ზღაპრები ძილის წინ 21
ზღაპრები ძილის წინ 21 საწოლზე მოკუნტული ვიწექი. ყველა ცრემლებისგან და დადებითი ემოციისგან დაცლილი. ვიწექი თვალგაშტერებული და მხოლოდ ირაკლის სახეს ვხედავდი. გაუსაძლის სურვილს ვყავდი ატანილი მას შევხებოდი. იმდენად ძლიერი იყო ეს სურვილი, შიგნიდან მანგრევდა. თუმცა გაშეშებულ სახეზე არავითარი ემოცია არ მეწერა. მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ თომამ გადამარჩინა. რომ არა თომა, ალბათ ცხოვრების გასაგრძელებლად ძალა არ მეყოფოდა. ვერ გამეგო, იმ მშვიდი და მონოტონური ცხოვრებიდან ამ მძაფრსიუჟეტიან ფილმში როგორ ამოვყავი თავი? ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა მაკავშირებდა მათთან? დაფარულ მიზეზებს ვეძებდი, და ვბრაზობდი ყველაზე და ყველაფერზე. კარი დავითმა შემოაღო. _ქეთევან შეიძლება?_ მკითხა მშვიდად. არაფერი არ მიპასუხია. ვერაფერს ვგრძნობდი და მისი ყოფნა_ არ ყოფნა იმ წამს ჩემთვის სრულიად სულერთი იყო. _ ქეთევან ხომ ხვდები, რომ გავიმარჯვეთ?_ ალბათ ეგონა ამ სიტყვებით გონზე მომიყვანდა და გამამხნევებდა. საწოლზე ფეხმორთხმით წამოვჯექი. _ გავიმარჯვე?_ ვკითხე ირონიით_ მართლა გგონია , რომ გავიმარჯვე? ირაკლი რომ მკვდარია, ამას ეძახი გამარჯვებას? არ ვიცი, იქნებ შენთვის მართლაც გამარჯვებაა! ყველა იმას მიიღებთ, რაც გსურთ და რაც გეკუთვნით! მე და თომას გარდა! დავინახე რა ძალიან ატკინა გული ჩემმა სიტყვებმა და უცნაურად მესიამოვნა მისი ტკივილი. თითქოს გავბოროტდი. რახან მე მტკიოდა, მსურდა დავითსაც სტკენოდა. ალექსსაც და მთელ სამყაროსაც. ჩემი თავი შემძულდა. საერთოდ არ მსურდა იმ ალქაჯს დავმსგავსებოდი და სხვისი ტკივილით მესაზრდოვა. ზურგი შევაქციე და კვლავ საწოლზე მოვიკუნტე. _ შენ დახმარება გჭირდება ქეთევან!_ მითხრა ჩუმად დავითმა. _ ირინას დავურეკავ, ჯობია ვინმეს დაელაპარაკო იმაზე, რაც გაწუხებს!_პასუხს არ დალოდებია, ისე წამოდგა და კართან მივიდა. _ მე დახმარება კი არა ირაკლი მჭირდება!_ ვუყვირე გაცოფებულმა. თითქოს მისი ბრალი იყო ირაკლი რომ აღარ მყავდა. _ სამწუხაროდ ირაკლი მკვდარია და აღარ დაბრუნდება!_ მისი სიტყვები კვლავ სასტიკად ჟღერდა, მაგრამ სამწუხაროდ სრული სიმართლე იყო. _ ჯობია ამას შეეგუო! _უკან მოუხედავად მითხრა და კარი გაიხურა. მოძლაებული კივილი ბალიშში ჩავახშე. ისე ვღმუოდი ბრაზისგან და უძლურებისგან, როგორც დაჭრილი ცხოველი. _ მინდა, რომ როენა მოკვდეს! მინდა რომ მოკვდეს! ჩაძაღლდეს!_ ვიმეორებდი და ვიმეორებდი, სანამ ლაპარაკის უნარი არ დავკარგე და დაღლილობისგან არ ჩამეძინა. უკვე ძალიან ბნელოდა, რომ გამომეღვიძა, პირგამშრალს და გაბრუებულს. მივხვდი თომა მთელი დღე არ მენახა და გარეთ გამოვლასლასდი. აივნიდან გადავიხედე. თომა და დავითი ეზოში იყვნენ და ძაღლს ეთამაშებოდნენ. თომა მხიარულად იცინოდა, უდარდელად და ბედნიერად გამოიყურებოდა. უცხოს რომ დაენახა, ვერც კი იფიქრებდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ლაპარაკზეც კი უარს ამბობდა. თუმცა თომა ბავშვი იყო და თანაც საკმაოდ ძლიერი და გონიერი. ოთახში შევბრუნდი და აივნის კარის შუშაში საკუთარ თავს მოვკარი თვალი. ის ანარეკლი მე არ ვიყავი! შეშლილი, დაღლილი და უბედური ქალი მიყურებდა შუშიდან. გატეხილი და იმედდაკარგული. თუ თომა ახერხებდა ჩემ გამო ბრძოლას და პრობლემებს ერეოდა, მე რატომ არ შემეძლო იგივე? _ კმარა ქეთევან! ეს ის არაა, რისი დანახვაც ირაკლის გაახარებდა! ეს ის ქეთევანი არაა, ვინც ირაკლის უყვარდა!_ შემოვუძახე საკუთარ თავს. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და აბანოში შევედი. დიდხანს ვიდექი ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ. თითქოს ყველა ჩემი დარდის და ტკივილის ჩამორეცხვას ვცდილობდი. გადავწყვიტე, თუ თავად ვერ მოვერეოდი თავს, ირინასთვის მიმემართა. ამ ფიქრმა ძალა შემმატა. პრობლემის აღიარება, ხომ მისი მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი. _ რაც მოხდა ვერაფერს შეცვლი! _ ვუთხარი საკუთარ თავს._ დრო მოვიდა ცხოვრების ჯინაზე ბედნიერი იყო! ისედაც ძალიან ბევრი რამ დაკარგე ქეთევან! ახლა კი შეცდომა აღარ დაუშვა და ორივე ხელით მოეჭიდე იმას, რასაც ეს ცხოვრება შემოგთავაზებს! ცომი მოვზილე, მოზრდილი ყველი ჩავახეხე და სწორედ ის ოქროსფერი მაჭკატები დავაცხვე, თომას ასე ძალიან რომ უყვარდა. მაგიდა გავაწყვე და პარმაღზე გავედი. _ ბიჭებო! საუზმე მზადაა!_ ერთდროულად შემობრუნდნენ თომა და დავითი. გამეცინა. ზუსტად ერთნაირი გაოცებული და დაეჭვებული თვალებით მიყურებდა ორივე. თითქოს არ სჯეროდათ ჩემი უეცარი გამონათება. მე არ ვიყავი ის გოგო, წინა დღეს გიჟივით რომ მოვთქვამდი? ერთმანეთს შეხედეს, მხრები აიჩეჩეს და ნელა მომიახლოვდნენ. _ რაო, გიკვირთ არა? დღეიდან სულ ასე იქნება!_ გავუღიმე ორივეს მხიარულად. სახლში შევედით და მაგიდას მივუსხედით. რაღაცნაირი უხერხული სიჩუმე იდგა. ვერაფრით იჯერებდნენ, რომ თავს არ ვაჩვენებდი და მართლა უკეთესად ვიყავი. _ არა , რაღაც გვაკლია!_ ჩავილაპარაკე და სამზარეულოში კარადის თაროზე შემოდებული პატარა ბლუთუზ _დინამიკი ჩავრთე. _ მუსიკა გვჭირდება!_ თან მაცინებდა, თან მართობდა მათი გაოცებული სახეები. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ რობის "აღმოსავლური ტანგო" შევარჩიე. ზუსტად რომ შეეფერებოდა ჩვენს ამბავს. და ჩავრთე. მუსიკა მესიამოვნა. აღარც კი მახსოვს როდის ან რას მოვუსმინე ბოლოს? როდის ვიმღერე, როდის ვიცეკვე? აღარ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი?! ერთი მაჭკატი ავიღე და მოვკბიჩე ფეხზე მდგარმა. მესიამოვნა. მუსიკას ავყევი. " კარგი იყო არ გამეცან თავიდან! შუა წყალში გადამაგდე ნავიდან..." დავითს ვუყურებდი და ვუღიმოდი. ნელ_ ნელა მიხვდა რასაც და რატომაც ვმღეროდი. თომას შევხედე და გული ამიჩუყდა. ისე მიღიმოდა, როგორც არასდროს. ის უბრალოდ ჩემი სიხარულით იყო ბედნიერი. მოულოდნელად კარი ალექსმა შემოაღო. ჯერ გაოცდა, მერე გადაიხარხარა. _ ორი სულელი კაცი უყურებს , რომ მშვენიერ ქალს ცეკვა სურს და არ იწვევენ საცეკვაოდ?!_ შეჰყვირა მხიარულად. _ პატივს დამდებ ძვირფასო? ბოლოს, როგორც მახსოვს ავი ძაღლივით მიღრენდი!_ ხელი გამომიწოდა. _ არ მახსოვს, როდის? ალბათ წინა ცხოვრებაში!_ გამეცინა მეც. მეორე ხელი წელზე მომხვია და სამზარეულოს მაგიდის გარშემო გამაფრიალა. _ მოიცა ეს დავდო!_ გამეცინა ბედნიერს. _ მშია!_ დააღო ბავშვივით პირი. მეც უყოყმანოდ ჩავუტენე პირში მორჩენილი მაჭკატი. _ პატივს დამდებთ?_ წინ გადაგვიდგა დავითი ღიმილით. _ ოჰ, მონსენიორ!_ გაიკრიჭა ალექსი. ახლა მე და დავითი დავტრიალდით მაგიდის გარშემო. თუმცა თომამ დიდხანს არ გვაცალა. _ ახლა ჩემი ჯერია!_ წამოხტა სკამიდან. როდის გაიზარდა ჩემი პატარა ბიჭი ასე? ჩვენ ერთად ვცეკვავდით და ეს ბედნიერება იყო. ჩვენ ოჯახი ვიყავით. ოჯახი, რომელიც ყველამ დავიმსახურეთ. საღამოს ვანომ დაგვირეკა და ახალი ამბავი გვამცნო. ფრიდონი გონს მოუსვლელად გარდაცვლილიყო. ხოლო როენაზე დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ როენას მთელი თავისი კორუმპირებული ქსელი ჰყავდა ჩართული, მაინც აღარაფერი უშველიდა და მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. ამ იმედით წავედით იმ ღამეს დასაძინებლად. თუმცა სიმშვიდემ დილამდეც არ გასტანა. ამბავმა , რომელიც დილით გავიგეთ ყველაფერი ყირაზე დააყენა. _ როგორც მოსალოდნელი იყო, როენამ და კესომ მიმალვა სცადეს, მაგრამ ეტყობა გზაში რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და კესომ საკუთარი და სისხლი და ხორცი სასიკვდილოდ გაიმეტა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა!_ გვიყვებოდა თავადაც უზომოდ გაოცებული ვანო. _ რაო?_ პირდაპირი მნიშვნელობით შოკი მივიღე. ეს ალქაჯი დები მთელი ცხოვრება ერთად ხლართავდნენ ობობის ქსელს და რა უნდა მომხდარიყო მათ შორის ასეთი, რომ დამ და გაიმეტა? _ კესოს დაკავება შეძლეს?_ დაინტერესდა დავითი. _ ვერა , ჯერ ჯერობით კვლავ ძებნაშია, მაგრამ დიდხანს ვერ დაგვემალება! _ დარცხვენით ჩაილაპარაკა ვანომ. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ დამნაშავე თვალსა და ხელს შუა გაუსხლტა. წინაზეც ალექსმა მოახერხა ფრიდონის დაჭერა, მას კი ისე გაექცა , როგორც გამოცდილი ილუზიონისტი. კი იცით კინაღამ სიცოცხლესაც გამოგვასალმა. _ გთხოვთ , სანამ კესოს კვალზე არ გავალთ, სახლს ნუ დატოვებთ დაცვის გარეშე, არავინ იცის , იქნებ მანაც ფრიდონივით თქვენთვის რამის დაშავება მოიწადინოს!_ თვალს ვერ გვისწორებდა მორიგი მარცხით გაწბილებული გამომძიებელი. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა როენა გონს. არ იფიქროთ მის სანახავად ვიყავი მისული. ყველაფერს გამომძიებლისგან ვიგებდით. საქმე წინ მიდიოდა. დაიკითხა აარონი, როგორც საქმის მთავარი მოწმე. ჩვენც ყველა დაგვკითხეს , ასევე თომა ირინას თანდასწრებით გამოიკითხა. საქმეში იდო ყველა დოკუმენტი, და მასთან ერთად ირაკლის დღიური, ანდერძი, რა ვიცი ყველაფერი. მათ შორის ირაკლის დახატული ზღაპარი " ჩოქელების დედოფალი." იქიდან გამომდინარე, რომ როენა რთული მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა, სასამართლოს სხდომები ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობდა. _ ისევ არ იძლევა ჩვენებას?_ ვკითხე სასამართლოს შემდეგ გამომძიებელს. _ არა, დუმილის უფლებას იყენებს! თუმცა ამას დიდად აღარ აქვს მნიშვნელობა!_ მიპასუხა ვანომ და დერეფანში გზა გააგრძელა. სასამართლოს შენობიდან გამოვედი და დავითიც მალე დამეწია. _ რაზე ფიქრობ ქეთევან?_ მკითხა ინტერესით. _ როენას ნახვა მინდა დავით! პასუხები მჭირდება!_ შევხედე და რატომღაც მეგონა უარს მეტყოდა.მაგრამ ცოტა ხანს დაფიქრდა და თავი დამიქნია. პალატის წინ ორი დაცვა იდგა. მათი ნებართვის გარეშე ვერც ვერავინ შედიოდა, ვერც გამოდიოდა. ვანო მათ გაესაუბრა , და მოდიო მანიშნა.ბიჭებმა გზა დამითმეს. ჰაერი ჩავისუნთქე და პალატის კარი შევაღე. როენა საწოლზე იწვა, გამხდარ ლაქგადაცლილ ფრჩხილებიან ხელზე ვერცხლისფერი ხელბორკილი მოუჩანდა, რითაც, როგორც საშიში დამნაშავე საუთარ საწოლს იყო გამობმული. მივუახლოვდი. უემოციო ცარიელი სახით ფანჯრიდან იყურებოდა. თითქოს აღარ იყო ამ ქვეყნად. მიუხედავად მისი მდგომარეობისა, მაინც უცნაური აურა ჰქონდა. ის მაინც საოცრად ჰგავდა ჩოქელების შეუბრალებელ დედოფალს. _ გამარჯობა როენა!_ მივესალმე მშვიდად. სკამი მოვიწიე და მის პირდაპირ ჩამოვჯექი. სარკმელს თვალი მოაშორა და შემომხედა. ცოტა ხანს მიყურა და გამიღიმა. _ გამარჯობა ქეთევან! _ ამოისუნთქა. _ ყველაფერი დამთავრდა არა?_ მკითხა სევდიანად. ისე თითქოს ერთად რაიმე სევდიან ფილმს ვუყურებდით . ისე თითქოს ადამიანების ბედით თამაში ჩვეულებრივი ამბავი იყო. _ თქვენთვის ნამდვილად დასრულდა!_ ვუთხარი უხეშად. _ კესო დაიჭირეს?_ მკითხა სევდიანად._ ალბათ გეცოდინება, რომ ჩემი უმცროსი დაა არა? ისეთი სევდიანი ხმა ჰქონდა, არა ჩადენილს არ ნანობდა. ამაში დარწმუნებული ვიყავი. მხოლოდ უმცროს დაზე ღელავდა _ გინდა ყველაფერი გიამბო?_ მკითხა და თვალებში იმედი აუკიაფდა. ხომ ფსიქოპატი იყო და სასტიკი მკვლელი,მაგრამ მაინც საოცრად სურდა მისთვისაც მოესმინა ვიღაცას. _ გიჟი არ ვარ, რომ შენგან პატიებას ველოდებოდე! მაგრამ იქნება ცოტათი მაინც გამიგო, როცა ყველაფერს გიამბობ. ამას პირველად და ალბათ უკანასკნელადაც ვყვები. კვლავ ფანჯარას გახედა და საკუთარ წარსულში ჩაძირულმა მოყოლა დაიწყო. _ 1970 წელს დავიბადე ზუგდიდში. პეტრე აკობიას ოჯახში. მამაჩემი მარტივად რომ ვთქვა, ცუდი კაცი იყო, საშინელი მამა და კიდევ უფრო უარესი ქმარი. თუმცა საოცრად სიმპატიური, ყოველ შემთხვევაში მანამდე სანამ გალოთდებოდა. ალბათ სწორედ ამ სილამაზემ მოატყუა უბედური დედაჩემი. და გათხოვებიდან სულ ცოტა ხანში მიხვდა საკუთარ შეცდომას. ათი წლის ვიყავი მამაჩემმა პირველად რომ სცემა დედა, ისე ჰქონდა დაკარგული ადამიანის სახე მუდმივი სმისგან, რომ უკანასკნელი ხურდების გამო ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა საკუთარი მშვენიერი ცოლი. ასე გაგრძელდა მომდევნო ხუთი წელი. წასასვლელი არ ჰქონდა დედას. მშობლებმა და ძმამ, რადგან გათხოვებისას არაფერს დაგვეკითხე, ახლაც არაფერი გვაინტერესებს შენზე და შენს ლეკვებზეო. ამ სიტყვებით გამოისტუმრეს საბრალო დედა. პატარა ასაკში გათხოვილს არც განათლება ჰქონდა და არც სამსახური. მამას ცეროზი განუვითარდა და მალევე ჩაძაღლდა. ის არასდროს მყვარებია. მეტიც მის სიკვდილს ვნატრობდი. თუმცა არც მისი სიკვდილი აღმოჩნდა ჩვენთვის შვება. უამრავი მოვალე დაგვიტოვა, სულ ზომა_ წონის მიხედვით. მოდიოდნენ და იმას ითხოვდნენ , რაც თვალითაც არ გვენახა არასოდეს. არ ვიცი როგორ და რა ხერხებით ახერხებდა პეტრე მათგან ფულის სესხებას. რატომ ენდობოდნენ ამ საშინელ კაცს და ვერ გამართლებულ ნდობას ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ. ბევრი იფიქრა დედამ და ბოლოს ის გამოიყენა რაც ჰქონდა საკუთარი სილამაზე. ადგა და მასზე ბავშვობიდან მანიაკალურად შეყვარებულ გოჩა კუჭავას გაჰყვა ცოლად, უკეთესის იმედით. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო!_ისე იყო ჩვენი საქმე. ვერ აპატია გოჩამ ცოლს პირველი ქმარი. მანამდე თუ მამა მხოლოდ დედას სცემდა, გოჩა ჩვენზეც სწევდა ხელს. საკმარისი იყო ხმა ამოგვეღო ზედმეტად, ან შეგვეხედა ისე , როგორც მის სასტიკ ბუნებას არ ეამებოდა, ისე გვცემდა ერთმანეთს ვერ ვცნობდით. ბოლოს ისე დაასახიჩრა მუდმივმა ცემამ დედა, რომ მისი ერთადერთი ნიჭი და ქონებაც კი დაკარგა. ძველი სილამაზის ნატამალიც არ დარჩა მასში. ხოდა შეიზიზღა "საყვარელმა " მამინაცვალმა საკუთარი ცოლი და მის ასლსა და მსგავსს მე დამადგა თვალი. იმ საღამოს დედა ცვლაში იყო, ბაღის შენობას ალაგებდა. თვეში 50 ლარად. ესეც კი დიდ ფულად მიაჩნდა საწყალს. ხოდა ბევრი რომ არ გავაგრძელო, სწორედ იმ საღამოს მოისურვა იმ ამაზრზენმა კაცმა გულის წადილის ასრულება. სხვა რომ ვერანაირად მოვიშორე იქვე, რაც ხელში მომხვდა ის დავაფშვენი თავზე, ხელი გამიშვა თუ არა დრო ვიხელთე და სახლიდან გავიქეცი. _ როენა გაჩუმდა. მძიმედ სუნთქავდა. როგორც ჩანს დიდი ხნის წინ მიძინებული მოგონებების გაღვიძება ძალიან უჭირდა. _ წყალი დამალევინე ქეთევან ! _ მთხოვა და ამოიოხრა. ჭიქა წყლით გავუვსე და პირთან მივუტანე. ორიოდე ყლუპი მოსვა და მადლობა მითხრა სრულიად გულწრფელად. ბალიშს მიეყრდნო და მოყოლა გააგრძელა. _ ეტყობა მაშინაც ეგოისტი და მონსტრი ვიყავი ქეთევან! მე კი გავიქეცი, მაგრამ ჩემი პატარა და იმ არაკაცს შევატოვე ხელში. ყველაფერი, რასაც მე მიპირებდა_ ისევ გაჩუმდა, თავი აიძულა დამშვიდებულიყო და განაგრძო_ ყველაფერი კესოს დამართა იმ ნაძირალამ! მერე კი ეტყობა დედამ მოუსწრო და კესოს დაცვას შეეცადა. იქამდე ყრტყა იმ ნადირმა, სანამ ერთ დროს მშვენიერი ქალი სისხლის და ტვინის გუბედ არ გადააქცია. გოჩა იმ ღამესვე დააკავეს. მე კი , როგორც უფროსმა დამ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. იმ ღამეს გადავწყვიტე, თუ სიმშვიდის და კეთილდღეობის ძებნაში აუცილებელი გახდებოდა ვინმეს სიკვდილი ეს მე და კესო ნამდვილად არ ვიქნებოდით. ყველაფერს, ყველაფერს გავაკეთებდი და კესოს იმ ცხოვრებას მივცემდი, რომელსაც იმსახურებდა. ერთხელ ჭირს ყველაფერი ქეთევან, მერე ადვილია! ვხედავდი როგორ დაიღალა და რად უჯდებოდა ყოველი სიტყვის თქმა. _ ჯობია დაისვენო, საუბარი სხვა დროს გავაგრძელოთ როენა!_ ვუთხარი გადაქანცულს. მისი ამბავი ძალიან მაინტერესებდა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მეცოდებოდა კიდეც. კაცმა არ იცის, რამდენი დაკარგული სული დადის ჩვენს გარშემო. რამდენი დამსხვრეული და გადაგვარებული ადამიანია. არასდროს მიფიქრია, თუ როენა თავადაც მსხვერპლი იყო. არასფროს მომსვლია აზრად, რომ ოდესმე მისდამი სიბრალულს ვიგრძნობდი. მე არ ვიყავი, ცოტახნის უკან, მის ჩაძაღლებას რომ ვნატრობდი? არა, ახლაც არაფერი შეცვლილა! მე ისევ მძულდა ეს ქალი! ის ჩემს სიბრალულს და თანაგრძნობას არ იმსახურებდა. ავდექი და პალატიდან წასვლა დავაპირე . _ დამპირდი ქეთევან, დამპირდი რომ მოხვალ და მომისმენ!_ მომესმა ზურგს უკან როენას სევდიანი ხმა. წამით შევყოვნდი, მაგრამ უკან მიუხედავად გამოვედი პალატიდან და კარი გამოვიხურე. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.