შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრები ძილის წინ 1_6 თავი


18-02-2023, 00:10
ავტორი ვე რა
ნანახია 9 741

ზღაპრები ძილის წინ 1

ამბობენ, როცა ყველაზე მეტად გტკივა, სწორედ მაშინ, ტკივილისგან რომ არ გაგიჟდე გონება ეძებს რაიმეს, რაზეც ყურადღებას გადაიტან. წამიერად დარდს დაგავიწყებს, თითქოს ცდილობს ამოისუნთქოს, გადაიტვირთოს და განახლდეს. თუ ამას ვერ ახერხებს, უბრალოდ ცოტა ხნით ითიშება. სწორედ ასეთი რამ მჭირდა, მაშინ ირაკლის გასვენების დღეს. ყველაფერი. ისე ხდებოდა, თითქოს მე არ მეხებოდა და მაინც ყველაფრის ეპიცენტრში ვიყავი.
ვეღარ ვტიროდი, ვეღარ ვკიოდი, ვეღარ ვსუნთქავდი. ყველაფერი მახსოვს მომენტებად , კადრებად დაჩეხილი. მახსოვს, როგორ მორჩილად მივდევდი პროცესიას სასაფლაომდე და საკუთარ სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. ყველაზე ცხადად მახსოვს, როგორ გაჩერდა რომელიღაც შავი მდიდრული მანქანა მძღოლმა როგორ გამოაღო მგზავრის კარი და იქიდან შავებში ჩაცმული ქერა ქალი გადმოვიდა. წელშიგამართული , უცნაური სიარულის მანერით. პატარა ქუდზე მიმაგრებული ვუალით და ქუსლების კაკუნით მოგვიახლოვდა. მე ჩასასვენებლად გამზადებული მეუღლის კუბოს ვებღაუჭებოდი მოვთქვამდი და ტირილისგან ვხაოდი. ვიღაც სხვა კი ჩემს შიგნით იმ ქალს არ აცილებდა თვალს. ცოტა ხანს სასახლეს უყურა უემოციო სახით. შემდეგ მე. ბოლოს თვალი ჩემს ერთი წლის შვილს მიაპყრო. ტუჩებზე წვრილმა უსიამო ღიმილმა წამიერად გადაურბინა. სასახლისთვის აღარც კი დაუხედავს მკვეთრად გვაქცია ზურგი და მანქანისკენ გაბრუნდა. თან გაიყოლა ხალხის ჩურჩული და ეჭვიანი მზერა.
მიმავალს ვუყურებდი ზურგიდან და ვფიქრობდი, ვის თუ რას მაგონებდა მისი სიარულის მანერა. იყო მასში რაღაც საოცრად ნაცნობი და უცნაურად საშიში. ან მე ვიყავი იმ წამს ძალიან უბედური და ყველაფერს მძაფრად აღვიქვავდი.
კიდევ ერთი წამით გაჩერდა მანქანასთან, როცა ჩემმა სასოწარკვეთილმა კივილმა გაჰკვეთა ჰაერი.
_ ირაკლიიი!_ ვეძახდი ჩემს ნახევარს, როცა მას მიწაში უშვებდნენ თოკებით. მახსოვს, როგორ ამოასრიალეს პირღია ორმოდან ორი მსხვილი ბაგირი და მერე თვალთ დამიბნელდა, თითქოს იმ ორმომ მეც ირაკლისავით მშთანთქა.

პატარა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ბინა სარემონტო იყო და არც ავეჯი გვქონდა გადასარევი, მაგრამ ჩვენს სახლში მაინც საოცარი სიმყუდროვე სუფევდა. კედლებზე ვან გოგის რეპროდუქცია ეკიდა. ირაკლი მიხატავდა ხოლმე ცნობილი მხატვრების სურათების ასლებს, რადგან იცოდა ჩემი სიყვარული მათი ნახატებისადმი.. ასევე კლიმტის უზარმაზარი "კოცნა" დავახატინე და მისაღებში ჩამოვკიდე. ამ ბოლოს რაც ირაკლი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყვითელი ფერი შემიყვარდა, მზისფერი, სითბოსფერი, სიცოცხლისფერი.

_ ჩემი ნახატები არ მოგწონს ქალბატონო? ეს რეპროდუქციები გირჩევნია?_ მეკითხებოდა ირაკლი.

_ საკუთარი ლუვრი მაქვს!_ ვიცინოდი მე _ აბა რა გგონია, ასე ხდება , როცა სახლში საკუთარი მხატვარი გყავს!

ხელმომჭირნედ ვცხოვრობდით, როგორც მხატვრის ოჯახს შეეფერებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი უდაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული მხატვარი იყო. ყველაზე მეტად კომიქსების ხატვა მოსწონდა, ზღაპრების და მითოლოგიური ამბების დასურათება. უსაშველო ფანტაზიის პატრონს მთელი სამყარო სამხატვრო ასპარეზად მიაჩნდა.სტაბილური სამსახური არ ჰქონდა, ხან იყო დღე სურათს ვინმე უცხოელი ათასებში იყიდიდა, ხან თვე ისე გავიდოდა ვერაფერს გაყიდდა.

მე სტუდენტი ვიყავი, მესამე კურსს ვამთავრებდი მას რომ შევხვდი. მას მერე ერთად ვიყავით. დედაჩემი რაჭის შორეულ სოფელში ცხოვრობდა. ხშირად გვეუბნებოდა მასთან გადავსულიყავით და ერთად გვეცხოვრა. ირაკლი მზად იყო ნებისმიერ წამს გაქცეულიყო და თავი რაჭის მთებისთვის შეეფარებინა საოცარი ბუნების მეტი რა უნდა ნდომოდა მხატვარ ადამიანს. მაგრამ მე ქალაქი არ მეთმობოდა. ახლა ვფიქრობ და ვერ ვხვდები, ან კი რა მქონდა ვერ დასათმობი? მაგრამ ქალაქში სულ სხვა პერსპექტივები მესახებოდა. მეგონა სამსახურს ადვილად ვიპოვნიდი და წინსვლის შანსიც მეტი მექნებოდა. თავგადაკლულად ვსწავლობდი ინგლისურ ფილოლოგიას. თან ერთ_ერთ დიდ სუპერმარკეტში მოლარედ ვმუშაობდი. ბინის ქირა რომ გადამეხადა. ირაკლის გაცნობის შემდეგ, როცა ერათად ცხოვრება გადავწყვიტეთ საცხოვრებლად მის მოცუცქნულ ბინაში გადავედი.
უნივერსიტეტი დავამთავრე და ის ის იყო კარიერისთვის უნდა მიმეხედა, ორსულად დავრჩი. ძალიან განვიცდიდი, სახლი ჩვენ არ გვქონდა, წესიერი სამსახური ჩვენ არ გვქონდა. დედაჩემი შორს იყო .
ის კი საკუთარ ოჯახზე ხმას არ იღებდა. საერთოდ გულღია მხიარული და ნათელი ადამიანი იყო, მაგრამ ხან და ხან მაინც ვამჩნევდი მის თვალებში რაღაც ფარულ სევდას.

_ რატომ არაფერს მიყვები შენს ოჯახზე? ძალიან მინდა მათი გაცნობა. იქნებ გგონია არ მომიწონებენ? იქნებ გრცხვენია ჩემს გამო ბატონო ირაკლი?_ გავკენწლე ერთ დღეს.

_ ქეთი რა გინდა რომ მოგიყვე? მოსაყოლიც არაფერია? მამა აღარ მყავს. დედა კი ... იქნებ ჯობია ისიც არ მყავდეს? დედისერთა ვარ, ერთადერთი მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი!_კარგად შენიღბული სევდით მიპასუხა მან.
გამიკვირდა დედაზე ისე უცნაურად საუბრობდა. რას ნიშნავდა მისი სიტყვები?

_ცუდი ურთიერთობა გაქვთ?_ ინტერესი არ მასვენებდა მე.

_ საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა! შენ კი კაცმა რომ თქვას გაგიმართლა, დედამთილის ყოლას გადაგარჩინე!_ გაეცინა მას და ქურთუკი აიღო. მივხვდი უბრალოდ საუბარს არიდებდა თავს და გარეთ გასვლაც ამიტომ მოიმიზეზა. თავი დავანებე, ვიფიქრე თავად მომიყვებოდა ყველაფერს ოდესმე , როცა ამის დრო დადგებოდა .

ერთ დღეს უკვე ორსულად ვიყავი. მაღაზიიდან სვენებ სვენებით მოვუყვებოდი გზას , რომ გზის ნაპირზე მკვეთრად დაამუხრუჭა შავმა მანქანამ. დაბურული შავი შუშებით. ორმოცდაათი მეტრიღა მიკლდა სახლამდე. თავიდან ყურადღებაც არ მიმიქცევია. უცებ დავინახე როგორ გამოვარდა სახლიდან შეშლილი სახით ირაკლი. გვერდით ისე ჩამირბინა არც კი შეჩერებულა.
_ შედი ახლავე სახლშიო!_ მომაძახა და მანქანიდან გადმოსულ შავ სათვალეებიან მაღალ და საკმაოდ მკაცრი შესახედაობის მძღოლს გზა გადაუჭრა.

_ ბატონო ირაკლი თქვენთან საუბარი სურს!_ უთხრა ბოხი ხმით მძღოლმა.

_ კარგი! ავიტან კიდევ რამდენიმე წუთით!_ უპასუხა უხეშად ჩემმა თბილმა და მოსიყვარულე ქმარმა.
მე თავით სახლისკენ მანიშნა გაბრაზებულმა, რადგან ფეხს არ ვიცვლიდი ადგილიდან და თავად მანქანისკენ დაიძრა.მძღოლმა მანქანის კარი მოწიწებით გაუღო. ამ ჟესტმა კიდევ უფრო გამაოცა.
მანქანა ნელა დაიძრა ადგილიდან.

დაბნეული და აფორიაქებული სახლში შევედი.
ვერაფერი გამეგო. ნავაჭრი მაგიდაზე დავაწვყე და ფანჯარასთან ჩამოვჯექი.
ეტყობოდა შეძლებული ადამიანი უნდა ყოფილიყო , იმიტომ რომ მანქანა საკმაოდ ძვირფასი ჩანდა.
მძღოლსაც ძვირფასი ფორმა ეცვა. ვინ იყვნენ რა სურდათ? რატომ ექცეოდა ის კაცი ჩემს ქმარს ასე მოწიწებით? განა ვინ იყო ირაკლი? ერთი ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი მხატვარი.
ოცი წუთიც კი არ გასულა მანქანა კვლავ ჩვენს ფანჯრებთან გაჩერდა. ირაკლი სწრაფად გადმოვიდა.

_ მეორედ აქ მოსული აღარ დაგინახო! ჩემს ოჯახს არ მოუახლოვდე!_ ისე უხეშად მიაძახა და კარი ისე მიუჯახუნა შიგნით მსხდომთ, რომ შიშით მე შევხტი სახლში.
ირაკლი სახლში ფეხარეული შემოვიდა, ნერვიულობისგან ჯერ ისევ უკანკალებდა ხელები.

_ გამაგიჟებს ეს ქალი!_ ამოთქვა და სკამზე ჩამოჯდა.

_ ვინ ქალი ირაკლი?_ ვკითხე გაოცებულმა.

_ დედაჩემი, ქალბატონი როენა რევია._ მიპასუხა მან და ამოიოხრა.

_ დედა? რატომ არ გამაცანი? რა დაგიშავა ასეთი დედამ, რომ ასე მოიძულე?_ ვკითხე კიდევ უფრო გაოცებულმა.

_ თავისი მარწუხებით ჯერ მამა დაახრჩო, ახლა მე მომიბრუნდა , მე რომ მომინელებს ალბათ ჩემს შვილს მიადგება!_ შვილის ხსენებაზე ინსტიქტურად ხელები გაბერილ მუცელზე ავიფარე. თითქოს ასე დავიცავდი ჩემს შვილს.

_ არ მინდა მისი არც ფული, არც ქონება, არც სახლი!
ოღონდაც თავისუფლად სუნთქვის საშვალება მომცეს. არ მსურს ჩემი ვაჟი მის ახლოს იზრდებოდეს! იქნებ მართლაც წავსულიყავით რაჭაში ნენესთან?_ ჩაფიქრებით მკითხა მან.

_ ირაკლი ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე?_ გავბრაზდი მე._ არ გინდა დედაშენის ნახვა და არ ნახავ. განა რა ალქაჯია ასეთი , რომ ცხრა მთას იქით უნდა გადავიკარგოთ მისი შიშით?

_ ალქაჯი?_ჩაეცინა სიმწრით ირაკლის_ სწორედ რომ ალქაჯი!.

რამდენს ვფიქრობ ხოლმე ჩვენს მაშინდელ საუბარზე ახლა. რა იქნებოდა მაშინ რომ მართლაც წავსულიყავით რაჭაში? ახლა ალბათ ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. ახლა კი მყავს ოთხი წლის ობოლი ბიჭუნა და გარდაცვლილი საყვარელი ქმარი. მე ისევ არაფერს წარმოვადგენ. ისევ არ მაქვს წესიერი სამსახური. წესიერს ვინ ჩივის , იმდენ ხელაფასსაც კი ვერ ვიღებ , რომ ბავშვს სრულფასოვნად ვაჭამო. ხან და ხან ვფიქრობ ჩავალაგო ბარგი და უკანმოუხედავად გავიქცე დედაჩემთან. მაგრამ მახსენდება, როგორ მთხოვდა იგივეს ჩემი ქმარი და ჯიუტად ვრჩები თბილისში. იმიტომ, რომ მე ამ გაჭირვების ღირსი ვარ. იმიტომ, რომ ჩემი სიჯიუტის გამო ირაკლი აღარ მყავს და ახლა ვალდებული ვარ ყველა ჩვენი ოცნება ავისრულო! ამით მაინც გავამართლო ჩემი არსებობა ამ დედამიწაზე.
ირაკლის ნახატები ერთადერთია რაც მასთან მაკავშირებს და კიდევ ჩვენი თომა, ოქროს თმიანი ლამაზი და ჭკვიანი ბიჭი. მამამისის ნიჭი გამოჰყვა. საოცრად ხატავს. ძალიან უყვარს ზღაპრები. ძილის წინ მაყოლებს ხოლმე. მე კი მაღაზიიდან მოსულს გადაქანცულს და გამოფიტულს ზოგჯერ თავად მეძინება გადაშლილ წიგნზე. იმ დროზე ვოცნებობ, სიმშვიდე რომ დაისადგურებს ჩემს გულში , სულში და ფიქრებში.

2

ირაკლის სიკვდილის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. თავიდან ვერაფრით გავიმეტე მისი ნახატები გასაყიდად. დიდხანს ვებრძოდი თავს. მაგრამ ბოლოს დავნებდი. თომა პატრა იყო. არც დამტოვებელი მყავდა. შუა სემესტრში ვერც ბაღში მივიყვანე. არადა მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის.
ამგვარად სხვა გზა რომ აღარ დამრჩა ირაკლის დანატოვარი ნახატების გაყიდვა დავიწყე. მართალი ყოფილა, სიკვდილი ადამიანს მეტ ფასს სძენსო რომ ამბობენ. მხოლოდ კლიმტისა და ვან გოგის ნახატების ასლები დავიტოვე. ეს ორი ნახატი ხომ მხოლოდ ჩემი თხოვნით დახატა ჩემმა ქმარმა. დანარჩენი ყველაფერი გავყიდე. ერთ ოთახიანი სახლი ვიყიდე და მომდევნო სამი წელი შევძელი როგორღაც თავი გამეტანა.ამასობაში თომა წამოიზარდა და ბაღში მივიდა, მე კი მაღაზიას დავუბრუნდი. ჩემი დაუსრულებელი განათლების გამო სხვაგან მაინც ვერაფერს ვიპოვნიდი.

თომა საოცრად კარგად ხატავდა. მამის ნიჭი მემკვიდრეობით გამოჰყვა. მშვიდი , დამჯერი და გონიერი ბავშვი იყო. იმაზე მეტს იაზრებდა ვიდრე მისი ასაკის სხვა ბავშვები. ოღონდ რატომღაც მარტო თამაში ერჩივნა ბავშვებთან ყოფნას. იჯდა და ფანჯრიდან საათობით იყურებოდა, წინ კი სახატავი ედო და მავთულზე აბუზულ ბეღურებს ხატავდა. ირაკლიზე ხშირად მეკითხებოდა, მამის ხსოვნა მისთვის მნიშვნელოვანი იყო და მეც ვეუბნებოდი, რომ მას საუკეთესო მამა ჰყავდა. თომა ამითაც ბედნიერი იყო.

ერთ დღეს საღამოს თომას ძილისთვის რომ ვამზადებდი. კარზე კაკუნი გაისმა.
_ დედიკო ჩაწექი და დამელოდე, აი ეს ზღაპრების წიგნი. სანამ მოვალ ამოირჩიე რომელის წაკითხვა გინდა._ ვუთხარი თომას და კარის გასაღებად ოთახიდან გავედი.

ვერც კი წარმომედგინა წინ როგორი სიურპრიზი მელოდა, კარი რომ გავაღე მედიდური გამომეტყველების , გემოვნებით ჩაცმული , ქერა ქალი შემრჩა ხელთ. თითქოს მეცნობოდა მისი სახე, მაგრამ ვერაფრით ამოვიცანი.

_ გისმენთ!_ ვუთხარი დაბნეულად.

_ საღამო მშვიდობისა ქეთევან!_ ცივი ხმა ჰქონდა და გამჭოლი მწვანე თვალები. ეტყობოდა ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო.

_ საღამო მშვიდობისა!_ მივესალმე მეც და უფრო დავაკვირდი. არა, სადღაც უეჭველად მენახა, მაგრამ სად?

_ შენ მე პირადად არ მიცნობ , მაგრამ ვფიქრობ ჩემი შვილი რამეს აუცილებლად მოგიყვებოდა ჩემზე!_ შემოუპატიჟებლად შემოკაკუნდა და სახლი ინტერესით მოათვალიერა.

_ მე როენა რევია ვარ ძვირფასო, შენი დედამთილი!_ მითხრა და ხელი გამომიწოდა.
ეს გამოწვდილი ხელიც რაღაც ქედმაღლურად ეჭირა ხელის ზურგით ოდნავ ზემოთ, თითქოს ხელის ჩამორთმევას კი არა ხელზე მთხვევას ელოდებოდა ჩემგან.
ფრთხილად შევეხე ხელზე და ვერ გეტყვით ირაკლის დამოკიდებულებამ მის მიმართ, თუ მისმა გაყინულმა ხელის გულმა სხეულში უსიამო ჟრუანტელად დამიარა.

_ მობრძანდით ! _ ვუთხარი და ჩემს პატარა მისაღებში შევიპატიჟე, რომელიც ამავე დროს სამზარეულოც იყო. ქუსლების კაკუნით შემომყვა, თვალი შევასწარი, როგორი დამცინავი ღიმილით მოავლო თვალი ჩემს სახლს. თუმცა არაფერი შევიმჩნიე , გულში ვინატრე: ნეტა კარი სულ არ გამეღომეთქი!
შეთავაზებული სკამის კიდეზე ჩამოჯდა, წელშიგამართული და ხელები კალთაში ჩაიწყო.

_ გისმენთ!_ ვუთხარი, რაც შემეძლო ცივად. თითქოს ვანიშნე მალე მითხარი სათქმელი და დამტოვემეთქი.

_ ვხედავ დიდი ვერაფერი ქონება დაგიტოვა ქმარმა!_ მრავალმნიშვნელოვნად აიქნია ნიკაპი კედელზე დაკიდული " კოცნისკენ".
ყელში ბურთივით გამეჩხირა ბრაზი.

_ შენთან შემოთავაზება მაქვს. _ განაგრძო მან საქმიანად.

_ როგორც იცი, ირაკლი ჩემი ერთადერთი შვილი იყო. მან კი მიმატოვა და მეამბოხე ცხოვრება არჩია. უარი თქვა ყველაფერზე, რაც კანონით ეკუთვნოდა. მასთან ვერაფერს გავხდი. არც შეგონებამ, არც მუქარამ არ გაჭრა და მერე ის უბედურებაც მოხდა._ ისე საუბრობდა დაღუპულ შვილზე თითქოს ვიღაც უცხოს ამბავს ყვებოდა. არანაირი სინანული, ან სევდა არ ემჩნეოდა. ორიდან ერთი იყო, ან ცივსისხლიანი ქალი იყო, ან კარგად იცოდა , როგორ ემართა საკუთარი ემოციები.

_ დიახ ვიცი , რომ საუკეთესო ურთიერთობა არ გქონდათ!_ გავკენწლე მე, რადგან მაბრაზებდა მისი გულქვაობა. ჩემს სიტყვებზე ცალი წარბი მაღლა ასწია.

_ მედალს ორი მხარე აქვს. შენ კი ქეთევან, მხოლოდ იმას ხედავ, რისი დანახებაც შენთვის ირაკლიმ მოისურვა! სიმართლე კი ასეთია , რომ მე არ მსურდა ჩემი ვაჟი მხატვარი ყოფილიყო. მინდოდა დიპლომატი, იურისტი ან უკიდურეს შემთხვევაში წარმატებული ექიმი გამოსულიყო. _ ხელებზე ვაკვირდებოდი, არც კი ამოძრავებდა , როგორც თავიდან დაიწყო მუხლებზე ისევ ისე ელაგა.

_ მან კი მიატოვა ყველაფერი, როგორც განებივრებულმა პატარა ბავშვმა და სახლიდან გაიქცა. მითხარი შენ რას იზამდი ჩემს ადგილზე?_ მისმა შეკითხვამ გამომაფხიზლა თვალი მის ლამაზ მოვლილ ხელებს მოვწყვიტე და თვალებში შევხედე. ინტერესით მიყურებდა , თითქოს აინტერესებდა რა გავლენა მოახდინა ჩემზე მისმა სიტყვებმა.

_ დიახ გასაგებია!_ ვუთხარი მე ორაზროვნად. _ და ახლა რამ მოგიყვანათ ჩემთან?

_ ბიჭუნამ, რა თქმა უნდა!_ მიპასუხა ოდნავ გაოცებულმა_ სხვას რას უნდა მოვეყვანე? მამის სიკვდილის შემდეგ ბიჭუნა ერთადერთი სრულუფლებიანი მემკვიდრეა და უფლება აქვს ისე იცხოვროს , როგორც მას შეეფერება. შენც არა მგონია ისეთი სულელი იყო, რომ უარი თქვა შენი შვილის კეთილდღეობაზე.

_ქალბატონო როენა!_ მინდოდა შევწინააღმდეგებოდ, მაგრამ არ დამაცადა.

_ ორივეს ჩემთან გეპატიჟებით საცხოვრებლად. თქვენს ყველა ხარჯს ჩემს თავზე ავიღებ. საუკეთესო განათლება , კერძო და პრესტიჟული სკოლები. იფიქრე ამაზე!_ ფეხზე წამოდგა. _ ერთ თვეს გაძლევ მოსაფიქრებლად და იმედია შენი შვილისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებ. არ დაგავიწყდეს, რომ მას სრული უფლება აქვს ამ ყველაფერზე! _ შებრუნდა და კარისკენ გაემართა.

_ გაცილება არ მინდა, კარს თავად მივაგნებ!_ მის ცივ უემოციო ხმაში კარგად დავიჭირე ირონია და გული ტკივილისგან მომეწურა.

ირაკლის სიკვდილის შემდეგ სამი წელი გავიდა. სამი მტკივნეული და ცრემლიანი წელი. სად იყო აქამდე? რატომ დაბრუნდა მაინცდამაინც ახლა? რას ელოდებოდა ამდენიხანი? ეს კითხვები არ მასვენებდნენ.
ან თუ ასე გული შესტკივა თომაზე, რატომ არ მოისურვა ახლა მისი ნახვა? სახელიც კი არ უხსენებია ბავშვის.
სწრაფი ნაბიჯებით წავედი კარისკენ და ურდულით გადავკეტე. არაფერი არ მჭირდებოდა მისგან, სრულიად არაფერი! წავედი და თომას გვერდით გაუხდელად მივწექი. ზღაპრების ილუსტრირებული წიგნი კონკიას დედინაცვლის სურათზე იყო გადაშლილი. დავაკვირდი და გავოცდი, რა ძალიან ჰგავდა ბოროტი დედინაცვალი როენა რევიას.

3

_ ნენე როგორ ხარ? რა ხდება სოფელში ? როგორ მომენატრე იცი?_ დედაჩემთან საუბარი გუნებას მიკეთებს. ამ დროს მახსენდება, რომ ამ სამყაროში ვიღაცისთვის ჯერ ისევ ბავშვი ვარ, ნატკენი მუხლებით და გაწეწილი ნაწნავებით და ის შეგრძნება, რომ ჯერ ისევ ბავშვი ვარ, თუნდაც მხოლოდ დედისთვის, ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყნებს.

_რაღაც არ მომწონხარ, ხასიათზე ვერა ხარ?_ უცნაური მხოლოდ დედებისთვის დამახასიათებელი ტელეპატიით გრძნობდა დედაჩემი ჩემს ვერ შენიღბულ განწყობას .

_ არაფერია დეე, კარგად ვართ!_ გულში ვფიქრობდი მომეყოლა თუ არა როენაზე.

_ თომა როგორაა? მომენატრა ბებოს ბარტყი._ ხმაზე ეტყობა მართლა ძალიან ენატრება.

_ დეე, რაღაც მინდა მოგიყვე._ უცბად გადავწყვიტე ნენესთვის ყველაფერის თქმა, მასზე უკეთეს რჩევას ვინ მომცემდა? ყურადღებით მომისმინა და ჩაფიქრდა.

_ არ ვიცი შვილო . ირაკლის ალბათ ჰქონდა მიზეზი, რატომაც სახლიდან წამოვიდა. მეეჭვება ეს ნაბიჯი მხოლოდ მხატვრობის გამო გადაედგა. კარგად უნდა დაფიქრდე. გადაწყვეტილება მერე მიიღო._ ვგრძნობ როენას წინადადება არ მოეწონა.

_ რა უნდა მოხდეს? რომც დავთანხმდე? თომასთვის უკეთესი არ იქნება? კარგი სკოლა, კარგი განათლება? თომას მე ვეყოლები და დავიცავ. არ მივცემ როენას მისი ცხოვრებით თამაშის უფლებას. არ ვიცი რა ვქნა!_ ამოვიოხრე.

_ თომა იმსახურებს, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. მე კი ვერაფერს ვუკეთებ , იმის იმედიც დავკარგე, რომ მაგისტრატურის გაგრძელებას შევძლებ და წესიერ სამსახურს ვიპოვი. დეე რა ვქნა? იქნებ ეს ის შანსია ცხოვრებაში რომ მხოლოდ ერთხელ გეძლევა?_ იმის წარმოდგენა , რომ ჩემს შვილს არ გაუჭირდება და უზრუნველად იცხოვრებს ჩემთვის დიდი საცდურია.

_ დედიკო იქნებ ისევ აქეთ დაბრუნებაზე გეფიქრა? გახსოვს ირაკლისაც როგორ უნდოდა რაჭაში ცხოვრება? ქეთი სიმშვიდე ყველაფერია ამ ცხოვრებაში. სიმშვიდე და სიყვარული ყველაზე მთავარია, რაც თომას სჭირდება!_ ვიცი, გულში დარწმუნებული ვარ, ნენეს სიტყვების სიმართლეში, მაგრამ მაინც...
დედას ვემშვიდობები და აზრები კიდევ უფრო მერევა. უარესად ვიხლართები ფიქრების ლაბირინთებში.
მე იმის ფულიც კი ვერ მოვიგდე ხელში, რომ შვილისთვის წესიერი მოლბერტი და საღებავები მეყიდა. განა რა შეიცვლებოდა რაჭაში წასვლით? ვერანაირ გზას ვერ ვხედავდი ,რომ ჩვენი მატერიალური მდგომარეობა ოდნავ მაინც გამომესწორებინა. იქნებ მეცადა როენასთან ცხოვრება. ბებიაა ბოლო_ბოლო, შვილთან დაშვებულ შეცდომებს შვილიშვილთანაც ხომ არ გაიმეორებს? თუნდაც მხოლოდ დროებით. თუ მუშაობა აღარ დამჭირდება და სწავლის გაგრძელებას შევძლებ, შემდეგ წესიერ სამსახურს ვიშოვნი და ...ასეთი ფიქრები დაქროდნენ ჩემს არეულ გონებაში.

თომას გადავხედე, ბორბალმომძვრალი სახანძრო მანქანით თამაშობდა. იქ სათაშოები მაინც ექნებოდა წესიერი. რამდენი ხანია ველოსიპედი უნდა. არც ახალი ქურთუკი და ბათინკები აწყენს. თანდათან ვბრაზდები. კანონით ეკუთვნის კიდეც მამისის მემკვიდრეობა.
როცა ამხელა შესაძლებლობაა , განა მე მართალი ვიქნები ჩემი სიჯიუტით და უაზრო პრინციპულობით რომ ეს შანსი დავუკარგო ჩემს ბიჭუნას? განა რა ალქაჯია ეს როენა? განა რა შეუძლია ასეთი? შევხედავ და თუ შევატყობ, რომ ირაკლი მართალი იყო ავდგები და წამოვალ, ხომ არ დამიჭერს არა? ცდა ბედის მონახევრეა! შევატყვე ჩემს თავს, რომ როენას წინადადება ძალიან მომწონდა
შესაძლებლობა იმის ,რომ ცოტა ხანს მაინც დამესვენა ჩემი პრობლემებისგან და ამომესუნთქა ძალიან მაცდურად ჟღერდა.
ამდენი ფიქრისგან ბოლოს თავი ამტკივდა, გადავწყვიტე ცოტახანს არაფერზე მეფიქრა და უბრალოდ დინებას მივყოლოდი.

კვირას დასვენების დღე ავიღე, მსურდა მთელი დღე თომასთვის დამეთმო. დილით მისი საყვარელი ყველიანი მაჭკატები გამოვუცხვე. საოცარი სურნელი დატრიალდა ჩვენს მოცუცქნულ ბინაში. სახლი ისეთი პაწაწინა გვქონდა, ამ მადისაღმძვრელი სურნელით თავიდან ბოლომდე გაიჟღინთა.
თომა ლოგინიდან გამოძვრა და თმააჩეჩილი სამზარეულოში შემოვიდა.

_ რა სუნია უფ! უფ! ბევრი ყველი უქენი დეე , ბევრი ! _ ყველზე გიჟდება ჩემი მსუნაგი ბიჭი. მამამისივით ყველანაირი სახეობის ყველი უყვარს. შეუძლია ყველაფერს შეატანოს, ყიყლიყოს, კარტოფილს, ლობიოს, წვნიანსაც კი.
გამეცინა ტუჩები რომ მსუნაგად მოილოკა.

_ ვიღაცას მგონი მაგრად მოშივდა!_ ვაკოცე დაბრაწულ ლოყაზე.

_ დღეს ისეთი დღეა, საინტერესო თავგადასავალს რომ გვპირდება!_ ეშმაკურად გავუუღიმე მე და თვალი ჩავუკარი.

_ მართალა! რა მაგარია!!_ გაუხარდა თომას და მაჭკატი გემრიელად მოკბიჩა.

_ ანუუ როგორია ჩვენი გეგმა!_ ჩამოვჯექი სკამზე და ფეხი ფეხზე გადავიდე. მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი და მისკენ ისეთი სახით მივიწიე, თითქოს საიდუმლოს გამხელას ვუპირებდი. დაინტერესებულმა თომამ ჭაამას თავი ანება და მანაც ჩემსკენ მოიწია.

_ ჯერ ზოოპარკში წავალთ, შემდეგ დონატების საჭმელად შევივლით, ბოლოს კი სათამაშოების მაღაზიას ვესტუმრებით!_ თომას თვალები ბუს პატარა ღლაპივით დაუმრგვალდა.

_ ვააა, მართლა დედიკო?_ მკითხა , თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო.

_ მართლა !_ დავუქნიე ღიმილით თავი.

_ ყველაფერი ერთად?_ მკითხა ისევ უნდობლად.

_ დიახ ჩემო ბატონო!_ გული სიბრალულით მომეწურა. იმდენად დიდი იყო მისი გაოცება. არადა განა რა იყო ისეთი? თვალზე მომდგარი ცრემლები ვაიძულე უკან ჯანდაბაში გაბრუნებულიყვნენ და თომას მეტი დამაჯერებლობისთვის გავუღიმე.

_ მიყვარხარ დედიკო! საუკეთესო დედიკო ხარ!_ კალთაში ჩამიხტა ჩემი ბიჭი.
თომა ისეთი ბავშვი არ იყო, სულ რომ ჭირვეულობენ და ტირილით ჯიუტად მოითხოვენ სასურველს. არ გამახსენდება მაღაზიაში კამფეტისთვის ან სათამაშოსთვის ეტიროს. მხოლოდ სევდიანად უყურებდა ხოლმე სასურველ ნივთს და სევდიანად მკითხავდა,

_ ფული რომ გვექნება მიყიდი ხომ დედიკო? მე ყოველთვის თავს ვუქნევდი, მაგრამ არა და არ დგებოდა ის ნანატრი დღე . რომ ეტირა და ეჭირვეულა ასე არ ვიდარდებდი ალბათ მაგრამ მისი ეს უხმო და უსიტყვო სურვილები უფრო მეტად მტკენდა გულს და საკუთარი თავი მძულდა , რომ შვილს ვერაფერს ვუკეთებდი. დღიდან დღემდე სურვილი იმის, რომ ჩემი ბიჭუნა გამეხარებინა სულ უფრო იზრდებოდა , ბოლოს აკვიატებად და მგონი პარანოიადაც მექცა. საკუთარ თავზე აღარ ვფიქრობდი. საკუთარი თავისთვის ყველაფერი მენანებოდა. ბოლოს თმასაც აღარ ვიღებავდი და აღარც თავს ვუვლიდი. თვიდან თვემდე ვცდილობდი ფულის მოგროვებას , რომ თუნდაც თვეში ერთხელ თომა გამეხარებინა და მისი სიხარულით მე უფრო ვხარობდი. თავს ცოტა ხნით მაინც ბედნიერად ვგრძნობდი. არა უფრო ვალმოხდილად. თუმცა ამაზე მოგვიანებით უფრო დავფიქრდი. რა იყო ნამდვილი ბედნიერება ჩემი ბიჭუნასთვის? სამწუხაროდ იმ გაჭირვებისას ამაზე საფიქრელად არ მეცალა.

ჩავიცვით და ზოოპარკში წავედით. რამდენიმე კარუსელაზე დავსვი, თომა სიხარულით აღარ იყო. სურათები გადავიღეთ. ცხოველების ვოლიერებს ჩამოვუარეთ.

_ დედა ზოოპარკი ცხოველების ციხეა? _ მკითხა მოულოდნელად ლომის გალიასთან თომამ.

_ რას მეკითხები დედა?_ დავიბენი მე.

_ ნახე ეს ლომი როგორი მოწყენილია._ მითხრა თომამ.
ყურადღებით დავაკვირდი ჩემს ბიჭუნას, როგორი თანაგრძნობით სავსე თვალებით უყურებდა ცხოველების მეფეს.

_ რატომ ამბობ მაგას თომა? აქ უვლიან , აჭმევენ, როცა ავად გახდება ექიმთან მიჰყავთ. მგონი უბედური არ უნდა იყოს._ ვცადე ზოოპარკის დადებით მხარეებზე გამემახვილებინა მისი ყურადღება.

_ ალბათ სახლი და დედა ენატრება! არ მგონია მოსწონდეს ყველა რომ სურათებს უღებს! _ გაოცებულმა და შეცბუნებულმა დავხედე ჩემს პატარა ბიჭს. რამდენს ხვდებოდა და იაზრებდა, არადა ჯერ სულ რაღაც ოთხი წლის იყო. ხელი მოვკიდე და ზოოპარკიდან უსიტყვოდ წამოვიყვანე.

თომას საყვარელი ბანანის დონატები ვჭამეთ და სათამაშოების მაღაზიისკენ გავწიეთ.

_ აბა რა გინდა? რა მოგწონს?_ ვკითხე თომას, რომელიც ინტერესით და აღტაცებით ათვალიერებდა თაროებზე შემოწყობილ ნაირ_ნაირ სათამაშოებს.

_ ნებისმიერი დედი?_ მკითხა მორიდებით.
საფულეში ზედმეტი ასი ლარი მეგულებოდა, ზედმეტი რა? ანუ ჩემი, მოულოდნელი არასასიამოვნო სიურპრიზებისთვის გადანახული ფული.
ხელი ჩავიქნიე , იმედია არაფერი არ მოხდებამეთქი ხელფასამდე და ღიმილით დავუქნიე თავი.
რამდენიმე ხნიანი ძებნის შემდეგ თომამ კონსტრუქტორი აირჩია, ინსტრუქციის მიხედვით მთვარის ყველგანმავალი უნდა აეწყო. ფასს დავხედე და იმაზე ბევრად იაფი ღირდა, მე რომ ვფიქრობდი. უცებ მივხვდი, რომ შვებით ამოვისუნთქე.
ხელში მეჭირა კონსტრუქტორის ყუთი და მის ფასს დავცქეროდი. რატომ უნდა უჭირდეს ჩემს შვილს, როცა მდიდარი ბებია ჰყავს? რატომ არ უნდა მიიღოს ის, რაც კანონით ეკუთვნის? არა! ცხოვრება ასეთ შანსს აღარ მოგვცემს და ჩემგან ძალიან დიდი სისულელე იქნება ამ ყველაფერზე უარის თქმა. განა რა ასეთი აუტანელი და გაუსაძლისი იქნება ეს ქალი? ბოლო_ბოლო ის თუ როენა რევიაა, მე ქეთევანი ვარ, დევდარიანი! გადაწყვეტილება მივიღე. მე და თომა როენასთან, მის ბებიასთან გადავდივართ საცხოვრებლად. იმ ერთადერთ ნათესავთან, იმ ერთადერთ სისხლთან და ხორცთან , რომელიც ჩემს ბიჭს მამამისისგან დარჩა.
თუმცა ხომ გაგიგით გამოთქმა: " კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო?"

4

მას შემდეგ, რაც როენასთან გადასვლის გადაწყვეტილება მივიღე, თითქოს გულზე მომეშვა. დავფიქრდი და ჩემდა გასაოცრად, უამრავი მიზეზი აღმოვაჩინე ჩემი ამ ნაბიჯის გასამართლებლად და როცა როენა დამიკავშირდა სრულიად მშვიდად და აუღელვებლად განვუცხადე, რომ მის წინადადებას ვიღებდი.

_ ძალიან კარგი , ქეთევან. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიგიღია._ მას აშკარად გაუხარდა ჩემი თანხმობა.

_ აქ ყველაფერი გექნებათ, რაც გჭირდებათ. სიმართლე გითხრა ვიცოდი, რომ დამთანხმდებოდი, ამიტომ ყველაფერის თადარიგი წინდაწინვე დავიჭირე._ ცოტა არ იყოს გამიკვირდა მისი ნათქვამი , მაგრამ არაფერი შევიმჩნიე,

_ ფრიდონს ,ჩემს მძღოლს, გამოგიგზავნით, და ის ყველაფერში დაგეხმარებათ.

დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, საუბრიდან რამდენიმე საათში ფრიდონიც მოვიდა, შევხედე და ვიცანი, სწორედ ის კაცი იყო, ვინც მაშინ ემსახურებოდა როენას, პირველად რომ მოვიდა ჩვენს სახლთან. მისმა დანახვამ კიდევ ერთხელ გამახსენა ირაკლის მაშინდელი მძაფრი რეაქცია და სადღაც ჩემში ჩაბუდებულმა ეჭვმა ისევ იჩინა თავი.
" მართლა სწორად ვიქცევი? ნამდვილად ღირს ეს ყველაფერი იმად, რასაც როენა გვთავაზობს? იქნებ ჯობდა გულის ხმისთვის მომესმინა?!" თავი გავაქნიე და შემოჩენილი აზრები გავფანტე. ბარგი ბევრი არაფერი მქონდა. ორი ჩემოდანი სრულიად საკმარისი იყო ჩვენი ნივთების ჩასალაგებლად.
სახლის კარი მტკიცედ გამოვიხურე და გასაღებით გადავკეტე.

დიდი რკინის ჭიშკრის წინ შეჩერდა მანქანა. მას შემდეგ რაც ჭიშკრის თავზე დამონტაჟებულმა კამერამ დაგვაფიქსირა კარი უხმოდ გაიღო და წითლად მოკირწყლული გზა გამოჩნდა. რომელიც მაღალი კვიპაროსების შუაში მიიკლაკნებოდა. მანქანა ნელა შევიდა ეზოში და თითქოს უფრო მეტი ეფექტისთვის ნელა გაუყვა გზას სახლისკენ. კვიპაროსების მიღმა თან და თან გამოჩნდა უზარმაზარი წითელი დეკორატიული მასალით მოპირკეთებული სახლი. სახლი? ცოტაღა უკლდა და დისნეის ის სასახლე წარმომიდგა მულტფილმების დაწყებამდე რომ გვაჩვენებენ ხოლმე. უზარმაზარი წვეტიანი ქონგურებით და გარს მოვლებული ულამაზესი ვერანდით. რომლის ცალი მხარე მთლიანად მარადმწვანე სუროში იყო ჩაფლული.

_ დედა ახლა ამ სასახლეში უნდა ვიცხოვროთ?_ მკითხა გაოცებულმა თომამ.

_ კი დედიკო, ახლა აქ ვიცხოვრებთ. მოგწონს ხომ?_ ინტერესით შევხედე ბავშვს. მაინტერესებდა, როგორი იყო მისი პირველი შთაბეჭდილება. მანქანიდან სახლის წინ გადმოვედით.

_ როენა ბებია ნენესავით ტკბილია?_ ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა. მის წინ დავიჩოქე.

_ ჩვენ ყველანაირად ვეცადოთ და თავი შევაყვაროთ, დამიჯერე შენსავით კარგი ბიჭუნა მას გულს ადვილად მოიგებს._ ხელით მისი უკვე დაპატარავებული ქურთუკი შევუსწორე. კარი გაიღო და როენა გამოვიდა.
თომამ ხელი ჩამჭიდა, შევატყვე ნერვიულობდა და მეც ხელი ხელზე გასამხნევებლად მოვუჭირე .

_ გამარჯობა , კეთილი იყო თქვენი აქ მობრძანება! _ ხელები გაშალა კიბის თავზე მდგარმა როენამ.

_ ბებიას არ ჩაეხუტები უფლისწულო?_ თბილად გაუღიმა ბავშვს. მისმა კეთილგანწყობილმა მოსალმებამ ჩემი დაძაბული ნერვიული სისტემა მოადუნა. თითქოს გულზე მომეშვა. ამოვისუნთქე.

სახლი გარედან კიდევ არაფერი და შიგნიდან ნამდვილი საოცრება იყო. პირველი, რაც თვალში მომხვდა იყო უზარმაზარი ორად გაყოფილი მარმარილოს კიბე, რომელიც მომრგვალებულად ეშვებოდა ასევე უზარმაზარ ჰოლში. კიბის თავზე საოცარი სილამაზის ბროლის ჭაღი ეკიდა მსხვილ ჯაჭვებზე. კიბის კუთხეებში მოზრდილი ფიკუსის ხეები იდგა. ყველაფერს კრიალი გაუდიოდა და იგრძნობოდა დეკორატორის საოცარი ალღო, რომ ეს მდიდრული სტილი ისე მოერგო სახლისთვის უგემოვნობის ნასახსაც ვერ ნახავდით ვერსად. კედლები გაფორმებული იყო სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებით. ჩემი გაოცება მაშინ უნდა გენახათ , როცა კიბის თავში, საპატიო ადგილას ირაკლის ერთ_ ერთ ტილოს მოვკარი თვალი. სწორედ იმ ტილოს საკმაოდ ძვირად რომ გაიყიდა თავის დროზე და უცნობმა დამკვეთმა რომ ინკოგნიტოდ შეიძინა.
გული გამითბა და თვალი როენასკენ გავაპარე. თუმცა ძნელი საღიარებელი იყო, მაგრამ იქნება ცდებოდა ჩემი ქმარი? იქნებ ყველაფერს უბრალოდ აზვიადებდა?

მეორე სართულზე საძინებლები იყო მოთავსებული.

_ ქეთევენ წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ!_ მომიხმო როენამ.
ოთახი ლამის მთელი ჩემი სახლის ხელა იყო. ღია ვარდისფერში გადაწყვეტილი, გემოვნებით მოწყობილი, ხედით ბაღზე. როენამ აღფრთოვანება შემამჩნია და გაეღიმა.

_ როგორც ვხედავ მოგეწონა?_ მკითხა მან. მაგრამ ჩემი გაოცება მაშინ უნდა გენახათ, როენამ უზარმაზარი მოჩუქურთმებული კარადის ორივე კარი ფართოდ რომ გამოაღო. მთელი კარადა სავსე იყო უძვირფასესი ტანსაცმლით, შუბებიდან დაწყებული უმცირესი წვრილმანით დამთავრებული, რაც ქალის გარდიროფისთვის იყო საჭირო ყველაფერი გაეთვალისწინებინათ.

_ ქალბატონო როენა, ეს ყველაფერი ზედმეტი იყო, რატომ შეწუხდით?_ დავიბენი მე.

_ რა შეწუხებაა ძვირფასო? ახლა შენ ამ სახლის დიასახლისი ხარ და სათანადოდ უნდა გამოიყურებოდე!_ ვერაფერი ვუპასუხე. ალბათ მართალიც იყო. სად ჩემი უბრალო, ბაზარში და ხანაც სულაც მეორადებში ნაყიდი კაბა და სად ეს ძვირფასი სამოსი. მადლიერების მეტი სხვა რა დამრჩენოდა.

_ ახლა კი უფლისწულის ოთახს გაჩვენებთ!_ როენამ პასუხის გაცემაც არ დამაცადა შებრუნდა და ჩემი ოთახიდან დერეფნის ბოლოში განთავსებული ოთახისკენ წაკაკუნდა.

_ ვააა, ეს ყველაფერი ჩემია?_ გაოცებული იყურებოდა თომა აქეთ_ იქით._ ეს? ესეც? ვაა ესეც? შეიძლება ამითაც ვითამაშო? ხან ერთ საღამაშოს აიღებდა ხელში, ხან მეორეს. როდნა მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით სიამოვნებით უყურებდა თომას აღტაცებას. საკუთარი თავი სრულ არარაობად ვიგრძენი. მთელი ცხოვრება რომ მეწვალა და სულმოუთქმელად მემუშავა ვერასდროს შევძლებდი ამ სათამაშოების ნახევრის ყიდვასაც კი. როგორც ჩემთვის ასევე თომასთვისაც გაემზადებინათ სამოსი. ძვირფასი და ყველაფერი ბრენდული. ამ ყველაფერმა თითქოს ამაფორიაქა. ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ არ გვაძლევდა ირაკლი აქ ცხოვრების საშვალებას? შეიძლება როენა მართლაც უცნაური და ცივი ქალი იყო მაგრამ ხომ არიან ასეთი ადამიანები არა? მაგალითად დედაჩემის დედა მარუსა სხვისი ჭიქიდან წყალსაც არ დალევდა, არ მახსოვს ჩაგვხუტებოდა და ჩვენთვის ეკოცნა, ან ჩვენი ნაკბილარი რაიმე ჩაედო პირში. მაგრამ არასდროს მიფიქრია რომ არ ვუყვარდით . უბრალოდ ასეთი უცნაური ხასიათი ჰქონდა . რას გაიგებ ადამიანის უცნაურობებს? ზოგს ბავშვობის სტრესი მოჰყვება. ზოგს ამოუხსნელი ფსიქოლოგიური უცნაურობა ახასიათებს. უნაკლო ამ ცხოვრებაში ხომ არავინაა არა? ასე ვფიქრობდი ჩემს უკვე ახალ ოთახში შემოსული. თომა ჯერ ისევ ახალ სათამაშოებს ისიყვარულებდა და ალბათ საღამომდეც კი ვერ მოიგულისჭირებდა იმდენი რამე ეყიდა მისთვის ბებია როენას.
ამ ფიქრებში გართულს კარზე კაკუნი შემომესმა. ფეხზე წამოვდექი და მობრძანდითმეთქი გავძახე. კარი მორიდებულად შემოაღო ფორმაში გამოწყობილმა სასიამოვნო შესახედაობის, ასე ჩემი ასაკის ქალმა.

_ გამარჯობათ ქალბატონო ქეთევან! _ მომესალმა მე. თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი ამ ახალი წოდების გაგონებისას.

_ მე რიტა ვარ, თქვენ გემსახურებით, თუ რამე დაგჭირდებათ შეგიძლიათ მე მითხრათ. ახლა კი ქალბატონი სასადილოდ გიხმობთ!_ მომახსენა მან.

_ სასადილოდ?_ კედლის საათს შევხედე.

_ დიახ ამ სახლში ათზე საუზმობენ, ორზე სადილობენ და შვიდ საათზე ვახშმობენ. ეს აქაური წესია, მაგიდასთან ერთად სადილობს მთელი ოჯახი, თუმცა წლებია ქალბატონი მარტო უზის მაგიდას. თუ სტუმრად ბატონი დავითი არ გვყავს._ ამ ვიღაც დავითის ხსენებაზე რიტას თვალები გაუბრწყინდა. თუმცა თავი ხელში აიყვანა. უცებ მიხვდა ზედმეტი რომ წამოსცდა და საუბარი მოსხიპა.

_ ჩემო კარგო ქეთი დამიძახე, უბრალოდ ქეთი, რა საჭიროა ეს ქალბატონო?_ ვუთხარი და კეთილად გავუღიმე. თავადაც გამიღიმა, მაგრამ მაინც უარი მითხრა.

_ რას ამბობთ ქალბატონო ქეთევან, სულაც არ მინდა სამსახური დავკარგო. ასეთ წვრილმანებს ქალბატონი დიდ ყურადღებას აქცევს. ჰო, და კიდევ ქალბატონმა გთხოვათ სათანადოდ ჩაიცვათ._ მეტი არღარაფერი უთქვამს. უხმოდ გავიდა ოთახიდან.

_ სათანადოდ ჩავიცვა? _ გამიკვირდა მე, სარკესთან მივედი და ჩავიხედე. ძვირფასი არ იყო ჩემი კაბა, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული ნამდვილად იყო. მხრები ავიჩეჩე, ასეთი უბრალო თხოვნის გამო როენას გულს ვერ ვატკენდი . თუმცა მაინც თავი ოდნავ დამცირებულად ვიგრძენი. ნუთუ სამოსი ამდენად მნიშვნელოვანია? მთავარი ხომ ადამიანის პიროვნული ღირსებებია? ასე მასწავლიდა დედა და მეც ამის მჯეროდა.
თუმცა ხომ გაგიგიათ : " სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო?" მეც ტანზე გამოვიცვალე და სასადილოდ დაბლა ჩავედი. კიბის თავთან თომას შევეჩეხე. უკვე მოესწროთ და ისიც "სათანადოდ" გამოეწყოთ. თუმცა ვერაფერს ვიტყვი ჩემს ბიჭუნას ძალიან უხდებოდა ლურჯი პერანგი და შავი შარვალი, მართლა უფლისწულს გავდა . ვიღაცას თმაც გულმოდგინედ დაევარცხნა მისთვის.

_ აბა თომა , დედიკო როგორ მოგწონს აქაურობა?_ ვცადე მისი აზრი გამეგო.

_ ძალიან მომწონს! ალბათ ბებია ძალიან კეთილი ქალია ამდენი ლამაზი სათაშო რომ მიყიდა!_ რა ადვილია ბავშვის გულის მონადირება. სათამაშოები, ტკბილეული, ღიმილი და მისი გულიც შენია. გავიფიქრე სევდიანად. თომას ხელი ჩავჭიდე და კიბეზე ერთად დავეშვით .

სასადილო ოთახიც დანარჩენი სახლივით ძვირფასი და გემოვნებიანი ავეჯით იყო გაწყობილი. გრძელი მაგიდა დაედგათ ოთახის შუაგულში. რომლის თავში და ბოლოში დანარჩენი სკამებისაგან განსხვავებული მომაღლო ზურგიანი სკამები დაედგათ. მაგიდა ძვირფასი ჭურჭლით მხოლოდ სამ კაცზე გაეწყოთ. მთავარი სკამი როენამ დაიკავა , ჩვენ კი მის აქეთ იქიდან მოგვიწია დაჯდომა. თუმცა ვისურვებდი შვილის გვერდით დავმჯდარიყავი, რომ ჭამაში მივხმარებოდი. თუმცა არაფერი მითქვამს. ყველანაირად ვცდილობდი იქაური ქუდი მომეხდინა, თუმცა იმდენად ძვირფასი მაუდისგან შეეკერათ, რომ ვგრძნობდი თავზე ძალიან მიჭერდა. სადილობის ასეთი სცენა მხოლოდ "ვენესულელურ " სერიალებში თუ მენახა და არასდროს მიფიქრია, რომ მსგავსი ამბის მონაწილე თავადაც ვიქნებოდი ოდესმე.

ფორმაში გამოწყობილმა მზარეულმა სამზარეულოს ურიკა შემოაგორა. ზედ ნაირგვარი ჩემთვის უცხო კერძი ეწყო.
ჭამისას ცოტა ზედმეტად აზიზი ვარ. ყველაფერს ვერც გეახლებით. უბრალო შემწვარი კარტოფილი ყველაფერს მირჩევნია,მაგრამ ამ ჯერადაც გაჩუმება მომიწია. როცა თომას უცნაური მწვანე ფერის ბლანტი წვნიანი დაუდგეს, ბავშვმა საცოდავად შემომხედა. მე ჩუმად ვანიშნე არაფერი ეთქვა. თომამ ნერწყვი გადაყლაპა და მორჩილად დაიწყო წვნიანის დაგემოვნება. მეც შვილს მივბაძე და თავს ვაიძულე უცნაური კონსისტენციის წვნიანის ჭამა. მხოლოდ დესერტის დანახვისას აუციმციმდა თვალები თომას. ვერაფერს ვიტყვი, მართლაც გემრიელი ნამცხვარი იყო. ასეთი არსად გამესინჯა აქამდე.

_ ყველაფერს შეჩვევა უნდა!_ ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდარმა როენამ. როგორც სჩანს არც მას გამოპარვია ჩვენი ემოცია.

_ თუმცა ბიჭუნა ძალიან კარგად აღზრდილი და თვინიერია!_ თვინიერი ისე მომხვდა ყურში თითქოს რაიმე შინაურ ცხოველზე იყო საუბარი. მაგრამ აქაც მოვუყრუე.

_ ნელ_ ნელა მიეჩვევით ამ სახლის წესებს და ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი ნორმაა!_ ისევ გააგრძელა საუბარი როენამ. მე არაფერი მითქვამს გავუღიმე. წინდაწინვე ვიცოდი რაღაცეების მოთმენა მომიწევდა. თუმცა ჯერ პატივისცემის მეტი არაფერი მიგვიღია ამ სახლში და პატივისცემას მოთმენა კი არა შეფერება უნდაო ! მახსენდებოდა ნენეს სიტყვები.
სადილის შემდეგ კიბეზე ამავალს რიტა შემეჩეხა ხელში ჩვენი , ჩემი და თომას, ძველი დაკეცილი ტანსაცმელი ეკავა.

_ რიტა ჩემო კარგო სად მიგაქვს ეს ყველაფერი?_ ვკითხე გაოცებულმა.

_ ქალბატონმა ძველმანების გადაყრა გვიბრძანა._ მითხრა მორიდებით და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. ძველმანები! გულზე ეკალივით მომხვდა. მაგრამ საკუთარ თავს შემოვუძახე.

_ ქეთევან ნუ იქნები უმადური! _ წელში გავიმართე და კიბეები ავიარე. მინდოდა შვილს დავლაპარაკებოდი და მის ემოციებს დავკვირვებოდი. კარი შევაღე და ოთახში შევედი. თამაშში გართულმა თომამ ვერც კი შამამჩნია.

_ დედიკოს ბიჭო კმაყოფილი ხარ? _ ვკითხე მოფერებით.

_ კი დედი . რა კარგი ვქენით, რომ ბებიასთან წამოვედით!_ გამიცინა მან და მე გულზე მომეშვა. მთავარია ბავშვი ბედნიერი იყო.
საღამოს თომამ საღამურები ჩაიცვა და წესისამებრ ჩემი საძინებლისაკენ გამოსწია. მისი დაბადებიდან დღემდე ერთად გვეძინა. არ ყოფილა ღამე, რომ მას ცალკე დაეძინა. ნენესთან სტუმრობის დროსაც კი სულ ჩემთან იძინებდა.

ის ის იყო ლოგინში დავწექით, რომ როენამ კარი დაუკაკუნებლად შემოაღო.

_ ბავშვისთვის ღამე ნებისა მსურდა მესურვებინა, ის კი ოთახში არაა!_ მითხრა და ხმაზე ეტყობოდა კმაყოფილი არ იყო.

_ ჩვენ სულ ერთად ვიძინებთ!_ ვუთხარი მისი რეაქციით გაოცებულმა.

_ არა ძვირფასო, ეგრთი ჩვევები უნდა მოვიშალოთ. ბიჭს საკუთარი ოთახი აქვს და მარტო ძილს უნდა მიეჩვიოს! ეს მისთვისაც კარგია და შენთვისაც! თუმცა დღეს აღარაფერს გეტყვი. ამაზე ხვალ ვისაუბროთ._ ცივად მიტრიალდა და ოთახიდან ისე გავიდა კარიც კი არ გაუხურია.

_ მგონი ბებია გავაბრაზეთ!_ მოწყენით თქვა თომამ. წამოვდექი და კარი დავხურე.

_ ისე ბებია მთლად მტყუანიც არაა, _ ვცადე როენას გამართლება._ შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, ამას რომ თავი დავანებოთ, აქამდე არც გქონია შენი ოთახი. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. ხომ მოგწონს შენი საძინებელი?

_ ძალიან მომწონს ,მაგრამ დაძინება შენთან მირჩევნია!_ გაიბუსხა თომა .

_ მოდი ასე მოვიქცეთ, ყოველ ღამ , ძილის წინ, ზღაპარს წაგიკითხავ, სანამ არ დაგეძინება შენთან ვიქნები და ღამეც რამდენჯერმე შემოგხედავ , მგონი არაფერი დაშავდება თუ ვცდით? რას იტყვი?_ ვცადე გამოსავლის მოძებნა. გულში როენას არც ვამტყუნებდი. შესაძლებლობა არ მქონია, რომ თომასთვის საკუთარი ოთახი მომეწყო, თორემ თავადაც სიამოვნებით მივაჩვევდი მარტო ძილს.

_ კარგი დედიკო, მაგრამ პირობა მომეცი, რომ ზღაპარს ყოველღამ წამიკითხავ!_ პირობა ჩამომართვა ჩემმა ჭკვიანმა შვილმა.

_ პირობას გაძლევ!_ დავპირდი მეც.

_ რა კარგია!_ გაიცინა თომამ და ლოგინზე გულაღმა გადაწვა.

_ ზღაპრები ძილის წინ!

5

დილით ისეთი განწყობით ჩავედი სასაუზმოდ, როგორც ბავშვობაში რაღაც დანაშაული რომ მქონდა ჩადენილი და სასჯელს ველოდებოდი. უცნაური გავლენა ჰქონდა როენას ყველაზე. მისი ქედმაღალი და მედიდური ზრდილობა ბევრად მტკივნეული და უხეში იყო, ვიდრე პირდაპირი უხეშობა.
როენა მუდამ მოწესრიგებული და თავდავარცხნილი, მუქი შინდისფერ_სისხლისფერი ლაქით ფრჩხილებზე. ქერა მოკლედ შეჭრილი თმით. ქუსლიანი ქოშებით დაკაკუნობდა ამ უზარმაზარ სასახლეში. ცივი გამჭოლი თვალებით ყველას და ყველაფერს უთვალთვალებდა. არ გამორჩებიდა ერთი შეცდომა და უწესრიგობაც კი. დამხმარე პერსონალი მის მისი მუდმივი კონტროლის ქვეშ ლამის ფეხისწვერებზე დადიოდა.
შედარებით თამამად თავს უფროსი დიასახლისი კესო გრძნობდა. როგორც სჩანს მათ უფრო მეტი რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან, ვიდრე მხოლოდ ეს სამსახური იყო. მათი ურთიერთობა რაღაცნაირად სცდებოდა დამქირავებელისა და დაქირავებულს ურთიერთობას. კესო უფრო მისი მარჯვენა ხელი იყო. დანარჩენი პერსონალი მასაც ისევე ერიდებოდა, როგორც ქალბატონ როენას. საკმარისი იყო მისი შესვლა სამზარეულოში, რომ ყველა გაისუსებოდა და საქმეს გამონახავდა. კესო კი ქორულ მზერას მოავლებდა მათ და ოთახს ცივი ღიმილით ტოვებდა. ამ ყველაფრის შესამჩნევად ბევრი დრო არ დამჭირვებია. ყველაფერში მალე გავერკვიე.
მეც და თომასაც ყველა მორიდებით და პატივით გვეპყრობოდა.
მით უფრო თომას. ვამჩნევდი ხოლმე, როგორი გაოცებული თვალებით გვაკვირდებიდნენ და როგორც კი შეამჩნევდნენ ჩემს მზერას თვალს მარიდებდნენ . ჩემთან შედარებით თამამად რიტა იქცეოდა, მაგრამ თუ ახლო მახლო როენას ან კესოს მოლანდავდა ისიც მაშინვე ჩვეულ თვინიერ სახეს იღებდა .
ეს უცნაური იერარქია ძალიან მძაბავდა. არ ვიყავი მიჩვეული ასეთ ურთიერთობებს და სულ უცნაურად ვგრძნობდი თავს. მიუხედავად ჩემი მუდმივი მცდელობისა მათ დავახლოვებოდი, არაფერი გამომდიოდა. როენა მუდამ საკუთარ სიმაღლეზე იდგა და დიდების ამ კვარცხლბეკიდან ჩამოსვლას სულაც არ აპირებდა.
მსახურები კი თავს მარიდებდნენ , აშკარად არ მენდობოდნენ.
ნელ_ ნელა მარტოობამ და მოწყენილობამ დამრია ხელი. არ ვიცოდი რა მეკეთებინა ამხელა სახლში, მოჩვენებასავით დავიოდი.

_ დილამშვიდობისა!_ მივესალმე მაგიდასთან გამოჭიმულ როენას. რეგალიებით და სახელით მიმართვას რამდენადაც შემეძლო თავს ვარიდებდი.
ქალბატონოთი მიმართვა არ მხიბლავდა, სადაური ჩემი ქალბატონი ის იყო. დედას ხომ ვერ დავუძახებდი? ალბათ სიცილით მოკვდებოდა თუ საერთოდ შეეძლო სიცილი. სახელით მიმართვა კი მეტისმეტად ფამილარულად მეჩვენებოდა .

_ გამარჯობა ქეთევან!_ მომესალმა როენაც ცივად. მართალია დაბადების მოწმობაში ქეთევანი მიწერია, მაგრამ გეფიცებით არასდროს არავის მოუმართავს ჩემთვის ასე ოფიციალურად. ნენესთვის ქეთი ვიყავი, ირაკლისთვის ქეთუსი, მეგობრებისთვის ქეთიკო. უამრავი ნაირსახეობა მსმენია ჩემი სახელის, მაგრამ ქეთევანი? ასე ალბათ მხოლოდ ხანშიშესული ლექტორები მეძახოდნენ.
მაგრამ როენასგან ასეთი მომართვა ცოტა უფრო სხვაგვარად ჟღერდა. თითქოს ერთგვარ დისტანციას იჭერდა ჩემთან, თითქოს ამ უცნაური ზრდილობით ხაზს უსვამდა ჩემს დაბალ სტატუსს. ზუსტად იმით, რომ მე ქეთევანი კი არა ქეთი, ან ქეთიკო ვიყავი და ამას მუდმივად მახსენებდა. ან სულაც ყველაფერი უბრალოდ მეჩვენებოდა?!

სკამი უხმოდ გამოვწიე და დავჯექი. უგემურ, უკალორიო სამაგიეროდ ჯანსაღ საკვებს უაზროდ დავაჩერდი.

_ ჩემო კარგო! რატომ არ მიირთმევ?_ მკითხა რიენამ და ამ მზრუნველობით გამაოცა.

_ უბრალოდ ჩავფიქრდი._ სწრაფად გადმოვიღე ბოსტნეულის სალათა და გახუხული პური.

_ თომა ჭამე დედიკო!_ ვუთხარი ბავშვს, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა გაწყობილ სუფრას და მისთვის ასე თუ ისე სასურველ კერძს ეძებდა.
როენამ გახუხული პურის ნაჭერი აიღო ავოკადოს კარაქი ზედ გადაუსვა და თომას მიაწოდა

_ ავოკადო სასარგებლოა!_ უთხრა და ცალი წარბი ასწია. თომამ მორჩილად გამოართვა და ცალი თვალით მე გამომხედა.
საქმე იმაში იყო, რომ თომა ვერ იტანდა ავოკადოს და ეს მე ძალიან კარგად ვიცოდი.
გავუღიმე და ფარულად თვალი ჩავუკარი.
თომამ მოკბიჩა ნელა დაღეჭა და ლუკმა გადაყლაპა.

_ მადლობა, გემრიელია._ უთხრა მომლოდინე სახით მჯდარ როენას და საწყლად გაუღიმა.

_ რისი თქმა მინდოდა ?_ ჩაფიქრდა როენა.

_ დღეს საქველმოქმედო საღამოს ვმართავთ და სახლში გვიან მოვალ, ვაშამზე არ დამელოდოთ. მაგრამ რაც არ უნდა გვიან მოვიდე, შემოვალ შენს საძინებელში და ძილინებისას გისურვებ!_ ისეთი ხმით თქვა როენამ, რომ მივხვდი ამას უფრო ჩემს გასაგონად ამბობდა. ჩვენს ერთად დაძინებას მკაცრად და კულტურულად, ყოველგვარი საუბრის გარეშე დაუსვა წერტილი.
არ ვიცი, რა უნდა მეფიქრა როენაზე. სულ საქველმოქმედო საღამოებს აწყობდა, მუდამ რაღაცას და ვიღაცას ეხმარებოდა. განა შეიძლებოდა გარეთ ასეთი კეთილი ქალი, სახლში ამდენად ცივი და უემოციო ყოფილიყო?

რამდენიმე კვირა მშვიდად გავიდა. საკმაოდ მშვიდადაც კი. თომა შეეჩვია მარტო ძილს , ძილის წინ ზღაპარს ვუკითხავდი სანამ არ ჩაეძინებოდა მასთან ვრჩებოდი, მერე კი ჩემს საძინებელს ვუბრუნდებოდი. რა თქმა უნდა მაღაზიაში აღარ ვმუშაობდი. ამის არავითარი საჭიროება აღარ იყო.
მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რაც აქ მოვედით სახლი ერთხელაც კი არ დაგვიტოვებია. თითქოს როენას ნებაყოფლობით პატიმრებად ვიქეცით. მან
რამდენიმე რეპეტიტორი დაიქირავა თომასთვის. ფრანგულის , მათემათიკის, მუსიკის და რაც არ უნდა გასაოცარი და უცნაური იყოს ხატვისაც. თომა საოცრად გონიერი და ნიჭიერი გამოდგა და როენას კომპლიმენტიც კი დაიმსახურა.

_ ქეთევან!_ მითხრა ერთ საღამოს.

_ არ ხარ კმაყოფილი ჩვენთან ცხოვრებით?
მისმა კითხვამ დამაბნია.

_ ვერ ვხვდები ამას რატომ მეკითხებით?_ ვუპასუხე მე.

_ სახე სულ ჩამოგტირის. თქმით არაფერს ამბობ, მაგრამ აშკარად არ ხარ კმაყოფილი._ ნამდვილად ძალიან დაკვირვებული იყო, არანაირი მცირე ნიუანსი არ ეპარებოდა.

_ უსაქმოდ ყოფნას არ ვარ მიჩვეული. სულ ვსწავლობდი და ვმუშაობდი და ახლა არაფერი მაქვს საკეთებელი. უბრალოდ მოვიწყინე._ გულწრფელად ვუპასუხე მე.

_ მუშაობა და სწავლა?_ უცნაურად ჩაეცინა მას. _ არ ვიცი მუშაობის რა გითხრა, მაგრამ რაც შეეხება სწავლას რატომაც არა?_ სუხარულისგან კინაღამ შევხტი.მან კი მშვიდად გააგრძელა.

_ შეგიძლია სწავლა გააგრძელო. თუ ეს შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია!_ ინსტიქტურად გავიწიე მისკენ რომ ჩავხუტებოდი, მაგრამ თითქოს სურვილს მიმიხვდა და ცივი, თან ოდნავ ზიზღნარევი მზერით ადგილზე გამაშეშა. არაუშავს, მის ამ უცნაურ რეაქციაზე დიდად არც მიდარდია.
ვისწავლიდი! ამას კი ნამდვილად არ ველოდი. კიდევ ერთხელ შემეპარა ეჭვი ირაკლის სიმართლეში. კი ნამდვილად მკაცრი ქალი იყო როენა და ემოციების დამალვაც საკმაოდ კარგად ეხერხებოდა, თუმცა ამ ჯერად ნამდვილად მადლობელი ვიყავი მისი. ჩემს ოცნებას, რომელსაც მაგისტრატურა ერქვა, უკვე ბოლომდე ვიყავი გამომშვიდობებული. როენას წყალობით კი კვლავ მომეცა იმედი.

კურსელებს დავურეკე. უნივერსიტეტის დეკანატშიც ვიყავი. ყველაფერი გავარკვიე და მაგისტრატურის პირველივე კურსზე აღებული აკადემიური გავაუქმე.
ბედნიერი წავედი პირველ ლექციაზე და მთელი ჩემი ყურადღება სწავლაზე გადავიტანე. თომას საღამოს ვნახულობდი ლექციებიდან დაბრუნებული. ამის გარდა სხვადასხვა კურსებზე დავიწყე სიარული, მსურდა როენას წყალობა ბოლომდე გამომეყენებინა. გავიარე მენეჯმენტის, ბუღალტერიის, მართვის მოწმობის და კიდევ რამდენიმე ჩემთვის საინტერესო კურსი.
სახლში მოსული გულმოდგინედ ვმეცადინეობდი. საღამოს კი თომას ჩვეულად ზღაპარს ვუკითხავდი.
თომაც შეიცვალა,გაიზარდა, უფრო დადინჯდა. სწავლაში ყველა რეპეტიტირი ემადლიერებოდა. როენამ კი გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა მისი მემკვიდრე , სისხლი და ხორცი ფართო აუდიტორიისთვის წარედგინა. თან დაჰყავდა იმ უამრავ წვეულებებზე, რომლებსაც თავად ესწრებოდა. ჩემთვის კი წაყოლა არასდროს შემოუთავაზებია. თუმცა იმ მომენტში ამაზე არც ვდარდობდი და არც მეცალა ამისთვის.
ხშირად ვხედავდი ჟურნალებში ჩემი შვილის ფოტოებს, თომა შარვალ კოსტუმში და ყელზე პეპელით, ისეთი საოცარი სანახავი იყო.
გული სიამაყით მევსებოდა. იწერებოდა სტატიები , რომ როენას შვილიშვილი, რომელიც მასთან არ ცხოვრობდა საკუთარ ადგილს დაუბრუნდა. თომას ზურგსუკან ფოტოზე როენა იდგა, მის მხარზე ჩამოედო წითელი ლაქით შეღებილი ხელი და საოცრად ცივი და მკაცრი მზერით უყურებდა ობიექტივს. კარგად დავაკვირდი და ისევ ის უცნაური ემოცია მომეძალა. რაღაცას მაგონებდა როენა, რაღაც ძალიან ნაცნობს. თუმცა ვერაფრით, ვერაფრით ვიხსენებდი რას.
ასევე მოქმედებდა ჩემზე მისი სიარულის მანერა. დაჰიპნოზებულივით ვუყურებდი ხოლმე კიბეებზე ამავალ დედამთილს და გამწარებული ვცდილობდი მეხსიერების ლაბირინთებიდან იმ მივიწყებული სახის გამოხმობას, ვისაც მისი სიარულის მანერა ასოციაციურად მახსენებდა.სიმართლე გითხრათ ოდნავ მწყინდა კიდეც ჩემით რომ არავინ ინტერესდებოდა. თითქოს ჩვეული ფაქტი იყო , რომ როენას თომა ჰყავდა. ვინ იყო ბავშვის დედა სულ არავის ადარდებდა. ალბათ ჯერ კიდევ არ მთვლიდა ქალბატონი როენა მის გვერდით გამოჩენის ღირსად! კი ცოტათი მწყინდა ეს ფაქტი , მაგრამ დიდად არ განვიცდიდი. მე ჩემი მიზანი მქონდა. როგორმე სწავლა დამესრულებინა და ისეთი სამუშაო მენახა, საკუთარი თავის და შვილის სათანადო უზრუნველყოფა შემძლებოდა. ნენე ხშირად რეკავდა, მიკვირდა. რაც უფრო ვმშვიდდებოდი მე, მით უფრო ფორიაქობდა ის.

_ კარგად ვართ დედა. ვსწავლობ , ოცნების ასრულებამდე ცოტაღა დამრჩა. როენა ხელს მიწყობს ყველანაირად. იმედი დაკარგული მქონდა, რომ სწავლას დავასრულებდი. ახლა კი მეც და თომაც საუკეთესო განათლებას ვიღებთ.

_ ქეთი დედი,არ ვიცი, ცუდი წინათგრძნობა მაქვს. გული არ მისვენებს! ყურადღებით იყავი და თავს და ბავშვს გაუფრთხილდი!_ ნენეს სიტყვები გულში მხვდებოდა, ალბათ იმიტომ, რომ სადღაც გულის სიღრმეში თავადაც განვიცდიდი და ვგრძნობდი იმ საავდრო ღრუბლებს ჩემს თავს ზემოთ რომ გროვდებოდა უჩუმრად და თან და თან.

_ დღეს სტუმარი გვეყოლება!_ გამოუცხადა ერთ საღამოს როენამ მის წინ ჯარისკაცებივით გვამწკრივებულ პერსონალს.

_ ყველაფერი სათანადოდ მოამზადეთ, კერძების სია წინასწარ გავამზადე. სახლის წკრიალი უნდა გაუდიოდეს!_ სწრაფ სწრაფად გასცა მოკლე და ნათელი ბრძანებები .
ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში შევედი, ხანდახან მაინც თავად ვიმზადებდი ხოლმე ტკბილ შავ ყავას. მიყვარდა მზადების პროცესი, ყავის სუნი და ის სიმყუდროვე ყავის მოხარშვისას რასაც განვიცდიდი.

_ დავითი მოდის!_ სიხარულით აციმციმებული თვალებით ახარა რიტამ მზარეულ სოფიას.

_ ნეტა მერე შენ რა ?!_ სიცილით გაკენწლა სოფიამ.
_
რა რა? არც არაფერი!_ იწყინა მისი სიტყვები რიტამ. _ აღიარე, რომ საოცრად სიმპათიურია!_

_ მე ვაღიარებ , ან რად უნდა მაგას აღიარება, მაგრამ შენ რატომ აცეტდები ხოლმე ასე? საკუთარი თავი კონკია ხომ არ გგონია?_ შეუბრალებელი იყო სოფია.

_ რა იცი, არ გაგიგონია, რომ ზღაპრები ზოგჯერ სინამდვილე ხდება?_ თავისას არ იშლიდა რიტა.
მე რომ დამინახეს გაჩუმდნენ და თავ თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ.
ყავა გაზქურაზე დავადგი და სკამზე ჩამოვჯექი.

_ ჩვენ მოგიდუღებთ ქალბატონო ქეთი რატომ წუხდებით?_ ვერაფრით ეგუებოდა სოფია ამ ჩემს ჩვევას .

_მადლობა, თავად მივხედავ ჩემო კარგო, _ გავუღიმე და ინტერესით ვკითხე.

_ ვინაა დავითი? ასე რატომ ემზადებიან ამ სახლში მის დასახვედრად?_ ორივემ გაოცებით შემომხედა. თითქოს იმის არ ცოდნა, თუ ვინ იყო დავითი უპატიებელი საქციელი იყო.

_ ბატონი დავითი თქვენი მეუღლის მეგობარი იყო. შემდეგ რაღაც კამათი მოუვიდათ და ერთმანეთს აღარ ეკონტაქტებოდნენ, მალევე დავითი ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად. იქიდან რომ დაბრუნ და თქვენი მეუღლე დაღუპული იყო უკვე._ ამიხსნა სოფიამ .

_ რა უცნაურია, ირაკლის არასდროს უხსენებია დავითი, ალბათ იმ კამათის გამო?!_ დავფიქრდი მე.

საღამოს ყველაფერი მზად იყო, სახლი კრიალებდა, მაგიდა საუკეთესო ჭურჭლით გაეწყოთ, კერძებიც სულ ნაირ_ ნაირი გაემზადებინათ.
მე და თომა როენას და სტუმრის მოლოდინში მისაღების კუთხეში მდგარ დივანზე ვისხედით და სურათებიან წიგნს ვათვალიერებდით.

კარზე ზარი გაისმა და კესო კარის გასაღებად თავად გაემართა. ამაზეც ეტყობოდა რამდენად პატივს სცემდა სტუმარს. სხვა შემთხვევაში თუნდაც კართან მდგარიყო მაინც რიტას დაავალებდა კარის გაღებას.
დიდი ორფრთიანი კარი ფართოდ გამოაღო და ზღურბლზე მდგომ სტუმარს კეთილმოსურნე ღიმილით გაუღიმა .
ერთი კაცის გამო ატეხილმა ამ ფაციფუცმა ისედაც დამღალა და რაღაცნაირად ნეგატიურად გამაწყო მის მიმართ. რახან როენა ასეთ პატივს სცემდა წარმომედგინა, როგორი ქედმაღალი და ამპარტავანი უნდა ყოფილიყო ჩვენი პატივცემული დავითი. სტუმარმა სახლში შემოაბიჯა,
ოდნავ წინ გადმოვიხარე ინტერესით, რათა კარგად დამენახა მოსული და უბრალოდ გავვოცდი. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უსიმპატიურესი შავგვრემანი მაღალი და მხარბეჭიანი კაცი დავინახე. შავი თვალ_წარბით. საკუთარი გარეგნობასავით წარმოსადეგად ჩაცმული. ხელში წითელი ვარდების თაიგულით.
და იმის მაგივრად მომწონებიდა მისი გარეგნობის გამო მაინც, უარესად უარყოფითად განვეწყვე მის მიმართ.
იყო მასში რაღაც, რაც საოცრად არ მსიამოვნებდა.
მის ირონიულ მზერას თვალი გავაყოლე და აი მაშინ გენახათ ჩემი გაოცება
კიბის თავში წითელ საღამოს კაბაში გამოკვალთული, დავარცხნილ_ გაპრანჭული როენა იდგა, უცნაურ თეატრალურ პოზაში და ჩვენს სიმპათიურ სტუმარს პირდაპირ თვალებით სჭამდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ უგრძნობ ქალს თუ შეეძლო ასეთი ემოციური ყოფილიყო, თანაც საკუთარი დაღუპული შვილის მეგობრის მიმართ. ზიზღის გრძნობამ ტუჩები დამიმანჭა.
როენა ქუსლიანების კაკუნით თეატრალურად დაუყვა მარმარილოს კიბეებს. დავითი კი ღიმილით გაემართა მისკენ. როენას აშკარად სურდა გადაეკოცნა სტუმარი, მაგრამ ახალგაზრდა კაცმა იმარჯვა ხელში ყვავილები შეაჩეჩა და შუა საუკუნეების რაინდივით ცალ ხელზე ეამბორა. იმდენად ვერ დამალა როენამ იმედგაცრუება, რომ ცოტა დამაკლდა და სიცილი ამიტყდა. ნეტავ რას იტყოდა საკუთარ თავზე ეს ქედმაღალი ქალი, ის სცენა შორიდან რომ დაენახა?
მე კი ჩემდა გასაკვირად ამ "რკინის ლედის" სუსტი წერტილი ვიპოვნე. ეს სისუსტე, რასაკვირველია, ბატონი დავითი იყო!

6

მათი ამ თეატრალური მისალმების შემდეგ ჩვენი გაცნობის ჯერი დადგა.
თავს ვერაფრით ვიკავებდი "ბატონი დავითის" შემხედვარე და ირონიული ღიმილი ტუჩის კუთხიდან მეპარებოდა. თუმცა კი ემოციების მოთოკვას გამწარებული ვცდილობდი, რადგან ვიცოდი როენას მახვილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა. ნამდვილად არ მსურდა, წყენის რაიმე მიზეზი მიმეცა.
თუმცა რაღაც მომენტში მივხვდი, რომ როენა ისე იყო გატაცებული დავითთან ლაქუცით, რომ ნამდვილად არ ეცალა ისეთი უბრალო რამეებისთვის, როგორიც მე და ჩემი სარკასტული ღიმილი ვიყავით
.
_ დავით ძვირფასო, გაიცანი ესენი ქეთევანი და თომა არიან, ირაკლის ცოლ_ შვილი!_ ირაკლის ცოლ_შვილი თავისთავად ნიშნავდა მის რძალსა და შვილიშვილს, მაგრამ ჩვენი ასე წარდგენა და მისი სტატუსის ხმამაღლა თქმა, ხომ ბებიობას და მისსავე ასაკს მოიაზრებდა და ალბათ სწორედ ამიტომ შეიკავა თავი. დავითმა მისი ხელკავისგან თავი ზრდილობიანად გაითავისუფლა და ხელის ჩამოსართმევად მომიახლოვდა. ჩემი ხელი საკუთარ ულამაზეს თითებში მოიქცია და კეთილგანწობის ნიშნად მომიჭირა.
წეღანდელი არაგულწრფელი მისალმებისგან არაფერი აღარ ჰქონდა დარჩენილი. ირონიული ღიმილი წამში მოვსხიპე , თუმცა უკვე გვიანი იყო. მან აშკარად ფაქტზე გამომიჭირა, თვალებში შევხედე და შერცხვენილმა ტუჩზე ვიკბინე. ჩემს ძლივს მოგვარებულ პრობლემებს ესღა აკლდა, რომ როენას სატრფოს ავეთვალწუნებინე. სასწრაფოდ ავიკარი გულითადი ღიმილი სახეზე და მის სალამს მეც თბილად ვუპასუხე.
თვალებში მიყურებდა, თვალებმოჭუტული და ახლა უკვე თავად იღიმოდა ირონიულად.
ყველაფერს მივცემდი,რომ იქიდან წასვლის საშვალება მქონოდა. უცებ თომას მიუბრუნდა და მის წინ დაიჩოქა.

_ როგორ გავხარ მამიკოს პატარა კაცო!_ ისე თბილად მოეფერა ბავშვს, რომ გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. იმ წამს ან მართლაც გულწრფელი იყო, ან საოცრად შეეძლო მსახიობობა. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ დავითი როენაზე საშიში კაცი ჩანდა და მისგან თავი რაც შეიძლებოდა შორს უნდა დამეჭირა. თუმცა რიტასიმართლე ვაღიარე, დავითი ნამდვილად საოცრად მომხიბლავი კაცი იყო. თუ მისი სურვილი იქნებოდა ვერც ერთი ქალი ვერ გაუწევდა ალბათ წინააღმდეგობას, მაგრამ რას აკეთებდა ასეთი კაცი როენასთან? ალბათ ასეთი ანგარებაც არსებობს! გავიფიქრე გულში. რატომღაც წამითაც არ დამიშვია, რომ ვცდებოდი.

როენამ თავის გვერდით, თომას ადგილი დავითს დაუთმო, თომა კი ჩემს გვერდით დაჯდა. სუფრა მინიმუმ ოცი კაცის სამყოფი საჭმლით იყო სავსე. ყველაფერს ემჩნეოდა, თუ რამდენად ცდილობდა ჩვენი ყინულის დედოფალი სასურველი კაცის გულის მოგებას.

_ ამ ჯერად ძალიან დაგვივიწყე!_ საყვედურნარევი ხმით უთხრა როენამდა ნაზად გახედა. მრავლობითში კი საუბრობდა, მაგრამ აშკარად მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობდა.

_ საქმეები მქონდა და კვლავ გამგზავრებამ მომიწია. როგორც კი დავბრუნდი, მაშინვე თქვენსკენ გამოვეშურე._ უპასუხა კაცმა და გაუღიმა. ქოლგეითის რეკლამაშიც კი არ აქვთ ხოლმე ასეთი იდეალური ღიმილი, როგორიც მას ჰქონდა.

_ დიდი ხნით ნუ დაიკარგები ძვირფასო, ხომ იცი, შენ იმ მცირე მეგობართაგანი ხარ, ვინც ასე ძვირფასია ჩვენთვის!_ როენამ ნაზად დაადო ხელი დავითის ხელს . ისეთი ასოციაცია გამიჩნდა მისი წითელკლანჭებიანი ხელის დანახვისას, თითქოს როენა ნადავლს ჩაფრენილი ქორი იყო. ჩემდაუნებურად თავი ვერ შევიკავე და ისევ ირონიულმა ღიმილმა გადამირბინა ტუჩებზე. ჩემდა საუბედუროდ შევამჩნიე დავითს არც ამჯერად გამოპარვია ჩემი ემოცია , ინტერესით მიყურებდა, თითქოს ცდილობდა ჩემი ფიქრები ამოეცნო. თვალი ავარიდე და თომას გადავუღე საჭმელი.
როგორც იქნა სადილი დასრულდა. აშკარად ვგრძნობდი, როგორ სურდა როენას დავითთან განმარტოება. მეც აღარ ვაწვალე, რაღაც მოვიმიზეზე, სტუმართან ბოდიში მოვიხადე და თომასთან ერთად ოთახი დავტოვე.
ბაღში დადგმულ ფანჩატურს მივაშურე. მიყვარდა იქ ყოფნა. უზარმაზარი გლიცინია, რომელიც ფანჩატურს გარს მოხვეოდა , მთლად ფარავდა იქაურობას. მყუდრო და ლამაზი ადგილი იყო. ცოტა ხანს ერთად ვხატავდით მე და თომა, სანამ ბავშვს არ მობეზრდა და სათამაშოდ არ გაიქცა. მარტო დავრჩი და დავფიქრდი. ნუთუ დავითი იყო ნამდვილი მიზეზი ირაკლის სახლიდან გაქცევის? როენას თვალების ციმციმი ახალ ამბავს არ გავდა. მაგრამ თუ ასე იყო, რატომ არ მითხრა ირაკლიმ? რატომ დამიმალა? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ირეოდა ჩემი აზრები. ამოვიოხრე და ხელები საფეთქლებზე მოვიჭირე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი ასე. თვალები გავახილე და ფანჩატურის შემოსასვლელში მდგარ დავითს მოვკარი თვალი. ისევ ისე ინტერესით მიყურებდა, როგორც სუფრასთან. აშკარად ბევრი კითხვა ჰქონდა ჩემთან.

_ კიდევ ერთხელ სალამი!_ საუბრის დაწყება სცადა მან. პასუხის გაცემა არც მიფიქრია. წამოვდექი, სახლისკენ მინდოდა წავსულიყავი. თუმცა ის სწორედ გასასვლელში იდგა და გაწევას არ აპირებდა.

_ მე ბევრი მსმენია შენზე! როგორც იქნა გაგიცანი!_ არც უფიქრია სუბორდინაციის დაცვა, პირდაპირ შენობით მომმართა მან, თითქოს მისი მეგობარი თუ არა, დიდი ხნის ნაცნობი მაინც ვიყავი. თუმცა მე ნამდვილად პირველად ვხედავდი.

_ მართლა?_ ვუპასუხე დაუფარავი ირონიით.
_ აი მე კი არასდროს არაფერი მსმენია თქვენზე, ალბათ ამას თავისი მიზეზებიც ჰქონდა. _ გასასვლელისკენ წავედი. ვიფიქრე მისთვის უბრალოდ გვერდი ამევლო.

_ ლამაზი ადგილია!_ დავითმა ხელი გასასვლელის კედელს მიადო და გზა გადამიკეტა.

უცნაურმა ბრაზმა ამიტანა, ჩემთვის ყველაზე აუტანელი ადამიანი, ყველაზე თავხედი და უზრდელი იმ წამს სწორედ ჩემს წინ იდგა.

_ არ მჯერა!_ უფრო საკუთარი თავის გასაგონად ვთქვი მე.

_ რა არ გჯერა ქეთევან?_ მკითხა მან და მომიახლოვდა. მის ლამაზ შავ თვალებში მხოლოდ ინტერესს ვხედავდი და მაბნევდა ეს ფაქტი. ახლა რომ როენას დავენახეთ, წარმომიდგენია რას მიზავდა. იმის წარმოდგენაზე , თუ როგორ მაპუტავდა როენა თმებს გამეცინა. არ ვიცი რად მიიღო ჩემი სიცილი დავითმა, წარბი გაოცებისგან ასწია.

_ საინტერესო ქალი ხარ!_ მისმა სიტყვებმა უარესად გამაღიზიანა. საერთოდ რას წარმოადგენდა და თავს რატომ აძლევდა ზედმეტის უფლებას?!

_ რა არ მჯერა? ის რომ ირაკლის მეგობარი იყავი! შენნაირ ადამიანთან რა საერთო უნდა ჰქონოდა ირაკლის? _ ის მივახალე დაუფიქრებლად, რასაც იმ წამს მასზე ვფიქრობდი.

_ და როგორი ადამიანი ვარ?_კიდევ უფრო მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.

_ როგორად აღმიქვავ ქალბატონო ქეთევან?

იმდენად ახლოს იყო სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი. უცნაურად დამაბნია და ამაფორიაქა მისმა სიახლოვემ.

_ არ მოგწონვარ არა?_ კი არ მკითხა, უფრო ჩემი აზრი გაახმაურა ხმამაღლა.

_ ქედმაღალი, უზრდელი და თავხედი ხარ! არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან რამე საერთო მქონდეს! მითუმეტეს არ მგონია, ეს შენს თაყვანისმცემელს მოეწონოს!_ მინდოდა მწარედ და უხეშად მოვქცეოდი. რატომღაც მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა, რომ მას ჩემი სიტყვები ეწყინებოდა.

_ თაყვანისმცემელს?_ ჯერ გაოცდა. მერე ეტყობა მიხვდა. ჯერ ხმადაბლა გაეცინა, მერე ხმამაღლა ახარხარდა. მე დრო ვიხელთე და ფანჩატურს თავი დავაღწიე.

_ ხომ არ ეჭვიანობ პატარა ქალბატონო?!_ მომაძახა უკვე გაქცეულს. ერთადერთი რაც დარწმუნებით ვიცოდი ის იყო, რომ მე ეს კაცი მძულდა.

სახლისკენ მიმავალს გზაზე რიტა შემხვდა, თუმცა ისე ვიყავი გაბრაზებული მისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. გვერდი სწრაფად ავუარე და სახლში სამზარეულოს შესასვლელიდან შევედი. წყალი დავისხი ჭიქაში და სულმოუთქმელად დავლიე. გაოცებული ვიყავი იმით თუ, როგორ მოახერხა სრულიად უცნობმა ადამიანმა ჩემი ასე აღელვება. ან როგორ შეძლო ჩემში ასეთი სიძულვილის გამოწვევა, რომ თავს ძლივს ვიკავებდი , ისევ უკან არ გავბრუნებულიყავი და კიდევ ერთხელ არ გამელანძღა. თითქოს არ მყოფნიდა ის სიტყვები, რაც დაუდევრად მივახალე. რაამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.
ცოტა მოვდუნდი და საკუთარ ემოციებზე კონტროლი დავიბრუნე.

ოთახში ავედი , ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად კონსპექტები ავიღე. გული ვერაფრით დავუდე. თან და თან სინანულმა შემიპყრო. რა ჯანდაბა გავაკეთე? ვბრაზობდი საკუთარ თავზე. ახლა რომ ადგეს ის ვაჟბატონი და როენას ყველაფერი მოუყვეს? გამაკანკალა ამის წარმოდგენაზე.
საათს დავხედე. თომას ძილის დრო იყო. ზღაპრის წიგნი ავიღე და თომას საძინებლისკენ გავემართე. ოთახს რომ მივუახლოვდი როენას მშვიდი ხმა მომესმა, კარი შევაღე და ცალი თვალით შევიჭყიტე შიგ. ბებია და შვილიშვილი ერთად იწვნენ საწოლში. ჩემი პატარა ბიჭი თვალბანთებული მისჩერებოდა ბებიას. ზღაპრის ყოველ სიტყვას ისრუტავდა. თომა ყოველთვის გონიერი ბავშვი იყო. ზღაპრები ძალიან უყვარდა და ფანტაზიაც უსაზღვრო ჰქონდა. მეც ყოველ ღამე ვუკითხავდი ხოლმე ზღაპრებს, სანამ როენასთან გადმოვიდოდით საცხოვრებლად. მაგრამ ჩემით ასეთი აღფრთოვანებული მგონი არასდროს ყოფილა. არ ვიცი ალბათ სამუშაოდან გადაქანცული რომ ვბრუნდებოდი ზღაპრების კითხვის ხალისი აღარ მქონდა და ჩემს ნაძალადევ ტონსა და როენას მშვიდ აუღელვებელ ხმას შორის დიდ სხვაობას პოულობდა ბავშვი. ცოტათი გული დამწყდა, მეგონა უჩემოდ არ დაიძინებდა, მეგონა ძილის წინ საკოცნელად მაინც დამიძახებდა. მაგრამ შევცდი!
კარი უხმოდ გამოვიხურე და საძინებლისკენ სევდიანი გამოვბრუნდი. უკვე რამდენიმე ღამე იყო როენამ ჩამანაცვლა, ახლა ის უკითხავდა თომას წიგნებს ძილისწინ.
ჩემს უზარმაზარ ფუმფულა საწოლში ჩავწექი და საკუთარ თავს დავუწყე საუბარი.

_ ქალბატონო ქეთევან ესეც ერთგვარი ქალური ეჭვიანობაა ალბათ? ამ შემთხვევაში დედა ბებიაზე ეჭვიანობს!_ გამეცინა. ასე ხმამაღლა გამოთქმულმა აზრმა მიმახვედრა, რამდენად სულელური იყო ჩემი წყენა. პირიქით უნდა გამხარებიდა , რომ ბებია შვილიშვილთან დაახლოებას ცდილობდა. მანამდე ხომ ის მწყინდა , რომ გულცივად ექცეოდა ბავშვს. ახლა იმაზე ვიბუტებოდი ბებიობას რომ ცდილობდა. ჩავთვალე რომ არ ვიყავი სწორი.
ახლა იმაზე დავფიქრდი, თუ რატომ ამბობდა ირაკლი როენაზე, არ მსურს ჩემმა შვილმა ოდესმე მის სიახლოვეს იცხოვროსო. ვფიქრობდი და ვერაფრით ვხვდებოდი მისი დედისადმი ასეთი დამოკიდებულების მიზეზს. რა იყო ეს? მდიდარი მემკვიდრის ამბოხი? თუ დედის გავლენისაგან თავის დახსნის მცდელობა? საუკეთესო მეგობრის ღალატი? იქნებ ხელოვნის უცნაური აკვიატება, რომ ყველაფრისთვის მარტოს მიეღწია? ნამდვილად არ იყო როენა შოკოლადი, მაგრამ არც ისე წყალწაღებული უნდა ყოფილიყო, როგორც ირაკლი მიხატავდა. ბოლოს და ბოლოს ჩემთვის დახმარების მეტი ხომ არაფერი გაუკეთებია. სულაც არ მწყინდა, თუ მის თანასწორად არ მიმიჩნევდა. მთავარი ხომ ის იყო, მე რად მიმაჩნდა საკუთარი თავი.
რაც უფრო ბევრს ვფიქრობდი, მით უფრო მეტად მერეოდა თავგზა. ირაკლი, რომელსაც მე ვიცნობდი კეთილი ,თბილი და სამართლიანი პიროვნება იყო. მას თვალდახუჭული ვენდობოდი. მაგრამ როენა, რომელსაც ის მიხატავდა და რომელიც ჩემს ვაჟს ზღაპარს უკითხავდა საერთოდ სხვადასხვა პიროვნება იყო. მათ შორის საერთო მხოლოდ ეს უზარმაზარი ქონება იყო, რომლის ერთადერთ მემკვიდრედაც ჩემი დედამთილი ჩემს თომას მოიაზრებდა.

_ რატომ წახვედი ირაკლი? რატომ გაგვიმეტე? _ ვეჩურჩულებოდი ჩემს გარდაცვლილ ქმარს და მასზე ფიქრში მართლაც მკვდარივით ჩამეძინა.

რომ გამეღვიძა უკვე კარგახნის გათენებული იყო. ისევ ის უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს სამსახურში მაგვიანდებოდა, თითქოს გასაქცევი ვიყავი. ვერაფრით შევეჩვიე, რომ ახლა არასად აღარ მეჩქარება. რომ მხოლოდ ლექციებზე უნდა მევლო და კარგად მესწავლა. ისიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნებით. არავინ არაფერს მაძალებდა.
გავიზმორე და ლოგინიდან გაღიმებული წამოვდექი. თავი მოვიწესრიგე,
ხალათი მოვისხი და საძინებლიდან გამოვედი. გარეთ საოცარი დილა მოჩანდა. ჩვეულებისამებრ, ყავა მოვიდუღე და თომას საძინებლისკენ გავეშურე. მეორე სართულისკენ ამავალ მარმარილოს კიბეებს ავუყევი და უცებ კიბის თავში გაფითრებული თომა დავინახე.

_ დილამშვიდობისა საყვარელო!_ მივესალმე ბავშვს და ჩვეულად ხელები გავშალე , მის ჩასახუტებლად მოვემზადე.
თუმცა თომამ უკან უკან დაიხია. თითქოს ჩემმა დანახვამ შეაშინა. რამდენიმე ნაბიჯით მომშორდა, შემდეგ ზურგი შემაქცია და თავისი ოთახისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. სახტად დავრჩი კიბის თავში ასე ხელებგაშლილი. ნელა მოვიხედე უკან. კიბის ძირში როენა იდგა და უცნაური ღიმილით მიყურებდა. მხოლოდ ტუჩები უღიმოდა, თვალები საოცრად ცივი ჰქონდა.

_ რა დაემართა თომას??_ ვკითხე გაოცებულმა.

_ ალბათ ცუდი სიზმარი ნახა! ბავშვია გაუვლის!_ მიპასუხა როენამ, კიბეები ბუმბულიანი და ქუსლიანი ქოშების კაკუნით ამოიარა, გვერდი ცივად ამიარა, საძინებელში შევიდა და კარი უკანმოუხედავად მიიხურა.

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent