებდა და მე ხელს ვუშლიდი, ის ამზადებდა და მე დროდადრო ვეხუტებოდი და ვკოცნიდი, ვერ ვხვდებოდი რა მემართებოდა, არავინ და არაფერი აღარ მახსოვდა, მისით ვიყავი შეპყრობილი, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გადამრია, გამაგიჟა და ჭკუიდან შემშალა...
- გინდა ფილმს ვუყუროთ? -მკითხა და თან ნაზად დამიწყო თავზე მასაჟის კეთება, სიამოვნებისგან თვალები მივლულე და ლამის კატასავით კრუტუნი დავიწყე, სადილის შემდეგ თითქმის ორი საათი მათვალიერებინებდა ჩემი ოცნების ბაღს და ახლა დივანზე იჯდა დაღლილი, მე კი წამოწოლილი ვიყავი და მის მუხლებზე მედო თავი.
- ვუყუროთ ოღონდ კომედია არ მინდა.
- ვიცი, შენ ხომ ვამპირები და ზომბები მოგწონს.
- მაქციებიც.
- მაქციებიც და ჯადოქრებიც.
- მოდი დღეს მაქციები არ გვინდა რა, ბეჭდების მბრძანებელს ვუყუროთ.
- მერამდენედ?
- მე ბეჭდების მბრძანებელი მინდა, -პატარა ჭირვეული ბავშვივით დავიჟინე.
- კარგი, კარგი, -ჩაეცინა და პულტს დასწვდა, -იყოს ისე როგორც შენ გინდა.

- მგონი შენი ძილის დროა, -გამოაცხადა როცა ფილმის მეორე ნაწილიც დასრულდა, ფანჯარას გავხედე, ეზოში უკუნეთი სიბნელე იდგა.
- რა დრო გასულა, -წამოვდექი და გაშეშებული კისერი დავიზილე.
- წამოდი შენს საძინებელს გაჩვენებ, -ხელი გამომიწოდა.
- იავნანასაც მიმღერებ?
- თუ მთხოვ გიმღერებ, -სრულიად სერიოზულად მიპასუხა, გამეცინა, ხელი გავუწოდე.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს, -მითხრა როცა დერეფანში გავედით.
- სერიოზულად? სად არის? რა არის? ახლავე მაჩვენე, -მოუთმენლად დავიწყე ფეხების ბაკუნი.
- ხვალ გაჩვენებ.
- თუ ასე კარგად მიცნობ ისიც გეცოდინება როგორი მოუთმენელი ვარ, ახლავე მაჩვენე თორემ იცოდე საშინელი წამებით მოგიღებ ბოლოს.
ღიმილით მიყურებდა ოდნავ ტუჩებგაპობილი, მერე ნელა, ძალიან ნელა გადაიტარა ქვედა ტუჩზე ენა და თავი გვერდზე გადახარა.
- როცა იმუქრები ძალიან სექსუალური და სასურველი ხარ, -მითხრა ოდნავ ხრინწგარეული ხმით, ვიგრძენი მისი ანთებული მზერის გამო როგორ დავიძაბე, როგორ დამეჭიმა მთელი სხეული და ჯანდაბა... დავსველდი.
- ჯერ სიურპრიზი, -საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და ისე ეშმაკურად გამიღიმა თითქოს მიხვდა რაც მიტრიალებდა თავში, ან რა გასაკვირია, ალბათ ყველაფერი სახეზე მეწერა, გვერდი ამიარა და ერთერთი ოთახის კარი შეაღო, ჩამრთველს დააწვა და ღიმილით შემიპატიჟა, მეც დაპროგრამებულივით მივყევი უკან, თეთრ, ცისფერ და ღია ვარდისფერ ტონალობებში გადაწყვეტილი ოთახი იყო, საკმაოდ ფართო და ხალვათი, ულამაზესი რბილი ავეჯით და წიგნებით სავსე უცნაური ხის თაროებით გაწყობილი, ერთ ერთ კედელთან უზარმაზარი საწერი მაგიდა იდგა ზედ კომპიუტერით და...
- ღმერთო ჩემო ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ საბეჭდ მანქანაზე, -მაგიდასთან მივიჭერი დავიხარე და ისე გადავუსვი ხელი როგორც მხოლოდ ცოცხალ არსებას შეიძლება მოეფერო, ეს... ეს ჩემია? -უძრავად მდგარს შევხედე რომელსაც ჩემი სიხარულით დანახვით გამოწვეული ბედნიერებით ჰქონდა სავსე თვალები.
- შენია, აი აქ კი დაისვენებ ხოლმე როცა წერისგან დაიღლები, -მინის კედელთან მიდგმულ ფუმფულა ტახტზე მიმითითა, კედლის იქით მთვარის შუქით განათებული ბაღი მოჩანდა...
- იცი რომ ვწერდი? -მოღუშულმა ვკითხე და ხელისგულები ამეწვა წერის მოზღვავებული სურვილისგან.
- ვიცი რომ წერ, -შემისწორა.
- დიდი ხანია რაც აღარ ვწერ, უნდა გითხრა რომ მოძველებული ინფორმაცია გქონია, სევდიანი მზერით გადავხედე საბეჭდ მანქანას.
- კიდევ დაწერ, რატომ უნდა თქვა იმ სიამოვნებაზე უარი რასაც წერა განიჭებს მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაცას შენი შეშურდა.
- შენ... შენ ეს საიდან იცი? -ხმა ამითრთოლდა.
- რატომ არ იბრძოლე იმისთვის რაც შენი იყო? -კითხვაზე კითხვით მიპასუხა, -როცა რედაქციაში შენი ნაშრომი მიიტანე რასაც წლები შეალიე, უვარგისიაო რომ გამოგიცხადეს და ერთ თვეში მცირეოდენი შესწორებებით სხვისი ავტორობით რომ დაიბეჭდა, მითხარი მაშინ რატომ არ იბრძოლე? რატომ არ დაიცავი ის რაც შენ გეკუთვნოდა?
- არ ვიცი, -თავი ჩავხარე და მხრებში მოვიხარე, -მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და თავს საშინლად ვგრძნობდი, თვითშეფასება დაქვეითებული მქონდა, იცი რა სიტყვებით გამომისტუმრეს რედაქციიდან? აწი ნურაფერს ნუღარ დაწერ ტყული დროის კარგვააო.
- და ამის გამო წერას თავი დაანებე? იცი ახლა მე და შენ რას ვიზავთ?
არვიცითქო უარის ნიშნად გავუქნიე თავი, ერთხანს ჩაფიქრებული მიყურებდა თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებსო, მერე ისევ გაიღიმა.
- ამაღამ კარგად გამოვიძინებთ და ხვალიდან ამ ოთახს ისე მოაწყობ როგორც შენ გინდა მერე კი ისევ დაიწყებ წერას.
- ხომ შევთანხმდით რომ ხვალ მივდივარ, -საცოდავად ამოვიკნავლე, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი თორემ უკვე აღარ მეთმობოდა არც აქაურობა და არც იოანე.
- ორივემ ვიცით რომ უბრალოდ თავს იტყუებ და ხვალ არასადაც არ წახვალ, არ გინდა ტყუილად ნუ მეტყვი რამე საპირისპიროს, -ხელის აწევით გამაჩერა როცა დაინახა რომ შეპასუხებას ვაპირებდი, -ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც გააკეთე ის რაც მართლა გულით გინდა.
ელვის სისწრაფით დავფარე ის ორიოდე ნაბიჯი რაც ერთმანეთს გვაშორებდა, კისერზე ჩამოვეკიდე და გიჟივით ვეცი ტუჩებზე.
- რას აკეთებ? -მკითხა როცა სული მოვითქვით.
- იმას რაც მართლა ძალიან მინდა, -ვუპასუხე და ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე.
- დარწმუნებული ხარ? -დაბინდული მზერით ჩამხედა თვალებში, თავი დავუქნიე და ისევ მის ტუჩებს მივწვდი, ხელში ბუმბულივით მსუბუქად ამიტაცა, ოთახიდან გამომიყვანა და თითქმის სირბილით შემიყვანა საძინებელში, ვერ მივხვდი როდის შემომაძარცვა ტანისამოსი ან თვითონ როდის გაიხადა, ერთდროულად იყო ნაზიც და უხეშიც ფრთხილიც და მომთხოვნიც, ნეტარების დაფარულ სიღრმეებს ძირისძირობამდე მაცნობდა და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნება-ნება მიმიძღოდა წინ სიამოვნების მწვერვალისკენ...

ფარდაგადაწეული ფანჯრებიდან შემოპარულმა მზის სხივმა თვალებში რომ შემიღიტინა გვერდზე გადავბრუნდი და თავზე ბალიში დავიმხვე, ცოცხალი თავით არ ვახელდი თვალებს, მეშინოდა, ვაი და ის ყველაფერი რაც გუშინ მოხდა სიზმარი აღმოჩენილიყო, მერე რა უნდა მექნა? როგორ უნდა მეცხოვრა? ფრთხილად მოვაფათურე ხელი ჩემს გვერდით და ცარიელი საწოლი რომ დამხვდა მოვიღუშე, ტუჩები თავისთავად დამებრიცა სატირლად.
- მე ხომ არ მეძებ? -მომესმა და დაფეთებულმა ვჭყიტე თვალები, ბალიში სადღაც მოვისროლე წამოვიწიე და ჩემს თავთან დახრილს მთელი ძალით ჩავეხუტე, სახე მის ყელში ჩავრგე და ავკრუსუნდი, წელზე გრილი თითები რომ შემეხო მაშინღა გავიაზრე ჩემი სიშიშვლე, დარცხვენილი დავუბრუნდი საწოლს და მკერდზე ავიფარე პლედი, ნიკაპზე ნაზად მომკიდა თითები და თავი ამაწევინა.
- ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს, მითუმეტეს როცა ასე უღმერთოდ ლამაზი ხარ, -მითხრა თბილი ხმით, დაიხარა და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე, -როგორ გეძინა?
- არაჩვეულებრივად, -ბედნიერმა შევცინე.
- ჰოდა ადექი ახლა, წყალი გადაივლე, ვისაუზმოთ და მერე პატარა ექსკურსიას მოგიწყობ, აქაურობა ძალიან ლამაზია, რამდენიმე ადგილი უნდა გაჩვენო.

აბაზანიდან გამოვედი, რაკი თან არაფერი მქონდა, იოანეს მაისური გადავიცვი და ფეხშიშველი გავტანტალდი ოთახიდან, სამზარეულოში მივაგენი, გაზქურასთან იდგა, ყიყლიყოებს ბრაწავდა და თან რაღაც ძალიან ნაცნობ მელოდიას ღიღინებდა, მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ლოყით ზურგზე მივეკარი და ხელები მაგრად შემოვაჭდე წელზე.
- გშია? -მკითხა და ფრთხილად შემობრუნდა ჩემს მკლავებში.
- მგელივით მშიერი ვარ, -ვუპასუხე და თითის წვერებზე ავიწიე რომ მის ტუჩებს მივწვდომოდი.
- ნუ ცუღლუტობ, თორემ იცოდე დაგსჯი, -მუქარის ნიშნად ღიმილით დამიქნია თითი, -მიდი დაჯექი ჩემი საიდუმლო რეცეპტით მომზადებული ომლეტი უნდა გაგასინჯო.
უგემრიელესი საუზმის შემდეგ რომელიც რათქმაუნდა იოანემ მოამზადა, ისევ საძინებელში შემიყვანა და კარადა გამოაღო რომელიც ქალის სამოსით იყო სავსე.
- აქ შენი ტანსაცმელია, ჩაიცვი და გავიდეთ, -მიმითითა სხვადასხვა ძვირფასი ბრენდის სამოსზე რომელიც აშკარად ჩემი ზომის და გემოვნების მიხედვით იყო შერჩეული, არაფერი მითქვამს, ამ ორ დღეში უფრო უცნაური რაღაცეებიც მქონდა ნანახი, ონისე გავიდა, მე კი სპორტული შარვალი და გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი, დაბალძირიანი ფეხსაცმელიც და უკვე მზად ვიყავი, მისაღებში ჩავედი და თვითონაც შემომიერთდა, შემფასებლურად შემათვალიერა და ცერა თითი აღმართა მოწონების ნიშნად, სახლიდან ერთად გავედით, იოანეს თან პატარა ზურგჩანთა მოჰქონდა რომელშიც მისი მომზადებული სენდვიჩები და წყალი ეწყო, სახლს მოვცილდით თუ არა მალევე გადავუხვიეთ გზიდან და ტყეში შევედით, უხმოდ მივუყვებოდით ბილიკს, კარგა ხნის შემდეგ შევამჩნიე რომ ის კი არ მიმიძღვოდა მე, მე მივუძღოდი მას, გაოცებული შევდექი და საოცრად ნაცნობ გარემოს თვალი მოვავლე...
- რა ხდება? რატომ გაჩერდი? -გვერდით ამომიდგა და მხარზე მომხვია ხელი.
- არ ვიცი, -ნერვიულად შევიცურე თმაში თითები, წარმოდგენაც კი არ მაქვს სად მივდივარ, ასე ჩუმად რატომ მომყვები? რომ დავიკარგოთ?
- მგონი იცი სადაც მიდიხარ.
- ვიცი და ყველაზე მეტად სწორედ ეს მაბნევს, როგორ ვახერხებ გზის გაგნებას იმ ადგილებში სადაც პირველად ვარ, აქ სადღაც ჩანჩქერი უნდა იყოს არა? -დაეჭვებულმა ვკითხე.
- აქვეა, ცოტა ხანში მივალთ იქამდე.
- მე საიდან ვიცი ჩანჩქერის შესახებ?
- ამას მე მეკითხები? -გაეცინა და გვერდზე გახტა ჩემი მუშტი რომ აერიდებინა, -ნუ ბრაზობ, მივიდეთ ჩანჩქერამდე, შევისვენოთ და ყველაფერს აგიხსნი.
- იცოდე ყველაფერს მომიყვები, სადაცაა შევიშლები, ვგიჟდები როცა ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი უნდა მახსოვდეს და არ მახსოვს, -სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ, -როგორ შეიძლება რომ შენ არ მახსოვდე, ეს წარმოუდგენელია.
- გამიხსენებ, აუცილებლად გამიხსენებ და ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე ახლაა, -იმედით სავსე მზერა შემომანათა და შებრუნდა, -წამოდი, რაც მალე მივაღწევთ ჩანჩქერამდე მით უკეთესი.

აღფრთოვანებული გადავყურებდი ჩემს ქვემოთ გადაშლილ ულამაზეს სანახაობას, კლდის ნაპირზე ვიდექი, ჩემგან მარჯვნივ სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით აქაფებული მდინარე კლდეზე იმსხვრეოდა, გალიპულ ლოდებს გაცოფებული ღრიალით ეხეთქებოდა და ულამაზეს ჩანჩქერად იღვრებოდა ხეობაში...
- ასე ახლოს ნუ დგახარ კიდესთან შეიძლება გადავარდე, -თითქმის ყვიროდა იოანე რომ ჩემთვის ხმა მოეწვდინა, მისკენ მივბრუნდი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, შეშფოთებულმა გამოიწია ჩემსკენ, ხელით ვანიშნე რომ შეჩერებულიყო.
- ახლა ყველაფერს მომიყვები, იცოდე რამდენჯერაც შეეცდები რომ მომატყუო და სხვა რამეზე გადაიტანო საუბარი იმდენ ნაბიჯს გადავდგავ უკან, -ვცდილობდი მტკიცე ხმა მქონოდა და მგონი ამან გაჭრა.
- ასე ნუ მეხუმრები, -ვედრება ჩაუდგა თვალებში.
- მომიყევი.
- ტას გთხოვ, -კიდევ ერთხელ შემევედრა და მეც კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან.
- გაჩერდი, გაჩერდი, არ გაინძრე, კიდეზე დგახარ, ერთი ნაბიჯიც და გადავარდები, ასე ნუ მომექცევი, ნუ გამწირავ, მე მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერი იყო, კარგად იყო, ჩემთან ერთად იყო, გიყვარდე, მინდა რომ ისევ დაწერო ჩემზე...
წინ გადავდგი ნაბიჯი და ხელები გავიწვდინე მისკენ, გავუღიმე აღარ მინდოდა კიდევ უფრო მეტად შემეშინებინა, როგორც იქნა თავისუფლად ამოისუნთქა და მოდუნდა, ის იყო ჩემსკენ წამოვიდა რომ ვიგრძენი როგორ შეიძრა ჩემს ფეხქვეშ კლდე, ის ადგილი სადაც ვიდექი უმცირეს ნაწილებად დაიფშვნა, უფსკრულში ჩაეშვა და მეც თან გამიყოლა...
-
-

- გაინძრა ხელს ამოძრავებს, მგონი გადარჩა.
- სასწრაფო გამოიძახა ვინმემ?
- გამოვიძახე მაგრამ მოდის?
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა ხმები, გაჭირვებით გავახილე თვალები და დაბინდული მზერით ძლივს გავარჩიე ჩემსკენ დახრილი სილუეტი.
- იოანე, -ამოვილუღლუღე ძლივძლივობით, -იოანე.
- შალვა მქვია შვილო, არ ვიცი იოანე ვინ არის მაგრამ მშვიდად უნდა იყო, სასწრაფო მალე მოვა, წამოდგომა არ სცადო მგონი ფეხი გაქვს მოტეხილი, -შუახნის ჭაღარათმიანი მამაკაცი შეწუხებული სახით დამცქეროდა ზემოდან, ვერ ვხვდებოდი რა მოხდა და აქ რა მინდოდა, შუა ქუჩაში ვიწექი და შორიდან ისმოდა სირენების ხმა, ორიოდე წუთში როგორც კი საბოლოოდ მოვედი გონს ტკივილის შეგრძნებამაც იმატა და გაუსაძლისი გახდა, წამოვიწიე რომ მენახა რა მჭირდა, ასფალტზე დაღვრილი სისხლი, უცნაურად მოღრეცილი მარჯვენა ფეხი და ფეხიდან გამოჩრილი ძვალი რომ დავინახე, განწირული ხმით შევყვირე და გონება დავკარგე.
საავადმყოფოში მოვედი გონს, საწოლთან თამთა იჯდა გაწამებული სახით და ჩემი ხელი ხელში ეჭირა, თვალები გავახილე თუ არა მეცა, ჩამეხუტა და პატარა ბავშვივით აღრიალდა.
- მაპატიე ტასო, ყველაფერი ჩემი ბრალია, მე რომ საკონდიტროში არ გამეგზავნე არაფერი არ მოხდებოდა.
- რას ამბობ, რა საკონდიტრო?
- არ გახსოვს? ზურიკოს დაბადების დღის ტორტი უნდა შეგეკვეთა და...
- აქ ვინ მომიყვანა? რამდენი ხანია რაც აქ ვარ.
- რამდენიმე საათის წინ მოგიყვანეს, შალვა იყო შენთან ერთად, ის კაცია ვინც შენ დაგეჯახა, არ მიდიოდა მაგრამ მე გავუშვი, საწყალი ხუთი შვილი ყავს მისახედი, ხარჯებს გადავიხდიო ამბობდა მაგრამ არაფერი არ გამომირთმევია, მითუმეტეს რომ არაფერში არ არის დამნაშავე...
შეუსვენებლად ლაპარაკობდა მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მესმოდა, ის რომ იოანე სინამდვილეში არ არსებობდა და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო, ნუთუ ეს ყველაფერი მესიზმრა, ნუთუ სანამ ქუჩაში გათიშული ვიწექი... ღმერთო ჩემო როგორ შეიძლება იოანე არ არსებობდეს როცა ჯერ კიდევ ვგრძნობ ტუჩებზე მის სითბოს, როცა ჯერ კიდევ მითრთის სხეული მისი შეხება რომ მახსენდება, მისი გრილი თითები, თვალები, ხმა, ღიმილი...
- რა გჭირს ტას რატომ ტირი? გტკივა რამე? -თამთას ხმა მომესმა და მაშინღა შევამჩნიე რომ ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები.
- მტკივა, ძალიან მტკივა, -სასოწარკვეთილ ქვითინს ამოვაყოლე სიტყვები და მთელი ძალით ჩავეხუტე.


- ფეხი უკვე მოგირჩა, გარეთ გასვლას არ აპირებ? -დედაჩემმა ჩემი საყვარელი ჩაი დამიდო წინ და გვერდით მომიჯდა, აივანზე ვიჯექი მოწნულ სკამში, თმაგაჩეჩილი და აბაზანის ხალათში გამოწყობილი ჩემს მეზობელ ლამარას ვგავდი, ვიჯექი ასე მთელი დღეები და უაზროდ გავყურებდი სივრცეს.
- სიზმრების გჯერა? -ვკითხე და ქაფქაფა სითხე მოვსვი.
- მჯერა, ხანდახან ისე ცხადად მესიზმრება ხოლმე რაღაც რომ ვიღვიძებ მგონია რომ სინამდვილეში მოხდა, რატომ მეკითხები?
- ამაზე აქამდე რატომ არ დავფიქრდი? -თავში შემოვირტყი ხელი და ფეხზე წამოვხტი, უნდა წავიდე და ის სახლი უნდა მოვძებნო, იქნებ მოვახერხო პოვნა, იქნებ...
- რა სახლი? რას ამბობ, გაგიჟდი? -ისეთი სახით შემომხედა ისიც შემეცოდა და საკუთარი თავიც, ისევ დავჯექი და თვალები დავხუჭე, არავისთვის არაფერი მითქვამს იოანეს შესახებ, მაინც არავინ დამიჯერებდა, ცუდად ვიყავი თუმცა ვერავინ ხვდებოდა რა მჭირდა, მთელ სამყაროსთან გავწყვიტე კავშირი და საკუთარ თავში ჩავიკეტე, მთელი დღე სახლში ვიყავი გამოკეტილი, თამთასაც კი ვეჩხუბებოდი და არ ვიკარებდი, ღამე კი სიზმრებში მუდამ იოანეს სახეს ვხედავდი და აღრიალებულს მეღვიძებოდა, ნაცნობები და ოჯახის წევრები ავარიას და მის შემდგომ სტრესს აბრალებდნენ ჩემს ასეთ მდგომარეობას...
- თამთამ დარეკა, რაღაც ვიპოვე და ტასოსთვის მომაქვსო, იცოდე არ გააგიჟო ის გოგო და არ გააქციო თორემ ვერ გადამირჩები ცოცხალი, -დამემუქრა და ჩუსტების ფლატუნით შევიდა მისაღებში, ნახევარი საათი არ იყო გასული რომ თამთა თავზე დამადგა, აივანზე გამოვიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა, ხელში ძველისძველი ჟანგიანი ყუთი ეჭირა.
- გახსოვს ეს ყუთი? -ცხვირწინ ამიფრიალა, გონება დავძაბე მაგრამ ვერაფრით გავიხსენე.
- მეც არ მახსოვდა სანამ დღეს დილით ლომამ ბროწეულის ძირას ორმო არ გათხარა და არ ამოიღო.
- არ მჯერა, ეს ის ყუთია? -ღიმილი გადამეფინა სახეზე და გასახსნელად დავწვდი, -მიდი იმ კარადიდან ბრტყელტუჩა გამოიღე და მომაწოდე რა, -კარადაზე მივუთითე, სახეგაბრწყინებული დავყურებდი ყუთს რომელიც მე, თამთამ და ჩვენმა მაშინდელმა მეგობარმა ნიტამ ჩავფალით ბროწეულის ქვეშ, სანამ ჩავფლავდით ჩვენი ყველაზე სანუკვარი სურვილებით გავავსეთ და სურვილების ყუთი ვუწოდეთ.
- რა დრო გავიდა არა? -ფრთხილად გადავწიე საკეტი და სახურავი ავხადე.
- მთელი ცხრა წელია, იმ ხის ქვეშაა დამარხული, მაშინ სულ რაღაც ცამეტი წლისები ვიყავით, მოიცა ეს ჩემი სურვილია, -გაყვითლებულ ქაღალდებს დასწვდა და ღიმილით გადაავლო თვალი.
- ეს კი ჩემია, -ორად გადაკეცილი თაბახის ფურცელი ავიღე და გავშალე, -ჯანდაბა, -აღმომხდა გაოცებულს, ფურცელზე იოანე იყო გამოსახული, პორტეტი ფანქრით, საოცარი სიზუსტით იყო შესრულებული.
- მაჩვენე რა, -თამთამ ხელიდან გამომტაცა ფურცელი, სულ მაინტერესებდა რა დახატე ამ ფურცელზე.
- მე დავხატე?
- ჰო შენ რა არ გახსოვს? მთელი დღე ხატავდი, ცოცხალი თავით არ გვაჩვენებდი მე და ნიტას, ღმერთო ჩემო რა სიმპათიურია, ასე მგონია ნამდვილი პიროვნებაა და არა გამოგონილი, ასე რეალურად როგორ დახატე? ნახე, უკან რაღაცეები აქვს მიწერილი, ფურცელი გადააბრუნა და კითხვა დაიწყო... მგონი შენი ოცნებებია ჩამოწერილი, გინდა რომ იოანე ერქვას, მერე წერია როგორი უნდა იყოს, მოიცა ეს რა არის? უსიერ ტყეში, ხის ღობით, წითელი სახურავით და მწვანე დარაბებით...
თამთას აღარ ვუსმენდი, გამშრალი, გაშეშებული ვიჯექი და გონებაში მისი უკანასკნელი სიტყვები მიტრიალებდა...
- მინდა რომ ისევ დაწერო ჩემზე...


- ორი წლის შემდეგ -

მკითხველებთან შეხვედრა წარმატებით მიმდინარეობდა, რომანიდან ნაწყვეტები წავიკითხე და მათ კითხვებს ვუპასუხე, ყველას ერთი რამ აინტერესებდა, მართლა არსებობდა იოანე თუ მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა და თუ მართლა არსებობდა ნამდვილად ასეთი იდეალური იყო თუ არა.
დაღლილი თუმცა ძალიან კმაყოფილი ვიჯექი მაგიდასთან და ჩემს წინ ავტოგრაფის მსურველთა უზარმაზარი რიგი იდგა, რომანი გამოსვლისთანავე გაყიდვების სათავეში მოექცა, იმ დღის მერე როცა თამთამ სურვილების ყუთი მომიტანა მთელი თვის განმავლობაში ვეძებდი იმ სახლს ტყეში, ვერ მივაგენი, თუმცა არასდროს, ერთი წამითაც კი არ მიფიქრია რომ იოანე არ არსებობდა, ვერავინ მაიძულებდა დამეჯერებინა რომ მასთან ერთასდ გატარებული დრო უბრალოდ სიზმარი იყო და მეტი არაფერი, სახლის ძიებით დაღლილმა გადავწყვიტე ისევ დამეწყო წერა, მთელი ჩემი გრძნობები განცდები და სურვილები ფურცლებზე გადავიტანე და შედეგმაც არ დააყოვნა...
- ვიცოდი რომ ისევ დაიწყებდი წერას, -მონატრებული ხმა რომ მომესმა და წიგნზე შემოჭდობილი ნაცნობი თითები რომ დავინახე, გულმა რამდენიმე წამით შეწყვიტა ფეთქვა, თავი ავწიე და აწყლიანებული თვალებით ავხედე მაგიდასთან მდგარს და მომღიმარს.
- გინდოდა რომ შენზე დამეწერა, ჰოდა დავწერე, -არც კი მჯეროდა რომ ასეთი შოკის შემდეგ კიდევ შემეძლო მისთვის პასუხის გაცემა.
- გინდა გაიგო მაშინ სინამდვილეში რა მოხდა? -გამომცდელად შემომხედა და თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- მთავარია რომ აქ ხარ, ჩემთან, მთავარია რომ დაბრუნდი, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა.
ასეც იყო არ მაინტერესებდა რა მოხდა მაშინ, მის გარდა არავინ და არაფერი არ მაინტერესებდა, ვუყურებდი თვალებში რომლებშიც ჩემი სახე ირეკლებოდა და ნელ-ნელა ფერადდებოდა სამყარო ჩემს ირგვლივ.
- მომენატრე ტას, -ისე უბრალოდ მითხრა ვითომ ჩვენს შორის განშორების ორი წელი არ მდგარიყოს, დაიხარა და ჩევეულებისამებრ ნაზად შემეხო ტუჩებზე, თვალები დავხუჭე და მონატრებული სურნელი ღრმად ჩავისუნთქე.
- ახლა რა მოხდება, ისევ სადღაც დაიკარგები?
- არასად წასვლას არ ვაპირებ, დაგელოდები და რომ მორჩები ერთად წავიდეთ სახლში.
- რომელ სახლში? -მოვიღუშე და წარბები შევკარი, ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა ის ერთი თვე ტყის სახლს გამწარებული რომ ვეძებდი.
- ჩვენს სახლში ტას, -ჩვეული დამაბნეველი ღიმილით გამიღიმა და გვერდზე გადგა რომ ავტოგრაფის შემდეგი მსურველისთვის ადგილი დაეთმო...
-
-
-

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Lilagogo❤️
Miyvars me sheni shemoqmedeba))
Azraels veli moutmenlad))

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო და არაორდინალური შემოქმედებაა ნამდვილად, ზღაპრულ სამყაროში ,რომ გამოგზაურებს, ოცნებების რეალიზებას რომ გაგრძნობინებს და შეუძლებელს შესაძლებლად მოგაჩვენებს...♥️♥️♥️♥️ძალიან კარგია ძალიან...

 


№3  offline წევრი ლილა ნესი

Daldoni Daldoni
საინტერესო და არაორდინალური შემოქმედებაა ნამდვილად, ზღაპრულ სამყაროში ,რომ გამოგზაურებს, ოცნებების რეალიზებას რომ გაგრძნობინებს და შეუძლებელს შესაძლებლად მოგაჩვენებს...♥️♥️♥️♥️ძალიან კარგია ძალიან...


მადლობა, ხანდახან როცა რაღაც ისტორიას ვწერ და მუზა სადღაც გამიფრინდება ხოლმე სხვა რაღაცეებზე გადართვა მშველის, ''სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ'' გამეწელა ცოტა, გავიჭედე და ამ პერიოდში ზუსტად ორ დღეში შემომეწერა ეს ციცქნა ისტორია blush
მიხარია თუ მოგეწონათ heart_eyes

One
Lilagogo❤️
Miyvars me sheni shemoqmedeba))
Azraels veli moutmenlad))


ჩემი აზრაელი ახლა წერის პროცესშია, ფაქტიურად თავიდან ვწერ, ბევრი რამ შევცვალე და გადავაკეთე, დასაბეჭდად ვამზადებ.

 


№4  offline წევრი teko❤️❤️❤️

არ მინდოდა დამთავრებულიყო:( ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძალიან კარგი იყო ❤️

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

teko❤️❤️❤️
არ მინდოდა დამთავრებულიყო:( ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძალიან კარგი იყო ❤️


მადლობა heart_eyes

 


№6 სტუმარი ირკა

აბდაუბდა ბოდიალი. არ მომეწონა

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

ირკა
აბდაუბდა ბოდიალი. არ მომეწონა


კაი კაცო :)
შეგეძლოთ უბრალოდ გეთქვათ რომ არ მოგეწონათ, მაგრამ რაკი თქვენს თავს იმის უფლებას აძლევთ რომ აბდაუბდა ბოდიალი უწოდოთ მაშინ მეც არ მოგერიდებით და გეტყვით
რაკი თქვენმა გონებამ ვერ შეძლო გაგება და გააზრება ეს იმას არ ნიშნავს რომ აბდაუბდაა, ამის შემდეგ მარტივი დიალოგებით აწყობილი ისტორიები იკითხეთ რომ სათუთი ტვინი ზედმეტად არ აიტკიოთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent